შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 6] (18+)


18-06-2019, 16:37
ავტორი ჰაიკო
ნანახია 368

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 6] (18+)

     მია დიდხანს არ მოშორებია ტრევის ჯეკსონს, მამამისს ხელები მჭიდროდ შემოეხვია გოგონასთვის, ასე ჩახუტებულები იდგნენ. როდესაც სიხარულის პირველმა ტალღამ გადაიარა, მია ოდნავ მოშორდა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, რათა უკეთესად შეეთვალიერებინა დიდი ხნის უნახავი მშობელი.
     - კარგად გამოიყურები..
     ტრევისმა გაიღიმა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ამ დროს რაღაცნაირად მტაცებელს დაემსგავსა.
     - გაზრდილხარ.. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, თითქმის ერთი წელია არ მინახია ჩემი შვილი.
     მიასაც გაეღიმა. კარგად დაკვირვებული თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ მიას და მამამისის ურთიერთობას რაღაც აკლდა, თითქოს არ იყო ის, რასაც "მამა-შვილური" ურთიერთობა ერქვა, შესაძლოა, ამაში გარკვეული დოზით დანაშაული დედამისის დაღუპვას და ამ ფაქტიდან გამომდინარე ტრევის ჯეკსონის ქალიშვილის მიმართ გაცივებას თუ გაუცხოებას მიუძღოდა, უფრო მეგობრული ეთქმოდა მათ ურთიერთობას, ვიდრე მამა-შვილური.
     - ჩამოვსხდეთ, - ტრევისმა ქალიშვილს ხელი გამოსდო და სავარძლისკენ წაიყვანა.
     ერთხანს სიჩუმემ იმეფა. გოგონა ფორთოხლის წვენს წრუპავდა, ტრევისი სიგარეტს ეწეოდა და ამწვანებულ ბაღს გაჰყურებდა ჩაფიქრებული.
     - ალბათ ერთმანეთისთვის ბევრი რამ გვაქვს ასახსნელი, - სიჩუმე დაარღვია გოგონამ.
     - ჰო, - უბრალოდ უპასუხა ტრევისმა და კვლავ დუმილი გამეფდა, არცერთი აპირებდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას.
     სიჩუმე გაუსაძლისი გახდა. ტრევისმა ფილტრი საფერფლეში ჩაჭყლიტა, ჩაახველა და სავარძლიანად შემობრუნდა გოგონასკენ.
     - მე.. ყველაფერი ვიცი, - თქვა მან.
     მიას მაშინვე არ უპასუხია, რაღაცნაირად შეაშინა მშობლის მზერამ, ნაცნობი თბილი გამოხედვა უკვალოდ გამქრალიყო, მისი ადგილი კი ცივ და ფრთხილ, რენტგენისებურ თვალებს დაეკავებინა.
     - რას გულისხმობ, მამა? - გოგონამ წვენის ჭიქა მაგიდაზე დაუშვა, მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
     - იცი, რასაც ვგულისხმობ.. მთელი ეს საგიჟეთი, ვამპირები, მაქციები და ასე შემდეგ.. შენც ამ ორომტრიალში ხარ ჩართული.
     - ეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდება, მამა, - ამოიოხრა გოგონამ და ბაღს გახედა, - ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე, ეს საშინელი მოვლენები მაინც განვითარდებოდა სალემში.
     - მართალია, - დაეთანხმა ტრევისი, - დიდი ხანი არ ვერეოდი ამ ყველაფერში, მაგრამ ახლა..
     - "დიდი ხანი" რას ნიშნავს, მამა? - თვალები მოჭუტა გოგონამ.
     - მოდი, ყველაფერს ფარდა ავხადოთ, - მიუგო ტრევისმა შვილს, - მე ძალიან დიდი ხანია, რაც თვალს ვადევნებ მოვლენების განვითარებას, იმ დროიდან, რაც გაბრიელი სალემში ჩამოვიდა..
     ეს კი სიახლე იყო გოგონასთვის, გამოდის, მამამისმა მართლა ყველაფერი იცოდა, უფრო მეტიც-სახელებით სცნობდა ზებუნებრივებს.
     - სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, - თქვა ტრევისმა, - მე გადაწყვეტილება მივიღე, ეს შენს მომავალს უფრო უსაფრთხოს გახდის..
     გოგონა წამიერად გაბრაზდა.
     - აჰა, გადაწყვეტილება მიიღე, ხომ? მამა, ხომ არ შეგახსენო, რომ მე ათი წლის ბავშვი აღარ ვარ?
     ტრევისი შეცბუნდა, სავარძელში შეიშმუშნა, თუმცა არაფერი უთქვამს.
     - რა გადაწყვეტილება? - განაგრძო მიამ, - ალბათ აქედან გამგზავნი სადმე მშვიდ ადგილას, ასეა?
     - რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი გამოსავალია, - დაეთანხმა ტრევისი.
     გოგონა ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა.
     - მე აქ კოლეჯში ვსწავლობ, მამა, გარდა ამისა, მყავს მეგობრები, რომლებსაც ვერ მივატოვებ...
     - მეგობრები, რომლებიც ამ სისხლისღვრაში არიან ჩართულნი, - მკაცრად შეაწყვეტინა ტრევისმა, - ბავშვივით ნუ იქცევი, მე მამაშენი ვარ და ვიცი, რა არის შენთვის უკეთესი!
     - მართლა? - ხმას აუწია მიამ, - და ამ ერთი წლის განმავლობაში სად იყავი?
     - დედაშენს ვგლოვობდი, - მიუგო ტრევისმა და მის ხმაში ტკივილმა გაიელვა.
     მიას ცრემლებით აევსო თვალები.
     - დედას მეც ვგლოვობდი.. და ის ჩემზე მეტად არავის დააკლდა.. მაგრამ ცხოვრება გავაგრძელე, შენ კი ერთ ადგილზე გაიყინე, შენი ცხოვრება გაჩერდა, ისე მოგიცვა დედაზე გლოვამ, რომ მთავარი დაგავიწყდა-მე, შენი შვილი! შენ შვილი გყავს, მამა.. - მია შეჩერდა და ღრმად ამოისუნთქა, ბუნებით არ იყო მეამბოხე თინეიჯერი, მაგრამ დიდი ხნის ნაგროვი ბოღმა ვეღარ დაიტია გულმა.
     ტრევისს ხმა არ გაუცია, მზერა მოარიდა, ამწვანებულ ბაღს გახედა, სიგარეტს მოუკიდა..
     - ვიცი და არც ვიმართლებ თავს.. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, შენ სალემი უნდა დატოვო და რაც შეიძლება მალე! - კატეგორიულად ჟღერდა უფროსი ჯეკსონის სიტყვები.
     მაგრამ გოგონა სულაც არ აპირებდა უკან დახევას და რაიმეს დათმობას.
     - შენზე რას მეტყვი, მამა? რატომ იყავი ამ მომენტამდე საიდუმლოებით მოცული? მე შენი შვილი ვარ და უფლება მაქვს ყველაფერი ვიცოდე.
     ტრევის ჯეკსონმა ფართოდ გაიღიმა, შემდეგ დასერიოზულდა.
     - შენი აქედან წასვლა აუციელებელია, პატარავ, აქ მალე ისეთი ამბები დატრიალდება..
     - რას გულისხმობ?
     - ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა, - თვალი თვალში გაუყარა ტრევისმა.
     - ეგ საიდან გაქვს? - სარზე მიუთითა გოგონამ.
     - მეგობარმა მათხოვა, გამოვიყენებ და დავუბრუნებ, - შუბლი შეკრა ტრევისმა, - არ ვთვლი თავს ვალდებულად, შენს ყველა შეკითხვას ვუპასუხო, საკითხი მეტად დელიკატურია.
     მია აღელდა, გული მტკივნეულად შეეკუმშა, ამ ზებუნებრივ სისხლისღვრაში ჩართულს ის აზრი ანუგეშებდა, რომ მშობელი უსაფრთხოდ ჰყავდა, ახლა კი ისიც სალემში დაბრუნდა და მეტიც, ომში ჩაბმასაც კი აპირებდა.
     - მამა.. გთხოვ, თუ ამ სიტუაციის შესახებ ყველაფერი იცი, ისიც გეცოდინება, რომ.. მოკლედ..
     ტრევისი კითხვის გამომხატველი მზერით მიაჩერდა, მაგრამ როდესაც გოგონამ აზრი ბოლომდე არ დაასრულა, ნაღვლიანად გაიღიმა და თავი გააქნია.
     - არა, ტყუილად მთხოვ.. აზრი არ აქვს.. გგონია, დედაშენის სიკვდილის შემდეგ ფეხი ფეხზე გადადებული ვიჯექი?.. შენ მე არ მიცნობ, მია, ისინი, - ტრევისის ხმაში მრისხანებამ გაჟონა, - ყველა დაისჯება, ყველა საკადრისს მიიღებს!
     - ვინ ყველა, მამა? - მზერა გაეყინა გაეყინა გოგონას.
     - ყველა! - დაბეჭდა უფროსმა ჯეკსონმა, - ისინი, ვინც ადამიანთა ცხოვრებაში თავიანთ სისხლიან ხელებს აფათურებენ და მათ მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ, ისინი, ვისაც ბუნების ყველანაირი კანონის თანახმად არ აქვთ არსებობის უფლება!
     - შენ ვერ გადაწყვეტ ვის აქვს არსებობის უფლება და ვის-არა, - შეეწინაღმდეგა გოგონა.
     ტრევის ჯეკსონი მთელი ტანით გადმოიწია წინ, მაგიდას დაეყრდნო და შვილს თვალი-თვალში გაუყარა, ერთხანს მრისხანე მზერით აკვირდებოდა, შემდეგ ოდნავ შეურბილდა გამოხედვა.
     - არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ-ჩვენი ოჯახი, მე, დედაშენი და შენ, - ხაზგასმით წარმოთქვა მან, - მშვიდად ვცხოვრობდით და ერთმანეთს შევხაროდით, მე მიყვარდა ეს ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ მყავდით.. და გულს სიცოცხლით და სიხარულით მივსებდით.. შემდეგ ისინი გამოჩნდნენ და ჩემი ცხოვრება ერთ წამში განადგურდა, ქვიშის სასახლესავით ჩამოიშალა და გაცამტვერდა.. და გული გამიქვავდა, ვერ მოვახერხე დედაშენის დაცვა.. ის სიკვდილისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო და არც იმსახურებდა ამას! ახლა კი, როდესაც ყველაფერი გავარკვიე და როდესაც მზად ვარ მათ გასანადგურებლად, მზად ვარ სამართლიანობა აღვადგინო, თუნდაც შემიძულო, ამას მაინც გავაკეთებ! - ტრევისი დადუმდა, სავარძელში გადაწვა და კვლავ ბაღს მიაშტერდა.
     - რის ფასად, მამა? - მიას ხმა ცრემლმა დაალბო.
     - ყველაფრის ფასად, - მოუჭრა უფროსმა ჯეკსონმა.
     - არ წამოვალ, - გაჯიუტდა გოგონა.
     - წამოხვალ! - მტკიცედ თქვა ტრევისმა, - შენ წახვალ აქედან და მშვიდ ცხოვრებას შეუდგები, ისე, როგორც შენი თანატოლები ცხოვრობენ, აქაურობას კი მე მივხედავ!
     - შენ მათ ვერ დაამარცხებ, - ჯიბრმა გაჟონა მიას ხმაში.
     - ასე გგონია? - გაიღიმა ტრევისმა, - მე მათ პირდაპირ არ დავტაკებივარ, დროთა განმავლობაში სრულყოფილად შევისწავლე მათი უნარ-ჩვევები, ძლიერი და სუსტი მხარეები, - ის კვლავ წინ გადმოიწია, მკლავი მოიშიშვლა.
     გოგონას თვალები გაუფართოვდა, მამამისის მკლავი, მაჯიდან იდაყვამდე, უცნაური იეროგლიფებით მორთულიყო, ეს არ იყო სვირინგი, თითქოს ნაიარევების კომპლექსს ჰგავდა, თუმცა დაკვირვებული თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ ნაიარევები კი არა, ვიღაცის ხელით ოსტატურად გამოყვანილი მოხატულობა იყო.
     - ეს..
     - ეს ის არის, რაც მათთვის სასიკვდილო იარაღად მაქცევს, - არ დაასრულებინა ტრევისმა, - მონადირის ნიშანი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მათ გასანადგურებლად შექმნა.
     მიას გულში შიში შეეპარა, აშკარა იყო, რომ მამამისი არ ხუმრობდა და არ გამორიცხავდა, რომ მართლაც ჰყავდა მეგობარი, რომელიც მას სალემში მყუდროდ მოკალათებული ზებუნებრივი არსებების განადგურებაში დაეხმარებოდა, დიდი ალბათობით კი ტრევის ჯეკსონის მიერ ნახსენები "მეგობარი" ჯადოქარი უნდა ყოფილიყო, რადგან ჯადოქრის გარდა არავის ძალუძდა ადამიანისთვის ისეთი უნარის მინიჭება, რომ მაქციების, ვამპირების და მით უმეტეს-პირველყოფილთა განადგურება შეძლებოდა. ტრევისთან სიფრთხილე იყო საჭირო! ვის შეეძლო მამამისთან ამ საშიში კავშირის დადება? ჯადოქრებიდან მხოლოდ ერთს იცნობდა, რომელიც, მიას აზრით გამორიცხული იყო მთელი ზებუნებრივი სამყაროს წინააღმდეგ წასულიყო, ვინიცობაა ტრევის ჯეკსონის გეგმები სრულად განხორციელებულიყო, სიკვდილი ელოდა მიას ზებუნებრივ მეგობრებს-რებეკას, ლუციუსს... და კოვაქსსაც! ჰმ, კოვაქსი.. ნეტავ ახლა სად იყო და რას აკეთებდა შავგვრემანი პირველყოფილი? მიას ვარაუდით, ლუციუსი უკვე დაკარგული თუ მოტაცებული გოგონას მოძებნას ცდილობდა და დიდი ალბათობით კოვაქსიც მას დაეხმარებოდა, თუმცა..
     - რაზე ფიქრობ? - ფიქრის ძაფი მამის ხმამ გაუწყვიტა.
     მიამ ბურანმორეული თვალები გაახილა და სცადა გამოფხიზლებულიყო. ტრევის ჯეკსონი მის ყველა ქცევას და მიმიკას ყურადღებით აკვირდებოდა.
     მიას არ უპასუხია, ბაღს გახედა და ამოიოხრა, შოკოლადისფერ თმაში ხელი შეიცურა და ზანტად აიწეწა.
     - უნდა შევთანხმდეთ, მამა.. რამენაირად.
     - რას გულისხმობ? - თვალები მოჭუტა უფროსმა ჯეკსონმა.
     - შენ უკვე იცი, რომ სალემში ძალიან ბევრი ზებუნებრივი არსებაა, შენ თუ მათზე ნადირობას დაიწყებ..
     მიას არ დაუსრულებია. ტრევისი მოთმინებით ელოდა.
     - მერე? - იკითხა ბოლოს.
     - მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარია, მამა, - გოგონა შემოტრიალდა და მუდარით მიაპყრო მშობელს შოკოლადისფერი თვალები.
     ტრევისმა თვალი აარიდა და კვლავ ბაღით დაინტერესდა.
     - მამა!
     ტრევისს არ მოუხედია.
     - მამა!
     - ჩემგან რას ითხოვ? - დანებების ნიშნად ამოიოხრა უფროსმა ჯეკსონმა და სკამიანად შემოტრიალდა.
     - პირობა უნდა მომცე, რომ ჩემი მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება!
     - სისულელეა, - ხელის აქნევით უარყო ქალიშვილის მოთხოვნა ტრევისმა.
     მიამ ტუჩი მოიკვნიტა, მის პირისპირ მჯდარი მამაკაცი აღარ იყო მამამისი, აღარ იყო ის, ვინც ბავშვობაში გულში იკრავდა, თმაზე ეფერებოდა და მხრებზე შესმული დაასეირნებდა, არა, ცოლის სიკვდილის შემდეგ ტრევის ჯეკსონის სულს მხოლოდ ტკივილი და შურისძიების გრძნობა ასულდგმულებდა, ამ ფიქრებით ცოცხლობდა და საზრდოობდა.
     - ქალაქს არ დავტოვებ, - მტკიცედ თქვა გოგონამ.
     - დატოვებ, რა თქმა უნდა დატოვებ, - დარწმუნებით მიუგო მამამისმა, მორიგ სიგარეტს მოუკიდა და ფიქრებში ჩაიძირა, მარჯვენა ხელის თითებით კი ქამარში ავისმომასწავებლად გარჭობილ უცხო იეროგლიფებით კონსტრუირებულ მოწითალო, წვერწამახულ სარს ეთამაშებოდა.

*****

     ლუციუსის სამოთხეში, სახლის ვერანდაზე მდგარ პატარა ხის მაგიდას კოვაქსი, ამონი და რებეკა შემოჯდომოდნენ, ქერა უკვდავი კი ჩვეულებრივზე სწრაფად მიმოდიოდა მუქი ყავისფერი ხით მოპირკეთებულ ვერანდაზე და ჟღალ წვერს ჩაფიქრებული იწიწკნიდა, რაც მის მოუთმენლობას ამჟღავნებდა, თუმცა სიტუაცია იმდენად უჩვეულო და მძიმე იყო, რომ არცერთი ცდილობდა ვამპირთა კანონის წიგნის მცველის ფიქრთა ძაფის დარღვევას.
     - აბსოლიტურად გაურკვეველი სიტუაციაა, - რებეკამ თვალები გაახილა, ამონის ხელებს თავისი თლილი თითები შეუშვა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, საფეთქლები მოისრისა, დაღლილობამ შემოუტია.
     - რას გულისხმობ? - ლუციუსი წამიერად გაჩნდა მაგიდასთან.
     - არაფერია, - მიუგო ჯადოქარმა, - საერთოდ არაფერი, ჩემს და ამონის ძალებს ერთდროულად ვიყენებ, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობ, თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.
     - შენ მარკუსის სულს საუკუნეების განმავლობაში უთვალთვალებდი, - საყვედურით მიმართა ქერა უკვდავმა.
     - დიახ, - თავი დაუქნია ქალმა, - მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება, აშკარაა, რომ ჩვენზე ძლიერი ძალა ფარავს, - მან ამონს გახედა და ლუციუსის ტყუპისცალი თავის დაქნევით დაეთანხმა.
     ლუციუსმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და კვლავ ბოლთის ცემას მოჰყვა.
     - წავალ, ყავას მოვამზადებ, - ქალი სახლში გაუჩინარდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ხმამაღალი შეკივლება გაისმა.
     სამივე უკვდავი ელვის სისწრაფით გაჩნდა კართან, მაგრამ გაოცებულნი შეჩერდნენ, რებეკა უკუსვლით, ნელი ნაბიჯით გამოვიდა სახლიდან ვერანდაზე, უკიდურესად შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა.
     - რა ხდება? - იკითხა კოვაქსმა, - შიგნით ვინმე უცხო დაინახე?
     ქალმა ნელა გააქნია თავი.
     - ლუციუს.. ბოლოს როდის შეამოწმე სათავსო ოთახი?
     ლუციუსი დაეჭვდა, შუბლი შეკრა.
     - რამდენიმე დღის წინ.. რატომ მეკითხები?
     - ტალიას სხეული გამქრალია, - აღმოხდა ქალს და უღონოდ დაეშვა სკამზე.
     - რაო? - დაიბრდღვინა ქერა უკვდავმა, სახლს ეცა და წამის მეასედში სათავსოს შესასვლელთან იდგა, ყურადღებით დაათვალიერა ყველა ოთახი, ყოველი კუთხე-კუნჭული, თუმცა უძველესი და უძლიერესი ჯადოქრის ნეშტის ნიშან-წყალიც კი არსად ჩანდა.
     - ჯანდაბა.. ის აქ არ არის!
     მის სიტყვებს შავგვრემანი პირველყოფილის ბილწი გინება მოჰყვა.
     ლუციუსიც სავარძელზე დაეშვა და ფოლადისმაგვარი თითები ერთმანეთში ჩახლართა.
     - ამ ადგილის არსებობა მხოლოდ ჩვენ ვიცით, მარკუსმა, მის ჯეკსონმა და ექიმმა ტომპსონმა.. - მან მეგობრებს თვალი მოავლო, - გოგონა გატაცებულია, ექიმი ვერ გაბედავდა, არც სჭირდებოდა და ვერც შეძლებდა ამის გაკეთებას, მარკუსმა არ იცოდა ტალიას სხეული აქ რომ ინახებოდა.. ვინ შეიძლება ყოფილიყო?
     - მილიონიანი შეკითხვაა, - დამცინავად მიუგო კოვაქსმა.
     - მე სხვა იდეა მაქვს.. - ჩუმად თქვა რებეკამ, - ჩემი აზრით, ტალია თვითონ წავიდა.
     მის სიტყვებს გაოგნებული გამომეტყველებით შეხვდნენ, რამდენიმე წამის განმავლობაში არცერთს ამოუღია ხმა.
     - თვითონ? - იკითხა ამონმა, - ეს როგორ?
     მაგრამ რებეკას მისი შეკითხვა თითქოს არც გაუგონია, ცის შორეთს გაჰყურებდა ოდნავ მოჭუტული თვალებით.
     - ახლა გასაგებია.. გასაგებია.. რა თქმა უნდა, რა სულელი ვარ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი..
     - რებეკა! - მკაცრად გაისმა ლუციუსის ხმა და ჯადოქარი რეალობას დაუბრუნა, - იქნებ ჩვენც აგვიხსნა, რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს?
     - ეს ტალიაა, - მიუგო ქალმა, - ჩემზე და ამონზე ძლიერი ჯადოქარი მხოლოდ ერთი მეგულება, რომელსაც შეუძლია ჩვენგან სრულიად დაფარულად და შეუმჩნევლად იმოქმედოს და ვისი უნარებიც ჩვენსას გაცილებით აღემატება, სწორედ მისი შელოცვის ბრალია, გოგონას ადგილსამყოფელს რომ ვერ ვარკვევთ.
     ლუციუსი შუბლშეჭმუხნული შეჰყურებდა, ეს სიახლე არც ისე ხელსაყრელი და იმედისმომცემი იყო მათთვის.
     - დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა ბოლოს.
     - აბსოლიტურად, - მიუგო ქალმა.
     - გასაგებია, - ქერა უკვდავის ხმაში საქმიანმა ტონმა იმძლავრა, - ეს გარკვეულწილად დაგვეხმარება კიდეც, როგორც ვიცი, ჯადოქრებს ერთმანეთის მოძებნა შეგიძლიათ, - მან პაუზა გააკეთა, - ცოცხალ ჯადოქრებს, - შეასწორა და მოლოდინით გახედა რებეკას.
     - დიახ.
     - ანუ ჩვენ შეგვიძლია ტალიას მოძებნა, რომელთან ერთადაც იქნება მის ჯეკსონი, - კოვაქსმა ღიმილით შემოჰკრა ხელი ხელს, - ბრავო, მეგობრებო, შემდეგ რა ხდება? მოდი გამოვიცნობ, - მან ირონიულად მოწკურა თვალები, - ჩვენი ძვირფასი ჯადოქარი გაარკვევს ტალიას ადფილსამყოფელს, ჩვენ გოგონას გამოსახსნელად წავალთ, იქ კი ტალია დაგვხვდება, ყველას დაგვხოცავს და აქ სრულდება ეს შემზარავი ისტორია, ჰა-ჰა-ჰა!
     ლუციუსი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
     - ოსკარი გეკუთვნის, ძალიან მდიდარი ფანტაზიის უნარი გაქვს.. საქმე ისაა, რომ მე მართლაც წავალ ტალიასთან და მის ჯეკსონის გადარჩენას ვეცდები, აი შენ კი, ეგოისტო სისხლისმსმელო, ეშმაკსაც წაუღიხარ!
     - მე თვითონ ვარ ეშმაკი, - სიცილით მიუგო შავგვრემანმა პირველყოფილმა, ხასიათი სულაც ვერ გაუფუჭა ლუციუსის მწარე სიტყვებმა, - მე დახმარებას შეგპირდი და ასეც მოვიქცევი, ახლა ერთი რამ მაინტერესებს..
     - რა? - დაეკითხა ამონი.
     - მარკუსი, - მიუგო კოვაქსმა, - ახლა ის ძალიან გვჭირდება.
     - ამ რამდენიმე ხნის წინ, - წარმოთქვა ლუციუსმა ნელა და წყალი მოსვა, - როდესაც მარკუსის გამოღვიძების გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობდი, რომ ეს გამართლებული გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ომში და გაბრიელის წინააღმდეგ ჩვენი გამარჯვების ალბათობა თითქმის ნულის ტოლი იყო მარკუსის გარეშე.. ჩვენ ის გამოვაღვიძეთ და ახლა ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო.
     - გეთანხმები, - მიუგო კოვაქსმა, - ახლა ის გაბრიელის მხარეს იბრძვის და პირველყოფილი ჰიბრიდია.. მე იდეა მაქვს.
     ყველამ ერთდროულად შეხედა მას, მიუხედავად კოვაქსის არც თუ უმწიკვლო რეპუტაციის და უსაზღვრო სადიზმისა, მას ალბათ ყველაზე გამჭრიახი გონება ჰქონდა, ყოველთვის მიაჩნდა, რომ მუდამ მოქმედება სჯობს ფიქრს და საკუთარი შეხედულება ხშირად გამართლებია კიდეც.
     - რას გვთავაზობ? - ჰკითხა ამონმა.
     კოვაქსმა მაგიდის გარშემო მჯდომებს მოავლო თვალი და მზერა ქერა უკვდავზე შეაჩერა, ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა, შემდეგ სიგარეტს აუჩქარებლად მოუკიდა და პირიდან ბოლქვებად გამოუშვა ცისფერი კვამლი.
     - ჩვენ ამჟამად ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ, - თქვა მან და რატომღაც კვლავ ლუციუსს შეხედა, - არც მარკუსი გვეხმარება, ვებრძვით ვამპირებს, მაქციებს და ქალაქის საიდუმლო საბჭოც გვისისინებს შხამიანი ასპიტივით, ახლა კი ვიგებთ, რომ ტალიაც ჩვენს წინააღმდეგ ამოქმედებულა, - მან პაუზა გააკეთა, - მე და შენ არც ისეთი ხელწამოსაკრავი მებრძოლები ვართ, ლუციუს, მაგრამ როდესაც ტალია გვებრძვის, მხოლოდ მათ იმედზე ყოფნა ჩვენი მხრიდან სისულელე იქნებოდა, - მან თითით ანიშნა რებეკასა და ამონზე.
     ამონი შეიშმუშნა, მიუხედავად ანტიპათიისა შავგვრემანი პირველყოფილის მიმართ, ვამპირი-ჯადოქარი მაინც ძალაუნებურად დაეთანხმა კოვაქსს. რებეკას ხმა არ ამოუღია.
     - ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე რას გულისხმობ, - შეუბღვირა ქერა უკვდავმა, - დრო არ ითმენს, რამე გეგმა გვჭირდება.
     - თუ დამაცდი საუბარს, ზუსტად ამ გეგმას ვგულისხმობ, - საპასუხოდ შეუბღვირა კოვაქსმა, - მე პირველყოფილი ჰიბრიდი ვარ, პირველყოფილ ვამპირზე გაცილებით ძლიერი და სწრაფი.. - მან კვლავ პაუზა გააკეთა, როგორც ჩანს, აზრების დალაგებას ცდილობდა, - მეორე პირველყოფილი ჰიბრიდი არ გვაწყენდა, ასეთ შემთხვევაში გამარჯვების სასწორი ჩვენსკენ გადმოიხრება, - სწრაფად დაასრულა მან, ლუციუსს ანგელოზივით უცოდველი სახით გაუღიმა და გვერდზე გაიხედა.
     სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც დრო და დრო ბალახებში მონავარდე ჭრიჭინების ხმაური არღვევდა.
     - მაინც ვერ მივხვდი, რას გულისხმობ, - სიჩუმე დაარღვია ლუციუსმა და თვალები მოჭუტა.
     - შენ ჰიბრიდი უნდა გახდე! - კატეგორიული ტონით მიუგო კოვაქსმა, მაგიდაზე წინ გადაიხარა და ლუციუსს თვალი-თვალში გაუყარა, - თუ ამ ომში ცოცხლად გადარჩენა გვინდა.
     ლუციუსს სახე შეეცვალა, სხეული დაეძაგრა, კუნთები დაეჭიმა, ლოყებზე სისხლძარღვები დაებერა, რომელშიც მდორედ მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა მას მუქ სისხლისფერ ტბებად აქცევდა, საიდანაც კოვაქსს გაშმაგებით და მრისხანედ შემოჰყურებდა ორი კაშკაშა, მოელვარე წერტილი, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა ბასრი, წვეტიანი ეშვები, მკერდიდან ყრუ, შემზარავი ღმუილი აღმოხდა. ლუციუსში ქერა დემონმა, ვამპირთა კანონის წიგნის მცველმა გაიღვიძა და ყოველ წამს ძალას იკრებდა.
     საზარელ დემონად ქცეული ქერა ვამპირი წინ გადმოიხარა და კოვაქსს წყვდიადივით შავ თვალებში მიაცქერდა.
     - როგორ მიბედავ, - ყრუ, ხრინწიანი, არაადამიანური ხმით ჩაიჩურჩულა.
     ის საოცარი სისწრაფით სწვდა ყელში კოვაქსს და მდელოზე მოისროლა, წამის მეასედში კი თვითონაც იქვე იდგა, მანამ, სანამ კოვაქსი მდელოზე დაეცემოდა.
     კოვაქსი ფეხზე წამოხტა, ჭკუას მოუხმო და არ გარდასახულა, უკან გადადგა ნაბიჯი და ხელები წინ გაიწოდა.
     - დაწყნარდი.. - ასეთი ლუციუსი მას შემდეგ არ ენახა, რაც უხსოვარ დროში მაქციათა კლანს ებრძოდნენ.
     ლუციუსმა დაიღრინა და მისკენ გადმოდგა ნაბიჯი.
     - ჩემს აზრზე ვრჩები, - მტკიცედ გაიმეორა კოვაქსმა და წამის შემდეგ ყელზე ლუციუსის ფოლადისმაგვარი თითები შეიგრძნო, ქერა უკვდავმა მაღლა ასწია და ხის ტანს მიაყუდა, კოვაქსი წინააღმდეგობას არ უწევდა.
     - ამას როგორ მიბედავ, - კვლავ დაიღრინა ლუციუსმა, მოულოდნელად ქამრიდან მოწითალო, უცნაური იეროგლიფებით კონსტრუირებული სარი ამოიძრო და კოვაქსს მკერდზე, გულის მხარეს მიაბჯინა.
     შავგვრემან პირველყოფილს სახე შეეცვალა.
     - ლუციუს.. - რებეკა სკამიდან წამოიჭრა.
     - ძმაო, - გვერდიდან მოისმა ამონის ხმა.
     - ნუ ერევით, - მრისხანედ, უკანმოუხედავად თქვა ლუციუსმა, - ეს ჯადოქრების საქმე არ არის!
     ამონს და რებეკას აღარაფერი უთქვამთ, კვლავ ვერანდას დაუბრუნდნენ, ლუციუსის უარესად გაღიზიანება არ ღირდა.
     - რას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა კოვაქსს, - ჩემს მოკვლას აპირებ? ოჰო, დიდო ლუციუს, ვამპირთა კანონის წიგნის მცველო, - ირონიამ გაიჟღერა მის ხმაში, - შენ რა, პრობლემებმა შეგაშინა?
     - ხმა ჩაიკმინდე, - შეუღრინა ლუციუსმა, ოდნავ დაწყნარდა, სარი კვლავ ქამარში ჩააბრუნა და კოვაქსს ხელი შეუშვა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით უკან გადგა, კვლავ ბრაზით აკვირდებოდა.
     - შენ თვითონაც იცი, რომ მართალი ვარ, - ყელზე ხელი მოისვა კოვაქსმა.
     - ამას არ გავაკეთებ!
     - მაშინ ყველა დავიხოცებით, - მხრები აიჩეჩა კოვაქსმა და ვერანდის კიბეებს აუყვა.
     ლუციუსს ლოყებზე კუნთები აუთამაშდა, ბრაზს ებრძოდა, ნელა ავიდა ვერანდაზე და კედელს მიეყრდნო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, რამდენიმე წუთის წინანდელი გარდასახვის ნიშან-წყალიც კი აღარ ეტყობოდა.
     - თქვენ რას იტყვით კოვაქსის ამ სულელური მოსაზრების შესახებ? - მიმართა რებეკას და ამონს.
     - კოვაქსს ვეთანხმები, - მოულოდნელად წარმოთქვა ამონმა და ჯიქურ მიაჩერდა ძმას.
     - მეც, - მხარი აუბა რებეკამ, წამოდგა, ლუციუსთან მივიდა და თბილი ხელი ხელზე დაადო, ოდნავ მოუჭირა. ლუციუსს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
     - მეგონა, ჩემს მხარეს იყავი, - ცივად თქვა ქერა უკვდავმა.
     - შენს მხარეს ვარ, - მიუგო  რებეკამ, - ამიტომაც მინდა, უფრო ძლიერი გახდე.
     - ხედავ? - ნიშნისმოგებით გაიღიმა კოვაქსმა, - მე მეთანხმებიან.. ეს ნამდვილად არ არის ყველაზე საშინელი იდეა, უარესებიც მომისმენია, მაგალითად მარკუსის გამოღვიძების შესახებ, - ლუციუსს უკბინა შავგვრემანმა პირველყოფილმა.
     ლუციუსი ერთხანს ფიქრობდა, ჟღალ წვერს იწიწკნიდა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
     - ამაზე დავფიქრდები, მაგრამ მხოლოდ გოგონას გათავისუფლების შემდეგ!
     - თანახმა ვარ, - გაიღიმა კოვაქსმა, წყლით სავსე ჭიქა ასწია და დაცინვით ადღეგრძელა ლუციუსი, რამაც ამონის სახეზე ღიმილი გამოიწვია.

*****

    ..... ჩაბნელებული სახლის მეორე სართულზე მშვიდად და ტკბილად ეძინა მია ჯეკსონს, პირველ სართულზე კი ბუხარში ცეცხლი ენთო და შეშას ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა, შუშის კედელთან ბუხრისკენ ზურგშექცევით მდგარი სილუეტი მოჩანდა, ერთიანად შავ მოსასხამში გახვეულიყო და თავზე კაპიუშონი წამოეფარა, მოსასხამის ფართო კალთების მიხედვით კი შეუძლებელი იყო სილუეტის სქესის, მითუმეტეს ვინაობის დადგენა.
     ბუხრის წინ, მაგიდასთან ტრევის ჯეკსონი იჯდა საშინაო სამოსში გამოწყობილი და გამჭვირვალე ჭიქიდან ყავისფერ სითხეს შეექცეოდა, მარცხენა ხელით კონსტრუირებულ სარს ათამაშებდა.
     - ჩვენი გეგმა თითქმის დახვეწილია, ჩემი შვილი ასე თუ ისე, უსაფრთხოდაა, - ამბობდა ტრევისი, - ვფიქრობ, მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო.
     - მე ასე არ ვფიქრობ, - ქალის მომხიბლავი ხმით წარმოთქვა შუშის კედელთან მდგარმა სილუეტმა, სწრაფი მოძრაობით შემობრუნდა, კაპიუშონი გადაიძრო და ნელი ნებიჯით წამოვიდა მაგიდისკენ.
     მართლაც ძალიან ლამაზი ქალი იყო, თეთრი კანი ჰქონდა და რაღაცნაირად თითქოს სპილენძისფერში გადადიოდა, მუქი შავი თმა თეძოებამდე სწვდებოდა, სახის ნაკვთები ისეთი ჰქონდა, ისტორიაში გარკვეული უმალ მიხვდებოდა, რომ ეს ქალი ჩრდილოეთ ამერიკის უძველესი, მკვიდრი მოსახლეობის-აცტეკების ან მაიას ტომის შთამომავალი იყო, მსხვილი, ვნებიანი ტუჩების მიღმა ბრილიანტივით მბრწყინავი კბილები მოუჩანდა, ღიმილის დროს ლოყებზე ფოსოები უჩნდებოდა და ეს ბავშვურ შესახედაობას აძლევდა, თუმცა მის მიხვრა-მოხვრაში იყო რაღაც ველური, მტაცებლური და გამაფრთხილებელი.
     - არ გგონიათ, რომ მოქმედების დაწყებისთვის შესაფერისი დროა? - ოდნავ დაიბნა ტრევისი.
     ქალი მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა.
     - მე შენ დიდი ძალა მოგეცი, ტრევის, მე ძალა მოგეცი, რომ ქალიშვილი გადაგერჩინა, სანაცვლოდ შენ დამპირდი, რომ დამეხმარებოდი, ჩვენ შევთანხმდით, რომ..
     - რა შეთანხმებაზეა საუბარი, მამა? - ნამძინარევი მია ჯეკსონი კიბეებზე ჩამოდიოდა და თვალებს იფშვნეტდა, ის მაგიდასთან შედგა.
     ტრევისმა გამაფრთხილებელი მზერით გახედა ქალს. გოგონამ ეს მზერა დაიჭირა, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
     - გამარჯობა, - ქალი ღიმილით წამოდგა, ერთხანს ტრევისს უყურებდა, შემდეგ მიასკენ შებრუნდა და ხელი გაუწოდა, - მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით, მე ტალია მეისონი ვარ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი უცნაური მე

ოჰო აქ რა ამბები დაუტრილებია ფენტეზის მეფეს.
რა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები..
ველოდები გაგრძელებას :)

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

უცნაურო! როგორ მიყვარს შენი კომენტარები და შენი ნიკის აქ დანახვა:)
"ფენტეზის მეფე" სრულიად გადაჭარბებული ეპითეტია და მიმაჩნია რომ არ ვიმსახურებ:) ჯერჯერობით მაინც;):D
მომდევნო თავი შექმნის პროცესშია და მალე იქნება. "წყურვილი" კი ნელ-ნელა უახლოვდება ლოგიკურ დასასრულს:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3  offline წევრი უცნაური მე

ვიცი შენი თავმდაბლობის ამბავი:) მაგრამ გადაჭარბებული სულ არ მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში მე, უცნაურს! :)
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, "წყურვილი" ჩემთვის არასდროს დასრულდება!
მე კი ძალიან მაინტერესებს, რას უწოდებ ლოგიკურ დასასრულს:) ამიტომ ველოდები "წყურვილის" მომდევნო თავს. ;)

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

კომენტარი უძალიანმაგრესი ისტორიაა...დახვეწილი და საინტერესოოო...მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№5 სტუმარი N.N

ძალიან მიყვარს ეს ისტორია იმედია მალე დადებ ახალ თავს????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent