შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (5)


6-07-2019, 00:01
ავტორი omexi
ნანახია 640

დღე მეხუთე
რომ გითრათ ქუთაისში ჩასვლის შემდეგ კონსპექტებს მივუჯექი და სასწავლო მასალიდან თავი არ ამიღია მეთქი - მოგატყუებთ, ჩასულმა ჯერ ნათესავები მოვიკითხე, მოვისიყვარულე, მამიდაჩემს ბებოს გამოტანებული სოფლის ნობათი გადავეცი, შემდეგ უბანში გავიარე და ბიჭები მოვინახულე.
ამიტომ მეორე დღეს, როცა უნივერსიტეტისკენ მივუყვებოდი დილის სუსხიდან ალაპლაპებულ ქუჩას, ვცდილობდი გამეხსენებინა, ყველა ის ლექცია, რაც ოდესმე წაუკითხავს ლექტორს, იდეალური მახსოვრობა მაქვს მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ გონებაში მაინც თანმიმდევრობით დავალაგე საგამოცდო საკითხები.
ბევრი ვიწვალე, თუმცა მიღწეული შედეგი კატასტროფული იყო, ჩემი ცოდნის «ბანკს» რომ გადავხედე, აღმოჩნდა 50 საგამოცდო საკითხიდან, მხოლოდ 5 ვიცოდი და ისიც საშუალოზე დაბალი შეფასებით, მოკლედ განწირული გახლდით, სასწაულის იმედად მივდიოდი სასწავლებელში.
მთელი საათი მოვანდომე გზის გავლას და უნივერსიტეტის ეზოში შევაბიჯე, სადაც მიუხედავად ასეთი ადრიანობისა, ასობით სტუდენტი ირეოდა.
უნივერსიტეტი ორი - ახალი და ძველი კორპუსიდან შედგება, ახალი კორპუსი თანამედროვეობის ელემენტებს შეიცავს: ნაწრთობი მინით დაფარული კედლები, კერამიკული ფილებით მოკირწყლული იატაკი, ახლადგარემონტებული აუდიტორიები და ღია ფერის «ლამინატის» თხელი კარებები.
ძველი კოპრუსი კი თითქოსდა დროშია გაყინული, ძველებური ინტერიერი, გასული საუკუნიდან გადმოსულს ჰგავს: - რუხი ფერის გრანიტის ფილებით მოგებული იატაკი პირქუშობას მატებს, ალაგ-ალაგ საღებავგადაცლილ კედლებსა და მასიური ხის კარ-ფანჯარას.
ბათქაშჩამოყრილ კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილა კარიატიდები, რომლებიც ოვალურ თაღს იჭერენ და ზემოდან გადმოჰყურებენ დაუღალავად მოძრავ სტუდენტებს.
ეზო გადავკვეთე, სწრაფად შევედი ძველ კორპუსში, გავიარე გრძელი დერეფანი, ავირბინე კიდეებჩამოციცქნილი კიბეები და მეორე სართულზე ავედი.
24-ე აუდიტორიასთან ათამდე სტუდენტი შეკრებილიყო, ყველას კონსპექტები ეჭირა, ზოგი კედელს მიყრდნობილი იზუთხავდა რაღაცას, ზოგი ნერვიულად სცემდა ბოლთას, ზოგიც კი ფანჯარასთან მიდგმულ ხის გრძელ სკამზე რვეულებში თავჩარგული იჯდა და ირგვლივ მყოფთ ყურადღებას არ აქცევდა.
გამოცდა კარგა ხნის დაწყებული იყო.
- გამარჯობა, - მივესალმე თანაკურსელებს და აუდიტორიის ოდნავ ღიად დარჩენილ კარში შევიჭვრიტე.
- «ზდაროვა ბრაატ», - მაღალი, სუსტი ბიჭი მომიახლოვდა, ხელი მეგობრულად ჩამომართვა და ხმაურით გადამკოცნა.
- ოჰ მობრძანდა ვაჟბატონი, - მწითურთმიანმა გოგონამ ჭორფლიანი ცხვირი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა, - შენ და შენისთანა ზარმაცებისთვის, ვინც გამოცდაზე სისტემატურად აგვიანებთ, ლექტორი პრობლემებს გვიქმნის.
მწითურს გადავხედე, რომელმაც ამრეზით ამარიდა თვალი და იქვე მდგარ გოგონებთან გააბა ბაასი.
- რა მოხდა? - მწითურის კაპასისთვის ყურადღება არ მიმქცევია ისე ვიკითხე.
- ლექტორი გაცოფთა, როცა სტუდენტები სრულად არ გამოცხადნენ, - სუსტმა მხრები აიჩეჩა, - რვა კაცი უკვე ჩაჭრა.
- სულ ათმა სტუდენტმა დააგვიანა, - დაბალმა ჩასუქებულმა ბიჭმა ხელი ჩაიქნია, - დაგვიანებულები ყველა ჩაჭრა, შენ და ლაშა დარჩით.
ლაშა ჩემი ქუთაისელი ძმაკაცი გახლდათ, სამართალმცოდნეობის მთელი კურსდან მარტო მასთან გამოვნახე საერთო ენა, რა თქმა უნდა თანაკურსელები კარგი ბიჭები იყვნენ, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მე და ლაშას მეგობრობის გარდა, პარტნიორობაც გვაკავშირებდა, ასე რომ ვთქვათ თანამშრომლებიც ვიყავით: - ლექცების შემდეგ ერთი ნაცნობი მოხელის დამხმარედ ეგრეთ წოდებულ - «პადსობნიკად» ვმუშაობდით, რომელიც სისტემატურად გვთავაზობდა ხანმოკლე სამუშაოს.
მართალია ოთხმოცდაათიან წლებში მშენებლობები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ თუ რომელიმე შეძლებული საქმოსანი ბინის რემონტს წამოიწყებდა, ჩვენი ნაცნობი მოხელის წყალობით მოკლე ხანში ყელამდე ვიყავით საქმეში ჩაფლული.
ოთხმოცდაათიანებში სამსახურის პოვნა საოცრად სჭირდა, თუმცა მუდმივი შემოსავალი არ გვქონდა, მაგრამ ამ მცირედითაც კმაყოფილი ვიყავით, სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით ჯიბეში იმდენი ფული მუდამ გვედო, რომ ახალგაზრდული მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა, ეგ კი არა მცირე დანაზოგიც კი გავაკეთე.
აქედან გამომდინარე მე და ლაშა: - არც ღვინოს ვიკლებდით, არც დუდუკს და არც ქალებს, მართალია ოთხმოცდაათიან წლებში ეს სამი რამ ფუფუნებად ითვლებოდა, მაგრამ ჩვენი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორღაც ვახერხებდით თავის გართმევას.
ხუმრობის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, გამოცდის ჩაბარება ახლა ჩემთვის უმთავრესი პრობლემა გამხდარიყო, სანახევროდ ჩაბნელებული სადარბაზო მოვათვალიერე და ხმადაბლა ვიკითხე.
- ლაშა სად არი?
- ჯერ არ მოსულა, - საუბარში მწითური ჩაგვერთო, მან გოგონებთან ჭორაობას თავი ანება, - ალბათ ახლაც «პახმელიაზეა», ეგ ლოთი.
«პახმელიის» ხსენებაზე, გუშინდელმა ნაბახუსევმა შემომიტია, შუბლი მოვისრისე და დაბალს ვკითხე.
- მაინც რაო რას ამბობს ლექტორი?
- რა რაო, მშიერი მგელივითაა, პირდაპირ ხრავს სტუდენტებს, - დაბალმა ღაბაბში ჩამალული ნიკაპი მოიფხანა და ნაღვლიანად დაუმატა, - ვერც დეკანი გვიშველის.
თავის ტკივილმა შემომიტია, არ ვიცი ნერვიულობის ბრალი იყო, თუ ნაბახუსევის, მოსაუბრეებს მოვშორდი, რომლებიც ერთმანეთს ხმამაღლა ეყაყანებოდნენ და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.
«დეკანიც ვერ გვიშველის» - გონებაში მსუქანი ბიჭის სიტყვებს ვწონიდი, რა თქმა უნდა ვერ გვიშველის, ეს ლექტორი ცნობილი იყო თავისი საზიზღარი ხასიათით, არც იერარქიას იცავდა, არც ხათრი იცოდა და არც მექრთამე გახლდათ, არ ვიცი მისთვის მთავარი პრიორიტეტი სტუდენტების განათლება იყო თუ წამება, მაგრამ ფაქტი ერთია მისი აუდიტორიიდან უმეტესად კუდამოძუებული და ყურებჩამოყრილი სტუდენტები გამოდიოდნენ.
უაზრო ფიქრები ერთი წამითაც არ მტოვებდნენ, შემდეგ უბიდან შუაში გაკეცილი საგამოცდო კონსპექტი ამოვიღე და შევეცადე რამე წამეკითხა, მაგრამ დერეფანში მოყაყანე სტუდენტების წყალობით კითხვას გული ვერ დავუდე, კონსპექტი კვლავ ჯიბეში შევინახე და ნახევრადჩაბნლებული დერეფნის ბოლოს უაზროდ გავხედე.
ათი წუთიც არ გასულა, რომ სიბნელეში ნაცნობ კონტურებს მოვკარი თვალი, მაღალი, სუსტი ჭაბუკი ნელა მოიწევდა ჩვენსკენ, მისმა მუქმა სლუეტმა ისე ამოყვინთა სიბნელედან, როგორც ატომურმა წყალქვეშა ნავმა ატლანტიკის ოკეანედან.
მას როგორც ყოველთვის მოძველებული მოდელის ტყავის ქურქი, წვრილი «ველვეტის» შარვალი და უზარმაზარი შავი ჩექმები ეცვა, რა თქმა უნდა ვიცანი ლაშა, რომელიც დაგვიანების მიუხედავად სულაც არ ჩქარობდა.
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა წინასაგამოცდო გადამდები სენით შეპყრობილ სტუდენტებს.
- გამარჯობა, - ხმამაღლა მიესალმა დერეფანში მყოფთ.
- რა გეჩქარებოდა, - ცინიკურად უპასუხა მწითურმა, ზურგი დემონსტრაციულად შეაქცია და გაბრაზებულმა ჩაიბუზღუნა, - ლოთი.
- რა ჭირს? - გაცებულმა იკითხა ლაშამ და მწითურს თვალი გააყოლა.
- როგორ ხარ მეგობარო? - ფანჯრის რაფიდან ჩამოვხტი და მივესალმე, - ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხომ იცი გამოცდების დროს ნერვიული შეტევა ემართება.
დერეფანში მყოფმა ბიჭებმა ხმამაღლა გაიცინეს, მწითურმა კი მტრულად გადმომხედა და ენა ნიშნის მოგებით გამომიყო.
- ქი ვარ ჩაიში ჩამბალი «სუხარივით», - ლაშამ თბილი ქუიდი მოიხადა და აბურძგნული თმა გაისწორა.
- შენც პახმელიაზე ხარ? - ვკითხე და შუბლი მოვისრისე.
უტყვად დამიქნია თავი, ალბათ ბევრი ლაპარაკიც ტკივილს აყენებდა.
- «სუხარის» რა გითხრა, მაგრამ გამოცდების დროს «ნაწოვარ კამფეტს» რომ ემსგავსება ეს მართალია, - დაბალი, მსუქანი ბიჭი უშნოდ გაიღრიჭა.
- დაწყნარდი რა «პონჩიკ», თორემ კარგ ადგილზე გაგიშვებ, - ლაშამ მსუქანს გაღიზიანებული ტონით უპასუხა და მე მომიბრუნდა, - ასეთ პახმელიაზე გამოცდაზე რას ვიზამ კაცმა არ იცის, ვფიქრობ არ გავიდე და შემდეგისთვის გადავდო.
- მეც მაგ აზრზე ვარ, - დავეთანხმე მეგობარს, - მთელი არდადეგები ვკითხულებდი მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ლოთობამ რაც ვიცოდი ისიც დამავიწყა.
- მიხვდით ხომ ბოლოს? - მწითურმა გვერდით გამომწვევად ჩაგვიარა და ფანჯრის რაფასთან მიდგმულ ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა.
ხმამაღლა ამოვიოხრე. შემდეგ აუდიტორიის კარი ჭრიალით გაიღო, ოთახიდან სახეაჭარხლული სათვალიანი ბიჭი გამოვიდა, კარი მიაჯახუნა და გრძელი ნაბიჯით მგვიახლოვდა.
- რა მიიღე ბიჭო? - ჰკითხა მაღალმა.
- არაფერი, - სათვალიანმა დაორთქლილი სათვალე მოიხსნა, მინა ჭრელი ცხვირსახოცით გაწმინდა და უტყვად მოგვაჩერდა.
- რატომ «აჩკარიკ» ვერ მოუყევი?
- მოვუყევი, მაგრამ არ დამიწერა.
- ე ბიჭო «აჩკარიკას» თუ ნიშანი არ დაუწერა ჩვენ რას გვიზამს? - ლაშამ ხელი ჩაიქნია.
- რა გკითხა? - მსუქანი წყლიანი თვალებით მიაცქერდა «აჩკარიკას».
- შენ მკითხე რა არ გკითხაო, რაც ამ რვეულში წერია ყველაფერი მკითხა, - სათვალიანმა რვეული ნერვიულად ააფრიალა, - კინაღამ დამახრჩო.
- არა ძმაო მე მაგ ქალს თავს ვერ შევაჭმევინებ, - «აჩკარიკას» შემხედვარემ გამოცდაზე გასვლაზე ხელი ავიღე და ლაშას მივუბრუნდი, - გავიგოთ როდის შეგვეძლება დამატებით გასვლა და სხვა დროს ჩავაბაროთ, ახლა კი სადმე ჩამოვჯდეთ, საუკუნეა ერთად არ დაგვილევია.
ლაშამ გაიცინა.
- კარგი აზრია, თითო ჭიქა ღვინო «პახმელიას» წამალივით მოუხდება, - შემდეგ მაღალ სტუდენტს მიუბრუნდა, - თუ ძმა ხარ გაიგე როდის იქნება დამატებითი გამოცდა, მე მაგ ქალს ვერ დავენახები, დალაპარაკება კი ზედმეტია «პერეგარის» სუნი დაახრჩობს.
მსუქანმა ჩაიხითხითა, მწითურმა გოგომ კი წამით კონსპექტის კითხვას თავი ანება, ამრეზით ამოგვხედა და ჭორფლიან ცხვირზე ხელი მიიჭირა.
მაღალმა, აუდიტორიის კარი ფრთხილად შეაღო.
- შეიძლება? - მოკრძალებულად იკითხა და ოთახში გაუჩინარდა.
წამით დერეფანში სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა ეს წამიერი სიჩუმეც, რომელსაც გოგონების ხმადაბალი ბუტ-ბუტი ერთვოდა მსუქანმა დაარღვია.
- ეს ქალი ვინ არის, არ გაგვიჩინა ნერვოზი? - მან ცივ კედელს გახურებული შუბლი მიადო, - მეც უნდა ავითესო აქედან თორემ ორიანი ნაღდი მაქვს.
- «პადაგრევის» იმედი არ გქონდეთ ბიჭებოოო, - მწითურმა ნიშნის მოგებით გადმოგვძახა.
- რა უნდა ამას, რომ დაგვჩხავის დილიდანვე, - ლაშამ კბილები გაახრჭიალა და თბილი ქუდი ჩამოიფხატა.
აუდიტორიიდან მაღალი ბიჭი გამოვიდა, სახეზე ფერი დაკარგოდა, შუბლი კი მიუხედავად საგრძნობი სიცივისა ოფლის წვეთებს დაენამა.
- რა გითხრა? - სულმოუთქმელად იკითხა მსუქანმა, - როდისაა დამატებითი გამოცდაო?
- ოთხშაბათს, თერთმეტ საათზე, - სუსტმა ტუჩი მოიკვნიტა, - რომ იცოდეთ ისე გამლანძღა, ძლივს გამოვასწარი გარეთ, ძაან «იაზვა» ქალია, ისე მესაუბრებოდა როგორც «პრესტუპნიკს».
- გამომძიებელია და ყველა სტუდენტი «პრესტუპნიკი» ჰგონა, - ფილოსოფოსის ტონით დაასკვნა მსუქანმა.
- მგონი კაცების მიმართაც გართულება აქვს, - სუსტმა ოფლიანი შუბლი მოიწმინდა, - რა ჰქვია იმ სიტყვას... - შესაფერი სიტყვა რომ ვერ წარმოსთქვა თითები გაატკაცუნა.
- ანდროფობია, - შევეშველე მაღალს.
- ხო, - თავის დაკვრით დამეთანხმა, - ნაღდად ანდროფობია სჭირს, არადა ახალგაზრდაა, ოცდაათისაც არ იქნება, - წამით მიმზირა, შემდეგ დერეფანს მოავლო თვალი, უკან მიტრიალდა და მშრალად თქვა, - წავედი.
- აბა შენ იცი ძირს ნაგდები არაფერი ჭამო, - ენამოსწრებულად მიაძახა მსუქანმა.
- ნუ წუხხარ, უმჯბესია შენს თავს მიხედო ჭადრაკის ცხენივით რომ იჯღანები, - მაღალმა ალმაცერად გადმოხედა და ნახევრადჩაბნელებულ დერეფანში გაუჩინარდა.
- ჩვენც წავედით, - ლაშამ ხელი გადამხვია, - «კ ჩორტუ» გამოცდა.
სატუდენტებს გამოვემშვიდობეთ და გასასვლელისკენ გავემართეთ, დერეფანში სწრაფად გავედით, თან ხმამაღლა ვსაუბრობდით, ამიტომ ვერ შევამჩნიეთ მოსახვევიდან გამოსული მაღალი, ლამაზი გოგონა, ის წვრილქუსლიანი ჩექმების კაკუნით მოიწევდა ჩვენსკენ, გოგოს ისე მაგრად დავეჯახე, რომ კინაღამ იატაკზე მოვადინე ზღართანი.
- ოჰ, - გოგონამ ხმადაბლა შეჰკივლა, - თვალებში უნდა გაიხედო, - ცივად მკრა ხელი და კეკლუცად ამიარა გვერდი.
- «დაგპორჭყნე» გიჟო, - ლაშამ გოგონა გამოაჯავრა და თვალი ჩაუკრა.
- უზრდელო, - ქალიშვილმა პირდაპირ კიბის საფეხურებიდან მოგვაძახა და სწრაფად აირბინა კიბეები.
- უზრდელი კიდევ რბილად ნათქვამია, - მეგობარს ფილოსოფიურად ვუთხარი.
ლაშამ გაოცებული თვალებით გადმომხედა.
- მაგას შენ მეუბნები? უზრდელობის ეტალონი ხარ.
სიცილ-სიცილით ჩავუყევით ძველი კორპუსის კიბეებს და სტუდენტებით გავსებულ ეზოში გავედით, ლაშა ახალ ანეგდოტს მიყვებოდა.
- სვანი ამბობს მსახიობი ვარო, - ჰყვებოდა და თან სიცილს ძლივს იკავებდა, - ბოლოს ჰკითხეს რომელ ფილმში მონაწილეობო, გივის როლს ვასულებ «ცისფერ მთებშიო».
მოჩვენებითი გაოცებით მივაჩერდი მეგობარს, რა თქმა უნდა ხუმრობის არსს ჩავწვდი, მაგრამ არ გამიცინია, ლაშა შედგა და დაბნეულმა მკითხა.
- ვერ მიხვდი? «ცისფერ მთებში» გივის სულ ახსენებენ, მაგრამ ეკრანზე ერთხელაც არ ჩანს.
- ეგ ბაბუაჩემის დროინდელი ანეგდოტია, - ხელი ჩავიქნიე, - ახლა მე მოგიყვები: სვანი ამბობს ტელევიზიაში ვმუშაობო, ჰკითხეს რას აკეთებო, გადაცემები რომ დამთავრდება ვშიშინებო.
- ესე იგი სვანი შიშინებს, მაშინ ეკრანს ვინ აციმციმებს: კახელი? - ლაშა გაიღრიჭა.
- რაც უფრო ბევრს ვლაპარაკობთ მით უფრო მეტ სისულელეებს ვამბობთ, - ფილოსოფოსის ტონით წარმოვსთქვი, - ამას სჯობს სადმე ჩამოვჯდეთ და პახმელიას ვუმკურნალოთ.
- სად ჩამოვჯდეთ? - იკითხა ლაშამ.
შუა ეზოში გავჩერდი, აზრებს ვიკრებდი, შემდეგ ლაშას ხელი ბეჭზე დავკარი და ვუთხარი.
- მე ვიცი ერთი კარგი დაწესებულება.
- ახლა არ თქვა «მალბოროო», ხომ იცი მაგ «ზავედენიეს» ატანა არ მაქვს, - ლაშამ შუბლი მოწკურა.
- არა რის «მალბორო», - ცივად ვიუარე, - კაფე «მარიზე» გეუბნები, ერთი თვეც არაა რაც გახსნეს, კინოთეატრ «საქართველოს» მოპირდაპირე ქუჩაზე დგას, გახსოვს ადრე რომ გეუბნებოდი.
- მახსოვს, შენ და იურა იყავით ერთხელ.
- ისე სად დაიკარგა ეგ ბიჭი? - იმ წუთასვე დავინტერესდი თანაკურსელის ბედით, - ხომ არ გავუაროთ.
- რუსეთში წავიდა, ხომ იცი რა «იდეინი» ტიპი იყო, - ლაშამ ღიმილით შემომხედა, - უნივერსიტეტში ერთწლიანი აკადემიური შვებულება აიღო და მისი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად დიდ რუსეთში წავიდა.
- ვა როდის მოასწრო? - გავიოცე.
- ერთი კვირა იქნება, - ლაშამ გაცვეთილი ქურქის ჯიბიდან Pall Mall-ის დაჭმუჭნული კოლოფი ამოიღო და საგარეტს მოუკიდა, - რამდენიმე დღის წინ შემეხმიანა, მოსკოვშია, კუსტარულად ასხამს არაყს, შიგ დამწვარ შაქარს ურევს და ბოთლს ხუთვარსკვლავიანი «ენისელის» ეტიკეტს აწეპებს.
- «იმენა როჟაა»
- აბა, - ლაშა თავის დაკვრით დამეთანხმა, - რუსებს კი «აბოლებს», ეუბნება სუფთა ქართული კონიაკიაო.
საუბარ-საუბარში უნივერსიტეტი უკან მოვიტოვეთ და მოუვლელ, ასფალტამოყრილ ტროტუარს შევუყევით, ირგვლივ ყოველ შენობას ოთხმოცდაათიანების დაღი აჩნდა, ფასადები შეუღებავი იყო, ლამპიონები დამსხვრეული, ქუჩებში ავტომობილებიც თითო-ოროლა მოძრაობდა, სამაგიეროდ უშველებელი ჟანგიანი ტროლეიბუსი, ხრიგინ-ხრიგინით აივლ-ჩაივლიდა ქვაფენილს, საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულებზე რკინის, სქელი გისოსები აეჭედებინათ, როცა ქუჩაში მივდიოდი ისეთი წარმოდგენა მექმნებოდა, თითქოს საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქში კი არა, ქვეყნის დასალიერში გადაკარგულ გამოსასწორებელ კოლონიაში მივაბიჯებდი.
ქუჩაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს რომ ჩაეარა, იფიქრებდა ქუთაისი, პოსტაპოკალიფსური ეპიდემიიდან გავერანებულიაო, ხალხი ცოტა მოძრაობდა, ღამის საათებში კი ქალაქში ცხოვრება კვდებოდა, მოსახლეობა მომძლავრებულ კრიმინალს ერიდებოდა და სახლებში ემალებოდა განუკითხაობას.
საბედნიეროდ მაშინ უცხოელებიც ერიდებოდნენ საქართველოში ჩამოსვლას, მხოლოდ BBC-ის და CNN-ის სამხედრო ჟურნალისტები სტუმრობდნენ და ისინიც მხოლოდ იმიტომ ბედავდნენ, რომ სკანდალური სიუჟეტი გაეკეთებინათ და სოლიდური ჰონორარი აეღოთ.
ვერ გეტყვით ეგ კარგი იყო თუ ცუდი.
ქუთაისი: - რომლის ისტორია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან იწყება, რომელსაც ანტიკური ავტორები კოლხეთის სამეფოს დედაქალაქად თვლიდნენ და აიას, ქუთაიას, ქუთათისიუმს ეძახდნენ, რომელმაც ბევრი წარმატებული და გამოჩენილი ადამიანი აღზარდა, მათი ჩამოთვლა შორს წამიყვანს, თუმცა მაგალითად ისიც კმარა, რომ მეფედ-მეფე დავით აღმაშენებელი ქუთაისელი იყო.
ახლა ნელ-ნელა ჰკარგავდა სახეს.
ის ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძური გახლდათ, მაგრამ ვერ ვითარდებოდა, არ იზრდებოდა და მხოლოდ წარსულის არქიტექტურული ძეგლებით იწონებდა თავს.
ქუჩებში პურისა თუ ელენემტარული საარსებო მინიმუმის მოპოვებისთვის ყოველდღიურ ბრძოლაში დაღლილი და განადგურებული ხალხი მოძრაობდა, საცხოვრებელი სახლები სატუსაღოებს დამსგავსებოდნენ, გული მეწურებოდა, რომ თვალსა და ხელს შუა გვეცლებოდა ულამაზესი ქალაქი, არაპატრიოტი ვაიპოლიტიკოსები, კულტურულ მემკვიდრეობის აღდგენის ნაცვლად, საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე ფიქრობდნენ.
მათგან არაფერს არ ველოდი, მარტო მე კი არა საქართველოს მთელ მოსახლეობას არ ჰქონდა ამჟამინდელი ხელისუფლების იმედი.
ხალხი მართალი იყო: - ხელისუფლება რომელმაც მოკლა სულთ-ხორცამდე პატრიოტი მამულიშვილები, დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, მრავალგზის გაყიდულ ომში ათასობით ქართველი ახალგაზრდა ჩახოცა, არაფრის მაქნისი გახლდათ.
მე თუ მკითხავთ ყველაზე კარგად ფული ომიანობის დროს კეთდება, ერთადერთი რაც გამოდიოდა ჩვენს ხელისუფლებას სხვისი სიკვდილის ხარჯზე პირადი ცხოვრებას აწყობა იყო.
რუხი ქუჩის შემხედვარემ ხმამაღლა ამოვიოხრე.
- როდის უნდა ეშველოს ჩვენს ქალაქს? - დაღვრემილმა ვიკითხე და ლაშას გადავხედე.
მეგობარმა უღონოდ ჩაიქნია ხელი.
- ყველაფერს აქვს დასასრული, - ფილოსოფოსის ტონით დაასკვნა მან, - ეს კრიზისული წლებიც დამთავრდება.
ხმამაღლა ამოვიოხრე, 1995 წელი იდგა, ქვეყანა ომიდან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა, თუმცა უშედეგოდ, რადგან სეპარატისტების მიერ მიტაცებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, სადაც რუსული ტანკები და მავრთულხლართებს მიღმა დაქირავებული ჩეჩენი ჯარისკაცები იდგნენ, სისხლმდენ ჭრილობასავით ხშირ-ხშირად გვახსენებდა თავს.
არავის ეცალა ქვეყნის აღმშენებლობისთვის, მით უმეტეს ქუთაისისთვის, მხდალი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ კოტეჯებს ყიდულობდნენ, შვეიცარიის ბანკში ანგარიშებს ხსნიდნენ, რომ გადამწყვეტ მომენტში გასაქცევი ჰქონოდათ.
ამბობდნენ ქვეყანას სახსრები არა აქვსო, მაგრამ პოლიტიკოსების ჯავშნოსანი ავტომობილების შემხედვარე მაგას ვერ იტყოდა კაცი.
მოკლედ პოლიტიკას მაინც ვერ გავექეცი, თუმცა ოთხმოცდაათიანები ისეთი დრო იყო, როცა ყოველი მეორე პროფესიონალი პოლიტოლოგივით მსჯელობდა: გლეხი თუ ნოქარი, მდიდარი თუ ღარიბი, სტუდენტი თუ «ბირჟავიკი», ხალხი საუბრობდა იმაზე რაც ყველაზე მეტად ტკიოდათ.
ასეთი ფიქრებით მივუყვებოდით ცარიელ ქუჩას, როცა რუხი შენობის გვედით ჭყეტელა ფერებით შეღებილი წიგნის მაღაზია გამოჩნდა, ის მდიდარი ფერთა პალიტრით ისე გამოირჩეოდა ქალაქის რუხი ერთფეროვნებიდან, როგორც ცისარტყელა ნაწვიმარ ცაზე.
ლაშამ თბილი ქუდი შეისწორა, გამომცდელად მომაჩერდა და ხმადაბლა მითხრა.
- უნდა შეხვიდე? - თავის აქნევით მაღაზიაზე მანიშნა.
იცოდა, რომ წიგნები ჩემი სისუსტე იყო, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი ვკითხულობდი, ეს წიგნის მაღაზია კი ერთადერთი ნათელი წერტილი გახლდათ ამ რუხ ქუჩაზე, მაგრამ ისეთი ასტრონომული ფასები ედო იქაურ საქონელს, რომ ჩვენნაირი ღარიბი სტუდენტები, მარტო გადაფურცვლით თუ შემოიფარგლებოდნენ.
- არა, - მაღაზიასთან წამით შევჩერდი, - ისე ხშირად დავდივარ, რომ გამყიდველს თვალებში «მაზოლები» ამოვუყვანე, თან არასდროს მიყიდია წიგნი, ახლა რომ დამინახოს ალბათ «დამბრიდავს».
- ან წიგნს გაჩუქებს, ოღონდ მოწამლულს, რომ მეორეჯერ ვერ მოახერხო მაღაზიაში შესვლა, - ლაშა გაიღრიჭა.
ნელა ჩავუარეთ ფერადი ყდებით აჭრელებულ ვიტრინას, სწრაფად გადავავლე თვალი წიგნებს, უმეტესობა რუსულენოვანი იყო, რადგან მაშინდელ საქართველოში არ ხდებოდა მხატვრული ლიტერატურის აქტიური ბეჭდვა.
- მანქანით რატომ არ ხარ? - ვკითხე ლაშას.
მეგობარმა დაღვრემილმა გადმომხედა.
- «პროფილაქტიკაში» მყავს ჯემალასთან, ისევ აურია ძრავმა, - ერთ გულიან ამოოხვრაში ჩაატია სათქმელი, - დღეს უნდა დაესრულებინა, თუ გინდა გავუაროთ და მანქანით გავიდეთ კაფეში.
ლაშას 1971 წელს გამოშვებული Ваз 2101 ჰყავდა, ასაკით მასზე მთელი ოთხი წლით უფროსი იყო და აქედან გამომდინარე კარგადაც არ გამოიყურებოდა, ერთ დროს თეთრი ყოფილა ახლა კი გაყვითლებული და დაჟანგული გახლდათ, მართალი გითხრათ, მისი მანქანა სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი, რადგან უმეტეს დროს «პროფილაქტიკაში» ატარებდა.
- აბა სხვაგან სად გეყოლება, - გავეღრიჯე.
- დამაგლიჯა ნერვები მაგ მანქანამ, - ლაშამ ხელი ჩაიქნია.
- გინდა ერთი რჩევა მოგცე?
- თუ ძმა ხარ არ დაიწყო ახლა შენებური ღადავი, - ლაშამ გაბრაზებულმა ხელი ამიქნია და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, - მოდი ამ ჩიხიდან გადავიდეთ, - გვერდით ქუჩაზე მანიშნა, - აქედან თხუთმეტ წუთში მივალთ «პროფილაქტიკაში».
სველ ქვაფენილს ჩავუყევით.
- ფული გაქვს? - როცა თავდაღმართი ჩავამთავრეთ, მაშინ მკითხა ლაშამ.
ჯიბეები მოვიქექე და 30 ლარი ამოვიღე.
წინასაგამოცდო ციებ-ცხელებამ ძალიან შემითხელა ჯიბე, ალბათ გახსოვთ, ბოლო სამი კვირა სოფელში გავატარე, აქედან გამომდინარე უსაქმურად ვიჯექი, მხოლოდ ერთხელ მოვახერხე, სოფლის განაპირა მდგარი მეცხოველოების ფერმის მიტოვებული შენობიდან ჯართის გამოზიდვა, მაგრამ რამდენიმე კილო მეტალში აღებული გროშები ზღვაში წვეთი იყო.
ადრე მოგახსენეთ «პადსობნიკობით» გამომუშავებულ თანხას კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი და გარკვეული დანაზოგიც მქონდა-მეთქი, ქუთაისში წასვლის წინ, სწორედ ამ დანაზოგს მოვაკელი 30 ლარი, ჩემს თავს მეტი თანხის აღების უფლება ვერ მივეცი, რადგან მას უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას ვანიჭებდი და განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ხელს არ ვკიდებდი.
ქართული ვალუტა: - «ლარი» წელს შემოვიდა მიმოქცევაში, ასე რომ კუპონის შემდეგ კუპიურის ამ სახეზე დიდ იმედებს ვამყარებდით, უცხოურ ვალუტებთან მიმართებით ჯერ-ჯერობით მყარი კურსი ჰქონდა, საერთოდ ქართველები ოპტიმისტები ვართ, ამიტომ გვჯეროდა, რომ ლარი ბოლომდე შეინარჩუნებდა აღებულ სტარტს.
- მეფურ პურ-მარილს ვერ გავშლით, - ნაღვლიანი ღიმილით წარმოსთქვა ლაშამ, - მაგრამ თავს შევიქცევთ, - შემდეგ ჯიბიდან ხურდა ფული ამოკრიფა, გადათვალა და დაღვრემილმა მითხრა, - მე მხოლოდ რვა ლარი მაქვს, ეს ბოლო თვეა სულიკოსაც არ გამოუჩნდა სამუშაო «პადსობნიკად» რომ წავეყვანე.
- არა უშავს მეგობარო ხომ გაგიგია: - Танцуй, пока молодой, - დავაიმედე ლაშა.
ამ დევიზით გავაგრძელეთ გზა, თვალსა და ხელს შუა გაილია ნაცნობი ქუჩები, კვარტალიდან-კვარტალში საუბარ-საუბარით გადავდიოდით და ყურადღებას არ ვაქცევდით დეკემბრისთვის დამახასიათებელ ძვალსა და რბილში გამტან სიცივეს.
«პროფილაქტიკა» ვიწრო ქუჩაზე, დაპერტყნილ გარაჟში იყო მოწყობილი, უკან ეზო ჰქონდა, სადაც სარემონტო ავტომანქანები და მათი დაშლილი ნაწილები ეყარა, მივუახლოვდით თუ არა მორყეული კარი ჭრიალით გაიღო და გაუპარსავი, ტაოტისგან გამურულ კომბინიზონში გამოწყობილი მამაკაცი გამოვიდა, ჯერ შედგა, ამოგვხედა გაბერული მუცელი მოიქექა და ნელა სვენებ-სვენებით ჩაილაპარაკა.
- ჯიგარს გაუმარჯოს.
- როგორახარ ჯემალ? - ლაშამ მამაკაცს ხელი ჩამოართვა და გარაჟში შეიჭყირა, - გააკეთე, - ჰკითხა.
- «ფარსუნკები» გამოვუცვალე ჯიგარ, - ჯემალმა ტაოტიანი ხელი შარვლის ტოტზე შეიწმინდა და მთქნარებით დაუმატა, - გარაჟის უკან ეზოში დგას.
- ეშველა რამე?
- დადის.
- ფულს თვის ბოლოს მოგცემ.
- არაა ჯიგარ პრობლემა, - მამაკაცმა ცხვირი მისრისა, - შენი «ნოლადინის» გადამკიდე, ვიცი გამქცევი არა ხარ.
ხმადაბლა ჩავიფხუკუნე და ეზოსკენ მიმავალ ლაშას ავედევნე, ძველი ორსართულიანი სახლის წინ არქაული ავტომობილები ეყენა: - ГАЗ-М-20 Победа, Москвич-408, ЗАЗ-968М-Запорожець და ასე შემდეგ, აღსანიშნავია, რომ იმათგან ყველაზე კარგ მდგომარეობაში ლაშას «ნოლადინი» იყო.
- მაგარი «ჩასასტავდი» შენ ჯემალასთან, - გავეხუმრე მეგობარს.
- არ მითხრა, ყოველდღე აქ ვარ, მალე ალბათ ბავშვსაც მოვუნათლავ, - ლაშამ გაიღიმა და მანქანის კარი გამოაღო, - აი ჩემი რაშიც.
- რაშის რა გითხრა, მაგრამ ჯაგლაგი ნამდვილადაა.
ლაშამ ალმაცერად გადმომხედა და კაბინაში მოკალათდა, გვერდით მივუჯექი: - ვიწრო კაბინა, მოუხერხებელი, გვერდებდაქექილი სავარძლები, მტვრიანი «ტორპედო», დრო-ჟამისგან გაპრიალებული საჭე და დალაქავებელი «სპიდომეტრი» აი ასე გამოიყურებოდა ლაშას «რაში», ყოველივე ამას ზეთის, ტაოტისა და ბენზინის სუნიც ერთოდა, ასე რომ ადამიანი ერთი თვალის შევლებით მიხვდებოდა, რომ ავტომობილმა ახლახან დატოვა ჯემალას «რეაბილიტაციის» ცენტრი.
ლაშამ ძრავი დაქოქა, აძაგძაგებულ მანქანას, სიჩქარეები შეუცვალა და ადგილიდან დასძრა.
- ვა მიგორავს, - მოჩვენებითად გავიოცე.
- ხო იღადავე, იღადავე, - თავის გადაქნევით მიპასუხა მეგობარმა და მაგნიტოფონი ჩართო.
ერთადერთი რაც ამ მანქანაში ღირებული იყო Pიონეერ-ის მოდელის მაგნიტოფონი გახლდათ, რომელიც მისი ღირებულებით ალბათ ბევრად აღემატებოდა თავად Ваз 2101-ს, ლაშა ყოველთვის ამაყობდა მაგნიტოფონით და ავტომობილზე უკეთ უვლიდა.
«ნოლადინმა» ერთი დაიფხუკუნა, საკვამურიდან ბღუჯა-ბღუჯად გამოუშვა შავი კვამლი და კრუსუნით აუყვა აღმართს, რამდენიმე წუთში კინოთეატრ «საქართველოს» მოუვლელი შენობა გამოჩნდა, რომლის წინ გარე მოვაჭრეებს თვითნაკეთი დახლები დაედგათ და ასობით უსარგებლო ნივთს ყიდნენ.
კინოთეატრის მოპირდაპირე ქუჩაზე, რუხი შენობის ქვედა კუთხეში კოხტად მისკუპებულიყო კაფე-ბარი «მარი».
როგორც მოგახსენეთ დაწესებულება ახალი გახსნილი იყო, ამიტომ ამ ქუჩაზე ყველაზე თვალშისაცემი გახლდათ, მართალია ნეონის ნათურებით გაბჟღრიალებული სარეკლამო აბრა არ ეკიდა, მაგრამ უშველებელი პლასტმასის ბანერი, რომელზეც კოქტეილის მაღალყელიან ჭიქაში ჩარჭობილი პაწაწინა ქოლგა ეხატა წამსვე იქცევდა გამვლელთა ყურადღებას.
ავტომობილი კაფის წინ მოწყობილ მოუწესრიგებელ სადგომზე შევაჩერეთ, ჯახუნით მივატოვეთ ცივი კაბინა და შენობაში შევედით.
დაწესებულება თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ ვარდისფერი შუქით განათებულ დახლს მიღმა ფუსფუსებდა ქერათმიანი ბარმენი ქალი.
კაფე ორი სართულიდან შედგებოდა, პირველზე ხუთი პლასტმასის მაგიდა ძლივს ეტეოდა, მეორე შედარებით ტევადი გახლდათ, ზევით ამავალი ხის კიბეები, ხისავე ვერანდას უერეთდებოდა, საიდანაც წყნარი მუსიკა ისმოდა.
დახლს მივუახლოვდით.
- გამარჯობა, - ქერათმიანმა ბარმენმა ქალმა დახლის წმენდას თავი ანება, კეთილად გაგვიღიმა და კითხვით აღსავსე ტონით გვითხრა, - გისმენთ.
- ორი ულუფა ცხელი ხაჭაპურ თუ შეიძლება, - შეკვეთა მისცა ლაშამ.
- ოღონდ აჭარული, - შევაშველე სიტყვა.
- გასაგებია, - თავის დაკვრით დაგვეთანხმა ბარმენი, შემდეგ ფურცელი ამოიღო და ჩაიწერა, - ორი აჭარული ხაჭაპური, - წამით თვალი მოჭუტა და გვკითხა, - რას დალევთ?
- «ენისელი» რა ღირს? - ლაშამ სარკით გაწყობილ სასმელების ბარზე მიუთითა.
- ხუთი ლარი.
- ესეც იურას ჩამოსხმული ხომ არაა, - უშნოდ გავიღრიჭე.
- არა ძმაო ვისიც არ უნდა იყოს, «ენისელს» ჩვენი საფულე მაინც ვერ გასწვდება, - ლაშამ თავი დანანებით გადააქნია, - ერთი «პოლიტრა» «უშბა» და მსხლის ლიმონათი მოგვეცით.
ბარმენი დაფაცურდა, შეკვეთა ჩაიწერა და მომლოდინე თვალებით მოგვაჩერდა.
- კიდევ ინებებთ რამეს? - გვკითხა.
ლაშამ მის ხურდებს ჩემი ფული მიუმატა, თანხა ბარმენს ჩაუთვალა და ჩემსკენ მოტრიალდა.
- ზემოთ ავიდეთ?
- რა თქმა უნდა, - დავეთანხმე.
- შეკვეთა ზემოთ ამოგვიტანეთ, - უთხრა ბარმენს და კიბეებისკენ გაემართა.
- ოც წუთში ყველაფერს მოგართმევთ, - კიბისკენ წასულებს მოგვაძახა ბარმენმა და გვერდით ოთახში გაუჩინარდა.
ზემოთ განსხვავებული გარემო დაგვხვდა, ნახევრადჩაბნელებულ ოთახს კედელზე მიმონტაჟებული ორი მბჟუტავი ბრა ანათებდა, რომლის შუქსაც მოპრიალებული იატაკი ირეკლავდა, უკრავდა სასიამოვნო მუსიკა, კედლები გულის ფორმის პრიმიტიული კომპოზიციებით მოეხატათ, მე თუ მკითხავთ აქაური გარემო ზედმეტად რომანტიული იყო, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აქ უმეტესად შეყვარებული წყვილები ამოდიოდნენ.
მაგიდა-სკამები პლასტმასის ნაცვლად მასიური ხის გახლდათ, ყოველ მათგანზე მოჩუქურთმებულ შანდლებში ჩამაგრებული ორ-ორი სანთელი ეწყო, ახლა მხოლოდ ერთ მაგიდასთან ენთო სანთლები, რომელსაც ახალგაზრდა წყვილი მისჯდომოდა, ალკოჰოლიდან თვალებაციმციმებულ ბიჭს, გოგონას ხელი მუშტში მოექცია და ხმადაბლა რაღაცას ეჩურჩულებოდა.
ნელი ნაბიჯით მივუახლოვდით განაპირას მდგომ მაგიდას, ლაშამ სანთელს სანთებელათი მოუკიდა, რამდენიმე წამი ცეცხლის ალს თვალმოუშრებლივ მისჩერებოდა, შემდეგ ჯიბეები მოიქექა, მაგიდაზე Pall Mall-ის დაჭმუჭნული კოლოფი დააგდო.
- თუ ძმა ხარ ამ დახურულ სივრცეში არ მოწიო, - ხელი ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მომოვატარე, - აქტიური მწეველი უფრო ნაკლებ ზიანდება, ვიდრე გვერდით მდგომი.
- მოგცლია ერთი, - ლაშამ ხელი ჩაიქნია, - ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით.
- ეს მეც ვიცი, მაგრამ რატომ გინდა ადრე მოკვდე? - გავაპროტესტე მისი ნააზრევი, - სხვათა შორის ის თუ გაგიგია, ადამიანს რომელიც ოცი წელი ეწევა, ორგანიზმში ხუთი კილო ნიკოტინი უგროვდება.
- მოკლედ შენს ერუდირებულობას საზღვარი არა აქვს, - ლაშამ ნიშნის მოგებით შემომხედა და კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო.
თხუთმეტ წუთში ოფიციანტმა შეკვეთა ამოგვიტანა, ლანგარიდან ფრთხილად გადმოაწყო ხაჭაპურები, რომლებთაც ოხშივარი ასდიოდა და ცივ სასმელებთან ერთად მაგიდაზე დაალაგა.
ლაშამ მადლობა გადაუხადა, ოფიციანტმა ღიმილით გვითხრა «შეგერგოთო» და კიბეებზე ჩაირბინა.
ლაშამ გვერდებდაორთქლილ არაყის ბოთლს ხელი მასპინძელივით ჩაავლო, საცობი მოხსნა და ჭიქებში ჩამოასხა.
- ჩვენს ძმაკაცობას გაუმარჯოს, - ჭიქა წამოსწია და სადღეგრძელო წარმოსთქვა, - რაც არა უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, არასდროს დავივიწყოთ ერთად გატარებული წლები, მუდამ ძმაკაცებად დავრჩეთ.
სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა, დაიჯღანა და მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა.
- ბიჭო კარბიტისაა ეგ არაყი? ჩამწვა ხახა.
ჩამეცინა, სავსე ჭიქა წამოვწიე და სადღეგრძლო წარმოვსთქვი.
- ნამდვილი ძმაკაცი სიმწარეში იცნობა, - ხუმრობით წარმოვსთქვი, - შენს ნათქვამს გაუმარჯოს ჩემო ლაშა, დაე არასდროს დასრულდეს ჩვენი ძმაკაცობა, - არაყით სავსე ჭიქა ჯერ დავსუნე, სპირტის მწველმა არომატმა ნესტოები ამიწვა, ცხვირი შევიჭმუხნე და სასმისი გამოვცალე.
ლაშას არ იყოს, არაყი არაბუნებრივად მწარე მეჩვენა, ვიგრძენი როგორ ჩავიდა მწველი სითხე ყელში, ჯერ საყლაპავი მილი ამეწვა, შემდეგ კუჭი, სახეზე წამოვხურდი და ისე გულიანად ამოვისუნთქე, თითქოსდა ცეცხლი ამოვაყოლე ჰაერს.
- რა არი ეს? - ძლივს წავილუღლუღე და არაყს, ლიმონათი მივატანე.
- ასეთია ჩვენი რეალობა მეგობარო, - ლაშა თან ხაჭაპურს ილუკმებოდა, თან ცდილობდა სპირტიანი სასმელის წარმომავლობაში გავერკვიე, - დარწმუნებული ვარ ამ არაყს, პატრა, ათ კვადრატული მეტრი ფართობის «ცეხში» ასხამენ, სადმე ფარცხანაყანებში იყიდიან აყროლებულ ჭაჭას გაფილტრავენ და ნახევრად გამორეცხილ ბოთლებში ჩაუძახებენ.
- საკმაოდ გათვითცნობიერებული ყოფილხარ ტექნოლოგიაში.
- იურამ განმანათლა, - ლაშა გაიღრიჭა.
კიდევ ორი სადღეგრძელო დავლიეთ ზედიზედ, სასმელი მარტო მწარე კი არა მათრობელაც იყო, ამიტომ მოკლე ხანში საკმაოდ შევზარხოშდით.
ნელ-ნელა არაყისა და ლიმონათის წრუპვა-წრუპვაში გართულებს, ხაჭაპურებიც შემოგვეჭამა, ლაშამ ოფიციანტს ორი ნაჭერი ნამცხვარი «მედოკი» შეუკვეთა, რადგან ჩვენი ფინანსები უფრო ძვირადღირებულის შეძენის საშუალებას არ გვაძლევდნენ და ამჯერად დანაყრებულებმა გავაგრძელეთ სმა.
ალკოჰოლის ზეგავლენა აშკარა იყო, თვალები აგვიციმციმდა, ხმამაღლა ვსაუბრობდით, ზოგჯერ კი ჩვენს სისულელეზე ჩვენვე გვეცინებოდა, თითქმის ერთი საათი გავიდა რაც სუფრასთან ვიჯექით, ამ ხნის განმავლობაში კაფეს არავინ შემომატებია, პირიქით განმარტოებით მჯდარმა წყვილმა მაგიდა მიატოვა და ქვემოთ ჩავიდა, შეიძლება ჩვენმა უტაქტო საუბარმა შეაწუხათ, შეიძლება რაღაც კონსესუსამდე მივიდნენ: ბიჭი ხომ გოგონას მთელი საათის განმავლობაში რაღაცას გაცხარებით უმტკიცებდა.
მოკლედ ისეთი დრო იყო, რომ ერთეულების გარდა არავის ეცალა კაფე-ბარებისთვის, ამიტომ ძალიან გაგვიკვირდა როცა ოთახში ორმა ლამაზმა გოგონამ შემოაბიჯა.
ისე იქცეოდნენ თითქოს მთელი პლანეტა მათი ყოფილიყო, იცინოდნენ და მთელ თავიანთ სილამაზეს ამზეურებდნენ, ამიტომაც მივაქციეთ განსკუთრებული ყურადღება.
ერთი ქერა იყო, მაღალი, «პილოტკას» სტილის ტყავის ქურთუკი, მოკლე ქვედატანი, მაღალქუსლიანი ჩექმები და მუხლებს აცილებული შავი გეტრები ეცვა, რომლებიც მის ფეხებს თვალშისაცემ იერს აძლევდა.
მეორე პირველის ნამდვილი ანტიპოდი გახლდათ, მზისგან გარუჯული, ხორბლისფერი კანი ჰქონდა, მოკლე შავი თმა «კარეს» სტილზე შეეკრიჭა, გვერდზე გადავარცხნილი ქოჩორი დიდრონ, მწვანე თვალებს წამდაუწუმ უფარავდა და ისიც სულის მომხიბვლელი აბერვით ცდილობდა მის მოშორებას.
შავი, პრიალა «კრეკის» კურტკა, ტანზე მოტმანსნილი ჯინსები და «ლაკის» ჩექმები ეცვა.
გოგნებმა გვერდი მედიდურად ჩაგვიარეს და ისე, რომ ჩვენსკენ არც გამოუხედავთ, კუთხეში მოთავსებულ მაგიდასთან მოკალათდნენ.
- ბატონო თამადა, - გოგონების ცქერით გული რომ ვიჯერე, ლაშას ხმამაღლა მივმართე, - თუმცა მე თამადად არ ამირჩევიხარ, მაგრამ მაინც გთხოვ ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება მომცე.
- ბრძანე, - ლაშამ მთვრალი კაცისთვის დამახასიათებელი ტონით თქვა და ბოლომდე დაყვანილ ბოთლს გახედა.
- მანდილოსნებს გაუმარჯოს, - უკან მჯდომი გოგონების გასაგონად ხმამაღლა ვთქვი, - ვფიქრობ ისინი ჩვენი ცხოვრების ალფა და ომეგაა, ყველაფრის დასაწყისი და დასასრული, მანდილოსნებით იწყება ცხოვრება... - წამით დავდუმდი, გონებაში სიტყვებს ვარჩევდი, მაგრამ მართალი გითხრათ ალკოჰოლი გვარიანად მირევდა გონებას, - მოკლედ მოვეფეროთ, გავუფრთხილდეთ, ისინი ხომ ცხოვრებას გვილამაზებენ, ღმერთმა არასდროს არ მოგვიშალოს მათი თავი, - ჭიქა ოდნავ ზემოთ წამოვსწიე და სასმელს დავეწაფე.
- ამ ლამაზებს გაუმარჯოს, - ლაშამ ჭიქა გოგონებისკენ გაიშვირა, გამოსცალა და მაგიდაზე დადგმულ ბოთლს გახედა, - სასმელი შემოგვაკლდა, - მან ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა და კიბეებზე ჩამავალ ოფიციანტს ხელის დაქნევით მოუხმო.
როცა ქალი მაგდას მოუახლოვდა, ლაშამ არაყის ბოთლს თითი მიუკაკუნა და ენის ბორძიკით წარმოსთქვა.
- «რეპეტე».
ოფიციანტმა გაფართოვებული თვალები მოგვაპყრო, შემდეგ ფურცელზე შეკვეთა ჩაიწერა.
- ახლავე მოგართმევთ, - გვითხრა.
- ერთი ბოთლი შამპანურიც, - მივაძახე წასასვლელად გამზადებულ ოფიციანტს, - შამპანური აი იმ მაგიდასთან მჯდომ მანდილოსნებს მიართვით.
ქალმა თავი დაგვიქნია და კიბეები ჩაირბინა.
- მგონი ეგ კარგი იდეა არ არი, - ლაშამ თავის კანტურით ჩაილაპარაკა.
- კაი თუ ძმა ხარ, - მეგობარს ხელი ავუქნიე, - ყველა მანდილოსანი ოცნებობს ვინმემ კავალერობა გაუწიოს.
- მერედა, იქნებ ჰყავთ უკვე კავალერები? - შემეპასუხა ის.
- მე ვერავის ვხედავ.
- იქნებ ელოდებიან, - ივარაუდა ლაშამ, - თან ნახე როგორ «ძერსკად» იქცევიან ერთხელაც არ გამოუხედავთ ჩვენსკენ.
- ეს ქალების ტიპიური ტაქტიკაა, - მცოდნე კაცის იერით დავასკვენი, - ფურორი მოახდინო ირგვლივ მყოფზე, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ და მერე ყურადღება არ მიაქციო.
- მე არ ვეთანხმები შენს ფილოსოფიას, - ლაშამ ხელები გაასავსავა, - თან ნამდვილად არ მინდა «დამაპაშოლონ», ისედაც ნერვები მაქვს დაწყვეტაზე.
- დაიკიდე თუ ძმა ხარ ეგ გამოცდა, - გავამხნევე მეგობარი, - ჩავაბარებთ, ვითომ ადრე არ ჩაგვიბარებია.
- გამოცდა ისედაც , «პროსტო» არ ვარ «მუღამზე».
ამასობაში ოფიციანტმა გოგონებს შამპანური მიართვა, თან ჩვენზე ხელით ანიშნა, ქერამ კეკლუცად გადმოგვხედა და მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დაგვიქნია.
- თუ გნდა «გაგიმაზავ», - ვუთხარი ლაშას.
- რას? - თვალები მოჭუტა მან.
- მინიმუმ იმას, რომ ამ გოგონებს გავიცნობ, - ვუთხარი.
- მაქსიმუმ?
- მაქსიმუმ, - თვალები დაფიქრებით მოვჭუტე, - კარგად «ჩავსასტავდები».
- მოსულა, - ლაშამ ხელი ჩამომართვა, - წაგებული სერიოზულ პურ-მარილს კისრულობს.
- შეეგუე წაგებას მეგობარო, - ღიმილით ვუთხარი, ფეხზე წამოვდექი და გოგონების მაგიდისკენ გავემართე.
ისინი ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო, ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ჩემს ვერსიას თუ გავითვალისწინებთ კვლავ დაწყებულ ტაქტიკას მისდევდნენ და ზედაც არ მიყურებდნენ, ვითომც არც ვარსებობდი.
- გამარჯობა, - მაგიდასთან შორიახლო დავდექი და გოგონებს იდუმალი ხმით ვკითხე, - უხერხულობაში ხომ არ ჩაგაგდეეთ ჩვენი ღარიბი საჩუქარით?
- როგორ გეკადრებათ, - ქერამ კეკლუცად გამცა პასუხი.
- რომ იცოდეთ არ ვსვამთ, - სამაგიეროდ შავგვრემანმა მომმართა ცივად, ერთი ამომხედა და კვლავ ყავის ფინჯანს მიუბრუნდა.
- მაპატიეთ თქვენს მყუდრო იდილიას რომ ვარღვევ, მაგრამ, - მიუხედავად შავგვრემანის ცივი გამოხედვისა მაინც არ დავნებდი და ისე წარმოვსთქვი ვიღაცას ეგონებოდა, ამ სიტყვებს მთელი დღე იზუთხავდაო, - რატომღაც დაღვრემილი მეჩვენებით თუ ნებას დამრთავთ კომპანიას გაგიწევთ.
- უთქვენოდაც გავძლებ როგორმე, - შავგვრემანმა მტრულად წაისისინა, შემდეგ მსუბუქი ამოსუნთქვით შალემ-ის მენტოლური კვამლი მომაბოლა და მელანქლიურად დაუმატა, - და ძალიან დიდ პატივს დამდებთ, თუ შამპანურს უკან წაიღებთ.
- ვითომ? - დამცინავად ჩავილაპარაკე და მაგიდასთან ნაგლად მოვკალათდი.
სიმადვილეში მანდილოსნების მიმართ შედარებით მოკრძალებული ვარ, ახლა კი სითამამეს ალკოჰოლი მმატებდა.
- ვითომ კი არა მართლა, - შავგვრემანი სახეზე წამოწითლდა, - და საერთოდ ვინ მოგიპატიჟა? ომარ ფაშასავით რომ დაბრძანდით?
- მომეწონეთ, - გამომწვევად ჩავილაპარაკე და შევეცადე ჩემი საუკეთესო ღიმილით გამეღიმა.
- ეს რა ნაგლი ვიღაც ყოფილა?
- ასეა ძვირფასო, დღეს ისეთი ჟამია დამდგარი, რომ უნდა ინაგლო, - იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი.
- თქვენი ძვირფასი არა ვარ, - გააპროტესტა შავგვრემანმა.
- შეურაცხყოფად არ მიიღოთ, ამ სიტყვით თქვენდამი კეთილგანწყობა გამოვხატე, - შავგვრემანს მივაცქერდი, - ხომ მეთანხმებით, რომ «ძვირფასი» ყველაზე ლამაზი სიტყვაა?
- მე გეთანხმებით, - კაკლუცად გამიღიმა ქერამ.
- ალილუია, თანამოაზრე გამომიჩნდა, - ქერას თავი დავუკარი და კვლავ შავგვრემანისკენ მივტრიალდი, - თქვენს პასუხს ველი.
მან ნაფაზი ღრმად დაარტყა და მზერა ამარიდა.
- სხვათა შორის ულამაზესი თვალები გაქვთ, ვფიქრობ თქვენი თვალები ძვირფასია, ფასდაუდებელი, - ხმადაბლა წარმოვსთქვი, - ალბათ სახელიც თვალებივით ლამაზი გექნებათ... რა გქვიათ? - მოხდენილად შევაპარე შეკითხვა.
- გამოიცანით, - შავგვრემანის სავსე ბაგეებს ღიმილი შეეპარა.
- იცით, მარტო ვერაფერს გავხდები, თუ არ შეგაწუხებთ მეგობარს დავუძახებ, - გვერდით მაგიდასთან მჯდომი ლაშასკენ ხელი გავიშვირე.
- დაუძახეთ, - ქერა დამეთანხმა, - მე უკვე საკმაოდ გავმხიარულდი, ამიტომ ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.
- თუ მარტო უძლური ხართ, მაშინ მეც დაგთანხმდებით, ოღონდ ჩემი სახელი უშეცდომოდ უნდა გამოიცნოთ, - შავგვრემანმა უტეხად შემომხედა თვალებში.
ქალს მზერა ავარიდე უკან მივტრიალდი და ლაშას ხელი დავუქნიე, ის სკამიდან დინჯად წამოდგა, მაგიდას მოუახლოვდა და უხერხულად დაგვადგა თავს.
- გამარჯობა, - დაბნეულად ჩაიბურტყუნა.
გოგონებმა გაიცინეს, ლაშა სირცხვილისგან გაწითლდა, მე კი მეგობარს გამარჯვებული მზერა ვტყორცნე, «აქაოდა სანაძლეო მოვიგე თქო».
- გაიცანით ეს ჩემი ძმაკაცია ლაშა, - გოგონებს ჯერ მეგობარი წარვუდგინე, შემდეგ თავი თავაზიანად დავუკარი, - მე ბექა მქვია, - სკამი ხმაურით გამოვაჩოჩე და ქერას მივუბრუნდი, - თქვენი სახელი?
- ლელა, - ქერამ მორცხვად ააფახულა წამწამები.
- სასიამოვნოა, თქვენს სახელს კი აუცილებლად გამოვიცნობ, - გავუღიმე შაგვრემანს, შემდეგ ლაშასკენ მივტრიალდი და ვუთხარი, - ამ ქალიშვილს ჩვენი დედუქციური უნარის გამოცდა სურს, მისი სახელი უნდა გამოვიცნოთ.
- ო ეს არ არი პრობლემა, - ლაშამ მხრები აძგიბა.
მეგობარს თავის მსუბუქი აქნევით სკამის საზურგეზე გადაკიდებულ კოპწია ხელჩანთაზე ვანიშნე, ქრომირებული ლითონის ჭიკარტებით გაწყობილ ტყავის თასმას ხის გალაკული გული ეკიდა, რომელზეც დიდი დაგრეხილი ასოებით გრავირებული იყო სახელი... «თათია».
დედუქციის უნარი სულაც არ სჭირდებოდა იმას, რომ მივმხდარიყავი თუ ვისი სახელი ეწერა გულს, თუ ქერა ლელა იყო ესე იგი თათია შავგვრემანს ერქვა.
ლაშამ ზურგჩანთას გადახედა, ეშმაკობას მიმიხვდა და მიამიტი მზერა მიაპყრო გოგონებს.
- ვერაფერსაც ვერ გამოიცნობთ, - მოულოდნელად შავგვრემანმა ტუჩები მომხიბვლელად გამობურცა, რამაც ერთიორად მიმზიდველი გახადა მისი ლამაზი სახე.
- გამოვიცნობთ, ოღონდ თავისებურად, თუკი ლამაზი თვალებით ვიმსჯელებთ, - შავგვრემანისკენ გადავიხარე და იმპროვიზაცია დავიწყე, - რასაც ჩაცმულობის სტილს და ლაპარაკის მანერასაც დავუმატებთ, ლიკა არ უნდა გერქვას... მარიკა? - თვალები მოვჭუტე და მეგობრისკენ მივტრიალდი, - რას იტყვი ლაშა?
- არა, - ლაშამ თავი უარის ნიშნად გააქნია.
- ესე იგი მარიკა არა... ლოლიტა?
- არა, - ლაშამ ისევ კატეგორიულად უარყო ჩემი ვერსია.
- ლოლიტა არა... თეონაზე რას იტყვი? - ენას არ ვაჩერებდი და ახალ-ახალ ვარიანტებს ვიგონებდი.
გოგონები ღიმილით გვიმზერდნენ და ყოველი ვერსიის გაჟღერებისას ხმადაბლა იცინოდნენ.
- არა ძვირფასო, - ამჯერად შავგვრემანმა უარყო ჩემი ვარაუდი.
- თეონა არა? - წამით მოჩვენებთად დავფიქრდი, - რატომაც არა, თეონა ლამაზი სახელია, შეეფერება მწვანე თვალებს, - წინ მჯდომ ლამაზმანს ჯიქურ მივაცქერდი, - მაგრამ ჩემი აზრით უფრო ლამაზი... - სიტყვა უადგილოდ გავწყვიტე, ლაშას გადავხედე და თვალით ხელჩანთაზე ვანიშნე.
ლაშა რა თქმა უნდა ყველაფერს მიმიხვდა, ერთხელ კიდევ შეავლო მზერა ტყავის თასმაზე დაკიდებულ ხის გულს და ღიმილით დამიქნია თავი.
- თათია იქნება, - ორთავემ ერთდროულად წარმოვსთქვით.
- საუცხოოა, - ლელამ ტაში შემოჰკრა.
- გამოვიცანით? - ლაშამ მოჩვენებითად გაიკვირვა.
- ვერ გამოიცანით, - შავგვრემანი გაიბუტა.
- ტყუი, - გოგონასაკენ მთელი ტანით გადავიხარე, - შენი სახელი ზღაპრულად ლამაზ თვალებში ირეკლება.
შავგვრემანმა შალემ-ის კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოიღო, მოუკიდა და ნაფაზი ღრმად დაარტყა.
- საიდან მიხვდით? - გაკვირვებულმა იკითხა.
- ეს ჩვენი საიდუმლოა, - იდუმალი ხმით ვუპასუხე.
- ტელეპატები ხართ? - ლელამ გამომწვევად ააფახულა ცისფერი თვალები.
- არა შავი მაგიის მაგისტრები, - ლაშამ წარბები ავად შეჰყარა და ხელები მკერდზე დაიკრიფა.
- მართლა ძალიან მაინტერესებს საიდან მიხვდით, - სერიოზულად წარმოსთქვა თათიამ, - ოღონდ «ღადავის» გარეშე.
გამეცინა, ლაშამ კი ხმადაბლა უთხრა.
- უბრალოდ თქვენ-თქვენ ნივთებს, რომელზეც ამოსაცნობი ნიშნები გაქვთ, თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეთ, - მან შავგვრემანი ხელჩანთისკენ მიახედა.
გოგონამ ხის გულს დახედა, ზედ საკუთარი სახელი ამოიკითხა, გაეღიმა და ჩემსკენ მოტრიალდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბიჭებო, - ჟღურტულა ხმით ჩაილაპარაკა.
- ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა თათია, - შავგვრემანს გავუღიმე და მისი ფუმფულა ხელი მუშტში მოვიქციე.
- ახლა კი ნაცნობობა ავღნიშნოთ, - აზრი გამოთქვა ლაშამ და მოულოდნელი წარმატებისგან გათამამებულმა შამპანურის ბოთლი ხმაურით გახსნა.
გოგონებმა ძლიერ სასმელზე უარი თქვეს, მხოლოდ შამპანურს წრუპავდნენ უზარმაზარი ფუჟერებიდან, თუმცა ლაშამ არ დაიშალა, ბარმენს ბაბუამისის დროინდელი Заря-ს ფირმის ძველთაძველი მაჯის საათი «ზალოგში» დაუტოვა და ევროპულ-ქართული სუფრის პოპულარული კერძები შეუკვეთა.
ნახევარ საათში ისეთი სუფრა გავაწყვეთ, რომ ავ თვალს არ შეეხედებოდა, არც ღორის მწვადი გვაკლდა და არც უგემრიელესი შოკმაჟე.
ლაშა სადღეგრძელოს-სადღეგრძელოზე სვამდა და ცდილობდა მისი სიტყვაკაზმულობით მოეხიბლა გოგონები.
საკმაოდ გავშინაურდით, ერთმანეთს ხასიათებითაც შევეეწყვეთ და უკვე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოსდა გოგონებს მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
როგორც გაირკვა ისინიც სტუდენტები იყვნენ, თათია ადგილობრივი გახლდათ, ლელა კი მისი თბილისელი დაქალი, რომელიც დედაქალაქიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო და თათიასთან ცხოვრობდა, გოგონები ახალი წლის შეხვედრას ერთად გეგმავდნენ.
- ესე იგი მაღლივში სწავლობთ? - მორიგი სადღეგრძელოს შესმის შემდეგ იკითხა ლაშამ.
- დიახ, - ლელამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
- რა ფალკულტეტზე? - ამჯერად მე ვკითხე.
- სახელების გამოცნობის ნიჭი რომ გაქვთ კი ვიცით, - მხიარულად მიპასუხა თათიამ, - მაგრამ შემთხვევით გამომძიებლებიც ხომ არ ხართ?
- გამომძიებლობის რა გითხრა, მაგრამ მომავალი იურისტები ვართ, - ლაშამ სერიოზული ტონით წარმოსთქვა.
- პასუხს ველოდები, - თათიასკენ მივტრიალდი.
როგორც ადრე მოგახსენეთ, გოგონები შამპანურს ცოტ-ცოტას წრუპავდნენ, თუმცა ლაშა ჯიუტად აძალებდა სასმელს და მონდომებულად უვსებდა ცარიელ სასმისებს, ამიტომაც ალკოჰოლი ოდნავ მოჰკიდებოდათ.
თათიამ დიდრონი მწვანე თვალები შემომანათა, წამით მიმზირა, შემდეგ კი ღიმილით მიპასუხა.
- ჩვენ მომავალი ფსიქოლოგები ვართ.
- ოჰო, - აღფრთოვანებულმა აღნიშნა ლაშამ.
- დიახაც «ოჰო» ვაჟბატონო, - კეკლუცად გამოაჯავრა ლელამ, - ასე რომ გვიფრთხილდით, თქვენი ყველაზე ბნელი ჩანაფიქრიც კი არ დარჩება ჩვენთვის შეუმჩნეველი.
- ბნელ ჩანაფიქრში რას გულისხმობ? - თვალებმოჭუტულმა ვკითხე.
- ძალიან კარგად ვიცი, მამაკაცები ახალგაცნობილი ქალებიდან რასაც მოელიან.
- მაინც რას? - ლელას გამომცდელად ჰკითხა ლაშამ.
- ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან მარტო ანატომიურად კი არ განსხვავდება, - ისე წარმოსთქვა ლელამ თითქოსდა კარგად დამუშავებულ სემინარს ჰყვებაო, - ფსიქოლოგიურადაც, ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამა თუ იმ საკითხზე, განსხვავებული ქცევები, რომელსაც განსხვავებულ შედეგებამდეც მივყავართ.
- ვერ გავიგე რისი თქმა გინდა? - მხრები ავიჩეჩე და კითხვით აღსავსე მზერა მივაპყრე ქალს.
- მამაკაცები მტაცებლები ხართ, - ლელას წამოეშველა თათია, - ჩემს დაქალს იმის თქმა უნდოდა, რომ მამაკაცი ახალგაცნობილ ქალს ისე უყურებს, როგორც სექსუალურ მსხვერპლს, რომელთანაც სიამოვნებით გაატარებდა ღამეს, ქალი კი პირიქით, უფრთხის, დისტანციას იცავს, შესაფერის მომენტს ელოდება, რადგან ჩვენ ქალები მტაცებლები არ ვართ, ჩვენ მაქციები ვართ.
- შესანიშნავად ჩამოაყალიბე აზრი, - თათიას გავუღიმე, - რა თქმა უნდა მაქციები ხართ, ზოგჯერ კრავები, ზოგჯერ კი მგლები.
გოგონებმა ხმამაღლა გაიცინეს.
- არასდროს დავარღვევთ თქვენს სუვერენიტეტს - ღიმილით წარმოსთქვა ლაშამ და ხელი ისე შემართა თითქოს საზეიმო ფიცს დებსო, - თქვენი ნების წინააღმდეგ არასდროს წავალთ, არც უმწეო მდგომარეობით ვისარგებლებთ, მხოლოდ ურთიერთშეთანხმების შემდეგ შეგვიძლია, ერთმანეთის გაცნობა უფრო მყუდრო გარემოში გავაგრძელოთ, მაგალითად ჩემთან სახლში.
- აი სწორედ ეგაა მტაცებლური ბუნების გამოვლინება.
- ჩვენ პატიოსანი ბიჭები ვართ, - პროტესტის ნიშნად წარმოვთქვი და ხელები გავასავსავე.
- აბა, აბა ნამდვილი ანგელოზები, - კეკლუცად წარმოსთქვა თათიამ, შემდეგ მომიახლოვდა და ჩურ-ჩულით მთხრა, - ზურგზე ხელი მოისვი ფრთები ხომ არ ამოგდის.
ამასობაში ამერიკული როკ-ჯგუფის Pearl Jam-ის ცნობილი ჰიტი Jeremy, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ტვინს გვიბურღავდა დასრულდა და მის ნაცვლად Lesley gore-ის ძველთაძველი სიმღერა you don't own me გაისმა, მართალი გითხრათ მელომანი არა ვარ, მაგრამ ისეთ მუსიკალურ ნაწარმებებში, რომელსაც მაშინდელი ახალგაზრდობა უსმენდა, ასე თუ ისე ვერკვეოდი, ვიცოდი რომ ახლა საკმაოდ ლამაზი და ნელი მელოდია გაჟღერდებოდა, ამიტომ თათიას დიდრონ თვალებში ჩავხედე და საცეკვაოდ გავიხმე.
თათია მომხიბვლელი ღიმილით დამეთანხმა, ოთახის ბოლოს, პირდაპირ ვერანდის რიკულებთან, ხის მაგიდებს შორის პატარა ადგილი იყო დარჩენილი, სადაც ცეკვა შეიძლებოდა, მართალია ორი წყვილი შეჯახების გარეშე გაჭირვებით მოახერხებდა მოძრაობას, მაგრამ ნათქვამია: - «თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმებაო».
თათიას ხელი ჩავკიდე და ნახევრადჩაბნელებულ «საცეკვაო მოედანზე» გავიყვანე.
გადასარევად ვცეკვავ მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ასე თუ ისე ვწვალობ, როცა თათიას ვიწრო წელზე ხელი მოვხვიე, მკერდზე მივიხუტე და მუსიკას ფეხი ავაყოლე, თვალი მოვკარი ლაშას გაღიმებულ სახეს, მართალი გითხრათ მაშინ ლაშას ირონიული მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან გრძნობების მთელი კასკადი თათიას სავსე მკერდისკენ მქონდა მიპყრობილი, რომელიც ნაზად მეხებოდა სხეულზე და სიამონებისგან გონებას მიბინდავდა.
რამდენიმე წუთში ლაშამაც მომბაძა, ლელა საცეკვაოდ გაიხმო და ცეკვა-ცეკვით შემოგვიერთდა, კაფეს მეორე სართულზე ჩვენს გარდა არავინ იყო, ხელის შემშლელიც არ გვყავდა და ვცდილობდით ბოლომდე გამოგვეყენებინა ეს შანსი.
ამიტომ გული დამწყდა, როცა სასიამოვნო მელოდია დასრულდა, თუმცა არ დავიბენი თათიას ხელზე ვეამბორე და იდუმალი ტონით ყურში ჩავჩურჩულე.
- შენთან ცეკვა ბედნიერებაა.
ქალმა კეკლუცად შემომღიმა, შემდეგ ხელკავი გამომდო და მაგიდას დავუბრუნდით.
ლაშამ კვლავ ითავა თამადობა.
- ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, - ლაკონურად წარმოსთქვა, არაყი გადახუხა და გოგონებს ცარიელი ფუჟერები შამპანურით შეუვსო.
შამპანურმა და ლაშას ინიციატივამ თავისი საქმე გააკეთა, გოგონებს თვალები აუციმციმდათ, ლოყები შეეფაკლათ, იცინოდნენ, ეტყობოდათ, რომ ალკოჰოლი მოჰკიდებოდათ.
თათიამ შამპანურით სავსე ფუჟერი წააქცია, ფეხზე გადამავლო, შემდეგ ხელჩანთიდან ჩჰანელ-ის ფირმის სუნამო ამოიღო, ფეხზე დამასხურა, თან თავს ბეჭზე მადებდა და მომხიბვლელად მიღიმოდა.
მეც მისი სიახლოვით ვისარგებლე და ლოყაზე ვაკოცე, როცა გოგონამ გაოცებული თვალებით შემომხედა, უტეხად მივაცქერდი და ყურში ჩავჩურჩულე.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- ვიცი... - ღუღუნა ხმით მიპასუხა, თუმცა მოულოდნელად დადუმდა და ზურგსუკან რაღაცას მიაჩერდა.
თვალებში ჩავხედე, დაბინდული მზერა, ოთახის ბოლოსკენ ჰქონდა მიპყრობილი.
- რა მოგივიდა? - ხმადაბლა ვკითხე და უკან მივიხედე.
ვიწრო კიბეზე ხმამაღალი საუბრით ორი უცნობი ამოდიოდა.
ერთი 25 წლის მაღალი, სიმპატიური მამაკაცი იყო, «ბრიოლინით» კოხტად დაყენებული ქერა თმა მბჟუტავ შუქზე უბზინავდა, თანამედროვედ ჩაცმული გახლდათ: - ტყავის გრძელი ლაბადა და გერმანული ბრენდის, Salamander-ის ძვირადღირებული ჩექმები ეცვა.
მეორე მისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, ასაკით ტოლები იქნებოდნენ, თუმცა «ბომჟს» ჰგავდა, სუსტი, ბეჭებში მოხრილი, მოუწესრიგებელი და ბინძური იყო, გაუპარსავი წვერი ნახევარ სახეს უფარავდა, დიდი ხნის დაუბანელი გრძელი შავი თმა კი ყალყზე დადგომოდა, უგემოვნოდ ეცვა: - კუბოკრული «ველვეტის» შარვალი და იაფფასიანი «დერმანტინიდან» შეკერილი «დუბლიონკა» ნანათხოვარივით ადგა ტანზე, კეხიან ცხვირს გამუდმებით ისრესდა და ჩასისხლიანებულ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
მამაკაცები მოურიდებელი ბილწიტყვაობით ამოვიდნენ ვერანდაზე და ნახევრადჩაბნელებული ოთახი მოათვალიერეს, ალბათ ცარიელ მაგიდას თუ არჩევდნენ.
ქერამ მზერა ჩვენს მაგიდასთან შეაჩერა, წვეროსანს იდაყვი გაჰკრა და თავდაჯერებული ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
- ვა ლელუშ, ნაღდად არ გელოდი აქ, - მაღალმა ტიპმა ჯერ კიდევ შორიდან მიმართა ლაშას გვერდით მჯდომ ქალს, - რა პატარაა დედამიწა, - ბანალური სიტყვები წარმოსთქვა და მოულოდნელი გამოჩენით დაბნეული გოგონა ხმაურით გადაკოცნა.
შემდეგ ავად შეგვავლო თვალი, ხელი ცივად ჩამოგვართვა და ვითომც არ ვარსებობდით ისე მიმართა ლელას.
- ლელუშ გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია ჯაბა, - წვეროსანი წარუდგინა, რომელმაც ლელას თვალი ჩაუკრა, შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა გვერდით მჯდომ თათიას ხარბად მიაცქერდა და ნაგლად თქვა, - ლელუშ შენს მშვენიერ დაქალს რატომ არ მაცნობ?
ლელა გაფითრდა, ნერვულად მოიკვნიტა ტუჩი და ხმადაბლა, ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა.
- ნიკა ძალიან დამაბნიე, თბილისში მეგონე შენ კი მოულოდნელად აქ გამომეცხადე, - წამით სული მოითქვა, ალბათ მოულოდნელობიდან გამოწვეულ ელდას სძლია და მამაკაცს მიმართა, - ესენი ჩვენი მეგობრები არიან, - მე და ლაშა წარგვადგინა, - ეს კი თათიაა.
- თათია? - ნიკა გაიღრიჭა, - გიცანი ტო, ადრეც შევხვედრილვართ, მაგრამ ცუდი მახსოვრობა მაქვს, დამავიწყდი.
- არა უშავს, განმეორება ცოდნის დედაა, - დამცინავად მოუჭრა თათიამ.
მაღალმა ტიპმა თათიას ამრეზით გადახედა, შემდეგ ლელას ხელკავი გამოსდო და ალბათ ჩვენს გასაგონად ყურში ხმამაღლა ჩასჩურჩულა.
- ლელუშ მოდი ერთი წუთით, - ქალი სკამიდან ძალით წამოაყენა და ოთახის ბოლოსკენ გაიყვანა.
ხასიათი წამიხდა, ვხვდებოდი, რომ ქეიფი დასასრულს უახლოვდებოდა, თანაც ისე არა როგორც ჩვენ ვგეგმავდით, იმედი მქონდა, რომ გოგონებთან ერთად მშვენიერ საღამოს გავატარებდით, მაგრამ უცნობი მამაკაცების გამოჩენამ გეგმები ჩაგვიშალა.
მოღუშული ვიჯექი ხის მასიურ სკამზე, ხელი თათიასთვის მქონდა გადახვეული და ჯაბას შევსცქეროდი, რომელიც გამოთაყვანებული სახით მიყრდნობოდა მოხატულ კედელს.
ჯაბას უკან ნახევრადჩაბნელებულ ვერანდაზე ლელა და ნიკა გვერდიგვერდ იდგა, კაცი ქალს რაღაცას გამეტებით უმტკიცებდა, ლელა კატეგორიულ უარზე იდგა, თავს იქნევდა, მაგრამ ნიკა არ ნებდებოდა.
წარმოდგენა არ მქონდა რა თემაზე მსჯელობდნენ, თუმცა ჩვენთვის სახარბიელო რომ არ იქნებოდა, ამას მეექვსე გრძნობით ვხვდებოდი.
ლაშა სიგარეტის კვამლში გახვეული ჩუმად ეწეოდა და სახემოქუფრული მისჩერებოდა უცნობებს, მართალია დღეს ალკოჰოლის ეგრეთწოდებული N რადენობა მივიღეთ, მაგრამ ნიკასა და ჯაბას გამოჩენამ წამიერად გამოგვაფხიზლა.
რამდენიმე წუთში ლელამ და ნიკამ კამათს თავი ანებეს და მაგიდას დაუბრუნდნენ. გოგონას სახის შემხედვარე, რომელიც თვალს მარიდებდა, მივხვდი რაღაც ცუდი მოხდებოდა.
- ქეფი დამთავრდა ბიჭებო, - ნიკა მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, - გოგონებს თქვენს კომპანიაში ყოფნა არ სურთ, ამიტომ თუ არ გეწყინებათ, დაიშალეთ... გამიგეთ ტო?
მდგომარეობის ასე შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდი, ჩემი ყველაზე ცუდი წინათგრძნობა გამართლდა, ლელას გადავხედე, რომელიც თათიას რაღაცას ეჩურჩულებოდა, შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ნიკას ვუთხარი.
- თუ არ ვცდები ნიკა გქვია ხო, - თვალებში უტეხად მივაცქერდი.
- მერე, - ნიკამ ხელები მკერდზე შემიჭდო და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- გოგონებთან თავად გავარკვევთ რა უნდათ და რა არა.
- ჩემი არ გჯერათ ტო?
- მისმინე ძმაო...
- აი ზუსტად შენი ძმობა მაკლია ახლა, - ნიკამ სიტყვა ხელის აქნევით გამაწყვეტინა.
მოულოდნელად ჩემს გვერდით მჯდომი ლაშა, რომელიც ჩუმად იჯდა და სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა, ფეხზე წამოდგა, ხელი ბეჭზე დამკრა, მანიშნა გაჩუმდიო და ნიკას პირში მიახარა.
- შენ შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო?
ქერა გაფითრდა, წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ლელას ქვითინი ისმოდა, რომელიც წამდაუწუმ იმეორებდა.
- ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემი ბრალი.
- ხმა ჩაიწყვიტე შე , - წვეროსანმა ჯაბამ ლელას გესლიანად წასსისინა, მოხატულ კედელს მოშორდა და ლაშას დაუყვირა, - ენა გაასწორე ბიჭო.
- თორე? - გაეჭიმა ლაშა.
წვეროსანმა დამცინავად ჩაიცინა, არაფერი უპასუხია, სამაგიეროდ ნიკამ გაფითრებულ სახეზე ხელი ჩამოისვა და გამოკვეთილად დამარცვლა.
- ძირში მიგაჭრით.
- ფეხებსაც ვერ მომჭამ, - ლაშამ ნაფაზი გემრიელად დაარტყა, ფილტრამდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი ცერსა და საჩვენებელ თთს შორის მოიქცია და წკიპურტით პირდაპირ სახეში ესროლა ნიკას.
- ოხ მე შენი დედაც მოვ... - ნიკას სიტყვის დასრულება არ დასცალდა, ლაშამ მუშტი პირდაპირ დრუნჩში თხლიშა.
ქერა ტიპი წაბარბასცა, მის გრძელ ლაბადაში გაიხლადთა და მოჭრილი ხესავით დაენარცხა იატაკზე. გოგონებმა კივილი მორთეს.
ჩხუბი დაიწყო... საერთოდ კონფლიქტური არ გახლავართ, ყოველთვის ვერიდები ჩხუბს, აყალ-მაყალს, მაგრამ თუ საქმე-საქმეზე მიდგება, საკუთარი თავის დაცვა შემიძლია, მაგარი მოჩხუბარი ვარ მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა მას შემდეგ რაც აღმოსავლური ორთაბრძოლების ილუსტრირებული ალმანახი წავიკითხე ასე თუ ისე გავერკვიე მუშტის ქნევაში.
არ იფიქროთ, რომ ახლა აკადემიურად და ალმანახში მითითებული წესებით ვაპირებდი ჩხუბს, რადგან ასეთ კონფლიქტურ სიტუაციებში ფიქრის დრო არ გრჩება და უბრალოდ მოქმედებ.
ლაშაც ალბათ ჩემს შეხედულებებს იზიარებდა, რადგან ისე სწრაფად გადაევლო მაგიდას ერთი თეფშიც არ გადაუგდია, იატაკზე გაშხლართულ ნიკას საყელოში ჩააფრინდა, ზემოთ წამოსწია და გაშლილი ხელი გამეტებით ჩასცხო სახეში.
ტყლაშანის ხმა ექოდ გაისმა ოთახში.
წვეროსანი მეგობრის მისახმარებლად მიტრიალდა, ლაშა იმდენად გართულიყო ნიკას ცემით, რომ მეორესთვის ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ ჩხუბში დროულად ჩავერთე, პირთამდე გაწყობილი მაგიდა ავაყირავე და თეფშების მტვრევით ჯაბას მივანარცხე ფეხებზე.
ის შებარბაცდა, ხელები მარიონეტივით გაშალა რათა წონასწორობა შეენარჩუნებინა, მაგრამ აზრზე მოსვლაც არ ვაცალე, ერთი ნახტომით მასთან გავჩნდი და წიხლი პირდაპირ ფერდში ჩავარტყი.
წაიქცა.
მეც ეს მინდოდა ზემოდან მოვექეცი, მუხლი მკერდზე დავაბჯინე და რაც შემეძლო მთელი ძალით ჩავანათე მუშტი სახეში.
ჯაბამ განწირულად დაიღრიალა, სახე კი ტუჩიდან წამსკდარმა სისხლმა დაუსვარა.
ერთი, ორჯენ კიდევ ვუსილაქე, შემდეგ იმით დაიმედებულმა, რომ მოწინააღმდეგე ვერაფერს დამაკლებდა, ფეხზე წამოვდექი და ლაშას გავხედე, მას ოთხად მოკაკვულ ნიკასთვის თმაში ხელი ჩაევლო და მუხლს სახეში ურტყამდა, ნიკას «ბრიოლინისგან» ალაპლაპებული თავი ჩოგბურთის ბურთივით ხტოდა ლაშას მუხლზე, იატაკზე კი მონოტონურად ეწვეთებოდა გატეხილი შუბლიდან გამოჟონილი სისხლი.
- მოკლავს ეს გადარეული, - ხმადაბლა ჩავიჩურჩულე, ერთი გულიანად ამოვიოხრე და ორი მოზრდილი ნაბიჯით ლაშასთან გავჩნდი.
ამასობაში კაფეში ალიაქოთი ატყდა, ქვემოდან ოფიციანტი და ბარმენი ამოვარდა, შეიქმნა ერთი აურზაური, წიოკობა და ვაი-უშველებელი.
ლაშა ძლივს მოვაცილე ნიკას, რომელიც უგონოდ მიესვენა იატაკზე, ის კი მაინც გალახულისკენ იწევდა და ხმადაბლა ჩურჩულებდა.
- დედა შემაგინა მე მაგის... გაიგონე ბექა? დედა შემაგინა.
მეგობარი დავაშოშმინე, შემდეგ ხელი გადავხვიე და სწორედ მაშინ მომესმა თათიას სასოწარკვეთილი კივილი.
- ფრთხილად, - ხმამაღლა დამიყვირა ქალმა.
ნორმალურად მიტრიალებაც ვერ მოვასწარი, რომ მარცხენა ბეჭზე დარტყმა ვიგრძენი, დარტყმა არ იყო ძლიერი, მაგრამ სხვანაირი იყო, ცივი და მყარი, უცნაური შეგრძნება გამიჩნდა, რომლის მსგავსი არასდროს განმეცადა, შემდეგ კი ვიგრძენი როგორ დამისველდა ბეჭი, თითქოსდა ცეცხლი შემინთესო ისე გამიხურდა, მწვავე და აუტანელმა ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში.
- დანა დააგდე შე ახვარო, - ლაშამ ყურისწამღებად დაიღრიალა.
უკან მივტრიალდი ნიკას «პეპელას» სტილის დანა გაეშალა და ჩასისხლიანებული თვალებით მომჩერებოდა.
- დაგსერე თუ არა შე , - ხმამაღალი ქშინვით მითხრა მან.
კაფეში კივილი ატყდა, ვიღაც «პოლიცია, პოლიციას» გაიძახოდა, ოფიციანტი ქალი კი შეშლილი სახით იძახდა «მოჰკლეს, მოჰკლეს, ნამდვილად მოჰკლეს».
სისუსტე ვიგრძენი, მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი, გასისხლიანებულ ბეჭზე ხელი მოვისვი, სისხლის დანახვამ ბრაზი მომგვარა, მართალია მოზღვავებული ემოციიდან ლამის ვკანკალებდი, მაგრამ ბოლო წუთებში მთელი ენერგია მოვიკრიბე და ხმამაღლა დავიღრიალე.
- უხ შე , მოგკლავ შენი...
გაცოფებული წავიწიე ნიკასკენ, წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი, დანით შეარაღებული კაცისკენ შიშველი ხელებით მივდიოდი, თუმცა რაღაც მომენტში გამიმართლა, როცა მან ხელი მომიქნია, გვერდზე გაწევა მოვასწარი, დანა ხის რიკულებს დაერჭო, სანამ ნიკა მის ამოძრობას მოასწრებდა, ხელი ავკარი, გავაგდებინე და მუხლი მუცელში ამოვარტყი.
ნიკა შებარბაცდა, მაგრამ არ დაიბნა და მუშტი ყბაში მომდო, წამით თვალებში თეთრმა ბურთულებმა გაიელვეს, ტკივილმა გარემოს აღქმის უნარი უფრო გამიაქტიურა, დაუფიქრებლად დავხარე თავი და მოწინააღმდეგეს მთელი ძალით დავეძგერე, ნიკამ უკან დაიხია, ვერანდის რიკულებს მიასკდა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, ხელები ჰაერში უმწეოდ გაასავსავა და ქვევით გადავარდა.
ისევ ატყდა წივილ-კივილი, ქვედა სართულზე შეშინებული ბარმენი და ოფიციანტი თავ-გზა აბნეული დარბოდნენ.
- დაჭრილი ხარ? - თანაგრძნობით მკითხა თათიამ და გასისხლიანებულ ბეჭზე ხელი ნაზად მომადო.
- დროა დავახვიოთ აქედან, - ლაშამ ვერანდიდან გადაიხედა, - ქვემოთაც არავინაა, გოგონებო თქვენ წამოხვალთ? - კითხვის ტონით გადახედა ლელას.
ქერამ აცრემლებული თვალები მოიწმინდა და სლუკუნით წარმოსთქვა.
- წამოვალთ, აქ ვერ დავრჩები, ნიკა ნამდვილად მომკლავს.
- თუ გადარჩა, - ჩემთვის ჩავიჩურჩულე და აივნიდან გადავიხედე.
შემდეგ უგონოდ მიგდებულ ჯაბას თვალი შევავლე, რომელსაც წვერგაბურძგნული თავი სასაცილოდ მოგრეხოდა, ქურთუკი დაჭრილ ბეჭზე შემოვიხვიე, რომლის მოხვევაში თათია გულმოდგინედ მეხმარებოდა და ქვემოთ ჩავედით.
პირველ სართულზე არავინ იყო, გადმოვარდნისას ნიკა პლასტმასის მაგიდაზე დაცემულიყო, დაემსხვრია და ნამტვრევები ზემოდან დახვავებოდა, უმოძრაოდ გარინდულ სხეულს გვერდი ავუარეთ, მართალია თავს ისეთი თავგადასავალი გადაგვხდა, როგორიც თანამედროვე «ბოევკებში» ხდება, მაგრამ ფილმის გმირებივით დაზარალებულისთვის არც პულსი შეგვიმოწმებია და არც სუნთქვისთვის დაგვიგდია ყური, შეშინებულებმა ფეხაკრეფით გავიარეთ ოთახი და კაფედან ჩუმად გავიპარეთ.
სანამ შენობიდან გავიდოდით ლაშამ ბარის დახლზე მის ძველ საათს მოჰკრა თვალი, რომელიც ადრე «ზალოგში» დაუტოვა ბარმენს, არც დაფიქრებული ისე დაავლო ხელი, როცა ჩემს მზერას წააწყდა, საათი დაჩვეული მოძრაობით მაჯაზე დაიმაგრა და ღიმილით მითხრა.
- ჩემთვის ამ საათს დიდი დატვირთვა აქვს, მამაჩემის ნაჩუქარია, აქ ვერ დავტოვებ.
მოწონების ნიშნად თავი დავუქნიე.
რა თქმა უნდა მის საქციელს სხვა შემთხვევაში არ გავამართლებდი, მაგრამ ახლა ეს საათი ერთადერთი სამხილი იყო, რომლითაც ჩვენი ვინაობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი.
ბნელდებოდა, საგნები კონტურებს ჰკარგავდნენ, ქუჩის განათება როგორც ყოველთვის არც ახლა მუშაობდა, მოღრუბლულ ცაზე ვარსკვლავებიც არ ჩანდნენ, ამიტომ აღელვებულებმა უკუნ სიბნელეში სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთეთ ქუჩა და მოუწესრიგებელ ავტოსადგომზე დაყენებულ მანქანაში მოვკალათდით.
- რა ვქნათ? - მომატებული ემოციის წყალობით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ქოშინით ვიკითხე.
- აზრზე არა ვარ, - ლაშამ მხრები აიჩეჩა, - ის ნიკა... მგონი მოკვდა.
- შარში გავეხვიეთ, - თავის დაკანტუნებით დავასკვენი, შემდეგ უკანა სავარძელზე მჯდომ გოგონებს მივუბრუნდი, - ვინ იყვნენ ის ბიჭები, - ვკითხე.
- არც კი ვიცი რა გიპასუხო, ნიკა ნახალოვკელი ავარდნილი ტიპია, - ხმის კანკალით დაიწყო ლელამ, - სამი წლის წინ ინტიმი გვქონდა, შემდეგ დავშორდი, მაგრამ ის ჩემზე «ჩაიციკლა» და თავს არ მანებებს, - მან სრუტუნით შეიმშრალა ცრემლიანი თვალები და ხმადაბლა დაუმატა, - ჯაბას არ ვიცნობ.
ლელას გადავხედე, ისე გახსნილად ლაპარაკობდა თავის ინტიმურ ცხოვრებაზე, რომ გამიკვირდა, იქნებ გადატანილი სტრესი იყო ამის მიზეზი, ან იქნებ უბრალოდ ლელა გახლდათ ასეთი უკომპლექსო.
- გტკივა? - თათიას შეკითხვამ გამომაფხიზლა, დიდრონი მწვანე თვალები შემომანათა და მზრუნველად მითხრა, - ექიმი გჭირდება, ინფექცია არ შეგეჭრეს.
- ახლა საავადმყოფოში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით რომ მიხვიდე «სროკი» არ აგცდება, - დაასკვნა ლაშამ.
- ვიცი, - დავეთანხმე.
- ჩემთან წავიდეთ, - შემოგვთავაზა თათიამ, - სახლში მარტო ვარ, თან ყველანაირი ანტისეპტიკური საშუალება და პირველადი დახმარების უნივერსალური თვითმასწავლებელის ორი ტომი მაქვს.
გამეღიმა.
- ესე იგი საღამოს შენთან გაგრძელებას გვთავაზობ? ჩვენ კი პირიქით ვგეგმავდით დაპატიჟებას.
- ნეტავი შენ, კიდევ ხუმრობის ხასიათზე რომ ხარ, - დაყვავებით მითხრა თათიამ.
- დარწმუნებული ხარ? - ორჭოფულად იკითხა ლაშამ.
- წავედით, - თათიას ნაცვლად ლელამ წარმოსთქვა, - თორემ კაფესთან ხალხი აფუსფუსდა, მალე პოლიციაც მოვა.
ფანჯრიდან ჩაბნელებულ ქუჩას გავხედე, კაფესთან ათიოდე ადამიანი შეკრებილიყო, შემდეგ შორიდან საყვირის გამაყრუებელი ხმა გაისმა და დანჯღრეული სასწრაფო მანქანა ხრიგინით შემოხრიალდა ქვაფენილზე.
ლაშამ ძრავი დაქოქა, ავტო ათუხთუხდა, სიჩქარეების ბერკეტი ხრიალით მოანაცვლა და ნელა დაძრა ადგილიდან, იმავდროულად მაგნიტოფონი ჩაირთო და ძველი დინამიკებიდან Pink Floyd-ის ცნობილი კომპოზიცია comfortably numb გაისმა.
მელოდია იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო გახლდათ, რომ მთელი გზა არ გამოგვირთავს და ისე მხიარულად ვაყოლებდით ტექსტს ხმას, თითქოსდა თავს არაფერი გადაგვხდენოდეს.



№1  offline წევრი Rania

Zalian magariaa. Iseti sizustitaaa agcerili mashindeli mdgonareobaaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent