შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (23)


4-08-2019, 07:01
ავტორი omexi
ნანახია 112

დეტექტივობანა - (23)

დღე მეთერთმეტე
ხუციშვილის «ნივით» მივუყვებოდით წვიმიან ქუჩას, საჭეს ფრიდონი მისჯდომოდა, მისი ზორბა სხეული ძლივს ეტეოდა კაბინაში, უკანა სავარძლიდან თითქმის ვერაფერს ვხედავდი, ოპერის განიერი მხარ-ბეჭი მთლიანად ფარავდა წინა ხედს, ამიტომ ვერც კი შევამჩნიე ისე მივადექით კლინიკურ საავადმყოფოს.
- მოვედით, - ხმადაბლა თქვა ფრიდონმა და ჩემსკენ მოტრიალდა, - ეს ზურგჩანთა მომაწოდე თუ კაცი ხარ, - წინა სავარძლის ქვემოთ შეჩრილ ნაჭრის ჩანთაზე მანიშნა.
როცა ჩანთა ავიღე და სამართალდამცავს გადავაწოდე, მაშინ მივხვდი, რომ ფრიდონ ხუციშვილი წინდახედული ადამიანი გახლდათ, ღია ელვა შესკრავიდან მის შიგთავსს მოვკარი თვალი: - პროფესიონალური ფოტოაპარატი, ფანარი, ჩაქუჩი, სახრახნისი, ქანჩის გასაღები, მკვნეტელა და სხვა სამუშაო იარაღები ეწყო.
მან ზურგჩანთა ბეჭზე მოიგდო და კაბინის კარი გააღო, წვიმის წვეთები მხიარულად ატყაპუნდნენ ავტომობილის «ტორპედოზე».
მანქანიდან გადავედით, ფრიდონი იჭვნეულად ათვალიერებდა ჩაბნელებულ გარემოს, გარეთ საშინლად წვიმდა, ქუჩა დაცარიელებულიყო, თუმცა ვის მოუვიდოდა აზრად ამ თავსხმაში სიარული, რომ იტყვიან - «ძაღლი არ გაიგდებოდა გარეთ».
კლინიკური საავადმყოფო უკუნ სიბნელეში თითქმის არ ჩანდა, ადამიანს მხოლოდ მაშინ შეეძლო შენობის ჩაბნელებული ფანჯრები და მოუვლელი ეზო დაენახა, როცა ღრუბლებისაგან მოქუფრულ უვარსკვლავო ზეცაზე ელვა გაიკლაკნებოდა და მკრთალი ელექროლიზებული შუქი მის ბნელ მოხაზულობას გაანათებდა.
ამინდი ზედგამოჭრილი გახლდათ, არავინ შეგვიშლიდა ხელს ჩანაფიქრის ასრულებაში, ძრწოლვით შევავლე თვალი სიბნელეში ჩაძირულ შენობას, რომელიც მოჩვენებების სამყოფელს ჰგავდა და ქუჩა გადავკვეთე.
ტროტუარზე უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა მღვრიე წყალი, ფეხები დამისველდა, უკვე ეზოში ვიყავით შესული, როცა გაიელვა, მეხის დაგრეხილი ტოტი ალმოდებული ბზარივით გაიქსაქსა ღრუბლებზე.
მის მკრთალ შუქზე თანამგზავრების დაძაბულ სახეებს ვკიდე თვალი: - ხუციშვილი კუშტად იმზირებოდა წინ, კახაბერ თორდია უშფოთველდ ისწორებდა სველ თმას, ლაშა კი გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა საავადმყოფოს ბნელ სილუეტს, ალბათ მასაც ჩემსავით ცუდ მოგონებებს აღუძრავდა ეს შენობა.
ელვას შორეული გრუხუნიც მოჰყვა თან.
ეზოში შესვლის შემდეგ დავწინაურდი, თანამგზავრებს ხელით ვანიშნე გამომყოლოდნენ და შენობას გვერდიდან მოვუარე, კარგად მახსოვდა მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ რომელიღაც ინსტიქტის წყალობით უშეცდომოდ მივადექი იმ სარდაფს, სადაც ადრე ბონდარენკო ვიპოვეთ.
ხუციშვილმა ხელით რაღაც მანიშნა, რამდენიმე წამი ფანჯარასთან იდგა, შემდეგ როგორც კი გაიელვა მინა ჩაამსხვია, მტვრევის ხმა გრგვინვამ გადაფარა, მან კმაყოფილმა გააღო ფანჯარა და ძლივს შეძვრა სარდაფში.
უკან მივყევით.
შიგნით შესულს ისეთი სიტუაცია დამხვდა როგორსაც ველოდი, იდეალური სისუფთავე სუფევდა, ნესტის აუტანელი სუნიც არ იგრძნობოდა, როცა ხუციშვილმა ზურგჩანთიდან ფანარი ამოიღო აღმოვაჩინე, რომ ყველა ზედმეტი ნივთი გამქრალიყო: - არც საკაცე, არც «კარდიოგრაფი», არც ხის მაგიდა, ვიღაცას გულმოდგინედ დაელაგებინა აქაურობა.
თორდიამ კითხვის ტონით გადმომხედა.
თავი უტყვად დავუქნიე და ჩურჩულით ვუთხარი.
- აქ ვიპოვეთ ჯაბა.
ხუციშვილმა პროფესიონალისთვის დამახასიათებელი სისხარტით მოათვალიერა ოთახი.
- ამ სარდაფში სამხილების ძიებას აზრი არა აქვს, - მანაც ჩურჩულით წარმოსთქვა, თუმცა მისი ბოხი ხმა ხმამაღლა გაისმა სიჩუმეში.
შემდეგ ერთხელ კიდევ მოავლო თვალი კუთხეებს, იატაკზე დაყრილი მინის ნამტვრევები სათითაოდ წამოკრიფა და ფანჯრიდან გარეთ გადაყარა.
სარდაფის კარი ღია იყო, მხოლოდ საკაცეები მიედგათ გარედან, ფრიდონს სულ ცოტა ძალისხმევა დასჭირდა, რათა ისინი გაეგორებინა, კარი ოდნავ გამოაღო და გარეთ გაძვრა.
ამბულატორია ცარიელი დაგხვდა, ღამის ცვლის სამედიცინო პერსონალი, ან თვლემდა ან სტაციონარში პაციენტების მდგომარეობას აკვირდებოდა, სტაციონარი კი ერთი სართულით ზემოთ იყო.
ფეხაკრეფით მივდიოდით, წინ ფრიდონი მიგვიძღოდა, მისი ფანარი ძლივს ბჟუტავდა, მაგრამ საკმარისად ანათებდა ჩაბნელებულ სადარბაზოს.
როცა მოდებაძის კაბინეტს მივუახლოვდით, ხუციშვილმა სადარბაზო ერთხელ კიდევ მოათვალიერა, ჩვენს მიერ დატოვებულ სველ ნაკვალებს გახედა და იმედიანად თქვა.
- ალბათ დილამდე გაშრება, - შემდეგ გვერდზე გადგა, ადგილი თორდიას დაუთმო და ჩურჩულით შეაგულიანა მეგობარი, - აბა შენ იცი «დოხტურ».
წარმოდგენა არ მქონდა რას აპირებდნენ, მათ ჩვენთვის მოქმედების გეგმა არ გაუზიარებიათ, თუმცა გამოზომილი და წინასწარ გათვლილი მოქმედებების წყალობით ვხვდებოდი, რომ მსგავს სიტუაციაში პირველად არ იმყოფებოდნენ, ალბათ ხშირად უწევდათ არალეგალურად მოეპოვებინათ სამხილები, შემდეგ როცა ექსპერტმა ჯიბიდან გასაღებების აცმა, ეგრეთ წოდებული «ატმიჩკა» ამოიღო, ყველაფერს მივხვდი, ისინი არა მარტო კარგი მაძებრები იყვნენ, არამედ პროფესიონალი «მედვეჟატნიკებიც» 1.
თორდია კართან ჩაცუცქდა, ორი წუთიც არ დასჭირვებია, საკეტმა გაიჩხაკუნა, კარი ფრთხილად შეაღო და ოთახში შევიდა.
სარდაფისგან განსხვავებით, მოდებაძის ოთახში არაფერი შეცვლილიყო, ყველა ნივთი თავ-თავის ადგილას იდო, ხუციშვილმა ფანრის მბჟუტავი შუქი კედლებზე მიმოატარა, სამუშაო მაგიდაზე მდგარ კომპიუტერს მიანათა, შემდეგ ჩვენ გადმოგვხედა და ჩურჩულით გვითხრა.
- ბიჭებო თქვენს საქმეს შეუდექით, ჩვენ კი რამე სამხილის მოძებნას ვეცდებით.
ლაშამ უტყვად დაუქნია თავი, სამუშაო მაგიდის ქვეშ შეძვრა, კომპიუტერის «ქეისი» გამოაცურა, გვერდზე გადააწვინა და ხმადაბლა მითხრა.
- ფრიდონის ჩანთა მომაწოდე სახრახნისი ექნება.
ხუციშვილი თაროებზე კოხტად დალაგებულ საქაღალდეებს გულმოდგინედ ათვალიერებდა, თორდია კი კედლების ყოველ სანტიმეტრს თითის კაკუნით სინჯავდა, უჯრებს ამოწმებდა, ერთხელ მასიურ ჩარჩოში ჩასმული «ჰიპოკრატეს ფიციც» კი ჩამოხსნა.
- არაფერი არ არი, - ბოლოს ნაწყენი ტონით წარმოსთქვა ექსპერტმა, - არცერთ უჯრას არა აქვს ორმაგი ფსკერი, კედლებიც ერთიანია, სამალავების გარეშე, სეიფიც კი არ ჰქონია.
- ჭკვიანია , - ხუციშვილმა კბილები გაახრჭიალა, - ვფიქრობ არც ამ დოკუმეტებში იქნება რამე საინტერესო, თუმცა მაინც დავასურათებ, - მან ზურგჩანთა იატაკზე დადო, გახსნა Pოლაროიდ-ის ფირმის ფოტოაპარატი ამოიღო, კორპუსზე «ფლეშ» ნათურა დაამაგრა და საბუთების გადაღებას შეუდგა.
აღფრთოვანებული ვიყავი მათი პროფესიონალიზმით, თვალს ვერ ვაშორებდი სიბნელეში ჩაძირულ მაძებრების სილუეტებს, რომელთა გადღაბნილი ჩრდილები ფოტოაპრატის «ფლეშ» ნათებაზე მუქ მოჩვენებებს ემსგვსებოდნენ, როცა მოდებაძის კაბინეტში შექმნილი სიტუაცია გავითავისე, თავი ჯაშუშურ რომანში წარმოვიდგინე.
სანამ მაძებრების საქმიანობით ვტკბებოდი, ლაშა სულ გადამავიწყდა, ბოლოს ჩემი მეგობარი მაგიდის ქვემოდან გამოძვრა და ნაწყენმა მომაძახა.
- რას აკეთებ ბექა ამდენი ხანი?
დავფაცურდი, ზურგჩანთიდან სახრახნისი ამოვიღე და მეგობარს გავუწოდე, ის კვლავ მაგიდის ქვეშ შეძვრა, ცოტა ხანი იგინებოდა, შემდეგ «ქეისის» ხუფი გახსნა, ფერადი სადენი აქეთ-იქეთ გადასწია, მახსოვრობის ბლოკი პლასტმასის მაჭიდებიდან ფრთხილად ამოაძრო და ისე გადმომაწოდა ჩემსკენ არც გამოუხედავს.
- თუ მოდებაძე რამეს კომპში ინახავდა, ამ «ვინჩესტერზე» ყველაფერს მივაგნებთ, - კმაყოფილმა მითხრა, «ქეისს» ხუფი დააფარა და ადგილზე დააბრუნა.
საქმეს შესანიშნავად გავართვით თავი, მართალია ექიმი კომპიუტერს ვერ ჩართავდა, მაგრამ სანამ დაზიანების მიზეზს გაარკვევდა, ჩვენ რამე ხელჩასაჭიდს ვიპოვიდით მის მახსოვრობის ბლოკში.
სიმართლე გითხრათ ისიც კი მეეჭვებოდა მოდებაძე სამსახურს დაუბრუნდებოდა თუ არა, მას შემდეგ რაც ბონდარენკო გამოვაპარეთ, ის ალბათ სადმე მიყრუებულში დაიმალებოდა, შეიძლება ქვეყნის დატოვებაც ეცადა, ამიტომ იმედი მქონდა დაკარგული «ვინჩესტერის» შესახებ ის და მისი ამფსონები ვერაფერს გაიგებდნენ.
როცა ჩემთვის ვერსიებს ვაწყობდი, აღმოვაჩინე მაძებრებსაც დაემთავრებინათ თავიანთი საქმიანობა, თორდიას ხელში «ატმიჩკა» მოემარჯვებინა და კართან იდგა.
ხუციშვილი ნელა მოგვიახლოვდა.
- რა ჰქენით? - გვკითხა.
ოპერმუშაკს ავხედე, ფოტოაპარატით ხელში გზააბნეულ ტურისტს ჰგავდა, ფეხზე წამოვდექი და «ვინჩესტერი» გავუწოდე.
- ძალიან კარგი, - კმაყოფილმა აღნიშნა და ხმადაბლა დაუმატა, - დროა წავიდეთ.
უკან იმავე გზით დავბრუნდით, გაგვიმართლა, არც საავადმყოფოს დარაჯი შეგხვედრია და არც რომელიმე ძილგატეხილი მედდა.
მხოლოდ ბოლო მომენტში სანამ პროზექტურაში შევიდოდით, მსუბუქი ნაბიჯების ხმა მომესმა, დერეფანის კუთხეში თვალი სანიტრის მწვანე ხალათს ვჰკიდე, საბედნიეროდ ხუციშვილმა დროულად მოასწრო მბჟუტავი ფანრის ჩაქრობა, სანიტარმა ვერ შეგვამჩნია და თვალების ფშვნეტით განაგრძო გზა, ფრიდონმა ფრთხილად მიხურა პროზექტურის კარი, ნაჩქარევად გადავკვეთეთ ოთახი და სარდაფის ფანჯარაში რის ვაი-ვაგლახით გავძვერით.
გარეთ კვლავ თავსხმად წვიმდა, ეზოში კოჭებამდე წყალი დამდგარიყო, ტყაპა-ტყუპით გავიარეთ ჩაბნელებული ეზო.
ქუჩა ისევ უკაცური იყო, თუმცა ჩვეულებისამებრ სიფრთხილე გამოვიჩინეთ, გარემო მფრთახალად მოვათვალიერეთ და მხოლოდ მას შემდეგ მოვკალათდით ავტომანქანაში.
წინ დაძაბული სამუშაო დღე გველოდა, უნდა გაგვეშიფრა მახსოვრობის ბლოკი და დაგვემუშავებინა დასურათებული საბუთები, მართალია დარწმუნებული არ ვიყავი მაძებრები დოკუმენტაციის შესწავლის უფლებას თუ მოგვცემდნენ, თუმცა რადგანაც ინფორმატიკული ცოდნით მხოლოდ ლაშა გამოირჩეოდა, აქედან გამომდინარე ცოტა უპირატესობა გაგვაჩნდა, «ტრიო» მხოლოდ ჩვენი დახმარებით შეძლებდა «ვინჩესტერში» ჩატვირთულ ფაილების მოპოვებას.
არ იფიქროთ, რომ მაშინდელ საგამოძიებო სამსახურს ამის რესურსი არ გააჩნდა, პირიქით დარწმუნებული ვიყავი შესანიშნავი «კომპიუტერშიკები» ჰყავდათ, უბრალოდ ვვარაუდობდი რადგანაც მოკვლევა გასაიდუმლოებული იყო, «ტრიოს» ინტერესებში გარეშე ხალხის ჩართვა არ შედიოდა.
ვგრძნობდი, ამჯერად ჩვენი როლი მიმდინარე ძიებაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა.


1 მედვეჟატნიკი (Медвежатник, რუს) - კრიმინალურ ჟარგონზე, ადამიანი რომელიც სეიფების გახსნაშია დახელოვნებული.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Rania

Auhhhhhhhhhh. Damacyda nervebiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან პატარა თავებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent