შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (17)


18-07-2019, 17:18
ავტორი omexi
ნანახია 188

დეტექტივობანა - (17)

**********

დინამიურად განვითარდა მოვლენები, ისე როგორც კლასიკურ დეტექტივში.
ქალბატონმა მარიამმა ჯერ მოსმენილი ინფორმაცია გაიაზრა, ცოტა ხანი თვალებმოჭუტულმა უმზირა მძინარე, ნახევრადშიშველ მამაკაცს, შემდეგ დაფიქრდა და ლაშას ეჭვიანი ტონით ჰკითხა.
- დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც კაფე «პალერმოში» ატეხილი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილად თვლიან?
ქალს გავხედე, თვალები ცნობისმოყვარეობისგან ანთებოდა, ეტყობოდა მის პიროვნებაში მთავარი ადგილი დეტექტივს დაეჭირა, სულაც არ აქცევდა ყურადღებას სუსხს, ბეჭებზე მოხურული პლედი, რომელიც მოძრაობაში ხელს უშლიდა, წელზე შემოეხვია და დაფიქრებული ისრესდა შუბლს.
- რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, მის სახეს რა დამავიწყებს, - ლაშა ემოციურად დაეთანხმა.
- ადრე მითხარი, მკვლელობას მაბრალებენო, - ქალმა სათითაოდ მოგვაპყრო მზერა, - თუ ეს კაცი ნამდვილად ისაა ვიზეც ვეჭვობ, მაშინ დანაშაული სახეზე არ გვაქვს, აქედან გამომდინარე მკვლელობაში ეჭვმიტანილებიც ვერ იქნებით.
ამ სიტყვების მოსმენა ძალიან მესიამოვნა, მართალია ვიცოდი, რომ დანაშაული - კერძოდ კი მკვლელობა სახეზე არ გვქონდა, მაგრამ როცა შენს ვარაუდს პროფესიონალიც დაადასტურებს, მაშინ ასი პროცენტით დარწმუნებული ხარ და თავს გამარჯვებულად თვლი.
ახლაც ანალოგიური შეგრძნება გამიჩნდა, ესე იგი ჩვენს ინიციატივას უნაყოფოდ არ ჩაუვლია, გონება დავძაბე და ყველა ის ლექცია გავიხსენე რაც აღნიშნულ თემასთან იყო კავშირში, რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ გარკვეულ დასკვნამდე მივედი.
მაშ ასე, ახლა ცოტა ხნით ჩემი მოსაზრებით შეგაწყენთ თავს, მომიტევეთ მაგრამ იურისპრუდენციის რთული ტერმინებით გაჯერებულ სამყაროში უნდა გადავეშვათ.
დანაშაულის განსაზღვრება დაახლოებით ასეთია: - საზოგადოებრივად საშიში, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელსაც კანონი სასჯელით ემუქრება.
მისი შემადგენლობის ნიშნები ორი ნაწილისგან - ობიექტური და სუბიექტური მხარისგან შედგება, მათი ერთობლიობა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვისაა დამახასიათებელი და წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი ან სხვა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) პასუხისმგებლობის აუცილებელ საფუძველს.
ამ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი ქმედების ობიექტური შემადგენლობა გახლდათ, რომელიც გარემოებებისა და ადამიანთა ქცევების ერთობლიობას წარმოადგენს და თავის მხრივ ორ ტიპად იყოფა: - დესკრიფციულ და შეფასებით.
ჩვენს შემთხვევაში მართლმსაჯულება კანონით დაცული სიკეთის ხელყოფას გვაბრალებს, სამართლებრივი სიკეთე კი ორი სახისაა: - ინდივიდუალური (სიცოცხლე, ჯანმრთელობა) და საყოველთაო (საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სახელმწიფო უსაფრთხოება, წესრიგი და ა.შ.)
როცა ამას ვფიქრობდი, ვხვდებოდი რომ სისხლის სამართლის ლექციებზე ჩემს ვიზიტებს უკვალოდ არ ჩაევლო, მართალია სისტემატურად ვაცდენდი, მაგრამ საშუალო დონის ცოდნა მაინც დავაგროვე, მოკლედ მთელი ეს თეზისი იმიტომ ჩამოვაყალიბე, რათა მკითხველის ყურადღება დანაშაულის არარსებობაზე გამემახვილებინა, რადგანაც სახეზე არ გვქონდა იდივიდუალური სიკეთის ხელყოფა, ესე იგი უდანაშაულოები ვიყავით.
კმაყოფილი ვიდექი მანქანის გაყინულ ფრთაზე მიყრდნობილი, მე ხომ ამ წუთას ჩვენი უდანაშაულობა იურიდიულადაც დავაზუსტე, მოგვიანებით ქალბატონ მარიამს ჩემს მოსაზრებას გავუზიარებდი.
ამ დასკვნამდე მისვლას მხოლოდ რამდენიმე წუთი მოვანდომე, მაგრამ გონებრივმა დატვირთვამ და ძველი ლექციების გახსენებამ საოცრად დამქანცა, გაყინული შუბლი მოვისრისე და ლაშას გადავხედე, რომელიც ქალს რაღაცას ეუბნებოდა.
მათი საუბარი სრულად არ მომისმენია, მაგრამ ბოლო სიტყვები, რომელსაც ყური მოვკარი დაახლოებით ასე ჟღერდა.
- ამიტომ მოგადექი ამ შუაღამისას, მინდა ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებაში დაგვეხმარო.
ქალმა თავი თანხმობის ნიშნად დაიქნია.
- სახლში შევიდეთ, - ლაკონურად გვითხრა და მასიური ჭისკარი გამოაღო.
ჩვენთვის ეს შემოთავაზება საკმარისი აღმოჩნდა, მე და ლაშამ, ბონდარენკო კაბინიდან გამოვათრიეთ, გვერდებიდან შემოვუდექით და ეზოში შევაბიჯეთ.
ეზო საკმაოდ მოზრდილი აღმოჩნდა, ქვაფენილით იყო მოკირწყლული, წინა კედელზე მიმაგრებული ლამპიონი უნაკლოდ ანათებდა, სახლთან მოეწყობილ ვაზის ტალავერს, რომლის გვერდით BMW e30-ი მარკის ავტომობილი იდგა, თვალის ერთი შევლებით ვიცანი მარიამ პაიკიძის «ხულიგანკა», ლექტორი მუდამ ამ ავტოთი დადიოდა უნივერსიტეტში, ძველი კორპუსის წინ აჩერებდა ხოლმე, ახალთახალი არ ეთქმოდა, მაგრამ ლაშას «გაფარჩაგებულ» «ნოლადინს» მთელი თავით სჯობდა, ამიტომ ყოველ ჩავლაზე ინტერესით ვათვალიერებდით მის მოვლილ სალონს.
ახლაც თვალი გამექცა ჩაბნელებული კაბინისკენ, თუმცა ისეთ «გაწამაწიაში» ვიყავი, რომ სულაც არ «მცხელოდა» მის დასათვალიერებლად.
მედიკამენტებიდან გათიშული ბონდარენკო ერთიორად დამძიმებულიყო, ძილს თავს ვერა და ვერ ართმევდა, მხოლოდ ერთხელ ავტომობილიდან გადმოთრევის დროს შეიშმუშნა უკმაყოფილოდ და ჩვარივით ჩამოგვეკიდა ბეჭებზე.
რის ვაი ვაგლახით გავიარეთ ეზო.
- რატომ ვერ იღვიძებს? - შუბლშეკრულმა იკითხა პაიკიძემ, სახლის კარი ფრთხილად გამოაღო და ოთახში შეგვიძღვა.
- ფენობარბიტალის ზემოქმედების ქვეშაა, - ვუპასუხე.
- რა თქვი? - ქალი ელნაკრავივით შედგა, სახეში შემომხედა და დამარცვლით გაიმეორა, - ფენობარბიტალი?
- ჰო, - დავეთანხმე, თან ბონდარენკოს ფერმკრთალი სახისთვის თვალი არ მომიშორებია.
- ეს აქ დააწვინეთ, - ქალმა ჰოლში მდგარ ვიწრო ტახტზე მიგვითითა, - თქვენ კი ყველაფერი მომიყევით.
სანამ მედიკამენტებისგან გაჭყეპილ ჯაბას, დივანზე დავასვენებდით და მისაღებში გადავინაცვლებდით, ლაშამ საავადმყოფოში ჩვენი ღევანდელი «ვოიაჟი» დაწვრილებით მოუყვა, ნელა სვენებ-სვენებით ჰყვებოდა, ზოგჯერ მეც წამოვეხმარებოდი ხოლმე, არ ვჩქარობდით, გვეშინოდა რომელიმე მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგვრჩენოდა.
მოვუყევით პროზექტურაში აღმოჩენილი საიდუმლო ოთახის შესახებ, მოდებაძისა და ბორისის იდუმალ კავშირზე, მათი საუბარიც სიტყვა-სიტყვით გადავეცით, ყურადღება განსაკუთრბით იმ საკითხზე გავამახვილეთ, რომ ადგილობრივი ექიმი დამნაშავეობრივ გარიგებაში საგამომძიებლოს გამომძიებელთან ლევან აშბასთან იმყოფებოდა.
ქალბატონი მარიამი თავიდან გულგრილად გვისმენდა, შემდეგ დაინტერესდა და შიგადაშიგ მისი პროფესიიდან გამომდინარე მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველ შეკითხვებს გვისვამდა.
როცა თხრობა დავასრულეთ, რამდენიმე წუთი ჭმუნვით გვიმზერდა, შემდეგ იქვე მდგარ ჟურნალის მაგიდაზე დაუდევრად მიგდებულ Nokia-ს ფირმის უშველებელ მობილურ ტელეფონს დასწვდა, მწვანედ ანთებულ ციფერბლატზე ნომერი აკრიბა, დაელოდა სანამ ზუმერის ხმა მიწყდებოდა და ყურმილში ჩასძახა.
- ფრიდონ დღეს ცვლაში ხარ? - ცოტა ხანი იყუჩა, - ასეც ვიცოდი, როგორი მორიგეობა გაქვს? სიმშვიდეა? - ოდნავ ჩაეღიმა, ალბათ თანამოსაუბრის იუმორმა თუ გაამხიარულა, - აბა სხვა რა საქმე გექნება, - წამით ჩაიფხუკუნა და კვლავ ოფიციალურ ტონზე გადავიდა, - მოკლედ საჭორაოდ არ დამირეკავს, პოსტი მეწყვილეს ჩააბარე და ახლავე ჩემთან მოდი... კი, კი ყველაფერი რიგზეა, პირიქით კარგი ამბავი მაქვს, - ტუჩები კმაყოფილმა გააწკლაპუნა, - ჩვენი ერთობლივი გამოძიება გახსოვს? რომელი? - დაფიქრებულმა მოისრისა პატარა ცხვირი, - რომელი და შარშან კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტი რომ გარდაიცვალა, - შუბლმოჭმუხნულმა დააყურადა, - ხო, «გიჟების საქმე», - გახარებული დაეთანხმა თანამესაუბრეს, - მგონი მაგ საქმესთან დაკავშირებულ სამხილს მივაგენი, - გვერდულად გადმოგვხედა, ჯერ მე და ლაშას გვიმზირა, შემდეგ ტახტზე გაშხლართულ ბონდარენკოსაც შეავლო თვალი და ყურმილში სახაპასხუპით ჩაილაპარაკა, - «დოხტურასაც» შეეხმიანე და ორთავე მოდით, ვიცი რომ დღეს ისვენებს, გააღვიძე, ნუ გეშინია არ მოკვდება, - ცოტა ხნით ისევ დადუმდა, თან თავს უკმაყოფილოდ იქნევდა, - არა უშავს ავიტანთ მის წუწუნს, - ტელეფონი ყურიდან მოიშორა, პატარა, ვიწრო დისპლეის დახედა და ყურთან არც მიუტანია დამარცვლით ჩასძახა, - გელოდებით!
საუბრის დასრულების შემდეგ ტელეფონი ამჯერად ფანჯრის რაფაზე დადო, მერე ჩვენ გადმოგვხედა, ორთავე დაბნეული ვიდექით და გაოცებული ვუმზერდით მასპინძელს.
- დაჯექით, - იქვე მდგარ ნაჭრის სავარძლებზე მიგვითითა.
თავპატიჟი არ გამოგვიდვია, გვარიანად დაღლილები ვიყავით, ამიტომ მოწყვეტით ჩავეშვი ფუმფულა სავარძელში, მოხერხებულად მოვეწყვე და მისაღები ოთახი მოვათვალიერე.
საკმაოდ დიდი იყო, რომ იტყვიან «ცხენი გაჭენდებოდა», ამიტომ ფართიდან გამომდინარე ორმაგი დატვირთვა მიეცათ, ერთი კუთხე სამუშაო გახლდათ, მეორე კი მისაღები.
სამუშაო კუთხე მხოლოდ პატარა მაგიდით და დაბალი წიგნების კარადით შემოიფარგლებოდა, სამაგიეროდ მისაღები დაეტვირთათ ავეჯით.
რემონტი ძველი იყო, თუმცა გემოვნებით მოეწყოთ: - ყრუ კედელი შოკოლადისფერ «სტენკას» ეკავა, ფანჯრის გვერდით ჩუქურთმებიანი ბუხარი გაეკეთებინათ, ბუხარი არ ენთო, ამიტომ ოთახში საკმაოდ ციოდა, მხოლოდ ერთი ზეთის ელექტროღუმელი იდგა სამუშაო მაგიდასთან, რომელიც საკუთარ თავს ძლივს ათბობდა.
უშველებელი ბროლის ჭაღი უნაკლოდ ანათებდა ოთახს, სქელი ფარდები და რომბებით მოხატული შპალერი კი სიმყუდროვის ელფერს მატებდა.
სავარძელში მჯდომი მანპინძელს ვაკვირდებოდი, ის მოუთმენლად სცემდა ბოლთას, მერე მეორე ოთახიდან ლურჯი საქაღალდე გამოიტანა, სამუშაო მაგიდაზე დადო და ფურცლები სათითაოდ ამოქექა.
ვერ ვხვდებოდი რა დაემართა, არაფერს გვეუბნებოდა, ქაღალდებს შრიალით ფურცლავდა, მის წეღანდელ სიტყვებს ჩავუფიქრდი, ჩემთვის საინტერესო ორი წინადადება გავიხსენე: - «გიჟების საქმე» და «სამხილს მივაგენიო», აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი, ესე იგი ისიც რაღაც ინფორმაციას ფლობდა, რომელიც მჭიდროდ იყო ჯაბა ბონდარენკოსთან კავშირში.
უხმოდ ვიჯექით, მასპინძელი კვლავ საქაღალდედან ამოღებულ დოკუმენტებს დასჩერებოდა, როცა ასეთ მდუმარებაში მთელი თხუთმეტი წუთი გავიდა, ვერ მოვითმინე, ჯერ ლაშას გადავხედე, რომელიც ნერვულად აბაკუნებდა ფეხს, მერე სამუშაო მაგიდისკენ თავდახრილ მასპინძელს მივუბრუნდი და გაუბედავად ვიკითხე.
- რა ხდება?
ქალბატონ მარიამს არაფერი უთქვამს, მხოლოდ წამით გადმომხედა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ფანჯარას, რამდენიმე წუთი ჩაბნელებულ ქუჩას აკვირდებოდა, მერე სქელი ფარდა ჩამოაფარა, რაფას ზურგით მიეყრდნო და წყნარად თქვა.
- საოცრად გაგიმართლათ, რომ ჩემთან მოხვედით და პოლიციის რომელიმე განყოფილებას არ მიადექით.
მისმა სიტყვებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ამ ქალმა ჩვენს საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი იცოდა, ვიდრე წარმომედგინა.
- საავადმყოფოში მოსმენილის შემდეგ პოლიციაში მისვლა თავიდანვე გამოვრიცხეთ, - დინჯად ჩავილაპარაკე და გვერდით მჯდომ მეგობარს მუჯლუგუნი წავკარი, რომელიც თვალმოუშორებლივ მისჩერებოდა ქალს.
- შენი იმედი ყოველთვის მქონდა, - ჩაიდუდუნა ლაშამ, - ვიცი იმ არამზადებთან კავშირი არ გექნება, პატიოსანი ადამიანი ხარ, საქმის პროფესიონალი და რაც მთავარია გენდობი.
ის აღტკინებით უმზერდა თვალებში, იმ მომენტში სულ სხვანაირად უყურებდა, როგორც შეყვარებული მამაკაცი - სასურველ ქალს.
პაიკიძემ თვალი აარიდა და თითქოსდა ლაშას გამჭოლი მზერა არც დაენახოს, კვლავ საქაღალდეს მიუბრუნდა,
ხმამაღლა ამოვიოხრე და მასპინძელს მივმართე.
- ვხვდები ბევრი რამ გაქვთ ჩვენთვის სათქმელი.
ქალმა საბუთების გროვიდან, თავი წამოსწია, გამომცდელად შემომხედა და დამარცვლით მომიგო.
- ჯერ ჩემს ბიჭებს დაველოდოთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Rania

Situacia ufro da ufro saintereso xdeba da atasjer vnaxe dges axali tavi tu daidio. Zalian magariaaa. Yochagg. Es detwqtivobana ki gadaezrdebat solidur gamoziebashi da vfiqrob bevri tevzi cqmoegeba ankess
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი kati

Axla shewyveta iqneboda?! ra moitmens momaval tavamde.

 


№3 სტუმარი თიკა

რამდენი ხანია ახალ თავს ველოდები მალე დადე რა და არ შეწყვიტო აუცილებლად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent