შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელით მოხატული ცა (სრულად)


25-07-2019, 00:11
ავტორი P.A.
ნანახია 6 545

ეს თვე მისია. მისი და ელენესი, რადგან ამ დროს დაიბადნენ, ორივე. ერთი დღის გამოტოვებით. თვითონ სექტემბრის ოცში, ელენე – ოცდაორში. გრძნობს, რომ მათია ეს თვე.. თუმცა, რამდენადაც იჩემებს, იმდენად არ უყვარს.. ვერ უყვარს. ელენეს არ მოსწონს აღნიშვნა. ცეცხლის ალების ფრიალზე ყოველთვის მჭიდროდ ხუჭავს თვალებს, ამიტომ მხოლოდ სურვილს იფიქრებენ ხოლმე. სხვადასხვა სურვილს, თუმცა ერთად – ოცდაერთში.. არც ოცში, არც ოცდაორში, აუცილებლად ოცდაერთ სექტემბერს. თითქოს ასე ავსებენ იმ დღეს, რომელმაც დაუკითხავად დააშორა ერთმანეთს.
არ იცის მისი სურვილები. არ იცის და არც არასდროს უკითხავს. ისე კი, გულით უნდა რომ დააჯეროს, აუცილებლად აუსრულდება. რამდენჯერმე სანთლებიც ჩააქრობინა ღიღინითა და ცოტაოდენი დაძალებით, იქნებ შეეჩვიოს, იქნებ შეუყვარდესო.. მაგრამ ელენე მაინც ყოველთვის ჯიუტად ხუჭავს დიდ თვალებს. არ უყვარს ასეთ შეშინებულს რომ უყურებს, თუმცა რაც თავი ახსოვს ასე ხდება, ამიტომ აღარაფერს ამბობს. მხოლოდ შავ თმაზე დაუსვამს ხოლმე მისთვის გამთბარ ხელისგულებს და ღიმილით ახსენებს, რომ ბედნიერები უნდა იყვნენ, თუნდაც ამ ერთხელ. სულ ფიქრობს ამ დღეზე.. პირველი რიცხვიდან იწყებს ფიქრს და ვეღარც ისვენებს. რთული თვეა სექტემბერი. რთული და ძილს მოკლებული, მშფოთვარე. ასე შეეჩვია.. ასე უფრო ემარტივება. აღიარება იმის, რომ რთულია, მეტად უადვილებს ყოველ დღეს.

***
–მიდიხარ სადმე?
გრძელ, ტალღოვან თმას თავზე იხვევს ქეთა და წინ უჯდება. თან ღიმილით ეჭიდება იდაყვზე, რომ ჩაფიქრებული მეუღლის ყურადღება თავისკენ მომართოს. არასდროს ბრაზდება. არ ღიზიანდება, როცა ხედავს, როგორ დაფრინავს მამაკაცი ფიქრებით სხვაგან. პირიქით, თავისებურად იზიდავს კიდეც ასეთის ყურება. ხვდება, ათასი რამ რომ უფუთფუთებს გონებაში და მისი მზერა იმაზე მეტყველი ეჩვენება ასეთ დროს, ვიდრე სხვა, უბრალო დღეებში.
–რამე მკითხე, ქეთა? – მის შეხებაზე ერკვევა და ლანდავს თუ არა ძილისგან სულ ოდნავ შეშუპებული ქალის თვალებსა და სისხლისფერ ტუჩებს, დაუკითხავად ეპარება მის მზერას სიყვარულის სხივები.
–მიდიხარ მეთქი სადმე? ისე გამოწყობილხარ..
–ჰო, მივდივარ..
–ხომ არ გამიმხელ, სად? – ისევ იღიმის და ფეხზე წამომდგარი, ზემოდან აჩერდება, – ისევ გეგასთან ხომ არ მიგეჩქარება?
–უნდა გადამაყოლო არა? – ხმით ეცინება და მის წელს ისე უცებ ხვევს ხელს, წონასწორობას ვერაფრით ინარჩუნებს ქეთა. მსუბუქად ეშვება მის მუხლებზე და წამი არაა გასული, ძლიერი ხელის შეხებას რომ გრძნობს მოშიშვლებულ მხარზე.
–კვირა დღეა, აკაკი, სად მიდიხარ? – მაინც ემღვრევა წყენისგან თვალები და ლოყას აყრდნობს მამაკაცის შუბლს.
–ელენესთან..
ელენეს ხსენებას სიჩუმე მოჰყვება. სიჩუმე და მკლავებქვეშ, ქეთას სარივით დაჭიმული, თხელი სხეულის შეგრძნება.
–ელენესთან მივდივარ! – იმეორებს ისევ და ყბაზე აკრობს ტუჩებს. იცის, აღარაფერს კითხავს. იმიტომ არა, რომ აკაკის უფრთხილდება, საკუთარ თავს არ აკადრებს ამას.
–მეგონა ბავშვებს დაპირდი, რომ დასვენების დღეს ერთად გაატარებდით, – ჩურჩულებს ქეთა და ფრთხილად დგება ფეხზე. დაუფიქრებლად ანაწილებს ჭიქებში ჩაის, წამებში აწყობს სუფრას და სანამ სასაუზმოდ დაუძახებს შვილებს, ხელებით სუსტად ეყრდნობა მაგიდას, – არაფერს მიპასუხებ?
–გაღიზიანებული ხარ, ქეთა, მე კი ასეთ დროს არ მიყვარს იმაზე ლაპარაკი, რაც ვიცი რომ უარესად გაგაღიზიანებს.
–ელენე არ მაღიზიანებს, აკაკი! – ისე ხმამაღლა ოხრავს, აკაკის მზერა უმუქდება და მთელი სხეულით ტრიალდება მისკენ.
–მიყვირი? – ეღიმება უცნაურად, ცოტაოდენი ირონიით და ისე აშტერდება ცოლის თვალებს, ვეღარსად რომ გაექცეს. ასე სჩვევია.. თუ გამოიჭირა, ერთხელ თუ შეხედა ასე, მერე ვერსად წაუვა, იცის.
–არ გიყვირი.. – ყელს იღერებს ქეთა და ისევ მისკენ მიიწევს, – უბრალოდ, ერეკლე და თათია ელოდნენ ამ დღეს და..
–და არ გიყვარს, როცა მათ იმედს ვუცრუებ, არა? – ახლა სითბოც ერევა აკაკის ხმას და ცოლის ჩამოსხმულ თითებს იქცევს ხელებში, – მაპატიე, ქეთო, ამ ერთხელ, კარგი?
–არაფერია საპატიებელი..
–მაპატიე, რომ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ გაწყენინო.. – თითებს უკოცნის. თბილად აკრობს ბაგეებს მის ნაზ მტევნებს და ისევ ქვემოდან აჩერდება, – ბავშვებს ავუხსნი ყველაფერს. მათ ყოველთვის შენზე მეტად ემარტივებად უჩემობა, ხომ იცი.
–ნუ ამბობ ასე, არ უყვართ არც მათ უშენობა! – ჯიუტი, პატარა გოგოსავით გამოსდის ქეთას და ოთახში ხმაურით შემოვარდნილ, დიდ ძმასთან მოჭიდავე ექვსი წლის გოგონას აყოლებს ღიმილიან მზერას.
–მამა, უთხარი.. უთხარი, რომ ზუკა ზურგზე დავაგდე იმ დღეს ვარჯიშზე! ხომ მიყურებდი, მა, უთხარი, თორემ არ სჯერა! – შფოთავს თათია და სასაცილოდ ეკიდება ძმის მკლავს.
–ზურგზე დააგდო თურმე! – თავს ვერაფრით იკავებს ერეკლე და ახარხარებული, ძლივს იშორებს მკლავზე ჩამოკონწიალებულს, – მჯერა, თათი, მჯერა, დამეხსენი ახლა!
–ნუ აბრაზებ ჩემს პრინცესას! – მკაცრ იერს იძენს აკაკი და გვერდით ჩამომჯდარ, უკვე მანათობელ ეკრანზე დაჩერებულ ბიჭს დაკვირვებით შეჰყურებს. ის კი, სულ აღარ უსმენს აჭყიპინებულ დასა და მოსაყვედურე მამას.
–არ ვარ პრიცესა, ნუ მეძახი ასე! – ბრაზდება თათია და მოკლედ შეჭრილ, აბურდულ თმას უფრო მეტად იწეწავს, ბრაზით.
–ქაჯი გოგო ხარ არა, მა? – ეღიმება აკაკის და ისევ ერეკლესკენ აპარებს მზერას.
–მებრძოლი უნდა გამოვიდე..
–მებრძოლი? – ეკითხება ინსტიქტურად და მომღიმარი ვაჟიშვილის მაგიდაზე ათამაშებულ თითებს აშტერდება.
–ჰო, მებრძოლი და ყველა ბიჭს უნდა მოვუგრიხო კისერი, ისევ თუ წამართვეს ჩემი ფანქრები..
–ყოჩაღ, მა..
–აკაკი! – ჩაესმის ქეთას სიცილი და მხარზე ეხება მისი თხელი, შეღებილი თითები. ნაზად იქცევს მის მტევანს ხელში და ცერა თითით ეფერება ხელის ზურგზე.
–შეეშვი.. – მის ყურთან იხრება ქეთა, ნათლად ხედავს ერეკლესკენ მიმართულ მის გამჭოლ მზერას. ხვდება, არ მოსწონს ქმარს შვილის უყურადღებობა. თუმცა, აკაკი მის თხოვნას ყურად არ იღებს. ხმამაღლა, ერეკლეს გასაგონად ჩაახველებს და მანამ ბურღავს მზერით, სანამ მამის თვალებს არ მოძებნის, სანამ მორჩილად არ შეაგებებს დაბნეულ გამომეტყველებას.
–რა, მამა? – ეკითხება მერე და სულ ოდნავ, უკმაყოფილოდაც კრავს კოპებს.
–აქ რომ მიზიხარ.. გვერდით რომ მიზიხარ, უნდა მეკონტაქტო, ერეკლე. თვალებში უნდა მიყურო, პასუხი უნდა გამცე.. – მშვიდი ხმით ელაპარაკება და თავადვე ხვდება, ყველაზე ხშირად სწორედ ამ სიტყვებს რომ ეუბნება ჩვიდმეტიოდე წლის ბიჭს. ყველაზე ჯიუტად სწორედ ამას მოითხოვს მისგან და თათიასგან.
ერეკლემ კი იცის.. ყველაფერზე შეუძლია შეეკამათოს მამას, გარდა ამისა. იცის, რამხელა ბზარი შეიძლება გააჩინოს მათ ურთიერთობაში მზერის არ გაცვლამ, გულგრილობამ, დაგვიანებით მოხვეულმა თბილმა მკლავებმა. იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მამისთვის. მით უმეტეს, ახლა.. ამ დროს.
–მეგობარს ველაპარაკებოდი.. – უხსნის ორი სიტყვით და დედ–მამისკენ იწევა მთელი სხეულით, – რას ვაპირებთ დღეს?
–მამა გადის, ელენე უნდა ნახოს.. – ღიმილით პასუხობს ქეთა და სამივე, ერთდროულად აპარებს მზერას თათიასკენ, რომელსაც დედის სიტყვებზე საგრძნობლად ეღუშება პატარა, ნაზი სახე.
–წამოხვალ ელენესთან, მა? – უიმედო ხმით კითხულობს აკაკი და პატარას ისეთი მზერით შეჰყურებს, ცოტაც და ვეღარ გაუძლებს. მუდამ სიმკაცრენარევი მზერით მყოფი, დინჯი მამაკაცი, ყოველთვის ამოუცნობ უძლურებას გრძნობს თითქოს ამ პატარა, თითისტოლა გოგოს ასეთი.. სიჯიუტითა და იმედგაცრუებით მომზირალ თვალებთან გადაყრისას.
–არა, არ მინდა ელენესთან! მე თამაში მინდა და გართობა!
–მე, შენ და ელენემ ვითამაშოთ, ერთად. რას იტყვი, თათი?
–მაგან არ იცის თამაში! – ბრაზით უთრთის ნიკაპი და ფეხზე წამომხტარი, შეკრული მუშტებით მიიწევს დედისკენ. მამის კისერზე მოხვეულ მკლავებზე ეჯაჯგურება და მის მკერდში ეფლობა სახით, – გავისეირნოთ, დე, მე და შენ, გავისერნოთ! – ეხვეწება და აღარაფერი აინტერესებს ისე ექაჩება ქეთას კაბას.
–წესიერად, თათია! – მშვიდად უყვავებს ქეთა, თუმცა მაინც მიყვება აფორიაქებულს. პატარა, ათრთოლებული თითებით ჩაჭიდებულ საკუთარ მკლავს არც კი ითავისუფლებს ისე ედევნება უკან და სანამ მიიმალება, ბოლოჯერ ავლებს ქმრის თვალებს მზერას.
–ნუღა პირდები ხოლმე, თუ სხვა შვილთან უნდა გაატარო დღე.. – თითქმის ჩურჩულით, გაუბედავად ბუტბუტებს ერეკლე და ფეხზე წამომდგარი, ზურგს აქცევს მამას.
იღლება. იღლება აკაკი ჯერ ცოლის, მერე კი შვილების თავისებური საყვედურებით და მძიმე ოხვრით აყრდნობს შუბლს მომუშტულ ხელებს. თითქოს არაფერი.. თითქოს არცერთ მათგანს არ გამოუხატავს უკმაყოფილება, თითქოს არცერთს უხსენებია ელენე ცუდად, მაგრამ მაინც.. მაინც გრძნობს, როგორ შეიცვალა რამდენიმე წამში ის იდილია, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა. სულ ასე ხდება. იმ დღეებში, როცა მხოლოდ ქეთას, ერეკლესა და თათიას გარემოცვაშია, ყველაფერი იმაზე მყარი, იმაზე ნათელია, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ელენეს ხსენებისას კი.. მზეც კი სხვანაირად ანათებს. ოთახის ფერებიც იცვლება თითქოს. აკაკის შეგრძნება უჩნდება, რომ უცხო სხეული შემოიპარა მის თბილ, ოჯახურ კერაში, რომელსაც რაღაცის დარღვევა, რაღაცის განადგურება გადაუწყვიტავს. არუნდა იყოს ასე.. ხვდება, რომ არასწორია, მაგრამ იმდენად შეეჩვია რომ ასე ხდება, კამათსაც ერიდება. ახლაც, საკუთარი ვაჟის ზურგის შემყურე, საყვედურის თქმაც არ შეუძლია. რადგან ეს დღე მათი უნდა ყოფილიყო.. და–ძმის, რომელთაც სულ არ უოცნებიათ მესამე, მათთვის მიუღებელ ნაწილზე.
–უნდა გიყვარდეთ, უნდა გინდოდეთ მისი თქვენს ცხოვრებაში ყოფნა! – მხოლოდ ამასღა ამბობს, ქვასავით მტკიცე ხმით და გულში ოცნებობს, რომ თავისებური, ჯიუტი ხასიათი არ გამოავლინოს ერეკლემ ახლა. მერე.. მერე ყველაფერი აირევა.
–გვიყვარს, – ბრუნდება ღიმილით და ჭაობისფერ თვალებს ისე უდარდელად აცეცებს, აკაკის უნებურად ეღიმება.
ვერასდროს ხვდება, რა პასუხი შეიძლება გასცეს შვილმა. ზედმეტად იმპულსური, არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს და ზოგჯერ, როცა ჰგონია, რომ მის აფეთქებას უნდა ელოდეს, სწორედ ასეთი უდარდელი, თბილი მზერით შეჰყურებს ხოლმე მამამისს. იქნებ, თავად მამის განწყობა ადარდებს, ან მის შინაგან მდგომარეობას ხვდება, ანდაც არცერთი მათგანი აინტერესებს და დაუგეგმავ კამათს ერიდება. არ იცის აკაკიმ. არ იცის, როდის როგორ ადამიანად ყოფნას გადაწყვეტს ხოლმე ერეკლე..
–გვიყვარს ელენე, მამა.. – იმეორებს კიდევ ერთხელ, – უბრალოდ, მისი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა, შენს წასვლასთან, შენს არ ყოფნასთან ასოცირდება და მას მერე ასეა. ყოველ ჯერზე, როცა გონებით გვშორდები, ვიცი რომ ფიზიკურადაც დაგვშორდები. ვიცი, რომ ისევ წახვალ და ამის მიზეზი ისევ ელენე იქნება, – მხრებს იჩეჩს და მუქ თმას მოუსვენრად იწეწავს ცალი ხელით, – თუმცა, მიყვარს.. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, საკუთარ დაზე ვბრაზობდე! – ლაღ სიცილს აყოლებს სიტყვებს და უკანმოუხედავად ტოვებს ოთახს.

***
ოთახში შესვლისთანავე ხმაურით იხურავს კარს და ლოგინზე ჩამომჯდარი, საკუთარ თავზე ბრაზობს. ისევ ზედმეტი ილაპარაკა. შეგრძნება აქვს, რომ ისევ გაურთულა მამამისს დღე. ისედაც იცის, ხვდება, რომ ყოველთვის უმძიმს მათი დატოვება, მან კი.. მან მაინც ზედმეტი ილაპარაკა. თუმცა, ამჯერად სულაც არ წუხს. მხოლოდ ბრაზი ახრჩობს და იმასაც ვერ ხვდება საკუთარ თავზე ბრაზობს თუ მამაზე, რომელმაც კიდევ ერთი დღე მოაკლო მათ ოჯახს ელენეს გამო. ბოლო დროს ხშირად ხდება ასე. იმდენად ხშირად, რომ ეჭვნარევი ფიქრებიც ერევა ხოლმე მის გონებას. იქნებ კიდევ რამეს გრძნობს ევას მიმართ?! იქნებ, მხოლოდ ელენესკენ კი არა, მისკენ მიუწევს უფრო ხშირად გული მამას?! იმდენად არ მოსწონს ამაზე ფიქრი, რომ მოუსვენრად იწყებს ოთახში სიარულს და ბოლოს, ოდნავ რომ მშვიდდება, დაუფიქრებლად კრეფს ნაცნობ ნომერს. რამდენიმე ზარის შემდეგ ჩუმი, სუსტი ხმა გაიხმის. მხოლოდ მის სახელს ამბობს, როგორც სჩვევია.. მხოლოდ მისი სახელის რამდენიმე ასოს და მერე ჩუმდება. მას ელის, რადგან იცის, ისე, მოსაკითხად არ დარეკავდა.
–შენთან ვიქნები ერთ საათში, არსად გახვიდე! – უკითხავად უგდებს ორიოდ სიტყვას და უთიშავს. მობილურს იქვე,უდიერად აგდებს ლოგინზე და სწრაფად იწყებს გამოცვლას. მალე უნდა ნახოს.. რადგან იცის რომ მოუსმენს, რომ დაამშვიდებს. მის გამო კი არა, საკუთარი თავის გამო უნდა ნახოს მალე.

***
ისე ნელა მოძრაობენ, დროც ნელდება თითქოს..
ისე ფრთილად, სათუთად ადგამენ ნაბიჯებს, მიწა შეირყევა სხვაგვარად თითქოს..
–ფოთოლებია.. ფოთლები ირხევა და ზოგი მათგანი ცვივა. ხის ტოტებს ფოთლები სწყდება. შენ კი გეშინია.. ხედავ? არაფერია საშიში.. მხოლოდ ფოთოლთა ცვენაა.. ყვითელი ფოთლები ცვივა ხის ტოტებიდან..
–ფოთლები..
–ჰო, სწორია, ფოთლები. რა ფერის ფოთლებია, ხედავ?
–ყვითელი!
–ყვითელია, ყვითელი! – თავს უქნევს, მოწყვეტით ეშვება მუხლებზე და მის წინ, ფერმკრთალი სახის გასწვრივ აჩერებს მზერას, – ყოჩაღ!
–ცვივა.. ფოთლები ცვივა.. – პატარა თითები ჰაერში დაფარფატებს, მის წინ ჩამუხლული სხეულის თავზე ეშვება, თითის თეთრი ბალიშებით მის თმას შეიგრძნობს და ისევ შიში ეპარება სხეულში. სახეგაფითრებული, თავშესაფარს ეძებს და ინსტიქტურად, შეუხედავად ხვევს მკლავებს მამაკაცის ყელს. ეს კი იმდენად იშვიათად ხდება, რომ ხვდება, ზედმეტადაა შეშინებული.
–ნუ გეშინია.. ნუ.. მხოლოდ ფოთლები ცვივა. შენ კი უკვე დიდი გოგო ხარ, – გაჭირვებით ამოსდის ყელიდან ხმა. ზედმეტადაა შებოჭილი.
–წავიდეთ! წავიდეთ, მამა! მამა, წავიდეთ! – ფეხების ბაკუნით ძვრება მის ყელში და ფეხქვეშ რომ ეცლება საყრდენი, მაშინვე მსუბუქად იწყებს სუნთქვას.
–ნა..ნა..ნა..ნა.. – ღიღინებს მამაკაცი და ზურგზე უსვამს მკლავებში მოთავსებულ გოგონას ხელს. შავი კაბა აცვია, საყელოზე ამოქარგული წითელი, ხასხასა ვარდით და თითქმის მუხლამდე, თხელი ჩექმები. აწეული კაბის კალთიდანაც კი არ მოუჩანს ფეხები.
–ნა..ნა..ნა.. – ხმას აყოლებს მამის ხმას. სხეული უდუნდება. მხარზე ჩამოყრდნობილი ცალი ხელი უვარდება და მხოლოდ ლოყასღა აყრდნობს მის კისერს.
–ფოთლები საშიში არ არის, ელენე, ხომ იცი.. ფოთლები საშიში არ არის.. – ეჩურჩულება და ზედმეტად ფრთხილი ნაბიჯით მიიწევს წინ, – თანაც, მამა შენთანაა. მამა შენს სუნთქვას უსმენს. მამა შენს შიშებს აკავებს, ხომ ასეა? მისმენ? ელენე, გესმის მამა რას გეუბნება? – სლოკინა თმაზე უსვამს ხელს და იძულებულია მისი მოშვებული სხეული უფრო მყარად დაიჭიროს, რომ მკლავებიდან არ ჩამოუსრიალდეს.
–მამა შიშებს იჭერს!
–ჰო, მამა შენთან არის, – იღიმის და წელზე ხვევს ხელს. ზედმეტად სიფრიფანაა, ზედმეტად სუსტი.. ზედმეტად დაუცველი.

***
ნაცრისფერ, ღია თმის ტალღებს ერთი ხელის მოსმით იკეცავს და ერთად უყრის თავს. მაშინვე მოუჩანს თეთრი, თხელი კისერი. იმდენად ღია, რომ ლურჯი კაპილარები მკაფიოდ ატყვია ზედ. ბოლო დროს გახდა. იმდენად დასუსტდა, რომ მაჯებზე ამოზრდილი ძვლები ზედმეტად ეუშნოვება. ისედაც თხელი სახის ნაკვთებიც მეტად ჩაუვარდა. ფერიც დაეკარგა ღაწვებს და საკუთარი თმისფერი უხდება ხოლმე კანიც. არ მოსწონს, მაგრამ შეეჩვია ასეთ ცვლილებებს. ყოველთვის ყველაფერს მარტივად, უმტკივნეულოდ ეჩვევა. თანაც, ბოლო რამდენიმე წელია, ნაკლებად ადარდებს საკუთარი თავი. სარკეში არეკლილ სილუეტს წამით ავლებს თვალს და მხრებზე იმდენად დიდ შარფს იხვევს, მხოლოდ სახეღა მოუჩანს. კარის ხმაზე უნებურად ეღიმება და შიშველ ტერფებს სწრაფად უნაცვლებს ერთმანეთს, რომ ზღურბლზე ჩამომდგრები მისი ლოდინით არ გადაღალოს.
–მოხვედით? – კითხულობს მათი დანახვისთანავე და გვერდით გამდგარი, სახლში ატარებს მამაკაცის მაღალ სხეულს, რომელსაც სხეულზე აუკრავს უცნაურად მომჩვარული პატარა გოგონა, – დაიღალა?
–მოიწყინა, – პასუხობს მოკლედ და მისაღების გავლით, პატარა საძინებლისკენ მიიწევს. შეღებული კარიდან ოთახში იხედება, მის თვალიერებას იწყებს და რამდენიმე წამში, შემობრუნებისას, მოშორებით ჩამომდგარი ქალის ფერმკრთალ სახეს უსწორებს თვალს, – ისევ გადაღებეთ?
–ჰო.. – იმდენად ბედნიერი ღიმილით აქნევს თავს, ინსტიქტურად მასაც ეღიმება და ზურგზე უსვამს ხელს ქალიშვილს.
–ევა..
–ვიცი, ჰო, ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ მგონია ასე უფრო მოსწონს. ერთფეროვნებით ყველა იღლება! – იმართლებს თავს და მათკენ მიიწევს, – ადრე მოხვედით ძალიან, წასასვლელი ხარ?
–არსად ვარ წასასვლელი. დავაწვენ და გამოვალ, დამელოდე, – პასუხობს და ოთახში შედის.
მაინც მიჰყვება. ახლა უკვე ახლოდან აკვირდება აკაკის, რომელიც ფრთხილად აშორებს პატარა ელენეს ფეხსაცმელს და კაბის ელვას რომ ავლებს თითებს, ინსტიქტურად აჩერებს
–დაანებე, მე გავხდი მერე..
–ოთახს გარეთ დამელოდე, ევა.. – სიმკაცრე ერევა ხმას და შვილის გახდას განაგრძობს, – დამეხმარე, მა.. აი, ასე!
–არ მინდა ასე ადრე დაიძინოს, არც კი მოსაღამოვებულა წესიერად..
–ცოტა ხნით მინდა ველაპარაკო, წიგნი წავუკითხო ან სახალისო ამბები მოვუყვე. არ დაიძინებს, უბრალოდ წამოვწვებით, – სწრაფად აცმევს თეთრ, მანამდე ბალიშის ქვეშ ამოდებულ ღამის პერანგს და ლოგინის ზეწრებს აშლის თუ არა, უღონოდ უშვებს მკლავებს რბილ მატერიაზე. ისე, თითქოს თავადაც ელენეს მსგავსი უხასიათობა შეუძვრა სხეულში.
–არცერთი მათგანი არ მოსწონს, იცი ეს არა? – სუსტი, საყვედურნარევი ხმით ეკითხება ევა და შებრუნებული, სწრაფად ტოვებს ოთახს.
აკაკი კი გაუნძრევლად, თავდახრილი ზის პატარა საწოლზე. აღარც კი ეხება ფეხმორთხმით მჯდარ შვილს, რომელიც ზედაც არ უყურებს მამას. წამითაც არ უცდია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან გაღიმება. წამითაც არ გამოუხატავს რაიმე ემოცია. მხოლოდ ზის, სულ ოდნავ, ღიღინით ირწევა და შიგადაშიგ საკუთარ სახეს ეხება პაწაწინა თითებით.
–ელე, შემომხედავ, მა? – ეკითხება სუსტად და თითქმის აიძულებს რომ ზეწრის ქვეშ შეძვრეს, – ელე–ნე! ე–ლე–ნი–კო! – სიცილით უსწორებს სახეზე ჩამოყრილ თმას.
–ე–ლე–ნი–კო! – იმეორებს ღიღინით გოგონა მამის მიერ დამარცვლილ საკუთარ სახელს და მოცინარ მამაკაცს უკითხავად აქცევს ზურგს.
–არა, არა, გადმობრუნდი, მა! – უარობს აკაკი, მაგრამ ხვდება, რომ სულ ტყუილად. ელენეს უკვე მწვანე კედელზე დახატული საკუთარი ხელის ანაბეჭდებისკენ აქვს მზერა მიმართული და ფერად საღებავებს ღიმილით აყოლებს პატარა თითებს.

***
–ყოველ ჯერზე უშედეგო ცდებით ვერაფერს გამოასწორებ, იცი არა ეს?– ოხშივარადენილ ყავის ჭიქას უწვდის ევა და მაგიდასთან ჩამომჯდარს თბილად უღიმის.
როგორ შეუძლია სულ ასე იღიმოდეს?! როგორ შეუძლია, მუდამ ბედნიერებითა და სიმშვიდით იყოს სავსე, როცა იცის, რამდენი პრობლემა აქვს ცხოვრებაში?!
–შენც იცი, რომ ცვლილებები არ უყვარს, თუმცა ჯიუტად ღებავ მის ოთახს თითქმის ყოველ თვე..
–ეს სხვა რამაა!
–ზუსტად იგივეა, – ეღიმება აკაკის.
–ოჰ, კარგი, კარგი..
–დაჯექი რა, ევა..
–შეგიძლია წახვიდე, გვიანობამდე მაინც არ გაიღვიძებს, მერე კი ხატვა ან ძერწვა მოუნდება და ზედ არ შემოგხედავს. ამიტომ, თავს ნუ დაიღლი აქ ყოფნით, – მხრებს იჩეჩს და საკუთარ მოკეცილ ფეხზე ჯდება. უყვარს აკაკის, ასეთს რომ ხედავს. ისევ ისეთ, ოცი წლის გოგოს ჰგავს, როგორიც გაიცნო. ისეთივე გამოხედვა, თვალები, ქცევები აქვს. ისევ ისე იცის საკუთარ წვივებზე მოთავსება, მერე კი დაბუჟებული ფეხებით სასაცილოდ ხტუნვა და უკმაყოფილოდ ბუზღუნი. მგონი, ერთადერთია ევა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ოდნავაც არ შეცვლილა. მხოლოდ ძვლები ეკვეთება უფრო და უფრო სხეულზე.
–არც არასდროს მიყურებს ზედ, – ეცინება და სალათის დაჭრით გართულ ქალს დაკვირვებით შეჰყურებს, – როგორ მიდის საქმე თერაპიაზე?
–ნორმალურად.
–ევა.. – ოხრავს აკაკი და მაჯაზე ეჭიდება გრძელი თითებით, – შენც ელენე ხომ არ ხარ, მომხედე და მომიყევი წესიერად!
ჯერ საკუთარ მაჯას დაჰყურებს, მერე ნელა ითავისუფლებს მისგან ხელს და თავს სწევს. წინ მჯდარი მამაკაცის მზერაში იმხელა იმედსა და სევდას აწყდება, თავადაც უმუქდება თვალის გუგები და ოდნავ ებუზება არანორმალურად გამხდარი, ძვლებამომჯდარი მხრები.
–მეტყველების თერაპევტმა მითხრა, უკუსვლა აქვსო. განა არ ვიცოდი.. ჩვენც ხომ ვიცით, რომ უკუსვლა აქვს. ამიტომაც დამყავს იქ! – შეკრულ წარბებს შორის ზოლები უჩნდება და შუბლიც ისე ეჭმუხნება, თითქოს ფარატინა, თხელი ფურცელი იყოს თეთრი კანის მაგიერ.
–სხვა ცენტრი ხომ არ მოვძებნო? – უნებური ხვნეშით აბამს ერთმანეთს სიტყვებს აკაკი და დაბალ წვერზე იტარებს თითებს.
–საუკეთესოა ეს, აკაკი..
–სხვა? სხვები რას ამბობენ? მოტორიკაშიც ხომ ავარჯიშებენ..
–ჰო. სხვა მხრივ ნორმალურადაა ყველაფერი. უფრო მეტად კოგნიტური უნარების გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებული, – დაბალი ხმით, თითქმის ბურტყუნით პასუხობს და ისევ იღუშება, – ხომ იცი.. ეს ყველაფერი ხომ იცი, აკაკი!
–ვიცი, ვიცი, დამშვიდდი! – აჩერებს და წარბებაზიდული, გამჭოლი მზერით ბურღავს ტუჩებგაბუსხულ ქალს, – ხვალ მე წავიყვან. დილით მივიყვან და მერე დავბრუნდები სახლში.
–რჩები? – ეკითხება გადაღლილი ხმით და იმდენად უბრალოდ.. იმდენად უაზროდ ღჟერს მისი ეს კითხვა, რომ ორივეს უსიამოვნების გრძნობა იპყრობს. რამდენი ღამე გაუტარებიათ ერთად, ელენემდე. რამდენი ღამე გაუთევიათ ერთმანეთის ალერსსა და დილამდე ლაპარაკში. რამდენჯერ დაურწევია საკუთარ მკლავებში სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა ევა აკაკის. რამდენჯერ უოცნებიათ საერთო მომავალზე.. ახლა კი, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ახლა მისი დარჩენა სულ სხვა მიზნითა და მისიითაა განპირობებული. ახლა თუ დარჩება, მხოლოდ ევას ზეწარი ერგება მთელი ღამით. ევას ზეწარი და ცოლზე ფიქრები.
–დავრჩები.. გადი თუ გინდა შენ, – სახეს იფარავს ხელებით და მანამ არ აძლევს საკუთარ თავს გამოხედვის უფლებას, ვიდრე ევას ხმას არ გაიგებს. ატყობს თავს, რომ გადაიღალა.
–როგორ არიან ერეკლე და თათია?
–ერეკლეს მხოლოდ დილის საათებში თუ შევავლებ ხოლმე თვალს, თათია კი მუდამ ჩემზე ბრაზობს და ქეთას კალთას ეფარება..
–შენ უნდა თქვა კაცი ვარო, ყველა შვილი შენს წინააღმდეგაა! – ხითხითებს ევა და ფეხზე წამომდგარი, ნიჟარაში აწყობს ჭიქებს.
–ჩემი დაცინვა როგორ გიყვარს, ევა.. – ეღიმება აკაკის.
–სასაცილო ხარ და იმიტომ!
–მისი დაბადების დღე მოდის, – აწყვეტინებს უეცრად და ატყობს, როგორ ეძაბება მთელი სხეული. წარმოიდგენს, როგორც ეზნიქება ხერხემალზე ლამაზად მიწყობილი, მრგვალ–მრგვალი, სულ ოდნავ წაწვეტებულთავიანი ძვლები.
–იქნებ ამ წელს მაინც დავანებოთ თავი, – ყველანაირად ცდილობს უდარდელი გამომეტყველება მიიღოს, თუმცა იცის, აკაკის ვერაფერს გამოაპარებს.
–ევა..
–იქნებ, ის ვაკეთებინოთ, რაც მას სიამოვნებს. ნუ გავუკეთებთ ტორტს, ნუ დავძაბავთ. არ გახსოვს შარშან წინ რა მოხდა? – სულ ოდნავი ფორიაქი ეტყობა მის ხმას.
–პატარა იყო მაშინ თათია, ასე აღარ მოხდება. თანაც, შეგვიძლია შარშანდელივით მხოლოდ ჩვენ ვიყოთ.. ჩემი შვილები და შენთვის და ელენესთვის უახლოესი ადამიანები.
–რა ვიცი, – მხრებს იჩეჩეს, თითქოს ნებდება. მერე კი, სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებულ, ოთხკუთხა საათს უსწორებს მზერას. უკვე მესამედ.
–არ შეიძლება რვა წლის ბავშვი ისე დავტოვოთ, ევა!
–კარგი, როგორც გინდა..
–წადი და მივხედავ ელენეს მე, – ეღიმება მის მოუსვენრობაზე.
–რა იცი, რომ წასვლა მინდა? – მოხრილი იდაყვებითა და გვერძე გადახრილი თავით ეყრდნობა ნიჟარას და ფართოდ იღიმის.
–შენც ცქმუტვას გამომაპარებ მე, პატარა ქალო? – მაჯის საათზე იხედება და მერე, მუხლებზე იტყაპუნებს ორივე ხელისგულს. ვერ გადაეჩვია.. ევას რვა წელი მოემატა მათი გაცნობის დღიდან, ის კი ვერაფრით გადაეჩვია მასში პატარა, უდარდელი, ზედმეტად საინტერესო გოგონას დანახვას.
რამდენიმე წამით გაუნძრევლად დგას. უხმოდ შეყურებს მამაკაცს, რომელიც მშვიდი, დაწყობილი და სერიოზული, თუმცა თბილი მზერით ათვალიერებს წინ ჩამომდგარს და ისე ემზადება კითხვის დასასმელად, თითქოს ყოფილი საყვარლისგან კი არა, მამისგან უნდა აიღოს ნებართვა.
–დილას რომ დავბრუნდე?
კითხვასთან ერთად შორდება ევას სხეულს მისი თვალები და თავადაც წელში იმართება.
–არ არის პრობლემა, დაბრუნდი დილას, ნუ იჩქარებ.. – პასუხობს და სიტყვებს სუსტ ღიმილსაც ამატებს, – თხლად ნუ ჩაიცვამ, მარტივად ცივდები, ხომ იცი.. – ვერ ითმენს, მაინც.. ჩვეული დარიგებით ავლებს საბოლოოდ მზერას და მისაღებში მდგარი იმ დივნისკენ მიიწევს, წლების განმავლობაში ერთგულად რომ მიუთვისებია მისი სხეულის მძაფრი სურნელი.

***
მუქი აგურისფერი სახლის ჭიშკარს უახლოვდება თუ არა, ნაბიჯს უჩქარებს და სამ საფეხურს ერთიანად ახტება. ის-ისა პატარა ჭიშკრის გამოღებას აპირებს, თავად რომ იღება მეორე მხრიდან და ინერციით გადაქანებული, თავისზე ერთი თავით მაღალ, თავგადაპარსულ ბიჭს მტკივნეულად ასკდება მთელი სხეულით.
–ამის დედაც! – დაუფიქრებლად სწყდება სიტყვები პირიდან და თავს ძლივს იმაგრებს, რომ კიბიდან არ ჩაცურდეს. სამაგიეროდ ცალ მხარზე გადაკიდებული, სპორტული ჩანთა უვარდება მხრიდან და ხმაურით ეხეთქება ძირს.
–რას აკეთებ, ბიჭო! – ესმის უკმაყოფილო შეძახილი და დაბღვერილ მზერას აგებებს სიტყვების პატრონს.
–რა ვიცოდი, თუ გამოდიოდი..
–მარიტასთან ხარ? – ეკითხება და მტვრისგან განაცრისფრებულ შავ ჩანთას სიცილით უწვდის, – რამ მოგიყვანა ამ დილაადრიან?
–რაღა დილა, თორმეტი დაიწყო. შენ? – ჯერ ისევ იღრინება ერეკლე და თან ამრეზით დაჰყურებს ხელებში მოთავსებულ ნივთს.
–ღამე მარტო იყო და დავრჩი, – მზერა უმუქდება და გამჭოლი მზერით ბურღავს მის წინ ჩამომდგარს. ისე დაჰყურებს თავზე, როგორც პატარა, უსუსურ ბავშვს და რომ ატყობს, დისკომფორტი ექმნება, კმაყოფილებაც უფრო მეტად ემატება მის ღიმილს.
–გასაგებია.. – ბურტყუნებს ერეკლე და ცდილობს გვერდი აუაროს, მისი ხელი რომ აჩერებს, რომლითაც ძლიერად ეჭიდება იდაყვში.
–ერეკლე..
–რა? – მობეზრებით ატრიალებს თვალებს და მზერას უსწორებს, – მისმინე, ლექსო, მხოლოდ მარიტას სანახავად ვარ მოსული, მასთან სალაპარაკოდ და თუ ისევ შენებურად უნდა შეუბერო..
–მინდოდა მეთქვა, რომ გამოუძინებელია და არ მგონია შენთვის ეცალოს..– ღიმილით აძლევს რჩევას. ერეკლეს ეჩვენება რომ ზედმეტად გამომწვევია, ასე რომ იღიმის. თვითონ მუდამ ღიზიანდება ამ მზერის დანახვისას, თუმცა ხვდება, რატომაც მოიხიბლა მისით მარიტა. ისეთი სწორი, ნაზი მოყვანილობის ნაკვთებისა და ჩამოსხმული, მაღალი ტანისაა, რთულია ერთი დანახვისთანავე არ მოგეწონოს.
–გამატარე! - მხოლოდ ამას პასუხობს და უხეშად ითავისუფლებს ხელს. მერე კი უკანმოუხედავად იხურავს რკინის ნაცრისფერ ჭიშკარს. ჯერ ისევ შეკრული წარბებით კვეთს პატარა ეზოს და სახლის კარის შეღებისთანავე, ხმამაღლა, რატომღაც ბრაზმორეული ტონით იწყებს ყვირილს
–მარიტა.. მარიტაა!
–მოდი! – თავშეკავებული შეძახილი მოისმის და რამდენიმე წამში მისი სახეც ჩნდება ოთახში. ჯერ მხოლოდ საძინებლის კარის ჩარჩოდან მომზირალი სახის ნაკვთები, მერე მისი სხეული. მხრებამდე ჩამოშლილ თმის ღერებზე ჯერ ისევ წყლის წვეთები დასთამაშებს და როგორც ყოელთვის, ახლაც სველი აქვს მაისურის ყელი.
–იმასთან ერთად მიიღე შხაპი? – წარბებაზიდული ერეკლე პირდაპირ დინავზე იკალათებს და მომღიმარ გოგონას ავლებს თვალს.
–მარცხენა ფეხზე ადექი?
–არ მახსოვს..
–ასე იქნებოდა.
–შეიძლება..
–ასეთ დროს გახსენდები მე!
–მარტო იყავი ღამე? – მის რეპლიკას უპასუხოდ ტოვებს და ჭუჭყიან ჩანთას ფეხებთან აგდებს.
–ჰო. წამო, რა გაჩვენო.. – ხელით იხმობს და წინ წასული, რამდენჯერმე ბრუნდება, რომ დარწმუნდეს, ერეკლე უკან მიჰყვება, – მოდი, ნახე რამხელები გაიზარდნენ..
–არ გიყვარს შენ ესენი, მარიტა! – ეღიმება და ოთხკუთხა გალიაში მორბენალ ზაზუნებს ავლებს თვალს, რომელთაც ზემოდან დაჰყურებს უცნაური ღიმილით გოგონა.
–მერე რა! ხედავ, რამხელა მუცლები გაეზარდათ? ბევრი ვაჭამე ძალიან და გაიბერნენ. ასე უკეთესი დასანახები არიან! – კისკისებს და ერეკლეს ისე შესცინის, თითქოს ახალ აღმოჩენას უმხელდეს, – ახლა ნამდვილად გვანან ზღვის გოჭებს, არა?
–გასივდებიან და გაითიშებიან, თუ ბევრს აჭმევ.. არ იციან ამათმა ზომა..
–იქნებ, ასე მაინც მიხვდეს მამაჩემი, რომ ბავშვობიდან მეზიზღებოდნენ ბეწვიანი არსებები, – კისკისებს ისევ და გამჭირვალე მინაზე რამდენჯერმე აკაკუნებს შავად შეღებილ თითებს, – მართლა გაითიშებით? მართლა კი არ მინდა რომ გასკდეთ და უბედურებები დაგემართოთ..
–გააჩუქე! – იღლება მისის ყურებით ერეკლე და მიახლოებული, წელზე ავლებს ხელს. თავისკენ იზიდავს და უცებ, გაუცნობიერებლად კოცნის სველ თავზე, – არ გიყვარს ეგენი შენ და ცოდოები არიან ასე, გააჩუქე რა..
–ვის ვაჩუქო? წაიყვანე რა შენ, – მოულოდნელად ბრუნდება და ქვევიდან შეყურებს. ნიკაპამდე ძლივს წვდება. ნეტავ ლექსოს მკერდამდე მაინც თუ სწვდებაო, გაიფიქრებს ინსტიქტურად, თუმცა სანამ ბოლომდე გაიაზრებს, გრძნობს, როგორ ექაჩება ნიკაპზე მარიტას თითები, – წაიყვან?
–არა..
–რატომ?
–ვერ მოვუვლი, მეზარება.
–თათიას მიუყვანე, – სთავაზობს და ერთიანად შორდება, – ხომ უყვარს ცხოველები!
–არ უყვარს, – ეცინება მის უშედეგო მცდელობებზე და სამზარეულოსკენ წაულს, უკან მიჰყვება.
–ეგ იმიტომ რო ჯერ არ ყოლია, იქნებ უყვარს კიდეც. დალევ ჩაის ჩემთან ერთად?
–დავლევ.. არ მოუვლის, ხომ იცი. პატარა, გიჟი გოგოა, თოჯინებსაც კი თავები დააცალა და ბურთების მაგიერ იყენებს. ზაზუნებსაც წიხლქვეშ გაიგდებს.
–ელენე?
არაფერს პასუხობს. მაგიდასთან ჩამომჯდარი, უხმოდ ელის კუთვნილ ჩაის ფინჯანს.
–ერეკლე..
–გისმენ.
–ელენეს რომ მიუყვანო? გახსოვს, როგორ ათვალიერებდა აკვარიუმში თევზებს? – ღიმილი ეპარება მარიტას ხმას.
–თევზები და ზღვის გოჭები ერთია?
–იმას ვგულისხმობ, რომ მოსწონს ცოცხალი არსებები.. მოსწონს მათზე დაკვირვება და შეიძლება..
–არა, – აწყვეტინებს მოულოდნელად და ზედაპირზე მოტივტივე ლიმონის ნაჭერს დაჰყურებს ზევიდან.
–რამ გაგაბოროტა? – გულწრფელად ეკითხება მარიტა და წყენა უკრთება ხმაში.
–გამაბოროტა?
–ჰო, რამ გაგაბოროტა? – ეკითხება კიდევ ერთხელ და სკამის საზურგეზე იდაყვჩამოყრდნობილი, სველ თმას იწეწავს თითებით.
–მისი დაბადების დღე მოდის და შენ აჩუქე თუ გინდა..
–უჟმური ხარ!
–ნუ მიყურებ ასე, – ბუზღუნებს და მის ღიმილიან მზერას თვალს არიდებს.
–მამაშენზე ბრაზმა არ დაგაბრმავოს, ერეკლე. მის გამო არ აითვალწუნო ელენე..
–რატომ იცით ასეთი ლაპარაკი? რატომ შემჭამეთ ყველამ? – გაღიზიანებით დგება ფეხზე და წარბებშეკრული, ბოლთის ცემას იწყებს პატარა ოთახში, – საერთოდაც, შენ ვის რას არიგებ, მამაშენის იშვიათი სტუმრობაც ვერ აგიტანია და იმ ს*რ ლექსოს კიდევ ვერ მოშორებიხარ!
–ღმერთო, რამდენი ბრაზი და ბოღმაა ამ ბიჭში! – თვალებს ატრიალებს მარიტა და ერეკლე ატყობს, რომ წამითაც არ ეცვლება ხასიათი. არ ღიზიანდება, არც კამათში აყვება, სიტყვასაც არ ეტყვის, არ უსაყვედურებს. თითქოს ამის გააზრება უფრო მეტად ახელებსო, ისევ მის წინ, ჯერ ისევ ბრამორეული, უხეშად ეხეთქება და მარიტას თხელ თითებს აფრინდება თავისით.
–არ ვიცი რა მჭირს.. არ ვიცი რა მემართება. ვერავის ვეღარ ვიტან.. ვერავის და ვერაფერს.. – ისე დაუფიქრებლად ამოსდის ყელიდან სიტყვები, წამითაც არ იაზრებს. ყოველთვის ასეა. ამიტომ უყვარს მასთან ყოფნა. მარიტასთან ვერასდროს თვალთმაქცობს, მასთან ყოველთვის ნამდვილია, ყოველგვარი ნიღბისა და გამოგონილი გრძნობის გარეშე.
–ყველაფერი დალაგდება, – ეჩურჩულება გოგონა და მისკენ იწევს. ნაზად აკრობს ხელისგულს სახეზე და თბილი, სიყვარულით სავსე ღიმილით ეხება გამობურცული ტუჩებით ცხვირსა და შუბლზე, – ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ერეკლე.. ამოისუნთქე და საკუთარი ბრაზი როგორმე სწორად ჩაახშე. არ გეუბნები რომ მიივიწყო, არ გეუბნები გადაივიწყე მეთქი, უბრალოდ სხვა რამეში ამოანთხიე ეს შენი დაგროვილი ღვარძლი და მერე დაფიქრდი, იქნებ არც გაქვს მთელი სამყაროს საწინააღმდეგოდ გამხდარი საქმე..
–რომ არ მყავდე, ისევ შეუჩერებლად იტრიალებდა ჩემი სამყარო? – ეღიმება, მის ხელისგულს აკრობს ტუჩებს და რამდენჯერმე, შეუჩერებლად უკოცნის ნაზ კანს, – რომ არ მყავდე, ისევ დამიწყნარებდა ვინმე ნეტავ აფორიაქებულ გონებას?
–ყველას შემცვლელი მოიძებნება, ერეკლე, – ფრთხილად ითავისუფლებს მისგან ხელს და რატომღაც, უცნაური ღიმილით, ახლა საკუთარ ლოყას აკრობს სწორედ იმ ხელისგულს, რომელზეც წამის წინ ერეკლეს ტუჩები დამოგზაურობდნენ.

***
აკაკის ყოველი სტუმრობა ერთმანეთს ჰგავს. მისი ყოველი გამოხედვა წარსულს იტევს და იმდენად ცოტა, იმდენად დაულაგებელია ეს ყველაფერი, რომ საკუთარ სახლში გაჩერებაც კი უძნელდება. შეეჩვია მისი გამოჩენისას სახლიდან წასვლას. ისე გაიძურწება ხოლმე, თითქოს პატარა, დამნაშავე ბავშვი იყოს, მშობლებს რომ ეპარება ოთახიდან საყვედურის მოსმენის შემდეგ, რომ რაც შეიძლება მალე შეაფაროს თავი მონატრებულ სიმარტოვეს. მიუხედავად ამ გრძნობებისა, წამითაც არ ნანობს ცხოვრების არცერთ ეტაპს. არც იმას, აკაკისთან გატარებული დღეები ერთადერთი რომ იყო მისთვის იმ გულწრფელ დღეთაგან, რომლებიც კი კაცების გარემოცვაში გაუტარებია. არადა, მაშინ პატარა იყო. იმდენად პატარა, რომ არაფერს აქცევდა ყურადღებას. ახლა კი ყველაფერს იმაზე უკეთ ხვდება, ვიდრე თავად სურს. ახლა დაფიქრებაც არაა საჭირო საკუთარ ცხოვრებაზე.
–სულელი ხარ, სულელი, ევა! – მჭიდროდ ხუჭავს თვალებს და საკუთარ თავს, ელენეს მსგავსად ლაპარაკში რომ გამოიჭერს, უკმაყოფილოდ ოხრავს. შავ, რკინის კართან ჩამომდგარი, უღონოს აყრდნობს ცივ ზედაპირს შუბლს და რამდენიმე წამით საკუთარ მდუმარებას აყურადებს. მერე ფრთხილად შორდება და მოხრილი თითებით, ნაზად აკაკუნებს. იცის, ასეც გაიგებს, ასეც გაუღებს და არც ცდება. რამდენიმე წამში შავი სივრცე იკარგება და მის მაგივრად ცოცხალი, თბილი მზერა ეგებება ევას.
–ხომ არაფერი მოხდა? – ისეთი შეშფოთებით ეკითხება, ევას ბედნიერბისგან ეღიმება. უცნაურია, როგორ უყვარს ეს ნერვიული, აფორიაქებული ტონი. უყვარს მის ასეთ თვალებს რომ აწყდება და მის წინ, მოშიშვლებული მკერდით მდგარ მამაკაცს საშუალებას აძლევს, რამდენიმე წამით ასეთი დაფეთებული მზერა შეატოვოს.
–ხომ მარტო ხარ, გიო? – ეკითხება მერე და ოდნავ უღიმის. ყურზე გადაწეული თმის ნაცრისფერი ღერი ურჩად უვარდება სახეზე და უეცრად მოვარდნილ ნიავთან ერთად იწყებს თამაშს.
–ამ დროს ვინ მეყოლება შენ გარდა! – უცებ შეჰყავს სახლში და კარის მიხურვისთანავე, კიდევ ერთხელ ეკითხება, – საღამოს გელოდი, ევა. ელენე სად არის?
–აკაკია ჩემთან, – პასუხობს მოკლედ. მეტი არც არის საჭირო. აღარც თვითონ აგრძელებს, აღარც გიორგი ეკითხება რამეს. მხოლოდ ნაზად ეხვევა ევას წელს ძლიერი მკლავებით და თავზე აკრობს თბილ ტუჩებს.
–აკაკისთან გაატარე საღამო? – მაინც უმუქდება მზერა და უკან იხევს.
–არა, გიო. მანქანით ვისეირნე ცარიელ ქუჩებში.. – მის სხეულს შორდება, გვერდს უვლის და მისი საძინებლისკენ მიიწევს. აშლილ საწოლზე მუხლებით ცოცდება და ფეხებმოკეცილი, სიგარეტის კოლოფისკენ იწვდის ხელს.
–კომპანიონობას ვერ გაგიწევდი ღირსეულს, არა? – ცივად ეკითხება გიო, სიგარეტს აწვდის და თავადვე უკიდებს. სულ ერთი წამით კრთება ცეცხლის პაწაწინა, მვეთრი ალი და ევას ფერმკრთალ სახესაც მცირე ხნით ეცემა ნარინჯისფერი შუქი.
–მაპატიე..
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახშიც კი ატყობს, როგორ ეღუშება ბიჭს სახე. მერე, ალბათ, თავადვე ხვდება, ზედმეტად რომ აქვს შეკრული წარბები და მოუთმენლად ისრესს თვალებს.
–დავწვეთ გინდა? – ხმა ურბილდება გიოს და პასუხს რომ ვერ იგებს, ნელა უახლოვდება. ატყობს, რამდენადაა არეული. ატყობს, როგორ უკანკალებს ტუჩებთან მიტანილი თითები და უკმაყოფილებისა და ბრაზისგან ერთიანად აწვება სისხლი სახეზე, – ჯანდაბა, ევა, უნდა მელაპარაკო!
–ელენეს წაყვანა მინდა..
გიორგის პასუხს ვერ იგებს. სიტყვიერად ვერა, თუმცა მის თვალებში კითხულობს და ხმადაბლა ოხრავს.
–მაინც? – საბოლოოდ მაინც ახერხებს კითხვის დასმას და თითქოს არეული, მის სიახლოვეს აჩერებს სახეს, – ევა, მომხედე..
–აღარ მინდა აქ, გიო. აღარ მინდა შეკვეთებით ფულის აღება და აკაკის ალიმენტით ბავშვის გაზრდა. აღარ მინდა, მომბეზრდა!
–და იქ რას გააკეთებ, ევა? ესპანეთში რა უნდა აკეთო? – ეღიმება და მხრებში ჩავლებული ხელებით საწოლზე აგდებს. ზემოდან მოქცეული, ფრთხილად აცლის თითებიდან სიგარეტის ღერს და ისე ისვრის საფერფლისკენ, წამითაც არ აცილებს ქალის თვალებს მზერას.
–იქ უფრო დაფასდება ჩემი ბანძი ხელობა.. – ბურტყუნებს და მის ტუჩებს ახვედრებს მოღეღილ, უკან გადაზნექილ ყელს, – დედა იქ არის, ელენეს მიხედვაშიც დამეხმარება, იქ უფრო კარგ ხელში იქნება, მოვძებნე რამდენიმე ძალიან კარგი ცენტრი მისთვის და თან.. თან მეც მეყოლება გვერდით ახლო ადამიანი, გიო, დედაჩემის სახით.. სულ მარტო ვარ.
–მე არ გყავარ, ევა? მე არავინ ვარ? – მის მკერდს აკრობს ლოყას და მჭიდროდ ეხვევა მთელი სხეულით.
გიოს სხეული ზედმეტად ამძიმებს, მაგრამ მისი სურნელი, ნიკაპზე ფაფუკი თმის შეგრძნება და შიშველი, თბილი გულმკერდი იმხელა.. ისეთი შვებაა, წამით შიშიც კი იპყრობს, მოულოდნელად მკლავებიდან არ გამოეცალოს.
–ჩემთან ყოფნა შენთვის სიმარტოვეა, ევა? – კითხულობს კიდევ ერთხელ მის ყელში სახეჩარგული მამაკაცი და ევას პატარა ბავშვივით, მოუთმენლად უთრთის ქვედა ტუჩი.

***
–ერთი რამის გამო მომწონს ძალიან შენი სიგამხდრე..
–აბა?
–მსუბუქი და ჰაეროვანი ხარ, შემიძლია ნებისმიერ დროს მოგიქციო მკლავებში და მანამ არ დაგიშვა მიწაზე, სანამ არ მომესურვება. როგორც მაშინ, ხომ გახსოვს, პიკნიკზე რომ გატარე ხელით, ეკალბარდებში.. – ბოლო სიტყვებზე ეშმაკურად ეღიმება.
–ლამაზად ჟღერს!
–მაგრამ ეს არ არის ნორმალური, ევა.. სხეულზე როცა გეხები, გრძნობა მაქვს რომ შენს ძვლებამდე ვაღწევ.. შენი ჩონჩხის ფორმას, ნეკნების განლაგებასა და ამომჯდარ მენჯის ძვლებს ვგრძნობ კანზე..
–ასეთი არასასურველი ვარ? – სევდიანად ეღიმება და მის მიერ გამოწვდილ პერანგში უყრის ჩამოქნილ მკლავებს. თავადვე უკრავს გიორგი ღილებს და მისთვის ზედმეტად დიდი ზომის პერანგს ლამაზად უკეცავს მაჯებზე.
–ეს გითხარი ახლა მე არა? – ბრაზით კრავს კოპებს ევას კითხვაზე და ახლა ყავის გამზადებულ ფინჯანს აწვდის ხელში. თან წელზე უჭერს თითებს და დივნისკენ მიჰყავს. სწრაფად კალათდება, ფეხებს შორის იქცევს მომღიმარ ევას და ზურგით მჭიდროდ იკრავს გულზე, – ძალიანაც სასურველი ხარ.. ლამაზი, ნაზი და ჭკვიანი..
–კარგი ოჯახის შვილი გამოგრჩა! – ეცინება ევას და მის გულთან ახლოს ათავსებს სახეს. გულისცემაც კი დინჯი აქვს გიორგის, დინჯი და მოწესრიგებული.
–გავიდეთ სადმე და გავერთოთ, არ გინდა? – არაფრად აგდებს მის ირონიას. ნაზად აკრობს ტუჩებს საფეთქელზე და თითებს ხლართავს მინაბული ევას თმაში.
–მინდა.. ბევრს ნუ დავლევთ ოღონდ, მინდა ელენეს მივუსწრო დილას, სანამ აკაკი წაიყვანს.
–გიფიქრია, რა იქნებოდა, შვილი რომ ჩემგან გყოლოდა, ევა? – ეკითხება უეცრად და კითხვასთან ერთად გრძნობს, როგორ ეძაბება ქალს მოდუნებული სხეული, – მაშინ რომ ცოლ–შვილიან კაცს არ აკიდებოდი..
–გაშორებული იყო ცოლს, გიო.. იცი ეს შენ, – პასუხობს წყენით და მაშინვე მისი თვალების ძებნას იწყებს, – არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ძალიან კარგად იცი, აკაკის ვეღარ ამოვშლი საკუთარი ცხოვრებიდან და თუ ასე საუბარს არ გადაეჩვევი..
–რა, ევა? – მწარედ ეღიმება გიოს, – პირში თუ წყალს არ ჩავიგუბებ, რას იზამ? – ზედმეტად გამომწვევია მისი ხმა. ასე როცა ლაპარაკობს, ევა ხვდება, რომ ზედმეტადაა გაღიზიანებული.
–არაფერსაც არ ვიზამ. გეხვეწები, ნუ იქცევი ასე! – მუდარას ურევს ევა ხმაში და მთელი სხეულით ტრიალდება მისკენ. გრძნობს, როგორ უჭერს მის თხელ ფეხებს აქეთ–იქიდან ბარძაყებს გიორგი და თითქმის სუნთქვაშეკრული, მის კისერს ეკიდება მკლავებით, – არ გვინდა ყოველ შეხვედრაზე აკაკიზე ლაპარაკი. წავიდეთ უკვე, კარგი?
–აღარ დამელაპარაკო ასეთი მუქარანარევი ტონით მეორედ,– დახშული ხმით სცემს პასუხს და სანამ ევა ხმას ამოიღებდეს, ჟინით აცხრება ღვინისფერ ტუჩებზე, – იცოდე, ისედაც ბევრი ავიტანე აკაკის გამო.. – აფრთხილებს კიდევ ერთხელ, ჯერ ისევ სუსხშეპარული ხმით და მოშორებისთანავე, ფეხზე წამომდგარი, ევას სხეულსაც ხელში იტაცებს.

***
მეორე დილას, სახლში დაბრუნებულს, გამზადებული და ნაჭამი ხვდება ელენე. აკაკის ყვითელ კაბასთან ერთად, ამავე ფერის ბანტიც დაუბნევია მისთვის თავზე და ისეთი საყვარელია, ევა მოუთმენლად უკოცნის მთელ სახეს შვილს. სანამ მათ გააცილებს, თითქმის მთელ საათს ერთად ატარებენ. იმდენად აუღელვებლად, მშვიდად ლაპარაკობენ, თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს მათ შორის წუთები ერთმანეთის სიძულვილისა. თითქოს წლების წინ დიდი ტკივილი არ გადაეტანოთ დაშორებითა და პატარა ელენეს მათ ცხოვრებაში გამოჩენით. ევა შეეჩვია უკვე ასეთ დილებს. მათი გოგონა რომ უზით შუაში, უხმოდ აცმაცუნებს პატარა, ლამაზ პირს და თან მასთან მოთამაშე მამას უწყობს ხელისგულებზე იმ პურის ნამცეცებს, სათუთად რომ დაუცალკევებია ერთმანეთისგან. შეეჩვია იმასაც, წასვლისას აკაკი რომ უსახსოვრებს ხოლმე თბილ კოცნას შუბლსა და თავზე. ისე, თითქოს სხვაგვარად შეუძლებელი იყოს კარის ზღურბლზე ნაბიჯის გადადგმა. ბევრჯერ უფიქრია, აკაკი რომ არა, ნეტავ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება.. როგორი მარტივი, უდარდელი და სიცოცხლით სავსე შეიძლება ყოფილიყო მასთან შეხვედრის გარეშე. იმდენად ხშირად ეფიქრება ამაზე, რომ ზოგჯერ სწორედ ეს ფიქრები აშინებს, აშინებს და საშინელ ადამიანად წარმოადგენინებს ხოლმე თავს.. რადგან იმ ფიქრებში არც მათი შვილის ადგილია ასეთ დროს, იმ ფიქრებში სწორედ რომ უელენობაა მთავარი ამბავი.

***
სახლის კარს საკუთარი გასაღებით აღებს. დილის საათები უკვე მიიწურა, თუმცა მაინც ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევს ბავშვების ოთახების გავლით, სამზარეულოსკენ, საიდანაც წყლის უწყვეტი ხმა და შიგადაშიგ ჭურჭლის რაკუნი მოისმის. შორიდანვე წარმოიდგენს, როგორ ჩამომდგარა ნიჟარასთან ქეთო, მხრებზე ჩამოშლილი თმებითა და იდაყვამდე, სათუთად აკეცილი მკლავებით. ცდილობს რაც შეიძლება ნელა, უხმოდ გადადგას ნაბიჯები და მალევე, მთელი ღამით მიტოვებული, მონატრებული ცოლის დანახვისას ღიმილი ესახება სახეზე. ორი ნაბიჯიღა აშორებს ქეთამდე, თუმცა ერთ ადგილას ჩამომდგარი, ჯერ მისის ყურებით ტკბობას გადაწყვეტს. ლამაზი მხრები აქვს მის ქეთოს, თხელი და მრგვალი. მის ხელისგულებში მარტივად რომ ჩაიკარგება ხოლმე ისეთი. უყვარს კანით მისი თბილი მხრების შეგრძნება. უყვარს მათი დაკოცნა. ახლა, ზურგით მდგარს ტანსაცმელი რომ უფარავს, თითქოს სწყინს კიდეც და მოუთმენლად მიიწევს მისკენ. მუცელზე უცურებს ძლიერ ხელებს და შეცბუნებული ქალის კისერში რგავს სახეს. მის შიშნარევ წამოყვირებაზე თბილად ეღიმება, საყვედურსაც უხმოდ, თვალებმოჭუტული ისმენს და სანამ ქალს გული ბოლომდე დაუმშვიდდება, თავად კისრიდან აშორებს თმას. სურნელოვან კანზე აკრობს სველ ტუჩებს და ისე უკოცნის კანს, ქეთას უნებურად ეჭიმება კისრის ძარღვი.
–იქ დარჩენა აუცილებელი იყო? – ბუტბუტით ამოთქვამს სიტყვებს და ონკანს მოუთმენლად ატრიალებს. წყლის ჭავლი წყდება, თავად კი, შემობრუნებული, სველ მკლავებს აწყობს ქმრის კისერზე.
–მონატრებული მყავდა ძალიან ელენე, მივხვდი რომ არ მეყოფოდა ის რამდენიმე სააათი. ასეთ დროს ღამით მასთან ყოფნა მინდება ხოლე.. – მშვიდად უხსნის და ქეთას მკაცრად მოკუმულ ტუჩებს აკრობს თავისას.
–ღამით მაინც სძინავს ბავშს, აკაკი, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნები..
–მისი მოფერება სწორედ ასეთ დროს არის შესაძლებელი, ქეთო! – ოდნავი გაღიზიანება ეტყობა მის ტონს, სახით უკან იხევს და წარბებშეკრული, უტეხად შეჰყურებს ქალს, – თათიასავით კი არ მეკიდება ელენე კისერზე ყოველ წამს!
–კარგი, გავიგე, უბრალოდ.. ღამე მათთან რომ რჩები..
აკაკი აპირებს უთხრას ევას სახლში არ ყოფნის ამბავი, თუმცა რატომღაც სიტყვის სათქმელად დაღებულ პირს ისევ კუმავს და ღრმა ამოსუნთქვას სულ რამდენიმე, მსუბუქი ხმით ნათქვამ სიტყვას აყოლებს.
–შენ მე მენდობი, ქეთო!
–გენდობი, მართალია, – სევდიანად ეღიმება ქეთას და მისი კისრიდან აცურებს ხელებს. მკერდის გავლით, მუცლამდე ასრიალებს თითებს და მის პერანგზე დამჩნეულ სისველეს აყოლებს თვალს, – ბავშვები სკოლაში არიან. ერეკლემ წაიყვანა თათია. არ მისაუზმია ჯერ კიდევ, ერთად ვჭამოთ.. თუ არ გშია? – იმედიან მზერას აპყრობს და აკაკი ხვდება, რისი გაგება სჭირდება ქეთას მისგან ახლა.
–ვისაუზმოთ, – უქნევს თავს და მერე, მასთან ერთად აწყობს მაგიდას. სანამ მაგიდასთან ჩამოსხდებიან, ორივე ხალისდება თითქოს. უყვართ ერთად ყოფნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თათიას და ერეკლეს ამრეზილ სახეებს არ აწყდებიან ერთმანეთის მოფერებისას. ახლაც, ისე უცებ აიტაცებს ხოლმე ხელში დროდადრო ქეთას მამაკაცი, ისე დააცხრება ხოლმე ტუჩებზე, თითქოს ახალი შეუღლებულები იყვნენ. იქნებ ასეცაა.. იქნებ, ასეც უნდათ, რომ იყოს..
–წავიდეთ რა დღეს საღამოს გეგასთან, – მუდარით აღსავსე სახით შეჰყურებს აკაკი ცოლს, ამთავრებენ თუ არა საუზმეს და მისი შემხედვარე, მათი უფროსი ვაჟი ახსენდება ქეთას.
–ერეკლესავით გადმოსწიე წინ ტუჩი და უფრო დამითანხმებ! – კისკისებს და ლამაზად გადარკალულ წარბებზე ისვამს ხელისგულებს.
–ნუ ამაბუზღუნებ ჩვენი ბიჭივით, – ეცინება მასაც და მაჯაში ავლებს ხელს, – დღეს დასვენების დღეს ავიღებ, ჩვენს ლოგინში ვინებივროთ, მერე თათია გამოვიყვანოთ ერთად და გეგასთან ავიდეთ!
–ერეკლე?
–ერეკლე მიხედავს თავის თავს, – მის წელზე მოხვეული ხელით სახესთან ახლოს იზიდავს და წვერწამოზრდილ ლოყას აკრობს თხელ მუცელზე.

***
–არ ყოფილა ჩემთან, დაძვრება სადღაც.. – სერიოზული სახით აცხადებს გეგა და წელზე შემოსმული პატარა ელიზბარით კვეთს ოთახს. იაკოს ქმრის სახეზე სიცილი უტყდება და სახემოღუშულ ქეთას შეჰყურებს, რომელიც უნიათოდ ცდილობს ზედმეტად კარგ ხასიათზე დამდგარი ქმრისგან თავის დაღწევას.
–მომეშვი, აკაკი! – ბუზღუნებს უკმაყოფილოდ და მკერდზე მსუბუქი ბიძგით ძლივს იშორებს მასზე შემოხვეულ აკაკის სხეულს.
–წარმოდგენა არ მაქვს სად იყო.. – აგრძელებს ისევ გეგა და ჩამომჯდარი, მუხლებზე ისვამს ბავშვს.
–დამშვიდდი, ქეთა, არც ეს იყო სახლში და საშინლად მთვრალი მოვიდა.
–დიდი შეღავათი! – მაინც ეცინება ქეთას და ელიზბარისკენ მიიწევს, – ნუ მამხედრებ ქმრის წინააღმდეგ! – ემუქრება და აფართხალებული ბავშვს ხელებში ათამაშებს, – თათი, დე, ეთამაშე ელიზმარს, მოდი..
–თუ არ გაგიგდო ერთხელ აგერ ნახავ! – არც აკაკი კარგავს სიმშვიდეს, ძმაკაცის გვერდით ითავსებს და მის თვითკმაყოფილ მზერაზე ხმამაღლა ეღიმება, – ლაპარაკი მინდა შენთან, ცალკე..
–რა მოხდა? – იქუფრება მაშინვე გეგა და მისკენ შეტრიალებული, საგრძნობლად უწევს ხმას, – მართლა სადმე ხომ არ დაძვრები, ბიჭო?
–მოგცლია რა, – ღიზიანდება აკაკი და ფეხზე დგება, – წამო, წამო..
–ხომ ვამბობ, საეჭვოდ დადიან ჩვენ გარეშე მარტო! – ესმის ზურგსუკან ქეთას ხმა და შებრუნებული, თბილ მზერას აგებებს ცოლს.
–ქეთო, ტყუილის გარდა ყველაფერი შეგიძლია დამწამო, ხომ იცი, არა? – ეკითხება თითქოს ხუმრობით, თუმცა მაინც გულწრფელობით სავსე ტონით და გეგასთან ერთად სწრაფად ტოვებს ოთახს.
–რა მოხდა? – ვეღარ ითმენს გეგა და მოკიდებული სიგარეტის ღერს უწვდისაკაკის, თავად კი ახალს იღებს, – ჰა, ახლა, ამოღერღე!
–დაიცადე ბიჭო, ამომასუნთქე! – ეცინება და მუდამ აქტიურ, აჟიტირებულ გეგას საყვედურით აღსავსე მზერას აგებებს, – შენი მარიტა რას შვრება? როგორ არის?
–მარიტა? – უკვირს და უცებ, აივნის კიდეზე ჩამოდებულ ხელს ისე მოუხეშავად იქნევს ჰაერში, აკაკი უფრო მეტად კრავს შუბლს.
–გასაგიჟებლად არ მომიკითხავს ბავშვი, გეგა!
–რა მოხდა? ერეკლესგან გაიგე რამე? ისევ სკოლას აცდენენ? ისევ გადაირივნენ, არა?
–ცალ–ცალკე მაინც დამისვი კითხვები, დავიბენი, – ეღიმება უნებურად აკაკის, – არ აცდენენ სკოლას..
–ისევ იმ ა*ვრის ბიჭთან ერთად დაინახე, არა? მითხარი, აკა, ძმობას გაფიცებ, იმ ღლაპთან ერთად იყო, არა?
–ჰო.. ჰო.. ოღონდ ნუ გაგიჟდი! – ექუფრება მზერა და აფეთქებულ ძმაკაცს სიცილით უტყაპუნებს მხარზე ხელს, – ეგენი ბავშვები არიან, სულ არ აინტერესებთ მამების შუღლი.. მით უმეტეს, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა თქვენ შორის. წლების წინანდელი ამბის გამო, ვერ აუკრძალავ მარიტას მასთან მეგობრობას. ვიფიქრე უნდა გცოდნოდა, მაგრამ.. მომხედე აქეთ, გეგა, მომხედე!
–ჰო, გისმენ, – ზედ არ უყურებს ისე ეყრდნობა ორივე იდაყვით მოაჯირს და მოუთმენლად ისრესს უკმაყოფილოდ შეკრულ შუბლს.
–იმ ლექსოში.. იმ ბიჭში არ არის საქმე, არა?
–კარგი რა, აკაკი! – ღიზიანდება უარესად გეგა.
–უაზრო აკრძალვებით შვილს ვერ გადაიბირებ, იცი ეს არა?
–არ მომწონს ეგ ბავშვი, აკა, არ არის კარგი ოჯახის შვილი.. მე კიდევ, სულ ვნერვიულობ მარიტაზე. ისედაც ჯიუტი, დაულაგებელი, დაუფიქრებელია!
აკაკი ატყობს, როგორ ეცვლება მისი ხსენებისას მზერა და ღრმა, თითქოს შვების მომგვრელ ამოსუნთქვას აყოლებს გამაფრთხილებელ სიტყვებს:
–ერთ სიტყვას ეტყვი ამაზე ბავშვს და არ ვიცი რას დაგმართებ იცოდე! დაველაპარაკები მე ერეკლესაც და ვეტყვი თვალყური ადევნოს..
–ვერ მოვაშორე მაგ ტიპს, ტო.. ვერაფრით მოვაშორე. დედამისიც კაი ტიპია, ერთ არ ეტყვის, წესიერ ხალხთან იარეო, მიაჩვია აქეთ–იქით თავის ჩკუაზე ხეტიალს! – ბრაზით, კრიჭაშეკრული ლაპარაკობს გეგა და მოულოდნელად ტრიალდება მეგობრისკენ, – ჩემი დანახვა არ უნდა მარიტას, აკა.. საერთოდ არ აინტერესებს რას ვფიქრობ მის ცხოვრებაზე. რა მითხრა იმ დღეს, იცი? ელიზბარია შენი შვილი და შენს ჭკუაზე ის გაზარდე, დამანებე მე თავიო.. – პატარა ბიჭივთ უმხელს გულისტკივილს და საკუთარი უძლურების გააზრების თუ დაუფიქრებლად გამომჟღავნებისგან, წამშვე ესახება შუბლზე სევდის ნაოჭები.
–რატომ გიკვირს, გეგა? – სევდით ეღიმება აკაკის და თვალებამღვრეულს გვერდიდას შეჰყურებს, – დანგრეულ ოჯახში გაზრდილი თინეიჯერი გოგოა. მიუშვი რა, დაანებე თავი.. შეგიძულოს. ახლა შეგიძულებს, სამაგიეროდ რამდენიმე წელში შენთან დამეგობრება მოუნდება, საბოლოოდ.. რომ დაქალდება, იმაზე მეტ ყურადღებას გამოიჩენს შენ მიმართ, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია.
–რთული ბავშვია.. – ღრმად სუნთქავს გეგა და წამით ხუჭავს თვალებს, – ასეა.. ყოველთვის მეტი პრობლემაა სხვა ქალისგან გაჩენილი ბავშვი..– ბურტყუნებს უკმაყოფილოდ და მერეღა იაზრებს რა წამოროშა. დამფრთხალი მზერით შეჰყურებს აკაკის და ისე, რომ მის ღიმილს არაფრად აგდებს, ისევ ნერვიულად ეჭმუხნება სახის ნაკვთები, – ხომ გესმის.. ზოგადად ვამბობ, ელენეს არ ვგულისხმობ. აბა, რა საწუწუნო გაქვს ელენესთან, მშვენივრად უმკლავდები..
–რა თქმა უნდა, გეგა! – დამშვიდებით უქნევს თავს და მის მდგომარეობაზე ფართოდ ეღიმება, – დამშვიდდი, არაფერი გითქვამს ცუდად! – არწმუნებს და ოთახისკენ უბიძგებს.
–იხდით შენ და ელე დაბადების დღეს? – ახსენდება გეგას და წინ წასული, უკან–უკან იხედება, აკაკისკენ.
–ჰო, აბა.. ერთად.
–საჩუქარი მაქვს მისთვის, უნდა გაგატანო და საერთოდაც, ბავშვი არ გყოლია ჩემთან რამდენი ხანია. მაინცდამაინც ევას მივადგე სანახავად? – კოპებშეკრული, ადგილზე ჩერდება და სახეში შეჰყურებს.
–წამოდი ოცდაერთში.
–არა, – ღიმილით უქნევს თავს, – ბევრი ხალხი არ უყვარს ელეს, მერე, ცალკე ვნახავ, ჩვენებურად. დავსხდებით და დავხატავთ, ან ქვიშაში ამოვისვრით ხელებს, – ლაპარაკით უახლოვდება მოთამაშე ელიზბარსა და თათიას და ისეთი ხორხოცით გორდება საბავშვო ხალიჩაზე ზურგით მათ შორის, დაუყოვნებლივ რომ გახდეს საერთო ჟრიამულის მონაწილე.

***
უეცრად ამოვარდნილი ნიავი თხელ ფარდებს არხევს და ოთახში ისე დააფრიალებს, თითქოს სრული თავისუფლებისკენ იწევენო. აკაკი შუბლშეკრული გაჰყურებს ერთხანს აფართხალებულ მატერიას, მერე სწრაფად დგება, ფანჯრებს ხურავს და ისევ მაგიდასთან ბრუნდება, სადაც ელენეს სადღესასწაულო ტორტია მოთავსებული, მრგვალი და პატარა. იმდენად პატარა, რომ სულ რამდენიმე ნაჭერი გამოვა, ხუთი ან ექვსი. თანაც უფეროა, მხოლოდ თეთრი კრემით დაფარული და შუაში დაკოსებული უშნო, მოვარდისფრო ვარდით. დაჰყურებს აკაკი და ვერაფრით ხვდება, რატომ შეაჩერა არჩევანი ამაზე ევამ. უკმაყოფილოდ ოხრავს. მაგიდასთან ჩამომჯდარი, ზედმეტადაც კი ნანობს, ამჯერად მას რომ მიანდო ტორტის ყიდვა და ნერვებმოშლილი, ფერადი სანთლებისკენ სწევს ხელს. რვა ცალს ითვლის, ხელისგულზე იწყობს და ფიქრს იწყებს, როგორი განლაგებით შეიძლება განათავსოს ტორტზე ისე, რომ სულ ცოტათი მაინც გალამაზდეს. ზოგჯერ რა მარტივია წვრილმან პრობლემებზე ფიქრით გადაიტვირთო თავი.. ისე, თითქოს უფრო დიდი სევდის მოლოდინი არ გიძღვოდეს წინ.
–ევა, სად ხართ აქამდე? – გამოფხიზლებული, ხმამაღლა იძახის და კისერგადახრილს, ელენეს ოთახისკენ უჭირავს თვალი. პასუხს რომ ვერ იგებს, ფეხზე დგება და მათკენ მიიწევს.
ევა გაღებული კარადის კართან ჩამომდგარა, გულზე ხელებდაკრეფილი, ელენე კი ფეხმორთხმით მჯდარი, აქეთ–იქით დააგორებს წითელი რეზინის ბურთს.
–ევა..
–მოდიან შენები? – ეკითხება და მისკენ ბუნდება. თან კარადიდან ლამაზ, გრძელსახელოებიან კაბას იღებს, რომელსაც გულთან რამდენიმე ვერცხლისფერი პეპელა აქვს ამოქარგული. ცნობს აკაკი ამ კაბას. თავად დაუქარგა ევამ ელენეს და მას შემდეგ ხშირად უნახავს შვილი მასში გამოწყობილი. ღია ნაცრისფერი ქსოვილი ისე უხდება პატარა, მუქთმიან ელენეს, თვალს ვერ მოაცილებ. სხვა კაბებიც აქვს დედის მიერ დაქარგული, სხვადასხვანაირი ბრწყინვალებით სავსე თვლებითა და ფერადი ქვებით, მაგრამ ორივე ხვდება, რომ თავად ყველაზე მეტად ეს პეპლებიანი კაბა მოსწონს.
–მოდიან, – პასუხობს და ელენესთან იმუხლება. გაგორებულ ბურთს ცერა და საჩვენებელ თითებს შორის იქცევს და თავისი სახის გასწვრივ აჩერებს, რომ შვილის ყურადღება მიიპყროს, – ჩვენი დაბადების დღეა, ელე, რა მაგარია არა, მა? – ეკითხება და მისკენ გადახრილი, ნაზად კოცნის ცხვირზე. ელენე ოდნავ უკან იხევს, ბრაზით კრავს კოპებს და ხელიდან მოუთმენლად გლეჯს პაწაწინა ბურთს.
–დღესასწაულების მეფე ხარ! – ხითხითებს ევა და მათკენ დახრილი, სწრაფად აყენებს ფეხზე ელენეს. ისე აცმევს კაბას, გოგონა წამითაც არ უძალიანდება, თუმცა არც ეხმარება დედას. მომჩვარული ტანითა და კიდურებით უხმოდ ენდობა მის მოძრაობებს. ჯერ ისევ ხელში ჩაუბღუჯავს წითელი ბურთი და მზერას ხან საკუთარი კაბისკენ, ხანაც კედლებისკენ მიმართავს, დედ–მამას წამითაც არ უსწორებს მზერას, არც მათი ლაპარაკით ინტერესდება.
–რატომ არ იყიდე წესიერი ტორტი? – მაინც ვერ ითმენს აკაკი. ჯერ ისევ ძირს, ხალიჩაზეა ჩამომჯდარი. თავზე ელენეს პატარა სანათი დაჰნათის, რომელიც მუქ თმას უცნაურად უნათებს.
–შენს არცერთ შვილს არ უყვარს ტორტი, პირს არ აკარებენ ხოლმე.. – მხრებს იჩეჩს და ბავშვს მხრებზე ლამაზად უფენს ზედმეტად სწორ, დავარდნილ თმას, – რაც იყო ის წამოვიღე..
–რა მნიშვნელობა აქვს ჭამენ თუ არა? – უკვირს და ფართოდ შლის ხელებს.
–მხოლოდ რვა სანთელი გვაქვს.. დანარჩენი ოცდაათი მერე ჩააქრე შენ, ცალკე, ელენეს გარეშე.. – პასუხობს სულ სხვა რამეს და თბილად უღიმის.
–ჰო, ბიჭებთან და ბევრ ალკოჰოლთან ერთად ჩავაქრობ საღამოს! – ეცინება ლაღად, თუმცა მალევე ექუფრება სახე და ზემოდან დაჰყურებს, – ნუ გაფიქრებს ხოლმე ასეთი რაღაცები, ევა..
სანამ მის პასუხს გაიგებდეს, მანამ სწვდება ყურს მისაღებიდან გამომავალი ბრახუნის ხმა. აკაკი მაშინვე სცნობს ანცი, პატარა თათიასთვის დამახასიათებელ ჟესტს და ოთახს სწრაფად ტოვებს. ჩარჩოსთან ჩამომდგარი შვილების დანავაზე წამით სითბო გადაურბენს სახეზე და სანამ უკან გადგება, მანამ ამჩნევს მათ თვალებში უცნაურ, მორიდებულ მზერებს.
–მოხვედი, თათი? – სიცილით იხრება პატარასკენ და მისი შემოხვეული მკლავებისგან ისე იბოჭება, სიცილი უტყდება, – ეს რა მოგიტანიათ?
–ელენეს საჩუქარია! – ბედნიერი ღიმილი ურბენს სახეზე თათიას და მამას გამომცდელად აკვირდება. ერთი სული აქვს შექება მიიღოს, ერთი სული აქვს თბილი სიტყვები გამოსტყუოს მამას.
–რა ლამაზი თოჯინაა, მა, რამხელაა, ძლივს უჭირავს ერეკლეს! – ზედმეტად ემოციურადაც კი ქაჩავს აკაკი თვალებს და ახლა ვაჟიშვილისკენ გადააქვს მზერა, – მოდი, ერე..
–სად არის ელენე? – კითხულობს ერეკლე და აკაკი ატყობს, რამდენად უნიათოდ, როგორ უხალისოდ აცეცებს თვალებს მისაღებისკენ.
ოთახისკენ წასულებს, უკვე იქ ხვდებათ ელენე და ევა. გვერდიგვერდ მდგარი, ერთნაირი ორი გოგონა. რამდენჯერ შეხვედრიან ერთმანეთს ყველანი და მაინც ისევ ისეთი, უნდო, გაუცხოებული მზერები ავსებს ოთახს. იმდენად სხვადასხვა, რომ აურაც ირევა.. ირევა იმდენად, რომ ვერავინ არქმევს საკუთარ მდგომარეობას სახელს.
–გამარჯობა, ბავშვებო.. – მკრთალად იღიმის ევა და ხელის მსუბუქი მოძრაობით იხმობს თავისკენ.
–გამარჯობა.. – ბუტბუტებს ერეკლე და მამას სწრაფად უვლის გვერდს. ორიოდ ნაბიჯში ფარავს მათ შორის არსებულ მანძილს და ისე, რომ ევას ღიმილიან სახეს არ აშორებს, პატარა დისკენ იხრება, – გამარჯობა, ელე, გილოცავ დაბადების დღეს! – სულ ოდნავ ეხება თითებით ნიკაპზე, თავს აწევინებს და ისე ათვალიერებს მის სახეს, თითქოს ამას პირველად აკეთებდეს. ნაზი ღიმილით დამოგზაურობს მისი მზერა ელენეს ლამაზ, სათუთ ნაკვთებზე. თითებით ფრთხილად ეფერება ლოყასა და ნიკაპზე და ბოლოს, მშვიდი სუნთქვით, ნაზად უსვამს თავზე ხელისგულს. ზედმეტად არსდროს ეხება, მაგრამ მაინც მუდამ უნდება მისი დანახვისას, სულ ცოტა სითბო გაუზიაროს, რადგან ელენეს ზედმეტად სუფთა.. ზედმეტად თხელი კანი და მბზინვარე თმა აქვს. მოსწონს ასეთი განსხვავებული რომაა, მოსწონს რომ არ არის საჭირო მასთან თვალთმაქცობა, ზედმეტი სიცილი და ფერება. მხოლოდ წამით შეეხება მრგვალ ნიკაპზე, ან თითებს შეუცურებს სლოკინა თმის ღერებში და თუ მოუნდა, მის თვალებსაც შეხვდება. მართალია ატყობს, მზერის გასწორება ჭირივით ეზიზღება უმცროს დას, თუმცა თვითონ მაინც სულ ცდილობს, საკუთარი სახე დაანახოს ელენეს. თავადაც არ იცის რატომ.. იქნებ, ბავშვობიდან მოყოლებული, მამის შემხედვარე დაეჩვია ასეთ ქცევას..
–ნახე, თათიამ რა გიყიდა.. შენ მიგამსგავსა და ასე თქვა, ტყუპებივით იქნებიანო, – ღიმილით უწვდის დიდ თოჯინას და ცდილობს მჭიდროდ დააჭერინოს მკლავებში.
–ნახე, მა, ნახე, ტყუპები არიან! – კისკისებს თათია მისი სიტყვების გაგონებისთანავე და მამის მკლავებიდან ჩამოცოცებული, ისე სწრაფად მირბის და–ძმისკენ, მოულოდნელად ერეკლეს ზურგს ეჯახება პატარა სხეულით.
–ნელა, თათი. მოდი, მიულოცე წესიერად ელეს დაბადების დღე, – წელზე ხვევს ხელს ერეკლე. ამჩნევს, ზედმეტად აფორიაქებული რომ არის და ზურგზე რიტმულად, დამამშვიდებლად უსვამს ხელისგულს.
–გილოცავ! – უცებ იშორებს ძმის ხელებს და უცნაური ჟინით ეხვევა თითქმის ერთი თავით მაღალ ელენეს. ძლიერად მომუშტული მუჭებითა და კრიჭაშეკრული ღიმილით ეყრდნობა ლოყით მხარზე და მოშორებული, მის კაბას ეჭიდება თითებით, – რა ლამაზი კაბა კაცვია, ელე! მამა, შენ უყიდე? ელენეს კაბა შენ უყიდე? – ფეხისწვერებზე აწეული ტრიალდება მამისკენ.
–მოგეწონა? შენ ხომ კაბები არ გიყვარს, მა? – ეღიმება აკაკის. ეღიმება და ჯერ ერეკლეს, მერე კი ევას აგებებს ამ ღიმილიან მზერას. უცნაური, თუმცა მაინც ჩვეული აურა დგას ოთახში. თითქოს ორი, სხვადასხვა, დანაწევრებული ოჯახი შეკრებილა ერთად და ვერავის გაუგია ვის, რატომ ან როგორ ეკუთვნით ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სახეზე ღიმილია ასახული, მაინც ძვრება აწურულ სხეულებში უხერხულობისა და უსიამოვნების შეგრძნება. აკაკი უხმოდ შეყურებს მისი ცხოვრების რამდენიმე ნაწილს და ხვდება.. ხვდება, რამდენად დაანაწევრა საკუთარი თავი, რამდენად გაყო გრძნობები და რამდენად არ აქვთ საერთო მის წინ მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან. აკვირდება ყველა მათგანს სათითაოდ და შეგრძნება უჩნდება, რომ არასდროს არაფერი დალაგდება.
–ელენე, მადლობა უთხარი, დე, – ესმის ევას მშვიდი, მსუბუქი ხმა და ხედავს, როგორ ეჭიდება ქალი თითებით გოგონას მხრებზე, – მადლობა, ელე!
–მადლობა.. მადლობა.. მადლობა.. – ბუტბუტებს ელენე და სიტყვებს რატომღაც სიცილსაც აყოლებს. სწრაფად ანაწილებს მზერას ერეკლესა და თათიას შორის და ხელებში მოთავსებულ თოჯინას გვერდით მდგარ დედას აჩეჩებს. მერე ისე ჩაუვლის წინ მდგარ, მთელი სხეულით უცნაურად მომართულ თათიას წინ, წამითაც არ იჩენს ინტერესს და მაგიდისკენ წასული, გადაღლილი მზერით ეშვება სკამზე.
–ძალიან ლამაზი თოჯინაა, თათია, დიდი მადლობა, – ახლა ევა უღიმის პატარას და მისკენ გაწვდილ ზედმეტად გამხდარ თითებს ჰაერში ათამაშებს, – წამო, ელენეს ტორტი გავუმზადოთ. თუ არ მოუნდა შენ და აკაკიმ ჩააქრეთ სანთლები, მერე მის კაბებს გაჩვენებ და რომელიმე თუ მოგეწონა, ჩვენც გაჩუქებთ საჩუქარს, გინდა?
–მართლა? – პატარა თითებით ეჭიდება ევას ხელს და უკვე გამხიარულებულს, წამში უდუნდება მთელი ამ დროის განმავლობაში უხილავი ბრაზისგან დაჭიმული მუჭები.

***
–ელენე! – ჩურჩულით იხრება ერეკლე და იდაყვებს აყრდნობს წინ წამოწეულ მუხლებს. თან ევასთან ჭორაობაში გართული თათიასკენ აცეცებს თვალებს, რომ დარწმუნდეს, მის ყურადღებას არ მიიქცევს.
–არ გიპასუხებს, – ახსენებს ღიმილით გვერდით მჯდომი აკაკი და ერთ ადგილას, რიტმულად მოქანავე ელენეს შეჰყურებს, რომელიც გაბუშტული ტუჩებით დასჩერებია საკუთარ მოთამაშე, პატარა ფეხებს.
–ელე! – კიდევ ერთხელ ეძახის ერეკლე და მისკენ იწევს. ფრთხილად აფრინდება იდაყვში და იძულებულს ხდის სკამიდან წამოდგეს. გოგონა იშმუშნება, ღიზიანდება მის შეხებაზე და შეკრული წარბებით ცდილობს თავის გათავისუფლებას. სიტყვით არ ეუბნება უარს, მხოლოდ უკმაყოფილო ზუზუნით ცდილობს ძმის ჩამოშორებას.
–მოდი ჩემთან, ერთი წუთით.. – უყვავებს ერეკლე, ხელს უშვებს და წელში გასწორებული, საკუთარ მუხლებზე ათავსებს ხელისგულებს, – მოდი, ელე, შენთვის რაღაც მაქვს, – ახლა ჯიბეზე იტყაპუნებს მხიარულად ხელს და ხედავს, როგორ აყოლებს ელენე მის თითებს მზერას. ინტერესით აგდებს გვერდით თავს და დღის განმავლობაში პირველად, სახეში შეჰყურებს ძმას.
–მოდი.. – უფრო მეტად რბილდება ხმა და ელენე თავისი ნებით დგება ფეხზე.
მისკენ მიიწევს. ერთმანეთში ნერვიულად ახლართული თითებითა და გაბუსხული ტუჩების წვალებით და ორიოდ, პატარა ნაბიჯში უკვე ერეკლეს წინ ჩამომდგარი, მისი ჯიბისკენ კიდევ ერთხელ აპარებს მზერას. ერეკლესაც მაშინვე უნათდება სახე და სწრაფად იღებს პატარა, ფერად ნივთს ჯინსის ჯიბიდან.
–მაკოცე, ელე, მოდი! – ნაზად ხვევს წელზე ხელს და თავისკენ იზიდავს.
–აკოცე ელე! – აგულიანებს აკაკიც და ერეკლეს ეჩვენება, რომ მამის ხმას უცნაური აღელვება დატყობია. არ იცის მამის სიტყვები უფრო ჭრის, საკუთარი, თუ საჩუქრით გამოწვეული ინტერესი, თუმცა რამდენიმე წამში დის თბილი ტუჩები ეხება ლოყაზე და აღარცერთ მათგანს აქვს მნიშვნელობა. უნებურად ხმამაღლა ეცინება, პატარა ელენე მის მოკუმულ ხელს რომ აფრინდება თითებით.
–ვნახოთ აბა, რა მაქვს აქ.. – ნელა შლის მუშტს და ხელისგულზე მოთავსებულ, პატარა ბზრიალას დაჰყურებს მასთან ერთად.
–ელენეს უყვარს ბზრიალა.. – მხიარულ ტაშის შემოკვრასთან ერთად უცებ იტაცებს ახალ ნივთს და უკითხავად, გაუცნობიერებლად თავსდება ერეკლეს მუხლებზე. მთავარია კომფორტულად მოთავსდეს. მთავარია მაგიდას კარგად მისწვდეს და ძმის საჩუქრით იჯეროს გული. ზოგადად, არ უყვარს სიხლეები, არც ახალი ნივთები. ამიტომ იფიქრა ძალიან ბევრი ერეკლემ, ამიტომ შეათვალიერა ყველა ძვირფასი სათამშო წამოსვლამდე, მაგრამ იცოდა, ვერაფრით ასიამოვნებდა. ახლა კი, ამ ერთადერთი, უბრალო ნივთით მისი გატაცება ისე ახარებს, კანში ვეღარ ეტევა. მოსწონს მასთან რომაა, მუხლებზე რომ უზის. მოსწონს შეხების საშუალებას რომ აძლევს, ზოგჯერ რომ მაჯაზე დასწვდება ხოლმე პატარა, უცნაური ფორიაქისგან გამოწვეული ათრთოლებული თითებით. ისე გადის ნახევარი საათი, ელენე წამითაც არ იღლება. ისევ ისეთი აღტაცებით, შეუჩერებლად თამაშობს. რამდენიმე, მისთვის ზედმეტად ახლო ადამიანს შიგადაშიგ მკრთალ ღიმილსაც კი სჩუქნის მილოცვებსა და თბილ სიტყვებზე. პატარა თათია კი ვეღარ ისვენებს, ელენეს ყურებით ზედმეტად იღლება და გაღიზიანებული, მამისკენ მიიწევს
–არ მეთამაშება მე ელენე და მინდა რომ წავიდეთ, – იწყებს წუწუნს და გაბოროტებული, შუბლშეკრული მზერით შეჰყურებს უფროს ძმას, რომელიც თითქმის მთელი დღით მიითვისა ელენემ, – წავიდეთ რა, მამიკო!
–წავიდეთ. დაემშვიდობეთ ელენეს და წავიდეთ.. – ნაზად უსვამს თავზე ხელს და ფეხზე აყენებს.
სანამ ერეკლე და თათია ელენესთან დამშვიდობებას ცდილობენ, ევა ესეტება წინ აკაკის და ნაზი ღიმილით უწვდის ტორტის რამდენიმე ნაჭერს.
–მე და ელე მაინც არ შევჭამთ, თათიას კიდევ მოეწონა.. – უხნის მოკლედ და ხელისგულებზე უდებს გამჭირვალე კონტეინერს, – დალაპარაკება მინდა შენთან რაღაც საკითხზე, აკაკი, – ამატებს მერე მშვიდად, ოდნავ თავდახრილი.
–მოხდა რამე?
–არაფერი საჩქარო და მნიშვნელოვანი. იქით კვირისთვის გადავდოთ, ელენეს სანახავად რომ მოხვალ..
–კარგი. წავედით ერეკლე, თათია! – იძახის ხმამაღლა და მათკენ წასული, ელენეს პირისპირ ჩერდება. ფრთხილად კოცნის ქალიშვილს სრიალა თმაზე და თბილი ტუჩებით ეხება პაწაწინა ყურზე
–კარგად, ელენიკო.. მიყვარხარ ძალიან, პატარავ.. გაიგე, ელე? მამიკოს უყვარს ელენიკო!
–მამიკოს უყვარს ელენიკო! – იმეორებს ელენე და ინსტიქტურად, ნაზი ღიმილითა და დაბლა დახრილი თვალებით უსვამს ხელისგულებს მამის ურჩ თმას.

***
მარტო დაჩენილს ყოველთვის მკაფიოდ ეცვლება სახის ნაკვთები. უდუნდება ისე, თითქოს დიდხნიანი წვალების შემდეგ ძლივს შეუფარებიაო თავი სიმყუდროვისთვის. უფრო მსუბუქადაც მოძრაობს. ირხევა თხელი ფოთოლივით და მუდამ შუაზე გაყოფილ, სრიალა თმაზე მოუსვენრად დაატარებს პატარა თითებს. ასეთია ელენე. უხმო, მთრთოლვარე, სამყაროსგან მოწყვეტილი. ასეთია და თუ ვერ მიიღებენ, ისევ საკუთარ თავს აფარებს არეულ გონებას. ლამაზად მოყვანილ ყურებზე მიჭერილ ხელისგულებს ტკივილამდე აჭერს კანს და ცდილობს გარშემო არსებული ყველა ხმა დაახშოს.. რადგან ყველა წვრილმანი, ყველას მოძრაობა, ყველა ფეხის ნაბიჯი ესმის. იმაზე გამაღიზიანებლად, ვიდრე აღქმა შეიძლება. ეს ხმები ერთმანეთში ირევა, იზილება, ერთიანად აწყდება მის გონებას და თითქმის შეუძლებელი ხდება ატანა. ელენესნაირ არსებებს ხომ ასე მოსდით.. უბრალო, ლაღი განწყობის მქონე ბავშვებისგან განსხვავებით, მათ არ შეუძლიათ გაფილტრონ არსებული ხმაური, არ შეუძლიათ აირჩიონ რას მოუსმინონ, რას ადევნონ თვალი, მათთვის ყველა ხმა ერთია, ერთნაირად დამთრგუნველი. სწორედ სურვილს მიღმა დარჩენილ ხმათა გადასაფარად, მათ მისაჩქმალად დასჩემდა ღიღინი ელენეს და რამდენიმე საათით გადაღლილს, დედა რომ მარტო ტოვებს ოთახში, თავის ნივთებთან და მბჟუტავ, ფერად ნათურებთან ერთად, ერთიანად ეხსნება დაძაბულობისა და შფოთვის შეგრძნება.
–ელე.. – ესმის ევას ხმა ცოტახანში და წყნარად მოღიღინე, წამით ჩერდება.
ევა უახლოვდება, მის საწოლზე კალათდება, ხმაურით ეხეთქება ზურგზე და ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდარს აკვირდება.
–მოდი აქ, ელე.. გეყოფა მარტოობა, მოდი რა, მოდი, ვილაპარაკოთ!
–ზამთრის ქარბუქი საშიშია, მაგრამ ნათელი.. – ბუტბუტებს ელენე და ფეხზე წამომდგარი, ფეხისწვერებზე იწევა. ასევე მიიწევს საკუთარი საწოლისკენ, ევას ფეხებზე ცოცდება და მის გვერდით, ზუსტად მასავით წვება, ზურგზე. მერე უთქმელად, შეუთანხმებლად აღმართავენ ხელებს ჭერისკენ ორივე და თითების ხლართავენ ერთმანეთში.
–ქარბუქის გეშინია, ელე?
–საშიშია, მაგრამ ნათელი.. თეთრი.. თოვლის ფიფქებიც საშიში და თეთრია..
–არ არის საშიში. თოვლი რომ მოვა, ფიფქების გროვაში უნდა დაგმალო! – ეღიმება ევას და შვილისკენ ატრიალებს სახეს. ელენე თითქოს არც უსმენს, ზემოთ მიუმართავს სახე და ხელებთან ერთად, უკვე შიშველ ტერფებსაც ჰაერში იქნევს
–ფოთლებიც საშიშია, ყვითელი და უხეში..
–მამასთან ერთად უყურე ფოთოლცვენას არა, ელე? – მისკენ ბრუნდება ევა. მოხრილ იდაყვს საწოლს, ხელისგულს კი ნიკაპს აყრდნობს და მის ფერმკრთალ სახეს ზემოდან დაჰყურებს, – შემომხედე.. თვალებში, ელენე!
უყურებს. უყურებს მოკუმული პირითა და შეკრული წარბებით. არ უყვარს, როცა დედა ამას აიძულებს, თუმცა იცის, ზედმეტს არასდროს დააძალებს. მზერის გასწორებასაც იშვიათად, მასთან მარტო ყოფნისას თუ მოითხოვს მხოლოდ.
–მომიყევი რატომ გეშინია ფოთლების, ელე.
–ცვივა და სახეზე მეცემა.. არ მომწონს, რომ მეხება. ისე შრიალებს, თითქოს ცოცხალიაო..
–მერე, რა ლამაზია, არა? – ეღიმება ევას და წინასწარ იცის მისი პასუხი.
–არა!
–მამას ვეტყვი და აღარ წაგიყვანს იმ პარკში, გინდა? – ფრთხილად ეხება ცხვირზე და ლამაზად ჩაღრმავებულ ნაწილს მიუყვება თითებით. თვალებს შორის ჩერდება და დაელმებული ელენეს დანახვაზე თითქმის უხმოდ, თუმცა გულით ეცინება. ბოლომდე მოუჩანს თეთრი კბილები.
–მამა ელენეს შიშებს აკავებს.. – თვალები ეხუჭება პატარა ელენეს. ევა კი გაუცნობიერებლად, უფერული სახით იმეორებს მის სიტყვებს კითხვანარევი ტონით
–მამა ელენეს შიშებს აკავებს?
–მამამ სიმღერა იცის..
–ჰო, აკაკიმ ნამდვილად იცის სიმღერა. მეც სულ მიმღეროდა ხოლმე.. – აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ელენე აღარც კი უსმენს, – ღიღინებდა და მთელ სხეულზე დაატარებდა თავის გრძელ თითებს. ამიტომ გიყვარს მისი ღიღინი, ელე.. მამა სულ გიმღეროდა. მუდამ ჩემს მუცელთან დახრილს, არასდროს ბეზრდებოდა წყნარი ღიღინი. კარგი მამა გყავს, მგონი დედაც, არა ელე? – ეღიმება და ისევ ზემოდან დაჰყურებს ნახევრად თვალებმინაბულ პატარას, – მინდა, რომ გიყვარდე.. მინდა, რომ ზიგჯერ მაინც გინდებოდეს ეს პატარა მკლავები მომხვიო კისერზე და მითხრა, რომ კარგი დედა ვარ.. შენ კი, თვალებშიც არ მიყურებ, ელენე..
არ საყვედურობს. არც წყენას, არც ბრაზს არ იტევს ევას სიტყვები. მხოლოდ გულწრფელობას და სურვილს, რომელიც მისი რვა წლის ქალიშვილის დაბადების წუთიდან უღრღნის გონებას. რაც წლები გადის, მით უფრო ემსგავსება თითქოს ქალიშვილს ხასიათითა და ქცევებით. ამას არ განიცდის, საერთოდ არა. პირიქით, ზედმეტად კარგადაც კი უგებენ ის და ელენე ერთმანეთს, უბრალოდ ხვდება, რომ თუ თავად არ მოიმოქმედა რამე, თუ უფრო მეტად არ გაერია სოციუმში, ეს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ პატარა ელენეზეც ცუდად აისახება.
–ელენეს თავისი ღმერთები ჰყავს.. – მოისმის მოულოდნელად წკრიალა ხმა და ამ ხმის პატრონი ისე აქცევს ზურგს ევას, თითქოს არც არაფერი ეთქვას.. თითქოს არაფერს აქვს მნიშვნელობა ქცეყნად, არცერთ სიტყვას, არცერთ მზერას..
–რას ამბობ, ელე? – სახეზე ღიმილით იტარებს ხელებს ევა და მის მორიგ, საინტერესო ნააზრევს ელის.
–ელენეს თავისი ღმერთები ჰყავს.. დედა და მამა! – ყრუდ მოისმის სიტყვები. ფრთებს ისხამს, მათი სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს მოივლის და ისევ მათთან, ელენესთან და ევასთან ბრუნდება. მათ დაშორებულ სხეულებს შორის იბუდებს და გაუმჟღავნებელი სიყვარულისა და სითბოს ნაწილაკებს ერთ დიდ, წარმოსახვით გრძნობად აქცევს. ეს არც სიხარულია ევასთვის, არც სიმაყე.. არაფერი ისეთი, რასაც შეიძლება სახელი დაერქვას. უფრო მეტია, უფრო ძლიერი და უსახელო.

***
გალია პატარაა. პატარა, წაწვეტებულთავიანი და ულამაზო. მხოლოდ ოთხკუთხა, თეთრი კარის გისოსებიანი სახელურია ვარდისფერი ზონრით გაბანტული.
–უფრო გასივდნენ.. – თითს ჰყოფს გალიაში ღიმილით მარიტა.
–კიდევ ბევრი აჭამე?
–ჰო! – გვერდით გადახრილი თავით შეჰყურებს და სახის ნაკვთებზე უცნაური, ეშმაკური ღიმილი გადაჰკრავს ხოლმე დროდადრო.
–გეგას გაბრაზება გინდა მათი წამებით არა?
–შეიძლება ვერც გაიგოს! – მისკენ ტრიალდება და შუბლზეც მაშინვე მოუჩანს კოპებშეკრულს ნაოჭები.
–შენ გინდა რომ გაიგოს.. რომ მისი ნაჩუქარი ზღვის გოჭები ჭამით მოკალი.
–საზარელი მოსასმენია პირდაპირ! – კისკისებს და გულზე უტყაპუნებს ხელისგულებს.
–მაინც არ ავარდება, გეგა ასეთ რამეებზე არ ჭედავს, – ტუჩს იბზუებს ერეკლე და მის მაჯებს აფრინდება. თითქმის უხეშად იშორებს გულმკერდიდან მარიტას ხელებს და იმავე წამს, დაუფიქრებლად აქცევს ზურგს.
–ჰო, არ ვიცი, შენ უფრო იცნობ.. შენთან უფრო მეტ დროს ატარებს, – ბურტყუნებს იმდენად ხელოვნური გულგრილობით, რომ ერეკლე ისევ სწრაფად ბრუნდება მისკენ. დაკვირვებით შეჰყურებს გოგონას, რომელიც უაზროდ დასჩერებია საკუთარ ხელებს და ხშირი, დახრილი წამწამებით ცდილობს თვალების დამალვას. ეღიმება.. ყოველთვის დაუფიქრებლად ეღიმება, როცა ხედავს, როგორ უნიათოდ ცდილობს მარიტა გრძნობების დაფარვას. ერეკლე სულ ფიქრობს, რომ ზედმეტად უნიჭოც კია ამ საქმეში, ზედმეტად გამოუცდელი.
–დამშვიდდი, დიდი ხანია მამიკოსთან და მის ძმაკაცებთან დრო არ გამიტარებია. არ იეჭვიანო, – ფხუკუნით უგდებს რამდენიმე სიტყვას. გულს უკუმშავს წყენისგან დაგროვილი სითხე მარიტას თვალებში, მაგრამ მაინც არ შეუძლია მივიდეს, მოეხვიოს, რბილი ლოყები დაუკოცნოს, ისე როგორც ხუთი წლის ასაკში სჩვეოდა. ბოლო დროს განსაკუთრებით. თითქოს ვეღარც ეკარება. მის სითბოსაც ვერ იზიარებს. თავად მარიტას შეხებაზეც უცნაურად ფრთხება ხოლმე. ისე, თითქოს სულ არ ეკუთვნის მისი თბილი, ეშმაკური მზერა და სუსტი თითები საკუთარ მკერდზე.
–წამოხვალ ლექსოსთან? ბევრნი არ ვიქნებით.. – რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მარიტა და თან გამომცდელი მზერით აკვირდება. ერეკლე ხვდება, რომ არც ამჯერად წამოეგო ანკესს, მისი მკვახე სიტყვები ისევ მორჩილად გადაყლაპა.
–ვერა, სკოლას ვერ გავაცდენ..
–ახალი დაწყებულია სკოლა, ერეკლე, უაზრო მიზეზია. პირდაპირ თქვი, რომ წამოსვლა არ გინდა.
–წამოსვლა არ მინდა.
–ეგ ბოღმა ერთ დღესაც ისე მოგიჭერს ყელში, ვაითუ ამოსუნთქვაც ვერ შეძლო, – ავი ჭინკები უთამაშებს მარიტას თვალებში სიტყვების თქმისას და ისე ეხეთქება დივანზე, ერეკლეს გამხიარულებულ მზერას არაფრად აგდებს. კარგად იცის, როგორ უყვარს როცა წყობიდან გამოჰყავს და მაინც მოახერხა.. მაინც აუფორიაქა ძლივს დაწყობილი სანაქებო ნერვები. ახლა კი ისე ადგას თავზე, თითქოს წამის წინ მისგან სახუმარო ამბავი მოესმინოს.
–რა გაბრაზებს, მარინე?
–მარინე ბებიაშენია! – ბრაზდება მარიტა და მის წინ ჩამომდგარს, ჯიუტად აწმენდს ფეხსაცმლის დასვრილ ძირს.
ერეკლე ჯერ საკუთარ, უკვე მტვერში ამოგანგლულ ჯინსს დაჰყურებს აუღელვებელი ღიმილით, მერე მისკენ იხრება, მხრებში ავლებს ხელს და ცალ მხარზე ისე იკიდებს, მის განწირულ ყვირილს არაფრად აგდებს.
–გიშვებს გეგა ლექსოსთან უქმეებზე? – როხროხებს გამხიარულებული და მანამ აბზრიალებს თავბრუდახვეულ მარიტას, სანამ თავადაც არ დარეტიანდება. მერე მოწყვეტით ეცემა მარიტას პირვანდელ ადგილას და შუბლშეკრულ გოგონას მჭიდროდ ხვევს ხელს, – ჰა? რომ მიდიხარ, გიშვებენ? – ეკითხება კიდევ ერთხელ და სახეზე ჩამოყრილ თმას სულის ძლიერი შებერვით უყრის თვალებიდან.
–წამოდი შენც და გამიშვებენ..
–სერიოზულად? – ისევ ის გრძნობა. ისევ ის საზიზღარი გრძნობა სჭამს და ფეთიანივით ხტება ფეხზე, – სერიოზულად, მარიტა?
–რა ბზიკმა გიკბინა? – თითქოს უკვირს, თუმცა მაინც, უნებურად ხრის თავს და ნიკაპს ისრესს ათრთოლებული თითებით, – უბრალოდ, მინდა რომ იქ იყო შენც..
–არა, არ გინდა, – ეცინება ირონიანარევი წყენით და ისე სწრაფად, უემოციოდ კრეფს საკუთარ ნივთებს, მარიტას ყრუ ოხვრა სწყდება, – არ გინდა შენ ჩემი იქ ყოფნა.. თუ მე წამოვალ, გეგა გაგიშვებს. აი, რაშია საქმე.. დედაშენს არ აქვს პრეტენზია, გეგა კი.. მოკლედ, წავედი რა, თათიას დაუმთავრდება მალე ვარჯიში და ბარემ მე გამოვიყვან, – ამთავრებს ლაპარაკს და თხელ საწვიმარში უყრის გრძელ მკლავებს.
–სისულელეა, ერეკლე..
–ჰო, ყველაფერი სისულელეა, – ეთანხმება მაშინვე და გაღებულ კარში ჩერდება. გასვლამდე მისკენ იხედება და კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, მისი დაშვებული თვალის კუთხეებს რომ აწყდება. წარბებიც არაბუნებრივად, ზედმეტად დასწევია დაბლა. ასე მოსდის, როცა ძალიან მოიწყენს ხოლმე. ძირითადად კი ერეკლესთან ჩხუბის დროს იწყენს მარიტა. ვეღარაფერს ეუბნება. ან, რა უნდა უთხრას.. ისევ ხომ არ აწყენინებს. ამიტომ, ერთი სული აქვს მოშორდეს. მხოლოდ მის ამ მზერას კი არა, იმ ადილებსაც, იმ ქუჩასაც, სადაც გოგონა მუდმივად დააბიჯებს. სწრაფად გადის პატარა ეზოში და ჭიშკრამდე გასავლელი რამდენიმე ნაბიჯიც კი უაზროდ აწყვეტს მოთოკილ ნერვებს.

***
თათიას დაბრაზთან ჩამომდგარს უკვე სრულიად დამშვიდებია ბრაზისგან აჩქარებული სუნთქვა. მოახლოებულ, მოცინარ დასაც დაუღალავად ეალერსება აწითლებულ ლოყებზე და აფორიაქებულს, თბილად უსვამს აჩეჩილ თმაზე ხელს.
–შენ მომაკითხე? – კანში ვეღარ ეტევა თათია. როგორ უყვარს, უფროსი ძმა რომ აკითხავს.. როგორ უხარია და ეამაყება მისი მაღალი, აწოწილი სხეული. კისერწაგრძელებული გადახედავს ხოლმე ჯგუფელ გოგო-ბიჭებს და ისეთი კმაყოფილებით ივსება, რთულია მისი ბედნიერი ცქმუტვა არ შენიშნო.
–რა ქენი, ახლა რომელი ბიჭი დააგდე ზურგით, თათი? – ფხუკუნით ეკითხება ერეკლე და გაოფლილ შუბლზე მიკრულ თმის ღერებს უწევს ყურს უკან.
–ნუ დამცინი! – ბრაზდება მაინც თათია და კუნტრუშით მიჰყვება ძმას. ბოლომდე ეყრდნობა მის ჩაკიდებულ ხელს და ინსტიქტურად, პატარა ფრჩილებით უსერავს ხელის ზურგს მომღიმარ ერეკლეს.
–არ დაგცინი.. ნელა, თათი, წამექევი ასე..
–არ წავიქცევი, შენ დამიჭერ, შენ ძლიერი და ბუმბერაზი ხარ!
–ბუმბერაზი? – ეცინება ხმამაღლა ერეკლეს. უკვირს. საიდან მოიტანა.. რატომ გადაწყვიტა პატარა თათიამ, რომ მისი უნიათო ძმა ყველაზე ძლიერია..
–ჰო.. როგორ ააფრიალე იმ დღეს ელენე! რა მაღლა აადგე.. – ხელებიდან უსხლტება და ზემოთ, ცისკენ იშვერს ორივე ხელისგულს.
–გინდა შენც აგაგდო? – ეღიმება მის მოუსვენრობაზე და თეთრ ფორმაში გამოწყობილს, იღლიებში ავლებს ხელს. ზედმეტად პატარა, საყვარელი ეჩვენება ამ ხალათში, სასაცილოდ რომ გაუნასკვამს მუცელთან. აკისკისებულს ჰაერში ისე აიტყორცნის, თითქოს ბავშვი კი არა, სათამაშო იყოს. წამის შემდეგ მის პაწაწინა ფეხებს გრძნობს წელზე, მჭიდროდ რომ შემოუჭდია მისთვის და ეღიმება, როცა ატყობს, თათიას ყველა ქცევას, ყველა მოქმედებას ეტყობა მისი მტკიცე, ჯიუტი ხასიათი.
–მაგარი ხარ, ერეკლე! – აქებს ძმას და სახლამდე აღარც კადრულობს ფეხით სიარულს. ერეკლესაც დაუღალავად, მზრუნველად მოუთავსებია მისი პატარა სხეული გულთან და შიგადაშიგ მის გაბრაზებასაც ახერხებს.
სახლში შესულებს, უცხო სტუმარი ხვდებათ მისაღებ ოთახში. თათია სწრაფად, უინტერესოდ ესალმება მაგიდასთან, მამის პირისპირ ჩამომჯდარ მამაკაცს და მომღიმარ დედას მიჰყვება უკან. მიეჩქარება, რომ დღის ამბები მოახსენოს. ერეკლე წამით აყოლებს აჟიტირებულ დას მზერას, მერე მამისა და უცნობისკენ აბრუნებს თვალებს და თავადაც, თითქმის უხმოდ უკრავს თავს.
–ეს ჩემი უფროსი ბიჭია, ერეკლე! – ესმის მამის სიტყვები, რომლებიც სიამაყესთან ერთად უცნაურ რიდსა და შფოთვასაც იტევს თითქოს. სწრაფად უსწორებს სახეს და ოდნავ უღიმის, ზრდილობის ნიშნად, ნაკლები გულწრფელობით.
–დავითი ელენეს ფსიქოლოგია, გახსოვს? – ისევ მხოლოდ აკაკი საუბრობს და ამჯერად ხვდება ერეკლე მამის ასეთი განწყობის მიზეზს.
–არ მახსოვდა, სასიამოვნოა.. – ბუტბუტებს და მათთვის გვერდის ავლას აპირებს, დავითის ხმა რომ აჩერებს.
–შეიძლება მოგვიანებით შენთან გასაუბრება, ერეკლე? – იმდენად დიდ შესვენებებს აკეთებს სიტყვებს შორის, ერეკლეს შეგრძნება აქვს, რომ უკვე საუკუნე გავიდა რაც მათ წინ, ოთახის შუაგულში ჩამომდგარა.
–ხომ კარგადაა ელენე? – კითხულობს ინსტიქტურად და მხოლოდ მამამისს შეჰყურებს თვალებში.
–კარგადაა, მა, – თავს უქნევს აკაკი. ღიმილით ისვამს ნიკაპზე ხელს და დავითისკენ ბრუნდება, – მოგვიანებით ელაპარაკე ბავშვებს, დავით!
–კიბატონო, – მხიარულად თანხმდება ისიც და სანამ ერეკლე ოთახს დატოვებს, სიტყვას აღარ ძრავს არცერთი მათგანი. სულ რამდენიმე წამით შეჰყურებენ ერთმანეთს. დავითი ატყობს, რომ მის წინ მჯდარი მამაკაცი წამითაც ვერ ახერხებს მშვიდად ამოსუნთქვას და ოდნავ ეღიმება. ყოველთვის ასეა, არ აქვს მნიშვნელობა მასთან ცალკე ლაპარაკი უწევს თუ თერაპიაზე ევასთან და ელენესთან ერთადაა. ვერასდროს გრძნობს თავს კომფორტულად. სწორად ამიტომ ესტუმრა სახლში. ნაცნობ გარემოსა და შინაურულ სივრცეში იქნებ უფრო მეტად გამოაჩინოს გულღია ხასიათიო იფიქრა, თუმცა ახლა, შებოჭილს რომ შეჰყურებს, ხვდება, სულ ტყუილად ჰქონდა ამის იმედი. აკაკის კი ისევ შეგრძნება აქვს რომ ეს ყველაფერი ელენესთვის კი არა, მის გამოსატეხად, მისი ცხოვრების ლაქების ზედაპირზე ამოსატანად კეთდება. თითქოს მას ამოწმებენ, მის თითოეულ გამოხედვას სახელს არქმევენ, ჩარჩოებში ათავსებენ. მუდამ ასე ეფიქრება.. მუდამ ასეთ დღეშია.
–რამდენი წლის არის ერეკლე? – ეკითხება დავითი და ცდილობს ნაკლებად შეეფეთოს მის უმნიშვნელოდ გაღიზიანებულ მზერას. სამაგიეროდ მაგიდის ზედაპირზე ათამაშებულ თითებს დაჰყურებს და მის პასუხს მოთმინებით ელის, რომელიც რატომღაც რამდენიმე, გრძელი წამით აყოვნებს.
–ჩვიდმეტის.. მეთვრამეტეშია, – პასუხობს აკაკი და მთელი სხეულით იხრება მისკენ, – რა საჭიროა ჩემთან ცალკე შეხვედრა, დავით? ამიხსენი, თუ ძმა ხარ! – ვეღარ ითმენს, სიტყვებში მკაფიო ირონიას ურევს და მკერდით მჭიდროდ ეყრდნობა მაგიდას.
–ბოლო ორ შეხვედრაზე ზედმეტად დაძაბული და დაბნეული მეჩვენე, აკაკი. თუ არ დამეხმარები..
–სისულელეა! – ბრაზით აწყვეტინებს და ჰაერში მომაბეზრებლად იქნევს მარჯვენა ხელს, – სისულელეა, დავით. შენ ელენეს უნდა უტარო თერაპიის კურსები, ის უნდა აალაპარაკო და არა მე. ხომ ხედავ, ცენტრში სიარულით ბევრს ვერაფერს მივაღწიეთ.. სკოლაშიც პრობლემები აქვს დროდადრო..
–იმაზე მეტს მიაღწია ელენემ, ვიდრე შენ ამჩნევ! – გამყინავი ხმით აწყვეტინებს დავითი და საუბარიც სულ სხვა იერს იძენს, – ვერ ხვდები არა შენი და ევას განწყობას რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის.
–მესმის, დავით, – უღონოდ ოხრავს აკაკი და უნებურად ეღიმება, – ელე კარგადაა, მეც კარგად ვარ, ევაც. არ არის საჭირო აქ სირბილი, დამიჯერე ძმაო! – კიდევ ერთხელ, გულღიად იცინის და სკამის საზურგეს აკრობს გახურებულ ზურგს.
–სხვა დროს ისევ ჩემს კაბინეტში დაგიბარებ! – წყვეტს დავითი მაშინვე და დანებების ნიშნად, მის წინ აღმართულ ხელისგულებს აჩენს.
–ახლა ვილაპარაკოთ აქ, არ არის პრობლემა, – აღარ უძალიანდება აკაკი და ისევ ეღიმება. ყოველთვის ამხიარულებს დავითის შემართება. წლები გავიდა და ის მაინც ჯიუტად ცდილობს ევასა და აკაკის ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას, მათ ხასიათში იმ მხარეების გამოკვეთას, რომლებიც თითქმის არც გააჩნიათ. შეგრძნება აქვს, რომ სულ ტყუილად.. სრულიად უშედეგოდ ტკეპნიან ერთი და იმავე ადგილს და ეს ფიქრი იმდენად აქვს გამჯდარი გონებაში, რომ მისი დამშვიდების მიზნით, ყოველგვარი გართულების გარეშე პასუხობს ხოლმე მონდომებული დავითის გაუთავებელ კითხვებს. თუმცა, ვერც ხვდება, რამდენად დიდი ნაბიჯია თითოეულ კითხვაზე გაცემული ვითომ გულგრილი პასუხები.. ვერც ხვდება, რეალურად როგორ ღრმად აღწევს მის თავში ეს ფართოსახიანი, ორმოციოდე წლის, წვერგაუპარსავი, ჯიუტი მამაკაცი.
–რამხელა ბიჭი გყოლია, სულ პატარა მახსოვდა მე, – უბრალოდ უგდებს რამდენიმე სიტყვას დავითი და აკაკის მიერ შეთავაზებული სასმელის ჭიქას ატრიალებს თითებს შორის.
–ჰო, გაიზარდა ძალიან! – სითბო იკვეთება აკაკის ხმაში.
–მომიყევი ერთი მის დაბადებაზე, არასდროს გიხსენებია, – უღიმის დავითი და სანამ აკაკი გაპროტესტებას დააპირებდეს, ინტერესიანი მზერით აჩერდება. ისეთით, პირში წყლის ჩაგუგებას რომ არაფრით დაგანებებს. ასეთ დროს განსაკუთრებით ეხსნება აკაკის საუბრის გუნება და ისე აწყობს სიტყვას სიტყვაზე, წამითაც არ ფიქრობს. ხშირად უფიქრია, რა კარგია ასეთი ადამიანი ცხოვრებაშიო. წინ რომ გიზის და ისე ისმენს შენი ცხოვრების დეტალებს, თითქოს თითოეული სიტყვა თქმიდან რამდენიმე წამში ჰაერში ორთქლდებოდეს. თითქოს არავინ იყოს მათზე პასუხისმგებელი, გარდა გამგონე ადამიანისა, რომელიც ისე სათუთად ინახავს უყოყმანოდ ნათქვამ წინადადებებს, თითქოს ოჯახის ერთგული ფსიქოთერაპევტი კი არა, ცხოვრების საიდუმლო თანამგზავრი ყოფილიყოს.
–ერეკლეს დაბადებაზე? – თვალები უწვრილდება აკაკის. მოსწონს სიტუაციის ასე შებრუნება. უყვარს ერეკლეს ბავშვობის გახსენება, რადგან ატყობს როგორ გაიზარდა მას შემდეგ, რამდენი რამ შეცვალა მისმა გამოჩენამ მის ცხოვრებაში, – ისეთი პატარა ვიყავი.. ისეთი დაუღვინებელი, – სიცილნარევი ხმით უმხლს დავითს და ბოხ ბარიტონს საგრძნობლად ემჩნევა სიხარულნარევი თრთოლვა.
–არ იყავი არა მზად მაშინ შვილისთვის? – ეკითხება დავითი და ატყობს, უკვე შემზადებულა მის წინ მჯდარი, მარბეჭიანი მამაკაცი სალაპარაკოდ. ახლა შეუძლია მშვიდად, აუღელვებლად მოუსმინოს. სკამზე სწორდება, წვერიან ნიკაპს აყრდნობს ხელისგულს და სულ აღარ ნანობს, მისი სახლის კარს რომ მოადგა ასე ურცხვად.
–ერეკლე რომ ჩაისახა, თვრამეტი წლის ვიყავი, – მოგონებების აშლისგან, სულ ოდნავ ეგლისება თვალის გუგები აკაკის, – მერვე თვეში, მოულოდნელად დაეწყო ქეთას მშობიოარობა და ახლაც მახსოვს, როგორ ჩამტენა მამაჩემმა მანქანაში მის ზარზე. გზაში გავიაზრე, რომ ჩემი შვილი იბადებოდა. მიხაროდა. ოღონდ, მახსოვს როგორი სიხარულით.. რაღაც ვალდებულების მსგავსი იყო, თან რომ გიხარია და თან იცი, შენი საქმეა ეს სიხარული. ასე უნდა იყოს.. ასე უნდა გინათებდეს თვალები, როცა მამა ხდები. სინამდვილეში, მანამ არ გიყვარდება შვილი, სანამ მის ყელში არ ჩარგავ ცხვირს. დედობა სხვა რამაა, აი მამობა კი უფრო რთული, უფრო ჩახლართულია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. რადგან ერეკლეს სიყვარული არც მისი პირველად დანახვისას მიგრძვნია და არც იმ დროს, გაზეპილი ჭიპლარი რომ გადამაჭრევინეს, უცნაური ძალდატანებით. დერეფანში გამოსვლისთანავე მომეხვია მამაჩემი და გაოფლილ შუბლზე დაუფიქრებლად მომაკრო ტუჩები. ხომ კარგად არისო, მხოლოდ ეს მკითხა მაშინ, როგორც ვიხსენებ და მერე, რომ გაიგო მის სახელს ვარქმევდი, ღვარღვარებად ჩამოუვიდა ცრემლები სახიდან, – წამით სიტყვა უწყდება და ფართოდ ეღიმება. თვალებს შორის, განიერ შუბლზე გაჩენილ ნაკეცს მჭიდროდ აკრავს თითებს და დაუფიქრებლი ჟინით იზელს, – კარგი მოქეიფე კაცია მამაჩემი. ის ღამეც ქეიფში გაათია. გონზე რომ აღარ იყო აღარც მისი და აღარც ჩემი არცერთი ძმაკაცი, ქეთას პალატასთან დავბრუნდი და რადგან არ შემიშვეს, იქვე, მოსაცდელის სკამზე მოვკალათდი. უცნაური შიში მქონდა.. რატომღაც მეგონა, რომ ბავშვს რამე უნდა მოსვლოდა იმ ღამეს და თვალი ვერ მოვხუჭე. მერე გადამიარა ამ ფიქრებმაც. პირს რომ მოაღებდა ხოლმე პატარა, ნახევარმეტრიანი არსება, ვიცოდი, ქეთას ცალი მკერდიც საკმარისი იყო მისი კარგად ყოფნისთვის. საერთოდ, ვერ ვხვდებოდი რა შუაში ვიყავი მე. ვერც ვაწყნარებდი, ვერც ვაჭმევდი და საფენების გამოცვლაც მანამ ვერ ვისწავლე, სანამ რამდენიმე თვის არ გახდა ერეკლე. ხომ არიან მამები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი შვილები თბილ კერას და ნამდვილ ოჯახურ სითბოს მიაჩვიონ, მე ესეც არ შემეძლო. სანამ შეუღლებას გადავწყვეტდით, ქეთა დედამისთან იყო. მე კი კვირაში სამი ან ოთხი დღე მივდიოდი ჩემი ნაშიერის რამდენიმე წუთით ხელში დასაჭერად. ვერ ვგრძნობდი.. მაშინ ვერ ვგრძნობდი საჭიროებას, რომ მუდამ მასთან ვყოფილიყავი. რადგან არც იყო საჭირო.. ელენე კი.. – ისევ ჩერდება, ისევ შუბლს ისრესს და გაფართოებულ თვალებს ატარებს მისაღებ ოთახს, – ელენეს არსებობა სწორედ ამ საჭიროებაზე იყო ყოველთვის აგებული. აი რაშია სხვაობა.. ვიცი, არაკაცივით ვლაპარაკობ, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ საჭირო ვიყავი, მუდამ სიამაყით მევსებოდა გული. პირველ ეტაპზე იმიტომ, რომ მარტო იყო ევა. მარტო იყო, უდედმამოდ, ზედმეტად ახალგაზრდა და მე უფლება არ მქონდა მიმეტოვებინა. მერე.. მერე, ორი წლის რომ გახდა ელენე და გავარკვიეთ, უბრალოდ უხასიათო, ცივი ბავშვი არ იყო, ყველაფერი ამოტრიალდა ჩემს სამყაროში. გჯერა, დავით? გჯერა, რომ წამითაც არ შემშინებია, როცა მითხრეს, რომ ჩემი შვილი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი იყო? გჯერა, რომ თავი ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ასე ღირებულად? – მწარე სიცილით უვარდება ხელები გაშლილ მუხლებს შორის და მზერა მის წინ ჩამომჯდარ დავითზე ეყინება.
–მჯერა, აკაკი, – თავს აქნევს და კმაყოფილება ეწერება სახეზე, – თუმცა, დაფიქრდი.. დარწმუნებული ხარ რომ ეს საჭიროება მხოლოდ ელენეს კარგად ყოფნის, მის აღზრდაში მონაწილეობის გამო გახდა შენთვის მნიშვნელოვანი?
დავითის კითხვაზე შუბლს კრავს აკაკი, ოდნავი გაღიზიანებისგან მზერაც უმუქდება და დაბლა დახრილ ნიკაპს სწრაფად სწევს ზემოთ, თუმცა მალევე ეცლება სახიდან უსიამოვნო ელფერი და მკრთალად იღიმის.
–რა გინდა, დავით? – კითხულობს უეცრად, უკვე ფართო ღიმილით.
–მინდა გავიგო, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ასეთი დიდი დოზით ყოფნა ელენეს და ევას ცხოვრებაში, – მხრებს იჩეჩს დავითი.
–როგორც ერეკლეს და თათიას სჭირდებათ მამასთან სრულფასოვანი ურთიერთობა, ისე სჭირდება ელენესაც, დავით.. ტყულად მალაპარაკებ, იცი ჩემი აზრი, ათასჯერ მაინც გვილაპარაკია, – უკმაყოფილოდ ოხრავს აკაკი. ვერაფრით ხვდება, საით მიჰყავს დავითს საუბარი, – საერთოდ, რატომ დადგა ეჭქვეშ ჩემი საჭიროება? რატომ მიდგა ამაზე საქმე? – ღიზიანდება და მოუთმენლად აკაკუნებს მაგიდაზე დაყწობილ თითებს.
–კონკრეტულ სიტუაციებს განვიხილავ ხოლმე, – მისი აღელვების მიუხედავად, მშვიდად სცემს პასუხს დავითი, – მხოლოდ ევას რომ მოუწიოს მისი გაზრდა, გჯერა, რომ შეძლებს? – ეკითხება და გამჭოლი მზერით შეჰყურებს სახეში.
–არ მოუწევს..
–რომ მოუწიოს?
–არ მოუწევს, შეუძლებელია. არის რაღაცები, რაც არ განიხილება.. ასეთია ჩემი ელენეს გარეშე ყოფნაც.
–გასაგებია, რომ შენი ელენეს გარრშე ყოფნა არ განიხილება, აკაკი. მე სხვა რამ მაინტერესებს.. დარწმუნებული თუ ხარ იმაში, რომ მისთვისაც ასეა?
რამდენიმე წამით უხმოდ შეჰყურებს დავითს. მერე იღლება, ამდენი რამის ახსნითა და მტკიცებით და უბრალოდ, თავის ქნევითა პასუხობს
–ასეა!
–ანუ, ევას მიმართ რაიმე გრძნობა არაფერ შუაშია, არა?
–ევას მიმართ რაიმე გრძნობა? – უკვირს, – ევას სიყვარულმა ბევრი რამ გადააფასა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, როცა ოჯახი დამენგრა.. მაშინ ევა იყო ყველაფერი. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ყველაზე საინტერესო, ნიჭიერი გოგონა, რომელსაც იმხელა მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში, თავადაც ხშირად ეპარებოდა ეჭვი, რომ რამეს მიაღწევდა, – ეცინება გულღიად, – თქვენ, ყველას, იცი რა ვერ გაგიგიათ?
დავითი არ პასუხობს. მხოლოდ ოდნავ სწევს სახეს იმის ნიშნად, რომ უწინდებურად, ყურადღებით უსმენს.
–ევა მცირე ხნით იყო ჩემს ცხოვრებაში და არა მცირე დოზით.. იმ მცირე ხანში კი იმდენად დიდი გარდატეხა მოახდინა, რომ ახლაც.. ცივი მზერით რომ შემომცქერის ხოლმე.. ახლაც შეუძლებლად მიმაჩნია მისი არსებობის ბოლომდე გადახაზვა.
–ვერც გადახაზავ, აკაკი, შენი შვილის დედაა.
–ამას არ ვგულისხმობ, – თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და ფეხზე დგება, – სულ სხვა რამეს ვგულისხმობ. მგონი შენი წასვლის დროა, დავით.. ჩემს ოჯახთან მინდა დროის გატარება..
სწრაფად ემშვიდობება, დაყენებული ღიმილთ უხურავს კარს და შემობრუნებული, მის ფეხებთან აყუდებულ, მოციმციმე სახით მომღიმარ თათიას აწყდება. მაშინვე ებადრება სახე და უცებ იტაცებს გოგონას ხელში. მრგვალი კამფეტისგან ლოყაგამობერილს თბილი სიტყვებით დასცინის და მხიარული შეძახილით ისვამს ფართო მხარზე.

***
–აჩვენე მამას და ერეკლეს ახალი საბრძოლო ილეთი, დე! – აგულიანებს ქეთა ოთახში მობზრილე თათიას და გვერდიგვერდ მსხდარ ვაჟიშვილსა და მეუღლეს შორის გაჭირვებით თავსდება.
–გაგეზარდა უკანალი, ქეთო! – მხარზე ეტანება კბილებით აკაკი ცოლს და აკისკისებულს უცებ ისვამს მუხლებზე.
ერეკლე წამით ავლებს მზერას მშობლებს, უკმაყოფილოდ ატრიალებს თვალებს და ჯერ კიდევ ამრეზით ბრუნდება უკვე მომართული დისკენ
–მიყურეთ! – ბრაზდება თათიაც მათი შემხედვარე.
–უყურეთ ბავშვს, – ტუჩს იბზუებს ერეკლე და მამის ხმამაღალ სიცილსა და მის მკლავებში მოთასებული დედის დანახვაზე, თავადაც ეღიმება.
–აბა მიდი, მა!
თათია ლამაზად იგრძელებს კისერს, პატარა კიდურებს დიდი ენთუზიაზმით ჭიმავს და თითქმის ჰაერში გაკეთებული ბრუნის შემდეგ, აქეთ–იქით გაშლილ ტერფებზე მყარად ეცემა. თან სასცილოდ, წინ გამოუშვერია პაწაწინა, ერთმანეთზე მიტყუპებული თითები და ისეთი მკაცრი მზერითა და დაძაბული ყბით ჩამომდგარა ოჯახის წევრების წინ, თითქოს წამის წინ უძლეველი მოწინააღმდეგე დაემარცხებინოს. მრგვალ, ნათელ სახეზე აწერია საკუთარი თავის აღფრთოვანებისგან გამოწვეული აღტკინება. მხრებიც ისე აუქაჩავს, ნამდვილად მომაგონებს საბრძოლველად შემართულ, პატარა მხეცს და მისი შემყურე, სხვებსაც უჩნდებათ შეგრძნება, რომ ამ პატარა გოგოში დაუოკებელი სურვილია რაღაცის დამტკიცების, განადგურების თუ შექმნის.
–დიდი მოჭიდავე გვეზრდება! – ჩაესმის თათიას მამის ხმამაღალი, ომახიანი ხმა და თავაწეული, მის სახეს აკვირდება. უნდა გამოიცნოს, ნამდვილად ამაყობს თუ არა მამა. უნდა მიხვდეს, ირონიით ხომ არ არის ნათქვამი, ხომ არ აკლია სულ მცირე გულწრფელობაც კი.
–ხომ მაგარი ვარ? – კითხულობს წამის მერე და ერთიანად ეშვება. ძირს, ფეხებგაშლილი ეხეთქება და პატარა, ერთმანეთის მიყოლებით ჩაწყობილ კბილებს აჩენს სიცილისგან დაშორებული ვარდისფერი ტუჩებიდან.
–ძალიან მაგარი, მამიკო! – კიდევ ერთხელ უდასტურებს აკაკი და ქეთას მოხრილ მხარში რგავს ღიმილიან სახეს, – სულ ცოტათი მაინც ვერ დაიმსგავსე სინაზით?
–არ გაიგოს, გაჩერდი, – ხითხითებს ქეთა და აკაკის ტუჩების შეგრძნებისას, სასიამოვნო ტაო აყრის სხეულზე, – რამდენი დღეა არ მომკარებიხარ წესიერად?
–ჰო, რთული დღეები იყო. ახლავე ავანაზღაუროთ, – ეშმაკური მზერით ამშვიდებს აკაკი და ფეხზე წამომდგარი, ხელში იტაცებს ქალს. თან თათიასთან ჩამუხლულ ერეკლეს თვალებს პოულობს და ღიმილშეპარული მზერით აფრთხილებს, მე და დედას საქმე გვაქვს, შენს დას მიხედე, სადმე გაისეირნეთ დაღამებამდეო. მერე აღარც თათიას ცნობისმოყვარე მზერა აინტერესებს და აღარც ერეკლეს უკმაყოფილო ბურტყუნი, მხოლოდ ქეთას შიშველ სხეულზე ფიქრობს და სანამ ლამაზ ტანზე მომდგარ მაისურს შემოაძარცვავს, მანამ უკოცნის მოღეღილ გულმკერდს
–რა ლამაზი ხარ, ქეთო, ნეტავ იცოდე! – ეჩურჩულება და ძლიერად აფრინდება თეძოებზე, – როგორ მიყვარხარ.. როგორ მამშვიდებ..
სანამ ბოლომდე გააშიშვლებს, მანამ არ ჩუმდება. დაბალი, ხავერდოვანი ხმით ამკობს ცოლს თბილი სიტყვებითა და მის სხეულზე მოთარეშე, წამითაც არ აძლევს სხეულიდან მოშორების საშუალებას. ქეთას ეღიმება.. ეღიმება და სიამოვნებისგან მინაბული სახით, მისი თვალების დანახვას ცდილობს. რა უცნაურია.. ზოგჯერ რა რთულია დაჯერება სიტყვების, თუ თვალებში არ ჩახედე ადამიანს. თუ არ დაიჯერე, რომ შენ გეკუთვნის, მხოლოდ შენ და არავის სხვას. რა უცნაური, როგორი მტკივნეული გრძნობაა. ნუთუ შეიძლება იდეალური, წლების ნაშენი ურთიერთობა შეიცვალოს ისე, რომ სიყვარულით ნათქვამ, მკაფიო ბგერებს მზერით გადამოწმება დასჭირდეს.

***
ქმრის მკერდზე სახით მისვენებული, სუნთქვას იწყნარებს და თხელ თითებს ნაზად ათავსებს მის მხარზე.
–წავიდნენ ბავშვები?
–არ ვიცი ქეთო, არ მეცალა შესამოწმებლად, – ეცინება და მის სურნელოვან თმაში ყოფს ცხვირს, – ერეკლეს აქვს შენი სუნი.. იცი, როგორ მიუგავს? იშვიათად რომ მიმიკაროს, მაგრამ ყოველ ჯერზე, მის კისერში რომ ჩავრგავ სახეს, მუდამ ვგრძნობ ამას..
–მართლა? – ეღიმება ქეთას და ცხვირით ცხვირზე ეხახუნება.
–მართლა..
–ბედნიერი ხარ, აკაკი? – თვალები უნათებს ქეთას. ისე უნათებს, აკაკის მზერა უმუქდება და ისევ ზემოდან ექცევა ქალს.
თხელი ზეწარი ახურავთ, ორივეს ერთად. იმდენად თხელი, რომ ზედმეტად მკაფიოდ იკვეთება მათი ერთმანეთში გადახლართული სხეულები. მხოლოდ შიშველი მკლავები და მომღიმარი სახეები მოუჩანთ და ამ სახეთა ნაკვთებიც ისე მიუკრავთ ერთმანეთისთვის, თითქოს სხვაგვარად ვერ ისუნთქებენ.
–ბედნიერი თუ ვარ? – ჩურჩულებს აკაკი ქეთას ტუჩებთან და უკან გაწეული სახით, ნაზად უკოცნის ციმციმა თვალებს.
–ჰო..
–ბედნიერი ვარ. ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის! – პასუხობს და ფერებისგან დასიებულ ბაგეებზე კიდევ ერთხელ ატყობს სველ, თბილ კოცნას, – შენ, ქეთო? შენ ხარ ბედნიერი?
ქეთა ნაზად იღიმის, ფრთხილად შორდება აკაკის სხეულს და საწოლში, თავის მხარეს ჩოჩდება. გულმკერდით ეფლობა რბილ ბალიშებში, ნებიერად ხუჭავს თვალებს და თხელ მკლავებს თავის გარშემო იწყობს.
–ქეთა.. – საზურგეს ეყრდნობა აკაკი, თითებს შორის მოთავსებული სიგარეტის ღერით.
–ბედნიერი ვარ.. მინდა რომ სადმე წავიდეთ, მე და შენ. სადმე შორს, სადაც შვილებზე ფიქრი არ გაგტანჯავს, – თვალდახუჭული ლაპარაკობს.
–მომხედე..
–შეიძლება? შეიძლება რომ წავიდეთ? დავუტოვოთ ბავშვები ჩვენს მშობლებს.. – თვალებს ახელს და ქვემოდან შეჰყურებს.
–ვეცდები ავიღო შვებულება, – პირდება აკაკი და და ახლა თავად აშორებს მზერას ქალს.
–კარგი, – ზურგს აქცევს ქეთა. რამდენიმე წუთში მისი ღრმა სუნთქვაც მოისმის და აკაკი ხვდება რომ გადაღლილს, მალევე მოერია ძილი.
გვერდიდან დაჰყურებს, მის მხრებზე დაატარებს მსუბუქად თითებს და იმ კითხვაზე ფიქრობს, ცოტა ხნის წინ რომ შეახსენა თავი ქეთას. სჩვევია ქალს ასეთი კითხვები. ხშირად უკითხავს, ბედნიერი თუა, კმაყოფილი, ნასიამოვნები და აკაკიც, ისე მარტივად, უდარდელად პასუხობს ყოველ ჯერზე, თითქოს არც ჰქონდეს მნიშვნელობა რეალურად რას განიცდის. განა გულწრფელობა აკლია, უბრალოდ ზედმეტად შეეჩვია მის ასეთ ხასიათს. თითქმის ნახევარი ცხოვრება აქვს გატარებული ქეთასთან და მუდამ ასეთი ახსოვს. მშვიდი, გაწონასწორებული, ცნობისმოყვარე, თუმცა ზედმეტად მყარი და მაქსიმალისტი. იქნებ, სწორედ ქეთას ბრალია რამდენიმე წლის წინ მათი თანაცხოვრების შეწყვეტა. იქნებ, უფრო მეტი სიმსუბუქეა ურთიერთობაში საჭირო. ისე ღრმად იჭრება მსგავსი აზრები აკაკის გონებაში, საკუთარ თავზე ბრაზდება. როგორ იცის ფიქრებმა გაქცევა.. უკითხავად, უნსამუსოდ, არასწორი გზებით.
–ღმერთო! – ოხრავს უნებურად. სწრაფად ისრესს ხელებით სახეს და ცოლისკენ იხრება. ნაზად, ზედმეტი სიფრთხილით უკოცნის მოშიშვლებულ ზურგს და უნდება რომ პატიება სთხოვოს. რისთვის.. რატომ, ზუსტად არ იცის. ალბათ, მათი დანგრეული ოჯახის გახსენების გამო, რომელშიც ბრალი გაუცნობიერებლად დასდო მუდამ ბედნიერების ძიებაში გართულ ცოლს.

***
საკლასო ოთახიდან გამოსული, ნაცნობ სახეს ლანდავს და სწრაფად მიიწევს მისკნ. სკოლის დერეფანში მიმავალ მის მაღალ სხეულს დაუფიქრებლად უსაფრდება. უკან, უხმოდ მიჰყვება და რადგან დერეფანი თითქმის ცარიელია, ზედმეტად ფრთხილობს. პატარ–პატარა ნაბიჯებს ადგამს. ცალ მხარზე მოკიდებულ, მძიმე ჩანთის ყურზე შემოუჭდია წვრილი თითები და ხან საკუთარ თეთრ კედებს დასჩერებია, ხანაც ერეკლეს ზურგსა და აჩეჩილ, მუქ თმას. ეღიმება, როცა ხვდება, რამდენადაა შეჩვეული მის ფეხდაფეხ სიარულს. შეუძლია დაუღალავად ადგას მის მიერ განვლილ გზაზე ნაბიჯები და სიამოვნებით ადევნოს თვალი მისი ჩამოყრილი მკლავების უაზროდ ქანაობას. მოუხეშავი, ყოველვარ სინაზეს მოკლებული მოძრაობები სჩვევია ერეკლეს. ზედმეტად ხმაურინადაც დადის, მარიტასგან განსხვავებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაღლილია. თითქოს ტერფის აწევითაც არ იწუხებს თავს, ისე მიაფორთიალებს დიდ ფეხებს და გრძელ დერეფანში მიმავალი სწორედ ამიტომ გამოცემს მონოტონურ, მომაბეზრებელ ხმას. მარიტა კი ისე ფრთხილობს, საკუთარ თავზე ეცინება. წამით ბავშვური ჟინიც კი ახსენებს თავს და მისი შეშინება უნდება, მაგრამ ახსენდება, რომ დიდად რომ არ ხიბლავს ასეთი გართობები ერეკლეს და ისევ ისე, მალულად აგრძელებს გზას. მანამ არ იღებს ხმას, სანამ წინ წასული ერეკლე კიბის საფეხურს არ უახლოვდება და ერთ ადგილას მოულოდნელად გახევებული სულ ოდნავ ატრიალებს თავს გვერდით.
–სახლამდე აპირებ ასე კუდში დევნას? – კითხულობს და ელოდება, როდის მიუახლოვდება მარიტა. უკვე გვერდით ამომდგარს, წამით ავლებს მზერას და ახლა ერთად აგრძელებენ გზას.
–რატომ არ ამირჩიე პროექტის მონაწილედ? – წყენა კრთება გოგონას ხმაში.
–სხვადასხვა კლასში ვართ, – ისე პასუხობს, თითქოს მარიტამ არ იცოდეს ეს. იცის, რომ გააბრაზებს, მაგრამ მაინც აგებებს უდარდელ მზერას.
–ვერ გაიგე რა თქვეს? შეიძლება კლასების არევაო.. – სიმწრისგან თვალები უწვრილდება და იდაყვში აფრინდება თითებით, – ვერ ვიტან როცა ასე იქცევი!
–დაგვიანდა, ორივეს გვყავს ჯგუფები, დაიკიდე რა! – უცებ ბრუნდება მისკენ ერეკლე, ხელს აშვებინებს, ნაზად უკოცნის ხელისგულს და ისე უცებ უშვებს, საშინელ მარტოობას გრძნობს მარიტა. თითქოს სულ არ ედგეს წინ.. თითქოს სულ არავინ იყოს მისთვის.
–ვირივით იქცევი, ერეკლე!
–ნუ ანიჭებ ყველაფერს ამხელა მნიშვნელობას, – უღიმის და ჩანთას ფრთხილად ხსნის მხრიდან. საკუთარზე იკიდებს და გზას აგრძელებს, თან თავის სასაცილო ქანქარით გზისკენ მიანიშნებს ტუჩებგაბუშტულ გოგოს, – მარტო ხარ სახლში დღეეს?
–ჰო..
–წამო ჩვენთან, ქეთო გემრიელ საჭმელს დაგვახვედრებს! – სთავაზობს და ისე მიიწევს გაჩერებისკენ, მის პასუხსაც არ ელოდება.

***
მთელ დღეს მასთან ატარებს. ერეკლე მათემატიკის რთული ამოცანების ამოხსნაში ეხმარება, თავად ვრცელი, მხატვრული თემისთვის საჭირო მითითებებს უნიშნავს უკვე დაძველებული წიგნის ფურცლებში. მერე, მომავალი რამდენიმე საათი მის საწოლზეა ზურგით მიგდებული და ერეკლეს მოტანილ ტკბილეულს იტენის პირში. ერეკლესთან ერთად პროექტზე მსჯელობს, რჩევებს ეკითხება, მის არჩეულ მუსიკას უსმენს და მამის მიერ შემოსულ ზარებს განგებ არ პასუხობს. ბოლოს ისევ ერეკლე იღლება აზუზუნებული მობილურით და გეგას თავად აგებინებს, რომ მათთანაა.
–ლექსომ მითხრა, რომ შენ და ნიკომ უარი თქვით მასთან წასვლაზე, – ეუბნება მაშინვე, თიშავს თუ არა ტელეფონს ერეკლე და საწოლზე წამომჯდარი, შუბლშეკრული აკვირდება მის ჭაობისფერ თვალებს.
–ჰო, მერე? შენ მიდიხარ? – ეცინება ერეკლეს.
–ბოროტი ადამიანივით რატომ მექცევი? არ ხარ ნაწყენი.. თავს მაჩვენებ! – ამბობს დარწმუნებით და მისკენ გადახრილს კისერზე ეხვევა მკლავებით, – ხომ იცი, რომ არ გამიშვებს გეგა..
–ვიცი! – პასუხობს დარწმუნებით და ძირს, საწოლთან ჩამომჯდარი, ზურგით ეყრდნობა საწოლს, – მომაკარი აბა ლოყა, მოდი..
–ვერ გიტან, ერეკლე, საზიზღარი ბიჭი ხარ! – ბრაზდება და ერთიანად შორდება მის სხეულს.
–რა შუაში ვარ მე, მარიტა? – ეკითხება და ფეხზე წამომდგარი, ზემოდან აჩერდება. მის აწყლიანებულ თვალებს აწყდება თუ არა, სუნთქვა ეკვრის და სწრაფად მიიწევს კარისკენ, – მე რა შუაში ვარ? აბა, დაფიქრდი, არაფერ შუაში ვარ, ახლა მაინც, როცა საქმე იმ შენს ლექსოს ეხება! – ისე ახლის ბოლო სიტყვებს, ზედ აღარ უყურებს. ეშინია, არ ატირდეს, – შენ მე მიყენებ, აქეთ უნდა ვბრაზობდე და ვბრაზობ კიდეც.. ამიტომ, იქნებ პატივი დამდო და საყვედურებითა და ლანძღვით არ ამავსო! – სცრის კბილებს შორის ბრაზით და საკუთარ ოთახში მარტო ტოვებს. შეუძლია უყვიროს, ეჩხუბოს, წყენით სავსე თვალები მიანათოს და ყველა სისაძაგლე დაუფიქრებლად უთხრას, მიუხედავად იმისა, რომ არ სჩვევია.. ძირითადად პირში იგუბებს წყალს და მხოლოდ მზერით აგრძნობინებს ხოლმე რომ რაღაც ისე ვერ არის.. რომ რაღაც შეეშალათ, დაერღვათ.. შეუძლია ყველაფერი ეს თვალის დაუხამხამებლად გააკეთოს, თუმცა მისი აცრემლებული თვალების ყურებას ვერაფრით შეჩვევია. რაც მეტად მიუძღვის დამსახურება მის წყენაში, მით მეტად ეკარგება გამბედაობა. არ უნდა მისი სახის დანახვა. ამიტომ, მანამ დაბოდიალობს სახლის სხვა ოთახებში უმიზნოდ, ძლივს გამოძებნილი საქმით, სანამ ახალმოსულ აკაკისა და გეგას არ აწყდება. მერე თითქოს სილაღეც ემატება და ისე ეხვევა მამის მეგობარს, თითქოს აღარც ახსოვს საკუთარ ოთახში დარჩენილი მოწყენილი მარიტა.
–აქ არის ჩემი გოგო? – ეკითხება გეგა მოხვევისთანავე და გაშლილ ხელისგულს მჭიდროდ აკრავს მის თავს.
–აქ არის.. დავუძახებ.
–იყოს, ისწავლეთ.. თუ გაერთეთ, რასაც შვრებოდით! – უღიმის გეგა და დივანზე ჩამომჯდარი, მხიარულ ბაასს აბამს ოთახში გამოჩენილ ქეთასთან.
ერეკლე მაინც მიიწევს ოთახისკენ. რამდენიჯერმე, ხმადაბლა აკაკუნებს და პასუხის გაგებამდე აღებს კარს. წიგნში თავჩარგულ მარიტას წამით ავლებს მზერას და სასხვათაშორისოდ უგდებს სიტყვებს ჯერ ისევ კარებთან ჩამომდგარი
–მამაშენია მოსული, გამო!
–მე მომაკითხა? – თავს სწევს მარიტა. უკვე ბოლომდე გადაწმენდია აღელვებული სახე, თვალებიც უწინდებურად უბრიალებს. სიმშვიდესა და სილაღეს ასხივებს მისი მზერა.
–ალბათ..
–კარგი, – ფეხზე დგება და რამდენიმე წამში მის წინ ასვეტილი, ტუჩაბზუებით შეჰყურებს ბიჭს, – ისედაც მინდოდა დალაპარაკება, თქვენთან ვერ გაბრაზდება! – აღნიშნავს კმაყოფილებით და გვერდს უვლის ერეკლეს.
–მაგის იმედად იყავი შენ! – ეცინება მაინც და უკან მიჰყვება.
გეგა შვილის დანახვაზე სიტყვას წყვეტს შუაზე და ნაზი ღიმილი ესახება სახეზე. ინსტიქტურად იწევა სავარძლიდან და წინ გადახრილი, ცალ ხელს იშვერს მიახლოებული მარიტასკენ, რომელიც თბილი ღიმილით ესალმება აკაკის. მამის გამოწვდილ მკლავს კი სხეულს აგებებს და მისკენ დახრილი, უნიათოდ ეხვევა.
–დიდება შენს გამოჩენას, მამი! – იცინის გეგა და ერეკლესთან ერთად ჩამომჯდარს, ახლა გვერდიდან შეჰყურებს, – ტელეფონს რატომ არ პასუხობ, მარიტა?
–ვსწავლობდით, – იმას პასუხობს რაც პირზე ადგება და ერეკლეს ირონიულ ჩაცინებაზე ნერვები ეშლება.
–ჩემთან წაგიყვან დღეს, იაკო შენს საყვარელ ნამცხვარს გამოგიცხობს, ელიზბარიც გელოდება! – მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებასავით უნდა ჟღერდეს, მაინც დაჰკრავს სიმკაცრე გეგას ტონს. ისე აკვირდება მარიტას თვალებს, თითქოს მათ სიღრმეში შეჭრას ცდილობდეს. წინ გადახრილი, მუხლებზე ჩამოყრდნობილი მკლავებით, თვალს არ აშორებს გოგონას და რატომღაც, მზერას ერეკლესკენაც აპარებს მანამ, სანამ უხმოდ მჯდარი შვილი ხმას ამოიღებდეს.
–ელიზბარიც მელოდება? – ფხუკუნებს უეცრად მარიტა და ერეკლესაც იყოლიებს.
–დიახაც, სულ შენს ხსენებაშია! –აბუქებს გეგა და გამხიარულებული, ქეთას მიერ მოტანილ ყავას ნეტარებით უსინჯავს გემოს.
–ჩემს სახელსაც კი ვერ ამბობს ბავშვი, გეგა, – ეცინება ისევ მარიტას და თბილ მზერას აგებებს მის თავზე წამომდგარ აკაკის, რომელიც ნაზად უსვამს მეგობრის ქალიშვილს თავზე ხელს.
–მამა ვარ მე შენი, მარიტა, მა–მა! – ჩვეული წინადადებით ზიდავს გეგა წარბებს და წამოდგომას აპირებს, მარიტას სიტყვები რომ ყინავს ადგილზე.
–რაღაც უნდა გთხოვო, მამა..
–ოჰო! – ხმადაბალი, ირონიული შეძახილით კუმავს პირს ერეკლე და მარიტას გამკიცხავ მზერას რომ არ გადააწყდეს, მოპირდაპირე მხარეს სწრაფად აბრუნებს თავს.
–რა ხდება, გეგას ანგელოზო? – ეღიმება გეგას.
მარიტა უკმაყოფილოდ ატრიალებს თვალებს, მერე ახსენდება, დიდი სათხოვარი რომ აქვს და სწრაფად ასწორებს გამომეტყველებას.
–შაბათ–კვირას ქალაქგარეთ გვინდა ბავშვებს წასვლა, ლექსოსთან. უკვე ყველაფერი დაგეგმილია, შენი თანხმობაღა მჭირდება! – ისე სწრაფად აყრის სიტყვებს ერთმანეთს, სუნთქვა ეკვრის და იძულებულია დასრულებისთანავე ღრმად, ხმაურით ჩაისუნთქოს ჰაერი.
–ლექსოსთან? – ყველანაირი ინტერესი ეკარგება გეგას. აღარც სითბო, აღელვება ან ლმობიერება ასახვია სახეზე, როგორც სჩვევია ხოლმე მარიტას მოსმენისას. მხოლოდ გულგრილობა, ოდნავ სიმკაცრესთან ერთად. კითხვის დასმისას უნიათოდ იყუდებს კიდევ ერთხელ ყავის ჭიქას და შვილს უსწორებს მზერას.
–ჰო, ლექსოსთან.. – იმეორებს მარიტა ინსტქტურად და გვერდით მჯდარ ერეკლეს მავედრებელ მზერას აპყრობს. ის კი.. ის განზრახ არიდებს თავს და ფეხზე წამომდგარს ამოუცნობი კმაყოფილების გრძნობა ეუფლება. თავადაც ვერ ხვდება, რა ემართება. რატომ უხარია მარიტას ზედმეტად სუსტი ხმით ამომავალი სიტყვები.
–არა, მარიტა, ლექსოსთან ვერ წახვალ, – მშვიდად აქნევს თავს გეგა და სავარძელს ეყრდნობა ზურგით.
–ჩემი მეგობრები მიდიან, არ შეგიძლია უბრალოდ არ გამიშვა.. დედამ მითხრა..
–რა გითხრა დედამ? – ეღიმება გეგას და მოულოდნელად, აკაკის გამყინავ მზერას აწყდება. სწრაფად არიდებს ძმაკაცს თვალს და ისევ მარიტას შეჰყურებს.
–მე გაგიშვებ, მამაშენმა თუ გითხრა თანხმობაო.. – ბოლომდე ეკარგება გამბედაობა ხმას. უკვე იმდენად შეიმჩნევა მის სიტყვებში თრთოლვა, რომ ერეკლე ვეღარ ისვენებს. მისკენ ბრუნდება და ელის.. ჰო, ელის, როდის აწყლიანდება მისთვის ასე ნაცნობი თვალები, როდის ჩამოცურდებიან ჯიუტი ცრემლები მარიტას გლუვ, რბილ ლოყებზე. შეჰყურებს მის სახეს და თან ყრუდ ჩაესმის გეგას სიტყვები ყურში.
–ხოდა მამაშენი ვარ, მარიტა, და გეუბნები, რომ ამჯერად ვერ წახვალ!
სწორად გათვალა. ყველაფერი წინასწარ იცოდა ერეკლემ. ისიც, ასე რომ მოებუზებოდა მარიტას სხეული, თვალების ცეცებას რომ დაიწყებდა პატარა ბავშვივით და ბოლოს.. საკუთარი მდგომარეობის გააზრებისას, წამიერად, თუმცა გულწრფელად რომ შეიძულებდა წინ მჯდარ მამას.
–შენ მიდიხარ, მა? – აკაკის ხმა აფხიზლებს ერთ ადგილას გახევებულს და მარიტას სფეროებიდან ამოცურვა უხდება. ხვდება, მის პასუხს ელის ყველა. სწრაფად ატარებს მზერას გარშემო და ისევ მასთან ბრუნდება. პასუხის გაცემას არც ფიქრობს, რადგან ხედავს, უკვე დაკარგული რომ აქვს მისი იმედი მარიტას. ხედავს, როგორ უთრთის სიმწრისგან შეწითლებული ტუჩები და მისი აფეთქების მოლოდინში, წამწამებს აკრობს ერთმანეთს.
–უსამართლობაა, უსამართლობა და სხვა არაფერი! გეზიზღები მემგონი შენ! – ბრაზით ამოსდის სიტყვები გულიდან გამწარებულს და ატირებული, ჯიქურ შესცქერის მამას.
–დამშვიდდი, მარიტა, იქნებ სხვა დროს კიდევ წავიდნენ.. – თბილად უყვავებს აკაკი გოგონას და კიდევ ერთხელ ეფერება თავზე, – უბრალოდ, ნერვიულობს მამა შენზე.
–არ ნერვიულობს, ფეხებზე კიდია ჩემი სურვილები. – ჯერ ისევ ათრთოლებული, მაჯით იწმენს თვალის დასველებულ უპეებს.
–წესიერად ილაპარაკე, მარიტა, ნუ იქცევი პატარა ბავშვივით! – ღიზიანდება გეგა, – რა გატირებს? გამაგებინე, რა გატირებს, ელიზბარი ხარ?!
–არ ვარ ელიზბარი! გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, რომ არ ვარ ელიზბარი! – ხმას უწევს ფეხზე წამომხტარი და ერეკლე ხვდება, ეს ბოლო წვეთი იყო მისთვის. ბოლო წვეთი იმ წყნისა, რასაც მუდმივად განიცდის. ხვდება ახლა რა შეიძლება მის გულში ტრიალებდეს. ხვდება, რომ ეს არ არის უბრალო, თინეიჯერი გოგონას სიჯიუტისა და სიფიცხის ბრალი და მასთან ერთად, გაცხოველებული სახით ფეხზე წამომართულ გეგას ისე უდგება წინ, თავადაც ვერ იაზრებს.
–მივდივარ მეც.. მეც მივდივარ და ამას ხომ არ დატოვებ, – დაუფიქრებლად ისვრის სიტყვებს და ზურგს უკან ამომდგარი მარიტასკენ გახედვასაც ვერ ბედავს. მხოლოდ მისი ხშირი სუნთქვის ხმა ესმის.
–ერეკლე.. – ოხვრით იქნევს თავს გეგა და დანარჩენ სიტყვებს ვეღარაფრით უყრის თავს.
–უბრალოდ, იცოდე, რომ მივდივართ მე და ნიკაც. ჩემი ნიკა, ხომ იცი, – აგრძელებს ისევ და ატყობს, როგორ ურბილდება მზერა გეგას, – ერთად წავიდოდით და წამოვიდოდით. ჩემთან იქნება, რაღაზე უნდა იდარდო.. მოკლედ, მოიფიქრე, – ამთავრებს ვითომ სასხვათაშორისოდ და მარიტასკენ ბრუნდება. მაისურის კალთას დაუფიქრებლად სწევს და მის წინ ჩამომდგარ, თვალებდამრგვალებულ მარიტას მოუთმენლად უწმენდს ერთიანად სველ სახეს.
–ნეტავ ტირილს გადაეჩვეოდე! – ებუტბუტება მერე ჩუმად და იდაყვში ჩაფრენილი თითებით ისევ საკუთარი ოთახისკენ მიჰყავს.

***
–ძალიან ლამაზია.. – ახალ ნაქარგს დაჰყურებს გიო. მისაღებში, შუშის მაგიდაზე რომ გაუშლია ფართოდ ევას.
–ჰო, მართლა კარგი გამოვიდა, – გვერდით უდგება ღიმილით და დიდი ნაჭრის ამოქარგულ ნაწილს ზემოდან ატარებს ხელს, – მგონი ელენესაც მოეწონა.
–ლამაზია არა, ელე? – ხმამაღლა იძახის გიო და მისი ოთახისკენ მიიწევს.
–დაანებე, ისვენებს. მოდი აქ, – ხელით უხმობს თავისკენ ევა და კოპებშეკრულს, ფართოდ უღიმის, – უხასიათო ხარ, გიო!
–მე ვარ უხასიათო თუ შენ ცდილობ ელენე მომარიდო? – ეკითხება და მკერდთან ხლართავს ხელებს.
–არ მინდა ძალიან მიგეჩვიოს, პირველად გაიგე?
–დაბადებიდან მიცნობს, ევა, უკვე მიმეჩვია! – ეცინება და უკან მიჰყვება.
ევა სიგარეტს უკიდებს. ფანჯრის რაფაზე ჯდება და შიშველ ტერფებს მის გვერდით ჩამომჯდარი გიოს კალთაზე აწყობს.
–რა მოიფიქრე?
–წასვლა.. – თქმისთანავე ხრის თავს. არ შეუძლია ახლა გიოს სახის დანახვა. იცის, არაფრით დამალავს ემოციას და ეშინია, ზედმეტად მტკივნეულად არ მოედოს გულს მისი მზერა.
–საერთოდ არ ფიქრობ არა, ევა? – სიცივე ეპარება მამაკაცის ხმას. არ უყურებს, თუმცა ხვდება, როგორი ირონიული მზერით შეიძლება შეჰყურებდეს ახლა გიო.
–დავითს ველაპარაკე, ვთხოვე აკაკისთან ესაუბრა ამ თემაზე, თუმცა მირჩია თავად დავლაპარაკებოდი, – ბუტბუტებს და წვრილ ზოლად გამოშვებული კვამლის მიღმა ლანდავს გიოს ნაკვთებს.
–ყოჩაღ, ევა, ფსიქოლოგი უნდა მიუგზავნო კაცს იმის სათქმელად, რომ მისი შვილი მიგყავს მისგან შორს. საუკეთესო გადაწყვეტილებაა! – უხეშად აფრინდება მის შიშველ კოჭებს, კალთიდან აყრევინებს და ფეხზე დგება.
–შენ რა გაბრაზებს? – ბრაზდება ევაც.
–არაადეკვატურად ფიქრობ და ის მაბრაზებს და მაგიჟებს! – ხელის აქნევით პასუხობს და რამდენიმეწამიანი პაუსხის შემდეგ, ევას პასუხს რომ ვერ იგებს, ისევ თავად უსვამს კითხვას, – რას ელი აკაკისგან?
–არ ვიცი, წარმოდგენაც არ მაქვს, – სევდით ეღიმება ევას და ოთახში გამოჩენილ ელენეს პატარა სახეს სიყვარულით შესცქერის. გოგონას გულზე ახუტებული, გადაშლილი წიგნი ჩაუბღუჯავს ორივე ხელით და სულ ოდნავი შეშფოთება აწერია სახეზე. თუ არ იცნობ, ვერც შეატყობ. პატარა ელენეს მზერა თუ არ იცი, ვერ მიხვდები, რომ ღელავს. ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდება ფეხზე მდგარ, შუბლშეკრულ გიოს და საკუთარ ფეხებზე დაჩერებული, ნაზად ჩურჩულებს
–ტომს სუნთქვა ეკვრის.. ტომი გმინავს.. დეიდა პოლმა უნდა უშველოს!
გიორგის წამიერად ეხსნება დაძაბულობის კვალი სახიდან. უფრო მეტიც, ყურებისკენ გაურბის ტუჩის კუთხეები და ფართოდ იღიმის
–ვახ, ტომის კბილის მოცვლის დრო დამდგარა ელე! არ იდარდო, იცი რა სასაცილო ამბავია? შენც ხომ ახლა მოიცვალე კბილები, წამოდი ვნახოთ რა მოხდება! – ხელს უწვდის და სანამ მის პატარა თითებს იგრძნობს საკუთარზე, ისევ ევასკენ ბრუნდება, – როგორც ჩანს, უკარება ელენე უკვე მიზიარებს საკუთარი წიგნებიდან ამბებს. იქნებ დაგვიანებულია ზოგ რამეზე ფიქრი, ევა.
მიუხედავად მკვახედ ნათქვამი სიტყვებისა, ევა ვერაფრით ითმენს და ღიმილიან, თბილ მზერას აყოლებს ორ, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ, თუმცა ძლიერად თითებგადახლართულ სხეულებს.

***
ერთმანეთში არეული სასმელისგან გულისრევა ეძალება და სიგარეტის ბუღით სავსე ოთახში მჯდარი, გაჭირვებით დგება ფეხზე. ახალგაზრდებით სავსე კუთხეებში ანაწილებს მზერას და იმდენად ბევრ ერთმანეთზე გადახლართულ მკლავებსა და წვივებს აწყდება, უსიამოვნოდ ეღრიცება დაბუჟებული ტუჩები. ზედმეტად ბევრი დალია. ასე მოსდის, როცა მსგავს შეკრებებზე ვერაფრით ახერხებს გართობას.
–გავალ ცოტა ხნით ჰაერზე, – ხმადაბლა უგდებს გოგოებთან მოლაპარაკე ძმაკაცს სიტყვებს და წასვლას აპირებს, ისევ რომ ჩერდება, – მარიტას ადევნე თვალი რა.. ნიკო! – დაძახებისას ხმას უწევს, თუმცა ნიკა ისეა გართული თვალებჩახატულ ნიასთან საუბარში, ვერაფრით იქცევს მის ყურადღებას. შებრუნებული, უღონოდ ოხრავს და თვალებით მარიტას ძებნას იწყებს. დიდი დრო არც სჭირდება. ისედაც ყველა მის ნაბიჯს სდარაჯობს მთელი საღამო, ისედაც იცის რას შეიძლება აკეთებდეს. სულ რამდენიმე წამით შესცქერის მის მომღიმარ სახეს და კარისკენ წასული, მზერას არ აშორებს. მერე, მის წელზე შემოხვეულ ლექსოს მკლავებს რომ აწყდება, სწრაფად, დაუფიქრებლად ტოვებს ოთახს. გარეთ გასვლისას, ნიავი სასიამოვნოდ ელამუნება კანს. თითქოს აფხიზლებს კიდეც შუაღამის სიცივე და ღრმად და ხმაურით ისუნთქავს სუფთა ჰაერს. სახლის წინ, ბეტონის უზურგო სკამზე ჩამომჯდარი, წამით ავლებს თვალს წინ გაშლილ პეიზაჟს და პერანგზე, ყელთან შებნეულ ღილს მოუთმენლად იხსნის. მოშიშვლებულ გულმკერდამდეც რომ აღწევს მოუსვენარი ქარის ტალღები, უნებურად ეღიმება. თითმის მთელ საათს ატარებს ასე ჩამომჯდარი, დაბლა დაშვებული გრძელი კიდურებითა და მხრებით. მხოლოდ სახლიდან გამომავალი ხმაური თუ შეაწუხებს ხოლმე დროდადრო, კარის გაღებისას. შეუძლოდ მყოფი თანატოლები სათითაოდ აკითხავენ მოფარებულ ადგილს და გულისრევამდე მისული სხეულებიც ყოველ ორ წუთში იკეცება ორად. სიბნელეში ჩაკარგულებს უინტერესოდ ადევნებს თვალს და რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ უკან აღარც იყურება.
–კარგად ხარ? – გასძახებს ხოლმე ერეკლე თითოეულ მათგანს, ვინაობის მიუხედავად და პასუხის გაგებისას სულ ოდნავ, უნიათოდ აკანტურებს თავს. ყველასთან ვერ მეგობრობს, თუმცა იშვიათად რომ საერთო ენა ვერ გამონახოს ადამიანთან. მიუხედავად ამისა, მთელი ეს საღამო ძალდატანებითა და მოჩვენებითი მხიარულებით გადააქვს. მორიგ, წამიერ ხმაურზე უკმაყოფილოდ ისუნთქავს ჰაერს და სიგარეტს უკიდებს. რას არ მისცემდა ახლა საკუთარ ოთახში დასვენების, დროის მშვიდად გატარების და წიგნის მიტოვებული ბოლო გვერდების ჩაკითხვის საშუალება რომ ჰქონდეს.. რას არ მისცემდა, ამ ყველაფრისგან მოშორებით ყოფნისთვის. წამოდგომას აპირებს, ნაცნობი კისკისი რომ ესმის ზურგსუკან და სულ ერთი წამით ხუჭავს თვალებს. ნატრობს, რომ სხვა ხმაც არ გაიგოს. სურვილი კი ისეთი მძაფრია, იცის, არაფრით აუსრულდება. აბა, როგორ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ შეგეფეთოს იმედგაცრუება მაშინ, როცა მზად ოდნავადაც არ ხარ ადამიანი. ახლაც ასეა. ერეკლე მარტოა, მარიტა კი არა. არადა, როგორ მოუხდებოდათ ორივეს ახლა სიმარტოვე..
–რა მარაზმია.. – ბურტყუნებს იმდენად ჩუმად და ირონიით სავსე ხმით, რომ მხოლოდ თავად ესმის და დანარჩენ წამებს უხმოდ ატარებს სახლიდან გამომავალ შუქზე ცხადად არეკლილი სილუეტების დანახვისას.
ისე ჩაუვლიან, ვერც კი ხედავენ. კისკისითა და აგზნებული საუბრით იწვევენ ერთმანეთს და ერეკლეს ისევ თავიდან უჩნდება უკვე გადავლილი გულისრევის შეგრძნება.
–გადაირიე? გამიშვი! – კისკისებს მარიტა და იმ სიცილით უცინის ლექსოს, თავად რომ არასდროს გაუგია. როგორ შეუძლია სხვანაირი იყოს მასთან?! როგორ შეუძლია, ასე ლაღად იცინოს და მის მოხეტიალე ხელებს საკუთარ სხეულზე წამითაც არ მიაქციოს ყურადღება? ან, თავად ერეკლეს როგორ შეუძლია ასე, ჩუმად, ჩასაფრებით უყუროს ამ ყველაფერს?! ისე, თითქოს საინტერესო სეირის მომსწრე გამხდარიყოს. ვერაფრით ხვდება ამ ყველაფრის მიზეზს.. არც ფეხები ემორჩილება რომ დროზე ადრე გაეცალოს გარემოებას, რომელიც თავბრუსხვევას სულ უფრო მეტად უმძაფრებს. ზურგიც არარეალურად ეცვარება ცივი ოფლით და მიუხედავად სიცივის და დისკომფორტისა, სიბნელეს შეჩვეული თვალთა ხედვით, უფრო მკაფიოდ აკვირდება მათ ყველა მოძრაობას. ხედავს, როგორ დამოგზაურობს ლექსოს მოთამაშე თითები მარიტას წვრილ, მოშიშვლებულ წელზე და რატომღაც თავად გრძნობს ხელისგულის უცნაურ წვას.. თითის ბალიშების მტკივნეულ ჩხვლეტას. ლექსოს მხარზეა დასვენებული მარიტას ფარატინა მკლავი, მაგრამ რატომღაც ისევ ერეკლეს მხრებს ემატება უსიამოვნო სიმძიმე. ლექსოს მოუქცევია გოგონა საკუთარ მკერდთან და.. და ერეკლეს უცემს გული იმდენად, რომ თავს ვეღარ ერევა.. არადა, თავად შორსაა მისგან, თავად ვერ გრძნობს, თავად სულ არ ეხება მის კანს. შორსაა მისი სხეულისგან. ყველაფრისგან შორსაა. იმდენად შორს, რომ გაკვირვებით დაჰყურებს საკუთარ, შეკრულ მუშტებს.
–რა მარაზმია! – იმეორებს ისევ, ინსტიქტურად და თავადვე ხვდება, ზედმეტი მოუვიდა. სასმელის გადამეტებული დოზისგან არაადეკვატური გახდა, უმართავი.
–ერეკლე?! – მოისმის სუსტი ხმა და ახლა იმასაც იაზრებს, რომ ამჯერად ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი.
–აქ რა გინდა, ბიჭო? – სასიამოვნო ნიავს უსიამოვნოდ ეჭრება ლექსოს ხმა.
–მოსაწევად გამოვედი, – პასუხობს და მას შეჰყურებს მხოლოდ. წამითაც არ ხვდება მარიტას თვალებს, – ცივა აქ, შიგნით შებრუნდით და იქ გაერთეთ..
–არ გისწორდება აქ ყოფნა? – ეკითხება ლექსო ისე, რომ მის რჩევას ყურად არ იღებს და მის ხელში მოქცეული სიგარეტისკენ იწევს ხელს, – მომე, დამიტოვე!
–მოსაწევად გამოვედი მეთქი, რა შუაშია მისწორდება თუ არა, – ძლიერად ქაჩავს და შემორჩენილ ღერს მას უწვდის.
–წამოდით, შევიდეთ ყველა.. – ჩურჩულებს მარიტა და ლექსოს შემოხვეულ ხელს ინსტიქტურად ეჭიდება. მაჯაზე აფრინდება თითებით და რომ ხვდება, ერეკლე ყურადღებას არ აქცევს, ისევ ლექსოს სახეს შესცქერის, – შევიდეთ..
–არ გინდა მე და შენ განვმარტოვდეთ? – სთავაზობს ჩურჩულითვე ბიჭი და მის სახესთან დახრილი, მარიტას პირსა და ცხვირში უშვებს სიგარეტის აუტანელ ბოლს.
ხველა უტყდება. საშინელი ხველა უტყდება და ფეთიანივით შორდება მის სხეულს. ახარხარებულს გამწარებული მზერით ბურღავს და თვალზე მომდგარი, უსიამოვნო წვის გამო, სწრაფად იფარებს ხელისგულებს სახეზე.
–ნუ აკეთებ ხოლმე ასე! – ჯერ ისევ ბრაზით უთრთის ხმა. თავადაც არ იცის ზუსტად რა აბრაზებს, თუმცა ხვდება, ასეთ სიტუაციაში ყოფნა რომ არ მოსწონს და სათითაოდ ანაწილებს მზერას ბიჭებზე. ჯერ მოცინარ შეყვარებულს აკვირდება შუბლშეკრული, მერე კი მთელი ამ დროის განმავლობაში უხმოდ, გაუნძრევლად მჯდარ ერეკლეს.. და მის თვალებს აწყდება თუ არა, სულ სხვა გრძნობა იპყრობს. ნაწყენია.. ერეკლეს მხოლოდ ნაწყენი მზერით შეჰყურებს.
–ჰა, წავიდეთ? – ეკითხება კიდევ ერთხელ ლექსო და იმავე წამს, ისევ ბოჭავს საკუთარი, დიდი მკლავებით. მიუხედავად საშინელი სიცივისა, მაინც ეხუთება სული მარიტას.
–არ მინდა! – ბუტბუტებს და წყენისგან თვალები ევსება.
რატომ ხმას არ ამოიღებს?! რატომ შეჰყურებს ასეთი გაყინული სახით?! ხომ იცის, ზუსტად იცის მარიტამ, რომ სულერთი არ არის ერეკლესთვის მის თვალწინ როგორ მოექცევიან გოგონას.. ნუთუ შეუძლია ასე ლაჩრულად მოიქცეს, ხმა ვერ ამოიღოს?!
–გამებუტე გოგო? – ისევ აღშფოთებით კითხულობს ლექსო, სიგარეტის ღერს ფეხებთან აგდებს და ორივე ხელით ძლიერად იჭერს მარიტას სახეს. ზემოდან დაჰყურებს, გამხიარულებული ეტანება მის გაბუტულ ტუჩებს თითებით და ორიოდ წამში ისე ანაცვლებს ამ თითებს ტუჩებით, აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებს. უცებ უკოცნის ბაგეებს, ერთიანად შორდება და სიცილითა და კმაყოფილი მზერით მიიწევს სახლისკენ.
–დამშვიდდი და შემოდი! შენც, ერეკლე, შემო რა, რა ამბავია ამდენი მოწევა! – ყვირის უკვე შორიდან და ხმაურში უჩინარდება.
ახლა ერთმანეთის პირისპირ რჩებიან. ერეკლე ძლიერად შეკრული მუშტებითა და უნებურად დაძაბული სხეულით. მარიტა კი დაბნეული, არეული, წყენისგან ძლივს შეკავებული ცრემლიანი სფეროებით. წინ ჩამოსდგომია უცნაურად ყბებდაჭიმულ ერეკლეს და საშინელი სურვილი კლავს მასზე იყაროს ჯავრი. არც არის გასაკვირი. მთელი ცხოვრებაა ასე იქცევიან. მთელი ბავშვობა ერთმანეთს აბრალებენ საკუთარ შიშებსა და უსიტყვობას. თუმცა, ახლა ვერაფრის თქმას ახერხებს და უხმოდ მიიწევს მისკენ. გვერდით უჯდება, მის მკლავს ეკვრის და მხარზე აყრდნობს ჯერ ისევ თბილ ლოყას.
–ძალიან მოგბეზრდა? – ეკითხება ჩუმად და ხმის ამოღებისას, დაგროვილი ცრემლიც სწყდება თვალიდან. არადა, ახლა აღარ ეტირება.. წუთების წინ შეკავებული ემოციაა მხოლოდ.. ერთ მოკლე წამში ამოხეთქილი. ის ემოცია, ლექსოსთან სიახლოვის დროს რომ გამოიწვია უხმოდ მჯდარმა ერეკლემ.
–შენ არ იდარდო ამაზე, – ხრინწშერეული ხმით პასუხობს და გოგონას მიერ შებოჭილ მკლავს სულ ოდნავ ითავისუფლებს. მისი სახისკენ სწევს და ლოყაზე აყრდნობს ხელისგულს. სისველის შეგრძნება სულ ერთი წამით უკუმშავს გულს.
–რატომ არ ბრაზობ ჩემ გამო რომ გიწევს აქ ყოფნა? მეგონა, ბუზღუნით ამიკლებდი! – ეცინება მარიტას.
–აქ იმისთვის ვარ, რომ გაერთო.. ხომ ვიცოდი, რა და როგორ იქნებოდა. შენ რა, მართლა გგონია, რომ დაგაყვედრებ? – უკვირს და უცებ შორდება, – როდესმე გამიკეთებია ასეთი რამ?
–არა! – ღიმილით აქნევს თავს და ისევ მისკენ იწევა, ერეკლე რომ უკან იხევს.
–რატომ აგეტირა? ნუ იცი რა ამ ცრემლების გადმოყრა! – ღიზიანდება და ხელის აქნევით კრავს კოპებს, – მითხარი, რამ აგატირა? ისე არ მოგწონს ლექსოს კოცნა, რომ გეტირება?
–არ ვიცი. სულ მეტირება. მასთან რომ ვარ მაშინ არა.. ლექსო არაფერ შუაშია.
–იქნებ, ეგ არის პრობლემა, რომ არაფერ შუაშია. ჰა, მარიტა? – ეკითხება ღიმილით და ახლა თავად ეხება მის სახეს. ნაზად უკოცნის თვალებს და რომ ახსენდება, წუთის წინ ლექსო ეხებოდა მის კანს, ისევ სიცივე უვლის მთელ ხერხემალში.
–გეგას ერთხელაც არ დაურეკავს..
–მე დამირეკა, ბევრჯერ, – ეცინება ერეკლეს და ისევ სიგარეტის ძებნას იწყებს ჯინსის ჯიბეში.
–აღარ მოწიო, შევიდეთ, წამოდი.. – ფეხზე დგება მარიტა და მის მკლავსაც პატარა ბავშვივით ეჯაჯგურება.
–არსად გაჰყვე. გესმის? – თვალებში შეჰყურებს წამომდგარი და მხრებზე აფრინდება. დაჟინებულ მზერას წამითაც არ აცილებს გოგონას, – მე შენს არჩევანს ვცემ პატივს. შენ თუ გაჰყვები, ხელსაც არ გავანძრევ, იცოდე! სანამ დავინახავ, რომ მასთან ყოფნა გადაგიწყვეტია, იოტისოდენადაც არ ჩავერევი ამ ამბავში! ამიტომ გეუბნები, მარიტა, ამ ღამეს არსად გაჰყვე.. ჩემი ხათრით. შეგიძლია, ჩემი ხათრით ეს გააკეთო?
–შემიძლია, – ერეკლეს მიერ, ინსტიქტურად ჩაფრენილ თითებს დაჰყურებს საკუთარ მაჯებზე და ფრთილად ითავისუფლებს ხელებს. უხარია, ძლივს რომ მისი მზერა დაიჭირა. ბოლომდე.. მოუშორებლად.. წამიერი თვალის აცილების გარეშე და სანამ ისევ დაკარგავს, სანამ ერეკლეს სხეულს ისევ ზურგიდან დაინახავს, მანამ ეკვრის თბილ გულმკერდზე.

***
მანქანას ქუჩაზე არსებულ კაფესთან აჩერებს და გადმოსვლისას, სიგარეტსა და საფულეს ჯინსის ჯიბეებში იჩურთავს. შორიდანვე ამჩნევს გამჭირვალე შუშის იქით, პატარა მაგიდასთან, ერთამენთის პირისპირ ჩამომჯდარ ევასა და ელენეს და მათკენ მიიწევს. მიახლოებულს, უკვე ღიმილით უნათებს თვალები, სათითაოდ აკრავს თბილ ტუჩებს თავზე ჯერ ევას, შემდეგ კი ფერად წიგნში თავჩარგულ ელენეს და მათ შორის ჯდება.
–მამა მოვიდა, ელე! – შვილისკენ აცოცებს ევა ხელს და მაგიდის ზედაპირზე ჩამოდებულ პატარა მკლავზე ეხება თითებით. ელენე სულ ერთი წამით სწევს თავს, მამის სილუეტს ავლებს თვალს და ისევ ვარდიფერ, პუტკუნა გოჭებთან ბრუნდება გონებით.
–ისეირნეთ? – სითბოთი აღსავსე ხმით კითხულობს აკაკი და კიდევ ერთხელ იხრება გოგონასკენ. თითქმის ძალით აწევინებს პატარა სახეს და რბილ ლოყაზე გემრიელად, მოურიდებლად ეფერება, – მოენატრე მამას, ელენიკო..
–მანქანით ხარ? – ეკითხება ევა და მიმტანის მიერ მოტანილ ჭიქებს თავად ანაწილებს მაგიდაზე, – ყავა შევუკვეთეთ შენთვის..
–მშვენიერია! მანქანით ვარ, რამე გჭირდება? – ნერვიულობის ნოტები ერევა მის ხმას.
–არა, ელეს თხლად ჩავაცვი და წაყვანას თუ აპირებ, სახლში გავიაროთ, მოსაცმელს მოგცემდი..
–ჰო, ვაპირებ, აბა არ ვაპირებ? გავიაროთ.. თუმცა, თათიას ტანსაცმელიც მოერგებოდა..
–კარგი, – იღიმის ევა და ყავის ჭიქას ჩასჩერებია.
–ევა, რა ხდება? – არ მოსწონს მისი ასეთი სიჩუმე აკაკის. შემოსვლის წუთიდან ატყობს რომ რაღაც რიგზე ვერ არის. რაღაცის სათქმელად ემზადება.
–რაღაც მინდა გითხრა, – იწყებს მოუთმენლად და მერე, ისე ამაყად იღერებს კისერს, სანამ ლაპარაკს დაიწყებდეს, აკაკის სითბო ეღვრება გულში. ევა ხომ სულ ასეთია.. მობილიზებული, ჩამოყალიბებული, უშიშარი.. ევა ხომ არასდროს იცვლება!
–მითხარი! – მისი სიმხნევე ემატება თითქოს მასაც და ისე რომ ქალს თვალს არ აშორებს, სიგარეტს უკიდებს, – მოვწევ რა მა, კარგი? – იხედება უეცრად ელენესკენ და სანამ მისგან პასუხს არ მიიღებს, მანამ არ აშორებს მზერას, – ელენე!
–მოწიე, აკაკი, თუ ღმერთი გწამს და მომისმინე! – ნერვები ეშლება ევას.
–რამ გადაგრია? რა უნდა მითხრა ასეთი? – ეცინება აკაკის და ფეხზე წამომდგარ შვილს აყოლებს მზერას. ელენე უხმოდ შორდება მშობლებს, ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევს გამჭირვალე ვიტრინებისკენ და მათ წინ ჩამომდგარი, თვალებგაფართოებული აშტერდება სხვადასხვა ზომის, გამხმარ პეპლებს. თან კაბის კალთასთან, მჭიდროდ ჩაუბღუჯავს საკუთარი თითები და ისე იგრეხს, აკაკის ეშინია, კანი არ დაიწითლოს.
–არაფერი მოუვა.. – ამშვიდებს დადრის გამხელისთანავე ევა მამაკაცს და დაჟნებით შეჰყურებს.
–გისმენ, ევა! – საბოლოოდ, მთელ ყურადღებას მისკენ მიმართავს აკაკი.
–არ გადაირიო იცოდე! რაღაც უნდა გითხრა და მინდა გაგებით მოეკიდო ამ ამბავს. ვიცი ასეც იქნება, რადგან სულ ასე იქცევი.. წინასწარ ნუ გამოიტან არასწორ დასკვნებს, ძალიან გთხოვ! – ისე ლაპარაკობს, აკაკის მოთმინება ელევა და მძიმე ხვნეშით სწორდება სკამზე.
–ვეცდები, ევა, მაგრამ თუ არ მეტყვი რა ხდება, წინასწარ ვერაფერს დაგპირდები, – უღიმის სუსტად და მის ათრთოლებულ ტუჩებზე აჩერებს მზერას, – რატომ ნერვიულობ?
–მისი წაყვანა მინდა, დედაჩემთან.. ესპანეთში. დედას უკვე ველაპარაკე და ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, უბრალოდ.. – სწრაფად ლაპარაკობს. სწრაფად და აღელვებით. ზუსტად იცის, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს აკაკის. იცის, რადგან ზაფხულობით, ელენეს მთელი თვით გაუჩინარებაც კი პრობლემაა მისთვის. იშვიათად, უქმეებზე გიორგის დაჩაზე მისი წაყვანაც ძვირად უჯდება ხოლმე. იცის, ვერ იტანს აკაკი, როდესაც შვილები მისგან მოშორებით არიან.
–რას ამბობ, ევა? – ხმამაღლა ეცინება მამაკაცს. იმდენად ხმამაღლა და ლაღად, რომ ევა ხვდება, სერიოზულადაც არ მიიღო მისი ნათქვამი, – ესპანეთში აპირებ გადაბარგებას ანუ, არა? ეს რა მაგარი რამე მოგიგონია! – საკუთარ კისერთან ხლართავს თითებს და ისე შეჰყურებს მის წინ მჯდარ ქალს.
–აკაკი, სერიოზულად მინდა რომ მიუდგე ამ საკითხს, – სახის ნაკვთები უმკაცრდება ევას და ასეთი გამომეტყველებით განსაკუთრებით ემსგავსება ელენეს.
აკაკი უღონოდ ოხრავს, ვერაფრით უყრის სიტყვებს თავს და უაზროდ იწყებს კისრის ზელას. ჯერ ევას შეჰყურებს დაკვირვებით, მერე ელენესკენ იხედება, რომელიც მათგან ზურგით ჩამომდგარა, ერთ ადგილას გახევებული და მისი პატარა სხეულის შემყურე, უსიამოვნოდ ეკუმშება გული.
–რამ გაფიქრებინა წასვლა, ევა? ისეთი პრობლემები გაქვს, რომელთა შესახებაც მე არ ვიცი? – მთლიანად დაჰკარგვია მის ხმას წამის წინანდელი სიმტკიცე.
–ერთ ადგილას გავიყინეთ, აკაკი.. მეც და ელენეც. გავიყინეთ და შეგრძნება მაქვს, რომ აღარაფერი შეივცლება, თავად თუ არ შევცვალე. ადრე, გრძნობა მქონდა.. ხშირად მქონდა ისეთი გრძნობა, თითქოს ყველაფერი თავზე მენგრეოდა, ახლა კი.. პირიქით, იმდენად უმოქედო მგონია საკუთარი თავი, ერთ დღესაც, მეშინია, გული არ გამიჩერდეს ამ უმოქმედობით..
–გეყოფა, ევა.. – აწყვეტინებს და ეცინება. სიცილში ნაკლები ირონია და ბევრი წყენაა. წყენა იმის გამო, რომ ისევ რაღაც გამორჩა, ვერ დაინახა, ვერ იგრძნო.
–არა, აკაკი, უნდა მისმინო! – აღელვებით ასავსავებს ხელებს ევა და სულ ერთი წამით იწყობს თავზე. მერე ისევ დაბლა ყრის, ჭიქას ებღაუჭება თითებით და აკაკის თვალებს არაფრით აშორებს საკუთარ სფეროებს, – შემიძლია იქ რამე ატელიე მოვძებნო და ვიმუშავო, ელენესაც უფრო კარგად მივხედავ. დედამ და მე რამდენიმე კარგი სკოლა და ნეიროგანვითარების ცენტრი უკვე მოვიძიეთ. ყველაფერი შეიძლება იმაზე კარგად იყოს, ვიდრე ახლაა.. მე არ შემიძლია ასე ვიჯდე, ყოველდღე, დაუღალავად ვქარგო კაბები, მაისურები და მიზერული თანხით ვირჩინო თავი.. აღარ მინდა, აკაკი!
–გვიანია ამაზე ფიქრი უკვე, ევა! – ყვირის უეცრად აკაკი და ფეხზე წამომხტარი, გარშემო მიმოფანტულ, მისი ხმამაღალი ტონით შეშფოთებულ ხალხს გაღიზიანებით უხდის ბოდიშს, – ჰო, შეიძლება ეს შენი შინაგანი სამყაროა.. – თითქმის ჩურჩულით აგრძელებს და მაგიდასთან ჩამომდგარი, ხელისგულებით ეყრდნობა ზედაპირს. ახლა ზემოდან დაჰყურებს, მის თავს დასცქერის და ცდილობს რამე შეასმინოს მანამ, სანამ ისევ აფეთქდება. არადა, რა იშვიათად ემართება ასეთი რამ.. თითქმის არასდროს, თითქმის არც ერთი გადაულახავი სიტუაციის დროს.
–მესმის, ვიცი როგორიც ხარ.. ვიცი, ვერ იტან ფუჭად დროის გაფლანგვას, მაგრამ ახლა შენ ელენე გყავს.. შვილი, რომელიც მარტო შენ არ გეკუთვნის..
–მე არასდროს დავაყენებ ელენეს მომავალს საფრთხის ქვეშ.
–ვიცი, – ოხრავს ისევ და მოუსვენრობა არაფრით აძლევს ჩამოჯდომის საშუალებას. უკმაყოფილო სახით აქცევს ზურგს და ელენესკენ მიიწევს, რომელიც მთელი ეს დრო პეპლების თვალიერებით ირთობს თავს, – არ მოგბეზრდა ამათი ყურება, მა?
–პეპლები ძალიან ცოტა ხნით ცოცხლობენ. გაახმეს და გამოკეტეს. არ მომწონს აქ რომ არიან. ცოცხალი პეპლები გამოკეტეს. შენ და დედა ჩხუბობთ. შენ დედა არ გიყვარს! – რამდენიმე წინადადებას შეუსვენებლად აბამს ერთმანეთს. ისე, რომ ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებს. ამის გამო, სულ ოდნავ უწითლდება სახე და ბოლომდე ეზნიქება ისედაც ბრტყელი, პატარა მუცელი.
–მე ძალიან მიყვარს დედა, ელენიკო, – გულიდან ამომავალი სიტყვებით იკეცება მუხლებში აკაკი და მის ზურგს თვალებდახუჭული აკრავს შუბლს. თავისკენაც არ აბრუნებს. მხოლოდ მხრებზე ეჭიდება თითებით, მის სურნელს ბოლომდე ისრუტავს და მთელი სახით ეკვრის მის ხერხემალს, – ძალიან მიყვარს დედა, შენც ძალიან მიყვარხარ, ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ! უნდა იცოდე ეს, ელე, გესმის? აუცილებლად უნდა იცოდე, – ეჩურჩულება და ფეხზე წამომდგარი, მასაც ხელში იტაცებს. მაგიდასთან დაბრუნებული, კალთაში ისვამს და მის მკერდზე მოხვეული მკლავით გულზე იკრავს მდუმარედ მყოფს.
–აკაკი.. – სევდიანი სახით შეჰყურებს ევა მამა–შვილს.
–სისულელეა, ევა. არ გაგატან. ვერ გაგატან. იოტისოდენა სიმართლე მაინც რომ იყოს ამ ყველაფერში, დავფიქრდებოდი, მაგრამ ახლა ვერ გაგატან..
–შენ არ იცი.. შენ არ გესმის..
–არ ვიცი, არ მესმის! კიდევ რას მოიგონებ, ევა? – ღიზიანდება და მკერდქვეშ შვილის თრთოლვას რომ გრძნობს, ნაზად უსვამს თავზე ხელს, – მეგონა გიორგისთან აგეწყო ურთიერთობა, მეგონა ბედნიერი იყავი.. ასე რა შეიცვალა? – ეკითხება დაბალი ხმით. არაფრით უნდა ელენეს სხეულიდან მოცილება, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობს როგორ სწუხს უკვე გოგონა.
–გიორგი რა შუაშია, – ეღიმება ევას. წინ გადახრილი, ილუსტაციებიან წიგნს იღებს და მათ წინ, ღიმილით შლის, რომ ელენეს დისკომფორტი ცოტათი მაინც ჩაახშოს.
–ახლა მე და ელე წავალთ და ხვალ დავბრუნდებით! – მოჩვენებითი მხიარულებით არწევს მუხლებზე მოთავსებულს აკაკი.
–შენი ნებართვის გარეშე ქვეყნიდან ვერ გავიყვან. დაფიქრდი.. – ისევ ისე, მშვიდად სთხოვს ევა და ოდნავ უკან იხევს ბოლო, თითქმის უხმოდ ნათქვამი ერთადერთი სიტყვით, – გეხვეწები..
აკაკის უცნაური გრძნობა უვლის მთელ სხეულში. ვეღარც უყურებს. არ უყვარს მასთან კამათი. ურთიერთობაც კი არ დაუსრულებიათ უაზრო კამათითა და შეურაცხყოფით და ახლა, ამდენი წლის მერე, ვერაფრით დაანგრევს სიმშვიდეზე აგებულ იმ წლებს, ელენეს არსებობა რომ უძღვის წინ.
–უნდა წავიდეთ, ვახშმობის დროა და ქეთა უკვე გველოდება ალბათ, – ამასღა ამბობს და წამომდგარი, უმოდ ელის, როდის დაემშვიდობება პატარა ელენე დასევდიანებულ, თუმცა მაინც ჯიუტად მომღიმარ დედას.

***
–თათია, მოეშვი მამას ტელეფონს და მაგიდასთან მოდი, – კიდევ ერთხელ უხმობს ქეთა და თავად ქმრის გვერდით ჯდება, – სწრაფად, თათი!
–მოდი, მა, დაუჯექი ელეს გვერდით, მოგასწრო ყველაფრის შეჭმა! – აგულიანებს აკაკიც და დივნიდან წამომხტარს ღიმილით ადევდებს თვალს. მხიარულად მოკუნტრუშებს თათია, დის გვერდით თავსდება და ქეთას მიერ გადმოღებულ საჭმელს ალმაცერად დასცქერის.
–ელენე იმიტომ მასწრებს, რომ ჩემზე დიდია. თანაც, ორი წლით, გაიგე, მამა? – პატარა, საყვარელ თითებს ცხვირწინ უტრიალებს აკაკის და მის ხმამაღალ სიცილზე, ჯიუტად კრავს კოპებს, – თანაც, სულ არ მასწრებს ხოლმე. მაინც მე მოვასწრებ, ნელი და ზარმაცია ელენე! – აცხადებს მოურიდებლად, ამაყად აწეული თავით და სულ არ აინტერესებს დედის საყვადურნარევი მზერა.
–დაანებე, შეეშვი.. – ჩურჩულით იქცევს ქეთას თითებს ხელისგულში აკაკი და სანამ ცოლი ხმას ამოიღებს, მანამ უკოცნის ხელის ზურგს, –ახლა ყველაფერს გადასანსლავენ გოგოები და დასაძინელად გაუდგებიან გზას, – ამატებს თათიას გასაგონად და თავადაც იწყებს ჭამას.
–ელეს ჩემზე მეტი კიტრი რატომ დაუჭერით? – ახლა მისი თეფშისკენ აპარებს თათია მზერას და წარბებაბზეკილი, უკმაყოფილო სახით შეჰყურებს ელენეს, რომელიც ჭამას თავს ანებებს, პაწაწინა სათამაშოს აბზრიალებს და მასზე მიყინული მზერით, უკან ჩოჩდება. სკამის საზურგეზე მიყრდნობილი, პატარა თითებით აფრინდება საკუთარ მუხლებს. არ მოსწონს ზედმეტი ხმაური, არც თათიას უკმაყოფილო ტონი, მაგრამ ჩუმადაა.. მუდამ ჩუმადაა. ზოგჯერ თუ ამოანათებს წამწამებს შორის მოქცეული ბრიალა თვალებით და სულ ერთი წამით გაუსწორებს მამას მზერას. თითქოს რაღაცას სთხოვდეს, შველას ან სიმშვიდეს. თათია კი არა და არ ჩერდება. წუწუნით იკლებს ოთახს და გათამამებული იმით, რომ არ უბრაზდებიან, გაჩუმებასაც აღარ ფიქრობს.
–როგორ ლაპარაკობ, თათი? აბა, რა მნიშვნელობა აქვს ვის რამდენი კიტრი გაუთალა დედამ! – უღიმის აკაკი შვილს და ელენეს თეფშისკენ გაქცეულ მის თითებს აყოლებს მზერას.
–საკუთარ საჭმელს მიხედე, თათია, დაანებე მის თეფშს თავი! – ეცინება ქეთასაც და მოულოდნელად, ისე, თითქოს ახლაღა გაახსენდაო, ქმრისკენ ბრუნდება, – ხომ არ აიღე შვებულება? ახლა სეზონი აღარ არის და სადმე, მშვიდ ადგილას რამდენიმე დღით კარგ ფასად დასვენება შეგვიძლია, აკაკი..
–სულ დამავიწყდა, ქეთო! – ახლაღა ახსენდება აკაკის და ხმამაღალი შეძახილით, სახეზე ისვამს ორივე ხელს, – იმდენი საქმე მქონდა.. აუცილებლად მოვახერხებ როგორმე, კარგი? – გადაღლილი ხმით ესაუბრება და მისკენ გახედვასაც კი უფრთხის, რადგან ზუსტად იცის, ქეთას როგორი გამომეტყველება დახვდება. იმედგაცრუებითა და სევდით აღსავსე.
–კარგი.. – სუსტი ხმით ეხმიანება ქალი.
–ქეთო! – ერთიანად ბრუნდება მისკენ, – მომხედე, აბა..
–არაფერია, აკაკი. როცა დრო გექნება, მაშინ წავიდეთ, – მაინც ეპარება ხმაში ნაღველი და მოქნილი მტევნის ჩაქნევაც იმდენად ხელოვნურია, აკაკის უნებურად ეღიმება.
–სახე ჩამოგტირის, ქეთო.. პატარა ბავშვივით! – თითქოს მხიარულდება კიდეც და მის კეფას აკრავს ხელისგულს. თავისკენ ქაჩავს და შუბლსა და ღაწვებს ღიმილით უკოცნის, – აუცილებლად მოვახერხებ რამდენიმე დღე მხოლოდ შენ მოგიძღვნა, გპირდები! – კიდევ ერთხელ, ფრთხილად ეხება შუბლზე და რომ ხვდება, მისი დაყოლიება მოახერხა, ტუჩებზეც მოურიდებლად ეწაფება. აღარც ახსოვს წინ რომ ორი პატარა ქალიშვილი უზის.
–მიყვარხარ.. – ეჩურჩულება ქეთა და ფრთხილად შორდება.
–დაურეკე ერეკლეს? სად არის აქამდე? – ყურს უკან უწევს ჩამოცვენილ თმას.
–უკვე ბრუნდება. მალე სახლში იქნება..
–ძალიან კარგი. შუადღის მერე არ მილაპარაკია. ხომ მშვიდობით მგზავრობს?
–ჰო, ნუ ღელავ.. – ეღიმება მის ზრუნვაზე და კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, ელენეს გამყინავი კივილი რომ აწყვეტინებს სიტყვას.
დაფეთებით ბრუნდებიან ბავშვებისკენ და სანამ პატარა ელენეს გაღიზიანების მიზეზს გაარკვევენ, უკვე ხვდებიან რაშია საქმე. მისკენ ბლომდე გადაზნექილ თათიას მისი ბზრიალა მიუთვისებია და გაბუტული სახით მჯდარს, ჯიუტად ჩაუბღუჯავს თითებით. იცის, რომ ელენე ვერ იტანს როცა მის ნივთებს ეხებიან. იცის ისიც, როგორ უყვარს ერეკლეს ნაჩუქარი ბზრიალა დას. იცის, აუცილებლად გააღიზიანებს მისი წართმევით და ახლაც, სწორედ ამიტომ არ უკვირს მისი ყურებზე აფარებული ხელისგულები. პირიქით, თითქოს სიამოვნებასაც კი ღებულობს ასეთს რომ ხედავს. მის არანორმალურად გამკივან ხმასა და მოქანავე ფეხებს ბრაზით დასცქერის და წამითაც არ ფიქრობს, მისი ნივთის დაბრუნებას.
–თათია, დაუბრუნე სათამაშო! – ესმის დედის საყვედურნარევი ყვირილი და სანამ გაპროტესტებას დააპირებს, მანამ გრძნობს პატარა მკლავზე მტკივნეულად ჩაფრენილ მის თითებს.
–არ მივცემ! არ მინდა და არ მივცემ! – ბურტყუნებს ტუჩებათრთოლებული და ცოტაღა აკლია ცრემლების გადმოყრამდე. გრძნობს, როგორ უძალიანდება დედა. ხედავს, როგორ იკრავს გულში მჭიდროდ მამა ელენეს და შეგრძნება უჩნდება, რომ მთელი სამყარო დაუპირისპირდა.. რომ ელენეა ყველაფრის თავი, ყველაფრის მიზეზი. თითებს შორის მოთავსებული მისი სათამაშოც ჭირივით ეზიზღება. არც თავიდან უნდოდა, არ აინტერესებდა, არ მოსწონდა. ასეთი სათამაშოები სულ არ იზიდავს თათიას, მაგრამ ერეკლეს ნაჩუქარი რომაა?! ელენეს რომ ასე ახარებს?! იქნებ, მასაც უნდა. ვერ ხვდება.. არ ესმის, რატომ არავინ იფიქრა ამაზე და რამდენიმე წუთში, სანამ ბოლომდე გაიაზრებდეს საკუთარ მდგომარეობას, ბოღმის პატარა, სულ პატარა ბურთულა აუტანლად აწვება ყელში. ისე უსველდება ლოყები, თავადაც ვერ ხვდება და მკლავის ტკივილისგან სახემოქცეულს, მთელი ოჯახი ბავშვური.. ყველაზე გულწრფელი გრძნობით სძულს.

***
აივანზე ჩამომდგარ, შიშველ სილუეტს გაჰყურებს ევა და გულში სითბო ეღვრება. გრილ ზეწრებზე ნებიერად მიწოლილს, რამდენიმე წუთის წინანდელი სიამოვნება ახსენდება და მამაკაცის მკვრივ ბეჭებსა და მკლავებს მიბანული თვალებით შეჰყურებს.
–გიო, შემოდი და აქ მოწიე, შეგცივდება, – იძახის ხმამაღლა, მის გასაგონად და შემობრუნებულს, თბილ ღიმილს ანებებს.
–მოგენატრე, ევა?
მისკენ მიიწევს, ფეხებს შორის უძვრება და პატარა, გამხდარ მკერდზე აკრობს შეციებულ ლოყას.
–ჰო, მომენატრე..
–თუ ქვეყნიდან მართლა წახვალ, აუცილებლად უფრო მეტად მოგენატრები.. იცოდი?
–გეყოფა, გიო, – თმაში უცურებს თითებს და ისე ქაჩავს, გიორგი იძულებულია თავი წამოსწიოს, – იმაზე მეტს მთხოვ, ვიდრე საჭიროა, ხვდები არა?
–მე შენთვის სიყვარული არასდროს მითხოვია, ევა.. – გამყინავი ხმით აწყვეტინებს და სანამ ქალის პასუხს გაიგებს, პირზე აფარებს ძლიერ ხელს, – მე შენთვის სიყვარული არ მითხოვია! ეს კი ერთადერთია, რისი მოთხოვნაც ადამიანს არ შეუძლია ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში, ევა.
–სამაგიეროდ ერთგულებას, სითბოსა და გულწრფელობას მთხოვ.. ეს ყოველივე კი ჩემთვის არაფრით ჩამოუვარდება სიყვარულს..
–გგონია, არ გჭირდება? – ირონიას ურევს ხმაში და მისკენ იწევა. ნაცრისფერი თმის კულულზე ეთამაშება გრძელი, მოქნილი თითებით.
–რა?
–სიყვარული.
–ყველას სჭირდება, ალბათ, – ეღიმება და მის გამოწვდილ სიგარეტს აგებებს ტუჩებს.
–აბა, თავის დაცვის ინსტიქტი გერთვება და ამიტომ მეკამათები მუდამ? – უცებ ეჭიდება წელზე და თავისკენ ქაჩავს. ევა მის სხეულს გრძნობს თავისაზე. იმდენად ახლოსაა, იმდენად სულს უხუთავს, სუნთქვაც კი უჭირს. ჯერ ფიქრობს, რომ მოიშოროს, მერე მის მზერაში იკარგება და ახლა თავად ეკვრის. ვეღარაფრით შორდება.
–რაო, შეგიყვარდი? – კბილებით ეპოტინება მის ტუჩებს გიო და მოხითხითე ქალს ძლიერად ბოჭავს, – ხომ არ გიყვარდები, ევა?
–რატომ ვერასდროს ისვენებ.. რატომ ვერ ისვენებ, გიო! – მოჩვენებითი ბრაზით აფარებს თითებს ტუჩებზე, მაგრამ არც ახლა ჩერდება გიო, ახლა მის ხელს ეპოტინება გამხიარულებული, – ველურო კაცო! – კისკისებს ევა და რამდენიმე წამში, დამშვიდებულს, სრულიად უსუნდება სხეული. ისეა მის სხეულზე აკრული, შეგრძნება აქვს, რომ ვეღარც მოშორდება. მის გულისცემას უსმენს და მშვიდ, მონოტონურ ფეთქვაზე, მთელი დღის ემოცია ერთიანად ეძალება.
–გიო..
–მე ვერაფერს დაგაძალებ, ევა. მერე ჩემი თავი შემზიზღდება, – თმაზე ეფერება გიო და თან მის გამხდარ სხეულს დაჰყურებს, – თუმცა, მოსუქებაზე ფიქრი ნამდვილად უნდა დავიწყოთ.
–დავიწყოთ, – თანხმდება ევა და მკერდზე მცოცავ გიოს გაციებულ ხელებს საშუალებას აძლევს ბოლომდე შეიგრძნონ მისი კანის სითბო.

***
სტუმრებისთვის განკუთვნილ, პატარა ოთახთან ჩერდება და მამას შესცქერის თვალებში. ჯერ შორიდან, მერე.. აკაკი რომ ხელით უხმოდ, თავისკენ უბიძგებს, ფრთხილად შედის და ლოგინთან მდგარ სკამზე მოწყვეტით ჯდება. ხედავს, როგორ აუკრავს გულზე აკაკის პერანგისამარა ელენე და მშვიდად არწევს. თან თავზე, ჯიუტად უსვამს დიდ ხელისგულს, რომ სახეგაყინულ ქალიშვილს როგორმე მოერიოს საძულველი ძილი. არ უყვარს ელენეს მათთან დაძინება. ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია. თანაც, მუდამ სხვადასხვა გარემოსთან უწევს შეჩვევა და აკაკიც ყოველ ჯერზე ისე ღელავს, აღარაფერი ახსოვს ელენეს მშვიდი ფშვინვის მეტი.
–მასთან ერთად იძინებ?
–ჰო.. აქ ვიქნებით მე და ელე, – უღიმის და ერეკლე ატყობს, მამის მზერა სადღაც შორს, ღრმად ცოცდება.
–როგორ არის? ძალიან ბევრი იტირა? – თავით ელენეზე ანიშნებს და მისკენ გაწეულ თითებს ჰაერში აჩერებს, – აფორიაქებული თუა, ხვალ დაველაპარაკები..
–ჰო, ასე აჯობებს! – თავს უქნევს აკაკი და ელენეს კრუსუნზე უარესად უმუქდება მზერა, –მამა შენთან არის, ელე.. – ჩურჩულებს აკაკი და წინადადებას რამდენჯერმე, შეუცვლელად იმეორებს. თითქოს დარწმუნება უნდა, რომ ელენემ შეისმინა.. დაიჯერა.. ნამდვილად გაიგო, რომ მამა არასდროს დატოვებს. იმდენადაა არეული, რომ საერთოდ ვეღარ აზროვნებს. ერეკლესაც კი ვერ გაუბა ლაპარაკი და რომ ხედავს, როგორ დგება ფეხზე, უცებ, წამებში გამოფხიზლებული აწევს სიტყვებს
–როგორი დრო გაატარეთ, მა?
ერეკლე ბრუნდება, ზემოდან დაჰყურებს მამასა და დას და მის ცნობისმოყვარე მზერაზე სულ ოდნავ ეღიმება.
–კარგი, მშვენიერი! – პასუხობს მოკლედ.
–თათიას ხომ ვერ დაელაპარაკებოდი? – ეკითხება და იმ საღამოს, პირველად იღიმის, – მინდა დაძინებამდე ხასიათი გამოუკეთდეს. დედა გაუბრაზდა, თანაც ძალიან.. მე კი ელენეს ვერ დავტოვებ. შედი თათიასთან რა, მა, გეხვეწები! – თხოვნის მიუხედავად, დაჟინებულ ტონსაც ამჩნევს ერეკლე მის ხმაში და თავადაც ეღიმება.
–შევალ, ახლავე..
შედის.. დედ–მამისა და ნახევარდის ნახვის შემდეგ, თათიას მონახულების ჯერი დგება და ერეკლეც ნელი ნაბიჯით მიიწევს მისი ოთახისკენ. სანამ კარს შეაღებს, უცნაური ფიქრებით ეჭედება თავი. რა ხშირად ხდება რომ სახლში დაბრუნებულს ოჯახის წევრების ოთახების შემოვლა უხდება ხოლმე.. ისე, თითქოს მთელი ეს დრო მას ელოდნენ, მის სიტყვებს, დამშვიდებას, მის სიყვარულს. არადა, ერეკლეს ხომ არასდროს უცდია მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაეკავებინა. ალბათ, თავისებურად ხდება.. მაშინ, როცა თავადაც ვერ ხვდები, ვინ არის მართალი და ვინ არა. ასეა.. ყველა ოჯახში ასეა. ყველგან არის ერთი ადამიანი მაინც ისეთი, ვისაც სიმშვიდე დაჰყვება თან.. სიმშვიდე და სიყვარული. თანაც შეუთანხმებლად, გაუაზრებლად, შინაგანი ხასიათიდან ამომავალი. იქნებ, სწორედ ერეკლეა ასეთი. იქნებ, სწორედ მისი არყოფნის გამო დახვდა დედა მშობლების საძინებელში სრულიად მარტო მყოფი, ერთმანეთზე გამწარებული პატარა დები და მამა, რომელმაც ისევ ყველაზე სუსტი მხარე აირჩია. ეფიქრება ყველაფერზე ერთად და თან დის ლოგინისკენ მიიწევს. მის ცრემლიან სახეს უხმოდ აშრობს მშრალი ტუჩებით და ჯერ ისევ საგარეო, დასვრილი ტანსაცმლით უძვრება ზეწარქვეშ.
–სანამ დედა შემოვა და ფეხზე წამომაგდეს, ცხვრები დავითვალოთ, თათი! – ეუბნება და მის თითებს აფრინდება საკუთარით. ზეწრის ქვეშ გრძნობს როგორ უძვრება წვივებს შორის თათია პატარა ფეხებით და სითბოს ძიებაში, გაბუტული ტუჩებით ეკვრის მონატრებულ ძმას.
–არ მინდა ცხვრების დათვლა, სულაც არ მინდა! – აპროტესტებს და ერეკლეც მაშინვე ხვდება, ყველაფერზე პროტესტი მის პატარა გულში დაგროვილი ბრაზის ბრალია.
–გავიგე, ელენესთან დაძინებაზე უარი გითქვამს..
–დიახაც!
–რა მოხდა, თათი? შენ ხომ ჭკვიანი, კეთილი გოგო ხარ. როგორ შეიძლება ასე მოქცევა? – აპარებს ფრთხილად, დაბალი ხმით. თითქოს ეშინია, მეტად არ გააბრაზოს პატარა, მებრძოლი ქალბატონი.
–სხვაგან დაიძნოს, ამ საწოლში არ ჩავაწვენ, – ბრაზობს ისევ და უფრო მეტად კრავს კოპებს.
–აი, რა უნდა გითხრა.. – იწყებს ერეკლე და მისკენ ბრუნდება, – მე, შენ და ელენე ერთმანეთის ნაწილები ვართ.. გაშალე თითები.. – ხელისგულს აშლევინებს და სამ, პატარა, გაფშეკილ თითებს მასთან ერთად ითვლის, – ეს მე ვარ, ეს შენ, ეს კი ჩვენი ელე.. ნახე, თათი.. აქ მამა იმალება, – ხელისგულზე, შუა ნაწილში უთითებს თითით და საკუთარ გამოგონებაზე უხმოდ ეცინება, – მისგან ვართ ჩვენ შექმნილები. მხოლოდ მე, შენ და ელე, სხვა არავინ. ხედავ, როგორ ახლოს ვართ ერთმანეთთან? ამ თითებს როგორც ვერ დააშორებ ერთმანეთს, ისე ვერ დაგვაშორებენ ჩვენც.. მათ შორის ნაპრალებია, მაგრამ მხოლოდ მცირე მანძილით თუ შეუძლიათ ერთმანეთისგან გაქცევა, ხედავ? ჩვენც ასე ვიქნებით, მთელი დარჩენილი დრო. უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება, რადგან მუდამ ერთმანეთის გვერდით ყოფნა მოგვიწევს..
–რომ არ მინდა? – იბნევა თათია და თვალები ელულება.
–ჯერ პატარა ხარ, აუცილებლად მოგინდება მისი გაგება, თათი..
–ვერ ვიტან. არ მიყვარს. მინდა რომ წაიყვანოს ევამ! სულ.. სამუდამოდ! – სლუკუნებს და ერეკლეს მაისურს პატარა, აკანკალებული თითებით ეჭიდება, – ჩვენთან ხომ არ ცხოვრობს? რატომ მოყავს მამას სულ? – იმდენად გულწრფელია, იმდენად მართალი, რომ ერეკლე მის სიტყვებზეც ვერ ბრაზდება.
–აბა.. ნუ,თათი, ნუ ამობ ასე.. – ღიმილით უსვამს თავზე ხელს, – მითხარი, ხვალ რა გავაკეთოთ? გინდა შენც გიყიდო სათამაშო? წაგიყვან და თავად აარჩიე რაც მოგინდება, რას იტყვი? ან, შენ რაც გინდა.. ოღონდ ასე არ გაბრაზდე და რაც გინდა ის გავაკეთოთ..
–სულ ყველაფერს შემისრულებ? – უხარია თათიას და სიამაყით ივსება. ერეკლე ახლა მასთანაა. მასთან და არა ელენესთან. მის საწოლში წევს, მას უთბობს პატარა, გაყინულ ფეხებს. მასთან ერთად გეგმავს მომდევნო დღეს.. და ჰგონია, სჯერა, რომ უფროს ძმას ელენეზე მეტად ნამდვილად ის უყვარს. ისე უცებ წყვეტს გონებაში ამას, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულს, ხასიათიც წამში ეცვლება.
–საერთოდ.. სულ ყველაფერს? – აზუსტებს კიდევ ერთხელ.
–სულ ყველაფერს! – პასუხობს ერეკლე გადაჭრით.
–მაშინ, მაგის ძმა არ იყო! მარტო ჩემი, სულ ჩემი იყავი, საერთოდ არ იყო მაგის ძმა! ხომ თქვი შეგისრულებო, ხომ არ მომატყუებ? - სლუკუნით ხვევს კისერზე მკლავებს და მის ყელში რგავს სახეს.

***
დასაწყისი.. დასაწყისია ის, რაზეც მთელი ურთიერთობა შეიძლება აიგოს.. და თუ იმ დაწყებულ დღეთა ღირებულება აკლია პირველ წუთებს, მაშინ ყველაფერი აირევა. მაშინ უსიყვარულობა გაიდგამს ფესვებს ღრმად და იმ მოგონებებს, რომლებიც თითქოს სითბომ აავსო, ისე მიჩქმალავს, გასახსენებლადაც არ ეღირება.
–თუ ისიც არ იცი, რა გელის ადამიანის გაცნობიდან რამდენიმე დღეში, ვერც საერთო მომავალს განსაზღვრავ. ისედაც ხომ ძნელია.. ისედაც შეუძლებელი და კიდევ უფრო რთული ხდება ასეთი შემთხვევისას.. როცა ნაკლებად გიცემს გული, – ჩურჩულებს ევა და ნაჭერზე მოხატულ მონახაზს დაჰყურებს.
ჯერ შავი ფანქრით მორკალული ადგილებია მხოლოდ დატანილი ღია მატერიაზე, მაგრამ ევას მაინც ელამაზება. წინასწარ იცის.. წინასწარ ხედავს სად როგორი სინათლე დაიღვრება, როგორ გადაეხლართება ყვითელ–წითელი ძაფები ან მარგალიტისებრი მძივები ერთმანეთს.. ყოველთვის ასეა.
–მიყვარს ყურება, როცა ქარგავ..
–გეტყობა! – იღიმის და სულ ერთი წამით უსწორებს მზერას. მერე.. მის თვალებს რომ აწყდება, ვეღარც ქარგვას იწყებს და ვერც სხვა რამეზე ფიქრობს. გვერდით აწყობს მუხლებზე მოთავსებულ ნივთებს და დივანზე იკუნტება. თავით ეხება ბარძაყზე. ისე წევს, როგორც პატარა, უსუსური ბავშვი და თავადაც ვერ ხვდება, რატომ მოეძალა სევდა ასე უცებ..
–ელენე მოგენატრა? – ესმის მისი თბილი ხმა და ევასაც ეღიმება.
–ალბათ..
–ალბათ არც კი ახსოვხარ, და–ძმასთან ერთად ერთობა, ხატავს ან სკოლის დავალებებს ასრულებს.. – ამშვიდებს თავისებურად გიო და შეცხელებულ შუბლზე უსვამს ხელს, – სუსტად ხარ, ევა..
–კარგად ვარ. მგონი, ნორმაზე მაღალი ტემპერატურა მაქვს, თუმცა, კარგად ვარ, – ეღიმება ისევ და გიოს დასარწმუნებლად მისი სახისკენ აპარებს ეშმაკურ მზერას.
–მაყვალი გირჩევნია თუ ლიმონი? – უჩვეულო სიმშვიდეა მის მზერაში. სიმშვიდე და ზრუნვა და სანამ პასუხს გასცემს, მოგონებებში ეშვება.
ისევ სიცხიანი, ისევ თავისი საქარგავი ნივთებითა და შეწითლებული, დარდიანი სახით წევს დივანზე, ისევ ისე.. პატარა ბავშვივით მოკუნტული. ყველაფერი თითქოს ისეთივეა.. მოგონებები მეორდება?! თუ, უბრალოდ ევა ინაცვლებს დაუფიქრებლად, დაბინდული გონებით იმ დღეებთან?! ისევ თვალდახუჭული, ისევ სიცხისგან შეციებული და ისევ ისეთი გაოფლილი, ნაზი ხელისგულებით..
–ევა.. – ესმის კიდევ ერთხელ და წამით ისე ეუცხოვება გიოს ხმა, სწრაფად ახელს თვალებს. დაბნეულ გამომეტყველებას აგებებს ფეხზე წამომდგარ ბიჭს და მის გამოწვდილ ხელს თავისას უწვდის
–ლიმონი.. ლიმონი მირჩევნია! – ეუბნება სუსტი ხმით და ისევ საკუთარ მკლავებში იმალება.
–სიცხის საზომს მოგიტან მანამდე, კარგი?
–კარგი..
გიო მიდის.. და მერე ისევ ის მზრუნველობა.. მოგონებებიდან. თბილი, ძლიერი ხელები, ახლა სულ სხვა მამაკაცის. რამდენიმესაათიანი, დაუღლელი ფერება ევას ნაცრისფერ კულულებში ახლართული, მუდმივად მოთამაშე თითებით. ნაზი ტუჩების შეხება ცხელ საფეთქელსა და მხრებზე. საკუთარ მკერდქვეშ მოთავსებული მისი სხეული და ფიქრი, რომ თურმე სითბოს გაზიარება ზოგჯერ საშიშია. ახსენდება ევას ყველა წვრილმანი და უკვირს, რატომ მაინცდამაინც ახლა?! რატომ, ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ეგონა, რომ მისი გაშვება ყველაზე მარტივი იყო?! რატომ.. რატომ.. რატომ, ასე და ახლა.. თავის ტკივილი უამრავ კითხვას აჩენს და ძილბურანში გახვეულს, ახლა აკაკის შემოთავაზებული ჩაის არომატის არჩევა უწევს..
–რითი გავაკეთო, ევა? – ომახიანი ხმით კითხულობს აკაკი. მის საწლთან იხრება და ხელისგულებს უკოცნის, – ოჰ, როგორი ცხელია, ჩემი პატარა ქალი!
ისეთი რეალურია, ევას სუნთქვა ეკვრის. უფრო მეტად აციებს, უფრო მეტად თრთის.. ნეტავ, სიცხის ბრალია?!
–არ მინდა ჩაი, გეხვეწები, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ!
–მაყვალი! აუცილებლად, აბა რა! რას გეკითხები.. მეც ხომ ვიცი, რა ჯობია! – იღიმის აკაკი. ფეხზე დგება და სამზარეულოსკენ წასული, ისევ მისკენ ტრიალდება. ფართო ღიმილით დასცქერის სიცხისგან ლოყებშეფაკლულ ევას და ბოლომდე იშლება მხრებში
–კიდევ ივლი წვიმაში და სიცივეში ასე გიჟივით, პაწაწინა ქალო? – ეკითხება და მის პასუხს შუბლშეკრული ელის. თუმცა, ზუსტად იცის ევამ, სინამდვილეში სულაც არ ბრაზობს მამაკაცი.
–უჟმური და ბებერი ხარ! – ბურტყუნებს პასუხად და გაჭირვებით უწევს შუა თითს.
ევას საქციელს აკაკის ხმამაღალი სიცილი, მისი ჰაერში მოფარფატე კოცნა და ევას გაბუტული მზერა მოჰყვება. ისე უჩინარდება, წამითაც არ ტოვებს გადაღლილ ევას მამაკაცის ღიღინი მეორე ოთახიდან და იძულებულია, ფხიზლად ეჭიროს თავი
–თუ არ გაჩუმდები, აუცილებლად მეტად ამიწევს სიცხე! – ასკვნის ევა, მისი დაბრუნებისთანავე და საწოლზე იწევა.
იმ დღეს მის ზრუნვაში ატარებს. მის კლავებში. მის ღიღინსა და მოფერებაში. ევა პატარაა.. პატარა და სუსტი, აკაკი კი მისი დიდი მცველი. მანამ, სანამ ისევ არ გაახსენდება მამაკაცს, მოშუაღამებულს.. მიტოვებული სიყვარული. სიყვარული ოჯახის სახით.. და თუმცა არაფერს ამბობს, არასდროს, ევამ იცის.. კარგად იცის, რომ დროებითია მათი ამბავი. იმ დღეებიდან მოყოლებული იცის.. პირველივე დღიდან. იმ წამიდან, უნივერსიტეტიდან გამოსულს, გაღიზიანებული მამაკაცის ყურადღება რომ მიიქცია.იმ წამებიდან.. იმავე საღამოს რომ მოისმინა მისი ისტორია. მისი და ქეთასი.. რომელზე ფიქრიც არც ერთი წუთით არ მიუტოვებია მამაკაცს. არც მაშინ, ევას რომ აკითხავდა ხოლმე გამოცდებზე, არც მაშინ სიცხიანს რომ თავთან ეჯდა და არც მაშინ, თბილად რომ უკოცნიდა ლამაზ მხრებს. თავად, აკაკიმ არ იცოდა ეს.. არ იცოდა, რომ მთელი ეს დრო ევას არ ეკუთვნოდა. ევა კი ყოველთვის ხვდებოდა.. იქნებ, სწორედ იმ დროს შეგიძლია საღად აზროვნება, სხვის ურთიერთობებს მიღმა ღრმა შრეების დანახვა, როცა თავად გაკლია სიყვარულამდე ბევრი ნაბიჯი..
ასეთ დროს კი აღარც თავის ტკივილი გიამდება და აღარც მისი მოწვდილი ჩაი გშველის დიდად.
–დალიე, ევა..
–დალიე..
–მაყვალი აქვს.. დალიე!
–მაყვალი? – თვალის უპეები მძიმდება. მძიმდება და ტკივილიც ნაწილდება უფერულ კანზე.
–მაყვალი..
–მაყვალი აქვს? რა კარგია!
–ევა..
–მიყვარს, მაყვალი..
–ევა!
–...
–ევა!
–...
–ევა, აგიწია სიცხემ, წამოჯექი, შუბლს დაგიზელ.. – ისევ იცვლება ხმა და ევა ისევ იბნევა.
–მაყვალი აქვს ჩაის? – კითხულობს ინსტიქტურად. რეალობაში უნდა ყოფნა... არ უნდა მოგონებები. აღარ უნდა. იცის.. ახლა იცის, რომ აღარ უნდა. მხოლოდ სიმშვიდე, აწმყო და დროის მკაფიო შეგრძნება.
–ლიმონიანი მინდაო, ასე არ თქვი, ევა? – ესმის მშფოთვარე ხმა. მის მკლავებში ეხვევა, იმალება, მთელი სხეული უთრთის და სითბოს ძიებაში, ტირილნარევი გამომეტყველებით ეკვრის სხეულზე.
–გიო..
–სულ მალე გიშველის წამალი, პატარავ. მანამდე, ჩაი დალიე, კარგი? – თავზე ეფერება გიო და მუხლებზე მოთავსბულს, მეტად იკრავს გულზე.
გაჭირვებით ახელს თვალებს. მაგიდაზე ატარებს მზერას და სუსტად, მიმქრალი მზერით ეღიმება, როცა ხედავს, როგორ დაცურავს ჩაის დიდ, ღრმა ჭიქაში ყვითელი, მრგვალი ლიმონის ნაჭერი.

***
დღეს დღე ენაცვლება, მაგრამ ისე იწელება.. ისე ნელა მიცოცავს მომავლის გზაზე მათი ცხოვრება, თითქოს რაღაც გარდამტეხს უნდა ელოდნენ. გონებაც მეტად უფორიაქდებათ. ბავშვებს შორის გაჩენილ შუღლსა და ერეკლეს ბოლოდროინდელ, ღელვანარევ, ახალ გრძნობებს მოღუშული ამინდები ემატება და სიმშვიდეც განგებ იმალება მათი სამყაროდან შორს. თუმცა, ადამიანი ხომ შეჩვეულია პერიოდულ ჩავარდნებს. თითქოს ელის კიდეც.. თითქოს ასეც უნდა იყოს, რომ მერე, როგორმე სიხარულნარევი გრძნობები დაატყდეს თავს. თუმცა, დასაჯერებელია კი ასეთი რამ?! იქნებ, საერთოდაც არაა აუცილებელი ყოველი წამის საფასურის გადახდა მოგიწიოს ცხოვრებისთვის, იქნებ ზოგჯერ უმიზეზოდ შეიძლება გაგიმართლოს. იქნებ.. იქნებ, სხვა არც არავინაა აკაკის მსგავსად არეული. ნუთუ ბევრს უწევს ოჯახის ფსიქოლოგთან საათების გატარება იმის გამო, რომ თავად ვერ გამოუნახავს ყველაფრის დასალაგებლად საკმარისი ძალა.
–არასდროს, არასდროს ცხოვრებას ისე არ მივენდობი, რომ ყველაფერი ბედისწერაზე გახდეს დამოკიდებული.. – აღელვებით ისრესს თვალებს, მოწყვეტით ჯდება მსუბუქ, დაბალ სავარძელზე და მის წინ ჩამომჯდარ დავითს აგებებს მზერას. აღარაფერია მის მზერაში დაფარული, აღარაფერია უცხო და დავითი ხვდება, რომ არა მხოლოდ მისთვის, სხვებისთვისაც ასეთია უკვე აკაკი. დაიღალა იმ ემოციების დამალვით, რომელსაც მუდამ განიცდიდა. ან, იქნებ არც აქამდე მალავდა. შეიძლება, უბრალოდ ეხამუშებოდა იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე პიროვნებად ჩამოყალიბება მოუწია და საბოლოო ჯამში, ვერცერთით დაკმაყოფილდა. ახლა კი, ამ ეტაპზე, ვერაფრით ახერხებს ევას ახლად მიღებული გადაწყვეტილების გააზრებას და არ მოსწონს, საკუთარ თავს სისუსტეს რომ ატყობს. სისუსტეს ემოციების შეკავებისა და ბრაზის მართვის მაგივრად.
–ბედისწერას არც არასდროს მინდობიხარ შენ, აკაკი, – უღიმის დავითი და წყალს სთავაზობს.
–არ მინდა, – უარის ნიშნად აქნევს თავს. წინ იხრება, მხრებში ბოლომდე იშლება და თავადაც ეღიმება, – არ შემიძლია აღრენილი, ყოფილი საყვარლის როლის მორგება და ზედმეტი ჩხუბი, რომ ჩემს შვილს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში ვერ გავუშვებ. არც ევასთან შეხლა–შემოხლა შემიძლია, დავით. არ ვარ ასეთი.. უბრალოდ არ ვარ.
–არ შეგიძლია თუ არ გინდა?
–არ მინდა..
–მასთან კამათს ერიდები? – ეძიება უფრო მეტად.
–ალბათ ვერიდები, – მშვიდი ხმით პასუხობს და ნელა, თითქმის შეუმჩნევლად აქნევს თავს, – ბრაზი მახრჩობს. ბრაზი და ბოღმა. ამოუხსნელი.. იმდენად ამოუხსნელი გრძნობები, რომ ვერაფრით ვახერხებ საქმეზე, ოჯახზე კონცენტრირებას.
–ევაზე ბრაზობ..
–არ ვბრაზობ ევაზე! – მოულოდნელად უწევს ტონს და სწრაფად დგება ფეხზე. ანთებული თვალებითა და დაძაბული, შემართული ტანით დასჩერებია მშვიდი სახით მჯდარ მამაკაცს ზემოდან. სულ რამდენიმე წამი დაჰყურებს, მერე ხვდება.. სწორედ მისმა სიტყვებმა გააღიზიანა, მათმა შინაარსმა და თავში გადამალულ, ევაზე გაჩენილ ფიქრებს ამოტივტივების საშუალებას აძლევს
–ჰო.. შეიძლება ვბრაზობ კიდეც, – ჯერ ისევ დატყობია გაღიზიანება მის ხმას.
–რატომ, აკაკი? ევას მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოწყობა სურს, ისე, რომ თქვენი საერთო შვილი არ დაზიანდეს. რას ხედავ ამაში ცუდს?
–ცუდს? – ეცინება მოულოდნელად და უფრო მეტად კრავს კოპებს, – ცუდს არაფერს.. უბრალოდ, მახსენდება ევას ყველა სიტყვა, ყველა ქცევა და ვერ ვიჯერებ რომ ასე იქცევა. ვერ ვიჯერებ, რომ ელენესთვის ამხელა ცვლილებებს გეგმავს, ჩემ გარეშე. ამაზე ხომ გვილაპარაკია.. შენთანაც გვილაპარაკია, ხომ ასეა? ჩვენს გოგოს სერიოზული პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში! – ლაპარაკობს აღელვებით და მოუსვენრად ადგამს ნაბიჯებს კაბინეტში, რომელიც ახლა ისეთი პატარა, უფორმო ეჩვენება, ნერვები ეშლება.
–მესმის შენი შიშები, აკაკი, მაგრამ ეს სხვა რამაა. ელენეს ერთობლივი ყურადღების პრობლემა აქვს, რაც სხვებთან გამოცდილების, ემოციების გაზიარებას გულისხმობს. ეს პრობლემა აქაც ექნება და სხვა ქვეყანაშიც. როგორც აქ ეჩვევა სიახლეებს, ისევე შეეჩვევა იქ. რა თქმა უნდა, რაღაც დაბრკოლებები იქნება, აუტიზმის სპექტრის მქონეა ბავში, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ უნდა მიგაჩნდეს მისი საცხოვრებლად სხვაგან გადაყვანა. გონიერი ბავშვია, ფიქრი და ფაქტების დაკავშირება შეუძლია ერთმანეთთან, – ცდილობს მშვიდად, დაწვრილებით, აუღელვებლად აუხსნას, თუმცა ატყობს თუ არა, როგორ ეცვარება შუბლი აკაკის, სიტყვას წყვეტს და სავარძელს მჭიდროდ ეკვრის ზურგით, – დაჯექი!
–არ მინდა, მალევე უნდა გავიდე! – პასუხობს გაღიზიანებით და სახეზე ისვამს ორივე ხელს.
–დაჯექი და მითხარი, რა გაგიჟებს ასე? რატომ ვერაფრით ახერხებ ამ ფაქტის მიღებას?
ოთახში მოსიარულე, წამით ჩერდება. საკუთარ ფეხებს აშტერდება და მერე ფრთხილად, აუჩქარებლად ბრუნდება საკუთარ ადგილზე. მაჯს საათს შუბლშეკრული დაჰყურებს, შემორჩენილი ჩვევით ისწორებს ხელზე და ისევ დავითს აპყრობს მზერას.
–ელენე არ ეცდება ჩემს შენარჩუნებას, – სიტყვებთან ერთად, ხმაურით ყლაპავს ნერწყვს, – მისთვის სულერთია სად ვიქნები.. არ გავახსენდები, არ ვეყვარები, არ მოენატრება მამამისი.. არ მოენატრება და–ძმა.. ელენესთვის სულერთი იქნება შორს ყოფნა, დავით.. – ერთიანად უშვებს დაგროვილ შიშებს გარეთ და ლაპარაკის დასრულებისთანავე ღრმად და შვებით სუნთქავს.
–გითქვამს ეს ევასთვის? – წეღანდელი უარის მიუხედავად, წყლით სავსე ჭიქას აწვდის დავითი.
უხმოდ ართმევს, ერთიანად იყუდებს და მაგიდაზე ხმაურით აბრუნებს. მხოლოდ ამის შემდეგ სცემს პასუხს.
–არა.
–რატომ?
–ისედაც იცის. ევამ ჩემზე კარგად იცის ელენეს ფიქრები.
სავარძელზე კომფორტულად კალათდება, ჯინსის ჯიბიდან სიგარეტის შეკვრას აცურებს, უხმოდ უკიდებს და თითქოს ნებიერად გადაწოლილი, საზურგეზე გადაგდებული თავითა და მოხუჭული თვალებით, ჰაერში უშვებს სიგარეტის სურნელოვან კვამლს.

***
მართლა იცოდა ევამ.. ყოველთვის იცოდა ელენეს ფიქრები. მანამდეც, მისი მდგომარეობის გაგებამდე. ყოველთვის ხვდებოდა მის მზერაში არეკლილ უცნაურ სურვილებსა და დარდებს. ისე შემოხვევდა ხოლმე ხელს, ისე დაისვამდა თხელ მუხლებზე ჯერ კიდევ თვეების გოგონას და ისეთი მშვიდი, ხავერდოვანი ხმით დაუწყებდა დამშვიდებას, აკაკის ხმას თავისდაუნებურად ერეოდა გაკვირვების ნოტები.
–არაფერი აწუხებს, ევა, ბავშვია, რაებს იგონებ? – ეტყოდა ხოლმე მხიარული, ოდნავ აღშფოთებული ტონით და ქალის ნაწყენ მზერაზე კიდევ უფრო მეტად იბნეოდა. ევა კი.. ევა ისე მიაკრავდა სწორ, მუქ თმაზე ქალიშვილს ტუჩებს, თითქოს აკაკის მაგიერ ის უხდიდა ბოდიშს გულგრილობის, მიუხვედრელობის გამო. ხშირად უფიქრია, იქნებ თავიდანვე იცოდა, იქნებ პირველივე დღიდან ხვდებოდა ელეს მდგომარეობას. ხომ შეიძლება დედობრივი ინტუიციის ბრალი ყოფილიყო ეს ყოველივე. თუმცა, მალევე ასკვნიდა, შეუძლებელ ფაქტებს რომ ეჭიდებოდა თავის დასამშვიდებლად. თანაც, თავიდან ელენე სულაც არ იყო სხვებისგან დიდად განსხვავებული ბავშვი. სწორედ ორ წლამდე ახსოვს აკაკის მისი მხიარული წამოძახილები, ხშირი პროტესტი და უხასიათობა ჭამისა და ბანაობის დროს. პატარა, მოტყაპუნე ხელებითა და მუხლებით დაპყრობილი ევას საძინებელი ოთახი. მერე.. ამ წლების შემდეგ შეიცვალა ასე ძალიან პატარა ელე. მოგვიანებით აღარ მოუნდა არავისთან ემოციების გაზიარება, ზედმეტი ლაპარაკი. ევასგან განსხვავებით, აკაკისთვის სწორედ ეს პერიოდი იყო საგულისყურო მათი საერთო შვილის განვითარებაში და უკვე ფეხადგმულ ქალიშვილზე დარდი რომ ვერაფრით მოიშორა მაშინ, ნერვიული ღიმილით სთხოვა ევას, კიდევ ერთხელ შეემმოწმებინათ მათი პატარა. ახლაც ახსოვს ქალის სუსტი, უხმო თანხმობა.. ახსოვს, ექიმის არც თუ ისე პატარა ლექციის მოსმენის მერე, კაბინეტიდან გამოსულებმა, როგორი მზერა გაცვალეს ერთმანეთში. აკაკი ჯერ კიდევ დაბნეული, არეული იყო. ევა კი.. ევა მშვიდი და მომღიმარი.. ჰო, მომღიმარი, რაც აკაკიმ მაშინ მის არაადეკვატურ საქციელად ჩათვალა. ახსოვს, როგორ ჩამოუსვა ქალმა ლოყაზე თბილი ხელისგული და ოდნავ ათრთოლებული, გაფითრებული ტუჩებით ამოილაპარაკა
–მგონი ყველაფერი დაწვრილებით აგვიხსნეს პირველივე ჯერზე, არა?
იმდენად აბსურდულად ჟღერდა მისი სიმშვიდით ნათქვამი ეს სიტყვები, რომ ცივმა ოფლმა დაასხა აკაკის მთელ სხეულზე. ვერაფერი უპასუხა. საერთოდ ვერაფრი, თუმცა მიხვდა, რომ ის წამები, ევას ის მზერა გადამწყვეტი იყო. იმ ნათელმა სფეროებმა და ევას თბილმა კანმა დაარწმუნა სწორედ აკაკი, რომ პატარა ელენეს ქვეყნად ყველაზე ძლიერი ქალი ერგო დედად. საოცარია, მხოლოდ ამაზე რომ ეფიქრებოდა მაშინ ჯერ კიდევ აფორიაქებულ მამაკაცს. თავად კი, სანამ ხმის ამოღებას შეძლებდა, კიდევ ერთხელ, უფრო მეტად გაამყარა მოვარდილი ფიქრები მის წინ ჩამომდგარდა ევამ მორიგი სიტყვებით
–არაფერია.. უბრალოდ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებული დაკვირვება და ხელშეწყობა, რომ მომავალში, სხვა ბავშვებთან კონტაქტი და.. და ჩვენთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს..
თვალებში შეჰყურებდა სიტყვების თქმისას. შეჰყურებდა იმ კაცს, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნოდა. რომელიც ძველ ოჯახს დაბრუნებოდა ჯერ კიდევ იმ დროს, ელენეს არსებობის შესახებ სანამ გაიგებდნენ. თავად კი, პირველად ხედავდა ასეთ საკუთარ თავს. ისეთი სუსტი ეჩვენა, ისეთი დაულაგებელი, მოუნდა ხმააღლა ეღირიალა. ამის მაგივრად, თავადაც გაიღიმა, ნაზი ამბორი დაატყო ევას სუსტ მაჯას და მხარზე ძველებურად მოხვია გრძელი მკლავი.
–წავიდეთ ელესთან, თორემ მასთან გასატარებელი დღის ნახევარი კლინიკაში ყურყუტში გავიდა!

***
ქეთასთან ცხოვრებისგან სრულიად განსხვავდებოდა ევას საყარო. არცერთი ფერი, არცერთი გამოხედვა, არცერთი მიხვრა-მოხვრა მიუგავდათ ერთმანეთისას. გრძნობებსაც კი მუდამ სხვაგვარად გამოხტავდნენ. ტკივილსა და სიხარულს.. ქეთა თუ ბედნიერი იყო, მაშინვე დაუფარავად აესახებოდა ნაზ ნაკვთებზე ემოციები. ისე გაგიღიმებდა, სამყაროს დათმობდი მისთვის. ევა კი მხოლოდ თვალებით გაგრძნობინებდა რომ შენთან ერთად იზიარებდა სიხარულს. მუდამ ასე იყო.. ქეთა ფიცხი და ემოციური, ევა კი – პირიქით. იმდენი რამის დატევა შეეძლო მის გულს, აკაკის შეგრძნება ჰქონდა, რომ უეცრად, ცხოვრების როელიმე ეტაპზე აუცილებლად გასკდებოდა, გადმოეღვრებოდა შენახული გრძნობები და ისე მიმოფანტავდა საკუთარი თავის გარშემო, ყველას ამ გრძნობათა მორევში გაახვევდა, თავისი თავის გარდა.. ჰო, ასეთი იყო ევა. პატარა, ნაზი, უფერული და უხმო. საოცარი კი ამ აუღელვებელ სულში დატეული სიძლიერე იყო. დღემდე რომ მოჰყვებოდა თან. დაუღალავად, თვალისდაუხამხამებლად რომ შეეძლო იმ ენერგიის გადაცემა სხვა ადამიანთა სხეულებში, რომელთან მისი მიმქრალი ღიმილი და სითბო დასჭირდებოდათ. თავის დროზე, სწორედ ასე მოექცა აკაკისაც. ისე შეიფარა ოჯახს გაცილებული, ზრდასრული, ძლიერი მამაკაცი კალთის ქვეშ, თითქოს პატარა, ობოლი ბავშვი ყოფილიყოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაგვარად ჩანდა.. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთმანეთზე ზრუნავდა. ერთმანეთზე და ერთმანეთის გამტვრიანებულ, მიკარგულ შინაგან სამყაროზე. მაშინ.. ქეთასთან განშორების მერე, სწორედ ევას მიერ შექმნილ ედემს შეაფარა თავი აკაკიმ. თუმცა, ორივემ იცოდა, ეს ყველაფერი დროებით, პატარა, ლამაზ გასეირნებას ჰგავდა.
ახლა კი.. ახლა ხელიდან ისე შეიძლება გამოსცლოდა ის დღეები, მხოლოდ სიზმრისეულ ეპიზოდად დარჩენილიყო მის ცხოვრებაში. არ იყო ამისთვის მზად და ფიქრი იმაზე, რომ მხოლოდ ევას ნაწილი შეიძლება გამხდარიყო ელენე, ერთიანად აცლიდა მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვილ ძალას. იმ ძალას, რომელიც მამობაზე, ცხოვრებაში მისთვის ყველაზე რთულ და ღირებულ როლზე დაეხარჯა.

***
სადილის მზადებაში გართული ცოლის შემყურეს, სწორედ ის დღეები ახსენდება, სახლში დაბრუნება რომ გადაწყვიტა, მასთან და ერეკლესთან. ახსენდება ევასთან ბოლო საუბარი. მისი ცრემლიანი თვალები, მაგრამ მაინც.. ამაყად თავაწეული, ანგელოზისებრი სახე. ისე გაუშვა.. ისე გაუშვა მაშინ ევამ, წამითაც არ შეუხრია წარბი. ისე შესთავაზა, იმავე დღეს მისულიყო ქეთასთან, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი, ოჯახის მეგობარი ყოფილიყო. ახსოვს ევას ფორიაქი, მისი უცნაური ქცევა და თხოვნა, რომ იმავე დღეს.. იმავე დილას გადაეწყვიტა აკაკის საკუთარი ცხოვრება. ახსოვს ყველაფერი და სამზარეულოში ჩამომჯდარს, საკუთარი ცოლის შემყურეს, სწორედ ეს კადრები უელავს გონებაში. ქეთას ნაზ მოძრაობას აკვირდება, მისი სუნთქვისგან მოძრავ მკერდს და იმავე წამს სხეულის მსუბუქ დაძაბულობას გრძნობს.
–ქეთო..
ერთ სიტყვაში მთელი სამყაროა დატეული. მის ნათქვამ ცოლის სახელს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. დროთა განმავლობაში შეძენილი, თითქოს უბრალოდ შეჩვეული.. ნასწავლი, მაგრამ მაინც გულწრფელი. დანაშაულსა და სიყვარულს რომ იტევს ერთდროულად. უყვარს.. უყვარს ქეთა ამ წამს ისე, როგორც არასდროს და ხვდება, რომ ეს გრძნობა ხშირად ეუფლება. უყვარს მაშინ, როცა მის გულისცემაზე, დახრილ წამწამებსა და მზურველად მოხვეულ მკლავებზე ფიქრობს. უყვარს მაშინ, როცა შორიდან ხვდება მისი სხეულის ტემპერატურას, მის განწყობას.. და ასეთ დროს, განსაკუთრებით უნდება ხოლმე მისი თვალების დანახვა.
–მომხედე, ქეთო!
ქეთა ჩერდება, ღიმილი ურბენს სახეზე და შემობრუნებულმა, უკვე იცის აკაკის შემდეგი თხოვნა.
–თათია სკოლიდან მგელივით მშიერი მოვა, ამიტომ დამაცადე სადილის მომზადება! – ფხუკუნით აფრთხილებს ქმარს, თუმცა მაინც მისკენ მიიწევს. ნაზად ეხება სახეზე ხელებით, მის წარბებს ატარებს გრძელ თითებს და თეძოებზე ჩავლებულ აკაკის ხელებს, საშუალებას აძლევს ურცხვად ითარეშონ მის სხეულზე.
–ქმარზე სულ არ ფიქრობ, არა? მეც რომ ცოტა ხნით მაქვს შესვენება და მეც მგელივით მშიერი ვარ? – ყველანარიად ცდილობს აკაკი ხმა დაინაზოს, მაგრამ მაინც უხეში, ბოხი ტემბრი გაისმის ოთახში და ქეთა მეტად მხიარულდება.
–ცხელი კერძი შემოგთავაზო თუ რაიმე სხვა? – ეცინება ქეთას და მოკლედ შეჭრილ თმაში უცურებს თითებს.
–ყველაფერი.. ყველაფერი, რაც სულს დამიმშვიდებს.. – ჩურჩულებს მამაკაცი მის სხეულთან. მბზინავ კანზე ელამუნება ქეთას მისი სუნთქვა. გრძნობს დალაგებულ, თუმცა უცნაურ ფშვინვას და ჩაფიქრებული, ნაზად ეხვევა ყელზე.
–რამე გაწუხებს, აკაკი? – ეკითხება და ზემოდან დაჰყურებს. რამდენიმე დღეა აწუხებს ეს კითხვა, თუმცა ისედაც არეული ქმრის შემყურე, მასთან მოსალოდნელ კომფლიქტსა და დაძაბულობას ერიდება.
–რამე თუ მაწუხებს?
–ჰო.. რაღაც გაწუხებს და არ მელაპარაკები, – უღიმის და მისკენ დახრილი, უფრო მეტად ეჭიდება მის კისერს, – იცი არა, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს უთქმელობას? გახსოვს, რა მოხდა, როცა ერთმანეთს ხმა აღარ გავეცით? ხომ გახსოვს, რითი დასრულდა ეს ყველაფერი?
–განშორებით, – ერთადერთი, ხმამაღალი და მტკიცე სიტყვით პასუხობს.
–აღარ მინდა შენი დაკარგვა, აკაკი..
–არც მე, ქეთო, – საჯდომზე აფრინდება, აიძულებს მუხლებზე ჩამოუჯდეს და მის კისერში თავჩარგული, ნაზად უკოცნის რბილ კანს, – არც მე მინდა შენი და ბავშვების გარეშე ყოფნა, დამიჯერე..
–რა მოხდა? – ღელვას ვერ ფარავს ქეთა. გრძნობს, როგორ უხშირდება მამაკაცს სუნთქვა და პასუხის გაცემის მაგივრად, უფრო მომთხოვნად, უფრო მეტი ვნებით ეტანება მის მხრებსა და მოღეღილ გულს გაცხელებული ტუჩებით. მოუთმენლად, მოვარდილი ჟინით უკოცნის სხეულს და სანამ პასუხს გასცემს, თვალებდახუჭული, წამიერი შესვენების დროს, ნაზად აყრდნობს წვერმოშვებულ ლოყას უხეში კოცნისგან აწითლებული ქეთას კანს.
–გიყვარვარ? ქეთა, გიყვარვარ თუ არა?
–ხომ იცი.. იცი, რომ მიყვარხარ.
–მაშინ რატომ დაუშვი, რომ სახლიდან წავსულიყავი? რატომ იფიქრე, რომ შენი და ერეკლეს მიტოვება ჩემგან სწორი საქციელი იყო? – თავს სწევს, თვალებში შეჰყურებს და ყველა კითხვას თვალმოუშორებლად, უტეხი ხმით უსვამს, – ახლაც მახსოვს, როგორ მიმიხურე ზურგსუკან კარი. საკუთარი ცრემლებიც კი არ დამანახე.. საკუთარი ემოციაც არ გამიზიარე მაშინ, როცა ათწლიანი თანაცხოვრების მერე, პირველად ჩამოვშორდი ჩვენს საერთო გზას..
პირელად.. მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად სთხოვს პასუხს ცოლს და ისეთ უცნაურ შვებასა და სიმშვიდეს გრძნობს, თავადვე უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ მის მკლავებში მოთავსებული ქალის თრთოლვას ცხადად შეიგრძნობს, მაინც შვებისმომტანია მისთვის ამ საკითხის წამოჭრა. მაინც ფიქრობს, რომ დროული იყო. დორული და აუცილებელი.
–არც შენ ეცადე, აკაკი, – სუსტი ხმით პასუხობს და თვალზე მომდგარ ორიოდ კურცხალს, სწრაფად, ხელის ზურგით იწმენდს.
–არც ღალატი ყოფილა, არც უსიყვარულობა, არც სიძულვილი.. მხოლოდ და მხოლოდ კამათი, ქეთა. გაუთავაბელი, მოუშორებელი კამათი, რომელსაც ვერცერთმა გავუძელით. იქნებ, უფრო მეტიც არსებობს.. იქნებ, რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დაგვაკლდა..
–არ ვიცი, აკაკი. იქნებ, შენ იცოდე, – სევდიანად ეღიმება ქეთას, – დაშორების შემდეგ რა გამოსცადე? რა მიიღე ისეთი, რამაც ეს აღმოჩენა გაგაკეთებინა?
–რას გულისხმობ? – მასაც ეღიმება, თუმცა სიმწრით.. როცა ქეთას ტონში იორნიანარევ ტკივილს იჭერს.
–მე არავინ გამიჩენია. ჩემთვის არ ყოფილა ჩვენი დაშორება ახლის დასაწყისი.. – პასუხობს ქალი და სწრაფად დგება ფეხზე. უკან ბრუნდება, მისგან ზურგშექცევით და საჭმლის მზადებას განაგრძობს, – ყველაფერი ისეა, როგორც შენ გინდა, აკაკი.. ყოველთვის. ერთი შეხედვით დამყოლი, რბილი კაცი ხარ, მაგრამ, იცი რა?!
–რა, ქეთო? – მაგიდაზე მოთავსებულ ხელსახოცს იქცევს აკაკი თითებშუა და პატარ–პატარა ნაკეცებით, უცნაურ ფორმებს ქმნის.
–არასდროს მანებებ, ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია.. – არც კი ბრუნდება ქეთა, ისე ლაპარაკობს. იცის, მისი მუდამ მშვიდი ხასიათის მატარებელ ქმარს როგორ შეუძლია ერთი გამოხედვითაც კი დაიმონოს მისი გონება. იცის და ეშინია.. რომ ისევ უკან წაიღებს საკუთარ სიტყვებს. ამიტომ ჯიუტად, მისგან ზურგით მდგარი წარმოთქვამს არეული ემოციით დაგროვილ სიტყვებს, – სწორედ ამიტომ მოგვდიოდა მუდმივად ჩხუბი და მე.. მე ჩემი შვილის ნერვების მოშლად, მისი ნანერვიულები გამომეტყველების ფასად არაფერი მიღირდა. აი, რატომ არ გაგაჩერე ჩვენთან.. და ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზით არ დარჩი შენც..
–მობრუნდი..
–ერეკლეს შფოთვები დაეწყო მუდმივი ყვირილისა და დაძაბულობის შემყურე. ამას ვეღარ ავიტანდი, აკაკი.. ახლა, როცა სამი შვილი გყავს, როცა მათ გამო ყველას გვივიწყებ, მათ შორის საკუთარ თავსაც, მიხვდები რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი..
–მობრუნდი, ქეთა!
ბრუნდება. ბრუნდება და მის გამჭოლ მზერას თავისას აგებებს. არ შემცდარა. ისევ ისე, თავისებურად, შეუდრეკელი მზერით შეჰყურებს მამაკაცი და წამითაც არ აშორებს თვალს. როგორ შეუძლია, ასე უყუროს? როგორ შეუძლია, ასე იმოქმედოს საკუთარ ცოლზე. ასეთი უმოქმედო და თან ასეთი მრავლისმთქმელი იყოს მისი მზერა.
–ვერ მპატიობ ევას და ელენეს არსებობას, ქეთო! – სულ ოდნავ ირწევა აკაკის თავი. აქეთ–იქით, გამაღიზიანებელი სიზანტით.
–არც არასდროს გითხოვია ჩემთვის პატიება მათ გამო.. – ჩურჩულით ამოთქვამს სიტყვებს და ატყობს, როგორ ებინდება თვალები. საკუთარი სისუსტე უსიამოვნო გრძნობას უჩენს. სწრაფად იფარებს ხელებს უკვე მოხუჭულ თვალებზე და მათგან გამოჟონილ სისველეს ფარავს ხელისგულებით.
–გჭირდება? რისთვის.. რისთვის გჭირდება პატიება? – ესმის მამაკაცის სიტყვები.
–იქნებ იმისთვის, რომ ვიგრძნო, პრიორიტეტი ვარ შენთვის, – ტუჩები ებრიცება ქეთას. ეზიზღება ახლა საკუთარი თავი. ეზიზღება აკაკიც. მისი ნაბიჯების ხმაც. მისი ტუჩების საკუთარ მხრებზე შეგრძნებაც. ყველაფერი ეზიზღება, რაც მათია.. რადგან არასდროსაა დარწმუნებული, რომ მხოლოდ მას ეხება მამაკაცი ასე, მხოლოდ მასთან შეხებისას უნდება რბილი ამბორით თავის გარჯა.
–მე შენ დაგიბრუნდი, ქეთა. ეს უკვე უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის, – კიდევ ერთხელ, ლავიწსა და მხარს შორის გაჩენილ სივრცეში იკარგება აკაკის რბილი კოცნა და სუროსავით ეხვევა მის სხეულს, – არ მყვარებია ქალი შენნაირად.. არ მყვარებია ადამიანი შენნაირად, ქეთო! და ეს თუ ვერასდროს.. ვერცერთი საქციელით გაგრძნობინე, მაშინ არც ვყოფილვარ კაცობის ღირსი!
–სიყვარულის ნაკლებობაზე არ ვსაუბრობ, აკაკი. შენ წახვედი.. წახვედი და ამ წასვლით ბევრი რამ წაგვართვი. ინისი ბევრ რამეს ცვლია. იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა.. შენი დაბადების დღე წლებია არ აღგვინიშნავს, რადგან ყოველთვის ელენესთან ხარ. ყოველთვის მასთან ერთად, არარსებულ დღეს აქრობ ტორტს. მარტო მე კი არა, საკუთარ შვილებსაც ართმევ უფლებას შენი დაბადება იზეიმონ. გვბოჭავ.. ყველას გვბოჭავ განურჩევლად და თან ისე, რომ ვერც იაზრებ.. საკუთარი თავის იმ ნაწილს ართმევ ოჯახს, რომელიც უპირობოდ გვეკუთვნის.
–არ ამბობ ამას გულით, ქეთო..
–ამაზე გულწრფელად დიდი ხანია შენთან არ მისაუბრია, – სევდიანად ეღიმება ქეთას.
–ხომ იცი, რომ მთავარი ეს არ არის? – ხმა ეცვლება აკაკის, – ხომ იცი, რომ დაბადების დღის აღნიშვნები და ელენესთან გატარებული დღეები არ არის შენი ეჭვების ნამდვილი მიზეზი?
–აბა.. აბა, აკაკი? – მის სხეულს ეჭიდება, ღრმად ისუნთქავს საყვარელ არომატს და ფართო მკერდზე ნაზად აყრდნობს სველ ლოყას, – რა არის გამოსავალი ამ ყველაფრის.. რა არის მთავარი?
–მთავარია, რომ დავბრუნდი. ქეთო.. ადამიანი ყოველთვის ბრუნდება იქ, სადაც საკუთარ ნაწილს ტოვებს. მე კი, ჩემი უდიდესი ნაწილი მქონდა თქვენთან შენახული.. ფიქრები, გრძნობები, სიყვარული და ამ ყველაფერზე უფრო მთავარი – სითბო.
ბოლო სიტყვასთან ერთად, მოდუნებული ქეთას სხეულს მჭიდროდ ეჭიდება, უკან–უკან იხევს, სამზარეულოს კედელზე აკრული, ქალის ტანსაც თავისკენ იზიდავს და მის თვალში თავჩარგულს, ახსენდება.. როგორ დაიწყო უკან, მათთან დაბრუნებაზე ფიქრი, იმავე წამიდან, როცა მათი სახლის ზღურბლს გასცდა. მაშინ, რამდენადაც წასვლის აუცილებლობას იაზრებდა, იმდენადვე სჯეროდა, რომ დამსხვრეულ ურთიერთობას მოთმინება, მონატრება და ტკივილნარევი განშორება შეასხამდა ხორცს.. ისევ.

***
თითქმის გეგას სახლთან არიან. ერთმანეთის გვერდით მიაბიჯებენ, უხმოდ. მერე, ვეღარაფრით ითმენს მარიტა და რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს. წინ ესვეტება, მისკენ იხრება და მავედრებელ მზერას აპყრობს. იმ მზერას, ერეკლე რომ მთელი გზის განმავლობაში მოთმინებით ელოდა
–შემოდი რა, შენც შემოდი.. – ეხვეწება და ისე ეჭიდება მაჯაზე, ერეკლეს სიცილი უტყდება.
–რა იყო, პატარა ელიზბარის გეშინია?
–ნუ დამცინი. არ მინდა იქ მარტო, წამომყევი, – ბრაზით შეჰყურებს და წამით შორდება, მაგრამ შიშით, რომ ერეკლე მარტო დატოვებს მამის ოჯახთან, ისევ მისკენ მიიწევს, – წამომყევი და ინგლისურის თემას დაგიწერ!
–დღესვე, – იღიმის ერეკლე.
–ჰო, დღესვე. წამოდი ახლა!
–ისე არ დამიწერო, როგორ მაშინ..
–უმადურო! – აღშფოთება ერევა ხმაში და წამოძახილთან ერთად, ხედავს, როგორ ჩნდება კარის ზღურბლთან ჩამომდგარი გეგა.
–რა გაჩხუბებთ? მოდით! – ეძახის შორიდან, სიცილით და თავისკენ იხმობს. სათითაოდ ეხვევა ჯერ ერეკლეს, მერე კი მარიტას და ამ უკანასკნელის სხეულს იმდენ ხანს აკავებს საკუთარ მკლავებს შორის, სანამ თავად გოგონა არ მოიშორებს.
–ერეკლეც წამოიყოლე, მა?
–ჰო, – პასუხობს უბრალოდ და ახლა მომღიმარი იაკოსკენ მიიწევს, ელიზბარი რომ მოუთავსებია ხელში. ფრთხილად ეხვევა, ორიოდ სიტყვით სცემს მოკითხვაზე პასუხს და აფართხალებულ პატარას ნაზად უსვამს თავზე ხელს. ელიზბარი სასაცილოდ ჭყიპინებს. ნამცეცა, ფუმფულა ხელებს მარიტასკენ იშვერს და სანამ გოგონა მის აყვანას გადაწყვეტს, მანამ აგებებს მხიარულ კისკისს.
–შენთან უნდა, ხედავ? – ესმის ზურგსუკან მამის ხმა და ნახევარძმისკენ გაწეულს, ისევ უსერიოზულდება სახე, – მოენატრე, შენ კიდევ იშვიათად ნახულობ!
–სასაყვედუროდ დამიბარე? – თვალებს ატრიალებს მარიტა და ბავშვით ხელში უკვე დივნისკენ მიიწევს.
–არა, მამი, რას ამბობ! – იცხადებს მაშინვე გეგა.
–აბა? – მზერას აგებებს და თან მის ყელსაბამზე მოთამაშე ელიზბარის თითებს ეფერება.
–გესმის, იაკო, რას მეკითხება? – გეგას ლაღი სიცილი იფანტება ოთახში და დივნისკენ წასული, უკვე ახლოდან ადევნებს შვილებს თვალს, – მინდა, რომ ერთად გხედავდეთ, მა.. აი, ასე, როგორც ახლა ხართ.
–ოჰ, რა სენტიმენტალურია! – ხმამაღლა, თუმცა უბოროტოდ ეცინება მარიტას და ელიზბარის ხის, სათამაშო დოლით გართულ ერეკლეს უსწორებს მზერას, – გააჩერებ მაგას? აგვეხადა თავი.
–ღმერთო, რა უხასიათოა ეს გოგო! – პასუხად თვალებს ატრიალებს ერეკლე და თავზე წამომდგარ იაკოს თბილად უღიმის, – დედას და მამას ველაპარაკე, აქეთ მოდიან ისინიც, ამიტომ შემოვყევი ბარემ მარიტას!
–მაგათ გარეშეც რომ გამოიარო ხოლმე, უკეთესი იქნება! – მისკენ იხრება იაკო, პატარა ბავშვივით კოცნის შუბლზე მეგობრის შვილს და ეღიმება, როცა პასუხად მის კეთილ, რბილ მზერას იღებს, – წავალ, ჩაის გაგიკეთებთ და საჭმელს შეგითბობთ, მოშიებულები იქნებით..
ერეკლე მხოლოდ თავს უქნევს, ისევ ელიზბარის დოლს უბრუნდება და თავს სწევს თუ არა, მარიტას მტრულ მზერას აწყდება.
–რა? – ეკითხება გულუბრყვილოდ.
–სერიოზულად?
–ოჰ, კარგი რა..
–ტყუილად მომქრთამე, არა? – ვერ იჯერებს მარიტა.
–დიდი ამბავი, ინგლისურის თემას თუ დამიწერ. იმ შტერს ყოველ მეორე დღეს დავალებებს უსწორებ! – სცრის კბილებს შორის და მისკენ გადაწეული, დაბალი თუმცა სუსხშერეული ტონით წარმოთქვამს სიტყვებს.
–იდიოტი ხარ და უნამუსო, ერეკლე!
–მარიტა! – მათი საუბრის შემყურე, აღშფოთებას ვეღარ ფარავს გეგა და ღიმილაკრული სახე სიმკაცრით ეცვლება.
–რა? პატარა, გატუტუცებული ბავშვივით იქცევა! – პასუხობს დაუფარავი წყენით და მოუსვენარ ელიზბარს საკუთარი კალთიდან უშვებს. ჯერ კიდევ ფეხაუდგმელს, ნაზად ავლებს თითებში ხელს და მასთან ერთად, უმიზნოდ იწყებს ოთახში სიარულს. ძმის პატარა, ნამცეცა ფეხების ნაკვალევს დაუფიქრებლად დაჰყვება. თან ბრაზი და წყენა ახრჩობს. იმდენად, რომ ერთი სული აქვს რამით გაამწაროს ბავშვობის მეგობარი, ასე წყარად, უდარდელად რომ გადაწოლილა დივანზე.
–სულ ერთმანეთის დაჭმაში ნუ ხართ. დააფასეთ, რომ ერთმანეთი გყავთ, – არიგებს გეგა ბრძნულად, ოდნავი სერიოზულობით და ფეხზე წამომდგარი, მხიარულად უტყაპუნებს ხელისგულებს ერთმანეთს – წამოდით ახლა იაკოსთან და ჭამეთ რამე, დროზე..
მარიტა მზერას აყოლებს მამის სხეულს, ხელში იტაცებს ელიზბარს და რწმუნდება თუ არა, რომ ოთახში მარტო არიან, სწრაფად ბრუნდება ერეკლესკენ
–რატომ მახვეწნინე ტყუილად? გიყვარს არა, რომ მაწვალებ?
–არ მიყვარს.. – მხრებს იჩეჩს, წინ გადაწეული, ხმაურით დებს მაგიდაზე დოლს და ფეხზე წამომდგარი, სამზარეულოსკენ ჯერ ისევ ლაპარაკით მიიწევს, – გვეყოფა და წამოდი ახლა, ვერ გაიგე რა გვითხრა მამაშენმა?
–გავიგე.. და ვაფასებ კიდეც, რომ მყავხარ. მე.. მე, მართლა ვაფასებ. შენ კი, სულ ნერვებს მაწყვეტ, – საკუთარი, წამიერი აღიარება ძალას აცლის და სუსტი ხმით აწევს სიტყვებს. ამთავრებს თუ არა, ხედავს, როგორ ჩერდება ერეკლეს მიმავალი სხეული. მისი ჩაცინებაც ცხადად ესმის და სანამ თავადაც დაეწევა, ელიზბარით ხელში, მისი სიტყვები მანამ კვეთს ჰაერს მათ შორის
–საჭმელს ვგულისხმობდი, მარიტა.. გეგამ გვითხრა, რომ იაკოს მზად აქვს საჭმელი.. – შეშდება, მისკენ წამოსული, გაფითრებული გოგოს სახეს აწყდება და ისევ ეღიმება, – მაგრამ ძალიან კარგია, თუ აფასებ ჩვენს ერთად ყოფნას..

***
წელში ზედმეტად გამართული გეგას შემყურე, ყველა მათგანი ხვდება რომ მაგიდასთან შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლას აპირებს. ასეცაა. ხელში მოთავსებულ ელიზბარს ჰაერში აფრიალებს და მკლავზე ჩამოსმული, პატარა ვაჟკაცით, ხმამაღლა და ომახიანად აცხადებს, რომ მისი გაქრისტიანების დრო დადგა
–ისედაც დიდხანს ვიცადეთ. ათასჯერ გადავდეთ მე და იაკომ, ახლა კი, დროა მოინათლოს ჩემი კაცი! რას იტყვი, აკაკი ნათლია? – ბოლო სიტყვებთან ერთად ეშმაკური ღიმილით ბრუნდება ძმაკაცისკენ და მისი მომღიმარი სახისკენ ელიზბართან ერთად იხრება, – ჰა, იქნები ამ ბიჭის ნათლია?
–მეე, ბიჭო? – ომახიან სიცილს აგებებს აკაკიც და ახლა საკუთარ მკლავებში იქცევს პატარას, – როგორც იქნა, დანათესავების დრო დადგა არა?
–მეც ამას ვამბობ, ასე ახლოს ხართ ერთმანეთთან და ჯერ კიდევ არ მოგინათლავთ ერთმანეთის შვილები, მიუხედავად მათი სიმრავლისა, – კისკისებს იაკოც და დესერტის გამოსატანად სამზარეულოსკენ წასული, ქეთასაც თან იყოლებს.
თითქოს ყველა ბედნიერია. თითქოს ახალმა ამბავმა კიდევ უფრო მეტად გაახალისა ოთახში ფერები, დააახლოვა ერთმანეთს გეგასა და აკაკის გულები, მაგრამ.. მაგრამ მაინც ვერ არის ყველაფერი ისე, როგორც ხდება ხოლმე.. როგორც უნდა იყოს. აკაკის ხელში პატარა, მხიარულად მოტიტინე ელიზბარი და მიუხედავად მისი ბედნიერების და ძმაკაცის აღტკინების შემყურე, მაინც ატყობს, რაღაც რიგზე ვერ არის. ამიტომ, უნიათო, უბრალო ღიმილით უქნევს თავს გეგას ყოველ ახალ ხუმრობაზე და ცდილობს მის პირისპირ, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამომსხდარი, მადადაკარგული ერეკლესა და მარიტას თვალებს შეხვდეს. ვერ ახერხებს.. ვერაფრით ახერხებს მათი დახრილი მზერების დაჭერას. იცის, რომ არაფერი ეჩვენება. იცის, რაღაც ხდება.. რაღაც დაუგეგმავი. ისეთი, თავადაც რომ ვერ მიმხვდარან და ვაჟიშვილის ათრთოლებული ხელის შემყურე, გული ეწურება. სალათის ფურცლებზე უმიზნოდ დაატარებს ერეკლე ჩანგალს და ამაოდ ცდილობს სიმწრისგან შეკრული წარბების გახსნას.
–ერეკლე, მა.. – გაუაზრებლად იხრება ვაჟიშვილისკენ და მომლოდინე მზერით ელის მის თვალებს.
ამჩნევს, შეხედვამდე, სუნთქვას რომ ირეგულირებს და ისეთ ღიმილს იკრავს სახეზე, წამის წინანდელ მის ანერვიულებულ სახეს სულ რომ არ შეეფერება.
–ჰო..
–წამო მა, ერთი წუთით! – სწრაფად დგება ფეხზე, ელიზბარს ფრთხილად სვამს თავდახრილი მარიტას მუხლებზე და ცარიელი ოთახისკენ უხმოდ მიუძღვება ერეკლეს, რომელიც არც მათი განმარტოების მიზეზით ინტერესდება და არც საუბრის წამოწყებას ცდილობს. მხოლოდ რბილ სკამზე ჩამომჯდარი შეჰყურებს ჯერ ისევ ფეხზე მდგარ მამას. აკაკი უცნაურად იბნევა, სულ ერთი წამით.. რადგან ისევ ვერ ხვდება, როგორ ხასიათზე შეიძლება იყოს მისი ბიჭი, ვერასდროს სცნობს გულგრილი მზერისა და ჭაობისფერი, ლამაზი თვალების მიღმა რას შეიძლება მალავდეს და ახლაც, დაძაბული, მსუბუქი კითხვითა და ღიმილით ეხმიანება ჩუმად მყოფს
–რამე გაწუხებს, ერეკლე?
კითხვის დასმას ერეკლეს შეკრული წარბები და ფანრჯრის მიღმა არსებული სივრცისკენ მზერის გაქცევა მოჰყვება და თითქოს გაღიზიანებულს, მაშინვე ესახება შუბლზე მანამდე მამისგან დამალული ნაოჭები.
–რა უნდა მაწუხებდეს?
–ბოლო დროს შეწუხებული მეჩვენები, ამიტომ გეკითხები.
–არაფერი მაწუხებს, – ისევ გულგრილ, უარაფრო მზერას იბრუნებს და ახლა თვალებში შეჰყურებს მამას, – არაფერი, საერთოდ!
–კარგიი, – ეცინება აკაკის და მისკენ მიიწევს. პერანგის შეხსნილ ღილებს მშვიდად იჯრავს ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე მაჯასთან და ერეკლესთან შორიახლოს ჩამომჯდარი, მოუთმენლად ისრესს შუბლს, – ანუ, არაფერი გაწუხებს. არაფერი ხდება და მე, მამაშენს, შენი ეს მზერა სულ ტყუილად მგონია შემაშფოთებელი?
–ჰო, ალბათ.
–არ მელაპარაკები, ერეკლე, – სუსხი ერევა აკაკის ხმას.
–დამანებე.. დამანებე თავი, მამა, –მოულოდნელად, გულიდან ამოსდის სიტყვები, – დამანებე, შენ არაფერი არ იცი. ვერასდროს.. ვერასდროს ვერაფერს აკეთებ სწორად.. – მთელი სხეული უთრთის, მისგან დამოუკიდებლად დაქრიან ჰაერში გრძელი თითები. გათავხედებული, თავს გასული პატარა ბავშვებივით, – მთელი ცხოვრებაა ორ ქალს შორის აგვარებ პრობლემებს და დღემდე მოუგვარებელი გრჩება ყველაფერი.. შენ არაფერი იცი, მამა! – მთრთოლვარე ხმას დაუკითხავად ეპარება სიბრაზე და ამ ბრაზს მიღმა დამალულ ტკივილს, წამებში გაჩენილი სიმხნევე ცვლის. ერთიანად იცლება. სიტყვას სიტყვაზე აწყობს და თავადვე ხვდება.. დასასრულს არაფერი იქნება კარგად. ხვდება, აკრძალულ საზღვრებს რომ გასცდა.. მამის იმ სამყაროში შეაბიჯა, რომელშიც არაფერი ესაქმება და თავაწეულს, უშიშრად მომზირალს, ისღა დარჩენია, წინ ჩამომდგარი მამაკაცის აფეთქებას ელოდოს. საკუთარ თავზე გაწარებული, ვეღარაფრით ახერხებს აჩქარებული გულის დამშვიდებას და წამის წინ ნათქვამ სიტყვებს ისე ნანობს.. ისე მძაფრად განიცდის, უხილავი ბინდი ეკვრის გაფართოებულ თვალებზე. იცის, წამებია პასუხამდე დარჩენილი.. და მომზადებულს, მხრებში გაშლილს, მამის ხმა ჩაესმის. და რომ ჰგონია სიმკაცრე, ბრაზი, რისხვა.. ყველა სხვა, ძლიერი თუმცა მრისხანებით აღსავსე გრძნობა იქნება ამ ხმაში გაფანტული, სწორედ მაშინ ვრცელდება ოთახში აკაკის თბილი, დაბალი, ხავრდოვანი ტემბრი. არაფერს რომ შეიცავს, გარდა სიყვარულისა..
–მა, მითხარი, შემიძლია შენი სიმშვიდისთვის რამე გავაკეთო?
აკაკის სიტყვებთან ერთად, ერეკლეს თვალებსაც სწყდება მოღალატე ცრემლები და საკუთარი სისუსტით ნერვებარეულს, ვერაფრით გამოუნახავს საკუთარი მზერისთვის ადგილი. მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმას ახერხებს. იცის, რომ საჭიროა.. ხვდება, რომ აზრი ექნება და იმიტომ.
–არ მონათლო ელიზბარი.. არ ვიცი, რამე თუ შეიცვლება ამით, მაგრამ არ მინდა ყველაფერს ასე ერთი ხელის მოსმით გადესვას ხაზი, – თითქმის ჩურჩულებს და ხელის ზურგით, უხეშად იწმენს სახეზე სისველეს.
–კარგი.. კიბატონო! – იღიმის აკაკი. მასთან მისული, ზემოდან დაჰყურებს და ისე აკრავს შუბლზე ტუჩებს, როგორც პატარა ბავშვს. მერე.. უკან რომ იხევს, ვერაფრით ითმენს და ისევ ყოვნდება, – შეიძლება შენთვის ჩამოუყალიბებელი, არამყარი კაცი ვარ.. არაფრის მაქნისი მამა, მაგრამ დამიჯერე, ერეკლე, სხვა შანსიც რომ მქონოდა.. ისევ იმ ორ ქალს და მათ მიერ ნაბოძებ სამ ნაყოფს მივუძღვნიდი საკუთარ ცხოვრებას.

***
სხვა სახლში სხვა გრძნობებია..
სხვა სახლში სხვა აურა ტრიალებს..
სხვა სახლში სხვა იმედები ჩნდება..
–ევა, საით ხარ? – მჭექარე ხმა გაიქმის იქ.. ევას სახლში.
–აქ ვარ..
–ევა!
–აქ ვარ, გიო! – მეტად უწევს ხმას და ოთახის კართან ჩამომდგარ მამაკაცს გვერდულად შეჰყურებს.
–გავდივართ, ევა.. – ოხრავს გიო და მისკენ მიიწევს, – რა დროს ლაქის წასმაა, არ გითხარი მზად დამხვდი–მეთქი?
–მითხარი! – მორჩილად უქნევს თავს და ცალი ხელის შავად შეღებილ თითებს მოუსვენრად იქნევს ჰაერში.
–მერე? – ეცინება გიოს და მის წინ ჩამომჯდარი, ევას მოკეცილ ბანძაყებს აფრინდება თითებით.
–გაჩერდი, თორემ უფრო დაგვაგვიანდება, – სულის შებერვით ცდილობს სქელი ლაქის გაშრობას.
–მომეცი ხელი..
–მოიცა.. მეორეზე წამისვი. მიდი, მიდი რა, გიო, ნუ გეზარება. უფრო მალე გავალთ ასე..
–შავი რატომ აარჩიე? – სასაცილოდ ბუზღუნებს და ევას ჯერ კიდევ შეუღებავ, თხელ თითებს ხელისგულში იქცევს, – ღია ფერები გიხდება შენ..
–წესიერად წამისვი.
–თუ არ აფართხალდები, მშვენივრად წაგისვამ, – დაბლა, მის ხელთან დახრილი სახითა და უჩვეულო, მისთვის არადამახასიათებელი სინაზით იწყებს მისი წვრილი, უფერო თითების ღებვას. ისე ფრთხილობს, თითქოს შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდეს.. თითქოს მხოლოდ ერთი შანსი არსებობდეს, – ესეც გიხდება.. განა არ გიხდება, უბრალოდ იმ დღეს, წითელი რომ გესვა, სულ სხვა იყო!
–არ მიყვარს წითელი, გიო, – ეღიმება ევას და მოშვებული ტანით, საწოლის საზურგეს ეყრდნობა. ჰაერში ლაქის მძაფრი სუნი და გიოს სიტყვები ტრიალებს, ერთმანეთში ირევა.. დამათრობლად მოქმედებს ევაზე. თვალებმინაბული, ნელა არხევს ტანს და უკეთესად კალათდება.
–გაჩერდი, ხელს შემიშლი, – აფრთხილებს მაშინვე გიო და მისი სახისკენ აცოცებს მზერას, – ახლა, ტანსაცმელიც მე უნდა გამოგიცვალო, არა?
–თუ ასე გინდა.. – ეშმაკური ღიმილით ეპოვა სახე ევას და მიუხედავად წამის წინანდელი შენიშვნისა, მთელი ტანით იხრება მისკენ, – დღეს აკაკი გამოიყვანს ბავშვს, შემიძლია ვთხოვო, თავისთან დაიტოვოს!
–ცდილობ, წასვლამდე დიდი დრო დამითმო, არა? – ირონიულად ეცინება გიოს. წამითაც არ ცდილობს თავის შეკავებას, – მაქსიმალურად ვიყენებთ დროს, ისე თითქოს დაშორების პირას ვიყოთ!
–ასეთი ვირი რატომ ხარ? – ბრაზდება ევა და უხეშად გლეჯს ხელს, – საერთოდ არ მოგეკარები..
გიოს ისევ ეღიმება. უხმოდ ითავსებს თავიდან, მშვიდი სახით საკუთარ ხელისგულში მის თითებს და ლაქის წასასმელად იხრება.
–ვერ ვიტან თვალთმაქცობას და იცი ეს შენ, ევა. ვერ ვიტან, როცა მაბრმავებ და ისე იქცევი, თითქოს ხვალინდელი დღე შორს იყოს ჩვენგან..
–მინდა, რომ ასე იყოს, გიო.
–ვიცი, ვიცი რომ გინდა, – იხრება, ხელის ზურგზე ნაზად კოცნის და ხელს უშვებს, – მზად არის..
–გთხოვ, დღეს დაივიწყე ყველაფერი. ძალიან გთხოვ, თან აკაკის ჯერ კიდევ არ მოუფიქრებია.
–ჯანდაბა, ევა, ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები ასი პროცენტით კაცს, რომლის ატანაც არ მაქვს, – ეცინება გიოს და გამხიარულებული, ევას ტანსაცმლის კარადაში იწყებს ქექვას, – აგირჩიო მე?
–ამირჩიე, – ეცინება მასაც და ფეხზე წამომდგარი, ზურგიდან ეკვრის მამაკაცს.
–მოისვენე, თორემ ერთი სული მაქვს სახლში დაგტოვო! – სერიოზული სახით აფრთხილებს გიო.
–ხომ არ დავრჩეთ?
–არა.
–გიოო..
–რაო, პატარავ? – ხრინწი ეპარება ხმაში, ევას გაშლილ ხელისგულებს რომ გრძნობს საკუთარ საჯდომზე და მოუთმენლად ბრუნდება მისკენ, – არ ისვენებ, არა? – კბილებით აფრინდება უკან გადაგდებულ ყელზე და წელზე შემოხვეული ქალის რბილ ბარძაყებს მტკივნეულად აფრინდება თითებით.
–ლაქი არ გამიფუჭო.. – გაჭირვებით ამოსდის ყელიდან სიტყვები ევას და ლაპარაკის გაგრძელებასაც ვერ ახერხებს, ისე სწრაფად იმონებს გიოს ცხელი ტუჩები მისას. ნაზად აწვენს საწოლზე, ზემოდან ექცევა და მაჯებში ჩავლებულ ხელებს თავს ზემოთ უკავებს. ისე ენდობა გიოს სხეულს.. ისეთი სიამოვნებით ეკვრის მის გულს, აღარც ახალი წასმული ლაქი ახსოვს და აღარს დაგეგმილი ვახშამი გიოს მეგობრებთან. ახლა მამაკაცი ზრუნავს ყველაფერზე. ნელა, თუმცა თამამად მოძრაობს და ისე დაატარებს ტუჩებს ევას სხეულზე, თითქოს დიდი ხნის მონატრებული ჰყავდეს.
–მთავარია, მანიკური არ გავაფუჭოთ, – ეჩურჩულება თან და ნაზად უკოცნის სახეს, – საოცარი გოგო ხარ, ევა.. საოცარი, ულამაზესი, გადასარევი გოგო!
–გადასარევი გოგო? – კისკისებს ევა და გიოს მიერ მოშიშვლებული მუცელი უფრო მეტად ეჭიმება.
–ჰო, ჩემი გადასარევი გოგო! – კბილებს აჩენს გიო, კიდევ ერთხელ, ნაზად უკოცნის მუცელსა და თხელ მკლავებს და მისი სახის გასწვრივ გაჩერებული, ლამაზ ღიმილს აგებებს.
სწორედ ეს მზერა უყვარს ევას. იმედით და მომავლით სავსე. ყველაფერია ამ მზერაში.. ყველაფერი, რაც ქალს სჭირდება საყვარელი მამაკაცისგან და ფიქრი, რომ ამის დაკარგვას აპირებს, რომ გიოსგან წასვლა მასთანვე შეთანხმებულად გადაუწყვიტავს, უხილავ ბრაზს უჩენს საკუთარი თავის მიმართ. მის მკერდს აკრულ მამაკაცს კი ამ გრძნობათა აღრევის დროს ისე შესჩერებია, თითქოს მისგან ელოდეს შველას. და სად არის საშველი?! სად არის ის იმედი, რომელიც გიოს თვალებში ჩანს?!
–მომეხვიე.. უბრალოდ მომეხვიე! – ეჩურჩულება უეცრად, შიშნარევი ხმით და მის მჭიდროდ შემოჭდობილ მკლავებს თავადაც ეკვრის.
გიო ზურგზე უცურებს ხელებს, ერთი ხელის მოსმით აბრუნებს და ახლა თავად თავსდება საწოლზე ზურგით. მკერდზე კი უეცრად აფორიაქებული, ფიქრებში წასული ევა აუკრავს. უხმოდ, ნაზად დაატარებს მის ნაცრისფერ თმაში თითებს და ქალის სურნელს უფლებას აძლევს ბოლომდე დაიმონოს მისი შინაგანი სამყარო. რამდენიმე წუთს ასე, თითქმის გაუნძრევლად ატარებენ. მერე, ფრთხილად ირხევა გიო, თხელ სახეზე ავლებს ხელებს, აიძულებს ნიკაპით დაეყრდნოს მკერდზე და საყვარელი ქალის სახის შემყურე, წეღანდელივით ებადრება სახე
–იცი რა, ევა.. შეიძლება უფრო ლამაზი ისტორიებიც არსებობს. ალბათ არსებობს.. მაგრამ ეს ისტორია ჩვენია. ეს არის მთავარი.
სიტყვებს ნაზი ამბორიც მოჰყვება და სიყვარულის ბურუსში გახვეული ევა ხვდება, ეს სწორედ ის წამი იყო.. იმედის წამი. ის საშველი, ცოტა ხნის წინ მის თვალებში რომ ამოიკითხა. გიოს ნათელი, წრფელი მზერიდან მათ რეალურ სამყაროში გადმოტყორცნილი.

***
ქეთას და აკაკის წინ, მაგიდაზე გულაღმა განრთხმული თათიას შემყურე, ვერცერთი ახერხებს გადაცემის წესიერად ყურებას. ხან ფეხებს აიქნევს მოუსვენარი, პატარა ქოფაკი, ხანაც გამაყრუებელი ხმით იკლებს მთელ ოთახს და სკოლის ზეიმისთვის ნასწავლ სიმღერას უსმენო ხმით, სასაცილოდ მღერის. წინ ფერადი ფანქრები და სახატავი რვეული გაუშლია. მაგიდაზე გაშოტილს, პატარ–პატარა ყვავილები დაუხატავს, მწვანე ბალახსა და ზედმეტად დიდი ზომის ძაღლთან ერთად. ახლა კი, სიმღერასთან ერთად, ფურცლებზე გადაწოლილი, ლურჯი ცის გამოსახვით ცდილობს ნამუშევრის დასრულებას. ზედმეტად ხმაურიანი, აქტიური ბავშვია, თუმცა აკაკის სულ არ აწუხებს ეს ამბავი. პირიქით, სითბოთი ევსება თათიას ყოველ ასეთ, ბავშვურ გამოხტომაზე გული და საყვედურით მომზირალ ცოლსაც სახეზე ხშირი ამბორით ამშვიდებს ხოლმე.
–შეეშვი, იმღეროს! – იღიმის ახლაც აკაკი და მის სახეს ეტანება თითებით. ნაზად უსვამს ხელს სწორ ცხვირსა და ლოყებზე და შუბლზე წამიერი კოცნის მერე, ნაზად ადებინებს საკუთარ მხარზე თავს.
უყვარს იდილია ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თათიასთან ერთად ყოფნა სულაც არ ასოცირდება სიმშვიდესა და დასვენებასთან. აი, ერეკლეს ოთახში ყოფნას კი ვერასდროს შეამჩნევ. მხოლოდ მაშინ, თუ დროდადრო ცელქ დას მოუწოდა დაწყნარებისკენ. ისიც დინჯი, უშფოთველი მზერითა და სიყვარულით სავსე ხმით, რომ საყვარელ დას წყენით არ აევსოს გული.
–მაგიდაზე წოლას უნდა გადაეჩვიოს, აკაკი! – მის ტუჩებთან ჩურჩულებს ქეთა.
–გადაეჩვევა, რომ გაიზრდება..
–თათი, ჩამოდი მაგიდიდან, სკამზე დაჯექი და ნახატიც უფრო ლამაზი გამოგივა, – სთავაზობს მაინც ქეთა და თბილად უღიმის.
–არ მინდა, მაინც არ გამომდის, სულ არ გამომდის! – უხეშად ახეთქებს ფანქარს მაგიდის ზედაპირზე და სანამ დედის შენიშვნას მიიღებს, მანამ აცოცდება მომღიმარ, მუდამ მის მხარეს მყოფ მამას მუხლებზე.
–დამეხმარე, მა! – ეხვეწება და მის ლოყებს აფრინდება წვრილი თითებით.
–სხვა დროს დახატე, მა. ახლა გაემზადე, ელეს გავუაროთ და გასართობად წავიდეთ!
–სად? სად წავალთ? – სახე უნათებს.
–მოვიფიქროთ.. გაიქეცი ახლა, ჩაიცვი. თუ დახმარება დაგჭირდა, ერეკლეს სთხოვე, – არიგებს და უკვე საკუთარი ოთახისკენ კუნტრუშით მიმავალს, ბოლომდე აყოლებს მზერას. მერე ფრხილად ეჭიდება ქეთას თითებს და მთელი სხეულით მისკენ ბრუნდება.
–იქით თვეში შვებულებას ვიღებ, ქეთო..
–მართლა? მერე, საქმე? ვის გადააბარებ, აკაკი? – აღფრთოვანებითა და ფართო ღიმილით ხვევს მამაკაცს ყელზე მკლავებს და აკაკი ატყობს, სულ არ აინტერესებს საკუთარი დასმული კითხვები ახლა. ბედნიერია.. და ამ ბედნიერებით ისე უნათებს თვალები, სახის ნაკვთებიც უფერმკრთალდება.
–გადაიბარებენ ბიჭები. ფინანსური მაჩვენებლებია დასაზუსტებელი მხოლოდ, თვიური დანახარჯების აღრიცხვა და შეფასება. დანარჩენს წინასწარ მოვაგვარებ, – პასუხობს მაინც და მის ბედნიერ გამომეტყველებაზე თავადაც ღიმილით ეპობა სახე.
–ვერაფერი გავიგე, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ! – პასუხობს კისკისით ქეთა, მამაკაცის კისერს აფარებს თხელ სახეს და მანამ უკოცნის მისთვის საყვარელ, არომატულ კანს, სანამ უკან დაბრუნებული, სასეირნოდ გამზადებული თათიას მწივანა ხმა არ შეაწყვეტინებს ქმართან მსუბუქ ალერსს.

***
სავსეა ფერადი კაბებითა და ნათელი, ბავშვური სახეებით გასართობი მოედანი. მოშორებით მჯდარი მშობლებით, დროდადრო აყალმაყალში გადაზრდილი მოზარდების კამათითა და პატარა, წაქცევისგან გადახეხილი მტვრიანი მუხლისთავებით. სიცოცხლე იგრძნობა ამ პატარა პარკში, სიცოცხლე და ახალი თაობის ადამიანების წარმოუდგენელი სიახლოვე. ბავშვებს ხომ ყველაზე მარტივად შეუძლიათ ერთმანეთის მიღება. მთავარია სახელი იკითხონ, მხოლოდ ერთმანეთის სახელი და მათი ნაცნობობაც იმ წამიდან შედგება. მერე ხელისგული ეჭიდება უცხო ხელისგულს და კანის სითბოც საკმარისია, უკვე თავისიანად რომ დაიგულონ ერთიმეორე.
აქ არიან ისინიც.. აქ არიან და მოშორებით მჯდარ მამას იშვიათად თუ გახედავენ. თათია თანატოლებთან ერთად ერთობა. ხმამაღლა, ხმაურით, ბედნიერი ღიმილითა და მოუსვენარი ცქმუტვით იკლებს გარემოს. ელენე კი.. ელენე მოშორებით დგას, წელში გამართული. არც კი იკუზება, როგორც მისი თანატოლები. მაჯებზე შებნეულ, დედის მიერ დაკერებულ ზანზალაკებს განგებ, ნაზად არხევს და ყველა სიტყვას, რომელსაც მისი მისამართით ისვრიან, ამ ზანზალაკების ხმასთან ერთად აყოლებს ჰაერს. არცერთ მათგანს პასუხობს, არცერთს უყურებს თვალებში, მათი სხეულებისგან შორს ყოფნასაც ცდილობს. თავისებური, უცნაური მზერითა და დაბლა დახრილი, ბრიალა თვალებით. სწორი თმა ლამაზად აფენია მხრებზე. გულთან ამოქარგულ ჩიტუნას დაჰურებს და ისე აფრიალებს დროდადრო ჰაერში მკლავებს, თითქოს თავადაც ევას მიერ დაქარგული, ცისფერი ჩიტივით გაფრენას აპირებდეს.
–რას აკეთებს? – ცნობისმოყვარე, მკაფიო ხმა სწვდება მის სმენას და ახლა მათგან ზურგით ბრუნდება. იცის, ხმებს ვერ გაექცევა, მაგრამ ასე უფრო ემიჯნება ბავშვებს. ესმის, როგორ სცემს პასუხს თათია გოგონას. იღლება.. აქეთ–იქით ატრიალებს თავს და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით შორდება თანატოლებს. ზანზალაკებიც ელენეს ნაბიჯებს მიჰყვება. წკრიალით დამოგზაურობს მასთან ერთად და ჰაერში ატყორცნილი ხელებით, პატარა ელენე არანორმალურ კისკისს იწყებს. იცინის ისე, თითქოს არავინაა მის გარდა სამყაროში. თითქოს ყველა ხმა, ყველა გრძნობა, ყველა ჰაერის შეხება მისია. გული ბედნიერებითა და აღტკინებით უთრთის და უცნაური სისავსის გრძნობას სულ სხვა სამყაროში გადაჰყავს.
–რანაირი და გყავს? – გაისმის მორიგი კითხვა და ფეხზე წამომდგარი პატარა მოზარდები მისკენ მიიწევენ. უახლოვდებიან. მის გარშემო კრავენ წრეს და ერთ ადგილას ჩამომდგარ, მოცინარ გოგონას სახეში აშტერდებიან.
–რას აკეთებს, გიჟი ხომ არაა! – კისკისებენ ბავშვები და ახლა თათიასკენ ბრუნდებიან. მისგან ელიან პასუხს. ის კი ყველაზე შორს დგას. ახლა ელენესგან ყველაზე შორს თათიაა. აღარც ქვშისგან აწყობილი კოშკი ახსოვს, აღარც დასვრილი კაბის კალთა და აღარც იქვე, ხის სკამზე ჩამომჯდარი მამა, რომელიც წამითაც არ აშორებს ბავშვებს მზერას. მხოლოდ ელენე.. მხოლოდ მისი არსებობა აფიქრებს ახლა და კაბის ბოლოებზე ჩაბღაუჭებული პატარა თითებით, ყბადაძაბული მისჩერებია დას. ხედავს, როგორ იშმუშნება, როგორ უწკრიალებს მაჯებზე გამობმული ოქროსფერი ბურთულები, როგორ აკრობს საკუთარ, პატარა გულს ხელებს და ისე იბუზება, სახე სულ აღარ მოუჩანს.
–რისი ეშინია? – ეკითხებიან ისევ თათიას და უფრო მეტად ბოჭავენ პატარა ელენეს, – რას აკეთებს, გააფრინა?
პასუხის გასაცემად პირს აღებს, მაგრამ არცერთი სიტყვა არ ამოსდის ყელიდან. თავვადაც არ იცის, რა სჭირს. არ იცის, როგორ უნდა აუხსნას მეგობრებს, რომ ელენეს ხალხი არ უყვარს, რომ ასეთი ქცევით აშინებენ.. რომ აუცილებლად უნდა მოშორდნენ. ვერაფერს ამბობს და მოულოდნელად, მათგან ზურგით შებრუნებული, უფრო მეტად ეჭიდება კაბას. ისე მოიქცა, როგორც წამის წინ ელენე.. სხვა ვერაფერი მოიფიქრა, სხვა ვერაფრით უშველა თავს. ხელისგულების ოფლიანობას და კისრის ყრუ ტკივილს გრძნობს დაძაბულობისგან და დის გარშემო შეკრებილ, მოცინარ, თავის ტოლ ორ ბიჭსა და პატარა გოგონას ზედ აღარ უყურებს.
–ეს რა შეგიბამს კაბაზე, სულ ჟღარუნებს და ჭღარუნებს! – ესმის ისევ სიცილის ხმა და ეუცხოვება.. ეუცხოვება ასეთი ტონი თათიას, რადგან აქამდე არასდროს ყოფილა დამცინავი კომენტარის მომსწრე. ეს რაღაც სხვაა.. რაღაც ისეთი, რაც თავად არ უსწავლია, არ გამოუცდია.
–დამანებეთ! დამანებეთ! დამანებეთ!
ყვირილის მსგავსი ხმა გაისმის და თათიაც დაუფიქრებლად, წამის მეასედში, ისევ მათკენ ბრუნდება. ელენეს ყურებზე აუფარებია ხელები. თვალებდახუჭული, ერთიანად ათრთოლებული სხეულით კიდევ უფრო მობუზულა და ცდილობს გაიქცეს.. გაიქცეს ნაბიჯის გადაუდგმელად, საკუთარ სამყაროში ჩაძირვით, ბავშვებან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და.. და თათიას პატარა გული ვეღარ უძლებს მის ასეთ უძლურებას. ბრაზით კრავს კოპებს, ღრმა სუნთქვასთან ერთად, კაბის კალთას აშორებს დაჭიმულ მუშტებს და ზუსტად იმ დროს, პატარა ბიჭები რომ ეხებიან მის დას.. ხმამაღალი, გულიდან ამოხეთქილი, ექვსი წლის ბავშვისთვის შეუფერებელი ჟინით მიიწევს მათკენ.
–თავი დაანებეთ! მოშორდით.. მოშორდით, თორემ გაგიტეხავთ მაგ თავებს! სამივეს გაგიტეხავთ! – ყვირის და ისე უშენს მუშტებს თანატოლებს, ბავშვები ტირილითა და დაბნეულობით, ძლივს ახერხებენ გამწარებული თათიას მკლავებქვეშ გაძრომას. თავად სულ ერთი წამით აყოლებს მათ მიმავალ სხეულებს თვალს, მერე კი ელენესკენ ბრუნება და მის წინ ჩამომდგარს, ტირილი უტყდება. ერთიმეორის მიყოლებით სცვივა სქელი, ცხელი ცრემლები და გულამომჯდარი, მათკენ წამოსულ მამას მკლავებში აფრინდება
–მე.. მე.. მე არ მინდოდა.. – ლუღლუღებს გაჭირვებით და გრძნობს თუ არა საყვარელი სხეულის სითბოს, ფეხქვეშ მიწაც ეცლება. ტკიპასავით ეკვრის მამის გულს. მის ყელში მალავს სახეს და ასლუკუნებული, გაჭირვებით ყლაპავს დაგროვილ ნერწყვს.
–აბა, თათი.. რა გატირებს? ელენიკო შეგეცოდა, არა? – ნაზად არწევს აკაკი და ისე, რომ ღიმილი არ შორდება სახიდან, თავისუფალი ხელით იზიდავს თავისკენ ისევ ისე, გაუნძრევლად, პატარა ხელისგულებით ყურებდაცობილ ელენეს.
–დასცინოდნენ და მე მომინდა მეცემა! კარგადაც მოხვდათ, არა, მა? – თავს სწევს თათია და ჯერ ისევ ასლუკუნებული, თვალებში აშტერდება მამას.
–ნუ.. თათი, ასე ნუ ამბობ.. არავინაც არ უნდა სცემო, მაგრამ ძალიან მამაცი გოგო ხარ, როგორ დაიცავი ელენე, მა! ყოჩაღ! როგორ გაუხარდა, იცი? არ ეტყობა, მაგრამ შენ ხომ იცი, როგორ სჭირდებოდი? – პატარა ცხვირზე აკრობს ტუჩებს და თან ისე, რომ მის სახეს თვალს არ აშორებს, დამამშვიდებლად, რიტმულად უსვამს მის ფეხზე აკრულ ელენეს თავზე თავისუფალ ხელს.
–დიახაც, უნდა მეცემა, დიახაც! – ვერ ისვენებს თათია.
აკაკის ეღიმება. ეღიმება და ცხოვრებაში პირველად, თათიასთვის სათქმელ სიტყვებს ვერაფრით უყრის თავს. ყოველთვის ელენესთან უფრო უჭირდა ლაპარაკი.. ახლა კი, ახლა სულ სხვაა. ახლა ხვდება, რომ თათიას გულს უნდა გაუფრთხილდეს განსაკუთრებით. მის პატარა, მშფოთვარე, საკუთარ მკერდზე აკრული სხეულის ნერვიულ თრთოლვას.
–ანუ, ელენეზე აღარ ბრაზობ, არა? – ეკითხება სუსტად და იმ სკამისკენ მიიწევს, საიდანაც შვილების განსაცდელს ადევნა ბოლო წუთამდე თვალი. ცალი ხელი ელენეზე აქვს ჩაჭიდებული, მეორეთი ჯერ კიდევ თათია აუტაცებია. მისვლისთანავე ერთმანეთის გვერდით სვამს და თავად მათ წინ, მუხლმოკეცილი ჩერდება.
–ასე გამეტებით ნუ დაარტყამ ბავშევბს სხვა დროს, კარგი?
–კარგი.. – მონდომებით უქნევს პატარა, ერთიანად სველ სახეს.
–ანუ, აღარ ბრაზობ ელენეზე, არა?
–მე თუ გავბრაზდი, იმათ რა უფლება აქვთ? – უკვირს თათიას და ელენესკენ იხედება. მის გაბუშტულ ტუჩებსა და ლოყებს ავლებს მზერას, მერე მისი ერთმანეთზე გადახლართული, მოცახცახე თითებისკენ იხედება და მის მაჯებზე აჩერებს მზერას. იმ მაჯებზე, ზანზალაკები რომ ჰკიდია პატარა ელენეს, – ჩემი დაა და თუ მინდა გავუბრაზდები. იმათ რა უფლება აქვთ, იმათი არავინ არაა, იმათი სულ არავინ არაა და ჩემი კიდე დაა! – ასკვნის ჯიუტად, ჯერ ისევ მოფართხალე გულზე ისვამს ხელისგულებს და ახლა მამის მომღიმარ სახეს აშტერდება, რომელმაც ეს დღე უკვე ღირებულად, ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ ნაწილად ჩათვალა შვილების ცხოვრებაში.

***
სკოლის დიდ, საკონფერენციო დარბაზში, გვერდიგვერდ სხედან. წინ მოთავსებულ მონიტორს შესჩერებიან და თან უცნაურად ჩახუთულ, ნახევრად განათებულ დარბაზში ატარებენ მზერას. უფროსკლასელების უმეტესობა მათსავით, წყვილ–წყვილადაა მიმოფანტული კუთხეებში და საკუთარი ჯგუფის წარდგენის რეპეტიციას გადის. ხის შემაღლებულ, სასცენო ნაწილზე მოთავესებული მარიტა, ჰაერში აქანავებს ფეხებს და დროდადრო ერეკლეს ბარძაყებს ედება საკუთარით. იცის, რომ ერეკლე ოდნავადაც არ ღელავს. პირიქით, უყვარს კიდეც სიტყვით გამოსვლა. კარგად გამოსდის. საჭიროების შემთხვევაში ისე წარდგება უამრავი ხალხის წინაზე, წარბსაც არ შეიხრის, არცერთი სიტყვა დაავიწყდება და მარიტას მსგავსად, არც ენის ბორძიკი შეახსენებს თავს ყველაზე მნიშვნელოვან დროს. კარგი ორატორია ერეკლე. აი, მარიტას კი.. მარიტას ახლაც ისე უოფლიანდება ნერვიულობისგან ხელისგულები, ისე უაზროდ დაჰყურებს მუხლებზე დაფენილ, გამზადებულ, პროექტისთვის წარსადგენ სიტყვას, რომ გულისრევა ეძალება და უხასიათობისგან დაშვებულ ტუჩის კუთხეებსაც ვერაფერს უხერხებს
–ნასწავლი გაქვს, ტყუილად ღელავ, – ჩაესმის ერეკლეს ხმა და საკუთარ მუხლზე გრძნობს მის ხელს. ძლიერად ეჭიდება, ნერვიულად მოქანავე ფეხს აჩერებინებს და მოთამაშე თითებით მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
–საშინლად გავბანძდები! – ბურტყუნებს უკმაყოფილოდ და ერეკლე მაშინვე ატყობს, როგორ ძლიერად უთრთის ხმა.
–ჰეი, ჰეი.. – უღიმის და ახლა მის თითებს აფრინდება საკუთარით, – ერთი უბრალო კონფერენციაა, მეტი არაფერი. გამოხვალ, რამდენიმე წუთით ილაპარაკებ შენს ჯგუფთან ერთად და მორჩება. წამში მორჩება, აი ნახავ. თან, არ მგონია ნიას და ლექსოს შენზე კარგად ჰქონდეთ მომზადებული სიტყვა.. მათ ფონზე, სულაც არ გაბანძდები ისე, შენ რომ გგონია! – უცებ აყრის სიტყვებს. იცის, ცოტა დრო დარჩათ და არ უნდა ასეთი ანერვიულებული, არეული დატოვოს.
–შენს ჯგუფში უნდა ვყოფილიყავი. ასე აღარ ვინერვიულებდი, მაგრამ შენ არ მოგინდა, – წყენით ევსება ხმა და საყვედურნარევ ტონს ამღვრეული თვალებით ემატება. სწრაფად ითაისუფლებს ერეკლეს თითებისგან ხელს და სანამ კიდევ რაიმეს თქმას მოსწრებდეს, სანამ ბოლომდე ამოუვარდება აჩქარებული გული, მანამ გრძნობს ჩვეულ სითბოს საკუთარ სხეულზე. ჩახუთულ დარბაზშიც კი უადვილებს სუნთქვას ერეკლეს მოხვეული მკლავები და ისე ეყრდნობა მის გულს, თითქოს ახლა, ამ მომენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს მისთვის ეს სიახლოვე
–ნუ ბრაზობ, ნუ, ნუ, ნუ ბრაზობ, მარინე! – ეჩურჩულება ერეკლე და ისე მჭიდროდ ეკვრის, მკერდი სტკივდება მარიტას.
–გიჟი ხარ.. – ეცინება და ხვდება, სწორედ ეს სჭირდებოდა. წამალივით მოქმედებს ერეკლეს შეხება, მისი თბილი ხმით ნათქვამი საკუთარი, საძულველი ზედმეტსახელი და უშრეტი ენერგიაც წამებში ემატება.
–თუ არ გაბანძდები, ჩემთან წაგიყვან და შოკოლადის ნაყინით ცივ ყავას დაგალევინებ! – პირდება ერეკლე და უცებ შორდება.
–ლექსოს დავპირდი, რომ დღეს ერთად გავატარებდით.. – პასუხობს ხმადაბლა და მის თვალებს აკვირდება.
რამდენიმე წამიღა დარჩათ ერთად ყოფნის. მასწავლებლები უხმობენ, მაგრამ მარიტას არაფრით ეთმობა. უნდა იცოდეს, რომ არ აწყენინა. იდაყვებში ეჭიდება თხელი თითებით და მანამ არ აძლევს მოშორების საშუალებას, სანამ ერეკლე ლაღ ღიმილს არ აგებებს ანერვიულებულს
–კარგი.. რა პრობლემაა. წავედით, იწყება! – უცებ შორდება, კიდევ ერთხელ ავლებს მის სახეს მზერას და უკან–უკან, ყალბი ღიმილით იხევს. ვერ იტანს.. ვეღარ იტანს მარიტას და ლექსოს ერთად გატარებულ დღეებს. ვეღარ იტანს მათ ერთიანობას და ეს ღიმილიც, ახლა რომ აუკრავს სახეზე, ნელ–ნელა, დროთა განმავლობაში საშინლად უხუთავს სულს.
–წარმატებები! – უნებურად მისკენ ეზნიქება სხეული მარიტას.
–შენც.. შენც, წარმატებები. აი, ნახავ, ჩემზე მაგრად თუ არ გამოხვიდე სიტყვით! – უცებ, ღიმილითა და სიყვარულგამჯდარი მზერით უგდებს ბოლო სიტყვებს და მხიარული შეძახილით უერთდება საკუთარი ჯგუფის წევრებს.

***
ჭიანჭველები ერთ წყებად მიუყებიან პატარა, მრუდე ხაზებს დანაწევრებული გზის კუთხეში.
–ე..ლე..ნი..კო..
პასუხის გაცემას არც კი ფიქრობს. ესმის, მაგრამ არ აინტერესებს.. არ უნდა. ახლა არა. სხვა რამითაა შეპყრობილი.
–რას უყურებ, ელე?
ერთმანეთს ასწრებენ.. მიდიან.. მიდიან.. მიდიან, მაგრამ მაინც ვერ სცდებიან პატარა ელენეს ნაბიჯებს. ძალიან პატარები არიან.. იმდენად პატარები, რომ ელენეს გული ეწურება.
–ელე, მა..
ხაზი ირღვევა.. ელენე წუხს.
–ჭიანჭველებს აკვირდები, მა?
ახლა მამაც ხედავს, როგორ მიიკვლევენ გზას პატარა არსებები ერთმანეთის მიყოლებით. ნელა, მოთმინებით, შესაშური სიფრთხილით.
–ნახე, სასეირნოდ წასულან, ელენიკო! – ჩურჩულებს აკაკი ღიმილით და ელენეს მსგავსად, მუხლებში მოხრილი, მათკენ იხრება. გაშლილ ხელისგულს წინ სწევს და გრძელი თითებით, გზის გაკვლევის საშუალებას აღარ აძლევს ჭიანჭველებს. ელის, როდის ააცოცდებიან თითებზე. მერე კი, ნელა, ძალიან ნელა სწევს ხელისგულს და ელენეს თვალწინ ატრიალებს.
–გინდა შენც სცადო? მიდი, ელე.. დაუხვედრე შენი ლამაზი თითები..
ეშინია. ეშინია და მამის გულს ეკვრის. თან მის ხელისგულზე მოთავსებულ, რამდენიმე ჭიანჭველას მისჩერებია.
–მიდი, ნუ გეშინია, მამა შენთან არის!
იცის, რომ მასთანაა. შეჩვეულია, ყველა მის ნაბიჯს დაუფიქრებლად რომ მიჰყვება.. რომ იზიარებს. ელენეს ყველა ფიქრს რომ უდარაჯებს.
–ჭიანჭველები არიან..
–ჰო, ელე, ძალიან პატარა და უსუსური ჭიანჭველები. მომაკარი ხელისგული.. აი, ასე. ახლა შენთან გადმოცოცდებიან, ნახე.. ნუ შფოთავ. სულ მალე იგრძნობ, როგორ მოგელამუნებიან კანზე.. – ჩურჩულებს, რომ არ დააფრთხოს. მის ყურთანაა დახრილი.
ელენე ბედნიერია. ახალი გრძნობები იპყრობს. ახალი გამოცდილებები. პატარა ელენეს უშიშრად მოუთავსებია ხელისგულზე სამიოდე ჭიანჭველა და მამას ისეთი ნათელი სახით შეჰყურებს, თითქოს არც არასდროს გასჭირვებია მისთვის თვალის გასწორება.

***
–მწერებზე რატომ ლაპარაკობს ელე მთელი დღე? – ეცინება ევას და მის საქარგავთან ჩამომდგარ აკაკის ცნობისმოყვარედ შეჰყურებს.
–მგონი, დროა შინაური ცხოველი მოვუყვანოთ!
–რას ამბობ! – იცხადებს ევა და მამაკაცის ხმამაღალ სიცილს წარბშეკრული ხვდება.
–ისევ გეშინია ლეკვების, პატარა ქალო? – იმდენი სითბო, სირბილეა აკაკის ხმაში, ვერაფრით ბრაზდება ევა.
–არ მეშინია, უბრალოდ ვერ ვეგუები, – იხტიბარს არ იტეხს და ყავის ჭიქით ხელში, დივანზე ითავსებს, – რამ დაგაინტერესა მანდ?
–უცხო ნაქარგებია.. აქამდე ასეთები არ გქონია, – დაბალ ხმაში მიმქრალი ნოტები და სიამაყე ერთდროულად იგრძნობა, – შეკვეთაა ესეც?
–არა, ჩემთვის.. ჩვენთვის მოვქარგე. ჩემთვის, ელესთვის და გიოსთვის..
–გიოსთვის? – გაკვირვებას ვერაფრით ფარავს, მაღლა ეზიდება წარბები და ლამაზ კაბებს მიღმა მიმალულ მამაკაცის მაისურს ავლებს ხელს. საყელოსთან, ერთმანეთში აბურდული ძაფებით გაფორმებულ, ფერად ნაქარგს დაკვირვებით შეჰყურებს.
–ჰო, მოგწონს? – უცნაურად ეღიმება ევას.
–ნიჭიერი ხარ, ძალიან.. – სულ სხვას ფიქრობს.. თუმცა, სხვას ამბობს.
–მადლობა, – პასუხობს უბრალოდ, თითქოს ზრდილობის მიზნით და მხართან ჩამომდგარ, უჩუმრად გამოჩენილ ელენეს თბილ მზერას აგებებს, – რაო, დე?
–ჭიანჭველა ელენესავით ხედავს.. ყველაფერს, ყველაფერს ხედავს თურმე.. მაგრამ ყველაფერი ირევა და იბურდება, – დაბალი, ტკბილი ხმით უხსნის დედას, ისე რომ თვალს არ აშორებს საკუთარ, მუცელთან გადაჭდობილ თითებს, – სამი თვალი აქვს, აი აქ.. – ფრთხილად, ზანტად ითავისუფლებს მარჯვენა ხელის თითებს და საკუთარ შუბლზე იკაკუნებს საჩვენებელ თითს, – ელენესაც სამი თვალი აქვს, შიგნიდან.. და ამიტომ ვხედავთ სინათლეს.. სიკაშკაშეს ასე.. ასე..
–მძაფრად, ელე? – სიტყვას აშველებს ევა და მის პატარა, სახესთან მოქანავე თითებს აფრინდება საკუთარით.
–ჰო.. ჭიანჭველასავით არის ელენე..
–ელენე ჭიანჭველა კი არა, პატარა, უცნაური გენიოსია! – ვერაფრით ითმენს მის საყვარელ, საოცარ ბუტბუტს აკაკი და მისკენ წასული, სწრაფად იტაცებს ხელში.
დედის ხელს ეცლება ელენეს თითები, მისი თვალებიც სწყდება სამყაროს და სფეროებდახშულს, მამის მიერ მაღლა აფრენილ სხეულზე საკუთარი სწორი, მოფარფატე თმის შეხება უცნაური სიამოვნების გრძნობას უჩენს.

***
პატარა ეზოს რამდენიმე ნაბიჯში ფარავს და მარიტას სახლის ოდნავ შეღებულ კარს ბოლომდე აღებს. იცის, რომ ელოდა, თუმცა მაინც ერევა ბრაზი მის დაუდევრობაზე და ხმაურიანად, ძლიერი ხელის კვრით ხურავს. გამაღიზიანებელი ზრიალით ეხეთქება კარი ჩარჩოს, თუმცა წარბსაც არ იხრის. ბრუნდება, ზურგჩანთას ძირს აგდებს და დალაგებულ მისაღებში ატარებს მზერას
–ღიად კარის დატოვებას ხომ არ ჯობია ბარემ ‘რუპორით’ გამოაცხადო, რომ სახლში არაერთ ძვირფას ნივთს ინახავთ შენ და დედაშენი? – ბრაზმორეული, რიტორიკული კითხვით მიიწევს მისი ოთახისკენ. წამით ჩერდება, ინსტიქტურად ისწორებს თმის არეულ ღერებს თითების სწრაფი მოძრაობით და ახლა მარიტას საძინებლის კარს აღებს ბოლომდე.
–სკოლაში რატომ არ იყავი? – ეკითხება მისგან ზურგით, საწოლზე ჩამომჯდარს და პასუხს რომ ვერ იღებს, დაბნეულ მზერას აპყრობს მის მობუზულ ტანს, – დამუნჯდი?
–მოკვდნენ..
–ჰა? – ეცინება პასუხის გაგებისას და მისკენ მიიწევს. სანამ საწოლთან ჩამოუჯდება, მანამ ამჩნევს, როგორ უთრთის მთელი ტანი მარიტას და ხვდება რომ ტირის.
–რა ოხრობა მოხდა? მობრუნდი.. – ვეღარ ითმენს, მხრებზე ეჭიდება და თავისკენ აბრუნებს. ჩაწითლებულ, ტირილისგან დასიებულ სფეროებზე ავლებს თვალს და სანამ კიდევ დაუსვამს კითხვას, მისი სახის მშრალებას იწყებს ხელისგულებით.
–მოკვდნენ ზაზუნები, ერეკლე! – ტუჩები უთრთის მარიტას, მის მაჯას სუსტად ეჭიდება და კიდევ უფრო მეტად უტყდება ტირილი.
–მოკვდნენ?
–ჰო, მოკვდნენ! მოკვდნენ! ჯანდაბა, არ მინდოდა მომეკლა.. ერეკლე, არ მინდოდა მომკვდარიყვნენ, მართლა კი არ მინდოდა, – სლუკუნებს პატარა, უსუსური ბავშვივით და სანამ სუნთქვა შეეკვრება, მანამ ეცლება მისი სხეული ათრთოლებული თითებიდან.
ნელა უახლოვდება ერეკლე გალიას. ზემოდან დაჰყურებს, უსულოდ მყოფ პატარა, ფუმფულა არსებებს ავლებს თვალს და ისევ მარიტასკენ აპარებს მზერას. ტირილისგან ჩაწითლებული თვალებიდან ძლივს რომ მოუჩანს აცრემლებული სფეროები.
–დამშვიდდი, – ინსტიქტურად ეჩურჩულება შორიდან, თითქმის უხმოდ და მოუთმენლად ავლებს გალიას ხელს.
–სად მიგაქვს? – ტირილით აწევს სიტყვას მარიტა.
–დაიბანე სახე, – უღიმის შორიდან და ოთახიდან უჩინარდება.
რამდენიმე წუთში, უკან, ცარიელი გალიით ხელში ბრუნდება. ლოგინზე უღონოდ მიწოლილ, თმააბურდულ მარიტას ფეხებთან უჯდება და მოშიშვლებულ მუხლებზე ნაზად უსვამს ხელისგულებს.
–დილიდან პერანგით ხარ? გაცივდები ასე..
–არ მცივა.
–გაყინული ხარ, მარინე! – უცინის და ხელით ანიშნებს, ადგილის გასათავისუფლებლად.
ფრთიხლად ჩოჩდება, სულ ცოტა ადგილს უტოვებს და თავისუფლად ჩამომჯდარ ერეკლეს იდაყვზე ექაჩება
–მე მოვკალი, არა?
–ჰო, ალბათ შენ მოკალი, შენივე წუწუნით! – სასაცილოდ ჭმუხნის სახეს ერეკლე, მისკენ იხრება, საწოლის გადასაფარებლის ბოლოს ავლებს ხელს და ნახევარ ტანს უფარავს, – არ იდარდო, თუ ასე შეგიყვარდნენ, გეგა ისევ გიყიდის..
–სხვა კი არ მინდა, ისინი შემეცოდნენ, – ჯერ ისევ უთრთის ხმა. თვალების წვას გრძნობს და ტკივილის შესამსუბუქებლად, მოუთმენლად ხუჭავს.
–თათიასავით იქცევი, მარიტა.
–თათიას გატყავებული კატის დანახვაზეც კი არ აქვს რეაქცია, – წყენას ატევს უაზრო ბუტბუტში.
–კარგი, დაშვიდდი! – უცებ იხრება, ნაზად კოცნის შეციებულ ლოყაზე და კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, მარიტას მობილურის ხმა რომ ავიწყებს ნაფიქრს.
გოგონა წამში სწორდება, სწრაფად ავლებს ტელეფონს ხელს და ისე, რომ ერეკლეს სხეულს არც კი შორდება, ეკრანზე გამოსახული ლექსოს ნომერს კოპებშეკრული დაჰყურებს.
–რამე მოხდა? – კითხულობს ერეკლე და იმდენად დაკვირვებით შეჰყურებს მარიტას სახეს, ვერაფრით ახერხებს გოგონა მზერის მოცილებას, – მარიტა!
–არაფერი.. არაფერი, მართლა! – პასუხობს სწრაფად, უცნაური აფორიაქებით და ფეხზე დგება.
ერეკლე უხმოდ შეჰყურებს, როგორ ყრის დიდ ზურგჩანთაში ნივთებს მარიტა და კითხვის დაუსმელად ადევნებს თვალყურს. ეუცნაურება. აფორიაქებული და დაბნეული ეჩვენება, თუმცა არაფერს ეუბნება. ნელა დგება, სიტყვის უთქმელად ტოვებს ოთახს და იმით გადაღლილი, რომ მუდმივად მარიტას დამაბნეველ ქცევაზე უწევს ფიქრი, ყველანაირ უარყოფით ფიქრს იგდებს გონებიდან. თუნდაც მხოლოდ იმ წამს.. მხოლოდ იმ ერთადერთ დღეს.
–წავედი მე! – ეძახის უკვე კართან მისული და სანამ მის პასუხს გაიგებდეს, მანამ კვეთს მარიტას სახლის პატარა ეზოს.
არ იცის, რისთვის ემზადებოდა. ვერც კი ვარაუდობს, სად შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ აღარ უნდა.. არ უნდა კითხვის დასმა და თავდახრილი, ხასიათგაფუჭებული მიუყვება ნიკოს სახლისკენ გზას.
უკვე მერამდენედ.. მერამდენე იმედგაცრუებით უწევს ამ გზის გავლა. მერამდენედ უნდა იგრძნოს თავი არაფრის მაქნის, უნიათო, პატარა ადამიანად.. თავადვე ერევა სათვალავი.

***
მშობლების ოთახში ცალ ფეხზე მხტუნავი თათია შემორბის. ისე ძვრება აკაკის და ქეთას შორის, სულ არ აწუხებს მათი ერთმანეთზე შემოხვეული მჭიდრო მკლავები. აქეთ–იქით, პატარა ხელებით აჩოჩებს ორივეს და მათ შორის მოთავსებული, კისკისით იკლებს ოთახს. პატარა ონავარი მალევე ახერხებს მათ გაღვიძებას. საყვედურის მაგიერ, ქეთას თბილ ღიმილს იღებს და აცეტებული, დედის კისერს ეკიდება ორივე მკლავით
–არ წავალ რა სკოლაში, გთხოვ დეეე, გთხოოვ! – ეხვეწება და მანამ არ ჩერდება, სანამ მისი წუწუნით შეწუხებული ქეთა მკაცრ მზერას არ მიაპყრობს.
–მორჩი, თათია, წინა კვირას ორი დღე გაგაცდენინე ასეთი ახირების გამო, – ლოგინში იწევა, პენუარს ისწორებს და ზურგით ბალიშზე მიყრდნობილი, ძლივს გამოფხიზლებული აკაკისკენ აბრუნებს თავს.
–დილამშვიდობის..
–დილამშვიდობის, ქალბატონებო, – ბოხი, თბილი ხმით ეპასუხება აკაკიც და ჯერ ისევ თვალებმინაბული, სწრაფად ეხვევა თათიას პატარა წელს, – მამას გოგოს სკოლის გაცდენა უნდა?
–აკაკი! – გამაფრთხილებლად გაისმის ქეთას შეძახილი და მამაკაცსაც მაშინვე ფართოდ, მხიარულად ეცინება.
–ამ სახლში უფროსი დედაა, – ეჩურჩულება პატარას ყურში და მის შეწუხებულ სახეზე კიდევ ერთხელ იბადრება, – მიდი, უცებ გაემზადე, თორემ შეხვედრაზე დამაგვიანდება!
–არ მინდა, უთხარი რა დედიკოს. ხატვის გაკვეთილი მაქვს დღეს და ვერ დავხატავ ლამაზად. არ მინდა წასვლა, სხვები ხატავენ, მე ვერა! – ბუტბუტებს მამის ყელში თავჩარგული და ისედაც პატარა ტანს, კიდევ უფრო მეტად კეცავს. აკაკის გულზე მიბჯენილი მუხლის თავებით ისე ძლიერ აწვება კანზე, თავადაც ვერ იაზრებს. შვილის უხასიათობისა და სასოწარკვეთის შემყურე, მასაც გული ეწურება და ნაზად უსვამს ხელს ბიჭივით მოკლედ შეკრეჭილ თმაზე
–სამაგიეროდ, შენ მომავალი მოჭიდავე ხარ. ყველაფერი ხომ ვერ გამოგივა, მა.. არც მე ვიცი ხატვა, საერთოდ არ ვიცი, დიდი ამბავი!
–ჰო, დიდი ამბავი, – მოსწონს მამის სიტყვები და მოულოდნელად ებადრება სახე, – არც ერეკლემ იცის, მაგრამ ხომ მაგარია? ხო, მა, ერეკლე რა მაგარია და ხატვა სულ არ იცის. მერე რა, რომ ელენემ იცის! – ამატებს ბოლოს უცნაური, ჩაფიქრებული ტონით და მის სხეულზე მოხვეული მამის ძლიერ მკლავებს უფრო მეტად ეჭიდება. ასე იცის.. რამეზე რომ ღელავს, ერთიანად ეძაბება პატარა სხეული, უარესად ეჭმუხნება პატარა, კუნოსა ცხვირი და გლუვ შუბლზეც გაჭირვებით აჩნდება ნამცეცა ნაოჭები. მუდამ მზადყოფნაშია.. მუდამ თავდაცვაზე ფიქრობს. ასეთია თათია. პატარა, მაგრამ ძლიერი, მებრძოლი გოგონა.
–მართალი ხარ, მა. ელენე თავის დედიკოს დაემსგავსა, ხატვა შეიყვარა, შენ და ერეკლე კი თქვენს დედიკოს გავხართ. ასე ხდება.. თანაც, დღეს დედას საქმე აქვს, ჩვენი მოგზაურობა უნდა დაგეგმოს, ასე ძალიან რომ უყვარს.. თორემ რამდენიმე დღეში ვერაფერს მოასწრებს! – ცოლისკენ აპარებს მზერას, მის გაფართოებულ თვალებზე ხმამაღლა, ხმით ეცინება და წამი არ არის გასული, თათიასთან ერთად, ქეთას სხეულიც რომ უძვრება მკლავებში.
–აიღე უკვე შვებულება? – სწრაფად უკოცნის მამაკაცს სახეს რბილი ტუჩებით, – გადაწყვეტილია?
–გადაწყვეტილია, – მხოლოდ ერთი სიტყვის თქმას ასწრებს. მერე სწრაფად ეხვევა ცოლ–შვილს და ორივეს ერთად იხუტებს გულში, – კარგია თქვენთან ერთად დილის გატარება, მაგრამ მე და ამ პატარა ქალბატონს დაგვაგვიანდება. ქეთო, წავალთ ახლა მე და ბავშვები. დღეს ელეც მე მყავს დასაბინავებელი სკოლაში, ცენტრში.. თათბირიც ამ დილას დანიშნეს. მოკლედ, გადარბენაზე ვარ მთელი დღე.
–კარგი, – თანხმდება უცებ ქეთა და ხელებიდან უძვრება, – წამო დე, გავემზადოთ. წამო, თათი.
აკაკი გაჰყურებს მიმავალთ და სითბოთი ევსება გული. რა მშვიდი დღეა.. როგორი სიყვარულით სავსე. ისეთი, არაფერი ცუდი რომ არ უნდა გამოერიოს წესით..

***
სკოლის ეზოსკენ მიმავალ ელენეს და თათიას ერთად ადევნებენ თვალს. ხედავენ, როგორ ჩაფრენია მეგობრებს ორივე ხელით აქეთ–იქიდან თათია და მასწავლებელს მხიარული კისკისით მიჰყვება უკან. ელენე კი.. საკუთარი კლასელებისგან მოშორებით მიმავალი, თავდახრილი მიუყვება კერძო სკოლის ლამაზ ეზოს. ამჩნევენ იმასაც, მასწავლებლის გაწვდილ ხელზე როგორ იშმუშნება და იმავე წას, ორივეს ერთად ეღიმება. მანქანის სალონში ერეკლეს მიერ დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკის სასიამოვნო ჰანგები იღვრება და მათი პროფილებიც ორი ძვირფასი, პატარა ადამიანებისკენაა მიმართული.
–ერთ კლასში უნდა შემეყვანა, მცირე სხვაობაა, იმეგობრებდნენ მეტად.
–არ მეგობრობენ, მამა, აზრი არ აქვს.
–ნახე, ეს პატარა ქაჯი ზედ არ უყურებს თავის დას, – ეცინება აკაკის და მანამ არ აშორებს პატარებს მზერას, სანამ ორივე არ გაუჩინარდება, – შენ, აღარ გადახვალ?
–ჰო.. – იბნევა თითქოს ერეკლე მოულოდნელ კითხვაზე და უკანა სავარძლისკენ იწევა. მძიმე ჩანთას ოხვრით იდებს მუხლებზე და ისევ მამის სახეს უბრუნდება, – სანამ გადავალ, დალაპარაკება მინდოდა..
–გისმენ, ერეკლე.
აგვიანდება. ზედმეტადაც კი, მაგრამ არაფრით ეთმობა შვილის ეს მზერა. თვალებში შეჰყურებს და გრძნობს, როგორ აწყობს ერეკლე გონებაში მისთვის სათქმელ წინადადებებს. რადენიმე წამიანი შემზადების შემდეგ, გაფართოებულ თვალებს მოულოდნელად ისრესს და უეცარი ამოძახილით, ერთი ამოსუნთქვით აყრის სიტყვებს ერთმანეთს
–იმ დღეს, გეგასთან, ზედმეტი მომივიდა და მინდოდა ბოდიში მომეხადა. ვიცი, ყველაფერს აკეთებ ჩვენთვის. ვხედავ, მართლა ვხედავ, მამა!
–ერეკლე..
–დღემდე ვერ გადამიხარშავს ბევრი რამ, დღემდე ვერ ვიგებ ზოგიერთ შენს ქცევას, მაგრამ ისე არ ვფიქრობ, როგორც მაშინ გითხარი.. – თავმოუბმელად, შეუსვენებლად ლაპარაკობს და თავადვე ხვდება, რამდენად დაუღვინებელი, პატარა ბიჭივით გამოსდის. მამის ღიმილსაც სწორედ ამის დასტურად აღიქვამს და სახეს ისეთი გაღიზიანებით ისრესს, ლოყების მსუბუქ ტკივილს გრძნობს.
–გინდა კიდევ რამის თქმა, მა? – მხარზე ეხება აკაკის თითები. ძლიერად ეჭიდება მაისურს ზემოდან და თავისკენ, თითქმის ძალით აბრუნებს არეულს, – მითხარი, ერეკლე, თავისუფლად..
–მადლობა, რომ ელიზბარის მონათვლაზე უარი თქვი..
–მომხედე წესიერად, ერეკლე, ნუ მარიდებ თვალს, – ღიზიანდება უეცრად შვილის ქცევაზე, საპირისპირო მხარეს გაპარულ თვალებზე და სანამ ერეკლე მისივე დაჟინებული მოთხოვნით მისკენ შემობრუნდება, მაჯის საათს დაჰყურებს, – ჯანდაბა, შეხვედრაზე მაგვიანდება..
–წადი, მამა!
–არა, არ გადახვიდე, მომხედე.. – აჩერებს მკლავში ჩავლებული ძლიერი ხელით და ინსტიქტურად, მოკლედ შეჭრილ, ლამაზ თავზე უსვამს ხელისგულს, – მარიტაშია არა საქმე?
–ნუ.. მამა, ნუ დამიწყებ იმაზე ლაპარაკს, რაშიც ჯერ თავადაც არ გავრკვეულვარ, – თავს აქნევს ერეკლე და ფანჯრიდან შემჩნეული მეგობრების სილუეტებს აყოლებს თვალს, – უნდა წავიდე..
–წადი, ამოიყენე ისევ ზურგს უკან, ფარად ექეცი და დაიცავი ყველასგან, ვინც მისთვის წყენინებას გაივლებს გულში! – ეღიმება უნებურად აკაკის.
–გეყოფა, მამა. – ღიზიანდება ისევ ერეკლე, თუმცა მის ხმას წინანდელთან შედარებით, სულ მთლად ეკარგება სიმხნევე.
–ვინ არის მარიტა შენთვის? რას გრძნობ, ერეკლე? – ეკითხება პირდაპირ, მშვიდად, დალაგებული მზერით. ისე, თითქოს კომპანიისთვის გადამწყვეტ შეხვედრაზე სულაც არ აგვიანდებოდეს, საკუთარ კარიერას არ აყენებდეს ამ რამდენიმე წუთის გამო საფრთხეში.. ისე, თითქოს ერეკლეს გრძნობები უპირატესი იყოს ახლა სამყაროში. და იქნებ არის კიდეც.. იქნებ, ზოგჯერ, მამის სიმშვიდისთვის სწორედ თინეიჯერი, არეული ვაჟიშვილის მშვიდი თვალებია უპირატესი..
–არ ვიცი, მამა. ყველაფერი აირია. ყველაფერი გამოვიდა მწყობრიდან.. ყველაფერი ის, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში დალაგებული, ლოგიკური იყო. სულ ვბრაზობ, ვმწარდები.. მუდამ მისი ტკენა მინდება იმის გამო, რომ თავადაც ჩემსავით შეცვლილს ვერ ვხედავ, მაგრამ რომ მიყურებს.. მთელ სამყაროს ეცვლება ფერი, – გულწრფელად ამოთქვამს სიტყვებს და ხვდება, ამ სიტყვების თქმის გარეშეც მიუხვდებოდა მამა გულისტკივილს. ახლაღა იაზრებს, რომ დუმილითაც ვერ დაუმალა საკუთარი შინაგარი სამყაროს ამოტრიალება და ამის გააზრებისას ორმაგად უყვარდება მის გვერდით მჯდარი კაცი. ჰო.. გასაკვირია, მაგრამ ცხადად გრძნობს იმ წამებში გაზრდილ ნდობასა და არანორმალურ სიყვარულს მამის მიმართ.
აკაკი კიდევ ერთხელ იღიმის, ამჯერად სიმაყით. მოსწონს, შვილმა ისევ რომ არ აუქნია ხელი, ისევ რომ არ შეაქცია ზურგი და უხმოდ გაუდგა გზას. სანამ ხმას ამოიღებს, ატყობს, როგორ იცლება სკოლის ეზო ნელ–ნელა და ახლა მხოლოდ იმასღა დარდობს, ერეკლეს დაგვიანების მიზეზი თავად არ გახდეს.
–ვიცი ეს შეგრძნება, ერეკლე, – სწრაფად, თუმცა მაინც შესაშური სიდინჯით ესაუბრება, – გული გიდუღს.. სუნთქვა გეკვრის და გინდება საკუთარ მუჭში მოიქციო ის გრძნობები, რომლებიც დღითიდღე უფრო და უფრო გჭამს.. ამიტომ ჩაფრენიხარ საკუთარ ხელისგულებს ასე, ამიტომ კრავ ასე ძლიერ მუშტებს. გინდა გამოათავისუფლო, მოიშორო ეს საზიზღარი გრძნობა, თავს რომ მარტო, მის გარეშე გაგრძნობინებს. მაგრამ, რა გავიწყდება, იცი?
–არ ვიცი, მამა.
–შენშია ეს ემოციები. მხოლოდ შენში და აი, ამ ადუღებულ გულს გიფორიაქებს, – მისკენ იხრება, ფრთხილად ეხება მკერდზე, გაშლილი ხელისგულით და მანამ არ აშორებს თითებს, სანამ შვილის ხელს არ იგრძნობს, საკუთარ მაჯაზე ჩაფრენილს.
–რომელი სიყვარულისთვის მიდუღს გული, რომელიც არ გამაჩნია? – ეცინება ერეკლეს და წამიერად, ისეთი სასოწარკვეთა იპყრობს, მზერაც კი ებინდება.. მანამდე სუფთა, გადაწმენდილი.
–მომხედე, მომხედე, ერეკლე! მანამ იმოქმედე, სანამ საკუთარი კეთილშობიერებითა და ლმობიერებით.. ჰო, უსარგებლო, საჭიროებას მოკლებული ლმობიერებით ხელიდან გამოგცლია შენთვის ძვირფასი რამ.. გესმის ჩემი?
–არ მგონია კარგი მაგალითი იყო ასეთ ამბებში, მამა..
–ისევ იმას აკეთებ, – არაფრად აგდებს მის ხუმრობანარევ ბუტბუტს.
–რას?
–ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან განიხილავ, მხოლოდ სრულყოფილებისკენ მიგიწევს გული და იმას ვერასდროს ხვდები, რომ წამტვრეული კისრითაც შეგვიძლია ადამიანებს გზის გაკვლევა. ჰო, ცუდი.. მაგრამ მაინც მაგალითი ვარ, სწორედ ისეთი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გამოგადგება. ნუ გააფუჭებ ყველაფერს.. ნუ გაიფუჭებ ჯერ არ დაწყებულ მომავალს!
–კარგი, ვეცდები, – ეღიმება ერეკლეს. სწრაფად იკიდებს მხარზე ჩანთას და კარის სახელურს აფრინდება თითებით, – დააგვიანე, მა..
–არაუშავს, – ხელის აქნევით პასუხობს, – რამე რომ იყოს, დამირეკავდნენ, – ჯიბეებზე იტყაპუნებს ხელებს და მანქანიდან გადასულ შვილს შეწუხებული მზერით შეჰყურებს, – მგონი მობილური სახლში დამრჩა. დაგიბერდათ მამა, ჩემო ბიჭო!
–წადი, წადი, მალე! – აგულიანებს სიცილით ერეკლე და სანამ მანქანის გამოღებულ კარს მიხურავს, ბოლოჯერ იხრება მისი სახისკენ, – მადლობა, მა!
პასუხს არც ელოდება. სწრაფად ბრუნდება და სკოლის შესასვლელისკენ სირბილით მიმავალი, გრძნობს, როგორ უწვავს ზურგს მამის მზერა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე აგვიანდება, მაინც არ ისმის მანქანის ძრავის ხმა და ერეკლე ხვდება.. არც ახლა ღალატობს აკაკი ჩვევას – მანამ არ მოიცვალოს ფეხი სკოლის ეზოსთან ჩამომდგარმა, სანამ მისი სამივე შვილი არ მიეფარება თვალს.

***
„დამირეკე.“
ერთადერთი შეტყობინება ხვდება საკლასო ოთახში შესულს. მასწავლებლის შენიშნვნის მიუხედავად, უკანმოუხედავად ტოვებს დაწყებულ გაკვეთილს და მის გამოგზავნილ ერთსიტყვიან ინსტრუქციას მიჰყვება. თუმცა, ვერაფრით უკავშირდება. გაბმულ, მონოტონურ ხმას ჭკუიდან გადაჰყავს და საბოლოოდ, ბედს შეგუებული, უკან, კლასისკენ ბრუნდება. გზად მის საკლასო ოთახსაც გადის. წამით ყოვნდება, კარის ჩარჩოს გამჭირვალე, მართკუთხა ნაწილთან ისვეტება და ოთახში მოურიდებლად ატარებს მზერას. ცარიელია მისი მერხი. არსად ჩანს. არც შემდეგ რამდენიმე ცდაზე პასუხობს ტელეფონს. არც გაკვეთილის დასასრულს, შესვენებისას. არც სასწავლო დღის მიწურულს.
უსიამოვნო გრძნობა ეპარება ერეკლეს სხეულს, რადგან მარიტამ არასდროს იცის უთქმელად გაუჩინარება. პირველ რიგში, სწორედ ერეკლემდე აღწევს მისი ყოველი დღის გეგმა. სკოლის ეზოში უხასიათოდ მიმავალი, იმასაც კი ფიქრობს, მომავალი დღისთვის აუცილებლად რომ სთხოვს მათემატიკაში დახმარებას. ყოველ ხუთშაბათს ასე იქცევა. იცის, კვირის ბოლოს, საძულველ საგანს არასდროს გააფუჭებინებს გოგონა ხასიათს.
–რა გჭირს, არ მისმენ? – ნიკას იდაყვი რომ ხვდება ზედმეტად მტკივნეულად მკლავზე, მაშინღა ახერხებს მისთვის ყურადღების მიქცევას.
–მარიტას ვერ ვპოულობ, – პასუხობს მოკლედ და კიდევ ერთხელ, დაუღალავად ცდილობს მასთან დაკავშირებას.
–სად ეძებ რო? – ეცინება ნიკას ხმამაღლა და სანამ მეგობრის პასუხს გაიგებს, მანამ უსერიოზულდება სახე. რამდენიმე წამი ისევ უხმოდ მიჰყვება გვერდით. ხვდება, საერთოდ რომ არ აქცევს ყურადღებას ერეკლე. მთელი ყურადღება ეკრანისკენ აქვს მიმართული, ამიტომ არაფერს ამბობს. თუმცა, მერე.. ვეღარ ითმენს, სვლას ანელებს და ისე უნიათოდ ფარავს აღელვებას ორიოდ სიტყვაში, წამში ყიდის საკუთარ თავს
–ლექსოსთან ერთადაა..
–არ იქნება. მომწერა, დამირეკეო. ვერ ვუკავშირდები.. არ იქნება ლექსოსთან ერთად მთელი დღე, ასე უთქმელად, – ამბობს, თუმცა არცერთი საკუთარი სიტყვის არ სჯერა.
–ვიცი, რომ მასთანაა, ერეკლე. იქნებ, არც უნდოდა მასთან ყოფნა და ამიტომ მოგწერა, – უფრო მეტად ეკარგება ხმა ნიკას.
–რა? – მოულოდნელად ჩერდება ერეკლე. თვალებდაწვრილებული, აფოფრილი მზერით შეჰყურებს ძმაკაცს და სანამ ნიკა პასუხის გაცემას მოასწრებდეს, მანამ ამატებს კიდევ უფრო მეტად მკაფიო, ბრაზმორეული ხმით, – საიდან იცი?
–მისმინე, ერე..
–აუ, ნიკო, პირდაპირ თქვი ყველაფერი, გეხვეწები რა! – ღიზიანდება და გაჩერებაზე მდგარი სკამისკენ ჯიქურ მიიწევს, – მითხარი!
–დამელოდე..
–გელოდები, მოდი!
–ახსენებს ადამიანი მარიტას და ასე გემართება, გენთება სახე და მაშინებ ხოლმე ბიჭო! – ცდილობს ხუმრობით დაამშვიდოს ძმაკაცი, მაგრამ მისი შეუცვლელი მზერით ხვდება, რომ ვერაფერს გახდება და უკმაყოფილო ოხვრით აგრძელებს, – დღეს ლაპარაკობდნენ ბიჭები, ლექსომ მაინც დაიყოლია, თავისთან აიყვანა ორი დღით აგარაკზეო.. მომეჩვენა, რომ არ მოიხსენიებდნენ მთლად დიდი პატივისცემით ამ შენს მარიტას და..
–რაო? რას ამბობ, აზრზე ხარ, ნიკო? – აწყვეტინებს მოულოდნელად და ნიკა მის ხმამაღალ სიცილს ყველაფერს ამსგავსებს სიცილის გარდა, – რა პატივისცემაზეა ლაპარაკი? ჩემს მარიტაზე ლაპარაკობ, ნიკო..
–მომისმინე.. დაჯექი ერთი წუთით!
აღარ უსმენს. აღარცერთი წამით. ისე სწრაფად, ისეთი ჟინით ადგამს ნაბიჯებს, ნიკა გაჭირვებით ახერხებს მის გვერდით ამოდგომას. გზაჯვარედინზე გადიან. ერთმანეთის მხარხამხარ, სწრაფად მიმავალნი ძლივს უქცევენ მხარს მოძრავ მანქანებს. ხვდება ნიკა, მის მოშორებას რომ ცდილობს ერეკლე, მაგრამ მაინც ჯიუტად მიჰყვება უკან. მის წინ გაქცეული, ტრანსპორტსაც მის მაგივრად აჩერებს და სანამ კარს გამოაღებს, მანამ ესმის ძმაკაცის უხეში შეძახილი.
–ნუ მომყვები, ნუ! – ჩერდება უეცრად ერეკლე და გაცეცხლებული სახით მიიწევს მისკენ.
–მე რას მერჩი, ერე? – გულწრფელად უკვირს ნიკას.
–მე ჩავიგუბე პირში წყალი? მე არ ამოვიღე ხმა, როცა მარიტას თურმე ზურგსუკან ლანძღავდნენ? არაფერი მითხარი. შენ, ნიკო.. – მისკენ მიიწევს, წინ უდგება და ცდილობს მეტად მიუახლოვდეს, თუმცა მანქანის გამოღებული კარი მათ შორის უშნოდ ეჩხირება და ოდნავ უკან იხევს, ხმადაბლა ნათქვამი სიტყვებით, – შენ იცი, რას ნიშნავს მარიტა ჩემთვის..
–ამიტომაც არაფერი გითხარი. ახლა კი, წამოგყვები და..
–და, რა? – ცეცხლდება ისევ და ფართოდ შლის ხელებს, – ამომყვები ახლა ლექსოს აგარაკზე და დამეხმარები მისი სიფათის გაერთიანებაში? ახლა, ასე მოიქცევი?
–უაზროდ ბრაზობ ჩემზე, ერეკლე, – სევდიანად ეღიმება ნიკას. ძლიერად ეჭიდება მის მხარს და უკანა სავარძლისკენ უბიძგებს, – დაჯექი.. დაჯექი, ერე, გველოდება ეს კაცი. მოდი..
–მარტო წავალ..
–ომში ხომ არ მიდიხარ, ბიჭო, რა თავი გამოიდე, – იღლება მისი სიჯიუტით ნიკა და თავადაც გვერდით უჯდება.
უხმოდ მგზავრობენ. ისევ არაფერს ეუბნებიან ერთმანეთს. მარიტაც ისევ დუმს. იქ, შორს. ერეკლეს მობილურზე ისევ შეუჩერებლად შემოდის დედის ზარები და ისიც ისევე მობეზრებით, ნერვებაშლილი თიშავს ყოველ არეკლილ ქეთას ნომერს.
–იქნებ რა ხდება, უპასუხე..
–რა უნდა ხდებოდეს, დღეში ათასჯერ მირეკავენ! – მაინცდამაინც ახლა უტევს თინეიჯერული, უდროო კრიზისი. მაინცდამაინც ახლა გადაწყვეტს, რომ დედისთვის პასუხის გაცემა ზოგჯერ უბრალო ამბავია. ზოგჯერ.. ზოგჯერ კი, პირიქით.. თუმცა, ერეკლე ჯერ არ იცის. ჯერ არაფერი იცის.

***
ზოგი დილა იმდენად უბრალოა, დღის მალე დასრულების იმედად გაგყავს ზლაზვნით მიმავალი საათები. ზოგი კი.. იმდენად დიდ ბედნიერებას იტევს, წარმოდგენაც რომ არ შეიძლება რაიმე ცუდის.. უარყოფითის. ასეთი დღეებია ყველაზე საშიში. ისე შემოგეპარება ამ ბედნიერ წუთებში ერთი დიდი ტრაგედია, დაფიქრებასაც ვერ მოასწრებ. ახლაც, სახლში მარტო დარჩენილი ქეთას დილაც იმ ბედნიერ დილებს ჰგავს, იშვიათად რომ იციან გამონათება. რა უნდა იყოს ქმართან ერთად, განმარტებულ მოგზაურობის დაგეგმვაზე უფრო სახალისო, სასიხარულო.. არც არაფერი. და ქეთაც ისე დაცქრიალებს ოჯახის წევრებისგან დაცლილ სახლში, თითქოს თაფლობის თვისთვის ემზადებოდეს. ყველაფერი მარტივადაა, ძველებურად. ისე, როგორც წლების წინ. აკაკი ისევ ბედნიერი ღიმილით ხვდება მასთან ერთად ახალ დღეს, ქეთას ისევ აქვს მიზეზი უთავბოლოოდ იწუწუნოს დაქალებთან იმაზე, რომ საცურაო კოსტიუმი ლამაზად არ ადგას ტანზე და ქმრის დარჩენილი მობილურიც ისევე გამაყრუებლად ზუზუნებს მთელი დილის განმავლობაში, როგორც სხვა ისეთ დღეებში, აკაკის რომ ზედმეტად აქვს გონება გადაღლილი. ხასიათს ვერც მისი სახლში დარჩენილი მობილური და სამსახურიდან შემომავალი ზარები უფუჭებს, ვერც თანამშრომლების მიერ გამოგზავნილი უამრავი შეტყობინება და ვერც იმაზე ფიქრი, რომ ეს ყველაფერი აკაკის არაპუნქტუალურ ხასიათს კიდევ ერთხელ ახსენებს. იცის, მაინც მოაგვარებს საქმეს. მერე რა, თუ ორიოდ წუთით თათბირზე შეაგვიანდება. ამ ფიქრებით ტოვებს მისაღების პატარა კომოდზე ქმრის ტელეფონს და მანამ არ ახსენდება, სანამ ისევ არ მიიპყრობს გამაყრუებელი ზუილით მის ყურადღებას. უნიათოდ, ნელი ნაბიჯით მიიწევს ამღერებული აპარატისკენ. იმდენად უშფოთველად, თითქოს ქვეყანაზე ერთი შანსიც არ არსებობდეს ცუდი ამბის გაგების. ყოველთვის ასეა. ბედნიერებას ხომ ისეთ დროს გარგუნებს ცხოვრება, სულ რომ არ ელი. უბედურ ამბებსაც ასეთი ხასიათი აქვთ. მაშინ შემოგიჩნდებიან, ზედმეტად მშვიდი გონებით რომ დაიარები ოთახიდან ოთახში. ასეთივე სიმშვიდით ისმენს ქმრის ტელეფონიდან გაგებულ რამდენიმე წინადადებასაც. სანამ.. სანამ მათ შინაარს კარგად გაიაზრებდეს..
–ბატონ აკაკისთან მინდა გასაუბრება, სკოლის ადმინისტრაციიდან გიკავშირდებით, მის ქალიშვილთან დაკავშირებით, თქვენ მეუღლე ბრძანდებით? – აღელვება დატყობია ქალის ხმას და ამის გააზრებისას, ქეთას სხეულს სისუსტე ეპარება.
–რა მოხდა? მე.. დიახ, მეუღლე ვარ, რამე მოხდა?
–იქნებ, კლინიკაში მობრძანდეთ. სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა მოხდა და თქვენი ქალიშვილი..
–რა? რა მოხდა? – კითხულობს კიდევ ერთხელ იმდენად მიმქრალი, ჩამწყდარი ხმით, აპარატს იქით ვერცერთი მისი ნათქვამი ნოტი აღწევს და კიდევ ერთხელ უწევს გამეორება.
პასუხს იგებს, თუმცა ვერ იაზრებს. ვერ ან არ იაზრებს.. არ უნდა გააზრება. მოწყვეტით ეცემა ძირს. უეცრად იკეცება მუხლებში და ყელზე შემოხვეულ თითებს ისე ძლიერ აჭერს თხელ კანს, სუნთქვა უმძიმდება.
თავადვე გრძნობს, როგორ ეპარება სიცივე ფეხის თითებიდან თმის ღერამდე და ვერაფრით ახერხებს ხმის ამოღებას. რადენიმეწამიანი სიჩუმე კი ყველაფერს უარესს ხდის. ღრმა ჩასუნთქვასთან ერთად, იაზრებს, რომ მის პასუხს ელიან და გულზე დასმული თავისუფალი ხელისგულით ახლა საკუთარ ყელს ეჭიდება. უშედეგოდ აწყდება მის გონებას წარმოთქმული სიტყვები და არსაიდან გამოჩენილი ძალით, წინადადებათა გააზრებას, დამახსოვრებას ცდილობს.
„სკოლიდან გამოსვლისას მანქანა დაეჯახა..“
„მძიმედ არის, თუმცა ამბობენ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება..“
„მაშინვე საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ..“
„თქვენი მეუღლის საკონტაქტო ინფორაცია იყო მითითებული და პირველ რიგში მას დავუკავშირდით..“
და უამრავი სხვა რამ. ქეთას კი მხოლოდ ის ესმის, რომ მისი შვილი საფრთხეშია.. რომ მის პატარა, ერთ ციდა გოგონას მანქანა დაეჯახა.. რომ სისხლისგან შეიძლება დაიცალოს. იმ დილას.. სკოლაში წასვლაც კი არ უნდოდა თათიას, მან კი დააძალა.. არ მოუსმინა, არაფრად ჩააგდო მისი მოუსვენარი, მუდმივი წუწუნი. ყველა გრძნობა ერთად აწყდება. ხვდება, ფეხზე რომ უნდა წამოდგეს და სანამ თავად გაიაზრებს ამას, იქამდე ავლებს ხელს ფეხსაცმელებსა და სახლის გასაღებს.
–სად? რომელ საავადმყოფოშია? – კითხულობს ათრთოლებული ხმით და სანამ პასუხს გასცემენ, სისუსტის ახალი შემოტევა არაფრით აძლევს ნაბიჯის გადადგმის საშუალებას, – რატომ გამოვიდა სკოლიდან მარტო? რატომ გამოუშვეს ასე ადრე? – სასოწარკვეთა ერევა ხმაში და სახლის კარებთან ჩამომდგარი, გულის ყრუ ტკივილს გრძნობს. მხრებში მოკეცილს, გულზე მიუკრავს ხელისგული და სანამ ცრემლებისგან დაბინდული თვალების ამოწმენდას შეძლებს, მანამ ესმის პასუხი
–ელენე კლასელებს დაუგეგმავად გამოეყო. როგორც ჩანს, რაღაცამ მიიქცია მისი ყურადღება და გზისკენ გასწია. არ ინერვიულოთ, იქნებ ჯერ მობრძანდეთ და პირადად გასაუბრება შევძლოთ. მისი დამრიგებელიც აქ არის..
–ელენე? – ყრუდ ჩაესმის დანარჩენი სიტყვები. იმდენად ყრუდ, რომ მათ გასააზრებლად ვერაფრით უყრის თავს წინადედებებს. თუმცა, ახლა.. მისი სახელის გაგებისას ახალი, სულ სხვა გრძნობები ანაცვლებს მანამდე განცდილს და წელში გამართული, სწრაფად ტოვებს სახლს.
–მე.. მე.. ახლავე, გამოვდივარ, – გაისმის ქეთას მთრთოლარე ხმა და უცნაური ამოსუნთქვა.. ამოსუნთქვა იმდენად შვებისმომცველი, საკუთარ ადამიანობაზე რომ დაგაფიქრებს. რადგან სხვანაირია ასეთი შვება.. იმ ფიქრის შემცველი, სხვისი უბედურება საკუთარი, წამიერად გაჩენილი ბედნიერების წილად რომ გესახება.

***
მოსაცდელში ჩამომდგარი, ჯერ ისევ ვერ ახერხებს თავის ხელში აყვანას. არ იცის, როგორ დაუკავშირდეს აკაკის. არც ერეკლე პასუხობს მის ზარებს. მხოლოდ ის და თათია არიან. პატარა, გადარჩენილი თათია, რომელსაც ვერაფრით გაურკვევია, რატომ ეხვევა ასე ხშირად თვალცრემლიანი დედა, რატომ უკოცნის პანიკურად პატარა, სუსტ თითებს.
–აქ რა გვინდა? – ეკითხება კიდევ ერთხელ, გადაღლილი და საავადმყოფოს მოსაცდელში, მაგიდაზე გაშლილ საკუთარ ნახატს დაჰყურებს, – ნახე დე, ხეები უკვე დავხატე. ხედავ?
–ლამაზია, დე.. – სუსტად უღიმის ქეთა და ოდნავ ჩაწყნარებულ სახეზე, ღრმა ამოოხვრით ისვამს ხელისგულებს.
–რა გვინდა აქ? – ვერაფრით ისვენებს თათია.
–ელენეა ცუდად, დე.. ოპერაციას უკეთებენ. თურე.. – ხმა უწყდება, არ უნდა ზედმეტად აანერვიულოს პატარა ონავარი და შეძლებისდაგვარად მსუბუქი, მშვიდი ხმით აგრძელებს ლაპარაკს, – სკოლიდან გამოსულა და მანქანა დაჯახებია, მაგრამ ძალიან მალე კარგად იქნება..
–ელეს? ელეს დაეჯახა მანქანა? – იმეორებს თვალებგაფართოებული და დედის წყლიან გუგებს ამჯერად დაკვირვებით, სევდიანად შესცქერის.
–ჰო, დე.. მაგრამ, შენ არ იდარდო, – ვედრება ერევა ხმას.
–რატომ? თუ ელეს მანქანა დაეჯახა, არ უნდა ვიდარდო? – უკვირს. ფეხზე წამომდგარი, ქეთას სხეულს უახლოვდება და უთქმელად ეკვრის მის კალთას. ისე თრთის, თითქოს წამიერად შეაციაო. დედის გულზე მიკრულს, ვერ გაურკვევია, თუ დედა ტირის.. თუ ელეს მანქანა დაეჯახა, რატომ ან როგორ არ უნდა იდარდოს. ან, საერთოდაც, როგორ მოხდა ასეთი რამ? ელენე ხომ ჭკვიანია.. ელენემ ქუჩაზე გადასვლაც იცის, დამოუკიდებლად ფეხსაცმლის ზონარის შეკვრაც და თათიაზე ლამაზი ხეების დახატვაც. როგორ დაეჯახა ელენეს მანქანა?!
–სტკივა? – ჩაფიქრებული, ჩურჩულით სვამს კითხვას და პასუხის მაგიერ, დედის თბილ ხელისგულს გრძნობს კეფაზე.
–არ ვიცი, დე..
–მისმა დედიკომ იცის? დავურეკოთ, დე. მოვა და ჩაეხუტება ელეს. ან.. ან, მამიკოს დავურეკოთ. ხომ იცი, მამიკოს ჩახუტება როგორ უყვარს ელენეს! – აღფრთოვანებულია საკუთარი თავით. მოსწონს, გამოსავალი რომ იპოვნა და დედის კალთაზე გამხიარულებული, მოუსვენრად ხტის.
–მოვა ელეს დედა.. მალე მოვა, – მიმქრალი ხმით ამშვიდებს ქეთა და სიტყვებთან ერთად, დერეფანში გამოჩენილ, სუსტ სხეულს ლანდავს. იმდენად სუსტს.. იმდენად მიმქრალს.. უფეროს.. უყველაფროს.. რომ გულის უჩვეულო ჩხვლეტას გრძნობს. და მისი შემყურე ხვდება.. მათკენ მომავალი, თმაგაშლილი, შეშლილი გამომეტყველების მიუხედავად, უცნაურად ლამაზი ქალი, იმ წამიდან ხდება მისი ახლობელი.

***
შორიდანვე ხედავს, როგორ ეტმასნება მათი სხეულები ერთმანეთს. აქამდეც უნახავს. ხშირად უნახავს, როგორ ცდილობს მარიტა მისგან შორს დაიჭიროს თავი და ამავდროულად, მაინც ჯიუტად ეკვრის. იქნებ, საკუთარი თავისთვის უნდა რამის დამტკიცება?! ან, იქნებ, ლექსო აშინებს?! როგორ.. რას უნდა აკეთებდეს, რომ გოგონას მასთან ყოფნას აიძულებდეს?!
იცის, რომ მსგავსი არაფერი ხდება.. იცის, მარიტა უთავბოლოო, ჩამოუყალიბებელი რომ არის და თუ სხვა, არარეალური მიზეზებით არ გაამართლა მისი საქციელი, ბოლომდე დაახრჩობს მოწოლილი ბრაზი და ბოღმა. და სწორედ ამიტომ, ასე.. მათი შორიდან ყურება ცოტაც და გულს აურევს.
–დამელოდე აქ, – სწრაფად აჩეჩებს გახდილ ქურთუკს ნიკას და ხმის ამოღებას არ აცდის, ისე მიიწევს ჭიშკრისკენ.
იმ სკამთან ჩამომდგარან, მაშინ.. ერეკლემ რომ პირობა დაადებინა გოგონას, არსად გაყოლოდა ლექსოს. ნეტავ თუ ახსოვს.. ნეტავ, საერთოდ რამედ თუ უღირს ერეკლეს თხოვნები.
–ჯანდაბა! – თავისთვის, თითქმის უხმოდ იკურთხება რამდენჯერმე და სწრაფად ისვამს თავზე უცნაურად აქავებულ ხელისგულს. ცოტაც და მათ წინ იდგება. მათ ხამს გაიგებს. ისე მიეჩქარება, ისე უნდა მალე ჩაკიდოს მარიტას ხელი, ვეღარაფრით ითმენს და ჩქარ ნაბიჯებს შეძლებისდაგვარად აგრძელებს. ხვდება, რომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და თითქოს ახერხებს კიდეც. მთავარია, ლექსოს ხელების უხეში, თავხედური მოძრაობა არ გაიაზროს ბოლომდე.. გულთან არ მიიტანოს.
–ერეკლე?! – ესმის მისი შეძახილი და უკვე მათ წინ მდგარი, ფართოდ იღიმის.
–გამარჯობა..
–რა გინდა აქ, ბიჭო? – უკმაყოფილოა ლექსო. ზედმეტად უკმაყოფილო და გაღიზიანებული მისი გამოჩენით. ერეკლეს კი უფრო მეტად ახალისებს ეს ამბავი. მარიტასკენ მიიწევს. მის გამოხვდილ ხელს თითებში იქცევს და რომ ხვდება, ლექსო მის გაშვებას წამითაც არ აპირებს, შორიდან აკრავს თითებზე თბილ ტუჩებს.
–გირეკავდი, მარიტა! – სცრის კბილებს შორის და ავწყდება, კეთილგანწყობის შენარჩუნებას რომ ცდილობდა. ავიწყდება ყველა მცდელობა ადამიანობისა და ინსტიქტურად იხევს უკან.
–არ მივაქციე ყურადღება, მაპატიე.. – იბნევა გოგონა.
ზედმეტად შებოჭილი ეჩვენება მის მკლავებში. მობუზული.. შეშინებული. და დაუფიქრებლად შუბლშეკრულ მარიტასაც, მოულოდნელად უხშირდება სუნთქვა, როცა ატყობს კეფასთან აცურებულ ლექსოს ხელს არაფრით აშორებს ერეკლე გამჭოლ მზერას.
–ერეკლე.. – ჩურჩულებს, თითქოს გამაფრთხილებლად და მავედრებელი მზერით ბურღავს მეგობარს, რომელიც იმავე წამს ყველაფერს ივიწყებს და თავისებური სიხისტითა და უეცრად მოვარდნილი სიმწარით წარმოთქვამს ერთადერთ სიტყვას
–წამომყევი!
–არ სცალია, ერეკლე, დაკავებულია, ვერ ხედავ? – მხოლოდ ლექსოს ხმა ისმის.
მარიტა არ იძვრის. წამითაც არ იძვრის და ერეკლე ხვდება, რომ ეს ლექსოს მის მხრებზე ჩაჭიდებული ხელების ბრალი სულაც არაა. ისე დაჟინებით შეჰყურებს არც თუ ისე შორიდან ბიჭს თვალებში, სახის ნაკვთებიც კი ეჭიმება. მომართული ტანით, მსუბუქად იშორებს ლექსოს ხელებს და მკლავებს მკერდთან აჯვარედინებს. სულ ოდნავ დაუღია პირი.. ჰაერს რომ მისცეს მის ფილტვებში მოძრაობის საშუალება, ნებისყოფამ რომ არ უღალატოს.. მოშორებით მდგარი, ყბებდაჭიმული ერეკლესკენ რომ არ მოუნდეს უკანმოუხედავად გაქცევა. და ისევ..
–წამოდი! – ეძახის კიდევ ერთხელ და რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება. ნელი, თუმცა მყარი, დიდი ნაბიჯებით. უახლოვდება, მარიტას სხეულის წინ ჩერდება და სულ რამდენიმე სანტიმეტრი რომ აშორებს მის სუნთქვას, კიდევ ერთხელ იღებს ხმას
–წამოდი მეთქი, მარიტა..
–შენ, ბიჭო, ლაპარაკი არ გესმის? – გოგონას ზურგს უკან იჯაგრება ლექსო და ყელმოღერებულს, ორიოდ წამი სჭირდება, რომ მუშტებშეკრული მისკენ გაიწიოს.
–გაჩერდი.. გაჩერდი, ლექსო! – მანამ ასწრებს ყვირილს მარიტა, სანამ ერთმანეთს დაეტაკებიან და ერთი თავით მაღალ ბიჭებს შორის ჩამომდგარი, ძლიერად აწვება შეყვარებულის გულმკერდს.
–გადაირიე? – ეკითხება უკვე ჩაწყვეტილი, დასუსტებული ხმით და უკვე მთლიანად მისკენ შებრუნებული, ადგილიდან დაძვრასაც ვერ ახერხებს.
ხვდება, ახლა თავად რომ არის ამ ყველაფრის ინიციატორი. ხვდება, მისი პროვოცირებულია ბიჭების საქციელი და იცის.. ზუსტად იცის, თვალებშიც ვეღარ შეხედავს მის უკან, უჩვეულოდ ჩუმად მდგარ ერეკლეს. იცის, რომ მის წინაშე აღარ არის მართალი. ან, იქნებ არც არასდოს ყოფილა?! იქნებ, ვერასდროს ხედავდა ერეკლეს მზერასა და დაჟინებულ ტონში იმას, რაც ყველაზე მთავარი.. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მთელი ეს დრო. ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ მის სიტყვებს უნდა დაყრდნობოდა უთქმელად. მათ პატრონის უნდა გაჰყოლოდა ლანდად.. უნდა მინდობოდა, ეფიქრა, გაეაზრებინა. უნდა მიმხვდარიყო, რომ მდგომარეობა, რომლის გადატანაც ახლა უწევდა, სულაც არ იყო საჭირო. არაფერი მოხდებოდა, რომ არა მისი სიჯიუტე, მიუხვედრელობა, თავნებობას აყოლილი საკუთარი, შინაგანი პროტესტი. ხვდება.. და ახლა იმდენად გვიანია, მისკენ გახედვასაც ვეღარ ბედავს. უაზროდ ეკვრის ლექსოს მკერდს და ვერც იაზრებს, მისი ეს ქცევა რამხელა ჭროლობებს აჩენს ერეკლეს გულში.
–შენ ხომ არ გგონია მოგითმენ, მარტო იმის გამო, რომ მარიტას ბავშვობის მეგობარი ხარ? – ჯერ ისევ აჯაგრული, ნერვებაშლილი ლექსო ჯიქურ შეჰყურებს მათ წინ ჩამომდგარ, გაყინული სახით მდგარ ერეკლეს და გრძნობს თუ არა, როგორ ებღაუჭება მარიტას თითები მის მაისურს, ოდნავ უკან იხევს.
–მარიტას და ჩემი მეგობრობის გამო არ ღირს თავის შეკავება, ლექსო, თუ რამე გაწუხებს! – ირონიას ურევს ხმაში ერეკლე და მის პასუხს აღარც ისმენს. უფრო მეტად უახლოვდება მათ სხეულებს, მკლავში ძლიერად ავლებს გოგონას ხელს და თავისკენ ქაჩავს.
–გინდა? დარჩენა გინდა? ბოლოჯერ გეკითხები.. – ეკითხება და თითქმის ძალით აბრუნებს თავისკენ. აცრემლებულს, ზემოდან დაჰყურებს და ვერ ხვდება, რატომ გაირთულეს ასე საქმე.
არ იცის, ახლა რა ტრიალებს მარიტას გულში. არ იცის, რამდენიმე საათის წინ, მის მოსვლამდე, თითქმის ძალით რომ დაიმორჩილა ერთი შეხედვით თბილმა, პატივსაცემმა შეყვარებულმა. არ იცის ერეკლემ, საშველად რომ მისწერა ის ერთი სიტყვა და იმის შიშით, რომ ძალადობის მსხევრპლი ან დაცინვის ობიექტი გახდებოდა, თავისი ნებით მიუძღვნა საკუთარი სხეული სხვას, უსიყვარულოდ.. ჯერ ისევ ახალგაზრდამ, ჩამოუყალიბებელმა. ახლა კი, ერეკლეს წინ მდგარს, მხოლოდ მის დაცვაზე ფიქრი უღრღნის გონებას და მოშორებით მდგარი ნიკას დანახვაზე შვებით ეღიმება
–წავყვები ერეკლეს, მეძებენ ალბათ სახლში, კარგი? – ღიმილით ბრუნდება ლექსოსკენ და მის გამოწვდილ მკლავებს ისევე ინსტიქტურად ეგებება, როგორც მანამდე.. მასთან გატარებული ყოველი წამისას.
–მეგონა დღეს ღამე დარჩებოდი, – ზემოდან დაჰყურებს ლექსო. დაკვირვებით ათვალიერებს მის მკერდზე ნიკაპდაყრდნობილი გოგონას სახის ნაკვთებს და ხვდება, სითბოსა და სიყვარულის რამდენად დიდი დოზა აკლია ამ მზერას.. ხვდება, მათ წინ მდგარი, მუშტებმომართული ერეკლეს ძალისხმევის სიმცირესაც და ისეთი შფოთვა იპყრობს, ოდნავ დაფეთებით შორდება მარიტას სხეულს.
–კარგი.. გაყევი და დამირეკე, კარგი? – ფრთხილად იხრება, აუჩქარებლად აკრობს მის გადაწმენდილ, ნაზ შუბლს ტუჩებს და ერთიანად შორდება.
ხედავს, როგორ ბრუნდებიან. როგორ მიიწევენ, ერთმანეთის გვერდით, სულ ცოტა დისტანციის დაცვით და თითქოს ეჩვენება კიდეც, როგორ იზიდავენ ერთმანეთის სხეულებს. ისე გადაუხრიათ მხრები, თითქოს ერთი სული ჰქონდეთ ერთმანეთის სხეულებს შეუერთდნენ. თითებიც უცნაურად უთრთით.. და მათი შემყურე, ხვდება, რამდენად რთული იქნება ერეკლეს მათი გზიდან ჩამოშორება.

***
ყველაფერს აიტანდა, ოღონდ მაცნე არ ყოფილიყო ამბის, რომელიც ქალს.. ქმრის ყოფილ საყვარელს მის წინ ართმევს ძალას. არასდროს ეფიქრა, თუ მასთან მისვლა, მის მუხლებთან ერთად საკუთარის მოხრა, მის ცრემლებთან ერთად საკუთარი ცრემლების დაღვრა და.. და მის გამხდარ მხრებზე საკუთარი მკლავების მოხვევა დასჭირდებოდა. და ამ ყველაფრის აბსურდულობას მხოლოდ მაშინ იაზრებს, მის წინ ჩამუხლული ქალის სხეული ფეთიანივით რომ შორდება მის სხეულს.
–გონზეა? – კითხულობს ევა და მომავალი რამდენიმე წუთი მხოლოდ ამ კითხვით შეჰყურებს თვალებში, – გონზეა? მითხარით, რა ხდება? სად ჰყავთ?
ვერაფერს პასუხობს. ვეღარც მის ათრთოლებულ მკლავებს ეხება. რამდენიმეწამიანი სითბოს გაცვლაც ზედმეტად ეჩვენება ახლა და სანამ სიტყვებს თავს მოუყრის, ხედავს, როგორ ეხვევიან ექიმები ევას გარს. ხვდებიან, დედამ რომ მოაკითხა პატარა ელენეს. ხვდებიან უკითხავად.. მისი მზერის შემყურე და პასუხობენ.. ეუბნებიან, რომ არ არის გონზე.. რომ ოპერაცია გაუკეთდა, რომ მისი პაწაწინა.. ერთი ციდა ძვლები დაზიანდა და მეთვალყურეობა სჭირდება.
–ღმერთო, დაგვიფარე.. – უნებურად, ყრუდ სწყდება ქეთას პირს სიტყვები და ინსტიქტურად იფარებს პირზე ხელებს. ხვდება, აღარაფრის გაკეთება შეუძლია. გარდა იმისა, რომ ქმრის უკანონო შვილს უდარაჯოს მოსაცდელში.. და უყუროს, როგორ ცდილობს ევა თავის ხელში აყვანას.
ნაცრისფერი.. მხრებთან მცოცავი კულულები ნერვიულად ირხევა დანამულ სახესთან. დაცრემლილ ლოყებს, უფერო ღაწვებსა და შიშიგან გალურჯებულ ტუჩებს ეკვრის. სწრაფად ამავალ–ჩამავალი მკერდიც უცნაური ჟინით ფეთქავს. ისე, შორიდანვე რომ შეამჩნევ.. ინსტიქტურად საკუთარი გულის ფეთქვასაც რომ შეუერთებ. და მიუხედავად სხეულის ასეთი უეცარი არევისა.. თხელი, ძვლებამომჯდარი მხრები მაინც მყარად ინარჩუნებს საკუთარ ადგილს. მხოლოდ ოდნავ, ძალიან ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად იხრება და ქეთა ატყობს, რამხელა ძალის პატრონია ერთი შეხედვით სუსტი, უცანაურად მშვიდი ევა.

***
–დამირეკეო მომწერე და არცერთ ჩემს ზარს არ უპასუხე..
–ვიცი, მაპატიე.
–დილიდან გირეკავდი, მარიტა.
–მაპატიე, მაპატიე.. – მისი მაისურის საყელოს ეკიდება თითებით.
–რა გინდოდა იქ? მითხარი, რა გინდოდა.. გუშინ ღამეც მასთან იყავი? – დახრილ სახეზე ავლებს ხელებს, მის შეწყითლებულ ღაწვებზე მოუსვენრად დაატარებს თითებს.
–მთხოვა, რომ დავრჩენილიყავი, – ბუტბუტებს მარიტა და უფრო მეტად ხრის თავს.
–დამღალე. ღმერთო, როგორ დამღალე! – ფეთქდება მოულოდნელად ერეკლე, უხეშად იშორებს მის ხელებს და კოპებშეკრული შეჰყურებს, – რა გინდა? როდემდე უნდა გდიო ასე, მითხარი. როდის უნდა მორჩეს, მარიტა?
–ყოველთვის ასე ნუ ფეთქდები, – მუდარას ურევს ხმაში პასუხად.
–კარგი. არ ავფეთქდები. არც იმაზე მექნება რეაქცია, ცუდად რომ მოგიხსენიებენ სკოლაში.. აღარაფერს გავაკეთებ. შენ თუ ასე მშვიდად იქნები, მე აღარაფერს გავაკეთებ, – უღიმის. უცნაური სითბოთი. და მარიტასაც ევსება იმედის ახალი მარაგი.
–მოდი უკან დავბრუნდეთ, – ახლა მის გონებას იცავს უნებური აღელვება, – იმ დროში, ყველაფერი რომ პატარა მარიტას და ერეკლეს გარშემო ტრიალებდა. იმ დროში, მარტო ერთმანეთის ნატკენი მუხლები რომ გვადარდებდა. ერთმანეთის მიტყუპებული ხელისგულებიდან რომ გვჩვეოდა წყლის სმა ბაღის ეზოში ჩამომდგრებს.. მოდი, ერეკლე, დავბრუნდეთ იმ დროში.. შენთვის ასე საძულველ წვნიანს რომ ხვრეპდი ჩემი თეფშიდან, მორჩებოდი თუ არა შენი ულუფის ჭამას, რომ მასწავლებლის მორიგი ბრაზი აგეშორებინა ჩემთვის..
–მორჩი, მარიტა.. არ მჭირდება ეს შენი სენტიმენტები! არ მჭირდება ჩვენი ბავშვობის გაფეტიშება. ისედაც ისევ ისეა.. ისევ იქ ვართ! – გაღიზიანებით აწყვეტინებს. ისე ამოსჯდომია ყელზე მსხვილი, გალურჯებული კაპილარები, მათი ხშირ ფეთქვასაც ხედავს უეცრად შემკრთალი გოგონა. ერეკლე კი, ვერაფრით ჩერდება, ვეღარ ახერხებს ემოციის შენახვას, – ზუსტად ისევე გაფარებ ხელს ლექსოსთან ურთიერთობისას, როგორც მაშინ, იმ საშინელი წვნიანის ჭამის დროს ვაკეთებდი. ისევე მეზიზღება საკუთარი თავი ასეთი ქცევისას. ისევ ისე მეძალება ყელში საზიზღარი გრძნობა, ისევ ისე მერევა გული! საქმე იმაშია, რომ არც გამოვსულვართ იმ ასაკიდან. არ მაძლევ საშუალებას, რომ წინ გადავდგა ნაბიჯი! არ მაძლევ საშუალებას, სხვა მხარეს მივბრუნდე, რომ შენი ბავშვობის მუდმივი თანამგზავრი კი არა, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი დაინახო ჩემში. კაცი, რომელსაც საუკეთესოდ თუ არა, იმაზე ნაკლებ ნაბიჭ*რულად მაინც შეუძლია მოგექცეს, ვიდრე ლექსო გექცევა!
–ერეკლე, რას ამბობ? – ათრთოლებულ თითებს პირზე იფარებს მარიტა.
–აღარ მინდა დამალობანას თამაში.. აღარ მინდა იმაზე ფიქრი, რა შემიძლია და რა არა.. სად გადის ზღვარი. არ მინდა საზღვრები. დავიღალე. დავიღალე და მეშინია, იმდენად არ დავიღალო, ბოლომდე გაუფერულდე ჩემში..
–მე.. შენთვის არ გავუფერულდები. ასე ნუ მელაპარაკები! – ცრემლები ადგება თვალებზე.
–წავიდეთ, წავიდეთ შენთან სახლში. იქნებ, გელოდება კიდეც დედაშენი.
–არ მელოდება, – სევდიანად ეღიმება, მაგრამ მაინც მიჰყვება გვერდით, – აღარ უპასუხებ მაგ ტელეფონს?
–მომიშალე ნერვები.. დამაწყვიტე. მთელი დღეა ქეთას ხმის გაგებასაც კი ვუფრთხი შენ გამო, – საყვედურობს სწრაფად, ჯუჯღუნით და ამღერებულ აპარატს იმ დღეს პირველად პასუხობს, – გისმენ, მა!
–ელენეა ცუდად, მოდი.
პირდაპირ.. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით აგებინებს ამბავს და ერეკლე, მამის ჩამწყდარი, მიკარგული, ზედმეტად ხრინწიანი ხმის გამგონე, ხვდება, ამბის შელამაზებულად გადმოცემაც არ შეუძლია.

***
ორი ქალია მის წინ. მისი ცხოვრების ორი ნაწილი. აწმყო და წარსული. ის წარსული, რომელსაც მათი საერთო იმედი ეცლება ხელიდან და დაბარებულივით, სწორედ ამ წარსულისკენ მიიწევს. ისე ეხვევა, ისე ბოჭავს საკუთარი მკლავებით, მის სუსტ სხეულს ერთიანად ეცლება ძალა.
–კარგად იქნება.. კარგად იქნება, აი ნახავ, როგორ კარგად იქნება! – ეჩურჩულება დაჟინებით, ათრთოლებული სხეულითა და სულ ერთი წამით ცოლისკენ გაპარული, აწყლიანებული თვალებით.
–დამტვრეულია. აკაკი, ჩემი შვილი დამტვრეულია.. მე რატომ არა, მე რატომ არ ვარ მის მაგივრად იმ პალატაში? – ყველა სახეს კარგავს ევა, გარდა დედისა. გამწარებული დედისა, რომელსაც მთელი სხეული უდუღს, ექავება.. ისე უნდება შვილის ყველა ჭრილობა საკუთარ სხეულზე იგრძნოს.
რომ შეეშინდეს?
რომ გამოიღვიძოს და უცხო ხალხის შეხება ვერ აიტანოს?
ზედმეტად მნათობმა პალატამ მზერა რომ დაუბინდოს?
–მშვიდად, გეხვეწები. – უღიმის და ფრთხილად ეხება მის უფერო შუბლს თბილი ტუჩებით, – მაპატიე, რომ პირველივე წამიდან შენთან არ ვარ. მაპატიე, კარგი? – თვალებში შეჰყურებს. მის შეშინებულ მზერას ყურადღებით ადევნებს თვალყურს და ძლიერად ეჭიდება თითებით სუსტ მხრებზე, – ჩამოჯექი და დაისვენე. ყველაფერს გავარკვევ, ქირურგებს პირადად მინდა გავესაუბრო. გესმის, ევა?
–ჰო, მესმის.
ხელებიდან ეცლება. საკუთარ ადგილს უბრუნდება, ქეთას გვერძე და ახლაღა ხვდება, მთელი ეს დრო გვერდიდან რომ არ მოშორებია ქალი. ნელა აბრუნებს მისკენ თავს, სველ სახეზე ისვამს ხელისგულებს და სიტყვებთან ერთად, ექიმებისკენ მიმავალი აკაკის სხეულს შეჰყურებს.
–მადლობა, ქეთა, ყველაფრისთვის.
ევას სიტყვებს იმ ბურანიდან გაჭირვებით გამოჰყავს, რამდენიმე წამის წინ რომ ჩაეფლო. ჯერ ისევ ქმრის სხეულზე აკრული ევას დავიწყებას ცდილობს.. მისი ტუჩების სხვა ქალის სახეზე ნაზ შეხებას და მზერას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათ.. აკაკის და ქეთას ურთიერთობასთან. ახლა კი.. სუსტი ხმით ამოხეთქილი მადლიერებით ნათქვამ სიტყვებს იმაზე მძაფრად განიცდის, ვიდრე საჭროა.
–არაფერია.. არაფერი, – პასუხობს და მზერას უსწორებს.
–არ ხარ ვალდებული აქ იყო, შეგიძლია წახვიდე, – უღიმის ევა და ღრმად ისუნთქავს ჰაერს, – ისედაც ბევრი გააკეთე ელენესთვის.
ვერაფერს კითხულობს ქეთა მის სიყტყვებში, გარდა გულწრფელობისა. უცნაური ქალია ევა მისთვის. წესით საძულველი, ოჯახის დამანგრეველი რომ უნდა იყოს, მაგრამ მაინც.. თავისებურად ერთგული საკუთარი პატიოსნებისა. მის სიტყვებს რამდენიმე წუთით ატრიალებს გონებაში და ბოლოს, თავადაც იღიმის. არ იცის რატომ.. არ იცის, როგორ.
–მირჩევნია აკაკის გვერდით ვიყო. ჩემი.. ჩემი ქმრის და მისი ქალიშვილის გვერდით, – პასუხობს მერე, მოგვიანებით და თავადვე სტკივა საკუთარი სიტყვები.
ახლა ხვდება, რამდენად დიდი საერთო აქვთ. როგორ შეიძლება მათი ყველა გზა გადაიკვეთოს. როგორ უკითხავად დააახლოვა ერთმა, უბრალო შემთხვევამ ერთმანეთს ეს ორი ქალი. მათი სურვილისგან დამოუკიდებლად. დაუნდობლად. უკითხავად.

***
–რომ მოკვდეს? – ფანქრის წვერი უხეშად ესობა ქაღალდს და პატარა ნახვრეტი ჩნდება უნიათოდ გაფერადებული სახლის ყვითელ კედელზე.
–თათია, სისულელეებს მოეშვი! – ბრაზდება ერეკლე.
–არ მინდა რომ მოკვდეს. ცოდოა. ხომ არ მოკვდება? – თავისას აგრძელებს თათია და გაბრაზებული, კიდევ ერთხელ ცდილობს ნახატის დაზიანებას.
–არ მოკვდება, რა თქმა უნდა, თათი, – უღიმის მარიტა. ფრთხილად აცლის ფურცლებსა და ფანქარს ხელიდან და მოშორებით აწყობს, – რატომ აფუჭებ?
–უშნოა!
–მე ძალიან მომწონს, ლამაზია, მართლა, – უღიმის და გულში იხუტებს.
–ნუ მატყუებ, მარიტა, – უბრაზდება თათია, მაგრამ მაინც არ სცილდება მის მკლავებს.
–ერეკლე შენზე უარესად ხატავს, არ იდარდო, – ეჩურჩულება ყურთან და პაწაწინა, მოკლეთმიანი გოგოს კისკისიც არ აყოვნებს. მხიარულდება. მათ წინ მჯდარ, უპეებჩაშავებულ ერეკლეს ეშმაკურად შეჰყურებს.
–რა მოხდა? – ფიქრებიდან ერკვევა ჩაფიქრებული.
–თათიას ვუხსნიდი, უნიჭო რომ ხარ, – უბრალოდ პასუხობს მარიტა და მის მოჟამულ სახეზე კიდევ ერთხელ ეღიმება.
–ხუთი წელი მაინც არ დავყავდი მამაჩემს ცურვაზე უშედეგოდ, – არ არჩენს ერეკლე.
–მშვენივრად ვიცი ცურვა..
–ჰო, მე გეკიდები კისერზე ყოველ წელს, აღელვებული ზღვის დანახვისას! – ფრუტუნებს და გვერდით აბრუნებს თავს.
ჯერ სრული სიჩუმეა. მერე, მოგვიანებით, გაჭირვებით ესმის მისი ნაწყენი ხმა:
–აღარ ჩამოგეკიდები. სულ არ შეგეხები, აღარასდროს..
ეღიმება. ეღიმება სითბოთი და იმ სიყვარულით, თავისდაუნებურად რომ უძვრება ყოველ მის ასეთ, ჯიუტად წარმოთქმულ სიტყვებზე გონებაში.
–შემეხე, მარიტა. შემეხე, ოღონდ ნუ გავიწყდება, რომ ყველა შენს შეხებას ვიმახსოვრებ, სახელს ვარქმევ და ჩემში ვინახავ..
როგორ იცის ზოგჯერ შეყვარებულმა ადამიანმა უბრალოდ ნათქვამ სიტყვებში მთელი სამყაროს გრძნობების ჩატევა.

***
მისი ქეთოს გვერდით ზის. გრძნობს მის შფოთვას, დაძაბულობას, ტკივილს. გრძნობს, რამდენად დაკარგულია და თბილად ხვევს მხარზე ძლიერ ხელს. მათგან მოშორებით, ერთმანეთთან მოლაპარაკე ბავშვებს ავლებს მზერას და ეღიმება. შუაღამეა. ერეკლე და თათია კი სიტყვის უთქმელად ათენებენ თავისი დის გამოკეთების იმედით. წარბსაც არ იხრიან. პატარა, მოუსვენარ ონავარსაც კი არ ამოუღია ამ ხნის განმავლობაში ხმა. მხოლოდ რამდენჯერმე იკითხა, გაიღვიძა თუ არა ელემ. აღმოჩნდა, რომ მისგან ხატვის ხრიკები უნდა გაეგო. იცის აკაკიმ, რომ დიდად ვერ იაზრებს თათია მდგომარეობას, თუმცა მისი გაფართოებული, შიშნარევი მზერა მაინც ბევრს ამბობს. ნერვიულობს. განიცდის. ეშინია, რამე ცუდი არ მოხდეს. იქვე, მუდამ ერეკლეს სიახლოვეს მყოფ მარიტასაც უცნაურ სიმშვიდეს ამჩნევს. თითქოს ვერავის რომ ამჩნევს, ვერავის აღიქვამს მისი ვაჟიშვილის გარდა. ჯერ ისევ ბავშვებისკენ აქვს მიმართული მზერა, ქეთას ხმა რომ ჩაესმის, მის თბილ სუნთქვას რომ გრძნობს კანზე
–არ ლაპარაკობენ?
–რა? რაო, ქეთო?
–ერეკლე და მარიტა, არ ლაპარაკობენ? ისე უბღვერენ ერთმანეთს..
–არ ვიცი, – ეღმება და ახლა ცოლს აპყრობს ჩაწითლებულ თვალებს, – მგონი, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარან, რა რთულია სწორი ადამიანის პოვნა.
–შენ იპოვე, აკაკი?
–არ უნდა სვამდე ამ კითხვას, ქეთო, – მის რბილ თმაში რგავს სახეს.
–ჰო, უკვე დაგვიანებულია.
–რა გაწუხებს? მითხარი, რა გაწუხებს.. ელენე კარგად იქნება. უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად იქნება. ზედმეტად ხარ შეშფოთებული, ქეთა.
–შეუშვეს ევა?
–შეუშვეს. უკვე მასთანაა. რომ გაიღივიძებს დედას დაინახავს ჩემი გოგო, – თვალები ეხუჭება. შვებით ისუნთქავს ჰაერს და ისევ მის თმაში ეფლობა სახით, – ელეს მდგომარეობა გაინთვალისწინეს და ეცდებიან, მასთან შეგვიშვან ხოლმე, ან მე, ან ევა.
–კარგია, მიხარია. ძალიან მიხარია.. – უცნაურად ტყდება ქეთას ხმა.
–ქეთო.. – იცნობს ცოლს. იცნობს მის ყოველ ბგერას, საკუთარზე უკეთ.
–მე.. მე ერთი წამით გამიხარდა ელენეს ეს მდგომარეობა, აკაკი, – წამიერად ენამება სახე. ისე სცვივა ცრემლები, ისე თრთის მთელი ტანით, აკაკი დაფეთებული შორდება მის სხეულს, – რომ დამირეკეს.. შენთან რომ დარეკეს და მითხრეს, რომ შენი ქალიშვილი უბედურების მსხვერპლი იყო, თათია მეგონა და.. და მერე, ელენეს ხსენება იმხელა შვება იყო. ღმერთო.. თავი არაადამიანი, უგულო, ბოროტი არსება მგონია! – სახეს იფარავს ორივე ხელით. მოწოლილ სიმწარეს ვეღარაფერს უხერხებს და უნიათოდ ცდილობს უხმო ქვითინი როგორმე ჩაიკლას. გრძნობს, როგორ ეხვევა ქმრის მკლავები თავიდან.. როგორ იკრავს კიდევ ერთხელ გულზე, როგორ რგავს გადაღლილ სახეს მის სურნელოვან თმაში და სულ ოდნავ რომ მშვიდდება, მისი ხავერდოვანი , დამამშვიდებელი ხმაც მაშინვე გაისმის
–ეს სიბოროტე არ არის, ქეთო. ეს ადამიანობაა. ყოველთვის ასეა.. გიხარია, როცა სხვაზე უკეთ ხარ. რადგან შენ უფრო ნაკლები დრო გაქვს გატარებული ტირილში. შენს შვილს იმაზე ნაკლები ტემპერატურა აქვს, ვიდრე გვერდით პალატაში მყოფ ბავშვს. შენი ქმარი იმაზე ლმობიერია, ვიდრე სხვა ქალის.. ეს ნორმალურია, ქეთა. ნორმალურია, როცა გიხარია, ახლა თათიასას კი არა, შენი ქმრის უკანონო შვილის სუნთქვას ყარაულობ.. ნორმალურია, თუ შვებით ამოისუნთქე, როცა გითხრეს რომ მას დაარტყა მანქანამ და არა შენს რომელიმე ღვიძლ შვილს.. ეს სიბოროტე არ არის, – ცრემლიან ლოყაზე უსვამს ღიმილით ხელისგულს და თავისკენ იზიდავს.
ალბათ, მხოლოდ ნათელი მხარეები არ აქვს სიყვარულს. ალბათ, მრავალმხრივია.. ზოგჯერ ხომ შესაძლებელი ყოფილა საყვარელი ადამიანის გადარჩენაზე ფიქრი ცუდ, მანამდე დაფარულ, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში მიმალულ სურვილებს გიჩენდეს, ცუდ ადამიანადაც გაქცევდეს რამდენიმე წამით. ალბათ, მართლაც არაადამიანური შვებაა, როცა იცი.. შენსას არა, სხვისი შვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

***
ბედნიერებას საკუთარი ცრემლები აქვს. სულ სხვაგვარი – მჩატე, სუფთა და თბილი.
სწორედ ამას მოწმობს პალატიდან გამოსული ევას თვალებიც – შეზავებული ადიდებული ცრემლითა და ცოტაოდენი ბრწყინვალებით.
–გაიღვიძა.. გაიღვიძა და წყალი მომთხოვა. მშვიდად და ჯერ კიდევ სუსტად არის, არც შეტევა ჰქონია, არც რაიმე ზედმეტი კითხვა დაუსვამს. მხოლოდ საკუთარ ოთახში ყოფნა მოითხოვა, არ მოეწონა ახალი გარემო, – ერთი ამოსუნთქვით აყრის სიტყვებს ერთმანეთს და ბოლოს იღიმის. იღიმის არაამქვეყნიურად, რადგან შვილი გადაურჩა.
–ჩემი პატარა გოგო! – შვებით ისუნთქავს ჰაერს აკაკი. მოუთმენლად ისვამს თავზე ხელებს და აცრემლებულ ევას შეჰყურებს, – დაიძინა?
–ჰო, წამლის ზემოქმედების ქვეშაა. უნდა ეძინოს, რომ მოღონიერდესო.. შენც შეგიშვებენ, აუცილებალდ შეგიშვებენ, – დაპირებასავით ჟღერს ევას სიტყვები.
–რამე სტკიოდა?
–ალბათ.. არ ვიცი. სულ რამდენიმე წამით ველაპარაკე და... და მომინდა მხოლოდ დამემშიდებინა. არ მომინდა ტკივილზე ლაპარაკი. თაბაშირში აქვს კიდურები, აკაკი.. ორივე ხელი და პატარა, ერთიბეწვა ფეხი. დაიბნა.. დაიბნა საკუთარი თავის დანახვისას, – ვეღარ ითმენს. ტირილი უტყდება და გაჭირვებით ცდილობს თავის დამშვიდებას.
–კარგად იქნება, ევა. ყველაფერმა ცუდმა თითქმის გაიარა.. გადაგვირჩა. სასწაული ელენე გადაგვირჩა, – თავზე უსვამს დიდ ხელისგულს. იქვე მდგარ სკამზე ოხვრით ჯდება და მასაც თავისთან იხმობს, – ჩამოჯექი..
რამდენიმე წუთით ჩუმად არიან. ვეღარცერთი იღებს ხმას. გაიარა.. რთულმა საათებმა გაიარა და ელემ პირველად, სულ რამდენიმე წამით, თუმცა მაინც გაახილა თვალი. ნახა პატარა ელენე დედამ.. ნახა და ნაზ სახეზე თბილი კოცნითაც დაუამა ტკივილები. ახლა კი.. ერთმანეთის გვერდიგვერთ ჩამომსხარ მშობლებს, აღარაფერი დარჩენიათ, გარდა განვლილ საათებში გაჩენილი იმედის განმტკიცებისა. რადგან ახლა ამის დროა. რადგან ელენემ სათანადოდ იბრძოლა. რადგნ სჯერათ, რომ მცირე ტვინის შერყევა და მოტეხილი კიდურები, ვერაფერს დააკლებს მათ გოგონას.
–განყოფილებაში ყოფილხარ.. – ჩამოწოლილ სიჩუმეს არღვევს ევა.
–ჰო..
–რა მოხდა, აკაკი?
–მინდოდა მენახა ადამიანი, რომელმაც კინაღამ ხელიდან გამოგვაცალა ელენე.
–მერე? – სუნთქვა ეკვრის. მზერაც ებინდება, სულ ოდნავ..
–ერეკლესხელა ბიჭია, თითქმის, – სევდიანად ეღიმება და მის ათრთოლებულ თითებს საკუთარით ეჭიდება, – პატარა ბიჭი, რომელსაც კიდევ უფრო პატარა გოგონამ გადაურბინა წინ..
–ღმერთო..
–ცაში იყურებოდაო, დროულად გაჩერება ვერ მოასწრო. დაიბნა.. დაიბნა, რადგან ცისკენ მზერაგაქცეულ ჩვენს პატარა ქალს ვერაფრით მიაწვდინა ხმა..
–რას უყურებდა? რა დაინახა, აკაკი, ნეტავ..
–არ ვიცი, ევა, არ ვიცი და არც მინდა გავიგო. მხოლოდ იმის სურვილი მჭამს, აქედან გაყვანისას, მჭიდროდ ჩავჭიდო ხელი და დარჩენილი ცხოვრება ასე ხელჩაკიდებულმა ვატარო..
–რა დაგვემართა? რატომ.. ჩვენ რატომ დაგვემართა? – ინსტიქტურად, ნერვიულად ეღიმება ევას და დაცვენილ ცრემლებს სასწრაფოდ იწმენდს.
–ერთადაც კი ვერ ვახერხებთ ყურადღების სათანადოდ გადანაწილებას, ევა.
–აკაკი..
–არა, არა, მისმინე! ახლა ორივე ვყავართ და მაინც მისი პალატის წინ ვსხედავართ, მაინც გვეშინია.. შენ კი, მის წაყვანას აპირებ! იმდენად შორს, რომ.. რომ დამჭირდეს, საათების განმავლობაში ვერ გავჩნდები მის გვერდით! – გაღიზიანებით იქნევს ხელს და ფეხზე წამომხტარი, ერთიანად წითლდება სახეზე, – არსად წახვალთ, ევა. ვერ ჩაკიდებ ჩვენს შვილს ხელს და ვერ წახვალ აბსურდული მიზეზით, რომ მისთვის გინდა უკეთესი! შენ შენს თავს გინდა რომ გაექცე, შენს არშემდგარ პროფესიასა და ურთიერთობებს.. ცდილობ საკუთარ ცხოვრებას აარიდო თავი, რადან ვერ კმაყოფილდები, ვერ გრძნობ თავს კარგად! – ერთიანად იცლება და გულამოვარდნილი, საკუთარ მუხლებს ეყრდნობა ხელისგულებით.
–ბევრი რამ არ გესმის აკაკი! – ტირილით ამოთქვამს სიტყვებს ევა. მეტისმეტია. აღარ შეუძლია. თავისუფლად სუნთქვა, კიდურების მსუბუქად გარხევაც არ შეუძლია.
–რა.. მაინც, რა არ მესმის? სცადე, ევა.. ამიხსენი.
–საკუთარი რწმენის, გრძნობების, საკუთარი სიმართლის მიღმა უნდა შეგვეძლოს ხედვა. შენთვის სიმართლე და სწორი საქციელი შეიძლება სულაც არ იყოს ჩემთვის მისაღები, აკაკი.. ელენემ მასწავლა. ჩვენმა ელენემ მასწავლა, რომ შესაძლებელია სხვისგან მიუღებელი ან წარმოუდგენელი, თუმცა საკუთარი, ღრმა რწმენები გამაჩნდეს. სწორედ ასე სწამს მას.. მას ღმერთები ჰყავს ჩვენი სახით.. იცი ეს რას ნიშნავს? რომ გგონია ფუჭად გაატარე მთელი ცხოვრება, არაფერი ღირებული დაგითესავს.. საკუთარი თავით უკმაყოფილოს მჭიდროდ რომ დაგიხუჭავს თვალები, ოღონდ შენს გარშემო გამეფებული ერთფეროვნება არ აღგექვა და ამ დროს.. ასეთ დროს საკუთარ შვილს ღმერთად მიაჩნიხარ, იცი ეს რას ნიშნავს, აკაკი?
–ევა..
–ეს ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი იდეალურები ვიყოთ! არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი გზით ვიაროთ!
–ეს ნიშნავს, რომ ელენეს ფართო, თუმცა თავისებური ხედვა აქვს, ევა.. და რწმენათა უსასრულო რიგი, რომელსაც საკუთარ სიტყვებსა და მზერის მიღმა მალავს. ჩვენ ვერასდროს გავიზიარებთ მის თვალთახედვას ბოლომდე.. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ელენეს რისი ან რატომ სწამს. ფუჭი იმედია შენი სიტყვები და სხვა არაფერი. იმედი დედის, რომ თავისი ერთადერთი, აუტისტი შვილი იმაზე მეტს აძლევს, ვიდრე რეალურად ჩანს..
–გაჩუმდი! გაჩუმდი, სანამ შენს მიმართ ნდობა დამიკარგავს, აკაკი..
ევას გამწარებულ, მრისხანებაშერეულ ტონზე ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა. ხვდება, რამდენად გაუცრუა საკუთარი სიტყვებით დაგროვილი იმედები მის წინ ჩამომდგარ, თვალბგაფართოებულ ქალს და გადაღლილი, ერთიანად გადამწვარი, ღმა სუნთქვას იშველიებს გონზე მოსასვლელად.
–იმის თქმა მინდა, რომ იმაზე მეტს ვერ დავაკისრებთ ელენეს, ვიდრე მისი ჩვენს შვილად ყოფნაა, ევა. ამაზე მეტს ვერ მოვთხოვთ..
–არა, აკაკი, არ გინდოდა ამის თქმა, – ირონიულად ეღიმება ევას, – თუმცა, სულ ერთია. შენ კარგი მამა ხარ, კარგი ქმარი.. კარგი ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემზე რას ფიქრობ. აღარ აქვს..
–ნუ ამბობ ამას, ევა.
–არ მწყინს. მესმის კიდეც.. იმდენად ბევრ ნაწილად იხლიჩები ბოლო წლებია, საკუთარ ფიქრებში ირევი. არსად მიმყავს. ნუ შეშინდები.. არ მიმყავს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ასე გადაირიე, – ისევ ეღიმება. გულწრფელად, თუმცა ოდნავი გულისტკივილით, – არ მიმყავს, რადგან მივხვდი, იმაზე მეტს დავკარგავ წასვლით, ვიდრე შეიძლება მომავალში იქ შევიძინო..
–ევა..
–ყველაფერი მწყობრშია, არ გინდა ამ მზერით ყურება, გეხვეწები..
–არ მინდოდა შენი ტკენა, ევა, – ოხრავს აკაკი და მისკენ მიიწევს, მაგრამ ხედავს, როგორ კრთება ქალი. არ უნდა ახლა მისი შეხება. არაფერი უნდა ქალიშვილის კარგად ყოფნის მეტი.
–ვიცი, რომ არ გინდოდა..
ეძვირფასება. უყვარს. ხვდება, რომ უყვარს. ისე არა, როგორც ქეთა.. ისე არა, როგორც ცხოვრების თანამგზავრი, თუმცა საოცრად უყვარს. სასწაულად მიაჩნია მისი საკუთარ ცხოვრებაში გამოჩენა და ახლა, ევას გულნატკენ მზერას საკუთარი სიტყვების გამო, ვერაფრით პატიობს თავს.
–მჯერა, რომ ღმერთები ვართ.. – ჩურჩულით იწყებს, უკვე ძალაგამოცლილი და თბილად იღიმის, – მჯერა ელენეს ამ რწმენის. მჯერა, რომ განსაკუთრებულია. მჯერა, შენი სიძლიერის. უკეთესი დღეების. გაზიარებული სიყვარულის და მომავლის, რომელშიც ყოველთვის ხართ შენ და ელე.
ევა მხოლოდ უღიმის. კიდევ უფრო მშვიდდება. მამაკაცის აღიარებას თითქოს ბოლომდე ისისხლხორცებს და გამოფიტული, ნეტარი სახით ეყრდნობა კედელს.
–წაიყვანე ბავშვები სახლში, ძალიან დაიღლებოდნენ აქ. ხვალ–ზეგ ნახვის საათებს გამოყოფენ და მოაკითხონ ელეს..
–შენც უნდა დაისვენო, ევა.
–დავისვენებ! – უღიმის და მერე, მის ნაბიჯებს აყოლებს მზერას.. ნაბიჯებს, რომლითაც საკუთარ ოჯახს უახლოვდება. ხედავს, როგორ ეფერება პატარა თათიას, როგორ ეხება მხარზე უკვე ზრდასრულ ერეკლეს და როგორ ეკვრის ცოლის ნაზ მხრებს. ყველა გზა მათკენ მიდის. ყველა ნაბიჯი. ყოველთვის ასე იყო. გამოუძინებელს ახლაღა აწუხებს თვალების უცნაური წვა და სანამ ფეხზე წამოდგება, რომ მისკენ ღიმილით მომავალ გეგას დასამშვიდობებლად მოეხვიოს, ტელეფონის ზარი ყინავს ადგილზე
–უპასუხე, მხოლოდ დამშვიდობება მინდოდა, ბავშვებს დავტოვებთ სახლებში და ძალიან მალე დავბრუნდებით, – უცებ აყრის სიტყვებს გეგა. ეხვევა და მალევე შორდება.
მარტო დარჩენილი, უხმოდ დაჰყურებს განათებულ ეკრანს და წინასწარ ხვდება, პასუხისას მის ჩვეულ, ღელვანარევ ტონს რომ გაიგებს. არც ცდება. სიტყვის თქმას ვერ ასწრებს ევა, მისი სიტყვები რომ იჭრება გადაღლილ გონებაში
–ხომ იცი, რომ სამსახურიდან ვერ გიკავშირდები, ევა. შენ კი შესვენების დროსაც არ მპასუხობს. სად ხარ ამდენ ხანს, შენთან ვიყავი..
–გიო, კლინიკაში ვართ..
სიტყვებთან ერთად, ხვდება, როგორ სჭირდება. ხვდება, როგორ უნდა წინ ედგეს. ამჯერად საფუძვლიანი, თავისებური ღელვა მის წინ, მზერის გაცვლით გაუზიაროს და უცნაური მონატრება.. მისი სითბოს ასეთი მძაფრი საჭიროება საკუთარ სისუსტეში ამტკიცებს.
–მოდი.. მოდი ჩვენთან, გიო!
ეხვეწება თითქმის, მიუხედავად იმისა, რომ იცის, არ არის საჭირო ვედრება.. და მერე, მისი მკლავები იმაზე მჭიდროდ ეხვევა, ვიდრე წარმოედგინა. იმაზე მეტად უზიარებს სიძლიერეს, ვიდრე იცონებებდა.

***
–სხეული მტკივა.. თავი, ძვლები, თვალის კუნთები.. მთელი სხეული საშინლად მტკივა, გიო. ისე, თითქოს მთელი დღეა მუხლმოუხრელად ვიშრომე..
–გადაიღალე. გონებით დაღლა ყველაზე მტკივნეულია.. ასეთ დროს იღლება ადამიანი ყველაზე მეტად. შენ დაიძინე. ჩვენ ვუდარაჯებთ შენს მაგიერ მის ძილს. ძალიან გთხოვ, ევა, – გიოს თვალებში სიმშვიდე ირეკლება. სიმშვიდე და სიძლიერე, რომლითაც ევას დაყოლიებას ახერხებს. მხარზე ხვევს ძლიერ მკლავს და არ აინტერესებს მათკენ მომართული მზერები. არაფერი ადარდებს ახლა, ევას სიმშვიდის გარდა. გრძნობს, როგორ ითენთება მის მხართან მობუზული, საყვარელი ქალი და მისი თბილი ტუჩების შეხებასაც მალევე გრძნობს მფეთქავ არტერიასთან. ევა მხოლოდ მის გასაგონად.. მხოლოდ მისთვის ლაპარაკობს
–ზოგჯერ, მთელი ღამე მიწევს მისი ხელით რწევა. ახლა, პალატაში მარტო, გამაყუჩებლებით გაბრუებული რომ წევს, ვოცნებობ ასეთ ღამეებზე. მირჩევნია კუნთების ტკივილისგან ფეხზე დგომა აღარ შემეძლოს, ვიდრე აქ.. მოსაცდელში ვიჯდე სითბოსა და გარშემომყოფთა მიერ გაჭირვებით შექმნილ სიმყუდროვეში.
–ხვდები მაინც, რამდენად ძლიერი ქალი ხარ, ევა? – ეღიმება გიოს, – ხვდები, აი იქ.. მოშორებით მჯდარმა კაცმა რამხელა ძალა დაკარგა შენი დაკარგვით?
აკაკისკენ აპარებს მზერას. ჯერ კიდევ ვერ შეჩვევია ფაქტს, რომ ევა უარყვეს. მერე რა, რომ თავისთვის უფრო ემეტება. მერე რა, რომ ახლა გზა ხსნილი აქვს.. ვერ ხვდება, როგორ შეეძლოთ მისი მიტოვება.
–არ მივუტუვებივარ, გიო. მე.. თავად გავუშვი..
გრძნობს, როგორ ეჭიმება სხეული მისი სიტყვების მოსმენისას. მხრებში გასწორებული, ვეღარაფრით ახერხებს ემოციების დამალვას და სწრაფად ეჭიდება ევას ნიკაპს.
–ეს არასდროს გითქვამს ჩემთვის..
ევას ეღიმება. მის ნათელ, გაფართოებულ თვალებს სიყვარულით შესცქერის და ძილბურანში მყოფი, ნაზი ხმით ეჩურჩულება
–იცი.. ერთ ღამეს, კლუბიდან გამოვდიოდით. აკაკი ისეთი მთვრალი იყო, ერთი და იმავე ბოძს სამჯერ დაეჯახა, მანქანის ძებნაში კრუგებს ატყამდა და ვერცერთხელ ასცდა, – უნებურად ეცინება, მთელი გულით და ისევ გიოს თვალებს უბრუნდება, – ფეხი ერეოდა, მაგრამ მაინც ჩემკენ აპრებდა მუდამ მზერას. ჩემი პატარა ქალი სადმე არ დაეცესო, მუდმივად ამას იმეორებდა.
–ევა.. – არ მოსწონს ამ ყველაფრის მოსმენა. არ უნდა. რადგან ასეთ დროს ახსენდება, რა არის სიძულვილი.. შური. ევა კი აგრძელებს. ჯიუტად, შეუჩერებლად, მხოლოდ მისთვის..
–სასმელისგან გონებაარეული, უცნაურად იქცეოდა. მგონი, დაგროვილ ემოციებს ვერაფრით უყრიდა თავს. წელზე ძლიერად მხვევდა ხელს და მგონი.. შეგრძნება ჰქონდა, რომ გავუჩინარდებოდი. მაშინ ასეთი ასოციაცია გამიჩნდა..
–რატომ მიყვები ამას, ევა? – უცნაურად იძაბება. ვერ იტანს მათ რომანს.. ვერ იტანს იმ თვეებს, რომლებიც ერთად გაატარეს.. რომლებშიც აკაკი იყო ევას ზურგი, მეგობარი, მეორე ნახევარი.
–ჩვენი დაშორების წინა დღე იყო. მაშინ.. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მეორე საღამოს თუ მარტო მომიწევდა საკუთარ, უსულო სახლში გათენება.
–კარგი რა, ევა! – ყელში ამოსდის გიოს და მოუთმენლად ისრესს თვალებს.
–ხომ გინდოდა გაგება რატომ გავუშვი?
–მინდოდა.. შენ კი ღამის კლუბიდან გამოსულ ბედნიერ წყვილზე მიყვები, ფეხი რომ ერევათ და ერთმანეთს ეკიდებიან კისერზე. ასეთი ათასი ღამე გაგვიტარებია ერთად, ევა!
–მაშინ.. იმ ღამეს, მანქანამდე სანამ მივაღწევდით, თავისთვის.. უნებურად წამოსცდა სიტყვები: „ნეტავ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ნეტავ, არასდროს გამეცანიო..“ გიო, მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცლებოდა და მეც თან ჩამიტანდა. პირველად გამიჩნდა ასეთი შეგრძნება.. ასე ცხადად პირველად ვიგრძენი, როგორ ნანობდა ჩემთან ყოფნას. არა იმიტომ, რომ ვერაფერს გრძნობდა. პირიქით.. ნანობდა, რადგან გრძნობები გაუჩნდა, სიყვარული და სითბო გაჩნდა და რაც უფრო ღრმავდებოდა ეს ემოციები, მით უფრო ცხადად ხედავდა ქეთასთან დაშორების საშიშროებას. ამიტომ.. იმავე ღამეს, ცივი აბაზანის მერე.. გამოვფიხლდით თუ არა, ჩემგან წასვლა ვთხოვე.
–ევა..
–ვთხოვე წასულიყო და გაეკეთებინა ის, რაც სწორად მიაჩნდა. ასეც მოიქცა.. საკუთარი ფეხით რომ წასულიყო, თავი შესძულდებოდა, გიო. ჩემმა უარმა კი გადაარჩინა. აფიქრებინა, რომ ასე უნდა ყოფილიყო.. რომ დროებითი იყო ჩვენი ამბავი..
–მისგან ორსულად იყავი, ევა! – აღშფოთება, ბრაზი, უკმაყოფილება ერევა გიოს ხმას.
–არ ვიცოდით ჯერ არცერთმა ელენეს არსებობა მაშინ..
–ხომ გაიგეთ, მერე ხომ გაიგეთ.. არ გაგიჭირდა?
–ელენე? – ეღიმება ისევ.
–ყველაფერი..
–არ იყო ადვილი, – ოდნავ ირხევა და გიო ხვდება, რომ მხრებს იჩეჩს, – შემდეგ დღეებში, მის გარეშე რომ გავიღვიძე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საშინლად ვიყავი გამოუძინებელი. წინა დღეებზე ფიქრი იმდენად მიჭამდა გულს, ისე მატკიებდა თავს, ისე მაცლიდა კიდურებში ძალას, ძლივს ვახერხებდი საწოლიდან წამოდგომას. ტერფებით რომ შევიგრძენობდი ხოლმე სიცივეს, მოულოდნელად მაჟრჟოლებდა. ყოველ ჯერზე.. მაგრამ მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი სვლას სააბაზანოსკენ. ვერ ვხვდებოდი, რაღა აზრი ჰქონდა კომფორტს. რა აზრი ჰქონდა იმას, რომ ურთიერთობები იწყება, თუ მათი დასასრული ასეთი უნდა ყოფილიყო.. ჩვენივე ხელით დანგრეული. ახლა.. რომ მახსენდება ყველა ეს დეტალი, ვხვდები, რამდენად ღრამდ ილექება ადამიანის გონებაში ის დღეები, როცა მარტო გრძნობს თავს. ყველაზე მკაფიოდ სწორედ ასეთ დროს უკვირდები საკუთარ, ფიზიკურ ტკივილებსა და შეგრძნებებს, უშნოდ ჩამოყრილ თმას ან მომატებულ რამდენიმე კილოს. თუ მარტო ხარ, ყველაფერი ბევრად მძაფრად, დამახინჯერბულად გეჩვენება..
–ეს ამბავი არ მომწონს, – ეცინება მოულოდნელად გიოს.
–რა?
–დაკლებული რამდენიმე კილო. ნუთუ ისევ აკაკის მისტირი? – უფრო მეტად მხიარულდება და შეკრულ კოპებზე ატყობს კოცნას.
–როგორ მიხვდი!
–ოჰ, ევა, როგორ დაისჯები, – თბილი ღიმილით აწევინებს თავს და ფრთხილად ეფერება სახეზე, – დაიძინე.. წაუძინე, პატარავ.
–და შენ უდარაჯებ ჩემი ელენეს ძილს, – იმეორებს მის სიტყვებს და მის მკლავებში კალათდება.
–შენი შვილია, თუმცა ჩემი ცხოვრების ნაწილიცაა ელენე, ამიტომ მშვიდად იყავი, შენ გარეშეც შევძლებ მასზე ზრუნვას.
–ძალიან კარგი, მე და აკაკი თუ მოვკვდით, შენ დაგიტოვებ, – ფრუტუნებს უკვე მოხუჭული თვალებით და გრძნობს, როგორ ეფერება ლოყაზე ხელისგულით მამაკაცი.
აღარაფერს პასუხობს უკბილო ხუმრობაზე. მესაკუთრესავით ითვისებს მის გამხდარ სხეულს, ძლიერად ჩაჭიდებული ხელებით ჰაერში აფრიალებს და მუხლებზე ისვამს. მხოლოდ რამდენიმე წუთის გასვლაა საჭირო, რომ ევას ღრმა სუნთქვა აღიქვას საკუთარ სხეულზე და ერთ ადგილას იყინება. უნდა, ცოტაოდენი კომფორტი მაინც შეუქმნას გადაღლილს. უკან გადახრილი, მჭიდროდ ეყრდნობა მოუხერხებელი სკამის საზურგეს და მშვიდი სუნთქვით აპარებს მზერას მოსაცდელში გაფანტული ხალხისაკენ. ჯერ არ იცის ახლა რა მოელით. არ იცის, რა იქნება მომავალში, მაგრამ ევასა და მისი პატარა ქალიშვილის საკუთარ ცხოვრებაში გაბატონებას ვეღარაფერს უხერხებს.

***
ელენეს პალატას ღია მწვანე კედლები აქვს, ხის კარადები და დაბალი, გრძელუჯრებიანი კომოდი, რომლებზეც ახალთახალი, მინდვრის ჭრელი ყვავილები შემოუდგამთ. თეთრ ჟალუზებს მიღმა შემომავალი შუქი მის გახუნებულ ზეწარსა და თავისუფალ, ოთხკუთხა კიდეებს ანათებს. გამტყდარ ზოლებადაა არეკლილი სხივები საწოლის ნაცრისფერ სახელურებზე და ელენეს მოსწონს მათი ყურება. უკეთაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეუბნებიან, და ელენეც იჯერებს. რადგან დედას და მამას არ უყვართ მისი მოტყუება. მაგრამ მაინც წუხს..
–მოძრაობა არ შემიძლია.. – ჩურჩულებს და შეწუხებულ, დაცვარულ სახეზე ოფლის ახალი ნაკადი იწყებს დენას.
–სულ ცოტაც, ელე.. სულ ცოტაც და შეეჩვევი თაბაშირს. მოდი, წამოვჯდეთ, გინდა?
დედის ხმას სიმხნევე აკლია. ხვდება ელენე ამას და მხოლოდ თავს აქნევს. წამომჯდარი, ზურგით ეყრნობა მის მიერ გასწორებულ ბალიშს და პატარა ბავშვისთვის უცხო ოხვრით ისუნთქავს ჰაერს.
–რაო, ელე? – უღიმის ევა, – დაიღალე არა, დე?
–მამა მოვიდა, – თვალი უშტერდება. კარის ჩარჩოსთან ჩამომდგარ სხეულს აპყრობს ნათელ მზერას.
–მამა მოვიდა ელენესთან და ახალი გასართობი მოუტანა! – ღიმილით მოიწევს ოთახის შუაგულში აკაკი.
უკვე აქეთ–იქით უსხედან. უხმოდ აკვირდებიან მისი ნაზი თითების მოძრაობას, რომლითაც გაჭირვებით ცდილობს პატარ–პატარა ფიგურების ერთმანეთზე გადაბმას. ცალი ხელი თაბაშირში აქვს. მეორე კი არ ჰყოფნის. წვალობს, ხასიათი უფუჭდება.
–დაგეხმაროთ, დე?
–შავი შავზე.. წითელი წითელზე.. – განკარგულებას აძლევს მშობლებს და შვებით ისუნთქავს ჰაერს.
ხუთი გრძელი, წითელი ფიგურა.. ათი მოკლე, შავი, ოვალური ნაწილი.. ყველაფერი ერთმანეთს უერთდება და ელენე იღიმის. ამ დღეების განმავლობაში პირველად.
–რა გამოდის, ელე? – ეღიმება აკაკის.
უცნაურ, მოგრძო ნაწილს ატრიალებენ დროდადრო ხელში. წარმოდგენა არ აქვთ რას აწყობს ელენე.
–კიდევ რამდენიმე წითელი..
ეხმარებიან. მის მითითებებს ასრულებენ და ერთმანეთში გაცვლილი, ბედნიერი მზერით, ცდილობენ ქალიშვილს არ აგრძნობინონ, რომ ამოუცნობი საგნისთვის სახელი ვერაფრით დაურქმევიათ.
–ლამაზი გამოდის! – სასაცილოდ ისვრის სიტყვებს ევა და აკაკის ფხუკუნს წარბშეკრული ხვდება.
–გადახურვა აკლია, – შეპყრობილია ელენე. ცალი ხელით, მოუხერხებლად, მაგრამ მონდომებით ასრულებს აწყობას და სანამ დედ–მამა ხმას ამოიღებს, მანამ აწვდის ინსტიქტურად ხელისგულგამოშვერილ მამას დასრულებულ ლეგოს
–ამოატრიალე..
ხომალდია. ლამაზი, სრულყოფილი, რამდენიმესართულიანი ხომალდი. ერთი სართული წითელია, მეორე – შავი, მერე ისევ წითელი და ასე.. სულ ექვსი ცალი.
–ძალიან ლამაზია, ძალიან! – ახლა გულწრფელად უკვირს ევას და ცრემლები ადგება თვალებზე.
მეტისმეტია ამდენი ცრემლი. იცის, მაგრამ თავს ვერაფრით იკავებს.
–ჩემი ჭკვიანი, ცალხელა მეზღვაური ელენე, – ხმამაღლა, ომახიანი ხმით იცინის აკაკი და მასაც იყოლიებს. აკისკისებულს, ნაზად უსვამს სრიალა თმაზე ხელს და პატარა გულისკენ დახრილი, მის მკერდში ეფლობა სახით.
–უყვარს მამიკოს ე ლე ნი კო! – ყრუდ მოისმის მამაკაცის სიტყვები.
–უყვარს მამიკოს ე ელე ნი კო! – იმეორებს ელენე და დედის ცრემლიანი სახისკენ იშვერს თავისუფალ, საღ მკლავს.
მამა მის გულთანაა, დედის ცრემლები – ხელისგულთან. ელენეს ხომალდი კი მის კალთაში. გახუნებული, ღია მწვანე ზეწრით დაფარულ, პატარა კალთაში.

***
ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამორბის. იმდენად ჩქარობს, აბურდული თმა სახეში ეცემა და მოუსვენარი წუწუნით იყრის მხრებზე.
–სად მიდის? – თვალები შუბლზე ასდის გამოწყობილი მარიტას დანახვაზე გეგას და მის წინ, დივანზე ფეხებაკეცილ, მომღიმარ იაკოს სასაცილოდ უბრიალებს თვალებს.
–წვეულებაა მეგობრის სახლში, ხვალ დილას დაბრუნდება.. – შეპარვით პასუხობს და სანამ წინადადების დასრულებას მოახერხებს, მანამ ჩაესმის ყურებში მისი ხმამაღალი, მოუთმენელი ღრიალი.
–მარიტა!
–ახლა არა, გეგა, მეჩქარება..
–წასვლის ნებართვა არ მომიცია შენთვის! – უარესად იფოფრება, ვერაფრით ახერხებს იმ მშვიდი ტონის შენარჩუნებას, რომლისკენაც უშედეგოდ მოუწოდებს იაკო.
ჩერდება, ფეხსაცმლისკენ დახრილი ისევ წელში სწორდება და დოინჯშემოყრილი უდგება მამას წინ.
–სამაგიეროდ, ელიზბარი დავიტოვე გუშინ ღამე და ჩემთან ვალში ხარ!
–შენს ძმას რომ უპირობო სიყვარული, სითბო და მზრუნველობა გაუზიარო, არ გიფიქრია, არა? – ბრაზდება გეგა და ფეხზე წამომდგარი, ახლოდან ათვალიერებს.
შეღებილ ტუჩებსა და ღაწვებზე სიწითლე მოსწოლია გოგონას, ბრაზისგან ათრთოლებული ხელებით მჭიდროდ ჩაუბღუჯავს წელთან კაბის ფრიალა ნაჭერი და გეგა ატყობს, რომ წამითაც არ აპირებს დათმობას.
–ძალიან მაგვიანდება! – იმეორებს კიდევ ერთხელ და უეცრად, ისე რომ გეგა ხმის ამოღებას ვერ ასწრებს, მისკენ იხრება. მოჭმუხნილი წარბებითა და დასევდიანებული მზერით ეჭიდება მამის პერანგს და სახეში შეჰყურებს, – გეხვეწები რა, მამა, რა დაგემართა..
–მეჩვენება, არა? იაკო, მეჩვენება ახლა ეს მე? – გაკვირვებით დაჰყურებს შვილის ხელებს. უცნაური სითბო ეღვრება გულში, მისი თხელი თითების სიმხურვალეს რომ გრძნობს და დაუფიქრებლად, მთელი ძალით იხუტებს გულში მის სხეულს.
–გამიშვი, გეგა, ერეკლე მელოდება გარეთ, – ეცინება მარიტას გულაჩუყებული მამის შემყურე და ხელებიდან უძვრება.
–ყველა ზარს უპასუხე, აუცილებლად ყველას, გესმის? – სწრაფი ნაბიჯით მიჰყვება გაქცეულს უკან და მანამ განაგრძობს მის დარიგებას, სანამ ცხვირწინ არ მიუხურავს სახლის კარს მისი დამოძღვრით მობეზრებული ქალიშვილი.

***
–არ მეგონა თუ ასეთი იქნებოდა.. – თითქმის ჩურჩულებს და აცახცახებულ თითებს აკრობს ერთმანეთს.
–რა, მარინე?
–სიყვარული.
სხეული ეყინება. ემოციისგან.. დაბნეულობისგან.. შიშისა და სიყვარულისგან.. მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვის წარმოთქმისგან. და ამ გაყინულ სხეულს ღრმა სუნთქვაც ემატება, რადგან ვერაფრით ახერხებს თავისუფლად გარშემო არსებული ჰაერის ბოლომდე შეგრძნებას. მარიტას გადაჭდობილი თითები ახლა მის მაჯას ეთამაშებიან. ის თითები, საუკუნეა რომ იცნობს.. ის კანი, წლებია რომ ეხება. და მაინც.. როგორი სხვანაირი შეიძლება მოგეჩვენოს შეხება, რომელსაც გულწრფელი სიყვარულიც ახლავს თავს.
–ცეკვა მოგბეზრდა და აქ იმიტომ გამომაკითხე, რომ გრძნობებზე ვილაპარაკოთ? – უღიმის, თუმცა თავადაც არაა დარწმუნებული, რამდენად ბუნებრივად გამოიყურება ეს ღიმილი.
–მაპატიე..
პასუხი არაადეკვატურია. და შეხებაც იმაზე მკაფიო, ვიდრე რამდენიმე წამის წინ. ერეკლე კი ვეღარ ითმენს. მისკენ ბრუნდება. ხელისგულებში იქცევს საყვარელ თითებს და სწორედ მათ დაჰყურებს მისი გაფართოებული, მომლოდინე თვალების მაგიერ
–წარმოიდგინე, მარიტა.. ადამიანებს ერთმანეთის პირველი შეხება რომ გვახსოვდეს. ალბათ, სწორედ იმ წამებში ნაგრძნობი სხეულის ტემპერატურის ტოლფასი იქნებოდა სითბო, რომელსაც მერე.. მთელი ცხოვრება ერთმანეთის მიმართ გავცემთ..
ერეკლეს სიტყვები დასასრულს აღწევს და მათი ხელისგულები მეტად ხურდება.. მეტად ცხელდება. გადამწვარ, ცეცხლმოკიდებულ კანქვეშ ჭიანჭველებივით იწყებს ამოუცნობი გრძნობები ფუთფუთს და ისე სჭამს ორივე მათგანის ყველა ნერვს.. ისე აქრობს ეს სიმხურვალე ყველა ამოსუნთქვას, რომ ფეთიანებივით შორდებიან ერთმანეთს. შორდებიან და ფეხზე ერთდროულად წამომხტრები, რამდენიმე ნაბიჯით იხევენ უკან. დაბნეულებს, მკერდიდან ამოხეთქილი ხშირი სუნთქვა ახსენებთ რეალობის შეგრძნებას და ხვდებიან, რომ მოეჩვენათ. მოეჩვენათ ცეცხლის ალებიც და ცხოველივით მფეთქავი ერთმანეთის გულებიც.
–მარიტა.. – ეღიმება ერეკლეს არაამქვეყნიურად.
–ნუ მიდიხარ შორს, – ვედრებასავით სწყდება სიტყვები მის ყელს და თავად იწევს ღიმილით მდგარი ბიჭისკენ.
–ვერ ვიტან უშენობას.. ვერ ვიტან შენთან ჩხუბს. შენ კი ყოველთვის მიწვევ. ვიცი, გამიზნულად არა, თუმცა..
–ვიცი.. ვიცი, რომ საშინელი ვარ! – გულიდან ამოსდის სიტყვები და იმდენად მართალია, ისე სჯერა საკუთარი ცუდი პიროვნების, რომ ერეკლე ვერაფრით ითმენს. მისკენ იხრება, თავიდან ეჭიდება მხრებზე ხელებით და მის გულმკერდს თავისას აკრავს.
–არ აქვს მნიშვნელობა.. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ, – მის ყელში ჩარგული, დამამშვიდებლად ელაპარაკება.
–შენთან შედარებით ვჩანვარ ასეთი, თორემ მთლად არაადამიანობას ვერ დამწამებს კაცი! – ღიმილით აკრავს ლოყას ლოყაზე და მისი სითბოს შეგრძნება ახალ გრძნობებს უჩენს.
ყველაფერი ახალია ამ საღამოს. ერეკლეს შეხებაც, ჩახუტებაც, მისი გულის ფეთქვაც და მზერაც.. მზერა, რომელიც იმდენი გრძნობის დატევას ცდილობს, ვერცერთს გამოხატავს მკაფიოდ.
–ჰო, ლექსოსთან შედარებით ჩანდი ანგელოზი მხოლოდ! – ეცინება ერეკლეს, თუმცა წეღანდელისგან განსხვავებით სიმწარეშერეული სიცილით.
–მგონი მეც კი შენზე მალე დავივიწყე ლექსო, ერეკლე. ასე არ შეიძლება, – მოჩვენებითი საყვედურით პასუხობს მარიტა, – ელეს ამბის მერე ყველაფერი ავუხსენი.. ხომ იცი, ხომ იცი, არა?
თავადაც ვერ ხვდება ბოლომდე, რატომ სჭირდება ასე ძლიერ რომ დაუჯეროს.. თავადაც არ იცის, რატომ უნდა ჰქონდეს ერეკლესთვის მათ დაშორებას აზრი.
–მასთან იყავი, არა? მასთან იწექი იმ ღამეს, მასთან რომ დარჩი..
–ააქვს ამას შენთვის მნიშვნელობა? – სევდიანად ეღიმება მარიტას.
–არ ვიცი.. არ ვიცი, მარიტა. ზოგჯერ, მგონია, რომ ყველა შენი ქცევისთვის მინდა პასუხი მოგთხოვო, მაგრამ მერე.. მოგვიანებით მაინც ვტყდები. ყოველთვის ვტყდები. ახლაც, ეს დასტური შენივე მზერით ჩემს კითხვაზე, ერთიანად მაცლის ძალას. მინდა ორივე მკლავი შეგიშვა და შენგან ძალიან, ძალიან შორს წავიდე. იმდენად შორს, შენივე არსებობა დავივიწყო.. მაგრამ, არ შემიძლია. რაღაც მაკავებს. რაღაც, რაც ყოველთვის თან მდევდა – უსიტყვო, უპირობო ერთგულება ჩვენი ურთიერთობისა, რომელსაც საბოლოოდ ერთადერთ დასკვნამდე მივყავარ ყოველთვის: არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ შენ კარგად იქნები.. ყველა შენს შეცდომას ეკარგება ძალა, თუ ეს სახე ჩემ წინაშე ოდნავ მაინც ანათებს ბედნიერების ღიმილით..
–ვერ ვიტან.. ვერ ვიტან ასეთი მართალი რომ ხარ! – სუსტად ურტყამს მუშტებს მკერდზე. პასუხად კი ერეკლეს კიდევ უფრო მეტად მოხვეულ მკლავებს გრძნობს.
–პატარაობიდან ასე ხარ, – ხმამაღალ სიცილს უნებურ ამოსუნთქვას აყოლებს და ხვდება, ეს მათი საუბრის დასასრულია.
ბევრი სიტყვა გაცვალეს. იმაზე მეტი, ვიდრე მზად იყვნენ. იმაზე ღიად, ვიდრე ეგონათ. და ახლა, უცნაური რიდითა და ვერდატეული სითბოთი ეკვრიან ერთმანეთს.
–ვერ გხედავდი, ერეკლე. მაპატიე, რომ ვერ დაგინახე! – ეჩურჩულება და დახრილ თავზე მის ტუჩებს გრძნობს.
–რას ამბობდი სიყვარულზე, მარიტა?
სიტყვებთან ერთად გული უჩქარდება ერეკლეს. უჩქარდება იმდენად, რომ უკვე იცის, გაყიდა ამ უნამუსო, დაუმორჩილებელმა ორგანომ. გამოააშკარავა მის მკერდზე აკრული გოგონას წინაშე და უკან დასახევი აღარცერთი გზა დაუტოვა.
–უცნაური გრძნობა ყოფილა მეთქი.. – მარიტას ხმასაც დატყობია უცნაური სიმძიმე, – თითქოს ყველაფერს გატკიებს. ასე ვარ ახლა.. თავი, ორივე საფეთქელი საშინლად მიელავს, მუცელი მიდუღს და.. და ღმერთო.. ერეკლე, სამყაროში ყველაზე ლამაზი.. მყუდრო.. გამორჩეული მგონიხარ, – ათრთოლებულ ბგერებს თვალებიდან დაცვენილი მხსვილი ცრემლებიც ემატება და გაჭირვებით ცდილობს თვალი გაუსწოროს მაღალ სხეულს, სუროსავით რომ შემოხვევია მის გრძნობებით შეციებულ კიდურებს.
–კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემს სამყაროში!
პირველად.. ამ საღამოს პირველად ახერხებს ასე ამაყად, ასეთი დარწმუნებით წინადადების თქმას ერეკლე და მარიტას სახესთან დახრილი, ნერვიულობისგან გამომშრალ ტუჩებს ცხელი, მომლოდინე ბაგეებით ხვდება.

***
მოქცევიხარ სხეულს ისე, თითქოს საკუთარი თავისვე შექმნილი იყო?
გაგიჟღერებია საკუთარი სახელი ხმამაღლა, გამოგონილი ჟღერადობითა და ცოტაოდენი სიამაყით?
გიფიქრია, რა იქნება თუ ზოგჯერ საკუთარ ბედნიერებაზეც იფიქრე? ოღონდ, არა გამოგონილი ფიქრებით. ნამდვილ.. ნამდვილ ბედნიერებაზე. შინაგანი ემოციებსა და სურვილებზე, რომელთაც მთელი ცხოვრება მალავდი, ან ცხოვრების ის ნაწილი, რომლის დროსაც სწორედ ამ გამოგონილი ბედნიერების მიჩქვალვა მოგიწია.. რომ სხვა ღირებულ დღეთა თუ არსებათა სიდიადე არ გადაგეფარა..
–შვილი მინდა.. კიდევ ერთი შვილი მინდა.
იმდენად გაუბედავია სიტყვები, რომ წინადადების დასასრულს ხმა იკარგება. იქნებ, არ უნდა ამბობდეს?! იქნებ, შეცდომაა?! იქნებ, ღალატია იმ შვილის, რომელიც უკვე ჰყავს?! რატომ.. რატომ უნდა იყოს ღალატი. იქნებ, სხვანაირი გამოცდილება უნდა.. სხვაგვარი დედობა..
–ევა, რა თქვი?
–შვილი მინდა, გიო. შვილი, რომელზე ფიქრიც მხოლოდ შიშებთან არ იქნება დაკავშირებული.. რომელსაც ეზოში თავისუფლად ჩავუშვებ. ისე, რომ არ შემეშინდება სხვა ბავშვებმა გაუგონ. შვილი, რომელიც ჩემს დანახვაზე ყვირილით გამოიქცევა და ყელზე შემომეხვევა, გამიზიარებს დღის ემოციებსა და ბავშვურად დაგროვილ ბრაზს კლასელების შესახებ. ღმერთო, ეს რა აზრები მაწუხებს.. – ნერვიული სიცილის შესაკავებლად მჭიდროდ იფარებს ხელისგულს პირზე და საკუთარი თავით შეძრწუნებული, ახლა სულ სხვა რამ აფიქრებს.
–ვგიჟდები ელენეზე. საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, გიო.. ვერ წარმოიდგენ. ვერავინ წარმოიდგენთ ელენე როგორ მიყვარს!
–არ გჭირდება ამის მტკიცება, ევა, – უკვე მის წინაა დახრილი. მუხლებით ძირს მდგომი, ძლიერად ეჭიდება ევას სუსტ მუხლებს და სათითაოდ უკოცნის ორივეს. წამიერად, იმასაც ფიქრობს, ტკივილი გადამდები ხომ არ არისო.. იმდენად ეკუმშება ევას სასოწარკვეთილი სახის დანახვაზე გული და სიყვარულით ავსებული, სწრაფად ხვევს წელზე ორივე მკლავს, – დამტკიცება არ სჭირდება შენი ელენესადმი სიყვარულს..
–ჰო, მართალი ხარ. ათასი აზრი მიტრიალებს თავში. რომ გამოჯანმრთელდა და მაინც უმოქმედოდ ზის ხოლმე მთელი დღე, მედარდება უბრალოდ.. – იღიმის და მაისურის ქვეშ შეცურებულ მამაკაცის თითებს ყრუ კვნესით ხვდება, – მოისვენე, გიო!
–ელე მამამისთანაა, მე და შენ მარტო ვართ. ბევრი დრო დავკარგეთ ისედაც შენი ნაქარგების გადამკიდე! – სწრაფად ექცევა ზემოდან, დივანზე მიწოლილს ნაზად უკოცნის მოშიშვლებულ მკერდს და მის წუწუნს არაფრად აგდებს.
–აბა, მომეწონაო? არ ჩაიცვამ იმ მაისურს? – სიტყვებთან ერთად, საშუალებას აძლევს ბოლომდე გააშიშვლოს და ჩუმი კისკისით ეხმარება ტანზე ზედმეტად მომდგარი შარვლის მოშორებაში.
–რომელს, ევა? ყვავილები რომ დამიქარგე ზედ? – კოცნებს შორის ამოთქვამს ბგერებს გიო.
–ჰო..
–ჩავიცვამ, აუცილებლად! სულ ყვავილებში ჩაფლული ვივლი.. მანამდე კი, ჩუმად იყავი, ჩვენს საერთო შვილზე ვიწყებ მუშაობას..
–გიო.. – ხმა ეკარგება, მისი სახელის გარდა ვეღარაფერს ამბობს და ისე უშეშდება სხეული, გიო იძულებული ხდება მისი რბილი მუცლიდან ქალის სახეზე გადაიტანოს მზერა.
–არ თქვა რომ ჩემგან არ გინდა შვილი, ევა.
–მინდა.. – სიცილნარევი ტირილით ისრუტავს სისველეს და ნაზად აფრინდება რბილ თმაში, – ძალიან მინდა შენგან შვილი!
–ჩემი გადასარევი ქალი ხარ შენ!
არაფრად აგდებს მის ცრემლებს. იცის, ბედნიერებისგან ატირებული ევა ყველაზე დიდი საჩუქარია.

***
–სად არიან?
–თათიას ოთახში.. ცოტახანში შევაკითხოთ, თორემ მეშინია რამე არ დაუშავონ ერთმანეთს, – ეცინება გულით ქეთას და თბილად მომღიმარი ქმრის წინ კალათდება.
–ჩაალაგე?
–ჩავალაგე.. ხომ არაფერი შავდება ბავშვებს რომ ვტოვებთ?
–ქეთო, ნუ ხარ შენაბერა დედასავით, – ეცინება აკაკის, მისკენ იწევა და ნაზად ეხება რბილ ტუჩებზე საკუთარით, – ბავშვებიც თუ წავიყვანეთ რა დასვენება გამოდის!
–ზაფხულში, თქვენთან ერთად სოფელში წასვლას რომ მაიძულებთ, ამ სიტყვებს გაგახსენებთ, – ოთახში შემოდის ერთიანად ოფლში გაწურული ერეკლე და წამიერად ავლებს მშობლებს მზერას.
–კარგი რა, დე..
–ქეთო, გასულელებს! – გამაფრთხილებლად აჩერებს აკაკი და ახლა თავად უბრუნდება შვილს, – ზედმეტი ვარჯიში ხომ არ მოგდის, მა?
–მომკვდარა ვარჯიშით ვინმე? – კითხულობს და დედის გვერდით ჩამომჯდარი, მის უკმაყოფილო სახეს რომ აწყდება, სიცილით ამშვიდებს, – გადავივლებ ახლავე. სად არიან პატარები? არ დახოცონ ერთმანეთი..
–მეც ამას ვამბობ! – ახსენდება ქეთას უეცრად და სანამ ადგომას გადაწყვეტს, მანამ იღება თათიას საძინებლის კარი.
სამივე მისკენ აპყრობს მზერას და პატარა, ერთიანად ცისფერ საღებავში ამოთხვრილ ონავარს რომ აწყდებიან, ერთდროულად უტყდებათ სიცილი.
–ქეთო, მგონი ოთახის შემოწმება არც ღირს.. – ცოლის სიცილისგან გადაბჟირებულ სახეს შეჰყურებს აკაკი და ხვდება, ყველა სიტუაციაში შეუძლია ქალს შვილების ბედნიერი ღიმილით გაიხაროს.
–რას გავხარ, მამი, ასე როგორ დაისვარე? – ახლა თათიას უბრუნდება და სანამ პასუხს გაიგებდეს, მის გაცისკროვნებულ, აღტაცებულ თვალებს აწყდება, – ხელისგულები სულ დაგისვრია, ელეც ასეა?
ფეხზე წამომდგარი მისკენ მიიწევს. ნაზად ავლებს ხელებს წვრილ მაჯებში და მის სასაცილოდ გაჩაჩხულ, შეღებილ თითებს ზემოდან დაჰყურებს.
–მე.. მე ცის დახატვა ვისწავლე. ელემ მასწავლა! – თათიას ხმაში სიამაყეა. სიმაყე და მგონი, სიყვარულიც. იმდენად სუფთა, წკრიალაა ნოტები, აკაკის სითბო ეღვრება გულში.
–მაჩვენებ? – ეკითხება და მის პატარა ცხვირს ეჭიდება თითებით, – არ მითხრა ხატვა შემიყვარდაო.. ეს რა სასწაული გაუკეთებია ელენიკოს..
–წამოდი! – დასვრილი თითები ეჭიდება მამის საჩვენებელ თითს. მისი პატარა სხეული უცნაური სიძლიერით ქაჩავს თავისზე ხუთი თავით მაღალ მამას საკუთარი საძინებლისკენ და მერე.. მერე, აკაკის თვალწინ იშლება სურათი, რომელსაც ყველაფრის შეცვლა, ყველაფრის ამოყირავება შეუძლია.
კედელზეა დახატული მათი ცა.. შეჰყურებს ქალიშვილების, მისთვის ყველაზე ძვირფასი, ორი ნამცეცა არსების შექმნილ საოცარ სურათს და არ იცის, სად დაიტიოს მოწოლილი ემოციები. გრძნობს, როგორ ეცლება მის ხელს პატარა სხეული და ძირს, ფეხმორთხმით მჯდარი ელენეს გვერდით კალათდება. ახლა იქიდან, სულ რამდენიმე ნაბიჯიდან.. დის ახლოს მოთავსებული, ამაყი თათიას ხმა მოისმის:
–ნახე რა მაგარია, მა.. ხელით მოვხატეთ! ელენემ ასე თქვა, ხელით მოხატული ყველაფერი გამოგივაო და ნახე.. მართლა გამომივიდა – ხელით მოხატული ლურჯი ცა!
და აკაკიმ იცის, რომ ახლა.. ასეთ დროს პასუხები არ არსებობს. არ არსებობს სწორი გამოხატულება იმ სისავსის, რომელსაც მათი შემყურე გრძნობს და ხვდება, არაფერი იცვლება ისე მკაფიოდ, როგორც ადამიანობა და ამ ადამიანობით გარშემორტყმული გრძნობები.. სხვა ყველა ცვლილება სწორედ მათი დამსახურებაა. სამყაროს ყველა ნაბიჯი უბრალო ადამიანების გადადგმული.. შექმნილია. და თუ პატარა ელენეს ისევ მჭიდროდ მოუხუჭავს თვალები ცეცხლის ალების დანახვაზე, სამაგიეროდ.. ცაა თბილი ხელისგულებით მოხატული. მზე იღიმის. ჭიანჭველებმა საკუთარ ნაკვალევს მიაგნეს. და ადამიანებმა თავიდან შეძლეს ერთმანეთის დანახვა.



№1  offline წევრი Rania

Arvici ra gitxraa. Vin xar. Shen planetas albat vulkani hgia. Ase satutad. Faqizad. Sulshichamcvdomad da dauvicyeblad eogor cer. An saidan mogaqvs aswti grznobebi. Ver gamovxatav ras ganvicdi. Gulis naxevari achqarebulia. Nqxevarshi vulkanidan amofrqveuli lava dugs da sarqveli ise caxcaxebsss. Sadacaaaa zirs daenarcxebaa. Saocrebaa yvela sheni istoria da bodishi rom ver vaxerxeb komentaris daceras. Tumca sul vkitxulob. Axla bavshvs szinavs da droc vixelteeeee. Atasi madloba da yochag shennn
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი ჟოზე

ნიკი რომ დავინახე იმ წუთას გავიფიქრე წინ რამხელა სიამოვნება მელოდება ამ ისტორიის წაკითხვით ❤❤
რჩეულებში შევინახავ რომ როგორც დრო გამომიჩნდება წავიკითხო )) შემდეგ კი აუცილებლად დავტოვებ კომენტარს შთაბეჭჭდილებების სახით ❤❤❤

ჭთაბეჭდილებებს კომენტარის სახით :დდდდ ავურიე ბოლოს :დდ
❤❤❤

 


№3  offline წევრი Kalina

რა კარგია! პი.ეი❤️
ძალიან, ძალიან კარგი და თბილი❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი P.A.

Rania
Arvici ra gitxraa. Vin xar. Shen planetas albat vulkani hgia. Ase satutad. Faqizad. Sulshichamcvdomad da dauvicyeblad eogor cer. An saidan mogaqvs aswti grznobebi. Ver gamovxatav ras ganvicdi. Gulis naxevari achqarebulia. Nqxevarshi vulkanidan amofrqveuli lava dugs da sarqveli ise caxcaxebsss. Sadacaaaa zirs daenarcxebaa. Saocrebaa yvela sheni istoria da bodishi rom ver vaxerxeb komentaris daceras. Tumca sul vkitxulob. Axla bavshvs szinavs da droc vixelteeeee. Atasi madloba da yochag shennn

უღრმესი მადლობა, ახლა მივხვდი რამდენად მომნატრებია ასეთი თბილი სიტყვები მკითხველისგან❤️

ჟოზე
ნიკი რომ დავინახე იმ წუთას გავიფიქრე წინ რამხელა სიამოვნება მელოდება ამ ისტორიის წაკითხვით ❤❤
რჩეულებში შევინახავ რომ როგორც დრო გამომიჩნდება წავიკითხო )) შემდეგ კი აუცილებლად დავტოვებ კომენტარს შთაბეჭჭდილებების სახით ❤❤❤

ჭთაბეჭდილებებს კომენტარის სახით :დდდდ ავურიე ბოლოს :დდ
❤❤❤

ნიკით რომ მიცანი თურმე, უცნაური სიამაყე დამეუფლა:დდ მიხარია ძალიან! დაგელოდები❤️

Kalina
რა კარგია! პი.ეი❤️
ძალიან, ძალიან კარგი და თბილი❤️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ❤️

 


№5  offline წევრი ablabudaa

როგორ მიყვარს შენი არაიდეალური პერსონაჟები საბოლოოდ იდეალურ ურთიერთობებს რომ ქმნიან, სად გაქ ამდენი ემოცია და მათი ასე სწორად გადმოცემის უნარი, ძალიან მაგარი გოგო ხარ! არასდროს არ შეწყვიტო წერა! ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი კირა

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის და პირადად ჩემი ცოტა სევდანარევი გაბედნიერებისთვის, სასწაული გოგო ხარ :)

 


№7 სტუმარი kati

Sityvebi ar myofnis.kidev ramdenjerme unda wavikitxo.titqos mec mattan ertad ganvicdidi yvelafers.titoeuli personajis gancdis da emociis gadmosacemad albat udidesi zalisxmevaa sachiro da madloba amistvis.shesanishnavi iyo, rogorc yoveltvis...

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინე

ძალიან მაინტერესებს რამდენი წლის ხარ? ასე ზუსტად როგორ ახერხებ თითოეული შენი პერსონაჟის ბუნების პორტრეტირებას? აღფრთოვანებული ვარ შენი უნარებით. ეს ისტორია უკვე ჩემი ფავორიტია და მინდა გთხოვო შენი ძველი ისტორიებიც ატვირთო, რადგან უკვე დიდ მონატრებას ვგრძნობ მათ მიმართ. წარმატებები შენ ნიჭიერო ახალგაზრდა მწერალო!!! <3 <3

 


საოცრებაა....აი ვზივარ და ცრემლენს ვერ ვიკავებ იმდენი ემოციით ამავსე ისე ძლიერად ისე ლამაზად.....მადლობა!მადლობა! შენი ნაწერები შენს უდიდეს სამყაროს აჩვენებს...უსაზღვროს და უკიდეგანოს...ათას ვარსკვლავად აკიაფებულს და ყველაზე გულწრფელი ცრემლებით დანამულს

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

არ ვიცი რა ვთქვა, ჩემნაირ უემოციო ადამიანსაც კი რომ უამრავი ემოციით აავსებს ისეთი ნაწერია.
სტუმრად ვიყავი ვიფიქრე დროს გავიყვანი და ამიტომ დავიწყე კითხვა, მოლოდინი ასეთი კარგი რამის არ მქონია, არვიცი რატომ, მაგრამ თურმე ანა სად ხარ ჯერ. ძალიან, ძალიან მომეწონა.

 


№11  offline წევრი P.A.

ablabudaa
როგორ მიყვარს შენი არაიდეალური პერსონაჟები საბოლოოდ იდეალურ ურთიერთობებს რომ ქმნიან, სად გაქ ამდენი ემოცია და მათი ასე სწორად გადმოცემის უნარი, ძალიან მაგარი გოგო ხარ! არასდროს არ შეწყვიტო წერა! ❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა ისევ აქ რომ ხარ, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

კირა
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ ამ საოცარი ისტორიისთვის და პირადად ჩემი ცოტა სევდანარევი გაბედნიერებისთვის, სასწაული გოგო ხარ :)

მადლობა, მადლობა, მადლობა თქვეეენ:***

kati
Sityvebi ar myofnis.kidev ramdenjerme unda wavikitxo.titqos mec mattan ertad ganvicdidi yvelafers.titoeuli personajis gancdis da emociis gadmosacemad albat udidesi zalisxmevaa sachiro da madloba amistvis.shesanishnavi iyo, rogorc yoveltvis...

მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ! უღრმესი მადლობა <3

სტუმარი ნინე
ძალიან მაინტერესებს რამდენი წლის ხარ? ასე ზუსტად როგორ ახერხებ თითოეული შენი პერსონაჟის ბუნების პორტრეტირებას? აღფრთოვანებული ვარ შენი უნარებით. ეს ისტორია უკვე ჩემი ფავორიტია და მინდა გთხოვო შენი ძველი ისტორიებიც ატვირთო, რადგან უკვე დიდ მონატრებას ვგრძნობ მათ მიმართ. წარმატებები შენ ნიჭიერო ახალგაზრდა მწერალო!!! <3 <3

22-ს მივუკაკუნე რამდენიმე დღის წინ:დ წარმოდგენაც არ გაქვთ ასეთი დადებითი და თბილი სიტყვები რამხელა სტიმულია, უღრმესი მადლობა!

სევდისფერთვალება
საოცრებაა....აი ვზივარ და ცრემლენს ვერ ვიკავებ იმდენი ემოციით ამავსე ისე ძლიერად ისე ლამაზად.....მადლობა!მადლობა! შენი ნაწერები შენს უდიდეს სამყაროს აჩვენებს...უსაზღვროს და უკიდეგანოს...ათას ვარსკვლავად აკიაფებულს და ყველაზე გულწრფელი ცრემლებით დანამულს

ვაიმე heart_eyes გამითბა გული.. მადლობა, ძალიან, ძალიან დიდი<3

სტუმარი ანა
არ ვიცი რა ვთქვა, ჩემნაირ უემოციო ადამიანსაც კი რომ უამრავი ემოციით აავსებს ისეთი ნაწერია.
სტუმრად ვიყავი ვიფიქრე დროს გავიყვანი და ამიტომ დავიწყე კითხვა, მოლოდინი ასეთი კარგი რამის არ მქონია, არვიცი რატომ, მაგრამ თურმე ანა სად ხარ ჯერ. ძალიან, ძალიან მომეწონა.

მიხარია ძალიან, ასე სასიამოვნოდ გაკვირვებული თუ დარჩით, უღრმესი მადლობა heart_eyes

 


№12 სტუმარი ana

საოცრად ემოციური ისტორია იყო, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, მაგრამ შენზე ცოტა ნაწყენი ვარ, ძველი ისტორიების ატვირთვას რომ შეგვპირდი სად არის? როგორ მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო, როგორ მოუთმენლად ველოდები ყოველდღე. ძალიან გთხოვ ატვირთე რა cold_sweat

 


№13  offline მოდერი tasusuna

გულს რომ დავიწყნარებდე,ალბათ,სხვანაირი შეფასება გამომივიდოდა.
უფრო დინჯი და მრავალმხრივი.
ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ,ამდენ ემოციას,მთელ სულში ტორნადოსავით რომ მიტრიალებს რა ვუყო,გამოვუშვა თუ ძალიან ღრმად ჩავმარხო ჩემში?!
შვილზე გასაოცარი და სანატრელი არაფერია..-უსაშველოდ კარგად ჩანს ყველა პერსონაჟის მხრიდან შვილის დამოკიდებულება..
მიხარია,რომ წავიკითხე..
თან მიკვირს,თითქმის ყველა კარგი ავტორის შემოქმედებას ვადევნებ ხოლმე თვალს და შენ რატომ გამომეპარე?!
ბრავო!-სხვა რა მეთქმის.
თუ უფალი შვილს მაჩუქებს,რაც უღმერთოდ მინდა ბოლო ორი წელია,ზუსტსდ ისე მეყვარება,როგორც შენს პერსონაჟებს!

 


წერე..წერე..და სულ წერ სულ

 


№15  offline წევრი ნანა73

ფიქრია, საოცრება ხარ! ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, რასაც გაწვდება გონება... რომ იცოდე როგორ ვკითხულობდი თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აბზაც-აბზაც... ვმუშაობდი და მაინც ვერ ვანებებდი თავს. მთელი დღე დამჭირდა და ნერვებიც მითამაშებდა, მაგრამ მაინც ვკითხულობდი... რამდენ რამეს ვფიქრობდი, თვალზე ცრემლმორეული მრავალ ეპითეტს თუ შედარებას ვაგროვებდი, რომ ბოლოს შენთვის მეთქვა... როგორ წერ ასეთი მოზომილი, ასეთი ფაქიზი, ღრმა და ნამდვილი, გამჭვირვალე სიტყვებით? რამდენი კეთილშობილებაა შენს ფრაზებში გაბნეული... ვგიჟდები შენზე! მიხარია რომ გიცნობ - ვირტუალურად, მაგრამ ხომ გიცნობ!? საოცარება ხარ ფიქრი და ძალიან მიყვარხარ!!! ❤️❤️❤️

 


№16  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

როგორ მიყვარხარ და რა კარგი ხარ , რომ იცოდე!!

 


№17  offline წევრი LI_BE

ძალიან ემოციური იყო...

თითოეული პერსონაჟის ემოცია იმდენად სწორად იყო გადმოცემული, რომ სულში და გულში გაიარა...

ძალიან ბევრი მატირე...

 


№18  offline წევრი მარუსიკა

აი საოცარი გოგო ხარ❤️საოცარი ემოციები დამიტოვე და შენი ნიკის დანახვა ისე მუხარია, ისე რომ არ იცი, საოცარი იყო❤️❤️❤️

 


№19  offline წევრი P.A.

ana
საოცრად ემოციური ისტორია იყო, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, მაგრამ შენზე ცოტა ნაწყენი ვარ, ძველი ისტორიების ატვირთვას რომ შეგვპირდი სად არის? როგორ მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო, როგორ მოუთმენლად ველოდები ყოველდღე. ძალიან გთხოვ ატვირთე რა cold_sweat

მაპატიეთ ძველი ისტორიების ამბავი, ვიცი ცუდად ვიქცევი, მაგრამ არ მიმდის რაღაცნაირად გული:(
სულ ვაპირებ ავტვირთო და ყოველ ჯერზე გადავიფიქრე ხოლმე..
უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის❤️
tasusuna
გულს რომ დავიწყნარებდე,ალბათ,სხვანაირი შეფასება გამომივიდოდა.
უფრო დინჯი და მრავალმხრივი.
ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ,ამდენ ემოციას,მთელ სულში ტორნადოსავით რომ მიტრიალებს რა ვუყო,გამოვუშვა თუ ძალიან ღრმად ჩავმარხო ჩემში?!
შვილზე გასაოცარი და სანატრელი არაფერია..-უსაშველოდ კარგად ჩანს ყველა პერსონაჟის მხრიდან შვილის დამოკიდებულება..
მიხარია,რომ წავიკითხე..
თან მიკვირს,თითქმის ყველა კარგი ავტორის შემოქმედებას ვადევნებ ხოლმე თვალს და შენ რატომ გამომეპარე?!
ბრავო!-სხვა რა მეთქმის.
თუ უფალი შვილს მაჩუქებს,რაც უღმერთოდ მინდა ბოლო ორი წელია,ზუსტსდ ისე მეყვარება,როგორც შენს პერსონაჟებს!

აუცილებლად გაჩუქებს, გულიდან წამოსული კეთილი სურვილები არასდროს იკარგება, მე ასე მჯერა.
მადლობა ძალიან დიდი!❤️

სევდისფერთვალება
წერე..წერე..და სულ წერ სულ

❤️❤️❤️❤️❤️

ნანა73
ფიქრია, საოცრება ხარ! ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით, რასაც გაწვდება გონება... რომ იცოდე როგორ ვკითხულობდი თითქმის მთელი დღის განმავლობაში, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აბზაც-აბზაც... ვმუშაობდი და მაინც ვერ ვანებებდი თავს. მთელი დღე დამჭირდა და ნერვებიც მითამაშებდა, მაგრამ მაინც ვკითხულობდი... რამდენ რამეს ვფიქრობდი, თვალზე ცრემლმორეული მრავალ ეპითეტს თუ შედარებას ვაგროვებდი, რომ ბოლოს შენთვის მეთქვა... როგორ წერ ასეთი მოზომილი, ასეთი ფაქიზი, ღრმა და ნამდვილი, გამჭვირვალე სიტყვებით? რამდენი კეთილშობილებაა შენს ფრაზებში გაბნეული... ვგიჟდები შენზე! მიხარია რომ გიცნობ - ვირტუალურად, მაგრამ ხომ გიცნობ!? საოცარება ხარ ფიქრი და ძალიან მიყვარხარ!!! ❤️❤️❤️

მეც ძალიან, ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ ასე შორიდან, ვირტუალურად ❤️

ელ_ჯეიმსი
როგორ მიყვარხარ და რა კარგი ხარ , რომ იცოდე!!

ვაიმე, არც კი მჯერა:დდ სიტყვებიც არ მყოფნის! მადლობა, ძალიან დიდი! ❤️ არ გეცოდინება, მაგრამ შორიდან გბალეშიკობდი ყოველთვის^^ ❤️

LI_BE
ძალიან ემოციური იყო...

თითოეული პერსონაჟის ემოცია იმდენად სწორად იყო გადმოცემული, რომ სულში და გულში გაიარა...

ძალიან ბევრი მატირე...

მიხარია რომ მოგეწონა. თითქოს სულ რაღაც გაკლდება ხოლმე, მცირე რამ მაინც და თუ მოვახერხე ასე ემოციურად მოსულიყო შენამდე ეს ისტორია, ძალიანაც ბედნიერი ვარ! ❤️

მარუსიკა
აი საოცარი გოგო ხარ❤️საოცარი ემოციები დამიტოვე და შენი ნიკის დანახვა ისე მუხარია, ისე რომ არ იცი, საოცარი იყო❤️❤️❤️

თქვენ ხართ ყველა ერთად საოცრებები, სიტყვებიც რომ აღარ მყოფნის და მაფიქრდება მადლიერების გამოსახატად. მადლობა მადლობა ❤️❤️

 


№20 სტუმარი an

ai saswauli gogo xar shen, saswauli da saocari, sul rom unda weros iseti. rogori emociebit var verc ki warmoidgen. vgijdebi meshenze da shenze istoriebze sulaset saocrrebebs rogor wer. dzalian dzalian mixaria ro agmogachine da shesadzlebloba maq aseti dzalian magari istoriebi wavikitxo da imedia maqvs rom lidev male gagvaxareb tan dzalian bevrjer❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი Deko

Dzalian minda kide bevrjer cagikitxo, kargi gogo xar dzalian????????

 


№22 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან თბილი და ტკივილიანი ისტორიაა.ეს ყველაფერი რეალობაში ხდება,როგორ კარგად გაქვთ ნაგრძნობი აუტისტის შინაგანი სამყარო და მისი მშობლების ემოციური დგომარეობა,საოცარი ადამიანები არია აუტისტები,და ძალიან ტკივილიანები მათი მშობლები,მათ ძალიან ძალიან სჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა,სითბი და სიყვარული.მე ვმუშაობ აუტისტებთან და მართლაც ევასავით მიყვარს თითოელი მათგანი,მადლობა რომ ან თემას შეეხეთ.

 


№23  offline წევრი P.A.

an
ai saswauli gogo xar shen, saswauli da saocari, sul rom unda weros iseti. rogori emociebit var verc ki warmoidgen. vgijdebi meshenze da shenze istoriebze sulaset saocrrebebs rogor wer. dzalian dzalian mixaria ro agmogachine da shesadzlebloba maq aseti dzalian magari istoriebi wavikitxo da imedia maqvs rom lidev male gagvaxareb tan dzalian bevrjer❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ვეცდები დიდი ზხნით არ გადავიკარგო, ძალიან დიდი მადლობა ❤️

Deko
Dzalian minda kide bevrjer cagikitxo, kargi gogo xar dzalian????????

მადლობა, მადლობა!❤️❤️

სტუმარი nancho
ძალიან თბილი და ტკივილიანი ისტორიაა.ეს ყველაფერი რეალობაში ხდება,როგორ კარგად გაქვთ ნაგრძნობი აუტისტის შინაგანი სამყარო და მისი მშობლების ემოციური დგომარეობა,საოცარი ადამიანები არია აუტისტები,და ძალიან ტკივილიანები მათი მშობლები,მათ ძალიან ძალიან სჭირდებათ საზოგადოების გვერდში დგომა,სითბი და სიყვარული.მე ვმუშაობ აუტისტებთან და მართლაც ევასავით მიყვარს თითოელი მათგანი,მადლობა რომ ან თემას შეეხეთ.

მიხარია, რომ ჩანაფიქრი ასე თუ ისე გამომივიდა.. უღრმესი მადლობა!❤️

 


№24  offline წევრი ket-kat

ძალიან ნიჭიერი ხარ და გთხოვ რომ წერე ბევრი წერე <3 ძველ ისტორიებს როდის დააბრუნებ?

 


№25  offline წევრი თა-მთა

ძალიან ,,მდიდარი” და ,,ღრმა” ხარ )) ყველას არ შეუძლია ასე დანახვა არც ამ სამყაროს და არც ურთიერთობების... ეს თემა ( აუტიზმი/უკანონო შვილი) ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერ ისევ გადასალახავი დიდი ტკვილია.... რომელიც ძალიან სწორად და კარგად გაქვს დანახული და გადმოცემული :) სასწაულად გამეხარდა სიახლის დანახვა. იმედია ისევ მალე გამოჩნდები და კარგი იქნება თუ ძველებსაც დაამატებ. მაგარი გოგო ხარ ♥️

 


№26  offline წევრი P.A.

ket-kat
ძალიან ნიჭიერი ხარ და გთხოვ რომ წერე ბევრი წერე <3 ძველ ისტორიებს როდის დააბრუნებ?

არ ვიცი, მართლა არ ვიცი:((
უღრმესი მადლობა!????

თა-მთა
ძალიან ,,მდიდარი” და ,,ღრმა” ხარ )) ყველას არ შეუძლია ასე დანახვა არც ამ სამყაროს და არც ურთიერთობების... ეს თემა ( აუტიზმი/უკანონო შვილი) ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერ ისევ გადასალახავი დიდი ტკვილია.... რომელიც ძალიან სწორად და კარგად გაქვს დანახული და გადმოცემული :) სასწაულად გამეხარდა სიახლის დანახვა. იმედია ისევ მალე გამოჩნდები და კარგი იქნება თუ ძველებსაც დაამატებ. მაგარი გოგო ხარ ♥️

ძალიან, საოცრად მიხარია ასეთი მკითხველი.. ვერც წარმოიდგენთ როგორ! დიდი მადლობა ❤️

 


№27 სტუმარი N1

ხანდახან ძალიაან მინდება შენი ძველი ისტორიების წაკითხვა,გთხოვ დააბრუნე heart_eyes

 


№28 სტუმარი მანიკა

არ ვიცი რა ვთქვა .
გაოგნებული ვარ, ეს უბრალოდ საიტზე დადებული იატორია კი არა ადამიანების ყოველდღიუტი რუტინა იყო წიგნად გადმოცემული.
ყველაფერი როგორ გეწერა ესე საოცრად და დალაგებულად, რეალურად და გამართულად?
ერთადერთი მე პირადად რაც მთელი გულით ვიგრძენი ის იყო რომ ქეთო სასწაული გოგონაა, გიოც კარგი ბიჭია და ხანაახან ეს სიკარგე არაა მხოლოდ .
აკაკი და ევა აი სულით, გულით, ხორცამდე ერთმანეთს ავსებდნენ და ესეთ სხვანაირ ადამაინებს თუნდაც როგორიც ერეკლე და მარიტა იყო ჭირდრბათ ერთმანეთი...
აი მთელი ისტორიის დაწყებიდან, დასასრულამდე მეგონა რომ ქეთო ცოლი არ იყო აკაკისი...
კი, არაჩვეულებრივი გოგოა მაგრამ აკაკის არ ეკუთვნოდა ოდნავადაც კი...
ელემენტალური ქიმიაც კი არ შეიმჩნეოდა მათ შორის, სხვანაირი სულიერი კავშირი ვიგრძენი ევასთან და ზუსტად ვიცი რომ ამ ისტორიაში ორივე იტანჟება უერთმანეთოთ...
არაჩვეულებრივი იყო , ასეთი არაფერი წამიკითხავს

 


№29  offline წევრი P.A.

N1
ხანდახან ძალიაან მინდება შენი ძველი ისტორიების წაკითხვა,გთხოვ დააბრუნე heart_eyes

აუცილებლად გადასახედია ის ძველი ისტორიები, ასე მგონია. მე კიდევ, ვერაფრით ვიცლი:(( ამიტომ აღარც გპირდებით ტყუილად ავტვირთავმეთქი:( მიხარია, რომ გახსოვს! ❤️

მანიკა
არ ვიცი რა ვთქვა .
გაოგნებული ვარ, ეს უბრალოდ საიტზე დადებული იატორია კი არა ადამიანების ყოველდღიუტი რუტინა იყო წიგნად გადმოცემული.
ყველაფერი როგორ გეწერა ესე საოცრად და დალაგებულად, რეალურად და გამართულად?
ერთადერთი მე პირადად რაც მთელი გულით ვიგრძენი ის იყო რომ ქეთო სასწაული გოგონაა, გიოც კარგი ბიჭია და ხანაახან ეს სიკარგე არაა მხოლოდ .
აკაკი და ევა აი სულით, გულით, ხორცამდე ერთმანეთს ავსებდნენ და ესეთ სხვანაირ ადამაინებს თუნდაც როგორიც ერეკლე და მარიტა იყო ჭირდრბათ ერთმანეთი...
აი მთელი ისტორიის დაწყებიდან, დასასრულამდე მეგონა რომ ქეთო ცოლი არ იყო აკაკისი...
კი, არაჩვეულებრივი გოგოა მაგრამ აკაკის არ ეკუთვნოდა ოდნავადაც კი...
ელემენტალური ქიმიაც კი არ შეიმჩნეოდა მათ შორის, სხვანაირი სულიერი კავშირი ვიგრძენი ევასთან და ზუსტად ვიცი რომ ამ ისტორიაში ორივე იტანჟება უერთმანეთოთ...
არაჩვეულებრივი იყო , ასეთი არაფერი წამიკითხავს

უღრმესი მადლობა❤️ სასწაულად მიხარია ასეთი დადებითი დამოკიდებულება და საინტერესო, სხვადასხვაგვარი აზრები მკითხველისგან^^ ❤️❤️

 


№30  offline წევრი მერცია

სად ხარ დაკარგული?!........ მოგვენატრე......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent