შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 2] (18+)


9-06-2019, 09:05
ავტორი ჰაიკო
ნანახია 163

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 2] (18+)

    .... გრძნობდა, სისხლი როგორ ამოძრავდა ძარღვებში, სიმხურვალე მთელ სხეულში უვლიდა, ბუნდოვნად ჩაესმოდა ხმები, მცირე გრილი ნიავიც იგრძნო შუბლზე, ულმობელი ეშვებით მიყენებული ჭრილობა სწრაფად ხორცდებოდა, პირველყოფილი ჰიბრიდის ორგანიზმი გაცილებით სწრაფად იღდგენდა ძალებს, ვიდრე თავად ვარაუდობდა, ნელა წამოსწია თავი და მიმოიხედა, თვალებიდან ნისლი დაეწმინდა, ერთბაშად ძალების მოზღვავება და დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო პირში, სწრაფი მოძრაობით წამოიჭრა ფეხზე და ახლა უკვე საბრძოლო პოზაში იდგა, წელში ოდნავ მოხრილი, ხელები ოდნავ განზე გაეშალა, დაჭიმული, კუნთებდაძაგრული, საბრძოლველად გამზადებული სხეული სისხლძარღვების და კუნთოვანი მასის შერწყმის შესანიშნავ სურათს ქმნიდა, ლოყებზე დაბერილი სისხლძარღვებიდან ალისფერი სითხე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას საზარელ ელფერს აძლევდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები, მკერდიდან ყრუ, მრისხანე ღმუილი აღმოხდა.
     ამ ხმის გაგონებისთანავე მოქიშპეებმა წრეზე სიარულს თავი ანებეს და მისკენ შემობრუნდნენ, შიში არცერთ მათგანს ეტყობოდა, ნებისმიერი მზად იყო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, თავდავიწყებით, გონების დაბინდვამდე ებრძოლა და ღიმილით შეხვედროდა დასასრულს.
     - აი ისიც, - წარმოთქვა მაღალმა, სამხედრო ყაიდაზე კეფააპარსულმა, შოკოლადისფერთვალებიანმა მამაკაცმა და ოდნავ უკან დაიხია, რათა თვალთახედვის არეში ჰყოლოდა მარკუსიც და კოვაქსიც.
     მაგრამ შავგვრემან პირველყოფილს მისი სიტყვები არ ესმოდა, ის პირველყოფილ ინსტინქტებს მინდობოდა, რაც მოკვლას, განადგურებას აიძულებდა, საკუთარი არსებიდან ბოლომდე გამოეშვა მხეცი და ახლა ეს მხეცი, რომელსაც სისხლი სწყუროდა, დაბინდული მზერით ხან მარკუსს შეჰყურებდა, ხან ჰეიტემს, მსხვერპლს არჩევდა, მათ უმცირეს მოძრაობას ზვერავდა და სხარტად მოაზროვნე გონებაში შეტევის ყველა მიმართულებას და საშუალებას აანალიზებდა.
     ჰეიტემმა და მარკუსმა მშვენივრად იცოდნენ, რომ საქმე უაღრესად გამოცდილ, საშიშ და სასტიკ მოწინააღმდეგესთან ჰქონდათ, ამიტომ არცერთი ჩქარობდა თავდასხმას, რაღაც გუმანით ისინი თითქოს გაერთიანდნენ შავგვრემანი პირველყოფილის წინააღმდეგ.
     - კოვაქს, - დაიღრინა მარკუსმა და წელში ოდნავ მოიხარა, თითქოს თავდასხმას აპირებდა.
     - შენ მე სასიკვდილოდ გამიმეტე, - საპასუხოდ ეშვები გააელვა კოვაქსმა და ფხიზელი თვალით გახედა ჰეიტემს.
     - შენ ეს დაიმსახურე, - მელანქოლიური ხმით მიუგო მარკუსმა.
     - ლუციუსმა და მე სიცოცხლე დაგიბრუნეთ!
     - მერე, იცი ეს საუკუნეები რის საფასურად დამიჯდა? - გამოსცრა მარკუსმა, - თქვენ მე ჯოჯოხეთში დამაბრუნეთ, ამიტომაც მოკვდები.
     - პირველყოფილი ჰიბრიდის მოკვლა არც ისე ადვილია, - ბოროტად ჩაიცინა კოვაქსმა.
     - დარწმუნებული ხარ? - სატანასავით გაიღიმა მარკუსმა და უცნაურად შეუფერადდა თვალები, - მე უკვე მივიღე ის, რის მიღებაც მინდოდა!
     ჰეიტემმა შუბლი დაეჭვებით შეკრა და ყურადღებით შეათვალიერა მარკუსის სახე.
     - ჯანდაბა, - გამოსცრა მან.
     - მიხარია, რომ მიხვდით, - ჰეიტემს ნიშნისმოგებით გახედა მარკუსმა და კვლავ კოვაქსს მიაპყრო მზერა, - მე უკვე პირველყოფილი ჰიბრიდი ვარ, ყველაზე ძლიერი ინდივიდი ზებუნებრივ სამყაროში, ამიტომ...
     სიტყვა უცნაურმა ზუზუნმა შეაწყვეტინა. სიბნელიდან სარმა გაიშხუილა და მარკუსს მუცელში ჩაესო.
     მარკუსს ნირი არ შეუცვლია, მხოლოდ ოდნავ დაეჭიმა სახის კუნთები, ნაიარევი უფრო გაუწითლდა, ნელა დახედა მუცლიდან გამოჩრილ უძველესი იეროგლიფებით კონსტრუირებულ სარს, ნელა მოჰკიდა ხელი, სწრაფი მოძრაობით ამოიღო ჭრილობიდან და იმ მხარეს მიაპყრო მზერა, სადაც უგონოდ მყოფი ეგულებოდა ვამპირებზე მონადირე, მაგრამ ის გამქრალიყო.
     - კონორ, შენი ჯერიც დადგება, - მუქარით წარმოთქვა მან და კვლავ კოვაქსს მიაპყრო მზერა, რომლის გაოგნებაც უკვე ადვილად შესამჩნევი იყო.
     - იმედია,  გეყოფა ვაჟკაცობა და ჩვენს ორთაბრძოლაში არ ჩაერევი, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომეგვარებინა, - გამოსცრა ჰეიტემმა, მარკუსს ნათქვამის გააზრება არ აცადა და ელვასავით დაეტაკა შავგვრემან პირველყოფილს..

*****
     ექიმის გაცილების შემდეგ ლუციუსმა შერიფის სისხლით დასვრილი კოსტიუმი გამოიცვალა, მოწესრიგდა და სარკეში კმაყოფილებით შეათვალიერა საკუთარი ორეული, ის ხომ ბუნებით ესთეტი იყო. უცებ რატომღაც გაახსენდა ლეგენდა, რომ ვამპირები სარკეში არ ირეკლებიან და ირონიულად ჩაეცინა, სწრაფი მოძრაობით გაჩნდა ეზოში, მანქანის საჭეს მიუჯდა და ადგილიდან სწრაფი სტარტით დაიძრა, გეზი სალემის მიმართულებით აეღო.
     ლუციუსი მარცხენა ხელით ყურადღებით მართავდა მანქანას, მარჯვენათი კი მობილური მოიმარჯვა, ნომრების ჩამონათვალში სასურველი შეარჩია და CALL სენსორს მსუბუქად დააწვა.
     - ლუციუს, - გაისმა მოწყენილი ხმა.
     - რებეკა, - საპასუხოდ მიუგო ქერა უკვდავმა, - ვიცი, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა არ უნდა მაძლევდეს ამის უფლებას, მაგრამ მაინც მივცემ თავს უფლებას, რომ თხოვნით მოგმართო.
     - რა ხდება?
     - ხომ გახსოვს კოვაქსის ავადმყოფობის პერიოდი?
     - დიახ.
     - ალბათ ისიც გახსოვს დრო და დრო ცნობიერებაზე რომ მოდიოდა?
     - დიახ, მახსოვს, მერე?
     - ჩვენ ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ გაბრიელი სალემში ტალიას სხეულის მოსაძებნად და გასანადგურებლად ჩამოვიდა?
     რებეკას ესიამოვნა, ლუციუსმა სიტყვა "ჩვენ" რომ ახსენა, გამოდის, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა.
     - დიახ, ლუციუს, ახალია რამე?
     - დიახ, - მიუგო ლუციუსმა, - ერთ-ერთი ასეთი გონზე მოსვლის დროს კოვაქსმა ისეთი რაღაც მომცა, რაც ტალიას მოძებნაში დაგვეხმარება..
     - მართლა? - ეჭვმა იელვა ქალის ხმაში.
     - დიახ, ტალიას თმის ფრაგმენტი, - დაუდასტურა ლუციუსმა.
     - თმა? - გაოცდა რებეკა.
     - შენ ხომ ჯადოქარი ხარ, - საპასუხოდ თქვა ლუციუსმა, - როგორც ვიცი, ჯადოქრებისთვის თმა ძლიერი ენერგეტიკული მუხტის მატარებელია.
     - ეს მართალია, - ჩაფიქრდა რებეკა.
     - ვიფიქრე, იქნებ რამეში დაგვხმარებოდა.
     - სად შეგხვდე? - უცებ გადაწყვიტა ქალმა.
     - მის მია ჯეკსონის სახლთან, - მიუგო ქერა ვამპირმა, - ახლავე.
     - კარგი, - რებეკას ტელეფონი გაითიშა.
     ლუციუსმა მობილური კოსტიუმის შიდა ჯიბეში ჩაიდო, რამდენიმე წუთს იარა და შემდეგ გზიდან მარცხნივ გადაუხვია მყუდრო რაიონში, სადაც ტყის მასივიდან არც თუ ისე მოშორებული იდგა მია ჯეკსონის სახლი, მანქანა საიმედოდ შენიღბა სახლის ორივე გვერდზე გაშენებულ ხეივანში და ჰაერი დაყნოსა, მისმა ზემგრძნობიარე ნესტოებმა მაშინვე იყნოსა საოცრად ტკბილი, არომატული სურნელი.
     - რებეკა, - ხმადაბლა დაიძახა და მისმა გამჭრიახმა მზერამ წამსვე შეამჩნია სახლის კედელს აკრული ჩრდილი, ქალი შავ მოსასხამში გახვეულიყო და გარეშე თვალთაგან შეუმჩნეველი რჩებოდა, ლუციუსმა მიმოიხედა და როდესაც დარწმუნდა, რომ ახლო-მახლო სულიერის ჭაჭანება არ იყო, სწრაფი ნახტომით წამის ნახევარში დაფარა სახლამდე მანძილი და ჩრდილს შეერია.
     - გამარჯობა, ლუციუს, - გაიღიმა რებეკამ.
     - მიხარია, ისევ რომ გხედავ, - თავი დაუქნია ქერა უკვდავმა, წელში არისტოკრატული მანერებით მოიხარა, ქალის ფაფუკი და თბილი ხელი აიღო და მოწიწებით ეამბორა, შემდეგ წელში გაიშალა და მოკლე, ჟღალი წვერი თითისწვერებით ჩამოიფოცხა.
     - აქ რატომ ვართ? - დასვა შეკითხვა ქალმა.
     - ტალიას ყველაზე ძლიერი კავშირი მის ჯეკსონთან აქვს, ვფიქრობ, შემთხვევით არ შეურჩევია ის და არა სხვა, არ შეიძლება ეს უბრალო დამთხვევა იყოს, - მიუგო ლუციუსმა.
     რებეკამ თავი დაუქნია და ფიქრიანად შეათვალიერა მია ჯეკსონის ჩაბნელებული სახლი.
     - რას ვაპირებთ?
     - აი, - ლუციუსმა ჯიბიდან თხელ მუყაოში გახვეული თმა ამოიღო და რებეკას გაუწოდა, - დანარჩენი შენ უკეთესად მოგეხსენება.
     ქალმა გაიღიმა, უფრო მჭიდროდ გაეხვა მოსასხამში და ლუციუსს თმა ჩამოართვა, ერთხანს ყურადღებით სწავლობდა, შემდეგ სახე ეჭვმა შეუცვალა.
     - საუკუნეების კვალობაზე ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.
     - არ აქვს მნიშვნელობა, - თავი გააქნია ქერა უკვდავმა, - შეგახსენებ, რომ ჩვენ ახლა მსოფლიოს ზებუნებრივ ისტორიაში უძლიერეს დემონ ჯადოქარზე ვსაუბრობთ, გამორიცხულია, რომ მისი მაგიის რაღაც ნაწილი თმაშიც არ იყოს, ხომ იცი, რომ მაგია ასე უბრალოდ არ ქრება.
     ქალმა ყოყმანით დაუქნია თავი და კვლავ თმის ფრაგმენტი შეათვალიერა.
     - რაღაცას ვცდი, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ რამე გამოვა, სანთებელა მომეცი, - ხელი გაუწოდა ლუციუსს და როდესაც ქერა ვამპირმა თხოვნა შეუსრულა, თმის ფრაგმენტი ხელისგულებში მოაქცია, შუბლზე მიიყრდნო და არამეულ ენაზე რამდენიმე სიტყვა წაიბურტყუნა, შემდეგ თმა მარცხენა ხელისგულზე მოათავსა და მარჯვენით ცეცხლი მოუკიდა, ლუციუსს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, თმა უცნაური, მწვანე ალით იწვოდა.
     როდესაც თმა ბოლომდე დაიფერფლა, რებეკამ მისგან დარჩენილ მომწვანო ნაცარში თითის წვერი ჩაყო და ორივე ხელის მტევნებზე მინიატურული პენტაგრამები გამოისახა, შემდეგ ხელისგულები სახეზე აიფარა და გაუგებარ, მელოდიურ ბუტბუტს მოჰყვა, რომელიც თან ჰგავდა რაღაც უძველეს სიმღერას, თან არც ჰგავდა და უფრო საშიში და მისტიკური ელფერი დაჰკრავდა.
     მცირე ხნის შემდეგ ქალმა ხელები ჩამოუშვა და დაღლილი მზერით გახედა სახლს, რომელშიც წყვდიადი გამეფებულიყო.
     - რა ხდება? - ლუციუსმა ფრთხილად მიმოიხედა და რებეკას მზერას გააყოლა თვალი, თუმცა საფრთხე ვერ იგრძნო.
     - ის იქაა, - ჩურჩულით თქვა ქალმა.
     - ვინ? - ვერ მიხვდა ლუციუსი.
     - ტალია, - მოკლედ მიუგო ქალმა და შიშჩამდგარი თვალებით შეათვალიერა ერთობ უწყინარი სახლი, რომელიც ახლა იდუმალ აურას გამოსცემდა.
     ლუციუსმა ეჭვით გადააქნია თავი, ჯერ სახლი გაზომა შემფასებლური მზერით, შემდეგ მზერა რებეკას მიაპყრო. ჯიბიდან მობილური ამოიღო, ერთხანს ელოდებოდა, როდის უპასუხებდნენ, შემდეგ კვლავ ჯიბეში ჩააბრუნა, რებეკა მის მოქმედებებს უხმოდ უმზერდა.
     - რებეკა... ახლახანს ექიმ ტომპსონს ვესაუბრე კლინიკაში.
     - მერე? - ქალი ვერ ჩასწვდა ქერა ვამპირის სიტყვების აზრს.
     - მის ჯეკსონი, - იყო პასუხი, - კლინიკაშია და მშვიდად სძინავს.
     - მია რა შუაშია? - თვალები მოჭუტა ქალმა.
     - თუ ტალია მის ჯეკსონის სხეულშია, - ნელა თქვა ლუციუსმა, თან მზერას არ აშორებდა რებეკას, - მაშინ ლოგიკურად კლინიკაში უნდა იყოს, ხომ ასეა?
     ქალი ერთხანს უნდობლად შეჰყურებდა ლუციუსს ცისფერ, თითქმის უფერულ თვალებში.
     - ის აქ არის, ლუციუს, ამ სახლში, - მტკიცედ გაიმეორა და თითით ანიშნა სახლზე.
     - ანუ...
     - ანუ ტალიას სხეული აქ არის, - დაბეჭდა ქალმა, - სადღაც სახლის ქვეშ.
     - ჯანდაბა, - მხოლოდ ეს სიტყვა წარმოთქვა ჟღალწვერა პირველყოფილმა და უფრო ყურადღებით დაზვერა სახლი, - თუ მისი სხეული მართლაც აქ არის, მაშინ ის სარდაფში უნდა ვეძებოთ, ამაში გეთანხმები, მაგრამ რებეკა, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნია ფაქტი, რომ საუკუნეების წინ დაკარგული ბოროტი ჯადოქრის სხეული ამ სახლის სარდაფში შეიძლება აღმოჩნდეს?
     - გაბრიელს ვიცნობ, - მიუგო ქალმა, - ის იმ დონის ჭკვიანი გაიძვერაა, რომ სალემში ტყუილუბრალოდ არ ჩამოვიდოდა და მის ჯეკსონის სიახლოვეს არ იტრიალებდა.
     - ეს სიმართლეს ჰგავს, - წვერი მოიწიწკნა ლუციუსმა და მთვარემ მისი გვირგვინოსანი ბეჭედი ააბრჭყვიალა, - ამის შესამოწმებლად ერთი გზა არსებობს, სარდაფში უნდა მოვხვდეთ.
     - არა, - რებეკამ ნახევარი ნაბიჯით დაიხია უკან, შიში დაეტყო.
     - შენ მისთვის არაფერი დაგიშავებია, - დარწმუნებით უთხრა ლუციუსმა, - მისი არ უნდა გეშინოდეს, - წამოდი, სახლს სარდაფში ჩასავლელი უკანა მხარეს მდებარე ეზოდან აქვს, - ის ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა და რებეკაც გაიყოლია.
     სარდაფში ჩასასვლელი კიბე მართლაც უკანა ეზოში მდებარეობდა, მია ჯეკსონს,  მას შემდეგ, რაც ამ სახლში ცხოვრობდა, არასდროს უსარგებლია სარდაფით, არასდროს შეუღია მისი მუხის მასიური, რკინით შეჭედილი, აბლაბუდით დაფარული კარი, რომელიც მის ქვეცნობიერში შიშს იწვევდა.
     - ჩარაზულია, - ლუციუსმა მოზრდილი ადამიანის მაჯის სისქის ზომის ჯაჭვი და საკმაოდ მძიმე ბოქლომი გულგრილი მზერით შეათვალიერა, შემდეგ ხელი ჩაავლო ჯაჭვს, მსუბუქი ჩამოქნევით ჩამოწყვიტა და დაუდევრად მიაგდო გვერდით, შემდეგ კარს ხელი ჰკრა.
     წლების მანძილზე უმოქმედოდ მდგარმა კარმა მძიმედ დაიჭრიალა, ანჯამებზე ზლაზვნით შეტრიალდა და გაიღო. რებეკამ მზერა დაძაბა, მისი, როგორც ნახევრად ადამიანის მხედველობა ბევრად ჩამორჩებოდა პირველყოფილისას.
     - ჩემს უკან იარე, - ბრძანა ლუციუსმა, ხელით ფრთხილად გასწია ობობის მიერ წლების განმავლობაში სქლად ნაქსოვი აბლაბუდა, რომელიც ფარდასავით ჩამოჰფარებოდა შესასვლელს და წყვდიადში შეაბიჯა, ქალმა შიში იგრძნო, ხელი გაიწოდა და ხელისგულით ქერა უკვდავის დაკუნთულ ზურგს შეეხო, ასე გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ლუციუსმა რა თქმა უნდა იგრძნო ქალის თბილი ხელისგული, მაგრამ არაფერი უთქვამს, შეუმჩნევლად ჩაეღიმა და გზა განაგრძო..

*****
     ბოგდანი და მისი მასპინძელი ფლორიდის ხროვის ალფა მაქცია ხის გადანაჭრელზე იჯდნენ, ჩამავალ მზეს უყურებდნენ და სიამოვნებით აბოლებდნენ სიგარეტს. მასპინძელი ალფა აღნაგობით სულაც არ ჩამოუვარდებოდა სტუმარს, აშკარად ეტყობოდა, რომ ფიზიკურ მომზადებას ძალიან დიდ დროს უთმობდა, თანაც, სალემელი მაქციებისგან განსხვავებით, მათი ფლორიდელი თანამოძმეები უფრო ველურ პირობებში ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ, ეს მათ აღნაგობას და თავისუფალ მიხვრა-მოხვრასაც ეტყობოდა. "ჯეიდენ" - ასე მიმართავდნენ ხროვის წევრები მეთაურს, რომელიც ბოგდანთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, დაკვირვებული თვალი იტყოდა, სალემის ხროვის მეთაურზე ათი-თხუთმეტი წლით უმცროსიაო და ასეც იყო, მისი კლანის წევრების უმეტესობა ინდიელთა შთამომავლები იყვნენ, მძლავრი აღნაგობით, სახის კუთხოვანი ნაკვთებით, კეხიანი ცხვირით, მოწითალო-მოყავისფრო კანით და ამაყი, გოროზი გამოხედვით გამოირჩეოდნენ, თვითონ ჯეიდენიც-ხროვის ალფა მაქცია ოდესღაც სემინოლთა უძლიერესი ტომის შთამომავალი გახლდათ, ამას ადასტურებდა წელზე შემორტყმულ ქამარში გარჭობილი მოკლე საბრძოლო ნაჯახი, ინდიელთა წესისამებრ დამზადებული ე.წ. "ტომაჰავკი", ხელდახელ ბრძოლაში უსაშინლესი იარაღი, რომელსაც პატრონი დიდი მოხერხებით იყენებდა.
     - ვწუხვარ შენი ქალიშვილის დაღუპვის გამო, - თქვა ჯეიდენმა და პირიდან ცისფერი კვამლი გამოუშვა.
     ბოგდანმა თავი დაუქნია, ჩამავალი მზის მოწითალო-ოქროსფერი სხივები ცადატყორცნილი ფიჭვების კენწეროზე გადატყდა და ახლა ნაზად ეალერსებოდა კუნძზე მჯდართა მკაცრ სახეებს.
     - ის პრიმუმებმა მოკლეს, - ყრუდ თქვა ბოგდანმა და მკლავებზე რელიეფური კუნთები დაეჭიმა, - ჯეიდენ, უკვე მესამე მთვარეა, შენთან ვარ სტუმრად და შენ ჯერ კიდევ არ მიგიღია გადაწყვეტილება.
     ჯეიდენმა პირიდან დინჯად გამოიღო სიგარეტი, ნაცრისფერი ფერფლი მოაშორა და გრძელ თმაში თითები შეიცურა.
     - ბოგდან, ეს საკმაოდ რთული საკითხია, ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში მშვიდად ვცხოვრობდით, ახლა კი მოდიხარ შენ და მეუბნები რომ ჩემი ხალხის სიცოცხლე და მომავალი სასწორზე დავდო..
     ბოგდანი მრისხანებამ შეიპყრო.
     - ჩვენ ძმები ვართ და მე შენი დახმარება მჭირდება!
     ჯეიდენს არაფერი უთქვამს, მოჭუტული თვალებით ჩამავალ მზეს გაჰყურებდა და როდესაც ოქროსფერი ბურთი ჩამუქებული ტყის მიღმა გაუჩინარდა, ბოგდანისკენ შემობრუნდა.
     - ამაზე ბევრი ვიფიქრე, - თქვა მან, - მომისმინე, მე წამოვალ შენთან ერთად და კიდევ ჩემი კლანის ათ მგელს წამოვიყვან, ვფიქრობ, ეს საკმარისი უნდა იყოს, ხვალ დილას, ეს ჩემი საბოლოო პასუხია! - ის წამოდგა და ხის მორებით ოსტატურად ნაშენ ქოხში გაუჩინარდა.
     ბოგდანმა სიშმაგე დაიოკა და გაიფიქრა, სულ არაფერს, ეს მაინც სჯობიაო, მითუმეტეს, ხროვის ალფა მაქციაც მასთან ერთად მოდიოდა, მან თავი გააქნია და მორიგ სიგარეტს მოუკიდა, შორს, ტყეში მგლის ყმუილი გაისმა, ჯეიდენის ხროვის გუშაგი მგელკაცები ერთმანეთს ეხმიანებოდნენ..

*****
     შერიფმა კრამერმა მთელი შინაგანი ძალა მოიკრიფა, ტყვიასავით დამძიმებულ ქუთუთოებს შეებრძოლა და ნელა გაახილა თვალები, რამდენადაც დამძიმებული თავი აძლევდა საშუალებას, მიიხედ-მოიხედა და მზერა მომღიმარე ექიმზე შეაჩერა, გულში გაივლო, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ღიმილი ყველაზე შეუსაბამო მოქმედება იყო ექიმის მხრიდან.
     - თაჩდაუნი, შერიფო, - მხიარულად წარმოთქვა ალდო ტომპსონმა, სავარძელი უფრო ახლოს მიიჩოჩა ათასგვარი სადენებით და მილებით დახუნძლულ შერიფის საწოლთან და ჩეკ-ლისტი გვერდით გადადო, თან ყურადღებით მიაჩერდა შერიფის თავთან მოზუზუნე აპარატს, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილი სერჟანტის შინაგანი ორგანოების, პულსის და გულის მუშაობის რიტმს ასახავდა პირდაპირ რეჟიმში.
     - შედეგებით კმაყოფილი ვარ, ახლა კარგად ხართ, - ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა ექიმმა.
     - გააჩნია ვინ რა კუთხით შეხედავს, - მილეული ხმით უპასუხა შერიფმა და საკუთარმა ხმის ტემბრმა საოცრად გააღიზიანა, მთელი მისი შინაგანი ბუნება და აზროვნება ხომ ყველანაირ სისუსტეს უგულებელყოფდა და გამორიცხავდა.
     - აბა ერთი ვნახოთ, - არ დაინდო ექიმმა, მარჯვენა ხელში სამედიცინო ფანარი მოიმარჯვა და მარცხენა ხელის თითებით თვალის ქუთუთო ჩამოუქაჩა.
     როდესაც ყურადღებით დაუთვალიერა და შეისწავლა შერიფის თვალის გუგები, თითები გაშალა.
     - რამდენია?
     - სამი, - დაიკვნესა შერიფმა კრამერმა.
     - ეს?
     - ერთი..
     - კარგია, კარგია, - გაიმეორა ექიმმა ტომპსონმა, - სამედიცინო ფანარი საზღვაო ჭოგრიტივით დაკეცა თეთრი ხალათის გულის ჯიბეში მოათავსა, - თქვენს შესაშურ ჯანმრთელობას უმადლოდეთ შერიფო, თორემ ღმერთი აქ არაფერ შუაშია, ეშმაკმაც დალახვროს, ეს ასეა.
     - მის ჯეკსონი..  - გაჭირვებით თქვა შერიფმა.
     - ის კარგადაა და მეზობელ პალატაშია, - თითით ანიშნა ექიმმა, - მასზე ნუ იდარდებ, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გაქვს.
     - რას გულისხმობ?
     - ამაზე შემდგომ, ახლა დაისვენე, - ექიმმა ერთ-ერთ მილში, რომელიც შერიფის ვენას უერთდებოდა, დამამშვიდებელი შეუშხაპუნა და წამოდგა.
     - არა! - წინააღმდეგობის გაწევა სცადა შერიფმა, მაგრამ ძალების დაძაბვით აწეული მარჯვენა უღონოდ ჩამოუვარდა, თვალები მიელულა და ვარდისფერ ბურუსში გადაეშვა..

*****
     მარკუსი კედელს მიყრდნობოდა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და გაფაციცებით, თითქმის მოწონებითაც შეჰყურებდა პირველყოფილ ჰიბრიდთა შერკინებას.
     კოვაქსის და ჰეიტემის ბრძოლა კი მართლაც ერთ ნახვად ღირდა, კოვაქსის მსგავსად, შოკოლადისფერთვალება ჰიბრიდიც ბრძოლებში საკმაოდ გამობრძმედილი და ჭკვიანი ბრძანდებოდა, კოვაქსი შიდა წრეში ბრუნავდა და ელვისებური მოძრაობებით ირიდებდა ჰეიტემისგან წამოსულ უსწრაფეს, მომაკვდინებელ დარტყმებს, ორივე მებრძოლი კობრასავით სხარტად, ლამაზად მოძრაობდა, მხოლოდ მარკუსის გამჭრიახი თვალი ამჩნევდა ცვლილებებს, მაგალითად იმას, რომ ჰეიტემს ნებისყოფამ უღალატა და ბრაზი დაეტყო, მრისხანედ იღრინებოდა, ალესილ ეშვებს აკაწკაწებდა და შეტევებს შორის შესაფერის მომენტს ელოდებოდა, შავგვრემანი პირველყოფილისთვის ყელში ჩაესო კბილები, ამიტომ შიგ და შიგ შეცდომებსაც უშვებდა, რა დროსაც კოვაქსი შემთხვევას არ უშვებდა, რომ მისთვის საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მიეყენებინა, თავის მხრივ, შავგვრემანი პირველყოფილიც თანდათან რწმუნდებოდა, რომ ბედმა შესაფერისი მოწინააღმდეგე არგუნა, მასავით სწრაფი, მასავით ულმობელი, მასავით სასტიკი და სისხლმოწყურებული.
     მოწინააღმდეგეები, რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო უმატებდნენ სისწრაფეს და შეცდომებსაც უფრო ხშირად უშვებდნენ, აღარ ფიქრობდნენ საკუთარი პოზიციის დაცვაზე, ჰეიტემს მრისხანებისგან გონება დაებინდა, გარშემო ყველაფერს სისხლის ფერებში ხედავდა, ხედავდა, როგორ უმოწყალოდ და მანიაკალური სიამოვნებით სვამდა ეს დემონი მის ულმობელ მარწუხებში აფართხალებული მშვენიერი ქალის სისხლს და მოთმინებამ უმტყუნა, მრისხანედ დაიღრინა, წინ გაიჭრა, საშინელი ძალით მოიქნია ხელები და წონასწორობადაკარგული ოდნავ შექანდა, შემდეგ დაიხრიალა, პირიდან სისხლი წასკდა და მუხლებზე დაეშვა, ხელები მოტეხილი ტოტებივით ჩამოუცვივდა, მის ზურგსუკან წამიერად გაჩენილი დემონი წყვდიადივით შავი თვალებით დაჰყურებდა მსხვერპლს, ყრუდ იღრინებოდა, მარცხენა ხელით მხარში მჭიდროდ ჩასჭიდებოდა, მარჯვენა კი მის ზურგში ჩაემალა, ფოლადივით თითები ჰეიტემის მძლავრად მფეთქავ გულს შემოეჭდო და პირველყოფილი ჰიბრიდი მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა, მან თავი გაჭირვებით ასწია და სახე ღრუბლებში მცურავ მთვარეს მიაპყრო, პირიდან გადმომდინარე სისხლი ნიკაპზე ჩამოსდიოდა..
     - შეწყალება ითხოვე, - დაიღრინა დემონმა და ჰეიტემის გულს შეუბრალებლად მოუჭირა მარწუხები.
     - არასოდეს... - აღმოხდა ჰეიტემს და სიტყვებს აქაფებული სისხლი ამოაყოლა, - მაპატიე, მია, მაპატიე დაო, მაპატიე.. შენ კი, დემონო.. ჩემს საქმეს სხვა განაგრძობს, სხვა.. ის გაზღვევინებს ყველა ცოდვისთვის..
     კოვაქსმა დემონური ღიმილით გააქნია თავი, ელვისებური მოძრაობით ამოგლიჯა გული, შორს მოისროლა და როდესაც ჰეიტემ ვესტმორლენდის სხეულს კვამლის ფარდა გადაეფარა და ცეცხლმა იფეთქა, წყვდიადივით შავი თვალებით შურისმაძიებელი მზერა მიაპყრო მარკუსს, რომელიც აუღელვებლად შემოჰყურებდა... скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent