შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაფანტი სითბო (სრულად)


18-04-2019, 03:38
ავტორი P.A.
ნანახია 3 149

ნაფანტი სითბო (სრულად)

ჩემგან წაიყვანა.
ახლაც მახსოვს, სასამართლოს დარბაზიდან გამოსულს ერთადერთი სურვილი მკლავდა. პირი მიშრებოდა, ისე მინდოდა ყველა მშობელთან სათითაოდ ჩამომევლო და გამეფრთხილებინა, რომ არც თუ ისე ხელშეუხებელი ყოფილა მშობლის უფლება–მოვალეობანი. არც თუ ისე მარტივი ყოფილა თავის დამშვიდება მხოლოდ იმით, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, ანუ შეურაცხადი ან მოძალადე არ ხარ, ანდაც ჯიბეგაფხეკილი. თურმე, ყველაფერი შეიძლება დაგემართოს. თურმე კაცს, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს, ყველაზე მეტად შეუძლია შენი ტკენა.
ხოდა, ჩემგან წაიყვანა..
შეთანხმებისამებრ, ადრიანად მომადგა და ცბიერი ღიმილით ჩამოდგა საძინებლის კართან. ჯერ კიდევ პერანგისამარა ვიყავი. ტიტესაც თავისი რაკეტების გამოსახულებიანი, მუქლურჯი საღამური და ცალ ფეხზე წამოცმული წინდა ეცვა. ერთი შეგვათვალიერა და სულ ერთი წამით გაუკრთა სიყვარულის ნაპერწკალი თვალებში. მე რომ ვიცნობდი ძალიან კარგად მის მზერას, თორემ ერთი შეხედვით სულ არ ეტყობოდა, რომ გადაჩვეულმა დილის ტრადიციამ შეახსენა თავი. დარწმუნებული ვარ, ასეც იყო, რადგან მეც ცხადად წარმომიდგა თვალწინ მის მკერდზე ცალწინდიანი ტიტეს აბობღება და პაწაწინა თითების თვალებთან ფრიალი. თანაც ზედმეტად მონდომებით, რასაც ხშირ შემთხვევაში ხმამაღალი, ომახიანი ღრიალი და აკისკისებული პატარა სხეულის დიდხნიანი წვალება მოყვებოდა. მსგავსი ფიქრები მხოლოდ იმიტომ უკუვაგდე, რომ მის თვალწინ არ ავტირებულიყავი და ფეხზე წამოვდექი.
მაშინ, სასამართლოს მერე, პირველად წაიყვანა ბავშვი ჩემგან. მერე კი მის გარეშე ნამდვილად ტირილში გავათენე ღამე. არ ვიცოდი რა მეფიქრა.. არ ვიცოდი, როგორ დამემშვიდებინა თავი.. არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა მშობლებისთვის, რომლებიც ათას კითხვას მისვამდნენ შეუჩერებლად, დაუნდობლად. ისე, თითქოს გააზრებული უნდა მქონოდა, რატომ ჩამომერთვა საკთარ ვაჟიშვილზე უფლებები. მეკითხებოდნენ, რატომ ვანდე, როგორ გავუშვი, როგორ გავიმეტე საკუთარი შვილი. არადა, რა გამეტება უნდა მშობელ დედას, რომ საკუთარ, ღვიძლ მამასთან გაუშვას ბავშვი. ვიცოდი, არაფერს მოაკლებდა. არაფერს გარდა დედისა, რომელიც ალაბთ მაშინ, ჭირივით სძულდა. ზოგადად, სიძულვილი რომ მარტივად შეეძლო ვიცოდი, მაგრამ ჩემ შეზიზღებასაც თუ შეძლებდა, ამაში დარწმუნება ისე არ მინდოდა, პატარ–პატარა იმედებს ვიგროვებდი გულში. ვიგროვებდი და მერე ერთ კონად ვკრავდი. სად მიმქონდა თავადაც არ ვიცი, თუმცა საღი აზრის შენარჩუნებაში რომ მეხმარებოდა, ეს ცხადი იყო. განსაკუთრებით ასეთ დღეებში. მერე, წასაყვანად რომ მოაკითხა, იმ კარის ჩარჩოსთან უკითხავად რომ ჩამოდგა და წამიერმა მონატრებამ გაურბინა სახეზე, ისე შემომხედა, მივხვდი, აღარაფერს ჰქონდა აზრი. აღარც ჩემი მუდარა გაჭრიდა, არც ჩემი ცრემლები, ამიტომ ჩემი ხელით გავუმზადე ჩანთა ჩვენს ბიჭს და სუფთა ტანსაცმელში ღიმილით გამოვაწყვე, მანამ, სანამ თვითონ ტელევიზორის წინ, უდარდელი მზერით ჩამომჯდარი მელოდა.საკუთარ თავს ვატყობდი, რომ მაქსიმალურად ვწელავდი დროს. ზედმეტს ვეთამაშებოდი, ზედმეტად ბევრს ვაკისკისებდი და ბოლოს, ზედმეტი კირკიტითა და ყურადღებით შევუკარი პატარა პერანგზე ღილები. რამდენჯერ ცმია ეს პერანგი და მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ თურმე ზედ ხუთი ღილი ბმია.. მკლავებზეც საგრძნობლად დამოკლებია, კისერთან კი ოდნავ შესამჩნევად, სულ პატარა ლაქაც გასჩენია. ხასიათი ისე გამიფუჭდა, თითქოს ამ ყველაფერს რამე მნიშვნელობა ჰქონოდა და შუბლშეკვრით, ისევ დავიწყე ღილების გახსნა, თავზე რომ დამადგა მაღალი სხეული
–ეცვას, უხდება.. – მითხრა და ვიგრძენი, როგორ ჩაიცინა
–ლაქა აქვს! – ვიმართლე თავი და პერანგის ბოლოებს ჩავეჭიდე თითებით, უცებ რომ გამომაცალა ხელებიდან და სხარტად, მხიარული შეძახილით აიტაცა ხელში. ავხედე, მხარზე უკვე გადაეკიდა გამზადებული ჩანთა
–არ იდარდო, – მხოლოდ ეს მითხრა. მომიახლოვდა, ზედმეტად მომიახლოვდა, წამწამზე დამკრა თითი, როგორც სჩვეოდა და კისერზე შემოისვა ჩვენი.. მისი და ჩემი, ოთხი წლის ვაჟიშვილი.
–დედას დაემშვიდობე, ტიტე, – თითქმის უბრძანა და იმავე წამს თბილად დაუკოცნა სახესთან მიტანილი პაწაწინა თითები. ასე იცოდა ყოველთვის. უცნაური სიმკაცრით ელაპარაკებოდა ჯერ კიდევ პატარას და მასაც, თითქოს ნორმალურიაო, სულ არ სწყინდა. პირიქით, მერე უფრო მადლიერი მზერით მიაპყრობდა მზერას, მამა რომ თბილად დაუკოცნიდა ხელის ზურგს ან ქათქათა შუბლს. ეს წლები ძირითადად ჩემთან იყო, ჩემთან მეტ დროს ატარებდა დღის განმავლობაში, მაგრამ, როგორღაც, მაინც მისი წესებით იზრდებოდა, მისი იდეალებით.
შვილის პატარა, მრგვალი სახის შემხედვარე ცოტაც და ავტირდებოდი. მანაც იცოდა, რა დღეშიც ვიყავი. იცოდა და ამიტომ არ მიყურებდა.
–კარგად, დედიკო.. –წკრიალა ხმამ მოაღწია ჩემამდე და იმავე წამს მათი ზურგები დავინახე.
ზუსტად ერთნაირი ტანი ჰქონდათ. ერთნაირი მოყვანილობის, განიერი მხრები. ერთნაირად მომრგვალებული, ლამაზი ფორმის, წაბლისფერი თმით დაფარული თავები.
–კარგად, დე. მიყვარხარ! – მივაძახე მაინც, ვერაფრით მოვითმინე. დავინახე, როგორ შეარხია პატარა ტანი მის მხრებზე, მაგრამ არ შემობრუნებულა. გაიგო ჩემი ხმა, მაგრამ მამის ლაპარაკმა ჩაითრია და მის სახესთან უფრო მეტად დახრილს, აღარც გახსენებია ჩემკენ გამოხედვა.
–მალე მოიყვანს? – გვერდით ამესვეტა დედა და ისე ამტკივდა თავი, მობეზრებით ავუქნიე ხელი
–არ ვიცი, არ უთქვამს..
–არ ჰკითხე?
–ვკითხე, მაგრამ არ უთქვამს
–სასამართლომდე არ უნდა მიგეყვანათ საქმე, – ახლაც მოურიდებლად გამოხატა თავისი აზრი და ცოტა ამრეზითაც გამომაყოლა ოთახისკენ წასულს თვალი
–ჰო, ალბათ, მართალი ხარ, დედა.
გადავიღალე. ისე გადავიღალე უმოქმედოდ ყოფნით, შეკამათებაც გადავიფიქრე. უკან გამომყვა. სანამ საკუთარ აზრებს აფრქვევდა, ჩემთვის ვფიქრობდი. ნეტავ, ყველა დედამ ასე იცის? შეცდომებს რომ დაუშვებ, ყველაფერს რომ გააფუჭებ, ყველაფერს დააბინძურებ შენ გარშემო, მხოლოდ მაშინ მოსდით აზრად იმ ვარიანტების გულმოდგინედ განხილვა, რა იქნებოდა სწორი?
–ანრი თავის ჭუაზე გაზრდის იმ ბავშვს ახლა, ეს გინდოდა? – დააგვირგვინა ბოლოს გადამწყვეტი კითხვით და ოთახში შემომყვა. დემონსტრაციულად შემოეწყო ხელები თეძოებზე. ვიცოდი, ტიტესთან გამომშვიდობება მასაც უჭირდა, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვიყავი? მე ხომ დედა ვიყავი, რომელსაც განუსაზღვრელი დროით წაართვა საყვარელმა კაცმა ვაჟიშვილი. იქნებ, როგორმე ჩემი დამშვიდება ეცადა. იქნებ, ზოგჯერ ის უფრო სწორია, შვილის არასწორ საქციელზე თვალი დახუჭო და საშუალება მისცე შენს მუხლებზე ჩამოდოს სველისახე..
–გაზარდოს.. – ამოვილაპარაკე და მხრები ავიჩეჩე. ვიგრძენი, როგორ დამეღრიცა ტკივილისგან ტუჩები და ვეღარ ავიტანე დედაჩემის გამკიცხავი მზერა. უხეშად ვუბიძგე კარისკენ და მარტო დარჩენილი ოთხად მოვიკეცე. ერთი დადებითი თვისება ჰქონდა ტიტეს სახლში არყოფნას. ახლა შემეძლო ნებისმიერ დროს, დაუღალავად მეღვარღვარებინა ცრემლები. აღარავისთვის მომიწევდა შეშუპებული უპეების დამალვა. უბრალოდ, ახლა მისი მიზეზით ვტიროდი. ახლა სხვა ყველაფერი აზრს კარგავდა.

***
ერთმანეთი რომ გავიცანით, დამამთავრებელ კურსზე ვიყავი. მახსოვს, ბოლო გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ მე და კესომ და ზედმეტად ბედნიერები, ჟრიამულით ჩაგვისვა მანქანაში კახიმ. მაშინვე თავისთან გაგვაქანა. გოგონების წარმატებული წელი აღვნიშნოთო და ბიჭებსაც მიეცათ ზეიმის საბაბი. ბოლო გამოცდა კი არა, გამოსაშვები უნდა აგვეღნიშნაო, დაასკვნა კესომ და მის მხარზეგადახვეულ კახის ხელს ჩამოადო ლოყა
–ისიც აღვნიშნოთ! – დაამშვიდა და ნაზად დააკრო თავზე ტუჩები.
დიდი ხანი არ იყო რაც ასე თამამად გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და გამეღიმა. მერე, ჩემთვის გაუგებარ რამეებზე რომ აჟღურტულდნენ, ბიჭებისკენ შემოვბრუნდი და ის საღამო ძირითადად კახის ყველაზე ახლო მეგობრის, საბას გვერდით გავატარე. უკვე კარგად შემთვრალმა ბიჭებმა გიტარაზე დაკვრაც აიჩემეს და რამდენიმე ომახიანი სადღიგრძელო შესვეს ერთიმეორის მიყოლებით. ისე ვიყავი მათ ლაზღანდარობას შეჩვეული, მალევე ავიტაცე გარშემო გამეფებული, ამაღლებული განწყობა მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი რამდენად შორს იყო ეს ყველაფერი ჩემგან და ის იყო, პირთან მივიტანე სასმელით შეიარაღებული მტევანი, სახლს მიღმა, ქუჩიდან შემომავალი გაბმული სიგნალის ხმა რომ დაერთოსაერთო მხიარულებას. სულ რამდენიმე წამით ჩამოწვა სიმშვიდე. მერე, თითქოს რაღაცას მიხვდაო, ისე უცებ წამოხტა ფეხზე კახი და ისე აღრიალდა, ვერაფრით მივხვდით დანარჩენები რა ხდებოდა.
–ანრია! ანრია, ბიჭო! საბა, შიო, მოდით აქ, ანრია! – ყვიროდა და უკვე ფართოდ გამოღებულ კარში უცნაურად დაძაბული ელოდა სტუმრის გამოჩენას.
ვერც კახის დაძარღვულმასხეულმა და ვერც დანარჩენი ბიჭების აფორიაქებამ მიმახვედრა რა ხდებოდა. საეჭვოდ გადაფარებულ საბას მკლავს ჩავეჭიდე და სხვებთან ერთად მივაშტერდი გამოღებულ კარს. არაფერი ჩანდა. მხოლოდ სიბნელე და სულ ოდნავ შემომავალი ახალმოსული მანქანის სუსტად მბჟუტავი ფარები. უკვე კარგად შეღამებულიყო და მალე ეს ორი ნათელი ზოლიც რომ მიიკარგა, უფრო მეტად აიშალნენ ბიჭები. ერთმანეთში გაცვალეს მზერადა სამივემ ერთად, დაფიქრებით შეგვათვალიერეს მე და კესო
–ჩემს ოთახში შედით რა, კეს..– გაღებულ კართან ჩამომდგარმა კახიმ მუდარა გაურია ხმაში
–რატომ? – დამასწრო კითხვა კესომ და სანამ პასუხს მიიღებდა, მანამ დაგვადგა სტუმარი თავზე.
შავ სივრცეში ჯერ თეთრი კბილები გაკრთა, მერე მთლიანად უცნობის სახე გამოჩნდა და ხმაურით შემოაბიჯა ოთახში. გრძელი, ხაკისფერი, თავისზე ორი ზომით დიდი ქურთუკი ლამის მუხლამდე სწვდებოდა და თავზე წამოფარებულ, გვერდულად მოღრეცილ, ყვითელ ქუდში გამოწყობილი მილიმეტრების დაშორებით აესვეტა კახის წინ. ახლაც მახსოვს, მაშინ, კახის გარდა ყველას შემოგვხედა რიგ–რიგობით თვალებში და დაძაბული აურა შენიშნა თუ არა, ისე ხმამაღლა მორთო ხარხარი, გაკვირვებისგან თვალები ვჭყიტე
–კახი, მე ვარ, ბიჭო! ანრი ვარ! – გამოაცხადა და გრძელი, გალურჯებული თითებით ჩაეჭიდა მის მხრებს. ისე მიუტანა სახე ახლოს, თითქოს უჩინარი ყოფილიყო. ხელებთან ერთად ტუჩებიც გალურჯებოდა. თითქოს სიცივე გასჯდომოდა მთელს ტანში, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დაუნანებლად გაბნეულიყო. თითქმის შუა ზაფხული იყო, სიცხისგან ქალაქში ბუღი იდგა, მას კი ზედმეტად ბევრი ეცვა და მაინც შეციებულივით უთრთოდა ხელები. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე იყო. სუფთად გამოიყურებოდა, ზედმეტად ნათელი თვალწარბითა და სახეზე აკრული ამოუხსნელი ბედნიერებით
–რას აკეთებ აქ? – ჰკითხა კახიმ და მის ზურგს უკან ისე მიხურა კარი, მასზე ჩაჭიდებული სხეული წამით არ მოუშორებია, – თუ ჩამოდიოდი, ვერ დამირეკე?
–მეძებენ.. – ზუსტად ისეთი ღიმილით გამოაცხადა, მილოცვაზე, მადლობის თქმისას ინსტიქტურად რომ აგებებს ადამიანი დამლოცავს მზერას
–რაზე გეძებენ? – სანამ ხმა არ ამოიღო, აღარც მახსოვდა ჩემ წინ ჩამომდგარი საბა
–მეც დამალევინეთ რა ერთი–ორი ჭიქა, – კითხვის მაგიერ გაშლილ მაგიდას მოავლო თვალი და სავარძლისკენ დაიძრა, – რას ჩამომდგარხართ, კახი.. – უცებ დასერიოზულდა. ჩამომჯდარმა, წამით სევდიანი მზერა მიიღო და ამოიხვნეშა, – შარში არ გაგხვევთ. ასე იცით არა ძმაკაცის დახვედრა?
–ამოთქვი, რა აიკიდე ამჯერად! – ჩამოუჯდა წარბშეკრული შიო და ისე შემოეხვივნენ გარშემო, სულ აღარ ჩანდა. ზედმეტად ხმადაბლა საუბრობდნენ, ისე რომ არაფერი გვესმოდა.
ისე სწრაფად დააყარეს კითხვები, ისე შეყარეს სამივემ წარბები, მე და კესოს ინტერესი გვკლავდა. ვერაფრითვხვდებოდით, ასე უცებ, არსაიდან გამოჩენილი მეგობრის დანახვაზე რატომ აერიათ სახეები. ჩანდა, რაღაცაზე აღელდნენ. თითქმის ვერაფერი ათქმევინეს, ან ათქმევინეს და ამით იყვნენ უკმაყოფილონი. კახის უფრო და უფრო ეცვარებოდა შუბლი, შიომ რამდენჯერმე ჩვეული ჟესტით დაიფარა სახე, საბა კი დენდარტყმულივით ცქმუტავდა სკამზე. მხოლოდ ახალმოსული იჯდა მშვიდად. რამდენიმე ჭიქა ზედიზედ გამოცალა და ბოლოს, ისევ ის ღიმილი აიკრა სახეზე, რომლითაც გვესტუმრა. ბიჭები რომ შემოეცალნენ, მერე მოვახერხე კარგად დავკვირვებოდი. ლოყებზე სიცილისას ნაჩვრეტებიგასჩენოდა და შემართული წარბებით აყოლებდა ანერვიულებულ ძმაკაცებს თვალს. მომეჩვენა, რომ ზედმეტად ზანტი იყო. მოვიდა, ააფორიაქა სამივე მათგანი და თავად მშვიდად იჯდა დივანზე, ერთმანეთში ხელებახლართული. არც ხასხასა, ყვითელი ქუდი მოიძრო თავიდან და არც ქურთუკის გახდა უფიქრია. ეს ღიმილიც უცნაურად მენიშნა. იმდენად ცივი იყო, ისე უმისამართოდ იღიმოდა, უსიამოვნების გრძნობამ გამკრა და თვალი ავარიდე.
–სად გაქვს მანქანის გასაღები? – ჩაეკითხა რამდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ კახი
–მანქანაში..
–ნუ ტოვებ მანქანაში გასაღებს, ანრი! – გაღიზიანდა რატომღაც
–მაინც უნდა წავიდე, – გამოეპასუხა და წასულს თვალი გააყოლა. კართან წამით შედგა კახი და ჩემ გვერდით მჯდარ კესოს მიაშტერდა სახეში
–შეგიძლია საჭმელი შეუცხელო?
კესომ წამსვე დაუქნია თავი და ფეხზე წამოხტა. შევატყე, ისიც არანაკლებ იყო დაბნეული.
–ნუ დაპანიკდით რა, პირველად მეძებენ? – ყელში ამოუვიდა ანრის და რომ მიხვდა, არცერთი უსმენდა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა. სამივემ დატოვა სახლი. არ ვიცი, რა ესაქმებოდათ მის მანქანაში, თუმცა რაღაცის გადაწყვეტას რომ ცდილობდნენ, ცხადი იყო.
ოთახში მარტო დავრჩით. მაშინ პირველად გამისწორა მზერა და წამიერად, ისევ გაჩნდნენ პატარა ღრმულები მის სახეზე.ვერ მივუხვდი მის ასეთ მზერას. თან რომ გიღიმის და თან სურვილს გიჩენს ძალით ჩამოაწევინო ტუჩის კუთხეები
–რატომ გეძებენ? – მანამ ვკითხე, სანამ გადავწყვეტდი საერთოდ უნდა ამომეღო თუ არა ხმა. სულ ასე მომდიოდა. ცნობისმოყვარეობა ყოველთვის წინ უსწრებდა გონებას და მაშინაც, მახსოვს, გულში გავიფიქრე, ზუსტადაც რომ დავიმსახურე ეს ირონიული ჩაცინებამეთქი. უფრო კარგად შემავლო თვალი და თავი მოიქექა გრძელი თითებით
–ძაღლებით სავსე ფურგონი გავიტაცე, – მიჩურჩულა შორიდან უკვე დასერიოზულებული სახით და ფეხზე წამოდგა. თან სასმელით სავსე ჭიქა გაიყოლა და ერთი მოყუდებით გამოცალა
–რა ქენი? – შევშფოთდი, თუმცა პასუხის გაგება აღარ დამცალდა. კარს უკან ხმაურმა ორივეს ყურადღება მიიქცია და გაუცნობიერებლად, რატომღაც მე დამასხა ცივმა ოფლმა. ის ისევ მშვიდად იყო. რამდენიმე წამი ფანჯრისკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი, მერე ისევ მე შემომხედა
–მოვიდნენ, – თქვა და ქურთუკში დაიწყო ქექვა. სწრაფად ამოაძვრინა სიგარეტი და ერთი–ორი დაკუჭული ქაღალდი და ყველაფერი ჯინსის ჯიბეში ჩაიჩურთა. სირენების ხმა უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ვერაფრით მივხვდი, რა გააკეთა ასეთი ფუნგონის გატარების შემდეგ, რომ დასაჭერად დასდევდნენ. გაოფლილი ხელები ინსტიქტურად გავისვი შარვალზე
–ახლა წამიყვანენ, – თქვა ისევ და თვალებში ჩამაშტერდა. თითქოს რაღაცას წყვეტდა, რამდენიმე წამით მოჭუტული თვალებით მიყურა. მერე უცებ გაიძრო მოსაცმელი და ჩემკენ წამოვიდა. შესაშური სიფრთხილით დაკეცა, მომიახლოვდა და ისე შემომაჩეჩა ხელებში, აზრზე ვერ მოვედი
–შემინახე რა, – მთხოვა და კბილები გამოაჩინა
–რა? – დავიბენი
–შემინახავ ქურთუკს? სახლში წაიღე. შემინახე რა, გეხვეწები..
–შეგინახავ, – დაუფიქრებლად ავიჩეჩე მხრები და ათრთოლებული თითები ჩავჭიდე უხეშ, მძიმე ქსოვილს. არ ვიცი რა მანერვიულებდა. ალბათ ბიჭების დაძაბულმა მზერამ და პოლიციის გამაყრუებელი სირენების ხმამ იმოქმედა
–ახლა შემოვარდებიან და წამათრევენ. ხმაურითა და გამოთაყვანებული, გაბღენძილი სიფათებით.. – მელაპარაკებოდა გაოგნებულს და თან უკან–უკან იხევდა, – არ შეგეშინდეს.. – დაამატა ღიმილით ბოლოს. ალბათ ზედმეტად გამფართოებოდა თვალები.
მერე, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ორიოდ წუთის წინ აღმიწერა და მე გაშეშებული, მისი ქურთუკით ხელში, უაზროდ ვიდექი ერთ ადგილას. სანამ გაიყვანდნენ, ბიჭებს დაუბარა, თქვენ არ იდარდოთ, ძალიან მალე გარეთ ვარო და ისევ ჩემკენ გამოიხედა. უცნაური მზერით შემომხედა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა.. თითქოს მაფრთხილებდა. მომეჩვენა, რომ სევდაც გაკრთა მის თვალებში ბოლოჯერ რომ შემავლო თვალი, თუმცა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, თავს ვერაფერზე დავდებდი. მით უმეტეს, რომ სულ არ ვიცნობდი. სანამ გაიყვანდნენ ხმამაღლა დაიძახა
–რა მითხარი, რა მქვიაო?
მივხვდი, მე მეკითხებოდა. ჯერ ისევ მე მომშტერებოდა.
–მართა.. არ მითქვამს.. მართა მქვია, – ამოვიბუტბუტე და დაბნეულმა მიმოვიხედე
–გნახავ მალე, მართა! – დამპირდა და აქეთ–იქიდან ამომდგარ ფორმიანებს რიგიანად შეუღრინა.
ასე გავიცანი ანრი. მერე, ხშირად მითქვამს მისთვის, ნეტავ არ გამეცანიმეთქი. გულწრფელადაც და ისეც, მისი გამწარების მიზნით. ის კი, ყოველ ჯერზე ისევ ისეთი, თავისებური ღიმილით შემომყურებდა და ლოყებზე უცვლელად, წამსვე უჩნდებოდა ღარები. ჩემთვის რომ გეკითხათ, უშნო, საშინლად უშნო, ღრმა წერტილები, რომლებიც რატომღაც სათნოების ელფერის გარდა ყველაფერს სძენდა მის ცივ, თუმცა ჩემთვის ერთადერთ საყვარელ მზერას.

თავი 2
***
იმ ზაფხულამდე ყველაზე უფრო მძაფრად ვგრძნობდი სიცარიელეს. თითქოს ყველაფერი რომ გაქვს და მაინც რაღაც გაკლია. სულ ერთ ფრად იყო ჩემი სამყარო მოწყობილი. არ ვიცი ნათელი იყო თუ არა ეს ფერი, თუმცა წლების მერე რომ გეკითხათ ჩემთვის, მაინც იმ მრავალფერი ცხოვრებით არსებობა უფრო მომწონდა, რომელშიც ათასი გახუნებული ტონი ერია, ვიდრე ასეთი სიმშვიდე, უარაფრობა.. სწორედ ამიტომ არ მომწონდა არაფერი იმ ზაფხულამდე. თუმცა, კესოსთან ერთად მაინც მხიარულად ავარჩიე საზაფხულო, გულამოღებული კაბები, ზედმეტად გამომწვევი დეკოლტეები და კოჭთან შებმული სხვასხვაფერი ნიჟარებისგან შეკრული სამაჯურები. ზოგადად, ყველაფერი კაგად მიდის, როცა შენ გარშემო ხალხი ბედნიერია. ასეა და ასეც უნდა იყოს. თუ რამდენიმე სახე ბედნიერებისგან ბრწყინავს, შენ არ გაქვს უფლება ცხვირი ჩამოუშვა, რადგან ერთგვარ წრეს არღვევ საკუთარი უხასიაობით. კახის და კესოს კი ზედმეტად სჯეროდათ რომ ბედნიერები ვიყავით ზღვისპირა კურორტზე ყველა ერთად. საბაც შესაშური განწყობით გამოირჩეოდა. თუ არ ჩავთვლით მუდამ პატარა ძმაზე მის გადამეტებულ ზრუნვას. ყოველ საღამოს ისე იძაბებოდა თემუკას არ ნაპასუხებ ზარებზე, თითქოს მამამისი ყოფილიყო. ალბათ, ზოგი ადამიანი ზედმეტად ზრუნავს საკუთარ და-ძმაზე. ალბათ, კარგიცაა. თუმცა, საბას შემხედვარე, დედ-მამას მადლობას ვუხდიდი გულში, რომ ნანატრი პატარა არ გააჩინეს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ნამდვილად ვერ გავუძლებდი მის დევნას. მით უმეტეს, რომ მშობლები თავისდაუნებურად სწორედ ამისკენ გიბიძგებენ. თუ ხარ უფროსი, თავი შენს პატარა და-ძმას უნდა მიუძღვნა. პირდაპირ არა, თუმცა შეფარვით გაიძულებენ, რომ მისი თავდადებული მონა გახდე. სწორედ თემუკას მონად წარმომედგინა საბა, რომელიც მუდამ კოპებშეკრული თიშავდა ტელეფონს და მერე, რამდენიმე წუთი ისე გაჰყურებდა ზღვას, თითქოს თინეიჯერების მიერ გამართულ წვეულებაზე კი არა, საუდის არაბეთის მებრძოლთა რიგებში გაეწვიათ მისი ძმა. კარგი ამბავი კი ის იყო, რომ საბას ჩვეულ ხასიათზე დაბრუნებას შიოს მიერ ერთი-ორჯერ სიმებზე ჩამოკვრაც შველოდა.
–არ გინდა დაკვრა გასწავლო? – შემომთავაზებდა ხოლმე შიო, შეასრულებდა თუ არა თავის მისიას და იმ დღესაც, საშინლად რომ დამწვოდა მზისგან ზურგი, ვედრებით შემომხედა
–რატომ გინდა ასე ძალიან, რომ დაკვრა მასწავლო? – გამეცინა და წელზე მტკივნეულად მოჭერილ საცურაო კოსტიუმს დავწვდი შესახსნელად
–აიფარე რამე და შეგხსნი, – მომეხმარა ისიც და თავისი თეთრი პირსაწმენდი დაუფიქრებლად მომაკრო მკერდზე, – საკუთარ თითებს დაკვირვებიხარ, მართა?
–თითებს? – ზურგი მომიშიშვლდა და შვება ვიგრძენი. მერე კი ცხვირწინ ავიფრიალე მარჯვენა ხელი. ვერაფრით მივხვდი რა სჭირდა ჩემს თითებს
–ამ თითებმა აუცილებლად უნდა დაუკრან! – დარმწუნებით დამიქნია თავი და იქვე მჯდომმა, გიტარით შეიარაღებულმა საბამ მაშინვე თვალების ტრიალით ჯერ მე გადმომხედა, მერე შიოს
–თითებით ფლირტი? სერიოზულად, შიო?
–არ ვეფლირტავები, – გაეღიმა და ფანჯრიდან შემომავალ მზის სხივებზე აუბრჭყვიალდა რიჟა, ქოჩორწამოზრდილი პრიალა თმა. იმდენად წითელი თმა ჰქონდა, ცეცხლის ენები დამოგზაურობდნენ ხოლმე მის შუბლზე და მუდამ მომწონდა მათი ყურება. მზის სითბომ კი უფრო მეტად გამომაცოცხლა და კრიალა, მომღიმარ სახესა და თითქმის უფერულ წამწამებსა და წარბებზე გადაანაწილა შიოს უჩველო სილამაზე. მე მიღიმოდა. საბას უსმენდა, მაგრამ მე მიღიმოდა და ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ მეფლირტავებოდა. თუმცა, ყოველთვის ვგრძნოვდი, რომ კახის მეგობრებს შორის ყველაზე ახლოს სწორედ შიო იყო ჩემთან. არ ვიცი, ჩვენი გვიანი საუბრების ბრალი იყო ეს თუ მისი ხასიათის, რომლითაც იმდენ კითხვისნიშანს დაგიტოვებდა, მერე შეგეძლო მთელი ღამე მასზე გეფიქრა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი და რომ ვეტყოდი ხოლმე, ამჯერად მგონი ვერ გაგიგე მეთქი, ისე ჩაიცინებდა, თითქოს აბსურდი მეთქვას. "შენ გესმის ჩემი, მართა," იტყოდა და სიგარეტია ღერს გასრესდა უმოწყალოდ თითებს შორის. ერთად დასვენებამ კი კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ალბათ, ამიტომაც არ ეყო სასაცილოდ საბას ზედაპირული დასკვნა
–სხვა დროს მასწავლე, ახლა ზედმეტად მიხურს მთელი ტანი და კონცენტრირებას ვერაფერზე მოვახდენ, – ვუთხარი და დავინახე თუ არა, რომ საბა დივნიდან წამოდგა, მაშინვე მუცლით გავიშოტე ზედ
–გამთენიისას სანაპიროზე ფრანი გავუშვათ.. – თითქმის მიჩურჩულა შიომ
–დანარჩენები?
–ერთი ფრანი გვაქვს, მართა..
–გამაღვიძებ? – ჩავიკისკისე მის ეშმაკურ მზერაზე და დივანთან დაბრუნებულ საბას ღიმილით ავხედე. აბუზღუნდა, ასეთი პატარა გოგო რანაირად იკავებ ხოლმე ამხელა ადგილსო და ჩემს ფეხებთან მოიკალათა. მიუხედავად იმისა, რომ კახისგან ვიცნობდი ორივეს, მაინც იმაზე უკეთ ვგრძნობდი თავს ამ ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანის კამპანიაში, ვიდრე კესოსა და კახისთან ერთად. მეჩვენებოდა, რომ ზედმეტად ბევრ სიყვარულს აფრქვევდნენ გარშემო. იმდენად ბევრს, რომ ერთმანეთისთვის აღარ ჰყოფნიდათ და მხოლოდ მათ გარშემო არსებული ხალხი რწმუნებოდა მათ ჭეშმარიტ გრძნობებში.
ის საღამო ისევ ისე, ჩვეულად, ბევრი სასმელითა და ათასი უხამსი თამაშით გავატარეთ. მერე ისევ შეგვახსენა თავი მე და კესოს ერთმანეთის მონატრებამ და ოთახში მივიმალეთ. ჩემთვის განკუთვნილ საწოლზე, მკლავებქვეშ რომ შემომიძვრა, ვიგრძენი როგორ გასჯდომოდა თმასა და სხეულზე უცხო სურნელი და ცხვირი ავიბზუე
–კახის სუნამოს ბრალია, – იმართლა თავი და უფრო მეტად მომეხუტა
–ბედი გქონია, რომ ტკბილი სუნები იზიდავს, – გამეცინა გულით
–მშვენიერი სუნი აქვს, დამანებე თავი, – შემომიღრინა და ცისფერი თვალების ფახუნით გამისწორა მზერა, – ორცხობილები ხომ არ გვეჭამა?
–ღორი ხარ, კესო! – ვუთავაზე კომპლიმენტი, თუმცა მაინც გავაგდე ოთახიდან მათ მოსატანად. სანამ დაბრუნებოდა, საძინებლის გაღებული კარიდან მესმოდა ბიჭების ხმამაღალი, ოდნავ დაძაბული მსჯელობა და უკან დაბრუნებულ კესოს მაშინვე ინტერესიანი მზერით გავხედე. ორცხობილებით ხელში ამობობღდა საწოლზე და ჩემს ფეხებში ახლართა თავისი ზედმეტად გარუჯული წვივები. სანამ კითხვას დავუსვამდი, მანამ მომახალა ახალი ამბავი
–ანრის გახვეულა ისევ რაღაც შარში, ამათი ძმაკაცი. კახისთან რომ დააკავეს მაშინ, გახსოვს?
–ჰო.. როგორ არ მახსოვს, კესო
–მგონი ნარკოტიკი შემოაქვს, – დაასკვნა და პირში გაიქანა უდიდესი ლუკმა
–საიდან მოიტანე, კესო? – გამეცინა გულით
–მოვისმინე, მართა, ამ წამს, ბიჭებისგან.. მერე კახი მიხვდა, რომ ვისმენდი და სანამ ოთახში არ შემოვედი, სიტყვა აღარ უთქვამთ.
არაფერი მითქვამს. უხმოდ გავიშოტე საწოლზე და კესოს გამოწვდილ ორცხობილაზეც უარი ვთქვი. უხასიათოდ გავუქნიე თავი
–მაგან ძაღლების ფურგონი გაიტაცა, – წამოაყრანტალე უცებ და კესოს გაკვირვებულ სახეზე მივხვდი, რომ თავადაც ვბოდავდი
–რა ძაღლების ფურგონი?
–ასე მითხრა, მაშინ..
–კარგად გაუმასხარავებიხარ, ხომ იცი! – აკისკისდა და ჩემს გვერდით დაემხო. გამხიარულებული ჩანდა, თუმცა მაინც თავისი ქნა ცხოველების არანორმალურმა სიყვარულმა და მოუსვენრად აცქმუტდა საწოლზე, – იქნებ მართლა გაიტაცა, რას უზამდა ძაღლებს?
–მე რა ვიცი, კესო, დამასვენე! – შევუღრინე რატომღაც და გვერდი ვიცვალე. რამდენიმე წუთი უაზროდ ვათამაშებდი კედელზე თითებს
–მოხდა რამე? – მიმიხვდა უხასიათობას კესო
–მისი ქურთუკი მაქვს
–ვისი? – ჩამეკითხა, თუმცა უკვე უინტერესოდ
–ანრის ქურთუკი მე მაქვს
–რატომ? – წამოიწია, რომ სახეზე შემოეხედა
–ისე, უბრალოდ.. – ჩავილაპარაკე და მივხვდი, აქამდე არც მიფიქრია, რატომ შეიძლებოდა ჩემთვის დაეტოვებინა თავისი ნივთი.
მაშინ, იმ დღის შემდეგ, როცა გავიცანი.. ანრის ქურთუკმა ჩემს კარადაში დაიკავა ადგილი. იმდენ ხანს ეკიდა შავ მანტოსა და ჩემი საყვარელი ჯინსის ქურთუკს შორის, ჩემი სუნი აიკიდა. ამაზე არც მიფიქრია, სანამ მერე, ერთი თუ ორი წლის მერე, თვითონ არ აღნიშნა თავისებული გაწელილი პირით, ღიმილს რომ არქმევდა.

***
ყველაზე ლამაზი დღეები შიოსთან ერთად გატარებული აღმოჩნდა.
ამ ლამაზი დღეთაგან კი ყველაზე მეტად მაინც გამთენიისას გაშვებული ფრანი დამამახსოვრდა, რომელსაც კუთხეებში, კანტებად ნარინჯისფერი ქაღალდის ფოჩები გასდევდა. მახოვს, როგორ ეჭირა ხელში შიოს და ცისკენ უბიძგებდა მსუბუქი ხელის მოძრაობით. თან მზის სუსტად ჩამომავალ სხივებს აჰყურებდა და დროდადრო ღიმილი ეფინებოდა სახეზე. მერე მომიახლოვდა, თითებში შემომაჩეჩა ფრანის თეთრი ძაფი და თვალებზე ქარისგან ჩამოყრილი თმა გადამიწია ხელებით, რომ კარგად დამენახა
–გაიქეცი, მართა.. – უცებ მომხვია წელზე ხელები და ინსტიქტურად მივყევი. მივრბოდით, ბედნიერებითა და ჩვენს თავზე მოფარფატე ნარინჯისფერფოჩებიანი ფრანით. ფეხებქვეშ ქვიშის შეგრძნება და ცარიელი სანაპიროზე გაბნეული ჩემი და შიოს სიცილის ხმას დართული ტალღების ერთმანეთში ხმაურიანი მისვლა–მოსვლა ერთადერთი რამ იყო, რამაც მაგრძნობინა, რამდენად ცოცხალი.. რამდენად ახალგაზრდა და ძლიერი ვიყავი. შეგრძნება მქონდა, რომ შინაგანმა სამყარომ გამოაღწია ჩემი სხეულიდან და იქ, სადღაც ჩემს გარშემო დამოგზაურობდა. ამეტირა.. ამეტირა და ამ ტირილისგან წამოცვენილი ცრემლები ისე მალე ამოაშრო არც თუ ისე თბილმა ნიავმა, შიოსკენ შებრუნებულს მხოლოდ ღიმილიღა შემრჩენოდა სახეზე
–თავისუფლება მოძრაობაშია, მართა! – მითხრა და ჩამოჯდა. ქვემოდან მიყურებდა, ღიმილით. რომ არ გავინძერი, ხელი გამომიწოდა და ჩავეჭიდე თუ არა, მის მაჯაზე გამიშტერდა თვალი. კარგად რომ მოვკალათდი, მერე ამოიღო ხმა
–მკითხე..
–რა? – თავი გავისულელე და ფრანი ჩვენკენ დავქაჩე. უცნაურია, მაგრამ არ მომწონდა ჩვენგან ასე შორს რომ იყო გამოკიდებული, ჰაერში. არადა, მისი სილამაზე ხომ ამაში მდგომარეობს. ღრუბლებისკენ აიჭრას, ჩიტებთან ერთად იფრინოს, ამ სანახაობას კი შენ წარმართავ და სწორედ ამით იღებ სიამოვნებას. მგონი რაღაც შურისმაგვარს ვგრძნობდი ამ ფარფატა საგნის მიმართ. ისე მსუბუქად, ჰაეროვნად დაფარფატებდა, ბოღმით ვივსებოდი. ახლა მივხვდი რას ნიშნავდა შიოს მიერ ნათქვამი სიტყვები სულ რამდენიმე წამის წინ და რატომღაც გული დამწყდა. მომეჩვენა კიდეც, რომ ფრანის დაბლა ჩამოწევა გამირთულდა და კოპები შევკარი
–შეეშვი მართა, საერთოდ გაუშვი, მაღლა აფრინდება.. – მითხრა სიცილით შიომ და მაჯაზე ჩამაფრინდა
–არ მინდა, რომ აფრინდეს!
მისი ხელი მოვიშორე და მუხლებს შორის ჩავიჩურთე ძლივს მოზიდული ფრანი. შიომ კი უხმოდ გამომართვა და შემორჩენილი ძაფი ნელა, მშვიდი სახით დაახვია გორგალზე.
–ეგოისტი ხარ, მართა! – ისე მითხრა, არც შემოუხედავს, თუმცა საყვედურის მიუხედავად ოდნავაც არ შეცვლია თბილი ღიმილით განათებული სახე. ამჯერად მივხვდი რასაც გულისხმობდა.. რომ რადგან თავისუფლება მაკლია, არც სხვას ვანიჭებ ამ გრძნობით ტკბობის უფლებას.. მე თუ ვიტანჯები, სხვაც უნდა დაიტანჯოს.. მგონი, ასეთი ხასიათი მქონდა ყოველთვის, მაგრამ მაშინ, შიომ რომ მამხილა, ვერაფრით ავიტანე და აბსურდული ღიმილი ავიკარი სახეზე
–ეს ხომ უბრალოდ ფრანია!
–ისე გარბოდი.. ისეთი ჟინით მიიწევდი წინ.. თითქოს რაღაცას გაურბოდი.. ალბათ საკუთარ ცხოვრებასაც ასე გაურბიხარ
–რომ მცოდნოდა, ასე გააშიშვლებდი ჩემს გრძნობებს, საბასაც წამოვიყვანდი და ბევრად მხიარულად გავატარებდი დროს! – შევუღრინე.
გაეცინა და საკუთარ ხელებს დახედა, რომელიც მალევე შეიცურა რიჟა, ქარისგან ზედმეტად აჩეჩილ თმაში
–რა გჭირს მაჯებზე? – ვკითხე და ამით ვაგრძნობინე, რომ ახლა მისი სისუსტეების გამოვლენის ჯერი იყო
–დიდი ხნის ამბავია. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, – გაეცინა და თითებით რიგ–რიგობით დაიზილა, ჯერ მარჯვენა ხელი, შემდეგ კი მარცხენა. თუ პირიქით, აღარც მახსოვს.
–იმათ გაღვიძებამდე მაინც ბევრი დროა..
–თავის მოკვლის მცდელობა ერთადერთია, რასაც ვნანობ, – მითხრა და გამიღიმა, – ალბათ ყველა ნანობს, ვისაც ერთხელ მაინც უცდია სიცოცხლის შეწყვეტა. ახლაც.. რომ გიყურებდი როგორ დაქროდი ფრანით ხელში, ვერაფრით მივხვდი, მაშინ რატომ გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს.. ქვიშისგან ნატკენ ფეხისგულებსა და ნიავისგან აფრიალებული კაბის კალთებს სხვა სამყარო აჯობებდა.. ახლა ვეღარ ვუგებ მაშინდელ შიოს
–შენი კაბის ფრიალი მოგენატრებოდა? – ავკისკისდი და რომ მივხვდი რა უადგილოდ ვიხუმრე, მაშინვე დავიმორცხვე, – მაპატიე..
–ეს რა კარგი გოგო შეგვძინა კესომ, – შემომცინა ბოხი ხმით. იმ დღის მერე ხშირად მიწოდებდა ‘შენაძენს’. თავიდან ვბრაზდებოდი ხოლმე, არ მომწონდა. მერე კი შევეჩვიე, მივხვდი, მართლა შენაძენად რომ მთვლიდა და დავრწმუნდი, რომ თავადაც განსაუთრებული შენაძენი იყო ჩემთვის. ისეთი, რომ გგონია არასდროს გახუნდება, არასდროს გაგიცრუებს იმედს. ისეთი, რომ გგონია ნებისმიერ დროს შენს მხარეს იქნება.
–არ შეგეშინდა? – ვკითხე ისევ. ვერაფრით მოვწყდი მის მიერ დახატული, სიცოცხლემოუწყურებელი ხალხის მიერ დანახულ ჩვენს სამყაროზე ფიქრს
–არა, თავიდან არ მეშინოდა.. მინდოდა.. მინდოდა სულის ტკივილი გადამეფარა რამით.. მინდოდა სხეული ამტიკიებოდა ისე, რომ აღარ მეგრძნო შინაგანად როგორ მეწვის ყველაფერი.. მეგონა აღარ შემეძლო ჩემი დამახინჯებული სახის დანახვა. მხოლოდ ბოლო წამი იყო საშიში.. საშიში და გადამწყვეტი და ის წამიც რომ გადავლახე, ისე სწრაფად დავისერე მაჯები, ახლაც ვერ ვიხსენებ კარგად რა როგორ მოხდა..
–მერე.. მერე რა მოხდა, შიო?
–მერე, არანორმალური ტკივილი რომ ვიგრძენი და ამ ტკივილის შეჩერება რომ მომინდა, მივხვდი რომ სიცოცხლე ჯერ კიდევ არ მომბეზრებოდა და ბიჭებს დავურეკე. მთელი ის დრო.. მთელი ის საღამო ჯიბით ვატარებდი ტელეფონს.. მთელი ის დრო წინ მედო. ალბათ ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი. ალბათ, უბრალოდ უნდა მეგრძნო ეს..
–რომ ვერ მოესწროთ? – ინსტიქტურად ავიფარე პირზე ხელები და იმ დღეს მეორედ მომინდა ტირილი. ოღონდ, ამჟამად მხოლოდ სევდასა და იმედგაცრუებას ვგრძნობდი. იმედგაცრუებას იმის გამო, რომ შიო.. რომელიც ბიჭებს შორის ყველაზე ძლიერ პიროვნებად მიმაჩნდა, ყველაზე სუსტი აღმოჩნდა..
–მომისწრეს, – ჩაეღიმა და მერე უცებ დაეჯღანა ნათელი სახე, – მაგრამ უარესი დამმართეს
–წარმომიდგენია! – გამეცინა და წინასწარ წარმოვიდგინე კახის დამოძღვრა და საბას შეშფოთებით გამოწვეული გამკიცხავი საყვედურები, – რა გითხრეს?– დავინტერესდი და ისეთი ღიმილით მივაჩერდი, თითქოს ლამაზი ზღაპრის მოყოლას ველოდი მისგან
–კახი სახეშიც ვერ მიყურებდა. სანამ ხელებს მიხვევდნენ, მანამ მედგა თავზე და არაფერს აცდიდა წესიერად სახლში გამოძახებულ ექიმებს. ხან უსაყვედურა ზედმეტად უჭერთო, ხან თავად მოინდომა ჩემთვის ხელების გადახვევა, ხანაც ანტიდეპრესანტების გამოწერა დაიჟინა ჩემთვის და მაშინვე რომ არ გამომიწერეს, მათ პროფესიონალიზმში დაიწყო ეჭვის შეტანა ხმამაღალი მსჯელობით. თითქოს იმ დროს პრიორიტეტული მხოლოდ ეს ყოფილიყოს. გული რომ მოიოხა მერე გამისწორა მზერა და დამპირდა, ხელები რომ მოგირჩება ჩემი ხელით მოგკლავო, – სიცილით დაასრულა და მივხვდი, თავადვე გამხიარულდა ამის გახსენებისას
–კარგია რომ არ მოგკლა!
–ჰო.. – სახეზე ჩამოისვა ხელი და შევატყე, ოდნავ აკანკალებოდა მსხვილი თითები, – საბამ.. საბამ მთელი კოლოფი სიგარეტი ჩაწვა ნერვიულობისგან. ასე იცის.. რამეზე რომ ღელავს, შეუჩერებლად ეწევა.. სანამ არ გაწითლდება. თან ჩემკენ იხრებოდა ხოლმე და თავისი ხელით მაწევინებდა. ერთი–ორჯერ უარით გავუქნიე თავი, მაგრამ შემომიღრინა, მერე, მკვდარს აღარც სიგარეტი გეღირსება და აღარც ჩვენი შენს ოთახში ბზრიალიო. თან ისე უწითლდებოდა ბრაზისა და სიმწრისან სახე, ძალიან სასაცილო შესახედი იყო
–როგორ არ იფიქრე მათზე, შიო.. – ვუსაყვედურე და მის შემოხედვაზე მივხვდი, სულაც არ ეჩვენებოდა ჩემი კითხვა აბსურდულად
–ანრიმაც ეს მკითხა. მხოლოდ ეს მკითხა მარტო ჩვენ რომ დავრჩით, ბიჭები.. წინ ჩამომიჯდა და თავისებური მზერით გამისწორა მზერა.. იმ დღეს პირველად. ახლაც მახსოვს როგორ მტრულად შემომცქეროდა. არც ის უკითხავს, კარგად თუ ვგრძნობდი თავს, არც ის – რამე ხომ არ მჭირდებოდა, არც მიზეზი უკითხავს ჩემი ქცევის. მხოლოდ შემომხედა და კბილებს შორის გამოსცრა – „შენი სიკვდილის მერე ჩვენ რას გვიპირებდი, შე ნაბი*ვაროო?!“ და ფართოდ გამიღიმა, შემდეგ კი უფრო ახლოს მოიწია ჩემს სახესთან და რომ მეგონა რაღაცის თქმას აპირებდა, მუშტი ისე ძლიერად მომიქნია, ცხვირი გამიტეხა!
–ეგ ბიჭი არ არის ნორმალური, არა? – ავღშფოთდი, შიომ კი სიცილი ატეხა და უცებ წამოდგა ფეხზე
– წამო, ერთად ვისაუზმოთ სადმე და მერე დავბრუნდეთ იმათთან.
ხელიხელჩაკიდებულები მივაბიჯებდით სანაპიროზე. ისე მშვიდად ვგრძნობდი მასთან თავს, მახსოვს, ვიფიქრე, ასეთი სიმშვიდე უნდა სუფევდეს ყველანაირ ურთიერთობაში მეთქი.

***
სიახლეს სიახლე ემატებოდა. ბევრი და მნიშვნელოვანი სიახლე. მნიშვნელოვანი, თუმცა ბევრი არა–საჭირო.. ბევრი მტკივნეული.. ბევრი სიმწარეგამოვლილი.. ბევრიც, ბედნიერებით გამოტენილი.. ისეთი, რომ გგონია ვეღარ დაიტევს შენი გული, რომ გგონია ვერ გაუძლებს ამდენ და ასეთ გრძნობებს. თუმცა, თურმე ყველაფერს უძლებს ეს ერთი ციდა ორგანო.. იმავე წელს ვიგრძენი ეს. იმ წელს გავიცანი საკუთარი თავი. იმ წელს მომინდა რაღაცის შეცვლა, თუმცა ყველაფერი თუ ასე დაუგეგმავად, ასე მძიმედ დამაწვებოდა მხრებზე, ვერაფრით ვიფიქრებდი. ალბათ იმიტომ, რომ დასაწყისი იყო ლამაზი. იმდენად ლამაზი, რომ ხშირად ღიმილს მივეჩვიე, რაც მანამდე არათუ არ მჩვეოდა, მეუცხოებოდა კიდეც. მათთან კი საკმაოდ ბევრს ვიღიმოდი. შევეჩვიე საბასა და შიოსთან ერთად გატარებულ შუადღეებს, როცა კესო და კახი განუსაზღვრელი დროით იკარგებოდნენ ჩვენთვის ამოუცნობ ადგილებში ან უბრალოდ ბიჭების საძინებელი ჰქონდათ ოკუპირებული. არაფერი მქონდა ამის საწინააღმდეგო. პირიქით, მიხაროდა კესოს გაბრწყინებული თვალები და დაუღალავად ვარწმუნებდი იმაში, რომ მის ნაკლებობას არ განვიცდიდი. მის დასამშვიდებლად არა, მართლა არ განვიცდიდი. მერე რა რომ კესო იყო.. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი. ყოველთვის შემეძლო ადამიანების გარეშე ყოფნა და ახლაც, ზაფხულის ცხელ დღეებში საერთოდაც არ მაწუხებდა ის ფაქტი, მუდამ წუწუნით რომ არ იკლებდა ყველა ჩემს დღეს შეყვარებული ქალბატონი. თანაც, რა მომაწყენდა საბას უდარდელობასა და შიოს სითბოს გარემოცულს. საღამოობით ხომ მაინც ყველა ერთად მოვიყრიდით ხოლმე თავს საერთო ოთახში. იქ კი აღარ არსებობდა არც არავის დაქალი და არც შეყვარებული. დაბინდებისას ყველაფერი სხვანაირ აზრს იძენდა. უფრო იდუმალსა და საინტერესოს. დაღამებისას იმაზე ნამდვილები ვხდებოდით, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში. საბა თავის შიშებზე გვიყვებოდა ხოლმე, რომლებიც ძირითადად ახლობელი ადამიანების დაკარგვას ან სრულიად მარტო დარჩენას გულისხმობდა. ან სამომავლო გეგმებს გვამცნობდა, იდეებსა და მიზნებს გვაფასებინებდა და ისე აბედნიერებდა თითოეული ჩვენგანის დადებითი დამოკიდებულება, თითქოს ჩვენი საქმე ყოფილიყოს მასში საჭირო პოტენციალის დანახვა. შიო სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდა. მუდამ ადამიანების ქცევათა მოტივებზე ამახვილებდა ყურადღებას და რაც ყველაზე მთავარია, შეეძლო ყველა ‘ბოროტი’, არაადამიანური ქმედების უკან დაენახა რაღაცის მიზეზი. მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების მიზნად სწორედ ეს მიაჩნდა რიჟა შიოს – დაენახა ერთ უშველებელ შეცდომად წოდებულ საქციელს შორის ადამიანთა პატარ–პატარა სიმართლეები. ალბათ, მის ასეთ ხასაითს მეტნაკლებად სხვებიც ხვდებოდნენ. ახლაც მახსოვს, ერთ–ერთ გათენებულ ღამეს როგორ წამოიძახა კახიმ უცნაური ღიმილით: „ეჰ, შიო, როგორ არ გიყვარს არაფერზე ზედაპირულად ფიქრიო!“ თან თავიც გააქნია რამდენჯერმე თითქოს დამწუხრებით და კესოს კისერში შეძვრა მინაბული მზერით. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ მას უყვარდა ზედაპირულად აზროვნება. აი, რაზე ფიქრი სჩვეოდა მხოლოდ კახის. ქალზე, რომელიც უყვარდა და მასთან ერთად სამომავლო, საოჯახო გეგმების დაწყობაზე.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულებს, ერთი უცნაური, საერთო ჩვევა მაინც ჰქონდათ ბიჭებს. რომელიმე მათგანი თუ რამეს განიცდიდა, დანარჩენები ზემდეტად კარგ განწყობაზე დგებოდნენ ხოლმე და იმ ერთსაც აიძულებდნენ მათსავით მაღლა აეწია თავი, მათსავით შეეგრძნო სიცოცხლის ხალისი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა იყო უხასიათობის გამომწვევი მიზეზი. აი, მაგალითად, „საბას ეშმაკები უძვრებიანო,“ წამოიძახებდნენ ხოლმე კახი და შიო ერთდროულად, დაინახავდნენ თუ არა, რომ ზედმეტი ნერვიულობისგან ჩვენი ჭურჭლის მტვრევას მოჰყვებოდა და მის დაწყებულ საქმეს თავადაც უერთდებოდნენ, ოღონდ არა საბასნაირი ბრაზით, არამედ საოცარი მხიარულებითა და შეძახილებით. მსგავსი რამ კი იმაზე ხშირად ხდებოდა, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ გამიკვირდა, ერთ–ერთ მზიან დღეს სამივემ უარი რომ განაცხადა სანაპიროზე გასვლაზე და ერთმანეთზე უფრო მოჟამული სახეებით, უაზროდ ბორიალი არჩიეს ოთახიდან ოთახში. წესით ერთმანეთის განწყობაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ არა.. პირიქით, არც კი ცდილობდნენ რაიმე მსგავსს. მაშინ მივხვდი, რომ შეიძლებოდა მათ სხვა ნაწილს.. მათი სისტემის შემადგენელ მეოთხე ფიგურას ეხებოდა საქმე
–იმ თქვენს მეგობარს, ანრის ეხება საქმე? – ვკითხე შიოს, რომელიც ბოლო საათის განმავლობაში უხმოდ მჯდარიყო ფრენბურთის ბურთით ხელში, რომელსაც დროდადრო ჰაერში ააგდებდა ხოლმე და ხან თავს, ხანაც მუხლს შეუშვერდა დიდი მონდომებით
–არ გვიმხელს ბევრ რამეს და ასე, შორიდან, ნაცნობებისგან თუ გავიგებთ ხოლმე ამბებს. ახლა კი, არც ისეთი კარგი ამბები ისმის..
–დაჭერილი არ იყო?
–არა, გამოუშვეს. მაგას სულ უშვებენ.. ანრის რა გააჩერებს დიდი ხნით საკანში, – ჩაიცინა და გადმომხედა, – ჩვენ აქ ვისვენებთ, ის კი..
–არ მგონია ანრის თქვენი უბედურება უნდოდეს, იმის გამო, რომ თვითონ შარშია გახვეული, – დავამშვიდე მაშინვე, – თანაც, თქვენ ხომ არასდროს თმობთ კარგ განწყობას!
–ჩვენთან არ არის.. აქ არ არის, შესაბამისად, შეგვიძლია ისე ვიდარდოთ, როგორც გვედარდება.. – მიჩურჩულა და ისე ააგდო ბურთი, მე რომ დამცემოდა მუხლებზე
–მეტკინა!
–მეტკინა! – გამომაჯავრა და ჩემკენ გადმოიწია, – გაიღიმე..
–რაა?
–საბა სურათს გვიღებს, გაიღიმე! – უცებ მომხვია ხელი და ლოყაზე მომაკრო ტუჩები. მეც ინტიქტურად გავიკრიჭე.
მერე.. დროთა განმავლობაში, რამდენჯერმე ადგილის შეცვლისგან, ძალიან გახუნდა ის სურათი. თუმცა, მაინც შესაშურად ანათებდა შიოს ცეცხლისფერი თმა და ჩემი არაბუნებრივად თეთრად მომზირალი კბილები, ჩვენი გარუჯული კანების ფონზე.

***
სახლში დაბრუნებულმა მშობლებთან გვიან ვახშამზე ვერაფრით ვთქვი უარი, რადგან ორივე უჩვეულოდ თბილად მიმზერდა მონატრებულს. სამზარეულოს პატარა მაგიდის კუთხესთან ჩამომჯდარმა მამამ რომელიღაც პოლიტიკური გადაცემაც კი დათმო და მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ გააპარა თვალი ხმაგამოთული ეკრანისკენ. მეცინებოდა მის ცქმუტვაზე. შევთავაზე კიდეც, ერთად ვუყურო მეთქი, მაგრამ უარის ნიშნად მაშინვე გამიქნია თავი და მოშიშვებულ მხარსა და აბურდულ თმაზე გადამისვა სიყვარულით ხელი
–დაისვენე კარგად, მა? – ჩამეკითხა მერე დაახლოებით მესამედ იმ საღამოს და მაგიდასთან გასწორდა
–ძალიან კარგად..
–კახის მეგობრები ნორმალური ბიჭები არიან, არა?
–კი, მამა, ნუ ნერვიულობ, – გამეცინა და იმ წამს მოტანილ, დედას მიერ მომზადებულ, ოხშივარადენილ წვნიანს დავწვდი ორივე ხელით
–დაიწვები, მართა! – შემომიძახეს ორივემ ერთად და მოჩვენებითი საყვედურებით და თავად გადმომიღეს საჭმელი
–დედაშენი საჭმელს კი არ აკეთებდა სახლში, შენ რომ არ იყავი, მართა. აღარსად აღარ გაგიშვებ! – გამახარა ზურამ და პურის ნაჭერი მომაჩეჩა ხელში.
–დაგჩაგრა თეაკომ, მა?
–დამჩაგრა. ძალიან მუქი ხარ, მამი, შენი ფითქინა კანი არ სჯობდა ამას? ან როგორ გამხდარხარ, რა არის ეს! – მისაყვედურა და კარგად შემათვალიერა
–რამდენი ვიწვალე ასეთი ფერი რომ მქონოდა, არც კი იცი! – სიცილით მოვჭმუხნე ცხვირი. უყვარდა ასე რომ ვაკეთებდი. მაშინვე დამწვდებოდა ხოლმე საჩვენებელი და შუა თითებით და მანამ მაწვალებდა, სანამ წუწუნს დავიწყებდი. ბავშვობაში არ მიყვარდა ხოლმე ასე რომ აკეთებდა, მერე შევეჩვიე და დროთა განმავლობაში, ცუდ ხასიათზე მყოფი თუ ყურადღებას არ მომაქცევდა, განგებ დავდიოდი ხოლმე ცხვირშეჭმუხნული. უკვე მოზრდილობისას კი შეგრძნება მქონდა, რომ ასეთი ქცევით მისი სიამოვნება მინდოდა. მართალიც ვიყავი. ისე გაებადრა სახე ჩემს მიერ დანაოჭებულ სახეზე, მივხვდი, თავადაც უყვარდა თავისი ეს ჩვევა. მონატრებულს შუბლზეც დამაკრო გახურებული ტუჩები და გათამამებული ბავშვივით, დედასაც მისცა ჩემი უჭმელობის გამო შენიშვნა.
მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული ვიყავი მამასგან ზედმეტ მზრუნველობას, მაინც ვერ ავიტანე პატარა ბავშვის ამპლუაში ყოფნა და მომინდა ჩვეულად შემეღრინა მისთვის, კარის ხმამ რომ ფამიფანტა გონება.
–იყავით, გავაღებ.. – წამოდგა დედა და დამტოვა ისევ ზურას ხელში, რომელმაც ახლა ჩემს მომავალ სამაგისტრო პრიგრამებსა და კარიერაზე მანამ ჩამომიყალიბა წინასწარ დაწყობილი აზრები, სანამ მკითხავდა, რას ვაპირებდი მომავალში.
–მუშაობას ვაპირებ ერთი წელი მაინც, მამა.. - შევაპარე მორჩა თუ არა დამოძღვრას და და მის დაქაჩულ თვალებზე რატომღაც ხმაურით შევხვრიპე კოვზიდან წვნიანი. ზუსტად ისე, მამა რომ ვერ იტანდა.
–მართა..
–მართა! – დაერთო მის ომახიან ხმას დედას ძახილიც და უცებ წამოვხტი ფეხზე. კარისკენ წასულს არც მიფიქრია ვინ შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ დედას ღიმილიან მზერაზე, მეგობარი გესტუმრაო, ინსტიქტურად დავაქნიე თავი.
–ვინ არის? – ვიკითხე და მზერა გავუსწორე კარებში გაჩხერილ, თითქოს ნაცნობ მზერას. ამჯერად მუქი ლურჯი ქუდი შემოტმასნოდა თავზე, რომელიც ყურებსაც კი არ უფარავდა
–პრივეტ, მართა.. - ჩაიცინა და ისე შემოაბიჯა სახლში, არც კი უკითხავს
–აქ.. რა გინდა? ბიჭებს ხომ არ მოუვიდათ რამე? - ვკითხე ერთადერთი დასაშვები ვარიანტი, რადგან მისი ცივი მზერა არაფერს მეუბნებოდა
–ხომ გითხარი, რომ გნახავდი, – უცებ მომხვია მზრებზე ხელები და ზედმეტად მომიახლოვდა. გაუცნობიერებელმა შიშმა დამიარა ტანში და ვეცადე მოვშორებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ძლიერად ჩამაფრინდა თითებით სხეულზე და ცოტა უხეშად, ცოტაც გრძნობით.. თავისებური, ჩემთვის გაუგებარი გრძნობით მიჩურჩულა, – საით არის შენი ოთახი?
–რა გინდა აქ? – ვკითხე ისევ და ოთახისკენ უთქმელად ვუბიძგე. არ მინდოდა ზურას დაენახა. თავადაც არ ვიცოდი რას აკეთებდა ანრი ჩემს ბინაში. შესვლისთანავე ზურგსუკან მიხურა კარი და თვალი გამისწორა
–გარუჯულხარ! – თავიდან ფეხებმდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და უდარდელად ჩაუსტვინა. ისე გავღიზიანდი, გულზე ხელებდაკრეფილმა, ხმადაბალი სისინით შევუტიე
–უკითხავად, სახლში შემოვარდნა სითავხედე რომ არის არ გაგიგია?
–ნუ წიკვინებ, – გაღიზიანებით გამაწყვეტინა და ფანჯრისკენ დაიძრა, –ჩემი ქურთუკი სად გაქვს?
ახლაღა მივხვდი რისთვის იყო მოსული და თითქოს ამოვისუნთქე
–სხვა ქურთუკი არ გაქვს თუ ასე რატომ უფრთხილდები, – გამეცინა და კარადისკენ დავიძარი. სწორედ ამ დროს შევნიშნე, როგორ საეჭვოდ ჩამოფარებოდა ფანჯრის რაფას და თვალებდაწვრილებული იყურებოდა სიბნელეში
–რას აკეთებ? – გავშეშდი შუა გზაში
–ფუ ამის.. – ამოილაპარაკა და წამით გამოიხედა ჩემკენ,– შენ გაქვს ქურთუკი?
–ჰო, ახლავე მოგცემ..
–არ გამოიღო. აქ მოდი.. –ხელის თითებით მანიშნა და ადგილიდან რომ არ გავინძერი, კიდევ ერთხელ დამიძახა, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ქუჩისთვის, – მოდი, მართა..
–რა ჯანდაბა ხდება? – გავღიზიანდი და მივუახლოვდი. უკვე ვხვდებოდი, კარგს რომ არაფერს მომიტანდა ანრისნაირი ბიჭის ჩემს ოთახში ყოფნა, თანაც ასეთი უცნაური ქცევებით. ინსტიქტურად მეც ფანჯარაში ყურება დავიწყე, მისი თითები რომ ჩამაფრინდა ყბაში და მანამ დამეძგერა ტუჩებზე, სანამ გააზრებას მოვასწრებდი. ჩემი წინააღმდეგობისა და სუსტი ფართხალის მიუხედავად რამდენიმე წამი შეუჩერებლად ვყავდი ტანზე აკრული და შეგრძნება მქონდა, რომ კი არ მკოცნიდა, ჩემი ბოლომდე შესრუტვა ჰქონდა გადაწყვეტილი. სიმწრიგან ცრემლები მომადგა თვალებზე და ის იყო, დანებებას ვაპირებდი, სწრაფად რომ შემიშვა ორივე ხელი. წამიერი შოკისგან ხმაც ვერ ამოვიღე. მხოლოდ ის მოვახერხე, როგორმე მისი ქცევა აღმექვა. ზედ არ შემოუხედავს ისე განაგრძნო ფანჯარაში ყურება, მერე ოდნავ კმაყოფილმა ჩაიღიმა და ბოლოს შემობრუნდა ჩემკენ
–არ აყვირდე რა, მაპატიე! – მთხოვა სერიოზული სახით და ზემოდან დამხედა, – კიდევ ცოტა ხნით უნდა შეინახო ჩემი ნივთი. კარგი, მართა?
–ნორმალური ხარ? – იმ დროს სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მერე.. წლების მერე მარტივად ვამკობდი ხოლმე სალანძღავი სიტყვებით, მაგრამ მაშინ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე ამ ერთი უწყინარი კითხვის გარდა. ჯერ ისევ ამწყლიანებოდა თვალები მისი ცხოველური საქციელით და ალბათ ამიტომ
–რამხელა წამწამები გაქვს, მართა.. რომ გკოცნიდი, ჩემსაში იხლართებოდა.. დიდწამწამებიანი გოგო არასდროს მყოლია! – გამიცინა და ჩემი თვალებისკენ წამოიღო ხელი. ისე ამითამაშა თითები წამწამთა შორის, კინაღამ დავბრმავდი, –იტირე, არა? – შეშფოთდა თითქოს. წამით დაიხარა ჩემკენ და ახლა თვალები დამიკოცნა
–აღარ შემეხო, – მკერდზე მივაკარი უეცრად ხელები და უკან დავიხიე. ისეთი დაბნეული ვიყავი, ვერაფერს ვიაზრებდი
–დამშვიდდი, მივდივარ, – დამიქნია თავი და კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯრიდან. კარისკენ წასული ბოლოჯერ შემობრუნდა და თვალებში მომაშტერდა
–შენთვის კოცნა არ მინდოდა, უბრალოდ ასე მჭირდებოდა, მართლა. არ იტირო! – მითხრა ისეთი ტონით, თოთქოს მის ამ სიტყვებს აუცილებლად უნდა დავემშვიდებინე და რამდენიმე წუთში რბილი, თითქოს ჰაეროვანი ნაბიჯებით გადაჭრა ქუჩა. შემობრუნებას ვაპირებდი, უეცრად რომ გაშეშდა და ისევ მიიქცია ჩემი ყურადღება. დავინახე, როგორ გაჩერდა მოპირდაპირე მხარეს გაჩერებული მუქი მანქანის პირისპირ და ბოროტი ღიმილით, ზანტად დაუქნია ხელი მანქანაში მყოფთ. მერე შებრუნდა და მათი ფარების მიერ განათებულ გზაზე ძალიან ნელი, ზანტი ცეკვა–ცეკვით მიიმალა შესახვევში.

თავი 3
***
მისი უცნაური გამოჩენიდან რამდენიმე დღე ისე გავიდა, აღარაფერი გამიგია. ვიფიქრე, ბიჭებს დაველეპარაკებოდი, მაგრამ კვირა ისე გავიდა, მათთანაც არ მქონია შეხება და კესოსთან, კახის ნახვისას, რომელმაც ძლივსძლივობით დამითმო ორიოდ წუთი მოსასალმებლად, ეს ფიქრებიც უკუვაგდე. ისე იყო კესოს ახალი კაბით კატაცებული, მივხვდი, სულ არ დააინტერესებდა ჩემი და ანრის ამბავი.
–დღეს საღამოს ჩემთან გელოდებით, – გვითხრა დამშვიდობებისას და გასვლისას ხელი დამიქნია
–რა ხდება კახისთან?
–მეგობრობა და სითბო სუფევს! – წაიღიღინა კესომ და ახლა ჩემ წინ დატრიალდა ფუშფუშა კაბით, – გქონია ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც შენს ტანზე შეკერეს?
–არა, – გამეცინა და თვალები დავხუჭე
–აღარ გინდა ჩემი დანახვა? – შეიცხადა კესომ და მერე, მთელი დღე ამ გაბუტული სახის მოსაშორებლად ათასი კომპლიმენტი მაინც ვუთხარი. კახისთან მისულებს კი შესაძლებლობა მომეცა ისევ თავისი კაცისთვის გადამებარებინა და ოდნავ ამომესუნთქა. სწორედ ასე მოვიქეცი და ერთ–ერთი თავისუფალი ადგილისკენ დავიძარი. რომელიღაც სასმელს დავავლე ხელი და ისე დავიწყე ჩემთვის ბურტყუნი, ყურადღებაც არ მიმიქცევია ჩემგან ზურგით მჯდარი ერთადერთი ადამიანისკენ
–ნეტავ მეც მარტივად მახალისებდეს ასეთი წვრილმანები.. ღია ვარდისფერი კაბები და ლამაზი თმის ვარცხნილობა. ბედნიერია კესო, დიახაც რომ ბედნიერია! – შუა გოდების დროს გამოვცალე პირველივე ჭიქა და უცნობის ჩაცინებაზე მივხვდი, რომ ზედმეტად ხმამაღლა გადმოვაფრქვიე საკუთარი ფიქრები. ზურგზე მივაშტერდი. ოდნავ შეარხია ტანი და ჩემკენ მობრუნდა
–ანრი?! – აღმომხდა უნებურად და მივხვდი რატომაც ვერ ვიცანი. პირველად ვხედავდი ქუდის გარეშე. პირველად დავინახე მაშინ მისი წაბლისფერი, მბზინვარე თმა
–შენ არ გიყვარს ვარდისფერი კაბები, მართა? – მკითხა და გამიცინა. მომეჩვენა, რომ ცოტა ირონიული იყო და პასუხი არ გავეცი. ის კი მთელი ტანით შემობრუნდა ჩემკენ და ახლოს მოჩოჩდა. ახლა ჩემ გვერდით იჯდა. საოცრად გრილ სურნელს აფრქვევდა გარშემო და ისე შემომყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა
–ჩემს ბიჭებს ემეგობრები, არა? – მკითხა ისევ და მაგიდას მოავლო თვალი. უცებ გაუცისკროვნდა სახე და მაშინვე ზეთისხილს დასწვდა
–ჰო, შეიძლება ასეც ითქვას
–მერე? მე გამონაკლისი ვარ? თუ რატომ არ მცემ წესიერად ხმას?
–შენსავით არავინ შემომმავრდნია სახლში და იმიტომ, სხვები ცივილურ ურთიერთობას ამყარებენ ჩემთან, – გამეცინა და მისი ჩემკენ გამოწეული თითები ჰაერში დავიჭირე, –რას აკეთებ?
–მინდა შენს წამწამებს მივესალმო.. ეს რა წაგისვია? კარგი რა, მართა! ეს რა მოგიცხია ზედ! – მაინც ამითამაშა თითები ცალ წამწამზე და ისე შემომიბღვირა, სიცილი ამიტყდა, თავი ვერაფრით შევიკავე
–ეს რომ მისვია, ამიტომაც ჩანს ამხელა! – ვუთხარი ნიშნის მოგებით და თავიდან შევივსე დაცლილი ჭიქა
–სულაც არა.. იმ დღეს არაფერიც არ გესვა. აღარ წაისვა.
–როგორც იტყვი, – გამოვაჯავრე და ახლა მე მომინდა შევხებოდი ჩაჩხვლეტილ ლოყაზე, თუმცა ათამაშებული თითები ჭიქას შემოვასალტე და წარბებაზიდულს მზერა გავუსწორე
–იმ ძაღლებს რა უქენი?
–საშუალება მივეცი კიდევ ცოტა ხნით ეცოცხლათ..
–მათი დაძინება უნდოდათ?
–ჰო..
–მერე, კეთილი გული გაქვს და ევთანაზიას ეწინააღმდეგები?
–შენ არა?
არაფერი ვუპასუხე. სასმელი მაგიდაზე მოვათავსე და დაბუჟებული ხელ–ფეხი გავამოძრავე
–არ მგონია ამისთვის დაეჭირე მაშინ, კახისთან
–აჰ.. ჰო, ამისთვის არა, – გაეცინა და კიდევ ერთი ჭიქა შემივსო, – მაგისთვის მამაჩემი დამსდევდა. მამაჩემის ფურგონი იყო..
–მერე? – დავინტერესდი ამბის დასასრულით და ცნობისმოყვარედ ჩავეკითხე
–მერე, მამაჩემს იმათმა დაასწრეს, – ხელში შემომაჩეჩა ჭიქა, – ლამაზი ქალები დავლოცოთ! – მითხრა და ორივე ლოყაზე გაუჩნდა ღრმულები.
თვითონაც შემომიერთდა და კიდევ რამდენიმე ჭიქა დავლიეთ ისე, რომ ხმა აღარცერთს ამოგვიღია. მხოლოდ გამომხედავდა ხოლმე და რამდენიმე წამით მაკვირდებოდა. იმდენად უხერხულად, რომ წამოდგომა მომინდა, მისგან შორს წასვლა. ღრმად ამოვისუნთქე, ვიგრძენი როგორ მომრეოდა ალკოჰოლი და ფრთხილად წამოვიწიე, რომ თავბრუ არ დამხვეოდა
–არ ადგე! – მომესმა უცებ და სანამ მუხლებში გაშლას მოვასწრებდი, მანამ მოასწრო ჩემი დაჭერა. მკლავზე ჩამავლო ხელი და უკან დამაბრუნა, – მოიცა, სად მიდიხარ..
–რა მოხდა? – ფრთხილად გავითავისუფლე ხელი მისი ჩაბღაუჭებული თითებისგან და უკან დავიხიე
–ხვდები ვინმეს? – ისე უნიათოდ ჩამეკითხა, მომინდა მეკითხა, თუ არ გაინტერესებს, რატომ მკითხე მეთქი, თუმცა პირი მოვკუმე და მხოლოდ თავი გავუქნიე უარის ნიშნად. მგონი არც დაუნახავს. მორიგი ზეთისხილი აათამაშა თითებში და ისევ ისე, პირით ჩემკენ შემობრუნდა
–რა ლამაზი ხარ იცი, მართა? – პირში ჩაიგდო შავი ბურთულა. ჯერ კბილებს შორის მოიქცია, მერე კი ცალი ლოყა გამოეზნიქა მრგვალად და ასე გაშეშდა. მიყურებდა თითქმის შუბლშეკრული, ზეთისხილით ლოყაგამოწელილი და ალბათ ჩემს პასუხს ელოდა. არ იყო ნორმალური. მახსოვს, სწორედ ეს გავიფიქრე მაშინ.
–იცის, – მომესმა ზურგსუკან ნაცნობი ხმა და მალევე გამითბა ზურგი.
თვალებმოჭუტული მიაშტერდა ჩემს უკან ჩამომჯდარს. ნელ–ნელა გააპარა მზერა კერ ჩემს ყელზე შემოხვეულ შიოს მკლავზე, მერე კი თვალი გაუსწორა. თან ნელა, მონოტონურად ჩაღეჭა პირში მოთავსებული ზეთისხილი
–კურკა დაგიტოვო, შიო? – ჰკითხა და უფრო მეტად მოექუფრა მზერა. რომ მეგონა მათ შორის დაძაბულობა ჩამოწვა, უცებ, ერთდროულად ატეხეს ხმამაღალი სიცილი და ისე შევხტი, ჩემს რეაქციაზე უფრო მეტად გამხიარულდნენ
–ბოდიში, მართა! – მიჩურჩულა შიომ დამშვიდდნენ თუ არა და თავზე მაკოცა. ბრაზით მოვიშორე მისი ხელი და წელში გავსწორდი. ისევ ერთმანეთში გაცვალეს მზერა და მომეჩვენა, რომ აღარ იყო შიო ჩემიანი. მერეც ხშირად გამჩენია ეს შეგრძნება, რადგან ასეც იყო. ცალკე, შიოსთან ყოფნისას ყოველთვის უფრო მეტად ვგრძნობდი სიმშვიდეს, მაგრამ როცა სამივე ერთად ვიყავით, სულ სხვაგვარად ხდებოდა ყველაფერი. დაახლოებით ისეთი შეგრნება მეუფლებოდა, როგორიც ბავშვობაში, საერთო მეგობრები ჩემ წინააღმდეგ რომ განეწყობოდნენ ხოლმე.
–უნდა წავიდე, – ამოვიჩურჩილე და ფეხზე წამოვდექი.
წამოვედი ხასიათგაფუჭებული. წამოვედი გაბრაზებული იმაზე, რომ ანრი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მეჩვენებოდა, რომ აღარაფერი იყო ძველებურად. მეჩვენებოდა, რომ მისი სითავხედეები ზედმეტად მიზიდავდა. მეჩვენებოდა, რომ მეც და კესოც შევცვლილიყავით მათთან ყოფნისას და იმ საღამოსაც, დამშვიდობებისას, სწრაფად გამოვეცალე ხელებიდან ჩემს საუკეთესო დაქალს. მინდოდა მათ, ყველას მოვშორებოდი და მონატრებული მარტოობა რაც შეიძლება მალე მეგრძნო.

***
სახლში მისულს არათუ მარტოობა არ დამცალდა, სტუმრებთან გვიანობამდე ჯდომაც მომიწია. ზურამ შეხედვისთანავე შემატყო სასმელის არც თუ ისე ცოტა რაოდენობა რომ მქონდა მიღებული და ღიმილით გადამხვია ხელი მხარზე
–დალიე, მა? – მაკოცა თავზე და თეაკოს გაბრაზებულ მზერაზე ჩაიხითხითა, – ცივი წყალი შეისხი და ისე გამოდი, თორემ ნახე დედაშენი რა დღეშია, ლამისაა გადმოსცვივდეს თვალები რომ გიყურებს ფეხი გერევა..
–ჩემს ოთახში რომ ვიყო? – დავიწუწუნე და კისერზე ჩამოვეკიდე. მეგონა ასე მოვულბობდი გულს, თუმცა არაფერი გამომივიდა
–მიხეილი და თავისი ბიჭი არიან, ხომ გახსოვს პატარა მიშო? სირცხვილია, მა, უნდა გამოხვიდე
–ვინ არის მიშო? – დავჯღანე სახე და მისაღებისკენ გავაპარე მზერა
–არ იცნობ არა მიხეილს შენ? – შეიცხადა ზურამ, – ჩემი გარე ბიძაშვილია.. მიშო კიდევ მიდი ბიჭი..
დანარჩენი აღარ გამიგია. ყველანაირად ვეცადე, რომ ფხიზელი გამომეტყველება შემენარჩუნებინა და მამაჩემის სანათესაოს ამბების მოკლე შინაარსი გაჭირვებით, ბოლომდე მომესმინა. თუმცა, ვერაფრით გავუძელი და ამ დროის განმავლობაში დაგროვილი კითხვებიდან ერთ–ერთი წამოვაყრანტალე
–მიხეილმა თავის შვილს თავისი სახელი რატომ დაარქვა, განდიდების მანია სჭირს?
–მართა, შედი ახლა და მოწესრიგდი! – წამიერად თეაკოს დაემსგავსა ზურა და აბაზანისკენ მიბიძგა.
მისაღებში შესულმა ბედნიერი ღიმილით მოვიკითხე ‘ნათესავები’ და თითქმის ჩემი ასაკისხელა, თმაგადაპარსულ მიშოს ჩამოვუჯექი გვერდით. სახეზე თითქოს მეცნო, ალბათ ნანახი მყავს მეთქი წლების წინ, გავიფიქრე და მართალიც გამოვდექი. როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში ერთად გვქონია გატარებული სააღდგომო და საშობაო დასვენებების პერიოდში თავისუფალი დღეები ბებია–ბაბუებთან. უფროსმა მიხეილმა ჩემი ეჭვიანობის ამბებიც დიდი სიხარულით გამიმხილა
–მიშო რომ დაიბადა, ოთხი წლის იყავი და მის სანახავად მოსულმა ისე ძლიერად მოუჭირე სახეზე ხელები, ნახევარი საათი ვასულიერებდით!
–რატომ? – შევშფოთდი საკუთარი საქციელით და პირზე ავიფარე ხელები. გვერდით მჯდარი მიშო კი ლაღად, უბოროტოდ შემომცინოდა.
–ზურამ რომ ჩაიხუტა გულში, ვერაფრით აიტანე, დე, – იცინოდა თეაკო
–აჰ, მაშინ გასაგებია! – კისკისით ავიქნიე ხელი
–მგონი ახლახანს ჩემი მოგუდვა ნორმალურ ამბად მიიჩნიე, – კოპები შეკრა მიშომ
–მაპატიე, ეჭვიანი ბავშვი ვიყავი. ახლაც მახსოვს, ზურა თუ სხვას მოეფერებოდა ხოლმე, მთელი დღე ხმას არ ვცემდი, – გავუმხილე და თმაზე გადასმული მამაჩემის ხელი რომ ვიგრძენი, მკლავზე დავწვდი. ლოყაზე თბილად ავიკარი და გავინაბე.
როგორც ხდება ხოლმე, ბავშვობის ამბებიდან ჩვენს მომავალზე ლაპარაკით გადაინაცვლეს. მიშო შემდეგ წელს აბარებდა თურმე. არ დამავიწყდება როგორი ენთუზიაზმით მიყვებოდა წინასწარ დაწყობილ გეგმებზე, ოცნებებზე კონსერვატორიის შესახებ და სხვადასხვა საკრავთა მნიშვნელოვნებაზე. თავად ფორტეპიანოზე უკრავდა და ბიძისა და მამის დაჟინებული მოთხოვნით შეგვისრულა კიდეც რომელიღაც ცნობილი კომპოზიტორის, რომელიღაც ნაწარმოები. ალბათ, იდეალურად. ზუსტად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მერე ასე მეგონა, გახსენებისას. მანამდე მორიდებულად მჯდარს, ისეთი თადაჯერებულობა შევატყე დაკვრის დროს, ვფიქრობდი, უნდა ამაყობდეს საყვარელი საქმის შესრულების დროს ასეთი გარდასახვა რომ შეუძლია მეთქი. თუმცა, ვაღიარებ, მაშინ დიდად არც მიშოს სამომავლო გეგმებით დავინტერესდი, არც მისი დაკრული ჩამრჩენია დიდხანს გონებაში და არც იმაზე მიფიქრია, რომ უფრო მეტად უნდა დავახლოებულიყავით. მგონი, ცხოვრებაში პირველად გამომადგა ჩემი ასეთი გულგრილობა. ამას მერე.. მოგვიანებით მივხვდი.. საშინლად რომ მომინდა იმ ერთხელაც არ მსტუმრებოდა მამამისთან ერთად ერთ ჩვეულებრივ საღამოს.

***
მიუხედავად კახისთან, შეკრებაზე გაჩენილი უცნაური გრძნობისა, უმეტეს დროს მაინც მათთან ვატარებდი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა სამსახური და დღედაღამ რუტინული, გადამღლელი სამუშაო გრაფიკისა და დაბალი ხელფასის გადამკიდე, მხოლოდ მათთან ყოფნა მიხალისებდა ცხოვრებას. ამიტომ, თითქმის ყოველ საღამოს ერთად ვატარებდით, ან კახისთან, ან საბასთან. ძირითადად შიო აისვეტებოდა ხოლმე ჩემს სამსახურთან საღამოს საათებში და ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას ვარიანტადაც არ განიხილავდა. „ჩვენებთან წავიდეთო,“ მეტყოდა და გზიდან წამში გადაუხვევდა ხოლმე. თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდა ამას. მერე მეც და ისიც, ერთად ჩავწვდით ჩვენივე ურთიერთობის ფილოსოფიას. მხოლოდ ასეთ შემთხვევებში გვქონდა საშუალება მარტო დავრჩენილიყავით და გველაპარაკა ისეთ რაღაცებზე, რასაც ხშირ შემთხვევაში დანარჩენები აბუჩად იგდებნენ. ვუთხარი კიდეც ერთხელ, მიყვარს მეთქი შენთან ერთად მგზავრობა
–ასე არც საბა გვიშლის ნერვებს, არც კესოსა და კახის კამათი გვესმის.. – დავამატე თან
–არც ანრის მზერა გაბნევს და თავისუფლად ხარ, – შემომცინა და ჩემს დაწვრილებულ თვალებზე გაეცინა. ყოველთვის ყველაფერს მატყობდა. ან, არ ვიცი.. შეიძლება ყველა მატყობდა და შიოსა და ჩემს დამოკიდებულებაში სულაც არ იყო საქმე
–პირველად მჭირს ასე, შიო..
–მთავარია ცუდად არ იგრძნო თავი, მართა!
–ჰო..
–ხომ კარგად ხარ? – ჩამეკითხა და გამომხედა
–კარგად ვარ..
–ხომ მშვიდად ხარ?
–მშვიდად ვარ, შიო..
–ეცადე დიდხანს შეინარჩუნო ეგ სიმშვიდე, მართა, კარგი? – თვალებში ჩამაშტერდა. თხოვნამ გაიჟღერა მის ხმაში, დაჟინებულმა და გულწრფელმა თხოვნამ და ინსტიქტურად თავი დავუქნიე.
სიმშვიდე ნამდვილად კარგი იყო. სიმშვიდე ნამდვილად ყველა ადამიანისთვის შვების მომგვრელი იყო, თუმცა ზუსტად რას გულისხმობდა შიო ჩემს მშიდად ყოფნაში, მაშინ საერთოდაც არ მესმოდა.

***
თავის მხრივ, მშვიდი იყო ანრიც. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანდა. მშვიდი, აუღელვებელი და იდუმალი.. თავისებურად ცივი და უცნაური. თითქმის ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც მშვიდ ურთიერთობასთან ასოციაციას იწვევდა. თუმცა, არასდროს ყოფილა მასთან ცხოვრება ასეთი. თავიდანვე.. ჩვენი ურთიერთბის დაწყებისთანავე მივხვდი, რეალურად რამდენად არაპროგნოზირებადი ხასიათი ჰქონდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტად სწორედ ამან მიმიზიდა მასში.
–მომწონხარ, მართა.. – მითხრა ერთ–ერთ კვირა დღეს, კახის მისაღებში, ჩემ წინ ჩამომჯდარმა და ეს ზუსტად ისეთივე ინტონაციითა და განწყობით გააკეთა, როგორითაც ორიოდ წუთის წინ საბას მიმართა სიტყვებით : „ტელევიზორის გადამრთველი მომაწოდეო,“ ამიტომ ცოტა დავიბენი და სანამ კითხვას შევუბრუნებდი, სახეზე დავაკვირდი
–ასე უბრალოდ? – გამეცინა ბოლოს და რატომღაც მოშორებით მჯდარ ბიჭებსა და კესოს გავხედე
–რა იყო, ნებართვა გჭირდება ვინმესგან, რომ ჩემთან ურთიერთობა გააბა? – სიგარეტს მოუკიდა და თითებს შორის მოიქცია. სანამ პირთან მიიტანდა, ხელი გაუშეშდა და ჩემკენ გამოსწია, – მოწიე..
–არ მინდა, არ ვეწევი, – გავუქნიე თავი და ოდნავ უკან დავიხიე
–მოწიე.. – თითებით ტუჩებზე შემეხო და წამში ჩემს ტუჩებს შორის გაჩნდა სიგარეტის ღერი ისე, რომ წამითაც არ მომშორებია მისი თითები სახიდან, – მიდი! – შემაგულიანა და ხველება რომ ამიტყდა ღიმილით დამისვა ლოყაზე ხელი. მაშინ არაფრად აღვიქვი მისი დაჟინებული მოთხოვნა, მერე კი, მოგვიანებით მივხვდი, უცნაურად იზიდავდა საკუთარი მავნე ჩვევების ჩემთვის გაზიარება. ყველაფერს ისე მაკეთებინებდა, როგორც თავად სჩვეოდა. თითქოს სურდა მისნაირი ვყოფილიყავი, ყველა სიტუაციაში, ყველა გარემოებაში.
–რას აკეთებთ მანდ? – გამოგვძახა საბამ და თავი რომ მივატრიალე, დავინახე, როგორ შემოგვყურებდა ყველა, ერთდროულად
–ყველაფერი რიგზეა. არა, მართა? – ისევ იღიმოდა. ისევ ჩაჩხვლეტოდა ლოყები და ისევ ლამაზად ეჭუტებოდა თვალები
–ასე აღარ მოიქცე! – გავაფრთხილე და მისკენ გადავიხარე. ისე გაირინდნენ ჩვენს უკან, ჩურჩული ვარჩიე, რომ ჩემი ხმა არ გაეგოთ, – მე არ მომწონხარ!
–დღეს მე გაგაცილებ სახლში.. – მიჩურჩულა თავადაც და ბოლი გამაღიზიანებლად მომაფრქვია სახეზე
–არ შეწუხდე, ჩემითაც შემიძლია სიარული
–გაგაცილებ რა, მართა, გეხვეწები.. – მოლბა უცნაურად და ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა. მაშინაც ზუსტად ასე წამიერად მომთაფლა, ვითომ თბილი.. უწყინარი ბიჭის გამომეტყველებით.
იმ დღეს მართლა გამაცილა სახლში.
მეორე დღესაც მან გამაცილა. „მეც აქვე ვცხოვრობო,“ ამით იმართლა თავი და ამიტომ მარტივად დავთანხმდი.
შემდეგ დღეებში აღარც უკითხავს ისე მსვამდა თავის მანქანაში. მეც მახსენდებოდა, რომ ერთი გზა გვქონდა და არ ვუძალიანდებოდი.
მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შევიტყვე, რომ არც ჩემკენ ცხოვრობდა და დიდად არც გოგოების სახლებში ტარების მოყვარული ყოფილა.
–აქამდე რატომ არ მითხარი? – ვუსაყვედურე მაშინვე შიოს, რომელსაც ჩემი მკლავი ჩაებღუჯა ძლიერად
–მართლა მოსწონხარ, მართა! – მიღიმოდა და ჩემს მაჯაზე შავი კალმით მონდომებით ხატავდა ლამაზ ფრანებს, – ნუ მიმოძრავებ ხელს..
–წესიერად არც კი მელაპარაკება, შიო, რა მოწონებაზეა საუბარი! – აღვშფოთდი და ცალი, თავისუფალი ხელი ავიქნიე
–წესიერად ანრი არავის ელაპარაკება, – გაეცინა და ამომხედა, – ელამაზე ალბათ, მართა, – ჩაიხითხითა და საკუთარ ნახატს მიუბრუნდა დიდი მონდომებით
–მასე მე შენც მელამაზები, შიო, მაგრამ ხომ არ მომწონხარ..
–მე და შენ სხვა ვართ..
–მაკოცა
–გაკოცა? – გაშეშდა და ამომხედა, – როდის?
–ჩუმად, თორემ კესო გაიგებს და გულს გამიწვრილებს! – აქეთ შევუტიე
–კესოს მაგივრად რომ მე მიყვები შენს კაცებზე ნორმალურია? – ჩაიფხუკუნა ისევ, – როდის გაკოცა მეთქი, მართა?
–ჩემი კაცი არ არის..
–როდის გაკოცა?
–ზაფხულში, რომ ჩამოვედით იმავე დღეს მომაკითხა სახლში, ქურთუკის წასაღებად..
–რა ქურთუკის? რა უნდოდა იმავე დღეს შენთან? – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და კოპები შეკრა, – წაიღო ქურთუკი, მართა?
ისე დაიძაბა, მაშინვე მივხვდი, რომ ამ დროის განმავლობაში ტყუილი ეჭვები არ მიღრღნიდა გულს. ახლა კი შესაძლებლობა მომეცა შიო ამელაპარაკებინა. რამდენიმე წუთი მის ჩაფიქრებულ სახეს ჯიქურ შევცქეროდი. ბოლოს, ყელში ამომივიდა და ხელისკვრით გამოვაფხიზლე
–მითხარი, რა ხდება..
–შენც მოგწონს? – მკითხა და მაშინვე შევატყვე ხასიათის უეცარი ცვლილება. წამის წინ მის მოწონება–არ მოწონებაზე სიცილითა და ეშმაკური მზერით მელაპარაკებოდა, ახლა კი სრულიად შეცვლოდა დამოკიდებულება
–შიო, მითხარი რა ხდება, – გავუმეორე ისევ ჯიუტად და ოთახში მიმოვიხედე. კესო და კახი ჯერ ისევ ოთახში შეყუჟულიყვნენ
–მომიყევი იმ დღეზე, მართა.
ვერაფრის მოყოლა მოვასწარი. სანამ ხმას ამოვიღებდი, მანამ გვესტუმრნენ საბა და ანრი. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩემ გვერდით ჩამოჯდა და ბარძაყი ისე ძლიერად მომაკრო ფეხზე, დივნის კუთხეში უხერხულად გავიჭედე
–რა სახე გაქვს? – მკითხა და მუხლზე ჩამომადო თითები. ისე, თითქოს ნაჩვევი იყო ასეთ ქცევას. მე და შიომ რომ ერთდროულად დავხედეთ ჩემს მუხლს, არც მაშინ გაუმახვილებია ყურადღება თავის საქციელზე. პირიქით, თითები აათამაშა და უნებურად, მთელი სხეული რომ ამითრთოლდა, წვივებიდან მენჯებამდე რომ დამაყარა ტაომ, ღიმილით გამომხედა და ჩემი ტუჩებისკენ დაიხარა
–ვფიქრობ, შემიძლია შიოსთანაც გაკოცო! – მიჩურჩულა, თუმცა იმდენად მკაფიოდ, რომ შიომ ხმამაღლა ჩაახველა
–შიოსთანაც? – ჩაგვეკითხა და ისე დამექაჩა ხელზე, უცებ შევკრთი, – ნახატი არ დამისრულებია! – შეუტია ანრის და ხელით ანიშნა, გაგვეცალეო
–რას ხატავთ? – დაინტერესდა ზედმეტად ხელოვნურად
–რას ხატავთ? – თავზე დაგვდგომოდა საბაც
–ნახეთ.. აქ სივრცეში გაბნეული ბევრი ფრანია.. ყველას ერთი ბოლო აქვს, გრძელი და ერთმანეთში გადახლართული. ყოველი მათგანი სხვადასხვავარი კუთხეებითა და ზომით გამოირჩევა, ყველა თავისი არჩეული მიმართულებით მიფრინავს, თუმცა ერთმანეთს რაღაც მანძილის მერე ვეღარ შორდებიან.. ყველა აქ იყრის თავს, ერთად.. – თითქმის იდაყვამდე ამაყოლა თითი და ღიმილით ამოხედა ბიჭებს.
–რამ დაგახატინა ეს, ბიჭო?
–მე და მართა ადამიანებზე.. მეგობრობაზე ვსაუბრობდით და რა ვიცი.. – აიჩეჩა მხრები და თვალებში შემომხედა, – ხომ მოგწონს?
–ძალიან! – გაბადრულმა დავუქნიე თავი და მოულოდნელად მისკენ გადავიხარე. ისე ძლიერად შემოვხვიე ხელები, წამით სუნთქვა შეეკვრა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა
–ეს მხოლოდ ფრანებია, მართა..
–მხოლოდ შენ გესმის ჩემი, შიო..
მოვშორდი თუ არა, კიდევ ერთხელ გავუღიმე და მოულოდნელად ისევ ვიგრძენი ანრის თითები, ამჯერად ჩემს წელზე
–ფრანები.. ერთმანეთის გულისა და გონების მესაიდუმლეები.. ცხოვრებით დატანჯული ადამიანები.. კაცმა არ იცის, რამ დაგტანჯათ, მაგრამ.. ბლა, ბლა, ბლა.. – ამოიბურტყუნა და ჩემს მხარზე ჩამოდო ნიკაპი, – ყველაფერი ძალიან ლამაზია, მშვენიერია, მაგრამ მე და საბას მოგვწყინდა. მართა, ახლა შეიძლება თეატრში წავიდეთ? – მისი სუნთქვა მელამუნებოდა ყურის ძირში და ვერაფრით ვახერხებდი მისი არომატის თავიდან ამოგდებას
–თეატრში? – გამიკვირდა და თავი მისი სახისკენ მივაბრუნე. ცხვირით ცხვირზე დავეჯახე და ასევე, მის სახეზე მიწებებული მივაშტერდი
–ჰო.. არ გიყვარს თეტრი? მითხარი რომ გიყვარს.. – უცებ მომშორდა, ფეხზე წამოხტა და მეც თან გამიყოლა, – წავედით ჩვენ.. შიო, მორჩი თერაპიას ლამაზ მართასთან თუ კიდევ რამდენიმე წუთი დაგიმატოთ? – ჩაეკითხა და თან დივნისკენ დაიძრა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ქურთუკის მოსატანად.
გავყევი. უკითხავად, უთქმელად გავყევი თეატრში და იმ ღამეს, მეორედ მივეცი ჩემთვის კოცნის უფლება.

***
დარბაზიდან გამოვედით. ერთმანეთის მხარდამხარ, ნელი ნაბიჯით გავიარეთ უკვე ჩაბნელებული ქუჩა და არც თუ ისე ხმაურიანი მანქანების წყვეგილ რიგს შევუერთდით. დროდადრო ჩაგვიქროლებდნენ ხოლმე გვერდით, უგემოვნო, ხმამაღალი სიმღერებითა და თინეიჯერებით გამოტენილი ფანჯარაჩაწეული სალონებით და ჩვენს წამიერ, სიტყვიდან სიტვას შორის არსებულ სიმყუდროვეს უკითხავად გვირღვევდნენ. ორიოდე სიტყვით განვიხილეთ სპექტაკლი, მსახიობების შესრულება და ჩვენთვის შთამბეჭდავი ეპიზოდები.
–რატომ გიყვარს ქუდები? – ვკითხე მერე
–ბავშვობიდან მოყოლებული ქუდებით დავდივარ. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს..
–ქუდი რომ გაფარია? – გამეცინა უნებურად
–ჰო. პატარაობაში შეგრძნება მქონდა ხოლმე რომ არ ვჩანდი.. რომ ერთიანად მფარავდა და ვინც ზემოდან დამყურებდა, ყველა მხოლოდ ფერად, მრგვალ სფეროს მისჩერებოდა ჩემი გამოცარიელებული ტვინის მაგივრად, – ამიხსნა სერიოზული სახით
–ახლაც ასე ხარ?
–ახლა უბრალოდ ჩვევაში გადამივიდა, – აიჩეჩა მხრები და ჩემკენ მობრუნდა, – სისულელეა.. ბავშვობაში ყველა სისულელეს იჯერებს ადამიანი და მეც ასე ვიყავი. შენ?
–რა, მე?
–შენ რისი გჯეროდა ბავშვობაში?
ჩავფიქრდი. მივხვდი, რომ არასდროს მქონია აკვიატება და უცებ ანრის ფერადმა ქუდებმა იმაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, ვიდრე აქამდე
–მე.. არ ვიცი.. – ამოვიბურტყუნე უკმაყოფილოდ.
ჯერ ისევ ჩაფიქრებული მივაბიჯებდი, უეცრად რომ მომხია წელზე ხელი და აგურის კედელს ამაკრა ზურგით.
–მინდა, რომ ჩემთან იყო..
დავიბენი. ისევ დავიბენი. რამდენი ხანი უნდა გასულიყო, რომ მის ასეთ ხმას, ასეთ შემოხედვას არ დავებნიე, არც ვიცოდი
–ასე უცებ.. ასე მალე არ შემიძლია.. რანაირად..
–რა არ შეგიძლია? – კოპები შეყარა. ასეთი გაღიზიანებული არასდროს მენახა ამ მომენტამდე
–ანრი..
–ჩემთან იქნები, ხომ ასეა, მართა? – ჯერ ისევ ცივი ტონით ჩამეკითხა და ჩემს ტუჩებთან დაიხარა
–შენთან ვიქნები, ოღონდ ადამიანურად უნდა მოიქცე, – გავაფრთხილე და მოვეხვიე. მანაც ძლიერად შემომაჭდო მკლავები და იმ დღიდან.. ჰო, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ამბავი.
ხომ აქვს ყველა ამბავს თავისი დასასრული. ხომ არის ამ ამბავთა უმეტესობა სიყვარულზე.. მე მეჩვენებოდა, რომ ჩვენი ამბავი სიყვარულის გარდა ყველაფერზე იყო. გვიან მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ნიშნავდა ჩვენს არანორმალურ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ..

***
ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, რამდენიმე კვირა არაფერი ვუთხარით ბიჭებს, არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. არც ის ვიცი, რა მაბრკოლებდა. მხოლოდ კესოს გავუმხილე, ანრისებური, ზედმეტად ჩვეულებრივი და აუღელვებელი ტონით და რომ გადაირია, ასე უბრალოდ როგორ მეუბნებიო, მერე მივხვდი უკვე რამდენად დავმსგავსებოდი. შეიძლება იქამდეც ვგავდი, შეიძლება ამიტომაც მოგვინდა ასე ძალიან ერთად ყოფნა.
–შემიძლია ძალიან დიდხანს ხმა არ გაგცე, გესმის ხომ ეს? – ჩემს მაგიდაზე მოკალათებულიყო კესო და თვალებს ისე მიბრილებდა, სიცილს ვერაფრით ვიკავებდი
–ნუ დამისვარე ყველაფერი, ჩამოსწიე ფეხები და ნუ ბრაზობ, არ მინდოდა ბიჭებს გაეგოთ ჯერ..
–რა საიდუმლო ეგ არის? – უფრო მეტად დაქაჩა ცისფერი თვალები
–თავადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი და იმიტომ!
–მთელი ცხოვრებაა ეჭვებში ხარ და ამიტომაც დარჩები შინაბერა, – გამომიტანა განაჩენი და მაგიდიდან ჩამოხტა, – კახის ვეჩხუბე..
–რა მოხდა? – წინასწარ მოვემზადე მისი თვითგვემისთვის, თუმცა გამიხარდა თემის ასეთი ცვლილება და კომფორტულად მოვკალათდი
–ჩვენი ჯგუფი რომ ვაპირებთ ქალაქგარეთ გასვლას, ორი დღით, იმასთან დაკავშირებით. ასე ამბობს, თქვენი ბიჭების უმეტესობა თქვენზე გიჟდება და ეჭვიანობისგან ვკვდებიო
–ასე არ იტყოდა კახი, – გამეცინა გულით
–იცინე, იცინე და ეგ შენი ანრიც რომ ხისთავიანი აღმოჩნდეს ვნახავთ როგორ ხასიათზე დადგები, – სარკესთან ჩამოდგა და ჩემი სუნამოების მიპკურება დაიწყო. ასე სჩვეოდა. ყველას ერთად შეისხამდა ხოლმე და რამდენიმე სუნი ამაზრზენად რომ აირეოდა ხოლმე ერთმანეთში, ბედნიერი დააბიჯებდა ოთახიდან ოთახში
–დაანებე მაგათ თავი, ყველა შენი დაცლილია მაქედან! – შევუღრინე რომ არაფრით გაჩერდა, – მეტი საქმე არ მაქვს შენნაირად სიყვარულით დავდნე და ყველაფერზე თავი ვუქნიო ანრის, თანაც, ანრი სულ სხვაა..
–ოჰ, უკვე როგორ ლაპარაკობს! – აკისკისდა და ახლა ჩოლკის სწორება დაიწყო, – ჰა, მოყევი წესიერად..
–რა მოვყვე?
უცებ მოსწყდა ადგილს, წინ ამესვეტა, ხელები შემომხვია წელზე და ცისფერი თვალების ჟუჟუნითა და გაპრანჭული ხმით ჩამეკითხა, – როგორია?
–რა?
–რა რა, გოგო, ანრი.. რა გჭირს, დაშტერდი უკვე?
–რა უნდა მოგიყვე, არ იცნობ? – დავეჯღანე მაშინვე
–მე მაგის ვერაფერი გავიგე! – მიპასუხა გულწრფელად
–რა ვიცი.. ნამდვილია..
–ნამდვილი?
–ჰო, ნამდვილი და ჩემნაირი.. ჩემებური. არ ვიცი.. არ ვიცი როგორია, – მოვიქუფრე და მომენტალურად ნერვებმოშლილმა, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ძლივს გასწორებული თმა ორივე ხელით ავუწეწე.

***
ღმერთო.. მართლა რა ნამდვილი იყო! ყველაფერი ისეთი ნამდვილი და ფერადი მეჩვენებოდა.. იმდენად ლამაზი, რომ შიშის გრძნობა მეუფლებოდა ხოლმე. თავად ანრიც მიხვდა ასე რომ ვიყავი, მაშინ.. შემოდგომის თბილ საღამოს რომ ვატარებდით ტრიალ მინდორში, ქალაქთან ახლოს..
–დამიჭირე! ანრი, ის პეპელა მინდა, დამიჭირე!
–მოვკლა? – მკითხა და გამიღიმა.
არ მომეწონა მისეული პეპლის დაჭერის გეგმა და ბრაზით გავუქნიე თავი
–ცოცხალი გინდა? თუ მაინც თუ უნდა გაახმო, რა მნიშვნელობა აქვს, მართა, – ამიხსნა მშვიდად და ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერს ტუჩები მოუჭირა, რომ ორივე ხელი გაეთავისუფლებინა
–არ მოკლა..
–კარგი, მოიცა..
–არ მინდა. ანრი, აღარ მინდა..
არ ვიცი რატომ გადავიფიქრე. მგონი მივხვდი, რომ მაინც მოვკლავდით და არ მომინდა
–ნუ ხარ პატარა ბავშვივით, მართა, ახლავე მოგიყვან..
–არ მინდა, შეეშვი! – დავპანიკდი, როცა მივხვდი რომ აზარტში შესულიყო. ყურადღებას აღარ მაქცევდა, ფრთხილად მიიწევდა ფოთლის წვერზე დასკუპებული დიდი პეპლისკენ და თითებს ისე უსვამდა ერთმანეთს, თითქოს ერთი სული ჰქონდა მათ შორის მოექცია მისი ფარატინა ფრთები
–ანრი..
–ჩუმად..
ფეხზე წამოვხტი და მისკენ გავიქეცი. დაუფიქრებლად შემოვხვიე მკლავები კისერზე და ზურგიდან ავეკარი. პეპელა დაფრთხა, ლამაზი ფრთები გააქნია და იმავე წამს ჰაერში აიჭრა, სწრაფად გაგვშორდა. ვიგრძენი როგორ გაეცინა ანრის და რომ არაფერი ეთქვა, მის კისერში ჩავმალე სახე
–მშიშარა მართა..
–არ ვარ მშიშარა, – გავბრაზდი და უფრო მეტად ავეკარი
–ჩემი მშიშარა მართა ხარ.. – მის ყელთან შეკრული მუშტები გამაშლევინა და ხელისგულები დამიკოცნა, – დიდი ამბავი, ერთ პეპელას თუ დავიჭერდით, როგორ მოგეწონა..
–არ მომეწონა
–შეგეშინდა, – მობრუნდა და ხელში ამიტაცა, – როგორ შეგეშინდა, რომ მოვკლავდი.. რა სასაცილო იყავი იცი, მართა? – ხარხარებდა და ჰაერში მაბზრიალებდა
–გაჩერდი, მეშინია არ დავეცეთ! – მისმა სიცილმა მეც ამიყოლია და ხმამაღლა ავკისკისდი
–აბა არ მეშინიაო? – დამსვა და ჩემი სახე მოიქცია ხელებში, – ძალიან ლამაზი ხარ, მართა..
მთელი სახე დამიკოცნა. ჯერ ნაზად.. სველი ბაგეებით მელამუნებოდა ათრთოლებულ ბაგეებზე, მერე კი ხარბად დამეწაფა და შიგადაშიგ, ამოსუნთქვის საშუალება რომ მქონოდა, ტუჩებიდან თვალებსა და ცხვირზე მატყობდა სიყვარულის კვალს.
ღმერთო.. რა ნამდვილი იყო.

***
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, არეული ვიყავი. ის კი გრძნობდა.
ანრი ყოველთვის, ყველაფერს გრძნობდა!
–საკუთარ თავში თუ არ ვიქნები დარწმუნებული, არც შენ დაგაძალებ რამეს, – მეჩურჩულებოდა ჩემს სხეულზე მოთავსებული, – მინდა იცოდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ.. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად ვართ.. მთავარი ისაა, რომ გეხები, რა გემართება.. მთავარია, რომ მენდობი.. მთავარი ისაა, ერთმანეთს როგორ ვუყურებთ.. ნამდვილი თუ გამოგონილი სიყვარულით..
–გამოგონილი სიყვარულით ყურება არსებობს საერთოდ? – გავაწყვეტინე და თავი წამოვაწევინე ჩემი მუცლიდან
–ყველანაირი ყურება არსებობს, მართა.. საერთოდაც, ჩვენ თვითონ ვარქმევთ ყველა გამოხედვას სახელს
–არ მომწონს ეგ ამბავი, – გამეცინა და დავსევდიანდი, შინაგანად. მან კი მანამდე ჩემს თეძოზე ჩავლებული ხელი გამოსწია ჩემი სახისკენ და ხელისგულში, ერთიანად მოიქცია ჩემი სახე
–რას აკეთებ? – ავფართხალდი, თუმცა არაფრით მომშორდა მისი თითები
–გაგიშვებ თუ არა სიყვარულით შემომხედე, გესმის, მართა?
არაფერი ვუპასუხე. ფრთხილად დავეხსენი და კოპები შევკარი. მან კი გამიღიმა და ზემოთ ამოჩოჩდა. მაისურს ზემოდან, მკერდზე მაკოცა
–თუ მოგვწონს როგორც გვიყურებენ, იმ გამოხედვას ვარქმევთ სახელს. ხომ გაგიგია, სიყვარულით მიყურებდაო. სინამდვილეში შეიძლება შენ გინდოდა რომ ის თვალები სიყვარულით მომართული ყოფილიყო შენკენ. ან, საერთოდაც, შეიძლება მას მოუნდა რომ ასე გეფიქრა.. მოკლედ, მზერა მატყუარაა. მატყუარაადა ამიტომ გთხოვ, რომ არასდროს მომატყუო საკუთარი მზერით
–ანუ, ახლა შეიძლება შენი გამოხედვა ტყუილი იყოს? - იმედები გამიცრუა მისმა სიტყვებმა. ალბათ, იმიტომ, რომ მეჩვენებოდა, ზედმეტად თბილად მიმზერდა. ნეტავ, მე მინდა რომ ასე იყოს თუ თავადმეთქი, გავიფიქრე და იმავე წამს მივხვდი, რომ მის სიტყვებს უნიათოდ ჩავებღაუჭე. არ მომეწონა, მაგრამ მაინც გულამდე მივიტანე
–როგორ გიყურებ? – თავი კიდევ უფრო ახლოს მოსწია. ცხვირით კინაღამ სახეზე დამეჯახა, მაგრამ არ შემხებია. ცოტაც და მეგონა, წამწამებით გადავებმეოდით ერთმანეთს. მაგნიტებივით მივიზიდავდით ერთმანეთის კანებს და ამის გაფიქრებისას, შემეშინდა.. შემეშინდა, რომ ისე მივეკრობოდით, მერე განშორება შეუძლებელი გახდებოდა. რომ არაფერი ვუპასუხე, ისევ გამიმეორა კითხვა
–მართა, რას ხედავ ჩემს მზერაში?
–სურვილს.. სურვილს და სევდას..
–რის სურვილს? – გაუკვირდა, თუმცა არ უარყვია, რომ სევდიანი იყო
–ზუსტად არ ვიცი, – ავიჩეჩე მხრები და გამეცინა. გავიფიქრე, ფილოსოფოსოფაღა გვაკლდა მეთქი, – რაღაც დიდი..
–დიდი მისიის აღსრულების! – თითქმის ყვირილით შემაწვეტინა და სახე გაუბრწყინდა. მივხვდი, იმ წამს მოიფიქრა, სიტუაციას რადგან უხდებოდა, თორემ თვითონ ჩემზე კარგად იცოდა, არანაირ დიდ მისიას რომ არ აიკიდებდა მხრებზე. თან, თავისივე სურვილით
–დიდი რამის გაფუჭებას ვგულისხმობდი, მაგრამ თუ ასეთი განდიდების მანიით ხარ შეპყრობილი, კი ბატონო, მე მჯერა შენი! – ავიბზუე ტუჩები
–ეჰ, მართა.. რა უაზროდ არიგებ თურმე შენ მდიდარ სიტყვებს, – ხასიათი გაუფუჭდა. ჩემკენ გამოიხარა, წელზე მომხვია ხელები და ისევ მუცელზე მომაკრო თავი, – მე არ გეტყვი, რომ თავისუფალი არჩევანი გაქვს, მართა..
–რას გულისხმობ?
–სხვა კაცებს
–გეყოფა..
–მაშინ ადრევე უნდა წასულიყავი. ახლა, ახლა ასე მცირე დროში ისე შეგეჩვიე, შეიძლება შენი მოკვლა მომინდეს, თუ ვინმეს გამო მიმატოვებ!
–შენ მე არ მომკლავ, ტყუილად იმუქრები..
–არც მითქვამს, რომ მოგკლავ, – უფრო მეტად დაუსერიოზულდა ხმა, – საერთოდ არ იცი მოსმენა, მართა!
–ეს შენ არ იცი ადამიანურად ლაპარაკი!
ფრთხილად მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი.

***
მერე.. მათაც გავუმხილეთ ჩვენი ერთად ყოფნა.
–ეს ჩემი მართაა, გაიცანით! – ხელი მომხვია და ვიგრძენი, როგორ ავეკარი მისი მენჯის ძვალს
–ვიცნობთ, ანრი, – გაეცინა შიოს და თვალებში შემომხედა. ზუსტად ისე, როგორც იმ საღამოს, წვეულებაზე რომ მიყურებდა, როცა ვაკოს, კახის არც თუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე ძმაკაცს ჩემთან სიახლოვის უფლება მივეცი. მაშინ.. მაშინ მითხრა, რომ იმედგაცრიუებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისთვის სასმელის გამორთმევას გულისხმობდა. ნეტავ, ამ შემთხვევამაც იმედი გაუცრუა?
–იცნობთ, მაგრამ არა როგორც ჩემს მართას! – შეეკამათა პასუხად ანრი და ხელი უფრო ძლიერად მომხვია.
არც კი ვიცი, იყო კი ნორმალური, რომ მისი ასეთი მესაკუთრეობა ნორმალურად აღვიქვი და მხოლოდ გავუღიმე? ალბათ, არა.. ალბათ არაფერი იყო ჩემსა და ანრის ურთიერთობაში ნორმალური.
ამის მერე დასჩემდა ჩემი თანდასწრებით მესამე პირში ლაპარაკი, ისე ლაპარაკი, თითქოს იქ არც ვიყავი.
“ჩემი მართა უაზროდ ბრაზობს..“
„ჩემი მართა ყველა სიტყვას სათუთად არჩევს.“
„ჩემს მართას ყველაზე გრძელი წამწამები აქვს“
„ჩემი მართას თვალები ყველაზე მეტად კაშკაშებს ქვეყნად..“
–ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს არც ვარსებობდე, – ვუსაყვედურე ერთხელ და ძლივს მოვიგერიე მისი გამოწეული მკლავები, რომ არ მომხვეოდა
–არ არსებობდე? – თითებში ჩამავლო ხელები და ორივე ხელის ზურგი დამიკოცნა
–ჰო.. ხომ მხედავ, ხომ აქ ვარ!
–შენ ყველგან ხარ, მართა!
–შენი მართა არ ვარ.. არავის მართა არ ვარ.. – მაინც ვერ მოვისვენე.
როგორ შეიძლებოდა დაბადებიდან, პირველივე დღიდან ვინმეს მივესაკუთრებინე. ჯერ ჩემს მშობლებს, მერე კი ანრის.. თითქოს არჩევანი არ მქონდა. თუ ადამიანისთვის ძვირფასი გავხდებოდი, აუცილებლად მისი უნდა მრქმეოდა. მეც ხომ მიყვარდა ანრი.. მეც ხომ მასავით ვგიჟდებოდი მის სურნელსა და ღიმილზე, მეც გული მიჩქარდებოდა თუ თითებსა და ტუჩებს დაატარებდა ჩემი სახიდან სხეულზე, სხეულიდან კი ისევ სახეზე.. თუმცა.. თუმცა ვიცოდი, რომ ვერ მივისაკუთრებდი. შეიძლება სწორედ ეს არ მომწონდა.. რომ მას შეეძლო ჩემი ერთიანად შთანთქმა, მე კი არა. არც მაშინ და არც მერე, მისი ცოლი რომ დამერქვა. არც მერე, ჩვენი შვილი რომ გავაჩინე. არც მერე, რომ დავრწმუნდი, ჩემ გარდა არავინ აღარ სურდა.
ეს იყო სხვაობა ჩემსა და მას შორის. ჩემი ყველა ამ ნაბიჯის გადადგმით, უფრო მეტად ვხდებოდი ანრისი.. ის კი.. ის არ ვიცი, მგონი საკუთარ თავსაც არ ეკუთვნოდა ბოლომდე არასდროს. მაგრამ იმდენად ბევრი იყო.. იმდენად ყველგან იყო გაბნეული მისი აურა, მეგონა მუდამ თან დამყვებოდა. მეგონა არასდროს მტოვებდა, მარტოობისასაც კი, და ეს მომწონდა. მაშინ მივხვდი, სულ რამდენიმე თვეში, რომ აღარ შემეძლო მის გარეშე.

თავი 4
***
შიოს მზერას თუ დავუჯერებდი, რაღაც რიგზე ვერ იყო. ყოველ ჯერზე.. ყოველ შემოხედვაზე ამას ვგრძნობდი და უსიამოვნოდ მიძვრებოდნენ ეჭვის ჭიები მთელ სხეულში. კიდევ რამდენიმე ასეთი შეხვედრა და ვეღარ გავუძელი, ამიტომ ერთ–ერთ კვირა საღამოს, საბას მისაღები ოთახიდან გარეთ გასულს ჯერ თვალებით დავედევნე, მერე კი სწრაფად დავეხსენი ანრის მკლავებს და ფეხდაფეხ მივყევი უკან. სანამ გვერდით ამოვუდგებოდი, მანამ იგრძნო რომ ლაპარაკი მინდოდა და ღიმილით გამომხედა:
–ყველაფერი რიგზეა, მართა!
ისეთი ტონით მითხრა, თითქოს გაზეპირებულ სიტყვებს ისროდა, სულ არაფრისთვის. მით უმეტეს, რომ ჯერ ხმაც არ ამომეღო, კითხვაც კი არ დამესვა მისთვის
–მეგონა ყველაფერზე შეგვეძლო ლაპარაკი, – აღვნიშნე და მხარზე მივეკარი. შეხება ხომ ერთგვარი სიგნალივითაა. თუ ადამიანს საუბრის დროს ეხები, ესე იგი ენდობი. მხრით რომ მხარზე მიეკრობი, სითბოს გაუზიარებ, დაგროვილ ენერგიას გადასცემ.. ეს ნიშნავს, რომ რაღაცად გიღირს.. რომ უცხო არ არის. ამიტომ, რაც შეიძლება მჭიდროდ მივეკარი და მივხვდი, რომ ეს სიახლოვე ახლა მე უფრო მჭირდებოდა სინამდვილეში
–ასეც არის.. – დამეთანხმა და სიგარეტის ღერი მეორე ხელში გადაიტანა. მართალი აღმოვჩნდი. ჩვენი სიახლოვის დარღვევა არც მას სურდა.
–ჩემი ანრისთან ყოფნაშია საქმე.. არადა, თავად მითხარი მოსწონხარო.. ხუმრობდი კიდეც ამაზე, ჩემთან ერთად.. მერე კი ეს მზერა.. კარგი რა, შიო, თავს ნუ ისულელებ! – გავუბრაზდი, თუმცა სუსტად
–ვიცი, რომ თავად გითხარი, მახსოვს, – გაეცინა ჩემს გაკაპასებაზე
–არ მეტყვი რატომ არ მოგწონს ჩვენი ერთად ყოფნა?
–მე ვთქვი რომ არ მომწონს? – გაიკვირვა და ახლა ნამდვილად ამარიდა მზერა
–არ გითქვამს, მაგრძნობინებ, ყოველ ჯერზე.
ერთი გამომხედა და მობეზრებით ამოისუნთქა. მიხვდა, თავს არ დავანებებდი.
–ორივე მიყვარხართ, მართა.. ანრი ჩემი ძმაა, ჩემი ადამიანია და შენც.. ჯანდაბა, შენც ისეთი მნიშვნელოვანი გახდი ჩემთვის, არ შემიძლია თქვენი ერთად ყოფნა არ მომეწონოს!
–ვერაფერი გავიგე, შიო, – შევაჩერე მოულოდნელად, – რაღაცას არ მეუბნები. გგონია, რომ ულწრფელი არ არის? გგონია არ უნდა მიმეცა ამ ურთოერთობისთვის შანსი?
–ჰო.. ჰო, არ ვიცი. არ ვიცი, მართა. ვერ გეტყვი ანრი დაივიწყე მეთქი. მინდა გითხრა, მაგრამ იმდენად ჩემია.. ვერ გეუბნები
–რატომ გინდა? – გამეცინა სიმწრით, – რატომ გინდა ამის თქმა? თავიდან ხომ..
–რაღაცები შეიცვალა, მართა.. რაღაც ეჭვები მაქვს და არ მინდა.. კაროჩე რა, დაივიწყე
–შიო, მომხედე, – ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა, – არ მინდა ანრის გარეშე, აღარ მინდა და იცოდე.. იცოდე თუ რამე ისეთი იცი, რაც მასთან ყოფნას არ ამართლებს და ჩუმად ხარ..
–მართა.. მართა! – შემაწყვეტინა და პირზე ამაფარა ხელი, – არ მინდა მართალი აღმოვჩნდე ამ ჩემი ეჭვებით. მინდა ისე იყოს, როგოც თავიდან ვფიქრობდი.. – გამიღიმა სევდიანად, – მინდა ისევ ვფიქრობდე, რომ დაგინახა, მოეწონე, შეუყვარდი და ამიტომ დაგტრიალებდა სულ თავზე..
–აბა.. აბა, სხვა რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო? – ისევ გამეცინა, ნერვიულად. მთელი ის დრო უაზროდ ვიცინოდი ყველაფერზე, თითქოს ამით მისი სიტყვების აბსურდულობაზე მინდოდა ხაზგასმა. მან კი თვალი თვალში გამიყარა და ვიგრძენი, როგორ დამიბრუნდა ჩემეული შიო
–შენ არ გჭირდება ჩემგან რამის გაგება. ისედაც ჭკვიანი გოგო ხარ, მართა!
–მომეხვიე.. – ვთხოვე და მერეც ხშირად ვთხოვდი ხოლმე ამას, როცა თავს გამოფიტულად ვგრძნობდი. საოცარი ენერგიის გადმოცემა იცოდა ხოლმე. ან, მე მეგონა ასე.. მგონი სხვას არც არავის ეხვეოდა არასდროს ისე, როგორც მე. ძლიერად ჩამიხუტა. ზურგზე ამისვ–დამისვა ხელები და ღმად, შვებით ამოისუნთქა ჩემთან ერთად.
–იცი, ზოგჯერ მგონია, რომ არსებობის ყოველი წუთი ერთად გვაქვს გატარებული..
–იქნებ ასეც არის, იქნებ უბრალოდ ჩვენ ვერ ვგრძნობდით და სინამდვილეში ერთად განვიცდიდით.. ერთად გვიხაროდა, – ჩავფიქრდი სერიოზულად
–ახლა ცოტა უძილო ვარ, ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე, – დამპირდა და მივხვდი, თავადაც არანაკლებ დაინტერესდა ჩვენი საერთო ბედით
–ხვალინდელი დღე მთლიანად ანრისია, – გავაფრთხილე წინასწარ და კარისკენ წავედი
–ღამე? ღამეც ანრისია? – უკვე ოთახში ვიყავით ეს რომ მკითხა და ოთხი წყვილი თვალი მობრუნდა ჩვენკენ
–უკვე ჩვენ ღამეებზეც ალაპარაკდით, მართა? – ეშმაკურად ჩამეკითხა ანრი
–ჰა ჰა, – გამოვაჯავრე და შეგრძნება გამიჩნდა, რომ სიმშვიდიდან ისევ არეულ ყოფაში გადავინაცვლე. მერე მივხვდი, რატომაც.. ზურგსუკან შიო აღარ მედგა, მის სუნთქვას ვეღარ ვგრძნობდი. მას უკვე ოთახის ბოლოსკენ გადაენაცვლებინა საბასთან ლაპარაკში გართულს, მაშინ, როცა მე ანრის სიცივეგამჯდარი სხეული მერგო წილად.

***
იმის გამო, რომ თითქმის მთელ თავისუფალ დროს მათთან ვატარებდი, ერთ–ერთ დილას თეამ პროტესტის ნიშნად ხმა არ გამცა. იმავე დილას აღმოვაჩინე, რომ თურმე უკვე რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა, მე კი.. მე ვერც შევნიშნე. იმდენად არ მესმოდა დედაჩემის, მისი წყენაც ვერ შევამჩნიე. ისევ ზურამ მანიშნა მის ამაყ, ბრაზმორეულ მზერაზე და იძულებული გავხდი მიზეზი გამერკვია. მაგიდასთან, მათ შორის ჩამოვჯექი და მამაჩემი დასხმულ ყავას ჩავაშტერდი
–დე, რამე მოხდა? – ვიკითხე და საკუთარ ანარეკლს გავუსწორე თვალი მისი სახის მაგივრად
–აღარ გინდა შენ აღარც დედა და აღარც მამა! – დაასკვნა თეაკომ ბრაზით
–შენ რა იცი? საიდან მიხვდი? – გამეცინა მაინც
–მართა! – გამაჩერა ზურამ და პატარა ბავშვივით დამიქნია თითი. თეამ რომ იგრძნო მამას მხარდაჭერა, მეტად მიეცა გული და თავიდან შემომიტია
–სახლში მოდიხარ, გამოიცვლი, გამოიძინებ და ისევ გადიხარ. აღარ გინდა შვილო ოჯახი?
–თეაკო, ბებიაჩემივით რატომ მელაპარაკები?
–რას გიშვება ის ბიჭი მასეთს, ჩვენთან ყოფნა რომ აღარ გინდება?
–ანრი? – ჩავიფხუკუნე ჩუმად და ყავა მოვსვი
–ჰო, ვინც არის!
–ანრია, დედა, ანრი.. არაფერს არ მიშვება, უბრალოდ შემიყვარდა..
პირველად ვთქვი მაშინ ანრიზე, რომ შემიყვარდა. ისე მეუცხოვა საკუთარი ნათქვამი, რომ უნებურად კიდევ რამდენჯერმე გავიმეორე, ისე რომ დედაჩემის გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია
–შემიყვარდა.. ანრი შემიყვარდა.. ჰო, დე, შემიყვარდა!
–როგორ დავტოვოთ ახლა ეს აქ, ასე შეყვარებული? – გადაირია ზურა და სახეში ჩამაშტერდა. მის კითხვაზე ისეთი გულიანი სიცილი ამიტყდა, ძლივს ამოვღერღე ორიოდ სიტყვა
–სად მიდიხართ?
–კიევში, დედაშენის დეიდაშვილთან, – ინსტიქტურად მიპასუხა ზურამ და იმავე წამს გაბმული სჯა–ბაასი გააბა თეაკოსთან ჩემს მარტო დატოვება– არ დატოვებაზე
–გასაგებია რომ თქვენი ერთადერთი შვილი ვარ, მაგრამ უკვე ყელში ამომდის ამდენი მზრუნველობა, ამიტომ ძალიან გთხოვთ.. მალე ჩალაგდით და ლია დეიდას რომ ნახავთ, გემრიალად ჩამიკოცნეთ! – მხარზე დავკარი ზურას ხელი და სწრაფად დავტოვე სამზარეულო.

***
შემდეგ დღეებში უამინდობა დაიწყო. შეიძლება ჩემი და შიოს ერთობლივი დასკვნა მართალიც კი იყო იმის შესახებ, რომ ბუნება ყოველთვის ხვდება ადამიანების განწყობას და ახლო მეგობარივით ეხმიანება მათ. ხოდა.. ალბათ იმ დღეს ყველა ზედმეტად უხასიათოდ ვიყავით.
ცივი დღე იყო, ქარიანი, საბა კი არაფრით გვთანხმდებოდა ფანჯრების დაკეტვაზე. სავარძელში ჩასვენებულიყო, ფეხებგაშლილი, უდარდელი სახით და რამდენჯერაც ორპირ ქარზე დავიწუწუნებდით, იმდენჯერ ხმამაღლა შემოგვიღრენდა ხოლმე. თუმცა, ბოლოს მასაც მობეზრდა კესოს წუწუნი და მხოლოდ ერთი, პატარა ფანჯარა დატოვა ღია. ჯერ ისევ უკმაყოფილო კესო კი კახის მკლავებში მოკალათდა, ზედ აეკრო და მას მერე დიდი ხანი აღარც მოშორებია, მგონი მთელი საღამო ასე გაუნძრევლად ისხნენ ერთ ადგილას.
–გიფიქრია როდესმე იმაზე, რამდენად ჯიუტი ხარ? – დაინტერესდა შიო რამდენიმეწუთიანი ჩუმი დაკვირვების მერე
–რა შუაშია სიჯიუტე, ბიჭო. თავი მისკდება, ჩახუთულობა უფრო მეტად ამატკიებს, ამიტომ მაცადეთ და მოისვენეთ!
–როდის იყო ჰაერი თავის ტკივილს აყუჩებდა? – გადაიკისკისა კესომ
–აბა, რა აყუჩებს, კეს? კახი?
–შენთვის არა! – ვალში არ დარჩა კესო და ენაც გამოუყო.
ყველას ერთდროულად გაგვეცინა მის ბავშვურ საქციელზე
–რამ აგატკია თავი? – ვკითხე და ანრის გამოწვდილ ხელს შევაგებე თითები. გვერდიგვერდ ვიხსედით, თუმცა თითქმის არც ვეხებოდით ერთმანეთს. ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან ჩემი ხელი და ხელის ზურგზე გამიხახუნა ცხვირი რამდენჯერმე. მერე უკან, ჩემს მუხლზე დააბრუნა და იქვე, მუხლისთავზე შემომაჭდო ცივი თითები
–აი, ამან! – თავის ქნევით მანიშნა საბამ ტელეფონში ჩამძვრალ თემუკაზე და გაღიზიანებით ჩაიქირქილა რაღაც
–რატომ არ დამანებებ თავს? – გადაღლილი სახით ამოხედა უფროს ძმას და ისეთი სევდიანი მზერა მოგვატარა ყველას ერთად გარშემო, ძალიან მომინდა მოვხვეოდი
–დადიხარ დაშტერებული და მაგიტომ მომიყენე ჩემი მანქანა ცალი სარკით! – წამოენთო უცებ და გინებითა და სხვა ათასი უხამსი სიტყვით შეამკო თემუკა. ისე ანერვიულდა, თითქმის ბოლომდე წამოიწია სავარძლიდან. ერთიანად წამოწითლებულმა მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დაავლო ხელი და სწრაფად მოუკიდა, – გამოაღე ის ფანჯარა, ადექი!
–ეგ კი არ დადის დაშტერებული, შენ ხარ ს*რი, თექვსმეტი წლის ბავშვს რომ მანქანას ატან, – ღიმილით დაამშვიდა ანრიმ და მუხლზე ძლიერად მომიჭირა ხელი
–არ ვიყავი ფხიზელი და მაგით ისარგებდა, თორემ ხომ იცი, არასდროს ვატან, – თავი იმართლა და ისევ შეუბღვირა ფეხზე წამომდგარ ძმას, – სად მიდიხარ?
–ლაშასთან, შეიძლება? – თვალები მობეზრებით აატრიალა თემუკამ და ჩვენკენ წამოვიდა. ანრის წინ ჩაიმუხლა და თითქმის შეფარვით გახედა თვალებდაწვრილებულ საბას, – სახლში წავალ მერე, აღარ მოვალ აქ..
–ჰო, ასე აჯობებს!
–დღე და ღამე მიბღვერს, – ჩაისისინა და ანრის მიაშტერდა მავედრებელი მზერით
–მითხარი, რა გინდა, – გაეცინა მასაც და თავის ქნევით შეაგულიანა
–შენთან რომ დავრჩე ისევ? მხოლოდ დღეს ღამით, ძმურად რა. სახლში იციან რომ აქ ვრჩები, საბასთან, მარა შეიძლება დილამდე ვერ მოვიდე და გაგიჟდება ეს.. – უჩურჩულა და ანრის ღიმილზე სახე გაებადრა. მიხვდა, უარის თქმას რომ არ აპირებდა.
ოდნავ დაუქნია თავი, სულ ოდნავ და კისერდაგრძელებული საბასკენ ზანტად მიბრუნდა
–რა უნდა?
–მოსაწევი უნდოდა! – სიტუაციიდან ‘გამოაძვრინა’ ანრიმ და საბას წამოხტომაზე ხმამაღლა გადაიხარხარა
–ანრი! – ავკისკისდი მეც და გამწარებულ თემუკას უკან მიდევნებულ საბას გავაყოლე მზერა
–წავიდეთ რა.. – ჩემკენ გადმოიხარა და მხარზე შემეხო ტუჩებით, – წავიდეთ მე და შენ სადმე..
–სად, ანრი?
–ამათგან შორს!
–აქ მაინც არ ვისხდეთ, – შეიცხადა შიომ და ტელევიზორს ინტერესით მიაშტერდა
–აი, ხომ ვამბობ მეზედმეტებიან მეთქი.. – სიტყვა გაუწყდა ანრის, რადგან შიომ ზედმეტად ხმამაღლა აუწია ტელევიზორს. იმდენად ხმამაღლა, რომ კესომ უკმაყოფილოდ წამოიკივლა. დანარჩენები კი ინსტიქტურად მივაშტერდით ეკრანს. ახალ ამბებს აცხადებდნენ, რომლის მიხედვითაც თაფლობის თვის გასატარებლად, ეგზოტიკურ ქვეყანაში წასული ქართველი წყვილიდან ერთ–ერთი ამოუცნობი მწერის მიერ მომაკვდილებელი შხამით დაღუპულიყო. თან მათი ერთობლივი, ლამაზი სურათებიც დაურთეს და რომელიღაც ჩემთვის მივიწყებული, თუმცა ლამაზი მელოდია ააჟღერეს
–რაღა ახლა მოუვიდათ.. – ამოილაპარალა წყენით კესომ და თავი კახისკენ მიაბრუნა. არასდროს უყვარდა არასასიამოვნო ამბების გაგება. ახლაც, ისე ამოისუნთქა, მოარიდა თუ არა სახე ეკრანს, თითქოს უკვე მომხდარი ამბავი წამსვე გადაავიწყდებოდა
–რა მნიშვნელობა აქვს როდის მოუვიდათ, ასე უფრო ლამაზად და დრამატულად ჟღერს! – ჩემი კულული დაიხვია თითზე ანრიმ და ოთახში შემოსულ საბას თავის დაკვრით შეეგება
–რა არის უფრო ლამაზი და დრამატული? – გადაირია კესო
–ვიღაც ბომჟი ტიპი რომ მომკვდარიყო, მასე კი არ მოგეღუშებოდა სახე. ახლა დიდი თუ პატარა, ყველა გამოიგლოვებს, ნახე რა ლამაზები ყოფილან.. როგორ წავიდნენ თაფლობის თვის გასატარებლად იმ დედამოტ*ნულ ქვეყანაში და რა ყოფილა მაგათი ბედი! – როლში შეიჭრა ანრი და თმაზე ისე დამექაჩა, უკმაყოფილოდ ჩავავლე მაჯაზე ხელი
–უგულო ხარ? – თითქმის აუცრემლიანდა თვალები კესოს
–დამშვიდდი, კეს, რა მოგივიდა, არ იცნობ ანრის? – გაეცინა კახის და სახე დაუკოცნა, – შენ კიდევ, ნუ უშლი ნერვებს, თუ ძმა ხარ..
–კარგი ბატონო, გამოვიტიროთ მაშინ ეს უცხო ხალხი! – გაეცინა ანრის გულით
–თავს ნუ გვაჩვენებ თითქოს არაფერს განიცდი, – ადმოხედა შიომ და ოდნავ ჩაეღიმა
–რა უნდა მადარდებდეს, უცხო ხალხის უბედურება?
–ჩვენხელები არიან, ანრი, – ვერ მშვიდდებოდა კესო
–ახლა სლუკუნებ, მერე გახვალ კახისთან ერთად იმ საძინებელში და ისე დატკბები სიყვარულით მასთან ერთად, სულ არ გაგახსენდება ეს წყვილი. არ გინდა რა, კესო!
–რანაირად ხარ ამასთან? – გამომხედა კესომ ბრაზით.
ჩამეცინა. სიმწრით ჩამეცინა. ვერ მივხვდი მისი საყვედურივით წარმოთქმულ კითხვას. თითქოს იმის მიხედვით ვარჩევდეთ ადამიანებს შესაყვარებლად, რომელს უფრო კეთილი გული ექნება. იმ წამს იმდენად შორს უტი კესო ჩემგან, ხმის ამოღების სურვილიც არ გამიჩნდა. ჩემს კისერზე ჩავლებული ანრის ხელს დავწვდი და ლოყაზე ავიკარი. თითის წვერები ამითამაშა სახეზე, მასთან ახლოს მიმწია და მომეჩვენა, რომ კესოს კითხვამ გაამხიარულა. უცნაური ჟინით შეპყრობილმა შემომხვია წელზე ხელები, ჯიუტად გაუშტერა კესოს მზერა და მასთან კამათი განაგრძო. თავიანთთვის კამათობდნენ. თითქოს ორივე სხვადასხვა მიზნით. კესო საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ ადამიანობა შეეძლო. ადამიანობა ისეთ დონეზე, რომ უცხო შესცოდებოდა, რადგან სიყვარული უყვარდა.. რადგან უადრესი სიკვდილის შიში ჰქონდა. ანრი კი საკუთარი თავით გადაღლილ კაცს მაგონებდა, არაფრის არსებობა რომ აღარ ანიჭებთ სიამოვნებას და თავის გასართობად სწორედ კესოსნაირებთან კამათი სჩვევიათ. იმდენად არ ჰგავდა საკუთარ თავს, მინდოდა მისკენ შევბრუნებულიყავი და მეთქვა, რომ ფუჭია ყველა მცდელობა, დაამტკიცო, რამდენად არ გაინტერესებს სამყაროსში მბრუნავი ამბები მეთქი. თუმცა, ძნელი მისახვედრიარ იყო, რომ ასე კესოს კითხვის გამო იქცეოდა. მივხვდი, ბოლომდე ჩაეშვებოდა ფსკერში საკუთარი გამოგონილი, მახინჯი აზროვნებით, ოღონდ კესოსთვის დაემტკიცებინა, რომ რამდენად არაადამიანიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც შეეძლო ჩემთან ყოფნა. თითქოს ამის დასამტკიცებლად, შიგადაშინ ძლიერად მიჭერდა წელზე შემოხვეულ მკლავებს და მესაკუთრესავით მიკოცნიდა მხარსა და ლოყებს. და მაშინ, იმ დღეს გამიჩნდა გრძნობა, რომ ანრი კესოზე მეტად იაზრებდა და განიცდიდა გაგონილს. განიცდიდა იმ დონეზე, რა დონეზეც ადამიანმა შეიძლება განიცადოს სხვა, სრულიად უცხო ადამიანის ტრაგედია. გამახსენდა ის საღამო, სავახშმოდ გასულებს ქუჩაში რომ გადავაწყდით მოხუც ბაბუს ვაჟიშვილთან ერთად. გამახსენდა როგორი თვალებით შეჰჰურებდა მამასთან უხეშად მოლაპარაკეს, როგორ ასრესდა ლამაზ ტუჩებს ერთმანეთს სიმწრისგან და როგორ ისვამდა წამდაუწუმ ხელებს თავზე ჩამოფხატულ ქუდზე, რომ როგორმე მომუშტული ხელები დაეოკებინა. მახსოვს როგორ ჩავკიდე ხელი, მოვეხვიე სხეულზე და წინა დღეს ნანახ ფილმზე გადავატანინე ყურადღება, რომ უნებური, შინაგანი აფეთქება სააშკარაოზე არ გამოეტანა. ასეთი ანრი ვერ იქნებოდა ახალგაზრდა და ლამაზი წყვილის უბედურების გაგებისას გულგრილი. უბრალოდ, ზედმეტად გაღიზიანებულიყო და ამიტომაც არ ეთანხმებოდა კესოს. აღიზიანებდა ისიც, რომ ჩვენ, ყველას ყურები უნდა ჩამოგვეყარა ახალ, ცუდ ამბავზე. ისე, თითქოს ეს იყო ყველაზე სწორი. არადა, სწორი მხოლოდ იმიტომ ეთქმოდა ასეთ გლოვას, რომ ახვა არაფრის გაკეთება შეეძლო ადამიანს მსგავს სიტუაციაში და ერთი წამით წარმოვიდგინე.. მხოლოდ ერთი წამით.. რა იქნებოდა იმ წყვილის მაგივრად ჩვენ რომ ვყოფილიყავით? ან, კესო და კახი? ამის გაფიქრებისას უსიამოვნოს შემაჟრჟოლა და დაუფიქრებლად, სწრაფად გადავიწიე მისკენ. მკერდზე მივაკარი ხელისგულები, რომ მისი გულის ფეთქვა უფრო ცხადად გამეგო და ჩემს წელზე შემოხვეულ მის მკლავებს მივენდე.
–სევდიანი ხარ, მართა, – მიჩურჩულა და ნიკაპზე მომეფერა თითებით
–არ მინდა რომ კესოს ეკამათო..
–ამიტომ დასევდიანდი? – გაეღიმა და ღრმულები გამოუჩნდა ლოყებზე
–ამიტომ..
–წავიდეთ, მე და შენ.. ავდგეთ ახლა და წავიდეთ..
–შენთან წავიდეთ, – გულზე დავადე თავი. მისი სუნი შემიძვრა ნესტოებში და მოვითენთე. სიამოვნებისა და მისი სიახლოვისგან თითქოს ძალა გამომეცალა..
–წავიდეთ.. – ფეხზე წამოდგა და თითები გადახლართა ჩემს ხელში. კარისკენ ისე წამიყვანა, არავისთვის არაფერი უთქვამს. ყოველთვის ასე იქცეოდა. დამშვიდობება არ სჩვეოდა და სხვებიც შეჩვეულები იყვნენ, თუმცა, მაინც გავბრაზდი. არ მომინდა მათი უხმოდ დატოვება
–მოიცადე! – დავექაჩე ხელზე და კესოს გავუღიმე, – წავალთ ჩვენ და მოგწერ მერე, კეს..
თავი დამიქნია, შორიდან მატრაკვეცული ჟესტით გამომიგზავნა კოცნა და ისევ კახისთან ერთად ჩაძვრა ტელეფონში
–საღამოს ბარში გავდივართ, არ დაგაიწყდეთ! – გადმოგვხედა საბამ
–ვნახოთ... – ჩემ მაგივრადაც უპასუხა ანრიმ და წინ მიბიძგა.

***
ჩვენი პირველი ღამე ვერაფერთ დავუკავშირე სიყვარულსა და სიამოვნებას. სწორედ იმ დღეს, საბას სახლიდან წამოსულებმა, ანრის სამოთახიანი სახლის პატარა კაბინეტში, ჩაის სმისას გადავწყვიტეთ რომ მზად ვიყავი ახალი გამოცდილებისთვის.
–თუ არ გინდა, შემიძლია კიდევ ერთი–ორი დღე მოგცე ფიქრის საშუალება, – მითხრა და ისე ძლიერად ამიკრა სხეულზე, უნებურად წამოვიკვნესე
–ერთი–ორი დღე? – გამეცინა ნერვიულად
–ჰო, მართა, აბა როდემდე გელოდო? – მოქუფრული დამაშტერდა ზემოდან და უკანალზე ჩამავლო ცალი ხელი. მეორეთი კი მაისურის საყელო გამომიწია და თავხედურად ჩამხედა მოშიშვლებულ მკერდში
–რომ გთხოვო, მაინც არ დამელოდები? – ვკითხე უკვე მისუსტებული ხმით. გამირთულდა ლაპარაკი, რადგან უკვე მაისურშემოძარცვული, მხოლოდ მის ტუჩებს ვგრძნობდი სხეულზე
–დაგელოდო? – მხრებს ჩამოუყვა, იდაყვებს, ჩემს წელს და მენჯებზე შემომაჭდო თითები
–ანრი..
–გისმენ, – მუხელზე მომაკრო ტუჩები და მივხვდი, სულ ოდნავ ჩაეცინა
–ვაიმე, ანრი.. – ამოვიკვნეზე ისევ და მუხლებზე დამდგარს, თმებში ჩავაფრინდი.
გაჩერდა. გაჩერდა და სახეზე შემომხედა. ჩემი მუცლიდან თითქმის ტუჩებმოუშორებლად ამოცურდა სახისკენ და ცხვირით გამეხახუნა ცხვირზე
–ჰა, გადაწყვიტე! – შემაგულიანა და მხრებზე ჩამომისვა ხელები.
მერე.. ისე მიყურებდა, ვერაფრით გავუძელი ამ სახეს.. ისე მკოცნიდა, ვერაფრით შევიკავე სიამოვნებისგან სხეულის ცახცახი. თუმცა, მაინც ვგრძნობდი, რომ არაკომფორტულად ვიყავი. ჩემს სხეულს ისე ექცეოდა, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყოს. საშუალებას არ მაძლევდა თაისუფლად მემოძრავებინა ხელები, ძლიერად მაწვებოდა მკერდზე და იშვიათად მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. მომეჩვენა, რომ ზედმეტად უხეშად მექცეოდა. ისეთი ჟინით მაფრინდებოდა კეფასა და თმაში, თითქოს ჩემი ძალით გაკავება ყოფილიყო საჭირო.. ამიტომ, ამიტომ ყველაზე კარგად იმ ღამიდან, უკვე გადაღლილი ანრი მახსოვს. ჩემს მუცელზე დაყრდნობილი თბილი ლოყით და ჭიპთან მოთამაშე ხელის თითებით.
დილაც მისებურად დაიწყო. ხმაურმა გამაღვიძა და თავი წამოვწიე თუ არა, დავინახე როგორ დაბორიალობდა განერვიულებული ოთახში. წელსზემოთ შიშველი იყო და თმებიც უშნოდ ასჩეჩვოდა. მაგრამ, მე მელამაზა.. იმდენად მელამაზა, რომ სანამ ღრიალით იკლებდა საძინებელს, მისი ცქერით ვტკბებოდი. მერე გათიშა და ჩემკენ გამოიხედა.
–მე გაგაღვიძე..
–ჰო..
–მაპატიე, სამსახურის ამბები იყო.. – ტელეფონი აათამაშა ხელში და გულაღმა დაემხო ჩემ გვერდით.
–სხვა ოთახებიც გაქვს, იცი?
–ვიცი, მაგრამ მისაღებში თემუკას სძინავს
–ვაიმე, თემუკა! – გამახსენდა მათი ჩუმი შეთანხმება და პირზე ავიფარე ხელები
–რა იყო, მართა, დიდი ბიჭია, გაგვიგებს, – გადაიხარხარა და ჩემკენ მოჩოჩდა, – როგორ ხარ?
–მგონი.. ნორმალურად
–ადე, გავისეირნოთ..
–რა დროს სეირნობაა, – ამოვიწუწუნე და ბალიშში ჩავემხე თავით
–ადექი, მართა! – გაიმეორა მობეზრებით და ზეწარი გადამაძრო. არ მომინდა მის საწოლში ასე, დედიშობილა წოლა და სწრაფად წამოვდექი ფეხზე
–ყოჩაღ, – შემაქო და ჩემი საცვალი წამოიცვა თითზე, – არ მოგეწონა ჩემთან, არა?
–საიდან მოიტანე? მომეცი! – დავიმორცხვე და სწრაფად გამოვტაცე ხელიდან ღია ვარდისფერი ნაჭერი
–უნდა შემეჩვიო, მართა.. შანსი არ არის სხვასთან წახვიდე! – გამიღიმა თბილად და ტუჩებზე დამაცხრა. მომშორდა თუ არა, სწრაფად გაემზადეო მომაძახა და კარისკენ წავიდა
–სად მივდივართ?
–სიმაღლის შიში უნდა დაგაძლევინოო, – ჩაუსტვინა და ოთახი დატოვა.

***
რკინის მოაჯირს ეჭიდებოდა თითებით. თითქმის მისი კანის ფერი იყო ის მოაჯირიც. თუ ანრის თითები იყო რკინისფერი.. არ ვიცი. ისე მივშტერებოდი მის გრძელ, ჩაჭიდებულ ხელებს, რამდენჯერმე დაძახება მოუწია.
–მოიწიე.. მოიწიე, მართა, მოიწიე..
–მეშინია სიმაღლის, ანრი..
–ჩემს მკლავებშიც? – ისე გაიღიმა, უარი ვეღარ ვუთხარი. თვალები მოეჭუტებოდა და მარჯვენა ლოყა ეზნიქებოდა. პაწაწინა ჩაღრმავება რომ დააჩნდებოდა ხოლმე, ასეთ დროს უცოდველ, პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. ასეთი სიცილი წლების მერე, ტიტეს სახეზეც ბევრჯერ მინახავს. გულს მიჩერებდა ეს მზერა. დაუკითხავად მიჩერებდა გულს და ალბათ რამდენიმემეტრიან ხიდის კიდესთან კი არა, ჯოჯოხეთშიც წავყვებოდი, ყოველი ასეთი შემოხედვისას. მაშინაც, დაუფიქრებლად გავიწიე მკლავებით და ვიგრძენი, როგორ ჩამაფრინდა იდაყვებთან. ძლიერად მომქაჩა და ზურგზე ამეკრო. მის სხეულსა და მოაჯირს შორის ვიდექი და სულაც არ მშორდებოდა შიშის გრძნობა.
–თვალები დახუჭული გაქვს? – ჩამეკითხა მალევე და თითები მომიფათურა სახეზე
–მეშინია.. – არ ვიცი, საერთოდ თუ გაიგო ჩემი ხმა. ცალი ხელი მუცელზე შემომიცურა, მეორე ხელის თითებით კი ჩემს წამწამებზე დაიწყო თამაში
–დააშორე ერთმანეთს, გამოიხედე.. – მიჩურჩულა და სხვა გზა აღარ დამიტოვა. მეტირებოდა. მეტირებოდა და ავტირდი კიდეც. ავტირდი და ხელისგული დავუსველე. მან კი.. მან გაიცინა და ჩემს თმაში ჩარგო სახე. მე ვტიროდი, ის იცინოდა. ერთი წამითაც არ უცდია ჩემი დამშვიდება. კარგა ხანს ვიდექით მოაჯირთან. ბოლოს, შიშით რომ გადავიღალე და სუნთქვაც დამიწყნარდა, მისკენ მოვბრუნდი
–ნუ ხარ ასეთი.. – თავადაც არ ვიცოდი, ზუსტად რას ვგულისხმობდი, რაზე ვსაყვედურობდი. მეგონა ჩამეძიებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. უხმოდ დამიკოცნა თვალები და ჩემს წამწამებზე შერჩენილ სისველეს გაუსინჯა გემო. მაშინ მეგონა, ამაზე ვნებიანი სხვა არაფერი არსებობდა.
–უნდა წავიდე რამდენიმე დღით..
–სად? – მოვიქუფრე მაშინვე
–საქმე მაქვს, ქვეყნიდან გავდივარ და დავბრუნდები ძალიან მალე, – ისევ ბუნდოვანი პასუხი გამცა და ჩემი შეწუხებული მზერა აშკარად არაფრად ჩააგდო, – რა ჩამოგიტანო? – გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა
–არაფერი მინდა, – ფრთხილად გავთავისუფლდი მისგან და მანქანისკენ წავედი, – აცივდა, წავიდეთ..
–რატომ მოიწყინე, მართა? – შევატყე როგორ დაეძაბა ტონი. საჭესთან მოთავსდა და სიგარეტს მოუკიდა
–არ მომიწყენია, – ავიჩეჩე მხრები და ვეცადე გამეღიმა.
იმ დღეს მივხვდი, რომ არაფერი ვიცოდი მისი საქმიანობის შესახებ. მხოლოდ ერთი ორი სიტყვა თუ ჰქონდა ნათქვამი ოჯახური ბიზნესის შესახებ. ვეტერინერული კლინიკები ჰქონდათ მსხვილ ქალაქებში საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. რამდენიმე დიდი ფილიალის მფლობელი იყო. ისიც მამამისის, სოლომონის მსგასად ვეტერინარი, თუმცა თავად მხოლოდ საოფისე საქმით, ქაღალდების მოწესრიგებით იყო თავად დაკავებული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდა
–კლინიკაშია რამე პრობლემა?
–არა, სხვა საქმეა.. მისმინე, მინდა რომ აქ ძალიან ფრთხილად იყო, კარგი?
–რა სიფრთხილეზე მელაპარაკები? – გამეცინა და ღვედი შევისწორე
–უბრალოდ ფრთხილად იყავი, – გამიმეორა ისევ და გზას გაუსწორა თვალი, – რა საჭოროა ამდენი კითხვა, მართა.. გვიანობამდე ნუ იქნები გარეთ და ზედმეტად ნუ ივლი..
–როდიდან დარდობ ჩემს სიარულზე?
–შენები ალბათ ჩემამდე წავლენ და სახლში რომ მარტო იქნები არ მომწონს. კესო დაიტოვე ხოლმე
–არ მეშინია მარტო ყოფნის, – ვუპასუხე უდარდელად და ჩანთაში მოვყევი აზუზუნებული მობილურის ქექვას
–შემოთავაზება არ ყოფილა ეს მართა! – გაღიზიანდა, ზედმეტადაც კი და სანამ ვუპასუხებდი, მანამ გამომტაცა მობილური ხელიდან, – შემომხედე!
–რატომ იძარღვები? – ვკითხე არანაკლებ გამწარებულმა და თავი ძლივს შევიკავე შეკივლებისგან, როცა წინიდან მომავალმა მანქანამ ბოლო წამს აგვიარა გვერდი
–რას ვშვრები? – გაეცინა უეცრად, თუმცა მალევე დაუსერიოზულდა სახე და ისევ ჩაუწითლდა ანთებული თვალები
–იძარღვები და განკარგულებებს გასცემ, სრულიად უაზროდ. ამტკიცებ, რომ ტრ*აკი ხარ! – მივახალე და ძალიან მომინდა გვერდი მეცვალა, რომ საერთოდ აღარ დამენახა, თუმცა ვერაფრით მოვთავსდი
–რაც გინდა ის დამიძახე, ოღონდ გახსოვდეს, უარესადაც შემიძლია დავიძარღვო, თუ საჭირო გახდა, – ლოყაზე მომითათუნა ხელი, რატომღაც უკვე დამშვიდებულმა და იმავე ხელში მოთავსებული, ჯერ კიდევ მოზუზუნე მობილური მუხლებზე დამიგდო, – მაგას კიდევ უთხარი, თუ ასეთი სიხშირით რეკვას არ შეეშვება, განრიგს დავუწესებ!
ამღერებული ეკრანიდან შიოს სახე მიღიმოდა.

***
ზოგჯერ იმის აღიარება გვიწევს, რომ დიდი ხნის ტანჯვაც ღირს იმ რამდენიმე წვეთ ბედნიერებად, რომელიც ისე გვავსებს, ისე გვიმრავალფეროვნებს ცხოვრებას, როგორც მასთან ყოფნისას. ვხვდებოდი, რამდენად ბევრი გვაკლდა იდეალურობამდე. თუმცა, იმას ვერასდროს ვხვდებოდი, მინდოდა თუ არა რომ იმ იდეალურ წყვილებში ჩვენი თავიც მიმეთვალა, ვინც ჩვენ გარშემო მეგულებოდა. იმდენად სხვანაირი იყო მასთან გატარებული ყოველი დილა, შუადღე, ღამე.. ვერაფრით ვახერხებდი რეალურ სამყაროში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ არ გვეთქმოდა სტანდარტული წყვილი.. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თითქმის არავის ესმოდა, მაინც მეგონა, რომ ანრი იყო ერთადერთი, ვისაც თავისუფლად, დაუფიქრებლად მივცემდი ჩემი ცხოვრების გაუბედურების უფლებას. და ვფიქრობ, სწორედ ეს დამოკიდებულება იყო ჩვენი სიყვარულის დასტური. აბა, იდეალური კაცი ხომ ყველას შეუყვარდება.. იდეალურები ხომ თითქმის ყველგან არიან. ჰო.. ჩვენ ნამდვილად, ნამდვილად ბევრი გვაკლდა იდეალურობამდე.
აი, კახი და კესო კი იდეალურები იყვნენ. ღმერთო, მათი შემხედვარე, მგონი ვერ ვიტანდი ასეთ წყვილებს. ცალ-ცალკე, კახიც და კესოც ძალიან მიყვარდა. ცალ-ცალკე სულ სხვა იყვნენ, აი ერთად კი.. თავიანთი მოჟუჟუნე თვალებითა და მუდმივად ერთმანეთის სხეულებზე ზედმეტად ჩახვეულები, ისეთ გრძნობებს იწვევდნენ ჩემში, მათგან გაქცევა მინდებოდა. ზოგჯერ ისე მინდებოდა სახე ჩამომეხოკა, რომ ეს იდეალური წყვილი აღარ დამენახა, რომ ხელების ქავილი მეწყებოდა. იქნებ, იმიტომ რომ ასე წარმომედგინა ყველას სრულფასოვანი ურთიერთობა.. და სწორიც იყო. სწორედ ასე უნდა ყოფილიყო.. ბედნიერი სახეებით, ერთმანეთზე მიშტერებული, დადებილებამდე მისული მზერები წარმოადგენდნენ ყოველთვის სიყვარულის ეტალონად წოდებულ წყვილებს. დროდადრო ერმანეთისკენ რომ იხრებიან და ზედმეტად ხმამაღალ ჩურჩულში უზიარებენ ერთმანეთს უხამს ზრახვებს. ჩვენ კი ვიცინოდით.. ვიღიმოდით.. კისკისით მოვუწოდებდით განმარტოებისკენ და თან, რაც მთავარია, უნდა გაგვხარებოდა მათ მიერ ჩვენ გარშემო მიმოფანტული გრძნობები. მერე რა, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით. მერე რა, რომ მსოფლიოში ათასობით ასეთი წყვილი დადიოდა. ჩვენ მაინც ვეტყოდით, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები და ისინიც დაიჯერებდნენ. ყოველ შემთხვევაში, კესო იჯერებდა. იჯერებდა და მგონი, მე ყველაზე მეტად სწორედ ეს მახარებდა. გულით მინდოდა, ერწმუნა, რომ ბედნიერებისთვის საჭირო ყველა საიდუმლო მის ხელთ იყო.
ამ ყველაფრის შემხედვარე, სახის ჩამოხოკვას არა, თუმცა თვალების ძლიერად დახუჭვას მივეჩვიე და საკმაოდ დიდხანს გამყვა ეს ჩვევა. ზოგჯერ, ჩემვის ძვირფას ადამიანებთანაც ვიკრავდი თვალებზე შავ ფარდას და მომუშტული ხელებით ვცდილობდი არც თუ ისე ჰუმანური აზრების საკუთარ თავში ჩახრჩობას. სხვანაირად არაფერი მოხერხდებოდა, რადგან ყველას თავისებურად უყვარდა.. ეს კი ჩემი საქმე არ იყო. არც ჩემი და არც სხვა ადამიანების.
მერე კი, სწორედ ჩემი ამ დამოკიდებულების გამო გავიაზრე ვინ იყო ანრი.. ამის გამო, მივხვდი რამდენად მიყვარდა. მასთან ყოფნისას, არასდროს მდომებია თვალების დახუჭვა. არც ერთი წამით.. არც ერთი შემოხედვისას.. არც ერთი ჩხუბისა და გაბრაზებისას.. არც ერთი მისი შეზიზღების დროს..

***
–ყველაზე ლამაზი წამწამები გაქვს, მართა! – ჩემი შიშველი სხეული მოიქცია ზემოდან და მკერდზე მომაწვა ორივე ხელისგულით, – წამოჯექი..
–მცივა..
–გასწორდი, აი ასე.. თან რომ გიყურო..
საწოლის შუაგულში იწვა. ფეხები მუხლებში მოეხარა და მასზე მიყრდნობილი, თხელ ზეწარს ვეკვროდი ზურგით. დროდადრო შიშველ მკერდზე ჩამომისვამდა ხელს, ლავიწის ძვლებს გააყოლებდა თითებს ან ლაპარაკისას, ტუჩებს შორის მჩრიდა ხოლმე სიცილით ცერა თითს
–ჩაალაგე ყვეალფერი? – ვკითხე მობეზრებით მორიგი ასეთი ქცევისას და თითის ბალიშზე ძლიერად ვუკბინე
–არაფერი მჭირდება ბევრი..
–რა საქმეაო, რა მითხარი? – მისკენ დავიხარე, თუმცა ჯიუტად ჩამავლო წელზე ხელები და ისევ გამასწორა
–არ მითქვამს..
–მითხარი!
–ჩვენები გველოდებიან, უკვე საათზე მეტია, – სულ სხვა რამ მითხრა და მაჯაზე მოთავსებულ საათს დახედა
–სად?
–რაღაც ბარში. კახიმ თავის თანამშრომლები უნდა მოიყვანოს, კესოც მიჰყავს და მთხოვა, თქვენც მოდითო
–მერე, ახლა მეუბნები? – წამოდგომა დავაპირე, თუმცა ისევ არ გამიშვა. ამჯერად მუცელზე მომაკრო ხელისგული და ასე დამაკავა
–გამიშვი, წესიერად მოიქეცი..
–ნუ მიფახუნებ მაგ წამწამებს!
–რა გავაკეთო, ძალით ხომ არ ვაკეთებ? – გავიპრანჭე რატომღაც და სახეზე ჩამოვუსვი ხელისგულები
–ჩემი მართა სასწაულია.. – აჩურჩულდა და მერე, მთელი საღამო ასე ლაპარაკი ჩაიხვია.
ბარში მისულმა ათასი ბოდიში მაინც მოვუხადე კახის თანამშრომლებთან, მორიდებით მჯდარ კესოს და სანამ ანრის არ გადავაბრალე ჩვენი დაგვიანება, მანამ ვერ გავახსნევინე შუბლი.

***
არ ვიცი ზუსტად რა მიზეზით, თუმცა კახის ერთ–ერთი თანამშრომლის ყურადღება მალევე მივიქციე. არადა, წესიერად მომზადებაც ვერ მომესწრო წამოსვლამდე. თითქმის აწეწილი თმითა და უმაკიაჟოდ, ჩახვენილი უპეებით ვიჯექი მაგიდასთან. ალბათ, ანრის არ იცნობს მეთქი გავიფიქრე თავიდანვე და მართალიც აღმოვჩნდი. იმდენად ხშირად მეუბნებოდა კომპლიმენტებს და მთავაზობდა სასმელს, მცირე დროში უხერხულბა ვიგრძენი და მანამდე თუ ზრდილობისთვის ვუღიმოდი, მერე ესეც გადავივიწყე. აი, ანრიმ კი.. ანრიმ სულ ცოტა ხნით ითმინა, კარგად შეათვალერა და იმ საღამოს პირველად შემეხო. ჩემკენ გადმოიხარა და კეფაზე დამაკრო ნაზი კოცნა. ამ ერთადერთი ჟესტით გახდა უცნობისთვის ცხადი, რომ ერთად ვიყავით და ისე აელეწა სახე, სიცილი ძლივს შევიკავე. ამაყიც კი ვიყავი ანრის ასეთი სიმშვიდით, სანამ მისი სიცივეჩამჯდარი ხმა არ გაისმა ზედმეტად ხმამაღლა
–ჩემი მართას შეხება ძალიან ძვირად დაგიჯდება, – წარბები ბოროტად აუთამაშდა და ისე ჩამავლო მკლავში ხელი, სიმწრისგან სახე მომეღრიცა.
გავბრაზდი.. გავბრაზდი საშინლად, რადგან ისევ იმას აკეთებდა. ისევ ჯიუტად ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი შეხება. ერთიანად მომაწვა ყელში ბოღრმა. არა მხოლოდ მისი საქციელის გამო, საკუთარი თავიც მეზიზღებოდა ახლა, რადგან ვფიქრობდი, რომ ხო.. ნამდვილად მხოლოდ მას შეეძლო ჩემი შეხება. თუმცა, ასე რომ გამოხატავდა, ასე რომ აწვრილებდა თვალებს და სხვა მამაკაცებს მტრულად უმზერდა, მინდებოდა ძირიანად ამომეთხარა ის ლამაზი თვალები. რა ეგონა, რომ მე მივცემდი სხვას ზედმეტის უფლებას? არ მენდობოდა. სხვისი შეხება არასდროს მენდობოდა, მას კი, ყოველთვის ყველაფრის უფლებას ვაძლევდი. მკოცნიდა მაშინ, როცა მოესურვებოდა. მეხუტებოდა მაშინ, როცა ჩემგან სითბოს მიღება დასჭირდებოდა. მეუფლებოდა მაშინ, როცა ჩემი დანახვა ზედმეტად აღაგზნებდა და ეს ყველაფერი ხდებოდა ისე, რომ ერთ კითხვასაც არ დამისვამდა. მე კი მივენდობოდი ხოლმე და მერე, გვიან ვსაყვედურობდი საკუთარ თავს იმის გამო, რონ ანრიმ თავისი გაიტანა. ისე მაღიზიანებდა ამ ყველაფრის გააზრება, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. უჩუმრად გავაშვებინე მკლავში ჩავლებული თითები და მის ყურთან დავიხარე
–გეყოფა ვირივით მოქცევა, – მომეჩვენა რომ თხოვნამ უფრო გაიჟღერა ჩემს ხმაში, ვიდრე კატეგორიული ხმით ნათთქვამმა საყვედურმა და საკუთარმა თავმა უარესად გამიფუჭა განწყობა
–გინდა ცხვირი მოგაჭამო? – ჩამეკითხა და მეც მაშინვე გავასწორე მოჭმუხნული სახე. ის კი მაკვირდებოდა და მაკირდებოდა, თვალის მოუშორებლად. ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვატარებდით საღამოს ერთად. მივხვდი რატომაც იქცეოდა ასე. მიხვდა, რომ ბევრმა წვრილმანმა გამაღიზიანა ბოლო საათებში და მარტო დარჩენილები აუცილებლად ვიჩხუბებდით. მანამდე კი უნდა დამკვირვებოდა, აუცილებლად უნდა დამკვირვებოდა რადგან ასე ჩემ განწყობას აკონტროლებდა. მერე რა რომ უარესად მაღიზიანებდა თავისი მზერით, არ აინტერესებდა. ან, აინტერესებდა და სპეციალურად იქცეოდა ასე, რომ მერე, ერთიანად ამომენთხია მის წინ დაგროვილი სიმწარე
–გეყოფა, – ვუჩურჩულე ისევ და ნიკაპში ჩავავლე ხელი. თავი მივატრიალებინე.
–წავიდეთ? – ყინულივით ცივი ჰქონდა ხმა. არ დალოდებია ჩემს პასუხს ისე წამოდგა და ჩემკ ქურთუკი ფართოდ გაშალა, რომ მხრებზე მოეხურებინა
–მიდიხართ? – ჩაგვეკითხა კახი და ანრის გაუსწორა მზერა. მომეჩვენა, რომ შვებითაც ამოისუნთქა.
–ჰო, დაგტოვებთ..
–ყოფილიყავით ცოტა ხნით კიდევ
–ხვალ მივდივარ, ამიტომ აჯობებს ცოტა დრო ერთმანეთს დავუთმოთ! – კბილებს შორის გამოსცრა და სასწაულად სწრაფად მომაშორა იქაურობას.
არ გვიჩხუბია. არც მანქანაში. არც მასთან მისულებს.. არც დაღამებისას და არც მერე.. ჩემს სახლამდე მიმავალ გზაზე. ვიცოდით, რამდენიმე საათში ერთმანეთის მოატრება იმაზე მეტად აგვიშლიდა ნერვებს, ვიდრე ეს სიტუაცია და ვარჩიეთ მხოლოდ სითბო გაგვეცვალა ერთმანეთში მის წასვლამდე. რა ვიცოდი, თუ დაბრუნებისას სხვა ადამიანს დავინახავდი მასში.. რა ვიცოდი, თუ ასეთი ტკენა შეეძლო.. არ ვიცოდი, თორემ განშორებისას არავითარ შემთხვევაში არ დამისველდებოდა სახე ჩვენი ურთიერთობის პერიოდში დაბადებული პირველი ულწრფელი ცრემლებით.

***
პირველად იმედგაცრუება მაშინ ვიგრძენი, ზურას და თეაკოს ლაპარაკს რომ გადავაწყდი რვა წლის ასაკში. დღემდე მკაფიოდ ჩამესმის მათი ხმები. ისიც მახოვს, როგორ იდგნენ სამზარეულოს დაბალ ფანჯარასთან. დედას წითელი, განიერი სვიტერი ეცვა, მამას კი კუბოკრული პერანგი, ბოლომდე გახსნილი ღილევბით. მკერდზე უშნოდ დაფენილი თმები მოუჩანდა, თუმცა მაინც ასე, ურცხად იდგა თითქმის ბოლომდე გადაწეულ ფარდებთან. ნეტავ არაესტეთიურობა თუ არა, სიცივე მაინც რატომ არ აწუხებდა მეთქი, მეფიქრება ხოლმე ამ დღის გახსენებისას, რადგან მახსოვს, როგორ მეყინებოდა კართან ჩუმად ატუზულს სქელ წინდებში ჩაყოფილი პატარა ფეხისგულები.
–ვერ ვუყიდი იმ თოჯინას, ისევ არ მოუციათ ხელფასი ჯერ, თეაკო. ბავშვმა კიდევ წერილში სიტყვასიტყვით დაგვიწერა რა და როგორ უნდოდა! – თითქმის დამარცვლით ამბობდა ზურა სიტყვებს და დედას მკლავს ისე ქაჩავდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ მისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა
–რისი ფული გვექნება ის ვუყიდოთ, ნუ ათამამებ ასე, არაფერი აკლია..
–როდის მიყიდია ჩემი არჩევანით მისთვის საახალწლო საჩუქარი? კარგი რა, თეაკო! მართამ ყოველთვის იცის, რა უნდა.
ზუსტად არ ვიცი რა უფრო მეწყინა. ის, რომ გმირი, თეთრწვერიანი ბაბუ თურმე არც არასდროს არსებობდა და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ხშირთმიანი მამა იღებდა ყოველწლიურად ჩემს წერილებს, თუ დედაჩეის გულგრილობა.. თუმცა, ყველა შემთხვევაში, დიდი იმედგაცრუება რომ ვიგრძენი ეს მახსოვს. სწორედ მაშინ შემოაღწია მძაფრად ამ გრძნობამ ჩემში და იმის მერე, მგონი აღარც მომიშვია ჩემს გულთან ახლოს. სანამ.. სანამ ანრიმ არ გამახსენა, რომ არაფრის არ უნდა გჯეროდეს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე უახლეს ადამიანებს ეხებათ. სწორედ მისი წასვლის შემდეგ ვიგრძენი ცხოვრებაში კიდევ ერთხელ უდიდესი იმედგაცრუება. ალბათ უნდა შემშინებოდა.. უნდა გავბრაზებულიყავი, სახლში მარტო დარჩენილს ფორმიანი რამდენიმე ტიპი რომ შემომივარდა და მთელი ჩემი ოთახი საომარ ტერიტორიას დაამსგავსეს.. თუმცა, არა, თავიდანვე იმედგაცრუება ვიგრძენი. ხმამაღლა, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და შიგადაშიგ მეც მისვამდნენ კითხვებს. მე კი ვერაფრით ვხვდებოდი რა უნდა მეპასუხა, ან ჩემთან რა ესაქმებოდათ, თუმცა, რამდენჯერმე უხეშად რომ მკრეს ხელი, გულში საოცრად უხამსი სიტყვებით შევამკე ანრი და გადაღლილი, ძალაგამოცლილი ჩამოვჯექი ძირს. გამიკვირდა როცა ამის საშუალება მომცეს. რამდენიმე წუთი ჩუმად, ამაზრზენი სახეებით მაკირდებოდნენ, მერე ერთ–ერთი დაიხარა ჩემკენ და სახე იმდენად ახლოს მომიტანა, გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა
–მისი რაიმე ნივთი ხომ არ გაქვს?
უარის ნიშნად თავის გაქნევას ვაპირებდი, ძირს დაყრილ ტანსაცმლის გროვაში ანრის მივიწყებული ქურთუკი რომ დავლანდე და თვალი გამიშტერდა
–მაქვს, – ამოვილაპარაკე ინსტიქტურად, უხეშ მატერიას ზიზღით ჩავეჭიდე და სწრაფად მივაჩეჩე ხელებში ზედმეტად დიდ სხეულს.
ხელში შეათამაშა, დანარჩენებს გადახედა და შევამჩნიე, როგორ გამოესახა კმაყოფილი ღიმილი სახეზე. სანამ რამის გააზრებას მოასწრებდი, მანამ აქციეს ნაფლეთებად ანრის ქურთუკი და.. ამ დროს მივხვდი, რომ არაფერი ყოფილა იმაზე მტკივნეული, ვიდრე მოტყუებულად ყოფნა. სარჩულს შიგნით, თხელი, პატარ–პატარა ცელოფნები მიეკერებინათ, რომლებშიც გამჭირვალე, პატარ–პატარა კრისტალები გადაენაწილებინათ
–ეს რა ჯანდაბაა? – წამოვიძახე და ფეხზე წამოვდექი, რომ უფრო კარგად დამენახა, თუმცა ისევ უხეშად დამწიეს უკან და კმაყოფილი ღიმილით გადაახვიეს სარჩულგამოხეული ქურთუკი
–იცი მაინც რამდენ ხანს ვეძებეთ ეს ნარკოტიკი? – გადაიხარხარა ერთ–ერთმა და ჩემკენ გამოიწია, – არ იცოდი ასე რომ გიყენებდა, არა? ვითომ, აზრზე არ იყავი ასეთ შარში რომ გაეხვიე.. თვითონ დაითესა და შენ აქ დაგაგდო, არა? – დამაყარა კითხვები და ისევ უდიერად ჩამეჭიდა მკლავზე.
მოგვიანებით მითხრეს რომ თანამძრახველი ვიყავი, პასუხის გაცემაც არ მაცადეს ისე მომკიდეს ხელი და განყოფილებაში წამათრიეს. ზუსტად ისე უხეშად მექცეოდნენ, როგორც მაშინ, ანრის მოექცნენ.. ეს წყეული ქურთუკი რომ გაიხადა და ლამაზი, სანდო ღიმილით მთხოვა მისთვის შემენახა.
თავი 5
***
ზოგჯერ მგონია, რომ ის დაკითხვის ღამე ყველა საშინელ ღამეთაგან უარესი იყო. ყველაზე მძიმე და დამღლელი. იმდენად ამაზრზენი, რომ ცრემლებიც კი გამიშრა ის რამდენიმე საათი. არც მეტირებოდა და არც მეცოდებოდა საკუთარი თავი, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილსა და სიცივეს ერთიანად ავეტანე და მთელი სხეული მიკანკალებდა. მაინც მგონია, რომ ეს გაუჩერებელი ცახცახი ზიზღის გამომხატველი უფრო იყო. ზიზღის სიტუაციისა და საკუთარი თავის მიმართ, რომ ასეთ დღეში აღმოვჩნდი. ჰო.. ჩემი ბრალი იყო რომ ვენდე კაცს, რომელსაც წესიერად არ ვიცნობდი. ჩემი ბრალი იყო, რომ მისი შეყვარების უფლება მივეცი საკუთარ თავს. ჩემი ბრალი იყო, რომ ზედმეტ კითხვებს არასდროს ვუსვამდი. და, ისიც ჩემი ბრალი იყო, ასე ბრმად რომ მივენდე. სწორედ ამას ვნანობდი ყველაზე მეტად. ნდობა ხომ ერთადერთი რამ იყო, ყოველთვის, რასაც ასე თავისუფლად ვერავისთვის ვიმეტებდი. ანრის კი მივენდე.. მისი გავხდი.. ღიმილსა და ჩახუტებას ვჩუქნიდი.. ფიქრებს ვუზიარებდი. მეგონა, ისიც ასე იყო, თუმცა.. თუმცა, ზედმეტად ვცდებოდი თურმე. თუ მისი გრძნობიდან რომელიმე იყო მართალი, როგორ ისვენებდა.. როგორ მიყურებდა და მეუბნებოდა, რომ მისთვის შეუცვლელი ვიყავი მაშინ, როცა ჩემს კარადაში მისი ერთ–ერთი უდიდესი დანაშაული იმალებოდა? როგორ წავიდა ქვეყნიდან, როცა იცოდა, სულ ცოტა შანსი მაინც არსებობდა იმის, რაც მოხდა?! ყველაფერზე ერთიანად მეფიქრებოდა, ყველა მისი უცნაური ქცევა ახლა მახსენდებოდა და ყველანაირად ვიკავებდი თავს, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. მთავარი იყო შინაგანი ხმა ჩამეხშო და მის მიერ გაჩენილ საშინელ წყენასა და ბრაზს ჩემი გონება არ მოეწამლა. არ უნდა გავბოროტებულიყავი.. არავითარ შემთხვევაში, რადგან ვიცოდი რომ ეს დანებებას ნიშნავდა. ვიცოდი, რომ ეს ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე არასწორი იქნებოდა.
ზუსტად რვა საათი მკითხავდნენ. რამდენიმე სხვადასხვა ადამიანი შემოდიოდა ნახევრად ჩაბნელებულ, ცივ ოთახში და ერთი და იმავე კითხვის ათასნაირ ვარიანტს მთავაზობდნენ. მარტივი მისახვედრი იყო, რომ ჩემი პასუხები არ აკმაყოფილებდათ და ჯერ შედარებით ლმობიერად, ცოტა ხნის შემდეგ კი უხეში ტონითა და ქცევით ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ ანრის ვამხელდი. მე კი არც ვიცოდი რა უნდა მექნა.. არ ვიცოდი რაში უნდა დამედო მისთვის ბრალი, გარდა იმისა, რომ საკუთარი ბინძური საქმის მისაჩქმალ ჭურჭელად გამომიყენა. იმდენად ვიყავი გადაღლილი, მხრებშიც ვეღარ ვსწორდებოდი. ბეჭების წვა ხასიათს უარესად მიფუჭებდა და წამდაუწუმ ვატრიალებდი კისერს, რომ დაძაბული ნაკვთებისთვის ცოტა შვება მიმენიჭებინა. იმ დღემდე არც მიფიქრია თუ რაიმე საქმეში ეჭვმიტანილს ასე არაადამიანურად ექცეოდნენ, უბრალოდ დაკითხვის დროსაც კი. მერე.. ღრმად ჩამარხული, აქა–იქ მოსმენილი კანონები გავიხსენე და რამდენიმე საათის განმავლობაში შეუჩერებელი ლაპარაკისგან ჩახლეჩილი ხმით მივმართე ერთ–ერთ ფორმიანს
–ზარის უფლება ხომ მაქვს?
–დაკითხვას მოვრჩებით და თუ თქვენი გათავისუფლების განკარგულება არ გაიცა, ერთი ზარის უფლება გექნებათ, – მითხრა და წყალი შემომთავაზა. უხმოდ დავუქნიე თავი და მერე, კიდევ ერთი საათი მათ კითხვებს ვპასუხობდი. მოგვიანებით მითხრეს, რომ შემეძლო მოსაცდელში დამეცადა და რამდენიმე საათში გამიშვებდნენ. ეს რამდენიმე საათი რა საჭირო იყო ვერაფრით მივხვდი, თუმცა მოთმინების ფიალა რომ მევსებოდა და ცოტახანში პატარა ბავშვივით მომინდებოდა პირის მოღება, ეს ცხადი იყო. მობილური ტელეფონი არ დამიბრუნეს, თუმცა ამჯერად დარეკვის უფლება მომცეს და ხელში შემომაჩეჩეს განყოფილების კუთვნილი აპარატი. ნომრის ასაკრეფად რომ გავწიე ხელი, მაშინ მივხვდი, რომ არ ვიცოდი ვისთვის მინდოდა მიმემართა. დედ–მამა რომ ქვეყანაში მყოლოდა, მათ მაინც არ დავუკავშირდებოდი, ეს თავიდანვე ვიცოდი. უფრო მეტიც, საშინლად მახარებდა ის ფაქტი, რომ ჩემგან ამდენად შორს, მშვიდად და ბედნიერები იყვნენ. ალბათ, რამდენჯერმე დამირეკეს კიდეც, ალბათ თეაკომ ნერვიულობაც მოასწრო, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ზურამ ჩემი ყველა დაუდევარი და უყურადღებო საქციელი ერთაშად გაიხსენა და ახლა ბალიშში თავჩარგული ან.. ან, ანრისთან ერთად მხიარულად მოცინარი წარმომიდგინა. ალბათ, დედასაც ამ მიზეზებით ამშვიდებდა. მათ გახსენებაზე მძიმე ნერწყვი გადავყლაპე და რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, სწრაფად ავკრიფე ნომერი. ისე, თითქოს თავად მეშინოდა არ გადამეფიქრებინა. რამდენიმე წყვეტილი ზარის შემდეგ, რომელიც გამაღიზიანებლად გაიწელა ჩემთვის იმ დროს, ჯერ კიდევ ძილისგან დაბოხებულმა ხმამ მიპასუხა
–გისმენთ..
–საბა, მართა ვარ, – თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ გული ისე ამიჩქარდა, თითქოს მისთვის დახმარების თხოვნას კი არა, უბედური ამბის შეტყობინებას ვაპირებდი
–მართა?! რომელი საათია, იცი მაინც? – მაშინვე ბუზღუნი დაიწყო და მივხვდი, სწორი პიროვნება ავირჩიე იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვინც პირველი გამახსენდა.
ვიცოდი, საბა არც მთელ ქვეყანას შეძრავდა ამ ამბით, რაც კესოსგან იყო მოსალოდნელი და არც ტირილის საშინელ სურვილს გამიჩენდა.. სურვილს, რომელიც შიოს ხმის გაგებისას შემახსენებდა თავს. ჰო.. საბა ყველაზე ნეიტრალური, ყველაზე კარგი ვარიანტი იყო იმ დროს. შუალედური ხაზი ჩემს გრძნობებსა და არსებულ სიტუაციას შორის
–საბა, განყოფილებაში ვარ, მინდა რომ მომაკითხო.. – ჩავახველე, რომ ხმა როგორმე ჩამეწმინდა
–სად ხარ? – თითქმის ნათლად წარმოვიდგინე, როგორ წამოფრინდა საწოლიდან
–განყოფილებაში. არავის უთხრა ისე მომაკითხე, ძალიან გთხოვ! – დავამატე სწრაფად
–შიოს?
არც მიზეზი უკითხავს, არც ანრი უხსენებია.. მხოლოდ შიო გაახსენდა იმ დროს და უნებურად გამეცინა. რადგან ლაპარაკის საშუალება აღარ მქონდა, სწრაფად დავემშვიდობე და დავიჯერე მისი დაპირება, რომ ძალიან მალე იქნებოდა ჩემთან. შემეშინდა.. იმ დროს შემეშინდა, რაც ძალიან სასაცილოა. მეშინოდა იმის, რომ ორიოდ საათში, აქედან გასულს, საბას სახეს ვერ დავინახავდი. შემეშინდა, რომ მისი შეშფოთებული ხმა ნამდვილი არ აღმოჩნდებოდა.. და მივხვდი, რეალურად იმის კი არ მეშინოდა, რომ სახლში მარტო წასვლა მომიწევდა.. მეშინოდა იმის, რომ ისევ არაფრად ჩამაგდებნენ.. ისევ გადამთელავდნენ.

***
სუსხიანი დილა იყო. ცხრაც არ გამხდარიყო რომ გამომიშვეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში შეიძლებოდა ისევ დავეკითხე. გარეთ გამოსულს, სახეზე რომ მომელამუნა ჰაერი, სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა და ჩემკენ წამოსული საბას შესახვედრად ერთ ადგილას გავხევდი. სწრაფად შემომხვია ხელები, უხმოდ დამისვა თავზე ხელი და პირი დააღო რაღაცის სათქმელად, თუმცა რატომღაც ვერც ერთ სიტყვას მოაბა თავი და უხმოდ წამიყვანა მანქანისკენ.
–მომიყევი რა ხდება.. – მითხრა ჩავსხედით თუ არა და წარბებშეკრული მომაშტერდა
–რატომ არ მეკითხები, რაშია საქმე? – გამეცინა სიმწრით და გადაღლილ, უძინარ სახეზე ჩამოვისვი ორივე ხელი, – რატომ არ მეკითხები მე დავაშავე თუ არა რამე? რატომ, საბა? რატომ მგონია, რომ უკვე იცი, ანრის გამო ვიყავი იმ საზიზღარ ადილას? – ნერვიულად ავყვირდი და თვალებგაფართოებული საბა რომ დავინახე, მერე მივხვდი, რომ უნდა ამომესუნთქა, – რა ჯანდაბას საქმიანობს ანრი, საბა?
–მართა..
–რვა საათზე მეტი ჩემ დაკითხვას აწარმოებდნენ.. – ავყვირდი და მივხვდი, თავს ვეღარ შევიკავებდი, – მთელი ღამე.. მთელი ღამე იქ ვიყავი, სკამის საზურგეზე მიყრდნობის საშუალებაც კი არ მომცეს. ორი ჭიქა წყალი და საღეჭი რეზინი შემომთავაზეს მხოლოდ! – ვერაფრით ვმშვიდდებოდი. არ ვიცი, ჩემს გაფუჭებულ განწყობას მასზე რატომ ვანთხევდი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცოდი, ხმა რომ არ ამომეღო, ნამდვილად გამისკდებოდა გული, – გუშინ ღამე, ძლივს რომ ჩამეძინა.. ანრის მონატრებისგან.. ჯანდაბა, ანრის მონატრების გამო ვერაფრით მოვხუჭე თვალი და ძლივს რომ ჩამთვლიმა, თავზე დამადგნენ და მთელი სახლი ყირაზე დააყენეს. ჩემი მშობლები რომ სახლში ყოფილიყვნენ? რა უნდა მექნა? რა უნდა მეთქვა მათთვის? როგორღა დარჩებოდა ზურას გული მთელი, ის ყველაფერი რომ ენახა.. შემომივარდნენ და ჩემს ტანსაცმელში.. ჰო, ჩემი ტანსაცმლის გროვაში, ანრის ქურთუკი იპოვეს, როგორც აღმოჩნდა სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნარკოტიკით სავსე! – ერთიანად ამოხეთქილმა ბრაზმა არაფრით მომცა გაჩერების საშუალება. აქეთ–იქით, უმიზნოდ ვიქნევდი ხელებს და სიწითლეჩამჯდარი, ჩემს წინ მყოფი საბას სახეს თვალსაც არ ვუსწორებდი. ალბათ, ყველასთან ისე ამოვანთხევდი დაგროვილ სიმწარეს, როგორც მაშინ საბასთან ვაკეთებდი ამას. ბოლომდე მისმინა, მისმინა უხმოდ, თუმცა შევატყე, როგორ გაუქვავდა ნელ–ნელა მზერა, როგორ გაუოფლიანდა შუბლი და ანერვიულებულმა, ხშირი სუნთქვით როგორ მოუკიდა პირველ ღერ სიგარეტს
–რატომ გქონდა ის ქურთუკი? – მკითხა და სიგარეტი გამომიწოდა
–არ ვეწევი, საბა!
–მოწიე.. მოწიე, მოგიხდება! – დამაძალა და შიოს მოყოლილი გამახსენდა, ვენებგადაჭრილს რომ ადგა თავზე სიგარეტით ხელში
–არ მინდა მეთქი, – მოვიშრე უხეშად, – თვითონ დამიტოვა ის ქურთუკი, შემანახინა..
–არ გარისკავდა ასე, – თავი გააქნია, ზედმეტად ბევრჯერ და სწრაფად და თვალები მოისრისა
–როგორც ჩანს, გარისკა..
–მართა..
–კონტრაბანდისტია? – ვკითხე მოულოდნელად და პასუხის გაგებაც არ დამჭირვებია, მისმა გაყინულმა მზერამ ყველაფერი ცხადი გახადა, – ახლაც მსგავს საქმეზეა წასული?
–მართა, მისმინე..
–არაფერი მითხრა, არაფერი მინდა.. – გამეცინა ხმამაღლა. ალბათ მიხვდა რომ არაადეკვატური ვიყავი და კარგად დამაკვირდა სახეზე, ფრთხილად გადმოიხარა ჩემკენ და ხელი შემახო თუ არა თითებზე, უკან დავიხიე, – არ მინდა.. არაფერი მითხრა, არ დამამშვიდო და არ გამიმეორო, რომ შემთხვევითობაა.. არ მითხრა, საბა, რადგან ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ასე არცერთი შეყვარებული კაცი არ იქცევა.. ასე მხოლოდ სულელ გოგოებს ემართებათ და მე, როგორც ჩანს სულელის როლი მერგო..
–შიოს უნდა დავურეკო, – ისე წამოიძახა, თითქოს ამ ყველაფრის გამოსავალი მოეძებნა და სწრაფად აათამაშა მობილური ხელში
–არ დაურეკო, სახლში წამიყვანე, – ვიუარე სუსტად და მინას მივეყრდენი სახით
–უნდა ვუთხრა, მართა.. ახლა, ახლა მე ვერ ვიქნები შენთან, შიოს უნდა ვუთხრა! – გაიმეორა ჯიუტად და მანქანა დაძრა
–უბრალოდ სახლში წამიყვანე, კარგი?
–წაგიყვან.. – დამთანხმდა და ჩემკენ გადმოიხარა, – მომიყევი მართა რა გკითხეს, კარგი?
–კარგი, – ვიგრძენი, რომ უკვე ძალაგამოცლილი ვიყავი, მაგრამ მაინც დავიწყე წინა ღამის დაწვრილებით მოყოლა. ალბათ მაინც მომიწევდა და მივხვდი, რომ ამის გაკეთება საბასთან მერჩივნა.

***
ცხელი წყლის ქვეშ იმდენ ხანს ვიდექი, კანმა დნობა დაიწყო. ასეთი შეგრძნება მქონდა.. თითის ბალიშები მომიბერდა და თმის ძირები უცნაურად ამეწვა. ალბათ საათი გავიდა და მე ისევ გაუნძრევლად, თვალებდახუჭული მივნდობოდი სახეზე ჩამომავალ წყლის წვეთებს. ბოლოს ძალა მოვიკრიბე, სწრაფად გადავკეტე წყალი და აბაზანიდან გადმოვყავი შეწითლებული ფეხები. სისუფთავის სუნი სასიამოვნო შეგრძნებებს მიჩენდა და წინა დღიდან გამოყოლილი უარყოფითი ემოციების გადამკიდე, პირველად გამეღიმა იმ დღეებში. სწრაფად ჩავიცვი. პირსახოცით, სულ ოდნავ შევიმშრალე თმა და დაარცხნის გარეშე, მხრებზე ჩამოვიყარე. ვგრძნობდი როგორ მისველებდა მხრებსა და წელზე მაისურს, თუმცა ესეც ამოუცნობ სიამოვნებას მანიჭებდა. ალბათ, იმიტომ რომ სახლში ვიყავი, თბილად, უსაფრთხოდ და სუფთად. თუმცა, ჯერ ისევ მტკიოდა ძვლები და შიმშილის გრძნობაც საშინლად მაწუხებდა. თეაკოს და ზურას გამგზავრებიდან ისედაც იშვიათად ვჭამდი, სახლშიც არაფერი მქონდა, ამიტომ მშიერ კუჭზე მივეძალე ყავას. მერე.. მერე ზარის ხმა გაისმა და მივხვდი, ამდენსაათიანი, დაგროვილი ტკივილისგან გათავისუფლების დრო დამდგარიყო. არ ვიცი, მაინცდამაინც შიოს სახის დანახვაზე რატომ მომინდა ამის გააზრება. არ ვიცი, უცნაური შვება რატომ ვიგრძენი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთი სული მქონდა მისი ხმა გამეგო. ხელებიც კი ამიკანკალდა, სანამ კარს გამოვაღებდი და ზღურბლზე გადმომცდარს შევეფეთებოდი. გრძნობა მქონდა, რომ ახლა იმაზე მეტად ვიწვოდი, ვიდრე ცოტა ხნის წინ, ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ და მისი სურნელი შემიძვრა თუ არა ნესტოებში, ინსტიქტურად დავისვი ორივე ხელი მაისურის საყელოზე. სუნთქვა აღარ მეყო შიოს დანახვისას.. შინაგანმა წვამ არაფრით მომცა ფილტვებიდან ჰაერის ამოშვების საშუალება. უკან–უკან ვიხევდი, თავადაც არ ვიცი რატომ, ის კი.. ის ისეთი მზერით შემომყურებდა, მე რომ არასდროს მენახა. ღიმილიც არ დავიწყებოდა. ზურგს უკან თავად მიხურა კარი, ფრთხილად მომიახლოვდა და ერთ ადგილას გახევებულს შუბლით შუბლზე მომეკრო
–ტუჩები გიკანკალებს, მართა..
რომ მითხრა, მერე მივხვდი, როგორ დამბრეცვოდა პირი და ისეთი ტირილი ავტეხე, საკუთარმა ხმამ შემაწუხა. შემაწუხა და ნერვები მომეშალა. საერთოდ, მგონი ბოლო დროს ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა. მგონი, ვეღარ ვიყაი ყინულივით ცივი რთული სიტუაციების მიმართ. მგონი, ყველაფერი ზედმეტად მტკიოდა.. მტკიოდა, განვიცდიდი და ამიტომაც მეტირებოდა. ოღონდ, მხოლოდ შიოსთან.. მხოლოდ მისი დანახვისას ვიტირე. მანამდე ერთი წვეთი ცრემლიც არ გადმომვარდნია თვალიდან. ის კი მთელი ძალით მხვევდა ხელებს და თავს მიკოცნიდა. ვიგრძენი, როგორ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი ერთად, როგორ მივუახლოვდით დივანს და ჩამოვსხედით. ყველაფერს მასთან ერთად ვაკეთებდი. ხელისგულებით შემიმშრალა სახე, აკნკალებულ ნიკაპზე ჩამავლო თითები, კოპებშეკრულმა, ძლიერად დამიზილა და ოდნავ უკან დაიხია, ნიკაპზე ჩამოყრდნობილი ხელებით დამაკვირდა ისტერიულად მოტირალს. ალბათ ამ დროს შენიშნა, მაისური რომ დამსველებოდა, ისევ ჩემკენ გადმოიხარა, სველი თმა თითებზე დაიხვია და ერთმანეთში ისე აბლანდა, რომ არ ჩამომშლოდა
–დაგისივდება სახე. დასიებული სახით კი არასდროს მინახიხარ, მართა.. რომ არ მომეწონო? – მკითხა და გამიღიმა. მეგონა მთხოვდა არ იტიროო, მან კი პირდაპირ მიზეზების ჩამოთვლა დაიწყო, რატომ არ უნდა მეტირა. ნეტავ თუ ხვდებოდა, მისმა დანახვამ რომ ამატირა ასე ძალიან
–იცი, მართა, ბევრნაირი სიყვარული არსებობს..
–არ მიხსენო სიყვარული, – ამოვილაპარაკე ბრაზით და შუბლი შევკარი. მივხვდი, უკვე ყველაფერი დაწვრლებით იცოდა, ამიტომ არ ძრავდა ხმას მომხდარზე.
–ბევრნაირი სიყვარული არსებობს.. სულ სხვადასხვაგვარია ყველა, – განაგრძო და ჩემი მაჯა მოიქცია თითებში, – არის სიყვარული, რომელიც არსაიდან მოდის.. გაუცნობიერებლად, უცებ გიძვრება სხეულში და მთელ სამყაროს გიფერადებს. კიდევ.. არის სიყვარული, რომელიც დროთა განმავლობაში მოდის, გიჩვევს და ასე, ნელ–ნელა გიმონებს. ისე დაგიმონებს, სულ ვერ მიხვდები.. ისე გაგხდის თავის ქვეშევრდომად, გაიაზრებასაც ვერ მოასწრებ და სიხარულით გაეგები ფეხქვეშ, – იმდენად მელოდიური ხმით ლაპარაკობდა, წამებში მოვითენთე. მის მკლავებს მივენდე და მუხლებზე ჩამოვადე თავი
–კიდევ? შიო, კიდევ?
არცერთი ასეთი სიყვარული გამოცდილი არ მქონდა.. არცერთი გრძნობა არ მეცნობოდა.. და მგონი, არც რომელიმესთვის მემეტებოდა საკუთარი თავი
–კიდევ არის სიყვარული.. რომელიც საკუთარი თავის მტრად გაქცევს. გადაგთელავს. ყველა სხვა სიყვარულს იმაზე მეტად სრულყოფილს წარმოაჩენს შენ წინაშე, ვიდრე რეალურადაა.. ასეთ სიყვარულს პირველი ნაბიჯიდანაც კი ვერ ენდობი და იცი კიდეც, რომ არ უნდა ენდო. ხოდა.. გაქვს რამდენიმე ვარიანტი. გინდა, მართა, ამ ვარიანტების განხილვა?
–არ ვიცი, შიო.
–მაშინ პირადად შენი სიყვარული განვიხილოთ..
–რატომ უნდა განვიხილოთ? – მუხლზე ჩავაფრინდი თითებით და ყველანაირად ვეცადე თავიდან არ ამტირებოდა, – არ გამაჩნია მე არც ერთი მათგანი, შიო. არ მინდა რომ ილუზიებში ვცხოვრობდე. მეგონა.. სულ მეგონა, რომ ერთადერთი, რაც ღირებული გამაჩნდა, საკუთარი თავისადმი რწმენა იყო, ახლა კი, ამაში ყველაზე მეტად მეპარება ეჭვი, რადგან გადამიარა ადამიანმა, რომელიც არც კი ვიცი, მიყვარს თუ არა.. რომ ვიცოდე, ნამდვილი სიყვარულის მსხვერპლი ვარ, ასე იქნებ არც განმეცადა..
–გჯერა საკუთარი სიტყვების?
–არ უნდა მჯეროდეს?
–გჯერა? – მკითხა ისევ და თავზე გადამისვა ხელი
–დაგასველე, – მისი მუხლებიდან დაფეთებულმა ავწიე თავი
–დღეს ღამე აქ იქნება..
–მეშინია, შიო, – წამომცდა უცებ და თვალებზე ავიფარე ხელები. ფრთხილად ჩამომაწევინა, ღიმილით მომეფერა სახეზე და ჩემნაირი სევდა ჩაუდგა მზერაში
–ზუსტად რისი გეშინია, მართა?
–მეშინია, რომ ვერ შევძლებ დაუფიქრებლად მივაფურთხო საკუთარ გრძნობებს.. მეშინია, რომ პატიება მომინდება ..
–ეგ შიში ნორმალურია. მეც მეშინოდა, აქ რომ მოვდიოდი.. მეშინოდა, რომ იმ თვალებით არ შემომხედავდი, შენ რომ გჩვევია. მეგონა, ახლა მაინც მოუხმობდი გონებას და სახლშიც არ შემომიშვებდი. დარწმუნებულიც კი ვიყავი ამაში, როცა საბამ დამირეკა და ყველაფერი მითხრა..
–შენ არაფერ შუაში ხარ, შიო..
–ვარ, მართა.. ვარ, რადგან გვერდიდან გიყურებდი. საშუალებას ვაძლევდი შენს ცხოვრებაში თავისებური, უშნო და არათანაბარი საზღვრები აეგო, მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარ თავზე მეტად ვიცნობ. უბრალოდ.. უბრალოდ, ზედმეტად ბევრს მალავს და მეშინოდა.. რადგან არასდროს ვიცი ბოლომდე რა ჯანდაბას ხლართავს.. ამიტომაც მეშინოდა
–არაფერი აუხლართავს. პირდაპირ მომიგდო თავისი ბინძური საქმე და ქვეყანა დატოვა.. ახლა, რომც დაიჭირონ..
–მართა! – შემაჩერა უცებ და სახე გაუქვავდა, – მართა, ანრის არ დაიჭერენ..
–შიო, მის წამალს ეძებდნენ, მის თანამზრახველობაში დამდეს ბრალი..
–ვიცი, მართა, მაგრამ წლებია ანრი ამ საქმეშია. შენ რა, მართლა გგონია ასე დასდევენ და ვერ იჭერენ? მართლა გგონია, რომ ზემდგომი სფეროები არაფრის აზრზე არ არიან?
–რა ჯანდაბა ხდება? – ვეღარ მოვითმინე და მოსმენილისგან აღშფოთებული ფეხზე წამოვხტი
–ბევრს არაფერს მეუბნება, მაგრამ ვიცი, რომ ვიღაცებს აწყობთ ეგ ამბავი.. ვიღაც მის წინააღმდეგაა. თუმცა, ჰყავს მფარველი წრეები. აბა, მართა, თავისთვის კი არ შემოაქვს ის ნარკოტიკი ქვეყანაში
–ღმერთო, ეს რეები მესმის..
–დაბრუნდება და შეგიძლია თავად ჰკითხო, – ჩაილაპარაკა რაღაცნაირი, უკმაყოფილო ტონით
–არ მინდა მისი ნახვა, შიო
–ვიცი, – გამიღიმა და ისევ სევდა დავინახე ამ ღიმილში, – ხომ იცი, რომ მაინც მოგიწევს..
–შენი აზრით რა არის უფრო რთული.. პატიება თუ პატიების მერე იმაზე ფიქრი, ღირდა თუ არა პატიება.. სწორი იყო თუ არა..
–ალბათ ორივე. ორივე შემთხვევაში საპირისპიროს დაჯერება მოგინდება და დაიჯერებ კიდეც. თუ აპატიე, ვეღარ წამოაძახებ.. შენ ასეთი ხარ. არ დაეცემი იქამდე, რომ შეუბრუნდე და უთხრა, შეცდომა დავუშვიო..
–გამწარებულ ადამიანს ყველაფრის წამოძახება შეუძლია!
–შენ არ გამწარდები, მართა..
–ეს არ იცი, არც მე ვიცი და არც შენ
–შენ არ გამწარდები.. შენ სხვა ხარ.. შენ იმაზე მაღლა დგახარ, ვიდრე უბრალო, შეყვარებულზე გამწარებული გოგო..
–უბრალო, შეყვარებულ გოგოებს ასეთ რამეს არც უკეთებენ, – გადავიღალე ამდენი ფიქრით და ზურგი ვაქციე. ჩაფიქრებული დავაბიჯებდი ერთი და იმავე ადგილას და ზედ აღარ ვუყურებდი. ზედმეტად მშვიდი იყო.. ზედმეტად სუფთა.. არასაჩემო
–მართა! – მომესმა ცოტახანში მისი ხმა, თუმცა იმდენად მხიარული მომეჩვენა, მიბრუნება არ მომინდა
–იცი რა მაინტერესებს? – წამოვიწყე ისევ. ჯერ კიდევ ვერ მომენელებინა ამდენი სიახლის ერთბაშად გაგება, – ასეთ საქმეში საერთოდ როგორ გამხვია? ღმერთო, კიდევ კარგი ზურა და თეაკო უკვე წავიდნენ.. ნეტავ.. ნეტავ, რამე მაინც იყო ჩვენს ურთიერთობაში სიმართლე? – გამეცინა სიმწრით და ფრჩხილები დავისვი ორივე ლოყაზე
–მართა, მოდი აქ!
–რა გინდა, შიო? –შემოვბრუნდი და ფანჯრებიდან შემომავალი სინათლის ფონზე დავლანდე მისი სილუეტი
–მოდი აქ!
მივედი. ხელი მომხვია და წინ დამიყენა. სწრაფად გადასწია თხელი ფარდა და ცისკენ გაიშვირა ბედნიერმა თითი, თან მხარზე ჩამომაყრდნო ნიკაპი
–ნახე, მართა!
–ცისარტყელაა? – გამეცინა უნებურად და სითბო ჩამეღვარა გულში. მისკენ მივატრიალე თავი. ბედნიერებისგან პირი გასწელვოდა, თვალებიც უცნაური ემოციით ამოვსებოდა და ასე.. ანთებული მიცქერდა
–ცისარტყელაა! არადა, წესიერად არც უწვიმია.. იცი, ცისარტყელას რა სჩვევია?
–რა?
–გაქცევა..
–რას იგონებ, შიო?
–ჰო.. მზისგან გაქცევა.. ვერასდროს დაინახავ მზეს, როცა ცაზე ცისარტყელაა. არადა, დღე ხომ მზისაა.. დღე მზეს ეკუთვნის. აი, ცისარტყელა გამოჩნდება თუ არა, მზეს ვეღარსად მოკრავ თვალს, რადგან მის მეორე მხარესაა მუდამ. ეს დიდი, ფერადი რკალი კი მთლიანად იპყრობს შენს ყურადღებას და სხვა მხარეს გახედვაზე არც დაფიქრდები.. ხომ ასეთი ფერადია, ასეთი ლამაზი და მაინც მუდამ გაურბის მზეს.. მგონი, ცისარტყელას გავხარ, მართა!
–რანაირად? – გამეცინა და მივხვდი, რომ ცაზე მართლა არ ჩანდა მზე. მხოლოდ მისი სხივები, აქა–იქ გაბნეული
–ლამაზი ხარ, მუდამ ანათებ, თითქმის ყველა მთავარი გრძნობა ინახება შენში: სითბო, სიძულვილი, ბრაზი, ლმობიერება, გულუბრყვილობა, სიმამაცე და სიყვარული.. ზუსტად ისე, როგორც ცისარტყელა ინახავს შვიდ მთავარ ფერს, მაგრამ მაინც უფრთხი ყველაზე საჭირო, ყველაზე მთავარს, სიამაყეს. შენც არ გინდება სააშკარაოზე გამოიტანო საკუთარი თავი და იკაშკაშო ისე, როგორც შეგეფერება, ამიტომ შედარებით ბნელ მხარეს ირჩევ..
–ანრის.. ანრი ავირჩიე. ანრია ჩემი ბნელი მხარე, – მივხვდი და თვალები დავხუჭე. მართალი იყო შიო.. იმ მომენტშიც რეალობას გავექეცი. ისევ უაზროდ მოვხუჭე თვალები, რომ ჩემ წინ არსებული სილამაზე აღარ დამენახა
–ჰო.. შეიძლება. თუმცა, შეგიძლია ყველაფერი გააფერადო, მართა.. თურმე იმედიც არსებობს, ხომ ხედავ, – მიჩურჩულა ყურთან. ჯერ ისევ იგრძნობოდა მის ხმაში საოცარი მუხტი
–რა იმედი? სად არსებობს?
–თურმე, ყველაზე საშინელ დღეებშიც კი შეიძლება ცისარტყელა გამოვიდეს ცაზე და თავისი შვიდივე ფერით ისე შემოაღწიოს შენში, მოწყენის საშუალება არ მოგცეს.. – მისი ჟღალი, მნათობი თმა მომელამუნა ლოყასა და კეფაზე და მივხვდი.. მივხვდი, რომ მე კი არა, თავად შიო იყო ჩემი ცისარტყელა. შიო იყო ის, ვინც უფლებას არ მომცემდა, მხოლოდ მუქი ფერები დამენახა სამყაროში..

***
კესოს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჩემთან დამეტოვებინა, უარით გავისტუმრე იმავე საღამოს. თან, ძალიან ვთხოვე რამდენიმე დღით ჩემთვის სიმშვიდის საშუალება მოეცა. რა თქმა უნდა, მომიწია რამდენიმე წუთი მისი ნაწყენი სახისთვის მეყურებინა, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომინდა რომ საუკეთესო მეგობრისთვის თავი არ მომეჩვენებინა, ვითომ მისი მხიარულება გადმომედო. არ მქონდა კეთილი თვალთმაქცობის თავი. არ შემეძლო. საშინელ ხასიათზე ვიყავი და მინდოდა კიდეც ასე ვყოფილიყავი. ამიტომ, გულში ჩავიკარი მოღუშული კესო და ყველანაირად ვეცადე მხიარულად დავმშვიდობებოდი
–დამირეკე თუ დაგჭირდები, კარგი?
–დაგირეკავ, კეს..
–რამე შემიძლია შენთვის გავაკეთო?
–არაფერი.. ან, რამე საჭმელი შეუკვეთე. შიოსთან ერთად ვჭამე, მაგრამ მალე ისევ მომშივდება და აღარ მაქვს რამის მომზადების თავი
–კარგი, შენს საყვარელ პიცას და მექსიკურს შევუკვეთავ და სახლში მოგიტანენ, – გაუხარდა რაღაც რომ დაევალა და მხიარულად დამემშვიდობა.
წავიდა თუ არა კესო, ზურას და თეაკოს დავურეკე. ზედმეტად ბედნიერები მომეჩვენნენ და რამდენიმე წამით საკუთარ თავს მათ გამო სიხარულის უფლებაც მივეცი. ძალიან ბევრჯერ გავიღიმე, ძალიან ბევრი მხიარული ამბავი მოვუყევი მშობლებს და ბოლოს.. იმდენად გამიჭირდა ღიმილაკრული მზერის შენარჩუნება, ინსტიქტურად გამოვრთე კამერა. ხშირად ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში, სულ რომ არ გეცინება და გებედნიერება, მაგრამ ზოგჯერ მეტისმეტია ხოლმე.. ზოგჯერ ისე გინდება ყველას ერთად მიახალო, რომ არ გაქვს პოზიტიური განწყობის შენარჩუნების თავი, მთელი სხეული გტკივდება. ყველა მიმიკა მწყობრიდან გამოდის და სხვას ემსგავსები. ვიღაც ისეთს, ძალიან ბევრჯერ რომ შეგხვედრია. ასეთ დროს ხვდები, რამდენჯერ გაუღიმიათ შენ თვალწინ ნაცნობებს სულ ტყუილად, მაშინ.. როცა შინაგანად მთელი სხეული ეწვით. მეც ამეწვა.. ამიტომ, საწოლზე გავიშტე და ზურას მორიგ კითხვებზე უკვე უხასიათოდ განვაგრძე პასუხის გაცემა
–გეძინება, მა? – ჩამეკითხა ბოლოს და მაშინ მივხვდი, რომ მამის გულამდე ლაპარაკისას გაჟღერებული ყველა ნოტი სწორი ემოციით აღწევს
–მეძინება, – ამოვილაპარაკე და გამეღიმა
–წადი მა, დაიძინე.. – მითხრა და მაშინვე გამითიშა.
იმ დღეს განსაკუთრებით მომინდა ზურას ზედმეტი მზრუნველობა. ისე მომინდა, უკვე დაღვრილ ცრემლებს კიდევ რამდენიმე მივამატე.

***
ვიცოდი, რომ რამდენიმე საათში უნდა მენახა. ვიცოდი, არსად წასვლას ჰქონდა აზრი. მაინც მომძებნიდა, მაინც მიპოვიდა და მერე უარესი იქნებოდა. ვიცოდი ისიც, რომ მართვის სადავეები ახლა ჩემს ხელთ იყო და შემეძლო, ნამდვიალდ შემეძლო ჯანდაბაში გამეგზავნა ეს ურთიერთობა. ურთიერთობა, რომელმაც ის მაჩუქა.. რომელმაც მისი სახე შემაყვარა, მისი ხმა, მისი ზანტი და არაფრისმთქმელი მოძრაობები, მისი იდუმალი გამოხედვა.. უნდა დამემთავრებინა ურთიეთობა, რომელმაც უკითხავად, მაინც დამიტოვა თავისი ნაწილი. სწორედ ამ ნაწილზე ფიქრი მიღრღნიდა გულს ყველაზე მეტად და ისე მეშინოდა.. ისე მითრთოდა გული მომავალზე ფიქრისას, ჩემივე ქვეცნობიერი მასთან გატარებულ ყოველ წამს სურათებივით მილაგებდა, ერთმანეთზე მიწყობილ, გახუნებულ კადრებად.
ყველგან ანრი იყო..
ანრი – ყვითელი ქუდით თავზე..
ანრი – სიცივეჩამჯდარი, უფერო თითებით..
ანრი – ლოყებზე ეშმაკური ნაჩვრეტებით..
ანრი – ჩემს მუცელზე მოთამაშე ტუჩებით..
ანრი – მაღალი ხიდის მოაჯირთან მდგარი..
ანრი – სრულიად შიშველი და თითქმის სრულყოფილი..
ანრი – საშინლად გაბრაზებული, მერე კი, იმავე წამს, სიყვარულით ანთებული თვალებითა და ვნებისგან ჩახლეჩილი, უკვე ზედმეტად ნაცნობი, ჩემეული ხმით..
მატყუარა, ფარისეველი ანრი.. ყველგან.. ყველანაირი. და იმდენად ყველგან იყო მისი ნაწილი.. იმდენად ბევრს ვფიქრობდი მასზე, მგონი არსებული სიტუაციაც კი იმაზე მეტად მედრამატულებოდა, ვიდრე რეალურად იყო. ყველაფერ ამას ვიაზრებდი, თუმცა იმას მანამ ვერ მივხვდი, რას ვგრძნობდი მის მიმართ, სანამ დაბრუნებულმა, უხმოდ არ გაიარა მცირე მანძილი მისაღებამდე და თვალებში არ შემომხედა. ერთიანად მომაწვა ყველა გრძნობა. ყველა, რასაც კი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს. ყველაზე მეტად კი ბრაზმა შემომიტია. ბრაზმა იმის გამო, რომ მისი არომატი საოცრად მალე გავრცელდა ოთახში. თითქოს წლები გაეტარებინოს ამ სახლში. თუ მე ვგრძნობდი დიდი დისტანციიდანაც კი მის დამახასიათებელ სურნელს, არ ვიცი.. არადა, ისე შემოვიდა, ისე ამიარა გვერდი, არც კი შემხებია. მიცნობდა.. იცოდა, ასეთ დროს არ მომინდებოდა მისი მიკარება და უხმოდ ჩამოჯდა ხის, შუაგულში, მდგარ სკამზე. თავიდან ვერაფრით მივხვდი, რატომ იდგა ასე უმიზნოდ ეს სკამი. მერე ჩემი და შიოს დილანდელი, ჩრდილების შოუ გამახსენდა. მაშინ გააჩოჩა სკამი ასე, აქედან უფრო კარგად ისახება კედელზე სილუეტებიო. ახლა, ახლა მზე ჩასულიყო და ოთახის სინათლეზე, უფორმო ანრი მოჩანდა მხოლოდ, იმავე კედელზე
–ძალიან გაწვალეს? – მკითხა და შავი სილუეტიც კითხვასთან ერთად გაირხა მოპირდაპირე მხარეს.
ჩამოვიდა.. ჩამოვიდა მთელი ამ ამბების მერე და ისეთი კითხვა დამისვა, სულ რომ არ ველოდი. მომეჩვენა, რომ გადაღლილი, თუ ნანერვიულები ხმა ჰქონდა. წამით მომინდა მისთვის შემეხედა, მაგრამ თავი შევიკავე. ისევ ანრის სილუეტის ცქერა ჯობდა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ცოტა დამიმშვიდდებოდა მკერდში მოცახცახე გული
–მართა.. ძალიან გაწვალეს მეთქი?
–ძალიან მაწვალეს, – თავადაც არ ვიცი, როგორ შევძელი რომ მშვიდად მეპასუხა. მაგრამ პასუხები მჭირდებოდა.. იმდენად მჭირდებოდა, მის ჩემ წინ შვიდად ჯდომასაც კი ავიტანდი
–ეს არ იყო გათვლილი, მართა.. შენთან არ უნდა მოსულიყვნენ. მომხედე აქეთ, – გაღიზიანებაც დაეტყო ხმას და შავ ჩრდილზე ათამაშდა გრძელი ხელები
–აბა რა იყო გათვლილი?
–მომხედე, მომხედე, ამის დედაც, – წამოხტა ფეხზე და მხრებში ჩამაფრინდა.
მაშინ გავუსწორე მზერა. სხვა დროს რომ მენახა მისი ასეთი წაშლილი სახე, ალბათ დაუფიქრებლად მოვეხვეოდი ყელზე, ახლა კი, ეს ზედმეტად ჩაწითლებული თვალის გუგები, ჩამოწელილი უპეები და შუბლზე გაჩენილი, სამკუთხედის ფორმასავით გამოსახული ძარღვები მხოლოდ გაღიზიანებასა და ტკივილს იწვევდა ჩემში
–ხელი გამიშვი, ანრი!
–მაპატიებ.. მაპატიებ, მართა, – უფრო თავისთვის ამოილაპარაკა და მხრებიდან ჩემი სახისკენ გააცურა ხელისგულები. ისე ძლიერად ჩამეჭიდა სახეზე, განძრევა ვერ მოვახერხე, – თვალებში მიყურე, ნუ მარიდებ სახეს!
–შენ უნდა მარიდებდე მზერას, შენ, ანრი.. მე არ უნდა მიწევდეს ეს!
–დამელაპარაკე! – კბილებს შორის გამოსცრა და უკან–უკან დაიხია. მეც თან გამიყოლა, ისე რომ ცალი ხელი სახიდან არ მოუშორებია. მეორე კეფასთან ჩააცურა, ძლიერად ჩამავლო და თავისკენ დამქაჩა. მაგიდასთან მისული, ზედ ჩამოჯდა და ფეხებშ შორის მომიქცია, – ახლა ყვირილს არ დაიწყებ.. მშვიდად მომიყვები რა როგორ იყო, გესმის?
–არაფერია ბევრი მოსაყოლი, შენი ნაგავი საქმის გამო განყოფილებაში მაყურყუტეს, ჩემი ისტორია შეამოწმეს, პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხეს ჩვენი ურთიერთობის შესახებ და გადაწყვიტეს, რომ შეიძლება მეც ვიყო ამ ბინძურ ამბავში გარეული, – ავიჩეჩე მხრები. თავად მიკვირდა ასეთი სიმშვიდის შენარჩუნებას რომ ვახერხებდი
–ნარკო ტესტი გაგიკეთეს?
–კი..
–რამდენ ხანს გკითხავდნენ?
–მთელი ღამე..
–მაპატიე.. – ძლიერად მიმიზიდა და მტკივნეულად დამიკავა ხელები, რომ მომხვეოდა. ცხოველური ჟინითა და ხშირი სუნთქვით მიკოცნიდა სახესა და თმას. თავიდან გავუძალიანდი, მერე ვიგრძენი, რომ ძალა გამომლეოდა ამდენი ემოციით და მის მკლავებსა და ფეხებს შორის გავხევდი. ის კი ჩურჩულებდა.. ჩურჩულებდა, ოღონდ არ ვიცი ვისთვის, რადგან თვალებს უმიზნოდ აცეცებდა მთელი ამ დროის განმავლობაში
–მაპატიე.. მაპატიე, მართა.. უნდა მაპატიო..
–გამიშვი, ანრი..
ორივე ხელი შემიშვა. საშუალება მომცა უკან დავხეულიყავი და სახეზე მომაშტერდა. რამდენჯერმე მოისრისა თვალები და ჯიბიდან სწრაფად ამოაცურა სიგარეტი
–რატომ მომეცი ის ქურთუკი მე?
მანამ არ გამცა პასუხი, სანამ ნახევრად არ ჩაწვა სიგარეტის ღერი. თან ძირს, იატაკზე აფერფლებდა. მომინდა შენიშვნა მიმეცა, მაგრამ მის პასუხს ჩასაფრებულს, ხმა არ ამომიღია
–რომ არ მომეცა, დაკავებისას ნახავდნენ და დიდი შეკვეთა ჩამივარდებოდა, – დაიწყო ახსნა და მომეჩვენა, რომ უფრო დაკვირვებით მომაცქერდა, – ბიჭებს ვერ მივცემდი, აუცილებლად იეჭვებდნენ რამეს, მე კი მათ ამ საქმეში არასდროს ვრევ..
–ჰო, მე უფრო მარტივად ჩამრიე, – გამეცინა ზიზღით და ინსტიქტურად, კიდევ უფრო უკან დავიხიე
–დამაცადე.. ისინი რამეს მოიმოქმედებდნენ, მართა.. შენ კი, აზრადაც არ მოგივიდოდა მსგავსი რამ, თან პირველად გხედავდი. გარანტია არ მქონდა, რომ შეინახავდი, თუმცა არც შენი მოძებნა გახდებოდა რთული, რადგან შევატყე, ბიჭებთან ახლოს იყავი..
–მერე? იმ დროს რატომ არ წაიღე, დაბრუნებულს რომ დამადექი სახლში თავზე?
–დიდი ქსელია ძალიან, მართა, ვერ გაიგებ.. – ამოიოხრა და სედიანად გამიღიმა
–მიპასუხე. მე ვეგდე შენ მაგივრად განყოფილებაში ორი დღის წინ ანრი! ახლა კი ნება იბოძე და ყველა კითხვაზე გამეცი პასუხი! – გავღიზიანდი და ანერვიულებული, იმ სკამზე ჩამოვჯექი, სადაც ის იჯდა, ჩემამდე..
–ნუ შფოთავ! – ზედმეტად ცივი ხმით დამიღრინა, მერე ოდნავ მოეშვა და მშვიდად განაგრძო, – არიან ტიპები ვისთვისაც საქონელი ჩამომაქვს, თუმცა პირდაპირ მათთან არ მიმაქვს. სხვადასხვა გზით შემომაქვს ქვეყანაში და მათ საკონტაქტო პირებთან ვანაწილებ. რამდენიმე მაღალჩინოსანთან მაქვს საქმე წამოწყებული და შესაბამისად, მათი მფარველობის ქვეშ ვარ, თუმცა ზოგჯერ ხდება ხოლმე ასეთი რამ.. პერიოდულად სხვა ორგანოები ერთვებიან და ჩემს გამოჭერას ცდილობენ, რაც ასევე მალე გვარდება. ახლა, ქვეყნიდან რომ გავედი, დრო იხელთეს და მანამდე არსებულ კვალს ჭკვიანურად გამოყვნენ. თავიდანვე ჰქონდათ როგორც ჩანს ეჭვი შენზე, არადა..
–რა? რა, ანრი?
–იმ ღამეს შენთან მოსულს, ის ქურთუკი უნდა წამეღო. მაშინ შევნიშნე, რომ მითვალთვალებდნენ და მათ დასანახად გაკოცე. მერე, შენთან ურთიერთობა ნამდვილად მომინდა, თუმცა ბევრ რამეს მათი თვალის ასახვევად ვაკეთებდი. უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ნამდვილად გხვდებოდი..
მისი სიტყვების გაგებისას, ყელში მომაწვა ბოღმის გორგალი და გამწარებულმა, რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შუა თითი გავუჭიმე ცხვირწინ
–წადი შენი, ანრი!
–ახლა ვერ გაგიშვებ, მართა! ახლა არ დავუშვებ, რომ იმ წყეული დაკითხვის გამო, იმ რამდენიმე საათიანი წვალების გამო ხაზი გადამისვა! – გაცეცხლებული წამოდგა და ჩემკენ დაიძრა
–ვერაფერს ხვდები, არა? არც კი მომიახლოვდე.. არ მომიახლოვდე, ანრი! დაკითხვაზე გატარეულ ერთ ღამეს და დაკარგულ საათებს კი არა, მაგ ყველაფრის მიზეზს არ გპატიობ!
–იდეალური რომ არ ვარ ახლა გაიგე, მართა? – ფართოდ, ირონიული ღიმილით გაშალა ხელები და წარბები აწკიპა ზემოთ, – კახისნაირი სათნო სიყვარული რომ არ შემიძლია, ახლა მიხვდი? არც შენ ჰგავხარ გოგოებს, რომელთაც პირველი კოცნის და ზღაპრული ღამეების სჯერათ! ჩემნაირი ხარ, მართა.. ჩემნაირად დაკარგული ხარ ამ სამყაროში და ვერ გაგიშვებ. შანსი არ არის.. ხომ გეუბნებოდი.. ხომ სულ გეუბნებოდი, რომ არ გაგიშვებდი. გგონია ტყუილად ვამბობ რამეს?
–სიგარეტი ჩაიწვა, – თვალი გამიშტერდა მის ხელში შემორჩენილ ჩაფერფლილ ღერზე. უდიერად დააგდო ძირს და ფეხით დაასრისა ხის ზედაპირს
–რას ფიქრობ, მართა, თქვი..
–არ მინდა ფიქრი, – თავი ამტკივდა. დასვენება და ძილი მინდოდა.. მაგრამ ჯერ კუჭი მიხმებოდა.. აუცილებლად უნდა მეჭამა. ისე ამეკვიატა ამაზე ფიქრი, მისი კითხვა ყრუ ექოდ ჩამესმა
–არაფრის ღირსი ვარ, არა?
–არაფრის არა.. ყველაფრის ღირსი ხარ, ანრი. საერთოდ ყველაფრის.. ყველაზე ძლიერი ზიზღის ღირსი ხარ
–არ იდარდო, მართა.. შემიზიზღე. მე მოგეხვევი, შენ შემიზიზღე, კარგი?
–არ მომეხვევი, არც კი მომეკარები, – ხაზგასმით წარმოვთქვი სიტყვები და თვალი თვალში გავუყარე, – ნაბი*ვარი ხარ! სიტყვა არ დაგცდა, არასდროს..
–პატარა ბავშვები არ ვართ, რომ საიდუმლოები ვინახოთ, მართა! – ჩემკენ წამოსული, შუა გზაში გახევდა
–რა შუაშია ბავშვობა? იქნებ, როგორ მესმოდა? იქნებ, როგორ გიგებდი? არ გიფიქრია, არა?
–მშიშარა არ ხარ.. მშიშარა არ ხარ და არც პატარა ბავშვი ხარ.. მე კი, მხოლოდ ამ ორ შემთხვევაში შემეძლო შენთვის რამე გამემხილა.მხოლოდ უცოდველმა ბავშვა იცის საიდუმლოს შენახვა, რადგან ყველაზე მეტად მას აქვს შიშის გრძნობა გამჯდარი სხეულსა და გონებაში. საიდუმლოს შენახვას კი შიში სჭირდება და არა დიდი ნებისყოფა. ნებისყოფა ჩვენც გვაქვს, ზრდასრულებს, აი შიში კი.. შიში ყველაფერს ჯაბნის, ყველაფერს ერევა და პატარა სხეულებში იმაზე მარტივად იბუდებს, ვიდრე უკვე ცხოვრებაგამოვლილ, დიდ ადამიანებთან. შენ კი.. უცოდველი, გულუბრწყვილო ბავშვი კი არა, ქალი ხარ, რომელშიც მუდამ იმალებოდა სიჯიუტე და ყველაფრისადმი წინააღმდეგობის გაწევის საშინლად დიდი სურვილი
–ბევრი სხვა რამ ვერ დაგინახავს ჩემში, ანრი, – ჩამეცინა და წამომდგარმა, კიდევ უფრო უკან დავიხიე, – მინდა, რომ წახვიდე და აღარასდროს გაბედო ჩემთან მოკარება
–არ იყავი შენ ამ ამბის შემნახველი, მართა, ამიტომ ნუ ცდილობ თავი იმაზე კარგ ტიპად გამოიყვანო, ვიდრე რეალურად ხარ!
–ვეღარ ვიტან შენს დანახვას, ანრი. გული მერევა!
–ამის ატანა ნამდვილად შემიძლია.. ისიც ვიცი, რომ ღირსი ვარ, – ჩაიცინა და გვერძე გადახრილი თავით დამაკვირდა
–საკუთარ თავს ნუ დაიმცირებ იმის გამო, რომ ჩემს თვალში ამაღლდე
–ვინმე იქცევა ასე? – გაუკვირდა
–ყველა.. ყველა ასე იქცევა
–ახლა უნდა გითხრა, რომ მე ყველა არ ვარ, არა? – გაეცინა. რაღაცნარად, თითქოს ირონიით, მაგრამ არ გავღიზიანდი. ალბათ, უკვე შეჩვეული ვიყავი მისგან ასეთ დამოკიდებულებას
–არაფრის თქმა არ არის საჭირო, – მოვუჭერი უაზროდ და შებრუნდი. შევბრუნდი, თუმცა არ წავსულვარ. მისი დანახვა აღარ მინდოდა, მასთან ერთან ყოფნა - კი.. შორს ვერ წავიდოდი. მისგან შორს ყოფნა რთული იყო. შეგრძნება მქონდა, რომ თუ ერთხელ მაინც მოვშორდებოდი, მერე საერთოდ აღარ მომინდებოდა მისი დანახვა. ამისთვის კი ჯერ მზად არ ვიყავი. მზად არ ვიყავი და გადავწყვიტე, რომ ამ მზად ყოფნას არც უნდა დავლოდებოდი. ინსტიქტურად მუცელზე მოვიჭირე ხელები. გულში ვინატრე, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო.. უბრალოდ ცუდი სიზმარი და სხვა არაფერი და ღმა ამოსუნთქვას ამოვაყოლე ბოლო სიტყვები
–გადი აქედან..
–მაინც დავბრუნდები, მართა..
–ახლა.. ახლა გადი. ახლა გული მერევა.. – ამოვილაპარაკე სუსტად და მანამ არ შემოვბრუნდი, სანამ მისი ნაბიჯების ხმა არ მიწყდა. მერე კი მუხლებში მოვიკეცე. ხელისგულებით დავემხე ძირს და მთელი დილის ნაჭამი ერთიანად ამოვიღე ორგანიზმიდან. ჰო.. გული ნამდვილად მერეოდა, ოღონდ არა ანრიზე.. ძალიანაც კი მინდოდა, თუმცა ის არ იწვევდა ჩემში ამ შეგრძნებას. პირში ასეთი საშინელი სიმწარის გემო და ჩემი აცრემლებული თვალები იმ ნაყოფის ბრალი იყო, მას რომ ჩაესახა ჩემში.. ჯერ ისევ იმ დროს, რომ მეგონა, უპირობო, სუფთა სიყვარულით მხვევდა ძლიერ მკლავებს შიშველ სხეულზე.

თავი 6
***
საწოლის საზურგეზე მიყრდნობილს, კესოს კალთაში მეწყო ფეხები და შიოსა და მის სახეს რიგ-რიგობით ვაკვირდებოდი მას შემდეგ, რაც ახალი ამბავი გავუმხილე. დღეები გასულიყო ანრის ბოლო ნახვიდან და იმის გამო, რომ საბასთან და კახისთან გასვლის არნაირი სურვილი აღარ გამჩენია, თავად მაკითხავდნენ ხოლმე. საბა და კახი ძირითადად საღამოობით, ყველასთან ერთად, შიო და კესო კი თითქმის ყოველ დღე. გათენებისთანავე, ორივე თუ არა, ერთ–ერთი მაინც იდგა ჩემი კარის ზღურბლზე. მგონი, მომწონდა ჩემს სახლში ასე რომ დაბორიალებდნენ, საუზმისა და სადილის მომზადებას ზოგჯერ თავის თავზე იღებდნენ და კრინტს არ ძრავდნენ ჩემს არანორმალურ ურთიერთობაზე. მომწონდა ეს ყველაფერი, რადგან მარტოსულად ვგრძნობდი თავს და მათი ხმის გაგებაც რომ არა, აუცილებლად ცუდად ვიქნებოდი. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას, შუა ლაპარაკის დროს, მივხვდი, როგორ მეზიზღებოდა საიდუმლოდ შენახული ამბები და შიოს, რომელიც ასტროლოგიური კალენდრის მცდარობას უმტკიცებდა ჯიუტად მოტიტინე კესოს, ლაპარაკი შევაწყვეტინე :
–ორსულად ვარ!
ჩემმა უცერემონიო წამოძახილმა ზემდტადაც კი შეაშფოთა ორივე და მომეჩვენა, რომ ცოტა იმბეცილებივით დამაკვირდნენ
–რა თქვი? – თვალებგაფართოებული შემომყურებდა კესო
–ჰო, ასეა..
–თავის დაცვაზე რამე გსმენია? – გადაირია მაშინვე და საშველად შიოს გახედა, რომელიც მზერაჩამქვრალი, უმეტყველო სახით შემომყურებდა
–მსმენია, კესო, თუმცა ზოგჯერ დაუგეგმავად ვიყავი ანრისთან, თქვენნაირად გაწერილი გრაფიკი კი არ გვაქვს! – დავუბრიალე თვალები
–სულაც არ გვაქვს გრაფიკი..
–ხოდა არც ამათ ჰქონიათ, – ჩაიქირქილა შიომ და კესოს გამწარებული სახე შენიშნა თუ არა, უკან დაიხია
–ხვდები ხომ, ანრისგან დაორსულება რომ ყველაზე დიდი სუსილელეა? – გახედა თვალებდაწვრილებულმა
–მგონი ამას მართას წინაშე არ უნდა ამბობდე, კეს, – ჩაილაპარაკა შიომ და რაღაცნაირი წყენით გადმომხედა. კესომ კი, მოგვიანებით გაიაზრა საკუთარი ნათქვამი და სწრაფად მომეხვია მუხლებზე
–მაპატიე! თავს ვერ ვიკავებ, როცა რამე გაწუხებს და ყველას ვლანძღავ, მაპატიე.. – აჩურჩულდა და ხმაში უნებურად ტირილის ნოტები გაურია
–ეგ არაფერი, კეს.. – თავზე მოვეფერე. ასეთი იყო კესო. პირდაპირ, დაუფიქრებლად წამოროშავდა ხოლმე რაღაცას, განსაკუთრებით ჩემთან. მიყვარდა მისი იმპულსურობა, რადგან ყველა მისი საქციელი გულწრფელობასთან ასოცირდებოდა ჩემთვის. მე კი, ისე მაკლდა გულწრფელი ადამიანები გარშემო, არ ვაპირებდი კესოს ამ თვისების რაიმე კუთხით დაკნინებას
–სანამ უფრო მეტად ატლიკინებულხარ, წადი, ჩაი გააკეთე, – მხარზე მიკრა მხიარულად ხელი შიომ და ფეხზე წამოაგდო
–შენ ვერ გააკეთებ? – გაწიწმატდა და დიდი, ცისფერი თვალები დაუბრიალა. მერე, შიომ რომ გამოაჯავრა და ტუჩებიც მისნაირად გაბუსხა, მაშინვე მისკენ გაიწია
–გეყოფა, ნუ იკაწრები, გოგო, – იცინოდა შიო და მის ხელებს მოხერხებულად იგერიებდა, – გაჩერდი და წადი, ჩაი გააკეთე! – მისცა ისევ მითითება და რომ დაინახა კესომ პირი დააღო გასაპროტესტებლად, მაშინვე დაამატა, – გააკეთე ჩაი და ავალაპარაკოთ ეს კარგად, მიდი.. არ არის ჩხუბის დრო, კესო
–კარგი ჰო. ახლავე მოვალ, – კიდევ ერთხელ შემომანათა ღიმილიანი მზერა და ოთახიდან გაფარფატდა. წამის წინ ზედმეტად გამხიარულებულ შიოს კი მომენტალურად ჩამოეხსნა საზეიმო ნიღაბი სახიდან და ჩემკენ გადმოიხარა
–იცის? – მიჩურჩულა რატომღაც
–არ იცის
–როდის უნდა უთხრა?
–როცა მომინდება, შიო..
–და რას აპირებ, გადაწყვიტე? – მუხლზე ჩამომაყრდნო ნიკაპი და ქვემოდან ამომხედა
–თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მორალზე ლაპარაკს არ დამიწყებ
–თითქმის? – წამში მოეჭუტა სიცილისგან თვალები
–თითქმის..
–ალბათ, იმაშიც დარწმუნებული ხარ, რომ არც ანრი დაგიწყებს მორალზე ლაპარაკს, არა?
–არ ვიცი მეთქი, ვეტყვი თუ არა, – გავიბუსხე მაშინვე და თმაში ჩავავლე ხელი
–არ მომქაჩო, მართა! – გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა, თუმცა გაწევის მაგიერ, უფრო მეტად მომეხუტა ფეხზე, – ორივემ ვიცით, რომ ეტყვი.
–იცი რა მაინტერესებს? აქ რომ ხარ დღე და ღამე.. ანრისთან ყოფნა სულ არ გინდება?
–როგორ არ მინდება! – ლოყა გამიხახუნა მუხლზე და კომფორტულად მოკალათდა, მე კი მის თმაში ავათამაშე თითები. უკვე ძალიან წამოზრდოდა და მეჩვენებოდა, რომ რაც უფრო მეტად გრძელდებოდა თმის ღერები, მით უფრო უბრწყინავდა თავი
–არ არის საჭირო მუდამ ჩემთან იყო, შიო..
ჩაეცინა და ამომხედა, ისევ ნიკაპით დამეყრდნო და ღია წარბები ზემოთ აწკიპა
–ისიც ასე უფრო კარგად გრძნობს თავს, მართა..
–როგორ, ასე?
–შენთან რომ ვარ.
მაშინ ახმაურდა ჩემი შინაგანი ხმა სულ სხვაგვარად და მახსოვს, გავიფიქრე, რომ შეიძლება სულაც არ იყო შიო ჩემს მხარეს. ისე ღრმად შემიძვრა ეჭვები სხეულში, ვერაფრით მოვითმინე და ნაწყენი ხმით ჩავეკითხე
–ადანაშაულებ ანრის საერთოდ რამეში? თუ..
–თუ? – გამიღიმა ლამაზად
–თუ, მისი სიმშვიდისთვის ხარ ჩემთანაც? – მოვიღუშე და მის ღიმილიან მზერას თვალი ავარიდე
–არა მხოლოდ მისი სიმშვიდითვის, მართა..
იმედგაცრუებამ ფეხის ძირებიდან თმის ღერამდე დამიარა და უნცაური სიცივე ვიგრძენი. არადა, შიოს შეხებისას მუდმივად სითბოში ვლივლივებდი. მან კი, იგრძნო.. ჩემი დაძაბული სხეული იგრძნო და მომენტალურად მომშორდა. ჩემს პირისპირ მჯდარი, წელში გასწორდა და ისე განაგრძნო ლაპარაკი, ოთახში, ფინჯნებით ხელში შემოსული კესოსთვის ყურადღებაც არ მიუქცევია
–ვადანაშაულებ, ყველაფერში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მისდამი დამოკიდებულება, სიყვარული, პატივისცემა შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ადამიანია.. მთავარია, რომ ჩემია. ჩემია ისიც და ჩემი ხარ შენც. წლების განმავლობაში, არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ არაჰუმანური საქციელის ჩადენა თვალის დაუხამხამებლად შეუძლია, მაგრამ არასდროს.. არასდროს ჩემთვის არ გადაუვლია და ახლა, პირველი შემთხვევაა, როცა მისი ასეთი საქციელით რაღაც შეიცვალა..
–არასდროს გიცდიათ ამ საქმისთვის ჩამოგეშორებინათ?
–დღემდე ვცდილობთ, – გაეღიმა და კესოს გახედა, – დღემდე ჩხუბი მოსდის კახისთან, დღემდე არიდებს საბა თავის პატარა ძმას, თუმცა, ბოლოს მაინც ის გვჯობნის.. რადგან კახი დამთმობია, რადგან მე არ მჩვევია სხვის საქმეში ზედმეტად ჩარევა, საბამ კი ძალიან კარგად იცის, რომ არაერთი ღამე გაუტარებია სახლიდან გაპარულ ძმას ანრისთან. ჰო, ჩვენ გვაქვს ხმის უფლება, თუმცა ყველა მცდელობის დროს იმდენად გვშორდება, ისე იკეტება საკუთარ სამყაროში, ვხვდები, მისი მარტო დარჩენა უარესი იქნება. ამიტომ.. ამიტომ, ვეგუებით იმას, რასაც აკეთებს
–ასეთ რამეს არ უნდა შეეგუო, შიო!
–მარტივად ლაპარაკობ. ვერც წარმოიდგენ როგორ მარტივად. პირველად, სამივემ ერთად რომ შევუტიეთ, თავზე რომ დავა*ვით და მერე, მისი აზრზე მოყვანის მიზნით, დავემუქრეთ კიდეც, იცი რა გააკეთა?
–რა? – უცნაურად შემაცია მხრებზე და მკლავები ავხლართე ერთმანეთში
–წავიდა.. წავიდა და თვეები არ დაბრუნებულა. მერე, დედამისის, ტატას დაბადების დღეზე ჩამოსულს, სახლში ავაკითხეთ და ასე გვითხრა, მე თქვენ არ ამირჩევიხართ, მე ისეთები მიგიღეთ, როგორებიც ხართო.. თან, სანამ ხმას ამოვიღებდით, ბედნიერმა გაგვიზიარა მოგზაურობის ამბები
–ხო, მაგრამ, თქვენ არაფერს აკეთებთ ცუდს, შიო..
–საქმეც მაგაშია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებთ, არასდროს ჰქონია ამას მნიშვნელობა
–გასაგებია, – ამოვილაპარაკე და მუცელზე ავიკარი ხელისგულები. შიოს რომ გამოექცა თვალები ჩემი ხელებისკენ, მერე მივხვდი, რა საშინელი ჩვევა დამჩემებოდა და სწრაფად ავხლართე თითები ერთმანეთში
–ასე რომ, მე არავისკენ არ ვარ, მართა. მე ორივესთან ვარ, არ ავირჩევ.. შემიძლია, მაგრამ არ ავირჩევ. მეგობრებს შორის რომელიმეს არჩევა არ არის სწორი.. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელთან ურთიერთობა უფრო გრძელვადიანია, რომელი უფრო გეძვირფასება. საერთოდ არ უნდა არსებობდეს მხარეები. ან უნდა იყო ადამიანთან, ან არა. არ უნდა აფიქრებინო, ჩემს მხარეს დარჩება თუ სხვისკენ გადაიწევსო.. არ უნდა აფიქრებინო, რომ შეიძლება რომელიმე მათგანის არჩევაზე დაფიქრდე. მე ასე ვარ.. ასე ვარ და იცის ანრიმ ჩემი ხასიათი..
–მეც ვიცი შენი ხასიათი, – ამოვილაპარაკე იმდენად ჯიუტი ტონით, ორივეს გაეცინა
–ვიცი, რომ იცი.. ასე რომ, არასდროს მომცემს ანრი უფლებას, თქვენ შორის ჩავერიო, თუნდაც მცირე დოზით. არც მე მივცემ საკუთარ თავს ამის უფლებას. მე კი.. მე მას არ მივცემ უფლებას, ჩვენი ურთიერთობა თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ხომ იცი ეს, მართა?
სუნთქვა შემეკრა. ტუჩები ამითრთოლდა და იმხელა სიყვარული ვიგრძენი ჩემ წინ მჯდარი, მომღიმარი, ჟღალი ბიჭის მიმართ, საშინლად მომინდა არანორმალური ქვითინის დაწყება.
–მგონი ძალიან ვეჭვიანობ, – მომესმა კესოს ხმა და იმავე წამს, ცხელი ჭიქა მომაჩეჩა ხელში, – გეხვეწები, არ გადამაგდო რა შიოს გამო, გამიხსენე როგორ ლამაზად ვიცი თმის ჩაწვნა და ლაქის უნაკლოდ წასმა. ჩემს თავს ვერაფრით შეგიცვლის!
ზედმეტად სასაცილო ტექსტის მიუხედავად, იმდენად სასოწარკვეთილი ჩანდა კესო, ყველანაირად შევიკავე თავი, რომ შიოსავით ხმამაღალი სიცილი არ ამეტეხა
–ხედავ? უკვე დამცინის! შენ თვალწინ დამცინის, მართა!
–არ დაგცინი, კეს, უბრალოდ მეცინება. მეც მომიტანე ჩაი? დიდი მადლობა, – უცებ გადაატანინა ყურადღება და სწრაფად მოსვა ჭიქიდან ცხელი სითხე, – რა გემრიელია, უუღრმესი მადლობა! – მოთაფლა ბოლომდე და მხიარულად განაგრძო მასთან ასტროლოგიაზე ლაპარაკი. შიგადაშიგ გადმომხედავდა ხოლმე, თბილი ღიმილით, სულ რამდენიმე წამით აღწევდა ჩემს მზერაში და ისევ კესოს უბრუნდებოდა.. მანამ, სანამ არ იგრძნობდა, რომ ისევ მჭირდებოდა მისი მშვიდი განწყობა.

***
სამსახურში, გადატვირთული დღეების მიუხედავად, იმდენად მსიამოვნებდა სხვა, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებისგან მოწყვეტილ თემებზე ფიქრი, გვიანობამდეც უპრობლემოდ ვრჩებოდი ხოლმე. ერთი–ორჯერ თანამშრომლებსაც გადავუცვალე სმენა და ზოგჯერ დამატებით, დასვენების დღეებსაც ოფისში ვატარებდი. ზედმეტად მოსაწყენი საქმეც კი მოტივაციას მაძლევდა. ყოველდღიურად ორმოცდაათობით სარეგისტრაციო ფორმას ვავსებდი, მერე კი, დღის ბოლოს კომპანიის უფროსთან ვაგზავნიდი. რუტინული საშუაო იყო. არც თავად კომპანია გამოირჩეოდა დიდი პრესტიჟით, თუმცა მისი მფლობელები რატომღაც მაინც ზედმეტად მხრებში გაჭიმულები, გალაკული თავებითა და ფეხსაცმლის ამაზრზენი კაკუნით ჩაივლი–ჩამოივლიდნენ ხოლმე დერეფნებში. რაც მთავარია, არასდროს ავიწყდებოდათ საქმიანი გამომეტყველების მიღება. განსაკუთრებით მაშინ, გვერდით ოფისში მომუშავე გოგონებს რომ ეპატიჟებოდნენ საკუთარ კაბინეტში და დანარჩენებს, მკაცრი მზერით გვავალებდნენ, თათბირის დრო კიდევ ნახევარი საათით გადაგვეწია. ზოგჯერ უფრო მეტითაც გვიწევდა. ჩემი თანამშრომლის, წითელთმიანი, მუდამ მხიარული გვანცას აზრით, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან შუახნის ასაკს გადაცილებულ მამაკაცებზე არც უნდა დაგვემყარებინა დიდი იმედები. „ზედმეტად ნელები არიან ალბათ, გვიან, დიდი წვალების მერე აღწევენ მიზანს,“ მეტყოდა ხოლმე და ხმამაღლა, მოურიდებლად კისკისებდა დაღლამდე.
–ჩუმად, თორემ მოგისვრიან აქედან! – გავაფრთხილე ერთ–ერთი ასეთი შემთხვევისას, როცა აღტკინებული განიხილავდა ბატონი კობას დაქვეითებულ ტემპერემენტს
–მერე შევყვები ერთი–ორჯერ კაბინეტში და ეგაა
–მეტი საქმე რომ არ გაქვს, კობა არა ის კიდე! – გავუბრაზდი მაშინვე
–ხომ მოდიხარ კორპორატიულზე?
–არ ვიცი, გვანცა
–უნდა წამოხვიდე! მთელი ბიზნესმენების შეკრება იქ იქნება, იცი რამდენი სფეროდან მოვლენ? ჩვენ კი საჭირო ხალხში გავერევით..
–ჰო, სავარაუდოდ ანრი და მამამისიც იქ იქნებიან, მე კი არ ვარ მზად მისი ნახვისთვის, – ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის
–ჰეი, მომხედე აქეთ! – შემომიძახა და ფეხზე წამოდგა. ჩემს მაგიდასთან მოსული, ზედ ჩამოადო ლამაზი საჯდომი და მაიძულა მისთვის შემეხედა, – ასე ძალიან რატომ უფრთხი?
–არ ვუფრთხი, საერთოდ არ ვუფრთხი, გვანცა, – გამეცინა. გადაღლილი ვიყავი ხალხთან თავის მოჩვენებით, თითქოს უბრალო წყვილი ვყოფილიყავით, თითქოს ყველას მსგავსად გვეკამათა და კეკლუცი გოგოსავით, მის ნახვას ვერიდებოდი უაზრო მიზეზების გამო
–ხოდა წამოდი, ხომ წამოხვალ? თან, თორნიკეც მოდის, ჩემი თორნიკე, ხომ გახსოვს?
–მახსოვს, მაგრამ რა შუაშია თორნიკე? – ამოვიოხრე გადაღლით
–სანამ ანრისთან იყავი, გამომიჭედა ბუზღუნით თავი, ახლა კიდევ მარტო ხარ, აი რა შუაშია!! – ამოილაპარაკა ნიშნის მოგებით და სანამ რამეს ვიტყოდი, მანამ წამოდგა ფეხზე, – ხმა არ გავიგო, მართა, ნუ გადამრიე, ნუ ხარ ზედმეტად დალაგებული!
გემრიელად გადავიკისკისე. ჰო, სასაცილოდაც არ მეყო თორნიკეს ხსენება. არც ის მეყო სასაცილოდ, ამდენად არეულს, ვიღაცამ დალაგებული რომ მიწოდა. თურმე, როგორ ვახერხებთ ადამიანები იმის საპირისპიროდ მოვაჩვენოთ სხვებს თავები, ვიდრე რეალურად ვართ.. თუ ვგრძნობთ.

***
წავედი კორპორატიულზე. წავედი და წინასწარ შევამზადე საკუთარი თავი მასთან შესახვედრად. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე მეგონა. მისვლიდან ერთ საათში, თავს უკვე არაკომფორტულად ვგრძნობდი. ფეხსაცმელი ზედმეტად მიჭერდა, კაბის ამოღებული ზურგი კი სიცივისგან უსიამოვნოდ მეხორკლებოდა და წამდაუწუმ ვიშმუშნებოდი. არსად ჩანდა.. არცერთ მხარეს, არცერთ კუთხეში. ის არსად ჩანდა, გვერდით კი გვანცას ნაცნობი, ახმახი თორნიკე მედგა, რომელიც დაუღალავად მთავაზობდა სხვადასხვა სასმელს. ბოლოს, ალბათ გადაიღალა ჩემი უარით და სასოწარკვეთილმა, ჩემთან ერთად ვერანდაზე გასეირნება მოინდომა. უარი ვეღარ ვუთხარი. ფრთხილად დავეყრდენი მკლავზე და თბილი ნიავის შეხებასთან ერთად ანრის ცივ სახეს შევეჩეხე. ერთ ადგილას გავხევდი. არადა, მეგონა მზად ვიყავი.. მეგონა, მუხლები არაფრის დიდებით ამიკანკალდებოდა.. მეგონა, მისი ასეთი, ეჭვიანობისგან გამწარებული სახე ცხოვრებაში არასდროს გამოიწვევდა ჩემში აუტანელ, მტკივნეულ მონატრებას. თუმცა, მხოლოდ მეგონა. ღრმად ჩავისუნთქე უკვე მისი სურნელით მოწამლული ჰაერი და სანამ მის მიერ თორნიკესთვის მუქარანარევი ტონით ნათქვამი რამდენიმე წინადადების გააზრებას მოვასწრებდი, მანამ აღმოვჩნდი მის მკლავებში
–უკვე სხვას ეკიდები ყელზე, მართა? – კბილებს შორის გამოსცრა და ისე ძლიერად ჩამაფრინდა მკლავზე, უნებურად წამოვიკვნესე
–მე არც შენ გეკიდებოდი. გამიშვი ხელი, ანრი..
ზედმეტად თრთოდა. ზედმეტად აფორიაქებული და გამწარებული ჩანდა. თვალებგაფართოებული, ზემოდან დამყურებდა და ვატყობდი, ძლივს იკავებდა თავს, რომ რამე უფრო საშნელი, უფრო მტკივნეული არ მოეხალა ჩემთვის. თან თორნიკესკენ აპარებდა მტრულ მზერას, რომელიც მალევე გაგვშორდა. შვებით ამოვისუნთქე, რადგან ვიგრძენი, მისი წასვლისთანავე როგორ მოუდუნდა სხეული
–მენატრები, მართა! მე მენატრები, შენ კი ვიღაც სირ*ბთან ერთად დადიხარ! მე რატომ არ მეპრანჭებოდი ასე? მითხარი! რატომ არ მიღიმოდი ასე, მართა?
–აი, ისევ დაიძარღვე, – გავუღიმე ირონიულად და ლოყაზე დავუსვი ხელი
–ახლა მე და შენ აქედან წავალთ. არ გამიძალიანდე, გეხვეწები, არ მინდა ამდენ ხალხში ძალა დაგატანო, – მითხრა ისეთი ტონით, სულ რომ არ ჰგავდა თხოვნას და საშინლად გავღიზიანდი, თუმცა მაშინვე მოვახერხე თავის დამშვიდება
–რაღაცაზე მინდა გელაპარაკო..
–რა იყო, მიქარე უკვე რამე? – გაუქვავდა სახე და ისე უცებ მიშვა ორივე ხელი, მაშინვე წავბორძიკდი
–ჩემს ნივთებს ავიღებ და წავიდეთ, საქმე მაქვს, – ვუთხარი რაც შეიძლება გულგრილი ტონით და გასასვლელისკენ დავიძარი.
უხმოდ ვიმგზავრეთ. იმდენად უხმოდ, რომ ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობდით. მანქანაში ისევ ის, ჩემთვის ნაცნობი სუნი და აურა ტრიალებდა, თუმცა ამჯერად აღარცერთი ვაპარებდით თითებს ერთმანეთის ბარძაყებისა და სახისკენ. ანრის სახლში შესვლისას უფრო მეტად მომიჭირა მტკივნეულმა გორგალმა ყელში. თვალი ავარიდე, სწრაფად გავიძრე მაღარქუსლიანი ფეხსაცმელი და შვებით ამოვისუნთქე თუ არა, ინსტიქტურად გავწიე ჩანთით ხელში მისი ოთახისკენ
–სად მიდიხარ? – მაგდასთან ჩამომდგარიყო და დაკვირვებით მიცქერდა. პიჯაკი უკვე გაეხადა და თეთრი, თითქმის მკერდამდე ღილებჩახსნილი პერანგითა და მუქი ლურჯი შარვლით იმდენად მიმზიდველი იყო, თვალი ვერაფრით მოვაშორე
–გამოვიცვლი და მოვალ.. ტანსაცმელი მაქვს წამოღებული
–კარგი, – დამეთანხმა მშვიდად და სკამზე ჩამოჯდა. უკან დაბრუნდებულს იმავე პოზაში მჯდომი დამხვდა. თვალი გამორთული ტელევიზორის ეკრანისთვის გაეშტერებინა და მონოტონურად ათამაშებდა ხელის თითებს მაგიდის ზედაპირზე
–რა უნდა მითხრა? რომ აღარ გჭირდები? მხოლოდ კარგ ბიჭებთან გადაწყვიტე ურთიერთობა? – ჩაიცინა და ჩემკენ გამოიხედა. მომეჩვენა, რომ მზერა არც თუ ისე კეთილი ადამიანისას მიუგავდა
–ანრი..
–იცი, რას ვუზამ? ჩემი ნებით კი არა.. ისე, თუ გადამეკეტა. ერთ დღესაც თუ დავინახე ან უბრალოდ წარმოვიდგინე შენთან, იცი მაინც რას ვუზამ, მართა?
–მაშინებ? – გამეცინა ნერვიულად და გამკიცხავად გავაქნიე თავი. ისე გავმწარდი, მტკივნეულად ჩავაფრინდი საკუთარ ტუჩს კბილებით
–არ გაშინებ, გეკითხები! – მიპასუხა გულუბრყვილო ტონით. მე კი, ყელში ამომივიდა დამალული, მიჩქმალული გრძნობები. ყელში ამომივიდა მისი ასეთი მზერა და მივხვდი, სანამ საკუთარი თავის შეცოდებას დავიწყებდი, მანამ უნდა გამერკვია ყველაფერი
–ორსულად ვარ, – ვთქვი და ყბა ამიკანკალდა. მეშინოდა, ოღონდ თავადაც არ ვიცი რისი შიში უფრო იყო. იმის, რომ ანრის შვილი არ ენდომებოდა თუ იმის, რომ თავადაც არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა ახლა ბავშვის გაჩენა. მისი გამოხდვა კი არფერს მეუბნებოდა. გავიდა ნახევარი წუთი და ისევ ისე შემომცქეროდა. ერთი წუთის მერე, სულ ოდნავ აეწკიპა წარბები, ალბათ გაკვირვებისგან და ფეხზე წამოდგა. წუთნახევრის მერე ახლოს მოიწია, ზედმეტად დაკვირვებით დამაშტერდა სახეზე და ორი წუთიც რომ მიიწურა, მაშინ ამოიღო ხმა
–კარგია, ბავშვი კარგია! – გამიღიმა და ისე ჩამომისვა ლოყაზე ხელი, თითქოს მე ვყოფილიყავი პატარა ბავშვი, რომელსაც ტკბილი სიტყვით აჯილდოვებდნენ
–გინდა შვილი? – სიყტვებთან ერთად რატომღაც უკან დავიხიე
–შენ არა? – ისე გაუკვირდა, ვიფიქრე ნეტავ აქამდე შვილის მოლოდინში ხომ არ გვხდებოდა სული და არ მახსოვსმეთქი
–არ ვიცი, ანრი, დაბნეული ვარ, შენ კი.. როგორც ყოველთვის, არაადეკვატურად იქცევი
–გინდა, რომ მოიშორო? – მკითხა მხრების აჩეჩვით. ისე, თითქოს არაფრად აგდებდა ამ ამბავს. არადა, სულ სხვა რამ ჩანდა მის თვალებში. ამდენად მაინც ვიცნობდი.. შემეძლო ამომეცნო ეს მზერა, ხშირ შემთხვევაში აფეთქება და გაღიზიანება რომ მოჰყვებოდა ხოლმე თან. არაფერი ვუთხარი, თუ ვერაფერი.. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა ასეთ პატარა ასაკში, ასეთ ჩამოუყალიბებელსა და თავისუფალს, დაუფიქრებლად გამეჩინა შემთხვევით ჩასახული ბავშვი კაცისგან, რომელსაც ჩემ თვალში უკვე მოსცხობოდა ათასგვარი სიბინძურე. თითქოს მიმიხვდაო ფიქრებს, ისე ჩაიცინა და ირონიით გაჟღენთილი ხმით გაიქნია თავი
–არ გინდა შენ ჩემგან შვილი!
–საიდან მოიტანე რომ შენგან არ მინდა? – ტირილი მომინდა გააზრებისას, რომ ყველაზე ზუსტად სწორედ მაშინ შეეძლო გამოეცნო ჩემი განწყობა, როცა მისნაირად ვფიქრობდი, როცა მეც მის ტყავში ვძვრებოდი, როცა მხოლოდ უარყოფითი ემოციებით მქონდა გონება გამოტენილი. მას ხომ მხოლოდ ის სჩვეოდა, ყველაფერი თავისებურად დაენახა, ყველაფერში სიბინძურე მოეძებნა..
–ისეთი სახით გამომიცხადე, თითქოს ამის გაგებას ყველაფერი გერჩივნა, მართა! ან ეს ხელები რაღას გიკანკალებს? – აყვირდა და იმავე წამს, უცნაურად ჩამცხრალი, სავარძელზე ჩამოჯდა, – მოდი აქ, მოდი..
–აღარ იყვირო, – გავაფრთხილე და მისკენ წავედი. წესიერად მიახლოებაც არ მაცადა, ისე დამეჯაჯგურა მკლავზე და მუხლებს შორის მომიქცია
–რას ფიქრობ?
–არ ვიცი, – ზემოდან დავაშტერდი. სანამ კიდევ ამოვიღებდი ხმას, მანამ ამიწია მაისური და ხელისგული მომაკრო მუცელზე
–მითხარი, მართა, რას ფიქრობ, – ამოილაპარაკა ისევ, თუმცა ოდნავ მკაცრად. ზედაც არ შემოუხედავს ისე დაეჯაჯგურა მაღალწელიანი შარვლის სათავეს და წამსვე შემიხსნა ღილი. ელვასაც რომ დასწვდა, ვეღარ ავიტანე მისი საქციელი და დახრილი, მაჯებში მოუთმენლად ჩავაფრინდი
–რას აკეთებ, ანრი..
წამით გაშეშდა და ამომხედა. თვალებით მბურღავდა, არადა, მეგონა ისევ ცივი მზერა ექნებოდა. ხელი გამაშვებინა და შემომიღრინა
–შენ კითხვაზე მიპასუხე, – მითხრა და მუცელი მომიშიშვლა, – უნდა მოვიშოროთ?
–ისე ლაპარაკობ.. ისე ამბობ, მოვიშოროთო, თითქოს შენთვის სულ ერთია.. ან, ეს მოვიშოროთ რას ნიშნავს.. მე.. მე უნდა მოვიშორო, მე უნდა მოვკლა, შენ არა. შენთვის მარტივია!
სიტყვა არ მქონდა დასრულებული, მუცელზე რომ მომაკრო ტუჩები, ჭიპთან ახლოს და ისე გადმომდო თავისი მუდმივი სიცივე, ერთიანად შემაჟრჟოლა
–ვრძნობ, რომ მისი მოშორება გინდა.. – ამოილარაკა და ახლა სხვა ადგილას გააცოცა ტუჩები. ისე მგრძნობიარედ, ისეთი ღრმა სუნთქვით მიკოცნიდა მუცელს, ღრიალი მომინდა.
მე არა.. ჩემს სხეულს არა, ჩვენს შვილს ეფერებოდა.. ჩვენს შვილს უნაწილებდა თავის სიყვარულს და თან მეუბნებოდა, რომ შემეძლო მომეშორებინა. მეუბნებოდა, რომ შემეძლო იმ ბავშვის მოკვლა, რომელიც უკვე მიიღო. ვერ ავიტანე.. ვერ ავიტანე მისი ეს საქციელი და ფეთიანივით მოვიცილე მისი მოხვეული მკლავები სხეულიდან. უკან დახეულს, მოშიშვლებულ მუცელზე მისი თბილი ამბორი დამაკლდა და ინსტიქტურად ორივე ხელი ავიფარე. ის კი.. უფრო კარგად მოკალათდა სავარძელზე და ფართო ღიმილისგან შუბლზე ნაოჭები დააჩნდა
–რა იყო, მართა, ჩემგან იცავ?
იმდენად ირონიული იყო ხმა, ტირილი ამიტყდა და აკანკალებული თითებით, ძლივს შევძელი პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება. ისე დამებინდა მზერა ცრემლებისგან, ვერც დავინახე როგორ მომიახლოვდა, სანამ შარვალს ვისწორებდი. თითქმის არც შემხებია ისე დამეყრდნო შუბლით დახრილ თავზე და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი
–სხვისგან არა.. სხვისგან არ მინდა შვილი. აი, ჩემი მართასგან კი, აუცილებლად.. ჩემი მართა ჩვენს ნაწილს გამიჩენს.. ჩემი მართა ჩვენს ნაწილს გამიზრდის.. ჩვენი მართა ჩვენს სიყვარულს გაამყარებს..
–მე მელაპარაკე, ანრი! – ყელზე მივაბჯინე ბრაზით ხელები და ვაიძულე თვალებში შემოეხედა, – მე მელაპარაკე და ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს შენს წინაშე ვალში ვარ! ნუ იქცევი ასე! ის, რომ ჩემს სხეულში შენი ნაწილიცაა, არაფრის უფლებას არ გაძლევს. ის, რომ შენი ამ საქციელით გულს მიკლავ, არაფერს შეცვლის. თუ მინდა, მოვიშორებ.. თუ მინდა მოვიშორებ! – ავკივლდი და ზუსტად ამ მომენტში გადავწყვიტე, რომ არაფრის დიდებით მოვიშორებდი ნაყოფს. არადა, საპირისპირო ძალიან, ძალიან ბევრჯერ გავიმეორე მის სახესთან ახლოს.
–შენი აზრით მაგით მე დამამცირებ? გგონია, მე დამაკლებ რამეს? – აღრიალდა და მხრებში ჩამავლო ხელები, – გგონია, მე ჩამაგდებ არა საგონებელში?! სულელი ხარ, მართა! სულელი ყოფილხარ და მეტი არაფერი თუ ამხელა მნიშვნელობას მანიჭებ! – ამოილაპარაკა ზიზღით და ძლიერად ჩამაფრინდა თითებით, – მაგრამ, არა.. ყველაფერს ხვდები და ახლა მე მამწარებ შენი ჭკუით. გგონია, გამოგივა? დარწმუნებული ხარ რომ დაგითმობ და გეტყვი, რომ რაც გინდა ის უნდა ქნა? როდის მიხვდები რომ არ ვარ კაცი, რომელსაც მაღალი მორალური სტანდარტები გააჩნია?!
–შემეშვი, მეტკინა, შემეშვი! – ყვირილით დავეხსენი, რომ მისი ღრიალი გადამეფარა, თუმცა მივხვდი, ხმა ისე ჩამწყდომოდა, სიტყვის თქმასაც ვერ მოვახერხებდი
–დაფიქრდი, მართა! იფიქრე! იფიქრე! იფიქრე! – სახეზე მომაბჯინა ხელისგული, როგორც ადრე იცოდა ხოლმე, სიცილითა და ხუმრობაშერეული სიჯიუტით. ისე შემბოჭა, სუნთქვა გამიძნელდა. ის კი უფრო მეტად მიჭერდა თითებს და ერთი და იმავეს მიმეორებდა.
მერე.. წლების განმავლობაში, სწორედ ასეთ გრძნობას მოეცვა მთელი ჩემი არსება. ასე ვგრძნობდი თავს, როცა ანრისთან ვიყავი. ასე დაუნდობლად ბოჭავდა ჩემს სხეულსა და სულს საკუთარით. მავიწროვებდა, არ მასუნთქებდა, თავის საკუთრებად მაქცევდა და მაიძულებდა საკუთარი კი არა, მისი გადაწყვეტილებები მიმეღო.
„იფიქრე! იფიქრე! იფიქრე! იფიქრე!“ – ჩამესმოდა მუდმივად მისი ხმა, მე კი.. მე მხოლოდ ის შემეძლო, როგორმე დროებით ჩამეხშო, დროებით მომეშორებინა, ისე, როგორც იმ საღამოს მოვიშორე. ძლიერად ჩავავლე მაჯაში ორივე ხელი და სახე გავითავისუფლე თუ არა, უკანმოუხედავად დავტოვე მისი პიროვნებით გაჟღენთილი ოთახები.

***
–გესმით გულისცემა?
მესმოდა. იმ დღეს პირველად გავიგე მისი გულისცემა. ტიტეს პირველი გამოძახილი საკუთარი სხეულიდან. ხომ ამბობენ ხოლმე, გულისცემას რომ გაიგებ, ხვდები მასზე ძვიფასი არავინ გყავსო. სულაც არ მიგრძვნია ეს.. უბრალოდ, იმდენად დიდი იყო ემოცია.. იმის გააზრება, რომ ჩემს სხეულში შებუდებულიყო სხვა, მინიატურული არსება, საკუთარი გულისცემაც მესმოდა. მე და ტიტეს ერთად გვიცემდა გულები. ის კი, ჩემს გულზე პატარა, მისი ნახევარიც არ იყო.. მახსოვს, როგორ შემიძვრა მის სქესზე ფიქრი გონებაში, მითხრეს თუ არა რომ ნორმალურად ვითარდებოდა ნაყოფი და საავადმყოფოს საწოლზე მწოლმა, ზემოდან დავხედე საკუთარ მუცელს
–შემდეგ კონსულტაციაზე ჩაგწეროთ, თუ სხა ვარიანტები განვიხილოთ? – მკითხეს ისევ.
–სხვა ვარიანტები?
–აპირებთ თუ არა ნაყოფის დატოვებას, გადაწყვიტეთ?
–სხვა ვარიანტებში აბორტი იგულისხმეთ?
–დიახ, – მოჰყვა პასუხს ღიმილი. ნეტავ, რატომ ეღიმებოდა. ნეტავ, ყველა ასეთ კითხვაზე ღიმილად იღვრებოდა? ათასი კითხვა დამებადა თავში და სწრაფად წამოვდექი ფეხზე
–მუცელს გაგიწმენდთ, ერთი წუთით..
–თავად ვიზამ, – ფრთხილად გამოვართვი ქაღალდი და მუცელზე მოვისვი. გულაჩქარებულმა დავტოვე დერეფანი. სუნთქვა აღარ მყოფნიდა. არ მინდოდა იმ შენობაში გაჩერება, სადაც სხვა ვარიანტად სიკვდილი განიხილებოდა. იქნებ, არც გავბრაზებულიყავი ასე ძლიერ, რომ არა საკუთარი ორჭოფობა. ვგრძნობდი, შეიძლებოდა სწორედ ის სხვა ვარიანტი ამერჩია.. და მეთქვა, რომ სხვა გზა არ მქონდა.
გარეთ გამოსული, კლნიკის კედელს ავეკარი და უცნაურად ათრთოლებულმა დავიწყე ჩანთაში დამამშვიდებლის ძებნა, მისი ხმა რომ შემომესმა.
–მარტო რატომ იყავი?
–კესომ ვერ მოიცალა, – ამოვიბურტყუნე და გული რომ ამიჩქარდა, უნებურად გავიფიქრე, ნეტავ მასაც ხომ არ აუჩქარდა მეთქი გული, ჩემს სხეულში მოთავსებულ პაწაწინა არსებაზე. ისევ ამომიტივტივდა ცხადად მისი ფეთქვის ხმა და შვების საპოვნელად, გაუცნობიერებლად მოვძებნე ანრის თვალები
–რატომ არ დამირეკე?
–კარგი რა, ანრი! – შევუტიე სუსტად და ძლივს მიგნებული და გახსნილი წამალი გაჭირვებით მოვიქციე თითებს შორის
–რა არის ეგ?
სევდიანი იყო. იმდენად სევდიანი, რომ მომინდა მეთქვა, ეგ შენი განწყობა შენივე ბრალია მეთქი. თუმცა, მხოლოდ პასუხი გავეცი იქვე, სკამზე ჩამომჯდარს
–უბრალოდ დამამშვიდებელია. რატომ ხარ აქ?
–არ ვიცი, – მიპასუხა გულწრფელად და სახეზე ჩამოისვა სილურჯეშეპარული თითები, – რა გითხრეს?
–მის გულისცემას მოვუსმინე..
–მართლა? – გაეცინა და სახე გაუქვავდა. ასე იცოდა. რამდენიმე ემოცია რომ მოაწვებოდა ხოლმე ერთდროულად, აღარცერთი მათგანის სააშკარაოზე გამოტანას არ დაუშვებდა. ისე გაუქვავდებოდა ასეთ დროს სახე, თითქოს უგრძნობი ყოფილიყო.
–მართლა, – დავუქნიე თავი
–ვითომ შეგიყვარდება? ჩემგან ჩასახული შვილი, ჩემზე მეტად შეგიყვარდება, მართა? – გაცრეცილი მზერით ამითვალიერა სხეული და თვალებით მუცელზე შეჩერდა
–არ მგონია იმდენად მიყვარდე, რომ საკუთარმა შვილმა ვერ გადაფაროს შენი სიყვარული, ანრი..
გაეღიმა. გაეღიმა თავისებურად და ხელისგულებს ჩამოადო შუბლი. მხოლოდ მის იისფერ ქუდს ვხედავდი, და ოდნავ მოცახცახე მხრებს. პირველად ვნახე თავდახრილი, მხრებმობუზული, ასე ჩაჩუმებული და ინსტიქტურად გავიწიე მისკენ
–არ მოხვიდე
–ანრი..
–არ მოხვიდე, თორემ შენი შეხება მომინდება, შენ კი არ მომიშვებ. მომინდება, რომ ისევ ვიგრძნო შენი სხეული ამ დამპალ მკლავებში, შენ კი ისევ საზიზღრობებს მეტყვი, – ამოილაპარაკა გაღიზიანებით და სიგარეტს მოუკიდა. უცნაურად ათრთოლებოდა ხელები, ჩემკენ იხედებოდა, ოღონდ არცერთხელ.. აღარცერთხელ გაუსწორებია მზერა თვალებისთვის. მისკენ წასული რომ დამლანდა, ორივე ხელი აიფარა სახეზე და ისევ დამალა სახე. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამდენი ემოცია შეიძლებოდა მასში გამომეწვია. წარმოდგენა რ მქონდა, თუ ჩემი შეხება ენატრებოდა. ფრთხილად მივუახლოვდი, გვერდით ჩამოვუჯექი და მის სურნელსა და სიგარეტის კვამლში ერთდროულად გავეხვიე. შეგრძნება მქონდა, რომ იმ დროს, კლინიკის გარეთ, მოგრძო სკამზე ჩამომჯდარმა, ბოლო კვირების განმავლობაში ძლივს ვიპოვე მყუდრო ადგილი. მივხვდი, იისფერქუდიანი, არანორმალური ბიჭის დამსახურება იყო ეს არსაიდან, უკითხავად მოვარდნილი გრძნობა და ინსტიქტურად ტუჩები დამებრიცა. თურმე, არ ყოფილა ზღაპრები, ორსულებზე რასაც ამბობენ მეთქი გავიფიქრე. საშინლად მომინდა ტირილი და ისე ვეცადე თავის შეკავებას ჩემკენ სახემოტრიალებული, წარბშეკრული ანრის დანახვისას, უარესად დამეძაბა ყბა. როგორც ჩანს, არც თუ ისე კარგი დასანახი ვიყავი, რადგან მის ხმას შეშფოთება დაეტყო
–გაღიზიანებს სიგარეტი? – მკითხა და პასუხის გაცემამდე ურნის ძებნა დაიწყო თვალებით.
ხმა რომ ამომეღო, ნამდვილად გამოჟონავდა ძლივს შეკავებული სითხე თვალებიდან, ამიტომ უხმოდ გავუქნიე უარის ნიშნად თავი და მისი ხელისკენ გავიწიე, რომ სიგარეტის ღერი გამომერთმია
–მართა! – შემომიძახა მოუთმენლად და ვიგრძენი, როგორ დაეძაბა სხეული, – ახლა არ მოწიო, იცოდე..
–რატომ? – გამეღიმა სევდიანად და პირველივე ნაფაზით ისეთი სიამოვნება მივიღე, უნებურად გამეღიმა, – ისიც კი არ ვიცი, ვაჩენ თუ არა..
–მართა! – გამოსცრა კბილებს შორის და ხელი გამომიწოდა. უხმოდ გადავეცი შემორჩენილი, თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი და მუცელზე მოვისვი ხელი. თვალებდახუჭულმა, რამდენჯერმე ბოდიში მოვუხადე ჩემს მუცელში დაბადებულ პაწაწინა ემბრიონს წამიერი სისუსტისთვის
–ვერ ვიტან დაუფიქრებელი გოგოსავით რომ იქცევი. ამ ბოლო დროს კი სულ ასე იქცევი..
–შენგან დამჩემდა ძვირფასი ადამიანების გადავიწყება ალბათ.. – მხრები ავიჩეჩე და ფეხზე წამოვდექი. ვიგრძენი, როგორ დამედევნა უკან, ფრთხილად შემახო მხრებზე თითები და ზურგზე ამეკრო
–არ გინდა, ანრი..
–გადააბიჯე შენს თავს.. გადამაბიჯე მეც და მიიღე სწორი გადაწყვეტილება. შენ მაინც.. შენ მაინც ეცადე, კარგი?
–კარგი..
–არ მომიკლა შვილი, მართა! – ღრმად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი და იმავე წამს ჩამომშორდა.

***
არ მოვიშორე. ვერ მოვიშორე, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი მითქვამს. თეაკოს და ზურას დაბრუნებაზე გადავერთე და მათთან ერთად, მხიარულად გავატარე ის დღეები. მერე.. მერე, ერ–ერთ ღამეს, განსაკუთრებით მარტო დავრჩი. ისეთ დროს, შენი თავი სხვას კი არა, შენც რომ არ გეკუთვნის, ყვლა ტკივილი რომ ერთად იყრის თავს და ვერაფრით მოვისვენე. გულისრევა, წყენა, ბრაზი, მონატრება.. ყველაფერი ერთად მიტევდა, სააბაზანომდეც ვერ მივაღწიე, ისე დავიღვარე ცრემლებად და ცივ იატაკზე ჩამომჯდარმა, ვერც შევნიშნე თეაკოს მოახლოება
–ცუდად ხარ, დე? – თავზე დამდგომოდა. პასუხი რომ არ გავეცი, უცებ დაფაცურდა და შუბლი და სახე შემიმოწმა. არ ვეცხელე. თუმცა, შუქანთებულ ოთახში ჩემი ფერი არ მოეწონა და მაიძულა საწოლში დავბრუნებულიყავი, სანამ თავად წამლების დიდი შეკვრით დაბრუნდებოდა
–არაფერი მჭირს დე..
–იტირე, მართა? – არ გამოპარვია უკვე კარგად შეწითლებული ჩემი თვალები და შეშფოთებული ჩამომიჯდა საწოლზე
–ჰო, რაღაც ფილმს ვუყურე, – ვიცრუე და მეტი დამაჯერებლობისთვის ლეპტოპისკენ გავიქნიე ხელი, – დე, დაგელაპარაკები რა.. – ამოვიჩურჩულე და მივხვდი, რომ ბოლოს თეაკოს ცამეტი თუ თოთხმეტი წლის ასაკში ველაპარაკე გულწრფელად. მაშინაც ძლივს გამოვნახეთ საერთო ენა. ბოლოს მაინც ზურას ჩარევა გახდა საჭირო, რომ როგორმე ერთად დაგვერწმუნებინა დედა, ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარული არც თუ ისე შედეგიანი რომ იყო ჩემთვის. გასაკვირია, თუმცა ახლაც დაახლოებით ისეთივე შეგრძნება მქონდა, როგორც მაშინ, საუბრის დაწყებისას. მაშინაც ასეთი გაურკვეველი მზერით მაკვირდებოდა თეაკო და უფრო მეტად რომ არ ჩავღრმავებოდი ჩვენს დედა–შვილობას, მეტად რომ არ მომდომებოდა ტირილი, ისევ მე დავასწარი კითხვის დასმა
–რა იგრძენი რომ გაიგე, შენში ვცოცხლობდი, დე?
–რამ მოგაფიქრა ახლა ეს, მართა? პრობლემები გაქვს? – დათმა თეაკო და სახეზე მომავლო ხელები, – ჩემი უჟმური გოგო თავის ბავშვობაზე ფიქრობს?
–არ ვარ უჟმური, თეაკო, – გამეღიმა სევდიანად, – მითხარი, რა იგრძენი? დაგეგმილი გქონდათ შენ და ზურას, რომ უნდა დავბადებულიყავი?
–აბა, არ გვქონდა? – გაეცინა და უფრო კარგად მოკალათდა, – ხუთი წელი გელოდეთ. მთელი ეს დრო მამაშენი ბიჭს ელოდა, მაგრამ გაჩნდი თუ არა, მას შემდეგ ყოველ დღე, მგონი დღესაც კი იმეორებს, რომ ათ ბიჭსაც ერჩია ერთი მართა! – რაღაცნაირი სიამაყით წარმოთქვა. თითქოს უფრო ზურა ეამაყებოდა, ვიდრე მე.
–გათხოვებამდე? გდომებია შვილი, დე, გათხოვებამდე?
–გათხოვებამდე? – აღშფოთდა და ხელი ჩაიქნია, – რას ქვია გათხოვებამდე. ასე მიცნობ მე, დედი? გათხოვებამდე გავაჩენდი ბაავშვს? ვინ გააჩინა, იმათ იკითხონ, სახელიც გაუფუჭდათ და ოჯახებიც! ვერ ხედავ ეკას და მაგის შვილების ცხოვრებას?
–რა სჭირთ ეკას შვილებს? – აღარ მინდოდა მასთან ლაპარაკი. უკვე ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა ახლა ვეღარაფრით დავიხსნიდი თავს და ისღა დამრჩენოდა, დედასთან ასეთი დიალოგი რაც შეიძლება მალე დამესრულებინა
–რა სჭირთ და უმამოდ არიან გაზრდილები. მაგიტომაც არის, აღმა–დაღმა რომ დადიან
–ძალიან კარგად არიან გუგა და დემეტრე მემგონი, დედა..
–გაჩერდი, მართა, არაფერი არ იცი შენ, ვერაფერს ვერ ხვდები, – ხელი ჩაიქნია ჩემზე და სახეზე დამაკვირდა, – სიცხე არ მგონია გქონდეს, გამოუძინებელი ხარ ალბათ, ჩაწექი კარგად..
–ჩავწვები, – სწრაფად გავეხვიე ზეწარში და ტანთან ერთად, ნახევარი სახეც ჩავმალე, – ანუ, გათხოვებამდე ბავშვის გაჩენა ყოველთვის დაუშვებელია არა შენთვის, დედა? – ვკითხე მაინც და თვალები მოვხუჭე. წინასწარ ვიცოდი რა პასუხსაც გავიგებდი მისგან და მერჩია მისი თვალებისთვის მაინც არ მეყურებინა ამ დროს
–დაუშვებელია და შენთვისაც დაუშვებელი უნდა იყოს. პატიოსანი, ჭკვიანი ქალი ასე არ იქცევა, მართა
–და თუ მაინც დაორსულდა? მაშინ რა უნდა ქნას ადამიანმა, დედა, თუ ეკასავით დაორსულდა..
–ათასი სხვა გზა არსებობს, რომ ეგ ამბავი მიიჩქმალოს და საერთოდაც, რაებით გამოიტენე ამ შუაღამეს თავი, დაწექი და დაიძინე, – შუბლი დამიკოცნა და გასვლისას, მზრუნველი დედასავით შუქიც ჩამიქრო.
იმ ღამეს, საკუთარმა დედამაც.. თეაკომაც სხვა გზა შემომთავაზა და მივხვდი, იმავე ღამეს მივხვდი, რამდენი ბრძოლა დამჭირდებოდა ჯერ კიდევ არ დაბადებული ჩემი შვილის გამო. მივხვდი, უკვე რამდენს მოითხოვდა ჩემგან.. როგორი სიძლიერის გამოჩენა, რამხელა დაპირისპირებების გადატანა მომიწევდა.
მათი სხვა ვარიანტები, სხვა გზები, ჩემთვის არ იყო მისაღები. არც ჩემთვის. არც ანრისთვის და არც ჩვენი პატარასთვის. ასე იქნებოდა.. რადგან ჩვენი, ჩემი და ანრის ნაწილი იყო.

თავი 7
***
მშობლებზე ფიქრი უფრო მეტად მაფიქრებდა დედობაზე. ნეტავ, რა უნდა გაეკეთებინა ჩემს შვილს ისეთი, რომ ზურგი მექცია მისთვის?! რა უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ვერ გამომეცნო, საკუთარი შვილის გაფითრებული სახე სიცხის ბრალი იყო თუ დარდის.. იქნებ, არც მე შემეძლო თეაკოზე დაკვირვებული დედა გავმხდარიყავი?! ან, იქნებ ანრის ისე თბილად ვერასდროს მოეხვია მკლავები ჩვენი პატარასთვის მოზარდობის ასაკში, როგორც ზურა ახერხებდა ამას ყოველთვის. მსგავს საკითხებზე ფიქრი ძალას მაცლიდა, გულს მიჩუყებდა და ისედაც აწეწილი ჰორმონები, ზედმეტად სენტიმენტალურს მხდიდა, რაც ჩემს ხასიათს სულაც არ შეეფერებოდა. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი, იმ არსების ქვეყნად მოვლინება იყო, ცხრა თვის თავზე რომ გამითბო ამ თვეების განმავლობაში ნაჯიჯგნი გული. ანრი კი.. ანრი ამ დროის განმავლობაში იმდენად შორს და თან იმდენად ახლოს იყო, ზოგჯერ მეგონა, რომ მე გამოვიგონე. გამოვიგონე კაცი, რომლის სილუეტსაც მუდამ ვეჩეხებოდი. ყველგან იყო.. და თუ არ იყო, სუნთქვა მიჭირდა. შეიძლება, ადამიანის დანახვა გიადვილებდეს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას?! მე ასე ვიყავი.. შეიძლება იმიტომ, რომ ვიცოდი, ცხოვრების რაღაც ნაწილს ვუკავშირებდი მას. სხვებისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის დიდი ამბავი იყო საერთო შვილი.. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ რეალურად ის უფრო განიცდინა, მეტს ფიქრობდა, მეტად ცდილობდა ყველაფრის დალაგებას. ჩემზე მეტად.. უბრალოდ, არ ეტყობოდა, რადგან ანრი იყო. ბიჭი, რომელსაც არაფერი ეცხო ნორმალური ადამიანის.

***
მერე.. მერე ყველაფერი ძალიან მარტივად იყო. თითქოს ძველებურად.. ზედმეტი დარდისა და ზედმეტი სიხარულის გარეშე. ეს მდგომარეობა კი ისე ახუნებდა ცხოვრებას, მუდამ რაღაცის ნაკლებობას განვიცდიდი. მარტო ვიყავი.. იმაზე მარტო, ვიდრე ანრის გამოჩენამდე. იქ იყო.. ჩემს წინ თუ არა, ჩემს ზურგს უკან მაინც იყო ყოველთვის, თუმცა, ისეთ სიმარტოვეს მოეცვა ჩემი გონება, წვრილმანებით გაბედნიერებას მივეჩვიე. თითქოს სხვა აღარაფერი დამრჩენოდა. ხომ სულ ასეა.. რაიმე დიდსა და ღირებულს რომ დაკარგავ, იმ მცირე ბედნიერებებზე ჩაბღაუჭებას იწყებ, რომ როგორმე სიცარიელე ამოივსო..
–ამოურიე წესიერად, მართა, უნდა გასქელდეს და ფერიც ოდნავ იცვალოს, – ვერ ისვენებდა კესო, პატარა ბავშვივით ჩაევლო მაჯაში ხელი და ისე მაზელინებდა ჯამში მოთავსებულ, ღია კრემისფერ სითხეს
–არ გინდა თავად გააკეთო და ამას შეეშვა? – ყავით ხელში მოსიარულე საბა ჩვენ წინ ჩამოჯდა და მავედრებელი მზერა მიაპყრო კესოს, რომელიც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში დაუღალავად ცდილობდა ჩემთვის რამე ესწავლებინა
–რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში და ცხობა დაეხმარება, – შეუღრინა და მოთმინებით განაგრძო ახსნა, რომ არც თუ ისე მოხერხებული გახლდით ამ საქმეში. თითქოს არ ვიცოდი.
–მგონი მართასთვის სულაც არ არის რელაქსაციის მომტანი ეგ შენი ცხობა, ნახე რა სახე აქვს, – შემოგვიერთდა თემუკაც და ძმას წამოადგა თავზე
–იმიტომ რომ გული მერევა! – წამოვიძახე და ძლივს დავეხსენი კესოს მკლავებს. სააბაზანოსკენ გაქცეულს, შემოსასვლელ კარში გაჩხერილი კახი და ანრი შემეჩეხნენ. ასეთ მდგომარეობაში მყოფმაც კი მოვახერხე წამით გაშეშება, მერე ისევ საშინელმა შეგრძნებამ შემახსენა თავი და პირზე ხელაფარებული, სწრაფად გავუჩინარდი კარს მიღმა. რომ დავბრუნდი, უკვე პატარა, მრგვალ ფორმებში გადაენაწილებინა კესოს კრემი.
–კარგად ხარ? – მკითხა დანახვისთანავე
–ჰო, როდის იქნება ეგ მზად?
–მალე! – სამზარეულოსკენ ღიღინით წასულს, კახიც უკან მიჰყვა.
–ნუ მოთხვრით ყველაფერს მანდ, – მიაძახა ორივეს ერთად საბამ და რატომღაც ხასიათგაფუჭებული დაიძრა საკუთარი ოთახისკენ. ჩვენს შორის, ყველაზე მხიარული საბა იყო. რა თქმა უნდა, კესოს მუდამ ზეაღმატებულ ხასიათს თუ არ ჩავთვლით. ყოველთვის ყველას გვახალისებდა თავისი ხუმრობებითა და ზედმეტად მეამიტური ხასიათით, თუმცა, საოცრად ნერვიული ხდებოდა, როცა მისი პატარა ძმა იყო მის გარემოცვაში.
საბასა და თემუკაზე ფიქრში გართული ოხვრით ჩამოვჯექი მაგიდასთან, თემუკას წინ დაყრილ შოკოლადებს დავწვდი და ჩემკენ მოშტერებულ მზერას გავუსწორე თვალი. გამოუძინებელი და გადაღლილი ანრი შემომყურებდა. ბოლო დღეებში სულ ასეთი მეჩვენებოდა. მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა, რომ ჩაშავებული უპეები სულაც არ უხდებოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. საერთოდ, მასთან კონტაქტს ყველაზე ნაკლებად ვამყარებდი. თვითონაც, სულ ერთი საათით შემოივლიდა ხოლმე და მერე, ისევე უხმოდ და მშვიდად გვტოვებდა, როგორც მოდიოდა. ის მცირე დრო კი მუდამ ვგრძნობდი მის ყურადღებას. ვხვდებოდი, როგორ მელოდა, როცა საპირფარეშოში ვუჩინარდებოდი. ვხედავდი, როგორ ჰქონდა მუდამ შემოსასვლელი კარისენ მზერა მიბრუნებული. როგორ ეღიმებოდა, როცა რაიმეს დაჟინებით მოვითხოვდი. როგორ აპარებდა ჩემს მუცელზე მზერას. როგორ ინსტიქტურად ეხრებოდა სხეული ჩემკენ, როცა რომელიმე უსიამოვნო სუნის გამო გამოწვეული დისკომფორტისგან სახე მეღრიცებოდა. მუდამ მზად იყო.. მუდამ ჩემ გარშემო ტრიალებდა მისი აურა. შეიძლება გაუნძრევლად მჯდარიყო ერთ ადგილას, თუმცა ვიცოდი, ყოველთვის იცოდა, რა განწყობაზე ვიყავი, როგორ ვგძნობდი თავს.
უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს მისი მეგობრები მივითვისე. მიუხედავად იმისა, რომ მათთან ერთად მხოლოდ სამსახურის მერე, დღეგამოშვებით ან კვირაობით ვატარებდი დროს. ვუთხარი კიდეც შიოს ამის შესახებ, მაგრამ ღიმილით დამამშვიდა, ანრი ყოველთვის ასე, მცირე დროს ატარებდა ჩვენთან ერთადო. „ძირითადად ღამღამობით გავდივართ სადმე ერთად, შენ და თქვენს ნაშიერს მშვიდად რომ გძინავთ ხოლმე,“ დაამატა ესეც და თავზე მაკოცა. იმ დღესაც, გემრიელად რომ ვილუკმებოდი კახის და მის მიერ მოტანილი შოკოლადებით, ვიცოდი, ჩემთვის აარჩია.. წინა დღეებში რომ ძალიან მომეწონა, ის ტკბილეული ჭარბობდა სხვებს.
–სად იყავი წინა ღამეს? – ისევ ოთახში შემოვარდა გაცეცხლებული საბა და თავზე დაადგა თემუკას, რომელმაც რატომღაც მე გადმომხედა მობეზრებული მზერით. ალბათ იმიტომ, წინ რომ ვეჯექი
–მეგობართან დავრჩი, რა იყო, დედამ მოგიტანა ამბები?
–თუ არ მოეშვები ასე შენს ნებაზე სიარულს, მეგობრებთან კი არა, საერთოდ გარეთ დარჩები! – ნიშნისმოგებით მიუგო საბამ და ირონიულად მომღიმარ ანრის გადახედა, – რას მიყურებ?
–რატომ არ ანებებ თავს? – გაეცინა და ფეხზე წამოდგა, – არ გახსოვს, მაგისხელები რომ ვიყავით რამდენს დავძვრებოდით? ცუდი იყო? დამშვიდდი, რა, მიუშვი, ხომ არაფერი დაგვმართნია, – უდარდელი ტონით დაჰკრა ხელი სხეულდაძარღვულ საბას და ჩემს თავთან დაიხარა, – ნუ ჭამ ამდენს, გასუქდები!
–ჰო, დამანებე თავი რა, – გახარებული ჩანდა თემუკა, ანრის ზურგი რომ იგრძნო და სახეანთებული დააკვირდა ძმას, – არაფერს მოვიწევ, შენ ხომ იცი!
–მორჩი, თემურ, მორჩი.. – გაღიზიანებით გააწყვეტინა საბამ, ისე რომ მტრული მზერა არ მოუშორებია ანრისთვის, – აქეზებ, არა? ჩემს წინააღმდეგ ამხედრებ, ანრი!
–გეყოფათ, – არ ვიცი, რატომ მომინდა ჩარევა. უბრალოდ, მომეჩვენა, რომ იმდენად დიდი დაძაბულობა გაჩნდა მათ შორის, ჰაერიც კი უსიამოვნოდ დაიმუხტა, – შენ კიდევ, არაფერი გესაქმება ჩემს გასუქებასთან.. – შევუღრინე თავზე წამომდგარ ანრის
–ყოველთვის ასე იქცევი, – მზერა გაუცივდა საბას. აღარ ეხუმრებოდა.. აღარაფერი აინტერესებდა, გარდა ანრისთვის რაღაცების დამტკიცებისა, – ყოველთვის ხელს აფარებ და არ არის ეგ შენი საქმე, ანრი. არ სჭირდება ამას არავის დაცვა, – ხელი გაიქნია უმცროსი ძმისკენ, რომელიც წამში წამოხტა სკამიდან და ოთახი დატოვა.
ან მე ვერ მივხვდი, მაშინ, მათ შორის რა ხდებოდა. ან, უბრალოდ ზედმეტად მქონდა თავგზა აბნეული ანრისთან სიახლოვისგან. ყოველ შემთხვევაში, ცხადად ვხედავდი, როგორ შეჰყრუებდნენ ერთმანეთს. საბა ისეთი მზერით, თითქოს ბევრი რამის თქმა სურდა ანრისთვის, მაგრამ თავის შეკავება გადაეწყვიტა. ძლიერად აჭერდა კბილებს ერთმანეთს და ყბის ძვალი ისე ეკვეთებოდა, მომეჩვენა, რომ მისი ფეთქვაც დავინახე არც თუ ისე ახლო მანძილიდან. ანრი კი.. ანრი თავისებური, ცბიერი ღიმილითა და გახსნილი შუბლით. ასეთი თამამი მზერა მაშინ ჰქონდა ხოლმე, საკუთარ თავში რომ ზედმეტად იყო დარწმუნებული. ყოველთვის ასე შემოგხედავდა. გაგრძნობინებდა, შენზე მეტი ვიცი, ჩემს ხელთაა მართვის სადავეებიო და ასეთ დროს, ან სულ არაფერს გეტყოდა, ან ერთი–ორ, თავისნაირი, თავხედური აზრის მატარებელ სიტყვებს გადმოგიგდებდა. მაშინაც ასე მოიქცა. დაიგულა თუ არა ოთახიდან გასული თემუკა, წელზე გასწორდა, მხრებზე დამაწყო ცივი თითები და საბას გაუღიმა
–ან იქნებ, იმიტომ გეშინია, რომ იცი, შენ არ გგავს.. შენსავით არ დადის აღმა–დაღმა, იქნებ სხვა რამეშია საქმე და..
–რას გულისხმობ? – შეაწყვეტინა საბამ და რატომღაც ხმა ჩაუწყდა. იმავე წამს, გვერდითა კარიდან კესოსა და კახის სიცილის ხმა შემოვიდა და ყრუდ გავრცელდა ოთახში
–რა ვიცი, რა არ ხდება.. – უდარდელად აიჩეჩა საკუთარი მხრები, ჩემი კი თავისი გრძელი გისოსებისგან გაათავისუფლა და ახლა თმაზე დამისვა ხელები, – წავიდეთ მართა, გვიანია უკვე..
–თუ გეჩქარება თავად წადი, შიო რომ მოვა ის წამიყვანს, – გავაპროტესტე მაშინვე
–არ მოვა შიო დღეს, ადექი..
თუ შებინდდებოდა, არ არსებობდა მარტო გავეშვი. არ არსებობდა უფლება მოეცა ტაქსით მესარგებლა. არ ვიცი, რა უნდა მომსვლოდა. არც ის ვიცი, ჩემზე ღელავდა თუ ჩემს ორსულობაზე. არასდროს არაფერს მიხსნიდა. მხოლოდ მეტყოდა ხოლმე, რომ წასვლის დრო იყო და უკითხავად მაყენებდა ფეხზე.
–კექსის გასინჯვა მინდა ჯერ! – გავუძალიანდი მკლავში რომ მომკიდა ხელი და ადგილს დავუბრუნდი. თან ზედმეტად აფორიაქებულ საბას შევავლე თვალი და მისი მდგომარეობის გააზრებისას, რატომღაც ანრიზე გავბრაზდი.
–კარგი, დაველოდოთ მაშინ კექსს, – უკან დაიხია, ისევ იმავე სავარძელში ჩაეშვა, რომელშიც ამ ამოუცნობი, თავხედური სპექტაკლის ჩატარებამდე იჯდა და გადაღლილი თვალები მოისრისა.

***
ტიტე გაიზარდა. გაიზარდა რამდენიმე თვით ჩემს მუცელში და მოახერხა, თავის ჭკუაზე ვეტარებინე. აღარც ჩემი თავი მეკუთვნოდა მე და აღარც სხეული. ყველაფერი იმ პატარა არსების გარშემო ტრიალებდა, რომელიც ჯერ არც დაბადებულიყო. ზედმეტად შეუყვარდა მარწყვი, მჟავე ლიმონი და ნუშის ჩირი. შეიზიზღა ყავის გემრიელი არომატი და მოხარშული კვერცხი, რომელსაც ყოველი საუზმისას უცვლელად მივირთმევდი. მაშინ მივხვდი, რომ ეს ცვლილებები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მერე, მისი გამოჩენისას დამატყდებოდა თავს. წვრილ წელზე რომ აღარ შემეკრა ჩემი საყვარელი ჯინსი და ჩაეცვენილი ლოყები საგულდაგულოდ ამომევსო შეფერილი ხორცით, მივხვდი, ჩემი სხეულის თავის ნებაზე შეცვლასაც ვაპატიებდი. ოღონდ ის ყოფილიყო კარგად.. ოღონდ ტიტეს თავისუფლად ესუნთქა..
ტიტე.. ტიტე მერე დავარქვი, უკვე დაბადებული რომ იყო. შიოსთან ერთად. მახსოვს, ვერაფრით ამერჩია სახელი მისთვის. დავყურებდი და წარმოდგენა არ მქონდა რა უფრო მოუხდებოდა. ბოლოს, რამდენიმე დღის განმავლობაში უსახელოდ რომ არსებობდა, შიო დამადგა თხელი, მწვანე რეულით ხელში, რომელშიც ზემდეტად ლამაზი კალიგრაფიით ჩამოეწერა ბიჭის სახელები. ზუსტად ისეთი რვეული იყო, ჩემს ბავშვობაში რომ იყიდებოდა ხოლმე. ფურცლებიც კი შეყვითლებოდა ოდნავ კუთხეებში. იმდენი სახელი იყო, თვალები ამიჭრელდა. ის კი, ჩამომიჯდა ლოგინზე, მკლავებში მოითავსა მომავალი ახლო მეგობარი და ჩემს გაფართოებულ თვალებზე გულით გაეცინა. „გადახაზე, რომლებიც არ მოგწონს.. მერე თავიდან მიყევი და დარჩენილებს შორის, კიდევ გამორიცხე.. ასე მიხვალ რომელიმე სახელამდე. აუცილებლად დარჩება ერთი მაინც.“ დარჩა. დარჩა ერთი სახელი. ერთადერთი. უცხო და ლამაზი. ერთსაათიანი ფურცვლის მერე, გამეღიმა და კალმით ლურჯ, ულამაზო გულში ჩავსვი რამდენიმე ასო. მერე მომღიმარ შიოს ავხედე. „აბა, ვინ მიჭირავს ხელში?“ – ჩამეკითხა და ცხვირზე დაჰკრა თბილად თითი. „ტიტე.. ტიტე გიჭირავს.“ იმის მერე ხშირად მეფიქრება ხოლმე, რომ ჩემი კი არა, შიოს არჩეული სახელი ჰქვია ჩემს ვაჟიშვილს. თუმცა, რაც არ უნდა ამერჩია, ყველა შიოს არჩეული იქნებოდა. მისი ხელით დაწერილი და გამზადებული.
მანამდე კი, ის რამდენიმე თვე, მის დაბადებამდე, არასდროს გვილაპარაკია მე და ანრის მის სახელზე. არც მის სქესზე. ალბათ, იმტიომ, რომ მხოლოდ იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ჯანმრთელი ყოფილიყო. მხოლოდ ეს იყო ყურადღებამისაქცევი. ანრისთვის მისი ნორმალური განვითარება, ჩემთვის კი მისი მომავალიც. რამდენჯერმე გავიფიქრე კიდეც ორსულობის პირველ თვეებში, ჯერ ისევ რომ ვმალავდი წამოზრდილ მუცელს, იქნებ ღირს კიდეც შანსი მივცე ანრის ისეთად დარჩენის, როგორიც არის მეთქი, მაგრამ.. მაგრამ ვერაფრით ვაჯობე საკუთარ თავს, მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო. ეს მხოლოდ მე და მას არ გვეხებოდა, ეს ყველაფერი მომავალში ჩვენს შვილსაც შეეხებოდა. ამის გააზრება იმდენად მბოჭავდა, საკუთარ სურვილებზე უარის თქმასაც ვახერხებდი. არანაირი სიყვარულის შემთხვევაში ვიქნებოდი ანრისთან, თუ მეცოდინებოდა, რომ ჩვენი შვილისთვის ნაყიდი თუნდაც ერთი ნივთი ბინძური საქმიდან შემომავალი ფულით ექნებოდა შეძენილი. თვეები ვუფრთხოდი ამაზე ლაპარაკს, მერე კი.. მასთან ცხოვრება რომ შემომთავაზა, ყველაზე დიდი არჩევანის წინაშე დავდექი..
–ეს ჩემი მაისურია, – აღნიშნა და მანქანის კარი გამიღო. კლინიკაში მივდიოდით, ტიტეს სქესის გასაგებად.
–ვიცი. ფართო ზედები აღარ დამრჩა, მე კი მუცელი მეზრდება, ამიტომაც მაცვია, – ვიმართლე თავი მომიჯდა თუ არა გვერდით. თანაც, მიყვარდა ეს მაისური. თავიდან იმიტომ, რომ ანრისი იყო, მერე კი უბრალოდ შევეჩვიე და ჩემად აღვიქვამდი მხოლოდ, რადგან მისი სუნიც ბოლომდე გაფანტულიყო სქელი მატერიიდან
–მუცლეთან ერთად ლოყები და მკერდიც გეზრდება, იცოდი? – ჩამეკითხა სერიოზული სახით და მანქანა დაძრა
–არაფერიც!
–რა არაფერიც, მართა, შენი მკერდის ზომას მასწავლი?
–მკერდი არ ვიცი, მაგრამ ლოყები ნამდვილად არ გამზრდია, – გამეცინა და მანქანის ოთხკუთხა სარკისკენ გავაპარე მზერა. თავადაც ვიცოდი, რომ ლოყები კი არა, ყველაფერი მეზრდებოდა.
–როდემდე უნდა დამალო?
–არ ვიცი, ანრი. უბრალოდ წავიდეთ კლინიკაში, ამ რაღაცების განხილვის გარეშე, ძალიან გთხოვ
–გეშინია..
–არაფრის მეშინია
–მაშინ ჩაიცვი საკუთარი მაისურები და უთხარი ზურას და თეაკოს, რომ ორსულად ხარ. მეოთხე თვეში იქნები მალე, მართა
–დღესვე დაგიბრუნებ, თუ გინდა! ახლავე გავიხდი, რა გაწუხებს? – გავღიზიანდი და გააფთრებულმა გავხედე
–გაიხადე..
–ანრი, რატომ მაღიზიანებ? მიხედე რა შენს საქმეს!
–ჩემი საქმე ხარ შენც, მართა და არ მომწონს, ასე ჩუმად, პატარა ბავშვებივით რომ დავდივართ ექოსკოპიებზე
–ვეტყვი.. – დავხარე თავი და მივხვდი, მართალი იყო. დიდხანს ვეღარ დავმალავდი ჩემს მდგომარეობას
–ერთად ვეტყვით, – მომესმა ანრის ხმა და მისი თითები ვიგრძენი საკუთარზე. ინსტიქტურად მოვუჭირე ხელი და ტუჩები ამიკანკალდა
– მართლა მეშინია, მგონი, მეშინია..
–მისმინე, – ცალი ხელით ჩაეჭიდა საჭეს, ფრთხილად გადაიყვანა მანქანა გზიდან და გააჩერა. მთელი ტანით ჩემკენ შემობრუნებულმა, შეციებული ხელები დამიზილა, – ძალიან მინდა, შენზე ვიფიქრო.. გითხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ მოინდომებ მეთქი, მაგრამ არაფრით შემიძლია ამის თქმა. რადგან მინდა, რომ ჩემთან იყო. მინდა, ისევ მე მეკუთვნოდეს შენი სხეული, გიყურო როგორ გებერება მუცელი. არ ვაპირებ შორიდან გიყუროთ. არც იმას ვაპირებ, შაბათ–კვირას ვნახო საკუთარი შვილი და საშუალება მოგცე ამ დროს შენ ვიღაც ახ*რებთან ერთად იარო პაემნებზე..
–ანრი..
–არც კი დავშორებულვართ! ერთმანეთსაც კი არ ვუფრთხით, მართა. ჩვენ ვერ ვიქნებით, დაშორებული, ცივილურად მოაზროვნე წყვილი, საკუთარი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებებით, ერთმანეთს რომ მშვიდად უთანხმებენ ბავშვის გრაფიკს და ათას *ლეობას! არ მოგერიდები, არ მოგცემ საშუალებას როცა შენ გინდა მაშინ დამინახო. არ მოგცემ საშუალებას ჩემ გარეშე ყოფნას შეეგუო, – ხელები შემიშვა და სიგარეტს დაუწყო ძებნა, – შენ ჩემი შვილი უნდა გააჩინო, გინდა თუ არ გინდა, მაინც დაკავშირებულები ვართ და მომავალშიც ასე იქნება..
–ვერ ვიტან, როცა ასე ლაპარაკობ, – სწრაფად მოვარიდე თვალი მის მბურღავ მზერას და ფანჯარას ჩავუწიე, რომ კვამლს არ შევეწუხებინე, – ნუ ეწევი, რა..
–ჩაალაგე და ჩემთან წამოდი, – ფანჯრიდან მოისროლა სიგარეტი
–რა? – გადავიხარხარე მოულოდნელად
–ჩაალაგე დღეს ბარგი, შენებთან ავიდეთ, ვუთხრათ რომ ბავშვს ველოდებით და ჩემთან იცხოვრე, რა ვერ გაიგე, მართა, დაგიმარცვლო?
–არ ვიცი მინდა თუ არა შენთან ცხოვრება..
–რა იცი? რა იცი საერთოდ ცხოვრების ამ ეტაპზე, მართა?
–ვერ ვიქნები შენთან, როცა მეცოდინება, რომ ყველაფერს მიმალავ
–არაფერს გიმალავ, მართა, უბრალოდ არ გეუბნები
–რამ გაყო?
–რამ გაყო? – გაეცინა გულწრფელად და ჩემკენ გადმოიხარა. თითებით ლოყაზე მომეფერა, სულ ოდნავ შემეხო, კანზე გამეხახუნა და მერე წამწამზე დამკრა საჩვენებელი თითი, – დიდი სხვაობაა დამალვასა და არ თქმას შორის. მალავენ, როცა ეშინიათ.. არ ლაპარაკობენ, როცა არ ეამაყებათ.. მე შენი არ მეშინია. უბრალოდ არ მინდა ბოლომდე მიმიხვდე ყველა ქმედების მიზეზს. ახლა ზედაპირულად უყურებ ყველაფერს, საშინელ ადამიანად წარმოგიდგენივარ და იმ ყველაფერზე რომ ავლაპარაკდე, ჩემი საქმიანობის ყველა დეტალი რომ მოგიყვე, შეიძლება ბოლო ძალები მოიკრიბო და დამიპირისპირდე. თანაც კარგი ადამიანობის, კეთილი გულის ან ქვეყანაში დამყარებული უსამართლობის გამო კი არ გააკეთებ ამას.. შენ გამო, შენი ტკივილის გამო, იმის გამო, რომ შენ შეგეხო, შენ გეტკინა. მოგინდება ამ ტკივილისთვის გადამიხადო სამაგიერო
–არც მასე ძალიან მტკენია, - ჩემს სახეზე მოთამაშე მის თითებს დავწვდი, ვითომ მოსაშორებლად.. სინამდვილეში, იმდენი დღე გასულიყო არ შევხებოდი, მონატრება მკლავდა
–აბა? თუ არ გტკენია, თუ არ გწყენია, რატომ ზიხარ ხოლმე ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ოთახში და რატომ აძლევ ყველას საშუალებას გაგიღიმოს, შეგეხოს, შენს მუცელს გადაუსვას ხელი, შენი მხიარული ხმით ნათქვამზე იმხიარულოს, ჩემ გარდა.. რატომ აძლევ ამის საშუალებას ყველას, ჩემ გარდა, მართა? - გამიღიმა და ხელისგულები გამომიშვირა. ინსტიქტურად დავაწყე ხელები მისას. მან კი ცერა თითები დამისვა ხელის ზურგებზე და თვალებში შემომხედა. პასუხს ელოდა.
–მე შენთვის არასდროს არაფერი დამიშლია..
–სიტყვით. სიტყვებით არ მიშლი, მაგრამ მზერით ადგილზე მყინავ. აუჰ, როგორი დიდი სურვილი მაქვს შენი მაგ მზერის დანახვა შეგეძლოს, იცი? – ჩამეკითხა თვალებგაფართოებული, – ვითომ რომ არაფერს იტევს, არაფერ მნიშვნელოვანს. რომ გამომხედავ ხოლმე, ვითომ ზერელედ შემავლებ თვალს და კესოს ან შიოს მიეყრდნობი ხოლმე მხრით. მაგრძნობინებ, არც მარტო ვარ და არც შენ მადარდებო, სინამდვილეში კი ასეთ დროს ხარ ყველაზე მარტო. შენც და მეც. იმათთან ერთად ყოფნისას, ყველაზე ნაკლებად გვეკუთვნის ხოლმე ერთმანეთი. ახლა, მხოლოდ ჩვენ რომ ვართ, სხვაა.. ახლა ვეღარ მიყურებ გულგრილად, მათთან ერთად კი გული მოგეცემა ხოლმე და კისერს ისე იგრძელებ, თითქოს მე კი არა, შენ გამაცურე, თითქოს საკუთარი ცხოვრების არევას კი არა, ქარიან ამინდს განიცდი..
–გეყოფა, ანრი..
–მე კი..– ჩვენს ხელებს დახედა. დახედა და მაშინვე მოვშორდი. ისე დავფრთხი, თითქოს დენი დაერტყას ჩემთვის. მას კი გაეცინა. ლამაზი ღრმულები გაუჩნდა ლოყებზე და მკერდზე დაიწყო ერთმანეთში გადახლართული მკლავები
–რა შენ? - იმიტომ უფრო ჩავეკითხე, რომ არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა
–მე მენატრები..
მეც მენატრებოდა. მენატრებოდა ზედმეტადაც კი, მაგრამ ვერ ვეტყოდი. მანამ, სანამ არ მეცოდინებოდა, რომ ამ მონატრებას ვეღარ გავუძლებდი
–არ მინდა შენთან ცხოვრება, მანამ..
–არა, მართა, არ დაიწყო! - შემაწყვეტინა უეცრად
–მაცადე! არ მინდა, სანამ ამ საქმეში ხარ, არ მომენატრები, არ მეყვარები, შენთან არ ვიცხოვრებ! - დავპანიკდი მოულოდნელად
–ასე მარტივად ვერ გავანებებ თავს, მართა! - გამოსცრა კბილებს შორის, - არ წამიყენო ეს პირობა! ვერფერს მივცემ ჩემს შვილს სხვა მხრივ, მართა!
–არაფერი უნდა.. მასეთი ფულით არაფერი სჭირდება..
–მისმინე.. მისმინე რა, - ხელებით ჩამაფრინდა მხრებში, - არ დავუშვებ რამე აკლდეს.. არ დავუშვებ შენ გაკლდეს რამე.. არ დავუშვებ ყველაფერი, რაც კი მოგინდებათ, სანატრელად გაგიხდეთ.. მე არ შემიძლია ასე! მე ვერ გეტყვი სიყვარული გვეყოფა, არაფერი გვჭირდება სხვა მეთქი, არ შემიძლია ასე! არც ის შემიძლია ასე ერთი ხელის მოსმით მოვათავო დაწყებული საქმე!
–ხოდა, გამიშვი.. გამიშვი და ნუ დაელოდები რომ ამ ყველაფერს შევეგუები. ნუ იგონებ უაზრო მიზეზებს და ნუ მაჯერებ, რომ ასეა.. ოჯახური ბიზნესი გაქვს, საიდანაც შემოსავალი შემოგდის. არ გჭირდება ზედმეტი ფული, არ გჭირდება ბინძური საქმის კეთება, რომ ბავშვი გაზარდო. ვის ატყუებ, ანრი.. ვის ატყუებ!
–ამის დედაც! - სახეზე აიფარა ხელები და სიმწრით გაეცინა, - წავიდეთ, ვნახოთ გოგო გვყავს თუ ბიჭი! - ამოილაპარაკა გაღიზიანებულმა და მტრულად გადმომხედა, - როგორ ვიფიქრე, რომ ყველაფერში გამიგებდი, მართა..
–ყველაფერში, გარდა სიბოროტისა. შენ კი ბოროტებას აკეთებ, - ამოვისუნთქე ღრმად და მივხვდი, წამის წინ პირობა წავუყენე საყვარელ კაცს. მაშინ გავიაზრე, რომ შემეძლო უპირობო სიყვარული.. თუმცა, არ შემეძლო უპირობოდ მიმეღო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. მეყვარებოდა, თუმცა შორიდან.. თუნდაც მისი დაკარგვის მერე.. მისი ჩემთან ყოფნის გარეშე.

***
–მითხარი.. – ნაზი სიოსავით ჩამესმა ხმა და მუცელზე ვიგრძენი მისი ხელები
–ბიჭია, შიო..
–ბიჭია?! – ორიოდ წამში ჰაერში გამოკიდებული დავფრინავდი. იმდენი ხანი, სანამ სიცილით არ დავიღალეთ.. ორივე. რომ დამსვა, სახეზე რომ მომავლო ხელისგულები და შუბლი დამიკოცნა, ერთდროულად გავხედეთ მანქანასთან ჩამომდგარ ანრის. ღიმილით შემოგვყურებდა. მერე ფართოდ გაშალა მკლავები, ყელი მოიღერა და ასე გაჭიმული მიაშტერდა შოს, რომელიც წამში დამეხსნა და ახლა მისკენ გაექანა. ისე ჩაეხვივნენ ერთმანეთის სხეულებს, ტირილი მომინდა. არ ვიცი რატომ მეტირებოდა. არ ვიცი, რატომ ჰქონდა ამხელა მნიშვნელობა ჩემთვის მათ ერთმანეთზე დაყრდნობილ შუბლებსა და ჩურჩულს, რომელიც სულ არ მესმოდა. ერთმანეთს მიკრობოდნენ და ჩემთვის უცნობ ბგერებს ცვლიდნენ. მერე, ერთმანეთს რომ დაეხსნენ, ჩემკენ წამოვიდნენ და აქეთ–იქიდან ამომიდგნენ. შიომ თბილად მომხვია მხრებზე ხელი. ანრი მოშორებით მოგვყვებოდა. მანქანას ჩავუარეთ და ფართო ქუჩას დავუყევით. უხმოდ, შეუთანხმებლად. თბილი ამინდი იყო და მგონი, სამივეს გვსიამოვნებდა
–გინდოდა მართა ბიჭი? – ქუჩის კუთხეში შეჩერდა შიო და ხელით გვანიშნა, სანაყინესთან ჩამომდგარმა, – მარწყვის არა?
–ჰო.. – უნებურად გავილოკე ტუჩები და ტაში შემოვკარი, – არ ვიცი.. გოგო უფრო წარმომედგინა, სასაცილო კიკინებით და ანრის მსგავსი ნაჩვრეტებით ლოყებზე, – ვუპასუხე დაუფიქრებლად
–მეც გოგო უფრო წარმომედგინა, შენნაირი ნათელი მზერით და დიდი წამწამებით.. – შიოს მიერ ხელში შემოჩეჩებულ ჩემთვის განკუთვნილ ნაყინს თავხედურად აუსვა ენა და გამიღიმა
–ღადაობთ, არა? – გაეცინა შიოს და ჩემს შეწუხებულ სახეზე გულით გაეცინა, – პატარა ანრი წარმომიდგენია, ფერადი ქუდითა და დიდი თვალებით! მართა, გიყიდო კიდევ?
–არ მინდა, მეყოფა ესეც, – ვიუარე ღიმილით. მაშინ პირველად წარმოვიდგინე ჩემი ვაჟიშვილი. თითქმის ზუსტად ისეთი, როგორიც წლების მერე იყო. მართლა ჰქონდა ფერადი ქუდები, ოღონდ არც ერთი მათგანი არ უყიდია ანრის მისთვის. ასე ამბობდა, ჩვევები ცუდი რამეა და არ მინდა, ტიტეც შეეჩვიოს თავისა და სახის უაზროდ დაფარვასო. მე კი.. მე ვგიჟდებოდი, როცა პატარა კაცს ვხედავდი, წითელ–ყვითელი თავით. ისე მომწონდა, ყველგან, სადაც კი მის ზომა ქუდს დავინახავდი, დაუფიქრებლად ვყიდულობდი. თითქოს ის არ ეყოფოდა, აღნაგობა და ფერებიც რომ მამამისის ჰქონდა.
–ახლა რას აპირებთ? – ფიქრებიდან შიოს ხმამ გამომაფხიზლა. წინ გვედგა და ზედმეტად დაკვირვებული მზერით შემოგვყურებდა. თავიდან დავიბენი, ვერ მივხვდი, რატომ სვამდა ამ კითხვას, როცა ათასჯერ მაინც ჰქონდა ნალაპარაკები ამ თემაზე ჩემთან და დარწმუნებული ვიყავი, უფრო მეტჯერ ანრისთან. მაგრამ, ალბათ სწორედ ამიტომ.. ალბათ, ჩვენი ერთობლივად გამოჭერის იდეა აღაფრთოვანებდა და ამიტომაც ჰქონდა ასეთი სახე
–მართას დედ–მამას ვეტყვით ამის შესახებ და მერე.. – ჩაუსტვინა ანრიმ და სიგარეტს მოუკიდა
–მერე, რამე იქნება.. – დავასრულე და ხელში მოთავსებულ, ვაფლზე ჩამოღვენთილ ნაყინს დავაშტერდი
–რამეში ბავშვის მარტო გაზრდას გულისხმობს, – აუხსნა ანრიმ და მივხვდი, გადაწყვეტილება უკვე მიეღო. არანაირ კომპრომისზე წამოსვლას არ აპირებდა. არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ იქვე არ გადმომენთხია ჩემი ემოციები. მხოლოდ შიოს მკლავი მახსოვს ჩემს წელზე მოხვეული და მისი თბილი სუნთქვა კისერზე. მახსოვს, მანქანასთან მიახლოებისას, წინა სავარძელზე დაჯდობაზე უარი რომ ვთქვი, როგორ მიხურა ანრის მიერ გამოღებული კარი და თავადაც უკან მომიჯდა.
–ანუ, დღეს აგიჟებ არა დედაშენს და მამაშენს? – ჩამეკითხა კიდევ ერთხელ
–ჰო, ნამდვილად გაგიჟდებიან. შეიძლება სახლიდანაც გამომაგდონ! – ვუთხარი დარწმუნებით და წვრილი სარკიდან მომზირალი ანრის თვალებს შევეჩეხე
–იქნებ გაგიგონ, მართა, – სუსხიანმა ხმამ გამცა პასუხი, – ზოგჯერ, ადამიანებს ერთმანეთის ესმით, თუ მოინდომეს.. თანაც, მეც იქ ვიქნები, – ირონიის მსგავსი ტონით ამოილაპარაკა და გამიღიმა.

***
იქ იყო. მათ კი ვერ გამიგეს.
ვერც ზურამ და ვერც თეაკომ. არ დამავიწყდება ზურას სითხეჩამჯდარი თვალები, იმედგაცრუებასა და ტკივილს რომ გამოხატავდნენ მხოლოდ. არ დამავიწყდება მისი უნიათო მცდელობა, ჩემკენ გამოწეული, გააფთრებული დედაჩემის გაჩერებას რომ ცდილობდა. თითქოს არც უნდოდა.. თითქოს არც უცდია დიდად ჩემამდე არ მოეშვა. თითქოს თეაკოს ზედმეტად გადაჭარბებული რეაქცია შვებაც კი იყო მისთვის. რადგან თვითონ ვერ მომაძახებდა იმ სიტყვებს, რა სიტყვებითაც მან შემამკო, ვერც ჩემს სახეზე დაეშვებოდა მწარედ მოქნეული ხელი. იცოდა ეს ყველაფერი ზურამ. ხედავდა იმასაც, როგორ ამომიყენა ზურგსუკან ანრიმ. ყველანაირი სიტყვისა და სიტუაციის განმუხტვის გარეშე და ეს ყველაფერი, იმდენად ამაზრზენი, იმდენად ზღვარს გადასული მომეჩვენა, თავი დაკარგულად ვიგრძენი. ისე მეწვოდა ლოყა, ისე ახმაურებულიყო მთელი ჩემი ორგანიზმი, ისე მომინდა ანრის სახის დანახვა მაშინ, როცა მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი, რომ ცახცახი ამიტყდა. „ეს როგორ გაუკეთე საკუთარ ოჯახს?“ კიდევ ერთხელ, უკვე ჩამწყდარი ხმით რომ დაიხრიალა თეაკომ, ინსტიქტურად ჩავეჭიდე ანრის მხრებს და გულაჩქარებულმა, ვედრებით ამოვილაპარაკე
–წამიყვანე.. ახლა წამიყვანე აქედან, გთხოვ..
ჩემკენ შემობრუნდა. სუფთა, გახსნილი შუბლით და ზედმეტად მშვილი მზერით შემომყურებდა. ჯერ ლოყაზე დამისვა ცივი თითები.. კოცნით დამიფარა ნატკენი ადგილი და ისევ გამისწორა მზერა
–ამოისუნთქე და გაიაზრე, რომ არ ხარ ამ ყველაფრის ღირსი, – მიჩურჩულა და გამიღიმა, – არ ხარ ღირსი, ვინმეს რამე უხსნა.. დედაშენია, მაგრამ შენც დედა ხარ. უკვე ხარ დედა და ამის გამო, არავის აქვს უფლება დაგამციროს. მინდა, რომ ახლავე, ამ წამსვე, მათ თვალწინ გაიაზრო ეს, მართა! – იმდენად მშვიდი იყო, მისი განწყობა გადმომედო და ბურუსში გავეხვიე
–ახლა ამის დრო არ არის, ანრი, – ვერაფრით შევძელი მის უკან, ჩემი მშობლებისკენ გამეხედა. თვალები დავხუჭე და მისი მხარი გამოვიყენე ფარად.
–მაშინაც კი, თუ მართალი არ ხარ, უნდა დაიჯერო საკუთარი სიმართლე, მართა, თორემ გადაგივლიან.. სხვა შემთხვევაში აუცილებლად გადაგთელავენ. აიღე ჩემი მხრიდან თავი! არ გაბედო ჩემს იმედად დარჩენა.. – მეჩურჩულებოდა მკაცრი ტონით. მაშინ ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ჰქონდა ამის თავი მაშინ, როცა დედაჩემი გულშეღონებული, მამაჩემი კი კრიჭაშეკრული შემოგვყურებდა. ვერაფრით ვიაზრებდი, როგორ შეეძლო ასეთ დროს საღი აზრის შენარჩუნება და იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა უკეთესი იმისთვის, რომ მომავალში არ გამჭირვებოდა.. – არ ვარ ის ტიპი, რომლის იმედადაც უნდა იყო, მართა. მინდა, რომ გაიხსენო შენი სიძლიერე, ახლავე მოუხმო შენს ამ თვისებას და ისე გაფანტო ამ ოთახში, მეორედ შენი დაწყევლა ვეღარ შეძლონ შენთვის ყველაზე საყვარელმა ადამიანებმა..
–ანრი..
–გესმის, მართა? მომშორდი, მომშორდი და წელში გასწორდი! – მკლავებიდან გამომეცალა და მერე.. მერე, გულიდან ამოხეთქილი ემოციებით რომ დავიცალე მშობლების წინაშე, ისეთი ამაყი მზერით შემომყურებდა, ისე შეუმჩნევლად მმფარველობდა თბილი თვალებითა და უცნაურად დაძაბული სხეულით, საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი.

***
არ იყო მარტივი. არ იყო მარტივი მომავალი ორი კვირა დედ–მამასთან დაძაბული ურთიეთობა. არავისთვისაა მარტივი დედისგან მიკერებული გაუზრდელის სტატუსი. არც მზრუნველი მამის ზედმეტად ხშირად არიდებული მზერა. ოთახიდან ოთახში გავლისას უხმოდ, გვერდით ჩავლილი სხეულები და უთქმელობით გამწვეული ტკივილი.
მე ვიყავი გოგო, რომელიც ვიღაც ბიჭს აეკიდა.
მე ვიყავი შვილი, რომელმაც ოჯახის რეპუტაცია ფეხქვეშ გაიგო.
მე ვიყავი ქალი, რომელსაც მანამ მიეწერა უთავმოყვარეოს სტატუსი, ვიდრე გააზრებას მოასწრებდა.
ოღონდ, ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი ოჯახისა და ნათესავებისთვის. აი, ჩემი მეგობრებისთვის, მე ვიყავი მართა, რომელიც მათთვის უკვე ძვირფას პატარას ატარებდა მუცლით. ერთი სული ჰქონდათ მისი ხმა გაეგოთ, მისი სახე დაენახათ და ერთმანეთზე უკეთესი საჩუქრები ეყიდათ. მათთვის ვიყავი მხოლოდ ძლიერი, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ხელისგულზე ატარებდნენ. განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში.
–პირველი ბავშვია სამეგობროში, ყველაზე გათამამებული იქნება! – წამოიძახებდა ხოლმე საბა და დღეებისა და თვეების კი არა, წლების გეგმებს დააწყობდა ხოლმე. ამ გეგმების მოსმენისას მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ იმავე დღეს, სახლში მისული, ისევ გადავიტანდი იქ დახვედრილ მზერებსა და დამოკიდებულებას.
–არადა, ეს ხალხი სულ არ არის ჩემი სისხლი და ხორცი.. – ვუთხარი ერთხელ ანრის, კახის სახლიდან გამოსვლისას, – არცერთი მათგანი არ მიცნობს ისე, როგორც ზურა.. დაბადების პირველი დღიდან. ამ დროს კი.. ასეთ დროს, მხოლოდ ისინი არიან ჩემს გვერდით
–მაგას ვერ გაიგებ, მართა. ესენი ჩვენი მეგობრები არიან და ამიტომ.. მეგობრობა სხვა რამაა. ოჯახი სულ სხვაა.. საკუთარ ოჯახის წევრებს რას მოსთხოვენ, რას აპატიებენ ან არ აპატიებენ, არავინ იცის..
–კარგი რა, ანრი, – გამეცინა ნერვიულად, – შიო რომ ეშმაკსაც არ გაკიცხავს, ყველამ ვიცით!
–შიო შიოა, სხვებიც ხომ არიან..
–ვერ გაიგებ, ოჯახს როდესაც ეხება საქმე, ადამიანი არაადეკვატური ხდება! – გამიმეორა ისევ და გადმომხედა, – აცივდა.. – ამოილაპარაკა და ჩემს ფანჯარას აუწია.

***
მართალი იყო ანრი. თურმე, არაფერი უნდა გაგიკვირდეს.. თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხებათ. შეიძლება შენსავე ტყავში იყო, მაგრამ ყველაზე ამაზრზენმა შინაგანმა ხმამ, ისეთი რამ გაგაკეთებინოს.. რომ არც გეგონა, საერთოდ თუ შეგეძლო. ამაზე ვფიქრობდი მაშინაც, კესოსთან ყოფნისას, აფორიაქებული კახის ზარმა რომ გაგვაწყვეტინა საუბარი
–თემუკა ყოფილა ძალიან ცუდად.. სწრაფად, ადექი! – ერთ ადგილას დახტოდა კესო
–რა მოხდა? – მივანებე თავი მის გამომცხვარ ორცხობილებს და ფეხზე წამოვდექი
–არ ვიცი, კახიმ მომწერა, რეანიმაციაში ყოფილა, ტვინის შერყევა აქვს და დაჟეჟილობები, საბას და ანრის ვერ ვუკავშირდები, თქვენც სცადეთო, ამისთვის დარეკა..
–წავიდეთ ხომ? – დაფაცურებულ კატოს ჩავავლე მკლავში ხელი და მოცმული ქურთუკის საყელო გავუსწორე, – დამშვიდდი და ამოისუნთქე, სიჩქარით ვერაფერს ვუშველით, კახი იქ არის!
–ჰო.. ჰო.. – ამოილაპარაკა და წამით მომეშტერდა თვალებში, – ძალიან ცუდი ხმა ჰქონდა, მართა..
–წავიდეთ, – ჩავილაპარაკე და გასვლისას, ანრის ნომერი ავკრიფე. არ მიპასუხა. გაღიზიანებულმა მოვისვი უცნაურად აფართხალებულ მუცელზე ხელი და კიბეები ჩავიარე კესოსთან ერთად, – კესო, ავარიაში მოყვა? – ჩავეკითხე ანერვიულებულმა
–არა, ნაცემია.. ღმერთო, ასე ვინ გაიმეტა?! – ტირილის ნოტები გაურია ხმაში და მაჯაზე ჩამეჭიდა.
კლინიკაში მისვლამდე მეფიქრებოდა კესოს სიტყვებზე. ვერაფრით ვხვდებოდი, რა მიზეზით, როგორ უნდა გემეტებინათ სულ პატარა, ახალგაზრდა, თვალებნათელი, ზემდეტად კეთილი და მშვიდი ბიჭი ასე საცემად. მეტირებოდა.. მეტიროებოდა, რადგან არაფერი მახსენდებოდა თემუკაზე, გარდა სუფთა ადამიანობისა. განა, რა მიზეზით უნდა გასწორებოდნენ ასეთ ბიჭს ფიზიკურად?! განა, რა გულით?!

თავი 8
***
კლინიკის მოსაცდელში, გრძელ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ სკამებზე ჩამოვმსხდარიყავით მე, კესო და კახი. თითო მხარეს რვა სკამი იყო, საერთო, ერთმანეთზე გადაბმული სახელურებით. აი, ისეთები, თეატრებსა და კინოებში რომ არის. დავყურებდი ამ ბრტყელ სახელურებს და ვფიქრობდი, რომ სწორად გადაეწყვიტათ ასეთი დიზაინი კლინიკის მოსაცდელისთვის. თითქოს, სპეციალურად გადაებათ, რომ ადამიანებს შესძლებოდათ ერთმანეთის სხვა, გვერძე მჯდომის მკლავს გადაბმოდნენ, ერთმანეთში გაეცვალათ შიში, გაეზიარებინათ ერთი ტკივილი. თუნდაც უბრალო შეხებით, ალბათ ზოგჯერ გაუცნობიერებლად. ფილმის ყურებისას.. განსაკუთრებით კი სპექტაკლების, არასდროს მდომებია სხვის მკლავს ჩავბღაუჭებოდი. იქ მხოლოდ შენ უნდა გეკუთვნოდეს შენი თავი. შენ და შენს ემოციებს. პირიქით, სულ არავინ უნდა შეგეხოს, არავის ზედმეტმა ფერებამ არ უნდა გაგიფანტოს გონება. იმდენი ვიფიქრე.. იმდენი უხერხული თუ არასასიამოვნო ფაქტი გამახსენდა, იმ მოსაცდელში მყოფმა გადავწყვიტე, რომ სანამ თეატრებსა და კინოებში სავარძლების განლაგებას არ შეცვლიდნენ და ასე, ვინმესთან გადაჭდობილს ჯდომა მომიწევდა, ფეხსაც აღარ შევადგამდი.
მწკრივი ბოლოში, კიდეზე, კახი და კესო, მათგან ერთის გამოტოვებით კი მე ვიჯექი და კესოს გაუთავებელ კითხვებზე კახისთან ერთად მიდუღდა თავი
–მხოლოდ შენ რატომ ხარ აქ? შენ დაგირეკა თემუკამ? – გამოიკითხა თუ არა მისი მდგომარეობა დაწვრილებით, ახლა სხვა საკითხზე გადავიდა კესო და შეყვარებულს მიაჩერდა, რომელმაც ღიმილით გადააქნია დაღლილი სახე და მხარზე მიიხუტა
–ხომ გითხარი, შერყევა დაუდგინეს, კეს, რანაირად დამირეკავდა თემუკა. საბამ დამირეკა, მივედი თუ არა სასწრაფოც უკან მომყვა და დალაპარაკებაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად წამოიყვანეს. საბამ მთხოვა შენ გაჰყევი, დანარჩენს მერე აგიხსნიო და მაშინვე წამოვედი. ანერვიულებული ჩანდა და აღარ ჩავეძიე, – აუხსნა მოთმინებით
–თვითონ რატომ არ წამოვიდა?
–მისი მეგობარი ჰყავდა მანქანაში, ლაშა. სახლში დავტოვებ და მოვალო, ასე მითხრა.. ალბათ ვინმესთან წაიჩხუბეს, არ ვიცი, ჰკითხავს ალბათ იმ ბავშვს
–ჰო, გასაგებია..
–დაგაკმაყოფილე, კეს? – ჩაეკითხა ორაზროვნად და მისი სახისკენ დაიხარა. კესო აჯუჯღუნდა, უსაყვედურა და მხარზე მიჰყრა გაბრაზებულმა ხელი, თუმცა მაინც მისცა საშუალება მისთვის ეკოცნა
–შიო და ანრი? – შევაწყვეტინე იდილია და ფეხზე წამოვდექი
–ველაპარაკე თქვენს მოსვლამდე.. რაღაც საქმეზე ყოფილა ანრი და ვერ მპასუხობდა. სად მიდიხარ?
–ვერ ვისვენებ, დერეფანში გავივლი, წყალი მინდა თან. რამე ხომ არ წამოგიღოთ?
–არაფერი, ხომ არ გინდა რომელიმე გამოგყვეთ? – კითხვაც ვერ მოესწრო, კესო რომ წამოდგა ფეხზე
–რათ მინდა წამოყოლა, არ გადამრიო, წყალი მომინდა მხოლოდ, – გამეცინა და ხელით ვანიშნე კესოს, უკან დაბრუნებულიყო.
მოსაცდელი ოთახიდან გამოსული, თეთრკედლებიან, ნათელ დერეფანს დავუყევი. ჯერ ისევ კახის მოყოლილზე მეფიქრებოდა. მიკვირდა საბას იქ, ჩვენ შორის არ ყოფნა. უფროსი ძმის, რომელსაც მუდამ ისე დაჰყოლოდა თავის ძმაზე ღელვა, როგორც სხვა, ძირითადი ემოციები. წარმომედგინა, როგორ ინერვიულებდა ნაცემ თემუკას რომ ნახავდა და მეშინოდა.. იქნებ, ჩაფიქრებული ჰქონდა, მისი პატარა ძმის დამცირებისთვის პასუხი მოეთხოვა დამნაშავეთათვის. იქნებ, ამიტომ არ ჩანდა. ალბათ, რამდენიმე კოლოფი სიგარეტი უკვე მოეწია და ზედმეტად შეწითლებული სახითა და გინებით აეკლო გარშემო ყველაფერი. ჩემსავე ფიქრებზე გულით გამეცინა და სავაჭრო აპარატთან ჩამოვდექი. ტკბილეულის დანახვისას თვალები რომ ამიჭრელდა და ნერწყვი მომადგა პირზე, ზურგსუკან მომესმა ნაცნობი ხმა
–რას არჩევ, მართა?
იმდენად ვიყავი გართული შოკოლადების არჩევით, არც შევბრუნებულვარ. საფულეში მოვყევი რკინის ფულის ძებნას და თან ანრის ჩაცინებაზე შევკარი კოპები
–რატომ არ მპასუხობდი? – ვკითხე გაღიზიანებულმა იმით, რომ ვერაფრით ვიპოვე ხურდა. ან, ის მაღიზიანებდა, ერთ ზარზეც რომ არ მიპასუხა, მაშინ, როცა კახის თურმე ცოტა ხნის წინ ესაუბრა
–არ მეცალა. თემუკას ამბავზე მირეკავდი არა შენც? ხომ ასეა, მართა? – შეშფოთება გაერია ხმაში და გვერდით დამიდგა. ნაცრისფერი, ნაკეციანი ქუდიდან წაბლისფერი თმა მოუჩანდა.
–ჰო, ასეა..
–ხურდა არ გაქვს? – ღიმილით ამოიღო საფულე ჯინსის უკანა ჯიბიდან და გამომიწოდა
–არ მინდა, მაინც ვერ ავარჩიე..
–თხილით ავიღოთ, მოდი, ხომ გიყვარს.. – აახმაურა აპარატი და მერე, რამდენიმე შეკვრა შოკოლადი რომ ჩამოცვივდა, ჩემკენ მობრუნდა, – კიდევ, რომელი გინდა?
–წყალი მინდოდა
–კარგი, – შებრუნდა ისევ და მორიგი რკინის მონეტა აათამაშა ხელში.
უკან მასთან ერთად დავბრუნდი. ვიგრძენი, როგორ მიწყნარდებოდა ნელ–ნელა აფართხალებული გული. უცნაურ სიმშვიდეს მოვეცვი, როცა ვგრძნობდი რომ იქვე იყო, თვალს მადევნებდა, საკუთარ ჰაერს მიზიარებდა და ერთი ნაბიჯით უკან მომყვებოდა. ისევ იმავე სავარძელზე ჩამოვჯექი. ამჯერად ანრიმ შეავსო თავისუფალი ადგილი. ოთხივე ერთმანეთს გადავებით და მომავალი ნახევარი საათის განმავლობაში თითქმის ხმა არ ამოგვიღია. მხოლოდ რამდენჯერმე მკითხა, ხომ კარგად ვგრძნობდი თავს, ერთი–ორჯერ დაბუჟებული ხელები დამისრისა უხმოდ, დაინტერესდა ვუყურე თუ არა ჩემს საყვარელ ამერიკულ ტელეშოუში გასულ სახალისო ვიდეორგოლს და მხოლოდ ერთხელ, საგულდაგულოდ გადამიწია საშინელი სიცხისგან შუბლზე მიკრული თმა. გადავიღალე. ზედმეტად გადავიღალე, თუმცა მაინც არ მინდოდა სახლში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ საბა წუთი–წუთზე იქ იქნებოდა შიოსთან ერთად, თემუკას მდგომარეობა კი ზედმეტად საგანგაშო არ იყო, მაინც მათთან ყოფნა მერჩია. მე ვითმენდი ჩახუთულ მოსაცდელში ჯდომას, აი, ანრი კი ვერა. რამდენჯერაც შემომხედა, იმდენჯერ მოუსვენრად მოისვა თავზე ხელი. ბოლოს, ფეხზე წამოდგა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და ქვემოდან ამომხედა
–წაგიყვან სახლში რა, მართა..
–რატომ? – ვერ მივხვდი, ასე ძალიან რა აწუხებდა
–თემუკა კარგადაა, უმნიშვნელო შერყევა აქვს, უკვე დაიძინა კიდეც, შენ კი არ ხარ ვალდებული საბას მოსვლას ელოდო..
–რა შუაშია ვალდებულება, მინდა რომ აქ ვიყო, – ჩემს მუხლებზე ჩაფრენილ მის თითებს დავხედე
–დაიღალე, მართა!
–არ დავღლილვარ. აი, მოვიდნენ.. – შიოს და საბას დანახვაზე სახე გამინათდა. სწრაფად წამოვდექი, მათკენ გავიქეცი და დაუფიქრებლად მოვეხვიე საბას. თავზე დამისვა ხელი და თითქოს მორიდებული მზერით შემოგვხედა. ჯერ მე, შემდეგ ჩემს უკან მოგროვებულ ხალხს. უხმოდ ჩამომშორდა, ნერვიული ღიმილით გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და სავარძლების მოპირდაპირედ, ძირს ჩამოჯდა. მომეჩვენა, რომ ზედმეტად იყო აფორიაქებული. ისე აკანკალებოდა ხელები, მგონი, თავად ვერც ატყობდა. გაფითრებული სახე კი ისე გაჰყინვოდა, ვიფიქრე, თემუკას გაუმჯობესებული მდგომარეობის შესახებ ჯერ არაფერი იცის მეთქი. დავაპირე მეთქვა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა ვერ მოვასწარი, რადგან ჩემთან ჩამომდგარი შიო უცნაურად ჩუმად აჩურჩულდა ჩემს ყურთან
–ხომ არაფერია სერიოზული, მართა?
–ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აქვს, თუმცა ხვალ–ზეგ შეიძლება გავწეროთო. ასე რატომ ღელავს..
–აქვს მიზეზი, – ჩაილაპარაკა და ანრის გაუსწორა მზერა, რომელსაც იმავე წამს აესახა დამცინავი ღიმილი სახეზე
–საბა, მოყევი აბა რა მოხდა, რაღაც ვერაა კარგი ამბავი..
– არ გინდა, ანრი! – შეაწყვეტინა შიომ მოულოდნელად
–რა მოხდა? – ინსტიქტურად ჩავეჭიდე მის მაჯას და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა, – შიო, რა ხდება?
არ შემოუხედავს. ანრის მიშტერებოდა წარბებშეკრული, გამაფრთხილებელი მზერით. ვიცოდი, მისი ეს მზერა კარგს არაფერს მოასწავებდა. შიომაც იცოდა ეს.. ოღონდ, იმ დროს იმ მზერის მიზეზიც იცოდა. მე კი.. მე ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ ეღიმებოდა დამცინავი გამომეტყველებით, როცა კახი და კესო ჯერ ისევ სახეგაყინული საბას დამშვიდებას ცდილობდნენ
–რა ჯანდაბა ხდება? – ხელზე დავექაჩე შიოს. უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და როგორც იქნა, გამომხედა. თუმცა, პასუხი ისევ არ გაუცია. მხოლოდ თვალებში შემომხედა და ცხადად დავინახე, როგორ ჩაუმუქდა ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულს მზერა, ანრის კითხვის დასმისთანავე
–ვინ სცემა შენი ძმა, საბა?
ერთ ადგილას გავიყინე. არა იმიტომ, რომ ზედმეტად ხმამაღალი მომეჩვენა ანრის ხმა. არც იმიტომ, რომ პასუხის გაგება არ მინდოდა. უბრალოდ.. იმდენად დამცინავი, იმდენად ზიზღით ნათქვამი მომეჩვენა, იმ წამს ვერაფრით ვაპატიე ანრის ასეთი ლაპარაკი ისედაც ანერვიულებულ საბასთან
–შეეშვი, ანრი.. – ამოილაპარაკა შიომ და საბას გახედა, რომელმაც მუხლებში ჩამალა სახე. იმალებოდა.. ჰო, რაღაცას ემალებოდა თითქოს.
–ის მეორე, ლაშა, საღია? – არ ჩერდებოდა ანრი
–გეყოფა! – იღრიალა საბამ, ისე რომ სახე არ გამოუჩენია. ყრუ ბრდღვინვას ჰგავდა მისი ხმა და მივხვდი.. ჰო, იმავე წამს მივხვდი, რომ ანრი მას ადანაშაულებდა. მივხვდი, რომ თემუკას ასეთი მდგომარეობა მისი ძმის ბრალი იყო. აღარ მომინდა იქ გაჩერება, აღარც მიზეზის გაგება მომინდა, მაგრამ ვერაფრით შევძელი ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი. ისევ შიოს თვალები მოვძებნე და მის მკლავს შემოვხვიე ორივე ხელი
–საბამ.. საბამ გაუკეთა ეს? – სიტყვებს ტირილის ნოტები რომ გაერია, მივხვდი, ცოტაც და ნამდვილად ავსლუკუნდებოდი. თანაც, სიტუაცია იყო ზედმეტად ამაზრზენი. ჩვენ, საბას მეგობრების მის გამო.. არა იმდენად თემუკას, არამედ საბას გამო ვიყავით იქ, როცა რეალურად მას გაეწირა საკუთარი ძმა საავადმყოფოს გაცრეცილი ზეწრებისთვის.
–ყველაფერი რიგზეა, მართა, – თითებით მომეფერა ლოყაზე შიო, გარშემო მოავლო მზერა და ჩვენთან ახლოს მდგარ ანრის ჩაეჭიდა მხარზე თავისუფალი ხელით. ჩვენკენ მოქაჩა და ისე აჩურჩულდა, სხვებს რომ ვერ გაეგოთ, – ოთახში შეუსწრო ლაშას და თემუკას და თავი ვერ შეიკავა, შენ კიდევ უარესად უმატებ. ახლა საკუთარ თავს არ ჰგავს.. შეხედე, შეხედე, ანრი! შეხედე შენს ძმაკაცს და დაივიწყე ერთი დღით როგორი ხარ!
–და ის? ის რომ გაიღვიძებს და საკუთარ სხეულს დახედავს, თავი რითი დაიმშვიდოს? მანაც დაივიწყოს, როგორია?! – არც თუ ისე ხმადაბლა ჩაეკითხა ანრი, – თუ უნდა შეეგუოს? იფიქროს, რომ ნორმალურია ძმამ შენზე თუნდაც ერთჯერადად იძალადოს, მისთვის არასასურველი ორიენტაციის გამო?
–გაირჭე ერთ ადგილას ეგ ირონია, ანრი! – ფეხზე წამოხტა საბა. მეგონა მაშინვე ანრისკენ გამოიწევდა, თუმცა ვერ შეძლო. კედელს აეკრო და იქიდან გამოგვხედა
–რა იყო, არ იცოდი შენი ძმის ამბავი, არა? მარტივია თვალები აიხვიო და სხვა რამ დაიჯერო, ხომ ასეა?
–გეყოფა, ანრი. რა შენი საქმეა, გეყოფა.. – უნებურად დამცდა სიტყვები და იმავე წამს გადავეყარე მის მტრულ მზერას
–ნუ გადამრიეთ, ხალხნო! – გადაიხარხარა ხელებგაშლილმა, – ნუ გადამრიეთ.. აბა, როდისღა უნდა მოვითხოვოთ სამართალი? ახლა ასე ჩამოვუდგეთ თემუკას პალატასთან, ხვალ სახლში ბუშტები დავახვედროთ გამოჯანმრთელების აღსანიშნავად, მერე მშვიდობა დავამყაროთ საბასა და მას შორის და ჩავთვალოთ, რომ არაფერი მომხდარა, არა?
–არ გიყვარს შენ ანრი სხვის საქმეში ჩარევა, – პირველად ამოიღო კახიმ ხმა და ისიც ფეხზე წამოდგა
–მართალია, არ მიყვარს. უბრალოდ, იმდენად ამაზრზენია ეს ყველაფერი..
–შენ? შენ რას იზამდი? – ამოიხრიალა საბამ და მომეჩვენა, რომ გულწრფელად ეკითხებოდა, – რას იზამ, შენი შვილი რომ გამოიჭირო ასეთ რამეში?
–რა გგონია, ახლა ავხტები და გავჭედავ, ასეთი და ისეთი შვილი არ მეყოლებამეთქი? – გაეცინა და მიუახლოვდა, – ორი თვალი და ორი ყური ჰქონდეს, საკუთარი თავი და ბედნიერება გააჩნდეს და ვისაც უნდა იმას..
–ანრი! – შევაწყვეტინე, თუმცა ზედ არ შემოუხედავს. ისევ საბას მიშტერებოდა და შეპყრობილივით იქნევდა ხელებს
–ის გერჩივნა, იმ ოთახში შესულს ძმაკაცის ყელზე მიბჯენილი დანით დაგხვედროდა თემუკა, ვიდრე მის წინ წაკუზული!
–თუ არ მორჩები, აგაძრობ სიფათს, ანრი!
–ჰომოფობი ტრ*კი ხარ!
–ღმერთო ჩემო! – თითქმის ერთდროულად აღმოგვხდა მე და კესოს, კახი კი მათკენ დაიძრა, ზედმეტად მშვიდადაც კი და ისე ჩამოდგა მათ სხეულებს შორის, არცერთს შეხებია
–არაფერი არ გესმის, ანრი, – გზიდან ჩამოიშორა კახის სხეული სახეაწითლებულმა საბამ, – არაფერი გესმის, დედაჩემზე და მამაჩემზე დიდი ამაგი მაქვს ამ ბავშვზე! მათზე ხშირად მე მიწევდა მისი კუდში დევნა და ახლა, ჩემი თვალით ვხედავ, რომ..
–აჰ, რაშია თურმე საქმე! საკუთარ თავს აბრალებ იმას, რასაც ვერ შეცვლიდი. ახლა შენი დალურჯებული ძმა კი არა, საკუთარი თავი გეცოდება. გგონია, სხვანაირად რომ მიდგომოდი, ქალებზე გადაირეოდა?! დიდი ამბავი, საბა, თუ ჩვენნაირად ვერ კაიფობს! ეგ ის ბავშვია, კისტრით რომ ატარე წლები, ყველას მუშტებს რომ უღერებდი მის გამო და რა მოხდა? ეგ მუშტები არავის მოხვედრია მის გარდა!
–პიდარასტომას საკუთარ ძმასაც არ ვაპატიებ!
–პიდარასტობა მარტო კაცისთვის მიცემა კი არ არის, საბა. აი, მართა აგიხსნის.. მიდი, მართა, უთხარი რას ნიშნავს..
–მე რა შუაში ვარ? - აღვშფოთდი
–არც ჩემი ქალია აზრზე.. არვინ აზრზე არ ხართ!
–ნუ მეძახი ასე!
გაცეცხლებულმა შემომხედა. რამდენიმე წამით გამისწორა თვალი თვალში, მერე კი ისევ საბასკენ შებრუნდა და ხაზგასმით, მშვიდად წარმოთქვა სიტყვები
–არ გაბედო! აღარ გაბედო ხელით შეეხო, გესმის? წლების წინ მთხოვა ჩემმა უახლოესმა ადამიანმა მისი დაცვა ყველა ნაბი*ვრისგან და ახლა, უფლებას არ მოგცემ, შენ, ერთ–ერთმა მათგანმა კიდევ მიაყენო უარესი ზიანი!
–მე ვარ ეგ ადამიანი, ანრი! – აღრიალდა საბა და თვალებჩაწითლებულმა მოატარა ოთახს მზერა. მომეჩვენა, რომ ყველას გაგვირბოდა. ყველას, ისევე, როგორც საკუთარ თავს და აღარ იცოდა საით, რომელ მხარეს გაეცოცებინა აწითლებული თვალები
–არა, შენ არ ხარ საბა! არ ხარ ეგ ადამიანი! – ზიზღით აატარა ხელი მისი სილუეტის გასწვრივ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა, – მაშინ არ მცნობიხარ.. შენ თუ ხარ ის საბა, სულ არ მცნობიხარ! სხვა ხარ.. ახლა სულ სხვა ადამიანი ხარ. მეც ხშირად ვარ სხვა ადამიანი და ამიტომაც არ მიკვირს. მეც იგივე ნაგავი ვარ, რაც შენ. მთავარია, მერე, ამ სხვა ადამიანობის მერე მაინც მიხვდე, რამდენად ღრმა ნეხ*ში ჩაეფლო შენი ნამდვილი სახე! ღმერთია მოწმე, არასდროს ჩავრეულვარ თქვენს ძმობაში და ახლაც არ ჩავერევი იმაზე მეტად, რაც მისთვის ფიზიკური ზიანის აცილებას შეეხება. თუ კიდევ დაარტყამ.. თუ კიდევ გაიწევ მისკენ, საბა..
–ნუ მემუქრები, ანრი, ჩემი ძმაა! შენი კი არა, ჩემი ძმაა..
–ხოდა მაგ შენს ძმას აქვს უფლება *ლეზე დაიკიდოს შენი აზრი!
–წადი რა, წადი, ანრი! – მკერდზე დაეტაკა საბა ღრიალით და ყველა.. ყველა მომენტალურად დავიძაბეთ, ანრის გარდა. მშვიდად მოიშორა მისი ხელები, ქურთუკი გაისწორა და ჩემკენ გამოიხედა
–წამოხვალ?
უხმოდ დავეხსენი შიოს მკლავს და თავი დავუქნიე. არ ვიცი, რატომ გავყევი. არც ის ვიცი, ვეთანხმებოდი თუ არა ყველაფერში. მხოლოდ ის ვიცოდი იმ დროს, რომ თავს საშინლად გრძნობდა და არ მომინდა მისი მარტო გაშვება. ვიცნობდი.. ზედმეტად კარგად ვიცნობდი ანრის იმისთვის, რომ იმჟამინდელ, ვითომ მშვიდ სახეს მოვეტყუებინე. მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევამჩნიე, როგორ დაიწყო სიგარეტის ქექვა ჯიბეებში. რომ ვერ იპოვა, სალონს მოატარა მზერა, მერე თვალებით ჩემს მუცელს გადააწყდა და ძებნაც მაშინვე შეწყვიტა. უხმოდ დაძრა მანქანა და ღიმილით გადმომხედა
–შოკოლადები დაგრჩა, მართა..
–არაუშავს
–კარგი.. – ნელა გავუყევით ჩემი სახლისკენ გზას. მეგონა მისვლამდე ხმას არ ამოიღებდა, თუმცა შევცდი. მხოლოდ რამდენიმე წუთით ვისხედით ჩუმად. მერე, შუქნიშანზე გავჩერდით და ამ დროს გადმომხედა
–ვერ ვიტან მათთან ჩხუბს.. ვერც ერთთან. მეზიზღება. მეზიზღება მათთან ჩხუბი..
–შეგეძლო არაფერი გეთქვა, ანრი..
–რომ არ მეთქვა.. თემუკა რომ არ დამეცვა, არ ეცდებოდა მის გაგებას. თუ არ იფიქრებდა, რომ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც მისი ძმის სიმართლე სჯერა.. თუ არ იფიქრებდა, რომ არსებობს ხალხი, ვისთვისაც ეს მისაღებია, არც თავად ეცდებოდა არასდროს მის გაგებას..
–მართლა უჭერ მხარს თემუკას? მართლა ისე ფიქრობ ყველაფერს, როგორც საბას უთხარი? – ვკითხე და საჭეზე ხმაურიანად მოძრავ მის თითებს დავაფარე ხელი ზემოდან, რომ დამშვიდებულიყო
–არ ვიცი, – გაეცინა და თითებზე ჩამეჭიდა. სახესთან მიიტანა და სათითაოდ დამიკოცნა თითის ბალიშები, – ზუსტად არ ვიცი რას ვგრძნობ. ერთი ის ვიცი, რომ თემუკა სხვისი ცხოვრებით ვერასდროს იცხოვრებს. საბა კი, ვერ შეეგუება ამას. იცი, რა რთულია, როცა რაღაცის არ გწამს და არ გჯერა? – გზა განვაგრძეთ და მისი მზერაც დაშორდა ჩემსას, – იცი, რა ცუდია, როცა გაძალებენ, მიიღო ის, რაც შენთვის მიუღებელია? თემუკას არა, საბას ვგულისხმობ.
–ვერაფერი გავიგე, ანრი. თუ გესმის, რაღას აუტეხე ერთი ამბავი
–იმიტომ, რომ გამოსულს საშუალება მისცეს ისე იცხოვროს, როგორც მოესურვება. სხვების არ ვიცი, თუმცა ჩემს აზრს რომ შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს საბასთვის, ეს დანამდვილებით ვიცი.. – გამიღიმა კიდევ ერთხელ. ეს ღიმილი სულ არ ჰგავდა იმ კაცისას, რამდენიმე წუთის წინ რომ ბრდღვინავდა საავადმყოფოს მოსაცდელში. იმდენად სხვა იყო, ისე უცებ შეეძლო მზერის გადაფარვა, ვერასდროს ვხვდებოდი ხოლმე რა მოგველოდა მისგან.

***
დღეები ისე გავიდა, თეაკოს და ზურას არც დავლაპარაკებივარ. სახლში გვიან ვბრუნდებოდი, რომ დედაჩემის სახეს ხშირად არ შევჩეხებოდი. აღარც დილას ვსაუზმობდი მათთან ერთად და ვახშმის დროსაც ვცდილობდი გარეთ, კესოსთან ან შიოსთან ერთად ვყოფილიყავი. ხშირად საბაც შემოგვემატებდოა ხოლმე. მიუხედავად ამისა, თეაკო ყოველდღე იმაზე მეტ საჭმელს ამზადებდა, ვიდრე ჩვეულებრივ სჩვეოდა. ვხვდებოდი, ასე ჩემთვის იქცეოდა. ზოგადად, კითხვა იცოდა ხოლმე ჩემი სახლიდან გასვლამდე, რა დაგახვედრო დღეს საღამოსთვისო. მერე კი, რომ აღარ ვლაპარაკობდით, მხოლოდ იმ კერძებს ამზადებდა, მე რომლებიც მიყვარდა. გავიგე კიდეც ერთხელ, როგორ შესჩივლა ზურას, მაინც არაფერს აკარებს პირს, ცუდად ხომ არ არის ნეტავო. მახსოვს, შემოსასვლელ კართან დავხრილიყავი, ფეხსაცმლის შესაკრავად და ისე ამიჩქარდა გული, თასმებგახსნილი გავვარდი გარეთ. არ მეგონა, როდესმე იმის გააზრება თუ ამიფართხალებდა სიხარულით გულს, რომ დედაჩემი ჩემზე ნერვიულობდა და ზრუნავდა. რამხელაც არ უნდა ვყოფილიყავი, სიტუაციის სიმძიმე როგორც არ უნდა გამეაზრებინა და როგორ მარტოც არ უნდა გადამეტანა ყველა დაბრკოლება, თეაკოს ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მცდელობა მაინც საოცრად ბევრს ნიშნავდა იმ დღეებში ჩემთვის. ზურა კი.. ზურა ისე მენატრებოდა, მისი სხეულის ყოველი დანახვისას მინდებოდა პატიება მეთხოვა მისთვის. არ მავიწყდებოდა ჩემი ორსულობის გაგებისას, როგორ აუწყლიანდა თვალები. ვიცოდი, როგორი გული ჰქონდა მამას, რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის და მუდამ ვცდილობდი გამოსავალი მომეძებნა. თუმცა, რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად მიჭირდა მასთან მისვლია და დალაპარაკება. ბოლოს, თავად ზურამ გადაწყვიტა რომ დრო იყო. ალბათ, მასაც ისევე ვენატრებოდი. ან უბრალოდ ჩემი ჯანმრთელობის ამბები აინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, ერთ–ერთ საღამოს, საძინებლის კარზე რომ მოაკაკუნა და იმავე წამს მისი ნახევარი ტანი გამოჩნდა, არანაირი მიზეზის ძებნა აღარ დამიწყია
–შეიძლება, მა?
ისე მომნატრებოდა მისი ასეთი მომართვა, დაუფიქრებლად დავუქნიე თავი და ლოგინზე წამოვჯექი. თან შუაგულისკენ მივჩოჩდი, რომ მისთვის გამეთავისუფლებინა ადგილი. ზურა კი ჩამომიჯდა და უკან გაწეული, ორივე მკლავში ძლიერად მომიქცია. ჩემი წამოზრდილი მუცელი ორივეს ხელს გვიშლიდა ჩახუტებაში და აცრემლებულმა, სიცილით მოვუბოდიშე
–ძალიან გავსივდი და ვეღარ გეხუტები!
–ასეთი იყავ ხუთი წლის ასაკშიც, მართა. მას მერე არ გქონია ამხელა ლოყები, მა..
–როგორ გამახარე, ზურა, – ამოვისლუკუნე სასაცილოდ
–როგორ ხართ? – გამიღიმა და თავზე დამისვა თბილი ხელი. მხოლოდ მე არა.. მე და ჩემს პატარას გვეკითხებოდა
–კარგად. კარგად ვართ. კარგად ვითარდება და.. მე.. მე უბრალოდ ვერ მოვიშორებდი, არ მინდოდა.. – ავბლუყუნდი და ყველა ვარაინტი გადამავიწყდა, რაც კი იმ დღემდე ჩამომეყალიბებინა ზურასთან საუბრის წარმოდგენისას
–ხომ აგვიხსენი იმ დღეს, მამი, გასაგებია.. – დამამშვიდა და ისევ თავისკენ მიმწია, კიდევ ერთხელ მაკოცა თავზე, – ნეტავ როგორი იქნება შენი შვილი, მართა. ვერც წარმომიდგენია, ჯერ ისეთი პატარა ხარ..
–არ ვარ პატარა, მა. არ გინდა ხელი დაადო? მოდი, დამადე ხელი.. – ფრთხილად შემეხო მუცელზე. ნაზად გადამისვა ხელისგული და მეორე, თავისუფალი ხელით, თვალებიდან წამოცვენილი ცრემლები ამოიწმინდა
–იცი, ბიჭია, – ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ აუკანკალდა თითები ჩემს კანზე, – ნუ ნერვიულობ, მა.. შენს სახელს არ დავარქმევ, საშინელებაა! – ვეცადე გამემხიარულებინა, რადგან ზედმეტად დიდი სევდა ჩასდგომოდა თვალებში. მე კი არ მინდოდა ჩემი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ სირთულედ ან ოჯახურ პრობლემად მიეღო
–რას უწუნებ ჩემს სახელს? – გაიკვირვა სერიოზულად
–კაი რა, ზურა, არ შეგეცოდება ბავშვი? – ავკისკისდი მოულოდნელად, – სამაიეროდ, არც ანრის მამის სახელს დავარქმევ, გპირდები!
–არც მისმა სახელმა მოგხიბლა დიდად, როგორც ჩანს! – ჯერ ისევ მუცელზე დამყურებდა. ხელისგულიც ვერაფრით მოეშორებინა. ვერ დაეთმო მომავალი შვილიშვილის სითბო
–ჰო, სოლომონი, – ამოვილაპარაკე უკმაყოფილოდ. ზურა კი ჩემკენ დაიხარა, ფართოდ გამიღიმა და კარისკენ გააპარა მზერა
–გაგიჟდება დედაშენი, ჩემგან რომ გაიგებს ახალ ამბებს..
–აინტერესებს? – რატომღაც ხასიათი გამიდუჭდა თეაკოს ხსენებისას და მოვიღუშე
–აინტერესებს კი არა, სულ მომავალ შვილიშვილზე ლაპარაკობს! – მითხრა დარწმუნებით. ზუსტად ვიცოდი, რომ მატყუებდა. საკმაოდ კარგად ვიცნობდი დედაჩემს. არ იქნებოდა მსგავსი რამ სიმართლე, თუმცა არაფერი მითქვამს ზურასთვის, მხოლოდ გავუღიმე. მიყვარდა მისი ასეთი ტყუილები. ბავშვობიდან მოყოლებული ასე მზრდიდა. შეეძლო ისე შეეფერადებინა ცუდი ამბები, პირიქით, ბედნიერებად მოგჩვენებოდა. თანაც, ისე, რომ წარბს არ შეიხრიდა. მგონი, თავადაც სჯეროდა, რომ სამყაროში ყველაფერი ჩემთვის იყო, ყველას ვუყვარდი, ყველა მაფასებდა.
–გინდა ფოტო გაჩვენო? წინა კვირას გადავუღეთ, – ლოგინის ბოლოსკენ გადავბობღდი და ჩანთას დავწვდი, რომ საფულეში შენახული ექოსკოპიის ფოტო ამომეღო, – კარგად არ ჩანს, თუმცა, თუ აგიხსნი სად თავია და სად ფეხები, შეიძლება დაინახო, – გამეცინა როცა გამახსენდა, რამდენჯერ ავუხსენი ანრის იმავე. მერე, მოგვიანებით, მაღაზიიდან დაბრუნებული, მანქანაში რომ ჩავჯექი, ისევ ხელში მოეთავსებინა სურათი და სერიოზული სახით მაჩვენებდა ჩვენს შვილს. ისევ აერია თავი, მის მოხრილ მუხლებში მაშინ, თუმცა ისეთი მონდომებული მეჩვენა, აღარაფერი ვუთხარი.
–ხედავ, ზურა? – იმავე დაბრკოლების წინაშე დავდექი
–რა პატარაა, როგორი უსუსურია. მამი, მართა, როგორ უნდა მიხედო ამას, ხვდები მაინც? შენ კიდევ სულ მუშაობ, გვიან მოდიხარ... – აღშფოთდა ზურა. ალბათ, მის სილუეტს რომ დახედა, უფრო ცხადად გაიაზრა ჩემი მდგომარეობა
–ყველაფერი კარგად იქნება, მა!
–სწავლა? სწავლა, მართა? არ აპირებ, არა? – დასევდიანდა ისევ
–ვისწავლი, – წამომცდა და მერე, გვიან მივხვდი, რომ ჩემთვის კი არა, მისი კარგად ყოფნისთვის ვამბობდი ამას. თუ ეს გააბედნიერებდა, არაფერი მქონდა საწინააღმეგო სწავლის გაგრძელების, – ჩავაბარებ მაგისტრატურაში, რომ გავაჩენ, გპირდები, კარგი?
თალებგაბრწყინებულმა შემომხედა. კიდევ ერთხელ მომხვია ხელი და თავიდან რომ არ დაეწყო ტირილი, სწრაფად წამოდგა ფეხზე. ხელში მოთავსებული სურათი გულზე აიხუტა და ზემოდან დამაჩერდა
–ჩემთან მექნება.. ჩემს საფულეში. შენ ხომ გქონდა, ახლა მე მექნება, ხომ კარგი აზრია? – ჩამეკითხა და ფართოდ გამიღიმა. თან კისერი მოიღერა და ჩემს პასუხს დაელოდა. ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა წინასწარ პასუხი არ იცოდა და ძალიან უნდოდა თანხმობის გაგება.
–მართალია ანრი მომკლავს რომ გაიგოს მის მაგივრად შენ დაგითმე, მაგრამ გქონდეს, – დავუქნიე თავი სიცილით და კარისკენ წასულს თვალი გავაყოლე. თითქმის მიმალულიყო, უცებ რომ შემობრუნდა და ხმადაბლა დამიძახა
–სახლში ივახშმე ხოლმე, მა, ჩვენთან ერთად, ნუ გვერიდები.. – ამოილაპარაკა და ხმაურით მიხურა კარი.

***
შვება ვიგრძენი იმ საღამოს. საოცარი შვება იყო ზურასთან ლაპარაკი. შვება იყო მომავალი თვეების განმავლობაში მშობლებთან ერთად სადილობა და ვახშმობა. შვება იყო თეაკოს პირველი და ამ პირველს მოყოლებული კიდევ რამდენიმე ღიმილი. ეგუებოდა, თუმცა არ მპატიობდა. ვიცოდი, არც არასდროს მაპატიებდა. მუდამ მომაძახებდა ყველა იმ სიტყვას, რაც იმ დღეს, ჩემი შვილის არსებობის გაგებისას მომახალა სახეში. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემს შიგნით მაინც ყველაფერი ლაგდებოდა. ლაგდებოდა და თან რთულდებოდა. ხომ არ ჟღერს ლოგიკურად, მაგრამ ასე იყო. უსაშველოდ დიდი მუცელი მქონდა. ზოგჯერ ზედმეტადაც კი მედიდებოდა და მეუშნოებოდა ხოლმე. არასდროს მომწონებია ორსული ქალები, ძლივს რომ ახერხებენ საკუთარი ძალებით თასმების შეკვრას და თავისი ზომის ფეხსაცმელებს ემშვიდობებიან. მე კი, ზუსტად ასე ვიყავი. ზედმეტად მისივდებოდა ფეხები და მტკივნეულად მებერებოდა მკერდი. ვეღარსად დავდიოდი, მხოლოდ წყნარ, უხმაურო ბარებში დავყვებოდი სხვებს. მეშვიდე თვეში რომ გადავედი, განსაკუთრებით ცელქი გახდა ტიტე და თითქმის არასდროს მასვენებდა. ღამე, ძილის დროსაც კი ისე ძლიერად სჩვეოდა პაწაწინა ფეხების მორტყმა, ჩემს ისედაც ფხიზელ ძილს ძალიან მარტივად აფრთხობდა. ვეღარ ვმუშაობდი. შვებულება ავიღე და სახლში დავჯექი. ასე ვამბობდი, თორემ კახისთან ან საბასთან უფრო ხშირად ვიყავი სინამდვილეში, ვიდრე საკუთარ სახლში. ერთადერთი, რაც სტიმულს მაძლევდა მათი სახეები იყო, ჩემი მეგობრების. კესოს გაუთავებელი მზრუნველობა, მისი გამომცხვარი ღვეზელები, კარს მომდგარი გაზაფხული და მაისის თვეში ყოველდღიური სეირნობა შიოსთან ერთად. არ ვიყავი ცუდად. თუმცა, არც ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი თავს. რადგან.. სულ მეტირებოდა. ყოველ ღამე. მეტირებოდა, რადგან ამ ყველაფერს ზედმეტად აკლდა ანრი. იქ იყო.. მუდამ ჩემს სიახლოვეს ვხედავდი, მაგრამ არ ვიყავით ერთად. არც ერთად ვიყავით და თითქოს, არც ერთმანეთისთვის
–კიდევ გინდა ტირილი? – მკითხავდა ხოლმე შიო, დამებრიცებოდა თუ არა ტუჩები, და სწრაფად ზრუნავდა იმაზე, რომ გარეთ გასულებს ჩემი ქურთუკი ან ჩანთა არ დაგვრჩენოდა. არასდროს მაძლევდა საშუალებას, ანრის თვალწინ მეტირა. არ ვიცი, რატომ. ისედაც ხომ იცოდა ანრიმ, რომ მტირალა და გამოუსადეგარი გავხდი. ისედაც ყველაფერს ხვდებოდა..
–სულ ამის ბრალია ასე რომ ვსლუკუნებ ყველაფერზე, ნახე როგორ მოხვდეს, რომ გავაჩენ! – დავიმუქრე ერთ–ერთი სეირნობისას და ჩემივე სიტყვები რომ არ სწყენოდა, მუცელზე გადავისვი ორივე ხელი
–მაგის კი არა, შენი და ანრის ბრალია. რამდენჯერაც შემოგხედავს და დაგელაპარაკება, მისკენ მიგიწევს მთელი სხეული, – სკამზე ჩამომსვა შიომ ღიმილით. მზიანი დღე იყო. მისი თავი კი ჩვეული ბრწყინვალებით ანათებდა გარემოს
–სხეული მიმიწევს? რას არ მოიგონებ ხოლმე..
–ასეა, არადა, ერთმანეთს წამლავთ
–ნუ იცი ასე თქმა, შიო, – გავაჩერე მაშინვე, თუმცა, მაშინ ისე დარწმუნებით მითხრა ეს სიტყვები, რომ ღრმად.. ზედმეტად ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და სულ მეგონა, რომ მე მართლა ვიყავი ანრის მომწამვლელი, ის კი – ჩემი.
–ერთმანეთის ენერგიას ბოლომდე იწოვთ, თავს აჯერებთ, რომ არ გჭირდებათ ასეთი ურთიერთობა. ერთი სხვაობაა მხოლოდ
–რა სხვაობა?
–შენ არ იცი რა იქნება მომავალში, მან იცის.. – გამიღიმა ლამაზად
–არაფერიც არ იცის, გვილაპარაკია ამ თემაზე, არაფერი გადაგვიწყვიტავს წინასწარ, შიო..
–იმიტომ, რომ მუდამ თავს აკონტროლებს. არაფერს შეიმჩნევს. შეუძლია ზედ არ შემოგხედოს და ისე გადევნოს თვალი. შენ კი.. პატარა ბავშვივით ხარ. რამეს რომ იტყვის, თვალები გიფართოვდება და ინსტიქტურად, მისკენ იხრები. ისე მიიწევ ხოლმე ანრის სხეულისკენ, ვერც ატყობ. ისე დაჰყვები ოთახიდან ოთახში, აზრზე ვერ მოდიხარ.. – თან მშვიდად, დაბალი და ხავერდოვანი ხმით მელაპარაკებოდა, თან ჩემს ახალ, ფერად შარფს მახვევდა ყელზე, – ნუ მიყურებ დამფრთხალი, მართა.. ეს ცუდი კი არ არის. უბრალოდ, იმის შეხსენება მინდა, რომ შენ მისი მიტოვება გადაწყვიტე, – გვერდები შემოუკეცა, კისერი ჩამითბო თხელი მატერიით და კმაყოფილმა შემათვალიერა ოდნავ უკან გაწეული თავით
–მან თავისი საქმიანობა არჩია, შიო..
–არაფერი აურჩევია. უბრალოდ, ახლა მშვიდად არის და შენზე ზეწოლას არ ახდენს. არ ღელავს და იცი, რატომ? – აფრიალებულ თმაში შეიცურა თითები, - ორსულ ქალს არც ერთი კაცი აეკიდება. ამიტომ გაცდის, არ გაწვალებს, ტყუილად არ გაჩხუბებს. ანრი ასეთია. თავისად დაგიგულა და ყოველთვის ასე იქნება. ისეთ რამეს არ აკეთებს, ასარჩევად რომ ჰქონდეს საქმე. იცი შენ ეს და ახლა ტყუილად ნუ ამახსნევინებ.. მაშინ კი, როცა ასარჩევად ჰქონდა საქმე, ახალგაზრდა, თავაშვებული ბიჭი იყო, რომელსაც ბევრი ფული მოუნდა და ზედმეტად ანგარებიან ხალხში გარევას არ შეუშინდა. მაშინ შენ არ იყავი, მართა..
–ვიცი, ჰო, ვიცი, შიო..
–არ დაგითმობს, არ აქვს მნიშვნელობა რომ მის შვილს ატარებ მუცლით, ან რომ შენი მოწყენილი სახის ატანა არ აქვს. არ დაგითმობს და არც დაგიჩოქებს, იმიტომ რომ იცის, ახლა ასე ყოფნა გირჩევნია. ახლა შენ უნდა იფიქრო რა გინდა. ანრი ყოველთვის ანრი იქნება..
–შენი აზრით, მოსიყვარულე მამა იქნება?
–მოსიყვარულე რამდენად იქნება არ ვიცი, მაგრამ არარსებული სიყვარულით რომ ეყვარება, ამაში დარწმუნებული ვარ
–ჩვენს შვილს თითებით ხიდის გადაბმას ხომ მაინც ასწავლის, – ჩავილაპარაკე ჩემთვის და მის გაკვირვებულ მზერაზე გამეცინა
–წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ და არც მინდა ვიცოდე, – სასაცილოდ გაიჭიმა და ფეხზე წამოდგა, – ადექი, ზარმაცო დედიკო, სეირნობა გჭირდება..
–შიო, ხომ ყოველთვის იქნები? ხომ ყველგან იქნები? – მკლავზე დავეყრდენი და იმედიანად მივაშტერდი. თავი დამიქნია და ისე შემომხედა, ვერანაირი პასუხი დამარწმუნებდა მის მზერაზე მეტად იმაში, რომ ყველგან და ყოველთვის იქნებოდა ჩემთან.

***
დღის ბოლოს, კესოსგან დაბრუნებულმა, ძლივს რომ მოვახერხე აბაზანიდან გამოსულმა ღამის პერანგი მომერგო და სველი თმა ცხენის კუდად ამეწია, მშვიდად გავეხვიე ზეწარში. მუცლის სიდიდე იმდენად მიშლიდა უკვე ხელს, უბრალო ღამის რუტინაც კი დიდი პრობლემა გამხდარიყო. ამჯერადაც, სახის საგულდაგულოდ მოვლაზე უარი ვთქვი და ფრჩხილის ლაქისა და თვალის კრემების მაგივრად, სიმინდის მარცვლებით სავსე ჯამი მოვიმარაგე. კარგად რომ მოვთავსდი, ამ დროს შემომიღეს კარი
–რა მოხდა? – ვკითხე კარებში გაჩხერილ ზურას, თუმცა პასუხის გაცემა საჭირო არ გახდა. მაშინვე დავლანდე მის უკან ჩამომდგარი ანრი, რომელმაც ზრდილობიანად მოუბოდიშა მამაჩემს და ზურგს უკან მიხურა ჩემი საძინებლის კარი
–სულ როგორ ჭამს ჩემი მართა! – სიცილით ჩამომიჯდა საწოლზე და თბილად ჩამომისვა ლოყაზე ხელი
–რა გინდა აქ? – ვკითხე პირგამოტენილმა და მოშიშვლებულ ფეხებზე გადავიფარე ზეწარი
–მემალები? – გაეცინა მოულოდნელად
–არ გემალები..
–როგორ მომენატრე, რომ იცოდე, – ნიკაპზე ამომდო თითები და თავი ამაწევინა, – ნუ მიყურებ ასე მტრულად, მართა, მხოლოდ გეუბნები, რომ მომენატრე..
–რა გინდა აქ, აღარ იტყვი? – მოვიშორე მისი ხელი და მისი წამოზრდილი, აჩეჩილი თმისკენ გავიწიე. ლამაზი თმა ჰქონდა, მუდამ უბზინავდა და მომწონდა, როცა აჩენდა ხოლმე. მიმიხვდა წადილს, თავი დახარა და საშუალება მომცა მის თმაში ამეთამაშებინა რამდენიმე წამით თითები
–შენც მოგენატრე, მართა! – მითხრა ყველანაირი სითბოს გარეშე
–ჰო, ალბათ..
–მივდივარ, – უფრო მეტად დაიხარა და მუცელზე მაკოცა. ასე, უკითხავად, გააზრებას ვერ ვასწრებდი ხოლმე ისე მაკრობდა სველ ტუჩებს
–უკვე მიდიხარ? ახლა არ მოხვედი? – ვკითხე გულუბრყვილოდ
–არა, მართა.. – შემომხედა სევდიანად, – ქვეყნიდან მივდივარ.
რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რისთვის იყო ჩემს ოთახში. მერე, ყველაფერი ძალიან მალე დამილაგდა გონებაში და ხმაში გარეულ ირონიას გასაქანი მივეცი
–ისევ? ანრი, სერიოზულად ამბობ?
–გახსოვს, როგორ იდგნენ შენი ფანჯრების წინ? ყოველთვის სადღაც არიან, მართა.. ყოველთვის იციან, რას ვაკეთებ. ყველა ჩემი გადაადგილება შემჩნეული აქვთ, შენ კი.. შენ ჩემი გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი ხარ. ხვდები არა, ამას?
შიშმა მარწუხებივით წამიჭირა ყელში და მთელი სხეული დამეძაბა. ვიცოდი.. ვიცოდი რასაც ნიშნავდა ეს.. ჯერ კიდევ მაშინ, არაფერი რომ არ მაკავშირებდა ანრისთან, მათ უკვე იცოდნენ ჩემი ადგილმდებარეობა. გამახსენდა ისიც, როგორ ჩამოუდგა წინ და დაუქნია ხელი უცხო მანქანას ორიოდ წუთის შემდეგ მოსახვევში მიმალულმა. არ ეშინოდა. მაშინ, იმ ღამეს არაფრის ეშინოდა. მაშინ არ ვიცნობდი, თუმცა იმის მერე იმდენად კარგად გავიცანი, მის გამომეტყველებას და ქცევებს რომ ვიხსენებდი, ვხვდებოდი, საერთოდ არაფრის ეშინოდა. აი, ჩემი გაზრდილი მუცლისკენ დახრილი კი სულ სხვაგვარად იხსენებდა მათ. მივხვდი, რამხელა დაბრკოლება გავმხდარიყავით მისი შესრულებული საქმის მიმართ მანამდე არსებულ გულგრილობასა და სხვა ემოციებს შორის.
–მე უნდა მეშინოდეს? – ვკითხე და ცრემლები უკითხავად ჩამომცვივდა თვალებიდან
–არაფრის! საერთოდ არაფრის უნდა ეშინოდეს ჩემს მართას! - დახუჭული თვალები დამიკოცნა. ერთმანეთზე მიკრული წამწამები შემიმშრალა ნაზი ფერებით და გულზე ძლიერად მიმიხუტა. თვეების შემდეგ, პირველად ვგრძნობდი ასე ცხადად მის შეხებას და ისე გავეხვიე ჩემთვის საყვარელ, მონატრებულ სურნელში, თვალების გახელაც აღარ მომინდა, – არაფრის უნდა გეშინოდეს. ვიცი, ჩემი წინა წასვლის შემდეგ არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ მის თავს გეფიცები, მართა.. ჩვენი შვილის თავს გეფიცები, არავინ მოგეკარება. ამიტომაც მივდივარ, გესმის? - ისე მოუთმენლად დამიკოცნა თავი და ამისვ-დამისვა მუცელზე ხელისგული, მივხვდი, ჩემსავით იყო აფორიაქებული
–ვერ გიტან, ანრი. ვერ გიტან ამ ყველაფრის გამო.. - ამოვიჩურჩულე და მიხ სხეულს მივენდე. ჩემს საწოლზე მოთავსდა, უფრო მეტად ამიხუტა გულზე და ხშირი სუნთქვით დამეთანხმა ბოლო სიტყვებზე
–ვერ და არ გამოვალ ამ საქმიდან. შენ კი, შეგიძლია ისევ ვერ ამიტანო. თანაც, სანამ წასული ვიქნები, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ხომ იცი, მართა? სხვა სიფრთხილეზე ვსაუბრობ ამჯერად. იცოდე.. იცოდე, რომ აღარავინ მოგადგება. არც ერთი წამით ამის შიში არ გქონდეს. მხოლოდ ჩვენს შვილს გაუფრთხილდი.
–არ მჭირდება შენი შეხსენება, - მივხვდი, ჯიუტი ბავშვივით ვლაპარაკობდი, მაგრამ იმდენად არ მინდოდა მისი გაშვება, ყველაფერზე ვიყავი თანახმა. ფრთხილად დაიხარა ჩემი სახისკენ, შუბლი და ლოყები დამიკოცნა და სუნთქვით ვიგრძენი, ტუჩებთან შეჩერდა. ჯერ ისევ დახუჭული მქონდა თვალები. ვერ შევხედავდი. რომ შემეხედა, აუცილებლად ვაპატიებდი..
–ჩემი მართა ყველაზე ძლიერი ქალია! - ამოიჩურჩულა ზედ ჩემს ტუჩებზე. ბაგეებზე მისი რბილი კანიც კი ვიგრძენი. მერე კი, ისე მომთხოვნად მაკოცა, ვერაფრით დავიხსენი მისგან თავი. მის ენასა და სველ სიტკბოსთან ერთად საკუთარი ცრემლების გემოს ვგრძნობდი და ჩვენი პირველი კოცნა გამახსენდა. არც ისე დიდი დრო გასულიყო თითქოს.. არც ისე ძალიან შევცვლილიყავით. უბრალოდ.. უფრო მეტად გვიყვარდა და უფრო მეტად გვძულდა, უფრო მეტად ვიცნობდით და უფრო მეტად არ გვესმოდა ერთმანეთის.
–მიყვარხარ.. ახლა დანამდვილებით ვიცი, როგორ მიყვარხარ. მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა, რომ ვინმეს შეყვარება საერთოდ შემეძლო, მართა.. – უკანასკნელი სიტყვებით დამეხსნა ხელებიდან და წავიდა. წავიდა და მომავალი ორი თვე თვალით აღარ მინახავს.

***
–თითქმის მთელი თვეა წასულია, შენ კი ხმას არ იღებ..
–ჰო, კესო.
–ბრაზობ? – მკითხა საბამ და თავისი სალათი მომიცურა, – ჭამის დროს წყნარად ხარ ხოლმე..
–შენი ნაპირალია? – ისე დაჯღანა კესომ სახის ნაკვთები, უნებურად გამეცინა.
–არა, პირიც არ დამიკარებია! – შეიცხადა საბამ და გვერდით ჩავლილ მიმტანს კიდევ ერთი სალათი შეუკვეთა.
–მადლობა, საბა, – ღიმილით დავწვდი ჩანგალს.
–იღიმის! – აღნიშნა კახიმ და თავადაც ღიმილად დაიღვარა.
ძალიან სასაცილოები იყვნენ. სასაცილოები და ჩემიანები. სხვადასხვანარი მზერებითა და ყველა ერთნაირი სითბოთი აღსავსენი. მათ რომ ვუყურებდი, მაშინ ვხვდებოდი, რომ ადამიანისთვის სწორედ სხვა ადამიანები არიან ყველაზე დიდი შენაძენები ცხოვრებაში.
–იმიტომ იღიმის, რომ ჭამს და ბედნიერია, არაფერსაც არ განიცდის, – წამოაყრანტალა საბამ და კმაყოფილებით მოიღერა კისერი.
–იქნებ, თავს გვაჩვენებს, – მხრები აიჩეჩა კახიმ.
–ხო, თავს გაჩვენებთ. აქედან სახლში წასული, ოთახში გამოვიკეტები და მოვკვდები ტირილით! – ავატრიალე თვალები მობეზრებით.
–ხომ გითხარით.. – ტუჩები აიბზუა კახიმ და კესოს მუჯლუგუნის მიუხედავად, დარწმუნებით დააქნია რამდენჯერმე თავი.
–შიო არ მისცემს მაგის საშუალებას, – ამჯერად საბა მოყვა თავის ქანქარს, ოღონდ უარყოფის ნიშნად და ამ დროის განმავლობაში მდუმარედ მჯდარ შიოს აუქნია ცხვირწინ ხელი, – ხომ ასეა?
–შეეშვით მართას და მიხედეთ საკუთარ თავებს. თანაც, თუ მოუნდება რომ ტირილით მოკვდეს, ასეც იქნება, რა ჩემი საქმეა, – ჩემკენ დაიხარა, ნაზად შემეხო მხარზე და ნაზი კოცნა დამატყო ზედ.
–ჰო, ასეა, – დავეთანხმე და მობილურზე შემოსულ ზურას მორიგ ზარს დავხედე, – უკვე დამღალა, – ამოვიბურტყუნე უკმაყოფილოდ.
–რა უნდა? – ცნობისმოყვარედ ჩამეკითხა საბა და ჭამაში შემომიერთდა
–ამის ნათესავის კონცერტია, ფორტეპიანოზე უკრავს და უნდათ, რომ წავიდეს, – აუხსნა ჩემ მაგივრად კესომ, – წაყევი, საბა, ორივეს მოგიხდებათ კლასიკური მუსიკა, ამის ორსულობასაც და შენს ნერვებსაც. ბეთჰოვენის „მეცხრე სიმფონიას,“ ან „მთვარის სონატას“ მოუსმენთ და სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ! – კისერი მოიღერა და რიგ–რიგობით გადმოგვხედა ორივეს
–ჩემს ნერვებს რა სჭირს? – გაუკვირდა საბას
–ან, საიდან მოიტანე, რომ ბეთჰოვენის ნაწარმოებებს ასრულებს? – დავუბრიალე მაშინვე თვალები
–ჯერ ერთი, მიშო თუ არა, ვინმე სხვა მაინც შეასრულებს და მეორე, – ჩემკენ გამოშვერილი თითით ახლა საბას სახისკენ გადაინაცვლა, – დიახაც რომ დამშვიდება და საღად აზროვნება გჭირდება
–დამანებოს თავი, თორემ არ ვიცი რას ვუზამ, – კოპებშეკრულმა საბამ კახისკენ გააპარა მზერა
–უკან დაიხიეთ, ისევ ხელები ექავება.. – გამაფრთხილებლად წარმოთქვა კახიმ და არტისტული ჟესტით გადაეფარა კესოს წინ.
ყველა ერთხმად ავფხუკუნდით. დიდი დრო გასულიყო თემუკასა და მას შორის არსებული ინციდენტის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა. თავიდან ვერაფრით ავალაპარაკეთ, ვცადეთ კიდეც ყველამ ცალ–ცალკე, თუმცა მუდამ თავს გვარიდებდა. იმაზე გულჩათხრობილი გახდა იმ პერიოდში, ვიდრე მანამდე, რომელიმე ჩვენგანი ვიყავით. არადა, სწორედ საბა გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მხიარული ხასიათით ყოველთვის. თავიდან, თემუკას ხსენებაც არ უნდოდა, მერე თითქოს უფრო მეტად გაიხსნა და მასთან მისულებს, ხშირად დაგვხვედრია ისევ მოჯუჯღუნე, რომ უმცროსი ძმისთვის განკუთვნილი ოთახი ისევ არეული დახვდა. მივხვდით, ეს უკვე კარგის ნიშანი რომ იყო და მისი ფეთქებადი საქციელის აღმოსაფხვრელად ყოველ ჯერზე ხუმრობისა და ლაზღანდარობის ფონზე ვცდილობდით ჩვენთან მაინც გაეთავისუფლებინა დაგროვილი ემოციები. მგონი, სწორედ ამას აკეთებდნენ ჩემთანაც. ამიტომ მაცადეს იქამდე მშვიდად, ჩემთვის ყოფნა და რომ შემატყეს, ბოლო პერიოდში ანრზე კი არა, საერთოდ ლაპარაკს მოვერიდე, ისევ ჩვენებური ხერხით დამესხნენ თავს.
–მორჩით ახლა, მორჩით! – გაეცინა საბასაც მათ მცდელობაზე – როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ იღლებით მაინც?
–არა! – სახე ჩამალა კახის კისერში კესომ
–შენთვის არც მიკითხავს, ვერასდროს დაღვინდები მაინც!
–გესმით? მუშტებს ეს იქნევს პატარა ბავშვივით და თურმე მე ვერ დავღვინდები! – აღშფთებული წამოდგა ფეხზე და საპირფარეშოში გასვლამდე, ძლიერად გაკრა იდაყვი საბას მხარს
–მოკლედ, მიდიხარ თუ არა? – გადაიღალა შიო მათი კამათით და მთელი ტანით შემობრუნდა ჩემკენ
–არ ვიცი, არ მგონია მიშოს ეწყინოს. ალბათ, აღარც გავხსენებივარ. უბრალოდ, ხომ იცი ზურა რა ტიპია. დაგპატიჟეს და უპატივცემულობა არ წასვლაო
–არ გინდა წასვლა?
–არა
–მაშინ არ წახვიდე..
–დაღლილი და გამოუძინებელი ვარ. მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ახლა, სახლში რომ მივიდე და წამოვწვე, თეაკო დაძინების საშუალებას მომცემს შენი აზრით? – ამოვიჩურჩულე მხოლოდ მის გასაგონად. კახი და საბა ლაპარაკში გართულიყვნენ და ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ.
–წამოდი ჩემთან, – თავზე ჩამომისვა ხელი, ბოლომდე მიმაბრუნებინა მისკენ სახე და წარბები გადამივარცხნა თითებით ნაზად, – წამოდი და გამოიძინე..
წავყევი. მიყვარდა მასთან ყოფნა. ოღონდ მაშინ, როცა მარტო ვიყავით. ორსულობის ბოლო თვეებში განსაკუთრებით მივეჩვიე იმ სიმშვიდეს, შიოს სახლში რომ სუფევდა. ყველა სახლს ხომ აქვს თავისებური აურა. მის ოთახებშიც ასე იყო. ყველგან სინათლე, სიმშვიდე და სილაღე სუფევდა თითქოს. სიმყუდროვის შეგრძნება მეუფლებოდა, როცა პატარა მისაღებში, უზარმაზარი მონიტორის წინ ჩამოვსხდებოდით ხოლმე შიოს მიერ მოხალული პოპკორნით შეიარაღებულნი და სხვადასხვა მხატვრულ, რჩეულ ფილმებს ვუყურებდით, ან ფეხშიშველები, დაუღალავად ვარხევდით ტანს 80–იანი წლების უკვე კარგად მივიწყებულ, თუმცა ჩემთვის საყვარელ ჰიტებზე. უფრო სწორად, მხოლოდ მე ვცეკვავდი ხოლმე, შიო ძირს, თავის რბილ, სქელ ხალიჩაზე მოკალათებულიყო განზე გაშლილი, უზარმაზარი ფეხებით და თვალებანთებული შემომყურებდა. მაშინაც, მიშოს კონცერზე რომ ვთქვი უარი, სწორედ ასე გავირთე თავი. ოღონდ, უკვე იმხელა მუცელი მედო, ცეკვისა და ხტუნაობის მაგივრად, მხოლოდ ერთ ადგილას ვირხეოდი. აღარც გამხსენებია, უძინარი რომ ვიყავი. მომწონდა, დიდი ტელევიზორის მონიტორიდან გამომავალი ფერადი შუქები რომ ირეკლებოდა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში შიოს ნათელ თავზე და ტრანსში ჩავარდნილივით, ისე შევყურებდი მის გაღიმებულ სახეს, შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან მალე გაქრებოდა. ბოლოს, მართლა რომ შემიძვრა გონებაში მის დაკარგვაზე ფიქრი, გაჭირვებით ჩამოვუჯექი წინ და უნებურად გაბუსხული სახით შევხედე
–მოგიმზადო რამე? – მკითხა ღიმილით და ლოყებზე დამწვდა ცალი ხელით, – ნუ იბუსხები. მაინც არ გკითხავ რა გჭირს, იმიტომ რომ მერე ატირდები.. მე კი გადავწყვიტე, რომ დღეს არ უნდა იტირო!
–რატომ არ უნდა ვიტირო? – გამეცინა მის სიტყვებზე, – ხომ უთხარი იმათ, რასაც უნდა იმას გააკეთებსო..
–გინდა, რომ იტირო?
–არა!
–რა მოგიმზადო? ფრანგული ტოსტები და ომლეტი?
–ასე გაპრანჭულად რომ მეუბნები, გგონია კვერცხს შევჭამ? – დავეჯღანე და მის ხმამაღალ სიცილზე მეც გავიბადრე
–ჩაუწიე მუსიკას და მითხარი, რას მიირთმევ.. – თავად დასწვდა გადამრთველს და მელოდიაც თითქმის ბოლომდე მიიკარგა
–არაფერი მინდა, შიო. არ მინდა ზედმეტად კარგად ყოფნა, არც ჭამა, არც გართობა, შენ ხომ მაინც იცი, რატომ მაძალებ, – შემეცვალა ხასიათი და ბრაზით მივაშტერდი. მას კი წამითაც არ შეცვლია თბილი მზერა. სწრაფად ამაფარა პირზე ხელი და თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ ხმა აღარ უნდა ამომეღო
–ამოისუნთქე..
–მშვენივრად ვსუნთქავ, – გავუღიმე და მის გვერდით მოვთავსდი. დივანს მივაყრდენი ზურგი და ფეხებიც ზსუტად მის მსგავსად გავშალე
–შეგიძლია ილაპარაკო. დაიწყე, ოღონდ, ტირილის შანსიც არ გაქვს დღეს, მართა, – გამაფრთხილა და ჩემს ფეხზე ვიგრძენი მისი ხელი. ასე, რაღაცნაირი არაბუნებრივი მოძრაობით ასწია ჰაერში და ასეთივე უცნაური სიმსუბუქით დაუშვა ჩემს მუხლზე. მის ხელისგულს, მოხრილ თითებსა და შრამიან მაჯას დავყურებდი და მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, რომ არაფერს.. საერთოდ არაფერს აკეთებდა შიო უმიზეზოდ. ახლაც, საკუთარი, წლების წინ ჩადენილი საქციელის ასეთი სახით შეხსენებით, თითქოს რაღაც მინიშნებებს მაძლევდა. ყოველთვის ასე იქცეოდა. ბოლომდე არაფერს მეუბნებოდა, სამაგიეროდ მზერით ან ქცევით შეეძლო გადმოეცა ყველა სიტყვის საწყისი, ან პირიქით, დაეწყო გადამწყვეთ თემაზე ლაპარაკი და შემდეგ ასე დაესრულებინა, უსიტყვოდ.. მის მაჯას რომ დავყურებდი, სწორედ მაშინ გავიაზრე ეს ყველაფერი ასე ცხადად. გავიაზრე ისიც, ზედმეტად იღბლიანი რომ ვიყავი მისი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენით.. და ტირილი მომინდა. ისე მინდოდა ტირილი, რამდენიმე ღრმა ნერყვი გაჭირვებით მივაყოლე ერთმანეთს, რომ როგორმე ყელში მოწოლილი სიმწარე ჩამეხშო. ვიგრძენი როგორ გამომხედა, ალბათ წინასწარ იცოდა, რომ ასე იქნებოდა.. ამიტომაც გამაფრთხილა, ამიტომ ამიკრძალა სისუსტის გამოვლენა რამდენიმე წუთის წინ. თავისუფლად ამოვისუნთქე, ფრთხილად შევეხე თითებით მის ხელისგულს და მაჯაზე რომ გადავინაცვლე, მერე მივხვდი, მისი ყოველი შრამის განლაგება, ზომა, ფორმა ვიცოდი. ვიცოდი, როგორ კვეთდა წვრილი, ვარდისფერი ხაზები ერთმანეთს, სად იწყებოდა და საით გადახრილიყო.. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მთავრდებოდა, შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ დაუმთავრებელ, არარსებულად დიდ ტკივილს იტევდა კანის ყოველი წერტილი
–იცი, მგონია, რომ ამ დონემდე არასდროს არაფერი მეტკინება.. მგონია, რომ შენ რაც გაბედე, იმას მე ვერასდროს გავუკეთებ საკუთარ თავს და ახლა, ზოგჯერ ისე მებრაზება, შენს მაჯებს რომ ვუყურებ, მინდება საერთოდ არ გამეცანი
–არ ამბობ სიმართლეს, მართა..
–მეშინია. იქნებ, ისევ იფიქრო, რომ ამქვეყნად ვერაფერს ხედავ და იმავე გაიმეორო. იცი, როგორ მეშინია?
–აღარ გავიმეორებ, – გაეღიმა და ხელი ამოატრიალა. ჩემი თითები თავისით დაფარა და ძლიერად მომიჭირა, – მივხვდი, რომ თითქმის ყველაფრის კონტროლი შემიძლია. მაშინ არ ვიცოდი.. ახლა ვიცი. შენც იცი, ხომ ასეა?
–თითქმის ყველაფრის? – ჩაფიქრებულმა ავიჩეჩე მხრები
–ერთადერთი რასაც ვერ აკონტროლებ, ოცნებებია. აბა დაფიქრდი, როდესმე გაგიკონტროლებია საკუთარი ოცნება?
–ეგ იმიტომ რომ აუსრულებელ წადილად მიგაჩნია და იცი, არასდროს გეღირსება. ამიტომაც გეფიქრება თამამად..
–ჰო, მართალი ხარ, – გაუბრწყინდა სახე. გაუხარდა, რომ გავუგე. არადა, თითქმის ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის.
–თუმცა, არცერთი არ ვართ მეოცნებეები
–რას გრძნობ, მითხარი.. – რიჟა თავი მსუბუქად ჩამოეკიდა ფერმკრთალ მხრებს
–რას გულისხმობ?
–მითხარი, რას გრძნობ ახლა. გჭირდება.. ვინმესთან აღიარება გჭირდება, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. თუ გინდა, პასუხსაც არ გაგცემ. თუ გჭირდება, რომ დაიცალო, მე შენთან ვარ.. მომიყევი, მითხარი რას გრძნობ, რა გაწუხებს..
მის თითებქვეშ ამითრთოლდა ხელი და ცივმა ოფლმა დამასხა. საშინელი სურვილი ვიგრძენი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის აღიარების და სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, ჩემი სულის საყრდენად ქცეულ ადამიანს გავუსწორე მზერა
–ვგრძნობ, რომ სიჩუმით დამთავრებული ურთიერთობა ყველაზე უარესია. არც გვიყვირია, არც გვიჩხუბია, არც ერთმანეთი დაგვიდანაშაულებია რამეში და ახლა ვხვდები, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით. უფრო მარტივი გადასატანი იქნებოდა უერთმანეთობა, თუ ერთმანეთს ზედმეტად ვატკენდით. ჩვენ კი.. ჩვენ უხმოდ ავიტანეთ მდგომარეობა, რომელშიც მოგვიწია ყოფნა. ყველაზე ცუდია.. ყველაზე მტანჯველია ასე ყოფნა.. როცა ემოციებს მალავ, საკუთარ თავს საშუალებას არ აძლევ ჩვეულებრივი, ადამიანური წყენა და სიყვარულით გამოწვეული ტკივილი გამოხატო
–უყვარხარ? – მკითხა უეცრად იმდენად უბრალო, იმდენად უარაფრო ხმით, რომ მთელი სხეული გამეყინა. ჩვენს გადაბმულ თითებზე ათამაშდნენ მოფუთფუთე ჭიანჭველები, უცნაურად გაიარეს მთელი სხეული და გულთან მოკალათდნენ. ისე ამიჩქარდა მფეთქავი ორგანო, საკუთარი თავის გამიკვირდა
–შიო, რას მეკითხები? – ძლივს ამოვღერღე რამდენიმე სიტყვა
–ნუ გისველდება თვალები, მართა.. უბრალოდ დაფიქრდი, უყვარხარ ანრის?
–ასე ცხადია, რომ არა? – იმდენად სასოწარკვეთილი მომეჩვენა საკუთარი ხმა, ცოტაც და ბრაზისგან გავიბერებოდი.
–ჩემთვის ცხადი ბევრი ისეთი რამაა, შენ რომ თვალებს უხუჭავ..
–მაგალითად? – ღრმად ჩავისუნთქე, რომ თავი ხელში ამეყვანა. სანამ პასუხს გამცემდა, თავი მის გადახრილ, ღია კისერზე გამიშტერდა
–ანრი გელოდება..
–რა?
–ანრი გელოდება, – გაიმეორა ისევ. მე კი მანამ ვუყურე პირდაღებულმა, სანამ არ წამოიწია და მაგიდაზე დატოვებული ჩემი ტელეფონისკენ არ გაიშვირა თითი. განათებულ, ხმაგამორთულ ეკრანზე გრძელი ნომერი მოჩანდა.

***
ცოტას ვლაპარაკობდით. ცოტას და იშვიათად. ყოველ ჯერზე, როცა დარეკავდა, ისე მომიკითხავდა ხოლმე, როგორც სჩვეოდა. „როგორ არის ჩემი მართა?“ მოისმოდა მუდამ დაბალი და ხავერდოვანი, თავისებურად დამძიმებული ხმა და ვგრძნობდი, შორიდანაც ვგრძნობდი როგორ იღიმოდა ამ დროს. თითქმის ცხადად ვხედავდი, როგორ გაუჩნდებოდა ლოყებზე მრგვალი ბზარები, როგორ ექნებოდა ჩამოფხატებული რომელიმე ფერადი ქუდი თავზე და როგორ იჯდებოდა სადმე, დიდ სავარძელში. მთლიანი ტანით, ერთიანად შიგნით ჩაფლული, უდარდელი სახით. როგორი დღეც არ უნდა ჰქონოდა.. როგორი სიბინძურეც არ უნდა გაეკეთებინა.. როგორც არ უნდა განეცადა ან გახარებოდა რამე. სულ ისეთი ხმა ჰქონდა, იფიქრებდი, საერთოდ არაფერს გრძნობსო. არც არასდროს ველოდი მისგან ზედმეტად თბილ და ამაღელვებელ სიტყვებს. არც იყო ამის დრო, რადგან ანრი ჩვენი მდგომარეობის გასაგებად რეკავდა მხოლოდ. ხშირ შემთხვევაში ისეთ დროს, მარტო რომ დავეგულებინე. შუაღამეს ან გამთენიისას შემოდიოდა მისი ზარები, როცა მეძინა. იშვიათად მიკავშირდებოდა დღის მონაკვეთში და ამიტომ, ხშირად ვტოვებდი ხოლმე იმ მცირე დიალოგსაც, რომელიც გველოდა. მაშინაც, შიოსთან ყოფნისას რომ დამირეკა, ვიცოდი, წინა ღამის არ ნაპასუხებ ზარებზე მომთხოვდა პასუხს. არც შევმცდარვარ. ვუპასუხე თუ არა, ზედმეტად სუსხიანმა ხმამ გადმოიფრინა კონტინენტები. გაბრაზებული იყო. გაბრაზებული და ნანერვიულებული, თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რომ არაფერი ჰქონდა სანერვიულო
–სად ხარ მთელი ეს დრო? – ყოველგვარი მოკითხვის გარეშე რომ მომახალა, მობეზრებული ამოსუნთქვით მივეყრდენი შიოს მხარს
–მეძინა რომ რეკავდი, მერე აღარ დაგირეკე. შენ არ მითხარი, არ დამირეკო თუ სასწრაფო არ იქნებაო? – ავუხსენი მშვიდად, თუმცა ბოლომდე დამთავრებაც არ დამცალდა რომ შემაწყვეტინა
–შენი ხმა უნდა მესმოდეს, მართა! რომ გირეკავ, ეს იმას ნიშნავს, რომ მჭირდება შენი ხმა გავიგო! მჭირდება ვიცოდე, რომ ამ ოხერი ქვეყნიდან გამოსაქცევი არ ვარ. უნდა ვიცოდე, რომ მანდ კარგად ხარ! გესმის? – აღრიალდა იმდენად ხმამაღლა, ჩემს ლოყასთან შეწუხებული შიოს მხრის რხევა ვიგრძენი
–კარგად ვარ, – ამოვილაპარაკე მშვიდად და თავი წამოვწიე. მისი ღრმა, არეული სუნთქვა ჩემესმოდა ყურში. მივხვდი, ზედმეტად იყო აფორიაქებული და ცუდად შემეკუმშა გული, – კარგად ვარ, ანრი, – რატომღაც იმავე გავუმეორე
–სად ხარ?
–შიოსთან..
დადუმდა. დადუმდა და მომიწია მის სუნთქვას დავდარაჯებოდი. ხშირად ხდებოდა ასე და სწორედ ამ დროს ვიწყებდი ფიქრს. ფიქრს იმაზე, თვითონ როგორ იყო, რას აკეთებდა, როგორი განწყობით იღვიძებდა და გადაეჩვია თუ არა ორპირში ძილს. მხოლოდ ვფიქრობდი, რადგან ვერასდროს ვეკითხებოდი ამ ყველაფერს. წინასწარ გავლებული, უკმაყოფილებისა და გულგრილობის ზღვარი ისე გამემყარებინა მისი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, რომ არაფრით მინდოდა მისი დარღვევა. თითქოს ამით ჩემს სურვილებსა და სიამაყეს გადავაბიჯებდი. ზუსტად არ ვიცი, რაში მჭირდებოდა ანრისნაირ პიროვნებასთან ასეთი რამეების მტკიცება, მაგრამ საკუთარ თავს რომ ასე უფრო მარტივად ვპატრონობდი ეს ცხადი იყო.
–შენი ხმა უნდა მესმოდეს, მართა.. – მომესმა ცოტახანში ისევ მისი ხმა და ახლაღა შევატყვე, რომ ჩვენს სიჩუმეში ისე გავრთულიყავი, შიოს გაქრობა ვერც გამეგო
–ჰო.. მაპატიე, ჩავფიქრდი
–ამაზე არ გეუბნები. როცა დაგირეკავ, უნდა ვიცოდე, რომ მიპასუხებ, თორემ.. თორემ..
–ნუ გეშინია, ანრი! – გულწრფელმა ნოტებმა გაიჟღერა ჩემს ხმაში, ჩემგანვე დამოუკიდებლად
–ჰო.. თორემ, მეშინია, – მიხვდა, ზუსტად მეპოვა მისი შფოთვის მიზეზი
–ნუ გეშინია, – გამეღიმა და მუცელზე მოვისვი ხელი, – ნუ შეგეშინდება და ეცადე ნაკლები სისაძაგლე აიკიდო მხრებზე
–მარტო ხარ შიოსთან? – ჩამეკითხა ისევ და სანამ პასუხს გავცემდი, მანამ დააყოლა შემდეგი კითხვა, – კარგად ჭამ?
–ჰო..
–რა ჰო, მართა?
–შიოსთან მარტო ვარ, კარგად ვჭამ, საღამოობით ვსეირნობ, ვარჯიშებს ვაკეთებ, ვისვენებ და კონსულტაციებზეც რეგულარულად დავდივარ..
–ბავშვის მამასაც მაგარი გონორით ელაპარაკები, – დაამატა სიცილით და ვიგრძენი, ისე მომნატრებოდა ეს ირონიანარევი, სიცივეშეპარული ხმა, მთელი ტანი დამეხორკლა. რა უცნაურია, არა, ადამიანი თავისი ნაკლოვანებებით რომ გიყვარდება?!
–როდის ჩამოდიხარ?
–მინდა, რომ ერთი საქმე მოვაგვარო. არ ვიცი, როგორ ან როდის მოვახერხებ.. არ მინდა დაჩქარება, – გამიმხილა მაშინვე
–კარგი
–გეგმები მაქვს, მართა. სამომავლო გეგმები მაქვს, რომელიც ჩემს ცხოვრებას ამოაყირავებს და ამას შენ გამო ვაკეთებ. არ ვიცი როგორ გამომივა. ყველაფერი რთულადაა, როგორც ვატყობ, თუმცა.. იცოდე, თუ გამომივიდა, თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მე მინდა, უკან დახევის შანსი არ გექნება.. რადგან ცხოვრებაში არასდროს, არაფერი, არავისთვის გამიკეთებია. შენ კი ამის სურვილი გამიჩინე.. შენ ამომიტრიალე გონება და ახლა შენვე ხარ პასუხისმგებელი ჩემს გრძნობებზე, გინდა თუ არა..
–რაზე მელაპარაკები, ანრი? – ცივმა ოფლმა დამასხა და გაჭირვებით დავეყრდენი დივანს, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი, – რაზე უნდა დავიხო უკან? ერთადაც კი არ ვართ..
–ნუ იმეორებ ერთი და იმავე ნაგავს! – ცივი ხმით გამაწყვეტინა, – ჩამოვალ და ყველაფერს აგიხსნი. მანამდე ერთი რამ გევალება. დაფიქრდი რის გამო გადამისვი ხაზი, დაფიქრდი რა და როგორ გიღირს
–ანრი, ძალიან გთხოვ, ახლა ყველაზე ნაკლებად მსგავს რაღაცებზე ფიქრის თავი მაქვს, – საკუთარ ფეხებს დავაჩერდი, – შენ აქ არ ხარ. არსად ხარ. არასდროს არ მესმის შენი ხმა მაშინ, როცა მჭირდება. ვერასდროს გხედავ, როცა წესით ახლო–მახლო უნდა იყო. ამიტომ, ძალიან გთხოვ, ტვინს ნუ მირევ.. ეცადე, როგორმე საკუთარი შვილი სუფთა სინდისით გაიცნო. ეს ერთადერთია, რაც შეიძლება რომ შენგან მოვითხოვო. ერთადერთია, რაც ახლა მსურს..
–რა კატეგორიულია ჩემი მართა!
–დამცინი კიდეც?
–უნდა წავიდე, დრო გვეწურება. მშვიდად იყავი, არ იდარდო.. – დამარიგა ჩვეული სიტყვებით და თავს დავდებ, ფართოდაც გამიღიმა, – ძალიან არ დამრგვალდე, მართა. ვგიჟდები შენი სიფრიფანა სხეულის მოფერებაზე და ნუ მომაკლებ ამ სიამოვნებას, როცა დავბრუნდები..
სანამ მის სიტყვებს გავაპროტესტებდი სიმწრისგან სახეაწითლებული, მანამ გათიშა. გაბრაზებულმა, დივანზე მოვისროლე მობილური და იმაზე ფიქრი დავიწყე, როგორ გამელანძღა საკადრისად იმის გამო, რომ დარწმუნებული იყო, ახლაც კი, ჩვენი განშორებისას, მას ვეკუთვნოდი. მაინც, როგორი თავდაჯერებული, თავკერძა ბიჭის თვისებები ჰქონდა, ვერაფრით ვიჯერებდი
–თავხედი! ღორი! – გამწარებულს, მუჭებიც კი შემეკრა უნებურად
–შენი აზრით, რომ ილანძღები, ბავშვს ესმის? – გავიგე შიოს ხმა და მიბრუნებულს ხელში უზარმაზარი, დახვრეტილთავიანი კოვზით შეიარაღებული შიოს ცნობისმოყვარე სახე დამხვდა
–ალბათ, ესმის. აბა, გიჟივით ველაპარაკები მთელი დღეები? – გავიკვირვე და უკან მივყევი
–მაშინ აჯობებს ხმას დაუწიო ხოლმე მამამისის ლანძღვისას, – გამიღიმა ლაღად და ათუხთუხებულ, პელმენებთ სავსე ღრმა ქვაბს ამოურია
–ან იქნებ უფრო ხშირად ვლანძღო, რომ წინაწარ შეეგუოს მის უკუღმართობას!
–აზრი არ აქვს, – სერიოზულად გააქნია თავი და მართალიც იყო. მერე, წლების მერე, გიჟდებოდა ტიტე ანრიზე. გიჟდებოდა მამაზე, რომელიც სულაც არ იყო ზედმეტად მოსიყვარულე და ლმობიერი. ალბათ, მის მიმართ გულწრფელ სიყვარულს გრძნობდა პატარა ტიტე, დამსახურებულ ღიმილსა და სითბოს, რომელსაც უხმოდ, მის გულზე აკრული გრძნობდა ჩვენი თანაცხოვრების ყოველ დილას.

***
შემდეგ დღეებში საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ უსაქმოდ ყოფნა ცუდად მოქმედებდა ჩემს ხასიათზე, მაინც ვინარჩუნებდი პოზიტიურ განწყობას. ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობდი, მალე ახალი ცხოვრების დაწყებას ვიზეიმებდი. თავიდან მეგონა, რომ არც ისე დიდი ამბავი იყო შვილის გაჩენა. უბრალოდ, ერთი ისეთი ადამიანი დაემატებოდა ჩემს არეულ ყოველდღიურობას, რომელზე ზრუნვაც ისე მომიწევდა, როგორც საკუთარ თავზე. თურმე, უფრო მეტი ყოფილა საჭირო. ამას მერე, მისი დანახვისას მივხვდი. მანამდე კი, უცნაური ჩვევა დამჩემდა. დილიდან მო....ბული, საბავშვო პარკებს შემოვივლიდი ხოლმე და სკამზე ჩამომჯდარი, დაუღალავად ვაკვირდებოდი პატარა, უცნობი ხელების სილაში ტყაპუნს, წყვილად მოსიარულე ნამცეცა ფეხსაცმელებსა და გადამეტებული თამაშისგან გამოწვეულ აჟიტირებულ სახეებს. მომწონდა მათი სამყარო. მათი ნათელი, გულუბრწვილო სახეები. მომწონდა უაზროდ მოცინარი პატარა ადამიანები და ჭირვეული, სახედამანჭული, დედის მკერდს მიხუტებული დაბერილი ლოყები. იშვიათად თუ დავინახავდი ატირებულ ბავშვს, რომელიც მამისკენ მიიწევდა. თითქმის ყველა მათგანი დედის სახეს, მის მკლავებსა და სხეულს აფარებდა თავს და მეშინოდა.. მეშინოდა, რომ შეიძლება სულ არ ვყოფილიყავი ჩემი შვილისთვის მყარი თავშესაფარი. მსგავს საკითხებზე ფიქრი იმენად შემიძვრა გონებაში, გადავწყვიტე თეაკოსთვის მეკითხა, რამდენად ვიყავი მასზე მიჯაჭვული. პასუხს არ გავუკვირვებივარ, არც მოველოდი რაიმე სხვას:
–მშიშარა იყავი, მშიშარა და უკარება. გადავწყვეტდი თუ არა რომ დრო იყო დამოუკიდებლობა გესწავლა, მაშინვე მამაშენს ეკიდებოდი კისერზე, – მითხრა და მწვანე ჩაი გამიმზადა ჩემი უარის მიუხედავად
–მშვენივრად მახსოვს ჩემი და ზურას ძმაკაცობა, – არ მომეწონა მისი პასუხი
–რა დროს ეს არის. არაფერს აპირებს ის ბიჭი? – ჩამომიჯდა წინ და ზედმეტად დაკვირვებით მომაშტერდა სახეზე
–ვინ ბიჭი? – მომწონდა, როცა ჩემი კითხვის აბსურდულობას იაზრებდა ხოლმე და ბრაზისგან თვალები უმრგვალდებოდა
–ანრი. ასე, დაგაორსულა და წავიდა?
–ჰო, დამაორსულა და წავიდა. საქმეები აქვს, – ვუთხარი და ტუჩი ავიბზუე. ვიფიქრე, ისიც ხომ არ მიმეყოლებინა, რისთვის იყო წასული და წარმოვიდგინე, რა სახე ექნებოდა თეაკოს ამის გაგებისას
–რას აკეთებს? – არ დააყოვნა კითხვამ
–ვეტერინარული კლინიკები ხომ აქვთ და აპარატურა უნდა ჩამოიტანოს, –წამოვაყრანტალე და საკუთარი თავით კმაყოფილმა კისერი მოვიღერე
–რა აპარატურა?
წარმოდგენა არ მქონდა. არ მეგონა ასე დაწვრილებით თუ ჩამეკითხებოდა. ამიტომ უაზროდ ავატრიალე თვალები.
–რა იყო თეაკო, სასიძო კი არ არის! – გავბრაზდი ვითომ
–სულელი ხარ შვილო და იმიტომ! – მომახალა გაღიზიანებულმა, – ზარდე მარტო ბავშვი, მამის გარეშე და იყავი ასე..
–ეყოლება დედა მამა, რომც არ ყავდეს, მერე რა? თუმცა, ეყოლება..
–ერთად ცხოვრებაა საჭირო, ათასში ერთხელ ოფიციალური შეხვედრები კი არა, – ფეხზე წამოდგა და მაგიდის ლაგება დაიწყო. ზედმეტად წრაფად და ზედმეტად აფორიაქრბულმა
–წავალ, სამომავლოდ სასარგებლო ტრენინგებს გადავხედავ, სანამ ადათ–წესების შეხსენებასა და თავის ატკიებაზე გადასულხარ, – ჩავილაპარაკე და ჭიქით ხელში წამოვდექი ფეხზე
–მაგ სიტუტუცის გამო მოგივიდა, რაც მოგივიდა! – მომაძახა და უდიერად აიქნია ჩემს ცხვირწინ საწმენდი ტილო
–ჰო, დედა, მომივიდა რაც მომივიდა! როდემდე უნდა იძახო ერთი და იმავე? აღარ ვიქნები ორსულად თუ გაქრება შენი ამ ყვირილითა და გოდებით ეს ბავშვი? – ყელში ამომივიდა და ზურგი ვაქციე
–მე ბავშვზე არაფერი მითქვამს
–არ აქვს მნიშვნელობა, დაივიწყე, თეაკო. ხომ იცი, შენი სიტყვები არასდროს მიმაქვს გულთან.. – დავგესლე და ისევ მისკენ შევბრუნდი. შევბრუნდი, რადგან ეგოისტურად მომინდა მის თვალებში ასახული სევდის სხვების დანახვა. ხომ არის რაღაც ზღვარი, რაც ადამიანობასა და არაადამიანობას შორის უნდა გავავლოთ. ხომ არის ემოციები, რომელთაც არ ვაჩენთ. ისეთები, მუდამ რომ უნდა მიიმალოს, რომ არ უნდა გამჟღავნდეს. ისეთები.. შურს, სიძულვილსა და ზიზღს რომ ვუწოდებთ. სწორედ ასეთი ემოცია მაწვებოდა იმ წამს, თეაკოს პირისპირ მდგარს და არც მიცდია ამის დაფარვა. პირიქით, ისე მინდოდა გამომზეურება დედაჩემის თვალწინ, ისე მინდოდა ამ ყველაფრით გამოწვეული მისი განწყობა ჩამებეჭდა გონებაში, რომ იმ არაადამიანობის მივიწყებულ ნაწილს დაუფიქრებლად მოვუხმე, ყველა ადამიანში რომ იბუდებს რაღაც დოზით. ზიზღსა და სიძულვილს არა, თუმცა კმაყოფილებას ვგრძნობდი იმ დროს. ეს კი, არაფრით ჩამოუვარდებოდა არცერთ მათგანს, რადგან კმაყოფილებასა და სიხარულსაც შეიძლება ჰქონდეს ბნელი მხარე, თუ ადამიანის წვალებით, მისი გულისტკენითაა გამოწვეული. შევყურებდი დედაჩემს და ვსჯიდი, ვსჯიდი ჩემივე შეცდომების გამო.. იმის გამო, რომ ჩემდამი სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა. რომ ამ გრძნობამაც კი ვერაფრით მისცა ჩემს შეცდომებზე გადაბიჯების, მათი მივიწყებისა და გადაფარვის უფლება.

***
მის გარეშე გადავედით მეცხრე თვეში მე და ტიტე. მის გარეშე გავარჩიე პატარას სახის ნაკვთები მკაფიოდ. მის გარეშე ვცურავდი ოფლში ყოველ ღამე. ის კი.. განა ფიზიკურად არ იყო ჩემთან, საერთოდ არ იყო.. არანაირად. ზარებსაც უკლო და ალბათ, მონატრებასაც. მე კი, გადავწყვიტე რომ არ უნდა მედარდა. არ იყო იმაზე ფიქრი საჭირო, თუ სადმე, რამე შარში გაეხვეოდა და ბოლოს მოუღებდნენ თავისივე პარტნიორები. პატარა ბავშვივით, ჯიუტად ვუმეორებდი ამას საკუთარ თავს. მერე მივხვდი, რომ ზედმეტი ტკივილისგან მოდიოდა ამდენი და ამხელა სიძულვილი. ხომ არიან ადამიანები, რომელთაც ყველაფრის ატანა შეუძლიათ. თანაც ისე, რომ ღიმილიან სახესაც არ დაიშურებენ. აი, მე, არ მივეკუთვნებოდი მათ რიცხვს. მე ერთი დიდი იმედგაცრუება ვიყავი, უზარმაზარი მუცლითა და შეკრული წარბებით.
–მგონი ის მცირე სილამაზეც გაქრა, რაც მქონდა.. – ამოვილაპარაკე ერთხელ, შიოსთან ერთად სარკეში ყურებისას და მოვიწყინე
–არადა, სარკეში იყურები! – აიბზუა იმან ტუჩები და ზურგზე ამეკრო, – გაიხსენე, ცისარტყელა რომ ხარ.. გაიხსენე შენი შვიდივე ძალა, ერთად შეკარი ყველა მათგანი და იმ ერთს, მთავარს მოუხმე! გამოანათე, მართა! ასწიე თავი და გამოანათე!
–არ მინდა, შიო.. არ მინდება..
–იმიტომ არ გინდება, რომ მისგან გაგებულს ელი.. მისგან მომავალ სხივებს ეძებ მხოლოდ და იმ ერთი კონკრეტული ადამიანის სითბოს ძებნაში ყველა სხვა სხივი უნებურად განიზიდე..
მაშინ გამახსენდა ანრის სიტყვები, ჩემს სიძლიერეს რომ მიმტკიცებდა. გამახსენდა, როგორ გამომეცალა მკლავებიდან და მაიძულა საკუთარი თავის იმედად დარჩენილს, ბოლო ძალები მომეკრიბა. მაშინ გამომივიდა.. გამომივიდა და მახსოვს, ახლაც მახსოვს ის თვალები, რომლითაც ცხადად გამოხატა, რამდენად ამაყობდა ჩემით. სწორედ ამ თვალებს ვიხსენებდი გამთენიისას, მუცლის ტკივილი რომ დამეწყო. არც ლოცვა, არც გოდება, არც ტირილი არ გამხსენებია, მხოლოდ ანრის თვალები. არ მაინტერესებდა გამზადებული მქონდა თუ არა ჩანთა, არც ის, რამდენ ხანში მოახერხებდა აფრიაქებული ზურა სამშობიარომდე ჩემს მიყვანას. არაფერი მახსოვდა, მტანჯველი ტკივილისა და მისი არ ყოფნის გარდა. „არ გაბედო ჩემს იმედად დარჩენა, მართა!“ ჩამესმოდა მისი ხმა ყოველ ჯერზე, როცა მორიგი, რამდენიმეწუთიანი ტანჯვა მომივლიდა. „მინდა, რომ გაიხსენო შენი სიძლიერე,“ ჩურჩულებდა ჩემს ყურთან და ჰო.. ვიხსენებდი. ვიხსენებდი, რომ ჩემი თავის იმედად უნდა ვყოფილიყავი. ვიხსენებდი, რომ თავიდანვე გამაფრთხილა, ასე იქნებოდა. მაშინვე.. მაშინვე გრძნობდა.
და ზუსტად ისე მიმოვფანტე მოკრებილი ძალა ჩემი სხეულის ყველა ნაწილში, ისე მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, აღარაფრის შემშინებია.
–არ მინდა შემოყოლა დედა, უბრალოდ დაურეკე.. ბავშვებს დაურეკე! – მივაძახე თვალებგაფართოებულ, ჯერ ისევ სახლის ტანსაცმელში გამოწყობილ თეაკოს და სანამ შემიყვანდნენ ბოლოჯერ ჩავეჭიდე გამოწვდილ ხელებზე
–არ დაიტანჯო, დედი. ისეთი ძლიერი მყავხარ, ყველაფერი კარგად გამოგივა, ნახავ, მართა.. – აჩურჩულდა თეაკო და სახეზე ჩამომისვა ხელისგულები.
ბედნიერება იყო თეაკოს მხარდაჭერა. თუნდაც ბოლო წამებში. თუნდაც ის რამოდენიმე მტანჯველი წამი. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემი ემოდა. ალბათ, იმიტომ, მეც რომ დედა ვხდებოდი, მასავით. ზურამ რომ მოხვია მხრებზე ხელი და მანაც თბილად გამიღიმა დროებით დამშვიდობების მიზნად, კარს უკან მივიმალეთ. ისეთი სიცარიელე ვიგრძენი, წამით მუცლის ტკივილიც გადამავიწყდა. მერე რობოტივით დავემორჩილე მედდების მითითებებს და თავს უფლება მივეცი თვალებზე მომდგარი ცრემლებისთვის გამეხსნა გზა. მარტივი იყო სამშობიარო ბლოკში ტირილი. არავინ ფიქრობდა, რომ სულაც არ მივტიროდი წინა სამშობიარო ტკივილებს. არავის უფიქრია, რომ სხვა ბევრი რამ მტკიოდა იმ წამს და მეც, ამ ვითარებით გათამამებულმა, ბოლომდე გადმოვანთხიე დაგროვილი გრძნობები.

***
იმ ღამეს გავიცანი ტიტე. იმ ღამეს გავიგე რა ყოფილა დედობა: მუდმივი პანიკის შეგრძნება, სრულყოფილებად აღქმული დანაოჭებულკანიანი, წითელსახიანი არსება, აჩქარებული გული მისი მინიატურული კიდურების შეხებისას და მთელი სამყაროსადმი გამეფებული გულგრილობა, ყველას მიმართ, მის გარდა. უცნაური რამ ყოფილა დედობა. შეგრძნება, რომ საკუთარ თავებზე მეტად ერთმანეთს ეკუთვნით. ისე ცხადად ვგრძნობდი მაშინ, რომ ჩემი იყო, ჩემი სითბო და მფარველობა სჭირდებოდა, ყველა დაბრკოლება გადამავიწყდა, რაზეც კი იმ დღემდე მეფიქრა.
უცნაური ის არის, რომ ყველა ამ გრძნობის მიუხედავად, თითქოს არ მიყვარდა. ჯერ არ მიყვარდა. ჯერ უნდა გამეცნო და შევჩვეოდი. უცხო იყო.. ან, როგორ უნდა მყვარებოდა, როცა გამაყრუებელი ხმითა და ჭყიპინით გააყრუა მთელი ოთახი, პირველივე შეხვედრისას. არც მისი დანახვისას დამვიწყებია რამდენიმესაათიანი ტანჯვა, როგორც დამპირდნენ. პირიქით, რაც მეტს ვაკვირდებოდი მერე.. სუფთასა და ჯერ ისევ ნაკვთებშეშუპებულს, მით უფრო მკაფიოდ მახსენდებოდა თითოეული მცდელობა, უფრო ღრმად მესუნთქა, რომ ჩემს სხულში შებუდებული კიდევ ერთი ონავარი დამებადა ჩვენი ადამიანობით შელახული, ოდნავ უსუფთაო, თუმცა მაინც ლამაზი სამყაროსთვის. ასე რომ, თავად უნდა დაემსახურებინა ჩემი სიყვარული და მოახერხა კიდეც. მოახერხა პირველივე ჯერზე, ჩემს მკლავებზე განაბულს, თავისი საოცარი ენერგია გადმოეცა და არაამქვეყნიური, ტკბილი სუნით მოეწამლა ჩემი გონება. ისე შეეზარდა ჩემს მკერდს მისი პატარა სხეული, თვალი ვეღარ მოვაშორე და მუქ ბუსებზე ზედმეტი სიფრთხილისგან აკანკალებული ხელი გადავუსვი
–მართალი ბიჭი გაიზარდე, კარგი? – ვუჩურჩულე დაუფიქრებლად და მივხვდი, თხოვნას უფრო ჰგავდა ჩემი სიტყვები, ვიდრე დარიგებას.
მაშინ არც ის ვიცოდი, რა ერქვა.. არც ის, ყოველდღიურად თუ უკეთესს გამხდიდა მისი დედობა და არც ის, ზოგადად რამდენი რამის შეცვლას შეძლებდა ჩემი და მამამისის ცხობრებაში. მერე, მოგვიანებით, შიოს მწვანე რვეულიდან სახელიც დაერქვა და ნელ-ნელა გახელილი თვალებიდან ანრის მზერაც შემომანათა. მამის, რომელსაც ჯერ არც ენახა პატარა ტიტე.. რომელსაც ჯერ მისი არსებობის შესახებაც არაფერი გაეგო.

***
–დავურეკეთ.. – თითქმის ჩურჩულით თქვა ჩემს საწოლთან ჩამომჯდარმა კესომ და ისე გამოაპარა თვალები ჩემი სახისკენ, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს, რომელიც დანაშაულში უნდა გამომეჭირა
–მერე? – გამეღიმა უნებურად
–ორ დღეში აქ იქნება, – მხრებზე ჩამოშლილი თმა მუჭში დაიხვია, ფერადი თმის სამაგრით გაიკოჭა თავზე და კმაყოფილმა გამომიშვირა მკლავები, – მომიყვანე..
უხმოდ დავუწვინე ხელებზე ტიტე და მის ზედმეტ სიფრთხილეზე კიდევ ერთხელ გამეცინა
–არაფერი მოუვა, მოეფერე წესიერად, კეს.
–საბასაც უნდა ნახვა. აპროტესტებს, ყველას გყავთ ნანახი, ჩემ გარდაო, – თითქმის ღიღინით ლაპარაკობდა და თან ისე არწევდა ისედაც მშვიდად მყოფ ტიტეს, მივხვდი, მის ატირებას შიშით ელოდა წუთი–წუთზე
–შემოვიდეს უთხარი, რომ გახვალ შენ
–შიომ დაურეკა, – მითხრა ისევ და ამომხედა. ცისფერი თვალები დაბნეულობით ამოვსებოდა. მისკენ გადავიხარე, სახეზე ჩავავლე ხელები და გემრიელად ვაკოცე ლოყაზე. ძირითადად ის იქცეოდა ხოლმე ასე. ჩემგან არ იყო დიდად სითბოს გამოხატვას ჩვეული და შევატყვე, ძალიან გაუკვირდა.
–ნუ ნერვიულობთ ყველაფერზე, რა.. – მხრებზე დავუსვი ხელისგულები, – მომიყევი თუ გინდა, რაო შიომ?
–მხოლოდ ის გადმოგვცა, დღესვე იყიდის ბილეთებს და დაბრუნდებაო. მერე ზედ აღარ შემოგვხედა, სახელები უნდა ჩამოვწეროო აიკვიატა და გაგვშორდა. მაგისგან ხომ ვერაფერს გაიგებ ადამიანი..
–შიოსგან? შიოსგან ყველაფერს გაიგებ, – გამეცინა და კესოს დაბღვერილ მზერას გავუსწორე თვალი
–ეგ შენ იგებ! – მომახალა და ისევ ტიტეს დააჩერდა, – მიხარია, რომ გააჩინე, მართა!
–მეც მიხარია, – თავზე დავუსვი ვაჟიშვილს ხელი და მისი პირის ცმაცუნზე სახე გამებადრა. მისი დაბადების წუთიდან ასე მომდიოდა, შევხედავდი თუ არა მის სახეს, ბედნიერებისა და სიხარულის გრძნობა უკითხავად მიძვრებოდა კანში.
–როდის გწერენ?
–ხვალ..
–ზურა მოგაკითხავს? ჩვენც რომ მოვიდეთ? – გაუნათდა თვალები, – კახი ვიდეოს გადაიღებს, გამოყვანის დროს
–როგორც ჩვენს ბავშვობაში? – გამეცინა, თუმცა ვხვდებოდი, ნოსტალგიის გამო კი არა, ჩემთვის ცდილობდა კესო ზედმეტად.
–ჰო, მოვალთ რა!
–მოდით. შიო ისედაც მოდიოდა..
–შიოს უთხარი და მე არა? – წამში მოეღუშა სახე
–არავისთვის მითხოვია ზარზეიმით გამომაყვანინეთ ბავშვი მეთქი, კეს. უბრალოდ..
–უბრალოდ, რა? – ჩამეკითხა კოპებშეკრული
–უბრალოდ, შიო ყველა თქვენგანზე ნაკლებად მაბეზრებს თავს, გაბუტვებიც არ სჩვევია! – ტუჩები ისე ავიბზუე, იძულებული გახდა წარბები გაეხსნა.
–კარგი, ჰო, კარგი, – აკისკისდა და დარჩენილი დრო, სანამ ექთანმა დაჟინებით არ მოითხოვა მისი გაბრძანება, მოახერხა თავი ახალდაბადებული ტიტესთვისაც კი მოებეზრებინა.

***
სულ სამი დღე გამაჩერეს კლინიკაში. ტიტე შეამოწმეს და მახარეს, ჯანმრთელი და კარგად განვითარებული ბიჭი გყავსო. ხომ ვიცოდი, ხომ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც გული ამიჩქარდა სიხარულისგან, როცა მისი სახლში წაყვანის ნება მომცეს ზედმეტი შემოწმებისა და ეჭვების გარეშე. ბოლო დღეც რომ იწურებოდა სამშობიაროში ყოფნის, უცხო მნახველი მეწვია. თავიდან, ვიფიქრე, რომ პალატა აერიათ, რადგან საერთოდ არ მეცნო კარებში ჩამომდგარი, ახალგაზრდა ქალი, ცოცხალი სახითა და მოღერებული ყელით რომ შემომყურებდა. სანამ ხმას ამოვიღებდი, მანამ მიხურა კარი ზურგსუკან და ჩემკენ უხმოდ წამოვიდა. გაოგნებულს, საწოლთან ჩამომიჯდა და მკრთალად გამიღიმა
–მართა ხარ, არა? – მკითხა და ტიტესკენ გააპარა მზერა, – მე ტატა ვარ, ანრის მშობელი.
ისეთი სიამაყით წარმოთქვა სიტყვები, თითქოს ქვეყნისთვის დაუმარცხებელი გმირი მოევლინოს ოცდახუთიოდე წლის წინ.
–სასიამოვნოა, – ვუთხარი და გავუღიმე, მიუხედავად იმისა, რომ ტიტეს მისჩერებოდა
–არც კი გიცნობ, შვილო. არ ვიცი ვინ ხარ, არასდროს უხსენებიხარ აქამდე ანრის. ახლა გავიგე, რომ შვილიშვილი შემეძინა და.. – გამომხედა და დაბნეულობა აესახა სახეზე, – ნამდვილად ანრის შვილია, არა?
–ნამდვილად ანრის შვილია, – დავუქნიე თავი და დაველოდე, როდის მოიკრებდა ძალას, რომ აღელვება, ასე მკაფიოდ რომ დატყობოდა, როგორმე ჩაეცხრო. სწორი, მუქი თმა შუაზე გადაეყო და კეფაზე, ლამაზთვლიანი თმის სამაგრით შეეკრა. მაღალი ყელი, ლამაზი მოყვანილობის, გამოკვეთილი ყბა და ნუშისებრი თვალები ჰქონდა, რომლებიც გრძელ წამწამებ ქვეშ, სითხით ამოვსებოდა. მისი შეხედვისას მივხვდი, რატომ გამომარჩია ანრიმ პირველივე ნახვისას ამ თვისებით
–ახლოდან მინდა ვნახო, – ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. საწოლს შემოუარა და ტიტეს დაადგა თავზე. ათრთოლებული ტუჩებით, ჩემთვის გაუგებრად დაიჩურჩულა რამდენიმე სიტყვა და გრძელი, ჰაეროვანი კანის კალთას ჩააფრინდა თითებით.
–ტიტე ჰქვია, – ვუთხარი რატომღაც. ალბათ არც იყო საჭირო, ალბათ ანრისგან ესეც იცოდა
–მისი გვარი აქვს? – ტიტეს ხელს გადაუსვა თითები და ხელისგულზე მოიქცია მისი სუსტად შეკრული მუშტი. ისე ჰქონდა პირი დაღებული, ისე ღრმად სუნთქავდა, დავეჭვდი, ვერაფრით დავიჯერე, რომ ასეთი ემოციური დედა შეიძლება ჰყოლოდა ანრის
–დიახ, – ვუპასუხე და ანერვიულებულმა, თავზე გადავისვი ხელები, – არ მიკითხავს მისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა შემთხვევაში კარგი დღე არ დამადგებოდა..
–მართალი ხარ, მეც ასე ვფიქრობ, – ხელის ზურგზე ფრთხილად, თითქმის შეხების გარეშე მიაკრო ტუჩები, – შენ? შენზე მომიყევი რამე, მართა, – გამოცოცხლდა თითქოს და წელში გასწორებული, ადგილს დაუბრუნდა, – სწავლობ? მუშაობ? როგორ აპირებთ ბავშვის გაზრდას?
–თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ქალბატონო ტატა? – უტეხად გავუსწორე მზერა. ჩემს კითხვაზე ოდნავ შეცბა და წარბებაწეულმა, ირონიით გაიღიმა. აი, ამ მომენტში ნამდვილად ანრის დედა იყო.
–ანრის თქმით დიდი მომავალი გაქვს, ნათელი გონება და კეთილი გული, – თავის ქნევით მიპასუხა და კიდევ ერთხელ გაეღიმა, – თუმცა, ანრი არც არავისზე იტყვის ცუდს. ან შეგაქებს, ან საერთოდ ხმას არ ამოიღებს. შვილის დედაზე კი, მეეჭვება რაიმე ზედმეტი განეხილა ჩვენთან..
–შეიძლება თქვენი გულის მოსაგებად თქვა, თორემ მე ვერსად ვხედავ ჯერ–ჯერობით ჩემს ნათელ მომავალს, – გამეცინა უნებურად
–თქვენ საერთო შვილი გართობა არ გგონიათ, იმედი მაქვს, – დაუსერიოზულდა ხმა
–ქალბატონო ტატა, არც გართობა მგონია შვილის გაჩენა და არც მემარტივება. პირიქით.. იმდენად რთული პერიოდი გამოვიარე სრულიად მარტომ, იმედი მაქვს, წარმოდგენილიც არ გექნებათ თქვენ ჩემს ასაკში. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, იმ საერთო ფონით ნუ განმსჯით, რაც ახლა სახეზეა.. მესმის, მე თქვენთვის, ანრის უკანონოდ ჩასახული ბავშვის დედა ვარ, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს, მოითხოვოს რაიმე ზედმეტი მისგან.. ალბათ თვლით, რომ რაიმე ვალდებულებას ვაკისრებ..
–არა, არა, – შემაწყვეტინა დაბნეული ღიმილით და ინსტიქტურად შემეხო მაჯაზე, – ანრი არ არის ის ბიჭი, უბრალო ვალდებულების გამო დაუპირისპირდეს საკუთარ მშობლებს. არასდროს, არავის გადაჰყოლია. არც მე, არც მამამისს.. არც მეგობრებს. ანრი არასდროს მინახავს ისეთი კატეგორიული, როგორიც შენი ამბის თქმისას. რომც გაგელანძღა, რომ დაგეწყევლა, უდარდელი მზერით შემოგხედავდა ყოველთვის. სამყარო რომ თავზე დაქცეოდა, არაფრად ჩააგდებდა. ფეხქვეშ რომ გაგეთელა მისი გრძნობები, რეპუტაცია, ზედ არ შემოგხედავდა, საყვედურსაც არ გეტყოდა. არასდროს არაფერი ადარდებდა. შენი ხსენებისას კი.. გააფთრებულ ცხოველს დაემსგავსა, რომელიც საკუთარი ოჯახის დაცვას ცდილობს. ყველაფრის მიმართ ინერტულად განწყობილ ჩემს შვილს ვუსმენდი და მის ხმაში გაჩენილ დაუფარავ მუქარასა და გაღიზიანებას ვერაფრით ვხსნიდი. არ ვიცი, ასეთი გადამეტებული დამცველობა შენ მიმართ სიყვარულმა გამოიწვია თუ შენზე დამოკიდებულებამ, თუმცა, ანრისთან კამათი რომ არ ღირს, ამას ჯერ კიდევ მის ბავშვობაში მივხვდი. ალბათ სხვანაირად მოვიდოდი შენთან, ჩვეულებრივი შვილი რომ მყავდეს.. რომ ვიცოდე მასზე თუნდაც სულ მცირე გალენა მაქვს, – მაჯაზე მოთავსებულ საათს დააცქერდა და თავი აღარც აუღია, – როგორც ჩანს, შენში დაინახა განსხვავებული სხივი. ასე გამოგვიცხადა მე და მამამისს.. – მცირე პაუხა გააკეთა და თვალებში შემომხედა, – ჩემთან იქნებიან თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მაინც უნდა გააღმერთოთ მართა და ტიტე. ყოველთვის.. ყოველ წამს უნდა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი მიზეზით გადმოვაბიჯე ადამიანური ცხოვრების საზღვარს, რომელიც წლების განმავლობაში მხევდა უკანო..

***
ტატას სტუმრობიდან მეორე დილას გამწერეს. მიუხედავდ იმისა, რომ არავის შეწუხება მინდოდა, მაინც ყველა იქ იყო, ჩემს მშობლებთან ერთად. კლინიკიდან გამოსულს, ფერადი ქაღალდები რომ შემეყარა სახეზე და საკუთარი შვილი გამომეცალა ხელებიდან, მის მაგივრად კი ათასგვარი თაიგული შემომაჩეჩეს, მივხვდი, სახლში უარესი დამხვდებოდა. არც შევმცდარვარ. ცისფერი ბუშტებით სავსე ოთახში, ათასგვარი საჭირო წვრილმანი ნივთი და სათამაშო დაეხვედრებინათ
–რა ამბავია? – აღმომხდა და საყვედურით სავსე სახით შევხედე ოთახში ჩამწკრივებულ საბას, შიოს, კესოსა და კახის
–მხოლოდ ოთახი გავალამაზეთ და საჩუქრები ვუყიდეთ ჩვენი გუნდის ახალ წევს, არ დავხარჯულვართ, ამიტომ ეგ მზერა ჩამოირეცხე ახლა სახიდან! – დამარიგა საბამ და ოთახის გასანიავებლად ფანჯრისკენ წავიდა
–რას ქვია არ დახარჯულხართ? აბა, ეს რა არის?
–მოისვენე, მიაწვინე ეგ პატარა თავის ტკივილი და გამო რა, მოგვენატრე! – მომაძახა უკვე კარში გასულმა საბამ და კახიც უკან გაიყოლა
–ნუ ეძახი ჩემს შვილს თავის ტკივილს, გითხარი უკვე! – მინდოდა მომთხოვნი ვყოფილიყავი, თუმცა არაფრით გამომივიდა და აკისკისებულ კესოსთან ერთად, მეც სიცილი ამიტყდა
–რამდენჯერაც ხელში დავიჭირე, იმდენჯერ პირი მოაღო, – უკვე შორიდან გავიგე მისი უკმაყოფილო პასუხი
–მართლა ასეა, არა? – გამხიარულდა კესო
–ვერ იჭერს ხელში წესიერად და ტიტეც აპროტესტებს, თავისებურად, – მოღუღნეს თავზე გადავუსვი ხელი და საწოლის შუაგულში, შიოს მიერ მომზადებულ ზეწარზე დავაწვინე ფრთხილად
–გაიგე, საბა? ბავშვის დაჭერას თუ ისწავლი, შეიძლება აღარც იჭირვეულოს, – კესოც უკან დაედევნა ბიჭებს და დღის შუქით სასიამოვნოდ განათებულ ოთახში მარტო დავრჩით. მე, შიო და ტიტე. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მომნატრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სამშობიაროშიც ვნახე ერთი–ორჯერ. მასთან ლაპარაკი, მისი სიახლოვე მენატრებოდა. დამძიმებული სხეულით მისკენ გავიწიე და ჩემკენ გამოწვდილ მკლავებში მხუბუქად ჩავეშვი. მაშინვე დამეუფლა სიმშვიდისა და სიმყუდროვის გრძნობა
–მალე ჩამოვა და მინდა, რომ მზად იყო. მზად იყო იმისთვის, რომ განზე აღარ გადგება, შორიდან აღარ დაგაკვირდება. შეიძლება რამე კონკრეტული მოგთხოვოს და იცოდე, მანამ არ გაჩერდება, სანამ თავისას არ მიიღებს. მომხედე, მართა.. – თავი ამაწევინა და ჩემი გაოგნებული სახე არაფრად ჩააგდო, რომელიც მისი სწრაფი, ნერვიული ლაპარაკიდან გამომდინარე, ვერაფრით დავმალე, – იყავი რა ზედმეტად ძლიერი გოგო, ძალიან გთხოვ!
–შიო, რა ჯანდაბაა! – გაცოფებულმა მოვიშორე მისი ხელები სახიდან, – რა უბედურებაა.. არაფერში მეხმარები ასე. დგახარ და მხოლოდ მიხსნი, რა როგორ იქნება.. მხოლოდ მეუბნები, რას უნდა ველოდე. ასე როგორ იცნობ.. ან, მე როგორ მიცნობ ასე.. როგორ შეგიძლია ყველაფერს ხედავდე, ყველაფერი გესმოდეს და მაინც ასე განზე იდგე! როგორ შეგიძლია მარტო დაგვტოვო, ან მე, ან ის! მის მხარეს მაინც იყავი. მისი მაინც დაიჯერე. რამე გააკეთე, ოღონდ გააკეთე რამე! ხომ ხედავ, რომ არავინ გვყავს? – ბოლო სიტყვებში წყენამ გაიჟღერა და მივხვდი, ამიტომ დაეწია თვალის კუთხეები ზედმეტად დაბლა ჩემი ყურებისას.
პირველად უსაყვედურე მაშინ. პირველად ვუთხარი, რომ არაფერში მადგებოდა მისი გვერდით დგომა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ გამაჩნდა მასზე ძვირფასი. უბრალოდ, ვერაფრით ავიტანე, ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში მყოფს, კიდევ უფრო დიდი მისია რომ დამაკისრა და ზედმეტად გავღიზიანდი. გავღიზიანდი იმ ადამიანზე, რომელსაც უსიტყვოდ შეეძლო გაეგო ჩემი ტკივილი, შემოეხედა და ერთი ღიმილით განვეკურნე, სილამაზედაკარგულ სამყაროში თავისი ნათელი თვალწარბითა და ნარინჯისფერი თმით შეევსო გადაკარგული ფერები. სწორედ ეს ბიჭი, ჩემ წინ, უხმოდ მდგარი, ისე შემომყურებდა ჩვენს ურთიერთობაში გაჩენილი პირველი ბზარის გაჩენისას, თითქოს ცივი წყალი გადაესხათ. არც ინძრეოდა, მხოლოდ თვალებით მჭამდა და ამ თვალებმაც მალევე იპოვა გასაქცევი გზა
–ასე თუ გააგრძელებ ყვირილს, აუცილებლად გააღვიძებ ტიტეს, – მითხრა და მისკენ გაიქნია ხელი
–შიო.. ახლა სერიოზულად გააკეთე ეს?
–რა, მართა?
–თავი ამარიდე..
–თავს არასდროს აგარიდებ, არასდროს, გპირდები, მართა! შეიძლება გგონია, რომ ყოველთვის შორიდან გიყურებ, თუმცა იცოდე.. საჭირობის შემთხვევაში იმ შემორჩენილ ნაბიჯებს დაუფიქრებლად გადმოვდგამ, დაუფიქრებლად გავჩნდები შენთან, როცა მივხვდები, რომ აღარაფერი დაგრჩენია ჩემთვის დახმარების თხოვნისა.. ახლა კი, ახლა ვგრძნობ და ვიცი, რომ ჯერ ძალიან ადრეა, – სახეზე მომავლო ხელები და შუბლზე შემახო თბილი ტუჩები. მანამ არ მომშორდა, სანამ სუნთქვა არ დამიწყნარდა. მერე ნაზად მომეფერა ხელისგულებით ლოყებზე, ცხვირით გამეხახუნა ცხვირზე და უკან დაიხია
–ვიცი, რომ ჩემგან ელი რჩევებს, მართა, მაგრამ ვერ დავკარგავ ანრის.. – გააქნია ღიმილით თავი და ზურგი მაქცია.
გრძნობა მქონდა, რომ იმ მომენტში კი არა, ზოგადად მაქცია ზურგი და სიმწრისგან ერთმანეთს დავაჭირე აცახცახებული კბილები. მერე მივხვდი, რა იგულისხმა ანრის დაკარგვაში. რჩევა რომ მოეცა.. აუცილებლად მირჩევდა, ანრის არასდროს დავბრუნებოდი. ამას კი არ გააკეთებდა. არა იმიტომ, რომ მისი შიში ან ზედმეტი რიდი ჰქონდა, არც იმიტომ, რომ ეჭვი ეპარებოდა საკუთარ ფიქრებსა და პროგნოზში. უბრალოდ.. მაშინ არაფრით მისცა საკუთარ თავს უფლება, მისი რომელიმე ახლო მეგობრის წინააღმდეგ წასულიყო.

***
ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს შემიძვრა მისი სურნელი სხეულში და მივწყებულმა მონატრებამ ისე მოიცვა მიძინებული გონება, მისი სუნთქვის ხმაც კი ცხადად მომესმა. სახეზე მომელამუნა თბილი ჰაერი და სულ ოდნავ გამოფხიზლებულმა, მისი სახე წარმოვიდგინე. ტკივილი და დარდი ვიგრძენი.. ისე ძლიერად, ისეთი მძაფრად, ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა, ამ გრძნობის გადასაფარად, მკლავებში მოქცეულ ახალდაბადებულ ტიტეს შევაფარე თავი და ცხვირით მისი ბუსუსები მოვძებნე. ტიტეს ახალი სურნელი ასდიოდა. ანრისა და ჩემი ნაზავი, მაგრამ მაინც სულ სხვა.. ზედმეტად სუფთა. ისეთი, ყველაფერს რომ ფარავდა პირველივე შეგრძნების წუთიდან. ამიტომ, წესით მარტივად უნდა გადაევიწყებინა ზმანებად მოსული ფიქრები ანრიზე. თუმცა, ვერაფრით მოვახერხე. ზედმეტად რეალურად ვგრძნობდი მის სუნთქვას. ზემდეტად ხმამაღლა მესმოდა სიზმრისა თუ უბრალოდ მონატრების ფონზე. ზანტად გავახილე თვალები და ტუჩგამობერილ ტიტეს დავხედე, ჩემს მკერდზე რომ მოეთავსებინა პაწაწინა სახე. სანამ გაღიმებას შევძლებდი, მანამ ვიგრძენი, ჩრდილად რომ დამფენოდა ზურგიდან ადამიანის სილუეტი და მივხვდი.. ჩამოსულიყო. ჩვენთან იყო. ან, რა მიხვედრა უნდოდა. მთელს ოთახში გამეფებულიყო მისი აურა, ძილიც კი დამიფრთხო მისმა მონატრებამ. ჩვენს უკან იდგა და უხმოდ, გარინდული დაგვყურებდა თავზე. ვერ ვხედავდი, თუმცა ვიცოდი, როგორ მზერა ექნებოდა ამ დროს. მთელი სხეული გამეყინა და მივხვდი, ტიტეც ვერ მიშველიდა ახლა, ამიტომ მოურიდებლად, პანიკურად ამიცახცახდა მხრები და მანამ არ ამომიღია ხმა, სანამ მხარზე არ შემეხო ყინულივით ცივი, გრძელი თითები. მერე თავი ვეღარ შევიკავე, ჩვენი შვილის ნამცეცა სახეს გავუშტერე მზერა და ატირებულმა, ჩურჩულით ვთხოვე თვალების გახელა. სასაცილოა არა?! რამდენიმე დღის დაბადებული შვილის მხარდაჭერა რომ ჰაერივით გჭირდება. რომ გგონია, ყველა სირთულეს გადალახავ, ოღონდ მის თვალებს გადააწყდე. შენკენ მომართულს, შენკენ და შენთვის, შენი სიმშვიდისთვის. მაშინ პირველად გავიაზრე ტიტეს არსებობას რამხელა ძალა ჰქონდა. პირველად ვიგრძენი, რომ მყავდა გვერდით ადამიანი, რომელსაც შეეძლო ჩვენ შორის ჩამდგარიყო, არა ფარად, არამედ ჩვენივე სულების შემაერთებელ ნაწილად. იმ დაკარგულ ნაწილად, თვეები რომ ვეძებდი.. რომ ვერსად მეპოვნა. თუმცა, არ ჩქარობდა ტიტე ცხოვრების გართულებას ჩვენთვის თვალყურის დევნებით და ისე უშფოთველად ფშვინავდა, როგორც პატარა, წმინდა ანგელოზი.
–ჩემი მართა დედა გახდა! – მომესმა მისი ხმა და თითებიც უფრო მეტად ჩამაჭირა მხარში. ტკივილისგან ოდნავ გავფართხალდი, თუმცა არ მომშორებია. გავიგე, როგორ მოაგორა სკამი ჩემს საწოლთან და ჩამომჯდარმა, ჩავლებული ხელი იდაყვისკენ გააცურა, – ნუ ტირი, მართა.. ერთმანეთს უნდა ვულოცავდეთ. ჩვენი პირველი ქმნილებაა. პირველი სიხარული, – მიჩურჩულა და წამის წინ ნატკენ ადგილზე დამაკრო ტუჩები. მშვიდად იჯდა, უხმოდ და ყველანაირი ფორიაქის გარეშე. მხოლოდ ცალ ხელს დაატარებდა ჩემს მკლავზე, ზემოთ–ქვემოთ და სიტყვის უთქმელად, დროდადრო მიკოცნიდა კისერსა და მხარს. მაცდიდა, როდის დავმშვიდდებოდი ბოლომე, თუმცა არც თუ ისე მემარტივებოდა ეს ამბავი. ამიტომ, ძალა მოვიკრიბე და ჩახლეჩილი, არც თუ ისე სასიამოვნო ხმით ვთხოვე:
–ნუ მეხები რა, ანრი..
–ნუ ჯიუტობ, გადმობრუნდი.. – დამრიგებლური ტონით ამოილაპარაკა.
ფრთხილად წამოვიწიე ტიტესთან ერთად და ისე მივეყრდენი ანრის მიერ გასწორებულ ბალიშს, ზედ არ შემიხედავს, არ ვიყავი ჯერ მზად
–როგორ შეგვსებია სახე, მართა, რა ლამაზი ხარ, – მითხრა უბრალო ხმით და ლოყაზე რომ ჩამომისვა ხელი, მაშინ გავხედე. ერთი შეხედვით თითქოს ისევ ისეთი იყო. ზუსტად ისეთი. ჩემთვის ნაცნობი, თეთრი მაისური და მასზე მოცმული დიდი ზომის ქურთუკი ეცვა, თმაც იმავე სიგრძნის ჰქონდა, როგორიც წასვლისას. თუმცა, მაინც ძალიან შეცვლილიყო მასში რაღაც. მისი სახე რომ მოვძებნე, თვალებს რომ გადავწყდი, მერე მივხვდი, სულ სხვა მზერით მიყურებდა.. თუ გვიყურებდა. ზედმეტი ნაპერწკლები შერეოდა მისთვის ჩვეულ, გულგრილ მზერას.
–როდის მოხვედი? – ვკითხე და უკვე შეღვიძებულ ტიტეზე მიშტერებული რომ დავიგულე, უფრო თამამად დავაკვირდი მონატრებულ ნაკვთებს
–რამდენიმე საათია. ნუ ბოჭავ, მიმიშვი.. – ჩემი მკლავებისკენ დაიხარა და იძულებული გავხდი მისკენ გამეწია პატარა სხეული. ფრთხილად დაიხარა ჩვენკენ. რამდენიმე წამით ისე დაჰყურებდა საკუთარ ვაჟიშვილს, თითქოს რაღაც ახალი აღმოეჩინა. ვეღარაფრით მოახერხა თვალის მოცილება და დავინახე, როგორ გაებადრა ნელ–ნელა სახე. ლოყებზე, ღრმულებს გარშემო ნაოჭები გაუჩნდა და გულიანი ღიმილისგან ცხვირიც სასაცილოდ მოეჭმუხნა. იშვიათად მენახა ასეთი ნათელი, სუფთა ღიმილით. იშვიათად, ან თითქმის არასდროს.. იმ დღემდე. სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ათრთოლებული ხმით, უაზროდ გაიცინა და თითებით შეეხო ტიტეს ნაკეციან ყელს.
–ჩემი შვილი.. ჩემი ბიჭი.. – ამოიჩურჩულა სიცილით და თითი აათამაშა მის ნიკაპზე, – ჩემი და მართას სისხლი..
პირველად მენახა ანრი ასეთი ფრთხილი, ასეთი დაკვირვებული. ისე მოძრაობდა, თითქოს მახეში გაბმულიყო და მის ყველა რხევას შეიძელებოდა რაიმე საფრთხისშემცველი მოჰყოლოდა. ასეთივე სიფრთხილით დაუსვა მუცელზე ხელი, ყველა თითი მჭიდროდ მიაკრო პატარა სხეულზე და ჩემს მკლავებს წამში მოაშორა ტიტეს სითბო. ისე გამომაცალა ხელებიდან, გააზრებაც ვერ მოვასწარი. მის მუცელზე ხელსგულაფარებულმა ერთხელ, ღრმად ამოისუნთქა და თოჯინასავით, ჰაერში ააფრიალა თვალებდაჭყეტილი პატარა. შიშისგან შევკივლე, თუმცა ზედ არ შემოუხედავს. რამდენიმე წამი ასე, ჰაერში ჰყავდა გამოკიდებული ცალი ხელით და გაბადრული ღიმილით, ქვევიდან შეჰყურებდა. მერე ნელა დასწია, მის კისერში ჩარგო სახე და შემომიბრუნდა
–ეს რა გააჩინე, მართა? – ისევ გაიღმა. თვალები ეჭუტებიდა და კუთხეებში პატარა, ძლივს შესამჩნევი ღარები მოუჩანდა
–ეს კაცი ჩემია? – ჩამეკითხა და საწოლთან ჩამომიჯდა. ახლა ორივე მკლავი მისთვის მოეხვია და ისე სათნოდ არწევდა, თითქოს წამის წინ ხელისგულით, უშიშრად არ ატრიალებდა ჰაერში ამ პატარა, უსუსურ არსებას, ჩვენი შვილი რომ ერქვა
–ასე აღარ გააკეთო, – ჯერ ისევ მითრთოდა აღელვებისგან ხელები.
უცებ გაჩერდა. ტიტეს სახიდან ჩემსაზე გადმოინაცვლა და მზერა ისე გაუცივდა, უსიამოვნოდ გამცრა.
–არ მენდობი, მართა?
–გეყოფა, ანრი..
–გგონია ჩემი ხელისგულიდან გადმოვარდნის საშუალებას მივცემ? გგონია დავუშვებ რამე ეტკინოს?
–ეს არ მითქვამს, უბრალოდ საშიშია..
არაფერი მიპასუხა. პირდაღებულ ვაჟიშვილს დახედა და მისკენ უფრო მეტად დაიხარა
–მამასთან ყოფნა საშიში ყოფილა.. გაიგე, ტიტე? დედას აზრით, მამა საშიშია..
–გეყოფა! – გავღიზიანდი მაინც და ბავშვისკენ გავიწიე, – უნდა ვაჭამო!
არ მოეწონა ჩემი კატეგორიული ტონი, მაგრამ მაინც უხმოდ დამიწვინა მკლავებზე. უფრო კარგად მოკალათდა და სანამ მკერდი არ მოვიშიშვლე, მანამ მიყურებდა თვალებში, მოუშორებლად, რაღაცნაირი გაღიზიანებით. მერე მკერდისკენ გადაინაცვლა თვალებით და ახლა აქ შეაჩერა მზერა
–არ გახვალ? – ვკითხე იმედიანად. ამოუხსნელი რიდი მქონდა თითქოს. სიახლით თუ მისი ამ მზერის მონატრებით გამოწვეული, თავადაც არ ვიცი
–არ გავალ, – გაიღიმა, არც თუ ისე თბილად და ჩვენკენ დაიხარა. ხელის ზურგით მიეფერა ტიტეს რბილ ლოყაზე და განზრახ გააცურა თითები ჩემი მოშიშვლებული კანისკენ
–ანრი.. – არ გამომრჩა მისი ეშმაკური მზერა
–არავინ არ შეგეხოს ასე, მართა.. იცოდე, არავინ შეგეხოს.. – დაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.
მაშინ მივხვდი, როგორ მოგვნატრებოდა ერთამენთი. ერთი სული მქონდა შევხებოდი, მოვხვეოდი, მისი სუნთქვა ახლოდან გამეგო, თუმცა მისი არყოფნისგან გაჩენილი ბრაზი და წყენა ისე ღრმად გამჯდომოდა სხეულში, ვერაფრით ვაჯობე საკუთარ თავს.
–ნეტავ როგორ არ დაიღალე ამ ვითომ გაფრთხილებებითა და მუქარებით, ანრი, – მკერდის ტკივილისგან სახე მომეღრიცა
–ხომ ყველაფერი რიგზე აქვს ტიტეს? – დაკვირვებით შემომყურებდა ფანჯარასთან ჩამომდგარი
–ყველაფერი რიგზე აქვს. დედაშენი იყო მის სანახავად..
–ვიცი, – რაფაზე აათამაშა თითები
–ტიტეს ფული და ტანსაცმელი აჩუქა. არ მინდა მსგავსი მოპყრობა, ანრი
–ბებიამისია, აჩუქოს რაც უნდა და როგორც უნდა, რა გაწუხებს, მართა? – გაღიზიანება დაეტყო ხმაში
–შენც ხომ არ ჩამიკუჭავ რამდენიმე კუპიურას ჯიბეში წასვლისას?! – ირონიით გაჟღენთილი ხმით ჩავეკითხე
–ახლა ასე არ იქცევიან? ცალკე მცხოვრები მამები ამას არ აკეთებენ? – გადაიხარხარა უეცრად, – ალიმენტები დავაწესოთ და ცივილური სალამი გავცვალოთ ხოლმე ერთმანეთში ტიტეს წასაყვანად რომ მოვალ!
–როგორ ჩამოხვედი ასე უცებ, მოაგვარე საქმეები? – არც მე დავაკელი ირონია და ტიტე გვერდით გადავაწვინე
–ჰო, მოვაგვარე, – ღიმილით გამომაყოლა თვალი ფეხზე წამომდგარს, – რა გითხარი მართა, ბევრი არ ჭამო მეთქი, – ჩემს მოშიშვლებულ ბარძაყებზე შეაჩერა მზერა და თავხედური მზერით ამათვალიერა
–შენ სხვა ბევრი რამ მითხარი კიდევ, თუმცა არ მახსენდება, შენს ჭკუაზე მევლოს, – თავსზემოთ გადავიძრე ღამის პერანგი და საცვლისამარა გავიწიე კარადისკენ. ვეღარ ვხედავდი. მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა, მაგრამ ჩემთან არ მოსულა. მისგან ზურგით მდგარმა, სწრაფად მოვირგე ტანსაცმელი და შემობრუნებულს, სუნთქვა შემეკვრა. ანრი ჩემს ადგილას გაწოლილიყო, მუცლით ზეწარზე და იდაყვებდაყრნობილს, მკლავებს შორის მოექცია აფართხალებული ტიტე. ზემოდან დაჰყურებდა და მის აქნეულ, პაწაწინა ფეხებს ხელისგულს ახვედრებდა შიგადაშიგ თბილი ღიმილით
–რას აკეთებ? – გამეცინა, როცა წინდები გააძრო ორივე ფეხიდან სათითაოდ და მისი ვარდისფერი ფეხისგულები აიფარა სახეზე
–ეს რა ზომები გაქვს, მა.. – ჩემ მაგივრად ტიტეს გამოეხმაურა მისი ფეხის თითებს გააყოლა თითის ბალიშები, – ნამდვილი ადამიანი ხარ, მამი..
ისე ბუნებრივად, ისეთი სითბოთი მიმართავდა, იფიქრებდი, მთელი ცხოვრება ამ გრძნობით არის მოცულიო. ფაფუკ კანზე ნაზად დაატარებდა საჩვენებელ და ცერა თითებს და მოუსვენრად, მალ–მალე ანაცვლებდა ცხვირის წვერით. მერე აჭირვეულებული ტიტეს შიშველი ფეხი მოხვდა ნაჩვრეტიან ლოყაზე და ისე გაებადრა სახე, თითქოს სასწაული მომხდარიყოს
–დაინახე, მართა, რა ძლიერია? – წამოიძახა უეცრად და ფეხისგულები უჩვეულო ბედნიერებით დაუკოცნა
–ნუ.. ანრი, ცუდის ნიშანია ფეხისგულზე კოცნა.. – დაუფიქრებლად გავიწიე მათკენ
–როგორ შეიძლება მამის კოცნა ცუდის ნიშანი იყოს, მართა? – ახლაღა გამომხედა და სითბოჩამჯდარი მზერით შემათვალიერა, – აუცილებლად უნდა დამიბრუნდე.. – მითხრა დარწმუნებით და სანამ პასუხს გავცემდი, მანამ მომარიდა მზერა.

***
მთელი სხეული დამეხორკლა. ბუსუსებმა ერთმანეთის მიყოლებით იწყეს ყალყზე დგომა და ისე დამიარა შინაგანმა წვამ ყველა ორგანოში, ადგილიდან განძრევა ვერ მოვახერხე. წინ მედგა. უკვე მიძინებულ ტიტეს მოშორებოდა და ჩემ წინ ჩამომდგარიყო. რამდენიმე წუთი გასულიყო მას შემდეგ, რაც გამომიცხადა, რომ საქმიდან გავიდოდა და ჩვენთან.. ჩემთან და ტიტესთან ერთად გადალახავდა ყველა იმ დაბრკოლებას, რომელიც გზად შეგვხვდებოდა. ზუსტად ამ სიტყვებით არ უთქვამს, თუმცა დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო მისი ნათქვამი. ოღონდ, ერთი–ორი უხამსი სიტყვისა და გამჭოლი, ეჭვნარევი მზერის დამატებით. არ ვიცი, ეს მზერა მე მეკუთვნოდა თუ საკუთარი სიტყვების სიმყარეში არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, თუმცა, მაშინ არც ერთ მათგანზე არ მეფიქრებოდა. მხოლოდ ერთ ადგილას გახევებული, უძრავად მყოფი მივწებებოდი საჯდობით კომოდს და ალბათ ხის ზედაპირზე დაყრდნობილი საკუთარი მკლავები რომ არა, ვერავითარი ძალა შეძლებდა ჩემი სხეულის გამყარებას. არ მინდოდა მოვშვებულიყავი, არ მინდოდა სისუსტისგან ჩამოვფერფლილიყავი და ომახიანად ჩავახველე, რომ ხმის ამოღება შემძლებოდა
–ასე უბრალოდ თავს ვერ დავადებ და ბავშვით ხელში უკან ვერ აგედევნები, ანრი..
ჩემს სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა, კისერი გვერდით გადახარა და შევატყვე, ყველანაირად ეცადა სულ ოდნავი ლმობიერება მაინც გაერია ხმაში:
–საშინელი ქალი ხარ, მართა. მომაკვდავს მიყურებ და ისევ იმავეს მიმეორებ..
–არ კვდები, ანრი. საღსალამათი მიდგახარ წინ, ნაკაწრიც კი არ გაქვს, – ისე დარწმუნებით ვუთხარი, ჩემს თავზე მომეშალა ნერვები. თავის უაზრო თამაშში ამიყოლია.
ჩემს მადაჯერებელ ტონზე ოდნავ ჩაეღიმა და თვალი თვალში გამიყარა
–იმ საქმიდან თავისი ნებით წამოსული კაცი, რომელშიც წლები ვიყავი თავით გაბმული, სასიკვდილოდაა განწირული, მართა!
–არ მითხოვია ჩემთვის თავი გასწირე მეთქი
–მაგას ვერ მთხოვდი, რა უფლება გაქვს? – გაუკვირდა და წინ ჩამომიჯდა. ჯიბეები მოიქექა, სიგარეტი ამოიღო და სწრაფად მოუკიდა
–რატომ აკეთებ ამას? რატომ მელაპარაკები ისე, თითქოს ყველაფერი სულ ერთი იყოს შენთვის?
–მართლა გავედი საქმიდან.. – სულ სხვა რამ მიპასუხა. მომეჩვენა, რომ ცოტა მობეზრებით
–მართლა?
–ბევრჯერ რომ გავიმეორებ, უფრო დაიჯერებ? – სიცივე შეეპარა ხმაში
–ჰო, ალბათ
–მართა, ცხოვრებაში არასდროს, არასდროს არავის გამო მითქვამს რამეზე უარი. არსდროს შემიცვლია საკუთარი ცხოვრება ვინმეს გამო და ახლა, მზად ვარ ეს შენთვის გავაკეთო. მზად ვარ ავიტანო ათასი მუქარა, ოღონდ შენთან ერთად გავიღვიძო. არ ვაკეთებ ამას მხოლოდ ტიტეს გამო.. მის თავს გეფიცები, თუ მის გამო ვაკეთებდე. ის ისედაც ჩემი შვილი იქნება. ის ისედაც მეყოლება, ყველანაირი ადამიანობის შეცვლის გარეშე, შენ კი.. შენ არ მეყოლები, თუ ახლა რაღაც არ შევცვალე. ამიტომ, გთხოვ, ხვალ დილას, სახლში რომ დავბრუნდები, შენი და ტიტეს ნივთები საძინებელში დამხვდეს, კარგი? ხომ არაფერი მითხოვია შენთვის.. არც სიყვარული, არც შეცოდება, არც პატიება.. არასდროს არაფერი მითხოვია, – ამოიოხრა მძიმედ, – აი, ახლა გთხოვ, დამიბრუნდი.. დამიბრუნდი და იყავი ჩემთან.. ჩემი ისედაც ხარ, – ჩაეცინა და მძიმედ გადააგორა ყელში დაგროვილი ნერწყვი, – ვგრძნობ, რამდენად ჩემი ხარ.. ახლა ისღა დაგვრჩენია, ჩემთან იყო..
–რომ ვერ გავუძლოთ ერთმანეთს, ანრი?
–ამის დედაც მოვტ*ან! – იმდენად მშვიდად, ისე შემზარავად გამოსცრა კბილებს შორის, შიშის გრძნობა შეიპარა ჩემს აბუზულ სხეულში, – ამის დედაც, მართა! ხომ იმ კონტრაბანდის გამო არ ხარ ჩემთან, ხომ იმ დედამოტ*ნული ბარიგობის გამო შემაქციე ამაყად ზურგი?
–ანრი..
–ხომ ასე იყო? მიპასუხე! – ფეხზე წამოდგა და ორ ნაბიჯში დაფარა ჩვენ შორის მანძილი, – მიპასუხე!
–ჰო, ასე იყო.
წელზე ჩამავლო თითები და თავისკენ მიმიზიდა. მის მკერდზე აკრულს, გულის კედელი უცნაურად გამომეზნიქა და სუნთქვააჩქარებულმა, დაუფიქრებლად შემოვხვიე კისერზე მკლავები
–აი, ასე, მართა.. არ არის აუცილებელი გრძნობები დამალო, მით უმეტეს, ჩემთან, – ნიკაპზე მომაკრო ტუჩები და ნაზად მაკოცა. სისველეშერჩენილ კანზე ცხვირი გამიხახუნა და შუბლზე მომეყრდნო შუბლით, – ხომ შეიძლება, მომცე საშუალება, შენი აჩქარებული გულის მიზეზი ვიყო.. ნუ გაართულებ, რა. წამომყევი.. წამომყევი, დამიბრუნდი..
–არანაირი ნარკოტიკის შემოტანა, ანრი..
–ბოლო საქმეს ვაკეთებ. ბოლოა, მართა..
მომენტალურად მოვშორდი და მხრებზე შემოვიხვიე ერთმანეთზე გადაჯვარედინებული მკლავები
–ჩამოიღე ეგ ხელები. ჩამოიღე.. ნუ ბოჭავ საკუთარ თავს. ნუ მბოჭავ მეც.. შეიგნე რამე, მართა! – სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი და ისევ წინ ამესვეტა, – ღმერთო, რამდენს მალაპარაკებ?! ყოველთვის ამდენს რატომ მალაპარაკებ.. – ამოიოხრა და ისე მეცა ტუჩებზე, ამოსუნთქვაც არ მაცადა. მონატრებულ გემოსა და ბრაზის გრძნობას შორის ვერაფრით გავავლე საზღვარი და სასოწარკვეთილი, კოცნაში ავყევი. ვიგრძენი, როგორ აგვითრთოლდა სხეულები ორივეს ერთად. ვგრძნობდი, როგორი სიძლიერით ვეკვროდით ერთმანეთის მენჯებს, მუცლებსა და მკერდს. როგორ დავატარებდით ერთმანეთის სახეებზე აკანკალებულ თითებს. ყველა ემოცია, ყველა ტკივილი და წყრომა გაერთიანებულიყო თითქოს ამ ერთ კოცნაში. მენატრებოდა.. მენატრებოდა ისე, რომ ამ მონატრებით გამოწვეულ ემოციებს საშინლად გადავეღალე. ზედმეტ ფიქრსა და თავშეკავებას დაუნდობლად დაემორჩილებინა ჩემი გონება, ამიტომ ბოლომდე მივენდე ანრის მომთხოვნ ხელებს, უკითხავად რომ მაიძულებდა უფრო მეტი ჟინით გამომეხატა მის მიმართ გრძნობა და მივხვდი, ან მასთან ერთად უნდა ვზიარებოდი ჩვენს არც თუ ისე სუფთა სიყვარულს, ან მარტო... მისგან მოშორებით მეწყევლა თავი. ასეთ დრო კი.. არ ვიცი, ვინ რას ირჩევს. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ვერაფრით ვეშვებოდით ერთმანეთს. ცხოვრება კი სწორედ ასეთი, წამიერი, დაუმორჩილებელი მომენტებისგან შედგება. საკუთარ თავს რომ აბიჯებ, რომ გგონია, უკან დასახევი გზა ყოველთვის გექნება, თუმცა გვიან აღმოჩნდება, რომ ყველა შენს ნაბიჯს იმაზე დიდი ძალა ჰქონია, ვიდრე იფიქრებდი. თუნდაც ერთ შეხედვას, თუნდაც ერთ კოცნას, თუნდაც ერთ ღამეს. აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა, ტუჩები რომ ზედმეტად დამიბუჟდა და სუნთქვა გამიჭირდა, მხოლოდ შემდეგ ავაკარი მკერდზე ხელისგულები და ვანიშნე, რომ დრო იყო, უკან დაეხია. ფრთხილად ჩამომშორდა, თუმცა უკან არ გაწეულა. ნაზად დამისვა საჩვენებელი თითი სახის ნაკვთებზე. თვალებსა და ცხვირზე, უხმოდ მომატარა თითები და წამწამებთან შეჩერდა. ისევ ისე.. ძველებურად დამკრა რამდენჯერმე ხელი ჯერ ერთ, მერე მეორე წამწამზე და კეფაზე ჩამაფრინდა იმავე ხელით
–ძალიან მალე დავიღლები თხოვნებით, მართა.. მერე კი, არ გეგონოს უბრალოდ, უყველაფროდ დაგანებებ თავს. არ გეგონოს, სხვასთან წახვალ და მშვიდად განაგრძობ ცხოვრებას..
–ანრი, გეყოფა.. – ამიკანკალდა ტუჩები
–არ გეგონოს, რომ როცა ძალიან დავიღლები, შენ შვებით ამოისუნთქებ, – ტუჩზე მტკივნეულად გადამისვა ცერა თითი და თავისკენ დამქაჩა. ჩემი სახისკენ უშფოთველი მზერით დახრილიყო, – მენატრებოდი ძალიან.. – ჩურჩულს გრილი სუნთქვა ამოაყოლა და წამების წინ დასიებულ ბაგეებზე ენის წვერი გადამისვა
–ცოტა ხნით მაფიქრე, – ვთხოვე და თავი დავხარე. აღარ შემეძლო მისი ასეთი სიახლოვე. ვეღარ ვითმენდი. ზედმეტად მინდოდა მასთან. ზედმეტად მიყვარდებოდა და, ამავე დროს, ზედმეტად ვბრაზობდი საკუთარ თავზე სისუსტის გამოჩენისთვის, – მეშინია შეცდომების, ანრი.. უნდა მაფიქრო ცოტა ხნით!
–ნუ კვებავ საკუთარ შიშებს, მართა! – გონებაში შემიძვრა. თავგზა ამირია. უსუფთაოდ აფათურა ჩემს ბედისწერაში ხელები და არეული, ზედმეტად გადამწვარი, ათასგვარი ემოციით სავსე დამტოვა.

***
არ დავხვდით მეორე დილას ანრის საკუთარ სახლში. არც ჩვენი ნივთები დახვდა საძინებელში.. რადგან შემეშინდა. მართალი იყო.. მართლა მეშინოდა და ამ გრძნობას ისეთი მონდომებით ვასხამდი ხორცს, თითქოს ჩემი მიზანი ყოფილიყო თავის ასეთი ტანჯვა. თუმცა, ერთი შეხედვით უშფოთველი, უბრალო მდგომარეობა არც თუ ისე მარტივად წარმომედგინა. მინდოდა ცოტა ხნით ჩემს თავთან მარტო დავრჩენილიყავი და მეფიქრა იმაზე, რა იქნებოდა ანრისთან ერთად და რა – მის გარეშე. ალბათ, უცხო თვალით რომ შემეხედა საკუთარი თავისთვის, ვერანაირ სხვაობას შევამჩნევდი ჩემსა და იმ ქალებს შორის, რომ ვერ გაურკვევიათ რა უნდათ ცხოვრებისგან, თუმცა.. მე ვიცოდი. უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა ჩვენს ერთად ყოფნას ფასი, ღირებულება, აზრი ჰქონოდა. ყველაფერზე თავის ქნევით კი ვერაფერს მოვახერხებდი. ვიცოდი, რომ ჩემი სისუსტის დღე დგებოდა. სწორედ ამიტომ მიძვრებოდა შიშნარევი ფიქრები, ოღონდ ისეთ დროს, ტიტე როცა მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. სხვა შემთხვევაში ვერც ფიქრს და ვერც დასვენებას ვახერხებდი. ზედმეტად ჭირვეული, მტირალა ახალშობილი იყო, თანდაყოლილი მოუსვენრობითა და რთული ხასიათით. ისე აკრუსუნდებოდა ხოლმე, მისი ლამაზი სახეც ვერ მავიწყებდა გადაღლას. ხშირად დავყურებდი ჩემი და ანრის ნაზავს და წინასწარ ვიცოდი, მზად ვიყავი ისიც ჩემთან ერთად გამეწირა ცხოვრებისთვის, რომელიც ვერასდროს იქნებოდა მშვიდი.
მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა, მაინც ვიცდიდი.. ვიცდიდი და ყოველ მეორე დღეს, ჩემთან, სტუმრად მოსულ ანრის ჩვენზე ნატვრის სურვილს უფრო და უფრო ვუღვივებდი. არ ვიცი, ეს ეგოისტური საქციელი იყო, დაუფიქრებელი ქალის უნიათო მცდელობა თუ საკუთარი თავისთვის სიძლიერისა და ნებისყოფის მტკიცება, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, ის დღეები რომ არა, ალბათ სულაც ვერ გაიაზრებდა ანრი, რისი გამოვლა მიწევდა მის გარეშე.
ის კი, მოდიოდა. მოდიოდა და მხოლოდ ტიტეს ნახულობდა. შემოვიდოდა, გვერდით ჩამივდილა და ჩვენი ვაჟიშვილისკენ რომ დაიხრებოდა, ჩემს არსებობს იმავე წამს ივიწყებდა. თითქოს არც ვიყავი იქ. თითქოს არაფერს წარმოვადგენდი. არა იმიტომ, რომ მისით იყო შეპყრობილი. არც იმიტომ, რომ ნაწყენი ან გულნატკენი იყო. უბრალოდ.. მე მსჯიდა. მსჯიდა უგულებელყოფითა და სიშორით. იმ სიშორით, რომელსაც იმაზე ცხადად ვგრძნობდი, ვიდრე მაშინ, სულ რომ არ იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი ორმხრივ, ბუნძურ თამაშს ჰგავდა. არცერთი მხარე რომ არ თმობს საკუთარ ტერიტორიებს, ბოლო იმედიც რომ იწურება და ეშხში შესულ მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები ყველაფრის განადგურებაზეც თანახმა არიან. ოღონდ დათმობაზე არ წავიდნენ.. ოღონდ რაიმეს აღიარება არ მოუხდეთ. იმ დღეებში, ერთმანეთთან უსიტყვო ბრძოლისას განსაკუთრებით ცხადი გახდა, რამდენად ერთნაირები, რამდენად შესაფერისები ვიყავით.

***
მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან წასვლაზე და მარტო დარჩენაზე ფიქრი ოდნავადაც არ მხიბლავდა, მაინც სულ მეფიქრებოდა ამ საკითხზე. შეგრძნება მქონდა, რომ მე და ტიტე ზედმეტად ვაწუხებდით თეაკოს და ზურას. ჩემს ძილთან ერთად მათი მოსვენებაც არაერთხელ დაარღვია პატარა ვაჟბატონმა. ამიტომ, ვცდილობდი, მათთვის ზედმეტი ტვირთი რაც შეიძლება მალე მომეშორებინა. როგორც აღმოჩნდა, ზურასაც ეფიქრებოდა ამაზე. ოღონდ, არა ჩემებურად.. პირიქით, ზედმეტად უმძიმდა შეჩვეულ პატარასთან განშორებაზე ფიქრი და ტიტეს მორიგი, ისტერიული ტირილისას, უშედეგო რწევისგან რომ დამიმძიმდა მკლავები და უპეებჩამოსიებული, ღამენათევი ჩამოვჯექი მისაღებში, მის წინ, მაშინ გამიზიარა თავისი წუხილი.
–თუ არ მორჩება ასე ტირილს, ნამდვილად გავგიჟდები.. – შევჩივლე მკლავებგამოწვდილ ზურას და უხმოდ გადავულოცე ვაჟიშვილი, – მოვძებნი რამე სახლს და გადავალ მასთან ერთად, შეგაწუხეთ თქვენც..
მზერა გაეყინა ზურას. შიში და სასოწარკვეთა გამოესახა უეცრად სახეზე და ისე აიხუტა ტიტე გულზე, უფრო მეტად უმატა ტირილს პატარამ. საოცარი ხმით ტიროდა და რაც უფრო მეტად ემატებოდა მის ხმას ყელიდან კანკალით ამომავალი სლუკუნი, მით მეტი ძარღვი მეჭიმებოდა ყელსა და კისერზე. ვეღარ ვუძლებდი ამ ხმას. ვერ ვუძლებდი და ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ ვგრძნობდი საკუთარი ვაჟიშვილის ტირილის გაგებისას ბრაზსა და წყენას, ნერვიულობასთან ერთად. ორი კვირისაც არ იყო ასე ტირილი რომ დაიწყო. მოაღებდა ხოლმე ლამაზ პირს და აღარაფერი შველოდა. არაფერი, რაც შემეძლო რომ მისი დამშვიდებისთვის გამეკეთებინა.
–აღარ თქვა ეგ, მართა, აღარ თქვა, რომ ადგებით და წახვალთ.. – თვალები გაფართოებოდა ზურას
–ჭირვეულია ძალიან, მამა, – გამეღიმა უნებურად მის შეშფოთებაზე
–იქნებ, რამე აწუხებს?
–სუფთაა, ნაჭამი, კარგად დანაყრებული, წესით არც მუცელი უნდა აწუხებდეს. ექიმმათ გვითხრა, ყველაფერი რიგზეაო. ალბათ..
–რა, მამი? – ჩუმად ჩამეკითხა, როცა შეატყო როგორ უმშვიდდებოდა ტიტეს სუნთქვა
–იქნებ, უბრალოდ ცუდად გრძნობს თავს.. არ ვიცი..
–კარგი რა, მართა. ახალშობილია, – ისე გაიცინა ზურამ, მაშინვე უკუვაგდე მოწოლილი ფიქრები.
–და რა ვუყო ამ ეშმაკუნა ახალშობილს? – ჩემდაუნებურად დამიტკბა ხმა მისი შეხედვისას
–ყველაფერი მარტივადაა, მართა, ნუ გგონია, რომ ცხოვრება აუცილებალდ გაგირთულდება.. – დამამშვიდა და ფეხზე წამოდგა. ტიტესთან ერთად. ოთახიდან უკითხავად გაიყვანა შვილიშვილი და საკუთარ საძინებელში შეიკეტა. ამ დღის შემდეგ ხშირად აკეთებდა ხოლმე ამას. მგონი ჩემი დარწმუნება სურდა იმაში, რომ სულაც არ აწუხებდა ტიტე, მისი მოვლა–პატრონობაც უყვარდა და მის გაუთავებელ ტირილსაც გმირულად უძლებდა. აღარ შევკამათებივარ. საშუალებას ვაძლევდი, იმდენი დრო გაეტარებინა მასთან, რამდენსაც მოისურვებდა. ჩემთვის ხომ ყველაზე თბილი ზურა იყო ბავშვობაში. ახლა დრო იყო, ტიტესაც ეგრძნო ასეთი სითბო ვინმესგან. მით უმეტეს, რომ მამისგან არ იყო ნაჩვევი უმიზეზო ფერებას. ანრი ხომ სულ სხვაგვარად ხვდებოდა ხოლმე მისი ჭირვეულობის საკითხს. ისე ჩამოდგებოდა აჩხავლებული ვაჟიშვილის თავთან, თითქოს არაფერი ესმოდა, თითქოს არაფერს დაერღვია ოთახში მყოფთა სიმშვიდე, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო.

***
მართალი იყო ზურა. ერთი შეხედვით, ყველაფერი იმაზე მარტივად იყო, ვიდრე მოველოდი. ადრე თუ ჩემი და ანრის ერთად ყოფნა პრობლემას წარმოადგენდა, ახლა, საერთო შვილი რომ გვყავდა, თითქმის ყველამ ჩვენი თანაცხოვრების საჭიროებაზე დაიწყო სჯა–ბაასი. ისე, თითქოს ჩვენი მშობლობა, დეიდობა, ბიძობა, ნაცნობობა და მეზობლობა იმის საშუალებას აძლევდათ, საღი აზრი გამოეფინათ ყველას წინაშე.
–ბავშვი ჰყავთ უკვე, იმ ბიჭსაც ჰყვარებია და რატომ არ მოაწერენ ხელს? – უკვე იმდენად ნაცნობი იყო ეს სიტყვები, აღარაფერი მიგრძვნია, როცა მამიდაჩემის ხმა შემომესმა საკუთარი საძინებლის შეღებული კარიდან, – ათას უბედურს მიჰყვებიან ცოლად და მართას რაღა დაემართა, რატომ ირთულებს საქმეს..
მისი თვალთახედვით საქმის გართულება, ჩემთვის საკუთარი გრძნობების გადაფასება, ცოტაოდენი ფიქრი და ამ პერიოდში მხოლოდ შვილთან გატარებული დღეები იყო. ამიტომ, მომესმა თუ არა მამიდაჩემის სიტყვები,მიძინებული ტიტე საწოლზე მივაწვინე და ოთახიდან ღიმილით გამოვედი
–მართალი ხარ, მარი მამიდა, ათას უბედურს მიჰყვებიან ცოლად, რაზე ფიქრობენ! – ჩამოვუჯექი წინ და დედაჩემის შემოთავაზებული ჩაი ისეთი ზიზღით დავაგემოვნე, შემეშინდა, სახეზე არ აღმეჭდვოდა განცდილი მდგომარეობა
–გაჰყევი იმ ბიჭს, მამიდა, გაჰყევი.. – მომთაფლა მარინამ და ხელზე ჩამებღაუჭა. დიდი, ლალისთვლიანი ბეჭედი მტკივნეულად ჩამეჭირა მაჯაზე
–ყოველ დღე მოდის, ბავშვისთვის საფენებიც კი არ აყიდინა მართას, ათას რამეს ყიდულობს, ტანსაცმელი გინდა, საწოვარა, წამლები თუ ბავშვის ლოსიონები. უნდა ნახო, როგორი ცოცხალი ბიჭია, ცოცხალი და კარგი შესახედაობის! – ჩაერთო თეაკო და ცოტა დამაკლდა ახარხარებამდე
–ანუ, ცოცხალი ბიჭია არა ანრი? – ტუჩები მოვკუმე და კიდევ ერთხელ მოვიყუდე ცხელი სითხე
–ეგ თავის დაფასება დაგღუპავს შენ, მართა! – გამიჯავრდა მარი მამიდა
–სად არის ზურა? – აღარ მომინდა ანრის ცოცხალ სახესა და შესანიშნავ აღნაგობაზე მათი აზრის მოსმენა
–შემაგვიანდებაო, ასე გადმოგვცა..
–კარგი. უნდა გავიდე მე, კესო და კახი გამომივლიან..
–ტიტე? – აღშფოთდა თეაკო
–გაიღვიძებს და წავალთ
–ნუ დააწოწიალებ მოუნათლავ ბავშვს აქეთ–იქით, მართა, – თავიდან დამეჯაჯგურა ხელზე მარინა და ბრაზით შეკრა წარბები
–ნუ გწამთ ამ სისულელეების, – ხელიდან დავუსხლტი და ფეხზე წამოვდექი, – მოუნათლავი ბავშვის გარეთ გაყვანა კი არა, უსიყვარულობაა და უყურადღებობაა საშიში. რა უნდა დაემართოს, მე იქ არ ვიქნები? ჩემი მკლავებიდან კი არ გავუშვებ..
–არ შესცივდეს, რამე არ მოუწიო ბავშვს, – არც თეაკო ჩამორჩა და ორივემ ერთად, ისეთი მზერით შემომიტა, წამით დავფიქრდი, მართლა ხომ არ ჩავდიოდი დიდ დანაშაულს ჩემი ერთი თვის ვაჟიშვილის მეგობრებთან წაყვანით
–დედა, ნუ დამთარსავ, ძალიან გთხოვ! – შევუღრინე გაღიზიანებით
–რა გინდა კახისთან? გამაგებინე, რა გინდა
–ჩემი მეგობრების ნახვა, ძველებურად, – ჩავიბურტყუნე და ფეხზე წამოვდექი.

***
კახისთან შესვლა და ტიტეს ჩემი მკლავებიდან გაქრობა ერთი იყო. ჯერ საბამ იჯერა გული მისი მოფერებით, მერე კესოს შეეყარა მოუთმენლობა და ხელიდან გამოსტაცა აღუღუნებული ტიტე, ბოლოს კი მშვიდად მყოფმა შიომ მოითავსა გულზე და უხმოდ, სიტყვის უთქმელად აკრძალა ტიტესთან მიკარება. დიდი დრო გასულიყო, რაც ცალკე მყოფი არ მენახა, არ დავლაპარაკებოდი და მისმა ტიტესთან ერთად დანახვამ მტკივნეული ბურთი გამიჩხირა ყელში. მონატრება მკლავდა. ისე მაკლდა, მისი შემყურე სუნთქვა მეკვროდა და ვცდილობდი, ნაკლებად მეფიქრა რომ იქვე.. იმავე ოთახში იყო, სადაც მე. ფრთხილად, უშფოთველად უსვამდა ტიტეს ზურგს ხელს და შიგადაშიგ ჩურჩულით იხრებოდა მისი ყურისკენ, თუმცა, არაფერი მესმოდა, რადგან ზედმეტად ხმამაღლა განიხილავდნენ კახი და საბა კესოს ახალ, დაქარგულ კაბას
–მართა, შენც არ მოგწონს? – ჯერ ისევ შიოს თვალებს მივშტერებოდი, კესოს ხმამ რომ გამომაფხიზლა
–მომწონს კეს, მართლა! – ვუპასუხე გულწრფელად და მკერდთან ამოქარგულ, ღია ატმისფერ ყვავილებს ავაყოლე მზერა, – მართლა ლამაზია..
–ისეთი ფასი მისცა, ლამაზიც აღარ იყოს? – გულით ეცინებოდა საბას
–ხელით ნაქარგია, დებილო! – გაუჯავრდა კესო და მკერდზე მიჰკრა ხელი
–ძალიან გიხდება, კესანე! – სიყვარულით სავსე ხმით ამოილაპარაკა კახიმ და სხეულზე აიკრა განაბული. გამეღიმა. გამეღიმა მათ სითბოსა და საბას სასაცილო გამომეტყველებაზე და თითქმის იმავე წამს გავიგე ტიტეს კრუსუნი. სწრაფად შევბრუნდი მისკენ და ინსტიქტურად გავიწიე შიოსკენ, რომელმაც უხმოდ მიაკრო ტიტეს პატარა უკანალს დიდი ხელისგული და ზემოთ ასწია. ჯერ ისევ აწუწუნებულს, სახე საკუთარ კისერში მოათავსებინა და ისე დაუმალა ცხვირ–პირი, სულ აღარ ჩანდა მისი ნამცეცა სახე. მიჩუმდა.. მიჩუმა ტიტე, შეიგრძნო თუ არა აცმაცუნებული ტუჩებით მისი კანი და თვალებიც ნებიერად მოხუჭა. მან კი.. ფრთხილად, თავის მოუბრუნებლად გამომხედა და სულ ოდნავ გამიღიმა. ვერაფრით შევძელი ღიმილითვე დამებრუნებინა პასუხი. მათ წინ, უღონოდ ჩამომდგარმა, მხოლოდ ის მოვახერხე, იქვე მდგარი სკამისთვის ჩამევლო ათრთოლებული ხელები
–სულ რაღაც აწუხებს.. – ამოვილაპარაკე და მის თითებს გავუშტერე მზერა, ჯერ ისევ პატარა სხეულზე რომ ათამაშებდა
–არაფერი აწუხებს, მშვიდადაა, ხედავ? – მითხრა ისეთი ტონით, მას რომ სჩვეოდა. ჰაერში გაიფანტა ჟღალი შიოს სიტყვები და გულს მოელამუნა მისი ხმა, – სიახლოვეს იგრძნობს თუ არა, მშვიდდება. სცადე ხოლმე ასე, მართა.. – გამიღიმა კიდევ ერთხელ და ხელი მოაშორა ტიტეს ლამაზად გაბზეკილ უკანალს. ჩემკენ გამოიშვირა, თითებით თავისკენ მიბიძგა და ჩამეჭიდა თუ არა მაჯაზე, უცნაურად ამოისუნთქა
–არ დამელაპარაკები?
–გელაპარაკები, შიო.. – მისი თბილი ხელი ლოყაზე ავიკარი
–ასე ხომ ყველას ელაპარაკები, – წყენა გაკრთა მის ხმაში და ფეხზე წამოდგა. ნელა მოძრაობდა, რომ მასზე მიხუტებული ტიტე არ შეეწუხებინა, – წამომყევი..
–სად მივდივართ? – კითხვით მივყევი უკან
–მოდი.. – კახის ოთახთან შედგა და ღია კარში გამატარა, – ჯერ ქალბატონი, შემდეგ კაცები..
გამეცინა. საძინებელში შევედი და მათკენ მივბრუნდი. უკვე მიხურულ კარს მიყრდნობოდა და ნაზი ღიმილით არწევდა ტიტეს
–რა გინდა ჩემგან, შიო? – გულიდან ამომავალი, მტკივნეული ხმით ჩავეკითხე და მაგარ საწოლზე მოწყვეტით დავეშვი
–მინდა, რომ ის ნიღაბი, რომელსაც დიდი ხანია უკვე დაატარებ ყოველი ჩემთან შეხვედრისას, სასწრაფოდ ჩამოიხსნა და დამელაპარაკო ისე, როგორც შენ შეგეფერება.. როგორც ჩვენ, მართა, როგორც მე და შენ გვჩვევია..
–მეც მინდა, ისევ მომხვიო ხელი და სიმშვიდე გადმომდო, შენი ჩემთან ყოფნა და მხარდაჭერა მაგრძნობინო. ამის მაგივრად კი..
–რა, მართა? შენს ვაჟიშვილს ვარწევ მკლავებში, არა? – მომიახლოვდა და წინ ჩამომიჯდა. ფრთხილად დააწვინა კახის საწოლის შუაგულში მოღუღუნე ტიტე, მაისურზე დამაგრებული საწოვარა ჩაუდო პირში და ჩემკენ გადმოხრილი, ძლიერად მომეხვია მხრებზე. ნაზად ამაკრო თავზე ხელისგული და ისე მიმიხუტა, როგორც წამის წინ ტიტეს იხუტებდა საკუთარ სხეულზე, – ახალი ეტაპი იწყება.. ახალი და ცოტა უფრო რთული. შენ კი.. ვატყობ, რომ ემზადები და არ მინდა ხელი შეგიშალო. თავადაც იცი, რის გაკეთებას აპირებ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას გეტყვის. არ აქვს.. არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვიფიქრებ, რას გირჩევ. უკვე გადაწყვეტილი გაქვს, რომ უბრუნდები..
ფეთიანივით მოვშორდი მის სხეულს. უკან გაწეული, ოლიმპიური სიმშვიდით მომზირალს წარბშეკვრით დავაკვირდი და ბრაზისგან აცახცახებულმა, კალთაზე დაწყობილი ხელებით მის მაჯებს ჩავაფრინდი
–შენ რა იცი, შიო? შენ რა იცი! – ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა აღელვებით ნათქვამი, – შენ არაფერი იცი!
–შევცდი?
–შიო..
–მითხარი, მართა, ვცდები? – გამყინავი ხმით გამაწყვეტინა და მაჯები გაითავისუფლა. ფრთხილად გააცურა უკან ხელები და თითებით აიხლართა ჩემს თითებში. ერთიანად ამიხურდა ჩვენი შეერთებული ხელისგულებიდან წამოსული სიცხისგან მთელი სხეული, – მითხარი.. არ გაქვს გადაწყვეტილი? არ უბრუნდები? მთელი ეს დრო მასთან დაბრუნებაზე არ ფიქრობ?
–შენ რა იცი.. – გავიმეორე ჯიუტად და ფრჩხილები ჩავაჭირე მის კანს
–მე და შენ ერთმანეთის თვალების კითხვა ვიცით. ამიტომაც გვტკივა ახლა ორივეს გული. შენ შეატყე, რომ შენსავე სისუსტეს მიგიხვდი და ამის გამო მთელი თვეა არაფრად მაგდებ. მე კი შეგატყვე, რომ თავით ფეხებამდე აბლანდული ხარ საკუთარ გრძნობებში..
–ამიტომაც შემომცქერი არა გაღმა ნაპირიდან?
–დიახაც. შენ რა, გგონია, წინ გადაგეღობები და თავს მოვიკლავ იმის ძახებით, რომ ჩემი ძმაკაცი არ არის შენნაირი ქალის ღირსი? დაფიქრდი, მართა, დაფიქრდი, ვინ რა ვართ ერთმანეთისთვის.. დაფიქრდი, ვის სიტყვას აქვს ფასი მაშინ, როცა გრძნობებსა და სიყვარულს შორის საბოლოოდ იშლება სწორისა და არასწორის ზღვარი!
–გაჩერდი, გეხვეწები.. – უნებურად მოვყევი თავის ქნევას
–სადაც ასეთი სიყვარულია, იქ ზედმეტია სხვა ადამიანთა ფიქრები, მართა! ზედმეტია სხვა ადამიანთა აზრი, რადგან.. თუ ამხელა გრძნობაა სახეზე, აუცილებლად შეგიძულებენ შენი ზედმეტად რეალური წარმოდგენის გამო.. ასეთ დროს, ყველაზე მეტად სწყინთ მეგობრების საღი აზრი. ყველაზე ნაკლებად უნდათ სწორი ამბის მოსმენა, სწორი კუთხით ხედვა. რატომ უნდა გატკინოთ რომელიმეს გული, როცა ვხედავ, რომ განზრახ, გააზრებულად დგახართ არასწრ მხარეს. თქვენსავე არჩეულ, სრულიად სხვა განზომილებაში, რომლიდანაც ვერაფერს ხედავთ.. საერთოდ ვერაფერს, ერთმანეთის გარდა..
–აფორიაქებული ხარ, შიო.. – გაკვირვებით აღმომხდა და მისკენ მივიწიე. ზუსტად ისე მოვავლე სახეზე ხელები, მას რომ სჩვეოდა ხოლმე და ნაზად დავუსვი თითები ლოყებსა და თვალის უპეებზე, – რამ აგაფორიაქა?
–შენმა ფიქრებმა.. იმის გაფიქრებამ, რომ ჩათვალე, რამის გაკეთების უფლება მქონდა.. და ამ ყველაფრის შემდეგ შენმა საყვედურნარევმა სახემ. არ ღირს.. მე ხომ არარაობა ვარ..
–რას ამბობ, შიო? – უცნაურად ჩამიწყდა ხმა, – აღარ გაიმეორო ეგ..
–ნუ შეშინდი, მართა. ეს სხვებს ჰგონიათ არარაობად ქცევა დასასრული. სინამდვილეში მხოლოდ იმას ნიშნავს რომ არაფერი ხარ.. მე კი ვგრძნობ, რომ არაფერი ვარ, არავინ ვარ ახლა..
–ვერ ვხვდები, როდის იგრძენი რომ არაფერი ხარ.. ან ჩემთვის, ან ანრისთვის? – ნერვიულად გამეცინა და ხელები ისევ კალთაზე დავიკრიფე. ცოტა ხნით ჩუმად მიყურა, მერე ჟღალ თმაში შეიცურა ორივე ხელი და უკან გადაივარცხნა. ნათელი თვალები უფრო მკაფიოდ გამოეკვეთა. თვალებითა და გადარკალული, ღია წარბებით შემომანათა და სითბონარევი ხმით შემომიბრუნა კითხვა
–წამომყვები კვირის ბოლოს სანაპიროზე? ადრიანად გავიდეთ, დილით.. ფრანები ვიყიდე, ამჯერად ორი..
–ჩვენთვის იყიდე? – არ ვიცი რატომ, მაგრამ საოცრად მომინდა ტირილი. ბედნიერებისა და ნოსტალგიისგან კი არა.. შიოს მდგომარეობის გააზრებისას. არ იყო კარგად. მის თვალებში ვკითხულობდი, რომ აღარ იყო კარგად.. მე კი, მისი ცვლილება გამომპარვოდა. ვერ ვაპატიე საკუთარ თავს მისი შინაგანი სამყაროს დაუნახავობა და სწრაფად ავარიდე თვალი, რომ იმავე წამს არ ავღრიალებულიყავი ზედმეტი ემოციისგან
–ჰო.. ანრის დაუტოვე ტიტე და ჩვენ გავუშვათ.. ამჯერად გავუშვათ ფრანები..
–კარგი.. – უკითხავად შემიძვრა სხეულში უხილავი სულები და ისე აფათურდა გულთან ახლოს, საკუთარი გულისცემის ხმაც კი მომესმა. დაუკითხავად, უსამართლოდ გამყიდა ცრემლებმაც და ისე წამომცვივდა გადაღლილი თვალებიდან ერთმანეთის მიყოლებით მარილიანი სითხის ბურთულები, თავს ვეღარაფრით ვიკავებდი
–ნუ ტირი რა, მართა.. ბედნიერი ხარ ახლა, ხომ ვხედავ, ამიტომ, ნუ ტირი, – ცერა თითები შემაშველა შიომ და ღიმილით სცადა სახე გაეწმინდა ჩემთვის, თუმცა ვერაფრით მოახერხა. მაშინ უფრო ახლოს მოიწია, მაისურის ბოლოს ჩაავლო ხელი და მოხერხებულად, ზედმეტი სიფრთხილით გამიმშრალა სახე
–არ ხარ არარაობა.. არ ხარ არაფერი, ხომ იცი, შიო? – ჯერ ისევ ამთრთოლებოდა ხმა.
შიო ყველაზე ნაკლებად იყო არარაობა.. და ყველაზე მეტად მინდოდა რომ ეს ეგრძნო.
–როდის ეტყვი ახალ ამბავს ანრის?
–რომ მოვა.. – ამოვილაპარაკე და მისკენ გავიწიე. თავიდან მოვხვიე მკლავები, თავიდან ჩამოვადე მხარზე სხველი ლოყა და თავიდან, სულ სხვა ემოციით გავუზიარე საკუთარი გულის ფეთქვა, რადგან მომეჩვენა, რომ მისი გული ზედმეტად შენელებული, ზედმეტად ზანტი მოძრაობით ეხეთქებოდა გულის კედელს.

***
ჩემი საძინებლის ფანჯარასთან ჩამომდგარიყო. როგორც ყოველთვის, მხრებში მოხრილი, მოშვებული სხეულითა და სიგარეტით ხელში. არ ეწეოდა. ტიტესთან ერთად იშვიათად, ან საერთოდ არ ეწეოდა. თუმცა, ჩვეული ჟესტით, მაინც ხელში ათამაშებდა ხოლმე სიგარეტის ღერს მანამ, სანამ დაძველებული, ორ ნაწილად არ გადატყდებოდა. მერე დახედავდა, ჩუმად, თავისთვის შეიკურთხებდა და ჯიბეში ჩაიტენიდა საკუთარი ნებისყოფასავით განადგურებულს. ალბათ, ამიტომ ასდიოდა მუდამ თითებზე ნიკოტინის სუნი. ისე გასჯდომოდა კანზე მისი სურნელი, ყოველი ხელის ჩაქნევისას ვგრძნობდი. განსაკუთრებით მაშინ, ჩემს სახესთან რომ იყო ახლოს. ლოყასა და ნიკაპზე რომ დამისვამდა საჩვენებელ თითს ან ჩემს წამწამებზე რომ ათამაშდებოდა ხოლმე. იმ დღესაც ასე ჩამომდგარიყო, ფანჯარასთან და თან ტიტესკენ აპარებდა მზერას. უცნაურ ხასიათზე იყო. მხოლოდ რამდენჯერმე გაუღიმა მოღუღუნეს, შემოსვლისას ფრთხილად აკოცა თავზე და მას შემდეგ არც მიკარებია. ვიცოდი, ჩემთან უფრო იყო იმ დღეს მოსული, ვიდრე საკუთარ ვაჟიშვილთან. არასდროს იყო რთული მისახვედრი, რომელს უფრო ხშირად დაგვეძებდა თვალებით
–საწოლი, კალიასკა და მანქანის სავარძლები შევათვალიერე გუშინ.. – მითხრა სასხვათაშორისოდ და ფანჯრის რაფაზე მიაკაკუნა. დავინახე, როგორ დაფრთხნენ მის ქცევაზე რკინის გაწეულ რიკულებზე ჩამომსხდარი პატარა ჩიტები და უნებურად გამეღიმა. მგონი, ანრიც კმაყოფილი იყო. თავი ისე გააყოლა მაღლა აფრენილ ცოცხალ არსებებს, თითქოს თავად არ ყოფილიყო მათი გაძევების მიზეზი.
–მერე? – ლაპარაკი რომ არ განაგრძო, მისი ყურადღება მივიქციე
–ბევრნაირია, ათასნაირი დიზაინის. ვიფიქრე, შენთვის მნიშვნელობა ექნებოდა ამას, ამიტომ აღარ ვიყიდე უკითხავად, – გამომხედა და მის მზერაზე მივხვდი, რამდენად არ ადარდება ტიტეს საწოლისა და ზეწრების ფერები
–არ აქვს დიდი მნიშვნელობა
–მაშინ ვუყიდი ნებისმიერს, – დამიქნია თავი კმაყოფილმა
–არ არის აუცილებელი ყველაფერი უყიდო, – ვუთხარი და მოფართხალე ტიტე მუცელზე გადავაბრუნე
–სერიოზულად, მართა? ეს ყველაფერი თუ არა, ჩვენ სხვა რა უნდა მივცეთ ბავშვს? – ირონიით გაჟღენთილი ხმით ჩამეკითხა. კარგად რომ არ მცნობოდა მისი ხასიათი, აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ მართლა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობით უზრუნველყოფა გაეხადა მიზნად კარგი მამობისთვის. თუმცა, ისე ცხადად აღვიქვამდი მის თვალებში ჩემსავე ფიქრებს, ვეცადე მეტად აღარ გამეღიზიანებინა
–კარგი, უყიდე რაც გინდა და რამდენიც გინდა, – დავთანხმდი და მზერა მოვარიდე
–და მერე?
–რა, მერე?
–აქ მოგიტანო ის ყველაფერი? მორჩა? აქ აპირებ ანუ ცხოვრებას, არა?
–დამშვიდდი, ანრი..
–რაც ჩამოვედი, ვდგავარ და სირ*ვით გელოდები, ხვდები ამას არა, მართა?
–ვხვდები, – ამოვიხვნეშე და მის სულ ოდნავ აწითლებულ სახეს გავუსწორე მზერა, – ვხვდები და მინდა ყველაფერი მოგვარდეს.. თუმცა, ვერ ვიცლი ჩვენზე ფიქრისთვის, – ვაღიარე და რატომღაც, ანერვიულებულმა, გულზე ჩამოვისვი ხელები. სიტყვების თქმის შემდეგ გავიაზრე, რომ მასთან დაბრუნების სურვილი გამოვთქვი, ამ დროის განმავლობაში ნაფიქრი გავუზიარე და სანამ საკუთარ მდგომარეობას უფრო მეტად დავუფიქრდებოდი, მანამ შევნიშნე მისი შეცვლილი რეაქცია. სწრაფად მოშორდა ფანჯარას, ჩვენთან მოვიდა და წინ ჩამომიჯდა
–ტიტე გიშლის ხელს ჩემთან დაბრუნებაში? – გამომცდელი მზერით გამბურღა. მხოლოდ მას თუ შეეძლო, საკუთარ შვილზე ისე ესაუბრა, როგორც რაიმე დამაბრკოლებელ ფაქტორზე. ვიცოდი, სპეციალურად აკეთებდა ამას. მშვენივრად გამოსდიოდა სხვისი გრძნობებით მანიპულირება.
–რას ამბობ, ანრი? – ბრაზი გამერია ხმაში
–სიმართლეს.. არ გაბედო და აღარ დააბრალო ჩვენს ჩვილ ვაჟიშვილს ის, რომ ჩამოუყალიბებელი და მერყევი ქალი ხარ, რომელსაც ისიც ვერ გაურკვევია სჭირდება თუ არა კონკრეტული კაცი გვერდით, – მომახალა ზედმეტად მშვიდი ხმით და ტუჩის კუთხეები დემონსტრაციულად ასწია
–თუ ასეთი სუსტი ვარ, შენ რაში გჭირდები? – გაბრაზების მაგიერ გულით გამეცინა. მან კი ცხვირზე დამკრა თითი და უფრო ფართოდ გამიღიმა
–რა მნიშვნელობა აქვს, მართა, სისუსტესა და სიძლიერეს. რა შუაშია ეს ყველაფერი სიყვარულთან და იმასთან, რომ შენთან ყოფნა მინდა..
–ხოდა მორჩი ჩემს დამცირებას, ჩემი აზრზე მოყვანის მიზნით!
ცოტახნით ჩუმად მაკვირდებოდა. მერე ტიტეს დახედა და განაბულს, გამობზეკილ უკანალზე გადაუსვა ხელი
–სად ავაწყო მისი საწოლი, მართა? – ისე მკითხა, თვალი არ მოუშორებია. ფრთხილად დაიხარა და მისი პატარა სახის გასწვრივ მოათავსა საკუთარი. თითქმის ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს. ერთნაირი ფორმისა და სხვადასხვანაირი ზომის თავები ჰქონდათ
–მითხარი, ანრი, მხარს დამიჭერ? ყოველთვის დამიჭერ მხარს, როცა რამე დაბრკოლება შეგვხვდება? – ვკითხე და ოდნავ უკან დავიხიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ უნებურად გავიფიქრე, რომ იმ მომენტში, მათთვის განკუთვნილ წუთებში, ზედმეტი ვიყავი..
–არ ვიცი. აბა, წინასწარ რას დაგპირდე, მართა, რაც არ ვიცი..
სანამ რამის თქმას მოვახერხებდი, მანამ მივხვდი, რომ სულაც არ გამაღიზიანა მისმა პასუხმა. შეიძლება ბევრი ცუდი თვისება ჰქონდა, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ტყუილი დაპირება მოეცა ჩემთვის.. არასდროს მქონია შეგრძნება, რომ გულწრფელობა და სინამდვილე აკლდა მის ერთი შეხედვით სათნოებას მოკლებულ ხასიათს.
–პასუხს ველი, მართა..
–რა მნიშვნელობა აქვს სად ააწყობ საწოლს, ანრი, ნუ გადამრიე! – წამოვიძახე გაღიზიანებულმა და ფეხზე წამოვხტი. თავად არც კი შემკრთალა. არც გამოუხედავს. კიდევ უფრო ახლოს მიჩოჩდა ტიტეს სახესთან და წინ წამოწეული ტუჩებით მის ტუჩებს შეეხო. ნაზად, ღიმილით დაუკოცნა დაღებული პირი და ხმამაღლა, ჩემს გასაგონად, ღიმილით ამოილაპარაკა
–არ აქვს მნიშვნელობა სად დაიძინებ, ტიტე?
–შენთან მოუმზადე საწოლი, – ვუთხარი და მხოლოდ ამ სიტყვების თქმის შემდეგ დავიმსახეურე მისი ყურადღება. ისე სწრაფად მოშორდა ტიტეს, გააზრებაც ვერ მოვასწარი. წინ ამესვეტა და სახეში ჩამაშტერდა. აღარ იღიმოდა. სულ არ ეტყობოდა მხიარულება. მხოლოდ დაკვირვებით შემომყურებდა და უკვე წელზე ჩავლებულ ხელებს მოუსვენრად ათამაშებდა ჩემს მოშიშვლებულ კანზე
–ნუთუ ჩემმა მართამ ასე კარგად შემუშავებული სტრატეგია დათმო! – ამოილაპარაკა და კბილები გამოაჩინა
–რაზე ლაპარაკობ, წარმოდგენაც არ მაქვს.. – ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა. როგორ შეეძლო ყველგან.. ყოველთვის, ჩემი ყველა ქმედება, ყველა ფიქრი გაეშიფრა
–სხვა შანსი არც გქონია, მართა. ხვდები ხომ ამას?
–საჭიროა ახლა ამის თქმა? – მისი შეხებისგან ერთიანად მაჟრჟოლებდა. დავუბრუნდი.. დავუბრუნდი და ის სიხარულს კი არა, საკუთარ სიამაყესა და კმაყოფილებას აფრქვევდა თვალებიდან
–საჭიროა.. – მიჩურჩულა და ისე სწრაფად ამიტაცა ხელში, კივილი ავტეხე
–დამსვი, ანრი, დამსვი!
–როგორ მიხარია, ათასი საზიზღრობა რომ არ გამაკეთებინე, შენს დასაყოლიებლად, – ბარძაყებზე ამომდო ხელები და იძულებული გავხდი, მის წელს სუროსავით შემოვხვეოდი, – როგორ მიხარია, რომ არ გამაბოროტე..


***
ტიტეს ლოგინი თეთრი იყო. თეთრი და ოთხკუთხა. სარწეველა სკამის გვერდით, ოთახის შუაგულში მდგარიყო. ზემოდან ღია, ბაცი ნარინჯისფერი ზეწარი გადაეკრა და რამდენიმე რბილ სათამაშოსთან ერთად მრგვალი, მზესავით ბალიშები ჩაემწკრივებინა ერთმანეთის მიყოლებით. საწოლის თავთან კედელზე მიმაგრებული, პატარა ზომის, ფერადი ნათურები დაემაგრებინა. იმდენად ლამაზი და სუფთა იყო ყველაფერი.. ისე ქათქათებდა ოთხივე კედელი, ვერაფრით ვიჯერებდი რომ სულ ცოტა ხნის წინ ამავე ოთახში ანრის მუქ ფერებში გაწყობილი, მუდამ ნახევრად ჩაბნელებული კაბინეტი განთავსებულიყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ტიტესთვის ოთახი საკუთარი ხელებით მოეწყო.. ყველა დეტალს, ყველა სურათსა და კუთხეს ეტყობოდა, რამხელა ძალისხმევა ჩაედო, როგორი დაკვირვებით შეექმნა ჯერ ისევ ჩვილი ვაჟიშვილისთვის საკუთარი სივრცე
–შენი ნივთები? – სხვა ვერაფრის თქმა მოვახერხე. დაბნეულმა, ჩემს მხრებზე დაწყობილ მის თითებს ჩავეჭიდე და ქვემოდან ავხედე, უკან გადაწეული კისრითა და მკრთალი ღიმილით
–გადავანაწილე სხვა ოთახებში..
–ლამაზი ფერებია. როგორ მოგინდომებია, ანრი, – გამეღიმა კიდევ ერთხელ და ვიგრძენი, როგორ ამეკრა ზურგზე მკერდით კიდევ უფრო მჭიდროდ
–სანამ გავიგებთ მას რომელი ფერები უყვარს, შენი ფერებით გაწყობილ ოთახში ბრძანდებოდეს, – ჩაეცინა თავადაც და ცხვირით გამეხახუნა თავზე
–ჩემი ფერებით?
–ჰო.. ნარინჯისფერი, ყვითელი, ატმისფერი..
–ჰო, სინათლის ფერები! – ბედნიერი ღიმილი გამომესახა სახეზე. მიხაროდა.. მიხაროდა, რადგან ყველა მის სიტყვას, ყველა კედელს, ყველა ქცევას ეტყობოდა, რომ ჩვენზე იმაზე მეტი ეფიქრა, ვიდრე ჩვეულებრივ, მას სჩვეოდა.. არა მხოლოდ ჩემზე, ან ტიტეზე, არამედ, ორივეზე ერთად.. ერთ მთლიანობად აღგვიქვამდა თითქოს. იმდენად მძაფრად შევიგრძენი მაშინ ჩვენი, სამივეს ერთიანობა, ვერაფრით მოვუყარე სახის ნაკვთებს თავი და ისევ ღიმილად დავიღვარე. მერე კიდევ ერთხელ, ერთიანად შევავლე თვალი ოთახს და მივხვდი, რაზე ფიქრი მაწუხებდა მთელი ამ დროის განმავლობაში
–შენს საძინებელში უნდა იდგას მისი ლოგინი, – ამოვიბურტყუნე და მისკენ შევბრუნდი
–ჩვენთან? – გაყინული მზერით დამხედა ზემოდან
–ჰო, ჩვენთან..
–აქ დაიძინებს ტიტე, თავის ოთახში. რა უნდა ჩვენს საძინებელში? – ჩამეკითხა და ცხვირით გამეხახუნა ცხვირზე
–ჯერ ძალიან პატარაა..
–შეეჩვევა
–ღამით უნდა ვხდავდე, ანრი
–ღამით მე უნდა მხდავდე, მართა..
–გეყოფა, – მაშინვე შევკარი წარბები
–ღამით მხოლოდ მე უნდა მხედავდე, ჩემი ხმა გესმოდეს. ვეღარც მოგეფერო? – გაიკვირვა და მხრებზე ჩამომისვა ხელები
–ბუნებრივ კვებაზე მყავს
–გადმოიყვან ხოლმე, აჭმევ და დააბრუნებ საკუთარ საწოლში. გადამცემს ვიყიდი, ლაპარაკს რომ ისწავლის, გამოგვიძახებს კიდეც, – იხუმრა და წელზე მომავლო ხელი,– შეგიძლია ნებისმიერი რამ შეცვალო ოთახში..
–რატომ იქცევი ასე?
ჩემი კითხვისთანავე დაეძაბა სხეული. ძლიერად მომიჭირს თითები და ცალი ხელი ნიკაპზე ჩამავლო
–როგორ ვიქცევი, მართა? რა გგონია, საკუთარი წესები არ გამაჩნია შვილის აღზრდის? გგონია უფლებას მოგცემ კალთაზე გამოიკერო და ყოველ წამს თან ატარო?
–რა შუაშია ეგ, ანრი
–არ გამაბრაზო, მართა. არ ჩაერიო იმაში, რაც ჩემი გადასაწყვეტი იქნება, გესმის?
–ნუ მელაპარაკები ასე, – მის თითებს ჩავეჭიდე ხელებით, – და ახლა მომეფერე, სანამ დედაშენი გადაურევია ტიტეს.. – სხეულზე ავეკარი და მისი კისრისკენ გავაცურე მკლავები
–მოენატრა მართას ჩემთან სექსი? – ტუჩები გაისველა და მაისურში შეცურებული თითებით მკერდისკენ ურცხვად გაიკვლია გზა. გადაჩვეული ვიყავი მის შეხებას და მთელი სხეული რომ დამეჭიმა, მაშინვე შეჩერდა. უფრო მეტად მიმიზიდა და მოხუჭული თვალები უცნაური ჟინით დამიკოცნა
–არ მეუხეშო, ანრი.. – აღმომხდა კვნესით და მის მკლავებს დავეყრდენი. ზედმეტად მომნატრებოდა. ზედმეტად მსიამოვნებდა მისი სველი ტუჩების კვალი ჩემს სახეზე, ყელზე, კისერსა და მუცელზე. ყველგან იყო.. ყველგან მეხებოდა, სხეულის ყველა ნაწილს უნაწილებდა ყურადღებას და ჩემი გაფრთხილების მიუხედავად, თავისებური სიუხეშით, ძლიერად მიკრავდა მკვრივ გულმკერდსა და მენჯზე
–შენთან მინდა, მართა, და ნუ მაიძულებ თავის შეკავებას, – გამოსცრა კბილებს შორის და ისე დამეტაკა ტუჩებზე, სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. მხოლოდ ავყევი. ავყევი იმ ვნებას, მისი თავდაპირველი შეხებისთანავე რომ განვიცდიდი და დახორკლილი სხეული უხმოდ მივაბარე სუნთქვაარეულს. ნუთუ, სხვის შეხებაზეც შეიძლება ასე ამჩქარებოდა გული.. ნუთუ, ყველა კაცი ასეთი დაუმორჩილებელი, თავნება იყო ქალის სხეულთან შეერთებისას. ნუთუ, ყველას ისე ემღვრეოდა თვალები, როგორც მას, ჩემი ხმის გაგებისას, იმ დროს, ტკივილნარევი სიამოვნებისგან რომ ვერაფრით ვახერხებდი ემოციების შეკავებასა და მსუბუქად მოძრაობას. გიჯდებოდა.. გიჟდებოდა, როცა ხედავდა, როგორ მეჭიმებოდა ტანი, როგორ მეზნიქებოდა სხეული უკან და როგორ მითრთოდა თითები მისი შეხებისას. თუ მოვახერხებდი, რომ თვალები გამეხილა, ცხადად ვხედავდი, კმაყოფილი, გაცხოველებული მზერით რომ დამყურებდა ზემოდან. ყველაფერს აკონტროლებდა. მაშინაც კი, როცა მე ქვეყნიერებას ვწყდებოდი მისი შეხებისას. თვეების მერეც არაფერი შეცვლილიყო. ისეთივე განცდით შევუერთდი მის სხეულს, ისეთივე გრძნობა დამეუფლა, როგორიც ადრე.. ტიტეს ჩასახმავდე. თითქოს ძალას მაცლიდა, სხეულის ყველა ნერვს დაუნდობლად აღიზიანებდა და ჩემგან გამოწოვილ ენერგიას თავისთვის იტოვებდა. ჩემით ივსებოდა.. ბოლომდე მაცლიდა სიძლიერის ყველა წვეთს და ჯიუტად დამაჩერდებოდა ხოლმე სახეზე. ხშირად ღიმილიც გადაურბენდა მოკუმულ ტუჩებზე, ძალაგამოცლილსა და ერთიანად მოშვებულს რომ დამიგულებდა. უკითხავად, უთქმელად მხვევდა ასეთ დროს შიშველ სხეულზე მკლავებს და საკუთარ მკერდზე მათავსებდა. მე კი ვისვენებდი, ვეღარაფერს ვახერხებდი დასვენების, სუნთქვის დარეგულირების გარდა.. ყოველთვის ასე იყო. იმ დღესაც, ტიტეს ახალი ოთახის იატაკზე. მის მკერდზე მისვენებულს, იმის თავიც არ მქონდა, სახეზე შემეხედა მისთვის. ყურით მისი გულის კედელს ავკრობოდი და ჩემი აჩქარებული, გადაღლილი გულისგან სრულიად განსხვავებული, მშვიდი და გაწონასწორებული ფეთქვა კიდევ ერთხელ მახვედრებდა, რამდენად მარტივად შეეძლო ჩემი კონტროლი. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად დავყავით. მერე, მე რომ ისევ მომეცა ძალა და ანრის სიგარეტის მოთხოვნილებამ შეახსენა თავი, ფრთხილად წამოვიწიე. იქვე მიყრილი ჩვენი ტანსაცმლიდან მის პერანგს დავწვდი და შიშველ სხეულზე მოვიხვიე. ზურგით ცივ, ქათქათა კედელს ავეკარი და მშვიდად მივაჩერდი წამომდგარ ანრის, ჯინსისამარა ჩამომდგარი, სიგარეტს რომ უკიდებდა
–ბავშვის ოთახია.. – გავახსენე, გამოუშვა თუ არა დაშორებული ბაგეებიდან წვრილ ზოლად კვამლი
–დიდი ამბავი. სექსიც გქონდა ბავშვის ოთახში, გახსოვს? – ჩაეცინა ირონიულად და ფანჯარასთან მივიდა. ფართოდ გამოაღო და უკან დაბრუნდა
–რა შუაშია ერთმანეთთან, – ტუჩები ავიბზუე და მოღეღილ გულზე დავისვი ხელი, – გავუაროთ რა ტიტეს..
შიშველი ტერფებით მომიახლოვდა, ჩემს მოკეცილს ფეხებთან ჩამოჯდა და ბარძაყებზე ამითამაშა თითები
–ჰყავდეს ტატას ცოტა ხნით, არ ენდობი? – გაეცინა და ცხვირზე დამკრა თითი, – დავლიოთ ყავა?
–დავლიოთ. ნუ მიხლართავ წამწამებს..
–ნუ ისვამ ამ რაღაცას! – გამიბრაზდა მოჩნევებით, – რას იტყვი? მოგნატრებივარ სულ ცოტათი მაინც?
–მომნატრებიხარ.. – საკუთხარმა აღიარებამ გული ამიჩქარა, – ახლა რა იქნება, ანრი? – დავნებდი და თვალები დავხუჭე, რომ არ დავბრმავებულიყავი. მან კი, აშკარად კმაყოფილმა, ჩემს წამწამებზე თამაში განაგრძო საჩვენებელი თითით
–ნუ იცი ყველაფერზე წინასწარ დარდი. უბრალოდ, ეცადე, რომ ყველაფერი რიგზე იყოს, მართა..
–მეე? – უცებ გავახილე თვალები და მისი ხელი მოვიშორე, – მე ვეცადო მხოლოდ?
–რომ მიმატოვო, მართა.. – მომეჩვენა, რომ გამაფრთხილებელ ტონს ბრაზიც გაურია და გამიკვრიდა. ვერ მივხვდი, რა აღიზიანებდა ასე ძალიან, – რომ მიმატოვო, რამე რომ გააფუჭო.. ხომ იცი რაც მოხდება?
–ყველაფერი დასრულდება, – გადაღლით ამოვილაპარაკე და წამოდგომას შევეცადე, ბარძაყზე სწრაფად ჩაფრენილი ხელით რომ დამაბრუნა უკან და სიცილი ატეხა. მოულოდნელობისგან შევხტი, ის კი გულით იცინოდა, თავიც კი გადააგდო უკან, თამამად რომ ამოსვლოდა ყელიდან ხმა. ამოისუნთქა თუ არა, გასწორდა, თითები ძლიერად ჩამაჭირა კანში და თვალი თვალში გამიყარა
–არაფერიც არ დასრულდება, მართა! თუ მიმატოვებ.. ამის მერე, თუ ეცდები და ჩემგან შორს წახვალ, თუ ეცდები, ტიტე მომაშორო, იცოდე.. კი არ დასრულდება, მერე დაიწყება შენთვის ჯოჯოხეთი, – ბოლომდე ჩამწვარი ღერი ფანჯრისკენ მოისროლა. წამით გააყოლა თვალი და ისე ახლოს მოიწია, სუნთქვა გამიჭირდა. არაფრად ჩააგდო ჩემი დამფრთხალი მზერა. სწრაფად შემომაჭდო მკლავები წელზე და მუხლებზე გადამისვა
–ვერ ვიტან.. ვერ ვიტან ასე რომ იქცევი და იცოდე, კიდევ თუ დამემუქრები, აუცილებლად ინანებ! – მკერდზე ძლიერად მივაარი ხელისულები, თუმცა ოდნავადაც ვერ გავატოკე
–ესეც მუქარაა.. – თავის დაქნევით მომახსენა და ცხვირზე მაკოცა, – შენც კარგად გამოგდის..
–ორი დღეა შევრიგდით და უკვე მომავლით მაშინებ, ანრი. ეს კი არ არის ნორმლაური. ხვდები,ა რა? – უღონოდ ჩამოვუშვი ხელები. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა მასთან ჭიდაობას.
–თუ გიჩნდება შიშის გრძნობა, ესეიგი საჭიროც ყოფილა შენი გაფრთხილება.. ჩემი მართა ვერასდროს დააღწევს ანრის თავს!
–ღმერთო, ეს ვის გადავეყარე! – გულწრფელი კითხვა გამიჩნდა, სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე და გამკიცხავად გავაქნიე თავი
–გააკეთებ ყავას? – ჩამეკითხა ღიმილით, გამხიარულებული და ფეხზე წამომაგდო, – მიდი რა, გეხვეწები..
–ახლავე, – წელში გაჭირვებით გავსწორდი. სულ ერთი წამით, ზემოდან დავაჩერდი სითბოთი მომზირალი, ცივი ბიჭის თვალებს და მზერა გამიშტერდა
–მითხარი, მართა, რისი თქმა გინდა.. – შემაგულიანა მაშინვე
–რისი შიში გაქვს ასეთი, რომ მუდამ მუქარით ცდილობ ჩემს დაჭერას, ანრი?
ჩემმა კითხვამ დააბნია. ცხადად დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები და უცნაური, თითქოს ამაყი მზერა მომაპყრო
–იმდენად ბინძური ხასიათი მაქვს, მეშინია არ მოგინდეს, როდესმე მაჯობო. მეშინია, ჩემს წინააღმდეგ წასვლა არ დაგჭირდეს, ის არ გააკეთო, რაც მიუღებელი იქნება ჩემთვის, რადგან მერე.. მერე ჩვენს სიყვარულსაც კი არ დავინდობ, – მითხრა და ფეხზე წამოდგა, – ყავა გააკეთე და შარვალი ამოიცვი, თორემ არც მოთმინებით გამოვირჩევი დიდად, – მომაძახა სასხვათაშორისოდ გვერდით ჩავლილმა.

***
–შეგეჭამათ შვილო რამე! – ანრის მშობლების სამზარეულოში, ჩემ წინ ჩამომჯდარიყო ანრის მამა და კეთილად შემომყურებდა. გაცნობის დღიდან ასეთი მზერით მიღიმოდა ხოლმე, ყოველ დანახვაზე. გულღია კაცი იყო, უკვე კარგად შევერცხლილი თმითა და მუდამ სუფთად გაპარსული პირისახით. თითქმის არასდროს ჰყვებოდა ანრის კამათში, მე და ტიტეს კი ისე თბილად გვხვევდა ხელებს სტუმრობისას, მარტივი მისახვედრი იყო, რამდენად ეძვირფასებოდა ერთადერთი ვაჟის პატარა ოჯახი
–არ გვინდა არაფერი, ბატონო სოლომონ, ნუ შეწუხდებით, – გავუღიმე და ტატას გავაყოლე მუდარანარევი მზერა, რომელმაც მაინც ჯიუტად დაიწყო სუფრის გაწყობა
–აი, ახლა გააწყობს ყველაფერს ტატა და ყველამ ერთად გემრიელად ვივახშმოთ, სანამ პატარა კაცი გაიღვიძებდეს
–დაგეხმაროთ? – წამოვიწიე და თავადაც ვიგრძენი, რამდენად უხალისოდ ვიკითხე. ჯერ ისევ ვერ შევჩვეოდი მათთან სტუმრობას.
–იჯექი, მართა, – მხარზე დამისვა ხელი ტატამ და უკან დამაბრუნა.
მოუსვენრად დავაწყე ხელები მაგიდაზე და ფანჯარასთან ჩამომდგარ ანრის გავხედე, ტუჩებს შორის რომ მოექცია სიგარეტი და მთელი ეს დრო უხმოდ შემოგვცქეროდა
–რაო ექიმმა? – მაგიდის შუაგულში, სპეციალურ სადგამზე შემწვარი კარტოფილით სავსე ტაფა ჩადგა, – მოდი, დედი, შენ რომ გიყვარს ისე შევწვი..
ანრიმ გაუღიმა, რაფაზე მდგარ საფერფლეს დაასრისა შემორჩენილი სიგარეტი და მაგიდისკენ დაიძრა
–არაფერი უჭირს, კარგად არის, უბრალოდ ჭირვეული ბავშვია, – ჩემს მაგიერ უპასუხა და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, – ტყემალიც რა, ტატა!
–მუცელი შეიძლება აწუხებდესო, აირების დაგროვებით, ასე გვითხრეს, კვების რაციონის შეცვლა მომთხოვეს, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს, – უკმაყოფილო სახით გავხედე ანრის
–ანუ, არაფერი სჭირს, – თავისას აგრძელებდა მაინც, – აღარ მიიღებ იმას, რამაც შეიძლება ბავშვს ავნოს და ყველაფერი მოგვარდება!
–კოფეინს ერიდე და რძის ნაწარმს, მართა, – მირჩია ტატამ და მანაც მკაცრი მზერა მიაპყრო ანრის, რომელიც მშვიდად ილუკმებოდა, – მარტივი არ არის ბავშვის გაზრდა და ყველაფერზე ასე რომ იძახო, არ არის მნიშვნელოვანიო, თავისით არ გამოკეთდება
–ჩემი მართა მაგარი გოგოა და ყველაფერს შეძლებს! – სუსხი გაერია ხმაში და თვალი თვალში გამიყარა, – ხომ ასეა?
–გეყოფა, ანრი, – არ მომეწონა მისი ზედმეტად კმაყოფილი სახე.
–მომავალ კვირას სტუმრები გვეყოლება, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, ტიტეც უნდა მოიყვანოთ, – რიგ–რიგობით შემოგვხედა ტატამ და გაგვიღიმა
–ვინ სტუმრები, დედა?
–შენი ბიძები და ბიცოლები..
დავინახე როგორ აატრიალა ანრიმ თვალები და სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ტატასკენ შევბრუნდი კითხვით
–რომელ დღეს მოვლენ?
–შაბათს
–შაბათს? – აღმომხდა უკმაყოფილოდ, – შაბათისთვის გეგმები მქონდა, – ამოვილაპარაკე ინტიქტურად. იმის გამო, რომ ანრი კვირის დღეებში სახლში ყოფნას ვერ ახერხებდა, სწორედ შაბათისთვის გადავდეთ მე და შიომ სანაპიროზე გასვლა. ისე გვქონდა ყველაფერი დაგეგმილი, მომზადებული, ამინდიც ისე გვიწყობდა ხელს, ისე ველოდით შაბათის მოსვლას, ვერაფრით დავუშვებდი ჩვენი დღის გაფუჭებას. მით უმეტეს, რომ ერთი სული მქონდა, როდის შევძლებდი მასთან წესიერად დალაპარაკებას
–ტიტეს სანახავად მოდიან, მართა, ახალი დაბადებული რომ იყო, მაშინ ნახეს მხოლოდ. ახლაც, უნდათ შენი და ანრის ოჯახი დალოცონ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, – არ თმობდა ტატა. მე კი, რატომღაც ანრის შევყურებდი თხოვნით სავსე მზერით. არ ვიცი რას ვთხოვდი ან რატომ მქონდა მისი მხარდაჭერის იმედი. ალბათ, არც უნდა მქონოდა, რადგან გამყინავი მზერით შემომცქეროდა და სიტყვას არ ძრავდა
–ანრიმ რომ მოიყვანოს ტიტე და მე მოგვიანებით შემოგიერთდეთ?
–ასე იყოს, შვილო, – დამეთანხმა მაშინვე სოლომონი, თუმცა ტატა არც თუ ისე კმაყოფილი ჩანდა ჩემი გაჯიუტებით. ირონიით სავსე მზერით ჩაიცინა და მკაცრად გამომხედა
–ამ ახალგაზრდებს ჭკუა აღარ გიყრიათ არა, თავში? რა საქმე გამოგიჩნდა ისეთი, ნათესავების შეკრებაზე რომ ვერ გამოცხადდები? არ შეიძლება ასე, მართა.. ახლა ვერ ხვდები, მაგრამ უნდა ისწავლო, რა არის წესი და ნორმა, როცა ოჯახი გყავს.. – დამრიგებლური ტონით დამმოძღვრა და რატომღაც ჩემ მაგივრად გაყინული სახით მჯდარ შვილს მიაშტერდა. ალბათ, ელოდა, რომ მის მხარეს მაინც დაიჭერდა ანრი, რომელმაც კიდევ არ დაძრა კრინტი.
–კარგი.. ვეცდები შაბათს აუცილებლად გამოვიდეთ, – ყველანაირად ვეცადე მშვიდად მეთქვა და ფეხზე წამოვდექი, – წავალ, ტიტეს დავხედავ..
გავედი თუ არა ოთახიდან, ერთიანად მომაწვა სიბრაზე და ადგილზე გაშეშებულმა, ღრმად ჩავისუნთქე. ვიგრძენი, რამდენად აღარ მეკუთვნოდა საკუთარი თავი, როგორ დამწოლოდა მხრებზე ახალი, არასასურველი ვალდებულებები. მერთულებოდა, რადგან აქამდე არ ვიყავი ნაჩვევი, სხვისი სურვილების შესრულებას, ჩემი პიროვნებისგან დამოუკიდებლად. ანრის გამოჩენდამდე, ყველაფერი ჩემებურად იყო, ისე როგორც მოვისურვებდი, მას შემდეგ კი.. აღარაფერი არსებობდა მხოლოდ მართასთვის.
საძინებლისკენ ვაპირებდი წასვლას, ტიტეს შესამოწმებლად, ანრის გამყინავი ხმა რომ მომესმა და ადგილზე გავშეშდი. არ მინდოდა მოსმენა.. არ მინდოდა, მაგრამ ჯერ ისევ ათრთოლებული სხეულით დერეფანში ჩამომდგარმა, მაინც გავიგე დედამისის მისამართით ნათქვამი სიტყვები
–აღარადროს გაბედო მისი რამეში დავალდებულება, ტატა! რა გაგაფრთხილეთ თავიდანვე? რა ვთქვი, არასდროს მოსთხოვოთ ისეთი რამ, რის გაკეთებასაც თავად არ ისურვებს მეთქი? რა ოჯახურ მოვალეობებზე ელაპარაკები, ჰა?! აღარ გავიგო, მეორედ ასე ელაპარაკო. აღარ გავიგო! – ვერ ვხედავდი, თუმცა ცხადად წარმომედგინა, სიტყვების თქმისას როგორ დაეჭიმებოდა ყელსა და კისერზე ამობერილი ძარღვები, როგორ შეეკვრებოდა ბრაზისგან მუშტი და წინ გადაზნექილი სხეულით როგორ ჩააჩერდებოდა დედამისს თვალებში. მიცავდა.. მე მიცავდა, ოღონდ ჩემს ზურგს უკან. ისე, რომ მე არ გამეგო.. არ დამენახა. ამის გააზრებისას, ამოუცნობი იმედი მომეცა, თუმცა, დაბნეულსა და გულაჩქარებულს, თავადაც ვერ გამეგო რა იყო იმედისმომცემი ამ სიტუაციაში. ძლივს მოვუყარე ნაბიჯებს თავი და საძინებლისკენ სწრაფად გავწიე. უკვე ყრუდ მესმოდა სოლომონის ხმა, რომელიც ანრის საყვედურობდა. ალბათ, დედამისთან შეწინააღმდეგებისთვის. მეტი აღარ მომისმენია, სწრაფად მივედი ტიტესთან და დავხედე თუ არა, ვიგრძენი როგორ აორთქლდა ჰაერში წამის წინ გაჩენილი სიმწარე.
წამოსვლისას, მანქანის სავარძელში უხმოდ მოვათავსეთ ტიტე და გზის ნახევარი ისე ვიარეთ სახლამდე, ხმა არ ამოგვიღია. შიგადაშიგ ტიტეს გახედავდა ხოლმე მართკუთხა სარკიდან. მერე მე გადმომხედა, ხელი გამომიწოდა და ჩემს თითებში ახლართა
–არ იდარდო, შენი და შიოსია შაბათი დღე..
–არ არის საჭირო, ანრი, მართლა, – გავუღიმე და ხელის ზურგზე მივაკარი ტუჩები. არ გამიშვა, თითები ამითამაშა ლოყაზე და ამჯერად მუხლზე შემომაჭდო დიდი ხელისგული
–ნუ გამამეორებინებ ბევრჯერ, არც ხვეწნას დაგიწყებ, ხომ იცი. უბრალოდ, იცოდე, რომ პრობლემა არ მაქვს, თუ ჩემს ნათესავებს არ ჩამოუჯდები სუფრასთან ამჯერად, რადგან დაგპირდი, რომ ტიტეს დავიტოვებდი. დაგპირდი და ასეც იქნება
–ნუთუ ეს ჩემი ანრია? – გამეცინა და მის უცნაურად მომზირალ თვალებს გადავაწყდი
–ჰო, ეს შენი ანრია. შენ ჩემი მართა ხარ, მე შენი ანრი ვარ! – ამოილაპარაკა ნასიამოვნებმა და მანქანა გზიდან გადააყენა
–ტიტე აწუწუნდება, – გავაფრთხილე და უკან გავიხედე, დიდ სავარძელში დაბმული ნამცეცა ბიჭისკენ
–ვის დაამსგავსე ასეთი წუწუნა, – კოპები შეკრა და ჩემკენ შემობრუნდა მთელი ტანით, – თემუკამ დამირეკა, შეიძლება დარჩეს დღეს ჩვენთან, ხომ არ ხარ წინააღმდეგი?
–რას ამბობ, ანრი.. რამე მოხდა?
–საბას წაეჩხუბა ისევ, მშობლებთან ერთად. თვითონ საბაც უფრო მშვიდად იქნება, რომ ეცოდინება ჩვენთანაა, ხომ იცი, – ლოყაზე მომეფერა, თავისკენ დამქაჩა და სახე დამიკოცნა
–გადარდებს არა ძალიან მისი ამბავი? – ჩვენს შეერთებულ ტუჩებთან ამოვიჩურჩულე და რამდენჯერმე, ზედიზედ დავატყვე სველი კოცნა
–არაფერი მადარდებს მე, მართა, – წელზე ჩამავლო თითები, უფრო მეტად მიმიზიდა, ჟინმორეული დამაცხრა ტუჩებზე და მანამ არ შემიშვა მკლავები, სანამ ტიტემ არ შეგვახსენა თავი. უკმაყოფილოდ მომშორდა და საჭესთან გასწორდა.
–მამას ბიჭო, მოგხვდება ერთხელაც, – გადასძახა სიცილით აფართხალებულს და სწრაფად დაძრა მანქანა, რომ მალევე დაწყნარებულიყო, – ხედავ, მართა? უკვე არ მაცდის შენთან ყოფნას და მერე რა იქნება, ფეხს რომ აიდგამს. აუცილებლად უნდა ავუყვანოთ ძიძა!
–ავუყვანოთ, მაინც მოგვიწევს ცოტახანში და ბარემ ავუყვანოთ, – დავთანხმდი და ნახევარი ტანით გადავიწიე ტიტესკენ, პაწაწინა ფეხებზე თხელი წინდები შევუსწორე და საწოვარა ჩავუდე პირში. მაშინვე ჩაჩუმდა, ლამაზი თვალებით ამომხედა და სასიამოვნო ხმით აცმაცუნდა
–გვიყვარხარ, დე! – გულიდან ამომივიდა სიტყვები და რატომღაც, ანრის მაგიერაც ავუხსენი ჩვენს თვეების შვილს სიყვარული
–გასწორდი, მართა, წინ მობრუნდი, – დამარიგა ანრიმ და მობრუნებულს, მისი ბედნიერი, აკიფებული თვალები შემეფეთა. ზოგჯერ იმდენად ნათელი, იმდენად თბილი მეჩვენებოდა ხოლმე, გულისცემას მიხშირებდა მისი ასეთი გამოხედვა. მაშინაც, ტიტეს რომ მივეფერე ორიოდ სიტყვით, ზუსტად ასეთი თვალებით შემომხედა. სასწაულს რომ დაინახავ, საოცრებას, დიდი ხნის ნანატრ ოცნებას. ღვედი შევისწორე და ღიმილით გავხედე ცოცხალი სახით მჯდარს. მან კი, ისევ, ჩვეულად გამოაცოცა თითები ჩემი ბარძაყისკენ, ისევ ათამაშდა ჩემს კანზე და ისევ მაგრძნობინა, რომ ყოველთვის იყო მომენტები, რომელთაც ვერავინ.. ვერასდროს წაგვართმევდა.

***
თბილი შაბათი მოვიდა. თბილი და ისეთი ნათელი, როგორზეც მთელი კვირა ვოცნებობდით.
–გაუშვი, შიო..
–მოიცადე, ერთად გავუშვათ.. მზად ხარ? – ზემოთ აღემართა წითელი ფრანი, გაფანტულღრუბლიან ცას ასცქეროდა და ცალი ხელი შუბლზე ჩამოყრილ, ოქროსფერი თმაში შეეცურებინა, ხედავაში რომ არ შეეშალა ხელი
–მზად ვარ..
–გაუშვი!
ვერ გავუშვი. ვერაფრით შევძელი ხელის გაშვება ჰაერში აჭრილი ფრანისთვის. ჯიუტად გავყურებდი ღრუბელთა სქელ ფენას და საკუთარი უნიათობით ნელ–ნელა ხასიათი მიფუჭდებოდა
–შენ მაინც გაუშვი.. – ამოვილაპარაკე, თუმცა შევატყვე, არც ის იყო მზად. ძლიერად ჩასჭიდებოდა ქვედა ტუჩს და გაფითრებული სახით, ერთ ადგილას გაყინულიყო. ჩემსავით. ვიდექით ასე, მაღლა აშვერილი ფერადი ფრანებით და ისე ვუჭერდით თითებს თხელ ძაფს, თითქოს არაფერი არსებობდა ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყნად
–იქნებ, სხვა დროს? – ჩამეკითხა შიო. თავი დავუქნიე. ფრთხილად მოვქაჩეთ და დაბლა დავუშვით. ერთად შევკარით და სანაპიროზე, მოშორებით, ჩვენსავე გაშლილი პლედისკენ წავედით. უხმოდ ჩამოვსხედით გვერდიგვერდ და მაშინვე ჩემი და ანრის გამზადებულ ჩანთას დავწვდი
–სენდვიჩები მოამზადე? – გაუხადა შიოს და გავუწოდე თუ არა, მაშინვე დაიწყო დაგემოვნება
–ანრიმ მოგვიმზადა..
–დამცინი, არა? – გაეცინა პირგამოტენილს
–არა, ტიტეს სანამ ვაწესრიგებდი და მითითებებს ვაძლევდი, მანამ გაგვიკეთა. თავად ჩამიწყო, მგონი კიდევ გვაქვს ტკბილეული. ოღონდ მისთვის ფრანების გაშვება არ დაგვეძალებინა და ყველაფერზე იყო წამსვლელი, – გულით გამეცინა მეც
–არასდროს არაფრით ინტერესდება ეგ, – თავის ქნევით დამეთანხმა შიო
–ჰო, უფრო სახიფათო რამეები იზიდავს, ვიდრე სანაპიროზე დღის მშიდად გატარება!
–ახლა თქვენთანაა, მხოლოდ თქვენთან, – ორაზროვნად მიპასუხა და გამიღიმა. მომეჩვენა, რომ უხერხულად ვგრძნობდით თავს. თითქოს ერთმანეთი სისუსტესა და სილაჩრეში გამოგვეჭირა.
–არაფერს მიყვება, მგონი ისევ ჩარეულია რაღაც საქმეში. მხოლოდ ის მითხრა, დასრულება უნდა დამაცადოო..
–უნდა დააცადო, თუ გინდა რომ უსაფრთხოდ იყოთ. ხომ იცი ეს, მართა?
–ვიცი
–სამაგიეროდ ოჯახურ ბიზნესში მეტად ჩაერთო. რაც სოლომონის საქმის ნაწილიც გადაიბარა, მეტად გამოცოცხლდა კლინიკები..
–მართლა? – ჭამა შევწყვიტე და მისკენ შევბრუნდი. ინტერესიანი მზერით მივაჩერდი და მისი დაკვირვებული მზერაც არ გამომპარვია, – მომიყევი რა, შიო..
–თავად რომ ჰკითხო სამსახურის ამბები, სახლში დაბრუნებულს, როგორც ნორმალურმა ცოლმა, არ გიფიქრია?
–ნორმალურად არაფერია ჩვენთან..
–ხოდა, სცადე! - მომიჭრა და ფეხზე წამოდგა, – ეტყობა ანრის ნახელავი რომაა, ზედმეტად ცხარე საწებელი აქვს.. – აღნიშნა და ზემოდან დამხედა
–ჰო, უყვარს ცხარე.. – ჩავიბურტყუნე ჯერ ისევ ჩაფიქრებულმა
–სერიოზულად, მართა, შეგიძლია ანრის ნებისმიერ თემაზე ელაპარაკო. ხომ იცი?
–არ ვიცი..
–მომხედე, – ჩემ წინ ჩაიმუხლა და ხელში შემორჩენილი ცარიელი ქაღალდი მუჭში მოჭმუჭნა, – ასწიე თავი და გამიღიმე. მე რომ მიყვარს, ისე გამიღიმე..
ფართოდ გავუღიმე. ცხვირით ცხვირზე მივეკარი და მერე.. მერე ორივეს ერთად აგვიტყდა ხმამაღალი სიცილი. რამდენიმე წამით არანორმალურებივით ვიქცეოდით, მერე შიომ ღრმად ამოისუნთქა და ისე ამოილაპარაკა ჩემს სახესთან, ყურებამდე აწეული ტუჩის კუთხეები წამითაც არ დაუთმია
–ყოველთვის იცინე ისე, თითქოს არასდროს არაფერი გტკენია. თითქოს, ყველა წვალება დათმე და ჯანდაბაში გაუშვი..
–ფრანი ვერ გამიშვია, საკუთარ დაგროვილ ტკივილნარევ მოგონებებს გავუშვებ, შიო? – მოვიწყინე უეცრად
–ერთ დღესაც აუცილებლად გაუშვებ. ნუ გგონია მარტივი ამბავი.. პირველივე ჯერზე იმდენი მნიშვნელობა მიანიჭე, ასე მარტივად ვერც გაუშვებ.. მაგრამ არ შეგეშინდეს, ადრე თუ გვიან ყველაფრისთვის მზად არის ადამიანი.. – ფრთხილად შემეხო ტუჩებით შუბლზე და რამდენჯერმე, სანტიმეტრების დაშორებით დამიკოცნა თმაჩამოყრილი კანი
–როგორ მინდება ზოგჯერ უაზროები ვიყოთ, – ამოვილაპარაკე მის სახესთან ახლოს
–რა უცნაური სურვილები გაქვს, მართა, – გასწორდა და ისევ გვერდით დამიჯდა
–დღეს ანრის ნათესავების შეკრებაა
–მერე? – გამოცოცხლდა უცებ
–არ მინდა მათთან ერთად ყოფნა. ყოველთვის, როცა ზედმეტი ღიმილის ჩუქება და არასასურველი კითხვების ატანა მიწევს, საშინელი ადამიანი ვხდები
–საშინელი ადამიანი არ ხარ, ინტროვერტი ხარ, საკუთარ შინაგან სამყაროსა და მხოლოდ ახლობელ ადამიანებზე ფიქრი გიყვარს, – დამისვა დიაგნოზი და წამით ჩაფიქრდა, – მეც ასეთი ვარ..
–რანაირად ვუძლებთ კესოს და საბას, ახლაც არ მესმის, – გამეცინა და შიოც ამყვა
–ისინი გვაბალანსებენ. რაც ჩვენ გვაკლია, დანარჩენებს აქვთ. კესო და კახიც ასე ასიან. კესოს მუდმივი შფოთვა ყოველდღიურობაზე, კახის მოდუნების საშუალებას არ აძლევს. თავისი აქტიურობითა და ცხოვრების რიტმით ცხოვრების ხალისს ახსენებს. საბას ჯერ კიდევ ვერ მოუძებნია ასეთი ვინმე, ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და რეალურად, ისიც არ ვიცით, არის თუ არა იმდენად ბედნიერი, როგორადაც გვაჩვენებს თავს. საკუთარ ძმასაც ვერ გაუგო, მართა, ხომ ხედავ.. მისი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას შფოთვა ემატება და ჩვენზე ანთხევს..
–შენ?
–მე? – გაუკვირდა და მხრებზე ფრთხილად მომახურა დაკეცილი პლედი
–შენ რას გრძნობ ახლა?
–მე ვგრძნობ, რომ ისევ ვიკარგები. თუმცა, კარგად ვარ..
ასეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ რაღაც აწუხებდა. ვიცოდი, სხვანაირად სტკიოდა გული. ამიტომაც ვერ დავთმე ეს დღე. მისკენ გადავიხარე, პლედში გახვეულმა, ღიმილით გავკარი მხარი მხარზე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა
–მითხარი რა, მითხარი, რა გაწუხებს..
–არაფერი მაწუხებს, მართა. ნუ ღელავ! სულ ნუ ღელავ.. ის, რომ ზოგჯერ ჩემს გონებასა და სხეულს ერთმანეთთად არაფერი აქვს საერთო, არაფერს დიდს არ ნიშნავს. კარგად ვარ. ხომ გჯერა, მართა?
წამითად არ დამიჯერებია მის სიტყვები და ზუსტად იცოდა ეს. ამიტომ შემომყურებდა მავედრებელი თვალებით. თითქოს მეხვეწებოდა, მთხოვდა, რომ მეტი კითხვა აღარ დამესვა, არ ჩავძიებოდი. ისე უსუსურად ვიგრძენი თავი, გულის უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი. ალბათ სახეზეც დამეტყო აღელვება, რადგან შიომ ზედმეტად, არაბუნებრივი უდარდელობით ჩაიქნია ხელი და ჰორიზონტს გახედა
–კარგი დღეა, ლამაზი! წამო, ცოტა გავისერნოთ და მერე ანრის ნათესავებს ესტუმრე, – სიცილით წამომაგდო ფეხზე და ნივთების აკრეფვა დაიწყო
–არ მინდა მათთან
–უნდა მიხვიდე, მართა. ანრი კი დაგთანხმდა, მაგრამ ნახე როგორ გაუხარდეს.. ამ ბოლოს, მუდამ შენს გაბედნიერებას ცდილობს. შენც ეცადე.. მცირედით ეცადე. ისე, შენი არსებობითაც აბედნიერებ, მაგრამ გამიზნულადაც რომ ასიამოვნო, რა კარგი იქნება, წარმოიდგინე, – ისე სწრაფად აკრიფა ყველაფერი, გაოგნებული შევყურებდი
–გზად ნაყინი მაინც ვჭამოთ! – უღონოდ ჩამოვუშვი ხელები და მისი მანქანისკენ დავიძარი
–ჰო, აუცილებლად, – გაეცინა და გაჭირვებით გამომიწოდა გასაღები, – ისევ ვცდით ფრანების გაშვებას, მართა.. ერთ დღესაც აუცილებლად გავუშვებთ, აი ნახავ! – დამპირდა მერე, ჩვენი ნივთებით ხელში ახორხლილი რომ ჩამომდგარიყო ჩემ მიერ გამოღებული მანქანის კართან და ფართოდ, თავისებურად გამიღიმა
–წამოდი რა შენც, ანრის მშობლებთან, – შევევედრე და ბავშვივით მოვყევი ხტუნვას
–არა, გასამგზავრებელი ვარ, უნდა მოვემზადო, – გაეცინა.
მანქანაში ჩავსხდით და ნელა გავუყევით გზას
–სად მიდიხარ? რომ არაფერი გითქვამს?
ისე ჩაფიქრდა, თითქოს გონება სხვა ამბისკენ გაექცა, მერე ოდნავ გააქნია თავი და გადმომხედა
–ჩემს დას მინდა ვესტუმრო, მთაში. ხომ იცი, გაიზრდებოდნენ ბავშვები, დიდი ხანია არ მინახავს..
–რა კარგია, შიო, კარგად დაისვენებ! – გამიხარდა რატომღაც
–ჰო, კარგია.. – ქარისგან აწეწილი თმა თბილი ღიმილით გადამიწია ყურზე და მთელი ყურადღება გზიდან ჩემზე გადმოიტანა
–დაბრუნდები არა მალე?
პირი დააღო პასუხის გასაცემად, თუმცა არაფერი უთქვამს. მახსოვს, როგორ აღებეჭდა სახეზე მაშინ დაბნეულობა და სევდა. ალბათ, ჩემი დაკვირვებული მზერაც არ გამოპარვია და სწორედ ამიტომ დამიქნია თავი სწრაფად. მომეჩვენა, რომ ტუჩები გაუფითრდა და სახის ნაკვთები დაეძაბა. ისიც მახსოვს, როგორ ვიფიქრე, კიდევ ერთხელ ჩავძიებოდი, რატომ გადაწყვიტა გამგზავრება, მაგრამ რატომღაც პირი მოვკუმე და სანაყინემდე, მასთან ერთად, ჩუმად ვუსმენდი ჩვენს საყვარელ მელოდიებს.

***
მართლაც შეეძლო ანრის ბედნიერი წუთების შექმნა. სულ არ სჭირდებოდა ზედმეტი გარჯა. ზოგჯერ მხოლოდ ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო, რომ მეგრძნო, რამდენად დიდ სითბოს გადმომცემდა. უყვარდა სახლშ დაბრუნება. როგორც არ უნდა დავხვედროდი.. არ ჰქონდა მნიშვნელობა მოვეხვეოდი თუ არა კისერზე, ვკითხავდი თუ არა განვლილი დღის შესახებ. მაინც უცნაური, დამმუხტავი ენერგიით იცოდა ხოლმე შემოხედვა, რომელიც იმდენ სითბოს იტევდა, მთელი დარჩენილი დღე მყოფნიდა. შემოაღებდა თუ არა კარს, შეატყობდი, როგორ ეშვებოდა მისი მხრები ქვემოთ, როგორ ეწეოდა ტუჩის კუთხეები და როგორ ეფანტებოდა დაძაბულობა სახიდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში დაბრუნებულს ჩემი გაკეთებული ვახშამი ხვდებოდა. მეც, თითქოს სუსტი წერტილი გამომენახა, ყოველ დღე ვახვედრებდი ახალ–ახალ კერძებს და ვიმიზეზებდი, დამატებით თავისუფალი დრო გამომიჩნდა მეთქი. სინამდვილეში ძლივს ვახერხებდი ტიტესთან ერთად საჭმლის მომზადებას. ალბათ, ანრის კმაყოფილი მზერა და გაცისკროვნებული თვალები იყო კომპენსაცია მთელი დღის დაღლის და მეც.. ახალდაოჯახებული, მოტივირებული სარძლოსავით, მის მოსვლამდე დარჩენილ წუთებს სამზარეულოში ვატარებდი. დღე არ გასულა, მოსულს რომ არ აღენიშნა სახლში დატრიალებული გემრიელი სურნელი. არასდროს დავიწყებია ჩემთვის თითები დაეკოცნა, მოასუფთავებდა თუ არა საკუთარ თეფშს. ყოველ ჯერზე.. ყოველდღე აღნიშნავდა, რა კარგი კულინარი ვიყავი და მეც, საშუალებას ვაძლევდი ღიად გამოეხატა აღფრთოვანება
–ჩემს მართას ღვთაებრივი ხელები აქვს! – წამოიძახებდა ხოლმე გაბადრული და ისე დამაცხრებოდა ტუჩებზე, ვეღარაფრით ვიცილებდი. ასეთ დღეებში მიჩნდებოდა ფიქრი, რომ ჩვენც შეგვეძლო ნორმალური ადამიანებივით ცხოვრება. შევეჩვიე მისი ნივთების დახარისხებას, სახლის საქმეების კეთებას, კომუნალურების გადახდასა და ჩემს ნებაზე ნივთების სახეცვლილებას. აღარაფერი იყო უცხო, არც ანრი იყო ცუდი პარტნიორი. არ ინტერესდებოდა, რა ხდებოდა მისი არყოფნის პერიოდში მისსავე სახლში, არც ზოგჯერ, ჩემი სახლში არყოფნის გამო დაულაგებელი ოთახები აღიზიანებდა. პირიქით, ასეთ დროს, გადაღლილსაც კი შეეძლო ჩემ მაგიერ ეზრუნა მტვერდადებულ სახლსა და ტიტეს აუარებელი რაოდებობის გასარეცხ ტანსაცმელზე. არასდროს არაფერი მოუთხოვია, არასდროს მიუთითებია ჩემთვის, რა ან როგორ უნდა გამეკეთებინა. ჩემი დიზაინით ნახევრად გადაყწობილი ავეჯის წინააღმდეგიც კი არ იყო. მხოლოდ ერთადერთხელ აღნიშნა, რომ საწოლის ცვლილება შეიძლება ჩვენი შემდეგი შვილის სქესზე ასახულიყო. თან, ისეთი ხარხარი მოაყოლა სიტყვებს, რამდენიმე წუთის ჩაძინებული ტიტე წამში გამოაფხიზლა.
–ახლა ადგები და დააძინებ შენ! – შევუღრინე მაშინ და ფეხზე წამოვდექი
–ხომ გითხარი, კარი მიხურეთქო, – მიპასუხა უდარდელად და ოთახიდან გასულს თვალი გამომაყოლა
–ნუ იცი ასე ბავშვის გაღვიძება, ნევროზს დამართებ, – გულზე მივიწვინე უკვე თვალებდაჭყეტილი ტიტე
–ნუ გაატრ*კებ ახლა, მართა. მომიყვანე..
–დაანებე, უფრო გამოაფხიზლებ, – გავაპროტესტე, თუმცა ვერაფერს გავხდი. უკვე საკუთარ მკლავებში მოემწყვდია და ახლა საკუთარ, შიშველ გულზე მოეთავსებინა
–ნახე რამხელა გაიზარდა ჩვენი ბიჭი, მართა! ნახე, როგორი დიდია! – მამამისის ბუსუსებზე მოთამაშე ტიტეს ზემოდან დაჰყურებდა და ღიმილი ეფინებოდა სახეზე, – თითქმის წლის ხარ უკვე, მა! – შესცინა მერე პატარა სახეს და მანაც, ნაცნობი, თბილი ღიმილის დანახვისას, ღუღუნა ხმით გადაიკისკისა
–აღარ გაიზარდო რა, ტიტე! – უეცრად ჰაერში ააფრიალა სიცილით გადაბჟირებამდე მისული და თავად ჩემკენ მოჩოჩდა. ინსტქტურად, გაუცნობიერებლად მომეკრო სხეულზე და თავი მკერდზე გამიხახუნა
–ნუ ამბობ ასე, ანრი, გადაირიე? – გავუბრაზდი სიცილით და მის თმაში შევაცურე თითები, – იდორბლება და ძალიან ფხიზლდება, გაჩერდი!
–დამშვიდდეს დედიკო, თორემ შენს მაგივრად მოხვდება, – ისევ შესცინა ქვევიდან ტიტეს და დაბლა დაუშვა. მის მუცელზე მჯდარი, ხელების ტყაპუნს მოჰყვა და ანრის ბუსუსებს ჩაეჭიდა პაწაწინა თითებით. ანრიმ კი თვალები მოხუჭა, თავი ჩემკენ გადმოაბრუნა და მოშიშვლებულ კანზე ნაზად მაკოცა
–აღარ მინდა მეტი შვილი, მართა..
–რატომ? – მისკენ ჩავჩოჩდი და სახით სახეზე ავეკარი. მილიმეტრები გვაშორებდა ერთმანეთის ცხვირებსა და ტუჩებს
–ვერ ვიტან, ვინმეზე ვღელავ.. ვერ ვიტან. მე კი სულ ვღელავ. მუდამ თქვენზე მეფიქრება. არ არის ეს ნორმალური, – უბრალო ხმით ამიხსნა და ცხვირზე მაკოცა, – ალბათ, ზოგი ნაკლებად ღელავ, ან უღირს მუდმივი ფორიაქი. მე არა, მე არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას, ასეთმა გრძნობებმა ბოლომდე დამიმონოს
–სიყვარულია ასეთი, ანრი.. არაფერია იმაში ცუდი, რომ მუდმივად ნერვიულობ, – სახეზე ჩამოვუსვი თითები და ტიტეს გავხედე, რომელიც საკუთარი მუშტის ლოკვით ირთობდა ხელს
–გიყვარვარ, მართა?
–ჩვენი ერთად ყოფნა მიყვარს, – ვუპასუხე დაუფიქრებლად და ჩემი უნიათო პასუხის მიუხედავად, მისი არაამქვეყნიური ღიმილი დავიმსახურე. რადგან მასაც ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთიანობა უყვარდა.
–ელაპარაკე შიოს? – მკითხა უეცრად და ტიტე თავისკენ დაქაჩა. თითქმის ძალით აიძულა მის მკერდზე თავის დადება და მთელ სახეზე ისე მიაკრო ხელისგული, განძრევის საშუალება არ მისცა, – ვიძინებთ უკვე, ტიტე.. – უჩურჩულა მკაცრი ხმით და ისევ მე შემომხედა
–ველაპარაკე. შენ?
–მეც. მოგიყვა როგორი ბედნიერია რაჭაში?
–ჰო..
–ღელავ? – უფრო მეტად დაუწია ხმას და ტიტეს მონოტონურად რწევა დაიწყო. არ მეუცნაურა მისი კითხვა. ზუსტად ვიცი, რასაც გულისხმობდა. მეც საეჭვოდ მიმაჩნდა მისი თვეებით გაუჩინარება. ვეღარც მონატრებას ვუძლებდი. თანაც.. თანაც, ძალიან მაფიქრებდა ის უცნაური სიცილის ხმა, რომელსაც თითქმის ყოველდღე მიზიარებდა. თითქოს ყოველთვის აკლდა რაღაც.. გულწრფელობა თუ სიმტკიცე მის ტემბრს.
–ვღელავ.. ხომ არ ჩავაკითხოთ?
–ჩავაკითხოთ, იქით კვირას..
არ მოგვიწია ჩასვლა.. არ მოგვიწია და მერე, დიდხანს ვფიქრობდი, ნეტავ რა იქნებოდა შემდეგი კვირისთვის რომ არ გადაგვედო მასთან სტუმრობა. ნეტავ, თუ იქნებოდა ყველაფერი სხვაგვარად.
–ანრი..
–გისმენ, მართა, – მკლავებქვეშ აფართხალებულ ტიტეს ზურგზე დაუსვა ხელი და კიდევ ერთხელ დაუბრიალა თვალები. მანაც, წამით ამოხედა მამის სახეს და შეატყო თუ არა ჩვეული სიმკაცრე, უცებ, აფერისტულად გაიტრუნა.
–მგონი ყველაფერი დალაგდა, არა? – გამეღიმა და მხარზე მივაკარი შუბლი.
არაფერი მიპასუხა. აღარც მე ჩავძიებივარ. მანამ ვიწექით გაუნძრევლად, სანამ ტიტეს არ ჩაეძინა. მერე, ანრიმ უკითხავად დააბრუნა თავის საწოლში და უკან დაბრუნებულმა, თბილი ტუჩებით დამიკოცნა შეციებული მხრები.

***
შემდეგი დღეები იმაზე ნათელი იყო, ვიდრე ოდესმე. ალბათ, სწორედ ეს იყო ჩვენი ერთად ყოფნის ყველაზე ბედნიერი პერიოდი. ანრის ახალი აღმოჩენებითა და იდეებით აღსავსე. იმ ბიჭს ჰგავდა, სულ თავიდან რომ გავიცანი. უდარდელი, მუცამ ლოყებზე ნაჩვრეტებითა და ფერადი ქუდებით მოსიარულეს. მომწონდა ასეთი. მიყვარდა.
–მოდი, სვირინგები გავიკეთოთ! – ბედნიერი სახით შემომთავაზა ერთხელ და ფართოდ გაშლილი ფეხები მაგიდაზე შემოაწყო
–ერთად?
ისე შემომხედა, თითქოს წამის წინ ბილწი სიტყვებით შემემკოს
–აბა, ცალ-ცალკე?
–რა გაგიკვირდა, ანრი? როდიდან ვართ ერთმანეთზე გადაკლული წყვილი?
–ჩემი მართა უსიამოვნოდ ლაპარაკობს, – ჩაუსტვინა და იქვე მიგდებული ქუდი ჩამოიფხატა თავზე
–მოიხსენი, გასარეცხია.. რა სვირინგი გინდა?
–"მართა" უნდა დავიწერო გულზე! – გამოაცხადა და მეტი სიმძაფრისთვის გულზე დაირტყა რამდენჯერმე ხმაურიანად ხელი.
მომეჩვენა, რომ სუნთქვაც შევწყვიტე. მერე კარგად დავაკვირდი, ისეთი სერიოზული იყო, ვერაფერი შევატყვე მისთვის ისედაც უჩვეულო მხიარულების, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე და ხარხარი ავტეხე. ძლივსღა ვსუნთქავდი. მისკენ სიცილით წავედი, ფეხები ჩამოვაყრევინე და მუხლებზე ჩამოვუჯექი. მანაც არ დააყოვნა, უფრო კარგად მომიკალათა და ბარძაყებს შორის ამითამაშა თითები. ღიმილით შემომყურებდა. მიყურებდა მოცინარს და ისეთი სითბო იღვრებოდა მისი მზერიდან, ვერაფრით შევიკავე თავი. მისკენ დავიხარე და მთელი სახე დავუკოცნე. ხელისგულებით ვაბრუნებინებდი აქეთ-იქით თავს და ანრიც ისე მორჩილად მიშვერდა ყველა ნაკვთს, გაჩერება აღარ მინდოდა
–ხომ მეხუმრები, ანრი? – ვკითხე და მის ტუჩებთან შევჩერდი
–გეხუმრები, – მხიარულად დამიქნია თავი და დაუკითხავად ჩამიძვრა შარვალში თითებით
–გაჩერდი!
–შენს თავს დააბრალე, – შემომიღრინა და ზურგზე ჩაფრენილი ხელი წელზე შემომხვია, რომ გავეკავებინე, – შენი ნებით მოხვედი, ახლა ჩემი ნებაა წახვალ თუ არა.. – ნიკაპზე ჩამავლო კბილები და წამსვე დამავიწყდა, რომ წამის წინ წინააღმდეგობის გაწევას ვაპირებდი.
უკვე გადაღლილმა და ნახევრად შიშველმა, უნებურად იმაზე დავიწყე ფიქრი, ერთხელაც რომ აღარ მდომებოდა.. ერთხელაც რომ არ მომესურვებია მისი შეხება, ნეტავ გამიშვებდა? მაშინ მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ამ კითხვის დასმა, უკვე ნიშნავდა ჩემთვის რაღაც ძალიან უსიამოვნოს. თუმცა, მასთან ახლოს მყოფს ყოველთვის მიჭირდა საღად აზროვნება. განსაკუთრებით მაშინ, რომ ვგრძნობდი, როგორ ჩაიკარგებოდა ხოლმე ჩემს თვალებში, ვნებითა და სიყარულით აღსავსე.

***
იმდენად კარგად ვგრძნობდით თავს, ზოგჯერ უცნაური შიშიც მიპყრობდა ხოლმე ამ ბედნიერების გააზრებისას. მუდამ კახისთან და საბასთან ვატარებდით ხოლმე თავისუფალ დროს. არასდროს ვიწყენდით, საღამოობით ტიტესაც უპრობლემოდ ვუტოვებდით ტატას ან თეაკოს. მაგრამ, მაინც მაწუხებდა რაღაც.. გულს მიღრღნიდა ამოუცნობი ფიქრები. ვხვდებოდი, რომ ყველაფერთან ერთად შიოც მაკლდა და უსიამოვნების გრძნობაც ამიტომ მდევდა მუდმივად თან. მაშინვე მისი ხმის გასაგებად ვკრეფდი აფორიაქებული დაზეპირებულ ნომერს. მეჩვენებოდა, რომ ნორმერთა წყობაც კი მიყვარდა. მის პასუხამდე გაგებული ზუმერის ხმაც და მერე.. მერე მისი ცოცხალი შეძახილი
–მართა, დაბრუნდი!
ისე შევჩვეოდი, მის ასეთ პასუხს, აღარც მეღიმებოდა. უკვე ბრაზს მიჩენდა ეს ერთი შეხედვით მხიარული, უდარდელი ხმა და იმ დღესაც, მონატრებულზე, ანრის სახლში დაბრუნებამდე რომ დავურეკე, პირდაპირ მივახალე
–აღარასდროს დავბრუნდები, შენ თუ არ დაბრუნდები!
–მე დაგირეკავ ხოლმე! – არ ჩამომრჩა და გემრიალდ გაიცინა
–როდის ჩამოხვალ, შიო?
–მე შენი ციმციმა თვალები და გაბუტული სახე მომენატრა, მართა, – ამოილაპარაკა და პირველად, იმ დღეს პირველად შევატყე მის ხმას როგორ შეპარვოდა ბზარი
–ჩამოდი რა, შიო.. ტიტე უნდა მოვნათლოთ. წლის ხდება უკვე, დროა..
–მე უნდა მომანათლინოთ, არა? – თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა
–შენ და კესოს..
–წამოვალ მალე, მართა.
–როდის? – ჩავეკითხე მაინც და მოუთმენლად დაველოდე პასუხს.
–არ ვიცი.. მზად რომ ვიქნები, მაგრამ წამოვალ..
მინდოდა მეთქვა, რომ მე და ანრი ვაპირებდით მასთან ჩასვლას, თუმცა რატომღაც ენა არ მომიბრუნდა, ამიტომ ძველებურად დავემშვიდობე და გათიშვას ვაპირებდი, უცებ რომ დამიძახა
–მართა! აქ ხარ ისევ?
–ჰო, გისმენ, შიო..
გაჩუმდა. გაჩუმდა და მახსოვს რამდენ ხანს იყო ასე მდუმარედ, თუმცა, ვიცი, საკმაო დრო გასულიყო, რადგან ისე დაბრუნდა სამსახურიდან ანრი, ისე მოიარა ოთახები, ისე გაიმზადა საჭმელი და ჩამომიჯდა წინ, შიოს ხმაც არ ამოუღია. მტანჯველად იწელებოდა მის სუნთქვაში გატარებული საზიზღარი წუთები. მე კი.. მე უბრალოდ ველოდი. იქნებ, მართლა ყოველთვის ვგრძნობდით ერთმანეთის შინაგან მდგომარეობას. იქნებ, არც გვეჩვენებოდა.
–ხომ მშვიდობაა? – ჩამეკითხა ბოლოს ანრი და ყურზე მიდებულ ტელეფონზე მანიშნა.
უხმოდ დავუქნიე თავი. ყურმილს იქით კი ჩავარდნილი, ჩუმი ხმა მომესმა
–ანრი მოვიდა, მართა?
–ჰო.. მოვიდა
–უთხარი.. უთხარი, რომ იასამნის ხეები დავრგე. სამი ხე დავრგე, მათთვის. ანრის მოსწონს იასამნები. ჩემი სახლის უკან, ტრიალ მინდორში, შუა თქვენია.. შენი და ანრისი. უთხარი, მართა. ბიჭებს უთხარი, რომ სამი ხეა. შუა თქვენთვისაა.. ხომ იცი, ბუნება ყოველთვის ტოვებს სინათლის კვალს..
სანამ რამის თქმას მოვასწრებდი მანამ გამითიშა. ვერაფერი გავიგე. ვერაფერს მივხვდი. მხოლოდ ანრის შევყურებდი, რომელიც ჩაფიქრებული შემომცქეროდა და რამდენიმე საათის უნახავს თვალებით მეფერებოდა
–ანრი.. – ამოვილაპარაკე და მისკენ გავიწიე, თუმცა სანამ რამეს ვეტყოდი, მან დამასწრო
–ვინ იყო?
–შიო.. ასე თქვა, იასამნები დავრგეო. ვერაფერი გავიგე, ანრი..
სიტყვა არ მქონდა დასრულებული, პირისკენ წაღებული ჩანგალი რომ გაუშეშდა ხელში და დაძაბულმა, გაჭირვებით გადაუშვა მძიმე ნერწყვი ყელში
–რა თქვი, მართა?
–ასე თქვა. ბიჭებისთვის დავრგეო.. ანრი.. – დავპანიკდი და ფეხზე წამოვხტი. ის კი, ისევ ისე, ერთ ადილას გახევებული შემომჩერებოდა. მხოლოდ მზერა ეცვლებოდა. მხოლოდ თვალები, რომელთაც სასოწარკვეთა და შიში ისე აღბეჭდვოდათ, ერთიანად ამითრთოლდა სხეული.
–ისე ლაპარაკობდა, თითქოს.. თითქოს.. ვაიმე, ანრი! – მოულოდნელი ქვითინი ამიტყდა და ანრის პირისპირ, გაუაზრებლად მოვიკეცე მუხლებში. თითქოს ვერაფერს ვიაზრებდი.. თითქოს ვერაფერს მივმხვდარიყავი, მაგრამ.. შიოს მიერ ძღვენის დატოვება ისე მწარედ მენიშნა, გული ამოვარდნას მქონდა. სანამ თავის ხელში აყვანას მოვასწრებდი, მანამ წამოდგა ანრი ფეხზე და მკლავზე ჩამაფრინდა. სულ ერთი წამით მომაკრო შუბლზე ტუჩები და ცრემლიან სახეზე ინსტიქტურად, გაუაზრებლად ჩამომისვა თითები.
–ტიტე? – ამოიხრიალა უღონოდ
–დედაჩემთანაა..
–წავედით, მართა.. შიოსთან უნდა წავიდეთ! – ამოიჩურჩულა. ისე, თითქოს მე კი არა, საკუთარ თავს არწმუნებდა რამეში და თვალებში ჩამაშტერდა. სანამ ნაბიჯის გადადგმას მოვახერხებდით, ვიგრძენი, როგორ გაგვშეშებოდა ორივეს სხეულები.. შიშით, რომ შიოსთან ჩასულებს, მხოლოდ იასამნის ხის ნერგები შეგვრჩებოდა ხელთ.

***
მიზეზი..
მიზეზი სჭირდება ყველაფერს, რომელიც ზოგჯერ არც არსებობს. ან, არსებობს და ისეა მიჩქმალული წარსულ იმედგაცრუებებს შორის, მისი ცხადად დანახვა შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ არც აქვს აზრი. ზოგჯერ, არც არსებობს. ადამიანები კი მაინც მუდამ მიზეზის ძიებაში ატარებენ ცხოვრების ნახევარს. მიზეზის და არა მიზნის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საფრთხილოა..
–უნდა არსებობდეს.. რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს! – ვიმეორებდი მანქანაში მჯდომი. იმდენჯერ, ისე პანიკურად გავიმეორე ერთი და იმავე, ხმა დამკარგვოდა.
მწუხრი იყო.. ბინდდებოდა. ჯერ ისევ არ მიმალულიყო ბოლომდე მზე. ისე გაიწელა, ისე გაიჭიმა ეს დრო, საკუთარ არსებობას ვეღარ ვიტანდი. გაყინული სახით ვიჯექი ერთ ადგილას და უაზროდ, გაუჩერებლად ვბუტბუტებდი. გვიან გამახსენდა, ანრიც რომ იქ იყო და მხრებმობუზულმა, მისკენ გავიხედე. ერთიანად დაჭიმული სხეულით, სწრაფად მიჰყავდა მანქანა, თითები ძლიერად ჩაეჭირა საჭეზე და იმაზე ლურჯი ფერი დასდებოდა, ვიდრე ზოგადად სჩვეოდა. ტირილი მომინდა.. ძალიან მინდოდა მეტირა, რადგან გავიაზრე, ორივეს გვჯეროდა რომ შიოს ვკარგვდით. მივდიოდით მასთან, რომ როგორმე მიგვესწრო. ან, იქნებ ვცდებოდით კიდეც.. იქნებ, უბრალოდ, თავისებური უცნაური ხასიათის გამო დარგო ჩვენთვის იასამნის ხეები. იქნებ, ახლა თავისი სახლის ეზოში დასერინობდა და სიცივეშეპარულ სხეულს არაფრად აგდებდა. იქნებ, ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. გონებაში ახლად გაჩენილ იმედებს ჩავებღაუჭე და მჭიდროდ მოვხუჭე თვალები, თუმცა დამშვიდების მაგიერ, უფრო ავფორიაქდი და ინსტიქტურად, გაუცნობიერებლად გადავიწიე ანრისკენ. ღვედი შევიხსენი და დაძარღვულ მკლავზე შემოვხვიე ორივე ხელი. ლოყა ავაკარი მხარზე და ვიგრძენი, როგორ გამითბა კიდურები. თავდახრილმა, შუბლზე გამიხახუნა ტუჩები და მისი მძიმე სუნთქვა ვიგრძენი სახეზე
–კიდევ დაურეკე, მართა..
ისე დავწვდი მობილურს, წამითაც არ მოვშორებივარ მის სხეულს.
–არ პასუხობს
–დაურეკე, კიდევ.
–არ პასუხობს, ანრი!
–ამის დედაც! – წინ მიმავალ მანქანას გაღიზიანებით უქცია გვერდი და გამაყრუებელი სიგნალით ჩაუარა.
–ფრთხილად.. – უფრო მეტად მივეკარი სხეულზე. თითქმის უფუნქციოდ დავუტოვე მარჯვენა მკლავი, თუმცა არაფერი უთქვამს. ვატყობდი, როგორ იყო შეშინებული. მგონი, იმასაც ვერ აღიქვამდა, მასთან ასე ახლოს რომ ვიყავი. მე კი.. ვიცოდი, მისი შეხების გარდა არაფერი დამიმშვიდებდა აფორიაქებულ გონებას. ჩამობნელდა.. ფარების შუქზე მიქროდა ჩვენი მანქანა და ქალაქიდან კარგა ხნის გასული, აქა–იქ შემორჩენილ მანქანებს მარტივად უქცევდა გვერდს. კიდევ რამდენჯერმე დავრეკე შიოსთან, თუმცა პასუხი არ გამიგია. ორი საათი ისე გავიდა, ადგილიდან არ დავძრულვარ. მერე.. ანრიმ დამხედა და სულ ოდნავ გაუფართოვდა თვალები
–ღვედი, მართა..
–არ მინდა, – ვუპასუხე გაუცნობიერებლად და მეტად მივეკარი სახით.
–ვერ შევანელებ, გაიკეთე ღვედი! – გამოსცრა კბილებს შორის და უფრო მეტად დაიძაბა, – გაიკეთე ღვედი!
–ნუ ყვირი, – მოვშორდი და ღვედი გადავიჭირე. მოუსვენრობამ შემიპყრო. ფეხები სავარძელზე ავკეცე და ნერვიულობისგან გახურებული ხელისგულები დავიორთქლე
–მალე ჩავალთ.. – მოულბა ხმა და საქარე მინაში გაიხედა. უკან კახის მანქანა მოგვდგომოდა. ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ. არც ვიცი რამდენ ხანს. არც ვიცი, თბილისიდან ერთად მოვდიოდით, თუ მერე დაგვეწივნენ. მხოლოდ იმ წუთებში შევნიშნე და რატომღაც შვებით ამოვისუნთქე. ახლა ყველანი ერთად იყვნენ.. ყველა იმ ერთისკენ მიიწევდა. იქნებ.. ასე უფრო დიდი შანსი ჰქონდათ.
–მომიყევი კიდევ ერთხელ, რა გთხრა ლაპარაკისას.. – გადმომხედა ანრიმ და ღრმად ჩაისუნთქა, – მოიწიე ჩემკენ, – ისევ გამომიწოდა ხელი და ამჯერად თავად მიმიზიდა
–ვეღარ ვიხსენებ წესიერად, ანრი, დამანებე თავი, – თავადაც არ ვიცი რატომ გავჯიუტდი
–სულ კანკალებ, მართა
–შეიძლება არაფერი ხდება, – ამოვიტირე და ცრემლები წამსკდა
–შეიძლება არაფერი ხდება, – დაიჩურჩულა მანაც და გზას გახედა.
ეს იყო ჩვენი ბოლო სიტყვები. უიმედო ხმით წარმოთქმული ყველაზე იმედიანი, ბოლო სიტყვები. მერე.. უხმოდ გავყურებდი რიონის ხეობას და უფრო და უფრო მემატებოდა ღელვა. მოშორებით, კლდეებში ნაშენი სოფელი მოჩანდა. უკვე კარგად ჩამობნელებულიყო და ფარების შუქზე ძლივს ვარჩევდი განაპირა ხეების მწკრივებსა და ჩამუქებულ სიმწვანეს. სხეული მომიდუნდა. არა შვებისგან, არამედ უძლურებისა და სისუსტისგან. გარშემო გამეფებულ სიმძვიდეს რომ დავუგდე ყური, შიშმა ამიტანა, ძალა გამომაცალა და შიოს ბუნებისადმი სიყვარული გამახსენა. თვალწინ დამიდგა ყველა მისი სიტყვა, მისი მკლავების ფართოდ გაშლა, ცისკენ აღმართული ღიმილიანი სახე და ამოსუნთქვა.. ღრმა ამოსუნთქვა, რომლითაც თითქოს ერთიანად დაიცლებოდა ხოლმე დაგროვილი ემოციისგან. არანორმალურად უყვარდა ბუნება და მე შევშინდი.. შევშინდი, რადგან ვიფიქრე, დასაშვები იყო, ყველაფრისგან გათავისუფლება სწორედ აქ მოენდომებინა. სანამ საკუთარ ეჭვებსა და ფიქრებს ვეწინააღმდეგებოდი, სანამ საკუთარ მხრებს ჩავფრენოდი ორივე მკლავით, მომესმა როგორ შეიკურთხა ხმამაღლა ანრიმ და მანქანაც მოწყვეტით გაჩერდა. წინ გადავქანდი, ხელისგულებით შევიკავე თავი და გაჭირვებით გავსწორდი სავარძელზე. ამის მერე აღარც გავნძრეულვარ. ერთ ადგილას გახევებულმა, ძლივს შევნიშნე ჩვენ წინ, მოშორებით მდგარი მბჟუტავი მანქანა, ჩვენს უკან მომყოლი საბასა და კახის გაგიჟებული სახეები და სიბნელისკენ არანორმალური სისწრაფით გაქცეული სამი სხეული. გარბოდნენ და ჯერ კიდევ ანთებული ფარების ფონზე მხოლოდ მათი ფეხსაცმლების ტერფებიღა მოჩანდა. შიო იყო.. შიოსკენ გარბოდნენ, მე კი ადგილიდან ვერ დავიძარი. აღარ ჩანდნენ, აღარაფერი ჩანდა და მე მაინც ვერ ვიძვროდი. მახსოვს, როგორ დამისველა ნიკაპი და ყელი ცრემლებმა, როცა მისი სხეული დავინახე. წუთების წინ, ჩვენი მანქანის მიერ განათებულ ადგილას, ერთით მეტნი დაბრუნდნენ. ოღონდ.. ოღონდ შიო უგონოდ იყო. უგონოდ და სისხლით შეღებილი პირისახით. თავისივე თმის ფერი სითხე მოსცხებოდა სახეზე, საფეთქლებსა და ღია მაისურზე და სანამ ხმამაღალი, ღრიალით ამოხეთქილი ტირილი ამიტყდებოდა მისი დანახვისას, მანამ მომესმა არანორმალური, გულიდან ამოსული მამაკაცების ხმები, რომლებიც ოქროსთმიანი, უგონო ბიჭის სხეულს ისე ჩასჭიდებოდნენ, თითქოს მათი მოგერიებული პირუტყვი ყოფილიყო, რომლის დასაჯიჯგნადაც გაშმაგებით ემზადებოდნენ.

***
იმ ღამეს, ავარიის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებებითა და თავის ტვინში სისხლჩაქცევით შეიყვანეს კლინიკაში ოცდაექვსი წლის მამაკაცი.
იმ ღამეს, მთელი საავადმყოფო მზესავით ბიჭზე ლაპარაკობდა.
იმ ღამით ყველა თავდაუზოგავად იბრძოდა შიოს გადასარჩენად.
იმავე ღამეს გადაუსხეს დასუსტებულს ლიტრამდე დაკარგული სისხლი, მოათავსეს რეანიმაციულში და ორჯერ აუმუშავეს ჯიუტად გაჩერებული გულის ფეთქვა.
იმ ღამეს დავიბუდეთ იმავე საავადმყოფოს მოსაცდელში. ერთმანეთის გვერდით ჩამოვსხედით და ისევ ისე გადავაჭდეთ მკლავები ერთმანეთს, როგორც მაშინ.. თემუკას ამბავზე. ოღონდ ახლა არც ლაპარაკის და არც ტირილის თავი გვქონდა არცერთს. ახლა სულ სხვა იყო. შიო სულ სხვაგვარად გვტკიოდა.
ექიმი რომ გამოვიდა, სწრაფად მოგვავლო თვალი ყველას ერთად, მარჯვენა ხელის მაჯა დაიზილა და რატომღაც კახის გაუსწორა მზერა. იქნებ, იმიტომ, მხოლოდ ის რომ ახერხებდა თვალებში ყურებას. ან, შეიძლება ყველაზე გაწონასწორებული სახე მაშინ მას ჰქონდა.
–ბევრი სისხლი დაკარგა. როგორც ჩანს, უგონოდ იყო ორი–სამი საათი და ტვინმა ვერ გაუძლო, კომატოზურ მდგომარეობაშია, ჩვენი დაკვირვების ქვეშ. ოჯახის წევრებს შეატყობინეთ და თუ შეიძლება მშვიდად დაელოდეთ უახლოეს ინფორმაციას.
მიკვირდა. მიკვირდა მისი სასხვათაშორისო ხმის ტემბრით გადმოცემული დიაგნოზი. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, შეიძლება ხშირად მდგარიყო ასეთი საშინელი ფაქტის წინაშე, მაინც მიჭირდა. მერე მივხვდი, თავი რომ დაგვიკრა და ნელა გაგვეცალა, იმავე წამს მივხვდი, რომ ეს ჩვენთვის იყო შიო იმაზე დიდი შენაძენი, იმაზე ღირებული სიცოცხლე, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს ჩვენთვის იყო სამყაროს დასასრული მისი გულის გაჩერება.

***
მომდევნო რამდენიმე საათი ბრმად გავატარეთ, უმოქმედოდ. ყველაზე რთული ხომ უმოქმედობაა. უუნარობა და ფიქრი, რომ არაფრის გაკეთება შეგიძლია, ლოდინის გარდა. ჩვენც გვიჭირდა, ისე გვიჭირდა ასე ჯდომა, ყველას დაგვეტყო მოუთმენლობა. არაფერი იყო მარტივი. იმ წუთებში არაფერი იყო ადვილად გადასატანი, თუმცა.. განსაკუთრებით აუტანელი, ყველაზე ამაზრზენი მაინც წინ გველოდა თურმე. გააზრება იმის, რომ მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონდათ შიოს ნახვის უფლება.. და ჩვენც, იმ დღეს აღმოვაჩინეთ რომ თურმე მეორეხარისხოვან ადამიანებად ვითვლებოდით გაჭირვების ჟამს დამტყდარი უმედურებისას ჩვენივე ნაწილისთვის. ჩვენ არ გვქონდა უფლება, თუნდაც ორი წუთით დაგვეხედა დასახიჩრებული მეგობრისთვის. მახსოვს, მაშინ პირველად ვიგრძენი, რამდენად დაუფასებელი, გაუაზრებელი იყო სხვა ადამიანების მხრიდან მეგობრის სახე. არაფრის უფლება მოგვცეს, არც არაფერი უკითხავთ. არადა, ჩვენ მივუხვდით შიოს სულის ტკივილს, ჩვენ დავედევნეთ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ნახევრად მკვდარი, ჩვენ ვილოცეთ პირველად მისთვის. მათ კი.. მათ, მაღალმთიანი სოფლიდან ჩამოსული შიოს და შეუშვეს მის სანახავად. მარიამი, რომელსაც სჯეროდა, რომ ავარიის შედეგად იყო მისი პატარა ძმა ასეთ მძიმე მდგომარეობაში. განა არ მესმოდა, რომ ოჯახის წევრები მუდამ შეუცვლელები იყვნენ, ყველგან, ყოელთვის.. უბრალოდ, უსამართლობის გრძნობა მჭამდა. გრძნობა, რომელსაც ვერაფრით ვაბიჯებდი, ვერ ვჯობნიდი.
–იქნებ, უბრალოდ ბრუნდებოდა.. იქნებ, არც აპირებდა რამე მოეწია.. – ამოილაპარაკა კახიმ, აიყვანეს თუ არა მარიამი რეანიმაციაში და ყველას სათითაოდ გადმოგვხედა
–ჰო, უბრალოდ გადაუხვია გზიდან, უბრალოდ შეეჯახა იმ დედამოტ*ნულ ხეს, კახი. ჰო, როგორ არა! – გაღიზიანდა ანრი და გადაღლილი თვალები ხელისგულებით დაიფარა, – მართას ელაპარაკა.. ისე ელაპარაკა.. – გაუწყდა ხმა და ღრმად ამოსუნთქა
–არ ყოფილა უბრალო ავარია, – თავადაც არ ვიცი, როგორ ამომივიდა ასეთი ხმა ყელიდან. ვთქვი თუ არა, კბილები ჩავავლე ჩემსავე ტუჩს და რამდენიმე წამში, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ვიჯექი და შევყურებდი ბიჭებს, რომელთაც რაღაც ამოუცნობი ძალით უკვე დარღვეოდათ ერთიანობა. აკლდათ ის ნაწილი, რომლითაც ლაპარაკს ან ერთმანეთის თვალებში ჩახედვას შეძლებდნენ. ამიტომ, სამივე ცალ–ცალკე იტანდა აუტანლად გაწელილ დროს. იმდენად დიდი დრო გასულიყო ჩვენი იქ ყოფნისა, ვეღარ მოვისვენე და ახლა მათზე ფიქრი შემიძვრა გონებაში. ასე უფრო მარტივი იყო. კახი და ანრი შედარებით მშვიდად ისხდნენ, საბა კი.. საბა ხშირად დგებოდა ფეხზე, მონოტონურად ადგამდა ნაბიჯებს, წინ ჩაგვივლიდა და ჩამოგვივლიდა ხოლმე და ხმამაღლა, გაუჩერებლად სვამდა კითხვებს ყველაფერზე. ბოლოს იმავე ადგილას ჩამოჯდა, სადაც მანამდე, მთელი ამ დროის განმავლობაში მოთავსებულიყო და საკუთარ კალთას დააშტერდა
–იცოდით, რომ სუიციდის ერთ–ერთი რისკ–ფაქტორი წარსულში ჩადენილი მცდელობა ყოფილა? – ისე იკითხა, თავიც არ აუწევია. ბიჭებმა ერთდროულად მიატრიალეს მისკენ თავი. ხელში მინერალურის ბოთლი ეჭირა და წარწერებს ნერვიულად აყოლებდა თითებს, – მაშინ წავიკითხე, პირველად რომ გადაიჭრა ვენები. მეორე დღეს, მთელი დღე ვიჯექი და ვკითხულობდი. ახლა რომ მკითხოთ, შეიძლება გაკვეთილივით, დაზეპირებული ფრაზები ჩაგაბაროთ სუიციდთან დაკავშირებით, – ამოგვხედა და შევნიშნე როგორ გაფითრებოდა მთელი სახე, – დარღვევაა, ფსიქიკური დარღვევა, რომელსაც იმდენი ფაქტორი უძღვის წინ, თავგზა აგერევა. ერთ–ერთია წარსულსა და აწმყოში ჩადენილი მსგავსი ქმედება. ასეთ დროს, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყო თურმე.. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, სისულელეა მეთქი და მეორე დღეს, შიოს ღიმილიანი სახის დანახვისას, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში. თანაც, მეგონა, ცხოვრება ისე უყვარდა, ყველაფერს გადალახავდა. ყველას ასე გვეგონა, ხომ ასეა? – მზერა მოატარა ბიჭებს და სევდიანად ჩაეღიმა, – ხომ ასე გეგონათ? თუ, მარტო მე ვფიქრობ ახლა, რომ არაფრის მაქნისი მეგობარი გამოვდექი..
–ასე გვეგონა, საბა, – უღონოდ დაუქნია კახიმ თავი და მოკუმულ მუშტს ჩამოაყრდნო სახე. თან წამით არ მოუშორებია საბასთვის მზერა, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ბოთლისთვის მიწებებული ქაღალდის შემოცლას. ყოველ ჯერზე ხელი უსხლტებოდა და თავიდან ცდილობდა. ფრჩხილების მონაცვლეობით ეწვალებოდა სრიალა ქაღალდს.
–შეეშვი! – გაზიღიანებით წამოიძახა ანრიმ უეცრად და მოულოდნელად შევხტი. საბამ კი მშვიდად ჩამოუშვა ხელები და თვალებდაქაჩულმა განაგრძო
–იცით, ფსიქიკურ მდგომარეობასაც გააჩნია, თურმე. თუ ადამიანს დეპრესია, მანია, შფოთვები აწუხებს, უფრო დიდი შანსია, თავის მოკვლის მცდელობებს მიმართოს. კიდევ, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება მოქმედებს ცუდად, თუ თან რაიმე აფექტური პათოლოგიაც ახლავს..
–გეყოფა, საბა! – კიდევ ერთხელ დაიღრინა ანრიმ და საბას გაკვირვებულ მზერაზე უარესად გაღიზიანდა. ფეხზე ისე სწრაფად წამოიჭრა, მისი მკლავისკენ გაწეული ხელი ჰაერში გამიშეშდა, – ვის რაში აინტერესებს ეგ ნაგავი? მითხარი, ვის რაღაში აინტერესებს? – აღრიალდა და მისკენ გაიწია, კახის მუდარანარევ მზერას რომ გადააწყდა
–დაჯექი რა! – ამოილაპარაკა ისევ ძალაგამოცლილმა კახიმ და სახე მოისრისა, – დაჯექი, ანრი, თუ ძმა ხარ!
–აღარ ამოიღო ხმა, – დაბალი ხმით გააფრთხილა საბა და უკან დაბრუნდა. გვერდით დამიჯდა და ახლა მე ჩამაშტერდა თვალებში, – დარეკე დედაშენთან?
–ჰო, კარგად არის ტიტე, აჭამა და დააძინა..
–ასეთ დროს საკუთარ თავში ბრძოლები აქვს თურმე ყოველ პიროვნებას.. – ამოილაპარაკა ისევ საბამ და ინსტიქტურად ანრისკენ გადავიწიე. დაჭიმულ სხეულზე ავეკარი და ცრემლები წამომცვივდა
–დაანებე რა, დაანებე, ილაპარაკოს, თორემ ცუდად გახდება.. – მუდარით ამოვილაპარაკე და კიდევ უფრო მეტად ავტირდი
–ზუსტად ასე ეწერა, ბრძოლებიო. შიო რაღაცებს ებრძოდა, გამართული ომი ჰქონდა გონებაში, ჩვენ კი ვერ ვხვდებოდით. გონებით რომ სადღაც გაფრინდებოდა ხოლმე, ხელს ავუქნევდით და ისიც, უთქმელად გვიღიმოდა, გისმეთო. თურმე, სულ არ გვისმენდა.. – ხმას აუწია საბამ, აღარ ბუტბუტებდა. მე კი, ვეღარ ვჩერდებოდი. ვერაფრით ვჩერდებოდი. ყელსა და მკერდს მისველებდა საზიზღარი ცრემლები, ანრის მაისურზე იკვლევდა გზას და მისი გულის აჩქარებულ კედელს უერთდებოდა. თურმე, რამდენი ცრემლის ღვრა შეუძლია ადამიანს. თურმე, ყველაზე მტკივნეული მაინც სხვისი ტკივილი ყოფილა. არაბუნებრივად მტკიოდა.. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მე კი, უკვე იმაზე მეტად მტკიოდა, ვიდრე ამ გრძნობის გაძლება შემეძლო. საკუთარმა ქვითინის ხმამ რომ შემაწუხა, სწრაფად ავიკარი პირზე ხელები და უფრო მეტად შევუერთდი ანრის სხეულს. ვიგრძენი, როგორ უკანკალებდა თითები, მოუთმენლად რომ ჩამომაწევინა ხელები. თავისთან გადამისვა და მუხლებზე მომითავსა თუ არა, ღრმად ამოისუნთქა. ვგრძნობდი მისი სუნთქვას, ხშირსა და არეულს, ვხედავდი ჩვენ პირისპირ, ცრემლჩაგუბებული თვალებით მჯდარ, გაშეშებულ კახის და მესმოდა საბას გაუთავებელი მონოლოგი.. ლაპარაკობდა დაღლისა და შესვენების გარეშე. თან, შიგადაშიგ ჩაგვეკითხებოდა ხოლმე, ჩაფიქრებული მზერით : „არაფერი შეგინიშნავთ, არა?“ და ისე აგრძელებდა საუბარს, არცერთი ჩვენგანის პასუხს არ ისმენდა. ჩვენ არც გველაპარაკებოდა. თავისთვის.. მხოლოდ თავისთვის თუ შიოსთვის ლაპარაკობდა. ბოლოს, დავინახე, როგორ შემოხსნა მინერალური წყლის ბოთლს შემოხვეული ქაღალდი და წამით გაჩუმდა, ფართო ღიმილით დააჩერდა და თავი უკან გადააგდო, სკამის საზურგეზე. თითქოს ახლაღა ამოისუნთქა შვებით. რამდენიმე წამით ვდარაჯობდი თვალებით მის სუნთქვას, ანრისას რომ ეხმიანებოდა და ის იყო, თვალების მოხუჭვას ვაპირებდი, ცოცხალი მზერით რო შემეფეთა
–მართა, შენც არაფერი შეგინიშნავს? – მკითხა ცნობისმოყვარედ და მოპირდაპირე მხარეს მდგარ ურნაში შორიდანვე მოისროლა დაცარიელებული ბოთლი. სანამ პასუხს გავცემდი, მანამ ვიგრძენი, როგორ ჩაიღრინა ანრიმ გაღიზიანების ნიშნად.

***
–მგონი, ყველაფერს ვამჩნევდი, – ვუთხარი ანრის, მარტო რომ დავრჩით. მანქანაში ვისხედით. თენდებოდა. წუთი–წუთზე შიოს მშობლები უნდა მოსულიყვნენ და კახიმ და საბამ ითავეს მათი დახვედრა.
–რას ამჩნევდი, მართა? – გადაღლილი იყო. უკან გადაწეულ საარძელზე მოეხუჭა თვალები. ჩემი კითხვისთანავე შემომხედა და ოდნავ გამიღიმა, – რას ამჩნევდი?
–რომ არ იყო კარგად..
–შიო არასდროს ყოფილა ძალიან კარგად, – ლოყაზე მომაკრო ხელისგული და ჩემკენ მობრუნდა, – ალბათ, უფრო მეტად უნდა შეგვენიშნა.
–შენც ასე ფიქრობ?
–ვფიქრობ, რომ არაფრად ვივარგეთ..
–სტრესში იყო. მუდამ რაღაც აწუხებდა. ვერსად პოულობდა საკუთარ თავს, – ნერვიულად ავლაპარაკდი და რომ მივხვდი, არ მაწყვეტინებდა, ინსტიქტურად განვაგრძე, – დავიაკრგეო.. ასე მითხრა, ისევ დავიკარგეო, მე კი შენს ნათესავებთან წამოვედი, ანრი.
–მან გიბიძგა არა? – ჩაეცინა თბილად
–ჰო..
–კლასიკური შიო.. ბიძგის მიმცემი. იმედისა და სიყვრულის მატარებელი.. – დაიჩურჩულა და იმდენად მელამაზა მისი პირით დახატული შიო, უნებურად მეც გამეღიმა.
–ბიძგის მიმცემი? არ მგონია რაღაც.. უფრო მშვიდი იყო ყოველთვის. შეეძლო მდუმარედ ეყურებინა ჩვენთვის და სიტყვაც არ ეთქვა იმის შესახებ, რამდენად ვტკენდით ერთმანეთს. თითქოს ვერაფერს ხედავდა.. ვერასდროს. არადა, სხვებთან შედარებით ყოველთვის მეტად ესმოდა ჩვენი, ასე მგონია.
–ეგ შენ გგონია, რომ არაფერში არასდროს ერეოდა, მართა. ეგ შენ მიგაჩნდა, რომ მისი ქცევა ჩარევა არ იყო..
–რას ამბობ, ანრი? – მის ჩამქვრალ თვალებს გავუსწორე მზერა.
–შენ დრო არ გქონია მისი ბოლომდე გაცნობის, მართა.. თორემ, იმის მიხვედრას რა უნდოდა, რომ შენზე შემოხვეული მკლავები, მისი მუდმივად შენს გვერდით ყოფნა, შენს მეორე ნახევრად გახდომა ჩემთვის ყველაზე დიდი მინიშნება იყო.. მინიშნება, რომ შენი დაკარგვა არ შეიძლებოდა.. რომ შენთვის უნდა მებრძოლა.
–გამოდის, მაინც აურჩევია მხარე. შენი მხარე.. – ცრემლით ამევსო თვალები.
–ააქვს ამას მნიშვნელობა? მართლა აქვს ამას მნიშვნელობა? – ხმა ჩაუწყდა ანრის.
–არ ვიცი..
–სწორედ ამით არის შიო გამორჩეული, მართა. თვალებით გესაუბრება, ქცევებით, თავისი შინაგანი ბუნებით.. რაც მეტად ეშვები უფსკრულში, მით მეტად გიახლოვდება, მით უფრო ახლოსაა შენთან. თავიდანვე ასეთი იყო, სულ ასეთი.. კაცი რომ მოკლა, გაგიღიმებს და გეტყვის, სხვასაც მოუკლავს, ერთადერთი არ ხარო. საყვარელ ქალს რომ აწყენინო, მხარზე დაგკრავს ხელს და დაგამშვიდებს – ეგ არაფერი, შენ თუ არა, სხვა კაცი გამოჩნდება და ის დააფასებს, არ იდარდო მის გამოო. მიგახვედრებს, რომ ტრა*ი თუ არ გაანძრიე, წამებში გამოგეცლება ის ქალი ხელიდან..
–შენ გითხრა ასე? – მივხვდი და გამეცინა. ცრემლნარევი სიცილით ავიკელი დახუთული მანქანის სალონი.
–ჰო.. შეუყვარდი ძალიან. ნათელი თვალები და სიცოცხლით სავსე მზერა აქვსო, ასე ამბობდა. განსაკუთრებული გოგოა, მეცოდება შენთვისაც და ყველა სხვა კაცისთვისაცო. თავიდან მეგონა, რომ მოეწონე.. სანამ ერთად გნახეთ. სანამ გაგიცნობდი.. ვეხუმრებოდი კიდეც, რა დაინახე კესოს დაქალში ასეთი მეთქი. მაშინ არაფერი მიპასუხა. მერე.. ჩემად რომ დაგიგულე, მერე გამცა ამ კითხვაზე პასუხი.
–რა პასუხი?
–შენშიც კი დაინახა ადამიანი, აი რაშია მისი განსაკუთრებულობაო. ჰო, მგონი ასე თქვა, ასე მახსოვს.. უკბილოდ რომ იხუმრა, ეს კი ვიცი..
–ხომ გადარჩება? მითხარი, ხომ გადარჩება? ხომ იმიტომ ვართ აქ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩეს? იქნებ მართლა სჯობს მისი თბილისში გადაყვანა? იქნებ, აქ რამე დააკლონ? – ავფორიაქდი თავიდან.
–ერთადერთი რამ ვიცი ახლა, მართა, – სიმწრით ჩაეღიმა და ისევ უკან გადააგდო თავი, – თუ დამტოვა.. ახლა თუ ნამდვილად დამტოვა, ჩავთვლი რომ ჩემთვის ყოფილა წყევლად მოვლენილი. ჩავთვლი, რომ არაფერს ჰქონია ცხოვრებაში აზრი. არც სიყვარულს, არც სიკეთეს, არც ადამიანობას..
–შიო ვერ იქნება შენი სასჯელი, ანრი.
–უკვე არის. უკვე ყველას სასჯელია, – გამიღიმა უცნაურად და ჩემკენ გადმოიხარა, – თავიდან ვბრაზობდი.. ვცოფთებოდი, ასე რომ მოიქცა. პირველ ჯერზეც და ახლაც. თუმცა.. ახლა ვხვდები, მთელი ეს დრო სწორედ ჩვენ გამო შემორჩა ამ ქვეყანაზე.. მუდამ სხვაგან მიუწევდა გული. არ იყო თითქოს ამ მიწის კაცი..
–წარსულში ალაპარაკდი, ანრი.. – შეშფოთება გამერია ხმაში და გაუცნობიერებლად, პირზე ავაფარე თითები. ფრთხილად ჩამომაწევინა და ჩემკენ უარაფრო მზერით გამოიხედა.
–წაუძინე მართა, – სახეზე ამაკრო ხელი. ისე, როგორც სჩვეოდა. თითები შუბლთან მომაწება და ნიკაპისკენ ჩამოასრიალა, – დაისვენე..
–არ მინდა. ახლა როგორ უნდა დავიძინო? არ მინდა..
–უნდა დაიძინო, – გაჯიუტდა და მკლავი მომხვია, – გეხვეწები, სულ ცოტა ხნით დაიძინე..
–რა გითხრეს? წეღან, ზემოთ რომ იყავი, რამე ახალი ხომ არ უთქვამთ?
–მინდა, რომ წაუძინო, მართა.. – ხმის კანკალით ამოილაპარაკა და შუბლზე მომაკრო ტუჩები.
გადაღლილსა და ღამენათევს, ანრის მკერდზე ჩამომეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა. თუმცა, არ მინანია.. შიო იყო ჩემთან. მომნატრებოდა.. საშინლად მომნატრებოდა. სანაპიროზე მივსეირნობდით, ერთმანეთთან ახლოს. მას თმა უქროდა, ნიავთან ერთად და აქეთ–იქით, მხრებზე, ჭრელი პეპლები ჩამოსხდომოდნენ. ბედნიერი იყო და მე ვიცოდი, რომ სიზმარში ვიყავით. ამიტომ, არ მითხოვია, არ დაგვტოვო მეთქი. ხშირ–ხშირად მკლავებს მხვევდა და მიუხედავად თბილი ნიავისა, ისეთი ცივი მეჩვენებოდა, შეხებისას უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, შიშისა თუ სიცხადის. ახლაც მახსოვს ის სიზმარი. მახსოვს, უეცრად როგორ გაჩერდა და წინ ჩამომიდგა. როგორ აფრინდნენ პეპლები მისი მხრებიდან. მის თავზე დაიწყეს წრიულად ნავარდი და ზემოთ აიჭრნენ. თვალი გავაყოლე და რატომღაც, ჩვენს ფრანებს მივამსგავსე. რომ ვერ გავუშვით, იმ ფრანებს. გამეღიმა და შიოს გავუსწორე ბედნიერმა მზერა. სულ ერთი წამით დავლანდე მისი ნათელი თვალები, ყველაფერს რომ გამოხატავდა: სევდას, წყენას, შიშს, სიყვარულს, სითბოს.. და თითქოს რაღაც აფათურდა ჩემს გონებაში. მერე.. უცნაურმა ხმაურმა გამომაღვიძა და აღმოვაჩინე რომ ანრის სხეული გამომცლოდა მკლავებიდან. მანქანის წინა კარი ფართოდ დაეტოვებინა ღია. მხრები და კისერი დამჭიმვოდა და ამტკიებოდა. ალბათ, სიცივე შემეპარა.. ალბათ, ამიტომაც იყო სიზმარში ცივი შიო მეთქი ვიფიქრე. ფრთხილად წამოვიწიე, ანრის ქურთუკი სხეულიდან მოვიშორე და ფეხები გავშალე. მოსაცდელიდან გამომავალ კარში მდგარი ბიჭები დავინახე და მანქანიდან საჩქაროდ გადმოვედი. ზურგებით იდგნენ. ერთმანეთის მიყოლებით, კარებთან ჩამომდგარიყვნენ და მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს.
–ანრი! – დავუძახე და ხმა რომ ჩამიწყდა, ოდნავ ჩავახველე.
არ გამოუხედავს. თუმცა, დავინახე როგორ შეირხა და თავზე ჩამოიფხატა მანამდე წელზე მოთავსებული ხელებით ჩაბღუჯული შავი ქუდი. ქუდს ზევიდან, საფეთქლებზე მიიკრა ხელისგულები და დაბლა დახრილი თავით, ძლიერად ჩააჭირა ფრჩხილები უხეშ მატერიას.
–ანრი.. – უღონოდ ამოვილაპარაკე კიდევ ერთხელ და ძალა გამომეცალა მუხლებში. ჩემკენ შემობრუნდა, უხმოდ აუარა გვერდი გახევებულ, მხრებჩამოყრილ ბიჭებს და ჩასისხლიანებული თვალებით გამოემართა ჩემკენ. უკან დავიხიე. არ მინდოდა მოსულიყო. არ მინდოდა უფრო ახლოდან დამენახა მისი გაცხოველებული სახე. არ მინდოდა თუნდაც ერთი სიტყვა ამოსვლოდა პირიდან. არ მინდოდა. უკან–უკან, ჯიუტად ვდგამდი ნაბიჯებს მანამ, სანამ მანქანას არ ავეკარი ზურგით. ანრი კი ჯიქურ მოიწევდა ჩემკენ, ყველა ნაბიჯს ჩემთან ერთად დგამდა, თვალებში მიყურებდა და ვიცოდი.. ვიცოდი, რას ნიშნავდა მისი ეს მზერა.
–არ მითხრა! – შევეხვეწე და სიტყვებთან ერთად ქვითინი ამიტყდა, – არ მითხრა.. გეხვეწები, ანრი, არ მითხრა!
ძლიერად მომუშტა მუჭები, ძალაგამოცლილი დამეყრდნო შუბლით მხარზე და ძლიერად მოკუმული მუშტები დაუშინა მანქანას. როგორ მინდოდა, მეც ამეტეხა ანრისავით ღრიალი. როგორ მინდოდა, მეც მეპოვა შვება ჩამსხვრეულ შუშებსა და დასისხლიანებულ სხეულში. საშინლად მინდოდა მასავით დამემხო თავზე ყველაფერი, გარშემო არსებული. მასავით ავკროდი გულის კედლით მიწას.. იმ მიწას, რომელიც შემდეგ დღეებში ჩვენი შიოს სამყოფელად იქცა. ჩვენ რომ ასე გვეჯავრებოდა.. გულს რომ გვიჩერებდა. ამის მაგიერ, მხოლოდ სუნთქვა მეკვროდა. შიო აღარ იყო, მე კი უბრალოდ სუნთქვა მიჭირდა.
არადა.. მეგონა უფრო მეტი იქნებოდა. მეგონა, ყველაფერს შეეტყობოდა მისი გაქრობა. თურმე, ვცდებოდი. დღეც კი მზიანი იყო.. ნიავიც ისევე ქროდა, როგორც მის სიცოცხლეში. ფეხქვეშ ისევ ვგრძნობდი მყარ საფარს და ამ ყველაფრის გააზრებისას, გულისრევამ შემახსენა თავი.
შიო დაიღუპა. გარშემო კი არაფერი შეცვლილიყო. არავის არაფერი გაუგია. არც მე. მშვიდად მეძინა.. მეძინა და შიოს პეპლებს გავცქეროდი ბედნიერი ღიმილით.
მე რომ მეძინა, შიო კვდებოდა..

***
გული გაუჩერდა. გაუჩერდა და ვეღარ აუმუშავეს.
როგორ შეიძლებოდა შიოს გული გასჩერებოდა?! როგორ შეიძლებოდა მისი უსიცოცხლოდ ყოფნის დღეებისთვის განგებ შეგვერჩია ლამაზი, ახალთახალი სამოსი?! როგორ შეიძლებოდა ყვავილების ლამაზ განლაგებასა და სამძიმარზე მოსული ხალხისთვის განლაგებული სკამების რაოდენობაზე გვეზრუნა?! როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ცხადი გონებით, ცხოვრებისეულ ნორმად ჩაგვეთვალა?! საკუთარ ფეხებს დავჩერებოდი და ვფიქრობდი.. ვინ უნდა გამოენახათ ბიჭებს მისი სასახლის მეოთხე კუთხის საყრდენად?!
–ეს შენთვისაა! – მომესმა გვერდიდან და ვიგრძენი, როგორ დამექაჩა ხელზე შიოს დის, მარიამის პატარა გოგონა. გავხედე. გამიღიმა და ორად გაკეცილი, თეთრი ფურცელი გამომიწოდა, ზედ წაწერილი ჩემი სახელით.
–რა არის? – ვკითხე და დავინახე, კიდევ ასეთი რამდენიმე ფურცელი როგორ მოეთავსებინა პატარა თითებში.
–შიო ძია წერდა! – მახარა და უფრო ფართოდ გამიღიმა. მისთვისაც საგანგებოდ აერჩიათ შავი, მაქმანებიანი კაბა და ლამაზად ჩაეწნათ აქეთ–იქიდან გრძელი თმა.
ნეტა თუ ხვდებოდა სად იყო, რატომ იყო, რა ხდებოდა მის თავს..
–კარგი.. – ინსტიქტურად გადავუსვი თავზე ხელი და შიოს ხელით ამოტვიფრული ჩემი სახელის კიდევ ერთხელ დანახვისას თითები ამითრთოლდა.
მის ახალ, დროებით სამყოფელთან ჩამოვმდგარიყავი. ზემოდან დავყურებდი განაცრისფრებულ სახეს და ვფიქრობდი, რომ სულაც არ უხდებოდა ასე გულითადად გადავარცხნილი რიჟა თმა. ისე მშვიდად იწვა.. ისე ლამაზად დაეწყო გულზე ნატიფი ხელები, ვერაფრით ვიჯერებდი, რომ მას დავყურებდი. ხომ ყოველთვის მშვიდი იყო, თუმცა არასდროს ასეთი უსიცოცხლო.
არ იყო ეს შიო.. არ იყო, ან მე მინდოდა, რომ არ ყოფილიყო. მხრებზე რომ ვიგრძენი ანრის თითები, ოდნავ მოვეშვი. ტირილისგან ჩამოსიებული თვალები მოვხუჭე და მის მკლავებს მივენდე. ასე იცოდა ხოლმე. მთელი დღე თავისთვის იყო, თითქმის არ მეკარებოდა და მერე, რომ მოსაღამოვდებოდა, ვეღარც ის უძლებდა ჩემგან შორს ყოფნას. უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. თითქოს განგებ ვუფრთხოდით ერთმანეთს. თითქოს გვეშინოდა, ტკივილისა და სიახლოვის გაზიარებით ნანატრი შვება არ გვეგრძნო. ადამიანი ხომ ზოგჯერ ცხოველზე უარესია. ყველა თავდაცვით ინსტიქტს აქცევს ზურგს და გაჭირვების ჟამს საკუთარი თავის ტანჯვა ყველაზე მეტად სჩვევია.
–წერილები დაუტოვებია.. – ჩავიბუტბუტე და ჩემს მუცელზე შეცურებულ მის ხელს ჩავეჭიდე.
–ვიცი..
–არ მინდა მისი წერილი, ანრი! – ტირილი ამიტყდა და ვიგრძენი, როგორ ამიტაცა ჰაერში, – არ მინდა წასვლა.. არ მინდა წერილები. არ მინდა მისი დატოვებული არც ერთი სიტყვა.. – უნებურად ხელისგულში მოვჭმუჭნე თხელი ქაღალდი და მის მკერდს მივეკარი სახით.
–არ წაიკითხო. არ წაიკითხო, მართა! ნუ წაიკითხავ, ამის დედაც! – მხრებში ჩამაფრინდა და მოშორებით, ჩამომდგარი მამაკაცებისგან მოშორებით გაიტანა ჩემი სხეული.
–მომენატრება. ახლა მიწას მიაყრიან და უფრო მეტად მომენატრება, – ამოვიჩურჩულე და მხრების ტკივილისგან სახე დამემანჭა, – გამიშვი, ანრი..
მისი თითები მომცილდა და მზერა გავუსწორე თუ არა, დავინახე, როგორ შემომყურებდა. არეული, უცრემლო თვალებითა და გამოფიტული სახით.
–წავიდეთ სახლში.. – ხელი მომხვია და მანქანისკენ მიბიძგა, – წავიდეთ, ტიტეს დავხედოთ, შხაპი მივიღოთ და ერთ საათში ისევ დავბრუნდეთ.
თავი დავუქნიე და გავყევი. მანქანაში ჩაჯდომისას, კიდევ ერთხელ დავხედე ხელში მოთავსებულ ფურცელს და ხელებაკანკალებულმა, მუხლებზე დავიფინე. ისე ვცდილობდი მოჭმუჭნული ფურცლისთვის პირვანდელი მდგომარეობა დამებრუნებინა, ნერვები მომეშალა. არაფერი გამომდიოდა. უღონოდ ვცდილობდი მის გასწორებას.
–შეეშვი, მართა! – მაჯაზე ჩამაფრინდა ანრი.
–შენ წაიკითხე?
–არა..
–მეზიზღება ცხოვრება. მეზიზღება ეს დღეები..
–უფრო რთული დღეები დაიწყება. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, უფრო გართულდება ატანა. ახლა მოვალეობები გვაქვს.. ახლა, მის სასახლეზე დამხობილ დედამისს შევყურებთ და ვდარაჯობთ, ისევ ცუდად არ გახდეს. ახლა ყვავილებსა და შესაფერის საფლავის ქვაზე ვზრუნავთ. ათასი ხალხი ირევა გარშემო და ფიქრის დრო არ გვაქვს. მერე.. მერე ყველა მარტო დავრჩებით ჩვენს თავებთან და აუტანელი დღეები დაიწყება. მერე, როცა ასეთიც აღარ გვეყოლება, სიცოცხლეგამოცლილი..
–არ მინდა მისი დასაფლავების ყურება, ანრი, – მუდარით ამოვილაპარაკე.
–იქ უნდა იყო.
–არ მინდა, არ შემიძლია.. – ამოვიტირე და ისევ ფურცელს დავხედე. ცრემლით გათხაპნილიყო ჩემი სახელი, – გაფუჭდა. ჯანდაბა, გაფუჭდა! მისი დაწერილი იყო.. რა ლამაზად ეწერა, მე კიდევ, გავაფუჭე! დღეებია ვტირი და ამ ოხერი ცრემლებით მაინც გავაფუჭე ბოლოს რაღაც! მისი დატოვებული სულ რამდენიმე სიტყვა! ჯანდაბა, ჯანდაბა..
–დამშვიდდი, მართა, დამშვიდდი! – ანრის ღრიალმა შემაწყვეტინა მოთქმა და მივხვდი, როგორ ამკანკალებოდა მთელი სხეული.
ღრმად ჩავისუნთქე და შიოს ბოლო.. ნაჩუქარი სიტყვების წასაკითხად მოვემზადე, ანრის ხმა რომ მომესმა. მშვიდი და თითქოს იმედიანი.
–რომ დავასაფლავებთ, წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ.. ხელიც მოვაწეროთ. რომ გავისტუმრებთ, შიოს რომ გავისტუმრებთ.. ჩვენი ერთიანობა დავადასტუროთ, მართა.
–რატომ? ახლა რატომ? – აღმომხდა უღონოდ. იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, ანრის სურვილის მიზეზსაც ვერ ჩავწვდი. ვერაფრით მივხვდი, რას ნიშნავდა ასეთი სიმშვიდენარევი ხმით ნათქვამი.
–მინდა ეს ჯოჯოხეთური დღე სულ ოდნავ მაინც გადაფაროს რაღაც წმინდამ.. მინდა, მხოლოდ ტკივილს არ ვგრძნობდე ამ თარიღის გახსენებისას.
–ხო მაგრამ ის არ იქნება.. – შეშფოთება გაერია ჩემს ხმას.
–შიო აღარასდროს აღარ იქნება, მართა.. – სევდით ჩაეღიმა და მანქანა გააჩერა.
ჩვენი სახლის წინ, სადარბაზოსთან ვიდექით და გადასვლას არცერთი ვჩქარობდით.
–კარგი.. კარგი..
–წაიკითხავ? – ისე მკითხა, არ შემოუხედავს. ფანჯარას ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა. ორი ღერი ისე ჩაწვა, არ გავნძრეულვარ. მერე გამომხედა, სახლში დაგელოდებიო, მითხრა და მანქანიდან გადავიდა.
მე კი.. მე კიდევ ერთხელ ვცადე თეთრი ქაღალდის გასწორება და ათრთოლებული თითებით გავშალე. მაშინ, ბოლოჯერ მოვისმინე შიოს სიტყვები. მესმოდა.. მისი ხმა ცხადად ჩამესმოდა:
„შვიდი ემოცია, მართა.. შვიდი გრძნობა, ერთ კონად შეკრული..
არ დაივიწყო.. და არ დამივიწყო.
ღვთის არა.. თქვენ წინაშე ვინანიებ. ადამიანების.. ჩემი ადამიანების წინაშე. ამას მაინც აქვს აზრი.“
ვიგრძენი, როგორ გამომაცალა მთელი ამ ხნის განმავლობაში შემორჩენილი ის ცოტაოდენი ძალა შიოს სიტყვებმა, რომლითაც საკუთარი თავის ფლობას, ტირილის შემდეგ სახის შეშრობასა და არც თუ ისე მყარი ნაბიჯების გადადგმას ვახერხებდი. ვიგრძენი, როგორ შემიძვრა სხეულში მისი ხმა.. როგორ მოედო ჩემს გულს და საიდუმლოდ ჩაიბუდა მეხსიერების ისეთ ნაწილში, ამოშლა რომ ვეღარასდროს შევძელი. აღარასდროს.. ამ ერთი შემთხვევის გარდა არასდროს წამიკითხავს ეს ნაწყვეტ–ნაწყვეტ გადმოცემული წინადადებები, მაგრამ მაინც ვერ შევძელი დავიწყება. ყოველი სიტყვა, ყოველი წერტილი, ყოველი ასოს მოხაზულობა თვალწინ მიტრიალებდა მუდამ და მხოლოდ ის მანიჭებდა შვებას, რომ ვხვდებოდი.. ახლა ვხვდებოდი, მის მთავარ საწადელს.
შიო მთელი ცხოვრება ერთი რამისკენ მიისწრაფვოდა: ან უნდა ეცხოვრა სრულყოფილად, ან – საერთოდ არა.

***
–ულამაზესი იქნება ჩემი მართა.. – სარკეში, ჩემი სხეულის უკან აირეკლა ანრის სახე და მხრებზეც მაშინვე აცურდნენ ცივი თითები. წინა დღეებიდან ჯერ კიდევ გამოჰყოლოდა ხრინწი და სიუხეშე ხმის ტემბრისა. ან, მე მეჩვენებოდა..
–არ მინდა თეთრი კაბა.
–ძალიან მოგიხდება, – მხარზე შემეხო ტუჩებით და ყელისკენ აცურდა. თან ძლიერად, ჩვეული ჟინით მხვევდა წელსა და მხრებზე მკლავებს.
–არ მინდა თეთრი კაბა.. – ამოვილაპარაკე ისევ და ვეცადე მომეშორებინა, – ანრი, არ არის ამის დრო..
–ვიცი.. ვიცი, რომ არ არის, – უფრო მეტად შემბოჭა. სული მეხუთებოდა. სუნთქვა ისე მიჭირდა, ვერაფრით ვახერხებდი შეწინააღმდეგებას, – ვიცი, რომ არ არის.. – მიჩურჩულა ისევ და უღონოდ დამეყრდნო ნიკაპით მხარზე. გადაღლილი სახე ჰქონდა.. საერთოდ, ყოველთვის როცა რამე აწუხებდა, გადაღლილი მეჩვენებოდა ხოლმე. თითქმის არასდროს ისახებოდა მის მზერაში ემოციები. იფიქრებდი, მუდამ საზრუნავით აქვს თავი გამოტენილიო. ახლაც ასე შემომყურებდა.. შევატყვე, რომ ერთნაირად გაგვფითრებოდა სახეები და თავი დავხარე.
–ძალიან მეყრდნობი, ანრი..
–ჩემი სიახლოვეც აღარ გინდა, არა?
–უბრალოდ, ძალიან მეყრდნობი.. – ამოვილაპარაკე სუსტად
–ბოდიში! – ამოიჩურჩულა გაღიზიანებით და ერთიანად მომშორდა. სარკეში ვხედავდი, როგორ მიიწევდა ჩვენი ლოგინისკენ, როგორ ჩამოეყრდნო მკლავებით და სულ ერთი წამით დააჩერდა საკუთარ ფეხებს.
–ანრი..
–აღარ გეყრდნობი, მართა.. აღარ გეყრდნობი.. – კისერი მოიზილა და ზურგზე დაემხო. ფართოს გაშლილი მკლავები აქეთ–იქით, სხეულის გარშემო დაასვენა და თვალები მოხუჭა, – მე შენ არასდროს დაგეყრდნობი..
–ანრი..
–უნდა გავემზადოთ
–იქნებ გადაგვედო? – დავსი თუ არა კითხვა, დავინახე, როგორ წამოიწია. იდაყვებზე დაყრდნობილი, ისე შემომყურებდა, ვიოცნებე, საკუთარი სიტყვების უკან წაღება შემძლებოდა.
–უბრალოდ.. დღეს მივაყარეთ მიწა შიოს და.. უბრალოდ, მე.. არ ვიცი, თუ ვარ მზად, – მუდარას უფრო მოგაგონებდა ჩემი ხმა, ვიდრე ახსნა–განმარტებას.
–ორჭოფობ? – მკითხა და სევდიანად ჩაიცინა.
–არა! ანრი, ასე ნუ მიყურებ! ასეთ რამეს ნუ მეკითხები! – ინსტიქტურად გავიწიე მისკენ და წინ ჩამოვუდექი. ფეხებზე შემომაჭდო მუხლის თავები და ჩემი მუცლისკენ გადმოიხარა. შუბლით მომეყრდნო, ხელები თეძოებისკენ გააცურა და მჭიდროდ მომაკრო მუცელზე სახე.
–ჩაიცვი ის წყეული კაბა და დაიწერე ჯვარი ჩემზე, მართა..
–ტიტე წავიყვანოთ? – წამოზრდილ თმაში შევუცურე თითები.
–ჰო, აუცილებლად!
–ხომ ყველა ვიქნებით? – ვკითხე და რომ მივხვდი, რამდენად აბსურდულ, რამდენად საზიზღარ კითხვას ვსვამდი, მაშინვე გადავაკეთე, – კახიც ხომ წამოვა?
–ჰო, აბა როგორ? – გამიღიმა და ამომხედა, – მოვიმიზეზე, კესოს გამო ვერ დაგაყენებ მეჯვარეთ მეთქი, არადა, ისედაც საბასკენ მიმიწევდა გული..
–ანრი, ნუ ამბობ! – გამეცინა უნებურად და მივხვდი, იმ დღეების შემდეგ, იმ წამს.. პირველად გაგვეღიმა. პირველად ვიგრძენით რაღაც, რაც ბედნიერს გვხდიდა. მერე რა, რომ ტკივილიც თან ახლდა ამ ღიმილს.. მერე რა, რომ კახა და საბა კი არა, შიო უნდა ყოფილიყო ჩვენი ხელისმომკიდე.. მერე რა.. სამაგიეროდ, მაინც ვქმნიდით ჩვენს დღეს. მაინც.. ყველაფრის მიუხედავად.

***
წინ მედგა და ისე მიღიმოდა, თითქოს რაღაც ახალს, ჯერ კიდევ ამოუცნობს მთავაზობდა. ისედაც, მუდამ ეცვლებოდა გამომეტყველება. ეცვლებოდა და ყველა ცვლილების დროს იმაზე მეტად ხდებოდა ჩემი ეს მზერა, ვიდრე თავად მსურდა.. ისე ახლოს იყო ჩემს სულთან თავისი თვალებით, ზოგჯერ გული მეკუმშებოდა ამის გააზრებისას. არასდროს.. არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის ბანალური სიტყვები, რომ უერთმანეთოდ ვერ შევძლებდით, რომ ერთმანეთისთვის მაცოცხლებელი წყაროები ან ცხოვრების ერთადერთი მიზეზნი ვიყავით, მაგრამ.. ამ ყველაფერს ისე შემოეღწია ჩვენს შინაგან სამყაროებს შორის, რომ ყველაზე ამაზრზენ.. ყველაზე რთულ პერიოდში გაწყვეტილ, ერთიანობის ძაფებსაც თავიდან, დაუღალავად აერთიანებდა.
იმ დღესაც.. წინ რომ მედგა, ჩემს ათრთოლებულ ხელზე ბეჭედს რომ მარგებდა და წამის შემდეგ, ტუჩებით რომ მეხებოდა მთელ სახეზე.. განაბულს, გულაჩქარებულსა და აცრემლებულს რომ მიკოცნიდა ღაწვებსა და თვალის ქუთუთოებს, მაშინ ვიგრძენი რამდენად ახლოს შეიძლება იყოს შენთან ადამიანი, თუ გრძნობაა ერთი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საიდუმლოა, ბევრი დაუფიქრებლად ნათქვამი ტკივილიანი სიტყვა ან გაუგებარი ურთიერთობები, შეუთავსებელი შეხედულებები და აზრები, საერთო გრძნობას მაინც ჰქონია ის ძალა, ასე რომ გვამონებდა ერთმანეთის სხეულებში.
–ახლა კანონით მეკუთვნი! – მანქანაში ჩაჯდომისთანავე კმაყოფილებით ამოილაპარაკა ანრიმ და და ჩემი ბეჭდიანი ხელი თავისაში მოიქცია, – კანონითაც ჩემი ქალი ხარ, მართა!
არ იყო უბრალო, ბედნიერი ბიჭის პირით ნათქვამი ეს სიტყვები. შეგრძნება გამიჩნდა, რომ რაღაცას ამტკიცებდა, რომ სიამაყეს დაეჯაბნა მისი ყველა ემოცია და ისე შემომყურებდა, როგორც ახალ, ძვირფას ნივთს.. იმდენად გასაფრთხილებელს, ხელის შეხებასაც რომ ვერ უბედავ.
–არავისაც არ ვეკუთვნი! – გამითავისუფლე მისგან თითები და ტიტეს გავხედე, უშფოთველად რომ მიენაბა თვალები უკანა სავარძელზე.
–ნუ ბრაზობ, მართა.. არაფერია ამაში ცუდი.. – ჩაილაპარაკა და სახლისკენ მიმავალ გზას ზედმეტად ნელა დაადგა, – ხომ არ გინდოდა ეს დღე აღგვენიშნა?
–რას ბოდავ, ანრი? – ავნერვიულდი და გულ–მკერდის ქავილიც მაშინვე დამეწყო. ამოღებული კაბის გული უფრო მეტად დავქაჩე და ოდნავ დაგრძელებული ფრჩხილები მოუთმენლად დავისვი კანზე.
–ცეკვა–თამაშსა და ბედნიერების ღვრას არ ვგულისხმობ..
–ქორწინებას ასე აღნიშნავენ, ზოგადად! – გამეცინა ნერვიულად და სახეზე ავიფარე ხელები, – ღმერთო.. რატომაა ყველაფერი ამდენად აუტანლად.. რატომაა, რომ ცხოვრება აღარ მინდა, რაც წავიდა.. რატომ ვგრძნობ ასეთ დიდ სიცარიელეს.. – თავადაც ვერ მივხვდი, რატომ დავიწყე ისევ ამაზე ლაპარაკი. არადა, თავს დავპირდი, რომ ეს დღე მაინც უნდა გასულიყო შიოზე ტირილის გარეშე.. დღის ნახევარი მაინც.
აი, ანრი კი ზედმეტად კარგად უძლებდა. იმდენად კარგად, რომ შემდეგ კვირებში ამოუცნობი შიში შემეპარა მისი ასეთი სიმშვიდისა. უხმოდ, დალაგებული სახით დაიარებოდა ხოლმე ოთახიდან–ოთახში, თუმცა.. იშვიათად იყო სახლში. დაბრუნებასაც ზედმეტად აგვიანებდა ხოლმე და აღარც ჩემთან ყოფნა უნდებოდა ისეთი სიხშირით, როგორითაც ადრე. სწორედ ამ საშინელ სიმშვიდესა და ბინძურ საქმეებში ჰპოვა შვება, რომლებიც მერე, ყოველდღიურად ამოტივტივდებოდა ხოლმე ზედაპირზე. ბიზნესსაც მიანება სანახევროდ თავი, ისეთი სიხშირით აღარ ერეოდა, როგორითაც ადრე.. და ეს ყველაფერი ისე მაშინებდა, ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. ვიცოდი, თუ კითხვებს დავსვამდი, აუცილებლად უსიამოვნო, საშინელ პასუხებს მივიღებდი. ამიტომ ვაცდიდი.. ვაცდიდი და ისე ვიწყობდი პირად ცხოვრებასა და კარიერას, აღარაფერს ვუთანხმებდი ანრის. განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩემი ახალ სამსახურში აყვანის ამბავს ზედმეტად ცივად და გულგრილად შეხვდა.
–ახლა ნამდვილად საჭირო იქნება ძიძის აყვანა, – მხოლოდ ეს მითხრა მაშინ და ნახევრად შიშველმა, მკლავებში მომიქცია.
–ანრი.. დავილაპარაკოთ რა! – შევეხვეწე და მკერდზე დავეყრდენი ხელისგულებით.
–სხვა დროს, მართა! ახლა გაიხადე.. – სწრაფად ამიტაცა ხელში და ისე წამიყვანა ლოგინისკენ, ხმა აღარ ამომაღებინა.
არც იმ ღამეს, არც მეორე დღეს, არც შემდეგ კვირას უკითხავს როგორ შევეგუე სამსახურს. ტიტას ძიძაზე უფრო მეტ კითხვას მისვამდა ხოლმე, მისი ძილისა და ჭამის განრიგით უფრო ინტერესდებოდა, ვიდრე ჩემი გატარებული დღით და მეც.. უნებურად მივეჩვიე, რომ არ ვაინტერესებდი. თურმე, მაშინ ზედმეტად უჭირდა.. თურმე, მაშინ მასაც აკლდა ჩემი კითხვები.. თურმე, ისევე ელოდა ჩემს სითბოს, როგორც მე.. ყოველდღე, ყოველ საღამოს, სახლში დაბრუნებული.

***
–ანრი გირეკავდა, რატომ არ მპასუხობსო, გაცოფებული იყო, – პიცის ყუთით ხელში შეიარაღებული კახი შემოვიდა ოთახში და უკან მომყოლ საბას მტრული მზერა ესროლა, – მიხურე კარი, ბიჭო!
–არ მესმოდა.. რა უნდა? – ჩანთაში დავიწყე ტელეფონის ქექვა. პოვნისთანავე დავხედე და თვალები შუბლზე ამივიდა უამრავი გამოტოვებული ზარის დანახვისას.
–არ ვიცი, დამირეკოსო დამიღრინა და გამითიშა, – გაეცინა კახის და კესოსთან ჩამოჯდა, რომელსაც მუხლებზე მოეთავსებინა ატიტინებული ტიტე და უშედეგდ ცდილობდა საკუთარი სახელი ესწავლებინა მისთვის.
–დედა და მამა ძლივს უთქვამს, კეს.. დაანებე თავი, – ხელები ჩაავლო ბავშვს და ახლა თავის მუხლებზე გადაისვა, – რამდენი წლის უნდა გახდე, ტიტე? მითხარი აბა.. მაჩვენე.. ტიტე!
–შეეშვით, გახდეს ჯერ! – შეწუხდა გიგა და პიცის დიდი ნაჭერი გაიქანა პირისკენ, თან ფიქრიანი მზერა შემავლო და გამიღიმა, – დაურეკე იმას, თორემ ისეთი დაძაბული იყო, მეც გადმომედო.
–რატომ იცის გადარევა. ხომ იცის, რომ აქ ვარ.. – ამოვიბურტყუნე და იმავე წამს შემოსულ ანრის ზარს ვუპასუხე, – გისმენ..
–დაბლა გელოდები, მალე ჩამოდი! – თბილი, რბილი ხმა შემიძვრა სხეულში და უნებურად გამეღიმა.
–მეგონა დღესაც მუშაობდი.. ახლავე ჩავაცმევ ტიტეს..
–ტიტე დატოვე, მხოლოდ შენ ჩამოდი, მართა..
–რატომ დავტოვო?
–დატოვე, მართა! – ცისფერი თვალები შემომანათა კესომ და მხიარულად წამოხტა ფეხზე, – რამდენჯერ დაგიტოვებია, დატოვე და წადი..
ფიქრიც არ მაცადეს ისე აღმოვჩნდი ანრის მანქანაში. ჩავჯექი თუ არა, წამით გადმოიხარა ჩემკენ და რბილი კოცნით, უხმოდ მომესალმა
–რა ხდება? ხომ იცი, აურევენ ტიტეს განრიგს ისინი და..
–აურიონ, ნუ დარდობ! – მანქანა დაძრა და თითებით ლოყაზე მომეფერა, – ხვალ დავბრუნდებით ტიტესთან..
–სად მივდივართ, ანრი? – კომფორტულად მოვთავსდი და რატომღაც, მის მაგიერ გზას გავხედე.
–ააქვს მნიშვნელობა?
–არ ვიცი.. ალბათ, არ აქვს, – ავიჩეჩე მხრები და მისკენ მივჩოჩდი, – შეგიშლი ხელს?
–მოდი! – ხელი მომხვია და ცხვირით გამეხახუნა თავზე, – მინდა რომ არაფერზე ვიფიქროთ ეს ორი დღე, კარგი?
–კარგი.. – სიამოვნებით მოვხუჭე თვალები და მომეჩვენა, რომ ახლა უფრო მეტად შემიძვრა მისი მძაფრი სუნი სხეულში.
–არც ერთმანეთზე, მართა.. არაფერზე, სიყვარულის გარდა. ჩვენი სიყვარულის.. ჩვენი ერთად ყოფნის გარდა არაფერზე იფიქრო, გესმის?
–მესმის.. თანახმა ვარ.. შენ?
–რა, მე?
–შენ მოახერხებ ამას? – თავი ავწიე და მის სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად დაჭიმულ ყბას მივაკარი ტუჩები, – შეძლებ რომ ჩვენს სიყვარულზე თუნდაც მხოლოდ ერთი ღამით იფიქრო, ანრი?
ჩემს კითხვას ღრმა ამოსუნთქვა და ირონიული ჩაცინება მოჰყვა. არც გამკვირვებია.. ანრი ანრი იყო. შეუცვლელი.. თავისი ღრმულებით ლოყაზე და სიცივეშეპარული, ჩემს ბარძაყზე ჩაფრენილი თითებით.
–იმაზე მარტივად შეგიძლია ადამიანის ტკენა, ვიდრე წარმოგიდგებია, მართა! – მიპასუხა ზედმეტად დაბალი ხმით, – ვითომ გულუბრყვილო კითხვებითა და გამოხედვით იმაზე მეტს აშავებ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.. – გაიმეორა ისევ და ჩემკენ დახრილი ტუჩებით მოულოდნელად წამეპოტინა წამწამებზე.

***
თურმე.. ანრისაც შეეძლო სილამაზის, სისპეტაკისა და სიყვარულის სხვებივით გადმოცემა. თუმცა.. მგონი ეს ერთადერთი შემთხვევა იყო. თანაც.. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ზედმეტად რომანტიული, ზედმეტად სათნო და საოცნებო იყო, მისი ქცევები და დამოკიდებულება წამითაც არ შეცვლილა. ალბათ, ყოველთვის ეს მიზიდავდა მასში. ან, უბრალოდ შევჩვეოდი, რომ როგორც არ უნდა ვყვარებოდი, ან როგორი სითბოც არ უნდა დაენახა ჩემს თვალებში, მაინც თავისებური, უხეში მოძრაობით ამიკრავდა ტანზე, დაუკითხავად დამაცხრებოდა ტუჩებზე ან ზედმეტი დაფიქრებისა და სიმსუბუქის გარეშე მომახლიდა საკუთარ აზრს, ნებისმიერი საკითხის შესახებ. ყოველთვის ამით განსხვავდებოდა სხვა, შეყვარებული მამაკაცებისგან.. ანრი არასდროს გადადებდა საკუთარ თავს ჩემ გამო, არასდროს იზრუნებდა ჩემს გრძნობებზე იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო. არ ჩაერეოდა ჩემს ტკივილში მანამ, სანამ შეატყობდა, რომ გაძლება ჯერ კიდევ შემეძლო..
თუმცა, იმ დღეს მართლა ჰგავდა შექმნილი გარემო ისეთი მამაკაცის ნამოქმედარს, ხელის გულზე რომ ატარებენ საყვარელ ქალებს..
–რა სილამაზეა, ანრი!
–მოიხურე რამე მხრებზე..
–ღმერთო! არც ვიცოდი ამ სასტუმროს შესახებ.. რა საოცარი კერძები აქვთ!
მგონი, არც მე ვგავდი ჩემს თავს მაშინ.. იმდენად აღტკინებული, ისეთი აფორიაქებული ვიყავი ყველაფრით..
–მოიხურე მხრებზე.. – ამჯერად ღიმილით მომიგო და ჩვენს მაგიდაზე მოთავსებული საოცარი კერძების თვალიერებით გართულმა, კიდევ რომ არაფრად ჩავაგდე მისი ნათქვამი, ოხვრით გადმოიხარა ჩემკენ, – გაცივდები და მოგიწევს სამსახურის გაცდენა, მართა!
–არ მცივა, – როგორც იქნა ავხედე და წამში მომეღუშა სახე, – რატომ ვართ აქ?
–ქორწილიც კი არ გვქონია.. ხელის მოწერის შემდეგ, ლანჩზეც კი არ წავსულვართ. მხოლოდ მათთან ერთად გავდიოდით სადმე, ისიც შიომდე.. საქმიანი შეხვედრების გარდა არსად ვყოფილვართ ერთად, მართა.. – ამოილაპარაკა ისეთი სახით, თითქოს უკვირდა, აქამდე როგორ ვერ მივმხვდარიყავი ამ ყველაფერს.
–ანუ ყველაფერს ვივიწყებთ, არა?
–მხოლოდ იმის გამო, რომ თავს ბედნიერების უფლება მივცეთ, – ღვინის ჭიქა შემივსო და ნაზად გამომაწოდა, – მგონია, რომ აქ ცივა..
–არ ცივა, ანრი, – გამეღიმა და ღვინო მოვსვი. სასიამოვნოდ ჩამეღვარა მუქი სითხე ყელსა და მუცელში. არაფერი მიპასუხა. მხოლოდ მაკვირდებოდა. მაკვირდებოდა დიდხანს და გაუნძრევლად. მხოლოდ ტუჩის კუთხეები უტოკავდა სულ ოდნავ.. ისე, თითქოს სიტყვებს თუ სუთქვას მონდომებოდათ გარეთ გამოღწევა და ანრი არ ანებებდა. ისე ჰქონდა პირი მოკუმული, დარდიც კი დავიწყე.. ნეტავ თუ ამოიღებს მეთქი დღეს საღამოს ხმას. სიგარეტს რომ მოუკიდა და ბაგეები გახსნა, მაშინღა ამოვისუთქე. სიტყვებიც სწორედ ამ დროს, დაგროვებული, აქაფებული ტალღებივით გადმოიფრქვა და ნაზ ბგერებად გაიფანტა ჰაერში. ყოველთვის მემსუბუქებოდა მისი ხმის ტემბრი, როცა ლამაზ, თბილ სიტყვებს მეუბნებოდა..
–ძალიან ლამაზი ხარ, მართა.. ლამაზი და ძლიერი ქალი. მხოლოდ შენნაირი თუ იქნებოდა ჩემ გვერდით.. მხოლოდ შენნაირი.. დიდწამწამა, გულგრილი მზერისა და სიმტკიცის მატარებელი..
–არ მგონია, მტკიცე ხასიათი მქონდეს, ანრი.. – ჩავილაპარაკე ინსტიქტურად და ჭამას მივანებე თავი. ვიგრძენი, როგორ ამომევსო კუჭი. არადა, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა არაფერზე პირი დაკარებული.
–მინდა, რომ ტიტე შენ დაგემსგავსოს! – გადაწყვიტა და ტუჩები გაისველა, – მინდა შენნაირად შეიყვაროს ადამიანები..
–არ მიყვარს მე ადამიანები დიდად, ანრი.
–ჩემზე მეტად ხომ გიყვარს, – გაეცინა და ჩემკენ გადმოიხარა, – იცოდე, გულჩვილობა და ტირილი არ შეაყვარო!
–რატომ ღელავ ამდენს, მხოლოდ მე ხომ არ ვზრდი? – წარბები შევყარე და თვალებში მივაჩერდი, – თითქოს ბოლო სიტყვას მიტოვებდე.. ვეღარ ვიტან. ვეღარ ვიტან ასეთ რაღაცებს, ნუ აკეთებ..
–კარგი, – აიჩეჩა მხრები და ისევ მიეყრდნო სკამის საზურგეს, – უბრალოდ, შენ მეტ დროს ატარებ მასთან და ძალიან გემსგავსება..
–მართლა? – აქამდე საერთოდ არ მეფიქრა ჩემი და ტიტეს მსგავსებაზე.
–მართლა..
–გადაღლილი მეჩვენები, ანრი..
–ძალიანაც არ დავღლილვარ დღეს.
–ზოგადად.. ზოგადად მეჩვენები გადაღლილი..
–საზრუნავს მმატებ და იმიტომ, – გაეღიმა ისევ და ჩემს თეფშს დააშტერდა, – აღარ ჭამ?
–მე გმატებ საზრუნავს? – ვკითხე და გავიფიქრე, როგორ შეიძლებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ყოველი წინადადების თქმისას ჯერ კიდევ ათასი ემოცია გამოეწვია ჩემში. როგორ შეეძლო ჯერ კიდევ ასეთი ორაზროვანი ყოფილიყო..
–ჰო, ჩემი მართა ერთი დიდი, ამოუხსნელი პრობლემაა!
–მე? რანაირად? – გამიკვირდა ისევ, ანრი კი განსაკუთრებით გამხიარულდა.
ჯერ ხმამაღლა, უკან გადაწეული თავით, გემრიელად გაიცინა და მოშიშვლებული ყელი გამოაჩინა, შემდეგ კი წამში დასერიოზულდა და ანთებული მზერა მომაპყრო
–მაიძულებ იმაზე მეტი ვიფიქრო ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ვიდრე მჩვევია.. რადგან ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი, მართა. ერთი უბრალო, დაბნეული გოგოს სახით შემოიჭერი, რომელიც არაფერს წარმოადგენდა ჩემთვის და მერე, ისე ჩაიბუდე ამ ჩემს გონებაში, ისე ამირიე თავგზა, იძულებული გამხადე საკუთარი თავის დიდ ნაწილზე მეთქვა უარი. იძულებული გამხადე, გვერძე გადამედო ჩემი ყველა წამოწყებული საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ არ დამისრულებია და თან.. თან ახალი სიცოცხლე მაჩუქე. ახლა იმაზე მეტად მეშლება ნერვები შენი არსებობის გამო, ვიდრე აქამდე.. ახლა, ყოველ ჯერზე, როცა ტიტეს ვუყურებ, მეტად მინდება უკან დავაბრუნო ყველაფერი, ყველა წამი.. ყველა დღე, როცა არ არსებობდით..
–ანრი, რას ამბობ! – გავაწყვეტინე და მაგიდაზე ჩამოყრდნობილ საკუთარ ხელებს თრთოლვით დავაჩერდი, – მართლა ფიქრობ? ამ ყველაფერს მართლა ამბობ? – უცნაურად შეემატა ჩემს ხმას სიმტკიცე. უცნაურად გამიმკაცრდა ხმის ტემბრი, თუმცა ჯერ კიდევ არ შემეძლო მისი დანახა.
–შენ მე ცხოვრება ამომიტრიალე, მართა! მთელი სამყარო შეცვალე ჩემს თვალში! მაქციე კაცად, რომელიც არასდროს გავხდებოდი! მაქციე ლაჩრად, რომელმაც პარტნიორები მიაგდო, იმის გამო, რომ ცოლ–შვილის დაკარგვას შეუშინდა! მაქციე მარიონეტად, მართა.. შენ კიდევ ვერ ხვდები. განა ჭკუა ან აზროვნება გაკლია, უბრალოდ ვერ აცნობიერებ, რადგან არ გინდა.. ვერ აცნობიერებ, რამდენად ბევრი მოითხოვე გაუცნობიერებლად, შენი გამოჩენით, შენი სიყვარულითა და ჩემთვის ტიტეს ჩუქებით.. დაუსრულებელი საქმეები ამკიდე მხრებზე, მართა!
–დაასრულე! ჯანდაბა.. დაასრულე ეგ შენი საქმე! ოღონდ.. – სიმწრის ცრემლები მომადგა თვალებზე და მივხვდი, რამდენად არაადამიანური დასანახი ვიქნებოდი იმ წამს, – ოღონდ, იცოდე.. იცოდე, ანრი, ტიტეს რომ საფრთხე შეექმნას. თუნდაც მცირე.. თუნდაც უმნიშვნელო რამ.. იცოდე, არასდროს გაპატიებ! – გამწარებული წამოვდექი ფეხზე და უდიერად მოვისროლე ხელსახოცი ლამაზად გაწყობილ მაგიდაზე. შევბრუნდი, ზურგი ვაქციე უძრავად მჯდარს და წასვლას ვაპირებდი, მისი ხმა რომ მომესმა.
–ნადვილი მებრძოლი ხარ! ნამდვილი საოცრება, ჩემი საოცრება! – ფეხზე წამომდგარი, თეძოებზე ჩამაფრინდა და ხელში ატაცებული, გულზე ამიკრა.
–გამიშვი, ახლავე გამიშვი!
–არ გადამრიო და არ გამაჭედინო, მშვიდად მომეცი საშუალება, ნომერში ავიდეთ.. – მიჩურჩულა მკაცრი ხმით და უფრო მეტად ჩამაფრინდა თითებით სხეულზე.
–ვერ მეტყვი საზიზღრობებს, ვერ მაგრძნობინებ თავს ზედმეტად და მერე ასე.. ასეთი სიტყვებით ვერ ამიტაცებ ხელში, ანრი! – ვეცადე ხელებიდან გავსხლტომოდი, თუმცა არაფერი გამომივიდა.
–უკვე ყველა მათგანი გავაკეთე, მართა..
ფეხქვეშ ისევ ვიგრძენი სიმყარე, თუმცა წამითაც არ მომშორებია მისი ხელები. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ გადაიხადა მადლობა და როგორ ამიყვანა ნომრამდე. მერე.. მერე ამოსუნთქვის საშუალებაც არ მაცადა, ისე გამაშიშვლა.
–მითხარი, კიდევ თუ გინდა რამის თქმა.. – მიჩურჩულა ზედ ტუჩებთან და შიშველ მუცელზე აასრიალა თითები.
მეგონა სიტყვებით პაექრობა უკვე დამთავრებულიყო. მეგონა, იმ დღეს აღარაფერი უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის. ის კი, წინ მედგა, ჯერ ისევ ჩაცმული და ჩემს მკერდსა და სახეზე ანაცვლებდა გახურებულ თითის ბალიშებს.
–ეგოისტი ხარ.. რადგან გგონია, რომ მხოლოდ შენ დათმე. გგონია, ჩემთვის საოცნებო სწორედ ასეთი ცხოვრება იყო.. გგონია, ამის მეტი არაფერი მქონია მიზნად, ანრი?
–წამითაც არ მიფიქრია ეს..
–მაშინ რატომ ცდილობ ყოველთვის გადამიარო.. მაგრძნობინო, რომ ზეწოლის ქვეშ ხარ, რომ სულ არ გინდოდა გამოსწორება, წესიერი ცხოვრებით არსებობა.. – უღონოდ ვეყრდნობიდი მის მხრებს და ვცდილობდი ის მიზიდულობა, რომელსაც იმ წუთებში ვგრძნობდი, როგორმე დამეთმო.. როგორმე მომეხერხებინა და კონცენტრირება საკუთარ სიტყვებზე გამეკეთებინა.
–ყველა ერთნაირი ცხოვრებისთვის არ იბადება, მართა!
–გაიხადე..
–ყველა ერთ გზას არ ირჩევს.. – წამით მომშორდა და საშუალება მომცა მისთვის მაისური მომეშორებინა.
–..მაგრამ ყველა ვალდებულია საკუთარ თავზე იფიქროს, შეიყვაროს. შენ გგონია, რომ ფიქრობ.. სინამდვილეში, საკუთარი თავის უღირსად ქცევას ისე მიეჩვიე, რომ ახლა გგონია, აღარაფერი გეშველება..
–შარვალიც გამხადე, – წამით მომაკრო ტუჩებზე ტუჩები და იდაყვებში ძლიერად ჩამაფრინდა, – მალე, მართა..
ვერაფერზე შევთანხმდით. ვერც იმ ღამეს შევთანხმდით ვერაფერზე. ალბათ, ყოველთვის ეს იყო ჩვენი პრობლემა.

***
უკან დაბრუნებულებს აღარც გვილაპარაკია მსგავს თემაზე. ისევ ისე, უცებ ჩავიკარგეთ ჩვენსავე ფიქრებში და თვეების სვლასთან ერთად ისევ ათასჯერ შეგვიყვარდა და შეგვძულდა ერთმანეთი. თუმცა, დროის სვლას ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა. ნელ–ნელა, თუმცა მაინც ვუბრუნდებოდით ცხოვრებას, რომელშიც ბევრი მონაკვეთი იყო სიკეთითა და სინათლით სავსე. ასეთი დღე იყო მაშინაც, ტიტესთვის განკუთვნილი ბედნიერი საათები რომ დავგეგმეთ, ყველამ ერთად..
–გინახავს საბა, და კახი ერთად, ტიტეს საჩუქრის არჩევისას? - ისეთი კისკისით ჩამეკითხა კესო, უნებურად მეც ავყევი.
ჯერ ისევ დილის საათები იყო.. ტიტეს პირველი დაბადების დღე.
–როდის უნდა მენახა, – მისი გამოწვდილ, უზარმაზარ, ფერად ბუშტებს გავუშტერე თვალი.
–საოცარი სანახავები იყვნენ, როცა სათამაშოების მაღაზიაში დაბოდიალობენ ძმაკაცის შვილის გასახარებლად და ისე მსჯელონენ, თოთქოს ქვეყნის პრობლემა უნდა გადაეწყვიტათ.
–ხომ ვუთხარი, ჯერ არ სჭირდება მეთქი ამდენი სათამაშო, – გულით გამეცინა მათ წარმოდგენაზე.
–რას ამბობ, ისეთი აფორიაქებულები იყვნენ, ისე მსჯელობდნენ, თითქოს უდიდესი მისია ჰქონდათ შესასრულებელი. საბამ ისიც კი გამოგვიცხადა, ტიტეს ბორდოსფერი უყვარს, შიო ასე ამბობდა ხოლმეო და ცისფერი მანქანის ბორდოსფერ ვარიანტს საათნახევარი მაინც ეძებდა.
–მართლა უყვარს ტიტეს ბორდოსფერი, – გამეღიმა.
–ან საბა მოიხიბლა ზედმეტად კონსულტანტი გოგონათი, – გადაიკისკისა კესომ.
–ჰო, რა ვიცი..
–ერთი წლის ხდება, მართა, ბავშვი.. რა ფერებზე მელაპარაკები, – აატრიალა თვალები და ჩემს ნაყიდ ბუშტებს გახედა, – ეს ვარდისფერები რათ გინდოდა, გოგო ხომ არაა?
–რა მნიშვნელობა აქვს? მისი დღეა და ყველა ფერი უნდა ჰქონდეს! თან თავად არ თქვი, რა იცი რა ფერი უფრო უყვარსო? – ამოვილაპარაკე და იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მალე ვეჩვევით ადამიანები ტკივილს.. რა მალე მოდის ის დრო, მარტივად რომ ავლაპარაკდებით ხოლმე დაღუპულ მეგობრებზე.
–ყველაფერი? – ფიქრებიდან გამომარკვია კესოს ხმამ.
–ჰო, ყველა-ფერი! – გამოვკვეთე და კოპები შევკარი.
–ნუ მიბღვერ.. – გამიბრაზდა და ტიტეს ხმის გაგებისას ფეხზე ბედნიერი წამოხტა, – გაიღვიძა ერთი წლის პრინცმა, მე ჩავაცმევ! მართა, გეხვეწები რა!
–ჩააცვი, – გამეცინა და ბოლო ბუშტი შევკარი, – გამზადებულია მის საწოლთან ყველაფერი..
მსუბუქად გაფარფატდა. მე კი მისაღებში, ფერად–ფერადი ქაღალდებითა და მოსართავებით მორთულ გარემოში დავრჩი. სამი თვე გასულიყო შიოს დაღუპვიდან.. ჩვენ კი პირველ დღესასწაულს ვზეიმობდით მას შემდეგ. ესეც არ მინდოდა.. არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მზად. თუმცა, ანრიმ გადაწყვეტის საშუალებაც არ მომცა. „ტიტეს უფლება აქვს ყოველი წელი იზეიმოს, განურჩევლად სიტუაციისაო,“ მომიგო მკაცრად, ამ თემაზე რომ ჩამოვუგდე ორიოდ სიტყვა და მკაცრი მზერით დამაჩერდა საწოლიდან წამომდგარი ზემოდან. თავიდან ვერ მივხვდი, რატომ იყო ასეთი კატეგორიული, მერე.. საღამოს, ყველა რომ შეიკრიბა, ხელიდან ხელში რომ გადადიოდა ახალი ფეხადგმული, დიდი კაცივით გამოწყობილი ზედმეტად სერიოზული ტიტე, მხრებზე მომხვია ხელი და ზურგზე სევდანარევი ოხვრით ამეკრა.
–შენც გიმძიმს მისი არყოფნა.. – დავიჩურჩულე და ვიგრძენი, როგორ შემეხო ტუჩებით კისერზე.
–მე ყოველი დღე მიჭირს მის გარეშე, მართა..
–იქნებ, არ უნდა გვეზეიმა ასე..
–შეხედე ტიტეს.. რას ხედავ? – უცნაურად დაუბოხდა ხმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი სუნთქვა, – მითხარი რას ხედავ, მართა.. ხედავ, როგორ ევლებიან თავს? ხედავ, როგორ ჩხუბობენ კახი და საბა იმაზე, რომელი დაიჭერს ტორტის ჩაქრობისას? გახსოვს კესო რამდენი ხნით ადრე გეგმავდა მისთვის ამ ტორტის გამოცხობას? ხედავ ამ ყველაფერს?
–ეს რა შუაშია, ანრი? – დავიძაბე. მისი სხეულიც უფრო მეტად დამაწვა მხრებზე.
–მხოლოდ ის არ არის ჩვენს ბიჭთან. მისი ნათლია უნდა ყოფილიყო.. ის კი, აქაც კი არ არის.. მისი პირველი დაბადების დღეც კი არ უნახავს. არ იმსახურებს.. არ იმსახურებს მის გამო ტიტეს თუნდაც ერთი დღე მოვაკლოთ ბედნიერების.. არ იმსახურებს ყველასთვის ტკივილის მინიჭებას. ისედაც ბევრი საზიზღარი რამ გაიმეტა ჩვენთვის..
მაშინ მივხვდი, რამდენად დიდი ეგოიზმის ტარება შეეძლო ანრის. განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც საკმაოზე დიდი ადგილი გვეჭირა მის გულში. არ გვაპატიებდა.. არცერთ, არცერთ შეცდომას არ გვპატიობდა. არც ბიჭებს, არც გარდაცვლილ შიოს და არც მე.. მერე, წლების მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში, უდარდელად რომ შემოისვა ჩვენი ტიტე კისერზე და საკუთარი უპატიებლობით მაიძულა მათი დაშორებული სხეულებისთვის უხმოდ მეყურებინა.

***
ნაღმივით იყო ჩვენ თანაცხოვრება. მომავალი წლები, გაუმართავი ნაღმივით მიედინებოდა ჩვენი ურთიერთობა, რომელსაც ადრე თუ გვიან განადგურება ეწერა. მგონი, ყოველთვის ვხვდებოდით ამას. მეც და ანრიც. უბრალოდ, რაღაც ბიძგებმა, კონკრეტულმა შემთხვევებმა კიდევ უფრო დაგვძაბა.
მთელი მომავალი წელი ისე გავიდა, ყოველდღიურ რუტინას არაფრით ვუხვევდით. დილით, გამთენიისას შემობარბაცებულ ტიტეს წამში მოიქცევდა ხოლმე მკლავებში ანრი და მანამ არ მიშვებდა მასთან, სანამ ბოლო ძალებსაც არ გამოაცლიდა. ხან ჰაერში ააფრიალებდა, ხან სხეულქვეშ მოიქცევდა და სიცილისგან გადაბჟირებულს, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ხანაც უბრალოდ გულზე მოითავსებდა და საშუალებას აძლევდა მის სხეულზე შეუჩერებლად ებობღა. ააცოცდებოდა ხოლმე ცალი წინდით და ისე გადაუვლიდა მუცელსა და სახეზე, არცერთს შეერხეოდა წარბი. სულ მეცინებოდა ანრის ასეთ სიმშვიდეზე. არასდროს მოუშორებია, არასდროს უთქვამს, რომ აწუხებდა. პირიქით, შიგადაშიგ კბილებს ჩაავლებდა ხოლმე ფუმფულა ბარკლებზე და მანამ არ გაუშვებდა, სანამ მავედრებელი მზერით ჩემს ძებნას არ დაიწყებდა შეწუხებული ტიტე.
–საშიში არ არ