შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (16)


17-07-2019, 23:58
ავტორი omexi
ნანახია 143

დეტექტივობანა - (16)

**********

საფიჩხია - ქუთაისის ერთ-ერთი ძველთა-ძველი უბანი, ქალაქის პერიფერიაში მდებარეობს, მდიდარი გახლავთ ფლორითა და ფაუნით, უხსოვარ დროს ადგილობრივი მოსახლეობა მის შემოგარენში ფიჩხს აგროვებდა და ყიდდა, აქედან წარმოიშვა მისი დასახელებაც.
მოკლედ ისტორიის გაკვეთილებს მაინც ვერ გავექეცი, სიმართლე გითხრათ მაშინ წარსულში საქექად ნამდვილად არ მეცალა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი საფიჩხიის ადგილმდებარეობა გახლდათ, აღნიშნული უბანი ჩვენგან საკმაოდ ახლოს მდებარეობდა და მერაბ კოსტავას ჩიხიდან მხოლოდ ერთი კილომეტრით იქნებოდა დაშორებული.
ლაშამ ავტო 26 მაისის გზატკეცილზე გაიყვანა, მიუხედავად სიბნელისა, შესანიშნავად ორიენტირებდა, არც გამკვირვებია, რაც ვიცნობდი სულ ამ დანჯღრეულ «ნოლადინს» დაახრიგინებდა, გამოცდილი მძღოლი იყო და ყოველ ქუჩას საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა.
ათ წუთში უკვე ქუთაისის უძველეს უბანში ვიყავით, შორს საფიჩხიის გაპარტახებული რკინიგზის სადგური ჩანდა, მოუვლელობისგან გავერანებული შენობა, ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს შორის საცოდავად ჩაჩხერილიყო.
თვალებმოჭუტული ვაკვირდებოდი რკინიგზის სადგურს, საკმაოდ შორს იყო ჩვენგან, თუმცა მაინც მოვახერხე მისი დანგრეული ბაქნის შეთვალიერება, ეტყობოდა წლების განმავლობაში ერთ მგზავრსაც არ დაედგა ფეხი ამ ბაქანზე.
როცა რკინიგზის სადგური უკუნში გაითქვიფა, ჩემი ყურადღება ქუჩის ბოლოში წამოჭიმულმა ამაღლების ტაძარმა მიიპყრო, მიუხედავად სიბნელისა ქვით ნაგები მასიური კედლები უცნაურად გასხივოსნებული მეჩვენა.
ტაძარი ერთი შეხედვით ჰაერში გამოკიდებული გეგონებოდათ.
ზებუნებრივი ძალების არ მწამს, მაგრამ იმ მომენტში სხვა რა მეფიქრა არ ვიცოდი, ამიტომ გასხივოსნებული ტაძრის ხილვა კარგ ნიშნად ჩავთვალე და ლაშას გადავხედე, ისიც ინტერესით უმზერდა განათებულ კედლებს.
- ლამაზია, - აღფრთოვანებულმა წარმოსთქვა.
თავის დაკვრით დავეთანხმე.
ნელა ჩავუარეთ გვერდი ტაძარს, როცა ვიწრო გზაჯვარედინზე მოვტრიალდით და დავით კლდიაშვილის ქუჩას შევუყევით, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ეკლესიის ეზოში ბერებს კოცონი გაეჩაღებინათ, მივხვდი ყოველ ზებუნებრივს, სინამდვილეში ბუნებრივი ახსნა აქვს, მოცახცახე ალი ტაძრის კედლებს მოყვითალო შარავანდედით ასხივოსნებდა და მისტიკურ სილამაზეს სძენდა.
მარიამ პაიკიძე ქუჩის ბოლოს ცხოვრობდა.
ლაშამ ავტო მასიურ ჭიშკართან შეაჩერა და მშრალად მომიგო.
- აი მარიამის სახლიც.
ჩემმა მეგობარმა უცნაურად აწოწილი ორსართულიანი სახლი დამანახა, რომელიც მეზობლად მდგარი შენობებისგან განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩეოდა, ეტყობოდა ძველი აგებული იყო, კედლებზე ქართულ თემატიკაზე შექმნილი ჩუქურთმები მიეხატათ, ალბათ გაინტერესებთ საიდან მოვახერხე შუა ღამეში ჩუქურთმების გარჩევა? როცა ავტომობილი ჭიშკარს მიადგა, შუქფარებმა წამით შენობა გაანათდა და თვალი ვაზის ფორმის დაგრეხილ ორნამენტებს მოვკარი.
კრამიტით გადახურული წვეტიანი სახურავი გოთიკურ იერს აძლევდა, ამიტომ სულაც არ გამიკვირდებოდა ქუჩის ნუმერაციის აღმნიშვნელ გვერდებმომრგვალებულ ფირფიტაზე დავით კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად - ბეიკერ სტრიტი რომ ამომეკითხა.
- ნაღდად დეტექტივის სახლია, - შუბლმოჭმუხნულმა წარმოვსთქვი.
ლაშა თავის დაკვრით დამეთანხმა.
- მხოლოდ ერთხელ ვიყავი აქ, - დაფიქრებულმა წარმოსთქვა, - პაემანიდან შინ მივაცილე, მაშინ საღამო იყო და სახლი ასეთი პირქუში არ ჩანდა.
ის ზანტად გადავიდა კაბინიდან, ჩაბნელებულ ქუჩას თვალი მოავლო, სახლს გვერდიდან მოუარა, მერე ჩემსკენ მოტრიალდა და გაბადრული სახით მითხრა.
- ღვიძავს.
პირველად ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა, ვიფიქრე ბონდარენკომ გაიღვიძა-თქო და ავტომატურად უკანა სავარძელში მიწოლილ ჯაბას გადავხედე, ის კვლავ ხმადაბლა ფშტვინავდა, ისევ იმ მოუხერხებელ პოზაში იწვა, რომელიც კაბინაში ჩაჯდომისთანავე მიიღო.
როცა ლაშამ ჩემს დაბნეულ სახეს მოჰკრა თვალი, თავი უარის ნიშნად გაიქნია და ხმადაბლა დამიკონკრეტა.
- მარიამზე გეუბნები.
შემდეგ სახლის მარჯვენა ფრთისკენ მიმანიშნა, კაბინიდან გადმოვედი, მეგობარს მივუახლოვდი და იმ კედელს ავხედე, რომელსაც ლაშა უმზერდა, მხოლოდ ერთადერთი ფანჯარა იყო განათებული, მაგიდის სანათის მკრთალ შუქზე მკვეთრად ჩანდა თავდახრილი სილუეტი, ფანჯარა ქუჩის მხარეს არ გამოდიოდა, ეზოს გადაჰყურებდა, ამიტომაც ვერ შევამჩნიეთ თავის დროზე.
სიბნელეში ჩაძირული სახლს თვალი მოვარიდე და მეგობარს ვკითხე.
- ასე გვიანობამდე მუშაობს?
ლაშამ საათს დახედა, წამით მის ფოსფორისებულ ციფერბლატს მეც შევავლე თვალი, ღამის ორი საათი შესრულებულიყო.
- ხომ გითხარი თავის საქმეზე «აფანატებს»-მეთქი, - ის ჭიშკარს მიუახლოვდა, - ელექტროენერგიაც ყოფილა.
მივხვდი რასაც ფიქრობდა, ჭიშკართან ელექტროზარის მოზრდილი ღილაკი იყო მოწყობილი, ლაშამ ერთი გადმომხედა, მეც უტყვად დავუქნიე თავი, ამიტომ არც დაფიქრებულა ისე მიჭირა თითი ღილაკს.
ზარის ხმა არ გაგვიგია, სამაგიეროდ საწერ მაგიდისკენ თავდახრილმა ქალის სილუეტმა, საქმიანობას თავი ანება, ფეხზე წამოდგა, ჯერ ფანჯარაში გაიხედა, მერე უკან მიტრიალდა და მისი მკვეთრი მოხაზულობა ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა.
ორი წუთიც არ გასულა ეზო მძლავრმა ლამპიონმა გაანათა, მერე მასიურ ჭიშკარში პატარა სარკმელი გაიღო და ქალის ხმამ დაბალი კონტრალტოთი1 იკითხა.
- რომელი ხარ?
ლაშამ ჭიშკრისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ავტომობილის შუქფარებით განათებულ ადგილისკენ გადაინაცვლა, რათა მასპინძელს უკეთ დაენახა
დაძაბული ვუმზერდი ამ სცენას, ლაშა რაღაცნაირად დარცხვენილი იყო, თავდახრილი იდგა პატარა სარკმლის წინ, შემდეგ ხმადაბლა ჩაახველა და მიმწყდარი ტონით თქვა.
- მე ვარ.
ქალს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ მისი ხმამაღალი ამოოხვრა გავიგონე, შემდეგ საკეტი აჩხრიალდა, ურდული ჭრიალით გაიწია და მასიური ჭიშკარი ოდნავ გამოიღო.
- ლაშა მეგონა ერთმანეთში ყველაფერი გავარკვიეთ, - სასიამოვნოდ ჩაიჩურჩულა ქალმა და ეზოდან გამოვიდა.
სულაც არ ჰგავდა იმ კონსერვატიულ ქალბატონს, რომელსაც ლექციებზე ვხედავდი, მკაცრი პიჯაკისა და შავი ქვედაბოლოს გარეშე, ბევრად მიმზიდველად გამოიყურებოდა, სეზონისთვის შეუფერებლად ეცვა, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მადისაღმძვრელად მოჯდომოდა თეძოებზე, გულამოღებულ მაისურზე კუბორკული პლედი შემოეხურა, რომელიც ძლივს უფარავდა სავსე მკერდს.
ყურადღება მის ფიგურაზე გავამახვილე, პროპორციული აგებულება ჰქონდა: - ვიწრო წელი, მომრგვალებული თეძოები, გრძელი ფეხები და სავსე მკერდი, გამიკვირდა ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ ვერ შევამჩნიე, მისი თვალშისაცემი ქალური ფორმები.
ქალმა შუქფარების მოკაშკაშე შუქს თვალი აარიდა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ლაშას, გვარიანად ციოდა, ღამის სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა, ჩემი მეგობარი თხელი სვიტერის ამარა იყო, გაყინულ ხელებს იორთქლებდა, მასპინძელს თვალს არ აშორებდა და უცოდინარი მოსწავლესავით ბეჭებაწურული იდგა მის წინაშე.
შემდეგ უხერხულად შეიშმუშნა, ხმადაბლა ჩაახველა და ლაკონურად უთხრა.
- სულ სხვა საქმეზე გაწუხებ.
ქალმა ბეჭები შეციებულად შეაქანა, პლედი კისერთან შემოიკეცა, ფეხი მსუბუქად მოინაცვლა და ირონიულად ჩაილაპარაკა.
- იმედია ამ შუაღამისას გაცდენილი გამოცდის ჩასაბარებლად არ მოსულხარ.
აღფრთოვანებული ვუმზერდი ლექტორს, ვერ ვცნობდი, კარდინალურად შეცვლილიყო, იხუმრა კიდეც, მისი ხუმრობა არასდროს მომესმინა, მუდამ სერიოზული და დაბღვერილი იყო.
ოდნავ დატალღული მწითური თმა, ბეჭებამდე ჩამოშლოდა, სქელი ტუჩები და ზემოთ აპრეხილი ცხვირი სიცივიდან გაფერმკრთალებოდა, სათვალე არ ეკეთა, თაფლისფერი თვალები კი მკრთალად ირეკლავდნენ შუქფარების შუქს, არც მაკიაჟი ჰქონდა, ამიტომ ჭორფლი მკვეთრად აჩნდა უნაოჭო სახეზე.
როგორც წესია ქალბატონები მაკიაჟისა და სხვა ატრიბუტების გარეშე - პომადა, ლაინერი, თვალის ჩრდილი, ბევრად უღიმღამოდ გამოიყურებიან, მარიამ პაიკიძე კი პირიქით - კაშკაშებდა, შეიძლება ყველაფერის მიზეზი შუქფარების შუქი იყო, შეიძლება ჩაცმულობა, ის ხომ პირველად ვიხილე არასამუშაო გარემოში.
მივხვდი რატომაც მოიხიბლა ჩემი მეგობარი - მართალია ქალბატონი მარიამი «ფეშენ» სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაგრამ ერთიანობაში საოცრად სექსუალური ქალი იყო.
- ნეტა გამოცდისთვის ვიყო ახლა აქ, - სინანული ჩაიბურტყუნა ლაშამ.
ქალს სახე მოეღუშა, შუბლი მოჭმუხნა და ინტერესით იკითხა.
- მშვიდობაა.
- მშვიდობა ნაკლებად.
წამით ორთავე გაჩუმდა, შემდეგ ლაშამ ხელი ჩაიქნია და ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია მთელი სათქმელი.
- მკვლელობას მაბრალებენ.
ქალბატონმა მარიამმა ლამაზად გადარკალული წარბები გაოცებულმა აპრიხა, ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ენა გააწკლაპუნა უკმაყოფილოდ.
- სამიოდე დღის წინ კაფე «პალერმოში» ჩხუბი რომ მოხდა, ალბათ საქმის კურსში იქნები, - ხმადაბლა ჰკითხა ლაშამ.
- რა თქმა უნდა, - თავი დაიქნია ქალმა, - თუ არ ვცდები ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, - დაფიქრებულმა მოჭუტა თვალები, ცოტა ხანი იყუჩა და დინჯად დაუმატა, - მაგ საქმეს ჩემი კოლეგა ლევან აშბა იძიებს.
ეს სახელი ისე მყარად მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი, რომ დაფიქრებაც არ დამჭირვებია, ყველაფერი გავიხსენე: - ლევან აშბა სწორედ ის კორუმპირებული გამომძიებელი გახლდათ, რომელიც იოსებ მოდებაძესა და ბორისთან დამნაშავეობრივ გარიგებაში იყო და ზემდგომებს ბონდარენკოს ფსევდომკვლელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციით ამარაგებდა.
- შენ რა კონტექსტში გაბრალებენ მკვლელობას? - სვენებ-სვენებით იკითხა ქალმა, - ჩხუბის დროს იქ იყავი?
ლაშამ თავი თანხმობის ნიშნად დაიქნია.
- ძალიან ცუდი, - მარიამმა დამწუხრებული სახე მიიღო, - ძალიან ცუდი, - დამარცვლით გაიმეორა, შემდეგ პლედი მოხერხებულად შემოიხურა და გადამჭრელად თქვა - აჯობებს სახლში შევიდეთ და ყველა დეტალი დაწვრილებით განვიხილოთ.
ლაშამ კმაყოფილი სახით გადმომხედა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მოშორებით სიბნელეში ვიდექი, ჩემს მეგობართან საუბარში გართული ქალბატონი მარიამი ვერ მხედავდა.
რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი, შუქფარებით განათებულ ადგილზე გავედი და მასპინძელს დავენახე.
ჩემი გამოჩენა მარიამისთვის მოულოდელი იყო, თუმცა არ შეშინებია, მხოლოდ მარჯვენა ფეხი ინსტიქტურად გადგა უკან და თავდაცვისთვის მოსახერხებელი პოზა მიიღო, ეს მოქმედება იმდენად დახვეწილად და უშეცდომოდ შეასრულა, რომ ქვეცნობიერად მივხვდი, ხელჩართულ ორთაბრძოლის ელემენტარული საფუძვლები კარგად ექნებოდა ათვისებული.
- ეს ჩემი მეგობარია, ბექა, - ლაშამ სიტუაცია განმუხტა და წარმადგინა, - ერთად ვიჩხუბეთ.
ქალი ეჭვიანი თვალით მომაჩერდა.
- ვიცნობ ბექას, - კუშტად ჩაილაპარაკა, - სისტემატურად აცდენს ლექციებს, არადა აჯობებდა კაფეებში სიარულის ნაცვლად განათლებაზე ეზრუნა.
დამრიგებლური ტონი ჰქონდა, მივხვდი დამნაშავეებად გვთვლიდა, ლაშამაც წეღან იმგვარად აღუწერა იმდღევანდელი შემთხვევა, რომ ქალს სხვა ვერსია არც გაუჩნდებოდა.
გულიანად ამოვიოხრე და ხმადაბლა მივმართე.
- საქმე იმაშია პატივცემულო, რომ არავინაც არ მომკვდარა.
ჩემმა სიტყვებმა საბოლოოდ დააბნია მასპინძელი.
- ვერ გავიგე, - შუბლმოწკურულმა იკითხა მან.
- ჯაბა ბონდარენკო, რომელიც ადგილობრივი ექიმის იოსებ მოდებაძის მტკიცებით ჩხუბის მეორე დღეს კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სინამდვილეში ცოცხალია, - წამომეშველა ლაშა, - ჩვენ კი ტყუილად გვაბრალებენ მკვლელობას.
- რასაც თქვენ ამბობთ სერიოზული ბრალდებაა, - ჩაილაპარაკა ქალმა, მოიბუზა და თავის კანტურით დააბოლავა, - დამამტკიცებელი საბუთი გჭირდებათ.
- გვაქვს, - გონორით წარმოვსთქვი, მანქანისკენ მივტრიალდი, უკანა კარი გამოვაღე და ქალს საშუალება მივეცი კაბინაში შეეჭვრიტა.
სავარძელზე ემბრიონის პოზაში საცოდავად მოკუნტულ ნახევრადშიშველ ჯაბა ბონდარენკოს, კვლავ მშფოთვარე ძილით ეძინა.


1 კონტრალტო (იტალ. contralto) - ქალის ყველაზე დაბალი ხმა, გამოირჩევა სიღრმით. საოპერო კონტრალტოები დიდ იშვიათობას წარმოადგენენ, ამიტომაც კლასიკურ რეპერტუარში მცირე რაოდენობის როლები მოიპოვება მათთვის.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Saocrad. Saocrad momconss. Imedia mariami daexmarebatt
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent