შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 3] (18+)


9-06-2019, 09:07
ავტორი ჰაიკო
ნანახია 179

წყურვილი [ნაწილი IV,  თავი 3] (18+)

     კოვაქსმა გასისხლიანებული ხელი ქურთუკზე შეიწმინდა და მარკუსს გახედა გაველურებული თვალებით, ჰეიტემის განადგურებიდან რამდენიმე წამის შემდეგ მზად იყო პრიმუმთა კლანის უძლიერეს პირველყოფილ ჰიბრიდთან შესაბრძოლებლად, თუმცა ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ეს მისი დამარცხებით, აქედან გამომდინარე კი მისი სიკვდილით დასრულდებოდა.
     - ვაფასებ შენს გამბედაობას, - მელანქოლიური ხმით, აუჩქარებლად წარმოთქვა მარკუსმა და სიგარეტს მოუკიდა.
     - ეს შენი არჩევანია, - დაიღრინა კოვაქსმა, - მიუხედავად ყველაფრისა, შენ მაინც უმადური აღმოჩნდი ლუციუსის და ჩემს მიმართ!
     მარკუსმა ჩაიცინა.
     - უმადური? კოვაქს, შეგახსენებ, რომ შენ მე მომკალი.
     - მაგრამ ლუციუსს შენს უკან დაბრუნებაში დავეხმარე, - გამოსცრა კოვაქსმა, - საიდან მოდის შენი მტრული განწყობა ჩემს მიმართ, დაფიქრდი, რატომ მოგკალი? იმიტომ, რომ გაბრიელის მხარე დაიჭირე, ხომ ასეა?
     მარკუსმა შუბლი შეკრა.
     - გაბრიელი ჩვენი მეთაურია.
     - შენი და შენნაირების მეთაურია, - დაცინვით წარმოთქვა კოვაქსმა.
     - რას ნიშნავს შენი სიტყვები? - მუქარამ გაიჟღერა მარკუსის ხმაში.
     - არსებობთ კატეგორია, რომლებიც უხმოდ, ბრმად ენდობით და გჯერა იმ ნაძირალა კაცის სიტყვების, საუკუნეების მანძილზე რაც კი ბრძოლები გადაგვიტანია, მხოლოდ ჩვენ სამნი-მე, ლუციუსი და შენ ვმონაწილეობდით, უკეთეს შემთხვევებში კონორი და ჯარედი გვემატებოდნენ, მას კი არასდროს მიუღია მონაწილეობა, მარკუს, - კოვაქსმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, - პრიმუმთა კლანის ფილოსოფია მხოლოდ მის ინტერესებს ემსახურება.. კონორმა ნათანიელის დადებული შთაგონება მომხსნა, მე ყველაფერი ვიცი, მან მე ოჯახი ამომიწყვიტა, მან დედაჩემის მოკვლა მაიძულა, მან ჰიბრიდი შექმნა, რომელსაც ჩვენზე სანადიროდ იყენებს.. და ამ ყველაფრის შემდეგ შენ მაინც მას უჭერ მხარს!
     მარკუსი ერთხანს ხმისამოუღებლად შეჰყურებდა, შემდეგ სიგარეტის ნამწვი ქუსლით მიასრისა ასფალტს და ნესტოებიდან ორტოტად გამოუშვა ცისფერი კვამლი. შავგვრემანი პირველყოფილი მშვენივრად მიხვდა, რომ მარკუსი ორჭოფობდა, გაურკვევლობას შეეპყრო, ამიტომ ეფექტის გაძლიერება სცადა.
     - ჩვენ სამნი ყოველთვის ერთად ვიბრძოდით და ერთმანეთის სიცოცხლეს ვიცავდით, - განაგრძო კოვაქსმა.
     - ეს საუკუნეების წინ იყო, - მოუჭრა მარკუსმა.
     - დიახ, მაგრამ ჩვენთვის საუკუნე არც ისეთი ფართო ცნებაა.
     მოულოდნელად მარკუსმა ელვისებური მოძრაობა გააკეთა, შენობის ჩაბნელებულ კუთხესთან გაჩნდა და სანამ წყვდიადში გაუჩინარდებოდა, გვერდულად გამოხედა კოვაქსს, რომელსაც ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და გამომცდელად უმზერდა.
     - დრო გადის, მაგრამ არაფერი იცვლება, - ყრუდ თქვა მარკუსმა, მის ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა, - ტკივილი ტკივილად რჩება.
     კოვაქსმა თვალი გააყოლა, როგორ გაუჩინარდა მარკუსი, შემდეგ აუჩქარებლად მოუკიდა სიგარეტს და ჯიბეში მობილური ტელეფონი მოიძია, ნომრების ჩამონათვალში ერთხანს ლუციუსის ნომერს დაჰყურებდა, შემდეგ თავი გააქნია, მობილური გათიშა და სიბნელეს მისცა თავი.

*****
     ქერა უკვდავი ნელა, კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ, ყურადღების გარეშე არ ტოვებდა უმცირეს კუთხე-კუნჭულსაც კი, უკიდურესად გამახვილებული სმენით ელემენტარულ ხმაურსაც კი იჭერდა, მის შესანიშნავ ყურს ვერ გამოეპარებოდა სარდაფის ფხვიერ ნიადაგზე მწერების გადარბენის ხმა, ობობის შენელებული მოძრაობა და ყველაფერი, რაც კი ამ ჩაბნელებულ, წყვდიადით მოცულ სარდაფში მოძრაობდა თუ არ მოძრაობდა.
     რებეკა ბუნდოვნად არჩევდა საგნების მოხაზულობას და შეძლებისდაგვარად ერიდებოდა დამტვრეულ ავეჯს და ათასგვარ ხარახურას, რათა შემთხვევით არ დასჯახებოდა და ხმაური არ გამოეწვია.
     სარდაფის თითოეული კუთხე-კუნჭულის გულმოდგინედ გამოკვლევის შემდეგ ლუციუსი შესდგა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, უკმაყოფილება და იმედგაცრუება ეტყობოდა.
     - აქ არაფერია, რებეკა, არც სამარხი, არც ჩასასვენებელი და არც მსგავსი რამ!
     - შეუძლებელია, ლუციუს, - წყენა დაეტყო ქალის ხმას, - გამორიცხულია, რომ შევმცდარიყავი, - მან თანდათან შეაჩვია თვალი სიბნელეს და ახლა უკვე ჩაშავებულ კედლებსაც ხედავდა.
     ის მცირე მანძილით დაცილდა ლუციუსს, კედელს მიუახლოვდა და ხელისგული მიადო, თვალები დახუჭა.
     - ის აქ არის, - თქვა მან და ქერა უკვდავს ჯიუტად გახედა.
     ლუციუსმა მხრები აიჩეჩა.
     - აქ ვერაფერს ვხედავ, რაც ჩვენ გვჭირდება.
     - იქნებ სამარხი კედლებშია ჩაშენებული? - ივარაუდა ქალმა, - აქ ძალიან ძლიერი ენერგეტიკული მუხტია, ლუციუს, - მან ხელისგული მოაშორა კედელს და ყურადღებით დააკვირდა.
     ლუციუსმა ჯიბიდან მცირე ფანარი ამოიღო, ჩართო და რებეკას მიერ მითითებულ კედელს მიუახლოვდა, ერთხანს ყურადღებით სწავლობდა, შემდეგ ქალისკენ შემობრუნდა გაკვირვებული.
     - აქ ბზარია.. - შემდეგ კვლავ კედლისკენ შებრუნდა, ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია და მარჯვენა ხელის თითები მომუშტა.
     რებეკა მაშინვე მიხვდა, რასაც აპირებდა ქერა პირველყოფილი, გვერდით გადგა და იმავე წამს სარდაფი საშინელი დარტყმის ძალამ შეაზანზარა.
     დარტყმები მეთოდურად, რამდენიმეწამიანი ინტერვალით მეორდებოდა და აგურით ნაშენი კედელი თანდათან ნებდებოდა ლუციუსს, ბოლოს, ვამპირმა კედელში გაჩენილ ხვრელში ხელი შეჰყო გამოსწია და ისე ადვილად გადმოანგრია ერთი ფუტის სიმაღლის აგურით ამოშენებული ნიში, თითქოს ეს მისთვის არაფერს ნიშნავდა, შემდეგ დაიხარა და ნიშში შეიხედა.
     - ჯანდაბა, - სიხარულით თქვა მან, - რებეკა... ეს აუცილებლად უნდა ნახო.
     ნიში სულაც არ აღმოჩნდა ნიში, ეს იყო საიდუმლო ოთახში გასასვლელი მცირე კარი, ოთახი კი წარმოადგენდა ოვალური ფორმის დაბალჭერიან ნაგებობას, თუმცა საშუალო სიმაღლის ადამიანი თავისუფლად გაიმართებოდა, ოთახის იატაკი ისეთივე ფხვიერ ნიადაგს წარმოადგენდა, როგორსაც გარე, შესასვლელ ოთახში, კედლები ქვით იყო ნაშენი, რომელსაც უცნაური მოლურჯო ელფერი დაჰკრავდა, ჰაერი შესქელებულიყო, აქ მყოფი აუცილებლად იგრძნობდა იმას, რასაც "აკვარიუმში ყოფნა" ჰქვია, ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რაც ამ უცნაურ ოთახს ახასიათებდა, იყო ქვით ნაშენი კვარცხლბეკი, რომელიც ულამაზესი ობსიდიანის შუშით მოეპირკეთებინათ, ნიშიდან შემოსული სუსტი შუქი ობსიდიანის შუშას ეცემოდა და ოთახს მისტიკური ფერებით აციაგებდა, კვარცხლბეკზე კი იდგა ჩასასვენებლის ფორმის, საშუალო ადამიანის სიმაღლის შესაბამისი ზომის ყუთი, რომელიც მარჯვენა მხარეს უფრო განიერი იყო, მარცხნივ კი ვიწროვდებოდა.
     - სხვა რით უნდა შეემკოთ უძლიერესი ჯადოქრის ჩასასვენებელი, თუ არა ობსიდიანით, რომელიც მაიას და აცტეკთა ტომის შამანების და ქურუმების განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენდა, - ხმამაღლა გაიფიქრა რებეკამ და მაშინვე მიიპყრო ლუციუსის ყურადღება.
     - რა შუაშია აცტეკთა ტომი? - იკითხა მან.
     - ლეგენდის მიხედვით, - მიუგო ქალმა, - როდესაც დიდმა ესპანელმა კონქვისტადორმა ერნან კორტესმა ომი გამოუცხადა აცტეკთა იმპერიას, მას სჭირდებოდა დასაყრდენი, რაც მას ამ წინასწარწაგებულ ომში გაამარჯვებინებდა, ეს დასაყრდენი კი აღმოჩნდა აცტეკი ქალი, ულამაზესი, რომელიც სილამაზით განთქმულ აცტეკ ქალთა შორისაც კი გამოირჩეოდა თავისი უჩვეულო გარეგნობით, მარინა-ასე მიმართავდნენ მას, კორტესმა მას თავი შეაყვარა, და რადგან მარინა აცტეკთა იმპერატორის, მონტესუმას და შემდგომ მონტესუმას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ კუაუტემოკის კარზე წარჩინებულ ქალად ითვლებოდა, ამის საშუალებით კორტესმა მოწინააღმდეგის ყველა სავარაუდო გეგმა იცოდა..
     - საინტერესოა, - ჩაფიქრდა ლუციუსი.
     - საბოლოოდ კუაუტემოკი და აცტეკთა იმპერია ომში დაამარცხა..
     - სიყვარულმა და ღალატმა, - სიტყვა ჩამოართვა ლუციუსმა.
     - დიახ, ომში გამარჯვების შემდეგ კორტესმა მარინა მოიშორა, ერთ-ერთი პროვინციის მმართველს აჩუქა, როგორც მონა, მარინა კი-კორტესის საქციელით განრისხებული, შეურაცხყოფილი და უარყოფილი სიყვარულით გულადუღებული, ახალი პატრონის სახლიდან გაიპარა და მთებს მიაშურა, სადაც ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა ესპანელთა ბატონობა, აქ აცტეკთა ტომის სიკვდილით დასჯას გადარჩენილი ქურუმები აფარებდნენ თავს, ქურუმებმა ის არ მიიღეს, როგორც მოღალატე და დამღუპველი საკუთარი ხალხის და საშინელი წყევლა დაადეს..
     - რა წყევლა? - სმენად იქცა ქერა უკვდავი.
     - მარინას სიკვდილი არ შეეძლო, ქურუმებმა ის სამუდამო სიცოცხლით დაწყევლეს, რათა ტანჯვაში და სინდისის ქენჯნაში გაეტარებინა საკუთარი არსებობა, ამ წუთიდან ქრება მარინა და ასპარეზზე შემოდის..
     - ტალია, - გაოცებული ხმით წამოიძახა ლუციუსმა.
     - მართალია, - დაეთანხმა რებეკა, - ქურუმებმა მარინას საშინელი ძალა მიანიჭეს, რამაც ის ზებუნებრივ არსებად აქცია, ლეგენდის მიხედვით, მარინა და ტალია, ეს ერთიდაიგივე პიროვნებაა.
     - და რადგან ტალია ანუ მარინა სამუდამო სიცოცხლითაა დაწყევლილი, მის სულს არ შეუძლია სიკვდილი, - თქვა ლუციუსმა, - სხეული კი უბრალოდ ჭურჭელია, ყოველი სხეულის განადგურების შემდეგ ტალია ახალში განაგრძობს არსებობას... საინტერესო ლეგენდაა.
     რებეკას არაფერი უპასუხია, მხოლოდ თავი დაუქნია და ჩასასვენებელს მიაპყრო მზერა.
     - შენ ფიქრობ, რომ ამ ყუთში ტალიას ნამდვილი სხეულია? - სიჩუმე დაარღვია ლუციუსმა.
     - დარწმუნებული ვარ, - მიუგო ქალმა.
     - ის თუ დიდი ხნის გარდაცვლილია, მაშინ ყუთში მხოლოდ მის ძვლებს თუ ვნახავთ, - დარწმუნებით თქვა ლუციუსმა და ჩასასვენებლისკენ გადადგა ნაბიჯი, რებეკამ წამსვე სტაცა ხელი მკლავში.
     ლუციუსი შედგა, ჯერ ჩასასვენებელს გახედა, მერე რებეკას მიაპყრო მზერა.
     - შენ ფიქრობ, რომ მიახლოება საშიშია?
     - არ ვიცი, - თავი გააქნია ქალმა.
     - მაშინ შევამოწმოთ, - გაიღიმა ქერა უკვდავმა და ჩასასვენებლისკენ გასწია, რებეკა უკან მიჰყვა დიდი სიფრთხილით.
     ჩასასვენებლის შუშის სახურავის მიღმა კი მათ იხილეს ისეთი რაღაც, რამაც ორივეს დიდი ხნით დაუკარგა მეტყველების უნარი, გაშეშებულები იდგნენ და ნანახით გაოგნებულნი ენას ვერ აბრუნებდნენ პირში, ბოლოს ლუციუსის გამჭრიახი და სწრაფად მოაზროვნე ტვინი ამუშავდა.
     - ძვლები? - ღიმილით იკითხა მან, - ძვლების კვალობაზე საკმაოდ ბრწყინვალედ გამოიყურება.
     - დიახ, ასეა.. - დაეთანხმა რებეკა, თვალს ვერ წყვეტდა შუშის მიღმა მწოლიარე ულამაზეს ქალს, რომლის უცნაური, სპილენძისფერ-თეთრი კანი წარმოუდგენელ ბრწყინვალებას ასხივებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მუქი, კუპრივით შავი თმა, რომელიც წესის ამგებელს ლამაზად დაევარცხნა, თეძოებამდე სწვდებოდა, მკერდზე ხელებდაჭდობილი იწვა ამქვეყნიური ტანჯვისგან გათავისუფლებული, თუმცა მის გაყინულ ნაკვთებზე მაინც შეამჩნია ლუციუსმა ავისმომასწავებელი იერი, ფარული მუქარა, რასაც ქალის სხეული გამოსცემდა.
     - ეს არის ტალია? - სიჩუმე დაარღვია ლუციუსმა.
     - დიახ, ის არის, - ჩავარდნილი ხმით თქვა რებეკამ.
     - ახლა რა უნდა ვქნათ? - იკითხა ლუციუსმა და მიიხედ-მოიხედა.
     - უნდა დავადგინოთ, ჩვენს ინტერესებს რამდენად ესადაგება მისი გაღვიძება.. გაღვიძება, ლუციუს, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.
     - მაგრამ შენ ერთხელ უკვე გააკეთე მსგავსი რამ, - მიუგო ქერა უკვდავმა, - როდესაც მარკუსი გამოაღვიძე.
     - ეს სულ სხვა შემთხვევაა, - თავი გააქნია ქალმა, - მარკუსი ვამპირია, ტალია კი ჯადოქარი, ზემძლავრი არსება, რომლის მსგავსსაც არასდროს უცხოვრია ცისქვეშეთში, ის მკვდარიც კი ბევრად ძლიერია ჩემზე.
     - ჯანდაბა, - განრისხდა ლუციუსი, - რამე გზა ხომ უნდა არსებობდეს?
     ქალი ერთხანს ფიქრობდა.
     - თუ ტალიას სული მის ჯეკსონის სხეულშია, მაშინ ალბათ მისი დახმარებაც დაგვჭირდება, სულს და სხეულს ერთმანეთთან სიახლოვე სჭირდება, მის ჯეკსონი კი კლინიკაშია.
     ლუციუსი ჩასასვენებელს მოსცილდა და აკლდამის ნესტიან კედელს მიეყრდნო.
     - რაღაც არ ეწყობა, - თქვა მან.
     - რას გულისხმობ?
     - თუ ტალიას სხეული ამდენი საუკუნის განმავლობაში უხრწნელად ინახებოდა აქ, რატომ მოგზაურობდა მისი სული სხვადასხვა ადამიანების სხეულებში? ხომ შეეძლო თავისსავე სხეულში ჩასახლებულიყო?
     - არ შეეძლო, - თავი გააქნია რებეკამ, - მისი სხეული მკვდარია, სული მკვდარ სხეულში ვერ ჩასახლდება, ჩემი აზრით, ჯერ ტალია უნდა გავაცოცხლოთ როგორც ადამიანი და მერე იმედია მისი სული დაბრუნდება გაცოცხლებულ სხეულში..
     - იმედია? - დაცინვით ჩაეკითხა ლუციუსი.
     - ლუციუს, მშვენივრად იცი, რომ ჯადოქრობის შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, - გაბრაზდა ქალი, - ეს ზუსტი მეცნიერება არ არის.
     - კარგი, კარგი, - ბრაზი დაიოკა ლუციუსმა, - ახლა რას ვაპირებთ?
     - წინაპრების ჩანაწერებს უნდა გადავხედო, იქნებ რამეს მივაგნო ისეთს, რაც სხეულის გაცოცხლებას ეხება, - მიუგო რებეკამ და გასასვლელისკენ გასწია.
     - კარგი, - დათანხმდა ლუციუსი, - მაგრამ ამას ასე ვერ დავტოვებ, უნდა წავიღო.
     - სად?
     - ჩემთან, სახლში, - ამ სიტყვებთან ერთად ლუციუსი ჩასასვენებელს მიახლოვდა, ორივე მკლავი მჭიდროდ შემოხვია და მხარზე შემოიდო..

*****
     კოვაქსი სალემის ცენტრალური კლინიკის წინ გაჩერებულ მანქანაში იჯდა და ფიქრს მისცემოდა. მუქად ტონირებული შუშები გარეშე თვალს არ აძლევდა საშუალებას, სალონში მჯდომი შეეთვალიერებინათ, მანქანას კი აღტაცებით უყურებდნენ და შესაშურ ეპითეტებს არ იშურებდნენ.
     შავგვრემანი პირველყოფილის აზროვნება და ფიქრთა მორევი შექმნილ სიტუაციას დასტრიალებდა, უამრავ შემთხვევას განიხილავდა, ამ ზებუნებრივ სისხლისღვრაში ჩაბმულ პიროვნებებს გონების თვალით სწვდებოდა, მაგრამ კვლავ და კვლავ ჯიუტად უბრუნდებოდა ერთი სახელი, "მია ჯეკსონი", პატარა, სუსტი, შოკოლადისფერთვალებიანი გოგონა, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა მასთან? რომელიც უკვე მრავალჯერ ახსენეს მასთან საუბარში, იცოდა, რომ ჰიბრიდად ქცევამ მისი მეხსიერების რაღაც ნაწილი შეიწირა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მეხსიერების ეს "შეწირული" ნაწილი არსად წასულა, უბრალოდ ის ზებუნებრივი არსება იყო და მისი ტვინი სხვადასხვა მოვლენებს განსხვავებულად და არაორდინალურად აღიქვამდა, "წაშლილი" მეხსიერება ისევ აქ იყო, მისი ტვინის რომელიღაც ბნელ კუნჭულში, გონების ძალების მობილიზებით სცადა ამ დამალული ფაქტების ჯურღმულიდან ამოგლეჯვა, მაგრამ ამაოდ, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო, თუ დროც ვერაფერს უშველიდა, სხვა ვარიანტიც ჰქონდა-რებეკა, ჯადოქარი, რომელიც სავარაუდოდ შეძლებდა მისი დაკარგული მეხსიერების აღდგენას, მანამდე კი..
     მან ბილწად შეიგინა, გვერდით სავარძელზე მოთავსებულ ქაღალდის პაკეტს გადასწვდა, "ჯეკ დენიელსი" ამოიღო, ეტიკეტს დააკვირდა, შემდეგ სწრაფად მოხსნა თავსახური და პირდაპირ ბოთლიდან მოსვა მწველი სითხე, რამდენიმე მოზრდილი ყლუპის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, მანქანიდან გადმოვიდა, მიმოიხედა და გეზი კლინიკის შესასვლელისკენ აიღო. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, მრავალი მისი ნაცნობიც იყო, რომლებიც ღიმილით ესალმებოდნენ, თვითონ კი უბრალო თავის დაკვრით კმაყოფილდებოდა.
     როგორც იქნა მიაღწია კლინიკის შესასვლელს, აქ კი დარაჯი გადაეღობა.
     - უკაცრავად, სერ, ვისთან მიბრძანდებით?
     კოვაქსს უნებურად მოეკრუნჩხა მარჯვენა ხელი, მთელი მისი არსება და მასში ჩაბუდებული მხეცი სასწრაფო წესით ითხოვდა ამ უბედური მცველის გულს. მაგრამ კოვაქსი ხომ უდიდესი მოთმინებით გამოირჩეოდა, მიუხედავად თავისი ანჩხლი ხასიათისა, მაინც მოთოკა ნერვები და სცადა ერთი პიროვნება მაინც გაეხსენებინა, ვისაც კლინიკაში იცნობდა, თავის გასაოცრად, ეს სახელი თავისით ამოტივტივდა მის დაბინდულ მეხსიერებაში.
     - ექიმ ტომპსონთან, მეგობარო.
     მცველმა დაეჭვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა, ერთხანს ისიც იფიქრა, ექიმ ტომპსონს დაკავშირებოდა და უცნობი სტუმრის ვინაობა გადაემოწმებინა, მაგრამ ამ სიმპათიური მამაკაცის უზადო მანერებმა, მუქარაგარეულმა ზრდილობამ, უძვირფასესმა ჩაცმულობამ და ბოროტად მომზირალმა წყვდიადივით შავმა თვალებმა ზეგავლენა მოახდინა მცველის ყოყმანზე, ის გვერდით გადგა და გზა დაუთმო უცნობს.
     - მიბრძანდით, სერ, მეოთხე სართული, დერეფნის ბოლოში.
     - გმადლობთ, - უცნობის სახეზე ღიმილმა და ხელში ოცდოლარიანმა კუპიურამ ერთდროულად გაიელვა და სანამ შეცბუნებული დარაჯი ფულს ჯიბეში იტენიდა, კოვაქსი კარში გაუჩინარდა.
      მაშინვე საინფორმაციოს მიაშურა.
     - უკაცრავად, მის.
     ხანშიშესული ქალი მაშინვე შემობრუნდა და როდესაც უზომოდ სიმპათიური მამაკაცი შერჩა ხელთ, სიამოვნებისგან გაიბადრა, სახეზე ღიმილი გადაეკრა და ერთბაშად ოცი წლით გაახალგაზრდავდა.
     - დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
     - ექიმ ტომპსონს მინდა ვესაუბრო, აუცილებელი საქმე მაქვს, - და თვალისმომჭრელი ღიმილით გაუღიმა.
     ქალი ერთხანს დამთხვეულივით შეჰყურებდა, ამ ღიმილმა და ენამ, რომლითაც მამაკაცმა ვნებიანი ტუჩები მოილოკა, მასში გარყვნილი სურვილები დაბადა.
     - ახლავე.. ახლავე.. - ქალი დაბნეული ეცა ტელეფონს, კლინიკის მთავარი ექიმის ნომრის ნაცვლად საკუთარი დაქალის ნომერი აკრიფა, - უი, ნორმა.. ბოდიში, სხვაგან ვრეკავდი.. - შემდეგ ექიმის ნომერი აკრიფა.
     - გისმენ, ტილდა, - მოისმა ექიმ ტომპსონის უჟმური ხმა.
     - მისტერ ტომპსონ, თქვენი ნახვა სურთ.
     - რამე მნიშვნელოვანია? ძალიან დაღლილი ვარ და იმედია ხვალ შეძლებენ მოსვლას...
     კოვაქსს მოთმინებამ უმტყუნა, მშვენივრად ესმოდა ექიმის სიტყვები, ოდნავ წინ გადაიხარა და ქალს ყურთან მიუტანა ტუჩები, - უთხარით, რომ მისტერ კოვაქსი კითხულობს და.. ძალიან მერიდება, მაგრამ.. - შავგვრემანმა პირველყოფილმა მომხიბლავად გაიღიმა, - შეიძლება თქვენი ნომერი გავიგო?..
     - მისტერ ტომპსონ, - ჩასძახა ტელეფონში ქალმა ისე, რომ კოვაქსის ტუჩებისთვის თვალი არ მოუშორებია, - თქვენთან შეხვედრა მისტერ კოვაქსს სურს..
     ამ სახელს სათანადო რეაქცია მოჰყვა ექიმის მხრიდან, მცირე ხანს ყურმილი დადუმდა, შემდეგ კვლავ გაისმა ექიმის ხმა, რამაც გაკვირვება გამოიწვია კოვაქსში.
     - ამობრძანდეს, კაბინეტში ველოდები.
     კოვაქსი ქალს არ დალოდებია, მაშინვე ლიფტს მიაშურა, მეოთხე სართულის ღილაკს თითი დააჭირა და იმწამსვე ქალის ხმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი მოისმა. ის აქოშინებული მოიჭრა მასთან, სახეზე ჩამოვარდნილი შევერცხლილი კულული ყურს უკან გადაიწია და კოვაქსს ფურცლის ნაგლეჯი გაუწოდა. ზედ რიცხვები იყო გამოსახული.
     - ეს რა არის? - ვერ მიხვდა კოვაქსი.
     - ეს.. ეს.. - პატარა გოგოსავით დაიმორცხვა ქალმა, - ჩემი ტელეფონის ნომერია, თქვენ რომ მთხოვეთ..
     - ოო, დიახ, დიახ, - მაშინვე ვნებიანი ღიმილი მოირგო შავგვრემანმა პირველყოფილმა, - როგორი გულმავიწყი ვარ, აუცილებლად დაგირეკავთ და სადმე ვივახშმოთ, კარგი?
     - ეე.. დიახ, რა თქმა უნდა, - გაიბადრა ქალი, - შეხვედრამდე.
     კოვაქსმა თვალები ირონიულად მოწკურა, დაელოდა და როდესაც ასეთი სექსუალური მამრის მოპოვებით აღტყინებული მდედრი სამუშაო მაგიდისკენ შებრუნდა და ცელულიტების გროვად ქცეული გავის ქნევით გაცუნცულდა, ფურცლის ნაგლეჯი თითებში მოჭმუჭნა და იქვე მდგარ ურნაში ღიმილით ისროლა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent