შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (სრულად)


20-03-2019, 16:32
ავტორი izabella
ნანახია 7 099

შენ მხოლოდ გწამდეს (სრულად)

თუკი ოდესმე მოგინდება ხელის გაშვება,
ჯერ თვალებიდან გულის გავლით სულში ჩამხედე.
###############
ავღანეთი - ქაბული, ჰელმანდის პროვინცია.
-მალე მივალთ? -იკითხა გულშეწუხებულმა ჯარისკაცმა.
-რა იყო, მოგშივდა?
-უჰ, მაგრად.
-ერთ საათში ადგილზე ვიქნებით და ჭამე რამდენიც გინდა.
-ახლა საქართველოში ვიყოთ, ბიჭო? იცი, რამდენ ხინკალს შევჭამდი?
-მე დედაჩემის გაკეთებული წითელი ტყემლის საწებელი მენატრება, შემწვარ კარტოფილთან ერთად.
-აუჰ, ნანა დეიდას წითელი ტყემლის საწებელი და მალვინა ბებოს ამოვლებული ნუშის და ჩამიჩის ჩურჩხელები.
-მართლა რა გემრიელი ჩურჩხელების გაკეთება იცის მალვინა ბებომ, თან გამოშრობის შემდეგაც რომ არ მაგრდება, რძიან ყავასთან პირდაპირ მისწრებაა.
-ეე, რა საჭმელების გახსენება მოგინდათ ახლა? ისედაც ჩემი კუჭი რვიანებს ხაზავს და სადაცაა პარკირებაზე გადავა.
-შენ, ვერ გავიგე გშია თუ მართვის მოწმობის გამოცდაზე გადიხარ? -სიცილით გადმოხედა მძღოლის გვერდით მჯდომმა ფორმიანმა ჯარისკაცმა.
-შენ ვის დასცინი? მართვის მოწმობაც არა გაქვს.
-ორ თვეში დავბრუნდებით საქართველოში და ავიღებ, რა პრობლემაა?
-მართვის მოწმობის აღება შენ ავტომატის დაშლა - აწყობა ხომ არ გგონია? იცი რა რთულია?
-ეგ ეტყობა შენთვის იყო რთული, მე ორ კვირაში ვისწავლი ბილეთებსაც, ტარებასაც და მართვის მოწმობითაც დავიმშვენებ ხელს.
-მაგასაც ვნახავთ!
-ვნახავთ, ვნახავთ! -სიცილით გაიხედა მანქანის ფანჯრიდან და პირის გაღებაც ვერ მოასწრო დასაყვირებლად, მათ მანქანას რეაქტიული ყუმბარა რომ მოხვდა და ალმოდებულმა მანქანამ უდაბნოს ცხელ ქვიშაზე რამდენიმე მეტრიანი კვალი დატოვა.
დაგუბებული ყურები, ყვირილის ხმები, დაჭრილი ამხანაგები, დამწვარი მანქანები და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად.
-ვალერ! არ დახუჭო თვალები, მე მიყურე, გაახილე თვალები, ნუ ხუჭავ, -სახეში რამდენჯერმე გაარტყა მეგობარს, რომ გონზე მოეყვანა,
-თავშია დაჭრილი, მომხედეთ ვინმემ, -ხელებს მეგობრის გახეთქილ თავს აფარებდა, ეგონა სისხლდენას შეაჩერებდა, მაგრამ ამაოდ. თბილი სისხლით უფრო მეტად ესვრებოდა ხელები.
-მარიამს უთხარი, რომ მინდა ბედნიერი იყოს.
-გაჩუმდი! ახლა მაგის დრო არ არის!
-შავი კაბა არ ჩაიცვას, ხომ იცი ვერ ვიტან შავს, -ძლივს, ნაწყვეტ - ნაწყვეტ ლაპარაკობდა და თვალები უკან მისდიოდა.
-გაჩუმდი, თავს ძალას ნუ ატან! -დაიღრიალა გამწარებულმა.
-უთხარი მაპატიოს, მე ვერ ჩავაცმევ თეთრ კაბას.
-ვალერ, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!
-უთხარი ძმურად, შავი არა რა? ოღონდ შავი არა, -ბოლოჯერ გაჭირვებით ამოისუნთქა და მზერა ერთ წერტილში გაუშეშდა.
-ვალერ! ვალერ! -მთელი ხმით ღრიალებდა ჯარისკაცი და მეგობარს ანჯღრევდა.
-გაუშვი მკვდარია, - გვერდით ჩამუხლულმა მეორე ჯარისკაცმა ცადა მისი ხელებიდან დაეხსნა მიცვალებული.
-არა, შალვა! ცოცხალია, მარიამი ელოდება. ვალერ, შემომხედე, ვალერ!
-დიო, ფეხში ხარ დაჭრილი, დაანებე მიცვალებულს თავი.
-ვინ არის მიცვალებული, ვალერია მიცვალებული? მეორედ ეგ რომ თქვა იცოდე აქვე დაგახრჩობ, -ანთებული თვალებით მიუბრუნდა და ყელში წაუჭირა ხელები.
-მჯერა, მჯერა, რომ ცოცხალია, ოღონდ ხელი გამიშვი სანამ მართლა დამახრჩობდე, -ბიჭმა ხელები შეუშვა და ცხელ ქვიშაზე დაჯდა. გრძნობდა როგორ ნელ - ნელა ეკარგებოდა ძალა, ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ მეგობარი ცოცხალი იყო, მაგრამ მწარე რეალობა ამის საშუალებას არ აძლევდა.
-ვალერ, მარიამს როგორ შევხედო თვალებში? ისეთი სუსტია, ისეთი სათუთი. ასეთი დიდი ტკივილისთვის როგორ გავიმეტო? მეცოდება ძმაო, ძალიან მეცოდება, -გულმოკლულმა ჯარისკაცმა სისხლით დასვრილი ხელები სახეზე აიფარა და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა.

##############
სამედიცინო ცენტრის მიმღებში დედასთან ერთად იდგა და ოფთალმოლოგთან კონსულტაციისთვის თავის რიგს ელოდებოდა. დილიდან იმდენი ხალხი შეგროვილიყო, რომ დასაჯდომი ადგილი კი არა მალე დასადგომიც აღარ იქნებოდა. მძაფრი და ტკბილი სუნამოების სუნი ერთმანეთში ირეოდა და ისედაც სიცხისგან შეწუხებული ხალხი ჟანგბადის ნაცვლად გაურკვეველი შემადგენლობის ჰაერს სუნთქავდა. მარჯვენა და მარცხენა თვალახვეული მოხუცები ხელკავით, რიგრიგობით შემოჰყავდათ თანმხლებებს, რიგის ნომრებს იღებდნენ და მოთმინებით იწყებდნენ ლოდინს. სიცხისგან და უჰაერობისგან შეწუხებული გოგონა კედელს მიეყრდნო ზურგით, მაგრამ არასასიამოვნო სიგრილე ვერ აიტანა და ისევ ისე დადგა.
-უკაცრავად! უკაცრავად! გამატარეთ! უკაცრავად! -ზურგს უკან ჩოჩქოლის ხმა გაისმა, მიტრიალება დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო.
-უკაცრავად! - მოულოდნელად ხავერდოვანმა, ოდნავ ბოხმა, მკაცრმა ხმამ გაიჟღერა მის თავს ზემოთ, მერე მხარზე მსუბუქად შეხება იგრძნო და ამ ხმის პატრონმა ზუსტად ისე ადვილად გასწია გვერდით როგორც მაგიდაზე დადებული ხუთ თეთრიანის თითით გაწევაა შესაძლებელი. სწრაფად გაარღვია უშნოდ ჩახიდული ხალხი და გაუჩინარდა. გოგომ ძლივს მოასწრო თვალის შევლება ხალხს ისე სწრაფად მიარღვევდა ჯარისკაცი და მთელ ტანში გააცია კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო პირის დანახვაზე, რომელსაც სახეზე ჩამოფარებული ნიღბიდან მხოლოდ თვალები უჩანდა. წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა სამხედრო ფორმიანისთვის, რომ მის გონებას კარგად აღექვა პატარა გოგოს დაბნეული, დიდრონი, შავი თვალები.
-მეგი! ჩვენი რიგია, წამოდი, -დედის ხმა მოესმა გოგოს.
-მოვდივარ დედა! - ექიმის კაბინეტში შესვლამდე თვალები გასასვლელისკენ გაექცა, იცოდა, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მაინც, გულმა არ მოუთმინა.

#################
ერთად შეკრებილი მეგობრები რესტორნის დიდ ტერასაზე შემოდგომის მცხუნვარე დღეს ლუდით ებრძოდნენ და მათ თავს გადახდენილ კურიოზულ სიტუაციებს იხსენებდნენ.
-მოდის! -მიანიშნა ერთ - ერთმა მეორეს.
-ვინ?
-შენი დაკვირვების ობიექტი, -ბიჭმა სკამიდან სულ ცოტათი წამოიწია, ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო და გადაიხედა. სახე გაებადრა პატარა გოგოს დანახვაზე, რომელსაც ხელში ორი სქელყდიანი წიგნი ეჭირა ჟურნალთან ერთან და ქუჩას მიუყვებოდა.
-ჩემი ხარ და მორჩა! -ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი, რაც მეგობრების სიცილის მიზეზად იქცა.
-უჰ, გამოუტანა განაჩენი. რას ამბობ აქამდე ხომ ,,ჟეშტიანშჩიკი" ჯემალასი იყო.
-ბორკილებიც დაადე, არსად გაგექცეს!
-მოუწევს, -გაეღიმა ბიჭს.
-რამდენი თვეა რაც აკვირდები?
-ხუთი.
-მერე, ვის ელოდები? როდემდე აპირებ დეტექტივობანას თამაშის გაგრძელებას? არ დადგა დრო მაგ გოგოს შენი არსებობა შეატყობინო?
-მეც მაგას ვუჩიჩინებ რამდენი ხანია, მაგრამ მიჯერებს? თან ჩემი დის კლასელია და კარგად ვიცნობ.
-შენი და რა მაგარი ვინმეა, ამას წინათ ჯონის მაგრად მოადო სიფათში.
-მაგისგან რაღა უნდოდა, სიყვარული აუხსნა?
-არა, ბიჭო რა სიყვარული, შენ დას შიშით ვინ აუხსნის სიყვარულს დაამიწებს იქვე. ბავშვებს ბურთი წაართვა და არ აძლევდა, მერე სადღაც გადაუგდოთ და საწყალი ბავშვები ცხარე ცრემლებით ატირა. მაგასაც მეტი რა უნდოდა გაიდო ფეხქვეშ ხალიჩასავით.
- გოგოდ კი არა ბიჭად უნდა დაბადებულიყო ეგ, ერთი ბეწო სინაზე არ გააჩნია ამხელა გოგოს, - ბიჭმა ამოიხვნეშა და ლუდი მოსვა.
-დიო, მგონი დროა, მართლა იფიქრო შენ მომავალზე, თუ რა თქმა უნდა სერიოზულად ხარ მაგ გოგოთი დაინტერესებული. პატარა აღარ ხარ, ოცდარვა წლის ხარ უკვე, შენ ამათ რას უყურებ? იქნებ ესენი სულ არ ინიშნებიან? არ იცი, რამხელა ბედნიერებაა სახლში მისვლისას პატარა რომ გამორბის ჩემკენ ყვირილით, მამი ლოყაზე მაკოცეო და ლოყის ნაცვლად ყელს რომ მიღერებს. თან ჩქარა მამიკო სხვებმა არ დამასწრონო და რომ ვაკოცებ ისეთი ბედნიერი სახე აქვს ალბათ იმ წუთში დედამიწაზე მასზე ბედნიერი ადამიანი არ მოიძებნება. შორიდან თვალიერებით არაფერი გამოვა თუ არ მიხვედი და არ გაიცანი. უნდა მოგეწონოს ადამიანი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თუ ასეთი მოგეწონება და გულიც და გონებაც თანახმა იქნება მაშინ თავი აღარ უნდა დაანებო, უფრო კარგად უნდა გაიცნო და თქვენი ურთიერთობა თავისთავად წაიწევს წინ. ამას წინათ სახლში ძალიან დაღლილი მივედი, დივანზე რომ მივესვენე ვეღარც ავდექი. ვხედავ ელისაბედი უხერხულად გამივლის - გამომივლის, მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მიბედავდა. მერე გვერძე დავისვი და ვკითხე რა ჭირდა, თურმე კლასელ ბიჭს სიყვარული აუხსნია. ადრე მეც მომწონდაო, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ მომწონსო. შეხედავ, ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მე როგორც კი მხედავს წამებში ძალად ქუჩის ბიჭი ხდება და ისე იგრიხება შეხედვაც კი მაღიზიანებსო, ჰგონია თუ ძალით მოირგებს მაგარი ბიჭის როლს მომეწონება, არადა შენ რომ ხარ სერიოზული ისეთი ბიჭები მომწონსო. მერე მომეხუტა და მითხრა, რომ ყველაზე კარგი მამა ვარ მსოფლიოში.
-რამდენი წლისაა ელისაბედი?
-თხუთმეტის.
-წამოიდგინე, მე, რომ ყვირილით მეთქვა რას დადიხარ აქეთ - იქით დაღლილი ვარ, რა თავბრუს მახვევთქო ელისაბედს შეეშინდებოდა და არაფერს აღარ მეტყოდა. მიდგომები უნდა გქონდეს ადამიანებთან, ყველას ერთნაირად ვერ მიუდგები. ბავშვებთან და მით უმეტეს მოზარდებთან, რომელთაც გარდატეხის ასაკი აქვთ, ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. სიფრთხილეა საჭირო, ერთი თუ შენი შვილი ჩაიკეტა მერე მორჩა, ჩათვალე, რომ ის არაფერს აღარ გეტყვის. შვილს მშობლის არ უნდა ეშინოდეს, რომ ვერ გაუგებს, შვილი მშობელს უნდა ენდობოდეს და არაფერს უმალავდეს. რამე რომ უჭირს ვიღაცას კი არ უნდა თხოვდეს დახმარებას და შენ შეშინებული თვალებით შემოგყურებდეს, არამედ შვილში შენდამი იმხელა ნდობა უნდა დანერგო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეიმედებოდე, რაც არ უნდა გადაუჭრელი პრობლება ჰქონდეს. ვერცერთი თქვენგანი ვერ წარმოიდგენს როგორი ამაყი ვარ ელისაბედი ასე რომ მენდობა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს მიზიარებს. ვხედავ, რომ მისთვის სამაგალითო ვარ და ყველა ბიჭში ვინც კი მოეწონება ჩემ თვისებებს ეძებს. ჩემი ცოლ -შვილი მაგრძნობინებს, რომ ამ ქვეყნად ტყუილად არ ვცხოვრობ და ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვარ. ესენი არიან ტუტუცები, შენ თუ ამათ უყურე დარჩები უცოლშვილოდ. შვილები იქით იყოს და არის სიტუაციები, როდესაც გინდა, ვინმეს ისე ელაპარაკო როგორც საკუთარ თავს, სწორედ ამისთვის არსებობს მეორე ნახევარი. ხადახან ვფიქრობ, მე, რომ მაკა არა მყავდეს გვერდით რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება და შინაგანი ხმა მაშინვე მეპასუხება, რომ არაფერიც არ იქნებოდა მის გარეშე. აჰა, ერთი გაბოს შეხედე ტფუი, ამის პირში საიდუმლო გაჩერდება? მოუღია ყბა და იკრჭება ცხენივით.
-ნუ ხარ შურიანი, ვერ ხედავ ჰოლივუდის ღიმილს ვამარიაჟებ?
-ერთი შენ გაქვს ჰოლივუდის ღიმილი და მეორე ფუმფულა ტასიკოს, ოქროს კბილებს რომ მიკრეჭავს, დილაობით ეზოში ჩასვლისას.
-მაშინ, მე ახლა წავალ და ჩემი ბედნიერი მომავლისკენ პირველ ნაბიჯს გადავდგამ.
-წადი, წადი ან აქამდე რას გვეჯექი?
-დიო, ჰოლანდიურ ვარდებზე ნაკლები არ აკადრო იცოდე.
-გავითვალისწინებ! - არც კი მოუხედავს, გასასვლელისკენ მიმავალმა ისე აღმართა ხელი ჰაერში და საჩვენებელი თითი დაიქნია.
-თუ ისევ ისე არ დაემართა კარგი იქნება. გახსოვთ სომეხი გოგო რომ მოწონდა ნათია, ამის გაგზავნილ ვარდებს მთელი ძალით ნაგვის ბუნკერში რომ ახეთქებდა, ეს როგორი გამწარებული დადიოდა, -ხმამაღალი სიცილი ატეხა ერთ - ერთმა მათგანმა.
-როდინდელს იხსენებ? ეგ, იყო ჩვიდმეტი წლისები რომ ვიყავით, მერე ხომ სულ შეეშვა.
-იმიტომ, რომ გაიგო რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ვარდები კი არა თურმე ძვირფასი სამკაულები ნებავდა ქალბატონს.
-გათხოვდა, არა?
-გათხოვდა კიდეც, გამოთხოვდა კიდეც და ოქროებიც ოხრად დარჩა. არავის აღარ უნდა, მაგრად ,,ჩაიბანძა“ თავი.

##############
გოგო ისეთი დაღლილი იყო სახლამდე ფეხები ძლივს მიიტანა. სახლში მისულმა ნორმალურად ვერც კი დაისვენა, ჭამა თუ არა მაშინვე წიგნებს მიუჯდა. აბიტურიენტობა სახუმარო ხომ არ იყო, თან ასპროცენტიანი დაფინანსებისთვის უნდა ებრძოლა და თავს არ ზოგავდა. ზოგჯერ ისე იყო დაღლილი, ჭამისთვისაც ვერ იცლიდა. თერთმეტი საათი ხდებოდა კარზე ზარი რომ გაისმა, გააღო, მაგრამ არავინ დახვდა. ძირს თეთრი, ჰოლანდიური ვარდები იდო, ლამაზად შეფუთული.
-ოჰ, ისევ? მერამდენედ უნდა შეეშალოთ ბინა, რით ვერ ისწავლეს მარჯვენა და მარცხენა? -მობეზრებული დაწვდა ვარდებს და მის წინ მდებარე კარზე დააკაკუნა, რომელიც ორ სტუდენტ გოგონას ჰქონდა ნაქირავები.
-ისევ? -ღიმილით შესცინა ქერათმიანმა გოგომ.
-კი, ელზა, ისევ. კიდევ კარგი ჩამოხვედით, თქვენ რომ არა, ხომ ჩაუვარდებოდათ ბიზნესი ყვავილების სალონებს.
-აბა, შენ ეგ თქვი. ამდენი ყვავილები სად წავიღოთ აღარ ვიცით.
-მაია, როგორ არის, სახლშია?
-მაია, თავით ფეხებამდე კონსპექტებშია გადაშვებული. ძალიან ბევრი სამეცადინო გვაქვს და საიდან რა ვისწავლოთ აღარ ვიცით. ამდენი ინფორმაციისგან და უძილობისაგან თავი ლამისაა გასკდეს. შენთან რა ხდება, მეცადინეობდი და მოგაცდინეს ხომ?
-ძალიან ვიღლები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, როგორმე უფასოზე უნდა მოვხვდე. მამას იმდენი საშუალება არ აქვს, რომ სწავლის ფული მეც გადამიხადოს. გოგოებსაც უხდის და მე ნამდვილად ვერ დავაწვები ტვირთად. ახლაც ბევრი მაქვს სამეცადინო, მაგრამ თავში არაფერი შემდის, უნდა დავწვე და დავიძინო. დილის ხუთ საათზე დავაყენებ მაღვიძარას და ხვალ ვიმეცადინებ დანარჩენს.
- როცა გინდა რამეს მიაღწიო ბევრი უნდა იშრომო, ჩვენც ასე ვიყავით. შევალ მე სახლში, ალბათ გათენებამდე მომიწევს მეცადინეობა. ამდენი ყავის სმით გამისკდა ნაღველა, - ის -ის იყო კარი უნდა დაეკეტა, რომ ელზას სიცილნარევი ხმა მოესმა.
-მეგი, ეს ვარდები შენთვისაა გამოგზავნილი. აი, შეხედე, ბარათს ზემოდან გარკვევით აწერია ,,მეგის.“ მეგი მგონი იდუმალი პრინცი გამოგიჩნდა.
-რა დროს პრინცია ელზა, მაქსიმალურად ვცდილობ მტვერსასრუტის ფუნქცია შევითავსო და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო ტვინს, რომ არაფერი გამომრჩეს და კარგი შედეგი ვაჩვენო საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე.
-ჩააბარებ საყვარელო აბა, რას იზამ? თაყვანისმცემელი ცუდი არ არის. იმედია ვინმე დარტყმული არ აგეკიდა.
-ელზა, მე შეშინება მინდა კიდევ?
-ნუ გეშინია, ძილინებისა და იდუმალი პრინცის ვინაობა არ გამოგვაპარო, -გადაიკისკისა ელზამ და კარს უკან გაუჩინარდა, -ოთახში შესულმა ლარნაკი მოძებნა, ვარდები შიგ ჩააწყო და საწერ მაგიდაზე დადგა.
„დანახვის დღიდან მიგისაკუთრე!
სიყვარულით, შენი მფარველი ანგელოზი. “
-არ ვიცოდი მფარველი ანგელოზები ყვავილებს თუ ჩუქნიდნენ თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთ. მგონი მართლა ვიღაც დარტყმული ამეკიდა, -სიცილი დაიწყო და დასაძინებლად მოემზადა. დილის ხუთ საათზე მაღვიძარამ დარეკა, თვალები ძლივს გაახილა, - ღმერთო, რა იქნებოდა სულ ცოტა კიდევ გაგრძელებულიყო ღამე? -დაღლილმა თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისევ წიგნებს მიუჯდა. რვა ხდებოდა სკოლის ნივთები ჩანთაში რომ ჩაალაგა, მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა. ლუკმა არ ჰქონდა ყელში გადასული უფროსი დები რომ შემოვიდნენ და აქეთ - იქიდან მიუსხდნენ.
-მოგვიყევი, ვინ არის შენი მფარველი ანგელოზი, ყვავილები რომ გამოგიგზავნა?
-ძვირფასო ნანა და ანი, იქნებ მაცადოთ საუზმობა, რომ სკოლაში მშიერი არ წავიდე?!
-იცოდე ჩემზე ადრე არ გათხოვდე, მერე დავითარსები და ვეღარ გავთხოვდები.
-ნანა, ამხელა გოგოს ცრურწმენების გჯერა?
-რატომ არ უნდა მჯეროდეს?
-სირცხვილი არ იქნება ჩვენზე წინ უმცროსი და რომ გათხოვდეს?
-ანი, გათხოვდით, თუნდ დღესვე, ოღონდ მე თავი დამანებეთ. ახლა სწავლის მეტზე არაფერზე ვფიქრობ.
-კი, როგორ არა, დაგიჯერებთ. შენ ისეთი ჩუმჩუმელა ხარ ყველაფერი მოსალოდნელია. ნანა, გახსოვს ჩემი კლასელი თენგო რომ მოწონდა? მაშინაც ასე მალავდა, მერე მაინც გამოვტეხეთ.
-მერე, კიდევ მომწონს? გახსოვთ მაშინ რამდენის ვიყავი? რვა წლის ვიყავი! ის ბიჭიც იმიტომ მომწონდა, რომ შოკოლადებს ყიდლობდა ჩემთვის და მიხაროდა. დამანებეთ თავი, დილიდან ნერვები გინდათ მომიშალოთ? აღარ მშია, სკოლაში შევჭამ რამეს. როგორ მომაბეზრეთ თავი, სულ გათხოვებაზე როგორ უნდა ფიქრობდეთ? ღმერთს ვთხოვ ორივე მალე გათხოვდეთ და მეც დავისვენო თქვენგან და სახლმაც, -სასკოლო ჩანთას ხელი დაავლო და სირბილით გავიდა სახლიდან. გზაჯვარედინთან ერთადერთი საუკეთესო დაქალი ელოდებოდა.
-დილამშვიდობისა, ლილი!
-მშვიდობიანი დილა რომ გაქვს რაღაც ვერ გამჩნევ. ისევ, ნანა და ანი?
-როგორც ყოველთვის. გუშინ უცნობმა ყვავილები დამიტოვა კართან და გაგიჟდნენ, ჯერ ჩვენ უნდა გავთხოვდეთ, პირველი შენ რომ გათხოვდე დავითარსებითო.
-მაგათ გათხოვების იქით რამე აინტერესებთ? საერთოდ, უნივერსიტეტში სწავლობენ? თუ ტყუილად იხდის ემზარი ძია მაგათ სწავლის ფულს?
-კიდევ კარგი, რომ სწავლობენ და მართლა ტყუილად არ უხდით მამა სწავლის ფულს. მგონი შეშურდათ, არცერთს არ მოსვლია სახლში ყვავილები და ხომ ხვდები.
-ეტყობა ზაფხულში რომ ირუჯებოდნენ მზეზე დიდხანს ყოფნამ აწყინათ. გახსოვს როგორი კარგები იყვნენ? თავს გევლებოდნენ სულ.
-ეგ ადრე, ახლა შეიცვალნენ.
-ადამიანები არ იცვლებიანო?
-იცვლებიან ლილი, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს.
-შენ ის მითხარი გამომგზავნი ვინ არის?
-პატარა ბარათზე მხოლოდ ის ეწერა, რომ დანახვის დღიდან მიმისაკუთრა.
-რაო, რაო?
-რაო და მგონი მაგარ შარში ვარ.
-შენ კი არა თვითონ არის შარში, გულში დაგიჭრია.
-თან ბოლოში ასე ეწერა ,,სიყვარულით შენი მფარველი ანგელოზი.“ -ამის თქმა და ლილის ბოლო ხმაზე სიცილი ერთი იყო. სანამ სკოლამდე მივიდოდნენ მთელი გზა იცინოდნენ, ლილი ვეღარ ჩერდებოდა, მისი შემყურე მეგიც არ იყო კარგ დღეში. ყველა გამვლელ - გამომვლელი მათ უყურებდა, სახის კუნთები ატკივდა ორივეს ამდენი სიცილით. გაკვეთილებმაც ვერ დააწყნარათ, გაკრეჭილები ისხდნენ მთელი დღე.
-მეგი, მიდი ფანჯრიდან გადახტი იქნებ დაგიჭიროს იმ ბიჭმა და თვალს მაინც შევავლებდით წამით.
-გეყოფა.
-რა ვიცი, მფარველი ანგელოზი ვარო და ამ სიფრიფანა გოგოს ვერ დაგიჭერს?
-ქსანთე ხომ არ არის ნეტავ?
-არა, გოგო ქსანთე პირდაპირ მოვიდოდა და მოგახლიდა, მომწონხარ და ცოლად მიმყავხარ დღესვეო. მესამე ცოლს ასე რომ გაუკეთა, რა ამბავი იყო არ გახსოვს?
-ყველა ტვინნაღრძობი მე როგორ უნდა გადამეკიდოს?
-შენი ბედი ეგ ყოფილა დაო, - მოჩვენებითად მოწყენილმა ხელზე ხელი დაუტყაპუნა დაქალს.
-ვინ დამიდგინა ბედად, ნეტავ მაცოდინა. სწავლა, სწავლა და კიდევ სწავლა. დამანებოს ყველამ თავი, ჩემ გარდა სხვა გოგო ვერ დაინახა? მეტიც არ მინდა მოვიდეს და რამე მითხრას ისე კარგად გამოვლანძღავ, რომ მეორედ ხმა ვერ გამცეს.
-ნეტავ შენ ვისი გამომლაძღი ხარ, - ჩაიფხუკუნა ლილიმ და მეგის ნაწყენი მზერა რომ შენიშნა, სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება ვითომც არაფერიო.

##############
-მეგი აღიარე, რომ ძალიან მაგარი კი არა, უმაგრესი დაქალი გყავს. არა, მიკვირს ჯერ კიდევ უმუშევარი რომ ვარ. აფსუს! რა კადრს მკარგავს შინაგან საქმეთა სამინისტრო?! -ლილიმ შორიდანვე ყვირილი დაიწყო როგორც კი მეგის მოჰკრა თვალი.
-ამხელა ხმით ნუ ლაპარაკობ შუა ქუჩაში და ხელებს ნუ იქნევ. რა მოხდა პირდაპირ მითხარი.
-გავიგე შენი ფრთიანი ანგელოზის ვინაობა.
-ფრთიანი კი არა, მფარველის ლილი.
-მაგას რამე მნიშვნელობა აქვს? ფრთიანი თუ უფრთო? შენ ის მითხარი ხომ ვარ მაგარი გოგო?
-ჯერ მითხარი ვინაობა და მერე გეტყვი მაგარი ხარ თუ არა.
-მაშინ მოემზადე და არ გადავარდე. შენი ფრთიანი თუ უფრთო ანგელოზი აღმოჩნდა დიოტრეფე ნაცვლიშვილი.
-ეგ ვინაა?
- ჩემი შალვას ძმაკაცია, შალვა კიდევ ხომ იცი ცუდ ხალხთან არ იძმაკაცებს. რამდენჯერმე ჩვენთანაც არის ნამყოფი, მაგრამ მე არ მახსოვს, ალბათ დიდი ხნის წინ იყო.
-მერე, როგორი ადამიანია?
-კარგი ადამიანია, უბრალოდ ხანდახან ზედმეტად მკაცრიაო, ცოტა ჩხუბისთავიაო, ცოტა ფიცხი და მყვირალაო, ასე მითხრეს. ტიპური ჯარისკაცია, რას იზამ სიმკაცრე მაგათთვის საჭირო პლიუსია.
-ეგ ადამიანი ერთი დიდი მოსიარულე მინუსი ყოფილა, რატომ უნდა მომეწონოს?
-იმიტომ, რომ გარშემო ამდენი გოგოა და მაინცდამაინც შენ დაგადგა თვალი.
-თურმე რა უგუნური ვყოფილვარ, ვის მოვწონვარ და მე კიდევ უარს ვამბობ.
-ვაიმე, ახლა ბოტასს გავიხდი და სულ ამით გცემ. გოგო! შენ გამო ჯერ ჩემ ძმას ვეხვეწე, რომ არ მითხრა კარგად გამოვლანძღე. მერე იმის ძმაკაცებს ვემუდარე, ლამის სათითაოდ დავუჩოქე და როგორც იქნა კაცის კაცით გავიგე ვინ გამოგიგზავნა ყვავილები და შენ კიდევ... ჰმ, უმადურო! -შეუღრინა წყობიდან გამოსულმა ლილიმ.
იმ დღის შემდეგ მეგი დიოტრეფესგან ხშირად იღებდა თეთრ ვარდებს პატარა ბარათებთან ერთად. პირველად სკოლის ეზოდან დაინახა ქუჩაში მდგარი, ისიც ლილის მეშვეობით, მერე რამდენჯერმე მაშინ მოჰკრა თვალი მასწავლებლიდან რომ ბრუნდებოდნენ. ნელ - ნელა მისი თვალები მიეჩვია დიოტრეფეს ხილვას სხვადასხვა ადგილებში, უკვე მეზობლებმაც იცოდნენ მისი იდუმალი თაყვანისმცემლის ვინაობა და კლასელებმაც. ვინმე დიოტრეფეზე რომ ჩამოაგდებდა ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებდა, მხოლოდ საკუთარ თავთან აღიარებდა, რომ მოწონდა, თანაც ძალიან. თავიდან თუ უხერხულობის განცდა აწუხებდა მისი დანახვისას, მერე მიეჩვია, ალბათ უფრო იმიტომ აღარ გრძნობდა თავს უხერხულად, რომ მისგან არასდროს უგრძვნია დაჟინებული მზერა.

##############
-ვინა ხარ? -მაღაზიიდან გამოსულ ლილის და მეგის გვერდით ციგნის ბავშვი ამოუდგათ.
-ბავშვი, გაიარე სანამ მთელი ხარ, - შეუღრინა ლილიმ.
-დიდი ქალი ხარ? -არ ჩერდებოდა ბავშვი.
-რა შემატყე? პროტეზი გადმომვარდა პირიდან და შენს ფეხებთან დაეცა?
-პროტეზი რა არის?
-გადი შვილო, მე გამიჩნდი?
-მაშინ ხურდა მაჩუქე.
-არა მაქვს ხურდა!
-,,მაროჟნის“ საყიდლად ხომ გაქვს?
-ეს ჩემ ნერვებზე თამაშობს? -მიუტრიალდა მეგის და სანამ აზრზე მოვიდოდა ციგნის ბავშვმა ნაყინი ხელიდან გამოჰგლიჯა და გაიქცა, -ეე, რას აკეთებ, მოდი აქ შენ მაიმუნო ვირიშვილო, -დაუყვირა ლილიმ, მაგრამ ბავშვი არსად ჩანდა.
-დაანებე თავი, აზრი არ აქვს.
-წარმოგიდგენია? თვალის დახამხამებაში წამართვა ჩემი ნაყინი. უხ, სადაც შემხვდება იქ უნდა დავამიწო.
-წამოდი, წამოდი, ახალი ვიყიდოთ, ნუღარ ბრაზობ მაინც ვერაფერს გააწყობ, -ხელკავი გამოსდო მეგიმ და მაღაზიაში შეიყვანა.

###############
მეგი სამზარელოში წყლის დასალევად მიდიოდა კარზე ფხაკუნი რომ მოესმა. თვალიდან გაიხედა, მაგრამ არავინ იყო. უნდა გამობრუნებულიყო, რომ ისევ გაიგონა, კარები გამოაღო და ქვედა მეზობელი, პირველკლასელი გურამი შერჩა ხელში, რომელსაც ფლომასტერიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-რას ჯღაბნი გურამ, ჩემი სახლის კარზე?
-არაფერს.
-არაფერს თუ არ ჯღაბნი ფლომასტერი რად გინდა? -შეშინებულმა ბავშვმა წითელი ფლომასტერი დაბლა დააგდო და უკან მოუხედავად ჩაირბინა კიბეები.
-აბა, ვნახოთ, ერთი რას ჯღაბნიდი გურამიკო, კარზე? -მეგიმ კარები დაკეტა და სიცილი დაიწყო ბავშვის ნამოქმედარზე.
დ + მ = შ
-მის მშობლებს რომ ჰკითხო პატარაა, ასეთი რამისთვის პატარა არ არის? ისე, ეტყობა კრეატიული იდეები რომ აწუხებს ბავშვს, -იქვე მიგდებულ ფლომასტერს დაწვდა და შ-ს გვერდით გული მიუხატა. ესეც ასე, ახლა უფრო მომწონს.
დ + მ = შ
-ზურგს უკან ხმამაღალი სიცილის ხმა შემოესმა, რომ მიტრიალდა ელზა და მაიკო კვდებოდნენ სიცილით.
-ამხელა გოგო ხარ, რაღა დროს შენი ასეთებია?
-მაიკო, ქვედა მეზობელმა გურამიმ დაწერა, მე მხოლოდ გული მივახატე.
-კი, გვჯერა, სულ გურამის ბრალია ყველაფერი, საყვარელი ბავშვი ეგ, პირდაპირ როგორ მოიფიქრა არა ელზა?
-აბა, აბა.
-მართლა გურამის დაწერილია.
-გვჯერა მეგი, გვჯერა, -სიცილით დაკეტეს გოგოებმა კარები.

#############
გვიანი საღამო იყო. ერთ ადგილას შეგროვილიყვნენ სხვადასხვა უბნის ახალგაზრდები. როგორც ყოველთვის მასწავლებლიდან მოდიოდა, ამდენი წიგნში ყურებისგან თვალები ტკიოდა, ახლაც ერთი სული ჰქონდა სახლამდე მიეღწია, რომ გამომშრალი თვალებისთვის ეშველა. შორიდანვე შეამჩნია ის, ხელში ერთი ცალი თეთრი ვარდი ეჭირა და დროდადრო ატრიალებდა. ერთხელ ცხვირთანაც მიიტანა და უსუნა. მეგიმ სიხარული ვეღარ დამალა მისი დანახვის გამო და ეს სახეზეც შეეტყო. დიდი ხანია რაც თვალის მომკვრელი არ იყო. უაზრო ღიმილს ვერაფერს უხერხებდა, ფიქრობდა როგორ უნდა გაევლო მათ წინ ისე, რომ არაფერი შეემჩნიათ. როგორც იქნა თავის დაჭერა და ღიმილის შეკავება შეძლო და მშვიდად გააგრძელა გზა. უცბათ დაინახა როგორ მივიდა დიოტრეფესთან ვიღაც მოდელის გარეგნობის, მაღალი, გრძელფეხება, ხვეულთმიანი გოგო, ყურში რაღაც უთხრა, ლოყაზე აკოცა და ვარდი ხელიდან ააცალა. იგრძნო როგორ დაუარა სიბრაზემ, როგორ აეწვა სახე და მაშინვე ლოყაზე მიიდო ხელი. სასწრაფოდ გზა გადაჭრა და ბევრად შორი გზა აირჩია სახლამდე მისასვლელად.
-სად არის აქამდე? უკვე ხომ უნდა გამოევლო? სადაცაა დაბნელდება, -მაჯის საათს დახედა დიოტრეფემ.
-რა დროსია, უკვე გაიარა.
-არ გაუვლია.
-გაიარა თქო, გითხარი.
-როდის? მე, რომ არ დამინახავს?
-მარიამმა ვარდი რომ ,,აგაფცქვნა" ზუსტად მაგ პერიოდში. მეორე მხარეს გადაჭრა გზა და იქიდან წავიდა.
-მერე, ახლა მეუბნები მაგას? ორჯერ მეტად დაიგრძელა სახლის გზა რანაირი გოგოა?
-ეჭვიანობამ ადამიანის დაბრმავება იცის.
-რატომ უნდა ეეჭვიანა მარიამზე?
-დაგავიწყდა, რომ არ იცნობს? იმან რა იცის შენი დეიდაშვილია თუ მამიდაშვილი, არც შენ არ გიცნობს სხვათა შორის. ასე უხმოდ, უთქმელად, ვარდებით და ბარათებით სიყვარული რა უბედურებაა. შენ, მგონი რაღაც ახალს უყრი საფუძველს.
-გაბო, მაგის დროც მოვა ყველაფერს რომ ვეტყვი, ჯერ საატესტატო და ეროვნული გამოცდები აქვს ჩასაბარებელი და ჩემთვის არ ცალია.
-ოხო - ხო - ხო, მზრუნველი ბიჭი.
-წავალ შემოვირიგებ.
-შემოირეგებ ახლა რას ამბობ გუშინაც ერთად ჭუკჭუკებდით, - ჩაიფხუკუნა გაბომ.
-ჩაფხუტი დაიფარე თუ პირადად ნახვას აპირებ, ვარდები შეიძლება თავში ჩაგარტყას, -აროხროხდა გიო.
-ენას გაუფრთხილდი ძმაო, არ დაკარგო, -გიოს სიცილი სახეზე შეეყინა.
-ეს ხომ კაცი არ არის, შიშით ხმა ვერ ამომიღია, მაშინვე შეტევაზე გადმოდის, ხუმრობაც დაავიწყდა?
-კაცი კი არა ნადირია, ნადირი, -ცალყბად გაეღიმა გაბოს. მოგვიანებით ისევ ზარი მეგის ბინის კარზე. ისევ, თეთრი ჰოლანდიური ვარდები და ისევ, უცვლელი ატრიბუტი პატარა ბარათი.
,, მადლობელი დაგრჩები თუ ნათესავებზე აღარ იეჭვიანებ.
სიყვარულით, შენი მფარველი ანგელოზი. "
გაუაზრებლად მიიტანა ბარათი ტუჩებთან და ოდნავ შეეხო, რომ გაიაზრა რაც გააკეთა საკუთარი თავის შერცხვა, ბარათი საწერი მაგიდის უჯრაში ჩადო და გასაღებით ჩაკეტა.
-სულ გადამიყვანა ჭკუიდან, კიდევ კარგად ვარ.

##############
-გამიგია, გველი ქვაზე ტოვებს შხამს და წყალში ისე ჩადისო, მაგრამ შენ ჭკუა სად დაკარგე ან რომელ ქვაზე დატოვე ვერ გამიგია, -გულშეწუხებული გაბრიელი ქვიშაში ხელებს ურევდა და აქეთ - იქით თვალებს აცეცებდა.
-ჩუმად არ შეგიძლია მოძებნო?
-რა მოვძებნო, რაც არ არის? რაც ვჭამეთ და ვსვით ყველაფერი ცეცხლად ამოგვადინე.
-ნუ აბუქებ, არავინ გეხვეწებოდა შენც წამოსულიყავი, ყველა თავის სურვილით გამომყვა.
-ხათრი ვერ გაგიტეხეს და ამიტომ, აბა, შეხედე ლევანს რა სახით მოდის. რა იყო ლევან? პირანია გამორიყა წყალმა და პირველი კოცნა გაჩუქა? წესით ბედნიერი უნდა იყო.
-გაბო, გაჩუმდი სანამ ჩემი მუშტისთვის გიკოცნია.
- დიო, ვერ მიპოვია ის ანგელოზის ნიჟარაა თუ რაღაც და რა ვქნა? -გულშეწუხებულმა დაიწუწუნა ლევანმა.
-ანგელოზის ფრთებს ჰგავს ლევან, ქათქათა თეთრია და ძალიან ლამაზი.
-ვიპოვეთ, ორივე ვიპოვეთ, მოდით აქ! -გახარებული გიორგი და შალვა ბიჭებს თავისთან უხმობდნენ. შეხედე აბა, ესენია არა?
-ეს ორივე ერთნაირია, ერთი მარჯვენა უნდა იყოს, მეორე მარცხენა.
-კარგი რა?! ამომხდა სული, მთელი საათნახევარია ვეძებთ, ძლივს იპოვეს ბიჭებმა და შენ ამბობ რომ ცალ - ცალია? მორჩა! მე ისე დავიღალე აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარ. სად შემიძლია ძმაო ამდენი ადექი, დაჯექი, დაიხარე, ჩამუხლე, -ბიჭი დაბლა დაჯდა, ფეხები მოიკეცა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ვანო, დაგავიწყდა ჯარში რაებს გაკეთებინებდნენ?
-მოიცა თუ ძმა ხარ! რაღა დროს ჩემი ჯარია, დავბერდი კაცი.
-თქვენ დაისვენეთ ბიჭებო, მე მოვძებნი.
-დიო, არ შეიძლება უყიდო და ისე აჩუქო?
-თაზო, წვალებით მოპოვებულს უფრო მეტი ფასი აქვს და მეტად გეძვირფასება, ვიდრე იოლად აღებულს.
-ადექი ვანო, ჩქარა! ყველამ დავიაროთ ნაპირი და კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ. ამდენნი ვართ და ერთი პატარა ნიჟარა როგორ ვერ უნდა ვიპოვოთ? -დაუცაცხანა თაზომ ბიჭებს და ფეხზე წამოყარა ქვიშაზე მსხდარნი, -მალე, მალე დაგვიღამდება, თბილისშიც ხომ უნდა მოვასწროთ ჩასვლა? ხვალ ყველას სამსახურები გვაქვს არ დაგავიწყდეთ.
-თაზო ფეხები მეტკინა, დამინდეთ ძმურად.
-ნუ წუწუნებ, ადექი ბიჭო! შეხედე დიოტრეფე მარტო წავიდა, მივეხმაროთ მოძებნაში და წავიდეთ.
-თქვენ და თქვენი ნიჟარები. ჯანდაბას ჩემი ატკივებული ფეხები, ამ ერთხელაც ავიტან. რომ ვიპოვით მეტიც არ მინდა ზურგზე არ მიუმაგრებია და სულ ფრენით არ ჩავუყვანივართ თბილისში ნახავს მერე რა დღესაც დავაწევ, -ბუზღუნით წამოდგა ვანო ფეხზე და სანაპიროს თვალიერება დაიწყო.

##############
შაბათი დილა წვიმით დაიწყო, თან ქარიც ერთვოდა, მერე გადაიღო და მხოლოდ აქა -იქ ფანჯრის მინაზე წკაპუნობდა წვიმის წვეთები. მეგი ფანჯარასთან ახლოს სკამზე იჯდა, რაფაზე ხელები შემოეწყო და ზედ ნიკაპი ჰქონდა ჩამოდებული. ფანჯრიდან უყურებდა ნახევრად გაშიშვლებულ ხეებს, რომლებიც ნიავის პატარა წამოქროლებაზეც კი ჭრელა - ჭრულა ფოთლებს ემშვიდობებოდნენ და ასფალტზე ფერადი ხალიჩასავით ეგებოდნენ.
-მეგი, ლიმონიანი ჩაი მოგიტანე, ცოტა კონიაკი მოვპარე მამაშენს და შიგ ჩავასხი, კარგი ყოფილა, - დედა მიუახლოვდა მეგის და ცხელი ჩაით სავსე ჭიქა იქვე დაუდგა.
-დედა, შენ იმდენს იზამ გამალოთებ, -ღიმილით ახედა დედას.
-სულ ცოტა ჩაგისხი დედიკო, ნუ გეშინია. რაღაც ვირუსები დადის და არ მინდა რამე გადაგედოს.
-ნანა და ანი დაბრუნდნენ ბათუმიდან? -გაყინული ხელები ცხელ ჭიქას შემოჰხვია და იგრძნო სითბომ როგორ დაუარა მთელ სხეულში.
-გამთენიისას დაბრუნდნენ და ახლა ორივეს ძინავს, დალიე ჩაი გაცივდება.
- დედა, შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა? ან ამდენ მშიერ ოჯახის წევრს ვინ დაგვაპურებდა ნეტავ?
-ნუ მეპირფერები, ერთსა და იმავეს იმდენჯერ მამეორებინებ პირი ყურებამდე გადამდის, -მოჩვენებითად გაუბრაზდა ქალი.
- მაიკო, სულ კი გაბრაზებ, მაგრამ ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. გადამეტებულ მზრუნველობას რომ იჩენ ყველას მიმართ მაგას ვერ ვეგუები. არ გვაძლევ საშუალებას ჩვენით მოვაგვაროთ ზოგიერთი პრობლემა. შენთვის სულ პატარები ვიქნებით და თუ სულ ასე გვდიე კუდში და ყველაფერი ჩვენ ნაცვლად აკეთე დამოუკიდებლობას ვერ მივეჩვევით და გაგვიჭირდება ცხოვრებაში.
-ვაიმე, საჭმელი დამრჩა გაზზე, წავალ მივხედავ სანამ გადავბუგულვართ. იცოდე მაგ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით, -სიცილით გამოხედა და ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან.
-როგორც შენ იტყვი დედა, -გაეღიმა მასაც, მერე ხელებში მოქცეული ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, სული შეუბერა და მოსვა. ცოტა ხანი ქუჩის გადაღმა იყურებოდა, მერე მისი ყურადღება სადარბაზოდან გამოსულმა სამხედრო ფორმიანმა ბიჭმა მიიქცია. მაღლა არ ამოუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
-დიოტრეფე! -წამოიყვირა მეგიმ, ჩაის ჭიქა იქვე რაფაზე დადგა, ოთახიდან გავარდა და გიჟივით ეცა კარებს. ისევ თეთრი ვარდები, ისევ ბარათი და ახლა უკვე პატარა საჩუქრის კოლოფი. გახსნა დააპირა, მაგრამ ლილის სახე რომ წარმოიდგინა როგორ უსაყვედურებდა, მაშინვე მასთან დარეკა. ტელეფონში ყვირილის ხმა გაისმა უჩემოდ არ გახსნა, ახლავე მანდ გავჩნდებიო და გაითიშა. დიდი ხანი არ იყო გასული ოთახის კარები ლამის რომ შემოამტვრია ლილიმ და სუნთქვაგახშირებული იქვე სკამზე მიესვენა.
-უჩემოდ ხომ არ გახსენი? ხომ იცი არ გაპატიებ, -დაღლილი ხელებს ჰაერში იქნევდა და სულს ძლივს ითქვამდა.
-არ გამიხსნია, რადგან გითხარი დაგელოდები თქო დაგელოდე. ასე რომ არ გამოქცეულიყავი არ შეიძლებოდა?
-რას ამბობ, ვკვდები ინტერესით, ისე მაინტერესებს რა დევს მაგ ყუთში.
- გავხსნა?
-მოიცა! ჯერ არ გახსნა. თვალებზე ხელი აიფარე, მე გავხსნი და როცა გეტყვი ხელები ჩამოიღე, -მეგიმ თვალებზე ხელი აიფარა, ამასობაში ლილიმ ყუთი გახსნა და უსიამოვნების შეძახილი აღმოხდა.
-ეს რა არის? მაგარი წუწურაქი ბიჭი ყოფილა, ფული არ გაემეტა ნორმალური საჩუქრისთვის? -მეგიმ ხელები მოიშორა თვალებიდან და სახე სიხარულისგან გაუნათდა.
-ღმერთო რა სილამაზეა, როგორ მინდოდა მეც მქონოდა ასეთი ნიჟარები, რა ლამაზია, გავგიჟდები ახლა სიხარულით, -აღფრთოვანებას ვერ მალავდა მეგი და გაბრწყინებული თვალებით დაჰყურებდა ქათქათა თეთრ ნიჟარებს, რომელიც ანგელოზის ფრთებს ჰგავდა ერთად დაწყობილი.
-შენ რა, მართლა მოგწონს? -ტუჩები უსიამოვნოდ დაბრიცა, -ჩემთვის რომ გამოეგზავნა ვინმეს სათითაოდ თავზე დავაფშვნიდი.
-რას ამბობ, როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე არ მოგწონდეს? ფილმში მაქვს ნანახი, რას წარმოვიდგენდი საქართველოშიც თუ შეიძლებოდა მისი შოვნა.
-ფუუ, ამასაც თუ საჩუქარი ჰქვია, ძალიან ძველმოდური ბიჭი ყოფილა. აი, მე მაგალითად, რაგბის მატჩზე წასასვლელი ბილეთები გამიხარდებოდა, ან ჩონჩხებიანი სამაჯური, ან კიდევ რომელიმე ცნობილი ბენდის კონცერტზე ბილეთები რომ ეჩუქებინა.
-შენ ლილი ხარ, მე მეგი. დაქალები კი ვართ, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერთნაირი გემოვნება უნდა გვქონდეს? ნანას და ანისაც კი არ მოწონთ ერთნაირი რაღაცები. აუცილებელი არ იყო ძვირადღირებული საჩუქარი გამოეგზავნა. მე ეს იმაზე მეტად გამიხარდა ვიდრე მას წარმოუდგენია.
-ბარათი არ მოჰყოლია?
-კი, მოჰყვა, მოიცა ვნახავ.
,,ურეკიდან ჩამოგიტანე, ანგელოზის ფრთები ჰქვია, იმედია მოგეწონება საჩუქარი. სიყვარულით შენი მფარველი ანგელოზი."
-აჰა, ესე იგი, ბაზრობაზე იყიდა ურეკში. ნეტავ რამდენი მისცა? -ირონიული ხმით თქვა ლილიმ.
-გეყოფა, ლილი! ფასს რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ის არის, რომ ძალიან გამახარა. მე მეგონა მარტო კუნძულებზე შეიძლებოდა ასეთი სილამაზის ხილვა.
-ურეკში ამის მეტი რა არის? წყალს ნაპირზე გამოაქვს, მერე ხალხი იღებს და მისგან დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. ამ ზომის ნიჟარა ნამდვილად არ შემხვედრია, მაგრამ მე როცა წამიყვანეს, გასულ ზაფხულს, საშუალო ზომისები იყო. უმეტესობა პატარები და დამტვრეულები ეყარა ნაპირზე, ზოგს პრიალა ზედაპირი ჰქონდა, ზოგი შედარებით უხეში და ზოლიანი იყო. ჩემმა მამიდაშვილებმა ბევრი წამოიღეს სახლში, მე უბრალოდ ვათვალიერებდი. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ზედმეტი ნივთია, რომელსაც არ შევინახავ და გადავაგდებ, შენ თუ ძალიან მოგწონს როგორც გინდა ისე მოიქეცი, გინდ შეინახე, გინდ გადააგდე.
-ჯერ ერთი იმიტომ არ გადავაგდებ, რომ ძალიან მომწონს და გამიხარდა კი არა ლამისაა სიხარულით ფრენა დავიწყო და მეორე, რომ არ მომწონდეს მაინც შევინახავდი, იმიტომ რომ ადამიანმა გულით მაჩუქა. ჯერ ნივთებთან უნდა ვისწავლოთ სწორი მოპყრობა, თუ ნივთებს უდიერად მოვეპყრობით ადამიანებთანაც იგივეს გავიმეორებთ.
-ეი შენ, -ცხირწინ დაუტკაცუნა თითები ლილიმ და სიცილი დაიწყო.
-მართლა შეყვარებული გოგოსავით ნუ ლაპარაკობ, ჯერ ისიც კი არ უთქვამს რას გადაგეკიდა. მარტო ყვავილები და საჩუქარი არაფერს ნიშნავს. ნეტავ მაცოდინა სერიოზულად მოწონხარ თუ უბრალო აკვიატება ხარ? -საწოლზე გადაწვა ლილი, ჯერ ჭერს ახედა, მერე კი მეგის შეხედა სერიოზული სახით. ეს ჩემი ძმაც რომ არაფერს მიყვება, ლამისაა ის ქოჩორი გადავაცალო ყოველ დილა სარკის წინ რომ იყენებს, მაგრამ აზრი? მაინც არაფერს მეტყვის და ტყუილად დავტოვებ მელოტს.
-ეჰ, ლილი, მიფიქრია კი არა ლამის თავი გამისკდეს. ქუჩაში რომ გავდივარ შეშინებული ვაპარებ თვალებს, სადმე რომ გადავაწყდე რას მეტყვის, მე რომ ენა ჩამივარდება და ვერაფერს ვერ ვეტყვი ეგ ვიცი, მაგრამ თვითონ რას მოიმოქმედებს? როგორი ხმა აქვს? როგორი ხასიათი? რა უყვარს? რა არ უყვარს? საერთოდ არაფერი არ ვიცი. ჩვენი ურთიერთობა მარტო ამ თეთრი ვარდებით და პატარა ბარათზე ნაჩქარევად დაწერილი რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება. ვნერვიულობ, რა იქნება მომავალში? მეშინია საერთოდაც ის ადამიანი რომ არ აღმოჩნდეს ვინც წარმომიდგენია. არ ვიცი ლილი, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ.
-აბა, რა გითხრა დაო, შეიძლება რთული ხასიათი აქვს, მაგრამ კარგი ბიჭიაო სულ იმას ამბობენ.
-საქმეც მაგაშია ლილი, მამა არ არის უხასიათო, ჩვიდმეტი წელია აქ ვიზრდები და მამას ერთხელაც არ აუწევია ხმა დედასთან. არ ვარ მიჩვეული ოჯახის წევრისგან უხეშ საქციელს. ხშირად მოგვდის კამათი მე და ჩემ დებს, მაგრამ მალევე ვრიგდებით, არასოდეს გადაზრდილა ჩვენი კამათი ჩხუბში და წივილ - კივილში. ყოველთვის მეშინოდა უხასიათო და ჩხუბისთავი ბიჭების. მეზობლის კაცი ცოლს რომ უყვირის თუ იმ დროს შევესწარი მობუზული შემოვრბივარ სახლში და ყურებზე ხელს ვიფარებ, რომ მათი ხმა არ გავიგო. ვინმემ რომ მიყვიროს და მეჩხუბოს ალბათ იქვე მოვკვდები.
-რას ჰქვია გიყვიროს და გეჩხუბოს? დავუმტვრევ ძვლებს.
- ბევრი რამე მაფიქრებს და არ ვიცი რა იქნება, -მეგიმ, ამოიოხრა და ხელებში მოქცეულ ნიჟარებს დააკვირდა.

#############
დეკემბრის დასაწყისში იმხელა თოვლი მოვიდა ქუჩაში მოძრაობა საგრძნობლად გაჭირდა. მანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, ტექნიკური მარილი იშლებოდა გზებზე, მაგრამ ყინვა ასპარეზს არავის უთმობდა. გახშირდა მოტეხილობების რიცხვი, განსაკუთრებით მოხუცები და ბავშვები ზარალდებოდნენ. ხალხი ქუჩაში ისე გამოდიოდა მარტო თვალები უჩანდათ. მეგის უყვარდა ზამთარი, განსაკუთრებით გიჟდებოდა თოვლზე. ფანტელების ყურება მოწონდა ბატის ბუმბულებს რომ ჰგავდა დიდი, ქათქათა და ფუმფულა ფიფქები. მთელი დღე შეეძლო ქუჩაში გაუნძრევლად დგომა და ამ საოცარი სანახაობის ყურება. თუ ქუჩაში ვერ მოახერხებდა ოთახის ფანჯრიდან უყურებდა. პირველი თოვლის და გულკეთილი დირექტორის წყალობით დილიდან სკოლაში გაკვეთილები ცდებოდა. მთელი სკოლის ბავშვები გუნდაობდნენ. შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად თოვლის პაპებს აკეთებდნენ და რიგ - რიგობით სურათებს იღებდნენ. არც მეგი და ლილი ისხდნენ უსაქმოდ, თოვლის გუნდებით შეიარაღებულები ხან რომელ კლასელს ესროდნენ გუნდას, ხან რომელს. კლასელი ბიჭები გოგოების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ქულებზე დაიწყეს თამაში. რომელ გუნდსაც ნაკლები დაჭრილი მოთამაშე ეყოლებოდა გამარჯვებაც იმ გუნდს დარჩებოდა. წაგებულებს მოგებულები ხაჭაპურზე, ლობიანზე და წვენებებზე უნდა დაეპატიჟათ.
-ქეთინო, იცოდე გიორგის კარგად დაუმიზნე, ხომ იცი კალიასავით დახტის, -გადაულაპარაკა ლილიმ კლასელს.
-თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ, აღარ უნდა დავიწყოთ თამაში?
-გვაცადეთ, მითითებებს ვიძლები და დავიწყებთ.
-მეგი, ტატოს ახლაც რომ ვერ მოარტყა არ ვიცი რას გიზამ. გოგოებო! ლია, ანა, მარი, მოემზადეთ, ბიჭები უნდა გავანადგუროთ, -დაიყვირა ლილიმ და გუნდები ტყვიასავით წავიდა ბიჭების მიმართულებით. არც ბიჭები დარჩნენ ვალში გოგოებს, ატყდა წივილ -კივილი და ჟრიამული. მოსწავლეების შემყურე დირექტორმა და მასწავლებლებმაც გაიხსენეს ბავშვობა და გაილამაზეს ერთი დღე. ტატოსთვის განკუთვნილი გუნდა მეგიმ პარალელურ კლასელ შოთას შემთხვევით თავში მოარტყა.
-ბოდიში! ძალით არ მინდოდა, ტატოს ვესროდი, -დაუძახა მხიარულად, გვერდით გაიქცა და თოვლით გუნდების გაკეთებას შეუდგა. მოულოდნელად მასთან ზურგიდან მიპარულმა შოთამ ჯერ პირი გამოუტენა თოვლით, მერე კი კისერში ჩააყარა. მეგი ვეღარ სუნთქავდა, პირიდან თოვლს აფურთხებდა და ცდილობდა შოთას მოგერიებას, მაგრამ ბიჭი მასზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. ალბათ კიდევ გააგრძელებდა წვალებას მის კივილზე კლასელებს რომ არ ეშველათ.
-შენ ადამიანი კი არა ცხოველი ხარ, -დაუყვირა გულმოსულმა და ტირილი დაიწყო.
-ფუჰ, საქონელი ეგ. ჩავიგდებ ხელში და კარგად დავალურჯებ, - ლილი წამოდგომაში დაეხმარა მეგის და საკლასო ოთახამდე მიიყვანა.
-მეგი, კარგად ხარ?
-რამე ხომ არ მოიტეხე?
-წყალი გინდა? -გოგოები შემოეხვივნენ და ერთმანეთის მიყოლებით კითხვები დააყარეს. გამწარებულ მეგის პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა, ცრემლებს იწმენდდა და ლილის ეხუტებოდა.
-სულ დავსველდი, ეს რა გააკეთა? ძალით არ გამირტყამს გუნდა, თქვენც ხომ დაინახეთ?
-დავინახეთ, როგორ არ დავინახეთ, -ბრაზობდნენ გოგოები. კლასის დამრიგებელ ლამარას გული შეუწუხდა ბავშვებმა რომ უამბეს რაც მოხდა. მაშინვე სახლში დაითხოვა მეგი, რომ სველი ტანსაცმელი გამოეცვალა და თავისთვის მიეხედა.
-ლამარა მასწავლებელო, შეიძლება მეც გავყვე?
-ლილი, შენც ჩაგაყარეს თოვლი?
-არა, მასწავლებელო, მაგრამ მეგის მარტო ხომ არ გავუშვებთ?
- არ უნდა გაცილება, პატარა გოგო ხომ აღარ არის სახლს ვერ მიაგნოს ან მარტო სიარულის შეეშინდეს? თანაც ორს ერთად ვერ გაგიშვებთ, სამინისტროს ხალხმა რომ დაგინახოთ საგაკვეთილო პროცესში ქუჩაში დადიხართ სკოლას შეექმნება პრობლემები.
-იყავი ლილი, თვითონ წავალ. დიდი მადლობა, ლამარა მასწავლებელო, -მადლიერი მზერა მიაპყრო მასწავლებელს და ცემინებამაც არ დააყოვნა.
-ჩქარა წადი სახლში, ახლა გაციება და სკოლის გაცდენა იქნება? რომ მიხვალ მომწერე, -დაქალი სკოლის შესასვლელამდე მიაცილა ლილიმ და უკან, შენობაში დაბრუნდა. მეგის მთელი გზა ტანში აციებდა, ცემინებამაც ძალიან შეაწუხა, რაც უფრო მეტად უნდოდა სახლში სწრაფად მისვლა, მით გრძელი ეჩვენებოდა გზა, თვალები ისე დაუმძიმდა, ვეღარ იყურებოდა წინ. სახლში მისულს მაიამ წამლები და ცხელი ჩაი დაალევინა, მაგრამ ტემპერატურამ რომ დაიწყო მატება ვერაფრით დაუგდეს სიცხე. მთელი ღამე ოჯახის წევრები თავს ევლებოდნენ და მის სიცხეს ებრძოდნენ, ხან ძმრიანი ნასკები ჩააცვეს, ხან არყიანი საფენები დაადეს შუბლზე და კისერზე, მაინც არაფერმა უშველა. დაღლილმა ტყუპებმა იქვე მის საწოლზე, ფეხებთან მოიკალათეს და ჩაეძინათ. მაიამ, მიუხედავად დაღლილობისა და ღამის თევისა თავს ძალა დაატანა და დილით ნაჩქარევი საუზმე მაინც მოუმზადა ემზარს, რომ სამსახურში მშიერი არ გაეშვა. ქმარი გააცილა თუ არა მაშინვე ექიმთან გაიქცა და სახლში მოიყვანა, რომ მეგი გაესინჯა.
-მეგი, სად ხარ არ მოდიხარ სკოლაში? -ნაჩქარევად მიაყარა ლილიმ ტელეფონში.
-ლილი, სიცხისგან ვიწვი, რა დროს სკოლაა? გუშინ რომ დამირეკე ხომ გითხარი სიცხე მაქვს თქო.
-ექიმთან იყავი? წამლები დალიე?
-დედამ სახლში მოიყვანა ექიმი და წამლებიც გამომიწერა, დავლევ და რამდენიმე დღეში კარგად გავხდები.
-სკოლის შემდეგ გამოგივლი.
-გრიპიც მაქვს, არ მოხვიდე, რამე არ გადაგდო.
-გრიპის ვირუსი ხელს ვერ შემიშლის დაქალის მონახულებაში. გავიქეცი სკოლაში, დასვენებაზე დაგირეკავ, -დიდი დასვენება როგორც კი დაიწყო ლილიმ ვერ მოისვენა და მაშინვე დაურეკა დაქალს, -როგორ ხარ, დაგიწია სიცხემ?
-იმდენი წამლები დავლიე წყლის დანახვა აღარ მინდა. ჩაისაც ყოველ ნახევარ საათში მასმევს დედა, რა ცუდია ავადმყოფობა, უკვე ლოგინში წოლაც მომბეზრდა.
-გირჩევნია წამლები დალიო და ჩაითაც გაიჭყირპო რომ მალე გამოჯანმრთელდე. იცი, რა სიცარიელეა კლასში შენ გარეშე? მოწყენილობისგან გაკვეთილზე მთქნარება მიტყდება.
-იმედია მალე გამოვკეთდები. უნდა ნახო რა სასაცილო მდგომარეობაში ვარ, ორი საბანი მაფარია, ხან მაციებს, ხან მაცხელებს, ხან გადავიხდი, ხან დავიფარებ.
-იმ შენი ფრთიანისგან არაფერი ისმის?
- ცუდად ვარ ეგეც უნდა იცოდეს?
-რა ვიცი, ყველაფერს იგებს და გამიკვირდა აქამდე ვარდები რომ არ ჩაგახუტა გულში.
-აუცილებელი არ არის.
-ვითომ არ გინდა, შენც კარგი კუდიანი ხარ. დღეს გამოვალ და მერე ვილაპარაკოთ.
- არ გამოხვიდე, გრიპი მაქვს, მახველებს და არ მინდა შენც გადაგდო. როდესაც ცოტა უკეთ ვიგრძნობ თავს გეტყვი და მაშინ გამოდი.
- ოოო, მწუხარების ზარი დაირეკა, ახლა უნდა ვუსმინოთ ფიზიკის მასწავლებელს როგორ ამოვხსნათ ამოცანა ორ გაკვეთილში და როგორ დავწეროთ შემაჯამებელ წერაზე ხუთ წუთში.
-არ გადამრიო, ის ამოცანა შემაჯამებელში შეიტანა? სულ, გაგიჟდა?
-ჩვენც გაგვაგიჟებს მალე, გადმოცემის უნარი მაინც ჰქონდეს, რა დავაშავეთ? ამის წინაც ფიზიკა გვქონდა, რუსულის მასწავლებელს გულის პრანჭვები დაეწყო, ეგ შემოქანდა და დიდის ამბით გვახარა. წავედი, უნდა გაგითიშო, შემოლაგდნენ კლასის სიამაყეები, ეტყობა მოდის ფიზიკის რისხვა, -ბუზღუნით გათიშა ლილიმ ტელეფონი. შუადღით როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა, ლილიმ მეგის თხოვნა არაფრად ჩააგდო და სახლში ესტუმრა, ახალი ამბავიც ახარა, რომელიც უკვე მთელ სკოლას მოსდებოდა.
-მოკლედ ჩემო მეგუსი, ამ შენ ფრთიან ანგელოზს ისე უცემია შოთა, რომ რამდენიმე დღე სახლიდან ცხვირს ვერ გამოჰყოფსო, ბიჭები ამბობდნენ. ორი თითი ჰქონია მომტვრეული და თვალებიც კარგად შელამაზებული. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, რაც დაიმსახურა ის მიიღო.
-ლილი, ნუ ლაპარაკობ ასე.
-შოთა, რომ გეცოდება საკუთარი თავი არ გეცოდება? ხორციანი ბლინივით რომ ხარ გახვეული საბნებში და წამლებით იჭყირპები. ახია მაგაზე, თავი დიდი ვინმე რომ ჰგონია უნდა მიხვდეს თავის არაკაცობას. ჩვენი კლასელი ბიჭებიც ემუქრებიან.
-ასე სასტიკად მაინც არ უნდა ეცემა.
-ნეტავ შენ ვინ გეკითხება? იმ შენმა ფრთიანმა მშვენივრად იცის როგორ უნდა მოიქცეს. ახლა მე წავედი სახლში გაკვეთილები უნდა ვისწავლო, ხვალ კიდევ გნახავ, -გასული არ იყო ლილი ოთახიდან, რომ უკან შემოვიდა, ხელში თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა და იცინოდა, პატარა თეთრ ბარათზე ნაჩქარევად დაწერილი რამდენიმე სიტყვით დიოტრეფე გამოჯანმრთელებას უსურვებდა.
ექვს დღიანი მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ როგორც იქნა მეგიმ თვალებიდან გამოიხედა. სიცხემ დაუწია, თავის ტკივილიც აღარ აწუხებდა, მართალია ცოტას კიდევ ახველებდა, მაგრამ უკეთესობა აშკარად ეტყობოდა მის ორგანიზმს.
##############
მათემატიკიდან ბრუნდებოდა მეგი, კორპუსთან ახლოს იყო უკვე, ყინულზე ფეხი რომ აუსრიალდა და ზურგზე დაეცა, თავი ისე ძლიერად დაარტყა სიმწრის ცრემლებით აევსო თვალები.
-მშვენიერო, ყინულზე კოტრიალი კარგია, მაგრამ ასე შეიძლება გაცივდე. მოდი, დაგეხმარები წამოდგომაში, -მაჯაში ვიღაცამ ხელი სტაცა და წამებში ფეხზე დააყენა.
-გმადლობთ, - ღიმილით ახედა უცნობს და უცებ გაშრა. ჯმუხი აღნაგობის ბიჭი შერჩა ხელში, ღია ნაცრისფერი თვალებით, მუქი შავი, გრძელი თმით, რომელიც უკან ჰქონდა გადავარცხნილი და აშკარად ეტყობოდა თმის ჟელე არ დაეშურებინა ვარცხნილობისთვის. უცნობის გარეგნობას არც თვალის ფერი უხდებოდა და არც ასეთი ვარცხნილობა.
-რატომ მიყურებ ასეთი შეშინებული თვალებით? არ იცი ვინ ვარ?
-მაპატიეთ, მაგრამ აქამდე არსად შემხვედრიხართ.
-მშვენიერო, დღეიდან ქსანთე შენს განკარგულებაშია, თუ რამე დაგჭირდეს იცოდე, რომ ყველგან მე ვარ და ყველა მიცნობს. ახლა გასაქცევი ვარ, საქმეები არ იცდის, კიდევ შევხვდებით, დროებით, ჩემო მშვენიერებავ, -თვალი ჩაუკრა ქსანთემ და სადღაც გაუჩინარდა.
-ლილი, ქსანთე ვნახე, იცი? -ოთახში შესულმა სასწრაფოდ დაქალთან დარეკა.
-რა გაყვირებს, მეგი?! დიდი ამბავი, ეგეც არ მყავდეს დაბლიუს რომელიმე გამოჩენილი მებრძოლი.
-იცი, რა მახინჯი იყო?
-ვიცი, სად ნახე ეგ უხსენებელი?
-სახლთან ვიყავი ყინულზე ფეხი რომ დამიცდა და დავეცი, წამოდგომაში დამეხმარა. წუთით ისიც კი ვიფიქრე, რომ დიოტრეფე იყო, მაგრამ ნაცრისფერ თვალებს რომ წავაწყდი შემეშინდა, მანიაკს ჰგავს.
-არის კიდეც, მოძალადე და აუტანელია, ყველას ეზიზღება.
-თითქოს ადამიანის ნარჩენებისგან არის აწყობილი.
-არ გაგიკვირდეს ამის შემდეგ სულ შენ ახლო - მახლო რომ დაიწყებს გამოჩენას.
-ადვილი სათქმელია არ შეგეშინდეს, როცა შენ არავინ გადაგკიდებია.
-გადამეკიდება და ნახავს რასაც დავმართებ, რომ დავიხვევ ხელზე ელასტიური ბინტივით და დავულეწავ ნეკნებს ვეღარ ააწყობენ. კრივზე ტყუილად კი არ დავდივარ, რომ ვიღაც ქუჩის მაწანწალებმა გული მიხეთქონ.
-ქუჩაში აღარ გავალ.
-როცა გახვალ მაშინ გაჩნდება შენთან.
-დამამშვიდე ძალიან.
-გეუბნებოდი შენც იარე თქო კრივზე, მაგრამ ვინმე მიჯერებს? ვერ შევძლებო წუწუნით თავი ამხადე. ახლა ხომ აღარ შეგეშინდებოდა და თავისუფლად გახვიდოდი გარეთ. ოჰ, კარგი, არ ინერვიულო, წავედი, მშია და უნდა ვჭამო. შენც ჭამე, ისევ მშიერმა არ დაიძინო, იცოდე სახლში ჩაგისახლდები და სულ ძალით გაჭმევ. დედაშენი არ გეგონო ვერაფერს რომ ვერ ხვდება და ადვილად ახერხებ მისგან თავის დაძვრენას.
იმ ღამით სასწრაფო სასწრაფოზე მიდიოდა ქალაქის გარეუბანში, რომ დამტვრეული და ნაცემი ბიჭები საავადმყოფოში გადაეყვანათ. გინების და ყვირის ხმები კარგად შორიდან მოჰქონდა სანახევროდ ჩაწყნარებულ ქუჩებს. დილით ათასი ჭორი გავრცელდა, როგორც იციან ხოლმე ინფორმაციის არ მქონე პირებმა. ვერსია მილიონი იყო, სიმართლე კი ერთი. ეგრეთწოდებული თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ დაჭრილები სისხლის გუბეში ცურავდნენ და ზოგის გადარჩენა საავადმყოფოში მიყვანამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ არც არავინ დაჭრილა იმ ღამეს და არც არავინ მომკვდარა. სამაგიეროდ იყვნენ კარგად ნაცემი ბიჭები, ხელ-ფეხ მოტეხილები. არავინ დაუჭერიათ, რადგან ბრალმდებლები არ იყვნენ ვინმეს დასადანაშაულებლად. ყველაფერი ნასვამ მდგომარეობას დააბრალეს და ცხოვრებამაც მშვიდად განაგრძო სვლა. გოგოს გამო რომ მოხდა ჩხუბი მაგას წყალი არ გაუვიდოდა, მარტო იმას ვერ იგებდნენ ვინ ვერ გაიყვეს. ცივმა ზამთარმა თითქოს ყველაფერი დროებით დავიწყებას მისცა, შეიძლება მომავალი დღესასწაულის გამო. ახალი წელი ახლოვდებოდა და ყველა ცდილობდა რაც შეიძლება ხელგაშლილად შეხვედროდა შობა-ახალ წელს. ერთი შეხედვით ვერავის შეატყობდით გაჭირვებას, ყოველი მეორე მოქალაქე ხელებგავსებული მიიჩქაროდა სახლისკენ, თითიოეულის პარკში შეამჩნებდით ძალით ჩატენილ ნაძვისხის სათამაშოებს, უშნოდ რომ ამოეყო თავი. გაუსაძლისი ყინვის მიუხედავად იმდენი ხალხი ირეოდა ქუჩაში გვერდის აქცევა ჭირდა გამვლელებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში მეგის თვალი აღარ მოუკრავს დიოტრეფესთვის, თითქოს არც უარსებია ისე გაქრა. სხვებმა თუ არა, მან ძალიან კარგად იცოდა იმ ჩხუბის მიზეზი თვითონ რომ იყო და სწორედ ეს აფიქრებდა. უკვე ქუჩაში მარტო გასვლისაც ეშინოდა, ლილისთან ერთად თუ წავიდოდა სადმე, ისიც იშვიათად და მალევე გამორბოდა სახლში, უცხო გარემოში ყოფნაც აღარ სიამოვნებდა. როგორც კი იმ ადგილს ჩაუვლიდა სადაც ხშირად იკრიბებოდა უბნის ახალგაზრდობა გული უჩვეულოდ უფრიალდებოდა. თვითონაც ვერ გაეგო რა ემართებოდა, ისე იყო მისი თვალები შეჩვეული დიოტრეფეს სადმე ხილვას, რომ ცარიელი ქუჩა განწყობას უწამლავდა და საშინელ ზეგავლენას ახდენდა მასზე. საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ მუქი ლურჯი ფერი ძალიან აკლდა მის ყოველდღიურობას, ამიტომ გამოსავალი სხვა რამეში იპოვა.

##############
-რა ხდება შალვა? ამ ბოლო დროს ნამეტანი გალურჯებულია ჩემი გოგო. ლურჯი სვიტრი, ხელთათმანები, ყელსახვევი, ფეხსაცმელიც კი ლურჯი აცვია, -დიოტრეფე, მომღიმარი დაჰყურებდა მობილურში მარიამის გადმოგზავნილ მეგის ფოტოებს.
-მაჩვენე? რა გინდა შენ თვალის ფერს უხამებს. რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, ეტყობა დააკლდი.
-კი, როგორა არა.
-სხვათა შორის გავიგე ანგელოზის ფრთები ძალიან მოწონებია.
-სერიოზულად? ვაა, რა მაგარია. გაიხარე შალვა, ძლივს არ ამოვისუნთქე? ეჭვი მღრღნიდა ნეტავ ხომ არ გადაყარა თქო.
-რა უნდა გადაეყარა, რაც ჩვენ მაგ დღეს ნიჟარების ძებნაში ჩავიხოცეთ თავები, ცოდონი არ ვიყავით ამდენი წვალება წყალში ჩაგვყროდა?
-ესე იგი, ფიქრობ, რომ დავაკლდი არა?
-სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? შენ მის ფოტოებს მაინც ათვალიერებ ტელეფონში და ის?
-შანსი არ არის, ჩემი ფოტო როგორ არ ექნება?
-რომელი ფოტოგენური შენ მყავხარ, გამომივიდა ესეც...
-ორ კვირაში სახლში ვიქნებით და მოვიფიქრებ რამეს.
-რამეს კი არა მიდი და დაელაპარაკე, გაურკვევლობაში ნუ ამყოფებ.
-ჯერ ადრეა.
-რაღა ადრეა? კარგს გეტყვი, დაიცადე გათხოვდეს, შვილები ეყოლოს და მერე დაელაპარაკე.
-მაქამდე საქმეს არ მივიყვან, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება, არ მინდა ხელი შევუშალო სწავლაში, მინდა ჯერ ჩემ გარემოცვას მიეჩვიოს ისე, რომ არ დავაფრთხო. აი, სტუდენტი რომ გახდება მერე მართლა აქტიურად გამოვჩნდები მის ცხოვრებაში.
- მაგრად გირახუნებენ ტვინში ხომ იცი, -შალვამ სიცილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი.

##############
წვრთნებიდან სახლში ბრუნდებოდნენ შალვა და დიოტრეფე, მოულოდნელად ქუჩის გადაღმა სახლისკენ მიმავალ მეგის რომ მოჰკრა თვალი დიოტრეფემ და მეგობარს უთხრა მანქანა გაეჩერებია. შალვამაც მაშინვე მარცხენა მაშუქი ჩართო და მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა. მანქანა ნორმალურად გაჩერებულიც არ იყო სწრაფად, რომ გადახტა დიოტრეფე და მეგის მიმართულებით გაექანა. რამდენჯერმე დაუძახა და სანამ მეგი მოტრიალებას მოასწრებდა, დიოტრეფე მასთან გაჩნდა, ხელები ძლიერად შემოჰხვია, ძალიან მომენატრეო ერთი ეს უთხრა, თავზე აკოცა და სირბილით, გაჩერებული მანქანისკენ წავიდა. მანქანაში მყოფმა შალვამ საყვედური არ დააკლო, მაგრამ მეგობარი იმით გააჩუმა დიოტრეფემ, რომ შეყვარებულ კაცს ვერავინ მოსთხოვდა გააზრებულ საქციელს. მეგი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს, მერე როგორც იყო მოვიდა გონს, დაიმორჩილა ფეხები, სადარბაზომდე მივიდა და კიბეებს აუყვა. ბინის კარი ძლივს შეაღო ისეთი მძიმე მოეჩვენა, ოთახამდე რომ მიაღწია, სკოლის ზურგჩანთა საწერ მაგიდაზე დადო და სკამზე ჩამოჯდა, ოთახში გაწიწმატებული მაია შევიდა და როგორც შეეძლო დიოტრეფეს ლანძღვით გული მოიოხა. მეგიმ ვერაფრით რომ ვერ გააჩუმა სამზარეულოში გაისტუმრა საჭმლის მოსამზადებლად და ახლა იქიდან ისმოდა მაიას გაწიწმატებული ხმა. მეგიმ ყველაფერი კარგად რომ გაიაზრა ლილისთან დარეკა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ შეგშლია?
-ლილი, იმ ხმას რა დამავიწყებდა, ახლაც ყურებში ჩამესმის.
-იქნებ ის, სულ სხვა ვინმე იყო და დიოტრეფეს ხმა მისას მიამსგავსე?
-ლილი, დიოტრეფე ის ბიჭია, სწორედ ის, ვისაც საავადმყოფოში შევხვდი.
-რა გითხრა დაო, თუ ამბობ, რომ ის არის და არ გეშლება მაშინ კარგი ამბავია.
-კარგი ამბავი? რაც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა მაგაზე რას იტყვი?
-რატომ მანდ არ ვიყავი, რამდენს ვიცინებდი შენ გამოშტერებულ სახეზე.
-მართლა გამომაშტერა, ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-ემზარს არ უთხრათ ახანჯლავს.
- დედამ აივნიდან დაგვინახა, კი ვთხოვე, მაგრამ შეიძლება მაინც უთხრას.
-რას აპირებ?
-ჯერ ვერ ვაზროვნებ, ყველანაირად ვეცდები მამამ არ გაიგოს.

##############
-მეგი, სასწრაფოდ მოდი ჩემთან, სახლში, -გაისმა ტელეფონში ლილის ნამტირალევი ხმა.
-ნუ ტირიხარ, დამშვიდდი, მე ახლავე წამოვალ.
-მალე მოდი, გთხოვ.
-ახლახანს გამოვედი აბაზანიდან, თმას გავიშრობ და მაშინვე შენთან გავჩნდები.
-მალე თუ არ მოხვალ იცოდე საგიჟეთში მნახავ თეთრ ხალათში ხელებ გაკრულს.
-კარგი, დაწყნარდი. თმასაც არ გავიშრობ ჩავიცმევ და მანდ ვარ, -მეგიმ საჩქაროდ ჩაიცვა, პირსახოცით ნახევრად გამშრალი თმა ჩაიწნა და სირბილით გავიდა გარეთ. რამდენიმე წუთში სირბილისაგან გულამოვარდნილი ბინის კარზე აკაკუნებდა. კარი შალვამ გაუღო, გაუხარდა მეგის დანახვა და სიხარულით შეიპატიჟა შიგნით.
-როგორ ხარ, ანგელოზო?
-მე კარგად, მშვიდობაა? რა დაემართა ლილის? რომ დამირეკა ტიროდა.
-ნუ გეშინია, ხომ იცი ყველაფრის გაზვიადება უყვარს.
-მე კიდევ გული გამისკდა სანამ აქამდე მოვედი. ნახე თმის გაშრობაც ვერ მოვასწარი, გიჟივით მოვრბოდი სახლიდან.
-დაჯექი, გამოვა თვითონაც. ილიკო ბრუციანო, გამოდი სამალავიდან, ანგელოზი გესტუმრა.
-შალვა!
-რომ გამოვა მერე მიბრიალე თვალები, -სიცილით უთხრა მეგის, დივანზე მოკალათდა და მუხლებზე ,,ლეპტოპი’’ დაიდო.
-მარტო მეგია? თუ შენი რომელიმე ძმაკაციც არის?
- პერიმეტრზე ისეთი სიმშვიდეა როგორც არასდროს. გამოდი და ხის ფეხიც გამოაყოლე არ დაგრჩეს.
-რა ხის ფეხი, აღარ იტყვით? -გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ.
-მოემზადე, თქვენ წინაშეა ყოფილი კრივის დედოფალი და ახლა უკვე ფრთამოტეხილი არწივი ლილი შამათავა, -იცინოდა შალვა და თან ტაშს უკრავდა, -ჰა, შემოდი მეტკინა ხელი ტაშის დაკვრით, -ოთახში ლილი შემოვიდა, რომელსაც თვალებზე მზის მუქი სათვალე ეკეთა და პირზე ღია ცისფერი პირბადე ჰქონდა აკრული.
-რაშია საქმე? რა გჭირს, ან ასე რატომ ხარ?
-მეგი, ჯერ ფსიქოლოგიურად შეგამზადა ჩემმა დაიკომ, ხომ იცი, სიფრთხილეს თავი არ ტკივა, შემთხვევით შოკურ მდგომარეობაში არ ჩავარდე ეშინია და გიფრთხილდება, -სიცილით დაამატა შალვამ.
-გაჩუმდი! ბოროტი ხარ, საერთოდ არ გეცოდები.
-უთხარი, გელოდება ბავშვი. რას იპრანჭები, თუ გინდა მე ვეტყვი.
-კბილი გტკივა და ყბა დაგისივდა? ნუ ნერვიულობ არ დაგცინებ, ბავშვობაში მეც დამემართა, მერე ექიმთან წამიყვანეს და მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავი.
-ეგ რომ ყოფილიყო რაღა უჭირდა? - გადაბჟირდა შალვა სიცილით.
-გაჩუმდი და წადი შენ ძმაკაცებთან, -ტირილი დაიწყო ლილიმ და სკამზე დაჯდა. ჯერ სათვალე მოიხსნა თვალებიდან, მერე პირბადე მოიცილა და ცრემლები მოიწმინდა. ახლა უკვე კარგად გამოჩნდა ლილის ნახევრად მოჭუტული თვალი და მარჯვენა მხარეს ქვემოთ დაბრეცილი ორივე ტუჩის კუთხე.
-ეს რა არის? -გული დაეწვა მეგის, მეგობარი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა. შალვა კი სიცილს ვერ იკავებდა და უფრო ხმამაღლა აგრძელებდა.
-დილით რომ გავიღვიძე ასე ვიყავი. მერე ექიმთან წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ სამწვერა ნერვის ანთება მაქვს.
-ეგ რაღაა, ან რამ გამოიწვია? პირველად მესმის.
-გაციების გამოა. სპორტდარბაზიდან უქუდოდ რომ გამოვრბოდი ოფლიანი, ამიტომ დამემართა. ბევრჯერ გახურებულ სახეზე ცივი წყალიც შემისხია. ნერვი გამიცივდა და აი, შედეგიც.
-არ დაუჯერო დედას და უარესს ელოდე.
-შალვა, ნუ დასცინი, ვერ ხედავ, როგორი ცუდად არის?
- დედა, რომ ეუბნებოდა გაცივდები და ქუდი დაიფარეო, ეს ტუჩებს ბრეცავდა. ძალიან კარგი, ახლა იაროს კვაზიმოდოსავით. ექიმმა გასაგებად უთხრა თუ სახე და თავი თბილად არ გექნება უარესი დაგემართებაო. იმედია იმის ნათქვამს მაინც მოუსმინა, რომ თავს მიხედოს და ახლა მაინც იკადროს ქუდი და ყელსახვევი.
-დიდი დრო დაჭირდება მკურნალობას?
-წამლებს დალევს და გამოკეთდება ალბათ ერთ თვეში. ზაფხულშიც მოუწევს თავის დაცვა, მზის ქუდი და სათვალე უნდა ატაროს. ამან სხვებს კი არ უნდა უყუროს ისინი როგორ დადიან, საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს.
-ლილი, გეყოფა ტირილი, მთავარია, რომ ექიმთან მიხვედი და მალე კარგად გახდები.
-სარკეში რომ ვიხედები თავი მონსტრი მგონია.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, - დაქალს მოეხვია მეგი და მისი დამშვიდება სცადა.
-ეეჰ, წავალ მე ქვემოთ ბაზრობაზე, კალოშს ვიყიდი და თვალზე ასაფარებელს გამოგიჭრი. ერთ ხის ფეხსაც გამოვათლევინებ სადურგლოში და შენ და მეგის ეკიპაჟის შეკრებაღა დაგრჩებათ. მერე გადით თბილისის ზღვაზე და იმეკობრევეთ, ძვირფასი ნადავლის რა მოგახსენოთ და საცვლების კოლექციას მაინც შეაგროვებთ. მერე ქობულეთში წახვალთ, საქმეს ალღოს რომ აუღებთ, მერე ბათუმში და იქნებ საქართველოს ფარგლებსაც გაცდეთ. ერთ სკივრს მე გისახსოვრებთ ოქრო - ვერცხლისთვის, მერე რომ არ თქვას ჩემმა ძვირფასმა დაიკომ ძმას არაფერი გაუკეთებია ჩემთვისო. ჯანდაბას სიღარიბეს წიხლს ვკრავ და თუთიყუშსაც გიყიდით, შემოისვამს ლილი მხარზე და მოუყვება ამბებს ბედკრულ საქართველოზე, -ბოლო ხმაზე ხარხარებდა შალვა და სულს ძლივს ითქვამდა.
-ბოროტი, კუდიანი და შხამიანი ხარ, საერთოდ არ გეცოდები?! -დაუყვირა გამწარებულმა ლილიმ.
-ძაღლი კოჭლობით არ მომკვდარა და შენ რა მოგკლავს?
-შალვა, რა გჭირს, ასე რამ გაგაბოროტა? შენი დაა ბოლოს და ბოლოს.
-წავიდე სანამ დროა, ამას ავადმყოფობაც ვერ აჩუმებს, ენას სააკაძის ხმალივით ატრიალებს. შეხედე მეგის როგორ ეცოდები, შენ რომ ყოფილიყავი გადაბჟირდებოდი სიცილით, ტყუილად კი არ ვეძახი ანგელოზს.
-ეს ანგელოზია და მე ცოცხზე შემომჯდარი ალქაჯი არა?
-თმებს რომ გაიშლი მხოლოდ მაშინ ჰგავხარ ,,ბაბაიაგას.“
-სამაგიეროდ სხვა დღეებში ან ბოღმის ბუკეტი ვარ ან მჟავე კიტრი.
-იფ, მჟავე კიტრი. ეს რა კარგი რამე გამახსენე ამ ნაბახუსევზე. ნეტავ გვაქვს სახლში თუ ვიყიდო? დილის მერე ვფიქრობ რა მინდა და თურმე კიტრის მარინადი არ მდომებია? ცოტა ადრე ვერ თქვი, გოგო? -კომპიუტერი გვერდით გადადო შალვამ და ოთახიდან გავიდა.
-ხედავ რა დღეში მაგდებს? არც კი ვეცოდები, სიცოცხლეს მიმწარებს, ხომ არის ღირსი ხმა აღარ გავცე?
-ვერ ხედავ ძალიან რომ უყვარხარ? ხუმრობს, გგონია არ ედარდები? შენც ძალიან ჯიუტი ხარ, დაიფარე ქუდი რა არის სასირცხვილო? თბილი ტანსაცმელი იმისთვის არ არსებობს, რომ ადამიანი არ გაცივდეს და კარგად იყოს?
- არ შემიძლია შეფუთული სიარული და რა ვქნა?
-სკოლაშიც ვეღარ ივლი ხომ?
-ასე როგორ ვიარო? მეც ხომ დავდიოდი უშენოდ ცუდად რომ იყავი? რამდენიმე დღეში გამოვკეთდები და მერე შეფუთული ვივლი, სხვა რა გზაა. სკოლის გაცდენა არც მე მინდა, მაგრამ სიტუაცია ასე მოითხოვს.

##############
ცას ბინდი შეჰპარვოდა, მეგი კი ლილის დავალებით ფეიხოას წვენს სად აღარ ეძებდა, მაგრამ არცერთ ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში არ ჰქონდათ. სიარულით ძალიან, რომ დაიღალა დაურეკა და შეწუხებული ხმით ამცნო არსებული სიტუაცია.
-გადადი ცენტრალურში, დაშავდება რამე? -გაისმა ლილის ხმამაღალი ყვირილი.
-შორია.
-სულ რაღაც ასი მეტრი კიდევ უნდა გაიარო.
-უკვე ხუთგან ვიყავი და არ ჰქონდათ, იქაც რომ არ იყოს? გიყიდი სხვა ხილის წვენს და იმას მოგიტან დამტყდა ფეხები ამდენი სიარულით.
-როგორ დამღალე შენი წუწუნით, ღმერთმა ფეხები რისთვის მოგცა? რამდენიმე მეტრი კიდევ რომ გაიარო არაფერი მოგივა. წავედი მივხედო, მგონი დამეწვა ყვავილოვანი კომბოსტო და სულ შენი ბრალი იქნება, რამდენს მალაპარაკებ, რა ამბავია? -მობილური ტელეფონი გათიშა და ზედმეტად დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო ჩანგლით გადააბრუნა.
-უფ, უფ, ვაი დედიკონა, ხელი დავიწვი. აიღე ხის კოვზი წინ არ გიდევს? მაგრამ აბდაუბდა რომ დაიბადები, განა სხვა რამეა, -საკუთარ თავზე აბუზღუნდა ლილი. მეგი ცენტრალურ გზაზე მდებარე სუპერმარკეტისკენ წავიდა, წვენების სექციაში ზუსტად ოთხი ცალი ფეიხოას წვენი იყო დარჩენილი, ორი ცალი აიღო, თანხა გადაიხადა სალაროში და ლილის სახლისკენ გზას გაუყვა.
-გიყიდე წვენი და დაისვენე, -დაურეკა, როგორც კი გარეთ გამოვიდა წვენებით ხელში.
-შენ გაიხარე დაო, როგორ მიყვარხარ.
-გეყოფა! ნუ დაიღვარე სიყვარულად, ნახევარ საათში შენთან ვიქნები, -უცებ, ტყაპა - ტყუპის ხმა შემოესმა, გაიხედა და ძლივს მოასწრო პატარა ბავშვისთვის ხელი ეტაცა, რომელიც სამანქანო გზისკენ გარბოდა.
-სად გარბიხარ? იქით არ შეიძლება, ძალიან საშიშია, -სახეზე მოეფერა ბავშვს, -მე მეგი ვარ, შენ რა გქვია?
-მე მაქსიმე, - თქვა ხმადაბლა ბავშვმა და გაიპრანჭა.
- მაქსიმე, რატომ გამორბოდი აქეთ, ვინმეს ეძებ?
-ძიას ვემალები.
-მერე სად არის შენი ძია? იცი, რომ აქეთ მანქანები დადიან და ძალიან საშიშია? თანაც ძიამ რომ ვერ გიპოვოს ძალიან ინერვიულებს. წავიდეთ და შენი ძია მოვძებნოთ, -ბავშვმა თანხმობის ნიშნად ხელი ჩაჰკიდა და გაჰყვა.
-მაქსიმე! მაქსიმე! -სუპერმარკეტიდან დიოტრეფე გამოვიდა, რომელსაც ერთი ხელი თავისი ძმისშვილი მარიამისთვის ჩაეკიდა, მეორეში კი პარკები ეჭირა.
-ძია! -დაუძახა გახარებულმა მაქსიმემ, მეგის ხელი გაუშვა და მისკენ გაიქცა. დიოტრეფე უკან შემოტრიალდა, ჩაიმუხლა და მაქსიმე ხელში აიყვანა. მერე პატარა გოგონას კარგად მოჰკიდა ხელი და გაღიმებული მეგის მიმართულებით წავიდა. მეგიმ რომ გაიაზრა, მისკენ მოდიოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა, ისე, რომ უკან არ მოუხედავს. ლილიმ კარი როგორც კი გაუღო მაშინვე შევარდა აქოშინებული და სამზარეულოში სკამზე დაჯდა.
-რა იყო, დიოტრეფე, მოგდევდა? -სიცილით მიჰყვა უკან და თვითონაც დაჯდა.
-შენ იცინე, იცინე და მართლა ვნახე.
-არ არსებობს? -სიცილს უმატა ლილიმ.
- წვენები რომ ვიყიდე და გარეთ გამოვედი მაშინვე შენ დაგირეკე, რომ გელაპარაკებოდი უცებ ფეხის ხმა შემომესმა და მოვტრიალდი, დავინახე პატარა ბავშვი გამორბოდა, მოვასწარი და ხელი ვტაცე, სანამ სამანქანო გზაზე გადაირბენდა. მერე მისი ძიას მოსაძებნად წავედით, ამ დროს სუპერმარკეტიდან დიოტრეფე გამოვიდა მაქსიმეს ძახილით, ცალ ხელში პარკები ეჭირა, მეორე ხელი კი მაქსიმეზე შედარებით დიდი გოგონასთვის მოეკიდა. ბავშვმა, რომ დაინახა მე ხელი გამიშვა და მისკენ გაიქცა, დიოტრეფემ ბავშვი ხელში აიყვანა და როგორც კი დავინახე, რომ ჩემკენ მოდიოდნენ მაშინვე გამოვიქეცი, -ლილიმ იმხელა ხმით ატეხა სიცილი ლამის სკამიდან გადავარდა.
-დღეს ვარდები გარანტირებული გაქვს, -ფეხზე წამოდგა, ორი თეფში და ორი ჩანგალი გადმოიღო, მერე ზედმეტად დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტოც დადო თეფშით მაგიდაზე და დაჯდა.
-ძლივს ისე შეგიწვია, რომ არ დაგინახშირებია, თანდათან უკეთეს შედეგს დებ. სანამ გათხოვდები რამდენიმე კერძის გაკეთებასაც ისწავლი და დედამთილიც აღარ დაგიწუნებს.
-დედამთილმა დამიწუნოს? აბა, გაბედოს და დედამთილს გადავიმტვრევ მკლავზე.
- ნუ ხარ შენ ქაჯი.
- რა მაქვს მე დასაწუნი, ერთი შემომხედე, ამხელა კრივის დედოფალი ქალი ვარ და თუ გავბრაზდი ზვავი ვარ, -სიცილით შეკრა მუშტი, მკლავი მოკეცა და ხელზე არსებული კუნთები დაანახა, - ეგ კი არა და ხომ იცი რისთვის დაგიბარე, ის უჯრა უნდა გავხსნათ შალვა საგულდაგულოდ რომ კეტავს, მაინტერესებს ისეთი რა აქვს იქ დამალული, რომ არ უნდა მე ვიცოდე.
-რომ მოგვატანოს, მერე, რა ვქნათ?
-მოგვატანს და რამეს მოვიფიქრებ, ისე კი არამგონია ჯერ მოვიდეს, ვიღაცამ დაურეკა და გავარდა დიდის ამბით, - ჭამა რომ დაამთავრეს ქურდებივით შეიპარნენ შალვას ოთახში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძლივს იპოვეს გასაღები და როგორც იქნა ჩაკეტილი უჯრაც გახსნეს. უჯრაში ოთხი თეთრი კონვერტი იდო რომლებსაც რიცხვები ეწერა. სათითაოდ გახსნეს, თითოეული წერილებით იყო სავსე. როგორც აღმოჩნდა ვიღაც მარი შალვას სიყვარულს უხსნიდა. მისალოცი ბარათებიც ეწყო უჯრაში, იქ მხოლოდ დღესასწაულების მილოცვები იყო. კუთხეში საკმაო რაოდენობის დაკუჭული ფურცლები ეწყო სადაც სასიყვარულო ლექსები ეწერა. ლექსების ქვეშ წითელი ფურცლებისგან გამოჭრილი გულები იპოვეს, სადაც გრძნობების ზღვა იყო დატეული. მეგის ცრემლები წამოუვიდა როდესაც ერთ -ერთ წითელი ქაღალდის გული ხელში აიღო.
-რა წერია მანდ მაჩვენე? ,,-მინდა, ყოველი შენი დილა ჩემით იწყებოდეს.“ -მოგიკვდი შალვა შენ, თურმე როგორ იტანჯები. ადრე მეგონა, რომ გული საერთოდ არ მქონდა ახლა კი სადაცაა ძროხასავით ავბღავლდები, -ყველაფერი უჯრაში დააბრუნა ლილიმ და ჩაკეტა.
-ნეტავ რა ბედი ეწია იმ გოგოს? ლილი, იქნებ ის...
-არა, არ მოკვდებოდა! ჩემ ძმას ღმერთი ასეთი სატანჯველისთვის არ გაიმეტებდა, -თვალებზე ცრემლები მოადგა ლილის.
-ვინ იცის, როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შეიძლება ის გოგო გაათხოვეს მშობლებმა.
-არ ვიცი მეგი, არ ვიცი.
-ვიღაც მოვიდა, -შეშინებულმა დაიჩურჩულა მეგიმ.
-ჩქარა გავიდეთ ოთახიდან, -კარები გამოაღეს თუ არა შალვას შეეფეთნენ.
-რა გინდათ ჩემ ოთახში? -შუბლი შეკრა შალვამ.
-წიგნს ვეძებდი და მეგი მეხმარებოდა.
-წიგნების მეტი რა გაქვს, საძინებელი ოთახი კი არა ერთი დიდი ბიბლიოთეკაა. მაინც რომელ წიგნს ეძებდი? -ეჭვნარევი მზერა გაუხდა შალვას.
-რომელს და ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისს“ -რაც ენაზე მოადგა პირველი ის წამოიყვირა ლილიმ.
-დარწმუნებული ხარ, რომ ეგ წიგნი გინდოდა?
-რა იყო, არ შეიძლება მეც წავიკითხო სიყვარულზე წიგნები?
-გოგოს, რომელსაც სიყვარულზე დაწერილი წიგნების დანახვა არ უნდა სასიყვარულო სამკუთხედით დაინტერესდა?
-რაღაც გვაინტერესებს და უნდა ვნახოთ.
-ჩემს ოთახში ძებნას ჯობდა შენთან მოგეძებნა, როგორც მახსოვს წითელყდიანი წიგნის გვერდით იდო.
-მართლა? რა კარგი ხარ, -სიხარულით წამოიძახა ლილიმ, - წამოდი მეგი, ჩემ ოთახში ყოფილა და მოვძებნოთ, -ხელი სტაცა დაქალს და სირბილით შეიყვანა ოთახში. როგორც კი კარები დაკეტა ძლივს ამოისუნთქა, -დავიწვით.
-მიხვდა?
-რას ვერ მიხვდებოდა პატარა ბავშვი კი არ არის. ჯერ ჩვენ შეშინებულ სახეებს რომ დაინახავდა იმით მიხვდებოდა. რადგან დავუმალეთ თვითონაც აღარ ჩაგვაცივდა, მაგას რამეს გამოაპარებ?
-ხომ არ გეჩხუბება?
-არამგონია, თვითონაც ხომ იცნობ.
-ძალიან შემრცხვა.
-ნეტავ შენ მაგის მეტი სადარდებელი არ მოგცა ღმერთმა. მაშინ გვექნებოდა სანერვიულო წერილებით ხელში რომ ვენახეთ.
-მაშინ მე წავალ სახლში და რომ მივალ დაგირეკავ.
-ყოფილიყავი ცოტა ხნით კიდევ. ააა, გამახსენდა ვარდებს ელოდები ქალბატონო და გეჩქარება? წადი, წადი, ვარდებმა ფეხები არ აიდგან და ელზასთან არ შევიდნენ შეცდომით, -სიცილით დაემშვიდობა და გასასვლელამდე მიაცილა დაქალი. სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მეგიმ ვარდები მართლა მიიღო, დიოტრეფე მადლობას უხდიდა, რომ მისი ძმისშვილი უყურადღებოდ არ მიატოვა შუა ქუჩაში.

##############
ღრუბლიანი ამინდი იყო, მეგიმ ფანჯრიდან რომ გაიხედა ცრიდა, თითქოს სადღაც შორს მზის სხივიც მოჩანდა, იფიქრა დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს სანამ გაკვეთილები დაგვიმთავრდებაო და ქოლგა სახლში დატოვა. მისგან განსხვავებით ლილი ქოლგას საერთოდ ვერ იტანდა, ყოველთვის კაპიუშონიან ტყავის კურტკას იცვამდა ცუდ ამინდში და თუ ძალიან გაუჭირდებოდა მეგის ქოლგას აფარებდა თავს. შუადღით უკვე დიდი დასვენების პერიოდი იყო წვიმა რომ გაძლიერდა, ცოტა ხანში გადაიღო და აქა - იქ ისროდა მსხვილ წვეთებს. გაკვეთილები რომ დამთავრდა სკოლის ეზოდან ნაჩქარევად გამოვიდნენ და სანამ სახლის გზას დაადგებოდნენ ლილიმ საღეჭი რეზინის საყიდლად პატარა მარკეტში გადაირბინა, მეგიმ კი იქვე მდგარი ხის ქვეშ შეაფარა თავი და ჟაკეტის სახელოები დაიგრძელა, რომ სიცივეს არ შეეღწია შეციებულ სხეულში. ტალახისგან გაწუწულ ფეხსაცმელებს დაჰყურებდა, უცებ მაღალი სხეული რომ აღიმართა მის წინ და თავის აწევა ვერც კი მოასწრო, ისე მიაჩეჩა დიოტრეფემ ხელში გაშლილი ქოლგა.
-დიდი ხანია რაც ავად არ გამხდარხარ? ხმაზე ეტყობოდა ცოტა გაბრაზებული რომ იყო, მაგრამ ღიმილით ფარავდა, -იცოდე მეორედ ასეთ ამინდში უქოლგოდ არ გნახო, -სიცილით უთხრა და გაბრუნდა, მოშორებით მდგარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მეგი გაკვირვებული უყურებდა მანქანას მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა. მარკეტიდან გამოსული ლილი გვერდით ამოუდგა საღეჭი რეზინის ღეჭვით და თვითონაც იმ მხარეს გაიხედა საითაც მეგი იყურებოდა.
-რა ხდება? მიცვალებულს მიასვენებდნენ და გასაცემიდან შავი ქოლგა გიწყალობეს?
-ამ ბიჭს ვერაფერი ვერ გავუგე, -გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა, - ჯერ იყო და არ მელაპარაკებოდა, მერე მოულოდნელად სახლში მიმავალს მტაცა ხელი და ჩამეხუტა, ახლა კიდევ ეს ქოლგა მომაჩეჩა ხელში და მითხრა ასეთ ამინდში მეორედ უქოლგოდ არ გნახოო.
-ვაა, რა პოტენციური სასიძო მყავს? ვენაცვალე, ეგ ყოფილა კაცური კაცი, უყვარს გოგო და უფრთხილდება. ზოგიერთებს კი არ ჰგავს სოციალურ ქსელებში ვენებს რომ იჭრიან სიყვარულის გამო და რეალურად მშიშარა კურდღლები არიან. წამოდი, წავიდეთ სანამ თბილი ქურქით მოგვდგომია შენი ფრთიანი.

##############
-დიო, ქვეწარმავალმა საეჭვოდ მოუხშირა ერთ კორპუსთან სიარულს და არ მომწონს.
-ახლაც იქ არის?
-თითქმის ყოველ დღე, შორიახლო დასეირნობს თავის ლეკვებთან ერთად. ძალიან ახლოსაც არ მიდის, მგონი რაღაცას აპირებს. ამას წინათაც რომ დაინახა ვითომ სასხვათაშორისოდ წაუსტვინა. ბიჭებთან დაუტრაბახია ლაწირაკებთან საქმეს არ ვიჭერ, მაგრამ გამონაკლისები დასაშვებიაო.
-მაგას ვანახებ გამონაკლისებს, ეტყობა დაავიწყდა ორივე ხელი მოტეხილი რომ ჰქონდა. თუ არ გაჩერდება ამჯერად სამუდამოდ დაკარგავს ხელებს. ერთ კვირაში საატესტატო გამოცდები ეწყება, ვნერვიულობ, ნეტავ რას იზამს?
-მოგცლია რა? ჩააბარებს, ხომ იცი ჭკუის კოლოფია.
-ნერვიულობამ ყველაფრის დავიწყება იცის. არ გახსოვს მე რა დამემართა? სიმწრით ნასწავლი ბილეთებიდან პასუხი ვერცერთს ვერ გავეცი, არადა ყველაფერი კარგად ვიცოდი და მაინცდამაინც გამოცდის დღეს დამემართა სკლეროზი, ვერაფერი რომ ვერ გავიხსენე.
-რა გინდა ბედი გქონია, ლუარამ გადაგარჩინა.
-საწყალი ლუარა მასწავლებელი მართლა გულკეთილი ქალი იყო, რაც იმან დირექტორს ეხვეწა, რომ მეორე დღეს დამეწერა საგამოცდო ბილეთები. მასაც ჩემსავით რომ დაემართოს?
-არ დაემართება! ყველა შენნაირი ჩერჩეტი კი არ არის.
-რა ვიცი ბიჭო, რომ მხედავს ხან ისე ფითრდება თავი სისხლისმსმელი მგონია.
-იქნებ ხარ კიდეც მის თვალში, შენ ხომ არ იცი?
- თაზო, ნუ დამგრუზე თუ ძმა ხარ, ღამით რომ ვერ დავიძინო შენი ბრალი იქნება.
-რა დროს უძილობაა ხვალ ადრიანად საწვრთნელ ბაზაზე მივდივართ, კარგად უნდა გამოვიძინოთ, დიდი ამბები გველის.
-ჰოო, ეგ სულ დამავიწყდა, ხვალამდე ძმა.

##############
საატესტატო გამოცდებმა მშვიდობით ჩაიარა. არცერთი დამამთავრებელი არ ჩაჭრილა, სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი გაბადრული სახეებით ულოცავდნენ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დამთავრებას. ნერვიულობა უკან მოიტოვეს და ბანკეტმაც ჩვეული ფორმით ჩაიარა. გოგონები და ბიჭები საზეიმოდ გამოწყობილები, ხმამაღალი მუსიკა, ბევრი სასმელი, ბევრი სიცილი, უამრავი სამახსოვრო ფოტო და დაუვიწყარი ემოციები, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრება.
-ლილი, დავინახე, აქ იყო, -მეგი, მოცეკვავე დაქალს მიეჭრა და გვერდით გაათრია.
-კარგია, რომ დაინახე, მაგრამ მერა შუაში ვარ, რას გამომათრიე? ხომ იცი, რომ ეს სიმღერა ყველაზე მეტად მიყვარს?
-რა დროს სიმღერაა, ჩემგან დაახლოვებით ორმოცდაათ მეტრში იდგა და მიყურებდა.
-ვინ გოგო?
-დიოტრეფე.
-არ არსებობს!
-რას ჰქვია არ არსებობს? როგორც შენ გიყურებ და გხედავ, ზუსტად ისე ვხედავდი მასაც.
-ბევრი არ უნდა დაგელია, ხომ ხედავ სასმელს ვერ იტან.
-მე და ტატო ვიდექით, გიორგიმ შამპანიური მოგვიტანა ჭიქებით, რომ გამოვართვი გვერდით გავიხედე და ის იდგა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და მიყურებდა, -ნერვიულობისგან ძლივს ლაპარაკობდა მეგი.
-დიოტრეფე და ჩემი ძმა სამხედრო ბაზაზე არიან წასულები და ზეგ დილამდე იქ იქნებიან. გამორიცხულია ამ წუთას ის აქ ყოფილიყო, ძალიანაც რომ ნდომოდა უფროსობა არ გამოუშვებდა. სამხედრო სამსახურია ბოლოს და ბოლოს, ნინიას ბაღი კი არაა ყველამ თავის ნება - სურვილზე იაროს, არავინ არ აპატიებს ურჩობას.
-არ ვიცი, ძალიან რეალური ჩანდა.
-შენ უკვე ისე ხარ დაპროგრამებული ყველგან დიოტრეფე გელანდება. ქუჩაში თვალებდაჭყეტილი და დაძაბული დადიხარ, არ შეიძლება ასეთი რამე. დაწყნარდი და გაერთე, დღეს ჩვენი კლასის ბანკეტია, ვინ იცის რამდენი წლის მერე შევძლებთ კიდევ შეკრებას, ან შევძლებთ კი? წამოდი ვიცეკვოთ, ეს ჭიქა დადგი ლოთი კაცივით რომ მიგიხუტებია გულზე. მთვრალმა შეიძლება ისიც თქვა მოვიდა და ცეკვა მთხოვაო.
-რას ამბობ ლილი, -შეშინებულმა წამოიყვირა, ჭიქა იქვე დადგა და დაძაბულმა მოათვალიერა გარემო, -მგონი მართლა ბევრი დავლიე.
- დღეს მაინც დაივიწყე ის შენი ფრთიანი ანგელოზი, სულ პირზე რომ გაკერია მისი სახელი და ვიცეკვოთ. დათუაშვილო, ქვაბიდან გადმოვარდნილი მაკარონივით რომ იკლაკნები სხვანაირად არ შეგიძლია ცეკვა? რისთვის გადაყარა მამაშენმა ფული და რისთვის დაგამთავრებინა ოთხწლედი, რომ მაინც ასე უხეიროდ გეცეკვა? ერთი დენდარტყმული კაცი მაინც განასახიერე ნორმალურად, რა უბედურებაა, ცეკვის სურვილს მიკარგავ.

###############
-სდექ! უმცროსო სერჟანტო ნაცვლიშვილო შინაგანაწესს არ დაემორჩილე და ბაზის ტერიტორია დატოვე?! -ზურგს უკან გაგონილი მკაცრი ხმის გამო დიოტრეფე ადგილზე გაშეშდა და შემობრუნდა.
-გენერალ - მაიორო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
-მაინც რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდე?!
-ძალიან მნიშვნელოვანი.
-აჰა, ესე იგი, მეტად მნიშვნელოვანი საქმე გქონდა? გასაგებია. წესით ახლა უნდა გეძინოს, შენ კიდევ ღმერთმა იცის სად გაძვერი. კარგად იცი მსგავსი ქმედება ჯარისკაცის მხრიდან როგორ სასჯელსაც იმსახურებს, თუ ჯერ კიდევ არ იცი?
-გენერალ - მაიორო, მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის.
-ნებისმიერი? დარწმუნებული ხარ უმცროსო სერჟანტო ნაცვლიშვილო?!
-სავსებით, გენერალ - მაიორო.
-შე ღლაპო, ბედი შენი, რომ ჩემ ხელში ხარ გაზრდილი და ძალიან მიყვარხარ. ასე რომ არ იყოს, ისეთ დღეში ჩაგაგდებდი, იქნება ნანას ერთი კვირა დამბალი პურის მეტი ვერაფერი ეჭმია შენთვის, -კაცმა სიცილი დაიწყო და ხმაც დაურბილდა.
-გპირდებით, ასეთი დარღვევა პირველი და უკანასკნელი იქნება ჩემი მხრიდან.
-ნახე მაინც?
-ვინ, გენერალ - მაიორო?
-ბიჭო, შენ მე ვიღაც გადაყრუებული ბებრუხანა ხომ არ გგონივარ? ვის გამოც გაიპარე ის, ნახე თქო?
-ვნახე.
-მერე გაუხარდა?
-არ ვიცი, არ დავლაპარაკებივარ.
-კაცი ავღანეთში გაგიშვი და ტერორისტების არ შეგშინებია და ერთმა სიფრიფანა გოგომ ასე როგორ შეგაშინა?!
-არ შევუშინებივარ, უბრალოდ დალაპარაკების საჭიროება არ იყო.
-ეჰ, რას გაგიგებთ კაცი ამ ახლგაზრდებს, ტვინი ყველას უკუღმა გიმუშავებთ. სადაცაა გათენდება, წადი და სანამ სხვებიც არ ადგებიან თვალით არ დამენახო.
-დიდი მადლობა, გენერალ - მაიორო.
-არაფრის, უმცროსო სერჟანტო ნაცვლიშვილო, -კაცმა ღიმილით გააყოლა თვალი ჩქარი ნაბიჯით მიმავალ დიოტრეფეს.

##############
-დედა, მომეცი სოფლის სახლის გასაღები, გთხოვ! -უკვე მთელი საათია ოთახიდან ოთახში პატარა ბიჭივით უკან დაჰყვებოდა დედას, რომელიც ჯიუტად ერთსა და იმავეს უმეორებდა.
-დიოტრეფე, არა! მერამდენედ უნდა გაგიმეორო?! იქნებ ყურის ექიმთან წაგიყვანო, რომ კარგად გამოგირეცხოს და მერე მაინც გაიგო რას გეუბნები?!
-ნანა, ძალიან არასწორად მექცევი იცოდე!
-კიდევ მე გექცევი არასწორად?! ამხელა ბიჭს რა გოგოს მოტაცება აგიტყდა, სულ გააფრინე? მიდი დალოცვილო ოჯახში და პატიოსნად ითხოვე ხელი. რა ღორობაა ერთი ციდა გოგოს ველურივით მოტაცება. ვინ იტაცებს ჩვენ დროში ქალს? -დაიყვირა წყობიდან გამოსულმა ქალმა, -ჩემ დროს მოტაცება დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ახლანდელ დროში? მამაშენსაც მე გადავაფიქრებინე, არა და გადაწყვეტილი ჰქონდა. ძალიან მიყვარდა, მაგრამ ასე ველურივით რომ მოქცეულიყო მამის სულს ვფიცავარ ერთი წუთი არ გავჩერდებოდი ამ სახლში.
-ნანა, კარგად იცი, რომ მეც მინდოდა პატიოსნად მეთხოვა მისი ხელი, მაგრამ მაინცდამაინც იმ გოგოს დაადგა ქსანთემ თვალი რომელზეც მე ვაფრენ. მაგას ეტყობა ჰარამხანის გახსნა აქვს გადაწყვეტილი. თაყვანისმცემლების არმია რომ ჰყავს, იმათ მიხედოს ურჩევნია, ჩემსას რას მიადგა? სხვა გზა არ მრჩება დედა, უნდა დავასწრო და მოვიტაცო, რამე რომ დაუშავოს მეგის არც ქსანთეს ვაცოცხლებ და არც თავს არ ვიცოცხლებ.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, რას ჰქვია თავს არ იცოცხლებ?
-ნანა, გეყოფა სიჯიუტე და მომეცი გასაღები.
-მერამდენედ უნდა გითხრა, რომ ნანას ნუ მეძახი, ვერ გავიგე დედაშენი ვარ თუ მეზობლის ქალი?
-ნუ გამომიყვან მდგომარეობიდან და არ მოგმართავ სახელით.
-დაჯექი და ნორმალურად მოვიფიქროთ, იქნებ სხვა გამოსავალიც არსებობს? -ქალმა ხმას დაუწია და შვილს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
-ნეტავ არსებობდეს, მაგრამ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მეგის წაყვანაა სადმე მოშორებით, სადაც ქსანთე ვერ მოგვწვდება.
-უყვარს მეგი?
-უყვარს კი არა ჩემი გამწარება უნდა. მაშინ ადამიანურად ავუხსენი, რომ მეგი მე მომწონდა და არ გაჰკარებოდა, მან კიდევ გინება და მუქარა დაიწყო. მაგ გოგოს არ შეგარჩენ და მაინც ცოლად მოვიყვანო, ამიტომაც მოემტვრა ხელები და თუ არ გაჩერდება მამამისის გზას გავუყენებ და მერე სამუდამოდ დაწყნარდება. ქუჩაში ბიჭებთან დაუტრაბახია, ორში ცოლი მომყავს და მოემზადეთო. იცი რა დღეა დედა ორი? მეგი თვრამეტი წლის ხდება. ქსანთემ სპეციალურად თქვა, რომ ჩემ ყურამდე მოსულიყო.
-დავუშვათ დაასწარი და მოიტაცე, მერე რა იქნება? მისი მშობლები რომ გაიგებენ გგონია მადლობას გადაგიხდიან? მაშინვე პატრულს გამოიძახებენ და შენ წინააღმდეგ საქმე მოტაცების კი არა გატაცების მუხლით აღიძვრება. სამსახურს რაღას უშვრები, გიფიქრია ამაზე?
-ავუხსნი გენერალს ყველაფერს და გაიგებს, შენ ზაქროს ნუ ეხუმრები, სახელი კი აქვს გენერლის, მაგრამ არც ისეთი უგულოა, რომ ადამიანურად ვერ გამიგოს და მხარში არ ამომიდგეს.
-მეშინია შვილო, რამე შარში არ გაჰყო თავი და სამუდამოდ უბედური დედა არ გამხადო.
-ნუ გეშინია, რამეს ვიზამთ, მარტო კი არ ვარ ბიჭებიც ჩემ გვერდით არიან. ახლა ყველაზე მეტად შენი თანადგომა მჭირდება, თუ შენ ზურგი მაქციე სხვას რა მოვთხოვო? გგონია მე არ ვნერვიულობ? ორ ივლისს იწყება ეროვნული გამოცდები, არ ვიცი რაზე აბარებს, მაგრამ საერთოდ რომ ვერ წავა და მთლიანი წელი გაუცდება, არც კი ვიცი საერთოდ თუ მაპატიებს. იქნებ სამუდამოდ შემიზიზღოს კიდეც. მთავარია მეგი ქსანთეს ხელში არ ჩავარდეს და ყველაფერს ავიტან. ჩემ თავში ქაოსია, საშინელება ხდება, დედა ჭკუიდან გადავალ ეს საქმე თუ ჩაფლავდა, -დიოტრეფე ნანას წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩაუდო, -დედა, წლებია ვაკვირდები და ვხედავ, რომ ჩემ ცხოვრებაში არასდროს არაფერი ხდება ადვილად, საერთოდ არაფერი, ვფიქრობ და ვერ გამიგია რატომ.
-იქნებ, სწორედ ამის გამოა, რომ შენ დღეს ის ხარ, ვინც ხარ.
-და ვინ ვარ, დედა?
-ჩემი სიამაყე, უმცროსი სერჟანტი ნაცვლიშვილი.
-დედა, ისევ დაიწყე? რა საამაყო ეგ არის? ჩვეულებრივი წოდებაა.
-მე მეამაყება, ჩემი სამივე შვილი სამშობლოს სადარაჯოზე რომ დგანან.
-შენ და გოგია ერთ აზრზე დახვედით როგორც ჩანს.
-პაპაშენს რას ერჩი?
-იმან იცის ზუსტად ასეთი ლაპარაკი, შიშით სტუმარი ვერ შემოსულა სახლში, მაშინვე ეუბნება რომ ,,კვიცი გვარზე ხტის“ და შვილიშვილები სამხედრო სამსახურში ჰყავს.
-ეამაყებით და რა ქნას? თორნიკემ მხარი მოტეხა და ექიმობა არჩია, სამმა ვაჟკაცმა კი სამხედრო სამსახური აირჩიეთ. როგორ არ უნდა ამაყობდეს თქვენით?
-მამამ სწორი არჩევანი გააკეთა. ექიმების გარეშე სამხედრო პირი განწირულია, ასე, რომ საწუწუნო არაფერი გაქვთ.
-ადექი ფეხები გეტკინება, წამოწექი და დაისვენე, მე უნდა გავიდე ბევრი საქმეა სახლში. დედას ერთადერთო, როგორ უყვარხარ დედას შენ ხომ არ იცი? - კისერში გემრიელად აკოცა ნანამ და წამოდგა.
-რატომ ვარ ერთადერთი? გოგა და ჯაბა კარენას აჩუქე?
-ნანას რამდენი დიოტრეფე ჰყავს?
-ერთი.
-მერე? ერთადერთი არ ხარ ჩემთვის? ისინიც ჩემი ერთადერთები არიან. შენ, სხვაზე გაბრაზებული ოჯახის წევრებზე ნუ ცდილობ ჯავრის ამოყრას, -მოჩვენებითად გაუბრაზდა ქალი და ოთახიდან გავიდა. დედის გასვლის შემდეგ დიოტრეფეს თითქმის მთელი დღე ეძინა, საღამოს გვიან გაიღვიძა, ჯერ კიდევ კარგად არ იყო გამოფხიზლებული, ნანა რომ შემოვიდა და საწოლზე ჩამოუჯდა.
-აი, გამომართვი, სოფლის სახლის გასაღებია, თუ გინდა მეც წამოვალ და დავალაგებ, გასულ წელს რაც ვიყავით მე და მამაშენი მას შემდეგ არ ვყოფილვართ, ყველაფერი მტვრიანი იქნება და ობობის ქსელებით სავსე.
-მარიამი მომყვება და ის მომეხმარება სახლის მოწესრიგებში.
-ოხ, ეგ მელა. ესე იგი, მანაც ყველაფერი იცის?
-იცის რომელია, ხომ იცი ვერაფერს დავუმალავ.
-იქნებ გასაღები არ მომეცა, სხვა გეგმა გქონდათ?
-დედა, შენ სულ ასე იცი, ჯერ უარზე ხარ და გვეჩხუბები, გვსაყვედურობ, მერე კი მაინც ჩვენ მხარეს იჭერ.
-ამის შემდეგ ასე აღარ ვიზამ და მაგასაც ვნახავ როგორ დამითანხმებთ და როგორ მატარებთ თქვენ ჭკუაზე.
-დედა, ამდენი წელია სულ მხარს გვიმაგრებ და ახლა გახდები გულცივი? არ მჯერა! წამოდი მაჭამე რამე და ბიჭებთან უნდა გავიქცე, ნახე რამდენი ნარეკია ტელეფონში, -მობილური ტელეფონის ეკრანი მოატრიალა და უპასუხოდ დარჩენილი ზარები დაანახა. ის - ის იყო დიოტრეფე წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ ნანამ მაჯაში ხელი სტაცა და მზერა გაუმკაცრდა.
-დამპირდი, რომ იმ გოგოს არაფერს დაუშავებ.
-დედა, რას ამბობ, არ მიცნობდე მაინც! -გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს.
-დამპირდი, დიოტრეფე!
-რა დაგემართა ნანა?!
-დედა მოგიკვდეს, თუ შენ ეს პირობა გატეხო.
-ნანა! -დაიღრიალა დიოტრეფემ და ხელი მთელი ძალით გამოჰგლიჯა.
-წავიდეთ, საჭმელი ვჭამოთ.
-აღარ მშია, ბიჭებთან ერთად შევჭამ რამეს, -მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და სახლიდან გიჟივით გავარდა.
-წარმოგიდგენიათ? საკუთარ დედას ეჭვიც კი შეეპარა იმაში, რომ შეიძლება მე მეგის რამე დავუშავო, -ვერ წყნარდებოდა დიოტრეფე.
-დაწყნარდი, ნუ აიშლი ხოლმე ოფოფებს, ნანამ უბრალოდ გაგაფრთხილა. დედაა და აბა, არ უნდა გაეფრთხილებინე?
-თაზო, იცი რა თვალებით მიყურებდა? თავი უკანასკნელი არამზადა მეგონა.
-ნუ აზვიადებ!
-არაფერს არ ვაზვიადებ. ძალიან მეწყინა, არ მეგონა დედაჩემს თუ ჩემში ეჭვი ეპარებოდა.
-ეჭვი არ შეჰპარვია, გაგაფრთხილა, რატომ არ გესმის? ის, ვალდებულია მიგითითოს, რომ შეცდომა არ დაუშვა.
-საწყენია აქამდე რომ ვერ გამიცანით.
-ძმურად, მოეშვი მაგ ბუტიაობას რა?

###############
საწოლზე რამდენიმე წიგნი გადაშლილი იდო, მეგის რვეული ჰქონდა მომარჯვებული და შენიშვნებს იწერდა, მოულოდნელად ტელეფონი აწრიპინდა, მანაც წიგნებს თავი დაანება და შეტყობინება გახსნა.
,,ქუჩაში გელოდები, მალე ჩამოდი, არ დააგვიანო. დიოტრეფე.“
- ახლა გული გამისკდება, -ანერვიულებულმა ძლივს აკრიფა ლილის ნომერი და შეშინებულმა ჩაჰყვირა, -მიშველე რამე, იცოდე მოვკვდები.
-ერთი სათის წინ ვიყავი მანდ და არაფერი გეტყობოდა, ახლა რა გეტაკა?
-მომწერა, გესმის? დაბლა მელოდება. ლილი მუხლები მიკანკალებს და გული ამოვარდნაზე მაქვს. როგორ მოვიქცე ჩავიდე თუ არ ჩავიდე ვერ გადამიწყვეტია. რა უნდა ვუთხრა რომ ვნახავ? აქ მაინც დარჩენილიყავი, ხომ გთხოვე.
-არა აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა, ჩადი, ნუ ალოდინებ და მერე მომიყევი რა მოხდება.
-თუ იქამდე ნერვიულობისაგან საიქიოს არ ვესტუმრე კი მოგიყვები ყველაფერს, -სიცილით უთხრა, მერე რამდენიმე წუთი შეშფოთებულმა უყურა საკუთარ გამოსახულებას სარკეში და გულაფრიალებულმა გაიხურა სახლის კარები. ფეხები უკან ჰრჩებოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა. ქუჩაში რომ გავიდა გარშემო არავინ ჩანდა, მეზობლების და მათი შვილების გარდა, რომლებიც ბურთით ხელში დარბოდნენ და მტვრიან ხელებს მაისურზე იწმენდდნენ.
-ჩემო მშვენიერებავ, ასე მალე არ გელოდი. როგორი მოწესრიგებული გოგო ყოფილხარ, დროის ფასიც გცოდნია.
-დიოტრეფე... -წამებში გაიაზრა რაც მოხდა. ის შეტყობინება, შენ მომწერე?
-რა მიხვედრილი მყავხარ, ჩემო პატარა, -გაუღიმა ქსანთემ.
-უნდა წავიდე ბევრი სამეცადინო მაქვს და არ მცალია.
-სამეცადინო მოიცდის, -ქსანთე ხელში წვდა მეგის, სითხით დასველებული ნაჭერი ცხვირ - პირზე ააფარა და გათიშული გოგონა ახლად გაჩერებულ მანქანაში სწრაფად მოათავსა. უბნის ჭორიკანა მეზობელმა რომ დაინახა რაც მოხდა მთელი ხმით დაიწყო მოთქმა და კივილი, ქსანთემ მეგი მოიტაცაო და წუთიც არ იყო გასული მთელი სამეზობლო რომ გამოიშალა გარეთ. სასწრაფო და პატრული ერთდოულად მოვიდნენ. გულწასულ მაიას მოსულიერებისთანავე ისე გული მისდიოდა, შეშინებულმა და დაბნეულმა ტყუპებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ. გამწარებული ემზარი კი პატრულს რაღაცას მთელი მონდომებით უხსნიდა.
-დიო, მეგი მოიტაცეს! -ტელეფონში გაისმა გიორგის ყვირილი.
-ვინ გეგი მოიტაცეს? ღამის ორი საათია, ახლა დარეკვის დროა? დამაძინეთ!
-ბიჭო გეგი კი არა მეგი! შენი მეგი მოიტაცა ქსანთემ, არ გესმის?!
-რაა გიო? ახლავე მოვდივარ, არ გაგექცეთ იცოდე, ფუ მაგის...
-ქალაქიდან გადის, უკან მივდევთ, მგონი შეიარაღებულები არიან.
-ავტობანზე არ გაუშვათ, გააჩერეთ, მეც ახლავე მანდ გავჩნდები, -საწოლიდან თითქმის წამოფრინდა, გზა და გზა იცმევდა ტანსაცმელს, კიბეებზე როგორ ჩავიდა არ ახსოვს, გიჟივით ეცა მანქანას და ავტომობილის ბორბლების გამაყრუებელმა ჭრიალმა ღამის სიმყუდროვე გააქრო.
სამანქანო გზაზე მიმავალი ნაცრისფერი ფერის ,,ბეემვეს’’ უკან ორი ავტომობილი მიჰყვებოდა და წამის გამოშვებით ფარების ანთება - ჩაქრობით მიანიშნებდა, რომ ავტომობილი გზიდან გადაეყვანა და გაეჩერებია, მაგრამ მძღოლი თითქოს ვერ ამჩნევდა. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ ერთ - ერთი ავტომობილი გაჭირვებით გაიჭრა წინ, ნაცრისფერი ,,ბეემვე“ შუაში მოიქციეს და იარაღის მუქარით სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. რამდენიმე წამში ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის ხმები გაისმა, ამას მოჰყვა ყვირილის და გინების ხმებიც. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი დალაგდა, ნაცემი მძღოლი და კიდევ ოთხი ბიჭი ნაცრისფერ ,,ბეემვე“-ში ჩასხდნენ და მანქანა ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. დიოტრეფე ადგილზე რომ მივიდა ყველაფერი დამთავრებული იყო. არსად ჩანდა ნაცრისფერი ,,ბეემვე.“ მხოლოდ ლურჯი ,,მაზდა“ და ფორთოხლისფერი „მერსედესი“ იდგნენ ერთმანეთის საპირისპიროდ.
-ქსანთე სად არის, გაგექცათ?!- თვალებში ცეცხლი უელავდა დიოტრეფეს.
-არა, გავუშვით, პატრულმა მიხედოს.
-სად გაუშვით, მერე მეგი?
-მეგი მანქანაშია, -დიოტრეფე მაშინვე მანქანას ეცა.
-გონზე არ არის, წყალიც შევასხით სახეში, მაგრამ გაღვიძებისთანავე ისევ უგონო მდგომარეობაში გადადის.
-საავადმყოფოში წავიყვანოთ, რამე არ დაემართოს.
-არ უნდა, ნუ შევაშინებთ, ეძინოს და თვითონ გაიღვიძებს.
- მაინც არ მესმის, რატომ გაუშვით.
-თავებს ხომ არ დავახოცინებდით ისინიც იარაღით იყვნენ. რაც მთავარია მეგი ხელიდან გამოვაცალეთ და თან ვერ წაიყვანეს.
-ახლა, რას აპირებ, დიო?
-სოფელში წავალთ, როგორც ვგეგმავდი, იქ არამგონია მოგვაგნოს.
-წადით მაშინ, ნუღარ აყოვნებთ, ვანო და გაბო უკან გამოგყვებიან, ჩვენ აქ დავრჩებით, ახალი თუ რამე იქნება შეგატყობინებთ.
-შეხვედრამდე მაშინ, -დიოტრეფემ უგონოდ მყოფი მეგი თავისი მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა და თვითონ საჭეს მიუჯდა. უკანა ხედვის სარკით დროდადრო გახედავდა ხოლმე. სანამ ადგილზე მივიდოდნენ რამდენჯერმე გააჩერა და შეამოწმა კიდეც სუნთქავდა თუ არა.
-იქნებ მართლა საავადმყოფოში გადაგვეყვანა, როგორც დავაწვინე ისევ ისეა, გვერდი არ უცვლია, შეწუხებულმა შეხედა მეგობრებს.
-არაფერი მოუვა, დამიჯერე დიო. წავიდეთ, დროს ვკარგავთ, როდესმე ხომ უნდა ჩავაღწიოთ? -უთხრა მანქანის ფანჯრიდან მომზირალმა მეგობარმა.

##############
მთელი ღამე გათიშულს ეძინა მეგის, ვერა და ვერ ფხიზლდებოდა. მის გონებამდე ვიღაცების ხმები აღწევდა, მაგრამ ვერ გაერჩია ვისი ხმები იყო ეს, ან რას ლაპარაკობდნენ. დილით მეგის გონებამ გამოღვიძება დაიწყო, ვიღაც ოთახში მოუსვენრად დადიოდა, რის გამოც იატაკი აუტანლად ჭრაჭუნობდა. მერე ტელეფონის ხმა გაისმა და კარის დაკეტვის ხმაც მისწვდა მის სმენას. სადღაც შორიდან გაგონილი სიტყვები ნელ - ნელა გამოიკვეთა, თვალები რომ გაახილა და ოთახი მოათვალიერა, საწოლის ბოლოზე დაყრდნობილი დიოტრეფე დაინახა, უცნობი ბიჭი კი კარადასთან იდგა. ოთახში ნესტის და ობის სუნი ტრიალებდა, შპალერს სიყვითლე შეჰპარვოდა, მის თავს ზემოთ კედელზე დაკიდული ბრებიც უკვე კარგად შელახული ჩანდა, ადგილ - ადგილ საღებავი ჰქონდათ ამძვრალი, მაგრამ თავისი სილამაზე ჯერ კიდევ არ დაეკარგათ, ოთახს მკრთალად ანათებდნენ. ფანჯარაზე გრძელი, თეთრი ნეილონის ფარდა ეკიდა, რომელსაც ფერადი ყვავილები ამშვენებდა. ჭერს რომ აჰხედა ქათქათა თეთრი ჭაღი დაინახა, რომელსაც სანთლის ალის ფორმის თორმეტი ვარდისფერი ნათურა ჰქონდა და თითოეული ნათურის ძირიდან ქვემოთ დაახლოვებით ათი- თხუთმეტი სანტიმეტრის სიგრძეზე ხრუსტალის პატარა ოვალური ბურთები ეშვებოდა, რომელიც ერთმანეთს პატარა რკინის რგოლებით უკავშირდებოდა და სინათლის სხივის მოხვედრისთანავე ბრწყინავდნენ. როგორც კი მეგიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა მთელი ცხვირ - ხახა აეწვა, ნერწყვიც კი გამშრალი ჰქონდა. ხველა აუტყდა, ხმაურზე მისგან ზურგით მდგარი დიოტრეფე შემობრუნდა და მისკენ წამოვიდა.
-მეგი, თავს როგორ გრძნობ, ცუდად ხომ არ ხარ? -გაუღიმა და საწოლზე ჩამოუჯდა, მაგრამ მეგიმ ხმის გაცემის ნაცვლად შეშინებული მზერა მიაპყრო, და საწოლის თავს აეკრო ზურგით.
-ჩემი ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, ქსანთე ვერაფერს ვეღარ დაგიშავებს.
-გავალ რძეს მოვუტან, ყელი გამომშრალი ექნება წამლის გამო და ხმას იმიტომ ვერ იღებს, დალევს და ერთიანად ჩაეწმინდება.
-მიდი და მოუტანე მაშინ.
-რძალო გაიღვიძე? სალამი. შენ გამო ქსანთეს იცი როგორ ჩავადე? ყბებმა სულ ლაწა - ლუწი დაუწყო, -ოთახში გაღიმებულმა გაბრიელმა შემოყო თავი.
-გაბო, ჩვენ გავიდეთ და მარტო დავტოვოთ ესენი.
-წამოდი ჰა, რძლის გაცნობა მინდოდა, რა უხეირო ვინმე ხარ არაფერს არ მაცდი, - ჯუჯღუნით შებრუნდა გაბრიელი და ვანოც უკან გაჰყვა.
-ცუდად ხომ არ ხარ? ხმა ამოიღე მეგი, -დიოტრეფემ ხელი მისკენ წაიღო, მეგის შიშისაგან თვალები გაუფართოვდა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-რა გატირებს?! მგელი კი არ ვარ გეცე და დაგგლიჯო. თმის სამაგრი გძვრებოდა თმიდან და უნდა მომეწოდებია. ვიცი, ძალიან შეშინებული ხარ, მაგრამ იცოდე, რომ ჩემ გვერდით არაფერი გემუქრება, უკვე უსაფრთხოდ ხარ, ახლა მე გავალ და მარტო დაგტოვებ, შენ დაისვენე და მერე ვილაპარაკოთ, -გასული არ იყო, რომ ისევ შემოვიდა დიოტრეფე, ხელში რძით სავსე ჭიქა ეჭირა, საწოლთან ტუმბოზე დაუდგა და უკან გაბრუნდა. კარებთან მისული წუთით შეყოვნდა და მზერა შეშინებულ მეგიზე გადაიტანა, რომელიც თვალს არ აშორებდა.
-ეგ რძე დალიე გთხოვ, თუ არ დალევ ყელი გეტკინება. ყველაფერი ამ კარადაშია, რაც შეიძლება დაგჭირდეს, -ხელით საწოლის წინ მდგარ ტანსაცმლის კარადაზე ანიშნა, - ტანსაცმელიც დევს მანდ, არავის ნაცვამი არ გეგონოს, ყველაფერი ახალია, იმედია მოგერგება და პატარა არ გექნება. კინაღამ დამავიწყდა, ამ ოთახის გვერდით მუქი ყავისფერი კარია, სადაც სააბაზანოა, შეგიძლია ისარგებლო. მე ბიჭებთან ერთად ქვედა სართულზე ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეს ჩამოდი, -დიოტრეფე გავიდა. მეგი, რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა კარებს, აუტანელმა ყელის სიმშრალემ ძალიან რომ შეაწუხა მერე გაახსენდა იქვე მდგარი რძე და ბოლომდე დალია. ბევრი ლაპარკის შემდეგ გაბრიელმა და ვანომ თბილისში დაბრუნება გადაწყვიტეს. დარჩენაზე ვერაფრით ვერ დაითანხმა დიოტრეფემ ბიჭები.
-რადგან არ იშლით, ვერ დაგაყოვნებთ ნამდვილად.
-ვითომ ძალიან გინდოდა ჩვენი აქ დარჩენა, შენც კარგი აფერისტი ხარ.
-თქვენ გირჩევნიათ, თბილისში რომ ჩახვალთ ემზარს და მაიას ყველაფერი შეატყობინოთ, თუ არა და კარგი დღე არ დამადგება.
-პატრული ხალხის სამსახურშია, არ იცი შენ? მივალ და პირადად შევატყობინებ, რომ მათი შვილი უსაფრთხოდ არის, -წელში გაიმართა გაბრიელი და ამაყად გადახედა მეგობრებს.
-აბა, წავედით, შეხვედრამდე ძმაო, -ვანო დიოტრეფეს გადაეხვია.
-კარგი, კარგი, ნუ მოგინდათ ხვევნა - კოცნა. ყველა შენსავით მოცლილები კი არ ვართ, სამსახური და ოჯახი გველოდება. ბიჭმა შვებულება მოიწყო და დაისვენებს ახლა ბუნებაში.
-მშვენიერი ადგილია დასასვენებლად, რა არ მოგწონდა ნეტავ მაცოდინა, რაჭაში გავრბოდით საქეიფოდ და აქ უკეთესი ადგილი ყოფილა. თან რა მიყრუებული ადგილია, აქ რამ ააშენებინა სახლი გოგიას?
-სახლები დაცარიელდა, ყველა თბილისშია წამოსული და იმიტომ გეჩვენება მიყრუებული. აბა, სახლის პატრონები აქ იყვნენ, კიდევ მაგას იტყოდი? პაპაჩემს რომ არ აეშენებია ახლა ხომ ვერ გამოვიყენებდით ამ სახლს? ჭკვიანი კაცია გიორგევიჩი, ეტყობა გული უგრძნობდა, რომ მომავალში ეს სახლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდებოდა ჩვენი ოჯახისთვის. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება.
- შენ ჩვენ ასე ნუ გვიყურებ, ამხელა გავლენიანი ხალხი გიმაგრებთ ზურგს, ბამბას კი არ ვპენტავთ? როგორც თბილისში ჩავალთ, მეგის მშობლებს დაველაპარაკებით, ქსანთე სოროდან რომ გამოძვრება იმასაც ვნახავთ და მივაბრძნებთ თავის დასასვენებელ პუნქტში. მანამდე მეგისთანაც მოაგვარებ საქმეებს და ყველაფერი საათივით აეწყობა. შენებურად რომ იცი პატარ - პატარა რაღაცებზე უაზრო ღრიალი ისე არ დაიწყო და გული არ გაუხეთქო რძალს, ცოტა თავი შეიკავე.
-ცხოვრებაში პირველად მიხარია, რომ ჩემი მეგობარი ძაღლია.
-იცოდე აგაძაღლებ ნაცვლიშვილო, -სიცილით დაუქნია ხელი გაბრიელმა.
-ფრთხილად იარეთ, არ დაიწყოთ გზაზე „გონკაობები.“
-ნუ გამიჭირე საქმე, შენი ლექციებიღა მაკლდა.
-მორჩი მაიმუნობას და დარეკეთ, რომ ჩახვალთ.
-იცოდე, არ იცელქოთ, -ვანოს მხარეს თავი გადმოყო გაბრიელმა და სანამ წავიდოდნენ რამდენჯერმე მიუსიგნალა. დიოტრეფემ სიცილით დაუქნია ხელი მიმავალ მანქანას და სახლში შევიდა. მეორე სართულზე ასულ დიოტრეფეს მეგი ოთახში არ დახვდა, საწოლი გასწორებული იყო და ზემოდან დაკეცილი პლედი იდო. ცოტა დაიძაბა, მაგრამ კარებში დიდრონ შავ თვალებს რომ შეეჩეხა დამშვიდდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, -ოთახში შესულს უკან მიჰყვა დიოტრეფე. მეგი საწოლზე ჩამოჯდა, თავი ჩახარა და საკუთარ თითებს დაუწყო ყურება.
-როდესაც დაგეგმილი გაქვს მომავალი და ამ გეგმების განსახორციელებლად წლების მანძილზე ძალ - ღონეს არ იშურებ, მოულოდნელად კი ვიღაც შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და ამ შენ ზედმიწევნით დაგეგმილ მომავალს ერთი ხელის მოსმით დაგინგრევს... -მეგის ხმა გაუწყდა, თვალებში მოწოლილმა ცრემლებმა წინადადების დამთავრების საშუალება არ მისცა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. დიოტრეფე მის წინ ჩაიმუხლა.
-დამშვიდდი გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება.
-სექტემბერში სტუდენტი უნდა გავმხდარიყავი, -ცრემლიანი თვალებით შეხედა დიოტრეფეს, - გრანტს თუ ვერ მოვიპოვებდი დაფინანსების რაღაც ნაწილს მაინც ავიღებდი. სწავლის პარალელურად ვიმუშავებდი და ჩემი სწავლის გადასახადს თვითონ დავფარავდი, მაგრამ გამოცდებამდეც კი ვერ მივედი, ჩემი მომავალი ვიღაცის ამბიციებს ეწირება და მე ვერაფერს ვაკეთებ. ამ ყველაფრის გაცნობიერებას რომ ვიწყებ ლამისაა თავი ტკივილისაგან გამისკდეს, -თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ტირილი ქვითინში გადაეზარდა.
-მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია, -სინდისის ქენჯნა იგრძნო დიოტრეფემ.
-შენ, არაფერში არ ხარ დამნაშავე, ყველაფერი ქსანთეს ბრალია.
-საქმეც მაგაშია, რომ ჩემ გასამწარებლად მოინდომა შენი მოტაცება.
-რატომ? რა დაუშავე?
-ძველი ამბებია. შენ დაისვენე, მინდა ფიქრის საშულება მოგცე, სანამ თვითონ არ მოინდომებ ჩემთან ლაპარაკს მე აღარ შეგაწუხებ, -დიოტრეფე გავიდა, მეგიმ თავი უღონოდ დადო ბალიშზე და თვალები მაგრად დახუჭა. დროის გასაყვანად, ლამის მთელი საათი იბოდიალა ეზოში დიოტრეფემ. მოთმინება, რომ გამოელია გადაწყვიტა მეგობარს დაკავშირებოდა ახალი ამბების გასაგებად.
-ვანო, არის რამე ახალი?
-არის და თან როგორი. გორში ბრძანდება, მამიდაშვილის სახლში, თავისი ლეკვებიც იქ ჰყავს თურმე. ინფორმაციას დააზუსტებენ და აიყვანს პატრული.
-სხვა? გაბო, იყო მეგის მშობლების სანახავად?
-ახლა მოვდივართ იმათი სახლიდან, უნდა დაგვერეკა და დაგვასწარი.
-რა ხდება, როგორ არიან?
-ძალიან ნერვიულობდნენ, გაბომ ძლივს დაარწმუნა მაია და ემზარი რომ შენთან უსაფრთხოდ არის და არაფერი ემუქრება. მანდ რა ხდება, მეგი როგორ არის, ელაპარაკე?
-ველაპარაკე, ცუდად არის, ადვილი ხომ არაა ამხელა ამბის წამებში გადახარშვა?
-პატარაა და იმიტომ. ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ზაქრომ შემოგითვალა ქორწილი არ გამომაპაროსო.
-რამდენ წუთში ჩახვედით, რომ ზაქროსთან ლაპარაკიც მოგისწვრიათ? -სიცილი ვერ შეიკავა დიოტრეფემ.
- ხედავ რა ,,შუსტრი“ ძმაკაცები გყავს? ჩვენ ყველაფერს ვასწრებთ.
-ჰო, აბა, რა.
- კარგად იყავი, მოგვიანებით შეგეხმიანებით კიდევ.
-კარგად, ვანო.
-მეც გკოცნი, ვიცი, რომ მოგენატრე, -სანამ გათიშავდა გაბრიელის სიცილნარევი ხმა გაისმა.
მეგიმ, მთელი ღამე იტრიალა საწოლში, რომ ვერ დაიძინა ადგა და ოთახის შესწავლა დაიწყო. ტანსაცმლის კარადა გამოაღო, სადაც რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები ეწყო, ცივად დახურა და ფანჯარა გამოაღო. გარეთ ზაფხულის გრილი ნიავი იყო და ხეებს აქეთ - იქით არხევდა, ცა მოღრუბლულიყო, მაგრამ მთვარე დროდადრო ღრუბლებიდან გამოანათებდა და ოთახშიც მისი მკრთალი შუქი ირეკლებოდა. ცოტა ხანი ათვალიერა ჩაბნელებული ეზო, თვალებზე სიმძიმე რომ იგრძნო დასაძინებლად დაწვა. დილით საშინელმა ჭექა - ქუხილის და წვიმის ხმამ გამოაღვიძა, თვალებდახუჭული წამოხტა ფანჯრის დასაკეტად, მაგრამ ფანჯარა დაკეტილი დახვდა, საწოლზე კი ზაფხულის თხელი საბანი იყო გადაფარებული. წვიმის წვეთები მთელი ძალით ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს და უფრო მეტ ხმაურს იწვევდნენ, დაწოლას აზრი აღარ ჰქონდა, ამ ხმაურში დაძინებას მაინც ვერ მოახერხებდა. კარადაში ერთადერთი თბილი, შავი მოსაცმელი იდო, ჩაიცვა და გათბა. ის - ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა და ოთახში შესვლას აპირებდა, რომ ნაბიჯების ხმა მოესმა.
-დილამშვიდობისა, მეგი!
-დილამშვიდობისა!
-როგორ ხარ? ცოტა უკეთ არ ხარ?
-გუშინდელთან შედარებით ძალიან კარგად ვარ. კინაღამ დამავიწყდა, დიდი მადლობა, ღამე ოთახში ფანჯარა დაგიკეტავს და საბანიც დაგიფარებია ჩემთვის.
-ეგ, რა სამადლობელია. აბა, ხომ არ გაგყინავდი? კარგი, რადგანაც უკვე ფეხზე ხარ და გუშინდელთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურები, მაშინ მე ქვედა სართულზე ჩავალ და სამზარეულოში დაგელოდები. იმედი მაქვს ხუთ წუთზე მეტი არ დაგჭირდება, -უთხრა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
-მოვედი, -თქვა მეგიმ როგორც კი სამზარეულოში ფეხი შედგა.
-ზუსტად ცამეტი წუთია გელოდები, -მაჯის საათზე დაიხედა დიოტრეფემ და მეგის ღიმილით გააყოლა თვალი.
- სულ რაღაც ცამეტი წუთი გავიდა, მერე რა მოხდა?
-ცამეტი წუთი ჩემი კუჭისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იცოდე.
-ბოდიში, მაგდენი ვერ გავითვალისწინე, -გაუღიმა მეგიმ, - დიოტრეფე, ბებია თავშალს იკეთებდა?
-ვისი ბებია?
-შენი ბებია.
-კი, იკეთებდა საჭმელს როდესაც ამზადებდა. ახლა მოხუცდა და ისე ვეღარ ტრიალებს სამზარეულოში. მთელი ოჯახს დედა გვაპურებს გემრიელი კერძებით, მაგრამ ისიც არანაკლებ ეხმარება.
-შეგიძლია თავშალი მომიტანო?
-რად გინდა, საჭმლის მომზადებას აპირებ? ჯერ ვჭამოთ და თუ რამე კულინარიულ უნარ - ჩვევებს ფლობ საღამოსთვის შემოინახე.
-გთხოვ, მომიტანე.
-კარგი, ბებიას ოთახშია და ახლავე მოვიტან, -დიოტრეფე გავიდა და თავშლით ხელში დაბრუნდა.
-ვიპოვე, -ღიმილით გაუწოდა მეგის თავშალი.
-დიდი მადლობა.
-ახლა შეიძლება ვჭამოთ?
-არა, ჯერ არა.
-რატომ? მოვკვდი მშიერი.
-შევჭამთ მხოლოდ მაშინ როდესაც საზრდელის მიღების წინა ლოცვას ვიტყვით, -მეგიმ თავშალი თავზე შემოიხვია და ლოცვისთვის მოემზადა.
- ადექი! ლოცვისას ჯდომა მარტო სნეულებისთვისაა მოძღვრის კურთხევით ნებადართული, -დიოტრეფე ფეხზე წამოდგა, მეგი მის წინ იდგა და თავდახრილი ამბობდა ლოცვას, რომ დაასრულა ჯერ თვითონ გამოისახა პირჯვარი, მერე კი მაგიდაზე გაშლილ საჭმელს გადასახა ჯვარი, -ახლა შეგიძლია ჭამო.
-ამას ყოველ დღე აკეთებ?
-რას, რომ ვლოცულობ? რა თქმა უნდა, ჭამის წინ მე ყოველთვის ვამბობ ლოცვას. თუ სადმე ხალხმრავალ ადგილზე მოვხვდი, დავუშვათ დაბადების დღეზე ან ქორწილში მხოლოდ პირჯვრის გადასახვაც კმარა. აბა, წარმოიდგინე სუფრაზე ხალხის თვალწინ რომ წამოდგები და ლოცვას დაიწყებ რა რეაქცია ექნება გარშემომყოფებს? დაგცინებენ, ფანატიკოსად შეგრაცხავენ ან იტყვიან ეს გიჟი საიდან მოსულაო. მონათლული ხომ ხარ?
-კი, თვეებისა მომნათლეს.
-მაშინ, არ უნდა შგრცხვეს შემოქმედისთვის მადლობის გადახდა, რომ საზრდელი გამოგიგზავნა თავის მოწყალე ხელით და ულუკმაპუროდ არ დაგტოვა. განუწყვეტლივ უნდა ვმადლობდეთ უფალს, იმისთვის რაც გვაქვს და რაც არა გვაქვს. იმიტომ, რომ მან უკეთ იცის, როდის რა გვჭირდება. ბევრჯერ დამზარებია ლოცვა, მაგრამ რომ მახსენდება რამდენი მშიერი ადამიანია აფრიკის ქვეყნებში რომელთაც ტალახიანი წვიმის წყალიც კი სანატრებელი აქვთ, ჩემი სიზარმაცე მაშინვე სადღაც ქრება. რაღა შორს წავიდეთ, აიღე ჩვენი ქვეყანა, ყოველ წლიურად რამდენი ადამიანი იღუპება შიმშილით?
-მაგას ნუღარ იტყვი, ქუჩაში იმდენი ხელგამოწვდილი მხვდება ხანდახან ვნატრობ მილიარდელი ვიყო, რომ მათი დახმარება შევძლო.
-მერე მაგას აღარ იტყოდი, შენც მათსავით წუწკი და გაუმეტარი იქნებოდი. ფანჯრიდან რომ იხედები გარეთ ხომ ხედავ ხეებს, ძაღლებს, კატებს, ან ფეხით მოსიარულეებს. ფანჯრის მინას აბა, ცოტა ძვირფასი მეტალი შეურიე, მიიღებ სარკეს, სარკეში ჩახედვისას კი ადამიანი საკუთარი თავის გარდა ვერავის ამჩნევს. ჰოდა, შენც ასე დაგემართებოდა.
-აუჰ, არ მინდა მაშინ, მირჩევნია ხელფასი გამიზარდონ სამსახურში. რატომ შეწყვიტე ჭამა, ძალიან უგემურია? - შეწუხდა დიოტრეფე, როდესაც მეგიმ ნახევრად შეჭმული საჭმლიანი თეფში წინ გაწია.
-პირიქით, ძალიან გემრიელია.
-სერიოზულად? -მეგიმ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-საჭმელების კეთება დედამ გასწავლა?
-მასწავლა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე და კულინარია ძალიან შორს ვართ. თუ დედა საჭმელს აკეთებს და მაგ დროს სამზარეულოში მოვხვდი და დავინახე რა ინგრედიენტებს იყენებს შეიძლება შემდეგში რომ ვცადო გაკეთება რამე გამომივიდეს. როგორც ასეთი მივიდე და ვთხოვო რამე კონკრეტული მასწავლე თქო ნამდვილად არ შევიწუხებ ასე თავს. საერთოდ იშვიათად ვაკეთებ რამეს, ისიც მაშინ როდესაც მეგობრები ვიკრიბებით და სადმე ბუნებაში მივდივართ საქეიფოდ. ერთხელ ბებია გახდა ცუდად, დედა საავადმყოფოში ედგა თავზე, სამსახურიდან რომ მოვედი საჭმელი არაფერი დამხვდა, მეც ავდექი და დიდი კულინარივით გადავწყვიტე კარტოფილი შემეწვა. ჩემი ძმები რომ მოვიდნენ ამაყად შევთავაზე კარგად დაბრაწული კარტოფილი და საჭმელად რომ დავსხედით და გასინჯეს კინაღამ ტაფა თავში დამარტყეს, მარილის ნაცვლად ლიმონჟავა მომიყრია.
-წარმომიდგენია, რომ გასინჯავდნენ რა სახეები ექნებოდათ, -სიცილს ძლივს იკავებდა მეგი.
-ზუსტად ისეთი ბავშვს პირველად ლიმნის ნაჭერს რომ გაასინჯებ. არა და მართლა ძალიან ჰგავდა მარილს.
-სულ ცოტათი ჰგავს, თუ დააკვირდები მარილზე გამჭვირვალეა და შეფერილობაც სხვანაირი აქვს.
-მართლა მოგეწონა საჭმელი თუ ხათრი ვეღარ გამიტეხე?
- არა, მართლა გემრიელი იყო. უბრალოდ როდესაც ვნერვიულობ საჭმლის ჭამა არ შემიძლია, ცუდად ვხდები.
-მე პირიქით ვარ, როდესაც ვნერვიულობ ძალიან ბევრს ვჭამ. მეც მოვრჩი ჭამას, ცოტა ხნით გავალ, დავრეკავ და მალე მოვალ.
-მოიცადე, საზრდელის შემდგომი ლოცვაც არის. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ძალიან პატარაა, მალე მოვრჩებით, -უხერხულობისგან ადგილზე აიწურა მეგი და ნერვიულად გაუღიმა. დიოტრეფეს არ გაუპროტესტებია, პირიქით მის ნებას დაჰყვა და სმენად იქცა, რომ თითოეული სიტყვა დაემახსოვრებინა. მეგიმ ლოცვა რომ დაასრულა მადლობა გადაუხადა დიოტრეფეს.
-ეგ რისთვის?
-ჩემთან ერთად რომ ილოცე. ფანატიკოსი არ გეგონო, ეს ჩემი ყოველდღიურობაა, რომელსაც არავის და არაფრის გამო არ გადავალ.
-არც უნდა გადახვიდე, -დიოტრეფემ გაუღიმა და სამზარეულო დატოვა. მეგიმ ამასობაში ყველაფერი მიალაგა, ჭურჭელი დარეცხა, დაწმინდა და კარადაში შეაწყო, მერე კი თავის ოთახს მიაშურა. ისევ გადაუღებლად წვიმდა, ჭექა - ქუხილი არა და არ წყდებოდა, ოთახშიც ძალიან ციოდა, საწოლზე დაჯდა და პლედი შემოიხვია გასათბობად. კარებზე დაკაკუნების ხმა გაისმა.
-შეიძლება?
-შემოდი.
- აივანზე ისე ციოდა გავიყინე, საერთოდ არ აქვს მიღება ტელეფონს, ვერსად ვერ მოვახერხე დარეკვა. იმედია დენს მაინც არ გამორთავენ, ხშირია ასეთი შემთხვევები, იმიტომ არ მიყვარს აქ ჩამოსვლა. ბევრჯერ ყოფილა დილით რომ გამორთულა დენი მეორე დღეს ან მესამე დღეს მოსულა.
-არაუშავრს, თბილისშიც რთავენ დენს.
-ისეთი სიხშირით არა, როგორც აქ. ცხელი ჩაი არ გინდა? გათბები.
-არ მიყვარს ჩაი.
-ყავა?
-არც ყავა.
-აბა, რა გიყვარს?
-რძიანი კაკაო და ახლად გამოწურული ბოსტნეულის წვენები.
-ფუჰ, ვერცერთს ვერ ვიტან. კოკა - კოლა, სპრაიტი და ფანტა მიყვარს ძალიან. წავალ და მოგიტან.
-რას?
-რძიანი კაკაო მიყვარსო ახლა არ თქვი? ჰოდა, მოგიტან.
-არავითარ შემთხვევაში, თვითონ მოვიტან, რატომ უნდა შეგაწუხო? შენ, დალევ რამეს?
-მე არაფერი მინდა.
-კარგი, ახლავე მოვალ, -ფეხზე წამოდგა მეგი და ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან. კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, რძე გააცხელა, ჭიქაში კაკაო და შაქარი ჩაყარა, ცხელი რძე დაასხა და ჭიქით ხელში ზედა სართულის კიბეებს აუყვა. ოთახში რომ შევიდა დიოტრეფე იქ არ დახვდა, ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ცხელი, რძიანი კაკაოს დალევა დაიწყო. იატაკმა ჭრაჭუნი რომ დაიწყო გაეღიმა, მაგრამ არ გაუხედავს კარების მიმართულებით, ისე გააგრძელა ფანჯრიდან ეზოში ატალახებული მიწის ყურება და რძიანი კაკაოს სმა.
-როგორი ჩამშვები იატაკი გვაქვს, ჩუმად ვერ გაივლი მაშინვე დაგასმენს, -ახლოს მისულმა დიოტრეფემ ლოყაზე აკოცა, ხელიდან ჭიქა ააცალა და ნაცრისფერი პატარა კოლოფი ჩაუდო ხელებში, რომელსაც დიდი ასოებით ,,პანდორა“ ეწერა, -დაბადების დღეს გილოცავ! -მეგი მოულოდნელობისგან გაშრა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ძლივს მოიფიქრა მადლობის გადახდა.
-მადლობა ჯერ ადრეა, იქნებ საჩუქარი არ მოგწონს, გახსენი! -მეგიმ ნაცრისფერ კოლოფს თავი მოჰხადა და აღფრთოვანება ვერ დამალა.
- რა ლამაზია, საიდან გაიგე პანდორას სამაჯური რომ მომწონდა?
-ჩიტმა ამბავი მომიტანა, - გაეღიმა დიოტრეფეს.
-იმ ჩიტს შემთხვევით შალვა ხომ არ ერქვა? -სიცილითვე მიუგო მეგიმ.
-შეიძლება.
-ერთხელ მე და ლილი ვათვალიერებდით პანდორას სამკაულებს და სამაჯურები მოგვეწონა, მაგრამ ისეთი ძვირი ღირდა ფიქრიც კი ზედმეტად მოგვეჩვენა ორივეს. ლილი, არ გეტყოდა ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს შალვამ მოიპოვა მისგან ინფორმაცია. ეს სამაჯური იმაზე ბევრად ლამაზია რაც მაშინ მე და ლილიმ ვნახეთ.
-მიხარია თუ მოგწონს. ბიჭისთვის ყველაზე ძნელი ალბათ გოგოსთვის საჩუქრის შერჩევაა. იმდენი ლამაზი სამაჯური იყო ვერ მივხვდი რომელი მოგეწონებოდა, კონსულტანტებმაც თავგზა ამირიეს, ბოლოს ავდექი და ის შევარჩიე რომელიც მე მომეწონა.
- ძალიან ლამაზია, იცი, როგორ მომწონს? გამიკეთე, მინდა ვნახო მომიხდება თუ არა, -მეგიმ თვალებგაბრწყინებულმა ახედა და სამაჯური გაუწოდა. დიოტრეფემაც არ დააყოვნა და სამაჯური ხელზე შეაბა. ღიმილისაგან სახის კუნთები ეტკინა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დიოტრეფეს და სურვილი გაუჩნდა მოჰხვეოდა, მაგრამ იმდენად მოერიდა, რომ ვერ გაბედა და მოიბუზა.
-გცივა თუ მეჩვენება?
-ცოტა.
-ცოტა კი არა ძალიან გცივა, ეს პლედი საერთოდ ვერ გათბობს. ერთი წუთით, დამელოდე და ახლავე მოვალ, -დიოტრეფემ ჭიქა იქვე დადგა და ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა, უკან მალევე მობრუნდა -იმედია ძალიან დიდი არ გექნება, -სიცილით შემოვიდა ოთახში დიოტრეფე, ხელში მუქი წითელი ნაქსოვი სვიტრი ეჭირა, - ჩაიცვი და გათბები, ბებომ მომიქსოვა, მაგრამ არასდროს მცმია, -მეგიმ სვიტრი გამოართვა, ჩაიცვა თუ არა მიხვდა როგორ დაუარა მთელ ტანში სასიამოვნო სითბომ. იმ დღისით დიოტრეფემ მთელი სახლი დაათვალიერებინა, არცერთი კუთხე არ დატოვა, რომ მისთვის არ ეჩვენებია, მეგიც მორჩილად დაჰყვებოდა თან და ინტერესით ათვალიერებდა არც თუ ისე პატარა და ძალიან გემოვნებით მოწყობილ სახლს.
-ისეთი ლამაზი და მყუდრო მისაღებია ბუხარი ზედგამოჭრილი იქნებოდა, -მეგიმ ინეტერესით შეათვალიერა ერთ - ერთი კედელი.
-შენ წარმოიდგინე იყო ჩემ ბავშვობაში, მაგრამ გააუქმეს. ერთხელ დედას მოსკოვიდან ჩამოტანილი წითელი ფერის ლაკის ჩექმები პომადით დავუთხაპნე და მერე დანაშაულის დასამალად ანთებულ ბუხარში შევყარე, ორი დღე გამჭვარტლულ ჭერს წმენდდნენ და ძლივს გაათეთრეს. მერე წვიმაში დასველებული ლეკვი უნდა შემესვა გასაშრობად და სულზე მომისწრეს. პაპამ გამოაცხადა სანამ ამ ბავშვს ჩვენც ბუხარში შევუკეთებივართ ჯობია სულ გავაუქმოთო და ასეც მოიქცნენ. ეს ხის კიბეც ჩემ გამო ააწყვეს სახლში, გარეთ ცემენტისგან ჩამოსხმული კიბე გვქონდა, მაგრამ რამდენი წვიმა მოვიდა იმდენჯერ ფეხი ამიცურდა და დავგორდი. სახლში თუ რამე ფუჭდებოდა ყველამ იცოდა ვისი ბრალი იყო, -სიცილით უყვებოდა დიოტრეფე თავის ოინებს.
მეორე დღეს ისევ გადაუღებლად წვიმდა, მხოლოდ საღამო ხანს შეწყდა წვიმა. დიოტრეფე აივანზე იდგა და ისევ უშედეგოდ ცდილობდა მეგობრებთან დაკავშირებას. მეგი აივანზე რომ გავიდა დიოტრეფე ხელებით მოაჯირზე იყო დაყრდნობილი და ეზოს გადაჰყურებდა. ფეხის ხმა რომ გაიგო შემობრუნდა და ახლა ზურგით მიეყრდნო.
-ისევ ვერ უკავშირდები?
-ვერა, როგორც ჩანს წვიმის ბრალია, მოგვიანებით ისევ ვცდი.
-ლამაზი ადგილია, გუშინ სულ დამავიწყდა მეკითხა, სად ვართ?
-კახეთის და კერძოდ ლაგოდეხის საწინააღმდეგო რამე ხომ არ გაქვს?
-ლაგოდეხში ვართ?
-კი, ხედავ კახეთსაც ჰქონია თურმე ლამაზი ბუნება.
-მართლაც, სახლის წინ ყურძნის ტალავერი დავინახე და ძალიან მომეწონა.
-აქ ყველას არ აქვს სახლში ვაზის ტალავერი, საბედნიეროდ ჩვენ ძალიან გემრიელი ალადასტური გვიდგა. ვენახიც გვქონდა აქედან კარგად მოშორებით, პაპას ისე უყვარდა სულ ზედ ევლებოდა, შვილები რომ სასწავლებლად წამოვიდნენ თბილისში გოგია პაპამ გაყიდა, გასახმობად ვერ გაიმეტა. ჯერ ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით, მერე ნელ - ნელა შევწყვიტეთ აქ ჩამოსვლა და ეს სახლიც მუდმივი საცხოვრებლიდან საზაფხულო დასასვენებელ სახლად გადაიქცა.
- მომწონს, განსაკუთრებით ეს ცამდე აწვდენილი ხეები.
-კარგი ამინდი რომ იქნება ეზოში დავსხდეთ, იცი რა სუფთა ჰაერია აქ? თბილისს კი არ ჰგავს მანქანის გამონაბოლქვით რომ გვწამლავენ. ბევრი ლამაზი ჩიტები მოდიან კარგ ამინდში, შაშვები, ოფოფები, კაჭკაჭები, ყვავები, ვინმესგან გამოქცეული თუთიყუშიც შეიძლება მოფრინდეს. მტრედები ხომ სულ სახურავზე სხედან და შეგიძლია დაათვალიერო, თუ გაგიმართლებს შეიძლება გვერდითაც ჩამოგისხდნენ და დამეგობრდეთ. სხვათა შორის ბევრჯერ მელიაც მოსულა, ტურების ხმას თუ გაიგებ არ შეგეშინდეს, აქ სულ ასეთი ამბავია.
-მეზობლად ცხოვრობს ვინმე?
-მხოლოდ ცარიელი სახლები დგას გარშემო, მათგან უმეტესობა თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, მარტო მოხუცები არიან დარჩენილები, მაგრამ ზამთარში მოხუცებსაც აღარ აჩერებენ და ისინიც თბილისში მიჰყავთ.
-სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ და სულ არ წავიდოდი თბილისში.
-ყველა შენნაირად არ ფიქრობს, თან უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ სასწავლებლები თბილისშია, სწავლის დასრულების შემდეგ კი სამსახურს იქ იწყებენ. აქ მაღალანაზღაურებადი სამსახურის პერსპექტივა ნულია, ყველა იქ გარბის და სოფელიც რჩება ასე მიტოვებული. შეიძლება ენატრებათ კიდეც სოფელი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებათ. ფეხები არ გეტკინა? რამდენი ხანია ასე ვდგავართ, წამოდი დავსხდეთ საქანელაზე.
-მიყვარს საქანელები.
-მითუმეტეს თუ გიყვარს, - ორივე სამადგილიანი ძველი საქანელისკენ წავიდნენ და ჩამოსხდნენ.
-პირველად ვარ სოფელში და ისეთი აღფთოვანებული ვარ, რომ ვერ აღგიწერ.
-თუშეთში არ ხარ ნამყოფი?
-სამწუხაროდ არა და ალბათ ვერც მოვხვდები, -მოწყენა დაეტყო მეგის სახეს.
-რატომ?
-ბებიას არ უნდოდა ქალაქელი, განათლებული რძალი და ტრადიციების არ ცოდნის გამო დაიწუნა. მამას კი ურჩობა არ აპატიეს და სახლიდან გამოაგდეს. მამას ძალიან უყვარდა დედაჩემი და ამიტომ თბილისში დარჩა, ბებია მხოლოდ ფოტოებიდან ვიცი როგორია. თბილისში მცხოვრებ ნათესავებს ძალიან ვუყვარვართ, დღესასწაულებზე ხან ჩვენთან მოდიან ხან მათთან მივდივართ სტუმრად. მეც მინდა ბებია სიხარულით მიხუტებდეს გულში, მსაყვედურობდეს, რომ თბილად არ მაცვია ან ცოტას ვჭამ და მერე თეფშით საჭმელი მოჰქონდეს ოთახში. ლილის ბებო მიწევს საკუთარის მაგივრობას, მე და ლილის არ გვანსხვავებს, ორივე ძალიან ვუყვარვართ, უნდა ნახო ახალი წელს დუტის კურტკებს შოკოლადებით როგორ გვივსებს. ფიქრია დეიდა სულ საყვედურობს არ შეიძლება ამდენი ტკბილიო, მაგრამ ის ყოველ ახალ წელს ასე აკეთებს.
-დედის ბებია, ცოცხალი არ გყავს?
-ცოცხალია, მაგრამ ჩემ დეიდაშვილებს და ბიძაშვილებს არის გადაყოლილი, იშვიათად თუ მოგვიკითხავს. არ მწყინს, მესმის ისინი პატარები არიან და მათ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ მე და ჩემი დები ხომ უკვე დიდები ვართ. სანამ გავიზრდებოდით დედას ეხმარებოდა, მერე დეიდა რომ გათხოვდა და ბიძამ ცოლი მოიყვანა მათზე გადაერთო.
-ჩათვალე, რომ უკვე გყავს საკუთარი ბებია, თან ზუსტად ისეთი როგორზეც ოცნებობ.
-ვერ მივხვდი.
-ჩემი მალვინა ნიკალაევნა, ქალი კი არა ქარიშხალია, მაგის ხელ -ფეხი მთელი დღე არ ჩერდება. დადის, დადის, დადის, ვგიჟდები სად შეუძლია ამდენი სიარული ამ ხნის ქალს. ჰოდა, შეიძლება ჯიბეებში კანფეტები არ ჩაგიდოს, მაგრამ საჭმლის, ნამცხვრებით სავსე თეფშით და წვენით სავსე ჭიქით რომ დაგიწყებს დევნას მერე ვნახავ როგორ ხასიათზე დადგები.
-ბებია საჭმლის თეფშით დაგდევს? -სიცილი ვერ შეიკავა მეგიმ.
-დიახ! თან ყოველ დღე არ გინდა გაუძლო ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს? ცოლად რომ მოგიყვან და ჩემთან იცხოვრებ მერე მაინც დავისვენებ, ახალი ობიექტი რომ გამოუჩნდება იქნებ მაშინ მაინც მომასვენოს, მაგრამ მაგის ამბავი რომ ვიცი ახლა ლანგარზე დააწყობს ორი კაცის სამყოფ საჭმელს და ორივეს დაგვიწყებს დევნას.
-იქნებ ბებოს არ მოვწონვარ, წინასწარ რომ გამოიტანე დასკვნები? თანაც დიოტრეფე, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ამ ყველაფერზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, -უხერხულობა იგრძნო მეგიმ.
-გამიცნობ მეგი, აუცილებლად გამიცნობ. ვიცი, ყველაფერი ზედმეტად დაჩქარდა, მაგრამ არაუშავრს მალე დალაგდება სიტუაცია. სხვათა შორის ბებოს მოწონხარ.
-როგორ, მას ხომ არ ვუნახივარ?
-დაგავიწყდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და მობილური ტელეფონი უკვე გამოგონებულია?
-ჩემი ფოტო აჩვენე?
-კი, მთხოვა და ბებოს მაგაზე ვაწყენინებდი? იცი, როგორ გაუხარდა? დავიჯერო შენ არ გაქვს ჩემი ფოტო?
-არა, არ მაქვს.
-სერიოზულად?
-ორ ან სამ დღეში ერთხელ მაინც გხედავდი, ხან ყოველ დღე და რად მინდოდა?
-ხო? საწყენია. რომელი უშნო ეკა მე მნახე ტელეფონში ჩემი ერთი საწყალი ფოტო რომ არ შეინახე? -ხელები ჯიბეებში ჩაიწყო დიოტრეფემ და შუბლი შეკრა.
-კარგი რა, მაგაზე როგორ ბრაზობ? -სიცილი დაიწყო მეგიმ, - დიოტრეფე, დიოტრეფე!
-ხმა არ გამცე, გოგო, ჩემი ფოტო როგორ არ გქონდა ტელეფონში, ახლაც ვერ ვიჯერებ.
-რა არის აქ საწყენი? მე ვერ ვიჯერებ პატარა ბავშვივით რომ გამებუტე.
-მოგიწევს დაიჯერო!
-ასე ხომ? კარგი, ვინ აჯობებს მაგასაც ვნახავთ, -მეგი ახლოს მიიწია და ლოყაზე აკოცა, -მფარველი ანგელოზები არ იბუტებიან, - ორივე ხელი მის მკლავს შემოჰხვია და თავი მხარზე დაადო. დიოტრეფეს მოჩვენებითად გაბრაზებული სახე ღიმილმა შეცვალა და შეკრული შუბლიც გახსნა.
,, აწვიმს სახურავს, მტრედებს, ანტენებს,
თავს ისევ ათას აბსურდით ვიქცევ,
მე მინდა რომ შენს ყოველ ნათენებ
ღამის უმთავრეს მიზეზად ვიქცე.
ვიყო ფიქრი და ვიყო ზმანება,
ნაჩურჩულები ლოცვაც და ფიციც,
და რაც რამ ჩრდილი მოგეტმასნება
ჩემი ხელები გეგონოს ისიც.
მიყვარხარ!
გნატრობ,
ეს ნატვრაც მიკვირს..
სარჩევი თუა ღმერთმა გირჩიოს,
მსურს შეფარებულ მშიერ ლეკვივით
სამარადისოდ შემოგიჩვიო.’’ (დავით სულთანიშვილი)

-დიოტრეფე, ყველა გრძნობას თავისი ფერი რომ მივანიჭოთ სიყვარული რა ფერი იქნება შენთვის?
-შავი.
-რატომ? შავი ხომ სიბნელის და გლოვის ფერია?
-მერე და ვინ გითხრა, რომ შავი ჩემთვის გლოვის ფერია? ჩემთვის შავი კი არა წითელი ასოცირდება გლოვასთან და სიკვდილთან. ისე, რომ იცოდე ჩემთვის სიყვარული შენი თვალებიდან იწყება, -ნიშნისმოგებით მიუგო დიოტრეფემ და ღიმილით გადახედა.
- წითელი უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ჩემთვის ლურჯი გამოდის, -ჩაფიქრდა მეგი, დიოტრეფეს თვალებში შეხედა და ლაპარაკი გააგრძელა, -მე ძალიან მიყვარს წითელი ფერი, მარტო წითელი კი არა ყველა ფერი, მუქიც და ღიაც. დიოტრეფე, მე რომ ხანდახან წითელ ლაქი წავისვა ფრჩხილებზე შენ გამიბრაზდები?
-რატომ უნდა გაგიბრაზდე?
-რა ვიცი, წითელი ფერი არ მიყვარსო და... ბიჭები ზოგჯერ გოგოებს ეჩხუბებიან ამის გამო. ჩემმა მეზობელმა ერთხელ ცოლს ეჩხუბა და გააშორებინა, არა და მის შავ კაბას ძალიან უხდებოდა წითელი ლაქი.
-ნწ ნწ ნწ აფსუს, საწყალი ქალი წითელი ლაქის გარეშე როგორი უშნო გამოჩნდებოდა? - დანანებით გააქნია თავი დიოტრეფემ.
-სულ არ არის სასაცილო.
-მერე ვინ თქვა, რომ სასაცილოა?
-შენ!
-მე?
-როდის კაცო, მსგავსი არაფერი თქმულა ჩემი პირიდან, -შეიცხადა და უცოდველი სახე მიიღო.
-ოჰ, კარგი რა? მე სერიოზულად ვლაპარაკობ.
-მეც სერიოზულად ვლაპარაკობ.
-კარგი!
-კარგი! -მეგი გაჩუმდა, არცერთს ხმა აღარ ამოუღია, დიდი ხანი ისხდნენ ასე, იქამდე, სანამ ძილი არ მოერია ორივეს და გაყინულები თავ - თავიანთ ოთახებში არ დაბრუნდნენ დასაძინებლად.

##############
დილით ისეთი ცხუნვარე მზე გამოვიდა წვიმის კვალი სულ გააქრო. საუზმის შემდეგ სახლის დალაგება დაიწყო მეგიმ. სამზარეულოს დალაგებას რომ მორჩა მისაღებში გადაინაცვლა. დიოტრეფე ეზოდან ლაპარაკით შემოვიდა და სამზარეულოში შევიდა, შესვლიდან რამდენიმე წამში ძირს დაცემის ხმა გაისმა. მეგიმ ცოცხი და აქანდაზი იქვე დაყარა და სამზარეულოში შევარდა შეშინებული. ძირს დიოტრეფე გაწოლილიყო, თავქვეშ ხელი ამოედო და სიმწრით იღიმებოდა.
-გარეთ ძალიან ცხელოდა და ვიფიქრე გრილ მეთლახზე წამოწოლა სასიამოვნო იქნებოდა.
-გეტყობა როგორც გესიამოვნა, -გულიანად გაეცინა მეგის.
-არ გინდა შენც შემომიერთდე? -ხელი ძირს დაატყაპუნა დიოტრეფემ.
-არა, დიდი მადლობა. ჯობია ადგე სანამ გაცივებულხარ, ჯერ ისევ სველია, ახლახანს მოვწმინდე.
-ვერ ვდგები, ყველაფერი მტკივა, -დაიჯღანა დიოტრეფე და თავი ძირს დადო.
-ანუ აღიარებ, რომ დავარდი?
-ვაღიარებ, რომ მოსახვევში ცოტა მომიცურდა. მომეცი ხელი, ვერ ვდგები, -მეგიმ სიცილით გაუწოდა ხელი და წამოდგომაში დაეხმარა. დიოტრეფემ ატკივებული გვერდები ძლივს აითრია და ფეხზე დადგა, -არა და რა კარგი იყო დაბლა წოლა, სასიამოვნოდ გრილოდა.
-თუ გინდა შეგიძლია კიდევ გაიმეორო, რა პრობლემაა?
-ესეც საკმარიასია, ძალიან ნასიამოვნები ვარ პირველივე დაცემით და მგონი დიდხანს გამყვება, -დალურჯებულ ხელზე ანიშნა დიოტრეფემ და ლასლასით გავიდა.

###############
შუაღამისას ისეთი სიცხე ჩამოწვა დაძინება ვეღარ შეძლო დიოტრეფემ, ადგა და ტელევიზორი ჩართო, საინტერესო ვერაფერი რომ ვერ იპოვა მერე ეზოში გავიდა, იქ არსებულმა თბილმა სიომ უფრო გამოაფხიზლა. ტალავერის ქვეშ ხის სკამზე ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და საზურგეს მიეყრდნო. ცოტა ხანი ასე გაუნძრევლად იჯდა, მერე მის ფეხებთან პატარა მოძრავი არსება შენიშნა და ტელეფონის ფანარი, რომ დაანათა მის წინ ზღარბი გაშეშდა, მაშინვე წამოდგა ფეხზე და იქვე მიგდებული ჟანგიანი რკინის ყუთი დააფარა ზემოდან. მერე ფეხაკრეფით შეიპარა მეგის ოთახში და მძინარე ხელით შეარხია.
-მეგი, გაიღვიძე!
-დიოტრეფე, მეძინება.
-მეგი, ერთი წუთით გადმობრუნდი და მომისმინე.
-რა ხდება?- თვალების ფშვნეტით წამოჯდა საწოლზე.
-ზღარბი როდესმე გინახავს?
-მხოლოდ ფოტოებში.
-მაშინ წავიდეთ, უნდა განახო.
-მართლა? ნამდვილი ზღარბია? -თვალები დააჭყიტა, ლოგინიდან თითქმის გადმოფრინდა, დიოტრეფეს ხელი მოჰკიდა და თან გაიყოლა, -ჩქარა წავიდეთ სანამ გაქცეულა.
-ნუ ნერვიულობ, რკინის ყუთი დავაფარე, ვერსად წავა.
-რა მაგარია, ნამდვილი ზღარბი უნდა ვნახო, -კიბეებზე სწრაფად ჩადიოდა და დიოტრეფესაც თან მიათრევდა.
-ცოტა ფრთხილად, იცოდე ორივე დავგორდებით კიბეებზე, -სიცილით მიჰყვებოდა დიოტრეფე. ეზოში გამავალი დერეფნის წინ გრძლად დარგულ ბზებთან მივიდნენ, დიოტრეფემ ფანარი ჩართო, ჩაიმუხლა და რკინის ყუთი გვერდით გადადო.
-რატომ არ უჩანს სახე? ეკლიან ბურთს ჰგავს.
-ზღარბებს კანქვეშა რგოლური კუნთები აქვთ, რომელთა შეკუმშვის შედეგად მათი სხეული მრგვალდება. ჯერ შეშინებულია, ცოტა ხნით ხმა არ ამოვიღოთ და თავს უსაფრთხოდ რომ იგრძნობს თვითონ დაგვენახება.
- ნელ - ნელა იშლება, -ჩურჩულით გადაულაპარაკა მეგიმ, -ცხვირს ვხედავ, როგორი პატარა და საყვარელია, რა სიცოცხლეა. ნახე, ჩემსავით შავი თვალები ჰქონია, -გაიცინა მეგიმ და პირზე ხელი აიფარა.
-ჰო მეგი, შენსავით აბრიალებს ლამაზ თვალებს, -მათ წინ პატარა შეშინებული ზღარბი იდგა და ერთიანად კანკალებდა. პატარა შავი თვალებით მის დამთვარიელებლებს აკვირდებოდა. გრძელი, შავი ცხვირი კი სველი და პრიალა ჰქონდა, ტანზე ნემსებივით საფარი ჩალისფერის და შავის ნაზავს წარმოადგენდა. ყოველ მათ ხმის გაგონებაზე და პატარა მოძრაობაზეც კი კრთებოდა.
-რა საყვარელია ეს ზღარბი, რომ შეიძლებოდეს ჩავეხუტებოდი, -მეგიმ ხელი მისი პრიალა ცხვირისკენ წაიღო, ზღარბმა როგორც კი მისი მიმართულებით მოძრაობა დააფიქსირა მაშინვე წამომართა ეკლები, რომლებიც აქამდე უხეშ, მაგრამ დავარცხნილ თმას წააგავდა.
-ვაიმე, ეკლები უნდა მესროლოს? -დაიკივლა მეგიმ და დიოტრეფეს ზურგს უკან ამოეფარა.
-ნუ გეშინია, არ ისვრის ეკლებს, ვინ გითხრა ეგ სისულელე? -სიცილი ვერ შეიკავა დიოტრეფემ.
-როგორ არა, მულტფილმში ვნახე ეკლებს ისროდა.
-ეგ მულტფილმში იყო, სინამდვილეში ასე არ ხდება.
-დარწმუნებული ხარ?
-მეგი, ზღაპრებში და მულფილმებში ბევრი რამე ხდება, რეალობა სულ სხვაა.
-ნეტავ ხომ არ შია? ან რით იკვებებიან? ცოტა პური რომ მივუყაროთ შეიძლება?
-არ უნდა ჩვენი გამასპინძლება თვითონ იპოვის რამეს და თავის თავს გაუმასპინძლდება. მწერებით, ჭიებით, ბოსტნეულით, ხვლიკებით და გველებით იკვებება, ძალიან სასარგებლო ცხოველია, -მეგი ზღარბის შემყურე ადგილზე ცქმუტავდა და მისი მოფერების სურვილი კლავდა.
-ტყუილად გინდა მოფერება, შეიძლება ცოფის ვირუსის ან სხვა საშიში დაავადების გადამტანი იყოს.
-რა უსამართლობაა, ასეთი საყვარელია მე კიდევ ვერც ვეფერები.
-ყურებით დატკბი, რა საჭიროა მოფერება?
-აღარ მინდა წავიდეთ და დავიძინოთ, ცოტა შემცივდა კიდეც, თან ცოდოა, მგონი შევაშინეთ.
-ჯერ არ წახვიდე ცოტა ხნით მოიცადე, არ გაინტერესებს როგორ დარბის?
-რა? დარბის კიდეც?
-ჩუ, დაელოდე და წავა, -უკან დაიხიეს და რამდენიმე წამი დაელოდნენ, ზღარბმა როგორც კი დაინახა რომ დამთვალიერებლები მას მოშორდნენ მაშინვე ფეხები გამოყო და უსაფრთხო ადგილისკენ მოკურცხლა.
- მე მეგონა კუსავით ნელა დადიოდა, -გაკვირვებული მეგი თვალს ვერ აშორებდა ბალახებში მიმალულ ზღარბს და თან ეცინებოდა.

##############
მეხუთე დღე დაღამდა რაც სოფელში იყვნენ და უკვე ისე გრძნობდა მეგი თავს როგორც საკუთარ სახლში, დიოტრეფესაც მიეჩვია და მასთან ლაპარაკი საერთოდ აღარ ცხვენოდა.
-ახლა გამახსენდა, დილით საკარაქე რომ გამოვიღე მაცივარში აღარ შემიდია, თან თავსახურიც მგონი ნახევრად ახდილი დამრჩა, წავალ დავაფარებ, -უთხრა მეგიმ დიოტრეფეს და გავიდა. სამზარეულოში ჭურჭლის კარადასთან მისულმა როგორც კი საკარაქეს შეახო ხელი, იქიდან მაშინვე პატარა ყავისფერმა არსებამ მთელი მონდომებით ისკუპა ფანჯრის მიმართულებით.
-დიოტრეფე, თაგვ... -სიტყვა პირზე მიეყინა, როცა ამ არსებამ გრძელი ფუმფულა კუდი გაშალა და ფანჯრიდან ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.
-რა მოხდა? -თავი შემოყო დიოტრეფემ.
-საკარაქეში ციყვი იჯდა. ჯერ თაგვი მეგონა, მაგრამ კუდი რომ გაშალა მივხვდი ციყვი იყო. კარაქი შეგვიჭამა და წავიდა, - სიცილით გაუწოდა მეგიმ საკარაქე, რომლის ძირში დარჩენილ კარაქის თხელ ფენაზე პატარა ფეხის ანაბეჭდები მოჩანდა.
-ყოჩაღ მაგას, ციყვი და კარაქი?
-პირის გემო ჰქონია. ჩემი მეზობლის ძაღლი პომიდვრის სალათს ჭამს, ხორცს მხოლოდ შემწვარს და მოხარშულს, უმს პირს არ აკარებს.
-მეგი, შენმა მეზობელმა კარგად ნახა? გადაცმული ადამიანი ხომ არ ჰყავს სახლში?
-ჰყავდათ ვეტერინართან და ნამდვილად ძაღლია, თანაც უჩვეულო ძაღლი, რომელსაც უპრობლემოდ ესმის ყველაფერი.
-მიყვარს შეგნებული ცხოველები, ადამიანებს ბევრად გვჯობიან.

##############
დილიდან აუტანლად ცხელოდა, ეზოში მდგარი ხილის ხეებიც კი ვერ აკავებდნენ ცხელ ჰაერს, რომელიც ფანჯრებიდან სახლში იჭრებოდა. დიოტრეფე ოთახში ვენტილატორის წინ იჯდა, მაგრამ გაგრილების ნაცვლად ვენტილატორი მხოლოდ ოთახში არსებულ ცხელ ჰაერს ატრიალებდა. გვერდით ყინულიანი წყლის ბოთლი ედგა და ცივ წყალს დროდადრო ჭიქაში ისხამდა, რომ დაელია. სიცხისგან ძალაგამოცლილ მეგის ეძინებოდა, აუტანელი თავისტკივილის გამო კი ამას ვერ ახერხებდა.
-აღარ შემიძლია სახლში გაჩერება, ეზოში უნდა გავიდე, -შეწუხებულმა შესჩივლა მასზე არანაკლებ მდგომარეობაში მყოფ დიოტრეფეს.
-გარეთ კონდიციონერი კი არ დგას, იქ უარესია. რადიაციული მზეა, არ გახვიდე, დაისიცხები და ცუდად გახდები.
-არ გავხდები ცუდად, ხის ჩრდილში დავჯდები, -პასუხს არც კი დაელოდა ისე გავიდა ეზოში, სახლის წინ მდებარე ყურძნის ტალავერთან მივიდა და მტევნებს დაუწყო თვალიერება, რამდენიმე მარცვალიც დააგემოვნა, რომელიც არც თუ ისე არომატული აღმოჩნდა. იქვე ღობის ძირში მაყვლის დიდი ბარდი დაინახა, რომელსაც ნაყოფი უხვად ესხა, მიირბინა და კრეფა დაიწყო. მწიფე მაყვლით მუჭა გაივსო და ის - ის იყო პირთან უნდა მიეტანა, რომ დიოტრეფემ ხელი აუკრა და გემრიელი ნაყოფით სავსე მუჭა წამებში დაცარიელდა და მიწაზე მიმოიფანტა.
-რა გააკეთე ეს? -ნაწყენმა შეხედა.
-ცხელი და მტვრიანი მაყვლის ჭამა რომ არ შეიძლება, ამხელა გოგომ არ უნდა იცოდე?!
-უკაცრავად, გუშინაც მაყვალს არ ვკრეფდი კორპუსში? ადამიანურად გეთქვა, ხელის აკვრა რაღა იყო?
-სანამ თქმას მოვასწრებდი უკვე შეჭმული გექნებოდა და წამებში რაც მოვიფიქრე ის გავაკეთე.
-დიდი მადლობა, -გაბრაზებულმა აქცია ზურგი და სახლში შეირბინა, დიოტრეფეც უკან გაჰყვა.
-მეგი, მშია, ვჭამოთ საჭმელი.
-ამ სიცხეში ჭამის თავი სულ არ მაქვს, თან თავი მტკივა.
-ნაგვიანი მაყვლის ჭამის თავი ხომ გქონდა?
-ბავშვობაში გაურეცხავი ხილი არ გიჭამია? -შეუბღვირა მეგიმ.
-გოგო, ცხელი და მტვრიანი მაყვალი რომ გეჭამა მოკვდებოდი მუცლის ტკივილით, რატომ არ გესმის?! ვჭამოთ საჭმელი და მერე დალიე წამალი, თავი ხომ არ უნდა გაგისკდეს?
-არ მშია, ძალით როგორ ვჭამო?!
-რამდენიმე ლუკმა მაინც შეჭამე მშიერ კუჭზე წამლის დალევა არ შეიძლება.
-კარგი, შევჭამ რამეს, -უკმაყოფილო სახით შევიდა მეგი სამზარეულოში და მაცივრიდან საჭმელების გადმოლაგება დაიწყო.
საღამოს მცხუნვარე მზემ მიიძინა და ასპარეზი ვარსკვლავებს დაუთმო, რომელთა შორისაც ნახევარმთვარე იწონებდა თავს. მეგი აივანზე მდგარ საქანელაზე იჯდა და სიმშვიდით ტკბებოდა. სასიამოვნოდ გრილ ნიავს შორიდან ჩიტების ჭიკ - ჭიკის ხმები მოჰქონდა. გვერდით დიოტრეფე მიუჯდა და ჩაის ჭიქა გაუწოდა.
- ძლივს აგრილდა, კიდევ ცხელი ჩაი მინდა?
-მაყვალია.
-გარეცხილია? -სიცილით გამოართვა ჩაის ჭიქა და პატარა კოვზით მაყვლის ჭამა დაიწყო.
- შენ არ გინდა?
-ვინმე მაჭმევს რომ?
-შენც შეჭამე, მე ამდენს ვერ მოვერევი, -გულუბრყვილოდ უთხრა და უკან გაუწოდა ჩაის ჭიქა.
-ვიხუმრე, მაყვალი არ მიყვარს, მე მაგისგან მომზადებულ წვენს ვსვამ მხოლოდ.
-უცნაური ვინმე ხარ, იცი?
-უცნაური მე კი არა ეს საღამოა.
-შენ, მე და მაყვალი? -გაეღიმა მეგის.
-წარმოიდგინე, ამ აივანზე ჩვენი შვილები რომ ირბენენ, პატარა შავთვალება და ლურჯთვალება ანგელოზები, -ფიქრებში წავიდა დიოტრეფე, მეგის კი მაყვალი ყელში გადაცდა და ხველა აუტყდა, ჩაის ჭიქა ძირს დადო და ზურგზე ხელებს იტყაპუნებდა.
-დიოტრეფე, მორჩი ოცნებას და ზურგზე ხელი დამარტყი, გამძვრება სული და შვილებიც უკან დაგრჩება და აივანიც, -სიმწრით ამოთქვა მეგიმ, რომელიც სულს ვეღარ ითქვამდა.
-რა მოგივიდა, კარგად ხარ? -ბეჭებზე ხელი დაარტყა, მერე გაიქცა და ჭიქით წყალი მოიტანა. წყალი დალია თუ არა მეგიმ ამოისუნთქა.
-ახლა კარგად ვარ, რამდენიმე წუთის წინ კი მგონი ვკვდებოდი, -ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და რამდენჯერმე კიდევ დაახველა.
-ბოდიში, ფიქრებში წავედი უცებ.
-მაგას მივხვდი, - ნაწყენმა მიუგო მეგიმ. ქსანთეზე ახალი არაფერია? შენი მეგობრები რას ამბობენ?
-გაიქცა და დაიმალა, ვერ პოულობენ. ჯერ გორში იყო, მერე ხაშურში გადავიდა. სანამ არ დაიჭერენ იქამდე ვერ წავალთ თბილისში.
-ჩემები მენატრებიან და ვნერვიულობ, -მოწყენით თქვა მეგიმ, საპასუხოდ დიოტრეფემ მხარზე ხელი მოჰხვია და მიიხუტა.
##############
შუაღამე კარგად გადასული იყო, მაგრამ ძილი მაინც არ მიეკარა. რაც სოფელში ჩამოვიდნენ მას შემდეგ ძილის ფუნქცია საერთოდ დაერღვა. დღისით თუ ცდილობდა ნერვიულობის დამალვას, სამაგიეროდ დაწოლისას მის გონებას ერთიანად აწყდებოდნენ მილიონი მშფოთვარე აზრები და მოსვენებას უკარგავდნენ. ეზოში გავიდა, რამდენიმე წუთი სუფთა ჰაერზე დაჰყო და ისევ სახლში შებრუნდა. კიბეებს აუყვა და გრძელი კორიდორის ბოლოს მდებარე ოთახის კარები ფრთხილად შეაღო, მისთვის ძვირფას ადამიანს მშვიდად ეძინა. რამდენიმე წუთი კარებში იდგა, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. მერე კარები დაკეტა და ყველანაირად ეცადა გადაადგილების დროს იატაკს ჭრაჭუნი არ დაეწყო. საწოლის წინ დადგა და მაღლიდან დაჰყურებდა, დგომით ფეხები რომ ეტკინა იატაკზე დაჯდა და ისე გააგრძელა მისი ყურება. უყურებდა და უაზროდ ეღიმებოდა, მოულოდნელად მეგიმ თვალები გაახილა, გაუღიმა და გვერდი იცვალა. წუთიც არ იყო გასული ისევ რომ გადმობრუნდა, საწოლზე შეშინებული წამოჯდა და კივილი დაიწყო, მის სახელს გაიძახოდა და საშველად უხმობდა. მეგიმ როგორც კი დააფიქსირა, რომ იატაკზე მჯდარი სხეული ფეხზე წამოდგა და ხელი წაავლო კივილს უფრო უმატა, რომელიც ტირილში გადაიზარდა, თვალები დახუჭა და ხელებს აქეთ - იქით იქნევდა არასასურველი ადამიანისგან თავის დასახსნელად. დიოტრეფემ პირზე ხელი ააფარა, რომ გამაყრუებელი კივილის ხმა დაეხშო.
- ნუ გეშინია, მე ვარ. მეგი გაახილე თვალები! - გვარიანად შეანჯღრია და ხელი ჩამრთველს მიარტყა, კედელზე დაკიდებულმა ბრებმა ოთახი გაანათეს. მეგიმ თვალები გაახილა და შეშინებული მზერა მიაპყრო დიოტრეფეს.
-აქ ქსანთე იყო.
-არა მეგი, აქ მე ვიყავი.
-დავინახე იატაკზე იჯდა და მიყურებდა, ჩემ წასაყვანად იყო მოსული.
- ეგ მე ვიყავი მეგი და შენ ახალ გაღვიძებულზე რაღაც მოგეჩვენა.
- ნამდვილად შენ იყავი? ძალიან შემეშინდა, მეგონა მოგვაგნო, შენ რაღაც დაგიშავა და ჩემ წაყვანას აპირებდა, -დიოტრეფემ ხელები მოჰხვია და შეშინებული გულზე მიიკრა.
-ნუ გეშინია, აქ მარტო მე და შენ ვართ, ქსანთე ვერ მოგვაგნებს და ვინმე რომც მოვიდეს შენ წასაყვანად ცოცხალი თავით არ დაგთმობ და შენი წაყვანის უფლებას არ მივცემ, გესმის ჩემი?
- მესმის, - ძლივს გასაგონად ამოიბურტყუნა მეგიმ. ცოტა ხანში თავი უსაფრთხოდ იგრძნო, დამშვიდდა, ძილი მოერია და თვალები უნებურად დაეხუჭა. დიოტრეფე რომ მიხვდა ეძინა ფრთხილად მოათავსა საწოლში და ის - ის იყო სინათლე უნდა ჩაექრო, რომ მეგის ხმა მოესმა.
-არ ჩააქრო გთხოვ, მეშინია.
-კარგი, არ ჩავაქრობ, შენ დაიძინე და არაფრის არ შეგეშინდეს. მე უნდა გავიდე, ტკბილი ძილი, -თმაზე ხელი ჩამოუსვა და ოთახი დატოვა.
დილით ორივეს ადრიანად გაეღვიძა, ჰაერი ისე იყო ჩახუთული ჭამის სურვილი არცერთს არ ჰქონდა. დაბორიალებულები აივანზე იდგნენ და გამოფხიზლებას ცდილობდნენ.
- თუ ასეთი სიცხეები გაგრძელდა მგონი თბილისიდან სტუმრები ჩამოგვაკითხავენ. აქ როგორ ცხელა და წარმომიდგენია იქ რა იქნება, ალბათ დუღს ყველაფერი. ძალიან მომწყურდა, წავალ ბოთლით ცივ წყალს მოვიტან, -დიოტრეფე გავიდა, მეგი აივნიდან ათვალიერებდა გარემოს, მერე საქანელაზე ჩამოჯდა, დიოტრეფე მალევე რომ არ გამოჩნდა ვერ მოისვენა და სახლში შევიდა.
-დიოტრეფე, სად გაქრი ასე უცებ? საყინულეს ხომ არ მიეყინე? - სიცილით შეიხედა სამზარეულოში, მაგრამ არავინ დახვდა, მხოლოდ ცივი წყლის ბოთლი იდგა მაგიდაზე. ეზოდან რაღაც ხმები შემოესმა, შესასვლელი კარები გამოაღო თუ არა დანახულმა კინაღამ გული გაუხეთქა. მიწაზე დაგდებულ დიოტრეფეს ქსანთე და კიდევ ორი ბიჭი გამეტებით ურტყამდნენ ფეხებს.
-არ დაარტყათ! ნუ ურტყამთ! -მეგიმ ტირილი დაიწყო და მათკენ ყვირილით გაიქცა.
-ჩემო მშვენიერებავ, ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე და აი, შენც გამოჩნდი.
-არ გინდათ, გთხოვთ! მას ხომ ტკივა, შეწყვიტეთ მისი ცემა, -მიწაზე დავარდნილ სხეულს მთელი ტანით გადაეფარა მეგი.
-ოჰო, ამას არ ველოდი. დიოტრეფე, მე არ მასწავლი როგორ მოვაწონო გოგოს თავი ისე, რომ ჩემ გამოც არ შეუშინდეს საფრთხეს? როგორც ვიცი მარტო საცოდავი ყვავილებით შემოიფარგლებოდა თქვენი ურთიერთობა, რა შეიცვალა ამ რამდენიმე დღეში არ მეტყვი? გპირდებით ჩემგან ვერავინ გაიგებს.
-რა გესმის შენ სიყვარულის, -პირიდან სისხლი გადააფურთხა დიოტრეფემ და ზიზღით ახედა.
-ჰმ, არა ბიჭო და შენ გესმის. ჩემზე ძმაო ქალები ჭკუას კარგავენ, აქეთ მეხვეწებიან, რომ მათთან ვიყო. ერთი ამ საცოდავმა ამითვალწუნა, თავი ისე მოაქ თითქოს მზეთუნახავი მყავდეს. დიდის ამბით რომ დამადევნე ძაღლობა, თითქოს არ იცოდე რისი მაქნისები არიან. შენ ქსანთეს მოტაცებული გოგოს ,,ახევა“ ხუმრობა გგონია? ფიქრობდი, რომ ვერ მოგაგნებდით? ძალიან შემცდარხარ თუ ასე იყო.
-ქსანთე, წადი გთხოვ! წადი და დაგვანებე თავი.
-წავალ ჩემო მშვენიერებავ აბა, აქ კი არ ვაპირებ დარჩენას, მაგრამ მანამდე მოდი გავიგოთ შენ უმცროს სერჟანტს როგორ შეუძლია ტკივილის ატანა, -ქსანთემ იარაღი ამოიღო, გადატენა და დიოტრეფეს ფეხში ესროლა.
-ვახ, შენი! -ტკივილისაგან თვალები დახუჭა დიოტრეფემ. შეშინებულმა მეგიმ კი კივილი დაიწყო.
-არ მოკლა გთხოვ! არ მოკლა, -ცრემლებით თვალებდაბინდულმა ახედა ქსანთეს და უფრო მეტად აეკრო დიოტრეფეს.
- ვაა, რა რომანტიკაა? -დაჭრილ ნაცვლიშვილზე დამხობილი თილიძე. ახლა ფოტო რომ გადაგიღოთ და ინტერნეტში ავტვირთო ,,ლაიქების“ რეკორდს მოხსნით, -ირონიული ხმა ჰქონდა ქსანთეს.
-დაგვანებე თავი! -ტირილს არ წყვეტდა მეგი.
-თავიც დანებებული მაქვს და ხელ -ფეხიც! ორივეს მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ ამ წუთას უკეთესი აზრი დამებადა თავში, თუ ჩემი არა, არც შენი გახდება, -ჩაიცინა და მეგის მთელი ძალით ჩაარტყა ფეხი ხერხემალში. დიოტრეფე ლამის მოკვდა ამის შემხედვარე. მეგიმ ტკივილისგან ხმის ამოღებაც ვერ შეძლო ისე დაკარგა გონება.
-გეფიცები მოგკლავ! ნაკუწებად გაქცევ და სადმე სანაგვეზე დავყრი შენ ხორცს მძორების საჯიჯგნად. ისე ვიზამ, რომ მიწაც არ გეღირსოს დასამარხად, -ღრიალებდა სასოწარკვეთილი დიოტრეფე.
-ინვალიდ შეყვარებულს გაუფრთხილდი, რა თქმა უნდა თუ კიდევ გენდომება გონს რომ მოვა. თუმცა რად გინდა ხეიბარი? გოგოების მეტი რა ყრია, არა კარლიკ? -ქსანთემ, ბიჭებს ხელით რაღაც ანიშნა და მანქანისკენ წავიდნენ.
-შენ სისხლს დავლევ, წამებით ამოგხდი სულს ჯაფარიძე, დამაცადე შენ! - აკანკალებული, სისხლიანი ხელით ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა, -ღვთის გულისთვის გაუძელი მეგი, მალე მოვლენ. არ მოკვდე გთხოვ, მჭირდები გესმის? მჭირდები! გთხოვ გაუძელი, ცოტაც გაუძელი, მალე სასწრაფო მოვა და კარგად იქნები. ჯაფარიძე ჩემ გამწარებას არ გაპატიებ, მოგკლავ, არ გაცოცხლებ, -იქამდე ღრიალებდა დიოტრეფე სანამ ხმა არ ჩაუწყდა. შეშინებული უყურებდა მეგის უგონო სხეულს და სახეზე ეფერებოდა. ცოტა ხანში სასწრაფოს სირენების ხმა გაისმა, ორი დამტვრეული სხეული ჯერ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში. დიოტრეფე თავის დამტვრეულ ნეკნებს კი არ ჩიოდა ოცდაოთხი საათი ,,მეგი როგორ არის“ ეკერა პირზე. მხოლოდ მისი ამბის გაგება უნდოდა, სხვა არავინ და არაფერი აინტერესებდა. მისი მდგომარეობა თუ ყოველ დღე უმჯობესდებოდა, სამაგიეროდ მეგის მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე ისეთი გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა ვერანაირი წამალი ვეღარ უყუჩებდა. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ექიმები, მეგის თუ თურქეთში არ გადაიყვანდნენ გაუსაძლის ტკივილებს ვეღარ გაუძლებდა და ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა. ოჯახის წევრებს ბევრი აღარ უფიქრიათ, თუ რამე დასალომბარდებელი იყო დაალომბარდეს, გასაყიდი გაყიდეს და სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადააფრინეს.
ტკივილი რომ ერთ მუშტად კრავს ადამიანებს ეგ ძალიან ცნობილი ფაქტია. მეგის გასაჭირმა ბევრი ადამიანი გააერთიანა. კლასელები, მეზობლები, უბრალო ნაცნობები თუ უცნობები. ყველგან იყო მეგის ფოტოები გაკრული, მეტროში, ქუჩაში, სკვერებში, მაღაზიებში. მეგის ხერხემლის ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ამიტომ თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ლილი, ნანა და ანისთან ერთად თავს არ ზოგავდა, ვის ახსოვდა უნივერსიტეტი და სწავლა, გარშემო ყველა მეგისთვის დასახმარებელი თანხის შეგროვებას ცდილობდა. ერთ მუშტად შეკრულმა ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ ოპერაციის და მისი შემდგომი რეაბილიტაციის ფული შეაგროვეს. ამ ყველაფერმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ თუ ადრე ხერხემალში გადამტყდარი მეგი მხოლოდ იწვა, ახლა თავისუფლად ჯდებოდა ეტლში და შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო.

##############
აეროპორტში მოუთმენლად ელოდნენ მეგის და მაიას გამოჩენას. როგორც კი დედა - შვილი შენიშნეს ახლობლები სიხარულისგან ემოციებს ვეღარ იკავებდნენ. ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგიც ორივე ემოციას ერთად შეეპყრო. დიოტრეფეს მეგის დანახვისას გულზე რაღაცამ მოუჭირა, უხაროდა მისი დანახვა, მაგრამ ტკივილი სიხარულის შეგრძნებას უკარგავდა. მისი გული და გონება ვერ ეგუებოდა ეტლში მჯდომ მეგის, რომელსაც ნატანჯ სახეზე სევდანარევი ღიმილი ჰქონდა აკრული და ხან რომელ ნაცნობს ეხუტებოდა, ხან რომელს. თან თვალებს აქეთ - იქით აცეცებდა და როდესაც მისი შავი ფერის თვალები ლურჯებს გადაეყარნენ ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. დიოტრეფე ახლოს მივიდა, თეთრი ვარდების თაიგული ჩაუდო კალთაში და მის წინ ჩაიმუხლა.
- დაბრუნებას გილოცავ, ჩემო ანგელოზო! -მის ჩაბღუჯულ ხელს მთელი გრძნობით აკოცა და მოეხვია. მეგის ცრემლებმა მხარი მთლიანად დაუსველა დიოტრეფეს, ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ახერხებდა, საკუთარი აჩქარებული გულისცემა კი ორივეს ძალიან ხმამაღლა ესმოდათ. გარეთ გამოსულები მანქანებში ნაწილდებოდნენ დიოტრეფემ მეგის ეტლს ხელი რომ სტაცა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა.
-დიოტრეფე, სად მიგყავარ, გაჩერდი!
-ჩემთან მიმყავხარ, სახლში.
-გაგიჟდი?! რა მინდა შენ სახლში, მე სახლი არ მაქვს? -ბორბლებს ხელი სტაცა მეგიმ და ეტლი გააჩერა.
-ჩემ გვერდით უსაფრთხოდ იქნები.
-რისგან, ან ვისგან გინდა ჩემი დაცვა? ქსანთე ხომ ციხეშია უკვე.
-სამაგიეროდ ლეკვები ჰყავს თავისუფალი და მისი დავალებით რას მოიმოქმედებენ არაცინ იცის.
-მე ჩემ სახლში მინდა!
-რატომ არ გესმის, რომ ასე უფრო მშვიდად ვიქნები?
-არ შეიძლება ადამიანო, ხალხი რას იტყვის? ჩვენ დაქორწინებულები არ ვართ რომ ერთად ვიცხოვროთ.
- ,,ხალხი რას იტყვის" ხალხის აზრი მკ’იდია. შენ, ჩემს სახლში მოდიხარ და დავამთავროთ.
-მამა სახლში წამიყვანე, -ხმა აიმაღლა მეგიმ.
-დიოტრეფე, გეყოფა! ყველა ჩვენ გვიყურებს. მეგი დაღლილია, ახლა ჯობია სახლებში წავიდეთ, სალაპარაკოდ აქ არც დროა და არც ადგილი, -ლილიმ მეგის ეტლი შეაბრუნა და საპირისპირო მხარეს წავიდნენ, სადაც მაია და ემზარი ტყუპებთან ერთად ელოდებოდნენ.
-დიო, ლილი მართალია, სხვა დროს გაარკვიეთ, ისედაც დაძაბულები ხართ და უფრო ნუ დაძაბავ სიტუაციას.
-გამიშვი, თაზო! - უხეშად მოიცილა მხრიდან ძმაკაცის ხელი და მეგის მიმართულებით წავიდა, რომელიც ემზარს უკვე მანქანაში ჩაესვა.
-დიოტრეფე, წადი და დაანებე მეგის თავი. დაღლილია რატომ ვერ შეგიგნია? -წინ გადაუდგა კაცი.
-ერთი წუთით დაველაპარაკები და მერე წავალ.
-ბავშვი დაღლილია, ცოტა ხანს დაანებე თავი.
-მხოლოდ ერთ წუთს ვითხოვ, კაცი ხარ და გამიგე, -ემზარი განზე გადგა.
-გჯერა ჩემი? -ნატანჯი, უძილო მზერა მიაპყრო დიოტრეფემ.
-დასვენება გჭირდება, უძილობისგან ფეხზე ვეღარ დგახარ, -სახეზე ხელით მოეფერა მეგი, -რამდენი დღეა არ გძინებია? მოდი ახლა შენ წადი სახლში, კარგად გამოიძინე, დაისვენე და ხვალ მოდი ჩემთან, იქ ვილაპარაკოთ დანარჩენი.
- ხვალ ყველაფერს გავარკვევთ.
-აუცილებლად, ახლა წადი და დაისვენე, გთხოვ! -მეგის ნებას დაემორჩილა დიოტრეფე და წავიდა, მაგრამ რაც სახლში მივიდნენ მას შემდეგ ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ოთახიდან ოთახში მიმოდიოდა. არც ბიჭების ნათქვამს უსმენდა, რომლებიც მის დაწყნარებას და მშვიდად დალაპარაკებას ცდილობდნენ, არც საღამოს სამსახურიდან მოსულ მამას მოუსმინა, ბოლოს ყველანი რომ დაიღალნენ მარტო დატოვეს ოთახში. მოგვიანებით ნანა შევიდა იმის იმედით, რომ სავახშმოდ გასვლაზე დაითანხმებდა.
-შვილო, ცოტა მაინც გეჭამა მშიერი ხარ, მარტო გაუთავებლად გვეჩხუბები ყველას, ვნერვიულობთ შენზე, -გვერდით მიუჯდა და მზრუნველი ტონით უთხრა შვილს.
-არ მშია! არაფერი მინდა! ლუკმა არ გადამივა ყელში!
-რაღაც მაინც ხომ უნდა შეჭამო? გიჟს გავხარ, ადამიანის ფერი არ გადევ სახეზე.
-ხვალვე წავალთ და მეგის ხელს ვითხოვთ, მერე რას მოიმიზეზებენ ვნახავთ. დაუქორწინებელი წყვილები ხომ ცხოვრობენ ერთად, მალვინამ და გოგიმ რამდენი წელი იცხოვრეს ჯვარდაუწერლებმა და ხელმოუწერლებმა? მაინცდამაინც ჩვენი უნდა გახდეს სალაპარაკო?
-ცოტა ხნით დაანებე მაგ გოგოს თავი! მოულოდნელად ამხელა რაღაც დაატყდა თავს, მოვლენებში გარკვევა მაინც აცადე. ვერ ხედავ გარშემო ყველას თავგზა გვაქვს არეული? დავფიქრდეთ, სიტუაცია გავაანალიზოთ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ ყველაფერი.
-რა არის დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი? იქნებ მეგი აღარ გინდა რძლად? რატომ გაჩუმდი დედა მიპასუხე! ააა, გასაგებია ყველაფერი, ანუ აღარ გინდა? ჩემ გამო რომ მიეჯაჭვა ეტლს ეგ არ იცი? არც ის მითქვამს ალბათ ნეკნებდამტვრეულს დაუფიქრებლად რომ გადამეფარა ისე, რომ საკუთარ თავზე ერთი წუთითაც არ უფიქრია. ნეტავ შენი თვალით რომ გენახა ქსანთეს როგორ ემუდარებოდა არ მოვეკალი მაშინაც ასე იქნებოდი მის მიმართ განწყობილი? სანამ ფეხზე სიარული შეეძლო მოგწონდა რძლად, ახლა ინვალიდის ეტლში მჯდომი რძალი ,,გიტყდება? " ჯვარი გწერია და შენ რომ ასე დაგემართოს მამა სხვა ქალთან უნდა გაიქცეს?
-როგორ ბედავ, დედაშენს ასე რომ მელაპარაკები?! -დაიყვირა წყობიდან გამოსულმა ნანამ.
-ამდენი წლის მანძილზე იმას მასწავლიდი, რომ საყვარელი ადამიანებისთვის თავი არ დამეზოგა და სიცოცხლე არაფრად ჩამეგდო მათ გადასარჩენად. შენ არ ხარ ის ქალი რომ მასწავლიდი ნაკლზე არავის დასცინოო? მეგობარი გასაჭირში არ მიატოვო, რადგან გარემოებები იცვლება და ცხოვრების კიბეზე ზოგი ადის და ზოგი ჩადისო? ახლა სად გაქრა ის ქალი, სად? პირველ რიგში ქალი ხარ ნანა, მერე დედა და ეს ყველაფერი შენ ძალიან კარგად უნდა გესმოდეს. არცერთი თქვენთაგანის წამოსვლა არ მჭირდება, მარტო წავალ მასთან და რადგანაც აქ ჩემთვის და მეგისთვის ადგილი არ მოიძებნება სოფლის სახლში გადავალთ და იქ ვიცხოვრებთ, რა პრობლემაა? იქ მოვძებნი რამე სამსახურს და არავის ტვირთად არ დაგაწვებით მე და ჩემი ცოლი. ,,სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს" ნათქვამია.
-როგორი ჯიუტი ბიჭი ხარ, ვერაფერი შემიგნებინებია. ვის დაემსგავსე ნეტავ?
-შენ და მამას, მეზობელს ხომ არ დავემსგავსებოდი? -ირონიულად გაეღიმა დიოტრეფეს.
-გადამრევ დიოტრეფე, მართლა გადამრევ! -გაბრაზებული წამოხტა ნანა და ოთახიდან გავიდა, -მთელი ღამე ბობოქრობდა, ძილზე საერთოდ არ უფიქრია, დილით ადრიანად მოჰკიდა ნანას ხელი და მეგის სახლში ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
-გაიღვიძე მეგი! ჩქარა ნანა, ტანსაცმელი გადმოიღე ჩავაცვათ.
-მეძინება ანა, ნუ მანჯღრევ, -დას ხელი გააშვებინა და საბანი თავზე დაიფარა.
-გოგო რა დროს ძილია, დიოტრეფე მოვიდა შენი ხელის სათხოვნელად.
-რაა? -საბნიდან თავი წამოყო მეგიმ და დებს გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
-ჩვენც ზუსტად შენნაირი რეაქცია გვქონდა, -სიცილი დაიწყო ნანამ.
-მაგან საერთოდ გააფრინა?
-სასწრაფოდ უნდა მოგაწესრიგოთ, სანამ შემოვარდნილა.
-არ შემოვარდება, ნუ ნერვიულობთ.
-მაშ კაცო, როგორც შენ იტყვი. მე და ანიმ შევაჩერეთ, მძინარეს რომ დაგადგებოდა თავზე ნახავდი.
-რა დღე გათენდა, ღმერთო, ძილსაც რომ არ დაგაცდიან!
-უნდა ნახო დედა და მამა როგორი გაკვირვებულები სხედან. ასე ამბობს მეგის გარეშე არსად არ წავალო, მამა კბილებს აკრაჭუნებს, ცოტაც და ალბათ გაგლეჯს შუაზე ამ შენ დიოტრეფეს. რამდენჯერ იკამათეს უკვე ვეღარ ვითვლით. ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე მოგაწესრიგოთ, - ტყუპები აქეთ - იქით სირბილს მოჰყვნენ. როგორც იყო მეგი მოაწესრიგეს და ახლა არეული ოთახის მილაგება დაიწყეს.
-გადავწყდი წელში, თავი სარბოლო მანქანა მგონია ისეთ სიჩქარეს ვავითარებ.
- ნანა, წუწუნის დროა? ცოტა მალე ნუ ზოზინობ. აი მეგი, ორივე ბალიში დაიდე უფრო კომფორტულად იქნები.
-ანი, ერთიც მეყოფა, ნუ ნერვიულობ, -დის მიერ დადებული ბალიში გვერდიდან გამოიცალა და გადადო, -აღარ უნდა ოთახს არაფერი უთხარით შემოვიდეს.
-ჩვენც რომ ოთახში ვიყოთ ხომ შეიძლება?
-თქვენ შემომიშვებდით ჩემ ადგილას რომ იყოთ?
-არა! - ორივემ ერთხმაში წამოიძახეს.
-მაშინ ჩემ პასუხსაც უნდა ხვდებოდეთ.
- მაინც ჩაგიგდებთ ქალბატონო ხელში და დაფქვავ ყველაფერს, -სიცილით გამოსდო ხელკავი ანამ ნანას და მეგის დაეჯღანა, -ოთახში დიოტრეფე შემოვიდა.
-დილამშვიდობისა! -დაიხარა, მეგის ლოყაზე აკოცა და გვერდით ჩამოუჯდა.
-დილამშვიდობისა! - მეგიმაც სცადა გაეღიმა, მაგრამ მის უძილობისგან გაწითლებულ თვალის გუგებს რომ შეხედა ბრაზი მოერია.
-ღამით როგორ გეძინა?
-შენ როგორ გეძინა?
-კითხვას უკან ნუ მიბრუნებ, ჯერ მე გკითხე და გამეცი პასუხი, დიოტრეფე!
-თვითონაც ხომ ხედავ, რა საჭიროა ზედმეტი კითხვები? -გაღიზიანდა დიოტრეფე და მზერა აარიდა.
-მერე რატომ არ დაიძინე, გინდა ცუდად გახდე?
-ვერ დავიძინე.
-ხომ გთხოვე დაგეძინა, შენ პირიქით რატომ გაიგე?
-ცოლად გამომყევი!
-მე რაზე გელაპარაკები და შენ რას მეუბნები. საერთოდ არ უფიქრდები, ისე იღებ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს?
-ნაჩქარევს შენ რას ეძახი? ყველაფერი გააზრებული მაქვს!
-გააზრებული რომ გქონდეს დღეს აქ ამ წინადადებით არ მოხვიდოდი.
-რატომ არ გინდა გაიგო, რომ მჭირდები?!
-ხეიბარი?
-კი, ხეიბარიც!
-მთელი ცხოვრება ეტლს უნდა ვიყო მიჯაჭვული, რაში გჭირდება ჩემნაირი გვერდით? დაიტანჯები დამიჯერე, ძალიან დაიტანჯები.
-მე ახლაც ვიტანჯები, ყველაფერი ჩემ გამო დაგემართა.
-გამოდის სინდისი გაწუხებს და სიბრალულის გამო მირთავ?
-არასწორად გაიგე!
-ძალიან სწორად გავიგე. ჩემთვის არავის დაუძალებია შენ გადაგფარებოდი, კარგად იცი სინამდვილეში რაც მოხდა და დამნაშავე ვინც არის.
-მაშინ ვისი ბრალიც არის იმას მოვკლავ და საბოლოოდ დავისვენებთ ყველა, -ხმას აუწია დიოტრეფემ და ფეხზე წამოხტა.
-ქსანთე ციხეშია და თავისი დანაშაულისთვის დამსახურებულად იხდის სასჯელს.
- რომ გამოვა გგონია შევარჩენ?
-შურისძიებაზე ფიქრს შეეშვი.
-არ გამოვა მეგი, სანამ ჩემსას არ გავიტან არ მოვისვენებ.
-რომ მოკლავ მე ფეხზე დავდგები? წადი, მოკალი და იცოდე ჩემამდე მოსასვლელი გზა სამუდამოდ მოჭრილი გექნება.
-შენ არ გესმის, რას ვამბობ.
-შურისძიების წყურვილმა დაგაბრმავა დიოტრეფე! მე ისეთი ადამიანის გვერდით ვერ ვიქნები ვისაც გული ბოღმით ექნება სავსე და შურისძიება ბედნიერების უფლებას არ მისცემს.
-უარი რომ ვთქვა მაშინ, გამომყვები?
-შეძლებ შურისძიებაზე უარის თქმას? მჯეროდეს შენი? თუ ვერ შეძლებ ტყუილ იმედს ნუ მომცემ და გულს ნუ მატკენ.
-მე შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში? მე შენი სიბრალული არ მჭირდება, საერთოდ არავისი სიბრალული არ მჭირდება. ერთ დღესაც ფეხზე გავივლი და არ მაინტერესებს ამას ვინ დაიჯერებს და ვინ არა.
-საიდან მოიტანე, რომ სიბრალულის გამო მინდა შენი ცოლად მოყვანა? მე ისედაც ვაპირებდი ამ ყველაფერს და შენ ეს იცი.
- ჰკითხე ოჯახის წევრებს აზრი?
-ცოლად მე მომყავხარ და არა ჩემ რომელიმე ოჯახის წევრს.
-რატომ არ გინდა გაიგო როგორ მძიმე ტვირთად გექცევი? ადვილი არ იქნება ჩემთან ერთად ცხოვრება. ყოველ დღე ხეიბარი გოგოს ყურება ყელში ამოგივა. როცა ქუჩაში ამდენ ლამაზ მოსიარულე გოგოს დაინახავ იფიქრებ, რატომ უნდა შეალიო ცხოვრება ჩემნაირს, -დიოტრეფეს სისხლი თვალებში მოაწვა, მზერა საშინელი გაუხდა და მთელი ძალით დაარტყა საწოლის ბოლოს ხელები.
-ნუ მაგიჟებ და ნუ ცდილობ რაც ვთქვი გადამაფიქრებინო. მე შენ აგირჩიე და დავამთავროთ ზედმეტი ლაპარაკი. ხელსაც მოვაწერთ, ჯვარსაც დავიწერთ და დიდ ქორწილსაც გადავიხდით, გასაგებია? - ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა და უკვე ღრიალზე გადავიდა.
-მე კი არა შენ მაგიჟებ! რა ხელისმოწერაზე, ჯვრისწერაზე ან ქორწილზე მელაპარაკები? ვერ ხედავ ხეიბარი რომ ვარ? -გაბრაზებულმა მეგიმ ხმას აუწია, - მე არაფერს მეკითხები რა მინდა? ჩემზე სულ არ ფიქრობ? ჩემი შემხედვარე ვინ იქნება ქორწილში ბედნიერი სახით? ყველას სახეზე სიბრალული ეწერება, მაგის დანახვას მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ასეთი დიდი სირცხვილი ავიტანო. დაფიქრების საშუალებას არ მაძლევ. ვერ ხვდები, რომ ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა და დასვენება მჭირდება? შენც გჭირდება დასვენება, შენც! ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავისუფლად შემეძლო გადაადგილება და ფეხშიშველს სირბილი, ახლა? ახლა დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც აღარ შემიძლია. რატომ არაფერი გესმის? სულ ცოტა ხნით მაინც შედი ჩემ მდგომარეობაში. ძალიან ვიტანჯები დიოტრეფე, საკუთარი თავი მეზიზღება და ყველაზე მეტად ეს სიტუაცია მძულს, სიბრალულით სავსე თვალები მძულს რომლითაც მიყურებენ. მე დრო მჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად და ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად. ახლა ქორწინებაზე ფიქრი არ შემიძლია, გუშინ ჩამოვედი თურქეთიდან, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვარ დაღლილი. თუ შენთვის მართლა რაღაცას ვნიშნავ ცხოვრებაში, ამ ერთხელ ცადე გაიაზრო ჩემი მდგომარეობა, ადამიანურად დამიდექი გვერდში და ნუ დამაძალებ ნურაფერს.
-სამხედრო სამსახურში ძალიან ბევრ რამეს მასწავლიდნენ, მტრის დაზვერვას, მიყურადებას, მათ შორის განიარაღებასაც, -მეგი ვერ მიუხვდა ნათქვამს, დიოტრეფე კი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და ფართოდ გამოაღო.
-ისა... ჩვენ...ჩვენ... იცი... ისა... - უხერხულად აწურული ნანა და ანი თვალებს აცეცებდნენ, ხელებს აქეთ - იქით იქნევდნენ და დიოტრეფეს მზერისგან თავის დაღწევის გზებს ეძებდნენ, რომელიც გაბრაზებული უყურებდა ორივეს, მეგის კი ეღიმებოდა.
-გვაინტერესებდა რამე ხომ არ გინდოდათ, წვენი ან ყავა, ჩაი, ახლავე შეგვიძლია მოგიტანოთ ყველაფერი.
-შემოხვალთ თუ კარს უკან დგომა უკეთესია? -გაბრაზებული სახე ღიმილით შეეცვალა დიოტრეფეს.
-შემოვალთ, -თეთრი კბილები დაუკრიჭეს და სწრაფად შემოცვივდნენ.
-ხომ გითხარი ანი ეს სერჟანტები ძალიან ჭკვიანები არიან თქო, -დუდღუნით უთხრა ნანამ ანის.
-მე რა ვიცოდი კარს იქითაც თუ შეეძლოთ დანახვა? -ჩურჩულით გადაულაპარაკა ტყუპისცალს.
-მოაგვარეთ პრობლემა? ყველას გვაინტერესებს რას ლაპარაკობთ ამდენი ხანი, -როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა ნანამ და ჯერ დიოტრეფეს შეხედა, მერე კი მეგის.
-მე ვრჩები და დიოტრეფე სახლში მიდის.
-არა ძვირფასო, ახლა დიოტრეფე მეგისთან ერთად წავა სახლში, -საწოლს მიუახლოვდა, სწრაფად აიყვანა ხელში მეგი და ოთახიდან გავიდა.
-ახლავე დამაბრუნე ჩემ ოთახში!
-რამდენიმე წუთი მოიცადე და ჩვენ ოთახამდეც მივაღწევთ.
-სად მიგყავს ჩვენი და? -უკან აედევნენ ტყუპები. ხმაურზე ემზარი გამოვიდა და სანამ ლიფტში შევიდოდა, მაიამ მისი შეკავება მოახერხა.
-ემზარ, ძალიან გთხოვ! ხომ იცი, დღეს თუ ხვალ, მაინც წაიყვანდა.
- გამიშვი, ჭკუა უნდა ვასწავლო მაგ ბიჭს!
- საყვარელო დამშვიდდი, -მის მკლავს აღარ უშვებდა ქალი და ცდილობდა გაბრაზებული ქმარი დაეყოლიებია.
-დიდ ბოდიშს გიხდით, ასე რომ აგაფორიაქეთ. ემზარ, თქვენც ხომ ხვდებით გაყოლას აზრი რომ არ აქვს? ნუ გეშინიათ თქვენ შვილს არაფერს მოვაკლებთ, საღამოს მობრძანდით ჩვენთან და ნორმალურ გარემოში უკეთ დავილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ასე დილაადრიან რომ შემოგეჭერით და აგაფორიაქეთ ჩვენი მოულოდნელი სტუმრობით. გელოდებით საღამოს ყველას, -დაემშვიდობა ნანა ცოლ - ქმარს და ლიფტში შევიდა.

##############
მთელი გზა მეგი გაბუტული იჯდა მანქანაში, მაშინაც არ გაუცია დიოტრეფესთვის ხმა როდესაც სახლში მივიდნენ. მალვინა ბებოს ისე მოეწონა პატარძალი ოთახიდან აღარ გადიოდა, მანამ სანამ ყოფილმა, დიდმა გენერალმა არ დაუცაცხანა და ისიც პატარა გოგოსავით გაჰყვა უკან.
-მეგი, ნუ მებუტები, შენ ოთახში გინდოდა და მოგიყვანე.
-მე ჩემი მშობლების სახლში რომ ოთახია, ჩემთვის განკუთვნილი იქ მინდოდა.
-ეგ ამბავი არ გამოვა, დღეიდან ეს ოთახი შენიც არის. ყველაფერი ჩემებურად მაქვს მოწყობილი, მაგრამ უფლებას გაძლევ როგორც გინდა ისე მოაწყო. ნუ მიყურებ დაბღვერილი, თითქოს უპატიებელი დანაშაული ჩამედინოს.
-არ გაგიკვირდეს შვილო, ამას რაც ასაკი ემატება უფრო ჭკუას კარგავს, -სიცილით თავზე წამოადგა დიოტრეფეს ნანა.
-ჭკუას ჩემი სურვილით არ ვკარგავ, მეგის ბრალია, ეს მაკარგვინებს.
-თვითონ მაიმუნი იყო რა ჩემი ბრალია? -ღიმილი შეეპარა სახეზე მეგის.
-დედა გაიგე რა მითხრა? მიდი მოქაჩე ამასაც თმები.
-მეგის კი არა შენ მოგქაჩავ თმებს, თუ არ გაჩუმდები.
-ერთი შეხედეთ, რძალი როგორ დაიცვა.
-რძალი უნდა დავიცვა აბა, შენ ხომ არ დაგიცავ? ეს იცი როგორი იყო? ბავშვობიდან მდედრობით სქესს არ წყალობდა, გოგოს ან ნერვებს უშლიდა ან ცემდა. პირველ კლასში გოგო რომ მიუსვეს გვერდით სულ წიგნი ურტყა თავში, ნუ ლაპარაკობო. მის გვერდით მჯდომი უნდა ყოფილი მუნჯივით, ის გოგო კიდევ სულ აქეთ - იქით ტრიალებდა, ლაპარაკობდა და გაკვეთილის მოსმენის საშუალებას არ აძლევდა. ერთხელ რვეულიც კი დაუჯღაბნა გამწარებულმა კლასელს, იმის გამო რომ უკნიდან სკამის საზურგეზე ფლომასტრით ყვავილები დაუხატა. კლასის დამრიგებელმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ყოველთვის მარტო მჯდარიყო სასკოლო მერხთან. უკვე მაღალ კლასში იყო ვიღაც სკოლელი გოგოსთვის მოკლე კაბა რომ ჩაუძვრია და ასე უთქვამს მაინც ისეთი მოკლეა საცვალი გიჩანს და რატომ მალავ არ ჯობია ყველამ კარგად დაინახოსო. დირექტორმა რომ მითხრა, სირცხვილისაგან სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი. ვერცერთი კლასელი გოგო ვერ იტანდა, ყველასთან ნაჩხუბარი იყო, მერე სკოლელებსაც გადაწვდა და უკვე გარეთ რომ გადიოდა ღმერთს ვევედრებოდი სახლში მშვიდობით დაბრუნებულიყო, რომ რომელიმე მასზე გადამტერებულ გოგოს რამე არ დაეშავებია მისთვის. უკვე იმდენი გოგოს მშობელი მეუბნებოდა საყვედურს ლამის მომეკლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა თუ ჩემ ყურამდე ვეღარ აღწევდა ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია საყვედური არავის აღარ უთქვამს ჩემთვის, -ღიმილით უყვებოდა დედამთილი მეგის, დიოტრეფეს წარსულის ამბებს. ნანა კიდევ ცოტა ხნით გაჩერდა მათთან და მალევე გავიდა, რადგან საღამოს სტუმრების დასახვედრად უნდა მომზადებულიყვნენ. მეგის მობილური ტელეფონი ამღერდა და პასუხისთანავე ლილიმ ჩასძახა შენთან მოვდივარ და ხვალამდე ფეხს არ გავადგამო.
-ლილი, სახლში არა ვარ.
-სად წახვედი გოგო, ამ დილაადრიან უჩემოდ?
-დიოტრეფე მოვიდა და თავისთან წამომიყვანა.
- ტყვიას მოგარტყამთ ორივეს! ახლა უნდა ვიგებდე შენი გათხოვების ამბავს? ბარემ ბავშვის ნათლობაში დაგერეკათ და მაშინ გეთქვათ ეგ ამბავი. როგორ არა გცხვენიათ?!
-ვერ მოვახერხე დარეკვა, იცი, რა ომი გვქონდა სახლში?
-ომი და ატომური ბომბები იქნება მე რომ მოვალ მანდ. ჰო, კარგი, წავედი უნდა მოვემზადო, დაქალი გამითხოვდა და საღამოს უნდა ვესტუმრო, თვითონ ხომ ვერ მოიფიქრებს, რომ უნდა დამპატიჟოს, - სანამ მეგი რამეს ეტყოდა იქამდე გათიშა ლილიმ ტელეფონი.
-რა უნდოდა შენ დაქალს? რა ატომური ბომბები და ტყვიაო, რას გვერჩის?
-არ იცოდა რომ წამომიყვანე და გაბრაზდა, საღამოს გვესტუმრება.

##############
-ვისია, ვისია, ქალი ლამაზი, ჰე, ჰე, -მისაღებში გაღიმებული ლილი შემოვიდა, რომელსაც ხელებში იმხელა თაიგული ეჭირა თავი საერთოდ არ უჩანდა, -დაო, გილოცავ და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ.
-დიდი მადლობა, ლილი! -გაუღიმა და ყვავილების თაიგული გამოართვა. მერე ლილიმ დიოტრეფეს მიულოცა და ჩუმად უთხრა:
-იცოდე ჩემ დას თუ აწყენინებ მუხლზე ისე გადაგიმტვრევ, რომ ერთი წუთით არ შემეცოდები. ამ წუთას რომ ბედნიერებისგან იღიმის შენ გვერდით ისე უნდა იყოს მთელი ცხოვრება, რომ ამაზე ბედნიერს ვხედავდე. შენ გამო მეგის სახეზე ცრემლი რომ დავინახო იცოდე არ შეგარჩენ, -დიოტრეფეს გაეღიმა.
-ნუ გეშინია, ჩემ გვერდით უბედური ნამდვილად არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.
-არ გააკეთებ და კარგ ჩიტსაც დაიჭერ, -მხარზე ხელი დაუტყაპუნა და მეგისთან ახლოს მივიდა.
-შალვა, ახლა დავფიქრდი და შენი და იმ ბიჭს ხომ არ გავაცნოთ? -დიოტრეფე შალვას მიუბრუნდა.
-ვის?
-ვის და აკოს, ამას წინათ რომ გავიცანით, ფერი ფერსაო ზუსტად ისე იქნებიან.
-დიო, ლილიმ არ გაგიგოს, იცოდე, რაც დაგპირდა ამ წუთში აგისრულებს.
-არ იხუმრა?
-ლილი, იშვიათად ხუმრობს უცნობებთან, -თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-გგავს, ეტყობა, რომ შენი სკოლაა.
-მაინც როგორ გამომაპარეთ? ყველაზე ბოლოს უნდა გამეგო შენი გათხოვების ამბავი? ისე, ქალბატონო მაგარი გასალანძღი ხარ, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო თავს შევიკავებ.
-ვერ მოვახერხე დარეკვა, შენ მაინც ნუ მიბრაზდები.
-არ გიბრაზდები, ნაწყენი ვარ და მალე გამივლის, ყურადღება არ მომაქციო. და გამითხოვდა და, ეს რას მოვესწარი ხალხო, -სიცილი დაიწყო ლილიმ და მეგის მიეხუტა.
დიოტრეფე, მეგის მიუახლოვდა და თავისი დეიდაშვილი მარიამი წარუდგინა.
-გამარჯობა, -გოგონამ გაუღიმა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. მეგიმაც ღიმილით შეაგება თავისი ხელი და ავტომატურად ის კადრი ამოუტივტივდა თავში დიოტრეფეს ხელიდან თეთრი ვარდი რომ ააცალა.
-შენ, ის მარიამი ხარ?
-კი, გაგახსენდა? რა სახე გქონდა მაშინ არ მავიწყდება, ალბათ, რომ შეგძლებოდა მომკლავდი.
-მეგი, ასეთი არ არის!
-ოჰ, როგორ დაგიცვა, ხედავ? -სიცილი ვერ შეიკავა მარიამმა.
-მოკვლის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ ძალიან ვიეჭვიანე.
-ძალიან კარგი, სწორედ მაგ ხერხით მივხვდი, რომ ჩემი მარმელადის მიმართ გულგრილი არ იყავი.
-მარიამ!
-მარმელადივით ტკბილი ხარ და რა ვქნა? მაშინ ბულკი ხარ, ან მარწყვის ჯემიანი კრუასანი, -დიოტრეფემ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გოგოებს გაეცალა.
-ვერ იტანს ასე რომ ვეძახი, ძალიან ბრაზდება და მერე მთელი დღე მიბღვერს. არ ესმის როგორ ძალიან მიყვარს, თუმცა როგორ არ ესმის, უბრალოდ ამ ჟესტით ცდილობს არ დამანახოს გრძნობები, ჩვენი ჯუჯღუნაა. შენ არ დაუძახო გაგებუტება, ყველაფერთან ერთად ბუტიაც არის. ერთხელ ბიჭებთან ერთად ვუთხარი ჩემი თაფლაკვერი ხარ თქო და მერე ორი დღე შესარიგებლად დავდევდი. მას შემდეგ ბიჭებთან არა, მაგრამ სახლში მარტოები რომ ვართ ვამკობ ტკბილი კომპლიმენტებით და მის ჯუჯღუნზე ბევრს ვხალისობ.
შენთან განმატოებით მინდა ლაპარაკი და შეიძლება?
-რა თქმა უნდა.
-დიოტრეფეს და ახლა უკვე შენ ოთახში გავიდეთ, სხვაგან შემოგვივარდებიან. როგორ მომწონს ამის ოთახი და ერთხელ არ მომცა დაძინების უფლება ოთახს ამირევო, მაქსიმეს და პატარა მარიამს ხომ კარგად ჩაიკოტრიალებს ხოლმე საწოლში? ყველაფერი სანტიმეტრებში აქვს დაწყობილი, წიგნი სულ ოდნავ რომ გაწიო მაშინვე ჩხუბს იწყებს ვინ აურია ჩემი ოთახიო. კარგი, ეს იქით იყოს, ოთახის დათვალიერებას შენითაც მოახერხებ. მე დიოტრეფეზე მინდა გელაპარაკო. ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე ასე უცერემონიოდ რომ დაგავლო ხელი და წამოგიყვანა. წარმოდგენაც არ გაქვს როგორი ცუდად იყო თურქეთში რომ იყავი წასული. ადგილს ვერსად პოულობდა, არ ეძინა, ნორმალურად არ ჭამდა, მხოლოდ სამსახურში ახერხებდა გონების მოკრებას. უდარდელი ხმით რომ გირეკავდა მართლა ასე კი არ იყო, გაწამდა, ეშინოდა, რომ ახლა რა შედეგიც გაქვს ესეც არ გექნებოდა. მერე ქსანთე დაიჭირეს, ბიჭებმა იმდენი გააკეთეს რომ არც სასამართლოზე და არც მის სანახავად არაფრის დიდებით არ შეუშვეს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ენახა შემოაკვდებოდა. მესმის ჯერ გუშინ ჩამოხვედი და სხვა თუ არაფერი მგზავრობით დაიღლებოდი და დასვენება გჭირდება, მაგრამ მასაც გაუგე, ეშინია ქსანთემ თავისი მეგობრების მეშვეობით რამე არ დაგიშავოს. ფიქრობს თუ მის სახლში იქნები უკეთესად დაგიცავს. გთხოვ მეგი, ნუ უსაყვედურებ დღევანდელი საქციელის გამო. შენ ხომ გიყვარს ის, მიიღე ისეთი როგორიც არის. მესმის ხანდახან ძალიან ჯიუტია და არავის არ უსმენს, მაგრამ ეგეც იმის გამო, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავდეს. მას ყველა ახლობელი ძალიან ვუყვარვართ, მეგობრებზე მეტი მტრები ჰყავს, მაგრამ ვინც გულში ვყავართ უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. ვაღიარებ უზომოდ ფიცხი ხასიათის პატრონია, მაგრამ ძალიან კეთილი გული აქვს. შეიძლება შენ მიმართ ვერ გამოხატოს გრძნობები, შეიძლება ზღაპარში ვერ გაცხოვროს და ძვირადღირებული საჩუქრებით ვერ გაგანებივროს, მაგრამ გახსოვდეს მან ისე შეგიყვარა, როგორც არავის, არასდროს არ ჰყვარებია და შენი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს, თავს არ დაზოგავს. ხედავ მის მეგობრებს? ბევრნი არ არიან, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული სამეგობროა. დიოტრეფეს მათ გარეშე არ შეუძლია ცხოვრება, ზოგჯერ ისეთ სისულელეებს აკეთებენ იტყვი ბავშვობიდან ვერ გამოსულანო. ერთად რომ არიან მათთან მოწყენა შეუძლებელია. იცი, დიოტრეფე ადრე ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს, სულ რაღაცის ან ვიღაცის ძიებაში იყო. ახლა, რომ ვუყურებ მგონია, ის იპოვა რასაც ამდენი ხანი ეძებდა. მან შენში თავისი წილი სიმშვიდე იპოვა, რასაც ამდენი წელი უშედეგოდ ეძებდა. შეიძლება ახლა ვერ ხვდები რას ვამბობ, მაგრამ ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიხვდები. თითქოს უხილავი ძაფით გადაებით ერთმანეთს და ეშინია ეს ძაფი ვინმემ არ გაწყვიტოს. შენ არ იცი, როგორ უბრწყინავდა თვალები, როდესაც შენზე საუბარს ვიწყებდით. სოფელში ერთად გატარებული დღეების ამბებს ისე ინახავს გულში როგორც უძვირფასეს საგანძურს და ასეც არის. მისთვის ის დღეები საგანძურზე მეტია, რომლის შესახებაც არ უნდა ვინმემ ჩვენთვის უმნიშვნელო და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც პატარა დეტალი გაიგოს. არ მინდოდა შენთვის განწყობის გაფუჭება, მაგრამ, რომ არ მეთქვა არ გამოდიოდა. იმედია ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება და მას არაფერს ეტყვი, რომ გაიგოს გაბრაზდება.
-გპირდები, ის ვერაფერს გაიგებს.
-გინდა საიდუმლოდ რაღაც გაგიმხილო? -საპასუხოდ მეგიმ მხოლოდ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-დანახვის დღიდან ძალიან მომეწონე და მიხარია, ამ გადარეულის გვერდით შენ რომ გხედავ. ვერ მოისვენა და მოგვაკითხა, შეხედე როგორ გვიღიმის, როგორ არ მივიდე და არ ვაკოცო? -მარიამი დიოტრეფეს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა, მერე კი უჩქმიტა და სიცილი დაიწყო,
-მერე იტყვი არ ვარ მარმელადივით ტკბილი და გემრიელიო, -ცოტა ხანში დიოტრეფეს ძმები მოვიდნენ ცოლებთან ერთად, ანა და სალომე ისე მალე გაუშინაურდნენ ახალ რძალს, რომ გვერდიდან აღარ ცილდებოდნენ, ლილისაც კი არ აცდიდნენ მასთან ლაპარაკს რაზეც გოგოს ნერვები ეშლებოდა და დაქალს ანიშნებდა ორივეს გავგლეჯავო. ისეთი თბილი გარემო სუფევდა მეგის სულ გადაავიწყდა ეტლში რომ იჯდა და სიარული არ შეეძლო. დილანდელი დაძაბული გარემო საერთოდ გაფერმკრთალებულიყო, მისი მშობლები და დებიც მხიარულობდნენ და ეს მეგის ძალიან ახარებდა. დიოტრეფეს ძმისშვილები ყველანაირად ცდილობდნენ თავი მოეწონებიათ ბიცოლასთვის, ხან ერთი ჩაუხტებოდა კალთაში და ტკბილეულს უდებდა ხელში, ხან მეორე. მეგიც ღიმილიანი სახით უხდიდა მადლობას და ლოყაზე კოცნიდა. არავის არ ჰქონდა მოწყენილი და უბედური გამომეტყველება. დიოტრეფეს მეგობრები იმდენ სისულელეს მოედნენ და იმდენი იცინეს სახის კუნთები ტკიოდათ სუფრაზე მსხდომთ. შუაღამე ახალი შემოპარული იყო მეგის მშობლებმა და დებმა სახლი რომ დატოვეს, მათ უკან მიჰყვნენ დიოტრეფეს მეგობრები, ძმები კი დარჩნენ ცოლებთან ერთად.
-საზამთრო მინდა, - მეგის გვერდით მჯდომმა ანამ ქმარს გახედა.
-ახლა? -შეწუხებულმა შეხედა ცოლს.
-გოგა, შენ პირველ შვილს საზამთრო უნდა და გეზარება, რომ იყიდო?
-ხვალ დილით თუ გინდა ერთ მანქანას მოგიტან, ახლა ძალიან მეძინება.
-კარგი, იყოს ხვალ, -განაწყენებული ანა ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა, მალევე გოგაც უკან მიჰყვა.
-ესენი იცი რა მაგრები არიან? ახლა გოგა წავა და მოვა ენაგადმოგდებული, უშველებელი საზამთროთი ხელში, -სიცილი ვერ შეიკავა ჯაბამ და კალთაში მჯდომ მძინარე შვილს თმებზე მოეფერა, - მაქსიმეს ჩაეძინა, გავიყვან და მოვალ. დიდი ხანი არ იყო გასული ოთახში გოგა რომ შემოვიდა საზამთროთი ხელში, ეტყობოდა სწრაფად სიარულისგან სუნთქვა როგორ უჭირდა და საზამთროსაც ხელში ვეღარ იჭერდა. დიოტრეფემ საზამთრო გამოართვა და სამზარეულოში შეიტანა. ცოტა ხნის შემდეგ ყველანი ღიმილიანი სახეებით შეჰყურებდნენ ანას, რომელმაც ნახევარი საზამთრო მარტომ შეჭამა და ამით ძალიან ნასიამოვნები ჩანდა.

##############
სახეზე რბილი, თბილი და პატარა ხელების შეხებას გრძნობდა. მერე პატარა ტუჩები იგრძნო ლოყაზე და თვალები გაახილა, პატარა მაქსიმე უცინოდა. ნუშისფერი კულულები აჩეჩვოდა, ჩამძივული, თეთრი, ნაფოტა კბილები დაეკრიჭა, თვალებიდან კი სიყვარული ეღვრებოდა.
-დილამშვიდობისა, მაქსიმე! -გაუღიმა მეგიმ.
-დილამშვიდობისა! მეგი ბიცოლა, ძიას გამოუშვებ?
-სად, ჩემო პაწაწინა?
-ველოსიპედი უნდა დავაბუქსაოთ მე და ძიამ.
-მერე, მე რატომ მთხოვ ნებართვას? თვითონ ძიას არ ჰკითხე?
-ვკითხე და ძიამ შენთან გამომგზავნა. გამოუშვებ?
-გამოვუშვებ, მაგრამ ფრთხილად იყავით და ძიას მიხედე რამე არ იტკინოს, -მაქსიმემ სიცილი დაიწყო.
-შენ, ყველაზე კარგი მეგი ბიცოლა ხარ, -სწრაფად აკოცა ლოყაზე, საწოლიდან ჩახტა და ოთახიდან გავარდა.
-ძია, ძია, მეგი ბიცოლამ მითხრა გამოვუშვებო, ჩქარა წავიდეთ ძია, - ყვიროდა მაქსიმე.
-მე ველოსიპედის დასაბუქსავებლად მივდივარ, როგორც მაქსიმემ გითხრა, თან პატარა მარიამიც მიგვყვავს, ერთ საათში ან უფრო ნაკლებში დავბრუნდებით, -ოთახის კარებთან იდგა დიოტრეფე და ღიმილით უხსნიდა, -შენ მანამდე დაიძინე, ჯერ ძალიან ადრეა, შვიდი ახლახანს გახდა, თუ რამე დაგჭირდა დედა სახლშია და უთხარი, მარიამიც მოვა მალე და ისიც შემოგაკითხავს. დანახვის დღიდან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინე მაქსიმეზე, რომ შენი სიხარულით მთელი კვირაა სახლში ვერ წაუყვანია ჯაბას, მგონი ჩაგვისახლდა, -იცინოდა დიოტრეფე.
-ძია, წავიდეთ, მე ბოტასები უკვე ჩავიცვი, -ხელი წაავლო დიოტრეფეს და მეგის თავისი ნაფოტა კბილები დაუკრიჭა.
-მალე მოვალთ, მეგი, ბიცოლა, -მერე საკუთარ ხელის გულს აკოცა და ხელი დაუქნია. ეს ჰაეროვანი კოცნის იმიტაცია იყო მისი მხრიდან. ორი საათის შემდეგ მისაღებში პატარა მაქსიმე შემოვიდა ხტუნვით, სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა, -მოვედით ბიცო, -კბილები გამოაჩინა ბავშვმა, -ბიცო, იცი ძია წაიქცა, -გვერდით მიუჯდა მაქსიმე მეგის, თან პირზე ხელებს იფარებდა სიცილის შესაკავებლად და შემოსასვლელისკენ აპარებდა თვალებს.
-როგორ წაიქცა? -მისმა შემყურემ მეგიმაც ვერ შეიკავა სიცილი.
-ველოსიპედზე ვიჯექი და გადვყირავდი, ძიამ ვეღარ დამიჭირა და ისიც წაიქცა, -ამ დროს გაღებულ კარში დიოტრეფე შემოვიდა პატარა მარიამთან ერთად.
-ბიცო დამმალე, -უკითხავად აუწია მუცელთან სვიტრი მეგის და თავი ქვეშ შეუყო.
-დიოტრეფე, მაქსიმე სად არის?
-არ მოსულა?
-რა გვეშველება ნეტავ სად უნდა წასულიყო? ეტყობა ჩემსავით ცოლი მოიყვანა, -მაქსიმემ ბიძის ნათქვამზე სიცილი დაიწყო და უფრო მეტად მიეკრო მეგის მუცელს. დიოტრეფემ მეგის სვიტრი აუწია და მაქსიმემაც უკმაყოფილოდ ახედა.
-ძია, შენ კიდევ ხოლმე - ხოლმე სულ მპოულობ, -ეწყინა და სამზარეულოში ბებოსთან გაიქცა.
-მარიამ, მოგეწონა გარეთ? მოდი ჩემ გვერდით დაჯექი, -უთხრა მეგიმ და ბავშვი გვერდით დაისვა.
-ბევრი ვიკატავეთ. მეგი, ბიცოლა, იცი, ძიამ ხელი იტკინა, - ახალი ამბავი ვერ დამალა პატარა მარიამმა.
-კიდევ კარგი უთხარით. წადი სხვებსაც ახარე, თუმცა მაქსიმე უკვე იტყოდა, რადგან მალვინას ქოთქოთის ხმა მესმის.
- მართლა წაიქეცი? ბებო გენაცვალოს, რამე ხომ არ იტკინე? - ახლად შემოსულმა მალვინამ თვალიერება დაუწყო დიოტრეფეს.
-ბებო, არაფერია საშიში, უბრალოდ დავეცი, ნუ ჩავარდებით ყველა პანიკაში.
-ამხელა კაცი როგორ დაეცი, რომ ამ თითისტოლა ბავშვების დასაცინი გახდი?
-კიდევ კარგი, ახლა მთელი თვე პროგრამაში მე ვიქნები თუ როგორ დავეცი ბავშვების თვალწინ.
-დიოტრეფე, შენზე რაღაც გავიგე და მართალია? - სიცილით შემოვიდა მარიამი, რომელსაც ყავის ფინჯანი ეჭირა ხელში.
-აჰა, დაიწყო უკვე. მარიამ, არ გინდა შენი ყავა დამითმო?
-არა, იყოს.
-უხ, შე წუწურაქო.
-ძია, მე მოგიმზადებ ყავას, -წამოიყვირა პატარა მარიამმა და ფეხზე წამოხტა.
-მერე, იცი, როგორ მზადდება?
-კი, ყავა მზადდება შაქრით და ,,პესოკით“ - თავის თავში დარწმუნებულმა, ბედნიერმა წამოიძახა და რომ გაიაზრა რაც თქვა პირზე ხელი აიფარა და დაიმორცხვა.
-ძიას ჭკვიანი გოგო, -ღიმილით აკოცა თავზე დიოტრეფემ, - მიდი ბებოს უთხარი და ერთად მომიზადეთ ყავა, მაგრამ შენ არ წამოიღო, მეშინია, ზედ არ გადაისხა, ბებო მომიტანს ან დამიძახე, გამოვალ და იქ დავლევ.
-მაშინ გავიქცევი და უფრო მალე იქნება, -მარიამი სირბილით გავიდა მისაღებიდან.
-გაიგეთ ყავა როგორც მზადდება? ხანდახან პატარა მარიამსაც უნდა ჰკითხოთ რჩევა, - იცინოდა დიოტრეფე.

##############
მისაღებ ოთახში ახალი რძლის სანახავად მოსული სტუმრები ისხდნენ. მალვინა ბებომ ტკბილეული დააწყო სუფრაზე და ყავის მოსადუღებლად გავიდა. ნანამ რძალს დაუძახა და სტუმრებს გააცნო. სტუმრები თითქოს თბილად შეხვდნენ, მაგრამ ეს სითბო სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
-მეგი, შვილო ქორწილს და ჯვრისწერას როდის გეგმავთ?
-იცით...
-მანანა, დიოტრეფეს ქორწილის გადახდა არ სურს.
-რას ამბობ ნანა, ასე ხელმოუწერელი და ჯვარდაუწერლები უნდა იყვნენ ბავშვები? რძალი მოიყვანეთ და პატარა სუფრა მაინც არ უნდა გაშალოთ, რომ ახლადშექმნილი ოჯახი დაგილოცოთ? რას იტყვის ხალხი?
-დიოტრეფეს ცოლი ხალხის გამო არ მოუყვანია და ნეტავ მაცოდინა იმათ ვინ ჰკითხავთ, ჩვენ ქორწილს გადავიხდით თუ არ გადავიხდით?
-მალვინა, ახალგაზრდები არიან.
-თინა, ახალგაზრდები რომ არიან ამიტომ უნდა გადაწყვიტონ თვითონ.
-მე მაინც მგონია, რომ არასწორად იქცევიან. მეგიკო, შენ არ იცნობ ჩემ შვილს, ათულას, ცოლი რომ მოიყვანა ყველა მათ ქორწილზე ლაპარაკობდა. მე რომ შვილი და რძალი მყავს ნებისმიერმა ინატროს. დედა ენაცვალოს ისე უყვარს თავისი ცოლი ჩემ ათულას, რომ დაითვრება სულ ჰკოცნის და ეფერება, გადარეულები არიან ბავშვები ერთმანეთზე. ერთხელ კი იყო ჩემი რძალი წასული დედამისთან, მაგრამ კონფლიქტი ვის არ მოსვლია, ხომ გაგიგიათ ცოლ - ქმრის ჩხუბი გიჟს მართალი ეგონაო. საყვარელო გოგო, ალბათ როგორ გიჭირს ყველაფერში დახმარება რომ გჭირდება არა? ალბათ ეტლში ჯდომაც როგორი არაკომფორტულია. რა ვუთხარი ამ მთავრობას ნორმალური ეტლებიც ვერ დაუმზადებიათ ინვალიდებისთვის.
-არა, რას ბრძანებთ, ეს ეტლი საკმაოდ კომფორტულია.
-თინა, ჩვენ მეგის არაფერს არ მოვაკლებთ და არც რამის გაჭირვება ექნება.
-ნანა, საყვარელო მე იმას კი არ ვამბობ, რომ რამე მოაკლდება შენ რძალს, იმის თქმა მინდოდა, როგორი ძნელია ასეთ ახალგაზრდა გოგოს მომავალი რომ დაენგრა და სახლში უნდა იჯდეს მთელი ცხოვრება გამოკეტილი, -დანანებით გადააქნია თავი და სახეზე სიბრალულის ნიღაბი აიკრა.
-წარმომიდგენია დიოტრეფე რა დღეში იქნება სხვის ცოლებს რომ ხედავს ფეხზე დგანან, სამზარეულოში ფუსფუსებენ და ამ დროს მისი ცოლი ამ ყველაფერს მოწყვეტილია.
-მანანა, ასე ყველაფრის დაკონკრეტება არ არის აუცილებელი! ან მეგის დახმარება რა საჭიროა, როცა სამზარეულოში მე და მალვინაც ძლივს ვეტევით?! -სიმწრით გაიღიმა ნანამ და ეცადა მიეხვედრებინა ქალი, რომ უკვე ზედმეტს ლაპარაკობდა.
-ჩემი ათულა გოგოებო ალბათ სულ ხელში აყვანილს ატარებდა ნანიკოს ასე რომ დამართოდა, დედა ენაცვალოს სამაგალითოდ აღვზარდე. ნანიკოს წამოსვლა უნდოდა, მაგრამ ბავშვს კბილები ამოსდის და ჟინიანობა დაეწყო. თქვენ რა უნდა ქნათ შვილებზე, არ გინდათ პატარა ბაიები? ანას და გოგას ინტერნეტში ისეთი საყვარელი ბავშვის ფოტოები უწყვიათ ახალგაზრდა რომ ვიყო კიდევ გავაჩენდი შვილს, თუ მეცოდინებოდა, რომ მათსავით საყვარელი ბაია მეყოლებოდა, - მოჩვენებითად ატეხა სიცილი ქალმა.
-თინა, ძალიან გთხოვ! მეგი, სულ რაღაც ორი კვირაა ჩვენი რძალია!
-უიჰ, საყვარელო მე საწყენად არ მითქვამს, -ხელი აიქნია ქალმა, - ჯერ ახალგაზრდები ხართ, შვილებს მერეც მოესწრებით. საყვარელი და ლამაზი გოგო შემოგივიდათ რძლად, თუ არ გეყოლებათ პატარა ბავშვთა სახლიდან გამოიყვანთ, რა პრობლემაა, არა?
-ბოდიში, მირეკავენ და უნდა ვუპასუხო, -მეგიმ განათებული ტელეფონის ეკრანს დახედა და სტუმრებს გაუღიმა.
-მიდი შემოგევლე, -გაეკრიჭნენ ქალები და როგორც კი მეგიმ ოთახი დატოვა მათი ღიმილიანი სახეები შეშფოთებამ შეცვალა და მაშინვე ალაპარაკდნენ.
-ნანა, რამ მოგაყვანინათ ინვალიდი რძალი? ან შვილიშვილი არ გინდათ ან ნორმალური ცხოვრება? ამხელა ტვირთად რომ დაგაწვებათ ეს ხეიბარი გოგო, მაგდენს ვერ ხვდებით?!
- რას ამბობ მანანა, ჩემ შვილს ვინც უყვარდა ის მოიყვანა ცოლად, მე ვინ მეკითხება?
-იცი, ნანა, დიოტრეფემ საყვარელი რომ გაიჩინოს მერე არ გაგიკვირდეთ, -ტუჩები უსიამოვნოდ დაბრიცა ქალმა.
-გაჩუმდით ახლავე და ენის ჭარტალს მორჩით! ბებო ენაცვალოს, ძალიან კარგი ბავშვი გვყავს რძლად. თქვენი გასაკიცხი რა ჭირს? თქვენ რძლებს მიხედეთ და იმათზე ილაპარაკეთ, -გაცხარდა მალვინა.
-მალვინა დეიდა, შენ ასაკოვანი ქალი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ არცერთ ოჯახს არ უნდა ასეთი რძალი.
-გააჩუმე თინა ენა, შენ რა იცი, ვის როგორი რძალი უნდა?
-მალვინა დეიდა, რატომ მეჩხუბებით? მე მართლა შემტკივა გული, თქვენ კიდევ როგორ ბრაზობთ და მსაყვედურობთ.
-ჩუუ, მოდის მგონი, - აღელვებულმა გადახედა მოსაუბრეებს ნანამ.
-უიჰ, ლამაზი გოგო, მოხვედი?
-გეთანხმები თინა, ნეტავ სად იპოვა დიოტრეფემ? კარგია ქალებო თქვენთან ჭორაობა, მაგრამ უნდა წავიდეთ, გამოჯანმრთელებას გისურვებ შვილო, -მანანამ და თინამ სათითაოდ გადაკოცნეს მეგი, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
-კარგად ლამაზო გოგო, კიდევ გინახულებთ, -კარებიდან ხელი დაუქნია თინამ.
-კარგად ბრძანდებოდეთ, -ძლივს შეძლო გაღიმება მეგიმ, წავიდნენ თუ არა სტუმრები საძინებელ ოთახში შევიდა და იქ უკვე ვეღარ შეძლო მოზღვავებული ემოციების შეკავება. უკან მალვინა და ნანა შეჰყვნენ.
-ბებო გენაცვალოს, როგორ გაგანერვიულეს იმ ქოფაკმა ქალებმა. გენაცვალე, ჩემო პატარა ქალო. მაგათ ვისზე რა აქვთ სათქმელი? მანანამ ოთხი რძალი გააგდო, ოთხივე უძვირფასესი გოგო იყო. ასე ლაპარაკობს ხალხში ჩემი შვილის შესაფერისები არ იყვნენო. ახლა მაგის ბიჭი ვიღაც ბო’ზს არის აკიდებული და მთელ ფულს იმას ახარჯებს. თინას კიდევ რძალი გაექცა და ძლივს, დიდი ალიაქოთის შემდეგ დააბრუნეს, მაგის ლოთი შვილი ამწარებდა იმ გოგოს. არ მოუსმინო არავის, მთავარია შენ და დიოტრეფეს გქონდეთ სიტკბო, მაგათ ვინ ჰკითხავთ ბებო.
-მეგი, ძვირფასო, შემომხედე! შენ მარტო ჩემი რძალი კი არა ჩემი მეექვსე შვილი ხარ, ისევე როგორც ჩემი ორი რძალი. ამას იმის გამო არ გეუბნები, რომ ახალი შემოსული ხარ ჩვენ ოჯახში და გეპირფერები, არამც და არამც. მე უკვე სამი ბიჭი და სამი გოგო მყავს. ერთი წუთითაც არ გაივლო გულში, რომ მე შენი საწინააღმდეგო რამე მაქვს. ვერ დაგაძალებ დედა დამიძახო და ვერც იმას დაგპირდები დედას შეგიცვლი თქო, მაგრამ მიმიღე როგორც შენი მეორე დედა. ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი და რაც არ უნდა მოხდეს მე მხარში დაგიდგები.
-დამშვიდდი ბებოს სიხარულო, დიოტრეფემ ასეთ დღეში რომ გნახოს ძალიან გაგვიბრაზდება, - მალვინას, გული შეუწუხდა მეგის ცრემლების შემყურე.
-გოგი გიორგევიჩ რა ხდება, სად არიან ოჯახის ქალები? დაგტოვეს მარტო და გაიპარნენ სახლიდან? -სამსახურიდან დაბრუნებულმა დიოტრეფემ მისაღები მოათვალიერა.
-არა კაცო, აგერ გოგო ტიროდა და იმასთან არიან.
-ვინ გოგო? -წამებში სახე შეეცვალა.
-მანანა და თინა იყვნენ მოსულები, ესაო, ისაო, მოუშალეს გოგოს ნერვები. მეტი საქმე არა აქვთ დაწანწალებენ მთელი დღე აქეთ - იქით. გოგო მშვენიერ ხასიათზე იყო, ენა ვერ გააჩერეს უჰ, - ხელი აიქნია კაცმა.
- წავალ, გავიგებ რა ხდება.
-მიდი, დაელაპარაკე, იქნებ დამშვიდდეს, -დიოტრეფე ოთახში რომ შევიდა მეგი საწოლზე იწვა, მალვინა თავზე ეფერებოდა, ნანა ფეხებთან ეჯდა შეწუხებული სახით.
-დედა, ბებო, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეთ.
-რა ვქნა შვილო, მოვიდნენ და ხომ არ გავყრიდით, -შვილის გაბრაზებული სახის დანახვაზე თავის მართლება ცადა ნანამ.
-როცა საჭიროა უნდა გაყაროთ კიდეც, ეს ხომ მოგწონთ რა დღეშიც არის? -ხმას აუწია დიოტრეფემ და ხელით მეგიზე ანიშნა. ქალები ოთახიდან გავიდნენ, თვითონ კი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, -მეგი, მაპატიე, ჩემ გამო გიწევს ამ ყველაფრის ატანა.
-გეყოფა თავის დადანაშაულება, -ბალიშიდან თავი წამოწია მეგიმ და მოეხვია.
-ვერ დაგიცავი იმ ცხოველისგან და გაგაუბედურე.
-ხომ იცი, რომ შენი ბრალი არ იყო? ქსანთეს ხელიდან რომ არ გამოგეგლიჯეთ შენ და შენს მეგობრებს არავინ იცის რა მელოდა, მერე მართლა სამუდამოდ უბედური ვიქნებოდი. შენ მართლა ჩემ მფარველ ანგელოზად იქეცი, რაც გაგიცანი სულ ვიღაცისგან ან რაღაცისგან ცდილობ ჩემ დაცვას.
-ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.
-იმაზე კარგად გამოგდის ვიდრე წარმოგიდგენია.
-ძალიან ცუდად მოიქეცი საკადრისი პასუხი რომ არ გაეცი. დედისტოლა ქალი როცა არ უფიქრდება, რომ მისმა ნათქვამა შეიძლება გული გატკინოს, უნდა მიახვედრო, რომ ზედმეტი მოსდის, მაგათ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ.
-უფროსები იყვნენ, რა უნდა მეთქვა? თან პირველად ვხედავდი.
-რაც იყო, იყო, აღარ იფიქრო უწიგნურ ქალებზე. მეორედ თუ კიდევ მოხდა მსგავსი ინციდენტი გეცოდინება, რომ თავისი ადგილი უნდა მიუჩინო, თუ არა და მოგიწევს გულგასიებულს ცრემლების ღვრა. გარეთ იცი რა კარგი ამინდია? არ გინდა ქუჩაში გავისეირნოთ?
-არ ვარ სეირნობის ხასიათზე.
- სახლში გამოკეტილი როდემდე უნდა იყო? გავიდეთ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ, თან ცოტა გულსაც გადააყოლებ და თინას და მანანას ნათქვამზეც აღარ იფიქრებ.
-გთხოვ! -სევდიანი მზერით ახედა, მაგრამ დიოტრეფემ მისი თხოვნა არაფრად ჩააგდო ისე ჩაიყვანა ეზოში.
-ჩაისუნთქე, რა ჰაერია, წვიმის შემდეგ ქუჩაში მიწის სუნი ტრიალებს, ვგიჟდები ამ დროს ისე მიყვარს გარეთ ხეტიალი.
-მე არ მიყვარს წვიმიანი ამინდები, რამდენჯერაც წვიმაში მოვყევი იმდენჯერ გავცივდი.
-არც მე მიყვარს წვიმაში დასველება, წვიმის შემდგომი პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნოა. როცა შეგცივა მითხარი და წავიდეთ სახლში, დიდხანს აღარ გაგაჩერებ.
-ბიჭო ნახე რა გოგოა, საწყალი ეტლში ზის, -გვერდით ჩავლილმა ბიჭებმა სიბრალულით სავსე მზერა შეავლეს მეგის. დიოტრეფე დაიძაბა, ისე იყო ლაპარაკით გართული ყურადღება არ მიუქცევია ზედმეტად ბევრი თვალი რომ მიშტერებოდათ. მეგის კი უკვე დიდი ხანია შეემჩნია და უხერხულობისგან აღარ იცოდა სად დაემალა თვალები.
-ნწ ნწ ნწ, საწყალი გოგო.
-ეჰ, რა ცოდოა.
-აფსუს, რა გოგოა.
-დედიკო, ნახე გოგო ეტლში ზის, რა ცოდოა არა?
-ეს არის ცხოვრება? საცოდავი ამის ოჯახის წევრები, ვინ იცის როგორ იტანჯებიან ამის საცოდაობით, -ხალხის რეპლიკების მოსმენისგან დიოტრეფე უკვე მოწიკწიკე დეტონატორს ჰგავდა, რომელიც აფეთქებამდე ბოლო წუთებს ითვლიდა.
-მადო, შეხედე, რა ბიჭია.
-აბა, სად გოგო?
-ჩვენ წინ რომ მიდის. გოგო, იქით სად იყურები? ყოველ დღე ასე მასეირნოს და თუნდ სულ ნუ გავივლი ფეხზე.
-ღმერთმა დაგიფაროს, გაგიჟდი?
-როგორ მეცოდება, ასეთმა მაგარმა ბიჭმა მთელი ცხოვრება ხეიბარს უნდა შეალიოს? აფსუს, ზოგს რა ბედი აქვს? მე კი ვერცერთი ბიჭი ვერ მამჩნევს თითქოს არც ვარსებობდე.
-ენის ტლიკინს თუ არ მორჩებით ხვალიდან ორივეს მართლა ეტლით მოგიწევთ გადაადგილება, -გამწარებული შეტრიალდა დიოტრეფე და მათ უკან მომავალ გოგონებს მთელი ხმით დაუღრიალა. გოგონები შიშისგან და მოულოდნელობისგან ადგილზე გახევდნენ. სიტყვის თქმაც ვეღარ შეძლეს, გაფართოვებული თვალებით შეჰყურებდნენ მათ წინ მდგარს, რომელიც თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, -ესენი ვინ ყოფილან? რეპლიკების გარეშე არ შეგიძლიათ, რომ გაიაროთ?! ეტლში მჯდომიც ჩვეულებრივი ადამიანია და არ არის გადამეტებული ყურადღება საჭირო. ისე გვიყურებთ თითქოს უცხოპლანეტელები ვიყოთ, -გამწარებული ღრიალებდა დიოტრეფე.
-დამშვიდდი და ნუ ყვირი, გთხოვ, -ხელზე მოქაჩა მეგიმ.
-აი, შენ -იმ გოგოს მიმართა რომელმაც ენა ვერ გააჩერა დიოტრეფეს და მეგის მისამართით, -შენ, "ვაბშე" არცერთი ბიჭი არ მოგიყვანს ცოლად, ისეთი საცოდავი ხარ. არავის ჭირდება შენნაირი ჩალისტვინა გვერდით, სულ რომ ენას ატლიკინებს და ცხოვრების აზრზე არ არის. მარტო საწოლისთვის თუ გამოდგები და იმაშიც ეჭვი მეპარება იქ თუ მაინც ივარგებ.
-რას ამბობ დიოტრეფე, ვერ ხედავ თოთხმეტი წლისებიც ძლივს იქნებიან? -წამოიყვირა შეშფოთებულმა მეგიმ.
-ჩემ დროს ამ ასაკის გოგონები კაცების ,,დაკერვაზე“ კი არ წუხდნენ, ბიბლიოთეკაში საზღვარგარეთის ლიტერატურა რომ შემოდიოდა და პირველებს უნდოდათ წაკითხვა მაგაზე წუხდნენ არავის დაესწროთ წიგნის გატანა. ესენი კიდევ, სხვის ქმრებზე ოცნებობენ. რას მომჩერებიხართ? მეტი საქმე არ გაქვთ? გაიარეთ! -გამწარებული მზერა ესროლა გაჩერებულ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც სეირს უყურებდნენ, -თქვენ კი „დაახვიეთ" აქედან და ნუ მეჩხირებით თვალებში, -გოგონები მის ხმაზე გამოფხიზლდნენ და ფერდაკარგულები გაიქცნენ წინ.
-დიოტრეფე, დაანებე თავი, შენ ამათ ვერ გამოასწორებ, ტყუილად ნერვებს ნუ იშლი.
- ხედავ რა დღეში არიან? ბიჭო, ესენი ვინ ყოფილან, არ „ამჭრეს" ნერვებზე? მართალი იყავი არ უნდა გამოვსულიყავით. რას წარმოვიდგენდი ხალხი ამ დონემდე თუ იყო? მე მეგონა მშვიდად შევძლებდით სეირნობას, მაგრამ გაცდის ვინმე? რაში გვჭირდება ამათი სიბრალული, წინ იყურონ რამეს ფეხი არ წამოჰკრან და სახე არ გაიბრტყელონ ასფალტზე.
-მორჩი ყვირილს, გთხოვ. ყველა ჩვენ გვიყურებს, მცხვენია უკვე.
-სახლში წავიდეთ.
-ასეთი გაცოფებული? ცოტა გავიაროთ, დამშვიდდი და ისე, არაუშავრს ამასაც მივეჩვევით.
-რას უნდა მივეჩვიო, ვიღაცის უაზროდ წამოსროლილ რეპლიკებს? გადავხსნი სათითაოდ შუაზე, არ გააჭირეს საქმე თავიანთი ყალბი სიბრალულით?
-გეყოფა, ცოფიან ძაღლს ჰგავხარ!
-ცოფიანი ძაღლი კი არა არ ვიცი რას ვიზამ, კიდევ ვინმეს ხმა რომ გავიგო.
-წყალი მომწყურდა, იქნებ გეყიდა.
-შენ აქ უნდა იყო მარტო? კიდევ ვინმემ რომ გითხრას რამე?
-თუ მეტყვის გპირდები პასუხსაც მიიღებს. ნუ ნერვიულობ, წადი და რომ მოხვალ ისევ აქ დაგხვდები, -დიოტრეფე იქვე მდებარე მარკეტისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა, მეგიმ კი გამვლელების თვალიერება დაიწყო.
-გამარჯობა, მზეთუნახავო, - ფიქრებიდან უცნობის ხმამ გამოიყვანა, თავს ზემოთ რომ აიხედა საკმაოდ მაღალი, გამხდარი, წითური, ხვეულთმიანი ბიჭი უღიმოდა, რომელსაც ხელში ორი შეფუთული ნაყინი ეჭირა.
-გაგიმარჯოს.
-მარტო ხარ?
-მეუღლესთან ერთად ვარ. ჩვენ წინ მდებარე მარკეტში შევიდა, ჩემთვის წყალი უნდა იყიდოს.
-მიხარია, შენნაირი ლამაზი გოგო მარტო არც უნდა იყოს. ნაყინის ჭამას ვაპირებდი, მაგრამ მარტო არ მინდოდა, შენ რომ დაგინახე ვიფიქრე ჩემთან ერთად შეჭამდი და შენთვისაც ვიყიდე, აი, გამომართვი, -ნაყინი გაუწოდა ბიჭმა.
-დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა.
-ნუ გერიდება, აიღე.
-არა, რას ამბობ, მართლა არ მინდა.
-სამწუხაროა, ახლა მე რომ ჭამას დავიწყებ შენ არ მოგინდება?
- ნუ დარდობ, შენ ჭამე და ჩემზე არ იფიქრო.
-სულ დამავიწყდა, მე შაკო ვარ.
-სასიამოვნოა, მე მეგი.
-ჩემთვისაც, დიდი ხანია ეტლში ზიხარ?
-არც ისე, ძალიან მიჭირს შეგუება, მაგრამ გარშემომყოფებს უფრო უჭირთ ჩემი ამ მდგომარეობაში ყურება.
-მესმის, ძალიან ძნელია როცა რაღაც გაწუხებს, -სახე მოეღუშა ბიჭს და მეგის გვერდით მდებარე სკამზე ჩამოჯდა.
-ავად ხარ?
-სკლეროზის საკმაოდ მძიმე ფორმა მაქვს. ყოველ დილა ისე ვარ თითქოს ახლიდან ვიბადები, არავინ და არაფერი მახსოვს დედ - მამის და რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა. ხვალ ალბათ შენც აღარ მემახსოვრები და არც ჩვენი ეს საუბარი. აი, -შავი ტყავის ბლოკნოტი დაანახა შაკომ, -ამაში ვიწერ ჩემ ყოველდღიურ თავგადასავლებს და გაცნობილი ადამიანების სახელებს, თავისი აღწერილობით.
- ვწუხვარ, შაკო.
-მეც, მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი ცხოვრებაა. მეგი, გიყვარს შენი ქმარი?
-რა თქმა უნდა. არ ვიცი რა მეშველებოდა მას რომ არ შევხვედროდი.
-ბედნიერებას გისურვებ, იმედია ერთ დღესაც ეტლის გარეშე გნახავ, მართალია მე აღარ მემახსოვრები, მაგრამ შენ ხომ მაინც გამიხსენებ და არ დაგავიწყდები?
-შენ როგორ დაგივიწყებ? როდესაც შეგხვდები ყოველთვის შეგახსენებ ჩვენ საუბარს. ჩემი მეუღლე მოდის, -მეგის სახეზე სიხარული გამოეხატა და დიოტრეფეს წყლის ბოთლი გამოართვა.
-იმხელა რიგი იყო ნერვები დამაწყდა, -უთხრა მეგის და გვერდით სკამზე მჯდარი ბიჭი შეათვალიერა.
-ეს შაკოა, შაკო ეს ჩემი მეუღლეა, დიოტრეფე.
-სასიამოვნოა, -გაუღიმა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა, -ჩემი წასვლის დროა, მომავალ შეხვედრამდე, -შაკო ორივეს დაემშვიდობა და წავიდა.
-ვინ არის, იცნობ?
-შენ რომ წყლის საყიდლად შეხვედი მაშინ გამეცნო. საწყალი, სკლეროზი აქვს და ხვალ აღარ ვემახსოვრებით, წარმოგიდგენია როგორი ძნელი იქნება მისი მშობლებისთვის? ყოველ დღე ახლიდან უყვებიან თავის ცხოვრებაზე, ძალიან შემეცოდა.
- აცივდა, თან თხლად გაცვია, ჯობია დავბრუნდეთ.
-კარგი, შენ როგორც იტყვი. ახლა დავფიქრდი და კარგი იქნება ხშირად თუ გამოვალთ სასეირნოდ. მინდა სხვა ადამიანებიც გავიცნო ვისაც ჩემზე მეტად უჭირს.
-დღევანდელის მერე კიდევ გინდა გამოსვლა? საერთოდ არაფერი რომ არ გაწუხებდეს ჯერ მარტო დაჟინებული მზერით დაგაავადებენ, ისეთი სიტუაციაა.


- ბიცო, მოვედით! -სადარბაზოში შემოსული პატარა მარიამი და მაქსიმე ბოლო ხმაზე ყვიროდნენ და დედის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდნენ, რომ ამხელა ხმით არ უნდა ეყვირათ. მეგი უკვე მისაღებში ელოდა როდის შემოვარდებოდნენ გაღებულ კარებში. წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე კალთაში ესხდნენ და ენას არ აჩერებდნენ. ერთ ამოსუნთქვაში უამბეს ბაღის, მარიამის სკოლის, სახლის და სამეზობლოს ამბები. სათქმელი რომ მოათავეს აიჩემეს ეზოში ბურთით გვინდა თამაშიო და იქამდე არ მოისვენეს სანამ სამსახურიდან ახლად დაბრუნებულმა დიოტრეფემ მეგისთან ერთად დაბლა, ეზოში არ ჩაიყვანა სათამაშოდ.
-უიმე, ძია! შენ კიდევ სულ მე და მარიამს რომ გვიგდებ ბურთს ხოლმე -ხოლმე ბიცოსაც უნდა თამაში! -გაბრაზებულმა მაქსიმემ ბურთი აღარ დაუბრუნა დიოტრეფეს და გაკაპასებულმა დაუწყო ჩხუბი. მარიამიც გაებუტა ძიას და ბიცოლას კალთაში მოთავსდა. გაბუტული ბავშვების შემორიგება რომ ვერ შეძლო დიოტრეფემ მაღაზიაში წავიდა შოკოლადების საყიდლად. იდეამ გაამართლა, ბავშვებმა იმდენი შოკოლადები ჭამეს თამაშის თავი არც ერთს აღარ ჰქონდა. სახლში რომ ავიდნენ ისეთი ძალაგამოცლილები იყვნენ პატარები, მალევე ჩაეძინათ. დილით ჯერ გათენებულიც არ იყო მაქსიმე დიოტრეფეს და მეგის საძინებელ ოთახში რომ შეიპარა, საწოლზე აბობღდა, დიოტრეფე რასაც ჰქვია ფეხებით ჩათქერა და მათ შორის საბნის ქვეშ ჩაძვრა.
-მაქსიმე, რატომ არ გძინავს? ნორმალურად არც კი გათენებულა, ან აქ ვინ შემოგიშვა? -ჰკითხა ნამძინარევი ხმით დიოტრეფემ.
-ძია, დედას ვკითხე და მითხრა არ შეიძლებაო, მაგრამ მე დედა დავაძინე და მაინც გამოვიპარე. ხომ მაგარი ბიჭი ვარ, ძია? -ჩურჩულით უთხრა მაქსიმემ და მოულოდნელად ხითხითი დაიწყო, რადგან მეგიმ გვერდში მოუღიტინა და კისერში გემრიელად აკოცა.
-მაქსიმე კი არა მამლაყინწა უნდა გერქვას. ისეთი ადრეა ჩიტებსაც კი ძინავთ, შენ კიდევ უკვე აახმაურე სახლი, -ბავშვმა მეგის ლოყაზე აკოცა და მერე დიოტრეფეს მიუბრუნდა.
-ძია, დედა რომ იღვიძებს მამა ხოლმე - ხოლმე კოცნის. შენ არ უნდა აკოცო ბიცოს? მე არ გიყურებთ, აკოცეთ! -თვალებზე ხელები აიფარა, შუა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს დააშორა და ისე დაუწყო ცოლ - ქმარს ყურება. დიოტრეფემ და მეგიმ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი დაიწყეს, მერე ორივემ დაიჭირა მაქსიმე და იმდენი კოცნეს ბავშვის სიცილის ხმა მთელ სახლში ისმოდა.
გვიანი საღამო იყო, პატარა მაქსიმე და მარიამი გამათბობელთან ახლოს, ხალიჩაზე მოკალათებულიყვნენ და ,,ლეპტოპში“ თვალის დაუხამხამებლად, რაღაცას აღფრთოვანებულები უყურებდნენ. უცებ, ორივენი ფეხზე წამოხტნენ, მარიამი სადღაც გაიქცა, მერე ნაჭრით ხელში დაბრუნდა, ამასობაში აჟიტირებულმა მაქსიმემ მეგის მაჯის საათი თხოვა და როდესაც ბიცოლამ უყოყმანოდ მოიხსნა და გაუწოდა ბავშვებმა სიამაყით გამოუცხადეს იქ მყოფთ, რომ ფოკუზის გაკეთებას აპირებდნენ. ამიტომ საათი ნაჭერში გაახვიეს, მერე ძირს დადეს და რიგ - რიგობით დაიწყეს მასზე ხტუნაობა. მეგის ამის შემხედვარე გული შეუწუხდა და მის გვერდით მჯდარ დიოტრეფეს გადახედა, რომელსაც სახეზე გაბრაზება გამოხატვოდა და მძიმედ სუნთქავდა. მეგიმ თავისი ხელი მისი მომუშტული ხელისკენ წაიღო და გააშლევინა.
-ნუ ბრაზობ, - ჩურჩულით გადაულაპარაკა, -შეხედე რა ბედნიერები არიან.
-დაბადების დღეზე რომ გაჩუქე ამ წუთას იმ საათს ამტვრევენ.
-შემდეგში უკეთესს მიყიდი, - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
-ბებო რას აკეთებთ? მისაღებში შემოსულმა ნანამ ბავშვებს გახედა და დაჯდა.
-ფოკუზს ვაკეთებთ ბებო, -კბილები დაუკრიჭეს ბავშვებმა და ხტუნაობა შეწყვიტეს. ბიცო, ძია, ნახეთ რა გავაკეთოთ მე და მარიამმა, - მაქსიმემ ნაჭერში გახვეული დამტვრეული საათი აჩვენა იქ მსხდომთ, მერე ისევ გადააფარა ნაჭერი, მარიამს ხელებში დააჭერინა და ორივემ ერთდროულად სული შეუბერეს, მერე კუთხიდან შეიჭყიტეს, მაგრამ ისევ დამტვრეული რომ დაინახეს ახლა უფრო მონდომებით დაიწყეს ნაჭრისთვის სულის შებერვა. ბოლოს ძალიან, რომ დაიღალნენ მაგიდაზე დადეს და ნაჭერი გაშალეს, სადაც დამტვრეული საათის ნაწილები ეწყო. ერთხანს შეშინებულები უყურებდნენ ხან საათს, ხან მეგის. მარიამი, რომ მიხვდა საათს ვეღარ გაამთელებდნენ ცრემლები გადმოსცვივდა და მაჯებით მოიწმინდა.
-ბიცოს საათი გავტეხეთ, - არანაკლებ შეწუხებულ მაქსიმეს შეხედა და ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა თვალებიდან. მაქსიმემ ტუჩი გადმოიბრუნა და იმხელა ხმით მორთო ტირილი ლამის გარშემომყოფებმა ყურებზე ხელები აიფარეს. ატირებული ბავშვები იქამდე ვერ დამშვიდდნენ ვიდრე არ დაარწმუნეს, რომ საათის გატეხვის გამო ძია და ბიცოლა მათთან ჩხუბს არ აპირებდნენ.

###################
-ბიჭები ატყდნენ ახალ წელს კლუბში შევხვდეთო, მეც რომ წავიდე ხომ არ გეწყინება? -დიოტრეფე შეწუხებული სახით მიუჯდა გვერდით მეგის და ისე შეხედა თითქოს პატიებას თხოვდა.
-რატომ უნდა მეწყინოს? წადი.
-მართლა?
-წადი და გაერთე, მე წინააღმდეგი არ ვარ.
-ხომ იცი, ცოლებთან ერთად რომ მიდიოდნენ შენც წაგიყვანდი.
-ასე სად წამიყვანდი, დიოტრეფე?
-არ არის საჭირო ხაზგასმა, რომ ეტლში ზიხარ.
-სიმართლეა და რა ვქნა?
-გაივლი ფეხზე და მერე რას მოიფიქრებ მაინტერესებს.
კლუბში ხმამაღალი მუსიკის ფონზე უამრავი ადამიანი ცეკვავდა. საახალწლო განწყობა დადებითად მოქმედებდა თითოეულ იქ მყოფ ადამიანზე. ერთი ბარმენი ცეცხლოვანი შოუთი ართობდა კლიენტებს, მეორე უბრალოდ ცარიელი ჭიქების ალკოჰოლური სასმელების შევსებით იყო დაკავებული. თაზო და შალვა ბართან სკამებზე ისხდნენ და სასმელს სვამდნენ, თან გოგოებთან მოცეკვავე ძმაკაცებს უყურებდნენ. დიოტრეფეც მათ გვერდით იჯდა, მაგრამ ვაი იმ ჯდომას, სულით და გულით მეგისთან იყო. გარშემო ხედავდა ახალგაზრდა ქალებს საზეიმოდ გამოწყობილები, ამაყად, წელში გამართულები რომ მიმოდიოდნენ აქეთ - იქით და დროს მხიარულად ატარებდნენ. მათ მაყურებელს ხასიათი ეშხამებოდა, თვალწინ სულ მეგის უგონო სხეული უდგებოდა. სვამდა და არსად გახედვა აღარ უნდოდა. ერთი სული ჰქონდა სახლში გაქცეულიყო, მაგრამ ბიჭებს ხათრს ვერ უტეხავდა. იჯდა და სასმელში იკლავდა ტკივილს, საერთოდ ვერ გრძნობდა ახალი წლის სიხარულს, შინაგანი მღელვარება წვავდა, მისი სული იოგების დაწყვეტამდე ღრიალებდა. დროდადრო გული უჩქარდებოდა, გარეგნულად კი მხოლოდ იჯდა და ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც დღესასწაულს იზიარებდა მეგობრებთან ერთად. თავი ისე ატკივდა ეგონა მალე ძირს დაცემული საზამთროსავით გაუსკდებოდა. ვეღარ უძლებდა, ყურებიც უგუბდებოდა, შინაგან შფოთს მისი სხეული და სული მთლიანად მოეცვა.
-ბიჭებო თქვენ არ ცეკვავთ? -სამეულს გოგონები მიუახლოვდნენ შამპანურით სავსე ბოკლებით ხელში. თაზომ ამრეზით შეათვალიერა გოგონები და ადგილს ღრენით მოცილდა. შალვამ ქერა თმიანს სტაცა ხელი, კალთაში ჩაისვა და რაღაცაზე გაუბა ლაპარაკი.
-შენ რა ძალიან მორცხვი ჩანხარ? -დიოტრეფემ ირონიული მზერით აათვალიერა ქალი, -არ მოგწონვარ? -ნაწყენმა შამპანურის ბოკალი იქვე დადგა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, -არ მომიკიდებ? კარგი თვითონ ვიზამ, -ქალმა სიგარეტს მოუკიდა და შამპანური მოსვა, -რა არ მოგწონს ჩემში? ერთი კარგად შემომხედე, - მის წინ დატრიალდა, დიოტრეფემ კი სასმლის დამატება ანიშნა ბარმენს, -ეს რა ქვის ნატეხი ყოფილა, -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თავისთვის ქალმა, ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი საფერფლეში ჩადო.
-არ მაქვს იმ ქალის მოფერების სურვილი რომელიც ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნად ყარს, -ზიზღით თქვა დიოტრეფემ, ისე, რომ არც კი შეუხედავს.
-ჩემნაირი ცეცხლისფერთმიანი და მადისაღმძვრელი ქალი როცა გყავს გვერდით, ვინ ამჩნევს ალკოჰოლს ან ნიკოტინს?
-მე ვამჩნევ!
-გავერთოთ, აქ მაგისთვის არ ხარ? მე მომწონს შენნაირი უხეში კაცები, ქალებს რომ ურტყამენ ხშირად, მაგრამ მაინც, რომ უყვართ.
-მოძალადის მეტყობა რამე? -გაკვირვება ვერ დამალა დიოტრეფემ.
-უხეში ხარ, ესე იგი, ქალის ცემაც არ გაგიჭირდება. მოიცა, მოიცა ცოლი გყავს? -არაბუნებრივი ხმით გადაიკისკისა ქალმა და შამპანური ბოლომდე დალია, -მეც მყავს ქმარ - შვილი, მაგრამ ეგ ხელს ვერ შემიშლის, რომ ხანდახან განვიტვირთო და ჩემ გემოზე გავერთო.
-ქმრის ღალატს გართობას და განტვირთვას ეძახი? -ბრაზის დასამალად ირონია მოიშველია დიოტრეფემ.
-შეწყვიტე სინდისივით ჩემი მხილება, თავი ანგელოზად ნუ მოგაქვს, -წითური დიოტრეფეს კალთაში კომფორტულად მოთავსდა, ხელები კისერზე შემოჰხვია და ყელში აკოცა, -კაცები ყველანი ერთნაირები ხართ, ვითომ ცოლის ერთგულები, მაგრამ ბოლოს მაინც კარგავთ თავს ლამაზი ქალის ხელში, -გველივით სისინებდა ქალი დიოტრეფეს ყურთან. კიდევ ერთი კოცნის დატოვებას აპირებდა მის ყელში დიოტრეფემ ფეხები ერთმანეთს რომ დააშორა და ეს თითქმის ორმეტრიანი ქალი მის ფეხებთან გაიშხლართა.
-უი, დაეცი? არაუშავრს, ქორწილამდე მოგირჩება, -ირონიული ღიმილით დახედა ძირს დაგდებულ ქალს, -სიმართლე გითხრა ზედმეტად ტკბილი სუნამო გასხია, ყელი ჩამწვა, -გამწარებულმა ქალმა თავი ძლივს წამოწია, შალვას კალთაში მჯდომი ქერაც მაშინვე წამოდგა და მეგობრის დასახმარებლად დაიხარა. ბიჭებიც მოვიდნენ გოგოებთან ერთად, ბართან ჩოჩქოლი, რომ შენიშნეს.
-რა მოხდა?-იკითხეს გაკვირვებული სახეებით.
-არაფერი, ქალბატონმა ზედმეტი დალია და თვითონაც ხედავთ შედეგს, -ურეაქციო სახით გადახედა მეგობრებს და მერე უკვე ფეხზე წამოყენებულ წითელთმიან ქალს, რომელიც მზერით მის მოკვლას ლამობდა. ახალგაზრდა ქალები წავიდნენ, ბიჭებმა გართობა გააგრძელეს.
-არ შეგეცოდა? -დიოტრეფესთან ახლოს გადმოჯდა შალვა და სიცილით უთხრა.
-მაგის ქმარ - შვილი უფრო შემეცოდა მე.
-ქმარ - შვილიც ჰყავდა?
-გიკვირს?
-უკვე არაფერი აღარ მიკვირს ამ ცხოვრებაში.
-არც მე.
-როგორ გაიშხლართა იატაკზე და ბარმენმაც როგორი ინტერესით გადმოჰხედა დახლს ზემოდან, ნეტავ სად წავიდა ეს ქალიო. თან რამხელა ხმა ჰქონდა? არა, ძმაო, ხელები ამიწევია, შენ მაგ ამბების დიდოსტატი ხარ, იმიტომ ვერ გიტანს ქალთა კოალიცია.
-ვინც საჭიროა ის მიტანს, -ღიმილი შეეპარა სახეზე, მერე უცებ დასერიოზულდა, -შალვა, იცი რა მიკვირს? რატომ არასდროს მირეკავს როცა სადმე მივდივარ? დავიჯერო არ აინტერესებს სახლში მალე მივალ თუ არა?
-არ ეუბნები სახლიდან გამოსვლისას?
-როგორ არა, მაგრამ...
-რაღა მაგრამ? თავს არ გაბეზრებს უაზრო კითხვებით და კიდევ შენ ხარ უკმაყოფილო? გინდა ვანოს მარიტასავით ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გირეკოს, შენი ადგილსამყოფელი ამოწმოს და სახლში მისვლამდე წუთები გითვალოს? თუ ეგრე გაწუხებს ძმაო ადექი და თვითონ დაურეკე და მოიკითხე. ამ წუთას მაგრად ატრ**** ხომ იცი. მერე იქნებ იმაზეც დაიწყო გაჭედვები სახლში რომ მივდივარ რატომ მხვდება დაძინებული და რატომ არ მელოდებაო, -გაღიზიანებულმა შალვამ სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო.
-რომ ვნახო ღამე ჩემ გამო გაათია შეიძლება ჩხუბიც მოგვივიდეს. ასი წელი მაგას არ მოვთხოვ.
-ერთსაც შენ იძახი და მეორესაც. სახლიდან გამოსვლისას საქმის კურსში ვაყენებო ხომ ამბობ არა? უაზრო ეჭვიანობის სცენებს არ გიწყობს და არ წიოკობს, გენდობა, მეტი რაღა გინდა? -შალვამ სიგარეტი საფერფლეში ჩადო და მოცეკვავე ხალხში გაუჩინარდა. ცოტა ხანში კი ბიჭებთან ერთად დაბრუნდა.
-აბა, წავედით.
-სად წავედით, ჯერ ორი საათიც არ გასულა რაც მოვედით.
-ყველანი მოვდივართ შენთან. ამტკივდა თავი იმხელა ხმაზეა მუსიკა აწეული, ცოტა ხომ გავერთეთ, გვეყო რახა - რუხი, ჭეშმარიტი ოჯახური სიმყუდროვე და დიდი გენერლის სადღეგრძელოები მინდა მოვისმინო, მარტო მე კი არა ამათაც უნდათ.
-მაშ კაცო, ერთი მამაპაპური აღარ დავილოცოთ?
-წავიდეთ მაშინ, -სიხარული არ შეიმჩნია დიოტრეფემ, ისე ამოუდგა გვერდში ბიჭებს და გაჰყვა თან. გარეთ რომ გამოვიდნენ და ზამთრის სუსხიანი ჰაერი ჩაისუნთქა იგრძნო, როგორ დაიწყო მისმა შინაგანმა სამყარომ დამშვიდება. ერთადერთი რასაც მისი მოშხამული განწყობის გამოკეთება შეეძლო ეს მეგის გაღიმებული სახის დანახვა იყო. მისი შვიდი ხმის ტემბრი გადამდებად მოქმედებდა და რაც არ უნდა აფორიაქებული ყოფილიყო წამებში ეცვლებოდა ხასიათი უკეთესობისკენ. ყველაზე მეტად ეს მოწონდა მეგიში, ყოველთვის მშვიდად, აუღელვებლად და ღიმილით რომ ესაუბრებოდა გარშემომყოფებს, რითაც მათ კეთილგანწყობას იმსახურებდა.
-გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!- მთელი ხმით გაიძახოდნენ სახლში შესული გაბრიელი და ლევანი და კანფეტებს აქეთ - იქით ისროდნენ.
-ეე, გაიგეს, გაიგეს ბიჭო, ნუ დაგვაყრუეთ.
- ახალი წელია და ვულოცავ ოჯახს, რას იღრინები?
-თქვენ გენაცვალოთ გოგია პაპა, ეს რა ხალხი მოსულა, -კაცს სახეზე სიხარული და კმაყოფილება გამოეხატა. ბიჭებმა საახალწლო სუფრასთან მსხდომთ ახალი წელი მიულოცეს და ადგილები დაიკავეს.
-რას ტრაბახობდა გოგია ჩვენ მოსვლამდე? - გადაუჩურჩულა მეგის დიოტრეფემ.
-არაფერს არ ტრაბახობდა, ჯარის ამბებს ჰყვებოდა.
-ის უკვე მოჰყვა გახსნილი ხელყუმბარით ტანკს წინ რომ გადაუდგა?
-არა, ეგ არ მოუყოლია, ტყვედ რომ ჩავარდა იმას ჰყვებოდა და თქვენც მოხვედით.
-არც ის? დაჭრილმა ასოცი კილომეტრი, რომ იარა და რეალურად ერთი კილომეტრიც არ ჰქონდა გავლილი ისე იპოვა მედპერსონალმა?
-არა! -ჩაიცინა მეგიმ.
-მაშინ ბევრი საინტერესო ამბების მოსმენა მოგვიწევს გათენებამდე.
-მზად ვარ ბოლომდე მოვუსმინო.
-ტყუილებში რომ გამოიჭერ მერე ვილაპარაკოთ, -სიცილით უთხრა და ყურადღება ბიჭებზე გადაიტანა.
-მეგი, ხომ არ მოიწყინე ჩვენ მოსვლამდე?
-სულაც არა, გოგია პაპა ჯარის ამბებს მიყვებოდა.
-ჰოო? სამაგიეროდ შენმა ტურფამ მოიწყინა. ნეტა გენახა იმ ... ვახ!-ტკივილისგან თვალები დახუჭა გიომ, რადგან ლევანის აქნეული ფეხი ისე მწარედ მოხვდა ბარძაყში, რომ ვეღარ ამოისუნთქა.
-რა მოგივიდა გიო?
-არაფერი ნანა დეიდა, მაგიდას ამოვარტყი ფეხი.
-გოგოსავით ფეხის ფეხზე გადადება რომ გიყვარს ამიტომ, -მხარზე დაუტყაპუნა შალვამ ხელი.
-რა ამბობდი გიო, რა უნდა მენახა?
-არაფერი მეგი, კლუბში უნდა ნახო რა ცუდია ახალი წლის აღნიშვნა თქო. სახლის სითბოს არაფერი ჯობია, -ძალით გაუღიმა და ნატკენი ადგილი ხელით დაიზილა.
-არა რა, არ ,,მევასება“ ეს კლუბური გართობები და ძალაა? -კიტრს დაწვდა თაზო და დანით მისი გათლა დაიწყო.
-შენ სირცხვილით მაგას როგორ ამბობ? სამი შვილის მამა ხარ და იქ მოწყენილობის ვერაფერი შეგატყვეთ, ჩვენზე კარგადაც კი ერთობოდი მგონი.
-ცოტა კი გავერთე, მაგრამ ეს პატარა ბიჭური გართობები ჩემთვის მოძველდა.
-ვაა, ეტყობა შენ უკვე ამოგივიდა სიბრძნის კბილი და სიბერისკენაც გადააბიჯე.
-დიდი ხანია გადაბიჯებულიც მაქვს და იმის იქითაც ვარ წასული. ისე, რომ იცოდე სიბრძნის კბილი ყველას სხვადასხვა ასაკში ამოსდის. შენ მაგას რას უყურებ? ზოგი დაბადებიდან ბრძენია, მაგრამ შენ ისეთი არასერიოზული ხარ სიბრძნის კბილის ამოსვლა კი არა სიბრძნის შელოცვაც ვერ გიშველის.
-ეე, სიბრძნის შელოცვაც არსებობს?
-ეგ სიტყვის მასალად ვთქვი, სიბრძნის შელოცვა არა კიდე რა გინდა.
- მალვინა ბებო წელს გოგრა მოხარშეთ? რა გემრიელი იყო შარშან იმის გემო არ მავიწყდება.
-ბებო გენაცვალოს ვანიკო, მაგაზე როგორ გაწყენინებ? ახლავე გამოვიტან და ჭამეთ შვილო, -მალვინა სამზარეულოში გავიდა, მოხარშული გოგრის ნაჭრებით სავსე თეფში გამოიტანა და ვანოს წინ დაუდო.
-შეგერგოს ბებო, შენზე კარგმა ვინ უნდა ჭამოს?
-ვინ და მსუნაგმა დიოტრეფემ.
-ეგ მსუნაგი დიოტრეფე, სულ არ არის გაუმეტარი და ნუ გაქ გიო ცოლ - ქმრის გამყრელი ენა.
-მალვინა ბებო, შენ ხარ ყველაზე კარგი, -ვანომ ქალს ხელები დაუკოცნა.
-ვანო, მალვინა ბებოს ნუ ეპირფერები, იცოდე დარჩები გოგრის გარეშე.
-გაბრიელ, პირფერობა არ მჭირდება, ბებომ იცის როგორ მიყვარს.
-გენაცვალოთ ბებო, მე ჩემი დიოტრეფესგან არ განსხვავებთ არცერთს, -თავზე მოეფერა მალვინა ვანოს. გათენებამდე მხიარულობდნენ საახალწლო სუფრასთან. გოგია პაპა რომ ჩაირთო ომის ამბების მოყოლით და ტყუილ - მართალს ერთმანეთში ურევდა, მაშინ მიხვდა მეგი დიოტრეფე რაზეც ეუბნებოდა.

##############
დიოტრეფეს სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს, რომ კარგად გადაცდა და ის მაინც არ გამოჩნდა, პანიკამ მოიცვა მეგი და მაშინვე შალვასთან დარეკა.
-შალვა, დიოტრეფეს მთელი საათია ვურეკავ და არ მპასუხობს, მშვიდობაა? -ანერვიულებულმა მიაყარა კითხვები.
-არ ინერვიულო, საავადმყოფოში ვართ და მალე მოვალთ.
-საავადმყოფოში რა გინდათ, დიოტრეფეს რამე დაემართა?
-დაწყნარდი, საგანგაშო არაფერია, ხელები აქვს დამწვარი, შეუხვევენ და მაშინვე სახლში მოვიყვან.
-შალვა, არ მატყუებ? მარტო ხელები აქვს დამწვარი?
-კარგად არის, ხომ გითხარი, მალე მოვალთ და თვითონ დარწმუნდები, რომ საშიში არაფერი არ ჭირს. აი, გამოვიდა, უნდა გავთიშო, მანდ რომ მოვალთ მერე ვილაპარაკოთ, -კარზე ზარის ხმა გაისმა თუ არა მაშინვე მის გასაღებად წავიდა ნანა.
-დედა გენაცვალოს, ეს რა დღეში გაქვს ხელები, - გული შეუწუხდა ქალს შვილის დაბინტული ხელების დანახვაზე.
-ნუ გეშინია დედა, ერთ კვირაში ბინტებს მომხსნიან, -ღიმილით გადაეხვია დედას და შიგნით შევიდა.
-მეგი სად არის?
-ოთახშია, ძალიან შეეშინდა და ტირის, რაღაცას მიმალავენო.
-რა ატირებს? ხომ ვუთხარი, რომ კარგად იყო.
-მეც ვუთხარი, მაგრამ მაინც ერთსა და იმავეს გაიძახის. შენ მიდი მეგისთან, შალვა, შვილო, შენ კი წამოდი სამზარეულოში, მშივრები იქნებით, ახლავე გავშლი და შეჭამეთ საჭმელი.
-შალვა, მიდი შენ და მეც მოვალ, -დიოტრეფემ მეგობარს სამზარეულოსკენ უბიძგა, თვითონ კი საძინებელ ოთახში შევიდა.
-დიოტრეფე, ეს რა დღეში გაქვს ხელები? -მისი დაბინტული ხელების დანახვაზე ტირილისაგან დაწითლებული თვალები ისევ ცრემლებით აევსო მეგის.
-დიდი არაფერი, პატარა დამწვრობაა.
-ამას ეძახი პატარა დამწვრობას? ათივე თითი შეხვეული გაქვს, -ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.
-მადლობა ღმერთს, რომ თითები არ დავკარგე. დამწვრობა მალე მომირჩება.
-რით დაგეწვა, ასეთი რა გეჭირა ხელში?
-დაწყნარდი და შემომხედე, ხედავ? ცოცხალი და უვნებელი ვდგავარ შენ წინ, ეს პატარა დამწვრობა კი არაფერია.
-როგორ დავწყნარდე, როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ?
-ზოგი ჭირი მარგებელიაო, სანამ ხელები არ მომირჩება სახლში ვიქნები. ხომ მინდოდა შვებულება, ჰოდა, მექნება.
-რად გინდა ასეთი შვებულება, თუ მთელი დღეები გამწარებული უნდა იყო?
-რა დროს ჩემი ხელებია? ძალიან მშია, -ცოტა ხანში სამზარეულოში ისხდნენ, მეგი ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა დიოტრეფეს დაბინტულ ხელებს და საკუთარი ხელით აჭმევდა ლუკმებად დანაწევრებულ საჭმელს, -ისე, ხშირად რომ დავიწვა ხელები ცუდი არ იქნება, -სიცილით გადახედა მომღიმარ შალვას და თვალი ჩაუკრა.
-სულ არ არის სასაცილო!
-რა გატირებს ნეტავ? ხელები მე მაქვს დამწვარი თუ შენ?
-ხელები გაქვს დამწვარი და არც ვიტირო?
-მეც მაგას არ ვამბობ? მე რომ ხელები მაქვს დამწვარი შენ რა?
-რომ გტკივა და იტანჯები ეგ მატირებს სწორედ. მეც მტკივა, მართლა მტკივა. შენ ხელები გეწვის, მე გული, შენი მაყურებელი. ვერ ვხვდები რა არის ამაში გაუგებარი?!
-კარგი, ნუ ბრაზობ, - დაბინტული ხელები მოჰხვია გაბუტულ მეგის, მიიხუტა და საფერთქელთან აკოცა, -ჩემი წილი სამოთხე ხარ ამ დალოცვილ დედამიწაზე.
-არ მეტყვი რით დაგეწვა ხელები? -ცრემლიანი თვალებით ახედა მეგიმ.
-ვახ, ჩაირთო, რა მნიშვნელობა აქვს?
-გრიფით საიდუმლო ადევს? შალვა, შენ მაინც მითხარი!
-ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, საქმე მაქვს, უნდა გავიქცე, - შალვა წამოდგა, ნაჩქარევად დაემშვიდობათ და წავიდა.
-დიოტრეფე!
-მეგი დაღლილი ვარ, თან ხომ ხედავ ხელები მაქვს დამწვარი, წავალ დავიძინებ.
-აბა, შენ გაინტერესებდეს რამე, ტვინში ჩამიძვრებოდი და მაინც გაიგებდი, მე რომ მაინტერესებს რაღაც ყველაფერს მიმალავ.

##############
ერთ საღამოს როდესაც საძინებელ ოთახში მეგი და დიოტრეფე განმარტოვებით იყვნენ, დიოტრეფემ უჯრაში ვალერის და მარიამის ადრინდელი ფოტო იპოვა. წყვილს მაისურები გაეცვალათ, მარიამს, ვალერის შავი მაისური ეცვა, მერსედესის ლოგოს გამოსახულებით. ვალერის კი მარიამის ჟოლოსფერი მაისური, რომელსაც ოქროსფერი პეპლები ეხატა. ორივეს გაღიმებული სახეები ჰქონდათ და გადამღებს ხელს უქნევდნენ. გაახსენდა ის დღე, როდესაც ლევანმა ეს ფოტო გადაუღოთ, გული ეტკინა, იმ მარიამის და ახლანდელი მარიამის გახსენებისას. შეწუხებული მიუბრუნდა მეგის და ჰკითხა:
-რას ფიქრობ ცხოვრებაზე? სიცოცხლეზე? შენზე და ჩემზე? -მეგიმ, ლილისთან მიმოწერა შეწყვიტა, ტელეფონი გვერდით გადადო და ცოტა ხნით დაფიქრდა.
-ჩემთვის სიცოცხლე ერთ დიდ გამოსასწორებელ კოლონიაში არსებობას ჰგავს, საიდანაც მხოლოდ კარგი ყოფაქცევის მეშვეობით გააღწევ და მოხვდები იქ, ზემოთ, სადაც როგორც ამბობენ სრული ნეტარებაა. აქ ბოროტების ქმნას კარგი არაფერი მოაქვს. რაც არ უნდა გულნატკენი იყო და შურისძიება მოინდომო ვინმეს მიმართ, ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეგაწუხებს. სიმშვიდეს მაინც ვერ მოიპოვებ და მხოლოდ საკუთარ თავს გაინადგურებ. ამიტომ ყველამ ვიღაცას უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, რომ დაგვეყრდნონ და დავეყრდნოთ, სხვანაირად არ გამოვა.
ჩემზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აქ ერთი პაწაწინა შეუმჩნეველი ყვავილი ვარ, რომელსაც ცხოვრების ქარიშხალი ხან მარჯვნივ გადახრის, ხან მარცხნივ, მაგრამ მიწიდან ვერ გლეჯავს. რაღაც ამოუხსნელი ძალა არ აძლევს დანებების უფლებას.
შენ - შენზე იმდენი კარგი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ალბათ მარტო რომ დავჯდე და დავწერო, ჩემთვის წყნარად, მშვიდად, იქიდან უფრო მეტის თქმას შევძლებ შენთვის, ვიდრე ამ წუთში. ერთის თქმა შემიძლია მხოლოდ, შენ, რომ არ გეარსება ჩემ ცხოვრებაში ალბათ გამოგიგონებდი, ჩემ ფიქრებში, ოცნებებში შეგქმნიდი და სიგიჟემდე შეგიყვარებდი. იმ დონემდე შეგიყვარებდი, რომ შენ არსებობას დავიჯერებდი. ასე მეყვარებოდი სიცოცხლის ბოლომდე, ვიდრე არ გარდავიცვლებოდი შენზე გაგიჟებით შეყვარებული. ბევრი რამე შეიცვალა ჩვენ ცხოვრებაში, ბევრიც უცვლელი დარჩა. ჩემი შენდამი სიყვარული კი უფრო გამძაფრდა და ნელ - ნელა განმტკიცება დაიწყო.
-სიგიჟემდე რომ მიყვარხარ იცი? -ხელები მოჰხვია და ორივე თვალზე აკოცა, - ჩემი შავთვალება გოგო, ჩემი პატარა სამოთხე დედამიწაზე, -გულში იხუტებდა და აღარ უნდოდა მეგისთვის ხელები შეეშვა. მერე, როგორც იყო გაათავისუფლა და გვერდით გადადებული ფოტო გაუწოდა -შეხედე, ეს ვალერია, მარიამის შეყვარებული იყო, მერე ავღანეთში წავედით და იქ დაიღუპა, მარიამს ორი წელი შავები ვერ გავახდევინეთ ისე გლოვობდა. ძალიან მიჭირს ლაპარაკი, მას შემდეგ მარიამი ძალიან შეიცვალა, სიცოცხლით სავსე გოგოსგან არაფერი აღარ დარჩა. ღმერთს ყოველდღე ვთხოვ ვინმე ისეთი გამოჩნდეს მის ცხოვრებაში ვინც უკეთესობისკენ შემოაბრუნებს და ისევ ისეთ ხალისიან ადამიანად აქცევს. სამწუხაროდ ვალერისნაირი არავინ ჩანს, უკეთესზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
-გამოჩნდება, ადრე თუ გვიან.
-ვითომ?
-რატომ გეპარება ეჭვი?
-ღმერთმა ქნას, მეც ეგ მინდა.

##################
-აუ, ბიჭო, ახლა ამის დრო იყო? -ძირგამძვრალ ბოტასს უყურებდა ლევანი და იჯღანებოდა, -დედაჩემიც სახლში არ არის, რომ დამერეკა და ვინმესთვის გამოეტანებინა. რანაირად დავიდგი ფეხი? ყველაფერი უხარისხო ჩვენ ქვეყანაში როგორ შემოაქვთ, ეს ცხოვრებაა?
-ლევან, მიდი და ჩემი ჩაიცვი, რა პრობლემაა? შეიძლება ცოტა დიდი გქონდეს, მაგრამ ძალიან არ შეგემჩნევა, -ლევანმა ფეხზე გაიხადა ძირგამძვრალი ბოტასები და კარადა გამოაღო.
-რომელს მათხოვებ?
-შენ რომელიც გინდა ის აიღე და ჩაიცვი.
-მაშინ შავ ბოტასს ავიღებ.
-რომელ შავ ბოტასს? მე შავი ბოტესები არა მაქვს, მარტო თეთრები და ნაცრისფერები მაქვს.
-აი, ბიჭო ეს შავი ბოტასი არ არის? -კარადის მეორე კარიც გამოაღო ლევანმა, კარგად რომ ეჩვენებინა მისთვის, რადგან სიბნელეში ნორმალურად არაფერი არ ჩანდა, -ქალის ფეხსაცმელი? რა უნდა შენთან ქალის ფეხსაცმელს? დედაშენი შენთან არ შეინახავდა, ლილი ვიცი, რომ ასეთებით არ დადის და... შენ რა საყვარელი გყავს და იმის ფეხსაცმელს ინახავ?
- არა, რა საყვარელი. რომც მყავდეს სახლში ამოვიყვან და მთლად უარესი ფეხსაცმელს შევინახავ სამახსოვროდ?
-აბა, რაშია საქმე გამარკვევ?
-ეეჰ, ლევან, ცუდ დღეში ვარ, ვერ გეტყვი.
-მიდი თქვი, ისეთი რა ამბავია თქმაც რომ გიჭირს? -ეშმაკურად აუთამაშა წარბები მეგობარს.
-მომისმენ?
-მოგისმენ, აბა, რას ვიზამ, -აჟიტირებულმა ბიჭმა ხელის გულები ერთმანეთს გაუხახუნა და ტაში შემოჰკრა.
-არ მინდოდა თქმა, საერთოდაც არავისთვის მითქვამს ეს ამბავი. ძალიან ძნელია, ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს ამხელა ტვირთის ზიდვა მარტოს, ისე, რომ ვინმემ რამე არ შემატყოს, -შალვას ნერვიულობა დაეტყო, დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო, - ლევან დამპირდი ძმურად, რომ არავისთან წამოგცდება და კუბოს ფიცრამდე ჩაიტან.
-ნუ მაშინებ, რა ხდება აღარ იტყვი?
-გვერდში უნდა დამიდგე, ვერავის ვენდობი, მეშინია ძმაო, მეშინია, რომ ვერ გამიგებენ და გამრიყავენ. ვახ, რა ძნელი ყოფილა თქმა, -სახეზე ხელები აიფარა შალვამ, ღრმად ჩაისუნთქა და ლევანს შეხედა, -მოკლედ, ღამღამობით ქალის ჰორმონების შემოტევა მჭირს, დედაჩემის კაბებს ვიპარავ და ვიცვამ. ფეხსაცმელები არ მომერგო, ხომ იცი დედას ჩემზე ბევრად პატარა ფეხი აქვს, ავდექი და მეც ვიყიდე. ქერა პარიკის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ ჯერ ჩემი მოსაწონი ვერ ვნახე, ინტერნეტ მაღაზიებში უნდა მოვძებნო, იქნებ იქ მაინც იყოს.
-ეეე, ვის ეღადავები შენ?!
-არ გჯერა ხომ? არც მე მჯეროდა თავიდან, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი ვერ დავიჯერე, -ცრემლები მოადგა თვალებში შალვას და თავი დაბლა დახარა.
-არ მჯერა! ეგ როგორ შალვა, აუ არა რა? არ შემიძლია. აქამდე როგორ მალავდი, გულმა როგორ დაიტია ბიჭო ამხელა ტვირთი?
-იტევს რომ? აბა, მკითხე ლამისაა შემშალოს.
-ოღონდ შენ არ ყოფილიყავი და თუნდ გუჯა ყოფილიყო. როგორ დავიჯერო, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი... არა, არა, -შეშფოთებული ლევანი ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. შეშინებული და სასოწარკვეთილი დროდადრო თვალებს შალვასკენ აპარებდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, -დღისით მოგსვლია ასე?
-არა, მზე რომ ჩადის და ბინდდება მხოლოდ მაშინ. ეტყობა ღამით მთვარის ზეგავლენა მატულობს, იმიტომ, რომ განსაკუთრებით სავსე მთვარეობისას ვგრძნობ შემოტევებს, ერთხელ დედას წითელი პომადაც კი წავისვი, -ნატანჯი მზერით შეხედა და ისევ თვალები ძირს დახარა. ლევანმა სახეზე ხელი ჩამოისვა და კედელს მიეყრდნო, პირი გაუშრა, დაჭყეტილ თვალებს უფრო აჭყეტავდა, ფერიც სხვანაირი ჰქონდა სახეზე, ნერწყვს ძლივსღა ყლაპავდა. მერე როგორც იყო ძალა მოიკრიბა და ჩუმად ჩაიბურტუნა:
-როდის არის სავსე მთვარე? -ძლივს ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი ისე, რომ ხელიდან არ გავარდნოდა და ინტერნეტში ძიება დაიწყო, -დღეს ყოფილა, -წამოიყვირა შეშინებულმა, -არსად არ წავალთ, სახლში ვრჩებით. ნუ გეშინია შალვა, შენთან ვარ, თუ საჭირო გახდება ქამრითაც მიგაბამ საწოლზე და არ მოგცემ უფლებას ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, ფეხსაცმელებსაც დაგიმალავ ან გადავყრი. ახლა გჭირდება ჩემი გვერდში ყოლა და ზურგს არ შეგაქცევ ძმაო.
-მადლობა ლევან, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, -ფეხზე წამოდგა შალვა და ის - ის იყო უნდა გადაჰხვეოდა, რომ გულზე ხელი მიიჭირა და შეჰყვირა.
-რა მოხდა? -მეგობარს ამოუდგა გვერდში ლევანი.
-დაიწყო!
-რა დაიწყო?
-რაზეც ახლა გელაპარაკებოდი ის დაიწყო. მმმ, -ტუჩებზე თითები გადაიტარა შალვამ და ლევანს ანთებული თვალებით შეხედა, -ისეთ ხასიათზე ვარ წითელი პომადის წასმა მინდა, ჩემ შავ ფეხსაცმელსაც სიამოვნებით ჩავიცვამდი. ლევან, რა სიმპატიურად გამოიყურები? აქამდე არ შემიმჩნევია როგორი მრავლისმთქმელი თვალები გქონია. ეს შავი თმაც როგორ ლამაზად გაქვს გადავარცხნილი. რა სუნამო გასხია ლევან? ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე.
- არ მომეკარო! -დაუყვირა შეშინებულმა ლევანმა და უკან გახტა, თან თვალებით გასასვლელი შეათვალიერა.
-ამ წამს ისე მინდა ჩაგეხუტო როგორც არასდროს, მოდი გულში ჩაგიკრა ჩემო სიცოცხლე.
-არა შალვა, არა! გონს მოდი, არ ხარ შენ ქალი, შენ მე არ მოგწონვარ, გესმის?
- კი ლევან, მომწონხარ თან ძალიან. ჩემი ბრდღვიალა თვალებიანი ბიჭი ვინ არისო? -ნელი სვლით მისკენ დაიწყო შალვამ გადაადგილება.
-ღმერთო მიშველე და ამასაც უშველე გთხოვ, -ჭერს ახედა, მერე ოთახიდან ყვირილით გავარდა და დაბნეულმა გასასვლელი რომ ვერ იპოვა პირველივე კარს ეცა და შევარდა. სააბაზანოში აღმოჩნდა, სასწრაფოდ გადაკეტა კარი საკეტით და ამოისუნთქა, როცა თავი უსაფრთხოდ იგრძნო.
-საყვარელო, მანდ ფიქრიას ხორცისფერი ფრჩხილის ლაქი დევს და შეგიძლია მომაწოდო? -კარებზე მიუკაკუნა შალვამ, -დღეს ელეგანტურობის ხასიათზე ვარ, მინდა შენთვის განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე.
-შალვა, გადი აქედან სანამ მოთმინების ძაფები დამწყვეტია და მაგრად მიცემიხარ.
-ჩემ სათუთ გულს მაგ სიტყვებით ტანჯვას ნუ აყენებ! წავალ, გასაღებს მოვიტან, ძვირფასო, უკვე მენატრები.
-არ გაბედო აქ შემოსვლა, -დაუყვირა მთელი ხმით, - იატაკის საწმენდ ჯოხს ჩაგარტყამ იცოდე, -ამ დროს საკეტმა გაიჩხაკუნა და კარის სახელურმაც ქვემოთ დაიწია. ლევანი კარის სახელურს ჩაეჭიდა, ცალი ფეხი კი კედელს მიაბჯინა და შეეცადა თავისკენ გამოეწია კარები, რომ შალვას ვერ გაეღო, მაგრამ შალვამ მაინც გააღო და სააბაზანოს კარებში გაჩერდა.
-აი, მეც მოვედი დღნაშვო, -გაუღიმა და ტუჩებით კოცნა გაუგზავნა.
-არ მომეკარო, არ გაბედო თითის დაკარება! ძმობას ვფიცავარ არ დაგინდობ და მართლა ჩაგარტყამ რამეს.
-დღნაშვო, კარგი რა? -ცრემლებით აევსო თვალები შალვას, მაგრამ ეს ის ცრემლები არ იყო რაც ლევანს ეგონა. მოულოდნელად იმხელა ხმით ატეხა სიცილი ლევანიც კი შეხტა, -ნეტავ შენი თავისთვის შეგახედა, რა სახე გაქვს. ვეუბნებოდი მამაჩემს დავაყენოთ სახლში ერთი კამერა თქო, მაგრამ ვინმემ დამიჯერა? ამ სანახაობის დაკარგვა იქნებოდა? -შალვა, სიცილისგან მუცელზე ხელებს იჭერდა და კარებში ჩაკეცილი სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა,
- ერთი წუთით სარკეში ჩაიხედე რა? ან მოიცა სურათი უნდა გადაგიღო. მეტი ტუჩი ლევან, ახლა ჩიტი გამოფრინდება, -იატაკზე სიცილით ჩაკეცილი შალვა სურათებს უღებდა ლევანს, რომელიც გაფითრებული იდგა და ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო.
-დაიცადე, ეს ყველაფერი ტყუილი იყო და შენ ის არა ხარ მე ვინც მგონია?
-ასი პროცენტით მოარტყი მიზანში. მე ის არა ვარ ვინც შენ გგონია, ვიხუმრე ლევან.
-მაშინ ვისია ის ფეხსაცმელი? -დაეჭვებით იკითხა.
-ლილიმ იყიდა და რამდენი ხანია მანდ დევს, მგონი აღარც ახსოვს.
-კინაღამ გული გამისკდა, -თავისთვის ჩაილაპარაკა და გაბრაზებული მზერა მიაპყრო შალვას.
-შენ, შენ... ამას არ გაპატიებ, -კარებში გაჩხერილ მეგობარს გადააბოტა, მისი ბოტასები მოირგო და ნაჩქარევად გავარდა სახლიდან.
-საყვარელო ხელჩანთას ავიღებ და თხუთმეტ წუთში შენთან გავჩნდები, -გასძახა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ლევანს აივანზე გასულმა შალვამ.
-წადი შენი სადისტი...
-შალვა, რა დაემართა ლევანს? გვერდით ისე ჩამიქროლა ვერც კი შემამჩნია, -ძმას გვერდით ამოუდგა ლილი.
-ახლა არ მცალია, საღამოს მოგიყვები, რომ დავბრუნდები.
- შენ და შენი ძმაკაცების გამოსწორება არ იქნება, ყველანი კლოუნებით ხართ, -სიცილით გადახედა ქუჩას ლილიმ.

#####################
-ზეგ შალვას დაბადების დღეა და არ ვიცი რა ვაჩუქო. რაც კი შეიძლებოდა მეჩუქებინა ყველაფერი ვაჩუქე. მეგი, უკვე ტვინი ამიდუღდა ამდენი ფიქრით, -შეწუხებულმა დიოტრეფემ შუბლზე ხელი მოისვა.
-ჩაფხუტი რომ აჩუქო? როგორც ვიცი არ აქვს, ადრე რაც ჰქონდა ავარიაში რომ მოჰყვა მაშინ დაემტვრა, უხარისხო იყო. თან ხომ იცი, უჭირთ და ამჟამად ჩაფხუტის ფული ნამდვილად არ ექნება, არადა ძალიან ჭირდება. გამოწერით ვეღარ მოვასწრებთ, არადა იაფად კარგი ხარისხისას გამოვიწერდით. მგონი რაღაც ახალი მოტო მაღაზია გაიხსნა ქალაქის ცენტრში და ხუთას - ექვსას ლარში კარგ ჩაფხუტს უყიდი.
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა? ჩემი პატარა ტვინიკოსა გოგო, -გახარებულმა შუბლზე აკოცა მეგის და გულზე მიიკრა.
რესტორანში სასიამოვნო ცოცხალ მუსიკას დროდადრო ქართული ცეკვები ცვლიდა, ორი დაბადების დღე და ერთი ქორწილი ერთ დარბაზში მოეთავსებინათ. ოცდაათკაციან სუფრასთან ბიჭები მთელი მონდომებით ლოცავდნენ შალვას. დაბადების დღის სიმღერის და სანთლების ჩაქრობის შემდეგ ბიჭებმა სათითაოდ გადასცეს საჩუქრები. შალვას, დიოტრეფეს საჩუქრი ისე გაუხარდა ლამის იტირა. ლევანმა პატარა პარკი გადასცა, სადაც ხორცისფერი ფრჩხილის ლაქი და წითელი პომადა იდო. შალვამ მადლობა გადაუხადა და პარკში რომ ჩაიხედა ღიმილით გადადო გვერძე.
ლათინო ამერიკული ცეკვით აღფრთოვანებული ბიჭები ტაშს გამეტებით უკრავდნენ და თან ტორტს მიირთმევდნენ. შუქჩამქრალ დარბაზში სადაც მხოლოდ მომღერლების და მოცეკვავეების სცენა იყო განათებული ვერავინ შენიშნა ლევანს როგორ მიუახლოვდა უკნიდან ვიღაც. ბიჭმა კისერზე ცივი, ნესტიანი ხელების შეხება იგრძნო და ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა, მერე უცნობის ხელები მხრებზე ჩასრიალდა, მხრებიდან კი მისი მაჯებისკენ. პომადიანი ტუჩების შეხებაც იგრძნო ლოყაზე და ყურთან ჩურჩულმაც არ დააყოვნა.
-მაგიჟებ ლევან! -ლევანმა თავი რომ მიატრიალა ყურებამდე გაკრეჭილი შალვას დანახვაზე იმხელა ხმით დაიყვირა რამდენიმე წუთით ცეკვაც კი შეწყვიტეს მოცეკვავეებმა და გაოცებულმა ხალხმა მზერა მათკენ მიმართა. ბიჭების წამიერი გაოცებული სახე გულიანმა, ცრემლებამდე მისულმა ხარხარმა შეცვალა. შალვა ღიმილით დაწვდა ხელსახოცს და წითელი პომადა ტუჩებიდან მოიშორა, მერე მაგიდასთან მოთავსდა და ხორცისფერი ლაქით დათხვრილი ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა.
-მიხდება არა?-ღიმილით გადახედა მეგობრებს.
-ძმობას ვფიცავარ გაკვდება.
-წადი მოიცილე, ჩამეწვა ყელი. რა გიჟი ხარ შეჩ’ემა.
-შენ ხომ ადამიანი არა ხარ, სადისტი ხარ, -შეუღრინა ბიჭმა შალვას.
-დღნაშვო, სხვას რას ელოდი ასეთ საჩუქარს რომ მიკეთებდი? წავალ მომსახურე პერსონალს აცეტონს ვთხოვ, მეც ჩამწვა ყელი. ჩემმა სიყვარულმა ვერ მოიფიქრა, რომ აცეტონიც უნდა ჩაედო იმ პარკში. მოდი უნდა გაკოცო ჩემო შეშინებულო და გულაფანცქალებულო, -ლევანის მიმართულებით გადაიწია შალვა და ტუჩები გამობზიკა.
-მომშორდი თავიდან, შენი დაბადების დღის ხათრით ვიკავებ თავს, ასე რომ არ იყოს იცი, რას გიზამდი?
-ვიცი სიცოცხლე კოცნით რომ დამახრჩობდი, მაგრამ არ გაგიმართლა ჯერ მხიარულებას ახლა ვიწყებთ, სხვა დროისთვის გადაწიე შენი ჩემდამი მღელვარე გრძნობები, -მკლავზე აატარა ხელი და ღიმილიანი სახით პერსონალის მიმართულებით წავიდა.
-ახლა ეს რისი ღირსია თქვენ მითხარით.
-ლევან, ხელიდან გასაშვები არ ჩანს ჩვენი შალვა, ისე, ღირს დაფიქრებად.
-შენღა მაკლდი თაზო, -ღრინვით გახედა ბიჭმა და მერე სახეზე ღიმილი შეეპარა. კიდევ ერთმა სიცილის ტალღამ გადაიარა მათ სუფრაზე.

##############
საწოლზე გადმოყუდებულ, უგონოდ მყოფ ბიჭს დედამ ხელიდან არყის ბოთლი ააცალა, დაბლა დადგა და შეეცადა საწოლზე ნორმალურად დაეწვინა. ბიჭმა თავი მაღლა წამოწია, დედის მოძრაობას დაჰყვა და საწოლზე ნორმალურად მოთავსდა.
-ამდენი დალევა შეიძლება? საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობ ჩემზე და მამაშენზე მაინც იფიქრე შვილო.
-თავი დამანებე დედა, მეძინება!
-ასე უცებ რამ შეგცვალა? სად გაქრა ჩემი მოსიყვარულე და ყურადღებიანი შვილი?
-მოკვდა დედა, მოკვდა!
-მე რომ ძალიან მენატრება ის ბიჭი, ნუთუ იმ ბიჭს საერთოდ არ ენატრება დედა? ნუთუ სულ ამოირეცხა გულიდან დედისადმი სიყვარული? -ცრემლები მოადგა ქალს თვალებზე და შვილს აწეწილი თმების შესწორება დაუწყო.
-იმ ბიჭს ისევ ყველა უყვარხართ, მაგრამ...
-მაგრამ რა შვილო? თქმითაც არაფერს ამბობ, გულგასიებული მარტო სასმელში იხრჩობ თავს? -ბიჭმა თვალები გაახილა, ზურგით ბალიშს მიეყრდნო და არეული მზერით შეხედა დედას.
-შეყვარებული ვარ.
-მერე შვილო მაგის გამო იტანჯავ თავს? პირიქით, ბედნიერი უნდა იყო, უფრო მეტად გახალისდე, რომ იმ გოგოს თავი მოაწონო. რას დაემსგავსე, არც წვერს იპარსავ, არც თმას იჭრი, ყოველ დღე სვამ. იმდენს იზამ სამსახურიდანაც მოგხსნიან, საერთოდ არავისზე აღარ ფიქრობ? ადექი ჩქარა, წყალი გადაივლე, მოწესრიგდი, რომ ადამიანს დაემსგავსო. ის გოგო ასეთს საერთოდ არ შემოგხედავს.
-აზრი არ აქვს დედა, ის გოგო არასდროს შემომხედავს, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
-რატომ შვილო? - სიხარულით გაბრწყინებული თვალები ჩაუქრა ქალს.
-სხვა უყვარს დედა.
-დაელაპარაკე, გაუმხილე გრძნობები, იქნებ ისე არ არის როგორც შენ გგონია და ისიც რამეს გრძნობს შენ მიმართ? იქნებ შენ გადადგმულ ნაბიჯს ელოდება?
-გათხოვილია დედა, მე როგორ უნდა ვუყვარდე?! -დაუყვირა გაღიზიანებულმა და თავი გვერდით მიაბრუნა, რომ დედის თვალები არ დაენახა.
-ვინ არის? ვისი ცოლია? - ძლივს ამოილაპარაკა ხმაჩაწყვეტილმა ქალმა.
-ვერ გეტყვი.
-რატომ ვერ მეტყვი, გრცხვენია?
-კი, დედა მცხვენია. ისე მცხვენია, რომ თვალებში ვეღარ ვუყურებ ვერავის, მგონია თვალები გამყიდის, სიმართლეს გაიგებენ და ყველანი ზურგს შემაქცევენ. ვერ გადავიტან გეფიცები, სულ მარტო ყველასგან გარიყული მოვკვდები, არ მაპატიებენ, -საწერ მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო, დედამ ტელეფონი გაუწოდა, დახედა თუ არა ბიჭმა გვერდით გადადო.
-უპასუხე, მაგან რა დაგიშავა, იქნებ რა უჭირს?
-ვერ ვუპასუხებ, მიხვდება ცუდად რომ ვარ, უამრავ კითხვას მომაყრის და...-სახეში გარტყმის ხმა ოთახში ექოსავით გაისმა.
-შეგირცხვეს ნამუსი, ძმის ცოლს გულისთქმით როგორ შეხედე?! -ნაბიჯების ხმას მალევე მოჰყვა კარის გაჯახუნების ხმაც. ბიჭი გაუნძრევლად იჯდა, ურეაქციოდ, მის სახეზე მხოლოდ ტკივილი ისახებოდა.
-ღირსი ვარ, ღირსი! -ჩაილაპარაკა თავისთვის და თავზე ბალიში დაიმხო.

#################
-შალვა, დაურეკე კიდევ, იქნებ გაგაგონოს?
-მეოცედ ვრეკავ უკვე, ტელეფონში ხომ არ გავძვრები? არ იღებს და რა გავაკეთო?
-მოვედი! -ქოშინით შემოვიდა ოთახში ვანო, რომელსაც ლუდის ბოთლების მთელი შეკვრა ძლივს ეჭირა ხელში.
-სად გაქვს ბიჭო ტელეფონი?
-მანქანაში გდია.
-მერე? რომ გირეკავთ არ უნდა გვიპასუხო?
-მე მანქანა უნდა მემართა თუ თქვენთან მეჭორავა?
-მიწისთხილი, მარილიანი ჩხირები და ჩიფსები გვინდოდა, მაგრამ რადგან მოხვედი რას ვიზამთ, წავალთ რომელიმე.
-ხომ ამბობენ ქალებს მეექვსე თუ მეცხრე გრძნობა აქვთო? მგონი ეგ განმივითარდა და ყველაფერი წამოვიღე რაც ლუდზე მიდის, -პარკებგატენილმა გაბრიელმა ამაყად შემოაბიჯა და ყველაფრის ამოლაგება დაიწყო მაგიდაზე.
-შენ გაიხარე, სადაცაა დაიწყება რაგბი.
-ნუ მეპირფერები, ისევ მე არ მაქვს დაფასება თქვენ ხელში.
-რა დაფასება გინდა? თქვი, იქნებ გისრულებთ.
-ახლა და აქვე?
-ჯერ რაგბს უნდა ვუყუროთ, რომ დამთავრდება ,,ბაზარი“ არ არის, გაუჩენელს გავაჩენთ.
-მაშინ რამენაირად გავძლებ. სიტყვას არ გადახვიდეთ, იცოდეთ სასჯელის უმკაცრეს ზომას მოვიფიქრებ ყველა თქვენგანისთვის.
-ნუ შეაწუხე გული, იწყება უკვე, -ბიჭებმა ადგილები დაიკავეს და დაძაბულები მოემზადნენ საყურებლად. რამდენიმე საათში, მოგებული თამაშისგან მიღებული დადებითი ემოციებით სავსე მეგობრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ აჩმის მომზადებაში.
-,,გაუჩენელს გავაჩენთ“ -გაიმეორა თაზოს ნათქვამი დიოტრეფემ.
-მე რა ვიცოდი აჩმის გამოცხობას თუ მოგვთხოვდა?
-დაილოცოს ინტერნეტი, სად უნდა გვეპოვა ამ შუაღამისას აჩმის რეცეფტი?
-იცოდეთ გემრიელი თუ არ იქნება არ შევჭამ. მაკარონი კარგად მოხარშეთ კბილები არ დამამტვრევინოთ, -მიწისთხილის ჭამით შემოიხედა სამზარეულოში გაბრიელმა, მითითებები მისცა ბიჭებს და გავიდა.
-გული მეუბნება გაიტანე ეს ყველი და თმებში შეაზილეო. ჩემი ცოლი არ მთხოვს საჭმელების კეთებას და ამან დამიწყო, -გამწარებულმა ვანომ ჯამი დაახეთქა მაგიდაზე.
-ლევან, მაკარონს მოურიე და თუ წყალი დააშრა დაამატე.
-რა ხდება ვერ მოიხარშა? -სამზარეულოში შალვა და გიორგი შემოვიდნენ.
-არა, რა მოიხარშა, ესეც ჯიბრს გვიწევს მგონი. ნახე რას ვგავართ ყველას რაღაც გვაქვს შარვალზე ჩამოსხმული.
-დამწვრის სუნია, ლევან! მაკარონს მიხედე.
-ჰა, რა ხდება?- თვალები ძლივს გაახილა ლევანმა, და გაზი გამორთო, მერე ცივ წყალს შეუდგა მაკარონიანი ქვაბი, -როგორ მეძინება, ამის დრო იყო ახლა?
-აჩმას ველოდები, ცოტა მალე კულინარებო, ნუ ზოზინობთ.
-ამას იცით რას ვუზამ? -დიოტრეფემ წინსაფარი მოიხსნა და გასვლა დააპირა. მაგრამ ვანომ შეაჩერა.
-რამდენიმე წუთში გამოსაცხობად შევდგამთ და გაბოც ლაპარაკს შეწყვეტს.
-სადაცაა გავითიშები და გადავვარდები, -დაიწუწუნა დიოტრეფემ. რვა საათი ხდებოდა გიორგის დედა სესილია რომ გამოვიდა საძინებლიდან, სამზარეულო დაწკრიალებული დახვდა, მაგიდაზე ლანგრით აჩმა იდო. ქალს გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ნახევრად გახეხილი, დამწვარი ქვაბის დანახვაზე, რომელსაც გაშავებული მაკარონის ნარჩენები ისევ ზედ ჰქონდა. მისაღებში ბიჭებს ეძინათ, ვინ სად იყო მიწოლილი გარჩევა არ იყო. შუადღით დიოტრეფე სახლში რომ მივიდა ის და მეგი ერთად იცინოდნენ შუაღამით ბიჭების ნავაჟკაცარზე. ტანსაცმელს იცვლიდა, ნასკები რომ გაიხადა და ფეხის ფრჩხილებზე თეთრი ლაქი დაინახა, სახეზე ბრაზმა გადაურბინა.
-ოხ, მოვკლავ ვიღაცას, -მეგი მისი შემხედვარე ჩუმად იცინოდა, რომ არ ეწყენინებინა დიოტრეფესთვის.
-გაიცინე, გაიცინე, არ გაიგუდო.
-ბოდიში, მაგრამ მართლა სასაცილოა.
-გულს იმით ვიმშვიდებ, რომ დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მექნება წასმული, -მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და გიორგისთან დარეკა. აღმოჩნდა, რომ გიორგისაც ესვა, მერე სხვებთანაც დარეკა, იმის დასადგენად, რომ ვინ იტყუებოდა და ვინ სიმართლეს ამბობდა. ბიჭებმა ფეხებს სურათები გადაუღეს და ერთმანეთს გადაუგზავნეს, ყველას თეთრი ლაქი ესვა სურათებში, ვიღაც იტყუებოდა, მაგრამ ვინ ვერ გაარკვიეს.

##############
მეგი ტანსაცმელს ახარისხებდა მის მობილურ ტელეფონზე ზარი რომ შევიდა.
-თაზო? რა მოხდა? -გულმა მაშინვე ცუდი უგრძნო.
-მეგი, ქსანთე გაათავისუფლეს, დიოტრეფე სახლში მოდის, ისეთ მდგომარეობაშია ვერ აღგიწერ, სასწრაფოდ იარაღი დაუმალე და არ გამოუჩინო. სულ, რომ ყველაფერი დალეწოს მაინც არ მიცე, იქამდე მეც მოვალ და როგორმე შევაჩერებ.
-ჯერ ხომ სასჯელის ნახევარიც არ მოუხდია, ასე მალე რატომ გაათავისუფლეს?
-ვითომ სანიმუშო ყოფაქცევის გამო, მაგრამ მაგას ზემოთ ვიღაც ფულიანი ,,კრიშა“ ჰყავს, იმან მოუგვარა ყველაფერი ასპროცენტიანია.
-შენ მოსვლამდე, რომ ვერ შევაჩერო რა ვქნა? მეშინია თაზო.
-ერთი ფეხით გამომასწრო. ნუ გეშინია, მთავარია ცოტა ხნით შეაკავო და სახლიდან არსად გაუშვა, -შეშინებულმა მეგიმ როგორც კი ტელეფონი გათიშა მაშინვე იარაღი თმის საშრობი ფენის ყუთში მოათავსა, იცოდა იქ ნამდვილად არ დაუწყებდა ძებნას. დიოტრეფე სახლში გიჟივით შევარდა და ოთახში შესულმა იარაღს დაუწყო ძებნა, თან ისეთი პირით იგინებოდა შეშინებულმა მეგიმ ყურებზე ხელები აიფარა. ბოლო ხმაზე ღრიალებდა მოვკლავო, მეგის ძახილი საერთოდ არ ესმოდა, ყველაფერი ძირს გადმოყარა იარაღის ძებნაში. ქმრის შემყურე მეგის ისტერიული ტირილი აუვარდა, რომელიც მერე ნერვულ კანკალში გადაეზარდა. ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა ტუმბოზე დადებული სანათი მთელი ძალით ისროლა დიოტრეფეს მიმართულებით, რომ იმით მაინც მიექცია მისი ყურადღება. ფეხებთან დაცემული სანათის ხმამ ცოტა გამოაფხიზლა, გაჩერდა და გაკვირვებული შეტრიალდა მეგის მიმართულებით.
-შენ მე დამპირდი, დაგავიწყდა?! -შეშინებული იმ ზომამდე იყო მისული ყვირილსაც არ მოერიდა, -შენ დამპირდი, რომ შურისძიებაზე არ იფიქრებდი და ჩვენ ურთიერთობას არ დაანგრევდი. გონს მოდი დიოტრეფე! დაივიწყე ქსანთე, დაივიწყე საერთოდ მისი არსებობა და მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. იმდენს ვერ ხვდები, რომ მე შენზე ნერვიულობა უფრო მომკლავს ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ ინვალიდის ეტლში ვზივარ და სიარული აღარ შემიძლია? სულ ცოტათი მაინც იფიქრე ჩვენზე, სულ ცოტათი მაინც და მიხვდები, რომ არ ღირს.
-მეგი, შენ არ გესმის, სასჯელის ნახევარიც კი არ მოუხდია და უკვე გარეთ დადის, -საწოლზე ჩამოჯდა და თავზე ხელები მოიჭირა.
-შენ, რომ რამე დაგემართოს მე ვინ მომხედავს? -მეგი ახლოს მივიდა და მის სახეს ხელებით შეეხო, -შემომხედე დიოტრეფე! მე შენ გარეშე არარაობად, ერთ საცოდავ არსებად ვიქცევი. რაღაც აუხსნელად, არანორმალურად დამოკიდებული გავხდი შენზე, რამე რომ დაგემართოს, რომ მოკვდე, ვინ მომხედავს მე? გგონია შენი მშობლები და მეგობრები იზრუნებენ? ცდები! ისინი მცირე დროის განმავლობაში იქნებიან ჩემ გვერდით სანუგეშოდ, მერე ყველას მოვბეზრდები და მილიონი მიზეზით შეეცდებიან ჩემ თავიდან მოშორებას. როგორც შენ შეგიძლია იზრუნო ჩემზე, გიყვარდე, მიცავდე, მიფრთხილდებოდე, გვერდში მყავდე, ისე, ვერავინ ვერ შეძლებს. ვერ მიპატრონებენ, გესმის? იმიტომ, რომ ერთადერთი ჩემი ბატონ - პატრონი ხარ შენ. პატარა აღარ ხარ, საკმაოდ დიდი ხარ და ამას მე არ უნდა გეუბნებოდე. თუ ქსანთეს თავს არ დაანებებ სამუდამო მარტოობისთვის გამწირავ მეც და საკუთარ თავსაც. ჭრილობას ჭრილობით ვერ განკურნავ, მის ადგილას ერთის ნაცვლად ორი ჭრილობა გაჩნდება. ჭრილობის მალამო უნდა, რომ განიკურნოს, -სახე ახლოს მიუტანა და პირდაპირ თვალებში შეხედა, -თუ გვერდით არ მეყოლები ვერ ვიცოცხლებ, გესმის რას ვამბობ? მოვკვდები და ეს შენი ბრალი იქნება.
-ნუღარ ტირიხარ, -თვალებიდან ცრემლები ცერა თითებით მოაშორა.
-ადამიანის სახე გაქვს დაკარგული დიოტრეფე, სულ წაშლილი ხარ. როგორ გგონია, შენ ასეთ მდგომარეობაში შემყურეს, შემიძლია ტირილი და ნერვიულობა შევწყვიტო? როდესაც ვიცი, აი აქ, -მარჯვენა ხელი გულზე მიადო, -მიძინებული ვულკანი იფრქვევა, შინაგანად გწვავს, განგრევს და მე ვერაფერს გშველი. ამ ყველაფრის შემყურეს განა შემიძლია დავმშვიდდე?
-შენ ჩემთვის ის ვერმოპოვებული სიმშვიდე ხარ, რომელსაც წლებია ვეძებდი და როგორც იქნა ვიპოვე, -უთხრა თითქმის დამშვიდებული ხმით და ის - ის იყო ცოლისთვის უნდა ეკოცნა, რომ ოთახში გიორგის ხმა გაისმა.
-ვაიმე, არ გინდათ რა? სუსტი გული მაქვს და თვრამეტი პლიუსის ყურება ჩემთვის არ შეიძლება, -სიცილით მიიდო ხელი გულის მხარეს და ოთახში შემომსვლელ მეგობრებს გზა დაუთმო.
-რა ხდება? -ბიჭების მხარეს შებრუნდა დიოტრეფე, -ჩვენ მაშველი რაზმი არ გამოგვიძახებია.
-მაშველი რაზმი არა, მაგრამ სახანძროში შევიდა ზარი, ნაცვლიშვილების სახლში მაღალი ტემპერატურააო და ჩვენც მაშინვე აქეთ დავიძარით.
-რა საინტერესოა, ნეტავ ვინ დარეკა? არადა ისე ცივა, გამათბობლის ჩართვას ვაპირებდით.
-ანუ, ტყულად მოვედით და წავიდეთ?
-სად უნდა წახვიდეთ?! დაეტიე სადაც ხარ, -სახეზე ღიმილშეპარულმა უთხრა შალვას.
-აუჰ, რადგან ამან გაიღიმა რაღა მომკლავს ღმერთო, -იქვე სკამზე ჩამოჯდა თაზო, საზურგეზე ჩამოდებულ ხელს საფერთქელით მიეყრდნო და ამოისუნთქა, -მე მეუბნებით ხოლმე ხევსური ხარ უჟმურიო და ეს თუ კახელია რას ამბობთ, იმიტომ გამოირჩევა დათაფლული ხასიათით.
-ეს რა ამბავია? -თვალებდაჭყეტილმა მოათვალიერა ყირაზე დამდგარი ოთახი ახლადშემოსულმა ნანამ, -სულ ორი საათით დავტოვე სახლი, რომ გოგი და მალვინა ექიმთან გამოკვლევებზე წამეყვანა. რა დღეშია ოთახი? მშვიდობაა ხალხო?
-ნანა დეიდა, თქვენ დამშვიდდით და არ ინერვიულოთ. უბრალოდ, ბავშვებმა ცოტა იცელქეს და სახლი აურიეს და როგორც აურიეს ისევე დაალაგებენ, არა? პატარა მეგი და დიოტრეფე? ნანა დეიდა, თუ მაინც არ დაგიჯერეს და ასეთი რამე კიდევ განმეორდა ორივე კუთხეში დააყენეთ და მერე ვეღარ გაბედავენ, -სიცილი დაიწყო გაბრიელმა და სხვებიც აიყოლია.
-ოჰ, ღმერთო გამძლეობა მომეცი, -ნანამ ამოიოხრა და გავიდა.
-თაზო შარვალზე რა გასხია?
-აბა, სად?
-აი, მანდ კოჭთან, -თითით შარვალზე მიუთითა ლევანმა, - ნაკერზე თეთრად რა არის?
-თაზომ შარვალზე დაიხედა და სახე შეეცვალა.
-თეთრი ლაქია, არა? - ჩაეცინა დიოტრეფეს.
-საღებავია, რა ლაქი ბიჭო, -თავის დაძვრენა ცადა თაზომ.
- მაჩვენე! -შარვლის ტოტში ეცა გიორგი.
-რას აკეთებ, შენ ხომ არ უბერავ?
-ნამდვილად ფრჩხილის ლაქია, -დაასკვნა გიორგიმ და თაზომ იმ წამსვე იგრძნო მეგობრების მტრული მზერა.
-კარგით, ჰო. ვაღიარებ, მე ვიყავი.
-მერე, თაზო?
-რა მერე, ერთი ხუმრობის გამო ხომ არ ჩამომახრჩობთ?
-ამხელა მამაძია კაცი ხარ, ოცდათვრამეტ წელს გადააფრინდი რამდენი ხანია, ეგ რამ გაგაკეთებინა?
-ლევან, შენ გირჩევია შეყვარებულს მიხედო.
-ამის შეყვარებულს მიხედილი აქვს, არა დღნაშვო? -შალვამ ლევანს მხარზე ხელი ჩამოადო და თვალი ჩაუკრა.
-რა ჩემი ბრალია თქვენ თუ ისე გეძინათ, რომ გარშემო რა ხდებოდა ვერაფერი გაიგეთ?
-თამაზ პავლოვიჩ, დაგავიწყდა მსგავსი ქმედება ჩვენ სამეგობროში სასჯელის უმკაცრესი ზომით, რომ ისჯება?
-აუ, ოღონდ ის არა რაც მე მგონია, გავაფრენ.
-ზუსტადაც ის!
-კარგით რა? მეგობრები არ ვართ? მაგისთვის როგორ უნდა გამიმეტოთ უკვე მეეორეჯერ?
-როგორ და კოხტად! ისევე, როგორც შენ გაგვიმეტე თეთრი ლაქისთვის.
-სულ არავინ ხართ ჩემ მხარეზე? -ბოლო იმედს ჩაებღაუჭა თაზო.
-ტყუილად გაქვს ვინმეს იმედი, მაინც არაფერი გეშველება.
-მაკა სახლში აღარ მიმიშვებს.
-რა ჩვენი საქმეა? შენ ის გადაწყვიტე დღეს თუ ხვალ?
-გაბრიელ არ მეხუმრება, მართლა გამაგდებს მაკა სახლიდან ეგ რომ გაიგოს და დარჩებიან ჩემი შვილები უმამოდ.
-ჰოდა, ღირსი იქნები.
-დიოტრეფე, თაზოს რას უპირებთ? - დაძაბულმა, ხმადაბლა იკითხა მეგიმ.
-ნუ გეშინია, ისეთს არაფერს, უყურე და თვითონ ნახავ.
-უხ, მეგი არ იყოს აქ როგორ ,,დაგლოცავდით“ თქვენ ხომ არ იცით? -ღრენით წამოდგა ფეხზე თაზო, -სად გაქვს მომეცით ჰა, -განწყობაგაფუჭებულმა შეხედა დიოტრეფეს.
-მანდ დევს, კომოდის მეორე უჯრაში, აფთიაქის ყუთში, თეთრ პარკშია შეხვეული. შალვა, შენ ახლოს ხარ და მოძებნე, -შალვამაც სიხარულით მოიძია სასურველი თეთრი პარკი აფთიაქის ყუთში და თაზოს გაუწოდა.
-ეჰ, როგორ მომნატრებია შენი მომაჯადოვებელი ღიმილი.
-სად უნდა წავიდე, მოიფიქრეთ უკვე?
-დღეს დაგინდობთ და მაშინდელივით ქალაქის ცენტრში არ გაგგზავნით. მაღაზიაში წახვალ, ლუდს გვიყიდი, რაც უხდება იმასაც გამოაყოლებ და კიდევ, მეგისაც ლუდს ხომ არ დავალევინებთ რამე ნამცხვარი წამოიღე და წვენი. ოღონდ კორპუსის წინ რომ მაღაზიაა იქ კი არ გგზავნით, ცენტრალურ გზაზე დიდი სუპერმარკეტი რომ არის იქ უნდა წახვიდე. ფეხით გაუყვები, სულ რაღაც ათი წუთის სავალია აქედან, მიხვალ იყიდი და აქა ხარ.
-ეეე, რა ცენტრალურში, ხალხით იქნება სავსე, საღამოა.
-მერე მაგას რა ჯობია? ნუ იჯღანები ცოტა მალე, შენი მომაჯადოვებელი ღიმილის ნახვა გვინდა ყველას.
-თქვენ თუ... -მეგის გახედა თაზომ და გაჩუმდა, პარკიდან ,,რეტრაქტორი“ ამოიღო, სარკესთან ახლოს მივიდა, პირის ღრუში წვალებით მოირგო და შეწუხებულმა შეხედა სარკეში საკუთარ თავს, საიდანაც ოცდაცხრამეტი წლის ზრდასრული ადამიანი უმზერდა, რომელსაც პირის ღრუში მოთავსებული საფიქსაციო საშუალებით მთელი ზედა და ქვედა ყბაზე განთავსებული ყველა კბილი ერთიანად უჩანდა, -მეგის თავიდან სიცილი აუტყდა, მერე დასერიოზულდა და მოიღუშა.
-ასე აპირებთ მის გარეთ გაშვებას? ისევ პატარა ბიჭი კი არ არის ხუთი შვილის მამაა, რას იტყვის ვინც დაინახავს?
-მეგი, ძალიან გავერთობით, ასე სერიოზულად ნუ მიიღე.
-არ შეიძლება ხალხო, რომელ გართობაზეა ლაპარაკი, როცა ამდენმა ადამიანმა უნდა ნახოს, -მეგიმ ვერაფერი რომ ვერ შეაგნებინა დანარჩენებს დიოტრეფეს მიუბრუნდა ნაწყენი, -დიოტრეფე, არ იცი რა დროა? ქუჩაში ყოველი მეორე ჩართული კამერით დადის, ვინმემ მისი ფოტო სოციალურ ქსელში რომ ატვირთოს წარმოგიდგენია რა მოხდება? თაზოზე თუ არ ფიქრობთ ბავშვებზე მაინც იფიქრეთ. მეგობრების გარემოცვაში რამდენი ხანიც გინდა გაიკეთებ და ბევრსაც იცინებ, მაგრამ როცა საქმე ქუჩაში გასვლას ეხება ეგ სულაც აღარ მიმაჩნია სახუმაროდ. აქ მეც გავიკეთებ მაგ რაღაც „რეტრაქტორს,“ მაგრამ გარეთ?
-ოოო, რძალო რა გულკეთილი ხარ. მგელს, რომ ბატკანი მიჰყავდეს შესაჭმელად პირიდან გააგდებინებ, ისეთ რამეს ეტყვი, -გამხიარულებული გიორგი უცებ დასერიოზულდა.
-იცოდე მეგიმ გადაგარჩინა, სხვა დროს ეს ვეღარ გიშველის.
- ჯანდაბას მოიხსენი სანამ დროა, ვიდრე გადავიფიქრებდეთ. ლუდს მაინც ამოიტან, მაგაზე რამდენიც გინდა იწუწუნე მაინც მოგიწევს წასვლა, -უთხრა გაბრიელმა და ოთახიდან გავიდა.
-მადლობა მეგი, -რეტრაქტორის მოხსნის შემდეგ განწყობა გამოუკეთდა თაზოს და ბედნიერმა გადაუხადა მადლობა.

##############
პატარა ტაძრის ეზოში მოძღვარი ყვავილების გაზონთან ჩამუხლულიყო და ბალახებისგან ასუფთავებდა მიწას. ფეხის ხმაზე გვერდით გაიხედა, სტუმრის ვინაობა რომ გაარკვია ხელი დაუქნია, რომ ახლოს მისულიყო და ისევ გააგრძელა თავისი საქმიანობა.
-მოხვედი, დიოტრეფე?
-მოვედი მამაო, სხვაგან სად მაქვს წასასვლელი უფლის გარდა? -სიმწრით ამოთქვა გატანჯულმა და ამოიოხრა.
-ამ ყვავილებს ხომ ხედავ? სარეველა ბალახი თუ დროზე არ ამოვაცალეთ გაიზრდება და გარშემო რაც კი ყვავილებია ყველას მოაშთობს. შენი აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვცდილობ შენი გულიდან და გონებიდან იმ სარეველას არ მივცე გახარების უფლება რომელიც მოგსპობს. იქით გაიხედე, - მოძღვარმა ხელით ღობის ახლოს მაღალ ბალახზე ანიშნა, რომელსაც თითქმის მუშტისხელა ღეროები ჰქონდა, - მაგ ადგილას მორჩილს სტაფილოს დათესვა ვთხოვე და ჩემივე თხოვნით მერე აღარ მოუარა. რამდენჯერმე წვიმა მოვიდა, სტაფილოსთან ერთად ბალახმაც დაიწყო გაზრდა. თავიდან სულ ცოტათი ფარავდა ამოსულ ბოსტნეულს, მაგრამ მერე მზემაც შეუწყო ხელი და ისე მალე გაიდგა ფესვები სარეველა ბალახმა, რომ ჩემზე და შენზე მაღალი გაიზარდა. ახლა, რომ მიხვიდე, იქ სტაფილოს ნასახსაც ვერ ნახავ, სულ სარეველამ შეჭამა, მიწაც გამოიფიტა, თანაც ისე, რომ ადგილ - ადგილ მიწა გასკდა. ვინც მოდის ყველას აინტერესებს ასე მოვლილ და დასუფთავებულ მონასტერში იმ ერთმა კუთხემ რა დააშავა, ასე აბალახებული რომ არის. მე მინდოდა მრევლს ცოცხალი მაგალითი დაენახა იმისა თუ როგორ სპობს ადამიანს გულში ჩადებული ბოღმა, რომელიც საბოლოოდ მას მთლიანად ანადგურებს. შენ ჩვეულებრივმა მოკვდავმა რატომ უნდა იტვირთო მსაჯულის როლი, როდესაც ყველას გვყვავს ერთი მსაჯული და ეს მსაჯული ღმერთია. მხოლოდ მას ძალუძს დედამიწაზე ცოდვათა მიტევება. შენ არ გაქვს უფლება მასზე წინ წახვიდე. უფალს ადამიანის დაღუპვა კი არა ხსნა სურს. რა იცი, იქნებ გავიდეს დრო და ის ცოდვილი ადამიანი ღვთისკენ შემობრუნდეს, მოინანიოს თავისი ჩადენილი ცოდვები და რაღაც დროის შემდეგ მოყვარედ მოგევლინოს? შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, დიოტრეფე,
-მოძღვარი ფეხზე წამოდგა, მიწით დასვრილი კაბის კალთა ჩამოიფერთხა და დიოტრეფეს შემაღლებული ადგილისკენ გაუძღვა, სადაც გადაჭრილი დიდი ხის კუნძი იდო და მაგიდის მაგივრობას წევდა, გარშემო კი შედარებით მომცრო ზომის კუნძები ჰქონდა შემოლაგებული სკამებად. დასაჯდომად მიუთითა, თვითონ კი პატარა მოსასვენებელ შენობაში შევიდა, საიდანაც თხილით სავსე ჯამი გამოიტანა ჩაქუჩთან ერთად და მათი დამტვრევა დაიწყო,
-ეს თქვენი, ორივეს ჯვარია, რომლის ზიდვაშიც ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ, სხვანაირად ბედნიერები ვერ იქნებით. უფალი განსაცდელებით გაძლიერებთ. როცა მჭედელს სურს ხმალი მტკიცე გამოვიდეს და მის საუკეთესო ნაკეთობად იქცეს ის მას ყველაზე მაღალი ტემპერატურის ცეცხლში ატარებს. ამ გამოცდას ათი ხმლიდან ზოგჯერ ერთი გადის, ზოგჯერ ვერცერთი ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას და ტყდება. თუკი ხმალი გაივლის ამ გამოცდას მჭედელი სიხარულით ქმნის მისგან საუკეთესო ნაკეთობას. უფალს სურს, რომ თქვენი სიყვარული ცეცხლში გაატაროს და ასე გამოგცადოთ.
-ვეღარ ვუძლებთ მამაო, აღარ შეგვწევს ძალა ამდენ ტკივილს გავუძლოთ, ალბათ ჩვენც მალე გავტყდებით.
-არ გატყდებით, მერწმუნე! თქვენ ორნი ერთად იმაზე ძლიერები ხართ ვიდრე წარმოგიდგენია, -მოძღვარმა თხილის გულები აიღო ხელში, შუაზე გაყო, ერთმანეთში აურია და დიოტრეფეს უთხრა ორი ცალი აეღო და ერთმანეთისთვის შეეერთებინა. დიოტრეფე დაჰყვა მოძღვრის მითითებას, მაგრამ ხელში აღებულ თხილებს რომ დააკვირდა ერთი ნახევარი მცირე ზომის იყო, მეორე ნახევარი გაცილებით დიდი. ვერაფრის თქმა ვერ შეძლო და დაბნეული მზერით შეხედა.
-ვერ შეაერთე ხომ?
- ვერა, მამაო.
-ასეც უნდა იყოს. ეგ თხილის გულები სხვადასხვა ნახევრებს ეკუთვნის და როგორ შეაერთებდი? ადამიანების შემთხვევაშიც სწორედ, რომ ასეა. ქსანთე, ცოტათი მაინც, რომ დაფიქრებულიყო მიხვდებოდა, რომ სხვის ნახევართან ყოფნა შეუძლებელია და აღარ მოინდომებდა შენი მეორე ნახევრის მითვისებას. ძალიან ძნელია ამდენ ადამიანში შენი ნახევარი იპოვო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეცდომით სხვისი ნახევარი მიუჩნევიათ თავისად და სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვად ქცეულა ორი ადამიანის ქორწინება. დიოტრეფე, რადგან შენ უკვე იპოვე შენი მეორე ნახევარი ვალდებული ხარ გაუფრთხილდე. მისთვის მარტო ქმარი კი არა მზრუნველი მამაც უნდა იყო, დედაც, ძმაც, დაც და საუკეთესო მეგობარიც. მაშინ იქნება თქვენი ქორწინება ბედნიერების ზეიმი, მაშინ იქცევა ოჯახი მცირე ეკლესიად, სადაც მუდამ სიმშვიდე და სიყვარული იქნება დავანებული.
-ეჰ, მამაო, სიმშვიდე მართლა ძალიან გვჭირდება, მაგრამ არ გვაქვს, -მძიმედ ამოიოხრა დიოტრეფემ და მუჭში მოქცეული თხილის გულები უკან, ჯამში დააბრუნა.

##################
მისაღებში შეკრებილიყვნენ ოჯახის ქალები და მალინიან ჩაის მიირთმევდნენ. გოგია პაპა მთელი მონდომებით ჩაჰკირკიტებდა ჭადრაკის დაფას და ისე იყო ჩაფლული ფიქრებში გარშემო რა ხდებოდა გაგებაში არ იყო. დიოტრეფე უკვე რამდენიმე კვირა იყო რაც სამსახურის საქმეზე იყო წასული და კვირის ბოლოს ბრუნდებოდა სახლში. გარეთ ქარი ანგრევდა ყველაფერს, ფანჯრებს ზრიალი გაჰქონდა, მზის სხივს ვერსად შეამჩნევდით ისეთი მოქუფრული ცა გადმოჰყურებდა ქალაქს. ზარის ხმა გაისმა სახლში და მისაღებში სიცივისაგან გალურჯებული მარიამი შემოვიდა. რამდენჯერმე დააცემინა, მისალმების და მოკითხვის შემდეგ კი გამათბობელთან მოკალათდა და მალვინას მომზადებული მალინიანი ჩაის დალევა დაიწყო.
-თოვს! -მოულოდნელად წამოიყვირა თვალებგაბრწყინებულმა მეგიმ და ფანჯარასთან ახლო მივიდა. მას დანარჩენებიც ამოუდგნენ გვერდში და ფანაჯარაში ყურება დაიწყეს. ციდან იმხელა ფიფქები ცვიოდა თვალთახედვა აღარ იყო.
-თოვლს პელმენები მოუხდება, -თემა წამოჭრა ნანამ.
-დეიდა, ჩვენც მოგეხმარებით, - უთხრა მარიამმა.
-არ გვინდა, ორი ქალიც მოვერევით. თქვენ აქ დარჩით, რამდენი ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ? ბევრჯერ დაგირეკა მეგიმ, შენ კი სამსახურის გადამკიდე ვერ მოახერხე მოსვლა.
- რა ვქნა, რთულია დაწყებითების დამრიგებლობა, ისე მღლიან ბავშვები საღამოს სახლში რომ მივდივარ ძილის მეტს ვერაფერს ვახერხებ. პარასკევი დღე რომ არ ყოფილიყო ვერ მოვახერხებდი მოსვლას, თან მეც მომენატრა ჩვენი ტკბილი გოგო, -მეგის გაუღიმა და ისევ გამათბობელს მიუშვირა ხელები. ნანა და მალვინა სამზარეულოში გავიდნენ, ფანჯარასთან გოგოები დარჩნენ, გოგია პაპა რაღაცაზე აბუზღუნდა, ჭადრაკის დაფას თავი დაანება და ოთახიდან გავიდა.
-მარიამ, თოვლი არ გიყვარს? -ჰკითხა მეგიმ, მას შემდეგ, რაც მისი უცნაური მზერა დააფიქსირა.
-ვერ ვიტან ვერც ზამთარს და ვერც თოვლს. შენ გეტყობა ძალიან გიყვარს, არა?
-მე ამ მომენტზე ვგიჟდები ფაფუკი ფიფქების ნაკადი რომ ეშვება ქვემოთ. ისეთი სითეთრეა, ისეთი სისპეტაკე, სურვილი მიჩნდება მეც ფიფქი ვიყო და მათთან ერთად ვიფარფატო ჰაერში.
-ერთ დროს მეც მიყვარდა თოვლი, გუნდაობა, ყინულის ლოლუების ჭამა. უბნის ბავშვებთან ერთად ყირაზე გადავდიოდი, მერე გავიზარდე და ასაკის მატებასთან ერთად, ისევე, როგორც ყველას ცხოვრებაში ჩემთანაც დაიწყო პირადი პრობლემები. სწორედ დიდთოვლობას გავიცანი ჩემი გარდაცვლილი შეყვარებული ვალერი, ტირილით მივრბოდი სახლისკენ, ყინულზე ფეხი ამისრიალდა, დავეცი და ფეხი ვიღრძე. ვერ ვახერხებდი წამოდგომას, გარშემოც არავინ იყო, რომ დამხმარებოდა. არსაიდან გაჩნდა ჩემთან, წამომაყენა და იქამდე არ დამანება თავი მანამ, სანამ სახლის კარებამდე არ მიმიყვანა. იმ დღის შემდეგ დავახლოვდით, ყველაფერი იდეალურად იყო, ჩემთვის იდეალურად. ისეთი კარგი ადამიანი აღმოჩნდა ვერ ვიჯერებდი მართლა რეალური პიროვნება თუ იყო. ხშირად ვეხუმრებოდი არაამქვეყნიური ადამიანი ხარ თქო, ერთდროულად ისეთი სერიოზული, მხიარული და მზრუნველი იყო. ალბათ ღმერთს მართლა თავისთვის უნდა ყველაზე კარგები, ის ხომ იდეალური იყო. ცოდვაა ვალერისნაირი ადამიანის ამქვეყნად ცხოვრება, ის იმაზე მეტს იმსახურებდა ვიდრე გააჩნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი გულით შევიძულე ზამთარი. ყოველ წელს ჭრილობები ახლიდან მეხსნება, ჩემი ნება რომ იყოს წელიწადის დროებიდან სულ გავაქრობდი ზამთარს და მეც ასე ძლიერ აღარ მეტკინებოდა გული, - მარიამს ცრემლები წამოუვიდა და თვალები დახუჭა, -როდესაც გავიცანი მე თხუთმეტი წლის ვიყავი, ის თვრამეტის, უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობდა.
-ძალიან ვწუხვარ.
-ვიცი, მეგი! შენ კარგი გოგო ხარ და რომ მომწონხარ იმიტომ გიყვები, სხვა შემთხვევაში სიტყვასაც ვერ დამაცდევინებდი ძალით, -ცრემლები მოიშორა თვალებიდან და გაუღიმა, -მაპატიე წუთიერი ქალური სისუსტის გამოვლინება.
-არაუშავრს.
- გინდა გითხრა ვალერის რომ შევხვდი რატომ ვტიროდი? შალვა ხომ იცი? შენი დაქალის, ლილის ძმა, მაშინ მასზე ვიყავი შეყვარებული. იცი, როგორ სიგიჟეებს ვაკეთებდი? ასეთები ვალერის გამოც კი არ გამიკეთებია.
-რას ამბობ, შენ შალვაზე იყავი შეყვარებული? მაგას ვინ წარმოიდგენდა?
-პატარა და უტვინო გოგო ვიყავი მაშინ, დიოტრეფესთან ერთად რომ ვხედავდი ჭკუა მეკეტებოდა. სასიყვარულო, მისალოც ბარათებს ვუგზავნიდი, არ ვიცი გინახავს თუ არა კომუნისტობის დროს იყიდებოდა და ბებოს ჰქონდა ძალიან ბევრი, ზედ ჩინელი სიძე და პატარძალი ეხატა. აი, მაგ მისალოცებზე ვუწერდი მილოცვებს და ვუსურვებდი თავის სიყვარულთან ბედნიერ მომავალს, ანუ ჩემთან. მაგის გარდა წერილებს ვუტოვებდი სადაც ეწერა როგორ გაგიჟებით მიყვარდა. ლექსებს ვუწერდი და ჩუმად ჯიბეში ვუდებდი ისე, რომ ვერასდროს იგებდა როგორ ვახერხებდი.
-მარიამ, შენ რა ყოფილხარ?
-ის კი იდგა და დამცინოდა. დიოტრეფე სულ მეჩხუბებოდა, არ შეიძლება, როგორც შენ იქცევიო, მაგრამ მე არავის ვუსმენდი და მაინც ჩემსას ვაგრძელებდი. თხუთმეტ აპრილს წითელი მუყაოს ფურცლებისგან გულები გამოვჭერი და თუკი რამეს ვგრძნობდი ყველაფერი, მთელი ჩემი სული და გული იმ პატარა გულებში ჩავატიე. მერე ბინის კართან დავუტოვე, ზარი დავრეკე და რაც ძალი და ღონე მქონდა თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები, რომ არავის დავენახე. გარდა ლექსებისა რომლებსაც როცა მოვახერხებდი მაშინ ვუტენიდი ჯიბეში, ამ საჩუქრებს და წერილებს ყოველთვის დილით ექვს საათზე ვუტოვებდი, მინდოდა, რომ გაიღვიძებდა მისი დილა ჩემით დაწყებულიყო. რა სულელი ვიყავი არა? - გაიღიმა მარიამმა,
- მერე ეტყობა შალვასაც შევეცოდე ძალიან და გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა. ერთ დღეს სკოლის შესასვლელთან დამხვდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე პირდაპირ მითხრა, რომ არ მოვწონდი, რომ პატარა ვიყავი, არ უნდოდა ჩემი გაგზავნილი წერილები და საჩუქრები, რადგან არ ინახავდა და ნაგავში ყრიდა ყველაფერს. იმ წუთას რა ვიგრძენი შენ ვერ წარმოიდგენ, ისე მეტკინა გული, ისე, ისე, რომ სამყაროდან გაქრობა და არარსებობა ვინატრე, მეგონა ჩემზე უბედური ადამიანი ქვეყნად არ დადიოდა. თითქოს ცხოვრება დამთავრდა და სიცოცხლესაც აზრი აღარ ჰქონდა ჩემთვის. არასდროს გამოვირჩეოდი გულქვაობით, ყოველთვის ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი და გარდატეხის ასაკში კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამდი ყველა მოვლენას. მოგვიანებით გავიგე, რომ ასაკით თავისზე დიდი გოგონები მოწონდა. მეგობრის სახლიდან მოვდიოდი, დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად სკვერში სკამზე იჯდა, იმ გოგოს ფეხები შალვას კალთაში ეწყო და ორივე რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. გულმა ჩხვლეტა დამიწყო, საკუთარ თავს ვამხნევებდი არ იტირო, არ იტირო თქო, მაგრამ ვეღარ გავუძელი, გულმა ამდენი ტკივილი ვეღარ დაიტია და ხმით ტირილი დავიწყე. ისე ვგლოვობდი მათ ერთად ყოფნას თითქოს იმ გოგოს ჩემი და შალვას მრავალწლიანი ოჯახი დაენგრიოს. სწორედ იმ დღეს შევხვდი ვალერის, თვალები ცრემლებით ისე მქონდა დაბინდული წინ ვერაფერს ვეღარ ვხედავდი, ვარაუდით მივდიოდი სახლში, ცრემლებს კი ვიწმენდდი, მაგრამ იმდენად სწრაფად მევსებოდა თვალები, რომ აზრი არ ჰქონდა შემშრალებას, -სევდიანად იღიმებოდა მარიამი და თან ფანჯრის მიღმა უხვად წამოსულ ფიფქებს თვალს არ აშორებდა.
-ახლა რა ურთიერთობა გაქვთ, შენ და შალვას?
-ვმეგობრობთ მეგი, განსაკუთრებული არაფერია. მაშინ პატარა გოგო ვიყავი, ახლა უკვე დიდი ვარ. რამდენჯერმე გავიხსენეთ კიდეც მე და შალვამ ჩემი სიგიჟის ამბები და ბევრიც ვიცინეთ.
-ჩემო ნატვრის თვალებო სამზარეულოში წამობრძანდით და იქ გააგრძელეთ თქვენთვის ეგ მეტად მნიშვნელოვანი საუბარი, -თორნიკე მიუახლოვდა გოგონებს და სათითაოდ მოეფერა ორივეს.
-რაო მამი, გაგაგიჟა მარიამმა?
-ძია, როგორ იცი ხოლმე, რატომ უნდა გამეგიჟებინა? ჩემი რძალი ძალიან საყვარელი გოგოა.
-როგორი ბუტია ხარ ძიას ქალო, ვიხუმრე, რატომ გამიწყერი?
-ისე, რა მალე მოხვედი ექიმებმა გაფიცვა მოაწყეთ?
-რაღა მალეა? ერთი საათს შეხედე უკვე რვა დაიწყო.
-მართლა? რამხელა დრო გასულა, მე მეგონა ჯერ ექვსიც არ იყო. ისეთი ამინდია ვერ გაიგებ როდის ღამეა და როდის დღე.
-წამოდით ორივე, სანამ ნანას შიმშილით მოვუკვლივარ. ისე ხართ გართულები ლაპარაკში, რომ ერთი საათია სახლში ვტრიალებ და ვერცერთმა ვერ შემამჩნიეთ.
-მერე, გეწყინა ძია?
-მოხუცი რომ ვიყო მეწყინებოდა.
-ესე იგი, გადავრჩით მეგი, -სიხარულით ფეხზე წამოდგა მარიამი, -დღეს ვერ დავრჩები ხვალ სკოლა მაქვს და სახლში ხომ გამიყვან ძია?
-მომავალ თაობას მარიამის ხელი უნდა ეტყობოდეს, -სიცილით მოჰხვია ხელი თორნიკემ და მიიხუტა, -მაგაზე გაწყენინებ მარი მასწავლებელო? -მარიამის წასვლის შემდეგ საძინებელ ოთახში მარტო დარჩენილმა მეგიმ მონატრებულ დაქალს დაურეკა.
-ლილი, როგორ ხარ?
-როგორ ვარ და სასწრაფოდ მჭირდება ნავთი, ბენზინი, დუსტი და თაგვის შხამი ჩემი ლექტორისთვის, იმქვეყნად უნდა გავისტუმრო. ათი საათი ხდება და ახლა მოვდივარ სახლში, შეიძლება ასე? თურმე არ ცალია ბატონს და გვიან გადმოგვიტანა ლექცია.
-არა უშავრს, იქნებ პრობლემები აქვს?
-არ მაინტერესებს მე მაგის პირადი პრობლემები. სისხლი გაგვიშრო მთელ ჯგუფს, მე განსაკუთრებით. ყოველ ლექციაზე მასალას მეკითხება, აღარ შემიძლია ან ეგ იქნება და ან მე.
-დამშვიდდი, ნუ ბრაზობ.
-ახლა ყველაზე ნაკლებად შემიძლია დამშვიდება. მეგი, რომ იცნობდე მაგას აღარ იტყოდი, ლექტორი კი არა მოუშორებელი ჭირია.
,,ლილი, ნუ ლაპარაკობ!”
„ლილი, რანაირი ბოღმიანი თვალებით იყურები?“
„ჩანთა მაგიდაზე ნუ გიდევს!“
„ლილი, რა გაცინებს გიჟივით, როცა სხვები სერიოზული სახეებით სხედან.“
„ლილი, მოისვენე და ნუ ტრიალებ აქეთ - იქით.“
„ლილი, ნუ იღიმები ყურებამდე შეყვარებული გოგოსავით.“
„ლექციას მოუსმინე, იცოდე გამოცდაზე მე გაგიღიმებ ვერაფერს რომ ვერ დაწერ.“
„ლილი, თმების წვალებას მოეშვი და მისმინე.”
სულ ლილი, ლილი, ლილი, ლექციაზე შესვლა აღარ მინდა, ერთხელ ვიფიქრე დავაგვიანებ და აუდიტორიაში რომ შევალ გამომაგდებს და არ დამიშვებს თქო, მაგრამ ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დღეს დააგვიანდა და როცა კარებთან ვიდექი, კარის გაღება დამასწრო და შემატარა, კინაღამ ავფეთქდი ბრაზისგან. განა შეიძლება ყოველ მის ლექციაზე ოროსანი ბავშვივით დაფასთან ვიდგე? თუ არ გაჩერდება ცხელი ტყვია უნდა მოვარტყა შუბლში, ერთხელ და სამუდამოდ მეც დავისვენებ და მთელი ჯგუფიც.
-როგორ დავიჯერო, რომ ასეთი ცუდი კაცია? ლექტორია და სიმკაცრე მართებს, თუ ყველა თავზე დაგისვათ რაღას ისწავლით, ასე ხომ სამსახურსაც დაკარგავს? თან თვითონვე ამბობ, რომ მარტო შენ კი არა მთელ ჯგუფს მკაცრად გექცევათ. გასაკვირი არაფერია თუ უნდა, რომ კარგად ისწავლოთ.
-მე რომ უფრო მეტ შენიშვნას მაძლევს?
-და თუ აშავებ?
-ვერ გავიგე შენ ჩემკენ ხარ თუ იმ გადაყრუებული ბებრისკენ?
-ახალგაზრდა და სიმპათიურიაო, შენ არ მითხარი?
-ეგ პირველად რომ შემოვიდა ჯგუფში ასე ჩანდა, მეორე ლექციიდან რომ გამოამჟღავნა ბებრული ხასიათი და მოგვიწამლა ნერვები დღემდე აგრძელებს ჩვენ წამებას.
-რამდენი წლისაა?
-თერთმეტი წლითაა ჩემზე დიდი და თერთმეტი ტორნადო და ცუნამი ეკვეთოს მაგას, რომ გაიტაცოს სადმე შორს და თვალებში აღარ მოგვედოს. მეგი, ნუ იცინი! იცოდე ხმას აღარ გაგცემ, გაცოფებული მოვდივარ, კიდევ კარგი გვიანობამდე არის ტრანსპორტი. რა უნდა მექნა, რით უნდა დავბრუნებულიყავი სახლში?
-კიდევ შორს ხარ სახლიდან?
- თითქმის მივედი.
-ძალიან კარგი, რაღაც უნდა გითხრა და არ მინდა სხვებმაც გაიგონ. გახსოვს მე და შენ შალვას ოთახში რომ შევიპარეთ, საწერი მაგიდის ჩაკეტილი უჯრა ჩუმად რომ გავხსენით და სასიყვარულო წერილები ვიპოვეთ?
-როგორ არ მახსოვს, ახლაც ინახავს. მაინც ვერ გავარკვიეთ გოგოს ვინაობა, მაგრამ ტყვიას მოვარტყამ ამას თუ არ მეტყვის, სახელი ხომ ვიცით, ადრე თუ გვიან, მაინც გავიგებ.
-მე გავიგე ვინც არის.
- მართლა? შენ რა მაგარი ხარ? მოიცა ერთი ოთახში შევიდე, დედა და ბებო სახლში არიან და ხომ იცი თუ ერთი რამეს ყური მოჰკრეს მერე არ მომასვენებენ, -გაისმა ლილის ჩურჩულის ხმა ტელეფონში, -სამშვიდობოს ვარ, გისმენ აბა, მითხარი ვინ არის?
-დიოტრეფეს დეიდაშვილი მარიამი გახსოვს? მე რომ მომიყვანეს, იმ დღეს დიოტრეფეს ძმები სანამ მოვიდოდნენ მათზე დაახლოვებით ოცი თუ ოცდახუთი წუთით ადრე მოვიდა, ბავშვების ნაწერებს ვასწორებდი და უფრო ადრე ვერ მოვახერხე მოსვლაო.
-ეგ როგორ არ მახსოვს, გამაცნეს ბიჭებმა. შეყვარებული რომ ავღანეთში მოუკვდა.
-დღეს ჩვენთან იყო მოსული და თავის პირველ სიყვარულზე მიამბო, ვინ აღმოჩნდა არ იკითხავ? შენი შალვა.
-ჩემი ძმა? არ არსებობს.
-გიკვირს ხომ? მეც ვერ ვიჯერებდი.
-მერე, მერე, მომიყევი რაო მარიამმა?
-არაფერი, ვმეგობრობთ და ვაართო. საინტერესო ის არის, შალვას თუ არ მოწონდა რატომ შეინახა მისი წერილები?
- ქათმისტვინაა ჩემი ძმა, რას გაუგებ.
-მარიამმა მითხრა მაგ დროს შალვას თავისზე დიდი გოგოები მოწონდაო. პირდაპირ უთქვამს არ მომწონხარო. მე არ ვამტყუნებ თუ არ უყვარდა მისი გრძნობებით თამაში უფრო ცუდი საქციელი იქნებოდა.
-ალბათ მოწონდა, მაგრამ პატარა იყო ძალიან. გახსოვს კონვერტებს მაღლიდან რომ ეწერა 12,13,14, 15, ეგ რაღას ნიშნავდა ნეტავ?
-მარიამმა მითხრა თხუთმეტის ვიყავი ვალერი რომ გავიცანიო. გამოდის, რომ სამწელიწადნახევარი იღებდა შალვა მისგან წერილებს და ლექსებს, იქამდე სანამ საბოლოო იმედი არ მოუკლა მარიამს. ყველამ იცის, რომ შალვა არაფერს ინახავდა და ყრიდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ შალვას ყველაფერი უკლებლივ შენახული აქვს. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ შეყვარებული დღესდღეობით არ ჰყავს, ესე იგი, რაღაც გრძნობა ისევ აქვს მარიამის მიმართ, მაგრამ რადგან ვალერი მისი მეგობარიც იყო ალბათ გადაწყვიტა ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის.
-უნდა ვიმოქმედოთ მეგი, ეს ამბავი ასე არ უნდა დარჩეს. ჩემ ძმას გოგო უყვარს და მე ეგ საქმე არ გავჩარხო? შანსი არ არის.
-ნაცრად ქცეული სიყვარულის ანთება შეუძლებელია, ლილი.
-ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ. ნაცარში დარჩენილი ნაკვერჩხლების მოძებნა მე არ გამიჭირდება და სულის შებერვით რომ ახალი ცეცხლის დანთებაა შესაძლებელი შენ ეგ არ გესწავლება.
- შალვა რომ დაბრუნდება არაფერი უთხრა, ჯერ დიოტრეფეს დაველაპარაკები და მერე ისე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა.
- მე წინააღმდეგი არ ვარ, უთხარი სიძე ბატონს.
-ახლა შენ სამეცადინოს მიხედე და მომავალში ეცადე ლექტორს ყოველგვარი შენიშვნის მოცემის საშუალება მოუსპო.
-ისე როგორ ვიჯდე მთელი საათი ან გვერდით არ გავიხედო ან არ დავილაპარაკო? მერე ალბათ სუნთქვაზეც მომცემს შენიშვნას ეგ ისეთია.
-მორჩი ბუზღუნს, მიყვარხარ და როცა შეძლებ მინახულე, ძალიან მენატრები.
-მეც ძალიან მენატრები დაო, ხომ იცი ბევრი მაქვს სამეცადინო და ამიტომ ვერ გნახულობ.
-ვიცი ლილი და არ გემდური.
- დროებით, შორიდან გიგზავნი ბევრ კოცნას.

##################
ნორმალურად გათენებულიც არ იყო, ცას სულ ცოტათი შეჰპარვოდა ცისფერი ზოლები. დიოტრეფემ საძინებლის კარები ფრთხილად შეაღო და მაქსიმალურად ეცადა ჩუმად შესულიყო.
-დილამშვიდობისა! -გაისმა ნამძინარევი ხმა.
-ვერ ვხვდები როგორ იგებ როდესაც ოთახში შემოვდივარ, არადა ღრმად გეძინა. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ არ ვიხმაურო, მაგრამ მაინც გეღვიძება.
-ნუ ნერვიულობ, შენი ბრალი არ არის, ჩემდაუნებურად ხდება.
-ძალიან მომენატრე, -გაუღიმა და მონატრებულ ცოლს მოეხვია.
- შენთან სამსახურში არ ვიცი დრო როგორ გადის, მაგრამ აქ საუკუნეს უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ მირეკავდი და ყოველდღე ვლაპარაკობდით.
-ძალიან მოიწყინე?
-ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი, ყველა ოთახში შენ გეძებდი, რამდენი შემოსასვლელი კარი გაიღებოდა მეგონა შენ იყავი. არადა ხომ ვიცოდი, რომ ჯერ არ მოხვიდოდი, მაგრამ ჩემი გული მაინც გელოდებოდა. ყოველთვის ასე მემართება, როდესაც სამსახურში რამდენიმე კვირით რჩები. ვერა და ვერ შევეგუე, თითქოს ვიღაც გულის ნაწილს მაცლის და მერე სიცარიელის შეგრძნება არ მასვენებს, როგორც კი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებ ყველაფერი მწყობრში დგება.
-დიდი ხანი აღარ მომიწევს წასვლა, სახლიდან ვივლი როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება და შენც ასე ძალიან აღარ მოგენატრები, -ხელები უფრო მაგრად მოჰხვია ცოლს და მოეფერა.
-იცი, ჩვენთან მარიამი იყო მოსული.
-ეღირსა? როგორ მოხდა, რომ გვიკადრა ქალბატონმა?
-პარასკევს, ნაშუადღევს მოვიდა და მოგვიანებით თორნიკემ წაიყვანა სახლში.
-რა თქვა, როგორ ვარ, როგორ მიდის მომავალი თაობის აღზრდის პროცესიო?
- არ მიკითხავს, ძალიან მოწყენილი ჩანდა და უფრო მოიწყინა თოვა რომ დაიწყო.
- ვერ იტანს ზამთარს, განსაკუთრებით თოვლს.
-თავის პირველ სიყვარულზე მიამბო.
- შალვაზე? თავიდან ვბრაზდებოდი და ვუშლიდი, მერე შევეშვი, მივხვდი, რომ მალე გადაუვლიდა, ჩვეულებრივი ასაკობრივი აკვიატება იყო მისთვის.
-იქნებ სულაც არ იყო აკვიატება და მართლა უყვარდა? მერე რა, რომ თხუთმეტი წლის იყო? ზოგს ორმოცი წლის ასაკშიც არ შეუძლია სიყვარულის გამო ისეთი სიგიჟეები ჩაიდინოს რაც მარიამს გაუკეთებია.
-პატარა რომ იყო მაგდენი გამბედაობა იმიტომ ჰქონდა და მის საქციელს რა შეიძლება მოჰყოლოდა არ ფიქრობდა, შალვაც ამიტომ არ აღიქვამდა სერიოზულად. ვალერი არ შეუყვარდებოდა, შალვა მართლა რომ ჰყვარებოდა.
-იქნებ ვალერისთან იპოვა ის, რასაც შალვასგან მოითხოვდა?
-და მაინც, რას ითხოვდა შალვასგან?
-ყურადღებას და საპასუხოდ ჩადენილ სიგიჟეებს.
-ვალერი ხანდახან ზედმეტად სერიოზულიც კი იყო, სულ არ გამოირჩეოდა სიგიჟეებით, არც ყვავილებს ჩუქნიდა და არც საჩუქრებით ანებივრებდა.
-სამაგიეროდ ყურადღებას აქცევდა და მასთან იყო.
-მაგაში გეთანხმები, უზომოდ ყურადღებიანი იყო.
-გილაპარაკია შალვასთან ამ საკითხზე? იქნებ სულაც არ იყო გულგრილი მარიამის მიმართ, იქნებ ელოდებოდა რომ ცოტა გაზრდილიყო?
-ერთი - ორჯერ ვილაპარაკეთ, მაშინაც სიტყვამ მოიტანა. თანაც იმ დროს შალვას შეყვარებული ჰყავდა, თავისზე ოთხი წლით უფროსი გოგო.
-რატომ მგონია, რომ მაშინ შალვასაც ჰქონდა სიმპათიები მარიამის მიმართ, მაგრამ როგორც შენ ამბობ მისი ასაკის გამო იკავებდა თავს? ალბათ ისიც იმავეს ფიქრობდა, რომ ძალიან მალე გადაუვლიდა.
-რაღაც დაუჯერებლად მეჩვენება.
-რატომ? დარწმუნებული ვარ ვალერის და მარიამის ურთიერთობის შესახებ რომ გაიგებდა გული დაწყდებოდა, შეიძლება ინანა კიდეც. მე ის მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, როგორ მიიღებ ისინი რომ ისევ დაახლოვდნენ?
-მარიამის გვერდით შალვაზე უკეთესი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მარიამი ვალერის ვერ ივიწყებს, შალვამ ძალიან კარგად იცის ეგ.
-ხელი რომ შევუწყოთ და დავაახლოვოთ, იქნებ, გამოვიდეს რამე? მესმის, ვალერი უყვარდა და ვერ ივიწყებს, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ხომ არ უნდა იყოს? ყველას გემახსოვრებათ, რა დაგავიწყებთ? ამას არავინ ითხოვს, მაგრამ მარიამი ხომ იმსახურებს ბედნიერებას, ან შალვამ რა დააშავა? დიოტრეფე, დაელაპარაკე გთხოვ.
-შალვა რომ დაგვთანხმდეს მარიამი უარს ეტყვის.
- ვფიქრობ ჯერ თქმას აზრი არ აქვს. მარიამი ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა მიეჩვიოს შალვას ყოველდღე ხილვას. ისე უნდა მოახერხოს, რომ ზედმეტად ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს. რაღაც პერიოდი შეწუხდება და გააპროტესტებს კიდეც, მერე მიეჩვევა და სწორედ ამ დროს აღარ უნდა გამოჩნდეს მის ახლო - მახლო. მარიამის გულმა უნდა იგრძნოს შალვას მიმართ მონატრება, ხასიათის ცვლილება რომ დაეტყობა მერე უკვე გზა ხსნილი იქნება და თავისუფლად შეძლებს შალვა მასთან გრძნობებზე ლაპარაკს, -დიოტრეფეს გაეღიმა.
-რა ვთქვი ისეთი, რომ ღიმილი გამოვიწვიე შენში?
-ისე, როგორც მე მიგაჩვიე ჩემ გარემოცვას. ესე იგი, სწორად მოვიქეცი სხვებს რომ არ დავუჯერე.
-რა თქმა უნდა.
-კეთილ ანგელოზს მაგონებ სხვისი ბედნიერებისთვის თავგამოდებით რომ იბრძვის.
-შალვაც ანგელოზს მეძახის.
-ვიცი, ნათქვამი აქვს. გიყურებ და ვხვდები, რომ მართლა კეთილი ანგელოზივით იქცევი.
-ზურგი მეფხანება, მგონი ფრთები ამომდის, - ხმამაღლა გაეცინა მეგის.
-შენ ფრთები არ გჭირდება სიკეთის გასაკეთებლად და საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად.
- დაელაპარაკები შალვას?
-მაგაზე გაწყენინებ ჩემო ერთადერთო?

#############
სავარძელში მჯდარ დიოტრეფეს მზერა კედელზე ჩემოკიდებული ნახატისთვის გაეშტერებინა და თვალსაც კი არ ახამხამებდა.
-დიოტრეფე, მეტყვი რა გჭირს?
-არაფერია, უხასიათოდ ვარ და გადამივლის.
-მთელი კვირაა ასე მიშორებ თავიდან თუ არ მენდობი მაშინ რა მესაქმება შენ გვერდით?
-მეგი, გთხოვ! ახლა შენი საყვედურების თავი არ მაქვს.
-მე მაქვს იმის თავი, შენ დაღვრემილ სახეს ვუყურო?
-მაპატიე, ვიცი ცუდად ვიქცევი, -ამოიოხრა დიოტრეფემ, - გაბოს ვკარგავთ მეგი.
-როგორ თუ ვკარგავთ, სიმსივნე აქვს?
-არა.
-აბა, რაშია საქმე, ნარკოტიკებს მიეძალა?
-სამსახურში დააწინაურეს, გაზრდილი ხელფასი თავში აუვარდა და სულ ყველა გადაგვხაზა. თავიდან მოუცლელობას ვაბრალებდით ჩვენთან ერთად შეკრებაზე უარს რომ ამბობდა, მერე ზარებზეც აღარ გვპასუხობდა, ხან ტელეფონს საერთოდ გვითიშავდა. ერთი კვირის წინ რესტორანში ვნახეთ, ისეთ ხალხთან ერთად ქეიფობდა ადრე ზიზღით რომ უყურებდა. ისე აგვარიდა თვალი თითქოს პირველად გვხედავდა. კრედიტი აუღია ბანკიდან და ახალი მანქანაც უყიდია. ისეთ დღეში ჩავვარდით მეტი არ შეიძლებოდა, შეკვეთა გავაუქმეთ და წამოვედით. იმ ღამეს ლევანთან დავლიეთ, გიორგი და თაზო დასაბმელები გაგვიხდნენ. რესტორნიდან ძლივს წამოვიყვანეთ ორივე, ისევ იქ უნდოდათ წასვლა. ვფიქრობ და ვერ მივდივარ სწორ დასკვნამდე განა შეიძლება ადამიანი რამდენიმე დღეში ისე შეიცვალოს, რომ მისი ძველი პიროვნებისგან არაფერი აღარ დარჩეს? ბავშვობის მეგობარი, რომელიც ძმასავით იყო ჩემთვის და დანარჩენებისთვის, თვალსა და ხელს შუა სულ სხვა ადამიანად იქცა.
-ადამიანები ვიცვლებით დიოტრეფე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიცვლებით. რა არის დაუჯერებელი?
-მე რაც ვიყავი ათი - თორმეტი წლის წინ ისევ ისეთი ვარ ახლაც. სისულელეა, ადამიანები არ იცვლებიან, მე მგონია, რომ რაღაც ეწყინა, არფერი გვითხრა, მერე გულში ბოღმა ჩაიდო და მოულოდნელად მოგვიშორა თავიდან.
-იქნებ ჯობია დასაფიქრებლად დრო მიცეთ?
-რა დრო? უნდა დაველაპარაკო, ვერ ავიტან ქუჩაში შემხვდეს და ისე ამიქციოს გვერდი როგორც რიგით უცნობს. უნდა გავარკვიო რა მოხდა. არ მჯერა დაწინაურებას ასე შეეცვალა, რაღაც სხვა მიზეზია, უფრო მნიშვნელოვანი და მაინც გავიგებ.

##############
კარგი ამინდი იყო გარეთ, მეგის სახლში ჯდომა მოწყინდა და ოჯახის წევრებს თხოვა გარეთ გასვლაში დახმარებოდნენ, მათაც ეს თხოვნა ადვილად შეუსრულეს. კორპუსთან ახლოს მდებარე სკვერში იყო, გზაზე მიმავალი გაბრიელი რომ შენიშნა, ბიჭმაც დაინახა და მაშინვე გზა გადმოჭრა.
-მეგი, როგორ ხარ?
-კარგად გაბო, შენ როგორ ხარ?
-მეც ვარ რა, ძველებურად. აქ მარტო ხარ?
-კი, ვსეირნობ.
-როგორ, მარტო გამოგიშვა დიოტრეფემ?
-მერე რა მოხდა, როგორც კი დავურეკავ მაშინვე მოვლენ და წამიყვანენ სახლში. სულ ასე ვსეირნობ, იცი რამდენი ადამიანი გავიცანი? შენ რატომ დაიკარგე, აღარც ჩვენთან მოდიხარ და ბიჭებსაც თავს არიდებ.
-ვერ მოვიცალე.
-რამე გაწუხებს და გვიმალავ?
-არაფერს არ გიმალავთ, მეგი.
- იქნებ შეყვარებული ხარ? აშკარად შეყვარებული ხარ და გვიმალავ, არ მეტყვი ვინ არის?
-ვერ გეტყვი!
-რატომ?!
-არ შემიძლია და იმიტომ.
-უსახელოა? თუ შვილიანია და გცხვენია?
-არც ერთი და არც მეორე, -ნერვიულობა დაეტყო გაბრიელს.
-მაშინ არ მესმის, რა არის პრობლემა? გაგვაცანი, ჩვენც ხომ უნდა ვიცნობდეთ მომავალ რძალს?
-ვერ გაგაცნობთ, აზრი არ აქვს მეგი!
-რატომ არ აქვს აზრი, ვერ ვხვდები.
-იმიტომ, რომ გათხოვილია.
-გათხოვილი ქალი შეგიყვარდა? -გაბრიელმა არაფერი უთხრა, მხოლოდ ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.
-სად ცხოვრობს?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-აქვს! მე ვიცნობ?
-კი, იცნობ, -მეგის სიცივემ დაუარა მთელ ტანში, ფინალს უახლოვდებოდა და ყველაზე მეტად არ უნდოდა მისი ეჭვი გამართლებულიყო.
-დიოტრეფეც იცნობს?
-კი, იცნობს! დიოტრეფეც, შალვაც, ლევანიც, თაზოც და საერთოდ ყველა იცნობთ სამეგობროდან, -ხმას აუწია და აღარ იცოდა ბრაზი როგორ შეეკავებინა.
-გაბრიელ, ვინ არის ის ქალი?! - მეგის ხმა აღარ იყო ისეთი დამთმობი და თბილი როგორც საუბრის დასაწყისში.
-რა გინდა მეგი?! სულში და ტვინში რატომ მიძვრები?!
-ყველას გვაინტერესებს შენი გაუცხოვების მიზეზი. აღარ გვეკონტაქტები, აღარც ზარებზე პასუხობ ბიჭებს, ისე იქცევი თითქოს არც ვარსებობდეთ. ახლა რომ მოხვედი და დამელაპარაკე ეგეც ძალიან გამიკვირდა, მეგონა გვერდს ისე ამივლიდი არ შეიმჩნევდი ჩემ არსებობას. ის ქალი ისეთი ვინ არის, რომ მეგობრების გარემოცვას ჩამოგაცილა, დავიჯერო თანამშრომლები უფრო მეტს ნიშნავენ შენთვის ვიდრე ბავშვობის მეგობრები?
-ასე იყო საჭირო, მე ვიცი რა არის ჩემთვის სწორი.
-შენი აზრით ეგ სწორი საქციელია? ქუჩაში რომ შეგხვდება დიოტრეფე და ჩვეულებრივი გამვლელივით გვერდს აუქცევ ეგაა სწორი?
-მეგი, კარგი რა?
-აი, ხედავ? ადრე სულ რძალო - რძალოს დამძახოდი და ახლა უბრალოდ მეგი გავხდი. შენ შეიცვალე, მაგრამ კარგის ნაცვლად ცუდისკენ. რამდენჯერ გაუთიშე დიოტრეფეს ტელეფონი რომ გირეკავდა და მერე საერთოდ გამორთე, გახსოვს? რამდენჯერ გაუკეთე იგივე დანარჩენებსაც? ყველაფერი იმ ქალის ბრალი მგონია, აღიარე, რომ ჩვენთან მეგობრობის გაწყვეტა მან გაიძულა.
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს, არავის არაფერი აუკრძალია ჩემთვის.
-ბოლოს და ბოლოს იტყვი ვინ არის?- წყობიდან გამოვიდა მეგი.
-შენ, შენ ხარ ის ქალი! - გამწარებულმა დაუყვირა და სახეზე ხელები ჩამოისვა, თითქოს ამ ხერხით შეიძლებოდა არსებული პრობლემის მოცილება. მეგი სულ გადათეთრდა სახეზე. გამვლელ - გამომვლელებმა რამდენიმე წამი ყურადღება მათზე გადაიტანეს და რომ მიხვდნენ ჩხუბის და აყალმაყალის იმედი არ უნდა ჰქონოდათ გზა განაგრძეს.
-მეგი, ცუდად ხარ? წყალი გინდა მოგიტანო? -შეშფოთებული მიუახლოვდა გაბრიელი.
-არ მომეკარო! -მკაცრად უთხრა, მაგრამ ხმაზე მაინც შეეტყო სისუსტე.
-ხომ ხედავ რა დაგემართა, ამიტომ არ მინდოდა გაგეგო. გადავწყვიტე, რომ სულ ჩამოგშორებოდით და ყველას მშვიდად გვეცხოვრა, მაგრამ არ მოისვენეთ და გამოძიება დაიწყეთ, შენ დეტექტივის როლი მოირგე და აი, გასკდა ამ წუთას ეგ ამბავიც. ახლა კმაყოფილი ხარ?
-ასე როგორ შეიძლება? მე ხომ შენი საუკეთესო მეგობრის ცოლი ვარ, -გაფითრებულს უფრო მეტად ეკარგებოდა ფერი და ტუჩები უთრთოდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი თავიდანვე იცოდა, მაინც გულში იმედი ჰქონდა, რომ ეს ქალი თვითონ არ აღმოჩნდებოდა. უნდოდა გაბრიელის პირით გაეგო სიმართლე, რომელიც იმაზე მწარე აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა.
-გგონია ძალით გავაკეთე? გულს ვერ უბრძანებ ვინ უნდა გიყვარდეს და ვინ არა.
-გაჩუმდი, გაჩუმდი! რა სიყვარულზე მელაპარაკები? მე ძმასავით გიყურებ. რატომ შემიყვარე, მე ხომ შენთვის დასავით უნდა ვყოფილიყავი?!
-აკი გითხარი, გულს ვერ უბრძანებ თქო. მეგი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეტლში რომ ზიხარ, ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი ჭკვიანი, ისეთი სათნო, ისეთი ლამაზი და ძლიერი.
-ძლიერი? რაში ხედავ ჩემ სიძლიერეს? დიოტრეფეს გულს რომ არ ვუტეხავ და ექიმთან მივყვები?
-მიუხედავად ეტლზე მიჯაჭვულობისა მაინც იღიმი, მხიარული ხარ, არ ხარ გაბოროტებული გარესამყაროზე, მზრუნველი ხარ ყველას მიმართ, სულ სითბო და სიყვარული ტრიალებს შენ გვერდით, ბედნიერებას ასხივებ. ამხელა განსაცდელმაც კი ვერ გაგაბოროტა. შეიძლება, რომ ვინმეს არ უყვარდე?
-ბედნიერებას რომ ვასხივებ ეგ ჩემი კი არა დიოტრეფეს, შენი ძმის დამსახურებაა. მისი გვერდში დგომა მმატებს ძალას, მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ის ჩემთვის კაცის ეტალონია.
-კაცის ეტალონი? -გაეღიმა გაბრიელს.
-დიახ, ნარკომანი არ არის, ლოთი არ არის, გაუგებარი არ არის, სიგარეტით არ ისპობს ფილტვებს და იმ დროში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შენ გგონია ეს ცოტაა? კამათი ყველა ოჯახში ხდება, როგორი გადაუჭრელი პრობლემაც არ უნდა იყოს ცოლ - ქმარს შორის ბოლოს მაინც მოგვარდება. ფიცხი ხასიათის ქონა კი საერთოდ არ ნიშნავს ცუდ ადამიანობას. ის, ჩემთვის იდეალურია და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.
-დიოტრეფეს, ჩვენზე ეტყვი?
-ჩვენ არ არსებობს, არსებობს მე და შენ. შენთვის აკვიატება ვარ და მეტი არაფერი. ძალიან დიდი სირცხვილია მესმის, მაგრამ ადრე თუ გვიან, გაიგებს ამ ამბავს და სანამ სხვისგან გაუგია რამე დამახინჯებულად, ჯობია ისევ შენ უთხრა.
-გაგიჟდი გოგო? ძმაკაცს როგორ ვუთხრა შენი ცოლი მიყვარს თქო? ხომ იქვე მომკლა. არა, არ შემიძლია, თვალებში ვერ შევხედავ.
-მაშინ სალაპარაკოც აღარაფერია, სახლში უნდა წავიდე.
-გაგაცილებ.
-მადლობა, სახლამდე გზა კარგად ვიცი.

#################
-შალვა, რაღაც უნდა გითხრა, -ანერვიულებულმა მეგიმ წვენის ჭიქა ხელებში მოიქცია და სამზარეულოში შემოსასვლელს გახედა.
-რაშია საქმე? ხომ არ იჩხუბეთ?
-არა, ღმერთმა დაგვიფაროს.
-აბა?
-ძალიან ვნერვიულობ, სერიოზული ამბავია, მინდა სანამ დიოტრეფე მოვა ყველაფრის თქმა მოვასწრო, -რამდენიმე ყლუპი წვენი მოსვა მეგიმ და შალვას შეხედა, -უკვე საკმაო ხანია რაც გაბრიელს ჩემ მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას ვამჩნევდი, თითქოს მე რომ მიყურებდა მზერაც სხვანაირი ჰქონდა. ეჭვები მღრღნიდა და ვერაფერს ვამბობდი, მცხვენოდა და არ მინდოდა ვინმეს რამე არასწორად გაეგო. იცი შენ, როგორ ძალიან მიყვარს დიოტრეფე და კონფლიქტს ვერიდებოდი. ალბათ გახსოვს თავიდან სულ რძალოს - რძალოს დამძახოდა, მერე შეიცვალა, ძალიან შეიცვალა და უწინდელი გაბრიელისგან არავინ აღარ დარჩა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად ზურგი გვაქცია ყველას და ჩემი ეჭვები უფრო გამძაფრდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე, სკვერში ვიყავი გასული მარტო, გამოიარა, მეგონა არ შეიმჩნევდა ჩემ იქ ყოფნას, მაგრამ მოვიდა და მომიკითხა. მერე ვცადე და ლაპარაკი ჩამოვუგდე, იმედი მქონდა რამეს იტყოდა, ყველაფერი აღიარა, - ხმა ჩაუწყდა მეგის და წვენით ცადა ყელი ჩაეწმინდა.
-ამის შესახებ დიოტრეფესთვის არაფერი გითქვამს?
-მეშინია, რამდენჯერ დავაპირე, მაგრამ ასე ადვილი არ არის, არასწორად რომ გაიგოს? მე რომ დამაბრალოს ყველაფერი, ჩემში ეჭვი რომ შეიტანოს? მერე რაღა ვქნა შალვა? შენ ხომ დიდი ხანია იცნობ, მასაც და მეც, ამიტომ გავბედე და პირველი შენ გითხარი, იქნებ დაელაპარაკო? არ მინდა მეგობრების გაუგებრობის მიზეზი ვიყო, ვიცი დიდი ხანია მეგობრობენ. დიოტრეფე, ძალიან განიცდის, არ ამბობს, მაგრამ ეტყობა. გაურკვევლობას ყველაზე მეტად ვერ იტანს, ხომ იცნობ როგორი სულსწრაფია, ამ ამბის დამალვა კი არ შეიძლება, -ცრემლები მოადგა მეგის და ისევ წვენი დალია.
- დაველაპარაკები, დღესვე ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები. შენ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარდება.
-როგორ არ ვინერვიულო, ვაითუ დიოტრეფემ ჩემში ეჭვი შეიტანოს? ისედაც ამდენი პრობლემებია ოჯახში და ახლა ესეც დაგვემატა.
-შენ რომ გეთქვა არ ჯობდა? ქმარია, უცხო ხომ არ არის?
- მე არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება ან როგორ მიიღებს და მაგის მეშინია, თან ბიჭებმა სხვანაირად, თქვენებურად იცით პრობლემების გადაჭრა ისე, რომ გოგოებს მსგავსად არ გამოგვდის.
-ცოლებიც კარგად აგვარებენ საქმეებს ქმრებთან და ბევრი გამოუვალი სიტუაციიდანაც ძალიან ადვილად დაუხსნიათ ისინი. მეეჭვება შენნაირ ჭკვიან გოგოს ეგ გაუჭირდეს.
-ადვილი სათქმელი არ არის, ძალიან მიჭირს. ჩემ ძალებს აღემატება ეს ყოველივე, მგონია ვღალატობ, არაფერს რომ არ ვეუბნები. იცოდე შენი იმედი მაქვს, შალვა.
-ვაა, რა ცხელა ბიჭო? ჯერ ახლა დადგა მაისი და უკვე სუნთქვა ჭირს.
-მოაღწიე სახლამდე? აფთიაქი ხომ არ გადაიტანეს სხვა ადგილზე?
-არა, ისევ იქ დგას. მანქანა რაღაცნაირად ხმაურობდა, გოჩასთან მქონდა მიტანილი, ზეთი ჰკლებია, ახლა კი არის მხეცივით. არ გავიდეთ? ბაკურიმ დამირეკა ერთ საათში ვიქნები სახლში და გამოდითო.
-მოუტანე ბებოს წამლები?
-მაგისთვის ვიყავი გასული და როგორ გგონია დამავიწყდებოდა? -წამლებით სავსე პარკი მაცივრის თავზე დადო, მერე წვენი დაისხა და ერთი ამოსუნთქვით დალია, -ნიკალაევნას უთხარი წამლები დალიოს და არ გვანერვიულოს, ჩვენი ფულიანობა და უფულობა მას საერთოდ არ ეხება. მე და შალვა გასაქცევები ვართ და არ ვიცი როდის დავბრუნდები, თუ რამეა დარეკე.
-კარგი, ყველაფერი გავიგე, -შალვა მეგის დაემშვიდობა და დიოტრეფესთან ერთად სახლი დატოვა. ცოტა ხანში მალვინა შემოვიდა, მეგიმ დიოტრეფეს მოტანილ წამლებზე მიუთითა და მისი დანაბარებიც გადასცა. მერე ნანას ვახშმის მომზადებაში დაეხმარა, ამასობაში მამამთილიც დაბრუნდა სამსახურიდან და მოშიებულები სუფრას მიუსხდნენ. უკვე ამთავრებდნენ დიოტრეფე რომ მოვიდა, მეგი დაიძაბა მისი გაბრაზებული სახე რომ დაინახა. უხმოდ ჭამა საჭმელი და ნანას დასმულ კითხვაზე რატომ ჰქონდა ასეთი სახე მხოლოდ ის თქვა, რომ ძალიან დაღლილი იყო და ახლა წყლის გადავლება და ძილი უნდოდა. მეგი ცოტა ხანს ნანას ეხმარებოდა სამზარეულოში, მერე ყველას ტკბილი ძილი უსურვა და საძინებელ ოთახში გავიდა. დიოტრეფემ ხმის ამოუღებლად გადაიყვანა ცოლი საწოლზე და ტანსაცმლის გამოცვლაში დაეხმარა, მერე კი სიტყვის უთქმელად სააბაზანოში გავიდა. მეგი საწოლში წამომჯდარი ნერვიულად აკვირდებოდა ხან ფრჩხილებს, ხან კი თმის ბოლოებს, რომელთაც ნერვიულად გრეხავდა ქმრის მოლოდინში. რამდენიმე წუთში დიოტრეფე შემოვიდა, მეგის ნერვიულობისაგან მთელ ტანზე დასცხა, სახე აეწვა და ნერწყვი ძლივს ჩაყლაპა.
-დიოტრეფე, რაღაც მინდა, რომ გითხრა, -ძლივს მოიკრიბა გაბედაობა ლაპარაკის დასაწყებად.
-ვიცი! - უთხრა მკაცრი ხმით და გვერდით მიუწვა, -შალვას ველაპარაკე, შეგეძლო შუამავლის გარეშეც გეთქვა ყველაფერი.
-შემეშინდა შენი რეაქციის.
-ახლა, აღარ გეშინია?
-არ ვიცი! -მეგიმ თავი დახარა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-ნუ ტირიხარ, შენზე არ ვარ გაბრაზებული, გაბოს კი ბევრი რამის ახსნა მოუწევს ჩემთვის.
-მართლა არ მიბრაზდები?
-რატომ უნდა გიბრაზდებოდე, დააშავე რამე? -პასუხის ნაცვლად მეგიმ ტირილი დაიწყო.
-მე არ მინდა, რომ ბავშვობის მეგობრების კონფლიქტის მიზეზად ვიქცე.
-ასე ნუ განიცდი, გთხოვ მეგი, -მხრებზე ხელი მოჰხვია და ჩაეხუტა.
-ძალიან ვნერვიულობდი ეს დღეები და ახლაც ვნერვიულობ.
- ჰოდა, აღარ ინერვიულო, მე შენი მჯერა.
-მართლა? სულ, სულ არ მიბრაზდები?
-კარგი რა? -სერიოზული სახე ღიმილით შეეცვალა დიოტრეფეს.
-თუ არ მიბრაზდები, მაშინ მაკოცე! -ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და სახეგაბადრულმა შეხედა ქმარს.
-ოჰ, რაო ქალბატონო ქრთამისტობაც დაიწყე? -ცოლის შემხედვარე დიოტრეფემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-მე? -შეიცხადა მეგიმ, -როგორ გეკადრებათ ბატონო სერჟანტო მე და ქრთ...

##################
კვირანახევარი იყო გასული რაც დიოტრეფემ გაბრიელზე გაიგო და მას შემდეგ ცდილობდა შეხვედრას, მაგრამ სწორედ მაშინ არ ჩანდა არსად და ერთ საღამოს, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა შემთხვევით გადააწყდა ქუჩაში და საკმაოდ არსასიამოვნო საუბარიც შედგა. ღამის თორმეტი საათი ხდებოდა დიოტრეფე სახლში რომ დაბრუნდა. როგორც კი საძინებელი ოთახის კარები შეაღო და ფეხი შედგა მეგიმ მაშინვე თვალები გაახილა და სინათლე აანთო. მის დასვრილ ტანსაცმელზე მიხვდა რაშიც იყო საქმე და არაფერი უკითხავს, მოერიდა მის უფრო გაღიზიანებას.
-გაბოს ველაპარაკე, - დიოტრეფემ მოსაცმელი გაიხადა და გვერდით მიაგდო.
- ვხედავ.
- ყველაფერი გავარკვიეთ.
- ბავშვობის მეგობარი დაკარგე ჩემ გამო.
- შენ უთხარი სხვა თვალით დამიწყე ყურებაო? რა შენი ბრალია ტვინში ეშმაკები თუ შეუსახლდნენ? ისევ ვიმეგობრებთ, მაგრამ შენგან თავს შორს დაიჭერს, ისე ხშირად აღარ მოვლენ ბიჭები ჩვენთან და იმედია ეგ აკვიატებაც გაუვლის. თუ დღევანდელის შემდეგ ისევ ძველებურად მოიქცევა მერე უკვე მართლა დავახვევინებ ჩემი ცხოვრებიდან და სულ ფეხებზე დავიკიდებ მაგის მეგობრობას. ჩემთვის ნდობა ხრუსტალის ნაკეთობას ჰგავს, გაუფრთხილებლობის გამო ხელიდან თუ გაგივარდა და დაიმსხვრა მერე ნაწილები რომც შეაწებო უწინდებურ ფორმას ვეღარ მიიღებს. ერთადერთი გამოსავალი ნაკეთობის ახლიდან გადადნობა და ყალიბში ჩამოსხმაა. ამ შემთხვევაში პირვანდელზე უკეთესს მიიღებ. მთავარია მოთმინების უნარი გაგაჩნდეს, მაგრამ გაბო მოინდომებს? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.

##################
სამზარეულოში კარტოფილის პერაშკებს აცხობდა ნანა. მეგი ცომში გულსართს დებდა და ახვევდა, მალვინა რეჰანისგან ცივ ლიმონათს ამზადებდა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, მერე ზარიც დაერთო თან. ნანამ მალვინას გადაულოცა გაზზე დადგმული პერაშკებიანი ტაფა და თვითონ კარის გასაღებად გაემართა.
-გამარჯობა, ვინ გნებავთ?- ნანამ უცნობ, ახალგაზრდა, ორსულ ქალს გაუღიმა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. ქალს გვერდით დიდი, გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდანი ედო.
-გამარჯობა, მე ანანო ვარ, თქვენ ნანა ბრძანდებით?
-დიახ, ნანა ვარ.
-თქვენი უმცროსი შვილი სახლშია? დალაპარაკება მინდა, -ნანას სახეზე შიშმა გადაურბინა, იგრძნო გული წესრიგში ვეღარ ჰქონდა.
-შემოდი შვილო სახლში და ისე ვილაპარაკოთ, - სტუმარს მისაღებისკენ გაუძღვა, -დალევ რამეს? წვენს ან ყავას, ან ჩაის, კომპოტსაც გაგიხსნი თუკი გენდომება.
-არა, გმადლობთ. ასე ძალიან ვერ შეგაწუხებთ, მხოლოდ წვენს დავლევ.
-ახლავე მოვიტან წვენს, შენ დაჯექი, ფეხზე ნუ დგახარ? -ნანა სწრაფად შევიდა სამზარეულოში, წვენი აიღო და ჭურჭლის კარადიდან ჭიქას რომ იღებდა ნერვიულობისგან ხელიდან გაუვარდა და ნიჟარაში ჩავარდნილი ნამსხვრევებად იქცა.
- რა მოხდა? ასე რამ აგანერვიულა?
-სტუმარი გვყვავს მალვინა, მაგრამ მე მივხედავ, თქვენ გააგრძელეთ.
-როგორ თუ შენ მიხედავ? სირცხვილია, ამას მოვრჩებით და გამოვალთ. მეგი, ბებო გენაცვალოს, დაანებე მაგას თავი, ხელები დაიბანე და გადი.
-მეგი, ფეხი არ მოიცვალო სამზარეულოდან იცოდე! -მკაცრად უთხრა ნანამ და გავიდა.
-ნეტავ რა ეტაკა ამ ქალს? ბევრი დაგვრჩა კიდევ?
-ათი - თხუთმეტი ცალი კიდევ გამოვა.
-უცბათ შეახვიე და მე გავაგრძელებ შეწვას. შენ მოწესრიგდი და გადი, ოჯახის რძალი ხარ, რატომ უნდა ვალაპარაკოთ ვინმე დაიმალა და არ გვიკადრაო? ეგღა მაკლია ვინმე ვაჭორაო ჩემ შვილიშვილებზე. მიდი, მიდი, მალე მოამთავრე და სტუმართან გადი ბებოს ქალო, -მისაღებში გასულმა ნანამ ქალს წვენი დაუსხა და წინ დაუდგა.
-ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.
-ბოდიშს გიხდით, ძალიან ძნელი იყო ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დიდი ხანია თქვენ შვილს ვეღარ ვუკავშირდები. მშობლებმა ეს რომ გაიგეს სახლიდან გამომაგდეს, იმას თუ არ უნდა ჩვენ სხვისი შვილის გაზრდის საშუალება სად გვაქვსო. ქალბატონო ნანა, წასასვლელი მართლა არ მაქვს, ასე, რომ არ იყოს აქ მე ფეხის მომდგმელი არ ვიყავი, - ცრემლები მოადგა ქალს და ერთჯერადი ცხვირსახოცი თვალებზე აიფარა.
-დაწყნარდი, შენ მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება, რამეს მოვიფიქრებთ. დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით?
-წელიწადნახევარია. მე ისიც არ ვიცოდი ცოლი თუ ჰყავდა, ჩემი ორსულობის შესახებ რომ გაიგო ყველაფერი მაშინ მითხრა. ჩვენთან ხშირად მოდიოდა სახლში, მშობლები დიდ პატივს ცემდნენ, ახლა კი მოულოდნელად გაქრა. სახლი არ მაქვს, არც სამსახური მაქვს ბინა რომ ვიქირაო და ცალკე ვიცხოვრო. სადაცაა ბავშვი დაიბადება, რა ვქნა, როგორ გავზარდო? ლამისაა ჭკუიდან შევიშალო ამდენი ფიქრით.
-რამდენი თვის ხარ ანანო?
-მეცხრე თვეში ვარ უკვე, ბიჭია.
-სქესს რა მნიშვნელობა აქვს?
- თქვენ შვილს ბიჭი უნდოდა, რომ გაიგო ძალიან გაუხარდა. ასე მითხრა ჩემი ცოლი არ მიჩენს და ძმაკაცებში სირცხვილით თავი ვერ გამომიყვიაო.
-ეგ ჩემმა შვილმა გითხრა? ღმერთო, შენ მომეცი გაძლება, ეს ვინ გამიზრდია?!
-გამარჯობა, -ოთახში მეგი შემოვიდა, ნანამ ფერი დაკარგა.
-ეს ანანოა, -ძლივს გაუსწორა მზერა და მეტი ვერაფრის თქმა ვერ შეძლო ნანამ, -ანანო, ეს მეგია.
-გამარჯობა, მეგი, -გაღიმება სცადა ანანომ.
-ანანო, ჩემი ქმარი გიყვარს? -ანანომ დაძაბული მზერით ჯერ ნანას შეხედა, მერე კი მუცელზე დაიხედა, ხელი გადაისვა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-გასაგებია, გიყვარს.
-მეგი, შვილო...
-არაფრის თქმა არ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია, - ჯიბიდან მობილური ამოიღო და დიოტრეფეს დაურეკა, -მალე მოხვალ სახლში?
-მინერალურ წყალს ვყიდლობ, გინდა რამე წამოგიღო?
-არაფერი მინდა, სტუმარია შენთან, გელოდება, რაც შეიძლება მალე მოდი.
-ჩემთან? ვინ სტუმარი?
-რომ მოხვალ გაიგებ!
-ხუთ წუთში მანდ ვარ.
-გელოდებით. ესე იგი, ცოლი არ მიჩენს და ძმაკაცებთან ვრცხვებიო? -მიუბრუნდა ანანოს.
-მე შენთვის ქმრის წართმევას არ ვაპირებ მეგი, ერთადერთი რასაც ვითხოვ მისგან ბავშვისადმი ყურადღება და სიყვარულია. მე მხოლოდ ჩემი შვილის მომავალი მადარდებს, არ მინდა ქუჩაში გაიზარდოს.
-მშვენივრად მესმის შენი, როგორც ხედავ ხეიბარი ვარ, შვილიც არ გვყვავს. ასე ძალიან თუ განიცდიდა ამ ამბავს რას წარმოვიდგენდი? რამდენი წლის ხარ?
-ოცდათხუთმეტის.
-ორი წლით დიდი ხარ?
-ოცდათვრამეტის არ არის?
-შენ ასე გითხრა? სულ ცოტა ხნის წინ გახდა ოცდაცამეტის.
-ცხელ -ცხელი პერაშკები მოგიტანეთ. გამარჯობა, ეს ლამაზი გოგო ვინ არის? -მალვინამ სტუმარს გაუღიმა და ლანგრიდან თეფშები და ხელსახოცები გადმოაწყო, გორასავით დაწყობილ ცხელ პერაშკებთან ერთად, -მიირთვი გენაცვალე სანამ გაცივებულა.
-ეს შენი შვილთაშვილის დედაა, -სიმწრით ჩაილაპარაკა ნანამ.
-რა ამბობთ, შენ შვილო? -თითქოს ცივი წყალი გადაასხესო მალვინას ისე მოუვიდა, -ვაი ჩვენ თავს უბედურს? - ლოყებზე ხელები შემოირტყა და იქვე ჩამოჯდა. მეგის გული ძალიან ეტკინა, დაჯერება უჭირდა და თავს უზომოდ დამცირებულად გრძნობდა. დიოტრეფე რომელსაც მეგი იცნობდა მსგავს საქციელს არასდროს ჩაიდენდა, მაგრამ ფაქტი წინ ეჯდა და მიუხედავად იმისა, რომ გულს და გონებას არ უნდოდა დაჯერება, საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა რამეზე მიუთითებდა.
-მოვედი! -ოთახში შემოაბიჯა დიოტრეფემ, -გამარჯობა, მე დიოტრეფე ვარ, -ღიმილით გაუწოდა სტუმარს ხელი ჩამოსართმევად.
-ანანო, -გაუღიმა ქალმაც.
-თქვენ ხართ ჩემთან მოსული? -იკითხა და იქვე დაჯდა, მეგის სახეს რომ შეხედა არ მოეწონა და ანიშნა რა გჭირსო, მაგრამ გაყინული მზერა არ შეუცვლია ცოლს.
-შენთან არის მოსული, დიახ! -გაბრაზება ვერ დამალა ნანამ.
-ერთი წუთით, ქალბატონო ნანა ეს თქვენი უმცროსი შვილია?
-გახლავს!
-ვაიმე, შემეშალა, -შეწუხებული წამოდგა ფეხზე ანანო.
-ანანო, დიოტრეფე შენი შვილის მამა არ არის? -თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა ნანას.
-რაო? რატომ უნდა ვიყო ამ ქალის ბავშვის მამა? -გაკვირვებულმა გადახედა დიოტრეფემ ნანას და მერე ანანოს.
-რას ბრძანებთ ქალბატონო ნანა, მე ამ ბიჭს პირველად ვხედავ. გასაევები სად ცხოვრობენ ხომ არ იცით? -ანერვიულებულმა ანანომ ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-გასაევები ქვემოთ, მეორეზე ცხოვრობენ.
-ისე ვნერვიულობდი, ჯერ კითხვა - კითხვით ძლივს მოვაგენი, ახლა კიდევ შემშლია. მეგი ბოდიშს გიხდი, მართლა გულწრფელად ვწუხვარ, თქვენი ანერვიულება არ მინდოდა.
-არაუშავრს, ანანო, შენ ხომ ძალით არ გაგიკეთებია?
-ესე იგი, მახოსგან ელოდები?
-კი და ნეტავ ასე არ იყოს. მე წავალ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს კინაღამ ოჯახი დაგინგრიეთ, -ანანომ ისე უხერხულად იგრძნო თავი მარტო რომ ყოფილიყო ალბათ ატირდებოდა თავის უბედურ ბედზე.
-ბებო შენ აქ დაჯექი, ეს ცხელი პერაშკები ჭამე და ჩვენ მანამდე გასაევებთან ჩავალთ და დაველაპარაკებით, -მალვინამ მაჯაში ხელი წაავლო ახალგაზრდა ქალს და ადგილზე დააბრუნა, -აქ იყავი შვილო, იქნებ არ უნდათ, რომ რძალმა გაიგოს? სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ, რძალი ისედაც ნერვიული გოგოა, უფრო განერვიულდება, ერთ ამბავს ატეხს და აყალმაყალს მოაწყობს, -რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე სართულიდან ქალის ყვირილის, წყევლის და ლანძღვის ხმა ისმოდა. ორსული სტუმარი შეშფოთებული სახით, დაძაბული იჯდა ნაცვლიშვილების მისაღებში. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, მალხაზი ამოვიდა მშობლებთან ერთად და ანანო წაიყვანეს, მეგის დაჟინებული თხოვნით დიოტრეფეც მათ გაჰყვა. იმ საღამოსვე შეასახლეს ანანო ერთოთახიან, ავეჯით კეთილმოწყობილ ბინაში.
-მეგი, იცოდი უცნობი ქალი ჩემგან ბავშვს რომ ელოდებოდა? -სიცილით მიუჯდა გვერდით დიოტრეფე ცოლს.
-რა სასაცილოა? ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. საწყალი ნინო, მაგრამ ყველაზე მეტად ანანო შემეცოდა, ტყუილების მსხვერპლი აღმოჩნდა, ამის მერე მოდი და ენდე ვინმეს.
-მახოს სულ ეგ ჰქონდა საწუწუნო ცოლი ბიჭს არ მიჩენსო და ახლა მიხედოს როგორც უნდა.
-გგონია მიხედავს? მეცოდება ეგ ქალი, რა ელის მომავალში? დანახვის დღიდან არ მომწონდა ეგ კაცი და მართალიც აღმოვჩნდი.
-მაინც როგორ იფიქრე, რომ სხვასთან წავიდოდი?
-ორსული ქალი მოგვადგა სახლში, ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს და როგორ შეიძლება არ დამეჯერებინა?
-ალბათ გეგმებს აწყობდი როგორ ჩაალაგებდი ყველაფერს, დაურეკავდი მამაშენს და წახვიდოდი სახლში.
-ზუსტად ასე ვაპირებდი.
-მერე, მე რომ ჭკუიდან გადავიდოდი იცი?
- თუ მართლა შენი შვილი აღმოჩნდებოდა ის ბავშვი, სულ აღარ ვიდარდებდი შენ თავს, ისე წავიდოდი ამ სახლიდან.
-გადავრჩი ოჯახის დანგრევას. მადლობა უფალო, დღეს რომ არ ვმუშაობდი, ისედაც ამდენი პრობლემები გვაყრია თავზე და ერთით მეტი თავის ტკივილი ნამდვილად არ ჭირდებოდა ჩვენ ოჯახს. რაღა შემოგირიგებდა შენ? ალბათ მომიწევდა ერთი - ორი წლის გატარება შენი სახლის კარებთან ატუზულს.
-მორჩი მაიმუნობას, -მეგიმ სიცილით მიარტყა ქმარს მხარზე ხელი.
-იცი, გაბრიელს ლევანისთვის უთქვამს ცოლი მომყავსო. თითქოს ცოლის მოყვანით არსებულ პრობლემას რამეს უშველიდეს. მეცოდება ის გოგო, ამ უტვინოს ხელში არ გაუბედურდეს.
-იქნებ სწორად იქცევა და არსებულ პრობლემასაც ეშველოს? თუ იმ გოგოს მოწონს, ხელს ნუ შეუშლი.
-იმას შეიძლება, მაგრამ ამას?
-უნდა და მოიყვანოს, თავის საქმისა თვითონ იცის, დაანებე თავი. შენც ხომ კარგად იცი, რომ მისთვის აკვიატება ვარ, ეგ სიყვარული არ არის, მგონი მართლა ეშმაკები ჰყავს შემჯდარი ტვინში. იქნებ იმ გოგომ იმდენი მოახერხოს, რომ თავი შეაყვაროს და უაზრო ფიქრებიც მოშორდება მისი გონებიდან.
-მეეჭვება ასე მოხდეს.
-მე სხვანაირად ვფიქრობ, გავა დრო და აბრჭყვიალებულ თვალებს რომ შემოგვანათებს მაშინ დარწმუნდები.
-ანუ ვირწმუნო და ვიხილავ?
-დიახ, სწორედაც, რომ უნდა ირწმუნო.
-კარგი, ველოდები მომავალში გაბოს აბრჭყვიალებულ თვალებს, ოღონდ ახლა დავიძინოთ.

##################
მობილურის ვიბრაციის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია ფანჯარასთან ახლოს მჯდარი მეგი.
-გისმენ ლილი, ნუ ტირიხარ, არაფერი მესმის, დამშვიდდი და ისე მომიყევი.
-გუშინ ჩემმა ლექტორმა ირაკლიმ ლექციაზე ტელეფონი ჩამომართვა.
-მერე, მაგის გამო ტირი?
-დამაცადე გითხრა, ვაა. ტატოს ვწერდი შეტყობინებას, მოულოდნელად თავზე წამომადგა და ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი. დღის ბოლოს მიიღებო გამომიცხადა, გადავირიე და ჩხუბი დავუწყე, მაგრამ გამაჩუმა. მთელი საათი რას ლაპარაკობდა თავში არაფერი შემსვლია. ერთი ლექცია კიდევ გვქონდა, ისიც რომ დამთავრდა ვეძებე და ვერსად ვერ ვიპოვე, კიდევ დიდი ხანი ვიცადე უშედეგოდ. მერე მისამართი გავიგე და სახლში მივედი ტელეფონის წამოსაღებად, კარები შუახნის ქალმა გამიღო, როგორც თვითონ მითხრა მეზობელი იყო. იმ ქალმა მითხრა დედა ჰყოლია ავად და იმას უვლის. უმცროსი და გათხოვილია, მამა მუშაობს და სანამ სამსახურიდან არ მოვა მარტო ვერ ტოვებს, იმიტომ, რომ ეშინია ცუდად რომ გახდეს დედამისი მიმხედი არავინ ჰყავს. დღის განმავლობაში როდესაც ლექციების ჩატარება უწევს თურმე ეს ქალი რჩება მასთან. ჰოდა, ამ ქალს დაურეკავს, რომ საღამოს რაც უნდა დაელია დადამისს ის წამალი გათავებულა, დროის გადაცილება არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს უნდა დალიოს წამალი, რომ შედეგი გამოიღოს მკურნალობამ. ირაკლიც მაშინვე წამოსულა, ამიტომ ვერ მოახერხა ჩემი ნახვა. ის ქალი ნერვიულობდა, ეტყობა წამლის მარაგი ამოეწურათ იმ აფთიაქში სადაც ყიდლობს და სხვაგან წავიდა საყიდლადო. მეგი, იცი როგორი გაუბედურებული წამოვედი იქიდან? სახლში რომ მივედი ნერვიულობისგან საერთოდ ვერ დავიძინე, საწყალი თურმე როგორ იტანჯება, ვინ იცის რამდენი რამის გადატანა უწევს, ლექციებიც ამიტომ გადაგვიტანა გვიან, მე კი როგორ ვლანძღავდი. ახლა, რომ ვიხსენებ სირცხვილისგან სად დავიმალო აღარ ვიცი. მიკვირს საერთოდ ლექციების ჩატარების თავი როგორ აქვს მთელი დღე ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის. გული მიკვდება მასზე რომ ვფიქრობ და ცრემლები თავისით მომდის. დილით უნივერსიტეტში რომ წავედი იქ დამხვდა, ტელეფონი დამიბრუნა და მომიბოდიშა რომ გადაუდებელი საქმის გამო უფრო ადრე ვერ შეძლო დაბრუნება. მერე სასწრაფოდ წავიდა, ალბათ ისევ იმ ქალს ჩააბარა დედა და არ უნდოდა დიდხანს შეეწუხებინა. ერთი საათის წინ გვქონდა მისი ლექცია და ისე ვიყავი ხმა კი არა მგონი სუნთქვითაც არ ვსუნთქავდი. მასალა რომ მკითხა აღარ გამიპროტესტებია, ავდექი და გათიშულმა მოვუყევი. ის ძალ - ღონეს არ იშურებს, რომ ამ უტვინო თავებში დაღეჭილი მასალა როგორმე ძალით ჩაგვიტენოს, რადგან გამოცდაზე რაღაც დავწეროთ, არ ჩავფლავდეთ და თითოეულმა ცხოვრებაში სულ ცოტათი წინ წავიწიოთ და ჩვენ ისიც კი არ გვინდა მოვუსმინოთ. ახლა რომ ვუფიქრდები რა ცუდად ვიქცეოდი მის ლექციებზე ბრაზი მახრჩობს. საჩხუბრები კი არა მაგარი საცემები ვყოფილვართ ყველა. ამის შემდეგ სულ რომ თავი გამიტეხოს ვიტყვი, რომ ღირსი ვიყავი.
-ვიცოდი, ცუდი ადამიანი არ იქნებოდა და მიხარია ყველაფერს რომ მიხვდი.
-მივხვდი რომელია. წინა კვირას სახინკლეში ვიყავით ჯგუფელები, ბიჭებმა დაპატიჟეს, არ გვიკადრებსთქო ვიცინოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მოვიდა და თან ჩემ წინ დაჯდა. ისეთი იგნორი გავუკეთე მის არსებობასაც კი არ ვიმჩნევდი, რომ მახსენდება სირცხვილით ვიწვი.
-იქნებ ახლა მაინც მოხვიდე ჭკუაზე და მიხვდე, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და მაგ კაცს თქვენთვის ცუდი საერთოდ არ უნდა. ნეტავ აქამდე წაერთმია შენთვის ტელეფონი.
- ენა დაგიგრძელდა ძალიან და მე ეგ ფაქტი მაშფოთებს, დაო.
-დავიმოკლებ, შენ არ ინერვიულო, -სიცილით უთხრა მეგიმ და მობილური ტელეფონი გათიშა.

##############
სააბაზონადან გამოსული დიოტრეფე ცოლთან ახლოს მივიდა და ინტერესით მიაჩერდა მის ცრემლიან თვალებს.
-რა გატირებს, მეგი?
-დავიღალე! ვიცი, ვეღარასდროს შევძლებ ფეხზე დადგომას, მაგრამ მაინც ჯიუტად ვამბობ, რომ გავივლი. კიდევ რამდენი უნდა დახარჯო ჩემ მასაჟებში? დიეტოლოგთან მისვლამ გაამართლა და მიხარია, რომ წონაში კატასტროფულად მატებას ბოლო მოეღო და ნორმალური წონა დავიბრუნე, მაგრამ მასაჟებს, რომ შედეგი არ აქვს, ჩემზე კარგად შენ ხედავ. ძალიან დავიღალე ყოველ დღე საკუთარი თავის მოტყუებით. რაც უფრო მეტად ვცდილობ წინ წასვლას, მით უფრო უკან მივდივარ. ნერვები კბილებით მიჭირავს, უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ იმედგაცრუებას. ვხედავ, როგორ ძალიან დაგტანჯე, მე ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი მაყურებელი შენც ნერვები გაგიფუჭდა, არ მინდა ასეთ დარდიანს გხედავდე, დამღალა საკუთარი თავის გამხნევებამ, ვგრნობ, რომ ვეღარ ვუძლებ და ვსუსტდები. გულს ვეღარ ვუდებ ვერაფერს, მაკას და ელისაბედის მოტანილი წიგნებიც ისევ ისე დევს, ერთი ფურცელიც არ გადამიშლია. მგონი ჯობია, დროებით ჩემების სახლში დამაბრუნო.
-კიდევ დიდხანს აპირებ მოთქმას? -დაუყვირა წყობიდან გამოსულმა დიოტრეფემ, -გინდა მამაშენის სახლში წაგიყვანო და სხვა ცოლი მოვიყვანო? ეგ გინდა? რატომ ფიქრობ თუ ჩემგან წახვალ ბედნიერი ვიქნები? მე რომ იგივე მომსვლოდა შენ მიმატოვებდი და სხვასთან წახვიდოდი? რატომ ფიქრობ, რომ დაშორება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია? ნუ მიყურებ გაოცებული, იმაზე კარგად გავიგე შენი ნათქვამი ვიდრე წარმოგიდგენია.
-ხმას დაუწიე და ნუ მიყვირიხარ.
-თურმე, ჩემი ბედნიერებისთვის მშობლებთან უნდა წასვლა. ისე იღებ ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილებას თითქოს მე აზროვნების უნარი არ გამაჩნდეს.
-შვილო რა გაყვირებს? სირცხვილია შენი ხმა ალბათ მთელ სამეზობლოს ესმის, -ოთახში ნანა შემოვიდა დაძაბული სახით.
-თუ სხვა ვინმე გიყვარს წადი, გიშვებ. შენ სახეზე ბედნიერი გამომეტყველება დავინახო და ვისთანაც გინდა იმასთან წადი, საკუთარ თავს აღარ ვდარდობ.
-დიოტრეფე, მაგას როგორ მეუბნები, -მეგიმ ნაწყენი მზერით შეხედა.
-ხედავ? უკვე ისე ვართ ორივე, რომ ერთმანეთის გულისტკენას აღარ ვერიდებით, -მერე დიოტრეფე ნანას მიუბრუნდა, -დედა, არ ვიცი ზუსტად როდის მოვალ სამსახურიდან, შეიძლება დღეს სახლში საერთოდ არ მოვიდე, შენ და მალვინამ რამე მოუხერხეთ და ასეთი ცრემლიანი თვალებით არ დამხვდეს. იცოდეთ, დღევანდელი ჩხუბი მოგონება იქნება, -დიოტრეფემ მობილურს და დუტის კურტკას ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა.
-ქუდი დაიფარე, ნაბანავები ხარ!
-არ მოვკვდები, - შორიდან გაისმა დიოტრეფეს ხმა, - ორივე კარგად ხვდებოდნენ, დღითი დღე, როგორ იძაბებოდა მათ შორის ურთიერთობა, ყველანაირად ცდილობდნენ არ ეწყენინებინათ ერთმანეთისთვის. ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ნორმალურად არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და უსიტყვო ზრუნვით შემოიფარგლებოდნენ. დიოტრეფეს თავშესაფარი სამსახური იყო ამ დროს, ზოგჯერ გადაბმულად მუშაობდა რამდენიმე დღე და სახლში არ მოდიოდა, იქამდე სანამ გაბრაზება არ გადაუვლიდა და მონატრება გულზე მაგრად არ მოუჭერდა კლანჭებს. სამსახურის გამო რამდენიმე კვირით სახლში არ მისვლა ორივესთვის გაუცნობიერებელ ტკივილს იწვევდა. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა ერთმანეთის გარეშე არცერთს არ შეეძლო.
როდესაც იცი, სახლში შენი სულის ნაწილი გელოდება, ის, ვისაც იმაზე მეტად ადარდებ ვიდრე წარმოგიდგენია და იცი, მისთვის სულერთი არ ხარ, ძალიანაც რომ გინდოდეს იმედს ვერ გაუცრუებ.
გამთენიისას დაბრუნდა დიოტრეფე სახლში, მეგის არ ეძინა, ოთახში რომ შევიდა სანათი ენთო და წიგნს კითხულობდა.
-ვერ დავიძინე, -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც შეხედა ქმარს. დიოტრეფეს ნერვიულობისგან დაღლილი სახე ჰქონდა, ეტყობოდა ცოტა ნასვამიც იყო, - მეგის გული მოუკვდა, ქმარი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, -მაპატიე, დილას ზედმეტი მომივიდა.
-შენ არა მეგი, მე მომივიდა ზედმეტი, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი და არ უნდა მეყვირა.
-ამ ბოლო დროს ორივე ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებთ. სასოწარკვეთილება მიპყრობს დიოტრეფე და არ ვიცი თავს რა მოვუხერხო.
-მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ ცუდად გექცევი. როდესაც ვჩხუბობთ, მე, მაშინვე ყვირილზე გადავდივარ. ყოველი ასეთი საზიზღარი საქციელის შემდეგ გტოვებ თვალცრემლიანს და სახლიდან გავრბივარ, გტოვებ მალვინას და ნანას ხელში. იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნო მდგომარეობა არ გაგიუარესდეს, პირიქით ვიქცევი.
- შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ხანდახან შენიც მესმის. ძალიან მეშინია დიოტრეფე, ეს დეპრესიული მდგომარეობა უკვე ყოველდღიურობად მექცა.
-იქნებ, ფსიქოლოგთან ვიზიტზე ჩავეწეროთ?
-გგონია მიშველის, ის, ვიღაც ქალი თუ კაცი? რომელსაც სხვისთვის ჭკუის დარიგება ადვილად გამოსდის და საკუთარ პირად პრობლემებში ყელამდეა ჩაფლული? ყოველთვის მაღიზიანებდნენ ფსიქოლოგები, დაყენებული სახეებით და სერიოზული ხმით რომ ცდილობენ სულში ჩაგიძვრნენ და დახმარების მიზეზით ინფორმაცია გამოგტყუონ, მერე ან გიშველის ან ვერა და ისევ პაციენტის უმოქმედობას ბრალდება. არ მინდა ვიღაც უცნობმა ჩემ სულში ხელები აფათუროს.
-ფსიქოლოგებზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია, ავღანეთიდან რომ დავბრუნდი სწორედ ფსიქოლოგი დამეხმარა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მაგრამ ეგ შენი პირადი აზრია და ვერ შეგედავები, თუ არ გინდა არც დაგაძალებ.
-მადლობა, რომ შედიხარ ჩემ მდგომარეობაში, -მეგიმ ქმარს თავი გულზე დაადო და თვალები დახუჭა, -დიოტრეფე, ზოგჯერ სურვილი მიჩნდება ხელი ჩაგკიდო და შენთან ერთად ვისეირნო დაუსრულებლად. ეს სურვილი ისე ძლიერად მიჭერს გულზე, რომ ლამის გამაგიჟოს. ამ ბოლო დროს ყველაფერმა დაკარგა თავისი კუთვნილი ფერი. ისეთი სილამაზე აღარ არის გარშემო, როგორც ადრე. ყოველი გათენებული დილა უფრო მეტად სევდის მომგვრელია და ტირილისკენ მიბიძგებს.
ხანდახან ეგოისტურად მახარებს, რომ მე ვარ ხეიბარი, რომ მე ვარ შენი მოსავლელი, მე მჭირდება ყველაფერში შენი დახმარება და არა პირიქით. შენ ამ მდგომარეობაში ხილვას ვერ ავიტანდი, ჭკუიდან შევიშლებოდი, მე შენსავით ძლიერი არ ვარ, ძალიან სუსტი ვარ, იმდენად სუსტი, რომ ტკივილს ვერ ვერევი. რა მეშველებოდა შენ რომ არ მყოლოდი გვერდით? როგორ შევძლებდი ამდენ პრობლემებთან გამკლავებას?
- სითბონარევი ფერი დაჰკრავთ ჩემ საყვარელ ადამიანებს, გულის გაჩერებამდე რომ ვნერვიულობ თითოეულ მათგანზე. რადაც არ უნდა დამიჯდეს მეგი, ყველანაირად შეგიწყობ ხელს, რომ მომავალში საშუალება მოგეცეს ის აკეთო რაც გულით გენდომება. შენი გამოჯანმრთელების გამო შევძლებ შეუძლებელს, მთებს გადავდგამ და მაინც დაგაყენებ ფეხზე, მერწმუნე!

##############
დიოტრეფე ტაძრის წინ, ცემენტისგან ჩამოსხმულ, გრძელ კიბეზე იჯდა და ისე იყო ფიქრებში ჩაფლული გარშემო მოარულ ხალხს საერთოდ ვერ აღიქვამდა. მოძღვარი როგორც კი ტაძრიდან გამოვიდა მაშინვე მის გვერდით დაჯდა და მხარზე მეგობრულად დაადო ხელი.
-როგორ ხარ, დიოტრეფე?
-ცუდად მამაო, -დამძიმებული მზერით ახედა მან.
-რატომ, ახლა რაღა მოხდა?
- მეგი, ისევ ტირის. დეპრესიული ფონი უფრო გაუმწვავდა, უსაშველოდ იტანჯება და მეც მტანჯავს. მისი მაყურებელი ძილი აღარ მეკარება, ამდენი ნერვიულობისგან ლამისაა გული გამისკდეს. მთელი ღამის ნამტირალევი დილით თვალებდაწითლებული იღვიძებს, სველ ბალიშს მიმალავს, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ვერ დამალავს. არც იღიმის, არც საჭმელს აღარ ჭამს ნორმალურად, როდემდე გავუძლებთ მამაო ამ ყველაფერს, როდემდე? უკვე სახლში მისვლა აღარ მინდა. მისი გატანჯული სახის ყურება მანადგურებს, რომ არ ვიცოდე პატარა ბავშვივით როგორ ელოდება ჩემ სახლში დაბრუნებას სულ დავიკარგებოდი, მაგრამ ამას ვერ გავუკეთებ. ჯიუტად ირწმუნება, რომ გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ვხედავ, რომ უკვე თავისივე ნათქვამისაც აღარ ჯერა. რამდენიმე დღეა მთხოვს სახლში დავაბრუნო, უბედური ვარო ამბობს. ოჯახის წევრებთანაც გაურბის კონტაქტს, ჩემ გარდა არავის ნახვა აღარ სურს.
-ძალით ვერავის ვერ დააკავებ, თუკი მშობლებთან უფრო კარგად იქნება გაუშვი, წავიდეს.
-არ შემიძლია.
-თუ არ გაუშვებ უარესი იქნება!
-იქაც არ იქნება ბედნიერი, მე ხომ ვიცი. ჩემ გამო ამბობს, ჰგონია, რომ ასე უკეთესად ვიქნები.
- დაბრუნდეს მშობლებთან, ხელს ნუ შეუშლი, თვითონ დარწმუნდეს, რომ არაფერი შეიცვლება.
-ვიცნობ მამაო, მერე მისი უკან დაბრუნება გამიჭირდება, შეიძლება საერთოდ აღარ წამომყვეს.
-გწამდეს დიოტრეფე, გწამდეს, რომ უფალი დიდად მოწყალეა და არ გაწირავს გასაჭირში ჩავარდნილ შვილებს.
-მწამს მამაო, მწამს, მაგრამ როდემდე შევძლებ რწმენის შენარჩუნებას? მეშინია სულ არ დავკარგო რწმენა. ადრეც მწამდა ღმერთის, მაგრამ მეგის წყალობით უფრო მეტად დავუახლოვდი უფალს. ახლა ვხედავ, თვითონ შორდება ნელ -ნელა და მე ვერაფრით ვერ ვეხმარები. სულ გაღიზიანებულია, სულ ცუდ ხასიათზეა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
-იქნებ, იქ წაიყვანო სადაც ერთხელ მაინც იგრძნო თავი ბედნიერად? ადამიანისთვის კარგი მოგონებების წყარო საუკეთესო ზემოქმედებას ახდენს ფსიქიკაზე.
-პირველად სოფლის სახლში ვიყავით, იქ გავატარეთ რამდენიმე დღე კარგად, ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ რაც მოხდა თქვენც კარგად იცით. იმ სახლთან როგორც კარგი, ისე, ცუდი მოგონებები გვაკავშირებს. ბევრჯერ ვთხოვე წავსულიყავით, მაგრამ ცივ უარზეა, ეშინია.
-რეალობას ვერ გაექცევით, როდესმე მაინც მოგიწევთ იმ სახლში დაბრუნება. წადით, დღეს თუ არა ხვალ წადით, ზოგჯერ უკურექციაც ხდება, ყველა ხერხი უნდა ცადო მის გამოსაჯანმრთელებლად, სხვა გზა არ გაქვს. მომავალში იქნებ ინანო კიდეც მისთვის არაფერი გამიკეთებიაო.
-რადგან თქვენ ამბობთ წავალ და მეგისაც თან წავიყვან, ღმერთმა ქნას, რამე მაინც შეიცვალოს.
- აუცილებლად შეიცვლება. ილოცე და გწამდეს, რომ ლოცვას სასწაულების ქმნა შეუძლია. გულითად ლოცვას სული ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს და ინვალიდ ადამიანს ვეღარ დააყენებს ფეხზე? შეიძლება ერთ -ორ დღეში ვერ დადგეს ფეხზე მაგრამ... თუმცა რატომაც არა? ახლა და ამ წამს ვიღაცის სნეული გული იკურნება, ვიღაც პირველ ნაბიჯებს დგამს სამყაროში, ვიღაც მარადისობაში გადადის. სასწაულები ყოველ წამს აღესრულება, ეს დაჯერება გვიჭირს ჩვეულებრივ მოკვდავებს.
-კიდევ არის ერთი პრობლემა, უკვე ერთი თვეა მარწმუნებს, რომ კიდურებში რაღაცას გრძნობს, ისე უნდა გავლა, რომ მგონი მოჩვენებები დაეწყო. რისთვის ვისჯებით მამაო, ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა ცოდო გვაქვს უფლის წინაშე მე და მეგის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი მოგვივლინა? კვირას არ ვაცდენ ტაძარში, თქვენც ხომ კარგად იცით? იმის იმედით, რომ სახლში დაბრუნებულს მეგი ფეხზე მდგომი დამხვდება, მაგრამ ეგ დღე არა და არ დადგა. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ბევრისგან მსმენია, სულ ტყუილი ყოფილა მამაო, მწარე ტყუილი. სწორედ, რომ ოცნება ჰკლავს ადამიანს, ის აუხდენელი ოცნებები გვკლავს და ბოლოს გვიღებს რომელიც მთელი სულით და გულით გვინდა რომ ასრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ სრულდება და ჩვენც აუხდენელ ოცნებებთან ერთად ნელ-ნელა ვკვდებით.
-იქნებ, უფალს სულაც არ უნდა თქვენი დასჯა? იქნებ ამ ფორმით სურს თქვენი გაფრთხილება, რომ მომავალში გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ? დღესდღეობით საქართველოში უამრავი ქალი იკეთებს აბორტს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ექოსკოპიამ გვარის გამგრძელებლის ნაცვლად მდედრობითი სქესი აჩვენა. უდანაშაულო, ჩვილ ბავშვთა სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს. არ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება უფალს სურდეს თქვენ სახლში ბევრმა პატარა ანგელოზებმა ირბინონ? შვილი, ეს გოგო იქნება თუ ბიჭი მშობლისთვის ყველა ერთნაირად საყვარელი უნდა იყოს. არ შეიძლება მშობლის მხრიდან შვილების გარჩევა. ბევრი მშობლისგან მაქვს გაგონილი შვილებს არ ვარჩევო, მაგრამ როგორც კი უფროსი რამეს დააშავებს მაშინვე ტუქსავს. აბა, უმცროსმა დააშავოს, თავზე ხელს გადაუსვამს, ეს პატარაა და ეპატიებაო. ამ დროს დიდი იჩაგრება, პატარა კი ეჩვევა, რომ რაც არ უნდა დააშავოს ყველაფერს აპატიებენ. ხანაც პირიქით ხდება, უფროს შვილს თავს ევლებიან და უმცროსს ყურადღებას არ აქცევენ. მე ვიცნობ ოჯახებს სადაც ბიჭებს მთელ ქონებას აძლევენ, საუკეთესო სასწავლებლებში აგზავნიან, ეს გვარის გამგრძელებელია და ჭირდებაო. გოგოს კი შეიძლება სკოლაც არ დაამთავრებინონ ისე გამოკეტონ სახლში. ქალს სწავლა რად უნდა გათხოვდება და მორჩაო. იმდენს კი ვერ ხვდებიან, რომ გოგოსაც ჭირდება სწავლა, ის ხომ მომავალი დედაა და შვილის აღსაზრდელად განათლება აუცილებელია. ასე ვარდება დედმამისშვილებს შორის შუღლი და მტრობა. მარტო შვილების ყოლა არაფერს ნიშნავს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მათი სრულფასოვან ადამიანებად აღზრდაა. შვილი ტაძარში უნდა ატარო, ღვთის სიყვარული და მოწიწება უნდა ჩაუნერგო, მაშინ ბავშვებიც კარგები გაიზრდებიან და თქვენც ნაკლები სადარდებელი გექნებათ. მშობლებმა შვილების სახით ზეცას ანგელოზები უნდა შეჰმატონ, ჯოჯოხეთს ეშმაკები კი არა.
-ვფიცავ მამაო, ოღონდ მეგი გამოჯანმრთელდეს, მის თვალებში ტკივილი აღარ დავინახო და რამდენი შვილიც არ უნდა მოგვცეს უფალმა არც ერთზე არ ვიტყვით უარს.
-დიოტრეფე, ღვთის სახლში ფიცის დადება სახუმარო საქმე არ გეგონოს. ბევრი სასოწარკვეთილი ადამიანის ფიცი ახსოვს ამ ქვის კედლებს და იქიდან ნახევარიც არ შესრულებულა. მერე უფლის რისხვა დატყდომია მათ ოჯახებს და ტირილით და ხვეწნა - მუდარით ისევ აქ მოსულან შემწეობის სათხოვნელად.
-ჩემთვის ძვირფასი ადამიანების კეთილდღეობისთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. შვიდი წელი და ორი თვე გავიდა უკვე და ყოველი გათენებული დილა ჩვენ ოჯახში კოშმარს ემსგავსება. როდესმე ხომ უნდა დასრულდეს? ჩვენც ხომ უნდა ამოვისუნთქოთ ერთხელ და სამუდამოდ?
-ეგ დღეც დადგება შვილო, კარგი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. კარგად დაიმახსოვრე ეს სიტყვები ,,რასაც ღმერთი მოგვივლენს ჩვენთვის უკეთესია.“ მე ვილოცებ თქვენთვის, ორივესთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეს შენც უნდა ილოცო შენი ოჯახის კეთილდღეობისთვის და უფლის შეწევნის იმედი არ დაკარგო. ახლა კი მშვიდობით წარვედინ დიოტრეფე! მეგის მოკითხვა გადაეცი და გაბარებ, მამაო კურთხევას აძლევს შემდეგში შენთან ერთად, საკუთარი ფეხით მოვიდეს ტაძარში. როდემდე უნდა იცხოვროთ ასე ჯვარდაუწერლებმა? პატარები კი არ ხართ ყურის აწევით შემოვიფარგლო? წკეპლას მოვიტან და იმას მოგცხებთ ორივეს, თუ არ შეასრულებთ ჩემ კურთხევას.
-თქვენ პირს შაქარი, მამაო.
-შაქარიც იქნება და თაფლის გოლეულიც. ახლა სახლში დაბრუნდი, ვინ იცის დააწყდა მეგის თვალები, შენ მოლოდინში.
-კარგად ბრძანდებოდეთ, -თავი მდაბლად დაუკრა დიოტრეფემ მოძღვარს, მან კი სიყვარულით თავზე ხელი დაადო და პირჯვარი გადასახა. სახლში რომ მივიდა ოთახში იმედიანად შეაბიჯა, მოძღვრის სიტყვები ისევ თავში უტრიალებდა და დანებების უფლებას არ აძლევდა,
-ვერ ვხვდები, რა მოგწონს, ასე ჩაბნელებულ ოთახში, საათობით რომ ზიხარ? -ჩამრთველი მოიძია, სინათლე აანთო, მერე ფანჯარასთან მივიდა, ფარდები გადაწია და ოთახში შემოსულმა მზის სხივებმა ნივთებზე არეკვლა დაიწყეს, -მამაომ მოკითხვა და კურთხევა გადმოგცა, მალე გაიაროს, რომ ჯვარი დაგწეროთო, -უთხრა დიოტრეფემ და რომ შეტრიალდა დაინახა, მეგის როგორ ცვიოდა თვალებიდან ცრემლები. მიუახლოვდა, აკოცა და თეთრი ვარდების თაიგული ჩაუდო კალთაში. მეგიმ სევდიანად დახედა ვარდებს, ხელი გადაუსვა და ბარათი ამოიღო.
,, -მინდა, რომ გაიღიმო. სიყვარულით, შენი მფარველი ანგელოზი. "
-როდის უნდა შეეშვა ჩემთან კონტაქტს ამ ბარათებით? -ხმა აუკანკალდა ზედმეტი ემოციისგან.
-რა ვქნა? ასეთი ძველმოდური ქმარი გერგო ცხოვრების მეგზურად, - გაუღიმა და მის წინ ჩაიმუხლა, - მოდი, სოფელში წავიდეთ, ცოტა ხნით.
-არ მინდა, დიოტრეფე!
-შენ გამო არა, ჩემ გამო წავიდეთ, გთხოვ! სულ ცოტა ხნით, ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება მინდა. აღარ შემიძლია ოთხ კედელში ჯდომა და შენი გატანჯული სახის ყურება. მარტო ცუდს რომ იხსენებ კარგი მოგონებებიც ხომ გვაკავშირებს იმ სახლთან? სანამ ქსანთე ჩამოვიდოდა ხომ ვიყავით ბედნიერები, რატომ იმას არ იხსენებ? ყველა სახლს აქვს კარგი და ცუდი მოგონებები, მას ვერსად ვერ გაექცევი. თუ ცოტათი მაინც გადარდებ გევედრები, წავიდეთ და გავეცალოთ ქალაქის შფოთსა და ხმაურს.
-ძალიან დაგტანჯე ხომ? -ხელებით სახეზე მოეფერა და მისი მზერიდან კიდევ უფრო მეტი ტკივილი გადმოიღვარა, - ჩემი მაყურებელი სახლში გამოიკეტე ამ ბოლო დროს. შენ თუ კარგად გახდები დღესვე წავიდეთ. იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ვერც კი ვამჩნევდი როგორ ნელ - ნელა განადგურებდი ჩემი უარყოფითი ემოციებით. ბევრი დრო არ დამჭირდება, ახლავე ჩავალაგებ ტანსაცმელს, -რამდენიმე წუთში, ბარგი მანქანაში ჩადო დიოტრეფემ და კახეთის გზადკეცილს დაადგნენ. უკვე ბინდდებოდა, ადგილზე რომ მივიდნენ, დიოტრეფემ მანქანის საბარგულიდან ბარგის ამოლაგება და სახლში შეტანა დაიწყო.
-მაღლა არ ამიყვანო, შენ ოთახში დავიძინოთ.
-რატომ? შენ ხომ არ მოგწონდა ის ოთახი?
-ყოველ დღე ჩემნაირი ხეიბრის ზევით - ქვევით ტარება ადვილი არ იქნება, ასე უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს.
-თვითონ გადავწყვეტ რა იქნება ჩემთვის ადვილი და რა ძნელი! -ბრაზი და წყენა შეერია ხმაში დიოტრეფეს. ეტლიდან ამოიყვანა მეგი და მეორე სართულზე იმ ოთახში შეიყვანა სადაც აქ მოსვლის პირველ დღეებში იძინებდა, -ეს ოთახი შენ ძალიან მოგწონდა, ჰოდა, აქ დავიძინებთ.
-შენი გაბრაზება არ მინდოდა. მე, უბრალოდ...
-შენ, უბრალოდ ყოველ ჯერზე მახსენებ, რომ სიარული არ შეგიძლია და ამიტომ არ მჭირდები, მაგრამ ეგ შენი ცუდი ფანტაზიის ნაყოფია. რით ვერ შეიგნე მაგ პატარა თავში, რომ ცხოვრების ბოლომდე სულ დამჭირდები?!
-დიოტრეფე, გიფიქრია, რომ...
-მე, გამუდმებით ვფიქრობ ყველაზე და ყველაფერზე. შენ კი ბევრ სისულელეზე ფიქრობ, რის გამოც ძალიან მიშლი უკვე ნერვებს. მოდი დაიძინე და თუ რამე სათქმელი გაქვს ხვალ ვილაპარაკოთ, ისედაც მგზავრობამ ორივე ძალიან დაგვღალა, -დიოტრეფემ სინათლე ჩააქრო და მეგის გვერდით მოკალათდა.
-იცი?...
-ვიცი! ძალიან გიყვარვარ და გინდა რომ დავიძინოთ ორივემ.
-ლაპარაკს არ დამაცდი?! -წყობიდან გამოვიდა მეგი, -იქნებ, წებოვანი ლენტი ავიღო და პირზე აგაკრო? რას ჰგავს შენი ეს საქციელი?!
-და რას ჰგავს ჩემი ეს საქციელი?!
-არაფერს აღარ გეტყვი, დაიძინე!
-მეც მაგას არ ვამბობ? დავიძინოთ თქო.
-აუტანელი ხარ ხანდახან, ძალიან აუტანელი.
-შენ, ეს აუტანელი ადამიანი ძალიან გიყვარს.
- ვიძინებ, იცოდე ხმა აღარ გამცე!
- არც შენ, თუ ძილი გადამივარდა მოგიწევს მერე ზღაპრების მოყოლა, - უთხრა სიცილით დიოტრეფემ და თვალები დახუჭა.
მეორე დღეს, მეგი და დიოტრეფე, დილიდან ეზოში, სუფთა ჰაერზე იყვნენ გასულები, ჩიტების ჭიკ -ჭიკის მოსმენით და გაზაფხულის სიმშვენიერით ტკბებოდნენ.
-ადრე თითქმის მძულდა ეს სახლი, ყოველგვარ ხმაურს რომ იყო მოკლებული, ახლა პირიქით, მგონი ძალიან შემიყვარდა სიმყუდროვის გამო ან სულაც ვბერდები.
-მაყვალი რომ დამიკრიფე გახსოვს? -ღიმილით შეათვალიერა მაყვლის ბარდი მეგიმ და დიოტრეფეს გადახედა.
-გაზაფხულია და ჯერ არ არის, სამაგიეროდ ალუჩა გვაქვს ბევრი, გინდა დაგიკრიფო?
-მიწვდები? ნახე დაბლა ტოტებზე არც ასხია, სულ კენწეროშია, იქ როგორ უნდა მიწვდე?
-შენ არ იდარდო, ტოტებს შევარხევ, დაბლა ჩამოვყრი, გავრეცხოთ და ვჭამოთ, -დიოტრეფემ საიდანღაც გრძელი ჯოხი მოიტანა და ის მიარტყა ზედა ტოტებს. ერთი მეორის მიყოლებით ჩამოცვივდა მკვახე და მწიფე ალუჩები და მიწაზე გაიშალა.
-ვაიმე, დიოტრეფე ეს რა მიქენი? - იცინოდა მეგი და თმიდან მწიფე ალუჩის მოცილებას ცდილობდა, რომელიც ყოველ ხელის მოკიდებაზე უფრო და უფრო იჭყლიტებოდა.
-მშვენიერი თმის ნიღაბია, რა არ მოგწონს? თუ გინდა სახეზეც წაისვი, ათეთრებსო მალვინამ თქვა ერთხელ.
-ჯერ შენ წაისვი და თუ გაგათეთრა მერე მე წავისვამ, კარგი?
-ნწუ, რა კაცის საქმეა ნიღბები და ტალახები? ეგ ქალებს უფრო კარგად გამოგდით.
-მიდი, მარილი მოიტანე, იცოდე დამახრჩობს ნერწყვი და ეგ იქნება, -თვალები აუციმციმდა მეგის.
-შენი თმა უმარილოდაც მშვენივრად შეექცევა, წავალ და მოგართმევთ მარილს თქვენო უტყემლესობავ, -თავი დაუკრა მეგის და სწრაფად წავიდა სახლისკენ.
-დიოტრეფე! რა ბოროტი ხარ, არც კი შეგეცოდა ჩემი საწყალი თმები, -მიაძახა მეგიმ სიცილით, -საღამოს დიოტრეფემ საიდანღაც ალუბალი მოუტანა მეგის და ძალიან გაახარა, -დილით ალუჩა, საღამოს ალუბალი, მთელი დღეა ხილს ვჭამთ, არ მოგშივდა?
-მომშივდა, მაგრამ რა უნდა ვჭამოთ?
-საჭმლის მეტი რა არის, ნანამ იმდენი რამე გამოგვატანა კონტეინერებით, ალბათ მთელი თვე გვეყოფა.
-იცი, რა ვიფიქრე? სახლის უკან ტყეში ალუბალს რომ ვკრეფდი ლოკოკინები დავინახე, ახლა ვფიქრობ, ხომ არ წავსულიყავი და მომეტანა?
-გაჩუმდი!
-მეგი, კარგი წვნიანი, მოხარშული ლოკოკინები. იფ იფ იფ, კეტჩუპთან ერთად, არ გინდა?
-ფუჰ, გაჩუმდი დიოტრეფე, კეტჩუპი არ შემაზიზღო საერთოდ, -კივილი დაიწყო მეგიმ და ყურებზე ხელის გულები აიფარა.
-რა ვიცი, ვიფიქრე საღამოს სოფლის სიმყუდროვეში რამე განსაკუთრებულს შევჭამდით. მეგი, არც შემწვარი არ გინდა?
-დიოტრეფე, გთხოვ! რა ლოკოკინები აგიტყდა? ახლა საერთოდ ვეღარ შევჭამ საჭმელს, ღმერთო ლორწოვანი ლოკოკინები. ცუდად ვარ, ჩქარა წყალი დამისხი, -კივილს არ წყვეტდა მეგი და დიოტრეფე მისი შემხედვარე უფრო კარგ ხასიათზე დგებოდა. წყალი რომ დალია და სული მოითქვა ნაწყენმა შეხედა ქმარს.
-შენ ხარ ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი! ვინ ექცევა თავის ცოლს ასე ბოროტად, როგორც შენ მექცევი? -ცოტა ხნით დაფიქრდა დიოტრეფე და მერე ისევ მეგის შეხედა.
- მე ვიცი ერთი კაცი, ვინც ზუსტად ასე იქცევა, -თვალი ჩაუკრა და წყლით სავსე ჭიქა მოიყუდა.
-ვინ არის? ისიც შენნაირი იქნება.
- მე ვარ!
- ოჰ, ახალი აღმოჩენა გააკეთე? შენ ხარ ადამიანი, რომლის ვენებშიც სისხლის ნაცვლად ტროტილი მოძრაობს და პატარა ბიძგიც კი საკმარისია, რომ გარშემო ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვიოს.
-რა საშიში ვყოფილვარ? მაგრამ გამნაღმველი აქ არ მყავხარ? -დიოტრეფემ სწრაფად აკოცა ცოლს და სამზარეულოდან გავიდა.
-სად წახვედი? აღარ გშია?
- ნიკალაევნას თავშალი არ გინდა? -ქმრის ხმა მოესმა მეგის და გაეღიმა.

####################
მეგი სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და ვაშლს ფცქვნიდა, დიოტრეფე რომ შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა.
-ვაშლი გინდა?
-მინდა, მაგრამ ჩემთვის არ გაფცქვნა კანიანს ვჭამ. ვიტამინები კანს აქვს, შენ კი სულ ფცქვნი და ისე ჭამ.
-ვინ გითხრა, რომ კანშია ვიტამინები?
-ბავშვობიდან ნანა და მალვინა იმას ჩამჩიჩინებდნენ კანიანი ხილი ჭამე ვიტამინები კანს აქვსო და შენ მეუბნები, რომ ტყუილად ვიკლავდი თავს კანიანი ვაშლის ჭამით? რამდენჯერ გაუჭრია ღრძილები ვაშლის უხეშ კანს და სისხლის დანახვისას შეშინებულს რაც მე მიტირია, გახსენებაც კი არ მინდა, -უსიამოვნო მოგონების გახსენებაზე თვალები მოჭუტა დიოტრეფემ.
-კანი მხოლოდ დამცავი გარსია, გარემოფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან ხილის შიგთავსის დასაცავად. რატომ ხდება გაფცქვნილი ვაშლი ჟანგისფერი, როგორც კი ჰაერზე მოხვდება? იმიტომ, რომ ვიტამინებით არის მდიდარი. ქერქი, რომ სასარგებლო იყოს მაშინ, ვაშლის გაფცქვნის შემდეგ შიგთავსის ნაცვლად ისევ ქერქი დაგვხვდებოდა. პრიალა კანი ხელს უწყობს ხილის შიგთავსის დაზიანების თავიდან აცილებას. ხშირად ტალახიანი წვიმა მოდის, პრიალა ზედაპირიდან კი ადვილად ჩამოირეცხება ტალახი და მტვერი. ხილის კანი ხელსახოცივით ადვილად რომ იწოვდეს ყველაფერს წარმოგიდგენია რამხელა რისკის ქვეშ დადგებოდა ადამიანის ჯანმრთელობა მისი შეჭმის შემდეგ? გგონია ისევ ისეთი გემრიელი იქნებოდა როგორც ახლა არის? მაგალითად ავიღოთ მობილური ტელეფონი, რატომ ვაკრავთ ეკრანზე დამცავ ,,ბრონს“ და ვსვამთ ქეისში? მარტივი მიზეზია, ჩვენ ხომ გვინდა, რომ მობილური ტელეფონი დავიცვათ გარემოფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებებისგან? ეს იქნება ძირს დავარდნა, ეკრანზე წყლის წვეთების მოხვედრა თუ სხვა დანარჩენი, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს უვნებლად საყვარელი ნივთი და ყოველ მეორე კვირას არ გვიხდებოდეს მისი გამოცვლა. ასეა ხილის შემთხვევაშიც, პრიალა ქერქი მისთვის ერთგვარი დამცავი ჯავშნის ფუნქციას ასრულებს და დამატებით რომ იცოდე თუკი რამე ნიტრატია ხილში და ბოსტნეულში ყველაფერი მის კანში იყრის თავს.
-აი, ეგ ყველაფერი რაც ახლა ილაპარაკე მალვინას და ნანას უთხარი თბილისში რომ ჩავალთ, ოღონდ მეც რომ სახლში ვიქნები მაშინ, მათ დაშოკილ სახეებს ნამდვილად ვერ გამოვტოვებ, -სიცილით უთხრა და ხელში ვიბრაცია რომ იგრძნო ტელეფონს დახედა, - შალვა რეკავს, - უპასუხა და რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მობილური ტელეფონი გათიშა.
-როგორ არიან? რაღაც ნამეტანი გაუტკბათ გერმანიაში თაფლობის თვე.
-ზეგ ჩამოდიან, კიდევ უნდოდა მარიამს დარჩენა, მაგრამ სამსახურში ორივეს საქმე გაუფუჭდებათ და წუწუნედნენ ცოლ - ქმარი, თითქოს მე რამის შეცვლა შემეძლოს.
-ანუ, მოეწონათ გერმანია? თავიდან მანდ წასვლა რომ შესთავაზე ცივი უარი გვტკიცეს, იქ რა არის სანახავიო, ახლა კი აღარ უნდათ წამოსვლა.
-ნეტავ საჩუქრებს ჩამოგვიტანენ?
-კარგი დიოტრეფე, პატარა ბავშვი ხომ არ ხარ?
-ამხელა გერმანიაში წავიდნენ და ერთი სუვენირი აღარ დავიმსახურე? ბოლოს და ბოლოს ჩემი შერჩეული ქვეყანაა.
-არ გცხვენია, ამხელა კაცს?
-მინდა საჩუქარი და რა ვქნა?
-ღმერთო ჩემო, მაქსიმესაც კი შენზე მეტი ტვინი ჰქონდა პატარა რომ იყო, -სიცილით დაუდო თეფში რომელზეც გაფცქვნილი ვაშლის ნაჭრები ეწყო.
-მეც ბავშვი ვარ, მაგრამ ზრდასრული.
-ისე, როგორ ამბობდი? გაბრიელს ცოლი არ შეუყვარდებაო? რამდენიმე საათის წინ ისეთმა აღფრთოვანებულმა დამირეკა მამა ვხდები და სიხარულისგან ჭკუაზე აღარ ვარო, რომ მეგონა უცხო ადამიანი მელაპარაკებოდა და ნომერს დავხედე ნამდვილად გაბრიელი იყო თუ არა. ასე მითხრა ყველას დავურეკე და მარტო შენ და დიოტრეფე დამრჩით ახალი ამბავი რომ არ შემიტყობინებიაო. მე იმას უსიყვარულობის ვერაფერი შევატყე ისე მელაპარაკებოდა თათიაზე.
-ცოლად რომ მოიყვანა და ვხედავდი, არ აინტერესებდა, ამიტომ ვამბობდი.
-გახსოვს? ჩვენ გასაცნობად რომ ჰყავდა მოყვანილი თათია, ისე ცივად და აგდებულად ექცეოდა, გაბრიელი კინაღამ შემზიზღდა.
-მერე, მე ხომ ველაპარაკე და ავუხსენი, რომ შეიძლება არ უყვარდა, მაგრამ ცოლის ასე დამცირება უკვე ნამეტანი იყო.
-მიხარია დამოკიდებულება რომ შეიცვალა თათიას მიმართ, ისეთი საყვარელი გოგოა არ იმსახურებს მისგან ასეთ მოპყრობას, ეტყობა თვითონაც მიხვდა დანაშაულს და ახლა ცდილობს გამოსწორდეს. თბილისში რომ ჩავალთ ერთ დღეს ვესტუმროთ და გავახაროთ თათია. რამდენი ხანია თვალით არ მინახავს, ტელეფონითაც არ შევხმიანებივარ, ამ დეპრესიის გადამკიდე ვერ ვახერხებდი დარეკვას.

#################
დილით გაწვიმდა, მაგრამ მალევე გადაიღო, გაზაფხულს რომ ჩვევია ზუსტად ისე, მოულოდნელად და გიჟურად. როგორც კი წვიმა საერთოდ შეწყდა და ჰაერიც მზის სხივებმა გაათბო, მეგიმ ისევ მოისურვა გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერზე ყოფნა.
- აქ რომ ვარ ვგრძნობ, რომ თავისუფლად სუნთქვა შემიძლია, -გაიღიმა, თვალები დახუჭა და სახე მზეს მიუფიცხა.
-მეც იგივეს ვგრძნობ, კიდევ იცი რას ვგრძნობ? მგონი ვიღაც ყოველ დღე ახლიდან მიყვარდება.
-შენ, მგონი დაისიცხე, -სიცილი აუტყდა მეგის.
-ვითომ? -წარბები ზემოთ აზიდა, გაიღიმა და ხელებით ეტლს დაეყრდნო. შემთხვევით თვალი მეგის ზურგს უკან გაექცა და მასში მიძინებულმა ვულკანმა დაიწყო მოქმედება.
-არ ისვენებ, ხომ? -ისე დაიღრიალა, მეგი შიშისგან შეხტა, -სანამ მამაშენის გზას არ გაგიყენებ იქამდე თავს არ დაგვანებებ? - დიოტრეფემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და დაუპატიჟებელ სტუმარს დაუმიზნა.
-ვაიმე, იარაღი თან წამოიღე? არ გინდა გემუდარები, არ ესროლო, -თვალები ცრემლებით აევსო მეგის. გახსოვს რას დამპირდი? მის გამო შენ თავს ნუ დამაკარგვინებ დიოტრეფე, - მეგის ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა.
-არ მესროლო, სალაპარაკოდ მოვედი, უიარაღოდ ვარ, -ორივე ხელები მაღლა აწია ქსანთემ.
-არ მჯერა შენი, მელასავით ცბიერი ხარ. მარტო ხარ თუ შენი ლეკვებიც თან გახლავს?
-არავინ მომიყვანია, სულ მარტო მოვედი, უიარაღოდ.
-აქ რა დაგრჩენია, ხომ ხედავ შენი წყალობით რა დღეშიც ვართ. საკმარისი არ არის და ახლა ჩემი დაინვალიდების ჯერი დადგა?
-ხომ გითხარი, სალაპარაკოდ ვარ მოსული.
-მაშინ თქვი რაც გინდა და წადი.
-გუშინ ჩემი ერთი წლის შვილი მივაბარე მიწას. ჩემმა ცოლმა სულ მკვლელი მეძახა, შენმა ცოდვებმა გვიწია და ბავშვი იმიტომ წაგვართვა ღმერთმაო. ძალიან ბევრი ცუდი ჩავიდინე ცხოვრებაში. შენც ჩემ გამო ხარ მეგი ეტლს მიჯაჭვული, გიყურებ და ვრწმუნდები, რომ მე მართლა ურჩხული ვარ. ვიცი, პატიების თხოვნის უფლება არ მაქვს, იმ ყველაფრის შემდეგ რაც თქვენ დაგიშავეთ, მაგრამ შემინდეთ გთხოვთ, ეს უპატიებელი ცოდვა შემინდეთ. არ მინდა ჩემი უფროსი გოგონაც ვიმსხვერპლო, იმას მაინც გავუწიო ნორმალური მამობა, იმის სიცოცხლით მაინც დავტკბე და გავიხარო, - ცრემლებმა ქსანთეს მზერა დაუბინდეს, -თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიმწარეა შვილის დაკარგვა. რამდენიმე დღის წინ ჩემ დანახვაზე სიხარულით გამორბოდა ხელებგაშლილი და სახეზე მეფერებოდა თავისი პატარა ხელებით, ახლა კი მიწის ქვეშ წევს მისი უსულო სხეული და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მე მიწის ზემოთ ვარ, მაგრამ ეს გარეგნულად, მეც მასთან ერთად დამმარხეს გუშინ. სინდისის ქენჯნა არ მასვენებს, ლამისაა გამაგიჟოს, აყეფებული ძაღლივით ამომძახის შინაგანი ხმა, რომ შვილის მკვლელი ვარ.
-მორჩი სპექტაკლს და მოშორდი აქედან! - დიოტრეფემ იარაღი გადატენა.
-დიოტრეფე, არ გინდა! ვერ ხედავ? ადამიანი განადგურებულია, -მაისურზე მოქაჩა მეგიმ და ცრემლიანი თვალები მიაპყრო.
-ქსანთე, შენ ალბათ წარმოდგენაც არა გაქვს, მაგრამ მე დიდი ხნის წინ გაპატიე. იმიტომ კი არა, რომ ეს შენ გჭირდებოდა, არა, ეს ჩემ სულს ჭირდებოდა. სხვანაირად ვერ გავაგრძელებდი ცხოვრებას, სხვანაირად ბევრად უფრო ცუდად ვიქნებოდი ვიდრე ახლა ვარ. ბოღმიანი და შურისძიებით შეპყრობილი პირველ რიგში საკუთარ თავს დავკარგავდი, გავანადგურებდი და მერე დიოტრეფეს. ხედავ? სადამდე მიგიყვანა შენმა თავქარიანობამ და დაუფიქრებელმა საქციელმა? მიპატიებია, ყველაფერი უკლებლივ მიპატიებია. წადი, ცოლ - შვილს მიხედე, ისინი გააბედნიერე და ნუღარ ეცდები სხვისი ურთიერთობების დანგრევას, ხომ ხედავ კარგი არაფერი მოუტანია ბოროტებას შენთვის.
- ვერ წარმოიდგენთ ამ სიტყვების მოსმენა რამდენს ნიშნავს ჩემთვის. წავალ და იმედია უფალიც შემინდობს, -ამოიოხრა გულგასიებულმა და შავი სვიტრის სახელოთი ცრემლები მოიწმინდა. ქსანთე წავიდა, დიოტრეფე მაინც არ ენდო და უკან გაჰყვა, იქამდე უყურა სანამ მანქანის ხმა ჩიტების ჭიკ -ჭიკმა არ გადაფარა. ის - ის იყო ეზოში უნდა შესულიყო, რომ ფეხი რაღაც რბილს დააბიჯა და ძაღლის გამაყრუებელმა წკავ -წკავმაც არემარე მოიცვა.
-აქ საიდან გაჩნდი პატარა ჯამბაზო? -თავზე ხელი გადაუსვა პატარა, ნაცრისფერ, გაბურძგნულ ძაღლს, მანაც მზრუნველობით გათამამებულმა ხელების ლოკვა დაუწყო დიოტრეფეს, -წამოდი, მეგი უნდა გაგაცნო, ჩქარა ცუგა, ჩქარა! -ძაღლიც გახალისებული, კუდის ტრიალით გაჰყვა უკან.
-წავიდა?
-კი, წავიდა!
-ვაი, ეს რა საყვარელი არსება მოსულა ჩვენთან? - სახე გაუბრწყინდა მეგის.
-ძაღლი რომ მიხვდა მასზე ლაპარაკობდა, მის ფეხებზე წინა თათებით შედგა და რამდენჯერმე დაუყეფა.
-რაო გაწეწილო, მიბრაზდები? -ყურზე მოქაჩა მეგიმ, ძაღლმა თავდაცვის მიზნით კბილები გამოაჩინა და მის ხელს წაეპოტინა, მაგრამ მეგიმ ხელის უკან გაწევა მოასწრო, -როგორი ბრაზიანი ცუგა ყოფილხარ, აბა, შენი თვალები დამანახე? -თავი ააწევინა ძაღლს და გულიანი სიცილი ატეხა, -დიოტრეფე, ამ ძაღლს შენსავით მუქი ლურჯი თვალის ფერი აქვს, მარტო თმის ფერი გაქვთ ორივეს სხვადასხვა, ასე რომ არ იყოს ვიფიქრებდი, რომ შენი ტყუპისცალი გამოჩნდა, -უფრო ხმამაღალ და გულიან სიცილს მოჰყვა მეგი. დიოტრეფე გახევებული იდგა და ხმას ვერ იღებდა, იმ წუთას მისი ცოლი ძალიან უდარდელი ჩანდა, დიოტრეფეს ასეთი მეგი დიდი ხანია არ ენახა. ემოციებს ვეღარ გაუმკლავდა, მუხლებში ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა,
-დიოტრეფე, რა მოგივიდა?! -შეშინებულმა მეგიმ ძაღლთან თამაში შეწყვიტა და დიოტრეფესთან ახლოს მივიდა, -შემომხედე, ცუდად ხარ? ნუ მაშინებ დიოტრეფე, ჩამოიღე ეს დალოცვილი ხელები სახიდან!
-კარგად ვარ, ნუ გეშინია, -სახიდან ხელები მოიშორა და მის გაყინულ ხელს აკოცა.
-შიშით კინაღამ გული გამიხეთქე, გაგიჟდი?
-შვიდი წელია ძალ - ღონეს არ ვიშურებ, რომ შენ სახეზე ოდნავი ღიმილი მაინც დავინახო და ამ პატარა ძაღლმა სულ რაღაც წამებში ის შეძლო რაც მე ამდენი წლის განმავლობაში ვერ შევძელი, წამებში გაგაბედნიერა.
-არა ხარ შენ ნორმალური, როგორ შემაშინე, ასე შეიძლება ადამიანო?! -ძაღლმა უყურადღებობა რომ ვერ აიტანა დიოტრეფეს და მეგის შორის შეძვრა, ჯერ ორივეს დაუყეფა, შემდეგ მეგის კედებს კბილებით წაეტანა და ღრღნა დაუწყო.
-ეს რა შურიანი ვინმე ყოფილა? კარგი ცუგა, კარგი ცუგა, -ხელით ეფერებოდა დიოტრეფე, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა და მეგის კედს კბილებით თავისკენ ეწეოდა. ვერაფერს რომ ვერ გახდა ახლა შარვლის ტოტს დაწვდა და კბილები კარგად ჩაუჭირა. მეგის სახეზე ფერი დაეკარგა, - გადი ძაღლო, ასე მთელ ტანსაცმელს დაუხევ, -დატუქსა ძაღლი დიოტრეფემ, კისერში ხელი წაავლო და გვერდით გადასვა.
- შემცივდა, ჯდომითაც დავიღალე, გთხოვ, ოთახში ამიყვანე, რომ წამოვწვე და დავისვენო, -უთხრა მეგიმ და დამშვიდებას შეეცადა. სახლში რომ შევიდნენ, უკან ადევნებულ ძაღლს კარებში ფეხი დაუდო დიოტრეფემ და არ მისცა შიგნით შესვლის უფლება.
-უპს. პატარა ჯამბაზო, აქ შემოსვლა არ შეიძლება, თუ გინდა ეზოში ითამაშე. შენ ისეთი ცელქი ჩანხარ სახლში ყველაფერს დაღრღნი და გააფუჭებ, -ფეხით, გვერდით გააცურა ძაღლი და კარები დაკეტა. დიდხანს აფხაკუნა ძაღლმა თათები კარებზე და არავინ რომ არ გამოეხმაურა მალევე მოცილდა ადგილს და კუდის ტრიალით ეზოს შესწავლა დაიწყო. დასაძინებლად დაწოლილი მეგი მოუსვენრობამ შეიპყრო, ჩაეძინებოდა თუ არა მაშინვე ეღვიძებოდა. აქამდეც უგრძვნია კიდურებში რაღაც, მაგრამ ახლა აშკარად იგრძნო ძაღლის კბილები კოჭთან და მოსვენება სულ დაუკარგა იმაზე ფიქრმა, რომ შეიძლება მალე გაევლო. მერე მოძღვრის სიტყვები გაახსენდა, სახარებიდან რომ ამოიკითხა ამბიონზე მდგარმა: ,,- მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. " (ლუკას სახარება - თავი 18.)
-იქნებ, მეც შევძლო გავლა? იქნებ, ჩვენთანაც მოხდეს სასწაული? -მძინარე დიოტრეფეს გადახედა და ცრემლები გადმოსცვივდა, თმებზე ფრთხილად გადაატარა ხელი და შუბლზე სულ ოდნავ შეახო ტუჩები, -ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ შენ, -ჩუმად, თავისთვის დაიჩურჩულა, მაგრამ წამიც არ იყო გასული მისმა ხმამ რომ გაჰკვეთა სიჩუმე და პასუხი დაუბრუნა.
-მეც მიყვარხარ! -მეგის მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა, გული კი ლამის საგულედან ამოუხტა.
-ღმერთო, ეს რა ჩვევა გაქვს დიოტრეფე?! ხან ისე გძინავს კაცი გონში ვერ ჩაგაგდებს და ხან რამდენჯერ ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ ისიც კი გესმის. გამიგია კაცები სანამ კარგად არ გამოფხიზლდებიან ნათქვამს ვერ აღიქვამენო და შენ რა ხარ ასეთი ინდივიდი? გადამიტრიალდა შიშით გული.
-ეგ მფარველ ანგელოზებს არ გვახასიათებს. ისე, რატომ გაგეღვიძა ამ შუაღამისას, წყალი ხომ არ გინდა მოგიტანო?
-არა, არ მინდა წყალი.
-აბა, რა გინდა?
-ფეხზე რომ გავიარო.
-მეგი, ისევ თავიდან არ დაიწყო! ჩვენ ხომ ბევრჯერ გავარჩიეთ ეგ თემა და უკვე გავცვითეთ ამდენი ლაპარაკით.
-არაფრის დაწყებას არ ვაპირებ თავიდან! ყოველ დღე ახალი შეგრძნებები მაწუხებს კიდურებში, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძაღლის ეშვი კოჭთან ნამდვილად ვიგრძენი, ახლაც იმიტომ გამომეღვიძა, რომ ყრუ ტკივილს ვგრძნობდი, რომელმაც მალევე გადამიარა. ან მართლა მიბრუნდება მგრძნობელობა ან ვგიჟდები დიოტრეფე.
-ყველაფერი კარგად იქნება, არ გიჟდები, უბრალოდ ზედმეტად ემოციური გახდი ამ ბოლო დროს და ისე გინდა გავლა, რომ უკვე რაღაცები გეჩვენება. შიშები დაგჩემდა და თავს ვეღარ აკონტროლებ. გამუდმებით იმაზე ფიქრობ, რომ ვერ დადიხარ და ტვირთად აწვები ყველას. თავს იტანჯავ და ჩემზე საერთოდ აღარ ფიქრობ, როგორ მტანაჯავ ამ შენი აკვიატებებით, ან იქნებ ეგოისტურად გსიამოვნებს ჩემი ტანჯვის ყურება და სამაგიერო გინდა მომიზღო, რომ ჩემ გამო ხარ ეტლს მიჯაჭვული?
-რას ამბობ? ეგ როგორ მოგივიდა თავში?
-აბა, სხვა რა ვიფიქრო? მალე ალბათ ეჭვიანობასაც დაიწყებ ჩემზე, ხომ არ მღალატობსო და დეტექტივს დაიქირავებ ჩემ სათვალთვალოდ, რომ ვის დაველაპარაკები დღის განმავლობაში ფოტოები გადამიღოს და შენ გამოგიგზავნოს.
-გეყოფა, გულს მტკენ, ამ სიტყვებით!
-მეც მტკენ გულს, არასწორი საქციელით. გაფრთხილებ, ან თავიდან მოიშორებ უაზრო ფიქრებს და იმ მეგის დამიბრუნებ ადრე რომ ვიცნობდი ან არ ვიცი რას ვიზამ, მე უკვე მეტის ატანა აღარ შემიძლია. ქვემოთ ჩავალ და ჩემ ოთახში დავიძინებ, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, ტელეფონი თან მიმაქვს, -სწრაფად წამოხტა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა. დილით ტუმბოზე დადებული ტელეფონის ვიბრაციის ხმამ გააღვიძა მეგი.
-გისმენ, ლილი!
-მეგი, შენთან მინდა მოსვლა, კაბა უნდა ვიყიდო და ფერი ვერ ამირჩევია რომელი უფრო მომიხდება, ერთ -ორ საათში რომ გამოგიარო გეცლება?
- სოფელში წამოვედით მე და დიოტრეფე, სამსახურში თუ რამე საჩქარო არ გამოუჩნდა ცოტა ხნით აქ დავრჩებით.
- რა მაგრები ხართ, მეც მინდა სოფელში. ერთი სული მაქვს ზაფხული მალე მოვიდეს, რომ ჩემმა ვაჟბატონმაც აიღოს შვებულება და სადმე წავიდეთ დასასვენებლად, ამ ტყიური ბავშვის ხელში გამინადგურდა ნერვები. ახლავე დადე, არ შეიძლება მაგის აღება. მოსაკლავი არ არის ახლა?
-დაანებე თავი, პატარაა და ცელქობს.
-პატარაა, მაშ კაცო! გადმომიყარა მთელი კომოდის უჯრები და იქექება ტანსაცმელში. ახლაც ჩემი შავი კაბა აქვს შემოხვეული, დააფრიალებს აქეთ - იქით და ყვირის ზორო ვარო. ალბათ მალე გავრეკავ, ნათელამ თქვა სულ ირაკლის პატარობას მაგონებსო. რაღა მამას დაემსგავსა, მე მაინც მგვანებოდა, ბავშვობაში ბულკივით გოგო ვყოფილვარ, არაფერს მე არ ვაფუჭებდი და ვიყავი თურმე ჩემთვის წყნარად, იქამდე სანამ არ წამოვიზარდე და სკოლაში არ მივედი. კარგი, კარგად იყავი, დიოტრეფეს მოკითხვა, უნდა მივხედო ბაჩოს, თვალის ,,წენებში“ წაყო თითები და თხრის. გაუშვი მაგას ხელი! მე ქალი არ ვიყო, თუ არ დაგთხაპნო გოგოსავით, -გაისმა ლილის ყვირილი და მობილური ტელეფონიც გაითიშა.
-რა კარგები არიან, -თავისთვის ჩაილაპარაკა მეგიმ და გაეღიმა.
-რა უნდოდა ლილის? -ბალიშიდან თავი ამოყო დიოტრეფემ და თვალები გაახილა.
-რაო და კარგად ეძინა ქვედა სართულზე დიოტრეფესო?
- უჰ, საერთოდ ვერ დავიძინე, უძილობისგან გასკდა თავი და ამოვედი ისევ.
-ჰოო? რა ვიცი კი განმიცხადე დიდის ამბით ჩემ ოთახში უნდა დავიძინოო და გავარდი თავქუდმოგლეჯილი.
-მერე დავიძინე? ხომ ამოვედი ისევ!
-ძალიან კარგი, რომ ვერ დაიძინე, ყველას შენნაირად უნდა დაემართოს. გგონია მე მეძინა? არც მე მომეკარა ძილი და სანამ ნერვიულობით არ დავიღალე იქამდე ვერ მოვხუჭე თვალი, ისიც როდის ჩამეძინა ღმერთმა იცის. ყველა ვის გამოც ვერ იძინებს მეორე ადამიანი ღირსია, რომ მასაც არ დაეძინოს.
-ეგ რა სიბოროტეა? ახლა ჩემზე ვიღაც ქალი რომ ფიქრობდეს მე ღამე მის გამო ვერ უნდა დავიძინო?
- მე ვიგულისხმე ცოლი ან შეყვარებული, ნუ გადაწვდი უცხო ქალებს! რატომ უნდა იფიქროს ჩემ ქმარზე ვიღაც ქალმა? -გაბრაზდა მეგი.
-ფრთხილად მეგი, ბრაზისგან არ აფეთქდე.
- ჰმ, დამცინის კიდეც! წავალ საუზმეს მაინც მოვამზადებ, თუ არა და ვატყობ მართლა ავფეთქდები შენ ხელში, -საბანი გადაიძრო და წამოიწია, მაგრამ მერე ისევ ცივად გადაიფარა, -ვიწვები! -ძლივს ამოიტანა ყელიდან ხმა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-მეგი!
-არ გინდა გთხოვ! არაფრის თქმა არ გინდა. ყველაფერი ისედაც ნათელია, მიჭირს, მაგრამ გპირდები, შევეგუები და ტყუილ იმედს აღარ ჩავებღაუჭები, -სახეზე ხელებაფარებული, მოგუდული ხმით ლაპარაკობდა მეგი და ცრემლები ისე ახრჩობდნენ სუნთქვაც კი უჭირდა. დიოტრეფე სწრაფად გაჩნდა მის მხარეს, ხელში აიყვანა, კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოში მაგიდაზე შემოსვა, თვითონ კი მაცივრიდან პროდუქტის გადმოლაგებას შეუდგა.
-იმედია რამე გემრიელს მოამზადებ.
-ნორმალური ხარ ახლა შენ? -თან უბრაზდებოდა, თან სიცილს ვერ იკავებდა, -ასე ღამის პერანგით და ხელ - პირდაუბანელი ვინ აკეთებს საჭმელს?
-ვინ და ჩვენი ერთი გარენათესავი, დილით ადგება, შევარდება სამზარეულოში, გააკეთებს საჭმელს, მერე შეჭამს, გამოვა და სამსახურში წასასვლელად ემზადება.
-ფუუ, რა საზიზღრობაა? -დაიჯღანა მეგი.
- შენ ის უნდა ნახო წყლის ჭიქას რომ გადმოგიღებს კარადიდან და საუკუნის მტვერი რომ ადევს. გამჭვირვალე წყალი უცებ ყავის ჭიქის მონავლებს ემსგავსება.
- არ მჯერა, ასეთი უსუფთაო ვინ არის, კარგი რა?
-თბილისში რომ ჩავალთ აუცილებლად წაგიყვან მის გასაცნობად და თვითონ დარწმუნდები.
-არა, იყოს, ნუ შეწუხდები.
-რა ვიცი, ძალიან კი დაინტრესდი.
-ამიყვანე ოთახში, მოვწესრიგდები და ისე მოვამზადებ საუზმეს, მაგიდაზე შემომჯდარს თავი საქორწილო მანქანის კაპოტზე დამაგრებული თოჯინა მგონია.
-შენ არ დაიწუწუნე, საუზმე უნდა მოვამზადოო? მოკლედ, ამ ქალებს ხომ ვერაფრით გასიამოვნებთ კაცი, -თვალები გადაატრიალა და მეგისთან ერთად მეორე სართულზე დაიწყო ასვლა. ბუზღუნა და წუწუნა უნდა გერქვას შენ, მეგი კი არა.
-გითხრა შენ რა უნდა გერქვას?
-ვიცი უკვე, ყველაზე საყვარელი, სათნო და სათუთი.
-კი, როგორ არა, სისათუთე ხარ პირდაპირ. განსაკუთრებით მაშინ, რამეზე, რომ გაბრაზდები და ღრიალებ დაჭრილი ლომივით.
-მთლად ასეთი ცუდიც არა ვარ, სულ ნუ გამასწორე მიწასთან.
-მაშინ მოგიწევს მომეხმარო საუზმის მომზადებაში, თბილისში კი არ ხარ ადვილად გამოძვრე.
-გეკადრება მეგი? ამ მზარეულ კაცს მაგას როგორ მკადრებ? შენ მარტო მითხარი და ყველაფერს თვითონ მოვამზადებ, შენ თითსაც არ დაგაკარებინებ.
-სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ დამვიწყებია ნიგვზის საყიდლად რომ გაგზავნა ბებომ და ღამის ორზე ნასვამი, ძლივს რომ მობანცალდი.
-მე? როდის იყო ეგ, შემახსენე?
-როდის და თაზოს მეხუთე ბავშვი რომ შეეძინა და ისეთი გახარებული იყავი მეც კი დაგავიწყდი.
-არ მახსოვს! -დიოტრეფემ, სიცილით მიატრიალა გვერდით თავი.
-არ გახსოვს, თუ მაგ სირცხვილის გახსენება არ გინდა? კიდევ კარგი მამაშენმა მოიტანა ბოსტნეულთან ერთად, მალვინა ბებომ იმდენი ინერვიულა წნევამ აუწია.
-როგორ არაფერი არ გავიწყდება? ერთი დანაშაული აღარ მაპატიო.
-როგორ ვაკადრეთ ამხელა სამხედრო პირს საყვედური. მომიტევეთ მე უგუნურს თქვენი სინდისის შეშფოთება.
- შენ, ხარ ჩემი შავთვალება ფისუნია.
-არასერიოზულო!
-დიახ, არასერიოზულიც ვარ და...
-და რა? მიდი თქვი.
-და და და დაამ. დამავიწყდა რა უნდა მეთქვა, ხომ ხედავ როგორ მაბნევ.
-კარგი, დაგელოდები როდის გაიხსენებ.
-დაგელოდები, თვით საუკუნოდ დაგელოდები...
-რა გჭირს შენ დღეს? -გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ.
-რა მჭირს?
-რაღაც ძალიან გესიყვარულგელექსება.
- აბა, ვიყვირო?
- უი, არა! მაშინებს მაგ დროს შენი ყურება.
-მართლა? ვეცდები აღარ შეგაშინო.
-რა მატყუარა ხარ, დიოტრეფე!
-ახლა მატყუარაც გავხდი? დიდი მადლობა!
-ჩემი პირადი მატყუარა ხარ, დიოტრეფე! -გაუღიმა მეგიმ.
-ოოო, ეგ უკვე მომწონს.

##############
მავთულებისგან დაწნულ ღობეზე მწვანე სურო (ფათალო) გადაფენილიყო და შორიდან ლამაზად მოქარგულ ხალიჩას წააგავდა. პატარა ჯამბაზი კუდის ტრიალით მიუახლოვდა, მიწა დაყნოსა და წამოკოტრიალდა. იქვე ბუდე იყო, საიდანაც ჭიანჭველების ნაკადი არ წყდებოდა, როგორც კი თვალი მოჰკრა მაშინვე ახლოს მიიწია და თათი დააფარა. ჭიანჭველებმა ბუდეში ჩასაძრომი რომ ვერ ნახეს მის თათზე დაიწყეს ასვლა, დანახვისთანავე დაუყეფა არასასურველ სტუმრებს და კბილებით მათი დაჭერა სცადა, მაგრამ დაჭერის ნაცვლად ერთ - ერთი გრძელ ულვაშზე ააცოცდა და უკბინა. გამწარებულმა ძაღლმა ერთი დაიწკმუტუნა და ცხვირზე თათები ჩამოისვა, ამ დროს ბუჩქებიდან პატარა ნაცრისფერი თაგვი გამოძვრა, ძაღლის დანახვაზე კი მოჭრილ, ხმელი თუთის ძირს შეაფარა თავი. ძაღლმა როგორც კი თაგვის სუნი იგრძნო ჭიანჭველებს თავი დაანება, დაბლა დაწვა და თათებით წინ სვლა დაიწყო. თაგვმაც იგრძნო საშიშროება და სახლის კუთხისკენ მოკურცხლა, ძაღლი ყეფით ეადევნა და სანამ თაგვი დამალვას მოახერხებდა კბილები სტაცა. ცოტა ხნით მკვდარი თაგვით თამაშობდა, მერე ისიც რომ მოწყინდა ეზო მოათვალიერა და გარეთ გამოსული მეგის დანახვაზე თაგვიანად მისკენ მოკურცხლა. ახლოს მივიდა, თაგვი ფეხსაცმელზე დაუდო, მის წინ დაჯდა და ყურადღების მისაქცევად დაუყეფა. მეგის ფეხსაცმელზე დახედვა და კივილი ერთი იყო, დიოტრეფე გულგახეთქილი გამოვარდა სახლიდან, სიცილით მოაშორა თაგვი და ძაღლს, რომელსაც ვერაფერი გაეგო რა ხდებოდა თავზე მოეფერა. პატარა ჯამბაზს პატრონის მხრიდან ყურადღება ესიამოვნა და მიწაზე გადაკოტრიალდა, დიოტრეფემ რომ უთხრა გეყოფა თამაშიო წამოხტა და მის გარშემო სირბილი დაიწყო. საიდანღაც ნიავისგან მოტანილმა ბაბუაწვერამ ჩაუფრინა და კბილების კაკუნით აედევნა დასაჭერად. მეგი სიცილს ვერ იკავებდა კრაზანასთან მებრძოლი რომ შენიშნა, მაინც ვერ მოისვენა ძაღლმა, გადაგდებულ ჟანგიან კონსერვის ქილას მიაგნო, შიგ თავი შეყო და იქ მობინადრე შავ ობობას ყეფით სიმყუდროვე დაურღვია. ყველაფრით რომ დაიღალა ხის ჩრდილში წამოწვა და თვალები დახუჭა, მოშორებით ჩიტები ისხდნენ ბლის ტოტზე და ნაყოფს მიირთმევდნენ, ზოგი ხის ძირში ჩამოყრილ ნაყოფს კენკავდა და ჟღურტულებდა. ჯერ შორიდან დაზვერა სიტუაცია, მერე უცებ წამოხტა, ყეფით გაიქცა ბლის ხის ძირისკენ და ჩიტები შეაშინა. რამდენჯერმე წრეც დაარტყა ხეს, მის ძირში წამოწვა, დაბლა დაყრილი მწიფე ნაყოფი თვითონაც დააგემოვნა და თავისი საქციელით ნასიამოვნებმა წყვილს გახედა, რომლებიც სიცილისგან სულს, ძლივს ითქვამდნენ. ერთი - ორჯერ კიდევ დაიყეფა თავის უპირატესობაში დარწმუნებულმა, ხის კენწეროში მჯდარ ჩიტებს ახედა და თავი თათებზე დადო.

##############
ყოველ დღე მეგის ფეხებში ახალი შეგრძნებები აწუხებდა, ხან თითქოს ჭიანჭველები კბენდნენ, ხანაც თითქოს ვიღაც ნემსებს ურჭვამდა, მაგრამ ეს შეგრძნებები წუთსაც კი არ გრძელდებოდა. დიოტრეფესთან ამის შესახებ ხმა აღარ ამოუღია, თავის ფანტაზიას მიაწერა და ბედს დაემორჩილა. უკვე მეთორმეტე დღე იყო რაც სოფელში იყვნენ, ძალიან ბევრი რამე შეცვალა ქალაქის ხმაურიანი რეჟიმიდან გაცლამ. ახლა უკვე ორივეს დამშვიდებული სახეები ჰქონდათ, აღარ იგრძნობოდა მათ მზერაში ტანჯვა. მათ ცხოვრებაში მოულედნელად შემოჭრილმა პატარა ძაღლმა კი ყოველდღიური სიხალისე შეჰმატა ორივეს. მეგი, სამზარეულოში წყლის დასალევად შევიდა, მაგიდაზე დადგმული ხუთ ლიტრიანი წყლის ბალონი მეტისმეტად შორს იდგა რომ მიწვდომოდა, ბევრი იწვალა და როცა ახლოს მიაცურა, რომ თავსახური მოეხადა და ჭიქაში ჩამოესხა, წყლის ბალონი ხელიდან გაუსხლტა და სახურავის მხრიდან დაეცა ფეხში.
-ვაი, რა მტკივნეულია, -დაიყვირა და სიმწრის ცრემლებით ეავსო თვალები.
-მეგი, რა მოგივიდა? -სამზარეულოში შეშინებული დიოტრეფე შემოვარდა, -რა მოხდა, რა გეტკინა?
-ფეხი მეტკინა, წყლის ბალონი გადმოვარდა და სახურავის მხრიდან დამეცა. ღმერთო როგორ მტკივა, ახლა სულ გამილურჯდება და ვინ იცის როდის მომირჩება. აი, მისივდება მგონი, ძვალი არ მქონდეს გაბზარული დიოტრეფე, კიდევ ეს მინდა ამ ინვალიდს? ჩქარა ყინული გამოიღე, ფეხზე უნდა დავიდო, -სიტყვები ერთმანეთს მიაყარა გამწარებულმა მეგიმ. გაშტერებული დიოტრეფე ადგილიდან არ იძვროდა, მეგიმ რომ გაიაზრა რაც მოხდა ზედმეტი ემოციისგან პირზე ხელი აიფარა. დიოტრეფე მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა, აკანკალებული ხელები ფეხზე მოჰკიდა და მთელი ძალით მოუჭირა.
-ვაიმე დედიკო, გამიშვი, მეტკინა. ფეხის ძვალი გინდა გადამიმტვრიო?! -სიმწრისგან აკივლებულმა დიოტრეფეს ხელში ჩაარტყა.
-მეორეშიც გრძნობ რამეს? -ხელი ახლა მეორე ფეხისკენ წაიღო.
-არ მატკინო! -შეშინებულმა წამოიყვირა. დიოტრეფემ ორივე ფეხზე გახადა ფეხსაცმელი და მის თითებს შეეხო.
- ასე გრძნობ რამეს?
-ვგრძნობ! დაუჯერებელია, მგრძნობელობა დამიბრუნდა ფეხებში, -მეგი ფეხის თითებს ამოძრავებდა და გაბრწყინებული ხან ფეხის თითებს აკვირდებოდა როგორ მოძრაობდნენ მონაცვლეობით, ხანაც თვალებგაფართოვებულ დიოტრეფეს. რამდენიმე წუთის შემდეგ შეშინებული და ფერდაკარგული მეგი არანაკლებ შეშინებულ დიოტრეფეს ეყრდნობოდა და სამზარეულოში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
-არ მჯერა, მგონია, რომ ეს ჩვენ თავს არ ხდება დიოტრეფე.
-ჯერ მეც სიზმარში მგონია თავი. დავჯდეთ, მეშინია არ გადამივარდე, ძალიან ვნერვიულობ, -ცოტა კიდევ გაიარ - გამოიარა მეგიმ, მერე დიოტრეფემ ისევ ეტლში ჩასვა, თვითონ კი ეზოში გამოვიდა მობილური ტელეფონით ხელში.
-დამლოცეთ მამაო, დიოტრეფე ვარ.
-ღმერთმა დაგლოცოს! - გაისმა მოძღვრის მშვიდი ხმა.
-მამაო, მეგის ფეხებში მგრძნობელობა დაუბრუნდა და გაიარა. გესმით რამხელა სასწაული ხდება ჩვენ თავს? ისეთი გახარებული ვარ არც კი ვიცი რა გავაკეთო. ბედნიერებისგან მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო და ემოციებისგან გავთავისუფლდე. შვიდ წლიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ სასწაული მოხდა და მან დღეს პირველი ნაბიჯები გადადგა.
-დიდება შენდა ღმერთო. გილოცავ შვილო, ძალიან გამიხარდა თქვენი კარგი ამბის გაგება. გახსოვს რა გითხარი? რაც უფრო მეტად დაუახლოვდები უფალს მით მეტ სასწაულს იხილავ თქო. მთავარია მისი ირწმუნო და სასწაულიც არ დააყოვნებს. დიოტრეფე, უფლის სახლში დადებული ფიცი ხომ არ დაგვიწყებია?
-მამაო, მაგას რა დამავიწყებს?
-ყოველთვის გახსოვდეს რა შეჰფიცე შემოქმედს, ხომ ხედავ რამხელა წყალობა მოიღო თქვენ ოჯახზე. მეგის გაუფრთხილდი და იცოდე გელოდებით ჯვრის დასაწერად, თქვენი ქორწინება ზეციდან უნდა აკურთხოს უფალმა.
-აუცილებლად მოვალთ მამაო, კარგად ბრძანდებოდეთ.
-თბილისში როდის მივდივართ? -კარის სახელურს ჩაბღაუჭებულ მეგის შიშნარევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ნუ გეშინია, მყარად დადექი და არ გადავარდები, -დიოტრეფემ მასთან მიირბინა და გვერდში ამოუდგა, მეგიც მას დაეყრდო.
-თავბრუ მეხვევა და მეშინია, რომ დავეცემი.
-გიჭერ, ხომ იცი, რომ ხელს არ გაგიშვებ, თამამად დამეყრდენი მხარზე.
- როცა შენ გეყრდნობი, არაფრის შიში აღარ მაქვს.
-გინდა დღესვე დავბრუნდეთ?
-ერთი სული მაქვს ახალ ამბავს როდის შევატყობინებთ ყველას, მაგრამ დღეს აქ დავრჩეთ და ხვალ ადრიანად წავიდეთ, უკვე გვიანია, თან წვიმს, ხომ იცი შეიძლება უფრო გაძლიერდეს და არ მინდა წვიმაში ვიმგზავროთ.
-როგორც შენ იტყვი, იყოს ხვალ, რა პრობლემაა?
-სად გაქრა პატარა ჯამბაზი? -ინტერესით მოათვალიერა გარემო მეგიმ.
-მეც ეგ უნდა მეკითხა. ცუგა, ცუგა, ცუგა, სად წახვედი? კედელს დაეყრდენი, მე ახლავე მოვალ, -დიოტრეფემ სახლს შემოუარა, ბევრი ეძახა, მაგრამ თითქოს ძაღლი აორთქლდაო, მეგის წინ გაჩერდა და მხრები აიჩეჩა, -არსად არ არის, შევიდეთ სახლში, ალბათ ჯამბაზმა ახალი მეგობარი იპოვა, -როგორ მოულოდნელადაც გამოჩნდა, ისევე მოულოდნელად გაქრა მათი ცხოვრებიდან პატარა, გაწეწილი, ნაცრისფერი, ლურჯთვალებიანი ძაღლი, რომელმაც ორი ადამიანის ცხოვრებაში სიცოცხლის სურვილი გააღვივა.

############
თეთრ კაბიანი და შარვალ - კოსტუმიანი წყვილი ტაძრის ეზოში მიაბიჯებდა, მეჯვარეებთან ერთად, რომელთაც უკან ხალხის ნაკადი მიჰყვებოდა.
-მოხვედით როგორც იქნა?
-დაგვლოცეთ მამაო! -წყვილმა თავი დაბლა დახარა.
-ღმერთმა დაგლოცოთ. იცი, რომ დარეკვიდან მთელი თვე გავიდა დიოტრეფე? უკვე წკეპლას ვამზადებდი თქვენ ორისთვის, მაგრამ მერე ღვთისმშობლის ხატთან დაჩოქილმა ვილოცე, დავმშვიდდი, გაბრაზებამ გადამიარა და მოთმინებით დავიწყე თქვენი ლოდინი, როდის მესტუმრებოდით, -ღიმილით შეიპატიჟა მოძღვარმა ტაძარში გამხიარულებული წყვილი და მათი თანმხლებები, რამდენიმე წუთში კი ჯვრისწერის ცერემონიაც დაიწყო.

##############
13 წლის შემდეგ.
-დედა, ადრიანეს უთხარი მანდარინს მართმევს და თვითონ ჭამს.
-დედიკო, მე ყველა მჟავე შემხვდა, რატის კი ყველა ტკბილი.
-ადრიანე, შენც სხვა გაფცქვენი თუ მჟავე შეგხვდა.
-არ მინდა! მე რატის გაფცქვნილი ტკბილი მანდარინი მინდა.
-დედა, მეც მინდა მანდარინის ჭამა, ყველა ადრიანემ შემიჭამა, მე რაღა ვჭამო? აღარ ხარ შენ ჩემი ძმა.
-დედა, უთხარი რატის, შენი ძმა აღარ ვარო. ხარ ჩემი ძმა!
-არა ვარ!
-ხარ!
-მაშინ რატომ წამართვი ჩემი გაფცქვნილი მანდარინები და რატომ შეჭამე? -გაცხარებული ბავშვი თვალებს უბრიალებდა ძმას.
-მინდოდა და იმიტომ.
-გეყოთ ბავშვებო გაუთავებელი ჩხუბი. აბა, ჩქარა დასხედით მაგიდასთან, ფაფა გელოდებათ. იცოდეთ, მშივრებს სასეირნოდ არ წაგიყვანთ.
-გუშინ მამიკომ ფაფა არ შეჭამა.
-ამიტომაც არ წავიყვანეთ სასეირნოდ და სახლში დავტოვეთ.
-რატი, მე და შენ ბოლომდე შევჭამოთ ფაფა და დედა სასეირნოდ წაგვიყვანს.
-და კიდევ, მეორედ თუ ვინმეს დაბეზღებას დააპირებთ არც სასეირნოდ წაგიყვანთ და ფაფის გარეშეც დარჩებით ორივე. გასაგებია?
-ადამიანების დაბეზღება ცუდი საქციელია დედა? - იკითხა რატიმ და ლურჯი თვალებით მიაშტერდა დედას.
-ძალიან, ძალინ ცუდი საქციელია.
- ადრიანე, დაიმახსოვრე მე რომ კანფეტებს ჩუმად შევჭამ შენ არ უნდა უთხრა არავის, გასაგებია? -მიუტრიალდა ძმას და თავის ჭკუით დაარიგა. მერე სკამებზე შემოსკუპდნენ და კუთვნილი ფაფა წამებში გადასანსლეს.
-დედიკო, მე ვაშლის წვენი მინდა, ფორთოხლის არ დამისხა, არ მომწონს.
-მეც მინდა ვაშლის წვენი.
-შენ ხომ ფორთოხლის გიყვარს?
-ისიც, რომ მჟავე შემხვდეს მანდარინივით, მერე?
-კარგი, კარგი, დაგისხამთ ორივეს ვაშლის წვენს. ამდენი ხმაური და აყალმაყალი რა საჭიროა? იცოდეთ ამოვა მაყვალა ბებო და გაგვიბრაზდება.
- დედა, მაყვალა ბებო, ყველაფერზე გვიბრაზდება.
-მაყვალა ბებო, ტყუილად არავის უბრაზდება. გუშინ მისი კატა რომ დაასველეთ არც მაგაში იყავით დამნაშავენი?
-დედიკო, შენ ხომ გვითხარი ცხოველებსაც ჭირდებათ ბანაობაო. ადრიანემ დაინახა ნაგვის ბუნკერიდან რომ ამოვიდა, ეზოში გავაბანეთ და ისე შევუგდეთ ფანჯრიდან. ჭუჭყიანი თათებით რატომ უნდა შესულიყო სახლში? წითელ ხალიჩას დაუსვრიდა მაყვალა ბებოს.
-დაანებეთ საცოდავ კატას თავი, ნუ აწვალებთ და ბებოც აღარ გაგიბრაზდებათ. დავუშვათ მაყვალა ბებო ტყუილად გეჩხუბათ, იმ გოგოებს რაღას ერჩოდით ჯოხებით რომ დასდევდით საცემად?
-არ გვეთამაშებოდნენ გოგოები.
-როგორ უნდა ეთამაშათ თქვენთან, ჯოხებით დასდევდით.
-დედა უთხარი დაიკოს, რომ მალე გამოვიდეს შენი მუცლიდან და გვეთამაშოს, ქეთოს სულ სასწავლი აქვს და ოთახიდან გვყრის როდესაც შევდივართ, -შეწუხებულმა შეხედა ბავშვმა დედის მუცელს.
-მალე გამოვა დე, მალე, ნუ ნერვიულობ.
-გავიქეცი დედა სკოლაში, -ნაჩქარევად აკოცა ლოყაზე მეგის იმ წამს სამზარეულოში შემოსულმა უფროსმა შვილმა და წასვლა დააპირა.
-ქეთევან, ხომ გახსოვს გუშინ რაზე შევთანხმდით?
-მახსოვს დედა, მახსოვს. დაიკოს ხათრით არც ცხვირი უნდა გავუტეხო ვინმეს და არც თავი. მაგრამ დედა...
-ქეთევან, შენ დამპირდი, არ დაგავიწყდეს! შეიძლება ყოველ ორ დღეში ერთხელ დირექტორის კაბინეტში ვიდგე? ამხელა მუცლით აღარ შემიძლია წინ და უკან სიარული, თანაც დაგავიწყდა, რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება? ცოტა მეტი მოთმინება გმართებს.
- კალმისტარში ჩადებული დორბლიანი ქაღალდებით რომ მივსებენ ჩემი კლასელი ბიჭები თმებს ეგ მოსაწონია და უნდა მოვითმინო? მადლობაც ხომ არ გადავუხადო სათითაოდ?
-სხვანაირად რომ მოაგვაროთ, არ შეიძლება?
-დედა, ყველას შენ რომ გყავდა ისეთი კარგი კლასელები კი არ ჰყავს? ტყიდან გამოვარდნილ ნადირებს ჰგვანან, მაგათ ოჯახში აღზრდის არაფერი ეტყობათ, როგორც იმსახურებენ მეც ისე ვექცევი.
-არ ვამბობ ჩაგვრა და უსამართლობა აიტანე თქო, მაგრამ მთლად შენი მეთოდებითაც ნუ მოქმედებ.
-კარგი, ვეცდები დღეს არავინ შემომელახოს. ვიმეორებ დედა, ვეცდები! წინასწარ ვერაფერს დაგპირდები. ვინმეს თუ გვერდები ეფხანება რა ჩემი ბრალია? ჩემ კლასელ ბიჭებს ერთი თუ გაუცინე მერე მორჩა ზედ გადაგივლიან. ლილი, ნათლიამ ტყუილად კი არ მირჩია ზედმეტი არავის გააბედინოო. ასე თქვა შენზე უფროსიც რომ იყოს მაინც არ შეგეშინდეს მისი და აქეთ ასწავლე ჭკუაო.
-რა კარგად დაურიგებიხარ? ქეთო, უკვე დიდი გოგო ხარ, თორმეტი წლის ხდები მალე და არ მომწონს როგორც იქცევი.
-მამას ვგავარ ფიცხი ხასიათით და რა ვქნა?
-საქმეც მაგაშია, არასდროს უფიქრდები ცხელ გულზე ისე იღებ გადაწყვეტილებებს. საერთოდაც, რომ დაადე თავი და გარბიხარ არ უნდა ჭამო საჭმელი?
-თიკოს უნდა გავუარო და შაურმას შევჭამთ სანამ სკოლაში მივალთ. დედა, მარტო თმები რომ გავაგლიჯო გამელოტებამდე ვინმეს ეგეც არ შეიძლება? -მუდარის მზერა ჰქონდა ქეთოს.
-ქეთევან გინდა ცუდად გავხდე? გუშინდელი ჩემი სკოლაში მოსვლა ბოლო იყო. ექიმმა ამიკრძალა შორ მანძილზე სიარული. თანაც სალონში ბევრი საქმეა, საღამოს უნდა გავიდე, მარიას ქორწილამდე ერთი თვეა დარჩენილი და მისი კაბა ჯერ არ დამისრულებია. იმდენი დეტალი აქვს დასამატებელი, გოგოებს თუ არ ვთხოვე დახმარება მარტო მე ნამდვილად ვერ შევძლებ.
-მორჩა, დღეიდან ყველანაირად ვეცდები, კარგი გოგო გავხდე.
-მართლა?
-იქამდე მაინც, სანამ ჩემი ბუნჩულა დაიკო დაიბადება.
-პირწავარდნილი ნათლიაშენი ხარ, -გაეცინა მეგის.
-დედა, ეგ ჩემთვის კომპლიმენტია, -კიდევ ერთხელ აკოცა ქეთომ დედას, მის მუცელზე თითები აათამაშა, ჯერ არ დაბადებულ დაიკოს დაემშვიდობა და გასასვლელიდან გამოსძახა ძმებს, რომ თუ დედას გააბრაზებდნენ სახლში დაბრუნების შემდეგ ორივეს ფეხებით გადაჰკიდებდა აივნიდან, რაზეც პატარა ძმებს შიშით ფერი წაუვიდათ სახიდან. მიუხედავად მეგის დამშვიდებისა, რომ არაფერს დაუშავებდათ, პატარა ძმები მაინც გაყინულები ისხდნენ მაგიდასთან.
-დიოტრეფე, აღარ აპირებ მოსვლას? გაცივდა შენი ჩაი.
-ბებო და პაპა მოვიდნენ, -აყვირდნენ ძმები, როგორც კი სამზარეულოში ხილ - ბოსტნეულით დატვირთული ნანა და თორნიკე დაინახეს შემოსულები.
-მეგი, ჩემო ძვირფასო, დღეს ისეთი რამე გამომატანა თალიკომ შენთან ვერც კი წარმოიდგენ. ახალი გამომცხვარია, არც კი გაცივებულა.
-როგორ არ წყინდება მაგ ქალს ჩემ გამო დილით ადრიანად ადგომა და ნამცხვრების ცხობა? ისეთი საოცარი სურნელი დატრიალდა სამზარეულოში, ძალიან მაინტერესებს რა გვექნება დღეს დესერტად?
-თებერვალი, ბედნიერების არომატით, -გაისმა მეგის ზურგს უკან დიოტრეფეს ხმა, მერე მის წინ ჩაიმუხლა, წამოზრდილ მუცელზე მოეფერა ცოლს და აკოცა.
-ჩვენც გვინდა კოცნა და ჩახუტება, ჩახუტება გვინდა! -აყვირდნენ ბიჭები, სკამებიდან ჩამოხტნენ და მშობლებს თავისი პატარა ხელები მაგრად შემოჰხვიეს.
,,თუ დავბერდები შენს გვერდით მსურს
მხოლოდ დავბერდე,
შენს მხრებზე მინდა ვიმშვიდო და
ვიმრავლო წლებად,
სხვა მოსვენება, სხვა სიდიდე
სხვა მონატრება
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს
შენს გარდა ქვეყნად...
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს
შენს იქეთ გზები,
შენი ფუძის და შენი ჭერის
მჭირდება შველა,
შენი ხელებით მოწეული სიკეთეები,
მსურს დავიფინო ტკივილებზე
წამლად და შვებად....
თუ დავიღლები შენს ფეხდაფეხ მსურს
დავიღალო -
შენს თმებზე მინდა შევიპარო
თოვლად და წლებად,
სხვა საფიქრეთი,
სხვა სიკეთე,
სხვა სამშვიდეთი,
არ ვიცი კიდევ თუ არსებობს
შენს გარდა ქვეყნად...’’ (დიკა სალაყაია)

დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Kidev ertxel visiamovnee. Madlobaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი izabella

Rania
Kidev ertxel visiamovnee. Madlobaaa

პირიქით, მადლობა თქვენ ❤❤❤

 


№3  offline წევრი temoelene

სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ სასწაული ხარ!

 


№4  offline წევრი izabella

temoelene
სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ სასწაული ხარ!

მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი maia

kargi istoriaa,magram xom ido adre wakitxuli maqvs da cota gaugebrobashi movyevi

 


№6  offline წევრი izabella

სტუმარი maia
kargi istoriaa,magram xom ido adre wakitxuli maqvs da cota gaugebrobashi movyevi

კი იდო, მაგრამ თავებად, ახლა სრულად ავტვირთე, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს მისი წაკითხვა.

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომეწონა... ისტორიაც,თემაც,წერის სტილიც... ძალიან ვისიამოვნე,დიდი მადლობა თქვენ❤

 


№8  offline წევრი izabella

სტუმარი გვანცა
ძალიან მომეწონა... ისტორიაც,თემაც,წერის სტილიც... ძალიან ვისიამოვნე,დიდი მადლობა თქვენ❤

როგორ გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა❤❤❤

ვინც დისლაიქს წერთ იქნებ თქვენც გამიზიაროთ აზრი, კონკრეტულად რა არ მოგწონთ? რა იცით რომ არ გავითვალისწინებ რჩევებს?

 


№9  offline წევრი manonreom

ძალიან კარგი გამოვიდა ❤️
--------------------
ი.მ.

 


№10  offline წევრი izabella

manonreom
ძალიან კარგი გამოვიდა ❤️

მადლობა დიდი ❤❤❤

 


№11  offline წევრი Purple girl

ძალიან კარგია ????წარმატებებიი????

 


№12  offline წევრი izabella

Purple girl
ძალიან კარგია ????წარმატებებიი????

უღრმესი მადლობა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent