შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (25)


6-08-2019, 23:19
ავტორი omexi
ნანახია 118

დეტექტივობანა - (25)

**********

განთიადისას სიცივემ გამომაღვიძა, თვალი გავახილე, თხელ საბანში ჭუპრივით გამოხვეული ვკანკალებდი.
სამკუთხა ოთახი სადაც პატარა საძინებელი იყო მოწყობილი, დღის მკრთალ შუქზე გაენათებინა, ზლაზვნით წამოვჯექი, ჯერ გაყინულ ხელებს ვიორთქლებდი, შემდეგ სიჩუმეს დავაყურადე, გარედან მსუბუქი შრიალი ისმოდა.
თხელი საბანი ბეჭებზე მოვიხურე, ლოგინიდან გადმოვედი, მიუხედავად აუტანელი სიცივისა, ხის იატაკი საკმაოდ თბილი მეჩვენა, ფეხაკრეფით მივედი ვიწრო ფანჯარასთან და გარეთ გავიჭვრიტე.
თოვდა, მსხვილი ფანტელები შრიალით ეფინებოდა ნაწვიმარ მიწას, ეტყობოდა მთელი ღამე გადაუღებლივ ითოვა, ქუჩები, ხეები, სახლის სახურავები გადადეთრებულიყო.
ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა, მარჯვნივ თოვლით დაფარული «მწვანეყვავილას პანთეონი» მოჩანდა, მარცხნივ კი თეთრად აქათქათებული მდინარე რიონის სანაპირო ზოლი, თოვლი უკვე კოჭებამდე იდო, არც გამვლელები შემინიშნავს და არც ავტომობილები, ალბათ ყველა ქუთაისელი ჩემსავით ტკბებოდა ამ სილამაზის ცქერით, ახლადმოსული თოვლი ჯერ კიდევ უმანკო იყო, არავის დაეტოვებინა ნაკვალევი.
ქვემოთ ჩავედი, შეციებულს სითბო სასიამოვნოდ მომელამუნა, თორდიას ღუმელი გაეჩაღებინა, თავად ტახტს ასწორებდა, ლაშა კი ღუმელთან მიფენილ ტანსაცმელს იცმევდა.
მივესალმე, შემდეგ ლაშას მივბაძე, ტანსაცმელს დავწვდი, გამშრალიყო, სვიტერი აუჩქარებლად გადავიცვი, ჯინსები ტანზე მოვირგე და ღუმელს მივეფიცხე.
- გათოვებულა, - მთქნარებით თქვა ლაშამ.
მეგობრის სიტყვებმა ისეთი შეგრძნებები გამიღვივა, როგორიც ბავშვობაში პირველი ფიფქების დანახვისას მიჩნდებოდა ხოლმე, სულის სიღრმეში უცნაური სიხალასე ვიგრძენი, გავათვითცნობიერე, რომ რამდენიმე დღეში ახალი წელიც შემოაღებს კარს.
საუბედუროდ მაშინ ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ სულაც არ მეხალისებოდა ახალი წლის მოსვლა, მაგრამ მშობლები, დაიკო და ჩვენი ოჯახური საახალწლო ტრადიცია მაინც მომაგონდა.
რაღაცნაირი სევდა შემომაწვა, უკვე რამდენი ხანია არ შევხვმიანებივარ, კაცმა არ იცის რას ფიქრობენ, კომპიუტერის მაგიდის კუთხეში დადგმულ ძველებურ წითელ ტელეფონს გადავხედე, შემდეგ ტახტთან მოფუსფუსე თორდიას მივუბრუნდი და მორიდებით ვკითხე.
- შეიძლება ტელეფონით ვისარგებლო?
მასპინძელმა თეთრეული კარადაში შეყარა, ალმაცერად გადმომხედა და შუბლმოწმუხნულმა წარმოსთქვა.
- ვის უნდა დაურეკო?
- დედაჩემს.
- აუ ეგ კარგი აზრია ბიჭო, - ლაშამ ხელი შუბლზე იტკიცა და ჩემი სიტყვა ემოციურად აიტაცა, - მეც დავურეკავ დედაჩემს, თორემ ნაღდად გადაირევა.
კახაბერმა ჭრელი თვალები გადაატრიალა და ირონიულად წარმოსთქვა.
- თავი მართლა გადია მგონია, - შემდეგ ხელი ჩაიქნია და მისთვის დამახასიათებელი ცივი ტონით დაუმატა, - მიდით დაურეკეთ, ოღონდ ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ... დედიკოს ბიჭებო.
მისი ირონიისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, ისე მონატრებული ვიყავით მშობლებთან საუბარს, რომ არაფერს ვაქცევდი ყურადღებას, პირველად ლაშამ დარეკა, დედამისს მთელი ათი წუთი უმტკიცებდა, რომ პრაქტიკა ახალ წლამდე გააგრძელეს, შემდეგ როცა საუბარს მორჩა შუბლიდან ცივი ოფლი მოიწმინდა, უზარმზარი ყურმილი მომაწოდა და ღიმილით მომზირალ თორდიას უთხრა.
- აბა სხვა რა უნდა მომეფიქრებინა? რაც მთავარია კრინტი არ დამიძრავს იმის შესახებ, რომ ორგანიზებული დანაშაულის კვალს და ორგანოებით ვაჭრობის ქსელს მივაგენით.
მასპინძელმა ხელი ჩაიქნია.
ლაშას ყურმილი ჩამოვართვი, ტრიალა ბერკეტზე ბათუმის საქალაქო კოდი და ჩემის სახლის ტელეფონის ნომერი ავკრიბე, ოთხი ზუმერის შემდეგ ყურმილიდან დედაჩემის ხმა მომესმა.
- გისმენთ.
- დედა მე ვარ.
- მადლობა ღმერთს რომ გაგახსენდით.
- როგორ ხართ? მაქეთ თოვს?
- ჩვენ კარგად ვართ, შენ რას შვები? ჩააბარე გამოცდები?
მის სიტყვებზე ამოვიოხრე, თუმცა დედაჩემს ჩემი ოხვრა რომ არ გაეგონა, ის ხმამაღალი ჩახველებით გადავფარე და გადამწყვეტი ტონით ვუთხარი.
- ბოლო გამოცდა დამრჩა, ალბათ ახალ წლამდე მოვრჩები.
- ჩამოხვალ?
- კი დედა, როგორც კი მოვრჩები აუცილებლად ჩამოვალ, - ლაშასა და კახაბერს გადავხედე, მასპინძელი თავს აქნევდა და ტუჩებს აწკლაპუნებდა.
- კარგი ბექა, აბა შენ იცი.
- ჩემზე არ იდარდოთ, მალე ჩამოვალ, გკოცნით ბევრს და ძალიან მიყვარხართ.
ყურმილი ხმაურით დავაგდე ბერკეტზე და გარინდებულ მამაკაცევბს გადავხედე, მაშინ უცხო ხალხის თანდასწრებით პირველად მივმართე დედაჩემს ასეთი თბილი სიტყვები, ფეხებზე მეკიდა რას იფიქრებდა მასპინძელი, «დედიკოს ბიჭად» ჩამთვლიდა თუ ქართველ მამაკაცად, რომელიც დედას აღმერთებს.
როგორც კი ლაპარაკს მოვრჩი გულიდან თითქოს ლოდი მომეშვა, ახლა რამდენიმე ხანი არ მომიწევდა ჩემი მშობლების წინაშე თავის მართლება.
ნელა მივუახლოვდი ღუმელთან მიფიცხებულ მამაკაცებს, თორდია თვალებმოჭუტული მიმზერდა, მერე სახეზე უდიდესი მწუხარება გამოესახა და დამარცვლით მითხრა.
- დღეის შემდეგ არასდროს მოატყუო მშობლები.
მისმა სიტყვებმა გამაოგნა, მხრები უმწეოდ ავიწურე, ხმა არ ამომიღია, მერე ლაშას გადავხედე, რომელმაც ალბათ თორდიას დარდიანი ტონი ვერ შეამჩნია და ჯიუტად შეეპასუხა მასპინძელს.
- თავად არ გვითხარი ზედმეტი არაფერი წამოროშოთო...
- ყველაზე მეტად ტყუილი ტკენს მათ გულს, უმიზეზო ტყუილი, - სიტყვა გააწყვეტინა თორდიამ.
- ესე იგი ახლა გვეპატიება.
თორდიას ჩემი რეპლიკისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხოლოდ მწყრალად გადმომხედა და დინჯად თქვა.
- ბედნიერი ადამიანები ხართ და გაუფრთხილდით.
მის ჭრელ თვალებში სევდა შევამჩნიე, ალბათ ოჩამჩირეში უპატრონოდ მიტოვებული მშობლების საფლავები თუ მოაგონდა, მაგრამ როგორც ყოველთვის ეს ტრანსფორმაცია ახლაც წამიერი იყო, რადგან მისმა ცივმა და ძლიერმა მეორე «მემ» კვლავ დაიჭირა მთავარი ადგილი.
ღუმელს ხელები მიაფიცხა და ცივად თქვა.
- მოკლედ დავასრულოთ სენტიმენტალობა, - შემდეგ ლაშას მიუბრუნდა და ჰკითხა, - ჩემს «კომპს» ასეთი დატვირთვით ჯერ არ უმუშავია, მთელი ღამე ზუზუნებდა, - მან გვერდულად გადახედა კუთხეში მიდგმულ კომპიუტერს, - ნახე თუ ძმა ხარ, გამოვიდა რამე?
ამ სიტყვების შემდეგ წეღანდელი საუბრიდან გამოწვეული ემოცია ძირფესვიანად გამიქრა, რეალობაში დავბრუნდი, მივხვდი მართლა არ გვეცალა სენტიმენტებისთვის.
გამოძიებას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყოლოდით, ერთ უმნიშვნელო ნიუანსსაც არ უნდა შეეშალა ხელი, ლაშას გადავხედე, მან ზლაზვნით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
გარკვევით ვხედავდი მონიტორი ჩამქრალიყო, კომპიუტერი ალბათ მთელი ღამე პასიურ, ლოდინის რეჟიმში მუშაობდა, მხოლოდ ხმადაბალი ზუზუნით თუ გაარკვევდი, რომ კვლავ ასრულებდა დავალებულ სამუშაოს, «ქეისზე» გათავსებული მწვანე ნათურა მონოტონურად აგრძელებდა ციმ-ციმს.
ლაშამ «მაუსს» ფრთილად შეახო ხელი, მონიტორი ლოდინის რეჟიმიდან გამოვიდა, ცისფერმა შუქმა სიმყუდროვე შემატა ოთახს.
- რაო? - სულმოუთქმელად ჰკითხა თორდიამ.
ის ცოტა ხანი ეკრანზე ჩამოწერილ პროცენტობის აღმნიშვნელ ციფრებს აკვირდებოდა, შემდეგ თვალები მოჭუტა გუნებაში რაღაც გადათვალა და გადამჭრელად თქვა.
- დაახლოებით ორმოც წუთში დაასრულებს.
- ძალიან კარგი, - მასპინძელმა, ჭაღარა თმა კმაყოფილმა შეისწორა, - ფრიდონმა დარეკა, სასწრაფოდ უნდა წავიდე მარიამთან, - წამით იყუჩა და მომთხოვნი ტონით დაუმატა, - სახლის მიტოვება არ გაბედოთ.
- რა თქმა უნდა, - თავი ენერგიულად დავუქნიე.
- მოკლედ ორ-სამ საათში დავბრუნდები, რამე საჭმელსაც წამოგიღებთ, - მან თბილი ქურქი მოიცვა, შემდეგ ლაშას გადახედა და შესთავაზა, - მანქანის გასაღებს თუ გამატან, თქვენს ჯაბასანასაც მოგიყვანთ.
შევამჩნიე როგორ გაიბადრა ჩემი მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დანჯღრეული «ნოლადინი» უმეტეს დროს «პროფილაქტიკაში» ატარებდა, მუდამ სარემონტო და წესრიგში მოსაყვანი გახლდათ, მას მაინც განსაკუთრებით უყვარდა თავისი «რაში».
ჯიბეები მოიქექა, გასაღები ამოიღო და მასპინძელს გაუწოდა.
- თვალის ჩინივით გაუფრთხილდი.
თორდიამ მის სიტყვებზე ხმადაბლა ჩაიფხუკუნა, შემდეგ ოთახის კარი გამოაღო, თუმცა სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა, მოტრიალდა თვალებში მომაჩერდა და ცივი, სუსხიანი ხმით მითხრა.
- გუშინდელ საუბარზე კრინტი არავისთან დასძრა.
ამ სიტყვების შემდეგ, ქურქის საყელო წამოიწია, გარეთ გავიდა და თოვლით დაფარულ ხის კიბეებს ჩაუყვა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent