შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (14)


15-07-2019, 04:29
ავტორი omexi
ნანახია 177

დეტექტივობანა - (14)

დანამდვილებით ვერ გეტყვით რამდენი დრო გავიდა, რადგან ამ აყროლებულ სარდაფში გატარებული ყოველი წუთი უსასრულობად მეჩვენებოდა, ნერვიულად ვცემდი ბოლთას და «კარდიოგრაფის» მწვანედ აკიაფებულ მონიტორს ხშირ-ხშირად შევავლებდი ხოლმე თვალს.
ლაშაც ჩემს დღეში იყო, ფეხს მოუთმენლად აბაკუნებდა ნესტიან იატაკზე და ვიწრო ფანჯრიდან საავადმყოფოს უკანა ეზოს ზვერავდა.
- უკვე სამი საათი გავიდა, - საათს დახედა და მშრალად მითხრა.
მეგობარს გადავხედე, მისმა სიტყვებმა მართალია დროის შეგრძნება დამიბრუნა, მაგრამ ამით შვება სულაც არ მიგვრძნია, რაც უფრო მეტ ხანს დავრჩებოდით აქ, მით უფრო გაიზრდებოდა იმის საშიშროება, რომ აღმოგვაჩენდნენ.
- ძალიან ვრისკავთ, - მოგუდულად ჩავილაპარაკე, - ხომ არ ვსცადოთ და თავად გავაღვიძოთ?
ლაშამ ჩემი შეკითხვის საპასუხოდ მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
ვხვდებოდი ნელ-ნელა, როგორ მევსებოდა მოთმინების ფიალა, ბოლოს ლოდინისგან თავგაბეზრებულმა გადავწყვიტე უგონოდ მყოფი ჯაბა გვარიანად შემენჯღრია და თუ საჭიროება მოითხოვდა სილაც გამეწნა მისთვის, საკაცეს მივუახლოვდი და სწორედ იმავდროულად «კარდიოგრაფის» ეკრანზე გამოსახული ტეხილი შეიცვალა, თუ ადრე ერთმანეთის იდენტური იყო და მონოტონური ცახცახით მეორდებოდა, ახლა მკვეთრად დაიგრიხა და აჩქარდა.
აპარატმაც მოუმატა წრიპინს, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მხედველობიდან არც ლაშას გამორჩენია, სწრაფად ამომიდგა გვერდით და უმოძრაოდ გაშოლტილ მამაკაცს ჭირისუფლებივით დავადექით თავს.
დაჟინებით დავჩერებოდით: - ხან საკაცეზე მწოლიარე ჯაბას და ხანაც დაკლაკნილი ტეხილებიდან აჭრელებულ «კარდიოგრაფის» მონიტორს.
- ცუდად ხომ არ არი? - იჭვნეულად ვიკითხე.
- ეს რომ «დაიბრიდოს» «იმენა» «დაგვერხა», - შეწუხებულმა წარმოსთქვა ლაშამ, შემდეგ ჯაბასკენ დაიხარა, გაისუსა და მის სუსტ სუნთქვას ყური დაუგდე, - სუნთქავს, - შვებით მაუწყა მან.
ათიოდე წუთი მის არათანაბარ სუნთქვას ვუგდებდით ყურს, შემდეგ შევამჩნიე თვალები ოდნავ გაახილა და ყრუდ დაიკვნესა.
- იღვიძებს, - აღნიშნა ლაშამ.
ჯაბა მთელი ნახევარი საათი წვალობდა, ყრუ კვნესის თანხლებით გაახელდა თვალებს, უაზრო მზერას მოავლებდა სარდაფის ნესტიან კედლებს და ბარბიტურატების ზემოქმედებიდან მისუსტებული, ძალაგამოცლილი კვლავ მიიძინებდა.
ბოლოს როგორც იქნა თავი წაართვა ძილს, როცა კედლების თვალიერებას და თვალების უაზრო ცეცებას მორჩა, მზერა ჩვენზე შეაჩერა, მშრალი ტუჩები გააწკლაპუნა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მხოლოდ ხორხისმიერი ბგერების გამოცემა შეძლო.
სარდაფის კუთხეში ჟანგიანი ნიჟარა და ძველებური ონკანი იყო მოწყობილი, პირველი რაც აზრად მომივიდა წყლით მოსულიერება გახლდათ, კარის სახელურზე მიხვეულ ზეწარს კუთხე ჩამოვახიე, ონკანი ჭრიალით გავხსენი, ნაჭერი ძლივს მოკაწკაწე წყლით დავასველე და სველი ტილოთი ჯერ დამსკდარი ტუჩები დავუნამე ავადმყოფს, მერე კი შუბლზე დავადე.
წვეროსანმა ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა, ეტყობოდა ცივმა წყალმა ოდნავ გამოაცოცხლა, მართალია ხმას ისევ ვერ იღებდა, მაგრამ სამაგიეროდ წამოდგომას შეეცადა, იდაყვებს სუსტად დაეყრდნო და ოდნავ წამოიწია.
თითქმის შიშველი იყო, მოკლემკლავიანი თეთრი მაისური და მუხლებამდე ჩაფართხუნებული ჭრელი ტრუსები ეცვა.
- ფრთხილად «ბრატ», - ლაშამ ხელი შეაშველა და წამოჯდომაში დაეხმარა.
როგორც კი ჯაბა საკაცეზე წამოჯდა, იმ წუთასვე გული აერია, ნესტიანი იატაკი კუჭიდან ამოღებული მწვანე ფერის სითხით მოთხვარა, ოთახში კი აუტანელი, მჟავე სუნი დატრიალდა.
ცოტა ხანი თავჩაქინდრული იჯდა, შემდეგ გაბურძგნული თავი ნერვიულად შეატოკა, ამოგვხედა და უაზრო, არაფლისთქმელი თვალები მოგვაპყრო.
მივხვდი ვერ გვიცნო, თუმცა გასაკვირიც არაფერი იყო, როცა ჩვენს შორის ინციდენტი მოხდა კაფე «პალერმოს» რომანტიული ინტერიერი იმდენად ჩაბნელებული გახლდათ, რომ სახეებს ბუნდოვნად ვარჩევდით, თუმცა მთავარი მიზეზი ჩემი აზრით ჩხუბის შემდეგომი სტრესი იყო, რომელიც ალბათ ამ «ვითომ» ექიმებმა დამართეს, შეიძლება არც კი ახსოვდა იმ დღეს თავს გადახდენილი უსიამოვნების დეტალები.
ძალიან სუსტად იყო, ბეჭები უცახცახებდა, გაძვალტყავებული ხელებით ეყრდნობოდა საკაცეს, თავს ძლივს იკავებდა, მარჯვენა რის ვაი-ვაგლახით წამოსწია, ეტყობოდა ყოველი მოძრაობა დიდი ძალისხმევის საფასურად უჯდებოდა, მაჯა შიშველ მკერდზე მიწებებული სენსორების სადენებში გაებლანდა და უმაქნისად ჩამოეკიდა.
ლაშამ «კარდიოგრაფის» სადენებში გახლართული ხელი გაუთავისუფლა, ჯერ მისაწოვარიანი სენსორები მოაცილა სათითაოდ, შემდეგ გადასხმის წვეთოვანი სისტემის წვრილი მილი ფრთხილად გამოქაჩა და ვენაში შერჭობილი ნემსი ამოაძრო.
ბონდარენკოს ტკივილისაგან სახე დაემანჭა, ხელები აუკანკალდა, სუსტად ჩაახველა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხორხიდან მხოლოდ საწყალობელი ხროტინი ამოუვიდა.
ბუნდოვანი შუქით განათებული ოთახი «კარდიოგრაფის» გამჭოლმა წუილმა აავსო, მონიტორზე ტეხილის ნაცვლად ამჯერად სწორი ხაზი გამოსახულიყო.
ლაშამ აპარატი ელექტროქსელიდან გამორთო, სარდაფში სიჩუმე ჩამოვარდა, ჯაბას ვაკვირდებოდით, რომელიც თავჩაქინდრული იჯდა საკაცეზე და ბნედიანივით აქნევდა თავს, ეტყობოდა კვლავ მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ლაშამ ხმამაღლა ამოიოხრა და ჯაბას ჰკითხა.
- არაფერი გახსოვს «ბრატ»?
ბონდარენკოს მის შეკითხვაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, შეიძლება სმენაც დაგუბებული ჰქონდა, მხოლოდ სახეზე გამოსახოდა აუტანელი ტკივილი, შემდეგ კანკალს მოუმატა, გამშრალი ტუჩები აამოძრავა და ძლივს ამოიხრიალა ერთადერთი სიტყვა.
- წყალი.
ოთახი მოათვალიერე, შესაფერის ჭურჭელს ვეძებდი, მაგრამ ვერაფერს მივაგენი, შემდეგ ლაშამ საკაცის ქვეშ შეგორებულ ნატრიუმის ქლორიდის ცარიელ ქილას მოჰკრა თვალი, გამოიღო, რეზინის საცობი ამოაძრო, ჟანგიან ონკანს მიუტრიალდა, ჭურჭელი ჯერ საგულდაგულოდ გამორეცხა, შემდეგ წყლით შეავსო და წვეროსანს მიუბრუნდა.
ჯაბას ჭურჭელის ჩამორთმევის ძალაც არ ეყო, ლაშამ თავი წამოუწია და წყლით სავსე ქილა ტუჩებთან მიუტანა, ბონდარენკომ რის ვაი-ვაგლახით მოსვა ორი ყლუპი, ნახევარზე მეტი იატაკზე დაეღვარა, თუმცა მისი გამომშრალი ყელისთვის, ეს მცირედიც საკმარისი აღმოჩნდა, ხველა აუტყდა და თავი კვლავ უღონოდ ჩაქინდრა.
ლაშამ ჭურჭელი დაუდევრად მიაგდო საკაცეზე.
რამდენიმე წამი წაქცეულ ქილას ვაკვირდებოდი, საიდანაც რაკ-რაკით მოკაწკაწებდა დარჩენილი წყალი, შემდეგ ლაშას ვუთხარი.
- ძალიან სუსტადაა, - თან ბონდარენკოს ვუმზერდი, რომელიც კვლავ მოკუნტულად მიწვა საკაცეზე.
- სიარულს შეძლებ? - ვკითხე.
მილულული თვალები არ გაუხელია, მხოლოდ ყრუდ ამოიკვნესა, ეტყობოდა ბარბიტურატის ზემოქმედებას ვერა და ვერ უმკლავდებოდა.
- სიცოცხლე თუ გინდა თავს ძალა უნდა დაატანო.
რატომ ვუთხარი წარმოდგენა არ მქონდა, ვიცოდი ჩემი არ ესმოდა, ფსიქოტროპული საშუალებებიდან გაჟღენთილი ტვინი ალბათ ვერც კი აღიქვამდა ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
- ლაშა მომეხმარე, ფეხზე წამოვაყენოთ, - მეგობარს მივმართე და ჯაბას მარჯვენა ბეჭში ხელი ჩავავლე.
ის მეორე მხრიდან შემოუდგა, რის ვაი-ვაგლახით წამოვაყენეთ, უღონოდ ჩამოგვეკიდა, მუხლები ეკეცებოდა, კისერი კი პარალიზებულივით გადაეგდო გვერდზე, მაგრამ მოულოდნელად ვიგრძენი როგორ სუსტად ატანდა თავს ძალას, ეს კი კარგის მანიშნებელი იყო, ჯერ ისევ შერჩენოდა სიცოცხლის წყურვილი, იქნებ ჩემმა სიტყვებმა მისცა სტიმული? სიკვდილი ხომ არავის უნდა.
ლაშამ საკაცე გვერდზე გააგორა, მის ადგილას მაგიდა მოაჩოჩა, ზედ შედგა, ფანჯარა გამოაღო და უხმაუროდ გადაძვრა გარეთ.
ახლა ჩემი ჯერი იყო, მთელი ძალა მოვიკრიბე, კისერზე ჩვარივით ჩამოკიდებული ჯაბა მაგიდისკენ მივაბრუნე და მომთხოვნი ტონით ვუთხარი.
- მაგიდაზე უნდა ახვიდე ძმა.
ბონდარენკომ მხოლოდ არაფრისმაქნისად შეაქანა პარალიზებული ხელები, მაგიდას მოეპოტინა, მისი ძალისხმვა ფუჭი იყო, ამიტომ კუნთები დავძაბე, წელზე ხელი მოვხვიე და მაგიდაზე შემოვსვი.
რამდენიმე წუთში ფანჯრიდან ლაშამ შემოიხედა.
- გარეთ არავიანაა, - ჩურჩულით თქვა, მერე მაგიდისკენ გადმოხარა, ჯაბას იღლიებში ხელი ამოსდო და ფანჯრისკენ გაათრია.
ლაშა ზემოთ ქაჩავდა, მე კი ქვემოდან ვაწვებოდი, რამდენიმე წუთი ვიწვალეთ, თუმცა ბოლოს და ბოლოს ფენობარბიტალით სანახევროდ გათიშული ჯაბა დაბალი სარკმელიდან ნაწვიმარ და გაყინულ ქვაფენილზე გადავაგორეთ.
გარეთ არ წვიმდა, მხოლოდ ზამთრისთვის დამახასიათებელი სუსხი იდგა, გაყინულ ქვაფენილზე გაშხლართულ ბონდარენკოს სახეზე მკვდრის ფერი ედო, სიცივეს აყოლილი ბნედიანივით კანკალებდა და გახშირებულად სუნთქავდა.
მის შემხედვარე ყოველგვარი იმედი გადამეწურა, მეგონა მოკვდებოდა, სამდღიანმა ხელვნურმა კომამ ძალიან დაასუსტა, თუმცა ვამჩნევდი, როგორ ებრძოდა მედიკამენტის ზეგავლენას, ცდილობდა მოგვხმარებოდა, ჩვენს შეძახილზე უმნიშვნელოდ რეაგირებდა და კონვულსური მოძრაობით ქვაფენილიდან წამოდგომას ლამობდა.
რაც შეიძლება მალე უნდა გავცლოდით აქაურობას.
- «შუსტრად» ლაშა, - გავსძახე მეგობარს.
მან ნაწყენი მზერა მომაპყრო, მერე გაცრეცილი ქურქი გაიძრო, ძალაგამოცლილ ბონდარენკოს ბეჭებზე მოახურა და ყურში ჩაშჩურჩულა.
- ცოტაც მოითმინე «ბრატ».
შუაღამე სრულდებოდა.
საავადმყოფოს უკანა ეზო ქურდულად მოვათვალიერე, ახლო-მახლო არც განათება იყო და არც სულიერის ნასახი ჩანდა, მხოლოდ ქუჩაში კანტი-კუნტად მავალი ავტომობილების შუქფარები თუ გაიევლებდნენ ხოლმე.
ქვაფენილზე მიგორებულ ჯაბას წამოჯდომა მოეხერხებნა, ალბათ მის ორგანიზმში მომძლავრებულმა ადრენალინმა და ლაშას გაცრეცილი ქურქის სითბომ, ფენობარბიტალის ზეგავლენა დროებით დაჯაბნა, ჩაბნელებულ ეზოს არაფრისმეტყველი სახით ათვალიერებდა, მერე უაზრო თვალებით ამოგვხედა და მისამარებული ხმით იკითხა.
- სად ვარ?
- მაგას მერე აგიხსნით «ბრატუხა», - ლაშამ ჩურჩულით უპასუხა, - ახლა კი მოგვეხმარე და ფეხზე წამოდგომას ეცადე.
მან უმწეოდ გადაიქნია თავი, უფრო სწორად უღონოდ გადააგო გვერდზე, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ წამოდგომა უჭირდა, ამიტომ მივეშველეთ, გვერდებიდან ამოვუდექით და სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთეთ ჩაბნელებული ეზო.
მისი პარალიზებული ფეხები ჩვენს სწრაფ ნაბიჯებს ვერ ეწყობოდა და სანახევროდ სველ ქვაფენილზე ეთრეოდა.
უკანა ჭიშკარი ღია დაგვხვდა, ისე გავედით ეზოდან ვერავინ შეგვამჩნია, იმ მომენტში ვიღაც გამვლელს რომ დავენახეთ, იფიქრებდა საავადმყოფოდან მალულად მიცვალებულს მიათრევენო, რადგან ქურქში გახვეული ჯაბას უმოძრაო სხეული სიცოცხლის ნიშან-წყალს არ ამჟღავნებდა.
სანამ ქუჩის განაპირას მდგარ ავტომდე მივიდოდით ორჯერ შევისვენეთ, ჩაბნელებული ტროტუარი მოვათვალიერეთ და მერე განვაგრძეთ გზა.
როცა ლაშამ კაბინის კარი გამოაღო, ჯაბას წეღანდელი ადენალინის ნაკადი საბოლოოდ განელებოდა, თავჩაქინდრული ძილს ვერ უმკლავდებოდა და ჩვენს ძახილზეც არ რეაგირებდა.
- იმედია არ «დაიბრიდება», - ჩემი ყველაზე შავ-ბნელი ფიქრი ხმამაღლა გააჟღერა ლაშამ.
- ღმერთმა დაგვიფაროს, - თვალები ღამეულ ცას აღვაპყრე, - ჩვენი თავისუფლება მის სიცოცხლეზეა დამოკიდებული.
ლაშა თავის დაქნევით დამეთანხმა, მერე კაბინაში შეძვრა და ჯაბა ფრთხილად დააწვინა ავტომობილის უკანა სავარძელზე.
გაქცევა გამოგვივიდა.
ამ წარმატებით კმაყოფილი ვიყავი, ავტომობილთან ვიდექი და «სიდენიაზე» ემბრიონის პოზაში მოუხერხებლად მიწოლილ ბონდარენკოს ვუმზერდი, რომელსაც ფენობარბიტალის წყალობით ავადმყოფურად, არაჯანსაღად ეძინა, არათანაბრად სუნთქავდა და დახუჭული ქუთუთოების მიღმა მისი თვალები კონვულსურად მოძრაობდნენ, თითქოსდა კოშმარულ სიზმრებს ხედავენო.
ძრავის ყრუ რახრახმა ფიქრები შემაწყვეტინა, ლაშამ მანქანა დაქოქა, შემდეგ კაბინიდან გამომხედა და ხმამაღლა დამიყვირა.
- რაღას ელი ბექა წავედით.
ჩაბნელებული ქუჩა ერთხელ კიდევ მოვათვალიერე, უკანა კარი მივხურე და კაბინაში მოვკალათდი.
- სად უნდა წავიდეთ ამ შუაღამისას? - დაბნეულმა ვიკითხე.
- მთავარია ამ ადგილს გავეცალოთ, - ლაშამ სიბნელეში ჩაძრულ საავადმყოფოს შენობას გახედა, რომლის მუქი სილუეტი მრისხანედ წამომართულყო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს.
ხმა არ ამომიღია, წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა წავსულიყავი, არსად მეგულებოდა ისეთი ადგილი, სადაც ჯაბას პირველად დახმარებას აღმოუჩენდნენ, ჩვენც შეგვიფარავდნენ და თან უდანაშაულობის დამტკიცებაშიც დაგვეხმარებოდნენ.
გონებაში ჯუტად განვიხილავდი სხვადასხვა ვარიანტს: - ჩემი აზრით რაციონალური გამოსავალი კვლავ ქალაქის მიტოვება იყო, გავხიზნულიყავით სოფელში, სადაც რომელიმე ექიმბაში ჯაბას უწამლებდა, ჩვენ კი მოვლენების განვითარებას დაველოდებოდით.
რას მოგვიტანდა პასიურობა? ან როგორ განვითარდებოდა მოვლენები? - ეს შეკითხვები მოსვენებას არ მაძლევდა, დარწმუნებული ვიყავი როცა ჯაბას გაუჩინარებას აღმოაჩენდნენ არც დამნაშავეები იჯდებოდნენ გულხელდაკრეფილი და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებდნენ, რათა მდგომარეობა გამოესწორებინათ.
რით შეგვეძლო წინააღმდეგობა გაგვეწია? - ამ შეკითხვის საპასუხოდ, მხოლოდ მსრები შემეძლო ამეჩეჩა.
თუმცა არსებობდა მოქმედების მეორე ვარიანტიც: - ლაშას რჩევა გამეთვალისწინებინა და სპონტანურად გვეაზროვნა.
ნერვიულად ვისრესდი შუბლს და ჩაბნელებულ გზატკეცილს ვუმზერდი, რომელზეც ხმამაღლა მირახრახებდა «ნოლადინი» - სადამდე მიგვიყვანდა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება? ან რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ხვალ?
უკვე ახალი ვერსიების აგება აღარ შემეძლო, ფანტაზიის უნარიც ამომეწურა, ამიტომ ერთი გულიანად ამოვიოხრე და ბედისწერას მივენდე.
«დეტექტივობანა» სულაც არ ჰგავდა თამაშს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Au gadavylape kiar cavikitxeee. Patara tavi iyoo. Imedia male dadeb momdevnos Torem gamiskda guli nerviulobit
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი Nako

Zaan magari iyo super

 


№3  offline წევრი omexi

მადლობა დადებითი შეფასებისთვის. ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად დავწერო, მაგრამ თქვენ ისეთი ტემპით კითხულობთ, რომ საეჭვოა თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილო. :) ცოტა ლოდინი მოგიწევთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent