შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (13)


14-07-2019, 12:09
ავტორი omexi
ნანახია 446

მსუქანი მედდა ერთი შეხედვით დონდლო და მოუქნელი ადამიანის წარმოდგენას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა, როცა ექიმის მითითება მოისმინა, ენერგიულად მოგვიტრიალდა, ხელით გვანიშნა მომყევითო და წინ გაგვიძღვა.
- საწყალი ბიჭი, საწყალი ბიჭი, - როგორც კი დერეფანს შევუყევით ვიშ-ვიშს მოჰყვა, - თქვენი ტოლა იქნებოდა, იმ ხულიგნებმა კი სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.
ხმადაბლა ჩავახველე, ექთანის სიტყვებმა, ისედაც აშლილი ნერვები ერთიორად ამიწეწა, «ხულიგნები» ხომ ჩვენ ვიყავით, ლაშას გადავხედე, ის ნერვიულობიდან იკვნეტდა ტუჩს.
- ქალბატონო მარტა, - ვიშ-ვიში გავაწყვეტინე მედდას, რადგან უკვე არ შემეძლო მესმინა თუ როგორ გვლანძღავდა: დამნაშავეებს, მოძალადეებს და ხულიგნებს გვეძახდა, - ქალბატონო მარტა, ბევრი მნახველი აკითხავდა ავადმყოფს?
ქალს საღერღელი აშლოდა, ჩემმა შეკითხვამ კი მის აზრებს ახალი მიმართულება მისცა, წამით შეგვავლო თვალი და დაუზარლად გვითხრა.
- ერთი მნახველიც არ ჰყოლია, უპატრონოდ იყო, დღემდე არავინ დაინტერესებულა მისი ბედით, არც ნათესავები, არც მეგობრები.
- დღემდე არავინ დაინტერესებულაო თქვით, - ლაშამ ქალის პასუხი დააკონკრეტა და ჩაფიქრებულმა ჰკითხა, - დღეს ვინ დაინტერესდა?
მარტამ გაბერილ ლოყებზე პუტკუნა ხელი ჩამოისვა, ღიმილით გადმოგვხედა და უბრალოდ მოგვიგო.
- თქვენ.
მედდას სიტყვებმა ჩამაფიქრა, საეჭვოდ მენიშნა ყოველივე, როგორ შეიძლება სასიკვდილოდ გადადებული ადამიანი ერთმა ნათესავმაც არ მოინახულოს?
ლაშა უბის წიგნაკში რაღაცას იწერდა, შემდეგ კალამი დაფიქრებულმა დააკაკუნა წიგნაკის სქელ ყდას და კვლავ მედდას მიმართა.
- მეორე პაციენტი, ნიკა დობორჯგინიძე, რომელიც ჯაბასთან ერთად მოიყვანეს, მასზე რას გვეტყვით?
- ის მხოლოდ რამდენიმე საათით დარჩა ჩვენს სტაციონარში, დილაადრიან მოაკითხეს და რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, წინასწარი დიაგნოზით მისი მდგომარეობა სტაბილური გახლდათ.
- მშობლებმა საიდან გაიგეს?
- მორიგი ექიმი დაუკავშირდათ.
- ჯაბას ოჯახს რატომ ვერ დაუკავშირდა? - ვკითხე.
- ალბათ იმიტომ, რომ არავინ ჰყავს, - მხრები აიჩეჩა მედდა, - კოჯრის უპატრონო ბავშთა სახლში გაიზარდა.
სიჩუმე ჩამოვარდა, მოსმენილს ნელ-ნელა ვაანალიზებდი, აი თურმე რატომ ვერ მიაგნეს ბიჭებმა ჯაბას ასავალ-დასავალს, ალბათ სახლ-კარიც არ ჰქონდა საცოდავს.
ხმამაღლა ამოვიოხრე, შემდეგ გონებაში ერთი აზრი მომივიდა, თუ ნიკა ჯაბას მეგობარი იყო, მისი ოჯახი რატომ არ ეპატრონა? დაფიქრებულმა კეფა მოვისრისე, - თუმცა შეიძლება არც კი იცოდნენ მისი არსებობა, ნიკა ხომ ავარდნილი ტიპია და ალბათ ათას ვიგინდარასთან აქვს კავშირი, მეც მყავს რამდენიმე ისეთი მეგობარი, რომელთა შესახებ ჩემს ნათესავებს წარმოდგენა არა აქვს, შუბლი მოვწკურე, ეს შეკითხვა მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ ქალისთვის არაფერი მიკითხავს.
ამასობაში დერეფანი დასრულდა, ოღონდ ფოიეში გასვლის ნაცვლად გზა გავაგრძელეთ, დერეფნის მეორე ბოლოს გავუყევით, ხის მასიურ კარში გავედით და ამბულატორიულ განყოფილებაში აღმოვჩნდით.
სამუშაო დღე იწურებოდა, მიუხედავად გვიანობისა აქ ხალხმრავლობა იყო, ამბულატორია საავადმყოფოს მნიშვნელოვნი ბმული გახლდათ, აქედან პაციენტებს სტაციონალურ განყოფილებაში ანაწილებდნენ, რომელიც ზედა სართულზე მდებარეობდა.
მწვანე ხალათით შემოსილ სანიტრებთან ერთად დერეფანში პაციენტებიც მოძრაობდნენ და სხვადასხვა გამოკვლევას იტარებდნენ.
სანიტრებს შორის გავძვერით, წინ მარტა მიგვიძღოდა, მისი ფაშ-ფაშა სხეული დაუბრკოლებლივ იკვლევდა გზას ხალხში.
დერეფნის გასწვრივ ჩამწკრივებულ კაბინეტებს ვაკვირდებოდი, საიდანაც პაციენტთა ვიშ-ვიში ისმოდა.
კარდოლოგიისა და უროლოგიის სპეციალისტებს რამდენიმე პაციენტი ელოდა, ექოსკოპიურ და რენდგენოსკოპიურ კაბინეტებთან კი მხოლოდ ერთი მოხუცი იდგა.
ლაბორატორია ამბულატორიის ბოლოში მოეწყოთ, როცა ოთახს გვერდი ჩავუარეთ იქვე საღებავგადაცლილ ხის კარს მოვკარი თვალი, რომელსაც ნახევრადწაშლილი ასოებით ეწერა - «პროზექტურა».
ალბათ აქ ჰყავდათ ჯაბას გვამი დასვენებული.
პროზექტურის გვერდით ვიწრო სადარბაზო იწყებოდა, საიდანაც კიბეები სტაციონარში ადიოდა, მარტა კიბეებთან გაჩერდა, საფეხურებს ისე ახედა, როგორც მოსისხლე მტრებს, შემდეგ მოგვიტრიალდა და ხმადაბლა გვითხრა.
- ზემოთ აბრძანდით, ჯაბა ბონდარენკო მეთხუთმეტე პალატაში იწვა, ის ახლა ცარიელია, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, მე კი არქივში საჭირო დოკუმენტებს მოგიძებნით, - შემდეგ დადუმდა და თხოვნით დაუმატა, - ოღონდ ცოტა დაუჩქარეთ, ჩემი სამუშაო დღე ნახევარი საათია რაც დასრულდა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და კიბეებს შევუყევი, ლაშამ ბაჯ-ბაჯით მიმავალ ქალს თვალი გააყოლა და ინტერესით იკითხა.
- ვერ გავიგე, ჯაბა «ბომჟია»?
გაურკვევლად ავიჩეჩე მხრები.
- არც ოჯახი, არც ნათესავი, არც მეგობარი, არც სახლ-კარი, - მსჯელობას აგრძელებდა ლაშა, - ისე ერთი შეხედვით კი ჰგავდა «ბომჟს», - წამით დადუმდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია, - ბედი არ უნდა «ბლიატ», მაინცდამაინც ამ უბედურს გადავეყარეთ.
არაფერი მიპასუხია, ჩემს თავში ბაკქანალია1 ტრიალებდა, აზრები ისე ამრეოდა, რომ ვერც თავს ვპოულობდი და ვერც ბოლოს.
ამასობაში მეთხუთმეტე პალატასაც მივადექით, თეთრი კარის შუაწელზე ფართე ყვითელი ლენტი გაეკრათ, კარი შევაღე და ოთახში ისე შევედით ლენტი არ დაგვიზიანებია.
პალატა ცარიელი იყო, თეთრად შეღებილი, უშველებელ ფანჯარასთან რკინის საწოლი მიედგათ, რომლის გვერდით პაწაწინა ტუმბო იდგა.
ყოველივე თვალის ერთი შევლებით შევამჩნიე, შემდეგ ისე მოვიქეცი, როგორც იაფფასიან დეტექტივებში იქცევიან ხოლმე მაძებრები, ჯერ ტუმბოს უჯრები გამოვაღე, მერე თხელი ლეიბი ავწიე, ბოლოს საწოლის ქვეშაც შევიჭვრიტე, არაფერი იყო, პალატა იდეალურად დაელაგებინათ.
- სისულელეა ყოველივე, - ლაშამ სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა, - აქ ვერაფერს ვიპოვით, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ორი «ნაშას» გულისთვის, ვიღაც «ბომჟი» შემოგვაკვდა.
- ერთი შეხედვით მასე ჩანს, მაგრამ მგონია სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა, - დაფიქრებულმა მოვისრისე შუბლი, - რაც ხდება, ყველაფერი იდეალურად დაგეგმილი გეგონება, - თითებზე ვიწყე ჩამოთვლა, - უპატრონო გვამი, რომელსაც მომკითხავი არავინ ჰყავს და ახალგაზრდა ხულიგნები, რომლებიც თავიანთ უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ.
- მეც მაგას არ ვამბობ, - კვერი დამიკრა მეგობარმა, - წასულია ჩვენი საქმე.
- პირიქით «ბრატ», - შევეკამათე ლაშას, - მოვლენები ისეა აწყობილი, რომ რატომღაც მგონია, მესამე პირია ყველაფერში ჩარეული.
- ვინ მესამე პირი?
- არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე, - იქნებ ნიკა და მისი ნათესავები, ან თათია და ლელა, ექიმ მოდებაძესაც არ გამოვრიცხავ, სწორედ მაგის გასარკვევად ვართ აქ.
- შენ ძმაო პარანოიკი ხარ, - ლაშა კარისკენ მიტრიალდა, - გაგარეკინებს ამდენი დეტექტივის კითხვა. «კაროჩე» ჯობია შევეშვათ დეტექტივობანას და დროულად «დავახვიოთ» აქედან.
მეგობარს უტყვად გავყევი, პალატიდან გამოვედით, როცა ლაშას სიტყვებს დავუფიქრდი, მივხვდი სიმართლეს ამბობდა, რომელი ფენომენალური ნიჭით დაჯლდოებული დეტექტივები ჩვენ ვიყავით? პატარა ბავშვივით ავყოლოდით თამაშს, გვეგონა ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებდით, სინამდვილეში კი დამნაშავეები აღმოვჩნდით, მაგრამ მთელი ცხოვრება ხომ ვერ დავემალებოდით მართმსაჯულებას?
ახლა მჭრდებოდა საღი აზროვნება, ნაბახუსევმა კარგა ხანია გაგვიარა, ამიტომ გონება მოვიკრიბე, ვინ შეიძლება ყოფილიყო მესამე პირი, რომელსაც ჯაბას სიკვდილი ხელს უმართავდა? დავიწყოთ ნიკას მშობლებით: - რატომ არ ეპატრონეს? იქნებ ჰქონდათ ამის მიზეზი? ძველი მტრობა ან არასასურველი კომპანია? ეს გასარკვევი იყო.
რაც შეეხება გოგონებს: - მაინდამაინც იმ კაფეში რატომ შემოეხეტა ჯაბა სადაც გოგონები ისხდნენ? ჩავთვალოთ, ნიკა უთვალთვალებდა ლელას, მაშინ კაფეში შეხვედრის საკითხი მოიხსნება, მაგრამ გოგონებს რა მოტივი უნდა ჰქონოდათ? ვიცი, რომ ლელა ვერ იტანდა ნიკას, რადგან გამუდმებით ავიწროვებდა, ჯაბას ნაცვლად ნიკა რომ მომკვდარიყო, პირველად ეჭვს ლელაზე მივიტანდი, მაგრამ რატომღაც ჯაბა მოკვდა, ნეტა რა მოხდა? ლელას შეეშალა და ნიკას ნაცვლად ჯაბა გაისტუმრა საიქიოს?
უკვე ვხვდებოდი, რომ სისულელეს ვფიქრობდი, აზრები ამერია, რომელი «ქილერი» ლელაა, ან ნიკას მშობლებს რა მტობა უნდა ჰქონოდათ ისეთი, რომ საწყალი უპატრონო ბიჭისთვის ვენდეტა მოეწყოთ?
- რას ფიქრობ შერლოკ? - ლაშას სიტყვებმა, რეალობაში დამაბრუნა.
უკვე კიბეებზე ჩავდიოდით, მას შემდეგ რაც ექიმ მოდებაძეს დავშორდით ერთი საათი გასულიყო, ალბათ მარტასაც საბუთები მზად ექნებოდა, უკვე ვიცოდი, რომ ვერც იმ საბუთებში ვიპოვიდით რამე ხელჩასაჭიდს, აზრი არ ჰქონდა მათ გადახედვას, საქმე ექიმების არაპროფესიონალიზმთან რომ გვქონოდა, მოდებაძე ასე ადვილად არ დაგვითმობდა პაციენტთა საავადმყოფო ფურცლებს, ის რა თქმა უნდა დარწმუნებული იყო, რომ ყველა ქაღალდი წესრიგში ჰქონდა.
სტაციონარიდან გავედით, სამუშაო დღე დასრულებულიყო, ამბულატორია დაცარიელებული დაგვხვდა, დერეფანში არც პაციენტები ირეოდნენ და არც სანიტრები მოძრაობდნენ, მხოლოდ თითო-ოროლა ექთანი თუ გაივლიდა კანტი-კუნტად.
სადარბაზოს რომ გამოვცდით, პროზექტურის საღებავგადაცლილ კარს მოვკარი თვალი, უეცრად გონებაში რაღაც აზრი მომივიდა, კართან შევჩერდი, ჯერ დავაყურადე, შორიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, შემდეგ ლაშა ხელით მოვიხმე.
- პროზექტურაში შევიდეთ, - ჩურჩულით ვუთხარი, - გვამი ვნახოთ.
- მაინც არ იშლი შენსას? - ჩურჩულითვე მიპასუხა მეგობარმა.
თვალებში გამომცდელლად მივაცქერი და თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
ლაშამ ცოტა ხანი მიყურა, მერე ხმამაღლა ამოიოხრა.
- მაგარი ჯიუტი ხარ, - თავი დაფიქრებით გადააქნია და პროზექტურის კარი ფრთხილად შეაღო.
ცარიელი დერეფანი ქურდულად მოვათვალიერე და მეგობარს ფეხდაფეხ მივყევი.
ოთახი დაბინდული, მოყვითალო შუქით იყო განათებული, თითქმის ცარიელი გახლდათ, მხოლოდ ათიოდე გოგრგოლაჭიანი ლითონის საკაცე იდგა უშველებელ თუნუქის კარადასათან.
წამით გონება დავძაბე და მოდებაძის სიტყვები გავიხსენე, მან ჩვენთან საუბრისას ახსენა, რომ ჯაბას გვამს პროზექტურაში გასაკვეთად ამზადებდნენ, აქ კი გაკვეთის სამზადისი არაფერს ეტყობოდა, არც მიცვალებული ჩანდა და არც პათოლოგ-ანატომი.
ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ აქ არც არასდროს გაუკვეთიათ გვამი, საავადმყოფოს ან სხვა პროზექტურაც ჰქონდა ან ექიმი მოდებაძე იტყუებოდა.
- სად არის გვამი? - ხმადაბლა ვიკითხე.
ლაშამ გარინდულ ოთახს თვალი გადაავლო, მზერა საკაცეებზე შეაჩერა და შეუფერებლად იხუმრა.
- თავი ჰოლივუდურ საშინელებათა ფილმში მგონია, იმედია ჯაბას გვამი ღრიალით არ მოგვახტება.
არაფერი მიპასუხია მეც ანალოგიური შეგრძნება მქონდა, ახლა პროზექტურაში შუქი რომ აციციმებულიყო, საკაცე კი ჭრიალით გაგორებულიყო, ალბათ კივილ-წივიკით გავვარდებოდი გარეთ.
შემდეგ ხმადაბალი საუბარი მომესმა, ვიღაც პროზექტურას უახლოვდებოდა. ლაშას გადავხედე, კარისკენ იმზირებოდა, მერე თითი ტუჩზე მიიდო და თვალების აქაჩვით თუნუქის კარადისკენ მიმახედა, რომელსაც ერთიანად დაეკავებინა ყრუ კედელი.
ჩანაფიქრს მივუხვდი, კარადას მიბჯენილი ურიკა გვერდზე გავაგორე და თუნუქის კარი ფრთხილად გამოვაღე, ის საკმაოდ ტევადი აღმოჩნდა, გაურთულებლად შევეტიეთ შიგ, როგორც კი კარი მივხურეთ, იმავ წამს პროზექტურაში ორმა მამაკაცმა შემოაბიჯა.
- ესე იგი არანაირი მეექვსე განყოფილება არ არსებობს? - იკითხა ვიღაცამ.
ხმა მეცნო, კარის ჭუჭრუტანიდან გავიჭვრიტე, როგორც მოველოდი ორი მამაკაციდან ერთ-ერთი იოსებ მოდებაძე გახლდათ, მეორე კი ჩასკნილი, ათლეტური აღნაგობის, ჟრალთმიანი «ტიპი» იყო, სწრაფად მოძრაობდა და წვრილ, ბოროტ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
- რა მეექვსე განყოფილება იოსკა, - ჩასკვნილმა ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ცალყბად ჩაიცინა, - «ვიღაც სირებმა» «გაგაღადავეს», «ქსივა» რატომ არ მოთხოვე?
- უცებ აზრადაც არ მომსვლია.
ჩემს გვერდით ლაშა გატრუნული იდგა, მივხვდი რასაც ფიქრობდა, მეც ანალოგიური აზრები მომდიოდა თავში: - ჩვენმა გეგმამ არ გაამართლა, გვამხილეს, არც გარეგნულმა გარდასახვამ გვიშველა და არც ფსევდოპროფესიონალურმა მოქცევამ.
- რას ფიქრობ კონტრდაზვერვამ რამე «იყნოსა»? - მოდებაძემ ტუჩები გააწკლაპუნა.
- არა მგონია, - ჩასკვნილმა ბილწად შეიკურთხა, - ჩვენ ისე კარგად ვაკონტროლებთ «კანალს», რომ ვერავინ ვერაფერს «ისქესებს», თუ ინფორმაციის მოულოდნელი «გაჟონვა» მოხდება, ამის შესახებ პირველი მე გავიგებ.
- ამ საქმეს ბევრი ამბავი მოყვა, პოლიცია, პროკურატურა, ხელს არც მოვკიდებდი, მაგრამ ეს დონორი ლამის ასი პროცენტით თავსებადი აღმოჩნდა, თანაც კლიენტი «სერიოზულ» თანხას იხდის, - მოდებაძე ერთ-ერთ ურიკას მიეყრდნო, რომელიც მისი სიმძიმიდან ოდნავ გაგორდა და კარადის თუნუქის კედელს მიეჯახა.
- რისკი დიდია, მაგრამ გაურისკავად ფულიც არ კეთდება, - მამაკაცმა ხმადაბლა ჩაიქირქილა.
- ბორის, - მოდებაძე თანამესაუბრეს დოინჯშემოყრილი მიაჩერდა, - დონორი უკვე მესამე დღეა ხელოვნურ კომაში მყავს, რასაც ვაკეთებთ სიფრთხილის ყოველგვარ საზღვარს სცდება, - მან წამით პაუზა გააკეთა, - მართალია ლევანი ჩვენი კაცია, მაგრამ საქმის წარმოებისთვის რეალური გვამი სჭირდება, ამდენი ხანია ზემდგომებს ყალბი დოკუმენტებით «ვაბოლებთ», მაქსიმუმ კიდევ ორი დღე «გავქაჩოთ», მერე კი მისი ხელმძღვანელობა, გარდაცვლილის დეტალურ ფოტოს და უფრო სრულყოფილ დოკუმენტაციას მოითხოვს.
- ვიცი.
- ხოდა დროულად დავასრულოთ გარიგება, კლიენტი როდის იქნება მზად საქონელის მისაღებად?
ამ დიალოგს მე და ლაშა სულგანაბული ვუსმენდით, ვცდილობდით ზედმეტად არ გვემოძრავა, რომ მათი ყურადღება არ მიგვეპყრო, ვგრძნობდი რაღაც ცუდი იხლართებოდა ამ საავადმყოფოს კედლებში, მაგრამ ვერ ვხვდებოდი კონკრეტულად რა.
იქნებ ახლა და აქ მიმეღო პასუხი იმ კითხვებზე, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ გონება ამირია? და მათი დახმარებით მეპოვნა ის სამხილი, რასაც ასე თავგამოდებით ვეძებდი?
საერთოდ ვინ იყო ეს ბორისი, ასე მალე რომ გაარკვია პროკურატურაში არსებობდა თუ არა მეექვსე განყოფილება? ალბათ თავად გახლდათ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, მაგრამ რა კავშირი ჰქონდა ექიმ მოდებაძესთან? რას ხლართავდნენ ერთად? იქნებ ჯაბა ბონდარენკოს სიკვდილიც რაღაცით უკავშირდებოდა მათ იდუმალ ჩანაფიქრს?
- ნუ ნერვიულობ იოსკა ყველაფერი მოგვარდება.
ფიქრები ბორისის ჩახლეჩილმა ხმამ გამაწყვეტინა.
- აქამდე მხოლოდ ვფრთხილობდი, დღეს კი იმ ბიჭების გამოჩენამ ნაღდად შემაშინა, - ექიმმა ხმამაღლა ამოიოხრა, - მართლა რომ სპეცაგენტები აღმოჩნდნენ?
- ნუ პანიკიორობ, ხომ გითხარი «სიაფანდები» იყვნენ, წავიდნენ?
- არ ვიცი, მარტას ჩავაბარე, დოკუმენტებს ითხოვდნენ, დოკუმენტები კი იცი მუდამ წესრიგში მაქვს.
ახლა მივხვდი, თუ რატომ იყო ასე მშვიდად ექიმი, ალბათ არცერთ საბუთში არ ჰქონდა «პრაკოლი».
- ამიტომაც ვთანამშრომლობ შენთან, ვიცი მოწესრიგებული ადამიანი ხარ, - ბორისმა მოგუდულად ჩაიცინა, - დონორი როგორ არი? - ხმადაბლა იკითხა.
- კარგადაა, - უპასუხა მოდებაძემ, - ბარბიტურატების2 ზემოქმედების ქვეშ მყავს, როგორც კი კლიენტი მზად იქნება, მაშინვე შევძლებთ საქონლის ექსტრაქციას და ტრანსპორტირებას.
- მაჩვენე.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ის ვიგრძენი თუ როგორ მოშორდა მოდებაძე საკაცეს, რამდენიმე მძიმე ნაბიჯი გადადგა და ხმადაბლა თქვა.
- კარის გაღებაში მომეხმარე.
ბუნდოვანი შუქის წყალობით ჭუჭრუტანიდან ყველაფერი ბაცად მოჩანდა, თუმცა მაინც დავინახე: - მოდებაძემ და ბორისმა მოპირდაპირე კედელზე ოსტატურად შენიღბული უშველებელი კარი ჭრიალით გამოაღეს და სიბნელეში გაუჩინარდნენ.
- «დავახვიოთ» - ჩურჩულით მითხრა ლაშამ.
ახლა ზუსტად ზედგამოჭრილი მომენტი გვქონდა, თანაც ამათი საუბრიდან იმდენი ინფორმაცია მივიღეთ, რომ სულაც არ სჭირდებოდა განსაკუთრებული ნიჭი იმის მიხვედრას, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ იყო.
შეუმჩნევლად გავიპარებოდით, მაგრამ ბევრი შეკითხვა დაგვრჩებოდა პასუხგაუცემელი: - ვის მალავდნენ კარს მიღმა? ან ვინ იყო ბორისი? ყოველივე ამას ცნობისმოყვარეობაც ემატებოდა და ადგილიდან ფეხის მოცვლის საშუალებას არ მაძლევდა.
ლაშაც ანალოგიურ დღეში იყო, მართალია გაპარვის იდეა პირველად მან მომაწოდა, მაგრამ ძველებურად გასუსული იდგა კარადაში.
- რაღაც ხდება ამ «დედააფეთქებულ» საავადმყოფოში, - დაფიქრებულმა ვთქვი.
- ხო, - ჩაიჩურჩულა ლაშამ, - ნეტა ვინ ჰყავთ ოთახში?
- წარმოდგენა არ მაქვს, - მხრები ავიჩეჩე, - დაველოდოთ, რატომღაც მგონია, რომ ჩვენი გასასამართლებელი საბუთი სწორედ იქ იმალება, - ჭუჭრუტანიდან იმ ოთახს გავხედე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოდებაძე და ბორისი გაუჩინარდა.
ვერ გეტყვით რატომ ვფიქრობდი ასე, მაგრამ თავის გამართლების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ყოველ წვრილმანს ვებღაუჭებოდი, თუმცა ის რაც რამდენიმე წუთის წინ კარადის ჭუჭრუტანიდან ვიხილეთ სულაც არ იყო წვრილმანი.
- მე კიდევ ერთ უცნაურობას მივაქციე ყურადღება, - ყურში ჩამჩურჩულა ლაშამ, - მანამდე მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მაგრამ «ამათ» საუბარს რომ მოვუსმინე, მივხვდი ღირს დაფიქრებად, - მან თავი ნახევრადღია საიდუმლო კარისკენ გადაიქნია.
მეგობარს გადავხედე, სიბნელეში მარტო მის აბრჭყვიალებულ თვალებს ვხედავდი, რომელშიც ჭუჭრუტანიდან შემოღწეული მკრთალი შუქი ირეკლებოდა.
- რას გულისხმობ? - ვკითხე.
- გახსოვს ექიმის კაბინეტს რომ ვათვალიერებდი?
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.
- მაშინ ერთი წუთით შევავლე თვალი კომპიუტერის მონიტორს.
- მერე?
- რაღაც ჩამონათვალი ჰქონდა გახსნილი, მათ შორის ჯაბა ბონდარენკოც ეწერა.
- ეგ არაფერს ნიშნავს, იქნებ პაციენტების სიას ეცნობოდა?
- შეიძლება, მაგრამ «ამათი» საუბრის მოსმენის შემდეგ, მისი კომპიუტერიდან ინფორმაციის ამოღება არ გვაწყენდა.
- მე კომპიუტერებში ვერ ვერკვევი, - მხრები ავიჩეჩე.
- ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, - ლაშა გაიბღინძა, - ხომ იცი კომპიუტერებს «ვბრდღვნი».
ჩემს მეგობარს ავადმყოფური მიდრეკილება ჰქონდა ტექნოლოგიისკენ, ყველაზე პირველი ეცნობოდა ტექნო-სიახლეებს, აქედან გამომდინარე კარგად ერკვეოდა კომპიუტერულ, ელექტრონული და რადიო მოწყობილებების ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით ინფორმატიკა და პროგრამირება იზიდავდა.
საკუთარი ინიციატივით კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები შეისწავლა, მართალია გამოცდილი «კომპიუტერშიკი» არ იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად გაერკვა ამ სფეროში, რომელიც საქართველოში ახლა იკიდებდა ფეხს და ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში გახლდათ.
სახლში IBM-ის ფირმის მოძველებური კომპიუტერი ჰქონდა, რომელსაც სულვილისამებრ ხშირ-ხშირად უცვლიდა ხოლმე ოპერაციულ სისტემას.
ერთხელ საკუთარი ინიციატივით ტელევიზორიც კი დაშალა, მართალია ბოლოს და ბოლოს მოხელესთან მიტანა მოუხდა, მაგრამ ასე თუ ისე მის «შიგნეულობაში» მაინც ჩაიხედა.
- გადმოწერ? - ვკითხე.
- «დედას ვუტირებ», მართალია ჩემს კომპიუტერზე ბევრად ახალი მოდელია, მაგრამ მაინც «მოვუგრეხ კისერს», - ჩურჩულით მითხრა, - მთავარია «დისკეტკები» დავითრიოთ, მერე კი როგორმე მოდებაძის კაბინეტში შევიპაროთ.
სათქმელად ადვილი იყო, შესასრულებლად რთული, თუმცა ახლა მთავარი პრობლემა შექმნილი სიტუაციის მოგვარება გახლდათ, როგორმე სამალავი უნდა მიგვეტოვებინა და გავპარულიყავით.
ლაშამ მუჯლუგუნი წამკრა, მანიშნა არ მეხმაურა და ჭუჭრუტანაში გაიჭვრიტა.
მოდებაძე და ბორისი უხმოდ გამოვიდნენ საიდუმლო ოთახიდან, კარი ჭრიალით დახურეს, ბორისმა კი ზედ ლითონის საკაცე მიაბჯინა.
- საბუთები, როგორც ყოველთვის წესრიგში გაქვს? - იკითხა ბორისმა.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა მოდებაძე, - საავადმყოფოს ფურცელში, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, კონკრეტულად ინტრაცერებრული ჰემატომა ჩავუწერე, დღეს საღამოს კი ცოტნე გაკვეთის ოქმსაც შეადგენს.
- ძალიან კარგი, მოგვიანებით აიჰანს დავურეკავ, რომ დააჩქაროს ის ყიზილბაში.
- მაგათი ჯიშიც... - მოდებაძემ ბილწად შეიკურთხა, - ყოველთვის ასე ითრევს ფეხს.
- სისხლში აქვთ გადაგდება, - კვერი დაუკრა თანამეინახემ, - მაგრამ ჩვენთან არ გუავა, - ცოტა ხანი ჩუმად იყო, მერე ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გადამწყვეტად თქვა, - წავედი.
- იმ ბიჭებს რა მოვუხერხოთ, - მოდებაძე უკან აედევნა ბორისს.
- თუ კიდევ გამოჩნდებიან, მე მივხედავ, - ბორისმა სიგარეტს სანთებელათი მოუკიდა, - შენ შენი საქმე შეასრულე, საქონელი ჯანმრთელი და საღ-სალამთი უნდა ჩავაბაროთ კლიენტს.
მამაკაცები ნელი ნაბიჯით გავიდნენ პროზექტურიდან, მათი ხმადაბალი საუბარი გარკვევით მესმოდა, კარსაც არ იქნებოდნენ ნორმალურად გაცილებულნი, რომ მოულოდნელად მოდებაძის უკმაყოფილო ხმა მომესმა.
- მარტა შენ კიდევ აქ ხარ?
ქალის პასუხი ვერ გავიგე, სამაგიეროდ ექიმის ბოხი შეკითხვა გარკვევით მომესმა.
- ნახეს დოკუმენტები?
რასაც ხმამაღალი ჩახველება მოჰყვა.
- არ წაუღიათ ისე წავიდნენ? უცნაურია, - წამით სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მედდას გაურკვეველმა ბუტ-ბუტმა დაარღვია, - როგორ? - იკითხა მოდებაძემ, - პალატის დათვალიერების შემდეგ არ გინახას? - ისევ სიჩუმე, ალბათ ექიმი რაღაცას აანალიზებდა, შემდეგ გადამწყვეტად მიმართა ხელქვეითს, - კარგი მარტა არა უშავს, სახლში წადი, დღეს ზედმეტი იმუშავე, ამიტომ ხვალ შეგიძლია შუადღისკენ მოხვიდე.
კვლავ მომესმა მედდას გაურკვეველი სიტყვები, ალბათ მთავარ ექიმს მადლობა თუ გადაუხადა, შემდეგ როცა მარტას მძიმე ნაბიჯები მიწყდა, კვლავ მოდებაძეს გაბრაზებული ბარტონი ჩამესმა.
- წასულან, არ მომწონს ეგ ბიჭები, - იჭვნეული ტონით ამბობდა ის, რა თქმა უნდა მის თანამეინახეს ესაუბრებოდა, - საბუთებისთვისაც არ გადაუხედავთ, ნეტა რამეს ხომ არ მიაგნეს? ბორის...
- ხომ გითხარი მაგათ მე მივხედავ მეთქი, - უცნობმა მამაკაცმა აგდებული ტონით გააწყვეტინა სიტყვა, - შენ არაფერზე იდარდო.
მოდებაძეს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მისი ღრმა ამოოხვრა გავიგონე, ცოტა ხანი მათი შეწყობილი ნაბიჯები მესმოდა, მერე როცა პროზექტურას გაშორდნენ, ხმა თანდათან მიილია, ბოლოს სულ მიწყდა და ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.
თხუთმეტი წუთი კარადიდან არ გამოვსულვართ, გატრუნული ველოდებოდით მამაკაცების დაბრუნებას, მაგრამ გარედან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
- მგონი წავიდნენ, - ლაშამ კარადის კარი ოდნავ შეაღო, ჯერ გაიჭვრიტა, მერე კი ფრთხილად გაძვრა გარეთ.
- ესე იგი ჩვენზე რა თქვა? - თვალებმოჭუტულმა ვიკითხე.
- ფეხები ვერ მოგვჭამოს.
ლაშა გაიბღინძა, ცარიელი ოთახი მოათვალიერა.
ამ შემთხვევაში ჩემს მეგობარს არ ვეთანხმებოდი, წარმოდგენა არ მქონდა რისი მაქნისები იყვნენ ეს ადამიანები, ან რას ხლართავდნენ, მათთან კონფლიქტში შესვლა კარგად არ დამთავრდებოდა, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა და მაქსიმალურად მოვრიდებოდით.
- ფრთხილად უნდა ვიყოთ და ფეხებში არ გავებლანდოთ, - დაფიქრებულმა წარმოვსთქვი, - ეს ბორისი არ ჩანს «წმინდა სულის» პატრონი.
ლაშამ თავი ნერვიულად მოიქექა, რამდენიმე წამი დუმდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და იკითხა.
- რა ვქნათ?
- «კაროჩე» ორი ვარიანტია, - ხმადაბლა ჩავილაპარაკე, - ან სახლში წავიდეთ და მთელი ცხოვრება ძებნილებივით ვიცხოვროთ, ან სამალავში შევიხედოთ და გავარკვიოთ ვის მალავს იქ მოდებაძე.
ლაშამ უტყვად შემომხედა, მართალია რამდენიმე წუთის წინ ჩემს მოსაზრებას არ ეთანხმებოდა და მთელი წამოწყება უაზრობა ეგონა, ახლა მის თვალებში თავგადასავალის წყურვილი ამოვიკითხე, რა თქმა უნდა პროზექტურაში მოსმენილი საუბრის შემდეგ, მეც ანდამანტივით მიზიდავდა ეს ოსტატურად შენიღბული კარი: - ნეტა რა იმალებოდა მის მიღმა?
შენიღბულ კართან მივედით, საკაცე გამოვაგორე და დავეჯაჯგურე, ჩაჭედილი იყო, თუმცა დაკეტილი არ აღმოჩნდა, ერთად გამოვქაჩეთ, როგორც კი ოდნავ გამოიღო, შიგ შევძვერით.
მეგონა კარს მიღმა ჩვეულებრივი ოთახი იქნებოდა, მაგრამ იქ ხუთსაფეხურიანი კიბე აღმოჩნდა, რომელიც სარდაფში ჩადიოდა.
ფრთხილად ჩავუყევით, პირველად ქვემოდან ამომავალ მონოტონურ ტუტუნს მივაქციე ყურადღება, რომელიც თანდათან მატულობდა, ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ სარდაფში «კარდიოგრაფი» მუშაობდა.
- ეს რა ჯანდაბაა? - იკითხა ლაშამ და კიბის ბოლოში გამკრთალ მომწვანო შუქზე მიმითითა.
როცა საფეხურები ჩავათავეთ, ვიწრო ოთახში აღმოვჩნდით, სადაც აუტანელი სუნი და ჩახუთული ჰაერი იდგა.
წამით სუნთქვა შევიკარი, მართალია ოთახს მართკუთხა სარკმელი ჰქონდა, რომელიც დაბალ ჭერთან ახლოს იყო გამოჭრილი, მაგრამ ის ვერ უმკლავდებოდა დაგროვილ სიმყრალეს.
სარკმლის ქვემოთ, ნესტიან კედელზე მიდგმულ თეთრზეწარგადაფარებულ ლითონის საკაცეზე, ვიღაც იწვა, იქვე წვეთოვანი გადასხმის სისტემა ეკიდა, ლითონის პატარა ტუმბზე ნახმარი შპრიცები და რამდენიმე ცარიელი ამპულა იდო.
საკაცის გვერდით «კარდიოგრაფი» მუშაობდა, რომლის მწვანედ მოციმციმე მონიტორზე სწრაფად დახტოდა გულისცემის რიტმის აღმნიშვნელი, დაკლაკნილი ხაზი.
- ნეტა ვინ არის? - იკითხა ლაშამ და საკაცეს მიუახლოვდა, სახეზე გადაფარებული ზეწარი გადააძრო, ჯერ გაუნძრევლად იდგა, მერე გვერდულად გადმომხედა და მშრალად მითხრა, - ჯაბა ბონდარენკოა.
პირველად მისი სიტყვები ვერ გავაცნობიერე, დაბნეული ვუმზერდი მეგობარს, თუ ჯაბა მკვდარია მაშ «კარდიოგრაფი» როგორ მუშაობს? ან რატომ გაუკეთეს ვენაში წამლის გადასხმის წვეთოვანი სისტემა?
ფეხაკრეფით მივუახლოვდი საკაცეს, მამაკაცს დავაცქერდი, ნამდვილად ჯაბა იყო, ოღონდ უფრო ფერმკრთალი და უფრო სუსტი ვიდრე ადრე, წვერით დაფარული ლოყები ჩაცვენოდა, მოუვლელი თმა სასაცილოდ გაწეწოდა, სიცოცხლის ნიშან-წყალს არ ამჟღავნებდა.
ფერმკრთალ სახეზე დავაკვირდი, შემებრალა, ჩვენი წყალობით აღმოჩნდა ამ დღეში.
ჯაბა გაუნძრევლად იწვა.
- ალბათ ამას ჰქვია გასაკვეთად მომზადება, - ივარაუდა ლაშამ და წვეთოვან სისტემას თვალი გადაავლო.
არაფერი მიპასუხია, კვლავ ჯაბას სახეს ვაკვირდებოდი, მართალია არ ინძრეოდა, მაგრამ არც მიცვალებულს ჰგავდა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ «კარდიოგრაფის» მისაწოვრიანი სენსორები მის შიშველ მკერდზეა დაწეპებული, ესე იგი მწვანე ხაზი მისი გულის რიტმს აღნიშნავდა და იმავდროულად შევამჩნიე კონვულსური მოძრაობით, როგორ შეარხია თვალის ქუთუთოები.
- ცოცხალია, - ხმის კანკალით წარმოვსთქვი.
- რას ამბობ? - ლაშა, რომელიც «კარდიოგრაფს» ჩაჰკირკიტებდა წამსვე ჩემს გვერდით გაჩნდა, - რომ არ სუნთქავს? - დაბნეულმა იკითხა.
- ნეტა რას ხლართავენ ესენი? - ყბა დაფიქრებით მოვისრისე, - რატომ ასაღებენ ჯაბას მკვდრად?
- წარმოდგენა არ მაქვს, - ლაშა წვეთოვან სისტემას დააკვირდა და ენის ბორძიკით ამოიკითხა პრეპარატის დასახელება, - ნატრიუმის ქლორიდი, - შემდეგ შუბლმოჭმუხნულმა დაუმატა, - ეს ხომ იგივე ფიზიოლოგიური ხსნარია? - კითხვით აღსავსე თვალებით გადმომხედა.
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე, შემდეგ ტუმბზე დალაგებულ ამპულებს დაწვდი: - A, E, C, B, და B12 ვიტამინების ნაკრები აღმოჩნდა.
- ნამდვილად ფიზიოლოგიური ხსნარია, მახსოვს ერთხელ მოვიწამლე და გადამისხეს, მთელი საათი გაუნძრევლად ვიწექი, - მსჯელობას განაგრძობდა ლაშა.
მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი, პროზექტურაში შექმნილ სიტუაციაზე ვფიქრობდი, მედიცინაში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნატრიუმის ქლორიდი ორგანიზმში სითხის დეფიციტს აღადგენს, ოპერაციების დროსაც აქტიურად იყენებენ, ხოლო თუ ამ პრეპარატს ვიტამინებით გაამდიდრებ, ის ავადმყოფ ორგანიზმს გამოფიტვიდან დაიცავს.
ანალოგიური რამ ხდებოდა აქაც, ექიმი მოდებაძე ცდილობდა ჯაბას ორგანიზმი გამოფიტვიდან დაეცვა.
ლაშა გვერდით ამომდგომოდა, ხელში ვიტამინის ცარიელი ამპულა ჩაებღუჯა და უაზროდ ათამაშებდა თითებს შორის, შემდეგ ტუმბის კუთხეში მიგორებულ კიდევ ერთ ამპულას მოჰკრა თვალი, რომელსაც «კარდიოგრაფის» კორპუსი ეფარებოდა, ამიტომაც ვერ შევამჩნიე.
- აქ კიდევ ერთი ამპულაა, - ხმადაბლა მითხრა, მერე ხელი დაავლო და ზედაპირზე წვრილი შრიფტით მკრთალად გამოსახულ დასახელებას თვალებმოჭუტული დააცქერდა.
- ფენობარბიტალი, - ძლივს ამოთქვა მან, მერე თავი სასაცილოდ მოიქექა, - ექიმი იმ «როჟას» ხომ ეუბნებოდა, დონორი ბარბიტურატებზე მყავსო? - იკითხა.
უეცრად ჩემს გონებაში ყველაფერი მის-მის ადგილზე დადგა, მივხვდი რომ ორგანიზებული დანაშაულის კვალს მივაგენით, ადამიანებმა, რომლებსაც გაურკვეველი დამნაშავეობრივი ინტერესები ამოძრავებდათ, ჯაბა ბონდარენკო ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული საშუალებებით «გათიშეს», მერე კი მკვდრად გააცხადეს.
პირველი რაც გონებაში მომივიდა «შავი მედიცინა» გახლდათ: - დამნაშავეობრივი სამედიცინო მოღვაწეობა, აკრძალული ოპერაციები, კანონსაწინააღმდეგო ექსპერიმენტები ან ორგანოებით უკანონო ვაჭრობა, მე უფრო ამ უკანასკნელს ვემხრობოდი, თანაც მოდებაძე ხშირად ახსენებდა სიტყვა - «დონორს», რა თქმა უნდა ამ ტერმინით უბრალო სისხლის დონორი არ მოიაზრებოდა, საქმე გაცილებით რთულად იყო, სულაც არ სჭირდებოდა დიდი გამჭრიახობა იმის გარკვევას, რომ ჯაბას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.
თავ-ზარი დამეცა, პირდაპირ შუაგულ ქალაქში პირსისხლიან დანაშაულს სჩადიოდნენ, დროულად უნდა გვეშველა საკუთარი თავისთვის, როგორმე ჩუმად გავპარულიყავით, თორემ «ესენი» არც ჩვენ დაგვაყრიდნენ კარგ დღეს.
ფანჯარას ავხედე ვიწრო იყო, მაგრამ ადამიანი თავისუფლად გაეტეოდა, საკაცის კიდეზე დავდექი და გარეთ გავიჭვრიტე, დაბნელებულიყო, აქედან მკრთალი შუქით განათებული საავადმყოფოს უკანა ეზო მოჩანდა.
- შენც იგივეს ფიქრობ? - მკითხა ლაშამ, შემდეგ თავადაც გაიჭვრიტა ფანჯარაში, - ისე გავიპარებით ვერავინ შეგვამჩნევს, - დაუმატა.
კარგია რომ უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, ეს უნარი რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგვეხმარებოდა.
- აქ დიდხანს დარჩენა არ შეიძლება, - თავის კანტურით წარმოვსთქვი.
- ამას ხომ ვერ დავტოვებთ, - მეგობარმა უმოძრაოდ გაშოტილ ჯაბაზე მანიშნა.
- მართალი ხარ, ადრე ერთმანეთს «ვეხიპიშეთ», მაგრამ ახლა სწორედ ისაა ჩვენი უდანაშაულობის დამამტკიცებელი საბუთი.
ლაშამ ენერგიულად დამიქნია თავი.
- ისე გაამართლა შენმა დეტექტივობანამ, მინიშნებებმა გარკვეულ სამხილამდე მიგვიყვანეს.
- შენ კი ჩემი არ გჯეროდა.
ლაშამ ცალყბად ჩაიცინა, შემდეგ უმოძრაოდ მწოლიარე ჯაბასკენ დაიხარა.
- წვეთოვანს გამოვურთავ, ჩემი აზრით გონს მოვა, - ივარაუდა.
- რომ მოკვდეს? - სიფრთხილეს მოვუხმე, - მოდებაძე ამბობდა სამი დღე ხელოვნურ კომაში მყავსო.
- ფენობარბიტალი თუ არ ვცდები ძლიერმოქმედი დამამშვიდებელია, წვეთოვანი სისტემა გადავკეტოთ, თუ მისი მდგომარეობა გაუარესდება «კარდიოგრაფი» შეგვატყობინებს, - ლაშამ თამამად გადააბრუნა გორგოლაჭი, წვეთოვანი სისტემის გამჭვირვალე მილში წამსვე შეწყდა წამლის მიწოდება.
- დაველოდოთ, - ხმადაბლა ვთქვი და საკაცეს კიდეს მივეყრდენი, - კაცმა არ იცის რამდენი ხანი მოგვიწევს ლოდინი, - ყბა დაფიქრებულმა მოვისრისე, - ჩვენ კი დროში «ვიწვებით», მოდებაძე «ნაღდად» მოინახულებს პაციენტს.
ლაშამ საათს დახედა.
- რვა საათს გადაცდა, საკმაოდ გვიანია.
- მერე რა?
- მოდებაძემ და ბორისმა უკვე მოინახულეს პაციენტი, პრეპარატიც შეუცვალეს, ასე რომ ვფიქრობ ის მთელი ღამე არ დაბრუნდება.
ლაშას სიტყვების შემდეგ ყურადღება წვეთოვან სისტემაზე გავამახვილე, წამლით სავსე ლიტრიანი ქილა იმაზე მეტყველებდა, რომ ახლახან გამოეცვალათ, პირველად საკუთარ თავზე ბრაზი მომივიდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამხილს ყურადღება არ მივაქციე, შემდეგ მეგობარს მივუბრუნდი და ღიმილით ვუთხარი.
- დედუქციური აზროვნების უნარი თანდათან დაგეხვეწა, - კმაყოფილმა მოვჭუტე თვალები, - თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჩვენი მოსვლის დროს ექიმი წასასვლელად ემზადებოდა, შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი, - ლაშას დავეთანხმე.
რამდენიმე წამით შექმნილ სიტუაციას ვაანალიზებდი, თუმცა თავსგადახდენილი ისტორიის შემდეგ აზრების მოკრება მიჭირდა, ამიტომ ხმამაღლა ამოვიოხრე და გადამწყვეტად დავუმატე.
- მაგრამ ასეთ ქარაფშუტულ არგუმენტს მაინც არ უნდა ვენდოთ.
- ჩემი აზრით ზოგჯერ კარგად მოფიქრებულ გეგმას, სპონტანური მოქმედება სჯობს, - ლაშამ ფილოსოფიურად დაასკვნა.
მართალია მე და ლაშას ერთნაირი ინტერესები გვქონდა, ერთმანეთის გვესმოდა, ახლაც გარემოებათა დამთხვევის გამო «ერთ ბედს ქვეშ ვიყავით», მაგრამ ამჯერად მის შეხედულებას არ ვიზიარებდი, სპონტანურ მოქმედებას, დაწვრილებით მოფიქრებული და ბოლომდე გათვლილი გეგმა მერჩივნა.
ახლაც დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, ათობით ვარიანტის აგების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საუკეთესო იქნებოდა, ჯაბას გამოფხიზლებას დავლოდებოდით და სამთავე ერთად გავპარულიყავით სარდაფიდან.
რაღა დაგიმალოთ და ამ გასაცოდავებული კაცის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მინდოდა დავხმარებოდი, ის ხომ ჩვენი მიზეზით აღმოჩნდა დამნაშვეთა ბუდედ გადაქცეულ საავადმყოფოში, რომლებიც ჩემი აზრით ნაწილ-ნაწილ დაჭრას უპირებდნენ და ფსიქტროპული მედიკამენტებისგან გაბრუებულს ისე ინახავდნენ, როგორც ცოცხალი ორგანოებით სავსე კონტეინერს.
თან მისი გადარჩენა ჩვენს წისქვილზეც ასხამდა წყალს, თუ როგორმე მკვლელების ამ დაჯგუფებას გადავურჩებოდით, შეგვეძლო დამნაშავეები გვემხილა, თუმცა ის ფაქტი, რომ ჯაბა ბონდარენკო ცოცხალი იყო, თავად იყო მხილება.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ლაშამ თავი შემახსენა, ვერც კი წარმოიდგენთ რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა აღმოვაჩინე, რომ ისიც იგივეს ფიქრობდა.
- მგონი ამას ორგანოების ამოსაცლელად ამზადებდნენ, - ჩაიბურტყუნა მან, თან საკაცეზე უმოძრაოდ დასვენებულ მამაკაცს უმზერდა.
- მეც მაგას ვფიქრობ, იდეალური კანდიდატია, უსახლკარო და უპატრონო, - დავეთანხმე.
- ვერ ვხვდები დღემდე რატოა ცოცხალი? - ლაშა გაოცებული ატრიალებდა ხელებს, - ოფიციალურად ხომ ჯაბა ბონდარენკო სამი დღის წინ მოკვდა?
- ვერაფერს გეტყვი.
რა თქმა უნდა ამ შეკითხვაზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი მქონდა: - იქნებ ორგანოებს ცოცხალ მდგომარეობაში ინახავდნენ ან შემკვეთის მხრიდან რაღაც დაბრკოლებას წააწყდნენ, მაგრამ მეგობრისთვის არაფერი მითქვამს.
საკაცეზე გაშოტილ ჯაბას ვუმზერდი, ხშირ-ხშირად ვაკვირდებოდი, «კარდიოგრაფის» მონიტორს, მეშინოდა არ მომკვდარიყო, ამიტომ შვებით ამოვისუნთქავდი ხოლმე, როცა რიტმულად მოძრავი მწვანე ზოლის მიერ გავლებულ დაკლაკნილ მრუდეს შევავლებდი თვალს.
მას შემდეგ რაც ლაშამ წვეთოვანი სისტემა გადაკეტა, ერთი საათი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში პროზექტურაში არავინ შემოსულა, ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის სარდაფის კარი შიგნიდან გავამაგრეთ, ჟანგიანი სახელური საკაცედან აღებული ზეწარით მოპირდაპირე კედელზე მივაბით, ასე რომ ვინმეს შემოსვლა რომ განეზრახა, კარგა ხანს მოუწევდა «ჩალიჩი».

1 ბაკქანალია - (გავრც. ვაკხანალია) ძველ საბერძნეთსა და რომში: ღვინისა და ლხინის ღმერთის - ბახუსის ველური და მისტიური ფესტივალი. დღესასწაული. ბაკქანალია საიდუმლოდ ტარდებოდა და მას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ, შემდგომში, ფესტივალზე დასწრების უფლება მამაკაცებსაც მიეცათ, ის თვეში ხუთჯერ ტარდებოდა.
გადატანითი მნიშვნელობით - თავაშვებული დროს ტარება; ორგია.
2 ბარბიტურატები - ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო ნივთიერებათა ჯგუფი; ძილის მომგვრელი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედების პრეპარატები. განარჩევენ ხანგრძლივი (ბარბიტალი, ფენობარბიტალი, ბარბიტალ-ნატრიუმი), საშუალო (ციკლობარბიტალი, ბარბამილი, ეტამინალ-ნატრიუმი) და ხანმოკლე მოქმედების (ჰექობარბიტალი) ბარბიტურატებს. ბარბიტურატები შეჰყავთ კუნთებში, ვენაში (ძირითადად ნარკოზისათვის) ან სწორ ნაწლავში; შინაგანი ხმარებისათვის იყენებენ ფხვნილებს და ტაბლეტებს. ბარბიტურატები აძლიერებს ნარკოტიკული, საანესთეზიო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მოქმედებას, მაგრამ მათი ხანგრძლივად მიღება შეიძლება მავნე ჩვევად იქცეს. ბარბიტურატები ზოგჯერ იწვევს ალერგიას ან პირუკუ რეაქციებს - მოუსვენრობას, აგზნებას და ა.შ.



№1  offline წევრი Rania

Vaime ra magariaaa. Moutmenlad veli gagrzelebass. Sad gacydaaaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent