შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (26)


7-08-2019, 00:08
ავტორი omexi
ნანახია 7 115

დეტექტივობანა - (26)

**********

ღუმელს მიფიცხებულნი, შექმნილ მდგომარეობას ვაანალიზებდით, თითქმის მთელი საათი ვსაუბრობდით, გარემოც გვიწყობდა ხელს: - სიმყუდროვე, სითბო და სიჩუმე, საქმის ბოლო წვრილმანებამდე განხილვაში გვეხმარებოდა, ზოგჯერ კომპიუტერის ხმადაბალი ზუზუნი და თოვლის ოდნავ გასაგონი შრიალი თუ გამიფანტავდა დალაგებულ აზრს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა.
მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში ვიყავი, სულმოუთქმელი ველოდი მასპინძლის დაბრუნებას.
- ნეტა თუ გაიხსენა რამე ბონდარენკომ, - ხმადაბლა ჩავიბურტყუნე.
ლაშამ მოგიზგიზე ცეცხლის ალს თვალი მოაშორა, შემომხედა და დაღლილი ხმით წარმოსთქვა.
- მგონი «გარეკა» მაგ საცოდავმა.
- სამი დღე წამლებით ჰყავდათ გათიშული და «გარეკავდა» აბა რას იზამდა.
- ძველ საქმეებთან კავშირი თუ დამტკიცდა, მაშინ ჩვენი «სამეული» მაგარ «ქუშს» მოხსნის.
- სამხილები თუ მოიპოვეს... კი.
- ხო, მეც მაგას ვგულისხმობ, - შუბლი მოისრისა მან.
იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რა მოხდებოდა თუ დაწყებული ძიება შედეგებს არ მოიტანდა: - ბონდარენკო ვერაფერს გაიხსენებდა ან დანაშაულის დამამტკიცებელ სამხილებს ვერ ვიპოვნიდით და ყოველივეს ექიმების შეცდომად აღიარებდნენ, მაშინ ჩვენი ჩვენებაც დაკარგავდა ძალას და ვინ იცის იქნებ კვლავ ძებნილ დამნაშავეებად გადავქცეულიყავით.
- ამ სამეში თუ «ბობოლა» ჩივონიკებიც არიან გახვეული, მაშინ ცუდადაა საქმე, - ჩემი ფიქრები, დამწუხრებული ტონით დააბოლავა ლაშამ.
ხმამაღლა ამოვიოხრე და ღუმელს შეშა შევუკეთე.
- «იასნა» არიან, - ვუპასუხე, - «ვაფშე» ვიცით რას წარმოადგენ ბორისი?
ლაშამ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გაურკვევლად აიჩეჩა მხრები, მე კი ის ღამე გამახსენდა, კარადაში შემალულნი მოდებაძისა და ბორისის საუბარს რომ ვუსმენდით: - «იმ ბიჭებს მე მივხედავ», - ასე მიმართა მაშინ ექიმს, მართალია იმ დღის შემდეგ მოვლენები ჩვენდა სასიკეთოდ განვითარდა, მაგრამ ჯერ ადრეა გამარჯვების ზეიმი, საინტერესოა რას გულისხმობდა ამ სიტყვებით ბორისი? ჩვენთან მოლაპარაკებას, მოქრთამვას, დაშინებას თუ...
ფიქრი კომპიუტერის მელოდიურმა წრიპინმა გამაწყვეტინა, მართალი გითხრათ გამიხარდა კიდეც, რადგან ბოლო ვერსია, რაც ჩემს ნააზრევს ლოგიკურად მოჰყვებოდა, სულაც არ იყო მიმზიდველი.
ლაშას კითხვის აღმნიშვნელი მზერა მივაპყრე, ის ფეხზე წამოდგა და კომპიუტერს მიუჯდა.
- ვნახოთ როგორ «იმუშავა» ჩემმა პროგრამამ, - ხმადაბლა ჩაიბურტყუნა და «მაუსი» შეაქანა.
რამდენიმე წუთი პროგრამის მიერ აღდგენილ სხვადასხვა კატალოგებსა და ფაილებს ხსნიდა, ბოლოს ერთ კატალოგზე შეაჩერა არჩევანი, სადაც პლასტმასის კონტეინერებში ჩალაგებული ორგანოების ფოტოები იყო ჩაყრილი, ფოტოების გვერდით რამდენიმე ტექსტური დოკუმენტიც განეთავსებინათ.
შუბლმოჭმუხნულმა ამომხედა და კუშტად ჩაილაპარაკა.
- მგონი რაღაცას მივაგენით.
ოთახის მეორე ბოლოში მდგარ სკამს დავსწვდი, მოვაჩოჩე და მეგობარს გვერდით მივუჯექი.
- გახსენი, - ტექსტურ დოკუმენტზე ვანიშნე.
ლაშამ «მაუსი» ერთ-ერთ დოკუმენტს დააწკაპა და გახსნა.
პირველი რაც თვალში მომხვდა მუქი ასოებით დაწერილი დასახელება იყო: - დონორების სია იუწყებოდა სათაური.
სიას ზერელედ გადავავლე თვალი, ყველა დონორის სახელის გვერდით, დაბადებისა და გარდაცვალების წელი, ორგანოს დასახელება, ფასი და რაღაც გაურკვეველი ციფრები ეწერა.
თვალებს არ ვუჯერებდი, სიაში ასტრონომიული თანხები იყო მითითებული, ეკრანისკენ გადავიხარე და სია დაკვირვებით ჩავიკითხე.

1. თემურ ბენიძე: - 1953-1994 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); გული (1 ცალი); ცალის ფასი (60000 $); jpj004896; jpj004897;
2. ანეტა ბასილაძე: - 1938-1994 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); კუჭქვეშა ჯირყვალი (1 ცალი); ცალის ფასი (45000 $); jpj005046; jpj005047;
3. ლევან სიორიძე: - 1966-1994 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); თვალის რქოვანა (2 ცალი); ცალის ფასი (4000 $); გული (1 ცალი); ცალის ფასი (60000 $); jpj018930; jpj018931; jpj018932;
4. ანდრეი კოვალენკო: - 1959-1994 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); კუჭქვეშა ჯირყვალი (1 ცალი); ცალის ფასი (45000 $); jpj256993; jpj256994;
5. ლიუდმილა კრიჟენი: - 1933-1995 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); კუჭქვეშა ჯირყვალი (1 ცალი); ცალის ფასი (45000 $); jpj293312; jpj293313;
6. ნუკრი ქორქია: - 1948-1995 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); გული (1 ცალი); ცალის ფასი (60000 $); jpj371475; jpj371476;
7. რევაზ წოწორია: - 1945-1995 წწ; თირკმელი (2 ცალი); ცალის ფასი (50000 $); გული (1 ცალი); ცალის ფასი (60000 $); კუჭქვეშა ჯირყვალი (1 ცალი); ცალის ფასი (45000 $); jpj381896; jpj381897; jpj381898;
8. ჯაბა ბონდარენკო: - 1972-

სიის ბოლოში, რომ ჩავედი სული შემეხუთა, როცა ნაცნობ სახელსა და გვარს მოვკარი თვალი, მართალია ჯაბა ბონდარენკოს გასწვრივ მხოლოდ მისი დაბადების თარიღი ეწერა, მაგრამ მივხვდი ჩვენ რომ არ გამოგვეთრია საავადმყოფოდან, ისიც აღნიშნულ სიას შეემატებოდა.
ლაშამ ზერელედ გადაინგარიშა თანხა და გაოცებულმა დაუსტვინა.
- ლამის ორი მილიონი დოლარი გაუკეთებიათ.
- გვერდით რა ციფრები აწერია? - ვიკითხე.
ლაშამ წამით შუბლი შეჭმუხნა და დაფიქრებულმა მიპასუხა.
- მგონი ფოტოსურათების ნომრებია, - მან ტექსტური დოკუმენტი ჩაკეცა, - ახლავე გადავამოწმებ, - თქვა და კატალოგში განთავსებულ ფოტოებს დაუბრუნდა, - ხო ფოტოს ნომრებია, ყოველი დონორის ორგანო დასურათებული აქვთ, - კმაყოფილმა თქვა.
- მეტი დამამტკიცებელი საბუთი რაღა გინდა, - სავარძლის საზურგეს მივაწექი და მეგობარს ხელი ბეჭზე დავკარი, - გავხსენით საქმე და ეგაა.
- აქ უფრო მეტი კომპრომანტი იქნება, - ლაშამ თავი მოიფხანა, - წეღან თვალი ერთ ფაილს მოვკარი, რეკვიზიტები ეწერა.
- ოჰო იქნებ საბანკო ანგარიშსაც მივაგნოთ, - აღფრთოვანებულმა შევყვირე და მეგობარი შევაგულიანე, - ნახე აბა.
ლაშამ ტექტური დოკუმენტი, რომელსაც რეკვიზეტები ეწერა გახსნა, ის აღმოჩნდა, რასაც ველოდით შვეიცარიის ბანკში ვიღაც ბორის ჩაფრავას სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი.
დოკუმენტში გარკვევით ეწერა: - «შვეიცარია, ქალაქი ბაზელი «BANC COOP AG» ბორის ჩაფრავას ანგარიშის ნომერი: - COOPCHBB0000259876321475692***». ტექსტი სამ ენაზე იყო თარგმნილი: ინგლისურად, რუსულად და თურქულად.
რა თქმა უნდა ამ ანგარიშის მფლობელი, სწორედ ის ბორისი გახლდათ, რომელიც ექიმ მოდებაძეს პროზექტურაში ესაუბრებოდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ორგანოების ვაჭრობიდან შემოსავალი მილიონ დოლარს აჭარბებდა, ესე იგი დამნაშავეებს საკმაო ფულადი რესურსი ჰქონდათ.
თავისუფლად შეძლებდნენ ქვეყნის მიტოვებას, ან რამდენიმე მაღალჩინოსნის მოსყიდვასა და ამ საქმის ჩაფარცხვას, ამიტომ ჩვენც უნდა მიგვეღო რაღაც კონტრზომები, კოზირი უნდა შეგვენახა სამკლავურში.
გონება დავძაბე, აღნიშნულ კატალოგში კიდევ რამდენიმე ტექსტური დოკუმენტი იყო მოთავსებული, რა თქმა უნდა ისინიც ალბათ მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავდნენ, მათი სათითაოდ შესწავლა საკმაო დროს წაიღებდა, უკვე კი ორი საათი გასულიყო, სადაცაა ჩვენი მასპინძელიც დაბრუნდებოდა.
ლაშამ ფოტოები, დონორთა სია და საბანკო რეკვიზიტები ამობეჭდა, სანამ ჭავლური პრინტერი წრიპინით ბეჭდავდა ფურცლებს, ერთი იდეა მომივიდა, მეგობარს მივუბრუნდი და შევთავაზე.
- ხომ არ აჯობებს ეგ ფაილები დისკეტაში დავაკოპიროთ?
ლაშა დაფიქრებულმა მოიკვნიტა ტუჩი.
- კარგი აზრია, - დამეთანხმა, - საიმედოდ შევინახავთ და თუ რაღაც მიზეზით ეს «ვინჩესტერი» დაზიანდა რეზერვად გვექნება.
მან უჯრიდან სამი ფლოპი-დისკი ამოიღო საჭირო ინფორმაციით გავსებული კატალოგები დააკოპირა, დისკეტებში ჩაწერა, ერთი მე მომცა, ერთი თავად შეინახა ჯიბეში, ერთიც კი კვლავ უჯრაში ახალი დისკეტების პლასტმასის ყუთში ჩადო.
მე მისგან განსხვავებით «ვინჩესტერის» დაზიანებაზე არ ვნერვიულობდი, უფრო მილიონერი დამნაშავეების მოქმედებები მაფიქრებდა, სწორედ ეს ინფორმაცია უნდა გამხდარიყო ჩვენი კოზირი, თუ გვინდოდა ამ საქმიდან მშრალად გამომძვრალიყავით, საიმედოდ უნდა შეგვენახა და მხოლოდ საჭიროების დროს გამოგვეყენებინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent