შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (3)


4-07-2019, 09:44
ავტორი omexi
ნანახია 545

დღე მესამე
განთადისას მიშიკოს შეუწყვეტელმა ძახილმა გამაღვიძა, ლოგინიდან წამოვხტი და სიცივისგან აკანკალებულმა ფანჯარაში გავიხედე, ჭიშკართან თამაზის ძველი, მოყვითალო საგოზი მასით აჭრელებული ГАЗ-21 «Волга» იდგა, ფანჯარა გამოვაღე და ხმამაღლა დავიყვირე.
- მოვდივარ!
- ჩქარა, ჩქარა, - თამაზის გვერდით მჯდარმა «კირილიჩმა» სწრაფად მომაძახა, - უკვე შვიდი საათია, რვის ნახევარზე «დიდ ჯიხაიშში» უნდა ვიყოთ.
ფანჯარა დავხურე, ჯინსები ამოვიცვი, ტყავის თბილი ქურთუკი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ეზოში, პირდაპირ კიბესთან დოინჯშემოყრილი ბებიაჩემი დამხვდა.
- სად მიხვალ დია ასე გამოწყობილი? - მკაცრად მკითხა მან.
- თამაზის მივყვები, რაღაც საქმე აქვს და უნდა მივეხმარო, - ვიცრუე, რადგან ქალის მოტაცება სათუთი საქმეა, არავის არ უნდა გაანდო, მით უმეტეს მშობელ ბებიას, რომელიც გადამეტებით ზრუნავს შენზე, ყველაფერს კრიტიკული თვალთ უმზერს და მუდამ საფრთხის მოლოდინშია.
- რა საქმე აქვს? - შურა ბებომ ეჭვიანად გახედა მანქანას.
- არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე, სინამდვილეში მაინცდამაინც მაშინ თავში არაფერი მომივიდა, ამიტომ თამაზის გავსძახე, - ბიჭო რა საქმე გაქვს «დიდ ჯიხაიშში»?
თამაზი მანქანიდან გადმოვიდა, ჯერ დაბნეული მიმზერდა, შემდეგ გულღიად გაიღიმა და ბებიაჩემს მიესალმა.
- გამარჯობა შურა ბებო, ღვინო მაქვს წამოსაღები, ნათესავები მესტუმრნენ და... - წამით ენა დაება, მაგრამ ჩაახველა და ისევ განაგრძო, - მარტო ვერაფერს გავხდები, ბევრია.
ისე ოსტატურად იცრუა, რომ მისი სიტყვები მეც კინაღამ დავიჯერე.
- წავედი შურა ბებო, - ბებიას დანაოჭებულ შუბლზე ვაკოცე, კიბეებს სწრაფად მოვშორდი და გადაღმა გადავედი.
- მალე მოდი დია, - ბებიაჩემმა მანქანაში ჩამჯდარს დამადევნა გაფრთხილება, - და ის ღვინო გზაში არ დალიოთ.
კარები მოვიჯახუნე, ძველ, გაცრეცილ სავარძელზე მოხეხებულად მოვეწყვე და თითქოს სხვათაშორის ვიკითხე.
- დღესვე დავბრუნდებით?
- რა იყო ბებიკომ გაგაფრთხილა არ დაიგვიანოო, - თამაზი დაიღრიჭა და მანქანა დაქოქა.
- ხვალ ქუთაისში უნდა ვიყო, ზეგ სასემესტრო გამოცდა მაქვს დანიშნული, - თამაზის დაღვრემილმა ვუპასუხე და თავი სავარძლის საზურგეზე გადავდე.
- ნუ გეშინია ჩააბარებ გამოცდას, - მძღოლის გვერდით მჯდარმა «კირილიჩმა» ღიმილით დამაიმედა, შემდეგ ჩუმად მჯდარ მიშიკოს მიმართა, - რავა ელვაში მოხვედრილი თხასავით იყურები ბიჭო.
- ქალის მოსატაცებლად მივდივარ და ვნერვიულობ, - უპასუხა მიშამ და მხრები აპათიურად აიჩეჩა.
ძველი ГАЗ-21 «Волга» ჭრიალით შეუყვა სოფლის შარაგზას, თამაზიმ სიჩქარის ბერკეტი ხმაურით მოუნაცვლა, აშკარად ვიგრძენი ეს ცვლლება, სადღაც ქვემოდან მექანიზმის უკმაყოფილო ტკაცანი გაისმა, მანქანამ თანდათან სიჩქარეს უმატა.
თამაზის უყვარდა სწრაფი სიარული, საწინააღმდეგო ჩვენც არაფერი გვქონდა, თანაც მაშინ გვეჩქარებოდა, ამიტომ ძველი ГАЗ-21 «Волга» სწრაფად მიჰქროდა და ირგვლივ ტალახის შხეფებს ისროდა.
ნაასფალტარი, ოღრო-ჩოღრო შარაგზის შემწეობით, კაბინაში ისე ვხტოდი, როგორც გაუხედნავ ულაყზე ამხედრებული კოვბოი, მთელი ყურადღება თეთრღრუბელგადაკრულ ჭერზე გადავიტანე, ვცდილობდი მისთვის თავი არ მიმერტყა, მაგრამ ამაოდ...
ოცი წუთი ვიარეთ და მიუხედავად ჩემი გულმოდგინებისა მთელი ოცი წუთი ვურტყამდი ჭერს თავს, ამიტომ მეზობელ სოფელში რომ შევედით, რომლის თავში უზარმაზარი აბრა იდგა წარწერით «გზა მსვიდობისა», ოთხთავეს ტვინი ნჯღრევისგან გამოლაყებული გვქონდა, ამ საბურავებიანმა რკინის გროვამ და დანჯღრეულ გზაზე მგზავრობამ ისე დაგვადამბლა, რომ ხმას ვერ ვიღებდით და გამოთაყვანებული სახით ვუმზერდით ერთმანეთს.
ძალიან გამიკვირდა ასეთი დამთგუნველი მგზავრობის შემდეგ მიშიკომ როგორ შეძლო ხმის ამოღება, მან ხელი წინ შემხვედრი გოგონების პატარა ჯგუფისკენ გაიშვირა, რომლებიც დილის ბინდ-ბუნდში ისე ჩამწკრივებულიყვნენ, როგორც იდუმალი რელიგიური ორდენის წევრები.
- აი ფიქრია.
- აბა სად? - ირაკლიმ მიშკას გაშვერილ ხელს თვალი გააყოლა.
- აი ის ქერა, ცისფერთვალება, - მიშამ გოგონებს შორის ყველაზე ლამაზი დაგვანახა, რომელიც ტანის მომხიბვლელი რხევით მიუძღოდა ამხანაგებს წინ.
- «მალადეც» «მალიშა» კარგი გემოვნება გქონია, არ ოურჩევია ბიჭო «ტრიცადკა» გოგო, - თამაზიმ მანქანა მაშინ შეანელა, როცა გოგონებს გვერდი ჩავუარეთ და რადგანაც საყვირი გადამწვარი ჰქონდა, გვერდითა მინიდან თავი გაჰყო და დაუსტვინა.
- ნამდვილი თხებია, - წარმოსთქვა «კირილიჩმა», - რა თქმა უნდა შენი ფიქრიას გამოკლებით ძმაო, - მობოდიშების ტონით უთხრა მიშას, - შეხედეთ ის შავგვრემანი სტვენის გაგონებისთანავე თხრილზე გადახტა, ისე რომ კინაღამ წყალში მოადინა ზღართანი.
- ეს სიტუაცია მოტაცებას უფრო ართულებს, - გოგონებს გავხედე, - ჩვენ გვეგონა, რომ ფიქრია მარტო იქნებოდა, აქ კი მთელი მისი ჯგუფია, ისინი ხელს შეგვიშლიან.
- ბიჭო მოტაცებას რა უნდა, მიუხტები მანქანით, სტაცებ ხელს, შეაგდებ კაბინაში და «ვსიო»... ჰაიდა, - თავისი ჭკუით მასწავლა თამაზიმ, თან სარკედან გამეღრიჭა.
- მართალი ხარ შენ, - «კირილიჩმა» თვალებში შემომხედა და სერიოზულად ჩაილაპარაკა, - ის გოგონები სტვენის გაგონებაზე თხრილზე გადახტნენ და გვერდით გაჩერებულ მანქანას რომ დეინახავენ, ხომ გადეირევიან, აკივლდებიან, «დაგპორჭყნიან» და ამანაც თუ არ უშველათ სირბილსაც ქე დეიწყებენ და... სდიე მერე კუდში.
- აბა რა ვქნათ? - «მალიშამ» ისეთი საწყალი ხმით იკითხა, რომ გამეცინა.
- ტაქტიკა უნდა შევცვალოთ, - ვუპასუხე, - გავაჩეროთ მანქანა, ვითომ გაგვიფუჭდა რამე, მე და «კირილიჩი» მანქანიდან გადმოვალთ და ცოტას წავიაფერისტებთ, «კაპოტს» ავხდით, შიგ ჩავიხედავთ, გოგონები გვერდს რომ ჩაგვივლიან ვერაფერს იეჭვებენ, ჩვენ კი ამასობაში... გნაც, - ორივე ხელი მოვმუშტე და ასე მივახვერე მეგობრები რის გაკეთებასაც ვაპირებდით.
- მაგი მარტო მეიფიქრე? - თამაზიმ ირონიულად გადმომხედა ზურგსუკან.
- რა გეგმა არ მოგწონს?
- გადასარევია.
- რა უნდა ამ კაცს? - გაოცებულმა ვკითხე ირაკლის.
მან ხელი ჩაიქნია.
- ნუ უსმენ თამაზიას, რაღაც ღადავის ხასიათზეა დღეს, - მან მძღოლს ბეჭზე ხელი დაჰკრა, - გავაჩეროთ აწი მანქანა, თორემ სადაცაა ტექნიკუმიც გამოჩნდება, - მან უკაცურ ქუჩას თვალი მოავლო, - ახლო მახლო მოსახლეც არაა, ზედგამოჭრლი ადგილია მოტაცებისთვის.
- ჩვენც მეტი არა გვინდა რა, - თამაზიმ დაამუხრუჭა, მანქანა შეაჩერა და ძრავი ჩააქრო.
მანქანიდან საქმიანად გადმოვედით, უკანა კარი ღია დავტოვეთ, «კირილიჩმა» «კაპოტი» ახადა, შიგ თავი ჩარგო, აქაოდა რაღაცას ვაკეთებო, მე მანქანის ფრთას მივეყრდენი, თან თამაზის და მიშკას ვუცქერდი, რომლებიც რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ, მათი მოვალეობა იყო არ დაეტოვებინათ კაბინა.
დრო ნელა მიდიოდა მომტაცებლები ისე ველოდით მსხვერპლს, როგორც ირაოდ მოტრიალე დამშეული მიმინო ელის მინდვრის თაგუნას სოროდან გამოცუნცულებას.
ბოლოს ქუჩის ბოლოდან გოგონების მხიარული კისკისი მოგვესმა, შემდეგ კი მოსახვევიდან სასწავლებლისკენ მიმავალი ქალიშვილებიც გამოჩნდნენ, «კირილიჩმა» ხმადაბალი ჩახველებით მიმახედა მათკენ და კვლავ ღია «კაპოტში» ჩარგო თავი, მარჯვენა ფრთას მოვშორდი, აღებულ «კაპოტს» მივუახლოვდი, თან მინაზე მსუბუქი დაკაკუნებით მიშას და თამაზის გოგონების გამოჩენა ვაცნობე.
წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა დაძაბული ვიყავით ჩვენც და გოგონებიც, ჩვენ მოტაცებაზე ვფიქრობდით, გოგონები კი ეჭვის თვალით უმზერდნენ «კაპოტახდილ» ГАЗ-21 «Волга»-ს, თუმცა თამაზის მანქანა ისეთ სავალალო მდგომარეობაში იყო, ძველი და გვერდებშეჭეჭყილი, რომ სულაც არ გახლდათ გასაკვირი მისი მწყობრიდან გამოსვლა.
მანქანის ვიზუალმა დიდი როლი ითამაშა, გოგონებმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მშვიდად ჩაგვიარეს გვერდი, თავის მხრივ ჩვენც არ ვაქცევდით მათ ყურადღებას, ვითომ ჩვენ-ჩვენი «საქმიანობით» ვიყავით გართული, ახდილ «კაპოტში» ვიქექებოდით.
სიმართლე გითხრათ ერთი წამითაც არ მომიშორებია მათთვის თვალი, თავდახრილი ეშმაკურად ვაპარებდი მზერას და როცა გოგონები მანქანას გაუსწორდნენ «კირილიჩს» ფეხზე მტკივნეული დაჭერით ნიშანი მივეცი, ისიც «კაპოტს» მოშორდა და ფიქრიას წინ გადაუდგა, რომელიც რატომღაც ამჟამად ბოლოში მოდიოდა და ცნობისმოყვარე თვალებით აკვირდებოდა კაბინაში მჯდომ მიშას.
«კირილიჩმა» სწრაფი მოძრაობით პირზე ხელი ააფარა ქალიშვილს, გოგონამ სიტყვის ამოღება ვერ მოასწრო, სამაგიეროდ ღონიერი სილა შემოჰკრა სახეში.
დრო იყო მოქმედება დამეწყო, რადგან აშკარად ვხედავდი წინ წასულმა გოგონებმა ფიქრიას არყოფნა შეამჩნიეს, ერთმა კი ის ასეთ ყოფაში რომ დაინახა... ვიღაც მუტრუკის მკლავებში გამომწყვდეული... წივილ-კივილი ატეხა, ელვისებურად მივვარდი ფიქრიას, წელზე ხელი მოვხვიე, ავიტატე და გაღებული კარიდან კაბინაში შევაგდე, მართალია ფიქრია შეუჩერებლივ ფართხალებდა, მაგრამ ყველაფერს თავი გავართვი და დროულად მოვახერხე ძველ, გაცრეცილ «სიდენიაზე» დასმა.
ამასობაში «კირილიჩმა» «კაპოტი» დახურა, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა და ფიქრიას გვერდით მოკალათდა, ასე რომ ქალიშვილი შუაში მოვიმწყვდიეთ, უნებურად გონებაში ერთი ბავშვური ლექსის სტრიქონი ამომიტივტივდა...

«აქეთ-იქეთ მაიმუნი,
შუაში ზის თაიგული».

წარმოდგენა არა მაქვს ეს ლექსი მაშინდელ სიტუაციასთან რა კავშირში იყო, მაგრამ უნებურად გამეცინა, შემდეგ კარი მოვიჯახუნე და თამაზის გავძახე.
- «უბერე ბრაატ», - თუმცა ამის თქმა საჭირო არ იყო, მანქანა სრული სვლით მიჰქროდა, ასე რომ ვთქვათ კრეისერულ სიჩქარეს ანვითარებდა, ამიტომ სავარძლის საზურგეს უდარდელად მივაწექი და ფიქრიას გავხედე.
გოგონას თავი ხელებში ჩაერგო და ხმადაბლა ქვითინებდა, მუხლებზე ვარდისფერი ზურგჩანთა ედო, რომელზეც უსწორ-მასწოროდ ეწვეთებოდა ცრემლები, ტიროდა მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდა, თითქოსდა ბედს შერიგებოდა, საცოდავად მიკუნტულიყო სავარძელზე.
მის შემხედვარეს გული დამეწვა, ჩვენ მართლაც «მაიმუნებმა» ასეთი ლამაზი «თაიგული» მოვიტაცეთ, თანაც ვისთვის? მეორე ჩვენისთანა «მაიმუნისთვის».
თვალი მოვჭუტე და ქალიშვილი უფრო დაწვრილებით შევათვალიერე, არაბუნებრივად ლამაზი იყო, თუმცა არეულად ჩამობუწული ქერა თმა სახეს უმალავდა, მაგრამ გუმანით ვხვდებოდი, რომ ძალიან ლამაზი იქნებოდა, რადგან მის სილამაზეზე მისი ტანითაც იმსჯელებდა ადამიანი, რომლის მომხიბვლელობას ტყავის მინი ქვედატანი, Lევი’ს-ს ფირმის ქურთუკი და ხორცისფერი, პრიალა კოლგოტები ერთი-ორად ამძაფრებდნენ.
მოტაცებული გოგონა იმ წუთას დამწუხრებულ მადონას წააგავდა, «მადონა რომელიც ტირის». ფიქრიას შემხედვარე მეც მოვიწყინე და არა მარტო მე, ქალიშვილის ნაღველი ყველას გადაგვედო, მთელი თხუთმეტი წუთი ხმა არ ამოგვიღია, ბოლოს კი დუმილისაგან თავგაბეზრებულმა «კირილიჩმა» ვეღარ მოითმინა და მიშიკოს მისი მოვალეობა შეახსენა.
- ჰე სიძე, - მუჯლუგუნი წაჰკრა ფიქრიასავით თავდახრილ მიშას, - რამე თქვი ძმაო, გაარკვიე მანდილოსანი ყველაფერში, გაამხიარულე, ხომ ხედავ ტირის და ტირის.
- აბა რა გეგონა ცოლი რომ მოგყავდა, ინიციატივა ხელში უნდა აიღო ბიჭო, შენ ოჯახი დამალობანა ხომ არ გგონია, - ამჯერად თამაზიმ უთხრა მეგობარს.
მიშიკო ჯიუტად დუმდა.
- მე ვეტყვი ყველაფერს, - მივმართე ბიჭებს, - თორემ გაუსკდება გული გაურკვევლობისგან, - შემდეგ ფიქრიასკენ მვტრიალდი, - ნუ ტირი დაიკო, ჩვენ არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ გვინდა კიდევ ერთი ქართული ოჯახი შეიქმნას, - წამით დავდუმდი, შემდეგ წინა სავარძელზე მჯოდმი მიშასკენ ხელი გავიშვირე, - ეს მიშაა, შენი მომავალი მეუღლე.
- ძალიან გთხოვთ წამიყვანეთ უკან, - ფიქრიამ ისე ჩაილაპარაკა ტირილნარევი ხმით, რომ თავი არ აუწევია.
სევდიანად გამეღიმა, «კირილიჩი» კი ხელის ნერვული აქნევით კვლავ მიშას მიუბრუნდა.
- «მალიშა» ამეიღე ახლა ენა თორემ დაგაკალი მაგ «სიდენიაზე».
მიშამ ნაცემი ძაღლივით შემოგვხედა, შემდეგ სავარძელზე მთელი ტანით შემოტრიალდა და გაუბედავი ხმით დამარცვლა.
- ფიქრია მიყვარხარ.
წამით პასუხის მოლოდინში ყველა გავისუსეთ, მხოლოდ მანქანის ძრავი გუგუნებდა შეუსვენებლივ.
ფიქრია ისევ ტიროდა.
- ფიქრია მიყვარხარ, - გაიმეორა მიშამ, შემდეგ ხმის კანკალით დაუმატა, - მუდამ მეყვარები, სიკვდილამდე მეყვარები.
ფიქრია უკვე არ ტიროდა, თუმცა სიჩუმეს ამჯერად მისი ხშირი სუნთქვა არღვევდა.
- ფიქრია გთხოვ მითხარი რამე, თორემ... - მიშიკოს ცრემლი წასკდა და დაწყებული წინადადება ზლუქუნით დაასრულა, - თორემ... თავს მოვიკლავ.
სიძე ატირდა, სავარძლის საზურგეს თავი ჩამოადო და სახე ჩამალა, ისე გამეტებით ტროდა, რომ რამდენიმე წუთში საზურგე ერთიანად დანამა... და აქ მოხდა მოულოდნელი რამ, ფიქრიამ სახედან ხელები მოიშორა, მიშიკოს ცისფერი, ცრემლიანი თვალებით ისე მტრულად მიაცქერდა, რომ მოულოდნელად გამაჟრჟოლა, ჩემს თვალწინ მომხიბვლელი მტირალა მადონა საშინელ მედუზა გორგონად1 გარდაისახა, მაგრამ მხოლოდ წამიერად, რადგან ფიქრიამ ისევ ხელებში ჩარგო თავი და ატირდა.
ჩენი ავტომობილი პირდაპირ სამგლოვიარო პროცესიას დაემსგავსა, მიშიკოც ტიროდა და ფიქრიაც, ქალიშვილი ხმამაღლა ზლუქუნებდა და წამდაუწუმ ითხოვდა შინ დაბრუნებას, გვემუდარებოდა, გვთხოვდა «დედიკოსთან და მამიკოსთან მიგვეყვანა», მაგრამ ჩვენ უგულოდ შევყურებდით ამ გულისამაჩუყებელ სცენას.
გზად შემხვედრ პირველსავე კომერციულ ჯიხურში ორი ბოთლი შამპანური ვიყიდეთ და პირდაპირ მანქანაში დავლოცეთ ნეფე-პატარძალი.
ორი საათის მგზავრობის შემდეგ უკვე მიშიკოს ნათესავებთან ვიყავით ტყიბულში, მასპინძელმა ქართული სტუმართმასპინძლობისთვის დამახასიათებელი სიხალვათით მიგვიღო, ხოლო როცა გაიგო მისმა მამიდაშვილმა ცოლი მოიყვანა, გახარებულმა ზღაპრული სუფრა გააწყო და... სუფრას შემოვუსხედით.
ახალმისულებს ერთი დაბრკოლება შეგვექმნა, ფიქრია გაჯიუტდა, მანქანიდან გადმოსვლას არ აპირებდა, დაგვემუქრა «შიმშილობას გამოვაცხადებო», თუმცა მიშიკოს ბიცოლას წყალობით ბოლოს და ბოლოს დავითანხმეთ, სახლში შევიყვანეთ და მაგიდასთან დავსვით.
ქეიფზე ათასჯერ მაინც დავლოცეთ ახალშეუღლებულები, ნანატრი ოჯახის შექმნა ვუსურვეთ, მართალია ქალს თვალზე ცრემლი შეშრობოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძველებურად უხმოდ იჯდა და მტრულად უმზერდა მიშიკოს.
კარგა შექეიფებულები დავიშალეთ, მიშიკოს გამოვემშვიდობეთ, დღევანდელი ღამის კეთილად გათენება ვუსურვეთ, თან ძუ ვეფხივით მომზირალი ფიქრიასკენ მივახედეთ და თამაზის ГАЗ-21-ით შინისაკენ გავუტიეთ.
ჩვენი მისია შესრულებული იყო, ახლა ყველაფერი მიშაზე და მის ტემპერამენტზე გახლდათ დამოკიდებული.
«გოჩაჯიხაიშამდე» სულ სიმღერ-სიმღერით ჩავედით, ისე რომ ჩართული მაგნიტოფონის ბოლომდე აწეულ ხმასაც კი ვფარავდით.
შუა ღამე კარგა ხნის გადასული იყო, ახალი დღეც დაწყებულიყო, ესე იგი ხვალ სასემესტრო გამოცდა უნდა ჩამებარებინა, შემორჩენილი ცნობიერების წყალობით გავაანალიზე, რომ დილაუთენია ქუთაისში ვიყავი წასასვლელი.
ეზოში შევედი. მეორე სართულზე უხმაურო ბარბაცით ავედი, რათა ბებიაჩემი არ გამეღვიძებინა და დასაძინებლად გავემზადე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ბებიას არ ეძინა, მელოდა, როგორც კი ოთახში შესული დამინახა, კარგა მადიანად გამლანძღა და სანამ დავიძინებდი მისი გაბრაზებული «ქადაგი» იავნანასავით ჩამესმოდა ყურში.






1 მედუზა გორგონა (მბრძანებელი) - ბერძნული მითოლოგიის თანახმად ის მშვენიერი ქალწული იყო მანამ, სანამ ათენას ტაძარში მას პოსეიდონი არ გააუპატიურებდა. განრისხებულმა ათენამ პოსეიდონის მაგივრად მედუზა დაადანაშაულა და დასაჯა – მისი მშვენიერი თმა გველებად გადააქცია, კანი ქერცლით შეუცვალა და სახე დაუმახინჯა. მის მზერას ყველა სულიერის გაქვავება შეეძლო.



№1  offline წევრი Rania

Rogor mzuls es motacebaaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent