შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი (18+) [ნაწილი III. სრულად!]


14-04-2019, 20:26
ავტორი ჰაიკო
ნანახია 768

წყურვილი (18+)  [ნაწილი III. სრულად!]

თავი 1

     შერიფი კრამერი ჩაფიქრებული სცემდა ბოლთას საკუთარ პატარა კაბინეტში, გონების თვალით დაჰქროდა სალემის მოსახლეობას შორის და სათითაოდ ატარებდა წარმოსახვით რენტგენში. ვის? ვის შეეძლო ასეთი რამის ჩადენა? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის მანიაკი, რომელმაც ასე ცივსისხლიანად დახოცა მოზარდები? ვინ იქნებოდა შემდეგი? ამ კითხვებზე კვლავ და კვლავ ეძებდა პასუხებს, მაგრამ თავისდა სამწუხაროდ ვერ პოულობდა, ისევ საწყის წერტილს უბრუნდებოდა და მის გონებაში თანდათან მწიფდებოდა აზრი, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი ხდებოდა ამ იდუმალებით მოცულ საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩარევა, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა მთელი თავისი ულევი ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით, მაგრამ იყო მეორე მხარეც, შერიფს ეს საქმე პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი და ფედერალების ჩარევას პირადი თავმოყვარეობის შელახვად აღიქვამდა, თან არ უნდოდა, რომ ფედერალების ჩარევას მის ოჯახში უსიამოვნება გამოეწვია, რატომღაც სჯეროდა ექიმის სიტყვების, რომ კეი შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ რაღაც პროცენტით მაინც იყო გარეული ამ საქმეში. 
ფიქრს სამსახურეობრივი ტელეფონის წკრიალმა მოსწყვიტა, ბუზღუნით აიღო ყურმილი. 
- შერიფო, თქვენი შვილი მოვიდა. 
შერიფს გაუკვირდა, ერთხანს ფიქრობდა, ეცადა გამოეცნო, რისთვის ესტუმრა კეი, რომელიც როგორც წესი, დიდ ყურადღებას არ იჩენდა მისდამი, მაგრამ დღეს შერიფის ტვინი საკმაოდ ნელა მუშაობდა, რაც შეიძლება ალკოჰოლის ნაკლებობით ყოფილიყო გამოწვეული. 
- სერ... 
- შემოვიდეს, - მდივანს უპასუხა შერიფმა, ყურმილი დადო, მაგიდას შემოუარა და სავარძელში ჩაეცა. 
კარი გაიღო და კეის დაძაბული სახე გამოჩნდა. შერიფმა კრამერმა სამსახურეობრივი თვალით შეაფასა შვილის გამომეტყველება და უხმოდ ანიშნა სავარძელზე. კეიმ თავი დაუქნია, სავარძელში ჩაეშვა და მაგიდაზე ქაღალდში გახვეული ბოთლი დადო. 
- ეს ქრთამია რამის საფასურად? - თვალი თვალში გაუყარა შერიფმა. 
- არა, - მიუგო კეიმ და სავარძელში შეიშმუშნა. 
- აბა რა ხდება? კოლეჯში გაქვს პრობლემები? 
- არა, - კვლავ უარყო კეიმ და წამოდგა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, აშკარად ნერვიულობდა. 
შერიფი გამომცდელი თვალით უთვალთვალებდა მის მოქმედებებს, კარიერის მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონია შეხება, იცოდა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, ამიტომ მისი მოტყუება ძალიან ძნელი იყო. 
- თქვი რა ხდება, მართლა არ მაქვს ამდენი დრო, - ხმაში სიმკაცრე გაურია შერიფმა. 
კეი შესდგა, მამას გვერდულად გამოხედა და ამ მომენტში ძალიან დაემსგავსა მომავალ შერიფს, ზუსტად ეს გაიფიქრა შერიფმა კრამერმა და გულში ესიამოვნა. 
- მოკლედ... რაღაც მინდა გითხრა, - დაიწყო კეიმ, - მაგრამ არ მინდა, რომ გიჟად ჩამთვალო, შემიძლია ეს ყველაფერი სიცრუის დეტექტორზე მიერთებულმაც მოგიყვე. 
შერიფმა გაიღიმა, რაც საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. თავის დაქნევით ანიშნა, განაგრძეო, თან კეის მოტანილი ვისკის ბოთლი გახსნა, დაისხა და უდიდესი სიამოვნებით დააგემოვნა. 
- ჩვენ არც ისე ჩვეულებრივ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორც გვგონია.. - დაიწყო კეიმ და აქედან დაიწყო შერიფის სახეზე ემოციების კორიანტელი, სახეზე ცისარტყელას ყველა ფერი დასთამაშებდა, თვალები ხან გაოგნებისგან უფართოვდებოდა, ხან ყურადღებისგან უწვრილდებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, შვილს უსმენდა და როდესაც კეიმ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე უცნაური და აბსტრაქტული ისტორიის მოყოლა დაასრულა, ვისკის ჭიქა, რომელსაც შერიფი მთელი ამ დროის განმავლობაში განუწყვეტლივ ივსებდა, მაგიდაზე დადგა და შვილს თვალებმოჭუტული მიაშტერდა. 
- რა? - კეიმ ჯიქურ შეხედა, - ხომ გეუბნებოდი გიჟი გეგონებითქო... 
შერიფი წამოდგა, შვილს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო. 
- გიჟი არ მგონიხარ, - თქვა მან, - ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად მეჩვენება...მაგრამ...ჯანდაბა... 
- მამა, ეს სიმართლეა, - უტეხად გაიმეორა კეიმ, - ისინი არსებობენ. 
შერიფმა თავი დაუქნია და ზურგზე ხელებდაწყობილმა რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა კაბინეტში. 
- ამას ამდენი ხნის მერე რატომ მიყვები? 
- საფრთხე ჩემს მეგობრებს დაემუქრა, - თავი ჩაღუნა კეიმ. 
- ანუ მარკი... ანუ ის... ჯანდაბა... 
- ის ვამპირად გადაქცევას აპირებდა, მას შემდეგ აღარ მინახავს, - თქვა კეიმ. 
- უნდა დავფიქრდე ამ ყველაფერზე, - სწრაფად თქვა შერიფმა, - ეს ყველაფერს ცვლის, ვიღაც-ვიღაცეების კონსულტაცია დამჭირდება, შენ შეგიძლია წახვიდე, მაგრამ კრინტი არავისთან დაძრა, გასაგებია? - მამაში შერიფმა იმძლავრა. 
- გავიგე, - კეიმ კარს მიაშურა. 
მისი წასვლის შემდეგ შერიფი ყურმილს დასწვდა. 
- არავინ შემაწუხოს, სამსახურში არ ვარ, - მდივანს ჩასძახა, შემდეგ მობილური მოიმარჯვა და კედელს მიაშტერდა უძრავი მზერით. 
რამოდენიმე ზუმერის შემდეგ უპასუხეს. 
- ალდო, შენი დახმარება მჭირდება, სასწრაფოდ. 
- შერიფო, შუადღემშვიდობის, - მიესალმა ექიმი, - ხომ კარგად ხართ? 
- დიახ, მინდა, რომ სადმე შევხვდეთ, სასწრაფოდ. 
- არ მეტყვით რა ხდება? ქალაქიდან გასული ვარ, მაგრამ თუ სასწრაფოა...
- კეის ველაპარაკე. 
- გასაგებია, - მოუჭრა ექიმმა, - ახლავე მოვდივარ. 
შერიფმა მობილური გათიშა, სწრაფად მივიდა კედელზე დაკიდებულ პიკასოს რეპროდუქციასთან, გამოსწია, სურათის უკან კედელში ჩაშენებული სეიფის კარი გამოაღო და პატარა ლურჯი საქაღალდე გამოიღო. "სრულიად საიდუმლოდ" - იუწყებოდა დოკუმენტის გრიფი. შერიფმა საქაღალდე გადაშალა, სასურველი დოკუმენტი ამოარჩია და გაკრული ხელით ნაწერს დააკვირდა. 
" სალემის ცენტრალური კლინიკა. დეტექტივი მაქს შელტონი. პაციენტს აღენიშნება მწვავე ნერვული აშლილობა, ჰალუცინაციები... " შერიფმა ტექსტს თითი ჩამოაყოლა და დოკუმენტის ბოლოში გამუქებული ბეჭდური ასოებით შედგენილ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NSA) მიერ გაცემულ რეკომენდაციას დააკვირდა. "რეკომენდირებულია სამსახურიდან დათხოვნა, პიროვნული არამდგრადობის და სამსახურეობრივი შეუთავსებლობის საფუძველზე". 
შერიფს მეტი აღარ წაუკითხია, საქაღალდე დახურა, მიიხედ-მოიხედა, კვლავ სეიფში დააპირა დაებრუნებინა, მაგრამ გადაიფიქრა, ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიცურა, წელზე ქამარი მოირგო, რომელზეც ლეგენდარული "მაგნუმი" იწონებდა თავს, ფართოფარფლიანი ქუდი დაიხურა და კარს მიაშურა... 

******
     ექიმი ტომპსონის გაოცება შერიფის მანქანის დანახვამ გამოიწვია, რომელიც მას კლინიკის კიბეებთან მიეყენებინა. ექიმმა სწრაფად გამოაღო კარი, ჩაჯდა, შერიფს მაგრად ჩამოართვა ხელი-ისე, როგორც ამერიკელებს სჩვევიათ და შემდეგ ყურადღებით შეათვალიერა მეგობრის სახე. 
შერიფმა შავი სათვალე მოირგო, გზაზე გავიდა და ქალაქგარეთ აიღო გეზი, ნელა მიდიოდა. ექიმი არაფერს ეკითხებოდა, ელოდებოდა, იცოდა, რომ შერიფი აზრებს უყრიდა თავს და როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა, თავად ალაპარაკდებოდა. 
ერთხანს უხმოდ იმგზავრეს. 
- კეის ველაპარაკე, - როგორც იქნა გატეხა დუმილის ყინული შერიფმა, - უფრო სწორად, ის მელაპარაკა, ჩემთან, ოფისში მოვიდა. 
ექიმს არაფერი უთქვია, მხოლოდ თავი დაუქნია. 
- რაღაც ისეთი ისტორია მიამბო, პროფესიული თვალით რომ შევხედოთ, თუნდ შერიფის, მითუმეტეს ექიმის, სრულ სიგიჟედ მოგეჩვენება, - განაგრძო შერიფმა. 
- რას გულისხმობ? - თვალები მოჭუტა ექიმმა და სათვალის ზემოდან გამოხედა დამამთავრებელი კლასის მასწავლებელივით. 
შერიფმა ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და ექიმს სიტყვა-სიტყვით გადასცა შვილის მონაყოლი, ამბის დასრულების შემდეგ ყურადღებით გახედა მის ნაჯახისებურ სახეს. შენიშნა, რომ მას თითქოს არც გაჰკვირვებია ეს უცნაური ისტორია
- რას იტყვი? - მოთმინება ამოეწურა შერიფს, როდესაც სიტყვაძუნწმა ექიმმა დუმილის ლიმიტს ბევრად გადააჭარბა. 
- ასეთი ისტორია ადრეც მომისმენია, - გაიღიმა ალდომ. 
- ადრეც? - დაეჭვდა შერიფი, - მე რატომ არაფერი ვიცი ამის შესახებ? 
- შერიფო, შენი და ჩემი სამსახური თვისობრივად და ფუნქციონალურად ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ რაღაცით მაინც ჰგავს ერთმანეთს, როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთანაც არსებობს პაციენტთა ისტორიები, რომელსაც დღის სინათლე არ ან ვერ ეღირსება. 
- რას გულისხმობ? - ექიმის საყვარელი გამოთქმა მოიშველია შერიფმა. 
- ჩვენ მეგობრები ვართ, - გაწელა ექიმმა, - მაგრამ მაინც მინდა გთხოვო ამის საიდუმლოდ შენახვა, მე ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და მკაცრად მეკრძალება ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროება, თუნდაც შერიფთან. 
- გასაგებია, - მოუთმენლად თქვა შერიფმა, - შეგიძლია მენდო, ალდო. 
ექიმმა ტომპსონმა თავი დაუქნია, წამიერად ჩაფიქრდა, შემდეგ მთელი ტანით შემოტრიალდა შერიფისკენ. 
- შენ გზას უყურე, მე მოგიყვები ერთი პაციენტის ისტორიას, შორისდებულები საჭირო არ არის, შეგიძლია დაიჯერო ან არ დაიჯერო, მოკლედ...ამ რამდენიმე წლის წინ კლინიკაში მოიყვანეს შერიფის დეპარტამენტის თანამშრომელი...ნუ გამაწყვეტინებ, სახელი ისედაც იცი და ხვდები ვისზეც ვსაუბრობ. პაციენტს ჩივილები არ ჰქონდა, ჩიოდნენ მისი თანამშრომლები, ერთი შეხედვით და ხანმოკლე გასაუბრებით მწვავე ფსიქიკური აშლილობა დავუდგინეთ, მაგრამ მე ამით არ დავკმაყოფილდი, მის ტვინს სრული გამოკვლევა ჩავუტარე და... 
- და რა? 
- ის ისე ზუსტად და უშეცდომოდ აზროვნებდა, როგორც არასდროს, - მტკიცედ თქვა ექიმმა, - არანაირი ფსიქიკური აშლილობა. 
- ვერ ვხვდები, - თავი გააქნია შერიფმა, - დასაწყისში თქვი, რომ ერთი შეხედვით ფსიქიკური აშლილობა სტანჯავდა, რამ მოგცათ საფუძველი, ასე გეფიქრათ? 
ექიმმა ირონიულად ჩაიფრუტუნა. 
- შენ რამ მოგცა საფუძველი გეფიქრა, რომ კეი მაინცდამაინც ჯანსაღად არ აზროვნებს? 
შერიფმა ერთბაშად დაამუხრუჭა, შემოტრიალდა და ექიმს დაძაბული მზერა მიაპყრო. 
- ალდო...ამით რის თქმას ცდილობ? 
- შერიფო, იმ პაციენტმა დაახლოებით იგივე ჟანრის ისტორია მოგვიყვა, რაც შენმა შვილმა-შენ! 
შერიფს ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან. 
- ჯანდაბა...
- ჯანდაბა, - ღიმილით დაემოწმა ექიმი. 
შერიფმა კითხვების ზღვა დაიოკა, კვლავ საჭეს მიუბრუნდა, კიბორჩხალასავით გაწითლდა, ასე უზომო ბრაზის შემოტევის დროს ემართებოდა ხოლმე. 
- სად მივდივართ? - იკითხა ექიმმა, როდესაც მანქანა სალემს გასცდა. 
- როდესაც კეიმ ეს ისტორია გამანდო, - დაიწყო შერიფმა, - მაშინვე იმ პოლიციელის საქმე ამომიტივტივდა აქ, - მან შუბლზე მიიკაკუნა თითი, - მე მაშინ პოლიციის უბრალო ოფიცერი ვიყავი, მახსოვს, რამხელა რეზონანსი გამოიწვია ამ საქმემ, მითუმეტეს, რომ უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ (NSA) მაშინვე გრიფი დაადო, მაგრამ რაღაც-რაღაც დეტალებმა მაინც გაჟონა, როდესაც კეისგან ეს ისტორია მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, ვინც მჭირდებოდა... 
- მაქს შელტონი, - თქვა ექიმმა. 
- დიახ, - დაუდასტურა შერიფმა. 
- მასთან მივდივართ? 
- დიახ, - გაიმეორა შერიფმა. 
- მისგან რა გაინტერესებს? 
- ჯერ შენგან მაინტერესებს, - შერიფმა გვერდულად გამოხედა ექიმს, - უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციაში წერია, რომ ათავისუფლებენ სამსახურეობრივი შეუთავსებლობის საფუძველზე, ეს საფუძველი კი თქვენი დასკვნაა, სალემის ცენტრალური კლინიკის...ალდო, მე მაინტერესებს ის, რაც დოკუმენტში არ ჩაგიწერიათ. 
ექიმმა დანებების ნიშნად ამოიოხრა. 
- ჰიპოკრატე ჯოჯოხეთში გამიშვებს ამის გულისთვის... 
- ეშმაკსაც წაუღია ეგ თქვენი ჰიპოკრატე, - ღიმილით თქვა შერიფმა, - მითხარი ალდო, მითხარი, რომ ბოლოსდაბოლოს დავძრა ეს დამპალი საქმე. 
- პაციენტი მონაყოლის მიხედვით, - მიუგო ექიმმა, - ის საუბრობდა არსებებზე, რომლებიც გარეგნობით ადამიანის იდენტურნი არიან და სისხლს სვამენ, საუბრობდა არსებებზე, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მგლად გადაქცევა შეუძლიათ... 
- ვამპირები, - გამარჯვებულის სახით შესძახა შერიფმა, - ჯანდაბა, ვამპირები და მაქციები, როგორც კეი ამბობდა. 
- დიახ, - დაუმოწმა ექიმმა, - მე ყველაფერი გითხარი. 
- გმადლობ, - გვერდულად გამოხედა შერიფმა, - ამ უიკენდზე რამეს ვიკისრებ. 
- კარგი იქნება, - გაიღიმა ექიმმა და სიგარეტს მოუკიდა.
ამასობაში შერიფმა ცენტრალური გზიდან გადაუხვია, მცირე ხანს იმოძრავა უკაცრიელ, გამწვანებულ ველებს შორის და სალემიდან რამდენიმე მილით მოშორებულ მცირე დასახლებაში შევიდა. 
შერიფმა მანქანა ერთ-ერთი მომცრო სახლის წინ შეაჩერა, რომელიც ერთიანად მწვანეში ჩაფლულიყო, სახლის წინ მდებარე გაზონზე გზისკენ ზურგშექცევით იდგა მამაკაცი, ხელში გაზონის საკრეჭი მაკრატელი ეჭირა და პატარა ბილიკის გასწვრივ დარგულ მცირე ბუჩქებს აწესრიგებდა, ეს ბილიკი გზიდან სახლის კიბეებს უერთდებოდა. 
- აი ისიც, - შერიფმა მზის სათვალე ოდნავ ჩამოიწია და მამაკაცს გახედა, თავის მხრივ ექიმმაც შეათვალიერა მასპინძელი, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ მასპინძელი იყო. 
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა ექიმმა. 
- რა თქმა უნდა, - მიუგო შერიფმა, - სხვა შემთხვევაში აქ არ მოვიდოდი, წავედით. 
მამაკაცმა მაშინვე იგრძნო ზურგსუკან სხვისი ყოფნა და ერთბაშად მოტრიალდა, მაკრატელი კვლავ ხელში ეჭირა, ის ეჭვით მიაჩერდა ორ, ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებულ ადამიანს, შემდეგ შერიფის მანქანას გახედა და მოიღუშა. 
- ფედერალებს არ ველაპარაკები, - და ეჭვით შეხედა ექიმის სამოქალაქო ჩაცმულობას. 
- ფედერალები არ ვართ, - მიუგო შერიფმა, - ეს ექიმი ალდო ტომპსონია, მე კი-შერიფი კრამერი გახლავართ, თქვენი მონა-მორჩილი. 
- მახსოვხარ, - ნელა თქვა მამაკაცმა და ყურადღებით დააკვირდა შერიფს, - უკვე შერიფი ხართ? მომილოცავს, - ის კვლავ გაზონს მიუბრუნდა და ამით აგრძნობინა, რომ საუბარი არ სურდა. 
შერიფმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ექიმმა ხელით შეაჩერა და მაქს შელტონს ოდნავ მიუახლოვდა. 
- მაქს...მე ის ექიმი ვარ, ვინც კლინიკაში ყოფნის პერიოდში გმეთვალყურეობდა. 
- არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, - უხეშად, უკანმოუბრუნებლად თქვა შელტონმა, - არ მსურს თქვენთან საუბარი, - შერიფო, ჩემი დაპატიმრების ან ჩხრეკის ორდერი გაქვთ? 
- არა, რა სისულელეა. 
- მაშინ კეთილი ინებეთ და დატოვეთ ჩემი სახლი. 
შერიფმა მხრები აიჩეჩა და მანქანისკენ შებრუნდა, მაგრამ ალდო ტომპსონი სულაც არ აპირებდა ასე იოლად დანებებას. 
- მაშ ასე გსურთ სიცოცხლის გაგრძელება? - გამკიცხავად მიმართა ექიმმა, - საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტეთ და ასე გსურთ ყველაფრის იგნორირება? კეთილი, იყოს როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ სანამ წავალ, მინდა ერთი რაღაც გითხრათ : მისტერ შელტონ, თქვენ მართალი იყავით. 
ამ სიტყვებმა მართლაც იმოქმედა შელტონზე, ის სწრაფად შემობრუნდა და ექიმს მიაჩერდა, თვალებში გაკვირვება ჩასდგომოდა. 
- ექიმო, რა თქვით? 
- თქვენ მართალი იყავით, - გაიმეორა ტომპსონმა, - ისინი არსებობენ, ვამპირები, მაქციები...
- ჯანდაბა, - შეჰყვირა შელტონმა, - თქვენ გჯერათ ამის? გაქვთ დამამტკიცებელი ფაქტები? 
- გვაქვს, - ჩაერია აქამდე ჩუმად მდგარი შერიფი, - ადამიანები, რომლებიც ამ არსებებმა დახოცეს. 
- დახოცეს? - გაოგნდა შელტონი და მზერა შერიფზე გადაიტანა, - მათ ადამიანები დახოცეს? სად? 
- აქ, სალემში, - მიუგო შერიფმა, - და ამის კეთებას განაგრძობენ, თუ არ დაგვეხმარებით, აუცილებლად უნდა გვითხრათ, ზუსტად რა დაინახეთ. 
შელტონი კვლავ ეჭვით უყურებდა. 
- მე აღარ ვენდობი ოფიციალურ ორგანოებს. 
- შეგვიძლია არაოფიციალურად, მეგობრულ გარემოში ვისაუბროთ, - სახლზე ანიშნა შერიფმა, - თან ვნახოთ, იქნებ თქვენი უფლებამოსილების აღდგენის შესახებაც გავგზავნო წერილი სადაც საჭიროა. 
შერიფმა ბრწყინვალედ გაათამაშა კოზირი. 
- ამას მართლა ამბობთ? 
- რა თქმა უნდა, - რიხით მიუგო შერიფმა, - საბედნიეროდ, ჩემი დღევანდელი სტატუსიმაძლევს ამის საშუალებას... აბა, მისტერ შელტონ, დაგვეხმარებით? 
მაქს შელტონმა გარემოს მზერა მოავლო, აშკარად ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მის გონებაში შერიფის შეთავაზებამ იმძლავრა. 
- კარგი, შემოდით, - და სახლისკენ წაუძღვა შერიფ კრამერს და ექიმ ტომპსონს. 

*******
     მწვანეთვალება მამაკაცი ნელა მიუყვებოდა ბულვარს, ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და გზად შემხვედრ სტუდენტებს მოწყალე ღიმილით უმასპინძლდებოდა. მდედრობითი სქესის სტუდენტები თვალს აყოლებდნენ, მაქსიმალურად იპრანჭებოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ მისი ყურადღება მიექციათ, მაგრამ გაბრიელი მხოლოდ ძლივსშესამჩნევი ღიმილით კმაყოფილდებოდა და მიზანმიმართულად მიიწევდა ბულვარის ბოლოსკენ, სადაც მცირე ფანჩატური იდგა. 
როდესაც მიაღწია, შესდგა და გარემო ყურადღებით დაზვერა, აქ უკვე ხალხის ნაკლებობა იგრძნობოდა. გაბრიელმა ფანჩატურის ქსოვილის კარი გადაწია და შევიდა. 
ფანჩატურის ცენტრში იდგა პატარა მრგვალი მაგიდა, მას ენით აუწერელი სილამაზის ქალი მისჯდომოდა, მეორე მხარეს კი თავგადაპარსული მამაკაცი მიყრდნობოდა სკამის საზურგეს, მას შავი თვალები და საკმაოდ საშიში გამომეტყველება ჰქონდა. 
გაბრიელმა გაიღიმა, ხელით ანიშნა, დაჯექითო და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. 
- შენი სილამაზე უთუოდ აღნიშვნას იმსახურებს, - ღიმილით მიმართა ქალს, ხელზე ელეგანტურად ემთხვია და შემდეგ თავგადაპარსულს მიუბრუნდა, - სალაზარ, მიხარია რომ კვლავ ჩემს გვერდით და კვლავ ჩემს მხარეს გხედავთ. 
თავგადაპარსულმა, რომელსაც გაბრიელმა "სალაზარი" უწოდა, გაიღიმა, თავი ოდნავ დაუკრა. 
- გაბრიელ, ჩვენთვის დიდი პატივია პირველყოფილ ვამპირთა კლანის ძლევამოსილ ლიდერთან შეხვედრა. 
გაბრიელს ესიამოვნა ეს სიტყვები. 
- აქ არც თუ ისე მშვიდი სიტუაციაა, მდგომარეობა ძალიან ჩახლართულია, ჩემიანები აქ არიან და სავარაუდოდ იციან, აქ რომ ვარ, მაგრამ სანამ არ გავარკვევ, ვის მხარეს არიან, მანამდე ყველას მტრად მივიჩნევ. 
- გეთანხმები, - მიუგო სალაზარმა. 
- აბა? - მოუთმენლობამ გაჟონა გაბრიელის ხმაში, - როგორც მომახსენეს, ჩვენი მრავალწლიანი ექსპერიმენტი დასრულდა. მე საკუთარი თვალით მსურს შედეგის ნახვა. 
სალაზარმა გაიღიმა, შემდეგ დაიძაბა და თვალები დახუჭა, პირიდან ეშვები ჩამოეზარდა, შემდეგ ნელა, ძალიან ნელა გაახილა თვალები. 
გაბრიელს აღტაცებისგან პირი ღია დარჩა, სალაზარის თვალების ფერი არ ჰგავდა არცერთი ტრანსფორმირებული ვამპირის თვალებს, რაც კი ოდესმე ენახა გაბრიელს, არ ჰგავდა არცერთი მაქციის თვალებს, რაც კი ოდესმე ენახა გაბრიელს, ეს იყო მუქი შავის, მოელვარე წითელის და ხასხასა მწვანე ფერის ნაზავი. 
- აი ეს მესმის, - წამოიძახა აღტაცებულმა გაბრიელმა, - სხვას რას მეტყვი? 
- მე ვამპირზე გაცილებით ძლიერი ვარ, - დაიღრინა სალაზარმა, - მაგრამ არა პირველყოფილზე, მე მაქციაზეც გაცილებით ძლიერი ვარ, ჩემი შხამი მომაკვდინებელია როგორც ვამპირისთვის, ასევე პირველყოფილისთვის და მაქციისთვის, მე სისხლს არ მთხოვს ორგანიზმი, მე არ მჭირდება სავსე მთვარე იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალებით აღვივსო, მე ერთადერთი ვარ, მე ერთდროულად ვამპირიც ვარ და მაქციაც, მე ისტორიაში პირველი ჰიბრიდი ვარ..

თავი 2

     შელტონის საცხოვრებელი საკმაოდ მყუდროდ მოწყობილი აღმოჩნდა, მისაღებ ოთახში სიხალვათე და სისუფთავე იგრძნობოდა. მასპინძელმა სტუმრებს ფართო დივანზე მიუთითა, თავად კი სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად, რომელიც ზრდილობის ყველა ნორმის დაცვით ითხოვა ექიმმა. 
შერიფი ოთახში მიმოდიოდა, ყველა საგანს ათვალიერებდა, ბოლოს ბუხრის თავზე შემომდგარ ფოტოს დააკვირდა, რომელიც ლამაზ ჩარჩოში ჩაესვათ, სურათს შავი ზოლი გასდევდა. 
- ჯანდაბა, - ჩაიბუზღუნა შერიფმა. 
- ჩემი მეუღლე და ვაჟი, - თქვა უხმაუროდ მოახლოვებულმა შელტონმა, რომელსაც ხელში ყავის ფინჯნები ეჭირა, - ისინი ერთი წლის წინ დაიღუპნენ ავტოკატასტროფაში. 
- ძალიან ვწუხვარ, მისტერ შელტონ, - შერიფს დაასწრო ექიმმა და ქაფქაფა ყავა მოსვა. 
შერიფმაც თავი დაუქნია თანაგრძნობის ნიშნად, ზოგადად მას უჭირდა ყოველგვარი ადამიანური გრძნობის გამოხატვა, ეს ხომ სულაც არ იყო შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილი სერჟანტის სტილი. 
- რატომღაც არაფერი მსმენია ამ ავტოკატასტროფის შესახებ, - თქვა მან და ბუხრის კუთხეს მიეყრდნო, - არადა მე ხომ სალემის შერიფი ვარ, წესით უნდა მცოდნოდა, მინიმუმ ყური მაინც უნდა მომეკრა. 
შელტონმა სიგარეტს მოუკიდა და სტუმრებსაც შესთავაზა, რომლებიც დიდი სიამოვნებით დასთანხმდნენ. 
- შერიფო, ავტოკატასტროფა სალემში არ მომხდარა, კალიფორნიაში მოხდა, კერძოდ ლოს-ანჯელესში და საქმე იქაურმა პოლიციამ გამოიძია... მაგრამ ვფიქრობ აქ ჩემი ოჯახის დაღუპვის დეტალებზე სასაუბროდ არ უნდა იყოთ მოსული. 
- დიახ, დიახ, - სასწრაფოდ დაეთანხმა შერიფი, ბუხარს მოშორდა და ექიმის გვერდით გამოიჭიმა დივანზე, ფართოფარფლიანი ქუდი მოიხადა და დივანჯს წინ მდგარ ჟურნალების მცირე მაგიდაზე დადო. 
შელტონმა სიგარეტი ფილტრამდე ჩაიყვანა და მყისვე მეორეს მოუკიდა ხელების კანკალით, ექიმი თანაგრძნობით შეჰყურებდა ცხოვრებისგან განადგურებულ ადამიანს. 
- ამ რამდენიმე წლის წინ, - ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო შელტონმა, - უიკენდზე მე და ჩემმა მეუღლემ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ქალაქგარეთ გასვლა დავგეგმეთ, ჩვენს ვაჟთან ერთად, ის მაშინ შვიდი წლის იყო...სალემისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ბარია, ალბათ გეცოდინებათ, გზის მეორე მხარეს კი ბილიკი შედის, რომელსაც ტბამდე მივყავართ... 
- დიახ, ასეა, - დაემოწმა შერიფი. 
შელტონი თვალებმოჭუტული ჩაფიქრდა, წლების წინ იმ კონკრეტული დღის მოვლენების ქრონოლოგიურად აღდგენას ცდილობდა, ამას მაშინვე მიხვდა შერიფის მახვილი თვალი და არ აუჩქარებია. 
- ტბამდე მანქანით ვერ მივედი, - განაგრძო შელტონმა და აუჩქარებლად დაარტყა ნაფაზი, - წინა დღეს მთელი დღის განმავლობაში წვიმდა და გზა მანქანისთვის გაუვალი გახდა, ამიტომ მანქანა ბარის ავტოსადგომზე გავაჩერე, ბარის მფლობელს ორი დღის გასამრჯელო წინასწარ დავუტოვე, კარავი და მცირე ბარგი მხარზე მოვიგდე და მეუღლეს და ვაჟიშვილს ტბისკენ გავუძეხი...მოკლედ, ტბის პირას გავშალეთ კარავი, როდესაც დაღამდა... - შელტონი კვლავ ჩაფიქრდა, სახე დაეძაბა. 
ექიმმა შერიფს გახედა, ორივემ იგრძნო რომ ისტორიის საკვანძო წერტილს უახლოვდებოდნენ. 
- უფრო სწორად, შუაღამისას ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებამ გამომაღვიძა, - განაგრძო შელტონმა, როდესაც მეორე ღერიც წარმატებით ჩაიყვანა ფილტრამდე და მესამეს მოუკიდა, - ჩემს ცოლ-შვილს ეძინათ, ფრთხილად გამოვედი კარვიდან და ტყის სიღრმისკენ ავიღე გეზი, ზუსტად მახსოვს სავსე მთვარე იყო...
ამჯერად შერიფმა გახედა ექიმს. 
- ტყის სიღრმეში შევედი, როდესაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დავიკმაყოფილე, უკან დაბრუნება დავაპირე და ამ დროს.... 
სიჩუმე ჩამოვარდა, ექიმი და შერიფი გაოცებულები მიაშტერდნენ მასპინძელს, რომელიც ერთიანად ცახცახს აეტანა, შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები დაჯდომოდა. 
- შელტონ, - ვერ მოითმინა შერიფმა. 
ფიქრებში ჩაძირული შელტონი შერიფის ხმის გაგონებაზე შეხტა, რეალობას დაუბრუნდა და შერიფს თავი დაუქნია. 
- ამ დროს მე ის დავინახე... 
- ვინ? - იკითხა ექიმმა. 
- ის...ადამიანი იყო, ოთხზე იდგა, - სივრცეს გაუშტერა თვალი შელტონმა, - თავი მაღლა ჰქონდა აწეული და მთვარეს მისჩერებოდა. თავიდან ვიფიქრე ვინმე მაწანწალა ან გიჟი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ... 
- რა მოხდა შემდეგ? - ჩაერთო სულსწრაფი შერიფი. 
- ის უცნაური ხმით ბურტყუნებდა, შემდეგ ეს ბურტყუნი ღრენაში გადაიზარდა, შერიფო მე ძველი მონადირე ვარ და მგლის ღრენა არცერთ ხმაში არ ამერევა, მივხვდი, რომ ამ ხმას ეს ადამიანი გამოსცემდა, მე სულ რამდენიმე იარდის მოშორებით ვიყავი ბუჩქებში ჩამალული...შემდეგ ის ფეხზე წამოდგა, სახე კვლავ მთვარეს მიაპყრო და მკერდიდან ღმუილი ამოუშვა, მას ძალიან გრძელი ეშვები ჰქონდა შერიფო, და მომწვანო-მოყვითალო თვალები, სახე და მკერდიც ბალნიანი, თითებზე კი კლანჭები... 
- ჯანდაბა, - ერთხმად გაიმეორეს ექიმმა და შერიფმა. 
- ის ზუსტად ისე ყმუოდა, როგორც მგელი, ექიმო, - ტომპსონს მიმართა შელტონმა, - მე საკუთარი თვალით ვნახე, როგორ იქცა ადამიანი მგლად...მე გიჟი არ ვარ. 
- ასი პროცენტით მართალი ბრძანდებით, - მტკიცედ მიუგო ექიმმა. 
შერიფი წამოდგა, გაიარ-გამოიარა და შემდეგ შელტონის წინ შესდგა. 
- ამის შესახებ ვინმეს უთხარით? 
- ძალიან დაბნეული ვიყავი, - მიუგო შელტონმა, - და ძალიან შეშინებული, ყველაფერი რომ გავაანალიზე, გადავწყვიტე ეს ამბავი თანამშრომლებისთვის მომეყოლა...დანარჩენი თქვენთვის ისედაც ცნობილია. 
ექიმმა სინანულით დაუქნია თავი. 
- საქმეში უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო ჩაერთო, თქვენს საქმეს გრიფი დაედო, თქვენ კი გიჟად გამოგაცხადეს. 
- სტანდარტული პროცედურაა, - ექიმს დაეთანხმა შერიფი, - როდესაც საქმის მიფუჩეჩება და საზოგადოების ყურადღების გაფანტვა სურთ, როდესაც ისინი თვლიან, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, რეპუტაციის შელახვა-ყველაზე ეფექტური იარაღი სპეცსამსახურების ხელში.
შელტონი თავადაც ძველი პოლიციელი იყო, ამიტომ მშვენივრად ერკვეოდა მსგავს პროცედურებში, უხმოდ დაუქნია თავი შერიფს. 
- მე დავამთავრე, - თქვა მან, - სულ ესაა...
- მას შემდეგ მსგავსი არსება სადმე ხომ არ შეგხვედრიათ? - ჰკითხა შერიფმა. 
- არა, არასოდეს, - თავი გააქნია შელტონმა. 
ექიმი წამოდგა და შერიფს რაღაც ანიშნა, რომელიც უმალ დასთანხმდა თავის ქნევით. 
- გმადლობთ, მისტერ შელტონ, - ექიმმა მაგრად ჩამოართვა ხელი. 
შერიფიც დაემშვიდობა მასპინძელს და წასვლის წინ სავიზიტო ბარათი გაუწოდა. 
- თუ ჩათვლით, რომ რამე გაქვთ სათქმელი, ან რამე დაგჭირდებათ, ან რამე გაგიჭირდებათ, ამ ნომერზე ყოველთვის გიპასუხებენ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ. 
შელტონმა სავიზიტო ბარათი ჩამოართვა. 
- თქვენს შესახებ მოხსენებას შევადგენ, - განაგრძო შერიფმა, - მასალები უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს აქვს, მათი დაყოლიება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ერთი-ორი ნაცნობი მყავს, რომლებიც ჩემგან დავალებულები არიან...ასე რომ, თავს გაუფრთხილდით, - შერიფმა მზის სათვალე მოირგო, თავისი განუყრელი ფართოფარფლიანი ქუდი დაიხურა, მასპინძელს თავი დაუკრა და მანქანას მიაშურა. 

********
     მია ჯეკსონი რეალობისგან გათიშული იჯდა ლექციაზე. ლექტორის სიტყვები სადღაც შორიდან ესმოდა. ის ბევრ რამეზე ფიქრობდა, ძალიან ბევრ რამეზე, უპირველესად ეს შავგვრემანი პირველყოფილი იყო. მია ძალიან შეეჩვია მას, გონების თვალი გადაავლო თავის ნაცნობებს და უნებურად აღიარა, რომ კოვაქსი ყველაზე ახლობელი გამხდარიყო მისთვის. კეის მისთვის მხოლოდ თანაკურსელი და მარკის ბიძაშვილი იყო, მასთან ურთიერთობას მთლად მეგობრულიც არ ერქვა, უფრო კარგ ნაცნობობაში გადიოდა, ჯესიკა ვითომ მეგობრობდა მასთან, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ მომხდარის შემდეგ თითქოს ის რადიკალურად შეიცვალა, თითქოს უფრო ჩაკეტილი გახდა, რამდენჯერმე შეასწრო თვალი, დაძაბული მზერით როგორ უთვალთვალებდა წითურთმიანი ქალი-მაქცია, მამამისი მის გატაცებაში მონაწილე ხალხს ეხმარებოდა და თან კოვაქსის მოკვლაც სცადა, ამიტომ გოგონა მის მიმართ მაინცდამაინც სიმპათიით არ იყო განწყობილი, უბრალოდ პატივს სცემდა, როგორც ჯესიკას მამას. შემდეგ გონების თვალით მის ცხოვრებაში არსებულ სხვა პიროვნებებს გადასწვდა, ლუციუსი-ეს ქერა და სამართლიანი პირველყოფილი ვამპირი, ძალიან დინჯი მოქმედებებით და უაღრესად ცივი მზერით, არ შეიძლებოდა ის მეგობრად ჩაეთვალა, ის უბრალოდ კოვაქსის მეგობარი იყო და მეტი არაფერი, ფიქრობდა რებეკაზეც, რომელსაც მართალია პირადად არ იცნობდა, მაგრამ ტელეფონით ესაუბრა მასთან, მისგან სიმშვიდე, სითბო და უცნაური მიზიდულობის ძალა იგრძნობოდა. 
მიამ ფიქრები თავის გაქნევით მოიშორა და გვერდით მაგიდასთან მჯდარ კეის გახედა, ბიჭი რაღაცნაირად დათრგუნული მოეჩვენა, რაც სულაც არ იყო მისთვის დამახასიათებელი. 
ამ დროს ლექციისთვის გამოყოფილი აკადემიური საათი ამოიწურა, მიამ წიგნები ჩანთაში ჩაალაგა, მხარზე მოიგდო და ხალხმრავალი დერეფნის გავლით ორფრთიან დიდ კარს მიაშურა, რომელიც კოლეჯის შიდა სივრცეს ეზოსთან აკავშირებდა. 
ეზოს გავლით ავტოსადგომს მიაშურა, მანქანის კარი გამოაღო და ამ დროს მკლავში ვიღაც სწვდა უხეშად. 
მია სწრაფად შემობრუნდა და მოძალადეს მიაჩერდა, არ ეცნობოდა, ზოგადი გარეგნობა ჰქონდა, მუწუკებიანი სახე და წვრილი, ცბიერი თვალები. 
- რა გნებავთ? - იკითხა მიამ და ხელი გამოჰგლიჯა, თან თვალი შეასწრო როგორ მიუახლოვდა კიდევ სამი უცნობი ბიჭი მის მანქანას. 
- რა უნდა მნებავდეს, თუ არა შენი გ*აჟიმვა, ძვირფასო, - გადაიხარხარა მუწუკებიანმა და ხარბად აათვალიერ-ჩაათვალიერა. 
მიას ლამის გული წაუვიდა შიშისგან, მაგრამ არ შეიმჩნია, მიიხედ-მოიხედა, მისი მანქანა ავტოსადგომის მიყრუებულ კუთხეში იდგა, აქ ვერავინ დაინახავდა, ვერავინ უშველიდა. დანარჩენი ბიჭები წრედ შემოერტყნენ და დამცინავ რეპლიკებს არ იშურებდნენ, რაც ძირითადად მის აღნაგობას შეეხებოდა. 
- ვიყვირებ, - დაემუქრა მუწუკებიანს და ჩანთა მჭიდროდ ჩაიკრა გულში, მანქანას ზურგით მიეყრდნო და თავდასაცავად მოემზადა. 
ბიჭებმა ბინძურად გადაიხარხარეს, ორმა მათგანმა მხრებში ჩაავლო ხელი და ავტოსადგომის შორეულ კუთხეში მდგარი სანაგვე ურნებისკენ გაათრია, მესამემ კი პირზე ააფარა ხელი, რომ არ ეყვირა, მია ყველანაირად უძალიანდებოდა, მაგრამ რას გახდებოდა სუსტი გოგონა მოძალადე ბიჭებთან? 
ბიჭებმა მია ნაგვის ურნებს შორის მდებარე პატარა სივრცეში მოიმწყვდიეს, ერთ-ერთმა მოკლე გასაშლელი დანა ამოიღო, გახსნა და ლოყაზე მიაბჯინა. 
- ხმა არ ამოიღო, თორემ ამ ლამაზ სახეს დაგისახიჩრებ შე ბ*ოზო, უნდა გვასიამოვნო. 
გოგონას სიმწრის ცრემლები წასკდა, როდესაც მუწუკებიანმა ჯიბიდან წებოვანი ლენტი ამოიღო და ტუჩებზე დააკრა.
- ნუ გეშინია, არც ისეთი გამოუცდელი ჩანხარ, - დაცინვით თქვა ერთმა, - მხოლოდ სათითაოდ გ*აგჟიმავთ და წავალთ. 
მის სიტყვებს უხამსი ხარხარი და ტაშის კვრა მოჰყვა. 
მუწუკებიანმა ხელის ერთი ჩამოქნევით შუაზე გახია მაისური, ბიუსტჰალტერი უხეშად ჩამოგლიჯა და გაშიშვლებულ მკერდზე ხელების ფათური დაუწყო. 
- გთხოვთ... - ჩაილუღლუღა გოგონამ, რამდენადაც ამის საშუალებას პირზე დაკრული ლენტი აძლევდა. 
- ნუ მთხოვ, ასე უფრო ვიღგზნები, - დაიღრიალა მუწუკებიანმა, მიას მკერდს თავი ანება და შარვლის ღილების შეხსნა დაიწყო. 
შარვალი მუხლებამდე ჩაიწია, შემდეგ გოგონას მხრებში სწვდა, მიწაზე ზურგით დააწვინა, ერთი ხელით ხელები გაუკავა, მეორეთი კი ფეხები გააშლევინა და ჯინსის გახდა სცადა. 
- არა, - ცრემლები ღვრად ჩამოედინა მიას ლოყებზე. 
მუწუკებიანმა თავისი სამარცხვინო საქმის დაწყება ვერ მოასწრო, რომ ზურგიდან ჩრდილი დაეცა და ვიღაცამ სპეციალურად ჩაახველა, ყურადღების მისაქცევად. 
მუწუკებიანი შეჩერდა და უკან მოიხედა, შემდეგ წამოდგა, შარვალი აიწია და ბრაზით მიაჩერდა უცნობს. 
- აქ რა დაგკარგვია მეგობარო? რაინდობის გამოჩენას ხომ არ აპირებ? 
- რატომაც არა, მე ხომ შინაგანად რაინდი ვარ, - ირონიულმა ღიმილმა გააპო მისი მკაცრად მოკუმული ტუჩები. 
ბიჭებმა ტანსაცმელშემოფლეთილ და უკვე გონდაკარგულ გოგონას თავი ანებეს და უცნობ არამკითხეს გარს შემოერტყნენ. 
- სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრებია? - ისედაც ვიწრო თვალები კიდევ უფრო დაუვიწროვდა მუწუკებიანს. 
- სხვათაშორის, - გაწელა უცნობმა, ამასთან ერთად კოსტიუმი სწრაფი მოძრაობით გაიძრო და მანქანის საბარგულზე დადო, - მეც იგივე კითხვის დასმას ვაპირებდი თქვენთვის.
ის, როგორც ჩრდილი, როგორც მოჩვენება, ისე სწრაფად გაჩნდა მუწუკებიანის წინ და მკერდში დარტყმა მიაყენა, მუწუკებიანი მანქანას შეასკდა და ძირს ხველებით გაიშხლართა. 
დანარჩენებმა მაშინვე დააპირეს თავს დასხმოდნენ უცნობს, მაგრამ რაღაც ძალამ აიძულათ, შეჩერებულიყვნენ და უფრო ყურადღებით და ზარდაცემული თვალებით დაჰკვირვებოდნენ.
  უცნობს მკერდიდან უცნაური, ყრუ ღმუილი ამოსდიოდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები, ლოყებზე სისხლძარღვები დაებერა, რომელშიც მოძრავი ალისფერი სითხე უწყვეტ ნაკადად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას სისხლით ავსებდა. 
- ეს... რა... 
ბიჭებს მეტი აღარაფერი უთქვამთ, თავქუდმოგლეჯილნი გაეცალნენ ამ საშინელ დემონად ქცეულ ადამიანს, თავიანთი მუწუკებიანი მეგობარი არც კი გახსენებიათ. 
უცნობმა მათ სისხლისმწყურვალი მზერა გააყოლა, შემდეგ სწრაფად დაიხარა, ძირს დაცემულს ყელში სწვდა, წამოაყენა, მანქანაზე მიაყუდა და საზარელი მზერით მიაშტერდა. 
- შენ...რა ჯანდაბა ხარ... - ამოიხრიალა სუნთქვაშეკრულმა მუწუკებიანმა. 
- მე თავად სიკვდილი ვარ, - დაიღრინა დემონმა, მუწუკებიანს თმაში სწვდა, კისერი მოუგრიხა და ყელზე ცისფრად ამობურცულ სისხლძარღვს დაუწყო ძებნა. 
- არა, - გოგონას ხმამ ჰაერი შეარყია, რომელიც მოულოდნელად მოსულიყო გონს. 
უცნობი შეჩერდა, მაგრამ მუწუკებიანი კვლავ კისერმოგრეხილი ეჭირა, ამ ქვეყნად ყველა ზღვარს გადავიდოდა, ყველანაირ დოგმას უარყოფდა, ყველანაირ სტერეოტიპს დაანგრევდა, ყველანაირ ზნეობრივ მორალს დააიგნორებდა...მაგრამ ამ შოკოლადისფერთვალება გოგონას ხმას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, არ შეეძლო, ის იმორჩილებდა, მთელი სხეულით, გონებით, სულით, მის გულს სიტკბოთი და იმედით აღავსებდა, მის ბნელ ცხოვრებას ანათებდა...
- ჯანდაბა, - დაიღრინა მან, ერთი მოქნევით ძირს დასცა მუწუკებიანი და მკერდზე ფეხი დააბიჯა, - ნეტავ ერთხელ მაინც თუ მომეცემა უფლება, რომ ამ დაწყევლილ ქალაქში ერთი არამზადა მაინც მოვკლა ისე, რომ ხელი არ შემიშალო? 
გოგონა სწრაფად წამოდგა, ჩანთიდან ჯინსის ქურთუკი ამოიღო და დაფლეთილ მაისურზე მოიცვა. 
- შენ შემპირდი, - ამოიოხრა გოგონამ და ღონეგამოცლილი მიეყრდნო მანქანას. 
- ვნანობ რომ შეგპირდი, - მკაცრად მიუგო დემონმა, სისხლით დაბინდული მზერა დაეწმინდა და ახლა წყვდიადივით შავი თვალებით მისჩერებოდა.
- ნანობ? - გულისტკივილით შეხედა გოგონამ. 
- ის სიცოცხლეს არ იმსახურებს, - დაიღრინა კოვაქსმა, კითხვას ოსტატურად აარიდა თავი. 
- ვიცი, მაგრამ ამქვეყნად ბევრი არ იმსახურებს, და რა გავაკეთოთ, ვიაროთ და ასე ვხოცოთ ადამიანები? 
კოვაქსმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სცენას კიდევ ერთი პიროვნება შემოუერთდა. 
- მის ჯეკსონს ვეთანხმები, - გაისმა მშვიდი, დინჯი ხმა და მათ წინ წამის უსწრაფესად ქერა პირველყოფილი აღიმართა, როგორც ყოველთვის, უზადოდ გამოიყირებოდა. მან დაკვირვებული მზერით შეაფასა სიტუაცია და კოვაქსს გახედა. 
- გამარჯობა ლუციუს, - მიესალმა მია. 
ლუციუსმა ღიმილით დაუქნია თავი. 
- კოვაქს, მია აქედან წაიყვანე, - და მრავლისმეტყველი მზერით შეხედა შავგვრემან უკვდავს, - ამ საქმეს მე მივხედავ. 
კოვაქსმა თავი დაუქნია, მიას ხელი სტაცა და წამის შემდეგ უკვე ავტოსადგომის მეორე ბოლოში იყო, სადაც მისი მანქანა იდგა. 
- მოიცა, ჯანდაბა... 
- რამე მოხდა კიდევ? - შეჩერდა კოვაქსი და ფრთხილად მიმოიხედა. 
- ლუციუსმა რა იგულისხმა მე მივხედავო? - გოგონას შიში გადაეფინა სახეზე, დამფრთხალი შვლის თვალებით იყურებოდა ნაგვის ურნების მიმართულებით. 
- წამოდი, - ხელი მხარზე მოხვია კოვაქსმა. 
მია დაემორჩილა, მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ მზერა არ მოუშორებია ნაგვის ურნებისთვის, გაფაციცებული აყურადებდა და როდესაც კოვაქსმა მანქანა დასძრა, ჩაწეული შუშის გავლით სალონში ვიღაცის მოგუდული ყვრილის ხმა შემოვარდა...

*******

     ლუციუსმა მუწუკებიანი მოძალადის გვამი საკუთარი მანქანის საბარგულში ჩადო, თავი დაახურა და ის იყო საჭეს უნდა მისჯდომოდა, რომ გვერდით რაღაცამ ჩაუქროლა ნიავივით. ლუციუსი ასეთ სწრაფს მხოლოდ ერთ არსებას იცნობდა. მანქანას თავი ანება, ოდნავ გვერდით გადგა და ავტოსადგომზე კანტი-კუნტად მდგარ მანქანებს არწივისებური დაძაბული მზერა მოავლო.
- გაბრიელ, - თქვა და გარემო მოათვალიერა, - შეხვედრის საკმაოდ უცნაური ფორმა აგირჩევია. 
- გამარჯობა, ლუციუს, - მარცხნიდან წარმოთქვა ვიღაცის ხმამ. 
ლუციუსმა გვერდულად გახედა და თავით-ფეხებამდე შეათვალიერა. ის ამ წლების განმავლობაში საერთოდ არ შეცვლილიყო, ის კი არა, ტანსაცმელიც კი იგივე სტილზე ეცვა. გემოვნებით შერჩეული. ზურმუხტივით მწვანე თვალებით გამომცდელად უყურებდა და მის გამომეტყველებას სწავლობდა. 
- მივხვდი, აქ რომ იყავი, - თქვა ლუციუსმა. 
- იმედია იმასაც ხვდები, აქ რატომაც ვარ. 
- არა, ვერ ვხვდები, - თავი გააქნია ლუციუსმა. 
- კარგი, მაშინ საუბარი მოგვიწევს, - გველის მომნუსხველობით გაიღიმა გაბრიელმა და საკუთარი მანქანისკენ ანიშნა ლუციუსს. 
ლუციუსმა თავი დაუქნია, მანქანას მგზავრის მხრიდან მიუახლოვდა და როდესაც კარი გამოაღო, გაოცებისგან გაშეშდა, შემდეგ კი გული ტკივილისგან შეეკუმშა. 
- რებეკა... შენ... აქ რას აკეთებ?

თავი 3

     გაბრიელს ნელა მიჰყავდა მანქანა და დროდადრო უკანა ხედვის სარკიდან უკანა სავარძელზე მჯდარ ქერა უკვდავს შემფასებლური მზერით ათვალიერებდა, რებეკა გაბრიელის გვერდით იჯდა, მაგრამ ერთხელაც არ მოუხედია ლუციუსისკენ, რაც საგონებელში აგდებდა ცივთვალებიან პირველყოფილს, მან იცოდა, რომ რებეკა საუკუნეების წინ გაბრიელის საყვარელი იყო, შემდეგ გაბრიელს ის მოსწყინდა და ნათანიელს გადაულოცა, ისე, როგორც ჩვეულებრივი ნაჭრის თოჯინა, შემდეგ რებეკამ პირველყოფილთა კლანთან კავშირი გაწყვიტა და ძალიან დიდი ხანი მასზე არავინ არაფერი იცოდა, არც არავის უცდია მისი მოძებნა, ვამპირები არც ისეთი თვითმკვლელები იყვნენ, რომ ეს მომხიბლავი ჯადოქარი წყობიდან გამოეყვანათ, ლუციუსი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა რებეკას და გაბრიელის კვლავ გვერდიგვერდ ყოფნას, მაგრამ... 
ლუციუსმა მალევე შენიშნა, რომ რებეკა შიშით არა, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად უხერხულად მოკუნტულიყო წინა სავარძელზე, ფეხები მაღლა აეწია, შეეტყუპებინა, ხელები გარს შემოეხვია, ნიკაპით მუხლებს ეყრდნობოდა და თითქოს ნაღვლიანი მზერით იყურებოდა სივრცეში. 
მანქანა სალემს გასცდა, გზიდან გადაუხვია და პატარა მდელოსთან შეჩერდა. გაბრიელი მანქანიდან გადავიდა და ლუციუსს თავით ანიშნა, გადმოდიო. ლუციუსი დაემორჩილა კლანის მეთაურის ბრძანებას, გადმოვიდა, მანქანას მიეყრდნო მკერდზე ხელებდაწყობილი და გარემო ფრთხილი მზერით მოათვალიერა. 
გაბრიელმა სიგარას მოუკიდა და ხის გადანაჭრელზე ჩამოჯდა, რებეკა მის გვერდით გაჩერდა უხერხულად, თვალს არიდებდა ლუციუსს, რაც უმალ შენიშნა ქერა ვამპირმა. 
- რა ხდება? - იკითხა ლუციუსმა, კითხვა აშკარად გაბრიელისკენ იყო მიმართული. 
შორს, ტყის სიღრმეში რაღაცისგან შეშინებულმა ტურამ დაიჩხავლა. 
- მაინცდამაინც არ ჩანხარ ჩემი დანახვით გახარებული, - მიუგო გაბრიელმა. 
ლუციუსი ყურადღებით დააკვირდა პირველყოფილ ვამპირთა კლანის ძლევამოსილ მეთაურს, მისგან საფრთხე არ იგრძნობოდა, ჯერჯერობით მაინც. 
- გვამები, - პასუხად მიუგო ლუციუსმა, - ეს სასაკლაო სალემში შენ მოაწყვე? 
- რას გულისხმობ? - უცოდველი სახით იკითხა გაბრიელმა. 
ლუციუსმა ბოროტად ჩაიცინა და მანქანის წინ გაიარ-გამოიარა, გაბრიელის ცბიერება სათანადოდ ვერ შეაფასა, უძველესი ტრადიციის მიხედვით კლანის მეთაურის განსჯის უფლება მხოლოდ პრიმუმთა უმაღლეს საბჭოს ჰქონდა, მაგრამ ლუციუსი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო უმაღლესი საბჭოს წევრი, მაინც არ ითვლებოდა რიგით პირველყოფილად, ის ერთ-ერთი იმათგანი იყო იმ მცირერიცხოვან პირველყოფილთაგან, რომელთა აზრსაც პატივს სცემდნენ და ხშირ შემთხვევებში ითვალისწინებდნენ კიდეც უხუცესი პრიმუმები. ეს გაბრიელმაც მშვენივრად იცოდა, იცოდა რომ პრიმუმთა უმაღლესმა საბჭომ შემთხვევით არ მიანდო ქერა უკვდავს "კანონის წიგნი", ლუციუსი ის ვამპირი იყო, რომელიც მუდამ და ყოველთვის კანონის და მორალის ფარგლებში მოქმედებდა, ამიტომ გაბრიელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, თავის მხარეზე ჰყოლოდა ეს პირქუში პირველყოფილი, მან იცოდა, რომ რეალურად ლუციუსი მას კი არა, "კანონის წიგნს" ემორჩილებოდა, მისი გადმობირებით და მისი სიმპათიების მოპოვებით ერთ-ერთ უძლიერეს და მყარ დასაყრდენს მოიპოვებდა. მაგრამ ჰქონდა სათადარიგო გეგმაც, როგორც ყველა შორსმჭვრეტელ პიროვნებას სჩვევია, მას უკვე ჰყავდა პირველი ჰიბრიდი და ექსპერიმენტების შეწყვეტას ჯერ არ აპირებდა. 
- ვერ ხვდები რის შესახებ ვლაპარაკობ? - გამოსცრა ლუციუსმა, - დახოცილ ახალგაზრდებზე, მე ასეთი რამეების აღკვეთა მევალება, ანუ უნდა დავსაჯო პიროვნებები, რომელთაც ჩვენი ზებუნებრიობისთვის ფარდის ახდა შეუძლიათ, და ამ დროს თავად კლანის მეთაური არღვევს დაუწერელ კანონს.
გაბრიელმა სუსტად გაიღიმა, წამოდგა, ლუციუსს მიუახლოვდა და დააპირა მხარზე დაედო ხელი. 
- უკან, - დაიღრინა ლუციუსმა და წვეტიანი ეშვები გამოაჩინა. 
გაბრიელმა მაშინვე გადადგა უკან ნახევარი ნაბიჯი, მაგრამ ეს შიშით არ ყოფილა გამოწვეული, მას სურდა უკან დახევით თავისი კეთილგანწყობა გამოეხატა, ეგრძნობინებინა ლუციუსისთვის, რომ ის არ იყო მისი მტერი და არ გააჩნდა რაიმე ქვენა ზრახვები, მაგრამ გაბრიელის საუბედუროდ, ლუციუსის შეცდომაში შეყვანა არც ისე ადვილი საქმე იყო. 
- უბრალოდ, არ მინდა ერთმანეთში უთანხმოება გვქონდეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, - მოჩვენებითი გულისტკივილით თქვა გაბრიელმა და კვლავ ხის გადანაჭრელს დაუბრუნდა. 
ლუციუსი სწრაფადვე დამშვიდდა, სიგარეტს მოუკიდა. 
- რას გულისხმობ? 
- კარგი, - ხელები ასწია გაბრიელმა, - ის ბავშვები მე მოვკალი, მაგრამ ეს მხოლოდ წყურვილით იყო გამოწვეული, ხომ გესმის... 
- საერთოდ არ მესმის, - შეაწყვეტინა ლუციუსმა, - ამით ქალაქის საიდუმლო საბჭო გადაგვკიდე, ისინი ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოქმედდებიან. 
- ვწუხვარ, - თქვა გაბრიელმა. 
ლუციუსს არაფერი უპასუხია, ყურადღებით სწავლობდა გაბრიელის გამომეტყველებას. 
- აქ რას აკეთებ? - ჰკითხა ბოლოს. 
- როგორ გითხრა... - შეყოვნდა გაბრიელი და რებეკას გახედა, - ვიცი, რომ ტალია მის ჯეკსონის სხეულშია...
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა და ზიზღით გახედა რებეკას, - ეს რა გააკეთე? 
ქალს თვალებში შიში და სასოწარკვეთა ჩაუდგა, ცრემლით აევსო და ტუჩები აუთრთოლდა, ლუციუსის რისხვაზე მეტად მის გულში არსებული ცეცხლის ჩაქრობის ეშინოდა. 
- ლუციუს, მე არა... მე... 
- ახსნა-განმარტებები საჭირო არაა, - ცივად თქვა ლუციუსმა და გაბრიელს მიუბრუნდა, - რას აპირებ? 
- რთული საკითხია, - შევერცხლილი წვერი მოიწიწკნა გაბრიელმა და ზურმუხტისფერი თვალები ლუციუსს მიაპყრო, - შენ რას მირჩევ? 
ლუციუსმა კვლავ ცივად ჩაიცინა. 
- როდის აქეთაა რჩევებს მეკითხები? 
- შენი აზრი მაინტერესებს, - დაიჟინა გაბრიელმა, - ეს არსება, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მტერია. 
ლუციუსს არაფერი უპასუხია. 
- ჩემი აზრით... - გაუბედავად დაიწყო რებეკამ, მაგრამ ლუციუსმა ხელის აქნევით შეაჩერა. 
- შენთვის აზრის გამოთქმა არავის უთხოვია, - უთხრა უხეშად. 
გაბრიელმა ეშმაკურად ჩაიცინა, მისი მზაკვრული გეგმა ბრწყინვალედ მუშაობდა. 
- აბა? - ჰკითხა ლუციუსს, - რას იტყვი? 
- მე წინააღმდეგი ვარ, - მტკიცედ მიუგო ლუციუსმა. 
- ის მანამ უნდა გავანადგუროთ, სანამ გაძლიერდება, ეს როგორ არ გესმის, - ბრაზით თქვა გაბრიელმა. 
- მშვენივრად მესმის და გეთანხმები, მაგრამ....არა! 
გაბრიელმა მრისხანედ დაიღრინა, წამოხტა, სწრაფად გაიარ-გამოიარა და ბოლოს ლუციუსის წინ შეჩერდა, რომლის სახე და ცივი ცისფერი თვალები შეუვალობას გამოხატავდა. 
- ლუციუს, ჯანდაბა, რა გაკავებს? 
ამ დროს მდელოზე მიმდინარე სცენას კიდევ ერთი პერსონაჟი შეემატა. 
- მე ვაკავებ, - გაისმა უაღრესად ცინიკური ხმა და წამის შემდეგ შავგვრემანი უკვდავი ლუციუსის გვერდით იდგა. 
გაბრიელმა სწრაფი ნახტომი გააკეთა უკან, სიტუაციის გართულების შემთხვევაში მას შანსი არ ჰქონდა ორივეს წინააღმდეგ. 
- რა მასკარადია, - დაისისინა მან და კოვაქსს მრისხანე მზერა შეავლო, - თქვენ რა...ორივე ჩემს წინააღმდეგ ხართ? 
- არა, ასე რატომ გგონია? - ღიმილით მიმართა კოვაქსმა და სხარტი მოძრაობით კოსტიუმი გაიძრო, - აქ ძალიან ცხელა, არ მეთანხმები? - და საპასუხო ბოროტი მზერით მიაჩერდა კლანის მეთაურს. 
- შენ საერთოდ აქ რას აკეთებ? - წარბი შეკრა გაბრიელმა. 
- წინააღმდეგი ხარ ჩემი აქ ყოფნის? - კითხვა შეუბრუნა კოვაქსმა და თეთრი ხალათის მკლავები იდაყვებამდე აიკეცა, - ვიფიქრე, ჩემი აქ ყოფნა შენ და ლუციუსს მოლაპარაკების ეფექტიანად დასრულებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებოდათ, - ის ლუციუსს მიუბრუნდა, - აბა, ძვირფასო ლუციუს, რაზე მსჯელობდით? თუ სწორად მომესმა, მგონი ტალიაზე ხომ? 
არც გაბრიელს და არც ლუციუსს ხმა არ ამოუღიათ. 
- მომისმინეთ, - საშინელი ხმით თქვა კოვაქსმა, - მე თქვენი საუბარი მთლიანად მოვისმინე და გაფრთხილებთ, მას ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს, ორივეს გაგანადგურებთ, არ ვიცი ამას როგორ გავაკეთებ, მაგრამ... 
- ის ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, - დაიღრინა გაბრიელმა. 
- არ მაინტერესებს, - შეეპასუხა კოვაქსი და წყვდიადივით შავი თვალები სისხლით აევსო, - თუ მის მოკვლას აპირებთ, მაშინ ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევთ.
ამ დროს ლუციუსმა ჩაახველა. 
- საკითხი ასე არ დგას, - თქვა მან, - შენ ძვირფასი ხარ ჩვენთვის, ის კი არავინაა. 
- მართლა? - ბოროტად გადაიხარხარა კოვაქსმა, - ძვირფასი ვარ? თქვენთვის? - მან კვლავ გაიცინა, ამჯერად მის სიცილში უდიდესი ტკივილი იგრძნობოდა, - ვისთვის, გაბრიელისთვის? - მან კლანის მეთაურისკენ გაიწოდა ხელი, - თუ შენთვის, ძვირფასო ლუციუს, შენთვის-რომელმაც ასე უხმოდ დაუშვი ჩემი ოჯახის განადგურება? თქვენი დედაც... 
ამ სიტყვებმა სხვადასხვანაირი რეაქცია გამოიწვია, რებეკას შიშისგან თვალები გაუფართოვდა, გაბრიელს გაოგნება აღეწერა სახეზე, ლუციუსმა კი სინანულით გააქნია თავი. 
- ეს ვინ გააკეთა? - დაისისინა გაბრიელმა. 
- კონორმა, მან კოვაქსს მეხსიერება დაუბრუნა. 
- რაო? - ჩაერია რებეკა, - პირველყოფილმა პირველყოფილს როგორ შთააგონა? ეს გამორიცხულია... 
- ნათანიელმა როგორ შთააგონა, დაევიწყებინა ცოლ-შვილის მკვლელობა? - რიტორიკული შეკითხვა დასვა ლუციუსმა, - როგორც ვხედავთ, ეს შესაძლებელი ყოფილა.
მსჯელობა მრისხანე ღრენამ გააწყვეტინათ. კოვაქსს თვალები სისხლით ავსებოდა, პირიდან კი შემზარავი ეშვები მოუჩანდა. 
- შეჩერდი, - წინ გადაუდგა ლუციუსი, მიუხედავად ყველაფრისა, საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე მეთაურს განაჩენს ვერ გამოუტანდა. 
- გამეცალე, - ყრუდ თქვა კოვაქსმა, - აქვე უნდა მოვკლა, გამეცალე ლუციუს, მან მთელი ცხოვრება წამართვა, ახლა კი მიას წართმევას აპირებს... 
- გთხოვ, - მკერდზე ხელისგული მიადო ლუციუსმა. 
მაგრამ კოვაქსმა ხელი აუკრა და გზა განაგრძო. გაბრიელი თვალებმოწკურული იდგა, ოდნავ წელში მოხრილი და მუქარით მისჩერებოდა კოვაქსს, მასზე-კლანის მეთაურზე პირველად გაბედეს ასე თავხედურად და აშკარად თავდასხმა. 
- ლუციუს, - თქვა მან, - ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 
ლუციუსმა სწრაფი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა. 
- ლუციუს... - გაბრიელს თვალები დაუვიწროვდა. 
- ჯანდაბა, - იყვირა ლუციუსმა, - კოვაქს, სდექ! 
მაგრამ შავგვრემან უკვდავს იოტისოდენა ყურადღებაც კი არ მიუქცევია ლუციუსისკენ, კვლავ შემპარავი ნაბიჯით უახლოვდებოდა გაბრიელს. 
ამ დროს გვერდიდან ძლიერი დარტყმა იგრძნო, ბალახებში დაეცა და ზემოდან ვიღაც მოაჯდა. სანამ კოვაქსს წამიერი გაოცება გადაუვლიდა, უცნობი, თავგადაპარსული მამაკაცი ალესილი ეშვებით ჩააფრინდა მხარში და კოვაქსის ღრიალმა ჰაერი შეარყია. 
ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ლუციუსმა რეაგირება ვერ მოასწრო, შემდეგ კი მოჩვენებასავით უსწრაფესად გაჩნდა კოვაქსის გვერდით, უცნობს, რომელიც მას მხარში ჩაფრენოდა, მხრებში სწვდა და გაბრიელისკენ მოისროლა, კოვაქსი ფეხზე წამოხტა და გაველურებული მზერით მიმიოხედა, შემდეგ გაბრიელს და თავგადაპარსულს მიაპყრო მზერა. 
- ეს ვინ არის? - დაიღრინა ლუციუსმა, - შენი ერთ-ერთი მონაა? 
- არა, - გაიღიმა გაბრიელმა, - ჩემი პარტნიორია, ბატონებო, გთხოვთ იცნობდეთ, სალაზარი...პირველი ჰიბრიდი. 
სიჩუმე ჩამოვარდა. კოვაქსი და ლუციუსი გაოცებულები მისჩერებოდნენ სატანურად მომღიმარე გაბრიელს. 
- რა თქვი? - ჩაეკითხა ლუციუსი, - ჰიბრიდი? 
- ვამპირიც და მაქციაც, - განმარტა გაბრიელმა, - ერთდროულად, - შემდეგ კოვაქსს გახედა ნიშნისმოგებით, - შენი საქმე დამთავრებულია, შენს სისხლში მაქციის შხამია, ძალიან ცოტა დრო დაგრჩა, დროა ილოცო, თუ კიდევ გახსოვს ლოცვა. 
ლუციუსი სწრაფი მოძრაობით სწვდა კოვაქსს მხარში, სისხლით მოსვრილი პერანგი გადაუწია და თვალებგაფართოებული დააკვირდა ჭრილობას, რომელიც ჰიბრიდის ეშვებს დაეტოვებინა, ჭრილობიდან მდორედ მოჟონავდა ალისფერი სითხე. 
- ჯანდაბა.... 
- რა... ეს რას ნიშნავს? - ჩუმად ჰკითხა კოვაქსმა, თუმცა პასუხი წინასწარ იცოდა. 
- ჭრილობა არ ხორცდება, - ტკივილით სავსე ხმით თქვა ლუციუსმა და გაბრიელს მიუბრუნდა, - ეს რა ჩაიდინე? ის ხომ... 
- ის მოკვდება, - ცინიკურად თქვა გაბრიელმა, - აუცილებლად. 
შემდეგ სალაზარს თავით ანიშნა და მანქანისკენ გაემართნენ, რებეკა სიბრალულით უყურებდა კოვაქსს და ლუციუსს, თითქოს ვერ მიეღო გადაწყვეტილება, შემდეგ თავი ჩაღუნა და ფეხათრევით გაჰყვა კლანის მეთაურს.
- რა უნდა ვქნათ? - იკითხა კოვაქსმა, ჭრილობა ეწვოდა, სხეულში ცეცხლი ეკიდა და უცნაურ მოთენთილობას გრძნობდა, შემდეგ ხეს მიეყრდნო ძალაგამოცლილი. 
ლუციუსს არაფერი უპასუხია, მიმოიხედა, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში პირველად ჩავარდა სიტუაციაში, როდესაც არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 
- აქედან უნდა წავიდეთ. 
- სად? - დაღლილი ხმით ჰკითხა კოვაქსმა, თვალები დახუჭული ჰქონდა. 
ლუციუსს პასუხი არ გაუცია, სწრაფი მოძრაობით დაიხარა და კოვაქსის სხეული ხელში აიტაცა, პატარა ბავშვივით გადაიწვინა მკლავებზე და რამდენადაც შეეძლო, იმდენად სწრაფად გასწია ავტომაგისტრალისკენ... 

*******
     მია ჯეკსონი სახლის წინ, ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში ნებივრობდა და წიგნის კითხვით იქცევდა თავს, როდესაც მისი ყურადღება მანქანის საბურავების წივილმა და მკვეთრად დამუხრუჭების ხმამ მიიპყრო. მისი სახლის წინ მანქანა გაჩერდა, საიდანაც მიას გასაკვირად ლუციუსი გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯით გამოემართა მისკენ, პირველი, რაც მის გარეგნობაში შენიშნა გოგონამ და რაც მას არასდროს უნახავს ქერა ვამპირის გარეგნობაში-ეს თვალები იყო, რომლებშიც შიშში აღრეული წუხილი და სევდა იყო ჩაყინული, მია მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი, სხვა შემთხვევაში ლუციუსი მასთან არ მივიდოდა. 
- ლუციუს, - შეეგება გოგონა, - რა ხდება? 
- გამარჯობა, - მიესალმა ვამპირი, ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი არ ივიწყებდა ზრდილობის წესებს, - საქმე, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე კარგადაა...კოვაქსი, ის... 
მიას ელდა ეცა, აკანკალებული ხელი გულზე მიიდო და მუდარით შეაჩერდა თვალებში ლუციუსს. 
- ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ის... 
- ცოცხალია, - მიუგო ლუციუსმა, - მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია. 
- რა დაემართა? - მიამ თავისუფლად ამოისუნთქა, შარი და კოვაქსი ხომ განუყოფელნი იყვნენ. 
- უკბინეს. 
- მერე რა? ის ხომ ვამპირია, შეუხორცდება, - გაიღიმა გოგონამ. 
ლუციუსს არაფერი უთქვია, მოუთმენლად ჩამოისვა ჟღალ წვერზე ხელი. 
- ლუციუს, - ხმა შეეცვალა მიას, - რა ხდება? 
- ეს ჩვეულებრივი ნაკბენი არაა, - ამოთქვა ლუციუსმა, - ეს ნაკბენი მას კლავს, მას ჰიბრიდმა უკბინა, მისი შხამი სისხლს შეერია და შიგნიდან წამლავს მას... 
- ღმერთო, - ტუჩები აუკანკალდა გოგონას, - სად არის? 
- აქ, - მანქანისკენ გააქნია თავი ლუციუსმა, - მას საავადმყოფოში ვერ მივიყვანდი, ხომ ხვდები რატომაც...არ ვიცი რა გავაკეთო, - ლუციუსმა მზერა აარიდა, - ის კვდება, მის ჯეკსონ, წამალი არ არსებობს... 
- სახლში შემოიყვანე, - თქვა გოგონამ და სახლისკენ გაიქცა, რომ საწოლი გაემზადებინა, შესვლისას კიბეს წამოჰკრა ფეხი და რადგან ჯინსის შორტი ეცვა, დაცემისას ორივე მუხლი გადაიტყავა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, მეორე სართულზე ავიდა და საკუთარი საწოლი მოამზადა, ლუციუსი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მან ფრთხილად დააწვინა თვალდახუჭული კოვაქსი განიერ საწოლზე, ფეხსაცმელი და სისხლით მოსვრილი ხალათი სწრაფად გახადა. მიამ თვალი ძლივს მოსწყვიტა მის დაკუნთულ მკერდს და მუცლის პრესს, არადა ტანსაცმელში შავგვრემანი უკვდავი სულაც არ ჩანდა ასეთი. 
როდესაც ლუციუსმა თხელი ზეწარი გადააფარა, მია შემობრუნდა და სახეზე დააკვირდა, მაშინვე შეზარა კოვაქსის გარეგნობაში მომხდარმა ცვლილებებმა. 
კოვაქსს პირი ოდნავ გაეღო და სწრაფად სუნთქავდა, თვალები ჩაცვივნოდა, თითქოს წამში დაბერდა, შუბლზე სამი ჰორიზონტალური ნაოჭი გასჩენოდა, რომელიც ოფლის მსხვილ წვეთებს დაეფარა. 
მან თვალები ნელა გაახილა, გაკვირვებული მზერა მიაპყრო თავს წამომდგარ ლუციუსს და შემდეგ მზერა გოგონაზე გადაიტანა, თვალები ტკივილით აევსო, ნელა გაიწოდა მისკენ დაუძლურებული ხელი. 
მია გვერდით ჩამოუჯდა საწოლზე და მისი გახურებული ხელი ხელისგულებში მოიქცია. 
- ელ.... ელი.... 
- რას ამბობს? - ლუციუსს გახედა მიამ. 
ლუციუსმა მხრები აიჩეჩა და ყურადღებით დააკვირდა კოვაქსს, რომელიც თვალის მოუშორებლად შესცქეროდა მიას და ლოყებზე თვალებიდან გადმომდინარი ცრემლები ჩამოსდიოდა. 
- ელიზ... ელიზავეტა.... 
ის აკანკალებული ხელით მოეფერა მიას ლოყაზე, შემდეგ მოწყვეტით ჩამოუვარდა და თვალები დაეხუჭა...

თავი 4

     - ღმერთო, გთხოვ, - იყვირა მიამ და კოვაქსის ოფლისგან გაწუწულ მკერდს დაემხო. 
ლუციუსი ელვასავით სწრაფად გაჩნდა მათ გვერდით, ხელისგული მკერდზე დაადონდა თვალები მოჭუტა, ასე აკვირდებოდა რამდენიმე წამი. 
- უგონოდაა, - თქვა ბოლოს, - გულისცემის რიტმი დარღვეული აქვს, შენელებული. 
მიამ ცრემლიანი თვალებით ამოხედა. 
- ლუციუს...როგორმე უნდა დავეხმაროთ, მის დაკარგვასაც ვერ გადავიტან, გევედრები რამე უშველე... 
ქერა ვამპირმა ჩვეულებრივზე სწრაფად გაიარ-გამოიარა ოთახში, რაც დროში გადაადგილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალოდ გავლა-გამოვლას, ჟღალ წვერს იწიწკნიდა და მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულ გვირგვინოსან ბეჭედს ნერვიული მოძრაობით ეთამაშებოდა. 
- თავში არაფერი მომდის, - თქვა ბოლოს, - მაგრამ....- ის შეჩერდა და თვალებმოჭუტული მიაჩერდა მიას, - შენ ჯადოქარი ხარ, ჯანდაბა, ეს აქამდე რატომ არ ვიფიქრე... 
მიაც გაოცდა, ფეხზე წამოდგა და საწოლის ჩუქურთმიან კიდეს დაეყრდნო, არც მას უფიქრია ოდესმე, რომ თავისი უნარის გამოყენებით ვინმესთვის დახმარების გაწევა, ან თუნდაც ტკივილის შემსუბუქება შეეძლო. 
- ლუციუს, მაგრამ... მე არ ვიცი როგორ გამოვიყენო ეს უნარი, მე ხომ მსგავსი არასდროს არაფერი გამიკეთებია. 
- მართალი ხარ, ასე შეიძლება ზიანი უფრო მიაყენო, ეს არ მიფიქრია, - დაეთანხმა პირველყოფილი და ბოლთის ცემა განაგრძო. 
გოგონა უხმოდ აკვირდებოდა ლუციუსის მოქმედებებს და ხედავდა იმას, რაც მანამდე არ შეუმჩნევია. მაგალითად, აღმოაჩინა, რომ ამ უგრძნობ ვამპირსაც გააჩნდა გრძნობები, შეეძლო ვინმეზე ენერვიულა, თუნდაც კოვაქსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიხვდა, რომ კოვაქსსა და ლუციუსს შორის უბრალო კავშირი კი არ იყო, არამედ სხვა, გაცილებით ძლიერი, საუკუნებიის განმავლობაში არსებული მეგობრობით გამყარებული. 
- იქნებ რებეკა დაგვხმარებოდა? - გაუბედავად იკითხა გოგონამ. 
ლუციუსი მკვეთრად შემობრუნდა, თვალებში ძველებური სიცივე და სისასტიკე ჩადგომოდა. 
- რებეკა...მან ჩვენ გვიღალატა, მის ჯეკსონ. 
- რას გულისხმობ? - გაუკვირდა მიას, რადგან იცოდა, რომ კოვაქსისა და რებეკას ურთიერთობისგან განსხვავებით, ლუციუსის და რებეკას ურთიერთობა უფრო თბილი და რომანტიკული იყო. 
- ის გაბრიელთან ერთად იყო, როდესაც კოვაქსს უკბინეს. 
მიამ მკერდზე ხელები დაიკრიფა და ასე მიაჩერდა ქერა უკვდავს. 
- იქნებ მასთან იძულებით არის? იქნებ გაბრიელი მას რამით აშანტაჟებს? ამაზე არ გიფიქრია? 
ლუციუსმა გაკვირვებით შეხედა, ერთხანს ასე აკვირდებოდა, შემდეგ მოხდენილად ჩაიცინა. 
- ასეთი ჭკვიანიც არ მეგონე. 
- გმადლობ, - გაუღიმა გოგონამაც, უხაროდა, რომ ლუციუსთან ურთიერთობა მართალია ნელა, მაგრამ მაინც გვარდებოდა. 
ამ დროს კოვაქსმა დაიკვნესა და მათი ყურადღებაც მიიპყრო, ის საწოლზე სწრაფად წამოჯდა, სიცხისგან აელვარებული თვალებით მიმოიხედა, მთელი სხეული დაეძაგრა, მიას მიაჩერდა ბოროტი მზერით, თავი ოდნავ დაბლა დახარა და ასე შემოჰყურებდა ქვემოდან, მკერდიდან ყრუ ღმუილის ხმა ამოსდიოდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და რომ არა ლუციუსის სასწაულად სწრაფი რეაქცია, გოგონას ალბათ ვეღარაფერი იხსნიდა სიკვდილისგან. ლუციუსი ელვის სისწრაფით სწვდა მხარში მიას, გამოღებული კარისკენ გასტყორცნა და ამავდროულად კოვაქსს ხელები ზურგსუკან გადაუგრიხა. 
მია, რომელიც ზურგით კედელს შეასკდა, გაჭირვებით წამოდგა და ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა ამ სიტუაციას. 
- წადი, - ჩუმად თქვა ლუციუსმა და თვალი აარიდა, მიხვდა, რაც ხდებოდა ამწამს გოგონას გულში, - მე მივხედავ, როდესაც დამშვიდდება, დაგიძახებ, წადი. 
- მაგრამ... 
- შენ ადამიანი ხარ, ის კი ვამპირია, რომელსაც ცნობიერება არეული აქვს და სისხლი სწყურია, წადი. 
მიამ უხმოდ დაუქნია თავი და პირველი სართულისკენ ჩამავალ შიდა კიბეს ჩაუყვა, ის იყო, დივანის კუთხეში მოკალათებას და დაფიქრებას აპირებდა, რომ კართან უცნაური ხმები გაისმა, თითქოს ვიღაც ჩურჩულებდა, რამდენიმე ხმა ერთად. 
მია დივნიდან უხმაუროდ წამოდგა, ოთახის კუთხეში მდგარი გოლფის ჯოხების ჩასაწყობიდან ერთ-ერთი ამოარჩია და კარისკენ დაიძრა, მაგრამ კარის გამოღება ვერ მოასწრო, რომ გარედან რაღაც დიდი და ძლიერი დაეტაკა, კარი ანჯამებიდან ამოვარდა და ოთახში რამდენიმე უცხო მამაკაცი შემოიჭრა, ერთ-ერთი თმაში სწვდა გოგონას, დაიჭირა, ხელები გაუკავა და პირზე ხელი ააფარა, კიდევ ორნი-იარაღმომარჯვებულები ფრთხილი ნაბიჯით დაიძრნენ ოთახისკენ, საიდანაც ამავალი კიბე მეორე სართულს უერთდებოდა. მიამ გაიბრძოლა, მაგრამ ამაოდ. უცნობმა პირზე წებოვანი ლენტი დააკრა, ხელები ერთჯერადი პლასტმასის ბორკილით შეუკრა და უხეშად მიაგდო დივანზე. შემდეგ მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა. 
- ჩვენ გვყავს,... დიახ... ორივე, ქერაც და შავგვრემანიც... გოგოც აქაა, როგორც ჩანს, მათ ეხმარება, დიახ, გასაგებია... 
უცნობმა ტელეფონი გათიშა, ჯიბიდან დანა ამოიღო და მიას მოუბრუნდა. 
- სანამ ჩემი მეგობრები შენს ზებუნებრივ მეგობრებს მოუვლიან, მე და შენ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ, ასე რომ... 
უცნობმა მეტის თქმა ვერ მოასწრო, ნახევრადჩაბნელებულ ოთახში თითქოს სუსტმა ნიავმა დაჰქროლა, ვიღაცის ძლიერი ხელები ყელში სწვდა უცნობს და მასთან ერთად გაქრა სიბნელეში. 
ჩქამზე ორმა მამაკაცმა, რომლებიც კიბეზე ასვლას აპირებდნენ, სწრაფად მოტრიალდნენ და ოთახი დაძაბული მზერით შეათვალიერეს, როდესაც თავისიანი ვერსად დალანდეს, მიხვდნენ, რომ საქმე გართულდა. 
- ჯონ, - დაიყვირა ერთ-ერთმა და შიშით მიაჩერდა ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში მდგარ მუქ ფიგურას, - ეს შენ ხარ? ჯანდაბა, ეს რა ხუმრობაა...
მაგრამ მუქ ფიგურას ხმა არ გაუცია, შემობრუნდა და ბარბაცით გამოემართა მისკენ, ეს მართლაც ჯონი იყო, რომელსაც სახე გაფითრებოდა, თვალები გადმოეკარკლა, ორივე ხელით ცდილობდა გამოღადრული ყელიდან მჩქეფარე სისხლის შეჩერებას, მან რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, თანამზრახველს შეძრწუნებული მზერა მიაპყრო და სქელ ხალიჩაზე, რომელსაც სისხლით რწყავდა, უსულოდ დაეცა. 
- პიტერ, აქ მოდი, - იღრიალა ავტომატიანმა და შიშით მიმოიხედა, ნელა იხევდა უკან, - ჯანდაბა, ჯანდაბა... 
პიტერი მოვიდა, მაგრამ არა საკუთარი ფეხით, სამზარეულოში მცირე ხმაური გაისმა, შემდეგ პიტერის კისერმოტეხილმა გვამმა მისაღები ოთახის სივრცე გადაკვეთა და მესამე არამზადის ფერხთით დაეცა. 
ცოცხლად დარჩენილი თავდამსხმელი ლამის ჭკუიდან შეიშალა შიშისგან, გაფართოებული თვალებით ჩხრეკდა ოთახს და ამ ყველაფრის შემოქმედს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. 
მისმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 
- დამენახე, - დაიღრიალა მან და ავტომატი მიას მიმართულებით მიმართა, - დამენახე, თორემ გოგონას მოვკლავ... 
მაგრამ მის მუქარას ასრულება არ ეწერა, მის წინ ჩრდილი გაჩნდა, შემართული იარაღი მარტივად გამოსტაცა ხელიდან, შემდეგ მის ყელთან შემზარავმა ეშვებმა გაიელვა და არამზადა თავდამსხმელის სული ჯოჯოხეთში გაფრინდა ისე, რომ დაყვირებაც კი ვერ მოასწრო. 
მეორე სართულიდან ხმაური მოისმა და მისაღებ ოთახში ლუციუსი გაჩნდა, მან გაოცებული თვალი მოავლო გვამებს, შემდეგ მიას მიაშურა, პირიდან წებოვანი ლენტი ააცალა და ფეხზე წამოაყენა. გოგონას შიშისგან საუბრის უნარი წართმეოდა, მხოლოდ დაჭყეტილი თვალებით მისჩერებოდა გვამებს. 
- მის ჯეკსონ, რა მოხდა აქ? - ჩაეკითხა ლუციუსი და გონზე მოსაყვანად ოდნავ შეეხო მხარზე. 
- არ ვიცი... - ნელა თქვა გოგონამ, - მან ისინი დახოცა... სამივე... მან გადამრჩინა... 
- ვინ?
- მე ის ვნახე...მარკი აქ იყო, აქ... 
- გასაგებია, - თავისუფლად ამოისუნთქა ლუციუსმა, - ეს ყველაფერი მარკუსმა ჩაიდინა, მაგრამ თვითონ სადაა? 
- აქ ვარ, - სიბნელიდან წარმოთქვა მელანქოლიურმა ხმამ. 
ლუციუსი წამში აეფარა გოგონას წინ, სიბნელეს თვალი გაუშტერა და ვამპირის მახვილმა მზერამ მაშინვე შენიშნა ის. შავ ტანსაცმელში გამოწყობილიყო, კუთხეში მდგარ სავარძელში იჯდა, თითები გადაეჯვარედინებინა და ფეხი ფეხზე გადაედო, სახეზე როგორც ყოველთვის, არაფრისმთქმელი გამომეტყველობა აღბეჭდვოდა, თვალებიდან კი ჩვეულებისამებრ სევდა და მელანქოლია გამოსჭვიოდა. 
ლუციუსმა იცოდა, რომ მისი გამოღვიძების შემდეგ ის სრულიად არ ჰგავდა საკუთარ თავს, არ ლაპარაკობდა, მუდამ საკუთარ თავში ჩაკეტილი დადიოდა და ბოლო დროს სულაც გაქრა, აღარსად ჩანდა, ახლა კი, ვითომც არაფერი, ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდათ, მოვიდა და მანიაკალური აუღელვებლობით დახოცა ხალხი-ის, რაც ყველაზე კარგად მას გამოსდიოდა, მაგრამ ლუციუსი მაინც არ ენდობოდა ბოლომდე მას, ის რომ ნამდვილი მარკუსი ყოფილიყო, თვალდახუჭული მიენდობოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო.. 
- რა ხდება, მარკუს? - ცივად ჰკითხა ლუციუსმა. 
მარკუსი წამოდგა, კედლის ბართან მივიდა, ვისკის ბოთლი აიღო, ყინული ჭიქაში ჩაყარა და შემდეგ ნახევრამდე შეავსო მუქი სითხით. 
- სხვა დროს ჩემი ნახვა უფრო გიხაროდა ხოლმე, - პასუხად მიუგო მარკუსმა, მიას უემოციო მზერა შეავლო. 
- სხვა დროს სხვანაირი იყავი, - გამოსცრა ლუციუსმა და სხეული დაეძაგრა, მზად იყო თავდასხმის მოსაგერიებლად, იცოდა, რომ მარკუსთან ორთაბრძოლისას გადარჩენის მინიმალური შანსები ჰქონდა, მაგრამ მიას სიკვდილს, ან კოვაქსის სიკვდილს არ დაუშვებდა. 
მარკუსს არაფერი უპასუხია, ერთი კუნთიც კი არ შერხევია სახეზე. უხმოდ უცქერდა ლუციუსს და ვისკის აუჩქარებლად მიირთმევდა. 
- მე თქვენი წყალობით ვარ ასეთი, - თქვა ბოლოს, - ყველა დამნაშავე ხართ იმაში, რომ მე საკუთარ თავს არ ვგავარ, შენც, კოვაქსიც... 
ლუციუსს ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა. 
- რას გულისხმობ? 
- ლუციუს, - მარკუსი იმდენად სწრაფად გაჩნდა მის წინ, რომ ლუციუსი გაოგნებული დარჩა, - ვაფასებ შენს თავგანწირვას კოვაქსის მიმართ...ეს დასაფასებელი საქციელია. 
ლუციუსი თითქმის მიხვდა მისი სიტყვების მნიშვნელობას, უკუსვლით შეუმჩნევლად დაიხია კიბისკენ და მიაც თან გაიყოლა ზურგზე აკრული. 
- მე კოვაქსმა მომკლა, - ბოროტი ხმით თქვა მარკუსმა, ვისკის ჭიქა ფრთხილად დადგა დივანის წინ მდგარ ჟურნალების დაბალ, შუშის მაგიდაზე და ნელი ნაბიჯით დაიძრა ლუციუსისკენ. 
- ჯანდაბა, - კბილები გაახრჭიალა ლუციუსმა, - ეს დიდი ხნის წინ იყო. 
- მნიშვნელობა არ აქვს, - თავი გააქნია მარკუსმა, - შენ გაპატიებდი, მაგრამ მას არ ვაპატიებ, მაშინ უნდა მომეკლა, როდესაც გაბრიელის წინააღმდეგ წავიდა... 
- მოიცადე, - თვალები მოჭუტა ლუციუსმა, - შენ რა, გაბრიელთან ხარ? 
- და რატომ გიკვირს? - გაოცება გამოხატა მარკუსმა. 
- რატომ მიკვირს? - რიტორიკული შეკითხვა დასვა ლუციუსმა, - გეტყობა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებისგან შორს ხარ... 
მარკუსი შესდგა და მკაცრი გამომეტყველებით დააკვირდა ქერა უკვდავს. 
- რის შესახებ ლაპარაკობ? 
- გაბრიელი ჩვენი განადგურება აქვს გადაწყვეტილი, იცოდი ეს? - დრო იშოვა და სწრაფად თქვა ლუციუსმა, თვალი თვალში გაუყარა მარკუსს, - მან ჰიბრიდი შექმნა, მან სალემში უდანაშაულო ხალხი დახოცა, ჰიბრიდმა კი კოვაქსს უკბინა... 
- რაო? - შეაწყვეტინა მარკუსმა, აშკარად გაკვირვებული ჩანდა, - და გგონია დავიჯერებ ამ ყველაფერს? 
- შენი თვალით ნახე, - მიუგო ლუციუსმა, ოდნავ გვერდზე მიიწია და კიბის საფეხური გაათავისუფლა, - კოვაქსი მეორე სართულზეა, წევს, ის ჰიბრიდის შხამითაა მოწამლული და კვდება.
მარკუსი ერთხანს ყურადღებით სწავლობდა ლუციუსის გამომეტყველებას, შემდეგ მოჩვენებასავით გაჩნდა მიას ოთახში და საწოლს მიუახლოვდა, რომელზეც განუწყვეტლივ ბოდავდა შავგვრემანი პირველყოფილი. ის უაზრო მზერით შეაჩერდა მარკუსს, შემდეგ გვერდი იცვალა და ბოდვა განაგრძო, ზეწარი ერთიანად დასველებულიყო მისი ოფლით, სახეზე თითქოს ნაცრისფერი დასდებოდა. 
- რა სჭირს? - სიჩუმე დაარღვია მარკუსმა, მის ხმაში უკვე აღარ იგრძნობოდა მტრული ნოტები. 
- ჰიბრიდის შხამმა სისხლში შეაღწია, - მიუგო ლუციუსმა, - წესით მკვდარი უნდა იყოს უკვე, მაგრამ ის ხომ კოვაქსია, წესებს არ ემორჩილება, მისი ორგანიზმი შხამს ებრძვის და ყოველ წუთს უფრო და უფრო სუსტდება...
მარკუსმა თვალი აარიდა კოვაქსს, ნელი ნაბიჯით ჩაუყვა კიბეს და კარს მიადგა, ლუციუსი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
- ეს გაბრიელმა ჩაიდინა? 
- დიახ, მისმა ჰიბრიდმა, გაბრიელს კი ხელი არ შეუშლია მისთვის, - დაუდასტურა ლუციუსმა და სანამ მარკუსი გავიდოდა, მხარზე ხელის დადებით შეაჩერა, - მარკუს, მან შენი სხეული გაანადგურა, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, და შენს დაბრუნებაში მან უდიდესი როლი ითამაშა, ეს ნუ დაგავიწყდება. 
მარკუსმა ნელა დაუქნია თავი. 
-.... ვნახოთ, იქნებ რამით შევძლო მისი დახმარება! - და სიბნელეში გაუჩინარდა. 
ლუციუსმა კარი მიხურა, ოთახში დაყრილი გვამებისთვის მერე მოვიცლიო, გაიფიქრა და სწრაფად აუყვა კიბეს, მიას ოთახში შესვლისას უცნაური სურათი წარმოუდგა თვალწინ. 
გოგონა საწოლზე ჩამოჯდომოდა გონდაკარგულ კოვაქსს, ორივე ხელისგული საფეთქლებზე შემოეჭდო და შუბლით ვამპირის გახურებულ შუბლს ეხებოდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, ერთიანად ცახცახებდა და დახუჭული თვალებიდან ღვრად ჩამოსდიოდა ცრემლი. 
ლუციუსს ხელი არ შეუშლია, უხმოდ განმარტოვდა ფანჯარასთან, გულხელი დაიკრიფა და ყურადღებით აკვირდებოდა მიას მოქმედებებს. 
მცირე ხნის შემდეგ გოგონამ კოვაქსს ხელები მოაშორა და ლუციუსს გამოხედა ცრემლით სავსე თვალებით. 
- ლუციუს, მე.... მის გონებაში შევაღწიე. 
- რა? - პირი ღია დარჩა ქერა ვამპირს. 
- მე მას შუბლზე შევეხე, რომ ოფლი მომეწმინდა და ამ დროს...მის გონებაში და მოგონებებში აღმოვჩნდი... 
- მაგარია, - აღტაცებული ხმით თქვა ლუციუსმა, - იქნებ შევძლოთ მისი დახმარება, მის ჯეკსონ. 
- ლუციუს,... მის დახმარებას არ ვაპირებ, - უცნაურად თქვა გოგონამ და წამოდგა. 
- ეს რას ნიშნავს? - კიდევ ერთხელ გაოცდა ლუციუსი, - შენ ხომ... შენ ხომ ის... თქვენ ხომ... ჯანდაბა. 
- ლუციუს, მე დავინახე... 
- რა დაინახე? 
- ეს ის არის, ის! - მტკიცედ თქვა გოგონამ და კვლავ ტირილი აუვარდა. 
- გამაგებინე რა დაინახე, - ხმა გაუმკაცრდა ლუციუსს. 
- დედაჩემი ფლორიდის ჯუნგლებში მხეცმა დაგლიჯა და მოკლა, - ტირილით თქვა გოგონამ, - ეს არის...მე დავინახე ის სცენა მის მოგონებებში...ზუსტად კოვაქსია ის მხეცი, ვინც დედაჩემი მოკლა, ლუციუს, - მიამ მეტს ვეღარ გაუძლო, კედელს ზურგით მიეყრდნო, ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო.
- ჯანდაბა, - ძლივს ამოთქვა უკიდურესად გაოგნებულმა ლუციუსმა, - ჯანდაბა...არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მია, - ლუციუსმა პირველად მიმართა სახელით. 
მიამ ამოხედა, მაგრამ არაფერი უთქვია. 
- რაღაც მინდა გითხრა... - ლუციუსი მის გვერდით ჩამოჯდა იატაკზე და კედელს მიეყრდნო ზურგით, გოგონასავით, - მომისმინე, ეს მრავალი წლის წინ მოხდა, ის მაშინ შენ არ გიცნობდა, ის ვამპირია და შეიძლება იმ მომენტში მშიერი იყო, დედაშენის ადგილზე ნებისმიერი რომ ყოფილიყო, ასე დაემართებოდა, არა, მას არ ვამართლებ, მაგრამ ის ხომ ვამპირია, ეს მისი ბუნებაა...მას უყვარხარ მია, ის ამას საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებს, მაგრამ დამიჯერე, უყვარხარ... 
- არ ვიცი, - თავი გააქნია გოგონამ, - არ ვიცი შევძლებ თუ არა მის პატიებას, მან ხომ დედა მომიკლა, ლუციუს...
ლუციუსს აღარაფერი უთქვია, თავი დაუქნია და ფანჯარასთან მივიდა. 
- ყოველ შემთხვევაში, - თქვა მან, - ეცადე მას გაუგო და აპატიო, მის ჯეკსონ...
- ვეცდები, - ამოიოხრა მიამ და საწოლზე მბორგავ კოვაქსს გახედა, - მაგრამ ძალიან გამიჭირდება..

თავი 5

     ამ ქარიან, შფოთიან ღამეს სალემის ქუჩები თითქმის მთლიანად დაცლილიყო ხალხისგან, მხოლოდ აქა-იქ შეხვდებოდით ეულად მოხეტიალე საკმარისად ნასვამ მამაკაცებს, რომლებსაც უკვე მოესწროთ რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლიანი სასმელით ყელის ჩაკოკლოზინება. 
ბნელი, ბოროტი ღამე იდგა, ცაზე ვარსკვალვები და ჩამუქებული ღრუბლები ქარიშხლის ძალის მოქმედებით ერთმანეთს ცვლიდა. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ატლანტის ოკეანიდან მომავალი ტორნადო უახლოვდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლება ბუნების ამ სასტიკ შემოტევას ყოველ წუთს ელოდა, ამიტომ ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებდა, მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი სახლიდან გარეთ გასვლისგან, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაურკვეველი ვადით შეწყდა სწავლება, დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სალემი უძლიერესი გრიგალის დასახვედრად ემზადებოდა...სრული შემადგენლობით იყო მობილიზებული შერიფის დეპარტამენტი, სამედიცინო დაწესებულება ექიმ ალდო ტომპსონის ხელმძღვანელობით, გადაუდებელი სიტუაციების სამსახური და მსგავსი სამსახურები, რომლებიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. 
ისევე, როგორც სალემის ყველა საზოგადოების თავშეყრის ადგილი, ქალაქგარეთ მდებარე ბარიც დაეკეტათ, ამას მოწმობდა შენობის კარზე გამოკიდული "CLOSED" აბრა, მაგრამ კარგად დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევდა კარის ღრიჭოებიდან გამომავალ სუსტ შუქს. 
ბარი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა კლიენტი, მას ოდნავ შეჭაღარავებული ქერა თმა უკან გადაევარცხნა, შევერცხლილი წვერი მოკლედ შეეკრიჭა და ზურმუხტივით მწვანე თვალებით დაფიქრებით ათვალიერებდა ოფიციანტის მიერ მორთმეულ მენიუს წიგნაკს. პირველყოფილ ვამპირთა კლანის ძლევამოსილი ლიდერის გუნება-განწყობილებაზე სინოპტიკოსთა პროგნოზი აშკარად ვერ მოქმედებდა. 
- სერ... 
- ერთი წუთით, გთხოვთ, - გაბრიელმა თითი ასწია და თვალით ჩამოჰყვა კერძების ჩამონათვალს. 
ოფიციანტმა უხმოდ დაუქნია თავი და მოთმინებით აღჭურვილი დაელოდა ამ აბეზარ კლიენტს, რომელიც თავაზიანობაში გალესილი მუქარის წყალობით შემოიჭრა უკვე დაკეტილ ბარში და ვახშმობასაც აპირებდა. უნდოდა, თავისი უკმაყოფილება გამოეხატა, მაგრამ საოცრად აშინებდა ამ დახვეწილი, ელეგანტური მამაკაცის უცნაური, ძველმოდური მანერები და უცნაურად მომზირალი თვალები. 
- თიკნის მწვადი, მწარე სოუსით, - როგორც იქნა მოიღო მოწყალება გაბრიელმა. 
ოფიციანტმა უხმოდ ჩაიწერა შეკვეთა. 
- სასმელს რომელს ინებებთ, სერ? - უკიდურესი თავაზიანობით ჰკითხა, ეს უცნობი არასდროს ენახა სალემში და მითუმეტეს ბარში, სადაც უკვე თითქმის ათი წელი სრულდება, რაც მუშაობდა. 
გაბრიელმა შევერცხლილი წვერი ზანტად მოიწიწკნა. 
- ღვინო, - მიუგო მცირე ხნის შემდეგ, - ფრანგული. 
- გასაგებია, - თავი დაუკრა ოფიციანტმა და წავიდა. 
გაბრიელი სკამზე გადაწვა და სანამ ოფიციანტი შეკვეთას მოიტანდა, სიგარეტს მოუკიდა და ფიქრებში წავიდა. მის სხარტ გონებაში ელვასავით მოკიაფე ფიქრები კი სულაც არ იყო ფერადი, უფრო შავ-თეთრი ეთქმოდა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში-რუხი. მისი კლანი დაშლის პირას იყო, კოვაქსი უპირობოდ მოკვდებოდა, თუ უკვე არ იყო მკვდარი, ლუციუსი მას არ ენდობოდა, მაგრამ პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს გარეშე თითსაც ვერ დააკარებდა, კონორი სადღაც ახლო-მახლო იყო, მაგრამ ალბათ მისი სალემში ჩამოსვლა იყნოსა და ჯერჯერობით თავს არ ამჟღავნებდა... 
გაბრიელმა უცებ აღმოაჩინა, რომ ოფიციანტი იგვიანებდა, თვალები მოჭუტა, კატასავით ფრთხილად წამოდგა და ბარის სამზარეულოს მიმართულებით გაემართა. 
სამზარეულოში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ფილებით მოპირკეთებულ ოთახში დამწვრის სუნი იგრძნობოდა და მცირე კვამლიც გამეფებულიყო ოთხკუთხა სივრცეში, რაც განიერ ტაფაზე დანახშირებული ხორცის ბრალი იყო. გაბრიელმა ჰაერი ყურადღებით დაყნოსა და მაშინვე იგრძნო მომლაშო სუნი, რომელიც მხოლოდ ერთ ნივთიერებას შეიძლება ჰქონოდა. ის ოდნავ მოიხარა წელში და ყურადღება გაამახვილა, შემდეგ ნელა გადააბიჯა უბედური ოფიციანტის დასახიჩრებულ, თავმოგლეჯილ გვამს, სამზარეულოს ცენტრში შესდგა და ოთახს თვალი მოავლო. 
უეცრად წინ ჩრდილმა ჩაუქროლა წარმოუდგენელი სისწრაფით და მკერდში ძლიერი დარტყმა მიაყენა, გაბრიელი ადგილს მოსწყდა და უკან, მაგიდებისკენ გაფრინდა, მაგრამ ჰაერშივე მოიკრიბა კონცენტრაცია, საკუთარი მაგიდის გვერდით ცალ მუხლზე დაჩოქილი დახტა, ოთახს სწრაფი მზერა მოავლო და ყრუდ დაიღრინა, ვიღაც თავხედი ბედავდა და მას თავს ესხმოდა, მას-გაბრიელს, პრიმუმთა კლანის დამაარსებელს და ლიდერს. 
ოთახში კვლავ სიწყნარე და სიმყუდროვე სუფევდა, კედლის დიდი საათი მონოტონურად წიკწიკებდა. 
- ვინ ხარ? - ხმამაღლა მიმართა სივრცეს გაბრიელმა და ნელა წამოდგა ფეხზე, - ალბათ არ იცი, ვის ესხმი თავს. 
გარეთ დაიქუხა და ბარში ელექტროენერგია გაითიშა, მაგრამ ეს სულაც არ იყო პრობლემა, გაბრიელი მშვენივრად ხედავდა სიბნელეშიც, მართალია მთლად ისე ვერა, როგორც ჩვეულებრივ, მაგრამ არც ამას დაეწუნებოდა რამე. 
მის წინ კვლავ ჩაიქროლა ჩრდილმა, გაბრიელი წამის უსწრაფესად შებრუნდა მისი მოძრაობის მიმართულებით და თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა, მის მაგიდასთან მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იჯდა, პროფილით გაბრიელისკენ და აუჩქარებლად აბოლებდა სიგარეტს, გაბრიელმა მაშინვე შენიშნა საშინელი ნაიარევი, რომელიც მთელ სახეზე გასდევდა თავდამსხმელს. 
- მარკუს... 
- მეც მიხარია შენი ნახვა, გაბრიელ, - ცივად მიუგო მარკუსმა და სკამიანად შემობრუნდა მისკენ. 
გაბრიელი ყურადღებით დააკვირდა, მარკუსთან სიფრთხილე იყო საჭირო, ის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძლიერი პირველყოფილი იყო პრიმუმთა შორის, ასე მარტოდმარტო მის პირისპირ გაბრიელს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, ამიტომ საყოველთაოდ ცნობილ საკუთარ მზაკვრობას მოუხმო და სახეზე მაშინვე აიფარა კეთილი მასპინძლის ნიღაბი. მარკუსის მზერა, როგორც ყოველთვის უსიცოცხლო და მელანქოლიური იყო. 
- ისევ ფორმაში ხარ, - გაბრიელმა თავი გააქნია სამზარეულოსკენ. 
- დანას წამოავლო ხელი, - უემოციოდ უპასუხა მარკუსმა. 
გაბრიელმა უხმოდ დაუქნია თავი, მაგიდას შემპარავი ნაბიჯით მიუახლოვდა და მარკუსის პირისპირ ჩამოჯდა. 
- თითქმის არ შეცვლილხარ, - თქვა გაბრიელმა მცირე ხნის შემდეგ. 
- ვითომ? - მარკუსმა ჩაიქირქილა, შემდეგ დასერიოზულდა და გაბრიელს მიაპყრო მზერა, - ვიცოდი, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდი... მაგრამ ეს სიფრთხილე.. 
- მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, - შეაწყვეტინა გაბრიელმა. 
- ჰო, - დაეთანხმა მარკუსი და ნაიარევზე ხელი ჩამოისვა, - მაგრამ არა საკუთარი კლანის წევრების მიმართ, - ის ოდნავ წინ გადმოიხარა და მწვანე თვალებში ჩააჩერდა კლანის მეთაურს, - გაბრიელ, რა ხდება? ამდენი გვამები, ამდენი ფარული ზრახვები, კოვაქსის სასიკვდილოდ გაწირვა.. 
გაბრიელს არაფერი უპასუხია, სიგარეტს მოუკიდა, ღრმად ჩაისუნთქა. 
- რა საჭირო იყო კოვაქსის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება? - იკითხა მარკუსმა, - თან ასეთ დროს, როდესაც ყველა ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდა. 
გაბრიელმა სუსტად გაიღიმა და თვალები მოჭუტა. 
- ამაზე მეც ვიფიქრე, მერწმუნე, ის ყველაზე ძალიან მე მეცოდება, მაგრამ ის თავს დამესხა, მარკუს, შენ ხომ იცი, რომ ეს დაუშვებელია. 
მარკუსი სწრაფად წამოდგა და ზურგზე ხელებდაწყობილმა გაიარ-გამოიარა. 
- ის კვდება, არ მეგონა, ასე ადვილად თუ შეელეოდი შენს ერთ-ერთ საუკეთესო პრიმუმს.. 
გაბრიელმა თვალი თვალში გაუყარა. 
- ასე ნერვიულობ მასზე? 
- არა, - თავი გააქნია მარკუსმა, - ამჟამად ის ძალიან გვჭირდება. 
- მან კოდექსი დაარღვია, - ბოროტად თქვა გაბრიელმა, - ის სიკვდილს იმსახურებს, კლანის მეთაურზე თავდასხმა დაუშვებელია. 
მარკუსმა შხამიანად ჩაიცინა, შემდეგ შესდგა და გვერდულად გამოხედა. 
- იქნებ ჰქონდა ამის მიზეზი? 
- მნიშვნელობა არ აქვს, - თავი გააქნია გაბრიელმა, - კოდექსს ყველა უნდა დავემორჩილოთ. 
მარკუსმა თვალები მოწკურა და ნელი ნაბიჯით დაიძრა გაბრიელისკენ. 
გაბრიელმა წარბი დამცინავად ასწია და იმავ წამს მის გვერდით ოთხი ვამპირი გაჩნდა, მარკუსმა ორი მათგანი მაშინვე იცნო, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ტყუპები - ეზეკიელი და აზრაელი, გაბრიელის პირადი დაცვის უცვლელი წევრები. 
მარკუსმა ავად ჩაიცინა და ხელები მოიფშვნიტა. 
- გაბრიელ, შენ რა, იმ დონეზე არ გვენდობი, რომ პირადი დაცვით დადიხარ? 
- თავის დაზღვევა არასდროსაა ზედმეტი, - დაცინვით უპასუხა გაბრიელმა, - ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი, ვერ ვიტყვი, რომ შენს კომპანიაში ყოფნა მსიამოვნებს, ამიტომ იქნებ მითხრა აქ რისთვის მოხვედი? 
მარკუსმა კვლავ მაგიდასთან, გაბრიელის პირისპირ დაიკავა ადგილი და ვამპირებს თვალი შეავლო, შემდეგ კლანის მეთაურზე გადაიტანა მზერა. 
- ხომ იცი, რომ ისინი ვერ შემაჩერებენ. 
- მუქარა უადგილოა, - თავი გააქნია გაბრიელმა, - თან მე შენი მტერი არ ვარ, მითხარი რისთვის მოხვედი აქ. 
- წამალი მჭირდება, - მოკლედ ისროლა მარკუსმა და თითები გადააჯვარედინა. 
- ვერ მივხვდი. 
- წამალი მჭირდება, ანტიდოტი, რომელიც ჰიბრიდის ნაკბენს მოაშუშებს, - გაიმეორა მარკუსმა, ხელები ერთმანეთს მოუჭირა, ძლივს იკავებდა თავს, რომ მის წინ მჯდომი გაბრიელისთვის კოხტად დავარცხნილი თავი არ მოეგლიჯა. 
- ჯანდაბა, - გაიცინა გაბრიელმა და წამოდგა, მარკუსივით ზურგზე ხელებდაწყობილმა გაიარ-გამოიარა ოთახში, - აი თურმე რაშია საქმე, შენ რა, ლუციუსის და კოვაქსის მხარეს გადახვედი? 
- მე ანტიდოტი მჭირდება, რომელიც იმ ბინძური ძაღლის ნაკბენს მოარჩენს, - გამომეტყველება არ შეცვლია მარკუსს, - მნიშვნელობა არ აქვს, ვის მხარეს ვარ, მე პრიმუმის გადარჩენა მინდა. 
- ადრე ასეთი არ ყოფილხარ, - დაცინვით უთხრა გაბრიელმა. 
აქ კი მარკუსს მოთმინებამ უმტყუნა, ელვასავით სწრაფად გაჩნდა ვამპირების წინ, ერთ-ერთს თმაში სწვდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და მსხვერპლს ყელში სწვდა. 
გაბრიელის თავზარდაცემულმა პირადმა მცველებმა უკან დაიხიეს, მათ რასაკვირველია სმენოდათ მარკუსის შესახებ. 
მარკუსმა მსხვერპლს ბოლომდე გამოსწოვა სისხლი, შემდეგ ხელის მარტივი მოძრაობით თავი მოაგლიჯა და მაღლა ასწია - სახით გაბრიელისკენ. 
- ეს ავანსია, - დემონურად დაიღრინა მან, - ერთხელ კიდევ გაგიმეორებ, ანტიდოტი მჭირდება...

*****
     მეორე დღე სრულდებოდა, რაც მია ჯეკსონი გვერდიდან არ მოშორებია შავგვრემან უკვდავს. კოვაქსი განუწყვეტლივ ბოდავდა, თვალებს შეშლილივით აბრიალებდა, ხან გულამოსკვნილი ტიროდა, ხანაც ფანჯრისკენ მიიწევდა გადასახტომად და შეასრულებდა კიდეც, ლუციუსის ფოლადისმაგვარ ხელებს რომ არ გაეკავებინათ ხოლმე. ამ ორი დღის განმავლობაში მიამ ბევრი რამ შეიტყო მისი ბოდვიდან, მისი ცხოვრების და საზარელი მკვლელობების შესახებ, მან თითქოს კოვაქსის სულში შეაბიჯა, თვალნათლივ ხედავდა ყოველ წუთს როგორ უძლურდებოდა პირველყოფილი, ჭრილობა გაიზარდა, თითქმის ნახევარ მხარს მოედო, საიდანაც უწყვეტად მოედინებოდა მომწვანო-მოწითალო სითხე, ეს იყო ჰიბრიდის შხამით გაჯერებული სისხლი. მია მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვივით უვლიდა ავადმყოფს, სველ საფენებს ყოველ წუთს უცვლიდა სიცხისგან გავარვარებულ შუბლზე. 
- რატომღაც მეგონა, რომ ვამპირს ასე იოლად ვერ მოერეოდა ავადმყოფობა, - ჩაილაპარაკა გოგონამ და მორიგი საფენი დააფინა შუბლზე. 
- მიუხედავად ყველაფრისა, - დინჯად გამოეპასუხა კუთხეში მჯდომი ქერა უკვდავი, - ჩვენი ორგანიზმი თითქმის ერთი ერთზე ემთხვევა ადამიანის ორგანიზმს, უბრალოდ ეს ჰიბრიდის შხამია და მის წინააღმდეგ ჩვენი კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციის უნარიც კი უძლურია. 
ამ დროს ავადმყოფი საწოლზე წამოჯდა, ლუციუსი წამის უსწრაფესად გაჩნდა მის გვერდით და მკლავები გაუკავა, კოვაქსმა გაკვირვებით შეხედა მას, ლუციუსმა მაშინვე შენიშნა, რომ კოვაქსის თვალები წინანდებურად აღგზნებულად აღარ გამოიყურებოდა. 
- ლუციუს... 
- ჯანდაბა, კოვაქს, - გაოცებული გამოეპასუხა ლუციუსი, - როგორც იქნა, მოხვედი გონს. 
კოვაქსმა თვალები მოჭუტა და გოგონას გახედა. 
- მის ჯეკსონ...სად ვარ? - მან უცხო ოთახს თვალი მოავლო. 
- ჩემს ოთახში, - სწრაფად მიუგო მიამ, გახარებულმა იმით, რომ კოვაქსი ნორმალურად აზროვნებდა. 
კოვაქსს ღიმილმა შეუფერადა წყვდიადივით შავი თვალები. 
- შენს ოთახში? რა რომანტიკულია... თუმცა ჯგუფური რომანტიკის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. 
ლუციუსმა ჩუმად ჩაიცინა. 
- როგორც ჩანს, ხასიათი გიბრუნდება, - უკბინა გოგონამ და ჭიქით ცივი წყალი მიაწოდა. 
- წყალი? - ცხვირი აიბზუა ავადმყოფმა, - სისხლი მირჩევნია, - მან თხოვნით გახედა ლუციუსს, რომელსაც წინანდელი პოზიცია დაეკავებინა, ფანჯარასთან, სავარძელში. 
- ეს არც ისე ადვილია, - ლუციუსმა პაუზა გააკეთა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, - შენი ორგანიზმი სისხლს არ იღებს.. 
- რა? - გაოცდა კოვაქსი. 
- როდესაც შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, - განაგრძო ლუციუსმა, - ჩვენ ვცადეთ სისხლი დაგველევინებინა შენთვის, მაგრამ...შენი ორგანიზმი სისხლს არ იღებს, ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა. 
კოვაქსმა თავი დაუქნია და ჩაფიქრდა, შემდეგ მიას წყლის ჭიქა ჩამოართვა, ორიოდე ყლუპი მოსვა და უკან დაუბრუნა, ერთხანს გოგონას უყურებდა, შემდეგ ბალიშზე მიესვენა. 
- მადლობელი ვარ, საკუთარი ოთახი რომ დამითმე. 
- მადლობის გადახდა არ არის საჭირო, - მშრალად მიუგო გოგონამ, ჭიქა ლანგარზე დადგა და ოთახიდან გავიდა. 
კოვაქსს ეუცნაურა სიტუაცია, არ ელოდა გოგონას ასეთ ქცევას, ცივს და მშრალს, ისეთს, როგორიც არასდროს ყოფილა მია ჯეკსონი. 
- რა დაემართა? - ლუციუსს გახედა კოვაქსმა. 
ლუციუსმა ჩაახველა. 
- შენ ორი დღის განმავლობაში ბოდავდი, - მიუგო მან, - ის კი გვერდიდან არ მოგშორებია, დღეც და ღამეც შენს გვერდით იყო და ბევრი რამე დაადგინა შენი წარსულის შესახებ. 
- მან ისედაც იცის, რომ ურჩხული ვარ, - ტკივილშეპარული ხმით თქვა კოვაქსმა. 
ლუციუსს უცებ აზრმა გაურბინა თავში, რომ კოვაქსს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მის მიერ ფლორიდის ჯუნგლებში მოკლული ტურისტთა გიდი მია ჯეკსონის დედა იყო. 
- ჰო, იცის, - სასხვათაშორისოდ ჟღერდა ქერა უკვდავის პასუხი, - იქნებ სჯობს შენ თვითონ ჰკითხო? 
- კარგი, - დაეთანხმა კოვაქსი და კვლავ ბალიშზე გადაწვა. 
ერთხანს სიჩუმემ იმეფა, შემდეგ ოთახში გოგონა შემოვიდა, კოვაქსს მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და სწრაფად წამოჯდა. 
- ელიზ, ბავშვები სად არიან? 
მია ლამის წაიქცა ამ სიტყვების გაგონებაზე. 
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა, სავარძლიდან წამოიჭრა და კოვაქსს ეცა, - ისევ ბოდავს, მისი ნდობა არ შეიძლება მის ჯეკსონ, სანამ ის ავადაა, მსხვილი თოკი ან ჯაჭვი მჭირდება. 
- სარდაფში ვნახავ რამეს, - თავი დაუქნია გოგონამ და ოთახიდან გავიდა. 
ლუციუსმა მკლავები შემოხვია კოვაქსს, რომელიც ნელ-ნელა იკრებდა მძვინვარებას. ოთახში ფეხის ხმა გაისმა. 
- მალე დაბრუნდი, - უკანმიუხედავად თქვა ლუციუსმა. 
- გამარჯობა, ლუციუს... 
ეს ხმა მია ჯეკსონს არ ეკუთვნოდა, ეს იყო ძალიან თბილი, ტკბილი ხმა, რომლის გაგონებაზეც ლუციუსს ყოველთვის სითბო ეღვრებოდა ხოლმე სხეულში. ის გაოცებული მოტრიალდა, მის წინ რებეკა იდგა, ნაღვლიანად მომღიმარი და უსაზღვროდ ლამაზი, ლუციუსს გული შეუტოკდა, იმდენად მშვენივრად და მიმზიდველად გამოიყურებოდა ქალი. 
ლუციუსმა მღელვარება დაიოკა და კვლავ ცივი და შეუვალობის ნიღაბი აიფარა სახეზე. 
- აქ რას აკეთებ? 
- გაბრიელს შეუმჩნევლად გამოვეპარე, - მიუგო ქალმა, - მინდა იცოდე, რომ... 
- საჭირო არ არის, - ცივად შეაწყვეტინა ლუციუსმა, - შენ ჩვენ გვიღალატე, რებეკა, რასაც უნდა ვგრძნობდე შენს მიმართ, შენი საქციელით ყველაფერს ხაზი გადაუსვი. 
- იქნებ მაინც მოგესმინა ჩემთვის? - ვედრებით გაიწოდა ხელი ქალმა. 
- არა, გმადლობთ, - ქედმაღლურად უკან დაიწია ლუციუსმა, - უკვე გვიანია, რებეკა, სიყვარულის გამო მეგობრებს არ გავწირავ, შენ მიცნობ და იცი, რომ ასე ვერ მოვიქცევი. 
ქალმა ამოიოხრა, ხელი დაუშვა, შემდეგ კოვაქსს შეავლო მზერა, რომელიც შეშლილის თვალებით მისჩერებოდა. 
- უნდა მომისმინო, ლუციუს, აუცილებლად, ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გგონია, რომ იცოდე.... 
ამ დროს კართან ხმაური გაისმა. ლუციუსი და რებეკა სწრაფად შებრუნდნენ ხმის მიმართულებით. კარში ერთ ადგილზე გაყინულიყო მია ჯეკსონი, ერთ ხელში მსხვილი თოკის გორგალი ეჭირა, ერთიანად კანკალებდა, ტუჩები უცახცახებდა, თვალებიდან ღვრად სდიოდა ცრემლი, თვალმოუშორებლად უყურებდა რებეკას. 
ოთახში გამეფებული სიჩუმე მხოლოდ ერთმა სიტყვამ დაარღვია. 
- დედა..

თავი 6

     - რის მიღწევას ცდილობ? - ავად დაიღრინა გაბრიელმა, წამში მოახდინა ტრანსფორმაცია და თავდასხმის მოსაგერიებლად მოემზადა, მისი დაცვის წევრები მის გარშემო განლაგდნენ ნახევარწრედ, თუმცა მარკუსი აშკარად არ ჩქარობდა თავდასხმას. 
- შენ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი, - მშვიდად, მაგრამ ავისმომასწავებელი ხმით მიუგო მარკუსმა, - შეცდომა მაშინ დაუშვი, როდესაც კლანის შენს ნებაზე მართვა დაიწყე.. 
- მე გაბრიელი ვარ, - დაიღმუვლა მწვანეთვალება ვამპირმა და მისი სახე საშინელ ნიღაბს დაემსგავსა, - პირველი პირველყოფილი. 
- მართალი ხარ, - დაცინვით გაეპასუხა მარკუსი და აუჩქარებლად მოუკიდა სიგარეტს, - მაგრამ არა ყველაზე ძლიერი, ხომ ასეა? 
გაბრიელმა კვლავ დაიღმუვლა და დაცვის წევრებს ანიშნა, ფრთხილად იყავითო, ერთ არასწორ მოძრაობას ყველა მათგანის დაღუპვა მოჰყვებოდა, გაბრიელი მაინც იმედოვნებდა, რომ სიტუაციის გამოსწორებას შეძლებდა. 
- შეგვიძლია ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მოვაგვაროთ, - გამოსცრა გაბრიელმა. 
მარკუსი თვაკებმოჭუტული უყურებდა, მისი გამომეტყველება მხოლოდ ერთს მოწმობდა-ის არ ენდობოდა კლანის მეთაურს. 
- როგორ? 
- მე ვიცი, როგორ გადავარჩინო კოვაქსი, - წარბი ასწია გაბრიელმა, - მაგრამ სამაგიეროდ რაღაც მჭირდება. 
- ასეც ვიფიქრე, შენ ხომ გაბრიელი ხარ, - ზიზღით წარმოთქვა მაკუსმა, - მაგრამ კოვაქსის გადასარჩენად ყველაფერზე ვარ თანახმა... თქვი, რა გჭირდება? 
- ეს უკვე მოლაპარაკებას ჰგავს, - იქედნურად გაიღიმა გაბრიელმა და ხელის სწრაფი მოძრაობით მარკუსი კვლავ მაგიდასთან მიიწვია. 
მარკუსმა გულში გაივლო, მათ დახოცვას ყოველთვის მოვასწრებო და მაგიდას მიუჯდა, რატომღაც ლუციუსი გაახსენდა, ქერა უკვდავი-რომელიც არასდროს ჰყვებოდა გრძნობებს და ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებდა. 
- საქმე ჩვენი კლანის ყოფნა-არყოფნას ეხება, მარკუს, - დაიწყო გაბრიელმა და სკამზე მოხერხებულად მოეწყო, - ჩვენ ვიცით, რომ არც ვამპირები, არც მაქციები და მით უმეტეს-ქალაქის საიდუმლო საბჭო არ წარმოადგენს ჩვენთვის საშიშროებას, მაგრამ არსებობს ერთი არსება, რომელსაც შეუძლია პირისაგან მიწისა აღგავოს ჩვენი კლანი, ჩვენი სახსენებელი, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია... - გაბრიელმა ტაქტიკური პაუზა აიღო, დაკვირვებული მზერით სწავლობდა მარკუსის უემოციო გამომეტყველებას, თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სიტყვებმა. 
- ტალია, - მიუგო მარკუსმა. 
- დიახ, ტალია, - დაუდასტურა გაბრიელმა, - მას შეუძლია გაგვანადგუროს, ჩვენ ორივემ ვიცით, რომ საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმაა, ამიტომ ჩვენ უნდა დავასწროთ მას, მანამ, სანამ... 
- სანამ ის მის ჯეკსონის სხეულშია და სანამ გაძლიერდება, - დაასრულა მარკუსმა. 
- მიხარია, უსიტყვოდ რომ გვესმის ერთმანეთის, - გველური ღიმილით თქვა გაბრიელმა. 
მარკუსს არაფერი უთქვია, წამოდგა და დაგმანულ ფანჯარას მიუხლოვდა, შემდეგ შემობრუნდა. 
- რას მთავაზობ? 
- ჩემს მხარეს იყავი, - მიუგო გაბრიელმა, - მე დამიცავი, ჩვენი კლანი დაიცავი ტალიასგან... და მე მოგცემ იმას, რაც გჭირდება. 
მარკუსი ჩაფიქრდა, ერთხანს სივრცეში იყურებოდა გაყინული მზერით. 
- კარგი, - თქვა ბოლოს, - მაგრამ ანტიდოტი ახლავე მჭირდება...დრო არ ითმენს. 
- დიდი სიამოვნებით, - გაიღიმა გაბრიელმა, - სალაზარ! 
ოთახში თავგადაპარსული მამაკაცი შემოვიდა, მარკუსმა სწრაფად შეათვალიერა შემფასებლური მზერით, შემდეგ ელვასავით სწრაფად გაჩნდა მის წინ და ტუჩები ყურთან მიუტანა. 
- შენ ხარ სალაზარი? 
- დიახ, - გაკვირვებულმა უპასუხა ჰიბრიდმა უცნობი მამაკაცის ეგზომ თავხედურ გამოხდომას. 
- პირველი ჰიბრიდი? - ისევ უჩურჩულა მარკუსმა. 
- დიახ, პირველი, - ნიშნისმოგებით უპასუხა სალაზარმა. 
- კარგია, - გაიღიმა მარკუსმა, - და თან ძალიან ვწუხვარ. 
- სწუხხარ? - გაუკვირდა სალაზარს. 
- დიახ, - ჩურჩულს განაგრძობდა მარკუსი, - იმიტომ რომ როდესაც ეს ფარსი დამთავრდება, გაბრიელთან შეთანხმებას ვგულისხმობ, მე თქვენ ყველას დაგხოცავთ, - ის ოდნავ მოშორდა სალაზარს, მხარზე ხელი დაუტყაპუნა და გაუცინა, - სასიამოვნოა შენი გაცნობა, სალაზარ, გაბრიელის ძაღლების კოლექციას იშვიათი ჯიშის ექსპონატი შეემატა, - მან გადაიხარხარა. 
ჰიბრიდმა გაბრიელს გახედა მოღუშული მზერით. 
- მარკუს, გეყოს, - გაბრიელმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, - ის ჩვენთან ერთად იმუშავებს და ამას უნდა შეეგუო. 
მარკუსმა ღიმილით დაუქნია თავი და მაგიდას დაუბრუნდა. 
- რა პრობლემაა? - სალაზარს განრისხება დაეტყო და წინ წარსდგა ნაბიჯი. 
- მშვიდად, - მიუბრუნდა გაბრიელი, - მარკუსი ჩვენს მხარეზეა. 
- მანამ, სანამ ტალიას არ გავანადგურებთ, - თქვა მარკუსმა და წასასვლელად წამოდგა, - ანტიდოტი მომეცი. 
- რასაკვირველია, - გაიღიმა გაბრიელმა და ჯიბიდან მომცრო მუყაოს კოლოფი ამოიღო, - ვერცხლის ფიჭვის ნაცარი, რომელიც ანტიდოტის დასამზადებლად გამოგვადგება...

*****
     ლუციუსს არ ეგონა თუ თავისი არსებობის მანძილზე რამე გააოგნებდა, მაგრამ ახლა მის ჯეკსონმა რებეკას "დედა" უწოდა. ლუციუსი საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა პირველყოფილთა კლანის ჯადოქარს, იცოდა, რომ მას ჰქონდა ადამიანური წარსული, მაგრამ ლუციუსის სხარტად მოაზროვნე ტვინში მოქმედი მათემარიკური ამოცანის ამონახსენიც კი არ ემთხვეოდა პასუხს, რასაც "დედა" ერქვა, მათემარიკური გამოთვლებით, მიას და რებეკას ასაკის გათვალისწინებით, გამორიცხული იყო, რომ ისინი დედა-შვილი აღმოჩნდებოდნენ. 
- უკაცრავად? - რებეკაც გაოცებული მიაჩერდა გოგონას. 
- დედა, - ისევ გაიმეორა მიამ და ლოყაზე ჩამონადენი ცრემლი ხელით მოიწმინდა. 
რებეკამ ლუციუსს გახედა. 
- შვილი არასდროს მყოლია, - ნერწყვი გადაყლაპა რებეკამ და ლუციუსს არ შეუმჩნევია, როგორ დაეჭიმა ყბის კუნთები ქალს, - მე თქვენ არ გიცნობთ. 
მიამ ზღურბლი გადმოკვეთა, კედელს მიეყრდნო და ისევ თვალმოუშორებლად შესცქეროდა ქალს. 
- მის ჯეკსონ, - ყურადღების მისაქცევად ჩაახველა ლუციუსმა, - შეიძლება გარეგნული მსგავსებაა დიდი, ასეთი რამ შესაძლებელია. 
- ალბათ ასეა, - ამოიოხრა მიამ და კოვაქსს გახედა, რომელიც გაყუჩებული იწვა, ოფლით დასველებული მძლავრი მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა. 
რებეკა მიას მიუახლოვდა და მხარზე ფრთხილად დაადო ხელი. 
- შენზე ბევრი მსმენია... მია, ხომ შეიძლება სახელით მოგმართო? 
- რა თქმა უნდა, - სწრაფად დაეთანხმა გოგონა. 
- რებეკა წასვლას აპირებდა, - კვლავ ჩაერთო შუბლშეკრული ლუციუსი. 
- ეს ჩემი სახლია, ლუციუს, - ცივად თქვა მიამ, - მასპინძელი მე ვარ და მე გადავწყვეტ ვინ როდის წავა. 
ლუციუსს სახე გაუმკაცრდა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა, მხრები აიჩეჩა და კუთხეში მდგარ სავარძელს დაუბრუნდა. 
- შეგიძლიათ მის გადარჩენაში დაგვეხმაროთ? - კოვაქსზე ანიშნა გოგონამ. 
რებეკა საწოლზე მწოლიარე შავგვრემან პირველყოფილს დააკვირდა. 
- არ ვიცი, - თავი გააქნია მან, - არასდროს მინახავს ასეთ მდგომარეობაში მყოფი უკვდავი. 
- იქნებ მაინც გვეცადა, - მიას სიტყვები თხოვნასავით ჟღერდა, - ის ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, - მან ლუციუსს გახედა, რომელიც თავის დაქნევით დაეთანხმა. 
- არ ვიცი მისი ორგანიზმიდან შხამი როგორ გამოვდევნო, - ამოიოხრა რებეკამ, კოვაქსს მიუახლოვდა, ორივე ხელისგული მკერდზე დააწყო და თვალები დახუჭა, კონცენტრირებას ცდილობდა. 
- რას აკეთებს? - ლუციუსს გახედა მიამ. 
- მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს, - მიუგო ქერა უკვდავმა. 
რებეკა რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე იდგა თვაკდახუჭული, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და შემოტრიალდა. ლუციუსი და მია მოუთმენლად ელოდნენ მის სიტყვებს. 
- ლუციუს...არ ვიცი, ის ყოველ წამს კარგავს სისხლს, შხამის ზემოქმედება სისხლზე ძალიან დიდია, იქნებ გადასხმამ უშველოს. 
- გადასხმამ? - თავი გააქნია ლუციუსმა, - ის ხომ ვამპირია, რას გულისხმობ? 
- შენი სისხლი რომ გადავუსხათ, იქნებ ოდნავ გადავწიოთ მისი... - რებეკა მოერიდა "სიკვდილის" თქმას, - ხომ ხვდები. 
ლუციუსმა სწრაფად დაუქნია თავი. 
- რა უნდა გავაკეთო? 
- ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, - მიუგო რებეკამ, - სისხლის გადასხმა არცერთმა არ ვიცით, ექიმი გვჭირდება, თავისი ინვენტარით.
ლუციუსი ერთხანს ჩაფიქრებული იყო, შემდეგ წამოდგა და კარს მიაშურა. 
- სად მიდიხარ? - შეაჩერა გოგონამ. 
- მგონი ვიცი, ვინც დაგვეხმარება, - მიუგო ლუციუსმა, ექიმი ალდო ტომპსონი. 
- კარგი, - თავი დაუქნია მიამ, - მაგრამ ძალიანაც ნუ შეაშინებ, ის ადამიანია და თან ექიმი, რომელიც გვჭირდება, ლუციუს. 
- არაფერს ვავნებ, - გაიღიმა ქერა უკვდავმა, - შეგიძლიათ მენდოთ, - მან რებეკას მზერა შეავლო და კარში გაუჩინარდა.

*****
     სალემში საღამო შემოიპარა, ექიმმა ტომპსონმა პროტოკოლით გათვალისწინებული საღამოს შემოვლა დაასრულა, თეთრი ხალათი გაიხადა, საკიდზე მოათავსა, მცირე ჩემოდანს ხელი წამოავლო და კლინიკის ქვის კიბეები სწრაფად ჩამოირბინა, ეჩქარებოდა, მას და შერიფ კრამერს ამ საღამოს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რომელიღაც მატჩის თვალის მიდევნება ჰქონდათ გადაწყვეტილი შერიფი კრამერის სახლში. ორივე - ექიმიც და შერიფიც კალათბურთის დიდი გულშემატკივრები იყვნენ, ამ საღამოს კი დიდი ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდ კავალიერსი" ფლეი-ოფის ეტაპზე თავის დაუძინებელ მტერს - "გოლდენ სტეიტს" ხვდებოდა და ამ მატჩის უბრალოდ მიყურისძირავება ფაქტიურად სახელმწიფოს ღალატს წარმოადგენდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შერიფს წინასწარ მოემარაგებინა ლუდის შეკვრები. 
ექიმი წითელი აგურის ფხვნილით მოკირწყლული ბილიკის საშუალებით კლინიკის ავტოსადგომზე შევიდა, საკუთარ მანქანას მიაშურა და კოსტიუმის ჯიბეში გასაღები მოიძია, მაგრამ გასაღების საკეტში მოთავსება ვერ მოასწრო, როდესაც წინ ვიღაც აესვეტა უცერემონიოდ. 
ექიმი ბუნებით არ იყო მშიშარა კაცი, უკან დაიხია და ყურადღებით შეათვალიერა უცნობი. ის იყო საშუალოზე კარგად მაღალი მამაკაცი, ერთიანად შავებში გამოწყობილი, გემოვნებით, ტანთ უძვირფასესი კოსტიუმი ემოსა, ქერა თმა ჰქონდა და ცივი ცისფერი თვალები, რომლისთვისაც უფერულიც კი თავისუფლად შეგეძლოთ გეწოდებინათ, მოკლედ შეკრეჭილი ჟღალი წვერი მის გარეგნობას სოლიდურ იერს მატებდა. ექიმმა ვერ იცნო, აქამდე არსად უნახავს ეს მამაკაცი, რომლისგანაც აგრესია არ იგრძნობოდა, ის ჩაფიქრებული და დაკვირვებული მზერით ზომავდა ექიმს, შემდეგ კლინიკის შენობას გახედა და კვლავ ექიმზე გადაიტანა მზერა. 
- ექიმი ალდო ტომპსონი? - ფოლადივით ჟღერდა მისი საოცრად დამთრგუნველი ხმის ტემბრი. 
- დიახ, - მიუგო ექიმმა, - ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ? 
- ვწუხვარ, რომ ასე დაუპატიჟებლად გესტუმრეთ, - ზრდილობიანად დახარა თავი უცნობმა, - ზოგადად მსგავსი რამ არ მჩვევია, მაგრამ ამჟამად სიტუაცია სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. 
- ვერაფერს მივხვდი, მაპატიეთ, - სათვალე შეისწორა ექიმმა, - ჩემი სამუშაო საათები დამთავრდა და... 
მამაკაცმა მოულოდნელად ექიმის მანქანის კარი ისე ადვილად გამოაღო, თითქოს დაკეტილი არც ყოფილიყო. ექიმმა სულელური გამომეტყველებით შეათვალიერა მანქანის გასაღები. 
- ექიმო, გთხოვთ, - ცივად გაიღიმა მამაკაცმა. 
ამ დროს ექიმმა სრულიად უაზრო და სულელური საქციელი ჩაიდინა, ის სწრაფად შებრუნდა და კლინიკის მიმართულებით სცადა გაქცევა, მაგრამ რაღაცას დაეჯახა და გულაღმა გაიშხლართა, უცებ მიხვდა, რომ ეს "რაღაც" უცნობი მამაკაცი იყო, რომელიც ეშმაკის წყალობით ასე სწრაფად შეძლო გზა გადაეღობა მისთვის. 
ქერა მამაკაცმა ხელი გაუწოდა და წამოდგომაში მიეხმარა. 
- ექიმო, გთხოვთ, ნუ მაიძულებთ, - ცივად თქვა მან, - საქმე ჩემი მეგობრის გადარჩენას ეხება, უარს ვერ მივიღებ. 
ექიმმა, როგორც დაკვირვებულმა ადამიანმა, მაშინვე დაიჭირა მის ხმაში ფარული მუქარის ნოტი. 
- თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ, გპირდებით, - განაგრძო მამაკაცმა, - უბრალოდ, მომეცით საშუალება მეგობრის სიცოცხლე ვიხსნა. 
- ძალადობა რა საჭიროა, - მიუგო გათამამებულმა ექიმმა, - მაგრამ სანამ წამოგყვებით, უნდა ვიცოდე, რა სჭირს, ასე მოუმზადებლად ვერ წამოგყვებით. 
ქერა მამაკაცი წამიერად ჩაფიქრდა, შემდეგ კლინიკის შენობას გახედა. 
- მას სისხლის გადასხმა ესაჭიროება, სისხლი გვაქვს, მხოლოდ თქვენ გვჭირდებით...სამი წუთი გაქვთ, ექიმო, რომ საჭირო ნივთებს თავი მოუყაროთ, სამი წუთი, არც მეტი, არც ნაკლები. 
ექიმმა თავი დაუქნია და კლინიკის შესასვლელისკენ გასწია. 
- ნუ მალოდინებთ, ექიმო, - მუქარაშერეული ღიმილით გააყოლა მამაკაცმა, - და გირჩევთ, სისულელე არ ჩაიდინოთ. 

*****
     ლუციუსის წასვლის შემდეგ მიამ არ იცოდა რა თემაზე შეიძლებოდა ესაუბრა ქალთან, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამისს, და ვისთანაც საუკეთესო მოგონებები აკავშირდა, მისთვის ყოველი თვალის შევლება ძველ ტკივილს უახლებდა, უკვე თითქმის შეხორცებულ ჭრილობებს უხსნიდა, საიდან მხოლოდ ტკივილი და მწუხარება მოჟონავდა, ამიტომ ცდილობდა, რომ მასთან საუბრის პარალელურად რამით ყოფილიყო დაკავებული, ახლაც, ხელში სველი ტილო ეჭირა და კოვაქსს შუბლზე გამოჟონილ ცივ ოფლს დრო და დრო სწმენდაა. 
- ვწუხვარ, ასეთ ამბავში რომ გაერიე, - ხმადაბლა თქვა რებეკამ, - ალბათ ლუციუსმა რაღაც-რაღაცეები გიამბო და კარგი წარმოდგენა არ შეგქმნია ჩემზე.. 
- თვითონაც ვერ მივხვდი, ისე აღმოვჩნდი ამ ყველაფერში ჩათრეული, - ხმადაბლა მიუგო გოგონამ, - ლუციუსმა თქვა, რომ შენ გაბრიელის მხარეს გადახვედი. 
- სამწუხაროდ, ეს სიმართლეა, - თავი დაუქნია ქალმა, - მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს, რისი მოსმენაც ლუციუსს არ სურს. 
საუბარი შეაწყვეტინათ მანქანის ხმამ, რომელმაც გზიდან გადმოუხვია და მია ჯეკსონის სახლთან შეჩერდა, მცირე ხნის შემდეგ კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა და კარში ექიმ ალდო ტომპსონის დაძაბული სახე გამოჩნდა, როგორც კი მიას მოჰკრა თვალი, ოდნავ დამშვიდდა და შვებით ამოისუნთქა. 
- მის ჯეკსონ, რა ხდება აქ? ამ ბატონმა... - ის ლუციუსისკენ შებრუნდა. 
- მიხარია თქვენი ნახვა, ექიმო, - შეაწყვეტინა მიამ, - ესენი ჩემი მეგობრები არიან, ეს კი ავადაა და თქვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება. 
ექიმი ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა მიას, შემდეგ ამოიოხრა, თავი გააქნია და საწოლს მიუხლოვდა, სადაც მაღალი სიცხის გამო ბნედიანივით ბორგავდა შავგვრემანი უკვდავი. 
- აბა ვნახოთ, - ალდო ტომპსონში ექიმმა იმძლავრა, მან სამედიცინო ჩანთიდან თერმომეტრი ამოიღო და ავადმყოფისთვის სიცხის გაზომვას შეუდგა, როდესაც დაასრულა, იმდენად გაფართოებული თვალებით მოტრიალდა, დამსწრეებს მისი სათვალეები გაცილებით პატარა მოეჩვენათ, ვიდრე გადმოკარკლული თვალები. 
- რა ხდება? - იკითხა ლუციუსმა. 
- ჯანდაბა...ეს შეუძლებელია.. - მან კიდევ ერთხელ დახედა თერმომეტრს, - მაქსიმალურს აჩვენებს და დარწმუნებული ვარ, მეტი დანაყოფები რომ ჰქონდეს, უფრო მეტს გაზომავდა... ეს... 
- საქმეს მიხედეთ, - ცივად მიუგდო ლუციუსმა და მკლავი მოიშიშვლა, - სისხლი გადაუსხით, ახლავე. 
ექიმმა შიშით შეხედა მის სასტიკ სახეს, შემდეგ ავადმყოფზე გადაიტანა მზერა და სამედიცინო ჩანთას ეცა. 
- ახლავე, ახლავე. 
- ექიმო, - ჩაერია რებეკა, - რასაც აქ ხედავთ და გესმით, ხომ ხვდებით, რომ საიდუმლოდ უნდა დარჩეს? 
- რასაკვირველია, - მიუგო ექიმმა, - მაინც არავინ დამიჯერებს... "შერიფის გარდა", - დაამატა გულში. 
სისხლის გადასხმამ მშვიდობიანად ჩაიარა, კოვაქსს ოდნავ გამოკეთება დაეტყო. ექიმმა სწრაფად აკრიფა ნივთები და კარს მიაშურა. 
- მე დაგტოვებთ, - მან თვალი გააპარა ლუციუსისკენ. 
- რა თქმა უნდა, - გაიღიმა ქერა ვამპირმა, ექიმს მკლავში გამოსდო ხელი და კიბეებზე ჩაუძღვა, - გაგაცილებთ, სახლამდე, რომ გზაში რამე უსიამოვნება არ შეგემთხვათ. 
ლუციუსი და ექიმი მანქანას მიუახლოვდნენ, ექიმმა უკანა კარი გამოაღო, სამედიცინო ჩანთა სავარძელზე მოათავსა და შემდეგ წინა, მძღოლის გვერდითი კარების სახელურს მოჰკიდა ხელი. უეცრად თითქოს ჩრდილმა გაიელვა, არსაიდან გაიშხუილა წვეტიანმა სარმა და ლუციუსს მუცელში ჩაესო, უკვდავმა დაიღმუვლა და მუხლებზე დაეცა, სარის ბოლოს ორივე ხელით ჩაეჭიდა და ჭრილობიდნ ამოძრობა სცადა. 
ექიმი თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ამ საოცარ და შემაძრწუნებელ სანახაობას. მოულოდნელად ვიღაც სწვდა ყელში, მაღლა ასწია და სისხლისმწყურვალი მზერით მიაჩერდა ქვემოდან, ექიმი კანკალმა აიტანა, ის ხედავდა ამღვრეულ, ჩასისხლიანებულ თვალებს, მოელვარე ეშვებს, საზარელ ნიღბად ქცეულ სახეს, მაგრამ ექიმმა ალდო ტომპსონმა ამ ნიღაბში მაინც ამოიცნო თავისი ყოფილი სტუდენტი. 
- სალი... - ამოიხრიალა სუნთქვაშეკრულმა, - მისტერ სალაზარ...

თავი 7

     „უკვე არაერთხელ ითქვა, რომ სალემის კუდიანთა სამსჯავრო ის კლდეა, რომელზეც თეოკრატია დაიმსხვრა.“

ჯორჯ ლინკოლნ ბური. 

..... 1692 წლის 10 ივლისი, მასაჩუსეტსი, სალემი. დასახლების განაპირას, ტყის განაკაფთან ახლოს იდგა დროის გარდამავლობისგან კარგად შელანძღული ქვის სახლი, რომელსაც სალემში და მის შემოგარენში არც თუ ისე პატიოსანი სახელი ჰქონდა გავარდნილი, ეს ის პერიოდია, როდესაც სალემში და მასაჩუსეტსის კოლონიის სხვა დასახლებებში "ჯადოქართა არსებობის" მასობრივი ისტერია მიმდინარეობდა. ბნელ ძალებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. სამართლის სახელგანთქმული სპეციალისტები სხვადასხვა დასახლებებიდან შეკრებილიყვნენ და სულ მცირე ხანში გაიმართებოდა მსოფლიოს ფართო მასებში "სალემის კუდიანთა სამსჯავროს" სახელით ცნობილი სასამართლო პროცესი, რომელიც მომავალში სამარცხვინო ფურცლად ჩაეწერება შეერთებული შტატების ისტორიაში. 
ამ მასობრივ ისტერიას თითქოს არ ასდევდა ეს ძველი ქვის სახლი და მასში მცხოვრებნი, "მცხოვრებნი" პირობითად, რადგან სალემელები ამ სახლის დანახვისას ან შორიახლოს ჩავლისას პირჯვარს იწერდნენ და ღმერთს ეშმაკისგან დაცვას სთხოვდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ ეს ღვთისგან მივიწყებული შენობა სწორედაც ბნელი ძალების საბატონო ადგილს წარმოადგენდა. 
ამ საღამოს, 1692 წლის 10 ივლისის ცხელ ღამეს, იმ დროს, როდესაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ბუსაც კი ეზარება კივილი და სალემელები საკუთარ სახლებში ჩაკეტილიყვნენ გასაგებ მიზეზთა გამო, ამ ქვის სახლში მაინც შეინიშნებოდა სიცოცხლის არსებობა, ეს იყო სანთლის სუსტი შუქი, რომელიც ფანჯრიდან გამოდიოდა და ფანჯარასთან მდებარე გადამხმარ ბალახს ოქროსფერ სხივს აფრქვევდა. 
შიგნით, ოთახში განიერი საწოლი, ხის მოყანყალებული მაგიდა და ეული სკამი იდგა, ხისგან გამოთლილი, სხვა მხრივ არაფრით იყო გამორჩეული სახლის ინტერიერი, გარდა საწოლისა, სადაც ორი შიშველი სხეული ჩაჰკვროდა ერთმანეთს. ერთი აშკარად მამაკაცის იყო, ამას მოწმობდა მისი ათლეტური აღნაგობა, მამაკაცს გრძელი ქერა თმა და ოდნავ შევერცხლილი წვერი ამშვენებდა, ზურმუხტივით მწვანე თვალებით ეშმაკურად უყურებდა ქალს და ყოველი ბიძგისას ქალის მარმარილოსავით ნათალი ყელიდან ამოსული კვნესა აგიჟებდა, ქალს - რომლის სილამაზე ძნელად თუ აღიწერება, თეძოებამდე დაშვებული შავი, სწორი თმა, უზადოდ გამოყვანილი სხეულის ფორმები და უცნაური ცისფერი თვალები ჰქონდა, საიდანაც ერთდროულად იფრქვეოდა სისასტიკე, სიყვარული და აღგზნება, ჩამოქნილი ფეხები კაცისთვის წელზე შემოეხვია და კაცთან ერთად სინქრონულად მოძრაობდა. 
მამაკაცმა ერთი ხელი წელზე მოხვია ქალს, მეორე ხელი თმაში შეუცურა, ტუჩებით კი ვარდისფრად ამობურცულ ძ*უძუსთავს დააკვდა, მოძრაობა ააჩქარა და როდესაც მან და მისმა პარტნიორმა სიამოვნების მწვერვალს ერთად მიაღწიეს, მათმა ხმაშეწყობილმა ოხვრა-კვნესამ ოთახის ეროტიკით გაჯერებული ჰაერი შეარხია. 
კაცმა სიამოვნებისგან მოღვენთილი ქალის ულამაზესი სხეული გულში ჩაიკრა, მძლავრი მკლავები შემოხვია და მსხვილ ტუჩებზე მსუბუქად აკოცა, შემდეგ ფრთხილად დაუშვა საწოლზე და თვითონაც გვერდით მიუწვა თავქვეშ ხელამოდებული, მეორე ხელის თითებს ქალის მაღალ მკერდზე დააცურებდა და ძ*უძუსთავების გარშემო წრეებს ხაზავდა, ქალს თვალები დაეხუჭა, იღიმებოდა და ცდილობდა ბოლომდე შეერგო ის ენით აუწერელი სიამოვნება, რაც კაცთან ერთად განიცადა რამდენიმე წუთის წინ. 
- ძვირფასო, - მამაკაცის ხმა ტკბილად და შემპარავად ჟღერდა, - იქნებ გუშინდელი საუბარი გაგვეგრძელებინა? 
ქალმა კვლავ გაიღიმა, ხელი აღმართა და მაგიდისკენ გაიწოდა, მამაკაცი აღფრთოვანებული დააკვირდა, საოცარი ძალის მოქმედებით მაგიდაზე მდგარი წყლის ფინჯანი ნელა აიწია ჰაერში და ქალის ხელის მიმართულებით გამოცურდა ჰაერში, ქალმა ის თითქოს ჰაერიდან ჩამოიღო, წამოჯდა, წყალი მოსვა და შემდეგ ფინჯანი საწოლის გვერდით, იატაკზე დადგა. ის მამაკაცისკენ შებრუნდა და ცისფერი თვალები მიანათა. 
- გაბრიელ, ჩვენ ხომ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ? 
- დიახ, ვისაუბრეთ, - მამაკაცი წამოდგა, ჩიბუხში თუთუნი ჩატენა და უდიდესი სიამოვნებით შეუშვა ფილტვებში პირველი ნაცრისფერი ნაკადი, - მაგრამ მინდა რაღაც-რაღაცეები აგიხსნა, ჩემო საყვარელო, იმედი მაქვს, შევძლებ შენს დარწმუნებას, - ის კვლავ ქალის გვერდით გაიშხლართა საწოლზე და ჭერს მიაპყრო ზურმუხტივით მწვანე თვალები. 
ქალი ლოყით მის მხარს მიეკრო და დაკუნთულ მკერდზე აათამაშა თლილი თითები. 
- ეს ძალიან საშიშია, ძვირფასო, შენც ისეთივე ზებუნებრივი ხარ, როგორც მე, რაში გვჭირდება მესამე? შენ პირველყოფილი ვამპირი ხარ, მე კი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი. 
მამაკაცი წამოჯდა, ჩიბუხი გვერდით გადადო, ქალოს ლამაზი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა. 
- მომისმინე ჩემო სიცოცხლე, ჩვენი დიადი მიზნისთვის კიდევ ერთია საჭირო, ხომ ხედავ სალემში უკვე იყნოსეს ჯადოქართა არსებობა და დღეს თუ ხვალ დევნას დაიწყებენ... იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ შეიძლება შენამდეც მოაღწიონ, ასეთ შემთხვევაში სათადარიგო ვარიანტი მზად უნდა მქონდეს. 
ქალმა თვალებიდან ცეცხლი დაკვესა, ხელისკვრით მოიშორა მამაკაცი და მოშორებით გადაჯდა. 
- შენ არ გიყვარვარ, მხოლოდ შენი მიზნებისთვის გჭირდები, ხომ ასეა? 
კაცი ფრთხილად მიჩოჩდა ქალთან, შიშველ ზურგზე თითები ჩამოუსვა, შემდეგ მხრებში სწვდა, შემოაბრუნა და ხანგრძლივი კოცნით დააკვდა ტუჩებზე. 
- გთხოვ, - მისი ჩურჩული ქალს აგიჟებდა და ჭკუიდან გადაჰყავდა, - ძვირფასო, ამ ერთ თხოვნაზე ნუ მეტყვი უარს, სიყვარულისთვის კი მთელი მარადისობა გვაქვს. 
ქალმა კისერზე შემოხვია ხელები და კოცნაზე კოცნით უპასუხა. 
- იცი, როგორც უნდა დამითანხმო, - გაიცინა მან და კაცს მოშორდა, - კარგი, ვინაა ის ბედნიერი, ვინც ჯადოქრად უნდა ვაქციო? 
მამაკაცმა მოწონებით ჩაიცინა, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, ქალს კი მისი სრულიად შიშველი, მიქელანჯელოს დავითივით ნაქანდაკარი სხეულის მზერით ტკბობის საშუალება მისცა. 
- მას რებეკა ჰქვია, - მიუგო მამაკაცმა მცირე ხნის შემდეგ, - შეძლებ, რომ შენი ძალები მას გაუნაწილო? 
- რა თქმა უნდა, - გაუღიმა ქალმა, - მე მასში ჯადოქრის ძალას ჩავსახავ, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი ვერ იქნება, რადგან მე ერთადერთი ვარ. 
მამაკაცი შემობრუნდა, საწოლისკენ ელვისებური ნახტომი გააკეთა, ქალი მკლავებში მოიქცია და გააფთრებული დააცხრა მკერდზე. 
- ფრთხილად, - გაიცინა ქალმა და თვითონაც როგორც სურო კედელს, ისე ჩაეკრა კაცს...

*****
     სალაზარს სახეზე გაოცება გამოეხატა, ფრთხილად დაუშვა შიშისგან გაციებული ექიმი მიწაზე. 
- მისტერ ტომპსონ, ეს თქვენ ხართ? 
ექიმი განცდილი შიშისგან ვერ ახერხებდა ხმის ამოღებას, მხოლოდ სწრაფად დაუქნია თავი. 
სალაზარმა მიწაზე მოკრუნჩხულ ლუციუსს გახედა სწრაფი მზერით, შემდეგ მანქანის კარი გამოაღო და ხელი უბიძგა ექიმს. 
- აქედან წადით, სწრაფად, აქ არაფერი გესაქმებათ. 
- მაგრამ... - ექიმმა შეწინააღმდეგება სცადა. 
- სწრაფად, - სალაზარის ხმა ღრენაში გადაიზარდა. 
ამ ხმის გაგონებაზე ექიმს ხვეწნა-მუდარა აღარ დასჭირვებია, მანქანაში ჩახტა და საბურავების წივილით მოსწყდა ადგილს. 
სალაზარმა თვალი გააყოლა და როდესაც ექიმის მანქანა მოსახვევში გაუჩინარდა, მიწაზე გართხმული ქერა უკვდავისკენ შემობრუნდა ეშვებდაღრენილი. 
- სალაზარ, - ლუციუსმა სისხლი გადმოანთხია პირიდან და კვლავ მუცელში ჩასობილ სარს ჩაეჭიდა, თუმცა ჭრილობიდან ამოღებას ვერ ახერხებდა. 
- ყოვლისშემძლე ლუციუსი, - ზიზღით თქვა ჰიბრიდმა, ქერა უკვდავს მიუახლოვდა მძიმე ჩექმის ჭვინტი სახეში ამოსცხო, - უკვე თავს მაბეზრებთ საკუთარ თავზე შეყვარებული პრიმუმები. 
ლუციუსი უკანასკნელი ძალების დაძაბვით მიფორთხდა ხესთან, ხის ზურგს მიეყრდნო და დაოსებული მზერით ახედა თავს წამომდგარ ჰიბრიდს. 
- რას აკეთებ... - დაუძლურებული ხმით დაიღრინა მან, - გაბრიელმა ტვინი გამოგირეცხა, შენ მასში მხოლოდ კარგ პიროვნებას ხედავ... 
სალაზარმა მკვეთრად ჩაიცინა, თმაში სწვდა ლუციუსს და თავი მაღლა ააწევინა, ბოროტი მზერით ჩააკვდა ცისფერ თვალებში. 
- ზუსტად ისე ცდილობ ჩემს შეცდენას შენი ტკბილი ენით, როგორც გაბრიელმა აღმიწერა, ვიცი, რომ შენი სიტყვების ნდობა არ შეიძლება. 
- ის ცრუობს, - დაიხრიალა ლუციუსმა და აუტანელი ტკივილისგან სახე შეეშალა, წითელმა ვერცხლისწყალმა უკვე შეაღწია მის სისხლში და ნელ-ნელა ედებოდა ორგანოებს. 
- მნიშვნელობა არ აქვს ცრუობს თუ არა, - დამცინავად მიუგო სალაზარმა, - თქვენ ყველა უნდა მოკვდეთ, პირველყოფილები, თქვენ არსებობის უფლება არ გაქვთ, თქვენ ხალხისთვის მხოლოდ სისხლი და ცრემლი მოგაქვთ, ვინ მოგცათ უფლება, ადამიანების და არაადამიანების ცხოვრების წესი განსაზღვროთ? 
- ფილოსოფიურ ხასიათზე ყოფილხარ, - შეუღრინა ლუციუსმა. 
- შემეძლო მხოლოდ ერთი ნაკბენით მომეკალი, - თქვა სალაზარმა, - მაგრამ არა, აი ასე მოგკლავ, ამ სარით, როგორც შენ სხვებს უსწრაფებდი სიცოცხლეს, დატკბი, ხომ კარგი გრძნობაა? - სალაზარმა ლუციუსს თმაში ხელი უშვა და მია ჯეკსონის სახლს გახედა. 
ლუციუსმა მაშინვე დიჭირა მისი მზერა. 
- მათ შეეშვი, - ძლივს ამოილაპარაკა მან, - მათ მაგივრად მე ვაგებ პასუხს, ოღონდ მიას და კოვაქსს შეეშვი, სალაზარ. 
სალაზარმა ბოროტად გაიცინა. 
- შენს მოკვლას არ ვაპირებ, მე არა, ამის ბედნიერება სხვას ერგო წილად, თუმცა არც მე ვიტყოდი უარს, - მან დაუსტვინა და ჩამუქებული ხეების ჩრდილიდან წითურთმიანი გოგონა გამოვიდა, სახეზე სისასტიკე ესახებოდა, ის ლუციუსის წინ შესდგა და შურისმაძიებელი მზერით დააკვირდა. 
- ლუციუს, მიცანი? - კმაყოფილებით გაჯერებული ჟღერდა მისი ხმა. 
ლუციუსმა თავი ასწია და გოგონას დააკვირდა. 
- ჯესიკა, მაქცია... 
- მიხარია, რომ მიცანი, - გაიღიმა გოგონამ, ლუციუსის მუცელში ჩასობილ სარს ხელი წაავლო და ოდნავ მიაწვა. 
ლუციუსმა დაიგმინა. სალაზარმა ფართოდ გაიცინა. პირველყოფილის ტანჯვის ყოველი წამი მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. 
- შენ მამაჩემი სასიკვდილოდ გაიმეტე, რამდენიმე მაქცია მოკალი, - ჯესიკამ თვალებში ჩახედა ლუციუსს, სარისთვის ხელი არ გაუშვია, - კოვაქსმა კი, მაგ უბოროტესმა დემონმა, კასტორი მოკლა, ადამიანი, რომელსაც ვუყვარდი. 
- რომ გითხრა ამ ყველაფრის გამო ვწუხვართქო, მოგატყუებ, - ამოიღრინა ლუციუსმა და პირიდან სისხლი გადმოაფურთხა, - სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანთან მოვა. 
სალაზარმა ჩაახველა. ჯესიკა შემობრუნდა და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო. 
- წავალ, ვნახავ კოვაქსი როგორ არის, - ლუციუსის გასაგონად განგებ ხმამაღლა თქვა მან. 
ლუციუსს არაფერი უთქვია, სხეულით დაუძლურებულიყო და სხეულში ჩარჭობილი სარი მოძრაობის ყველანაირ უნარს უზღუდავდა, მაგრამ მისი გამჭრიახი გონება სწრაფად და უშეცდომოდ აზროვნებდა. დიდი ყურადღება არ მიუქცევია სალაზარის სიტყვებისთვის, იცოდა რომ ის მია ჯეკსონის სახლში ვერ შეაღწევდა, სალაზარი ხომ ჰიბრიდი იყო, მის ბუნებაში ვამპირი სჭარბობდა მაქციას, თან სანამ ის ჰიბრიდი გახდებოდა, ჩვეულებრივი ვამპირი იყო, ჩვეულებრივი ვამპირები კი უცხო სახლის შელოცვის ძალას ვერაფერს უხერხებდნენ. 
ჯესიკამ თვალი გააყოლა ნელი ნაბიჯით მიმავალ სალაზარს შემდეგ ლუციუსს მიუბრუნდა. 
- მის ჯეკსონი არასდროს გაპატიებს, - დაიგმინა ლუციუსმა. 
ჯესიკამ თავხედურად ჩაიცინა. 
- ვინ, ის პატარა კა*პა? ძალიან მიმნდობია, მას ხომ უახლოესი მეგობარი ვგონივარ. 
- უსინდისო ადამიანო...
- რატომაც არა, - გაიცინა ჯესიკამ, - მას არ მოვკლავ, ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენებთ, ბოგდანს მასთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები აქვს, - ის წამოდგა, - აბა, გვეყოს ახლა მეგობრებივით საუბარი, დროა ამქვეყნიურ სამყოფელს გამოემშვიდობო... 

*****
     ..... 1692 წლის 16 ივლისი. მასაჩუსეტსი. სალემი. ქვის სახლში კვლავ სიწყნარე გამეფებულიყო, ქერათმიანი, მწვანეთვალება მამაკაცი და შავთმიანი, ულამაზესი ქალი საწოლში ნებივრობდნენ, გაბრიელი ოდნავ დაძაბული ჩანდა, მაგრამ ამას მხოლოდ ძალიან დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა. ქალს მამაკაცის მკერდზე დაედო თავი და ოდნავ გაღიმებული უსმენდა მის მძლავრ გულისცემას. კაცს ჭერისკენ მიეპყრო ჩაფიქრებული თვალები და დრო და დრო მოუთმენელ მზერას კარს სტყორცნიდა ხოლმე, თითქოს ვინმეს გამოჩენას ელოდებოდა. 
- მივხვდი, რომ მართალი იყავი, - თქვა ქალმა, კაცის მკერდზე დააცურებდა თითებს. 
- რას გულისხმობ, ძვირფასო? 
- რებეკას ჯადოქრად ქცევას, ახლა სამნი ვართ და უფრო ძლიერები ვართ. 
- რა თქმა უნდა, - მიუგო კაცმა და კვლავ კარს გახედა, საიდანაც მონადენმა მცირე ხმაურმა მიიპყრო მისი ყურადღება. 
გაბრიელმა ფრთხილად მოიშორა ქალი, წამოდგა, წელზე ზეწარი შემოიხვია და კარს მიაშურა. მაგრამ დაასწრეს, კარი შემოამტვრიეს და ოთახში ოთხი მამაკაცი შემოვარდა, ოთხივეს ფართოფარფლიანი პანამა ეხურა და ხელში გრძელი თოფები ეჭირათ. ერთ-ერთმა თვზსაჭერი ბადის მსგავსი ბადე მოიქნია, ქალს სტყორცნა და შებორკა, შემდეგ ოთხივე მისცვივდნენ, ხელები და ფეხები მჭიდროდ შეუკრეს და წამოაყენეს. 
- ის არის? - ოთახში მეხუთე მამაკაცმა შემოაბიჯა და ქალი შეათვალიერა, აშკარად მონუსხული დარჩა მისი გარეგნობით. 
- დიახ, ისაა, - კვერი დაუკრა გაბრიელმა. 
მამაკაცმა თავი დაუქნია, ოთახი გადაკვეთა და შებოჭილი ქალის წინ შესდგა, ჯიბიდან ეტრატი ამოიღო და დააკვირდა. 
- ტალია მეისონ, თქვენ ბრალად გედებათ შავი მაგიის გამოყენება და ბნელ ძალებთან კავშირი, დაპატიმრებული ხართ და ხვალ სასამართლოს წინაშე წარსდგებით, - მამაკაცმა ერთი ამოსუნთქვით მიაყარა და დანარჩენებს მიუბრუნდა, - წამოყვანეთ! 
ქალმა გაიბრძოლა, მაგრამ ოთხ ჯან-ღონით სავსე კაცთან ვერას გახდა, შებორკილი ხელების გამო არც მაგიის გამოყენება შეეძლო, შეშლილი თვალებით მიაჩერდა გაბრიელს. 
- გაბრიელ, ეს რა ჩაიდინე... 
გაბრიელი ქალს მიუხლოვდა და ტუჩები ყურთან მიუტანა. 
- ტალია, ძვირფასო, შენ ძალიან ძლიერი ჯადოქარი ხარ, იმდენად ძლიერი, რომ ჩვენი დაღუპვაც კი შეგიძლია, მიზანი ამართლებს საშუალებას, მე უკვე რებეკა მყავს, შენ აღარაფერში მჭირდები, - უჩურჩულა და გველური ღიმილით გადგა გვერდით. 
- ამას არასდროს გაპატიებ, გაბრიელ, - იყვირა ქალმა, როდესაც ოთახიდან გაჰყავდათ. 
კანონის დამცველთა მეთაური შესდგა და ხელი მაგრად ჩამოართვა გაბრიელს. 
- მადლობას გიხდით, სერ! 
- საჭირო არ არის, - გაიღიმა გაბრიელმა, შემდეგ ოდნავ წინ გადაიხარა და ჩურჩულით განაგრძო, - სერ, გირჩევთ მას თოკები არ მოხსნათ, ის ძალიან საშიშია. 
- აუცილებლად გავითვალისწინებთ, - მამაკაცმა თავი დაუკრა კარს მიაშურა, მისი წასვლის შემდეგ გაბრიელმა კმაყოფილი ღიმილით მოიფშვნიტა ხელები, ჩიბუხში თამბაქო ჩატენა, მოუკიდა და საწოლზე ჩამოჯდა... 

******
     ...... 1692 წლის 19 ივლისი. მასაჩუსეტსი. სალემი. სალემის ცენტრალურ მოედანზე უამრავი ხალხი შეკრებილიყო, სხვადასხვა დასახლებებიდანაც ჩამოსულიყვნენ ცნობისმოყვარეები, უნდოდათ, საკუთარი თვალით ენახათ, რა შედეგი მოჰყვებოდა სასამართლოს სხდომას, სადაც რამდენიმე დამნაშავეს ასამართლებდენ, თავისთავად ამხელა ინტერესს არ გამოიწვევდა სხვა რომელიმე ჩვეულებრივი საქმე, მაგრამ დღეს ხომ ჯადოქრობაში ბრალდებულები უნდა გაესამართლებინათ! 
მოსამართლის მაგიდის მოპირდაპირედ ფიცრისგან შეკრული ბაქანი აღემართათ, სადაც ორ, ვერტიკალურად ჩასობილ ბოძზე ოკეანიდან მონადენი სიოს წყალობით ავისმომასწავებლად ირხეოდა ყულფები, რომლებიც მსხვერპლს ელოდებოდნენ. 
მოსამართლემ მაგიდაზე ჩაქუჩი უხეშად და მომთხოვნად დააბრახუნა და ხალხს სიწყნარისკენ მოუწოდა, როდესაც ბრბო დაწყნარდა, ფეხზე წამოდგა, ერთხანს ფურცელს ჩაჰყურებდა, შემდეგ თავი ასწია და მის წინ მდგარ ხელფეხშეკრულ ქალს მიაპყრო სასტიკი მზერა. 
- ტალია მეისონ, სასამართლომ იმსჯელა და დამნაშავედ გცნოთ შავი მაგიის გამოყენებაში, ღმერთის გმობაში, აკრძალული ნივთების გამოყენებაში და ეშმაკთან კავშირში, თქვენ მოგესაჯათ სიკვდილით დასჯა. 
დაგუბებული ჰაერი აღტაცებული ხალხის ტაშისკვრამ და ყიჟინამ შეარყია. 
ქალს ხმა არ ამოუღია, არც მაშინ, როდესაც მისკენ დამპალი ვაშლების და ლაყე კვერცხების წვიმა წავიდა, არც მაშინ, როდესაც სასამართლოს ორი აღმასრულებელი მხრებში სწვდა და ფიცარნაგზე აათრია, არც მაშინ, როდესაც მცირე სკამზე შეაყენეს და თავი ყულფში გააყოფინეს, ის გაყინული მზერით იყურებოდა ერთი მიმართულებით, მხოლოდ ერთ ადამიანს უყურებდა, რომელიც ხალხის ბრბოში იდგა და ზურმუხტივით მწვანე თვალებით დამცინავად აკვირდებოდა. 
- გაბრიელ, არასდროს მოგასვენებ, - ეს იყო ქალის ბოლო სიტყვები, შემდეგ ერთ-ერთმა აღმასრულებელმა სკამს ფეხი ჰკრა და ტალია მეისონის სხეული უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა ჰაერში... 

თავი 8

     ლუციუსი კვლავ ზურგით იყო მიყრდნობილი ხის ტანს და ჟღალ წვერს პირიდან გადმოსული სისხლი უფერადებდა. იცოდა, რომ ეს დასასრული იყო. დასასრულზე არასდროს უფიქრია, ან რატომ უნდა ეფიქრა, ის ხომ უკვდავთა სამყაროში გამორჩეულად ძლიერი ინდივიდი იყო, მას პატივს სცემდნენ, მისი ეშინოდათ და გაურბოდნენ მასთან საქმის დაჭერას, ის ყოველთვის სამართლიანი წესებით იბრძოდა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ამ გადარეულ სამყაროში, ბევრს ნანობდა, ნანობდა რომ ვერ შეძლო ყველა დამნაშავე ურჩხულის დასჯა და ამ სიაში პირველ საპატიო ადგილს უდავოდ პირველყოფილ ვამპირთა კლანის მეთაური იკავებდა. ო, ახლა რომ სულ ერთი წამით ვინმეს გაეთავისუფლებინა ამ საზიზღარი სარისგან... მაგრამ მის წინ ჯესიკა იდგა, წითური მაქცია და საბოლოო, სასიკვდილო დარტყმის მისაყენებლად ემზადებოდა. მას არ ამტყუნებდა, ბოლოსდაბოლოს ის მაქცია იყო, ვამპირთა მოდგმის დაუძინებელი მტერი, ლუციუსი მისთვის მხოლოდ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, მოწინააღმდეგეს - რომელიც უნდა გაანადგურო. 
ჯესიკას ყურადღება სალაზარის უკმაყოფილო ბურტყუნმა მიიქცია. წითურმა მაქციამ ლუციუსის მუცელში ჩასობილ სარს ხელი შეუშვა და წამოიმართა. 
- რა ხდება? 
- სახლში ვერ შევდივარ, - უკმაყოფილო ხმით დაიღრინა სალაზარმა. 
- რატომ? - გაკვირვებამ გაიჟღერა გოგონას ხმაში. 
- არ ვიცი, - დაიღრიალა სალაზარმა, - ალბათ უცხო სახლის შელოცვის მაგია არ მიშვებს. 
- მაგრამ შენ ხომ ჰიბრიდი ხარ? 
- დიახ, - გამოეპასუხა სალაზარი, - მაგრამ მე პირველყოფილი არ ვყოფილვარ, ამიტომ ვერ შევდივარ სახლში. 
- ჯანდაბა, - ბოროტი ხმით დაიწივლა ჯესიკამ და ლუციუსმა უნებურად გაიფიქრა, ამ გოგონაში ამდენი ღვარძლი და ცბიერება საიდან დაგროვდაო. 
- ამის დედაც, - გააფთრებულმა სალაზარმა ფეხი დასცხო სახლის კედელს, - ეს შეუვალი ციხესიმაგრეა. 
ჯესიკამ ლუციუსი ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით გასწია სალაზარისკენ. 
- მე შემიძლია შესვლა, ეგ წყეული შელოცვა ჩემზე არ იმოქმედებს. 
სალაზარმა მოწონებით დაუქნია თავი და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ჯესიკას ზურგს უკან, ლუციუსის მიმართულებით გაუშტერდა თვალი. ჯესიკამ მის მზერას გააყოლა თვალი. 
ისინი თითქოს არსაიდან გაჩნდნენ, ოთხივე მამაკაცი საშუალოზე მაღალი, სუსტი აღნაგობის, ოდნავ წელში მოხრილი და წვეროსანი გახლდათ. ერთნაირი ტანისამოსი ეცვათ, მოძველებულ ყაიდაზე, თეთრი ტილოს შარვლები და ასევე თეთრი ზედები, მხრებზეც თეთრი მოსასხამები მოეგდოთ. ისინი თითქოს სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდნენ შთაგონებული მზერით. 
სალაზარმა მაშინვე იცნო ოთხეულიდან ერთ-ერთი მათგანი, რაფაელი ხომ მხოლოდ იშვიათი გამონაკლისი თუ არ იყო, მუდამ თან ახლდა გაბრიელს. 
- პრიმუმთა უმაღლესი საბჭო... - დაიჩურჩულა პირდაღებულმა ჰიბრიდმა, - ჯანდაბა, აქ საიდან გაჩნდნენ... 
- უმაღლესი საბჭო? - გაიმეორა ჯესიკამ და ლუციუსისკენ ფრთხილი ნაბიჯით მიმავალ სალაზარს გაჰყვა გვერდით. 
- არაფერი მოიმოქმედო, - გადაუჩურჩულა სალაზარმა ჯესიკას და უხუცეს პრიმუმებს მდაბლად დაუკრა თავი. 
უხუცესები თავის მხრივ, უხმოდ მიესალმნენ. რაფაელმა, რომელსაც აშკარად ამ ოთხეულში უპირატესი მდგომარეობა ეტყობოდა, დაკვირვებული თვალი შეავლო ლუციუსს და მზერა მუცელში ჩასობილ სარზე შეაჩერა. შემდეგ ნაბიჯი წინ წარსდგა და ერთი მარტივი მოძრაობით ქერა უკვდავი ტანჯვისგან გაათავისუფლა. 
ლუციუსი სწრაფად წამოხტა ფეხზე, გაცოფება დაიოკა, კოსტიუმი შეისწორა და უხიცესებს ნაძალადევი ღიმილით მიესალმა. 
- აქ რა ხდება, ლუციუს? - იკითხა რაფაელმა, მაღალმა, მკაცრი გამომეტყველების უხუცესმა და წვრილი, ნაცრისფერი, მოუსვენარი თვალებით სალაზარი და ჯესიკა შეათვალიერა. 
- უპირველეს ყოვლისა, - ტრადიციულად მაღალფარდოვნად ჟღერდა ქერა უკვდავის ხმა, - მოხარული ვარ თქვენი ნახვით, რაფაელ, ყველა თქვენგანს ვგულისხმობ, რასაკვირველია. 
რაფაელის მარცხნივ მდგომმა უხუცესმა - სომერსეტმა, რომელსაც ნაიარევებით დაფარული სახე, მეჩხერი წვერი და ცბიერი გამომეტყველება ჰქონდა, თვალები მოჭუტა და სალაზარს გახედა. 
- საიდანღაც მეცნობი...
- ის პირველყოფილი არ არის, სომერსეტ, - დაასწრო ლუციუსმა, - უბრალო ვამპირია, აქ მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და... 
- უბრალო გაუგებრობას? - დაცინვით იკითხა რაფაელმა და სარი ხელში შეათამაშა. 
- დიახ, - მკაცრად თქვა ლუციუსმა და რაფაელს დაჟინებით მიაშტერდა, - მე ლუციუსი ვარ, "კანონის წიგნის" მცველი და მე ვამბობ, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. 
რაფაელი ყურადღებით სწავლობდა ლუციუსის სახეს, დანარჩენმა უხუცესებმა სწრაფად გადახედეს ერთმანეთს, თითოეული მათგანი ძალიან კარგად იცნობდა ქერა პირველყოფილს და მის ბუნებას. 
- კარგი, - თქვა ბოლოს რაფაელმა, - შენი ნებაა... თუ რამეში დაგჭირდით, იცი, სადაც უნდა მოგვძებნო. 
- ბატონებო, - ქედმაღლური მანერით დაუკრა თავი ლუციუსმა, - არ გითქვიათ, საიდან მობრძანდებით და საით მიბრძანდებით. 
- მაქციის სუნი მოგვივიდა, ლუციუს, - საზარელი ეშვები გააელვა სომერსეტმა, - აქ მხოლოდ გავლით ვართ, ვიფიქრეთ, ჩვენიანებს ვნახავთთქო, აქ კი... - მან ბოროტი ღიმილით გახედა ჯესიკას. 
- ყველაფერი რიგზეა, სიტუაციას ვაკონტროლებ, - მოღუშული სახით მიუგო ლუციუსმა. 
- იმედია, - დაცინვით უპასუხა რაფაელმა, - შენ ზუსტად ამიტომ აგირჩიეთ, რომ მდგომარეობა კონტროლის ქვეშ გყავდეს, - მის ხმაში შეფარულმა მუქარამ გაიჟღერა. 
- პრობლემა არ არის და არც იქნება, - მიუგო ლუციუსმა. 
- იმედს დავიტოვებთ, - ჩაერია საუბარში მესამე უხუცესი, ბენიამინი. 
ლუციუსს პასუხი არ გაუცია, იგრძნო, რომ უხუცესები სალემში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყვნენ, აქ გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და შედეგით მაინცდამაინც არ ჩანდნენ კმაყოფილები. 
- კარგი, - სწრაფად თქვა რაფელმა და ბენიამინს ხელი გამოსდო, - სომერსეტ, ფრანკლინ, დროს ვკარგავთ. 
ოთხივე უხუცესმა სინქრონულად დაუკრეს თავები ლუციუსს, წარმატებები უსურვეს და ისევე სწრაფად გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ. 
ლუციუსმა მათ თვალი გააყოლა, შემდეგ შემობრუნდა და სალაზარს და ჯესიკას გამანადგურებელი მზერა მიაპყრო. 
- ჩემთვის გაუგებარია შენი საქციელი, - ისროლა სალაზარმა. 
ლუციუსმა სალაზარის მიმართულებით გათვლილი ნახტომის გაკეთება გადაიფიქრა, შესდგა და თვალები მოჭუტა. მის თავში წამიერად გაიელვა აზრმა, რომ იქნებ შესძლებოდა ჰიბრიდის გადაბირება თავის მხარეს. 
- რას გულისხმობ? 
- შეგეძლო მათთვის გეთქვა, რომ ჰიბრიდი ვარ და იმწამსვე მომიღებდნენ ბოლოს. 
- დიახ, შემეძლო, - ოდნავ გაიღიმა ლუციუსმა. 
- და რატომ არ გააკეთე ეს? 
ლუციუსმა სატანისებურად გაიღიმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა. 
- თქვენი სიკვდილი რომ გამოსავალი იყოს, წინ ვერავინ გადამიდგებოდა, მაგრამ შენ მე მჭირდები, აი შენ კი, - მან ჯესიკას შეავლო თვალი, - აქედან გაქრი, ამ მეორეჯერ გპატიობ, ერთხელ კიდევ თუ გამეჩხირე ყელში, გახსოვდეს, არ დაგინდობ, ახლა წადი. 
ჯესიკამ ოდნავ უკან დაიხია, თვალწინ წარმოუდგა სიტუაცია, როდესაც ამ ქერა პირველყოფილმა ძალიან ადვილად დაამარცხა ალფა მაქცია. სალაზარმა შეუმჩნევლად დაუქნია თავი და ჯესიკა ხეების მიღმა გაუჩინარდა. სალაზარი ლუციუსს მოუბრუნდა. 
- მე და შენ მტრები ვართ და ყოველთვის ასე იქნება, ლუციუს, - დაიღრინა სალაზარმა, - ნუ ეცდები ჩემს გადაბირებას, ის მიხრწნილი მოხუცები დროულად რომ არ გამოჩენილიყვნენ, უკვე მკვდარი იქნებოდი. 
ლუციუსმა ნიშნისმოგებით გაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. 
- მე დაგეხმარე, შენც უნდა დამეხმარო. 
სალაზარი ერთხანს მოღუშული შეჰყურებდა, ის სულაც არ იყო უმადური და მზაკვარი პიროვნება. 
- რა გჭირდება? - ჰკითხა ბოლოს. 
- ისეთი რამ მჭირდება, რაც კოვაქსს გამოაჯანმთელებს, - მიუგო ლუციუსმა. 
- გამორიცხულია, - თავი გააქნია სალაზარმა, - მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი, მარკუსმა და გაბრიელმა შეთანხმებას მიაღწიეს... 
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა, სიტუაცია აშკარად არასასურველ მიმართულებას იძენდა, - რა შეთანხმებაზეა საუბარი? 
- გაბრიელმა მას ანტიდოტი მისცა, - განაგრძო სალაზარმა, - რომელიც ჩემს ნაკბენს მოარჩენს, სამაგიეროდ... 
- სამაგიეროდ რა? - ვერ მოითმინა გაბრიელმა. 
- სამაგიეროდ მარკუსი გაბრიელს უნდა დაეხმაროს ტალიას განადგურებაში, - სალაზარმა ეშმაკური ღიმილით მიუთითა მია ჯეკსონის სახლზე, - ანუ გოგონას განადგურებაში. 
- ჯანდაბა, - დაიღმუვლა ლუციუსმა და მიმოიხედა. 
- ცუდ სიტუაციაში ხართ, - თქვა სალაზარმა და ნაბიჯი უკან გადადგა, - უნდა წავიდე, მაგრამ იცოდე, რომ ამ წუთიდან ისევ მტრები ვართ. 
ლუციუსმა ნელა დაუქნია თავი. 
- რა თქმა უნდა, მტრები ვართ, გმადლობ ინფორმაციისთვის. 
- შენთან ვალში აღარ ვარ, - მიუგო ჰიბრიდმა და წამის უსწრაფესად გაუჩინარდა. 
მისი წასვლის შემდეგ ლუციუსმა ყურადღებით დაზვერა გარემო და სახლს მიაშურა, სადაც მეორე სართულზე ორი ქალი გაყურსულიყო და ცდილობდნენ კოვაქსი, რომელსაც ძლივს ჩაეძინა, არ გამოეფხიზლებინათ. 
- რა ხდება? - იკითხა რებეკამ, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი მოვლენები სახლის მეორე მხარეს მიმდინარეობდა, იქ, სადაც სახლის ფანჯრები ვერ უყურებდა, ამიტომ სახლში მყოფთ შეუმჩნეველი დარჩათ ეზოში მომხდარი, თუმცა რებეკას არ გამოჰპარვია ლუციუსის უჩვეულოდ დაძაბული სახე. 
ლუციუსმა რებეკას მკლავში ხელი გამოსდო, ოთახის შორეულ კუთხეში წაიყვანა და იქიდან ფრთხილად გამოხედა მიას, რომელიც კოვაქსისთვის სველი ტილოს გამოცვლით იყო დაკავებული. 
ლუციუსმა მოკლედ გადასცა სალაზართან საუბრის შინაარსი და შენიშნა, ქალს როგორ შეეცვალა სახე. 
- ღმერთო ჩემო, მარკუსი... ის აქ მოვა გოგონას მოსაკლავად. 
ლუციუსმა უხმოდ დაუქნია თავი, შემდეგ მძიმედ ამოიხვნეშა. 
- ის კოვაქსისთვის ანტიდოტს მოიტანს, - თქვა ქერა უკვდავმა, - და კოვაქსი გამოჯანმრთელდება, მაგრამ... 
- მაგრამ მიას მოკლავს, - დაასრულა ქალმა. 
- ჩვენ კი, მე, შენ და მით უმეტეს კოვაქსი მიას სიკვდილს ვერ დავუშვებთ. 
- ის ყველას დაგვხოცავს, - ჩუმად თქვა ქალმა და სახეზე ხელები აიფარა. 
- იმედს ნუ დავკარგავთ, - მტკიცედ თქვა ლუციუსმა, - კოვაქსი არ დანებდება, მე კი კოვაქსს ვერ ვუღალატებ, შენ ძალიან ძლიერი ჯადოქარი ხარ, რებეკა, მის ჯეკსონში კი ტალიაა... 
რებეკამ სწრაფად ასწია თავი და იმედით მიაჩერდა ლუციუსს, მიხვდა, რასაც გულისხმობდა პირველყოფილი. 
- მასში ტალია უნდა გავაძლიეროთ, - მიზანდასახულად თქვა ქალმა. 
- როგორ? - ჰკითხა ლუციუსმა. 
- არ ვიცი, რამე ისეთი უნდა გავარკვიოთ, რაც ტალიას ეხება. 
- გაბრიელმა მასზე ყველაფერი იცის, - მიუგო ლუციუსმა. 
ქალი ჩაფიქრდა. 
- ტალიამ მე მაქცია ჯადოქრად, - თქვა ბოლოს, - მაგრამ მას შემდეგ ის არასდროს მინახავს, მე უნდა გამოვტყუო ინფორმაცია გაბრიელს, მანამდე კი თქვენ უსაფრთხო თავშესაფარი დაგჭირდებათ, ისეთი, მარკუსმა რომ ვერ მოგაგნოთ, - ქალმა მიას და კოვაქსს გახედა. 
- რამეს მოვიფიქრებ, - მიუგო ლუციუსმა და რატომღაც პირველი, ვინც იდეაში დაებადა, ექიმი ალდო ტომპსონი იყო, რომელიც იდელურად აკმაყოფილებდა საიდუმლო თავშესაფრის ყველა კრიტერიუმს... 


*******

........ ოკეანიდან მონადენი სიო ავბედითად არხევდა სახრჩობელაზე ჩამოკონწიალებულ გვამს და მიცვალებულის მხარზე მჯდომ ყორანს აფრთხობდა, მასაჩუსეტსის კოლონიაში, სალემის დასახლებაში ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ძაღლები უყეფდნენ იდუმალ ღამეს და ღამის წყვდიადში მქროლავ ღამურებს. 
გვამი კი ისევ ირხეოდა.... 
წინ და უკან... 
წინ და უკან... 
ისევ... 
და ისევ... 
მდუმარედ... 
თითქოს ამ სამყაროს გაჰქცევიაო... 
ჯუბაში გამოხვეულმა ორმა გლეხმა გვერდით ჩაუარა სახრჩობელას და სწრაფად გადაიწერეს პირჯვარი. 
- პიტერ, ჩემმა ცოლმა მითხრა, - უჩურჩულა ერთმა გლეხმა მეორეს, - რომ ეს კუდიანი, - მან თითი გაიშვირა სახრჩობელაზე ჩამოკონწიალებული გვამისკენ, - ღამღამობით სოფელში დაეხეტება და საზარელი ხმით მისტირის ვიღაცას... 
- გაჩერდი ერთი, - გაბრაზდა მეორე და კაპიშონი ჩამოიფხატა, - რაო ვითომ, მაინც რას ამბობს? 
- აი ასე, გაბრიელ... გაბრიელ... 
ამ დროს მათ წინ შავებით მოსილი მამაკაცი აღიმართა, მოკლე შავ წვერს იწიწკნიდა, ხელის მოძრაობის დროს დრო და დრო ღრუბლებს შორის მცურავი მთვარე მის არათითზე მბრწყინავ გვირგვინოსან ბეჭედს ავისმომასწავებლად აელვარებდა. გლეხები ერთბაშად შესდგნენ და შავოსანს მიაშტერდნენ, ღამის წყვდიადი უცნობი მამაკაცის სახის ნაკვთების გარჩევის შესაძლებლობას არ იძლეოდა. 
- ბატონებო, - უაღრესად ცინიკურად ჟღერდა მისი ხმა, - იქნებ დამდოთ პატივი და ცენტრალური მოედანი მიმასწავლოთ? 
- აქეთ, სერ, - ერთ-ერთმა გლეხმა მიმართულება უჩვენა. 
შავოსანმა მადლობის ნიშნად ოდნავ დახარა თავი და გლეხს მცირე ტყავის ტომსიკა გადაუგდო, სადაც მაცდურად დაიჩხრიალა პატიოსანმა ლითონმა. 
- ხურდა დაიტოვეთ, ბატონებო, - მან ირონიულად გაიღიმა და მოელვარე ეშვები გამოაჩინა, შემდეგ კი ისე სწრაფად გაუჩინარდა, გლეხებს ოქროს ფაქტი ხელში რომ არ სჭეროდათ, თავი სიზმარში ეგონებოდათ. 
- ეს... ეს რა იყო? - ძლივს დაილაპარაკა ერთ-ერთმა. 
- ალბათ რაღაც მოგვეჩვენა, - ხელი ჩაიქნია მეორემ უდარდელად, - მოდი ვნახოთ, რამდენი გვაჩუქა იმ გულმოწყალე ბატონმა.
ამ დროს კი შავოსანი მამაკაცი უკვე სახრჩობელის წინ იდგა, წინანდელი ცინიკური გამომეტყველება შეცვლოდა, უბრალოდ იდგა და წყვდიადივით შავი თვალებით გარემოს დაძაბული აკვირდებოდა, უმცირეს ჩქამს, უმცირეს ხმაურსაც კი იჭერდა, როდესაც დარწმუნდა, რომ არსაიდან საფრთხე არ ელოდა, ელვასავით სწრაფად გაჩნდა ფიცარნაგზე, თოკი გადაჭრა და ქალის გვამი ფრთხილად დაუშვა დაბლა, შემდეგ ჯიბეში დანა მოიძია, ქალის თმის მცირე ნაწილი თითზე გადაიხვია, სწრაფად გადაჭრა დანით და ჯიბეში ჩაიტენა, შემდეგ წამოხტა, გარემოს მიაყურადა და მოჩვენებასავით გაქრა ფიცარნაგიდან..

თავი 9

     მიუხედავად სალემში მიმდინარე ზებუნებრივი ომისა და ქიშპობისა, ქალაქის განწყობას არაფერი ეტყობოდა, არაფერი შეცვლილა მოსახლეობის ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში, ისევ სამსახური - დღის განმავლობაში, სამსახურის შემდგომ - სახლი, ლუდი, ან ქალაქგარეთ მდებარე ბარი, გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმელი, გონების დაკარგვამდე დათრობა, ცხარე დებატები პოლიტიკაზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, სალემის მცირერიცხოვანი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა მხოლოდ სალემით არ შემოიფარგლებოდა. 
ახლაც, ამ მშვიდ და გრილ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული ხალხის კატეგორია "სტივის ბარში" შეკრებილიყო, განხილვის თემას ტორნადო წარმოადგენდა, რომელმაც რაღაც სასწაულის ძალით სალემს შემოუარა და მიმდებარე ქალაქებს დაატყდა რისხვად. 
საუბარში, რომელსაც ნელ-ნელა კამათის სახე ეძლეოდა, არ იღებდა მონაწილეობას ბართან განმარტოებით მჯდომი მამაკაცი, ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო, როგორც ოკეანეში - "მფრინავი ჰოლანდიელი", აქაურს არ ჰგავდა, სახის გამომეტყველება მკაცრი და პირქუში ჰქონდა, შოკოლადისფერი თვალებით ვისკის ჭიქას დასჩერებოდა და თითქოს ჭიქაში მდგარ ყავისფერ სითხეში ცდილობდა საკუთარ ფიქრებზე პასუხის მოძებნას, შიგდაშიგ ხალხს თვალს გადაავლებდა და ამ მომენტში მისი მზერა დაძაბულ და ყურადღებიან ელფერს იძენდა, თითქოს ვიღაცას ელოდა, თუ რაღაცას...მოყავისფრო-მოშავო თმა მოკლედ შეეჭრა, გარშემო თითქმის წმინდად აეპარსა, სამხედრო ყაიდაზე, ფართო ნაიარევი წარბის შუა ნაწილთან იწყებოდა, შუბლის გავლით თავს ჰკვეთდა და კისერთან სრულდებოდა, ეს მას უკიდურესად საშიშ იერს სძენდა, თუ ამას მივათვლით უცნაურად მომზირალ თვალებს, მისი კუთხოვანი ნიკაპი რკინისებურ ხასიათზე მეტყველებდა, შავი ტყავის ქურთუკი სრულებითაც ვერ ფარავდა მისი ტანის ათლეტურ აღნაგობას, ასეთივე შავი, კოვბოური სტილის "LEVI'S"-ის ჯინსის შარვალზე მძიმებალთიანი, ირემის ტყავისგან დაწნული ქამარი შემოერტყა, მის მტკიცე იერს მძიმე ჩექმები აგვირგვინებდა. 
ვისკის ჭიქის გვერდით მცირე ზომის ფოტოსურათი იდო, რომელსაც მამაკაცი დროდადრო ხელში აიღებდა, აკვირდებოდა და სახე მაშინვე მჭმუნვარებით ეცვლებოდა. ფოტოზე გამოსახული იყო ძალიან ლამაზი ქალი, შოკოლადისფერი თმით და თვალებით, რომელიც პატარა გოგონას ჩაჰხუტებოდა. ფოტოს მეორე მხარეს ლამაზი ხელით გამოყვანილი წარწერა ამშვენებდა - "მიას დედიკოსგან"... 
- მეგობარო, - ხმაც გარეგნობასთან შესაბამისად მტკიცე და მრისხანე ჰქონდა. 
- დიახ, სერ! - ბარმენი, რომელიც თაროებზე გამოფენილი ალკოჰოლური სასმელების ბოთლების წმენდით იყო დაკავებული, მაშინვე მიუახლოვდა. 
- ფურცელი და კალამი, თუ შეიძლება. 
ბარმენმა, რომელმაც მაშინვე შიში და პატივისცემა იგრძნო ამ უცნობი მამაკაცის მიმართ, წამში აღასრულა ბრძანება და გაეცალა. 
მამაკაცი ერთხანს სუფთა ფურცელს დაჰყურებდა, კალამს ფოლადის მზემოკიდებულ თითებში ათამაშებდა და ფიქრობდა, შემდეგ თითქოს გადაწყვეტილება მიიღო, ვისკის ჭიქა მკვეთრი მოძრაობით გასწია განზე, ფურცელი წინ დაიდო და წერას შეუდგა. 
თეთრ ქაღალდს ნელ-ნელა, მეთოდურად იპყრობდა მუქი მელანი. 
გაბრიელი... 
ნათანიელი... 
რაფაელი... 
სომერსეტი... 
ფრანკლინი... 
ბენიამინი... 
ლუციუსი... 
კოვაქსი... 
მარკუსი... 
კონორი... 
რებეკა... 
მამაკაცმა წერა შეწყვიტა, ვისკის ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა და ფურცელზე ჩამოწერილ სიას შურისმაძიებელი, სასტიკი მზერა მიაპყრო, ერთხანს ასე აკვირდებოდა, შემდეგ მისი ყურადღება კარის გაღებისას წარმოქმნილმა უმცირესმა ხმაურმა მიიპყრო, არ შებრუნებულა, თავი ოდნავ დახარა და ფურცელს ჩააშტერდა დაძაბული მზერით, სინამდვილეში კი ხალხის საუბარს გაფაციცებული სმენით აყურადებდა. 
- მშვენიერი ადგილია განტვირთვისთვის, - თქვა ერთ-ერთმა ახალმოსულმა. 
ბართან მჯდომმა მამაკაცმა კალამს ხელი მოჰკიდა და "ფრანკლინი" შემოხაზა. 
- დიახ, აბსოლიტურად გეთანხმები, - მიუგო მეორემ. 
ამჯერად ამ ხმის გაგონებისთანავე მამაკაცმა "რაფაელი" მონიშნა, შემდეგ ოდნავ მარცხნივ შებრუნდა მთელი ტანით და კართან მდგარ ახალშემოსულებს დააკვირდა მოჭუტული თვალებით, მისმა მახვილმა მზერამ მამაკაცებში მაშინვე ამოიცნო პირველყოფილ ვამპირთა კლანის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ორი მათგანი - რაფაელი და ფრანკლინი, მზერა გაუცივდა, მისი თვალებიდან ზიზღში აღრეულმა გაცოფებამ გამოჟონა, ჯიბიდან მოკლე, გასაშლელი დანა ამოიღო და ხელისგულზე გადაისვე, საიდანაც მდორედ გამოჟონა სისხლმა, შემდეგ ნელა წამოდგა, ოთახი გადაკვეთა და კართან მივიდა. 
- ჯანდაბა, - ჩუმად დაიღრინა ფრანკლინმა, - სისხლის სუნი მცემს, თან მაშინ, როდესაც ასე ძლიერ მწყურია.. 
- ჰო, - დაეთანხმა რაფაელი, შინაგანი მხეცი დაიოკა და ხალხს თვალი მოავლო, შემდეგ მზერა კარისკენ მიმავალ ტანმაღალ მამაკაცზე შეაჩერა, - სისხლის სუნი მას მიჰყვება... წავედით. 
ორივე პირველყოფილი წამოდგა და უკან გაჰყვა მამაკაცს, რომელიც გარეთ გავიდა, ბარის ავტოსადგომი გადაკვეთა და ტყის ზოლში შევიდა. 
ტყეში სიბნელე და სამარისებური მდუმარება გამეფებულიყო. 
- ასე უცებ სად გაქრა? - გაკვირვებული ხმით თქვა ფრანკლინმა, ყნოსვა დაძაბა და მიმოიხედა, - სისხლის სუნსაც ვეღარ ვგრძნობ... 
ეს მისი ხანგრძლივი არსებობისას წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა, მის უკან მოჩვენებასავით გაიელვა რაღაცამ, წამის მეასედში კი პირველყოფილის უთავო სხეული მუხლებზე დაეცა, შემდეგ უკიდურესი გაოგნებისგან თვალებგადმოკარკლული რაფაელის ცხვირწინ გაყინული სივრცე ფრანკლინის ჯერ კიდევ მფეთქავმა ორგანომ გადაკვეთა და ბალახზე გაგორდა. 
რაფაელმა პირველად იხილა ის, რასაც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, ვიღაც, როგორც მოჩვენება ისე სწრაფად დაესხა მათ თავს და როგორც ქათამი - ისე ადვილად მოკლა უხუცესი პირველყოფილი, რაფაელს ძალიან უნდოდა ეს სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ მის ამ ძლიერ სურვილს უთავო პირველყოფილის სხეული და ბალახზე გაგორებული, ამოგლეჯილი გული ამსხვრევდა. 
- ვინ ხარ? - იყვირა რაფაელმა და უკან დაიხია, ფიქრებში მხოლოდ მარკუსის სახელი მოსდიოდა, მხოლოდ მას შეეძლო ასე ერთი ხელის მოსმით, აუღელვებლად და ადვილად მოეკლა პირველყოფილი ვამპირი, - მარკუს... 
მაგრამ ტყის ჩაბნელებული კორომიდან სრულიად სხვა პიროვნებამ გამოაბიჯა, ეს არ იყო მარკუსი, ეს ზუსტად ის მამაკაცი იყო, ვინც ბარში სასიკვდილო სია შეადგინა, ვინც ასე ოსტატურად გამოიტყუა ტყეში გონებამახვილი უხუცესები და ვინც უპრობლემოდ წააცალა თავი უხუცეს პრიმუმს. 
- ჰეიტემ... - გაოგნებული ხმა ჰქონდა რაფაელს, როდესაც მის გასისხლიანებულ მარჯვენას და სასტიკად მომზირალ შოკოლადისფერ თვალებს შეავლო მზერა. 
ჰეიტემმა დემონურად გაიღიმა და შემპარავი ნაბიჯით დაიძრა რაფაელისკენ. 
- რაფაელ, გსმენია რამე პირველყოფილ ჰიბრიდზე? არა? რა საინტერესოა, ნახვამდის, რაფაელ, - ჰეიტემმა ელვისებური მოძრაობით დაფარა მას და პირველყოფილ უხუცესს შორის მანძილი, მკერდში ოდნავ უბიძგა და წყვდიადში გაქრა. 
რაფაელს პირიდან სისხლი წასკდა, მკერდზე იტაცა ხელები და როდესაც ოდესღაც მძლავრად მფეთქავი გულის ადგილზე სიცარიელე აღმოაჩინა, ტუჩის კუთხე მწარე ღიმილმა აუგრიხა, თავი სინანულით გააქნია და თვალებგაყინული გაიშხლართა ბალახზე... 

******
     ექიმი ალდო ტომპსონი ყველანაირი ხერხით ცდილობდა რამდენიმე დღის წინ მომხდარის დავიწყებას, მართალია მან შერიფს დახმარება და მხარში დგომა აღუთქვა ამ ზებუნებრივი საქმის გამოძიებაში, მაგრამ მოვლენები იმდენად უცნაურად და წარმოუდგენლად ვითარდებოდა, რომ სულით ხორცამდე შეძრწუნებული ექიმი შერიფისთვის არაფრის თქმას არ აპირებდა, ბოლო დღეები კლინიკიდან შვებულება აიღო და გადაწყვიტა, ეს დრო დასაფიქრებლად და დასამშვიდებლად გამოეყენებინა. ამ უიკენდზე ის საკუთარ სახლში ჩაიკეტა, მაგარ-მაგარი სასმელები მოიმარაგა და გუგლის საძიებო სისტემას ჩაუჯდა, მისი ძებნის ობიექტს რაღათქმაუნდა უკვდავი არსებები და მათ შესახებ ინფორმაცია წარმოადგენდა. მოკვლევის შედეგი კი, როგორც ექიმი ვარაუდობდა, მრავალფეროვანი და ზღვა ინფორმაცია აღმოჩნდა, დაწყებული ბუგიმენით და დამთავრებული ვლად ცეპეშით, იგივე საყოველთაოდ ცნობილი დრაკულათი, ექიმი ვისკის წრუპავდა და მეთოდურად მიჰყვებოდა ლეპტოპის ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას, აქ თითქმის ყველაფერი იყო, მაგრამ არა ის, რასაც ალდო ტომპსონი კონკრეტულად ეძებდა, მის მიერ ნანახი რეალური ვამპირი არ შეესაბამებოდა ინტერნეტში მოძიებულ რომელიმე სისხლისმსმელი არსების ტიპაჟს, ექიმი მათგან თავის დაცვის საშუალებებზე გადაერთო, აღმოაჩინა, რომ თურმე ნიორი, ჯვარცმა, ნაკურთხი წყალი მომაკვდინებელია ვამპირებისთვის, ყოველშემთხვევაში ასე ირწმუნებოდა რომელიღაც ინკოგნიტო ბლოგერი. 
ტომპსონმა კედელზე ჩამოკიდებულ ჯვარცმას გახედა და ფიქრიანად დააქნია თავი. ასევე აღმოაჩინა, რომ თურმე ვამპირებს უცხო სახლში შესვლა არ შეუძლიათ სახლის მფლობელის ნებართვის გარეშე, ამ ცნობამ საბოლოოდ დაამშვიდა მისი აფორიაქებული სული, ჭიქა ვისკის მორიგი ულუფით შეივსო და დააპირა კუჭისთვის ალკოჰოლის მოზრდილი ყლუპი მიეწოდებინა, როდესაც ზარის ხმამ მისი ყურადღება მიიპყრო. 
ექიმმა ცივად დადგა ჭიქა მაგიდაზე და კარის გასაღებად ბუზღუნით წავიდა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ვიღაც თავხედი ბედავდა და მას - კლინიკის მთავარ ექიმს უიკენდზე წინასწარ შეუთანხმებლად სტუმრობდა, ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ის ადამიანი კი ამჟამად ვაშინგტონში იყო გამოძახებული, ამიტომ არანაირი შანსი არ არსებობდა იმის, რომ კართან შერიფი კრამერი მდგარიყო. 
ექიმის ვარაუდი გამართლდა, ზღურბლთან შერიფზე გაცილებით საშიში არსება იდგა, ჩვეულებისამებრ უზადოდ გამოწყობილი, ტუჩები მკაცრად მოეკუმა და გამსჭვალავი ცისფერი თვალებით ექიმის შუბლის ძვალს ბურღავდა. 
თავზარდაცემულმა ექიმმა ერთბაშად რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, რამაც სტუმრის სახეზე მხოლოდ ცივი ღიმილი გამოიწვია. 
- საღამო მშვიდობის, ექიმო, - კვლავ ზრდილობიანად ჟღერდა მისი ხმა, - მიხარია თქვენი დანახვა, რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე... 
ექიმმა გამბედაობა მოიკრიბა, დარწმუნებული იყო, რომ უკვდავი სახლში ვერ შემოვიდოდა მისი მოწვევის გარეშე, ამიტომ გაიჯგიმა, სახეზე უტეხი გამომეტყველება მოირგო და გამმწვევად შეაჩერდა ვამპირს უკიდურესად ცისფერ, თითქმის უფერულ თვალებში. 
- სერ... თქვენი სახელი შემახსენეთ, თუ შეიძლება. 
- ლუციუსი, თქვენი მონა-მორჩილი, - გაიღიმა უკვდავმა და ოდნავ დახარა თავი. 
ექიმმა სწრაფად ჩამოხსნა კედლიდან ჯვარცმა და მოიმარჯვა. 
- ჩემგან რა გინდათ? 
ლუციუსმა ღიმილით შეავლო თვალი ჯვარცმამომარჯვებულ ექიმს და დაგვიანებით გასცა პასუხი. 
- თქვენი დახმარება გვჭირდება, ექიმო. 
- მართლა? ალბათ რომელიმე ჯოჯოხეთის მოციქულს სიცხემ აუწია ხომ? - დაგესლა ექიმმა. 
- შეიძლება ასეც ითქვას, - კვლავ გაიღიმა ლუციუსმა და მიმოიხედა, - თქვენი ეპითეტი კოვაქსს ძალიან მოეწონება და საერთოდაც, ჩემი ღრმა რწმენით, თქვენ ერთმანეთს მშვენივრად გაუგებთ. 
ამ სიტყვებთან ერთად ლუციუსმა ელვისებური მოძრაობა გააკეთა და ოთახში აღმოჩნდა, პირდაპირ თავზარდაცემული ექიმის ცხვირწინ. 
ექიმი გაშრა, შიშისგან აკანკალდა, ჯვარცმა ხელიდან გაუვარდა და ხმაურით დაეცა იატაკზე. ლუციუსი მშვიდად დაიხარა, ჯვარცმა მოწიწებით აიღო, სული შეუბერა, მტვერი მოაცილა და კედელზე დააბრუნა. 
- ლეგენდებს მაინცდამაინც ნუ ენდობით, ექიმო, - თქვა მან, - თქვენ ხომ განათლებული კაცი ხართ, იმედია ამ მშვენიერი ხალიჩის ქვეშ ნიორი არ გაგიშლიათ, - ის დამცინავად მიაჩერდა ექიმის სულელურ გამომეტყველებას. 
- არა... ჯანდაბა... - როგორც იქნა ენა ამოიდგა ექიმმა. 
ქერა პირველყოფილმა ზურგზე ხელები დაიწყო და ნელა გაიარ-გამოიარა ოთახში, ის წიგნების თაროების წინ შესდგა და ყურადღებით შეათვალიერა ლიტერატურის სახელგანთქმული კორიფეების ნაწარმოებები. 
- თომას ჯეფერსონი, მემუარები, - ამოიკითხა ერთ-ერთი წიგნის დასახელება, - თქვენთან შემოთავაზება მაქვს, ექიმო. 
ექიმს ეუცნაურა მისი სიტყვები, როგორც სჩანს, ვამპირი მის მოკვლას სულაც არ აპირებდა.
- რა გნებავთ?
- არაფერი არ იძლევა იმდენ უპირატესობას სხვებზე, რამდენიც უნარი, დარჩე მშვიდი და გულცივი ნებისმიერ ვითარებაში, - გაიღიმა ლუციუსმა და მკვეთრად შემობრუნდა. 
- ეს თომას ჯეფერსონის სიტყვებია, - გათამამდა ექიმი და დივანზე დაეშვა. 
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ლუციუსი და მის მოპირდაპირედ მოკალათდა სავარძელში. 
- მე მისი თაყვანისმცემელი ვარ, - მიუგო ექიმმა, წამოდგა, კედლის ბარიდან ჭიქა გამოიღო, ვისკით შეავსო და უკვდავს მიაწოდა, თავისდაუნებურად აღმოაჩინა, რომ ამ უცნაური ვამპირისმაგვარი სასიამოვნო მოსაუბრე იშვიათად თუ შეხვედროდა. 
ლუციუსმა თავის დაქნევით მადლობა გადაუხადა, ჭიქა ჩამოართვა და გაუღიმა. 
- რა გსურთ შემომთავაზოთ? - ექიმი დივანს დაუბრუნდა. 
- ჩვენ სამალავი გვჭირდება, - მიუგო ლუციუსმა და ვისკი მოსვა, შემდეგ ჯიბიდან ქათქათა ცხვირსახოცი ამოიღო და ელეგანტურად მიიდო ტუჩებზე, - უფრო სწორად თუ ვიტყვით, ჩემს მეგობარს. 
- მას, ვისთანაც ვიყავი? 
- დიახ, - დაემოწმა ლუციუსი, - მანამდე, სანამ სრულად გამოჯანმთელდება. 
- ჯანდაბა, - ცივად თქვა ექიმმა, - და თუ უარს გეტყვით? 
- მაშინ იძულებული გავხდები შთაგაგონოთ, - გაიღიმა ვამპირმა, - ზოგადად, მე ძალმომრეობის წინააღმდეგი ვარ, ექიმო, მაგრამ თუ სხვა გზას არ დამიტოვებთ, მაშინ... 
- აქ, ჩემს სახლში? 
- აქ, თქვენს სახლში, - დაბეჭდა ლუციუსმა. 
ექიმმა სწრაფად გაანალიზა სიტუაცია. 
- და რას მთავაზობთ სამაგიეროდ? ალბათ სიცოცხლის უფლებას. 
- ეგ თავისთავად იგულისხმება, - თეთრი კბილები გააელვა უკვდავმა და წინ გადმოიხარა, - ბონუსად კი ისეთ რამეს შემოგთავაზებთ, რაზედაც თქვენ, თომას ჯეფერსონის თაყვანისმცემელი უარს ვერ იტყვით. 
- ჯანდაბა... - გაიმეორა ექიმმა და ნერწყვი გადაყლაპა, საუბარი აშკარად საინტერესო და სასურველ მიმართულებას იძენდა, - გისმენთ. 
ლუციუსმა კმაყოფილებით გაიღიმა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ვისკის ჭიქა შეატრიალა ხელში. 
- თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი აქ, ამ სახლში ყოფნა აბსოლიტურად საიდუმლოდ უნდა დარჩეს... 
- დიახ, დიახ, - სწრაფად უპასუხა ექიმმა. 
- მე თქვენ საჩუქრის სახით გადმოგცემთ... 
- რას? - მოთმინება გამოელია ექიმს. 
- თომას ჯეფერსონის მემუარებს, - გაიღიმა ლუციუსმა, - დედანს, და არა ასლს. 
- ჯანდაბა... - პირი ღია დარჩა ექიმს, - მეხუმრებით? 
- ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ. 
- და თქვენს ხელში საიდან მოხვდა ეს ფასდაუდებელი განძი? 
- მე მას პირადად ვიცნობდი, ექიმო. 
- მეხუმრებით? - კვლავ გაიმეორა სახტად დარჩენილმა ექიმმა. 
- არა, რა თქმა უნდა, - ლუციუსი ფეხზე წამოდგა და ჭიქა ფრთხილად დადგა ჟურნალების დაბალ მაგიდაზე, - შევთანხმდით? 
ასეთ შემოთავაზებაზე მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს, ეს სწრაფად გაიაზრა ექიმმა და რამეთუ სულაც არ იყო გიჟი, გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო, თომას ჯეფერსონის მემუარების დედანის გამო ლუციუსს კი არა, თუნდაც ეშმაკს მიჰყიდდა სულს. 
- შევთანხმდით, - გამოწვდილი ხელი მტკიცედ ჩამოართვა და აღმოაჩინა, რომ ვამპირის კანი სულაც არ იყო ცივი და გაქვავებული. 
ლუციუსი წამის უსწრაფესად გაჩნდა კართან და სანამ გავიდოდა, ექიმს გამოხედა. 
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და საერთოდაც თქვენთან ურთიერთობა, ექიმო, მწამს, რომ ასევე გააგრძელებთ ჩემს მოხიბვლას. 
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ექიმი და ვისკი მოსვა, - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ... - ის შეჩერდა, რათა შესაბამისი სიტყვა მოეძებნა თავის მრავალსიტყვიან ლექსიკონში. 
- თუ ვამპირთან მოგიწევდათ ურთიერთობა, თან ასეთ მშვიდ და სასიამოვნო ფარგლებში, - ღიმილით დაასრულა ქერა უკვდავმა, გამოღებულ კარში გაუჩინარდა და ექიმი ალდო ტომპსონი უკიდურესად გაკვირვებული დატოვა...

*****
     დაპირებისამებრ, ლუციუსმა კოვაქსი ექიმის სახლში გადაიყვანა შუაღამისას. მიას მარტოობის შეგრძნება დაეუფლა, რებეკას და პირველყოფილების გარეშე სახლი თითქოს უფრო დიდი და უფრო ცარიელი გამოჩნდა. გოგონამ ყურადღების გადატანა სახლის მილაგებით სცადა, ზედა სართულიდან დაიწყო და ის იყო, ქვედა სართული, კერძოდ სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება უნდა დაეწყო, რომ კარზე უხეშად დააკაკუნეს, მიას ჩვარი არ დაუდია, ისე მიაშურა კარს გასაღებად, გამოაღო და მის გულში ათასგვარი გრძნობა აირია, ტკივილი, სიყვარული, სიხარული, ისევ ტკივილი, იმედგაცრუება... კართან ბოროტად მომზირალი მარკუსი იდგა. 
გოგონას არ გაჰკვირვებია მისი დანახვა, ლუციუსისგან იცოდა, რომ მარკუსი ადრე თუ გვიან მის სახლსაც მოაკითხავდა, ის ხომ ახლა გაბრიელთან იყო შეკრული. 
- რა გინდა? - გოგონა კარის წირთხლს მიეყრდნო და მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა. 
მარკუსმა მის უკან მდებარე ოთახის სივრცე დაკვირვებული მზერით მოათვალიერა, შემდეგ სმენა დაძაბა და სახეზე იმედგაცრუება და გაშმაგება გამოეხატა. 
- კოვაქსს წამალი მოვუტანე, - თქვა მან და ერთი ფართო ნაბიჯით ოთახში აღმოჩნდა. 
გოგონამ უკან დაიხია. 
- აქ არ არის, აღარ. 
- ვიცი, - დაიღრინა მარკუსმა და მოელვარე ეშვები გამოაჩინა, - წამალი მოიცდის, სანამ მას მოვძებნი, მანამდე კი... - ის შემპარავი ნაბიჯით დაიძრა გოგონასკენ, - მის ჯეკსონ, შენს სხეულში ტალიაა ჩასახლებული და მე ის აუცილებლად უნდა გავანადგურო, პირადული არაფერია, მხოლოდ... 
- არ მომეკარო, - ჩაიჩურჩულა მიამ და მიმოიხედა, საშველი არსაიდან ჩანდა. 
- სწრაფად მოხდება, ვერაფერს იგრძნობ, - მარკუსის სახე საზარელ ნიღაბს დაემსგავსა, ლოყაზე ამობურცულ მსხვილ სისხლძარღვებში მოძრავი ალისფერი სითხე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა სისხლის ტბებად ქცეული თვალებისკენ. 
შველა კი არსაიდან, არაფრისგან გაჩნდა, ოთახში ჩრდილმა გაიელვა და წამის წინ გოგონას და მასზე თავდასხმისთვის გამზადებულ პირველყოფილს შორის ტანმაღალი მამაკაცი იდგა, ზურგით გოგონასკენ, მია მის სახეს ვერ ხედავდა. 
მარკუსი შესდგა და დაკვირვებით შეათვალიერა უცნობი, არ ეცნო, არასდროს ენახა, მაგრამ აშკარად იგრძნო მისგან მომავალი უხილავი ძალა. 
- ვინ ხარ? - დაიღრინა მარკუსმა. 
- უკან დაიხიე, - მამაკაცს პასუხი არ გაუცია, მისი ხმა სასტიკად და დამთრგუნველად ჟღერდა, - ამ სახლში არაფერი გესაქმება. 
მარკუსს სახის გამომეტყველება შეეცვალა, ბრაზი და გააფთრება მოაწვა, თვით პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს წევრებსაც კი არ მიუმართავთ მისთვის ესოდენ თავხედურად და გამომწვევად. 
- გამეცალე, - თვალებიდან ცეცხლი დაკვესა პირველყოფილმა, - ვინ არ უნდა იყო, ჩემს საქმეში ნუ ჩაერევი. 
- მართლა? - თავხედურად გაწელა უცნობმა და ტუჩის კუთხე სასტიკმა, ირონიულმა ღიმილმა აუგრიხა, - და თუ გეტყვი, რომ ეს ჩემი საქმეცაა? 
- რას გულისხმობ? - მარკუსი უკვე მოთმინებას ჰკარგავდა. 
- შენ ხარ ჩემი საქმე, - დაიღრინა უცნობმა და ნაბიჯი პირველყოფილისკენ გადადგა, ამ მოძრაობამ მარკუსს მოთმინება საბოლოოდ დააკარგვინა, ელვასავით ეცა მოწინააღმდეგეს, მაგრამ უცნობი მასზე გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა, ის წამის მეასედში სწვდა ყელში პრიმუმთა შორის უძლიერეს პირველყოფილს, გამოღებულ კარში როგორც ნაჭრის თოჯინა, ისე მოისროლა და როდესაც მარკუსი ზურგით დაეცა სახლის წინ მდებარე მწვანე გაზონზე, უცნობი უკვე იქ იდგა, ის დაიხარა, საყელოში სწვდა ვამპირს, კედელზე ზურგით მიაყუდა და სახეში ყინულივით ცივად მომზირალი შოკოლადისფერი თვალები მიაბჯინა, შემდეგ მოულოდნელად მარცხენა მოიქნია, ფოლადივით თითებმა მარკუსის მკერდის კუნთოვანი ქსოვილი გაგლიჯა, სხეულში მარტივად შეაღწია და გულს შემოეჭდო. 
- მარკუს... - მშვიდად თქვა უცნობმა, - რა სამწუხაროა ასეთი დასასრული, მაგრამ გახსოვდეს, რომ ჩვენ ყოველთვის იმას მივიღებთ, რასაც გავცემთ, მშვიდობით. 
წამიც და მარკუსი უსულოდ დაეცემოდა მწვანე გაზონზე, მაგრამ უცნობის მოქმედება გოგონას ხმამ შეაჩერა. 
- არა, გთხოვთ, - იკივლა მიამ, როდესაც მიხვდა, რასაც აპირებდა უცნობი. 
- უკაცრავად? - გაუკვირდა უცნობს, - თქვენ მთხოვთ, რომ ეს დემონი ცოცხალი დავტოვო? 
- დიახ... - მიუგო მიამ და მზერა მარკუსს შეავლო, - მე ის მიყვარს... ოდესღაც მიყვარდა... სანამ ასეთი გახდებოდა.. 
- ჯანდაბა, - უცნობს ყბის კუნთები აუთამაშდა, ძლივს აიძულა თავი, მარკუსის გულისთვის ხელი შეეშვა, მაგრამ კვლავინდებურად საყელოთი ეჭირა და გასაქანს არ აძლევდა, მან ყურთან მიუტანა ტუჩები. 
- შენს ცოდვილ სიცოცხლეს ამ გოგონას უმადლოდე, მარკუს, - ჩასჩურჩულა ხრინწიანი ხმით, - აქედან გაეთრიე და ილოცე, რომ არსად გადამეყარო, აი მაშინ კი ცოცხალი ვეღარ წამიხვალ, - მან მძლავრი მოქნევით მარკუსი ხეებისკენ მოისროლა, ცხვირსახოცით გასისხლიანებული ხელი შეიმშრალა და გვერდულად გამოხედა კართან მობუზულ გოგონას. 
- ვინ ბრძანდებით? 
- ის აღარ შეგაწუხებთ, - პაუზის შემდეგ მიუგო უცნობმა, - ვეღარავინ შეგაწუხებთ და ვეღარაფერი დაემუქრება თქვენს სიცოცხლეს, მანამ, სანამ მე აქ ვარ, მშვიდად იძინეთ, მის ჯეკსონ, ღამემშვიდობის, - უცნობი იმდენად სწრაფად გაუჩინარდა, რომ გოგონამ თვალის შევლებაც ვერ მოასწრო..

თავი 10

     სალემში წყვდიადი გამეფებულიყო, მოსახლეობას შუაღამის ტკბილი ძილით ეძინა. ოკეანიდან მონადენი გრილი სიო დინჯად არხევდა ქუჩების ჩაყოლებაზე ჩარიგებული ხეების უკვე შეყვითლებულ და შემოდგომის სუნთქვაშეპარულ ფოთლებს. ამ პატარა ქალაქის მყუდროებას ადგილობრივი შერიფის დეპარტამენტის მხოლოდ ორი საპატრულო ეკიპაჟი იცავდა. მეტი არც იყო საჭირო, სალემი მშვიდი ქალაქად მიიჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით ბოლო ოთხ-ხუთ თვეს. 
ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიტოვებულ სახლთან, რომელშიც დროდადრო ქალაქის საიდუმლო საბჭო იკრიბებოდა, ხეების ჩრდილს შეფარებული იდგა შავი, მოძველებული "მერსედესი", მაშუქები გამორთული ჰქონდა, თითქოს მფლობელს არამკითხე თვალთაგან საკუთარი არსებობის დაფარვა ჰქონდა გადაწყვეტილი. 
მანქანაში ორი ადამიანი იჯდა, საჭესთან მოთავსებულიყო მაღალი, მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი, რომლის ბოროტად მოელვარე შოკოლადისფერ თვალებს შუაღამის წყვდიადიც კი ვერ ჰფარავდა, მას ტყავის ქურთუკი და შავი ჯინსის შარვალი ემოსა ირმის ტყავისგან დაწნული მძიმებალთიანი ქამრით. 
მეორე მამაკაცი ასევე ახოვანი და შეუვალი ჩანდა, მის შავ თვალებში დროდადრო ცეცხლი და გამძვინვარება იელვებდა ხოლმე, ასაკით აშკარად უმცროსი ჩანდა საჭესთან მჯდომთან შედარებით, თუმცა აღნაგობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა მეგობარს, რაზედაც მისი დაჭიმული, დაკუნთული სხეული მეტყველებდა, ხელში მოუთმენლად ათამაშებდა ინდიელთა წესისამებრ შექმნილ მოკლეტარიან ტომაჰავკს და ტყის ჩაბნელებულ კორომს გამჭრიახი, მახვილი მზერით ჩხრეკდა. 
საჭესთან მჯდომს ხელში მობილური ტელეფონი მოემარჯვებინა და ნომრის აკრეფით იყო დაკავებული, მცირე ხნის შემდეგ ტელეფონი სიჩქარის გადამრთველ კოლოფთან მოათავსა, ყურში გაკეთებულ უკონტაქტო მიკროფონს ოდნავ მიუკაკუნა თითი და როდესაც დარწმუნდა მიკროფონის და ტელეფონის სინქრონში, CALL სენსორს მსუბუქად დააწვა. 
პარალელურ რეჟიმში, მანამ, სანამ უპასუხებდნენ, საჭესთან მჯდომმა პირში სიგარეტი გაირჭო და ოდნავ წინ გადაიხარა და ამ დროს მთვარის სუსტმა სხივმა მისი ნაიარევი გაანათა, რომელიც წარბიდან იწყებოდა, თავს კვეთდა და კისერთან სრულდებოდა. 
მანქანის სალონი სიგარეტის მსუბუქი, ცისფერი და არომატული კვამლით აივსო. 
- რაფაელ, - ყურსასმენში გაისმა გაღიზიანებული ხმა, - უკვდავობა იმის პრივილეგიას არ იძლევა, რომ შუაღამისას ძილს მიფრთხობდე... 
- ბოდიში, - უხეშად ჩაიცინა მამაკაცმა და ცხვირიდან ორტოტად გამოუშვა კვამლი, - არ მეგონა, წურბელებსაც თუ გქონდათ ძილის ბედნიერება. 
ამ სიტყვებს დაახლოებით ათწამიანი პაუზა მოჰყვა. 
- უკაცრავად, ვის ველაპარაკები? - ყურსასმენში მოისმა შეფარულად გაბრაზებული და ზრდილობიანი ხმა. 
- იმას, ვინც შენს წყეულ სიცოცხლეს დიდი სიამოვნებით წაგართმევს, - მიუგო მამაკაცმა. 
- მომისმინე, - დაიზუზუნა ყურსასმენმა, - არ ვიცი ვინ ხარ, ან სად ხარ, ან რაფაელის ტელეფონი საიდან მოხვდა შენს ხელში, მაგრამ გპირდები... 
მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, მამაკაცმა ტელეფონი გათიშა, ყურსასმენი ყურიდან გამოიღო და უხეშად მიაგდო ტელეფონის გვერდით. 
- ჰეიტემ, რას ვაპირებთ? - ჰკითხა გვერდით მჯდომმა. 
- ჩვენ მათ ყველას გავანადგურებთ, - დაიღრინა ჰეიტემმა და ტყის სიმშვიდე ძრავის გუგუნმა გაჰკვეთა, - როგორც კი მარველი შემოგვიერთდება, მაშინვე მოქმედებას დავიწყებთ. 
- მოკლევადიან გეგმებზე გეკითხები, - დააზუსტა გვერდით მჯდომმა. 
- მეზერს, ჩვენ პირველყოფილი ჰიბრიდები ვართ, - მიუგო ჰეიტემმა, - არც უმაღლეს საბჭოს, არც პირველყოფილებს, არც ჯადოქრებს და არც მაქციებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ჩვენ ვარსებობთ, ორი პირველყოფილი, ვინც მე გარეგნობით მცნობდა, უკვე მკვდარია, - ჰეიტემმა სიძულვილით გახედა უკანა სავარძელზე დაგდებულ სასიკვდილო სიას, სადაც უკვე გადაეხაზა "რაფაელი" და "ფრანკლინი".
გვერდით მჯდომს, რომელიც ჰეიტემმა "მეზერსად" მოიხსენია, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია და ლამპიონის შუქით განათებულ გზას გახედა, რომელიც სალემის ცენტრალურ უბნებს აკავშირებდა გარეუბანთან... 

*****
     ექიმის სახლში გადაყვანას და მისი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნას სულაც არ მოუხდენია დადებითი გავლენა შავგვრემანი პირველყოფილის ჯანმრთელობაზე. მას კვლავ მაღალი სიცხე, ჰალუცინაციები, გონების არევა და შეუხორცებელი ჭრილობიდან სისხლდენა სტანჯავდა. ლუციუსი და მია ჯეკსონი კვლავინდებურად გვერდიდან არ შორდებოდნენ სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულ უკვდავს და ზედმიწევნით ასრულებდნენ ექიმ ტომპსონის მითითებებს, მან რამდენჯერმე მოახდინა სისხლის გადასხმა და ამან თითქოს რამდენიმე საათით შვება მოჰგვარა ავადმყოფს, თუმცა ჰიბრიდის შხამის შემოტევა ძალიან ძლიერი იყო, მას ისევ ერეოდა გონება, ისევ ბოდავდა და აღგზნებული, აელვარებული თვალებით მიიწევდა სადღაც, ხან გულამოსკვნილი ტიროდა, ხანაც გიჟივით, გაშმაგებული ღრიალებდა და ექიმის ოთახს ბილწსიტყვაობით ავსებდა. 
ბოლო რამდენიმე დღე რებეკა არ გამოჩენილა, გაბრიელის მიერ დაგეშილი მარკუსი სადღაც ახლო-მახლოს დაძრწოდა, მაგრამ მიას ვერ პოულობდა, ლუციუსმა მას სასტიკად აუკრძალა ექიმის სახლიდან ფეხის გადგმა და არგუმენტად უსაფრთხოება მოიყვანა, ქერა ვამპირმა იმდენად დამაჯერებლად ახსნა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები, რომ გოგონას აღარაფერი ეთქმოდა, ლუციუსმა სასხვათაშორისოდ ისიც დაამატა, უცებ კოვაქსი რომ გონს მოვიდეს, შენ აუცილებლად მის გვერდით უნდა იყო და სხვა არავინო. 
მიას გულში ძალიან ესიამოვნა ლუციუსის სიტყვები, გოგონა ისედაც ხვდებოდა, რომ ქერა პირველყოფილის მისდამი უნდობლობით გაჟღენთილი დამოკიდებულება სწრაფად და აშკარად იცვლებოდა მეგობრობისკენ.
ამ საღამოს ლუციუსი და ექიმი მეორე სართულზე მდებარე კაბინეტში განმარტოვდნენ. ექიმმა ჭიქებში ბურბონი ჩამოასხა და ერთი ჭიქა ფანჯარასთან დაფიქრებით მდგარ ვამპირს მიაწოდა. 
ლუციუსმა თავის ოდნავი დაქნევით გადაუხადა მადლობა და სასმელი მოსვა. ექიმი ბუხრის წინ მდგარ ორი სავარძლიდან ერთ-ერთში ჩაეშვა. 
- ექიმო, - მიმართა ლუციუსმა, - მინდა ზუსტად მითხრათ, რამდენი დღე... ანუ ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ? 
- დიახ, დიახ, - თავი დაუქნია ექიმმა, - მაგრამ ვწუხვარ, მისტერ ლუციუს, რა იქნება ხვალ ან ზეგ, ამის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, ფაქტია, რომ არც ისე დიდი დრო დარჩა.. 
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა და ექიმს შიში შეეპარა, - სასწრაფოდ გვჭირდება რამე ისეთი, რაც მას დაეხმარება, - ის სწრაფადვე დამშვიდდა და ექიმის გვერდით გამოიჭიმა, - მის ჯეკსონის შესახებ ვფიქრობდი, როგორც უკვე იცი, მასში უძლიერესი ჯადოქარია, მაგრამ არ ვიცი მისი უნარები როგორ გამოვაღვიძო.. იქნებ ეს მაინც დაგვხმარებოდა რამეში. 
ექიმი წამოდგა, ჭიქა ხელმეორედ შეივსო და ლუციუსს გახედა. 
- იქნებ ძლიერი ემოციური მუხტი სჭირდება? 
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქერა უკვდავმა. 
ამ დროს პირველ სართულზე მდებარე შემოსასვლელი კარის ზარმა მელოდიური ხმა გამოსცა. 
- ახლავე დავბრუნდები, - თქვა ექიმმა და კარის გასაღებად გასწია, ლუციუსმა დაეჭვებული მზერა გააყოლა. 
ექიმმა კიბეები მკვირცხლად ჩაირბინა, კარს მიუახლოვდა და სათვალთვალო ხვრელში გაიხედა, შემდეგ სწრაფადვე მოშორდა კარს აღელვებული. 
- ჯანდაბა... 
- რამე გართულება გვაქვს? - მშვიდად იკითხა მის ზურგსუკან წამიერად გაჩენილმა ლუციუსმა. 
- ეე... დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, - მიუგო ექიმმა. 
ზარი კიდევ ერთხელ დარეკეს. 
- ვინ არის? - დაინტერესდა ლუციუსი. 
- შერიფი... ის ჩემი მეგობარია, - სწრაფად თქვა ექიმმა და ქვეცნობიერად გადაეღობა კარს, თითქოს ვამპირისგან მეგობრის დაცვა სურდა. 
- უთხარი, რომ ვერ მიიღებ, - მტკიცედ თქვა ლუციუსმა. 
- აზრი არ აქვს, - თავი გააქნია ექიმმა, - ის ჩემი მეგობარია, რამდენიმე დღეა ზარებზე და შეტყობინებებზე არ ვპასუხობ, ახლა სახლში მომაკითხა, ის ძალიან ეჭვიანი და მიხვედრილი ადამიანია, არ წავა, თუ არ გავუღებ, კარს შემოამტვრევს. 
ლუციუსს წამიერად სისასტიკე ჩაუდგა ცისფერ თვალებში. 
- ნუ მაიძულებ, რამე დავუშავო. 
ექიმი ადგილზე გაიყინა. 
- თქვენ... რას გულისხმობთ, თუ ის აქ ძალით შემოვა, თქვენ მას... 
- მოვკლავ, - ცივად დაასრულა ლუციუსმა, - ხომ არ დაგავიწყდა, ექიმო, სრულიად საიდუმლოდ, ჩვენ ასე შევთანხმდით. 
- დიახ, - სწრაფად დაეთანხმა შეშინებული ექიმი, - რამეს მოვიფიქრებ, არ შემოვუშვებ. 
ექიმმა სწრაფად გამოაღო კარი, გავიდა და ზურგსუკან მოიკეტა. 
კართან ერთი ნაბიჯის მოშორებით იდგა შერიფი კრამერი, დაძაბული, ყურადღებით მომზირალი, ერთი ხელში ფანარი ეჭირა, მეორე კი ლეგენდარული "მაგნუმის" ბუდეზე მოეთავსებინა. 
- გამარჯობა, შერიფო. 
- ალდო... - გაწელა შერიფმა, მეგობარი ყურადღებით შეათვალიერა და შემდეგ მეორე სართულის განათებულ ფანჯრებს ახედა, - კარგად ხარ? 
- დიახ, რა თქმა უნდა, - მიუგო ექიმმა. 
- დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზეა? - ექიმის პასუხი მაინცდამაინც დამაჯერებლად არ მოჩვენებია შერიფს. 
- დიახ, აბსოლიტურად, - თავი დაუქნია ექიმმა, - სტუმრად დეიდაშვილი მყავს, ამიტომ კლინიკიდან შვებულება ავიღე.. 
- დეიდაშვილი? - ჩაეკითხა ეჭვით მოწამლული შერიფი, - არ მახსენდება, რომ შენ ის ოდესმე ჩემთან გიხსენებია. 
ექიმი გაბრაზდა, ძლივს თოკავდა დაჭიმულ ნერვებს, უკვე ზღვარზე იყო. მის ზურგს უკან, ოთახში სისხლისმსმელი არსება იცდიდა და სადაცაა მოთმინება გამოელეოდა, ეს უჯიათი შერიფი კი წასვლას სულაც არ ჩქარობდა და სასიკვდილო საფრთხეში იგდებდა თავს. 
- ანუ არაფერი გიჭირს? - კვლავ ახედა მეორე სართულის ფანჯრებს შერიფმა, - ზარებს და შეტყობინებებს რატომ არ პასუხობ? 
- ტელეფონი დაზიანდა, - იცრუა ექიმმა. 
- მართლა? 
- დიახ, მართლა! - უკმეხად ისროლა მოთმინებიდან გამოსულმა ექიმმა, - შერიფო, თუ ჩემს დასაპატიმრებლად ხარ მოსული, მაშინ დაპატიმრების ორდერი წარმომიდგინე, თუ არადა აქედან მიბრძანდი.
შერიფი გაკვირვებული მიაშტერდა, იფიქრა, ექიმი გაგიჟდაო, მაგრამ მეორე წამს ტუჩები ეშმაკურმა ღიმილმა მოუბრიცა. 
- მშვენიერი იდეა მომაწოდეთ, - ჩუმად თქვა შერიფმა და მოულოდნელად ხელბორკილი დააძრო, ექიმი სახით კარზე ააყუდა და სწრაფად შეუკრა ხელები, - მისტერ ტომპსონ, ბრალად გედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა, დაპატიმრებული ბრძანდებით, შეგიძლიათ მოითხოვოთ ადვოკატი ან სახელმწიფო თავად დაგინიშნავთ, ასევე გაფრთხილებთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები შესაძლოა სასამართლოში თქვენსავე წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.. 
- რას აკეთებ? - ძლივს დაიჩურჩულა გაოგნებულმა ექიმმა, როდესაც შერიფმა "პიკაპის" კარი გამოაღო. 
შერიფს არაფერი უპასუხია, საჭეს მიუჯდა და დიდი სისწრაფით გაშორდა ექიმის სახლს, როდესაც დიდი მანძილი გაიარა, მანქანა შეაჩერა, ექიმს ხელბორკილი მოხსნა, სიგარეტს მოუკიდა და მკაცრი მზერა შეავლო მეგობარს. 
- არ მეტყვი, რა ხდება? ბოლო დროს შენს თავს აღარ ჰგავხარ. 
ექიმმა ტომპსონმა არ იცოდა, თუ რამდენად დაკვირვებული შეეძლო ყოფილიყო შერიფს. 
ექიმს არაფერი უპასუხია, ფანჯრიდან ცას გაჰყურებდა, შემდეგ ამოიოხრა და შერიფისკენ შემობრუნდა. 
- კარგი.. მეტის დამალვა აღარ შემიძლია... მოგიყვები ყველაფერს.

*****
     გაბრიელი და სალაზარი ტყის ზოლში როგორც ქანდაკებები, ისე იდგნენ, დაძაბულნი, თავები ოდნავ მაღლა აეწიათ და ჰაერს ყნოსავდნენ. 
- არაფერია, - თქვა ბოლოს სალაზარმა, - სუნი აქ მთავრდება. 
- ეს რაღაა? - გაბრიელი დაბლა დაიხარა, ბალახზე შემხმარი ალისფერი სითხე ძლიერი თითებით მოსრისა და ცხვირთან მიიტანა, შემდეგ შეშფოთებული მზერა ბალახში უწესრიგოდ გაბნეულ ნაცრისმაგვარ მასაზე გადაიტანა და ყურადღებით დააკვირდა, - ჯანდაბა... გამორიცხულია... 
- რა ხდება? - მოტრიალდა სალაზარი, რომელიც ტყის ზოლის ჩვეულ ხმაურს უსმენდა. 
- ისინი აქ არიან, - ხელი მაღლა ასწია გაბრიელმა, ნაცრისმაგვარი მასისთვის თვალი არ მოუშორებია, - ზუსტად აქ... - მან კვლავ დაყნოსა ბალახს შემხმარი სისხლი, - ეს რაფაელია... 
სალაზარი სწრაფი ნაბიჯით მიახლოვდა და ეჭვით მიაჩერდა პრიმუმთა კლანის მეთაურს. 
- რას გულისხმობ? 
- ამის დედაც... ეს რაფაელის სისხლია, - წელში გაიმართა გაბრიელი და გარემოს სასტიკი მზერა მოავლო, - ეს ნაცარი კი ისაა, რაც მისი სხეულისგან დარჩა... ვის შეეძლო ეს ჩაედინა? 
სალაზარმა თვალები მოჭუტა. 
- გგონია რაფაელი მოკლეს? 
- მგონია, რომ ის თავს არ მოიკლავდა, - ბრაზით გამოეპასუხა გაბრიელი, - ვინ ჩაიდენდა ამას? კოვაქსი კვდება, ლუციუსი კანონს იცავს და გამორიცხულია, კონორი ვერ გაბედავდა და ვერც შეძლებდა ამას, დარჩა მარკუსი... 
- მაგრამ ის ხომ ჩვენთან არის? 
- არაფერს გამოვრიცხავ, - მიუგო გაბრიელმა, ხის გადანაჭრელზე ჩამოჯდა და ფიქრს მისცა თავი. 
სალაზარი გამოკვკევას დაუბრუნდა და მცირე ხნის შემდეგ გაბრიელი მკსმა ხმამ გამოარკვია, სალაზარს ზუსტად მსგავსი რამ აღმოეჩინა, რაც მცირე ხნის წინ გაბრიელს. 
- ფრანკლინი, - ბოღმით დაისისინა გაბრიელმა, როდესაც სისხლის სუნი შეიგრძნო, - ისიც მოკლეს, აქ, ორივე ერთად, ორი უხუცესი, ჯანდაბა... ვიღაც გვებრძვის, ვიღაც ძლიერი და უხილავი... 
- ვიღაც ძლიერი და უხილავი, - უცხო, სასტიკმა ხმამ შეარხია მდორე ჰაერი. 
გაბრიელი და სალაზარი წამსვე შებრუნდნენ ხმის მიმართულებით და ყურადღებით დააკვირდნენ ორ უცხო მამაკაცს, რომლებიც ტყის ზოლიდან აუჩქარებელი ნაბიჯით გამოვიდნენ და მათ სიახლოვეს ოციოდე იარდის მოშორებით შესდგნენ. ისინი სრულებითაც არ ჰგავდნენ ადამიანებს, რომლებსაც გაბრიელის და სალაზარის შიში უნდა ჰქონოდათ. 
- ბატონებო, ვინ ბრძანდებით? - იკითხა გაბრიელმა. 
ნაიარევიანმა მამაკაცმა ჩაიცინა და ქურთუკი გაიხადა, იგივე მოიმოქმედა მისმა თანამგზავრმაც, მათი ეს მუქარაშერეული მოქმედება გაბრიელის ფხიზელ თვალს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია. 
- სიბერე შემოგეპარა, გაბრიელ? - ცინიკურად იკითხა ოდნავ წინ მდგომმა, შავი ჯინსის შარვალში და მძიმე ჩექმებში გამოწყობილმა.
გაბრიელს მაშინვე ეცნო მისი ხმა და თვალებში სისხლი მოაწვა, ენით შეიგრძნო წვეტიანი ეშვები, პირში კი დამდნარი ფოლადის არომატი იგრძნო. 
- ეს შენ ხარ, - დაიღმუვლა გაბრიელმა და წამის მეასედში საბრძოლო პოზაში იდგა, - რაფაელის ტელეფონით შენ მელაპარაკე... შენ დახოცე ისინი, ჩემი მეგობრები, ამისთვის პასუხს აგებ. 
- მეზერს, გაიგე რა თქვა მოხუცმა? - ღიმილით მიუბრუნდა მამაკაცი თანამგზავრს. 
- მოხუცია, ეპატიება, ჰეიტემ, - გაიკრიჭა მეორე. 
"ჰეიტემი", "მეზერსი", ეს სახელები არასდროს სმენოდა გაბრიელს, მაგრამ დაუფიქრებლად თავდასხმაც არ შეიძლებოდა, ამ უცნობებმა შეძლეს წარმოუდგენელი რამ, მოკლეს ორი უხუცესი, ამ დრომდე გაბრიელი დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი რამის ჩადენა მხოლოდ მარკუსს შეეძლო, ახლა კი ზებუნებრივ სამყაროში, იმ სამყაროში, რომელსაც ხუთი თითივით იცნობდა გაბრიელი და სადაც თავს როგორც თევზი - წყალში, ისე გრძნობდა, სრულიად ახალი და ამოუცნობი, ძლევამოსილი ძალა შეემატა, პირველყოფილ ვამპირთა კლანის მეთაურს დაფიქრება მართებდა.
მაგრამ დაფიქრება არ დასცალდა, თვალი შეასწრო, როგორ ჩამოეზარდათ უცნობებს საზარელი, მოელვარე ეშვები, თვალებმა კი უცნაური შეფერილობა მიიღო, ეს იყო წითელის, შავის და ყვითელის მოელვარე ნაზავი, ჯოჯოხეთურად საშინელი, ტრანსფორმაციისთანავე ჰეიტემი და მეზერსი წამის უსწრაფესად მოსწყდნენ ადგილს, როგორც მოჩვენებები-იმდენად სწრაფად მოძრაობდნენ. 
- რა ჯანდაბაა, - დაიღრიალა სალაზარმა. 
მეზერსი აჩრდილივით გაჩნდა მის წინ, მკერდში ფეხის ტერფით ძლიერი დარტყმა მიაყენა და ხეებისკენ მოისროლა. 
გაბრიელმა წამში გაიაზრა, რომ მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა ბოლო წამებს ითვლიდა, ამიტომ შებრუნდა და უკანმოუხედავად, ლანდივით გასხლტა ტყის სიღრმეში ისე, რომ სალაზარისთვის იოტისოდენა ყურადღებაც კი არ მიუქცევია, რომელიც უკბე წამომდგარიყო ფეხზე, ოდნავ წელში მოხრილი იღრინებოდა და დროდადრო მარცხნივ და მარჯვნივ ბრუნავდა, საიდანაც ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ უცნობი თავდამსხმელები. 
- დაგვნებდი და უმტკივნეულოდ მოგკლავთ, სისხლისმსმელო, - ეშვები გააელვა მეზერსმა და თავდასხმისთვის გამზადებული ოდნავ მოიხარა წელში. 
- მოიცადე, - შეუძახა ჰეიტემმა და გაოცებულმა დაყნოსა სალაზარისგან მომავალი ჰაერი. 
- რა ხდება? - უკმაყოფილოდ იკითხა მეზერსმა, განწირული სალაზარისთვის თვალი არ მოუშორებია. 
- ჯანდაბა... ის ვამპირი არ არის. 
- რა თქვი? - შეჩერდა მეზერსი და თავგადაპარსული ჰიბრიდი დაკვირვებით შეათვალიერა. 
- დაყნოსე, - ურჩია ჰეიტემმა. 
მეზერსმა თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ თვალები გაუფართოვდა. 
- მაქცია... ვამპირი... ჯანდაბა... 
- ჰიბრიდი, - ეშვები გააელვა ჰეიტემმა და სალაზარს შეავლო თვალი, - მეგობარო, შენ რა, გაბრიელის პირადი პროექტი ხარ?
- ზრდილობით არ გამოირჩევი, - დაიღრინა სალაზარმა, - თქვენ ვინ ხართ? 
- ნება მომეცი გაგეცნო, - დამცინავად დახარა თავი მეზერსმა, - მე მეზერსი მქვია, ეს-ჰეიტემია... ჩვენ პირველყოფილი ჰიბრიდები ვართ... ასე რომ, გაგიმართლა, თანამოძმეებს არ ვკლავთ. 
სალაზარმა სიტყვის თქმა ვერ მოახერხა, პირდაღებული შეჰყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს, ბოლოს მიხვდა, რომ ისინი მის მოკვლას არ აპირებდნენ და ოდნავ დამშვიდდა. 
- მაშ ასე, - ხეს მიეყრდნო ჰეიტემი, - ყველაფერი მაინტერესებს ამ დამპალი წურბელის და მისი დამქაშების შესახებ.. გაბრიელს ვგულისხმობ რა თქმა უნდა... აბა, დაიწყე!

თავი 11

     სექტემბერი იდგა, მშვიდი, წყნარი, გრილი. ახალი სასწავლო წლის პირველი დღე. თომას ჯეფერსონის სახელობის კოლეჯის ეზოში აურზაური და უწესრიგობა სუფევდა. ჰაერიც კი გაჯერებული იყო სტუდენტების ულევი ენერგიით, მხიარულებით და ახალგაზრდული სულით. 
მია ჯეკსონი რამდენიმე თანაკურსელთან ერთად კოლეჯის ძირძველი შენობის კუთხეში მდგარი ასწლოვანი მუხის ძირას გრძელ სკამზე მოკალათებულიყო, გოგონები ათასგვარ საკითხზე მსჯელობდნენ, თუ საერთოდ ამ სუსტი, უმშვენიერესი სქესის არსებათა ლაპარაკს მსჯელობად ჩავთვლით. სასაუბრო თემა კი უაღრესად აუცილებელი და საჭირბოროტო იყო - ვინ როგორ გაატარა ზაფხულის არდადეგები, ვინ სად გაატარა - ცხელ, ჩახუთულ მეგაპოლისში, კალიფორნიის მზიან სანაპიროზე, მაიამის ცნობილ პლიაჟზე ლაჟვარდოვანი ოკეანის თანხლებით თუ უბრალოდ ნიუ-მექსიკოში და ტეხასში ბებია-ბაბუასთან, რანჩოზე, ცხენების და ველური ბუნების გარემოცვაში, ამ საუბარში გამორიცხული იყო მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც არ შეხებოდნენ, ვინ სად გაიცნო, როგორ გაიცნო, როგორი გარეგნობა ჰქონდა, საუბრის მანერა, აღნაგობა, როგორი კოცნა იცოდა, სექსში გამოუცდელი იყო თუ უაღრესად გამოცდილი პროფესიონალი და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ამერიკელი ახალგაზრდების სასაუბრო თემას. 
მია ჯეკსონი მხოლოდ დროდადრო თუ ჩაერთვებოდა ხოლმე საუბარში, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს ჰკითხავდნენ, გოგონა ზრდილობიანად იღიმებოდა და "დიახ" და "არა" პასუხებით შემოიფარგლებოდა, თანაკურსელებმა უკვე მოასწრეს მისი გაცნობა და იცოდნენ, რომ გოგონა გულჩათხრობილი იყო და ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, არაფრის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ გამოხატავდა, ამიტომაც არ უკვირდათ მისი ასეთი გულჩათხრობილობა. 
ამ დროს კი მია ჯეკსონი ფიქრებით კოლეჯიდან შორს დაჰქროდა, გონებით ახლა ექიმ ალდო ტომპსონის სახლში იყო, იქ, სადაც სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე აუტანელი ტკივილებისგან იტანჯებოდა შავგვრემანი პირველყოფილი. მასზე ფიქრი ძალიან სტანჯავდა გოგონას, მთელი სულით და გულით უნდოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ეხმარებოდა, შუბლზე ცივი, სველი ტილოების გამოცვლა რომ კოვაქსს ვერ გამოაჯანმრთელებდა, ეს აშკარა იყო. ფიქრებით ლუციუსსაც გადასწვდა, მია ამჩნევდა, რომ ბოლო დროს თითქოს შეიცვალა, თითქოს უფრო ჩაფიქრებული და მკაცრი გახდა, მზერა უკიდურესად ცივი გაუხდა, ჩაიკეტებოდა ხოლმე ექიმთან ერთად კაბინეტში, რაღაც თემებზე მსჯელობდნენ, შემდეგ გამოვიდოდა კვლავ ჩაფიქრებული, ოთახში ბოლთას სცემდა და ხმას არ იღებდა, გოგონამ ისიც შენიშნა, რამდენჯერმე დაფიქრებით რომ შეათვალიერა ლუციუსმა, ისე, თითქოს გასაყიდი საქონელი ყოფილიყოს, ეს შემფასებლური მზერა მიას არ ესიამოვნა, ხვდებოდა, რომ ლუციუსი რაღაც გეგმას ამზადებდა, რომელშიც მთავარ როლს გოგონა შეასრულებდა, მაგრამ რა გეგმა იყო ეს და ვის წინააღმდეგ ან ვის საკეთილდღეოდ იყო მიმართული, ამას ვერანაირად ვერ მიხვდა. ქერა ვამპირმა მას ექიმის სახლის დატოვება სასტიკად აუკრძალა, მაგრამ როდესაც გოგონამ დამაჯერებელი არგუმენტები მოუყვანა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ლუციუსი მოიღუშა, მცირე ხანს ფიქრობდა და შემდეგ იძულებული გახდა დასთანხმებულიყო, განათლება ხომ ყველას სჭირდება, თუმცა მიამაც იცოდა და ლუციუსმაც, რომ გაბრიელი ამ კოლეჯში ლექციებს ატარებდა, ამიტომ გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ლუციუსი მართალია სულაც არ ჩანდა მის სიახლოვეს, მაგრამ ეს ხომ საერთოდ არ ნიშნავდა იმას, რომ აქ არ იყო და მის უსაფრთხოებას არ იცავდა? მოვლენები რომ სასურველი მიმართულებით არ განვითარებულიყო, მიამ იცოდა, რომ ლუციუსი წამიერად გაჩნდებოდა მის გვერდით. 
- მია, - ფიქრებს მოსწყვიტა მელანიმ, ბავშვივით მრგვალსახიანმა, ლამაზმა, ჭორფლიანმა გოგონამ. 
- მმმ... დიახ, ბოდიში, მელ, რაღაცაზე ჩავფიქრდი და.. 
- არაუშავს, - მხიარულად გაიცინა მელანიმ, - წამოდი, შემოსასვლელის მოპირდაპირედ ახალი სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა და რამე ვიყიდოთ. 
გოგონები წამოდგნენ. მიამ ფრთხილად და დაკვირვებით მოავლო თვალი კოლეჯის ეზოში შეკრებილი ხალხის უზარმაზარ მასას. გაბრიელი და მია ჯეკსონზე დაგეშილი მისი ხალხი გოგონასთვის სიცოცხლის წასართმევად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელნი, მაგრამ არც იმდენად ტვინგაყინულები იყვნენ, რომ ეს ამდენი ხალხის თანდასწრებით გაეკეთებინათ, "ვამპირთა კოდექსი" ყველაფერზე მაღლა იდგა, ის ფაქტობრივად ე.წ. "ღამის მონადირეების" ბიბლიას, წმინდა წიგნს წარმოადგენდა და მის ცნებებს არაფრის დიდებით არ დაარღვევდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წიგნის მცველის და მართლმსაჯულების ულმობელი მახვილის - ქერა და შეუბრალებელი პირველყოფილის სამართლიანი რისხვა არ ასცდებოდათ. 
- კარგი, წავიდეთ, - მიამ დააპირა, მეგობრებს გაჰყოლოდა, მაგრამ შესდგა, მისი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო, უფრო კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა, რომ რაღაც კი არა, ვიღაც იყო. ის მათი სკამის მოპირდაპირე სკამზე იჯდა, საზურგეს მიყრდნობოდა, თხელი ქურთუკი სრულებითაც ვერ უფარავდა ახოვან, მძლავრ სხეულს, ხელში გაზეთი ეჭირა და ვითომ გულისყურით ჩაჰკირკიტებდა, შავი სათვალე მოერგო, მაგრამ გოგონამ მაინც იგრძნო, რომ შავი სათვალის უკან დამალული თვალები მის ყოველ მოძრაობას აკონტროლებდა. ლუციუსის მონაყოლის და აღწერილობის მიხედვით, ეს მამაკაცი გაბრიელის არცერთ თანამოაზრეს არ ჰგავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც გოგონამ შეამჩნია, ის იყო, რომ მარცხენა ხელის არათითზე არ უბრწყინავდა გვირგვინოსანი ბეჭედი. 
- მია, მოდიხარ? - მოესმა გოგონას. 
მიამ თავი დააქნია, უცნობი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და გოგონებს გაჰყვა. გონებაში საკუთარ პარანოიაზე გაეცინა, მართალია ის ისეთ მოვლენებში იყო ჩართული, ვერავინ რომ წარმოიდგენდა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ეს სამყარო მის გარშემო ხომ არ ბრუნავდა? ეს მამაკაციც იქნებ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ვინც შვილის პირველ დღეს ესწრებოდა კოლეჯში? მიამ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი უცნობისგან მტრის ხატის შექმნა არ იყო სასურველი და გონივრული საქციელი, ამიტომ გული დაიმშვიდა და გოგონებს გაჰყვა, მის უსაფრთხოებას ხომ ლუციუსი იცავდა, რომელიც მიას აზრით სადღაც ახლოს იყო და განუწყვეტლივ უთვალთვალებდა და აკონტროლებდა სიტუაციას. 
- ამბობენ ოფიციანტი ძალიან სიმპათიური ბიჭიაო, - თვალი ჩაუკრა მელანიმ და კისკისით გადაკვეთა გზა. 
მია უკან მიჰყვა, თან მარცხნიდან და მარჯვნიდან მომავალ მანქანებს გაფაციცებული აკვირდებოდა, რომ რომელიმე არ დასჯახებოდა გზის გადაკვეთის დროს, ამიტომ ვერ შენიშნა საკანალიზაციო ხვრელი, რომელიც საგზაო სამსახურის დაუდევრობის გამო თავმოხდილი იყო დატოვებული, მასში, ამ სამმეტრიან ჭაში ჩავარდნა სიკვდილს თუ არა, მინიმუმ კიდურების მოტეხილობას მაინც გამოიწვევდა. 
გოგონა ჭასთან შესდგა, მარცხნიდან მომავალი მანქანა გაატარა და როდესაც ნაბიჯი გადადგა, მოულოდნელი რამ მოხდა. ვიღაცამ იმდენად მსუბუქად და სწრაფად აიტაცა, რომ როდესაც მია გონს მოვიდა, უკვე ტროტუარზე იდგა. 
მიამ ჭას გახედა, მიხვდა, რომ ვიღაცამ მისი ძვლები დამტვრევისგან გადაარჩინა, ღრმად ამოისუნთქა და შებრუნდა, რომ გადამრჩენელისთვის მადლობა გადაეხადა, თავი ასწია და ადგილზევე გაიყინა, მის გვერდით ზუსტად ის მამაკაცი იდგა, რომელიც მუხის ქვეშ შეამჩნია კოლეჯის ეზოში და რომელიც როგორც მოეჩვენა, უთვალთვალებდა. მაგრამ მის დანახვას არ გამოუწვევია გოგონას იმ დონეზე გაოცება, როგორც მის მზერას, უცნობს მზის სათვალე მოეხსნა და თბილი, შოკოლადისფერი თვალებით უყურებდა, დედამისის თვალებით...
- მადლობას გიხდით, მე... - მიას ენა დაება და პირდაღებული შეაჩერდა უცნობს თვალებში. 
- მადლობის გადახდა არ არის საჭირო, - ხმაც თბილად ჟღერდა და მიამ უეცრად ისე უსაფრთხოდ იგრძნო თავი, როგორც არასდროს. 
- დიახ... მე.. უბრალოდ ვერ შევამჩნიე, რომ ჭას თავსახური მოხდილი ჰქონდა. 
- არაუშავს, - კვლავ გაიღიმა უცნობმა, - მიხარია, რომ დაგეხმარეთ, ახლა კი უნდა წავიდე, - უცნობმა გოგონას თავი დაუკრა, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. 
გოგონამ თავი დააქნია და თვალი გააყოლა ხალხის ბრბოში მტკიცე ნაბიჯით მიმავალს, მისგან თითქოს მამაშვილური სითბო მოდიოდა, საოცარი მზრუნველობა და უსაფრთხოება.
მიამ გზა გადაკვეთა და სწრაფი კვების ობიექტის წინ მდგარ მეგობრებს შეუერთდა. მელანი ღიმილით შეეგება და ეშმაკურად მოჭუტა თვალები. 
- თვალი მოგკარით, რომ საუბრობდით, - თქვა მან ჩუმად, - მართალია ჩვენზე ასაკით უფროსია, მაგრამ ძალიან მომხიბლველია, მამაკაცურია, დილით გაგვესაუბრა მხარდაჭერი გუნდის გოგონებს... 
მია გაოცდა, მაგრამ როგორღაც შეძლო ემოციების მოთოკვა.
- მოიცადე, შენ რა, მას იცნობ? 
- რა თქმა უნდა, - გაიცინა მელანიმ. 
- ვინ არის? 
- ახალი მოსულია კოლეჯში, კოლეჯის ფეხბურთის გუნდის ახალი მწვრთნელია, მისტერ ჰეიტემ ვესტმორლენდი, ხომ კარგად ჟღერს? 
- ძალიან, - მელანის აღტაცება არ გაუზიარებია მიას, მისი ტვინი გამალებით მუშაობდა, გონების თვალით გაზომა მანძილი მუხასა და გზის შუაგულში მდებარე ჭას შორის, ჩვეულებრივი ადამიანი ასე სწრაფად ვერ დაფარავდა ამხელა მანძილს, რომ გოგონა ჭაში ჩავარდნისგან ეხსნა, შეუმჩნევლადაც ვერ გამოჰყვებოდა უკან, ეზოდან გამოსვლისას მიამ უკან მიიხედა და ის მამაკაცი კვლავ გაზეთში ჩაძირულიყო, რჩებოდა მხოლოდ ერთი ვარიანტი... 
- ჯანდაბა, - აღმოხდა მიას და ჰამბურგერი ჩაკბიჩა. 
- რა მოხდა? - წამსვე მოტრიალდა მელანი. 
- ეე... არაფერი, ჰამბურგერი ძალიან მწარეა, ალბათ კეტჩუპი აქვს ზედმეტი, - იცრუა მიამ და სცადა გონებაში ჩაებეჭდა ამ ვიღაც ჰეიტემ ვესტმორლენდის სახე, თვალები კი არასდროს დაავიწყდებოდა.. 

*****
     მას შემდეგ, რაც შერიფმა ექიმი გაიტაცა, დიახ, გაიტაცა, მოტყუებით წაიყვანა, ლუციუსი ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, მათი საუბრიდან და ჩურჩულიდან სიტყვა არ გამოჰპარვია, მარტივად მიხვდა, რომ შერიფმა რაღაც იყნოსა და ექიმი წაიყვანა, თუმცა მეორე დღეს, ნაშუადღევს ალდო ტომპსონი სახლში დაბრუნდა და ლუციუსს განუცხადა, შერიფმა ჩემთვის სიმართლის გამოძალვა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდაო, ლუციუსი მხოლოდ ძლივსშესამჩნევი ღიმილით დაკმაყოფილდა. 
ამ დილას ექიმმა ტრადიციულად გაუკეთა გადასხმა კოვაქსს და როდესაც ავადმყოფს სახე დაუმშვიდდა და თვალი გაახილა, ლუციუსს სახეზე კმაყოფილება გადაეფინა, ის წამოდგა, კოვაქსის საწოლზე ჩამოჯდა და ექიმს გახედა. 
- დაგვტოვეთ, ექიმო. 
ალდო ტომპსონმა თავი დაუქნია, შპრიცი და გადასხმის სხვა საჭირო მოწყობილობები სწრაფად მოაგროვა და ოთახიდან გავიდა. ლუციუსი ერთხანს აყურადებდა, როდესაც დარწმუნდა, არავინ გვისმენსო, შემობრუნდა და კოვაქსის ოფლით დაცვარულ სახეს შეავლო მზერა. 
- როგორ ხარ? 
- უკეთესადაც ვყოფილვარ, - ირონიულად გამოეპასუხა შავგვრემანი პირველყოფილი. 
ლუციუსმა ჩაიცინა. 
- ეგ მართალია, უკეთესადაც ყოფილხარ. ექიმი ჩემს სისხლს გისხამს და ჯერჯერობით ვახერხებთ ჰიბრიდის შხამის შეჩერებას, ველოდი, როდის დაგიბრუნდებოდა ცნობიერება, შენთან რაღაც მაქვს განსახილველი, შენი რჩევა მჭირდება. 
კოვაქსმა თვალები დაცინვით მოჭუტა. 
- ჯანდაბა, რა პატივია, თვით ლუციუსი მეკითხება რჩევას, ამას ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. 
- მორჩი, - ჩაიფრუტუნა ლუციუსმა, წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. 
- კარგი, - მკლავებს დაეყრდნო კოვაქსი, ოდნავ მაღლა წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო. 
- მოკლედ ვიტყვი.. მარკუსი მის ჯეკსონის მოსაკლავად დაგეშა გაბრიელმა, დაარწმუნა, რომ ტალია, რომელიც მასშია, ყველას საფრთხეს გვიქმნის, მარკუსის გარეშე გაბრიელის წინააღმდეგ არაფერი გამოგვივა, თან ამჟამად მარკუსი ჩვენს წინააღმდეგაა, ეს კი ჩვენს ისედაც მინიმალურ შანსებს ანულებს, ერთადერთი გზა მათ წინააღმდეგ....
- მიაში ტალიას უნარების გაძლიერებაა, - ღიმილით დაასრულა კოვაქსმა, - სიგარეტს მოუკიდე და მომაწოდე... 
ლუციუსმა თხოვნა შეუსრულა და ბოლთის ცემა განაგრძო. 
- ზუსტად, - თქვა მან, - ერთადერთი ტალიას შეუძლია მათი შეჩერება, ეს მანამ უნდა მოვახერხოთ, სანამ მარკუსი მიას დაიმარტოხელებს, ეს კი ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. 
კოვაქსს არაფერი უთქვია, ჩუმად ეწეოდა სიგარეტს. ლუციუსი მოლოდინით შეჰყურებდა. 
- ერთი იდეა მაქვს, ცოტა გიჟურად ჟღერს, - თქვა ბოლოს კოვაქსმა. 
- გისმენ, - ლუციუსი ფანჯარასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა და თითები გადააჯვარედინა. 
- მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ მიას სხეულში ტალია გავაძლიეროთ, - მტკიცედ მოსხიპა შავგვრემანმა უკვდავმა. 
ამ სიტყვებმა ლუციუსის გაკვირვება გამოიწვია, მაგრამ არაფერი უთქვამს, ერთხანს კოვაქსს მისჩერებოდა. 
- ის ჩვენი ერთადერთი იმედია, - თქვა ბოლოს. 
- არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი, - ღიმილით მიუგო კოვაქსმა, - როგორც მარკუსი იტყოდა. 
- კარგი... გამანდე შენი გიჟური გეგმა, - დანებდა ლუციუსი. 
- ჩვენ ტალიას სხეული უნდა ვიპოვოთ, - თქვა კოვაქსმა, - და მასში ტალიას სული უნდა დავაბრუნოთ. 
ამჯერად ლუციუსმა ვერ შეძლო გაოცების დაფარვა, ის ფეხზე წამოვარდა და კოვაქსს მიახლოვდა. 
- არ დაგავიწყდეს, რომ შენ ლაპარაკობ მსოფლიოს ზებუნებრივ ისტორიაში უძლიერეს ჯადოქარზე, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ უგზო-უკვლოდ გაქრა, ვის შეუძლია მის მოძებნაში დაგვეხმაროს? არსებობს ასეთი? 
- დიახ, არსებობს, - გაიღიმა კოვაქსმა. 
- ვინ? 
კოვაქსი საწოლთან მიდგმულ ტუმბოს გადასწვდა, წყლის ჭიქა აიღო, ერთი მოყუდებით დაცალა და ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა. 
- მე, მე ვარ ის, ვინც მის შესახებ ყველაფერი იცის. 
ლუციუსმა მეტყველების უნარი დაკარგა, ძლივს მოაბრუნა პირში ენა. 
- შენ? ამით რის თქმა გინდა? 
- სალემის კუდიანთა სამსჯავრო ხომ გსმენია? - მოხერხებულად მოეწყო კოვაქსი საწოლში, თუმცა სახეზე ოფლმა გამოჟონა, გადასხმამ თავისი მოვალეობა შეასრულა, ახლა კი ჰიბრიდის შხამი იწყებდა შემოტევას. 
- დიახ, - მიუგო ლუციუსმა. 
- იმ სამსჯავროზე ტალია მეისონი სიკვდილით დასაჯეს, - განაგრძო კოვაქსმა, - იმ ღამეს, სანამ გათენდებოდა, მე მისი თმის ნაწილი მოვიპარე, ხოლო მეორე დილას აღმასრულებლებმა მისი სხეული ზუსტად იმ ადგილას დაფლეს, სადაც ამჟამად მია ჯეკსონის სახლია, სახლი ზედ მის საფლავზე დგას. 
- რა? - კიდევ ერთხელ გაოგნდა ლუციუსი, - ტალიას სხეული აქ, სალემშია დაკრძალული და გაბრიელმა ამის შესახებ არაფერი იცის? 
- ის იმიტომ ჩამოვიდა აქ, რომ მისი სხეული ეპოვა და გაენადგურებინა, - დაბეჭდა კოვაქსმა, - იცის, რომ აქ არის, მაგრამ კონკრეტულად სად, წარმოდგენა არ აქვს. 
- ჯანდაბა, - თქვა ლუციუსმა, წამოდგა და ჩვეულებრივზე სწრაფად გაიარ-გამოიარა ოთახში. 
- მაგრამ მანამდე მე უნდა გამოვჯანმრთელდე როგორმე, - დაასრულა კოვაქსმა, - ისევ სიცხე მიტევს... ლუციუს, თუ მე რამე დამემართება, შენ ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, - კოვაქსმა საუბრის ტემპს აუჩქარა, - ტალიას თმა, რომელიც მე მოვჭერი, ჩემი შავი, იტალიური კოსტიუმის სარჩულშია, ტალიას გასაღვიძებლად ის აუცილებლად დაგჭირდებათ, ჯადოქარიც დაგჭირდებათ, ვინც შელოცვას ჩაატარებს... მე... - კოვაქსი უღონოდ დაეცა ბალიშზე და გონი დაკარგა. 
ლუციუსმა მხარზე მაგრად მოუჭირა ხელი. 
- მეგობარო, არ დავუშვებ, რომ რამე დაგემართოს, ცოტაც გაუძელი და აუცილებლად გადაგარჩენ, ცოტაც გაუძელი.. 

*****
     დაღამდა. მიამ მეგობრებთან ერთად ბევრი ისეირნა და ავტობუსით დაბრუნება გადაწყვიტა ექიმის სახლში, გაჩერებაზე ჩამოვიდა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, ქუჩის გადაღმა ჩამუქებულ ხეივანს შიშით გახედა და ექიმის სახლისკენ მიმავალ ტროტუარს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა, მოულოდნელად გზა უცნობმა გადაუღობა, საშუალო სიმაღლის იყო, შავებში ჩაცმული, თვალებზე კაპიშონი ჩამოეფხატა, ამიტომ გოგონამ ვერ შეძლო მისი სახის გარჩევა. 
- რა გნებავთ? - უკან დაიხია მიამ. 
- ვწუხვარ, - დაიღრინა უცნობმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა, - გაბრიელს ხელს უშლი, ძვირფასო... 
მან მეტის თქმა ვერ მოასწრო, გვერდიდან რაღაც დაეტაკა ელვის უსწრაფესად, უცნობი მოძალადე ტროტუართან მდგომ მანქანას დაეჯახა, მაგრამ დაბლა დაცემა არ აცადეს. ვიღაცა ფოლადივით მტკიცე მარცხენით სწვდა ყელში, მანქანას მიაყუდა და სასტიკი მზერით ჩააჩერდა. 
- სისხლისმსმელო, ამ გოგონას თავს რატომ არ ანებებთ? რით ვერ მიხვდით, რომ ეს სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის? - ამ სიტყვებთან ერთად შოკოლადისფერთვალებიანმა მამაკაცმა მარცხენა მოიქნია, მისმა თითებმა უბედური მოძალადის მკერდი შელეწა, გულს შემოეჭდო და წამის შემდეგ მორღვეული გვამი ასფალტზე გაიშხლართა. 
მია ჯეკსონს ადგილიდან დაძვრა ვერ მოეხერხებინა, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ის გაოგნებისგან და შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა მამაკავს, რომელმაც ჯერ კიდევ დილას მისი ძვლები ჭაში ჩავარდნით გამოწვეული დამსხვრევისგან იხსნა. 
- შენ... შენ... 
- დიახ, ისევ მე ვარ, - პირქუშად გამოეხმაურა მამაკაცი, - ნუ გეშინიათ, ის უკვე ვეღარაფერს გავნებთ, - ვამპირის გვამზე მიუთითა. 
- თქვენ... თქვენც ვამპირი ხართ? - აღმოხდა გოგონას. 
- უარესი, - თითქოს ტკივილით და ბოღმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ვამპირის გვამი მხარზე მოიგდო, - ფრთხილად იყავით და ტკბილ ძილს გისურვებთ, მის ჯეკსონ. 
ის მოჩვენებასავით გაუჩინარდა და გოგონა პირდაღებული დატოვა. მია ერთხანს სისხლით მორწყულ ასფალტს მიშტერებოდა, შემდეგ სწრაფი სირბილით დასტოვა ადგილი და რამდენიმე წუთში უკვე სამშვიდობოს - ექიმის სახლში იყო. 
მისი წასვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ ხეების ჩრდილიდან სხვა, ახალგაზრდა მამაკაცმა გამოაბიჯა და იმ მხარეს გაიხედა, საითაც გოგონა გაუჩინარდა, მობილური ამოიღო და ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია. 
- ჰეიტემ... მე ვარ, ძმაო, მეზერსი, - მშვიდად ჩასძახა ტელეფონს, - ის უკვე წავიდა... ჰო, ალბათ უკვე ექიმის სახლში იქნება, ამაზე ნუ იფიქრებ... რა თქმა უნდა... შეგიძლია მენდო... შენ შენს საქმეს მიხედე, მის უსაფრთხოებას მე დავიცავ... კარგი, კარგი, - მეზერსმა ღიმილით გათიშა ტელეფონი და დააპირა, გოგონას კვალს გაჰყოლოდა, როდესაც გზის გადაღმა, ხეების ჩრდილქვეშ ლანდი შეამჩნია, ის ხომ პირველყოფილი ჰიბრიდი იყო, არაფრის შეშინებია, ან რატომ უნდა შეშინებოდა? ყურადღებით დააკვირდა და როდესაც მისმა მახვილმა თვალმა ლანდის იდენტიფიკაცია მოახდინა, ფართოდ გაიღიმა.
მეზერსის ღიმილის ობიექტი ნელი ნაბიჯით გამოვიდა ხეების ჩრდილიდან და მეზერსის წინ შესდგა. ეს იყო დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წლის მამაკაცი, შავი თვალებით, მეჩხერი წვერით და მოდურად დაყენებული თმით, ტანისამოსზე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ცნობილ და ძვირ ბრენდებს სცემდა პატივს. 
- ჰეიტემის შეტყობინება მივიღე, - თქვა მან ეშმაკური ხმით და მეზერსი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, - როგორც ვხედავ, მხიარულება უჩემოდ დაგიწყიათ, ეს რა წესია, ძმაო. 
- მარველ, - გაიცინა მეზერსმა და მეჩხერწვერიანს გადაეხვია მაგრად, ბეჭებზე რამდენჯერმე დაუტყაპუნა ხელი, - ჰეიტემს ძალიან გაახარებს შენი ჩამოსვლა, მხიარულებას რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, წამოდი, აქ ერთი მცირე საქმე მაქვს.. 

*****
     მია ექიმის მიერ მისთვის გამოყოფილ ოთახში ბოლთას სცემდა და მომხდარ ფაქტზე ფიქრობდა, გადაწყვიტა, სანამ ჰეიტემ ვესტმორლენდზე ყველაფერს არ გაარკვევდა, მანამდე ლუციუსთან სიტყვაც კი არ დაეძრა. ფიქრი ტუმბოზე შემოდებულმა ტელეფონის ზუზუნმა შეაწყვეტინა, უკმაყოფილო სახით განბლოკა ეკრანი და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დააკვირდა. 
"გაცნობებთ, რომ თქვენი სწავლის საფასური თომას ჯეფერსონის სახელობის კოლეჯში მიმდინარე და მომავალი სასწავლო წლის ჩათვლით სრულად დაფარულია. "
- ეს რაღაა? - ჩაილაპარაკა გოგონამ, დაბნეული სახით რამდენჯერმე გადაიკითხა და შემდეგ კოლეჯის ცხელი ხაზის ნომერი აკრიფა, რომელიც ოცდაოთხსაათიან უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა კოლეჯის სტუდენტების და მომსახურე პერსონალის ინფორმაციით უზრუნველყოფას. 
- გამარჯობათ, მია ჯეკსონი ვარ, თქვენი კოლეჯის სტუდენტი, მაინტერესებს, ვინ შემოიტანა თანხა ჩემს ანგარიშზე? - იკითხა, როდესაც უპასუხეს. 
- თქვენი პირადი ნომერი, თუ შეიძლება, თქვენს ვინაობას გადავამოწმებთ, - სთხოვეს ზრდილობიანად. 
გოგონამ დამარცვლით დაუსახელა პირადი ნომერი. 
- მმმ... დიახ, მის ჯეკსონ, თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა მისტერ ჰეიტემ ვესტმორლენდის მიერ, გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, სხვა კითხვა ხომ არ გაქვთ რაიმე? 
- არა, გმადლობთ, - მიუგო მიამ, ტელეფონი გათიშა და ძალაგამოცლილი დაეშვა საწოლზე. აშკარა ხდებოდა, რომ ჰეიტემ ვესტმორლენდი სულაც არ იყო უბრალოდ ვიღაც ჰეიტემ ვესტმორლენდი, მან ორჯერ გადაარჩინა უკვე და მისი სწავლის საფასურიც გადაიხადა, ვინ იყო, საიდან მოვიდა, რატომ იცავდა მის სიცოცხლეს და რატომ ზრუნავდა მასზე? ამ კითხვებზე პასუხი კი აუცილებლად უნდა მიეღო გოგონას, ამისთვის კი იდუმალ მზრუნველთან გასაუბრება იყო საჭირო, მარტო, პირისპირ..

თავი 12

....... საზარელი ღამე ჩამოწვა. უძლიერესმა ქარიშხალმა ჯერ ხეების კენწეროებს შეუტია, აახმიანა, ააჭრიალა, ერთმანეთს შეახეთქა, შემდეგ დაბლა ჩამოიწია და მძინარე ქალაქს სულისშემხუთავად დააწვა, ცის კაბადონზე ზღვაში გაბნეული მარგალიტებივით მბრწყინავი ვარსკვლავები შავმა, ბოროტმა ღრუბელმა დაფარა, შესქელდა, ჩამუქდა და სავსე მთვარის ცისფერი სხივები სრულიად გააძევა.
ტყის სიღრმეში, ლუციუსის საიდუმლო საცხოვრებელში აყვავებული სამოთხე გადასხვაფერდა, ცხოველებმა ხმაური შეწყვიტეს, ბუნაგებში შეიყუჟნენ და შიშისგან გაფართოებული თვალებით, ცხოველური შიშით ადევნებდნენ თვალს ბუნების მრისხანე შემოტევას. ლუციუსის ხისგან ნაგები სახლი ქარიშხალის ყოველ დაბერვაზე ჭრიალებდა, იტანჯებოდა.. 
შიგნით, ჩაბნელებულ ოთახში ფანჯარასთან მიდგმულ სარეცელზე მძლავრი სხეული ბორგავდა, თითქოს მის სულსაც შეჰხებიაო ბუნების უჩვეულო მძვინვარება, სხეული ეჭიმებოდა, დროდადრო ქვეცნობიერში გაელვებული სურათები სტანჯავდა და როდესაც პირს ოდნავ აღებდა აჩქარებული გულის დასამშვიდებლად ჰაერის ჩასასუნთქად, საზარელი, მოელვარე ეშვები მოუჩანდა, სახეზე გაწოლილი ნაიარევი თითქოს გაწითლდა, უფრო ღია შეფერილობა მიიღო, სადღაც შორს, მთების მწვერვალებისკენ ორი უდრეკი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახა და ქუხილის ხმამ აღშფოთებული, აღრიალებული გარემო გააყრუა. 
სარეცელზე მწოლიარე სწრაფი ნახტომით წამოიჭრა, ოთახის შუაგულში ოთხზე დახტა და ანთებული, გაველურებული თვალებით მიმოიხედა, თითქოს პირველად ხედავდა ოთახს, ერთიანად დაძაგრული სხეული ფოლადივით კუნთების და დაბერილი სისხლძარღვების ერთ, შესანიშნავ მთლიანობას ქმნიდა. მკერდიდან ყრუ ღმუილი ამოსდიოდა, ლოყებზე გაფართოებულ კაპილარებში მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა. 
მარკუსმა ფანჯარას გახედა, მისი უკიდურესად გამახვილებული სმენა ქოხში და ქოხის გარეთ გაღებულ უმცირეს ხმაურსაც კი იჭერდა. 
სიზმრებისგან გაწამებული, ნელა წამოიმართა, ელვასავით სწრაფად გაჩნდა პირსაბანში, ონკანზე წყალი მოუშვა, სახეზე შეისხა და საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა სარკეში, სარკე კი სასტიკ, მძულვარე გამომეტყველებას ირეკლავდა. 
მარკუსმა უცებ იგრძნო, როგორ დაუარა სიცივემ მთელ სხეულში, ფეხის თითებიდან შემოიჭრა, სხეული ამოირბინა და საფეთქლებს შემოუტია. სარკიდან მომზირალი პიროვნება თითქოს იყო და ამავე დროს არც იყო მარკუსი.. 
სარკიდან ნიშნისმოგებით შემოჰყურებდა, დაკვირვებით, მკაცრად მოკუმულ ტუჩებზე თითქოს ღიმილის ელფერი დაჰკრავდა, ზიზღის, სიბოროტის, ტკივილის... 
- მე მარკუსი ვარ, - საკუთარ გამოსახულებას დაუღრინა სარკეში მარკუსმა, - ყველაზე ძლიერი არსება დედამიწის ისტორიაში, მე მარკუსი ვარ, მე მარკუსი ვარ, მე მარკუსი ვარ... 
ასე იმეორებდა შეუჩერებლად მანამ, სანამ კიდევ ერთი თავზარდამცემი სიახლე არ აღმოაჩინა, სარკიდან მომზირალ მარკუსს ნაიარევი არ ჰქონდა... 
- ეს რა... - მარკუსმა უკან დაიხია, შიშისგან გადარეულ თვალებს არ აშორებდა საკუთარ გამოსახულებას, შემდეგ სახეზე ხელი იტაცა, ანარეკლმაც იგივე გაიმეორა. 
მარკუსმა თითებით იგრძნო ნაიარევის სიღრმე და ოდნავ დამშვიდდა, ანუ თვითონ ნამდვილად მარკუსი იყო, მაგრამ ვინ იყო მისი ანარეკლი? ის ფრთხილად მიახლოვდა სარკეს, პირსაბნის ნიჟარას დაეყრდნო და სარკიდან მომზირალ პიროვნებას თვალებში მიაშტერდა. 
- მე მარკუსი ვარ... მარკუსი... ეს მე ვარ... შენ ვინ ხარ... ვინ ხარ? 
მაგრამ ანარეკლი დუმდა, არ აპირებდა პასუხის გაცემას, ისევ ზიზღნარევი ღიმილით უყურებდა. 
- ვინ ხარ? - დაიღრინა მარკუსმა, მოთმინება ელეოდა, - შენი დედაც, მითხარი ვინ ხარ, ხმა ამოიღე, როგორ ბედავ... ჰა-ჰა-ჰა... მე მარკუსი ვარ... 
- შენ იცი, ვინც ვარ, - სადღაც გარედან მოისმა სუსტი, მილეული ხმა. 
მარკუსი ხმის მიმართულებით შებრუნდა, წამის უსწრაფესად გაჩნდა ფანჯარასთან, ბუნების მეოხებით აბორგებულ გარემოს გამჭრიახი მზერა მოავლო, ყოველ სანტიმეტრს ჩხრეკდა, შემდეგ სწრაფი ნახტომით ვერანდაზე გაჩნდა, ხის კიბეები ჩაირბინა და სახლის წინ მდებარე მდელოს შუაგულში შესდგა. 
- სად ხარ? - დაიღრიალა მან და ტყეში დაგუბებულ წყვდიადს გაუსწორა თვალი. 
პასუხი არ მიუღია. 
- მე მარკუსი ვარ, - გაიმეორა აჩემებული სიტყვები, თან ნელა, წრიულად ბრუნავდა და გარემოს სამას სამოცი გრადუსით ზვერავდა. 
მისგან რამდენიმე იარდის მოშორებით, ტყის ზოლში ლანდმა გაირბინა, მარკუსი დაიძაგრა, სწრაფად შებრუნდა მისი მიმართულებით. 
- მოდი... - დაიღრინა მან, - გგონია მეშინია? - მან ჭკუიდან შეშლილივით გადაიხარხარა, - არ მეშინია თქვენი, ყოველღამ სიზმრებში მოდიხართ, მაგრამ მაინც არ მეშინია, ვერაფერს დამიშავებთ, თქვენი დედაც... მოდი... მე მარკუსი ვარ... მე დაუმარცხებელი ვარ... 
ამჯერად ზურგსუკან მოესმა მცირე ხმაური. 
- მარკუს... - კვლავ დაილაპარაკა ვიღაცამ მისუსტებული ხმით. 
- ვინ ხარ? - მარკუსს ხმაში შიში შეეპარა. 
ქარიშხალმა იძალა, ცაზე ღრუბლები და სავსე მთვარის ცისფერი შუქი ერთმანეთს ცვლიდა. 
- მარკუს... - ამჯერად ტყის სიღრმიდან გაისმა ძახილი. 
- მოდი, - დაიღრიალა მარკუსმა, - აქ ვარ, გელოდები... 
- წამოდი, ის აქ არის, ის აქ არის... - ხმა უფრო და უფრო შორიდან ისმოდა. 
მარკუსმა გაუცნობიერებლად გადადგა ნაბიჯი და ხმას გაჰყვა, ტყეში გზას მიიკვლევდა, მოჩვენებასავით უხმაუროდ მიიწევდა წინ. 
ხმამ ცენტრალურ მაგისტრალზე გაიყვანა, სადაც კანტი-კუნტად მოძრაობდნენ მანქანები. მარკუსის შეშლილის გამომეტყველების და შიშველი სხეულის დანახვისთანავე მძღოლები სისწრაფეს უმატებდნენ და გვერდს უქცევდნენ შუა გზატკეცილზე მდგარ უცნობს. 
- სად არის.. - დაიგრგვინა მარკუსმა და მიმოიხედა, - სად ხარ, სად... 
- აქ ვარ, - არსაიდან მოესმა, - დამელოდე, მოვდივარ... 
ერთ-ერთმა მანქანამ სვლა შეანელა, მარკუსს გაუსწორდა და გაჩერდა. მძღოლმა გვერდითი შუშა ჩაუწია და სიბრალულით სავსე მზერით გამოხედა. 
- მეგობარო, გზა ხომ არ აგებნათ? მეგობარო...ჩემი გესმით? მეგობარო! 
მარკუსმა ახლაღა მიაქცია ყურადღება მისი ბედით დაინტერესებულ მძღოლს, შეათვალიერა, უკანა სავარძელზე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იჯდნენ, რომლებიც შიშშეპარული ცნობისმოყვარეობით უმზერდნენ. 
- მე ვარ... - მოულოდნელად ბავშვმა დაილაპარაკა დემონური ხმით, - მე ვარ... აქ ვარ.. მოდი... 
- შენ... ეს შენ ხარ? - მარკუსს თვალები სისხლით აევსო, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები. 
- ჯანდაბა... - შიშისგან გააცია მძღოლს და მანქანის დაძვრა დააპირა, მაგრამ წამის შემდეგ მისი მოგლეჯილი თავი გვერდით სავარძელზე დაეცა, კისრიდან ამოჩრილი არტერიებიდან სისხლმა იფეთქა და წინა საქარე შუშა წითლად შეღება. 
მარკუსი მოჩვენებასავით სწრაფად შეიჭრა სალონში და წარმოსახვით დემონებს დაეძგერა, დამძიმებული ჰაერი ქალის და ბავშვის ხმაშეწყობილმა კივილმა გაარღვია... 
რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანიდან ერთიანად სისხლში ამოსვრილი მარკუსი გადმოვიდა, წითლად შეღებილი ტუჩები დაუდევრად მოიწმინდა ხელით და მანქანას მიეყრდნო. 
- აქ რა ჯანდაბა ხდება? - მოესმა ძალიან ნაცნობი, ცივი და ქედმაღლური ხმა და მანქანაზე მიყრდნობილ მარკუსს ქერა პირველყოფილი მიუახლოვდა. 
მარკუსი მაშინვე დაიძაგრა, თვალები ჩაუსისხლიანდა და წამიერად მიიღო საბრძოლო დგომი. 
- სამტროდ არ მოვსულვარ, - მოიღუშა ლუციუსი. 
- მარტო ხარ? - მარკუსმა გაფაციცებული მზერა მოავლო გარემოს. 
- ამალით არ დავიარები, - ცივად მიუგო ქერა ვამპირმა და მანქანას შეავლო თვალი, - ჯანდაბა... მარკუს, შენ რა, შეიშალე? ეს რა სასაკლაო მოგიწყვია? 
მარკუსმა ბოროტად გაიცინა, მიიხედ-მოიხედა, თითქოს ეშინია, ვინმემ არ გაიგოსო და ლუციუსს ყურთან მიუტანა ტუჩები. 
- ლუციუს, მე ისინი გავანადგურე, ჩემი დემონები, ახლა კარგად ვიქნები.. 
- ჯანდაბა, - დაიღრინა ლუციუსმა, - ეს უდანაშაულო ხალხია შენი დემონები? შეხედე, რა ჩაიდინე მარკუს, შენ ხომ ქალი და ბავშვი მოკალი, ბავშვი, უმანკო და უდანაშაულო, გესმის, მარკუს? 
მარკუსს თვალებში გაოცება ჩაუდგა, რომელიც მალევე შეიცვალა თავზარდაცემული გამომეტყველებით, ის მანქანის სისხლით მორწყული სალონისკენ შებრუნდა. 
- ჩემი დემონები... სად არიან ისინი... 
- აქ არავინაა, - შეუბრალებლად ჟღერდა ლუციუსის ხმა, - გარდა უდანაშაულო კაცისა, მისი მეუღლის და ბავშვის, რომლებიც შენ დახოცე და მათი სისხლი დალიე. 
- რა? რას ამბობ, ლუციუს... - აღმოხდა მარკუსს და სახე შეეშალა, - ეს... მე ჩავიდინე?.. ეს... 
ის უღონოდ მიეყრდნო მანქანას და აკანკალებული ხელი სახეზე ჩამოისვა. 
- მარკუს, რა გემართება? 
- არ ვიცი, არ ვიცი... - მარკუსმა ძლივს მოუკიდა სიგარეტს და ღრმა ნაფაზი დაარტყა. 
ლუციუსი მის გვერდით მიეყრდნო მანქანას და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს. 
- ყველაფერი შენი გამოღვიძების შემდეგ დაიწყო, ჩემი ბრალია, უნდა გამეთვალისწინებინა, რომ სხვა სულის სხვა სხეულში გაღვიძებას აუცილებლად მოჰყვებოდა გვერდითი ჩვენებები და გართულებები... შენ შენს თავს არ ჰგავხარ, მარკუს. 
- ვიცი, - ამოიოხრა მარკუსმა, - ის დრო მენატრება, ჩვენ ერთად რომ ვებრძოდით საერთო მტრებს, ჯანდაბა.. 
- მტერი ახლაც საერთო გვყავს, - ნიადაგი მოსინჯა ლუციუსმა და ფრთხილი მზერით გახედა მარკუსს, - შენ არასწორი მხარე აირჩიე, მარკუს. 
- რას გულისხმობ? 
- გაბრიელს. 
მარკუსმა სიგარეტი ხელიდან გააგდო და მთელი ტანით შემობრუნდა, სახე ამჯერად ბრაზისგან შეშლოდა. 
- თავიდან იწყებ? ისევ ჭკუის დარიგებას ცდილობ? 
- ეს სიმართლეა, - მტკიცედ თქვა ლუციუსმა. 
- ისიც სიმართლეა, რომ ტალია ყველას სასიკვდილო საფრთხეს გვიქმნის, - არ დაუთმო მარკუსმა. 
- გეთანხმები, - დიპლომატია მოიშველია ლუციუსმა და ჩაახველა, - მაგრამ მე და კოვაქსს გეგმა გვაქვს. 
მარკუსმა ჩაიცინა და ზურგზე ხელებდაწყობილმა გაიარ-გამოიარა ლუციუსის წინ. 
- გეგმა, - თქვა მან, - ისევ ეს დამპალი გეგმები, ერთმანეთის ძირის თხრა, სიძულვილი... როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი? 
- მანამ არ დამთავრდება, სანამ გაბრიელი კლანის მეთაური და ხელშეუხებელია, - დაბეჭდა ლუციუსმა, - იქნებ მაინც მოგესმინა ჩვენი გეგმა და საკუთარი აზრი შემდგომ დაგეფიქსირებინა? 
მარკუსმა უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა. 
- კარგი, ამ ერთხელაც მოგისმენ. 
ლუციუსმა დაწვრილებით გადასცა თავისი და კოვაქსის საუბრის შინაარსი და როგორც მოელოდა, მარკუსი უკიდურესად გაკვირვებული დატოვა. 
- ჯანდაბა... წარმოუდგენელია! 
- ეს ასეა, - თქვა ლუციუსმა, - შეგვიძლია ტალია გავაღვიძოთ, მარკუს, დაბრუნდი ჩვენთან, შენც იცი და მეც ვიცი, რომ გაბრიელმა საკუთარი საქციელიდან გამომდინარე მართვის სადავეები დაკარგა.. მან ჰიბრიდი შექმნა, ის არ გვენდობა! 
- მე თქვენ არ გენდობით, - დაიღრინა მარკუსმა, - თქვენ იმ კუდიან გოგოს იცავთ... ჰო, რაღაც მინდა გითხრა, მას კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა. 
ლუციუსმა თვალები მოჭუტა, ეს სიახლე იყო მისთვის. 
- რის შესახებ საუბრობ? 
- ამის გარკვევა შენი და შენი მეგობრებისთვის მომინდვია, - ჩაიცინა მარკუსმა, - მაგრამ არც ისეთი უგულო ვარ, როგორიც გგონივარ, ლუციუს.. ვიცი, რატომაც მოხვედი აქ, ანტიდოტი გჭირდება, რომ ის გაიძვერა გადაარჩინო. 
- ის ჩემი მეგობარია, - ეშვები დაკრიჭა ლუციუსმა და წინ წარსდგა ნაბიჯი, - ჩვენი მეგობარი, თუ საერთოდ გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჩვენ შენ გამოგაღვიძეთ, ეს არაფერს ნიშნავს შენთვის? 
მარკუსმა მორიგ სიგარეტს მოუკიდა, ერთხანს ბრაზით აკვირდებოდა ლუციუსს. 
- ნუ ცდილობ ჩემს სინდისზე ითამაშო, გამოღვიძება მე არ მითხოვია თქვენთვის, თქვენ მე ჯოჯოხეთიდან კი არა, ჯოჯოხეთში დამაბრუნეთ! 
ლუციუსი გაშრა, ამ დრომდე არასდროს უფიქრია ამის შესახებ, არ ეგონა, თუ ამ საკითხს ასე უყურებდა მარკუსი, ეგონა, რომ მადლიერი იყო და ეს რამეში მაინც წაადგებოდათ სასიკეთოდ. 
- მოგცემ ანტიდოტს, - განაგრძო მარკუსმა ლუციუსის გაოცება, - მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მადარდებს ის პიროვნულად და არც მეგობრად ვთვლი, მხოლოდ იმიტომ დაგეხმარები, რომ ის ჩემსავით პირველყოფილია და კლანის ყველა წევრის ვალია ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინონ. 
- ანუ ჩვენთან არ დაბრუნდები? - იმედს არ ჰკარგავდა ლუციუსი. 
- მოვიფიქრებ, - უპასუხა მარკუსმა, - ახლა კი შენი წასვლის დროა, ანტიდოტი ქოხში, სამზარეულოს კარადაში ინახება, შუშის ფლაკონში. 
- კარგი, - მიუგო ლუციუსმა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემობრუნდა, - შენ რას აპირებ? 
- აქაურობას უნდა მივხედო, - მანქანაზე მიუთითა მარკუსმა, - და რაღაც-რაღაცეებზე დავფიქრდე. 
- შენი დაბრუნება ყველას გაგვიხარდება, - თქვა ლუციუსმა და მოჩვენებასავით გაუჩინარდა ტყეში, ქოხის მიმართულებით. 

******
     მია ჯეკსონი კოლეჯის სპორტდარბაზის შესასვლელთან იდგა და იმის გარკვევაში იყო, საკუთარი გადაწყვეტილება რას მოუტანდა, ერთი მხრივ ძალიან უნდოდა დაემარტოხელებინა კოლეჯის საფეხბურთო გუნდის იდუმალი მწვრთნელი და მისგან პასუხები მიეღო, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ძალა აიძულებდა ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმას. 
ბოლოს, გადაწყვეტილება მაინც მიიღო, ჩანთა მკერდზე მიიკრა და მტკიცე ნაბიჯით შევიდა დარბაზში ზუსტად იმ წამს, როდესაც ვიღაც უცნობი გამოდიოდა, მას მხოლოდ სავარჯიშო ტრუსი ეცვა, წელსზევით გაშიშვლებულიყო და სავარაუდოდ საშხაპისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მან დიდსულოვნად დაუთმო გზა გოგონას, შეატარა და შემდეგ შემობრუნდა. 
- უკაცრავად. 
მია შემობრუნდა, ეს უცნობი ბიჭი შეჩერებულიყო, მეჩხერი წვერი და მოდურად დაყენებული თმა ჰქონდა. 
- მე დამიძახეთ? - მიას არ ეცნო. 
- დიახ, მაპატიეთ, თქვენ მის მია ჯეკსონი ბრძანდებით? 
- და თქვენ ვინ ხართ? 
- მარველი დამიძახეთ, - გაიღიმა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. 
- სასიამოვნოა, მარველ, - ხელი ჩამოართვა გოგონამ, - მია ჯეკსონი. 
- ვიცი, - მიუგო ბიჭმა და რატომღაც ყურადღებით შეათვალიერა, - ვინმეს ეძებთ აქ? დარბაზს ვგულისხმობ. 
- მმმ... დიახ, მისტერ ვესტმორლენდის ნახვა მინდოდა, ხომ არ იცნობთ? 
- ჩვენ მეგობრები ვართ, - გაიღიმა მარველმა. 
- მეგობრები? - მია მაშინვე დაიძაბა, თითქმის დარწმუნებული იყო ჰეიტემი რასაც წარმოადგენდა, მარველი თუ მისი მეგობარი იყო, ესე იგი... 
- დიახ, - ფიქრის ძაფი გაუწყვიტა მარველმა, - მაგრამ ამჟამად დარბაზში არ იმყოფება. 
- მართლა? - იმედგაცრუებამ გამოჟონა გოგონას ხმაში, - და როგორ შეიძლება მასთან დაკავშირება? 
მარველი ერთხანს ფიქრობდა, თვალებმოჭუტული უყურებდა გოგონას. 
- შემიძლია ტელეფონის ნომერი მოგცეთ. 
- ძალიან კარგი, - გაუხარდა გოგონას და მობილური მოიმარჯვა. 
ნომრის ჩაწერის შემდეგ ბიჭი გულთბილად დაემშვიდობა და საშხაპეში გაუჩინარდა, მია დერეფანს უკან გამოჰყვა, ცარიელ აუდიტორიას მიაგნო, კარი მიიხურა და გულისფანცქალით დააწვა CALL სენსორს. 
- გისმენთ, - ნაცნობი ხმა ამჯერად ციბად ჟღერდა. 
- იცით, მე... მაპატიეთ, მე მია ჯეკსონი ვარ, აი ის გოგო... 
- ვიცი, ვინც ხართ, - მკაცრად გააწყვეტინა ჰეიტემმა და გოგონა შეკრთა, - რა გნებავთ? 
- ზუსტად არ ვიცი... თქვენთან შეხვედრა მინდა. 
ამას რამდენიმეწამიანი პაუზა მოჰყვა ჰეიტემის მხრიდან. 
- რატომ? 
- რაღაც საქმე მაქვს... შეიძლება შევხვდეთ? 
ისევ ხანმოკლე პაუზა, ჰეიტემი აშკარად ფიქრობდა. 
- სად გინდათ შეხვედრა? 
- არ ვიცი.. 
- კარგი, პირველ სართულზე, ახლავე, კაფეტერიაში, შევთანხმდით? 
- დიახ, - ჩასძახა გახარებულმა მიამ, ტელეფონი დაუმშვიდობებლად გათიშა და სწრაფი ნაბიჯით გასწია კიბისკენ, რომელიც პირველ სართულზე ჩადიოდა. 
კაფეტერიაში შესულმა მიამ ვრცელ ჰოლს თვალი მოავლო და მაშინვე შენიშნა ჰეიტემ ვესტმორლენდი, ის შორეული კუთხის მაგიდასთან იჯდა, წინ მხოლოდ ჭიქით წყალი ედგა. 
მიამ კაფეტერია გადაკვეთა და მის მაგიდასთან შესდგა. 
- გამარჯობათ, მისტერ ჰეიტემ. 
- ჩემი სახელიც იცით? - გაიღიმა მამაკაცმა და სკამზე ანიშნა. 
მია ჩამოჯდა და სახეში უტეხი მზერა მიაბჯინა, გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველა კითხვაზე მიეღო პასუხი. 
- დიახ, ჰეიტემ ვესტმორლენდი, მწვრთნელი, ადამიანთან შედარებით საკმაოდ სწრაფი და ძლიერი, - ნიშნისმოგებით თქვა გოგონამ. 
- შესანიშნავია, - უემოციოდ მიუგო ჰეიტემმა, - მიირთმევთ რაიმეს? 
- არა, გმადლობთ, - თავი გააქნია მიამ. 
- კარგი... ჩემი ტელეფონის ნომერი საიდან გაიგეთ? 
- მარველმა მითხრა, ალბათ გეცნობათ ეს სახელი, ხომ? 
- დიახ, მეცნობა. 
- და რა, არ უნდა მოეცა? 
ჰეიტემმა უკან გადაიწია და სკამის საზურგეს მიეყრდნო. 
- რატომ მეჩხუბებით, მის ჯეკსონ? - ჰკითხა ღიმილით. 
- არა... - დაიბნა გოგონა, - არ გეჩხუბებით, უბრალოდ.. 
- გაინტერესებთ თქვენი სწავლის საფასური რატომ გადავიხადე? - თბილად იღიმოდნენ ჰეიტემის შოკოლადისფერი თვალები, მიას დედის თვალების ზუსტი ასლი. 
- დიახ, - თვალები დაბლა დახარა გოგონამ. 
- მეცენატი ვარ, - გაიცინა ჰეიტემმა. 
- დამცინით, მისტერ ჰეიტემ? - წამწამები ბრაზით ააფახულა მიამ. 
- არა, არ დაგცინით, - მიუგო ჰეიტემმა და დასერიოზულდა, - კიდევ რამე გაინტერესებთ მის ჯეკსონ? 
- დიახ, თქვენ მითხარით, რომ ვამპირზე უარესი ხართ, რა იგულისხმეთ? 
- შემდეგ საკითხზე გადადით. 
- შემდეგი საკითხი არ მაქვს, - კვლავ დაიბნა გოგონა. 
- ძალიან კარგი, - ჰეიტემმა მაჯის საათს დახედა, - სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მის ჯეკსონ, თავს გაუფრთხილდით, - ის წამოდგა და მია უპასუხოდ და გაბრაზებული დატოვა, მაინც ვერ მიიღო პასუხი კითხვებზე, ჰეიტემი აშკარად მიუდგომელი კლდე ჩანდა.

*****
     ლუციუსი წინ და უკან სცემდა ბოლთას ოთახში და ხელში მოუთმენლად ათამაშებდა შუშის ფლაკონს, მია კოვაქსის საწოლზე ჩამომჯდარიყო და უხმოდ ადევნებდა თვალს. ლუციუსი მიას მონაყოლზე ფიქრობდა. ბოლო შესდგა და გოგონას გამოხედა. 
- ჰეიტემ ვესტმორლენდი? არასდროს მსმენია მის შესახებ, როგორ გამოიყურება? 
გოგონამ მოკლედ აღუწერა მისი გარეგნობა. 
- ერთ რამეს ვერ ვხდები, - განაგრძო ლუციუსმა, - მან ორჯერ გადაგარჩინა და სწავლის საფასური გადაგიხადა, ანუ ჩვენ ერთ ნავში ვზივართ, რატომ არ მოდის ჩვენთან? 
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა გოგონამ და საწოლზე აბორგებულ კოვაქსს გახედა, - ეს საკითხი მოიცდის, ლუციუს, ახლა კი მას მივხედოთ. 
- რა თქმა უნდა, - ლუციუსი სწრაფად გაჩნდა კოვაქსის საწოლთან და შუშის ფლაკონს თავი მოხსნა, ფლაკონში ბლანტი, ნაცრისფერი სითხე აღმოჩნდა, რომელსაც მოწითალო ფერი დაჰკრავდა. 
ლუციუსმა ცხვირთან მიიტანა ფლაკონი და ღრმად შეისუნთქა. 
- რა არის? - იკითხა მიამ. 
- სისხლი და ნაცარი, - მიუგო ლუციუსმა, - არ ვიცი ვისი სისხლია, სავარაუდოდ ჰიბრიდის, ნაცარი კი ყოველ მიზეზგარეშე "ვერცხლის ფიჭვისაა".. 
- მოიცადე, - შეაჩერა გოგონამ, - არ გიფიქრია იმაზე, რომ პირიქით, გაბრიელმა გამოატანა მარკუსს სხვა რაღაც, რაც კოვაქსის სიკვდილს დააჩქარებს? 
ლუციუსმა თავი მტკიცედ გააქნია. 
- მარკუსი ამას არ იკადრებს, აბა, რას ვაკეთებთ? 
- ორი ვარიანტი მაქვს, - მიუგო მიამ, - ან ჭრილობაზე დავასხათ, ან დავალევინოთ. 
ლუციუსი წამიერად ჩაფიქრდა. 
- ვფიქრობ, ორივე ვარიანტი მისაღებია... 
- მისტერ ლუციუსს ვეთანხმები, - წარმოთქვა კუთხეში ჩუმად მჯდარმა ექიმმა, - ორივენაირად გავაკეთოთ და თუ ეს მართლა ანტიდოტია, ერთ-ერთი მაინც მოგვცემს შედეგს. 
- მომწონხარ, ექიმო, - დამცინავად გაიღიმა ლუციუსმა და შუშის ფლაკონი გაუწოდა, - გთხოვთ, მობრძანდით და თავიდან ამარიდეთ ეს უსიამოვნო პროცედურები... 
ექიმმა თავი დაუქნია, საწოლზე ჩამოჯდა, ბამბა აიღო, ნაცრისფერ სითხეში დაალბო და ჭრილობა დაუმუშავა კოვაქსს, სითხე, რაც დარჩა, პირში ფრთხილად ჩაასხა. 
- ახლა რა იქნება? - იკითხა მიამ. 
- ახლა ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია, - მიუგო ლუციუსმა, - ის ან მოკვდება, ან საბოლოოდ გამოჯანმრთელდება, იმედი ვიქონიოთ, რომ მეორე ვარიანტი გაამართლებს. 
ის პირქუში სახით ჩაეშვა ფანჯარასთან მდგარ სავარძელში, თითები გადააჯვარედინა და დაფიქრებული გამომეტყველებით მიაჩერდა კოვაქსის დახუჭულ თვალებს..

თავი 13

     03:45... უეცრად გამოეღვიძა, თავს უცნაურად გრძნობდა, საწოლზე წამოჯდა და მიმოიხედა, ირგვლივ წყვდიადი და სიმყუდროვე სუფევდა, ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავი, მისთვის კი ეს სირთულეს არ წარმოადგენდა. წყნარად იჯდა და ღამეულ ხმებს აყურადებდა, უცნაური და საგანგაშო არაფერი შეუმჩნევია, მხოლოდ ერთმა ხმამ მიიქცია მისი ყურადღება, ეს იყო მძლავრი, მწყობრი გუგუნი, საკუთარი გულისცემა, მისი მაცოცხლებელი ორგანო უშეცდომოდ, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მუშაობდა და ფოლადისგან ჩამოსხმულ სხეულს ალისფერი სითხით ამარაგებდა. წყვდიადივით შავი თვალები სწრაფად მოატარა სხეულს, თავით ფეხებამდე შეამოწმა საკუთარი ვიზუალი, გამჭრიახი მზერით შეამჩნია, როგორ მოძრაობდა მსხვილ სისხლძარღვებში სისხლი, შემდეგ მარჯვენა ხელით თითქმის შეხორცებულ, ოდნავ ამობურცულ, ხავერდოვან ნაიარევს ფრთხილად შეეხო, ტკივილი არ უგრძნია, თითქოს რამდენიმე წლის წინ მიეყენებინოთ ჭრილობა.. კვლავ ოთახს მოავლო თვალი და მაგიდაზე ჭიქა შენიშნა, ფრთხილად წამოდგა, თითქოს არ ენდობოდა საკუთარ ფეხებს, როდესაც დარწმუნდა, რომ ფეხზე მყარად იდგა, სწრაფი ნახტომით მოჩვენებასავით გაჩნდა მაგიდასთან, ჭიქა ხელში აიღო და სითხე დაყნოსა, რომელიც ძირს ძლივს უფარავდა გამჭვირვალე ჭურჭელს, სუნით მიხვდა, რაც იყო... და უცებ აღმოაჩინა, რომ ეს მაცდური სითხე არ იზიდავდა, ვეღარ აღძრავდა მასში იმ წყურვილს, როგორც ოდესღაც, ვეღარ აღვიძებდა და აგიჟებდა მასში ჩაბუდებულ მძვინვარე მხეცს. ეს გრძნობა ეუცნაურა, ჭიქა მაგიდაზე უხმაუროდ დაუშვა და ჩაფიქრდა, თუმცა სწორ პასუხს ვერ პოულობდა, ყველანაირი ლოგიკით ის ახლა სასტიკად დამშეული უნდა ყოფილიყო და პირველივე შემხვედრი ადამიანისთვის ყელი უნდა გამოეღადრა, მისი სისხლი ბოლო წვეთამდე უნდა დაელია, ის ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, სისხლის წყურვილი მისთვის ბუნებრივ სტიქიას წარმოადგენდა, მაგრამ ამჯერად... 
- რა მჭირს? - გაიფიქრა და კვლავ ჭიქას დახედა, ერთხანს ფიქრობდა, შემდეგ ნელა გააქნია თავი, ბილწად შეიგინა და ტანსაცმლის გარდერობს მიუახლოვდა. პირველივე მაისური და შარვალი, რაც ხელში მოხვდა, სწრაფად ჩაიცვა და ტყავის კურტაკს მისწვდა, გაჩხრიკა და როდესაც მარცხენა ჯიბეში ის აღმოაჩინა, რასაც ეძებდა, ოთახში შემომავალ მთვარის ცისფერ შუქზე კმაყოფილებით შეათვალიერა, გაიღიმა და სწრაფად წამოიცვა მარცხენა ხელის არათითზე, შემდეგ კურტაკი მოირგო და ფანჯარას გახედა... 

*****
     მია ჯეკსონი საწოლზე ჩამომჯდარიყო, სადაც სიცხისგან გათანგული ბოდავდა შავგვრემანი პირველყოფილი, მისი ოფლისგან დაცვარული ხელი თავის რბილ ხელისგულებში მოექცია და დაძაბული აკვირდებოდა. 
     ქერა ვამპირი მოუთმენლად, ჩვეულებრივზე სწრაფად სცემდა ბოლთას პატარა ოთახში ზურგზე ხელებდაწყობილი და სულაც არ იმჩნევდა კუთხეში მჯდარი ექიმის ოდნავ შეშინებულ მზერას, რაც მისი გადაადგილების უჩვეულო სისწრაფით იყო განპირობებული. მისი გონება უშეცდომოდ, დაზეთილი მექანიზმივით სხარტად მუშაობდა, ორი ვარიანტი იყო, პირველი ის, რომ მარკუსის მოცემული ანტიდოტი კოვაქსს გამოაჯანმთელებდა და მთელი ეს ტანჯვა-წვალება წყალში არ ჩაიყრებოდა, მეორე ვარიანტი კი გაცილებით ცუდი იყო, ამ ვარიანტის მიხედვით ანტიდოტის მიღების შემდეგ კოვაქსი კვდებოდა, მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებდა, ლუციუსი კი სრულიად მარტო აღმოჩნდებოდა გაბრიელის, მარკუსის და მათი მკვლელების წინააღმდეგ, რაც უეჭველ დამარცხებას და აქედან გამომდინარე - მის სიკვდილს უდრიდა, ასევე უდრიდა მია ჯეკსონის სიკვდილს, ექიმ ტომპსონის სიკვდილს და თუ გაბრიელის სისხლმოწყურებულ ამფსონებს მივიღებთ მხედველობაში - ნახევარი სალემის სიკვდილს, ამიტომ მუდამ აუღელვებელი ქერა პირველყოფილი ამ მეტად მძიმე სიტუაციიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავდა - კოვაქსი უნდა გადარჩენილიყო, მას არ ჰქონდა სიკვდილის უფლება.
- ვერაფერს ამჩნევ? - ფრთხილად იკითხა კუთხეში თაგვივით გაყურსულმა ექიმმა. 
- არ ვიცი, - დაგვიანებით გასცა პასუხი გოგონამ, - ვფიქრობ ოდნავ ტემპერატურამ დაუწია და სახეც დაუმშვიდდა. 
     ექიმი სავარძლიდან წამოდგა და ავადმყოფის საწოლს მიუახლოვდა, სწრაფად გადაავლო თვალი და თავისი მრავალწლიანი პრაქტიკით მიხვდა, რომ სიტუაცია არც ისე სახარბიელო იყო. კოვაქსს სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები დასჯდომოდა, თვალები უარესად ჩაუცვივდა, თვალის უპეები ჩაუმუქდა, ოდნავ გაღებული პირით სწრაფად სუნთქავდა. 
       ექიმმა გამბედაობა მოიკრიფა, უფრო ახლოს მიიწია და შუბლზე ხელი დაადო. შავგვრემან ვამპირს შუბლი ყინულივით ცივი ჰქონდა. 
       უეცრად კოვაქსი მთელი ტანით წამოიმართა, თვალები შეშლილივით დააბრიალა და რომ არა ლუციუსის წამიერი რეაქცია, გოგონა საკუთარ სისხლში დაიხრჩობოდა. 
- დროებით დაგვტოვეთ, - მკაცრი ხმით თქვა ლუციუსმა და მიას და ექიმს თვალით კარისკენ ანიშნა. 
       გოგონამ შეწინააღმდეგება დააპირა, მაგრამ ქერა ვამპირის გაყინულ მზერას რომ მოჰკრა თვალი, უხმოდ დაუქნია თავი და ექიმთან ერთად პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა. 
- ლუციუს... 
     ქერა ვამპირის გულში იმედის ნაპერწკალმა იელვა, მხრებში ფრთხილად მოჰკიდა ხელი კოვაქსს და საწოლზე დაუშვა. 
- ლუციუს... 
- მშვიდად, - მიუგო ლუციუსმა და სველი ტილო ფრთხილად შეახო შუბლზე, - გაუძელი, მალე გამოჯანმთელდები. 
- არა... - დაიხრიალა კოვაქსმა და მთელი ძალით ჩააფრინდა ლუციუსს მკლავში, - უკვე გვიანია, ძალიან გვიანია... სიცივე... 
- ჯანდაბა, - მრისხანედ წამოიყვირა ლუციუსმა, ფეხზე წამოიჭრა და კოვაქსს დააკვირდა. 
- ლუციუს.. ძალიან ცივა.. სიცივე.. ცეცხლი.. აქ.. - ავადმყოფმა მარჯვენა ხელი მკერდზე მიიდო, შემდეგ თვალები ნელა დაეხუჭა და ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა. 
     ქერა პირველყოფილმა მთელი თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში პირველად იგრძნო შეძრწუნებისმაგვარი. კოვაქსს ეცა, ყური მკერდზე დაადო და როდესაც აღმოაჩინა, რომ გული აღარ უცემდა, სახე დაეჭიმა, ორჯერ-სამჯერ ძლიერად შეარხია შავგვრემანი ვამპირის სხეული. 
- ჯანდაბა, კოვაქს.. ჯანდაბა.. 
     ის მიხვდა, რომ ამ შეშლილ სამყაროში აბსოლიტურად მარტო დარჩა, მარტო - ყველას წინააღმდეგ, მარტო - კოვაქსის გარეშე.. 
     ლუციუსმა ტუჩი მოიკვნიტა, კოვაქსის გახევებულ ცხედარს თვალი აარიდა და კარს გახედა, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მია შემოსულიყო ოთახში და რაც მოხდებოდა, ლუციუსისთვის სრულიად ნათელი იყო, ყველაზე მეტად კი ქერა ვამპირს ის არ სურდა, რომ ძლიერი ემოციური შოკისგან სრულიად შესაძლებელი იყო გოგონას სხეულში მთელი თავისი მრისხანებით აღმდგარიყო ტალია. 
      უეცრად ლუციუსი მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა, კოვაქსის სიკვდილიდან უკვე თითქმის ათი წუთი იყო გასული, მაგრამ მისი სხეული აალებას არ იწყებდა. ქერა ვამპირი მოჭუტული თვალებით დააკვირდა საწოლზე მწოლიარე სხეულს. არა, შეცდომა გამორიცხული იყო, კოვაქსი აშკარად მკვდარი იყო, ლუციუსის მახვილ თვალს ეს არ გამოეპარებოდა. 
     ის კვლავ დაიხარა კოვაქსის სხეულისკენ, მისი გაყინული სახე და სახეზე დაჭიმული კუნთები მის სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებდა, მან ხელები მკერდზე დაულაგა და ზეწარი შუბლამდე გადააფარა. შემდეგ წელში გაიმართა, თავი ოდნავ გააქნია და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ, რათა პირველ სართულზე მყოფი გოგონასთვის და ექიმისთვის ეს ძლიერ სამწუხარო სიახლე შეეტყობინებინა. 

*****
     ის უხმაუროდ, მოჩვენებასავით მიჰქროდა, მის თავზემოთ კი სავსე მთვარე უდრეკად და ჯიქურ მიარღვევდა გარსშემოჯარულ, ჩამუქებული ღრუბლების მღელვარე ტალღებს. ელვასავით მორბენალს რა თქმა უნდა არ ღლიდა არაადამიანური სისწრაფე, პირს ფართოდ აღებდა და გაყინულ ჰაერს უდიდესი ნეტარებით უშვებდა ფილტვებში, გრძნობდა, ყოველ წამს როგორ ემატებოდა ძალა. ქალაქს რომ გასცდა, ტყის უკუნ ზოლში შეჩერდა, რომელიც "სტივის ბარის" მოპირდაპირე მხარეს, მოასფალტებული გზის გასწვრივ გაწოლილიყო, დაწესებულება და მის წინ ახორხოცებული ხალხის არც თუ ისე ფხიზელი ჯგუფი ბოროტი მზერით შეათვალიერა და ჯიბეში მობილური მოიძია, ნომრების ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია და CALL სენსორს უყოყმანოდ დააწვა. სადაცაა გათენდებოდა, ამას მოწმობდა აღმოსავლეთით ალისფრად შეღებილი ჰორიზონტი. რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხეს. 
- ლუციუს.. იცი რომელი საათია ახლა? - ქალის უკმაყოფილო ხმა სრულიად არ მიესადაგებოდა მის თბილ ტემბრს. 
- რებეკა.. 
     ტელეფონის მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა, ერთხანს გახშირებული სუნთქვა ისმოდა, შემდეგ ქალის აღელვებულმა ხმამაც გაიჟღერა. 
- ეს.. ეს შენ ხარ? 
- დიახ, ვწუხვარ რომ არ აღმოვჩნდი ის ზრდილი ჯენტლმენი, რომელსაც ელოდი, - სარკასტულად ჩაიცინა მამაკაცმა და წყვდიადივით შავი თვალებით ბარის მიმდებარე ტერიტორია დაზვერა.
- რა გინდა? - უხეშობამ იმძლავრა ქალის ხმაში. 
- შენთან საუბარი, - მოსხიპა მამაკაცმა და იქვე დააზუსტა, - ახლავე! 
- მუქარის ტონით მელაპარაკები თუ მეჩვენება? - გაიოცა ქალმა. 
- არა, - წამსვე დატკბა მამაკაცის ხმა, - რებეკა მომისმინე, ჩემს თავს რაღაც ხდება, ვფიქრობ... ვფიქრობ რომ ჩემში რაღაც შეიცვალა.. 
- რას გულისხმობ? - ცივად იკითხა ქალმა. 
- მე.. მე სისხლის წყურვილს ვეღარ ვგრძნობ, - ფრთხილად თქვა მამაკაცმა და ხეებს სწრაფად მოეფარა, რადგან ორმა კარგად შეზარხოშებულმა ბაიკერმა, რომლებისთვისაც უზომოდ გალეშილი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ, გზა გადმოკვეთა და ჩაბნელებულ კორომს ბანცალ-ბანცალით მოაშურა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 
- რა თქვი? - ტელეფონში მოისმა უკიდურესად გაოცებული ხმა. 
- მოიცა, - ჩასჩურჩულა მამაკაცმა, - რაღაც უნდა შევამოწმო, - მან მობილური გათიშა, ჯიბეში ჩაიცურა და ხეს ახედა, ტოტები შეათვალიერა, შემდეგ კატასავით სწრაფი, მოქნილი ნახტომით მიწიდან დაახლოებით ხუთი მეტრის სიმაღლეზე ხის ტანზე გამოზრდილ ტოტზე მსუბუქად ახტა და ბაიკერებს, რომლებიც ხის ქვეშ შესდგნენ, ჩასისხლიანებული, ჯოჯოხეთურად ბოროტი მზერით დააკვირდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და მკერდიდან ყრუ ღმუილი აღმოხდა, ის კვლავ ჩვეულ ფორმაში იყო, მტაცებელი საწყის წერტილს უბრუნდებოდა. 
-.... ჰოდა, მივდივარ სახლში მთვრალი, ძმაო, - უხეშად ჰყვებოდა ერთი, დაწნულწვერიანი შუახნის ბაიკერი და თან ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას სიამოვნებისგან კრუტუნებდა, - ჩემი მეუღლის ბიძაშვილი, ხომ იცნობ, ჯონ, როგორი კახპაცაა, მაგის დედაც.. ჯონ, მისმენ? 
      ბაიკერი მოტრიალდა, მეგობრის პასუხი რომ ვერ მოისმინა და თვალები გაოგნებულმა აახამხამა, მისი მეგობარი ჯონი, უფრო სწორად მისი მეგობარი ჯონის  სულს განშორებული სხეული ხის ძირას იჯდა, ხის ტანზე ზურგით მიყრდნობილიყო, არტერიიდან მჩქეფარე ალისფერ სისხლს კი მისი ჟღალი წვერი შეეღება. 
- ამის დედაც, - იყვირა ბაიკერმა, მთვრალი ადამიანის კვალობაზე უჩვეულო სიზუსტით და სისწრაფით შეიკრა შარვლის ელვაშესაკრავი და გასაქცევად შეტრიალდა, მაგრამ მას მეორე დღის გათენება არ ეწერა, მის წინ მაღალი, ათლეტური აღნაგობის შავგვრემანი მამაკაცი იდგა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში მოძრავი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა და მას სისხლის ტბებად აქცევდა, სანახევროდ გაღებული პირიდან მოელვარე ეშვები იწონებდა თავს.
      ბაიკერს უკიდურესი შიშისგან ენა ჩაუვარდა, ყელიდან გაურკვეველი ბგერები აღმოხდა და წაიბორძიკა, მის წინ მდგარმა ჯოჯოხეთის მოციქულმა სატანისებურად გაიღიმა და წამის უსწრაფესად ეცა ყელში, იქ, სადაც მაცდურად ფეთქავდა ცისფერი არტერია. ბაიკერი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და ახოვანი იყო, მაგრამ თავდამსხმელის ძალასთან და სისწრაფესთან ახლოსაც ვერ მივიდოდა, უცნობმა წამში გამოსწოვა სისხლი, ძლიერი დარტყმით კისერი მოამტვრია, მორღვეული სხეული დაუდევრად მოისროლა გვერდით, ნიკაპზე წვრილ ნაკადულად ჩამომავალი სისხლი ხელით მოიწმინდა და გაჩახჩახებულ ბარს გახედა სასტიკი მზერით. ამ დროს მის ჯიბეში მობილური აწკრიალდა. 
- რა ჩაიდინე? - მოისმა ქალის ხმა. 
- ისეთი არაფერი, - ირონიულად ჟღერდა მამაკაცის ხმა, - მცირე ცდა ჩავატარე, არაუშავს, ამ ორი მანიაკის გარეშე სამყარო გაცილებით უკეთესი გახდა, - მან უხამსად გადაიხარხარა და შემდეგ დასერიოზულდა, - რებეკა, თქვენ მე რაღაც დამმართეთ, ახლავე უნდა შვხვდეთ და ყველაფერს ამიხსნი, ახლავე, ბარში, ქალაქგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასაკლაოდ ვაქცევ აქაურობას, - მუქარით დაასრულა მან და ტელეფონი გათიშა. 
     ტყის ზოლის გავლით მთავარ მაგისტრალამდე მიაღწია და სავსე მთვარეს ახედა უცნაური მზერით, ღამის მნათობი თითქოს იზიდავდა მას და აქამდე უცნობი, საშინელი ძალით აღავსებდა. მან ეჭვით გადააქნია თავი, გზა გადაკვეთა და ბარის მიმდებარე ტერიტორიას მიუახლოვდა. ბარის წინ შეკრებილმა საზოგადოებამ არაერთგავროვანი რეაქცია გამოავლინა მისი დანახვისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა უარესად მოიშიშვლეს ისედაც თითქმის შიშველი მკერდი, ბოტოქსით დაბერილი და გალამაზებული ტუჩები ურცხვად გამობუშტეს და მიბნედილი მზერა გააყოლეს შესასვლელისკენ მტკიცე და უჯიათი ნაბიჯით მიმავალს, ზოგი ნაცნობი მიესალმა, ზოგმა ხელი ჩამოართვა და მოჩვენებითი გულისტკივილი გამოხატა მისი ამდენი ხნით გაუჩინარების გამო, ის ხომ ბარის საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო, ამიტომ სალემის საზოგადოების ალკოჰოლის და გართობის მოყვარულთა კატეგორია ასე თუ ისე იცნობდა მას. 
     ის კი ირონიაშეპარული ყალბი ღიმილით მიიწევდა შესასვლელისკენ და სტრატეგიული ღიმილით და მოკლე პასუხებით იშორებდა მისი ბედით დაინტერესებულ ამ საცოდავ მოკვდავებს, ბოლოს, როგორც იქნა შეაღწია ხალხით გამოტენილ ბარში, რომელიც როგორც ყოველთვის, ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა, მის ბედად ფანჯარასთან მისი მაგიდა - ჩვეულებისამებრ სადაც იკავებდა ხოლმე ადგილს, თავისუფალი აღმოჩნდა და ოფიციანტმა მაშინვე მოირბინა გაბადრული და ოდნავ შეშინებული სახით, გაბადრულით იმიტომ, რომ ეს გულუხვი კლიენტი ყოველთვის უტოვებდა ხურდას, რაც უმეტეს შემთხვევაში ათიდან ოც დოლარამდე მერყეობდა, შეშინებული იმიტომ, რომ ოფიციანტს ქვეცნობიერად ყოველთვის ეშინოდა ამ იდუმალი სტუმრის, რომელსაც წყვდიადივით შავი, სასტიკი თვალები და რაღაცნაირი, მტაცებლური გამომეტყველება ჰქონდა. 
- მოხარული ვარ თქვენი კვლავ აქ ხილვით, სერ, - მდაბალად დაუკრა თავი, - რას ინებებთ? 
- ჩვეულებისამებრ, მეგობარო, - გაიღიმა მამაკაცმა, ჯიბიდან "ვინსტონი" ამოიღო, მოუკიდა და ნეტარებით დაარტყა ნაფაზი. 
- სუფთა ვისკი, წყლის გარეშე, - დააზუსტა ოფიციანტმა და როდესაც პასუხად თავის დაქნევა მიიღო, სწრაფად გაიქცა შეკვეთის მოსატანად. 
     მამაკაცმა ბარს თვალი მოავლო და ღრმად შეისუნთქა დამძიმებული ჰაერი, მაშინვე გაარჩია ვისკის, ლუდის, ღვინის, შემწვარი სტეიკის, მწარე ტომატის, იაფფასიანი სიგარის, ოფლის, მდარე ხარისხის ტუჩსაცხის და ადამიანის სუნი, ჯერჯერობით არ იგრძნობოდა მისი დაუძინებელი მტრების - მაქციების სპეციფიკური სუნი, რომელიც რაღაცით მგლის სუნს წააგავდა. დამშვიდდა, მოეშვა და როდესაც ოფიციანტმა ბოთლით ვისკი და გამჭვირვალე ჭიქა მოიტანა, მეორე ჭიქის მოტანაც სთხოვა, შემდეგ ვისკი დაისხა და ჭიქა ნახვრამდე გამოცალა. 
- მიხარია შენი ცოცხალ მდგომარეობაში ნახვა, - მოესმა და როდესაც თავი ასწია, ქალი დაინახა, რომელიც მაგიდასთან იდგა, მკაცრი, უემოციო მზერით შეჰყურებდა, შემდეგ სკამი გამოსწია და მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი. 
- გამარჯობა, რებეკა, - მიესალმა ღიმილით და ხელი გაუწოდა. 
      რებეკას არ შეუმჩნევია გამოწვდილი ხელი, სასმელი დაისხა, ოდნავ მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დაუშვა. 
- რა საქმე გაქვს ჩემთან? არ მომწონს, როდესაც მემუქრებიან, ეს ხომ კარგად იცი? 
- მშვიდად, - ხელები ასწია მამაკაცმა და კვლავ გაიღიმა, - რაღაც საქმე მაქვს გასარკვევი, აქ საჩხუბრად არ დამიპატიჟებიხარ. 
- კარგი, - ქალმა მიმოიხედა, - გისმენ. 
- როგორც უკვე გითხარი, რაღაც მჭირს და კონკრეტულად რა, შენ უნდა გამარკვიო, - მტკიცე მზერით შეხედა ქალს შოკოლადისფერ თვალებში. 
- ანუ სისხლის მოთხოვნილება აღარ გაქვს? - დაუბრუნა ქალმა. 
- არა. 
- სულ არა? - ეჭვმა გაიჟღერა რებეკას ხმაში. 
- სულ არა, - დაუდასტურა და მოლოდინით მიაჩერდა. 
      ქალი ერთხანს უნდობლად შეჰყურებდა, შემდეგ მისი ხელი ხელისგულებში მოაქცია და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ხელი შეუშვა და თვალები გაახილა, მის შოკოლადისფერ ტბებში ამჯერად უდიდესი გაოცება ირეკლებოდა. 
- შენ... 
- რა? - მოუთმენლად შეეკითხა. 
- ჯანდაბა... ნუთუ ეს შესაძლებელია... 
- რა ხდება? - გაღიზიანდა მამაკაცი. 
- შენს გონებაში ვერ ვაღწევ... 
- ჰმ, - ზიზღით თქვა მამაკაცმა, - მეგონა მე მჭირდა რამე, რა გჭირს რებეკა, შენი უნარები... 
- ჩემს უნარებს არაფერი დამართვნია, - გააწყვეტინა ქალმა, - კედლისკენ შემობრუნდი და გარდაისახე. 
- რაო? - ამჯერად მამაკაცის გაოცების დრო დადგა, - აქ, ამდენ ხალხში... - მან ბარს თვალი მოავლო. 
- აქ ვერავინ შეგვნიშნავს, - დაამშვიდა ქალმა, - ხომ გინდა რომ გაგარკვიო, რა გჭირს? ჰოდა ჩემს მითითებებს მიჰყევი. 
     მამაკაცმა ბილწად შეიგინა, კედლისკენ სანახევროდ შეტრიალდა, ახლა მის სახეს ბარში მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ დაინახავდა, რებეკას გარდა. 
- მიდი, - დააჩქარა ქალმა და ინტერესით დააკვირდა, - შენ ხომ პირველყოფილი ვამპირი ხარ და საკუთარი თავის კონტროლი შეგიძლია. 
      მამაკაცმა გაიღიმა, თავი დაუქნია და თვალები დახუჭა, რამდენიმე წამის შემდეგ ოდნავ გაღებული პირიდან მოელვარე ეშვები ჩამოეზარდა, სხეული დაეჭიმა, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, ლოყებზე ამობურცულ სისხლძარღვებში მოძრავი სითხე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას უცნაურ, საზარელ ელფერს აძლევდა, ეს იყო მუქი შავის, მოელვარე წითელის და ხასხასა მწვანე ფერის ნაზავი.. 
     ქალმა ჩუმად შეჰკივლა და ერთბაშად უკან დაიწია სკამიანად, მამაკაცმა მაშინვე შეწყვიტა ტრანსფორმაცია და შემობრუნდა, ქალი დაფეთებული სახით შეჰყურებდა. 
- ახლა ვხვდები, რატომ ვერ შემოვაღწიე შენს გონებაში. 
- რატომ? 
- შენს გონებაში ვეღარ ვაღწევ, სისხლის წყურვილი გაგიქრა, მაგრამ ძველებურად უკვდავი ხარ, შეიძლება უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე... 
- მოკლედ თქვი, თუ შეიძლება, - უხეშად მოითხოვა მამაკაცმა. 
- შენ ჰიბრიდი ხარ, - მოსხიპა ქალმა, - პირველყოფილი ჰიბრიდი, ნახევრად პირველყოფილი ვამპირი, ნახევრად მაქცია.. ჯანდაბა.. 
     მამაკაცი გაშეშდა, მზერა გაეყინა, პირი გააღო და ასე შეჰყურებდა ქალს რამდენიმე ათეული წამი, შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. 
- რა თქვი? 
- შენ პირველყოფილი ჰიბრიდი ხარ, - გაიმეორა ქალმა, - ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს! 
- ჯანდაბა... ეს როგორ.. რანაირად? 
- როდესაც შენ სალაზარმა გიკბინა, მისმა შხამმა შენს სისხლში შეაღწია, შენ დასუსტება დაიწყე, - თვა ქალმა, - ჭრილობა აღარ ხორცდებოდა, შენი თვითგანკურნების უნარი უძლური აღმოჩნდა ჰიბრიდის შხამის წინააღმდეგ.. 
- ეს ვიცი, - თავი დაუქნია მამაკაცმა, - მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი შორეულ წარსულში მოხდა, ფრაგმენტებად მახსოვს რაღაც-რაღაცეები, მაგრამ მთლიანი სურათის აღდგენას ვერ ვახერხებ... 
- როგორც ჩანს, - განაგრძო ქალმა, - შხამმა მეხსიერებაც დაგიზიანა, ლუციუსი ყველანაირად ცდილობდა შენს განკურნებას, ის ექიმი ტომპსონის დახმარებით საკუთარ სისხლს გისხავდა და ეს ასე თუ ისე გშველოდა, მაგრამ ავადმყოფობას ვერ აჩერებდა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ლუციუსი მარკუსს დაუკავშირდა და გაბრიელთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა შენთვის ანტიდოტი ეშოვა, რომელიც ჰიბრიდის ნაკბენს განკურნავდა, მარკუსმა ლუციუსს მისცა ანტიდოტი, რომელიც ჰიბრიდის სისხლისა და ვერცხლის ფიჭვის ნაცრისგან იყო დამზადებული, შენ ეს ანტიდოტი დაგეხმარა გამოჯანმთელებაში, მაგრამ ამავდროულად ჰიბრიდად გაქცია... სულ ესაა. 
      მამაკაცი ჩაფიქრდა, თითები ერთმანეთში გადახლართა და სივრცეს გაუშტერა თვალი. 
- გამოდის, მე ყველა დამეხმარა, ლუციუსი, მარკუსი, გაბრიელი... ანტიდოტი ვინ დაამზადა? 
- მე დავამზადე, - თვალი აარიდა რებეკამ. 
- ანუ კვლავ იმ სატანისთვის მუშაობ, - ირონიულად თქვა მამაკაცმა. 
- ყველაფერი არც ისე მარტივადაა, - მწარედ ამოიოხრა ქალმა, შემდეგ წამოდგა, - უნდა წავიდე, შენ რას აპირებ? 
- არ ვიცი, - თავი გააქნია მამაკაცმა, - ამ ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდე, გმადლობ, რებეკა, - ის პასუხს არ დალოდებია, ფანჯრისკენ იბრუნა პირი და ფიქრებში ჩაიძირა.. 

*****
     შუშის ჩალეწვის ხმა პირველი რა თქმა უნდა ლუციუსს მოესმა, მან ხელი ფრთხილად წაჰკრა დივანზე ჩაძინებულ გოგონას და სანამ ის და ექიმი გონს მოეგებოდნენ, ელვასავით გაჩნდა იმ ოთახის კართან, სადაც კოვასის სხეული ეგულებოდა, ფრთხილად შეაღო და მახვილი მზერით მოჩხრიკა ოთახი, როდესაც მისი მხედველობის არეში საწოლი მოხვდა, სადაც ყველანაირი ლოგიკით გახევებული გვამი უნდა ყოფილიყო, გაოცებისგან შესდგა, საწოლი ცარიელი იყო, ფანჯრის შუშა - ჩამსხვრეული.
- რა ხდება? - ოთახში ერთდოულად შემოცვივდნენ მია და ექიმი, ლუციუსს ჯერ კიდევ არ გაემხილა მათთვის კოვაქსის სიკვდილის შესახებ. 
- ღმერთო, - აღმოხდა მიას და სინათლის ჩამრთველი გადაატრიალა, შემდეგ ლუციუსს მკლავში მოჰკიდა ხელი და საწოლზე მიუთითა, - ლუციუს, ის... 
- ვხედავ, - მკაცრად გამოეპასუხა ქერა ვამპირი, - ორი ვარიანტი მაქვს, ის ან საკუთარი ფეხით წავიდა, ან ვინმემ მოიტაცა, არ მგონია საკუთარი ფეხით წასულიყო, რადგან... 
- რადგან რა? - თვალებში შეაჩერდა გოგონა და მოსალოდნელი უბედურების შეგრძნებისგან გული მტკივნეულად შეეკუმშა. 
- რადგან ის... - ლუციუსს უმძიმდა სიმართლის თქმა, მდგომარეობიდან ტელეფონის წკრიალმა გამოიყვანა, ეკრანისთვის არც დაუხედია, ისე დააწვა ღილაკს. 
- გამარჯობა, ლუციუს! - ამ ცინიკურად მჟღერადმა ხმამ ლუციუსს ყველა საფიქრალი დაავიწყა და გაოგნებით და იმედით აღავსო მისი სული. 
- ჯანდაბა... კოვაქს!

თავი 14

"... თავისუფლების ზღვა არასოდეს არსებობს ღელვის გარეშე! "

თომას ჯეფერსონი.

    ექიმის ე.წ. გატაცების და მასთან საუბრის შემდეგ შერიფი კრამერის ტვინში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებდა, გაითავისა, რომ ეს სამყარო თურმე სულაც არ ყოფილა ისე მოწყობილი, როგორც ამდენი წლის განმავლობაში ეგონა, სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელის, ექიმი ტომპსონის და კეის ნაამბობი მცირე დეტალების გამოკლებით და მცირე დეტალების დამატებით ასე თუ ისე, ერთმანეთს ემთხვეოდა და ერთ, საზარელ და ზებუნებრივ ფერებში დახატულ სურათს ქმნიდა. არ იცოდა, შექმნილ უჩვეულო სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო, მტერი უამრავი იყო, სხვადასხვა სახის, უცნაური და საშიში უნარების მქონე. შერიფმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ მას ისეთი დამხმარე სჭირდებოდა, ვინც მეტნაკლებად ჩახედული იყო სალემის ზებუნებრივ სამყაროში და ამ არსებებთან კავშირი ჰქონდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მის ტვინს უკეთ ასამუშავებლად ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა სჭირდებოდა, ბოლოსდაბოლოს ის ხომ შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილი სერჟანტი იყო, ის ყველა სიტუაციას გაუმკლავდებოდა, ყველა სიტუაციას მოერგებოდა. 
      შერიფმა ჭიქა ვისკით შეივსო, სავრძელში მოწყვეტით ჩაეცა და ამერიკული წეს-ჩვეულების თანახმად მძიმე ბათინკები სამუშაო მაგიდაზე შემოალაგა. მარცხენა ხელში ჭიქა ეჭირა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითზე კი ლეგენდარული "მაგნუმი" სასხლეტის რგოლით წამოეცვა და რიტმულად ატრიალებდა. ფიქრობდა, ვარიანტებს განიხილავდა, ვის შეეძლო მისთვის დახმარება აღმოეჩინა, ბოლოს იმ აზრზე შეჯერდა, რომ საუკეთესო გამოსავალი მაინც ექიმი იყო, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ექიმი იმ ქერა ვამპირის კლანჭებიდან უნდა დაეხსნა. მობილური მოიძია და ნომერი აკრიფა, დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ უპასუხებდნენ, მაგრამ.. 
- გისმენთ. 
- ჯანდაბა, ალდო, არ გათიშო, რაღაც უნდა გითხრა. 
- ვიცი, რაც უნდა მითხრა, შერიფო, გირჩევ, ამ საქმეში ნუ ჩაერევი, შენივე საკეთილდღეოდ. 
- მე ამ ქალაქის შერიფი ვარ და მისი თითოეული მაცხოვრებლის უსაფრთხოების დაცვა ჩემი ვალია! 
      ამ სიტყვებს ექიმის მხრიდან დუმილი მოჰყვა. 
- უნდა ვილაპარაკოთ, ახლა სამსახურში ვარ, საღამოს ექვსზე ბარში შევხვდეთ, რას იტყვი? მართლა ძალიან მჭირდება შენი დახმარება. 
      ექიმი დაახლოებით ათი წამი ყოყმანობდა. 
- კარგი.. ვეცდები ლუციუსს როგორმე გამოვეპარო, თან აქ არც თუ ისე მშვიდობიანი სიტუაციაა. 
- რას გულისხმობ? - შეშფოთდა შერიფი. 
- პირადად გეტყვი, - ტელეფონი გაითიშა. 
       საღამოს ექვს საათზე შერიფის მანქანა ბარის ავტოსადგომზე შევიდა, შერიფმა ჯერ მანქანიდან მოათვალიერა მიმდებარე ტერიტორია, ექიმის აღწერილობის მიხედვით სცნობდა ტანმაღალ, ქერა და ჟღალწვერიან ლუციუსს, პირადად იცნობდა ჯონ დარსის, რომელიც, ექიმის სიტყვების თანახმად, უმართავი, სისხლისმწყურვალი არსება იყო, მას კოვაქსი ერქვა და ყველაზე მეტად მასთან მორიდება ურჩია ექიმმა ტომპსონმა. შერიფი დარწმუნებული იყო, რომ ხალხმრავალ ადგილებში ვამპირები თავის გამომჟღავნებას მოერიდებოდნენ, ამიტომ გულსრულად გადმოვიდა მანქანიდან, ბარში შევიდა და თავისი ჩვეული მაგიდა დაიკავა, სანამ ექიმი მოვიდოდა, ხალხს გადაავლო თვალი, აქ თავს მამად გრძნობდა, როდესაც ულმობელ, უძლიერეს ვამპირებთან შედარებით ამ სუსტ, ადვილად გასანადგურებელ ადამიანებს უყურებდა, გულში ბრაზი ემატებოდა და უფრო და უფრო უძლიერდებოდა მათი დაცვის სურვილი. 
- გამარჯობა, შერიფო, - ექიმმა მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი. 
      შერიფმა თავი დაუქნია, ჭიქები სასმლით შეავსო. 
- როგორ ხარ, ალდო? 
- კარგად, გმადლობ, - ორი სიტყვით შემოიფარგლა ექიმი და შერიფს დააკვირდა, თითქოს ამ რამდენიმე დღეში უფრო მეტად დაბერებულიყო შერიფი კრამერი, თვალებში უფრო მეტი სიმკაცრე და სიცივე ჩასდგომოდა, საფეთქლებზე უფრო გაჭაღარავებულიყო. 
- შენ იცი, რის შესახებაც მსურს საუბარი, - ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და შესავლების გარეშე დაიწყო შერიფმა, სკამის საზურგეზე გადაწვა და სასმელი მოსვა. 
- დაახლოებით ვხვდები, - ცივად უპასუხა ექიმმა, - უფრო კონკრეტულად? 
- მაინტერესებს ამ ამბავში როგორ აღმოჩნდი ჩართული. 
- ლუციუსი ჩემთან მოვიდა და მისი მომაკვდავი მეგობრის დახმარება მთხოვა, - უბრალოდ უპასუხა ექიმმა. 
- ლუციუსი... ანუ ის ქერა სისხლისმსმელი? - ირონიულად გამოეპასუხა შერიფი, ჭიქა გამოცალა და ხელმეორედ შეივსო. 
- კიდევ რა გაინტერესებს? - სიცივე დაეტყო ექიმის ხმას, - შერიფო, მე მძევალი ვარ ამ სიტუაციაში და ძალიან გთხოვ შეწყვიტო ასე მოქცევა, მე არც დამნაშავე ვარ რამეში და არც ეჭვმიტანილი, მოხარული ვიქნები, თუ ამას შეუშვებთ თქვენს სქელ შუბლში. 
       შერიფს არაფერი უპასუხია, მრისხანე სახით აკვირდებოდა, შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადგა, წინ გადმოიწია და ექიმს სახეში შეხედა. 
- კარგი.. მითხარი როგორები არიან ისინი, მათი უნარები, ძლიერი და სუსტი მხარეები მაინტერესებს, მინდა ვიცოდე, როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა. 
- ოღონდ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს, კარგი? - გააფრთხილა ექიმმა. 
- კარგი, - ტყუილი დაპირება გასცა შერიფმა და გულში გაივლო, ამას შემდგომში სიტუაციის მიხედვით გადავწყვეტავო. 
       ექიმმა თავი დაუქნია, სასმლის მცირე ყლუპით ყელი ჩაიწმინდა და ჩაფიქრდა, აზრებს ალაგებდა. 
- ლუციუსი, - დაიწყო ექიმმა, - მათ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ასე ვთქვათ, დაფასებული ვამპირია, მისი ეშინიათ და პატივს სცემენ.. 
- ოჰო, - ჩაიბურტყუნა შერიფმა. 
        ექიმმა საყვედურის გამომხატველი მზერით გახედა, შერიფმა ხელით ანიშნა, განაგრძეო. 
- მიუხედავად მისი საშიში გარეგნობისა და გამოხედვისა, მგონია, რომ ის სულაც არ არის ულმობელი, კოვაქსთან მხოლოდ სამსახურეობრივი შეხება მქონდა, მაგრამ ვფიქრობ ის ყველაზე მანიაკი არსებაა მათ შორის, ისინი თითქოს ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ... 
- საინტერესოა, - თქვა შერიფმა, - რისთვის ჩამოვიდნენ ისინი ჩვენს ქალაქში? 
- არ ვიცი, - თავი გააქნია ექიმმა, - ლუციუსს ამის შესახებ ჩემთან არ უსაუბრია, ის ერთ-ერთი ყველაზე ზრდილი და ემოციურად გაწონასწორებული ჯენტლმენია იმ ადამიანთა და არაადამიანთა შორის, ვისაც ვიცნობ. 
- როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა? 
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ექიმმა, - ისინი საოცრად სწრაფები და ძლიერები არიან, არ ვიცი, რა იარაღით უნდა ებრძოლო მათ, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ტყვიის ეფექტურობა მათთან ბრძოლისას ნულის ტოლია. 
- ჯანდაბა, მაგის დედაც... - ბინძურად შეიგინა წამოჭარხლებულმა შერიფმა და კვლავ სკამზე გადაწვა, - რამდენნი არიან? 
- ლუციუსი, კოვაქსი, მარკუსი და რამდენიმე, ზუსტად არ ვიცი.. 
- მარკუსი? - ამ სახელმა რატომღაც დააინტერესა შერიფი. 
- ჰო, - დაუდასტურა ექიმმა, - მაგრამ არასდროს მინახავს, ამბობენ, მაგათ სამყაროში ყველაზე ძლიერი ვამპირიაო. 
- ჰმ, - ჩაიბუზღუნა შერიფმა და თითი "მაგნუმის" ბუდეს მიარტყა. 
- აზრი არ აქვს, - გააფრთხილა ექიმმა, - კოვაქსს უფრთხილდი, ის ფეთქებადი და არაპროგნოზირებადია.. 
- ჯანდაბა, - გაისმა საშინლად ცინიკური ხმა და მათ მაგიდას თეატრალურად ხელებგაშლილი შავგვრემანი უკვდავი მიუახლოვდა, - როგორც მოვისმინე, არც ისე კარგად დაგიხასიათებივარ, პატივცემულო ექიმო, თქვენ კი, შერიფო, - მან თავხედობაში გადასული ზრდილობით დაუკრა თავი, - ვხედავ, რომ უკვე იცით ჩემს შესახებ და ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა.. 
      ექიმს შიშისგან ენა ჩაუვარდა, შერიფს კი თვალები დაუვიწროვდა ბრაზისგან და ინსტინქტურად იარაღისკენ წაიღო ხელი. 
- ეს არაა საჭირო, - ჩაიცინა კოვაქსმა და მაგიდასთან კომფორტულად მოეწყო, - თან აზრიც არ აქვს, მე ხომ უკვდავი ვარ, - მან ბოროტად გადაიხარხარა და ექიმს მიუბრუნდა, - ექიმო, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ მადლობა გადაგიხადოთ ჩემზე გაწეული მზრუნველობისთვის. 
       ექიმმა პასუხად რაღაც წაიბურდღუნა. 
- ამდენი ხალხი, - კბილები გაახრჭიალა შერიფმა და იარაღს ხელი შეუშვა, - შენ დახოცე, შენ.. 
- ამაში მთლად დარწმუნებული ნუ იქნები, შერიფო, - უდარდელად მიუგო კოვაქსმა და ექიმის ჭიქიდან ვისკი მოსვა, - მე დიდხანს გადევნებდით თვალს და როდესაც დავინახე, რომ თქვენ მცდარ გზას ადგახართ, გადავწყვიტე დახმარების ხელი გამომეწოდებინა თქვენთვის. 
- რაო? - იკითხა კოვაქსის უკიდურესი თავხედობით გაოცებულმა შერიფმა, მაგრამ შავგვრემან ვამპირს არც ნირი შეუცვლია და არც ირონიული ღიმილი მოუშორებია სახიდან. ის ოდნავ წინ გადმოიხარა. 
- თქვენ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდით, შერიფო, ჩვენზე რაღაც-რაღაცეები იცით, რაღაც-რაღაცეები, - ხაზგასმით წარმოთქვა მან, - შეგვეშვით მე და ლუციუსს, ეს, როგორც მეგობრული გაფრთხილება, ისე მიიღეთ, - ის წამოდგა, ღიმილით დაუკრა თავი გაოცებულ შერიფს და უარესად გაოცებულ ექიმს და გასასვლელის მიმართულებით გაუჩინარდა.

*****
     ლუციუსი გაოცებული დაჰყურებდა გათიშულ ტელეფონს. ბოლოს მიამ გამოარკვია. 
- ლუციუს, რა ხდება? 
- არაფერი, - თავი გააქნია ქერა ვამპირმა, - საერთოდ არაფერი, ჯანდაბა, და სწორედ ესაა ცუდი, საერთოდ არაფერი რომ ხდება! 
- მეგონა ჩემთან დალაპარაკებას მოინდომებდა.. - გულისტკივილით ჩაილაპარაკა გოგონამ. 
- მას საერთოდ არ უხსენებიხართ, მის ჯეკსონ! - მწარედ ჟღერდა ლუციუსის სიტყვები. 
      მიას გული ეტკინა, არ ეგონა, ასე ცივად თუ მოექცოდა კოვაქსი, მიტოვებული ადამიანის სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა. 
- ჩვენ არ ვიცით, რა გავლენა მოახდინა ანტიდოტმა მასზე, - ჩაერია ექიმი და მიას შეხედა, თითქოს ამით ანუგეშებდა გოგონას. 
- ჰო, ასეა, - სასწრაფოდ დაეთანხმა ლუციუსი, - ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო უგონოდ და ახლა დრო სჭირდება, რომ აზრები დაალაგოს, ვფიქრობ, მალე თვითონვე მოინდომებს კავშირზე გამოსვლას. 
- ახლა სად არის? - იკითხა გოგონამ. 
- არ ვიცი, - თავი გააქნია ლუციუსმა, - ჩემი პირადი აზრით, მხოლოდ იმიტომ დამირეკა, რომ გამეგო ცოცხალი იყო. ის ხომ კოვაქსია და მისი აზრით ეს სრულიად საკმარისია, - ბრაზით დაასრულა ლუციუსმა. 
      ის ჩამსხვრეულ ფანჯარასთან მივიდა და ღამის სიბნელეში გაიხედა, შემდეგ შემობრუნდა. 
- მის ჯეკსონ, მერწმუნეთ, მას თუ დაბრუნება მოუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. 
- და შენ არ აპირებ მის მოძებნას? - გაოცდა გოგონა. 
- არა, რისთვის? - შუბლი შეკრა ქერა ვამპირმა, - ის ზრდასრულია და თავისუფალი ნება გააჩნია, ისევე როგორც... 
- მისტერ ლუციუს, - ჩაერია ექიმი, - თქვენ დაუშვებთ, რომ ამ მანიაკმა თავისუფლად ისეირნოს და ხალხს საფრთხე შეუქმნას? ვიმეორებ, ჩვენ არ ვიცით მისი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა! 
       ქერა პირველყოფილს აშკარად გაუკვირდა ექიმის ეგზომ თამამი გამოსვლა, მოწონებით დააქნია თავი და რენტგენისებური თვალებით მიაშტერდა, ექიმმა არ დაუთმო, გაიჯგიმა და თვალი გაუსწორა. 
- რას მთავაზობ, ექიმო? 
- მისტერ ლუციუს, - ოდნავ შერბილდა ექიმის ტონი, - გირჩევთ, მოძებნოთ ის მანამ, სანამ თვენი ზებუნებრივი სამყაროს საიდუმლოებები სააშკარაოზე გამოუტანია, მიკვირს ამას როგორ ვერ ხვდებით, ეს ხომ წესით თქვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს? 
       ლუციუსი ფანჯარას მოშორდა და ზურგზე ხელებდაწყობილმა ნელა გაიარ-გამოიარა ოთახში. 
- კარგი, - თქვა ბოლოს, - შევეცდები მის მოძებნას, მაგრამ მის ჯეკსონს ვინ დაიცავს მარკუსისგან, სანამ მე აქ არ ვიქნები? 
- არ მჭირდება ვინმეს დაცვა, - მოულოდნელად თქვა ჩუმად მდგარმა მიამ, - ეს ყველაფერი მომწყინდა, მშვიდი ცხოვრება მომენატრა, ჩვეულებრივი ადამიანივით, მე სახლში მივდივარ, კოვაქსს თუ ნახავთ, გადაეცით, რომ შეუძლია არ დაბრუნდეს, - გოგონა შებრუნდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,  მაგრამ ეს ვერავინ შენიშნა, - და კიდევ, მისტერ ლუციუს, კუდში დევნა და დაცვა საჭირო არ არის, როგორმე მე თვითონ მივხედავ საკუთარ თავს, კარგად ბრძანდებოდეთ, - ის პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა, კარი ფრთხილად გაიხურა და ავტომანქანისკენ გაემართა მკერდზე ხელებგადაჭდობილი, თითქოს შიგნიდან მომავალი ტკივილის ჩახშობას ცდილობდა. 
- არ არის საჭირო, - თავი გააქნია ლუციუსმა, როდესაც ექიმმა გასვლა დააპირა, - მე მესმის მისი, ის დაიღალა ამ ყველაფრით და თავის დაცვაც შეუძლია. 
      ექიმი ერთხანს ლუციუსს აკვირდებოდა, შემდეგ ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა. 
- ის ამას არ იმსახურებს, მისტერ ლუციუს. 
- რას არ იმსახურებს? 
- თქვენ მოულოდნელად, არსაიდან გაჩნდით სალემში და აქაურების ცხოვრებაში შეიჭერით, მათი მყუდროება დაარღვიეთ... 
- ცდებით, ჩემო ძვირფასო ექიმო, - მშვიდად მიუგო ლუციუსმა, - ჩვენ ამ ტერიტორიებზე ვიმყოფებოდით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დიადი ამერიკის იდეა იდეაშიც კი არ არსებობდა, იმ დროს ამ ტერიტორიაზე წითელკანიანები სახლობდნენ, მკვიდრი ამერიკელები, - ხაზგასმით თქვა მან. 
- და მაინც ვთვლი, რომ ეს არ ამართლებს იმას, რასაც თქვენ აქ სჩადიხართ, - არ დაუთმო ჯიუტმა ექიმმა. 
- ჩვენ აქ მშვიდობას ვიცავთ, - მრისხანე გამომეტყველებით თქვა ქერა პირველყოფილმა, - პრიმუმთა კლანის გარეშე აქაურობა განადგურდება და დავიწყებას მიეცემა. 
- ამ კამათს აზრი არ აქვს, - თავი გააქნია ალდომ, - მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ არა ყოველთვის, ადამიანთა სისხლზე დაფუძნებული მშვიდობა ვერასდროს იქნება მყარი. 
- თომას ჯეფერსონი, მემუარები, - ღიმილით თქვა ლუციუსმა, - მიყვარს და პატივს ვცემ ამ დიადი ადამიანის ცხოვრებას და მის აზროვნებას, დაიმახსოვრეთ ექიმო, ის ერთ-ერთი ყველაზე სწორად მოაზროვნე ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. ჩემი წასვლის დროა, - ლუციუსი ფანჯარასთან შესდგა და გვერდულად გამოხედა ექიმს, - მიაქციეთ ყურადღება მის ჯეკსონს, ექიმო, სანამ მე დავბრუნდები. 
- პირობას გაძლევთ, - აღუთქვა ექიმმა და თვალი ვერ შეასწრო, ისე სწრაფად გაქრა ლუციუსი ღამის წყვდიადში.. 

****
     რებეკას წასვლის შემდეგ კოვაქსმა ბარი დატოვა, უკაცრიელ ავტოსადგომზე შეჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა. ზოგადად, შავგრემანი პირველყოფილი ფიქრსა და მოქმედებას შორის ყოველთვის მეორეს ანიჭებდა უპირატესობას, მაგრამ ახლა ასე არ იყო, რაღაცეები შეიცვალა. ლუციუსთან საუბრიდან ახსოვდა, რომ ქერა ვამპირს ტალიას სხეულის პოვნა უნდოდა, მაგრამ ჰიბრიდის შხამმა იმდენად იმოქმედა მის მეხსიერებაზე, რომ ვერაფრით იხსენებდა, რისთვის სჭირდებოდა ვამპირთა კანონის წიგნის მცველს მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ჯადოქრის სხეული. კოვაქსმა სიგარეტი ფილტრამდე ჩაიყვანა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი, არ მოსწონდა, რომ მნიშვნელოვანი მომენტები გამორჩა, თითქოს მისი მეხსიერების წიგნიდან რამდენიმე ფურცელი ამოხიეს. ლუციუსთან საუბარი არ უნდოდა მანამ, სანამ თავად არ გაერკვეოდა შექმნილ სიტუაციაში. არც ის მოსწონდა, ქალაქის შერიფმა რომ მათ შესახებ ყველაფერი იცოდა, ამ ამბის ლოგიკური გაგრძელებით შერიფი, რომელიც ყოველ მიზეზგარეშე ქალაქის საიდუმლო საბჭოს ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, სულ მალე მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდებოდა, სალემის ზებუნებრივ სამყაროში ბოლომდე გაერკვეოდა და როდესაც საქმე არჩევნის გაკეთებაზე მიდგებოდა, კოვაქსისთვის სრულიად ნათელი იყო ვის აირჩევდა შერიფი პირველყოფილებს, ვამპირებს და იმ ბინძურ ძაღლებს შორის. ამიტომ, მისი ღრმა რწმენით, დაუყოვნებლივ მოქმედებებზე გადასვლა იყო საჭირო, ხოლო სიტყვა "მოქმედება" შავგვრემანი პირველყოფილისთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - მისი მტრების სიკვდილს, ანუ ქალაქის საიდუმლო საბჭოს და მაქციების განადგურებას. 
      კოვაქსმა აღმოსავლეთით გაიხედა, იქ, სადაც განმარტოებით მდგარი ეგულებოდა ქალაქის მცველთა საიდუმლო შეკრების ადგილი. არ იცოდა, როდის გეგმავდნენ ისინი თავშეყრას, ამიტომ გადაწყვიტა, როგორმე კონორი მოეძებნა, რომელიც კავშირში იყო საიდუმლო საბჭოსგან და ნებსით ან ძალით მიეღო მისგან საჭირო ინფორმაცია. 
      ამ ფიქრებში იყო კოვაქსი, თან ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა ჩაბნელებულ ტყეს, რომელიც ავტოსადგომს სამი მხრიდან შემორტყმოდა, როდესაც სუსტი ფაჩუნის ხმა მოესმა და ვიღაც იმდენად ძლიერად დაეტაკა გვერდში, რომ რამდენიმე იარდზე მოისროლა, მაგრამ შავგვრემან პირველყოფილს წონასწორობა არ დაუკარგავს, გრუნტზე კატასავით რბილად და უხმაუროდ დაეშვა, წამის მეასედში მოახდინა ტრანსფორმაცია და ყრუდ დაიღრინა. 
      წყვდიადით მოცული ტყიდან ორმა პიროვნებამ გამოაბიჯა, ერთი კი ზურგის მხრიდან მიუახლოვდა, ეს უკანმოუხედავად იგრძნო კოვაქსმა. ის ყურადღებით დააკვირდა უცნობ თავდამსხმელებს, არც ერთი არ ეცნობოდა, არ ჰგავდნენ აქაურებს.  ერთს, რომელსაც ამ სამს შორის მეთაურობა ეტყობოდა, სამხედრო ყაიდაზე გარშემო წმინდად აპარსული თავი და მრისხანედ მოელვარე შოკოლადისფერი თვალები ჰქონდა, ეს თვალები საიდანღაც ეცნო კოვაქსს, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. 
- როგორც ჩანს, დროის გასვლასთან ერთად, ჩემზე მოთხოვნილება არ იკლებს, მიხარია ასეთი პოპულარულობა, - ჩვეული ირონიით გამოსცრა მან, სწრაფად წამოიმართა და უცნობი თავდამსხმელები დაზვერა, რომლებიც წრედ შემოერტყნენ, უხმოდ აკვირდებოდნენ და ისე უვლიდნენ გარშემო, კოვაქსსა და მათ შორის დისტანციას არ არღვევდნენ.  ისინი შავგვრემან პირველყოფილს სწავლობდნენ. 
      კოვაქსი ნელა, მათთან ერთად სინქრონულად ბრუნავდა წრის შუაგულში და გამჭრიახი მზერით ცდილობდა გამოეცნო ყოველი მათი აზრი და მომავალი მოქმედება. 
- მეგობრებო, - ფოლადისმაგვარი ხმით მიმართა შოკოლადისფერთვალებიანმა დანარჩენ ორს, - ნება მომეცით წარმოგიდგინოთ, კოვაქსი - პრიმუმთა კლანის ერთ-ერთი ყველაზე სადისტი და სისხლისმსმელი არსება, - მის ხმაში ზიზღმა გაჟონა და მუქარით გაუყარა კოვაქსს თვალი-თვალში. 
- საინტერესოა, - თავი დაუკრა კოვაქსმა და ოდნავ მოიხარა წელში, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, - ვისთან საუბრის პატივი მხვდა წილად? 
     შოკოლადისფერთვალებიანმა მრისხანედ ჩაიცინა,  ნახვარი ნაბიჯით შეუმჩნევლად მიახლოვდა კოვაქსს და ქურთუკი გაიხადა. 
- ჩემი სახელი საიდუმლო არაა, ჰეიტემ ვესტმორლენდი, ის, ვინც ჯოჯოხეთის გზას გაგიყენებს. 
- და თუ არ მაქვს ამის სურვილი? - საზარელი ხმით იკითხა შავგვრემანმა პირველყოფილმა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და მისმა თვალებმა უცნაური შეფერილობა მიიღო, - ბატონებო, თქვენთვის დიდი პატივია ჩემი ხელით გეწვიოთ სიკვდილი, მე პირადად ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, დავიწყოთ? 
      მაგრამ მის ამ თავხედურ და გამომწვევ სიტყვებს თავდამსხმელთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ისინი თითქოს ერთ ადგილს მიელურსმნენ, გაკვირვებული სახით შეჰყურებდნენ ტრანსფორმირებულ პირველყოფილს და მის საზარლად მოელვარე თვალებს თვალს არ აცილებდნენ. 
- ჯანდაბა... - თქვა ბოლოს კოვაქსის მარცხნივ მდგომმა, - ჰიბრიდი... პირველყოფილი ჰიბრიდი... ეს როგორ? 
     არანაკლებ გაოცებული იყო ჰეიტემიც. 
- შენ... - დაიღრინა მან, - რას ნიშნავს ეს ყველაფერი? 
- თქვენს უეჭველ სიკვდილს, - ღრენით გამოეპასუხა კოვაქსი. 
- ვნახოთ, - ჰეიტემი წამში გარდაისახა და ახლა უკვე კოვაქსის გაოცების ჯერი დადგა, თუმცა ეს არ გამოუხატია. მიხვდა, რომ აღსასრული ახლოს იყო, სამი ჰიბრიდის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდა, მაგრამ არც უბრძოლველად დანებებას აპირებდა, ბოლომდე იბრძოლებდა და ორს თუ ვერა, ერთს მაინც გაიყოლებდა იმქვეყნად. 
      თუმცა უცნობები სულაც არ ჩქარობდნენ თავდასხმას. 
- სამი პირველყოფილი ჰიბრიდი ერთის წინააღმდეგ, ბატონებო, - კმაყოფილებით წარმოთქვა ჰეიტემმა, თან არ წყვეტდა კოვაქსის ირგვლივ წრეზე სიარულს. 
- პირველყოფილი? - შუბლშეკვრით იკითხა კოვაქსმა. 
- დიახ, მიხარია, რომ შენი გაოცება მოვახერხე, - დაცინვით მიუგო ჰეიტემმა, - თქვენ რა, გეგონათ რომ მხოლოდ პრიმუმთა კლანში არიან პირველყოფილები? სასაცილოა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ არ ვართ გაბრიელის მონები. 
- ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, - გაეპასუხა კოვაქსი და თვალები მოჭუტა. 
- გეთანხმები, მაგრამ ეს ვერ გადაგარჩენს, - უარყო ჰეიტემმა, - ჩვენ გაბრიელის კლანს მთლიანად გავანადგურებთ, - ის შეჩერდა, ოდნავ წინ გადმოიხარა და კოვაქსი მიხვდა, რომ რამდენიმე წამში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყებოდა, რომელიც ყველანაირი ლოგიკის თანახმად, შავგვრემანი პირველყოფილის სიკვდილით უნდა დასრულებულიყო. 
- რბილად რომ ვთქვა, ეს სიტუაცია არ მომწონს, - მოულოდნელად გაისმა ძალიან ცივი, ქედმაღლური ხმა და ტყისპირას მდებარე მომცრო ველზე ტანმაღალმა, ერთიანად შავ ტანისამოსში გამოწყობილმა, ელეგანტური და დახვეწილი მანერების მქონე მამაკაცმა შემოაბიჯა, რომელსაც უზომოდ ცივი, გამსჭვალავი ცისფერი თვალები, მკაცრი ნაკვთები და მოკლედ შეკრეჭილი ჟღალი წვერი ამშვენებდა, მთვარის ცისფერმა სხივებმა მისი მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული გვირგვინოსანი ბეჭედი ავისმომასწავებლად ააბრჭყვიალა. უცნობი თავდამსხმელები შესდგნენ, მათ მაშინვე იცნეს ის. 
       ლუციუსმა თვალი თვალში გაუყარა კოვაქსს, შავგვრემან ვამპირამდე მანძილი წამის მეასედში დაფარა და ხელი გაუწოდა. 
- კოვაქს, მიხარია ცოცხალს რომ მოგისწარი. 
- მეც... - ძლივს ამოთქვა გაოცებულმა კოვაქსმა და უცებ სრულიად ახალი შეგრძნება დაეუფლა, მისთვის ნათელი გახდა, რომ მიუხედავად ყველა უკმაყოფილებისა მათ შორის, ლუციუსი მას ყოველთვის დაეხმარებოდა, ყოველთვის იზრუნებდა მასზე ისე, როგორც უფროსი ძმა ზრუნავს უმცროსზე. 
- ბატონებო, - საზოგადოებას მიმართა ლუციუსმა და ძვირადღირებული კოსტიუმის ჯიბიდან თეთრი, გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო, ელეგანტური მოძრაობით მიიდო ტუჩებზე და შემდეგ უკანვე ჩააბრუნა, - შეგიძლიათ, ამიხსნათ რა ხდება აქ? 
        ამ დროს ჰეიტემმა სიხარულით მოიფშვნიტა ხელები და მეგობრებს გადახედა. 
- ძალიან კარგი, - თქვა მან და შურისმაძიებელი მზერით გაზომა ქერა უკვდავი, - ერთის მაგივრად ორი, მშვენიერია. 
     ლუციუსმა წამში გაიაზრა ყველაფერი, მიხვდა, რომ უბრძოლველად თავს ვერ დააღწევდნენ აქაურობას. 
- გასაგებია, - უემოციოდ თქვა მან, შემდეგ სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჰეიტემს შოკოლადისფერ თვალებში ჩააცქერდა, - რა გამოსავალს ხედავთ აქედან, მიგაჩნიათ რომ ჩვენი ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია? 
- დიახ, ერთადერთი, - პირქუშად დაუდასტურა ჰეიტემმა. 
- არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი, - სულ სხვა მხრიდან გაისმა მტკიცე, დამთრგუნველი ხმა და ტყიდან კიდევ ერთმა პიროვნებამ გამოაბიჯა. ეს იყო მაღალი, მძლავრი აღნაგობის, შავგვრემანი, შავებში გამოწყობილი, ფეხთ მძიმე ბათინკები ემოსა, საოცრად მკაცრ და შეუვალ სახეზე ნაიარევი გასწოლოდა, მისგან ძლიერი ენერგიული მუხტი, მედიდურობა და სისასტიკე იგრძნობოდა, მან მწყობრი ნაბიჯით გადმოკვეთა მცირე მანძილი და კოვაქსის გვერდით შეჩერდა, შემდეგ სიგარეტი ძირს მკვეთრი მოძრაობით დააგდო და ბათინკის ქუსლით გასრისა, სისასტიკით სავსე თვალები კი ამ პატარა ველზე შეკრებილ ზებუნებრივ საზოგადოებას მოავლო. 
- მარკუსი... - ერთდროულად გაიმეორა რამდენიმე შეცბუნებულმა ხმამ..

თავი 15

     ირგვლივ ისედაც დაძაბული ატმოსფერო უფრო დაიმუხტა, ამას ყველა გრძნობდა, სხეულის თითოეული სანტიმეტრით, მაგრამ თავდასხმას არცერთი მხარე ჩქარობდა, ჯერ ყველაფერი ბოლომდე არ იყო გარკვეული. თითქოს ბუნებაც გრძნობდა მოსალოდნელი სისხლისღვრის მლაშე სუნს, უფრო ჩამოღამდა, შორს, ბარიდან გამომავალი ელექტროენერგიის სუსტი შუქი საერთოდ ვერ უზრუნველყოფდა მცირეოდენ განათებასაც კი, სავსე მთვარე ღრუბელს ამოეფარა შეშინებული, ირგვლივ, ტყეში ხმაური შეწყვიტეს ცხოველებმა, თვით მოუსვენარი ციყვიც კი გაიტრუნა. 
- მარკუს, - ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია კოვაქსმა, მაგრამ არა შიშის გამო, ეს გრძნობა მას საერთოდ არ გააჩნდა, უფრო იმიტომ, რომ გამოცდილი მებრძოლი იყო, ყველა გამოცდილი მებრძოლის პირველი მოქმედება საეჭვო სიტუაციაში ხომ ის არის, რომ მეტოქე სრულად ჰყავდეს თვალთახედვის არეში. ეს მარკუსსაც მშვენივრად მოეხსენებოდა, ცივად ჩაიცინა და გვერდულად გახედა ქერა ვამპირს, რომელიც მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, მის ცივ,  ცისფერ თვალებში მარკუსის დანახვით გამოწვეული კმაყოფილება ირეკლებოდა. 
       ჰეიტემს ერთხელ უკვე ჰქონდა მარკუსთან შეჯახების პატივი და გამარჯვებული გამოვიდა მასთან ხანმოკლე შეტაკებაში, მაგრამ ახლა, ამ მომენტში, მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ პირველყოფილ ვამპირთა კლანის სამი ლეგენდარული წარმომადგენელი იდგა, მსუბუქად რომ ვთქვათ, სისულელე იქნებოდა მათთან შეტაკება. არა, ჰეიტემს არ შეშინებია, მაგრამ ძალასთან და სისწრაფესთან ერთად ტვინზე ხვეულებიც საკმარისად გააჩნდა და სწრაფად გადაწყვიტა რა უნდა ექნა, საკუთარი ჯანმრთელობა არ ადარდებდა, მაგრამ მეგობრების დაშავებას ვერ დაუშვებდა, ის თავდაცვიდან თავდასხმაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ გამარჯვების ასპროცენტიანი გარანტია ექნებოდა, ახლა კი.. 
- ლუციუსის შეკითხვას გავიმეორებ, - აუჩქარებლად წარმოთქვა მარკუსმა და შემპარავად დაიწყო მოძრაობა მდელოს გარშემო, - აქ რა ხდება? 
       ჰიბრიდები იცნობდნენ მას, ბევრი რამ გაეგოთ მის შესახებ, გაახსენდათ ჰეიტემის სიტყვები, რომ მარკუსი სწორედ მაშინაა საშიში, როდესაც ის მშვიდად ლაპარაკობს, ამიტომ ორივე ახალგაზრდა ჰიბრიდი ფრთხილად აკვირდებოდა მის ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს. 
- შენი არ გვეშინია, - შეუღრინა ჰეიტემმა და ოდნავ უკან დაიხია, - მარკუს, ვიცი რომ ამ ორთან არ გაქვს მაინცდამაინც თბილი დამოკიდებულება, - მან მრისხანედ მომზირალ ლუციუსსა და შუბლშეკრულ კოვაქსზე მიუთითა, - გთავაზობ, გადმოდი ჩვენს მხარეს და გპირდები, რომ... 
       ჰეიტემს სიტყვა მარკუსის საოცრად სწრაფმა მოძრაობამ გააწყვეტინა, მდელოზე მყოფნი გაოგნებულები მიაშტერდნენ მარველს, რომელმაც თვალები გადმოკარკლა, პირიდან სისხლი წასკდა, მკერდზე ხელები იტაცა და მოჭრილი ხესავით დაეცა პირქვე, ვერავინ მოასწრო რეაგირება, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, თვით ყოვლისმნახველი ლუციუსიც კი გაოგნებული დატოვა. 
        ორიოდე წამის შემდეგ მარველის გახევებულ სხეულს კვამლის ფარდა გადაეფარა და ცეცხლში გაეხვია. მარკუსი შესდგა, ხელისგულზე მოთავსებულ ჯერ კიდევ მფეთქავ ორგანოს უემოციო მზერით დახედა და შემდეგ ჰეიტემს გახედა. 
- არა, - იღრიალა ჰეიტემმა, - მე შენ... - მან დააპირა მარკუსს დასძგერებოდა, მაგრამ მეორე ახალგაზრდა ჰიბრიდი წინ გადაუდგა და მტკიცედ შებოჭა, ამავდროულად ლუციუსი და კოვაქსი წამის მეასედში გაჩნდნენ მარკუსის გვერდით. 
       მარკუსმა მარველის გასისხლიანებული გული ფეხებთან მიუგდო ჭკუიდან გადასულ ჰეიტემს და გრძელი, ალესილი ეშვები გააელვა. 
- ჰეიტემ, შენ ჩემი ხალხის ღალატი შემომთავაზე, - თქვა მან, - ეს აღარასოდეს შემომთავაზო, აქედან წადით, ამ ერთხელ სიცოცხლეს გაჩუქებთ, თქვენი მეგობრის სიკვდილი კი მაგალითი იქნება თქვენთვის, თუ როგორ არ უნდა ისაუბროთ მასთან, ვინც მეგობრების ღალატს ჩვეული არაა, - მან ხელის აქნევით ანიშნა ტყისკენ. 
      ლუციუსი და კოვაქსი მანამდე იდგნენ საბრძოლო პოზაში, სანამ ჰეიტემი და მისი მეგობარი ტყის სიღრმეში არ გაუჩინარდნენ. 
- მშვენიერი ღამეა, - ხელები მოიფშვნიტა ლუციუსმა და ამით სცადა მარკუსსა და მოღუშულ კოვაქსს შორის ჩამოწოლილი უხერხული დუმილი დაერღვია. 
- არ გინდა, - ცივად თქვა მარკუსმა და შავგვრემან პირველყოფილს გახედა, - თქვენი დახმარების სურვილი რომ არ მქონოდა, არც დაგეხმარებოდით.. 
- და რა? - შეაწყვეტინა კოვაქსმა და ირონიით ჩაიცინა, - ამისთვის რამდენი საუკუნის განმავლობაში უნდა ვიყოთ მადლობელი და შენგან დავალებული? 
      ლუციუსმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ ირღვეოდა - კოვაქსი და მარკუსი კამათს იწყებდნენ. 
- მე შენ სიკვდილისგან გიხსენი მაშინ, როდესაც ლუციუსს ანტიდოტი გამოვატანე, - დაიღრინა მარკუსმა და მუქარით წარსდგა წინ ნაბიჯი, მაგრამ კოვაქსის შეშინება არც ისე ადვილი იყო. 
- მერე? აპლოდისმენტებს ხომ არ ელოდები? - მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა კოვაქსმა და დამცინავად მოჭუტა თვალები. 
- კოვაქს, - მკაცრად თქვა ქერა უკვდავმა, - იქნებ ცოტა მადლიერება მაინც გამოგეჩინა? 
       კოვაქსს არაფერი უთქვამს, ბრაზით გაახრჭიალა კბილები და სწრაფი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა მდელოზე, შემდეგ შეჩერდა, ხელი მარკუსისკენ გაიწოდა, თან ლუციუსს უყურებდა მრისხანე მზერით. 
- რისთვის ლუციუს? მიპასუხე, რისთვის? იმისთვის, რომ კვლავ გაბრიელთან გაიქცეს ფინია ლეკვივით და კვლავ ჩვენზე ინადიროს? ოჰ, ბოდიში, ჩვენზე არა, ჩემზე, თქვენ ხომ მშვენივრად უგებთ ერთმანეთს, - ის ელვის სისწრაფით გაჩნდა მარკუსთან და თვალებში ჩახედა, - რა, ასე არ არის, მარკუს? 
      მარკუსს არაფერი უპასუხია, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ადევნებდა თვალს კოვაქსის გამოსვლას. 
- ასეა, - განაგრძო კოვაქსმა, - და ყოველთვის ასე იყო, გიკვირს ტრანსში ყოფნისას რომ მოგკალი? შენს ადგილზე რომ ვიყო, არ გამიკვირდებოდა, არ ვნანობ და არ მიმაჩნია რომ არასწორად მოვიქეცი, ის დრო რომ დაბრუნდეს, იგივეს მოვიმოქმედებდი, იგივეს, გესმის? - ის კვლავ მიუახლოვდა მარკუსს. 
- მორჩი, - შეუღრინა მარკუსმა. 
- რატომ? მწარეა სიმართლის მოსმენა? - აგდებულად შეეკითხა კოვაქსი, - იცი რა მაინტერესებს? რით მოგხიბლა გაბრიელმა? არ მგონია სექსუალური ორიენტაცია შეგეცვალა და მისი მწვანე თვალები მოგწონებოდა, აბა მაშ რით? ორივეს გვაინტერესებს, ხომ ასეა, ლუციუს? - ქერა უკვდავს გახედა კოვაქსმა. 
      ლუციუსი შეიშმუშნა, ჩაახველა. 
- დიახ, - დაგვიანებით გასცა პასუხი, - ორივეს გვაინტერესებს, მარკუს. 
      მარკუსმა ბრაზით შეავლო თვალი ლუციუსს, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და კოვაქსს გახედა. 
- ვიცი, რომ იმ გოგონას მიმართ გრძნობები გაქვს, მაგრამ გეტყვი, რომ აზრი არ აქვს, მასში ტალიაა ჩასახლებული და ადრე თუ გვიან მისი მოკვლა მომიწევს, გირჩევ, შეეგუო ამას. 
       ლუციუსი ყურადღებით აკვირდებოდა კოვაქსის გამომეტყველებას და გაოცდა, როდესაც შავგვრემანი პირველყოფილის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა, კოვაქსი თითქოს დაბნეულად გამოიყურებოდა. 
- მოიცა... გოგონა? ვინ გოგონა? - მან ჯერ მარკუსს შეხედა კითხვის გამომხატველი მზერით, შემდეგ ლუციუსს. 
       მარკუსმა რაღაცის თქმა დააპირა, პირი გააღო, მაგრამ გადაიფიქრა და მანაც ქერა ვამპირს გახედა. 
- რა ჯანდაბა ხდება? - დასვა შეკითხვა მარკუსმა. 
      ლუციუსს არაფერი უპასუხია, კვლავ კოვაქსს აკვირდებოდა, შემდეგ წამის მეასედში გაჩნდა მის წინ და თვალი თვალში გაუყარა. 
- კარგად ხარ? 
- ამაზე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია, - ბრაზით მიუგო კოვაქსმა, - ჯანდაბა, ვინმე ამიხსნით, რა ხდება? 
- გამართლდა ჩემი ვარაუდი, - ხმამაღლა ფიქრობდა ლუციუსი, - ანტიდოტმა მეხსიერება დაგიზიანა.. 
- რაზე საუბრობ? - მრისხანებამ იელვა კოვაქსის შავ თვალებში. 
- ანტიდოტი, რომელმაც განგკურნა, - მიუგო ლუციუსმა, - მეხსიერება დაგიზიანა ფრაგმენტულად, ანუ რაღაცეები გახსოვს, რაღაც კი არა. 
- რა დამალევინეთ? - ორი ნაბიჯით უკან დაიხია კოვაქსმა, მისი თვალები უკიდურეს ზიზღს გამოხატავდა. 
- ანტიდოტი, რომელიც რებეკამ შექმნა, - ჩაერია მანამდე ჩუმად მდგომი მარკუსი, - მან ჰიბრიდის სისხლი და ვერცხლის ფიჭვის ნაცარი გამოიყენა. 
- ასეც ვფიქრობდი, - დაემოწმა ლუციუსი და კოვაქსს მიუბრუნდა, - მია ჯეკსონი, ეს სახელი რამესთან ასოცირდება შენთვის? 
      კოვაქსი ერთხანს ფიქრობდა. 
- არა, - თქვა ბოლოს, - არასდროს მსმენია. 
- მშვენიერია, - ბოროტი ღიმილით თქვა მარკუსმა, - ყველაფერი ძალიან მარტივადაა, გოგოს მოვკლავთ და საფრთხე აღარ დაგვემუქრება. 
- პირადად მე არ ვაპირებ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობის მიღებას, - მოღუშული სახით თქვა ლუციუსმა, - უფრო მეტიც, მას საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ და შენც გირჩევ, მარკუს, კარგად დაფიქრდე ყველაფერზე. 
      მარკუსმა ჩაიცინა. 
- ანუ შენ ისევ შენ ხარ. 
- რა თქმა უნდა, - ცივად დაუდასტურა ქერა უკვდავმა. 
- კარგი.. - მუქარამ იელვა მარკუსის ხმაში, - შენ რას იტყვი, კოვაქს? 
      კოვაქსი ჩუმად უსმენდა მათ დიალოგს, როდესაც მარკუსმა მას მიმართა, გამოცოცხლდა, ირონიულად გაიღიმა და ორივე ხელი გაშალა. 
- არ ვიცი, რას აკეთებდა ძველი კოვაქსი, ან რას ფიქრობდა ამ ყველაფრის შესახებ, - ღიმილით თქვა მან, - მაგრამ ახალი კოვაქსის პოზიცია ასეთია, - მან ლუციუსისკენ გაიწოდა ხელი, - შენი დედაც, - შემდეგ მარკუსს მიუბრუნდა, - შენი დედაც, თქვენი ორივესი დედაც, აი ჩემი პოზიცია, ბატონებო, - მან სითავხედეში გადასული თავაზიანობით დაუკრა თავი გაოცებისგან პირდაღებულ პირველყოფილებს და მოჩვენებასავით გაუჩინარდა ტყეში. 
       ლუციუსი უხმოდ გაჰყურებდა იმ მიმართულებას, საითაც შავგვრემანი უკვდავი გაუჩინარდა და ნელ-ნელა გონება უნათდებოდა. 
- აშკარად სხვანაირია, შიშის გრძნობა საერთოდ არ აქვს, მეხსიერება დაზიანებული, უფრო სწრაფი.. რას უნდა ნიშნავდეს ეს ნეტავ? - თავისთვის ფიქრობდა, როდესაც ფიქრთა ძაფი მობილურის წკრიალმა გააწყვეტინა. 
       გაკვირვებული ერთხანს ნომერს აკვირდებოდა, ბოლოს მაინც გადაწყვიტა, ეპასუხა. 
- გისმენთ. 
- ლუციუს, - მოისმა აღელვებული ხმა, - ლუციუს. 
- გისმენთ, - ოფიციალურად და ცივად ჟღერდა ქერა ვამპირის ხმა. 
- მიას ველაპარაკე და გავიგე, რომ კოვაქსის მოსაძებნად წასულხარ, ხომ ნამდვილად კარგად ხარ? 
- შესანიშნავად, - ეჭვმა გაჰკრა გულში ლუციუსს, - რა ხდება? 
- კოვაქსთან ფრთხილად იყავი, - შეყოვნდა ქალი. 
- რატომ? ხომ არ შეგახსენო, ვინ ვარ მე? 
- ვიცი ვინც ხარ და ეგ თავდაჯერებულობა მოიშორე, - გაბრაზდა ქალი, - ის ჰიბრიდია, ლუციუს, გესმის? პირველყოფილი ჰიბრიდი, შენზე და მარკუსზე გაცილებით ძლიერი და სწრაფი! 
- ჯანდაბა, - ნელა თქვა გაოცებულმა ლუციუსმა, - აი თურმე რატომ არის ასეთი თავდაჯერებული...გმადლობ, - ჩასძახა ტელეფონში და გათიშა, შემდეგ მარკუსისკენ შებრუნდა, მაგრამ ის უკვე წასული აღმოჩნდა. 
      ლუციუსმა მდელოს თვალი მოავლო, შემდეგ კვლავ მობილური მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა. 
- ლუციუს, გთხოვე, რომ შორს დაგეჭირათ ჩემგან თავი, - მოისმა გოგონას ცივი ხმა. 
- გამარჯობა, - ზრდილობას არ უღალატა ქერა ვამპირმა, - მე ის ვიპოვნე, მის ჯეკსონ. 
      ამ სიტყვებს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა. 
- მერე? - იკითხა ბოლოს გოგონამ. 
- ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მის ჯეკსონ, მაგრამ ანტიდოტმა მის მეხსიერებაზე ცუდად იმოქმედა.. 
- რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა მია. 
- მას საერთოდ არ ახსოვხართ, - თქვა ლუციუსმა, - არ იცის ვინ ხართ, ვწუხვარ. 
       მიას არაფერი უთქვია, ერთხანს სიჩუმემ იმეფა, შემდეგ ტელეფონი გაითიშა, ლუციუსმა თავი კუშტი გამომეტყველებით გააქნია, სიგარეტს მოუკიდა და ღრუბლიან ცას ახედა.. 

*****
     სალემის აღმოსავლეთით მდებარე მიტოვებული იდუმალი სახლი ამ ღამეს მაინცდამაინც არ გამოიყურებოდა მიტოვებულად. პირველი სართულის შესასვლელთან რამდენიმე მამაკაცი იდგა, სიგარეტს აბოლებდნენ და წყნარად საუბრობდნენ, დრო და დრო ჭიშკრისკენ აპარებდნენ თვალს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან პიროვნებას ელოდებოდნენ. მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ხან ძლიერი ქარი შეუტევდა ხოლმე ხისგან ნაგებ შენობას, ხან შხაპუნა წვიმა გადაუვლიდა, მაგრამ ეს სამი მამაკაცი ამას სულაც არ აქცევდა ყურადღებას. 
- ყურადღებით, - თქვა ერთ-ერთმა, მობილური, რომელზეც მანამდე საუბრობდა, ჯიბეში ჩაიცურა, ქურთუკი გადაიწია და სწრაფად ამოიღო იარაღი. 
- რა ხდება? - იკითხა მეორემ, მანაც მოიმარჯვა პისტოლეტი და გარს შემოჯარულ სიბნელეში გააცეცა თვალები. იგივე მოიმოქმედა მესამე მამაკაცმაც. 
- უხუცესი მოდის, - თქვა მან, ვინც მობილურზე ლაპარაკობდა, - ზუსტად მას ველაპარაკებოდი და ფრთხილად ყოფნა მირჩია, ახლომახლოს სისხლისმსმელები დაძრწიანო... 
- მხოლოდ სისხლისმსმელები? - იკითხა მეორემ, წვეროსანმა მამაკაცმა. 
- იქნებ მაქციებიც, - უპასუხა პირველმა. 
   თითქოს მისი სიტყვების დასტურად, სულ ახლოს, ტყეში ისეთი საზარელი ყმუილი გაისმა, სამივე მამაკაცს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ეს იყო სრულიად განსხვავებული, მრისხანე, მომთხოვნი, მბრძანებლობას და ძალაუფლებას მიჩვეული ხმა. 
  - ბავშვობაში მამა ლეგენდებს მიყვებოდა ხოლმე, - დაიჩურჩულა წვეროსანმა, - ადამიანზე, რომელიც ადამიანებს გაექცა, გაექცა მათ უსამართლობას, ტყეს შეაფარა თავი, იქ კი მგლებს შეხვდა და... 
      ქარის და წვიმის ხმა კვლავ გაჰკვეთა მრისხანე ყმუილმა. 
- და რა? - ვერ მოითმინა პირველმა. 
- ის მგლების ხროვას გადაეყარა, - განაგრძო წვეროსანმა, სიბნელეს თვალს არ აშორებდა, ამ მისტიკურ გარემოში მისი ხმა კიდევ უფრო საშიშად და იდუმლად ჟღერდა, - ის ალფა გახდა, ალფა.. ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი მგელი, ხროვის ლიდერი.. 
       წვეროსანს სიტყვა პირში გაუწყდა, სამივე მამაკაცი შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა გარსშემოჯარულ სიბნელეს, სადაც როგორც ნაკვერჩხლები, ისე ბრდღვიალებდა თვალები.. 
- ამის დედაც, - დაიჩურჩულა პირველმა, - ერთი ამათ შეხედეთ, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი... 
- ჩემსკენ თორმეტი წყვილი თვალი დავთვალე, - თქვა მეორემ. 
- თექვსმეტი ჩემსკენ, - დაამატა მესამემ. 
- ოცდათოთხმეტი მგელკაცი, - სწრაფად თქვა წვეროსანმა, - ჯანდაბა.. მთელი ხროვაა, ამდენი ერთად არასდროს მინახავს.. 
      წყვდიადით მოცულ კორომს ტანმაღალი, ჯმუხი აღნაგობის მამაკაცი გამოეყო, ტანზევით სიშიშვლე მის საოცარ აღნაგობას უსვამდა ხაზს, მიუხედავად საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა, მას საერთოდ არ ეტყობოდა რომ სციოდა. ის ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა იარაღშემართულ სამეულს, ჰაერი დაყნოსა და სახეზე კმაყოფილება გამოეხატა. 
  - ალფა, - დაიჩურჩულა წვეროსანმა და მისი ორივე მეგობარი გაფაციცებული დააკვირდა ყურადღების ობიექტს, ისინი პირველად იმყოფებოდნენ საიდუმლო საბჭოს შეკრებაზე და პირადად არასდროს ენახათ ალფა მგელკაცი, მით უმეტეს, ასე ახლოს. 
      ბოგდანმა სწრაფად შეათვალიერა სამეული. 
- ეს რას ნიშნავს? - დაიღრინა მან და იარაღზე ანიშნა. 
- უსაფრთხოების ზომებია, - მიუგო წვეროსანმა და ოდნავ უკან დაიხია, - ბოლო ინფორმაციით, სალემში სისხლისმსმელთა გააქტიურება შეინიშნება...
- ჰმ, - გააწყვეტინა ბოგდანმა, - ვითომ? საშიში არაფერია, ჩემი ბიჭები აქ არიან, ყველგან, - მან წრე მოხაზა სახლის გარშემო ტერიტორიაზე, - მთელი ჩემი ხროვა, - ამ ღამეს ვერცერთი ვამპირი ვერ შემობედავს აქ. 
- სახლში შევიდეთ, - წვეროსანმა იარაღი შეინახა და შებრუნდა. 
     ბოგდანი ტყისკენ შებრუნდა, სიბნელეს შერეულ უჩინარ ხროვის წევრებს რაღაც ანიშნა და როდესაც პასუხი მიიღო, კიდევ ერთხელ მოათვალიერა გარემო და სახლში შევიდა. 
     ჩაბნელებულ ტყეს ორი ახალგაზრდა მაქცია გამოეყო, სახლს და ტყეს შორის მდებარე მცირე ტერიტორია გადმოკვეთა და სახლის შესასვლელთან დაიკავა პოზიცია, ალფა მგელკაცის დავალებით, მათ საიდუმლო საბჭოს შეკრების მიმდინარეობისას მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ, მათ არ შეუმჩნევიათ ერთიანად შავ ტანისამოსში ჩაცმული პიროვნება, რომელიც გრუნტიანი გზის გადაღმა, მოპირდაპირე სახლის კუთხეს ამოჰფარებოდა და ბოროტი მზერით აკვირდებოდა მის თვალწინ მიმდინარე მოვლენებს, მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაედო, რომ ღრუბლებს შორის მცურავ მთვარეს მისი გვირგვინოსანი ბეჭედი არ აებრჭყვიალებინა და მისი აქ ყოფნა არ გაეცა..

*****
     შერიფი კრამერი საკუთარ კაბინეტში განმარტოებულიყო, უკვე მიეღო ვისკის საკმაო ულუფა და ახლა, სავარძელში მყუდროდ მოწყობილი, ისევ და ისევ ბარში კოვაქსთან შეხვედრის დეტალებს იხსენებდა, როდესაც მდივანმა დაურეკა. 
- სერ, თქვენთან მამაკაცია მოსული, შეხვედრა უნდა, ამბობს საქმე მაქვსო, მისტერ შელტონად გაგვეცნო.. 
- ახლავე შემოუშვი, - ჩასძახა შერიფმა ყურმილში, მაგიდის უჯრიდან იაფფასიანი სიგარის ყუთი გამოიღო, ერთი ცალი ამოიღო, დასუნა, შემდეგ პირში გაირჭო, მოუკიდა და ხარბად მოქაჩა, სახეზე კმაყოფილება აღბეჭდოდა, როგორც ჩანს, ფორტუნა მაინც მისკენ იხრებოდა, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს ამ საღამოს ბედი სწყალობდა. 
      კაბინეტში შელტონის დაძაბული სახე გამოჩნდა, შერიფი წამოდგა, მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა შელტონს, უსიტყვოდ, მაგრად ჩამოართვა ხელი და სავარძელზე მიუთითა. შელტონმა მიპატიჟება მიიღო, სავარძელზე ჩამოჯდა და არც შერიფის შეთავაზებულ ვისკიზე უთქვამს უარი, ჩათვალა, რომ ამ თემაზე ფხიზელი გონებით საუბარი შეუფერებელი იყო. 
- მიხარია, რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან მოსვლა, - თქვა შერიფმა. 
- ჰო, - გამოეპასუხა შელტონი, - ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ასე უკეთესია... რაღაც მაქვს სათქმელი, რაც მაშინ, როდესაც თქვენ და ექიმი მესტუმრეთ, არ მითქვამს.. 
      შერიფი წინ წამოიწია და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, საუბარი აშკარად საინტერესო მიმართულებას იძენდა. 
- გისმენთ, მისტერ შელტონ, - თვალებში ჩააცქერდა სტუმარს. 
       შელტონი ერთახანს ყოყმანობდა, ბოლომდე ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა ის, რის თქმასაც აპირებდა. 
- ხომ გახსოვთ, - თქვა ბოლოს, - მე რომ მოგიყევით, როგორ გადაიქცა ადამიანი მგლად, თუ რაღაც ამდაგვარ არსებად.. 
- დიახ, მახსოვს, - სმენად იქცა შერიფი, - მერე? 
- ყველაფერი არ მითქვამს, - თვალი აარიდა შელტონმა. 
- გისმენთ, მისტერ შელტონ, - მკაცრად თქვა შერიფმა და ვისკი მოსვა. 
- მე.. ის ვიცანი, შერიფო, - ამოთქვა შელტონმა და შერიფს დაჟინებით მიაშტერდა. 
- ვინ? 
- მისტერ ო'ნილი! - მტკიცედ თქვა შელტონმა. 
- რა ბრძანეთ? - პირი დააღო შერიფმა. 
- მისტერ ო'ნილი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც მგლად იქცა ჩემს თვალწინ, შერიფო! 
      შერიფმა ღრმად ამოისუნთქა, წამოდგა, კაბინეტში ჩექმების ბრაგა-ბრუგით გაიარ-გამოიარა და შელტონის წინ ჩამოჯდა პირდაპირ მაგიდაზე. 
- ხვდებით, რომ ამ წუთას საზარელ ბრალს სდებთ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ მოქალაქეს? 
- რა თქმა უნდა, - მიუგო შელტონმა, - მაგრამ ეს სიმართლეა, შერიფო, ადამიანი, ვინც მგლად იქცა, მისტერ ბოგდან ო'ნილი იყო! - დაბეჭდა მან. 
     - ჯანდაბა, - წამოიყვირა შერიფმა, კვლავ ხმაურით გაიარ-გამოიარა კაბინეტში და ფანჯარასთან შედგა, ერთხანს შერიფის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას გადაჰყურებდა კუშტი მზერით, შემდეგ შემობრუნდა, - რას მთავაზობთ, მისტერ შელტონ.. ანუ თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვიქცეთ? 
     - მე ვიცი ისინი როგორ უნდა გავანადგუროთ, შერიფო, - შელტონმა ვისკი მოსვა, - მე ისინი ძალიან კარგად შევისწავლე ამ დროის განმავლობაში და ვფიქრობ, შეგვიძლია ვაჯობოთ მათ.. 
     - მათ? - შეუბრუნა კითხვა შერიფმა და თვალები მოწკურა, - მეგონა, მხოლოდ ერთ ადამიანზე ვლაპარაკობდით. 
     - დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთი არ იქნება, - მიუგო შელტონმა და ვისკი მოსვა. 
     - კარგი, - თავი დაუქნია შერიფმა, - ვნახოთ, რის შემოთავაზება შეგიძლია, მისტერ შელტონ, მერე დავფიქრდები ჩემს წინანდელ შემოთავაზებაზე.. 

******
      კართან დარაჯად მდგარი ახალგაზრდა მაქციები სიგარეტს აბოლებდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს ელაზღანდარავებოდნენ, როდესაც მათ გვერდით ნიავივით ჩაიქროლა რაღაცამ თუ ვიღაცამ. 
     მაქციები სმენად იქცნენ, ირგვლივ მზერით მოჩხრიკეს ჩაბნელებული შემოგარენი და ბოლოს თვალი შეასწრეს პიროვნებას, რომელიც მათკენ სახით იდგა, მთვარის სუსტი შუქი ზურგში სცემდა, ამიტომ მაქციები ვერ არჩევდნენ მის ნაკვთებს, ის ელვასავით სწრაფად გაჩნდა მათ წინ, ალესილი ეშვები გააელვა, ირონიული ღიმილით შეათვალიერა ელდანაცემი მაქციები და წყვდიადივით შავ თვალებში ზიზღი გამოუკრთა. 
- ბატონებო, - მიმართა მაქციებს, - იმედი მაქვს, გართულებების გარეშე შემიშვებთ შიგნით.. 
- პირველყოფილი, - აღმოხდა ერთ-ერთს მისი ბეჭდის დანახვისას და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ მეორემ არ დაიჯერა, ის ჯიქურ, მუქარით მისჩერებოდა უცნობს, იღრინებოდა და ეშვებს აკრაჭუნებდა. 
- უმალ მოვკვდები, ვიდრე მაგის უფლებას მოგცემ, - დაიღრინა მან. 
- სიამოვნებით, - სატანურად გაიღიმა უცნობმა, ელვისებური მოძრაობით გაქრა წყვდიადში და სადღაც შორიდან მოისმა მისი ხარხარი, ხოლო შეშინებული მაქცია თვალებგადმოკარკლული მიაჩერდა მეგობარს, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, ხოლო მისი უთავო სხეული ცახცახებდა, თვალებგაყინული გასისხლიანებული თავი კი მის ფეხებთან გორაობდა, კისრიდან ამოჩრილი არტერიებიდან ბიძგებით იფრქვეოდა სისხლი და სახლის ხის კედელს წითლად ღებავდა...

თავი 16

"... შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე".  ლეონარდო და ვინჩი. 

     ქალაქის საიდუმლო საბჭოს შეკრებაზე, მეორე სართულზე აშკარად დაძაბულობა სუფევდა, ბოგდანი გრძელი მაგიდის გასწვრივ ბოლთას სცემდა ზურგზე ხელებდაწყობილი. მაგიდის ირგვლივ მჯდარი საიდუმლო საბჭოს წევრები კი გაფაციცებული მზერით ადევნებდნენ თვალს ალფა მგელკაცის ბორგვას. ბოლოს, ბოგდანი შესდგა, მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, წინ გადაიწია და უხუცესს მრისხანე გამომეტყველებით შეაჩერდა სახეში. 
     - არ მომწონს თქვენი რეაქცია ამ ყველაფერზე, - დაიღრინა მან, - მე და ჩემი ხროვა უკვე დიდი ხანია ველით, რომ რაიმე სასარგებლოს გააკეთებთ ამ ქალაქის დასაცავად, მაგრამ როგორც სჩანს, შევცდი... 
     - დამშვიდდი, ბოგდან, - უხუცესმა წვერზე ხელი დინჯად ჩამოისვა, - აჩქარებით მხოლოდ ვავნებთ საქმეს. 
     - მათ კასტორი მოკლეს, - მუქარით განაგრძო ბოგდანმა, - მე კი თქვენს მითითებებს მივყვები და არაფერს ვაკეთებ, იცით ეს რას ნიშნავს ჩემი ხროვის თვალში? შიშს! მათ ეზიზღებათ ეს სისხლისმსმელები და მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირონ, თუ მე მათ ვუბრძანებ, მაგრამ ამ დროს რა ხდება? ალფა არაფერს აკეთებს, ალფა უფუნქციოა... მე აქ კონკრეტული პასუხის წასაღებად მოვედი, - ბოგდანმა მრისხანე მზერა მოავლო ოთახში შეკრებილთ, - თუ ხროვას დამაკმაყოფილებელ პასუხს არ გავცემ, ისინი მოქმედებას დაიწყებენ. 
     - რას გულისხმობ? - იკითხა ერთ-ერთმა. 
     - ისინი ყველას გაანადგურებენ, ვინც ამ ამბავშია გარეული, - ყრუ, საშინელი ხმით გაეპასუხა ალფა მაქცია, - და გარწმუნებთ, ამის გაკეთებას ამ ოთახიდან დაიწყებენ, მე კი ხელს არ შევუშლი მათ! 
     - გვემუქრებით, მისტერ ო'ნილ? - თვალები მოჭუტა მისმა თანამოსაუბრემ. 
     - როგორც გინდათ, ისე მიიღეთ, - შეუღრინა ბოგდანმა, - მე ჩემი სათქმელი გითხარით, - ის წელში გასწორდა, ფართო ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი და სავარძელში ჩაეშვა. 
      უხუცესმა ჩაახველა, კვლავ წვერზე ჩამოისვა ხელი, მოიწიწკნა, წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა, მდგომარეობა აშკარად საგანგაშო იყო, ქალაქი მაქციათა კლანის მხარდაჭერის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე იდგა, აქ ფრთხილი და მოზომილი მოქმედება იყო საჭირო, ემოციურად გაუწონასწორებელ და იმპულსურ მაქციებთან ხუმრობა არ შეიძლებოდა, მოხუცს რამე უნდა მოეფიქრებინა სასწრაფოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საიდუმლო საბჭო სრულიად მარტო რჩებოდა სისხლმოწყურებული და მძვინვარე პირველყოფილების წინააღმდეგ. 
     - ბოგდან, - თქვა მან შემპარავი ხმით, - თქვენ, მაქციები ნახევრად ადამიანები ხართ და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვისაც. 
     - მე დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადასვლას მოვითხოვ, - მტკიცე და კატეგორიული იყო ბოგდანის პასუხი, - კასტორის სიკვდილს არ ვაპატიებთ არავის. 
     - ასე პირდაპირ ვერ დავეტაკებით, - არ დაეთანხმა მოხუცი, - მათი სუსტი წერტილი გვჭირდება, კონორს შეეძლო დაგვხმარებოდა, მაგრამ.. 
     - კონორი, - ზიზღით გააწყვეტინა ბოგდანმა, - ისევე უცებ გაქრა, როგორც გამოჩნდა, თქვენს ადგილას, მე მისი იმედი არ მექნებოდა, მე მას აღარ ვენდობი. 
      მოხუცი ერთხანს მდუმარედ შეჰყურებდა მაქციათა კლანის მეთაურს, ბოლოს საკუთარ სავარძელში ჩაეშვა. 
     - რას გვთავაზობ?
     ბოგდანმა ჩაახველა, მხრებში გაიშალა, წინ წამოიწია და საბჭოს თვალი მოავლო. ალფა მგელკაცს ზუსტად ეს უნდოდა, სიტუაციაზე კონტროლს მაქციათა კლანი იღებდა. 
     - რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებაა, - თქვა მან, - არსებობს ისეთი ფაქტორები, რაც მათ ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებთ ჩვენთან მიმართებაში. 
     მაგიდასთან მჯდომნი თავის ქნევით დაეთანხმნენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდნენ, რას გულისხმობდა ბოგდანი. 
     - ადამიანი, რომელსაც მაგიური შესაძლებლობები გააჩნია, - განაგრძო ალფა მგელკაცმა, - ჯადოქარი, რომელიც მათ ჰყავთ, ჩვენ კი სამწუხაროდ-არა. ჩვენც რომ გვყავდეს მსგავსი უნარების ადამიანი, ეს ძალიან ბევრ რამეს შემოაბრუნებდა ჩვენს სასიკეთოდ. 
     - რა გეგმა გაქვს? - დასვა შეკითხვა უხუცესმა. 
     - მია ჯეკსონი, - თქვა ბოგდანმა და წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ხარბად დაარტყა ნაფაზი, შემდეგ ცისფერი კვამლი ჭერისკენ გაგზავნა და საბჭოს წევრებს გადახედა. 
     - ეს ხომ ის გოგონაა, მცირე ხნის წინ რომ გადმოსახლდა სალემში, - თქვა ერთ-ერთმა, - თუ არ ვცდები, ჯეფერსონის კოლეჯში სწავლობს. 
     ბოგდანმა აგდებულად ჩაიცინა და კედელს მიეყრდნო. 
     - ბატონებო, რომელიმე თქვენგანს რამე გსმენიათ ტალიას შესახებ? ეს არის დემონი ჯადოქარი, რომლის მსგავსი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს..
     - ეს რა შუაშია იმ სტუდენტ გოგონასთან? - იკითხა ერთმა. 
     - ტალია, - მიუგო ბოგდანმა, - როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ გაქრა, სავარაუდოდ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ის იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია სხვის სხეულში ჩასახლდეს... 
     - ჯანდაბა, - სიხარულმა იელვა უხუცესის სახეზე, რომელიც მანამდე ჩუმად ისმენდა საუბარს, - მისტერ ო'ნილ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ... 
     - დიახ, - დაუდასტურა ბოგდანმა და საბჭოს გამარჯვებულის ნიშნისმომგები ღიმილით გადახედა, - ტალიას სული მია ჯეკსონის სხეულშია... და მას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია მთელი თავისი ძალა. 
     ამ სიტყვებს გაოცებული წამოძახილები და ჩოჩქოლი მოჰყვა, მოხუცმა ხელის აწევით დააშოშმინა საბჭოს აღელვებული წევრები და გამჭრიახი მზერა ბოგდანს მიაპყრო. 
     - თუ სწორად გავიგე, - გაწელა მან და თითები გადააჯვარედინა, - შენ ადამიანის მოტაცებას და ჩვენი მიზნებისთვის გამოყენებას გვთავაზობ, ასეა? 
     - რა თქმა უნდა, - მიუგო ალფა მგელკაცმა. 
     - არ გეჩვენება, რომ ჩვენი მხრიდან ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, ამორალური საქციელია? 
     - რატომ? - გაიკვირვა ბოგდანმა. 
     - იმიტომ, რომ ჩვენი საბჭო ზუსტად ადამიანთა დაცვისთვისაა შექმნილი და არა მათი გამოყენებისთვის და... 
     - თუ ღმერთი გწამთ, - ხელის აქნევით შეაწყვეტინა ბოგდანმა, უხუცესს მიუახლოვდა და ცხვირწინ მუქარით დაუქნია თითი, - ნუ მელაპარაკებით ასე და ნუ ცდილობთ ჩემს სინდისზე ითამაშოთ მაშინ, როდესაც ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩემი ქალიშვილია ჩართული.. 
     - მისთვის არავის დაუძალებია ეს, - დაისისინა უხუცესმა. 
     ბოგდანს მრისხანებისგან სახე გაუხურდა, კუნთების მასად ქცეული სხეული დაეჭიმა, სახე უფრო ახლოს მიუტანა გულქვა მოხუცს და კბილების ღრჭენით შეათვალიერა, ძლივს იკავებდა თავს, შუაზე არ გაეგლიჯა. 
     - მე ალფა ვარ, - ყრუდ დაიღრინა მან, მოხუცისთვის თვალი არ მოუშორებია, - არ გირჩევ ჩემთან თავხედურად მოქცევას, შემიძლია ახლავე მივცე ნიშანი და რამდენიმე წამში თქვენი არსებობა ისტორიას ჩაბარდება... ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე, - ის კიდევ მცირე ხნის განმავლობაში მიშტერებოდა მოხუცს, შემდეგ წელში გაიმართა და საბჭოს მბრძანებლური თვალი მოავლო, - ჩემი გეგმა შემდეგში მდგომარეობს, ჩვენთვის მთავარი  მია ჯეკსონია, ჩვენ ის უნდა მოვიტაცოთ და მისი უნარი სისხლისმსმელთა წინააღმდეგ გამოვიყენოთ, ჩვენი პირველი სამიზნე ლუციუსია, პირველყოფილი, ვისზეც დაფუძნებულია პრიმუმთა კლანის ძლიერება და სიმტკიცე, მისი განადგურებით მათი კავშირი დაიშლება, ლუციუსის გარეშე პრიმუმთა კლანი მყიფეა, ბატონებო, - მან პაუზა გააკეთა, - მის წინააღმდეგ ფრთხილად მოქმედებაა საჭირო...

*****
     შავგვრემან პირველყოფილს არ მიუქცევია ყურადღება მეორე, ცოცხლად გადარჩენილი მაქციისთვის, სიბნელეს შეერია და მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვა განაგრძო, მალევე აღმოაჩინა, რომ სახლი გარსშემორტყმული იყო მგელკაცებით და შეფიქრიანდა, ეუცნაურა, ბოგდანი - მაქციათა კლანის მეთაური არასდროს მისულა საიდუმლო საბჭოს შეკრებაზე ამხელა ამალით, პრინციპში ამას ამალაც აღარ ეთქმოდა, ეს იყო მთლიანი კლანი, მაქციებს სრული მობილიზება გამოეცხადებინათ, რაღაც სერიოზული იგეგმებოდა, ხოლო როდესაც საიდუმლო საბჭო და მგელკაცები რამეს გეგმავდნენ, ეს აუცილებლად პირველყოფილთა წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. 
     კოვაქსმა უზრუნველად ჩაიცინა, მთვარეს ახედა და მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულ გვირგვინოსან ბეჭედს თითი გადაუსვა, სიძლიერის სიმბოლოს, ამ ბეჭდის დანახვისას შიშისგან თრთოდა უკვდავ-მოკვდავთა სამყარო. 
     კოვაქსმა სიგარეტს მოუკიდა და გონების თვალით სცადა განეჭვრიტა მომდევნო დღეების მოვლენები. როგორც მიხვდა, მარკუსი - ეს უძლიერესი პირქუში და მელანქოლიკი პრიმუმი მერყეობდა, არჩევნის წინაშე იდგა, გაბრიელი თუ ლუციუსი? ანუ ბოროტება თუ მცირე ბოროტება? კოვაქსის აზრით მისი ნდობა არ შეიძლებოდა, თუმცა ლუციუსი არ ეთანხმებოდა, ის პრაქტიკოსი იყო და ერჩივნა საკუთარ მხარეზე ჰყოლოდა ბრძოლებში გამობრძმედილი პირველყოფილი. კოვაქსმა ლუციუსზე შეაჩერა ფიქრი, იცოდა, რომ ქერა ვამპირი აუცილებლად ეცდებოდა მის მოძებნას, ის ყოველთვის ასე იქცეოდა, მაგრამ როგორ მოიქცეოდა ის, თუ გაარკვევდა, რომ კოვაქსი ჰიბრიდი გახდა? 
      კოვაქსმა თავი გააქნია, ფიქრები მოიშორა, სიგარეტის ნამწვი ქუსლით გასრისა და კვლავ სახლს მიაპყრო გამჭრიახი მზერა...

*****
     მია ჯეკსონმა თავსმოხვეული უსიამოვნო ფიქრების მოსაცილებლად მეცადინეობა გადაწყვიტა, თუმცა გული ვერ დაუდო, ცივი, ქარიანი ღამე იყო. მისი კოხტა სახლის გარშემო ხეები სუსხისგან აწურულიყვნენ, მობუზულიყვნენ და მოთმინებით ელოდნენ დილის დადგომას, რათა სახეში შეეხედათ უზარმაზარი ოქროსფერი ბურთისთვის და მისგან წამოსული მაცოცხლებელი სითბო ფოთლებით შეესრუტათ. გოგონამ სერვანტესის "დონ კიხოტი" იღლიაში ამოიდო, პლედს წამოავლო ხელი და ვერანდაზე გავიდა, ხის სარწეველა სავარძელში ჩაეფლო, პლედი მჭიდროდ მოიხვია მხრებზე და წიგნი გადაშალა, თავს საკუთარ ბუდეში მყუდროდ მოწყობილი ბეღურასავით გრძნობდა. 
     ასოები, სიტყვები, აბზაცები ერთმანეთს მიჰყვებოდა, მაგრამ გოგონას მაინც რაღაც უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, ვერაფერი ავსებდა იმ სიცარიელეს, რასაც შავგვრემანი პირველყოფილის საქციელს გამოეწვია, მიამ წიგნი დახურა, გვერდით გადადო, თბილი ბლუზის სახელოები მოქაჩა და სიცივისგან გაყინული თითები შიგნით ჩამალა, ფეხები ასწია, სავარძელზე შეაწყო, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და აწითლებული ცხვირი მოკეცილ იდაყვში ჩარგო, ჩაფიქრდა. 
        თუმცა მისი მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვეულებისამებრ, როგორც ბოლო დროს ხდებოდა ხოლმე. 
     - გოგონა წიგნით, მოწყენილი და სევდიანი, - მოისმა ხმა, მიამ სწრაფად ასწია თავი, სახლის წინ მდებარე მცირე დეკორატიულ მდელოს თვალი მოავლო და შიშისგან გახევდა, მდელოს შუაგულში მკერდზე ხელებდაწყობილი იდგა და ზურმუხტივით მწვანე, გველის უძრავი თვალებით მისჩერებოდა, ჭაღარაშეპარული ქერა თმა უკან გადაევარცხნა, შევერცხლილი წვერი მოკლედ, კოხტად შეეკრიჭა, როგორც ყოველთვის, პრიმუმთა კლანის მეთაური საკუთარ თავს არ ღალატობდა, ირგვლივ ყველაფერი ჩაწყნარდა, ქარი ჩადგა, ფოთლებმა შრიალი შეწყვიტეს, ჰაერი გაბრიელისგან წამოსული უარყოფითი ენერგიით და სიბოროტით დაიმუხტა, გაშავდა, გასქელდა და გოგონას აუტანელ ტვირთად დააწვა სხეულის თითოეულ სანტიმეტრზე. 
    მია წამოდგა, პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და მიმოიხედა, გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ამას თავიდანვე მიხვდა, მაგრამ იქნებ ეს მწვანეთვალება დემონი სულაც არ იყო მის მოსაკლავად მისული? 
     - რა გნებავთ? - უკან დაიხია მიამ ამ დროს გაბრიელის უკან მისი ორი განუყრელი მხლებელი და მცველი შენიშნა. 
     გაბრიელს შხამიანად გაეღიმა, ელვისებური მოძრაობით დაფარა მას და გოგონას შორის მანძილი, ვერანდაზე გაჩნდა და თვალებში ჩახედა. მიას თითქოს ძალა გამოეცალა, ვერანდის ხის იატაკს მიელურსმა, კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა, ვერც ხმას იღებდა, გაბრიელის სუსხიანი მზერა საოცრად თრგუნავდა მას, გაქცევის და ყვირილის საშუალებას და სურვილს უსპობდა. გაბრიელს თვალები დაუვიწროვდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა ალესილი, მოელვარე ეშვები, ლოყებზე სისხლძარღვები შავად დაებერა, რომელშიც მოძრავი ალისფერი სითხე უწყვეტად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას საზარელ ელფერს აძლევდა. პრიმუმთა კლანის მეთაურმა ხელი ნელა ასწია შიშისგან გაყინულ გოგონას ფოლადისმაგვარი თითები ნელა და დემონსტრაციულად შემოაჭდო ყელზე, ამავდროულად წინ გადაიხარა და ცხვირის წვერით ოდნავ შეეხო გოგონას ყელზე ცისფრად ამობურცულ მფეთქავ სისხლძარღვს. მისი ორი მხლებელი შორიახლოს იდგა და უემოციო მზერით ადევნებდა თვალს მეთაურის მოქმედებებს. 
       მიამ კანით იგრძნო გაბრიელის შეხება, გააჟრჟოლა, ოღონდ არა სიცივისგან, ვამპირი სულაც არ იყო ცივი, პირიქით, თბილიც კი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ, უბრალოდ გოგონას უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, საკუთარ თავზე სცდიდა იმ არსების ზეგავლენის საოცარ ძალას, რომელმაც პრიმუმთა კლანი შექმნა, ლუციუსი და კიდევ მრავალი მათგანი სისხლისმსმელ დემონებად აქცია, მია სულ რამდენიმე სანტიმეტრში იდგა პირველი პირველყოფილისგან, უეცრად გააცნობიერა, რამდენად უიმედო და საშინელ სიტუაციაში იყო ჩავარდნილი და გული მოეწურა, გაბრიელს სრულიად მარტივი მოძრაობით შეეძლო მისი ხანმოკლე ცხოვრება აქვე დაემთავრებინა. გული დასწყდა, მიხვდა, რომ ლუციუსი თვალს აღარ ადევნებდა, აღარ იცავდა, კოვაქსი კი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ამ წამს გაბრიელი უფრო ახლობლად ეჩვენებოდა გოგონას, ვიდრე შავგვრემანი პირველყოფილი. 
     გაბრიელმა ღრმად შეისუნთქა მიას სხეულიდან წამოსული ტკბილი არომატი, გოგონას ხელი შეუშვა, წელში გაიმართა და თვალები დახუჭა, სახე დაუმშვიდდა და როდესაც თვალები გაახილა, კვლავინდებურად მწვანედ ელვარებდა მისი თვალები. მან სიგარეტს მოუკიდა, ერთხანს მდუმარედ უყურებდა გოგონას, შევერცხლილ წვერს ზანტად, მოზომილი მოძრაობით იწიწკნიდა, შემდეგ ხის სვეტს მიეყრდნო და სიგარეტის ცისფერ კვამლს გააყოლა თვალი. 
     - მის ჯეკსონ, - უსიამოვნოდ და ბოროტად ჟღერდა მისი ხმა, - ალბათ ხვდებით, რომ აქ პიცის მოსატანად არ ვარ მოსული... 
     - მმმ.. დიახ, - ხმა ჩაუვარდა მიას და ძლივს წამოიკნავლა, მიხვდა, რომ სულ რამდენიმე წუთის სიცოცხლე დარჩენოდა, გაბრიელი მხოლოდ სიამოვნებას იხანგრძლივებდა, კატის პოზიციაში იმყოფებოდა, რომელსაც საცოდავი, განწირული თაგვი თათებში მოექცია და წყნარად კრუტუნებდა, თუმცა მის ამ კრუტუნში აშკარად და გამოკვეთილად იგრძნობოდა ვეფხვის მრისხანე ღრენა. 
     - სიკვდილის გეშინიათ, მის ჯეკსონ? - დასვა შეკითხვა გაბრიელმა, სიგარეტი ფილტრამდე ჩაიყვანა, ფილტრი თითებში მოჭყლიტა და კიბის საფეხურთან მდგარ ურნაში ჩააგდო, ხელები ზურგზე დაიწყო და დინჯად გაიარ-გამოიარა ვერანდაზე. 
     გოგონა ნელ-ნელა მშვიდდებოდა, გააცნობიერა, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა, ის ყველა ვარიანტში უნდა მომკვდარიყო, ამიტომ რა მნიშვნელობა ჰქონდა ინერვიულებდა თუ არა? გადაწყვიტა, აჰყოლოდა საუბარში პრიმუმთა კლანის მეთაურს. 
     - დიახ, - რამდენიმე წამის შემდეგ გასცა პასუხი, - სიკვდილის ყოველთვის მეშინოდა. 
      გაბრიელი შესდგა და გამოუცნობი მზერით გამოხედა, რომელიც ისეთი ბოროტი აღარ მოსჩვენებია გოგონას, როგორც რამდენიმე წუთის წინ. 
     - რატომ გეშინიათ სიკვდილის, მის ჯეკსონ? 
     მია ჩაფიქრდა. 
     - არ ვიცი, - თქვა ბოლოს, - ალბათ ის გამოუცნობი მაშინებს, რაც სიკვდილის შემდეგ იქნება... 
     - სამოთხე ან ჯოჯოხეთი, - შეეშველა გაბრიელი. 
     - დიახ, ასეა, - დაეთანხმა გოგონა. 
     - თქვენ, ადამიანები, - გაბრიელმა ხელი გაიწოდა მიასკენ, მის ხმაში ბოღმამ და ბრაზმა იძალა, - ბედნიერები ხართ, რადგან იცით, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდებით, სამოთხე-თავის თავს თვითონ გულისხმობს და ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებს, აი ჯოჯოხეთი კი, ჩემი აზრით ის ადგილია, ის განზომილება, სადაც ღმერთი არ არსებობს, - ის უეცრად გაჩუმდა და მიას ბოროტი მზერით დააკვირდა, - ადამიანები ბედნიერები ხართ, ეს რომ გაგაჩნიათ, ჩვენ კი... - მან პაუზა გააკეთა. 
     - სისხლისმსმელები, - ირონიულად გაუღიმა მიამ და თვითონვე გაუკვირდა, ეს რომ შეძლო. 
     - დიახ, სისხლისმსმელები! - კატეგორიული ტონით დაეთანხმა გაბრიელი, - ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაქვს, სიკვდილის მერე სად მოვხვდებით, არავინ იცის... 
     - მისტერ გაბრიელ, - შეაწყვეტინა მიამ და ამით მისი გაოცება გამოიწვია, - ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ამ დიალოგით აზრს შევიცვლი თქვენზე, ჩვენ ყველამ ვიცით რას წარმოადგენთ.. 
     ვამპირი თვალის დახამხამებაში გაჩნდა მის წინ. 
     - რას წარმოვადგენ, მის ჯეკსონ? 
     - თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი, - მტკიცედ მიუგო გოგონამ. 
     გაბრიელმა ურცხვად ჩაიცინა, წვერი მოიწიწკნა. 
     - ყველაზე დიდი ჰუმანურობა ბუნებაში ბალანსის დაცვაა, მის ჯეკსონ.
     - რა ცინიზმია, - თქვა მიამ, - გააკეთეთ, რისთვისაც აქ მოხვედით, მისტერ გაბრიელ, - გოგონამ თვალები დახუჭა. 
     რამდენიმე წუთი გავიდა, მიას გაბრიელის ყრუ ღრენა მოესმა და დაიძაბა, მომდევნო წამს უკვე სამოთხეში შეხვდებოდა, ან ჯოჯოხეთში, თუმცა... 
     გოგონას ჯერ დარტყმის ხმა მოესმა, შემდეგ რბილ მიწაზე დახტომის თუ დაცემის ხმა, გაბრიელის მცველების ღრენა და პრიმუმთა კლანის მეთაურის განრისხებული ღმუილი. მიამ თვალები გაახილა და უცნაური სცენის მომსწრე შეიქმნა. მისი სახლის წინ მდებარე მომცრო დეკორატიულ მდელოზე სახით სახლისკენ ცალ მუხლზე დაჩოქილი იდგა გაბრიელი, ორივე ხელისგულით მიწას ეყრდნობოდა, მრისხანედ იღრინებოდა და სახლისკენ იყურებოდა. მცველები აქეთ-იქიდან ამოსგომოდნენ დაცვით პოზაში მდგარნი. მია გაბრიელს დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ვამპირი სულაც არ უყურებდა მას, გოგონამ მზერა გააყოლა და მაშინვე შენიშნა გაბრიელის და მისი მცველების ყურადღების კონცენტრირების ობიექტი. ეს იყო მაღალი, პროპორციული აგებულების ქერათამიანი მამაკაცი, ძალიან გემოვნებით გამოწყობილი შავ კოსტიუმში. ორივე ხელის თითები შეეტყუპებინა და ნელი ნაბიჯით მოძრაობდა გაბრიელის მიმართულებით, მიასგან დიაგონალურად, გოგონამ ვერ შეძლო მისი სახის ნაკვთების გარჩევა, თუმცა მისი აგებულება ძალიან მიამსგავსა მას, ის სახლსა და გაბრიელს შორის შესდგა, მიასკენ ზურგით, ხელის თითები კვლავ შეტყუპებული ჰქონდა. 
     - შენ... - დაიღმუვლა გაბრიელმა, თუმცა თავდასხმა არ უცდია, - აქ საიდან?... 
     - მე ძალიან დიდხანს გადევნებდით თვალს, - საოცრად ნაცნობი ფოლადივით მჟღერი და ყინულივით ცივი ხმით დაილაპარაკა მამაკაცმა. 
     - ნუ ჩაერევი, გირჩევ, - ბოროტად გამოსცრა გაბრიელმა. 
     - მე ვერავინ მირჩევს, - თავი გააქნია მამაკაცმა, - მე ყოველდღიურად ვხედავდი თქვენს მოქმედებებს, სიბოროტეს, შუღლს და ღვარძლს. 
     - შენ არ იცი, რა ხდება აქ! 
     - ასე გგონია? - ჩაიცინა მამაკაცმა, ამ სიტყვებთან ერთად ხელები ოდნავ განზე გასწია, მიწისკენ დაუშვა და მიას თვალწინ უცნაური მოვლენები განვითარდა. 
     ერთაბაშად განათდა, მიწამ რყევა დაიწყო, უცნაური ძალის მოქმედებით ამ უცნობი მამაკაცის მარცხნივ და მარჯვნივ ყველაზე ახლოს მდებარე ხეები ძირფესვიანად ამოიძირკვა მიწიდან, ჰაერში დაახლოებით სახლის სიმაღლეზე აიწია და გაჩერდა, მდელოზე აქა-იქ გაბნეული თითოეული ქვა და კენჭი ჰაერში ლივლივებდა, მამაკაცის სხეული თითქოს უთვალავი ბრილიანტის ბრწყინვალების ძალით ასხივებდა, ეს ენერგია და სხივები მისგან ყველა მიმართულებით იფრქვეოდა, გაბრიელმა და მისმა მცველებმა ხელები წინ გაიწოდეს, მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ ტალღის გამანადგურებელ ზემოქმედებას, მაგრამ ამაოდ, მათივე ნების საწინააღმდეგოდ, სამივე ვამპირი ჰაერში აიწია, ერთხანს ასე, მისტიკურ სიტუაციაში ეკიდნენ მიწიდან ათიოდე ფუტის სიმაღლეზე, შემდეგ მამაკაცმა ხელები წინ გაიწოდა და ვამპირები როგორც თოჯინები, ისე გასტყორცნა გზის მეორე მხარეს, მის ფეხქვეშ მიწა დაიბზარა, უამრავ წვრილ უფსკრულში ლავა დუღდა და მიწის ზედაპირისკენ მოიწევდა... 
      უეცრად მიას ვიღაცამ ხელი სტაცა, წამის უსწრაფესად ააკრა კედელს და თვითონ წინ აეფარა, ლიციუსის ფართო ზურგს ამოფარებულმა გოგონამ ერთბაშად მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნო თავი. 
     - გმადლობ, ლუციუს, - ჩაიბუტბუტა მან. 
     ლუციუსს პასუხი არ გაუცია, წელში მოხრილი იდგა სახით მდელოსკენ, საბრძოლო პოზაში, თავი ოდნავ დაბლა დაეხარა და მკერდიდან ყრუ ღმუილი ამოსდიოდა. 
     მდელოზე მდგარი მამაკაცი ერთბაშად შემობრუნდა, ჰაერში აიწია და ელვისებურად გაჩნდა ვერანდასთან, ორივე ხელი ოდნავ განზე გაეშალა, ქათქათა თაბაშირივით თეთრი თვალებით ზეცას აჰყურებდა და გაუგებრად ბუტბუტებდა. 
     ლუციუსმა ორივე ხელი თავზე იტაცა, დაიღმუვლა, ჯერ ცალ მუხლზე დაიჩოქა, შემდეგ კი მოწყვეტით დაეცა ვერანდაზე. 
     - შეწყვიტე, - იღრიალა მან, - გოგონას არაფერი დაუშავო, გესმის? ჯანდაბა, შეწყვიტე! 
     ბუნება ნელ-ნელა დამშვიდდა, ისევ ჩამოღამდა, მილიონ ნაპრალად დამსკდარმა მდელომ პირვანდელი სახე დაიბრუნა და კვლავ მწვანედ ახასხასდა, მამაკაცი ნელა დაეშვა მიწაზე, ჯერ ფეხის წვერებით შეეხო მდელოს, შემდეგ მყარად დადგა ფეხზე, მის თვალებში სითეთრე სიშავემ შეცვალა და თვალებმა ჩვეულებრივი შეფერილობა მიიღო, მამაკაცმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჯერ ვერანდის ფიცრულ იატაკზე გართხმულ ლუციუსს დახედა, შემდეგ მიას მიაპყრო მკაცრი მზერა. 
     გოგონას თავი სიზმარში ეგონა, ლუციუსს დახედა, არა, სიზმარი გამორიცხული იყო, მის ფეხებთან მოკუნტული უკვდავი აშკარად ლუციუსი იყო, მაგრამ... მაგრამ ვინ იყო პიროვნება, ვინც ასეთი საშინელი ძალის მოქმედებით განდევნა პრიმუმთა კლანის მეთაური და მისი თანმხლები, ვინ იყო ეს მამაკაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ლუციუსს, ოღონდ მისგან განსხვავებით შავი თვალები ჰქონდა, სიმაღლე, გარეგნობა, აღნაგობა, ჩაცმულობა, ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვეოდა, გამოხედვაც ლუციუსივით ცივი და გამსჭვალავი ჰქონდა. 
       ამასობაში ვერანდაზე მწოლიარე ქერა უკვდავი გონს მოვიდა, წამოხტა და კვლავ გოგონას აეფარა. ის გაოგნებული თვალებით მისჩერებოდა საკუთარ ორეულს, საბრძოლო პოზა აღარ მიუღია, არც ტრანსფორმაცია ჩათვალა საჭიროდ, მხოლოდ უკიდურესად გაოცებული, გაფართოებული ცისფერი თვალებით უყურებდა მას, ორეულიც მკაცრად ჩაშტერებოდა თვალებში გამკიცხავი და ზიზღის გამომხატველი მზერით, ცალი ხელით ჟღალ წვერს იწიწკნიდა, მიამ თვალი შეასწრო, რომ ლუციუსისგან განსხვავებით მას მარცხენა ხელის არათითზე არ ჰქონდა წამოცმული გვირგვინოსანი ბეჭედი - პირველყოფილ ვამპირთა კლანის განმასხვავებელი ნიშანი. 
     - ამონ... - ძლივს ამოიღო ხმა ქერა პირველყოფილმა. 
     ორეულს პასუხი არ გაუცია, კვლავ მკაცრი მზერით ზომავდა, შემდეგ ორივე ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და მზერაში დამცინავი ტონალობა შეეპარა. 
     - გამარჯობა, ძმაო!... 
     გოგონამ ამდენ სულიერ ღელვას ვერ გაუძლო, მოიღვენთა, თვალებზე ბინდი გადაეფარა და უგრძნობლად დაეცა ვერანდაზე.

თავი 17

     "... მოვა სიკვდილი ალესილ ცელით და მოსრავს ხალხებს, ცის ბრწყინვალებას ჩამოაფარებს მგლოვარე თალხებს! " ჰაიკო. 

     ლუციუსი გაოცებული მზერით მიშტერებოდა საკუთარ ორეულს, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სარკეში იყურებოდა, სარკე ცივი იყო, უსიცოცხლო, შემდეგ ნელ-ნელა დაალაგა აზრები ტვინის ხვეულებში და მზერაც შეეცვალა, კვლავინდებურად ამაყი, მიუდგომელი და ყინულივით ცივი გახდა, მისი გონება დაზეთილი მექანიზმივით სწრაფად და უშეცდომოდ მუშაობდა, სამი წამის განმავლობაში რამდენიმე შესაძლო ვარიანტი განიხილა, მაგრამ არსებულ რეალობას არცერთი შეესაბამებოდა, მისი ორეული კი უხმოდ იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და როგორც სჩანს, მისგან ელოდა პირველი ნაბიჯის გადადგმას. 
     პირველი, რაც ქერა უკვდავმა მოიმოქმედა, ძირს დაცემული გოგონა ბუმბულივით აიტაცა ხელში, სახლში შეიყვანა, დივანზე დააწვინა და წამის უსწრაფესად კვლავ ვერანდაზე გაჩნდა, რენტგენისებური მზერით მოჩხრიკა სახლის შემოგარენი და შემდეგ საკუთარ ორეულს მიაბჯინა სახეში გაშმაგებული მზერა. 
     - აქ რას აკეთებ? - ჩვეულებისამებრ ცივად და ქედმაღლურად ჟღერდა მისი ხმა, კოსტიუმის შიდა ჯიბიდან გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო, ელეგანტურად მიიდო ტუჩებზე და ისევ უკან ჩააბრუნა. 
     - გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ უფრო თბილ დახვედრას ველოდი, - შუბლი შეკრა ამონმა, ლუციუსის ორეულმა და გაიარ-გამოიარა, - ყოველ შემთხვევაში, შენგან მაინც. 
     ლუციუსს ცივმა, ზიზღით გალესილმა ღიმილმა აუგრიხა ტუჩის კუთხე. 
     - მართლა? ვწუხვარ, თუ შენი მოლოდინი ვერ გავამართლე, ამონ. 
     ამონმა გვერდულად გამოხედა, მიას სარწეველა სავარძელში ჩაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ორივე ხელის გადაჯვარედინებული თითები კი მუხლზე დააყრდნო, ერთხანს ასე შეჰყურებდა ქერა უკვდავს ცივ ცისფერ თვალებში. 
     - არ მესმის შენი ამგვარი ქცევის მიზეზი, - თავი გააქნია ბოლოს. 
     - შევეცდები შენთვის გასაგები გავხადო, - ფოლადმა იელვა ლუციუსის ხმაში, - მოკლედ რომ ვთქვათ, მე უკვე დიდი ხანია მარტოდმარტო ვიბრძვი ამ საგიჟეთში, მარტოდმარტო, ყველას წინააღმდეგ, - ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას, - და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ძმა, ტყუპისცალი, უემოციოდ ადევნებს თვალს ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც დახმარება შეუძლია, მაგრამ მოდი ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მცირე ხნით მაინც, - ლუციუსმა დინჯად მოუკიდა სიგარეტს და კვამლს თვალი გააყოლა, - სად იყავი ბოლო ორასი წლის განმავლობაში?
     - მილიონიანი შეკითხვაა, რომლის პასუხში მისტერ ბილ გეიტსი ალბათ საკმაო რაოდენობის თანხას გაიღებდა, - ირონიულად ჩაიცინა ამონმა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, - ლუციუს, მე მძულს სისხლი, ბუნებით მე კაცთმოყვარე... - ის შეჩერდა და თვალები მოჭუტა, აშკარად შესაფერის სიტყვას ეძებდა. 
     - კაცთმოყვარე ვინ? - რიტორიკული შეკითხვა დასვა ლუციუსმა, - ვამპირი? ჯადოქარი? თუ ორივე ერთად? მაგრამ არა ადამიანი. 
     ამონს მრისხანება გამოეხატა სახეზე, ელვასავით გაჩნდა ლუციუსის წინ და თვალებში ჩახედა. 
     - ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, - დაიღრინა მან, - ჩემდა სამწუხაროდ მიწევს შეხსენება, რომ ამ დაწყევლილ სისხლისმსმელად შენ მაქციე, შენ, ლუციუს! 
     - მე ძმა მჭირდებოდა, რომელიც გვერდში დამიდგებოდა, - მიუგო ქერა უკვდავმა. 
     - ისედაც შენს გვერდით ვიქნებოდი, რა საჭირო იყო ამის გაკეთება? - ტკივილი გამოსჭვიოდა ამონის ხმაში, - შენ მე ყველაფერი წამართვი, ლუციუს, ყველაფერი. 
     - მე შენ ძალიან ბევრი მოგეცი, - დაიღრინა ლუციუსმა. 
     - დიახ, - თავი დაუქნია ამონმა და სავარძელს დაუბრუნდა, - რა თქმა უნდა, წყურვილი მაჩუქე, სისხლის და კაცისკვლის, ბოლო ორასი წლის განმავლობაში ჯურღმულებში ვიმალებოდი, ვცდილობდი ეს გრძნობა ჩამეხშო ჩემში.. 
     ქერა უკვდავმა მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და ვერანდის სვეტს მიეყრდნო. 
     - მერე, გამოგივიდა? 
     - ვფიქრობ, რომ დიახ, - მიუგო ამონმა. 
     - ჩემი მიტოვების ხარჯზე, - გამოსცრა ლუციუსმა. 
     - მიზანი ამართლებს საშუალებას, - არ დანებდა ამონი და წამოდგა, - ფრთხილად იყავი, ძმაო. 
     - მიდიხარ? 
     ამონმა მიმოიხედა. 
     - ვფიქრობ, აქ აღარაფერი მესაქმება, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც, ჯერჯერობით, - ის მოჩვენების სისწრაფით გაუჩინარდა წყვდიადში. 
     ქერა უკვდავმა თვალი გააყოლა იმ მიმართულებას, საითაც ამონი გაუჩინარდა, მიას სავარძელში ჩაეფლო და ჩაფიქრდა, საფიქრალი კი ძალიან ბევრი ჰქონდა, სალემში მიმდინარე ზებუნებრივ ომს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა, რომელზეც დამატებით მოუწევდა ნერვიულობა და ზრუნვა, ბოლოს და ბოლოს ის ხომ მისი საკუთარი ძმა იყო, მართალია გულნატკენი, გაბრაზებული, მაგრამ მაინც ძმა, მისი სისხლი და ხორცი, დრო განკურნავდა იარებს, დრო ზოგადი ცნება იყო ვამპირებისთვის, ორასი წელი უკვე გავიდა, კიდევ ორასი და ამონს შეიძლება ეპატიებინა მისთვის... 
     ლუციუსმა ამოიოხრა და კვლავ სიგარეტს მოუკიდა.
     - რა ხდება, ლუციუს? - მია გონზე მოსულიყო, დაცემისას ნატკენ შუბლზე ხელი მიედო და კარს მიყრდნობოდა. 
     - კარგად ხარ? - არ მოუხედია, ისე შეუბრუნა კითხვა ქერა უკვდავმა. 
     - ახლა უკვე კარგად ვარ, - მიუგო გოგონამ, - ვინ იყო ის?.. ანუ მე ვგულისხმობ შენს ორეულს. 
     - ის ჩემი ძმაა, - მარტივად გასცა პასუხი ლუციუსმა. 
     მიამ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მის წინ შეჩერდა. 
     - ის არასდროს გიხსენებია. 
     - არ მეგონა, ცოცხალი თუ იყო, ვამპირების ცხოვრება იმდენი მოულოდნელობითაა აღსავსე, რომ შეიძლება ჩვენი სიცოცხლე რამდენიმე საუკუნე გაგრძელდეს, ან რამდენიმე წუთს. 
     - გასაგებია... და მისი გამოჩენა ჩვენთვის კარგია თუ ცუდი? 
     - ჯერ არ ვიცი, - ფიქრიანად გააქნია თავი ლუციუსმა, - ის განსაკუთრებულია, მისი მსგავსი არავინ მინახავს, ის ჯადოქარია ვამპირის სხეულში. 
     - ამას მივხვდი, - თავი დაუქნია გოგონამ, - მე ყავის დალევას ვაპირებ, შემიძლია.. 
     - დიდი სიამოვნებით, - არ დაასრულებინა უკვდავმა, წამოდგა და უკან მიჰყვა ოთახისკენ მიმავალ მიას.

*****
     - გამარჯობა მამა, - კეი კოლეჯის საერთო საცხოვრებლის მეორე სართულის დერეფანს მიჰყვებოდა, იღლიაში წიგნები ამოედო, - ვიცი, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში არ უნდა გირეკავდე, მაგრამ მინდა გითხრა, რომ... - კეი შეყოვნდა, იცოდა, მამამისს, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს სძულდა ყოველგვარი სენტიმენტალობის გამოვლენა, - მოკლედ, არაფერი, თავს გაუფრთხილდი, - მან მობილური გათიშა, ჯიბეში ჩაიცურა, დერეფნის ბოლოში მარცხნივ მოუხვია და დააპირა გასაღები საკეტში მოეთავსებინა, რომ შეამჩნია, კარი ოდნავ შეღებული იყო. კეიმ ფრთხილად მიმოიხედა, ოდნავ მიაწვა კარს და ოთახში შეიხედა, შემდეგ სინათლის ჩამრთველი გადაატრიალა და გაკვირვებული მიაშტერდა საწოლზე მჯდარ ჟღალთმიან მომხიბლველ გოგონას. 
     - შემოდი, - მხიარულად გაუღიმა ჯესიკამ. 
     მაგრამ კეი არ ჩქარობდა შესვლას, მან ოთახი ყურადღებით მოათვალიერა. 
     - ჩემს გარდა აქ არავინაა, - შუბლი შეკრა გოგონამ, - ასე რატომ იქცევი, კეი, აღარ ვართ მეგობრები? 
     კეი ოთახში შევიდა, კარი დახურა და კედელს მიეყრდნო. 
     - მეგობრები? თუ არ ვცდები, მეგობრები მეგობრებს უსიამოვნებებში არ ხვევენ, - მან ოთახი გადაკვეთა, სამზარეულოში შევიდა და მაცივრის კარი გამოაღო, - დალევ რამეს? 
     - რას შემომთავაზებ? - ეშმაკურად ჰკითხა გოგონამ. 
     - შემიძლია შემოგთავაზო კოკა-კოლა, ლუდი ან წყალი. 
     - კოკა-კოლა, თუ შეიძლება. 
     კეიმ კოკა-კოლის ქილა გახსნა, გოგონას მიაწოდა, თვითონ "ჰეინეკენი" მოიმარჯვა და კომპიუტერის მაგიდასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა, თვალს არ აშორებდა ჯესიკას. 
     - ჯეს, რა გინდა? 
     - ასე რატომ მელაპარაკები? - მოიწყინა გოგონამ. 
     - იმიტომ, რომ შენ ჩვენ გვიღალატე, - ამ საღამოს კეი არ აპირებდა მის დანდობას. 
     - რა უნდა მექნა, მამაჩემისთვის მეღალატა? 
     კეის არაფერი უპასუხია, ლუდი მოსვა, გოგონა აშკარად მართალი იყო. 
     - მითხარი რისთვის მოხვედი, - თქვა ბოლოს. 
     - თქვენს გასაფრთხილებლად, - მიუგო ჯესიკამ და ბიჭის გაოცებული სახის დანახვაზე გაეღიმა. 
     კეი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, შემდეგ მოტრიალდა. 
     - რას გულისხმობ? 
     - მომისმინე, - ჯესიკამ გვერდზე გადადო კოკა-კოლის ქილა და სახე დაუსერიოზულდა,- მამაჩემი რაღაცას ხლართავს, რაღაცას აპირებს მიას და მისი მეგობრების წინააღმდეგ, მას ვერ გავამტყუნებ, ვამპირებმა ბეტა მგელკაცი მოკლეს და მამაჩემი შურისძიებას აპირებს, - მან პაუზა გააკეთა, - ის მიას მოტაცებას აპირებს. 
     ამ სიტყვებმა სასურველი ეფექტი მოახდინა, კეის ლუდი ყელში გადასცდა, ძლივს მოიბრუნა სული და აცრემლებული თვალები ხელისგულით მოიწმინდა. 
     - ამას რატომ მეუბნები? ანუ რატომ ცდილობ მათ დახმარებას? 
     - არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ჯესიკამ, - ვხვდები, რომ შორს შევტოპე.. - ის წამოდგა და კეისთან მივიდა, თბილი ხელისგული ლოყაზე მიადო და თვალებში ჩააცქერდა, - მენატრება ის დრო, მინდა რომ ჩვეულებრივი ადამიანივით ვიცხოვრო.. 
     კეიმ ფრთხილად მოიშორა მისი ხელი. 
     - ეს შეუძლებელია, ჯეს. 
     - ვიცი, - თვალები ცრემლით აევსო გოგონას, ამოიოხრა და კარს მიაშურა. 
     - მადლობა, გადავცემ მიას, - დაადევნა კეიმ. 
     გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი, კარი გამოაღო და გასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად დაიხრიალა, სხეული აუკანკალდა და უკან, ნელი სვლით შემოვიდა ოთახში, კეის შიშისგან თმა ყალყზე დაუდგა. 
     ჯესიკას წინ შავგვრემანი უკვდავი იდგა, მარჯვენა ხელი გოგონას მკერდში ჩაემალა, მისი ფოლადისმაგვარი თითები გარს შემოსჭდომოდა მაქციის გულს. პირიდან საზარელი ეშვები მოუჩანდა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში ალისფერი სითხე უწყვეტად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას საშინელ ელფერს აძლევდა, კოვაქსი მრისხანედ იღრინებოდა და მუქარით მისჩერებოდა ხან ჯესიკას, ხან კეის. 
      - ჯანდაბა... - როგორც იქნა ხმა ამოიღო კეიმ, ლუდის ქილა ხელიდან გაუვარდა და კედელს აეკრა. უარეს მდგომარეობაში იყო გოგონა, ის ორივე ხელით უღონოდ ეჭიდებოდა პირველყოფილის მარჯვენას, პირიდან სისხლს ანთხევდა და უფრო და უფრო სუსტდებოდა. 
     - მეც მიხარია თქვენი ნახვა, ბავშვებო, - ბოროტად გამოსცრა კოვაქსმა. 
     - არ მოკლა, გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ, - შეეხვეწა კეი. 
     - რატომაც არა, - გამოეპასუხა შავგვრემანი დემონი, - მაგრამ ჯერ რამდენიმე შეკითხვაზე უნდა გამცეს პასუხი, - მან ჯესიკას შეხედა. 
     - გაუშვი ის, - დაიხრიალა გოგონამ, - ის უდანაშაულოა.. 
     კოვაქსმა ბოროტად ჩაიცინა, ერთხნას კეის აკვირდებოდა, შემდეგ კარისკენ გააქნია თავი. 
     - წადი, სანამ გადამიფიქრებია, - შემდეგ კვლავ ჯესიკას მიუბრუნდა, - მე და შენ კი ერთი პატარა საქმე უნდა მოვაგვაროთ, პატარა მგელო.. 

*****
     ლუციუსი დივანზე ჩამოჯდა და თვალს ადევნებდა, როგორ ამზადებდა გოგონა ყავას. ბევრჯერ უფიქრია, ვამპირი რომ არ ყოფილიყო, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ალბათ რომის რომელიმე მდიდარი მოქალაქის ქალიშვილს შეირთავდა, ის ხომ ყველასთვის სასურველი სასიძო იყო, ვის არ მოეწონებოდა და ვის არ ენდომებოდა მაღალი, სიმპათიური, ქერათმიანი, მდიდარი და რაც ყველაზე მთავარია-რომის პაპის პირადი დაცვის უფროსი, გამოჩენილი მხედართმთავარი და უბადლო მეომარი. შეირთავდა რომელიმე მდიდარ ქალიშვილს, ეყოლებოდათ შვილები და იცხოვრებდნენ ბედნიერად მანამ, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ. 
     ლუციუსმა ჩაიცინა. ერთადერთი, რასაც ნატრობდა და რაც მის საკუთარ ცხოვრებაში მიუღწეველ ოცნებად დარჩა-ოჯახი იყო, ცოლ-შვილი, მაგრამ იცოდა, რომ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა, ვამპირებს გამრავლება არ შეეძლოთ. 
     მიამ ჭიქებით ყავა მოიტანა, ლუციუსი წამოდგა და ჩამოართვა. 
     - გმადლობ. 
     გოგონამ თავი დაუქნია, ის ნაწილობრივ ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ლუციუსმა არ მიატოვა, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა და სიკვდილისგან იხსნა, როგორც ნამდვილი მეგობარი, ისე მოიქცა, ამისთვის კი გასამრჯელოს არ ითხოვდა, ეს უბრალოდ მის ხასიათში, მის შინაგან ვამპირულ ბუნებაში იჯდა. 
     გოგონა მის პირდაპირ ჩამოჯდა. 
     - ლუციუს, ჩემი მაშინდელი საქციელის გამო ძალიან ვწუხვარ, მაპატიე რომ... 
     - არ არის საჭირო, - გაიღიმა ლუციუსმა, ორი თითით აიღო ფინჯანი, ცხელი სითხე მოსვა და ლამბაქზე დადგა, შემდეგ ხელსახოცით შეიმშრალა ტუჩები. 
     - მაცადე, - თითი ასწია გოგონამ, - ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი, არ მინდა, რომ შენც მიმატოვო, ლუციუს, - მიას ხმა აუკანკალდა, - გავბედავ და ვიტყვი, რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ყველამ მიმატოვა, ყველამ.. შენს გარდა, არ წახვიდე, ვიცი, რომ ჩემი გამოხდომების ატანა რთულია, მაგრამ იქნებ შეეცადო, მე ხომ ადამიანი ვარ.. 
     - ეს ბუნებრივია, - ჩაიცინა ქერა უკვდავმა, - ადამიანებს პრეტენზიები უჩნდებათ, პრეტენზიები უქრებათ, მათ სტკივათ, გრძნობენ, ისინი ტირიან, მათი გული გააჩნიათ... ბედნიერი ხარ, ადამიანი რომ ხართ, მის ჯეკსონ. 
     - ანუ ისევ მეგობრები ვართ? - თვალები გაუნათდა გოგონას. 
     - რა თქმა უნდა, - გაეღიმა ლუციუსს და ყავის ფინჯანზე მიუთითა, - ყავამ გადაგარჩინა. 
     მიამ ხმამაღლა გაიცინა და ამ დროს სიცილი კარზე ატეხილმა ბრაგუნმა შეაწყვეტინა. გოგონამ შიშით გახედა ლუციუსს, რომელიც წამის მეასედში უკვე კართან იდგა და ჰაერს ყნოსავდა. 
     - ადამიანია, - თქვა ბოლოს, კარი გამოაღო, კართან მდგარს ყელში სწვდა და ელვის სისწრაფით შემოათრია ოთახში, კედელზე გააკრა და სახეში მკაცრი მზერა მიაბჯინა. 
     - მია... - დაიძახა კეიმ და შიშით გაუსწორა თვალი ქერა უკვდავის ცივ გამოხედვას. 
     - ნახეთ ვინ გვესტუმრა, - ირონიულად თქვა ლუციუსმა და ღიმილით შეათვალიერა ბიჭის შეშინებული სახე. 
     - ლუციუს, გაუშვი, - შუბლი შეკრა გოგონამ. 
     ქერა უკვდავმა ამოიოხრა და განზე გადგა, მაგრამ კეის მრისხანედ გადახედა. 
     - იცოდე თვალს გადევნებ, - უთხრა პირქუშად, - არ მიუახლოვდე, შეგიძლია აქედან ელაპარაკო. 
     კეიმ აჩეჩილი საყელო გაისწორა და ვამპირს გაგულისებული მზერით გადახედა. 
     - რა ეჭვიანი მამიკოსავით იქცევი, ამ ქალაქში მხოლოდ თქვენ ქმნით პრობლემას და არა ჩვენ.. 
     - რას გულისხმობ? - ჩაეძია ლუციუსი. 
     - კოვაქსი თავს დაგვესხა, - სწრაფად თქვა კეიმ და კედელს მიეყრდნო. 
     ამ სიტყვებს განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ლუციუსი ელვის სისწრაფით აეფარა გოგონას წინ და გაველურებული მზერით მოათვალიერა სახლი, დაიძაგრა, თვალები ჩაუსისხლიანდა. მიას გაოცებისგან და შიშისგან თვალები გაუფართოვდა, მეხსიერების დაკარგვის შემდეგ კოვაქსისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი. 
     - სად არის, რა მოხდა? - იკითხა ლუციუსმა. 
     - კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, - მიუგო კეიმ, - ჩემთან ჯესიკა იყო მოსული.. 
     - მაქცია? - გაიკვირვა ლუციუსმა. 
     - ჰო, - მიუგო კეიმ, - გასაფრთხილებლად მოვიდა, - მან ლუციუსის ფართო ზურგს ამოფარებულ მიას გახედა, - ბოგდანი მიას მოტაცებას აპირებს.. 
     - რა? - გაშრა მია, რასაც ქერა უკვდავის მუქარაშერეული ღრენა დაერთო. 
     - მის ჯეკსონ, - თქვა მან, - ახლა მაინც აღიარეთ, რომ შეცდომა დაუშვით, როდესაც მისი მოკვლა არ დამანებეთ. 
     - მერე? - ლუციუსის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მიას. 
     - ის შენს მოტაცებას გეგმავს, - გაიმეორა კეიმ, - ეს ჯესმა მითხრა, შემდეგ წასვლა დააპირა და ამ დროს არსაიდან გაჩნდა ის, თითქოს ციდან ჩამოვარდა... მას ჯესიკა ყავს და მერწმუნეთ, არც ისე დიდი დრო დარჩა, - კეიმ ლუციუსს შეხედა მუდარის გამომხატველი სახით. 
     - ჩემგან რას ითხოვ? - მკაცრად თქვა ლუციუსმა და მიას მოშორდა, როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონას საშიშროება არ ემუქრებოდა, თუმცა მაინც მიას და კეის შორის იდგა. 
     - გადაარჩინე ის.. 
     - რაო? - ლუციუსის ხმას რისხვა შეეპარა და ნელა დაიძრა კეისკენ, - ბიჭუნა, შენ მთხოვ, რომ ჩემი მტერი გადავარჩინო, სიკვდილს ვიხსნა, ერთი მიზეზი მაინც მითხარი, ეს რატომ უნდა გავაკეთო? 
     - ეს ჩემთვის გააკეთე, - უკნიდან გაისმა მიას შემკრთალი ხმა, - გთხოვ ლუციუს, მისი ბრალი არაა ის რომ მაქციაა.. იხსენი კოვაქსისგან. 
     ლუციუსი ერთხანს გაშმაგებული სახით შეჰყურებდა გოგონას, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა. 
     - კარგი, - თქვა ბოლოს და კეის გახედა, - შეძლებ რომ სანამ მე აქ არ ვიქნები.. 
     - პრობლემა არ არის, - თავი დაუქნია კეიმ. 
     ლუციუსი წამის მეასედში გაჩნდა მის წინ და რენტგენისებურად გამსჭვალავი თვალებით ჩახედა სულში. 
     - გაფრთხილებ, - მისი ხმა ავისმომასწავებლად ჟღერდა, - მას რომ რამე დაუშავდეს, ყველაზე საშინელი სიკვდილით მოგკლავ მათ შორის, ვინც კი ოდესმე მომიკლავს, გასაგებია? 
     ის ბიჭის პასუხს არ დალოდებია, მოჩვენებასავით გაუჩინარდა გამოღებულ კარში. 
     მია ერთხანს კარს გაჰყურებდა, შემდეგ კეის მიუბრუნდა ღიმილით. 
     - აბა, რა გავაკეთოთ, სანამ ჩემი მცველი დაბრუნდება? 
     - შეგვიძლია ურთიერთობების აღდგენა ვცადოთ, - თავი ჩაღუნა კეიმ, - ვწუხვარ, მაპატიე, რომ შენგან შორს ვიჭერდი თავს.. 

*****
     კოვაქსს მტკიცედ ეჭირა მაქციის მორღვეული სხეული და როგორც ობობა ბუზს, ისე უყურებდა თავის მსხვერპლს. 
     - მის ო'ნილ, - მისი ხმა ბოროტად ჟღერდა, - აბა, რას გეგმავს მამაშენი? მოდი ერთი პატარა თამაში ვითამაშოთ, მე კითხვებს დაგისმევ და შენ კი ან არა მიპასუხე, შევთანხმდით? 
     ჯესიკამ ხმის ამოღება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, მხოლოდ სისხლი ამოანთხია პირიდან და სუსტად დაუქნია თავი. 
     - მაგრამ მოიცა, - შავგვრემან პირველყოფილს თვალებში დამცინავი სხივი აუკიაფდა, - სხვა რამ მოვიფიქრე, - მან ჯესიკას ჯიბიდან მობილური ამოართვა და ნომრების ჩამონათვალში ასო "F"-ზე შეჩერდა, - რა საყვარლობაა, - დამცინავად შეხედა ქალ-მაქციას, - მამიკო, ასე გიწერია, - ის CALL სენსორს დააწვა. 
     რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მობილურში ალფა მაქციის შეშფოთებული ხმა გაისმა. 
     - ჯეს, სად ხარ? 
     - ვწუხვარ, ის ამჟამად მიუწვდომელია, ბოგდან, - დაცინვით უპასუხა კოვაქსმა, - იმედია ჩემთან საუბრის წინააღმდეგი არ იქნები. 
     - ღმერთო, - აღმოხდა ბოგდანს, - კოვაქს... არაფერი დაუშავო მას.. ჯანდაბა.. 
     - პატივისცემა დამანახე, - დაიღრინა კოვაქსმა, - მეტი მოტივაციისთვის გეტყვი, რომ ამწამს შენი ქალიშვილის გული ხელში მიჭირავს და ნებისმიერ მომენტში შემიძლია ამოვგლიჯო.
     - ღმერთო, - გაიმეორა ბოგდანმა, - რა გინდა, მითხარი, ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ჩემს შვილს არაფერი დაუშავო.. 
     - ყველაფერს? - შემპარავი ხმით ჰკითხა კოვაქსმა, - რამდენიმე შეკითხვა მაქვს, პირველი: სად არის კონორი? 
     ამ კითხვას რამდენიმეწამიანი დუმილი მოჰყვა ალფა მაქციის მხრიდან. 
     - ბოლოს ტაკომადან დამირეკა.. მეტი არაფერი ვიცი, გეფიცები. 
     - ტაკომადან? - ჩაფიქრდა კოვაქსი, - ნეტავ რას უნდა აკეთებდეს იქ? 
     - არ ვიცი, არ ვიცი, - სწრაფად მიუგო ბოგდანმა, - გთხოვ, გაუშვი ჩემი შვილი.. 
     - კარგი, კითხვა მეორე: შენ ან საიდუმლო საბჭოს გაქვთ თუ არა ვერცხლის ფიჭვის სარი? 
     - არა, მე არ მაქვს, მათ არ ვიცი აქვთ თუ არა. 
     - კითხვა მესამე: ვინ არის ჰეიტემ ვესტმორლენდი? 
     - არ ვიცი, - წამიერი დუმილის შემდეგ გაისმა ბოგდანის ხმა, - პირველად მესმის. 
     - კარგი.. და ბოლო კითხვა: შეიძლება თუ არა პირველყოფილის ნდობა? 
     ბოგდანს სიცივემ დაუარა სხეულში, გახევდა. 
     - არ ვიცი... - თქვა ბოლოს. 
     - სიმართლე, - ჩაისისინა შავგვრემანმა უკვდავმა. 
     - არა.. - ეს სიტყვები საბედისწეროდ მოსწყდა ბოგდანის ბაგეებს. 
     - მართალია, გმადლობ ბოგდან, შენი შვილის სხეული კოლეჯის საერთო საცხოვრებელში დაგხვდება, უპირველეს ყოვლისა, მორგს დაუკავშირდი, - კოვაქსს ყურადღება არ მიუქცევია ალფა მაქციის საწყალობელი ყვირილისთვის, ტელეფონი გათიშა და დაუდევრად მოისროლა გვერდზე. 
     ის ბოროტი მზერით მიაშტერდა ქალ-მაქციას, რომელსაც პირიდან აქაფებული სისხლი სდიოდა და მკერდზე ეღვრებოდა. 
     - შეწყალება მთხოვე და იცოცხლებ, - ბოროტად გაიღიმა. 
     მაქციამ თვალები დაახამხამა, სისხლი გაჭირვებით გადმოაფურთხა და უტეხი მზერით შეაცქერდა დემონს წყვდიადივით შავ თვალებში, ტუჩები ააცმაცუნა. 
     - რა თქვი? - კოვაქსმა ყური ახლოს მიუტანა ტუჩებთან. 
     - წადი შენი... - მხოლოდ ეს ორი სიტყვა მოსწყდა გოგონა-მაქციის სისხლით შეღებილ ტუჩებს. 
     - სხვა რამეს არც ველოდი, - ჩაიცინა კოვაქსმა, სწრაფი მოძრაობით ამოგლიჯა გული მკერდიდან, შემდეგ მარცხენა მოიქნია და ჯესიკას უთავო სხეული იატაკზე დაეცა... 

*****
     ლუციუსი ჩქარობდა, რამდენიმე წუთში გაჩნდა საერთო საცხოვრებელში, სწრაფად მოძებნა კეი კრამერის ოთახი და კარი შეაღო, სისხლის სუნი ეცა, ეს ძალიან ცუდად ენიშნა. ჩამრთველი გადაატრიალა და საშინელი სურათი წარმოუდგა თვალწინ. 
     იატაკზე სისხლის გუბეში გაშეშებული იწვა გოგონას სხეული, მისი ლამაზი, სისხლით მოსვრილი თავი კი მაგიდაზე იწონებდა თავს და გაყინული, ჩამქრალი თვალებით ლუციუსს მიშტერებოდა, გვერდით,  ლითონის განიერ ლარნაკში სისხლშემხმარი გული იდო... 
     - ჯანდაბა, - ტუჩი მოიკვნიტა ქერა უკვდავმა და მობილური მოიმარჯვა.

თავი 18

     - ლუციუს, - გაისმა მიას შეშინებული ხმა. 
     - ვწუხვარ, მის ჯეკსონ, ვერ გადავარჩინე, ვერ მოვუსწარი, - უემოციოდ თქვა ქერა უკვდავმა და ჯესიკას გახევებულ სხეულს მზერა შეავლო. 
     - ღმერთო, - აღმოხდა მიას, შემდეგ მისი ქვითინი მოისმა და ტელეფონი გაითიშა. 
     ლუციუსმა უხმოდ ჩაიცურა ტელეფონი კოსტიუმის შიდა ჯიბეში, შემდეგ მაგიდიდან ჯესიკას თავი და გული აიღო, სხეულის გვერდით დაალაგა, საწოლს ზეწარი გადახადა, გვამს გადააფარა, შემდეგ კვლავ მოიმარჯვა ტელეფონი და სენსორულ კლავიატურაზე 911 აკრიფა. 
     - გადაუდებელი სიტუაციების სამსახური, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მოისმა ქალის მონოტონური ხმა. 
     ლუციუსს არაფერი უპასუხია, ტელეფონი გათიშა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და მოჩვენების სისწრაფით გაუჩინარდა. 

*****
     ბოგდანის ხისგან ნაგები სახლი უჩვეულო მდუმარებაში ჩაძირულიყო. კიბის საფეხურებთან, რომელიც ვერანდას უკავშირდებოდა, რამდენიმე ახოვანი მგელკაცი იდგა, დაბალი ხმით საუბრობდნენ, თითქოს არ სურდათ მიცვალებულისთვის მყუდროება დაერღვიათ. დრო და დრო სახლს გახედავდნენ ხოლმე. 
     პირველი სართულის ჰოლიდან ავეჯი გაეტანათ, მხოლოდ შავი, ხისგან შეკრული მოჩუქურთმებული კუბო იდგა ოთახის შუაგულში. კუბოს ორივე მხარეს უკანა ფეხებზე შემდგარი, ხახადაღრენილი მგელი ამოეკვეთათ. კუბოს თავთან და ბოლოსთან სურნელოვანი ნახერხი ბოლავდა, ოთახი სუსტად იყო განათებული სანთლების შუქით, რომლებიც გარს შემორტყმოდნენ კუბოს. 
     ოთახში ხალხის ნაკლებობა იგრძნობოდა, კუბოსთან იჯდა თავჩაღუნული ბოგდანი. ალფა მგელკაცი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შესამჩნევად მობერებულიყო, თითქოს მხრებში მოიხარა და თმაში ჭაღარა გამოერია, მძლავრად მომუშტული მარცხენა მუხლზე დაესვენებინა, მარჯვენა, დაძარღვული მკლავი კი კუბოს კიდეზე დაედო და თითებით გაუცნობიერებლად ეფერებოდა პრიალა მატერიას, რომელიც მისი შვილის სხეულს ფარავდა. 
     ბოგდანმა ფრთხილად გადასწია სუდარა და ჯესიკას დააკვირდა, ხელი გაიწოდა, ლოყაზე თითის წვერებით შეეხო და გველცემულივით გახტა უკან. არა, კუბოში მწოლიარე თვალებგაყინული და ტუჩებგათეთრებული სხეული არ იყო მისი შვილი, ის აღარასდროს შეხედავდა მხიარული, ეშმაკური ღიმილით, აღარც სახლს აავსებდა მისი უდარდელი წკრიალი, მისგან მხოლოდ სიცივე მოდიოდა... 
     - ბოგდან, - მხარზე შეეხო ურსაისი, მძლავრი აღნაგობის მგელკაცი, რომელმაც კასტორის სიკვდილის შემდეგ კლანში ბეტა მგელკაცის პოსტი ეკავა. 
     ბოგდანი შეხტა, გაველურებული თვალებით მიმოიხედა ოთახში და როდესაც ურსაისის სახე დაინახა, დამშვიდდა და თვალებში კვლავ სევდა და უზომო ტკივილი აღებეჭდა. 
     - რა ხდება? 
     ბეტა მგელკაცი ყოყმანობდა, არ ჩქარობდა პასუხის გაცემას. 
     - ურსაის! - ფოლადმა იელვა ალფას ხმაში. 
     - ბიჭები შენთან შეხვედრას ითხოვენ, - განზე გაიხედა ურსაისმა, ვერ შეძლო თვალი გაესწორებინა ხროვის მეთაურის სამართებელივით მჭრელი გამოხედვისთვის. 
     ბოგდანს თვალები დაუვიწროვდა. 
     - რისთვის? მე ვგლოვობ! 
     - მათ სურთ ყველამ ერთად გთხოვოს, ბოგდან.. 
     - მთხოვონ? - გაოცება გამოეხატა ალფას სახეზე, - რას გულისხმობ? 
     - მათ სურთ ჯესიკასთვის შურისძიების უფლება გამოგთხოვონ, - მტკიცედ თქვა ურსაისმა, - მიეცი მათ ამის უფლება, ისინი შენთვის სიცოცხლეს გასწირავენ, ბოგდან. 
     ბოგდანმა ნელა დააქნია თავი, მხარზე ხელი დაადო ბეტა მგელკაცს, ოდნავ მოუჭირა. 
     - კარგი, - თქვა ბოლოს, - უთხარი მათ, რომ შევხვდები. როდის სურთ ეს? 
     - ისინი უკვე აქ არიან, ბოგდან, - გაიღიმა ურსაისმა. 
     ბოგდანმა კუბოში მწოლიარე სხეულს დახედა, დაიხარა, გაყინულ და ნაცრისფერშეპარულ შუბლზე ფრთხილად აკოცა, სუდარა გადააფარა და კარისკენ გაემართა, ურსაისი და კიდევ ორი მგელკაცი, რომლებიც ხროვის იერარქიაში მესამე და მეოთხე პოზიციას იკავებდნენ, უკან მიჰყვნენ. 
     ვერანდაზე გასულ ბოგდანს საოცარი სანახაობა გადაეშალა თვალწინ. სახლს და ტყეს შორის მდებარე პატარა მდელო ერთიანად გაევსოთ მაქციებს, უხმოდ იდგნენ, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულნი, ამაყი გამოხედვით, თავები მაღლა აეწიათ და უტეხი მზერით შეჰყურებდნენ ალფას, ხროვის უპირველეს მგელკაცს, ყველა მაქცია ტრანსფორმირებული იყო, მოყვითალო-მომწვანო თვალებს მრსხანედ აელვარებდნენ, ადგილზე ვერ ისვენებდნენ, ფეხს ინაცვლებდნენ, ალფა მგელკაცის ტკივილს გულით და სულით იზიარებდნენ და ყრუდ ღმუოდნენ, რა დროსაც მთვარის ცისფერ სხივებს მათ საშინელ ეშვებზე გაჰქონდა ციალი. 
     ალფა მგელკაცმა თვალები მოჭუტა, შინაგანი კმაყოფილება იგრძნო, მთვარეს ახედა და მკერდიდან მრისხანე ყმუილი ამოუშვა, მდელოზე შეკრებილებმა მას მიბაძეს. 
     ბოგდანმა ელვისებური ნახტომი გააკეთა, ჰაერში ტრანსფორმირდა და ხროვის შუაგულში დახტა ოთხზე, წამოიმართა და ხროვის წევრებს საშინელი, გამანადგურებელი მზერა მოავლო. 
     მის მზერას ვერ გაუძლო ვერც ერთმა მათგანმა, ყველა ცალ მუხლზე დაეშვა და თავი ჩაღუნა, სანამ ბოგდანმა არ ანიშნა, ადექითო. 
     - ძმებო, - მიმართა მრისხანე ხმით, - დღეს ჩვენს ხროვას კიდევ ერთი უბედურება ეწვია, კასტორის შემდეგ სისხლისმსმელებმა ჩემი შვილიც მოკლეს... 
     ხროვამ სინანულით დაიყმუვლა. 
     - ურსაისმა თქვენი შეკრების მიზეზი გადმომცა, - ბეტა მგელკაცისკენ გაიწოდა ხელი, - მე თანახმა ვარ! 
     ამ სიტყვებს აღტაცების ღრიალი მოჰყვა. 
     - მაგრამ, - ბოგდანმა ხელი მბრძანებლურად ასწია და მაქციები მყისიერად დადუმდნენ, - მე არ მსურს რომელიმე თქვენგანი უაზროდ დაიღუპოს, მტერი ძლიერია, ძალიან ძლიერი... 
     - მათი არ გვეშინია, - დაიღრინა ურსაისმა და ეშვები გააელვა. 
     ბოგდანი სწრაფად მოტრიალდა და თვალი-თვალში გაუყარა. 
     - ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას, ურსაის, მინდა რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ. 
     - ბოგდან, ნება მოგვეცი მთელი სალემი სისხლში ჩავახრჩოთ, ისე მოვექცეთ მათ, როგორც ჩვენ გვექცევიან! 
     - რას აპირებთ? - ჰკითხა ალფა მაქციამ. 
     - ჯესიკასთვის და კასტორისთვის, - დაიღრიალა ურსაისმა და მაქციებს თვალი მოავლო, შემდეგ ბოგდანს მიუბრუნდა, - ამ ქალაქში ყველა ჩვენი მტერია, ბოგდან, საიდუმლო საბჭო, ვამპირები, ხალხი... ვანახოთ მათ, რომ მაქციათა კლანი არ დასუსტებულა, არ დაძაბუნებულა და მტერს საკადრის პასუხს გასცემს, ყველგან და ყოველთვის. 
     - შენი გეგმა როგორია?
     - ქალაქგარეთ მდებარე ბარიდან დავიწყებთ, - მიუგო ურსაისმა, - შემდეგ საიდუმლო საბჭოს წევრებს მივადგებით, ყველას ვცნობთ, ვერავინ წაგვივა ცოცხალი, - მას ბოროტად აუელვარდა თვალები, - შემდეგ კი სისხლისმსმელების ჯერიც დადგება. 
      ბოგდანმა ორივე ხელი მხარზე დაადო ბეტა მგელკაცს, წინ გადაიხარა და თვალებში ჩააცქერდა. 
     - წადით, - დაიღრინა მან, - წადით და ყველა მოკალით, ყველა, ვისაც უმცირესი წვლილიც კი მიუძღვის ჩვენს უბედურებაში, არავინ დაზოგოთ, ურსაის, მოქმედების სრულ თავისუფლებას გაძლევთ!
     ურსაისს სახეზე გაშმაგება გამოეხატა, თავი დაუკრა ხროვის წინამძღოლს, მისი ხელი აიღო, ჯერ მოწიწებით ეამბორა, შემდეგ წამოდგა და ხროვას თვალი მოავლო. 
     - ძმებო, თანხმობა მიღებულია, სიკვდილი ჩვენს მტრებს! 
     - სიკვდილი ჩვენს მტრებს! - ექოდ გაისმა ჩაბნელებულ ტყეში მაქციების მრისხანე ღრიალი.
     - ურსაის, - მიმართა ბოგდანმა წასვლამდე, - დაიმახსოვრე, მე ის მხოლოდ ცოცხალი მჭირდება, მხოლოდ ცოცხალი! 
      ურსაისმა კიდევ ერთხელ დაუკრა თავი ალფას, კიდევ ერთხელ ეამბორა ხელზე და ტყის სიბნელეში გაუჩინარებულ ხროვის წევრებს მიჰყვა. 
     ბოგდანი ერთხანს ტყეს გაჰყურებდა, შემდეგ სახლისკენ გაემართა, მცველები უკან მიჰყვნენ. 
     არავის შეუმჩნევია სახლის სიახლოვეს მდგარი ტანმაღალი ხის ვარჯში გაყურსული მამაკაცი, რომელიც შავი თვალებით ზვერავდა გარემოს და სიტუაციას, ამ დროს ღრუბლებიდან მთვარემ გამოანათა და მის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული გვირგვინოსანი ბეჭედი ავისმომასწავებლად და ავბედითად ააბრჭყვიალა..

*****

     რამდენიმე წლით ადრე. ფლორიდის ჯუნგლები... 

     - ბატონებო და ქალბატონებო, - ყურადღების უკეთ მისაქცევად საშუალო სიმაღლის, ძალიან ლამაზი, შოკოლადისფერთვალებიანი ქალი წაქცეულ ხეზე შემომდგარიყო, სავსე მკერდზე შვენოდა თეთრი, უსახელოებო მაისური, ჯინსის შარვალი და CATERPILLAR-ის მაღალყელიანი სალაშქრო ბათინკი, რომელსაც ძირითად შემთხვევებში უსწორმასწორო რელიეფზე გადაადგილებისას იყენებენ ხოლმე.
     მისი ტკბილი ხმის გაგონებისას დაახლოებით ათი-თხუთმეტი კაცი, ქალი და ბავშვი მისკენ შემოტრიალდა, რომლებიც მანამდე ჯუნგლების თვალიერებით იყვნენ გართული. 
     - ოც დოლარს ჩამოვდივარ, რომ ტურის დასრულებამდე ის ჩემი გახდება, - გადაულაპარაკა ერთმა ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის მამაკაცმა მეორეს, ნაკლებად სიმპათიურს, ჟღალწვერას და ხუჭუჭთმიანს. 
     - თანახმა ვარ, - ღიმილით დაეთანხმა ხუჭუჭთმიანი. 
     - დღეს აზრი აღარ აქვს ლაშქრობის გაგრძელებას, მეგობრებო, - ხალხს მიმართა ქალმა და ჯუნგლების კიდესთან მდებარე მცირე ველს თვალი მოავლო, - ამაღამ აქ დავბანაკდეთ, ხვალ დილას კი გზა განვაგრძოთ, ღამე კოცონთან გეპატიჟებით, - ღიმილით დაასრულა მან და საკუთარი, პატარა კარვის გაშლას შეუდგა. 
     - მიყვარს ამერიკელი ქალები, - კვლავ გადაულაპარაკა სიმპათიურმა ხუჭუჭთმიანს, - ისინი ისეთი თბილები და უშუალონი არიან.. - და მეგობარს თვალი ჩაუკრა. 
     ხუჭუჭთმიანს მის ორაზროვან სიტყვებზე ხმამაღლა გაეცინა, თავი გააქნია და ზურგჩანთა მოიხსნა. 
     დაღამდა. მხიარული საზოგადოება კოცონის გარშემო შეკრებილიყო, აქ იყვნენ იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, შორეული ავსტრალიიდანაც ჩამოსულიყო ცოლ-ქმარი, ყველა გასუსული იჯდა, ლუდს წრუპავდნენ და ყურადღებით უსმენდნენ მისის ჯეკსონს, ამ ლაშქრობის გიდს და წინამძღოლს. 
     - ადრე ამ ადგილებში, სადაც ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით, - მისის ჯეკსონმა ხალხს თვალი მოავლო, - ინდიელები ცხოვრობდნენ, სემინოლების ტომი, რომლებიც ფლორიდის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, მათ ფლორიდაში ესპანელთა ბატონობა დაამხეს და თავისუფლება მოიპოვეს, ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ, ნადირობდნენ, თევზაობდნენ... შემდეგ კი.. - მან კოცონს გაუშტერა თვალი. 
     ერთხანს სიჩუმემ იმეფა. 
     - მისის ჯეკსონ.. 
     - მაპატიეთ, - გამოცოცხლდა ქალი, - შემდეგ კი მათი სიმშვიდე მოულოდნელად დაირღვა, გამოჩნდნენ თეთრკანიანები, რომელთა უძღებ ბუნებას საოცრად იზიდავდა ეს ნაყოფიერი და ლამაზი მხარე, მათ არტილერია და ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი ჰქონდათ, ინდიელებს კი მშვილდ-ისრები და იშვიათ მათგანს ესპანელებისგან დატოვებული კაჟის თოფები.. ინდიელები დიდი ხნის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ მშობლიური მიწის დასაცავად, უამრავი თეთრკანიანი დაიღუპა მათთან ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ მტრის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა, სემინოლები დამარცხდნენ.. პრეზიდენტმა ენდრიუ ჯეკსონმა ისინი დასავლეთით, ტეხასის და მიმდებარე შტატების ხრიოკ ტერიტორიებზე გადაასახლა..  
     კოცონის ირგვლივ შეკრებილთა შორის სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა ფიქრებით გადაშვებულიყო იმ სისხლიან დროში და ინდიელთა ტრაგედიაზე ფიქრობდა, თანაუგრძნობდნენ თავისუფლებისთვის თავგანწირულ გმირებს. 
     მისის ჯეკსონმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და ლუდი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა, შემდეგ წამოდგა, ხალხს თავაზიანად დაემშვიდობა და საკუთარი კარვისკენ გასწია. 
    .... დაახლოებით შუაღამე იქნებოდა, როდესაც მისის ჯეკსონს გამოეღვიძა, უფრო სწორად, რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა, მოეჩვენა, თითქოს ვიღაცამ თუ რაღაცამ ჯუნგლების ზოლში ხმაურით გაიარა, ტოტების ლაწა-ლუწს მიამსგავსა. ჩუმად იწვა, საძილე ტომარა ნიკაპამდე შეეკრა და შიშისგან თვალებგაფართოებული აყურადებდა გარემოს. 
     ხმაური აღარ განმეორებულა. მისის ჯეკსონმა იფიქრა, მომეჩვენაო, ჩაიცინა, ხელი გაიწოდა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ სანთებელა ვერაფრით იპოვნა, მთელი კარავი მოჩხრიკა, მაგრამ ამაოდ. 
     - ჯანდაბა, - გაიფიქრა უკმაყოფილოდ. 
     ერთხანს კუშტი სახით იწვა თავქვეშ ხელებამოდებული და კარვის ჭერს მიშტერებოდა, ბოლოს ნიკოტინის ნაკლებობამ მის ნებისყოფას სძლია, უკმაყოფილო ბურტყუნით ამოიცვა მოკლე შორტი, შიშველი ფეხები ბათინკებში ჩაყო და კარვიდან გამოძვრა. 
     - მისის ჯეკსონ, რამ შეგაწუხათ ამ შუაღამისას? - სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც მისი გულის და არამარტო გულის მოგებით იმუქრებოდა, ხის ტანს მიყრდნობოდა და უდარდელი გამომეტყველებით აბოლებდა სიგარეტს. 
     - როგორ შემაშინეთ, - გაიღიმა მისის ჯეკსონმა, - სანთებელას ვეძებდი, მაგრამ სადღაც გაქრა, შეგიძლიათ მომიკიდოთ? 
     - რა თქმა უნდა, სიამოვნებით, - მიუგო ყმაწვილმა, - მე სტენლი მქვია, ლონდონიდან ვარ. 
     - სასიამოვნოა, - მიუგო ქალმა და სიაგრეტზე მოკიდება ვერ მოასწრო, რომ უეცრად რაღაცამ გაიელვა და სტენლი გაქრა. მისის ჯეკსონი გაოგნდა, სიგარეტი არ გახსენებია, აკანკალებული ხელით მოჩხრიკა ჯინსის ჯიბე და ხელის ფანარი მოიძია. 
     ხესთან, სადაც სტენლი იდგა, სისხლის გუბემ გაიელვა ფანრის შუქზე, ქალმა პირზე აიფარა ხელი, რომ არ წამოეყვირა და ბანაკში პანიკა არ გამოეწვია, საკუთარ თავს სძლია, ფანარი მოიმარჯვა და ჯუნგლებში ფრთხილი ნაბიჯით შევიდა. 
     - სტენლი, - დაიძახა ხმადაბლა. 
     ხშირი ჯუნგლები მთვარის შუქს ხელს უშლიდა, რომელიც ტანმაღალი ხეების ვარჯის გავლით ზანტად მოიწევდა ქვემოთ. გამწვანებულ გვიმრებს და ხავსმოდებულ ლოდებს ოხშივარი ასდიოდა, ჯუნგლებში ჰაერი უკიდურესად დამძიმებული და გასქელებული იყო. 
     - სტენლი.. 
     არც ამჯერად მიუღია პასუხი. ქალმა მთვარის სხივებით სუსტად განათებულ მდელოს მიაღწია. 
     - სტენლი... 
     - ვწუხვარ, - გაისმა ცინიკური ხმა და მდელოს მეორე ბოლოში შავი ჩრდილი აღიმართა. 
     ქალმა მზერა დაძაბა, სცადა უცნობის სახის ნაკვთები გაერჩია, მაგრამ ვერ შეძლო. 
     - სტენლი, ეს შენ ხარ? - მის ხმაში შიშმა გაჟონა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. 
     - არა, მისის ჯეკსონ, - ზედ მის ყურთან გაისმა, ამავდროულად რკინასავით მტკიცე ხელი ყელში სწვდა და მაღლა ასწია. 
     ქალს ფანარი ხელიდან გაუვარდა, ყელზე შემოჭდობილი ფოლადის თითების ზემოქმედებით ხრიალი აღმოხდა და უმწეოდ აფართხალდა, ის კი მტკიცედ იდგა, ბოროტად იღრინებოდა და წყვდიადივით შავი თვალებით უმოწყალოდ შემოჰყურებდა ქვემოდან. 
     - ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდით, მისის ჯეკსონ, - დაილაპარაკა დემონმა და მოელვარე ეშვები გამოაჩინა, - პირადული არაფერი, უბრალოდ ძალიან მშიერი ვარ, თქვენს სისხლს კი ისეთი სუნი ასდის... - მტაცებელმა თვალები დახუჭა და სახეზე ნეტარება გამოესახა. 
     - გთხოვთ... - ამოიხრიალა ქალმა. 
     - ნუ მთხოვ, - თავი გააქნია მტაცებელმა და თვალები გაახილა, რომლებიც სისხლის ტბებს დამსგავსებოდა, შემდეგ სახეზე ბოროტი ღიმილი გადაეფინა, ქალის სახესთან საზარელმა ეშვებმა გაიელვა და მისის ჯეკსონის ხრიალი სისხლში ჩაიძირა..

*****
     კეი ჩუმად იჯდა დივანზე, ყავას მიირთმევდა და მია ჯეკსონის ლამაზ პროფილს შეჰყურებდა. ლუციუსის ზარის შემდეგ მიაც და კეიც დამწუხრდნენ, მართალია, ბოლო დროს ჯესიკა მათ მტრად ითვლებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათი კურსელი და ყოფილი მეგობარი იყო. 
     - რაღაც თემაზე მინდა ვილაპარაკოთ, - უხერხულად ჩაახველა კეიმ და ფინჯანი პატარა მაგიდაზე დადგა. 
     - გისმენ, - გოგონა არ იჩენდა დიდ ყურადღებას. 
     - მარკზე მინდოდა საუბარი.. 
     მია შეკრთა, თუმცა არ მოუხედია კეისკენ. გულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობდა უდიდესი დანაშაულის გრძნობას თავისი პირველი სიყვარულის წინაშე, ამაზე ხშირად ფიქრობდა, თითქოს გული ორად ჰქონდა გაყოფილი, თითქოს ორივე პიროვნების სიყვარულს იტევდა იგი, მარკისასაც და შავგვრემანი პირველყოფილისასაც, მაგრამ ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ კოვაქსისადმი მისი გრძნობა განწირული იყო, დიდად გამოცდილი არასდროს ყოფილა ასეთ საკითხებში, მაგრამ ხვდებოდა, რომ დიდი ალბათობით ეს გრძნობა ფიზიკური ლტოლვა უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული, რა შეეძლო შეეთავაზებინა მას კოვაქსისთვის, ამ ცხოვრებაზე გაბოროტებული და შეშლილი ვამპირისთვის, რომელიც ახლა ღმერთმა იცის სად დაეხეტებოდა და რა საშინელებებს სჩადიოდა.. 
     მიამ ამოიოხრა. 
     - ვიცი, რომ მას საშინლად მოვექეცი, კეი, - ის ბიჭისკენ შებრუნდა, - მაგრამ როგორ მომექცა ის მე? რატომ მომექცა ასე? 
     - მან ბევრი მათგანი სიკვდილისგან და ქალაქი განადგურებისგან იხსნა, - პირქუშად მიუგო კეიმ. 
     - ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, თუ ჩვენ.. - მიას სიტყვა კარზე კაკუნმა გააწყვეტინა, როგორც ამ ბოლო დროს ხშირად ხდებოდა ხოლმე. 
     - ვინ უნდა იყოს? - იკითხა კეიმ და შიშით გახედა ჩაბნელებულ დერეფანს, რომლის ბოლოშიც კარი მდებარეობდა. 
     - არ ვიცი, - გოგონა წამოდგა, თუმცა ყოყმანობდა, მისულიყო თუ არა კართან, - ლუციუსი არასდროს აკაკუნებს, ის მირეკავს, როდესაც კართანაა.. 
     კაკუნი განმეორდა, უფრო მომთხოვნად და დაჟინებით. 
     - არ გააღო, - წამოდგა კეიც. 
     - ჩვენს ბედს მაინც ვერსად გავექცევით, - ამოიოხრა მიამ და კარის გასაღებად გასწია, კეი უკან მიჰყვა. 
     მიამ ფრთხილად გამოაღო კარი და გაოცდა, კართან მდგარი პიროვნებები კი იყვნენ სისხლისმსმელები, მაგრამ საერთოდ არ იწვევდნენ მასში შიშს და სიფრთხილეს, არანაკლებ გაოცებული იყო კეიც. 
     - მისტერ ვესტმორლენდ... 
     - უნდა ვილაპარაკოთ, მის ჯეკსონ, - თბილი ხმით წარმოთქვა ჰეიტემმა და მეზერსს გადახედა, - ძმაო, ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყავი. 
     მეზერსმა უხმოდ დაუქნია თავი და ღამის წყვდიადს მოჩვენებასავით შეერია. 
     მიამ უცნაური სიმშვიდე იგრძნო, ხვდებოდა, რომ ჰეიტემ ვესტმორლენდს უხილავი ძაფები აკავშირებდა მასთან და ეს ყველაფერი ახლა, აქვე უნდა გარკვეულიყო, მან ფართოდ გამოაღო კარი და შოკოლადისფერთვალებიანი პირველყოფილი ჰიბრიდი სახლში შეიპატიჟა.

თავი 19

     - ერთი წუთით, - ჩაახველა კეიმ, ლუციუსის სასიკვდილო გაფრთხილება და ბეწვზე დაკიდებული საკუთარი სიცოცხლე გაახსენდა და გადაწყვიტა ჩარეულიყო. 
     ჰეიტემს ირონიული გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე, ამოიოხრა და კედელს მიეყრდნო. 
     - მია, - მიუბრუნდა კეი, - გასაგებია, რომ მისტერ ვესტმორლენდი... 
     - ჰეიტემი დამიძახეთ, ახალგაზრდავ, - ღიმილით ჩაერთო პირველყოფილი ჰიბრიდი. 
     კეიმ შუბლი შეკრა, მუჭში ჩაახველა მეტი დამაჯერებლობისთვის და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ფიზკულტურის ახოვანი მასწავლებელი. 
     - მისტერ ვესტმორლენდს იცნობ? - ჰეიტემის გვარი ხაზგასმით წარმოთქვა კეიმ და ამით სცადა ეჩვენებინა, რომ სულაც არ იყო კეთილგანწყობილი მის მიმართ. 
     - საშიში არაფერია, - თავი გააქნია გოგონამ, - არა, არ ვიცნობ მისტერ ვესტმორლენდს, - მან მკაცრად გადახედა ფიზკულტურის მასწავლებელს, - მაგრამ აუცილებლად გავიცნობ, ხომ ასეა, მისტერ ჰეიტემ? 
     ჰეიტემმა უხმოდ დაუქნია თავი და ტუჩის კუთხე შეფარულმა ღიმილმა ჩაუტეხა. 
     - შეიძლება შემოვიდე? 
     - რა თქმა უნდა, - მიუგო გოგონამ და ოთახისკენ შებრუნდა. 
     - მაგრამ.. 
     - გმადლობთ, - ჰეიტემს კეის პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მწყობრი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და დივანთან შედგა. 
     - ლამაზი სახლი გქონიათ, მის ჯეკსონ, - ჰეიტემმა ოთახს თვალი მოავლო. 
     - მადლობა, - უბრალოდ მიუგო მიამ, - რას მიირთმევთ? 
     - ვისკი, თუ შეიძლება, - ჰეიტემი დივანზე დაეშვა. 
     გოგონამ ბროლის გამჭვირვალე ჭიქა ყავისფერი სითხით შეავსო და დივნის საპირისპირო მხარეს ჩამოჯდა სავარძელზე, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ჰეიტემს.
     - ჩემგან და ჩემი მეგობრისგან საფრთხე არ გემუქრებათ, - თქვა მან და ვისკი მოსვა. 
     - ვიცი, - მშვიდად მიუგო მიამ, - აბა, დავიწყოთ? 
     ჰეიტემმა თავი დაუქნია და კეის გახედა. 
     - მადლობა კეი სტუმრობისთვის, - გასძახა მიამ დერეფანში ატუზულ ბიჭს, რომელიც ბრაზით მისჩერებოდა მათ, - ლუციუსს შენგან მოკითხვას გადავცემ.  
     ბიჭმა თავი დაუქნია, გასვლა დააპირა, მაგრამ ბოლო წამს შემობრუნდა. 
     - მია, ის ხომ შემპირდა... 
     - ნუ გეშინია, - დაამშვიდა გოგონამ და ჰეიტემის დაჭიმულ სახეს გახედა, რაც ლუციუსის სახელის ხსენებამ გამოიწვია, - ლუციუსი სულაც არ არის კაციჭამია. 
     კეის წასვლის შემდეგ ჰეიტემი ერთხანს უხმოდ შეექცეოდა ვისკის, გოგონა ელოდებოდა, ხვდებოდა, რომ ის სათქმელს ამზადებდა და არ აუჩქარებია. 
     - მის ჯეკსონ, - დაიწყო ბოლოს ჰეიტემმა, - ვიცი, რომ უამრავი კითხვა გაწუხებთ, ვინ ვარ, რატომ გადაგარჩინეთ სიკვდილს, გამუდმებით რატომ ვტრიალებ თქვენს სიახლოვეს და ასე შემდეგ, ხომ ასეა? 
     - დიახ, - მიუგო მიამ, - დავიწყოთ ყველაზე მარტივით, ვინ ხართ, მისტერ ჰეიტემ? 
     - ვერც კი წარმოიდგენთ, თქვენთვის რამდენად ახლობელი ვარ, - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჰეიტემმა. 
     მიამ ჩაიცინა. 
     - ეს ძალიან ფართო ცნებაა, მისტერ ჰეიტემ. 
     მისტერ ვესტმორლენდმა ამოიოხრა და თავი გააქნია. 
     - მე ბიძაშენი ვარ, - ეს სიტყვები მეხივით გავარდა ოთახში. 
     მია გაშეშდა, მზერა გაეყინა, პირი გააღო და ჰეიტემის მზემოკიდებულ მკაცრ სახეს შეაცქერდა. 
     - რა ბრძანეთ? - რამდენიმე წუთის შემდეგ ენის ბორძიკით იკითხა. 
     - დედაშენის ძმა ვარ, - გაიმეორა ჰეიტემმა, ამავდროულად ჯიბიდან ძველი, გაყვითლებული ფოტო ამოიღო, რომელსაც მუდამ თან ატარებდა და მიას მიაწოდა. გოგონამ აკანკალებული ხელით ჩამოართვა, დახედა და იმავე წამს მის გულში ათასნაირი გრძნობა აირია. 
     - მე და დედაშენი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, - განაგრძო ჰეიტემმა და ვისკი მოსვა, - შემდეგ გარდატეხის ასაკი და მსგავსი რაღაცეები, მოკლედ, დამოუკიდებლობა მინდოდა, სახლიდან წავედი და შეერთებული შტატების მასშტაბით მოგზაურობა დავიწყე..
     მიამ სურათი მჭიდროდ მოიქცია ხელისგულებში და ყურადღებით შეხედა ჰეიტემს თვალებში, რომლებიც ზუსტად, ზედმიწევნით იმეორებდა დედამისის თვალების ფორმას და ფერს.  
     - ოჯახთან კავშირი გავწყვიტე, - განაგრძო ჰეიტემმა, - მაგრამ დედაშენთან, ანუ ჩემს დასთან ყოველთვის მქონდა მიმოწერა, ვატყობინებდი სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.. - ჰეიტემს მზერაში ფოლადისფერი შეეპარა და ლოყებზე კუნთები აუთამაშდა. 
     მიამ ღრმად ამოისუნთქა. 
     - განაგრძეთ, მისტერ ვესტმორლენდ.
     - შემდეგ ჩემი და ცოლად მამაშენს გაჰყვა, მამაშენს ვაფასებ, ნამდვილი მამაკაცია.. ჩემს დას არჩევანი მოვუწონე, მაგრამ ნიშნობაში არ ჩამოვსულვარ, - ჰეიტემმა გოგონას მზერა აარიდა, - ჩემი და ბედნიერად ცხოვრობდა თავის ოჯახთან, მანამ, სანამ ჩვენი მიმოწერა არ შეწყდა... გამიკვირდა, რამდენიმე დღე ვცდილობდი დავკავშირებოდი, მაგრამ ამაოდ.. შემდეგ გავიგე რაც მოხდა.. 
     - ის ჯუნგლებში მხეცმა დაგლიჯა, - განაგრძო მიამ. 
     - არა, - დაიღრინა ჰეიტემმა, - ის მხეცს არ დაუგლეჯია, მცდარი ინფორმაცია გაქვს, - ჰეიტემის ხმა მრისხანებამ დაიპყრო, - ის მათ მოკლეს, ვისთანაც მეგობრობ! 
     გოგონამ თვალები მოჭუტა, კოვაქსის კოშმარებში მოგზაურობისას ზუსტად დაადგინა, ვინ მოკლა დედამისი, მაგრამ პასუხს ჰეიტემისგან ელოდა. 
     - რას გულისხმობ? 
     - პირველყოფილებს, - მიუგო ჰეიტემმა, - მათ, ვისთანაც ძალიან დიდ დროს ატარებ. 
     - მისტერ ვესტმორლენდ, - გოგონამაც სიმკაცრე გაურია ხმაში, - თუ რამის თქმა გინდათ, პირდაპირ მითხარით. 
     - ის კოვაქსმა მოკლა, მისი სისხლით დაითრო, - კბილები გაახრჭიალა ჰეიტემმა, - ისინი სისხლისმსმელები არიან, რატომ არ გინდა, რომ ეს გაიგო? მაგრამ რაღაც ვერ გამჩნევ გაკვირვებას, - მან ეჭვით შეათვალიერა გოგონას სახე. 
     მიამ ვერ გაუძლო ჰეიტემის მრისხანე გამოხედვას, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გასწია და მთვარის შუქით განათებულ ეზოს გახედა. 
     - ეს იცოდი, ხომ ასეა? - ჰეიტემიც წამოდგა და მიას მიუახლოვდა. 
     - უკან, - ყინულივით ცივი ხმით დაილაპარაკა მესამე ხმამ და ჰეიტემი წამის უსწრაფესად შებრუნდა ხმის მიმართულებით. 
     დერეფნის დასაწყისში ერთიანად შავებით შემოსილი ქერა უკვდავი იდგა საბრძოლო პოზაში, თვალები სისხლის ტბებს დამსგავსებოდა, პირიდან საშინლად მოელვარე ეშვები მოუჩანდა, ჰეიტემს მისჩერებოდა და მკერდიდან ყრუ, ავისმომასწავებელი ღმუილი ამოსდიოდა. 
     ჰეიტემი წამში გარდაისახა, ოდნავ მოიხარა წელში და დაიღრინა. 
     მია შეშინებული მისჩერებოდა შექმნილ სიტუაციას, შემდეგ სწრაფადვე მოვიდა გონს, სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი და ერთმანეთს დასაძგერებლად გამზადებულ ვამპირებს შორის ჩადგა. 
     - მის ჯეკსონ, - დაიღრინა ლუციუსმა, თვალი არ მოუშორებია ჰეიტემისთვის, - ზემოთ ადით, თქვენს ოთახში, მე და მისტერ ვესტმორლენდს მცირე საქმე გვაქვს, ვწუხვარ რომ დავიგვიანე მოსვლა. 
     - დიახ, - ღრენით გამოეპასუხა ჰეიტემი, - დაუჯერეთ ამ სისხლისმსმელს, მის ჯეკსონ, აბრძანდით ზევით, მე მას მოვუვლი, აქვე და ახლავე. 
     მიამ ერთი ხელი ჰეიტემს მიაბჯინა მკერდზე, მეორე-ლუციუსს. 
     - ბიჭებო, - უკმაყოფილო ხმით თქვა მან და გამკიცხავად შეხედა ჰეიტემს, - ის ჩემი მეგობარია, გასაგებია? არ გაქვს უფლება, ასე მოიქცე, თან ჩემს სახლში! 
     ჰეიტემმა ღრენა შეწყვიტა, თუმცა კვლავინდებურად საბრძოლო პოზაში იდგა. 
     - ლუციუს, - ქერა უკვდავს მიუბრუნდა მია, - მაპატიე, მაგრამ მისი მოკვლის უფლებას ვერ მოგცემ. 
     - რატომ? ის ჩემი მტერია! - არ დანებდა ლუციუსი, - თან თავს დაგესხა.. 
     - ის თავს არ დამსხმია, - თავი გააქნია გოგონამ, - არც არასდროს დამესხმება, ის ზიანს არ მომაყენებს. 
     - რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? - გამოსცრა ლუციუსმა. 
     - ის... - ჰეიტემს გადახედა მიამ, რომელიც ნიშნისმოგებით შეჰყურებდა ქერა პირველყოფილს, - ის დედაჩემის ძმაა, ლუციუს.. 
     ლუციუსს სახეზე უკიდურესი გაოგნება გამოესახა, ნელ-ნელა გარდაისახა და ახლა ყინულივით ცივი მზერით ხან ჰეიტემს შეხედავდა, ხან თავჩაღუნულ გოგონას. 
     - მე მას ვიცავ, - დაიღრინა ჰეიტემმა, - და საერთოდაც, ამ სახლში რას აკეთებ? 
     - მისი მეგობარი ვარ, - თვალებით შეჭამა ლუციუსმა. 
     - თქვენ დედამისი მოკალით, - მრისხანედ თქვა ჰეიტემმა, - ამისთვის სიცოცხლით უნდა აგოთ პასუხი... 
     - მას არავინ მოუკლავს, - შეეწინააღმდეგა გოგონა, - ის... 
     - კოვაქსმა მოკლა, - დაასრულა ჰეიტემმა, - ახლა როგორ მოვიქცეთ, რას აპირებ, მის ჯეკსონ? 
     - არ ვიცი.. - თავი გააქნია გოგონამ, დაბნეული იყო, - თქვენ ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოთ, არ მინდა ერთმანეთის მტრები იყოთ.. 
     - ამას ვერ შეგპირდებით, - პირქუშად თქვა ლუციუსმა, - ნუ იდარდებთ, მის ჯეკსონ, არჩევნის გაკეთება არ მოგიწევთ, - ის წამის მეასედში გაჩნდა კართან და გასვლისას გოგონას გამოხედა, - ფრთხილად იყავით, - შემდეგ ჰეიტემზე გადაიტანა მზერა, - კიდევ შევხვდებით, მისტერ ვესტმორლენდ. 
     გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა, ქერა უკვდავს თვალი გააყოლა და შემდეგ ჰეიტემს მოუბრუნდა გაბრაზებული სახით. 
     - ამდენი წლის მერე მოდიხართ ჩემთან, მისტერ ვესტმორლენდ, მიყვებით დაუჯერებელ ამბავს, რომ დედაჩემის ძმა ხართ, მადლობელი ვარ ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ ბიძის შეძენა სულაც არ მინდა მეგობრების დაკარგვის ხარჯზე. 
     - ეს ფოტოსურათიც დაუჯერებლად გეჩვენება? 
     - იქნებ მოპარულია? 
     - კარგი, - ჰეიტემი კვლავ დივანს დაუბრუნდა, - თუ ეს ყველაფერი გამოგონილია ჩემს მიერ, რატომ გადაგარჩინე სიკვდილს?
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა მიამ, - იქნებ შენც საკუთარი გეგმები გაქვს, ისევე, როგორც დანარჩენ ყველას? 
     ჰეიტემმა მკვეთრად ჩაიცინა და წამოდგა. 
     - მე მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს, ყველას განადგურება, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად მაინც მიუძღვის წვლილი ჩემი დის სიკვდილში. 
     - ამის უფლებას ვერ მოგცემ, - თავი გააქნია მიამ. 
     - სამწუხაროდ, ამას წინ ვერ აღუდგები, - თქვა ჰეიტემმა და კარს მიუახლოვდა, - იფიქრეთ ჩვენს დღევანდელ საუბარზე, მის ჯეკსონ და მშვიდად დაიძინეთ, საფრთხე არ გემუქრებათ. 
     გოგონამ თავი უხმოდ დაუქნია და თვალი გააყოლა კარისკენ მტკიცე ნაბიჯით მიმავალს, შემდეგ კარი ჩაკეტა, დივანზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა.. 

*****
     რაც უფრო ბევრს ფიქრობდა გოგონა, რაც უფრო უღრმავდებოდა შექმნილ სიტუაციას, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული უკვდავები არავის და არაფერს გაითვალისწინებდნენ, ოღონდ საუკუნეების განმავლობაში ბოროტებით ნალესი მტრობა და ქიშპობა რომელიმე მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო, მიას ღრმა რწმენით, სალემში მიმდინარე ზებუნებრივი ომი მხოლოდ ერთი შედეგით დასრულდებოდა - გამარჯვებული დამარცხებულს გაანადგურებდა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა მსხვერპლი ქალაქის ისედაც მცირერიცხოვან მოსახლეობას შორის, გამარჯვებული მხარე ქალაქის მაცხოვრებელთა და განადგურებულ მტერთა გვამებზე მშვიდად გაივლიდა და ქალაქს დატოვებდა, ადგილზე კი მხოლოდ შიშს, ძრწოლას და მათი დაბრუნების საშინელ მოლოდინს დატოვებდა. გოგონა ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აუცილებელი იყო ამ სიტუაციაში ისეთი პიროვნების ჩარევა, რომელიც რომელიმე ზებუნებრივი მხარის ინტერესებს არ იცავდა, ნეიტრალურ პოზიციაში იმყოფებოდა, ასეთი კი მხოლოდ ერთი ადამიანი ეგულებოდა.
     მან მტკიცე გადაწყვეტილებით მოიმარჯვა მობილური ტელეფონი, საკონტაქტო ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია და CALL სენსორს დააწვა. 
     - შერიფი კრამერი, - მაშინვე უპასუხა სიდინჯეში გაზავებულმა, მრისხანე და უკმაყოფილო ხმამ, - სალემის შერიფის დეპარტამენტი. 
     - მისტერ კრამერ, მია ჯეკსონი ვარ.. - დასაწყისისთვის მხოლოდ ეს მოიფიქრა დაბნეულმა გოგონამ. 
    შერიფის ვისკში მოხარშული ტვინი ერთხანს ფიქრობდა, თანაც საკმაოდ სწრაფად, რამდენადაც ეს სამი დღის განმავლობაში გამოუფხიზლებელ ადამიანს ძალუძს. 
     - მის ჯეკსონ, - შერიფმა იცოდა, რომ გოგონა სალემში მიმდინარე დაუჯერებელ სპექტაკლში გარკვეულ როლს ასრულებდა, თვითონვე აპირებდა მასთან გასაუბრებას, მაგრამ არ იცოდა, როგორ მისდგომოდა მას, არ უნდოდა დაეფრთხო, - შემიძლია რამით დაგეხმაროთ? 
     - მმმ.. დიახ, - დაგვიანებით გასცა პასუხი გოგონამ, - რაც შეიძლება სწრაფად მინდა თქვენი ნახვა.. 
     - კარგად გრძნობთ თავს? - ეჭვმა იელვა შერიფის ხმაში. 
     - დიახ, დიახ, - მექანიკურად უპასუხა მიამ. 
     - დარწმუნებული ხართ? - ეს უკვე შერიფის ტონალობაში ნათქვამი სიტყვები იყო, სალემის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი მოქმედებას იწყებდა. 
     - დიახ, - გაიმეორა გოგონამ, - უბრალოდ თქვენთან შეხვედრა მსურს.. როდის შეძლებთ, რომ მიმიღოთ? 
     შერიფმა რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა. 
     - ახლა სამსახურში არ ვიმყოფები, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ბარში, ქალაქგარეთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ? 
     - ახლა? 
     - დიახ, ახლავე. 
     - შევძლებ, - გოგონამ კედელზე ჩამოკიდებულ ბაბუასდროინდელ ძველ საათს გახედა. 
     - შესანიშნავია, - კმაყოფილებამ გაიჟღერა შერიფის ხმაში, - გამოგივლით. 
     - გმადლობთ, შერიფო, გელოდებით, - მიამ ტელეფონი გათიშა და მეორე სართულზე ამავალ შიდა კიბეს მიაშურა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. 
     საკუთარი ოთახის კარი სწრაფად შეაღო, შუქის ჩამრთველი გადაატრიალდა და მოულოდნელობისგან ადგილზევე გაშეშდა, შუა ოთახში ქანდაკებასავით გაშეშებული იდგა-ისე, როგორც მხოლოდ ვამპირებს ძალუძთ, შავი ტყავის ქურთუკში, მძიმე ბათინკით და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული, სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება აღბეჭდოდა და კარგად ნაცნობი წყვდიადივით შავი თვალებით შემოსცქეროდა, რაღაც აკლდა მის გამოხედვას, მის თვალებში ოდინდელი ცეცხლი ჩაფერფლილიყო და მისი ადგილი ცივ და ზიზღშერეულ გამომეტყველებას დაეკავებინა. მიას გულში გრძნობების ომი გაჩაღდა, ბრაზი და მონატრება ახრჩობდა, უნდოდა რამე მწარე და გულის სატკენი ეთქვა მისთვის, უნდოდა მისულიყო და ძლიერ მკერდში უწინდებურად ჩაჰკვროდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ვერ ახერხებდა ნაბიჯის გადადგმას და შავგვრემანი უკვდავის მიერ აგებული ყინულის ჯებირის გადალახვას.
     გოგონამ გრძნობები დაიოკა, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა, აჩქარებული გული დაიმშვიდა და ჯიქურ შეაჩერდა ვამპირს პირქუშ თვალებში. 
     პირველყოფილი უცნაური მზერით ათვალიერებდა, ეს არ იყო ბრაზი, ეს არ იყო სიყვარული, არც მონატრება, ეს იყო ფრთხილი მზერა პიროვნებისა, რომელიც პირველად ხედავდა ადამიანს, რომელზეც ბევრი სმენოდა. 
     - გამარჯობა, - დუმილი დაარღვია გოგონამ, ვამპირი მჭრელ მზერას არ აშორებდა, თუმცა მია რამდენიმე ნაბიჯის დისტანციიდანაც კი გრძნობდა მის საოცარ მიმზიდველობას, რასაც მთელი ოთახი აევსო, გოგონამდე მოეღწია და მის სხეულს უცნაურ, მომნუსხველი სიამოვნების თბილ საფარველში ხვევდა. 
     კოვაქსს არაფერი უპასუხია, ოდნავ დაუქნია თავი, ოთახი მოათვალიერა, შემდეგ მზერა კვლავ გოგონაზე გადაიტანა. 
     - აქ საიდან გაჩნდი? 
     კოვაქსმა უწინდებური ირონიული ღიმილით უპასუხა, ხელები ზურგზე დაიწყო და ოთახში გაიარ-გამოიარა. 
     - თქვენი სახელი ლუციუსმა ახსენა ჩემთან, - როგორც იქნა მოიღო მოწყალება და მია უმალ ჩაიძირა ამ ფოლადივით მჭრელი და ცინიკური ხმის უზომო მომნუსხველობაში, - როგორც ვხვდები, თქვენც ამ არეულობაში ხართ ჩართული, მის ჯეკსონ, დამაინტერესა თქვენმა პიროვნებამ და მოგძებნეთ. 
     "თქვენობით" მიმართვამ და "მის ჯეკსონმა" ბასრი დანასავით დაუსერა გული გოგონას, საიდანაც უმალ იფეთქა ტკივილმა, მიამ სწრაფად დაახამხამა წამწამები, შოკოლადისფერ თვალებში უეცრად გაჩენილი მოღალატე ცრემლები შეიკავა, ყელში მოწოლილი ბურთი უკან ჩააბრუნა და ჩაახველა. 
     - მერე, გაარკვიე? 
     - დიახ, - გაკვირვებული ხმით უპასუხა კოვაქსმა. 
     - თუ ასეა, შეგიძლია საიდანაც გაჩნდი ჩემს ოთახში, ისევე წარმატებით გაუჩინარდე, - გესლი არ დაიშურა გოგონამ და გამომწვევად მიაჩერდა უკვდავს შავ თვალებში. 
     ვამპირი ელვისებური მოძრაობით გაჩნდა მის წინ, რამდენიმე სანტიმეტრში, მია მის ცხელ სუნთქვასაც კი გრძნობდა და ერთბაშად მოირღვა, ტკბილმა ჟრუანტელმა ცეცხლივით დაუარა ტანში, თუმცა ამ ყველაფერს კოვაქსის სასტიკი გამოხედვა აუფერულებდა. 
     - ფრთხილად, მის ჯეკსონ, - დაისისინა მან, - არ გირჩევთ ჩემს გაღიზიანებას.. 
     - თორემ რა, მომკლავ? - არ დაუთმო გოგონამ, ცრემლებმა მაინც გამოაღწია წამწამებში და ლოყებზე ორ წვრილ და მბრწყინავ ნაკადულად გადმოეკიდა. 
     კოვაქსი გაკვირვებული თვალებით მისჩერებოდა მტირალ გოგონას. 
     - თუნდაც, - დაგვიანებით უპასუხა. 
     მია ერთხანს ცრემლით სავსე თვალებით შეჰყურებდა, შემდეგ კედლისკენ იბრუნა პირი. 
     - ... შენ უკვე მომკალი, - მხოლოდ ეს სიტყვები მოსწყდა მის ათრთოლებულ ბაგეებს, - წადი აქედან.. 
     ოთახში ჯერ კბილების საზარელი ხრჭიალი გაისმა, შემდეგ დარტყმის ხმა, სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და როდესაც გოგონა შემობრუნდა, შავგვრემანი უკვდავი აღარსად ჩანდა, იატაკი საშინელი ძალის მოქმედებით ნამსხვრევებად ქცეული მუხის მძიმე მაგიდის ფრაგმენტებით მოფენილიყო.. 
     მიამ ამოიოხრა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და ტანსაცმლის კარადას მიაშურა.

*****
     შერიფი დიდხანს უსმენდა გოგონას, წიგნაკი მოემარჯვებინა და დრო და დრო საინტერესო და გამოსადეგ ფაქტებს ინიშნავდა, შუალედებში კი ჭიქას ვისკით ივსებდა, თუმცა სიმთვრალე საერთოდ არ ეტყობოდა, იმდენად იყო შეძრული და გაოგნებული იმ დაუჯერებელი ამბების მოსმენით, რასაც გოგონა უყვებოდა. კეისგან კი ჰქონდა მოსმენილი მსგავსი რამ, მაგრამ მია ჯეკსონის მონაყოლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 
     - ასე, ასე, ჯანდაბა, - ჩაფიქრდა შერიფი, როდესაც გოგონამ ლაპარაკი დაასრულა. 
    მია ერთხანს ჩუმად იჯდა და კოკა-კოლის ქილას დასჩერებოდა, საკუთარ თავთან კამათში ჩაბმულიყო,  თუ რამდენად სწორი იყო მისი საქციელი. 
     - ახლა რა იქნება?
     - ამ ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდე, - ნელა გააქნია თავი შერიფმა, - მის ჯეკსონ, უმჯობესია, თუ ქალაქს დატოვებთ.. 
     - გამორიცხულია, - იუარა გოგონამ. 
     - დროებით მაინც, - არ დაუთმო შერიფმა, - თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია. 
     მია გაჩუმდა, შერიფის სიტყვებს წონიდა გონებაში და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ის მართალი იყო, სალემის დატოვებისთვის მას ვერავინ გაკიცხავდა, მაგრამ მისი მეგობრები... არა, მათ ასე ვერ დატოვებდა გამხეცებული უკვდავების წინაშე. 
     - მოვიფიქრებ, - ტაქტიკური ეშმაკობა მოიშველია გოგონამ. 
     - ორ დღეს გაძლევთ, - თვალები მოჭუტა შერიფმა, მისი მოტყუება რა თქმა უნდა წყლის ნაყვა იყო, - დღეს მამაშენს დავუკავშირდები და შევატყობინებ, რომ მაქსიმუმ ზეგ მასთან იქნებით. 
     მიას ეუცნაურა მისი სიტყვები. 
     - თქვენ მამაჩემს იცნობთ, მისტერ კრამერ? 
     - მე ხომ შერიფი ვარ, - გაიღიმა შერიფმა კრამერმა, - ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ საკმაოდ ახლოს ვიცნობ მისტერ ჯეკსონს. 
     - გასაგებია, - თავი დაუქნია გოგონამ და წამოდგა, - წასვლის დროა.. 
     შერიფი დაეთანხმა, მაგიდაზე ოცდოლარიანი დააგდო, მიასთან ერთად ბარის ავტოსადგომზე მდგომ მანქანას მიაშურა და სანამ გოგონა ჩაჯდებოდა, შეყოვნდა, - მის ჯეკსონ, იფიქრეთ ჩემს შემოთავაზებაზე, დროებით უნდა წახვიდეთ აქედან, თუ საკუთარი სიცოცხლე რამედ გიღირთ. 
     - ვიფიქრებ, - თავი დაუქნია გოგონამ. 
     - კარგი, - თავი დაუქნია შერიფმა, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა, ჩაჯდა და სალემისკენ მიმავალ ფართო გზატკეცილზე გავიდა. 
     სალონში ერთხანს სიჩუმემ იმეფა. შერიფი მტკიცე ხელით, მიზანმიმართულად მართავდა მანქანას, თუმცა გოგონასავით ისიც საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო, ამიტომ ვერ შეამჩნია ადამიანის ფორმის სხეული, რომელიც მოულოდნელად ტყის ჩაბნელებული ზოლიდან ელვასავით გამოვარდა და გვერდიდან დაეტაკა მანქანას. 
     - შენი დედაც.. - ბინძურად შეიგინა შერიფმა, საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა და ნაწვიმარ გზაზე მოცურებული მანქანის დამორჩილება სცადა, თუმცა ამაოდ, მანქანა ასფალტის გასწვრივ მდგარ განათების ბოძს შეასკდა, რამდენჯერმე გადატრიალდა და სახურავით ქვემოთ გაჩერდა, სალონში სრული ქაოსი სუფევდა, იქაურობა შუშის ნამსხვრევებით მოფენილიყო. 
     მიამ ტკივილს სძლია, სახეზე ჩამონადენი სისხლი ხელისგულით მოიწმინდა, თვალები ნელა გაახილა და დაბინდული მზერით მოათვალიერა მანქანის შიდა სივრცე, შერიფი არსად ჩანდა. გოგონამ არაადამიანური ძალების დაძაბვით უკუაგდო ტკივილი, გაღებული კარიდან ორიენტაციადაკარგული გადაფოფხდა და ასფალტზე ზურგზით დაეცა, ტკივილისგან წამოიყვირა. 
     - შერიფო.. მისტერ კრამერ.. 
     დალეწილი მანქანის ავზიდან ბენზინი წვეთავდა, წვრილ ნაკადულად მოიწევდა ასფალტზე და იმ ადგილს უმოწყალოდ უახლოვდებოდა, სადაც ძრავის ელექტროგაყვანილობის დაზიანებული სადენები მოკლე ჩართვას ქმნიდა და ნაპერწკლებს ჰყრიდა. 
     ეს ყველაფერი უცებ გაიაზრა გოგონამ და წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, ტანს ჩააყოლა მზერა და მისი დაფეთებული თვალები დასისხლიანებული მუხლიდან გამოჩრილ ძვალს მისწვდა. გოგონამ პირზე აიფარა ხელი და კბილები მძლავრად დააჭირა ერთმანეთს, წამოჯდა და მიმოიხედა, შერიფი არსად ჩანდა, არც იდუმალი თავდამსხმელი. 
     ბენზინის ნაკადული კი კვლავ შეუბრალებლად აგრძელებდა სვლას ნაპერწკალისკენ. გოგონა მიხვდა, რომ სულ რამდენიმე წამიც და აფეთქება იმსხვერპლებდა. 
     ბენზინმა თითქმის მიაღწია საბედისწერო წერტილს, გოგონას ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე და თვალები დახუჭა. იმავ წამს საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა წამის უსწრაფესად აიტაცა ხელში, მოჩვენებასავით გაჩნდა გზის მეორე მხარეს და მანქანამაც იგრიალა. 
     აფეთქების გამაყრუებელმა ხმამ გარემო შეაზანზარა, ცეცხლმა გარემო გაანათა და მიამ თვალი მოჰკრა ყინულივით ცივ ცისფერ თვალებს და ჟღალ წვერს. 
     - ლუციუს... - მიამ სიტყვას კვნესა ამოაყოლა. 
     - მის ჯეკსონ, - ქერა უკვდავმა ფეხმოტეხილი და დაჟეჟილი გოგონა ხის ძირას ფრთხილად დაუშვა, - არ იმოძრაოთ, - გააფრთხილა და გარემოს მახვილი მზერა მოავლო. 
     - შერიფი... 
     - ის აქაა, თქვენს გვერდით, - მიუგო ლუციუსმა, ამავდროულად კოსტიუმის შიდა ჯიბიდან გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო და თითების სხარტი მოძრაობით ჭრილობა გადაუხვია. 
     მიამ დაიგმინა, ტკივილი ათას წვრილ ნემსად ესობოდა სხეულში და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. 
     გოგონამ თავი ნელა შეაბრუნა და ზარდაცემულს მზერა გაეყინა. მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით სისხლში და ტალახში ამოსვრილი შერიფი კრამერი უგონოდ იწვა, თავი უკან გადაეგდო, ყელში წინა საქარე შუშის ნასხვრევი შესობოდა, საიდანაც ბიძგებით გამოედინებოდა ალისფერი სისხლი. 
     - არტერიული სისხლდენა, - სწრაფად დაასკვნა გოგონამ და შიშით სავსე თვალებით შეხედა მის გვერდით მუხლებზე მდგარ ქერა პირველყოფილს, - რამდენიმე წუთში დაიღუპება, ლუციუს.. 
     - ვიცი, - კბილები გაახრჭიალა ლუციუსმა და შერიფს გახედა, - ვწუხვარ.. 911-ზე უკვე დავრეკე, მაგრამ არ მგონია მათ მოსვლამდე იცოცხლოს.. 
     მიამ ხელების მტვრევა დაიწყო, ასე მაშინ იქცეოდა, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში იყო ხოლმე, მიიხედ-მოიხედა, საშველი არსაიდან ჩანდა, უეცრად თავში უცნაური აზრი მოუვიდა და ამ აზრს წყალწაღებულივით ჩაეჭიდა, შერიფის სიკვდილს ვერ დაუშვებდა.
     - ლუციუს.. - ტკივილმა მისი ხმა დაამახინჯა, თვალებზე ბინდი გადაეფარა, გონებას კარგავდა. 
     - მის ჯეკსონ, ჯანდაბა, - ლუციუსს ხმაში შეშფოთება შეეპარა, თუმცა იცოდა, რომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ელოდა. 
     - ლუციუს.. - ამოილუღლუღა გოგონამ, - შენ.. შეგიძლია მისი გადარჩენა.. შეგიძლია.. 
     - რა? - გაოგნდა ლუციუსი და უეცრად მიხვდა, რასაც გულისხმობდა გოგონა. 
     - გადაარჩინე ის.. გემუდარები... - გოგონამ გონება დაკარგა, თვალები დაეხუჭა. 
     ქერა უკვდავი ერთხანს მიას დაჰყურებდა, შემდეგ დაიხარა და მკერდზე ყური დაადო, გულის სუსტმა ფეთქვამ დაამშვიდა მისი აფორიაქებული არსება. 
     ლუციუსი სწრაფად წამოხტა ფეხზე, კოსტიუმი გაიხადა, გოგონას კისრამდე დააფარა და შემდეგ შეცბუნებული სახით გახედა სისხლის გუბეში მწოლიარე შერიფს. 
     - ჯანდაბა, ოღონდ ეს არა!

თავი 20

     მია თავის საშინელმა ტკივილმა გამოაღვიძა,  კეფაში თითქოს ვიღაც ჩაქუჩს ურტყავდა, თვალებზე რძისფერი ნისლი ჰქონდა გადაფარებული, რომელიც ნელ-ნელა იწმინდებოდა. გოგონამ მიმოიხედა, თუმცა დიდად არ დაუძაბავს გონება, რომ საკუთარი ადგილსამყოფელი გაერკვია, წამლების მძაფრი არომატი და კლინიკის სპეციფიკური აურა მის ამჟამინდელი დისლოკაციის ადგილის სიცხადეს უზრუნველყოფდა.
     პალატაში თეთრი ფიგურა შემოვიდა და გოგონას საწოლის მაჯვენა მხარეს მოთავსებულ მოზუზუნე აპარატებს მიუახლოვდა. მიამ მზერა დაძაბა და რძისფერი ნისლი საბოლოოდ გაიფანტა, თუმცა თავის საშინელი ტკივილი არ სტოვებდა. 
     ალდო ტომპსონს სამედიცინო ბლანკი მოემარჯვებინა, ყურადღებით აკვირდებოდა აპარატების თხევად-კრისტალურ ეკრანზე გამოსახულ მონაცემებს და დრო და დრო რაღაცეებს ინიშნავდა, შემდეგ კმაყოფილებით დააქნია თავი, შემობრუნდა და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაეშვა. 
     - მოგესალმები ჩვენს სამყაროში, - გაიღიმა ექიმმა, - როგორ გრძნობთ თავს, მის ჯეკსონ? 
     - ცუდად, - სახე ტკივილისგან დაემანჭა გოგონას. 
     - ეს ბუნებრივია, - მიუგო ექიმმა, - მარცხენა ფეხი მოტეხილი გაქვთ მუხლის მიდამოში, სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა აღგენიშნებათ და გაქვთ კომოცია.. 
     - კომო.. რა?
     - კომოცია, - გაიმეორა ექიმმა, - ტვინის შერყევა, უბრალოდ რომ ვთქვათ, - შემდეგ სამედიცინო ფანარი მოიმარჯვა და თვალებში ჩაანათა, თან დააკვირდა, ამ პროცედურის დასრულებისთანავე სავარძელში დაბრუნდა. 
     - აბა, რას იტყვით, ექიმო? 
     - ნამდვილად ტვინის შერყევა გაქვთ, - დაუდასტურა ექიმმა და თითები გაშალა, - რამდენი თითია? 
     - სამი, - სუსტად გაეღიმა მიას. 
     - კარგია, - საპასუხოდ გაიღიმა ექიმმაც, - კომოცია მსუბუქ ფორმებში, დაისვენეთ, მის ჯეკსონ, ეცადეთ დაიძინოთ, - ის წამოდგა და კარისკენ გაემართა. 
     - ექიმო, ერთი წუთით.. 
     - დიახ, მის ჯეკსონ, - შედგა ექიმი. 
     - რაღაც საკითხების გარკვევა მინდა.. 
     - ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის, - თავი გააქნია ექიმმა, - თქვენ დასვენება გჭირდებათ. 
     - არა, - ჯიუტად შეეწინააღმდეგა გოგონა და თავის ტკივილმა მაშინვე შეახსენა თავი, - რაღაც-რაღაცეები ახლავე უნდა ვიცოდე. 
     ექიმმა მძიმედ ამოიოხრა, შემდეგ საწოლს სწრაფად მიუახლოვდა და მის ყურთან დაიხარა. 
     - ლუციუსს უმადლოდეთ თქვენს სიცოცხლეს, მის ჯეკსონ, მან გადაგარჩინათ, მაგრამ რაღაც მაინც არ ეწყობა.. 
     - რას გულისხმობთ? - ასევე ჩურჩულით ჰკითხა მიამ. 
     - შერიფი არსად ჩანს, ჯანდაბა.. 
     - რა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას, - ეს როგორ, ის ხომ.. 
     - არ ვიცი, - შეაწყვეტინა ექიმმა, - ლუციუსმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა, რომელსაც თან რა თქმა უნდა პოლიცია წამოჰყვა, შერიფის თანამშრომლები, თქვენ მარტო გიპოვეს, მის ჯეკსონ, თქვენ და შერიფის მანქანა, მეტი არავინ და არაფერი.. 
     მია ჩაფიქრდა. ლუციუსს არ აწყობდა საკუთარი პიროვნების შემთხვევის ადგილზე დაფიქსირება, მანვე წაიყვანა შერიფი, ამაში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული გოგონა, იცოდა, რომ ქერა უკვდავი ყველა ღონეს იხმარდა შერიფის გადასარჩენად, მაგრამ მაინც სურდა მასთან გასაუბრება, უკეთ დასარწმუნებლად და დასამშვიდებლად. 
     - აქ ბატონები არიან, რომელთაც თქვენთან გასაუბრება სურთ, - ფიქრის ძაფი გაუწყვიტა ექიმმა. 
     - ვინ ბატონები? - მოუსვენრობა დაეუფლა მიას. 
     - გამოძიების ფედერალური ბიუროდან, - ხმადაბლა თქვა ექიმმა, - ყველა პალატაში სათვალთვალო კამერები აყენია, მის ჯეკსონ, მათ უკვე ეცოდინებათ, რომ გონს მოხვედით, ვერ შევძლებ მათ შეჩერებას.. - ექიმმა ტომპსონმა სათვალე მოიხსნა, გაწმინდა და ისევ მოირგო. 
     - რა აინტერესებთ? 
     - საქმე არც ისე კარგადაა, - შეიშმუშნა ექიმი, - ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ არ ვიცი ვინ აცნობა მათ ამის შესახებ, ამ დონემდე არ მაქვს წვდომა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებს ადგილობრივი პოლიცია იძიებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფედერალებმა გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ამას ველით..მინდა რჩევა მოგცეთ, მის ჯეკსონ. 
     გოგონამ გაიღიმა. 
     - რა თქმა უნდა. 
     - მოკლედ.. - ექიმი შეყოვნდა, - თქვენ უკეთ იცით, რის თქმა შეიძლება მათთვის და რის-არა, ამით შეიძლება თქვენს ახლობლებსაც მიადგეთ ზიანი.. 
     - ქალაქში რა ხდება? - დაინტერესდა მია. 
     - ეს სამი დღე, რაც ფედერალები ჩამოვიდნენ, ყველა ცუდის მოლოდინშია.. 
     - სამი დღე? - გაიოცა გოგონამ. 
     - დიახ, - თავი დაუქნია ექიმმა, - თქვენ სამი დღე უგონოდ იყავით, დღეს მეოთხე დღეა.. შერიფის დეპარტამენტი საგიჟეთს დაამსგავსეს, ყველგან იქექებიან, ყველაფერში ცხვირს ჰყოფენ, ნახევარი ქალაქი დაკითხეს, აშკარად რაღაცას ეძებენ.. 
     კარზე კაკუნი გაისმა, შემდეგ გაიღო და აკადემიურ სტილში გამოწყობილმა, მაღალმა, მკაცრი გამომეტყველების, რუხთვალებიანმა მამაკაცმა შემოაბიჯა, კოსტიუმის ჯიბეზე მიბნეული ლითონის ჟეტონი წარწერით "FBI" ცხადჰყოფდა და ხაზს უსვამდა მის სტატუსს, მბრძანებლური და მედიდური მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, ექიმს და მიას ოდნავ დაუკრა თავი. 
     - მისტერ ტომასონ.. ხომ სწორად წარმოვთქვი თქვენი გვარი? - ოდნავ შესამჩნევმა ცივმა ღიმილმა აუგრიხა ტუჩის კუთხე. 
     - ტომპსონი, - მკაცრად მიუგო ექიმმა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით შეისწორა სათვალე, - ალდო ტომპსონი, სალემის ცენტრალური კლინიკის მთავარი ექიმი. 
     - გთხოვთ, დაგვტოვეთ, გოგონასთან პირისპირ მსურს საუბარი, - მამაკაცს მკაცრი ნაკვთები კიდევ უფრო გაუმკაცრდა და კარისკენ მიმავალ ექიმს თვალი გააყოლა, - ჩვენ კიდევ მოგვიწევს საუბარი, ექიმო, - მუქარით დააყოლა და როდესაც ექიმმა კარი გაიხურა, საწოლის გვერდით ჩამოჯდა სკამზე. 
     მიას ხმა არ ამოუღია, შუბლშეკრული მისჩერებოდა მამაკაცს, თვალისდაუხამხამებლად, ისევე, როგორც უცნობი მამაკაცი შემოსცქეროდა. ეს უხმო ქიშპობა ალბათ დიდხანს გასტანდა, მაგრამ უცნობი სხვანაირად ფიქრობდა, მან სუსტად ჩაიღიმა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თითები შეატყუპა. 
     - მე შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიუროს სპეციალური აგენტი გახლავართ, პერსი მედოქსი, თავს როგორ გრძნობთ, მის ჯეკსონ? 
     - ნორმალურად, - შუბლი არ გაუხსნია გოგონას, - რამდენიმე წუთის წინ მოვედი გონს და ახლავე აუცილებელია ჩემი დაკითხვა? 
     - რატომ გგონიათ, რომ ეს დაკითხვაა? - მკაცრად ჰკითხა აგენტმა. 
     გოგონა დაიბნა. 
     - რა ვიცი.. ასე მგონია.. 
     - დაკითხვა სტანდარტული პროცედურაა და ის ეჭვმიტანილების მიმართ ტარდება, - ამჯერად გაიღიმა მედოქსმა, - თქვენ კი ჯერჯერობით დაზარალებული ხართ და თქვენს მიმართ მხოლოდ გამოკითხვა წარმოებს. 
     ნამდვილი მსახიობიაო, გაიფიქრა მიამ და უსიტყვოდ დაუქნია თავი. 
     - შეგიძლიათ მითხრათ, რა მოხდა, მის ჯეკსონ? 
     - თავი მტკივა, - დაიმანჭა გოგონა, - რაღაც-რაღაცეები შეიძლება ვერ გავიხსენო ან შეცდომით მახსოვდეს.. 
     - ჭეშმარიტების დადგენა ჩემი სამსახურია, - გაიღიმა აგენტმა. 
     მიამ ნელა დაიწყო თხრობა, საერთოდ არ უხსენებია ლუციუსი ან რამე ისეთი, რაც სპეციალურ აგენტში ეჭვს გამოწვევდა. 
     აგენტს არც წიგნაკი მოუმარჯვებია, არც კალამი, თვალებმოჭუტული შეჰყურებდა და უხმოდ უსმენდა, ერთხელაც არ შეუწყვეტინებია სიტყვა, ბოლოს, როდესაც მიამ თხრობა დაასრულა, წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, კლინიკის ეზოს გადახედა, შემდეგ შემობრუნდა. 
     - მის ჯეკსონ, თქვენ ამბობთ, რომ შერიფი თქვენი მეგობრის მამაა, ხომ ასეა? 
     - დიახ. 
     - შუაღამისას ბარში ხშირად დადიხართ ხოლმე? 
     - არა. 
     - ეს გამონაკლისი იყო? 
     - დიახ. 
     - რის შესახებ ისაუბრეთ თქვენ და მისტერ კრამერმა? 
     - კეიზე ღელავს, კოლეჯში მთლად კარგად არ მისდის საქმეები, - იცრუა გოგონამ. 
     - გასაგებია, - ეჭვით გამოხედა მედოქსმა, - ბოლოს როდის ნახეთ შერიფი? 
     - შემთხვევის მომენტს გულისხმობთ? 
     - დიახ, - დააზუსტა სპეციალურმა აგენტმა. 
     - გონს რომ მოვედი ის ჩემს გვერდით იწვა, - თქვა მიამ, - შემდეგ გონი დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. 
     - მის ჯეკსონ, - შეყოვნდა აგენტი, - რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ მანქანამ რამდენიმე ბრუნი გააკეთა ჰაერში, საკმაოდ ძლიერად დაიმტვრა, მძღოლი კი შემთხვევის შემდეგ მშვიდად ადგა და გაუჩინარდა. 
     - არ ვიცი, - მიუგო მიამ. 
     - არ იცით თუ არ გინდათ, რომ გამოძიებას დაეხმაროთ? - ფარულმა მუქარამ გაიჟღერა აგენტის ხმაში. 
     - არ ვიცი, ჩემგან კონკრეტულად რა გაინტერესებთ, მისტერ მედოქს? - დაღლილი ხმით ჰკითხა გოგონამ. 
     - მე შემთხვევის სურათის აღდგენას ვცდილობ და ამაში თქვენ დამეხმარებით, - თქვა მედოქსმა. 
     პალატის კარმა გაიჭრიალა და ექიმი ტომპსონი შემოვიდა. 
     - მისტერ მედოქს, პაციენტის სანახავად გამოყოფილი ხუთი წუთი ამოიწურა, - მშვიდად მიმართა, - კლინიკის შიდა პროტოკოლი მეტის საშუალებას არ იძლევა. 
     - კიდევ ხუთი წუთი. 
     - გამორიცხულია, - კატეგორიულად უარყო ექიმმა. 
     სპეციალურ აგენტს ლოყებზე კუნთები აუთამაშდა, ექიმს თვალი თვალში გაუყარა, შემდეგ გოგონას გახედა მუქარით. 
     - კიდევ დავბრუნდები, - გამოსცრა და პალატიდან გაიძურწა.
     ექიმმა ჯიბიდან შპრიცი ამოიღო, სინათლეზე გახედა, თითი მიუკაკუნა, შემდეგ ნემსის წვერი ფრთხილად შეიყვანა გოგონას მკლავში შეერთებულ გამჭვირვალე რეზინის წვრილ მილში და დგუშს დააწვა. 
     - ეს რა არის ექიმო? - მიას რული მოერია, ქუთუთოები დაუმძიმდა, ტკივილი სადღაც გაქრა. 
     - დამამშვიდებელია, - მიუგო ექიმმა, - ძილი და დასვენება გჭირდება... 

*****
     ტაკომა შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობს და ვაშინგტონის შტატის ქალაქია, ამერიკის კვალობაზე არც ისეთი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამოირჩევა. სულ რაღაც ორასი ათას მაცხოვრებელს ითვლის და წყნარი და მშვიდი ქალაქების ოცეულში მოწინავე პოზიციებს იკავებს.. 
     ტაკომას გარეუბანში, ნახევრადჩაბნელებულ პაბში მაგიდას სპილენძისფერკანიანი მამაკაცი მისჯდომოდა, ლუდს წრუპავდა და სიგარეტს გემრიელად აბოლებდა. პაბში სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა, ისევე, როგორც თითქმის ყოველთვის. 
     ბარის მიღმა პაბის ჩასუქებული მეპატრონე თაროებზე გამოფენილი მაგარ-მაგარი ალკოჰოლური სასმელების ბოთლების წმენდა-გაპრიალებით იყო დაკავებული. 
     მიმტანმა როგორც კი შეამჩნია, რომ კლიენტს ლუდის ბოკალი დაუცარიელდა, მაშინვე შეუცვალა. 
     კლიენტმა მოწყალე ღიმილი არ დაიშურა და კვლავ ფიქრებში გადაეშვა, არ შეუმჩნევია ერთიანად შავებში გამოწყობილი მაღალი, მძლავრი აღნაგობის მამაკაცი, რომელმაც კატასავით უხმაურო ნაბიჯით გადმოკვეთა პაბის არც ისე ვრცელი ჰოლი და ბარს მიუჯდა. 
     - რას ინებებთ? - ოფიციანტმა ვერ იცნო. 
     - სისხლს, - ირონიულად გაიჟღერა ძალიან ნაცნობმა ხმამ. 
     მაგიდასთან მჯდარი სპილენძისფერკანიანი მამაკაცი ელვის სისწრაფით წამოხტა, თვალები უცნაურად ჩაუღამდა, სისხლის ტბებს დაემსგავსა, მკერდიდან მრისხანე ღმუილი აღმოხდა. 
     - მშვიდად, კონორ, მშვიდად, - დაილაპარაკა კვლავ ნაცნობმა ხმამ, - შენს მოსაკლავად არ მოვსულვარ, - ბართან მჯდომი ერთბაშად შემოტრიალდა და ვამპირებზე მონადირე ვამპირს დამცინავი მზერა მიაპყრო, შემდეგ მაღალი, უზურგო სკამიდან მოქნილად ჩამოხტა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კონორის მაგიდას და სკამზე დაეშვა. 
     - საქმე მაქვს შენთან, - მშვიდად მიუთითა თავის მოპირდაპირე სკამზე. 
     კონორმა ტრანსფორმაცია შეწყვიტა, თუმცა კვლავ უნდობლად უყურებდა, სკამს დაუბრუნდა. 
     - ჭიქა, თუ შეიძლება, - მოითხოვა კოვაქსმა და როდესაც თხოვნა შეუსრულეს, ბოლომდე გაივსო ვისკით, ერთ ყლუპად გადაჰკრა და კონორსაც ანიშნა, შენც დალიეო. 
     - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - დაიღრინა წითელკანიანმა პირველყოფილმა. 
     - კონორ, კონორ, - ღიმილით გაშალა ხელები კოვაქსმა, - მე არასდროს ვყოფილვარ შენი მტერი, ეს შენ ვერ მიტანდი ვერასდროს, ხომ არ დაგავიწყდა? მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, დავივიწყოთ, რაც მოხდა. 
     - შენი ნდობა ცოტა რთულია, არ მეთანხმები? - დაცინვით გამოეპასუხა კონორი. 
     - გეთანხმები, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, მეც ისევე მინდა მათი განადგურება, როგორც შენ.. 
     - რას გულისხმობ? - უნდობლად მოჭუტა თვალები კონორმა. 
     - მე ვერცხლის ფიჭვის სარები მჭირდება, - თქვა კოვაქსმა და კვლავ შეავსო ჭიქები, - მაგრამ სანამ რამეს იტყვი, ჯერ ყურადღებით მომისმინე, შემდეგ კარგად დაფიქრდი და მერე გადაწყვიტე, დამიჯერე, ქვეყნის ამ გადაკარგულ მხარეში ნამდვილად არ ჩამოვსულვარ წყნარი ოკეანის სანახავად, ახლა კი მისმინე.. - მან ჩაბნელებულ პაბს თვალი მოავლო, შემდეგ კონორისკენ გადაიხარა და ჩურჩული განაგრძო.. 
     დაახლოებით ათიოდე წუთის შემდეგ კოვაქსმა ჩურჩული შეწყვიტა, სკამის საზურგეს გადააწვა და ღიმილით მიაცქერდა კონორს გაოგნებულ სახეში. 
     - ჯანდაბა.. ანუ შენ მთავაზობ, რომ დაგეხმარო და შენც დამეხმარები, გავხდე უფრო ძლიერი? 
     - რა თქმა უნდა, - მიუგო შავგვრემანმა უკვდავმა, - ამას გავაკეთებ, მენდე, მაგრამ ჯერ დამეხმარე.. 
     - შეპირებული ახლავე მჭირდება! - კატეგორიულად თქვა კონორმა, - მე შენ არ გენდობი. 
     კოვაქსი ერთხანს ფიქრობდა, შემდეგ ამოიოხრა, ჯიბიდან შუშის ფლაკონი ამოიღო და გადაუგდო, კონორმა ჰაერშივე დაიჭირა, დახედა და შემდეგ ეჭვით მიაცქერდა წყვდიადივით შავ თვალებში. 
     - რაღაც ისე არ არის, - ეჭვმა დასერა წითელკანიანი პირველყოფილის ხმა, წინ გადაიხარა და ყურადღებით შეათვალიერა, - ძალიან სწრაფად დამთანხმდი, ეს არ ჰგავს შენს საქციელს, შენი მუხანათობა ხომ საქვეყნოდ ცნობილია. 
     კოვაქსმა ჩაიცინა. 
     - ამას კომპლიმენტად მივიღებ. 
     - რა გარანტია მაქვს, რომ ამ ფლაკონში მაგალითად ძაღლის სისხლი არ არის? ან რამე ნებისმიერის? 
     კოვაქსს არაფერი უპასუხია, ვისკის ცარიელი ჭიქა აიღო, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და საკუთარ ხელისგულს ჩააფრინდა, შემდეგ თითები მომუშტა და ჭრილობიდან გამონადენი სისხლით ნახევრად გაავსო ჭიქა, დემონსტრაციულად გადადგა კონორისკენ და მიუთითა. 
     - აი, პირველყოფილი ჰიბრიდის სისხლი, ექსპრომტად მხოლოდ შენთვის, დალიე. 
     კონორმა გაიღიმა, ჭიქა აიღო. 
     - თუ მომატყუებ, იცოდე.. 
     - თანახმა ვარ სიცოცხლით ვაგო პასუხი, - გაიღიმა კოვაქსმა, დაელოდა, სანამ კონორი მის სისხლს დალევდა, შემდეგ მასთან ერთად კარისკენ გაემართა. 
     - როდის მივდივართ? - იკითხა კონორმა. 
     - როგორც კი გარდაიქმნები, - მიუგო კოვაქსმა და ჩაბნელებულ ქუჩას გახედა. 
     უეცრად მოჩვენებასავით გაიელვა რაღაცამ, კონორმა რეაგირება ვერ მოასწრო, ისე დაენარცხა მიწას კისერმოტეხილი, იმავდროულად ფოლადივით ძლიერი მარცხენა ყელში სწვდა შავგვრემან პირველყოფილს, მძლავრად მოქნეულმა მარჯვენამ კი მკერდში ადვილად შეაღწია და გულს შემოეჭდო. 
     - მონადირე მაშინ ხდება მსხვერპლი, როგორც კი ყურადღებას მოადუნებს, - ჩაესმა კარგად ნაცნობი ცივი და საოცრად მელანქოლიური ხმა, ღრუბლებიდან მთვარემ გამოანათა და მარკუსის ნაიარევი სახის პროფილს დაეცა. 
     - გამარჯობა, კოვაქს, მიხარია, რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს.. 
     კოვაქსმა დაიხრიალა, პირიდან სისხლი წასკდა, გულზე უმოწყალოდ შემოჭდობილი ფოლადისმაგვარი თითები მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა, ორივე ხელით უღონოდ ჩამოეკიდა მარკუსის მარჯვენას. 
     - აქ საიდან.. 
     - გამოგყევი, - მიუგო მარკუსმა და ძირს უგონოდ მწოლიარე კონორს დახედა, - თქვენი საუბარი თავიდან ბოლომდე მოვისმინე, რა საინტერესოა, პირველყოფილი ჰიბრიდის სისხლი, რომელიც ჰიბრიდის შექმნის საფუძველია, - მან კოვაქსის ყელზე ამობურცულ ვენას დახედა, - იმედია, მეც მიწილადებ ცოტას... 
     - არა.. - დაიხრიალა კოვაქსმა. 
     - ძალიან ვწუხვარ, ასე რომ მოხდა, - ულმობლად ჩაიცინა მარკუსმა, - ალბათ ასეთ უღიმღამო სიკვდილს არ ელოდი, - მას თვალები სისხლით აევსო, მთვარის შუქზე მისი საზარელი ეშვები აირეკლა და შავგვრემანი პირველყოფილის ღრიალი ჩაბნელებულ ქუჩაში ჩაწოლილ ნისლს შეერწყა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვაიჰ, ვინ დაინახა ჩემმა თვალებმა?
ჰაიკო!
გამარჯობა!
ჯერ ხო ის არ იცი, როგორ მომენატრეთ შენ და შენი პერსონაჟები, მერე...ასე დაკარგვა როგორ შეიძლება ? დაბრუნდი რა მალე ახალი ნაწილით cry cry

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

ბელუ შეროზია
ვაიჰ, ვინ დაინახა ჩემმა თვალებმა?
ჰაიკო!
გამარჯობა!
ჯერ ხო ის არ იცი, როგორ მომენატრეთ შენ და შენი პერსონაჟები, მერე...ასე დაკარგვა როგორ შეიძლება ? დაბრუნდი რა მალე ახალი ნაწილით cry cry


პატიებას ვითხოვ:)
გაგიმარჯოს.
პრობლემები მქონდა.
მეოთხეს პირველი თავი თითქმის მზადაა და მალე დაიდება:)
მადლობა, რომ ისევ გახსოვარ:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3 სტუმარი სტუმარი Mickey

რა მაგარია რომ დაბრუნდი,ველოდები ახალ თავს)))

 


№4 სტუმარი Lana

Dzn mixaria ro dabrundii ???? veli axal tavs moutmenlad :)

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

გაოცებული სმაილის მაგივრად სიცილის სნაილს დავაჭირე, ბოდიში
გამიხარდა რომ დაბრუნდი და ბოლოს გამაოცე,კოვაქსის სიკვდილს ნამდვილად არ ველოდი.
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი Mickey
რა მაგარია რომ დაბრუნდი,ველოდები ახალ თავს)))


ახალი თავი არის უკვე:)

La-Na
გაოცებული სმაილის მაგივრად სიცილის სნაილს დავაჭირე, ბოდიში
გამიხარდა რომ დაბრუნდი და ბოლოს გამაოცე,კოვაქსის სიკვდილს ნამდვილად არ ველოდი.


როგორ ხარ ლანა? მეც გამიხარდა ისევ აქ რომ ხარ:) კოვაქსის სიკვდილს რაც შეეხება.. მოკლედ ვნახოთ რა იქნება;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


ძალიან გამიხარდა რომ ვნახე ისტორია დადებული მაგრამ კოვაქსი არ მოკვდეს რა ეგ ლუციუსი მარკუსი უხ სამეული მიყვარს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent