შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (7)


8-07-2019, 00:23
ავტორი omexi
ნანახია 260

დეტექტივობანა - (7)

კმაყოფილების შეგრძნებით გამეღვიძა, თვალი გავახილე, გათენებულიყო, ფანჯრიდან შემოღწეული დღის სინათლე მდიდრულ საძინებელს უნაკლოდ ანათებდა, ფუმფულა საწოლზე გადაფარებული ცისფერი ზეწარი ოთახის ფერთა პალიტრაში ჯდებოდა და გემოვნებით გაფორმებულ საძინებელს ავსებდა.
თათია მთელი სხეულით მეკვროდა, ვგრძნობდი მის შიშველ მკერდს და სავსე თეძოებს, თავი ჩემს ბეჭზე დაედო და მშვიდად თვლემდა, ნეტარებით გავიხსენე განლეული ღამე, ქალის მხურვალე კოცნა, მისი აღზნებული ჩურჩული და სიამოვნების მთელი კასკადი, რომელიც არ მსურდა დასრულებულიყო.
ქალის უმანკო სახეს დავაკვირდი, ულამაზესი იყო, მართალია გადატანილი ღამის შემდეგ სახეზე ვარდისფერი ედო, ყოველთვის კოხტად დალაგებული თმა კი აჩეჩოდა, მაგრამ ეს როდი აფერმკრთალებდა მის სილამაზეს.
თათიამ ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო, დიდრონი მწვანე თვალები გაახილა, შემომხედა, მომხიბვლელად გამიღიმა და ჟღურტულა ხმით მითხრა.
- დილა მშვიდობის.
- გაგაღვიძე? - შეწუხებული ტონით ვკითხე.
- არა ძვირფასო, - ქალმა გარუჯული მკლავები საბნიდან ამოსწია, გაიზმორა, შემდეგ ხელები ყელზე მომხვია და ლოყაზე მაკოცა, - გუშინდელი ღამე დაუვიწყარი იყო, - კეკლუცად მითხრა და საწოლიდან წამოდგა.
რამდენიმე წამი მისი პროპორციული ფიგურით ვტბებოდი, შემდეგ გარდერობიდან თბილი ხალათი გამოიღო, შიშველ სხეულზე მოიცვა და ეშმაკურად გადმომხედა.
- ყავას დალევ? - მკითხა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და საწოლზე წამოვჯექი. მოულოდნელად გაბმული ზარი გაისმა, თათიამ შეწუხებული სახით დახედა იატაკზე მიგდებულ ხელჩანთას, შემდეგ ზლაზვნით დასწვდა, Mოტოროლა-ს ფირმის, პირველი თაობის მობილური ტელეფონი ამოიღო, მწვანედ ანთებულ ვიწრო დისპლეის დახედა, გრძელი ანტენა გაშალა და ყურმილში ჩასძახა.
- გისმენ მამა.
მობილური ტელეფონი 90-იან წლებში უფრო ფუფუნების საგნად ითვლებოდა, ვიდრე ყოველდღიური მოხმარების ტექნოლოგიურ გაჯეტად, ვუყურებდი, როგორი დაძაბული სახით დაჰყურებდა თათია მწვანედ ანთებულ დისპლეის, მივხვდი პარიზიდან ურეკავდნენ.
ქალმა საძინებელ ოთახში ადგილი მოინაცვლა, ფანჯარასთან მივიდა და ყურმილში ჩასძახა.
- მამა შენი ხმა ცუდად ისმის, ალბათ სიგნალის მიღებაა სუსტი, - რამდენიმე წამით დადუმდა, შემდეგ გაიღიმა და მხიარულად ალაპარაკდა, - ახლა უკეთესია, მე კარგად ვარ, შენ და დედა როგორ ხართ? ჯერ ვერ ჩამოდიხართ? კი ბებოც კარგადაა, თბილისშია, მე ქუთაისში ვარ, არ ინერვიულო, რა თქმა უნდა გამოცდები ჩავაბარე, ფრიადზე, არ ინერვიულო მეთქი ხომ გითხარი, საკუთარი თავის დაცვა შემიძლია, აქეთ ყველაფერი ძველებურადაა, ვიცი, ვიცი ბევრი საქმე გაქვს, გკოცნი ბევრს, მენატრებით.
ქალმა ტელეფონი გათიშა, კვლავ ხელჩანთაში ჩადო და ღიმილით მომიბოდიშა.
- ასეთი მზრუნველი მამა მყავს, ალბათ გულმა რაღაც უგრძნო.
ფეხები საწოლიდან გადმოვყავი, იქვე მიგდებულ ხალათს გადავწვდი, ბეჭებზე მოვიხურე და წამოვდექი, იმავდროულად კარზე მოურიდებლად დააკაკუნეს, გარედან კი ლაშას მხიარული ხმა მოგვესმა.
- გაიღვიძეთ გვრიტებო?
გამეღიმა. თათიას გადავხედე, ისიც იღიმოდა.
ოთახიდან გავედი, თათია ფეხდაფეხ მომყვა, ლაშა და ლელა სამზარეულოში ტრიალებდნენ, ტაფაზე ერბოკვერცხი შიშხინებდა, ჩაიდანში წყალი დუღდა, ირგვლივ მადისაღმძვრელი სურნელი იდგა.
- დილა მშვიდობის, - მივესალმე მეგობრებს.
ლაშამ ერბოკვერცხიანი ტაფა გაზქურიდან გადმოდგა, სამზარეულო მაგიდაზე წინასწარ დალაგებულ თეფშებზე გადაანაწილა, გვერდულად გადმომხედა და ეშმაკურად მითხრა.
- გატყობ ბობოქარი ღამე გქონდა.
უხეხულად ჩავახველე, თათიას გადავხედე, რომელიც ლელას სურნელოვანი ყავის მომზადებაში ეხმარებოდა, შემდეგ ლაშას თვალი მხიარულად ჩავუკარი და ისე რომ გოგონებს არაფერი გაეგოთ, ხმადაბლა ვუთხარი.
- შენც გვარიანი გამოუძინებელი ხარ.
ლაშამ მხიარულად ჩაიქირქილა, შემდეგ მაგიდასთან მოკალათდა და გოგონებს გასძახა.
- სუფრასთან მობრძანდით ქალბატონებო, საუზმე მზადაა.
- შენ მოამზადე? - ჰკითხა თათიამ.
ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მოზრდილი ლუკმით პირგამოტენლმა ენერგიულად აამოძრავა ყბა.
- ბეჭი როგორ გაქვს? გტკივა? - ინტერესით მკითხა ლელამ.
გარემოებათა დამთხვევამ ისე ამირია თავ-გზა, რომ მხოლოდ ახლა გამახსენდა წინა ღამის თავგადასავალი: ნიკა და ჯაბა, ჩხუბი, «პეპელას» დანის მტკინვეული დარტყმა, ინსტიქტურად ჭრილობაზე მოვიხვი ხელი, არ მტკიოდა, შეიძლება თათიას ოსტატურად შეხვეულმა დოლბანდმა მიშველა, შეიძლება მისმა ალერსმა, მე უფრო ამ უკანასკნელ ვერსიას ვემხრობოდი, რადგან სადღაც წაკითხული მქონდა, რომ ქალის ალერსი მამაკაცზე ფანტასტიკურ ზეგავლენას ახდენს - ხსნის სტრესს, დაღლილობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აყუჩებს ტკივილს, ასე რომ... თათია მისდაუნებურად ჩემი მკურნალიც გამხდარიყო.
ლელას სახეში შევღიმე და თათიას გასაგონად ვუპასუხე.
- შენმა დაქალმა ისე ოსტატურად დამიმუშავა ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით, რომ საერთოდ არ მტკივა.
უტყვად ვჭამდით, თუმცა დუმილი დიდხანს არ გაგრძელდა, ათი წუთიც არ იყო გასული, რომ სიჩუმე ლაშამ დაარღვია.
- ნეტა რა მოხდა ჩვენს შემდეგ კაფეში?
ეს შეკითხვა ყველას უტრიალებდა გონებაში, რა თქმა უნდა მეც არ გახლდით გამონაკლისი, მაინტერესებდა, როგორ განვითარდა მოვლენები, რა ბედი ეწიათ ნიკასა და ჯაბას, ყბა დაფიქრებულმა მოვისრისე.
- როცა კაფეს ვტოვებდით სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, - თვალებმჭუტულმა ჩავილაპარაკე, - სასწრაფოს რა თქმა უნდა პოლიციაც მოჰყვებოდა, პოლიციას კი ჟურნალისტების მთელი ასეული.
- მართალი ხარ, - კვერი დამიკრა ლაშამ.
- ახლა რომელი საათია? - იკითხა თათიამ, შემდეგ სამზარეულოს ერთ კედელზე დაკიდებულ ძველებურ საათს ახედა, - ათი სრულდება, წუთი-წუთზე დაიწყება საინფორმაციო გადაცემა.
საუზმე ისე დავასრულეთ, რომ თეფშები არც კი აგვილაგებია, ფაცხა-ფუცხით გადავინაცვლეთ მისაღებ ოთახში, თათიამ Gრუნდიგ-ის ფირმის უშველებელი ტელევიზორი ჩართო, ფუმფულა დივანზე მოვკალათდით და ახალი ამბების დაწყებას დაველოდეთ.
დამოუკიდებელი ტელე-რადიომაუწყებლობა სწორედ მაშინ იკიდებდა ფეხს, მოგეხსენებათ ციფრული მაუწყებლობის დამკვიდრება პოსტსაბჭოურ სვრცეში ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში იყო, ჩვენს ქვეყანას მისი ამოქმედების არც შესაძლებლობა გააჩნდა და არც ტექნოლოგია, ამიტომ მთავარ სამაუწყებო «პირველ არხთან» ერთად პატარ-პატარა დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, კომუნისტური წყობიდან შემორჩენელი აპარატურის დახმარებით ანალოგიურ მაუწყებლობას იყენებდნენ.
რადგანაც ქუთაისში ერთადერთი მოქმედი ტელევიზია, რომელიც სისტემატურად განიხილავდა ქალაქის სოციალურ პრობლემებს «რიონი» გახლდათ, ჩვენც სწორედ აღნიშნულ ტელევიზიას ვენდეთ, ჩემი აზრით სახელმწიფო არხი უფრო საჭირ-ბოროტო საქმით იქნებოდა დაკავებული და ქვეყნის მოსახლეობას მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ მოვლენებს გააცნობდა.
რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, როცა ერთმა ექსტრავაგანტურმა დიჯეიმ მაყურებლების თხოვნით რამდენიმე კლიპი გაუშვა, სადაც რეჟისორს აქცენტი მოცეკვავე ქალების შიშველ უკანალებზე ჰქონდა გაკეთებული, ბოლოს და ბოლოს გვეღირსა, ეკრანზე გამოსახული დედამიწის ფონზე ბეჭდური ასოებით ჩამოეწერა - «მაცნე».
საინფორმციო გადაცემა დაიწყო.
ლამაზი დიქტორი, კარგად დაყენებული ხმით გვამცნობდა ახალ ამბებს, თუმცა სანამ ქალაქის ცხოვრებას შეეხებოდა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში მოგვიწია გარკვევა.
წამყვანმა დაწვრილებით აღწერა, ყველა პოლტიკური პარტიის მრავალფეროვანი და «ნაყოფიერი» მოღვაწეობა, რომლებიც ჩემი აზრით საკუთარი ჯიბის გასქელებისთვის უფრო იღწვოდნენ, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
შემდეგ ადგილობრივი «ვაირეპმომღერლის» მინი-ტურნეზეც ისაუბრა, რომელიც უმეტესად მახლობელ სოფლებს სტუმრობდა და დუხჭირი ცხოვრებიდან ისედაც გაწამებულ მოსახლეობას, მისი უნიჭო სიმღერების მოსმენას აძალებდა.
როცა ყველა თემა ამოწურა, ჯერ ამინდის პროგნოზი გვამცნო, შემდეგ ქართული ვალუტის კურსში გაგვარკვია და მხოლოდ მას მერე მიუბრუნდა ქალაქის კრმინალურ მდგომარეობას, რომელიც ყველაზე გემრიელი ლუკმასავით ბოლოსთვის მოეტოვებინათ.
სულგანაბული ვუსმენდით.
ლამაზი დიქტორის წარმოთქმული ყოველი სიტყვა ლახვარივით მესობოდა გულში.
- გუშინ, 7 დეკემბერს, ჩვენი მრავალ ჭირ-ვარამ ნახული ქალაქის მშვიდი ცხოვრება, ხულიგნებმა დაარღვიეს, - წამყვანი ავად მარცვლავდა, - ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე კაფე «მარიში» დაუდგენელმა პირებმა სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა ორ ახალგაზრდას. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გაწბილებულმა ჩავიცინე.
«ქალაქის მშვიდი ცხოვრება»? - ეს შეკითხვა ჩემს გონებაში ისე ამოტივტივდა, როგორც ჰაერით სავსე კასრი ოკეანეში, განა შეიძლება მშვიდად იცხოვრო ოთხმოცდაათიანებში? როცა საღამოს შვიდი საათის შემდეგ ირგვლივ ცხოვრება კვდება, ქუჩებიც ცარიელდება თუ რომელიმე ეულად მიმავალ მგზავრს შემთხვევით შემოაღამდა დიდია იმის ალბათობა, რომ სახლში ტრუსების ამარა მივიდეს, როცა შეშინებული ნოქრები დაბნელებისთანავე მაღაზიებს კეტავენ, თითზე ჩამოსათვლელი კაფე-ბარები კი საკუთარი რისკის ხარჯზე მუშაობენ, რადგან არავინ იცის რა დროს შეუვარდებათ ნიღბიანი, «პლანისგან» გაბრუებული ყაჩაღი და თითო-ოროლა კლიენტის მიერ დატოვებულ გროშებს წაგლიჯავს.
სწორედ ასეთ ცხოვრებას ეძახდა ლამაზი დიქტორი - მშვიდს?
- დაზარალებულებიდან ერთ-ერთი ჯაბა ბონდარენკო მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკურ საავადმყოფოში წევს, - ფიქრებში გართულს დიქტორის სიტყვები ექოდ ჩამესმოდა, - მეორე ნიკა დობრჯგინიძე კი ბევრად კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ, ის ჩხუბის დროს კაფეს ვერანდიდან გადმოვარდა, რის შედეგად თავისა და ხერხემლის მძიმე ტრამვა მიიღო, თუმცა მკურნალი ექიმის ინფორმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია.
- ღმერთო ჩემო რა იღბლიანია, - აღელვებულმა წარმოსთქვა ლელამ, - რატომ ადგილზევე არ აღმოხდა სული?
წარმოდგენა არ მქონდა რა უნდაედაეშავებინა ისეთი ამ «ტიპს», რომ ლელა მის სიკვდილზე ოცნებობდა? მართალი გითხრათ ტვინის ჭ....ტა არ დამიწყია, ქალს უბრალოდ სძულდა ნიკა, უფლება რომ მიეცათ ალბათ საკუთარი ხელით მიახრჩობდა.
მე კი პირიქით, მიხაროდა რომ ჩხუბს ფატალური შედეგები არ მოჰყვა, ახლა ერთადერთი იმედი ნიკას ფიზიკური მდგომარეობა გახლდათ, ვიმედოვნებდი, რომ თავისა და ხერხემლის დაზიანება უარესობისკენ არ განიცდიდა პროგრესირებას.
გონება დავძაბე და ჩხუბის დეტალები გავიხსენე, ის ვერანდიდან გადავარდა და პლასტმასის მაგიდას დაეცა, მაგიდა ჩემი აზრით ვარდნის სიჩქარეს შედარებით შეანელებდა, თანაც ნიკა დაახლოებით 25 წლის მამაკაცი გახლდათ, ასე რომ მისი ახალგაზრდა ორგანიზმი ალბათ ადვილად გაუმკლავდებოდა ვარდნიდან მიყენებულ ტრამვებს.
ნამდვილად არ მსურდა, კაცი შემოგკვდომოდა,
გულიანად ამოვიოხრე და თვალებმოჭუტულმა გადავხედე ლაშას, რომელიც შუბლმოქუფრული უმზერდა ტელევიზორს.
- თავდამსხმელების ვინაობა უცნობია, თუმცა ბარმენისა და ოფიციანტის ჩვენების მიხედვით ისინი ოთხნი იყვნენ, ორი მამაკაცი და ორი ქალი, ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ თვითმხილველთა გადმოცემით, ქალებიც აქტიურობდნენ თავდასხმაში, - დიქტორმა რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ სხაპასხუპით განაგრძო, - ქუთაისელი სამართალდამცავები აქტიურ მუშაობას შეუდგნენ, მხატვარი-კრიმინალისტები დამნაშავეების ფოტორობოტს ქმნიან, რომელსაც მოგვიანებით რაიონულ საპოლიციო უბნებს გადაუგზავნიან. ჩვენი სამართალდამცავების ქმედება არეული მდგომარეობის გამოსწორებაზე მიგვანიშნებს, საქართველო და პირადად ქუთაისი იწყებს მომძლავრებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას, ასე რომ... - დივანზე მიგდებული პულტი ავიღე, ტელევიზორს ხმა დავუწიე და გულმოსულმა ჩავილაპარაკე.
- ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ხულიგნობა და თავდასხმა ხდება, ამათ კი მაინდამაინც ჩვენს მიმართ მოუნდათ მართლმსაჯულების აღსრულება.
ლაშა ხელებში თავჩარგული იჯდა და ხმას არ იღებდა.
- თუ დაგვიჭირეს, მინიმუმ სამი წელი განაღდებული გვაქვს, ბოროტი ხულიგნობისთვის, ამას სხეულის განზრახ ძლიერი დაზიანებაც დაემატება და «პოლნი კატუშკა» გამოვა, - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ წარმოსთქვა მან, თავი ნელა წამოსწია და ხუთი თითი გაჩაჩხა, - ეს იმ შემთხვევაში თუ ნიკა ცოცხალი გადარჩა.
იმის გაფიქრებაც არ მინდოდა რა გველოდა ნიკას სიკვდილის შემთხვევაში.
- ჩვენ კიდევ რაღაც დანაშაული მიგვიძღვის, ბოლოს და ბოლოს ჩხუბი ხომ ჩვენ ავტეხეთ, მაგრამ გოგონებს ტყუილად დასწამეს ცილი, - გვერდით მჯდომ თათიას გადავხედე, რომელიც გატრუნული იჯდა და შეშინებული თვალებით მისჩერებოდა ტელევიზორის ეკრანზე უხმოდ გასულ კადრებს.
ჩემმმა სიტყვებმა თითქოს მაგიურად იმოქმედა მასზე, გამოერკვა, სახეში შემომხედა, ფეხზე წამოდგა და ხმადაბლა გვითხრა.
- ამ გადაცემამ მთლად ამირია თავ-გზა, ვერ ვხვდები ჩვენ რა შუაში ვართ, ან საიდან მოიტანეს, რომ ვჩხუბობდით?
- მართალი ხარ, - დაქალს მხარი აუბა ლელამ, - თუმცა კაცი რომ ვყოფილიყავი მეც გვარიანად ვცემდი ნიკას, ვიცი რა დამპალიცაა და წამითაც არ მეცოდება, ის მიიღო რაც დაიმსახურა, აი ჯაბა კი ნამდვილად მებრალება.
ლელას ყოველ საქციელში ჩანდა, რომ მაგარი გამწარებული ჰყავდა ნიკას, ალბათ გამუდმებით ავიწროვებდა და გაქანების საშუალებას არ აძლევდა.
წამით სიჩუმემ დაისადგურა, დაძაბული მივჩერებოდით ერთმანეთს, ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენოდა და ნიკას ძლიერი ჯანმრთელობის იმდეზე უნდა ვყოფილიყავით, მის ნაცვლად ჯაბა, რომ გადავარდნილიყო აივნიდან ალბათ ადგილზევე დალევდა სულს, როცა ვიხსენებდი, როგორ გამოიყურებოდა წვეროსანი: სუსტი, ბეჭებში მოხრილი და მოუვლელი, ღმერთს მადლობას ვსწირავდი, რომ ნიკას ადგილზე არ იყო.
ბოლოს უსაშველოდ ჩამოწოლილი სიჩუმე თათიამ დაარღვია.
- ბიჭებო, - თბილი ხმით მოგვმართა, - წუთით დაგტოვებთ, გოგონების ოთახში წავალთ და ცხვირს «გავიპუდრავთ», - გაგვიღიმა, ლელას ხელი ჩაჰკიდა და მოკლედ უთხრა, - გამომყევი.
როცა გოგონები ოთახიდან გავიდნენ, ფიქრებში ჩაძირულ ლაშას მივუბრუნდი.
- რა ვქნათ? - ვკითხე, - ჩავბარდეთ და ყველაფერი მოვუყვეთ? ავუხსნათ ჩხუბის მიზეზი? ბოლოს და ბოლოს მე ხომ დამჭრეს, - ხელი ავტომატურად მოვისვი ბეჭზე, - ნიკას დანა რომ არ დაეძრო ასე სავალალოდ არ განვითარდებოდა მოვლენები, რაციონალურად თუ იაზროვნებ გუშინდელი ჩხუბი აუცილებელ მოგერიებად უნდა ჩაითვალოს.
ლაშამ ისე შემომხედა, თითქოს პირველად მხედავდა.
- ხომ არ გადაირიე, - კატეგორიული ტონით შემეწინააღმდეგა, - მართალია აღიარება შემამსუბუქებელი გარემოებაა, მაგრამ ქართულ რეალობაში ის არ მუშაობს, თანაც სად ნახავ რაციონალურად მოაზროვნე პოლიციელს?
- ხოო, - თავის კანტურით წარმოვსთქვი, - როგორც კი ხელში ჩაგვიგდებენ, ბევრს გვირტყამენ და ბევრსაც შეგვპირდებიან, რას ეძახიან იმ ოპერმუშაკს, პატიმრების ცემით რომაა ცნობილი? - თითები გავატკაცუნე, - ბუღა?
- მოზვერა, - შემისწორა ლაშამ, - ცემას ვინ ჩივის, «აბეზიანკიდან» მანამ არ გამოგვიშვებენ სანამ გვარიან თანხას არ დაგვახევენ, მე კი მაგათთვის მისაცემი კი არა «კურტკის» საყიდელი ფული არა მაქვს, - ხელის გაქნევივით ძველ, გაცრეცილ ქურქზე მანიშნა, რომელიც შემოსასვლელში ეკიდა.
მთელი სულითა და გულით ვეთანხმებოდი, ძალიან კარგად ვიცოდი კრიმინალი აყვავების პიკში იყო, სამართალდამცავები ვერ ახერხებდნენ მასთან გამკლავებას, თუმცა თავადაც არაფრით ჩამორჩებოდნენ დამნაშავეებს, კორუფცია და განუკითხაობა სუფევდა სამართალდამცავ ორგანოებში, კომუნისტური იდეოლოგიით გამსჭვალული, გაქსუებული ჩინოვნიკები ქრთამის საფასურად ყველაფერზე წამსვლელი იყვნენ, სწორედ ამიტომ დაპარპაშებდნენ დაუსჯელად - ქურდ-ბაცაცები, ნარკორეალიზატორები, სუტენიორები, ყაჩაღები და ხულიგნები.
მართალია არც ძებნილობა მიზიდავდა, მაგრამ ლაშას არ იყოს სად ვნახავდით რაციონალურად მოაზროვნე პოლიციელს? რომელიც ჩვენს უდანაშაულობაში დარწმუნდებოდა?
წარმოდგენა არ მქონდა რა მექნა.
- «ფარსუნკები» ვერ შემიცვლია «ბლიატ», - ლანძღვას აგრძელებდა ლაშა, - «პერებოებით» დავდივარ.
- აბა რა ვქნათ «პაბეგი მოვხიოთ»?
- სხვა გამოსავალს ვერც მე ვხედავ, - ხელი ჩაიქნია ჩემმა მეგობარმა.
ამასობაში გოგონები სააბაზანოდან დაბრუნდნენ, ფეხაკრეფით მოდიოდნენ და შეთქმულებივით უმზერდნენ ერთმანეთს.
მათი გამოჩენისთანავე ჩვენი თათბირი დასრულდა, მთელი ყურადღება გოგონებზე გადავიტანე, შევამჩნიე დივანზე რაღაცნაირად, მოკრძალებით მოკალათდნენ, თითქოსდა სააბაზანოდან სხვა პიროვნებებად გარდასახულნი დაბრუნდნენ.
თათიამ გვერდულად გადმოგვხედა, მისი დიდრონი, მწვანე თვალების შემხედვარე, მივხვდი რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა, ალბათ სააბაზანოში მოილაპარაკეს, გარკვეულ კონსესუსამდე მივიდნენ.
გოგონებისკენ მივტრიალდი და ღიმილით შევაგულიანე.
- გატყობთ რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ, გისმენთ.
- რაც არ უნდა თვალი დავხუჭოთ, ამ თემას მაინც ვერ გავექცევით, - სევდიანი ღიმილით წარმოსთქვა თათიამ, - ამიტომ სჯობს დროულად გავარკვიოთ ყველაფერი.
გულმა მიგრძნო რა თემაზეც წავიდოდა საუბარი, მაგრამ თავი გავისულელე, გოგონებს თვალებმოჭუტულმა გავხედე და ხმადაბლა ვიკითხე.
- რას გულისხმობ?
- ჩვენს ურთიერთობას, - დამარცვლით განმარტა მან, - ალბათ ხვდებით, რომ გუშინ ღამით რაც ჩვენს შორის მოხდა, გარემოებათა დამთხვევის ბრალი იყო, რასაც ხელი ალკოჰოლმაც შეუწყო.
ხმა არ ამომიღია ისე ვუსმენდი ქალს, ლაშამ ტელევიზორი გამორთო, ხელები მკერდზე დაიკრიფა და უინტერესო სახით მიაცქერდა გოგონებს.
- იმისთვის, რომ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა გააბა, კარგად უნდა იცნობდე, ჩვენ კი თორმეტი საათის წინ წარმოდგენაც არ გვქონდა ერთმანეთის არსებობის შესახებ.
- მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება, მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, - შეეწინააღმდეგა ლაშა, - თან კარგად შევეწყვეთ, საერთო ენაც გამოვნახეთ.
- ქალი და მამაკაცი ისეა მოწყობილი, რომ საწოლში ყველა ერთმანეთს ეწყობა, - ირონიულად წარმოსთქვა თათიამ, - ასე რომ ჩვენს შორის არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ამაში ლელაც დამერწმუნება.
ქერამ ცისფერი თვალები ნაზად ააფახულა და ღუღუნა ხმით ჩაილაპარაკა.
- სექსის ფსიქოლოგიაში ჩვეულებრივი მოვლენაა ერთი ღამის ლტოლვა, ეს უბრალოდ ქიმიაა... ასე რომ...
- გასაგებია, არ გინდათ ურთიერთობა გააგრძელოთ, - სიტყვა გააწყვეტინა ლაშამ.
- ბიჭებო ცუდად არ გაგვიგოთ, არ იფიქროთ, რომ უინტერესო ადამიანები ხართ, პირიქით ამ მოკლე ხანში ძალიან მოგვეწონეთ, - თათიამ მობოდიშების ტონით დაიწყო, - მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს, თანაც გუშინდელი თავგადასავალი, გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე კარიერაში.
- ხომ მოუსმინეთ, რომ დამნაშავეებად გვთვლიან, - დაქალს წამოეშველა ლელა, - ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაგერიდოთ, თორემ ნამდვილად შარს გადავეყრებით, გვირჩევნია დროებით ერთმანეთთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტოთ.
- დროებით? - შუბლშეჭმუხმულმა ვიკითხე.
- რა თქმა უნდა, - გამიღიმა თათიამ, - როგორც კი ამ ამბიდან გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაცხრება და ყველაფერი კარგად ჩაივლის, მხედველობაში ნიკას განკურნება და საქმის დახურვა მაქვს, მერე უკვე შეიძლება ურთიერთობის აღდგენა თავიდან ვსცადოთ.
გოგონების აზრს ადვილად ჩავწვდი, როცა ქალი გეუბნება, რომ საინტერესო ადამიანი ხარ, მაგრამ სჯობს ურთიერთობა დროებით გაწყვიტოთ, ესე იგი სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.
სიმართლე გითხრათ მათ არ ვამტყუნებდი, რით ვიყავით სხვებისგან გამორჩეული? რომ საკუთარი კარიერა და მომავალი ეჭქვეშ დაეყენებინათ, მით უმეტეს მაშინ როცა ამხელა პოტენციალი ჰქონდათ, ნიჭიერები იყვნენ, თათიას კი გავლენიანი მფარველიც ჰყავდა.
ორი ღარიბი სტუდენტისთვის ნამდვილად არ აირევდნენ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სტუდენტი სიმპატიური, მხიარული და დამოუკიდებელია, მანდილოსნებისთვის უკან არაფერზე იხევენ, ჩხუბს, აყალ-მაყალს და ბასრ დანასაც არ ერიდებიან.
მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ საკუთარ თავზე ინდიელივით მესამე პირში ვფიქრობდი, ჩემთვის ჩამეცინა, ყურადღება მივაქციე, ამდენი ხანი ჩუმად ვიჯექით და ტელევიზორის ჩამქრალ ეკრანს უაზროდ მივჩერებოდით, გვერდით მჯდომ ლაშას გადავხედე, რომელიც ნერვიულად იკვნეტდა ტუჩს, წარმოდგენა არ მქონდა გოგონების გადაწყვეტილება ანაღვლებდა თუ ჩვენი იმჟამინდელი მდგომარება.
უხერხული სიჩუმე ხუთი წუთი გაგრძელდა, დრო ისე გაიწელა, რომ მეგონა მთელი საუკუნე გავიდა, შემდეგ ფეხზე ზლაზვნით წამოვდექი, გოგონებს გადავხედე და გადაჭრით ვთქვი.
- ჩვენ წავალთ.
ლელამ უმანკო თვალებით ამოგვხედა და უდარდელად წარმოსთქვა.
- გაბუტვების გარეშე ბიჭებო.
ლაშამ მტრულად შეუბღვირა ქერას, არაფერი უთქვამს, ისე დასწვდა მის ძველ, გაცრეცილ ქურქს და იღლიაში ამოიჩარა.
თათიამ გარეცხილი სვიტერი დამიბრუნა, როცა ტანზე გადავიცვი, ვიგრძენი ქალის ფუმფულა ხელი როგორ ნაზად შემეხო სახეზე, დიდრონ თვალებში ჩავხედე, მან კი მხურვალედ მაკოცა და ხელში პატარა ფურცელი მომაჩეჩა.
- აქ ჩემი ნომერი წერია, - წყნარად მითხრა, - როცა ეს ამბავი ყველას მიავიწყდება, როცა პატიოსან სახელს დაიბრუნებთ და ძებნილების სიიდანაც ამოგშლიან. შემეხმიანე.
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.
წარმოდგენა არ მქონდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მივაღწევდით კი წარმატებას? დღევანდელი სამართალდამცავი ორგანოები როგორც ადრე ავღნიშნე, კორუმპირებული და ლამის კრიმინალიზირებული იყო: პროკურორები, გამომძიებლები, თვით უჩინო რიგითებიც, ფულის კეთებაზე იყვნენ გადასული, არ ვიცოდი როგორ დავამტკიცებდით ჩვენს სიმართლეს, რადგან ოთხმოცდაათიან წლებში ყველაზე რთული სიმართლის ლაპარაკი გახლდათ.
ამ შეკითხვებზე პასუხი არ მქონდა, შეიძლება ყველაფერი რამდენიმე წელი გაწელილიყო, ამდენი ხანი კი თათია ნამდვილად არ დამელოდებოდა.
არ გეგონოთ, რომ სასოწარკვეთილი რომანტიკოსივით შემიყვარდა, ერთი ნახვით შეყვარების ისედაც არ მჯერა, თანაც როგორც ამბობენ _ «ცოდვა გამხელილი ჯობიაო» გოგონებით დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი, როგორც ლამაზ და სექსუალურ ქალებს ვერაფრით დავიწუნებდი, განათლება და ხასიათიც შესაშური ჰქონდათ, თუმცა მათი ცხოვრების უკომპლექსო სტილი არ მომწონდა.
წამით საკუთარ ფიქრებზე გამეცინა, ახლა მეოცე საუკუნის მიწურული იდგა, სადაცაა ოცდამეერთე საუკუნეშიც გადავაბიჯებდით, მე კი ცივილიზაციას მოწყვეტილი კავკასიელივით ვვაზროვნებდი, მაგრამ ეს ჩემდაუნებურად ხდებოდა, ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და პირველ რიგში წეს-ჩვეულებებს ვაქცევდი ყურადღებას, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ქალ-ვაჟს შორის ურთიერთობას და ოჯახის შექმნას ეჭირა.
გულახდილად ვაღიარებ, თათიასთან გატარებული ღამე ფანტასტიური იყო, ყოველთვის ნეტარებით ვიხსენებ, უბრალოდ მაშინ მართლა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ამიტომაც ვუმზერდი კრიტიკულად, გულხელდაკრეფილი ვიდექი კართან და თვალებით ვჭამდი.
ქალი მორცხვად მარიდებდა მზერას, სწორედ მაშინ გავითავისე, რომ ნამდვილი მაქცია იყო: _ ჯერ მიმზიდველ, მაცდურ ქალად მომევლინა, მერე ტემპერამენტიან საყვარლად გარდაისახა, ბოლოს კი გულცივი ჯალათივით გამოგვიტანა შეუწყნარებელი განაჩენი.
საშუალება რომ მქონოდა, უკან არ დავიხევდი, უყოყმანოდ გავაგრძელებდი მასთან «კურ-კურს», მაგრამ ჯერ ერთი ქალი წინააღმდეგი იყო და მეორეც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა მოსაგვარებელი - რაც შეიძლება მალე უნდა გავცლოდით ქალაქს.
ერთმანეთის გვერდი-გვერდ რამდენიმე წუთი ჩუმად ვიდექით, შემდეგ გოგონებს გამოვემშვიდობეთ და სახლიდან გავედით.

**********скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Saocrad sainteresod vitardeba movlenebi. Ver movaxerxe cakitxva da axla damigrovda sabednierod ertad casakitxii. Zalian momcons ceris stili
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent