შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეთერთმეტე თავი)


9-06-2019, 09:33
ავტორი murachashvili
ნანახია 3 401

საუბარი თიკოს მესიჯმა შეგვაწყვეტინა. მუდამ გაპრანჭულს, რატომღაც სწორედ ახლა დავიწყნოდა მაკიაჟის გაკეთება. ქერა თმა უდიერად დაეხვია კისერთან კოსოდ, მაგრამ აშკარად არ ადარდებდა. ჯინსებსა და კედებში სპორტულად გამოწყობილი თითებს იმტვრევდა, დაბნეული ნერვიულად აცეცებდა თვალებს, თან გალიაში დამწყვდეული ნადირივით აწყდებოდა საავადმყოფოს მიმღების კედლებს.
- დეა! - სლუკუნ-სლუკუნით ჩასახუტებლად გამოექანა ჩემსკენ.
- რა გჭირს ადამიანო, ნორმალური ხარ? - დამშვიდების ნაცვლად ბრაზი მომერია.
- ოპერაციას უკეთებენ!
- დიდი რამე, არც პირველია და არც უკანასკნელი!
- რას ამბობ, ხომ ტკივა?
- არანორმალურო, ანესთეზიას გაუკეთებენ!
- არადა, სულ ახლახანს ავუხსენით გოგონას, რომ ბატონ ნიკოლოზს არაფერი სერიოზული არ სჭირს, უბრალოდ მოტეხილობა არასწორად შეხორცდა. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, პაციენტს ნარკოზიც არ ჭირდება, ფეხს ადგილობრივი ანესთეზიით გაუყუჩებენ და... - თითქოს მე მელოდაო, როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა იქვე ატუზულმა ექთანმაც.
- გესმის, ხელახლა უნდა მოტეხონ ფეხი! - დასრულება არ დააცადა თიკომ - ექიმები კი არა ჯალათები არიან!
- ცოტა კორექტულად, გოგონა!
- არც ზემოთ მიშვებენ, პაციენტთან მხოლოდ ოჯახისწევრები დაიშვებიანო!. - ექთნის შენიშვნას კიდევ მეტი აგრესია მოყვა, ორმაგად აქოთქოთდა თიკო.
- წარმოგიდგენია, ეს რა უთქვამთ?! - დრამატული სახით შემოვიტყი სახეზე ხელი - უნდა გეჩვენებინა თქვენი მიმოწერა და მაშინვე დარწმუნდებოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანიც ხარ ნიკუშას ცხოვრებაში.
- დამცინი?!
- როგორ გეკადრება! - მისი აწეული წარბის დანახვაზე ავფხუკუნდი.
დიდხანს სიცილი არ დამცალდა. საავადმყოფოს მისაღებში ეტლით მარჯვენა ფეხშეხვეული, ასე ოცდახუთ წლამდე ვაჟი სავარაუდოდ მისივე ასაკის ბიჭმა შემოაგორა და მიაგორა რეგისტრატურამდე.
- ხელწერილი უკვე დავწერეთ, დღესვე მივდივართ სახლში!
ბიჭებს აშკარად დიდად არ აღელვებდათ საშუალო ასაკის ქალის წუწუნი, რომელიც მუდარით ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა:
- ნიკუშა, დე... ხომ თქვა ექიმმა ერთი ღამით მაინც გაჩერდით, ჭრილობას დავაკვირდებითო. ისევ არასწორად რომ წავიდეს შეხორცება?
- არ მინდა, ისედაც ხომ იცი, ვერ ვიტან საავადმყოფოებს! - გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა თვალების ბრიალით გამოხედა უკან მდგომ ქალს.
- აუ, დამმალე! - სახეზე ხელები ისე აიფარა თიკომ, თითქოს მართლა გაქრებოდა.
ურჩმა პაციენტმა ახლაღა შეგვნიშნა იქვე წყვილად მდგომნი.
- აი, მესმის სიურპრიზი. არ მეგონა თუ მოხვიდოდი! - სულ რამდენიმე წამში დაავიწყდა ვაჟს სიბრაზე.
- მე, მე, - აირია თიკო - ვერ მოვითმინე! - როგორც იქნა მოიშორა სახიდან ხელები, ენის ბორძიკით მისალმების ნაცვლად ესღა ამოღერღა.
ვაჟის გაოცება გულწრფელმა სიხარულმა შეცვალა, სახე კმაყოფილი, ოდნავ ეშმაკური ღიმილისგან გაუნათდა, სულ დაავიწყდა განაწყენებული დედა, აქამდე დამხმარედ მოვლენილი მეგობარიც, ხელის მარტივი მოძრაობით შემოაბრუნა ეტლი და გორაობით წამოვიდა ჩვენსკენ. ვაღიარებ საკმაოდ სასაცილო დასანახი გახლდათ მუდამ თამამი, ახლა უჩვეულოდ დამუნჯებული, უხერხულად აბუზული თიკო და მიუხედავად ტრამვისა და თაბაშირდადებული, ჰაერში ცოტა არ იყოსდა უხერხულად გაშვერილი ფეხისა, მაინც კმაყოფილი და ბედნიერი ნიკუშა.
- ვააა, აი ეს მესმის, ყველას ველოდით აქ და ამ უჟმურს თუ გოგონა ფეისბუქიდანაც მოინახულებდა ნამდვილად არა! - მისი მეგობარი ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ისე ჩაეხუტა თითქოს წლებია ერთმანეთს იცნობდნენ.
ჩემსდა გასაკვირად, თიკოს ნიკუშას დედაც ძალიან თბილად შეხვდა, ეგ კი არადა, ქალმა ისიც კი აღნიშნა, რომ ფოტოებთან შედარებით, რეალურად ბევრად ლამაზი ყოფილა. მოკლედ მათმა თბილმა და უშუალო მიღებამ იმდენად დადებითად იმოქმედა, რომ მალე დაძაბულობა თიკოსაც მოეხსნა და სულ რამდენიმე წუთში საავადმყოფოს მისაღებში მისი გულიანი კისკისიც ისმოდა. არ ვიცი რამდენ ხანს საუბრობდნენ, თუმცა ფაქტია მოსაუბრე წყვილის შემხედვარე, ჩვენ ფეხზე დგომით დავიღალეთ.
- ცუდადაა ჩვენი საქმე, აქამდე საავადმყოფოში ვერ ვაჩერებდით, ახლა კი შენი დაქალის დამსახურებით, წამოსვლა აღარ უნდა! - სიცილით გადმომილაპარაკა ნიკუშას მეგობარმა.
დედამ კორექტულად ისევ შეახსენა ვაჟს, რომ ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს და დიდხანს ფეხზე ყოფნა, თუნდაც ეტლით რეკომენდირებული არ იყო.
- პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, დამაცადეთ ცოტახანს!... - იუკადრისა შენიშვნა.
- სახლში წამოსვლა თუ არ გინდა, დარჩი კლინიკაში, დარწმუნებული ვარ ექიმი უარს არ იტყვის, არც მეგობრები მოგაწყენენ.
- ჰო, ნიკუშ, რა პრობლემაა, რა მნიშვნელობა აქვს სად იწვები? - ქალს აუბა მხარი მისმა მეგობარმაც.
- თიკო, შენც ხომ იქნები ჩვენთან ერთად? - თვალებით ანიშნა დედამისმა დაგვეხმარეო.
- თქვენთან, როგორ, - მთელი დღე ნიკუშასთან ყოფნის აზრმა იმდენად დააფრთხო, რომ უაზრობების ლაპარაკიც კი დაიწყო - მე, მე დეასთან ვარ მოსული, ახლობელი უნდა მოვინახულო!... - გაურკვევლობაში მოყოლილი თიკო უკვე სიტუაციიდან დაძრომას ცდილობდა.
მისი უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა არ გამორჩა ვაჟს.
- დაასრულეთ ჩემი მანიპულირება! - თვალები დაუბრიალა მოკავშირეებად ქცეულ მეგობარსა და დედას - რადგან ვთქვი მივიდვართო, ესეიგი მივდივართ! - მეგობარს ხელი არ მოაკიდებინა, ისევ მისით გაგორდა გასასვლელისკენ.
- დედას გეფიცებით, ეს პანდუსი ინვალიდებისთვის კი არა, მრბოლელებისთვის თუ არ იყოს! - საავადმყოფოს კიბეებზე გვერდიდან ჩაყოლებული საკმაოდ დამრეცი პანდუსი სულ ხრიგინ-ხრიგინით ჩაიარა, დამუხრუჭების ნაცვლად რამდენიმე წრეც დაარტყა და ეზოში მდგომ ერთ-ერთ ავტომობილთან მიგორდა.
- უკეთესად თუ ეცდები, იქნებ როგორმე მეორე ფეხიც მოიტეხო! - შუბლშეკრული მძღოლი ბღვერით უმზერდა საკუთარი რბოლით გახალისებულ ვაჟს.
- არ გიხდება წუწუნი მამა! - მისკენ დახრილ მამაკას კისერზე ხელი მოჰხვია, ეტლიდან ავტომობილის სავარძელზე გადაბრძანდა, სავარძელი უკან ბოლომდე საწოლივით გადაწია და კმაყოფილი გადაწვა.
- თქვენთან ბოდიში, მაგრამ აქ თქვენი ადგილი აღარაა! - თვალი ჩაუკრა იქვე მდგომ დედას და მეგობარს.
- რომ გეკითხა წოლა საერთოდ არ გინდოდა და აქვე მოინდომე წამოგორება?! - სიცილი ვეღარ შეიკავა მძღოლმა.
- დიახაც, დაიმსახურეს. წამოვიდნენ ტაქსით! - საკუთარი ქცევით კმაყოფილმა ამჯერად ჩვენ გამოგვხედა - არ ვიცი ვისთან მოხვედი, მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. დიდი მადლობა! ინტერნეტი ხომ ჩართული გაქვს?
თიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- მივალ თუ არა, მოგწერ! - უკვე დაძრული ავტომობილიდან მოგვაძახა.
- ველური, - საავადმყოფოს ეზოში იმ წუთას შემოსულ ტაქსს ხელი დაუქნია ნიკუშას მეგობარმა - დარწმუნებული ხართ რომ სამშობიაროში არ შეგიცვალეს და ნამდვილად თქვენი შვილია?! - ავტომობილის კარი გალანტურად გამოუხსნა ვაჟმა.
- კი. - სიცილს ვეღარ იკავებდა ქალი.
- ნამდვილად?! - სრული სერიოზულობით ჩაეკითხა ვაჟი.
- სრულიად! - ისევ დაეთანხმა, დამშვიდობების ნიშნად ხელი დაგვიქნიეს და წავიდნენ.
- აი, ეს მესმის, პირველივე ნახვაზე, მთელი ოჯახი გაიცანი! - ჯერ კიდევ დაბნეული მეგობარი გამოვაფხიზლე.
- აუ, აღიარე, ხომ ძალიან საყვარელია?
- რა თქმა უნდა, შერეკილების ოჯახი კია, მაგრამ შენ აშკარად გაუგებ!
- შერეკილები კი არა, თბილები არიან! - უცებ შემისწორა.
- კარგები არიან. - განაწყენებულს თბილად მოვეხვიე.
- მართლა ასე ფიქრობ? - ეჭვით ჩამაცქერდა თვალებში.
- კი, ცოტა ემოციურები, მაგრამ ძალიან თბილები, ფაქტობრივად შენისთანები! - ალალად ვუთხარი ჩემი აზრი.
- აუ, დეა, როგორ მიყვარხარ რომ იცოდე! - გახარებული ადგილზე ხტუნაობდა თან კისერზე მეკიდებოდა - შენ დაგაგვიანდება, ხომ? - პასუხს რათქმა უნდა არ დაელოდა - ეეე, წავედი-წავედი, - უცებ დაფაცურდა - ჩემი ბიჭი მომწერს!
სიტყვის ჩაგდებაც ვერ მოვასწარი ქარბორბალასავით გასხლტა საავადმყოფოს კარში.

დიდხანს რეგისტრატურაში არც მე დავრჩენილვარ, ისევ ელენეს პალატისკენ წავედი. თუმცა სანახევროდ ღია კარიდან დავინახე შიგნით მდგომი შაკო და იქვე გავჩერდი. ჩემსკენ ზურგით მდგომი მამაკაცი იატაკზე მიბნეულ ქაღალდის კუპიურებს კრეფდა.
- დაფიქრდი, ელე.. - მუჭში მოქცეული თანხა იქვე მდგომ ტუმბოზე ისე მოათავსა, რომ ქალი ვერ მისწვდომოდა - უარის თქმა მარტივია, მაგრამ იცოდე აქ მეტჯერ მომსვლელი არ ვარ!
- საკმარისად დავფიქრდი! არაფერს გთხოვ, არც გავალდებულებ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ ბავშვის არსებობასაც კი ვერ გაიგებდი! - ხმას აუწია მწოლიარემ.
- აქ იმდენია, რომ პრობლემის მოგვარება უმტკივნეულოდ შეძლო!
- წამოკრიფე ეგ მაკულატურა და გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან! - სიძულვილს აფრქვევდა თვალებიდან ახვლედიანი.
- მილიონჯერ მაინც მითქვამს, ოჯახს ვერ დავანგრევ, ცოლიც ერთი მყავს და შვილიც.
- ეგ არასოდეს მითხოვია, არც ახლა წამოგიყენებ მსგავს პრეტენზიას. თუ ამ ბავშვის მამობა არ გსურს, არც გავალდებულებ, მაგრამ მოშორებას ვერ მომთხოვ!
- ხვდები რამხელა პრობლემებს შეგვიქმნის? - ბრაზით ანთებული თვალებით ისე გახედა ახვლედიანს მუცელზე, თითქოს შიგნით მოთავსებულ პატარა არსებას უკვე ხედავდა.
- მრავლობითში ნუ მელაპარაკები, ძალიან გთხოვ! დილასაც გითხარი და ეხლაც გავმეორდები, უმტკივნეულოდ დავშორდეთ, თუ გინდა ვინემგობროთ, თუ არადა უბრალოდ წადი და დაივიწყე ჩემი არსებობა!
- უბრალოდ დაგივიწყო, ასე მარტივად, უბრალოდ ხომ? ორსულად ხარ ადამიანო, ხვდები მაინც რამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, იაზრებ რა მოყვება ამას როცა შენი ქმარი გაიგებს, მოგკლავს, შე ჩემა?...
- შენი სადარდებელი ნამდვილად არაა. - ცრემლების დასამალად მზერა აარიდა წინ მდგომ მამამაცს.
- ასეთი ჯიუტი როგორ ხარ, ტო?! - ლოგინზე გვერდულად ჩამოუჯდა - რა მოგიხერხო ამიხსენი? - ნემსებისგან დაჩვრეტილ მკლავებზე ფრთხილად გადაუსვა თითის ბალიშები, შემდეგ მკერდისკენ გადაინაცვლა, მარჯვენა ხელის გული მარცხენა მხარეს დაადო, თვალები ჰქონდა შაკოს დახუჭული - ისევ აგიჩქარდა გულისცემა, ისიც კი არ შემიძლია რომ დაგიცვა, გესმის? გულითაც რომ მინდოდეს ამას ვერ მოვახერხებ. - თვალები არც კი გაუხელია დაშაქრული ხავერდოვანი ხმით ისე დაიწყო საუბარი - გინდა დამაჯერო, რომ ასე უკვალოდ ამომშლი შენი ცხოვრებიდან, ამ ჯერ კიდევ დაუბადებელი ლაწირაკის გამო შემელევი, უარს იტყვი ჩემზე?
- არ გამოგივა, როგორც შენ უწოდე, ამ ლაწირაკს, ზედმეტად დიდხანს ველოდი. არ დავკარგავ, მასზე უარს არ ვიტყვი. - ისევ გაჯიუტდა ქალი.
- ასე ერთი ხელის მოსმით დაივიწყებ რაც ჩვენს შორის იყო?!
- რა იყო რომ?! - თვალებში ჯიუტად უმზერდა ელენე - ორივემ კარგად ვიცოდით, რომ შორის მხოლოდ მე ვიყავი სულელი და ყურებამდე შეყვარებული.
- ცდები.
- ვცდები, იქნებ მითხრა რაში?! - აპილპილდა ქალი - რამდენჯერ გითქვამს, რომ არ გიყვარდი და ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ შეჩვევა, მიზიდულობა და ვნება გაკავებდა.
- თავიდან იქნებ ასეც იყო, მაგრამ....
- საკმარისია.
- ცდები! - ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავე ფრაზას მამაკაცი.
- შეიძლება, დედას გაფიცებ, იმ ერთ შვილს გაფიცებ, მის გარდა არავინ რომ არ გჭირდება, მართლა ფიქრობ რომ ბავშვით მანიპულირებას და დაშანტაჟებას დაგიწყებ?!
- იმდენად კი გიცნობ, რომ ვიცოდე, მსგავს რამეს არასოდეს იკადრებ. - ქალის გამომცდელ მზერას ვერ გაუძლო, თვალები აარიდა შაკომ.
- მიცნობ და მიუხედავად ამისა, მაინც მოხვედი, მაინც გაბედე აბორტის გაკეთების თხოვნა?!.
- არ მინდა შენი დაკარგვა.
- ვერ გავიგე?
- ზედმეტად დიდხანს გეძებდი, იმისთვის რომ დაგკარგო. - თუ რამე გრძნობა გააჩნდა ქალის მიმართ, აშკარად ამ სიტყვებში ჩააქსოვა შაკომ.
- მოისუსტებთ ამ ბოლო დროს, ბატონო რევაზ, თვალებიც რომ დაგეწვრილებინა, აუცილებლად დაგიჯერებდი, რომ სიმართლეს ამბობ. - ირონიულად გაეცინა ახვლედიანს.
- არ ვხუმრობ, არადა ეგ ბავშვი უკვე გვაშორებს...
- ხომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი ტიპიური მექლთანე, მატყუარა და მოღალატე იყავი, მაგრამ მაინც იმდენად შემიყვარდი, რომ ყველაფერი დავივიწყე, საკუთარი სიამაყე, თავმოყვარეობა, ოჯახი. იმდენად მინდოდა შენთან ყოფნა, შენად თავის გრძნობა, რომ იმაზეც კი დავხუჭე თვალები, რომ არ გიყვარდი, ქუჩის კახპაზე უარესადაც კი ვიქცეოდი, ჰო, რა იყო, რა ვთქვი ასეთ? სასტუმროს ბინძური ნომერიც კი არ მეღირსა, შენი ავტომომობილის უკანა სავარძელი მქონდა სარეცლად ქცეული.
- გიღირდა და იმიტომ!
- მიღირდა, რას ქვია მიღირდა? იქნებ ისიც მითხრა, რომ შენგან რაიმე გამორჩენას ველოდი? - ბრაზით აენთო თვალები ელენეს.
- ეგ არ მიგულისხმია, აუცილებელი ხომ არაა ყველაფერში სარგებლის მიღება, რაღაც ხომ გიზიდავდა, ჩემთან ყოფნა ხომ გვსიამოვნებდა?!
- მაგ რაღაცას სიყვარული ქვია. იმდენად დავბრმავდი, რომ არაფრად მიღირდა არც ის რომ სახლში მეუღლე მელოდა, არც ის რომ შენ თავადვე იყავი დაოჯახებული, არც ის რომ ჩვენი საქციელით ყველას ვაზიანებდით და ვანადგურებდით. ბრმად აგყევი, მოგყევი.
- კარგად იცი ვერავის ვენდობოდით, მით უმეტეს სასტუმროებს. კაცმა არ იცის სად რა იქნებოდა ჩამონტაჟებული. ის რომ მალულად, თუნდაც ჩემივე ავტომობილში გვიწევდა შეხვედრა, სულაც არ ნიშნავს, რომ კახპა ხარ, ჩემთვის არ ყოფილხარ და არც არასოდეს იქნები! - ხმას აუწია.
- არა, ხომ?!
- შენ ჩემი სიცოცხლე, ჩემი სითბო, ჩემი ახდენილი ოცნება ხარ! - ხმა დაუთბა შაკოს - დედას გეფიცები მართლა არ მინდა შენი დაკარგვა, არ გინდა ეგ ბავშვი, გთხოვ. ვიყოთ ისევ ისე როგორც ვიყავით!
- ისევ და ისევ ყველაფერი ვარ, გარდა სიყვარულისა,- ახარხარდა ელენე.
- იმდენად ჩაიციკლე, ჩემგან შენი ცოლ-შვილის დაცვაზე, რომ ხუთ წლიანი ურთიერთობის ფონზე საკუთარ თავთანაც კი ერთხელაც ვერ აღიარე, წამითაც ვერ დაუშვი, რომ სადღაც გულის სიღრმეში შენც გიყვარდი. იმას რასაც შენ შეჩვევას ეძახი, ჩემი და შენი მოპარული სიყვარულია.
- სიყვარული?! არა. მე შენ არ მიყვარხარ, სიყვარული არ არსებობს. არის მიზიდულობა, შეჩვევა, ვნება, მაგრამ სიყვარული...
- მაინც როგორი სულმდაბალი ხარ, სულ იმის გეშინოდა, რომ ადრე თუ გვიან შენი ოჯახის დანგრევას მოგთხოვდი, არადა ყოველთვის იცოდი, რომ მიუხედავად შენი ნამდვილი სახისა, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი რა ნაგავი და მატყუარაც იყავი მიყვარდი. ასე, სულელი ჩერჩეტი გოგოსავით იმდენად თავდავიწყებით შემიყვარდი, რომ იმას რაც შენთვის ასეთი ძვირფასი და სათუთი იყო, შენს ოჯახურ კერას საფრთხეს არ შევუქმნიდი, შეგიძლია ახლაც მშვიდად იყო. მე შენთვის არ დამიმალავს, იცოდი, როგორ ვოცნებობდი შვილზე. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ბედნიერება მაჩუქე. ამის გამო მადლიერი ყოველთვის ვიქნები. როგორ ძლიერადაც არ უნდა მტკენდე ახლა, ამის თავს ვფიცავარ, ბავშვით არ დაგაშანტაჟებ.
- ისე შეგეჩვიე უშენოდ ვერ გავძლებ. მარა ეგ ლაწირაკი...
- საკმარისია, ამ ხუთი წლის განმავლობაში ზედმეტად კარგად გავიგე შენი მოსაზრებები სიყვარულზეც, შენი აქ მოსვლის მიზეზიც არაა რთულად მისახვედრი. კიდევ ერთხელ გეტყვი შაკო, მიუხედავად იმისა აბორტს გავიკეთებ თუ არა, შენ თამამად შეგიძლია ჩათვალო, რომ მხოლოდ ერთი შვილის მამა ხარ, იმ შვილის მეუღლისგან რომ გყავს. ასეც იქნები სიცოცხლის ბოლომდე.
- მარტო როგორ?!... - სახეზე ოდნავ შეეხო მამაკაცი.
ისედაც გაფითრებული ქალი დენდარტყმულივით აცახცახდა.
- როგორმე მივხედავ თავს. - ცრემლებისგან ხმა გაებზარა, აშკარად კარგავდა სიმტკიცეს ახვლედიანი.
- ჯერ კიდევ არაა გვიანი, ექიმმა თქვა რომ...
- საკმარისია, - ზიზღით მოიშორა ლოყაზე შერჩენილი მამამაკის ხელი - მეორედ არ გაბედო, ჩემთან აბორტის ხსენება! - ის წამიერი სისუსტე აღარც ეტყობოდა, ისევ შვილის დამცველად ქცეული ძუ ვეფხვი იყო ახვლედიანი - იმის ილუზია ნამდვილად არ მქონია, რომ გვერდში დამიდგებოდი, მაგრამ თავს მაინც ნუ შემაძულებ!
შაკოს აღარაფერი უთქვამს. უხმოდ წამოდგა, კარში მდგომს ისე გამიარა თითქოს ვერც კი შემნიშნა და წავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა გავაკეთო ეს რეზი საშინელი, მართლა სულმდაბალი ადამიანია და ელენე ძალიან სულელი, ვნახოთ რპგპრ განავითარებ მოვლენებს, მაგრამ ასე ძალიან ნუღა დააგვიანებ, ძლივს გავიხსენე რა ხდებოდა წინა თავებში, ასეთი დაგვიანბეით ნახევარ ემოციასაც კი ვეღარ ვინარჩუნებ მომდევნო პავის წაკითხვიას :((

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
რა გავაკეთო ეს რეზი საშინელი, მართლა სულმდაბალი ადამიანია და ელენე ძალიან სულელი, ვნახოთ რპგპრ განავითარებ მოვლენებს, მაგრამ ასე ძალიან ნუღა დააგვიანებ, ძლივს გავიხსენე რა ხდებოდა წინა თავებში, ასეთი დაგვიანბეით ნახევარ ემოციასაც კი ვეღარ ვინარჩუნებ მომდევნო პავის წაკითხვიას :((

არამხოლოდ თქვენ, მეც კი მავიწყდება რას ვწერდი წინა თავში smile ვეცდები გამოვსწორდე და იმედია ამჯერად მაინც შევასრულებ დაპირებას

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Ეს ის შაკოა... ასე ცუდი და ამაზრზენი???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent