შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (15)


16-07-2019, 17:01
ავტორი omexi
ნანახია 144

დეტექტივობანა - (15)

დღე მეათე
საავადმყოფო კარგა ხანია რაც უკან მოვიტოვეთ, ლაშამ მჭიდროდ დასახლებული უბნიდან, თამარ მეფის გამზირის ნაცვლად, პაოლო იაშვილის ქუჩით გასვლა ამჯობინა, რადგან ის ნაკლებ დატვირთული გახლდათ და ავტო ქალაქის პერიფერიისკენ გააქროლა.
შუაღამის პირველი საათი სრულდებოდა, ქალაქს ღრმა ძილით ეძინა, მხოლოდ ეგერ-აგერ თუ მოჰკრავდი თვალს ეულად შემორჩენილ მგზავრს, რომელიც უხმოდ მიაბიჯებდა ტროტურზე.
რამდენიმე წუთი ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩებით ვიარეთ, როცა საკმაოდ გავცდით ცენტრალურ უბანს, ერთ ჩაბნელებულ ჩიხთან შევჩერდით, ლაშამ გარემო დაკვირვებით მოათვალიერა, ავტო ჩიხში შეაყენა და ძრავი ჩააქრო.
კაბინაში საკმაოდ თბილოდა, ჯაბას კვლავ ეძინა, სითბოდან ლოყები ოდნავ შევარდისფერებოდა და შედარებით მშვიდად სუნთქავდა. ლაშას გაცრეცილი ქურქი კი ნახევრადშიშველ სხეულს უფარავდა.
- ნუ გეშინია არ მოკვდება, - ლაშამ ხელის ბეჭზე დამკვრით გამამხნევა, - ახლა მშვიდად შეგვიძლია რამე გეგმა მოვიფიქროთ.
მერაბ კოსტავას ჩიხში ვიდექით, რომლის ჩაყოლებაზე ორსართულიანი სახლები ჩამწკრივებულიყო, ადგილბრივი მოსახლეობის უმეტესობას ეძინა, მხოლოდ რამდენიმე ფანჯარაში ციმციმებდა ლაფის სუსტი შუქი.
ჯაბას თვალი მოვარიდე, მისი მდგომარეობა მეც იმედს მმატებდა, მართალია გათიშულს ეძინა, მაგრამ სულაც არ ჰგავდა მომაკვდავს, მერე ლაშასკენ მივტრიალდი და ხმადაბლა ვკითხე.
- გაქვს რამე გენიალური იდეა?
მან თავი დაფიქრებულმა მოიფხანა.
- ბიჭო ნათესავები ბლომად მყავს, მაგრამ ამ საქმეში ვერაფრით დაგვეხმარებიან, - სვენებ-სვენებით წარმოსთქვა, - რა თქმა უნდა ღამის გათევას არ დაგვამადლიან, მაგრამ მედიცინისა და სამართალმცოდნეობის არაფერი გაეგებათ, თან ჩვენი სტუმრობით «შარს» გადავკიდებთ.
- ვიცი ძმაო, - დავეთანხმე მეგობარს, - მერე დაიწყება გაუთავებელი შეკითხვები, ეს როგორ მოგივიდათ? ჭკუა სად გქონდათ? ქალებს რომ აყევით ყველაფერი მაგის ბრალია და ბლა, ბლა, ბლა.
- არ თქვა თუ ძმა ხარ, - ლაშამ ხელი ჩაიქნია.
- მოკლედ ნათესავები გამოვრიცხეთ, აბა რა ვქნათ?
- თათიას ხომ არ მივადგეთ?
თათიას ხსენებამ, სასიამოვნო მოგონებები გამიღვივა, მასთან გატარებული ღამე ნეტარი ღიმილით გავიხსენე, რომელიც კაფე «პალერმოში» გადახდენილი თავგადასავლის ბნელი მხარის სასიამოვნო კომპენსაცია იყო.
ურიგო აზრი არ გახლდათ, მაგრამ ბევრი ნაკლი ჰქონდა, პირველი - გოგონები დაგვშორდნენ, თან გვაგრძნობინეს, რომ ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდათ, მეორე - კაფეში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ალბათ დაუყოვნებლივ მიატოვებდნენ ქალაქს და თბილისში გადაბარგდებოდნენ და მესამე - ვთქვათ რამე მიზეზით წასვლა ვერ მოახერხეს, რაც ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენებოდა, მაგრამ ქალაქში რომც დარჩენილიყვნენ ჩვენი სტუმრობა არაფრით გაახარებდათ და რა თქმა უნდა კარსაც არ გაგვიღებდნენ.
თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
ლაშა უტყვად მიმიხვდა ნაფიქრალს, ტუჩები დანანებით გააწკლაპუნა და გაწბილებულმა ჩაილაპარაკა.
- არადა ყველაზე მომგებიანი ვარიანტი ეგ იყო.
ხმამაღლა ამოვიოხრე.
- მე ვფიქრობ, კვლავ სოფელში დავბრუნდეთ.
- ამას რა ვუყოთ? - ლაშამ უკანა სავარძელზე მთვლემარე ჯაბას გადახედა.
- ახლა შედარებით უკეთაა, - ბონდარენკოს დავაკვირდი, - ვფიქრობ ნორმალური დასვენების შემდეგ, მისი ორგანიზმი ფენობარბიტალს გამოდევნის, ჩვენ კი ამასობაში «დეტექტივობანას» გავაგრძელებთ.
ლაშამ მხრები აიჩეჩა.
- არ გეთანხმები ბექა, «იასნია» გამოძიება წარმატებულად დავიწყეთ, «დეტექტივობანამ» გაამართლა, ყურადსაღებ სამხილს მივაგენით, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულსაც ახდის ფარდას და ჩვენც გადაგვარჩენს, მაგრამ, - აქ წამით გაყუჩდა და ყოყმანით დაუმატა, - ვფიქრობ ახლა გვჭირდება პროფესიონალის დახმარება.
მეგობრის აზრის წყობას ჩავწვდი, რა თქმა უნდა «პროფესიონალში» ის ნაცნობ იურისტს ან ადვოკატს გულისხმობდა.
- გყავს ვინმე კანდიდატი? - ვკითხე.
- არის ერთი, - მან ეშმაკურად გადმომხედა, - მაგრამ ვფიქრობ შენ არ მოგეწონება.
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, რატომ არ უნდა მომწონებოდა მისი ნაცნობი იურისტი? ლაშას იჭვნეულად გადავხედე და შუბლმოკუმულმა ვუპასუხე.
- ისეთ «პონტში» ვართ, რომ საკაპრიზოდ არ გვცხელა, ამიტომ ყველანაირ დახმარებაზე თანახმა ვარ.
- მაგაში მართალი ხარ.
მეგობარს ვუმზერდი, ველოდი როდის დაასახელებდა ნაცნობი იურისტის სახელს, ის კი რატომღაც ყოყმანობდა, ბოლოს ვერ მოვითმინე.
- სახელს არ მეტყვი? - ვკითხე.
ლაშამ ხმადაბლა ჩაახველა, თითქოს ყელი ჩაიწმინდა და გამოკვეთილად თქვა.
- მარიამ პაიკიძე.
ჯერ მეგონა მომესმა მეთქი, მერე ხუმრობად ჩავთვალე, მეგობარს თვალებში მივაჩერდი და ღიმილით ვკითხე.
- «მეღადავები»?
- არა ძმაო, - ხელები გაასავსავა ლაშამ, - «საღადაოდ» გვაქვს საქმე?
სახუმაროდ მართლაც არ გვცხელოდა, ამიტომ შუბლმოკუმული დავდუმდი, გონებაში მეგობრის სიტყვებს ვაანალიზებდი: - მარიამ პაიკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო დეპარტამენტის სისხლის სამართლის გამომძიებელი.
ოცდაათი წლის ქალბატონი იქნებოდა, კუდად შეკრული წითური თმა და მოკლე ცხვირი ჰქონდა, სქელლინზიან სათვალეს ატარებდა, რომელიც მის დაჭორფლილ სახეს უკარება იერს მატებდა, მუდამ მკაცრ პიჯაკსა და მუხლს ჩამოცილებულ ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი.
ალბათ დაგაინტერესებთ საიდან ვიცოდი ასე დაწვრილებით ამ ქალბატონის თანამდებობა და გარეგნობა? საქმე იმაშია, რომ მარიამ პაიკიძე ჩვენი კრიმინალისტიკის ლექტორი გახლდათ, სწორედ ის ქალბატონი, რომლის სასემესტრო გამოცდა ხუთი დღის წინ გვქონდა დანიშნული, ჩვენ კი მისი კონსერვატიული «სიფათის» ხილვას, კაფე «პალერმოში» ქეიფი ვამჯობინეთ.
- რა სისულელეა, - ხელი ავუქნიე მეგობარს, - რატომ გგონია, რომ ეგ «სტერვა» ამ შუაღამისას სახლში შეგვიშვებს? ნორმალურად არც გვიცნობს, - ლაშას გამომცდელად გადავხედე, - პირადად მე კრიმინალისტიკას მხოლოდ რამდენჯერმე დავესწარი, შენ კი ერთხელაც არ დამინახიხარ მის ლექციაზე.
- მასეც არ არი საქმე ბექა, - ლაშა კატეგორიულად შემეპასუხა და თვალი მომარიდა, - მართალია მის ლექციებს ხშირად «ვსტრახავდი», მაგრამ ამას ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - მხრები აიჩეჩა, - მთავარია მარიამ პაიკიძე პროფესიონალი, საქმის მცოდნე და პატიოსანია.
- ანდროფობია დაგავიწყდა, - ღიმილით დავუმატე, - სტუდენტებს რომ აწვალებს და ნიშანს არ უწერს, ისიც არ გამოგრჩეს მხედველობიდან.
- ვფიქრობ მარიამ პაიკიძე ყველაზე «ნადიოჟნი» ვარიანტია, - ჯიუტად ჩაიდუდღუნა მან.
იჭვნეულად გადავხედე მეგობარს.
- შენ რაღაცას მიმალავ, რა გარანტია გვაქვს, რომ არ დაგვაპატიმრებს?
ტუჩი დაფიქრებით მოიკვნიტა, შემდეგ ხელი ჩაიქნია, ერთიც გულიანად ამოიოხრა და გადამჭრელი ტონით მითხრა.
- რაც არი, არი ყველაფერს გეტყვი, «» რასაც ჩემზე იფიქრებ.
- მიდი, მიდი «ჩამოყაჭე» ცოდვები, - ხითხითით შევაგულიანე ის.
- მოკლედ ეგ ქალი «მევასება» რა, - ლაშამ თავი ისე ჩაღუნა, თითქოსდა საკუთარი სიტყვების რცხვენიაო, - «ვეჩალიჩებოდი», ერთხელ ფლირტი ვსცადე, შევხვდით კიდეც, მაგრამ არაფერი გამომივიდა, უარი მითხრა.
- «ობანა», - გაოცებულმა გაბმით დავუსტვინე, - ესე იგი «კერავდი»? - გავიღრიჭე, - დაგავიწყდა, რომ კაცებს ვერ იტანს?
- ეგ «ტუპოი» სტუდენტების მოგონილია, დამიჯერე ანდროფობია არ სჭირს, «პროსტო» უკარება «ტიპშაა».
- «იზვინი» ძმაო, წეღან «სტერვათი» მოვიხსენიე, - მოვუბოდიშე მეგობარს.
- გეკადრება? - ნაწყენად გადმომხედა.
- ესე იგი მისი იმედი გაქვს?
- რა თქმა უნდა, - ლაშამ დამაჯერებლად დაიქნია თავი, - ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაძირალებთან არაფერი აკავშირებს.
ლაშა ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა, რომ გავვოცდი, სამი წელია ვიცნობდი მას და ასეთი აღტკინებული არასდროს მინახავს, თვალები უცნაური ცეცხლით უკიაფებდა.
- გამარკვიე თუ ძმა ხარ, გიყვარს თუ «პროსტო» «ეპადხოდები»? - ვკითხე.
მეგობარი თვალებში მომაჩერდა და სერიოზულად მითხრა.
- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვვი, - მხრები აიჩეჩა, - ჩემზე შვიდი წლით უფროსია, სხვადასხვანაირები ვართ, ერთნაირი ინტერესები არ გვაქვს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მიზიდავს.
- «შორით დაგვა, შორით ალვა», - ყურთან წავუღიღინე მეგობარს.
- გეყო თუ ძმა ხარ, - ხელი ამიქნია ლაშამ.
სადღაც წამიკითხავს, რომ სტუდენტსა და ლექტორს შორის ხშირია სასიყვარულო ურთიერთობა, მიზეზი სხვადასხვაგვარია, მათ შორის ლექტორების ინტელექტით მოხიბვლა სჭარბობს, აქედან გამომდინარე შეყვარებული სტუდენტების უმეტესობაც - გოგონაა, თუმცა ლაშას შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო.
მართალია მე ამ მოსაზრებას არ ვემხრობოდი, სტუდენტობასაც ისე ვატარებდი, რომ ლექტორებთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩემგან განსხვავებით ლაშა სულ სხვა თვალით უმზერდა ქალბატონ მარიამს.
ცოტა ხანი ვდუმდი, შემდეგ ნიკაპი მოვისრისე და მეგობრისკენ მთელი ტანით მივტრიალდი.
- შენს «დვიჟენიაში» ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე, - თვალებმოჭუტულმა დავიწყე მსჯელობა, - ესე იგი ახლა მასთან არ ურთიერთობ?
- არა, - გულახდილად მითხრა, - მხოლოდ ერთხელ შევხვდი.
- მე კი ამ დროს «ჭურში ვიჯექი», როგორ მოახერხე დამალვა?
- თავად მთხოვა.
მეგობრის სიტყვებს მდუმარედ შევხვდი, მან ხომ ამ გულახდილი აღიარებით მისი მეორე სახე დამანახა.
წამით ლაშა და ქალბატონი მარიამი ერთად წარმოვიდგინე, კვლავ თვალწინ დამიდგა ქალის კონსერვატიული გარეგნობა, რაც უფრო ვიხსენებდი მის ყოველ ნაკვთს: - პროპორციულ ფიგურას, რომელსაც მკაცრი კოსტიუმი მკვეთრად უსვამდა ხაზს, სათვალეებს მიღმა მომზირალ თაფლისფერ თვალებს, დაჭორფლილ სახესა და სქელ ტუჩებს, ვხვდებოდი, რომ მარიამ პაიკიძე საკმაოდ მიმზიდველი გახლდათ.
თავისებური შარმი ჰქონდა, რითაც ალბათ ლაშა მოხიბლა, მე მეგობრისგან განსხვავებით სხვანაირ ქალებს ვანიჭებ უპირატესობას, ჩემს გემოვნებაში თათიას თინეიჯერული სტილი უფრო ჯდება.
გონებაში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა: - რატომ იყო დარწმუნებული რომ დაგვეხმარებოდა? ან რა გარანტია გვქონდა, რომ შეძლებდა გამოძიებისთვის თავის გართმევას? მაგრამ არაფერი მიკითხავს, მაშინ ამის შესაფერი დრო ნამდვილად არ იყო, უბრალოდ ხელი ბეჭზე დავკარი და ხალიასიანად ვუთხარი.
- ნამდვილი გულთამპყრობელი ხარ.
არაფერი უთქვამს, უხმოდ იჯდა და სიბნელეს ჩაშჩერებოდა, სახეზე სევდა ემჩნეოდა, ალბათ წარუმატებელი პაემანის გახსენებამ თუ დაამწუხრიანა.
- საოცრად ჭკვიანი ქალია, - დინჯად წარმოსთქვა, - ერთადერთი ქალი გამომძიებელია, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობს.
- მერედა ამოხსნის ამ რებუსს? - უკანა სავარძელზე გაშხლართულ ჯაბას გადავხედე.
- მე ძმაო მის პოტენციალში ეჭვი არ მეპარება, კომუნისტურ ეპოქაში ჩარჩენილ გაქსუებულ გამომძიებლებს არ ჰგავს, თანამედროვეა, განათლება საზღვარგარეთ მიიღო, კენტის საგრაფოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა.
- ოჰო, - ლაშას გაოცებული მივაცქერდი, - ესე იგი ინგლისში სწავლობდა?
- Uნივერსიტყ ოფ კენტ, ასე ჰქვია მის სასწავლებელს, რომელიც ქალაქ კენტერბერში მდებარეობს.
- კი მაგრამ ერთ პაემანზე მოასწარი ამდენი რამის გაგება?
- არა ძმაო, დედაჩემის თანამშრომელი მარიამის შორეული ნათესავი აღმოჩნდა და ყველაფერი მისგან შევიტყვე.
ვატყობდი ლაშას საოცრად სიამოვნებდა ქალბატონის ქება, ვერ ვხვდებოდი მართლა შეყვარებული იყო ამ ქალზე თუ მისი «დილიხორი» ჰქონდა?
- სწორედ დედაჩემის თანამშრომლიდან გავიგე, რომ ბავშობიდანვე უცხოეთში სწავლაზე ოცნებობდა, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, - მშობლებმაც ხელი შეუწყვეს და როგორც კი თვრამეტი წელი შეუსრულდა ინგლისში გაამგზავრეს, არ გეგონოს, რომ მდიდარი ოჯახიდანაა და მამის ფულებით მოეწყო, ყველაფერს საკუთარი ნიჭით მიაღწია, - ამ წინადადებაზე მან მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, - მისი ნათესავი განსაკუთრებით იმით ტრაბახობდა, რომ მარიამმა დიდი ბრიტანეთის მთავრობიდან სწავლის ას პროცენტიანი დაფინანსება მიიღო.
- ვაა, - გაოცება ვერ დავმალე.
- ჯერ სად ხარ, - ნიშნის მოგებით მომიგო ლაშამ, - როგორც ყველა უცხოელი სტუდენტი სწავლას, სამსახურსაც უფარდებდა, თავიდან ერთ პატარა კაფეში მიმტანად მუშაობდა, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, - ლაშამ ეშმაკურად შემომხედა და ღიმილით მითხრა, - ეს ამბავი ყველაზე მეტად დაგაინტერესებს.
შუბლმოკუმულმა შევხედე.
- ლონდონში გადასახლებაზე მეუბნები? - დაბნეულმა ვიკითხე.
- ზუსტად, - თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია, - ყველაზე მნიშვნელოვანს ახლა გეტყვი, - ლაშამ ღრმად ჩაისუნთქა და დამარცვლით წარმოსთქვა, - როგორც კი ლონდონში მოხვდა სკოტლანდ იარდში დაიწყო მუშაობა, განსაკუთრებულ დანაშაულთა განყოფილებაში უმცროს კონსტებლად მოეწყო.
ამას უკვე ნამდვილად არ ველოდი, ლაშას მონათხობმა საბოლოოდ გამაოცა: - კენტის საგრაფოს უნივერსიტეტი, ლონდონი, სკოტლანდ იარდი, განსაკუთრებულ დანაშაულთა განყოფილება, სისხლის სამართლის გამომძიებელი, ეს ქალი გოთიკური ნაწარმოების გმირს ჰგავდა.
ლაშა ღიმილით მიმზერდა, ალბათ ჩემმა გაოცებულმა სახემ თუ გაამხიარულა, შემდეგ სავარძლის საზურგეს ხვნეშით მიაწვა და თავის კანტუნით დაასკვნა.
- ამიტომაც მაქვს მისი იმედი, უცხოეთში მიღებული გამოცდილების წყალობით, ყოველ საქმეს კრეატიულად უდგება.
- საქართველოში რატომ დაბრუნდა?
ლაშამ მხრები აიჩეჩა.
- ლონდონში ხუთი წელი იცხოვრა, მისი ნათესავის თქმით, საქართველოში დაბრუნებას არც აპირებდა, მაგრამ მოხუცმა მშობლებმა დაახათრიანეს.
ცოტა ხანი ვიყუჩეთ, მოსმენილს ვაანალიზებდი, იქნებ გაამართლოს კრეატიულმა აზროვნებამ? ორგანიზებულ დანაშაულს, არაორდინალური მიდგომა სჭირდება.
იოსებ მოდებაძე საოცრად მოწესრიგებული და გაწონასწორებული ადამიანის წარმოდგენას ტოვებს, რომელსაც ყველა წვრილმანი წინასწარ აქვს გათვლილი, ჩემი აზრით კი წესრიგს - წესრიგით ვერ დაუპირისპირდები.
შეიძლება სისულელეს ვფიქრობ, სრულყოფილად დაგეგმილ დანაშაულს, ზერელედ ვერ გამოიძიებ, იმისთვის რომ დადებით შედეგს მიაღწიო, ბევრი უნდა იშრომო, რაციონალურად იაზროვნო და საქმის მსვლეობას სწორი მიმართულება მისცე.
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვხვდებოდი - მარიამ პაიკიძე საუკეთესო კანდიდატი იყო, არ ჰგავდა სხვა გამომძიებლებს, იქნებ სწორედ ის რაციონალურად მოაზროვნე სამართალდამცავი გახლდათ, რომლის პოვნის იმედი არ გვქონდა და შექმნილ გარემოებათა გამო, მაინც მივაგენით.
ახლა მხოლოდ მის მდიდარ სამუშაო გამოცდილებაზე ვიყავით დამოკიდებული და იმედი მქონდა უცხოეთში მიღებული განათლების წყალობით ჩვენს დახმარებას შეძლებდა.
ხმამაღლა ამოვიოხრე და მეგობარს მივუბრუნდი.
- მიგვიღებს? - დაფიქრებულმა ვიკითხე, - ნაჩხუბარი რომ ხარ?
- ნაჩხუბარი არ ვარ, პაემანის შემდეგ, ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე, ერთმანეთს ცივილურად «გავუიასნეთ», - შუბლი მოისრისა, - თუ მომისმინა, მერე აუცილებლად დაგვეხმარება.
- რას ვკარგავთ, ვსცადოთ, მაგრამ ახლა გვიანია, - ჩაბნელებულ ქუჩას გავხედე.
- ღამის ცხოვრება უყვარს, ბუნებით ჭოტია, გვიანობამდე არ იძინებს, ხან კითხულობს, ხან მუშაობს.
- ესეც მისმა ნათესავმა გითხრა?
- არა, - ცალყბად ჩაიცინა ჩემმა მეგობარმა, - ეს თავად გამიმხილა პაემანზე.
- იცი სად ცხოვრობს?
- რა თქმა უნდა, - ლაშამ მხრები აიჩეჩა, - მარტო ცხოვრობს, აქვე ახლოს, საფიჩხიაზე, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Au ramagariaa. Moutmenlad geloditt.adlobaaa. martalia cin ufro magari rameebi gvelodeba. Magram sibneleshi gamochnda shuqii. Vnaxot tu gaamartlebss
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent