შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (10)


11-07-2019, 03:40
ავტორი omexi
ნანახია 431

დღე მეშვიდე
დილის მზის მწველმა სხივებმა საამო სიზმარეული ჩვენება გამაწყვეტინა, გავიღვიძე, თვალებმოჭუტულმა გავხედე ფანჯარას, საიდანაც ზამთრის ცა მოჩანდა, ალაგ-ალაგ მიმობნეულ რუხ ღრუბლებს შორის, მზე ანცად იჭყიტებოდა.
დეკემბრისთვის შეუფერებელი დარი იდგა, მთქნარებით წამოვდექი საწოლიდან, ლაშას ჯერ ისევ ეძინა, მისი ხმამაღალი ხვრინვა მეორე ოთახიდანაც კი მესმოდა, ფეხზე ფრთხილად წამოვდექი, ჩავიცვი და ოთახიდან უხმაუროდ გავედი.
კიბეებზე, რომ ჩავდიოდი და თან ახალგაღვიძებული მოპრუწულ თვალებს მუშტით ვისრესდი, სწორედ მაშინ შევამჩნიე თამაზის დანჯღრეული ГАЗ-21 «Волга», რომელმაც ხრიგინით ჩაიქროლა ნაწვიმარ შარაგზაზე და ქუჩაში დაგუბებული ტალახიანი წყალი ჩემი ეზოს ღობეს შეაწუწა.
ვიფიქრე ვერ შემამჩნია მეთქი, მაგრამ როცა მუხრუჭების მკვეთრი ხმა და სიჩქარეების ბერკეტის შორეული ტკაცუნი გავიგონე, ჭიშკრისკენ გავეშურე.
«ვოლგა» უკანსვლით მოადგა ჭიშკარს, თამაზიმ გვერდითა საქარე მინა ჭრიალით ჩამოსწია, ფანჯრიდან თავი გამოყო, ცოტა ხანი ეზოში დაყენებულ ლაშას «ნოლადინს» უმზირა, შემდეგ ცხვირი მოისრისა და ხმამაღლა გამომძახა.
- «ზდაროვა» ბექა, მანქანა იყიდე?
მეგობარს ხელის დაქნევით მივესალმე და ნამძინარევი ხმით ვუპასუხე.
- არა. მეგობრისაა.
თამაზიმ ძრავი ჩააქრო, კაბინიდან გადმოვიდა, შემდეგ ერთხელ კიდევ დაკვირვებით შეათვალიერა ეზოში მდგარი, დილის სუსხიდან მინებდაორთქლილი ავტო და ქირქილით ჩალაპარაკა.
- ბორბლებიანი «ლახანკაა».
- არც შენ გყავს «ფერარი», - ღიმილით გავხედე მის «ვოლგას», ეზოდან ნელი ნაბიჯით გადავედი, ხელი ჩამოვართვი და მეგობარი მოვიკითხე, - როგორ ხარ?
- რა მიჭირს, - თავი სასაცილოდ მოიქექა თამაზიმ, - ისე რომ იცოდე, მოსალოცად გვაქვს საქმე.
მისმა სიტყვებმა დამაბნია, ჩემი გონება ჯერ კიდევ ძილის მდგომარეობიდან ვერ გამოსულიყო, ამიტომ ნელა ვვაზროვნებდი, ნეტა რა გვქონდა მოსალოცი? ახალ წლამდე ჯერ კიდევ მთელი სამი კვირა იყო დარჩენილი? შუბლი ზანტად მოვისრისე.
მხრები ავიჩეჩე და დაბნეულმა ვკითხე.
- რას მილოცავ?
- რას და... წარმატებით ჩატარებულ «ოპერაციას», - თამაზიმ ღიმილით შემომხედა და წამიერი პაუზის შემდეგ სხაპასხუპით მომაყარა, - რა პირდაღებული მომჩერებიხარ, ქალის მოტაცებაზე გეუბნები.
- ააა, - მხოლოდ პირველი ხმოვნის ამოთქმა მოვახერხე.
- მალე ალბათ ქორწილსაც ვჭამთ.
- მართლა? - ამჯერად გაკვირვებულმა ვიკითხე, რადგან ბოლო ხანს თავს გადახდენილმა თავგადასავალმა სულ გადამავიწყა მიშიკო და მისი «ლავ სთორი».
- მართლა, - დამეთანხმა თამაზი, - მიშიკომ ქალი უკვე სახლში მოიყვანა, მისი და ფიქრიას მშობლებიც თანახმანი არიან, «კაროჩე»...
- «კაროჩე» გვიქეიფია და ეგაა, - სიტყვა შევაწყვეტინე მეგობარს.
- გვიქეიფია არა კიდევ, - თამაზიმ ხელი ჩაქნია, - მერიქიფობა არ აგვცდება, - ბოგირზე ჩაიმუხლა და ქვემოდან გამომცდელად ამომხედა, - რა ქენი ჩააბარე გამოცდა? - მკითხა.
მისმა შეკითხვამ მკერდში მტკივნეულად გამკენწლა, გონებაში ელვისებურად გაიელვა თავსგადახდენილმა ისტორიამ: - კაფე «პალერმო», უცნობი, მომხიბვლელი გოგონების შარმი, ჩხუბი და «პეპელას» სტილის დანა.
ხელი ინსტიქტურად მოვისვი ბეჭზე, ჭრილობა არ მტკიოდა, თუმცა უსიამოვნო შეგრძნება თანდათან, მიათკეცდებოდა, ხასიათი გამიფუჭდა.
- არა, - მოკლედ ვუპასუხე და მეგობრის გვერდით ჩავცუცქდი.
- არაფერია, სხვა დროს ჩააბარებ, - გული გამიკეთა მან.
- ვიცი, ამიტომაც არ ვნერვიულობ, - თავს ძალა დავატანე, ფიქრით სხვა თემაზე გადავერთე და ხმადაბლა ვკითხე, - სად მიდიხარ?
- ქუთაისში, - მთქნარებით მიპასუხა თამაზიმ, - დედაჩემი მიმყავს ბაზრობაზე, იქედან კი შმაგია უნდა წამოვიყვანო, გახსოვს პაემანი ჰქონდა ვიღაც ქუთაისელ გოგოსთან.
მეგობარს თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე, შემდეგ იქვე მდგარ ავტოს გავხედე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, კაბინაში მოკალათებული ქალბატონი, რომელიც ჩვენს საუბარს გულდასმით უგდებდა ყურს.
ფეხზე წამოვდექი.
- როგორ ხართ ციცინო დეიდა? - ზრდილობიანად მივესალმე.
- რავა ვიქნები ამის ხელში, - თამაზის შეუბღვირა მან, - უკვე მეხუთე გოგოს იტაცებს, ერთხელაც იქნება ჩემი ხელით დავჭრი ამ მანქანას და ჯართში ჩავაბარებ.
- კარგი რა დედა...
- მაგრამ მამაშენია ლენჩი, რომ გიყიდა, რას გიყიდა? - ქალს შვილის უკმაყოფილო ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისევ განაგრძო, - ხომ იცოდა სამაკვარანცხოდ, რომ გამოიყენებდი.
თამაზიმ გულიანად ამოიოხრა, ხელი ჩაიქნია და დადარდიანებულმა წარმოსთქვა.
- წავედი.
უეცრად გონებაში ერთი აზრი მომივიდა, თამაზის სიტყვები ბოლომდე არც გამიაზრებია ისე ვკითხე.
- დღესვე დაბრუნდები?
- კი, - მან საათს დახედა, - ახლა ათი საათია, ალბათ სამი საათისთვის აქ ვიქნები.
- გადასარევია, - ხელები კმაყოფილმა მოვიფშვნტე, - მაშინ ერთ რაღაცას დაგავალებ და კაცურად გთხოვ შემისრულე.
- რაზეა ძმაო «ლაი-ლაი».
- ერთი წუთით დამიცადე, - თამაზის ზურგი ვაქციე და ეზოში შევირბინე, განზრახული მქონდა ჯაბასა და ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გამეგო.
სახლში გიჟივით შევვარდი, რვეულიდან ფურცელი ამოვხიე, ზედ გარკვევით დავწერე დაზარალებულების სახელები - «ჯაბა ბონდარენკო და ნიკა დობორჯგინიძე».
სირბილით გამოვბრუნდი უკან, თამაზი ავტოს საქარე მინასთან იდგა და დედამისს რაღაცას ელაპარაკებოდა, როცა მივუახლოვდი, ლაპარაკს თავი ანება, ჩემსკენ მოტრიალდა და თვალებში მომლოდინედ მომაჩერდა.
- აქ სახელები წერია, - ფურცელი ხელში მივაჩეჩე, - კლინიკურ საავადმყოფოში გაიარე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიგე.
თამაზის სახეზე გაოცება გამოესახა, მერე ფურცელს დახედა და ენის ბორძიკით ამოიკითხა ჩემი ბატიფეხური ნაჯღაბნი.
- ჯაბა ბონდარენკო და ნიკა დობორჯგინიძე, - თავი დაბნეულმა მოიფხანა, კვლავ იჭვნეულად შემომხედა და თვალებმოჭუტულმა მკითხა, - ვინ არიან ესენი?
- ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, - დინჯად ვუპასუხე, - მთავარია, მათი ამბავი დაწვრილებით გაიგო, არაფერი გამოგრჩეს, უკან რომ დაბრუნდები, ყველაფერს მოგიყვები... «ოქეი»?
მეგობარმა ეთხელ კიდევ შემავლო გამომცდელი მზერა, შემდეგ ხელი ჩაიქნია, საათს დახედა და მანქანის კაბინაში მოკალათდა.
სანამ ГАЗ-21 «Волга»-ს ძრავი ათუხთუხდებოდა, თამაზიმ საქარე მინდან თავი გამოყო და სხვათაშორის მითხრა.
- საღამოს გესტუმრებით და ვილაპარაკოთ.
- კიდევ ვინმეს მოტაცებას აპირებთ დია? - განწირული ხმით ჰკითხა დედამისმა.
- კარგი რა დედა... - დაღლილი ხმით თქვა თამაზიმ, - არავის მოტაცებას არ ვაპირებთ, - შემდეგ თავის დაქნევით გამომემშვიდობა, სიჩქარეების ბერკეტი ხმაურით მოანაცვლა და მისი დანჯღეეული ავტოც ჭრიალით გაუყვა ნაწვიმარ შარაგზას.
ცოტა ხანი ბოგირზე ვიდექი, შარაგზაზე მითუხთუხე ავტომობილის სილუეტს ვუზერდი, რომელიც თვალ და თვალ პატარავდებოდა, შემდეგ ჩვენს უცნაურ მდგომარეობას ჩავუფიქრდი.
მე და ლაშა ნამდვილი «პრესტუპნიკებივით» ვიმალებოდით, არადა ცხოვრებაში არასდროს დამირღვევია კანონი, პირიქით სამართალმცოდნეობას ვსწავლობდი, მინდოდა ჩემი მომავალი საქმიანობა დამნაშავეობასთან ბრძოლასთან მჭიდროდ დამეკავშირებინა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ყველფერს დამნაშავის სტატუსით დავიწყებდი.
როცა ავტომობილის შორეული სილუეტი მოსახვევში გაუჩინარდა, ეზოში შევედი, მოზღვავებული ფიქრებიდან თავ-ბრუ მეხვეოდა, რაღაცით უნდა განვტვირთულიყავი, თორემ ნამდვილად გადავირეოდი.
შემდეგ ოთახის კუთხეში მიყუდებულ, უშველებელ, თვითნაკეთ «შტანგას» მოვკარი თვალი, ხვნეშით დავწვდი და დილის გამამხნევებელ ვარჯიშს შევუდექი.
ვარჯიშის თავგადაკლული მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, როცა გამახსენდებოდა მაშინ წავეტანები ხოლმე «შტანგას», აქედან გამომდინაე აგებულებაც ჩვეულებრივი მაქვს, მართალია ბოდიბილდერივით კუნთები «ბატი-ბუტივით» არ მაყრია, მაგრამ ჩემს ვიზუალს არაფერს ვუწუნებდი, მაღალი და ტანადი გახლდით.
მოკლედ, სჯობს თავის ქებას შევეშვა.
ჩემი თვითნაკეთი «შტანგა» რკინის წვრილ მილზე უხეიროდ დამაგრებული ორი უშველებელი ფოლადის დისკებიდან შედგებოდა, როცა ვვარჯიშობდი დისკები ყურისწამღებად ჭრალებდნენ.
ალბათ «შტანგის» ჭრიალმა გამოაღვიძა ლაშა, კიბეებზე მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა, ცოტა ხანი ღიმილით მიმზერდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია - «მოგცლია შენცო» - ჩაიბურტყუნა და საზაფხულო სააბაზანოში შევიდა.
დათბა, მოწმენდილ ცაზე ალაგ-ალაგ მონარნარე ღრუბლები გაუჩინარდნენ, მზემ ზამთრისთვის შეუფერებელი სიშმაგით დააცხუნა: - ნაწვიმარ შარაგზას ოხშივარი აუვიდა, ღამის სუსხიდან შეწუხებული ბეღურები კი მხიარულად აჟივჟივდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საოცრად მზიანი ამინდი იდგა, ზამთრისთვის დამახასიათებელი სუსხი მაინც იგრძნობოდა, სახლში სადაც მზის შუქი ვერ ატანდა, საგრძნობლად ციოდა, ამიტომ საკუჭნაოდან რის ვაი-ვაგლახით გამოვათრიე ღუმელი, ბუხართან დავდგი და საკვამური მილი, ბუხრის ზემოთ დატანებულ ხვრელს მივუერთე.
როცა აგიზგიზებულ ღუმელთან ვისხედით და წინა დღით გამომცხვარი ცივი მჭადით ვსაუზმობდით, ლაშას თამაზისთან შეხვედრის ამბავი მოვუყევი, ვუთხარი რომ საღამოს ნიკასა და ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობას გავიგებდით.
- იმედია კარგ ამბავს მოგვიტანს, - ისე წარმოსთქვა, რომ ჭამა არ შეუწყვეტია.
გაურკვევლად ავიჩეჩე მხრები და ცივი მჭადის მოზრდილი ნატეხი პირში ჩავიდე.
საუზმე მწირი იყო, მაგრამ ნოყიერი, როცა მჭადს თითო ჭიქა წითელი ღვინოც მივაყოლეთ, შეზარხოშებულებმა და დანაყრებულებმა გადავწყვიტეთ ცოტა განტვირთულიყავით.
ლაშას სოფლის დათვალიერება შევთავაზე, სახლის კარი გამოვიხურე და ოხშივარადენილ შარაგზას შევუყევით, სოფელი დაცარიელებულს ჰგავდა, ამინდი კარგი იყო, მაგრამ ადგილობრივები მაინც ემალებოდნენ ზამთრის სუსხს, მხოლოდ ეგერ-აგერ თუ შეხვდებოდი გამვლელებს, რომლებიც ძველებური ჭრიალა ურიკით ან გამხმარ თივას ეზიდებოდნენ ან სიმინდით სავსე ტომრებს წისქვილში მიაგორებდნენ.
ლაპარაკ-ლაპარაკით მივადექით სოფლის ცენტრს, რომელიც უზარმაზარი მოედანი გახლდათ, იქ მხოლოდ საშუალო სკოლა, მოზრდილი სავაჭრო ცენტრი, ძველი თონე და ნახევრადადნგრეული სასადილო იდგა.
სოფლის ცენტრიც დაცარიელებული იყო, რემდენიმე ეულ უსაქმურს თუ მოჰკრავდა კაცი თვალს, სამაგიეროდ სკოლის ეზოში იდგა ჟივილ-ხივილი, ზამთრისთვის შეუფერებელ დარს ყველა მოსწავლე გარეთ გამოეტყუებინა და ბავშვებიც გახარებული ერთობოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის ცენტრში არსებული ობიექტებიდან, მხოლოდ სკოლა იყო მოქმედი, სავაჭრო ცენტრს, თონეს და სასადილოს კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ ერთი დღითაც არ უმუშავია, ვიტრინებჩამსხვრეული მაღაზია უსაქმური «ბირჟავიკების» თავშესაფარი გამხდარიყო, სასადილოს კი საერთოდ არ შეეხედებოდა - დანგრეული და გაპარტახებული გახლდათ.
სოფლის გავერანებულმა ცენტრმა, სადაც რამდენიმე უსაქმურის მეტი არავინ დაეხეტებოდა, სულ წაგვიხდინა ისედაც წახდენილი გუნება-განწყობილება, ლაშამ სიგარეტიც ვერ იშოვა, რადგან ერთადერთ კომერციულ ჯიხურში, რომელიც სკოლის განაპირას დაედგა ადგილობრივ მაცხოვრებელს, უმეტესად იაფფასიანი, სამამულო წარმოების სიგარეტი - «პრიმა» და «ასტრა» იყიდებოდა.
- შენც «პრიმა» იყიდე, - ღიმილით ვეუბნებოდი მეგობარს და ჟანგიან ჯიხურზე ვანიშნებდი.
ჯიხურიდან მოხუცი ქალბატონი იმზირებოდა, ის ერთადერთი საქმოსანი იყო, ჩვენს სოფელში, რომელმაც გარისკა და ასე თამამად მიჰყო ხელი მცირე ბიზნესს, ქალბატონს ხათუნა ერქვა, ამიტომ ადგილობრივები მის «დაწესებულებას» - «ხათუნას ბუტკას» ეძახდნენ.
- ადგილი მართლაც მომგებიანი შეურჩევია, - ჩაიბურტყუნა ლაშამ, სკოლის ეზოს მოდებულ ბავშვებს თვალი გადაავლო და სხვათაშორის დაუმატა, - მაგრამ ამ სიგარეტს მაინც ვერ მოვწევ, დამილპობს ფილტვებს, - ხელით ჯიხურის ხავსიან ვიტრინაზე გამოწყობილ სამამულო სიგარეტზე მანიშნა.
მხრები ავიჩეჩე, ლაშა ერთის მხრივ მართალი იყო, «ხათუნას ბუტკა» კომერციული თვალსაზრისით სოფლის ყველაზე სტრატეგიულ ადგილზე იდგა, სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს შორის შესვენების დროს კომერციული ჯიხურის ხშირი სტუმრები იყვნენ და ტკბილეულით პირს იტკბარუნებდნენ, თუმცა გაყიდული პროდუქტიდან შემოსულ თანხას, ყოველთვის «ნისიების სია» სჯაბნიდა.
ასე რომ ხათუნას წამოწყებული ბიზნესი მეზობლებთან უკმაყოფილებას უფრო უწყობდა ხელს.
სოფლის ცენტრს ნელ-ნელა გავსცდით, სახლში დაბრუნებას ჯერ არ ვგეგმავდით, ამიტომ სოფლის ბოლოსკენ გავუყევით, საიდანაც ჩაის პლანტაციებით დაფარულ ნაკვეთზე გავედით.
ოდესღაც ჩემს სოფელში აქტიურად მისდევდნენ ამ კულტურის მოშენებას, ყოველთვის ტონობით ჩაი გადიოდა რაიონულ ფაბრიკაში, ასობით ადამიანი იყო დასაქმებული, ახლა კი... მოკლედ შეიცვალა წყობა, შეიცვალა ცხოვრების სტილიც და პრინციპიც... ახლა ჩაის პლანტაციები მოუვლელი და მის ნებაზე მიშვებული იყო, ბუჩქებს შორის ველური აკაციის ტევრი ამოზრდილიყო, სულაც არ იყო საჭირო აგრონომი ყოფილიყავი, უცოდინარი კაციც ერთი თვალის გადავლებით მიხვდებოდა, რომ ამოდენა სიმდიდრე უპატრონოდ იყო მიგდებული.
არავის არ ეცალა ამ უძველესი კულტურის მოვლისთვის, ხოლო მისი რეალიზაცია მაშინ ფუჭი შრომა გახლდათ, ფიზიკურად არ არსებობდა არც ტექნიკა, არც წარმოება და თავისთავად არც მომხმარებელი.
ირგვლივ ჩაის მწვანე ბუჩქების გაუთავებელი წყება მოჩანდა, რაც ზამთრის რუხი საფარველის შემდეგ ნამდვილად სასიამოვნო იყო, თითქმის ნახევარი დღე ვიბოდიალეთ ჩაის ბუჩქების მწკრივებს შორის, ვსაუბრობდით და ჩვენს მდგომარეობას განვიხილავდით.
- ერთის მხრივ მართალი ხარ ბექა, - მოულოდნელად ჩაფიქრებული ტონით მითხრა ლაშამ, - შენს სოფელს აურაცხელი რესურსი აქვს, რომლის გამოყენება მარტო ძებნილ სტუდენტებს კი არა, გლობალურად მოაზროვნე საქმოსანსაც შეუძლია.
სახლში რომ დავბრუნდით უკვე ბნელდებოდა. სოფელში სეირნობისას ისე შემოგვლეოდა ხელში მთელი დღე, რომ ვერც კი გავიგეთ.
სანამ ღუმელს ვახურებდი და ცივ მჭადებს ვხუხავდი, ფიქრის საშუალება მომეცა: შავ დღეში ვიყავით, უკანასკნელი ყალთაბანდებივით ვემალებოდით მართლმსაჯულებას, არადა ისეთი უცოდველნი გახლდით, როგორიც ბალახზე აბრჭყვიალებული დილის ნამია, თუმცა ვფიქრობ გადავაჭარბე და პატივცემულ მკითხველს თავი «მამა აბრამის ბატკნად» წარვუდგინე, მაგრამ ამ გაუგებრობაში უბრალო რომ ვიყავით ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით.
მაგიდას უხმოდ შემოვჯდომოდით, ლაშა ჩაფიქრებული მისჩერებოდა ლამფის მოცახცახე ალს, ერთმანეთს არაფერს ვეუბნებოდით, რადგან ამ ერთ დღეში მოვლენების განვითარების იმდენი ვარიანტი განვიხილეთ, რომ მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენოდა.
შემდეგ ჩვენი მდუმარება ჭიშკრის შორეულმა ჭრიალმა დაარღვია, ფანჯრიდან გავიხედე და ბინდ-ბუნდში თამაზისა და შმაგის სილუეტებს მოვკარი თვალი.
ესე იგი სიახლეებსაც გავიგებდით, გახუხული მჭადი გვერდზე გადავდე და კარსმომდგარი მეგობრები ოთახში შემოვიპატიჟე.
ორთავე დინჯი ნაბიჯით შემოვიდა.
- ბიჭებო ეს ჩემი მეგობარია ლაშა, - მოსულებს სტუმარი წარვუდგინე.
ბიჭები თავის დაკვრით უტყვად მოგვესალმნენ, შემდეგ ლაშას ხელი ჩამოართვეს და მდუმარედ შემოუსხდნენ მაგიდას.
რამდენიმე წუთი სიჩუმემ დაისადგურა, ერთმანეთს ხმის ამოუღებლივ მივჩერებოდით თვალებში, მათი მდუმარება ცუდად მენიშნა, ვერ მოვითმინე და აღელვებულმა ვიკითხე.
- ჰე ამოღერღეთ ბოლოს და ბოლოს?
- კლინიკურ საავადმყოფოში ვიყავი, - დინჯად დაიწყო თამაზიმ, - იმ პაციენტების ამბის გასაგებად, შენ რომ მთხოვე, - მან ჯიბები მოიქექა, დაჭმუჭნული ფურცელი ამოიღო, - ისეთი ამბავი იყო: პოლიციელები, კრიმინალისტები, ამიტომ შენობაში არ შევსულვარ, ერთ-ერთ მედდას გავესაუბრე.
ლაშამ გაოცებულმა გადმომხედა.
- მერე? - ლაკონურად ვიკითხე.
- ძაან ტლიკინა ექთანი შემხვდა, ყველაფერი ჩამიკაკლა, - თამაზიმ ჩაიქირქილა, - ნიკა დობორჯგინიძე გუშინვე გაწერეს საავადმყოფოდანო, «მელეხი» მშობლები ჰყოლია და თბილისში წაუყვანიათ, - თამაზიმ კვლავ ფურცელზე ბატიფეხურად მიწერილ სახელებს დახედა, - მეორე... ჯაბა ბონდარენკო კი ამ დილით გარდაიცვალაო.
მისმა სიტყვებმა გონებაში მეხივით დამკრა, წამით ხმა ვერ ამოვიღე, გაოცებული ვუმზერდი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ბიჭებს.
- დარწმუნებული ხარ? - იჭვნეულად ვკითხე თამაზის.
- რა თქმა უნდა, - მხრები აიჩეჩა მან.
- ნამდვილად ჯაბა ბონდარენკო გარდაიცვალა? - ყოველი შემთხვევისთვის ერთხელ კიდევ იკითხა ლაშამ.
- კი, - თამაზიმ თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია, ხელში ჩაბღუჯულ ფურცელს დაკვირვებით დააცქერდა და დამაჯერებლად დააკონკრეტა, - ჯაბა ბონდარენკო.
ამას ნამდვილად არ ველოდი, დაზარალებულებიდან სავალალო მდგომარეობაში ნიკა იყო, რაზეც საინფორმაციო გადაცემაშიც ისაუბრეს, თავი და ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული, ჯაბას მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს, ტვინის შერყევიდან კი ადამიანები არ კვდებიან.
ნეტა რა დაემართა?
არ ვიცოდი რა მეფიქრა, შემდეგ გავაცნობიერე, რომ გაუფრთხილებლობით მკვლელობის ნიშნები იკვეთებოდა, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დადგა, ფიზიკურ დაპირისპირებაში კი თავისთავად ჩვენს ჩხუბს ვგულისხმობდი.
მექანიკურად წამოვხტი ფეხზე და ოთახში გიჟივით ვიწყე ბოლთის ცემა, ჩემი მსჯელობიდან გამომდინარე - მკვლელობა გვბრალდებოდა.
ლაშაც ცუდ დღეში იყო, სახეზე ფერი დაკარგვოდა, თავი ხელებში ჩაერგო და ფეხს ნერვულად აკაკუნებდა, ისიც ჩემსავით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ და ძალიან კარგად იცოდა რასაც წარმოადგენდა გაუფრთხილებლობით მკვლელობა.
თამაზი და შმაგი გაოცებული გვიმზერდნენ, შემდეგ ჩვენი რეაქციიდან დაბნეულმა შმაგიმ ხმადაბლა იკითხა.
- რა ხდება «სიმონ»?
პასუხი არ გამიცია, ჩვენს მდგომარეობაზე ვფიქრობდი, ჯაბას სიკვდილი ყველაფერს ცვლიდა, ჩვენმა ხულიგნურმა გამოხტომამ კრიტიკული სახე მიიღო, ვიცოდი გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და ბოროტ ხულგნობას თან დამამძმებელი გარემოებებიც დაემატებოდა: - ალკოჰოლური თრობის ზეგავლენა და დანაშაულის ადგილის მიტოვება, ასე რომ მინიმუმ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა გარანტირებული გვქონდა.
ლაშას გადავხედე, მისმა მოღუშულმა სახემ მიმახვედრა, რომ ისიც იგივეს ფიქრობდა, ათასჯერ მაინც მოგვესმინა ლექცია მსგავსი დანაშაულების შესახებ, ხმამაღლა ამოვიოხრე, რაღაც უნდა მეღონა, ჯაბას ნაცვლად ნიკა რომ გარდაცვლილიყო, თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი, ბოლოს და ბოლოს არც ჩვენ ვიყავით «ფრთიანი ანგელოზები», თუმცა მკვლელობის დაბრალება ზედმეტად მიმაჩნდა.
სინანულით გავიფიქრე, რომ შეგვეძლო უბრალოდ გავცლოდით ნიკასა და ჯაბას, მაგრამ ქართულმა პატივმოყვარეობამ და ლამაზი ქალების მაცდურმა ეშხმა თავისი გაიტანა.
ახლა კი ასეთი მოცემულობა გვქონდა: - ჯაბა მკვდარი იყო, ჩვენ კი ერთადერთი ეჭვმიტანილები გახლდით, მოვლენები ჩვენს მიერ აგებული ვარაუდების საპირისპიროდ განვითარდა, ჯაბას მოულოდნელი სიკვდილი ეჭვებს მიასმაგებდა, აუცილებლად ქუთაისში უნდა ჩავსულიყავი და პირადად გავრკვეულიყავი სიტუაციაში, იქნებ რამე ხელჩასაჭიდი სამხილი მომეპოვებინა, რასაც ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენებდით, თუმცა იყო იმის საშიშროება, რომ მიცნობდნენ, როგორც საინფორმაციო გადაცემაში გადმოსცეს პოლიცია ბარმენისა და ოფიციანტის დახმარებით დამნაშავეების ფოტორობოტს ქმნიდა.
დამნაშავეები კი ჩვენ ვიყავით.
ნერვულად ავიჩეჩე თმა, - «რა გავაკეთო»? - გონებიდან ეს შეკითხვა არ მშორდებოდა, - «როგორმე ჩვენი უდანაშაულობა უნდა დავამტკიცოთ, რომ მკვლელობის მუხლი არ შეგვიფარდონ, მცოდნე ადვოკატი გვჭირდება, მაგრამ სად ვნახავ ისეთ იურისტს, რომელიც ჩვენს მდგომარეობას გაითავისებს და დაგვეხმარება?»
ოთხმოცდაათიანებში ადვოკატების უფლებები საკმაოდ შეზღუდული იყო, ისინი თავიდან-ბოლომდე დამაყაყებულ სისტემაზე გახლდნენ დამოკიდებულნი, რომელსაც კორუმპირებული ჩინოვნიკები აკონტროლებდნენ.
მაშ რა გზას უნდა დავდგომოდით, იმის გარანტიაც არ გვქონდა, რომ ადვოკატი მოგვისმენდა და რამდენიმე კუპიურის საფასურად თხასავით არ გაგვყიდდა.
- ბოლოს და ბოლოს არ გვეტყვით რა ხდება? - თამაზის სიტყვებმა ფიქრი გამაწყვეტინა.
მივხვდი რომ ფიქრი ძალიან გამიგრძელდა, ჩვენი უცნაური სიჩუმე კი ჩემს მეგობრებში გაჩენილ ეჭვებს აასმაგებდა.
მოულოდნელად გადაწყვეტილება მივიღე, თავად გამოვიძიებთ ყველაფერს, სამართალმცოდნეობაში ასე თუ ისე ვერკვეოდით და შეგვეძლო საკუთარი თავი დაგვეცვა.
უთავბოლო სრბოლა შევწყვიტე და გადაჭრთ ვთქვი.
- ქუთაისში უნდა წავიდეთ.
- რომ გვიცნონ? - ბოლოს და ბოლოს ხმა ამოიღო ლაშამ.
- რამეს მოვიფიქრებთ, - ნერვიულობისგან დანაოჭებულ შუბლზე ხელი მოვსვი, - ახალი ვარცხნილობა, ჩაცმის განსხვავებული სტილი, ქუდი, წვერი, ალტერნატიული ვარიანტი ბევრი არსებობს.
კარადიდან უსაფრთხო სამართებელი გამოვიღე და სააბაზანოსკენ გავეშურე.
- ძალიან უცნაურად იქცევით «სიმონ», - აღშფოთებულმა შმაგიმ ხელის აქნევით შემაჩერა, - ვერ ვხვდები რა კავშირშია ის ბიჭები თქვენთან?
- ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ, - მეგობარი დავაშოშმინე, - ლაშა მოგიყვებათ, - ლაშას გადავხედე და ვუთხარი, - ესენი ჩემი ძმებია, საკუთარი თავივით ვენდობი, - მერე მაგიდასთან მჯდომ ბიჭებს ზურგი ვაქციე და სააბაზანოში შევედი.
წვერი გავიპარსე, რომელიც ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ წამომზრდოდა, ოღონდ ჩვეული იმიჯისთვის არ მიმართავს: - გრძელი, ყურებს ჩამოცილებული ბაკენბარდები და «ბლანჟეს» სტილის წვერი დავიტოვე, რომელმაც კარდინალურად შემიცვალა იერი.
სახის მოწესრიგების შემდეგ, ვარცხნილობას მივუბრუნდი, ქოჩორი გვერდით გადავარცხნის ნაცვლად წინ ჩამოვიყარე, როცა სავარცხელი გვერდზე გადავდე და სარკეში ჩავიხედე, თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ძლივს ვიცანი.
სააბაზანოდან გამოსულს უცნაური სურათი დამხვდა, ლაშა ბიჭებს ისე უყვებოდა ჩვენს თავგადასავალს, როგორც მეზღაპრე ძილისპირულს, შმაგი და თამაზი გასუსული უსმენდნენ, ჩემი შემოსვლა არც გაუგიათ და მხოლოდ მას შემდეგ მომაქციეს ყურადღება, როცა ლაშამ ამბის თხრობა დაასრულა.
- მე როგორც გავიგე, - თამაზიმ ნიკაპი მოისრისა, - «ნაშების» გულისთვის ორი «როჟა» მაგრა მიბეგვეთ, მერე «დატყდით», მოგვიანებით კი ერთი «დაიბრიდა», - მან წუთით იყუჩა და დაუმატა, - ასეა ხომ?
ლაშამ თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია.
- მაგარ შარში გახვეულხართ «სიმონ», - ტუჩების კვნეტით დაასკვნა შმაგიმ.
- მთავარი ისაა, რომ ვინც მოკვდა მეორესთან შედარებით მსუბუქად იყო დაზიანებული, - ლაშამ დინჯად აუწყა ბიჭებს.
- ახლა რას აპირებთ? - დაინტერესდა თამაზიმ.
- ქუთაისში წავალთ და შევეცდებით ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ, - ვუპასუხე და კარადიდან ჯინსები გამოვიღე.
მეგობრებმა ალმაცერად გადმომხედეს, ჩემმა სახეცვლილებამ აშკარად ეფექტი მოახდინა, ლაშამ ღიმილი ვერ შეიკავა, თამაზიმ გაოცებულმა დაუსტვინა, შმაგიმ კი ენამოსწრებულად მითხრა.
- «იმენა» «პიჟონს» ჰგავხარ «სიმონ».
არაფერი მიპასუხია, კარადაში ქექვას ვაგრძელებდი და ისეთ ტანსაცმელს ვარჩევდი, რომელიც ჩემი ახალი იმიჯისთვის იქნებოდა ზედგამოჭრილი.
- უდანაშაულობა რომ დაამტკიცო, უდანაშაულო უნდა იყო, - ფილოსოფოსის ტონით ჩაილაპარაკა თამაზიმ, - თქვენ კი «ტიპები» ცემეთ... დაგავიწყდათ?
- სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩვენ «იმათ» პროვოკაციას წამოვეგეთ, - უპასუხა ლაშამ, - ხულიგნობა რომ ჩავიდინეთ ამას ვაღიარებთ, მაგრამ მკვლელები არ ვართ.
- ამიტომაც გვჭირდება სამხილები, ვფიქრობ ჯაბას სიკვდილი, ჩხუბთან კავშირში არ უნდა იყოს, - ისე ჩავები საუბარში კარადაში ქექვა არ შემიწყვეტია.
- რას აკეთებ? - მკითხა ლაშამ.
მეგობარს გადმოვხედე და მხრები ავიჩეჩე.
- ქუთაისში წასავლელად ვემზადები.
- ახლა რა აზრი აქვს, - ლაშამ ფანჯრიდან გაიჭვრიტა, - უკვე დაბნელდა, მაინც ვერაფრის გაკეთებას მოვასწრებთ, ჯერ აჯობებს ყველაფერი ავწონ-დავწონოთ და ცხელ გულზე არ მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
მეგობრის სიტყვებს ჩავუფიქრდი, მართალს ამბობდა, ამიტომ კარადას თავი ვანებე და მაგიდასთან მოვკალათდი.
- კარგი, სხვა დროს წავიდეთ, ხვალ ან ზეგ.
- ხვალ კვლავ მიწევს ქუთაისში წასვლა, - თითქოს სხვათაშორის მითხრა თამაზიმ, - რადგანაც თქვენ ქალაქში გასვლას ერიდებით, მე გავიკითხავ ჯაბას ამბავს.
- შესანიშნავი აზრია, - აღფრთოვანებული დაეთანხმა ლაშა, - კარგი იქნება ჯაბას საცხოვრებელი ადგილი დაადგინოთ, გაარკვიოთ ვინ იყო, რას საქმიანობდა, ოჯახი ჰყავდა თუ არა.
ეს იდეა მეც მომეწონა, თუ მეგობრები გარკვეულ ინფორმაციას მოაგროვებდნენ, მას შეძლებისდაგვარად გამოვიყენებდით და გამოძიებას უფრო მომზადებული დავიწყებდით.
- ბიჭებსაც წავიყვან, - შემოგვთავაზა თამაზიმ, - ასე უფრო გაგვიადვილდება ინფორმაციის მოპოვება, - ის შმაგის მიუბრუნდა, - წამოხვალ «ბრაატ»?
- აბა რას ვიზამ «სიმონ».
- კიდევ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? - როცა მეგობრიდან დადებითი პასუხი მიიღო, დაინტერესებულმა მკითხა.
ცოტა ხანი ვდუმდი, გონებაში აზრებს ვიკრებდი.
- დეტექტივებს კითხულობთ? - ვიკითხე.
- დეტექტივებს ვინ არ კითხულობს, - აგდებით მიპასუხა შმაგიმ, - შერლოკ ჰოლმსი, ერკიულ პუარო, მის მარპლი, კაპიტანი მეგრე... კიდევ ჩამოვთვალო?
- საკმარისია, - ხელი უარის ნიშნად გავაქნიე, - ჩემი თხოვნა იქნება ნამდვილი დეტექტივებივით იმოქმედოთ და თვალში ზედმეტად არავის მოხვდეთ.
ბიჭები მდუმარედ მომაჩერდნენ.
ფეხზე წამოვდექი, ბუხრის თავზე შემოდებული აგათა კრისტის სქელტანიანი წიგნი ჩამოვიღე, მაგიდაზე ხმაურით დავდე და გამოკვეთილად ჩავილაპარაკე.
- საკუთარი გამოძიება დავიწყოთ.
წარმოდგენა არ მქონდა, ჩვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, როგორ გამოვიყენებდი მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს, ცხოვრება ხომ ისეთი არაა, როგორც წიგნებში აღწერენ?
- ესე იგი დეტექტივები ვხდებით? - ღიმილით მითხრა ლაშამ.
მეგობარს გადავხედე, ის სევდიანად დასცქეროდა წიგნის გაცრეცილ ყდას.
რა უნდა მეპასუხა? ჩემი წამოწყება ავანტიურას უფრო ჰგავდა, ავანტიურას კი არა ბავშვურ ახირებას.
- პატარაობისას ერთი თამაში მქონდა ამოჩემებული, - ხმადაბლა ჩავილაპარაკე, თან გასუსული მეგობრების დაბნეულ სახეებს ვაკვირდებოდი, - ხშირად ვეთამაშებოდი მამაჩემს... დეტექტივობანა ერქვა, ნივთებს ვმალავდით და მათ საპოვნელად ერთმანეთს მინიშნებებს ვაძლევდით.
- ბავშვური თამაში როგორ დაგვეხმარება? - გააპროტესტა ლაშამ.
- ახლანდელი სიტუაციაც, თითქოსდა ფარულ მინიშნებებს გვაძლევს, - დამარცვლით წარმოვსთქვი, - ორი დაზარალებულიდან ის გარდაიცვალა, რომელსაც არაფერი სჭირდა, ნიკა კი მოულოდნელად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა, ვფიქრობ კლინიკურ საავადმყოფოში რაღაც უცნაურობა ხდება.
წამით დავდუმდი, ჩემი ეჭვები ნამდვილად ყურადსაღები იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა დეტექტივობანას სათამაშოდ ვემზადებოდი.
იურიდიური ფაკულტეტის სტუდენტები კი ვიყავით, მაგრამ არც დეტექტივის უნარ-ჩვევები გავგვაჩნდა, არც კრიმინალისტის სამუშაო გამოცდილება და არც ცხოვრებისეული სიბრძნე, მხოლოდ სასწავლებლიდან მიღებული მწირი ცოდნით, დეტექტიურ ნაწარმოებებში მოყვანილი მაგალითებით და ბავშვური თამაშით უნდა გვეხელმძღვანელა.
ვერ გეტყვით ჩვენი წამოწყება გაამართლებდა თუ არა, მაგრამ რაც მთავარია შემართებას არ ვკარგავდი.
ცოტა ხანი მეგობრებს ვუმზერდი, ყველანი გასუსული მომჩერებოდნენ, შემდეგ ხელი ჩავიქნიე.
- არ ვიცი რა გიპასუხოთ, - დაღვრემილმა წარმოვსთქვი და სვენებ-სვენებით დავუმატე, - ჩვენ ეჭვმიტანილები ვართ, მაგრამ სიმართლის დასადგენად დეტექტივობანა უნდა ვითამაშოთ.



№1  offline წევრი Rania

Zalian. Zalian magariaaaa. Ai turme ratom qvia aseti satauriii
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent