შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (დასასრული)


10-02-2019, 14:12
ავტორი izabella
ნანახია 515

შენ მხოლოდ გწამდეს (დასასრული)

##############
სააბაზონადან გამოსული დიოტრეფე ცოლთან ახლოს მივიდა და ინტერესით მიაჩერდა მის ცრემლიან თვალებს.
-რა გატირებს, მეგი?
-დავიღალე, ვიცი ვეღარასდროს შევძლებ ფეხზე დადგომას, მაგრამ მაინც ჯიუტად ვამბობ, რომ გავივლი. კიდევ რამდენი უნდა დახარჯო ჩემ მასაჟებში? დიეტოლოგთან მისვლამ გაამართლა და მიხარია, რომ წონაში კატასტროფულად მატებას ბოლო მოეღო და ნორმალური წონა დავიბრუნე, მაგრამ მასაჟებს, რომ შედეგი არ აქვს, ჩემზე კარგად შენ ხედავ. ძალიან დავიღალე ყოველ დღე საკუთარი თავის მოტყუებით. რაც უფრო მეტად ვცდილობ წინ წასვლას, მით უფრო უკან მივდივარ. ნერვები კბილებით მიჭირავს, უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ იმედგაცრუებას. ვხედავ, როგორ ძალიან დაგტანჯე, მე ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი მაყურებელი შენც ნერვები გაგიფუჭდა, არ მინდა ასეთ დარდიანს გხედავდე, დამღალა საკუთარი თავის გამხნევებამ, ვგრნობ, რომ ვეღარ ვუძლებ და ვსუსტდები. გულს ვეღარ ვუდებ ვერაფერს, მაკას და ელისაბედის მოტანილი წიგნებიც ისევ ისე დევს, ერთი ფურცელიც არ გადამიშლია. მგონი ჯობია, დროებით ჩემების სახლში დამაბრუნო.
-კიდევ დიდხანს აპირებ მოთქმას? -დაუყვირა წყობიდან გამოსულმა დიოტრეფემ, -გინდა მამაშენის სახლში წაგიყვანო და სხვა ცოლი მოვიყვანო? ეგ გინდა? რატომ ფიქრობ თუ ჩემგან წახვალ ბედნიერი ვიქნები? მე რომ იგივე მომსვლოდა შენ მიმატოვებდი და სხვასთან წახვიდოდი? რატომ ფიქრობ, რომ დაშორება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია? ნუ მიყურებ გაოცებული, იმაზე კარგად გავიგე შენი ნათქვამი ვიდრე წარმოგიდგენია.
-ხმას დაუწიე და ნუ მიყვირიხარ.
-თურმე, ჩემი ბედნიერებისთვის მშობლებთან უნდა წასვლა. ისე იღებ ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილებას თითქოს მე აზროვნების უნარი არ გამაჩნდეს.
-შვილო რა გაყვირებს? სირცხვილია შენი ხმა ალბათ მთელ სამეზობლოს ესმის, -ოთახში ნანა შემოვიდა დაძაბული სახით.
-თუ სხვა ვინმე გიყვარს წადი, გიშვებ. შენ სახეზე ბედნიერი გამომეტყველება დავინახო და ვისთანაც გინდა იმასთან წადი, საკუთარ თავს აღარ ვდარდობ.
-დიოტრეფე, მაგას როგორ მეუბნები, -მეგიმ ნაწყენი მზერით შეხედა.
-ხედავ? უკვე ისე ვართ ორივე, რომ ერთმანეთის გულისტკენას აღარ ვერიდებით, -მერე დიოტრეფე ნანას მიუბრუნდა, -დედა, არ ვიცი ზუტად როდის მოვალ სამსახურიდან, შეიძლება დღეს სახლში საერთოდ არ მოვიდე, შენ და მალვინამ რამე მოუხერხეთ და ასეთი ცრემლიანი თვალებით არ დამხვდეს. იცოდეთ, დღევანდელი ჩხუბი მოგონება იქნება, -დიოტრეფემ მობილურს და დუტის კურტკას ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა.
-ქუდი დაიფარე, ნაბანავები ხარ!
-არ მოვკვდები, - შორიდან გაისმა დიოტრეფეს ხმა, - ორივე კარგად ხვდებოდნენ, დღითი დღე, როგორ იძაბებოდა მათ შორის ურთიერთობა, ყველანაირად ცდილობდნენ არ ეწყენინებიათ ერთმანეთისთვის. ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ნორმალურად არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და უსიტყვო ზრუნვით შემოიფარგლებოდნენ. დიოტრეფეს თავშესაფარი სამსახური იყო ამ დროს, ზოგჯერ გადაბმულად მუშაობდა რამდენიმე დღე და სახლში არ მოდიოდა, იქამდე სანამ გაბრაზება არ გადაუვლიდა და მონატრება გულზე მაგრად არ მოუჭერდა კლანჭებს. სამსახურის გამო რამდენიმე კვირით სახლში არ მისვლა ორივესთვის გაუცნობიერებელ ტკივილს იწვევდა. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა ერთმანეთის გარეშე არცერთს არ შეეძლო.
როდესაც იცი, სახლში შენი სულის ნაწილი გელოდება, ის, ვისაც იმაზე მეტად ადარდებ ვიდრე წარმოგიდგენია და იცი, მისთვის სულერთი არ ხარ, ძალიანაც რომ გინდოდეს იმედს ვერ გაუცრუებ.
გამთენიისას დაბრუნდა დიოტრეფე სახლში, მეგის არ ეძინა, ოთახში რომ შევიდა სანათი ენთო და წიგნს კითხულობდა.
-ვერ დავიძინე, -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც შეხედა ქმარს. დიოტრეფეს ნერვიულობისგან დაღლილი სახე ჰქონდა, ეტყობოდა ცოტა ნასვამიც იყო, - მეგის გული მოუკვდა, ქმარი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, -მაპატიე, დილას ზედმეტი მომივიდა.
-შენ არა მეგი, მე მომივიდა ზედმეტი, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი და არ უნდა მეყვირა.
-ამ ბოლო დროს ორივე ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებთ. სასოწარკვეთილება მიპყრობს დიოტრეფე და არ ვიცი თავს რა მოვუხერხო.
-მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ ცუდად გექცევი. როდესაც ვჩხუბობთ, მე, მაშინვე ყვირილზე გადავდივარ. ყოველი ასეთი საზიზღარი საქციელის შემდეგ გტოვებ თვალცრემლიანს და სახლიდან გავრბივარ, გტოვებ მალვინას და ნანას ხელში. იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნო მდგომარეობა არ გაგიუარესდეს, პირიქით ვიქცევი.
- შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ხანდახან შენიც მესმის. ძალიან მეშინია დიოტრეფე, ეს დეპრესიული მდგომარეობა უკვე ყოველდღიურობად მექცა.
-იქნებ, ფსიქოლოგთან ვიზიტზე ჩავეწეროთ?
-გგონია მიშველის, ის, ვიღაც ქალი თუ კაცი? რომელსაც სხვისთვის ჭკუის დარიგება ადვილად გამოსდის და საკუთარ პირად პრობლემებში ყელამდეა ჩაფლული? ყოველთვის მაღიზიანებდნენ ფსიქოლოგები, დაყენებული სახეებით და სერიოზული ხმით რომ ცდილობენ სულში ჩაგიძვრნენ და დახმარების მიზეზით ინფორმაცია გამოგტყუონ, მერე ან გიშველის ან ვერა და ისევ პაციენტის უმოქმედობას ბრალდება. არ მინდა ვიღაც უცნობმა ჩემ სულში ხელები აფათუროს.
-ფსიქოლოგებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია, ავღანეთიდან რომ დავბრუნდი სწორედ ფსიქოლოგი დამეხმარა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მაგრამ ეგ შენი პირადი აზრია და ვერ შეგედავები, თუ არ გინდა არც დაგაძალებ.
-მადლობა, რომ შედიხარ ჩემ მდგომარეობაში, -მეგიმ ქმარს თავი გულზე დაადო და თვალები დახუჭა, -დიოტრეფე, ზოგჯერ სურვილი მიჩნდება ხელი ჩაგკიდო და შენთან ერთად ვისეირნო დაუსრულებლად. ეს სურვილი ისე ძლიერად მიჭერს გულზე, რომ ლამის გამაგიჟოს. ამ ბოლო დროს ყველაფერმა დაკარგა თავისი კუთვნილი ფერი. ისეთი სილამაზე აღარ არის გარშემო, როგორც ადრე. ყოველი გათენებული დილა უფრო მეტად სევდის მომგვრელია და ტირილისკენ მიბიძგებს.
ხანდახან ეგოისტურად მახარებს, რომ მე ვარ ხეიბარი, რომ მე ვარ შენი მოსავლელი, მე მჭირდება ყველაფერში შენი დახმარება და არა პირიქით. შენ ამ მდგომარეობაში ხილვას ვერ ავიტანდი, ჭკუიდან შევიშლებოდი, მე შენსავით ძლიერი არ ვარ, ძალიან სუსტი ვარ, იმდენად სუსტი, რომ ტკივილს ვერ ვერევი. რა მეშველებოდა შენ რომ არ მყოლოდი გვერდით? როგორ შევძლებდი ამდენ პრობლემებთან გამკლავებას?
- სითბონარევი ფერი დაჰკრავთ ჩემ საყვარელ ადამიანებს, გულის გაჩერებამდე რომ ვნერვიულობ თითოეულ მათგანზე. რადაც არ უნდა დამიჯდეს მეგი, ყველანაირად შეგიწყობ ხელს, რომ მომავალში საშუალება მოგეცეს ის აკეთო რაც გულით გენდომება. შენი გამოჯანმრთელების გამო შევძლებ შეუძლებელს, მთებს გადავდგამ და მაინც დაგაყენებ ფეხზე, მერწმუნე!

##############
დიოტრეფე ტაძრის წინ, ცემენტისგან ჩამოსხმულ, გრძელ კიბეზე იჯდა და ისე იყო ფიქრებში ჩაფლული გარშემო მოარულ ხალხს საერთოდ ვერ აღიქვამდა. მოძღვარი როგორც კი ტაძრიდან გამოვიდა მაშინვე მის გვერდით დაჯდა და მხარზე მეგობრულად დაადო ხელი.
-როგორ ხარ, დიოტრეფე?
-ცუდად მამაო, -დამძიმებული მზერით ახედა მან.
-რატომ, ახლა რაღა მოხდა?
- მეგი, ისევ ტირის. დეპრესიული ფონი უფრო გაუმწვავდა, უსაშველოდ იტანჯება და მეც მტანჯავს. მისი მაყურებელი ძილი აღარ მეკარება, ამდენი ნერვიულობისგან ლამისაა გული გამისკდეს. მთელი ღამის ნამტირალევი დილით თვალებდაწითლებული იღვიძებს, სველ ბალიშს მიმალავს, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ვერ დამალავს. არც იღიმის, არც საჭმელს აღარ ჭამს ნორმალურად, როდემდე გავუძლებთ მამაო ამ ყველაფერს, როდემდე? უკვე სახლში მისვლა აღარ მინდა. მისი გატანჯული სახის ყურება მანადგურებს, რომ არ ვიცოდე პატარა ბავშვივით როგორ ელოდება ჩემ სახლში დაბრუნებას სულ დავიკარგებოდი, მაგრამ ამას ვერ გავუკეთებ. ჯიუტად ირწმუნება, რომ გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ვხედავ, რომ უკვე თავისივე ნათქვამისაც აღარ ჯერა.
-რამდენიმე დღეა მთხოვს სახლში დავაბრუნო, უბედური ვარო ამბობს. ოჯახის წევრებთანაც გაურბის კონტაქტს, ჩემ გარდა არავის ნახვა აღარ სურს.
-ძალით ვერავის ვერ დააკავებ, თუკი მშობლებთან უფრო კარგად იქნება გაუშვი, წავიდეს.
-არ შემიძლია.
-თუ არ გაუშვებ უარესი იქნება!
-იქაც არ იქნება ბედნიერი, მე ხომ ვიცი. ჩემ გამო ამბობს, ჰგონია, რომ ასე უკეთესად ვიქნები.
- დაბრუნდეს მშობლებთან, ხელს ნუ შეუშლი, თვითონ დარწმუნდეს, რომ არაფერი შეიცვლება.
-ვიცნობ მამაო, მერე მისი უკან დაბრუნება გამიჭირდება, შეიძლება საერთოდ აღარ წამომყვეს.
-გწამდეს დიოტრეფე, გწამდეს, რომ უფალი დიდად მოწყალეა და არ გაწირავს გასაჭირში ჩავარდნილ შვილებს.
-მწამს მამაო, მწამს, მაგრამ როდემდე შევძლებ რწმენის შენარჩუნებას? მეშინია სულ არ დავკარგო რწმენა. ადრეც მწამდა ღმერთის, მაგრამ მეგის წყალობით უფრო მეტად დავუახლოვდი უფალს. ახლა ვხედავ, თვითონ შორდება ნელ -ნელა და მე ვერაფრით ვერ ვეხმარები. სულ გაღიზიანებულია, სულ ცუდ ხასიათზეა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
-იქნებ, იქ წაიყვანო სადაც ერთხელ მაინც იგრძნო თავი ბედნიერად? ადამიანისთვის კარგი მოგონებების წყარო საუკეთესო ზემოქმედებას ახდენს ფსიქიკაზე.
-პირველად სოფლის სახლში ვიყავით, იქ გავატარეთ რამდენიმე დღე კარგად, ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ რაც მოხდა თქვენც კარგად იცით. იმ სახლთან როგორც კარგი, ისე, ცუდი მოგონებები გვაკავშირებს. ბევრჯერ ვთხოვე წავსულიყავით, მაგრამ ცივ უარზეა, ეშინია.
-რეალობას ვერ გაექცევით, როდესმე მაინც მოგიწევთ იმ სახლში დაბრუნება. წადით, დღეს თუ არა ხვალ წადით, ზოგჯერ უკურექციაც ხდება, ყველა ხერხი უნდა ცადო მის გამოსაჯანმრთელებლად, სხვა გზა არ გაქვს. მომავალში იქნებ ინანო კიდეც მისთვის არაფერი გამიკეთებიაო.
-რადგან თქვენ ამბობთ წავალ და მეგისაც თან წავიყვან, ღმერთმა ქნას, რამე მაინც შეიცვალოს.
- აუცილებლად შეიცვლება. ილოცე და გწამდეს, რომ ლოცვას სასწაულების ქმნა შეუძლია. გულითად ლოცვას სული ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს და ინვალიდ ადამიანს ვეღარ დააყენებს ფეხზე? შეიძლება ერთ -ორ დღეში ვერ დადგეს ფეხზე მაგრამ... თუმცა რატომაც არა? ახლა და ამ წამს ვიღაცის სნეული გული იკურნება, ვიღაც პირველ ნაბიჯებს დგამს სამყაროში, ვიღაც მარადისობაში გადადის. სასწაულები ყოველ წამს აღესრულება, ეს დაჯერება გვიჭირს ჩვეულებრივ მოკვდავებს.
-კიდევ არის ერთი პრობლემა, უკვე ერთი თვეა მარწმუნებს, რომ კიდურებში რაღაცას გრძნობს, ისე უნდა გავლა, რომ მგონი მოჩვენებები დაეწყო. რისთვის ვისჯებით მამაო, ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა ცოდო გვაქვს უფლის წინაშე მე და მეგის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი მოგვივლინა? კვირას არ ვაცდენ ტაძარში, თქვენც ხომ კარგად იცით? იმის იმედით, რომ სახლში დაბრუნებულს მეგი ფეხზე მდგომი დამხვდება, მაგრამ ეგ დღე არა და არ დადგა. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ბევრისგან მსმენია, სულ ტყუილი ყოფილა მამაო, მწარე ტყუილი. სწორედ, რომ ოცნება ჰკლავს ადამიანს, ის აუხდენელი ოცნებები გვკლავს და ბოლოს გვიღებს რომელიც მთელი სულით და გულით გვინდა რომ ასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ სრულდება და ჩვენც აუხდენელ ოცნებებთან ერთად ნელ-ნელა ვკვდებით.
-იქნებ, უფალს სულაც არ უნდა თქვენი დასჯა? იქნებ ამ ფორმით სურს თქვენი გაფრთხილება, რომ მომავალში გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ? დღესდღეობით საქართველოში უამრავი ქალი იკეთებს აბორტს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ექოსკოპიამ გვარის გამგრძელებლის ნაცვლად მდედრობითი სქესი აჩვენა. უდანაშაულო, ჩვილ ბავშვთა სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს. არ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება უფალს სურდეს თქვენ სახლში ბევრმა პატარა ანგელოზებმა ირბინონ? შვილი, ეს გოგო იქნება თუ ბიჭი მშობლისთვის ყველა ერთნაირად საყვარელი უნდა იყოს. არ შეიძლება მშობლის მხრიდან შვილების გარჩევა. ბევრი მშობლისგან მაქვს გაგონილი შვილებს არ ვარჩევო, მაგრამ როგორც კი უფროსი რამეს დააშავებს მაშინვე ტუქსავს. აბა, უმცროსმა დააშავოს, თავზე ხელს გადაუსვამს, ეს პატარაა და ეპატიებაო. ამ დროს დიდი იჩაგრება, პატარა კი ეჩვევა, რომ რაც არ უნდა დააშავოს ყველაფერს აპატიებენ. ხანაც პირიქით ხდება, უფროს შვილს თავს ევლებიან და უმცროსს ყურადღებას არ აქცევენ. მე ვიცნობ ოჯახებს სადაც ბიჭებს მთელ ქონებას აძლევენ, საუკეთესო სასწავლებლებში აგზავნიან, ეს გვარის გამგრძელებელია და ჭირდებაო. გოგოს კი შეიძლება სკოლაც არ დაამთავრებინონ ისე გამოკეტონ სახლში. ქალს სწავლა რად უნდა გათხოვდება და მორჩაო. იმდენს კი ვერ ხვდებიან, რომ გოგოსაც ჭირდება სწავლა, ის ხომ მომავალი დედაა და შვილის აღსაზრდელად განათლება აუცილებელია. ასე ვარდება დედმამისშვილებს შორის შუღლი და მტრობა. მარტო შვილების ყოლა არაფერს ნიშნავს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მათი სრულფასოვან ადამიანებად აღზრდაა. შვილი ტაძარში უნდა ატარო, ღვთის სიყვარული და მოწიწება უნდა ჩაუნერგო, მაშინ ბავშვებიც კარგები გაიზრდებიან და თქვენც ნაკლები სადარდებელი გექნებათ. მშობლებმა შვილების სახით ზეცას ანგელოზები უნდა შეჰმატონ, ჯოჯოხეთს ეშმაკები კი არა.
-ვფიცავ მამაო, ოღონდ მეგი გამოჯანმრთელდეს, მის თვალებში ტკივილი აღარ დავინახო და რამდენი შვილიც არ უნდა მოგვცეს უფალმა არც ერთზე არ ვიტყვით უარს.
-დიოტრეფე, ღვთის სახლში ფიცის დადება სახუმარო საქმე არ გეგონოს. ბევრი სასოწარკვეთილი ადამიანის ფიცი ახსოვს ამ ქვის კედლებს და იქიდან ნახევარიც არ შესრულებულა. მერე უფლის რისხვა დატყდომია მათ ოჯახებს და ტირილით და ხვეწნა - მუდარით ისევ აქ მოსულან შემწეობის სათხოვნელად.
-ჩემთვის ძვირფასი ადამიანების კეთილდღეობისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. შვიდი წელი და ორი თვე გავიდა უკვე და ყოველი გათენებული დილა ჩვენ ოჯახში კოშმარს ემსგავსება. როდესმე ხომ უნდა დასრულდეს? ჩვენც ხომ უნდა ამოვისუნთქოთ ერთხელ და სამუდამოდ?
-ეგ დღეც დადგება შვილო, კარგი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები ,,რასაც ღმერთი მოგვივლენს ჩვენთვის უკეთესია.“ მე ვილოცებ თქვენთვის, ორივესთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეს შენც უნდა ილოცო შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის და უფლის შეწევნის იმედი არ დაკარგო. ახლა კი მშვიდობით წარვედინ დიოტრეფე! მეგის მოკითხვა გადაეცი და გაბარებ, მამაო კურთხევას აძლევს შემდეგში შენთან ერთად, საკუთარი ფეხით მოვიდეს ტაძარში. როდემდე უნდა იცხოვროთ ასე ჯვარდაუწერლებმა? პატარები კი არ ხართ ყურის აწევით შემოვიფარგლო? წკეპლას მოვიტან და იმას მოგცხებთ ორივეს თუ არ შეასრულებთ ჩემ კურთხევას.
-თქვენ პირს შაქარი, მამაო.
-შაქარიც იქნება და თაფლის გოლეულიც. ახლა სახლში დაბრუნდი, ვინ იცის დააწყდა მეგის თვალები, შენ მოლოდინში.
-კარგად ბრძანდებოდეთ, -თავი მდაბლად დაუკრა დიოტრეფემ მოძღვარს, მან კი სიყვარულით თავზე ხელი დაადო და პირჯვარი გადასახა. სახლში რომ მივიდა ოთახში იმედიანად შეაბიჯა, მოძღვრის სიტყვები ისევ თავში უტრიალებდა და დანებების უფლებას არ აძლევდა,
-ვერ ვხვდები, რა მოგწონს, ასე ჩაბნელებულ ოთახში, საათობით რომ ზიხარ? -ჩამრთველი მოიძია, სინათლე აანთო, მერე ფანჯარასთან მივიდა, ფარდები გადაწია და ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა ნივთებზე არეკვლა დაიწყეს, -მამაომ მოკითხვა და კურთხევა გადმოგცა, მალე გაიაროს, რომ ჯვარი დაგწეროთო, -უთხრა დიოტრეფემ და რომ შეტრიალდა დაინახა, მეგის როგორ ცვიოდა თვალებიდან ცრემლები. მიუახლოვდა, აკოცა და თეთრი ვარდების თაიგული ჩაუდო კალთაში. მეგიმ სევდიანად დახედა ვარდებს, ხელი გადაუსვა და ბარათი ამოიღო.
,, -მინდა, რომ გაიღიმო. სიყვარულით, შენი მფარველი ანგელოზი. "
-როდის უნდა შეეშვა ჩემთან კონტაქტს ამ ბარათებით? -ხმა აუკანკალდა ზედმეტი ემოციისგან.
-რა ვქნა? ასეთი ძველმოდური ქმარი გერგო ცხოვრების მეგზურად, - გაუღიმა და მის წინ ჩაიმუხლა, - მოდი, სოფელში წავიდეთ, ცოტა ხნით.
-არ მინდა, დიოტრეფე!
-შენ გამო არა, ჩემ გამო წავიდეთ, გთხოვ! სულ ცოტა ხნით, ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება მინდა. აღარ შემიძლია ოთხ კედელში ჯდომა და შენი გატანჯული სახის ყურება. მარტო ცუდს რომ იხსენებ კარგი მოგონებებიც ხომ გვაკავშირებს იმ სახლთან? სანამ ქსანთე ჩამოვიდოდა ხომ ვიყავით ბედნიერები, რატომ იმას არ იხსენებ? ყველა სახლს აქვს კარგი და ცუდი მოგონებები, მას ვერსად ვერ გაექცევი. თუ ცოტათი მაინც გადარდებ გევედრები, წავიდეთ და გავეცალოთ ქალაქის შფოთსა და ხმაურს.
-ძალიან დაგტანჯე ხომ? -ხელებით სახეზე მოეფერა და მისი მზერიდან კიდევ უფრო მეტი ტკივილი გადმოიღვარა, - ჩემი მაყურებელი სახლში გამოიკეტე ამ ბოლო დროს. შენ თუ კარგად გახდები დღესვე წავიდეთ. იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ვერც კი ვამჩნევდი როგორ ნელ - ნელა განადგურებდი ჩემი უარყოფითი ემოციებით. ბევრი დრო არ დამჭირდება, ახლავე ჩავალაგებ ტანსაცმელს, -რამდენიმე წუთში, ბარგი მანქანაში ჩადო დიოტრეფემ და კახეთის გზადკეცილს დაადგნენ. უკვე ბინდდებოდა, ადგილზე რომ მივიდნენ, დიოტრეფემ მანქანის საბარგულიდან ბარგის ამოლაგება და სახლში შეტანა დაიწყო.
-მაღლა არ ამიყვანო, შენ ოთახში დავიძინოთ.
-რატომ? შენ ხომ არ მოგწონდა ის ოთახი?
-ყოველ დღე ჩემნაირი ხეიბრის ზევით - ქვევით ტარება ადვილი არ იქნება, ასე უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს.
-თვითონ გადავწყვეტ რა იქნება ჩემთვის ადვილი და რა ძნელი! -ბრაზი და წყენა შეერია ხმაში დიოტრეფეს. ეტლიდან ამოიყვანა მეგი და მეორე სართულზე იმ ოთახში შეიყვანა სადაც აქ მოსვლის პირველ დღეებში იძინებდა, -ეს ოთახი შენ ძალიან მოგწონდა, ჰოდა, აქ დავიძინებთ.
-შენი გაბრაზება არ მინდოდა. მე, უბრალოდ...
-შენ, უბრალოდ ყოველ ჯერზე მახსენებ, რომ სიარული არ შეგიძლია და ამიტომ არ მჭირდები, მაგრამ ეგ შენი ცუდი ფანტაზიის ნაყოფია. რით ვერ შეიგნე მაგ პატარა თავში, რომ ცხოვრების ბოლომდე სულ დამჭირდები?!
-დიოტრეფე, გიფიქრია, რომ...
-მე, გამუდმებით ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე. შენ კიდევ ბევრ სისულელეზე ფიქრობ, რის გამოც ძალიან მიშლი უკვე ნერვებს. მოდი დაიძინე და თუ რამე სათქმელი გაქვს ხვალ ვილაპარაკოთ, ისედაც მგზავრობამ ორივე ძალიან დაგვღალა, -დიოტრეფემ სინათლე ჩააქრო და მეგის გვერდით მოკალათდა.
-იცი?...
-ვიცი! ძალიან გიყვარვარ და გინდა რომ დავიძინოთ ორივემ.
-ლაპარაკს არ დამაცდი?! -წყობიდან გამოვიდა მეგი, -იქნებ, წებოვანი ლენტი ავიღო და პირზე აგაკრო? რას ჰგავს შენი ეს საქციელი?!
-და რას ჰგავს ჩემი ეს საქციელი?!
-არაფერს აღარ გეტყვი, დაიძინე!
-მეც მაგას არ ვამბობ? დავიძინოთ თქო.
-აუტანელი ხარ ხანდახან, ძალიან აუტანელი.
-შენ, ეს აუტანელი ადამიანი ძალიან გიყვარს.
- ვიძინებ, იცოდე ხმა აღარ გამცე!
- არც შენ, თუ ძილი გადამივარდა მოგიწევს მერე ზღაპრების მოყოლა, - უთხრა სიცილით დიოტრეფემ და თვალები დახუჭა.
მეორე დღეს, მეგი და დიოტრეფე, დილიდან ეზოში, სუფთა ჰაერზე იყვნენ გასულები, ჩიტების ჭიკ -ჭიკის მოსმენით და გაზაფხულის სიმშვენიერით ტკბებოდნენ.
-ადრე თითქმის მძულდა ეს სახლი, ყოველგვარ ხმაურს რომ იყო მოკლებული, ახლა პირიქით, მგონი ძალიან შემიყვარდა სიმყუდროვის გამო ან სულაც ვბერდები.
-მაყვალი რომ დამიკრიფე გახსოვს? -ღიმილით შეათვალიერა მაყვლის ბარდი მეგიმ და დიოტრეფეს გადახედა.
-გაზაფხულია და ჯერ არ არის, სამაგიეროდ ალუჩა გვაქვს ბევრი, გინდა დაგიკრიფო?
-მიწვდები? ნახე დაბლა ტოტებზე არც ასხია, სულ კენწეროშია, იქ როგორ უნდა მიწვდე?
-შენ არ იდარდო, ტოტებს შევარხევ, დაბლა ჩამოვყრი, გავრეცხოთ და ვჭამოთ, -დიოტრეფემ საიდანღაც გრძელი ჯოხი მოიტანა და ის მიარტყა ზედა ტოტებს. ერთი მეორის მიყოლებით ჩამოცვივდა მკვახე და მწიფე ალუჩები და მიწაზე გაიშალა.
-ვაიმე, დიოტრეფე ეს რა მიქენი? - იცინოდა მეგი და თმიდან მწიფე ალუჩის მოცილებას ცდილობდა, რომელიც ყოველ ხელის მოკიდებაზე უფრო და უფრო იჭყლიტებოდა.
-მშვენიერი თმის ნიღაბია, რა არ მოგწონს? თუ გინდა სახეზეც წაისვი, ათეთრებსო მალვინამ თქვა ერთხელ.
-ჯერ შენ წაისვი და თუ გაგათეთრა მერე მე წავისვამ, კარგი?
-ნწუ, რა კაცის საქმეა ნიღბები და ტალახები? ეგ ქალებს უფრო კარგად გამოგდით.
-მიდი, მარილი მოიტანე, იცოდე დამახრჩობს ნერწყვი და ეგ იქნება, -თვალები აუციმციმდა მეგის.
-შენი თმა უმარილოდაც მშვენივრად შეექცევა, წავალ და მოგართმევთ მარილს თქვენო უტყემლესობავ, -თავი დაუკრა მეგის და სწრაფად წავიდა სახლისკენ.
-დიოტრეფე! რა ბოროტი ხარ, არც კი შეგეცოდა ჩემი საწყალი თმები, -მიაძახა მეგიმ სიცილით, -საღამოს დიოტრეფემ საიდანღაც ალუბალი მოუტანა მეგის და ძალიან გაახარა, -დილით ალუჩა, საღამოს ალუბალი, მთელი დღეა ხილს ვჭამთ, არ მოგშივდა?
-მომშივდა, მაგრამ რა უნდა ვჭამოთ?
-საჭმლის მეტი რა არის, ნანამ იმდენი რამე გამოგვატანა კონტეინერებით, ალბათ მთელი თვე გვეყოფა.
-იცი, რა ვიფიქრე? სახლის უკან ტყეში ალუბალს რომ ვკრეფდი ლოკოკინები დავინახე, ახლა ვფიქრობ, ხომ არ წავსულიყავი და მომეტანა?
-გაჩუმდი!
-მეგი, კარგი წვნიანი, მოხარშული ლოკოკინები. იფ იფ იფ, კეტჩუპთან ერთად, არ გინდა?
-ფუჰ, გაჩუმდი დიოტრეფე, კეტჩუპი არ შემაზიზღო საერთოდ, -კივილი დაიწყო მეგიმ და ყურებზე ხელის გულები აიფარა.
-რა ვიცი, ვიფიქრე საღამოს სოფლის სიმყუდროვეში რამე განსაკუთრებულს შევჭამდით. მეგი, არც შემწვარი არ გინდა?
-დიოტრეფე, გთხოვ! რა ლოკოკინები აგიტყდა? ახლა საერთოდ ვეღარ შევჭამ საჭმელს, ღმერთო ლორწოვანი ლოკოკინები. ცუდად ვარ, ჩქარა წყალი დამისხი, -კივილს არ წყვეტდა მეგი და დიოტრეფე მისი შემხედვარე უფრო კარგ ხასიათზე დგებოდა. წყალი რომ დალია და სული მოითქვა ნაწყენმა შეხედა ქმარს.
-შენ ხარ ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი! ვინ ექცევა თავის ცოლს ასე ბოროტად, როგორც შენ მექცევი? -ცოტა ხნით დაფიქრდა დიოტრეფე და მერე ისევ მეგის შეხედა.
- მე ვიცი ერთი კაცი, ვინც ზუსტად ასე იქცევა, -თვალი ჩაუკრა და წყლით სავსე ჭიქა მოიყუდა.
-ვინ არის? ისიც შენნაირი იქნება.
- მე ვარ!
- ოჰ, ახალი აღმოჩენა გააკეთე? შენ ხარ ადამიანი, რომლის ვენებშიც სისხლის ნაცვლად ტროტილი მოძრაობს და პატარა ბიძგიც კი საკმარისია, რომ გარშემო ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვიოს.
-რა საშიში ვყოფილვარ? მაგრამ გამნაღმველი აქ არ მყავხარ? -დიოტრეფემ სწრაფად აკოცა ცოლს და სამზარეულოდან გავიდა.
-სად წახვედი? აღარ გშია?
- ნიკალაევნას თავშალი არ გინდა? -ქმრის ხმა მოესმა მეგის და გაეღიმა.

####################
მეგი სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და ვაშლს ფცქვნიდა, დიოტრეფე რომ შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა.
-ვაშლი გინდა?
-მინდა, მაგრამ ჩემთვის არ გაფცქვნა კანიანს ვჭამ. ვიტამინები კანს აქვს, შენ კიდევ სულ ფცქვნი და ისე ჭამ.
-ვინ გითხრა, რომ კანშია ვიტამინები?
-ბავშვობიდან ნანა და მალვინა იმას ჩამჩიჩინებდნენ კანიანი ხილი ჭამე ვიტამინები კანს აქვსო და შენ მეუბნები, რომ ტყუილად ვიკლავდი თავს კანიანი ვაშლის ჭამით? რამდენჯერ გაუჭრია ღრძილები ვაშლის უხეშ კანს და სისხლის დანახვისას შეშინებულს რაც მე მიტირია, გახსენებაც კი არ მინდა, -უსიამოვნო მოგონების გახსენებაზე თვალები მოჭუტა დიოტრეფემ.
-კანი მხოლოდ დამცავი გარსია, გარემოფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან ხილის შიგთავსის დასაცავად. რატომ ხდება გაფცქვნილი ვაშლი ჟანგისფერი, როგორც კი ჰაერზე მოხვდება? იმიტომ, რომ ვიტამინებით არის მდიდარი. ქერქი, რომ სასარგებლო იყოს მაშინ, ვაშლის გაფცქვნის შემდეგ შიგთავსის ნაცვლად ისევ ქერქი დაგვხვდებოდა. პრიალა კანი ხელს უწყობს ხილის შიგთავსის დაზიანების თავიდან აცილებას. ხშირად ტალახიანი წვიმა მოდის, პრიალა ზედაპირიდან კი ადვილად ჩამოირეცხება ტალახი და მტვერი. ხილის კანი ხელსახოცივით ადვილად რომ იწოვდეს ყველაფერს წარმოგიდგენია რამხელა რისკის ქვეშ დადგებოდა ადამიანის ჯანმრთელობა მისი შეჭმის შემდეგ? გგონია ისევ ისეთი გემრიელი იქნებოდა როგორც ახლა არის? მაგალითად ავიღოთ მობილური ტელეფონი, რატომ ვაკრავთ ეკრანზე დამცავ ,,ბრონს“ და ვსვამთ ქეისში? მარტივი მიზეზია, ჩვენ ხომ გვინდა, რომ მობილური ტელეფონი დავიცვათ გარემოფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებებისგან? ეს იქნება ძირს დავარდნა, ეკრანზე წყლის წვეთების მოხვედრა თუ სხვა დანარჩენი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს უვნებლად საყვარელი ნივთი და ყოველ მეორე კვირას არ გვიხდებოდეს მისი გამოცვლა. ასეა ხილის შემთხვევაშიც, პრიალა ქერქი მისთვის ერთგვარი დამცავი ჯავშნის ფუნქციას ასრულებს და დამატებით რომ იცოდე თუკი რამე ნიტრატია ხილში და ბოსტნეულში ყველაფერი მის კანში იყრის თავს.
-აი, ეგ ყველაფერი რაც ახლა ილაპარაკე მალვინას და ნანას უთხარი თბილისში რომ ჩავალთ, ოღონდ მეც რომ სახლში ვიქნები მაშინ, მათ დაშოკილ სახეებს ნამდვილად ვერ გამოვტოვებ, -სიცილით უთხრა და ხელში ვიბრაცია რომ იგრძნო ტელეფონს დახედა, - შალვა რეკავს, - უპასუხა და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მობილური ტელეფონი გათიშა.
-როგორ არიან? რაღაც ნამეტანი გაუტკბათ გერმანიაში თაფლობის თვე.
-ზეგ ჩამოდიან, კიდევ უნდოდა მარიამს დარჩენა, მაგრამ სამსახურში ორივეს საქმე გაუფუჭდებათ და წუწუნედნენ ცოლ - ქმარი, თითქოს მე რამის შეცვლა შემეძლოს.
-ანუ, მოეწონათ გერმანია? თავიდან მანდ წასვლა რომ შესთავაზე ცივი უარი გვტკიცეს, იქ რა არის სანახავიო, ახლა კი აღარ უნდათ წამოსვლა.
-ნეტავ საჩუქრებს ჩამოგვიტანენ?
-კარგი დიოტრეფე, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ?
-ამხელა გერმანიაში წავიდნენ და ერთი სუვენირი აღარ დავიმსახურე? ბოლოს და ბოლოს ჩემი შერჩეული ქვეყანაა.
-არ გცხვენია, ამხელა კაცს?
-მინდა საჩუქარი და რა ვქნა?
-ღმერთო ჩემო, მაქსიმესაც კი შენზე მეტი ტვინი ჰქონდა პატარა რომ იყო, -სიცილით დაუდო თეფში რომელზეც გაფცქვნილი ვაშლის ნაჭრები ეწყო.
-მეც ბავშვი ვარ, მაგრამ ზრდასრული.
-ისე, როგორ ამბობდი? გაბრიელს ცოლი არ შეუყვარდებაო? რამდენიმე საათის წინ ისეთმა აღფრთოვანებულმა დამირეკა მამა ვხდები და სიხარულისგან ჭკუაზე აღარ ვარო, რომ მეგონა უცხო ადამიანი მელაპარაკებოდა და ნომერს დავხედე ნამდვილად გაბრიელი იყო თუ არა. ასე მითხრა ყველას დავურეკე და მარტო შენ და დიოტრეფე დამრჩით ახალი ამბავი რომ არ შემიტყობინებიაო. მე იმას უსიყვარულობის ვერაფერი შევატყე ისე მელაპარაკებოდა თათიაზე.
-ცოლად რომ მოიყვანა და ვხედავდი, არ აინტერესებდა, ამიტომ ვამბობდი.
-გახსოვს? ჩვენ გასაცნობად რომ ჰყავდა მოყვანილი თათია, ისე ცივად და აგდებულად ექცეოდა, გაბრიელი კინაღამ შემზიზღდა.
-მერე, მე ხომ ველაპარაკე და ავუხსენი, რომ შეიძლება არ უყვარდა, მაგრამ ცოლის ასე დამცირება უკვე ნამეტანი იყო.
-მიხარია დამოკიდებულება რომ შეიცვალა თათიას მიმართ, ისეთი საყვარელი გოგოა არ იმსახურებს მისგან ასეთ მოპყრობას, ეტყობა თვითონაც მიხვდა დანაშაულს და ახლა ცდილობს გამოსწორდეს. თბილისში რომ ჩავალთ ერთ დღეს ვესტუმროთ და გავახაროთ თათია. რამდენი ხანია თვალით არ მინახავს, ტელეფონითაც არ შევხმიანებივარ, ამ დეპრესიის გადამკიდე ვერ ვახერხებდი დარეკვას.

#################
დილით გაწვიმდა, მაგრამ მალევე გადაიღო, გაზაფხულს რომ ჩვევია ზუსტად ისე, მოულოდნელად და გიჟურად. როგორც კი წვიმა საერთოდ შეწყდა და ჰაერიც მზის სხივებმა გაათბო, მეგიმ ისევ მოისურვა გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერზე ყოფნა.
- აქ რომ ვარ ვგრძნობ, რომ თავისუფლად სუნთქვა შემიძლია, -გაიღიმა, თვალები დახუჭა და სახე მზეს მიუფიცხა.
-მეც იგივეს ვგრძნობ, კიდევ იცი რას ვგრძნობ? მგონი ვიღაც ყოველ დღე ახლიდან მიყვარდება.
-შენ, მგონი დაისიცხე, -სიცილი აუტყდა მეგის.
-ვითომ? -წარბები ზემოთ აზიდა, დაიხარა და მომღიმარი, ხელებით ეტლს დაეყრდნო. შემთხვევით თვალი მეგის ზურგს უკან გაექცა და მასში მიძინებულმა ვულკანმა დაიწყო მოქმედება.
-არ ისვენებ, ხომ? -ისე დაიღრიალა, მეგი შიშისგან შეხტა, -სანამ მამაშენის გზას არ გაგიყენებ იქამდე თავს არ დაგვანებებ? - დიოტრეფემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და დაუპატიჟებელ სტუმარს დაუმიზნა.
-ვაიმე, იარაღი თან წამოიღე? არ გინდა გემუდარები, არ ესროლო, -თვალები ცრემლებით აევსო მეგის. გახსოვს რას დამპირდი? მის გამო შენ თავს ნუ დამაკარგვინებ დიოტრეფე, - მეგის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა.
-არ მესროლო, სალაპარაკოდ მოვედი, უიარაღოდ ვარ, -ორივე ხელები მაღლა აწია ქსანთემ.
-არ მჯერა შენი, მელასავით ცბიერი ხარ. მარტო ხარ თუ შენი ლეკვებიც თან გახლავს?
-არავინ მომიყვანია, სულ მარტო მოვედი, უიარაღოდ.
-აქ რა დაგრჩენია, ხომ ხედავ შენი წყალობით რა დღეშიც ვართ. საკმარისი არ არის და ახლა ჩემი დაინვალიდების ჯერი დადგა?
-ხომ გითხარი, სალაპარაკოდ ვარ მოსული.
-მაშინ თქვი რაც გინდა და წადი.
-გუშინ ჩემი ერთი წლის შვილი მივაბარე მიწას. ჩემმა ცოლმა სულ მკვლელი მეძახა, შენმა ცოდვებმა გვიწია და ბავშვი იმიტომ წაგვართვა ღმერთმაო. ძალიან ბევრი ცუდი ჩავიდინე ცხოვრებაში. შენც ჩემ გამო ხარ მეგი ეტლს მიჯაჭვული, გიყურებ და ვრწმუნდები, რომ მე მართლა ურჩხული ვარ. ვიცი, პატიების თხოვნის უფლება არ მაქვს, იმ ყველაფრის შემდეგ რაც თქვენ დაგიშავეთ, მაგრამ შემინდეთ გთხოვთ, ეს უპატიებელი ცოდვა შემინდეთ. არ მინდა ჩემი უფროსი გოგონაც ვიმსხვერპლო, იმას მაინც გავუწიო ნორმალური მამობა, იმის სიცოცხლით მაინც დავტკბე და გავიხარო, - ცრემლებმა ქსანთეს მზერა დაუბინდეს, -თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიმწარეა შვილის დაკარგვა. რამდენიმე დღის წინ ჩემ დანახვაზე სიხარულით გამორბოდა ხელებგაშლილი და სახეზე მეფერებოდა თავისი პატარა ხელებით, ახლა კი მიწის ქვეშ წევს მისი უსულო სხეული და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მე მიწის ზემოთ ვარ, მაგრამ ეს გარეგნულად, მეც მასთან ერთად დამმარხეს გუშინ. სინდისის ქენჯნა არ მასვენებს, ლამისაა გამაგიჟოს, აყეფებული ძაღლივით ამომძახის შინაგანი ხმა, რომ შვილის მკვლელი ვარ.
-მორჩი სპექტაკლს და მოშორდი აქედან! - დიოტრეფემ იარაღი გადატენა.
-დიოტრეფე, არ გინდა! ვერ ხედავ? ადამიანი განადგურებულია, -მაისურზე მოქაჩა მეგიმ და ცრემლიანი თვალები მიაპყრო.
-ქსანთე, შენ ალბათ წარმოდგენაც არა გაქვს, მაგრამ მე დიდი ხნის წინ გაპატიე. იმიტომ კი არა, რომ ეს შენ გჭირდებოდა, არა, ეს ჩემ სულს ჭირდებოდა. სხვანაირად ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას, სხვანაირად ბევრად უფრო ცუდად ვიქნებოდი ვიდრე ახლა ვარ. ბოღმიანი და შურისძიებით შეპყრობილი პირველ რიგში საკუთარ თავს დავკარგავდი, გავანადგურებდი და მერე დიოტრეფეს. ხედავ? სადამდე მიგიყვანა შენმა თავქარიანობამ და დაუფიქრებელმა საქციელმა? მიპატიებია, ყველაფერი უკლებლივ მიპატიებია. წადი, ცოლ - შვილს მიხედე, ისინი გააბედნიერე და ნუღარ ეცდები სხვისი ურთიერთობების დანგრევას, ხომ ხედავ კარგი არაფერი მოუტანია ბოროტებას შენთვის.
- ვერ წარმოიდგენთ ამ სიტყვების მოსმენა რამდენს ნიშნავს ჩემთვის. წავალ და იმედია უფალიც შემინდობს, -ამოიოხრა გულგასიებულმა და შავი სვიტრის სახელოთი ცრემლები მოიწმინდა. ქსანთე წავიდა, დიოტრეფე მაინც არ ენდო და უკან გაჰყვა, იქამდე უყურა სანამ მანქანის ხმა ჩიტების ჭიკ -ჭიკმა არ გადაფარა. ის - ის იყო ეზოში უნდა შესულიყო, რომ ფეხი რაღაც რბილს დააბიჯა და ძაღლის გამაყრუებელმა წკავ -წკავმაც არემარე მოიცვა.
-აქ საიდან გაჩნდი პატარა ჯამბაზო? -თავზე ხელი გადაუსვა პატარა, ნაცრისფერ, გაბურძგნულ ძაღლს, მანაც მზრუნველობით გათამამებულმა ხელების ლოკვა დაუწყო დიოტრეფეს, -წამოდი, მეგი უნდა გაგაცნო, ჩქარა ცუგა, ჩქარა! -ძაღლიც გახალისებული, კუდის ტრიალით გაჰყვა უკან.
-წავიდა?
-კი, წავიდა!
-ვაი, ეს რა საყვარელი არსება მოსულა ჩვენთან? - სახე გაუბრწყინდა მეგის.
-ძაღლი რომ მიხვდა მასზე ლაპარაკობდა, მის ფეხებზე წინა თათებით შედგა და რამდენჯერმე დაუყეფა.
-რაო გაწეწილო, მიბრაზდები? -ყურზე მოქაჩა მეგიმ, ძაღლმა თავდაცვის მიზნით კბილები გამოაჩინა და მის ხელს წაეპოტინა, მაგრამ მეგიმ ხელის უკან გაწევა მოასწრო, -როგორი ბრაზიანი ცუგა ყოფილხარ, აბა, შენი თვალები დამანახე? -თავი ააწევინა ძაღლს და გულიანი სიცილი ატეხა, -დიოტრეფე, ამ ძაღლს შენსავით მუქი ლურჯი თვალის ფერი აქვს, მარტო თმის ფერი გაქვთ ორივეს სხვადასხვა, ასე რომ არ იყოს ვიფიქრებდი, რომ შენი ტყუპისცალი გამოჩნდა, -უფრო ხმამაღალ და გულიან სიცილს მოჰყვა მეგი. დიოტრეფე გახევებული იდგა და ხმას ვერ იღებდა, იმ წუთას მისი ცოლი ძალიან უდარდელი ჩანდა, დიოტრეფეს ასეთი მეგი დიდი ხანია არ ენახა. ემოციებს ვეღარ გაუმკლავდა, მუხლებში ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა,
-დიოტრეფე, რა მოგივიდა?! -შეშინებულმა მეგიმ ძაღლთან თამაში შეწყვიტა და დიოტრეფესთან ახლოს მივიდა, -შემომხედე, ცუდად ხარ? ნუ მაშინებ დიოტრეფე, ჩამოიღე ეს დალოცვილი ხელები სახიდან!
-კარგად ვარ, ნუ გეშინია, -სახიდან ხელები მოიშორა და მის გაყინულ ხელს აკოცა.
-შიშით კინაღამ გული გამიხეთქე, გაგიჟდი?
-შვიდი წელია ძალ - ღონეს არ ვიშურებ, რომ შენ სახეზე ოდნავი ღიმილი მაინც დავინახო და ამ პატარა ძაღლმა სულ რაღაც წამებში ის შეძლო რაც მე ამდენი წლის განმავლობაში ვერ შევძელი, წამებში გაგაბედნიერა.
-არა ხარ შენ ნორმალური, როგორ შემაშინე, ასე შეიძლება ადამიანო?! -ძაღლმა უყურადღებობა რომ ვერ აიტანა დიოტრეფეს და მეგის შორის შეძვრა, ჯერ ორივეს დაუყეფა, შემდეგ მეგის კედებს კბილებით წაეტანა და ღრღნა დაუწყო.
-ეს რა შურიანი ვინმე ყოფილა? კარგი ცუგა, კარგი ცუგა, -ხელით ეფერებოდა დიოტრეფე, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა და მეგის კედს კბილებით თავისკენ ეწეოდა. ვერაფერს რომ ვერ გახდა ახლა შარვლის ტოტს დაწვდა და კბილები კარგად ჩაუჭირა. მეგის სახეზე ფერი დაეკარგა, - გადი ძაღლო, ასე მთელ ტანსაცმელს დაუხევ, -დატუქსა ძაღლი დიოტრეფემ, კისერში ხელი წაავლო და გვერდით გადასვა.
- შემცივდა, ჯდომითაც დავიღალე, გთხოვ, ოთახში ამიყვანე, რომ წამოვწვე და დავისვენო, -უთხრა მეგიმ და დამშვიდებას შეეცადა. სახლში რომ შევიდნენ, უკან ადევნებულ ძაღლს კარებში ფეხი დაუდო დიოტრეფემ და არ მისცა შიგნით შესვლის უფლება.
-უპს. პატარა ჯამბაზო, აქ შემოსვლა არ შეიძლება, თუ გინდა ეზოში ითამაშე. შენ ისეთი ცელქი ჩანხარ სახლში ყველაფერს დაღრღნი და გააფუჭებ, -ფეხით, გვერდით გააცურა ძაღლი და კარები დაკეტა. დიდხანს აფხაკუნა ძაღლმა თათები კარებზე და არავინ რომ არ გამოეხმაურა მალევე მოცილდა ადგილს და კუდის ტრიალით ეზოს შესწავლა დაიწყო. დასაძინებლად დაწოლილი მეგი მოუსვენრობამ შეიპყრო, ჩაეძინებოდა თუ არა მაშინვე ეღვიძებოდა. აქამდეც უგრძვნია კიდურებში რაღაც, მაგრამ ახლა აშკარად იგრძნო ძაღლის კბილები კოჭთან და მოსვენება სულ დაუკარგა იმაზე ფიქრმა, რომ შეიძლება მალე გაევლო. მერე მოძღვრის სიტყვები გაახსენდა, სახარებიდან რომ ამოიკითხა ამბიონზე მდგარმა: ,,- მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. " (ლუკას სახარება - თავი 18.)
-იქნებ, მეც შევძლო გავლა? იქნებ, ჩვენთანაც მოხდეს სასწაული? -მძინარე დიოტრეფეს გადახედა და ცრემლები გადმოსცვივდა, თმებზე ფრთხილად გადაატარა ხელი და შუბლზე სულ ოდნავ შეახო ტუჩები, -ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ შენ, -ჩუმად, თავისთვის დაიჩურჩულა, მაგრამ წამიც არ იყო გასული მისმა ხმამ რომ გაჰკვეთა სიჩუმე და პასუხი დაუბრუნა.
-მეც მიყვარხარ! -მეგის მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა, გული კი ლამის საგულედან გადმოუხტა.
-ღმერთო, ეს რა ჩვევა გაქვს დიოტრეფე?! ხან ისე გძინავს კაცი გონში ვერ ჩაგაგდებს და ხან რამდენჯერ ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ ისიც კი გესმის. გამიგია კაცები სანამ კარგად არ გამოფხიზლდებიან ნათქვამს ვერ აღიქვამენო და შენ რა ხარ ასეთი ინდივიდი? გადამიტრიალდა შიშით გული.
-ეგ მფარველ ანგელოზებს არ გვახასიათებს. ისე, რატომ გაგეღვიძა ამ შუაღამისას, წყალი ხომ არ გინდა მოგიტანო?
-არა, არ მინდა წყალი.
-აბა, რა გინდა?
-ფეხზე რომ გავიარო.
-მეგი, ისევ თავიდან არ დაიწყო! ჩვენ ხომ ბევრჯერ გავარჩიეთ ეგ თემა და უკვე გავცვითეთ ამდენი ლაპარაკით.
-არაფრის დაწყებას არ ვაპირებ თავიდან! ყოველ დღე ახალი შეგრძნებები მაწუხებს კიდურებში, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძაღლის ეშვი კოჭთან ნამდვილად ვიგრძენი, ახლაც იმიტომ გამომეღვიძა, რომ ყრუ ტკივილს ვგრძნობდი, რომელმაც მალევე გადამიარა. ან მართლა მიბრუნდება მგრძნობელობა ან ვგიჟდები დიოტრეფე.
-ყველაფერი კარგად იქნება, არ გიჟდები, უბრალოდ ზედმეტად ემოციური გახდი ამ ბოლო დროს და ისე გინდა გავლა, რომ უკვე რაღაცები გეჩვენება. შიშები დაგჩემდა და თავს ვეღარ აკონტროლებ. გამუდმებით იმაზე ფიქრობ, რომ ვერ დადიხარ და ტვირთად აწვები ყველას. თავს იტანჯავ და ჩემზე საერთოდ აღარ ფიქრობ, როგორ მტანაჯავ ამ შენი აკვიატებებით, ან იქნებ ეგოისტურად გსიამოვნებს ჩემი ტანჯვის ყურება და სამაგიერო გინდა მომიზღო, რომ ჩემ გამო ხარ ეტლს მიჯაჭვული?
-რას ამბობ? ეგ როგორ მოგივიდა თავში?
-აბა, სხვა რა ვიფიქრო? მალე ალბათ ეჭვიანობასაც დაიწყებ ჩემზე, ხომ არ მღალატობსო და დეტექტივს დაიქირავებ ჩემ სათვალთვალოდ, რომ ვის დაველაპარაკები დღის განმავლობაში ფოტოები გადამიღოს და შენ გამოგიგზავნოს.
-გეყოფა, გულს მტკენ, ამ სიტყვებით!
-მეც მტკენ გულს, არასწორი საქციელით. გაფრთხილებ, ან თავიდან მოიშორებ უაზრო ფიქრებს და იმ მეგის დამიბრუნებ ადრე რომ ვიცნობდი ან არ ვიცი რას ვიზამ, მე უკვე მეტის ატანა აღარ შემიძლია. ქვემოთ ჩავალ და ჩემ ოთახში დავიძინებ, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, ტელეფონი თან მიმაქვს, -სწრაფად წამოხტა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა. დილით ტუმბოზე დადებული ტელეფონის ვიბრაციის ხმამ გააღვიძა მეგი.
-გისმენ, ლილი!
-მეგი, შენთან მინდა მოსვლა, კაბა უნდა ვიყიდო და ფერი ვერ ამირჩევია რომელი უფრო მომიხდება, ერთ -ორ საათში რომ გამოგიარო გეცლება?
- სოფელში წამოვედით მე და დიოტრეფე, სამსახურში თუ რამე საჩქარო არ გამოუჩნდა ცოტა ხნით აქ დავრჩებით.
- რა მაგრები ხართ, მეც მინდა სოფელში. ერთი სული მაქვს ზაფხული მალე მოვიდეს, რომ ჩემმა ვაჟბატონმაც აიღოს შვებულება და სადმე წავიდეთ დასასვენებლად, ამ ტყიური ბავშვის ხელში გამინადგურდა ნერვები. ახლავე დადე, არ შეიძლება მაგის აღება. მოსაკლავი არ არის ახლა?
-დაანებე თავი, პატარაა და ცელქობს.
-პატარაა, მაშ კაცო! გადმომიყარა მთელი კომოდის უჯრები და იქექება ტანსაცმელში. ახლაც ჩემი შავი კაბა აქვს შემოხვეული, დააფრიალებს აქეთ - იქით და ყვირის ზორო ვარო. ალბათ მალე გავრეკავ, ნათელამ თქვა სულ ირაკლის პატარობას მაგონებსო. რაღა მამას დაემსგავსა, მე მაინც მგვანებოდა, ბავშვობაში ბულკივით გოგო ვყოფილვარ, არაფერს მე არ ვაფუჭებდი და ვიყავი თურმე ჩემთვის წყნარად, იქამდე სანამ არ წამოვიზარდე და სკოლაში არ მივედი. კარგი, კარგად იყავი, დიოტრეფეს მოკითხვა, უნდა მივხედო ბაჩოს, თვალის ,,წენებში“ წაყო თითები და თხრის. გაუშვი მაგას ხელი! მე ქალი არ ვიყო, თუ არ დაგთხაპნო გოგოსავით, -გაისმა ლილის ყვირილი და მობილური ტელეფონიც გაითიშა.
-რა კარგები არიან, -თავისთვის ჩაილაპარაკა მეგიმ და გაეღიმა.
-რა უნდოდა ლილის? -ბალიშიდან თავი ამოყო დიოტრეფემ და თვალები გაახილა.
-რაო და კარგად ეძინა ქვედა სართულზე დიოტრეფესო?
- უჰ, საერთოდ ვერ დავიძინე, უძილობისგან გასკდა თავი და ამოვედი ისევ.
-ჰოო? რა ვიცი კი განმიცხადე დიდის ამბით ჩემ ოთახში უნდა დავიძინოო და გავარდი თავქუდმოგლეჯილი.
-მერე დავიძინე? ხომ ამოვედი ისევ!
-ძალიან კარგი, რომ ვერ დაიძინე, ყველას შენნაირად უნდა დაემართოს. გგონია მე მეძინა? არც მე მომეკარა ძილი და სანამ ნერვიულობით არ დავიღალე იქამდე ვერ მოვხუჭე თვალი, ისიც როდის ჩამეძინა ღმერთმა იცის. ყველა ვის გამოც ვერ იძინებს მეორე ადამიანი ღირსია, რომ მასაც არ დაეძინოს.
-ეგ რა სიბოროტეა? ახლა ჩემზე ვიღაც ქალი რომ ფიქრობდეს მე ღამე მის გამო ვერ უნდა დავიძინო?
- მე ვიგულისხმე ცოლი ან შეყვარებული, ნუ გადაწვდი უცხო ქალებს! რატომ უნდა იფიქროს ჩემ ქმარზე ვიღაც ქალმა? -გაბრაზდა მეგი.
-ფრთხილად მეგი, ბრაზისგან არ აფეთქდე.
- ჰმ, დამცინის კიდეც! წავალ საუზმეს მაინც მოვამზადებ, თუ არა და ვატყობ მართლა ავფეთქდები შენ ხელში, -საბანი გადაიძრო და წამოიწია, მაგრამ მერე ისევ ცივად გადაიფარა, -ვიწვები! -ძლივს ამოიტანა ყელიდან ხმა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-მეგი!
-არ გინდა გთხოვ! არაფრის თქმა არ გინდა. ყველაფერი ისედაც ნათელია, მიჭირს, მაგრამ გპირდები, შევეგუები და ტყუილ იმედს აღარ ჩავებღაუჭები, -სახეზე ხელებაფარებული, მოგუდული ლაპარაკობდა მეგი და ცრემლები ისე ახრჩობდნენ სუნთქვა უჭირდა. დიოტრეფე სწრაფად გაჩნდა მის მხარეს, ხელში აიყვანა, კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოში მაგიდაზე შემოსვა, თვითონ კი მაცივრიდან პროდუქტის გადმოლაგებას შეუდგა.
-იმედია რამე გემრიელს მოამზადებ.
-ნორმალური ხარ ახლა შენ? -თან უბრაზდებოდა, თან სიცილს ვერ იკავებდა, -ასე ღამის პერანგით და ხელ - პირდაუბანელი ვინ აკეთებს საჭმელს?
-ვინ და ჩვენი ერთი გარენათესავი, დილით ადგება, შევარდება სამზარეულოში, გააკეთებს საჭმელს, მერე შეჭამს, გამოვა და სამსახურში წასასვლელად ემზადება.
-ფუუ, რა საზიზღრობაა? -დაიჯღანა მეგი.
- შენ ის უნდა ნახო წყლის ჭიქას რომ გადმოგიღებს კარადიდან და საუკუნის მტვერი რომ ადევს. გამჭვირვალე წყალი უცებ ყავის ჭიქის მონავლებს ემსგავსება.
- არ მჯერა, ასეთი უსუფთაო ვინ არის, კარგი რა?
-თბილისში რომ ჩავალთ აუცილებლად წაგიყვან მის გასაცნობად და თვითონ დარწმუნდები.
-არა, იყოს, ნუ შეწუხდები.
-რა ვიცი, ძალიან კი დაინტრესდი.
-ამიყვანე ოთახში, მოვწესრიგდები და ისე მოვამზადებ საუზმეს, მაგიდაზე შემომჯდარს თავი საქორწილო მანქანის კაპოტზე დამაგრებული თოჯინა მგონია.
-შენ არ დაიწუწუნე, საუზმე უნდა მოვამზადოო? მოკლედ, ამ ქალებს ხომ ვერაფრით გასიამოვნებთ კაცი, -თვალები გადაატრიალა და მეგისთან ერთად მეორე სართულზე დაიწყო ასვლა. ბუზღუნა და წუწუნა უნდა გერქვას შენ, მეგი კი არა.
-გითხრა შენ რა უნდა გერქვას?
-ვიცი უკვე, ყველაზე საყვარელი, სათნო და სათუთი.
-კი, როგორ არა, სისათუთე ხარ პირდაპირ. განსაკუთრებით მაშინ, რამეზე, რომ გაბრაზდები და ღრიალებ დაჭრილი ლომივით.
-მთლად ასეთი ცუდიც არა ვარ, სულ ნუ გამასწორე მიწასთან.
-მაშინ მოგიწევს მომეხმარო საუზმის მომზადებაში, თბილისში კი არ ხარ ადვილად გამოძვრე.
-გეკადრება მეგი? ამ მზარეულ კაცს მაგას როგორ მკადრებ? შენ მარტო მითხარი და ყველაფერს თვითონ მოვამზადებ, შენ თითსაც არ დაგაკარებინებ.
-სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ დამვიწყებია ნიგვზის საყიდლად რომ გაგზავნა ბებომ და ღამის ორზე ნასვამი, ძლივს რომ მობანცალდი.
-მე? როდის იყო ეგ, შემახსენე?
-როდის და თაზოს მეხუთე ბავშვი რომ შეეძინა და ისეთი გახარებული იყავი მეც კი დაგავიწყდი.
-არ მახსოვს! -დიოტრეფემ, სიცილით მიატრიალა გვერდით თავი.
-არ გახსოვს, თუ მაგ სირცხვილის გახსენება არ გინდა? კიდევ კარგი მამაშენმა მოიტანა ბოსტნეულთან ერთად, მალვინა ბებომ იმდენი ინერვიულა წნევამ აუწია.
-როგორ არაფერი არ გავიწყდება? ერთი დანაშაული აღარ მაპატიო.
-როგორ ვაკადრეთ ამხელა სამხედრო პირს საყვედური. მომიტევეთ მე უგუნურს თქვენი სინდისის შეშფოთება.
- შენ, ხარ ჩემი შავთვალება ფისუნია.
-არასერიოზულო!
-დიახ, არასერიოზულიც ვარ და...
-და რა? მიდი თქვი.
-და და და დაამ. დამავიწყდა რა უნდა მეთქვა, ხომ ხედავ როგორ მაბნევ.
-კარგი, დაგელოდები როდის გაიხსენებ.
-დაგელოდები, თვით საუკუნოდ დაგელოდები...
-რა გჭირს შენ დღეს? -გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ.
-რა მჭირს?
-რაღაც ძალიან გესიყვარულგელექსება.
- აბა, ვიყვირო?
- უი, არა! მაშინებს მაგ დროს შენი ყურება.
-მართლა? ვეცდები აღარ შეგაშინო.
-რა მატყუარა ხარ, დიოტრეფე!
-ახლა მატყუარაც გავხდი? დიდი მადლობა!
-ჩემი პირადი მატყუარა ხარ, დიოტრეფე! -გაუღიმა მეგიმ.
-ოოო, ეგ უკვე მომწონს.

##############
მავთულებისგან დაწნულ ღობეზე მწვანე სურო (ფათალო) გადაფენილიყო და შორიდან ლამაზად მოქარგულ ხალიჩას წააგავდა. პატარა ჯამბაზი კუდის ტრიალით მიუახლოვდა, მიწა დაყნოსა და წამოკოტრიალდა. იქვე ბუდე იყო, საიდანაც ჭიანჭველების ნაკადი არ წყდებოდა, როგორც კი თვალი მოჰკრა მაშინვე ახლოს მიიწია და თათი დააფარა. ჭიანჭველებმა ბუდეში ჩასაძრომი რომ ვერ ნახეს მის თათზე დაიწყეს ასვლა, დანახვისთანავე დაუყეფა არასასურველ სტუმრებს და კბილებით მათი დაჭერა სცადა, მაგრამ დაჭერის ნაცვლად ერთ - ერთი გრძელ ულვაშზე ააცოცდა და უკბინა. გამწარებულმა ძაღლმა ერთი დაიწკმუტუნა და ცხვირზე თათები ჩამოისვა, ამ დროს ბუჩქებიდან პატარა ნაცრისფერი თაგვი გამოძვრა, ძაღლის დანახვაზე კი მოჭრილი, ხმელი თუთის ძირს შეაფარა თავი. ძაღლმა როგორც კი თაგვის სუნი იგრძნო ჭიანჭველებს თავი დაანება, დაბლა დაწვა და თათებით წინ სვლა დაიწყო. თაგვმაც იგრძნო საშიშროება და სახლის კუთხისკენ მოკურცხლა, ძაღლი ყეფით ეადევნა და სანამ თაგვი დამალვას მოახერხებდა კბილები სტაცა. ცოტა ხნით მკვდარი თაგვით თამაშობდა, მერე რომ ისიც მოწყინდა, ეზო მოათვალიერა და გარეთ გამოსული მეგის დანახვაზე თაგვიანად მისკენ მოკურცხლა. ახლოს მივიდა, თაგვი ფეხსაცმელზე დაუდო, მის წინ დაჯდა და ყურადღების მისაქცევად დაუყეფა. მეგის ფეხსაცმელზე დახედვა და კივილი ერთი იყო, დიოტრეფე გულგახეთქილი გამოვარდა სახლიდან, სიცილით მოაშორა თაგვი და ძაღლს, რომელსაც ვერაფერი გაეგო რა ხდებოდა თავზე მოეფერა. პატარა ჯამბაზს პატრონის მხრიდან ყურადღება ესიამოვნა და მიწაზე გადაკოტრიალდა, დიოტრეფემ რომ უთხრა გეყოფა თამაშიო წამოხტა და მის გარშემო სირბილი დაიწყო. საიდანღაც ნიავისგან მოტანილმა ბაბუაწვერამ ჩაუფრინა და კბილების კაკუნით აედევნა დასაჭერად. მეგი სიცილს ვერ იკავებდა კრაზანასთან მებრძოლი რომ შენიშნა, მაინც ვერ მოისვენა ძაღლმა, გადაგდებულ ჟანგიან კონსერვის ქილას მიაგნო, შიგ თავი შეყო და იქ მობინადრე შავ ობობას ყეფით სიმყუდროვე დაურღვია. ყველაფრით რომ დაიღალა ხის ჩრდილში წამოწვა და თვალები დახუჭა, მოშორებით ჩიტები ისხდნენ ბლის ტოტზე და ნაყოფს მიირთმევდნენ, ზოგი ხის ძირში ჩამოყრილ ნაყოფს კენკავდა და ჟღურტულებდა. ჯერ შორიდან დაზვერა სიტუაცია, მერე უცებ წამოხტა, ყეფით გაიქცა ბლის ხის ძირისკენ და ჩიტები შეაშინა. რამდენჯერმე წრეც დაარტყა ხეს, მის ძირში წამოწვა, დაბლა დაყრილი მწიფე ნაყოფი თვითონაც დააგემოვნა და თავისი საქციელით ნასიამოვნებმა წყვილს გახედა, რომლებიც სიცილისგან სულს, ძლივს ითქვამდნენ. ერთი - ორჯერ კიდევ დაიყეფა თავის უპირატესობაში დარწმუნებულმა, ხის კენწეროში მჯდარ ჩიტებს ახედა და თავი თათებზე დადო.

##############
ყოველ დღე მეგის ფეხებში ახალი შეგრძნებები აწუხებდა, ხან თითქოს ჭიანჭველები კბენდნენ, ხანაც თითქოს ვიღაც ნემსებს ურჭვამდა, მაგრამ ეს შეგრძნებები წუთსაც კი არ გრძელდებოდა. დიოტრეფესთან ამის შესახებ ხმა აღარ ამოუღია, თავის ფანტაზიას მიაწერა და ბედს დაემორჩილა. უკვე მეთორმეტე დღე იყო რაც სოფელში იყვნენ, ძალიან ბევრი რამე შეცვალა ქალაქის ხმაურიანი რეჟიმიდან გაცლამ. ახლა უკვე ორივეს დამშვიდებული სახეები ჰქონდათ, აღარ იგრძნობოდა მათ მზერაში ტანჯვა. მათ ცხოვრებაში მოულედნელად შემოჭრილმა პატარა ძაღლმა კი ყოველდღიური სიხალისე შეჰმატა ორივეს. მეგი, სამზარეულოში წყლის დასალევად შევიდა, მაგიდაზე დადგმული ხუთ ლიტრიანი წყლის ბალონი მეტისმეტად შორს იდგა რომ მიწვდომოდა, ბევრი იწვალა და როცა ახლოს მიაცურა, რომ თავსახური მოეხადა და ჭიქაში ჩამოესხა, წყლის ბალონი ხელიდან გაუსხლტა და სახურავის მხრიდან დაეცა ფეხში.
-ვაი, რა მტკივნეულია, -დაიყვირა და სიმწრის ცრემლებით ეავსო თვალები.
-მეგი, რა მოგივიდა? -სამზარეულოში შეშინებული დიოტრეფე შემოვარდა, -რა მოხდა, რა გეტკინა?
-ფეხი მეტკინა, წყლის ბალონი გადმოვარდა და სახურავის მხრიდან დამეცა. ღმერთო როგორ მტკივა, ახლა სულ გამილურჯდება და ვინ იცის როდის მომირჩება. აი, მისივდება მგონი, ძვალი არ მქონდეს გაბზარული დიოტრეფე, კიდევ ეს მინდა ამ ინვალიდს? ჩქარა ყინული გამოიღე, ფეხზე უნდა დავიდო, -სიტყვები ერთმანეთს მიაყარა გამწარებულმა მეგიმ. გაშტერებული დიოტრეფე ადგილიდან არ იძვროდა, მეგიმ რომ გაიაზრა რაც მოხდა ზედმეტი ემოციისგან პირზე ხელი აიფარა. დიოტრეფე მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა, აკანკალებული ხელები ფეხზე მოჰკიდა და მთელი ძალით მოუჭირა.
-ვაიმე დედიკო, გამიშვი, მეტკინა. ფეხის ძვალი გინდა გადამიმტვრიო?! -სიმწრისგან აკივლებულმა დიოტრეფეს ხელში ჩაარტყა.
-მეორეშიც გრძნობ რამეს? -ხელი ახლა მეორე ფეხისკენ წაიღო.
-არ მატკინო! -შეშინებულმა წამოიყვირა. დიოტრეფემ ორივე ფეხზე გახადა ფეხსაცმელი და მის თითებს შეეხო.
- ასე გრძნობ რამეს?
-ვგრძნობ! დაუჯერებელია, მგრძნობელობა დამიბრუნდა ფეხებში, -მეგი ფეხის თითებს ამოძრავებდა და გაბრწყინებული ხან ფეხის თითებს აკვირდებოდა როგორ მოძრაობდნენ მონაცვლეობით, ხანაც თვალებგაფართოვებულ დიოტრეფეს. რამდენიმე წუთის შემდეგ შეშინებული და ფერდაკარგული მეგი არანაკლებ შეშინებულ დიოტრეფეს ეყრდნობოდა და სამზარეულოში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
-არ მჯერა, მგონია, რომ ეს ჩვენ თავს არ ხდება დიოტრეფე.
-ჯერ მეც სიზმარში მგონია თავი. დავჯდეთ, მეშინია არ გადამივარდე, ძალიან ვნერვიულობ, -ცოტა კიდევ გაიარ - გამოიარა მეგიმ, მერე დიოტრეფემ ისევ ეტლში ჩასვა, თვითონ კი ეზოში გამოვიდა მობილური ტელეფონით ხელში.
-დამლოცეთ მამაო, დიოტრეფე ვარ.
-ღმერთმა დაგლოცოს! - გაისმა მოძღვრის მშვიდი ხმა.
-მამაო, მეგის ფეხებში მგრძნობელობა დაუბრუნდა და გაიარა. გესმით რამხელა სასწაული ხდება ჩვენ თავს? ისეთი გახარებული ვარ არც კი ვიცი რა გავაკეთო. ბედნიერებისგან მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო და ემოციებისგან გავთავისუფლდე. შვიდ წლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ სასწაული მოხდა და მან დღეს პირველი ნაბიჯები გადადგა.
-დიდება შენდა ღმერთო. გილოცავ შვილო, ძალიან გამიხარდა თქვენი კარგი ამბის გაგება. გახსოვს რა გითხარი? რაც უფრო მეტად დაუახლოვდები უფალს მით მეტ სასწაულს იხილავ თქო. მთავარია მისი ირწმუნო და სასწაულიც არ დააყოვნებს. დიოტრეფე, უფლის სახლში დადებული ფიცი ხომ არ დაგვიწყებია?
-მამაო, მაგას რა დამავიწყებს.
-ყოველთვის გახსოვდეს რა შეჰფიცე შემოქმედს, ხომ ხედავ რამხელა წყალობა მოიღო თქვენ ოჯახზე. მეგის გაუფრთხილდი და იცოდე გელოდებით ჯვრის დასაწერად, თქვენი ქორწინება ზეციდან უნდა აკურთხოს უფალმა.
-აუცილებლად მოვალთ მამაო, კარგად ბრძანდებოდეთ.
-თბილისში როდის მივდივართ? -კარის სახელურს ჩაბღაუჭებულ მეგის შიშნარევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ნუ გეშინია, მყარად დადექი და არ გადავარდები, -დიოტრეფემ მასთან მიირბინა და გვერდში ამოუდგა, მეგიც მას დაეყრდო.
-თავბრუ მეხვევა და მეშინია, რომ დავეცემი.
-გიჭერ, ხომ იცი, რომ ხელს არ გაგიშვებ, თამამად დამეყრდენი მხარზე.
- როცა შენ გეყრდნობი, არაფრის შიში აღარ მაქვს.
-გინდა დღესვე დავბრუნდეთ?
-ერთი სული მაქვს ახალ ამბავს როდის შევატყობინებთ ყველას, მაგრამ დღეს აქ დავრჩეთ და ხვალ ადრიანად წავიდეთ, უკვე გვიანია, თან წვიმს, ხომ იცი შეიძლება უფრო გაძლიერდეს და არ მინდა წვიმაში ვიმგზავროთ.
-როგორც შენ იტყვი, იყოს ხვალ, რა პრობლემაა?
-სად გაქრა პატარა ჯამბაზი? -ინტერესით მოათვალიერა გარემო მეგიმ.
-მეც ეგ უნდა მეკითხა. ცუგა, ცუგა, ცუგა, სად წახვედი? კედელს დაეყრდენი, მე ახლავე მოვალ, -დიოტრეფემ სახლს შემოუარა, ბევრი ეძახა, მაგრამ თითქოს ძაღლი აორთქლდაო, მეგის წინ გაჩერდა და მხრები აიჩეჩა, -არსად არ არის, შევიდეთ სახლში, ალბათ ჯამბაზმა ახალი მეგობარი იპოვა, -როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა, ისევე მოულოდნელად გაქრა მათი ცხოვრებიდან პატარა, გაწეწილი, ნაცრისფერი, ლურჯთვალებიანი ძაღლი, რომელმაც ორი ადამიანის ცხოვრებაში სიცოცხლის სურვილი გააღვივა.

############
თეთრ კაბიანი და შარვალ - კოსტუმიანი წყვილი ტაძრის ეზოში მიაბიჯებდა, მეჯვარეებთან ერთად, რომელთაც უკან ხალხის ნაკადი მიჰყვებოდა.
-მოხვედით როგორც იქნა?
-დაგვლოცეთ მამაო! -წყვილმა თავი დაბლა დახარა.
-ღმერთმა დაგლოცოთ. იცი, რომ დარეკვიდან მთელი თვე გავიდა დიოტრეფე? უკვე წკეპლას ვამზადებდი თქვენ ორისთვის, მაგრამ მერე ღვთისმშობლის ხატთან დაჩოქილმა ვილოცე, დავმშვიდდი, გაბრაზებამ გადამიარა და მოთმინებით დავიწყე თქვენი ლოდინი, როდის მესტუმრებოდით, -ღიმილით შეიპატიჟა მოძღვარმა ტაძარში გამხიარულებული წყვილი და მათი თანმხლებები, რამდენიმე წუთში კი ჯვრისწერის ცერემონიაც დაიწყო.

##############
13 წლის შემდეგ.
-დედა, ადრიანეს უთხარი მანდარინს მართმევს და თვითონ ჭამს.
-დედიკო, მე ყველა მჟავე შემხვდა, რატის კიდევ ყველა ტკბილი.
-ადრიანე, შენც სხვა გაფცქვენი თუ მჟავე შეგხვდა.
-არ მინდა! მე რატის გაფცქვნილი ტკბილი მანდარინი მინდა.
-დედა, მეც მინდა მანდარინის ჭამა, ყველა ადრიანემ შემიჭამა, მე რაღა ვჭამო? აღარ ხარ შენ ჩემი ძმა.
-დედა, უთხარი რატის, შენი ძმა აღარ ვარო. ხარ ჩემი ძმა!
-არა ვარ!
-ხარ!
-მაშინ რატომ წამართვი ჩემი გაფცქვნილი მანდარინები და რატომ შეჭამე? -გაცხარებული ბავშვი თვალებს უბრიალებდა ძმას.
-მინდოდა და იმიტომ.
-გეყოთ ბავშვებო გაუთავებელი ჩხუბი. აბა, ჩქარა დასხედით მაგიდასთან, ფაფა გელოდებათ. იცოდეთ, მშივრებს სასეირნოდ არ წაგიყვანთ.
-გუშინ მამიკომ ფაფა არ შეჭამა.
-ამიტომაც არ წავიყვანეთ სასეირნოდ და სახლში დავტოვეთ.
-რატი, მე და შენ ბოლომდე შევჭამოთ ფაფა და დედა სასეირნოდ წაგვიყვანს.
-და კიდევ, მეორედ თუ ვინმეს დაბეზღებას დააპირებთ არც სასეირნოდ წაგიყვანთ და ფაფის გარეშეც დარჩებით ორივე. გასაგებია?
-ადამიანების დაბეზღება ცუდი საქციელია დედა? - იკითხა რატიმ და ლურჯი თვალებით მიაშტერდა დედას.
-ძალიან, ძალინ ცუდი საქციელია.
- ადრიანე, დაიმახსოვრე მე რომ კანფეტებს ჩუმად შევჭამ შენ არ უნდა უთხრა არავის, გასაგებია? -მიუტრიალდა ძმას და თავის ჭკუით დაარიგა. მერე სკამებზე შემოსკუპდნენ და კუთვნილი ფაფა წამებში გადასანსლეს.
-დედიკო, მე ვაშლის წვენი მინდა, ფორთოხლის არ დამისხა, არ მომწონს.
-მეც მინდა ვაშლის წვენი.
-შენ ხომ ფორთოხლის გიყვარს?
-ისიც, რომ მჟავე შემხვდეს მანდარინივით, მერე?
-კარგი, კარგი, დაგისხამთ ორივეს ვაშლის წვენს. ამდენი ხმაური და აყალმაყალი რა საჭიროა? იცოდეთ ამოვა მაყვალა ბებო და გაგვიბრაზდება.
- დედა, მაყვალა ბებო, ყველაფერზე გვიბრაზდება.
-მაყვალა ბებო, ტყუილად არავის უბრაზდება. გუშინ მისი კატა რომ დაასველეთ არც მაგაში იყავით დამნაშავენი?
-დედიკო, შენ ხომ გვითხარი ცხოველებსაც ჭირდებათ ბანაობაო. ადრიანემ დაინახა ნაგვის ბუნკერიდან რომ ამოვიდა, ეზოში გავაბანეთ და ისე შევუგდეთ ფანჯრიდან. ჭუჭყიანი თათებით რატომ უნდა შესულიყო სახლში? წითელ ხალიჩას დაუსვრიდა მაყვალა ბებოს.
-დაანებეთ საცოდავ კატას თავი, ნუ აწვალებთ და ბებოც აღარ გაგიბრაზდებათ. დავუშვათ მაყვალა ბებო ტყუილად გეჩხუბათ, იმ გოგოებს რაღას ერჩოდით ჯოხებით რომ დასდევდით საცემად?
-არ გვეთამაშებოდნენ გოგოები.
-როგორ უნდა ეთამაშათ თქვენთან, ჯოხებით დასდევდით.
-დედა უთხარი დაიკოს, რომ მალე გამოვიდეს შენი მუცლიდან და გვეთამაშოს, ქეთოს სულ სასწავლი აქვს და ოთახიდან გვყრის როდესაც შევდივართ, -შეწუხებულმა შეხედა ბავშვმა დედის მუცელს.
-მალე გამოვა დე, მალე, ნუ ნერვიულობ.
-გავიქეცი დედა სკოლაში, -ნაჩქარევად აკოცა ლოყაზე მეგის იმ წამს სამზარეულოში შემოსულმა უფროსმა შვილმა და წასვლა დააპირა.
-ქეთევან, ხომ გახსოვს გუშინ რაზე შევთანხმდით?
-მახსოვს დედა, მახსოვს. დაიკოს ხათრით არც ცხვირი უნდა გავუტეხი ვინმეს და არც თავი. მაგრამ დედა...
-ქეთევან, შენ დამპირდი, არ დაგავიწყდეს! შეიძლება ყოველ ორ დღეში ერთხელ დირექტორის კაბინეტში ვიდგე? ამხელა მუცლით აღარ შემიძლია წინ და უკან სიარული, თანაც დაგავიწყდა, რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება? ცოტა მეტი მოთმინება გმართებს.
- კალმისტარში ჩადებული დორბლიანი ქაღალდებით რომ მივსებენ ჩემი კლასელი ბიჭები თმებს ეგ მოსაწონია და უნდა მოვითმინო? მადლობაც ხომ არ გადავუხადო სათითაოდ?
-სხვანაირად რომ მოაგვაროთ, არ შეიძლება?
-დედა, ყველას შენ რომ გყავდა ისეთი კარგი კლასელები კი არ ჰყავს? ტყიდან გამოვარდნილ ნადირებს ჰგვანან, მაგათ ოჯახში აღზრდის არაფერი ეტყობათ, როგორც იმსახურებენ მეც ისე ვექცევი.
-არ ვამბობ ჩაგვრა და უსამართლობა აიტანე თქო, მაგრამ მთლად შენი მეთოდებითაც ნუ მოქმედებ.
-კარგი, ვეცდები დღეს არავინ შემომელახოს. ვიმეორებ დედა, ვეცდები! წინასწარ ვერაფერს დაგპირდები. ვინმეს თუ გვერდები ეფხანება რა ჩემი ბრალია? ჩემ კლასელ ბიჭებს ერთი თუ გაუცინე მერე მორჩა ზედ გადაგივლიან. ლილი, ნათლიამ ტყუილად კი არ მირჩია ზედმეტი არავის გააბედინოო. ასე თქვა შენზე უფროსიც რომ იყოს მაინც არ შეგეშინდეს მისი და აქეთ ასწავლე ჭკუაო.
-რა კარგად დაურიგებიხარ? ქეთო, უკვე დიდი გოგო ხარ, თორმეტი წლის ხდები მალე და არ მომწონს როგორც იქცევი.
-მამას ვგავარ ფიცხი ხასიათით და რა ვქნა?
-საქმეც მაგაშია, არასდროს უფიქრდები ცხელ გულზე ისე იღებ გადაწყვეტილებებს. საერთოდაც, რომ დაადე თავი და გარბიხარ არ უნდა ჭამო საჭმელი?
-თიკოს უნდა გავუარო და შაურმას შევჭამთ სანამ სკოლაში მივალთ. დედა, მარტო თმები რომ გავაგლიჯო გამელოტებამდე ვინმეს ეგეც არ შეიძლება? -მუდარის მზერა ჰქონდა ქეთოს.
-ქეთევან გინდა ცუდად გავხდე? გუშინდელი ჩემი სკოლაში მოსვლა ბოლო იყო. ექიმმა ამიკრძალა შორ მანძილზე სიარული. თანაც სალონში ბევრი საქმეა, საღამოს უნდა გავიდე, მარიას ქორწილამდე ერთი თვეა დარჩენილი და მისი კაბა ჯერ არ დამისრულებია. იმდენი დეტალი აქვს დასამატებელი, გოგოებს თუ არ ვთხოვე დახმარება მარტო მე ნამდვილად ვერ შევძლებ.
-მორჩა, დღეიდან ყველანაირად ვეცდები, კარგი გოგო გავხდე.
-მართლა?
-იქამდე მაინც, სანამ ჩემი ბუნჩულა დაიკო დაიბადება.
-პირწავარდნილი ნათლიაშენი ხარ, -გაეცინა მეგის.
-დედა, ეგ ჩემთვის კომპლიმენტია, -კიდევ ერთხელ აკოცა ქეთომ დედას, მის მუცელზე თითები აათამაშა, ჯერ არ დაბადებულ დაიკოს დაემშვიდობა და გასასვლელიდან გამოსძახა ძმებს, რომ თუ დედას გააბრაზებდნენ სახლში დაბრუნების შემდეგ ორივეს ფეხებით გადაჰკიდებდა აივნიდან, რაზეც პატარა ძმებს შიშით ფერი წაუვიდათ სახიდან. მიუხედავად მეგის დამშვიდებისა, რომ არაფერს დაუშავებდათ, პატარა ძმები მაინც გაყინულები ისხდნენ მაგიდასთან.
-დიოტრეფე, აღარ აპირებ მოსვლას? გაცივდა შენი ჩაი.
-ბებო და პაპა მოვიდნენ, -აყვირდნენ ძმები, როგორც კი სამზარეულოში ხილ - ბოსტნეულით დატვირთული ნანა და თორნიკე დაინახეს შემოსულები.
-მეგი, ჩემო ძვირფასო, დღეს ისეთი რამე გამომატანა თალიკომ შენთან ვერც კი წარმოიდგენ. ახალი გამომცხვარია, არც კი გაცივებულა.
-როგორ არ წყინდება მაგ ქალს ჩემ გამო დილით ადრიანად ადგომა და ნამცხვრების ცხობა? ისეთი საოცარი სურნელი დატრიალდა სამზარეულოში, ძალიან მაინტერესებს რა გვექნება დღეს დესერტად?
-თებერვალი, ბედნიერების არომატით, -გაისმა მეგის ზურგს უკან დიოტრეფეს ხმა, მერე მის წინ ჩაიმუხლა, წამოზრდილ მუცელზე მოეფერა ცოლს და აკოცა.
-ჩვენც გვინდა კოცნა და ჩახუტება, ჩახუტება გვინდა! -აყვირდნენ ბიჭები, სკამებიდან ჩამოხტნენ და მშობლებს თავისი პატარა ხელები მაგრად შემოჰხვიეს.
,,თუ დავბერდები შენს გვერდით მსურს
მხოლოდ დავბერდე,
შენს მხრებზე მინდა ვიმშვიდო და
ვიმრავლო წლებად,
სხვა მოსვენება, სხვა სიდიდე
სხვა მონატრება
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს
შენს გარდა ქვეყნად...
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს
შენს იქეთ გზები,
შენი ფუძის და შენი ჭერის
მჭირდება შველა,
შენი ხელებით მოწეული სიკეთეები,
მსურს დავიფინო ტკივილებზე
წამლად და შვებად....
თუ დავიღლები შენს ფეხდაფეხ მსურს
დავიღალო -
შენს თმებზე მინდა შევიპარო
თოვლად და წლებად,
სხვა საფიქრეთი,
სხვა სიკეთე,
სხვა სამშვიდეთი,
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს
შენს გარდა ქვეყნად...’’ (დიკა სალაყაია)

დასასრული

##############
მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც დრო დამითმეთ. ვინც მომყვებოდით, მიზიარებდით თქვენ აზრს და კარგ განწყობას მიქმნიდით. დიდი იმედი მაქვს, რომ მოლოდინი გავამართლე. თითოეული თქვენგანის შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი pawu

აი ძალიან ვისიამოვნე.კარგი იყო:)

 


№2  offline წევრი Rania

Zalian kargi iyo. Yochagg. Saocrad lamazi dasasruli iyoo. Imedia maleve dagvibrundebi axali istoriit

 


№3  offline წევრი izabella

სტუმარი pawu
აი ძალიან ვისიამოვნე.კარგი იყო:)

დიდი მადლობა, მიხარია, რომ ისიამოვნეთ heart_eyes heart_eyes

Rania
Zalian kargi iyo. Yochagg. Saocrad lamazi dasasruli iyoo. Imedia maleve dagvibrundebi axali istoriit

ძალიან მიხარია, მადლობა, რომ ბოლომდე გამომყევით. ♥♥♥
რაც შეეხება, ახალი ისტორიით დაბრუნებას, ვერაფერს ვიტყვი, ჯერჯერობით თავში არაფერი მომდის blush

 


№4 სტუმარი სტუმარი დადუ

ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ისტორია იყო. წარმატებები და ველით კარგ ისტორიებს

 


№5  offline წევრი izabella

სტუმარი დადუ
ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე ისტორია იყო. წარმატებები და ველით კარგ ისტორიებს

გამაბედნიერეთ ამ სიტყვებით,უღრმესი მადლობა ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent