შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (24)


5-08-2019, 11:59
ავტორი omexi
ნანახია 148

დეტექტივობანა - (24)

**********

ხუციშვილმა თორდიას სახლთან მიგვიყვანა, ექსპერტი ერთ-ერთ უძველეს უბანში «მწვანეყვავილაზე» ცხოვრობდა.
ალბათ მოგეხსენებათ ქუთაისის ყოველი უბანი უძველესია, მაგრამ «მწვანეყვავილას» მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, იქ «მწვანეყვავილას კონცხის» პლატოზე, ზაქარია ქვარიანის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში, განთავსებულია «მწვანეყვავილას პანთეონი», სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ნეშტები განისვენებენ.
მახსოვს, როცა მამიდაჩემთან დავრჩებოდი ხოლმე, საღამობით ჩემს მამიდაშვილებთან ერთად ფანჯრებიდან მდინარე რიონის მეორე ნაპირზე გაშენებულ ლამაზად განათებულ «მწვანეყვავილას კონცხს» გავსცქეროდით, მართალია აქედან ვერ ვხედავდი ვერც პანთეონს და ვერც მთავარანგელოზის ეკლესიას, მაგრამ ნათურების შორეული ციმციმი და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მოძრავი ავტომობილების შუქფარების მზერა გვსიამოვნებდა.
კახაბერ თორდიას სახლი პანთეონის მოპირდაპირე მხარეს იდგა, როცა ფრიდონმა მანქანა ჭიშკართან შეაჩერა, ტანაშოლტილ ნაძვებს მიღმა ეკლესიის აწოწილ გუმბათს მოვკარი თვალი, რომელიც რაღაცით საგრადა-ფამილიას 1 მივამსგავსე, რა თქმა უნდა ყველაფერი სიბნელის ბრალი იყო, რასაც ხელი ჩემმა ფანტაზიამაც შეუწყო.
ხუციშვილი აქ დაგვემშვიდობა, თავად ქალბატონ მარიამთან აპირებდა დაბრუნებას, რათა ნახევრადშეშლილ ბონდარენკოსთან ქალი მთელი ღამე მარტო არ დაეტოვებინა, სანამ მანქანას დაძრავდა, საქარე მინა ჩამოსწია და მომთხოვნი ტონით გვითხრა.
- ახლა დაისვენეთ, დილით გავაგრძელოთ დაწყებული საქმე.
ლაშამ საპასუხოდ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ოპერი უსიტყვოდ მიუხვდა გულისნადებს, თავი დაუქნია და ათუხთუხებული ძრავის ხმაში მოგვაძახა.
- არ იდარდოთ თქვენს მანქანას დილით მოგიყვანთ.
ამ სიტყვების შემდეგ «ნივა» საბურავების წივილით მოსწყვიტა ადგილს და მოსახვევში ხრიგინით გაუჩინარდა.
გალუმპულები შევედით სახლში.
კახაბერ თორდიას სახლი, ისეთი იყო, როგორიც მარტოხელა კაცს შეეფერებოდა, ხის პატარა, მანსარდიან კოტეჯს მოუვლელი ფასადი ჰქონდა, დაბალი ხუთსაფეხურიანი კიბეც გვარიანად შელახული გახლდათ.
ინტერიერი ძველი იყო, ურემონტო, ხის კედლები არც კი შეეღება, იგვლივ მტვრისა და ხის სუნი იდგა.
არც ავეჯით გამოირჩეოდა: - პატარა მაგიდა, მორყეული სკამები, ძველი კარადა და უშველებელი შეშის ღუმელი, ერთადერთი რაც არ შეესაბამებოდა იქაურ სურათს, კუთხეში მიდგმული, ბოლო თაობის ახალთ-ახალი კომპიუტერი და ჭავლური პრინტერი გახლდათ.
- არეულობისთვის ბოდიშს გიხდით, - დაბნეულად გვითხრა მასპინძელმა და იატაკზე მიყრილი ტანსაცმელი, დაბალ კარადაში შეინახა.
სანამ თორდია ღუმელს გაახურებდა, კინაღამ გავიყინეთ, შემდეგ სველი ტანსაცმელი გავიხადეთ და ტრუსების ამარა შემოვუსხედით ღუმელს.
- ერთადერთი რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, ძილია, - მშრალად გვითხრა თორდიამ, - არც საჭმელი მაქვს და არც სასმელი.
ისიც ღუმელთან იდგა და ნესტიანი პირსახოცით სველ თმას იმშრალებდა.
- ძილის მეტი არაფერი გვინდა, - უპასუხა ლაშამ, - მეორე ღამეა არ გვიძინია, ნორმალურად ვერ ვვაზროვნებ.
- სხვენზე ორი საძინებელი მაქვს, - ხელი პატარა ხის კიბეებისკენ გაიშვირა მასპინძელმა, - იქ შედარებით ცივა, მაგრამ სამაგიეროდ სისუფთავეა.
- ალბათ მკვდარივით დამეძინება, - ვთქვი და ხმამაღლა დავამთქნარე.
- კარგი, მე ავალ ლოგინებს გაგიმზადებთ, - მასპინძელი ჭრიალა კიბეებს შეუყვა და სხვენში გაუჩინარდა.
ზემოდან მისი მსუბუქი ნაბიჯების ხმა გვესმოდა, მის ყოველ მოძრაობას, ხის იატაკი ჭრიალით პასუხობდა, თავზე კი მტვერი გვეყრებოდა.
ლაშა ცოტა ხანი მდუმარედ ასჩერებდა ჭერს, შემდეგ განაპირას მდგარ კომპიუტერს მიუახლოვდა და ჩართო.
- კარგი «კომპია», - მოკლედ აღნიშნა და მორყეულფეხებიანი სკამი მიაჩოჩა.
ღუმელს მოვშორდი და კლავიატურისკენ თავდახრილ ლაშას დავადექი.
- რას შვები? - ვკითხე, როცა აღმოვაჩინე, რომ ერთდროულად რამდენიმე ფანჯარა გახსნა და კლავიატურაზე თითები სწრაფად აათამაშა.
- მოდებაძეს «ვინჩესტერში» წაშლილი ფაილები ხომ უნდა აღვადგინოთ, - ისე მიპასუხა არც შემოუხედავს.
- მერე?
- რა მერე, პრგორამას ვწერ.
ამასობაში თორდია ქვემოთ ჩამოვიდა, როცა კომპიუტერთან მიცუცქული დაგვინახა, მოგვიახლოვდა, მონიტორზე გამოსახულ დაგრეხილი იეროგლიფებით დაწერილ ტექსტს დააკვირდა და იკითხა.
- პროგრამას ვწერო, წეღან მომესმა.
ლაშამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
- მერე ასე იოლია პროგრამის წერა?
ლაშამ წამით კლავიატურას თავი ანება, მასპინძელს ახედა, რომელსაც იღლიაში თეთრეული ამოეჩარა და უბრალოდ უთხრა.
- იოლი არ არი, თუმცა ვინც პროგრამირებაში ერკვევა ამ ხერხს ყველაზე მარტივად მიიჩნევს, - ლაშამ ინფორმატიკის გამობრძმედილი ლექტორივით წარმოსთქვა, - პატარა პროგრამა ავირჩიე Recover-ი ჰქვია, პროგრამირების ერთ-ერთი უმარტივესი ენით Visual Basic Script-ით უნდა დავწერო, Windows Notepad-ში.
თორდიამ მხრები აიჩეჩა, ალბათ ვერც გაიგო, სპეციფიური ტერმინებით გაჯერებული სიტყები, შემდეგ თეთრეული კუთხეში მიდგმულ ტახტს გადააფარა და მოკლედ გვითხრა.
- საწოლები მზადაა, როცა მორჩებით, დაიძინეთ.
- მაქსიმუმ ერთი საათი დამჭირდეს, - უპასუხა ლაშამ, - მერე პროგრამას დისკეტაში ჩავწერ, მოდებაძის «ვინჩესტერს» შენი «კომპის» პროცესორს შევუერთებ და ფაილების აღმდგენ პროგრამას გავუშვებ.
- გასაგებია, - თორდიამ თავი დაუქნია, - ცარიელი დისკეტები მაგიდის უჯრაში დევს.
ლაშამ უჯრა გამოაღო, მარცხენა ხელით ბეჭდვა არ შეუწყვეტია და კმაყოფილმა ცალი თვალით ჩახედა პატარა პლასტმასის ყუთში ჩალაგებულ ფლოპი-დისკებს.
პროგრამირებაში ისე ვერკვეოდი, როგორც მეშახტე ასტროფიზიკაში, ვერ ვხვდებოდი რის გაკეთებას აპირებდა ჩემი მეგობარი Visual Basic Script-ით, ან რა ხერხით აღადგენდა Recover-ი წაშლილ ფაილებს და საერთოდ რას წარმოადგენდა Windows Notepad-ი?
ინგლისურ ენას დამწყების დონეზე ვფლობ, როცა Windows Notepad-ი გონებაში სიტყვა-სიტყვით გადათარგმნე «ფანჯრის საწერი წიგნაკი» გამოვიდა, ამის შემდეგ ყოველგვარ მსჯელობას შევეშვი, მივხვდი მაინც ვერ მივიდოდი ჭეშმარიტებამდე, ლაშა მის სტიქიაში დავტოვე, გახურებულ ღუმელთან დავბრუნდი და მასპინძელს გადავხედე, რომელიც ამჯერად ბალიშს აცმევდა ჭრელ ჩიხოლს.
- მარტო ცხოვრობ? - ვკითხე.
თორდიამ მისი მსუსხავი თვალებით გადმომხედა, ჯერ დუმდა, ალბათ გონებაში პასუხს თუ წონიდა, შემდეგ ტახტის ლაგებას თავი ანება და ღუმელს მეორე მხრიდან მიუჯდა.
- მშობლები აფხაზეთის ომში დამეღუპნენ.
მისმა სიტყვებმა თავ-ზარი დამსცა, შინაარსმა კი არა, თავად ტონმა: - ცივმა, უემოციომ.
- ბოდიში არ ვიცოდი, - დაღვრემილმა ვუთხარი, - ვწუხვარ.
მასპინძელმა ხელის აქნევით მანიშნა, «არა უშავსო» და გულიანად ამოიოხრა.
- სოხუმში ცხოვრობდი? - კვლავ ვკითხე.
- არა ოჩამჩირეში.
- წამოსვლა ვერ მოასწარით?
- ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც კი გავიაზრე... - სიტყვა არ დაამთავრა ისე ჩაიქნია ხელი.
- მოვა დრო ისევ დავიბრუნებთ, ყოველ გოჯ მიწას რაც წაგვართვეს, - წარმოდგენა არ მქონდა ეს რატომ ვთქვი, ალბათ მინდოდა მასპინძელს თავი უკეთ ეგრძნო.
- არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ უნდა გავიღოთ მიწისთვის, - ფილოსოფიურად წარმოსთქვა, - ჩვენი წილი მიწა მხოლოდ ორი კვადრატული მეტრია.
წამით ჩავუფიქრდი მის სიტყვებს, რატომღაც აგათა კრისტის ერთ-ერთი ნაწარმოების სათაური ამომიტივტივდა გონებაში - «ბოლო სიკვდილია», ასე ერქვა იმ წიგნს, ბევრჯერ მქონდა წაკითხული, მაშინდელ სიტუაციათან არანაირ კავშირში არ იყო, მაგრამ მისი სიუჟეტი გონებიდან ვერ ამოვიგდე.
- იბრძოდი? - ეს შეკითხვა იმიტომ დავუსვი, რომ თავიდან უაზრო ფიქრები მომეშორებინა.
ღრმად ამოისუნთქა და თავი დამიქნია.
- იძულებული გავხდი მებრძოლა.
ლაკონურად მპასუხობდა, თითქოსდა ყოველ სიტყვას გემოს უსინჯავდა.
- უბრალოდ მათი საფლავების დაცვა მინდოდა, - ჭმუნვით დაუმატა და დადუმდა.
ალბათ საუბარმა მწარე მოგონებები აუშალა, თავჩაქინდრული იჯდა ღუმელთან და ხმას არ იღებდა, ვუმზერდი და ვხვდებოდი თუ რატომ იყო ასეთი ცივი, ასეთი უხეში, ცხოვრებამ აიძულა ასეთი გამხდარიყო, საკუთარ ფუტლიარში ჩაკეტილიყო და უკარება იმიჯის შექმნით დაეძლია თავს დამტყდარი უბედურება.
მეც დავდუმდი, ძალიან მაინტერესებდა, როგორ დაუკავშირდა პაიკიძესა და ხუციშვილს, ვხვდებოდი საუბრის გაგრძელება თორდიასთვის რთული იქნებოდა, მაგრამ ჩუმად ყოფნა უფრო მეტ ტკივილს აყენებდა, რადგან წარსულის მოგონებებით გარშემორტყმული ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა, თვალებგაშტერებული მისჩერებოდა ცეცხლის ალს და კბილებს აკრაჭუნებდა.
ამიტომ უხერხულად ჩავახველე და საუბრის თემა შევცვალე.
- ამ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდი? - სახლს თვალი მოვავლე.
- რა თქვი?
- «ორგანოში» როგორ მოხვდი-მეთქი.
- შარშან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსები გავიარე და რადგანაც ექიმ-პრაქტიკოსად ვმუშაობდი, კრიმინალისტი გავხდი.
- იქ გაიცანი ფრიდონი და მარიამი?
თორდიამ წამით მისი გამჭოლი მზერა მომაპყრო.
- მაგარი გამჭრიახი «ტიპი» ხარ, დაკითხვას მიწყობ?
მივხვდი გარემოებათა დამთხვევის გამო ექსპერტის სულის სიღრმეში დროებით მიძინებული მისი უკარება მეორე მე ამოქმედდა, ამიტომ ხელები დანებების ნიშნად გავშალე და ღიმილით ვთქვი.
- კარგი, ხმას არ ამოვიღებ.
- გვეყო რაც ერთმანეთს გული გადავუშალეთ, - თორდია ფეხზე წამოდგა, - საქმეს თუ მორჩით დროა დავიძინოთ, ხვალ მთელი დღე თქვენ უნდა გიყარაულოთ.
მასპინძელმა ერთი შემომბღვირა და ნელი ნაბიჯით გაემართა ტახტისკენ.
კომპიუტერთან მიმჯდარ ლაშას გადავხედე, ჩვენი საუბარი არ ესმოდა, თუმცა თორდიას ბოლო ხმამაღალი სიტყვები გაიგონა, კლავატურას თავი ანება, მასპინძელს გადმოხედა.
- დავასრულე, - მშრალად მიუგო, კომპიუტერი გამორთო და გამარჯვებული მზერა მიაპყრო.
მერე «ქეისს» მიუბრუნდა, გახსნა, წითელ, დაგრეხილ სადენებს მოდებაძის კაბინეტიდან წამოღებული «ვინჩესტერი» შეუერთა.
ცოტა ხანი შეიცადა, სანამ კომპიუტერს ხელთავიდან ჩართავდა, მთელი ათი წუთი ელოდა წინდოწს-ის ჩატვირთვას, შემდეგ ფლოპი-ჭრილში დისკეტა ჩადო, მის მიერ დაწერილი პროგრამა გაუშვა და ტახტთან მდგომ თორდიას მიუბრუნდა.
- პროგრამა «ვინჩესტერში» ჩაწერილი ფაილების მონიტორინგს დაიწყებს და ხვალისთვის ყველა წაშლილი ფაილი აღდგენილი იქნება, - უბრალოდ უთხრა.
- ძალიან კარგი, მაშ ხვალამდე, - თორდიამ ცივად უპასუხა და ტახტზე დაგებულ თეთრეულში შეგორდა.
მასპინძელს თვალი ავარიდე, ფეხზე მძიმედ წამოვდექი და სხვენისკენ ამავალ ჭრაჭუნა კიბეებს შევუყევი.


1 საგრადა-ფამილია (La Sagrada Família, კატალ. „წმინდა ოჯახი“) - მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, ტაძრის ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“ (Temple Expiatori de la Sagrada Família). ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესისი ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.
2 Visual Basic Script (VBS) - დაპროგრამების პოპულარული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივად და მოხერხებულად შეიქმნას ოპერაციული სისტემა Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე პროგრამები, ანუ, როგორც მათ უწოდებენ Windows-ის დანართები. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ის თითქმის ნებისმიერი ხასიათის, მათ შორის ინტერნეტის შესაძლებლობების გამოყენების უნარის მქონე, დანართის შექმნის მძლავრი ინსტრუმენტული საშუალებაა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent