შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გმირი (სრულად)


9-05-2019, 14:13
ავტორი ერკე
ნანახია 1 002

გმირი (სრულად)

მას უნდა გადაეწყვიტა დაბადებულიყო, თუ არ დაბადებულიყო. ბოლოს არჩევანი დაბადებაზე შეაჩერა და დაიბადა იმ საუკუნეში, სადაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა გზის გაკაფვას და ეს ძალიან კარგად იცოდა. გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ვეღარასდროს შეძლებდა თავისუფლად გავლას და ვეღარასდროს ენდობოდა საკუთარ თავს, მაგრამ არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა და ის ცდილობდა, ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ თავი დაეღწია იმ ცეცხლით მოსილ ადგილს, რომელიც მას შეტმასნოდა.
ნოე ერქვა და ის ჩაკეტილი იყო შენობაში, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, ირგვლივ ესმოდა ადამიანების შოკისმომგვრელი კივილი, რასაც ცეცხლის ზვინები და მისი ფეიქრები იწვევდნენ, გრძნობდა, რომ სიცოცხლეს უნდა გამომშვიდობებოდა, ძლივს მიცოცავდა გასასვლელისკენ და სუნთქვა სულ უფრო მეტად უჭირდა. იგი ტკბილ მოგონებებს მოეცვა, რადგან ცოტა დაწყნარებულიყო და რაციონალური გონებით ემსჯელა, მაგრამ არც ერთი ტკბილი მოგონება მას არ ეხმარებოდა იმ სირთულის დაძლევაში, რასაც ცეცხლიდან დამოუკიდებლად გამოღწევა იყო. მის მოძრაობას უკვე ცოცვაც აღარ ეთქმოდა, მთასვლელივით ნელა, რომ მიიწევდა წინ, ის უკვე მოკუნტული, ერთ ადგილას იწვა და სიკვდილის აკორდებზე ფიქრობდა.
-ააა...
ყვირილი სულ უფრო მატულობდა და დამწვარი სხეულების სპეციფიკური სუნიც აღწევდა. უეცრად გვერდით მამაკაცი წამოუდგა და აყენებას ეცადა, მისი მკლავი მხარზე გაიდო და ძლივსძლივობით, ლასლასით გასასვლელისკენ წაყვანა სცადა.
-გამაგრდი. - უთხრა მან.
-ააააააა...
ეს ხმა მის შეგრძნებებს ამძაფრებდა და გულს ურევდა იმის წარმოდგენაც კი, რომ თვითონ ცოცხალი იყო, სხვები კი ასე უნდა დამწვარიყვნენ უიმედოდ, არავინ მშველელი არ ეყოლებოდათ და მოკვდებოდნენ სრულ სიმარტოვეში.
-არა! - გასწია მამაკაცი, ვინც ფეხზე დგომაში ეხმარებოდა. - იმათ უშველე.
-ვეღარ ვუშველით, მეგობარო. გვიანია.
-უშველე-მეთქი! - ამხელა გამბედაობა არც ეგონა, თუ შერჩენოდა. როცა გვერდით მდგომი კაცის სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება შენიშნა, გასასვლელისკენ გააგდო, თვითონ კი უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ფიქრობდა, ან სხვებსაც გადავარჩენ, ან მეც მათთან ერთად მოვკვდებიო. მიუხედავად იმისა, რომ ის გაბედულად შეიჭრა ცეცხლის ნაკადში და ვისაც ჯერ კიდევ ცოცხალს და ოდნავ დაშავებულს ხედავდა გამოჰყავდა, მას არც ესმოდა მისი საქციელის რისკები და ვერც იაზრებდა თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, როცა თავად წაეკიდებოდა ცეცხლი. მხოლოდ ერთს ფიქრობდა, რომ მე თუ ვიმსახურებ სიცოცხლეს, ისინი უფრო იმსახურებენ და ამის ფონზე ის გავარვარებულ ოთახებში დაძრწოდა. თანდათან შეუძლებელი ხდებოდა იმ უჰაერობაში გაძლება, უმეტესობა გაგუდულიყო, რამდენიმეც სულ დამწვარიყო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ნახევრად დამწვარი, თუმცა მკვდარი იყო. როცა ბოლო ადამიანი გამოჰყავდა ნოეს, თავად გულის სიღრმეში შიში არ ჰქონდა ჯერ გამქრალი, გასვლისას ჭერი ჩამოიშალა, ნოემ ერთი მოასწრო მასზე დაყრდნობილ ქალბატონს ხელი ჰკრა გასასვლელისკენ, თვითონაც უნდა გადამხტარიყო, როცა დიდი თეთრი ლოდი წელზე დაეცა და ძირს დასცა, ხელახლა.

ერთი კვირა დასჭირდა მისი კომიდან გამოყვანას, მანამდე კი სასუნთქ აპარატზე შეერთებული სიცოცხლეს ებრძოდა. სანამ ის კომაში იყო, ხალხი მასზე წერდა სტატიებს, გამოდიოდა ტელევიზიაში, გადაცემებს უძღვნიდა და სოციალურ ქსელებში სულ მასზე მიდიოდა საუბარი, რომ მან გადაარჩინა ის თორმეტი ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს უიმედოდ ებრძოდა, ან საერთოდ გათიშულიყო და ვერ ინძრეოდა. მან გადაარჩინა და ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მისცა ყველა ამ ადამიანს, ვისაც კი შეეძლო მადლიერების გამოხატვა მადლიერი იყო, ხოლო იმათგან 3 ადამიანი ნოესთან ერთად აპარატზე შეერთებინათ და გულის პულსს ხელით ურეგულირებდნენ. თვალები როცა გაახილა ვერ მიხვდა სად იმყოფებოდა, დაჰკარგვოდა რეალობის შეგრძნება და უეცრად ისევ ცეცხლის სუნი ეცა. ააფორიაქა. წამოხტა. ექიმი მის დამშვიდებას ცდილობდა, ულამაზესი ქალბატონი მარიამ ლაბაძე, რომელსაც ძალა არ ეყო, რომ გამკლავებოდა და დასახმარებლად საავადმყოფოს დაცვის ბიჭებიც შემოუერთდნენ. ძლივს გააკავეს და დამამშვიდებელი მისცეს, თავად ნოე კი ამასობაში რაღაცებს ლუღლუღებდა, რის გარკვევაც რთული აღმოჩნდა. წამალმა მალე იმოქმედა და რამდენიმე საათით უგონო მდგომარეობის რეჟიმზე გადაიყვანა. ექიმმა კვლავ ბოლო ეტაპისთვის საჭირო პროცედურები ჩაატარა და ნელ-ნელა აპარატი გამორთო, რათა გაწერის ჟამი დროულად დამდგარიყო.
ლაღიძე ნოეს თვალის გახელა და ახალ სამყაროში აღმოჩენა ერთი იყო. ის დაემშვიდობა ძველს და მიესალმა ახალს, სადაც ის არაფრის მაქნისი ლოთი კი არა, ხალხის გმირი იყო. მან ეს არ იცოდა, მაგრამ ექთანმა ტელევიზორი ჩაურთო, სადაც მასზე მიდიოდა რეპორტაჟი, როგორც სახალხო გმირზე და საყოველთაო ადამიანის როლზე საზოგადოებაში. ჟურნალისტი მაკა მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ისე ლაღად, თავისუფლად ყვებოდა ადამიანზე, რომელსაც არ იცნობდა, შემთხვევაზე, რასაც არ შესწრებია, რომ გაკვირვებას იყო ნოე. სამაგალითო პიროვნებად გამოიყვანა, რაზეც საერთოდ არ ფიქრობდა იმ მომენტში. გულის სიღრმეში შეიძლება ჰქონდა ამბიცია, თუმცა იმ დროს, როცა გავარვარებულ შენობაში თავადაც იმყოფებოდა და შველა სჭირდებოდა, სხვების საშველად მაინც შევარდა და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, ამაზე ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა. ის მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ ისინი მეტად ღირებულნი იყვნენ მასზე და მათ უნდა დახმარებოდა. რისკების გათვლა არ შეეძლო, ამიტომ როდესაც ადგომა დააპირა და ფეხების გამოძრავება ვერ შეძლო ექთანს თვალებით შეევედრა, რომ რამე ეღონა და სიმართლე მისთვის დაემალათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ბოლო მომენტში მასზე განხორციელებულმა შეტევამ მისი ფეხების მოკვეთა გამოიწვია. იქვე იყვნენ მისი რამდენიმე ახლობელი, სუფრის ძმაკაცი და მათგან ორი ქალიც, ვინც სიცოცხლეს იხსნა, წამოდგომოდნენ ნაღვლიანი თვალებით და დამშვიდებას თხოვდნენ, მაგრამ მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, ისე ღრიალებდა, თითქოს კლავდნენ და ანაკუწებდნენ.
-ჩემი ფეხები, გამოუსადეგარი გახდა ექიმო? - სახის გრეხით ძლივს ამოილუღლუღა ნოემ.
-ასეც ვერ ვიტყოდით. - უპასუხა ექიმმა. ნოეს სახე მკვეთრად გაუნათდა, თუმცა მიხვდა რომ უადგილო იყო და მხოლოდ გაიღიმა. - ოპერაციის შემდეგ გარანტიის მოცემა შეუძლებელია, თუმცა შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. გავაკეთოთ ეს ოპერაცია?
-კი, გავაკეთოთ. აუცილებლად გავაკეთოთ! აუცილებლად! - წამოწია თავი და ხელი გამარჯვების ნიშნად ზევით ასწია.
-მკურნალობის ხარჯებს ჩვენ დავფარავთ ექიმო. - მიმართა ქალმა და პალატაში ყველა დამსწრე დაეთანხმა.
-არა, რას ამბობთ. - გაგიჟდა ნოე. - ეს თქვენი ბრალი არაა, გთხოვთ თავს ნუ დაივალდებულებთ მე მივხედავ ყველაფერს. მადლობას მოგახსენებთ.
-ნოე, სიცოცხლეს გადაგვარჩინე. შენ რომ არა, აქ არ ვიდგებოდით არც ერთი და დღეს საღამოს ბრიფინგია სხვათაშორის შენი ღვაწლის თაობაზე და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა. შენც უნდა გამოხვიდე, თქვა ორიოდე სიტყვა.
-ხო, სულ გადამავიწყდა მეთქვა. - უკან გაზეთის კითხვაში გართულმა სათვალიანმა მამაკაცმა თავის აუღებლად მშვიდი ინტონაციით თქვა.
-მოდი რა, შენ რა გახსოვს. - დამცინავად აიგდო ქალმა, რომელსაც სიტყვა გააწყვეტინა.
-დამშვიდდით! - როგორც მაშინ, როდესაც მათ დასახმარებლად ცეცხლში შევარდა დაუფიქრებლად, ახლაც იმაზე ფიქრობდა, ვინ ვარ რომ ამ ხალხმა ჩემ გამო ფული იხადონ, მე ხომ ერთი უბრალო ადამიანი ვარ, არავიზე მეტი და არავიზე ნაკლები. სათანადოდ არ აფასებდა საკუთარ თავს და ამაში ნამდვილად ჰქონდა პრობლემა.
ბრიფინგისა და ნოეს დაჟინებული თხოვნებისა და მუქარების წყალობით საავადმყოფოდან გამოწერეს, მათი ეტლი გაატანეს და საღამოს დანიშნულ დროს ადგილზე მიიყვანეს გმირი, რომელიც იყო ხალხის სიყვარულით სავსე, თუმცა სიარული აღარ შეეძლო. ეს იგივე იყო, რომ სხვის ნებაზე ყოფილიყავი დამოკიდებული და შენი ნება საერთოდ არ გქონოდეს. მათ შეეძლოთ იქ წაეყვანათ სადაც მოუნდებოდათ, საერთოდ სხვაგან შეეხვიათ და დაეტოვებინათ სადმე, ისე რომ წინააღმდეგობის გამწევი ვერ იქნებოდა. გულში ხინჯი აწვებოდა და შიში ეუფლებოდა, მაგრამ იმ ხალხს ვისთანაც ერთად იყო, ბოლომდე ენდობოდა. გრძნობდა მათ გვერდში დგომას, დახმარების სურვილს. პალატიდან გამოსვლიდანვე სხვა ექიმები, პაციენტები ღიმილით ემშვიდობებოდნენ და ზოგი გამოესაუბრებოდა კიდეც და შეაქებდა, დიდად მოიწონებდა მის საქციელს და ეტყოდა, რომ გაბედული ადამიანი იყო. ეს არ ამშვიდებდა, რადგან მან დაკარგა უმთავრესი, მის ცხოვრებაზე კონტროლი. სიგიჟე იყო, მაგრამ გულის სიღრმეში მოსწონდა ამხელა ყურადღება სხვა ადამიანებისგან, ახლა ისინი თვლიდნენ მას მნიშვნელოვნად. მთელი ცხოვრება მომსახურების სფეროში რომ გაატარებ კაცი, ხან კურიერი რომ იქნები, ხან მიმტანი, ტაქსისტი და ბარმენი, ბოლოს კი ბუღალტრად გადასული, მაინც უფროსის ხელქვეითი ბრძანდებოდა, ეს ადამიანის ფსიქიკაზე ცოტა უცნაურადაც მოქმედებდა. მთელი ცხოვრება მასზე წინ აყენებდა სხვებს, ყოველთვის თავს დაბლა ხრიდა და ქალბატონებს მოწიწებით უთმობდა გზას, მოკრძალებით იქცეოდა უცხო ოჯახში და რაც მთავარია პატივისცემა ჰქონდა ადამიანების მიმართ. სწორედ ამ პატივისცემამ მიიყვანა ეს ადამიანი ამ მდგომარეობამდე, რომ ის სახალხო გმირად იქცა. თავის თავს უმეორებდა, თუ რამე არ დაკარგე, ღირებულს ვერაფერს მიიღებ, მან ფეხები დაკარგა, რომ მიეღო გმირის წოდება და ერთობ ნასიამოვნები, გახარებული, მაგრამ ამავ დროს დანაღვლიანებულიც იყო. იცოდა, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, იცოდა თვითონაც რომ შეეჩვეოდა ცხოვრებას სხვების ხარჯზე, შეეჩვეოდა სულ მჯდომარე ყოფნას და ფეხზე დგომა არც გაახსენდება, მაგრამ ამჯერად ის ყველაზე დიდ სტრესში იყო, რასაც შეიძლებოდა რამე დაეშავებინა მისთვის.
დანიშნულ დროს, რვა საათზე დანიშნულ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ჯერ ტექნიკოსები მუშაობდნენ, რომ ყველაფერი მოემზადებინათ. თავდაუზოგავად აქეთ-იქით დარბოდნენ, რომ მოესწროთ, ერთმანეთის გადაძახილში და არეულობაში კარგი სანახავები ჩანდნენ ადამიანები, რომლებზეც სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა ნოეს. ჟურნალისტები დაღლილ-დაქანცულები კამერების გადაადგილებაში ატარებდნენ მთელ დროს, რომ ენახათ რომელი რაკურსიდან უკეთ გამოჩნდებოდა სცენა, ტრიბუნა და მაყურებელი, მიკროფონებს ამონტაჟებდნენ და წინ კიდევ უამრავი საქმე ჰქონდათ. ბრიფინგი ცხრა საათზე იყო ჩანიშნული, მას რამდენიმე, სულ მცირე ხუთი ტელევიზია ლაივ რეჟიმში გააშუქებდა და რეპორტაჟს მთელი საქართველო იხილავდა. გული აბუნტებოდა, ხმას ვერ იღებდა და მის თავს საშინელება დამართოდა, გრძნობდა ახლა როგორ სჭირდებოდა ვინმე სულიერი მეგობრის გვერდში ყოლა, ვისაც თავის ტკივილებს გაუზიარებდა, ვისაც მოუყვებოდა და ყველაზე მეტად გაუნდობდა იმ ფიქრებს, რაც გაჭირვებას და დაინვალიდებას მოჰყოლოდა. მაგრამ ხმას ვერ იღებდა. კლავდა და ტანჯავდა თითქოსდა განეზრახოს გულში ჩაკვლა ყველა ტკივილის, მაგრამ ამით ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა. გრძნობების დამალვა არას არგებდა და პირიქით, გულს უარესად მოუკლავდა და სიყვარულის, ადამიანების რწმენასაც დაკარგავდა.
ერთი ოპერატორი ამასობაში მასთან მივიდა, იცნო და აფორიაქებულმა დაუჩოქა, მიესალმა და გულზე ხელი დაიდო, რითიც მიანიშნა რომ გულწრფელად თანაუგრძნობდა მის დარდს და ესმოდა მისი. უხმოდ ყველაფერი გაიგო ნოემ. - როგორ ხართ ბატონო? - ჰკითხა და მისი ხელი დაიჭირა ასევე თანაგრძნობის ნიშნად.
-ვნერვიულობ.
-ჰიჰ, სანერვიულო თქვენ არაფერი გაქვთ, - გახალისდა მამაკაცი. - თქვენ ყველაფერი კარგად გააკეთეთ, თქვენ გმირი ხართ! უკვე რამდენი დღეა თქვენი სახელი მესმის ყველგან, ჟურნალ-გაზეთებში, ინტერვიუებში, გადაცემებში და ყველა პოლიტიკური პარტიაც თქვენ გახსენებთ! ეს დაუჯერებელი აღიარებაა თქვენი ქმედების და გრძნობთ ამას?
-რას? - მოკლედ მოუჭრა ნოემ. მართალია ასეთი აღფრთოვანებული არავინ ყოფილა მისი ქმედებით, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ გადაარჩინა, მაგრამ საუბრის და ემოციების გამოხატვის უნარი არ შესწევდა, ან უბრალოდ არ უნდოდა მათი გამოხატვა.
-ყოველი ადამიანის თვალში, ვინც გიყურებთ, რომ გმირი ხართ! რომ დაგინახავთ თუნდაც ბავშვი და დედიკოს ჩუმად ეტყვის - ნახე, დეე, ეს ის კაცი არ არის? - ამ ყველაფერს ყოველ ნაბიჯზე ხვდებით და ეგებებით, ნუთუ ვერ ამჩნევთ? როგორ უღვივით თვალებში ცეცხლი თქვენ დანახვაზე და სურვილი კლავთ, რომ დაგელაპარაკოთ, რამე გკითხოთ, თუ როგორ მოახერხეთ, როგორ გაბედეთ ან მსგავსი, მაგრამ მოსვლას და გამოლაპარაკებას ვერ ბედავენ. ბევრი შემთხვევა გექნებოდათ აქამდე სანამ მოხვიდოდით და როგორ ხართ? როგორ გრძნობთ ახლა თავს.
-გაურკვევლობაში ვარ, თითქოს დაკარგული, რადგან ერთი კვირა მეძინა როგორც მითხრეს და მე რომ დავტოვე ის სამყარო ახლა სხვანაირია. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და მეგობრებს, ნაცნობებს გახედა, შემდეგ ტრიბუნის მოწყობაში მომუშავეთ აკვირდებოდა რამდენიმე წუთი და ბოლოს კვლავ ამოიღო ხმა. - თუმცა გავიმარჯვე.
-დიახ, მესმის თქვენი რომ გიჭირთ, მაგრამ მართალიც ბრძანეთ, გაიმარჯვეთ. თქვენ დროზე და ადამიანებზე გაიმარჯვეთ, თავად სიკვდილზეც კი! წარმომიდგენია ახლა როგორი გაბრაზებულია, რომ ამდენი ადამიანი წაართვით ხელიდან.
-ჰა- ჰა- ჰა. - თვალწინ ცეცხლოვანი ბურთების ცვენა წარმოუდგა. ის მკივანა ხმები ჩაესმოდა ყურში და კვამლის საშინელი სუნი სცემდა, რომელიც ორგანიზმს უწამლავდა. სუიციდის შეგრძნებასავით მის შიგნით რაღაც ბრიალებდა და ბრწყინავდა, მაგრამ ვერ გაეგო თუ რა უჭამდა სულს. უმეორდებოდა შეგრძნებები და კვლავ ეგონა, ცეცხლმოკიდებულ შენობაში იწვოდა, მაგრამ ამჯერად არავინ იყო მშველელი. უეცრად სუნთქვა გაუჭირდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა და ხველება აუტყდა. სიკვდილზე ფიქრმა და ცეცხლის ენების მოდებამ კვლავ დააბრუნა იმ ადგილას, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. მის მახლობლად რომ არ ყოფილიყვნენ ეტლიდანაც გადმოვარდებოდა და იმდენად ჰქონდა დეჟავუს შეგრძნება, რომ სუფთა ჰაერზეც კი გაიგუდებოდა, მაგრამ უეცრად მასთან მისულმა ოპერატორმა ივაჟკაცა, ზურგზე ხელი რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ სასწრაფოშიც მან დარეკა და იქვე ვინმე პროფესიით ექიმის ძებნა დაიწყო. საბედნიეროდ აღმოჩნდა მშვენიერი ქალბატონი პროფესიით ექიმი, რომელიც მაშინვე მიეჭრა დაშავებულს როგორც კი გაიგო და მოითხოვა ექიმის ინსტრუმენტები. რაც კი მოეპოვებოდათ მიუტანეს, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და რასაც თვლიდა საჭიროდ, რომ ამ მდგომარეობაში სჭირდებოდა ადამიანს, ვენაში წამალიც შეუყვანა, თან დამამშვიდებელი და დაელოდა. სტატოსკოპით გულის პულსი შეუმოწმა, რომელიც ნელ-ნელა მწყობრში მოდიოდა. ხალხი მის წინ შეგროვებოდა და ექიმის განაჩენს ელოდა, რომ კარგად იყო. საღამო მის გარეშე ხომ არ წარიმართებოდა საერთოდ. გულში ხინჯშესობილ ამდენ ადამიანს, უეცრად მოეშვათ, როცა ექიმმა განაცხადა, ყველაფერი რიგზეაო. თავად ნოემ კი თვალები გაახილა და ცეცხლი არ დაუნახავს, არამედ შეშინებული ხალხი, რომელთაც მისი ბედი ანაღვლებდა, ყოველშემთხვევაში მათ სახეზე ასე ჩანს და გულში ღმერთმა იცის რა უდევთო, გაიფიქრა. ყველა თავიანთ საქმეს დაუბრუნდა, ზოგი რეპეტიციას, თუ რა უნდა ეთქვა თავისი გამოსვლის დროს, ზოგი კი ცდილობდა თავისი საქმე მაქსიმალურად კარგად შეესრულებინა, რაც კამერების, აუდიო მოწყობილობების და სხვა აპარატურის დაყენებას გულისხმობდა.
ვერ ეგუებოდა ადამიანების სიბრალულით სავსე მზერას, არ მოსწონდა მათი ზიზღისმიერი გამოხედვა, თითქოს რაღაცით მეტნი იყვნენ. უმეტესობის თვალში პატივსაცემი ადამიანი იყო ნოე, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც არც ებრალებოდათ იგი და უფრო მეტიც, ეზიზღებოდათ, შურდათ მისი წარმატების და ყურადღების. ფიქრობდნენ, რომ არ იმსახურებდა და ზურგს აქცევდნენ შეხედვისთანავე. როგორ უნდა გაეძლო არარაობის შეგრძნებას და ისიც გულში იბრახუნებდა მუშტებს სიმწრისგან. ვერ იშუშებდა ტკივილს, უნდოდა ამის დაძლევა, მაგრამ მათი მზერა ერთ რამეს ახსენებდა, რომ ის ინვალიდი იყო და ინვალიდად დარჩებოდა მთელი ცხოვრება, ვერ გაივლიდა, მიწაზე ფეხს ვეღარ დადგამდა და მუდამ სხვას უნდა ეტარებინა, რადგან ასეთი იყო განგების გადაწყვეტილება. არ სურდა! არ სურდა ასეთი გმირად შერაცხვა, როცა გულში ტკივილი არ მოასვენებდა. არ სურდა ისეთი ცხოვრება, ფეხის გაშლის საშუალება მეტად რომ არ მიეცემოდა, პატარებთან სირბილი, შვილებთან თამაში, გართობა აღარ ეღირსებოდა, ვინ იცის იქნებ აღარც შვილები ღირსებოდა.
გახდა ცხრა საათიც და დროულად დაიწყო ბრიფინგი, ბევრი დამსწრე პირიც იმყოფებოდა დარბაზში და უფრო მეტი გარეთ იყო, რადგან ადგილი დამსწრეთათვის აღარ იყო. ისინი გარეთ მოთავსებულ მონიტორზე უყურებდნენ პირდაპირ ეთერს და იყინებოდნენ. სხდომა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, მან ისაუბრა საქართველოზე, მის მაცხოვრებლებზე და იმას უსვამდა ხაზს, რომ ქართველი ერი ოდითანვე განსაკუთრებული ერი იყო და ყველაფერი ისტორიის ფურცლებზეა აღწერილი. ასევე ისაუბრა იმ ადამიანის ღვაწლზე, ვინც ამ ბრიფინგის მთავარ თემად მიიჩნეოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში გმირის სურათი ეკრანებზე პრეზიდენტის სახის გვერდით იყო გამოჭიმული ყველას დასანახად. ესმოდა ნოეს მისი სიტყვები, მისი შექების ზღვა და გულს მალამოდ ედებოდა, მის შემდეგაც ვინც გამოდიოდა, სანამ მისი ჯერი დადგებოდა, ყველა აქებდა და უსვამდა ხაზს მის მნიშვნელობას ქვეყნის აღორძინების საქმეში, არადა საერთოდ არ ესმოდა რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. მან გადაარჩინა ადამიანები, მათი სიცოცხლე იხსნა და ეს იყო მისთვის ყველაზე ღირებული, ამას კი რატომღაც არავინ ამბობდა.
-ამას რა უჭირს... - მოესმა არც ისე შორს მდგომი მოსაუბრის ხმა, - მალე მთელი ქვეყანა გაიცნობს, ტელევიზორში გამოაჭენებენ.
თავის შეკავება სცადა ნოემ, მაქსიმალურად ეცადა, რომ პასუხი არ დაებრუნებინა, მაგრამ საკმარისად არ გამოუვიდა. -შენ ყოველდღე ეხმარები ხალხს და არ გიფასებენ, ამიტომ ხარ ასე განრისხებული ხომ ასეა? - გრძნობდა, რომ აფეთქდებოდა, მოლაყბის სახე კი აჭარხლდა და სიბრაზეს ძლივს მალავდა. -იქნებ უკვე იმდენად გაქვს ხელები სხვის სიცოცხლის გადარჩენაში დაღლილი, რომ პენსიაზე გასვლა გინდა და გსურს გაგაშუქონ? შენ ამას პირდაპირ თუ არა ირიბად მოითხოვ, მე კი ეს არ მითხოვია, ნაძირალა ხარ!
-ინვალიდო, სიტყვებს დაუფიქრდი სანამ გადაგაყირავებ. - დამცინავად აიგდო.
-მე შეიძლება ინვალიდი ვარ და ვერასოდეს გავივლი, მაგრამ თქვენ ბატონო, სულით ხართ ინვალიდი, რის საფუძველზეც ვერასოდეს გაიგებთ რა არის ადამიანობა. - თქვა თუ არა ნოემ ეს, მისკენ წაიწია მამაკაცი.
-მოდი აქ შენი, - როგორც შეძლო ისეთი ხმით თქვა, რომ არ შეეშალა გადაღებისთვის ხელი და მისკენ გაემართა. ის ოპერატორი დაუდგა წინ და გააჩერა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ნოეს სიცოცხლე იხსნა. შეჩერდიო, უთხრა, მაგრამ არ მოუსმინა და გვერდზე გადააგდო იგი, ოპერატორი წელში სწვდა და უკან გამოთრევა დაუწყო, მალე მას სხვაც მიეხმარა, კიდევ მოემატა რაოდენობა და მაშინღა შეძლეს მისი საბოლოოდ შეკავება და გარეთ გაგდება.
-ყურადღება არ მიაქციო ნოე, ვიღაც შერეკილი იყო.
-დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ არც კი ვიცი ეს ვალი რით გადაგიხადოთ.
-უბრალოდ იმედი არ დაკარგოთ. - თვალი ჩაუკრა ოპერატორმა და თავისი საქმის კეთება განაგრძო.
ნოე ფიქრებში ჩაეფლო, სულ აღარ ახსოვდა რომ მისი დროც ხალხში გამოსვლის მალე მოვიდოდა, ამაზე არც ფიქრობდა, არამედ იმაზე თუ რა სასტიკია ცხოვრება. ფიქრობდა იმაზე თუ რატომ უნდა შესძლებოდა ასეთ არაკაცს სიარული, როცა ბევრად უკეთესები მასზე და ამ დროს თავის თავს არ გულისხმობდა, ფეხზე ვერ დგებოდნენ. საშიში იყო ცხოვრება, მის გულს ადგომა ეწადა, ცეკვა, სიმღერა, მაგრამ მისი ფეხები ნამდვილად პენსიაზე იყვნენ გასულნი და კარგად ისვენებდნენ. თვრებოდა ფიქრებით, გონება მის თავს აღარ ემორჩილებოდა და ტკბილი ნიავივით მიჰქონდა ქარს მისი სურვილები. სულელი არ იყო, იმედგაცრუებული, აფორიაქებული და შეშინებული იყო, ბუნდოვანი მომავლის მოლოდინში. იმედები სადღაც ქრებოდა შუა გზაში, იკარგებოდა მათი კვალიც და ერთიანად უჩინარდებოდნენ ცრემლებითურთ. ლაღიძეს ცრემლები არ ემორჩილებოდნენ და გზას იკვლევდნენ მის სახის ნაკვთებში.
-მზად ხართ? - ამასობაში პატარა ბიჭმა ჰკითხა ნოეს და ეტლს ხელი მოჰკიდა.
-მოიცა არა! - ხელით შეიმშრალა ცრემლები, ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა, რომ დამშვიდებულიყო და როცა მეორედ გამოაცხადეს მისი სახელი და გვარი მაშინღა დაუქნია თავი ბიჭუნას, მანაც ნოე ტრიბუნაზე აიყვანა და დაეხმარა, მიმწვდარიყო მიკროფონს. მას ცოტა დაბალი გაუკეთეს, სპეციალურად სადაც მისწვდებოდა და მაყურებლებიც დაინახავდნენ. გადახედა საზოგადოებას, თვალს რომ არ აცილებდნენ და დაავიწყდა ყველაფერი რის თქმასაც აპირებდა. მეხსიერება დაუცარიელდა, ფიქრები გაექცა, გონება დაემალა და ენის ბორძიკით გაუგებარი სიტყვების კორიანტელით დაიწყო. ალბათ იფიქრებდნენ მიღებულმა შოკმა გამოიწვია მისი ენის დაბმაო და ნორმალურადაც მიიღეს, ხმა არ ამოუღიათ, ნოე განაგრძობდა, ჯერ არც მან იცოდა რას ლაპარაკობდა, ნელ-ნელა დააწყო ვაგონებივით ერთმანეთს თავისი სათქმელი და უკვე გასაგებად ალაპარაკდა. მოუწოდა ყველას დაევიწყებინათ მისი აბდაუბდა, თითქოს არც უთქვამს, გაეღიმა და ხალხს დაუწყო თვალებში ყურება, მათ რეაქციებს და მზერას აკვირდებოდა.
-მოგესალმებით. არ ვიცი რა ვთქვა. ცხოვრებაში პირველად ვარ ისეთ სიტუაციაში, რომ სულ განაბული მისმენენ და წარმოდგენა არ მაქვს რას მოელიან ჩემგან. უამრავმა ადამიანმა ისაუბრა ჩემამდე, და მინდა გითხრათ, რომ აფორიაქებული და გაოგნებული ვარ. რაც კი ვარსებობ, მთელი ამ ხნის მანძილზე იმდენი კარგი რამ არასდროს უთქვამთ ჯამში ჩემს პიროვნებაზე, რაც დღეს იყო გაჟღერებული, თან სრულიად უცნობი ადამიანებისგან ამის მოსმენა, რასაკვირველია, უცნაურიც კია. ფუჭად გამივლია წლები, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი უნდა ყოფილიყო... - რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ისევ ამოუშვა ფილტვებიდან ჰაერი და მიკროფონს მიუშვა ტალღა. მარცხენა ხელი შუბლზე მოისვა, მისი გამოძრავება მაინც შეეძლო, მარჯვენა ხელი გულზე დაიდო და საუბარი კვლავ ბორძიკით განაგრძო. - იცით... ეს დღე... ჩემთვის... ალბათ... არ... უნდა... იყოს. მე... საერთოდ... არ ვარ მამაცი... ადამიანი. ბუნებით...მშიშარა და... სუსტი ვიყავი... ყოველთვის. - ოპერატორმა ექიმს უხმო, მგონი კვლავ უმეორდებაო, თუმცა ქალმა დაამშვიდა, სტრესის ბრალია, გამოვა მდგომარეობიდან. უეცრად ნოემ მართლა გააუმჯობესა მეტყველება. აღელვება მაინც ეტყობოდა, მისი ჟესტებით, რომ ხელს წარამარა შუბლზე ისვამდა, მაგრამ ცდილობდა დაეძლია მღელვარება და ძლიერად დამდგარიყო. წარმოდგენებში ცეცხლმოკიდებული შენობა ედგა წინ და თავს ვერაფერს უხერხებდა. - ბავშვობაშიც პატარა რაღაცების მეშინოდა ხოლმე და გული ცუდად მიხდებოდა. მახსოვს, ერთხელ ხელიმაგრად გამეჭრა და დამესერა, სისხლმა თქრიალით დაიწყო დენა, ეს რომ დავინახე მაშინვე ცუდად გავხდი და გავითიშე. როცა მომასულიერეს ჭრილობა უკვე დამუშავებული მქონდა და იმდენად აღარ შემშინებია, მაგრამ ხინჯი მაინც ჩამრჩა გულში. ერთი სმის მოყვარული და გაუბედურებული კაცი ვიყავი აქამდე, რაც დედა გარდამეცვალა და ორ კვირაში მამაჩემიც თან მიჰყვა ყოველდღე ვსვამდი სამსახურშიც, მის გარეთაც, ოღონდ ბოლოს სადაც ვიყავი, ამ კომპანიაში მე სმას მოვუკელი და ერთხელ არ გამიცდენია დღე, ყოველდღე დაუგვიანებლად მივდიოდი და ვცდილობდი სამაგალითოდ მოვქცეულიყავი, რამდენად გამომდიოდა არ ვიცი, მაგრამ ვცდილობდი და იქ, იმ დღეს ნამდვილად მთვრალი არ ვყოფილვარ. ახლა გული მიჩქარდება, ჩემს წარსულზე რომ გიყვებით, ვფიქრობ უნდა იცოდეთ, რადგანაც მე არ ვიმსახურებ იმ სტატუსს, იმ სათანადო ყურადღებას, რასაც თქვენგან ვიღებ. არარაობა ვარ. სრული არარაობა, არაფერი არ შემიქმნია ამ ცხოვრებაში, არც ცოლი მყავს, არც შვილები, რითიც ვიამაყებ და ახლა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამირთულებს სიცოცხლეს. მოდით! მანიაკებო! მკვლელებო! უსახლკაროებო! სნაიპერებო! მოდით და მესროლეთ ტყვია ტვინში, რადგან უკვე ნახევრად მკვდარი ვარ. აი აქ დამახალეთ, - თითი, შუბლზე, შუა ადგილს მიიდო და გამხეცებული, გაველურებული ხმამაღალი ტონით აცხადებდა, რომ მოეკლათ. - მომკალით! არ გესმით? მესროლეთ... მართალია, ისინი მე გადავარჩინე, იმიტომაც რომ ჩემი სიცოცხლე არაფრად მიღირდა, და არა აღიარებისთვის. მე მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, მათ უნდა ეცოცხლათ, და ამ მიზნით ვმოქმედებდი. თუმცა არ გამომივიდა ჩანაფიქრი, ისინი კი გადავარჩინე, მაგრამ მეც გადავრჩი. გეგმაში არ ყოფილა ჩემი გადარჩენა, აქ დგომა და ლექციის წაკითხვა, მაგრამ მომიწია. სწორად გამიგეთ, მეგობრებო, თქვენც ყველას გადაგარჩენდით, ვინც არ უნდა ყოფილიყავით. მხოლოდ იმის ცოდნა მჭირდებოდა, რომ დავიღუპებოდი, თუმცა სიმართლე ითქვას ცეცხლში არ ვფიქრობდი ამას. გადარჩენა მეც მეწადა, თუმცა როცა ვიცოდი, რომ ვიღაცას უჭირდა, შიგნით მე ვერ მოვისვენებდი გავსულიყავი და სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა. ვინც მხრჩოლავ კვამლს ისრუტავდა ყველა უნდა გადარჩენილიყო და მაპატიეთ, რომ უკვე დამწვარი ცხედრების გამოტანა ვერ შევძელი, ვინ იცის იქ ვისი ახლობლები იყვნენ, ვისი მეგობრები, ძმები, დები, შვილები. მათზე ფიქრში ჟრუანტელი მივლის მთელ ტანზე და ვერაფერს ვუხერხებ იმ მაცდურ სურნელს, რომელმაც ლამის გამგუდა, ახლაც თავში რომ მიტრიალებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ მსგავსი სამაგალითო ადამიანები სჭირდება ქვეყანას, როგორიც მე ვარ, ასევე თქვა რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და ადამიანი სწორედ მსგავსი უნარებით უნდა იყოს აღჭურვილი. ხაზი გაუსვა საქართველოს, მაგრამ ამაში ვერ დავეთანხმები, რომ ამ თვისებების მქონე ადამიანები მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ და არსად სხვაგან. ვიცნობდი ერთ იტალიელ მეძავს, დიახ ის საქართველოში მოხვდა და რაღაც გარემოებების გათვალისწინებით, შემთხვევით ჩემს ნაცნობთა წრეში აღმოჩნდა. არც სახლი ჰქონდა, არც ქოხი სადმე რომ ეცხოვრა და მე შევიფარე, დღეში ორჯერ მაძლევდა ხოლმე, მაგრამ საქმე ამაში როდია. მან თავისი სიცოცხლე გასწირა იმისთვის, რომ მე გადავერჩინე, როცა სულიერად დაცემული ვიყავი. დამეხმარა, მათი კულტურა, ენა შემასწავლა და ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც შემიყვარა და ყველა სიტუაციაში ჩემს გვერდით იდგა. არ ჰქონდა მნიშვნელობა რას ვაკეთებდი, რა გამიკეთებია ან რას ვაპირებდი, ის გმირი იყო, ვერ წარმოიდგენთ როგორი გმირი იყო, მაგრამ ვერც კი ვამჩნევდი მეც. მხოლოდ ახლა ვხვდები. ადამიანებისთვის სულის წართმევა, განსაკუთრებულად კი მათთვის, ვისაც ჩემთან ახლოს მოვუშვებდი გენიალურად შემეძლო. მასაც ამოვართვი სული და ერთ დღეს, 26 მარტს, როდესაც ფანჯრიდან გადახტომით ვცადე, ჩემს შეჩერებას ცდილობდა, ხელში ჩამევლო, უკან მქაჩავდა და ამ დროს, იმდენად გავუძალიანდი, რომ მეც ჩემსკენ მოვიქციე და სრულიად მოულოდნელად ჩემ ნაცვლად ის გადავარდა იმ დღეს ფანჯრიდან. ეს არასდროს დამავიწყდება და ამას თქვენც იმიტომ გიყვებით, რომ მიხვდეთ საქმე გმირთან არა, არარაობასთან გაქვთ. მათ, ვისი სიცოცხლეც დღეს... ერთი კვირის წინ, შევასწორებ, გადარჩა და ვიხსენი, მათ ვულოცავ და მინდა გითხრათ, რომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ახლობლებს და იგრძენით სიცოცხლე ბოლომდე. მე დავასრულე, გმადლობთ.
-ახვარო!!! - შუა დარბაზიდან ფეხზე მდგომმა მამაკაცმა ოვაციებით წამოიყვირა.
-გმადლობთ. - თავი დაუკრა საზოგადოებას და ეტლით გავიდა. ამასობაში კვლავ ესმოდა იმ მამაკაცის ბილწსიტყვაობა, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია და მოღიმარი ჩასულიყო, თუმცა ბოლოს მაინც მისთვის განკუთვნილ ჩასასვლელის ნაცვლად, კიბით დაეშვა, ეტლი გადაყირავდა და 5 საფეხურიან კიბეზე კოტრიალით დაეშვა, თავიც დაარტყა, მაგრამ სანამ გაითიშებოდა ბოლო ფრაზა, პირდაპირ მის თავზე წარმოთქვა უცნობმა ხმამ.
-აი ეგრე, გამისწორდა!
ხმა სიჩუმეში გაუჩინარდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.