შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (12)


13-07-2019, 01:08
ავტორი omexi
ნანახია 470

დღე მეცხრე
გამგზავრების სამზადისს საკმაოდ გვიან შევუდექით.
სანამ ჩვენი ორგანიზმიდან ალკოჰოლის ნარჩენები გამოიდევნებოდა, სანამ ჯანმრთელი ადამიანისათვის დამახასიათებელ მდგომარეობას დავუბრუნდებოდით: - არც თავის ტკივილი შეგვაწუხებდა და არც გულძმარვა, შუადღეც მოვიდა.
საზიზღარი ამინდი იდგა, საოცრად ციოდა, ჯერ არ წვიმდა, თუმცა ერთიორად დაახლოებულ და საავდროდ მოქუფრულ ცაზე, სწრაფად მოძრავი რუხი ღრუბლები კუშტად იკრავდნენ პირს.
ლაშამ ავტოს «კაპოტი» ხვნეშით ახადა, ჯერ ძრავს გადაუსვა სველი ტილო, შემდეგ ზეთის დონე შეამოწმა, «რადიატორში» წყალიც ჩაამატა და მხოლოდ მას შემდეგ დაქოქა გაყინული მოტორი.
ნაბახუსევს თავი მისკდებოდა, მაგრამ იმდენი მაინც მოვახერხე, რომ ჩემი ახალი იმიჯისთვის ჩაცმულობაც შესაფერისი შემეფარდებინა: - ბაზრობაზე შეძენილი ღია ლურჯი ფერის, მოტკეცილი ჯინსები და ტყავის ძველი ლაბადა, რომელიც ალაგ-ალაგ გაცრეცილი იყო.
თვალებზე უფერულმინიანი «ქამელეონი» სათვალე გავიკეთე, ფეხზე კი მოდიდან კარგა ხნის გადასული წვეტიანი «ტეხასები» ჩავიცვი.
როცა ასე გამოწკეპილი და «ტეხასების» მაღალ ქუსლებზე დაკრული «ნალების» კაკუნით სახლიდან გამოვედი, ლაშამ გაოცებულმა გამომხედა, შემდეგ «კაპოტი» ხმაურით დახურა და ხუმრობით მითხრა.
- სად მიდიხარ თუ ძმა ხარ, როდეოზე? - დონჯშემორტყმულმა ამათვალ-ჩამათვალიერა, - მარტო სომბრერო, ლასო და ცოფიანი ხარი გაკლია, სხვა მხრივ ნაღდი კოვბოი ხარ.
- სამაგიეროდ ვერავინ მიცნობს, - ვიმართლე თავი.
- მე მსგავსი გარდასახვის ნიჭი არა მაქვს ძმაო, - ხელები სასაცილოდ გაასავსავა.
- თუ გინდა დარჩი, საღამოს დავბრუნდები.
- არა, ჩემს «მუსტანგს» ვერ განდობ, - «ნოლადინს» გადახედა, მერე შუბლი შეიჭმუხნა, - მომკლა «პახმელიამ», - შეწუხებულმა ჩაილაპარაკა, - გუშინ არ უნდა «დავბოლილიყავით», ერთმანეთში რომ ვურევ მეორე დღეს «ტრუპი» ვარ.
- მეც შენს დღეში ვარ.
ლაშამ კაბინის კარი გამოაღო, გადმომხედა და ხმადაბლა მითხრა.
- წავედით, რაღას ველით.
მანქანისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, ნაბახუსევი ნელა ვვაზროვნებდი, ამიტომ ბოლო მომენტში კაბინაში ჩაჯდომა გადავიფიქრე, გონება დავძაბე და ლაშას ვუთხარი.
- ყველაზე მთავარი დამავიწყდა.
სახლში შევბრუნდი, ის ფეხდაფეხ მომყვა.
- რა დაგავიწყდა? - მკითხა დაბნეულმა.
კარადის უჯრიდან უბის წიგნაკი და საწერ-კალამი ამვიღე, მეგობარს ხელში მივაჩეჩე.
- ჩვენ ხომ დეტექტივების როლს ვთამაშოთ, ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ საავადმყოფოს პერსონალს ეჭვი არაფერში შეეპაროს.
ლაშამ უბის წიგნაკი ჯიბეში შეინახა.
კარადის უჯრაში რამდენიმე წყებად ჩალაგებულ რვეულებს შორის, პატარა თუნუქის ყულაბა იდო, აქ დანაზოგს ვინახავდი, რომლის გახსნას მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციის დროს ვგეგმავდი, ახლა კი ნამდვილად დამდგარიყო მისი გამოყენების დრო.
ყულაბა ამოვიღე, გავხსენი, შუაში გადაკეცილი კუპიურები გადავთვალე - 530 ლარი აღმოჩნდა, თანხა ასტრონომული არ გახლდათ, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, არც კი ვიცოდი ამდენი დანაზოგი თუ მქონდა.
ლაშა ღიმილით მიმზერდა.
- მაგარი თავშენახული კაცი ხარ, - მითხრა, - მე რასაც ვშოულობ ყველაფერს ვხარჯავ, - სინანულით ჩაიქნია ხელი, - თუმცა ქუთაისში, რომ ჩავალთ საათს «დავალომბარდებ», - მარცხენა მაჯაზე დამაგრებულ საათის მინას, ფრჩხილი ფრთხილად მიაკაკუნა.
- არ გინდა თუ ძმა ხარ, ჯერ-ჯერობით რაც გვაქვს ეს ვიკმაროთ, - ხელი ხუმრობით ავუქნია, - შენი საათის «დაზალოგება» კარგად არ მთავრდება.
ამ სიტყვებთან ერთად, კვლავ კაფე «პალერმო» წარმომიდგა თვალწინ.
მიუხედავად იმისა, რომ «პახმელია» ლაშასაც ჩემსავით «კლავდა», ის მაინც ჩასწვდა ხუმრობის არსს, საათს დახედა, სათუთად გადაუსვა თითი მისთვის ესოდენ ძვირფას რელიკვიას და ხმადაბლა ჩაიქირქილა.
გარეთ გამოვედით, მანქანის კაბინაში მოვკალათდით, უკვე დრო იყო საქმეს შევდგომოდით.
როცა ავტო სოფლის დანგრეულ შარაგზას შეუყვა, მოღრუბლულმა ცამ თითქოსდა პირი მოიხსნაო, ზამთრისთვის დამახასიათებელმა კოკისპირულმა წვიმამ, ვიწრო ქუჩაში ტალახიანი ნიაღვარი დააყენა.
ჩვენ-ჩვენ ფიქრებში ჩაძირულნი მდუმარედ გავყურებდით ატალახებულ ქუჩას. მოვლენები ისე განვითარდა, რომ მისი პროგნოზირება პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი გაუჭირდებოდა.
ამ მოკლე ხანში რა არ ვიფიქრე: - მეგონა პოლიცია ბლოკპოსტებს მოაწყობდა და მთელი ქვეყნის მაშტაბით დამნაშავეების ძებნას გამოაცხადებდა, ან ტრავმირებული ნიკა სამუდამოდ მიეჯაჭვებოდა ინვალიდის ეტლს, ზოგჯერ მის სიკვდილსაც კი ვვარაუდობდი, მართალია ის მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი იყო.
მაგრამ რეალობამ ყველა ჩემი ვერსია თავუკუღმა დააყენა, ჯაბას მოულოდნელმა გარდაცვალებამ ჩიხში მომაქცია, არ ვიცოდი რა მეფიქრა - წესით ჯაბა არ უნდა მომკვდარიყო, რადგან სასიკვდილო ტრავმა არ ჰქონდა მიყენებული.
ანერვიულებული ვისრესდი შუბლს, ამდენმა ფიქრმა, რომელსაც «პახმელიაც» ეხმარებოდა, თავი ამატკივა, სად მეძებნა გამოსავალი? ერთადერთ ოპტიმალურ ვარიანტად ჯაბას მკურნალი ექიმის დაკითხვა მიმაჩნდა.
- რა ჯანდაბამ მოკლა ის «ტიპი»?
ლაშას დაბოღმილმა ტონმა ფიქრი გამაწყვეტინა, მან გამეტებით დაჰკრა ხელი ავტოს გაპრიალებულ საჭეს.
მეგობრისკენ მივტრიალდი, წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, მის თვალებში სასოწარკვეთა ამოვიკითხე, ალბათ მეც ანალოგიური გამომეტყველება მქონდა.
- ვფიქრობ ჯაბას სიკვდილში სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმია დამნაშავე, - ვივარაუდე.
გაოცებულმა გადმომხედა და მხრები გაურკვევლად აიჩეჩა.
- გგონია შემოაკვდათ? - მკითხა.
- აბა ტვინის შერყევა, როდის მერე გახდა მომაკვდინებელი?
- იქნებ ჟურნალისტები შეცდნენ?
- ჩხუბის დეტალები ძალიან კარგად მახსოვს, - თვალებმოჭუტულმა ჩავილაპარაკე, - ჯაბასთვის არც ბლაგვი საგანი ჩამირტყამს და არც «ფატალნი» ტრავმა მიმიყენებია, მხოლოდ ერთი-ორჯერ «ვთხლიშე» სახეში, ის დაეცა და მას შემდეგ ფეხზე არც ამდგარა.
- ესე იგი შენი აზრით, მკვლელობას «გვტენიან»? - ლაშამ მანქანა სოფლის შარაგზიდან გადაიყვანა და აქსელატორს ფეხი გამეტებით დააჭირა.
- არ ვიცი, არ ვიცი, - ხმადაბლა ჩავიდუდუნე, - იმედია პასუხებს საავადმყოფოში მივაგნებთ, - ჩაფიქრებულმა ნიკაპი მოვისრისე, - კარგი იქნება თუ ხელში ჯაბას საავადმყოფო ფურცელს მოვიხელთებთ.
ლაშა ცოტა ხანი დუმდა, ჩემს სიტყვებს აანალიზებდა, შემდეგ თავის დაკვრით დამეთანხმა.
- გაკვეთის ოქმი უკეთესი იქნებოდა.
- საქმე თუ სამედიცინო პერსონალის დაუდევრობას ეხება, მაშინ ექიმები გაკვეთის ოქმსაც გააყალბებდნენ.
- მაგათი დედაც... - ბილწად შეიკურთხა ლაშამ, - შეგვჭამა ამ ნეპოტიზმა1, დანიშნავენ «ცალტვინა» ექიმებს და ისინიც საცოდავი ხალხის სიცოცხლის სანაცვლოდ გადიან პროფესიულ პრაქტიკას.
მედიცინა 90-იან წლებში დეგრადაციას განიცდიდა, სპეცტექნიკისა და ხარისხიანი მედიკამენტების სიმცირეს, არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა და ნეპოტიზმიც ერთვოდა.
ის რაც სამედიცინო სფეროში ხდებოდა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის ანარეკლი იყო, პირამიდის წვერო, რადგან ფუძე ფართოდ იშლებოდა კორუმპირებული ხელისუფლების ზედა ეშელონებში.
კრიტიკული თვალით ვუმზერდი ოთხმოცდაათიანების დროინდელ მედიცინას, თუმცა საქმის სპეციალისტები მაშინაც არსებობდნენ, მაგრამ თითზე ჩამოსათვალნი იყვნენ.
გონებაში ქაოტურად მერეოდნენ აზრები: - იქნებ სულაც არ ვიყავი უდანაშაულო და ჯაბას სიკვდილის მიზეზი ჩხუბი იყო? იქნებ ამაოდ ვეპოტინებოდი ფანტომურ იმედებს, ჩვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად? იქნებ მკვლელები ვართ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ?
არ ვიცი ჩემმა ფიქრებმა ასე კარდინალურად რატომ შეიცვალა ორიენტირი, ალბათ ყველაფერში ჩვენი იმჟამინდელი მდგომარეობა იყო დამნაშავე, იქნებ ნაბახუსევს მომდიოდა არაორდინალური აზრები თავში?
ხმამაღლა ამოვიოხრე, შევეცადე ამ თემაზე მეტი არ მეფიქრა და თავი ისე გავიქნიე თითქოსდა ფიქრები აბეზარი მწერებივით უნდა მომეშორებინა.
შემდეგ ლაშასკენ მივტრიალდი და თავდაჯერებულად ვუთხარი.
- მთავარია დეტექტივების როლი უნაკლოდ შევასრულოთ, სასურველი ინფორმაცია მივიღოთ და არ «დავიწვათ», - წამით გავჩუმდი გონებას ვიკრებდი, სიტყვებს ვალაგებდი, - როცა საკმარისი სამხილი გვექნება, მტყუანსა და მართალს მერე გავარკვევეთ.
მეგობარმა თავი უტყვად დამიქნია და სიჩქარისგან ამჩატებულ მანქანას, სიჩქარეების ბერკეტი ხმაურით მოუნაცვლა.

1 ნეპოტიზმი - (ლათ: - nepotis დისშვილს, ძმისშვილს ან შვილიშვილს ნიშნავს) მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება მათი დამსახურებისდა მიუხედავად. ნეპოტიზმმა სახელწოდება შუა საუკუნეების ეკლესიური გამოცდილებიდან შეიძინა, როდესაც კათოლიკური პაპები და ეპისკოპოსები, რომელთაც უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და თავიანთი შვილები არ ჰყავდათ, დისშვილებს ან ძმისშვილებს ისეთ პრივილეგირებულ თანამდებობეს აძლევდნენ, რომლებიც ჩვეულებრივ მამიდან შვილზე გადადიოდა ხოლმე.

**********

საღამოვდებოდა კლინიკურ საავადმყოფოსთან, რომ მივედით, ერთი ბოთლი «ბორჯომი», რომელიც იქვე მდგარ «კომერციულ ჯიხურში» შევიძინეთ, წამალივით მოუხდა ჩვენს «პახმელიას».
კაბინიდან დინჯად ვათვალიერებდით საავადმყოფოს თეთრ, დრო-ჟამისგან გაცრეცილ და მოუვლელ შენობას, ირგვლივ ჟანგიანი გისოსების ღობე ერტყმოდა, ეზოში კი ალაგ-ალაგ ამოცვენილი, ადამისდროინდელი ქვაფენილი დაეგოთ.
მოღრუბლული ცა უფრო ჩამუქდა, ფერები გაფერმკრთალდა, გარემომ ძველებური, შავ-თეთრი ფილმებისთვის დამახასიაებელი არქაული იერი მიიღო.
სამუშაო საათები იწურებოდა, ამიტომაც პაციენტების ნაკლებობა იყო, ცოტა ხანი უკაცურ ქუჩას ვზვერავდით, სადაც მხოლოდ ეული ტროლეიბუსი ჩაიხრიგინებდა ხოლმე, ვცდილობდი კანტი-კუნტად მოძრავ პაციენტებს შორის სამართალდამცავებისთვის მომეკრა თვალი, მაგრამ პოლიციელები არ ჩანდნენ.
- შვიდი საათი სრულდება, - ლაშამ საათის ციფერბლატს დახედა, - შეიძლება გამომძიებლები უკვე წასული იყვნენ.
მეგობრის აზრს მეც ვიზიარებდი, ამიტომ თავი თანხმობით დავუქნიე და გადამწყვეტად ვუთხარი.
- შევამოწმოთ, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ, თვალში ზედმეტად არავის მოვხვდეთ.
კარი ჭრიალით გავაღე, კაბინიდან გადავედი და ფართე ქუჩა გადავკვეთე, ლაშა ფეხდაფეხ მომყვა, ღია კარიდან ქვის ფილებით მოპირკეთებულ ფოიეში შევედით, როცა დრო-ჟამისგან გაშავებულ გრანიტის იატაკზე ფეხი შევდგი, ჩემი «ტეხასების» კაკუნმა სამედიცინო დაწესებულებაში კანტი-კუნტად მოძრავი მედპერსონალის ყურადღება მიიპყრო, მათი გაოცებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და უშფოთველი სახით გავემართე რეგისტრატურისკენ.
შუა დარბაზში მოწყობილი შემინული რეგისტრატურა უშველებელ აკვარიუმს ჰგავდა, რომელშიც ეკზოტიკური თევზივით «დაცურავდა» თეთრ ხალათში გამოწყობილი მსუქანი მედდა.
მე და ლაშა შეწყობილი ნაბიჯით მივუახლოვდით, ცოტა ხანი მინის პატარა სარკმელთან ვიდექით და მედდას საქმიანობას ვაკვირდებოდით, რომელიც ისე გართულიყო მუშაობაში, რომ ყურადღებას არ გვაქცევდა: - მაგიდაზე დახვავებულ საქაღალდეებს სათითაოდ ფურცლავდა, ახარისხებდა და მათთვის განკუთვნილ თაროებზე აწყობდა.
ხმადაბლა ჩავახველე.
ქალმა საქმიანობას თავი ანება, ამოგვხედა, გრძელ ცხვირზე ჩამოცოცებული უშველებელი სათვალე შეისწორა და ხმადაბლა მოგვესალმა.
- თუ შეიძლება გვითხარით რომელ პალატაში იწვა ჯაბა ბონდარენკო? - გადამწყვეტი ტონით ჰკითხა ლაშამ.
მედდამ თავიდან-ფეხებამდე შეგვათვალიერა, მზერა ჩემს ულამაზოდ დაყენებულ «ბლანჟეზე» შეაჩერა და ხმადაბლა ჩაიბურტყუნა.
- ერთი წუთით თუ შეიძლება.
გვერდით დახლიდან სქელყდიანი ცნობარი გადმოიღო, გადაშალა და ინტერესით შეუდგა რაღაცის ძებნას, რამდენიმე წუთი ცნობარს ფურცლავდა, ბოლოს მიაგნო რასაც ეძებდა, ბატიფეხურად დაწერილ ტექსტს თითი გააყოლა, რამდენჯერმე გადაიკითხა, წამით ჩაფიქრდა, შემდეგ გაოცებული თვალებით ამოგვხედა და დამარცვლით გვკითხა.
- პაციენტის ნათესავები ხართ?
- არა, - თავი უარის ნიშნად გავაქანე.
მედდა კვლავ ჩაფიქრდა, შეწუხებული სახე მიიღი და მოწყენილი ხმით გვაუწყა.
- საუბედუროდ ჯაბა ბონდარენკო ამ დილით გარდაიცვალა.
- ვიცით ქალბატონო, - ლაშამ ოფიციალური ტონი მიიღო, - სწორედ მაგ საკითხთან დაკავშირებით ვართ მოსული, - გულის ჯიბიდან ჩემი უბის წიგნაკი და საწერ-კალამი ამოიღო, - პროკურატურიდან გახლავართ, გვაინტერესებს ვინ იყო ჯაბა ბონდარენკოს მკურნალი ექიმი?
მედდამ კვლავ ჩახედა ცნობარს.
- იოსებ მოდებაძე, - დინჯად გვიპასუხა, - გარდაცვლილი მეთხუთმეტე იზოლირებულ პალატაში იწვა.
- ძალიან კარგი, - ქალს სახეში შევღიმე, - ხომ ვერ მიმასწავლით სად ვნახავ ექიმ მოდებაძეს?
- რა თქმა უნდა, - მედდა ჭრაჭუნა სკამიდან ხვნეშით წამოდგა, - ბატონი იოსები მთავარი ექიმია, მისი კაბინეტი ამ დერეფნის ბოლოშია, - მან ხელი დარბაზისკენ გაიშვირა, - გამომყევით და გაჩვენებთ, - ნელი ნაბიჯით დატოვა «აკვარიუმი», ვიღაც მოხუც ქალს სთხოვა, რეგისტრატურისთვის მიეხედა და ბაჯ-ბაჯით გაგვიძღვა წინ.
რამდენიმე წამში შავღრუბელგადაკრულ კართან მივედით, რომელსაც ბეჭდური ასოებით ეწერა, «მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ტრავმატოლოგი: - იოსებ მოდებაძე».
მსუქანმა მედდამ კარი ოდნავ შეაღო, ოთახში თავი შეყო და ექიმს მორიდებით მოახსენა.
- ბატონო იოსებ, თქვენთან პროკურატურიდან არიან.
- შემობრძანდნენ, - ოთახიდან ბოხი ხმა გაისმა, მედდამ კარი გააღო, გვერდზე გადგა და გზა დაგვითმო.
ოთახი კონსერვატიულად იყო მოწყობილი: უშველებელი ჭაღი, გამჭვირვალე ფარდა და თეთრად შეღებილი კედლები სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ქმნიდა, რასაც იქვე დაკიდებული მასიურ ხის ჩარჩოში ჩასმული «ჰიპოკრატეს ფიცი» მკვეთრად უსვამდა ხაზს.
ფანჯრის გასწვრივ მომცრო კარადა იდგა, რომლის თაროები ფერადი საქაღალდეებით გაევსოთ.
კარადა, მოზრდილი სამუშაო მაგიდა და ძველებური მუხის პარკეტის იატაკი ერთ პალიტრაში გახლდათ გადაწყვეტილი და ლამაზად ეხამებოდნენ ერთმანეთს.
ექიმი მოდებაძე მაგიდას მიჯდომოდა, ნიკაპი მომუშტულ ხელზე ჩამოედო და კომპიუტერს მისჩერებოდა, დინჯად აწკაპუნებდა «თაგუნას», სახეზე კი კინესკოპური მონიტორიდან არეკლილი გამოსახულება ნაირფერ ლაქებად აესახებოდა.
როცა ოთახში შევაბიჯეთ, ექიმი მბრუნავღერძიანი სავარძლიდან წამოდგა და თავაზიანად მოგვესალმა, იმ მომენტში რა თქმა უნდა გათვითცნობიერებული გვქონდა, რომ კანონს ვარღვევდით, ვთაღლითობდით, მაგრამ ეს დანაშაული ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რასაც გვაბრალებდნენ, ამიტომ არც ღირდა ნერვიულობად.
- სულზე მომისწარით, უკვე წასვლას ვაპირებდი, - თითქოს სხვათაშორის გვითხრა ექიმმა, შემდეგ ამოიოხრა და დაღლილი ტონით დაუმატა, - თქვენმა კოლეგებმა არც კი მახსოვს მერამდენედ დამკითხეს, ეს წუთია რაც საგამომძიებლოდან დავბრუნდი.
- ჩვენ პროკურატურიდან ვართ, - თამამად ჩავილაპარაკე და იოსებ მოდებაძე ინტერესით შევათვალიერე.
იდეალურად თეთრი ხალათი ეცვა, სუფთად გაპარსული, მოვლილი სახე ჰქონდა, ჭაღარა თმა უკან გადაევარცხნა, ორი მოზრდილი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და ხელი ზრდილობიანად ჩამოგვართა.
- დაბრძანდით, - ალალად შემოგვთავაზა, შემდეგ მაგიდას შემოუარა, სკამები მოგვიჩოჩა, თვითონ ხვნეშით ჩაეშვა მბრუნავღერძიან სავარძელში და ხმადაბლა გვკითხა, - ბონდარენკოს საქმესთან დაკავშრებით გსურთ საუბარი?
- დიახ, - უპასუხა ლაშამ, შემდეგ ხელში მომარჯვებული უბის წიგნაკი მაგიდაზე დადო და პროფესიონალი დეტექტივივით იკითხა, - ვინ აღმოაჩინა პირველად მიცვალებული?
- მე, - ექიმმა უბრალოდ მოგვიგო.
- თუ შეიძლება დაწვრილებით მოგვიყევით, როგორ აღმოაჩინეთ გვამი?
იოსებ მოდებაძემ კვლავ ამოიოხრა და შეწუხებული ტონით შეუდგა მოყოლას.
- გუშინ მორიგე ექიმი გახლდით, როცა დილის ჩამოვლაზე, ჯაბა ბონდარენკოს პალატაში შევიარე, ის უკვე გარდაცვლილი დამხვდა.
- ახლა სად არის გარდაცვლილი?
- პროზექტურაში, გასაკვეთად ამზადებენ.
ოთახში წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ კარადის ერთ თაროზე შემოდებული კვადრატული საათი წიკ-წიკებდა მონოტონურად.
- გარდაცვალების მიზეზი რა იყო? - ვკითხე, - როგორც ჩემთვის ცნობილია პაციენტი თქვენთან მხოლოდ და მხოლოდ ტვინს შერყევის დიაგნოზით მოხვდა.
- ეს პირველადი და ზერელე დიაგნოზი გახლდათ, - მამაკაცმა ჭაღარა თმა ხელით გადაივარცხნა, - ჯაბას თავის არეში მიყენებული ტრავმა ცერებრარული ქერქის შეშუპების მიზეზი გახდა, სიხლჩაქცევებიდან ჰემატომა განუვითარდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
ექიმის სიტყვებმა თავ-ზარი დამცა, ესე იგი მთელი ჩვენი ძალისხმევა ფუჭი გარჯა იყო? გამოძიება, რომელიც წამოვიწყეთ, ვერაფერში დაგვეხმარა? გასასამართლებელი საბუთების ნაცვლად, გამამტყუნებელ სამხილებს მივაგენით, რომელიც საბოლოოდ ამტკიცებდა, რომ დამნაშავეები ვიყავით.
ლაშამ უბის წიკნაკში, რაღაც ჩაიწერა, მივხვდი ის დანებებას არ აპირებდა, ჯერ ნიკაპი მოისრისა, მერე ენა გააწკლაპუნა და ხმადაბლა იკითხა.
- როგორ ფიქრობთ ჯაბას გარდაცვალების მიზეზი ჩხუბია?
- რა თქმა უნდა ეს ხომ დღესავით ნათელია, ჩხუბის დროს პაციენტს თავის ქალა დაუზიანდა, - გაღიზიანებულად გვიპასუხა მოდებაძემ, შემდეგ თითები მაგიდის ზედაპირზე დააკაკუნა და დამარცვლით გვითხრა, - ამ და სხვა თემაზე გამომძიებელ ლევან აშბას ვესაუბრე, დარწმუნებული ვარ ჩემი ჩვენება, ბატონი აშბას მოხსენებაში იქნება მითითებული.
- ბევრ დროს არ წაგართმევთ, - ლაშამ ქვემოდან ახედა ექიმს და კუშტად დაუმატა, - უბრალოდ დეტალების დაზუსტება გვინდა.
შევამჩნიე, რომ მოდებაძე უნდობლად გვიმზერდა, წამდაუწუმ გადახედავდა კომპიუტერის გვერდით მდგომ ტელეფონის აპარატს, იქნებ ვინმეს ზარს ელოდა? ჩვენ კი ხელს ვუშლიდით? დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს პროკურატურის გამომძიებლების სტუმრობა ნამდვილად არ არი სასიამოვნო.
ექიმი შეეცდება მალე მოგვიშოროს თავიდან, რაც ერთის მხრივ ჩვენი რეალური პიროვნებების საიდუმლოდ შენახვას შეუწყობს ხელს, თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტყუილში არ გამოგვიჭიროს, სწრაფად მივიღოთ სასურველი ინფორმაცია და აქაურობას გავეცალოთ.
გონება დავძაბე, ერთადერთი რაც მომაფიქრდა იმპროვიზაცია იყო.
ხმადაბლა ჩავახველე.
- დარწმუნებული ვარ ბატონი აშბა მისი იურისდიქციით მოქმედებდა, ჩვენ კი მეექვსე განყოფილებიდან ვართ, ამ საქმის სულ სხვა მხარე გვაინტერესებს, - დინჯად ჩავილაპარაკე.
- მეექვსე განყოფილებიდან? - შუბლი მოისრისა ექიმმა.
- დიახ, - თავის დაქნევით დავეთანხმე, თან ლაშას გავხედე, რომელიც ქურდულად აპარებდა მზერას ჩემსკენ, მისი გაოცებული თვალების დანახვა არც გამკვირვებია, მან ხომ არ იცოდა რა ჩავიფიქრე.
ცოტა ხანი შევიცადე, შემდეგ კი გადამჭრელად წარმოვსთქვი.
- ჩვენი განყოფილება, კორპორატიულ დანაშაულებზეა ორიენტირებული.
იოსებ მოდებაძემ გამჭოლი მზერა მომაპყრო, თვალები ეშმაკურად მოჭუტა და დაფიქრებულმა იკითხა.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- თანამშრომლების არაკომპეტენტურობა, - დავაკონკრეტე, - მედპერსონალის სრული დოსიე გვჭირდება, ასევე ყველა პაციენტის საავადმყოფო ბარათი და ახლო წარსულში ჩატარებული გაკვეთის ყველა ოქმი, იქნებ თვენი პერსონალის არაპროფესიონალიზმა იმსხვერპლა ჯაბა ბონდარენკოს სიცოცხლე?
ექიმი სახეზე გაფითრდა, ცოტა ხანი უტყვად მომჩერებოდა, შემდეგ დაბნეულობის დასაფარად მუშტში ჩაახველა, ფეხზე წამოდგა და თავდაჯერებული ტონით გვითხრა.
- ჩემი თანამშრომლების პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ, თქვენი ეჭვის მიზეზი კი როგორც ადრე მოგახსენეთ ჟურნალისტების მოუმზადებლობაა, მათ ჯაბა ბონდარენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი და არასრული დიაგნოზი გაასაჯაროეს.
მსგავს რეაქციას რა თქმა უნდა ველოდი, სანამ შეკითხვას დავუსვამდი გონებაში ექიმის სავარაუდო პასუხები შევაჯამე, ჩემი აზრით ის ჯერ დაიბნეოდა, მერე თავის მართლებას მოჰყვებოდა და შეიძლება ჩვენს თვალწინ ქვეშემდომებიც დაეტუქსა.
როცა მოდებაძის სუფთად გაპასრსულ მშვიდ სახეს დავაკვირდი, მივხვდი რომ ძლიერი ნებისყოფის ადამიანი იყო, რადგან აღელვებას მარტივად მალავდა სიმშვიდის მიღმა.
- რა თქმა უნდა მე თქვენს ძიებას არ შევაფერხებ, ყველა საჭირო დოკუმენტაციას მოგაწვდით, - ექიმმა ხელები გულზე დაიკრიფა და მოწყალე სახით მოგვავლო მზერა.
შემდეგ მაგიდის კუთხეში მდგარმა ტელეფონმა ხმამაღლა დაირახრახა, წამით სამთავე დაბნეული მივაჩერდით აპარატს.
- უკაცრავად, - ზრდილობიანად მოგვიბოდიშა ექიმმა ყურმილს დასწვდა, ცოტა ხანი დუმდა, შუბლმოჭმუხნილი უსმენდა ვიღაცას, შემდეგ ხმადაბლა ჩაახველა და ყურმილში სხაპასხუპით ჩასძახა, - მაპატიე ბორის, მაგრამ ახლა დაკავებული ვარ, პროკურატურიდან მყავს სტუმრები, მეექვსე განყოფილებიდან, ეგ ამბავი თუ საჩქარო არ არი მერე განვიხილოთ, - კვლავ დადუმდა, პასუხი მოისმინა, - აჰა ესე იგი თავად მოხვალ? კარგი, კარგი გელოდები, ამასობაში სტუმრებსაც გავისტუმრებ, - ყურმილი ფრთხილად დადო, ცოტა ხანი გვიმზირა, შემდეგ გაიღიმა და დაღლილი ხმით გვითხრა, - საშინელი დღე მაქვს, ჯერ პაციენტი გარდაიცვალა, მერე დაკითხვები, საბუთების მოწესრიგება და ათასი ფორმალობა, წუთითაც არ მიძინია.
- გვესმის თქვენი, - ლაშამ თანაგრძნობით დაუქნია თავი.
მართალია იოსებ მოდებაძე ზრდილობიანად იქცეოდა, მაგრამ ჩემში რატომღაც მაინც ეჭვს იწვევდა, მისი არცერთი სიტყვა არ მჯეროდა, არ ვიცი რამ გამოიწვია ეს უნდობლობა, იქნებ მეექვსე გრძნობა გამიაქტიურდა, ან უბრალოდ ძალიან შევიჭერი დეტექტივის როლში? მოკლედ იმპროვიზაციას ისევ ვაგრძელებდი, ისე ვუმზერდი ექიმს თვალებში, როგორც დუელიანტი საბედისწერო გასროლის წინ.
- ახლა თქვენს საქმესაც მივხედოთ, - მოდებაძე საწერ მაგიდას მოშორდა, კაბინეტის კარი გამოაღო და ვიღაცას გასძახა, - მარტა! - როცა პასუხი არავინ გასცა, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, - სად დაიკარგა ეს ქალი, - გადმოგვხედა, - ერთი წუთით დამელოდეთ, - გვითხრა და ოთახიდან გავიდა.
როგორც კი თავი მარტო დავიგულეთ ერთმანეთს უტყვად გადავხედეთ.
- რას ფიქრობ? - ვკითხე ლაშას.
- თუ ამ ექიმს დაეჯერება, «იმენა» მკვლელები ვართ.
მეგობარმა საპასუხოდ ხელი ჩაიქნია, მისმა პასუხმა ცეცხლზე-ნავთი გადაასხა, კვლავ ამერია მრავალი ფიქრის შედეგად დალაგებული აზრები... მკვლელობა... ეს სიტყვა ზარივით რეკდა ჩემს გონებაში, რაც არ უნდა დაგვიჯდეს გასასამართლებელი სამხილები უნდა ვიპოვოთ.
შუბლზე ხელი მოვისვი, სკამზე მოხერხებულად მოვკალათდი და ლაშას გადავხედე, რომელიც ერთ ადგილზე მოუსვენრად ცქმუტავდა, ბოლოს ფეხზე წამოდგა, ჯერ თაროებზე ჩამწკრივებულ საქაღალდეებს გადაავლო თვალი, შემდეგ ხმადაბალი ზუზუნით მომუშავე კომპიუტერს დააკვირდა.
- მაგარი «კომპი» აქვს, - აღფრთოვანებულმა ჩაიბურტყუნა, - უახლესი მოდელია, - თითი ფრთხილად მიჰკრა «თაგუნას», კომპიუტერი «ლოდინის» რეჟიმიდან გამოვიდა, მონიტორი აინთო, შევამჩნიე ეკრანის ანთებასთან ერთად, როგორ აუციმციმდა თვალები ჩემს მეგობარს, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იმავ დროს კაბინეტის კარი გაიღო.
ოთახში მოდებაძე და მსუქანი მედდა შემოვიდა, ფეხზე წამოვდექი, ექიმმა დაგვიანებისთვის ღიმილით მოგვიბოდიშა და მედდას ინსტრუქციები მისცა.
- მარტა ამ ჭაბუკებს დაეხმარე, თანამშრომლების პირადი საქმე და პაციენტების საავადმყოფო ფურცლები აინტერესებთ.
- ყველას, - გაოცებულმა იკითხა მედდამ.
ექიმმა ჩვენ გადმოგვხედა.
- დასაწყისისთვის მხოლოდ ჯაბა ბონდარენკოს საავადმყოფო ფურცელი და იმ ექიმების საქმე დაგვჭირდება ვისაც გარდაცვლილთან ჰქონდათ შეხება, - სხაპასხუპით ვუთხარი.
- აჰა, გასაგებია, - მოდებაძემ თავი დამიქნია, - მარტა მოგეხმარებათ, იმ პალატასაც გაჩვენებთ, რომელშიც გარდაცვლილი იწვა, მე კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.
ის კარისკენ გაგვიძღვა, როცა ოთახიდან გავდიოდით ნერვულად დახედა საათს, ერთხელ კიდევ მოგვიბოდიშა, ხელი სათითაოდ ჩამოგვართვა და საწერ მაგიდაზე მდგარ ტელეფონს მიუბრუნდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent