შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (20)


30-07-2019, 11:15
ავტორი omexi
ნანახია 134

დეტექტივობანა - (20)

**********

ბიბლიოთეკა მხოლოდ იურიდიული ლიტერატურისგან შედგებოდა, მასპინძელს ერთმანეთის გვერდიგვერდ კოხტად ჩაემწკრივებინა: - სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და ადმინისტრაციული სამართლის კოდექსების სქელტანიანი ტომები.
დაძაბული დღე მქონდა, ღამენათევი და მომხდარი ისტორიით დათრგუნული ვიყავი, ამიტომ სულაც არ მსურდა სამართლებრივი ლიტერატურის რთული ტერმინოლოგიით ისედაც გადაღლილი გონება, სულ გადამეტვირთა.
ზერელედ გადავავლე თვალი ერთ ტონალობაში გადაწყვეტილ ყდებს და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, თანამედროვე სამართალთან ერთად, დამტვერილ თაროზე, განაპირას შემოდებული უძველესი «ხამურაბის კანონების» ქართული ეგზემპლარიც აღმოვაჩინე.
- «ხამურაბის კანონები» წაგიკითხავს? - ვკითხე ლაშას.
მან ალმაცერად გადმომხედა, სავარძელზე გაშხლართულიყო და კეფას ისრესდა.
- მაგარი დავიღალე, - თავი გვერდზე გადასწია და კისრის სახსრები გაატკაცუნა, - წიგნი არ მიხსენო თუ ძმა ხარ.
არაფერი მიპასუხია, მეც დაღლილი ვიყავი, მაგრამ თაროდან წიგნი მაინც გადმოვიღე, სავარძელში მოვკალათდი, ყდა მტვრის თხელი ფენისგან გავწმინდე, ჯერ მოოქროვილი ასოებით დაწერილ სათაურს გადავხედე, მერე შუაში გადავშალე, სვეტებად ჩამოწერილ კანონებიდან ერთი შევარჩიე და ხმამაღლა წავიკითხე.
- «თუ ერთი მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება».
ლაშამ მილულული თვალები გაახილა, სავარძლის სახელურებს იდაყვებით დაეყრდნო, გვერდი მოინაცვლა და სერიოზული ტონით წარმოსთქვა.
- სწორედ ახლა გვჭირდება მსგავსი კანონები.
- აბა ბიჭო, - ემოციურად ავიტაცე მისი სიტყვები, - რამდენ პოლიტიკოსს გააგდებინებდნენ თავს?
ლაშამ ცალყბად გაიცინა, ცოტა ხანი ვდუმდით, შემდეგ ჩემსკენ მოჩოჩდა და ინტერესით მკითხა.
- კიდევ რა წერია?
ამჯერად სხვა გვერდზე გადავშალე წიგნი და მორიგი კანონი ამოვიკითხე.
- «თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება».
- გენიოსი ყოფილა ხამურაბი.
- მისი კანონები ისე ესადაგება დღევანდელ რეალობას, რომ გეგონება ჩვენი თანამედროვეს შედგენილიაო.
ლაშამ მოჭუტული თვალებით შემომხედა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და ირონიულად თქვა.
- დაღლილობიდან მგონი «გავრეკეთ», ათასი საფიქრალი გვაქვს, ჩვენ კი «ხამურაბის კანონებზე» ვლაპარაკობთ.
მეგობრის სიტყვებზე გამეცინა, წიგნი გვერდზე გადავდე, სისულეებში დასაკარგი დრო მართლა არ გვქონდა, უმჯობესი იყო მოსალოდნელ გამოძიებაზე გვეფიქრა.
როცა წიგნი კვლავ თაროზე დავაბრუნე, ფანჯრიდან ჭიშკარს მოახლოებული თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა დავლანდე.
რამდენიმე წუთში კი ოთახში კახაბერ თორდია შემოვიდა, ხელში მოზრდილი სპორტული ჩანთა ეჭირა, პალტო არც გაუხდია ისე გადაკვეთა ოთახი და ჰოლისკენ გაემართა.
- ხომ არ გაუღვიძია? - თითქოს სხვათაშორის გვკითხა და ტახტზე გაწოლილ ბონდარენკოს მიუახლოვდა.
არაფერი გვიპასუხია, უფრო სწორად პასუხის გაცემა ვერ მოვასწარით, ექსპერტი პაციენტს უკვე პულსს უზომავდა, შემდეგ თავი უკმაყოფილოდ გადააკანტუნა და თავისთვის ჩაიბურტყუნა.
- მდგომარეობა არ შეცვლილა, მედიკამეტოზური ჩარევა აუცილებელია.
სპორტული ჩანთა გახსნა, წამლების რამდენიმე შეკვრა, ერთჯერადი შპრიცი და სტაფილოსფერი სამედიცინო ლახტი ამოიღო.
- მომეხმარეთ, - გადმოგვძახა, - ბექა მკლავი დაუჭირე, მე კი ლახტს მოვუჭერ.
ჰოლისკენ გავემართე, როცა სავარძლებს ჩავუარე, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, ლაშას ჩასძინებოდა, მთელი დღის სტრესმა და უძილობამ მაინც თავისი გაიტანა, ისე გათიშულიყო არც თორდიას ბუტ-ბუტი და არც ჩემი ხმამაღალი ნაბიჯები აღვიძებდნენ, თავი საზურგეზე გადაედო და გვარიანად ხვრინავდა.
- ეს გამომართვი, - თორდიამ ხელში წამლით სავსე შპრიცი მომაწოდა, შემდეგ მთვლემარე ლაშას გადახედა და ხუმრობით მითხრა, - შენს მეგობარსაც ხომ არ სჭირდება ბემეგრიდი?
მის უკბილო ხუმრობაზე არაფერი მიპასუხია, თვალს ვადევნებდი, როგორ შემოაჭდო ავადმყოფს ლახტი მკლავზე, ნანემსარებიდან ჩალურჯებულ იდაყვს ჯერ სპირიტი წაუსვა, შემდეგ შპრიცი გამომართვა და ნემსი ფრთხილად უჩხვლიტა.
- ვენა საერთოდ არ უჩანს, - ხმადაბლა შეიგინა და ნემსი მკლავში ისე მოატრიალა, რომ გამაჟრჟოლა.
რამდენიმე წუთი ამაოდ ცდილობდა ვენა ეპოვნა, ალბათ ბონდარენკო გონზე რომ ყოფილიყო, ტკივილისგან გული წაუვიდოდა, ბოლოს წამლით სავსე შპრიცში სისხლის პატარა სპირალი გამოჩნდა, თორდიამ კმაყოფილმა გადმომხედა, მივხვდი მიაგნო ვენას და წამალი ნელ-ნელა შეუშვა.
- ახლა ყველაფერი დროის საკითხია, - სვენებით წარმოსთქვა მან, - ბემეგრიდი ერთ საათში ბარბიტურატების ტოქსიკოზს შეაჩერებს და ჩვენი «ტრუპიც» გაიღვიძებს.
თორდიამ მისი აღჭურვილობა ჩანთაში ჩაალაგა, კუთხეში მიდგა, თვითონ დივანზე მოკალათდა და მოკლედ თქვა.
- დაველოდოთ.


1 ხამურაბის კანონები - პირველი წერილობითი იურიდიული დოკუმენტი, შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

**********

შუადღისით ქალბატონი მარიამი და ფრიდონი დაბრუნდნენ, მოჟამული სახეები ჰქონდათ, რაც კარგის მანიშნებელი სულაც არ იყო, ჩემი ეჭვები იმ წამსვე გამართლდა, მასპინძელმა მკაცრი პიჯაკი გაიხადა და კახაბერ თორდიას გასაგონად გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
- არცერთი ადგილზე არ დამხვდა, წარმოგიდგენია კახაბერ? არც მოდებაძე და არც კაცია, ვერც ტელეფონით დავუკავშირდი!
- რას ლაპარაკობ, - თორდია ბონდარენკოს პულსს უზომავდა, როგორც კი მარიამი ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა, ავადმყოფს თავი ანება და ჭრელი თვალები მიაპყრო, - ვერაფერი გაარკვიე?
- რა უნდა გამერკვია, - გამომძიებელი გაცეცეხლებული იყო, - ტყუილა დავკარგე დრო, მხოლოდ ბონდარენკოს საავადმყოფო ფურცელი და პათოლოგ-ანატომის დასკვნა წამოვიღე, - მან ქაღალდები სამუშაო მაგიდაზე მიყარა და გულგრილად დაუმატა, - მერე გადახედე «დოხტურ».
- რა თქმა უნდა, - ექსპერტი ფურცლებს დასწვდა, ცოტა ხანი ინტერესით ფურცლავდა, მერე ტუჩები გაილოკა და იკითხა, - გაკვეთის ოქმი?
- არ ჰქონდათ შედგენილი.
- პათოლოგ-ანატომის დასკვნაც საკმარისია სამხილად, - ხუციშვილმა დინჯად მიმართა მასპინძელს, - ასე რომ არ ღირს ნერვიულობად.
- დასკვნა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პათოლოგ-ანატომი შეცდა, ამით მკვლელობას ვერ დავამტკიცებთ, - ქალმა ხელი მაგიდაზე დაფენილი დოკუმენტებისკენ გაიქნია, - ასე არ არის, - ჰკითხა თორდიას.
ექსპერტი თავის დაქნევით დაეთანხმა.
- აქ მხოლოდ გარდაცვალების ზუსტი დრო და ნიშნებია დაფიქსირებული, ასე რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგეს პათოლოგ-ანატომი აღიარებს შევცდიო, კლინიკური სიკვდილი იყოო.
- ფუ მაგის, - მარიამმა გამწარებულმა დაჰკრა ხელი მაგიდას, ალბათ შეიკურთხებდა კიდეც, მაგრამ ჩვენი მოერიდა.
გასუსული ვიჯექი სავარძელში და «ტრიოს» რეაქციას ვაკვირდებოდი.
- ბიჭებო თქვენ კინაღამ დამავიწყდით, - ღიმილით გვითხა ქალმა და ზურგსუკან მდგომ ოპერმუშაკს მიუბრუნდა, - ფრიდონ, დაანაყრე ჩვენი სტაჟიორები.
გოლიათმა ხელში ჩაბღუჯული მუყაოს პაკეტი მაგიდაზე დადო და როხ-როხით გვითხრა.
- მოშიებული იქნებით, - წამით დადუმდა და ღიმილით დაუმატა, - ხაჭაპურები მოგიტანეთ.
გუშინს მერე პირში ლუკმა არ ჩამედო, ამიტომ მადლობაც არ გადამიხდია, პაკეტი გავხიე და დამშეული დავეძგერე საჭმელს.
ლაშაც ჩემს დღეში იყო, უფრო მეტიც გამოძინებულს, მადა გაათკეცებოდა, მუჭა-მუჭა იტენიდა პირში ლუკმას და ლოყებგაბუშტული მადიანად ამოძრავებდა ყბას.
ქალბატონი მარიამი დოინჯშემოყრილი გვიმზერდა, შემდეგ ფეხი მოინაცვლა და ღიმილით გვითხრა.
- შეგერგოთ.
- მადლობა, - პირგამოტენილმა ლაშამ ძლივს გადაყლაპა ნახევრად დაუღეჭავი ლუკმა და ხმადაბლა ჩაიჩიფჩიფა.
ხუციშვილმა ჩვენს ტრაპეზს თვალი აარიდა, ჰოლისკენ გადაინაცვლა და სამუშაო მაგიდასთან მდგარ კახაბერ თორდიას, რომელიც კვლავ გარდაცვალების დასკვნას დასჩერებოდა დინჯად მიმართა.
- «დოხტურ» «დაბრო» ნათქვამია, «პავლოვიჩი» არაოფიციალურ მოკვლევაზე დაგვთანხმდა, როცა ხელჩასაჭიდ სამხილებს მოვიპოვებთ საქმეს მერე ავღძრავთ.
ექსპერტმა, ფურცლებს ზემოდან უინტერესო თვალებით გადახედა გოლიათს.
- «პავლოვიჩი» რომ საქმის კურსში ჩავაყენეთ კარგი ვქენით, - მან თავი დამაჯერებლად დაიქნია, - მოკვლევის დროს რამე გართულებას თუ წავაწყდით, უკან დასახევი გზა გვექნება.
- რა სირთულეს უნდა წავაწყდეთ?
- სირთულეებს ვინ განჭვრეტს, - თორდიამ მხრები აიჩეჩა და დივანზე გაშოტილი ბონდარენკოს გახედა, - თუნდაც დაზარალებულით დავიწყოთ, როგორ ჭკუაზე იქნება გაღვიძების შემდეგ კაცმა არ იცის ან ღმერთმა დაგვიფაროს და საერთოდ ვერ გაიღვიძოს, მაშინ მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება.
ხაჭაპურს შევექცეოდი თან «ტრიოს» საუბარს ინტერესით ვაყურადებდი, მართალია ჩვენგან მოშორებით იდგნენ, მაგრამ სიტყვები მაინც გარკვევით მესმოდა, ვხვდებოდი კახაბერ თორდიას შიში უსაფუძვლო არ იყო, ჯაბა ბონდარენკოს მართლაც ამნეზია რომ დამართნოდა მთელი გამოძიება თავუკუღმა დადგებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო სხვა დამატებით სამხილების მოპოვებაზეც გვეზრუნა.
გონება დავძაბე, მოწმეების «პონტში» ჩვენც გავდიოდით, რადგან შეთქმულებას შევესწარით და საიდუმლო სამალავი აღმოვაჩინეთ, მაგრამ დამტკიცება იქნებოდა რთული, ჯერ ხომ ისევ ძებნილი დამნაშავეების სტატუქი გვქონდა.
ყალბი გაკვეთის ოქმიც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ მას შემდეგ რაც ბონდარენკო საავადმყოფოდან გამოვაპარეთ, ცოტნე კაცია ოქმს რა თქმა უნდა არ შეადგენდა, გარდაცვალების დასკვნას კი როგორც თორდიამ აღნიშნა მოდებაძე პათოლოგ-ანატომის შეცდომად აღიარებდა.
ამიტომ მხოლოდ ერთი გზა გვრჩებოდა: - როგორმე იოსებ მოდებაძის კაბინეტში უნდა შეგვეღწია და მისი კომპიუტერიდან საჭირო ინფორმაცია ამოგვეღო, ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ აუცილებლად მივაგნებდით რომელიმე მაკომპრომინტებელ მასალას.
- უწამლე უკვე? - ხუციშვილის ბოხმა ბარიტონმა მსჯელობა გამაწყვეტინა, ისიც გაუნძრევლად მწოლიარე ჯაბას მისჩერებოდა.
- კი, - დაეთანხმა თორდია, - საღამოს გაიღვიძებს და გავესაუბროთ.
მივხვდი ძიების სწორად წარმათვაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მთავარია გვეპოვნა ის წერტილი საიდანაც შევძლებდით მანიპულირებას.
ათიოდე წუთში ხაჭაპურს მუსრი გავავლეთ.
როცა ხუციშვილმა შეამჩნია, რომ დავნაყრდით, ჩვენსკენ გადმოინაცვლა და დინჯად გვითხრა.
- ახლა ცუდი ამბებისთვის უნდა მოემზადოთ ბიჭებო.
კარგს რომ არაფერს გვეტყოდნენ, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა მათი მოღუშული სახეები დავინახე, ლაშას ხველა აუტყდა, ცხიმიანი ტუჩები მუყაოს პაკეტის ნაგლეჯით მოიწმინდა და გაურკვევლად იკითხა.
- ამაზე ცუდი რა უნდა მოხდეს?
- «პავლოვიჩმა» გამოძიებაში თქვენი ჩართვა სასტიკად აგვიკრძალა.
ამჯერად ჩემი ჯერი დადგა, ჯერ დავიბენი, მერე საკუთარი თავი დავტუქსე, რომ იდიოტივით მოვიქეცი ჩემი ფეხით მივადექი სამართალდამცავებს, ახლა ნამდვილად ღირსი ვიყავით დავეპატიმრებინეთ და მკვლელობისთვის თუ არა ბოროტი ხულიგნობისთვის მაინც მივცით პასუხისგებაში.
- მაგრამ ამ საქმეში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ, - გააპროტესტა ლაშამ, - თან ძიება ხომ არაოფიციალურია.
- სწორედ მაგიტომ ფრთხილობს «შეფიც», - ფრიდონმა ხოტორა თავზე ხელი გადაისვა, - არ სურს, რომ რამე პრობლემა შეექმნას.
- ბიჭების დაპატიმრება ხომ არ მოითხოვა? - იკითხა ქალბატონმა მარიამმა.
მისმა სიტყვებმა თავ-ზარი დამცა, ისე დავიძაბე ვერაფრის გააზრება ვერ მოვახერხე და მხოლოდ დაბნეული მივაჩერდი ხუციშვილს.
- მარტო მათი ვინაობით დაინტერესდა, - ფრიდონმა დინჯად უპასუხა.
შვებით ამოვისუნთქე, რადგანაც დაპატიმრებას გადავრჩით მეტი არაფერი მინდოდა, ახლა ერთი სული მქონდა თუ როდის გავაღწევდი ამ სახლიდან.
ლაშას გადავხედე, ისიც დაბნეული მიმზერდა, წამით ჩვენი თვალები ერთმანეთ შეეფეთა, მივხვდი ისიც იგივეს ფიქრობდა, რასაც მე.
- ესე იგი თავისუფალი ვართ, - ვიკითხე.
- მოკლედ მდგომარეობა ასეთია, - სვენებ-სვენებით წარმოსთქვა ხუციშვილმა, - რა თქმა უნდა თავისუფალი ხართ, ოღონდ საქმის დასრულებამდე ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოთ.
იურიდიულ ენაზე ამ მდგომარეობას შინაპატიმრობა ჰქვია, ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ვიყავით, კიდე კარგი ფეხზე GPS პელენგატორი არ მოგვაბეს.
- ფუ მაგის, - ლაშამ ხმადაბლა შეიკურთხა, - რაც ახლა თქვით, გამოდის რომ მაინც დაპატიმრებულები ვართ?
ფეხზე წამოდგა, ქალბატონ მარიამს გადახედა და საყვედურის ტონით განაგრძო.
- საკუთარი ფეხით მოვედით, დაზარალებული მოგიყვანეთ, სამხილები მოგეცით, მოგენდეთ, თქვენ კი გვაპატიმრებთ? განა დამნაშავეები რომ ვყოფილიყავით განა აქ მოვიდოდით?
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, «ტრიო» მდუმარედ უმზერდა ერთმანეთს.
- ყველაფერს გავარკვევ ლაშა, - დამაჯერებელი ტონით უთხრა მარიამმა, - ალბათ რაღაც გაუგებრობაა, იქნებ ფრიდონმა ვერ აუხსნა თქვენი როლი ამ საქმეში, - გამომძიებელმა ოპერმუშაკს გადახედა.
გოლიათმა მხრები აიჩეჩა.
- მე ის გითხარით რაც «პავლოვიჩმა» მიბრძანა, - დამნაშავესავით ჩაიბურტყუნა, - ასე მითხრა, - შუბლმოჭმუხნულმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა «შეფის» სიტყვები, - ის ბიჭები საიმედო ადგილას მოათავსე და საქმის დასრულებამდე თვალი არ მოაშოროო, ბოლოს და ბოლოს მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენო.
ესე იგი ისე გვიმზერდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოწმეებს? თუმცა გასაკვირი არც იყო, ჩვენი ჩვენება საკმარისი გახლდათ იოსებ მოდებაძე სიკვდილამდე «ვირის აბანოში» გამოემწყვდიათ.
მხოლოდ ერთ რამეზე არ მქონდა წარმოდგენა, მათი ხელმძღვანელი რას მიიჩნევდა საიმედო ადგილად: - ფეშენებელურ სასტუმროს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, თუ ფარღალალა ქოხს შუაგულ ტყეში, იქნებ ნესტიან და ცივ საკანს?
- ჰმ საიმედო ადგილი? - თორდია სამუშაო მაგიდიდან ჩაება საუბარში, - როგორ უყვარს მაგ კაცს ყველაფრის აფიშირება.
- არ თქვა თუ ძმა ხარ, - ექსპერტს დაეთანხმა ხუციშვილი, - გახსოვს ერთხელ ტელეკომპანია «რიონის» ვიდეოოპერატორი რომ ამოიყვანა განყოფილებაში და «ზაოდელი» «ბარიგა» პირდაპირ ეთერში დაკითხა?
- გეყოთ ბიჭებო, - ქალბატონმა მარიამმა მომთხოვი ტონით მიმართა მეგობრებს, - ჯერ-ჯერობით «შეფის» ბრძანებას უნდა დავემორჩილოთ, მთავარია მოქმედების დამოუკიდებლობა მოგვცეს.
- მაგ მხრივ შეზღუდულები არ ვართ, - ხუციშვილმა თავი თანხმობის ნიშნად დააქნია, - მოკვლევის ანგარიშს მხოლოდ «პავლოვიჩს» ვაბარებთ.
- ეს ოსედაც «იასნი» იყო, - თორდიამ ოთახის სამუშაო ნაწილიდან გადმოინაცვლა და სავარძელში ჩაეშვა.
მარიამ პაიკიძე თვალმოუშორებლივ გვაკვირდებოდა, მე და ლაშას უკმაყოფილო სახეები გვქონდა, არცერთი არ ვიყავით საგამომძიებლოს უფროსის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული, თუმცა ვის გაუხარდებოდა შინაპატიმრობა?
- ნუ ჩამოგტირით სახე, - მოგვმართა ქალბატონმა მარიამმა, - კიდევ კარგია, რომ «პავლოვიჩმა» თქვენი დაპატიმრების ბრძანება არ გასცა, ესე იგი მას იმედი აქვს, რომ საქმეს გამოვიძიებთ და ყველაფერი კეთილად დასრულდება, - ქალმა ოთახში გაიარ-გამოიარა, - რაც შეეხება საიმედო ადგილს, აქ ჩემს სახლში რა თქმა უნდა საიმედოდ იქნებით, - მან მისაღებ ოთახს თვალი მოავლო, - მაგრამ უმჯობესია ბიჭებთან გადასახლდეთ.
- ჩემი ამბავი კი იცით, ოთხი შვილის მამა ვარ, - ჩაიროხროხა ხუციშვილმა, - ზოგჯერ ჩემი ადგილიც არ არის სახლში.
ყველანი კახაბერ თორდიას მიაცქერდნენ, ექსპერტი მოვლილ ფრჩხილებს დასცქეროდა, როცა მისკენ მიმართული მზერა იგრძნო, მეგობრებს ახედა, ერთი გულიანად ამოიოხრა და გაგულისებული ტონით ჩაილაპარაკა.
- კარგი, კარგი, მე წავიყვან, - ჭრელი თვალები მტრულად მოგვაპყრო, - ასეა უცოლო კაცის ამბავი, ჯერ საერთოდ არ მსურდა ამ საქმეში ჩართვა, ახლა კი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს მე მაკისრებენ.
- წუწუნი არ გიყვარდეს «დოხტურ» შენი ფასი არავინ იქნებოდა ამ ქვეყნად, - ჩაიცინა მარიამმა, - რა საპასუხიმგებლოა ორი ბიჭის შეფარება? გაგართობენ ხანდახან, გამოყრუებული რომ ზიხარ სახლში.
- გოგონები რომ ყოფილიყვნენ სიტყვასაც არ ამოვიღებდი, - ირონიული მზერა მოგვაპყრო, - მაგრამ ბედი უნდა ყველაფერ, ორ მუტრუკს უნდა დავუდგე ძიძად.
თორდიას სიტყვებზე ხუციშვილმა კარგა გულიანად იცინა, შემდეგ ექსპერტს მიუბრუნდა.
- ამ ბიჭებმა ორი «ნაშას» გულისთვის მთელი ქუთაისი ფეხზე დააყენეს, იქნება მათი მუხტი შენც გადმოგედოს და ერთ კარგ გოგოს თვალი დაადგა.
თორდია მეგობრის ხუმრობაზე თავს გაბრაზებული აქნევდა.
- სხვათა შორის მაგარი «ტიპშას» ტელეფონის ნომერი ვიცი, - მეც ავყევი ხუმრობაში ოპერს.
მაგრამ თორდიას ცივი გამოხედვის შემდეგ, ღიმილი სახეზე შემეყინა, ის ჩემსკენ მოტრიალდა და დამარცვლით მითხრა.
- კორექტურად ისაუბრე, მე მარტო მეგობრები მეხუმრებიან, - წამით პაუზა გააკეთა და სუსხიანი ხმით დაუმატა, - ცოტა ხნით საცხოვრებელი, რომ შემოგთავაზეთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრები ვართ.
ხელები უმწეოდ გავშალე და მობოდიშების ტონით წარმოვსთქვი.
- შენიშვნა მიღებულია.
- თქვენ თუ ასე კინკლაობა დაიწყეთ, დაკლავთ ერთმანეთს, - გაიკრიჭა ხუციშვილი, - ვფიქრობ მეც ხომ არ გადმოვსახლდე შენთან.
- არ გინდა თუ ძმა ხარ, - კბილების ჭრიალით წარმოსთქვა თორდიამ, - როგორმე მოვაბამ თავს.
- ესე იგი ყველაფერი «გავაიასნეთ», - ოპერმუშაკი ფეხზე წამოდგა, ფანჯარაში გაიჭვრიტა, - მოგვიანებით «შეფს» გადავსცემ რომ წვრილმანები მოგვარებულია და მოკვლევას დავიწყებთ.
- ძალიან კარგი, - ქალბატონი მარიამი სამუშაო მაგიდას მიუჯდა, - მე სამოქმედო გეგმას შევადგენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Ohoooo. Sainteresod vitardeba situaciaaa. Ai rogor mainteresebs rom icodettt
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი თიკა

ძალიან კარგი ისტორიაა და წარმატებები <3 ველოდები შემდეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent