შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსურდი #1


18-06-2019, 22:01
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 459

აბსურდი #1

ალბათ, ყველა ჩვენგანს თუ არა, უმეტესობას მაინც ოდესმე უფიქრია - რა მოხდებოდა, ყველაფერი რომ სხვანაირად ყოფილიყო. ეს ფიქრი გვღრღნის და მოსვენებას არ გვაძლევს, თითქოს სინდისი გვქენჯნის გაშვებული შანსის გამო და უხილავ ძალას, რომელსაც ზოგი ღმერთს უწოდებს, ვსაყვედურობთ, რადგან ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა, რომ მომხდარიყო.
წითური კი მთელ თავის ცხოვრებას ამ ფრაზას ადარებდა. ჩამქრალი, ლურჯი თვალებით უმზერდა აწ უკვე უსულო სხეულს, რომელიც სულ რაღაც ნახევარი წუთის წინ ტკივილისგან ფართხალებდა მის ფეხებთან. საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ეს მამაკაცი, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, ეს ადამიანი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ბოლოჯერ ამოისუნთქა, იყო თავისივე მკვლელის ღვიძლი მამა, ხოლო წითური ქალი, რომელიც ზუსტად თხუთმეტ წუთში სამსახურიდან დაბრუნდება და გოგონას შემდეგი მსხვერპლი იქნება, დედამისია.
უცნაურია, არა ? რა უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში ესოდენ საზარელი, რომ მას გაუჩნდეს სურვილი სასტიკად გაუსწორდეს ღვიძლ მშობლებს ? ვინ იცის...
წითური, ორმოციოდე წლის საოცრად გამხდარი ქალი ლიფტიდან გამოვიდა და კარზე აუჩქარებლად დააკაკუნა, თავისი ბინის მჩხავანა ზარი მეტისმეტად აღიზიანებდა. მაგრამ როცა მიხვდა, რომ კარის გაღებას არავინ ჩქარობდა, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ყავისფერ, გაცრეცილ ჩანთაში გასაღების ძებნა დაიწყო.
კივილიც კი ვერ აღმოხდა ზემოთ აღწერილი სურათის შემყურეს. თვალებგაფართოებული და ყბაჩამოვარდნილი უყურებდა სახით ყავისფერი იატაკისკენ მწოლიარე მეუღლეს, რომელიც სისხლის ტბაში ცურავდა. სასაცილო კი იცით რა გახლავთ ? ოთახის კუთხეში მოკუნტული, ტანსაცმელშემოხეული 16 წლის შვილი, რომელიც საკუთარ მუხლებს ეხუტებოდა თავჩახრილი და შიშისგან ძრწოდა, სულაც არ გახსენებია...

...
თავის მომცრო, გაურემონტებელ ბინაში, ფანჯრის ძველისძველ რაფაზე ფეხმორთხმით იჯდა. მდუმარედ უმზერდა კოკისპირულ, თავსხმა წვიმას, რომელიც თითქოს ყველაფერთან ერთად არაფერსაც გაცხარებით ეჩურჩულებოდა. უსმენდა საკუთარ რიტმულ გულისცემას, რომლის მოსმენაც ჭირივით ეზიზღებოდა და ფიქრობდა. ფიქრობდა ყველგან და ყოველთვის. გამუდმებით. ეს პროცესი მას ღლიდა და ამისგან დასასვენებლადაც ფიქრის ახალ ნაკადს იყენებდა. მას შეეძლო შეეკავებინა სუნთქვა, მაგრამ ფიქრს ვერასდროს წყვეტდა. განა რაზე ფიქრობდა ? რით იყო დაკავებული მისი გონება, რომ ერთი წუთითაც ვერ იცლიდა ? ვინ იცის…
აწყლიანებული მზერა გაშტერებოდა და რომ არა სავსე მკერდის რიტმული აზიდვა, მარმარილოს უნაკლო ქანდაკება გეგონებოდათ. მისი თვალები მუდამ სევდას ასხივებდნენ. მაშინაც კი, როცა იღიმოდა. თუმცა... ძალიან იშვიათად იხატებოდა მისი სახე ღიმილად. და თუ ეს ხდებოდა, ეს არ იყო ბედნიერი ღიმილი, შეშლილს უფრო დაარქმევდით, ვიდრე ბედნიერს ან ხალისიანს. ამ დროს თვალის გუგები უფართოვდებოდა, თითქმის ყველა კბილი უჩანდა და თვალის თეთრი გარსი მიზანმიმართულად უსისხლიანდებოდა. შიშისმომგვრელი სანახაობა გახლდათ მისი ღიმილი.
მოულოდნელად შეტოკდა. ჟრუანტელის ძლიერმა ტალღამ მსწრაფლ მოიცვა მისი უზადო, ფითრისფერი სხეული და კანი სწრაფად დაუბუსუსდა. თავის არეში აუტანელი ტკივილი იგრძნო. ინსტინქტურად წამოიკვნესა, ხელი თავისკენ რეფლექსურად წაიღო და მიიბჯინა საფეთქელზე. სუნთქვა შეეკრა იმდენად ძლიერი იყო ტკივილი.
ხმა მოესმა. ნაცნობი, გულისამრევი, ჩახრინწული ხმა, ძალიან, ძალიან ახლოს.

„მიდი!“ ჩასჩურჩულებდა ხმა მბრძანებლური ტონით.
„მიდი! მიდი ! მიდი !“ არ ჩერდებოდა იგი. გოგო კი იჯდა თვალებდახუჭული და მაქსიმალურად ცდილობდა კონცენტრაცია წვიმის მჩქეფარე ხმაზე მოეხდინდა დაა ყურადღება არ მიექცია ამ ამაზრზენი ხმისთვის, რომელიც მისი წარსულის ბინძურ გადმონაშთს წარმოადგენდა. არ სურდა ესმინა ხმისთვის, რომელიც აწ უკვე ათ წელიწადზე მეტია მოსვენებას უკარგავდა.
„მიდი ! მიდი! მიდი ! რას ელოდები ? მიდი ! ჰომ მოგაბეზრე თავი ?! მაშ, რას უცდი ! დაასრულე ყველაფერი ! მიდი !“ ღმუოდა ხმა. ჩაბნელებული ბინის კედლებს გააფთრებით ასკდებოდა თითქოს. სურდა ეს ადგილი გაენადგურებინა. „მიდი! მიდი! მიდი !“

სუნთქვა კვლავ შეეკრა ქალს. თითქოს ხმა მოედო მის დახშულ ფილტვებს და შიგ ჟანგბადის მოლეკულებს არაფრის დიდებით უშვებდა. ვეღარ ახერხებდა ქალი მის შიგნით აბობოქრებული ხმის კონტროლს. ვერ უწევდა წინააღმდეგობას, რადგან უნდოდა. ჰო, საოცრად სურდა იმის გაკეთება, რისკენაც მას ხმა მოუწოდებდა. ძალიან დაიღალა და მეტის მოთმენა არ შეეძლო. სული ეფლითებოდა იმისგან, რომ საკუთარ გულწრფელ სურვილს წინ უდგებოდა. აღარ სურდა იმ ტანჯვის ატანა, რომელსაც შინაგანი, შემზარავი ხმა ანიჭებდა.
მეტისმეტად მშვიდად წამოდგა. საძინებელში, მთელი კედლის გასწვრივ მდგარ სარკეში საკუთარი თავი დალანდა. სიფრიფანა, თეთრი საღამური ეცვა მხოლოდ. სავსე გავას ძლივს უფარავდა ნაჭერი. მზერა ფეხებიდან ზემოთ აატარა და საკუთარ სახეს შეაგება თვალები. მუქი ლურჯი, ლამის შავში გარდამავალი ორი სფეროსებრი შეეფეთა მას. თვალის გუგები იმდენად გაფართოვებოდა, რომ ლურჯი გარსის დანახვა ფაქტობრივად შეუძლებელიც კი იყო. ბროლის კბილები ურცხვად აჩენდნენ თავიანთ საუცხოობას და შემზარავ სურათად ხატავდნენ მის სახეზე მოულოდნელად აღმოცენებულ ღიმილს.
წამით თითქოს შედრკა ქალი და ნაბიჯი უკან გადადგა. სცადა ღიმილი წაეშალა საკუთარი სახიდან, მაგრამ ნაკვთები იმდენად დასჭიმვოდა, რომ ვეღარ იმორჩილებდა მათ. გაუაზრებლად აიღო გეზი გასასვლელისკენ და საღამურისამარა გავიდა გარეთ.
წვიმა შეშინებულივით გამორბოდა ღრუბლების ტყვეობიდან და თქეშით ეხეთქებოდა დედამიწის ზედაპირს. ჟღალთმიანი კი არც დაფიქრებულა, ისე გავიდა გარეთ და ერთ-ერთ მაღალ შენობას დადგა თვალი.
როგორც კი სადარბაზოდან ნაბიჯი გადმოდგა, წვიმის წვეთები გამალებით შემოეხვივნენ მის სხეულს და თეთრი ნაჭერი მისი ტანის ნაწილი გახდა. რომ შეგეხედათ იფიქრებდით, რომ სრულიად შიშველი იყო, თუმცა რომც დაკვირვებოდით, რთული იქნებოდა იმის გარჩევა, რომ მის სხეულს რაიმე ტანსაცმლისმაგვარი ამშვენებდა.
დაახლოებით საათი იქნებოდა გასული, როდესაც მან შენობას მიაღწია. შემგლისფერებულ ცას შეხედა. იქნებოდა დაახლოებით ღამის სამი საათი. სახე ღიმილისგან სტკიოდა, მაგრამ არ შეეძლო მისი ჩამორეცხვა, ხმა კი კვლავ ღმუოდა მის შიგნით.
„მიდი! მიდი ! მიდი !“
იმის გაცნობიერებაც ვერ მოახერხა, როგორ ავიდა შენობის სახურავზე, როგორ გადმოაბიჯა მოაჯირს და ხელები გაშალა. სულ რამდენიმე წამი და ყველაფერი დასრულდებოდა. ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღებოდა და დარჩებოდა მხოლოდ არაფერი. სრული არაფერი. იმდენად დიდ შვებას და სიამოვნებას ანიჭებდა ამაზე ფიქრი, რომ წამით შეყოვნდა, თვალები დახუჭა და ნეტარებას მიენდო.

- დრამის დადგმა აუცილებელია, როცა თავს იკლავ ? - მოესმა უცხო, სასიამოვნო ხმა და თავი ოდნავ უკან მოაბრუნა. სახურავზე იჯდა გოგო, კაპიუშონი ჩამოეფხატა სახეზე და მოაჯირს იყო ზურგით მიყრდნობილი. ჟღალთმიანისკენ არც კი იყურებოდა.
- და შენ რა ? - თავადაც გაოცდა, რომ გამოელაპარაკა კაპიუშონიანს. ზიზღით უმზერდა მას. საოცარი სიძულვილით აივსო იმის გამო, რომ მას ხელი შეუშალეს და თავისი ცხოვრების ერთადერთი მნიშვნელოვანი მომენტი გაუფუჭეს.
- მე ? არაფერი. - ჩაეცინა უცხოს. - გინდა მოგეხმარო ? - სერიოზული ხმით იკითხა და წამოდგა. სულ შავებში იყო ჩაცმული. ფეხზე შავი დიდი ზომის ბათინკები ეცვა.
- არც იკითხავ რატომ? - თავისთვის მოულოდნელად დიალოგში შევიდა.
- რაში მაინტერესებს ? - კვლავ ჩაეცინა. - უამრავი მიზეზი არსებობს თავის მოსაკლავად.
- მაგალითად ?
- მაგალითაც სიცოცხლე. - დაუფიქრებლად უპასუხა და მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო. ცალყბა ღიმილით უმზერდა თვითმკვლელს და მის სახეზე ჟღალთმიანმა გართობის სურვილის დანახვა შეძლო. ძალიან გაბრაზდა. მრისხანება მსწრაფლ მოასკდა მის სისხლძარღვებს და ვენები დაებერა. რთული იყო იმის გარჩევა, უცნობი სერიოზულად საუბრობდა თუ მხოლოდ თავს ირთობდა სიტუაციით.
- ჰო, არა ? საერთოდ არაფერი... - გოგომ შეაწყვეტინა.
- საერთოდ არაფერი გამეგება, არა ? - ჟღალთმიანი შეცბა. - იცი რამდენი ამოსულა აქ იმისთვის, რომ გაეკეთებინა იგივე ? - ორივე ხელი ასწია კაპიუშონიანმა და თითები ჰაერში აათამაშა. - ხედავ ამათ ? - ტუჩები ვარდივით მოკუმა. - დასათვლელად არ მეყოფა. - თქვა და მხრები აიჩეჩა, ვითომც არაფერი.
- და ? - წარბი შეკრა ქალმა. მოზრდილი ნერწყვი გადააგორა საყლაპავ მილში.
- და ? გაინტერესებს შეძლეს თუ არა ამის გაკეთება ? - კვლავ ცალყბად გაიღიმა. პასუხის გაცემა არ დააცადა და გააგრძელა. - ვერა. ვერ შეძლეს.
- მე ისინი...
- ჰო, ჰო, ვიცი. შენ ისინი არ ხარ. შენ სხვა ხარ, შენი ისტორია მათ ნაბოდვარს არ ჰგავს და ბლა-ბლა. მაშ, გინდა მოგეხმარო ? - სწრაფად მიაყარა სიტყვები და სახეში ჩააჩერდა. რაღაც ამოუცნობი ჟინი იკითხებოდა ქალის მუხტში. თითქოს უემოციოდ საუბრობდა, მაგრამ მის სურვილისგან ანთებულ თვალებს ვერ ფარავდა მორგებული ნიღაბი.
- რაში ? - განცვიფრება დაეხატა სახეზე წითურს.
- გაფრენაში.
- არა, ჩემით ! - კბილები დაკრიჭა მხეცივით და უცხომ ჭრაჭუნიც კი გაიგონა.
- კარგი, რა. - თქვა და წითურისკენ გაიწია. ქალმა გაანალიზებაც ვერ მოახერხა ისე ჰკრა ხელი კაპიშონიანმა. სუნთქვა შეეკრა, ასე არ წარმოედგინა სიცოცხლის ბოლო წამები. გვერდულად ჩაიხედა ქვემოთ და ის-ის იყო გადავარდებოდა, რომ რეფლექსურად ჩაეჭიდა გამოწვდილ ხელს, რომელიც ამასთანავე მის კისერზე იყო შემოჭდობილი და გადავარდნის საშუალებას არ აძლევდა. - ოუ, მართლა არ აპირებდი ? - ცინიზმი გამოსჭვიოდა მის ხმაში. თავისუფალი ხელი ნიკაპთან მიებჯინა და ჩაფიქრებულის ამპლუის მორგება სურდა, თუმცა იმდენად სარკასტული იყო, არ გამოუვიდა.
- გამიშვი! - კბილებს შორის გამოსცრა გამწარებულმა ჟღალთმიანმა. ვერ დაუთმობდა ნიშნისმოგებას ამ ადამიანს.
- რა ჯიუტი ხარ. - წარბი აზიდა კაპიუშონიანმა.
- გამიშვი-მეთქი ! - ლამის იკივლა და ჩაფრენილი ხელი გაუშვა.
როგორც კი უცნობის მარჯვენა ხელს წითურის სხეული მთელი სიმძიმით დააწვა, მას მოეჩვენა, თითქოს ცაზე მოწითალო შეფერილობის ელვამ გაირბინა და თან ძალზე ხმამაღალი გრუხუნი მოიხმო.
ჟღალთმიანი მთელი სხეულით შეკრთა და ხელები ინსტინქტურად ყურებისკენ წაიღო. თვალები ძლიერად დახუჭა და ელოდა აუტანელ ტკივილს, რომელიც ოცდამეცხრე სართულიდან გადმომხტარს უნდა ეგრძნო, მაგრამ ამის ნაცვლად, მის სხეულს საოცრად თბილი ხელები შემოეხვია და ძლიერად მოუჭირა.
- გესმის ? - წითურს მის კისერში თავჩარგული გოგოს ხმა მოესმა. - ღმერთებმა დღეს არაო, შემოგითვალეს. - თქვა და ჩაეცინა, თუმცა ღიმილი მომენტალურად წაიშალა მისი სახიდან. იგრძნო როგორ გააკანკალა მის ხელებში მოქცეულ ქალს, სუნთქვა გაუხშირდა და სხეული მოუდუნდა. - მიჩალიჩებ, რა ! - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები და გულწასულს ხელები სხეულზე უფრო მჭიდროდ და მოხერხებულად შემოხვია.
ბუმბულივით მჩატე აღმოჩნდა წითური, რამაც კაპიუშონიანი ცოტა არ იყოს გააოცა. მეტისმეტად მოზრდილი მკერდი და გავა ჰქონდა იმისთვის, რომ მისი მასის ნიშნული ესოდენ მცირე ყოფილიყო.
ნელი ნაბიჯით გასწია სახურავზე მდებარე მცირე ნაგებობისკენ, რომელიც, ერთი შეხედვით, შენობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ძლივს შესამჩნევი კარი სწრაფად გააღო და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გალუმპული გოგო შიგნით შეიყვანა.
ბიზნეს-შენობის თავზე არსებულისთვის ეს ორსართულიანი ნაგებობა საოცარ სიმყუდროვეს ასხივებდა. კედლები და იატაკი ხისფერში იყო მოხატული. შესვლისთანავე იგრძნობოდა ძველისძველი წიგნების პიკანტური არომატი. კედლების გასწვრივ წიგნების თაროები ჩამწკრივებულიყვნენ, ოთახის შუაგულში ტყავგადაკრული დივანი იდგა, რომელზეც შავი ფერის ლეპტოპი იდო. ირგვლივ რამდენიმე ლურჯ და შავ პუფს შეამჩნევდით, რომლებზეც თითო წიგნისთვის მიეჩინათ ადგილი.
კაპიუშონიანმა მარცხნივ მდებარე ხის კიბისკენ აიღო გეზი. უხმოდ აიარა საფეხურები და საძინებელში მოხვდა. საწოლი ერთი ადამიანისთვის მეტისმეტად დიდი ჩანდა. მის თავზე წიგნის თარო იყო მიჭედებული. გვერდით, ორივე მხრიდან, მცირე ზომის ტუმბო იდგა. ტუმბოებზე კი იები ხარობდნენ, მომცრო ზომის ქოთნებში.
წითური საწოლზე მიაწვინა და წამით შეყოვნდა. ცოტა ხანი უმზერდა მის სიცივისგან ფერშეცვლილ სხეულს, რომელსაც საღამური ტყავივით ჰქონდა შემოკრობილი და კარადისკენ წავიდა. თავისი დიდი პერანგი და პირსახოცი გამოიტანა და გულწასულ ჟღალთმიანს სასთუმალთან მიუჯდა. ერთხანს სახეში ჩააშტერდა და საკუთარი თავი დაიჭირა ფიქრზე, რომ მოსწონდა ქალის სახის მოყვანილობა. საშუალო ზომის ცხვირი, თანაბარი ზომის მარჯნისფერი ტუჩები, გრძელი წამწამები... ჩაეცინა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და საღამური მის სხეულს მოაშორა. თან საცვლებიც მიაყოლა, ნელი მოძრაობით გაამშრალა და პერანგი ჩააცვა. გულწასულს მეტისმეტად ნაზი და თხელი კანი ჰქონდა. იმდენად თხელი, რომ თითოეულ სისხლძარღვს მარტივად გააყოლებდით თითს. თეთრი, სიცივისგან ოდნავ ლურჯშეპარული სხეული პერიოდულად კანკალებდა, თუმცა იმდენად მიმზიდველი სანახავი იყო, რომ გოგო გაშტერებით უმზერდა მას. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოაგონდა პლედი.
წითური არ გამოფხიზლებულა არც მაშინ, არც ერთი საათის შემდეგ...
ქალაქში კი კოკისპირულად წვიმდა, თითქოს წარღვნას უქადდა ზეცა ცოდვილ დედამიწას.
კაპიუშონიანმა კაპიუშონი გადაიძრო, მოსაცმელი გაიხადა და დანარჩენი ტანსაცმელიც მას მიაყოლა. მოკლედ შეჭრილი თმა მარცხენა მხრიდან აეპარსა, მარჯვნიდან კი სულ ოდნავ გრძელი დაეტოვებინა. შავგრემანი იყო, კუპრივით შავი ფერის და დიდი ზომის თვალებით, რომელთა მაჰიპნოზებელ ძალას არასოდეს უმტყუნია მისთვის. საშუალო ზომის ცხვირი ჰქონდა, სისხლისფერი ტუჩები, რომელთა დუეტში ქვედა ზედაზე ოდნავ სქელი იყო. წარბი ჰქონდა გახვრეტილი, სხეულს კი სვირინგები უმშვენებდა. ერთი ტატუ მთელ ტანზე ჰქონდა მოფენილი. ეს იყო გველი, რომლის კუდიც მარცხენა ფეხის კოჭთან იწყებოდა, კლაკნილად ეხვეოდა სხეულის სხვადასხვა უბანს და კისერთან გამოეჩინა თავისი ბასრი, შხამით გაჟღენთილი კბილები. ალისფერად ელავდნენ ცივსისხლიანი რეპტილიის თვალები. მაჯის შიდა მხარეს ინ-იანის ემბლემა, ხოლო მარცხენა ხელის შიდა ნაწილში შავი კატა ჰქონდა ამოსვირინგებული.
ფეხის წვერებზე აიწია და სააბაზანოსკენ გასწია. მოსწონდა თბილი წყლის შეხება, ამიტომაც დიდხანს ნებივრობდა ხოლმე. ამჯერად საათზე ბევრად მეტად გაიწელა მისი ალერსი წყლის ცხელ წვეთებთან. ამ დროის განმავლობაში კი ფიქრობდა იმაზე, რომ ჟღალთმიანი მართლაც განსხვავდებოდა სხვა დანარჩენებისგან, რომლებიც იგივე მიზნით სტუმრობდნენ ამ შენობის სახურავს. ყველა უკან ბრუნდებოდა მასთან საუბრის შემდეგ, წითური კი... ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ამ ადამიანის ცხოვრებაში იმდენად მძიმე, რომ ასე დაეუძლურებინა მისი ფსიქიკა ?
რატომ იკლავს ადამიანი თავს ? სტრესის გამო. ყველას სხვადასხვანაირი ფსიქიკური აღქმა აქვს და ზოგს რომ მცირე პრობლემად ესახება, ზოგისთვის აუტანელი და გადაულახავია. მართლაც, რა საოცარია ადამიანის ბუნება, რაოდენ ინდივიდუალურია თითოეული მათგანი. რამდენი ემოციის განცდა შეუძლია ერთ ადამიანს დღეში? არც ამისთვის ეყოფა თითები, რომ დაითვალოს. დედამიწაზე შვიდი მილიარდი ადამიანია. ესაა ემოციათა შემაძრწუნებელი რაოდენობა. სხვადასხვა სიძლიერის, ტიპის, მუხტის გრძნობათა კორიანტელი ირევა ატმოსფეროში, ადამიანები კი ვერაფერს ხვდებიან. მუდამ უმისამართოდ მიიჩქარიან...
მხრებზე ხალათი მოიგდო და საძინებელში შევიდა. წითური გამოფხიზლებულიყო ამ ხნის განმავლობაში და იატაკზე იჯდა ფეხმორთხმით. მცირე ზომის ფანჯრის წინ, საიდანაც არაჩვეულებრივად ჩანდა, როგორ ნთქავდნენ ცის ცრემლები ქალაქს.
- გამოფხიზლდი, მძინარე მზეთუნახავო ? - უემოციოდ ჰკითხა და საწოლზე გადაწვა.
- ნიკიტა... - მისუსტებული იყო წითურის ხმა.
- ჰმ ? - მისკენ გაიხედა გოგომ.
- ჩემი სახელი. - ელაპარაკებოდა ისე, რომ მისთვის ერთხელაც არ შეუხედავს. ზურგშექცევით იჯდა და გასცქეროდა წვიმას.
- ენჯი. - გაეღიმა მას და წამოჯდა. წამით შეყოვნდა, გაახსენდა ნიკიტას განსხვავებულობა, მაგრამ მაინც ძველ სქემას მიუბრუნდა. - ტაკს, ნიკი, როგორ ფიქრობ, რატომ იკლავენ ადამიანები თავს ? - ჰკითხა ენჯიმ და სახეზე ღიმილი გამოესახა.
- ძალიან გინდა გაიგო მე რატომ ვაპირებდი და მაგიტომ მისვამ მაგ იდიოტურ კითხვას ? - წარბი შეკრა და ხმაში ბრაზი გაერია ნიკის. ნახევრად მობრუნდა ენჯისკენ და ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა.
- მაინტერესებს ? კი. ძალიან ? არა. - მხრები აიჩეჩა გოგომ და ტუმბოზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა.
- რატომ იკლავენ ადამიანები თავს ? - კითხვა შეუბრუნა ნიკიტამ დაბოლომდე მობრუნდა მისკენ.
- უმეტესწილად წარსულის და აწყმოს, არის მომავლის შიშის შემთხვევებიც. - დაუფიქრებლად გასცა პასუხი და სიგარეტი მოქაჩა.
- ღირს ? - თავისთვის მოულოდნელად იკითხა და თვალი გაუშტერდა.
- უბრალოდ აბსურდად მიმაჩნია საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე არგამოყენება. - ჩაილაპარაკა ენჯიმ. - შენ სუნთქავ ე. ი. შეგიძლია იბრძოლო ბოლომდე. სანამ იბრძვი სასოწარკვეთას არ უნდა მიეცე. არა, სანამ იბრძვი რეალურად არც კი გაქვს სასოწარკვეთისთვის დრო. ენთუზიაზმი მაგარი რაღაცაა, შინაგანი მოტივაცია ბევრად ძლიერს ხდის ადამიანს, თვითმკვლელები კი არ აძლევენ საშუალებას შინაგან სამყაროს გამოვლინდეს მათთვის მომგებიანი კუთხით. - საკუთარი აზრის დაფიქსირებაში იყო გართული, როცა წითურის წამოკივლება გაიგონა. წამოხტა და გოგოს შეხედა. ნიკის ორივე ხელით ეჭირა თავი და იატაკზე გართხმული იკრუნჩხებოდა.

„ ტყუის ! შენი შეცდენა უნდა ! არ მოუსმინო ! ნუ უსმენ ! ტყუის !“

- ჯანდაბა ! ისევ მიჩალიჩებ, ნიკი ! - თქვა და საწოლის მეორე მხარეს მდგარი ტუმბოდან ჭიქით წყალს სტაცა ხელი. მასთან მიირბინა და ის-ის იყო უნდა შეხებოდა წითურს, რომ გოგო აკივლდა.
- არ შემეხო ! არ გაბედო ! არ შემეხო, მოგკლავ ! - აღმოხდა და კედელს აეკრო. ღრმად სუნთქავდა, თვალები მხეცისას უგავდა და აშკარა იყო, იზამდა იმას, რაც თქვა.
- ოქეი, კარგი, ხომ ხედავ, აი, არ გეხები. - ხელები „დანებების ნიშნად“ მაღლა ასწია ენჯიმ. - არ გეხები.
- არ შემეხო ! არა, არ...
- ჰო, ნიკი, არ გეხები. შორს ვდავარ. - გამომცდელი მზერა შეავლო ჟღალთმიანს და მიხვდა, რომ მისი გულისწასვლა არ იყო გამოწვეული მოულოდნელი ჭექა-ქუხილით. შეხებამ იმოქმედა მასზე ნეგატიურად.
- შენ, შენ ტყუი ! შენ ჩემი შეცდენა გინდა ! - მთელი სხეულით კანკალებდა ქალი. თავის არეში აუტანელი ტკივილი სახეს უმანჭავდა.
- თავი გტკივა ? - წარბი ასწია ენჯიმ.
- შენ ჩემი... შენ... - ლუღლუღებდა ნიკი.
- ნიკი, ნიკი შემომხედე. - ცდილობდა დელიკატურად მისდგომოდა წითურს.
- შენ, შენ ტყუი… ტყუი! - ისტერიკაში ვარდებოდა ნიკიტა. თითები გაუაზრებლად შეიცურა თმაში და ძლიერად ქაჩავდა.
- აქ იყავი, წამალს მოგიტან ! - ყბები დაეჭიმა ენჯის. მეორე სართულიდან ისკუპა და სამზარეულოში გავიდა. ძლიერი გამაყუჩებლის ორი ტაბლეტი აიღო და უკან გაბრუნდა. ნიკი ტუმბოსა და საწოლს შორის ჩამძვრალიყო და ღრმად სუნთქავდა. ფეხები მუცელთან მოეკეცა და კვლავ ქაჩავდა თმის ძირებს. - ნიკი, მოდი ჩემთან. - თქვა და მოშორებით, საწოლის კიდეზე დაჯდა. იცოდა, რომ თუ მიუახლოვდებოდა პანიკის შეტევა ახალი ძალებით განახლდებოდა. ეს კი მისთვის ზედმეტი თავის ტკივილი იყო. - ნიკი. - ცდილობდა ხმიდან მბრძანებლური ტონი გაედევნა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- შენ ტყუი… შენ ჩემი შეცდენა გინდა… - იმეორებდა მუხლებში თავჩარგული გოგო და წინ და უკან ირწეოდა.
- ნიკი, შემომხედე. - მოთმინებას არ კარგავდა ენჯი.
- შენ… არა…
- ნიკი, შემომხედე! - თქვა და ნიკიტას რეაქციამაც არ დააყოვნა. თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით შეაჩერდა ენჯის. - თავი გტკივა, ნიკი? - დამთბარი ხმით ჰკითხა და ოდნავ გაუღიმა. წითურმა დასტურის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და კვლავ მოქაჩა თმის ძირები. - წამალს დალევ ?
- მე გიჟი არ ვარ! - ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა ნიკის.
- რა თქმა უნდა, არა. გინდა მეც დავლიო შენთან ერთად ? - სიმართლე ითქვას, ენჯისაც კარგა გვარიანად სტკიოდა თავი.
- შენ ტყუი ! - კედელს აეკრო ნიკი.
- დავლევ შენ თვალწინ. - თქვა და ჯერ ორი იდენტური ტაბლეტი აჩვენა გოგოს. - რომელი დავლიო?
- აი, ის… - გამომცდელად უთხრა წითურმა და მარჯვენა ტაბლეტზე მიუთითა.
- კარგი. - ენჯიმ ტაბლეტის დალევა ვერ მოასწრო ისე გაიგონა ნიკიტას ხმამაღალი ნათქვამი.
- არა, არა ეგ არა ! მეორე ! - თან მთელი სხეულით კანკალებდა.
- როგორც იტყვი. - სცადა ღიმილი დაემალა. ზუსტად იცოდა, რომ სიტუაცია ასე წარიმართებოდა. მეორე ტაბლეტი დალია და ჭიქა ნიკის გაუწოდა. დამშვიდებული გოგონა ნელა მიბობღდა ენჯისთან და ჭიქა გამოართვა, გამაყუჩებელი დალია და ენჯის სახეში შეაჩერდა.
- მან მითხრა, რომ შენ ტყუი. - გულუბრყვილოდ უთხრა და ინანა. თავი ისევ გაუსაძლისად ასტკივდა და ხმამაც არ დააყოვნა.
“გაჩუმდი! ნუ ეუბნები! ის მტერია ! ის სულის სიმშვიდეს გიკარგავს ! გაშორდი! სახლში წადი !”
ნიკიმ წამოიკივლა და გაუაზრებლად გავარდა შენობიდან. 29-ე სართულიდან კიბით ჩამოვიდა და სირბილით გააგრძელა გზა სახლისკენ. ენჯი კი სახურავიდან მდუმარედ უმზერდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა ამ გოგოს თავს…

ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა და თავის სახლში შევიდა. უემოციოდ მიმოიხედა და ღრმად ამოიხვნეშა. კარადასთან მივიდა, ისევ შავს მიანიჭა უპირატესობა და სწრაფად ჩაიცვა. მომცრო ზომის სარკმელში გაიხედა, მაგრამ, როგორც ელოდა, გარემო არ შეცვლილა. ისევ ისე უღმერთოდ წვიმდა. წვიმის მსხვილი და წვრილი წვეთები გაშმაგებით ეცეკვებოდნენ ერთმანეთს ცეცხლოვან ტანგოს და თითქოს ცეკვით დაღლილნი ეხეთქებოდნენ დედამიწაზე.
სამზარეულოდან გამოვიდა შავი, მომნუსხველი კატა ნელი, ელეგანტური ნაბიჯებით მიუახლოვდა პატრონს.
- შენც ვერ მოდიხარ აზრზე, ხო ? - ჩაიმუხლა ფუმფულასთან. კატამ საპასუხოდ დაიკნავლა და ენჯის გამოწვდილ ხელებზე ახტა. - როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, ბონი ? - თითქოს ადამიანს ესაუბრებაო, ისე დაუსვა კითხვა კატას.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ცხოველები არიან ადამიანების მეგობრები. ისინი ზედმეტს არ იტყვიან, ზურგში დანას არ ჩაგცემენ, საკუთარ აზრს თავს არ მოგახვევენ... ადამიანებისგან განსხვავებით. იმდენად ამაზრზენია ჰომო-საპიენსი, რომ უკან არც ერთ ზემოთ აღნიშნულ ქმედებაზე დაიხევს. როგორ შეიძლება ენდო ადამიანებს ? თუმცა პარადოქსი ისაა, რომ უნდობლობით გამონაკლისის დაკარგვის საშიშროება არსებობს, ამაზრზენის შეხვედრასთან ერთად. გაზედმეტებული უნდობლობა თავდაცვის ინსტინქტიდან დამანგრეველ სტიქიურ უბედურებად გარდაიქმნება ამ თვისებით შეპყრობილ ადამიანში.
ბონიმ ერთი-ორჯერ შეჰკნავლა პატრონს და მოხერხებულად მოკალათდა მასზე შემოხვეულ ხელებში.


ნიკიტა კი მირბოდა. კისრისტეხით, ელვის სისწრაფით, გველნაკბენივით მირბოდა და არ ჩერდებოდა. ფეხებზე კანი შემოასკდა და სისხლი ფანტანივით სდიოდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა სახლამდე როგორ გაიკვლია გზა, მაგრამ ნახევარ საათში უკვე თავისი ბინის იატაკზე იყო გართხმული და ღრმად ქოშინებდა. თვალის გუგები გაფართოვებოდა და შეშინებული შეჰყურებდა დაბზარულ ჭერს, რომელის კუთხეშიც ობობას თავისი სამფლობელო შეექმნა.
ხმამ ბოლოს კმაყოფილად ჩაიცინა და მიჩუმდა.
ირგვლივ ყოველივე დუმდა. ნიკი კი მთელი სხეულით იყო დაძაბული. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ადამიანთან შეხება ჰქონდა, პირდაპირი გაგებით. ბოლოს ათი წლის წინ შეეხო არსებას, რომელიც მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით იყო ადამიანი. მარილიანმა ბურთულებმა ჯერ თვალების უბეები ამოავსეს, შემდეგ კი სახის კანზე ჰპოვეს გასაქანი, სწრაფად მოიწმინდა დაუპატიჟებელი ცრემლები და სცადა თემიდან ყურადღება გადაეტანა. სრულ სიბნელეში იწვა მთელი სხეული სტკიოდა, ძვლებში ტეხდა და ამ ყველაფერთან ერთად, სიცხეც ჰქონდა. მძიმედ ადგა და აბაზანისკენ აიღო გეზი. შხაპის მიღების თავიც არ ჰქონდა, ძალიან იყო დაღლილი, თუმცა მის სისტემატიურ უძილობას ეს ვერ შველოდა. რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ღამე ძილი მას არ ეკარებოდა. ზოგჯერ უკვირდა, როგორ ძლებდა მისი ორგანიზმი ძილის გარეშე ზოგჯერ მთელი კვირაც კი.
სააბაზანოში შევიდა და სარკის წინ დადგა. იმდენად საცოდავად გამოიყურებოდა, რომ გულისრევის შეგრძნებაც კი დაეუფლა. საკუთარ თავზე ერეოდა გული. როგორ დაეცა ამ დონემდე ? როდის მოხდა მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი ? ზუსტად მაშინ, როდესაც ის ადამიანის სხეულში შესახლებული ამაზრზენი არსება პირველად შეეხო მას. ლურჯი, დაღლილი თვალები მობეზრებით აატრიალა, სწრაფად დაქაჩა სარკის კუთხე და კარადა გამოაღო. არ სურდა წარსულზე ფიქრი. ისიც ჰყოფნიდა, რომ წარსული აწმყოს უღრღნიდა. ცოტა ხნით სურდა მოსწყვეტოდა რეალობას.
აფთიაქის ყუთს დასწვდა და საძილე წამლის გაუხსნელი კოლოფი ამოიღო. რამდენიმე ასეთი ცარიელი კოლოფი საძინებელში საწოლის ქვეშ ეყარა. გახსნა და დაუფიქრებლად გადაყლაპა ოთხი აბი. ზლაზვნით გასწია საძინებლისკენ და უსულო საგნის მსგავსად დაეცა საწოლის რბილ, ფუმფულა ზედაპირზე. ცოტა ხანი უმოძრაოდ იწვა, შემდეგ გაინძრა და ოთხად მოიკუნტა. ერთი-ორჯერ გვერდი იცვალა, მაგრამ ვერ მოკალათდა. წამოჯდა. ძალიან სციოდა. გაუცნობიერებლად გაიხადა ზედატანი და საბნის ქვეშ შეძვრა. ერთი საათის შუალედში უკვე ამქვეყნად არ იყო. სადღაც საკუთარ სიბნელეში ნებივრობდა ყოველგვარი ფიქრის გარეშე.
უსიზმროდ ეძინა ძალიან დიდხანს…
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან დამაინტერესა. იმედია გააგრძელებ არ შეწყვეტ წერას.

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ქეთი
ძალიან დამაინტერესა. იმედია გააგრძელებ არ შეწყვეტ წერას.

გავაგრძელებ და არ შევწყვეტ წერას, გპირდები :დ <3 მიხარია, რომ დაგაინტერესა <3

 


№3  offline წევრი Tuco

ძალიან კარგია!

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

Tuco
ძალიან კარგია!

უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent