შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწრო სხეულები (დასასრული)


8-02-2019, 01:35
ავტორი P.A.
ნანახია 1 298

ვიწრო სხეულები (დასასრული)

***
სალომესგან გამოსული საკუთარი მანქანისკენ მიიწევს. არ ბრაზობს. საერთოდ არ ბრაზობს დაჩიზე. იცის, სულ ასე ხდება. სულ ასე იქნება.. დაჩი ყოველთვის ეჭვის თვალით შეხედავს. ყოველთვის დაინახავს ძმაკაცის გარდა იმ კაცს, რომელმაც მისი და დაისაკუთრა და ამიტომ, სულ არ ბრაზობს. უფიქრია ამაზე.. უფიქრია და ხვდება, რომ თავადაც არ იცის რას გააკეთებდა დაჩის ადგილას. როგორ შეხვდებოდა ასეთ სიტუაციას. შორიდან მარტივი ჩანს ყველაფერი, თუმცა იცის, რომ არც მას მოეწონებოდა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე დის ხილვა ხელმოცარულ, მუდამ თანმდევი პრობლემებით მყოფ მამაკაცთან. დაჩის ეს გამოსვლა, წამისწინანდელი უსამართლო ბრალდებები უფრო მეტად აფიქრებს ამ ყველაფერზე და მანქანისკენ წაღებულ გასაღებიან ხელს მძიმედ უშვებს ძირს. არ უნდა ახლა სახლში, არც სამსახურში, არც ვინმეს ნახვა უნდა.. უბრალოდ ფიქრი. ფიქრი და შეგრძნება, რომ თვითონაც ადამიანია. არა სრულყოფილი, მაგრამ მაინც ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ იეგოისტოს და ცხოვრებით დატკბეს.. სცადოს მაინც. რამდენიმე ქუჩის ფეხით გადაკვეთის შემდეგ ნაცნობი ადგილებისკენ იღებს გეზს და გრძნობა აქვს, რომ ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას თითო ემოციას ატანს მთრთოლავ ნიავს. მონატრებულ ჩიხებს ავლებს თვალს, შიგადაშიგ წარსულის მოგონებებიც უტივტივდება და გაჭირვებით ცდილობს ყველა მოგონების ერთიანად აღდგენას. ჩაფიქრებული, არეული გამომეტყველება მაშინვე ეწმინდება, ფეხზე მოხვეული პატარა, უსუფთაო ხელი რომ ბოჭავს და სანამ დაიხედება, მანამ ესახება ღიმილი სახეზე
–მომეცი ფული! – ჭიჭყინა ხმით ეხმაურება დიდთვალა, მუქკანიანი პატარა ბიჭი და მის ფეხებზე დაატარებს ჩაჭიდებულ თითებს
–გამარჯობა, ვაჟკაცო, – ეღიმება და დაუფიქრებლად, თბილად უცურებს გაზეპილ თმაში გაუხეშებულ თითებს. ახლა ისეთ ამოუხსნელ ბედნიერებას გრძნობს, თავადაც ვერ იაზრებს მიზეზს, – ფული გინდა, არა?
–მომეცი ფული, –უფრო მეტად ინაზება ხუთიოდე წლის ბიჭი უცნობის თბილ მზერას რომ ატყობს და ცალ ხელს უშვებს. ხვდება, რომ არსად გაექცევა მომღიმარი ბიძია, რომ მისი ძალით დაკავება არ არის საჭირო. მოხრილ თითებს სწევს და მუცელთან აბჯენს გაწვდილ ხელისგულს, – მომცემ ფულს? – ეკითხება ისევ და ცოტა ღიზიანდება კიდეც ილიას მშვიდი, აუჩქარებელი დაკვირებით
–მოგცემ, – ჯიბეებს იქექავს და ქაღალდის ფულთან ერთად რამდენიმე რკინის ხურდასაც უყრის ხელისგულში, – მეტი არ მაქვს ახლა, მაგრამ გემრიელი ბურგერები მოგივა ამ ფულით, თანაც ბევრი. აი, ნახე.. – მისკენ იხრება და კუთხისკენ ანიშნებს, – იმ კუთხეში იცი რა გემრიელ რაღაცებს აცხობენ? აღარც მახსოვდა აქ თუ იყო.. წამო, ვიყიდოთ!
–მეტი ფული არ გაქვს?
–მეტი არ მაქვს, ეს რა, არ გეყოფა? – ეცინება ხმამაღლა და თვალებმოჭუტული დაჰყურებს პატარა სხეულს
–ცოტახანს მეყოფა! ცოტახანს არა, დიდხანს მეყოფა, შევინახავ, არ შევჭამ!
–თუ არ შეჭამ აბა რათ გინდა ეს ფული, ჰა? – უკვირს და ისევ, კიდევ ერთხელ უსვამს თავზე ხელს
–მინდა! – ჯიუტდება ბიჭი და კუშტად შეჰყურებს
–კი ბატონო! გაიქეცი, იყიდე საჭმელი და დანარჩენი შეინახე მაშინ. ასე გაწყობს?
–მე არ მომყიდიან, არ მაძლევენ, სულ მაგდებენ, – უმხელს და ისევ ფეხზე ეკიდება, – შენ იყიდი? იყიდე რა!
–ვიყიდოთ, – ფრთხილად აშვებინებს ხელს და მისი შიშველი ფეხების დანახვისას დაუფიქრებლად იტაცებს ხელში, – წამოდი, ვიყიდოთ.. მეტყვი რა გქვია?
–არა!
–ნუ მეტყვი! – ეთანხმება თავის ქნევით და უღიმის. სანამ საცხობს მიუახლოვდებიან, ბავშვის ხელები ეხვევა ყელზე და მის პატარა, მოთხვრილ ნიკაპს რომ გრძნობს მხარზე, სუთბო ეღვრება გულში, – აქ ხარ ხოლმე შენ?
–სულ არა
–აბა, როდის ხარ ხოლმე აქ? ხვალ რომ მოვიდე, აქ იქნები? – ეკითხება და დახლთან მდგარ, ამრეზად შემყურე ფუშფუშა ქალს უწვდის ფულს
–რატომ უნდა ვიყო? – ისე ლაპარაკობს, წამით არ აცილებს ნიკაპსა და ტუჩებს ილიას მაისურს და ერთიანად სვრის
–ფეხსაცმელს გიყიდი და მოგიტან ხვალ. აქ იყავი ხომ? – ეჩურჩლება და ცხელ–ცხელ ღვეზელს უწვდის
–აქ ვიქნები, ჩამომსვი! – უხარია. ორივე ხელით, ძლიერად ბღუჯავს საჭმელს და უცებ უსხლტება ხელებიდან
–მადლობას არ მეტყვი? – უცებ აჩერებს და მოჩვენებითი, მკაცრი სახით დაჰყურებს
–რატომ? – ერთი სული აქვს დაეხსნას
–ასე უნდა.. მადლობა უნდა უთხრა ადამიანებს, რომლებიც შენზე იზრუნებენ. ყოველთვის.. თუ გინდა მე ნუ მეტყვი, მაგრამ ასე უნდა, სხვა დროისთვის იცოდე, კარგი?
–რა საჭიროა? – უკვირს ბიჭს და ხმაურით, უკულტუროდ ილუკმება.
ილიას ეღიმება, მორიგ ლუკმასთან ერთად ჩადებულ ჭუჭყიან თითებს პირიდან აღებინებს და ღიმილით უსვამს თითებს გამხდარ ლოყაზე
–შენვე გესიამოვნება. გესიამოვნება სხვა ადამიანების მიმართ მადლიერებას რომ გამოხატავ. შეიძლება ხვალ ეს ღვეზელი ვეღარ იყიდო. შეიძლება არაფერი გაგაჩნდეს, მაგრამ ადამიანობა შეგრჩება.. ეს კიდევ, ყველაზე მაგარი რამეა! ვერაფერი გაიგე, არა? – უცინის ლაღად და თვალებგაფართოებულს დაჰყურებს. ბიჭი უინტერესოდ, სულ ერთი წამით აკვირდება უცნობის სახეს და თითქოს დაფიქრებით, თუმცა მაინც გაუბედავად, პირამოვსებული ხრის გვერდულად თავს
–მადლობა, – იძახის უეცრად და უკანმოუხედავად, შიშველი ფეხებით გარბის მტვრიან ქუჩაში.

***
გულამოღებული, ფერადი, ნაშიმშილებ ტანზე მომდგარი სიფრიფანა კაბები..
სცენაზე მოფარფატე, ერთი შეხედვით ბედნიერი, თუმცა მკაფიო მაკიაჟით დაფარული თვალებამოღამებული სახეები..
ვარჯიშისგან გატანჯული, ერთმანეთზე დამოკიდებული, ერთმანეთის მხრებსა და მკლავებს ჩაჭიდებული წყვილები..
შურით გაჟღენთილი გამომეტყველებები და შეფარვით შეთვალიერებული ერთმანეთის სრულყოფილი სხეულები..
ამრეზით შეგებებული, ირონიული მზერები და მილოცვები, რომელსაც არაფერი აქვთ საერთო თუნდაც სულ მცირე გულწრფელობასთან..
კრიჭაშეკრული, ჩასაფრებული დამფინანსებლები და ქორეოგრაფები.. ხმაჩახლეჩილი, გაზიღიანებული გამომეტყველებით რომ მოუწოდებენ თავიანთ ‘მომგებიან ბილეთს’ უკეთესად გამოსვლისკენ.. უფრო მეტი შრომისკენ.. სხეულის უფრო მეტად დაძაბვისკენ.. ტანჯვისკენ. მრავალსაათანი, შეუჩერებელი ტანჯვისკენ, რომ უბრალო, სანახაობისთვის მოსულმა მაყურებელმა რამდნეიმეწუთიანი სიამოვნება მიიღოს. ან, ხუთწუთიანი ნომრიდან მხოლოდ ორი წუთი დაუთმოს მოცეკვავეებს და დანარჩენი იმაზე ფიქრში გაატაროს, როგორი გამხდრები, სუსტები და არასაკმარისად ბედნიერები არიან. და ღმერთმა იცის, ღიირს კი ასე წვალება? ღიირს, გამოჩნდე სუსტი, როცა საკუთარ სხეულს იმაზე მეტს სთხოვ, ვიდრე შეგიძლია? როცა, იმაზე დიდ ტკივილს იტან.. იმაზე დიდ სიძლიერეს აჩენ სცენაზე, ვიდრე მაყურებელთა ამ კატეგორიას შეუძლია წარმოიდგინოს?
–ღიირს ასე წვალება? ღიირს?– ეტირება და საკუთარ მუხლებში მალავს სახეს
–არ გჭირდება სესილია გამარჯვება! აქ რომც არ გაიმარჯვო, მაინც ხელში გიჭირავს მთავარი კოზირი, უბრალოდ საიმონის კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი.. ნუთუ ვერ ხვდები! მეც კი თანახმა ვარ შენზე უარი ვთქვა, შენივე განვითარებისთვის..
ყრუდ ჩაესმის ჯიჯის ხმა. ძლივს ესმის, თუმცა მაინც არ სიამოვნებს და ორივე ყურზე ძლიერად იჭერს ხელებს
–არ უნდა საიმონის შეთავაზების მიღება.. გამარჯვება უნდა, – ჩურჩულებს ნიკო და სცენაზე უსიამოვნოდ დაცემისგან დაჟეჟილ მუხლს იზელს ხელით, – აქ თუ გავიმარჯვებთ, უფრო მარტივად იტყვის საიმონის კონტრაქტზე უარს..
–ვერ გაიმარჯვებთ, – გაღიზიანებით პასუხობს ჯიჯი
–ახლა ვეღარ ვიმარჯვებთ, არა? – ფეხზე დგება სესილია და ჩამოშლილ თმას ერთი ხელის მოსმით იწევს, რკალად ახვევს და თავზე იკოსავს
–გამოიფიტეთ, ორივე გამოფიტულები ხართ. დასვენება გჭირდებათ.. პროექტის ბოლომდე მეშინია ხელიდან არ გამომეცალო..
–ჯიჯი, შეგვიძლია კონკურენციის გაწევა, მაღალი ქულები გვაქვს! მთელი მსოფლიო გვაფასებს, ჯიჯი.. იციან ჩვენი სახელი დიდმა კომპანიებმა, – ყელში ამოსდის ნიკოს
–მისმინეთ, – ღრმად სუნთქავს ჯიჯი, – წადით ახლა და გამოიძინეთ. ყველანაირი საქმე გადადეთ და დაიძინეთ. დილას გელოდებით რეპეტიციაზე..
–არ გვაქვს დილას რეპეტიცია, შუადღისკენ იხსნება დარბაზი
–ხომ გინდათ გამარჯვება? ხოდა, დილას რეპეტიციაზე.. სესილია, მომხედე!
–გისმენ... – გადაღლილი აქვს ხმა
–სწრაფად შეჭამე, ოღონდ წესიერად და ლოგინში პირდაპირ, გესმის?
–მესმის, – უქნევს თავს და უკვე წასულს მზერას აყოლებს
–წავედით, სეს.. – მხარზე ეხვევა ნიკო და შუბლზე აკრავს ტუჩებს
–გამარჯვება მინდა, ნიკო..
–ვიცი, სესილია. იქნებ ვიმარჯვებთ, იქნებ სამეულში ვხვდებით, – ეჩურჩულება ღიმილით და ნაზად ეფერება მხარზე.

***
კვირა დღეა. შეჩვეულია კვირა დილას გამოძინებას, ერთადერთი დღეა, როცა შეუძლია სხეული დაასვენოს, აუჩქარებლად ისაუზმოს და მთელი დღე ისე დაგეგმოს, როგორც მოესურვება. თუმცა, რაც სესილია წავიდა, მას მერე უცნაურად საძულველი გახდა ეს ერთი თავისუფალი დღე. დღე, როცა ფიქრის დრო აქვს და იმაზე მეტად უღრმავდება საკუთარ პრობლემებს, ვიდრე სხვა, დამღლელ სამუშაო საათებში.
თვალს ახელს თუ არა, მაშინვე საწოლზე იწევა და ზურგსუკან უდიერად იჩრის ბალიშს. კომოდზე დაყრილი სიგარეტის ღერებიდან ერთ–ერთს იღებს და თან გაკვირვებით დაჰყურებს, ვერაფრით იხსენებს როდის მოაწყო ასეთი არეულობა. ოთახს ატარებს მზერას, თვალი ძირს დაგდებულ, საკუთარ კუბოკრულ პერანგზე უშტერდება და ღიმილით უშვებს კვამლს პირიდან. ახსენდება, როგორ დანარნარებდა ხოლმე სესილია მისი პერანგებით ოთახიდან ოთახში, როგორ კეკლუცად უღიმოდა ყოველი ჩავლისას და როგორ ეხმარებოდა იდაყვამდე აკეცილი მკლავების გასწორებაში მამაკაცს. სულ არ სჭირდებოდა.. სულ არ უყვარდა ასე პერანგების ტარება, მაგრამ ისე აბედნიერებდა სესილიას მზრუნველობა, ვერაფრით თმობდა ასეთ წვრილმანებს. „პირველად რომ ჩვენთან მოხვედი, ასე გქონდა აკეცილი მკლავებზე და ისეთი ლამაზი იყავი, სულ ასე უნდა იაროო“, აიტეხავდა ხოლმე და მერე ილიაც პატარა ბიჭივით, მორჩილად უქნევდა თავს. დღე ისე გავიდოდა, არაფრის დიდებით ჩამოიშლიდა სესას გასწორებულ პერანგის მკლავებს.
ისე იტაცებს მასზე ფიქრი, გვიან ხვდება, რომ კარზე გაბმული ზარია. უკმაყოფილოდ დგება, მხოლოდ ტილოს შარვალს იცვამს და სანამ გააღებს, მანამ ხვდება სტუმრის ვინაობას. ზღურბლზე გაჩხერილს უხმოდ, თავის ქნევით ანიშნებს ოთახისკენ და რომ ხვდება უკან არ მიჰყვება, ისევ მისკენ ბრუნდება
–შემო, დადაჩ..
–გაგაღვიძე? – ეკითხება და მის აბურდულ თმას ავლებს მზერას
–არა, მეღვიძა
–დავილაპარაკოთ რა, ილო, ძმობას გაფიცებ.. – უეცრად ეღუშება სახე დაჩის და მის მშვიდ გამომეტყველებაზე ოდნავ ეშვება
–დავილაპარაკოთ, – მხრების აჩეჩვით პასუხობს და სახეს იზელს
–სად იყავი გუშინ?
–ბარში
–რატომ არ დაგვირეკე?
–ჩემი დანახვა არ გინდოდა, დაჩი, – ეცინება და მის გვერდით უდიერად დაყრილ საკუთარ ტანსაცმელს უყრის თავს
–მორჩები ახლა სახლის ლაგებას? – ვეღარ ითმენს დაჩი
–რა მოხდა, მითხარი..
–მართლა მიდიხარ სესილიასთან? – იდაყვში ეჭიდება და აიძულებს მის წინ ჩამოჯდეს
–მართლა მივდივარ
–რატომ?
ეცინება. გულწრფელად ეცინება დაჩის გაკვირვებულ მზერაზე.
–რა იყო, დადაჩ, გადაწყვიტე უკვე, რომ მომავალი აღარ გვაქვს, არა?
–ეგ რა შუაშია.. უბრალოდ, მაინტერესებს რა მიზნით მიდიხარ. ეტყვი, რომ ჩამოვიდეს?
–ჩამოსვლა რომ უნდოდეს აქამდე ჩამოვიდოდა, დაჩი..
–აბა, რა გინდა, ილია.. რისთვის მიდიხარ?
–მენატრება, დაჩი! იცი, როგორ მენატრება? ხატიაც არ მომნატრებია ასე ის რვა წელი, სესილია რომ მომენატრა ნახევარ წელზე ნაკლებში! გესმის, რას ნიშნავს ასეთი მონატრება? – ყელში ამოსდის და ისევ ფეხზე წამომდგარი, თავზე ძლიერად იჭერს ხელებს, – შენ კიდევ.. ყველაფერში ერევი, დაჩი.. ლამისაა აქ შემიძვრე! – გულზე იჭერს საჩვენებელ თითს და საფეთქლების ტკივილისგან ღრმა სუნთქვას იწყებს, – ლამისაა სხეულში შემიძვრე და გამომწოვო სისხლი. შენ დასაც ასე უკეთებ.. შენ ვერ გადაწყვეტ ჩემს მომავალს, დაჩი! არ აქვს მნიშვნელობა, რომ შენი დაა.. გაიაზრე, რომ არ აქვს მნიშვნელობა! – ხაზგასმით წარმოთქვამს სიტყვებს და ტკივილისგან წელში იხრება. დივანზე ჩამომჯდარი, ძლიერად იჭერს ორივე ხელს თავზე და თვალდახუჭული, ვეღარ ხედავს, როგორი შეშფოთებით შეჰყურებს დაჩი
–კარგად ხარ? რა ჯანდაბა დაგემართა? – უკვირს და მისკენ გადახრილი, ძლიერად ეჭიდება მხრებზე
–წამალია კარადაში, მომიტანე.. – გაჭირვებით პასუხობს და სანამ დაჩი მის მითითებებს შეასრულებს მშვიდად, ღრმა სუნთქვით ელის
–იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ასე აღელდე, ილია.. – ეუბნება რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ
–დაჩი.. შეიძლება გული ვატკინო, შეიძლება კიდევ ბევრჯერ ვატირო.. შეიძლება მისი სიშორე ვერ ავიტანო და ამის გამო ვეუხეშო.. მაგრამ შენ არ გაქვს უფლება, მიმითითო რა როგორ ვქნა. ბოდიში ძმაო, მაგრამ არ გაქვს ამის უფლება და უნდა გაიაზრო ეს.. – ნაწყვეტ–ნაწყვეტ ამოთქვამს სიტყვებს, – ჰო.. შენი დაა, მაგრამ უნდა გაუშვა. სხვებთან ყოფნის.. სხვებთან ცხოვრების უფლება უნდა მისცე.. სხვებთან ცეკვის უფლება.. ხელი უნდა გაუშვა და მე მომცე უფლება რომ მასთან ერთად ავიდე სცენაზე.. უფლება უნდა მომცე ჩემს მკლავებში ამოუშვას ის საოცარი კისკისა ხმა, როგორც სჩვევია..
–ილია, არ იცი შენ ცეკვა! – წარბებს კრავს დაჩი უეცრად და ისე შეჰყურებს, თითქოს დიდი აღმოჩენა გაეკეთებინოს
–ხოდა მომეცი საშუალება მასთან ერთად ვისწავლო, – უღიმის ილია და ფეხზე წამომდგარი კიდევ ერთხელ იტარებს თავზე ხელებს, – და.. საერთოდ, პირდაპირი მნიშვნელობით ცეკვაზე არ ვლაპარაკობდი, რა ბაჩო დაგემართა.. – ეცინება უეცრად
–ილო.. თავის ტკივილები ისევ გაწუხებს? – ეუცხოვება მისი ასეთი მოუსვენრობა
–ჰო, დაჩი, ჰო..
–ამდენი წელია?
–ამდენი წელია.. – პასუხობს და რატომღაც ისევ იღიმის
–მისმინე.. მე და სალომე ამ დღეებში წავალთ, თქვენ ჩამოდით იქით კვირაში და მერე.. მერე წადი სესასთან
–რადგან დამრთე ნება, – ხელებს შლის და ისე პასუხობს, სულ ცოტა ირონიით
–გეყოფა, ილო!
აღარ პასუხობს. გამოვიცვლიო ეუბნება და ოთახისკენ მიიწევს, უცებ რომ ახსენდება თითქოს რაღაც და სწრაფად ბრუნდება
–მისმინე, ბავშვის ტანსაცცმლის ყიდვა სად შეიძლება? – ეკითხება ჩაფიქრებული
–რათ გინდა ბავშვის ტანსაცმელი? – უკვირს დაჩის და იმავე წამს სახე უნათდება, – არ მითხრა, ხატიას ბავშვისთვის მინდაო..
საძინებლისკენ წასული, მის სიტყვებზე მომენტალურად შეშდება და მობრუნებული, ისეთ მზერას აპყრობს დაჩის, მაშინვე ხვდება, რომ ზედმეტი წამოროშა
–რა თქვი?
–ყველაფერს ჩემგან რატო იგებ, რა ოხრობაა, რა არის ეს! სულ მე რატომ უნდა ვვარდებოდე ამ დღეში.. – საკუთარ თავს წყევლის დაჩი და უკმაყოფილოდ, უკვე ფეხზე წამომდგარი კრუგებს არტყამს ოთხკუთხა მაგიდას
–დაჩი, რა ხატიას ბავშვი? – ხმა უწყდება და ხელის ქნევით იქცევს ძმაკაცის ყურადღებას
–ჰო.. იმ დღეს ვნახე, იმხელა მუცლით იყო.. ლაშასგან ველოდებიო, დანიშნულან
–ხატია ბავშვს ელოდება? – უცნაურად ეღიმება და დაჩი ხვდება, რომ მას სულაც არ უღიმის
–ასე ნუ იყურები, ილო, მაშინებ.. – ეცინება მისი შემხედვარე
–გოგოა?
–ჰა?
–გოგოს ხომ არ ელოდება?
–არა, ბიჭიაო, – პასუხობს და მის თითქმის გაშტერებულ მზერას თვალს არიდებს, – მაგარი უცნაური კაცი ხარ, ილო..
–გოგო უნდოდა.. ძალიან უნდოდა გოგო. სანამ დაორსულდებოდა, მანამდეც ამბობდა, ერთი სული მაქვს გოგო მეყოლოსო. ალბათ, ბიჭიც ძალიან უხარია..
–ჰო, ბედნიერი ჩანდა
–იქნებ ხატიას ბიჭსაც ვუყიდო ფეხსაცმელები? პატარა, კაცური ფეხსაცმელები.. ჰა, დაჩი, რას იტყვი?
–შენთვის ვერ გიყიდია ფეხსაცმელები, ილო, მოეშვი რა.. – ხელის აქნევით პასუხობს და სანამ ილია თვალს მოეფარება და საძინებელში გაუჩინარდება, მანამ ესმის მისი ღიმილით წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა
–ხატიას ბიჭი.. ხატიას პატარა ბიჭი.. ღმერთო, ეს მაინც უმყოფე კარგად..
ჩურჩულში თითქოს ვედრებას აქსოვსო, ისე ბუტბუტებს და თავადვე ხვდება, რომ ვერანაირ ეგოიზმს ვერ გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ხატია მისი წარსული იყო.. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომავალი შვილიც ჩაისახა იმავე სხეულში წლების წინ.. მაინც არ სჭამს უსამართლობის გრძნობა.. აღარ. ალბათ, სულ ცოტა ხნის წინ საშინლად შეაწუხებდა ეს გრძნობა, მაგრამ ახლა არა.. ახლა ვეღარ. მხოლოდ აღფრთოვანება ეღვრება გულში გააზრებისას, რომ ხატიამაც დაიმსახურა თავისი წილი ბედნიერება და სრულიად შეცვლილი ხასიათით, იმავე დღეს, დაუფიქრებლად უგზავნის მთელი გულით შეფუთულ პატარა ყუთს, რომელშიც მინიატურული, მუქლურჯი ფეხსაცმელები აწყვია.

***
–კარგად ისვენებთ?
–კარგად ვისვენებთ. მანდ რა ხდება? მოაწერე კონტრაქტს ხელი?
–არა..
–ამდენი დრო მოგცეს მოსაფიქრებლად?
–გამგები აღმოჩნდა საიმონი, – უღიმის ძმის გამოსახულებას
–ილია გელოდება, სესა..
–ვიცი, დაჩი
–ელოდება შენს გადაწყვეტილებას და სულაც არ მომწონს ასე რომ იქცევი.. - ხმას უწევს. ისე ჩუმად ლაპარაკობს, სესილიას ძლივს ესმის
–გგონია მარტივია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა არა? - თვალები უწყლიადება
–ყველაფერზე ტირილი არაფერს შველის, სესა..
–რომ ავდგე და უარი ვთქვა.. უარი ვთქვა და ილიასთან დავბრუნდე.. გგონია კმაყოფილი იქნება? ისე გამომიშვა, წამით არ უფიქრია ჩემი დატოვება, დაჩი!
–ეს სხვა სიტუაცია იყო, სესილია
–ნუ გგონია, რომ ჩემზე უკეთ იცნობ.. ნუ გგონია, რომ კარიერის მიტოვებით გავაბედნიერებ, - თითებით დაბრეცილი ტუჩების წვალებას იწყებს და მერე, ინსტუქტურად, ყელზე დაკიდებულ გულსაკიდს ეჭიდება,- შენ არ იცი როგორ მიყვარს. შენ ვერ ხვდები..
–ამიხსენი, სესილია.. - სევდიანი ღიმილით შლის დაჩი ხელებს
–რომ ვერაფერი შევძლო? მანდ რომ ვერაფერი გავაკეთო დაჩი, მერე? რა უნდა ვქნათ მერე?
–შენი გადასაწყვეტია, მე არაფერს გაძალებ, სესა..
–არაფერს მაძალებ, მაგრამ ორივეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხარ.. არც ჩემი გინდა გაიგო რამე და არც ილიასი
–რა გიკვირს, სესილია? გამოიდეთ თავი, ვგიჟდებით ერთმანეთზეო და ახლა, ყელამდე პრობლემებში ხართ!
–მარტივად ლაპარაკობ, იმიტომ რომ არ შეგქმნია ასეთი პრობლემები, არ გამოგიცდია ასეთი სიშორე, - სწყინს ძმის გაბრაზებით ნათქვამი სიტყვები
–არც არასდროს გამოვცდიდი, სესა! ჩემ ფეხებს გავუშვებდი სალომეს სადმე! ან თან გავყვებოდი ან აქ დავიტოვებდი მერე ასე წარამარა თავბედი რომ არ მეწყევლა!
–არაფერი შეგცვლის, დაჩი, - იღლება მასთან ლაპარაკით
–ყველაფერს ადრამატულებთ. ან მოაწერე მაგ კონტრაქტს ხელი, ან ნუ მოაწერ, ჩამოდი აქ და გააგრძელე ჯიჯისთან ცეკვა. ნუ ახვალ წარმატების მწვერვალზე, ნუ მოიპოვებ აღიარებას და ნუ გაცდები საზღვრებს. იცხოვრე აქ, უბრალო, ბედნიერი ქალივით. შენი გადასაწყვეტია.. შენი ასარჩევია რა დაგაკმაყოფილებს..
–ეს არის შენი მხარდაჭერა, დაჩი?
–ამის მოსმენა არ გინდოდა? ხომ გინდოდა, თქვენთვის მხარი დამეჭირა. ხოდა გიჭერთ. ჩამოდი, გაყევი ილიას ცოლად და გქონდეს ეგ შენი პატარა კარიერა. ეს კიდევ გარჩენს, ხომ ხედავ რამხელა გული აქვს.. ხომ ხედავ, როგორ ვერ დაგთმო. წელში გაწყდება და არაფერს მოგაკლებს. რას იტყვი?
–ირონიულად მელაპარაკები, დაჩი..
–უნდა გადაწყვიტო, სესილია.. უნდა გადაწყვიტო! ამ კაცმა გადააყოლა საკუთარი, ნახევარი ცხოვრება ერთ სიყვარულს და ახლა.. რომ ვუყურებ, მზადაა ისევ ის გზა გაიაროს. ეს არ არის სწორი, ეს არ არის მისაღები. არ უნდა იყოს შენთვის მისაღები..
–ზედაპირულად უყურებ დაჩი ყველაფერს.. - უფრო და უფრო უჭირს სიტყვების თქმა და კამერაში დალანდულ სხეულს ცრემლიან თვალებს აყოლებს. მზერა უშტერდება, მოახლოებულს გაჭირვებით უღიმის და იმასაც ვერ ახერხებს, უბრალო კითხვაზე გასცეს პასუხი. გაჭირვებით უქნევს თავს და ოდნავ უკან იწევა. თითქოს ასე ვერ დაინახავს მის განწყობას ეკრანისკენ, დაჩის ზურგსუკან დახრილი ილია
–მეგონა იძინებდი, სესილია..
–ჰო, შევყევი დაჩისთან ლაპარაკს.. - უღიმის და ისე ენატრება ეს სახე, ვერაფრით აცილებს თვალს, – ახლა დავისვენებ..
–მიდი, პატარავ.. დაანებე ამ შენს ძმას თავი, უაზრობებით გამოგილაყებს ტვინს, ხომ იცი, - აფრთხილებს ორაზროვნად და დაჩის მუჯლუგუნს ყურადღებასაც არ აქცევს.
სწრაფად ემშვიდობებიან სესილიას და გათიშვისთანავე ისეთ უცნაურ მზერებს ცვლიან, დაჩი ვერაფრით ახერხებს ხმის ამოღებას
–ნუ ეუბნები, რომ ჩემი არჩევა დანებებას, უკან დახევას ნიშნავს.. შეიძლება თავადაც ამის სჯერა, შეიძლება მეც კარგად ვიცი ეს, მაგრამ ასე ხმამაღლა.. ასე დარწმუნებით ნუ აიგივებ მის ჩემთან დარჩენას არასწორ არჩევანთან.
–ასე არ არის, ილო..
–ასეა.. ასეა, დაჩი..
–როდის მიდიხარ? – თემას ცვლის მოულოდნელად
–ხვალ დილას, – პასუხობს და გაუფრთხილებლად აქცევს ზურგს.

***
–შენ დამტოვებდი? – ეკითხება სალომეს და საცურაო კოსტიუმს ლამაზად უკრავს, – გიხდება თეთრი ფერი!
–რომ გითხრა გადტოვებდიმეთქი გადაირევი, როგორ მაკადრეო, ამიტომ მოდი თავს შევიკავებ! – ეცინება სალომეს და ახლა მზის დამცავ კრემს აჩეჩებს ხელში
–ეს თანხმობას ნიშნავს, სალომე, – კოპებს კრავს და ბრაზით უზელს მხრებს
–ცოტა ნაზად..
–კარიერისტი ხარ, სალომე!
–რეალისტი ვარ! ძალიან კარგად იცი, რომ ჯეკპოტი დაეცა შენს დას და ნებისმიერი ქალი მსგავს სიტუაციაში ასე მოიქცეოდა..
–ჯერ არ გადაუწყვეტია.. თანაც, ამ კონკურსში მონაწილეობაც დიდი ამბავია. სულ არ იყო თავიდან ლაპარაკი იმ სააგენტოზე
–ჰო, ვიცი.. მისმინე, რამეს მოიფიქრებენ. გამოსავალს იპოვიან.. ჩვენც ვიპოვიდით. გესმის? – მისკენ ბრუნდება და ღიმილით, ნაზად კოცნის ტუჩებზე, – ასე ერთი ხელის მოსმით არ დაგტოვებდი. თან, არ მგონია ასე ცივილურად შეხვედროდი ამ ამბავს, როგორც ილია..
–ჰოო, ეგ არც მე ვიცი, – ცხვირს ჭმუჭნის დაჩი და წელზე ავლებს ხელებს, – თანაც, შენ რომ მოცეკვავე იყო, სამ ბიჭს სულ არ გამიჩენდი..
–არც ახლა გიჩენ სამ ბიჭს, დაჩი!
–სალომე, მინდა პატარა, – ტუჩს ატრიალებს დაჩი და იმდენად სასაცილო სახეს იღებს, ქალს სიცილი უტყდება
–ერთით რომ დავიწყოთ? – ეშმაკურად ათამაშებს წარბებს და მის ბედმიერებისგან გაცისკროვნებულ სახეზე თბილად ეღიმება
–გამიჩენ? სალი, გინდა ბავშვი? – თითქმის ყვირის და ძლიერად იხუტებს, – როგორი გაზეპილი ხარ, ყველგან ეს რაღაც გისვია..
–ჩუმად, სიცხვილია..
–აქვე ნუ ჩასახავთ ჩემ თვალწინ და მერე რამდენიც გინდათ, ძმაო! – თავზე ადგებათ სიტყვებით ბაჩო და დაჩის დაბღვერის მიუხედავად, სალომე უფრო მეტად მხიარულდება
–სად არის ილია? – ეკითხება დაჩი ბღვერით
–ბარგს ალაგებს, გადის ერთ–ორ საათში
–გაგექცა ის გოგო შენ უკვე? – ეკრიჭება და სალომეს ხელს იფარებს მოცინარ სახეზე
–არა, შევცურავ და დაგიმბრუნდებიო, – პასუხობს ამაყად და დაჩის შეზლონგზე, მის ფეხებთან კალათდება
–მერე, შეყევი ბაჩო, იქნებ გადასარჩენი გახდეს და კარგი ტიპი იქნები, – არიგებს სალომე
–არ იცის წესიერად ცურვა, – სიცილით კვდება დაჩი, – ფეხქვეშ თუ ვერაფერს გრძნობს, მაშინვე პანიკდება! – ძლივსღა სუნთქავს
–მართლა? – სალომე ყველანაირად ცდილობს ფხუკუნი შეიკავოს, როცა ბაჩოს მოღუშულ სახეს ხვდება
–რას მეკაიფები? – ერთიანად წითლდება და ფეხზე უხეშად კრავს ხელს
–ბიჭო, ილოს უთხარი და ცურვაც გასწავლოს იქნებ, – ვერაფრით მშვიდდება დაჩი. მერე, სალომეს თვალების ბრიალს რომ აწყდება, სახეს ასერიოზულებს და ამჯერად მშვიდი, დაწყობილი სახით ეხება მხარზე ბაჩოს
–ბიჭო, ისე, ჩვენს შვილს რა უნდა დაანათლო ვაბშე? რას აპირებ?
–დაჩი! –ახლა ვეღარც სალომე იკავებს თავს და კისკისით საყვედურობს
–აყვა ახლა ესეც.. – ბრაზდება ბაჩო და მათკენ მიბრუნებული, ცოტაოდენი ფიქრის მერე პასუხობს
–კეთილი გული და რაციონალურად აზროვნება.. იქნებადა სალომეს სულ არ ემსგავსება ბავშვი და შენი კოპიო გამოვიდა, ვინმესგან ხომ უნდა დაყვეს ადამიანური თვისებები! აი, ამოვიდა წყლიდან ჩემი გოგო, წავედი, თორემ თქვენთან გაჩერება შეუძლებელია, ნერვს შეუტოკებთ კაცს.. – უცებ სცილდება წყვილს
–გაიგე რა მობოდა? – ეცინება დაჩის და გამხიარულებული, კმაყოფილი სახით ირგებს მზის სათვალეს
–მთლად ბოდვა იყოთქო ვერ ვიტყოდი, მშვენივრად აზროვნებს ეს ბიჭი! – თავმომწონედ პასუხობს სალომე და სანამ დაჩის რისხვა დაატყდება თავს, მანამ მიიწევს აქაფებული ტალღებისკენ.

***
ნიკოს მკლავებს ძლიერად ეყრდნობა და რამდენიმე წამი, შეუჩერებლად დაფარფატებს ჰაერში. საოცარი ენერგიით ივსება, გამოუვიდათ.. გამოუვიდათ და მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით ფეხის წვერებზე აგრძელებს ცეკვას. შიგადაშიგ ნიკოს მსუბუქ შეხებას გრძნობს. მზერებს ცვლიან და მის თვალებშიც იმხელა ბედნიერება, ისეთი სიამაყე ირეკლება, დაუფარავი ღიმილით ეპობა ბაგეები. ერთად გადიან სცენიდან. სანამ ბოლომდე მოეფარებიან მაყურებელთა მზერას, მანამ იტაცებს ნიკო მის მოქნილ სხეულს ხელში და ახლა სულ სხვაგვარად, ხმამაღალი სიცილითა და ძლიერად მოჭერილი, ბედნიერებისგან დამუშტული ხელებით აბზრიალებს
–ფეხზე იდგა მთელი დარბაზი, სეს!
–ჰო.. ჰო! - კისკისებს თავადაც და ძლივს ეხსნება მეწყვილის მკლავებს. ჯერ ისევ ლაღი სიცილით ავლებს ნიკოს წამში შეცვლილ გამომეტყველებას სახეს და მისი მზერის მიმართულებით აბრუნებს თავს.
კულისებში მდგარი, მხარბეჭიანი სხეული, იდაყვებში მოხრილი მკლავებითა და ემოციის დასაფარად, პირთან მიტანილი ორივე ხელით, ერთიანად აცლის ძალას. და.. ხვდება თუ არა მის თვალებს, მაშინვე ეცვლება სამყაროს ფერი. მაშინვე უნდება ღრიალი მოულოდნელი ბედნიერებისგან და ისე უცებ იკეცება მუხლებში, ისე ეცემა ძირს, ისე აყრდნობს ხელისგულებს მუხლისთავებს, მისკენ წამოსულ სხეულს ვერაფრით აცილებს თვალს. თითქოს ეშინია არ გაქრეს.. თითქოს ეშინია სიზმარი არ იყოს და სანამ შეეხება, სანამ მასთან ჩაიმუხლება და მონატრებულს გულზე აიკრავს, ხრიალით ამოსდის სიტყვები
–აქ ხარ.. აქ ხარ, ილია!
–სანამ გული მიცემს, სეს!
ისე ძლიერად ეჭიდება მხრებზე, ილია ვერაფრით იცილებს სხეულზე აკრულს და მოხერხებულად ეჭიდება საჯდომზე. უცებ აჰყავს ხელში ათრთოლებული ქალი, ხმამაღალი ტირილითა და სიცილით რომ იკლებს კულისებს.. რომ ვერაფრით გადაუწყვეტია, რომელი ემოცია დათმოს. შუბლით ეყრდობა მამაკაცის თავს და სველ ტუჩებს მოუთმენლად აკრავს საფეთქელზე. ერთმანეთის სურნელით არიან მოცულნი და ვეღარაფერს ხედავენ, ვეღარაფერს გრძნობენ ერთმანეთის შეხების გარდა.

***
–შენი დღე დაიწყება ძალიან მალე..
–ჰო.. – ისეა მის სხეულზე მისვენებული, თავსაც ვერ სწევს. არც უნდა. ილიას შიშველ გულს მიყრდნობია და მამაკაცის ოდნავ გარხევაზეც გული ეკუმშება. ეშინია, საბოლოოდ არ გამოეცალოს ხელიდან.
–ჯიჯის და ნიკოს წვეულება დაუგეგმავთ. არ ავდგეთ, სეს? – თავზე აკრობს ტუჩებს და მის წელზე დაატარებს თითებს. ვერაფრით ჩაიცხრო მონატრება. რამდენჯერ აკოცა.. რამდენჯერ მოეხვია.. რამდენჯერ შეისრუტა მისი სხეულის ყველა ნაწილის სურნელი.. რამდენჯერ ჩახედა თვალებში და მაინც, ვერაფრით მოერია მასთან უფრო ახლოს ყოფნის საშინელი სურვილს. ახლა ხვდება, რომ მონატრება ყოფილა მრავალ გრძნობას შორის ყველაზე აუტანელი. არც ბრაზი, არც ზიზღი, არც ტკივილი.. არამედ მონატრება. განსაკუთრებით კი იმ ადამიანის, რომელიც არ იცი კიდევ იქნება თუ არა შენი..
–არა, არსად არ წავალთ.. არსად არ წავალთ, არ არსებობს, – ჯიუტად პასუხობს სესილია და უცებ იწევა. ტელეფონს ავლებს ხელს და მოუთმენლად, თითების კანკალით წერს შეტყობინებას
–რას აკეთებ? – მის მუცელზე წამომჯდარი, სრულიად შიშველი, საყვარელი ქალის სხეული გონებას უბინდავს და ძლივს აბამს ორიოდე სიტყვას ერთმანეთს
–მივწერ, რომ ვერ მივალთ..
–შენთვის ემზადებოდნენ, სეს..
–უჩემოდაც გაერთობიან.. – ისევ მისკენ იწევა და ზედ ეკვრის, – მაპატიე, რომ ვერ გცილდები.. – ეჩურჩულება ყურთან
–რას ამბობ, პატარავ.. თვეებია ჩემი ტკიპა სესილიას შეხებას ვნატრობ, – მხოლოდ თავს აწევინებს და ნაზად აცხრება ტუჩებზე
–ილია..
–რაო, სეს..
–ილია, მე შენი მიტოვება არ მინდა, ხომ იცი?
–ვიცი, სესილია, – თბილად უღიმის და ხვდება, რომ ახლა.. ამ საუბარს ვერაფრით გაექცევიან. ოდნავ ზემოთ ჩოჩდება, ისე რომ ქალის სხეულს წამით არ იცილებს და მის მკერდზე იდაყვებდაყრდნობილს ზემოდან აცქერდება, – ვიცი, რომ არ გინდა ჩემი მიტოვება, მაგრამ ისიც ვიცი შენს გულში რა ხდება, როცა საკუთრ მომავალზე ფიქრობ. მე გავიგებ, სეს.. მართლა გაგიგებ. მითხარი.. თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს, რომ ხელი უნდა მოაწერო, მითხარი. არ გავბრაზდები.. არ მეწყინება.. იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ გადაწყვეტილება შეგაცვლევინო. გეფიცები, სეს.. არც ერთი წამით ეს არ იფიქრო. არ იფიქრო, რომ უარით ვერ გამიშვებ.. არ მინდა. მირჩევნია ცოტა მეტკინოს, ვიდრე მერე, მომავალში შენ ინანო რამე..
–სულ ამას ნუ იმეორებ. სულ იმას ნუ ამბობ, რომ მერე ვინანებ.. რომ არ ვინანო, ამიტომ ვფიქრობ ამდენს, – ათრთოლებული ხმით შეჰყურებს თვალებში და მის წვერში ბლანდავს თითებს, – რატომ ჩამოხვედი, ილია? თუ იცოდი, რომ შეიძლებოდა უარი მიგეღო, რატომ ჩამოხვედი?
ოდნავ ეღიმება მის კითხვაზე, სევდიან მზერას აპყრობს და ჩვეული ჟესტით, თავზე ნაზად უსვამს ხელს
–თავიდან.. რომ გავიგე.. დაჩიმ რომ მითხრა, საშინლად ვიეგოისტე. ვფიქრობდი, რომ შენც კი არ მოგცემდი ჩემი მომავლის განადგურების უფლებას.. არ მოგცემდი უფლებას, ჩემი სიყვარული დაგესამარებინა.. არ ვაპირებდი ისევ უარი მეთქვა საკუთარ თავზე.. შენ გამო არა.. ჩემ გამო.. ვფიქრობდი, რომ თუნდაც ერთხელ, აუცილებლად უნდა მეცა პატივი საკუთარი გრძნობებისთვის, რომ მივმხვდარიყავი რამედ ვვარგივარ..
–რამედ ვარგიხარ? ილია, რას ლაპარაკობ..
–ჰო.. მეგონა, თუ ამ ყველაფერს პირდაპირ არ მოგახლიდი, კაცად არ ვივარგებდი. თუმცა, ისეთი ცუდი გამოცდილება მაქვს გამწარებულზე გადაწყვეტილებების მიღების.. ვეცადე, უბრალოდ ცივი გონებით შემეხედა ამ ყველაფრისთვის, სანამ ვისაუბრებდით.. მერე ყველაზე მთავარს მივხვდი.. იმ დღეებში, როცა შენთან ლაპარაკიც კი არ შემეძლო
–რას, ილია? – ეკითხება ჩურჩულით და ამ ჩურჩულში შიშიც იბუდებს ნელ–ნელა, გაუცნობიერებლად
–ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი, სესილია.. ვერც შენ ხვდები. საქმე იმაში არაა თანხმობას იტყვი თუ არა.. საქმე სულაც არაა ამაში. ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი.. მთავარია გავიაზროთ, რომ დასასრულის მიუხედავად, შეიძლება ამ დასასრულამდე გამოვლილმა გზამ იმდენი რამ შეცვალა.. იმდენი შეძლო, რომ ცხოვრების ბოლომდე ეყოს ადამიანს..
–რატომ მგონია, რომ მემშვიდობები, ილია? – აწყვეტინებს და ინსტიქტურად, პირზე აფარებს ხელს.
ილია ფრთხილად იშორებს მის თითებს და სათითაოდ უკოცნის. აცრემლებულ თვალებზე ატარებს ხელის ზურგს და სანამ მის მკერდქვეშ აჩქარებული გული დაუმშვიდდება, ნაზი მოფერებით უსწორებს შუბლზე ჩამოყრილ თმასა და ლამაზად გადარკალულ წარბებს
–არ გემშვიდობები.. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ არცერთი შენთან გატარებული წუთი ფუჭი არ იყო. არც ვიცი, როგორ უნდა აგიხსნა.. თითქოს რაღაც მისია გქონდა.. მისია, რომ ამ ცხოვრებისკენ შემოგებრუნებინე და ისე სწორად, ისე კარგად შეასრულე, ახლა სავსე ვარ.. სავსე ვარ შენი სიყვარულითა და სიძლიერით. სავსე ვარ შენგან მონიჭებული, ბედნიერებით გატენილი წუთებით. უბრალოდ.. მინდა ეს იცოდე. თუ უარის თქმა მოგინდა, მინდა იცოდე, რომ არც ერთი წამით დაგადანაშაულებ რამეში..
–ილია..
–მოგეფერები რა.. კიდევ ერთხელ მოგეფერები.. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ახლა მაინც ვერ ვაზროვნებთ ვერც მე და ვერც შენ.. – უცებ ატრიალებს, ზურგზე აწვენს და ზევიდან ექცევა. ისე დასრიალებს მისი ხელები სესილიას სხეულზე, თითქოს მათი სამუდამოდ მითვისება უნდა.
პირველი ღამე ახსენდება სესილიას.. მაშინაც ასე სწავლობდა ქალის სხეულს.. მაშინაც ასე ფრთხილად მოძრაობდა და რატომღაც საშინლად უნდება ტირილი, თუმცა მისი მჩხვლეტავი წვერი რეალობაში აბრუნებს და ისე ეჭიდება ფრჩხილებით ზურგსა და მხრებზე, მამაკაცს სიცილნარევი კვნესა სწყდება პირიდან.
–სეს..
–ახლა როგორ შეგიძლია ხმის ამოღება, – ძლივს, გაჭირვებით ამოთქვამს სიტყვებს და მოწოლილი სიამოვნებისგან თვალები ეხუჭება
–გილოცავ დაბადების დღეს, სესილია.. – ეჩურჩულება და ბოლო, ძლიერი ბიძგით ათავისუფლებს ერთიანად ათრთოლებული ქალის სხეულს.

***
გაღვიძებულს ვეღარსად პოულობს. საძინებელში ილიას აღარცერთი ნივთია, თითქოს არც ყოფლა აქ, თითქოს მისი წარმოსახვა იყო. სურნელიც კი ბოლომდეა გაფანტული ოთახიდან. ისე უცებ ხტება საწოლიდან, ხალათის მოცმაც ავიწყდება შიშველ სხეულზე. მისაღებში გასულს დიდი, ლამაზი ვარდები ხვდება, ნაცნობი ვარდები და თითქოს წინასწარ იაზრებს რა ელის.. თვალებაცრემლებული უახლოვდება ყვავილებს და მათ შორის მოთასებულ ბარათს მოუთმენლად ავლებს ხელს. „მაპატიე.. ვერაფრით მოვიფიქრე როგორ უნდა დაგმშვიდობებოდი. მიყვარხარ. მიყვარხარ და საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, შენს არასრულყოფილ მომავალს. მაპატიე.. მაპატიე.. მაპატიე სესილია და გაჰყევი საკუთარ ოცნებებს!“
ვეღარაფერს გრძნობს. ვეღარაფერს აღიქვამს. ეზიზღება მთელი სამყარო. ისე ეზიზღება, ისეთ უსამართლობას გრძნობს, ცრემლებიც კი უშრება და გამწარებული, ბრაზით უშენს ხელებს ხასხასა ვარდებს. რამდენიმე წუთი ძირს, გაუნძრევლად ზის, მერე სიცივე ახსენებს თავს და ფეხზე დგება. მშვიდად, უხალისოდ ემზადება. ასევე უხალისოდ პასუხობს ჯიჯისა და ნიკოს მოლოცვებს და მათთან შესახვედრად, ჯიჯის სასტუმროსკენ მიიწევს. სანამ კარს შეაღებს, ღრმად სუნთქავს და მერე.. ღიმილით ეხვევა ორივეს
–კარგი წვეულება იყო, სესილია, – კმაყოფილია ნიკო და სიტყვებს თან ერთ–ორ უხამს ხუმრობასაც ამატებს
–მიხარია რომ გაერთეთ.. – მხოლოდ ამას პასუხობს ნაძალადევი ღიმილით და ჯიჯის ხელში მოთავსებულ ფურცლებს აშტერდება, – კონტრაქტზე ხელის მოწერის დროა, არა?
–საიმონი ვეღარ დაიცდის, სესილია..
–მოვაწერე უკვე მე ხელი, – ფრთხილად ამატებს ნიკო და ახლოს უჯდება, – ჩემი მეწყვილე მარტივად მოიძებნება, სესილია.. მარტოც შემიძლია ცეკვა, მაგრამ.. ვერაფრით გელევი. მინდა, რომ ჩემთან ერთად იყო..
სესილია მხოლოდ თავს უქნევს. მთელი დღის ემოცია ახლა აწვება და დაბრეცილი ტუჩებით, ხელისგულებში რგავს სახეს. ჯერ ჩუმად შეჰყურებენ, არაფერს ეუბნებიან. ბოლოს კი.. ვეღარაფრით ითმენს ჯიჯი და ომახიანი ხმით საყვედურობს
–ან ერთ კვირაში.. პროექტის დასრულებისთანავე ნიკოსთან ერთად ბრიტანეთის ერთ–ერთი წამყვანი სტუდიის მოცეკვავე გახდები, ან საკუთარ ქვეყანაში ისევ ჩემი აუტანელი ხასიათის ატანა მოგიწევს და კაცმა არ იცის, როდის სად წანწალი მოგვიწევს მეორე ასეთი შანსისთვის. მე ვეცდები საიმონთან კონტაქტი შევინარჩუნოთ, თუმცა წინაწარ ვერაფერს დაგპირდები და ეს მაშინებს. შენ იცი, მე რასაც გირჩევ.. უკვე იცი, რა არის შენი კარიერისთვის უეკთესი. უფრო მეტად ვეღარ დაგაძალებ, სესილია. დავიღალე.. დავიღალე და შენც დაიღალე..
–არ გინდა რომ შენ აგირჩიო, არა? – სევდიანად ეღიმება და ჯიჯის გამოწვდილ ხელს ეჭიდება თავისით
–შენ მე არა.. სიყვარულს აირჩევ ჩემთან ერთად უკან დაბრუნებით..
–სად არის ილია, სესა? – ეკითხება ნიკო და ხელებს აწევინებს სახიდან
–წავიდა..
–რა გითხრა?
–დამტოვა.. გამიშვა და მითხრა, შენს ოცნებებს მიჰყევიო..
–ხოდა, მიჰყევი შენს ოცნებებს, – უღიმის ნიკო და თავზე აკრავს ტუჩებს
–გავყვები ჩემს ოცნებას.. – ცხვირით სასაცილოდ ისრუტავს ჰაერს და ჯიჯის შემოჩეჩებულ კალამს მოუთმენლად ატრიალებს ხელში.
***
სესილიას გარეშე ცარიელია სამყარო..
სესილიას გარეშე აღარც ილიაა სავსე და გამოგონილი, აუტანელი სიმშვიდე სულის ძლიერ ტკივილში გადაიზრდება..
და თუ მართლა სინამდვილეა ადამიანისთვის სინათლე.. თუ სინამდვილე და სიმართლე გადაარჩენს დაზარალებულ სულს, მაშინ აღარსად ყოფილა საშველი.. რადგან სესილიას სხეული მტკივნეულად შორსა.. სინამდვილე კი ზედმეტად მარტივია – მხოლოდ ამ სხეულს შეუძლია ილიას სიმშვიდის მოპოვება. მხოლოდ ეს სხეული წარმოუდგენია მკურნალად..
ასეა.. თურმე, შესაძლებელი ყოფილა სხვის კანში შეძვრომა. თურმე შესაძლებელი ყოფილა სხვას ისე გადაეფარო, თითქოს ეს შენი ვალი იყოს.. თუ გიჟდები.. თუ შენს მთელ ცხოვრებად გიღირს, შენი შინაგანი ხმა სწორედ ამისკენ მოგიწოდებს..

***
–წავედი, იაკობ!
–გეჭამა რამე, ბიჭო..
–სულ ჭამას რატომ მაძალებ? ორი წლის ბავშვი ხომ არ ვარ..
–დასუსტებული ხარ და არ მომწონხარ.. ვნერვიულობ შენზე. არ მეტყვი, რა გჭირს?
–არაფერიც არ მჭირს. თუ ასე ძალიან გინდა ვჭამოთ, მოდი.. – ეცინება და უკან ბრუნდება
–მარტო შენ ხომ არ ხარ ქალისგან მიტოვებული, ილია? გადაგივლის.. ყველაფერი გაივლის..
–რა უცნაურად ლაპარაკობ, მამა. დედამ ხომ არ დაგტოვა ერთი–ორჯერ? – ხმამაღლა იცინის და თითებით ივარცხნის წვერს, – არ მივუტოვებივარ სესილიას, ასე აღარ თქვა.. – ამატებს უცნაური ტონით
–ხოდა დაიბრუნე სიჯანსაღე, წესიერად იკვებე და ივარჯიშე.. – ბრაზმორეული ტონით პასუხობს და კარისკენ წასულს ნელი ნაბიჯით მიჰყვება უკან, – ილია.. შენთანაა შენი მამა, როცა არ უნდა დაგჭირდეს!
–ვიცი, იაკობ, ვიცი, – ეღიმება მის ზრუნვაზე და მოულოდნელად ეხვევა.
სახლამდე სანამ მივა, იაკობის სიტყვები უტრიალებს თავში და შიგადაშიგ თბილად, სიყვარულით ეღიმება. ნეტა როდესმე თუ იქნება მისნაირი მამა.. ვერაფრით იცილებს ამაზე ფიქრისგან თავს და ჩაბნელებულ სადარბაზოში შესვლისთანავე თავდახრილი, უცნაურად ძალაგამოცლილი მიიწევს საკუთარი სახლისკენ. ბოლო საფეხურების ავლაღა სჭირდება სესილიას ხმა რომ ჩაესმის და იმდენად ვერ იჯერებს, თვალებგაფართოებული შეჰყურებს კართან ატუზულ, საყვარელ სხეულს
–შენს წერილში რაღაც კარგად ვერ გათვალე, ილია.. – ჩურჩულებს გოგონა და ღიმილით შესცქერის ჯერ კიდევ ერთ ადგილას გახევებულს. თხელი მაისური, ლამაზ ფეხებზე მომდგარი ჯინსი და მხარზე გადაგდებული ჟაკეტი აცვია. იმდენად მისია.. იმდენად ერეალურება ახლა, ვერაფრით ახერხებს განძრევას. მხოლოდ იმას იაზრებს, რომ წინ უდგას..
წინ უდგას და ისე უღიმის, თოთქოს არაფერი სწყენიათ ერთმანეთის..
წინ უდგას და ისე შეჰყურებს, თითქოს ერთადერთი ქალია დედიწაზე..
წინ უდგას და თავისი თაფლისფერი, დიდი თვალებით უხმოდ უხსნის სიყვარულს..
–ჩემი სრულყოფილ მომავალში შენც მოიაზრები.. – ისევ სესილიას ნაზი ხმა გაისმის და ილია ხვდება, რომ ვეღარ ისვენებს. კართან ჩამომდგარი თმის წვალებას იწყებს და მერე, რომ ვეღარ იგებს ხელები სად წაიღოს, თითებს ხლართავს ერთმანეთში
–სესილია, რა გინდა აქ? – ეკითხება და საკუთარი სიტყვები ისე ეზედმეტება, წამით მზერას აცილებს. ბრუნდება. მისგან ზურგშექცევით დგება და ნერვიულობისგან სიცილს იწყებს, – სესილია..
–გეშინოდა, რომ ვინანებდი. ამიტომ.. თუ მაინც უნდა ვინანო, ჯობია რაც შეიძლება გვიან მოხდეს ეს.. რადგან იმ დღესვე ვინანე, როცა გადაწყვიტე რომ უშენობა ასატანი იქნებოდა ჩემთვის. ვინანე, რომ ეს გაფიქრებინე.. ვინანე, რომ ჩემ გარეშე ცხოვრების საშუალება მოგეცი.. და საერთოდაც, – სიტყვა უწყდება, როცა პირველად.. პირველად ამჩნევს უეცრად მობრუნებული ილიას თვალზე ცრემლს, – როგორ უნდა ვინანო შენი ამ სახის მერე რამე? ღმერთო.. როგორ მიყვარხარ!
არც კი უახლოვდება.. ერთმანეთისგან ორიოდე მეტრის სიშორეზე დგანან და ვერცერთი ვერ ახერხებს ნაბიჯის გადადგმას
–სესილია.. ეს.. არ ვიცი.. არ ვიცი, თუ სწორია ეს ყველაფერი..
–ჩემთვის სწორია.. შენ თუ ჩემი სახით იმედი გერგო.. თუ უკვე ჩათვალე თავი ბედნიერად ჩემთან გატარებული დღეების გამო, მე ჯერ არ მიგრძვნია ასეთი დიდი ბედნიერება.. მე არ მყოფნი.. არ მყოფნი და მინდა ჩემთან იყო. მინდა ისევ მომანიჭო ის გრძნობა, რასაც ახდენილი ოცნება ჰქვია
–ღმერთო, როგორ მიყვარხარ! – პირზე ისვამს ორივე ხელს და წამების წინ ნათქვამ სესილიას სიტყვებს იმეორებს
–გახსოვს.. ცხოვრება რომ კლდეზე ცოცვას შეადარე? – ფართოდ უღიმის მამაკაცს
–მახსოვს..
–მაშინ მითხარი, მწვერვალზე ავედი და შენ ხარ ჩემი ჯილდოო. მას შემდეგ მეც ვისწავლე უკანმოუხედავად წინ სვლა. სულაც არ ვფიქრობ, რომ დავნებდი.. სულაც არ მგონია, რომ შეცდომას ვუშვებ. ეს დრო.. მეც შენთან ერთად ამოვდიოდი ამ გზაზე.. და მეც შენი თავი ავირჩიე ჯილდოდ, ილია.. ყველა ოქროზე, ყველა აპლოდისმენტზე, ყველანაირ წარმატებაზე უფრო ძვირფასი.


როგორც ყოველთვის, ახლაც წარმოდგენა არ მაქვს მოგეწონებათ თუ არა. მგონი თავადაც არ ვიცი ის გამოვიდა რაც მინდოდა თუ რაღაცებს ავცდი, ამიტომ ცოტა მეშინია.. ცოტაც უკმაყოფილო ვარ, რადგან ვერცერთ თავს დავუთმე იმდენი დრო, რამდენიც მინდოდა და მჭირდებოდა. თუმცა, თქვენ შეაფასეთ.. მადლობა თითოეულ თქვენგანს ძალიან, ძალიან დიდი!<3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მარუსიკა

გული დამწყდა რომ დამთავრდა, არ მეყო????????განვმეორდები და გეტყვი რომ სასწაულად წერ. დაწერე რა მეორე ნაწილიც❤️

 


№2  offline მოდერი მარია.

ასეთი სიყვარული მინდა :)
უძლიერესი ისტორიაააა!
ყოჩაღ❤️
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№3  offline წევრი გრაფინია

დასასრული იყო ისეთი,როგორიც უნდა ყოფილიყო.
ამ ისტორიამაც თქვა თავისი სათქმელი და მიხარია რომ უანგარო და გულწრფელი სიყვარული დაფასდა.

წარმატებები❤️

 


№4 წევრი tamuna.s

როგორც შენი ყველა ისტორია, ესეც საოცრება იყო, ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, თავისი საოცარი გმირებით. ისე დამთავრდა როგორც უნდა დამთავრებულიყო, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სესილიამ. ბევრი ქალი მინახავს ვისაც წარმატებული კარიერა აქვს, მაგრამ პირად ცხოვრებაში უბედურია. სესულიას კი ასეთი სიყვარული ეწვია, შეუძლია აქაც მიაღწიოს წარმატებას და საყვარელი ადამიანიც გვედით ყავდეს. ასეთ მსხვერპლად არანაირი კარიერა არ ღირს. ძალიან გთხოვ მალე დაგვიბრუნდი რა, თავი არ მოგვანატრო იცოდე.

 


№5  offline წევრი Rania

Gmerto chemo. Dasrulda ese ambavi. Vita sizmari gaamisaaaa. Me vefxistyaosnis shemdeg. Aseti shegrzneba armqoniaaa. Saocrad sulshichammcvdomi grzmoba akavshirebt am orss da mixaria eombsesiliam scori nabiji gqdadga. Yochagg. Male dagvibrundi gtxovvv

 


№6  offline წევრი Mariammmo

როგორი კარგიი ხარრრ!!!!!!
საოცრებაა...
ილია არის კაცი!!! აი კაციიი!!! :D
ვგიჟდები ამ ორზე ^_^
არ მეყო მეტი და მეტი კი მინდოდა რა დაგიმალო, მაგრამ ძალიან კარგი იყო <3

 


№7  offline წევრი ნანა73

წარმოდგენა არ გაქვს მომეწონება თუ არა? ხოდა გეტყვი რომ ძალიან მომეწონა! ძალიან, სულ! თავიდან ბოლომდე, ყველაფერი რაც დაწერე. ბრწყინვალე გოგო ხარ ფიქრია და არ დაგავიწყდეს ეს! მიყვარხარ მე შენ, შენი ისტორიებით! ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი P.A.

მარუსიკა
გული დამწყდა რომ დამთავრდა, არ მეყო????????განვმეორდები და გეტყვი რომ სასწაულად წერ. დაწერე რა მეორე ნაწილიც❤️

მადლობა <3 ვერ დაგპირდები მეორე ნაწილს, არცერთი დასრულებული ისტორიის გაგრძელება მომდომებია რატომღაც არასდროს:( <3

მარია.
ასეთი სიყვარული მინდა :)
უძლიერესი ისტორიაააა!
ყოჩაღ❤️


ძალიან დიდი მადლობა! <3

გრაფინია
დასასრული იყო ისეთი,როგორიც უნდა ყოფილიყო.
ამ ისტორიამაც თქვა თავისი სათქმელი და მიხარია რომ უანგარო და გულწრფელი სიყვარული დაფასდა.

წარმატებები❤️


დიდი მადლობა, მიხარია რომ კმაყოფილი ხარ:* ვერაფრით გავიმეტე ილია სესას გარეშე:დ

tamuna.s
როგორც შენი ყველა ისტორია, ესეც საოცრება იყო, ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, თავისი საოცარი გმირებით. ისე დამთავრდა როგორც უნდა დამთავრებულიყო, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სესილიამ. ბევრი ქალი მინახავს ვისაც წარმატებული კარიერა აქვს, მაგრამ პირად ცხოვრებაში უბედურია. სესულიას კი ასეთი სიყვარული ეწვია, შეუძლია აქაც მიაღწიოს წარმატებას და საყვარელი ადამიანიც გვედით ყავდეს. ასეთ მსხვერპლად არანაირი კარიერა არ ღირს. ძალიან გთხოვ მალე დაგვიბრუნდი რა, თავი არ მოგვანატრო იცოდე.


მომავალში რა როგორ იქნება მკითხველისთვის მიმინდია:დ მიხარია, რომ მოგეწონა <3 არ ვიცი როდის დავბრუნდები, თუმცა იმდენად შეგეჩვიეთ არ არის გამორიცხული მალევე შემომეწეროს რამე:დდ <3

Rania
Gmerto chemo. Dasrulda ese ambavi. Vita sizmari gaamisaaaa. Me vefxistyaosnis shemdeg. Aseti shegrzneba armqoniaaa. Saocrad sulshichammcvdomi grzmoba akavshirebt am orss da mixaria eombsesiliam scori nabiji gqdadga. Yochagg. Male dagvibrundi gtxovvv


ვაიჰ, რა ბედნიერებაა თუ ასე ძალიან მოგეწონა:* დიდი მადლობა <3

Mariammmo
როგორი კარგიი ხარრრ!!!!!!
საოცრებაა...
ილია არის კაცი!!! აი კაციიი!!! :D
ვგიჟდები ამ ორზე ^_^
არ მეყო მეტი და მეტი კი მინდოდა რა დაგიმალო, მაგრამ ძალიან კარგი იყო <3


დიდი, დიდი მადლობა. თქვენ ხართ საოცრებები ასეთი სითბოს გადმოცემა რომ შეგიძლიათ! <3

ნანა73
წარმოდგენა არ გაქვს მომეწონება თუ არა? ხოდა გეტყვი რომ ძალიან მომეწონა! ძალიან, სულ! თავიდან ბოლომდე, ყველაფერი რაც დაწერე. ბრწყინვალე გოგო ხარ ფიქრია და არ დაგავიწყდეს ეს! მიყვარხარ მე შენ, შენი ისტორიებით! ❤️❤️❤️


უღრმესი მადლობა, მეც მიყვარხართ! <3

 


№9 წევრი დარინა

მოკლედ ახლა მოვიცალე ჩემი ემოციების გადმოფრქვევისთვის, იმდენად მიყვარს ეს ისტორია გული დამწყდა რომ დამთავრდა კიდეეც, ყველა პერსონაჟჟზე ვგიჟდები, აი ისეთი ნამდვილები არიან მართლა მეგონა ჩემს ირგვლივ ხდება ეს ყველაფერიმეთქი, ბოლოს და ბოლოს ილიასაც ეღირსა ბედნიერება, ისე განვიცდიდი სესას და ილიას ტანჯვას. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიიით, შენ სულ უნდა წერო და წეროოო, მე უკვე შენზე ოფიციალურად ვარ შეყვარებულიიი. ხო და თუ ისტორიებს სრულად ატვირთავ კარგი იქნება. უამრავი წარმატებები შენ, გელოდები ახალი ისტორიიით.

 


№10  offline ადმინი შამანი

ვაი, ეს რა იყო. ჯერ როგორ დამწყდა გული დასასრულის დანახვისას არ იცი. წერილი მოგწერე ახალ თავს ველი თქო, ჩამოვყევი და ეს დამხვდა.
რა სწორი დასასრული იყო, არც უკამყოფილების გრძნობა გამჩენია და არც ბანალური დასასრულად აღმიქვია.
პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე წერდი გამართულად და გააზრებულად, ვუშვებ იმასაც რომ შეიძლება პროფესიით ფსიქოლოგი ხარ ან სწავლობ, იმიტომ რომ ასე ღრმად და ზუსტად გადმოსცე ემოციები,გრძნობები და დამოკიდებულებები არ არის მარტივი.
მომეწონა ყველაფერი, გყავდა საინტერესო და განსხვავებული პერსონაჟები, ახლო რეალობასთან. აი ერთი ილიას თუ მაპოვნინებთ მეც არ იქნებოდა ურიგო, გადამრჩენდა, ისე როგორც სესამ ის და პირიქით, ხომ ჯილდოები იყვნენ ერთმანეთისთვის ხოდა ასე.
მოკლედ მიხარია რომ ერთხელ დავინტერესდი ამ ისტორიით და გამოგყევი, სულ ორი ავტორი მყავდა ვისზეც თავისუფლად და დიდი სიხარულით ვისაუბრე საიტის ჯგუფში, მის წევრებთან მოვუწოდე მათი გაცნობისკენ და ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო,ასეთივე იქნები შენ. როგორც კი აღვადგენ ფბს. კიდევ უფრო მეტი მკითხველი ისიამოვნებს შენი ნაწერებით, დარწმუნებული ვარ.
წარმატებები,
იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით.
აი სესა და ილია რომ მომენატრება, ჩვენში დარჩეს და უფრო ილია, არ ვიცი რა ვქნა :(( ♥️
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№11  offline წევრი P.A.

დარინა
მოკლედ ახლა მოვიცალე ჩემი ემოციების გადმოფრქვევისთვის, იმდენად მიყვარს ეს ისტორია გული დამწყდა რომ დამთავრდა კიდეეც, ყველა პერსონაჟჟზე ვგიჟდები, აი ისეთი ნამდვილები არიან მართლა მეგონა ჩემს ირგვლივ ხდება ეს ყველაფერიმეთქი, ბოლოს და ბოლოს ილიასაც ეღირსა ბედნიერება, ისე განვიცდიდი სესას და ილიას ტანჯვას. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიიით, შენ სულ უნდა წერო და წეროოო, მე უკვე შენზე ოფიციალურად ვარ შეყვარებულიიი. ხო და თუ ისტორიებს სრულად ატვირთავ კარგი იქნება. უამრავი წარმატებები შენ, გელოდები ახალი ისტორიიით.


ვაიმე ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია, რომ არც ამ ისტორიამ დაგტოვა გულგრილი. ვეცდები ისევ დაგიბრუნდეთ <3

შამანი
ვაი, ეს რა იყო. ჯერ როგორ დამწყდა გული დასასრულის დანახვისას არ იცი. წერილი მოგწერე ახალ თავს ველი თქო, ჩამოვყევი და ეს დამხვდა.
რა სწორი დასასრული იყო, არც უკამყოფილების გრძნობა გამჩენია და არც ბანალური დასასრულად აღმიქვია.
პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე წერდი გამართულად და გააზრებულად, ვუშვებ იმასაც რომ შეიძლება პროფესიით ფსიქოლოგი ხარ ან სწავლობ, იმიტომ რომ ასე ღრმად და ზუსტად გადმოსცე ემოციები,გრძნობები და დამოკიდებულებები არ არის მარტივი.
მომეწონა ყველაფერი, გყავდა საინტერესო და განსხვავებული პერსონაჟები, ახლო რეალობასთან. აი ერთი ილიას თუ მაპოვნინებთ მეც არ იქნებოდა ურიგო, გადამრჩენდა, ისე როგორც სესამ ის და პირიქით, ხომ ჯილდოები იყვნენ ერთმანეთისთვის ხოდა ასე.
მოკლედ მიხარია რომ ერთხელ დავინტერესდი ამ ისტორიით და გამოგყევი, სულ ორი ავტორი მყავდა ვისზეც თავისუფლად და დიდი სიხარულით ვისაუბრე საიტის ჯგუფში, მის წევრებთან მოვუწოდე მათი გაცნობისკენ და ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო, ასეთივე იქნები შენ. როგორც კი აღვადგენ ფბს. კიდევ უფრო მეტი მკითხველი ისიამოვნებს შენი ნაწერებით, დარწმუნებული ვარ.
წარმატებები,
იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით.
აი სესა და ილია რომ მომენატრება, ჩვენში დარჩეს და უფრო ილია, არ ვიცი რა ვქნა :(( ♥️


ისეთმა გაბადრულმა წავიკითხე ახლა ეს ყველაფერი, ვერც კი წარმოიდგენ:დ <3 უღრმესი მადლობა ამდენი თბილი და მაგარი სიტყვისა და ასეთი მხარდაჭერისთვის.
მინდა გითხრა, საოცრად სწორი მიგნებები გაქვს, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ:დ როგორც ჩანს, შენც მშვენივარად გამოგდის ადამიანების ცნობა.
მოკლედ, მიხარია ასე რომ ისიამოვნე ამ ისტორიით, პერსონაჟებით.. მიხარია ისიც, რომ 'გაგიცანი' და გისურვებ მალე გეპოვოს შენი ილია:დდ <3 მადლობა კიდევ ერთხელ!

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა ეს ისტორია და წინა ორიც.თუ კიდევ გაგვანებივრებ შენი ისტორიებით გამეხარდება მართლა????????????????

 


№13  offline წევრი აბლაბუდა

ეს გოგო არის ჩემი აღმოჩენა და ნუ იბრალებთ სხვები :))

 


№14  offline წევრი P.A.

სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა ეს ისტორია და წინა ორიც.თუ კიდევ გაგვანებივრებ შენი ისტორიებით გამეხარდება მართლა????????????????

თუ დავწერე კიდევ რამე, აუცილებლად გაგიზიარებთ:* დიდი მადლობა! <3

აბლაბუდა
ეს გოგო არის ჩემი აღმოჩენა და ნუ იბრალებთ სხვები :))

ვაიმე, გავწითლდი:დ <33

 


№15  offline წევრი მერცია

ისე გამიხარდა დაბრუნებულს შენი ისტორია სრულად რომ დამხვდა.. ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის... :)

 


№16  offline წევრი P.A.

მერცია
ისე გამიხარდა დაბრუნებულს შენი ისტორია სრულად რომ დამხვდა.. ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის... :)


როგორ მაკლდი, ნეტა იცოდე. მიხარია ძალიან თუ მოგეწონა <3

 


№17  offline წევრი მერცია

მე შენი ნაწერები ყოველთვის ძალიან მომეწონება...
და იცი რატომ?
ოციოდე წლისა ლიტერატურის თეორიის ( ყველა ჰუმანიტარისატვის სავალდებულო იყო) ლექციაზე მჯდომმა პრეზენტაციისათვის მონდომებით ვეცადე ხარისხიანი ლიტერატურის კრიტერიუმები ჩამომეყალიბებინა. ალბათ გამომივიდა კიდეც, რადგან ღრმადპატივცემულმა ლექტორმა მოხსენება ფრიადით შემიფასა; თუმცა ჩანს სულ ტყუილად...
იმავე საღამოს, საჯარო ბიბლიოთეკის მერხთან, პოსტმოდერნისტული ლიტერატურის "შედევრებთან" პირისპირ, ე.წ. კრიტიკოსთა ნააზრევის გარეშე დარჩენილს, ლიტერატურისა და მაკულატურის ერთმანეთისგან გამორჩევა ძალიან გამიჭირდა..
წლების მერე კი ჩემთვის უტყუარი ერთი განსაზღვრება ჩამოვიყალიბე (ვიცი ყველასათვის უნივერსალური ვერ იქნება) - სისულელეა, ხელოვნების ნაწარმოებს მხოლოდ ინტელექტით ვცნობდეთ, იგი გულის ძირამდეა შესაცნობი..
ხოდა მაშინ ვარჩიე ჯოისს, მაზოხისტ დოსტოევსკისა :)) და სხვებს ჰესე და ლაგერლოფი.. :))) ხოლო და ვინჩისა და პიკასოს რემბრანტი..
XXI საუკუნეში - რობოტების (ახლახან შუბერტი რომ ხელოვნური ინტელექტით შეთხზეს), ბიზნესის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ათასი უბედურების ეპოქაში ძნელადღა შემხვედრია რომანი რომელიც გონს გაცდენილა და გულამდე მიმსვლია..
რა თქმა უნდა, შენს ნაწერებს შედევრებს არ და ვერ ვადრი (ჯერჯერობით მაინც :დ), თუმცა საგრძნობია შენი უპირველესი სურვილი, მცდელობა - ადამიანის გულებისათვის წერო!
დღევანდელობის გადმოსახედიდან ეს მე შეუფასებელი რამე მგონია!

მჯერა, რომ მწერლობისათვის ჯერ საჭიროა კარგი მკითხველი გახდე; ხოლო კარგი მკითხველობისათვის საჭიროა უპირველესად კარგი ადამიანი იყო! არ ვიცი რა იქნება სამომავლოდ, გახდები თუ არა კარგი მწერალი, თუმცა მგონია, რომ ნამდვილად იქნები კარგი მკითხველი და უკვე ხარ კარგი ადამიანი.. :)
ამიტომაცაა, ამ საიტზე, შენი ნაწერები ჩემთვის სხვებისაზე "მეტი" და კიდევ უფრო და უფრო "მეტი" მინდა იყოს... :)

 


№18  offline წევრი P.A.

მერცია
მე შენი ნაწერები ყოველთვის ძალიან მომეწონება...
და იცი რატომ?
ოციოდე წლისა ლიტერატურის თეორიის ( ყველა ჰუმანიტარისატვის სავალდებულო იყო) ლექციაზე მჯდომმა პრეზენტაციისათვის მონდომებით ვეცადე ხარისხიანი ლიტერატურის კრიტერიუმები ჩამომეყალიბებინა. ალბათ გამომივიდა კიდეც, რადგან ღრმადპატივცემულმა ლექტორმა მოხსენება ფრიადით შემიფასა; თუმცა ჩანს სულ ტყუილად...
იმავე საღამოს, საჯარო ბიბლიოთეკის მერხთან, პოსტმოდერნისტული ლიტერატურის "შედევრებთან" პირისპირ, ე.წ. კრიტიკოსთა ნააზრევის გარეშე დარჩენილს, ლიტერატურისა და მაკულატურის ერთმანეთისგან გამორჩევა ძალიან გამიჭირდა..
წლების მერე კი ჩემთვის უტყუარი ერთი განსაზღვრება ჩამოვიყალიბე (ვიცი ყველასათვის უნივერსალური ვერ იქნება) - სისულელეა, ხელოვნების ნაწარმოებს მხოლოდ ინტელექტით ვცნობდეთ, იგი გულის ძირამდეა შესაცნობი..
ხოდა მაშინ ვარჩიე ჯოისს, მაზოხისტ დოსტოევსკისა :)) და სხვებს ჰესე და ლაგერლოფი.. :))) ხოლო და ვინჩისა და პიკასოს რემბრანტი..
XXI საუკუნეში - რობოტების (ახლახან შუბერტი რომ ხელოვნური ინტელექტით შეთხზეს), ბიზნესის, მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ათასი უბედურების ეპოქაში ძნელადღა შემხვედრია რომანი რომელიც გონს გაცდენილა და გულამდე მიმსვლია..
რა თქმა უნდა, შენს ნაწერებს შედევრებს არ და ვერ ვადრი (ჯერჯერობით მაინც :დ), თუმცა საგრძნობია შენი უპირველესი სურვილი, მცდელობა - ადამიანის გულებისათვის წერო!
დღევანდელობის გადმოსახედიდან ეს მე შეუფასებელი რამე მგონია!

მჯერა, რომ მწერლობისათვის ჯერ საჭიროა კარგი მკითხველი გახდე; ხოლო კარგი მკითხველობისათვის საჭიროა უპირველესად კარგი ადამიანი იყო! არ ვიცი რა იქნება სამომავლოდ, გახდები თუ არა კარგი მწერალი, თუმცა მგონია, რომ ნამდვილად იქნები კარგი მკითხველი და უკვე ხარ კარგი ადამიანი.. :)
ამიტომაცაა, ამ საიტზე, შენი ნაწერები ჩემთვის სხვებისაზე "მეტი" და კიდევ უფრო და უფრო "მეტი" მინდა იყოს... :)

გუშინ ღამე, შენი ეს კომენტარი რომ წავიკითხე, ყველაზე ცხადად ვიგრძენი კმაყოფილება იმის გამო, რომ გადავწყვიტე და საიტზე წერა დავიწყე. აქამდე ისე, ჩემი გულის გასახარად ვწერდი მხოლოდ და სხვებისთვის გაზიარების მერეც ხშირად მიფიქრია, ისევ ჩემთვის მეწერა ხომ სჯობდათქო, რაღაც–რაღაც წვრილმანების გამო. ახლა ვხვდები, რომ ის წვრილმანებიც საჭირო იყო და ძალიანაც ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან შენ გადაგეყარე, თუ გადამეყარე.. და ზოგადად, ჩემს მკითხველებს, რომლებიც ყოველდღიურად ახერხებენ საოცარი ენერგიით ამავსონ. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ მათ შორის ხარ შენც და საშუალება მეძლევა მოგისმინო, დაგიჯერო. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ამდენს ნიშნავდა ჩემთვის ასეთი ჩამოყალიბებული, გულწრფელი შეფასება და დამოკიდებულება. ბედნიერებისგან ამიჩქარდა გული, მართლა:დ
ხოდა ახლა, შენი არც თუ ისე მცირე გამოცდილების გაზიარებით მივხვდი, რამხელა რამ შემძინა ამ საიტმა. იმასაც მივხვდი, რამდენი მაკლია შენამდე, რამდენ რამეზე დაფიქრება და რამდენი წვრილმანის გაანალიზება. იმასაც ვხვდები, რომ ძალიან ცოტა შანსი მაქვს მწერლად გახდომის. ამ მომენტში ისიც არ ვიცი ღირს თუ არა საერთოდ ამაზე ფიქრი. ერთადერთი, რაც დავასკვენი, არის ის, რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე მოსაწყენი ცხოვრება მაქვს, მაინც მუდამ ახალ ადამიანებს ვეძებ, უფრო მეტი ფასეულობებით, იმ თვისებებით, ზედაპირზე რომ არ ჩანს და ჩაღრმავება სჭირდება. საკუთარ თავთანაც ასე ვარ, რადგან მაინც მგონია, რომ კარგ ადამიანობამდე ძაალიან ბევრი მიკლია.
მადლობა ძალიან დიდი, რომ არ დაიზარე ამ ყველაფრის ჩემამდე მოტანა. მადლობა, რომ უფრო მეტი სტიმული მომეცი და მადლობა, ასე რეალურად რომ მოახერხე დაგენახე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent