შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (ნაწილი-1)


26-06-2019, 13:11
ავტორი -505-
ნანახია 2 219

1 თავი
მარტი იყო. თბილი და მზის სხივებით განათებული დილა. ირგვლივ ყველაფერს გაზაფხულს კვალი დასტყობოდა, ხეები ლამაზი თეთრი ყვავილებით შემოსილიყვნენ, ხოლო მათი თავბრუდამხვევი სურნელი თითოეულ გარეთ მოსიარულეს სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირის ნესტოებში. თბილისის ყოველ ქუჩას, ყოველ მოსახვევსა თუ ჩიხს, ნათლად ეტყობოდა, რომ წელიწადის ეს მშვენიერი დრო, ქალაქში უკვე შემობრძანებულიყო მთელი თავისი დიდებით და გრანდიოზულობით, რასაც გარეთ მოსეირნე ადამიანთა სიმრავლეც მოწმობდა და ხეებზე შემომჯდარი ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკიც, რომლებიც თავიანთ სიხარულს სწორედ ამ გზით გამოხატავდნენ.
იდილია სუფევდა ყველგან, თითოეულ მოსახვევში, თითოეულ ჩიხში და თითოეულ პარკში. თუმცა ზემოთხსენებული ყველაზე შესამჩნევად მაინც ქალაქის ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე ვლინდებოდა, რომლის ორივე მხარეს იასამნის ლამაზად აყვავილებული ხეები ჩამწკრივებულიყო და რომელიც ამწუთას მართლაც წარმოადგენდა დედამიწაზე არსებულ სამოთხეს. ამ ხეებს შორის, მბზინავ ქვაფენილზე, ლამაზი, დიდ ფანჯრებიანი ორსართულიანი სახლის წინ, BMW-ს მარკის ავტომობილი ეყენა. მანქანის ტყავის სალონში, მუქი საქარე მინების გამო საერთოდ არაფერი არ ჩანდა, მაგრამ საკმარისი იყო, სივრცე ამ მინისაგან გაგენთავისუფლებინათ, რომ მაშინვე მოგხვდებოდათ თვალში, წინა ორ სავარძელზე უშფოთველი ჩაძინებული ორი პიროვნება. აქვე, უყურადღებოდ მიტოვებულ მაგნიტოფონსაც წააწყდებოდით, რომელიც ძალიან დაბალ ხმაზე უკრავდა Adelle-ს Someone Like You-ს. საჭის პირდაპირ მყოფ სავარძელზე მიძინებული ადამიანი, დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელსაც სპორტულ სტილში ეცვა (შავი მაისური და ჯინსის გაცრეცილი შარვალი) ხოლო მის გვერდით სავარძელზე, გულაღმა გადაწოლილიყო წითელკაბიანი გოგონა, მხრებზე ჩამოშლილი გრძელი, ღამესავით შავი თმით. მას თავი საქარე მინაზე ჰქონდა მიდებული და მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა გაზაფხულის მზით განათებულ ავტომობილში. ერთსაც და მეორესაც ნათლად ეტყობოდათ, რომ წუხელ ღამით ძალიან დაღლილებს ჩასძინებოდათ და ალბათ დიდხანს გაღვიძებას ვერც მოახერხებდნენ, რომ არა ის ხმა რომელიც ადამიანს ძილის საუფლოდან მუდამ აბრუნებს ხოლმე რეალურ სამყაროში, მიუხედავად იმისა უნდა მას ეს თუ არა. ამჯერად რეალობის ეს შემზარავი ხმა, ბიჭის მობილურზე დაყენებული მაღვიძარის ჟღერადობა გახდა. სმარტფონზე ჩართული ხმამაღალი ვიბრაცია, მუსიკის ხმადაბალ ჰანგებს შეერწყა და საბოლოო ჯამში თავისას მიიაღწია-ერთმაც და მეორემაც, ნელა და ფრთხილად იწყეს თვალების გახელა.
-გათიშე ეგ წყეული მაღვიძარა! -ნამძინარევი ხმით ამოთქვა წითელკაბიანმა, ისე რომ ჯერ არც ის ჰქონდა გააზრებული სად იმყოფებოდა, ვისთან ერთად და რა სიტუაციაში
-ჯანდაბა ეს როდისღა დავაყენე? -ამჯერად, მამაკაცმა ამოიბუზღუნა ჩახლეჩილი ხმით, თან, პარალელურად გამორთვის ღილაკს დააწვა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით. რა თქმა უნდა დაღლილ-დაქანცულს, რაც პირველად მოუვიდა თავში, ეს ძილის შებრუნება იყო. ასეც მოიქცა, თავი კვლავ სავარძელზე მიდო და ის-ის იყო ბურანის სამყაროში მოგზაურობა უნდა გაეგრძელებინა, რომ უეცრად რაღაც ეუცნაურა. გაახსენდა, ცოტა ხნის წინ ნათქვამი "გათიშე ეგ წყეული მაღვიძარა", რომელიც მისთვის უცნობი პიროვნების ბაგეებიდან ჟღერდა, სიტუაცია წამებში გაიაზრა და თვალები ისეთი სისწრაფით გაახილა, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გუგების ტკივილი იგრძნო. დაუდგენელია პირველად რომელი მათგანი დაინახა, ავტომობილის მარჯვენა სკამზე მიძინებული გოგონა, თუ მისი უზადოდ ლამაზი, ჩამოშლილი თმები, რომელიც თითქმის წელამდე სწვდებოდა.
-ეს ვინღაა? -გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა მას და სწორედ იმ წუთას, უცნობის სხეულზე ამოსვირინგებულმა წარწერამ მიიქცია მისი ყურადღება. გოგონას მარცხენა ბეჭის მხარეს რაღაც სიტყვა ჰქონდა დაწერილი, პატარა გამოყვანილი, ჩინური იეროგლიფებით. ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი? ვინ უნდა ყოფილიყო და რას აკეთებდა იგი ანდრეას მანქანაში?
ბიჭმა კიდევ ერთხელ ააყოლა მზერა უცნობი ლამაზმანის გრძელ ფეხებს და სცადა დეტალებში გაეხსენებინა ის, თუ რას აკეთებდა გასულ ღამით. ბოლო მოგონებად თეთრ პერანგში გამოწყობილი ბარმენი აგონდებოდა, რომელიც ორასგრამიან სასმისს ამერიკული ვისკით უვსებდა და თან გამომცდელ მზერას არ აშორებდა. ბევრს ეცადა გაეხსენებინა, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ გონებაში მცირეოდენი ფრაგმენტებიც არ შემორჩენოდა.
მამაკაცმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და მანქანიდან გადასვლა გადაწყვიტა. ახლა სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, რათა ცოტა აზრზე მოსულიყო. საბედნიეროდ ტელეფონი, საფულე და მართვის მოწმობა არ დაუკარგავს. არც პირადობა და არც ის სამაჯური, რომელსაც ბავშვობიდან ატარებდა და რომელიც თავისი დის მიერ მორთმეული, მეშვიდე დაბადების დღის საჩუქარი იყო. ანდრეას, ამის გახსენებაზე სახეზე ღიმლი მოადგა და ირგვლივ მიმოიხედა. ქუჩაში სრული მდუმარება სუფევდა, თუ არ ჩავთვლით იმ ქარის ხმაურს, რომელიც ნაზად და სათუთად დაიარებოდა მწვანე ფოთლებით დაფარულ ხეებს შორის და მათ მელოდიურად აშრიალებდა.
უეცრად მაჯაზე შემოხვეულ საათს დახედა. ჯერ მხოლოდ შვიდის ნახევარი იყო. ასე ადრე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ გაუღვიძია, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაღლილობას სრულებითაც აღარ გრძნობდა. ალბათ ეს ამ სასიამოვნო ატმოსფეროსა და იდეალური ამინდის დამსახურება იყო, რომელიც ნებისმიერ სულიერს უზღვავი ენერგიით ავსებდა.
მიუხედავად ამისა, მაინც ვერაფრით იხსენებდა, იმაზე, თუ რა ამბები გადახდა თავს გასულ ღამით. კვლავ მანქანაში მჯდარ გოგოს შეხედა. დიდხანს აკვირდებოდა სახეზე, ცდილობდა თავის შორეულ და კარგა ხნის მივიწყებული ნაცნობებიდან მაინც მიემსგავსებინა რომელიმე მათგანისთვის, მაგრამ იგი არავის ჰგავდა. ერთი წამით, ისიც იფიქრა, რომ გაეღვიძებინა და ვინაობა თავად ეკითხა, თუმცა ისე ტკბილად და უშფოთველად ეძინა, რომ ხელის დაკარებაც კი ვერ გაბედა. ამის მაგივრად, კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნდა-მანქანის კაპოტს მიეყრდნო და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. სიგარეტი ნელ-ნელა იწვებოდა და მისი ფერფლი ქვაფენილზე უჩინარდებოდა. ქუჩაში ნელ-ნელა ხალხმაც დაიწყო მოძრაობა. პირველი ვინც, მამაკაცმა დაინახა, ეს ყვითელ ფორმაში გამოწყობილი მეეზოვე იყო, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა ხეებიდან ჩამოცვენილი ყვავილის ფოთლებისგან ქუჩის გასუფთავებას. ანდრეა მისგან ათიოდე ნაბიჯის დაშორებით იდგა და რატომღაც მოხუცის ყოველ მოძრაობას დაკვირვებით ათვალიერებდა. უსმენდა ხმას, რომელსაც დიდი და უხეში ცოცხის ქვაფენილზე ხახუნი გამოსცემდა და პარალელურად აკვირდებოდა, თუ როგორ ილეოდა მის თითებს შორის გაჩხერილი მოსაწევი.
-ერთ ღერს ვერ მომცემ შვილო? -მოესმა უეცრად ჩახლეჩილი ხმა და დაპატარავებული ნამწვავი ურნაში მოისროლა. მას სწორედ ის მეეზოვის ფორმაში გამოწყობილი, მოხუცი ელაპარაკებოდა და თავისი სამუშაო ხელსაწყოს თანხლებით მამაკაცისკენ მოემართებოდა.
-რა თქმა უნდა. აიღეთ
ანდრეამ კოლოფიდან ერთი ცალი ამოაძრინა და მას შავი სანთებელათი ფრთხილად მოუკიდა.
-ეჰ შვილო, ჩემს ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ სხვისი სამათხოვრო რა მჭირდა? ახლა სიგარეტის ფულიც კი აღარ დამრჩა, არადა თავს ვერ ვანებებ. დამეთანხმები ეს არცაა ადვილი საქმე
-გეთანხმებით -ხმადაბლა მიუგო მამაკაცმა და ინატრა, რომ უცნობი რაც შეიძლებოდა მალე გასცლოდა
-ჩვენს ქვეყანში იშვიათად თუ არიან ისეთები, ვისაც ყველაფერი აქვს, რაც კი უნდა -განაგრძობდა ლაყბობას მეეზოვე -აი მაგალითად იმ მანქანის პატრონს რა აქვს საწუწუნო? ალბათ მოაჯდება თავის მილიონიან ოთხბორბლიან მეგობარს და სამყარო თავისი ჰგონია. ასეთები უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასაც აღარ კადრულობენ. რას იზამ? სამყარო ასეა მოწყობილი. ვიღაცას მეტად უმართლებს, ვიღაცას ნაკლებად
-ვიღაცას კი ისიც არ შეუძლია, რომ თქვენსავით იაროს, ყოველგვარი ეტლისა და ყავარჯნის გარეშე. ესეც ხომ დასაფასებელია?
მოხუცს ენა ჩაუვარდა და გარკვეული დროის განმავლობაში, ხმის ამოღება ვერ შეძლო. ნაფაზს ნაფაზზე ურტყამდა და ნელ-ნელა აანალიზებდა, იმას, რაც თავისზე ბევრად უფრო ახალგაზრდა ადამიანისგან მოისმინა. შეუსვენებლად ფიქრობდა ამ ყველაფერზე და საბოლოოდ მაინც ერთ დასკვნამდე მიდიოდა-ყოველივე ზემოთ თქმული სიმართლე იყო. სიმართლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მისთვის სრულიად უცნობი ადამიანისგან გაითავისა . . .
-რა გქვია შვილო? -იკითხა მან ბოლოს და მზის მცხუნვარებისგან გაცხელებული ყვითელი კეპი, თავისუფალი ხელით მოიხადა
-ანდრეა
-გვარი?
-კანდელაკი -ცოტა გაკვირვებით მიუგო მამაკაცმა, რადგან ვერ ხვდებოდა რატომ დაინტერესდა მოხუცი ასე უეცრად მისი ვინაობით
-მშვენიერია. ყოველთვის მემახსოვრება, რომ ამა და ამ დღეს, ერთმა ადამიანმა-ანდრეა კანდელაკმა რაღაც მნიშვნელოვანი მასწავლა-დაფასება იმისა, რაც მაქვს. სიგარეტისთვის კი, გმადლობ -მოხუცმა მანქანაზე მიყრდნობილ ბიჭს, მხარზე ხელი მეგობრულად მოუთათუნა და თავის საქმეს დაუბრუნდა, ამჯერად ანდრეასგან კარგა მოშორებით . . .
ბიჭი კვლავ მარტო დარჩა და ფიქრი განაგრძო. ისევ ის საშინელი კადრები წარმოუდგა თვალწინ. მისი სახლში შესვლა, სიცილის ხმები საძინებლიდან და გოგონას შიშველი სხეული, რომელსაც ზეწარი სულ ოდნავ თუ უფარავდა. ხოლო მის გვერდით კი . . .
არა . . . არ სურდა ამის გახსენება. ჯერ კიდევ დიდ ტკივილს აყენებდა და გულს ნაწილებად უგლეჯდა. ცდილობდა ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინა, წყალს გაეტანებინა ყოველივე, რაც წარსულში მასთან აკავშირებდა და კვლავ ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. შეიძლება ითქვას ამას ახერხებდა კიდეც, თუმცა იყო მომენტები, როდესაც წარსულის მოგონებები ერთიანად წარმოდგებოდა ხოლმე მის თვალწინ და მოსვენებას არ აძლევდა. ახლაც სწორედ ის სიტუაცია იყო. სიტუაცია, როცა ცდილობდა გონებიდან საზარელი ფიქრები განედევნა და ეს არაფრით არ გამოსდიოდა. ანდრეამ კვლავ მორიგ ღერს მოუკიდა და აფექტის მდგომარეობაში, მანქანას ფეხი იმდენად ძლიერად მიარტყა, რომ ტკივილისგან ჩუმი ოხვრაც კი აღმოხდა. როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა? ეს როგორ გააკეთა? მათ ხომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ? ან როგორ გამოსდიოდა ასე კარგად თამაში?
მამაკაცს მწარედ ჩაეცინა და თავი გადააქნია. სიგარეტის კვამლი უკვე თავ-ბრუს ახვევდა. გაურკვეველი მიზეზის გამო, ამწუთას მასზე ყველაფერი უარყოფითად მოქმედებდა. თუნდაც ცენტრალური ქუჩებიდან მომდინარე მანქანების ხმები ან ხეებზე შემომსხდარი ჩიტების მხიარული ჭიკჭიკი, რომელიც ნებისმიერ სხვა დროს კარგ გუნებაზე დააყენებდა.
რამდენიმე წამის შემდეგ, რომელიც თითქოს საუკუნედაც კი მოეჩვნა, მორიგ, დაპატარავებულ ნამწვავს მიუჩინა ადგილი პატარა ნაგვის ურნაში და ის-ის იყო ტელეფონზე გამოტოვებული ზარები უნდა შეემოწმებინა, რომ უკნიდან მანქანის გაღების ხმა, საკმაოდ მკვეთრად შემოესმა. ბევრი ნამდვილად არ უფიქრია, ერთბაშად შემოტრიალდა და იქედან ძლივსძლივობით გადმოსულ, წითელკაბიან უცნობს, თავიდან ფეხებამდე მზერა ააყოლა.
-ეს მანქანა შენია? -შუბლზე ცალი ხელი მიიდო გოგონამ. როგორც ჩანდა, მზის დაჩრდილვას ცდილობდა, რათა ანდრეა უკეთესად დაენახა
-ჩემია
-ძალიან კარგი. მაშინ ისიც მითხარი მასში რატომ მეძინა? და შენ საერთოდ ვინ ხარ?
კანდელაკს გოგონას სიტყვებზე ირიბად ჩაეცინა. მიხვდა, რომ ახლა სწორედ იმ კითხვებზე მოუწევდა ეპასუხა, რომლის დასმასაც, ცოტა ხნის წინ თავად აპირებდა.
-მე კი, ვფიქრობდი, ამას შენ მეტყოდი
-რას? იმას თუ ვინ ხარ?
-არა. იმას, თუ რას აკეთებ ჩემს მანქანაში
-ერთი წამით მოიცადე -შუბლშეკვრით წარმოთქვა წითელკაბიანმა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა -მე გუშინ ბარში ვიყავი, მერე სასმელი შევუკვეთე და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. დღეს კი, ვიღაც უცნობი ადამიანის მანქანაში მეღვიძება და . . . -სახეზე მკვდრის ფერი დაედო -ახლავე მითხარი რა გამიკეთე. სიტუაციით ისარგებლე არა? შანსი ხელიდან არ გაუშვი ასეა? შე ნაძირალა, ამისთვის პასუხს აგებ! -კანდელაკმა გაზრებას ვერ მოასწრო, ისე წვდა გოგონა პერანგის საყელოში და მრისხანე მზერით ლამის შუბლი გაუხვრიტა
-ეი, ეი დაწყნარდი! -ხელი ფრთხილად გააშვებინა -შენთვის თითიც კი არ დამიკარებია, რა პანიკებს მართავ?!
-მართლა?
-ჰო მართლა. შეგიძლია მშვიდად იყო
-კინაღამ გულის შეტევა მივიღე -შვებით ამოისუნთქა და სახეზე ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა.
-შენ გაღვიძებას ველოდებოდი, რომ რაიმე მაინც გეთქვა წუხანდელის შესახებ, თუმცა ვატყობ ჩემსავით არაფერი იცი. მოკლედ თუ ასეა აღარ მოგაცდენ. შეგიძლია წახვიდე . მე კი, მე შიგნით შევალ
-აქ ცხოვრობ?
-ასეა -სახლს თვალი შეავლო კანდელაკმა და კვლავ გოგონას მიუბრუნდა
-ლამაზი სახლია. სულ მინდოდა ორსართულიან, ეზოიან სახლში მეცხოვრა
-გმადლობ. თუ გინდა შემოდი. ყავის დალევას ვაპირებ, შენთვისაც კარგი იქნება
-შოკოლადიც გაქვს?
ბიჭს უცნობის სიტყვებზე გულიანად გაეცინა და მას თვალი კიდევ ერთხელ შეავლო. მართლაც რომ იშვიათი სილამაზის მქონე ადამიანი აღმართულიყო მის წინაშე. რატომღაც, ეს მხოლოდ ახლა შეამჩნია.
-მგონი სადღაც უნდა მქონდეს გადანახული შენნაირი სტუმრებისთვის. აბა რას იტყვი, შემოხვალ?
-მე ბეა მქვია -ხელი ღიმილით გაუწოდა გოგონამ -ნამდვილი სახელი ბეატრისი, მაგრამ არავის ვაძლევ უფლებას ასე მომმართოს. შემოკლებული ვარიანტი უფრო მომწონს
-ანდრეა -თავის მხრიდან ხელი გაუწოდა მამაკაცმა და იგი კარში პირველი გაატარა...
ზემოთ ხსენებულ ორსართულიან სახლში, როგორც ყოველთვის სრული წესრიგი და იდილია სუფევდა, რაც მარტოხელა კაცისგან მართლაც, რომ გასაკვირი იყო, თუმცა ანდრეა კანდელაკი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთათვისაც უწესრიგობა ერთი, დიდი სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო. ბავშვობიდანვე გაუჩნდა პროტესტის გრძნობა თავისი უმცროსი დის, დღენიადაგ არეული ოთახის შემხედვარე და ყოველთვის ცდილობდა თავისი "ღამეული სამყოფელი" სრულ წესრიგში ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ბავშვები ცოტათი წამოიზარდნენ, მათმა მშობლებმა სამსახურის შემოთავაზების გამო, საზღვარგარეთ გადაწყვიტეს გამგზავრება. ანდრეას ბიძას გერმანიაში საკუთარი რესტორანი ჰქონდა და უნდოდა თანამშრომლებად სანდო ადამიანები ჰყოლოდა, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი და-ძმა, საცხოვრებლად ბებიასთან გაგზავნეს, საიდანაც უკვე ორივე მათგანმა საკუთარი გზით განაგრძო სვლა. ანდრეას უმცროსმა დამ-ელამ, სწავლის გასაგრძელებლად ბათუმში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ბავშვობიდან შეყვარებული იყო ამ ქალაქზე და თავის ოცნების ასრულებაში ხელს არავის შეაშლევინებდა. იმ პერიოდში უფროსი კანდელაკი იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურს დამთავრებული გახლდათ. დის წასვლიდან რამდენიმე თვეში, მანაც მიატოვა მოხუცი ბებიას ბინა და დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ მშობლიურ სახლს დაუბრუნდა.
იქაურობა ფაქტობრივად არც შეუცვლია. ყველაფერი ისევ ისე დატოვა, როგორც ადრე იყო. ახლაც ნახავდით მისაღები ოთახის კედლებზე ჩამოკიდებულ, დიდ ჩარჩოში ჩასმულ ბუნების პეიზაჟებს, რისი შეგროვებითაც ანდრეას დედა იყო დაინტერესებული, თვალში მოგხვდებოდათ აგრეთვე წიგნების უზარმაზარი თაროები, რომლებზედაც ძველ ავტორთა საკმაოდ მდიდარ კოლექციას მოეყარა თავი. ისინი თითქოს მედიდური მზერით გადმოჰყურებდნენ შუა გულში მდგომ დიდ, შოკოლადისფერ დივან-კრესლოებსა და მათ წინ მდარ, პატარა ჟურნალების მაგიდას. ზემოთ აღწერილი მისაღები ოთახის მარჯვნივ, გრძელ კორიდორს გადააწყდებოდით, რომლის ჩაყოლებაზეც, ერთმანეთის გვერდიგვერდ, სამი საძინებელი ოთახი იყო გამწკრივებული. ამ სამიდან ერთ-ერთი მათგანი, თავად ანდრეას მშობლებს ეკუთვნოდათ.
სახლს ოდნავ სიძველის იერი დაჰკრავდა, თუმცა ინტერიერი იმდენად გემოვნებით იყო მოწყობილი, რომ ეს სიძველე სასიამოვნოდაც კი მოგხვდებოდათ თვალში. ყველაზე გასაოცარი, მაინც ის აივანი იყო, რომელიც ბავშვობიდან უფროსი კანდელაკის საყვარელ ადგილად ითვლებოდა. სკოლიდან დაბრუნებული ანდრეა, როგორც კი ჩანთას მოიხსნიდა და ისადილებდა, მაშინვე აირბენდა მეორე სართულის კიბეებს, აივანზე ჩამოკიდებულ დიდ სარწეველა სავარძელში ჩაჯდებოდა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. რომ გეკითხათ ვერც გეტყოდათ ამას რატომ აკეთებდა. უბრალოდ ასე თავს მშვიდად გრძნობდა. მშვიდად და დაცულად . . .
-მომეცი ჩანთას დავკიდებ -მიუახლოვდა მამაკაცი ჯერ კიდევ კარებთან მდგარ ბეას და მისი გრძელი, ლამაზი თმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა
-გმადლობ მე თვითონ. იცი სახლში რატომ შემოგყევი?
-თუ მეტყვი მეცოდინება
-მოკლედ -დაიწყო წითელკაბიანმა, თან პარალელურად თითების მტვრევას მოჰყვა -ერთი გზა ვიცი, რათა გუშინდელიდან ყველაფერი გაგვახსენდეს
-მართლა? და რა?
-ჰიპნოზი
-ჰიპნოზი? -ანდრეამ სიცილი ვერ შეიკავა -ამას სერიოზულად ამბობ?
-სრული სერიოზულობით გეუბნები. სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. ფსიქოლოგიაში კარგად ვერკვევი და ვიცი, რომ ეს მეთოდი ხშირ შემთხვევაში ამართლებს
-რატომაა შენთვის ყველაფრის გახსენება ასეთი მნიშვნელოვანი? გინდა დააზუსტო ქმარს უღალატე თუ არა?
გოგონას სახეზე იმხელა გაოცება აღებეჭდა, თითქოს წამის წინ მისთვის ვიღაცას ერთი ვედრო, ცივი წყალი გადაესხას.
-საიდან მოიტანე, რომ გათხოვილი ვარ?
-ამის მიხვედრა არც ისე რთულია. თითზე საქორწინო ბეჭედი გიკეთია. ახლა კი, წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ, თუ გახსოვს აქ ყავის დასალევად მოხვედი
-საქორწინო ბეჭედი მიკეთია? -ბეამ მაშინვე მარცხენა ხელის არათითს დახედა -ეს რა არის? მე ეს . . . ეს მე არ მეკკუთვნის. ვისია? საიდან მოვიდა? მოიცადე, შეხედე შენც გიკეთია, თან ზუსტად ასეთივე
ამჯერად ანდრეას დაეტყო გაოცება და გოგონას მსგავსად ისიც საკუთარი ხელის თვალიერებას მოჰყვა. ერთსაც და მეორესაც, ზუსტად ერთნაირი რგოლები უმშვენებდა თითებს. ოქროს ბეჭდები, მზის შუქზე ლამაზად ბრწყინავდნენ და შესამჩნევად ლაპლაპებდნენ.
-ჯანდაბა, რა მოხდა გუშინ? -იქვე დივანზე მოწყვეტით დაეშვა მამაკაცი და გულში ინატრა ეს ის არ ყოფილიყო, რასაც ფიქრობდა
-ის მოხდა, რომ მე და შენ ერთნაირი საქორწინო ბეჭდები გვიკეთია -გაისმა პასუხად -კარგი ასე ნუ მიყურებ, ხომ ხედავ მეც შოკში ვარ. ჩვენ ხომ არ . . .
-არა, ეს შეუძლებელია. ასე ძალიანაც არ გამოვთაყვანდებოდით
-თუ ასეა, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? -ბეა მამაკაცს გვერდით დაძაბული მიუჯდა. ნერვულობისგან სხეულის ყველა უჯრედი სტკიოდა, განსაკუთრებით კი მუცლის არე. არა ნაკლებ დაძაბულობას გრძნობდა კანდელაკი, რომელმაც გოგონას სიტყვების მერე, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ირგვლივ ისე მიმოიხედა, იფიქრებდით რაღაცას ეძებსო. თუმცა ეს აფორიაქებული ადამიანის უაზრო გამომეტყველებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სხვა რამეს.
-კარგი მოდი სიტუაციას ლოგიკურად მივუდგეთ -დაარღვია რამდენიმე წუთიანი დუმილი ანდრეამ -თუ მართლა დავქორწინდით, სადმე ქორწინების მოწმობაც ხომ უნდა გვქონდეს?
-მართალი ხარ. წამოდი მანქანაში დავძებნოთ. დილით სწორედ იქ გამოგვეღვიძა
-მოიცადე გასაღებს ავიღებ. ჩაკეტილია
-ცოტა იჩქარე, თორემ სადაცაა ინფარქტი დამარტყამს!
კანდელაკი დივნიდან სწრაფად წამოდგა და მისაღები ოთახიდანაც თითქმის სირბილით გავარდა. მანქანის გასაღებს ყოველთვის გასასვლელ კართან მდგარ ტუმბოზე ტოვებდა. ახლაც სწორედ იმავე ადგილას დაუხვდა და როგორც კი მისთვის სასურველი ლითონის, ცივი ნივთი მარჯვენა ხელის გულში მოიქცია, კვლავ უკან, მისაღებში მომლოდინე, შესაძლო მეუღლესთან დაბრუნდა.
დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ რაიმეს, რაც ქორწინების მოწმობას ცოტათი მაინც ჰგავდა. ნახულობდნენ მანქანის უკანა სალონში, წინა სათავსოში, საბარგულშიც კი, მაგრამ ასეთი ვერაფერი იპოვეს. ამ ყველაფერმა ორივეს იმედი მისცა, რომ ეს უბრალოდ ნასვამ მდგომარეობაში ერთნაირი საქორწინო ბეჭდების ყიდვის იდეა იყო და მეტი არაფერი, მაგრამ საუბედუროდ ეს სიხარული, სულ რაღაც, რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ზუსტად მანამ, სანამ უეცრად ბეას სახეზე ღიმილი არ გაქრა და იგი შეშინებულმა და აფორიაქებულმა გამომეტყველებამ არ შეცვალა.
-ჯანდაბა მგონი ეს ისაა, რასაც ასე ძალიან გავურბოდით
-აქ მომეცი -ხელიდან ისე სწრაფად გამოგლიჯა ანდრეამ, თითქოს მისთვის ერთი მილიონი დოლარის ღირებულების საათი წაერთმიოთ. მამაკაცმა მოწმობა საჩქაროდ გადაშალა და ზემოდან თვალებგაფართოებული დააშტერდა. მისი და გოგონას სახელები და გვარები სულ ბოლოში იყო მოთავსებული, მათივე ხელმოწერით. არა ეს რაღაც კოშმარულ სიზმარს ჰგავდა, იმდენად კოშმარულს, რომ ბეას განწყობა ანდრეასაც წამებშივე გადაედო.
-კარგი არაუშავს, ყველაფერს მოვაგვარებთ. ეს ამბავი ჩვენს გარდა არავინ იცის, ჰოდა ავდგებით და გავეყრებით -სასწრაფოდ იპოვა გამოსავალი ბიჭმა
-გაყრის პროცესები საშინლად იწელება ხოლმე. არა ეს ყველაფერი მართლა ბოლოს მომიღებს -იმდენად გაღიზიანებული სახით მიხურა მანქანის კარი ბეამ, რომ იგი ლამის ჩამოიღო. თითქოს ატმოსფეროც კი დაიძაბა ამ ორის შემყურე.
-ნუ ღელავ პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროში დიდი სანაცნობო მყავს. რაიმეს მოვახერხებთ და ამ პროცესს დავაჩქარებთ
-მართლა?
-ჰო მართლა -დამაიმედებელი გამომეტყველებით მიუგო კანდელაკმა
-მგონი შენი ტელეფონი რეკავს. ზუზუნის ხმა მესმის -თვალებით მარცხენა ჯიბეზე ანიშნა გოგონამ
ანდრეამ მხოლოდ ახლაღა იგრძნო ის ვიბრაციის ტალღები, რომელიც მთელ სხეულში უვლიდა. ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის-თავისი და ურეკავდა. ამწუთას, ყველაზე ნაკლებად სწორედ მასთან ლაპარაკის გუნებაზე იყო, მაგრამ რა უნდა ექნა? ყურმილი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აეღო. ვერ იტანდა როცა ელა მასზე ბრაზდებოდა.
-გისმენ კრაზანა (ანდრეა თავის დას ბავშვობიდან, ამ ზედმეტ სახელით მიმართავდა)
-სულ რაღაც რამდენიმე კვირაა რაც წავედი და შენ უკვე ცოლი მოიყვანე? -ყურში ჩაესმა გოგონას გაოცებული ხმა. მამაკაცს ყელი გაუშრა. აქამდე მხოლოდ ის აიმედებდა, რომ ქორწინების ამბავი მის გარდა არავინ იცოდა, მაგრამ თურმე არც ამ მხრივ გაუმართლა.
-კი მაგრამ შენ საიდან გაიგე?
-საიდან გავიგე? გუშინ შენს ხელის მოწერის ცერემონიას პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალყურს
-ეგ რას ნიშნავს ელა? -დაიძაბა -უფრო გასაგებად ამიხსენი
-ანდრეა რა გჭირს? არ გახსოვს გუშინ თქვენმა ხელისმომკდეებმა პირდაპირი ეთერი რომ ჩართეს? უნდა ნახო დედას და მამას როგორ უხარიათ. გირეკავდნენ, მაგრამ არ პასუხობდი და მერე თავი დაგანებეს. ხომ ხვდები რატომაც? -ეშმაკურად ჩაეცინა გოგონას -ამ კვირაში ჩამოსვლას აპირებენ, რათა პირადად მოგილოცონ
-ელა მოგვიანებით დაგირეკავ -მკვდრის ფერი დაედო სახეზე მამაკაცს და ძმის დაოჯახების ამბით, უზომოდ გახარებული და აჟიტირებული უმცროსი კანდელაკი, შუა საუბარში მარტო დატოვა.
არა, ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო . . .
-რა მოხდა? რა გამომეტყველება გაქვს? -მისგან რამოდენიმე ნაბიჯში მდგარი გოგონაც არანაკლებ დაძაბული ჩანდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა მამაკაცი ტელეფონზე საუბარს, რათა ეს კითხვა დაესვა
-მიდი ფეისბუქ-გვერდი შეამოწმე
-რა?
-გააკეთე რასაც გეუბნები
-კარგი, კარგი -მორჩილი ცოლივით, დანებების ნიშად ხელები ასწია ბეამ და ჩანთიდან სმარტფონი ამოაძვრინა.
ორივე მათგანი-"ცოლიც" და "ქმარიც", მანქანის საბარგულს მიყრდნობილიყო და თავიანთ აქაუნთს ათვალიერებდა. უნდა გენახათ რამდენი მილოცვა და სიყვარულით სავსე სიტყვები ამშვენებდა ანდრეას და ბეას კედელს და უნდა გენახათ მათი გამომეტყველება, როდესაც გააცნობიერეს, რომ ამ ქორწინების ამბავი მთელმა მათმა სამეგობრომ და სანათესაომ იცოდა.
ახლადშეძენილი "ქმრის" გვერდით მდგარი გოგონა, ნერვიულად გადახედავდა ხოლმე ყველა მოსალოც წერილს, ყველა პოსტს მის პროფილზე და უნდებოდა, რომ ასეთი სულელური საქციელის გამო თავისი თავი სასტიკას ეცემა. ეცემა ისე, რომ სხვა დროს ალკოჰოლს სათოფეზეც კი აღარ გაჰკარებოდა.
სწორედ ამ ეიფორიაში იყო ანდრეაც, ვისაც სხვა გზა უკვე აღარ რჩებოდა და გუშინდელი დღის გახსენების ერთადერთ საშუალებად, ლაივში გაშვებული ვიდეო ექცია. მას უკვე მოესწრო ჩართვის ღილაკსთვის თითის დაჭერა და მაქსიმალურად მობილიზებული ემზადებოდა კადრებისთვის თვალყურის სადევნებლად.
-ეგ რა არის? -თავის უწინდელ საქმეს მაშინვე შეეშვა და უფრო ახლოს მიიწია ბეა
-ჩვენი ხელისმოწერის ცერემონია. იქნებ ამ გზით მაინც მოგვაგონდეს რამე
-მოიცა, მოიცა ესენი ჩვენი ხელისმომკიდეები არიან?
-როგორც ჩანს კი
-მაგრამ ამ გოგოს არ ვიცნობ
-ნუ ღელავ, არც მე ვიცნობ ამ ბიჭს
-არა ეს რაღაც სიგიჟეს ჰგავს -აღშფოთებით წამოიძახა მან და კვლავ ეკრანს დააშტერდა. სწორედ იმ მომენტში განაგრძო ვიდეოს ყურება, როდესაც უკვე ხელს აწერდა.
-არა, არა არ მოაწერო გთხოვ -სასაცილოდ დაემანჭა სახე ბეას, რამაც მამაკაცის სახეზე ღიმილის გაჩენა გამოიწვია
-ახლა ის ანეკდოტი გამახსენდა კაცი რომ თავის ქორწილის კასეტას უყურებს და მისავე გამოსახულებას ეხვეწება ცოლს ეკლესიაში არ შეჰყვეს ჯვრისწერისთვის
-შენი აზრით ეს სასაცილოა?
-სასაცილოს გარდა ყველაფერია
კანდელაკს მომხდარის გაანალიზებაზე მწარედ ჩაეცინა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა სანამ ამას იზამდა, მოულოდნელად ორივე მათგანის მობილური ერთდროულად აზუზუნდა. ანდრეას ტელეფონი ეკრანს დიმა დაეწერა დიდი ლათინური ასოებით, ხოლო ბეას სმარტფონზე კი სახელ-მეგის ამოიკითხავდით.
-გისმენ დიმა -გვერძე გავიდა მამაკაცი, რათა გოგონასთვის ლაპარაკში ხელი არ შეეშალა
-შენ ბიჭო სულ გააფრინე?
-რა მოხდა?
-ცოლის მოყვანას თუ აპირებდი ამაზე ჩემთან სიტყვაც რატომ არ დაგცდა? ან ხელის მომკიდედ ვინ წაგიყვანია?
-დიმა უნდა გნახო. არ დაიჯერებ წუხელ რა მოხდა
-შენი პირველი ღამე არ მაინტერესებს. მე სხვა რამეს გეკითხები
-რა პირველი ღამე? ამ გოგოს არც კი ვიცნობ. მოკლედ საღამოს ჩვენს ბარში შევხვდეთ. ეს ვინმეს თუ არ მოვუყევი შეიძლება გავგიჟდე
-არაფერი მესმის. რას ნიშნავს არ იცნობ? -აშკარა დაბნეულობა იგრძნობოდა მის ტონში
-დიმა საღამოს გნახავ. ახლა მეტი არაფერი მკითხო, ჯერ მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ რა ხდება
-შენ მგონი მართლა არანორმალური ხარ -გაბრაზებით მიუგო ყურმილის მეორე მხარეს მყოფმა და სანამ ანდრეა საპასუხოდ რაიმეს ეტყოდა, ტელეფონი გაუთიშა.
მეგობართან გამართული, უსიამოვნო დიალოგის დასრულებისთანავე, პირველი, რაც მამაკაცმა მოიმოქმედა, ის იყო, რომ მოლოცვებით გადაჭედილი აქაუნთიდან უკმაყოფილო სახით გამოვიდა და გარემო წარბებშეკრულმა მოათვალიერა. კანდელაკის მსგავსად, ბეასაც დაესრულებინა სატელეფონო საუბარი, ხოლო მისი უსიამოვნო გამომეტყველება იმის მაუწყებელი იყო, რომ ნელ-ნელა აანალიზებდა შექმნილი სიტუაციის მთელ სირთულეს.
-ახლა რა იქნება?
-არ ვიცი -დაბნეული სახით მიუგო მამაკაცმა -დასაწყისისთვის სახლში უნდა შევიდეთ და ყველაფერზე კარგად დავფიქრდეთ
-მე რა, ახლა შენთან ერთად, ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვრო?
-მისმინე, ჩვენს შესახებ უკვე ყველამ გაიგო. მათ ასე პირდაპირ ვერ ვეტყვით, რომ ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ვართ და ჩვენი დაქორწინების მიზეზი სიყვარული კი არა ალკოჰოლი გახდა
-აბა რას მთავაზობ? რა გავაკეთოთ? იცი, რომ ამის გამო მშობლები მომკლავენ? დედაჩემისგან ერთი გამოტოვებული ზარიც კი არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან ცოფებს ყრის და ამის გამო, ჩემთან დალაპარაკებაც კი არ უნდა
-არ ვიცი, მართლა ძალიან ჩახლართული სიტუაციაა -ხელები თავზე ნერვიულად გადაისვა ანდრეამ -იქნებ გარკვეული პერიოდი ერთად ვიცხოვროთ? არა ასეთი სახე ნუ გაქვს, არ მითქვამს, რომ როგორც ნამდვილმა ცოლ-ქმარმა. მერე კი, რაღაცას მოვიმიზეზებთ და გავეყრებით
-და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ფარსი? ჯანდაბა საბა გაგიჟდება -თითქოს ახლა მოაგონდაო, ისე იტაკა შუბლში ხელი გოგონამ
-საბა ვინაა?
-შენი აზრით ვინ უნდა იყოს? -ცივად გაისმა პასუხი
-მოკლედ მისმინე, ახლა ამ თამაშს ვითამაშებთ სხვა გზა არ გვაქვს. ხოლო ერთ წელიწადში, ავდგებით და ერთმანეთს დავშორდებით. თუ იმაზე ნერვიულობ, რომ რაიმე ურთიერთობას ვეცდები, გარანტიას გაძლევ ეგ არ მოხდება. ახლა მთავარი ისაა, რომ შენებთან ყველაფერი მოაგვარო. როგორც წესი გოგოს მშობლები ამ მხრივ უფრო ჭირვეულები არიან ხოლმე
-ყავა დამალევინე, თორემ სადაცაა თავი გამისკდება. ჩემებთან ხვალ დილით წავალ და პირადად დაველაპარაკები. ასე მირჩევნია -აღელვებით წარმოთქვა მან და სახლისკენ იმდენად ჩქარი ნაბიჯებით გაემართა, რომ ანდრეამ ძლივს მოახერხა წამოსწეოდა . . .














2 თავი
გუშინდელი დღისგან განსხვავებით, ამინდი საოცრად მოქუფრულიყო. ცას ნაცრისფერი, ავისმომასწავებელი ღრუბლები გადაჰკვროდა ზედ და აშკარა ხდებოდა, რომ მალე წვიმაც დაუშვებდა. უკვე დილის შვიდი საათი სრულდებოდა. წესით ამ დროს გათენებულიც უნდა ყოფილიყო, თუმცა გარეთ ჩამოწოლილი საშინელი ბური გაფიქრებინებდათ, რომ შუაღამე ჯერ არც კი გადასულიყო.
დასვენების ტკბილი ორმოცდა რვა საათი უკან დარჩა. კვირის პირველი დღის დადგომაც თითქოს ამინდიც აპროტესტებდა.
მოსწავლეებისათვის დღეს დამღლელი გაკვეთილები ნახლდებოდა, მოზრდილთათვის კი, მომაბეზრებელი სამუშაო საათები იწყებდა ხელთავიდან ბრუნვას.
ანდრეა კანდელაკი ამ ორიდან, იმ კატეგორიის წარმომადგენელი გახლდათ, ვინც როგორც ამერიკაში იტყვიან-უიქენდის დღეების შემდეგ, კვლავ სამსახურსა და ყოველდღიურ საქმიანობას უბრუნდებოდა.
დიდი, მოჩუქურთმებული, რკინის სახელურიანი ტახტი, რომელზეც ცოტა ხნის წინ მამაკაცს ეძინა, უკვე დაცარიელებულიყო და მისი პატრონი, დილაადრიანვე შესდგომოდა ყოველდღიურ სამზადისს. დღე, როგორც ყოველთვის საძინებლის ფანჯარაში გახედვით დაიწყო. მამაკაცს თვალში საკმაოდ უსიამოვნოდ მოხვდა, ნაცრისფერი, ცივი ატმოსფერო და გაღიზიანებულმა მუქი ყავისფერი ფარდები ისევ უკან ჩამოაფარა. ბავშვობიდან ვერ იტანდა ღრუბლიან და წვიმიან ამინდს. ადრე იმიტომ, რომ ამ დროს დედა ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ არ უშვებდა, ახლა კი, თვითონაც არ იცოდა, თუ რა იყო ამის მიზეზი . . .
ანდრეამ თეთრი უმკლავო მაისური ტანზე გადაიძრო და სააბაზანოს კარი ფრთხილად შეაღო. სალათისფერ, გრილ კაფელზე ფეხის დადგმამ და ცივმა წყალმა თითქოს ცოტათი გამოაფხიზლა. ნელ-ნელა ამოუტივტივდა გონებაში მთელი გუშინდელი დღის დაძაბულობა-გოგონას უეცარი შემოჭრა მის ცხოვრებაში, დიმასთან საუბარი და ისიც, თუ როგორ გამოუყო საძინებელი ბეას, თავისი სახლის პირველ სართულზე.
დაუჯერებელი იყო, მაგრამ ახლა ცოლი ჰყავდა. იმის შემდეგ, რაც მოხდა, ნამდვილად არ ეგონა, რომ კიდევ ერთხელ შემოუშვებდა ვინმეს თავის ცხოვრებაში, თუმცა გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ბოლომდე მისი ბრალიც არ ყოფილა . . .
მამაკაცმა წყლის ჭავლი მოღუშული მზერით გადაკეტა და კარადიდან ლამაზად დაკეცილი, თეთრი პირსახოცი გამოიღო. ყველანაირად ცდილობდა თავში ის მოგონებები არ ამოტივტივებოდა, რომლის გახსენებაც კი არანორმალურ ტკივილს აყენებდა.
საწოლზე ჩასაცმელად გამზადებული უმკლავო მაისური და ნაცრისფერი სპორტიული შარვალი კვლავ იმავე მდგომარეობაში ელოდა, ამავე ფერის კედებთან ერთად. ამჟამად ანდრეა სპორტ-დარბაზში მუშაობდა ინსტრუქტორად და კვირაში სამჯერ უწევდა წონის კორექციისთვის ფიტნესში მისული ადამიანებისთვის ვარჯიშების ჩატარება. რაღაც მხრივ მოსწონდა კიდეც ეს სამსახური, მაგრამ გული სწყდებოდა, რომ იმ ინციდენტის შემდეგ, თავისი სპეციალობით მუშაობა აღარ შეეძლო. კარგი რაც იყო იყო. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს ჩვენთვისაა სასურველი და მოსაწონი?!
კანდელაკმა სწრაფად მოირგო ტანზე ყოველივე ზემოთ ხსენებული და სარკის წინ დადებული პატარა სავარცხელი თმებზე რამდენჯერმე გადაისვა. "საინტერესოა ბეამ თუ გაიღვიძა?"-გაიიფიქრა უეცრად და ტუმბოს კუთხეში მდგარ, მრგვალ საათს შეხედა. უკვე რვის ნახევარი იყო. თუ გოგონას სამსახური ჰქონდა, წესით ახლა ამდგარი უნდა ყოფილიყო. კანდელაკს ისიც კი დაავიწყდა მისთვის ეს ეკითხა. კომიკური სიტუაცია იყო, მაგრამ თავის "ცოლზე" სახელის გარდა არაფერი იცოდა...

* * *
მანამ, სანამ მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში მყოფი მამაკაცი თავის მოწესრიგებით იყო დაკავებული, ბეა სამზარეულოში ყავას იდუღებდა და გამუდმებით მაჯის საათს დაჰყურებდა, რათა უნებლიედ არ დაჰგვიანებოდა. გოგონა ქალაქის ცენტრში მდებარე, ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად. ანდრეას მსგავსად, მასაც მოსწონდა თავისი სამუშაო, მაგრამ იყო დრო, როდესაც მომავალი პროფესია სულ სხვაგვარად წარმოედგინა.
კანდელაკის ოჯახის ახალი წევრი, დღეს საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. თვალები უძილობისგან შესამჩნევად ჰქონდა ჩაწითლებული და ფეხზეც კი ძლივს იდგა. უკანასკნელ იმედს იტოვებდა, რომ ყავა ცოტათი მაინც მოაფხიზლებდა, თუმცა არც ამაში იყო ბოლომდე დადარწმუნებული. გაზქურაზე დადგმული წყლის ადუღების მოლოდინში, დროის გაყვანის მიზნით, იგი ტელეფონში შემომავალ ჯერ კიდევ წაუკითხავ მოსალოც შეტყობინებებს ათვალიერებდა, როდესაც უეცრად, ცეცხლზე შემოდგმულმა ლითონის ჩაიდანმა, გულის გამაწვრილებელი კივილით აუწყა, რომ თავისი ფუნქცია უკვე შეესრულებინა და სწორედ ამ დროს კიბეებზე ჩამომავალი ანდრეაც გამოჩნდა, მარჯვენა ხელში ზურგ-ჩანთით.
-დ . . . დილა მშვიდობისა -ბიჭს ერთი წამით სამზარეულოში გოგონას დანახვა ეუცნაურა, თუმცა როგორც კი ყველაფერი გადახარშა, "ცოლს" მოჩვენებითი ღიმილი შეაგება და ტვირთი იქვე, დივანზე მიაგდო
-დილა მშვიდობისა ანდრეა
-კარგად გეძინა?
-ჰო არაჩვეულებრივად -უნიჭოდ იცრუა გოგონამ და ცხელი, აშიშინებული წყალი, ყვავილებიან ფინჯანში ფრთხილად გადმოასხა -ყავა შენც გაგიკეთო?
-გმადლობ, არ მინდა. თუ სადმე მიდიხარ შემიძლია წაგიყვანო
-და შენ სად მიდიხარ? -დაინტერესებული მზერით აათვალიერა გოგონამ "ქმარი"
-სად უნდა მივდიოდე? სამსახურში
სამზარეულოს მაგიდაზე თეძოთი მიყრდნობილ ბეას, სახეზე რატომღაც გაოცება აღებეჭდა, თან, პარალელურად ყავის ფინჯანს თითები ლამაზად შემოაჭდო.
-ასე მიდიხარ?
-სპორტ-დარბაზში ვმუშაობ. იქ სმოკინგში გამოწყობილი ვერ ვივლი
-მაგრამ შენ მითხარი ადვოკატი ვარო. ასე არაა?
-ჰო, ვიყავი ერთ დროს. მანამ სანამ . . . -თუმცა ბიჭი აქ გაჩერდა და თავი გადააქნია -ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ მე უკვე გავდივარ, თუ გინდა შემიძლია გაგიყვანო
-კარგი დამელოდე ყავის დალევას მოვრჩები
გოგონამ სიტყვის დამთავრებისთანავე მიიტანა პირთან ყვავილებიანი ფინჯანი და მისი ერთი ამოსუნთქვით დალევა დააპირა, თუმცა სიჩქარეში, სანამ მის შიგთავსს ყელში გადაუშვებდა, ჭიქიდან მთელი სითხე გადმოიღვარა და იგი მის წითელ კაბას, მთელ სიგრძეზე გადაესხა.
-ჯანდაბა დავიწვი, დავიწვი, მეწვის, მეწვის! -ხტუნვას და ხელის გულების ზემოთ-ქვემოთ ქნევას მოჰყვა იგი -სულ ასეთი მოუხერხებელი როგორ ვარ? ძალიან მეწვის!
-ერთი წამით დამელოდე -მინის მაღალი ჭიქიდან, ფორთოხლის წვენის სმას თავი მაშინვე დაანება ანდრეამ და მაცივრიდან გამოღებული ყინულის კუბიკების პოლიეთილენის პარკში გახვევას მოჰყვა
-აი ეს დაიდე იქ, სადაც გტკივა, თორემ შეიძლება ზედ დაგაჩნდეს
-გმადლობ -შეწუხებული სახით ჩამოართვა გოგონამ მოტანილი და მკლავზე მიდებული ყინულის სიცივემ კანი აუწვა -საინტერესოა რატომ იცინი?
-არ ვიცინი, უბრალოდ გამეღიმა
-და რატომ გაგეღიმა?
-ვფიქრობ ამისთვის შენგან ნებართვის აღება არ მჭირდება. თუ ვცდები?
-წესიერად მელაპარაკე, მე შენი ცოლი ვარ!
კანდელაკისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარმა ბეამ, მხოლოდ ხუთი წამის შემდეგ გააცნობიერა ის, თუ რა თქვა ცოტა ხნის წინ და ამის გამო, ენას ისე ძლიერად დააჭირა კბილები, რომ ლამის სისხლი წამოუვიდა.
-უკვე ასე გავშინაურდით? - ვერაფრით შეძლო სიცილის შეკავება -ჰო მართლა, თვალები საშინლად გაქვს ჩაწითლებული. შენ რა, მთელი ღამე გაათენე?
-სულაც არა. და ახლა ამაზე ლაპარაკს გირჩევნია ის მითხრა სამსახურში რა ჩავიცვა. ამ კაბის გარდა თან არაფერი მაქვს. დღეს ვაპირებდი ჩემებთან წასვლას. დაველაპარაკებოდი და თან ბარგსაც ჩავალაგებდი -გოგონამ შუბლზე თავისუფალი ხელი მიიდო და ანერვიულებული წინ და უკან მოჰყვა სიარულს -არც კი მჯერა, რომ ასე მოხდა. რა დროს გათხოვება იყო, მე ხომ ასეთი ახალგაზრდა ვარ? მშობლები მართლა მომკლავენ, დედა ნაწილებად დამჭრის. არა მართლა გავგიჟდები, არც ეს ყინულები მინდა, არაფერი მინდა! -პოლიეთილენის საკმაოდ გაციებული პარკი მაგიდაზე უხეშად მიაგდო ბეამ და მისი ისტერიკებისგან თვალებგაფართოებულ ანდრეას ზურგით დაუდგა.
-მიდი კაბის ელვა შესაკრავი გამიხსენი. დღეს რომელიმე შენი პერანგი უნდა მათხოვო, სხვა გზა არ არის
-ნუ ღელავ, უკეთესი ვარიანტი მაქვს. სხვენში ჩემი დის ტანსაცმელია შენახული, ავალ რაიმეს აგირჩევ -მოძებნა გამოსავალი მამაკაცმა და შესაკრავის ბოლომდე ჩახსნის შემდეგ, გოგონას მოშიშვლებულ ზურგს მზერა ააყოლა. თოვლივით თეთრი კანი და მისი სინაზე თვალში იმდენად სასიამოვნოდ მოხვდა, რომ ცოტაც და ხელი ბიუსჰალტერისკენ წაუცდებოდა, რომ არა ბეას უეცარი შემობრუნება
-კარგი მე თვითონ ავალ და ვნახავ. სხვის გემოვნებას ვერ ვენდობი, მითუმეტეს მამრობითი სქესის წარმომადგენლისას
ანდრეამ მხრები უდარდელად აიჩეჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებას რთავდა, როგორც თავად სურდა ისე მოქცეულიყო. მამაკაცის მარჯვენა ხელის მაჯაზე შემოხვეული სპორტული საათი, მას კიდევ ათი წუთის გასვლას აუწყებდა. უნდა ეჩქარა!
-შეგიძლია ცოტა მალე მორჩე? ვაგვიანებ
-ნუ ღელავ, ხუთ წუთში მზად ვიქნები. და ჰო, დღეს მშობლების სახლში ვაპირებ დარჩენას
-იქნებ მეც წამოგყვე? არამგონია მარტივად მიეღოთ ეს ყველაფერი. რაც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან მაინც მომიწევს მათთან შეხვედრა
-არა, მირჩევნია მარტო წავიდე, მაგრამ შემოთავაზებისთვის გმადლობ. წავალ გამოვიცვლი
-კარგი, თუ ასეა მე მანქანაში დაგელოდები -ხმამაღლა მიაძახა მამაკაცმა უკვე კიბის მეათე საფეხურზე მდგარ "ცოლს" და მარჯვენა ბეჭზე ზურგჩანთა მოკიდებულმა, სახლიდან გასასვლელი კრემისფერი კარი გამოიხურა . . .
ჭექა-ქუხილი ნელ-ნელა მატულობდა. ციდან უკვე ჩამოდიოდა წვიმის წვრილ-ვწრილი, ვერცხლისფერი წვეთები და ტრასაზე 80კმ/სთ სიჩქარით მიმავალ ავტომობილს, პატარა წერტილებად ამჩნდებოდა. მაგნიტოფონში დაბალ ხმაზე ჟღერდა Aerosmith-ის I Don't Want To Miss A Thing, რაც შიგნით მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა და მგზავრობასაც ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
-მომიყევი შენზე რამე -მელოდიის ჰანგებს უეცრად შეერწყა მამაკაცის ხმადაბლა წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც მხოლოდ უხერხული დუმილისგან თავის დასაღწევად იყო ნათქვამი
-რა მოგიყვე? მაინც რა გაინტერესებს? -მობილური ყურიდან ჩამოიღო ბეამ და გადაწყვიტა სახლში დარეკვის ოცდამეერთე მცდელობაზე ხელი აეღო
-რა მოხდა არ გპასუხობენ?
-ჰო ასეა. ალბათ დედაჩემმა ყველა გააფრთხილა, რომ ჩემთან დალაპარაკება არ გაბედონ. სასაცილოა, მაგრამ მას მამაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. ჩვენთან ყოველთვის ასე იყო
-დედაშენმა ძალიან დამაინტერესა -ღიმილი გადაეფინა სახეზე კანდელაკს -ალბათ ძლიერი ქალია და ყველა კონტროლში ჰყავს აყვანილი
-ჰო ასეა -"ქმრის" მსგავსად, ბეასაც გაეღიმა და რატომღაც გადაწყვიტა ახლახანს დაწყებული ჩქარი მელოდია, ისევ რაიმე წყნარი ჰანგებით შეეცვალა -მგონი ჩემზე რაღაც გაინტერესებდა არა?
-კონკრეტულად არაფერი მიგულისხმია. უბრალოდ სასაუბრო თემას ვეძებდი, თან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ახლა ჩემი ცოლი ხარ და კარგი იქნება რაღაცეებს თუ მომიყვები საკუთარ თავზე
-კარგი თანახმა ვარ -სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა ბეა, თან ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო -მოკლედ ის უკვე იცი, რომ არ მიყვარს, როცა სრული სახელით მომმართავენ, ხომ ასეა?
კანდელაკმა თავი დაუქნია და გოგონამაც საუბარი განაგრძო.
-წვრილმანებით დავიწყებ . . . მოკლედ ზამთარში დავიბადე. ახალი წლის მეორე დღეს. რატომღაც ოჯახში ელოდნენ, რომ ბიჭი გაჩნდებოდა, მაგრამ როგორც კი ჩემი სქესი თითოეულისთვის ნათელი გახდა, ყველაზე მეტად ეს მამას გაუხარდა. სულ ოცნებობდა გოგონა ჰყოლოდა და მეც ასე ვთქვათ, სიურპრიზად მოვევლინე. მშობლებს ჩემს გარდა კიდევ ერთი შვილი ჰყავთ. ჩემზე სამი წლით უფროსია-მაქსიმე ჰქვია. კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია, ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვჩხუბობთ, მაგრამ რაიმე რომ მოუვიდეს ალბათ ჭკუიდან გადავალ. არ ვიცი და ვერ გეტყვი ისიც იმავეს გრძნობს თუ არა -სევდიანი გაუხდა მზერა, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წამით -კიდევ გეტყვი, რომ სწავლით სამსახიობოზე ვსწავლობდი, თუმცა ჩემი პროფესიით მუშაობა ვერსად შევძელი. ჰო მართლა, კინაღამ გამომრჩა-ძალიან მიყვარს შოკოლადი და იმის კეთება, რაც აკრძალულია -უკანასკნელ სიტყვებზე ეშმაკურად ჩაეცინა ბეას -მე მოვრჩი, ახლა შენი ჯერია.
-ჩემი ჯერი? -მთელი ამ დროის მანძილზე ღიმილი არ მოშორებია სახიდან მამაკაცს. ამ მომენტამდე . . .
-მე რომ ამდენი ვილაყბე, შენ არაფრის თქმას არ აპირებ? -წყენა გაისმა მის ხმაში
-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ-შენ მკითხე რაც გაინტერესებს და მე შევეცდები გიპასუხო -კანდელაკი შუქნიშანთან გაჩერდა. "ცოლის" მზერას აკვირდებოდა და მოთმინებით ელოდა მის პასუხს, რომელიც როგორც ეტყობოდა, უკვე მზად ჰქონდა
-მაწყობს -თითები ნიკაპზე აითამაშა გოგონამ -დასაწყისისთვის ის მითხარი ადვოკატად რატომ არ მუშაობ. მაშინ რომ სიტყვა შუაზე გაწყვიტე, მივხვდი, რომ ამის რაღაც მიზეზი არსებობს
უკმაყოფილო ანდრეამ ღრმად ამოისუნთქა და როგორც კი სვეტაფორზე მწვანე შუქს მოჰკრა თვალი, სვლა მაშინვე განაგრძო. სახეზე აშკარად შეეტყო, რომ დასმული კითხვა არ ესიამოვნა, თუმცა პასუხისთვის თავის არიდება მაინც არ უცდია.
-იმიტომ, რომ სამსახურიდან გამანთავისუფლეს
-რატომ? რა დააშავე?
-არაფერი, უბრალოდ ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც იმ წამს ძალიან მინდოდა
-ვერ გავიგე?
-არ ღირს ახლა ამის გახსენება. შენს შეკითხვაზე პასუხი უკვე მიიღე, დანარჩენი პირადულია და მხოლოდ მე მეხება! -ცოტა უკმეხად მოუვიდა, თუმცა მოგონებებმა იმდენად ააფორიაქა, რომ ეს არც კი შეუმჩნევია
-მივხვდი, საუბარი არ გინდა. კარგი შემდეგ კითხვაზე გადავალ. ოღონდ არ გაგეცინოს კარგი?
-რატომ უნდა გამეცინოს? ასეთი რის კითხვას აპირებ?
-უბრალო ახირებაა, ამას ყველას ვეკითხები და რატომღაც ახლაც მომაგონდა. მოკლედ, დამპირდი
-გპირდები, არ გამეცინება -ღიმილს ძლივს იკავებდა მის გულუბრყვილობაზე კანდელაკი -ახლა კი, გისმენ
-ოქროს თევზი რომ დაიჭირო, რომელ სამ სურვილს ჩაუთქვამდი? -გაუბედავად წარმოთქვა ბეამ და უხერხულობისგან თითების მტვრებას მოჰყვა. მაშინვე ინანა, რომ ეს კითხვა წამოსცდა. არ უნდოდა, ამ ადამიანს სულელი ჰგონებოდა, თუმცა კანდელაკი ასე როდი ფიქრობდა? პირიქით, ართობდა გოგონას გულახდილობა და გახსნილი ბუნება.
-ანუ გაინტერესებს ჩემი სამი ნატვრა, ასეა?
-ფაქტობრივად, ჰო
-კარგი ასე იყოს. მოკლედ პირველი ის არის, რომ დილით საცობში აღარასდროს მოვყვე. სიმართლე გითხრა მეორეც ეგ არის და მესამეც
-რა საშინელი ადამიანი ხარ. მეგონა გულწრფელად მიპასუხებდი -სახე უკმაყოფილებისგან დაემანჭა ბეას
-გმადლობ კონპლიმენტისთვის. შეგიძლია მაგნიტოფონო გამორთო?
-რატომ? მშვენიერი მუსიკაა. ბითლზები არ მოგწონს?
-მომწონს, მაგრამ იმდენად არა, რომ მთელი გზა ვუსმინო
-მე კი ჩუმად მგზავრობა არ მიყვარს -გამომწვევად მიუგო მან და სიმღერის გამორთვის მაგივრად, სხვა მუსიკალური ალბომის ძებნას შეუდგა -ვერაფერს იტყვი, კარგი გემოვნება გქონია. ამაზე რა აზრის ხარ? -Green Day-ს დისკი ხელში შეათამაშა -მგონი ცუდი არ უნდა იყოს. ჩავრთო?
-ვერ გაიგე რა გითხარი? -ცოტა არ იყოს წყენით მიუგო მამაკაცმა -არაფრის მოსმენა არ მინდა მეთქი
-გავიგე, მაგრამ დაგაიგნორე, ზუსტად ისე, როგორც შენ დააიგნორე ჩემი შეკითხვა რამოდენიმე წამის წინ
-ბავშვივით იქცევი
-ვარ კიდეც ბავშვი
-ჰო მართლა რამდენი წლის ხარ? -მხოლოდ ახლა მოაფიქრდა კანდელაკს მისთვის ამ შეკითხვის დასმა და გულში გაეცინა კიდეც, შექმნილი სიტუაციის გამო
-ოცდაორის. შენ რამდენის ხარ? -მხოლოდ და მხოლო ზრდილობის გამო შეუბრუნა კითხვა "ცოლმა", თან პარლალურად კუთხეში მიხატული, ჯგუფის პოსტერით გაფორმებული დისკი, მაგნიტოფონში ხელის მარტივი მოძრაობით შეაცურა. ავტომობილის სალონი, მაშინვე მოიცვა ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის- Holiday-ს ჰანგებმა.
-შენზე ოთხი წლით ვარ უფროსი. კალკულატორი ხომ არ გათხოვო?
-რად მინდა? -მაშინვე ვერ მიხვდა გოგონა, სახეზე დაბნეულობა გამოესახა და თვალები იმ პატარა სკოლის მოსწავლესავით ააფახულა, რომელსაც მასწავლებელი ისეთ ჩამჭრელ შეკითხვას უსვამს, რაზეც პასუხი არ აქვს
-არ ვიცი, ზოგს მათემატიკა უჭირს. ვიფიქრე, რომ . . .
-ის ნამდვილად არ მეშლება, თუ რამდენია ოცდაორს დავუმატოთ ოთხი -ბრაზის ნაპერწკლებმა დაიწყეს ხტუნვა მის თვალებში. რაც შეეხება საჭესთან მჯდარ კანდელაკს, მას, "ცოლისგან" განსხვავებით სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ბეას მოთმინებიდან გამოყვანა სურდა და როგორც ჩანს, ამას მიაღწია კიდეც.
-თუ არ ვცდები, ეს არის არა? -გზის მარჯვენა მხარეს მდგარი, დიდი ფერადი წარწერებით გაფორმებული შენობისკენ, რომელიც უკვე სამიოდე მეტრიდან მოჩანდა, თავით ანიშნა მამაკაცმა, თან პარალელურად სვლა შეანელა
-ჰო ეს არის. გმადლობ, რომ ჩემს გამო შეწუხდი და აქამდე მომიყვანე -იმენად უხეში და გესლიანი ტონით იყო ნათქვამი მისი სიტყვები, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავადაც გაოცებული დარჩა.
-ხვალამდე ბეატრის!
-მე ბეა მქვია! ხომ გაგაფრთხილე? სრული სახელით არ უნდა მომმართო
-მაპატიე, უცებ დამავიწყდა. აი შენი მობილური
-გმადლობ. და შემდეგში ეცადე აღარ დაგავიწყდეს. მე ხვალ საღამოს დავბრუნდები, სამსახურის შემდეგ
-თუ რამე ჩემი ნომერი ხომ გაქვს? -ნახევრამდე ჩაწეული საქარე მინიდან გასძახა უკვე შენობისკენ მიმავალ "ცოლს" ანდრეამ და როგორც კი, მან თანხმობა თავის მსუბუქი დაქნევით გამოხატა, მანქანის გასაღები ირონული ღიმლით გადაატრიალა. პირველად ხდებოდა, რომ სამსახურში ასე კატასტროფულად აგვიანებდა. და რა თქმა უნდა ეს ქალი ბრალი იყო . . . სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?!













3 თავი
მაღალი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მანქანების გაბმულ სიგნალებსა და ქუჩაში მოსიარულე ადამიანთა შემაწუხებელ ხმებს მოეცვა. ირგვლივ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. თითოეული მათგანი თავისი საქმით იყო დაკავებული და გარშემო სრულიად ვეღარაფერს ამჩნევდა. მრავლად ნახავდით გარეთ უმისამართოდ მოსეირნე ან სკვერში ერთმანეთზე მიხუტებით მჯდარ შეყვარებულ წყვილებს, გადააწყდებოდით მოზარდთა მცირე ჯგუფებს, ბოლო მოდელის სმარტფონებით ხელში, რითაც ერთმანეთს სამახსოვრო ფოტოებს უღებდნენ და აგრეთვე ეზოში ბურთზე გაკიდებულ პატარა ბიჭებს, რომელთა ოფლით დაცვარული შუბლი, ნათლად ადასტურებდა მათ ფიზიკურ აქტივობაში დახარჯულ წუთებს, ან თუნდაც საათებს . . .
სამსახურიდან დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოსული ბეა, რომელსაც მთელი გზა სახიდან დაბნეული გამომეტყველება არ მოშორებია და ვერც ზომაზე მეტად აკანკალებულ თითებს უხერხებდა ვერაფერს, ახლა სწორედ ამ ეზოში მიაბიჯებდა ჩაფიქრებული და სერიოზული გამომეტყველებით. გოგონას მარჯვენა ხელი ჩანთის გრძელ გადასაკიდზე ჰქონდა მოჭერილი და თავის გასამართლებელ ტექსტს, გონებაში უკვე მეათედ მაინც იმეორებდა. ყველაზე მეტად, ოჯახის წევრებს შორის დედამისის რეაქციის ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცდაორი წელი შეუსრულდა, ქალბატონი ნანას ერთი მკაცრი გამოხედვაც კი საკმარისი იყო მისთვის, რათა ერთ ადგილს ლურსმანივით მიჭედებოდა და სანამ არ ეტყოდნენ ადგილი მოიცვალეო, მანამდე ასე მდგარიყო.
დიახ . . . სწორედაც რომ რომ ეს მკაცრი ბუნების ქალბატონი იყო მიზეზი იმისა, რომ კიბეებზე მიმავალ გოგონას, მუხლები ნერვიულობისგან უკანკალებდა და მთელ სახეზე ცივი ოფლი ასხამდა. ლიფტითაც კი არ უსარგებლია. უნდოდა მოსალოდნელი "ომი" რაც შეიძლებოდა მეტად გაეხანგრძლივებინა და ამასთანავე სათქმელიც უკეთესად ჩამოეყალიბებინა.
ბეას ოჯახი ამ კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. ღია ყავისფერი კარი, რომელიც მათ ბინაში ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენდა, დღეს გოგონასთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო ოდნავ შეღებული იყო. "ნანა ასე არასდროს იქცევა. ნეტავ რა მოხდა?" -გაუელვა მას თავში და მეორე წუთს, სადარბაზოს შესასვლელთან გაჩერებული სასწრაფო დახმარების მანქანაც მოაგონდა, რომელზეც თავისი ფიქრების გამო ყურადღების გამახვილება ვერ შეძლო. რა თქმა უნდა მაშინვე ყველაზე საშინელი წარმოიდგინა. ადამიანის ბუნება ხომ ასეთია? ყოველთვის რაღაც უსიამოვნოს და ცუდის მოლოდინშია . . .
-დედაა!!! -ხმამაღლა დაიყვირა ბეამ და ღია კარში ლამის ფერდაკარგული შევარდა. არც კი იცოდა, მაშინვე რატომ ჩათვალა, რომ ზუსტად დედამისი იქნებოდა ის ადამიანი, რომელსაც სასწრაფო დახმარება გამოუძახეს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არც იყო მაინდამაინც გასაკვირი. მისი ქალიშვილის ყველასთვის მოულოდნელი საქციელის შემდეგ, იმის ბოლომდე გამორიცხვა, რომ ნანას ექიმის ჩარევა დასჭირდებოდა ნერვების დასაწყნარებლად, ერთი დიდი სისულელე იყო და მეტი არაფერი, ვინაიდან ეს ქალბატონი საკმაოდ იმპულსური და ადვილად ფეთქებადი გახლდათ. -დედა სად ხაარ?დედაა!!! ხმა გამეციი!!!
-აი ეს ქალბატონიც მობრძანებულა -ნერვიულობისგან აბაგუნებულ ყურებში, ძლივსძლივობით შეაღწია ნანას გულის განმგმირავი ხმამ, რომელიც მისი და ლევანის საძინებლიდან მოისმოდა. "ოთახშია"-კოსმიური რაკეტის სისწრაფით გაუელვა თავში გოგონას, რომლის ქმედებებსაც ახლა მხოლოდ ინსტიქტები მართავდნენ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ვერც კი გაიგო, თუ როგორ შევარდა შიგნით სპეცნაზის მორიგი წევრივით და სავარძელში თავგადაწევით მჯდომ დედას, რომელსაც შუბლზე თავისი წითელი შარფი მაგრად წაეჭირა და მის მუხლებთან მჯდარი ლევანი წნევას უსინჯავდა დაფეთებული მივარდა.
-დედა კარგად ხარ? -მარჯვენა ხელზე, თავისი აკანკალებული ხელი მოჰკიდა -ქვემოთ სასწრაფო იდგა და ვიფიქრე, რომ შენთან იყვნენ. როგორ შემაშინე!
-წადი და მაგ სასწრაფოს უთხარი აქაც შემოიარონ, სულ მალე შენ თვითონ დაგჭირდება! -გაცეცხლებული სახით წაიწია ქალმა შვილისკენ, თუმცა ბეამ ამჯერადაც სწრაფი რეაგირება მოახდინა და მაშინვე უკან გახტა
-კარგი თავი დაანებე და შენც დაწყნარდი -წნევის აპარატი ხმაურით მოხსნა მისი ყვირილისგან თავატკივებულმა კაცმა -ხომ იცი რა თავქარიანია? გათხოვებაც ზუსტად ასეთი უჩვეულო გამოუვიდა -ლევანი უკვე ოთახის კუთხეში მდგარ ქალიშვილს, გამამხნევებელი ღიმილით მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მას არასდროს შეეძლო ბეაზე გაბრაზება. ალბათ იმიტომ, რომ თავისი გოგონა ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა და ამისი გამო, მზად იყო თითოეულ მის ჩადენილ სისულელეზე, თვალები დაეხუჭა
-დედა დამიჯერე მართლა არ მინდოდა თქვენთვის მეწყენინებინა. ანდრეა ძალიან კარგი ადამიანია. აი ნახავ მასთან რა ბედნიერი ვიქნები -ყველანაირად ცდილობდა ზედმეტი ბრაზისგან ვეფხვს დამსგავსებული მშობლის დაწყნარებას, თან ლევანის მაჯაზე ხელი მაგრად ჰქონდა მოჭერილი, რათა ფეხზე მყარად დგომა შესძლებოდა -შეგიძლიათ ხვალვე მოხვიდეთ მის გასაცნობად ან ჩვენ თვითონ მოვალთ. როგორც იტყვით ისე იქნება
-ლევან წადი და ეს ვიღაც ამ სახლიდან გაიყვანე. თუ სიცოცხლე უნდა, ურჩევნია უახლოესი სამი თვის მანძილზე აღარ დამენახოს!
-დედა . .
-გაჩუმდი! დედა მაშინ გაგხსენებოდა ვიღაც უსაქმურს რომ მიზდევდი -თვალებიდან ცოფებს ყრიდა ქალბატონი ნანა
-მაგრამ შენ ხომ მას არ იცნობ. ანდრეა . . . -თუმცა ამ მამამისმა გააწყვეტინა
-ნუ ამწვავებ სიტუაციას. წამოდი გარეთ გავიდეთ. არამგონია ახლა დედაშენთან მშვიდად ლაპარაკი შეძლო
ბეა მიხვდა, რომ ლევანი ამჯერადაც მართალს ამბობდა, ამიტომ მის ნებას ყველანაირი პროტესტის გარეშე დაჰყვა. რამოდენიმე წუთიც და ისინი უკვე ეზოში მდგარ, ხის დაბალ, გრძელ სკამზე ჩამომჯდარნი, აუღელვებლად საუბრობდნენ ყოველივე იმაზე, რამაც ოჯახში ასეთი დიდი აფორიაქება გამოიწვია. ირგვლივ კვლავ ბავშვების ჟრიამული ისმოდა, თუმცა ეს მამა-შვილს ხელს ოდნავადაც კი არ უშლიდა. თითქოს ყველაფერი მათ მიღმა ხდებოდა და ამაში უშუალოდ მონაწილეობას არ იღებდნენ.
-კარგი ნუღარ ნერვიულობ. დედაშენს მე დაველაპარაკები და შევეცდები ყველაფერი მოვაგვარო -მზრუნველად დაადო ხელი ლევანმა ქალიშვილს -თვითონაც ხომ იცი რა ფეთქებადია, მაგრამ მალე გადაუვლის ხოლმე
-არა, არა ეს სხვა შემთხვევაა. იმდენად სულელი ვარ, რომ ისიც კი ვიფიქრე, დღეს აქ დარჩენის ნებას მომცემდა
კაცს სახეზე ეჭვი გამოესახა.
-აქ დარჩენა რატომ გინდა? რამე ხომ არ დაგიშავა? პრობლემები გაქვთ? ასეთი რა მოხდა? -კითხვას კითხვაზე ისროდა დაძაბული მამა
-დამშვიდდი. არანაირი პრობლემა არ გვაქვს -გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თან ეზოში მდგარ ყველაზე მაღალ ხეს მზერა ააყოლა. წარსულის მოგონებებმა ამჯერადაც თავი შეახსენეს -გახსოვს? პატარა რომ ვიყავი, იმ ხის კენწეროში ავძვერი და ჩამოსვლა აღარ შემეძლო. მთელ ხმაზე ვყვიროდი რომ ვინმეს ეშველა. მალე შენც მოხვედი, გამამხნევებელი სიტყვებით დამამშვიდე და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის შიში ყოველთვის გქონდა, ნელ-ნელა ამოძრომა დაიწყე -ბეას გაეღიმა და ლევანს თვალებში შეხედა. ისიც იღიმოდა -მახსოვს იმ დღეს მითხარი რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, ყოველთვის შენს გვერდით მიგულეო. მამა . . . გმადლობ, რომ ამ პირობას დღემდე ასრულებ . . . ყველამ რომ მიმატოვოს, ვიცი შენ ჩემს გვერდით იქნები და ზურგს არასდროს შემაქცევ
კაცმა თვალცრემლიანი ქალიშვილი გულში მაგრად ჩაიხუტა და შუბლზე ტუჩები მზრუნველად მიაკრო. სხეულის თითოეული ორგანო სტკიოდა, როცა მას ასეთ მდგომარეობაში ხედავდა.
-ერთადერთი, რაც დედაშენის გულის მოგებაში დაგეხმარება ისაა, რომ შენი ქმარი რაც შეიძლება მალე გაიცნოს. ვიცი, რომ ცუდ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერდი. ამაში ბოლომდე გენდობი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ვეცდები ნანა დავარწმუნო მის გასაცნობად ხვალვე მოვიდეთ -ლევანი წამით გაჩუმდა. ხმას არც ბეა იღებდა -მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ ცოტათი მაინც დავამშვიდოთ. გაუგე მისთვისაც რთულია. აქამდე ისიც კი არ ვიცოდით, ვინმე თუ გყავდა
-მესმის მამა. მაგრამ მის დარწმუნებას როგორ შეძლებ? ხომ ნახე ჩემს დანახვაზე რა რეაქციაც ჰქონდა? კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმა
-ეს მე მომანდე. შენ კი შენს ქმართან დაბრუნდი და ორივენი კარგად მოემზადეთ ხვალინდელი დღისთვის. ხომ იცი იმ ბიჭმა დედაშენზე კარგი შთაბეჭდილება თუ არ დატოვა ჩვენი საქმე ცუდად იქნება
გოგონას გაეცინა და მამამისს უფრო ძლიერად მოეხვია. ახლა მხოლოდ და მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა. სათადარიგო გეგმის შესადგენად მისი ტვინი უკვე ვეღარ გამოდგებოდა.
-ერთი ეს მითხარი -რამდენიმე წამიანი დუმილი კვლავ დაარღვია კაცმა -იმ ბიჭს თუ ჰყავს მშობლები?
ამის გაგონებაზე, ისედაც დაძაბულ ბეას, ნერვიულობისგან კისერი უფრო მეტად გაუშრა. ლევანის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ნამდვილად არ გააჩნდა. ხომ შეეძლო მანქანაში ჯდომის დროს, ქმართან კინკლაობის ნაცვლად, მასზე უფრო მეტი გაეგო? ჯანდაბა ახლა რა უნდა გაეკეთებინა? დადებით პასუხს რომ მიმხრობოდა და აღმოჩენილიყო, რომ ანდრეას მშობლები გარდაცვლილნი იყვნენ? სამწუხაროდ არც პირიქით მოქცევა გამოდიოდა. არა, რაღაც აუცილებლად უნდა ეპასუხა, ასე ჩუმად დიდხანს ვერ იქნებოდა მაგრამ რა? გოგონამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მერე ისევ ამოისუნთქა. რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება რატომღაც მაინც დადებით პასუხზე შეაჩერა. იმედოვნებდა, რომ ასეც იქნებოდა, თორემ სხვა შემთხვევაში წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა.
-კარგი. შენ ისე მოიქეცი, როგორც მე გითხარი. ხვალ საღამოს საათებში გველოდე. ამ დროს შენც დაბრუნებული იქნები სამსახურიდან და შენი ქმარიც -ლევანს გაეღიმა -ჯერაც არ მჯერა რომ გათხოვილი ხარ. ამასთან შეგუება ძალიან მიჭირს
-დამიჯერე მამა არც მე მჯერა -მწარედ ჩაილაპარაკა გოგონამ, თუმცა ეს მის გარდა არავის შეუმჩნევია -ჰო მართლა მაქსიმე სად არის?
-მეგობრებთან ერთადაა აგარაკზე. ტელეფონი არ წაუღია და ვერ ვუკავშირდებით
-ესეიგი ჩემი ამბავი ჯერ არ გაუგია
-არა არ გაუგია. მასთან კიდევ ერთი ომის გადატანა მოგიწევს. ხასიათებით სულ დედაშენს ჰგავს
ორივეს გაეცინათ . . .
-კარგი რახან ნანას ასე თუ ისე გადავურჩი, მაქსიმესაც მოვუხერხებ რამეს -ეს რომ თქვა, ჩანთა მარჯვენა ბეჭზე გადაიკიდა და ფეხზე საათის ციფერპლატზე ყურებით წამოდგა -ჩემი წასვლის დროა. იმედია გამოვა რასაც ვგეგმავთ
-ყველანაირად ვეცდები. ჰო, მართლა, შენს ნივთებზე შეგიძლია არ ინერვიულო, ყველაფერს ხვალ გამოგიგზავნი
-გმადლობ, უშენოდ რა მეშველებოდა?!
რიტორიკული შეკითხვა, პასუხს არც ამჯერად საჭიროებდა. მოსიყვარულე მამა-შვილი, გამომშვიდობებისას ერთმანეთს მთელი გრძნობით გადაეხვივნენ, ხოლო მათი დღენიადაგ ხმაურიანი ეზო, უარესმა ჟრიამულმა და ორომტრიალმა მოიცვა. მესამე სართულის ფანჯრიდან გადმომდგარი ქალი თავის პატარა ბიჭუნას, მბრძანებლური ტონით სთხოვდა სახლში ამოსვლას. იქვე კუთხის პატარა მაგიდაზე, უბნის უსაქმურებს ნარდის დაფა გაეშალათ, თან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობდნენ გაცხარებით, ხოლო კიბეებზე სვენებ-სვენებით მიმავალი ლევანი გონებაში კვლავ იმის გეგმებს აწყობდა, თუ რა გზით დაეთანხმებინა თავისი ზედმეტად გაბრაზებული ცოლი, რომ ხვალ ქალიშვილს ახალ სახლში სტუმრებოდნენ. ეს მართლაც რომ რთული ამოცანა იყო . . .
რთულზე რთულიც კი . . .












4 თავი
-ყველაფერი მზად არის?
-მზადაა დიმა. ათ წუთში დაიწყება -კანდელაკმა მაცივარი გამოაღო და იქედან ორი დიდი ლუდის ქილა გამოაძვრინა
-გეფიცები ჯერაც არ მჯერა, რომ ცოლი მოიყვანე. ახლაც წარმოუდგენლად მეჩვენება ის, რაც მომიყევი
ანდრეა ჩაფიქრდა.
-ვცდილობ და ვერაფრით ვიხსენებ იმ ღამით რა მოხდა. მგონი ეს ყველაზე უცნაური რამაა, რაც კი ოდესმე თავს გადამხდენია
-დასალევად რატომ წახვედი?
შორიახლოს მდგარმა დიმამ, მეგობარს ლუდის ქილა ჩამოართვა და ტელევიზორის წინ, დივანზე მოხერხებულად მოკალათდა.
-ისე, უბრალოდ. მაგრამ ცოტა ზედმეტი მომივდა -გასცა პასუხი ნაჩქარევად, თან თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. სახეზე შეეტყო, რომ სათქმელს ბოლომდე არ ამბობდა
-კარგი მოდი დაჯექი. მივხვდი, რომ ამის მიზეზი ანაა. როცა უბრალოდ დალევა გინდება, მეც შენთან ერთად მიგყავარ ხოლმე
მეგობრის მხრიდან, ასე პირდაპირ ნათქვამმა სიტყვებმა, რატომღაც კანდელაკს სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება მოჰგვარა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მას ამ ადამიანზე უკეთ არავინ იცნობდა.
-ახლა ანას ნუ ვახსენებთ კარგი? ორივემ ვიცით, რომ ამ თემაზე საუბარი მაინდამაინც არ მიყვარს
-არ აქვს მნიშვნელობა გიყვარს თუ არა. ფაქტია რომ მასზე დღემდე ფიქრობ და მიუხედავად იმისა, რაც გაგიკეთა, ამ ქალის თავიდან ამოგდება ვერ შეძელი. დამიჯერე ეს კარგს არაფერს მოგიტანს
ემოციურად გადაღლილი სახით ჩაესვენა ანდრეა დივანში. ოთახში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში გამეფებულ დუმილს, მხოლოდ საათის ისრების გაბმული წიკწიკი თუ არღვევდა.
-მისმინე, ერთი რაღაც უნდა იცოდე. ანა . . . -თუმცა აქ დიმას სიტყვა შუაზე გაუწყდა. წამით დაფიქრდა ღირდა თუ არა იმ ყველაფრის ხმამაღლა თქმა, რაც ამწუთას ენის წვერზე ადგა. ქილისთვის თავის მოხსნა უკვე მოესწრო და როდესაც მეგობრის მომლოდინე მზერას გადააწყდა, ჩათვალა, რომ სათქმელის ბოლომდე დასრულება აუცილებელი იყო. დააპირა კიდეც ამის გაკეთება, თუმცა სანამ მისი სიტყვები ოთახში გაიჟღერებდნენ, კარზე გაბმულმა და ხმამაღალმა ზარმა, ყველანაირი ხმა გადაფარა.
-ვინმეს ელოდები?
-არა, არავის. წავალ ვნახავ ვინაა -მამაკაცი ფეხზე ზანტად წამოიმართა. მხოლოდ მაშინ გაეშურა ჰოლისკენ, როდესაც დარწმუნდა, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში იყო. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ უნდა მდგარიყო ზღურბლის მეორე მხარეს, რომელსაც დიდი, სქელი კარი ფარავდა.
-დაიცადე, მეც წამოვალ, იქნებ სერიულმა მკვლელმა მოგაკითხა და შენი იმქვეყნად გასტუმრება უნდა?
-ცუდია თუ ასეა. არადა შეგვეძლო მატჩისთვის ერთად გვეყურებინა -აჰყვა ხუმრობაში კანდელაკიც
-ნეტავ სერიულ მკვლელებს კალათბურთი თუ უყვართ?
-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქირა. უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებით ვარ ხოლმე დაკავებული
ანდრეამ ისე, რომ ჭუჭრუტანაშიც არ გაუხედავს, საკეტი გადაატრიალა და მოსულის დანახვაზე, წამით კართან გაშეშდა. ამას ნამდვილად არ მოელოდა.
-შენ ხარ? მეგონა დღეს ღამით სახლში დარჩებოდი
-მითხარი რომ შენი მშობლები ცოცხლები არიან -ისე სწრაფად და შეშინებული გამომეტყველებით მიაყარა მოსულმა, რომ მამაკაცს მის ნორმალურობაში ეჭვიც კი შეეპარა
-ცოცხლები არიან . . . საბედნიეროდ. ასე დაძაბული რატომ ხარ?
-კიდევ კარგი. ესეიგი გადავრჩი -შვებით ამოისუნთქა მან -უკვე აღარ ვნერვიულობ, დაივიწყე
-ეს არის შენი ცოლი? -ღიმილით გამოვიდა წინ დიმა. ასეთი გამომეტყველება მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც ადამიანის მიმართ კეთილგანწყობის გრძნობა უჩნდებოდა
-მე ბეა ვარ. გამარჯობა
-მე კი შენი ქმრის მეგობარი დიმა მეტრეველი. მიხარია, რომ როგორც იქნა ერთმანეთი გავიცანით
გაღიმებულმა გოგონამ, ანდრეასთვის გვერდის აქცევით, შიგნით შემოაბიჯა და მოსაცმელი იქვე, საკიდზე ჩამოკიდა.
-ლუდს სვამთ?
-შენც ხომ არ დალევ? თუ შენი ქმარი უფლებას არ მოგცემს? -ზუსტად მაშინ დასვა ეს კითხვა, როდესაც ანდრეამ შემოსასვლელი კარი, გასაღებით გადაკეტა
-დავლევ, რატომაც არა?
-უკვე მომწონს ეს გოგო -გახარებულმაა დიმამ მეგობრის "ცოლს" მხარზე ხელი თბილად გადახვია და დივნისკენ თავაზიანი ჟესტით ანიშნა
-არამგონია კალათბურთის მატჩი აინტერესებდეს დიმა -ფეხდაფეხ მიჰყვა მათ კანდელაკი
-ხუმრობ? ვგიჟდები კალათბურთზე -დაუპატიჟებელი სტუმარი, მეგობრებს შუაში თამამად ჩაუჯდა, თან დისტანციური მართვის პულტით ხმას აუწია -ბავშვობაში ჩემს სკოლაშიც იყო კალათბურთის წრე, მაგრამ მაშინ ძალიან დაბალი ვიყავი და როცა მწვრთნელთან მივედი უკან დაცინვით გამომიშვა
-რთული დასაჯერებელია. მშვენიერი სიმაღლე გაქვს
-ეგ ახლა დიმა. მოკლედ მატჩი დაიწყო და ორივეს შეგიძლიათ გაჩუმდეთ -ბეამ ფეხები დივანზე აიკეცა და ანდრეას გახედა -შემთხვევით ჩემთვის ზედმეტი ლუდის ქილა ხომ არ გაქვთ?
-მაპატიე, მაგრამ გვეგონა ორნი ვიქნებოდით
-არა უშავს ამას ავიღებ -თქვა და ისე ბუნებრივად და მოულოდნელად ააცალა მამაკაცს პირთან მიტანილი სასმელი, რომ კანდელაკი, რამდენიმე წამის განმავლობაში გონზეც კი, ვერ მოვიდა. მხოლოდ დიმას ხმამაღალმა სიცილმა დააბრუნა რეალურ სამყაროში, რის შემდეგაც "ცოლის" საქციელზე თავადაც მოადგა ღიმილი
-როგორც ჩანს, ჩემს დისკრიმინაციას აქვს ადგილი
-კაცი ხარ და კაცები ყოველთვის უნდა თმობდნენ -ისე გასცა პასუხი, რომ მისკენ არც გამოუხედავს
-თუ ასეა მან რატომ არ დათმო? -დიმასკენ გაიშვირა ხელი კანდელაკმა. ეტყობოდა, რომ ეს სიტუაცია ძალიან ართობდა
-თუ სწორად მახსოვს, ჩემი ქმარი შენ ხარ და არა ის
-მაგარი წყვილი იქნებით. თავიდანვე ვიცი -სიცილს ძლივს იკავებდა ბეას მარცხენა მხარეს მჯდარი მეტრეველი და ქილიდან ცივ სასმელს აუჩქარებლად სვამდა
-ჰო ასეა. თან ხვალ ჩემი მშობლებიც უნდა გაიცნოს და დარწმუნებული ვარ ეს ორმაგად გაახარებს
-მოიცა რა? ხვალ?
-რამე პრობლემაა? -ცალი წარბი მრავლისმეტყველად აზიდა -ცოლად რომ მოგყავდი აბა რაზე ფიქრობდი?
-საქმეც ისაა, რომ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. მაშინ რომ ეგ შემძლებოდა, ახლა შენ აქ არ იქნებოდი და ჩემი ლუდის ქილაც ხელში მეჭირებოდა
-ესეიგი ცდილობ ყველაფერი მე დამაბრალო არა? -ფეხზე წამოდგა გოგონა და "ქმარსაც" ანიშნა ამდგარიყო
-რაც დაგვემართა, ორივე ჩვენგანის ბრალია, ბეა
-არა ცდები. ეს მხოლოდ შენი ბრალია. მე არ შემოგთავაზებდი ჩემი ქმარი გახდი მეთქი. ცოლობა თავად მთხოვე და ნახე ახლა რა სიტუაციაშიც ვართ
-და მერე ვინ გაიძულებდა დამთანხმდიო? ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ქორწინების სახლში ძალით წაყვანილს ნამდვილად არ ჰგავდი. ხელს ისე სწრაფად აწერდი შემეშინდა კალამი შუა გზაში არ გადაგმტვრეოდა
-ამას ჩემზე ამბობ? -ხმის ტონმა საგრძნობლად აიწია -შენ რა გგონია, რომ . . .
-ეი, ეი, დაწყნარდით რა დღეში ხართ? -ვეღარ მოითმინა და კამათში ჩაერია დიმა -მხოლოდ ერთი დღეა რაც ცოლ-ქმარი ხართ და უკვე ერთმანეთს ჭამთ. დაჯექით და ტელევიზორს ერთად ვუყუროთ, ხვალ კი ანდრეა გპირდება, რომ შენს მშობლებს გაიცნობს
-ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღების უფლება როდის მერე გაქვს?
-მომისმინე ანდრეა კანდელაკო, თუ ვინც ხარ -ბეა ქმარს გამომწვევი მზერით მიუახლოვდა -ხვალ აქ დედაჩემი და მამაჩემი მოვლიან. შენ კი ისე ღირსეულად დახვდები, რომ მთელ სანათესაოში იმაზე ილაპარაკონ, რა კარგი მეორე ნახევარი მარგუნა ბედმა. გასაგებია?
-ჯანდაბა, ამას ვის გადავეყარე -გაღიზიანებულმა კანდელაკმა თვალები მობეზრებულად აატრიალა და ისე, რომ ბოლოს დასმულ კითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია, მისაღები ოთახი დატოვა. პასუხგაუცემელთა სიაში გაუშვა აგრეთვე მეგობრის კითხვა, რომელსაც აინტერესებდა გააგრძელებდა თუ არა მატჩის ყურებას. ამჯერად დიდი ეკრანის წინ, მხოლოდ დიმა და ბეა დარჩნენ.
-მოდი დაჯექი. მე და შენ მაინც გავუწიოთ ერთმანეთს პარტნიორობა
გოგონა მის გვერდით კვლავ ფეხმორთხმით ჩამოჯდა. ამჯერად წინანდელზე უფრო დამშვიდებული ჩანდა.
-შენ და ის დიდი ხანია მეგობრობთ?
-მე და ანდრეა? კი, საბავშვო ბაღიდან
-როგორი ადამიანია? -ცნობისმოყვარე მზერით გახედა გოგონამ, შემდეგ კი თავისი ქილა მაგიდიდან აიღო
-დამიჯერე მასზე უკეთესს ვერავის შეხვდები. თუმცა სერიოზული ურთიერთობა დიდი ხანია არავისთან ჰქონია მას შემდეგ რაც . . .
-რაც რა?
მეტრეველმა თავი გადააქნია და პასუხის მომლოდინე ბეას ოდნავ გაუღიმა.
-დაივიწყე. ნახე სამ ქულიანი ჩააგდეს
-შენი აზრით ძალიან უხეშად მომივიდა?
დივანზე მობუზვით მჯდარ გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ თამაშზე კონცენტრირებას ვეღარ ახდენდა. აღარც დიმა იყო დაინტერესებული იმით, თუ რა ხდებოდა დიდ სპორტულ მოედანზე, რომელიც ეკრანზე იყო გამოსახული, ამიტომ გამოსართავ ღილაკს, ცერა თითი უხმოდ დააჭირა და ზურგს უკან მოგროვებულ ბალიშებზე მოხერხებულად გადაწვა.
-მისმინე, თქვენი დაქორწინება ისე მოხდა, რომ უცხო ადამიანს მართლა გაეცინება. მაგრამ ორივეს გყავთ ოჯახი, რომლებმაც თქვენზე უკვე ყველაფერი იციან. მესმის, რომ სწორედ ამიტომ გინდა მან შენები გაიცნოს და ასეც მოიქცევა, თუმცა ანდრეა ბრძანებებს ვერ იტანს -დიმამ მცირედი პაუზა გააკეთა და ისევ განაგრძო -შენი მომთხოვნი ტონი აქ არ გამოგადგება. ეს ნებისმიერს გააღიზიანებს და საბოლოოდ ისე მოხდება, რომ ვერაფერში შეთანხმდებით. უბრალოდ შეეცადე ეს ბრძანებითი კილო თხოვნითით შეცვალო და კამათიც აღარ იქნება
-მართალი ხარ -თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა -სულელურად მოვიქეცი, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ნერვები არც მე მაქვს წესრიგში. მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთი წელი ჩემთვის სრულიად უცხო მამაკაცთან, ერთ ჭერ-ქვეშ უნდა ვიცხოვრო, გესმის?
ბიჭმა ბეას მხარზე ხელი მეგობრულად დაადო. მიხვდა იმას, რაც მას ასე ძალიან აწუხებდა.
-თუ რამე ვიცი ამ ცხოვრებაში ისაა, რომ ანდრეა იმის გაკეთებას არასდროს გაიძულებს, რაც შენ არ გინდა. შეგიძლია მშვიდად იყო და ამაზე არ ინერვიულო
-მართლა?
-მართლა. ახლა კი, ჩემი წასვლის დროა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ბეა
-ჩემთვისაც დიმა. წამოდი გაგაცილებ -დამშვიდებული გოგონა ფეხზე ენერგიულად წამოდგა. ნათელი იყო, რომ ბიჭის სიტყვებმა მისი განწყობა საგრძნობლად აამაღლა
-ოჰო, უკვე ასე გავშინაურდით?
-რას ვიზამთ, ახლა უკვე გათხოვილი ქალი ვარ და ვცდილობ ნელ-ნელა სიტუაციას მოვერგო
-წარმატებები სიტუაციასთან მორგებაში. და კიდევ ერთი-მართლა კარგი ადამიანი ხარ. ამაში პირველივე დღიდან დავრწმუნდი . . .
დიმა წავიდა. გასასვლელი კარის საკეტი კვლავ გაჩხაკუნდა და წამებში აუტანელმა სიჩუმემ დაისადგურა. კანდელაკის ხმა არსაიდან არ მოისმოდა. რაც მისაღებიდან გავიდა, მას შემდეგ მისთვის თვალიც კი არ მოუკრავს. ნეტავ სად უნდა ყოფილიყო? ამხელა სახლში დაკარგვაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბეა მაინც ჯიუტად ათვალიერებდა მის ყველა კუთხე-კუნჭულს. სწორედ მაშინ, როდესაც თითოეული წერტილი ორ-ორჯერ მაინც მოიარა და უკვე იმედი საბოლოოდ გადაეწურა, გაახსენდა, რომ სახლს მეორე სართულიც ჰქონდა. შეიძლებოდა ანდრეა სწორედ იქ ყოფილიყო. და არც შემცდარა. მამაკაცს კიბიდან ხელმარცხნივ, პირველივე ოთახში დაუხვდა. ტანზე ლურჯი მაისური გადაეძრო და დიდ, რკინის ტახტზე ჩასძინებოდა მობილურით ხელში. ჯერ კიდევ, კართან მდგარმა გოგონამ, რამდენიმე წამით, ფანჯრიდან გადაშლილი ლამაზი ხედი შეათვალიერა. თითქოს რაღაცას ფიქრობდა და თან არც ფიქრობდა. მერე ყველაფერი სპონტანურად მოხდა:-თვითონაც ვერ გაიაზრა, თუ როგორ ააცლა მძინარე ანდრეას ხელის გულში სუსტად მოქცეული ტელეფონი და როგორ ფრთხილად მოშორდა მის საწოლს. არც კი იცოდა ეს რისთვის გააკეთა. შეიძლება იმიტომ, რომ მის შესახებ უფრო მეტი გაეგო. რაც არ უნდა იყოს ამაზე ბევრი არ უფიქრია, ფანჯრის რაფას უხმაუროდ მიუახლოვდა და ზედ ჩამოჯდა. საბედნიეროდ მობილურის ეკრანი პინ-კოდს არ საჭიროებდა, ამიტომ გალერიაში უპრობლემოდ შეაღწია და მხედველობა დაძაბა. იქ მხოლოდ და მხოლოდ სამი ვიდეო დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთის გარეკანზე თავისი წითელი კაბა ამოიცნო და სენსორს ხელი დაუფიქრებლად დააჭირა.
დიდ ეკრანზე ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ იჯდა თვითონ დაბალ, გრძელ სკამზე და ვიღაც მკლავებმოხატული კაცი ბეჭზე სვირინგს უკეთებდა. შიგადაშიგ ანდრეას ხმაც მოისმოდა. ალბათ ვიდეო სწორედ მისი გადაღებული იყო. ბეას ამ ყველაფრის დანახვაზე და გააზრებაზე ლამის სუნთქვა შეეკრა. ელვის უსწრაფესად დაბლოკა ეკრანი, სარკესთან მივარდა და მაისური ბეჭზე ჩამოიწია
-ჯანდაბა, ჯანდაბა! ეს რა არის? რა მაწერია?
გოგონას ხმა საკმაოდ ხმამაღლა გაისმა და ლოგინზე უშფოთველად მიძინებულმა ანდრეამაც, ბუნებრივია ნელ-ნელა მოფხიზლება დაიწყო.
-ეს როგორ მოვიშორო? რა გავაკეთო?!
-რა ხდება? რა გაყვირებს?
-სვირინგი. გუშინ წინ სვირინგი დამიხატავს და მხოლოდ ახლა ვნახე -მკვეთრად მოტრიალდა და თავისი ბეჭი აჩვენა -შენ ხომ ვერ მეტყვი რა მაწერია?
მამაკაცმა თვალები მოისრისა, ღრმად ამოისუნთქა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე ნათელი იყო, რომ დაძინება აღარ ეწერა, ამიტომ საწოლზე უპატრონოდ მიგდებული მაისური, ტანზე ახალგაღვიძებულისთვის ზედმეტად სხარტი მოძრაობით გადაიცვა და ფეხზე წამოდგა.
-ვფიქრობ, ჩინურ დამწერლობას გავს -ანდრეა წარწერებს კიდევ ერთხელ დააკვირდა -ჰო ნამდვილად ასეა. თუმცა ვინაიდან დაბალი არ ვარ და წვრილი თვალებიც არ მაქვს, მის წაკითხვას ვერ შევძლებ -ეს, რომ თქვა, მზერა ტუმბოზე დადებულ მობილურზე გაუშეშდა -შენ აიღე?
-ჰო, მე ავიღე. სწორედ მაგ ტელეფონით გადაღებული ვიდეოთი გავიგე, რომ ტატუ გამიკეთებია
-მე კი მეგონა იმას ამოწმებდი საყვარელი მყავდა თუ არა
-ძალიან სასაცილოა -თვალები მობეზრებულად აატრიალა ბეამ
-სასაცილო ისაა, სვირინგი რომ გაიკეთე და ისიც კი არ იცი რას ნიშნავს
-ის უფრო სასაცილოა ახლა დაქორწინებულები რომ გვქვია და და ერთმანეთის დაბადების დღის თარიღებიც კი არ ვიცით -ტოლი არ დაუდო "ცოლმა" და მაისურის მკლავი კვლავ ზემოთ ასწია -არავის იცნობ ისეთს, ვინც ამ ენაზე კითხულობს?
ანდრეა ჩაფიქრდა . . .
-სიმართლე გითხრა ვიცნობ. კარგი მიდი შენ მაისური გაიხადე წარწერა კარგად რომ გამოჩნდეს და გადასაგზავნად ფოტოს გადავუღებ
-მაისური გავიხადო?
კანდელაკს ირიბად ჩაეცინა. მიხვდა, რომ გოგონას ეს ყველაფერი ეუხერხულებოდა.
-ნუ ღელავ, მე გეი ვარ
-სერიოზულად? -თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა მას. იმდენად სერიოზული სახით თქვა, გამორიცხული იყო არ დაეჯერებინა
-მიდი, მიდი, ნუ გეუხერხულება, მხოლოდ სვირინგი მაინტერესებს. გპირდები ჭკვიანად ვიქნები -ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და ბეაც მაშინვე მიხვდა, რომ ცოტა ხნის წინ თქმული, უბრალოდ ხუმრობა იყო.
-კარგი ჰო, გადაიღე და ეს საქმე მოვამთავროთ -სწრაფად გაინთავისუფლა სხეული თეთრი მაისურისგან, რის შემდეგაც, გრძელი თმა მეორე ბეჭზე გადაიყარა. სირცხვილისგან აწითლებულს, ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა მისთვის მეტად უხერხული ფოტოსესია
-მოემზადე, ახლა ჩიტი გამოფრინდება -სიცილით მოიმარჯვა მობილური ტელეფონი და სულ რაღაც სამ წამში, კამერაც გაჩხაკუნდა. ეკრანზე ნათლად აღიბეჭდა ბეას სვირინგი და ანდრეაც მაშინვე მეორე მხარეს მიბრუნდა. რთული იყო მამაკაცისთვის "ცოლის" ამ მდგომარეობაში ყურება. უნდა ეღიარებინა, რომ მის ცხოვრებაში სულ ახლახან შემოჭრილი არსება, მართლაც რომ განსაკუთრებული მომხიბვლელობით გამოირჩეოდა.
-ახლა შეგიძლია ჩაიცვა. მე წავალ და ამ ფოტოს გადავაგზავნი
-შენი აზრით შეძლებს?
-თუ გავითვალისწინებთ, რომ დაბადებიდან ჩინეთში ცხოვრობს შეძლებს
-მოიცა, მოიცა -წინ გადაუდგა. ამჯერად უკვე ჩაცმული. -შენი მეგობარი ჩინელია?
-უნივერსიტეტის მეგობარია. ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით. ახლა შეიძლება გავიარო?
ბეა კარს პასუხის გაუცემლად მოშორდა. სანამ თავისი ახლად შეძენილი "მეუღლე" ოთახს დატოვებდა, განუწყვეტლივ უყურებდა მის მწვანე თვალებს, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა. წამების ისრის ხუთჯერ ადგილის მოცვლა და კანდელაკი უკვე ოთახში აღარ იყო . . .

* * *
თერთმეტი საათი შესრულდა. გარეთ უკვე სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო, რომელსაც გაჭირვებით თუ ებრძოდა სიგრძეზე ჩამწკრივებული ლამპიონების გრძელი რიგი. მზის სხივებივით თბილი და სასიამოვნო ღამის ნიავი, ქუჩის მაწანწალასავით უგზოუკვდლოდ დაეხეტებოდა, გზადაგზა კი, იასამნის ლამაზ ხეებს ნაზად არხევდა. ყოველივე ქვემოთ გადაშლილს, ამაყად და თავმომწონედ გადმოჰყურებდა შავი, უღრუბლო ცა. დღეს იგი უამრავი კაშკაშა ვარსკვლავით მორთულიყო, რომელთა ცქერაც ნებისმიერ ადამიანს მოჰგვრიდა სიმშვიდეს და სიცოცხლის წყურვილს გაუმძაფრებდა.
ამ საოცარ და თვალისმომჭრელ ღამეს, სწორედ ზემოთ ხსენებულ მოციმციმე ვარსკვლავებს შესცქეროდა ჯერ კიდევ ანდრეას ოთახში, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ბეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, საწოლზე გადაფარებული პლედი ტანზე შემოეხვია და შავად შეფერილ, მბრწყინავ ცის კამარას, თვალს არ აშორებდა. მის ყურსასმენებში დაბალ ხმაზე მოისმოდა Ennio Morricone-Le Vent, Le cri. ეს საოცარი, უსიტყვო მელოდია, მას ბავშვობიდან იზიდავდა და როდესაც განმარტოება და რაიმეზე ფიქრი მოუნდებოდა, ამას სწორედ მისი თანხლებით აკეთებდა. ახლაც სწორედ ეს სიტუაცია იყო. ნამდვილად ბევრ რამეზე ჰქონდა საფიქრალი. პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ ეტყოდა საბას ამ ამბავს. მათი ურთიერთობა მართალია ჯერ არ დაწყებულიყო, მაგრამ ყველაფერი ხომ ამისკენ მიდიოდა? ამდენი წლის მერე მოახერხა და მიიქცია ბიჭის ყურადღება, მაგრამ განა ჰქონდა ამას რაიმე აზრი? ნეტავ როგორ შეხვდებოდა მომხდარ ამბავს? ალბათ მცირედი შანსიც კი არ არსებობდა, რომ იგი ბეას ამ ყველაფერს აპატიებდა და ერთი წლის გასვლას მშვიდად დაელოდებოდა.
არადა როგორ უნდოდა ასე მომხდარიყო . . .
გუშინდელი დღესავით ახსოვდა გოგონას მისი გაცნობის დღე. ყველა დეტალი და წვრილმანი კარგად ჩაბეჭდილიყო მის მეხსიერებაში. შეიძლება იმიტომ, რომ ამ პიროვნებამ მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გონებამაც მისი დავიწყების საშუალება არ მისცა. მაშინაც გაზაფხულის თბილი ღამე იყო. თოთხმეტი წლის ბეა, მუსიკის დამატებითი გაკვეთილიდან შინ ბრუნდებოდა. ხალხისგან დაცლილ ქუჩაში, საშინელი წყვდიადი გამეფებულიყო, რომელსაც ოდნავ თუ ანათებდა რამდენიმე მბჟუტავი ლამპიონის შუქი. გოგონას ნახევარი გზა უკვე გავლილი ჰქონდა, რომ უეცრად, სად იყო და სად არა, მორიგი ჩაბნელებული მოსახვევიდან შავი, უზარმაზარი და გაბურძგნული ძაღლი გამოხტა ხმამაღალი ყეფით. თავდაპირველად იგი ნაგვის ბუნკერთან ჩამწრივებულ კატებს გამოუდგა, თუმცა როგორც კი ამ არსებებმა მისი კლანჭებისაგან თავის დახსნა ოსტატურად მოახერხეს ღობის მეორე მხარეს გადახტომით, გაბოროტებული ცხოველი, ჯავრის ამოსაყრელად, იმ ქუჩაზე მოძრავი ერთადერთი ობიექტისკენ გაექანა. გაჭირვებში ჩავარდნილი ბეას გონებაში, თავდაცვის ინსტიქტებმა ელვის უსწრაფესად იწყეს ამოქმედება. სწორედ მათ აიძულეს იგი სირბილით უკან გაქცეულიყო და თავისი თავი გადაერჩინა. მაშველი რგოლი ამ შემთხვევაში იქვე მდგარი მაღალი ხე აღმოჩნდა, რომელზე აცოცებაც თითქმის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. გოგონამ ჩანთა ხის ძირში დააგდო, ტოტს ორივე ხელით მოეჭიდა და მთელი ტანით ზემოთკენ აიზიდა. რამდენიმე წამიც და ბეა უკვე სამშვიდობოს იყო, ხოლო ქვემოთ მდგარი ოთხფეხა არსება, იმედგაცრუებული მზერით უვლიდა გარშემო მის ჩანთას, რომელშიც ნოტების რვეულების გარდა არაფერი ეწყო . . .
დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა, რაც გოგონა ხის ტოტზე "ნებივრობდა". ის საშინელი არსება ქვემოთ არხეინად გაწოლილიყო და თითქოს მის ჩამოსვლას ელოდებაო, ფეხსაც კი არ იცვლიდა. ახლა ის სიტუაცია იყო, რომ საბრალო ბეას, ცხოვრებაში პირველად, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა. შუა ქუჩაში ყვირილს ნამდვილად არ აპირებდა, ამიტომ თითქმის დარწმუნებული იყო, რომ იმ ღამის იქ გატარება მოუწევდა. ამისთვის ფსიქოლოგიურად ემზადებოდა კიდეც, თუმცა რაც შემდეგ მოხდა, იმან მის გულში სულ მცირედი იმედი ჩასახა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ხის მაღალ ტოტზე ჯდომისას, აქამდე უკაცრიელ ქუჩაზე, ბეამ მოძრავი სილუეტი შეამჩნია. იგი სიბნელიდან გამოდიოდა და თანდათანობით ფორმებიც იკვეთებოდა. რამდენიმე წამში გოგონასთვის უცნობის სქესიც ნათელი გახდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო, დაახლოებით თვრამეტ-ცხრამეტი წლის. ხელში ანთებული სიგარა ეჭირა და ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, თან პარალელურად ვიღაცის სახელს იძახდა. თუმცა მალევე გამოიკვეთა, რომ მისი ძებნის ობიექტს, არა კონკრეტული ადამიანი, არამედ თავისი შინაური ცხოველი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კი, სავარაუდოდ სწორედ იმ ხის ქვეშ იყო გაწოლილი, სადაც ზომაზე მეტად შეშინებული ბეა, ცოტა ხნის წინ, საკუთარი თავის გადასარჩენად აცოცდა.
ერთიანად შავებში ჩაცმული ბიჭი, თანდათან უფრო ახლოვდებოდა და ამის პარალელურად, მის ხელში მაგრად ჩაბღუჯული, ძაღლის დასაბმელი ჯაჭვიც იკვეთებოდა. კიდევ რამდენიმე დამღლელი წამიც და იგი გოგონასაც და თავის ოთხფეხა მეგობარსაც, მიუხედავად ქუჩის საშუალო განათებისა, HD ხარისხში ხედავდა.
-აი თურმე სად ყოფილხარ -გახარებული ტონით წარმოთქვა მოსულმა, ხის ძირას ფრთხილად დაიხარა, ნახევრამდე ჩამწვარი სიგარა უკანასკნელი გაბოლების შემდეგ ასფალტზე მოისროლა და ცხოველს ტყავის საყელურზე, მისთვის განკუთვნილი ჯაჭვი გამოაბა.
-ხომ არ შეგაშინა? -მხოლოდ ახლა გაახსენდა მას ჯერ კიდევ ხის ტოტზე მდგარი ბეა, რომელიც მათ ზემოდან დაკვირვებით გადმოჰყურებდა და სახიდან ბრაზი ჯერაც არ გაჰქრობოდა
-ცოტა არ იყოს. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ღამის გათენება აქ არ მომიწია
-გინდა ჩამოსვლაში დაგეხმარო?
-არა გმადლობ -რატომღაც მაშინვე იუარა -ჯობია ეგ მონსტრი აქედან მოაშორო, სახლში მაგვიანდება
ბიჭს თავისთვის ჩაეცინა და გამხმარ ხეს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. თან ბეას თვალს არ აშორებდა.
-არ მიკვირს, რომ არ მოეწონე. ჩვეულებრივ არავის უყეფს ხოლმე
-ჰო რა თქმა უნდა -ნერვები საგრძნობლად მოეშალა მას -მე ხომ გარეგნულად ჰაკლს ვგავარ. წესით არ უნდა მოვწონებოდი -და სწორედ ამ დროს, ხეზე დგომისგან გადაღლილი ფეხი, ყველაზე დაბალ, ოდნავ გამხმარ ტოტსაც ჩააწვდინა. აქედან უკვე შეეძლო ჩაეთვალა, რომ სამშვიდობოს იყო გასული. მისდა საბედნიეროდ არც შემცდარა-ხიდან ისე მოხერხებულად ჩამოხტა, რომ თავად მაიმუნიც კი, შურით გასკდებოდა ამის შემხედვარე.
-ყოჩაღ. როგორც ჩანს ხეზე ცოცვა გეხერხება
-ვცდილობ -ხმადაბლა მიუგო გოგონამ. იქვე თავისი თავისი მტვერში ამოგანგლული ჩანთაც მოიძია, ზურგზე სწრაფად მოიგდო და ისე, რომ ბიჭს არც კი გამომშვიდობებია, იქაურობას სირბილით გაეცალა. რაც არ უნდა ყოფილიყო, გულში მაინც ჩარჩა ის იდუმალი და მომხიბვლელი პიროვნება, რომელთან მიმართებაშიც, სიტყვა მომხიბვლელი ძალიან რბილი ნათქვამი იყო . . .
ნიავი კვლავ ნაზად დაიარებოდა, ხასხასა, მწვანე ფოთლებს შორის და მათ დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ვარსკვლავები ისევ ძველებურად კაშკაშებდნენ და საათის ისრებიც გაუჩერებლად მიუყვებოდნენ მორიგ დამღლელ წრეს. ამდენ ფიქრში გოგონას დროც კი გამოეპარა. შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასულად ითვლებოდა და ძილის დროც მოსულიყო. მაგრამ როგორ დაეძინა? მან ხომ კარგად იცოდა თავის პრობლემა? იქნებ ანდრეასთვისაც ეთქვა? არა, არა -მაშინვე თავი გადააქნია -ეს ყველაზე საშინელი აზრი იყო, მათ შორის, რაც კი აქამდე მოსვლია. მისთვის ამის გამხელას ვერ შეძლებდა, რადგან მამაკაცი ყველაფერს სხვანაირად გაიგებდა და ერთი მხრივ, ეს ლოგიკურიც იქნებოდა.
გოგონამ თავი გრილ მინას მიადო და ერთ ღრმა ამოხვნეშას, მთელი თავისი გულის ნადები ამოაყოლა. უკვე ვეღარც გაზაფხულის ნაზი ღამე ამხიარულებდა და ვეღარც, წყვდიადისფერ ცაზე ჯადოსნურად მბრწყინავი, პაწაწინა ვარსკვლავების სიკაშკაშე, თითქოს, გათენებამდე, რომ ცდილობდნენ მთელი ლიმიტის ამოწურვას და ამასთანავე, ერთმანეთს შორის მხიარული შეჯიბრებაც გაემართათ მთელი გალაქტიკის მასშტაბით.
ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მუდამ შეუჩერებელი დრო, ახლაც უწინდებურად აგრძელებდა სვლას. საათის ისრები, კვლავ მელოდიურად წიკწიკებდნენ.
დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ცოტა ხნით, სხვის მფლობელობაში უდიერად მიტოვებულ საძინებელ ოთახს, რამდენიმე წუთში, მისი კანონიერი მფლობელი მოაკითხავდა და კარგი იქნებოდა, თუკი ბეა მას წასული დახვდებოდა. ემოციებისგან გადაღლილმა გოგონამ, რომელსაც ახლა, იქ მთელი ღამით ჯდომა სიცოცხლესაც კი ერჩივნა, თითქოს ზანტად მოსწყვიტა თვალი ქუჩაზე ლამაზად გაყოლებულ, იასამნის ხეებს, ფანჯრის რაფიდან ჩამოსვლისთანავე, ტანზე მოხერხებულად შემოხვეული პლედი სწრაფად მოიხსნა, კვლავ ანდრეას საწოლზე დააბრუნა და ისე გაასწორა, რომ ვერავის შეემჩნია მისი ადგილის მონაცვლება. ძალიან ეუხერხულებოდა თავისთვის სრულიად უცხო ადამიანის პირად სივრცში შეჭრა და გულახდილად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა, სიზმარი.
ნეტავ ახლა თავის საწოლში, ისევ ნანას ხმამაღალ შეძახილს გაეღვიძებინა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთ რამეს ინატრებდა, მაგრამ ფაქტი იყო ნატრულოდა.
გოგონამ კიდევ ერთხელ შეამოწმა კარგად იყო გასწორებული საწოლი, თუ არა და როდესაც, გადასაფარებელზე ვერანაირ ნაკეცს ვერ მოჰკრა თვალი, გასასვლელი კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა. ცდილობდა ძალიან არ ეხმაურა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა ეს ახლა რა საჭირო იყო. წინ თმის ნაზი სწორებით მიიწევდა მოთენთილი ბეა და წამი-წამზე იქაურობას უნდა გასცლოდა კიდეც, რომ ზღურბლთან, მისთვის სრულიად მოულოდნელად, რაღაც დიდის და მყარის დაჯახება იგრძნო საკუთარ სხეულზე. შეშინებულს, რამოდენიმე წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს "რაღაც" კი არა, "ვიღაც" იყო.
გოგონამ თვალები დაახამხამა და კანდელაკს, უხერხული მზერით ახედა. რომ არა მისი ძლიერი მკლავები, ნამდვილად იატაკზე აღმოჩნდებოდა ზედმეტად ძლიერი შეჯახების გამო.
-მგონი, ახლა გადაგარჩინე -ღიმილით დააშტერდა მამაკაცი, მას ზემოდან. ბეას მკლავზე, ხელები ნაზად ჰქონდა შემოხვეული, თითქოს უფრთხილდებოდა, რომ რამე არ სტკენოდა
-გმადლობ, ანდრეა -მაშინვე გასვლა დააპირა წაქცევას გადარჩენილმა -და ბოდიში
-ბეა, მოიცადე . . .
-რა მოხდა?
-სანამ წახვალ, რაღაც საქმე მაქვს -შიგნით შევიდა და საწოლზე იდუმალი ღიმილით ჩამოჯდა -ცოტა ხნის წინ პასუხი მივიღე. არ გაინტერესებს ბეჭზე რა გაქვს ამოსვირინგებული?
ამ სიტყვების გაგონება და კარის მიხურვა ერთი იყო. გოგონა "ქმარს" წამის მეასედში გვერდით მიუსკუპდა და პასუხის მოლოდინში თვალის გუგები გაუფართოვდა.
-ანუ მართლა გაინტერესებს, არა?
-ანდრეა მითხარი, თორემ აი იმ ფანჯრიდან მოგისვრი და ოდნავადაც არ შემეცოდები -მოუთმენლობისგან უკვე ადგილზე ცმუკავდა. გულში ნატრობდა, რომ ეს ის არ ყოფილიყო, რაც კიდევ უფრო მოუშლიდა, ისედაც საკმაოზე მეტად მოშლილ ნერვებს.
ლამაზად გასწორებულ ტახტზე, აფორიაქებული გოგონას გევრდით მჯდარმა კანდელაკმა, როგორც ეს საუბრის გაწელვისას სჩვეოდა, ამჯერადაც სივრცეს გახედა. კვლავ ირიბად ჩაეცინა. როგორც ჩანს შექმნილი სიტუაციით ძალიან იყო კმაყოფილი.
-მიდი აბა ჩემი სახელი ხმამაღლა წარმოთქვი . . . ჰო რაიყო? ასე ნუ მიყურებ მიდი.
-შენი?? -წამით მართლა დაიბნა. გარკვეული დრო კი, ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. ალბათ უკვე კარგად ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს.-ოღონდ არ მითხრა რომ . . .
-ჰო -ღიმილით გააწყვეტინა "ქმარმა" -ჩემი სახელი გაწერია.






5 თავი
ანდრეამ სპორტ-დარბაზის მამაკაცი თანამშრომლებისათვის განკუთვნილ გასახდელში ნამძინარევი სახით შეაბიჯა და კარი ფრთხილად მოხურა. სამუშაო დღის დაწყებამდე კიდევ თხუთმეტი წუთი ჰქონდა. საბედნიეროდ გუშინდელისგან განსხვავებით არ დაუგვიანია, რადგან ბეამ ამჯერად "ქმრის" მანქანით სამსახურში მისვლაზე უარი განაცხადა და სამგზავროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჯობინა. დიდი ალბათობით ეს წინა დღეს შექმნილი უხერხული სიტუაციის გამო იყო. იქნებ საერთოდაც არ ღირდა იმის თქმა, თუ რას ნიშნავდა მკლავზე დახატული სვირინგი? ან იქნებ პირიქით-ღირდა, რათა იმ დროს მისი სახის გამომეტყველებისგან სიამოვნება მიეღო? მამაკაცს თავისთვის გაეღიმა და ზურგ-ჩანთის შესანახად კარადა გამოაღო. რამდენი რამ ჰქონდათ კიდევ მოსაგვარებელი. მარტო დღეს საღამოს ბეას მშობლების გაცნობა რა იყო? თან როგორც "ცოლისგან" იცოდა დედამისი ამ ამბავს ძალიან ცუდად შეხვედრია და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად წასულიყო. თუმცა იმედი ხომ ბოლოს კვდება? მთავარი ახლა ეს იყო . . .
კანდელაკმა კარადის გასაღები ორჯერ გადაატრიალა. შეამოწმა კარგად იყო დაკეტილი თუ არა და ის-ის იყო, გარეთ გასასვლელი კარები უნდა გამოეღო, რომ მოულოდნელად რაღაცამ შეაჩერა. ეს რაღაც, ჯიბეში ჩადებული მობილურის გაბმული ვიბრაცია იყო, რომელმაც მთელს სხეულში უსიამოვნო ტალღებად დაუარა. სწორად მიხვდა-ისევ თავისი და ურეკავდა. იგი ერთადერთი იყო მისი ოჯახიდან, ვის ზარებსაც ანდრეა არ აიგნორებდა. უფრო სწორად ვერ აიგნორებდა. იგი ხომ ელა იყო? ეს არგუმენტი ყველაფერს ხსნიდა . . .
-გისმენ
-ანდრეა დედას და მამას ზარებს რატომ არ პასუხობ? გამუდმებით მე მირეკავენ და სიმართლე გითხრა უკვე ნერვებს მიშლიან -უმცროსი კანდელაკი გაბრაზებული ჩანდა -მეგობრებთან ვარ ბზზზ . . . დავხედავ დედა რეკავს, შეყვარებულთან ვარ ბზზზ . . . ახლა მამა აწერია ეკრანს. გეფიცები მართლა დავიღალე!
-კარგი ნუ ყვირი, დაწყნარდი. გპირდები ამ დღეებში მე თვითონ დავურეკავ -ხის გრძელ, წითელი ფერის სკამზე ჩამოჯდა მამაკაცი -შენ როგორ ხარ?
-დარეკვა აღარც არის საჭირო. ხვალ მოფრინავენ და შეგიძლია პირდაპირ აეროპორტში დახვდე. როგორც კი გამოცდებს მოვრჩები, მეც გინახულებთ და ერთ მაგარ სილას გაგაწნი!
-მეც ძალიან მომენატრე დაიკო. ახლა უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს. აბა შენ იცი. -და ყურმილი მანამ დაკიდა, სანამ ელასგან საპასუხო დარტყმას მიიღებდა.
მობილურის სენსორი ჩაქრა. მან კვლავ ანდრეას მარჯვენა ჯიბეში დაიკავა საპატიო ადგილი და გასახდელიდან გასასვლელი ცისფერი კარიც, ხმაურიანად გაჯახუნდა.
"ესეიგი ხვალ აპირებენ ჩამოსვლას" -გაიფიქრა თავისთვის. ბოთლიდან ცივი წყალი მოსვა და სიცხისგან შეწუხებულმა მისი ნაწილი სახეზეც გადაივლო. საერთოდ არ ჰქონდა დღეს ვარჯიშის ჩატარების თავი, მაგრამ რა უნდა ექნა? სამუშაო სამუშაო იყო. არ დაუშვებდა, რომ პირად ცხოვრებას, იმ საქმიანობაზე მოეხდინა გავლენა, რისი კეთებაც, უკვე დიდი ხანია უწევდა.
დიდ დარბაზში, რომელიც ვერცხლისფერი ნათურებით იყო განათებული, ჯგუფი უკვე ათი წუთის შეკრებილი იყო. მათი ნაწილი დიდი სარკის წინ, ფოტოების გადაღებით ირთობდა თავს, ნაწილი მრგავლ დიდ ბურთებზე გაწოლილიყო და ტრენერის მოსვლამდე მარტივ ვარჯიშებს აკეთებდა, ხოლო დანარჩენები, იატაკზე ფეხმორთხმით ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდნენ. ანდრეას შემოსვლა და ყველას წამოდგომა ერთი იყო. ჯგუფს სამი ახალგაზრდა გოგონა შემატებოდა, რომლებიც კანდელაკს თვალებით ჭამდნენ და ერთმანეთს რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ.
-აბა ყველანი მზად ვართ? -მხიარულად იკითხა მამაკაცმა
-მზად ვართ! -ერთხმად უპასუხა ჯგუფმა და ამასობაში ის "სამეულიც" გამოვიდა წინ. მიზნად, რა თქმა უნდა, მწვრთნელის ყურადღები მიქცევა ჰქონდათ დასახული
-როგორც ვხედავ ახლებიც გვყოლია -მხოლოდ ახლა შეამჩნია ისინი დიდი სარკის წინ ზურგით მდგარმა კანდელაკმა. გოგონების მიზანიც ხომ ეს იყო? -თუ ჯგუფის გაცნობა ვერ მოასწარით, მაშინ წინ გამოდით და თქვენი სახელები ყველას უთხარით. ახლებმა ერთმანეთს გადახედეს. სახეზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდათ.
-მე ლიზა ვარ -პირველად მათ შორის ყველაზე მაღალი მიუდგა ტრენერს გვერდით. -ძალიან მიხარია, რომ თქვენს ჯგუფში მოვხვდი -ამჯერად მხოლოდ ანდრეას უყურებდა, თან გამომწვევად უღიმოდა. შეუმჩნევლად თვალიც კი ჩაუკრა და მზერა კვლავ წინ მიმართა. მალე ისიც გაირკვა, რომ დანარჩენებს, რომლებიც ლიზასთან შედარებით ნაკლებად თამამები ჩანდნენ, ანი და ნინი ერქვათ. თითოეული ახლადმოსული, ჯგუფმა საკმაოდ თბილად მიიღო. რა თქმა უნდა არც "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება"-ს თქმა დავიწყებიათ და ბოლოს, ანდრეამაც გოგონებს თავაზიანი ღიმილით სთხოვა თავიანთ ადგილს დაბრუნებოდნენ.
ვარჯიში დაიწყო.
მამაკაცი მთელი ძალით ცდილობდა საქმეზე გადდართულიყო და იმაზე არ ეფიქრა, რაც საუბედუროდ დღეს მის თავს ხდებოდა. ყველაზე მეტად, მაინც ის უმძიმდა, რომ აქედან მოყოლებული, უამრავი ტყუილის თქმა მოუწევდა იმ ხალხსთვის, ვინც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. მაინც როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ჭკუიდან გადაყავდა იმ გარემოებას, რომ სამი დღის წინანდელი ამბები, მისი მეხსიერებიდან ძირფესვიანად ამოშლილიყო. ნუთუ მცირე ფრაგმენტული მოგონებები მაინც არ უნდა დარჩენოდა იმ ღამიდან? ასეთი რა დალია? რა გააკეთა? იქნებ მეორე ცოლის მოყვანაც მოასწრო და დღე-დღეზე მასაც შემოეღო მისი სახლის კარი?
მხოლოდ ესღა აკლდა . . .
ისედაც ყოველთვის რთული ცხოვრება ჰქონდა. დედა და მამა გვერდით არ ჰყავდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თავისი დის ერთადერთი პატრონიც ის იყო. აბა რა უნდა გაეკეთებინა მათთვის მოხუც ბებიას, რომელიც თავის თავსაც კი ძლივს უვლიდა? ამ ყველაფრის გამო, ბავშვობა ფაქტობრივად არც უგრძვნია. ის ბედნიერი წლები, რომელსაც სხვები ეზოში თამაშში ატარებდნენ და ქვეყნად არაფერი ჰქონდათ სადარდებელი, მისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუმცა ვერც იმას იტყოდით, რომ ანდრეა სევდიანი იყო, ან მის სახეზე ღიმილი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. პირიქით, სხვების თვალწინ მუდამ მხიარულებას ინარჩუნებდა და ცდილობდა თავისი შინაგანით გარშემომყოფები არ შეეწუხებინა. რაღაც მხრივ, ბედნიერიც იყო. რაღაც მხრივ, უბედურიც, მაგრამ ამ უბედურებას, საბოლოო ჯამში, ბედნიერება სჭარბობდა. ეს ბედნიერება კი, იმის შეგრძნნება იყო, რომ სადღაც, თუნდაც ძალიან შორს, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ და ამ შემთხვევაში, მანძილი უკვე მეორე ხარისხოვანი მცნება იყო . . .
დრო გადიოდა . . . ანდრეა იზრდებოდა, ელა თანდათანობით უფრო და უფრო ლამაზდებოდა და მისი თაყვანისმცემლების გამო უფროს კანდელაკსაც მოსვენება ჰქონდა დაკარგული. არც ის უნდოდა დის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარეულიყო და არც ის, რომ ვინმეს მისთვის გული ეტკინა. ამიტომ ყოველთვის ფარულ კონტროლს მიმართავდა ხოლმე. გულახდილად რომ ვთქვათ ეს არც კი იყო საჭირო. ელა საკმაოდ ჭკვიან გოგოდ ითვლებოდა და მისგან ცუდი არაფერი იყო მოსალოდნელი. გულის სიღრმეში ამას, თვითონ ანდრეაც ხვდებოდა. ერთადერთი პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ როგორც ძმა, მაინც ვერ ისვენებდა და თავის დაზე მუდმივად ნერვიულობდა. ელას ადგილას ეს ბევრს გააღიზიანებდა კიდეც, თუმცა გოგონა ამას მისდამი დიდი სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნევდა და სხვანაირად ვერც წარმოედგინა. მათ ხომ რაღაც უჩვეულო, ყველასგან გასხვავებული დაძმობა ჰქონდათ? მუდმივად მხარში დგომას, რომ თავი დავანებოთ, ორივეს დაუფიქრებლად შეეძლოთ ერთიმეორის გულისთვის სიცოცხლე გაეწირათ, თანაც ისე, რომ ამაზე წამიერი დაფიქრებაც კი არ დასჭირვნოდათ.
სასიამოვნო იყო ეს მოგონებები. იმდენად სასიამოვნო, რომ დიდი სიხარულით დაბრუნდებოდა უკან და ყველაფერს თავიდან გამოივლიდა. ოღონდ ერთი რამის გამოკლებით. ამ ერთ რამეს ანა ერქვა და მას მამაკაცი თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მოიხსენიებდა.
-ყველაფერი გასაგებია? -ფიქრებით წარსულში მოხეტიალე ანდრეა როგორც იქნა მორჩა ჯგუფის ახალი წევრისთვის-ლიზასთვის სარბენი ბილიკის გამოყენების სწავლებას. რაღა თქმა უნდა გოგონამ ამის შესახებ ყველაფერი თავიდანვე იცოდა. უბრალოდ ეს ერთგვარი საბაბი იყო კანდელაკთან ახლოს ყოფილიყო და მისთვის თავის მოწონება შესძლებოდა. ყველა კარგად ამჩნევდა, თუ როგორ ხარბად ათვალიერებდა მის ყველა მოძრაობას, მიხრა-მოხრასა თუ რეპლიკას. დარბაზი რომ სავსე არ ყოფილიყო, ალბათ კისერზეც დაუფიქრებლად ჩამოეკიდებოდა, მაგრამ როგორც ვთქვით, აქ, ახლა მეტად ბევრ ადამიანს მოეყარა თავი, რაც ზემოთ ხსენებულის განხორციელების საშუალებას უკარგავდა.
-კი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მეშინია რომ გადმოვვარდები. შეგიძლია აქვე იყო და რომ ჩავრთავ ხელი მომკიდო?
-მისმინე, ამ ტრენაჟორზე ვარჯიშის დროს, პროცესში ყველა კუნთი უნდა იყოს ჩართული. არ შეიძლება ერთი რომელიმე ნაწილის მოდუნება -კანდელაკი ჩართვის ღილაკს დააწვა და თავდაპირველად ნელ რეჟიმზე დააყენა -სიჩქარეს მაშინ აუწიე, როცა ტემპს კარგად აჰყვები და ნელ-ნელა უმატე, გასაგებია?
-მე მინდა, რომ აქ იყო -მუდარით სავსე მზერა შეანათა მოწაფემ. მამაკაცი, მის სიტყვებზე ოდნავ გაღიზიანდა, თუმცა შეეცადა ეს გარეგნულად არ შესტყობოდა
-როდესაც რაიმე დაგჭირდება, აქვე ვიქნები და დამიძახებ. ახლა კი, მიდი ივარჯიშე
-მეგობარი გოგო გყავს, ანდრეა? -ურცხვად დააწია სიტყვა წასასვლელად მიბრუნებულ ტრენერს -შეყვარებული ვიგულისხმე
კანდელაკი წამით შედგა. გააბრაზა ასე თავხედურად და გამომწვევად დასმულმა შეკითხვამ, რომელსაც პასუხს არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა, რომ არ ჰქონოდა ის, რასაც ზრდილობა ერქვა და რაც მას არასდროს და არანაირ სიტუაციაში არ დაუკარგავს.
-ჰო მყავს მეგობარი გოგო. ოღონდ ის ჩემს სახლში ცხოვრობს და ჩემს ცოლს ვეძახი. ახლა კი, შენის ნებართვით სხვებსაც მივხედავ -და მანამ განაგრძო გზა, სანამ ბოღმისგან გასიებული და შეურცხყოფილი გოგონა რაიმეს თქმას მოასწრებდა . . .
დღემ, როგორც ყოველთვის, ერთფეროვნად ჩაიარა. დილის შემდეგ კიდევ სამ ჯგუფთან მოამთავრა დამღლელი ვარჯიში. საბედნიეროდ მეხუთე ბოლო იყო და სანამ მათი წევრები გამოჩნდებოდნენ, ანდრეას ერთ საათიანი შესვენება ჰქონდა. ამ პერიოდში შეეძლო სადმე წასულიყო და რაიმე ეჭამა. მართალია სპორტ-დარბაზსაც ჰქონდა საკუთარი სასადილო, მაგრამ იქ თითქმის არასდროს დადიოდა. რაც ამ ადგილას მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ, ქუჩის მეორე მხარის კუთხეში, ერთი პატარა კაფე ჰქონდა ამოჩემებული. პერერივის დროს ყოველთვის იმ ადგილს სტუმრობდა ხოლმე და რა თქმა უნდა, ტრადიცია არც დღეს დარღვეულა.
ანდრეამ სწრაფად, მაგრამ გულმოდგინედ მიიღო შხაპი გასახდელის ერთ-ერთ კაბინაში, სველი სხეული დიდი, თეთრი პირსახოცით შეიმშრალა, სავარჯიშო ტანსაცმელი ზურგ-ჩანთაში მოათავსა და საათს დახედა. ისრები ხუთის ნახევარს უჩვენებდნენ. რატომღაც ბეასთან დარეკვა გადაწყვიტა. აინტერესებდა რას აკეთებდა და მისთვის პატარა წინადადებაც ჰქონდა.
ზარი გავიდა. დაახლოებით ოცი წამიანი ლოდინის შემდეგ, რომლის დროსაც კანდელაკი გასახდელში წინ და უკან დაიარებოდა, ყურმილში გოგონას ნაზი და დაღლილი ხმა გაისმა. აშკარად ეტყობოდა, რომ დასვენება შეაწყვეტინეს.
-ცუდ დროს ხომ არ დავრეკე? მუშაობას უკვე მორჩი?
-ჰო სახლში ახლახანს დავბრუნდი -წამით სიჩუმემ დაისადგურა -რამე მოხდა?
-მაინტერესებს აპირებენ თუ არა დღეს მოსვლას შენი მშობლები და კიდევ . . . -ბეამ საუბარი შუა გზაზე გააწყვეტინა
-აპირებენ რა თქმა უნდა. მამას არ დაურეკავს, მაგრამ ჩემი აზრით რვისთვის აქ იქნებიან. იცოდე გონებაში რეპეტიციები გაიარე, თუ რა უნდა თქვა და რა არა. კიდევ ეცადე . . . -თუმცა ამჯერად კანდელაკმა არ აცალა ფრაზის დასრულება
-ბეა დაწყნარდი კარგი? ახლა შესვენების წუთები მაქვს. კაფეში ვაპირებ გასვლას და მაინტერესებს შენც ხომ არ მოხვიდოდი?
-სიმართლე გითხრა ძალიან მშია და სახლშიც საჭმელი არაფერია. რომელ კაფეში ხარ?
-მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი. ჩვენი სახლიდან მაინდამაინც შორს არაა
"ჩვენი სახლი" ყურებში ექოდ გაუმეორდა გოგონას ეს სიტყვები და რაღაც სასიამოვნოდ ეუცნაურა. ანდრეა ნამდვილად სიახლე იყო მის ცხოვრებაში. უნდა ეღიარებინა, რომ ეს სიახლე ძალიან მომხიბველი და ზედმეტად სიმპათიურიც კი იყო.
-კარგი გელოდები -მხოლოდ ამის თქმა შეძლო დაბნეულმა
კავშირი გაწყდა . . .
კანდელაკი მობილურის ეკრანის ქვედა ზოლზე გამოსახულ კონვერტს, ცერა თითით დააწვა და ბეასთან გადასაგზავნი შეტყობინება წამებში აკრიბა. ახლა მხოლოდ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა და ლოდინიღა იყო დარჩენილი. ამჯერადაც გაუმართლა. მისი საყვარელი ადგილი, ფანჯრის კუთხესთან თავისუფალი იყო და თითქოს ახლაც, როგორც წინა დღეებში, ანდრეას მისვლას ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი განსხვავება აშკარად შეიმჩნეოდა-მამაკაცს იქ ჯდომა უწინდელივით მარტოდმარტო აღარ მოუწევდა.
ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე იყო . . .




* * *
-გთხოვ, არ მითხრა რომ დავაგვიანე -უკნიდან მიადგა ბეა მაგიდასთან მარტოდმარტო მჯდარ კანდელაკს და მის გვერდით მდგარი სკამი ხმაურიანად გამოსწია
-მოსვლის დრო არც დამითქვამს, თორემ სხვა შემთხვევაში არ გაპატიებდი -გაეღიმა -რას დალევ?
-იყოს, ყავა
-ორი ყავა თუ შეიძლება -თითებით ანიშნა დახლთან მდგარ ახალგაზრდა მიმტანს და კვლავ გოგონას მიუბრუნდა -ყავასთან ერთად არაფერს შეჭამ? გამიგია რომ აქ კარგ კექსებს აცხობენ
-დასაწყისისთის, ერთი რამ უნდა გითხრა -მაგიდას მკლავებით დაეყრდნო ბეა. ნათელი იყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ადგა ენის წვერზე -მოდი ჯერ ამ შეკითხვით დავიწყებ-ანა ვინ არის?
ერთი შეხედვითაც კი მიხვდებოდით, თუ როგორი უსიამოვნო განცდები აღუძრა მამაკაცს ამ სახელის გაგონებამ და ეს გამომეტყველებაზეც აშკარად დაეტყო.
-ამ კითხვას რატომ მისვამ? და ანას შესახებ საიდან იცი?
-კარგი აღარ გავაჭიანურებ. მოკლედ დღეს სამსახურში მომაკითხა. აქამდე მტერი არ მყოლია, ახლა კი გამოდის, რომ მყავს
-რა გითხრა ბეა? -ბრაზის ნაპერწკლები ათამაშდა კანდელაკის მწვანე თვალებში
-ჯერ შენ მიპასუხე, ვინ არის ეს ქალი? რაიმე ურთიერთობა გქონდათ? ცუდად არ გამიგო, ამას იმიტომ გეკითხები რომ მაინტერესებს ვინ გადავიკიდე
-ჩემი ყოფილი ცოლია. ახლა შენ მიპასუხე
-ყოფილი ცოლი? -გუგები საგრძნობლად გაუფართოვდა -არც კი ვიცოდი ცოლს გაშორებული თუ იყავი -ბეამ თვალები დახარა. მიხვდა რომ სისულელე თქვა და სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა:-თუმცა საიდან უნდა მცოდნოდა, მხოლოდ ორი დღეა, რაც გიცნობ
-დაველაპარაკები და ამიერიდან აღარ შეგაწუხებს. ახლა კი, მითხარი რისთვის მოვიდა. არაფერი დამიმალო, გესმის?
-მგონი არ ღირს. მისი არ მეშინია. თავის დაცვას დამოუკიდებლადაც შევძელებ, თანაც . . .
-ბეა გისმენ! -მომთხოვნი ტონი გაურია ხმაში მამაკაცმა
-მითხრა თუ ანდრეას არ გაშორდები და თავს არ დაანებებ, შენს მიმართ საკმაოდ დაუნდობელი ვიქნებიო. მერე ისიც დაამატა მას მხოლოდ მე ვუყვარვარ და რაც არ უნდა ქნა, მუდამ ასე იქნებაო. მისი სიტყვებიდან მეტი აღარაფერი მახსოვს.
-მეტისმეტად ღრმად შეუტოპავს -ბრაზისგან ხმას აუწია ანდრეამ და ოფიციანტის მიერ იმწამს მოტანილი ყავის ფინჯნები სიმწრისგან კინაღამ დაამსხვრია. -ანას მაგივრად მე გიხდი ბოდიშს. ეს ყველაფერი არ უნდა მოგესმინა.
-საბოდიშო არაფერი გაქვს, ანდრეა
-არა მაქვს და გპირდები, რომ ეს აღარ განმეორდება -კანდელაკი მის ხელს ნაზად შეეხო და თვალებში ჩახედა. რაღაც უცნაური ჟრუანტელი მოჰგვარა ორივეს ამ მოულოდნელმა და დაუგეგმავმა შეხებამ. თითქოს იმწამს პულსაციაც კი შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ყველანაირად შეეცადნენ ეს გარეგნულად არ შესტყობოდათ.
-კარგი, თემა შევცვალოთ. ტელეფონში მომეჩვენა რომ აქ რაღაცის სათქმელად დამიბარე -ბეამ ყავის ფინჯანს თითები ლამაზად შემოაჭდო და სანამ იქედან ცხელ სითხეს მოსვამდა "ქმარს" მზერა თამამად გაუსწორა
-ჰო, სწორად მიხვდი. ხვალ ჩემი მშობლები ბრუნდებიან და მინდოდა ეს გცოდნოდა. ვაპირებ აეროპორტში დავხვდე და მინდა, რომ იმ დროს შენც ჩემს გვერდით იყო
ბეას ყავა კინაღამ გადაცდა. ამას აშკარად არ მოელოდა.
-ანუ ხვალ მე მომიწევს შენს მდგომარეობაში ყოფნა? -ძლივს მოახერხა კითხვის დასმა ჩახლეჩილი ხმით -არა, არა რაღაც სისულელე წამომცდება და მათთან თავს შევირცხვენ. ანდრეა გთხოვ ოღონდ ხვალ არა. უკეთესად მოვემზადები, ფურცელზე დავწერ რა უნდა ვთქვა და რა არა. კიდევ . . .
-მოიცა, მოიცა -გულიანად გაეცინა მას -შენ რა ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობ?
-ნუ დამცინი!
-არ დაგცინი უბრალოდ იმაზე ვფიქრობ რომელი დამამშვიდებელი საშუალება უფრო მოგიხდება
ბეამ წარბები ბრაზიანად დაწკიპა. სკამის საზურგეს მოხერხებულად მიყრდნობილი, "ქმარს" მობღვერილი მზერით მანამ უყურებდა, სანამ მის წინ, მაგიდაზე დიდი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი არ დაიდო.
-ეს ვინ შეუკვეთა? -გაკვირვებული სახით ახედა ოფიციანტს კანდელაკმა
-აქცია გვაქვს -ღიმილიანი გამომეტყველებით დაიწყო მიმტანმა გოგონამ, რომელსაც კაფის ლოგოთი გაფორმებული, შავი წინსაფარი ეკეთა -ორი ფინჯანი ყავის შეკვეთის შემთხვევაში, ნამცხვარი საჩუქრად გერგებათ
-გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა
ოფიციანტმა წყვილს დამშვიდობებისას, ამ დაწესებულების ეტიკეტის მიხედვით, თავი ღიმილით დაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მორიგი შეკვეთის მისაღებად. "ცოლქ-მარი" მაგიდასთან ისევ მარტონი დარჩნენ. პატარა კაფედან, რომლის ფანჯრებშიც ნელ-ნელა იჭრებოდა ნაცრისფერი ბური, ხალხი ნელ-ნელა იფანტებოდა და სასიამოვნო სიწყნარე ისადგურებდა.
ერთი შეხედვით რომანტიული გარემოც კი იყო . . .
-იცი რომ ამქვეყნად შოკოლადის ნამცხვარზე გემრიელი არაფერია? -სიამოვნებისგან თვალებდახუჭულმა დასვა ბეამ რიტორიკული შეკითხვა და მორიგი ლუკმა პირისკენ ისე წაიღო, ანდრეას ღიმილიანი მზერა არც კი შეუმჩნევია.
-ალბათ დაძაბულობამ უკვე გადაგიარა. ცოტა ხნის წინ კი, ძალიან ნერვიულობდი
-შოკოლადი ყოველთვის მეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში. შენ რას მოყავხარ ხასიათზე? ვარჯიშს? თუ როცა მოიწყენ ყოველთვის დასალევად მიდიხარ და თითო ცოლი მოგყავს?
-ჰო, ბოლო დროს ასეთი ჰობი ამეკვიატა -აჰყვა ხუმრობაში ანდრეა -მოკლედ თუ მოგწონს, აქ სხვა დროსაც წამოგიყვან
-დიდი სიამოვნებით. წინ მთელი ერთი წელი გვაქვს. შენც ხომ არ შეჭამ? -პირთან ახლოს მიუტანა "ქმარს" ჩანგალზე წამოცმული, მოზრდილი, შოკოლადის სიროფში ამოვლებული ლუკმა
-არა, არა. ნამცხვარს არ ვჭამ. შეგიძლია ბოლომდე დატკბე შენი საჩუქრით
-რა უცნაური ადამიანი ხარ -წარბები გაკვირვებისგან შეჭმუხნა -როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს?
-კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ -უკანასკნელად მოსვა ყავა თეთრი ფაიფურის ფინჯნიდან და იგი ისევ მაგიდაზე დადებულ, ყვავილებიან თეფშზე დააბრუნა -მგონი შენი ტელეფონი რეკავს, არა?
-ჩემი? -ბეამ ჭამა მაშინვე შეწყვიტა და თავის ჩანთაში, გამალებული მოჰყვა ქექვას. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მობილურს, შუანა, ელვაშესაკრავით დაცულ ჯიბეში მიაგნო. აციმციმებულ ეკრანს დახედა თუ არა, სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა. ალბათ ზარი სასურველი ადამიანისგან შემოდიოდა -მამაჩემია, ალბათ უნდა მოსვლის დრო გაგვაგებინოს. წავალ გარეთ ვუპასუხებ.
-თუ მეტი არაფერი გინდა, ანგარიშსაც მოვითხოვ
-კარგი მოითხოვე. ნამცხვრის ჭამას მოვრჩები და წავიდეთ . . .

კაფის კარი უხმაუროდ გაიღო და ასევე უხმაუროდ დაიხურა. მაგიდასთან დარჩენილი კანდელაკი, ამჯერად "ცოლს" ვიტრინის ფანჯრიდან ადევნებდა თვალ-ყურს. აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას, მიხრა-მოხრას, ტანსაცმელს, თმას და თითებსაც კი, რომლითაც ტელეფონი ეჭირა. რაღაც შეუცნობელი გრძნობებით ივსებოდა მთელი მისი არსება. ჯერ ისიც კი ვერ გაეცნობიერებინა ბოლომდე, რომ ბეა მისი ცოლი იყო, თუმცა ეს ფაქტი, უწინდებურად დისკომფორტს და უსიამოვნებას აღარ უქმნიდა. თითქოს ნელ-ნელა რაღაცეები იცვლებოდა და გვარდებოდა. მართლაც რომ საოცარი იყო . . .
კანდელაკი წამით მაგიდის პრიალა ზედაპირს დააცქერდა. გაურკვევლობაში მყოფმა მის ზედაპირზე, მარჯვენა ხელის თითებით, წარმოსახვითი წრეების ხაზვა დაიწყო. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც რამეზე ღრმად ჩაფიქრდებოდა. ამჯერად, მისი აზრები, მხოლოდ და მხოლოდ ბეას დასტრიალებდნენ. სწორედ იმ დროს, როდესაც მამაკაცი თავის იდუმალებით მოცულ გონებაში იქექებოდა და როდესაც ცოტა ხნის წინ ლურჯი ცა, თანდათან იფარებოდა ავისმომასწავებელი ნაცრისფერი ღრუბლებით, მოპირდაპირე ადგილიდან ერთდროულად წამოდგა მოხუცი ცოლ-ქმარი და გასასვლელი კარისკენ გზა, მათი ასაკისთვის შესაფერისი, ნელი ნაბიჯებით გაიკვლია. ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეში ახლა მხოლოდ სამი ადამიანიღა დარჩენილიყო. არა, არა უკვე ოთხი. ერთმა, სწორედ იმ წუთას შემოაღო კარი და იქ მდუმარედ მჯდომ პირებს დაემატა. მოსულს სახეზე დაძაბულობა, ხოლო თვალებზე ცრემლების ნაკვალევი ემჩნეოდა. ერთი შეხედვითაც კი მიხვდებოდით, რომ რაღაც ცუდი მოუვიდა.
-ანდრეა წავიდეთ აქედან -ტირილით მიუახლოვდა თავის მაგიდას აფორიქებული გოგონა და შავი, ტყავის ჩანთა მარცხენა ბეჭზე გადაიკიდა
-რამე მოხდა? რა გატირებს?
კანდელაკი ყავისფერი, მრგვალი სკამიდან, სწრაფად წამოდგა. არანორმალურმა სურვილმა წამოუარა ატირებული გოგონა გულში ჩაეკრა და ისე დაემშვიდებინა, თუმცა ხვდებოდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.
-არ მაპატიებს. არასდროს მაპატიებს ანდრეა -ტირილს თანდათან უმატებდა იგი -დღეს არავინ მოვა. ყველაფერი ჩაიშალა -სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ძლივსძლივობით ამბობდა. წინანდელი პოზიტივი თითქოს სადღაც, უკვალოდ გამქრალიყო -მამამ მითხრა რომ დედას დათანხმება ვერ შეძლო. მორჩა ეს უკვე დასასრულია. ძალიანაა გაბრაზებული. მითხარი რა უნდა ვქვნა? ეს როგორ მოვაგვარო?
-წამომყევი. ახლა მე შენ ერთ ადგილას წაგიყვან
-სად?
-არაფერი მკითხო. უბრალოდ მენდე. დარწმუნებული ვარ იქ ყოფნა დაგამშვიდებს -მზრუნველად დაადო მხარზე ხელი და ფული მაგიდაზე, თავისი ფინჯნის გვერდით დატოვა
-მაგრამ შენ ხომ შესვენება გქონდა? სამსახურში არ უნდა დაბრუნდე?
-არაუშავს, ვინმეს დავურეკავ და შემცვლის. ახლა ჩემთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია. ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დაგტოვებ
-გმადლობ ანდრეა -ვერც კი გაიაზრა ისე ჩაჰკიდა ხელი "ქმრის" მარჯვენას და ცრემლიანი თვალებით ახედა.
პატარა, მყუდრო კაფეს კიდევ ორი ადამიანი გამოაკლდა . . .










6 თავი
აეროპორტის მოსაცდელში, რიგით მესამე სკამზე იჯდა და გრძელ, ლამაზ თითებს ნერვიულად იმტვრევდა. ვერაფრით ახშობდა დილიდან მოვარდნილ აღელვებას. ეს მისთვის რაღაც ახალი იყო და სწორედ ამიტომ უჭირდა ყველაფრის აღქმა და გადახარშვა. რამდენი რამ უნდა გადაეტანა მანამ, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა?! გამუდმებით უნდა ეცრუა, ეთვალთმაქცა და ეს ყველაფერი ერთი სულელური ღამის გამო, რომლიდანაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ სრულიად არაფერი აგონდებოდა.
და მაინც რა კომიკური იყო ეს სიტუაცია?! მხოლოდ ფილმებში თუ წარმოედგინა მსგავსი ტიპის სიუჟეტი, მაგრამ გამოდიოდა, რომ ახლა თავად იყო ზემოთ ხსენებული ფილმის პერსონაჟი, ხოლო რაც შეეხება, ამ სცენარში მეორე მთავარი როლის შემსრულებელს, ამწუთას გოგონას გვერდით უხმოდ ჩამომჯდარიყო და მხოლოდ შიგადშიგ თუ გამოხედავდა სკამზე დაძაბულად მჯდარ "ცოლს", რომელიც ყველანაირად ცდილობდა მღელვარება გარეგნულად არ შესტყობოდა. როგორც ჩანს, ეს არც ისე კარგად არ გამოსდიოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ მისი დამფრთხალი მზერაც საკმარისი იყო იმისთვის, რათა მიმხვდარიყავით თუ რა აწუხებდა ბეას გულს. გოგონა, ამწუთას, მართლაც, რომ გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა, ამიტომ ანდრეამაც ვეღარ მოითმინა, ტელეფონიდან თავი ამოყო და მისკენ მთელი ტანით მიტრიალდა :
-თუ ასე ინერვიულებ, საბოლოოდ იმას მიაღწევ, რომ ნერვოზს აიკიდებ -გოგონას ყურთან ტუჩებმიტანილმა, ხმამაღლა გააჟღერა თავისი სიტყვები, რადგან ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ლაპარაკისა და ჩემოდნის ბორბლების პრიალა იატაკზე გორვის ხმა მოისმოდა.
აეროპორტი ხმაურობდა . . .
-ჰა? რამე მითხარი? -ახლად გაღვიძებული ბავშვის სახით გამოერკვა ბეა ღრმა ფიქრების ბურუსიდან. პარალელურად შეეცადა თითების მტვრევისთვის თავი დაენებებინა. არ უნდოდა თავისი თავი გაეცა
-ცოტა დამშვიდდი კარგი? შენს ლომის გალიაში შეგდებას არ ვაპირებ -გაეცინა და გვერდზე გაიხედა -აი შეხედე, მოდიან კიდეც -ხელით საბარგო განყოფილებიდან მომავალი შავკანიანი წყვილისკენ ანიშნა ანდრეამ -ესენი არიან. წამოდი მივესალმოთ
ბეას "ქმრის" სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა და ანდრეას კანის ფერს საგულდაგულოდ დააკვირდა. მისმა გამომეტყველებამ მიახვედრა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.
-როგორც იქნა, რაღაც პროგრესი გვაქვს -ანდრეაც გაახარა მისმა გამხიარულებამ -გიხდება ღიმილი იცი?
-შენ რა მეფლირტავები? -გვერდულად და ვითომ გაბრაზებულმა გამოხედა -მგონი არ გეყო გუშინ რაც თავბრუ დამახვიე -და მაშინვე ენაზე იკბინა.
"რამდენს ლაპარაკობ ბეა, რა სულელი ხარ" -გამოლანძღა თავისი თავი გონებაში
-გუშინ? -კანდელაკი საზურგეს კმაყოფილი ღიმილით მიაწვა -სახეზე გატყობ, რომ ისეთი რაღაც წამოგცდა, რაც არ უნდა წამოგცდენოდა. და შენი შეკითხვის პასუხია- არა.
-რომელი შეკითხვის? -ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა სირცხვილისგან აწითლებულმა
-მკითხე ხომ არ მეფლირტავებიო. მე კი გპასუხობ, რომ არა
-თუ ასეა ეს რა იყო?
ანდრეამ მხრები აიჩეჩა. გოგონას თვალი თვალში ისე გაუყარა, თითქოს მის მიღმა ცდილობს რაღაცის დანახვასო.
-არის ასეთი რამ, კომპლიმენტს ეძახიან და ქალების უმეტესობას, როგორც ვიცი მისი მოსმენა სიამოვნებს. არც ეჭვის თვალით იყურებიან როგორც ამას შენ აკეთებ. ამომწურავი პასუხი გაგეცი? -ირონიული ღიმილი გამოესახა სახეზე კანდელაკს და გოგონას გულუბრყვილო მზერის დანახვაზე, მეორედ მოუნდა მაგრად ჩახუტებოდა.
-იცოდე . . . -ბეამ რაღაც მუქარის მაგვარის მოფიქრება დაიწყო, თუმცა თავისდა საუბედუროდ, ყველაზე სულელური რამ მოიფიქრა, რაც კი შეიძლებოდა -იცოდე თუ ასეთი ტონით დამელაპარაკები ხოლმე ცუდ საჭმელებს მოგიმზადებ და შენი ერთგული არ ვიქნები
ერთხანს თვალებში უყურა. ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა შემდეგ ვეღარ მოითმინა, თავი ჩაღუნა და გოგონას სიტყვებზე ჩუმი სიცილი აუტყდა. მთელი ამ დროის მანძილზე, ბეა გაშტერებული უყურებდა მის გევრდით მჯდომ მამაკაცს და თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ ანდრეას ღიმილი არაამქვეყნიურად უხდებოდა.
უეცრად, გუშინდელი დღეც წარმოუდგა თვალწინ. მდინარე, მწვანე ხეები, ფოთლების მელოდიური შრიალი, საოცარი სიმშვიდე, გრილი ნიავი და ნაპირზე მჯდარი ორი სილუეტი.
ჰო, სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც კანდელაკმა ბეა წაიყვანა. და მართალიც აღმოჩნდა. იმ გარემომ გოგონაზე იმდენად დადებითად იმოქმედა, რომ ლამის ყველაფერი გადაავიწყა. მან თავის გონებაში, ზემოთ ხსენებულ ადგილს "ჯადოსნური სამეფოც" კი უწოდა და კარგად დაიმახსოვრა იქ გატარებული თითოეული წამი. ყველაზე უფრო, მაინც მის გვერდით მჯდარი ანდრეას გამომეტყველება ჩარჩა მეხსიერებაში, რომელიც იმაზე მეტად აჯადოებდა, ვიდრე ამას თვითონ წარმოიდგენდა.
რა იყო ეს? რა ემართებოდა? წარმოდგენა არ ჰქონდა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბას მოტყუებას სადამდე გააგრძელებდა? დღე-დღეზე იგი სამსახურის საქმეებს მორჩებოდა, ქალაქში დაბრუნდებოდა და როცა ბეას ნახვას მოისურვებდა რა გაეკეთებინა?
ჯერჯერობით საქმე არც ისე ცუდად იყო. გოგონას საუკეთესო მეგობრის, მეგის წყალობით, საბას ყურამდე არაფერი მიდიოდა. ისინი ერთად მუშაობდნენ რომელიღაც ტურისტულ სააგენტოში და ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოსულ უცხოელებს, სხვადასხვა კუთხის მონახულებისას გიდობას უწევდნენ. ახლაც ასეთი ტური ჰქონდათ შესასრულებელი გერმანელ და ამერიკელ ტურისტებთან. მეგი გერმანულს ფლობდა კარგად, ხოლო საბა, როგორც ინგლისურის კარგად მცოდნე გიდი უწევდა მათ ექსკურსიამძღოლობას.
ბეას თხოვნით, მეგიმ ბიჭი მთელ სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კავშირებს მოსწყვიტა, თანაც საკმაოდ ბოროტი მეთოდით-მისი ტელეფონი სპეციალურად დაამსხვრია, შემდეგ კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა.
თვალთმაქცობა მართლაც რომ კარგად გამოსდიოდა. ნებისმიერის დარწმუნება შეეძლო საკუთარ სიმართლეში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ სასტიკი სვლით საბასა და ტელეკომუნიკაციას შორის კავშირი გაწყდა. ბეასთან ხანდახან თუ ახერხებდა დარეკვას და ისიც მეგის მობილურით. იმისთვის, რომ საბას ახალი ტელეფონის ყიდვა ვერ მოეხერხებინა, მას ათასი ხრიკის მოფიქრება უწევდა და, რა თქმა უნდა, ამას წარმატებითაც ართმევდა თავს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი დღე გვერდიდან არ სცილდებოდა და მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადღა თუ ტოვებდა მარტო.
ბუნებრივია, ვერ იტყოდით, რომ საბას ეს ყველაფერი არ უკვირდა და არ აოცებდა გოგონას გადაჭარბებული ყურადღება, თუმცა მეგი ხომ, მის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა? მისგან ასეთი სიგიჟეები საბასთვის ნაცნობიც იყო და ამას დიდი ხანია მიეჩვია კიდეც. აბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ეს სინამდვილეში სიგიჟე კი არა, დიდი ტყუილის დაფარვის მცდელობა იყო? შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ისმოდა ერთი დიდი და დამაინტრიგებელი შეკითხვა -როგორ უნდა ეთქვათ მისთვის ეს ყველაფერი?
ბეას ამდენი ფიქრისგან უკვე თავი სტკიოდა. დაკვირვებით ადევნებდა თვალს აეროპორტში აქეთ-იქით მოსიარულე ხალხს, რომელთაგან თითოეული თავის საქმეებზე მიიჩქაროდა და გულში ნატრობდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. ბოლოს და ბოლოს ადვილი საქმე ხომ არ იყო "ქმრის" მშობლებისთვის თავის მოწონება? თან არც ის იცოდა როგორი ხასიათის ადამიანები იყვნენ, რა მოსწონდათ და რა არა? იყვნენ თუ არა კაპრიზულები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და ა.შ. რაც იყო იყო, ამისთვისაც უნდა გაეძლო.
ბეამ ირგვლივ მიმოიხედა, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, ჩანთიდან უხმოდ ამოაძვრინა თავისი საყვარელი შოკოლადი, რომელიც მისი ნერვების დასაწყნარებელი საუკეთესო საშუალება იყო და ერთი ფილა ჩამოტეხა.
-ხომ არ გინდა? -რა თქმა უნდა, არც მის გვერდით მჯდომისთვის შეთავაზება დავიწყებია
-შოკოლადს არ ვჭამ, მაგრამ შემოთავაზებისთვის გმადლობ -თბილად გაუღიმა მამაკაცმა, პარალელურად ტელეფონზე შემომავალი ზარი უსიამონვო გამომეტყველებით გათიშა. როდის დაანებებდა თავს ამ ქალის აჩრდილი? უკვე მოთმინება აღარ ჰყოფნიდა. საბედნიეროდ გოგონას არაფერი შეუმჩნევია, ისევ თავისას განაგრძობდა :
-ნამცხვარს არ ჭამ, შოკოლადს არ ჭამ. საერთოდ რაიმე გიყვარს?
-გითხრა, რა მიყვარს?
-მითხარი -ჭამა შეწყვიტა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მოსალოდნელმა პასუხმა ძალიან დააინტერესა
ანდრეამ საათს დახედა, გაეღიმა და როგორც კი რაღაცის სათქმელად პირი გააღო, იმწამს, ნაცნობმა ხმამ მისი სახელი დაიძახა, თანაც საკმაოდ ხმამაღლა. მამაკაცმა, თავი გვერძე, მაშინვე მიაბრუნა და როგორც კი, გორგოლაჭებიანი ჩემოდნებით მომავალ, შუა ხნის მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელსაც უკან ჩანთნაგადაკიდებული და გაღიმებული ქალი მოსდევდა, მაშინვე ბეას გადახედა გამამხნევებელი მზერით.
-ნუ გაქვს ასეთი დამფრთხალი სახე -ხელი ჩაჰკიდა და ფეხზე წამოაყენა -წამოდი წავიდეთ -და მერე ისეთი რაღაც წამოცდა, რომლის არსი, ბოლომდე თავადაც ვერ გაიაზრა. სიტყვები ასე ჟღერდა :-მე შენ გვერდით ვარ. ნუ გეშინია . . .
მართლაც, რომ ძალიან ძნელია იმ ემოციების და სიხარულის გადმოცემა, რომელიც ამწუთას იქ და იმ დროს დატრიალდა. მშობლებს თავისი ერთადერთი ვაჟი, მისი პირველი ქორწინების შემდეგ არ ენახათ და, ბუნებრივია, მოფერება და დედის გულწრფელი სიხარულის ცრემლებიც ბევრი იყო. ბეას კი, როგორც ჩანს, სულ ტყუილად ეშინოდა. იგი იმდენად თბილად მიიღეს ანდრეას მშობლებმა, რომ თავის წინანდელ საქციელზე ბევრსაც იცინებდა საშუალება რომ მისცემოდა. ამ ყველაფერმა ბედნიერებასთან ერთად სევდაც მოჰგვარა. თუ ანდრეას მშობლებმა ასე კარგად მიიღეს ეს ყველაფერი, მაშინ ნანას რატომ არ შეეძლო მისთვის ეპატიებინა? იმედია ამასაც დრო სჭირდებოდა და მალე ყველაფერი გადაივლიდა. ამაზე საფიქრელად ბევრი დრო არც ჰქონია. მათი ჩამოსვლის წუთიდან მთელი გზა აეროპორტის შენობიდან მანქანამდე და შემდეგ სახლამდე იმაზე საუბარს მოანდომეს, თუ როგორ გაოცებით შეხვდნენ ამ მოულოდნელ ამბავს და როგორ გაუხარდათ ყოველივე ეს. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერც იმ კითხვას აარიდეს თავი, თუ როგორ გაიცვნეს ერთმანეთი ანდრეამ და ბეამ. ამას ანდრეას დედის დაჟინებული თხოვნაც დაემატა. მორჩა, როგორც არ უნდა სდომოდათ, კითხვას თავს უკვე ვეღარ აარიდებნენ და სწორედ ამ დროს, ამწუთას შეიქმნა უხერხული სიტუაცია. კითხვაზე, თუ სად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს პირველად, ორივეს განსხვავებული და ერთდროული პასუხი ჰქონდა. ბეამ საერთო მეგობრის დაბადების დღე დაასახელა, ხოლო ანდრეამ თქვა, რომ იგი პირველად აგარაკზე დასვენების დროს ნახა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მანქანის სალონში რამდენიმე წამით, უხერხულმა და დაძაბულმა სიჩუმემ დაისადგურა. "ცოლ-ქმარმა", რომელთაც წინა სიდენიებზე დაეკავებინათ ადგილი, ერთმანეთს უხერხულად გადახედეს და ორივემ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შემოებრუნებინათ სიტუაცია თავისდა სასიკეთოდ.
-ბოლოს და ბოლოს, რომელი ამბობთ სიმართლეს? -სიცილით იკითხა ანდრეას მამამ და უკანა საქარე მინა ნახევრამდე ჩამოსწია
-ჰო, ჰო რა თქმა უნდა -სახეზე უხერხული ღიმილი გადაეფინა ტყუილში გამოჭერილ გოგონას -დაბადების დღეზე მეორედ შევხვდით. რატომღაც ამერია
-არ გინდათ თქვენზე უფრო მეტი მოყვეთ? -ახლა დედამისი ჩაერთო საუბარში -როგორ მოხდა ყველაფერი, როგორ ააწყვეთ ურთიერთობა, პირველი რომელი თქვენგანი გამოუტყდა გრძნობებში?
ბეას სახე გაებადრა, თმა გევრძე გადაიყარა და კანდელაკს გამომწვევად გახედა. აშკარა იყო, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
-იცით? ანდრეა გიჟდება ამის მოყოლაზე. მოდით არ ვაწყენინოთ და ყველაფერი მან თქვას
რთული სათქმელია, რას ნიშნავდა იმ დროს კანდელაკის გამომეტყველება. ერთბაშად იღიმოდა კიდეც, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებოდით ამ ღიმილიანი თვალების მიღმა ბრაზის ნაპერწკლებსაც დაინახავდით და შურისძიების სურვილსაც.
-იცი ბეა? ასეთ ისტორიებს ყოველთვის ქალბატონები ყვებიან -მე შენ გიჩვენებ სეირი-ს მზერით გახედა -მათ უფრო ლამაზად გამოსდით და მოდი ტრადიციას ნურც დღეს დავარღვევთ
-კარგი, როგორც შენ გინდა. მე მოვყვები -"დედამთილ-მამამთილს" ღიმილიანი სახით მიუბრუნდა გოგონა. ნამდვილად რაღაც მზაკვრული ჰქონდა მოფიქრებული. ეს მის სახეზე ისე ნათლად იკითხებოდა, რომ დაკვირვებაც კი არ იყო საჭირო -მოკლედ ექვსი თვის წინ გავიცანი, როგორც უკვე იცით, აგარაკზე დასვენების დროს. მეორედ ერთმანეთს მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. იმ დღიდან მოყოლებული, სულ კუდში დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა, ყოველ დღე კარებთან ას წითელ ვარდს მიტოვებდა, რომელშიც საყვარელი, დათუნიებით გაფორმებული ბარათები იდო და მათში ცდილობდა გულები თავისი ხელით დაეხატა. მართალია, ეს გულების გარდა ყველაფერს ჰგავდა, მაგრამ ამას არაუშავს, ხატვის ნიჭი არ აქვს. მთავარია, რომ ცდილობდა -გოგონამ საჭესთან მჯდომს გამომწვევად გახედა და მისმა გამომეტყველებამ ლაპარაკის გაგრძელების სურვილი აღუძრა -აღარაფერს ვამბობ იმ სასიყვარულო მესიჯებზე, რომელსაც წუთში ათჯერ მაინც მიგზავნიდა. იცით? ერთხელ ლექსიც კი მომიძღვნა და როცა აივანთან, მუხლებზე დაჩოქილი მიკითხავდა, ჩემ ქვემოთ მცხოვრებ მეზობელს გაეღვიძა და საწყალს თავზე ცხელი წვნიანი გადმოასხა.
სალონში ხმამაღალი სიცილი ატყდა. ერთადერთი, ვინც მოღუშული მზერით იჯდა, ეს ანდრეა იყო. აშკარად ნანობდა სიტყვა, რომ ბეას გადააბარა.
-ერთხელ იცით რა ქნა? -კვლავ განაგრძობდა მასზე გაბრაზებული ვიყავი. ხომ იცით შეყვარებულები რა ხშირადაც კინკლაობენ? ჰოდა ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის მერე, შინ მომადგა -ხელები გულზე გადაიჯვარედინა. იმდენად სწრაფად ლაპარაკობდა, რომ ძალიანაც რომ სდომოდათ, სიტყვას ვერ ჩააკვეხებდნენ -მეც რა თქმა უნდა, შიგნით არ შემოვუშვი და საწყალმა მთელი ღამე ჩემი სახლის წინ, წვიმაში დამდგარმა გაათია. მეორე დღეს ფილტვების ანთება ჰქონდა და მაინც ჩემი მოსავლელი გახდა. აი ასე შევრიგდით და . . . . -გოგონას ლაპარაკი მკვეთრმა და ხმამაღალმა დამუხრუჭებამ გააწყვეტინა. მანქანის სალონში სიცილი მაშინვე შეწყდა და წამით მდუმარებამ დაისადგურა. სანამ ვინმე რაიმეს იკითხავდა, ანდრეამ ჯიბიდან საფულე ამოიღო და უკან მიტრიალდა:
-მამა ჩვენ ცოტა ხნით მარკეტში გადავალთ -მერე "ცოლს" მიუბრუნდა და თვალებით ანიშნა ახლავე გადმოდიო. ეს "რომანტიული ნოველა" დაუყოვნებლივ უნდა დაესრულებინა.
"ცუდადაა ჩემი საქმე" -აკივლდა გოგონას შინაგანი ხმა. თუმცა ბეა რისი ბეა იყო, ამ შიშის მიუხედავად, ავტომობილიდან მაინც მტკიცე და ამაყი მზერით, რომ არ გადასულიყო, ისე, თითქოს არავისი და არაფრის დარდი არ ჰქონდა. მისი სიტყვებისგან ნერვებმოშლილი კანდელაკი, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მზისგან გახურებულ ტროტუარზე ელოდა, სახეზე კი, აშკარა მოუთმნელობა ეწერა, რომელიც სულაც არ იყო ორმხრივი მოძრაობის გზაზე, აქეთ-იქით მოსრიალე ავტომობილების გაუთავებელი სიგნალების ბრალი, რის გამოც, ქუჩაში მოსიარულეთ, ჩვეულებრივზე ერთი ტონით მაღლა უწევდათ საუბარი . . .
-ხომ ვერ ამიხსნი ეს რა იყო?
-რაზე ამბობ?
-რა სისულელეები ილაპარაკე? აივანთან დჩოქილი ლექსებს მიკითხავდაო, არა? -გაეცინა -კიდევ კარგი დროზე გაგაჩუმე, თორემ ალბათ შენს გამო ოკეანის გადაცურვასაც დამწამებდი
-გამოტყდი, რომ ძალიან რომანტიულ ადამიანად გამოგიყვანე -მანქანაში დარჩენილებს გაუღიმა და მარკეტისკენ აიღო გეზი გოგონამ. მას ანდრეაც უკან მიჰყვა
-რომანტიულ ადამიანად? მე სულელს უფრო ვიტყოდი. იცოდე ამ წუთიდან ხმის ამოღება გეკრძალება, მხოლოდ მე ვილაპარაკებ, რადგან შენ პირიდან ჭკვიანური არაფერი ამოგდის
-ამას მე მეუბნები? -წარბები დაწკიპა ბეამ -შენ არ მითხარი ასეთ ამბებს ქალბატონები უფრო ლამაზად ყვებიანო? ჰოდა მოვყევი ისე, როგორც მინდოდა. ახლა ის მითხარი, მართლა აპირებ რაიმეს ყიდვას თუ ჩემს გასაჩუმებლად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე?
-არა, მართლა ვაპირებ -მინის კარი შეაღო კანდელაკმა -ისეთი წებოვანი ლენტი მინდა, რომ მაგ პირზე გადაგაკრა და ვეღარასოდეს მოიხსნა
-ძალიან სასაცილოა -როგორც ჩვეოდა, თვალები მობეზრებულად აატრიალა -მოდი რამე გამაგრილებელ სასმელებს ავიღებ, შენ კი ტკბილეული წამოიღე, გუშინ რაც იყო გათავდა
-რა? -სახეზე აშკარა გაოცება აღებეჭდვოდა -უამრავი ტკბილეული მქონდა ნაყიდი და ხელი არ მიხლია? სად წაიღე?
გოგონა, მზერის ასარიდებლად, დახლთან მჯდარ გამყიდველს უაზროდ შეაცქერდა. მოულოდნელად გამოჭერილმა, ქვედა ტუჩს ისე მწარედ უკბინა, რომ ცოტაც და სისხლი წასკდებოდა. ანდრეას სიტყვებმა გუშინდელი ღამე გაახსენა, როდესაც თავისი საძინებლიდან, სამზარეულოსკენ ფეხაკრებით მიიპარებოდა და მამაკაცს დამნაშავეს მზერით ახედა.
-არ თქვა, რომ სულ შენ შეჭამე
-კარგი, მერე რა მოხდა? -თავდაცვის მიზნით, აქეთ შეუტია -მთელი ღამე ვერ დავიძინე და აბა რა მეკეთებინა? სხვათა შორის, როცა შენ ასე ტკბილად გძინავს შენ ზემოთა სართულზე, მე ვერაფრით ვისვენებ ხოლმე და . . .
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -სიტყვები კონსულტანტი გოგონას მოახლოებამ გააწყვეტინა. იგი შეუმჩნევლად და სახეზე ღიმილ აკრული დასდგომოდა თავს ჩუმად მოკამათე წყვილს. მაღაზიაში მართლაც, რომ უამრავი ხალხი ირეოდა. მათი უმეტესობა ბოსტნეულის სექციის ახლომახლო დააგორიალებდა დიდ, ლითონის ურიკას, რომელშიც პროდუქტების რაოდენობა თანდათანობით მატულობდა.
-დიახ, შეგიძლიათ -წინ საქმიანი გამომეტყველებით გამოვიდა ბეა -აი ამ ბიჭს სურს თქვენთან მუშაობა, მართალია სალაროსთან მათემატიკის არცოდნის გამო არ მიიშვება, მაგრამ არაუშავს ბოსტნეულს დაახარისხებს და აი იმ ბანანებს -თითით დიდ, შავ კალათში ჩაწყობილ ტროპიკულ ხილზე ანიშნა -ეტიკეტებს მოაშორებს ხოლმე. ძალიან მშრომელია, იმედებს არ გაგიცრუებთ. იატაკის მოხეხვაც კარგად შეუძლია, სახლში ყველაფერს ეს აკეთებს. სხვათა შორის . . .
მის მკლავში ჩავლებულმა კანდელაკის ხელმა, გოგონას ფრაზის დასრულების საშუალება აღარ მისცა. ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად მყოფმა მამაკაცმა "ცოლს" ტუჩები ყურთან ისე ახლოს მიუტანა, რომ ბეას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და მთელ ტანზე ეკლებმა დააყარა.
-გეყოფა, თორემ ამაღამ ქორწინების პირველ ღამეს მოგიწყობ -უჩურჩულა ისე, რომ მხოლოდ მას გაეგონა და მეტს არავის
-მოიცა, მოიცა, რა თქვი?
-რაც გაიგე. წადი გამაგრილებელი სასმელები აარჩიე, გველოდებიან
-კარგი მაპატიე -შიშისგან ნერწყვიც კი გაუშრა -იმედია ეს სერიოზულად არ გითქვამს -და მხოლოდ ახლა შეამჩნია ჯერ კიდევ იქ მდგარი კონსულტანტი გოგონა, რომელიც გაკვირვებული მზერით ჯერ ერთს შეხედავდა, შემდეგ კი მეორეს. ორივენი გაჩუმდნენ, მაღაზიის თანამშრომელს თავაზიანად უთხრეს უარი დახმარებაზე, რის შემდეგაც, ბეამ გამარილებელი სასმელების სექციისკენ აიღო გეზი, ხოლო ანდრეა ტკბილეულის ძებნას შეუდგა და გზაში ანას შეტყობინება გახსნა.
"ამაღამ სახლში მარტო ვარ და გელოდები" -სწერდა გოგონა. მამაკაცს პასუხიც კი არ დაუბრუნებია ისე ჩაიდო ჯიბეში მობილური. მაინც რა უცნაური იყო ეს ცხოვრება? ქალის მიმართ, რომლისთვისაც ეგონა, რომ ყველაფრის პატიება შეეძლო, არანაირი გრძნობა აღარ დარჩენოდა. ახლა მთავარი იყო ანასაც გაეგო ეს და შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
ალბათ . . .
მაღაზიაში დაახლოებით ათი წუთი დაყვეს. ქუჩაში პარკებით გამოსულებს, მანქანა ისევ იმავე მდგომარეობაში ელოდათ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქამდე ჩრდილში მდგარ ავტომობილს, ახლა თავს მზის მცხუნვარე სხივები დასდგომოდა, რომელიც მასში მჯდომ მგზავრებს საშინელ დისკომფორტს უქმნიდა.
-მორჩა, ყველაფერი ვიყიდეთ და შეგვიძლია წავიდეთ -საჭის მხარეს კარი გამოაღო ანდრეამ და თავისი ადგილი მოხერხებულად დაიკავა. მას ბეაც გვერდით მიუჯდა, რა თქმა უნდა, არც უსაფრთხოების ღვედის შეკვრა დავიწყებია
-რახან მოხვედი გეტყვი, რომ დედაშენს შენთვის ერთი სასიამოვნო სიურპრიზი აქვს -სანამ მანქანას დაქოქავდა მამის მარჯვენა ხელის მხარზე შეხება იგრძნო ანდრეამ
-ამჯერად რა ხდება ბატონო გიორგი? ხომ იცი, რომ სიურპრიზები არ მიყვარს? -გასაღები გადაატრიალა. ძრავა მაშინვე ამუშავდა.
-ბავშვობაშიც ასეთი იყო -ახლა დედამისი ჩაერთო საუბარში, თან ბეას შეაცქერდა -შენ წარმოიდგინე ისიც არ მოსწონდა დაბადების დღეზე შეფუთულ საჩუქრებს რომ ვჩუქნიდით, ერჩივნა ყოველთვის გახსნილი მიგვეცა. მოთმენა არასდროს შეეძლო
-კარგი ელენა ისეც ნუ იზამ, რომ ეს გოგო დღესვე გაშორდეს -სიცილნარევი ხმით შეაწყვეტინა ცოლს ბატონმა გიორგიმ, რომელმაც სწორედ იმ დროს, ბოლომდე ჩამოსწია უკანა საქარე მინა და ქარმაც არ დააყოვნა- მოკლესახელოიანი პერანგი მაშინვე აუფრიალა
-არც შენ იყავი იდეალური ქმარი, მაგრამ ხომ ხედავ რამდენი ხანი გაგიძელი? კარგი იქნებოდა, ამის გამო, ერთხელ მაინც რომ გადაგეხადა მადლობა, მაგრამ არა!
-მე არ ვიყავი იდეალური ქმარი? -იწყინა -მითხარი ერთი რა გაკლდა და ხმას არ ამოვიღებ
უკანა სავარძელზე სიტყვა-პასუხი არ წყდებოდა. ანდრეამ "ცოლს" ღიმილით შეხედა და თვალებით ანიშნა არ ჩაერიოო. იცოდა თავისი მშობლების ამბავი, ასე ხშირად კინკლაობდნენ და მათი ერთი შეხედვით-კამათი სასაცილო მოსასმენიც კი იყო.
ქალაქი კვლავ ხმაურობდა . . .
ავტომანქანების გამონაბოლქვი ისედაც ცხელ ჰაერს, უფრო მეტად ათბობდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხი, მხოლოდ იმის ცდაში იყო, რაც შეიძლებოდა მალე შეეფარებინა თავი რაიმე გრილი ადგილისთვის. გაზაფხულის კვალობაზე, მართლაც რომ უჩეულოდ ცხელი ამინდი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ წუთი-წუთზე ასფალტს ბოლიც კი აუვიდოდა.
ანდრეამ მანქანაში კონდინციონერი ჩართო. მთელი იმ ხანგრძლივი დროის მანძილზე, რაც ავტომობილი გზატკეცილზე მისრიალებდა და უკანა ფანჯრიდან მონაქროლი ნიავი გოგონას თმებს უწეწავდა, იგი დაჟინებით მიშტერებოდა ანდრეას ყველა ჟესტს, მოძრაობას, საჭეზე დადებულ მის ხელს, ალაგ-ალაგ მამაკაცის ჭაობივით მწვანე თვალებს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ჯანდაბა რა სიმპათიური იყო, რა მომხიბვლელი. მხოლოდ მისი მომაჯადოებელი გამოხედვა რად ღირდა?
არა, არა თუ ვინმე ჭკუიდან გადაიყვანდა და დააჰიპნოზებდა, სწორედ ის იქნებოდა და სხვა არავინ. თუმცა ბეა რისი ბეა იყო, რომ თავისი ფიქრები ვერ დაემალა? არაფრის დიდებით არ აგრძნობინებდა იმ ყველაფერს, რაც შინაგანად აფორიაქებდა და ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერდა. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ მხოლოდ ერთ წელზე შეთანხმდნენ? მერე კი ორივენი თავისი გზით წავიდოდნენ და ამ დაუგეგმავ ქორწინებასაც სამუდამოდ დაივიწყებდნენ. ორივესთვის ასე აჯობებდა, ისინი ხომ ნორმალურად არც კი იცნობდნენ ერთმანეთს? ადამიანები ჯერ ახლოვდებოდნენ, ურთიერთობას აწყობდნენ, ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ და მხოლოდ კარგად გაცნობის შემთხვევაში დგამდნენ ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, რომელსაც ქორწინება ერქვა. მათ შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. სწორედ ამიტომ ერქვა ამ ყველაფერს სიგიჟე და ამ სიგიჟს შემქმნელებიც რაღაც მხრივ არანორმალურებად ითვლებოდნენ.
თუმცა, მერე რა? ამ ცხოვრებაში ხომ არავინაა ბოლომდე სრულყოფილი? არც ისინი იყვნენ . . .
ახლა, ამდენი რამის გამოვლისა და გადაწყვეტის შემდეგ, მხოლოდ ერთი მთავარი პრობლემა რჩებოდა მოსაგვარებელი. შიში იმისა, რომ ეს სიმპათია რაიმე სხვაში გადაიზრდებოდა ნამდვილად არ იყო საფუძველს მოკლებული. ეს კი უკვე ცეცხლთან თამაშს ჰგავდა და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ ცეცხლში ან ერთი დაიწვებოდა, ან მეორე, ან უარეს შემთხვევაში, ორივე ერთად.
ჰო, ეს მართლაც შესაძლებელი იყო . . .
-ბეა, გესმის? -კანდელაკის მსუბუქმა შეხებამ გამოაფხიზლა. მამაკაცი მას მზერას არ აშორებდა. თეთრი ზოლის მარჯვნივ მდგარი ავტომობილი, სვეტაფორზე გაჩერებულიყო და მოთმინებით ელოდა ნანატრი მწვანე შუქის ანთებას, რათა გზა გაეგრძელებინა
-რა? რამე მითხარი?
-კარგი შვილო, თავი დაანებე -მუდამ კეთილი და მოსიყვარულე ელენა, ამჯერადაც თბილად გამოესარჩლა თავის ფიქრებში ახლართულ გოგონას. ქმართან კამათს ეს-ესაა მორჩენილიყო -ხომ ხედავ დაბნეულია? მისთვის ეს ბუნებრივიცაა -და მათთან ახლოს მიიწია -ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ. რადგან ხელის მოწერას არც ერთი ოჯახის წევრი არ დასწრებია, ძალიან გვინდა უახლოეს მომავალში ქორწილი გადაიხადოთ. მე და მამაშენმა ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, როცა თვითმფრინავში ვიჯექით . . .
და აი, როგორ იქნა, ნანატრი მწვანე შუქი აციმციმდა. მანქანამ სვლა განაგრძო, ხოლო რამდენიმე ფეხით მოსიარულემ, ქუჩა სირბილით გადაჭრა და კინაღამ რომელიღაც ავტომობილის მსხვერპლი გახდა.
-რატომ არცერთი არ ამბობთ არაფერს? -თითქმის ერთდრულად იკითხა უკანა სიდენიაზე მჯდარმა ცოლ-ქმარმა. ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდნენ გოგონას აკანკალებულ ხელს, რომელსაც ანდრეა თავისას გამეტებით უჭერდა, რათა როგორმე დაემშვიდებინა. მართლა რა სახიფათო ხდებოდა ის თამაში, რომელში ჩაბმასაც ისინი აპირებდნენ.
აშკარა იყო, რომ დუმილი, რომელიც იმწუთას, ერთსაც და მეორესაც ყველას და ყველაფერს ერჩივნა, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. აუცილებელი იყო დასმულ კითხვას პასუხი გასცემოდა და რადგანაც, გოგონას ახლა ლაპრაკის თავი ნამდვილად არ ჰქონდა, ისევ ანდრეას მოუწევდა მშობლების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება:
-იცით? ქორწილის გადახდა არ გვინდა. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ხელის მოწერაც საკმარისი იყო, თანაც ბეას, დედასთან უთანხმოება ჯერაც არ მოუგვარებია და ახლა ამაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია
-ჰო, ეგ არცაა გასაკვირი -ჩაფიქრებული სახე მიიღო ბატონმა გიორგიმ -ისე მოულოდნელად და უცნაურად დაქორწინდით, რომ ასეთი რეაქცია გოგოს ნათესავების მხრიდან მოსალოდნელი იყო. ნუ გეშინია შვილო -თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა კაცმა -მშობლებს თავისი შვილები ყველაფრისდა მიუხედავად, ძალიან უყვართ. ადრე თუ გვიან, წყენა აუცილებლად გადაუვლით და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება. აი ნახავ.
ერთი შეხედვით ხომ არაფრით განსხვავებული სიტყვები იყო? თითქოს ძალიან უბრალოდაც ჟღერდა, მაგრამ გოგონას სხეულში, იმედის ფერად სხივებად ისე გაიფანტა, რომ საბოლოოდ, მთელი მისი არსება მოიცვა და აიძულა გაღიმებოდა. უკვე უყვარდა ეს ადამიანები. უცნაურია, მაგრამ თავისი ოჯახის წევრებადაც კი მიაჩნდა.
და მაინც, რა საოცარია არა? ზოგჯერ ერთი დღის გაცნობილ პიროვნებათა მიმართ გვიჩნდება, ისეთი დამოკიდებულება, რაც არასდროს გვიგრძვნია, მათდამი, ვინც მთელი ცხოვრებაა ჩვენს წრეში ტრიალებენ და ერთვარ ყოველდღიურობას წარმოადგენენ.
ჰო . . . მართლაც რომ პარადოქსია . . .
ვერცხლისფერი BMW კვლავ საშაულო სიჩქარით მისრიალებდა მსუბუქი ავტომობილებითა და სატვირთოებით გადაჭედილ გზატკეცილზე. ქუჩაში, უწინებუდად, საშინელი სიცხე ტრიალებდა. ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ გაბმული სიგნალები ნელ-ნელა წყნარდებოდა და ამის პარალელურად, მანქანაში მსდომთა გაუთავებელი საუბარი, თანდათანობით უფრო და უფრო ხალისიანი ხდებოდა. დისკომფორტს მხოლოდ ერთი რამ ქმნიდა-პერიოდული, შემაწუხებელი ვიბრაცია ანდრეას ტელეფონზე, რომელიც მხოლოდ მას ესმოდა და ზარის ადრესატს, ამჯერადაც პასუხის გარეშე ტოვებდა.
უკვე მერამდენედ . . .







* * *
დაახლოებით თორმეტი საათი იყო, როდესაც ავტომობილი დიდი, ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. თითქოს არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ აქაურობას მაინც რაღაც სჭირდა. ქვაფენილის მარჯვნივ და მარცხნივ ლამაზი, ფერად-ფერადი ყვავილები კვლავაც უწინდებურად იწონებდნენ თავს, სალხსაც არანაირი ცვლილება არ ეტყობოდა, მაგრამ ეს რა იყო?
ანდრეა კიბესთან უხმოდ მივიდა და თვალი ერთ წერტილზე გაუშტერდა. არავის გამოლაპარაკებია. მისმა მზერამ ძალიან მარტივად შეამჩნია, რომ კართან მდგარი, დიდი ქოთანი, შიგ ჩარგული ლამაზი მცენარით, რომელსაც ბავშვობაში ანდრეა და ელა ერთად უვლიდნენ, რატომღაც, ადრინდელივით მესამე საფეხურზე აღარ იდგა. მისთვის ვიღაცას ადგილი შეეცვალა.
კანდელაკს ჩაეღიმა. თავისი უმცროსი და, ყოველთვის ასე აგებინებდა მის სტუმრობას, იმ შემთხვევაში, თუ ანდრეა სახლში არ აღმოჩნდებოდა. და-ძმის ბავშვობის ყვავილი, ახლა ფანჯრის წინ აშრიალებდა დიდ, ლამაზ ფოთლებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელა აქ იყო. ამაზე მეტად დღეს მართლა ვერაფერი გაახარებდა. თურმე როგორ მონატრებია.
-ეს იყო თქვენი სიურპრიზი, არა? -სანამ კარში შევიდოდნენ მშობლებს თვალი ერთიანად გადაავლო და ბოლოს ბეას გაკვირვებულ მზერასაც წააწყდა. მათ შორის, მხოლოდ ის ვერ ხვდევოდა ვერაფერს და თვალებს დაბნეულობისგან ახამხამებდა
-ჩამოსვლას ხვალ აპირებდა, მაგრამ ხომ იცი, მისი ამბავი? ერთს იტყვის და მეორეს აკეთებს -თბილი ღიმილით ლაპარაკობდა მამა ქალიშვილზე -კარგი, რაღაც ვდგავართ? მოდი შიგნით შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. ელა ალბათ უკვე თავის სავარძელში ზის და ცივ ყავას მიირთმევს
ბატონმა გიორგიმ სახელური თეატრალურად ჩამოსწია და როგორც კი, მთელი თავისი ოჯახი შიგნით დაიგულა, გამოცდილი შვეიცარის ჟესტით, კარი კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნა. საკეტმა გაიჩხაკუნა, შემოსასვლელში პირველად ანდრეამ გაიარა და როგორც კი, გოგონას კითხვით სავსე მზერას ხელმეორედ გადააწყდა, ყურში ჩუმად, ისე რომ სხვას არავის გაეგო ჩასჩურჩულა :-ელა ჩემი უმცროსი დაა.
ელა კანდელაკი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი -იმ იშვიათი გოგონების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც უარს ამბობდნენ ქალის ტანსაცმელზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საპირისპირო სქესის სამოსი იზიდავდათ. მისი სტილი საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური იყო. თითქმის ყოველთვის თავის სხეულზე ორჯერ დიდი ზომის, დახეულ ჯინსებში, რომელიც ქამრით საგულდაგულოდ იმაგრებდა, მამაკაცის პერანგი ჰქონდა ჩატანებული და ერთადერთი, რაც მის სამოსში ქალურად ჩაითვლებოდა, ეს ფეხსაცმელი იყო. აი აქ კი მისი გემოვნება ყველანაირ ჩარჩოებს სცდებოდა. მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ ფეხსაცმელს, საკუთარი ფერად-ფერადი მძივებით აფორმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ თუ გახდიდა ღირსს მისით ქუჩაში ესეირნა. ამას გარდა, კიდევ ერთი უცნაურობა ჰქონდა გოგონას. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც საწოლში დაძინება არ შეეძლო და ღამის მოსასვენებელ ადგილად, ყოველთვის იატაკზე გაშლილ ლეიბს ამჯობინებდა. რამდენს არ ეცადნენ მისთვის ეს მავნე ჩვევა ბავშვობაშივე მოესპოთ. ყველაზე მეტად ამაში მისი და ანდრეას გამზრდელი ბებია აქტიუობდა, რომელიც ახლა გარდაცვლილი იყო, მაგრამ მას, ისევე როგორც სხვა დანარჩენს არაფერი გამოუვიდა. ელა დღემდე ასე ამჯობინებდა "ღამეულ სამყაროში მოგზაურობას" და გოგონასთვის ეს არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.
ჰო, რაღაც მხრივ მართლა უცნაური ჩანდა, მაგრამ ეს ყოველთვის ცუდი როდია? არც ამ შემთხვევაში იყო . . .
უმცროსი კანდელაკის სტუმრობა, ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც დიდ სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. კიბეზე უკვე მოისმოდა აჩქარებული ნაბიჯების ხმები. ალბათ, გოგონას მანქანის ხმა გაეგო და ახლა, გახარებული მორბოდა მშობლების და ძმის შესაგებებლად. რამდენიმე წამიც და ანდრეა უკვე საფეხურების დასაწყისში იდგა, გაღიმებული ელოდა, მისკენ მხიარული ღიმილით გამოქცეულ დას, რომელსაც, როგორც შეჰპირდა მაგარი სილის გაწვნა საერთოდ არ ჰქონდა გეგმაში.
-ანდრეააა! -ჩვეულებრივ, ახლაც ბავშვივით შეახტა გოგონა და ხელები მაგრად მოხვია -როგორ მომენატრე! -პარაელურად მშობლებიც მოიზიდა და მათაც გადაეხვია. მართლაც რომ ემოციური სცენა იყო. ბეას სახეზე ღიმილიც კი მოადგა, თანაც ისე, რომ ეს თავადაც ვერ გააცნობიერა
-ესე იგი ეს არის ის უბედური არა? -სამწუთიანი ხვევნა-კოცნისა და ჩახუტების შემდეგ, როგორც იქნა, ოჯახს მოშორდა უმცროსი კანდელაკი და ბეას ხელი მეგობრულად გადახვია -გამოდის, რომ ჩემმა უჟმურმა ძმამ, არჩევანი შენზე შეაჩერა
-ელა, იმედია, დღესვე არ დააფრთხობ -გაფრთხილებასავით გაისმა ანდრეას სიტყვები. უმცროსი კანდელაკის გარდა ყველას გაეცინა. არასდროს უყვარდა, როდესაც მის ბავშვურ ხასიათზე ისმენდა ხუმრობებს და მშობლებიდან, რომლებიც ჩემოდნებს მისაღები ოთახისკენ მიაგორებდნენ, მოღუშული მზერა ანდრეაზე გადაიტანა.
-შენ გაჩუმდი და თუ შეიძლება, დაგვტოვე -შეუბღვირა -ქალებს განმარტოებით გვინდა ლაპარაკი
-დიდი სიამოვნებით დაგტოვებთ -ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით გაეცალა მამაკაცი. მისაღები ოთახისკენ მიმავალმა მხოლოდ ის გაიგონა, თუ როგორ ეკითხებოდა უმცროსი კანდელაკი ბეას "რამ მოგხიბლა ჩემს უტვინო ძმაშიო". გოგონას პასუხი არ გაუგონია. თავისთვის ჩაეცინა და დედას, ჩემოდნის დროებით დაბინავებაში დახმარება შესთავაზა. გზაში, აქეთკენ მომავალმა, სამწუხაროდ, ვერაფრით გადააფიქრებინა სასტუმროში გაჩერება. ანდრეას უნდოდა ის ერთი კვირა, რაც თავისი მშობლები აქ იქნებოდნენ, მათ გარემოცვაში გაეტარებინა, მაგრამ თავის მხრივ მათაც არ სურდათ ახალდაქორწინებულ წყვილს ტვირთად დასწოლოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ასე მოქცევა და გადაწყვეტილებას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი შეაცვლევინებდათ.
-იცი, ბეა? მე შენთვის საჩუქარი მაქვს -კიდევ ერთხელ გაუღიმა ელამ ძმის ცოლს. სახეზე ეტყობოდა, რომ იგი ძალიან მოსწონდა. საერთოდ იშვიათად ხდებოდა, რომ გოგონას კეთილგანწყობას ვინმე ასე მარტივად იმსახურებდა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა
-რა საჩუქარი? -გვერდულად გახედა და თვითონაც გაეღიმა -იმდენად უყვარდა საჩუქრები, რომ ემოციების დამალვას ვერაფრით ახერხებდა
-წამოდი, ამათ ცოტა ხნით გავეპაროთ, თქვენს საძინებელში ავიდეთ და საჩუქარიც იქ გელოდება -სანამ დაბნეული ბეა რაიმეს თქმას მოასწრებდა, უმცროსმა კანდელაკმა მას ხელი ჩაავლო და კიბისკენ პატარა ბავშვივით წაიყვანა -სადილი თვითონ გაამზადონ და მერე დაგვიძახებენ. წამოდი, წამოდი.
გოგონები კიბეებს ფეხაკრებით აუყვნენ, საძინებლის კარი უხმოდ შეაღეს და როგორც კი ანდრეას საძინებელში შეაბიჯეს, მუდამ მხიარულმა ელამ, საწოლის მხარეს ხელები თეატრალურად გაიშვირა.
-აი შენი საჩუქარიც. შეხედე რა საყვარელია!
და მართლაც, ყავისფერ, ატლასის გადასაფარებელზე, დაახლოებით ორი კვირის, ფუმფულა, თოვლივით თეთრი ლეკვი წამოწოლილიყო, რომელიც ახალი პატრონის მოლოდინში, პატარა, სასაცილოდ აპრეხილ კუდს, აქეთ-იქით აქიცინებდა.



№1  offline წევრი GentleWoman

იმედია, ამჯერად არ მიგვატოვებ შუა გზაში და დაასრულებ ამ ისტორიას. მიუხედავად ამხელა დროის გასვლისა, მაინც კარგად მახსოვს ბეასა და ანდრეას წყვილი

 


№2  offline წევრი -505-

GentleWoman
იმედია, ამჯერად არ მიგვატოვებ შუა გზაში და დაასრულებ ამ ისტორიას. მიუხედავად ამხელა დროის გასვლისა, მაინც კარგად მახსოვს ბეასა და ანდრეას წყვილი


მედო სრული ვერსია, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო წავშალე საიტიდან და ახლა თავიდან ვამატებ <3 მადლობა რომ კითხულობდი და გახსოვს heart_eyes

 


№3  offline წევრი GentleWoman

-505-
GentleWoman
იმედია, ამჯერად არ მიგვატოვებ შუა გზაში და დაასრულებ ამ ისტორიას. მიუხედავად ამხელა დროის გასვლისა, მაინც კარგად მახსოვს ბეასა და ანდრეას წყვილი


მედო სრული ვერსია, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო წავშალე საიტიდან და ახლა თავიდან ვამატებ <3 მადლობა რომ კითხულობდი და გახსოვს heart_eyes


ბოდიშს გიხდით, როგორც ჩანს მე არ მინახავს ბოლო თავები. ახლა დიდი სიამოვნებითა და ინტერესით წავიკითხავ

 


№4 სტუმარი kati

maxsovs es istoria da siamovnebit wavikitxav kidev ertxel...

 


№5  offline წევრი anako

ოოოოოოოო მიუხედავად იმისა რომ გაბრიელსა და ირის ვკითხულობ ანდრეამ და ბეამაც დამაინტერესა
ამიტომ მივადგეთ და წავიკითხოოოთ joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent