შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (18)


27-07-2019, 00:07
ავტორი omexi
ნანახია 8 812

დეტექტივობანა - (18)

**********

უკვე მთელი საათია მარიამ პაიკიძის გემოვნებით მოწყობილ მისაღებ ოთახში ვზივართ და მის კოლეგებს ველოდებით.
ამ ხნის განმავლობაში მასპინძელი ჯიუტად დუმდა, ჩვენს შეკითხვებზე რეაქცია არ ჰქონდა, მთელი მისი ყურადღება საბუთებისკენ იყო მიმართული, ბოლოს როდესაც საჭირო დოკუმენტს მიაკვლია, საქაღალდე გვერდზე გადადო და გადმოგვხედა.
დაღლილობამ და სიცივემ ნელ-ნელა თავისი გაიტანა, გასავათებულები ვიჯექით სავარძლებში, ლაშა მედგრად ებრძოდა ძილს, თვალებს ისრესდა და ცდილობდა არ დაეხუჭა, არც მე ვიყავი კარგ დღეში, რა თქმა უნდა ქალბატონი მარიამის ქარაგმებისა და მინიშნებების წყალობით ადრენალინი მომმატებოდა, მაგრამ საავადმყოფოში გადახდენილი თავგადასავალი უარყოფით ზეგავლენას ახდენდა, ვგრძნობდი აზროვნების უნარს ვკარგავდი.
როცა მასპინძელმა ჩვენს დაღლილ და შეციებულ სახეებს შეხედა, ჯერ ზეთის ღუმელი მოგვიჩოჩა, მერე სამზარეულოში გადაინაცვლა და მწვანე ჩაით გაგვიმასპინძლდა.
ცხელმა ჩაიმ მართლაც სულზე მოგვისწრო, მისმა არომატმა გამომაფხიზლა, ღუმელს მიფიცხებული ნელ-ნელა ვწრუპავდი, ყოველი ყლუპი ძალას მმატებდა, რა თქმა ეს ეფექტი ჩაის ალკოლოიდის - თეინის1 დამსახურება იყო.
ჩაის სმას მოვრჩით თუ არა, კარზე დააკაკუნეს, მარიამმა ფინჯნების ალაგებაც ვერ მოასწრო, ნაჩქარევად შეაწყო ერთმანეთზე და სტუმრებს კარი გაუღო.
ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა, ახალგაზრდები იყვნენ, მარიამის ასაკის იქნებოდნენ, თუმცა ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდებოდნენ: - პირველს, ორი მეტრი სიმაღლის გოლიათს, ათლეტური აღნაგობა და შესაშურად განვითარებული მუსკულატურა ჰქონდა, სუფთად გადაპარსული თავი, ჯმუხი ერთმანეთზე გადაბმული წარბები და წინ წამოწეული ყბა ტროლს ამსგავსებდა.
ფართე ბეჭები ძლივს შემოატია კარში, მასპინძელს ალალი ღიმილით მიესალმა, მერე გვერდზე გადგა და გზა თანმხლებს დაუთმო.
მეორე მამაკაცი პირველის ნამდვილი ანტიპოდი გახლდათ: - დაბალი და სუსტი, ნაადრევად გაჭაღარავებული თმა, დახვეწილი ნაკვთები და წვრილი, ჭრელი თვალები ჰქონდა, ახლა სახეზე უკმაყოფილება გამოხატოდა და ნამძინარევ თვალებს მუშტით ისრესდა.
- არ შეგეძლოთ დილამდე მოგეცადათ? - გაბრაზებული ტონით წარმოსთქვა და ჯერ მასპინძელს გადახედა, მერე კი გვერდით მდგომ გოლიათს.
- არ დაიწყო ახლა წუწუნი, - ქალმა ხელი აუქნია ჭაღარას და მოკლედ მოუჭრა, - მნიშვნელოვან ამბავზე შევიკრიბეთ.
ჭაღარას არაფერი უთქვამს, თუმცა მიზეზი ქალბატონი მარიამის სიტყვები სულაც არ იყო, ჩვენ შეგვამჩნია, მისი მზერა მთელი სხეულით ვიგრძენი, მეგონა ათასობით ნემსი ჩამესო, შევიშმუშნე საოცრად მაჰიპნოტიზირებელი გამოხედვა ჰქონდა, თითქოსდა მისი თვალები სულის სიღრმეში იმზირებოდნენ, ერთი კუნჭულიც არ რჩებოდათ შეუსწავლელი და ყველა საიდუმლოს ააშკარავებდნენ.
ალბათ ლაშაც ანალოგიურ რამეს განიცდიდა, გაფითრებულიყო, როცა მის ფერდაკარგულ სახეს დავაკვირდი აღმოვაჩინე, რომ ჩემგან განსხვავებით - ორმეტრიან გოლიათს მისჩერებოდა.
- ესენი ჩემი სტუდენტები არიან, - ქალბატონმა მარიამმა უცერემონიოდ წარგვადგინა, - სწორედ მათი წყალობით აღმოვაჩინე ის სამხილი, რომელზეც ტელეფონით გელაპარაკე.
მოულოდნელობიდან ჩავახველე, აქ ჩვენი თავის გადასარჩენად მოვედით, იმედი გვქონდა მარიამ პაიკიძე სკოტლან იარდში შეძენილი გამოცდილების წყალობით დაგვეხმარებოდა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვეხმარებოდით მართლმსაჯულებას.
მაგრამ როგორ?
ნეტა რა სამხილი ჰქონდა მხედველობაში? რას მიაგნო ჩვენთან საუბრის დროს? გონება დავძაბე და ქალის სიტყვები გავიხსენე - ის ტელეფონით “გიჟების საქმეზე” ესაუბრებოდა ვიღაცას.
- უკაცრავად რომ გეჩრებით, - წარმოდგენა არ მქონდა ასე რატომ დავიწყე საუბარი, ჭაღარას სუსხიანმა მზერამ იმოქმედა თუ გოლიათის მრისხანე გამომეტყველებამ.
მოკლედ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ფეხზე წამოვდექი და მასპინძელს მივმართე.
- წეღან “გიჟების საქმე” ახსენეთ.
ქალი წამით დაბნეული მომაჩერდა, შემდეგ თავისთვის ჩაიღიმა და კმაყოფილმა მითხრა.
- გატყობ, წვრილმანებს დიდ ყურადღებას უთმობ, თან მოსმენაც შეგძლებია.
კომპლიმენტი კი დავიმსახურე, მაგრამ მაშინ სულაც არ მეცალა კომპლიმენტებისთვის.
- “გიჟების საქმე”? - გოლიათმა ბოხი ხმით ჩაიროხროხა, შემდეგ მასიური ყბა მოიქექა, მასპინძელს გადახედა და დინჯად დაუმატა, - არ გასვენებს შენ ეგ საქმე, არადა ერთი წლის წინ ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოვაჩინეთ.
- რა უნდა აღმოგვეჩინა, ტიპიური უბედური შემთხვევების სერია იყო, - უცერემონიოდ წარმოსთქვა ჭაღარამ, შემდეგ მოგვიახლოვდა, ხელი სათითაოდ ჩამოგვართვა და თავი ლაკონურად წარგვიდგინა, - კახაბერ თორდია.
ქალივით ნაზი და მოვლილი თითები ჰქონდა, შევამჩნიე ფრჩხილები ისე მოეწესრიგებინა, გეგონებოდათ ახლახან დაასრულა “მანიკურშიცასთან” ვიზიტიო.
თავი ზრდილობიანად დავუკარი.
- ჩემი მეგობრების წარდგენა სულ გადამავიწყდა, - ცივი ღიმილით მოგვიბოდიშა მარიამ პაიკიძემ, - ეს ბატონი, - მან ხელი ფანჯარასთან გაუნძრევლად მდგარ გოლიათისკენ გაიშვირა, - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი და პირველი თანრიგის ოპერატიული აგენტი ფრიდონ ხუციშვილია.
გოლიათმა დინჯი მოძრაობით ჩამოგვართვა ხელი, ჭაღარასგან განსხვავებით, მისი უშველებელი ტორები დაკოჟრილი და ქვასავით უხეში იყო.
- რაც შეეხება პატივცემულ კახაბერს, - ქალმა ირონიულად გადახედა ჭაღარას, - ის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და ექსპერტ-კრიმინალისტია.
მივხვდი, რომ ჩემს წინ მთელი საგამოძიებო ჯგუფი იდგა: - გამომძიებელი, ოპერმუშაკი და ექსპერტი.
ეტყობოდათ დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, შეხმატკბილებოდნენ ურთიერთს, ჩემი აზრით მცოდნე იურისტი სოლისტივით უნდა გრძნობდეს მისი გუნდის ყოველ ბგერას, ყოველ ნოტას, რათა ღირსეული ნაწარმოები შექმნას.
ასეთად წარმომედგინა ქალბატონი მარიამი და მისი გუნდი, შეიძლება ზედმეტად მხატვრული შედარება გამომივიდა, მაგრამ იმ მომენტში მათ ისე ვუმზერდი, როგორც გამოცდილი ბენდის სოლისტებს.
გუნებაში სამეულს - “ტრიო” ვუწოდე.
“დეტექტივობანა” ნელ-ნელა სახეს იცვლიდა, უფრო და უფრო ემსგავსებოდა ტრაფარეტულ საგამომძიებლო მოქმედებას, ჯერ ვერ ვხვდებოდი რა როლი უნდა გვეთამაშა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ “ტრიო” როგორც თანასწორს ისე მიგვიღებდა და მთავარ როლს თუა არა, ეპიზოდურ როლს მაინც შემოგვთავაზებდა.
- მართალი ხარ “დოხტურ”, - ქალბატონმა მარიამმა მეტსახელით მიმართა მეგობარს, - ერთი შეხედვით ყველა მათგანი უბედურ შემთხვევას ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში კარგად მოფიქრებული დანაშაული იყო.
- ვიცი რომ ეჭვები თავიდანვე გქონდა, - ჭაღარამ მხრები აიჩეჩა, - მაგრამ შენი ეჭვების მიმართ მაშინაც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან შენი არგუმენტები უმეტესად ქალურ ინტუიციაზე იყო აგებული, ამაში ფრიდონიც დამეთანხმება, - გვერდულად გადახედა გოლიათს, რომელიც გაუნძრევლად იდგა და მეგობრების სიტყვებზე ემოციას არ გამოხატავდა.
- როგორც ყოველთვის ახლაც წინააღმდეგი ხარ? - მარიამმა თვალებმოჭუტულმა ჰკითხა კოლეგას.
- რა ვქნა, ფაქტებია საჭირო.
- სწორედ მაგიტომ შეგეხმიანეთ, - სხარტად წარმოსთქვა ქალმა და ჰოლში, ტახტზე მიწოლილ ბონდარენკოსკენ გაიშვირა ხელი, - აი ფაქტებიც ბატონო.
სტუმრებმა ახლაღა მიაქციეს ყურადღება ტახტზე გაშხლართულ ჯაბას, რომელიც კვლავ არათანაბრად სუნთქავდა.
- ეს ვინღაა? - იკითხა თორდიამ.
- ჯაბა ბონდარენკო, - საუბარში ლაშა ჩაერთო, - კაფე “პალერმოში” ამტყდარი ჩხუბი ხომ იცით?
- რა თქმა უნდა ვიცით, - ფრიდონმა ბოხი ხმით უპასუხა, - ეს “ტიპი” “ზასტაველი” “ქეშია”, არც კი მახსოვს რამდენჯერ მივათრიე განყოფილებაში, “ვეჩნად” დაბოლილია, - ის მძიმე ნაბიჯით გაემართა ჰოლისკენ, - მაგრამ ის სამი დღის წინ “დაიბრიდა”, მის საქმეს ლევანა იძიებს?
- საქმეც მაგაშია, დოკუმენტურად ნამდვილად სამი დღის მკვდარია.
- დოკუმენტურად რას ნიშნავს? - შუბლმოჭმუხნულმა იკითხა თორდიამ, - და რა კავშირშია ძველ საქმეებთან?
- ახლავე ყველაფერს აგიხსნით, - მშვიდად უპასუხა მარიამმა.
ჯერ დაჯდომა შესთავაზა, შემდეგ როცა სტუმრები მოხერხებულად მოეწყვნენ, ჩვენი მონაყოლი ისტორია უკანასკნელ წვრილმანამდე ჩაურაკრაკა, მოუყვა როგორ მივადექით შუაღამისას და სანახევროდ გონდაკარგული ბონდარენკო მივიყვანეთ, რომელიც დოკუმენტურად სამი დღის გარდაცვლილი იყო.
საავადმყოფოში თავგადახდენილიც არ დავიწყებია, მთავარი ექიმის, პათოლოგ-ანატომის, საგამომძიებლოს გამომძიებლის და ვიღაც ბორისის ტანდემიც ახსენა, ბოლოს კი განსაკუთრებული აქცენტი ფენობარბიტალზე გააკეთა.
როცა ამბის თხრობა დაასრულა, ჯერ მეგობრების დაბნეულ სახეებს ოდნავი ღიმილით უმზირა, შემდეგ ხმადაბლა ჩაახველა და საქმიანი ტონით განაგრძო.
- ახლა იმ ძველ საქმეებსაც გადავავლოთ თვალი, რომელთა კავშირიც აღნიშნულ საქმესთან მეეჭვება, - ის სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა, უსწორ-მასწოროდ დაფენილ ფურცლებს გადაწვდა, - შეიძლება თქვენ ყველა წვრილმანი კარგად გახსოვდეთ, მაგრამ ჩვენი ახალი მეგობრები საქმის კურსშიც არ არიან, - ქალმა საბუთების გროვიდან სამი ფარატინა ფურცელი გამოაძრო და ჩვენსკენ მოტრიალდა.
- ეს სამი პიროვნება გასულ წელს კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, - ფურცლები სავარძლების მახლობად მდგომ ჟურნალის მაგიდაზე დააწყო.
დავაკვირდი, “ამოპრინტერებული” ფოტოები აღმოჩნდა, ორი მამაკაცი იყო, ერთი კი ქალი.
- ვერ ცნობთ? - გვკითხა და გამომცდელად მოგვაცქერდა.
მხრები ავიჩეჩე, ლაშა მაგიდისკენ გადაიხარა, ერთ ფოტოს დაწვდა, დააკვირდა, მერე გაოცებულმა ახედა ქალბატონ მარიამს და ტუჩები უარის ნიშნად გააწკლაპუნა.
- აქაურლები არ ხართ? - იკითხა ხუციშვილმა.
ლაშამ თავი თანხმობით დაუქნია, მე პირიქით უარის ნიშნად გავაქნიე და ხმადაბლა ვთქვი.
- ბათუმელი ვარ, აქ პედაგოგიურში ვსწავლობ.
- მერე “რიჯგვინას” არ იცნობდით? სულ უნივერსიტეტის წინ იდგა.
- როგორ არა, - ლაშამ განმეორებით დახედა ფურცელს.
მეგობარს ფოტო გამოვართვი და თმაგაბურძგნული მამაკაცის გამოსახულებას დავაკვირდი, ამჯერად მისი უხეში ნაკვთები მეც მეცნო.
“რიჯგვინა” - ადგილობრივი ინბეცილი იყო, ხშირად ვხედავდი უნივერსიტეტის მახლობლად, ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა და მოწყალებას ითხოვდა, უსახლკარო გახლდათ, ბევრჯერ წავსწრებივარ ქვაფენილზე წამოწოლილს.
დაბალსა და ჩასკვნილს, მეტსახელი აგებულების წყალობით ერგო, ჯანმრთელობაც შესაშური ჰქონდა, თუმცა ეტყობა ბოლოს და ბოლოს მისმა ორგანიზმა ვერ გაუძლო მუდმივ წანწალს, მათხოვრობას, შიმშილს, სიცივეს და მიაბარა სული გამჩენს.
- რა დაემართა? - ვიკითხე.
- გულის უკმარისობით გარდაიცვალა, - მარიამის ნაცვლად კახაბერ თორდიამ მიპასუხა, - ერთ მიყრუებულ ჩიხში ნახეს უგონოდ, მერე სასწრაფო დახმარების მუშაკებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ამაოდ, ორ დღეში მიიცვალა.
- საწყალი “რიჯგვინა”, - ლაშამ ფოტო მაგიდაზე დადო და სხვებზე გააკეთა კონცენტრაცია, - ესენი? - იკითხა.
- ლიუდმილა კრიჟენი, - ქალბატონმა მარიამმა დარჩენილი ფოტოები ხელში აიღო, - და ნუკრი ქორქია, აქაურები მას “ცანგალას” ეძახდნენ.
- “ცანგალა”? - ლაშამ გაოცებიდან პირი დააღო, - ვიცი ეგ გიჟი, ბაზარში “იჩითებოდა” და “სპეკულიანტებს” ცეკვა-თამაშით ართობდა, - ლაშამ თავი სასაცილოდ მოიფხანა, მერე მასპინძელს მიუბრუნდა და დაეჭვებულმა იკითხა, - მოიცა ესენი ყველა გიჟებია?
- არა მარტო გიჟები, - დააკონკრეტა პაიკიძემ, - უსახლკაროები, უპატრონოები, ისეთები, რომლებთაც მომკითხავი არავინ ჰყავთ.
- მარიამი თავიდანვე ცდილობდა ამ საქმეში საერთო მოტივი ეპოვა, - ფრიდონმა მასიურ ნიკაპზე ხელი დაფიქრებულმა მოისვა, - თუმცა ერთადერთი რაც გარდაცვლილებს ერთმანეთთან აკავშირებდათ, სიგიჟე იყო.
ქალმა გოლიათს კმაყოფილმა გადახედა, მერე ფოტოები საქაღალდეში ჩადო, იქვე მდგარ დივანზე მოკალათდა და სვენებ-სვენებით გვითხრა.
- ერთი შეხედვით ეს სამი საქმე ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება...
- მე ახლაც მაგ აზრზე ვდგავარ, - თორდია ქალს შეეკამათა, - ყველა მათგანი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მიზეზით გარდაიცვალა: “რიჯგვინა” გულის უკმარისობამ შეიწირა, ლიუდმილა კრიჟენი ბოტულიზმით მოიწამლა, “ცანგალას” კი შუაღამით უცნობმა მანქანამ დაარტყა, განა ხედავთ მათ შორის რამე საერთოს?
- სამხილების დანახვას, განსხვავებული ხედვა სჭირდება, - ქალმა ოთახში მყოფ მამაკაცებს თვალი მოგვავლო და ნიშნის მოგებით განაგრძო, - როცა ყველა საქმეს განმეორებით გადავხედე, მსგავსება უფრო მეტი აღმოვაჩინე, ვიდრე განსხვავება.
- შენი დამსახურება იყო, რომ არაოფიციალური გამოძიება დავიწყეთ, - “დოხტურამ” უკმაყოფილო ტონით წარმოსთქვა, - მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ შენს სიჯიუტესთან ვერაფერს გავხდი.
- მერე გახსოვს რა გაირკვა ჩვენი გამოძიებიდან? - ქალმა ჰაერი ხმაურით ჩაისუნთქა, - სამთავე პაციენტის მკურნალი ექიმი იოსებ მოდებაძე იყო, მათ საქმეს ლევან აშბა იძიებდა, გაკვეთის ოქმი კი სამივეს შემთხვევაში ცოტნე კაციამ შეადგინა, - მარიამმა მისი სიტყვების გააზრების საშუალება მოგვცა.
- მერე? - დინჯად იკითხა ფრიდონმა.
- რა მერე, ვერ ხედავთ მსგავსებას? - ქალბატონმა მარიამმა ხელები მკერდზე დაიკრიფა, - აღნიშნული პიროვნებები “ბონდარენკოს საქმეშიც” ფიგურირებენ, ესე იგი, ორგანიზებული დანაშაული, რომლის მომსწრეც ეს ბიჭები გახდნენ, მინიმუმ ერთი წელია წარმატებულად ხორციელდება.
მივხვდი, საითკენაც მიჰყავდა საუბარი, პარარელებს ავლებდა, ჯაბა ბონდარენკოც ხომ უსახლკარო იყო? არც ნათესავ-მყვარებელი ჰყავდა, არც ოჯახი ჰქონდა, გონება დავძაბე, ჩემთვის ათასობით ვერსია ავაგე.
- ოჰო, - ლაშამ გაბმით დაუსტვინა, - ესე იგი, ჯაბა ბონდარენკო... - მაგრამ სიტყვა ვერ დაამთავრა, კახაბერ თორდიამ ხელის აქნევით შეაწყვეტინა და კატეგორიული ტონით მიმართა ქალს.
- რა სისულელეა, - ის სავარძლიდან წამოხტა, - ნუთუ ამ აბსურდული თეზისის გამო გამაღვიძე შუაღამისას?
- მაშინაც სისულელედ გეჩვენებოდა ჩემი თეორია, არ აქცევდი ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ბევრი შეუსაბამობა იყო “გიჟების საქმეში”.
- მაინც რომელი?
- თუნდაც ის, რომ ლევან აშბამ საეჭვოდ მოკლე დროში დახურა საქმე.
- ეგ მეც საეჭვოდ მეჩვენა, - ჩაიდუდუნა ხუციშვილმა, - ამიტომაც ვიზიარებდი შენს მოსაზრებებს, - ქალისკენ მთელი ტანით მიტრიალდა და დანანებით დასძინა, - თუმცა მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა სამხილს ვერ მივაგენით.
- ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული იყო? - ვკითხე.
- არა მარტო დოკუმენტი, - გოლიათის ნაცვლად, მარიამი დამეთანხმა, - არამედ გარემოებებიც.
- მერედა რა არი ამაში გასაკვირი? - თორდიამ დინჯად აღნიშნა, - იოსებ მოდებაძე კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმია, ყოველდღიურად ათობით პაციენტს იღებს, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ გარდაცვლილებსაც მკურნალობდა, ცოტნე კაცია ერთ-ერთი წამყვანი პათოლოგ-ანატომია, გაკვეთის უმეტეს ოქმს ის წერს, ლევან აშბა კი მსგავსი ტიპის დანაშაულების გამოძიებაზეა სპეციალიზირებული, ასე რომ სამივე საქმეში ვერანაირ “პრაკოლს” ვერ ვხედავ.
ქალი ფეხზე წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და შუბლმოკუმულმა წარმოსთქვა.
- უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანდა ასე.
ოთახში მყოფთ დაფიქრებით მოვავლე მზერა, ქალბატონი მარიამი შეუსვენებლივ სცემდა ბოლთას, ფრიდონი დინჯად ადევნებდა თვალს, ჭაღარა კი ჯიუტად აქნევდა თავს, ალბათ ფუჭი მიზეზით დაფრთხობილ ძილს მისტიროდა.
მივხვდი მარიამმა ძველ და ახალ დანაშაულებს შორის ფარული კავშირი დაინახა.
- ჩვენმა დღევანდელმა ისტორიამ ამ საქმეებთან დამაკავშირებელი ფაქტები სულ სხვა რაკურსით დაგანახათ? - ფიქრმორეულმა ვივარაუდე, - ასეა ხომ.
- რა თქმა უნდა, ახლა უკვე აშკარაა მათი კავშირი, - მარიამი ფანჯარასთან შედგა და გარეთ გაიჭვრიტა, - მაგრამ მთავარი რამაც ამ კავშირის არსებობა მარწმუნებინა... ფენობარბიტალია.
ამას ნამდვილად არ ველოდი, რა შუაში იყო ეს პრეპარატი? ან როგორ უნდა დაეკავშირებინა მედიკამენტს ერთმანეთთან ჯაბასა და ერთი წლის წინ გარდაცვლილი იდიოტების საქმე? გონებაში ისეთი დომხალი მქონდა, რომ ხმის ამოღების მეშინოდა, რადგან ვიცოდი სისულელეს წამოვროშავდი, ამიტომ უტყვად მივაჩერდი ქალს და დაველოდე, როდის ახსნიდა მის სიტყვებს.
ქალმა ბოლთა მეგობრების წინ შეწყვიტა, ჭაღარას გამომცდელად მიაცქერდა და თვალებმოჭუტულმა ჰკითხა.
- გახსოვს გვამების მალული ექსგუმაცია, რომ ჩავატარეთ?
მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა, თავი დაუქნია და გაგულისებულმა ჩაიდუდუნა.
- ისიც მახსოვს, შუაღამით რომ გამაღვიძეთ, არ მოვდიოდი და ფრიდონმა ლამის ძალით წამათრია მორგში.
- მაშინ გარდაცვლილებს შორის კიდევ ერთი მსგავსება აღმოვაჩინე, - ქალმა ექსპერტის გაგულისებულ ტონს ყურადღება არ მიაქცია და დამარცვლით განაგრძო, - ის ახლახან ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი სამხილია, - იდუმალი ტონით დაუმატა მან.
მამაკაცები უტყვად მისჩერებოდნენ.
- რომელი სამხილი? - იკითხა ფრიდონმა.
- ჯერ ერთი ყველა მათგანს თირკმელი ჰქონდა ამოჭრილი და მეორე ორგანიზმში დიდი ოდენობით ფენობარბიტალი შეეყვანათ.
- მიცვალებულის გაკვეთის დროს შინაგანი ორგანოების ამოცლა ჩვეულებრივი ამბავია, ეს ნამდვილად არ გესწავლებათ, - მშვიდად წარმოსთქვა კახაბერ თორდიამ, - რაც შეეხება ფენობარბიტალს, ის ბარბიტურატების ჯგუფს განეკუთვნება, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, საძილე და სედატიური საშუალებაა, - წინადადება გასაგებად ჩამოაყალიბა, - მისი მეორადი დასახელება ლუმინალია და სამედიცინო დაწესებულებებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი გახლავთ, ასე რომ გასაკვირი სულაც არ არი, რომ მათ სისხლში აღნიშნული პრეპარატი შეიყვანეს.
ქალმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
- ისევ წინააღმდეგი ხარ, - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, - ცდილობ ჩემი საფუძვლიანი სამხილები გააცამტვერო, არადა ყველაფერს ტრეფიკინგისკენ, კერძოდ კი ორგანოების ვაჭრობისკენ მივყავართ, - ქალი კვლავ წამოდგა სავარძლიდან, საწერ მაგიდაზე დაფენილ ფურცლებს დააცქერდა და გადამჭრელად დაუმატა, - ჩემი აზრით, გარდაცვლილები ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფმა, ორგანოების სავაჭროდ გამოიყენა, - მარიამმა წამით იყუჩა, მეგობრებს თვალი მოავლო და დაუმატა, - რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული ჯგუფი დღესაც აგრძელებს საქმიანობას, ამის დამამტკიცებელი საბუთი კი ეს მამაკაცი გახლავთ, - მან ხელი ჯაბა ბონდარენკოსკენ გაიშვირა, - მინდა დამნაშავეები სააშკარაოზე გამოვიყვანო, ამიტომაც დაგიბარეთ აქ, - ქალმა მამაკაცებს თვალი გამომცდელად მოგვავლო, - მქონდეს თქვენი იმედი?
მე და ლაშამ თავი ენერგიულად დავუქნიეთ, რადგან დამნაშავეების სააშკარაოზე გამოყვანა, ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალი იყო.
- “დოხტურასგან” განსხვავებით მე ყოველთვის შენს მხარეს ვიყავი, - ჩაირორხროხა ფრიდონ ხუციშვილმა და უშნოდ გაიღიმა.
ყველანი კახაბერ თორდიას მივაცქერდით, ჭაღარას ჭრელი თვალები მოეჭუტა და ფანჯრის მიღმა გადაშლილ სიბნელეს მისჩერებოდა, შემდეგ შუბლი მოისრისა და გაუბედავად თქვა.
- რა გეწყობა, თუ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ჩათვალეთ თქვენს გვერდით ვარ, გამოძიებაში ჩავერთვები, ოღონდ იცოდეთ ბოლომდე თქვენს მოსაზრებებს არ ვეთანხმები.
ექსპერტმა მაინც ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, ჩემი დაკვირვებით განათლებული და ინტელექტუალური პიროვნება გახლდათ, თუმცა მისებური სიფრთხილე ნერვებს მიშლიდა.
მართალია ყველაფერი საოცრად ჩახლართული მეჩვენა, მაგრამ როცა ქალბატონ მარიამის სიტყვებს ჩავუფიქრდი, მივხვდი სწორი მიმართულებით აგებდა თეზისებს: - ორგანოებამოცლილი, უსახლკარო და უპატრონო გვამები, რომლებიც ფენობარბიტალითაა გაჭყეპილი, ერთი მკურნალი ექიმი, ერთი გამომძიებელი, ერთი პათოლოგ-ანატომი, ამდენი დამთხვევა ნამდვილად წარმოუდგენელია.
ჩემი აზრით სიმართლის დადგენას სულაც არ სჭირდებოდა დედუქციური აზროვნება, მხოლოდ რამდენიმე წუთი ვიფიქრე და შემდგომ დასკვნამდე მივედი: - სამი გვამი და ჯაბა ბონდარენკო აშკარა კავშირში იყვნენ ერთმანეთთან, ჩვენ რომ არ მიგვესწრო, ისიც მათ რიგებში ჩაეწერებოდა, თუმცა დოკუმენტურად იყო კიდეც გვამი.


1 თეინი - 1827 წელს ჩაიში აღმოაჩინეს ალკალოიდი, რომელსაც თეინი უწოდეს, თავიდან მას კოფეინის მონათესავე ნივთიერებად თვლიდნენ და ალკალოიდების სხვა სახეს აკუთვნებდნენ, მოგვიანებით გაირკვა, რომ თეინი და კოფეინი ერთმანეთის იდენტურია: აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომის ნაყოფიერებას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Rogor gelodebpdittt. Zalian gamixardaa. Au ramagariaaaa. Axla ramoicdis momdevnomdee. Es deteqtivobana uzaxe shennda sheizleba didi tevzi gaaban maxeshi
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent