შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (19)


29-07-2019, 00:41
ავტორი omexi
ნანახია 8 005

დეტექტივობანა - (19)

**********

«ტრიომ» «ბონდარენკოს საქმე» დაწვრილებით განიხილა, მერე უშველებელი ოთახის სამუშაო მხარეს გადაინაცვლეს და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვას შეუდგნენ.
დილამდე თათბირობდნენ, ლურჯი საქაღალდედან «გიჟების საქმე» ამოელაგებინათ და ფურცლებს დაჩერებულნი ყურადღებას არ გვაქცევდნენ, მხოლოდ კახაბერ თორდია გადმოგვხედავდა ხანდახან.
ვერც კი გავიგეთ ისე დაგვათენდა თავზე, დაღლილობამ კარგა ხანია რაც გამიარა, არც ლაშას ელულებოდა თვალები, მიზეზი კი ის ვერდიქტი გახლდათ, რაც სამეულს უნდა გამოეტანა.
დანამდვილებით ვერ გეტყვით რა თემაზე საუბრობდნენ, რადგან არაფერი გვესმოდა, თუმცა მეექვსე გრძნობით ვხვდებოდი, რომ მარტო გამოძიებას კი არ განიხილავდნენ, არამედ ჩვენს როლსაც ამ საქმეში.
როცა მოითათბირეს უკვე დილის ცხრა საათი სრულდებოდა, ვატყობდი რაღაც კონსესუსამდე მივიდნენ, ქალბატონი მარიამი დაფიქრებული ისრესდა შუბლს, კახაბერ თორდია და ფრიდონ ხუციშვილი ერთმანეთს ხმადაბლა ეჩურჩულებოდნენ, მერე ოპერმუშაკი ფეხზე მძიმედ წამოდგა, ფართე ბეჭები ტკაცუნით გადაზნიქა, ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და თავისუფალ სავარძელში მოკალათდა.
- საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩაგიტარებიათ, - როხროხით მოგვმართა გოლიათმა, - ნამდვილად შექების ღირსი ხართ, - ხოტორა თავზე ხელი გადაისვა, - ვფიქრობ ყველაფერი მარიამის დამსახურებაა, - ღიმილით გადახედა მეგობარს, რომელიც მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს საქაღალდეში აწყობდა, - ალბათ მისი პროფესიონალიზმის წყალობით ისწავლეთ გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვა.
ლაშამ ქურდულად გააპარა მზერა ქალისკენ, მეც თვალს ვერ ვუსწორებდი ლექტორს, მის ლექციებს სისტემატურად ვაცდენდი, ახლა კი ჩემი საქციელის მრცხვენოდა, ალბათ იგივეს განიცდიდა ლაშაც, რამდენადაც ვიცი არც ის იყო სწავლას მოწყურებული და პუნქტუალობითაც არ გამოირჩეოდა.
- ესე იგი, როგორც თქვენ თქვით? - საუბარში ოსტატურად ჩაერთო კახაბერ თორდია, - დანაშაული სახეზე არ გვაქვს, მისი შემადგენელი ნაწილების არ არსებობის გამო, - ისიც ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და ჭრელი თვალები სათითაოდ მოგვავლო, - აქედან გამომდინარე თქვენს მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება, მაქსიმუმ ადმინისტრაციული სასჯელი შეგიფარდონ: საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მნიშვნელოვან სამხილს მიაგენით, გამოძიებისთვის ხელშეწყობა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებთ.
- მოკლედ თქვენი მისია შესრულებულია, - ხუციშვილმა ყველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვითხრა, - უდანაშაულოები ხართ, შეგიძლიათ ახლავე წახვიდეთ, დანარჩენს კი ჩვენ მივხედავთ.
ეს შემოთავაზება არ მომეწონა, არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებდნენ, ვფიქრობდი რადგანაც «ბონდარენკოს საქმე» ჩვენი წყალობით მივიყვანეთ ამ დონემდე, მომავალშიც ერთად გავაგრძელებდით ძიებას.
მაგრამ ამაოდ, «ტრიომ» საქმის კურსში ჩაყენებაც არ მოისურვა, პირიქით ერთი ხელის მოსმით მოგვიცილეს თავიდან, ვატყობდი «დეტექტივობანას» დღეს უნდა დასმოდა წერტილი.
ლაშა ტუჩმოკუმული უმზერდა მამაკაცებს, შემდეგ ფეხზე წამოდგა და პროტესტის ტონით ჩაილაპარაკა.
- თქვენს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, დანაშაულის ნიშნები ჩვენ გამოვავლინეთ, ამიტომ სრული უფლება გვაქვს, ძიების პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა.
- ეგ შეიძლება, რომელიმე დეტექტიურ რომანში მოხდეს, - ცივად უპასუხა თორდიამ, - მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, სამოქალაქო პირს გამოძიების პროცესში ჩართვის უფლება არ აქვს.
- გასაგებია, მაგრამ ჩვენც მომავალი იურისტები ვართ, - სუსტად შევეწინააღმდეგე, - ხომ შეიძლება, როგორც სტაჟიორები ისე ჩაგვრთოთ.
- ისე ცუდი იდეა არ არი, - თავის კანტუნით ჩაიდუდუნა ფრიდონმა, - შენ რას ფიქრობ მარიამ?
ქალს სამუშაო მაგიდის მილაგება დაესრულებინა და ახლა ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი გვიგდებდა ყურს, როცა ოპერმუშაკმა შეკითხვა დაუსვა, მან თვალებზე ჩამობლანდული თმა შეისწორა და სასიამოვნოდ ჩაიჟღურტულა.
- ნიჭიერი ბიჭები არიან, - ოდნავი ღიმილით შეგვავლო თვალი, - მათი უნარ-ჩვევები შესანიშნავად გამოიყენეს და ოსტატურად დაფარული ორგანიზებულ დანაშაულს მიაგნეს, - ქალბატონი მარიამი წამით დადუმდა, შემდეგ კი გადამწყვეტად დაუმატა, - ვფიქრობ მივსცეთ შანსი ძიებაში ჩაერთონ.
- მე წინააღმდეგი ვარ, - თითის აწევით წარმოსთქვა თორდიამ, - სამოქალაქო პირებმა შეიძლება შეაფერხონ ძიება.
- შენი მხრიდან სხვას მაინც არ ველოდი, შენ ხომ: - in aeternum contra 1 ხარ, - დაღლილი ხმით წარმოსთქვა მარიამმა და თვალები უკან გადაქაჩა.
გამომძიებლის ინიციატივამ ცოტა ხნით უთანხმოება გამოიწვია, უფრო სწორად კახაბერ თორდია იყო წინააღმდეგი, ჯიუტად იდგა თავის პოზიციაზე, თვლიდა რომ ჩვენ, მიუხედავად წარმატებული სტარტისა, ძიებას მაინც შევაფერხებდით.
თუმცა ის უმცირესობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო, ამიტომ როცა განმეორებით მოვყევით მთელი ისტორია: - კაფე «პალერმოდან» დაწყებული და საავადმყოფოს პროზექტურით დამთავრებული, ის მკერდზე ხელებდაკრეფილი ოთახის განაპირას იდგა და შუბლმოქუფრული გვისმენდა.
ექსპერტისგან განსხვავებით, ფრიდონ ხუციშვილი აქტიურად ჩაგვერთო საუბარში, ერთი შეხედვით სიტყვაძუნწი გოლიათი იურისპრუდენციაში საოცრად განსწავლული აღმოჩნდა, პროფესიონალისთვის დამახასიათებელი კონტრშეკითხვებით აკონკრეტებდა ყოველ წვრილმანს, მისი წყალობით საქმის უმნიშვნელო დეტალებიც კი დაწვრილებით განვიხილეთ.
მარიამ პაიკიძეს ჩვენი მონათხრობისთვის ყური არ დაუგდია, ამ მოკლე ხანში იმდენჯერ ვუამბეთ ეს ისტორია, რომ ყველა წვრილმანი ლამის ზეპირად იცოდა, ამიტომ მამაკაცები მარტო დაგვტოვა, მხოლოდ ერთხელ გვკითხა: - «ჩაის თუ დავლევთო» და სამზარეულოში გავიდა.
მარიამის კოლეგები ერუდირებული თანამესაუბრეები აღმოჩნდნენ, მართალია თავიდან მათმა უჟმურმა იერმა ცოტათი შემაშფოთა, რასაც კახაბერ თორდიას უნდობლობაც ემატებოდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი, მივხვდი, რომ მათი გარეგნული იერი უბრალოდ მუდმივი დაძაბული სამუშაო გრაფიკით იყო გამოწვეული, ნდობით კი მხოლოდ ერთმანეთს ენდობოდნენ.
თხრობის დასრულებისთანავე, მამაკაცები პროფესიონალურად მიუდგნენ საქმეს, გამოძიების დაგეგმვა დაიწყეს, ექსპერტმაც კი მოიშორა სახედან უკარება იერი და ოპერმუშაკთან ერთად ჩაუღრმავდა ჩვენს ისტორიას.
ფრიდონ ხუციშვილმა მასიური ნიკაპი დინჯად მოისრისა და როხროხით იკითხა.
- რა ვქნათ? არაოფიციალური ძიება დავიწყოთ თუ ოფიციალურად ავღძრათ საქმე?
კითხვა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ სამზარეულოდან მკლავებდაკაპიწებულმა ქალბატონმა მარიამმა გამოიხედა და დამაჯერებელი ტონით აღნიშნა.
- ბიჭების ნაამბობიდან ჩანს, რომ ამ საქმეში ლევან აშბაცაა გარეული, - მან ვერცხლისფერი ლანგარით მამაკაცებს ცხელი ჩაი მოგვართვა, - თუ ძიებას ოფიციალურ სახეს მივსცემთ, ის ეცდება ხელი შეგვიშალოს, ჩვენ კი ჯერ საკმარისი სამხილი არ გაგვაჩნია, რომ ბრალი წავუყენოთ.
როცა ამ სიტყვებს ამბობდა, თან ჟურნალის მაგიდაზე ჩაით სავსე ფინჯნებს ალაგებდა.
- მართალი ხარ, - დაეთანხმა ფრიდონი, - ხელის შეშლას ნამდვილად მოახერხებს, უფროსი გამომძიებელია და «პავლოვიჩის» შემდეგ, სამინისტროში ყველაზე მეტად მის აზრს ითვალისწინებენ.
მე და ლაშა მდუმარედ მივჩერებოდით «ტრიოს», სწრაფად ჩამოაყალიბეს მოქმედების გეგმა, მათი აზროვნების მიმართულება მომწონდა, როგორც კი საქმე აღიძრებოდა ჩვენ მთავარი ეჭვმიტანილების სტატუსს დავკარგავდით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობა პასუხიმგებლობიდან ისედაც გვათავისუფლებდა.
- ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგად იცით, - თორდიამ წყნარად წარმოსთქვა, - ტრეფიკინგის ნიშნები აშკარაა, მაგრამ ახლანდელი დანაშაულის ძველ საქმეებთან გაერთიანებას არ ვამართლებ.
მარიამმა ხმამაღლა ამოიოხრა, შემდეგ ხელი ჩაიქნია, მივხვდი არ მოსწონდა ექსპერტის სიჯიუტე.
- გასაგებია შენი პოზიცია «დოხტურ», - გაღიზიანებული ტონით უთხრა მან, - ოღონდ ძალიან გთხოვ სულ შეხსენება არ არის საჭირო.
- გასაბრაზებლად არ მითქვამს, - კახაბერმა მხრები აიჩეჩა, შემდეგ ფინჯანს გადასწვდა და ჩაი ხმაურით მოხვრიპა, - სხვათა შორის არაჩვეულებრივი ჩაია, - შეაქო მასპინძელი, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და კვლავ მსჯელობა განაგრძო, - რაც შეეხება გამოძიებას, სჯობს არაოფიციალურად შევუდგეთ, გამოცდილება გვაქვს, მაგრამ «პავლოვიჩი» მაინც ჩავაყენოთ საქმის კურსში.
- ეგ კარგი აზრია, - დაიბუბუნა ხუციშვილმა, - «პავლოვიჩს» მოგვიანებით მე დაველაპარაკები.
ოპერმუშაკის სიტყვები არ «მეპიტნავა», ჩემი აზრით გარეშე პირის ძიებაში ჩარევა კარგს არაფერს მოგვიტანდა.
- ვფიქრობ გამოძიების აფიშირება ცუდი იდეაა, - საუბარში უცერემონიოდ ჩავერთე, - რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, მით უფრო მეტი საფრთხის წინაშე დავდგებით.
სამეული უტყვად მომაჩერდა, შემდეგ ოპერმუშაკმა ხელში მომარჯვებული ფინჯანი, კვლავ ჟურნალის მაგიდაზე დადგა, მთელი ტანით მოტრიალდა და ჭმუნვით მკითხა.
- რა საფრთხეს გულისხმობ? - შუბლმოჭმუხნული გამომცდელად გადმომხედა და დამარცვლით წარმოსთქვა, - ალბათ ხვდები, რომ იმ დამნაშავეობრივ სინდიკატთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე, მათ პატიოსნობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ სულ სხვა რამ მანაღვლებდა, სულაც არ მიხაროდა ვიღაც «პავლოვიჩის» გამოჩენა, კაცმა არ იცის ვინ იყო, რას საქმიანობდა.
- თქვენი რა თქმა უნდა მჯერა, - დაღლილი ტონით ჩავილაპარაკე, - მაგრამ რა გარტია მაქვს, რომ «პავლოვიჩი», რომელსაც საქმის დეტალები უნდა გააცნოთ, მოდებაძესთან და აშბასთან არ თანამშრომლობს?
მოულოდნელად ხუციშვილმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
- «პავლოვიჩი» ჩემო ძმაო, უკვე ათი წელია საგამოძიებოს მთავარ განყოფილებას ხელმძღვანელობს, - ფეხზე წამოდგა და თითებზე იწყო ჩამოთვლა, - პოლიციის პოლკოვნიკი მირიან ტყეშელაშვილია, პატრიოტი და საქმის მცოდნე ადამიანი, ამ ხნის განმავლობაში ერთი გადაცდომაც არ ჰქონია, მის პატიოსნებაზე თავს დავდებ.
დავდუმდი, მართალია ამ საქმეში ახალი ძალის გამოჩენა არ მახარებდა, მაგრამ თუ ის პიროვნება ისეთივე უმწიკვლო იყო, როგორც ფრიდონ ხუციშვილმა დაახასიათა, მაშინ საფრთხე არ გვემუქრებოდა.
ლაშას გადავხედე, მან მხრები გაურკვევლად აიჩეჩა, დაღლილი თვალებით ამომხედა და ხმადაბლა მითხრა.
- მე ვერაფერს გეტყვი, კი იცი მამაჩემის შემდეგ, როგორი დამოკიდებულება მაქვს პოლიციასთან.
ვიცოდი ლაშა არ ენდობოდა სამართალდამცავებს, რადგან არაკომპეტენტური და კორუმპირებულნი იყვნენ, ამიტომაც იგრძნობოდა მის სიტყვებში ირონია, მართალია მამამისი წლების განმავლობაში მსახურობდა პოლიციაში, მაგრამ ის სამაგალითო მუშაკი გახლდათ, რაც დღევანდელ განუკითხავ დროში დიდი იშვიათობაა.
მის ხმადაბლა ნათქვამ სიტყვებში, თორდიამ ჩემგან განსხვავებით ვერ შეამჩნია ირონიული ტონი, ამიტომ ჩემს მეგობარს ახლოს მიუჩოჩდა და თვალებმოჭუტულმა ჰკითხა.
- მოიცა, მამაშენი «ორგანოში» მუშაობს?
ყურადღება მივაქციე ექსპერტის ჭრელ თვალებს, თუ ადრე ურწმუნოდ გვჭვრეტდა და მთელი დღის მანძილზე ჭინჭარივით გვსუსხავდა, ახლა ლაშას სულ სხვაგვარად, ასე რომ ვთქვათ სიმპატიითაც კი უმზერდა.
მხედველობიდან არ გამომრჩენია ეს მეტამორფოზა, რაც ჩვენთვის კარგის მანიშნებელი იყო, ესე იგი თანდათან «ტრიოს» თვალში სანდონი ვხდებოდით.
ლაშამ თავი სინანულით დაუქნია, მივხვდი სულაც არ იყო საუბრის ხასიათზე, მაგრამ მაინც ამოღერღა უგულოდ.
- მუშაობდა, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა.
წამით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, «ტრიო» მდუმარედ უმზერდა ჩემს მეგობარს, ლაშა დაღვრემილი იჯდა: - ვიცოდი მამამისის ისტორია, ვერც კი მოვთვლი იმდენჯერ ჰქონდა მოყოლილი, ერთ-ერთი რეიდის დროს საპატრულო ესკადრა, რომელშიც მამამისი შედიოდა, შემთხვევით დამნაშავეობრივ ჯგუფს გადააწყდა და ჯვარედინი ცეცხლის გახსნის შემდეგ, ვიღაც ნაძირალას გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
ლაშა მაშინ ათი წლისაც არ იქნებოდა, ძალიან განიცადა მამის სიკვდილი, მართალია როგორც გმირი ისე დაკრძალეს, სახელმწიფომ ერთჯერადად მიზერული დახმარებაც გაუწია ოჯახს, მაგრამ ყველა ძალისხმევა დანაკარგთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო.
თუმცა ამ ამბავის მთავარი ტრაგედია ის გახლდათ, რომ მიცვალებულის ახლო მეგობრის პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის ჯემალ მეტრეველის ვარაუდით, უბედური შემთხვევა მისი ახალბედა მეწყვილის მიზეზით მოხდა, ის შეშინდა, მიიმალა და ლაშას მამა მარტო შეატოვა დამნაშავეების ათეულს.
რა თქმა უნდა დანაშაული ვერ გამოიძიეს, დამნაშავეები ვერ დააპატიმრეს, მხდალი პოლიციელის ვინაობაც საიდუმლოდ დარჩა, დაკრძალვის შემდეგ კი ჯემალ მეტრეველიც დაითხოვეს სამსახურიდან, რომელიც მალევე გადაიხვეწა ქვეყნიდან, მოკლედ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ოთხმოცდაათიანი წლებისთვის იყო დამახასიათებელი.
ლაშა მაშინ პატარა გახლდათ, ნორმალურად ვერც აცნობიერებდა თავს დამტყდარ უბედურებას, ვერ გარკვეულიყო მამამისი მართლა შემთხვევით დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თუ ვიღაცამ განზრახ მოიშორა თავიდან, ვერც დაქვრივებული მეუღლე ჩაეძია ყოველივეს, რადგან ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მისახედი.
თუმცა მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა ჩემს მეგობარს სულის სიღრმეში მძიმე დაღი დაასვა, ავტომატურად ჩაენერგა პოლიციელებისადმი უნდობლობა.
ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, რომ ოდესღაც გაარკვევს სიმართლეს, თუმცა წლები ისე გადიოდა, მამამისის გარდაცვალების ამბავი კვლავ ბურუსით მოფენილი რჩებოდა.
- ძალიან ცუდი, - სევდიანად წარმოსთქვა ხუციშვილმა, შემდეგ მასიური ნიკაპი მოისრისა და იკითხა, - რა ერქვა?
- პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გრიგოლ გურგენიძე, - ლაშას მაგივრად მარიამმა უპასუხა.
გაოცებულმა გადავხედე ლექტორს, ალბათ ყოველი სტუდენტის შესახებ ჰქონდა დოსიე შედგენილი, კაცმა არ იცის რა ეწერა ჩემთვის განკუთვნილ გრაფაში.
- იმედია მამის კვალს გაჰყვები და მასავით თავდადებული იქნები, - რბილი ტონით უთხრა თორდიამ.
ჩემს მეგობარს არაფერი უპასუხია, ვიცოდი რისთვისაც გადაწყვიტა სამართალმცოდნეობას დაუფლებოდა, უნდოდა წარმატებული იურისტი გამხდარიყო, რაღაც შეეცვალა ქვეყანაში, ამოეძირკვა ამ სისტემაში კომუნისტური წყობიდან გადმონერგილი კორუფცია და რა თქმა უნდა ეპოვა პასუხები მამის იდუმალი სიკვდილის შესახებ.
მართალია ახლა ბედისწერის უკუღმართობის გამო თავად იყო ეჭვმიტანილი, თუმცა იმედი მქონდა, რომ ჩვენი ძალისხმევით და «ტრიოს» დახმარებით გამოვასწორებდით დაშვებულ შეცდომებს.
სანამ ლაშას ოჯახურ ტრაგედიას ვიხსენებდი, კახაბერ თორდიამ ჩაის სმა დაასრულა, ცარიელი ფინჯანი ჟურნალის მაგიდაზე დადგა და ტახტზე გაწოლილი ბონდარენკო გასინჯა.
ცოტა ხანი შუბმოჭმუხნული აანალიზებდა რაღაცას, შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა და დაფიქრებულმა მკითხა.
- პაციენტის მდგომარეობა ძალიან ჰგავს ლეთარგიულ 2 ძილს, - ისეთი ტონით წარმოსთქვა, როგორიც სამედიცინო პერსონალისთვისაა დამახასიათებელი, - დარწმუნებული ხართ, რომ მთელის სამი დღე ფენობარბიტალით იყო გათიშული?
მხრები ავიჩეჩე.
- ავადმყოფთან ფენობარბიტალის ამპულა ვიპოვეთ, - გაუბედავად ვუპასუხე, - თან ექიმი მოდებაძე ხელოვნურ კომაზეც ლაპარაკობდა.
- აჰა, - ექსპერტმა ჭრელი თვალები მოჭუტა, - დიდი ოდენობით ბარბიტურატი ორგანიზმის ტოქსიკოზს გამოიწვევს, თუ დროულად არ ჩავერიეთ შეიძლება თავის ტვინის ნერვული კვანძები დაუზიანდეს ან ამნეზია დაემართოს.
- მისი ჩვენება კი გამოძიებისთვის გადამწყვეტია, - საუბარში ჩაერია ქალბატონი მარიამი, - «დოხტურ» რას გვთავაზობ?
ექსპერტი რამდენიმე წამი თვალებგაშეშებული იდგა ტახტთან, ფიქრობდა, შემდეგ მოვლილ ფრჩხილებს დახედა და კვლავ გვკითხა.
- წეღან მოყევით, რომ პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ დაგეკონტაქტათ და რაღაც გკითხათ.
- კი, - ლაშა დაეთანხმა, - «სად ვარო» გვეკითხებოდა.
- ძალიან კარგი, ესე იგი მთლად უიმედო მდგომარეობაში არ ყოფილა, ამიტომ ბემეგრიდს 3 გავუკეთებ, - თორდია ტახტს მოშორდა, - ფსიქოტროპების ანტაგონისტური საშუალებაა, თან ბარბიტურატის ტოქსიკურ დონეს შეამცირებს.
- პრეპარატი თან გაქვს, - ჰკითხა პაიკიძემ.
- არა.
- მოკლედ, - წარმოსთქვა ხუციშვილმა, - სამოქმედო გეგმა ასეთია, «დოხტურა» დაზარალებულს მიხედავს, - მან გვერდით მდგომ თორდიას ხელი ბეჭზე დაჰკრა, - მე «პავლოვიჩთან» შემდგომ დეტალებს შევათანხმებ: ძიების ინკოგნიტობას და საქმეში სტაჟიორების ჩართვას, - მან ორი თითი ფრთხილად მოკეცა და დინჯად განაგრძო, - მარიამი კი... - თუმცა სიტყვა არ დაუსრულებია, ისე მიაცქერდა გამომძიებელ ქალს.
- კლინიკურ საავადმყოფოში წავალ და მცირე მოკვლევას ჩავატარებ, - სხარტად უპასუხა პაიკიძემ.
- კი მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, - მხრების აჩეჩვით იკითხა ლაშამ.
- სახლში წასვლა შეგთავაზეთ და არ მოისურვეთ, - ნიშნის მოგებით უპასუხა ფრიდონმა, - ამიტომ აქ დარჩებით, სანამ ფორმალურ საკითხებს არ მოვაგვარებთ.
ვერაფერს გავაწყობდით, ნებაყოფლობითი შინაპატიმრები გახლდით, ერთი ის მახარებდა, რომ სამოქმედო გეგმა ასე თუ ისე ჩამოყალიბებული იყო და აქედან გამომდინარე, ჩვენი «პატიმრობა» დიდხანს არ გასტანდა.
«ტრიო» აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა, გაუნძრევლად ვიდექი ფანჯარასთან და მთელ ამ ორომტრიალს თვალს ვადევნებდი: - ქალბატონმა მარიამმა კლინიკურ საავადმყოფოში გადარეკა, მორიგე ექიმთან შეხვედრა შეათანხმა, თორდია სახლში წასვლას გეგმავდა, რათა ზემოთხსენებული პრეპარატი მოეტანა და ბონდარენკოსთვის ეწამლა, ხუციშვილიც დინჯად ემზადებოდა, ფართე ბეჭებზე ძლივ მოირგო ტყავის ქურთუკი, კარი გამოაღო და ოთახიდან გავიდა.
ყველაზე ბოლოს მასპინძელმა დატოვა სახლი, ჩვენ ფეხდაფეხ გავყევით, ოთახიდან გასულმა მთელი სხეულით შევიგრძენი ზამთრის სუსხი, მართალია სახლშიც საკმაოდ ციოდა, მაგრამ გარეთ სულ სხვანაირი ძვალსა და რბილში გამტანი სუსხი დომინირებდა, ძალადაკარგული მზე ღრუბლებში შეყუჟულიყო, ისეთი მოჟამული ამინდი იდგა, რომ ადამიანს ყველაფრის სურვილი დაეკარგებოდა.
- ისეთი ამინდია ძილის მეტი არაფერი მოგინდება კაცს, - უბრალოდ აღნიშნა ლაშამ.
სხვა დროს ალბათ მართლა ძილში გავატარებდი მთელ დღეს, მაგრამ ახლა ძილისთვის არ გვეცალა, ქალბატონმა მარიამმა უკანასკნელი მითითებები მოგვცა, გვასწავლა: - სად იყო სამზარეულო, სააბაზანო, საპირფარეშო და ერთხელ კიდევ შეგვახსენა, რომ მათ მოსვლამდე სახლიდან ფეხი არ მოგვეცვალა.
მარიამი და თორდია გამომძიებლის «ხულიგანკაში» მოკალათდნენ, ხუციშვილმა კი ჭიშკართან მდგარი დანგჯღრეული «ნივა» დაქოქა, ლაშას «ნოლადინს» გვერდი უქცია და ძრავის თუხთუხით გაუყვა სველ ქვაფენილს.
სანამ ქალბატონი მარიამი თავის ავტოს ეზოდან გაიყვანდა, გვერდითა საქარე მინა ჩამოსწია და ხმადაბლა გვითხრა.
- მისაღებში პატარა ბიბლიოთეკა მაქვს, უმეტესად იურიდიული ლიტერატურითაა დაკომპლექტებული, გადახედეთ, აუცილებლად გამოგადგებათ.



1 in aeternum contra (ლათ) - მუდმივი ოპოზიცია.
2 ლეთარგია [ბერძ. lēthargia თეთრი] – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და მისთ. შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს.
3 ბემეგრიდი - საძილე და ფსიქოტროპული საშუალებების ანტაგონისტური საშუალება. ამცირებს ბარბიტურატების ტოქსიკურობას, ხსნის გახშირებულ სუნთქვას და არეგულირებს სისხლის მიმოქცევას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი თიკა

ძალიან საინტერესოა და აუცილებლად გააგრძელე❣️

 


№2  offline წევრი Rania

Zalian magariaaa. Es tamashi gadaizarda seriozul gamoziebashii. Zalian mainteresebs gagrzelebaaa
--------------------
Q.qimucadze

 


არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ მინდა, იცოდე, რომ კარგად წერ.

 


№4  offline წევრი omexi

ქეთი იმერლიშვილი
არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ მინდა, იცოდე, რომ კარგად წერ.

მადლობა. სასიამოვნოა ამ შეფასების წაკითხვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent