შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (2)


3-07-2019, 23:50
ავტორი omexi
ნანახია 699

დღე მეორე
დილაადრიან გამაღვიძა ირაკლის ყვირილმა, სანადიროდ მიხმობდა, ფეხზე ავდექი და საათს გავხედე - რვა სრულდებოდა.
ტანზე ჩავიცვი, ქვემოთ ჩავირბინე, ბებიაჩემს ავუხსენი, რომ სანადიროდ მივდიოდი და ადამისდროინდელ ტახტში სათუთად შენახული ძველი თოფი ავაწყვე.
ბებიაჩემმა თავისი დაჟინებული თხოვნით მაიძულა კარგად ჩავთბილულიყავი, თუმცა გარეთ არ წვიმდა, მაგრამ მაღალყელიანი რეზინის ჩექმები მაინც ჩავიცვი და მხოლოდ ამის შემდეგ მივუახლოვდი ჭიშკართან მომლოდინე «კირილიჩს».
- ძაღლი არ გყავს ბიჭო? - თავი მოვიფხანე და თბილი ქუდი დავიხურე, - აბა ვინ აგვიფრენს ქათამს?
- ეგერ არაა ჩემი პატუსიე? - «კირილიჩმა» რაღაცნაირი სიამაყით წარმოსთქვა, შემდეგ ხმამაღლა გაბმით დაუსტვინა.
ზამთრის სიცივიდან გამხმარი ბალახით დაფარულ, ტალახიანი ხრამიდან წამსვე ამოძვრა წითელი, კუდგადაჭრილი სპანიელი და ყურების პარტყუნით გამოიქცა ჩვენსკენ.
- წავედით აბა, - ავაჩქარე ირაკლი.
თამაზი სწორედ მაშინ ადგა, როცა მის ჭიშკარს მივუახლოვდით, როგორც კი შეგვამჩნია ხელი დაგვიქნია, გვანიშნა ახლავე მოვალო და სახლში გაუჩინარდა.
ხუთ წუთში ისიც შეიარაღებული გადმოვიდა გადაღმა, ნამძინარევი ხმით მოგვესალმა და ჟანგიანი ჭიშკრის ორ გამოღებულ გისოსს შორის გაძვრა.
ამ ჭიშკრის მიღმა სოფლის ტყე იწყებოდა, რომელიც სინამდვილეში ვიწრო, ქარსაფარი ზოლი გახლდათ, ის თავის დროზე კომუნისტებმა გააშენეს.
მართალი გითხრათ იქ ვერ ნახავდით ასწლოვან მუხის ხეებს, არც ნადირის სიუხვით დაიკვეხნიდა, მხოლოდ აკაციები ჩამწკრივებულიყვნენ გვერდიგვერდ, რომლებიც გაზაფხულზე თეთრად ჰყვაოდნენ და ქარსაფარი ზოლი იდუმალ, ზღაპრულ ტყეს ემსგავსებოდა.
ახლა ზამთრის სუსხიდან ფოთლებგაძარცვულ ტყეს რუხი ფერი მიეღო, მაგრამ აკაციებს შორის ალაგ-ალაგ ფიჭვის, სოჭისა და ნაძვის ხეებსაც მოვკარი თვალი, ისინი კი მწვანე წიწვების სიხსხასით, მზერას იტაცებდნენ.
პაწაწინა ტალახიან ბილიკს შევუყევით, რომელიც გავერანებულ და მოუვლელ ჩაის ბუჩქებს შორის მიიკლაკნებოდა, მივდიოდით უხმოდ, ამიტომ ათ წუთში უპატრონოდ მიგდებული ჩაის პლანტაციები გავიარეთ და შუაგულ ტყეში ამოვყავით თავი.
თოფი ყალყზე შევმართე, ფრთხილი ნაბიჯით ტრიფოლიატის1 ჯაგნარში გზა გავიკაფე და ზამთრიდან ფერდაკარგულ ტყეს თვალი მოვავლე
- დავიშალოთ ახლა, - «კირილიჩმა», როგორც გამოცდილმა მონადირემ ინიციატივა თავის თავზე აიღო, - თამაზ მარჯვენა მხრიდან წადი, მე მარცხენა მხრიდან წავალ, შენ კი ბექა, - ეშმაკური ღიმილით გადმომხედა მან, - უკან გამოგვყევი, იქნებ დააფეთო ნადირი.
- მერე არ გეშინია უცებ რაღაც შეეშალოს და ქათმის მაგივრად შენ დაგაგდოს ძირს? - ნიშნის მოგებით უთხრა თამაზიმ და ღიმილით გადმომხედა.
- ეგ მისი ჟანგიანი ფილთა თოფით შაშვს ვერ კლავს და მე რას მიზამს, - გაიღრიჭა «კირილიჩი».
- აბა დაუდექი თუ ბიჭი ხარ, - შეაგულიანა თამაზიმ მეგობარი და თოფი ხელში შეათამაშა.
- ნახეთ თქვენც სახუმარო თემა, - მწყრალად გადავხედე ახითხითებულ მეგობრებს.
როცა ჩემს სერიოზულ მზერას წააწყდა, თამაზიმ ღიმილი სახიდან მოისხიპა.
- გვეყო ჯღანავი, - ჩაილაპარაკა მან, თოფის ორივე ჩახმახი ფეხზე შეაყენა და ეკლოვანი ბუჩქების ლაწა-ლუწით გადაინაცვლა მარჯვენა მხარეს, - დროა გავეშვათ.
გავჩუმდით, ძალისხმევა დავძაბეთ და ნელი ნაბიჯით შევუყევით ტალახიან შარაგზას, მხოლოდ ირაკლის გამამხნევებელი შეძახილი ისმოდა, რომელიც ძაღლს ხმადაბლა აქეზებდა.
- მიდი პატუ, ეძებე პატუ, ჰე პატუ, - და სპანიელიც ენაგადმოგდებული დაძვრებოდა ეკლიან ჯაგნარში, ყნოსავდა ყოველ კუთხე-კუნჭულს, ნადირ-ფრინველის კვალს ეძებდა.
წინ წასულ მეგობრებს ჩამოვრჩი, თვალ-ყურს ვადევნებდი როგორ მძიმედ მიაბიჯებდნენ აკაციებს შორის და ყურების პარტყუნით მოტუსტუსე სპანიელს თვალს არ აშორებდნენ.
უიღბლო დღე გამოდგა, ნადირობა უშედეგოდ მიდიოდა, მთელი საათის განმავლობაში, ბუჩქებიდან ბეღურების მეტი არაფერი აფრენილა, მხოლოდ ერთხელ ააფრინა პატუსიამ მსუქანი ტყის ქათამი, მაგრამ ისიც ძალიან იღბლიანი გამოდგა, ირაკლიმ და თამაზიმ ააცილა, მე კი არც მიცდია სროლა, ვხედავდი ორთავემ ერთდროულად როგორ დააქუხა თოფი, ფრთოსან ეშმაკს კი ალბათ შიშიც არ გაუვლია გულში.
ამ კრახის შემდეგ კიდევ ერთი საათი ვიხეტიალეთ ტყე-ღრეში, მაგრამ თითქოს ჩვენდა ჯინად ნადირ-ფრინველი სადღაც გადაკარგულიყო ამ მიდამოებიდან.
- ბიჭო «კირილიჩ», შენ ჩვენამდე ამ ადგილებისთვის ხომ არ გადაგივლია, ცხოველები გაწყვეტილს ჰგავს, - თამაზიმ ეშმაკურად შეხედა მეგობარს და არაფრისმაქნისი თოფი ბეჭზე გადაიდო.
- მოგცლია რა, - ირაკლიმ ხელი ჩაიქნია და პატუსიას რიხიანად შეუძახა, - ჰე პატუ, ეძებე პატუ.
- შეიძლება გაგიმართლოს კიდეც თუ ნადირობისას დიანას სახელს ახსენებ, - ხშირ ბუჩქნარში გავჩერდი და წინ წასულებს თვალებმოჭუტული მივაცქერდი.
- დიანა ვინაა? - თამაზიმ გაოცებით შემომხედა.
- ნადირობის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, - განვუმარტე.
- არა ძმაო შენ ნამდვილად მოსიარულე მითოლოგიური ენციკლოპედია ხარ, - დამცინავად ჩაილაპარაკა «კირილიჩმა», - რა გინდა აქ, ოლიმპოზე უნდა იყო ღმერთებთან.
- წინ იყურე, ფეხი ცუდად არ გადადგა, - მის სიტყვებს ყური არ ვათხოვე და დაცინვით გავაფრთხილე.
ირაკლიმ ხმამაღლა ამოიოხრა, შეტრიალდა, თოფის ლულა ეკლიან ბუჩქნარში შეჰყო და კარგა მაგრად შეაქანა, თან მის სპანიელს ხმამაღლა აქეზებდა.
ბუჩქნარი მკვეთრი შრიალით შეინძრა და უცებ...
- ე ბიჭო კურდღელი, - მომესმა «კირილიჩის» ღრიალი.
ჯერ ვიფიქრე ხუმრობს მეთქი, მაგრამ როცა თოფის გასროლის ხმა გავიგონე და ჩემსკენ მქროლავი ყურებდაცქვეტილი რუხი კურდღელი დავინახე, წამსვე გამოვერკვიე, ჯერ თამაზის გავხედე ის თოფში ვაზნებს ტენიდა, ალბათ ორივე ერთდროულად ესროლა და... ააცილა, შემდეგ თვალებით ირაკლი მოვძებნე, მან ჩემსკენ მოშვერილი თოფის ლულა დაუშვა და მავედრებელი მზერა მომაპყრო.
ახლა ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებულია, ამიტომ თოფი სწრაფად შევმართე, ნერვიულობისგან აცახცახებული კონდახი ბეჭზე მივიბჯინე, ლულა კურდღელს დავუმიზნე, რომელიც უზარმაზარი პარაბოლათი მივლიდა გვერდს და ჩახმახს თითი გამოვდე.
არ ვიცი ასე ზუსტად როგორ მოვახერხე დამიზნება, მაგრამ გასროლის შემდეგ ლულის წინ დამდგარი კვამლი რომ გაიფანტა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, კურდღელი მკვდარი იყო, ერთიანად სისხლში ამოთხვრილი ჯაგნარში ფართხალებდა, მის ირგვლივ კი აღზნებული პატუსია ყეფა-ყეფით ურტყამდა წრეს.
- მოვკალი! - სიხარულით მხოლოდ ამ სიტყვის დაყვირება მოვახერხე და სულმოუთქმელი მივვარდი კურდღელს.
- რამ გადაგრია ბიჭო, რომ დააქციე ქვეყანა, კურდღელი ვის არ მოუკლავს, - «კირილიჩმა» დინჯი ნაბიჯით ჩამიარა გვერდი, შემდეგ კი პატუსიას დაუცაცახანა, რომელიც ხმამაღლა წკმუტუნებდა, - გადი ძაღლო იქით, თორემ მიგაყოლებ მაგ კურდღელს.
- შენ არ გაგიხარდებოდა? ეს ხომ ჩემი პირველი ნანადირევია, - გამომწვევად მივაჩერდი მეგობარს.
- აი ეს მესმის, - თამაზი კურდღელს ზემოდან დასდგომოდა და თავს დაფიქრებით აქნევდა, - შევარცხვინე ის ადამიანი ვინც «კირილიჩი» პროფესიონალ მონადირედ მონათლა, შენ კი მოყვარულად.
- თამაზია ენა გააჩუმე, თორემ მაგ მწარე სიტყვებისთვის მე ვიცი რასაც გიზამ, - «კირილიჩმა» ბეჭზე გადაკიდებული თოფი მოუქნელად შეისწორა.
- რას მემუქრები თუ იცი? - მამლაყინწასავით გაიფხორა თამაზი, - რა გააკეთე ამ ნადირობისას სასარგებლო?
- ვინ გამოაგდო ბიჭო კურდღელი, მე რომ არ ვყოფილიყავი ვერც ეღირსებოდით მის მოკვლას.
ნადირობა წარმატებულად დასრულდა, ნანადრევი დავითრიეთ და კმაყოფილი გავეშურეთ სახლებისკენ, მართალია გზაში ირაკლი და თამაზი შეუჩერებლივ კამათობდნენ, თუმცა ბოლოს იმ აზრზე შეჯერდნენ, რომ საღამოს ნანადირევით ვიქეიფებდით.
«კირილიჩი» კურდღელს შეწვავდა, თამაზი ჩვენი «სასტავის» ბიჭებს «მოყრიდა» და საღამოს ჩემთან შევიკრიბებოდით, ვის რა სასუსნავი საშუალება გვექნებოდა შევაგროვებდით და კარგა გემრიელად ჩავუთვრებოდით.
თამაზის ჭიშკართან გამოვემშვიდობეთ, შემდეგ ირაკლისაც დავშორდი და ეზოში შევაბიჯე.
სახლში თოფი გავწმინდე, დავზეთე და შევინახე, შემდეგ ბებიაჩემს მოვუყევი ნადირობის შესახებ, მან კი ერთი სიტყვაც არ დამიჯერა, მოგვანებით ცოტა წავიხემსე და საღამომდე დროის მოკვლა რომელიმე წიგნის წაკითხვით გადავწყვიტე.
საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა მაქვს, მართალია წიგნები ძველია, მაგრამ სამაგიეროდ ყველა კარგადაა შენახული, რადგანაც ორი დღის წინ «პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი» დავასრულე, ახლაც ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედების გაგრძელება მომინდა, თაროდან «კაცი რომელიც იცინის» გადმოვიღე, ტახტზე წამოვწექი კა ხარბად დავეწაფე კომპრანჩიკოსების მომნუსხველ ისტორიას.
საღამოს თამაზი, შმაგი და ჩვენი ერთი საერთო მეგობარი კაკო მესტუმრა. კაკო ადგილობრივი გახლდათ, ადრიან ასაკში დაქორწილდა, ამიტომ ჩვენს «სასტავს» იშვიათად შემოუვლიდა ხოლმე, ახლა ძალიან გამაკვირვა მისმა სტუმრობამ, რადგან როგორც ყოველთვის წვრილშვილით იყო დაკავებული და მუდამ «ცოლოურს» მიეჩქარებოდა.
ბიჭები სახლში შევიპატიჟე, რამდენიმე წუთში «კირილიჩმაც» გადმოარბენინა დაბრაწული კურდღელი და მაგიდაზე დადო, ქაღალდის მოზრდილ ნაგლეჯში გახვეული ნანადირევი ცარიელ მაგიდაზე ობლად გამოიყურებოდა.
- სადაა ბიჭო პურ-მარილი, - ირაკლიმ ცარიელ სუფრას გაწბილებულმა გადახდა, - არაფერი არ მოიტანეთ?
- მოვა, მოვა ნუ გეშინია, - დაგვამშვიდა თამაზიმ.
- რაო ბიჭო მისით მოვა? - გაიღრიჭა «კირილიჩი».
- მოვა რა «სიმონ», - შმაგიმ აგდებულად ჩაილაპარაკა, - ნუ ნერვიულობ შენ.
- რას ქვია ნუ ვნევიულობ, - ირაკლი სკამზე მოწყვეტით დაჯდა, - ბიჭო თამაზია სად ნახე ეგ მუქთახორები, ერთი ნატეხი პური მაინც წამოეღოთ, სირცხვილია ოჯახთან, - მან ხელები ფართოდ გაშალა და ოთახს თვალი მოავლო.
- მოკლედ «ბრაატ» ასეთი ამბავია, - კაკომ სერიოზული ტონით წარმოსთქვა და მაგიდას მიუჯდა, - მიშკას ცოლი მოჰყავს, ჩვენს მიშკას - «მალიშას».
- ვაა «საღოლ» მიშკას, - აღფრთოვანებულმა შევყვირე.
«მალიშას» ხუმრობით ვეძახდით, ისიც ჩვენს «სასტავში» შედიოდა, წელს სტუდენტი გახდა და ჩვენგან განსხვავებით, მთელი დღეები კონსპექტებს უჯდა, საგამოცდო საკითხებს იზუთხავდა, იშვიათად გვეკონტაქტებოდა, ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე მეგონა, სინამდვილეში კი თურმე ყურებადე შეყვარებული დაოჯახებაზე ფიქრობდა.
- ჯერ ნაადრევია სიხარული, - კაკომ ხელი ჩაიქნია, - გოგო წინააღმდეგია, სათოფეზეც არ ეკარება.
- ოო სათოფეზე თუ მიეკარა ჩათვალე რომ გაგორებულია ამ კურდღელივით, - «კირილიჩმა» ხელი მაგდაზე «დასვენებული» კურდღელისკენ გაიშვირა.
- უნდა მოვიტაცოთ, - მშრალად თქვა შმაგიმ.
- მოვიტაცოთ? - ვიკითხე, - მერე რა გვიშლის ხელს?
- მე არ მცალია, - მხრები აიჩეჩა კაკომ, - ხვალ «ცოლოურს» მივდივარ, შმაგისაც საქმეები გამოუჩნდა, არადა ხვალ იდეალური გარემოა ქალის მოსატაცებლად...
- მე მოვატაცებინებ, - კაკოს სიტყვა შევაწყვეტინე, - «კირილიჩ» შენ? - მივუბრუნდი მეგობარს.
- რა თქმა უნდა, ასეთ საშვილიშვილო საქმეს როგორ გამოვწყდები.
- ძალიან კარგი, - ყბა დაფიქრებით მოვისრისე, - მანქანა? - კითხვით აღსავსე თვალებით შევხედე ბიჭებს.
- თამაზი წამოვა მისი «ვოლგით», - კაკომ მაგიდასთან მდგომ თამაზის მუჯლუგუნი გაჰკრა.
- ქალი სადაურელია?
- მეზობელი სოფლიდანაა, თამაზიმ ქე იცის სადაც ცხოვრობს, მჭედლიშვილია გვარად, მჭედლიშვილი ფიქრია.
- როგორ მოვიტაცოთ, - კვლავ ვიკითხე.
- ტექნიკუმში სწავლობს პირველ კურსზე, - დინჯად წარმოსთქვა თამაზიმ, - ხვალ დილაადრიან სასწავლებელში წასვლის წინ მოვიტაცებთ, სწავლის დამთავრებამდე ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ამასობაში კი შორს ვიქნებით მიშკას ბიძაშვილთან წავიყვანთ ტყიბულში.
ტექნიკური სასწავლებელი რომელიც ჩემმა მეგობრებმა ახსენეს, ოთხმოცდაათიან წლებში საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თითქმის ყველა თინეიჯერი იქ იღებდა ტექნიკურ განათლებას, სწავლობდნენ: - ბუღალტერიას, ინფორმატიკას, სტომატოლოგიასა და სადურგლო საქმესაც კი, მოკლედ ითვისებდნენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებოდათ, მაგრამ რაც მთავარია აღნიშნული ტექნიკური სასწავლებელი მათ საბაზისო ცოდნას აძლევდა, რასაც უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად იყენებდნენ, მოკლედ ის ერთგვარი წარმატებული სტარტი იყო, უმაღლესი განათლებისკენ მიმავალ რთულ გზაზე.
ძალიან კარგად ვიცოდი, რომ სასწავლებელი, რომელშიც «მალიშას» სატრფო სწავლობდა გვერდით სოფელში - «დიდ ჯიხაიშში» ჩვენგან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, მაგრამ მაშინ სულაც არ მეცალა მის ადგილსამყოფელის დასაზუსტებლად, გონებაში სულ სხვა აზრები მიტრიალებდა: - ასეთ მნიშვნელოვან საქმეს «მალიშას» გარეშე ვერ დავიწყებდით? ბოლოს და ბოლოს მას მოჰყავდა ცოლი და მოტაცებაც მისი თანდასწრებით უნდა დაგვეგეგმა, მაგრამ სად დაიკარგა მიშა?, რატომ არ მოვიდა ბიჭებთან ერთად?
გაოცებულმა გადავხედე მეგობრებს და ვიკითხე.
- გეგმა გადასარევია, მაგრამ თავად «კირილიჩი» სადღაა?
- მოვა პურ-მარლი დავაწერეთ და უნდა მოიტანოს, - შმაგიმ ეშმაკურად გაიცინა, - ასეა ძმაო ცოლი თუ გინდა, ქეიფის თავიც უნდა გქონდეს.
ბიჭების ნათქვამი გამართლდა, ნახევარ საათში მიშაც მოვიდა, ერთი კალათი ხორაგი მოიტანა და მაგიდაზე დაახვავა, თან გვერდით ათ ლიტრიანი ბოცით წითელი ღვინოც მიუდგა.
ბიჭები დაფაცურდნენ კალათიდან პურ-მარილი ამოალაგეს, მე კი ამასობაში თეფშები გამოვიტანე და მაგიდაზე კოხტად დავაწყვე,
ცარიელი მაგიდა თვალდათვალ შეივსო, ახლა უკვე ნამდვილად მეფური სუფრა გვქონდა, არც შებრაწული კურდღელი გვაკლდა და არც საზამთროდ შენახული ჩურჩხელა.
სუფრას შემოვუჯექით. სასმისები შევავსეთ.
- ნეფეს გაუმარჯოს, - ლალისფერი სითხით პირთამდე გავსებული ჭიქა მიშასკენ მივმართე, - ჩვენ რა თქმა უნდა დაგეხმარებით «ბრატ», გაგაბედნიერებთ, მარამ ერთი ის ამიხსენი, რამ გადაგრია შე უბედურო, ჯერ თვრამეტი წლისაც არ ხარ და უკვე ცოლი მოგყავს.
- მიდი, მიდი დალიე, - თავი შემახსენა შმაგიმ.
- ხუმრობა იქეთ იყოს, - სახიდან უაზრო ღიმილი მოვისხიპე და სერიოზულად წარმოვსთქვი, - გამიხარდა შენი გადაწყვეტილება მეგობარო, ახლა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ხარ და იმედია ყველაფერი კეთილად დასრულდება, მანამ ერთი რამ მინდა გითხრა, აი ამ ბიჭებს გაუფრთხილდი, - მაგიდის ირგვლივ შემომსხდარ მეგობრებს თვალი გადავავლე, - შეიყვარე, გულში ჩაიხუტე, არავისში და არაფერში არ გაცვალო მათდამი მეგობრობა, - სასმისი უკანასკნელ წვეთამდე გამოვცალე და მაგიდასთან მოვკალათდი.
ახლა სხვას უნდა შეესვა სადღეგრძელო, კაკო ფეხზე წამდგა, ჭიქა მოიმარჯვა.
- გაგიმარჯოს მიშკა, დაგლოცავ, იცოდე შენს გვერდით ვარ მორალურად, დიდი სიამოვნებით მოგეხმარებოდი, მაგრამ რას იზამ ოჯახი მიხმობს, - ღიმილით წარმოსთქვა, - ერთი რჩევა მინდა მოგცე არ მოიყვანო ბიძიკო ცოლი, ხომ ხედავ მე ცოლიანი ვარ, რა თქმა უნდა კარგია ოჯახური სითბო, როცა სახლში მოსიყვარულე მეუღლე გელოდება, მაგრამ დაოჯახებას ბნელი მხარეც აქვს... სიდედრი, - კაკომ ისეთი სახით წარმოსთქვა, რომ ყველას სიცილი აგვიტყდა, ცოტა ხანი გვიმზირა, შემდეგ კი განაგრძო, - მეგობრებს ჩამოვშორდი, ვერ ვშლი ლაღად ფრთებს, ღამეები არ მძინავს და წელებზე ფეხს ვიდგამ ჩემი შვილები, რომ გამოვკვებო, დავრბივარ აღმა-დაღმა გიჟივთ, - კაკომ გულიანად ამოიოხრა, - მოკლედ შარია ქალის მოყვანა, - დააბოლავა და ღვინო ნეტარებით გადაყლუნწა.
შმაგიმ ჭიქას ხელი წაავლო.
- კარგი ბიჭი ხარ შენ მიშიკია, პატიოსანი, ნუ უსმენ «სიმონ» კაკოიას იგი ცოლის მოყვანამდეც გიჟი იყო და სიცოცხლის ბოლომდე გიჟი დარჩება, ჯერ მარტო ის რად ღირს ეგ ამღვრეული თვალები, რომ ჩაგეწმინდება, ქვეყანას უფრო ნათელ ფერებში რომ შეხედავ, - ბეჭზე ხელი მეგობრულად დაჰკრა, - გაგიმარჯოს მიშკა, მე კი წინასწარ ბოდიშს გიხდი, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს შენს გვერდით ვერ ვიქნები, - ის ჩვენ მოგვიბრუნდა, - იცით «სიმონ» ხვალ ერთ გოგოსთან პაემანი მაქვს ქუთაისში და მიშიკიას გულისთვის ნაღდად ვერ გადავაგდებ მანდილოსანს, - შმაგიმ ღვინო გამოწრუპა, დაიჯღანა და ზედ ყველი მიატანა.
- აბა მე რა გითხრა მიშკა, რაც სათქმელი იყო ყველაფერი თქვეს, - «კირილიჩმა» დინჯად წარმოსთქვა, - უბრალოდ გისურვებ ალალ სიყვარულს, ყველა სურვილების შესრულებას და იდეალური ოჯახის შექმნას, ჯერ-ჯერობით მარტოს გაგიმარჯოს, შენს მეორე ნახევართან ერთად კი მოგვიანებით დაგლოცავ, - «კირილიჩმა» ერთ ყლუპად ჩანთქა სისხლისფერი სასმელი და ტუჩები ხელის გულით გაიმშრალა.
თამაზიმ ზლაზვნით გადაიბარა სადღეგრძელო.
- გაგიმარჯოს მიშკა, - ლაკონურად წარმოსთქვა მან, - რადგანაც სათქმელი არაფერი მაქვს, პირობას გაძლევ, რომ ხვალ შენს სატრფოს ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე ჩაგაბარებთ, - თამაზიმ ნელა სვენებ-სვენებით დალია სადღეგრძელო, თითქოსდა ღვინის ყოველ ყლუპს გემოს უსინჯავსო.
- შეხედე რა ეშმაკია, - შმაგიმ თამაზისკენ თავი გადაიქნია, - მანქანის «სიგნალს» ჩართავს და კივილს ვერავინ გაიგებს.
- «სიგნალი» დიდი ხანია რაც გადამეწვა, - დაღვრემილმა ჩაილაპარაკა თამაზიმ.
- მთლად უარესი ალბათ თავად აპირებს გოგოს მაგივრად კვილს.
შმაგის ენამოსწრებულ ნათქვამზე კარგა გულიანად ვიცინეთ, შემდეგ როცა სიცილის ეშხი განელდა, მიშა სამადლობელის მოსახდელად ფეხზე წამოდგა ხელში ჭიქა მოიმარჯვა და ბიჭებს თვალი მოგვავლო.
- აცალეთ კაცს სადღეგრძელოს თქმა, - კაკომ წეღანდელი მხიარულების ნარჩენი, ძირფესვიანად მოსპო.
ყველა გაისუსა.
- მადლობას მოგახსენებთ ჩემი დღეგძელობისთვის, - მორიდებულად წარმოსთქვა მიშამ, - დახმარებისთვის, გვერდში ამოდგომისთვის, შევეცდები ეს სიკეთე-სიკეთით გადაგიხადოთ, - ის წამით გაჩუმდა, შემდეგ კი დაბნეულმა დაამატა, - მორჩა რა... მეტი რა უნდა ვთქვა?
მის სიტყვებს ბიჭების რეპლიკები მოჰყვა: - «რა გენაღვლება», «დეირტყა გოგო», „შენთვის უსროლია კატიუშას», «მალიშას» ჩვენი მხიარული განწყობისთვის ყურადღება არ მუქცევია, სასმისი გამოცალა და სკამზე მოკალათდა.
ყველა გულმოდგინედ მიეძალა საჭმელს, მადა მოგვმატებოდა, რაშიც მთავარი დამნაშავე ლალისფერი, ღვთისნიერი სასმელი იყო, ათ წუთში მაგიდაზე დახვავებული პურ-მარილი უკვალოდ გაქრა.
- ახლა მომავალი პატარძალი ვადღეგრძელოთ, - კბილების ჩიჩქნით წარმოსთქვა კაკომ, - ოღონდ განსხვავებული სასმისით. თუ ძმა ხარ, - ჩემსკენ მოტრიალდა, - ჩამოხსენი მაგი «ლუსტრა», - ხელით თავს ზემოთ აბჟღრიალებულ პლაფონიან ჭაღზე მიმითითა.
- რას ამბობ ბიჭო, ამ «ლუსტრაში» ხომ ათი ლიტრი ჩაეტევა, - თითი შუბლზე დავიტრიალე და კაკოს ვანიშნე ხომ არ გააფრინე თქო.
- ჩამოხსენი, ჩამოხსენი მე შენ გელაპარაკები, - დოქს ხელი წაავლო და ფეხზე წამოდგა.
- ე ბიჭო დააკავეთ ეს შეჩვენებული, - შმაგიმ კაკო ძალით დასვა სკამზე, - რა დალიე «სიმონ» ასეთი?
- შენ საქმე არაა.
- ცოტა «დასტოინად» მოიქეცი, - ირაკლიმ კაკოს თვალები დაუბრიალა, შემდეგ მე მომიბრუნდა, - მიეცი ამას რამე განსხვავებული, თორემ გადაირევა ნაღდად.
კარადიდან ლიტრიანი ძველი ლუდის კათხა გამოვიღე, ღვინით შევავსე და კაკოს მივაწოდე.
- ჰა ცეცხლე, - ხუმრობით ვუთხარი.
მან სასმისი კმაყოფილმა ჩამომართვა.
- ოღონდ განსხვავებული მხოლოდ «მალიშამ» უნდა დალიოს, - ეშმაკურად გაიცინა მან და კათხა გაოცებულ «ნეფეს» გადაულოცა, - უნდა გავარჯიშოთ ბიძიკო, რომ «ცოლოურს» თავი არ შეირცხვინო.
მიშიკომ უხერხულად შეათამაშა ხელში კათხა, დაელოდა სანამ სასმისებს შევივსებდით და სადღეგრძელო წარმოსთქვა.
- ფიქრიას გაუმარჯოს, - ამ მოკლე სიტყვის შემდეგ, კათხა თავდაჯერებით მიიყუდა, მართალია დალევისას ორჯერ დაისვენა, მაგრამ რაც მთავარია სასმისი დაცალა და გამარჯვებული სახით ხმაურით დადგა მაგიდაზე.
სათითაოდ ვადღეგრძელეთ მომავალი პატარძალი და სასმისები თავიდან შევავსეთ.
სმა გახურდა, მართალია ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ ძველ ქართულ ტრადიციებს არ ვღალატობდით, კარგად ვიცნობდით ქართული სუფრის წეს-ჩვეულებებს, ამიტომ არცერთი სადღეგრძელო არ გამოგვიტოვებია: მშვიდობა, მშობლები, დედ-მამიშვილები, წინაპრები, გარდაცვლილები, პატარები, საქართველო, მოკლედ თავიდან-ბოლომდე ერთხელ კიდევ გავიარეთ ქართული სუფრის აკადემიის სრული კურსი.
გვარიანად შევზარხოშდით.
ნელ-ნელა სუფრაზე დამყარებული წესრიგი აირია, კალაპოტიდან ამოვვარდით და სადღეგრძელოებიც ავურიეთ.
- ბიჭებო, - გადამეტებული ალკოჰოლიდან ენა დამება, - მე მინდა ქართული სუფრის წესებს გვერდი ავუარო: არც სახლი-კარი ვადღეგრძელო და არც მტერ-მოყვარე, მინდა ამ ჭიქით თოფის გამომგონებელი დავლოცო, - სასმისი ზემოთ წამოვსწიე და პათოსით წარმოვსთქვი, - დაე გაუმარჯოს იმ კაცს ვინც პირველი მუშკეტი შექმნა და ვინც პირველი კურდღელი მოკლა.
- ბიჭო «კირილიჩს» ლოცავ? - თამაზი გაიღრიჭა და ირაკლის ალმაცერად გახედა.
- ვაი შენს პატრონს, «კირილიჩმა» გამოიგონა თოფი?
- სამაგიეროდ პირველი კურდღელი მან მოკლა ჩვენს სოფელში.
- გირჩევნია სადღეგრძელო დალიო და ნუ მაიმუნობ, - ჭიქა გამოვცალე და თამაზის მივაცქერდი.
- მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, - თამაზიმ ხალისიანად წრმოსთქვა, - იმ ღვთისნიერ კაცს თოფი რომ არ გამოეგონებინა, ჩვენ დღეს კეტებით და სარებით კურდღელს მაინც ვერ მოვკლავდით, სირბილით შუაში რომ გავმსკდარიყავით, - თამაზიმ ღვინო დალია, ცოტა ხანი შეიცადა და შმაგის მიუბრუნდა, - როდის მიდიხარ ბიჭო ქუთაისში?
- ხვალ, - შმაგიმ მხრების აჩეჩვით უპასუხა, - რატომ მეკითხები?
- ბიჭო გოგოს პაემანზე სოფლიდან ჩასული, დამტვერილი, დაღლილი და გასავათებული უნდა შეხვდე?
- საღამოს მაქვს პაემანი «ბრატ», - გაიბღინძა შმაგი.
- პაემანზე პახმელიაზე რომ იქნები რა გეშველება? - ჰკითხა «კირილიჩმა», - ჩვენ ხვალ ქე გამოვალთ პახმელიაზე ტყიბულში, მარა შენ რა გეშველება შე საცოდავო გოგოსთან ლაპარაკის თავი რომ არ გექნება.
- მეც გამოვალ პახმელიიდან «სიმონ» და შეიძლება თქვენზე უკეთაც გამოვიდე, - წაიტრაბახა შმაგიმ, - ლამაზი ქალის თბილ, რომანტიულ საძინებელში.
- კი რა თქმა უნდა თუ ქმარმა, ძმამ ან ნათესავმა არ მოგისწრო, მაშინ კი მოგიწევს წრიალი ლოგინის ქვეშ გაყინულ და მტვრიან იატაკზე, - გამოვაჯავრე მეგობარი.
- ბიჭო თქვენ მეტი სალაპარაკო ვერაფერი ნახეთ, - გაბრაზდა შმაგი.
- გვეყო ახლა, თან საქმე, - «კირილიჩმა» კამათი შეგვაწყვეტინა და სასმისს ხელი წაავლო, - გაუმარჯოს თოფის შემქმნელს, ისე მართლა კაი რამაა თოფი... ბუხ... ესვრი და «ვსიო» მკვდარია კურდღელი, თამაზის თქმის არ იყოს თოფი რომ არ გამოეგონებინათ დაიღუპებოდა კაცობრიობა, კეტით ვერც ჩვენ მოვკლავდით კურდღელს, - გაჩუმდა და ღვინო დალია.
- გადასარევი სანახავი კი იქნებოდით კეტებით და სარებით ხელში, - შმაგიმ ირონიულად გადმოგვხედა, - გაუმარჯოს თოფის გამომგონებელს, ისე იღბალი მაქვსო «კირილიჩ» შენ უნდა თქვა, შენთვის გამოუგონებია «სიმონ» იმ კაცს თოფი, თორე მოგიწევდა ამ ტყე-ღრეში შუბით სირბილი პაპუასივით, - შმაგიმ სასმისი შესვა, შემდეგ სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მადიანად გააბოლა.
ერთ საათში ქეიფმა თავის აპოგეას მიაღწია, ღვინო გათავდა, მოქეიფეები გვარიანად დავთვერით, ამიტომ ვიჯექით სიგარეტის კვამლით გაბოლილ ოთახში და ვლაპარაკობდით, როცა მეზებლიდან ბებიჩემი გადმოვიდა, მისი შემოსვლა ვერც შევამჩნიეთ, მან უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ცხვირი.
- რას იგუდებით ბაღნებო პაპიროზის სუნში? - გაბრაზებულმა მოგვმართა და ფანჯარა გამოაღო.
მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი სითბო ერთ წამში გაქრა ოთახიდან, ზამთის ცივი ნიავი სათითაოდ მოგველამუნა სახეზე, მაგრამ ალკოჰოლიდან ისე ვიყავით გახურებული, თან ქალის მოტაცების ამბავს ისეთი ენთუზიაზმით განვიხილავდით, რომ არც ბებიაჩემის გაბრაზებული ტონისთვის მიგვიქცევია ყურადღება და არც გაყინული ოთახისთვის.
გვიანი იყო რომ დავიშალეთ, ლაპარაკ-ლაპარაკით მივაცილე ბიჭები ჭიშკრამდე.
- ჰოდა იმას გიყვებოდი, - ალკოჰოლიდან გაბრუებული შმაგი, ძლივს ლუღლუღებდა, - ჭიჭიკია სამოგზაუროდ წავა, გზად ერთ დიდ მდინარეს მიადგება, მდინარესთან კი ცხრათავიანი გველეშაპი წევს, სძინავს, ჭიჭიკიას კი წყალი წყურია, ზღაპრებში აქვს წაკითხული, რომ გველეშაპი ხალხს წყალს არ აძლევს, ამიტომ ამოიღებს ხმალს, მოჭრის ერთ თავს, მოჭრის მეორეს, მესამეს, მეოთხეს... და მერვე თავს რომ მოჭრის, მეცხრე გაახელს თვალს და ჰკითხავს «რა გინდა ბიჭოო?», «წყალიო» უპასუხებს ჭიჭიკია, «დალიე მერე შე უპატრონოო», - შმაგიმ ანეგდოტი სიცილით დაამთავრა, გადამკოცნა «ჯიგარი ხარო» მითხრა და ბიჭებთან ერთად გადაღმა გადავიდა.
ყველანი ნაასფალტარ ტროტუარს შეუყვნენ.






1 ტრიფოლიატი _ იგივე სამყურა ლიმონი, ფოთოლცვენია ხე ან ბუჩქი, ნაყოფი არ იჭმევა, იყენებენ ციტრუსების მყნობისათვის.



№1  offline წევრი Rania

Gmerto ra axlobeli da nacnobia yvelaferi chemtvis. Madloba shen amistvisss. Vnaxot aba ra moxdebaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent