ბროლის თოჯინები (ნაწილი I სრულად)
ბროლის თოჯინები ნაწილი 1 წარსულის ნანგრევები მთელი ღამე არ ეძინა მოხუცს. მის გვერდით მძინარე პატარა ბიჭუნას ნაღვლიანი თვალებით დასცქეროდა და დანაოჭებულ კანზე ჩამოსულ ცრემლებს აკანკალებული ხელით იწმინდავდა. ბავშვი შფოთავდა... ხანდახან სახე უცნაურად შეეცვლებოდა, თითქოს ცუდ სიზმარს ხედავდა და საფრთხეს გაურბოდა. -როგორ გამიწვალდი, ბებია. შენ შემოგევლოს ჩემი დარჩენილი ცხოვრება. მე რა საცოცხლებელი ვარ?! სათანადოდ ვერ გიპატრონე,-მოსთქვამდა ქალი და პატარას ქერა თმაზე თითებით ფრთხილად ეხებოდა, რომ არ გაეღვიძებინა. თითქოს ღამეც უწყრებოდა ხანდაზმულს, გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, კაცს ეგონებოდა, წარღვნა დაიწყოო. შვილიშვილთან ყოფნის უკანასკნელ საათებს ითვლიდა ქალი. ეს ღამე ყველაზე დიდ კოშმარად ექცა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, მეორე დღეს ბავშვი წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა ჩაებარებინა. -მაპატიეთ შვილებო, რომ ამ ბავშვს ვერ გავუფრთხილდი. ზეციდან ილოცეთ და დაეხმარეთ, რომ თქვენს პატარას კარგი პატრონები გამოუჩნდნენ,-გულდათუთქული ეჩურჩულებოდა გარდაცვლილი გოგოს და სიძის სურათს. დილით დემეტრე გააღვიძა, გაამზადა და მასთან ერთად გაუყვა გზას. -მოხვალ ხოლმე?- მოქუფრული სახით ჰკითხა ბავშვმა ბებიას. -მოვალ, ბებიკო. აბა, რას ვიზავ? -იქ ვინ დამხვდებიან? -მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას მოგაქცევენ. სხვა ბავშვებიც იქნებიან, დაუმეგობრდები და არ მოიწყენ. არც საჭმელი მოგაკლდება, არც სითბო. მე კი რა შემიძლია, მოგცე ბებია?.. არც არაფერი... გულდამძიმებულმა ბავშვმა ღრმად ამოისუნთქა და თავი დახარა. *** -მობრძანდით, -შეეგებნენ ბავშვთა სახლის თანამშრომლები ბებიას და შვილიშვილს. -გამარჯობა, შვილებო. აი, ჩემი დემეტრე მოგიყვანეთ,-მოხუცმა ბავშვს შეხედა და თვალებში ჩამდგარი შიში რომ შენიშნა, თავისკენ მიიზიდა. ბავშვთა სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პატარას ღიმილით შეხედა და ხელი ჩაჰკიდა: -მოდი, დემეტრე, თანატოლებს გაგაცნობ და სადაც უნდა იცხოვრო, იმ ოთახსაც გაჩვენებ. ბიჭუნამ ხელი გააშვებინა და პროტესტის ნიშნად მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. -დემეტრე, რა საქციელია, ბებიკო? გაიგონე, რასაც გეუბნებიან, -მიუბრუნდა ბავშვს მოხუცი. -არაფერია. ასეთი რეაქცია ბუნებრივია ქალბატონო მედიკო,-დაამშვიდა ხანდაზმული მასწავლებელმა,-თქვენ დირექტორთან შებრძანდით, რომ საბუთებთან დაკავშირებული ფორმალობები მოაგვაროთ, მე კი დემეტრეს მივხედავ. მოხუცი ბავშვს მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა: -არ გამიწყრე, ბებია. ხომ გითხარი, მოვალ და გნახავ ხოლმე. წადი, გაჰყევი მასწავლებელს და დაუჯერე. შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ? ბიჭს ნიკაპი აუკანკალდა და თავს ძალას ატანდა, რომ არ ატირებულიყო. -წამომყევი, დემეტრე!- ხმამაღლა უთხრა მასწავლებელმა და მკლავში წაეტანა. ბიჭმა ხელი აუკრა და ნელი ნაბიჯებით გაჰყვა. --- დილის 07:00 საათი იქნებოდა, როდესაც სასტუმროს ნომერში მაღვიძარამ დარეკა და ახლად ჩაძინებული მამაკაცი გააღვიძა. ცოტა ხანს იწრიალა, ისევ უნდოდა, ძილი შეექცია, მაგრამ ვეღარ მოახერხა და საწოლიდან წამოდგა. ფანჯრიდან გადაიხედა და თვალი შეავლო ქუჩაში სწრაფად მიმავალ ჩიკაგოელებს, რომელთაც ამ ქალაქისთვის დამახასიათებელ ზამთრის სასტიკ ყინვას სახის ნაკვთები ისე დაეწითლებინა, ცოტაც და მგრძნობელობას საერთოდ დაუკარგავდა და ფერს სილურჯეში გადაუყვანდა. ყველაფერს ძლიერი ქარი და თოვაც ართულებდა. ახლად გაღვიძებულმა ტელეფონის ეკრანს დახედა და ამინდის პროგნოზი შეამოწმა: -ჰეჰ, -28 C , come on!... ახლა რომ ხალხი არ მოვიდეს...-ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე სააბაზანოსკენ წავიდა. შხაპი მიიღო, შარვალ-კოსტუმში გამოეწყო, ლეპტოპში წინა დღეებში ნამუშევარს ფინჯანი ყავის სმის თანხლებით კიდევ ერთხელ გადახედა და სასტუმროს ოთახიდან საკონფერენციო დარბაზში ჩავიდა. -მისტერ გავაშელი, მთავარ დარბაზში რიგით მეოთხე გამომსვლელი ხართ პროფესორ ანდერსონის შემდეგ, ხოლო 03:15 საათზე 201-ე ოთახში მოგიწევთ ერთსაათიანი სემინარის გამართვა,-შეახსენა ორგანიზატორმა და სიტყვის დამთავრებისთანავე ბროლივით თეთრი კბილები შეანათა. -მადლობა შეხსენებისთვის, მისის მითენდორფ, - მიუგო დუდამ და ვიდრე კონფერენცია დაიწყებოდა, გამომსვლელებისთვის საგანგებოდ გაშლილ შვედურ მაგიდას მიაკითხა. ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი აიღო, ბეიგალს ორაგულის ფილეთი შეზავებული მდნარი ყველი გადაუსვა და კოლეგებს გვერდით მიუჯდა. მათთან ერთად საუბარში გართულიყო, როდესაც მობილურზე დაურეკეს. როგორც კი ეკრანზე ნაცნობი სახელი და გვარი დაინახა, მამაკაცმა შეწუხებული სახე მიიღო, ტელეფონი ბრაზით გამორთო და ჯიბეში ჩააბრუნა. -მოკლედ, არ წყნარდები, სანდრა. გინდა, ბოლომდე წყობიდან გამომიყვანო და დღე მომიწამლო,-კბილებში სცრიდა აღელვებული მამაკაცი და ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. დამსწრე ონკოლოგების მხრიდან საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა ახალგაზრდა პროფესორის პრეზენტაციაზე და 21-ე საუკუნის სხივური თერაპიის თანამედროვე მკურნალობის ხერხებთან დაკავშირებით დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. თავად დუდამაც კმაყოფილმა დატოვა იქაურობა, ორგანიზატორებს დაემშვიდობა და მისთვის დაქირავებულ სასტუმროს ოთახს მიაკითხა, რომ წინასწარ ჩალაგებული ბარგი სწრაფად გამოეტანა და აეროპორტში წასულიყო. ძალიან ეჩქარებოდა, ნიუ-იორკის რეისისთვის უნდა მიესწრო. გავაშელი დროის მენეჯმენტს არაჩვეულებრივად ფლობდა და როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც წინასწარ გათვლილი გეგმით მოქმედებდა. რეისს წუთი წუთზე მიუსწრო და მოკლე ხანში, ჰაერში აჭრილი თვითმფრინავიდან კმაყოფილი ადევნებდა თვალს ღამით აბდღვიალებულ ჩიკაგოს. *** უკვე ძალიან გვიანი იყო, როდესაც მგზავრობისგან დაღლილი დუდა სახლში ტაქსით მივიდა. მისაღები ოთახიდან შუქი შენიშნა და გაკვირვებულმა შეაღო კარი. ტელევიზორთან სანდრა დაინახა. ქალი საყვარელ გადაცემას უყურებდა და სიცილისგან თავს ვეღარ იკავებდა, ისე კისკისებდა. საყვარელი მამაკაცის დანახვაზე ღიმილით წამოდგა და მიესალმა: -სანდრა, -ამოიოხრა და მზერა აარიდა. ახალგაზრდა ქალბატონი გავაშელს ჩასახუტებლად მივარდა: -ოჰ, როგორც იქნა გამოჩნდი, ტკბილო. როგორ ხარ? მომენატრე. მამაკაცმა მკლავები მხრებიდან ააწევინა და თვალები წყრომით გაუსწორა: -სანდრა, ხომ ვილაპარაკეთ? რას ნიშნავს ეს ყოველივე? როგორ შეგიძლია, თავი ისე მომაჩვენო, რომ არაფერი მომხდარა? აქ როგორ შემოხვედი? -დაგავიწყდა? გასაღები მაქვს. -წადი ჩემი ცხოვრებიდან! ასე აჯობებს შენთვისაც და ჩემთვისაც. -მე რომ ასე არ ვფიქრობ? -ისევ იგივე თემას ვუბრუნდებით!.. -ნუთუ არ შეგიძლია, რომ ერთი შეცდომა მაპატიო? -ეს შეცდომა არ იყო. -აბა რა იყო? -უარესი. -გთხოვ. -ნურაფერს მთხოვ, დატოვე სახლის გასაღები და წადი!-მკაცრი ტონით უთხრა მამაკაცმა და თვალებით კარებისკენ ანიშნა. -აღარ გავეკარები იმ დაწყევლილ ალკოჰოლს, გეფიცები. -ძალიან კარგად იცი, რომ მხოლოდ ალკოჰოლში არ არის საქმე. აღარ გენდობი და მორჩა! ბევრჯერ მოგეცი შანსი და არ გამიმართლე, ყველა იმედი ერთიანად გამიცრუე. უბრალოდ აზრი არ აქვს ურთიერთობის გაგრძელებას, დავიღალე. -შენ ალეკზე ეჭვიანობ. -იცი, რომ თუ საბაბი არ მეძლევა, ეჭვიანი არ ვარ. არც სულელი ვარ, ვატყობ, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ. მე კი სათამაშო არ ვარ, რომ სხვის დასავიწყებლად ვიღაცას თავი გამოვაყენებინო. ძალიან გადამღალა ჩვენმა არამყარმა ურთიერთობამ. -კიდევ ერთი შანსი მომეცი. -არა! -გპირდები, რომ ჩამოვშორდები ალეკსაც და მის სამეგობრო წრესაც. -სანდრა, როგორ არ გესმის? პრობლემა ალეკში არ არის და არც არასოდეს მითქვამს შენთვის, რომ მეგობრებს დაშორებოდი. პრობლემა შენშია, რომ მას ვერ ივიწყებ, თორემ მე არასოდეს მქონია გართულება, მათთან გაგეგრძელებინა კავშირი. ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ახლა კი ძალიან დაღლილი ვარ, დატოვე ჩემი სახლი და ნუღარ შემაწუხებ! -ესე იგი, ხელს მკრავ? -რაც გინდა ის უწოდე. ისე, სიმართლე თუ გაინტერესებს, საკუთარ თავს თავად ჰკარი ხელი ჩვენს ურთიერთობაში. -ძალიან მკაცრი განაჩენი გამომიტანე. ცუდად ვარ, ასეთ დღეში მიმატოვებ? -სამწუხაროდ მე ვეღარ დაგეხმარები. ბევრჯერ ვეცადე, რომ ჭაობიდან ამომეყვანე, მაგრამ რამდენჯერაც ამოგათრიე, იმდენჯერვე საკუთარი ნებით ჩაიძირე. მეც სწორად გამიგე, დავიღალე. ზოგჯერ როცა ვიღაცას ან რაღაცას ებღაუჭები, უფრო მტკივნეულია, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ მისთვის ხელის გაშვება. ასე, რომ საუკეთესო გამოსავალია, არშემდგარი ურთიერთობა ჩვენი ცხოვრებიდან წავშალოთ. ხელს გიშვებ, სანდრა! -ასე იოლად ნებდები? -შენ იცი ჩემი ხასიათი. ისიც არ გესწავლება, რომ იოლად არაფერს ვნებდები. -მაშინ ხელს რატომ მიშვებ? -იმიტომ, რომ შენს მიმართ ნდობა და ინტერესი დავკარგე. -კარგი, გასაგებია. ვხვდები, რომ შენთან საუბარს აზრი აღარ აქვს. წავალ და აღარ შეგაწუხებ. -სწორი გადაწყვეტილებაა. -წასვლის წინ არაფერს მეტყვი ან არ მაკოცებ? -არაა საჭირო, ყველაფერი ვთქვით. -კოცნა? -ამ შემთხვევაში ზედმეტია. -მართლა ასე ფიქრობ? -დიახ. გულდაწყვეტილმა ქალმა ქურთუკი შემოიცვა, ჩანთას და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, სახლის გასაღები მამაკაცს გადასცა და სწრაფად გაეცალა ერთ დროს მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილს. --- საქართველოში დილიდანვე წვიმდა... წვიმის წვეთები მთელი დღის განმავლობაში ასველებდნენ დედაქალაქს... საღამო ხანი იყო, როდესაც სამსახურიდან ახლად გამოსული ნინო გიორგაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიიჩქაროდა. რამდენიმე წუთში უკვე შენობაში იყო და მაგისტრატურის კურსის ორსაათიან ლექციას ისმენდა. მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს პლანშეტში ინიშნავდა და მორიგი კრიტიკული ესეს დასაწერად გეგმას ამუშავებდა. მაჯის საათს ხშირად დახედავდა ხოლმე, რომ დარწმუნებულიყო, სახლში არ აგვიანდებოდა. როგორც კი ლექტორმა სიტყვა დასასრულისკენ წაიყვანა, მოუსვენრობა დაეტყო, მეგობრებს ანიშნა, მივდივარო და ათი წუთით ადრე გავიდა აუდიტორიიდან. სწრაფად ჩაირბინა უნივერსიტეტის თეთრი მარმარილოს კიბეები და ავტობუსის გაჩერებისკენ დაიძრა, იმ იმედით, რომ სასურველი ნომერი არ გაასწრებდა. ხელში სამსახურიდან წამოღებული საბუთები და უნივერსიტეტის სასწავლო მასალები ეკავა. მშიერი და შეციებული იყო. მთელი დღის ნამუშევარს და შემდეგ ლექციაზე ნამყოფს, საუზმის მეტი ვერაფერი მოესწრო. მიდიოდა ავტობუსის გაჩერებისკენ, თან ავადმყოფ დედაზე ეფიქრებოდა და შორიდან დაძაბული თვალებით წითლად განათებულ ელექტრონულ დაფას შეჰყურებდა, სადაც ტრანსპორტის მოსვლის განრიგი ისახებოდა. *** -მოხვედი, ნინო? -ჰო, დედა,-გოგონამ ავადმყოფს ჰოლიდან გამოსძახა და მანტოს და ფეხსაცმლის გახდას შეუდგა. -გელოდებოდი. საჭმელი მოგიმზადე,-მკრთალად გაუღიმა და სამზარეულოში გავიდა. -ასე რატომ გაისარჯე? თავს ძალას ატან და არ მომწონს ეს ამბავი. -ოჰ, კარგი ერთი. ახლა ჩემს ნებაზე საქმის გაკეთებაც ამიკრძალე. უმოქმედობა უფრო მთრგუნავს. -დღეს კარგად გამოიყურები, დე,-ახლადდაბრუნებული ნინო მაგიდასთან დაჯდა და ქალს თბილი მზერით შეხედა. -ოჰ, მადლობა კომპლიმენტისთვის. თავს უკეთესად ვგრძნობ და სიტუაციით ვისარგებლე. -მაშინ კარგად მოქცეულხარ. აბა, რა მომიმზადე? -საქონლის ხორცის ჩაშუშული და კარტოფილის პიურე გვაქვს. ხომ შეჭამ? -აუცილებლად,-გაუღიმა გოგონამ და მაგიდის გაწყობას შეუდგა. -რა ხდება უნივერსიტეტში? -ამ სემესტრში სალექციო კურსს მოვრჩები და რამდენიმე გოგოსთან ერთად სამაგისტრო ნაშრომისთვის დავიწყებ მზადებას. -კარგია. ყოჩაღი გოგო ხარ!- ქალი სიამაყის გრძნობით შეჰყურებდა შვილს და თან სიამოვნებდა, რომ საკუთარი ხელით მომზადებული ცხელი კერძით უმასპინძლდებოდა. -ოქროს ხელები გაქვს! უგემრიელესია,-ცერა თითი აუწია ქალს. -შეგერგოს,- გაუღიმა შვილს და მისი ცქერით ტკბობა გააგრძელა. -უი, მართლა. კინაღამ დამავიწყდა. ხვალ ქიმიოთერაპიის ახალ კურსზე ხარ ჩაწერილი. -არ დამვიწყებია, მახსოვს. -ხომ არ ნერვიულობ? -სანერვიულო რა მაქვს? პირიქით, მიხარია, რომ ნატა ექიმმა უცხოელებისგან დაფინანსებულ პროგრამაში ჩამწერა. ღმერთიც გაახარებს, ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. -ჰო, გულისხმიერი ექიმია,-დაეთანხმა ნინოც. -კარგი, ახლა ცოტა ხანს გონებას დავასვენებ, მერე სამეცადინოს და სამსახურის საქმეებს მივუბრუნდები და იქნებ ცოტა ხანს ძილიც მოვასწრო. -რამდენს შრომობ და წვალობ, ჩემო გოგო, მაგრამ არ დაგავწყდეს, ერთ დღეს აუცილებლად დაგიფასდება. -იმედი მაქვს, ასე იქნება, დედა. ქალბატონი ბელა სამზარეულში ფუსფუსს მორჩა და ცოტა ხანში საძინებელ ოთახში წავიდა. ლოჯიაში დარჩენილი ნინო გვიანობამდე უკირკიტებდა სამსახურის და უნივერსიტეტის საქმეებს. დილის პირას კი ფიზიკურად ვეღარ გაუძლო და იქვე, ტახტზე ფურცლებით ხელში მიეძინა. *** მეორე დილით დედა-შვილი ონკოლოგიური კლინიკისკენ სამარშრუტო ტაქსით მიდიოდნენ. ყველაზე მეტად იქ მისასვლელი გზა ეჯავრებოდა ნინოს. ყოველ ჯერზე, როცა იმ გზას გადიოდა, საშინელი შეგრძნებები აწუხებდნენ- დედის სიკვდილის, სიმარტოვის და მისი სითბოს და სიყვარულის დაკარგვის შიში. ცდილობდა, გონება სხვა რაღაცაზე გადაერთო ხოლმე და ცუდ რაღაცაზე ფიქრი განედევნა. ახლაც, ყურსასმენები დაემაგრებინა, საყვარელი მელოდიების სიღრმეებში ჩაკარგულიყო და თან ცალი მხარით დედას მიბჯენოდა. რამდენიმე წუთში, დედა-შვილი იმ პაციენტთა რიგში იდგნენ, ვისაც ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება უწევდა. ნატა ექიმი ჩვეულ, დატვირთულ რეჟიმში მუშაობდა, როდესაც კაბინეტში სტუდენტობის დროინდელი მეგობარი შეეჭრა და პირდაპირ საუბარზე გადავიდა: -შოკი ამბავი უნდა გითხრა. ახალი ონკოლოგიური კლინიკის დამფუძნებლის სახელი და გვარი გავიგე. -ვიკა, პაციენტი მყავს. -დუდა, დუდა გავაშელი. -რა? დუდა?- ნატა ექიმმა ხმამაღლა შეჰყვირა და იქვე გაშეშდა. -ჰო, სწორად მოგესმა. რამდენიმე თვეში ჩამოდის. -აქ... დუდა?.. ამდენი წლის მერე?..-ხმა აუკანკალდა ნატას და უჩვეულო შეგრძნება მთელ სხეულს გეომეტრიული პროგრესიით მოედო. არეული ნაბიჯით სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა და აცახცახებულმა ძლივს დაასხა ჭიქაში წყალი. მერე ერთიანად მოიყუდა და მოწყურებულივით გამოცალა, თუმცა მაინც ვერ დამშვიდდა. ძლივს მოიკრიბა ძალა და პაციენტი გაისტუმრა. მერე მეგობარს მიუბრუნდა: -ნამდვილად იცი, რომ ასეა? -უტყუარი წყაროა. ჯანდაცვის სამინისტროდან გავარკვიე. -ესე იგი, რა გამოდის? ეს გასაიდუმლოებული და სავარაუდოდ ჩემი და ლევანის კონკურენტი დუდა გავაშელია? -ასეა, გოგონი და ამ ფაქტს ვერსად გაექცევი. -ჯანდაბა! ნეტავ, რატომ ჩამოდის? დავიჯერო, მხოლოდ კლინიკის გახსნა უნდა და მეტი არაფერი? -გაფითრებული უყურებდა ვიკას ნატა და გული უკანკალებდა. -დუდას რას გაუგებ? -გაოგნებული ვარ, ეს ამბავი ძალიან მაღელვებს. -მჯერა, გოგონი და ისიც ვიცი, სავარაუდოდ არც ლევანს მოეწონება. -ჰო, არც მას. ძალიან ცუდი რაღაცის სუნი მცემს, -მეგობარს შეშფოთებული სახით შეხედა და რამდენიმე წუთში ემოციადაცლილი სავარძელზე მიესვენა. ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსულიყო, როცა კაბინეტის კარზე ბელამ დააკაკუნა და უხერხული ღიმილით თავი შეახსენა: -ნატა ექიმო, კიდევ რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი? -მალე მიგიღებ, ბელა. ცოტა ხანს კიდევ დამელოდე,-უპასუხა პაციენტს და ონკანისკენ წავიდა, რომ სახეზე ცივი წყალი შეესხა და გამოფხიზლებულიყო. რამდენიმე წუთში, ვიკა კაბინეტიდან გაუშვა და საქმეს დაუბრუნდა. -რა ხდება, ნატა ექიმო? არ დამიმალოთ. არის რამე წინსვლა ჩემს ჯანმრთელობაში?- გატეხილი ხმით მიმართა ქალბატონმა ბელამ. -ჯერჯერობით დამაჯერებელი პასუხი არ მაქვს. ამ კურსს მოვრჩეთ და ყველა საჭირო ანალიზის შედეგად საერთო სურათს რომ მივიღებ, მერე თავისუფლად შევაფასებ მდგომარეობას. -მკერდის მოკვეთა ხომ არ მომიწევს? -ხომ გითხარით? ჯერ არ ვიცი და რომც მოგიწიოთ, არ უნდა ინერვიულოთ. მთავარი მაინც თქვენი სიცოცხლეა. კარგად მესმის, ქალი ხართ და ესთეტური თვალსაზრისით განიცდით, მაგრამ ბევრი გამოსავალი არსებობს, მათი გამოყენებით არაფერი შეგეტყობათ. -ეგ არაფერი, მაგისთვისაც მზად ვარ. არც მეუღლე მყავს, არც მეგობარი მამაკაცი. ასე, რომ დიდად არ მაღელვებს. ექიმმა გაუღიმა და გასამხნევებლად მაჯაზე ხელი მოჰკიდა: -ეტყობა ნინო თქვენ გგავთ. ისიც დედასავით ძლიერია. კარგად მახსოვს, თქვენი ავადმყოფობის ამბავი რომ შეიტყო, სხვებივით არ შეშინდა. მაშინვე სამოქმედო გეგმაზე საუბარი დამიწყო. -ჰო, ასეთია, რთულ სიტუაციებში არასოდეს იბნევა,- ქალბატონ ბელას სახეზე კმაყოფილება დაეტყო. როგორც კი ინტრავენური გადასხმა დამთავრდა, ნატა ექიმმა პაციენტს კათეტერი გამოუღო და მშვიდი ტონით მიმართა: -არაფერზე იღელვოთ. აი, ნახავთ, ყველაფერი კარგად იქნება. მიჰყევით ჩემს რჩევებს და შედეგიც არ დააყოვნებს. მეტი სიმშვიდე და დასვენება გმართებთ. -მადლობა, ნატა ექიმო. ჩემი დიდი იმედი ხართ,-ქალმა მრავლისმეტყველი თვალებით შეხედა, დაემშვიდობა და შვილთან ერთად კლინიკა დატოვა. --- მანჰეტენის შუაგულში, ათასფრად აჭრელებულ თაიმ სქვერზე მდებარე ბარში დუდა და მისი კოლეგა სემი ბარის წინ დამსხდარიყვნენ, ლუდს შეექცეოდნენ და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ: -დუდა, ნამდვილად არ მოველოდებოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდი. მშობლები და ძმაც მოდიან? -არა, ისინი აქ დარჩებიან. მათი გეგმები ჯერ-ჯერობით საქართველოს არ უკავშირდება. -სარისკო ხომ არ არის, რასაც ახლა აპირებ? -რისკი ყოველთვის ყველგან და ყველაფერშია, მეგობარო. მთავარია, პრობლემებს არ შევუშინდეთ. -ამდენი ხნის ნაშენები კარიერის დასრულება და პატარა ევროპულ ქვეყანაში მრავალწლიანი განშორების შემდეგ დაბრუნება... რა ვიცი, მე შენს ადგილას კარგად დავფიქრდებოდი. -შენ გგონია, არ ვიფიქრე? -მჯერა, რომ იფიქრებდი, მაგრამ მაინც გირჩევ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო. -ერთფეროვან ცხოვრებას ვერ ვიტან. მიყვარს ექსპერიმენტები, მრავალფეროვნება, სიახლეები და ვერაფრით ვეგუები, როდესაც მართვის ძველ სტილს, მაგრამ ჯერ კიდევ საათივით მომუშავე პრინციპს არავინ ღალატობს. ერთ წრეზე გაუთავებელი ტრიალი კი ჩემთვის მომაბეზრებელია. აღარ მინდა, თავს მექანიკური მოწყობილობის ერთ-ერთ ნაწილად ვგრძნობდე. -მერე აქ შეცვალე რაღაც. სხვაგან რატომ გარბიხარ? -ჩემი საკუთარი კლინიკა მინდა, რომ გავხსნა, სადაც არავისზე დამოკიდებული ვიქნები და თავად შევიტან მომსახურებაში, მკურნალობაში, შინაგანაწესსა და კიდევ ბევრ რაღაცაში სიახლეებს. -არავინ გიშლის, აქ გახსენი საკუთარი კლინიკა და შენებურად მართე. -აქ არა, ევროპაში მინდა, სადაც ჩემს მიერ ჩატანილ გამოცდილებას და სიახლეებს სხვაგვარი ელფერი, შედეგი და მუშაობის სტილი ექნება. -მახსოვს, როგორი შემართებით მოხვედი სამსახურში. ფუტკარივით შრომობდი, თავს არ ზოგავდი, ბოლომდე იცლებოდი და იხარჯებოდი. ახლა გაიზარდე, რაც გაქვს, ის აღარ გყოფნის და წინ გინდა, წახვიდე. მესმის და მჯერა, ყველაფერი გამოგივა, მიზანმიმართული პიროვნება ხარ. -მადლობა, სემ. -როდის აპირებ წასვლას? -როგორც კი კლინიკის მშენებლობა და რემონტი დასრულდება, მაშინვე. -რამდენ ხანში დასრულდება? -დაახლოებით სექტემბრისთვის. -ესე იგი, სულ რაღაც შვიდ თვეში. -დიახ,-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლუდის ბოკალი გამოცალა. -სანდრასთან რა ხდება? შერიგდით? -ნწ, საბოლოოდ დავშორდით. -მდა...-ჩაფიქრებულმა თეფშზე დაყრილი ჩიფსიდან ერთ-ერთი თითებში მოიქცია და ნერვულად აათამაშა,-ესე იგი, ამ ურთიერთობამ არ გაამართლა. -არა,-თავი გაიქნია გავაშელმა. -სამწუხაროა. -არ ინერვიულო, გადავიტან. -მე არ ვიცი, რა მოხდა თქვენს შორის, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამეგება, რომ ურთიერთობის დამთავრება ძალიან მტკივნეულია. თუ რამეში საჭირო ვიქნები, მეგობრულად ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. -მადლობა, ძმაო,-გაუღიმა და გადაეხვია. დაახლოებით ღამის 11:00 საათი იქნებოდა, როდესაც მეგობრებმა ბარი დატოვეს. ღრმად ჩაფიქრებულმა დუდამ დიდხანს იარა მანჰეტენის ხმაურიან ქუჩებში, მერე ხეტიალი და ფიქრი მოიბეზრა, ავტოსადგომისკენ დაიძრა და სახლისკენ აიღო გეზი. --- ნატა ექიმი კაბინეტში იჯდა და ბელა გიორგაძის ბოლო ქიმიოთერაპიისგან მიღებულ შედეგს წინა მდგომარეობას ადრიდა. პაციენტის ტელეფონის ნომერი აკრიფა და პირადად აცნობა გამოჯანმრთელების წინსვლის ამბავი: -ქალბატონო ბელა, როგორ ბრძანდებით? -მადლობა, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ზედმეტად კარგად. თავად როგორ ხართ, ნატა ექიმო? -მეც კარგად, გმადლობთ. აბა, თუ გამოიცნობთ, რატომ გირეკავთ? -გისმენთ,- ხმის ტონში ინტერესი შეეპარა პაციენტს. -კიბოს უჯრედების განვითარება მნიშვნელოვნად შეჩერდა. უფრო მეტსაც გეტყვით, დაავადება უკან იხევს. თქვენ გამოჯანმრთელების პირას ხართ. -ღმერთო, რა უნდა გამეგო ამაზე კარგი, თუ არა ეს?-სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა სიხარულისგან აღტაცებული პაციენტი. -დიახ, -მიყვარს ხოლმე, როდესაც ასეთი მომენტების მომსწრე ან სმენელი ვხდები. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ადამიანს რომ სიცოცხლის გაგრძელების საშუალება ეძლევა და ამაში წვლილი შენც მიგიძღვის. -მჯერა, ნატა ექიმო. ათასჯერ გიხდით მადლობას და როგორც ახლა გამახარეთ, ხუთი იმდენად დაგბრუნებოდეთ თქვენი სიკეთე. -მადლობა, ქალბატონო ბელა. ახლა კი, სხვა პაციენტები მელოდებიან და უნდა დაგემშვიდობოთ. -დიახ, რა თქმა უნდა. კარგად ბრძანდებოდეთ და როგორც შევთანხმდით, დანიშნულ დღეს მორიგ ვიზიტზე შევხვდებით. -რა თქმა უნდა, გელოდებით. მოზღვავებული სიხარულისგან ქალი ჰაერში შეხტა და ტაში შემოსცხო. მერე ნინოს სახე წარმოიდგინა, როცა ახალ ამბავს გაიგებდა და გული ისე აუჩუყდა, თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. *** პროფესორ დალი მათიაშვილის კაბინეტში ოთხი სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომისთვის მომავალი სემესტრის მუშაობის გეგმებს აწყობდნენ და ლექტორთან ერთად უკანასკნელ დეტალებს ათანხმებდნენ: -ესე იგი, თემა დავავიწროვეთ და საბოლოოდ „სხვადასხვა გარემოში მოხვედრილი ბავშვების თვალით დანახულ სამყაროზე“ შევჩერდით. -დიახ და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის თავისებურებებზე,-შესწორების შეტანა მოინდომა სოფომ. -ეს თავისთავად იგულისხმება. ვეცადოთ, რომ სათაური მოკლე იყოს. ასე უფრო მიმზიდველი იქნება მკითხველისთვის და მსმენელისთვისაც. დანარჩენს კი ნაშრომში გავშლით. -გასაგებია. -მარიკა, შენ სად იმუშავებ? როგორი ტიპის ბავშვებთან გაწყობს? -გაშვილებულ ბავშვებზე შევთანხმდით, ქალბატონო დალი, რომლებმაც იციან, რომ ბიოლოგიური მშობლები სხვები ჰყავთ. -კარგი, ჩავინიშნავ. სოფო შენ? -დედ-მამა გაშორებულ ბავშვებთან მომიწევს მუშაობა. -ნინო, შენი სამუშაო არეალი შემახსენე. -ობლები და უპატრონო ბავშვები. -მირანდა, შენღა დაგვრჩი. ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში შეხვალ და ისეთ ბავშვებთან იმუშავებ, რომლებიც ორივე ბიოლოგიურ მშობელთან და ამასთანავე ჯანსაღ გარემოში იზრდებიან. აბა, რას იტყვი? -დიახ,-დაეთანხმა მირანდა. -მოკლედ, ყველაფერზე შევთანხმდით. სამუშაო გეგმის დეტალურ ჩანაწერს ერთ კვირაში ელექტრონულ ფოსტაზე, პრეზენტაციის ფორმატში გადმომიგზავნით. ახლა ბავშვების ასაკი უნდა გავარკვიოთ. რამდენი წლის ბავშვებზე მოვახდინოთ დაკვირვება? -ჩემი აზრით, 8-12 წლის ასაკი აჯობებს,-შეთავაზება გააკეთა ნინომ. -რატომ?-ინტერესით შეხედა ლექტორმა. -უფრო ჩამოყალიბებულები, საინტერესოები და მოაზროვნეები არიან. ამ ასაკში მათ უკვე აქვთ გარკვეულ რაღაცებზე საკუთარი შეხედულებები. -ეს თავისთავად. სხვები რა აზრის არიან? -მე პატარებთან მერჩივნა მუშაობა,-თავის აზრი დააფიქსირა სოფომ. -რატომ? -4-7 წლის პატარები უფრო ალალები და გულწრფელები მეჩვენებიან. მართალია, ბევრ რაღაცაზე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლები არიან, მაგრამ უფრო სუფთა, ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო აქვთ. თან, ვიზუალიზაციაზე აქვთ გადატანილი აქცენტი და მათი ნახატებიდან ბევრი საინტერესო დასკვნის გამოტანა შეიძლება. -სოფომ რაც თქვა, ვეთანხმები. პატარებთან მუშაობაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. ორივე ჯგუფთან რომ ვიმუშავოთ და შედარებითი ანალიზი რომ გავაკეთოთ?- წინადადება წამოაყენა მარიკამ. -არა, ჩემო კარგებო. ასე, სიტყვის თქმა იოლია, მაგრამ როდესაც საქმეს შეეჭიდებით, იმდენ დაბრკოლებასთან მოგიწევთ შეჯახება, ორ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობა ძალიან გაგიჭირდებათ და ორმაგად გაირჯებით. ასე, რომ ამის არც რესურსი გაქვთ და არც საშუალება. ისედაც წინ ძალიან დიდი სამუშაო გელოდებათ. აირჩიეთ ერთი ჯგუფი და დავასრულოთ შეხვედრა. -მაშინ კენჭი ვყაროთ,-ინიციატივა გამოთქვა მირანდამ. სოფოს გარდა პატარა ასაკის ბავშვებთან არავინ მოისურვა მუშაობა, ყველამ 8-12 წლის ბავშვებთან არჩია ურთიერთობის დაჭერა. -სოფო, ჩემო კარგო, ვერაფრით დაგეხმარები,-ლექტორმა თანაგრძნობით შეხედა. -არაუშავს, ყველა ბავშვი საყვარელი, საინტერესო და დიდი გამოცანაა ჩემთვის. ჯგუფის დანარჩენი წევრების არჩევანს პატივს ვცემ, ქალბატონო დალი. -კარგი, თუ კითხვა არ გაქვთ, მაშინ უნდა დაგტოვოთ, რამდენიმე წუთში ლექციაზე უნდა შევიდე. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს. -მგონი, კითხვები არცერთს გვაქვს,-უპასუხა მარიკამ. -ძალიან კარგი, წარმატებებს და ბედნიერ ზაფხულის გატარებას გისურვებთ. -ჩვენც ასევე,-ერთხმად მიუგეს სტუდენტებმა. მათიაშვილმა მაგიდაზე დაწყობილ პირად ნივთებს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა. მეგობრებმა საუბარი უნივერსიტეტის კაფეში ყავაზე და ნამცხვარზე გააგრძელეს. ყველამ თანაბრად გაინაწილა დავალებები და დაახლოებით ერთ საათში შენობას გაეცალნენ. *** მთელი დღის ნამუშევარი და დაღლილი ნინო ნელა მიუყვებოდა სახლის გზას და თავში ათასგვარი აზრი აკვიატებოდა. ისე გართულიყო ფიქრებში, ვერც კი შეამჩნია როგორ ჩაუარა მეზობელს: -რა იყო, ნინიკო, ვეღარ მცნობ?-გაუცინა ნაცნობმა ქალმა. -აჰ, ნანა დეიდა, მაპატიეთ, ვერ შეგამჩნიეთ, სხვა რამეზე ვფიქრობდი. -მივხვდი, ჩემო გოგო. როგორ არის ბელა? -კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? -მეც არამიშავს, მადლობა. სულ მინდა, შემოგიაროთ და აქეთ სამსახური, იქით ოჯახი, შვილიშვილები და ფაქტობრივად აღარაფრის დრო მრჩება. -არაუშავს. როცა მოახერხებთ, მაშინ იყოს,-გაუღიმა ნინომ და მარკეტში შევიდა, რომ დედისთვის საყვარელი ტრუფელები ეყიდა. როგორც კი სახლში მივიდა, ქალი ბედნიერებისგან სახეგაბადრული მივარდა და შვილი გულში ჩაიკრა. დაბნეულმა ნინომ დაბალი ხმით ჰკითხა: -ხომ მშვიდობაა, დედა? -კი, დედიკონა, მშვიდობაა. შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. -აბა, გისმენ,- ჯერ კიდევ გაურკვეველი მზერით შესცქეროდა შვილი ქალს. -დღეს ნატა ექიმმა დამირეკა და მახარა, რომ დაავადება შეჩერდა, გამოჯანმრთელების პირას ვარ. -რას ამბობ დედა?-ნინოს მოულოდნელობისგან ტრიუფელებით სავსე პარკი ხელიდან გაუვარდა და გაოგნებისგან პირზე ხელი აიფარა. მერე ავადმყოფობისგან დასუსტებული, სიფრიფანა ქალის სხეული ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. -რას აკეთებ, ნინიკო? დამსვი, ჩემო გადარეულო გოგო,-კისკისებდა ქალბატონი ბელა და შვილის ბედნიერ სახეს რომ უყურებდა, კიდევ მეტად ეცინებოდა. --- უკვე კარგა ხნის მოსაღამოვებული იყო, როდესაც ვიკას მანქანა ნატას და ლევანის სახლთან გაჩერდა. ნატა ახალი დაბრუნებული იყო სამსახურიდან. ლევანი მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს და სახლში დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობდა. მუშაობისგან დაღლილ ნატას მოსადუნებლად შხაპი გადაევლო და მოხდენილ ტანზე აბრეშუმის თხელი, მოკლე ხალათი ისე შემოეცვა, ძლივს უფარავდა ულამაზეს სხეულს. ქერა თმები მხრებზე ლამაზად ჩამოეშალა და ვისკის ჭიქით აქეთ-იქით, ნერვულად გადიოდა მისაღებ ოთახში. ბოლო ხანებში მისი გონება მთლიანად ერთ პიროვნებას შეეპყრო, რომელზე ფიქრიც არც ახალგაზრდობაში და არც ახლა, როდესაც შეიტყო, რომ საქართველოს უბრუნდებოდა, მოსვენებას არ აძლევდა. დუდა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ცხოვრებაში მოვლენილ ერთადერთ სისუსტედ მიიჩნევდა. მხოლოდ მას შეეძლო ნატას სამყარო ისეთი დაენახა, როგორიც რეალურად იყო, მხოლოდ მას ჰქონდა იქ შესვლის უფლება და ყველასგან დამალულ მოსასვენებელში მასთან ერთად ყოფნა და ემოციებზე აყოლილი პატარა ბავშვივით თამაში. მას შეეძლო გულწრფელი ნატას დანახვა და სხვებისთვის ძლიერი ქალის სულიერებამდე გაშიშვლება, რომელსაც მასთან ყოფნის დროს საზოგადოებაში წარსადგენი სახეზე მიხატული ყველა ნიღაბი ერთიანად წაეშლებოდა ხოლმე და თავს ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოიყვანა. ვისკის მორიგი ყლუპი მოსვა, ღრმად ამოისუნთქა და სტუმარს კარები გაუღო: -აი, მეც მოვედი,- ღიმილით და გაბრწყინებული სახით შევარდა ვიკა სახლში. სამზარეულოს მაგიდაზე მანგოს ნატურალური წვენის ბოთლები დადგა და თხელ ჭიქებს დაუწყო ძებნა,- გამიშრა ყელი, - სასწრაფოდ დაასხა ჭიქებში ბლანტი, ყვითელი სითხე და ჭიქა ისეთი სახით მოიყუდა, თითქოს ნეტარებისგან ივსებოდა. მერე, თვალი თითქმის შიშველი მეგობრისკენ გააპარა. თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და კომენტარისგან თავი ვერ შეიკავა: -ოჰო, რა „ვიდზე“ ხარ, ლევანს ხომ არ ელოდები? გინდა წავიდე? ნატას გაეცინა: -ჯერ არ მოვა. მეგობრებთან ერთადაა. -აბა, მაშინ მე მიწვევ?- ენა გამოუყო ვიკამ და თავის ნათქვამზე ჩაეცინა. -რა გეშველება? -ქალი მეგობარს სიცილში აჰყვა და გადაღეღილი ხალათი შეისწორა. -ქალბატონო ნატა, იცი როგორ მშია? -გამოაღე მაცივარი და რაღაცას იპოვი, სენდვიჩი გაიკეთე. მე არაფრის თავი მაქვს. -მოდი გონზე რა, მოეთრიე და თავად გამიმასპინძლდი. -ვიკა... -რა ვიკა? ახლა ასე უნდა ინერვიულო? გაუშვი ერთხელ და სამუდამოდ წარსულში ის კაცი და დამშვიდდი, OK? შენ აღარაფერი გაკავშირებს მასთან და უკვე დროა, შეეგუო ამ აზრს. -რა იოლი სათქმელია... -ნატა, შენ არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვს და ეს ლევანია. შენი ქმარი გაღმერთებს და რაც გაქვს, დააფასე, კარგი? -აჰამ,-თავი დაუქნია ნატამ, სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, ვისკის ჭიქა გამოცალა და თვალები დახუჭა. -წავიდა ისევ ფიქრებში, ვერაფერიც ვერ გაიგე,-თავი გაიქნია ვიკამ და სამზარეულოში შევიდა. ცოტა ხანში სენდვიჩი გამოიტანა და მეგობარსაც მიაწოდა: -აიღე, ვიცი, შენც მშიერი იქნები. -არ მინდა,-თვალები გაახილა ნატამ და მეგობარს მრავლისმეტყველი მზერით შეხედა. ვიკა ისე გემრიელად მიირთმევდა თავის მომზადებულ სენდვიჩს, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან იყო მოშიებული. -იცი რაზე ვფიქრობ? -რაზე? -დუდასთან რომ დავრჩენილიყავი, როგორ აეწყობოდა ჩვენი ურთიერთობა? -რატომ ფიქრობ გავაშელზე? თავად არ მიიღე ეს გადაწყვეტილება? -ჰო... -ჰოდა, გეკითხები, რატომ ფიქრობ მასზე? რა არ გასვენებს და რით ვერ ერევი შენს თავს? -მას რომ ის საიდუმლო სცოდნოდა, ნეტავ მაინც წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან? ასე იოლად დამთმობდა და გამიშვებდა ლევანთან? -არ ვიცი... ვერაფერს გეტყვი, მაგრამ რაც ვიცი, დუდაზე ფიქრს უნდა შეეშვა. შენ შენი ცხოვრება გაქვს. წარსულზე ფიქრს მორჩი და ახლანდელს მიხედე, თორემ ვეჭვობ, ერთ მშვენიერ დღეს, ყველაფერს თავზე დაიმხობ. -არ უნდა გადაეწყვიტა აქ დაბრუნება... -უფ, იძახე ახლა... ეგ შენი გადასაწყვეტი არ იყო. -არა, რა უნდა? ვერ დაეტევა იმ დიდ ამერიკაში? რა დაჰკარგვია ამ პატარა ქვეყანაში? -ბოდიშიც ხომ არ მოგიხადოს, რომ შენ არ გკითხა, რა გააკეთოს იმხელა კაცმა და რა არა? -ვიკა! -ჰო, ნატა, გისმენ. -მიბრაზდები, ხომ? -გიბრაზდები, იმიტომ, რომ სისულელეზე ღელავ და ამ დროს, იმ შენ დუდა გავაშელს შეიძლება ნატა ანდრიადი კარგა ხნის დავიწყებული ჰყავდეს და ბოდიში და სულაც ცალ ფეხზე ეკი*დოს. -მართალი ხარ შენ. -ჰოდა, გამოფხიზლდი რა, -განერვიულებული ვიკა ტერასაზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ნატა უკან გაჰყვა მეგობარს, სიგარეტი პირიდან გამოსტაცა და ღრმა ნაპასი დაარტყა. -რას აკეთებ?-თავი გაიქნია ვიკამ და კოლოფიდან ახალი ღერი ამოიღო. -ვმშვიდდები. -ჰო, ერთი მე მეხმარება და მეორე შენ დაგეხმარება დაწყნარებაში,-ირონიულად ჩაიცინა ვიკამ და მეორე ღერის მოსაკიდებლად სანთებელა აანთო. --- ახალი ონკოლოგიური კლინიკის მშენებლობა და რემონტი დასასრულს უახლოვდებოდა და შენობის მწყობრში მოსაყვანად ბოლო დეტალები იხვეწებოდა. სულ მალე, ავეჯით და ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვებოდა და მზად იქნებოდა პაციენტების მისაღებად. დუდა სახლის მეპატრონეს ბოლო თვის გადასახდელ ქირას ჩეკის სახით უგზავნიდა და უკვე სახლის დაცლას გეგმავდა. საყვარელ ნივთებს, რომლებსაც ვერასოდეს შეელეოდა, საქართველოში წასაღებად ამზადებდა, ავეჯს გაჭირვებულ ოჯახებს სწირავდა დასახმარებლად. თითქმის ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. ახლა მშვიდად ელოდებოდა თვითმფრინავის ბილეთზე აღბეჭდილი თარიღის მოსვლას და ამერიკაში ცხოვრების ბოლო წუთებს ითვლიდა. მისი მშობლები და ძმა ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ კლიფტონში ცხოვრობდნენ. ტიპიური ამერიკული სტილით მოწყობილი სახლი იყო- ნაცრისფრად შეღებილი ორსართულიანი, გარაჟში ორი მანქანის ადგილით, მწვანე ბალახით მობიბინე დიდი ეზოთი, ბარბექიუს მოწყობილობით, საცურაო აუზით და ბავშვების დიდი სათამაშო კონსტრუქციებით. ძმას ამერიკელი მეუღლე ჰყავდა და ორი ბავშვი. ყველასთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ჯენიმ ქმრის მშობლებთან ცხოვრება ამჯობინა. ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელია ამერიკულ რეალობაში და მისმა გადაწყვეტილებამ მთელი საახლობლო გააოცა. თავად დუდამაც შესთავაზა მშობლებს, საცხოვრებლად მასთან გადასულიყვნენ და არც ისინი იყვნენ წინააღმდეგნი, მაგრამ რძალი იმდენად შეეწყო მათ და ქორწინებამდე ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ვერცერთი ხედავდა იმის აუცილებლობას, ერთმანეთს დაშორებოდნენ. ყველას თავის საქმე ჰქონდა, მუშაობდნენ, არც ზედმეტად ერეოდნენ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში და სახლში გასაკეთებელი საქმეებიც განაწილებული ჰქონდათ. თითოეული მშვენივრად ართმევდა დაკისრებულ მოვალეობებს თავს. ერთი სიტყვით, საათივით აწყობილი ურთიერთობა ჰქონდათ. ახლაც, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვახშამი მოემზადებინათ და დუდას ელოდებოდნენ, ხოლო შეღამების პირს ყველა ერთად, სახლის მახლობლად დიდ პარკში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დასასწრებად და ფეიერვერკების სანახავად ემზადებოდნენ. ორმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ დუდას მანქანამ კლიფტონში შეაჭრა. მამაკაცმა ავტომობილი სახლის წინ გააჩერა და ბავშვებისთვის საჩუქრებით დატვირთული შევიდა სახლში: -ოჰ, დუდას ვახლავართ,-გახარებულმა მამამ კარი გაუღო და ბავშვებისთვის განკუთვნილი პარკების სახლში შეტანაში დაეხმარა. -დუდა ბიძია,-ყვირილით გამოცვივდნენ ბავშვები და სიხარულით შემოეხვივნენ საყვარელ ბიძას. -ჩემი ცელქები,-გულში ჩაიხუტა ონავარი, ტყუპი ძმისშვილები და ორივეს ვარდისფერი ლოყები დაუკოცნა. -ხომ გვეთამაშები? -თვალი ჩაუკრეს მეთიუმ და ჯოშუამ ბიძას. -რას ვთამაშობთ? - უახლესი თამაში გამოვიდა გაყიდვაში. გუშინ გვიყიდა მამამ, ერთად შევარჩიეთ. -აუცილებლად გეთამაშებით. ჩართეთ „სონი ფლეისთეიშენი“ და ცოტა ხანში შემოგიერთდებით. ოღონდ დამარცხებისთვის მოემზადეთ,-ახარხარდა დუდა. -ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ, არა ჯოშ?- მეთიუმ ძმას გადახედა და გაუღიმა. -აჰამ! -თავი დაიქნია ჯოშუამაც. -ვნახოთ, ერთი რისი თავი გაქვთ,- ბავშვებს იწვევდა ბიძა. -ვნახოთ! -სიხარულისგან ტაში შემოჰკრა მეთიუმ. - ასეც ვიცოდი, რომ გაგვისწორებდი. მამამ ჯერ ვერ მოიცალა ჩვენთან სათამაშოდ, - აკუნტრუშდა ჯოშუა. დუდამ დანარჩენი ოჯახის წევრებიც მოიკითხა და ვახშმამდე დაპირებისამებრ ბავშვებთანაც გაერთო. საღამოს 18:00 საათისთვის კი ყველა მისაღებ ოთახში, მაგიდასთან ისხდნენ და ქართულ-ამერიკულ კერძებს შეექცეოდნენ: -აბა, მოგვიყევი, მშენებლობის რომელ ეტაპზეა შენი კლინიკა?-საუბარი რძალმა წამოიწყო. -გავედით ბოლოში, ყველაფერი მალე დასრულდება. რემონტის უკანასკნელ დეტალებს ვათანხმებთ და ვხვეწავთ. დაახლოებით ორ-სამ კვირაში კი ავეჯს და აპარატურას შევიტანთ. -გახსნა როდის იგეგმება?-საუბარში ძმა ჩაერთო. -ალბათ, სექტემბრის შუა რიცხვებში, დათა. -რაღა დარჩა? უკვე ივლისია,- გაუღიმა დედამ. -აქ ხომ ჩამოხვალ ხოლმე, ბიჭო? იცოდე თავი არ მოგვანატრო,- თითი დაუქნია მამამ. -ხან მე ჩამოვალ, ხან თქვენ ჩამოხვალთ. არ იდარდოთ, აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს და ამ საკითხს დავარეგულირებთ,-გაეცინა დუდას. -მომენატრება შენთან თამაში, დუდა ბიძია,-გულდაწყვეტილმა ჯოშუამ ალალად ამოთქვა და ამოიოხრა. დუდამ ლოყა დაუჩქმიტა გვერდით მჯდომ ტყუპისცალს და მიიხუტა. ამის დანახვაზე, მეთიუც წამოდგა და ისიც ჩაეხუტა ბიძამისს. გულაჩუყებულმა ჯენიმ დრო იხელთა და სურათი გადაუღო: -ამ სურათს დაგიბეჭდავ და ვიდრე წახვალ, გაგატან,- გაუღიმა მაზლს. -აუცილებლად,- კიდევ ერთხელ აკოცა ძმისშვილებს და სკამებზე დაბრუნება და ვახშმის გაგრძელება სთხოვა. -ძაღლს რას უპირებ?- საუბარი გააგრძელა დათამ. -მიკი მიმყავს, მის გარეშე ვერ გავძლებ. -მე კი მეგონა, ჩვენ დაგვიტოვებდი. მიყვარს ეგ ძაღლი, ხომ იცი? -დუდა, თუ ნივთების ჩალაგება დაგჭირდეს, მოგეხმარები დედიკო. -არა, დედა. არაა საჭირო. შენ არ შეგაწუხებ მაგისთვის, როგორმე მივხედავ. -არ შევწუხდები, შვილო. -იყოს, მივხედავ. -ერთი თხოვნა მაქვს შენთან, დუდა,-დედა-შვილს საუბარი შეაწყვეტინა მამამისმა. -აბა, გისმენ. -ჩემი მეგობარი ანტონიო ხომ გახსოვს? -ღვინის ბიზნესი რომ წამოიწყო? -ჰო, სწორედ ეგ კაცი. ანტონიო პროფესიით მეღვინეა და ჩრდილოეთ იტალიიდან, კერძოდ პიემონტის რეგიონიდანაა. პიემონტი განთქმულია იტალიური ვაზის ჯიშების მრავალსახეობებით. მან აქ გააშენა ვენახები და უნიკალური იტალიური ჯიშის ვაზებს ზრდის. ახლა, გამშრალი წითელი ყურძნის ნაზავისგან ახალ ღვინოს უშვებს და ორ კვირაში, წვეულებაზე სხვა ღვინოებთან ერთად მის დეგუსტაციაზე გვეპატიჟება. ხათრი არ გამიტეხო და წამომყევი რა, ყველა მივდივართ. ძალიან კარგი ადამიანია და არ მინდა, ვაწყენინო. -წამოვალ, მამა. უარს ნამდვილად არ გეტყვი. ქართული ღვინოების შემდეგ არც იტალიური ნებიოლო, ბარბერა და ამარონე დაიწუნება. მომენატრა და გავსინჯავ. თან შემდეგ კვირაში სამსახურიდან მოვდივარ და თავისუფალი დრო ბევრი მექნება. -ჰოდა, ძალიან კარგი, მოვილაპარაკეთ,-გაუხარდა ბატონ თამაზს. ოჯახის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და გაეღიმათ. საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვეულებრივზე განსხვავებულიც კი იყო. მშობლებმა, ძმამ, რძალმა და ცელქმა ძმისშვილებმა დუდა ზედმეტი სიყვარულით, სითბოთი და ყურადღებით გაანებივრეს. კონცერტსაც დაესწრნენ და დღის ბოლოს, ფეიერვერკების ფონზე სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს. --- სკოლაში დაწყებული არდადეგების გამო, ყველა თანამშრომელი შვებულებაში გავიდა. ნინომ დედასთან ერთად ურეკში, თავიანთ პატარა, დასასვენებელ სახლში მოისურვა წასვლა. სახლი, რომელიც დღეს საოჯახო სტილის სასტუმროდ გადაექციათ, ნინოს ბავშვობის მოგონებების მთელ ციკლს იტევდა. მამასთან და დედასთან ერთად აქ უამრავი ტკბილად გასახსენებელი მომენტი გაეტარებინა. იქაურებს ყველას ახსოვდა ჟღალი, ცისფერთვალება და ანცი გოგონას ბავშვობა, რომელიც თანატოლებს აიყოლიებდა ხოლმე და მუდამ სასწაულ თავგადასავლებში ეხვეოდა. ხშირად უნახავთ პატარა ნინო ზღვის სანაპიროზე, რომელიც ღელვის დროს წყალს ეჩხუბებოდა: -დაწყნარდი, თორემ მეზობლებს დამსვენებლებს უკარგავო; ან მეგობრებთან ერთად ქვიშის ქოხების აგებით დაკავებული- ბავშვთა სოფლის გაშენებას ვიწყებთო, ან კიდევ ხეზე ამძვრალი, რომელიც ჩიტებს ბუდეებს ფერადი ქსოვილებით ურთავდა- ფრინველებსაც უნდათ ლამაზი და კომფორტული სახლებიო. ერთხელ, დედა ჩიტი ამის გამო ისე გაუწყრა, ძლივს გადარჩა თვალების დაკორტნას. მაშინ ისე დაიბნა და შეშინდა, საწყალი გოგონა ხიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. თავისი ცელქი ხასიათის წყალობით, სულ ფათერაკში იყო და ხან მუხლებგადაყვლეფილი ბრუნდებოდა სახლში, ხან დაკაწრული და ხანაც ხეებზე და ღობეებზე ძრომისგან ტანსაცმელდაგლეჯილი. როგორც კი დედა-შვილი სახლის ეზოში შევიდნენ, თვალში ეცათ პატარძლებივით მორთული მაგნოლიების ხეები, რომლებიც თოვლივით თეთრად გადაპენტილ ყვავილებს დაემშვენებინათ და ირგვლივ საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. ნინო წამით გაჩერდა, თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა დაუვიწყარი სურნელი, რომელიც გონების სიღრმეებამდე მკვეთრად აღწევდა და მთელ ბავშვობას უცოცხლებდა. დაინახა მომღიმარი მამა, რომელიც სახლში შემოსვლისთანავე გაწბილებული მეუღლისგან პატარა, კიკინებიანი, წითური გოგოს ოინებს სიცილით ისმენდა; მეზობლის ბავშვები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ „ტომის ბელადს“ და ყოველ დღე იმის მოლოდინში იყვნენ, რა სიახლეს შესთავაზებდა, რომ იმ დღეს უხალისოდ არ ჩაეარა; ზღვა, რომელიც ძალიან უყვარდა და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, უმშვენიერესი დედა, რომელიც სულ უკან დასდევდა, ზრუნავდა, სითბოს ჩუქნიდა და დღის ბოლოს, მოუსვენარი შვილის წყალობით, ამოჩემებულ სავარძელში ქანცგაწყვეტილი მიესვენებოდა ხოლმე: -ოჰ, რა ხალხი, რა ხალხი,- სტუმრების შესაგებებლად, ნელი ნაბიჯებით წავიდა ფაშფაშა ქალი, ლიანა რომელიც მერვე წელი იყო, რაც გიორგაძეების სახლი ებარა, ზაფხულობით საოჯახო სასტუმროდ გადაექცია და პატარა ბიზნესივით უძღვებოდა. ასეთი რამდენიმე სახლი ჰქონდა აღებული, რომლებიც ერთმანეთის მახლობლად მდებარეობდნენ. ამ საქმის არაჩვეულებრივად გაეგებოდა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით, დამსვენებლებიც კმაყოფილები ჰყავდა, სახლების მეპატრონეებიც და თავადაც იმდენი მოგება რჩებოდა, რომ საწუწუნო ნამდვილად არაფერი ჰქონდა. -როგორ ხარ, ლიანა?- თბილად მოიკითხა ქალბატონმა ბელამ ქალი. -არამიშავს, თავად როგორ გიკითხოთ? ხომ კარგად იმგზავრეთ? -კარგად, მადლობა, ჭირიმე. -ოთახი უკვე მზად მაქვს, მეორე სართულზე აბრძანდით და ხელმარცხნივ რომ დიდი ოთახია, იქ შედით და დაისვენეთ. მალე, სადილის დროც ახლოვდება და დაგიძახებთ. იმისთანა მზარეული მყავს, მის მომზადებულ საჭმელებზე დამსვენებლები თითებს იკვნიტავენ. -ვნახოთ, ვნახოთ,-ღიმილით თქვა ბელამ და ჩემოდანს დაავლო ხელი. ნინომ ხელიდან წაართვა და თავად აიტანა ოთახში. --- ივლისის ცხელ ჰავას იმდენად გამოეშრო ნატას ბაღის მცენარეები, ფოთლები უწყლობისგან დაპატარავებულიყვნენ და ფერში სიყვითლე შეჰპარვოდათ. ხავერდოვანი, შავი ვარდის ბუჩქი ყვავილებიანად მოწყენილიყო და საერთოდ აღარ გამოიყურებოდა ისე, როგორც ადრე იწონებდა ხოლმე თავს. დიასახლისმა გადაწყვიტა, მცენარეებისთვის ყვითელი ფოთლები და გამხმარი ყვავილები მოეშორებინა და ერთი საღამო ბაღში მუშაობას დაუთმო. ის იყო საყვარელი ბუჩქის მოვლა დაემთავრებინა და მცენარეების მორწყვაზე გადასულიყო, როდესაც მეუღლემ ეზოს ჭიშკარი შეაღო და ქალისკენ იდუმალი ღიმილით დაიძრა: - ოჰ, ულამაზესი ბაღი უმშვენიერესი მებაღით,- ლევანი მეუღლეს მიუახლოვდა, უკნიდან წელზე ხელები ნაზად შემოჰხვია და ყელზე აკოცა. -როგორ ჩაიარა ოპერაციამ? -ცოტა რთულად, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა გუნდმა ყველაფერს თავი გავართვით. -გილოცავთ, ეჭვი არც მეპარებოდა,-გაუღიმა მეუღლეს და ონკანისკენ წავიდა, რომ წყალი გადაეკეტა. ლევანი უკან გაჰყვა და არ ეშვებოდა, ახლა წინიდან გადაუდგა და ისევ მკლავებში მოიმწყვდია. -რაღაც გაქვს სათქმელი, კარგად გიცნობ ლევან,-ეშმაკურად შეხედა მეუღლეს და ჩაეცინა. -სწორად მიმიხვდი,-გამომწვევად შეხედა მაისურაძემ მეუღლეს. -მითხარი,- დაინტრიგდა ანდრიადი. -აქ თუ საძინებელში?- გაეღიმა მამაკაცს. -აქ!-მოკლედ მოუჭრა ნატამ. -თუ იქ?-თვალი ჩაუკრა ლევანმა და ვნებამორეულმა საყვარელი მეუღლე თავისკენ მიიზიდა. -რატომ არ მაცლი მუშაობას? -კარგი, მაშინ შენ ბაღში მუშაობა გააგრძელე და ვიდრე ღამე არ მოვა, იფიქრე შენთვის მომზადებულ სიურპრიზზე. -ახლა მითხარი, იქამდე რა მოითმენს. -თუ გინდა, სიურპრიზის მიღება დააჩქარო, მაშინ უნდა გამომყვე. -საზიზღარო,-გაეცინა ნატას და მეუღლეს წყლის ჭავლი ისე მიუშვა, თავიდან ბოლომდე ერთიანად გალუმპა. ლევანს მოულოდნელობისგან გული შეეკუმშა და ისეთი თვალებით შეხედა, ნატამ იფიქრა, ახლა ნამდვილად ვერ გადავურჩებიო, შლანგი ხელიდან დააგდო და ბაღში შევარდა. -აუ, შენ თუ ეს გაპატიო ნატალია ანდრიადი, მე კაცი არ ვიყო,-მამაკაცი შლანგს ხელით დასწვდა და მეუღლისკენ გაიქცა. სულ მალე, ორივე ისე დასველდა და ამოიგუნგლა ბაღის ტალახში, პაციენტებს რომ ენახათ, ვერაფრით დაიჯერებდნენ, რომ კლინიკაში სერიოზული სახით მოსიარულე მათი ექიმები სინამდვილეში, პირად ცხოვრებაში ძალიანაც მხიარულები და ზოგჯერ ბავშვებივით უდარდელები იყვნენ. სახლში შესული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ძლივს ასწრებდნენ სააბაზანო ოთახში შხაპის მისაღებად. ახლად დაბანილებმა კი ჯერ გემრიელად ივახშმეს, შემდეგ კი წინასწარ შერჩეულ ფილმს უყურეს. უკვე ძილის დრო ახლოვდებოდა, როდესაც ლევანმა საყვარელ მეუღლეს მალდივის კუნძულებზე წასასვლელი ორი ბილეთი აჩვენა: -ესეც ჩემი სიურპრიზი,-სიამაყით გაუწოდა ნატას ბილეთები, იცოდა, რომ მოგზაურობის მოყვარულ მეუღლეს ძალიან გაახარებდა. როგორც კი ანდრიადმა ბილეთებს დახედა, სიხარულისგან შეხტა და მეუღლეს ისე ჩაეხუტა, ლამის დაახრჩო. -ნელა, ველურო, -გაეცინა ლევანს. -ვის ჰყავს ქმარი ჩემისთანა?-მაცდური ღიმილით შეხედა ქმარს ქალმა და მის გულ-მკერდზე სექსუალურად ააყოლა გრძელი და მოვლილი თითები. -მიიღო ქრთამი და დასცხა,-ჩუმად ჩაილაპარაკა ლევანმა. -რაო?-ახლოს მიუტანა ტუჩები სახესთან და დაიჩურჩულა. -არაფერი, გააგრძელე,-ქალის ნებას დაჰყვა ლევანი. -სად? აქ თუ იქ?-ნატამ საძინებლისკენ გააპარა თვალი და სააბაზანო ხალათის შეხსნა დაიწყო. ვნებააღძრულმა მამაკაცმა ულამაზესი მეუღლე ხელში აიტაცა და საძინებლისკენ აიღო გეზი. --- დაპირებისამებრ, დუდა დათქმულ დროს კლიფტონში იყო და ოჯახის წევრებს გარეთ ელოდებოდა, რომ ღვინის დეგუსტაციაზე წასულიყვნენ. ჯერ მშობლები გამოჩნდნენ, შემდეგ დათა მოჰყვა უკან: -დუდა, გინდა, მანქანა აქ დატოვე და ჩემი ავტომობილით წავიდეთ?-შესთავაზა მამამ. -ჯენი არ მოდის? -ბავშვებთან რჩება,- უპასუხა დათამ. -მაშინ თავისუფლად მოვთავსდებით. მგონი, ასე სჯობს,- დუდა მანქანიდან გადავიდა და ბატონი თამაზის მანქანაში ჩაჯდა. -დათა შენ არ მოდიხარ?-გასძახა ძმას. -კი, მაგრამ ჯერ ერთგან უნდა გავიარო, პატარა საქმე მაქვს და მირჩევნია, ჩემი მანქანით წამოვიდე. -კარგი, როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა დუდამ და კარები დახურა. გზაში ბანკთან გააჩერეს, რომ ბანკომატიდან ნაღდი ფული გამოეტანათ. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ღვინო მოეწონებოდათ, რომ იქვე შეეძინათ. როგორც კი დუდა და მშობლები ეგრეთწოდებულ ღვინის დეგუსტაციაზე შენობაში შევიდნენ, წყნარი დარბაზი ახმაურდა და დუდას ნაცნობ-მეგობრები და თანამშრომლები აჟიოტაჟით შეეგებნენ: -Welcome to your surprise party!-ერთხმად შესძახეს და ზოგმა ბუშტები ააფრიალა, ზოგმა სასტვენში ჩაბერა და ზოგმაც ქაღალდის ფეიერვერკები გაისროლა. როდესაც დუდამ ჯენი, თავის ძმა და ტყუპები სტუმრებთან ერთად დაინახა, გაოგნებული იყურებოდა: -რა ხდება, ვერ გავიგე?-მამამისს სასიამოვნოდ გაოცებულმა შეხედა. გაღიმებული თამაზი შვილს მიუბრუნდა და აუხსნა: -შენი რძლის იდეაა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ღმერთმანი. უბრალოდ წამოწყებული სიურპრიზი სისრულეში მოვაყვანინეთ და ადგილამდე მოგიყვანეთ. -თქვენ რა გითხარით. იმიტომ გაწელეთ ხომ დრო და მატარეთ შორი გზებით, რომ დათას და ჯენის ჩვენთვის მოესწროთ და აქ დაგვხვედროდნენ? მშობლებს სიცილი აუტყდათ: -მიდი ახლა, მიხედე შენს მეგობრებს და შეუერთდი საერთო მხიარულებას. დარბაზი ლამაზად გაეფორმებინათ და სტუმრად დუდას ბავშვობის საყვარელი პერსონაჟი ბეტმენი მოეწვიათ. ფოტოგრაფი სტუმრებს სასაცილო კოსტუმებით და აქსესუარებით მოსავდა და დიდი, ციფრული მოწყობილობის საშუალებით, კადრებად რამდენიმე სურათს ერთად უღებდა და იქვე უბეჭდავდა. ერთ კუთხეში შვედური მაგიდა მოეწყოთ, მეორეში გამაგრილებელი სასმელი ყინულში ჩაედოთ და გვერდით წითელი და თეთრი ღვინის ბოთლები ბოკლებთან ერთად მიედგათ. პროექტორით თეთრ კედელზე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან გადაღებული ფოტოებისგან შექმნილი კოლაჟი გადიოდა: -სასწაული ადამიანი ხარ, ჯენი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,-დუდა აღფრთოვანებული ეუბნებოდა რძალს და თან გამხიარულებულ ტყუპებს ეფერებოდა. -შენ იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, იმსახურებ, ჩემო დუდა. მიხარია, რომ მოგეწონა,- სადღესასწაულოდ გამოწყობილი ქალი მაზლს უღიმოდა. რამდენიმე წუთში ჯენი, დათა და მშობლები სცენაზე ავიდნენ და მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. პირველად მშობლებმა დაიწყეს: -ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და სიურპრიზის მოწყობაში ხელის შეწყობისთვის. მადლობა დუდას კოლეგებს და მეგობრებს, რომ დაუფიქრებლად დაგვთანხმდნენ და ყველა მათგანი მობრძანდა საერთო მხიარულებაში მონაწილეობის მისაღებად. დანარჩენს დათა და ჯენი გააგრძელებენ: -მეც მადლობას გიხდით, რომ თქვენი წყალობით, ეგრეთწოდებული სიურპრიზ ფართი შედგა და ამის მთავარი მიზეზი რა თქმა უნდა, დუდაა და მისი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, იგი რომ აქ რჩებოდეს და კვლავინდებურად აგრძელებდეს ცხოვრებას, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია და მის არჩევანს პატივს ვცემთ. დღეს ყველა ოჯახის წევრს გვინდა, რომ ისეთი დღე მოვუწყოთ, რომელიც არასოდეს დაავიწყდება. დანარჩენს კი ჩემი მეუღლე მოგახსენებთ,- დათამ სიტყვა ჯენის გადასცა. -ჩემო ძვირფასებო, ძალიან გამახარეთ, რომ მობრძანდით და დაგვაფასეთ. მინდა გითხრათ, რომ დუდა ჩემთვის მხოლოდ ოჯახის წევრი არ გახლავთ. ის ჩემი მეგობარიც არის, ძმაც, შვილების ბიძა და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვისაც იდეალური მეგობარი, თანამშრომელი და ახლობელია. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას თითოეული დღისთვის, რომელიც მასთან ერთად გამიტარებია, გაწეული დახმარებისთვის, რაც გაუკეთებია და სიყვარულისთვის, რაც ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრისთვის უჩუქებია. დღეს, რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი მას ეძღვნება. ერთი სიტყვით, მისი დღეა და მინდა, ყველამ ისიამოვნოთ და დუდასთან ერთად გაატაროთ ერთი ლამაზი დღე. ჰო, მართლა, მასთან ერთად სურათების გადაღება არ დაგავიწყდეთ, შემდეგ დავბეჭდავთ და ყველას ფოსტით გამოგიგზავნით,-ქალმა სიტყვა დაამთავრა, დუდას დასავით გადაეხვია და სტუმრები შვედურ მაგიდასთან მიიპატიჟა. კმაყოფილი და ჯერ კიდევ გაოგნებული დუდა სტუმრებთან სათითაოდ მიდიოდა, მოიკითხავდა და პირადად უხდიდა მადლობას მობრძანებისთვის. ჯენის წყალობით, სტუმრებმა და მასპინძლებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. --- მართალია, ნინო ქალბატონ ბელასთან ერთად ურეკში დასასვენებლად ჩავიდა, მაგრამ გონება ახალი სასწავლო წლის გეგმებით ჰქონდა დაკავებული. კითხულობდა, წერდა და როგორც ყოველთვის, პროფესიული სიახლეების ძიებაში იყო. -ცოტა ხანს რომ დაისვენო, არ გინდა? -მობეზრებული სახით ჰკითხა დედამისმა გოგონას და შვილის წინ მოღავებულ ფურცლებს დაღლილი თვალები მოავლო. -აი, ცოტაც და უკვე მოვრჩები,-თბილად ახედა ქალს ნინომ და გაუღიმა. -ასე არ შეიძლება! ეს უკვე არანორმალურია! პირად ცხოვრებას ჰკარგავ! ადექი, გარეთ გამოდი და დაასვენე გონება, თორემ ამდენი მუშაობით ბოლოს შეიშლები! ახალი გარემო და უცხო ხალხთან კონტაქტი გჭირდება. ერთი და იგივე სახეები... ერთი და იგივე საქმეები... ერთი და იგივე გარემო... -რასაც ახლა აკეთებ, საშინელებაა, ნინო. ხანდახან ადამიანებს სხვა რაღაცაზე გადართვა ისე გვჭირდება, როგორც ორგანიზმს წყალი. იცოდე, გამოიფიტები და გადაიწვები! არ მინდა, შენმა გადატვირთულმა რუტინამ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს! - მკაცრი ტონი იგრძნობოდა დედის ხმაში. ნინომ ქალის დასანახად წიგნები დახურა, ფურცლები გვერდზე გადადო და უსიტყვოდ გავიდა გარეთ. -სად მიდიხარ?-უკან დაეწია ქალბატონი ბელა. - პლიაჟზე გავალ. -ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ გეჭამა. -არ მშია. დავბრუნდები და ერთად ვივახშმოთ,- გოგონამ უკანმოუხედავად მიაძახა დედას და ეზოდან გავიდა. -ჯიუტი და თავისნათქვამა!- თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა და სახლში შევიდა. *** ზღვა შორიდან ძალიან მშვიდი ჩანდა... ტალღები ნელი მოძრაობებით გამოედინებოდნენ ქვიშიან ნაპირზე და ირგვლივ წყნარი მუსიკასავით ავრცელებდნენ ბგერებს. წყლიდან მონაბერი ნიავი ოდნავ უწეწავდა ნინოს გაშლილ, ხვეულ თმას... ცისფერ სარაფანსაც ნაზად ურხევდა... ღრმად ჩაისუნთქა ზღვის სუნით გაჯერებული ჰაერი და იგრძნო, რომ ფილტვებმა სხვანაირად დაიწყეს სუნთქვა... თვალი მუქ ლურჯად მოლივლივე ზღვის ჰორიზონტს გააყოლა, რომელსაც საღამოს მზე გავარვარებული ცეცხლის ბურთივით ადგა თავზე და წყალზე და ცაზე მხატვრის პალიტრაზე ნაპოვნი ფერებივით წარმოუდგენელი სილამაზის სპექტრებს ქმნიდა და ასხივებდა. მზის ჩასვლასთან ერთად, ფერები იცვლებოდნენ. მოძრავი ღრუბლები ხან მეწამულისფრად, ხან ცეცხლისფრად, ხან ყვითლად და ხან თეთრად ირწეოდნენ ცაზე. წყალი ბრწყინავდა და ღრმად უშვებდა მის სიღრმეებში ბუნებისგან წარმოქმნილ სურათებს. მერე თითქოს ფსკერზე ჩაჰქონდა და სამუდამოდ იქ ინახავდა. მეწამულისფერმა ზღვის სანაპირომ ათასგვარი მოგონება ერთად აუშალა ნინოს და უდარდელ წარსულში გადაიყვანა. ზღვის ძალა უკეთ რომ შეეგრძნო, სანდლები გაიხადა და სველ ქვიშაზე ფეხშიშველმა დაიწყო სიარული. სული და სხეული ისე შეუმსუბუქდა, პატარა, ცელქი ბავშვივით მოუნდა სირბილი. გული რომ იჯერა, სირბილისგან დაღლილმა ერთი ადგილი შეარჩია და დაჯდა. მუხლები მოკეცა, ქვიშიან ტერფებს დახედა და გაეღიმა. თითებით ნაზად დაიზილა და მოიცილა. მერე მკლავები უკან გაწია, სხეულით დაეყრდნო, თავი ოდნავ გადაწია და გონებაში რამდენიმე წუთის წინ ნანახი პეიზაჟები გააცოცხლა. უნდოდა, ბუნებრივი კადრები მეხსიერებაში შეენახა და ფერების მისტიკაში დარჩენილიყო... ასე გრძელდებოდა დიდხანს, ვიდრე ნაცნობმა ხმებმა არ გამოაფხიზლეს: -ნინო,- ვიღაც ყვირილით ძლივს აწვდენდა შორიდან ხმას. გოგონამ იქით გაიხედა, საიდანაც ხმის ბგერები ისმოდა. ძლივს გაარჩია ბავშვობის მეგობრის სილუეტი. ფეხზე წამოდგა და მისკენ დაიძრა. ამასობაში, გულამომჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი ნინოს მიუახლოვდა: -როგორ ხარ? -დიდი სიხარულით მოიკითხა მეგობარი. -კარგად ვარ, ლადო. შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. აქ რომ იყავი, დღეს უნდა გამეგო? სირცხვილი შენი. -კარგი რა, სულ რაღაც მეოთხე დღეა, აქ ვარ. -შემთხვევით ბელა დეიდას შევხვდი და მისგან შევიტყვე, რომ აქ ხარ. სულ დაგავიწყდა ბავშვობის მეგობრები,-წყენა იგრძნობოდა მის ხმაში. -სულ ტყუილად ფიქრობ ასე. უბრალოდ დრო მჭირდებოდა, რომ ახალ გარემოში გადმოვრთულიყავი. ჯერ კიდევ თბილისიდან გამოყოლილ საქმეებს ვაგვარებდი და... -თავი იმართლა ნინომ. -წამოდი რა ჩვენთან. მაგდასაც გაახარებ და თან, ძველ დროს გავიხსენებთ. უი, მართლა, ფახლავას აცხობს და სიმინდებს ხარშავს, ხომ გიყვარს? -შენ რომ არ მაცდუნო, არ შეგიძლია,-ნინოს პირზე ნერწყვი მოადგა და გაეცინა,-კარგი, წავიდეთ. რამდენი ხანია, არ მინახავს შენი და, ძალიან მომენატრა. -მაინც რომელი უფრო მოგენატრა, მაგდა, მის მიერ გამომცხვარი ფახლავა თუ ჩვენებური, გემრიელი სიმინდი? -თვალები დაიწვრილა, სასაცილო სახე მიიღო და მეგობარს გადახედა. -სულელო, რა მასხარაც იყავი, იგივე დარჩენილხარ, -კისკისებდა ნინო და მხიარულად მიუყვებოდა ზღვისგან დასველებულ სანაპიროს. --- ზუსტად მითითებულ დროს დაეშვა თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში. უცნაური მოლოდინებით და გრძნობებით სავსე გამოვიდა დუდა მგზავრებით სავსე შენობიდან და სხვანაირად ჩაისუნთქა თორმეტი წლის მონატრებული, მშობლიური ჰაერი, რომელიც არცერთი ქვეყნისას ჰგავდა. გულმა სხვაგვარად დაუწყო ცემა, თითქოს ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებოდა... ტაქსი დაიქირავა, მძღოლს ჩემოდნები საბარგულში ჩააწყობინა და ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ. დიდი ხანი იყო გასული, რაც საქართველოს დასცილდა. ახლობელი და ერთ დროს საყვარელი ადამიანების წყალობით, ძალიან გულნატკენმა დატოვა იგი. ახლა, როცა ყველა იარა მოშუშებული ჰქონდა, მზად იყო, იგივე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება მშვიდად გაეგრძელებინა. უყურებდა დედაქალაქის ქუჩებს და ბევრი რამ ვეღარ იცნო, შეცვლილი და გათანამედროვებული მოეჩვენა. -ტაშკენტის 42 ნომერი მითხარით, არა?- სარკიდან გახედა მგზავრს მძღოლმა. -დიახ. -აი, მოვედით. რომელ სადარბაზოსთან გაგიჩეროთ? -მეორე. მძღოლმა მანქანა გააჩერა და საბარგულისკენ წავიდა. დუდამ ჩემოდნები ჩაიბარა, თანხა გადაუხადა და დაემშვიდობა. მე-6 სართულს ინტერესით ახედა და შეათვალიერა. მიტოვებული და მოუვლელი აივანი და ფანჯრები რომ დაინახა, გულში სევდა ჩაუგუბდა. ის იყო, ჩემოდნებს ხელით დასწვდა, როდესაც უკნიდან მხარზე ვიღაც შეეხო: -დუდა ჩამოვიდა, დუდა,-ბავშვივით აჟიტირებული დახტუნავდა ზრდასრული მამაკაცი. -ვაჰ, თომა? როგორ ხარ, ბიჭო? - გაუხარდა გავაშელს და გადაეხვია. -კარგად, კარგად,- ცქმუტავდა მამაკაცი,-მარტო შენ ჩამოხვედი? რუსიკო დეიდა, თამაზი ბიძია და დათა არ ჩამოსულან? -არა. -რატომ? -მერე ჩამოვლენ. შეგიძლია, ბარგის ატანაში მომეხმარო? -კი, კი,-თავი დაუქნია და ერთ-ერთ ჩემოდანს ხელი დაავლო. -როგორ მიცანი, ბიჭო? -გიცანი მაშ... -ბიჭები ხომ კარგად არიან? -შენ რომელი გაინტერესებს? -თომამ ცალი თვალი მოჭუტა და გვერდულად გახედა გავაშელს. -მახო, ლექსო, ზურა... -მახომ და ზურამ ცოლი მოიყვანეს და შვილები ჰყავთ. აი, ლექსო კი უკვე დიდი ხანია ავსტრიაში წავიდა და იქ მუშაობს. -ჰო, ეგ ამბები ვიცი. ველაპარაკები ხოლმე. -მაშინ, ახალი არაფერია. ყველაფერი ძველებურად,-მხრები აიჩეჩა თომამ. -ლექსო არ ჩამოდის ხოლმე? -იშვიათად. -შენკენ რა ხდება? -ჩემკენ?-ოდნავ მოიღუშა. -ჰო. -მამა დამეღუპა. ახლა მე და დედა ვცხოვრობთ სახლში. -მართლა? ეგ არ ვიცოდი, ვიზიარებ,-სახე შეეცვალა დუდას,- როდის ან რით დაიღუპა? -გულით დაიღუპა, შარშან. -სამწუხაროა. ნანული დეიდა და შენი და როგორ არიან? -კარგად, კარგად. თამთა საზღვარგარეთ ცხოვრობს, საფრანგეთში წავიდა,- ღიმილით პასუხობდა თომა და თან დუდას ათვალიერებდა. -დავლაგდები და აუცილებლად გესტუმრებით. ბიჭებსაც ვნახავ, ერთად გავიდეთ სადმე ამ დღეებში. -მეც წამიყვანთ? -აბა, უშენოდ როგორ იქნება? -ჰო, ჰო, აბა, რა უნდა ქნათ? მეც უნდა წამიყვანოთ, -როხროხებდა თომა და მძიმე ჩემოდანს კარებისკენ მიაგორებდა. დუდას და მის მეგობრებს იგი ძალიან უყვარდათ. ერთი გულკეთილი და მხიარული პიროვნება იყო. სკოლაში ცოტა ხანს იარა, მშობლებმა მეოთხე კლასიდან გამოიყვანეს. მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა და ცდილობდნენ, სახლში ესწავლებინათ. ეზოში მეზობლებთან ყოფნა უყვარდა. არავის დაზარდებოდა, ყველას ეხმარებოდა ხოლმე. როცა ეზოში მოთამაშე პატარა ბავშვები გაბრაზებას ან დაცინვას დაუწყებდნენ, მაშინვე გავაშელი და მისი საძმო დაუდგებოდნენ დამცველებად. მასაც სიამოვნებდა, დიდ მხარდაჭერას გრძნობდა მათგან. ალბათ, თავად თომასაც აღარ ახსოვდა, მისი გულისთვის რამდენჯერ დაუტუქსავთ და ჭკუა დაურიგებიათ ბიჭებს პატარებისთვის. -წადი, თომა, დაისვენე. მეც შევალ და თავს მივხედავ,-ბარგი გამოართვა დუდამ და გაუღიმა. -ეზოში როდის ჩამოხვალ? -ვნახოთ, როცა მოვიცლი,-გაეცინა გავაშელს. -ჰო, ჰო... -დიდი მადლობა დახმარებისთვის. -ხომ ვართ ძმები? -ხელი აუწია თომამ. -აბა, რა? ვართ,-დაუდასტურა დუდამ და ხელის გულზე ეგრეთწოდებული „Hi five” მიურტყა. -ჰო, ძმები ვართ... -გაეღიმა და გახარებული ღიღინ-ღიღინით დაეშვა კიბეებზე. გავაშელმა კარები დახურა და ნაცნობი ოთახები შემოიარა. ყველგან სინათლე აანთო და მონატრებული კედლები შეათვალიერა. ისინი მის ბავშვობას, დედ-მამასთან და ძმასთან გატარებულ უბედნიერეს წლებს და სტუდენტობის დროინდელ ტკბილ-მწარე მოგონებებს ერთად იტევდნენ. მართალია, დამლაგებელი ქალის წყალობით, იქაურობა მტვერს არ მიჰქონდა და სუფთად გამოიყურებოდა, მაგრამ დიდი ხნის გამოკეტილ ბინაში უცნაურ სუნს მაინც ჩაებუდებინა. მამაკაცი ფანჯრებთან მივიდა და სასწრაფოდ გამოაღო. შემდეგ მისაღებ ოთახში ბავშვობის დროინდელ სურათებს მოჰკრა თვალი და გაეღიმა. ჩარჩოებში ჩასმული სურათები ხელში აიღო და გონებაში წარსული კადრებად ამოატივტივა. --- ნინო საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. თვალები როგორც კი გაახილა და დამძიმებული თავი ძლივს ასწია ბალიშიდან, მაშინვე რაღაც ძალამ უკან შეითრია და მოწყვეტით დაემხო. -ოჰ, გამოღვიძება დაიწყო ქალბატონმა...-ჩაიბურტყუნა დედამისმა. -ბელა, ოღონდ ახლა არაფერი თქვა რა, ვკვდები,-ნინომ თვალები ნახევრად გაახილა და ჩახრინწული ხმით უთხრა ქალს. -მინერალური წყალი გიშველის? -ჰო, მიშველის,-მიუგო და თვალები ისევ დახუჭა. -ჰე, ადექი და გამოფხიზლდი! როდემდე უნდა იწვე? უკვე 11:00 საათია. -ეგ რომ შემეძლოს... -მოვკლავ მე იმ ვაჟბატონს. რა დალიეთ, გოგო ამისთანა? -კონიაკი. -ადექი, რამე წვნიანს მოგიმზადებ, გესიამოვნება. -შენ გაიხარე, ბელაჩკა. რა გოგო მყავხარ,-ბუტბუტებდა ნახევრად მძინარე და ტკივილისგან თავდამძიმებული ნინო. ცოტა ხანში, ქალმა ერთი ბოთლი მინერალური წყ*ლით და ჭიქით ხელში მიაკითხა შვილს: -ჰე, ადექი-მეთქი, არ გესმის? მიდი წყალი შეისხი და ცოტა გამოფხიზლდი. ასე ხომ არ იწვები მთელი დღე? -ოჰ, დედა, ოჰ!-ბრაზის ფრქვევით წამოდგა ნინო და მინერალური წყლით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად დალია. -რას მომიმზადებ სადილად? -რა გინდა, რომ მოგიმზადო? -ჩიხირთმა ან მაწვნის სუპი. -ნაბახუსევიც ასეთი უნდა,-ჩაეცინა ქალბატონ ბელას, თავი გაიქნია და ოთახიდან გავიდა. ნინომ ტანსაცმელი გადაიცვა, საწოლი მიალაგა და თავს რომ შეატყო, სუსტად იყო, დაწვა და ძილი გააგრძელა. რამდენიმე წუთში მობილური აწკრიალდა. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ხელით ძლივს დასწვდა და უპასუხა: -გისმენთ. -როგორ ხარ, ნინაჩკა?-წყვეტილად ესმოდა უნივერსიტეტელი მეგობრის მხიარული ხმა. -არამიშავს, სოფო. შენ როგორ ხარ? -მე და ლაშა ბათუმში მოვდივართ. -რა? როდის?-გიჟივით წამოვარდა საწოლიდან. -უკვე გზაში ვართ. გზად შენც შემოგივლით. -სად ხართ ახლა? -სურამს გავცდით. რამდენიმე საათში შენთან ვიქნებით. ხომ მიგვიღებ? ნინო უღიმღამოდ დაეთანხმა: -კარგი. მისამართს მოგწერთ. -OK, მაშინ გველოდე,-ჩაეცინა სოფოს და ტელეფონი გათიშა. -მოკლედ, დღეს მოსვენება არ მიწერია,-ჩაიბურტყუნა გოგონამ, აბურძგნული თმები ხელით შეისწორა და მოწესრიგებას შეუდგა. *** მეგობრებმა იმდენი ქნეს, ნინო დაარწმუნეს, რომ თავადაც გაჰყოლოდა ბათუმში. ახლა, სამივე ქალაქის ბულვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ და გემრიელ ვახშამთან ერთად თავს ალკოჰოლით იბრუებდნენ: -კარგია, რომ დაგვთანხმდი. უშენოდ მოვიწყენდით,-ამბობდა სოფო. -ვინ მაცალა დათანხმება? ისე მკარით ხელი, თავადაც ვერ მივხვდი როგორ აღმოვჩნდი მანქანაში,-ხუმრობდა ნინო. -ჰო, აბა. ვიძალადეთ და მძიმე დანაშაულისთვის მოგვეკითხება,-კისკისებდა ალკოჰოლმოკიდებული სოფო. -აუ, ძალიან მომეკიდა. მე ვეღარ აგყვებით, თორემ ვატყობ, ცუდად გავხდები,-სახე შეეცვალა ნინოს. -გინდა, ფეხით გავისეირნოთ?-ჰკითხა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით აღელვებულმა ლაშამ. -ჰო, მინდა,- თავი დაუქნია ნინომ და წამოდგომა დააპირა. წამოდგომისას თავბრუ დაეხვა, ფეხი ვეღარ შეიკავა, ერთმანეთში აეხლართა და რომ არა ლაშა, იქვე გაიშოტებოდა. -ფრთხილად!-მკლავებში წაეტანა ბიჭი და გვერდში ამოუდგა, რომ ბარიდან გაეყვანა. -სად მივდივართ? -გაბრუებულმა ძლივს წარმოთქვა სიტყვები. -მოიცადეთ, მე აღარ მელოდებით?-უკან დაეწიათ სოფო. -ეს გასაღები აიღე და ჩემს ბინაში ადი. ცოტა ხანს გავივლით და მალე ამოვალთ,-უპასუხა ლაშამ. -ჩემი დახმარება არაფერში გჭირდებათ? -არა, გავართმევ თავს. შენს თავს ვფიცავარ, ძალიან მალე ამოვალთ, -მიუგო ბიჭმა. -ნინო, შენ რას იტყვი?-ეჭვით გადახედა მეგობარს. -ჰო, მალე მოვალთ, -დაუდასტურა ნინომაც. -კარგი, როგორც გინდათ,-მხრები აიჩეჩა და გასაღები გამოართვა ლაშას. -აბა, სად წავიდეთ?- სერიოზული სახით შეხედა ცუდადმყოფს ბიჭმა. -ჰაერი მჭირდება... -ქუჩებში ვისეირნოთ, სადმე ჩამოჯდები თუ პლიაჟზე გავიდეთ? -პლიაჟზე შემცივა, გრილა. ქუჩებში ვისეირნოთ. -როგორც შენ იტყვი,-დაეთანხმა ბიჭი. ულამაზესი იყო თეთრი ბათუმი ღამით. თანამედროვე სტილის არქიტექტურა ძველს ისე ერწყმოდა, ერთმანეთში ჰარმონიულად ერთიანდებოდნენ და დაუვიწყარ გარემოს ქმნიდნენ. ცად აზიდული შენობები, შადრევნები, კედლებზე დამონტაჟებული დიდი საათები, სკულპტურები, სხვადასხვა ფერის ყვავილებით მორთული ქუჩები, იშვიათი ჯიშის პალმები, ტურისტები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, ზღვისგან მონაბერი სიო და ტენით გაჯერებული ჰაერი ნამდვილ, ზღვისპირა ქალაქისთვის დამახასიათებელ იერს სძენდა იქაურობას. -აბა, როგორ ხარ? გამოკეთდი? -კი, რა შედარებაა? უკეთესად ვარ,-ნინომ მადლობის ნიშნად გაუღიმა ბიჭს. -წყალი ან რამე ხომ არ გინდა? -არა, არაფერია საჭირო. შემთხვევით, ღია ცის ქვეშ მდგარ პიანინოსთან აღმოჩნდნენ, რომელსაც რამდენიმე ტურისტი გარს შემოჰხვეოდა და იქ მყოფებს კლასიკური მუსიკის ჰანგებით ათამამებდნენ. -დავუკრავ რა,-შეეხვეწა გიორგაძე მეგობარს. -რა თქმა უნდა, ამას რა კითხვა უნდა? -მიუგო ლაშამ და პიანინოსკენ გაჰყვა. გოგონა უცხოელებს მიადგა და როდესაც რიგმა მოუწია, თხელი თითები კლავიშებზე განათავსა და „ლიბერტანგოს“ ნოტები ირგვლივ ისეთი საოცარი შესრულებით გაფანტა, ერთ-ერთმა წყვილმა თავი ვეღარ შეიკავა და შუა ქუჩაში აცეკვდა. ნინო დიდი ემოციებით ასრულებდა და თითქოს ისიც ჰაერში გაფრქვეულ ბგერებთან ერთად ასულიყო და ვნებიანი ცეკვით უერთდებოდა. ბოლოს ეხვეწებოდნენ, რომ კიდევ შეესრულებინა რამე, მაგრამ იუარა და რიგი დანარჩენებს გადაულოცა. -კარგია, რომ თავს უკეთესად გრძნობ,-შვებით ამოისუნთქა ნინოს მუსიკალური შესაძლებლობებით მოხიბლულმა ლაშამ. -რა იყო, ხომ არ ინერვიულე? -დამცინი? ხომ იცი, რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ? მეგობარზე მეტი ხარ,-თბილი და სევდიანი თვალებით შეხედა ბიჭმა. -ლაშა, ძალიან გთხოვ, არ დაიწყო. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. -არ ვიწყებ, ნინო. უბრალოდ შეგახსენე. -ავიდეთ ბინაში, სოფო გველოდება. -ავიდეთ,- ჩუმად წარმოთქვა და გოგონას კორპუსისკენ გაჰყვა. --- სექტემბერი მოახლოვდა. ახალმა ონკოლოგიურმა კლინიკამ ფუნქციონირება დაიწყო. დუდა საკმაოდ მომთხოვნი უფროსი აღმოჩნდა თანამშრომლებისთვის. ამერიკაში მიჩვეული, საქართველოშიც ყველაფერში სიზუსტეს და საქმის დროულად დასრულებას ითხოვდა. პასუხისმგებლობის გრძნობას აფასებდა და სიტყვის შეუსრულებლობას არავის პატიობდა. -როგორი სიმპათიურია ჩვენი უფროსი. ნეტავ გულის სწორი თუ ჰყავს?-მიმღებში მომუშავე იაკო მაცდური სახით და მიმიკებით ერთ-ერთ თანამშრომელს მიმართავდა და წითელ პომადას უკვე მეორე წრეზე ისვამდა. -აბა, საიდან უნდა ვიცოდე? პირად ცხოვრებაზე არავისთან საუბრობს,-ტუჩები დაბრიცა ეკამ და გოგონას ამრეზით გადახედა. დუდამ კაბინეტის კარები გააღო და მიმღებში მომუშავეს ყავის შეტანა სთხოვა. -ახლავე, ბატონო დუდა,-მარდად წამოდგა იაკო, თეთრი ხალათის ზედა ღილები ჩაიხსნა და რამდენიმე წუთში ყავის ლანგრით ხელში გავაშელის კაბინეტში მაღალი ქუსლებით შეკაკუნდა. -ბატონო დუდა, თქვენი ყავა მზადაა,-თეძოების რხევით და მაცდური ღიმილით წავიდა ქალი ექიმისკენ და ფინჯნის ლანგრიდან მაგიდაზე გადადგმისას მისკენ განგებ ისე გადაიხარა, მთელი მკერდი გამოუჩნდა. მამაკაცი შეიშმუშნა, აშკარად არ ესიამოვნაა. თანამშრომელს წარბი აუწია და ხმის ტონი გაამკაცრა: -როცა სამსახურში ხარ, ხალათი შეიკარი, წითელი პომადა მოიშორე და კლინიკისთვის შესაფერისი, დაბალძირიანი და კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვი. მეტჯერ აღარ გავიმეორებ! -უკაცრავად, ბატონო, დუდა. სხვანაირად გამიგეთ,-ქალი შეცბა და სახეზე გაწითლდა. მერე ხალათის ღილები შეიკრა და ოთახი აღელვებული სახით დატოვა. ექიმმა გავაშელმა მისაღები პაციენტების განრიგს ჩახედა. რამდენიმე წუთში მორიგი ავადმყოფის მიღების დრო ახლოვდებოდა. თავისუფალი წუთებით ისარგებლა და მის ბინაში მომუშავე მუშებს გადაურეკა. როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა და რემონტიც რამდენიმე დღეში დასასრულს მიუახლოვდებოდა, შვებით ამოისუნთქა, კმაყოფილი ფინჯან ყავას დასწვდა და მის არომატში ჩაიკარგა. --- საჯარო სკოლებში სწავლა ახალი დაწყებული იყო. დილის ქალაქი სასწავლებლებში მიმავალი მოსწავლეებით, მშობლებით და მასწავლებლებით ავსებულიყო. ზაფხულის შემდეგ ქუჩები სხვანაირად გამოცოცხლებულიყვნენ, თითქოს ახალი ენერგიით სავსე მოქალაქეებს მასპინძლობდნენ. ნინო გიორგაძე მგზავრებით გადაჭედილ ავტობუსში ფეხზე იდგა და წყნეთის ბავშვთა სახლისკენ მიდიოდა. სახეზე ცოტა ნერვიულობა ეტყობოდა, როგორმე ბავშვთა სახლის დირექტორი უნდა დაერწმუნებინა, მისთვის კვლევის ჩატარების უფლება მიეცა და პატარებს ერთობლივი ძალებით დახმარებოდნენ, რაც არც ისე მარტივი იყო. წინასწარ იცოდა, რომ მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებოდნენ, რადგან დალაგებული სიტუაციის არევა არავის უყვარს და ყოველთვის ერიდებიან. -გამარჯობა. ბატონ ემზართან ვარ მოსული,-პირდაპირ შეაჭრა ნინომ მდივანთან. -ერთი წუთით მოითმინეთ, გოგონა, -თითის აწევით ანიშნა მისაღებ ოთახში მყოფმა შუახნის გადაპრანჭულმა ქალმა ახალგაზრდა სტუდენტს და ალხეინად განაგრძო ტელეფონზე საუბარი. ერთ ზარს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მის მოუცლელობას ბოლო რომ არ გამოუჩანდა, კიდევ ერთხელ წამოდგა გოგონა და რაღაცის თქმა დააპირა:-ქალბატონო, იქნებ... - აკი გითხარით, ერთი წუთით დამაცადეთ-მეთქი? -საუბარში გართულმა ქალმა უკმაყოფილო მზერა ესროლა გოგონას და ლაპარაკი გააგრძელა. გოგონამ პროტესტის ნიშნად, შეჭმუხნული სახით გადახედა ტელეფონზე უაზროდ მოლაქლაქე მდივანს და ამჯერად არა სკამისკენ, არამედ კედლისკენ წავიდა და იქ აეყუდა. -რა თავხედი ქალია, სამუშაო საათებში ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან საუბრობს და მერე რამე რომ უთხრა, აქეთ გამოგიყვანს უზრდელს და უტაქტოს,-ნერვები მოეშალა ახალგაზრდა სტუდენტს. როგორც იქნა მდივანმა საუბარი დაამთავრა, საქმიანი სახე მიიღო, მის წინ დახროვილ ქაღალდებს ზერელედ დაუწყო აქეთ-იქით გადაწყობა და მერე გოგონასთვისაც მოიცალა. -გისმენთ,- გოგონას ვარდისფრად შეღებილი ტუჩები დაუპრუწა და შეეცადა, სტუმრის დახმარების მზადყოფნით სავსე მდივნის სახე მიეღო. -როგორც იქნა, -კბილებში გამოსცრა გაცეცხლებულმა გოგონამ, მერე სახე დაალაგა და ხელოვნური ღიმილით მიუბრუნდა ქალბატონს. -იცით, მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახლავართ. სამაგისტრო ნაშრომისთვის პატარა კვლევას ვატარებ და თქვენი თანამშრომლების დახმარება მჭირდება, ამიტომ ვარ ბატონ ემზართან მოსული. -ახლავე მოვახსენებ ბატონ ემზარს, -მობეზრებული სახით ახედა სტუდენტს და ზლაზვნით შევიდა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელთან. გოგონამ თვალი გააყოლა და გაიფიქრა: -ლოკოკინა, სუფთა ლოკოკინა...-და გონებაში ეს ცხოველი რომ მდივანი ქალის სახით წარმოიდგინა, თავი ძლივს შეიკავა, რომ სიცილი არ დაეწყო. ცოტა ხანში, ქალი უემოციო სახით გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან და სტუდენტს უთხრა, რომ მასთან შესულიყო. გოგონამ კმაყოფილი სახე მიიღო, მადლობა გადაუხადა და ხელმძღვანელის ოთახში შეაჭრა: -გამარჯობა, ბატონო ემზარ, როგორ ბრძანდებით? -კარგად, თავად როგორ ბრძანდებით? -ღიმილით შეხვდა მამაკაცი ახალგაზრდა ქალბატონს, ხელი ჩამოართვა და სკამზე მიუთითა, რომ ჩამომჯდარიყო. -გმადლობთ, მეც კარგად,- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანის წერილობითი მიმართვა წარუდგინა და აღელვებული დაელოდა მამაკაცის პასუხს. ბატონმა ემზარმა ყურადღებით გადაიკითხა მიმართვა და მის წინ მჯდომს ახედა: -თქვენი სახელი? -მე ნინო გიორგაძე გახლავართ. -სასიამოვნოა. ესე იგი, თქვენ ობოლი ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და გარკვეულ თავისებურებებს სწავლობთ, ასეა? -დიახ, სწორად მიმიხვდით. -კონკრეტულად რა გაინტერესებთ? -იცით, მე ოთხკაციან ჯგუფთან ვმუშაობ. ვცდილობთ, დავადგინოთ, როგორია გარკვეულ გარემოში მოხვედრილი ბავშვების სამყარო და მათი თავისებურებები. -მხოლოდ შეისწავლით? მერე ეს რას მოგცემთ? -ბავშვების განვითარებაში აღმოჩენილი პრობლემების შემთხვევაში, თქვენს თანამშრომლებთან ერთად შევიმუშავებთ მეთოდებს, რომლებიც ეფექტიური იქნებიან და საშუალებას მოგვცემენ მძიმე პერიოდები გადავალახინოთ პატარებს როგორც კვლევის დროს, ასევე მის შემდგომი პერიოდისთვის. -გასაგებია, -არც ისე კმაყოფილი სახით აღნიშნა ემზარმა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ სტუდენტს დახმარებოდა. მამაკაცი ფეხზე წამოდგა და წინ მჯდომს მიმართა, ერთ-ერთ ოთახში გაჰყოლოდა, რომ იმ თანამშრომლების და ბავშვებისთვის წარედგინა, რომლებთანაც მომდევნო დღეებში მუშაობა მოუწევდა. გოგონამ შვებით ამოისუნთქა. რამდენიმე წუთში, ბატონ ემზართან ერთად უკვე აღსაზრდელებთან იყო და ბავშვებს და თანამშრომლებს ეცნობოდა. -ბავშვებო, მიესალმეთ, დღეიდან, მანანა მასწავლებელთან ერთად ნინოც აქ იმუშავებს. აბა, თქვენ იცით, დაუჯერეთ და არ გააბრაზოთ,- სწრაფად წარუდგინა აღსაზრდელებს ფსიქოლოგი და სიტყვის დამთავრებისთანავე სწრაფად გაეცალა იქაურობას და კაბინეტს დაუბრუნდა. ბავშვებმა ახლადშესული სტუმარი თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერეს და მრავლისმეტყველი სახეებით დაუწყეს მზერა, თითქოს მისი ხასიათის წინასწარ გამოცნობას ცდილობდნენ. სტუდენტი არ დაიბნა, პატარებს ასეთი მზერის საიდუმლოს მიუხვდა და მხიარულად და თბილი სახით გააგრძელა თავის წარდგენა: -გამარჯობა, ბავშვებო. მე როგორც ბატონმა ემზარმა მოგახსენათ, ნინო მქვია. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი მომავალი პროფესიაც სწორედ ბავშვებთან ურთიერთობას უკავშირდება, რადგან ძალიან მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება, დახმარება და ა.შ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თქვენთან შეხვედრა. ვფიქრობ, წინ ბევრი საინტერესო და სახალისო დღე გველოდება. ხვალიდან სულ ერთად ვიქნებით, ერთად დავგეგმავთ მხიარულ და შემეცნებითი სახის აქტივობებს და გპირდებით, რომ ჩემთან ერთად არასოდეს მოიწყენთ, -საუბრის დროს, ნინო თითოეულ ბავშვს ფსიქოლოგის თვალით აკვირდებოდა, წინასწარ სწავლობდა მათ და ურთიერთობის ხერხებს გონებაში იმუშავებდა. ერთმა აღსაზრდელმა ხელი სანახევროდ აიწია და უცებ დაუშვა. ეტყობოდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მთლად ვერ ბედავდა: -რაო, პატარავ, რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?-ჰკითხა ფსიქოლოგმა. გოგონამ როგორც იქნა, გაბედა, ახლად გაცნობილს ფეხზე წამოუდგა, თვალები გაუსწორა და ამოილუღლუღა: -დედაჩემსაც ნინო ერქვა. ახალგაზრდა ფსიქოლოგი არ დაიბნა. შექმნილი სიტუაცია, რომ გაენეიტრალებინა, ბავშვს გაუღიმა და უთხრა: -ჰო, ძალიან გავრცელებული სახელია და საქართველოში ბევრს ჰქვია, -მერე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი: -მოდი, რადგან ჩემს შესახებ ასე თუ ისე უკვე იცით, ახლა თქვენ გამეცანით. ფურცლები აიღეთ, ორად გადაკეცეთ, სახელი დააწერეთ და მერხებზე , თქვენს წინ დააწყეთ. მერე, ყველა თქვენგანს მოგიახლოვდებით და გაგესაუბრებით თქვენს ვინაობასთან და ინტერესებთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მინდა, გავიგო რა მოგწონთ ან არ მოგწონთ, რას შეცვლიდით საკუთარ თავში, რა გზებით და ა.შ. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ რამდენიმე მათგანი იყო მზად, ახლადმოსულ სტუმართან ალალად გახსნილიყო. დანარჩენები ისევ ეჭვისთვალით ათვალიერებდნენ ახალ სტუმარს. ნინოს თვალს არც ეს მომენტი გამოჰპარვია და პირველად ყველაზე გაბედულ და სასაუბროდ მზადმყოფ ბავშთან მივიდა, რომ მისი სითამამე სხვებისთვისაც მოტივაციის წყარო გამხდარიყო და ასე აეწყო პირველი, გაცნობითი სახის სამუშაო საათი. არც შემცდარა, მისმა ხერხმა მეტნაკლებად გაამართლა და ზოგმა სრულყოფილად, ზოგმა სიმორცხვით და ზოგმაც დაბნეულობით, მაგრამ მაინც გაართვა თავი სტუდენტის თხოვნას. მხოლოდ ერთმა არ მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა ფსიქოლოგის სიტყვებს და არც სახელი დაწერა ფურცელზე და არც საკუთარი თავი გაუცნია მისთვის. ნინო ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქერათმიან ბიჭუნას და დაკვირვებით შეათვალიერა, ისე, რომ სანდომიანი მზერა და ღიმილი არ მოუშორებია სახიდან: -გამარჯობა. ბიჭმა თავი დახარა და თვალები აარიდა. -სახელს არ მეტყვი? -მასწავლებელო, მაგას დემეტრე ჰქვია და დიდებთან არ ლაპარაკობს,- ვიღაცამ უკნიდან სიტყვა წამოისროლა. -თავი დაანებე, ნინო. მაინც არ გაგცემს ხმას, ეგ ბავშვი თითქმის არავისთან კონტაქტობს,- დაამატა მანანა მასწავლებელმაც. ნინოს სახე შეეცვალა, არ მოეწონა, როდესაც მის და დემეტრეს ურთიერთობაში სხვები ჩაერივნენ, მაგრამ უკვე იცოდა, რომ სხვების ჩარევით ბავშვისგან ვეღარაფერს მიიღებდა და გადაწყვიტა, პირველი დღისთვის თავი შეეკავებინა. საბოლოოდ, მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მისთვის მხარზე ხელი დაედო და მერე უხმოდ გასცლოდა. *** -იცი, ნინო, ბავშვებთან ვეღარ გითხარი და დემეტრესთან ურთიერთობის დამყარების მცდელობას აზრი არ აქვს, მხოლოდ ბავშვებთან კონტაქტობს, ჩვენთან არა,- მოგვიანებით მანანა ახალგაზრდა ფსიქოლოგს ცალკე ოთახში უხსნიდა ვითარებას. -რატომ? -მისი მშობლების სიცოცხლე ბინაში შეჭრილმა მძარცველებმა იმსხვერპლეს. როგორც ბებიამ მიამბო, დემეტრეს საკუთარი თვალით უნახავს მათი სიკვდილი. მაშინ ბავშვი ექვსი წლის იყო. იმ ამბის შემდეგ საუბარი შეწყვიტა და ყველას აღარ ეკონტაქტება. -რას ამბობთ? -დიახ, დემეტრე შემთხვევით გადარჩა, თუმცა ისიც დაჭრეს. -გასაგებია. მადლობა, რომ მითხარი. სამედიცინო დასკვნა ხომ არ გაქვთ ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით? -რას გულისხმობთ? -მის კოგნიტურ განვითარებას და ამჟამინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. -აჰ, სამწუხაროდ ასეთი არაფერი მოუტანია ბებიამისს. -არც თქვენმა ფსიქოლოგმა შეამოწმა? ქალმა თავი გააქნია: -ჯერ არა. -კარგი, შეხვედრა მაინც არ შეიძლება დემეტრეს ბებიასთან? -რატომ? -ბიჭთან დაკავშირებით კითხვები მაქვს. შეიძლება, მისგან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღო. -ეს კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება და არ გვაქვს უფლება, უცხო ხალხს ბავშვების ოჯახის წევრების შესახებ რამე ვუთხრათ. -ამ შემთხვევაში, მე უცხო არ ვარ... -გირჩევთ, თავი არ აიტკიოთ. მესმის, რომ მონდომებული ხართ, მაგრამ დემეტრეს ვერ აალაპარაკებთ. ეს არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. -კი, მაგრამ... -მე უკვე გითხარით, -მანანამ ცივად შეხედა და გოგონას გაეცალა. *** უკვე ბინდდებოდა. სახლში მიმავალი ნინო აღმართს ჩაფიქრებული მიუყვებოდა. უეცრად, წინ მეზობლის გერმანული ნაგაზის ლეკვი გადაუდგა და იმის ნიშნად, რომ იცნო, კუდი აუქიცინა. -მაქს, -ძაღლს თბილად გაუცინა და თავზე ხელი გადაუსვა,-აქ რა გინდა? მათემ იცის, რომ გარეთ ხარ? ლეკვი სიამოვნებისგან გაიტრუნა და როგორც კი გიორგაძემ მისი მოფერება შეწყვიტა, მაშინვე აწკმუტუნდა: -მაქს, მოდი შენი პატრონი ვიპოვოთ. მე კი სახლში უნდა მივიდე, თორემ ბელას ვერც მე გადავურჩები და ვერც შენ,-სიცილს უმატა ნინომ. ძაღლი არ ეშვებოდა, ყურები საყვარლად აეცქვიტა და თათებით ანიშნებდა, რომ ცოტა ხანს ისევ მიფერებოდა. ამასობაში, პატრონიც გამოჩნდა: -მაქს, აი, სად ყოფილხარ. არ გრცხვენია? ასე უნდა მაძებნინო თავი?-უსაყვედურა ახალგაზრდა ბიჭმა. ლეკვმა თითქოს დანაშაული იგრძნო, საწყალი თვალებით ახედა. მათემ ნინოს მოუბოდიშა და მაქსი შინ წაიყვანა. *** -რა საყვარელი ძაღლი ჰყავს მათეს,-სახლში შესულ ნინოს ჯერ კიდევ გამოჰყოლოდა წუთების წინ მომხდარი ამბავი. არავინ გამოეპასუხა და გულმა თითქოს ცუდი უგრძნო: -დედა,-ხმამაღლა დაუძახა შვილმა. ირგვლივ სიჩუმეს დაესადგურებინა. ნინო ფეხაკრეფით გავიდა სამზარეულოსკენ. იფიქრა ქალი იქ საქმიანობდა და მისი მოსვლა ვერ შეამჩნია, მაგრამ მისაღები ოთახის იატაკზე გონწასული რომ დაინახა, შიშისგან ხმამაღლა შეჰკივლა. --- ლევანისთვის და ნატასთვის მალდივის კუნძულებზე დასვენების მესამე კვირა იწურებოდა. ინდოეთის ოკეანის წყალი ხან ფირუზისფრად, ხან ზურმუხტისფრად ისროდა თეთრ, ქათქათა ქვიშაზე ტალღებს. დილაობით ფერად-ფერადი, ეგზოტიკური თევზები გამჭვირვალე წყალში ლაღად ანცობდნენ და ცნობისმოყვარე დამსვენებლებს ფოტო კამერებით იწვევდნენ. იქაურობით მოხიბლულმა მაისურაძემ და ანდრიადმა ორკვირიან საგზურს ერთი კვირაც დაამატეს და ადგილობრივ მოსახლეობაში გაცილებით ნაკლებ ფასში იქირავეს ეგრეთწოდებული „Guest House“-ის ოთახი. გამაჯანსაღებელი მასაჟები ეთერზეთებით, ექსკურსიები, წყალქვეშა სამყაროს ტურები -ყველაფერი მოთავებული ჰქონდათ და იქ ყოფნის ბოლო დღეებში, მხოლოდ ოკეანით და ულამაზესი გარემოთი აგრძელებდნენ ტკბობას. ახლაც ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს რესტორანში, რომელიც სანაპიროს გადასცქეროდა და მათ წინ არაჩვეულებრივ ხედებს შლიდა, რომანტიკულ ვახშამს მიირთმევდნენ და ცხოვრებას ირგებდნენ. *** ვიკა ნერვულად დადიოდა ბინაში და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა: -ასეც ვიცოდი, რომ დუდა აუცილებლად დაბრუნდებოდა. გული მიგრძნობს, ნატას და ლევანის ცხოვრებაში ციკლონი გადაიქროლებს. ვნახოთ, როგორი მყარია თქვენი სიყვარული ჩემო კარგებო,-ტუჩზე იკბინა ქალმა და ფიქრებში ღრმად წავიდა. მერე, მობილურ ტელეფონს დასწვდა და მეგობრის ნომერი აკრიფა. ნატას ტელეფონის ეკრანზე მეგობრის ნომერი გამოისახა: -ვინ არის?-გაკვირვებით ჰკითხა ლევანმა მეუღლეს. - ვიკაა,-უხერხულად შეხედა მამაკაცს ნატამ და ვახშამი გააგრძელა. -უპასუხე, იქნებ რა საქმე აქვს. -კარგი,- ქალმა ტელეფონი ხელში აიღო და შენობიდან გარეთ გავიდა. -გისმენ, ვიკა. -როგორ ხარ, ნატა? -კარგად. შენ როგორ ხარ? -მეც კარგად, მადლობა. გაგიტკბათ მალდივის კუნძულები,-უხერხულად ჩაეცინა. -ვერც კი წარმოიდგენ ისეთი სასწაული სილამაზეა. ვიტყოდი, რომ სამოთხეა დედამიწაზე,-აღფრთოვანებული საუბრობდა ნატა. -ჰო, მესმის. ალბათ, ლევანსაც მოსწონს... -მოსწონს რომელია? აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია. -ნატა, რა მაგის პასუხია და გახსოვს, ახალ კლინიკაზე რომ გეუბნებოდი? -მახსოვს. რამე მოხდა?-ხმა შეეცვალა ნატას. -ახლა უკვე საკუთარი თვალებით ნანახს გიდასტურებ, რომ კლინიკის დამფუძნებელი დუდა გავაშელია და უკვე მესამე კვირაა, რაც მუშაობა დაიწყო. -ესე იგი, ნახე? -პირისპირ არ შევხვედრილვარ, მაგრამ ტელევიზიაში რეპორტაჟი გავიდა და დუდას სიტყვაც მოვისმინე. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გამოგიჩნდათ. ასე, რომ მოემზადეთ. -რას მეუბნები? -პროფესიონალი თანამშრომლები, სასიამოვნო გარემო, ულტრათანამედროვე აპარატურა და ძალიან კარგი მომსახურება. მეტი რა უნდა პაციენტს? -მაგით რის თქმას ცდილობ? თანამშრომლები არც ჩვენთან დაიწუნებიან,-ხმაში წყენა შეეპარა ნატას. -რა თქმა უნდა, მაგრამ ახალი ცოცხი კარგად გვისო, ხომ გაგიგია? ჰოდა, ყველას ის ურჩევნია. შენ კი არ უნდა გეწყინოს, არამედ მოქმედებაზე უნდა გადახვიდე. ასე, რომ დასვენება კარგია, მაგრამ დროა, ორივემ ერთი ადგილი ასწიოთ და საქმესაც მიხედოთ!- მწარედ გაეღიმა ვიკას და ტელეფონი გათიშა. -რა იყო ახლა ეს?-ხმა აუკანკალდა ნატას და მთელმა სხეულმა ნერვიულობისგან თრთოლა დაუწყო. -კარგად ხარ?- ქალს ზურგიდან ნაცნობი ხმა მოესმა და შიშისგან ისე შეხტა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. -ლევან!-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ყელს მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა. -რა გჭირს? ცუდი ხომ არაფერია? -არა, არაფერი. მოდი ვახშამი გავაგრძელოთ და წითელი ღვინო შევუკვეთოთ. -აქ ალკოჰოლი არ იყიდება, ნატა. ხომ გითხარი, დაგავიწყდა? -ჰო, მითხარი,-დაბნეული თვალებით შეხედა ქმარს. გუნებაწამხდარი ნატა რესტორანში დიდხანს აღარ გაჩერებულა. ლევანს ბოდიში მოუხადა, თავის ტკივილი მოიმიზეზა და “Guest House”-ში გაჰყვა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, აფორიაქებული, ღამის პერანგით დაბორიალობდა და გონებაში უპასუხო კითხვები უტრიალებდნენ: -მაინც რა ჯანდაბას აკეთებ საქართველოში, დუდა? რატომ ამჯობინე ნიუ-იორკს თბილისი? ნეტავ, ვიცოდე, რა ჩაიფიქრე?.. --- მზე ახლად ამოწვერილიყო ღრუბლებიდან. მთელი ღამის ნათევი ნინო მძინარე დედამისის დასჩერებოდა. მისუსტებულ ქალს ფანჯრიდან შესული მზის სხივები გაფითრებულ სახეზე დასთამაშებდნენ. ქალბატონმა ბელამ თვალები გაახილა და შვილის დანახვაზე მკრთალად გაეღიმა: -ხომ გეუბნებოდი, არაფერი მჭირს-მეთქი, რატომ არ დაიძინე, შვილო? -კარგი რა, დედა. ნუ იცი ხოლმე ასე. შენი ჯანმრთელობა სახუმარო თემა ხომ არ არის? ახლა ჩაიცმევ და ექიმთან წამომყვები. -ნწ, აზვიადებ. არაფერი მჭირს, უბრალოდ წნევა დამივარდა და სულ ეს არის. მეტსაც გეტყვი, არაფრის დიდებით არ ვაპირებ, დღევანდელი პრემიერა გამოვტოვო მარჯანიშვილის თეატრში. შენთან ერთად თეატრებში სიარული და დღის ბოლოს სადმე, ფინჯან ყავაზე განხილული სპექტაკლები ერთი სიამოვნებაა,-ქალმა საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. -კი ხარ ჯიუტი, მაგრამ მე შენზე ჯიუტი ვარ. ტანსაცმელი უკვე გაგიმზადე. ექიმთან მივდივართ, აღარ შემეწინააღმდეგო!- გოგონამ დამაჯერებლად უთხრა დედას და სავარძლიდან წამოდგა. -კი, მაგრამ, ვისთან მიგყავარ? ჩემი ექიმი შვებულებაშია და როგორც ვიცი საქართველოში არ იმყოფება. -არაუშავს, ამ საკითხზე უკვე ვიზრუნე. -შენ რომ რამეს აიჩემებ,-თავი გააქნია ქალმა და საწოლიდან წამოსადგომად მოემზადა, მაგრამ სისუსტისგან თავბრუ დაეხვა და თვალებში დაუბნელდა. ნინო სასწრაფოდ მივარდა და ხელი მიაშველა: -ნუ გეშინია. მე შენს გვერდით ვარ, ყველაფერი კარგად იქნება,-ცდილობდა, დაემშვიდებინა ქალი. -შენს გვერდით არაფრის მეშინია, შვილო,-კმაყოფილი სახით შეხედა შვილს და ლოყაზე აკოცა. *** -ბატონ დუდასთან ვართ,-მოკლედ მოუჭრა კლინიკაში ახლად შესულმა ნინომ მიმღებში მომუშავე იაკოს. -ვიზიტზე ჩაწერილები ხართ? -არა, მაგრამ ექიმმა აუცილებლად უნდა გასინჯოს, გუშინ გონება დაკარგა და ვერ გადავდებთ. -კარგი, ვნახავ თუ შეუძლია თქვენი მიღება და პასუხს გაგაგებინებთ,- მიუგო გოგონამ და დუდა გავაშელის კაბინეტის კარზე დააკაკუნა. რამდენიმე წუთში ექიმი გავაშელი თავად გამოვიდა კაბინეტიდან და მის კარებთან მყოფი მომლოდინეები შეათვალიერა: -პაციენტი რომელი ბრძანდებით? -მე გახლავართ, ექიმო,-მიუგო ხანშიშესულმა ქალმა. -მობრძანდით,-ხელით ანიშნა ოთახისკენ. -ბატონო, დუდა, მე მისი ქალიშვილი გახლავართ. შეიძლება, შემოვიდე? -მობრძანდით,-სერიოზული ტონით უპასუხა მამაკაცმა და ქალბატონებს უკან შეჰყვა. -აბა, გისმენთ,-მაგიდასთან დაჯდა და ავადმყოფს შეხედა. პაციენტი გაეცნო, თავის მდგომარეობა აუხსნა, ყველაფერი უამბო და ბოლო დროის სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღება. -შეიძლება, ავადმყოფობის ისტორიას გავეცნო? -დიახ, რა თქმა უნდა, აი, ინებეთ,- ფაილში ჩაწყობილი ფურცლები გაუწოდა ნინომ. -მადლობა. ექიმი დიდი დაკვირვებით ათვალიერებდა ხელთ არსებულ სამედიცინო დოკუმენტებს და როგორც კი ერთ გრაფას თვალი მოჰკრა, უცნაურად შეიშმუშნა და წარბი ასწია: -თქვენი ექიმი ნატა ანდრიადი ყოფილა... -დიახ, ექიმო, მაგრამ ამჟამად საზღვარგარეთ გახლავთ და...-მორიგ კითხვას აღარ დაელოდა, თავადვე აუხსნა იქ ყოფნის მიზეზი პაციენტმა. -გასაგებია. გაგსინჯავთ, ყველანაირ გამოკვლევას ჩაგიტარებთ და ვნახავთ როგორი მდგომარეობა გაქვთ. -პასუხი როდის იქნება? -როგორც კი ხელთ ჩამივარდება, მაშინვე შეგატყობინებთ. -გაიხარეთ, ექიმო,-იმედიანად შეხედა მამაკაცს ქალბატონმა ბელამ. *** ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ ნინომ დედა სახლამდე მიაცილა და თავად წყნეთის ბავშვთა სახლისკენ გაეშურა. ბავშვებს ოთახში შესული ახალგაზრდა ფსიქოლოგის დანახვისას სახეზე ღიმილი მოეფინათ: -გამარჯობა, ბავშვებო,-მიესალმა პატარებს ნინო და საპასუხოდ თავადაც თბილად გაუღიმა. დღეს ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. მოდი ჯერ გაგაცნობთ, რა უნდა გავაკეთოთ და მერე აქტივობაზე გადავიდეთ. ბავშვებმა დასტურის ნიშნად თავები დაუკრეს და ნინოს ინტერესით მიაჩერდნენ. მანანა მასწავლებელი უიმედო თვალებით უყურებდა მის წამოწყებას. ახალგაზრდა ფსიქოლოგი ცარცით ხელში დაფას მიუახლოვდა, თეთრი წრე მოხაზა, შუაში სამყარო დააწერა და გარშემო ისრები დაუხატა, რომლის ქვეშ პატარების მიერ გამოთქმული აზრების დასაწერად მოემზადა: -მოდი პირველი აქტივობით დავიწყოთ. მითხარით როგორია თქვენი თვალით დანახული სამყარო? რომელ ფერთან და შეგრძნებასთან, რის სუნთან, გემოსთან ან რაიმე სხვასთან ასოცირდება იგი? -ნაცრისფერია. -ჩემთვის ზოგჯერ ყვითელიც არის. -მჟავე გემო აქვს. -მძაფრი სუნი აქვს. -ჩემთვის სამყარო ტკივილთან ასოცირდება. -ჩემთვის იმედთან. -შავია წითელი წერტილებით, ხან იისფერიც. -მწარეა. -ცრემლიანია და მასსავით მლაშე გემო აქვს. -მზე და ცა. მხოლოდ ეს არის ჩემი სამყარო. ნინო პასუხებს ისრების ქვეშ წერდა და არც თუ ისე სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვებისგან გული პატარა ნაწილებად ეშლებოდა. გრძნობდა, სისხლს როგორ უჭირდა დანაწევრებული ორგანო ჟანგბადით და სისხლით მოემარაგებინა. წამით საშინელი წვა იგრძნო და ტკივილმა შეაწუხა. -გამხმარი ფოთლები,-აგრძელებდა ვიღაც. გოგონამ უკვე ვეღარ აიტანა, პატარებს მიუბრუნდა და ყველას ერთად მოავლო შეშლილი თვალები: -საკმარისია!-დაბალ ხმაზე წარმოთქვა და თავი დახარა, -ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ამას გავუძლო. შენ ეს შეგიძლია და დამეხმარე, რომ მათაც დავეხმარო,-გონებაში ეხვეწებოდა უფალს. ახალგაზრდა ფსიქოლოგს ძალიან უნდოდა, აქტივობა ისევ გაეგრძელებინა და ძალას იკრებდა, რომ ჩაფიქრებული ბოლომდე მიეყვანა. -ტალახიანია,-კიდევ წამოიძახა ერთმა. გოგონამ ხელი ასწია და ამჯერად ხმამაღალი ტონით გაიმეორა: -აკი გითხარით, საკმარისია-მეთქი?! პატარებს თვალები ვეღარ გაუსწორა და სასწრაფოდ ფანჯარასთან მივიდა. არ უნდოდა, მისი მდგომარეობა შეემჩნიათ. ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. თვალებში სევდისფერი შეეპარა. ყურებში ისევ ჩაესმოდა ბავშვების წკრიალა ხმით წარმოთქმული სიტყვები: -ნაცრისფერია, მჟავე გემო აქვს, მწარეა, ტალახიანია!... სიტყვები ეკლესიის აგუგუნებული ზარებივით აღწევდნენ გონებამდე, მერე იქიდან გულამდე ინაცვლებდნენ და დაფლეთილ ორგანოში ნაწილობრივ შეუღწეველი სისხლივით მოჟონავდნენ. მთელი სხეული ასტკივდა, მაგრამ ცდილობდა, შინაგან მდგომარეობას შებრძოლებოდა და დაფას მიუბრუნდა: -შენ რას მეტყვი, დემეტრე? შენთვის როგორია სამყარო?- გოგონამ განცალკევებით მჯდომ ბავშვს შეხედა, რომელიც იატაკს დასჩერებოდა. ოთახში საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. ნინო პატარას მიუახლოვდა, იატაკზე მუხლებით დადგა და თვალებდახრილს სახეში მიაჩერდა. ბიჭუნამ სახე გვერდზე გასწია და ხშირი სუნთქვა დაიწყო. აშკარა იყო, რომ აღელდა. ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და სახე თავისკენ მიუტრიალა. დემეტრემ მზერა სხვა მხარეს გადაიტანა: -შემომხედე და მიპასუხე, გთხოვ,-ნაზად მიაწვდინა სასიამოვნო ბგერები ბიჭს. დემეტრეს რეაქცია არ ჰქონდა. -წერა ხომ იცი? ბიჭუნამ ოდნავ დაუქნია თავი. -ჰოდა, ფურცელზე დამიწერე. ბავშვმა ნინოს მიერ მიწოდებულ ფურცელს და კალამს დახედა. ცოტა ხანს იყოყმანა და მერე, სწრაფად დაწერა სიტყვა „არაფრისფერი“. ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ფურცელი გამოართვა, ღრმად ჩაისუნთქა, დაფასთან მივიდა, ბავშვებს თანატოლის პასუხი ხმამაღლა წაუკითხა და „არაფრისფერი“ ბოლო ისრის ქვეშ დაწერა. ყველა გაოგნებული უყურებდა დემეტრეს ჩართულობას. მანანა მასწავლებელი მკაცრად დუმდა. დამკვირვებლის როლში აგრძელებდა ყოფნას... -ჩვენ ვნახეთ თქვენი სამყაროს საერთო სურათი. ახლა, დაგირიგდებათ სახატავი ფურცლები და ფერადი ფანქრები და მხოლოდ ის გევალებათ, რომ თითოეულმა თქვენგანმა თავისი სამყარო დამიხატოს. ამისთვის თხუთმეტი წუთი გეძლევათ, მეტი არა. აბა, ვინმეს კითხვები ხომ არ აქვს?-ბავშვებს გადახედა ნინომ. -არა,-ერთხმად უპასუხეს პატარებმა. -ძალიან კარგი,-კმაყოფილების ნიშნად გაიღიმა და მაჯის საათს დახედა, რომ დრო დაენიშნა. ბავშვები სიხარულით შეხვდნენ აქტივობის ახალ ეტაპს. მხოლოდ დემეტრე არ მუშაობდა. ნინო აფუსფუსებულ პატარებს ღიმილით უყურებდა და დროდადრო სახატავ ფურცლებზე გამოსახულ ფიგურებს ადევნებდა თვალს. -შენ არ დახატავ?-ფსიქოლოგი დემეტრეს მიუახლოვდა და მუდარის ტონით ჰკითხა. ბიჭმა სახე აარიდა და თავი გააქნია. -კარგი, როგორც შენ გინდა, არ დაგაძალებ,- გულში სინანული ჩაუდგა, თუმცა მისთვის არ უგრძნობინებია. სწრაფად მოშორდა მის მერხს და სხვა ბავშვებზე გადაიტანა ყურადღება. როგორც კი მათთვის მიცემული დავალების დრო დასასრულს მიუახლოვდა, ნინო აღსაზრდელებს მიუახლოვდა და ანიშნა, რომ ხატვა მალე დაემთავრებინათ. სამი წუთის შემდეგ ნინომ ხელი ასწია და ბავშვებს მიმართა: -დრო ამოიწურა! სათითაოდ ჩამოუარა თითოეულს, ყველას ნამუშევარს გაეცნო, შემდეგ დაფასთან მივიდა და მორიგ ინსტრუქციაზე გადავიდა: -ახლა, ამოაბრუნეთ სახატავი ფურცლები და დამიწერეთ, უფლება რომ მოგანიჭონ, რას შეცვლიდით თქვენს მიერ დახატულ სამყაროში, რომ თავი უკეთესად გეგრძნოთ? ათი წუთი გაქვთ. ყველამ ამოაბრუნა სახატავი ფურცელი და წერას შეუდგა. დემეტრე ისევ არ აქტიურობდა. ნინოს არც ამჯერად დაუძალებია ბიჭისთვის რამე. მიცემული დავალებისთვის დრო დასასრულს მიუახლოვდა. ბავშვებმა წერა შეწყვიტეს და ფსიქოლოგს შეხედეს. -მოდი ახლა სათითაოდ გამოვიდეთ, ვაჩვენოთ თანატოლებს ნახატები და გავაცნოთ ჩვენი იდეები, თუ რას შევცვლიდით სამყაროში. აბა, ვინ იქნება პირველი?-ბავშვებს გადახედა და ინტერესით დააკვირდა. პირველად ხელი ერთმა ბიჭუნამ აიწია. -გამოდი, ნიკალა. ბავშვი თამამად წამოდგა, ნინოს გვერდით დადგა და სასაუბროდ მოემზადა: -ჩემი სამყარო უსამართლო და ნაცრისფერია. მას მძაფრი სუნი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ვახსენდებით, გვსტუმრობენ ხოლმე, ტკბილეულს გვჩუქნიან, გულში გვიხუტებენ და დღეებს გვიფერადებენ. მაშინ, სამყაროს ტკბილეულივით კარგი და სასიამოვნო სუნი აქვს. ეს წითელკაბიანი ქალი კი მაკაა. წითელი სამოსი იმიტომ ჩავაცვი, რომ დიდი გული აქვს. გული კი ისეთივე სისხლისფერია, როგორც მისი კაბა. იგი მიყვარს, რადგან ჩემი ძმა იშვილა. თავიდან ძალიან გავბრაზდი მასზე, რადგან დედმამიშვილი წამართვა, ძმასაც მოღალატე ვუწოდე, რომ დამტოვა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მაკასთან კარგად იცხოვრებდა და სითბო და მზრუნველობა არ მოაკლდებოდა. იცით რა მინდა? არ დავკარგო. ძალიან მენატრება ხოლმე და ვისურვებდი, რომ ხშირად ვხედავდე და ისევ ბევრს ვთამაშობდე მასთან. -რას შეცვლიდი შენს სამყაროში, ნიკალა?- მოგუდული ხმით ჰკითხა ნინომ? -აი, იმას, რომ მეტმა კეთილმა ადამიანებმა იარსებონ და ჰქონდეთ საშუალება, რომ ერთის ნაცვლად, ორი იშვილონ და ბევრი ობოლი გაახარონ. -ესე იგი, კეთილი ადამიანების რიცხვს გაზრდიდი და უკეთესად ცხოვრების პირობებს შეუქმნიდი. ასეა? ხომ სწორად გავიგე? -დიახ. -კარგი, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ბიჭი ხარ,- ნინომ მერხისკენ წასულ ბავშვს თვალი გააყოლა და თავს დაღონების უფლება არ მისცა, -შენ რას გვეტყვი, ნია?- შემდეგ აღსაზრდელს მიმართა კითხვით. ვიდრე ბავშვი ნახატით ხელში გამოვიდოდა და აღწერას შეუდგებოდა, ქალბატონი მანანა წამოდგა და ნინოს ანიშნა, რომ სამუშაო საათი დასრულებულიყო. ნინომ საათს დახედა და პატარებს მიმართა: -ბავშვებო, სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა ჩემთან უკვე დასრულებულია. ახლა მანანა მასწავლებელს უნდა მოუსმინოთ, მათემატიკაში მეცადინეობის დროა. მართალია, დღეს ვეღარ მოვასწარით სხვების მოსმენაც, მაგრამ გპირდებით, რომ ყველას ნამუშევარს სახლში წავიღებ და აუცილებლად გავეცნობი. -ჩაგაბაროთ?- გულდაწყვეტილმა ჰკითხა ნიამ. -ჩამაბარე,- ხელი გაუწოდა პატარას ნინომ. თანატოლებმა გოგონას მიბაძეს და ნახატები ფსიქოლოგს გადასცეს. ნინო პატარებს დაემშვიდობა და ოთახიდან გასვლა დააპირა, როდესაც მანანა სიტყვით დაეწია: -მოიცადე! გოგონა შებრუნდა და გაკვირვებული თვალებით შეხედა ქალს: -ამ ბავშვების ბედს და იღბალს შენ ვერ შეცვლი ნინო,-მკაცრი თვალები შეანათა ქალმა და უკმეხად გააგრძელა:- ხომ გაგიგია, „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო?“ ჰოდა, შეეშვი შენს წამოწყებას. პრობლემა თავად ზნედაცემულ და უგულო კაცობრიობაშია, რომელიც დღითი-დღე უარესობისკენ მიდის და ერთ დიდ ყბადაღებულ ეშმაკის მანქანას ემსგავსება. -თუკი გზააბნეულ ბავშვებს სწორ ბილიკებს ვუჩვენებთ, მაშინ თავად შეძლებენ მათთვის სასარგებლო მიმართულებით სიარულს, უსამართლო სამყაროში საკუთარი ძალებით გზის გაკაფვას, ძლიერებად ჩამოყალიბებას და ვიღაცების დახმარების გარეშე, საკუთარი სამყაროს გაფერადებას. -და რით აპირებ ამის გაკეთებას? რომელი რესურსებით? -საკუთარი შინაგანი რესურსებით. -ღმერთმა ხელი მოგიმართოს! -გმადლობთ. ახლა კი მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. სკოლაში სხვა ბავშვები მელოდებიან,- ზურგი აქცია ფსიქოლოგმა მასწავლებელს და ეზოში გასასვლელ კიბეებზე დაეშვა. --- შუადღე იყო, როდესაც ლევან მაისურაძე მეუღლესთან ერთად მოგზაურობიდან დაბრუნდა. სახლში სიჩუმე გამეფებულიყო. მოსამსახურე არსად ჩანდა. მამაკაცმა ოთახებს თვალი მოავლო და ნატას კითხვით შეუბრუნდა: -კი, მაგრამ ჩვენმა მოსამსახურემ არ იცოდა, რომ დღეს ვბრუნდებოდით? -წესით აქ უნდა იყოს, მესიჯი მივწერე,-მხრები აიჩეჩა ქალმა, ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა, იქვე მიაგდო და შიშველი სხეულით სააბაზანო ოთახისკენ გაუყვა. ლევანმა გაუმაძღარი თვალი გააყოლა და ეშმაკურად ჩაეცინა. *** -ერთი ახალი ამბავი უნდა გითხრა,- აბაზანიდან ახლად გამოსულმა ნატამ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და მეუღლეს თვალები გაუსწორა. -რა მოხდა? -ცნობისმოყვარე სახით შეხედა ქალს მამაკაცმა. -დუდა გავაშელი დაბრუნდა. -რა? -ჰო, ახლა უკვე საქართველოშია, თავის კლინიკა გახსნა და როგორც ვიცი, პაციენტებიც ბუზებივით ახვევია. -დანამდვილებით იცი? -ხომ არ მოგატყუებ? -ვინ გითხრა? -ვიკამ. -ვიკამ საიდან იცის? -ტელევიზიაში რეპორტაჟი უნახავს. -ამიტომ შეგეცვალა ბოლო დროს ხასიათი? -აღელვებულმა ლევანმა სიმწრისგან მუშტი შეკრა. -არა, საიდან მოიტანე?-დაიბნა ნატა. -სიმართლე მითხარი. რამ დაგიკარგა მოსვენება?!-მამაკაცმა ახლა უკვე სიმკაცრე გაურია ტონში. ღრმად ამოიოხრა ანდრიადმა და უაზრო თვალებით დაუწყო ჭერს ყურება. -კითხვას თავს ნუ არიდებ, ხმა ამოიღე!- თავი შეახსენა ქმარმა. -რა უნდა გითხრა? ცოტა შეშინებული ვარ. -რა გაშინებს? -არ ვიცი რატომ მოინდომა აქ ჩამოსვლა, საკუთარი კლინიკის გახსნა და საერთოდ, რა ჯანდაბა ჩაიფიქრა. -სულ ეს არის? -დიახ. -ახლა კარგად მომისმინე. მეორედ დუდას ხსენებას გიკრძალავ! ფეხებზე რას გახსნის და სად იცხოვრებს. გასაგებია? -გასაგებია,- ჩუმად წარმოთქვა და თვალები დაბლა დახარა. -ვერ გავიგე. -გასაგებია-მეთქი, ლევან!-ხმას აუწია ნატამ. -ძალიან კარგი,-მიაძახა, მერე, აგრესიულად სკამს ფეხი ჰკრა და მეუღლეს გაეცალა. --- ორ კვირაში ონკოლოგები ჯანდაცვის მინისტრთან იყვნენ დაბარებულები. შეხვედრა დილის 10:00 საათზე უნდა ჩატარებულიყო. ნატა და ლევანი სამინისტროს შენობის ფოიეში იდგნენ, როდესაც დუდა გავაშელი გამოჩნდა. მის დანახვაზე ანდრიადმა ფერი დაკარგა და გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ქალს უცნაური შეგრძნება ყელთან მახრჩობელასავით მოებჯინა. ეს უცხო არ იყო მისთვის. გავაშელის დანახვა ყოველ ჯერზე იგივე განცდებს უტოვებდა. ზუსტად ასე უჩქარებდა გულს და მუხლებში ძალას უკარგავდა. დუდამ სერიოზული სახით გადახედა ნაცნობებს, გამარჯობა დაამადლასავით და გვერდი ისე აუარა, არც კი გასჩენია სურვილი, რომ მათთან მისულიყო და მოეკითხა. ლევანის თვალს მეუღლის აფორიაქება არ გამორჩენია. გული გესლით აევსო, თუმცა უნდოდა, რომ რასაც იმ დროს გრძნობდა, კარგად დაემალა და არავისთვის ეჩვენებინა. მინისტრთან შეხვედრამ ორმოც წუთს გასტანა. მხარეები სიმსივნის სტადიების მიხედვით მკურნალობის კურსის სიახლეების და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესახებ დეტალებს განიხილავდნენ. დუდა როგორც ყოველთვის თავდაჯერებული იყო. მისი ქარიზმა, შემართება, პროფესიონალიზმი და შეხედულება შეუძლებელი იყო, რომ ვინმეს არ შეემჩნია. სწორედ ეს სძენდა მის პიროვნებას საოცარ მიმზიდველობას, თუმცა ყინულივით ცივი იყო, მიუწვდომელის და გამოცანად ქცეულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იქ მსხდომთაგან მხოლოდ ერთმა პიროვნებამ იცოდა მისი სულიერი სამყარო, მხოლოდ მას შეეძლო, აეფორიაქებინა და ხელმეორედ გაეთბო ყინულის ნამსხვრევებად ქცეული გული, მაგრამ ვაი, რომ ამის უფლებას უკვე თავად გავაშელი აღარ მისცემდა... *** -ბატონო დუდა, რამდენიმე პაციენტის გამოკვლევის პასუხები მოგიტანეთ,- კარი მორიდებით შეუღო სამინისტროდან ახლადდაბრუნებულ ექიმს იაკომ. -შემოდი და მაგიდაზე დააწყე. -დიახ,-ქალმა სწრაფად დაუდო ქაღალდები მაგიდაზე და კარები გაიხურა. გავაშელმა ცივი მზერა მოავლო პასუხებს და როგორც კი ყველას გაეცნო , იაკოს მოახსენა, რომ ოთხივე პაციენტი მეორე დღისთვის დაებარებინა კლინიკაში. --- უნივერსიტეტის პატარა კაბინეტში მაგიდის გარშემო ოთხ გოგონას და ლექტორს მოეყარათ თავი. ქალბატონ დალის ცხვირზე სათვალე დაეკოსა და დაკვირვებით ეცნობოდა თითოეული სტუდენტის გეგმას და შესრულებულ დავალებას. მხოლოდ კედელზე დაკიდებული საათის წიკწიკი არღვევდა ოთახში დამკვიდრებულ სიჩუმეს: -ძალიან კარგია, სოფო. ყოჩაღ!- შეფასება გაუკეთა ლექტორმა და ნინოს მიუბრუნდა: -შენ როგორ გაართვი თავი? -ბავშვთა სახლის დირექტორმა კვირაში ორჯერ გამომიყო თერაპიის საათები. ერთი მასწავლებელი მომიჩინა და მასთან ერთად ვათანხმებ, რა უნდა გავაკეთო ხოლმე. უკვე რამდენიმე აქტივობის ჩატარება მოვასწარი. ორი დღის წინ მათ მიერ დანახულ და აღქმულ სამყაროზე ვისაუბრეთ. -მერე? -მათი ნამუშევრები წამოვიღე, შემიძლია გაჩვენოთ,- ნინომ სახატავი რვეულის ფურცლები გაუწოდა ლექტორს. ქალბატონმა დალიმ ინტერესით გამოართვა თავშესაფრის პატარა მკვიდრების ნამუშევრები და მათ თვალიერებას მოჰყვა. მისი სახის გამომეტყველება პირდაპირ კავშირში იყო ბავშვების მიერ დახატულ ფიგურებთან. ხან გაეღიმებოდა, ხან სახე მოექუფრებოდა, ხან ჩაფიქრებული დიდხანს აკვირდებოდა ხოლმე ერთ რამეს და ცდილობდა, თავისებურად ამოეხსნა პატარების სულიერი და ემოციური მდგომარეობები. მირანდა, სოფო და მარიკაც არანაკლები ყურადღებით ეცნობოდნენ ბავშვების ნახატებს და ცდილობდნენ, ყველა დეტალისთვის თავისებური ახსნა მოეძებნათ. -საინტერესოა... -წარმოთქვა ნახატების თვალიერებით და უკანა გვერდების კითხვით გართულმა ქალმა და ბოლო ფურცელს დასწვდა. მერე, გაკვირვებულმა ააფრიალა:- სუფთა ფურცელი ვისია? რატომ არაფერი დახატა? -ეს, დემეტრესია. ცოტა უცნაური ბავშვია, მხოლოდ თანატოლებს ესაუბრება, ისიც ხანდახან. მასწავლებლებთან არასოდეს ამყარებს კონტაქტს. -რა სჭირს? აუტისტია? -ვერ გეტყვით...-თავი გაიქნია ნინომ. -აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი ნიშნები თუ სჭირს, ესე იგი ასეა. -ერთხელ წერით გამცა პასუხი. -როგორი პასუხი? -ვიკითხე, თქვენი თვალით დანახული სამყარო როგორია-მეთქი და დამიწერა, რომ არაფრისფერია. -მაშინ ეს სუფთა ფურცელიც მისი პასუხის დასტურია. -მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ არ უნდა, თავის სამყაროს შეგვახედოს. -რამის ეშინია? -არ ვიცი...-ჩაიბუტბუტა ნინომ. -რატომ არ საუბრობს? გაეცანი მის ისტორიას? -მასწავლებელმა მითხრა, რომ ერთ ღამეს, მათ სახლს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ და მშობლები თვალწინ მოუკლეს. როგორც ბავშვთა სახლის თანამშრომელმა მითხრა, მას შემდეგ უფროსებთან აღარ საუბრობს, მხოლოდ ბებიას ესაუბრება, ისიც იშვიათად. -იმიტომ, რომ მას უფროსების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული. ეს მძიმე ემოციური ფონისგან მიიღო, რომელიც დღემდე მეხსიერებაშია ჩარჩენილი და კაცმა არ იცის როდის და რა ფორმით გადმოინთხევა. აგრესიული ბავშვია? -ჯერ ვერაფერი შევატყე. -კარგად დააკვირდი, შეიძლება გაიხსნას კიდეც. გააჩნია შენს მონდომებას და მის მდგომარეობას. -გასაგებია. -თუ ვერ გაიხსნა, დრო არ დაკარგო, ეს საკმაოდ რთული სამუშაო პროცესია და ვერავინ გაგამტყუნებს. გირჩევ, ყურადღება დანარჩენებზე გადაიტანო. სამწუხაროდ, დემეტრეს გულისთვის სამაგისტრო ნამუშევარს ვერ ჩავაგდებთ. -დიახ,-ხმა წაერთვა ნინოს და ბოდიშის მოხდით ოთახიდან გასვლა მოისურვა. დემეტრეს გახსენებაზე გოგონამ თავი ცუდად იგრძნო და რომ არაფერი შეემჩნიათ, ცოტა ხნით გარეთ გასვლა და ჰაერზე დამშვიდება ამჯობინა. სწრაფად გაიარა დერეფანი და ერთ-ერთ კედელს აეკრო. თვალები დახუჭა და გულს მოწოლილი დარდი სხეულიდან რომ ამოეშვა, ღრმად ამოიოხრა. -ნინო, რა გჭირს?-შეშლილი თვალებით წამოადგა თავზე ლაშა. დამფრთხალმა გოგონამ თვალები გაახილა და გული აუჩქარდა, არ მოელოდებოდა, რომ ლაშას ნახავდა. -შენ აქ საიდან? -არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ჩვენმა ლექტორმა თქვენს კორპუსში გადმოგვიტანა ლექცია. მგონი ვიღაც საჯარო ლექციას მართავს და რამდენიმე აუდიტორია დაკეტეს. -აჰ, გასაგებია,-დაბალ ხმაზე თქვა და გულზე ხელი მოიკიდა, რომ ჭვალი განედევნა. -რა დაგემართა? აღარ მეტყვი? -რაღაცაზე ვინერვიულე. არაფერია, მალე გადამივლის. -წამოდი, ბუფეტში წაგიყვან, წყალი დალიე, გიშველის. -ჰო,-დაეთანხმა გოგონა და უხმოდ გაჰყვა. ცოტა ხანში ნინოს ონკოლოგიური კლინიკიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მეორე დღეს დედის გამოკვლევის პასუხების თაობაზე ექიმთან იყვნენ დაბარებულები. -უფ!- ღრმად ამოისუნთქა გოგონამ, ლაშას მოტანილი წყალი ბოლომდე გამოცალა, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის და მეორე სართულზე მეგობრებს და ლექტორს დაუბრუნდა. ისინი უკვე მირანდას მიერ ჩატარებული აქტივობების სიღრმეებს და ეფექტიანობას ეცნობოდნენ. --- დედა-შვილი დუდა გავაშელის კაბინეტში ისხდნენ და გამოკვლევის პასუხს ელოდებოდნენ. ექიმმა ჯერ ქალბატონ ბელას შეხედა, შემდეგ მის შვილს და სერიოზულ თემაზე სასაუბროდ მოემზადა: -პირდაპირ გეტყვით, რადგან არასოდეს მიმაჩნდა სწორედ, რომ პაციენტისთვის სიმართლე დამემალა. ვთვლი, რომ ამ დაავადებასთან გასამკლავებლად პირველ რიგში ავადმყოფის ძალისხმევა და ბრძოლისუნარიანობაა საჭირო, ამიტომ დამალვას აზრი არ აქვს: -რა ხდება ექიმო, იქნებ ამიხსნათ?- ქალბატონ ბელას ხმაში შიში ჩაუდგა. ნინომ ქალს ხელი მოჰკიდა და ექიმს ანიშნა, რომ მზად ვართ ნებისმიერი პასუხისთვისო. -დაავადებამ რეციდივი განიცადა. -ეს რას ნიშნავს?-იკითხა პაციენტმა. -ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ დაბრუნდა. -ისევ?-ხმა წაერთვა ავადმყოფს და ცივმა ოფლმა დაასხა. ნინო ანერვიულებულ დედას მაშინვე მიუბრუნდა: -დედა, მომისმინე, დამშვიდდი და პანიკას ნუ მიეცემი. მთავარია, ფარ-ხმალი არ დავყაროთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. -თქვენი შვილი მართალს ამბობს. მოდი, ასე გავაკეთოთ, თქვენ დანარჩენი სამედიცინო პროცედურებისთვის მეხუთე ოთახში შებრძანდით, მანამდე კი ნინოს თქვენი მკურნალობის შესახებ დაველაპარაკები. -ჰო...- სასოწარკვეთილმა ქალმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ცრემლიანი თვალებით შეხედა შვილს. -არ იტირო, რა. ყველაფერს მივხედავთ,-ეფერებოდა ნინო. დედამისი მეხუთე კაბინეტამდე მიაცილა და თავად ექიმი გავაშელის კაბინეტში დაბრუნდა: -გისმენთ, ექიმო. ვხვდები, რომ კიდევ გაქვთ ჩემთვის რაღაც სათქმელი. -მოკლედ, ყოველგვარი თავშეკავების გარეშე გეტყვით, დედათქვენი ძალიან ცუდად არის და ნებისმიერი შედეგისთვის მზად უნდა იყოთ. -ესე იგი, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა? -მეტასტაზები იმდენად არის მთელ ორგანოებს მოდებული, ძვლებზეა გადასული და არა მგონია, ქიმიამ დაშალოს. -ჯანდაბა! -ნაღვლიანი ხმით წარმოთქვა ნინომ და ღრმად ამოისუნთქა, რომ ფილტვებში ჩაგუბებულ, მძიმე ჰაერს არ დაეხრჩო. -რომ დავიწყოთ ქიმიოთერაპიის კურსი, იქნებ სიცოცხლე რამდენიმე ხნით გაუხანგრძლივდეს? -კარგი, ვცადოთ,-თავი დაუქნია ექიმმა. -მაშინ მოქმედების გეგმაზე გადავიდეთ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. დუდა გავაშელმა ბელა გიორგაძის მკურნალობის კურსის გეგმის შედგენა დაიწყო და რასაც თავისთვის ინიშნავდა, ნინოსაც კარნახობდა. --- -ქალბატონო, მანანა, დღეს ბუნებაში გავიყვან ბავშვებს. ეზოში ჩავუტარებ თერაპიას,-ეუბნებოდა ახლადმისული ნინო მასწავლებელს. -გარეთ ცოტა გრილა, არ გაცივდნენ. -ნუ ღელავთ, თბილ ტანსაცმელს ჩავაცმევ. ოქტომბრის თბილი ამინდებია, გაციებამდე და გრიპის სეზონამდე ჯერ შორია. -მაშინ დიდხანს ნუ გააჩერებ. -როგორც კი მათთან საუბარს დავამთავრებ, გპირდებით, მაშინვე შენობაში შემოვიყვან,-ნინო არც დაელოდა მანანას პასუხს, ბავშვებს ოთახში შეაკითხა და გარეთ გასაყვანად მათი მომზადება დაიწყო. -გამაგიჟებს ეს გოგო, მოიგონა სისულელეები და ბავშვებს თავს უჭედავს თავის მატრაკვეცობებით,-თავს აქნევდა მანანა და მობეზრებულად უყურებდა ბავშვებთან ერთად მოფუსფუსე ახალგაზრდა ფსიქოლოგს. ნინომ პატარები ერთ რიგად დაამწკრივა და თხოვნით მიმართა, რომ ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაჰყოლოდნენ გარეთ. ბავშვები ინტერესით აჰყვნენ ფსიქოლოგის მითითებას. ეზოში თბილოდა. ოქტომბრის მზე წითელ-ყვითელ ფერებში შეფაკლულ ფოთლებს ოქროსფერ სხივებს ჰფენდა და კიდევ უფრო ლამაზ ფერებში აჩენდა მაღალ ხეებს. ახლად დაცვენილი ფოთლები ხალიჩასავით ეგებოდნენ მიწის ზედაპირს და შემოდგომის სურნელთან ერთად, ულამაზეს სურათებს ქმნიდნენ. ფსიქოლოგმა ყველაზე ლამაზი ადგილი შეარჩია, ბალახზე თბილი პლედი დააფინა, ბავშვები წრიულად დასვა, თავადაც ფეხმორთხმით მიუჯდა, მერე პატარებს თვალი მოავლო და დაიწყო: - თუ თქვენი ნახატებიდან და ნაწერებიდან ვიმსჯელებთ, მაშინ ძნელი მისახვედრი არ არის, არც ისე ბედნიერად გრძნობთ აქ თავს, ასე არ არის? ბავშვებმა თავი დაუქნიეს. დემეტრემ თანატოლებს გადახედა და მათსავით სახე მოეღრუბლა. -დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ ყველა ის მომენტი, როდესაც გაწყენინეს, ყველა ის დრო, როცა თავს უბედურად გრძნობდით და ყველაფერს ერთად მოუყარეთ თავი, -ნინო ცოტა ხანს გაჩუმდა და ბავშვებს დრო მისცა, რომ მათი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტები გაეხსენებინათ. აღსაზრდელებმა თვალები დახუჭეს და რამდენიმე წუთში წარსულიდან ამოტივტივებული მომენტების გახსენებისგან სახე ძალიან მოეღუშათ. ცოტა ხანში, ფსიქოლოგმა ისევ გააგრძელა: -გაიხსენეთ? პატარებმა თავი დაუქნიეს. -ახლა წარმოსახვით, ხელში დიდი საშლელი აიღეთ, მიდით ცუდ მოგონებებთან და ყველაფერი წაშალეთ. ისევ რამდენიმეხნიანი პაუზა გააკეთა. აღსაზრდელების სახის მიმიკებით ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ წარმოსახვითი საშლელები ეჭირათ და ცუდ მოგონებებს აქეთ-იქით, დასდევდნენ, რომ მეხსიერების დაფიდან გაექროთ. ნინომ ისევ გააგრძელა: -კარგად წაშალეთ, ისე, რომ მათგან აღარაფერი დარჩეს, ერთი წერტილიც კი. მიდით, მიდით, არ გაჩერდეთ. ყველაფერი გააქრეთ, რაც არ მოგწონთ. ისევ პაუზა... -დაამთავრეთ? -დიახ,-აქეთ-იქიდან თვალებდახუჭული ბავშვების ხმები ისმოდა. -ძალიან კარგი. ახლა, გაახილეთ თვალები და მითხარით, თავს როგორ გრძნობთ? პატარებმა საოცარი სიმსუბუქე იგრძნეს და სახეზე ღიმილი მოეფინათ. ყველამ ღრმად ისუნთქა შემოდგომის ფოთლების სურნელით გაჯერებული ჰაერი და სასიამოვნოდ და იმედით სავსე ცხოვრების ხალისით ამოივსო სიმძიმისგან გათავისუფლებული სხეული და სული, მათ შორის, თავად ფსიქოლოგმაც... -თქვენ თუ იცით, რატომ იბადება ადამიანი დედამიწაზე? ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და თავი გააქნიეს, არ ვიცითო. -თითოეულს თავის მისია აქვს. -მისია რა არის?-იკითხა ერთ-ერთმა. -მოვალეობა, რაც დედამიწაზე ცხოვრების დროს უნდა შევასრულოთ,-უპასუხა გვერდით მჯდომ გოგონას ნინომ და თმაზე ხელი გადაუსვა,- თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად გამორჩეულები და თქვენებურად საინტერესოები ხართ. მთავარია, შესაძლებლობები შეიცნოთ, საკუთარი მე კარგად გაიცნოთ, გულისთქმას მიენდოთ და მერე თავს შესაბამისი სირთულის ამოცანები დაუსახოთ. აი, ნახეთ, მერე რა საოცრებები მოხდება. რადიკალურად შეიცვლებით, თავადაც გაოგნებულები დარჩებით, იმდენად ძლიერები აღმოჩნდებით და მაშინ სამყაროს მიერ შექმნილი დაბრკოლებებიც არასოდეს შეგაშინებთ. -ყველაფერს შევძლებთ?-იკითხა ნიკალამ. -ჰო, დამიჯერეთ, რასაც მოინდომებთ, ყველაფერს შეძლებთ. ოღონდ ჯერ ტკივილი უნდა განდევნოთ და არ მისცეთ თქვენს სხეულებში დიდი ხნით არსებობის უფლება, თორემ ძალიან ცუდ და დამახინჯებულ გრძნობად გადაიქცევა და მთლიანად მოგწამლით, წინსვლის საშუალებას აღარ მოგცემთ და ძალიან შეგაფერხებთ. -ასე დავხუჭოთ თვალები და წავშალოთ ხოლმე? -ჰო, წაშალეთ, ბავშვებო და მხოლოდ კარგი მოგონებები და გრძნობები დაიტოვეთ თქვენთვის. ისინი არასოდეს გარდაგქმნიან ბოროტებად და შურიანებად, არასოდეს ჩაგადენინებენ ცოდვას. ხშირად გაუღიმეთ ერთმანეთს, ისწავლეთ მეგობრისთვის გვერდში დგომა, სიყვარული და დააფასეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც თქვენზე იზრუნებს. მადლიერები იყავით და თბილი სიტყვებით მათაც აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ძვირფასები არიან. -სად არიან ასეთი ადამიანები?-ისევ იკითხა ერთმა. -მასწავლებლები, რომლებიც თქვენს განათლებაზე ზრუნავენ; ადამიანები, რომლებიც სტუმრად მოდიან, საჩუქრებს გჩუქნიან და სიყვარულს გიზიარებენ, მეგობრები... განა ეს ცოტაა? აბა, ადექით, ერთმანეთს ხელი ჩამოართვით ან ჩაეხუტეთ, ნახავთ, როგორ იგრძნობთ სითბოს და სიძლიერეს. ბავშვები უსიტყვოდ დაემორჩილნენ ნინოს სიტყვებს და ერთმანეთს გადაეხვივნენ. ერთი გოგონა ფსიქოლოგთან მივიდა, წინ დაუდგა და ძლივს ახედა მორიდებით. -რაო, ელენე?- ნინომ ბავშვს მრგვალ ლოყებზე ხელი მოუთათუნა. -შეიძლება, ჩაგეხუტოთ? -რა თქმა უნდა, შეიძლება,-ფსიქოლოგი ბავშვის წინ ჩაიმუხლა და მკლავები გაუშალა, რომ გულში ჩაეკრა. პატარა არც კი დაფიქრებულა, მაშინვე სიხარულით მივარდა ნინოს და ჩაეხუტა. ამის დანახვაზე, დანარჩენებმაც ელენეს მიბაძეს. მხოლოდ დემეტრე იდგა განმარტოებით და თავი დაეხარა, მათთან მისვლას ვერ ბედავდა. ნინო მასწავლებელმა ბიჭუნას დაუძახა: -შენც შემოგვიერთდი, დემეტრე. მოდი, მოდი,-ღიმილით უქნევდა ხელს პატარას. ბავშვი თავიდან ყოყმანობდა, მერე ყველას გასაკვირვად გაბედულად წავიდა და ისიც შეუერთდა სხვებს. ნინო უყურებდა პატარების სიყვარულით და სითბოთი სავსე სახეებს და გრძნობდა, რომ მის შრომას ნელ-ნელა ნაყოფი გამოჰქონდა. მათთან ყოველი შეხვედრა დადებითი ენერგიით მუხტავდა და საოცრად ლამაზი გრძნობებით ავსებდა. --- დუდას ახალი ონკოლოგიური კლინიკის წყალობით, იქვე, ახლოს მდებარე მაისურაძის კლინიკას პაციენტთა რიცხვი ნელ-ნელა აკლდებოდა. თავადაპირველად, ლევანი არ იმჩნევდა, მაგრამ შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა ცალსახად იჩინეს თავი და ახალი თავსატეხი გაუჩნდა: -სასწრაფოდ სიახლეების დანერგვა გვჭირდება. ვის რა იდეა გაქვთ?-მიმართავდა თათბირზე შეკრებილ თანამშრომლებს მაისურაძე: -ბატონო, ლევან, ერთადერთი, რითიც გავაშელის კლინიკა ჩვენზე წინ დგას, მხოლოდ აპარატურაა. უნდა შევისყიდოთ, სხვა გზა არ არის. სიახლეებს პაციენტები ისე ხვდებიან, როგორც გამოჯანმრთელების დიდ იმედს, ეს თქვენც კარგად იცით. ლევანი ჩაფიქრდა, მერე კალამი აიღო და სამუშაო რვეულში ჩაინიშნა: -კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს იდეა? -ბატონო, ლევან, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, ავადმყოფების ოჯახის წევრებისთვის უფასო სემინარის მსგავსი შეხვედრა მოგვეწყო. აუცილებელია, იცოდნენ სიმსივნის შესახებ, მათი სიმპტომების და რთულ სიტუაციებში სიმსივნით დაავადებულთა მოვლის და დახმარების შესახებ. -კარგი აზრია,-ახალგაზრდა თანამშრომელს წინადადება მოუწონა ლევანმა. თათბირის მსვლელობისას ნატა ანდრიადმა ვიკასგან ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება მიიღო: -შენს კაბინეტთან ვდგავარ, ოთახი დაკეტილია და ვერ შევდივარ. -ცოტა ხანს უნდა დამელოდო, თათბირზე ვარ. -მერე გამოდი. -არ იცი, ლევანი რა ფსიქოპათია? გაგიჟდება, თათბირი რომ უმიზეზოდ დავტოვო. -უთხარი, რომ მე მოვედი. -არ გამომიშვებს, ტყუილად ნერვები უნდა მოვუშალო, ისედაც ცუდ ხასიათზეა. -დუდაზე მაქვს ახალი ამბავი. -ჯანდაბა, ახლა რაღა მოხდა? -ორ კვირაში პოლონეთში ონკოლოგების სიმპოზიუმზე დასასწრებად მიემგზავრება, ზუსტად იქ, სადაც შენ მიდიხარ, გოგონი. -რა? შენ საიდან იცი? -საკუთარი წყაროებიდან. ანდრიადი მეუღლეს მიუახლოვდა, ყურში რაღაც უჩურჩულა და ოთახიდან გავიდა. ორ წუთში უკვე საკუთარ კაბინეტში იყო და აღელვებული ვიკას ესაუბრებოდა: -ახლა, ჭკუიდან გადავალ, ვიკა. რატომ მიდის მაინცდამაინც იმ სიმპოზიუმზე, სადაც მე მივდივარ? -საინტერესო კითხვაა... რა გითხრა?... -ვიცი, ჩემს ნერვებზე თამაშობს. -იქნებ არც თამაშობს და უბრალო დამთხვევაა? -უბრალო დამთხვევების არ მჯერა. -ზოგჯერ უნდა დაიჯერო. -რაც უფრო ვცდილობ, თავი ავარიდო და მასზე არ ვიფიქრო, მით უფრო ღრმად იჭრება ჩემში და არ ვიცი ჩემს თავს რა მოვუხერხო. ვიკას ჩაეცინა. -რა გაცინებს?-გაცეცხლებული შეუბრუნდა მეგობარს. -ისე, არაფერი... კარგი, მე უნდა დაგტოვო, შენს მოსაკითხად და ახალი ამბის სათქმელად შემოგირბინე,-წამოდგა ვიკა, ანდრიადს დაემშვიდობა და კარები გაიხურა. კლინიკიდან გამოსულს კი ეშმაკურად ჩაეცინა, მანქანა დაქოქა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. --- ნინოს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იდგა. ქალბატონი ბელას ავადმყოფობა ცუდად მოქმედებდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია და ფეხზე მყარად მდგარიყო. კვლავინდებურად აგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ ყოველ საღამოს, სახლში მისულს, სულ უფრო მეტად დასუსტებული და ღონემიხდილი დედა ხვდებოდა. ბოლო დროს კიდევ უფრო გართულდა ყველაფერი და მიუხედავად ნინოს მცდელობისა, ქალს უკეთესობის აღარაფერი ეტყობოდა. ქალბატონი ბელა წონაში საგრძნობლად დაკლებულიყო, ფეხზე დგომის თავიც აღარ ჰქონდა. აღარც საუბარი სურდა და გამუდმებით ჰაერის უკმარისობას ებრძოდა. ერთ დღეს უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ნინოს ნაღვლიანი სახით დაელაპარაკა: -ნინიკო, რაც არ უნდა მოხდეს, შემპირდი, რომ შენთვის ყოველთვის ისეთ ადამიანად დავრჩები, ვისაც ძალიან უყვარდი და გაღმერთებდა. -ასე რატომ ამბობ, დედა? -ვიცი რასაც ვამბობ, ჩემო წითელთმიანო და ცისფერთვალება გოგონა. ყოველთვის ულამაზესი და გამორჩეული სილამაზის ბავშვი იყავი და სულიც ასეთი გქონდა. გთხოვ, მუდამ ასეთად დარჩი. მე კი სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შენზე ვილოცებ!-ძლივს საუბრობდა ქალი და შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა. -გპირდები,-ჩურჩულით წარმოთქვა ნინომ. ქალს ისევ ტკივილების შეტევა დაეწყო. დედის უნუგეშო მდგომარეობა გაუსაძლისი იყო შვილისთვის. სასწრაფო დახმარების ნომერზე დარეკა და ცოტა ხანში, ექიმების ბრიგადაც გამოჩნდა. *** საავადმყოფოში ფაცი-ფუცი ატყდა. ავადმყოფს ტანსაცმელი გახადეს და შვილს გადასცეს. -თქვენ ნუ შემოხვალთ, გოგონა,-უთხრა ექიმმა ნინოს და ოთახის კარი ცხვირწინ მიუხურა. ცდილობდა დამშვიდებულიყო, თავი ხელში აეყვანა და ცუდზე არ ეფიქრა: -ნუ გეშინია, დედა. უარესები გადაგვიტანია, ახლაც გამოხვალ ამ მდგომარეობიდან, ნუ გეშინია...- ბუტბუტებდა გოგონა და წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ დედა ხელიდან ეცლებოდა. შედიოდნენ და გამოდიოდნენ ექიმები ავადმყოფთან, სიკვდილს შეიარაღებული ხელებით ებრძოდნენ და სიცოცხლის ბოლო წამებს ახანგრძლივებდნენ... საბოლოოდ, მაინც სიკვდილმა გაიმარჯვა... მორჩა, ყველაფერი დამთავრდა... ოთახი განაცრისფრდა და სიცივემ შეიპყრო. ამაზე მეტყველებდა ოთახიდან გამოსული ექიმი, რომელმაც თანაგრძნობით შეხედა გარდაცვლილის შვილს და რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: - ძალიან ვწუხვარ, ვერ გადავარჩინეთ... თავიდან ფეხებამდე დენის დარტყმას ჰგავდა ის შეგრძნება, რაც ექიმის სიტყვებმა მოჰგვარეს გოგონას. მუხლები აუკანკალდა და კედელს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო: -„დედა!“-აღმოხდა და ცრემლები წამოუვიდა. მერე ყურებში დაუგუბდა და თვალები აემღვრა. ვეღარაფერს ხედავდა, აღარაფერი ესმოდა... -ნინო! -დერეფნის ბოლოდან იყვირეს მეგობრებმა და სკამზე მჯდომი, ღონემიხდილი გოგონასკენ გაიქცნენ. მეგობრების გამოჩენამ ოდნავ გამოაფხიზლა. -დამთავრდა, ყველაფერი მორჩა! აღარ მყავს ჩემი დედიკო!.. -ახედა სოფოს და ლაშას და ხმამაღლა ასლუკუნდა. პირველად ხედავდნენ მეგობრები ატირებულ ნინოს და მისი შემხედვარე, გული ეწურებოდათ. როდესაც სული მოითქვა, ცრემლები მოიწმინდა და გაქვავებული სახით შევიდა ოთახში, სადაც ჯერ კიდევ დედის თბილი, უსულო სხეული ესვენა. უკანასკნელად მოჰკიდა ხელი, მიეფერა და დაემშვიდობა: „შეხვედრამდე, დედა!“ *** სახლში იყო, მარტო, ეულად... ნოემბრის სუსხს ყველაფერი გაეყინა, დედის ხმით და სიყვარულით გამთბარი კედლებიც... ოთახებში სიჩუმე გამეფებულიყო. საწოლზე იწვა და ცხედარივით გაშეშებულიყო. თვალები ფანჯრისთვის გაეშტერებინა და არაფერზე ფიქრობდა... გაყინულ სხეულს ვეღარ გრძნობდა. აღარც ძალა შესწევდა, რომ თავისთვის მიეხედა, აღარც სურვილი ჰქონდა. არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება იმ სამყაროში, სადაც საყვარელი ადამიანი აღარ არსებობდა. მარტოობა ბავშვობიდან არ უყვარდა და მისი გათავისება საშინლად ეზარებოდა... კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. მძიმედ ასწია სხეული და სტუმართან შესახვედრად ჰოლში გავიდა: -როგორ ხარ? -კარებთან საშუალო სიმაღლის, მოხდენილად ჩაცმული ქალი იდგა და დისშვილს უღიმოდა. -არამიშავს, თეო. შემოდი, შენ როგორ ხარ? -კარგად, -ახლადმოსულმა პალტო, ჩექმები და ჩანთა ჰოლში დატოვა და სამზარეულოში შევიდა. -სამი დღის წინ რაც მოგიტანე ისევ ხელუხლებელია, ნინიკო. არაფერს ჭამ?-გაბრაზებულმა მოიჯახუნა მაცივრის კარი. -ცოტა ვჭამე. -ნორმალური ხარ? რამე გინდა, დაიმართო, თუ საკუთარ თავს შიმშილთან გამძლეობაში ამოწმებ? -არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ ვერ ვჭამ, არ მშია რა. -ახლავე მოგიმზადებ კარგ რაღაცას და ვნახოთ როგორ არ შეჭამ,- ქალმა მაცივრიდან ინგრედიენტები გამოალაგა და საქმეს შეუდგა. -მაშინ რამე მსუბუქი იყოს. -არის, ქალბატონო,- სამხედრო პირივით გასწორდა და ოთხი თითი საფეთქელთან მიიდო. ნინოს ჩაეცინა და მისაღებ ოთახში გავიდა, რომ ტელევიზორი ჩაერთო. -სად წახვედი? -ახლავე მოვალ. -შენთან სალაპარაკო მაქვს. -კარგი, გამოვრთავ,-თვალები აატრიალა ნინომ და სამზარეულოში დაბრუნდა. -მოკლედ, ძალიან ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა შენთვის ეს ამბავი, მიმაჩნია, რომ უფლება გაქვს, იცოდე. სანამ დედაშენი ცოცხალი იყო, საკმაოდ ბევრჯერ გვიკამათია ამ თემაზე-მას უნდოდა, რომ ეს საიდუმლო საფლავში წაეღო, მე მინდოდა, რომ სიმართლე გცოდნოდა, რადგან ასე ვთვლიდი საჭიროდ. -რა ხდება?-ნინოს სახე შეეცვალა. -მოდი ჯერ ჩემი გაკეთებული საჭმელი შეჭამე და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ. ისე, თუ მომეხმარები, უარს არ ვიტყოდი,-თვალი ჩაუკრა ქალმა და ეშმაკურად გაუცინა. -თეო, ცუდი ამბავი უნდა მითხრა? -არა, საიდან მოიტანე? უბრალოდ სიმართლეს გაიგებ, მეტი არაფერი. -და ვინ ან რას მატყუებდა?.. -მოდი შეჭამე და დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ. -რადგან დაიწყე, გააგრძელე კიდეც. -გითხარი უკვე, სანამ არ შეჭამ არაფერს გეტყვი. -ოჰ, თეო, -ამოიოხრა ნინომ. მერე მაგიდაზე დაგროვილი ბოსტნეულიდან კარტოფილები გამოარჩია და გათლა დაუწყო. *** უკვე ბინდდებოდა, დეიდა და დისშვილი ვახშმის შემდეგ სამზარეულოში მაგიდას შემოსხდომოდნენ და საკმაოდ სერიოზულ თემაზე საუბრობდნენ: -ესე იგი, რა გამოდის, ამდენი ხანი ტყუილში ვიცხოვრე?-გაურკვეველი სახით უყურებდა გოგონა დეიდას.. - ტყუილში რატომ იცხოვრე? მხოლოდ ის არ იცოდი, რომ ბელა და ვაჟა შენი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. -სიმართლე რატომ არ მითხრეს? -დედაშენს არ სურდა, რომ გული გტკენოდა. მარტივი არ არის გააცნობიერო, რომ ნამდვილ დედას არ უნდოდი, ხომ ასეა? -შენ რატომ მეუბნები ახლა ამას? -იმიტომ, რომ დედაშენი საკმაოდ ცნობადი სახეა და ძალიან წარმატებული. ვფიქრობ, იმსახურებ მისგან ყურადღებას, მითუმეტეს ახლა. -აი, ამაში კი ძალიან ცდები. -რაში? -არავის ყურადღება მჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როცა გავიზარდე და თავადაც კარგად შემიძლია, საკუთარ თავზე ვიზრუნო. -რაღაც ვერ გატყობ. -როგორ არ გესმის? განსაცდელში ვარ, თეო. დედა დავკარგე. ასე რთულია, რომ მიხვდე რასაც ვგრძნობ? -შენ თუ გამზრდელი დაკარგე, მე და დავკარგე და სხვათაშორის, ჩემთვისაც მტკივნეულია. -რა გინდა? რატომ ამახვილებ ყურადღებას, რომ ბელა ჩემი გამზრდელი იყო? -არ ვამახვილებ, სიმართლეს ვამბობ. -ახლა კარგად მომისმინე. ბელა ყოველთვის დარჩება ჩემთვის დედად და ის ქალბატონი მხოლოდ იმ ადამიანად, რომელმაც უსარგებლო ნივთივით მომისროლა. -მაინც ვფიქრობ, რომ უნდა შეხვდე და გაიცნო. -რამდენი ხნის ვიყავი, როცა მიშვილეს და საიდან წამომიყვანეს? -ყველაფერი ამ საბუთებში წერია,-თეომ ჩანთა მოიტანა და ფურცლები მაგიდაზე დაუდო,- ეს კი დედაშენის ნაჩუქარი ოქროს ჯაჭვი და კულონია, რომელიც მიტოვებამდე გაჩუქა,-სამკაულის შესანახი, პატარა, წითელი ყუთი გაუხსნა და აჩვენა. ნინომ საბუთებს გადახედა და ნამდვილი დედის სახელი და გვარი რომ წაიკითხა, ნერვიულობისგან აკანკალდა და მაგიდაზე უგულოდ მიყარა დოკუმენტები. -რატომ მიმატოვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა? -რა გითხრა? შეიძლება მამაშენმა შენი არსებობის შესახებ არც კი იცის. მაგ საბუთებში მხოლოდ დედის სახელი ფიგურირებს. ბავშვთა სახლისთვის შენს გადაცემაზე თანხმობას ხელი მან მოაწერა. -ჰო, რატომ მიმატოვა, თუნდაც მან? -არ ვიცი, აჯობებს, პირადად შეხვდე და დაელაპარაკო, -მხრები აიჩეჩა ქალმა. ნინომ საფეთქლებთან მჭიდროდ მოიჭირა ხელები და სახე დაეძაბა: -ლამისაა თავი გამისკდეს, თეო. წადი, გთხოვ. ახლა, როგორც არასდროს ისე მჭირდება სიმარტოვეში ყოფნა. -გონს მოეგე და დროულად დაუბრუნდი ცხოვრებას! ნინოს აღარაფერი უპასუხია მისთვის. სკამიდან წამოდგა, საძინებელში უკანმოუხედავად, ბარბაცით გავიდა, ფარდებით ოთახი ჩააბნელა და მძიმედ ჩაიკეცა. სახეზე ხელები აიფარა და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა. როგორც იქნა, გონს მოვიდა, საწოლზე ნელა აბობღდა და საბანი წაიფარა. მალე კარების გაჯახუნების ხმაც მოესმა. გოგონა გულაღმა დაწვა, თვალები დახუჭა და გონება და გული ერთმანეთს დაუპირისპირა. ფიქრობდა ყველაფერზე, თითოეულ დეტალზე და ცდილობდა, საკუთარი თავის მსაჯული გამხდარიყო. ასეთ დღეებს ადრეც ხშირად უწყობდა თავს. განსაცდელის ჟამს, რამდენიმე საათით ან დღით საკუთარ თავში ჩაიკეტებოდა, ცდილობდა, ტყუილ- მართალი დღის შუქზე გამოეტანა და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიეღო. ახლაც ყველაზე მკაცრ, წარმოსახვით მსაჯულებთან წარმდგარიყო და ყურადღებით ისმენდა შეცდომების ან მართებული გადაწყვეტილებების შესახებ. გვერდიდან უყურებდა ნინო გიორგაძეს და ყველაზე ცივი გონებით განიხილავდა მის პიროვნებას და ცხოვრებას. -მოგიწევთ, კიდევ ერთხელ გაუსწოროთ თვალი სიმართლეს, ნინო. რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს, უნდა იცოდეთ, თუნდაც რატომ არ გიღირთ დედათქვენთან კონტაქტი, რომელზეც ასე ხართ გამწყრალი,-ეუბნებოდა ერთ-ერთი მსაჯული. -მას არცერთხელ გასჩენია სურვილი, რომ გავეცანი და მოვეკითხე. -გინდათ, საკუთარი პიროვნება დაკარგოთ? ასე წაიშლებით იმ ადამიანების სიიდან, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ მეს. არ იცით ნამდვილი მიზეზი, რატომ თქვეს მშობლებმა თქვენზე უარი და ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! წადით და გაიგეთ სინამდვილეში ვინ ხართ. -მე მხოლოდ წარსულის პატარა დეტალები არ ვიცი... -ბიოლოგიურ დედ-მამას წარსულის პატარა დეტალებად მოიხსენიებთ? თქვენ ცდებით გოგონა!-შუბლი შეუკრა ერთ-ერთმა მსაჯულმა. -რომ გავიცნო, ეს რას მომცემს? -შეიძლება, ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს. -იქნებ არ მინდა, რომ შეიცვალოს? ასეც მშვიდად ვგრძნობ თავს. -მშიშარა ხართ! -ვიღაცის ბოხმა ხმამ გამოაფხიზლა განსასჯელი. -რატომ ვარ მშიშარა? -ცვლილებების გეშინიათ. დალაგებული და მდარედ მიმავალი ცხოვრების მოტრფიალე ყოფილხართ. ფრთხილად იყავით, ხავსი არ მოგეკიდოთ და არ დალპეთ. ნინოს აღარ სიამოვნებდა მსაჯულების წინ ყოფნა, ერთ ხანს იქაურობის დატოვება დააპირა, მაგრამ ბოლოს თავს აიძულა, დარჩენილიყო და მათთან საუბარი გაეგრძელებინა: -ბიოლოგიურმა მშობლებმა რომ არ მიმიღონ? ეს ხომ კიდევ ერთი დარტყმა იქნება ჩემთვის? -აკი გითხარით, მშიშარა ხართ-მეთქი? თავს ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ პიროვნებას უწოდებთ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეშინებული თაგვივით გარბიხართ! შეხვდით და მოუსმინეთ, რის გეშინიათ? თუ არ მიგიღებენ, დასაკარგი არაფერი გაქვთ, ცხოვრებას იგივე გზით გააგრძელებთ, როგორც ადრე. -თქვენ რა იცით, ცხოვრებას როგორ გავაგრძელებ? წინასწარ ვერაფერს გათვლი. -არ გაინტერესებთ, ვინ ხართ? სახელი და გვარიც არ გაქვთ საკუთარი, ისიც კი შეგიცვალეს. -თქვენ რა, დამცინით? -არ დაგცინით, მწარე სიმართლეში გაყოფინებთ თავს, რომ გონზე მოგიყვანოთ. -და მერე ვერ ხვდებით, რომ ამ მწარე სიმართლით მახრჩობთ?.. ასე მგონია, თავი წყ*ლით სავსე კასრში მაქვს ჩაყოფილი და ხელს აღარ მიშვებთ, რომ ვისუნთქო. -მაინც რის გეშინია? -ამ ბოლო დროს ისედაც ძალიან მოიწყინა ჩემმა კალენდარმა. არ მინდა ამ საშინელ დღეებს კიდევ მეტი განსაცდელი დავურთო, ვფიქრობ, ვეღარ გავუძლებ, მეტისმეტი იქნება. -ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია სირთულეების გადალახვა და ფენიქსივით აღდგენა. ცხოვრების მანძილზე იმდენი გასაჭირი გვხვდება, ამასობაში, ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორ ვემსგავსებით თიხის გატეხილ და ათასგზის შეწებებულ სურებს. თავადვე გვიწევს დამსხვრეული ნაწილების პოვნაც და დანარჩენი ნაწილებისთვის მათი დაბრუნება. მერე ასე, შეკოწიწებული სულებით დავდივართ და სხვების დასანახად ისევ ვიღიმით, ვიცინით და ჩვეულ საქმიანობას ვუბრუნდებით. არც თქვენ მოგცემთ საკუთარი თავი დაცემის საშუალებას, საკმაოდ ძლიერი პიროვნება ხართ და ვიცით, არ გაათელინებთ ხალხთა ბრბოს თავს. ჰო, ხალხთა ბრბოს, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ძირს დაცემულთა ფეხით სრესვა, აქეთ-იქით თრევა, ანდა შოუს მოსაწყობად მათი კოცონზე დაწვა. -ჰო, მაგრამ რის ფასად ვახერხებთ ფეხზე წამოდგომას? -იოლი არაფერია, სამაგიეროდ ორმაგად დამოუკიდებელი და ძლიერი გახდებით. ყველაფერს აქვს თავის უპირატესობები. -და არაუპირატესობებიც... -დაუმატა ნინომ. მსაჯულმა ხელები გაშალა: -აბა, სხვაგვარად როგორ გინდათ? ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია... -კარგი, დამარწმუნეთ. გადავდგავ ამ ნაბიჯს და წავალ დედაჩემთან, ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ გაფრთხილებთ, ბელას და ვაჟას ისინი ვერასოდეს შემიცვლიან. -თავისთავად, ყველას თავის ადგილი აქვს ჩვენს გულებში,-უპასუხა ბოხხმიანმა. გოგონამ დარბაზი დატოვა და საკუთარ სხეულს დაუბრუნდა. თვალები გაახილა და სხვა ენერგია იგრძნო. საწოლში ყოფნა აღარ სიამოვნებდა. ახლა უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. --- სიმპოზიუმი ერთ-ერთ დახვეწილ და მაღალი დონის სასტუმროში ტარდებოდა. მთელი მსოფლიოდან ერთად მოეყარათ თავი ცნობილ ონკოლოგებს, მკვლევარებს, მეცნიერებს, რადიოლოგებს, პათოლოგისტებს, ჰემატოლოგებს, იმუნოლოგებს და სტუდენტებს. დარბაზში შესულმა ნატამ თვალი გადაავლო მოსულ სტუმრებს და გავაშელის ძებნა დაიწყო. როგორც კი დაინახა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა და ინსტინქტურად იქით წავიდა, სადაც დუდა რამდენიმე ნაცნობს ესაუბრებოდა. მამაკაცს ნატას იქ ყოფნა არც შეუმჩნევია. სიმპოზიუმი ორგანიზატორმა გახსნა. მისულ სტუმრებს მიესალმა და გამომსვლელთა განრიგი გააცნო. ანდრიადის გასაკვირად, გამომსვლელთა სიაში დუდა გავაშელიც აღმოჩნდა. ქალს მისი სახელის და გვარის მოსმენა გაუხარდა, ზუსტად იმ რიგისკენ გაეშურა, სადაც ის დაჯდა: -გამარჯობა,-მამაკაცს მიესალმა და გვერდით მიუჯდა.. ნაცნობმა ხმამ ძალაუნებურად მიახედა გვერდზე გავაშელი და მოულოდნელობისგან გაშრა, თუმცა მალე მოეგო გონს და ცივად მიუგდო სიტყვა: -გამარჯობა. -გავიგონე, გამომსვლელთა რიცხვში ხარ. დუდამ არაფერი უპასუხა. -რომელ თემაზე ისაუბრებ? -მახსოვს, ინგლისური კარგად იცოდი. -უბრალოდ ვერ გავიგე, რა გამოაცხადა ორგანიზატორმა. მამაკაცმა სახე შეჭმუხნა, წამოდგა და ადგილი შეიცვალა. ანდრიადს გულში ეკალივით მოხვდა მისი საქციელი. სიმპოზიუმმა მთელ დღეს გასტანა. გამომსვლელების სიტყვების შემდეგ ათწუთიანი შესვენებები ცხადდებოდა, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი, სამი საათისთვის იყო დაგეგმილი. დიდ შესვენებაზე ნატა შენობიდან გავიდა და სასტუმროსთან ახლოს, პატარა კაფეში ყავის დასალევად და წასახემსებლად შევიდა. რამდენიმე წუთში, მოულოდნელად გავაშელი გამოჩნდა. ჩაი და ალუბლის ღვეზელი შეუკვეთა და ფანჯარასთან ახლოს, პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა. უყურებდა ანდრიადი ყოფილ სატრფოს და მისი სიცივის და უგულო გამოხედვის გამო, მთელი სხეული სტკიოდა. დუდა განგებ არიდებდა თვალს იმ ადგილს, სადაც ნატა იჯდა. მშვიდად განაგრძობდა ყავის სმას. -ასე რატომ მოქმედებს ჩემზე შენი საქციელი, დუდა? გული რატომ მეფლითება როცა ჩემს მიმართ ცივს გიყურებ? ნუთუ ოდნავადაც არ გაღელვებს, რომ ერთ კაფეში ვსხედვართ? ადრე ხომ არაფრით გააკეთებდი ამას? ღმერთო, რა მჭირს? პატარა ბავშვივით ვარ აფორიაქებული და თავს ვეღარ ვაკონტროლებ. უნდა მივიდე და ვთხოვო, დამელაპარაკოს. აუცილებლად უნდა გავაკეთო, ახლავე!-საკუთარ თავს არწმუნებდა ანდრიადი. ქალი წამოდგა, პირდაპირ მიაჭრა გავაშელის მაგიდას, პატარა ფურცელი მაგიდაზე დაუტოვა და უსიტყვოდ გავიდა კაფიდან. დუდამ წარწერას დახედა და დაღვრემილი სახით ამოიკითხა: -სერიოზული სალაპარაკო მაქვს. საღამოს 08:00 საათზე სასტუმრო „Marriot”-ის 307-ე ოთახში გელოდები. მამაკაცმა ფურცელი მუჭში დაჭმუჭნა, თეფშზე დატოვა და სიმპოზიუმს დაუბრუნდა. *** საღამო იყო. უკვე რვა საათი მოახლოვებულიყო. გავაშელი ნერვიულად დააბიჯებდა სასტუმროს ოთახში და ანდრიადთან შეხვედრაზე ფიქრობდა. დიდი ყოყმანის შემდეგ „Marriot”-ისკენ გაეშურა. ოთახში ქალის სუნამოს თავბრუდამხვევი სურნელი იდგა. ანდრიადი ლამპის შუქით განათებულ ოთახში ტანზე მომდგარი, მოკლე, შავი კაბით იჯდა, ზევით აწეული ქერა თმები ალაგ-ალაგ ჩამოშლოდა და ბოკლიდან ნელ-ნელა წრუპავდა შამპანურს. ალკოჰოლი უკვე საგრძნობლად მოჰკიდებოდა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ფრთხილად წამოდგა და მის გასაღებად ფეხშიშველი წავიდა. დუდას დანახვაზე სახე გაუნათდა და სტუმარი ოთახში შეიპატიჟა. მამაკაცი მკაცრი სახით შეჰყვა: -პირდაპირ მითხარი, რის მიღწევას ცდილობ შენი გამოხტომებით?! -მოდი შენს კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ:-რატომ გამოჩნდი ამდენხნიანი გაუჩინარების შემდეგ? -არსად გავუჩინარებულვარ, ქვეყნიდან წავედი. -რატომ? ნატა ანდრიადის დავიწყება გინდოდა და ახლა დაბრუნდი, იმიტომ, რომ მიხვდი, ამის გაკეთება ვერ შეძელი? ასეა? გამოვიცანი?- ქალი მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა. გავაშელი გაუნძრევლად იდგა და მასთან ახლოს მყოფ ანდრიადს უხმოდ უსმენდა. -ან იქნებ იმისთვის დაბრუნდი, რომ შური იძიო და ლევანს შენთვის საყვარელი ქალი წაართვა? რომელი ერთი დუდა? რომელი ერთია აქედან სიმართლე?-აგრძელებდა ნატა. მამაკაცს ბოღმა მოსდგომოდა და დიდი ძალისხმევით იკავებდა თავს, რომ მასთან ახლოს მყოფი ქალი არ გაეჩუმებინა. დიდი მოთმინებით აცდიდა, რომ სათქმელი ბოლომდე ამოეთქვა. -არ მიპასუხებ?- ანდრიადი წინ გადაუდგა და ვნებამორეული თვალებით უყურებდა გავაშელს. -აღიარე, რომ მოგენატრე, დუდა. მითხარი, რომ ისევ ისე გინდივარ, როგორც ადრე,-ნატამ ხელები ფართოდ გადაშლილ მკერდზე გადაუტარა და თეთრი პერანგის ღილების ჩახსნა დაუწყო. მერე ახლოს მიეკრო და ღრმად შეისუნთქა მონატრებული სხეულის სურნელი. დუდამ ქალის სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩახედა, მისი ტუჩებისკენ გახშირებული სუნთქვით გააპარა თვალები და ჯერ თმებზე შეეხო ნაზად, შემდეგ ყელზე შემოხვეული „ჰერმესის“ შარფს მოკიდა ხელი და თითები ყელთან შეუცურა. ქალმა სიამოვნებისგან თვალები მილულა და ყრუდ ამოიკვნესა. სწორედ მაშინ, ისევ გაიღვიძა წარსულში დაგროვილმა წყრომამ და მთელ სხეულში ნიაღვარივით მოაწვა გავაშელს. ყელსახვევი ისეთი ძალით ჩამოგლიჯა, ანდრიადმა შეშინებული სახით შეხედა: - არცერთი პიროვნება და მითუმეტეს, სხვისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფი ექიმი არ იმსახურებს ჩემს პატივისცემას, რომელიც საკუთარი, ჯერ არდაუბადებელი შვილის მკვლელია! მეხის გასროლას ჰგავდა ნატასთვის დუდას ხმამაღალი სიტყვები. მთელ ტანში გასცრა და ერთიანად მოცელა. -არც ყოფილი ძმაკაცების ცოლებთან კოტრიალია ჩემი სტილი!- მკვახედ მიაძახა, „ჰერმესის“ შარფი ძირს დააგდო, ზედ გადაუარა და კარები მის თვალწინ გაიჯახუნა. ასე არასოდეს დაემცირებინათ ნატა ანდრიადი. პირველად იგრძნო თავი ყველაზე დაბალი დონის ადამიანად, რომელსაც სულში მოურიდებლად ჩააფურთხეს. --- დილით უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა, წინ გამოუცნობი და მღელვარებით სავსე დღე ელოდებოდა. მოხდენილად გამოეწყო, ულამაზეს ცისფერ თვალებთან მკრთალი ნაცრისფერი ჩრდილები გაიკეთა, ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხი წაისვა, თეთრ ჯემპრზე და ჯინსზე შავი მანტო და მოკლე ჩექმები ჩაიცვა, წითელი თმები გაიშალა და პატარა ხელჩანთით მხარზე გადაკიდებული ჩქარა გაუყვა ქალაქში ერთ-ერთი ცნობილი ტელეკომპანიისკენ მიმავალ გზას. როგორც კი შენობის ეზოში შევიდა, დაცვის თანამშრომელმა გააჩერა და საშვი მოსთხოვა: -იცით, საშვი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთ პიროვნებასთან შეხვედრა,-უპასუხა გოგონამ. -ვისთან მიბრძანდებით?-დაუბღვირა მამაკაცმა. -ქალბატონ თიკა მესხთან. -თქვენი სახელი? -ნინო გიორგაძე. მამაკაცი ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდა და საქმის კურსში ჩააყენა. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ გოგონას გახედა და უკმეხად უთხრა: -ქალბატონი თიკა მესხი არავის იცნობს თქვენი სახელით და გვარით. არ სცალია, ვერ შეგხვდებათ. -კი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. -არ გესმით, რა გითხარით? -გასაგებია,- დამწუხრებული სახე მიიღო გოგონამ და ეზოს გარეთ, კუნძზე ჩამოჯდა. ნინო მთელი დღე ელოდებოდა ეზოდან გამომავალი მანქანებიდან როდის მოჰკრავდა ქალაქში საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტის და საინფორმაციო პროგრამის წამყვანის, თიკა მესხის სახეს თვალს. როგორც იქნა ისიც გამოჩნდა. მაშინვე ჭიშკართან დადგა და იქიდან გამომავალ მანქანას წინ გადაუდგა: -გაგიჟდი? რას აკათებ?- კარის მინა ჩაწია და გაბრაზებულმა შეჰყვირა გოგონას. -სხვა გზა არ დამიტოვეთ. -ვინ ხარ? რა გინდა? -მე ნინო გიორგაძე ვარ. -მერე? -უნდა ვილაპარაკოთ. -რაზე უნდა ვილაპარაკოთ? -ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. -და რას ეძახი მნიშვნელოვან საკითხს? -მოისმენთ და გაიგებთ. -და იქნებ არ მინდა? -მოგიწევთ. -მაძალებ კიდეც? -ასე ვთქვათ... ქალი ჯერ დაფიქრდა, მერე იძულებით მიახალა: -მანქანაში ჩაჯექი! ნინო სწრაფად დაიძრა თეთრი „ტოიოტას“ მარკის ჯიპისკენ და მძღოლის გვერდზე დაიკავა ადგილი. ქალი გაბრაზებული, უხმოდ მართავდა მანქანას. ბოლოს ვეღარ მოითმინა და სიჩუმე დაარღვია: -ვინ ხარ, არ მეტყვი? თუ ქალაქში საკატაოდ ჩამიჯექი? -სადმე გააჩერეთ, რომ დაგელაპარაკოთ,-მოკლედ მოუჭრა ნინომ. თიკამ მანქანის გასაჩერებელი სადგომი მოძებნა, ძრავა გამორთო და მოჩვენებითი სიმშვიდით მიუბრუნდა: -გისმენ! -ოცდაოთხი წლის წინ, საკუთარი ნებით სამშობიაროდანვე ხელი მოაწერეთ განცხადებას, სადაც უარს ამბობდით პატარა გოგონას დედობაზე და თანახმა იყავით, რომ მასზე მზრუნველობა სახელმწიფოს აეღო. ბედის ანაბარა დატოვეთ და ბავშვთა სახლისთვის გადასაცემად გაიმეტეთ, ისე, რომ არც კი დაფიქრებულხართ რა შეემთხვეოდა, რა სირთულეებს გადააწყდებოდა და როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება. ქალს სახე შეეცვალა, შუბლი შეუკრა და წარბები აუწია: -ასეც ვიცოდი, რომ კარგ ამბავზე სასაუბროდ არ იყავი მოსული. ვიღაც შანტაჟისტი ხარ. რა გინდა? ფულს ითხოვ? ეგრევე მითხარი. -გული გაქვთ საერთოდ? -არა მგონია, აქ ჩემს გულზე და გრძნობებზე სასაუბროდ მოსულიყავი. ერთი ვიგინდარა გოგო ხარ, რომელსაც ვატყობ, ვიღაცის წარსულში ჩხირკედელაობა დაუწყია და რატომღაც გული მიგრძნობს, რომ ამ წამოწყებას ცუდად დაასრულებს. -მემუქრებით? -როგორც გინდა, ისე გაიგე. დროზე, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხარი, რა გიჭირავს ხელში, რის გაკეთებას აპირებ და რას ითხოვ ჩემგან? -ის გოგონა, რომელიც თავის დროზე ობოლთა თავშესაფრისთვის გაიმეტეთ, მე ვარ. -ნუთუ? ახლა დედა-შვილობანას თამაშიც მომინდომე? უსაზღვრო ფანტაზია გაქვს,-ცალყბად გაიცინა ქალმა. ნინო ნერვიულობამ აიტანა და ჩანთიდან საბუთები ამოიღო: -შეგიძლიათ, თავად დარწმუნდეთ, ეს თქვენი ხელმოწერაა,-თითით მიანიშნა დედის მიერ გაკეთებულ წარწერაზე. ქალმა უგულოდ გამოართვა, გადაიკითხა და ნინოს შეხედა: -ეს საბუთები იმას არ ამტკიცებენ, რომ უშუალოდ შენ ხარ ჩემი შვილი. გოგონამ თხელი ოქროს ჯაჭვი და კულონი გაუწოდა: -ასე მითხრეს, რომ გულიდან მოგიხსნიათ და ჩემთვის სამახსოვროდ გადმოგიციათ, ვიდრე მიმატოვებდით. ქალმა გამოართვა და შეათვალიერა. თავის სამკაული იცნო. ნელ-ნელა მღელვარება შეეპარა და ხელებმა კანკალი დაუწყეს: -როგორ მომძებნე? არ მითხრა, რომ ერთი სული გაქვს, როდის ჩაგეხუტები. მაინც არ დაგიჯერებ. - მაინტერესებს, ვინ იყო მამაჩემი და რატომ თქვით ჩემზე უარი? -ამაზე საუბარს არ ვაპირებ. -უფლება მაქვს, ვიცოდე. -არ გირჩევ მის გაცნობას. -უკვე ზრდასრული ვარ და თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, რა უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის და რა არა. -წადი! -რა? -წადი-მეთქი და მეორედ არ დაგინახო ჩემს სიახლოვეს. -თქვენ რა, ამას მართლა მეუბნებით? -გიკრძალავ, სადმე გაკვრით მაინც ახსენო, რომ ჩემი შვილი ხარ! მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ შენი. ქმარი და ორი შვილი მყავს, რომლებმაც შენი არსებობის შესახებ არაფერი იციან და არც ვაპირებ, ოდესმე რამე გავაგებინო. შენ ერთი ცოდვის ნაყოფი ხარ, რომელიც დიდი ხნის წინ მოვინელე. აწყობილი ცხოვრება მაქვს. გაფრთხილებ, არ დამინგრიო, თორემ ინანებ!.. -მამაჩემმა ძალიან გაწყენინათ? ასე რატომ მელაპარაკებით? მე რა შუაში ვარ? -წარსულის სევდა დიდი ხანია ნაგავსაყრელზე დავმარხე და არ ვაპირებ ისევ ამოვთხარო და ნაგავში ცხვირით წავერჭო. -მე ნაგავი ვარ?!- ახლა უკვე ვეღარ გაუძლო ნინომ და თავშეუკავებლად იღრიალა. -ჩემი წარსულის შეცდომა იყო ნაგავი, რომელიც მოვიშორე. -ჰო, ანუ ცოდვის შვილი, წარსულის შეცდომა და ნაგავიც ვყოფილვარ... მადლობა, დედა! თუნდაც იმიტომ ღირდა თქვენი გაცნობა, რომ თქვენნაირი ადამიანის დაკარგვისთვის მერე აღარ მენერვიულა. თავს უფლებას არ მივცემ, წასვლამდე ის გიწოდოთ, რისი ღირსიც ხართ! მესხი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და საკუთარი საქციელის შერცხვა, მაგრამ შიშმა, წარსულის გამომზეურებამ და ახლადგამოჩენილმა შვილმა თავგზა ისე აურიეს, თავშეკავებულობა და რკინის ლედის ხასიათი სადღაც გაუქრა და მძიმე ემოციურ ფონზე სიტყვებს კონტროლს ვეღარ უწევდა: -ძალიან გთხოვ, მაპატიე, რომ ვერ მიგიღებ და გემუდარები, არ დამინგრიო ცხოვრება. წადი!.. -კარგად ბრძანდებოდეთ! -ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც ნინომ დედამისს მიაძახა და ჩქარი ნაბიჯებით ტერიტორია დატოვა. მეორეჯერ უარყვეს! მეორეჯერ დაამცირეს! მეორეჯერ წაართვეს შვილად ყოფნის უფლება!.. მიდიოდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა. თავზარდაცემულს ფიქრის უნარიც დაეკარგა. უაზროდ ავიდა ყვითელ ავტობუსში და მისთვის გაურკვეველი მიმართულებით გაჰყვა. ფანჯრის მინისთვის შუბლი მიებჯინა და ტკივილით სავსე თვალებით გაჰყურებდა მის წინ მიმავალ ტრანსპორტს, ქუჩებს და ტროტუარებზე მოსიარულე ხალხს. არაფერი ესმოდა, გარდა ხმამაღალი და გულისგამაწვრილებელი სიგნალებისა. ვერის პარკთან ჩავიდა. უაზროდ გაუყვა ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებისგან წითელ-ყვითლად დაფენილ ბილიკებს და ხის სკამზე ჩამოჯდა. დიდხანს მისჩერებოდა ერთ წერტილს და თავში მხოლოდ თიკა მესხთან შეხვედრა და მასთან საუბრის ბოლო დეტალები უტრიალებდა. უნებურად ჩამოუვარდა ორი ცრემლი და იმ ორს დანარჩენებიც მიჰყვნენ. გვერდით გაიხედა, ხომ არავინ მიყურებსო- გაიფიქრა. გარშემო შეყვარებული წყვილები ისხდნენ და მისთვის არავის ეცალა. ცრემლები მოიწმინდა და ფეხით სეირნობა გააგრძელა. უგზო-უკვლოდ დაიარებოდა... ძალიან გვიანი იყო, როდესაც სახლში დაბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.