შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (27)


9-08-2019, 00:18
ავტორი omexi
ნანახია 8 692

დეტექტივობანა - (27)

სანამ მოდებაძის ფაილებში ვიქექებოდით, გარეთ გადაუღებლად თოვდა, სიცივით არ გვციოდა, რადგან ღუმელს შეშას არ ვაკლებდით, სამაგიეროდ შიმშილმა შეგვახსენა თავი, ამიტომ როცა ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე დაწვრილებით «შემესწავლა» თორდიას სამზარეულო, სწორედ მაშინ მოადგა ჭიშკარს ორი ავტომობილი.
ერთი ქალბატონ მარიამის «ხულიგანკა» იყო, მეორე კი ლაშას «ნოლადინი», მასპინძელს ზღურბლთან შევეგებეთ, მან ცივად შეგვავლო ჭრელი თვალები, ხელში პროდუქტით პირთამდე გავსებული ცელოფნის პაკეტი ეჭირა, გვერდი აგვიარა და პაკეტი სამზარეულოში შეიტანა.
თორდიას ქალბატონი მარიამი მოჰყვა ფეხდაფეხ, როგორც კი კარი მოხურა, ბეჭებიდან თოვლი ჩამოიბერტყა, მოკლე მანტო გაიხადა და ღიმილით მოგვმართა.
- როგორ ხართ ბიჭებო?
- არა გვიშავს, - უპასუხა ლაშამ, მერე სამზარეულოსკენ თვალი გააპარა სადაც მასპინძელი ლანძღვა-გინების თანხლებით მზარეულობდა და ქალს ხმადაბლა ჰკთხა, - შენ როგორ ხარ მარიამ?
ქალს მამაკაცის მეგობრული ტონი ცოტა ეუხერხულა, შევატყვე როგორ მალულად გამოაპარა ჩემსკენ მზერა, მორცხვად დახარა თვალები, მაგრამ მხოლოდ წამიერად დაიბნა, შემდეგ თავს ძალა დაატანა, სისუტეს სძლია და სერიოზული ტონით მოგვმართა.
- კარგად იმუშავეთ, ფრიდონი ახლა «შეფთან» ერთად, დასურათებულ დოკუმენტებს სწავლობს.
ოპერის არყოფნა რა თქმა უნდა თავიდანვე შევამჩნიე, თუმცა უფრო ის მაინტერესებდა ბონდარენკომ თუ გაიხსენა რამე მნიშვნელოვანი.
- ბონდარენკოს ესაუბრეთ? - ვიკითხე.
- ვერაფერს იხსენებს, - ქალმა ხელი ჩაიქნია, - კახაბერმა დღეს დილით მისი კოლეგა მოიყვანა და ერთად გასინჯეს, საუბედუროდ რეტროგრადული ამნეზია 1 აქვს, საერთოდ არ ახსოვს კაფე «პალერმოში» მომხდარი ინციდენტი.
ხმამაღლა ამოვიოხრე, არ იყო კარგი ამბავი, ჯერ-ჯერობით ყველაფერი დამნაშავეების წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა ჩვენ სამკლავურში დამალული კოზირის იმედი გვქონდა.
- «პავლოვიჩმა» მოიწონა ჩვენი აქტიურობა, - სამზარეულოდან თორდია გამოვიდა, - დოკუმენტები რომ მოვიპოვეთ ამაზე მთლად გადაირია.
მასპინძელს თან შემწვარი ძეხვის სუნი გამოჰყვა, მგელივით მშიოდა, როგორც კი ძეხვის მადისაღმძვრელი სურნელი შევისუნთქე, ნერწყვი მომადგა.
- რაც მთავარია «შეფი» იმითაა კმაყოფილი, რომ მის მითითებებს ვასრულებთ, - ჩაურთო ქალბატონმა მარიამმა.
- რას ვასრულებთ? - გაუთვითცნობიერებლად ვიკითხე, რადგან მთელი ყურადღება სამზარეულოსკენ მქონდა გადატანილი.
- საიმედო ადგილზე მოგათავსეთ, - ქალმა ოთახში ხელები მიმოატარა.
- გასაგებია, - ლაშამ უინტერესოდ თქვა და თვალი თორდიასკენ გააპარა.
ვატყობდი ისიც ჩემს დღეში იყო, ავტომატურად ნელ-ნელა მიიწევდა სამზარეულოსკენ.
- მოდით ვისაუზმოთ, - თორდიას შეთავაზებამ ზუსტად სულზე მოგვისწრო, - ძეხვი და ტაფამწვარი მოვამზადე, - ის სამზარეულოში შეგვიძღვა და პატარა მაგიდასთან მიგვიპატიჟა, - ეს არის ჩემი კულინარიული შესაძლებლობების მაქსიმუმი, - ღიმილით დაუმატა.
მასპინძელს სიტყვაც არ ჰქონდა ნორმალურად დასრულებული, რომ უკვე მაგიდასთან ვიჯექი და მადიანად ვილუკმებოდი.
- უგემრიელესია, - პირგამოტენილი ლაშა ძლივს ჩიფჩიფებდა.
შუა ჭამაში ვიყავით გართული, რომ თორდიამ გვკითხა.
- მართლა ჩემი «კომპი» კინაღამ გადამავიწყდა, აღადგინეთ წაშლილი ფაილები?
ლაშამ თავი დაუქნია და გამოტენილი პირით რაღაც ჩაილუღლურა.
- ფოტო და დოკუმენტურ სამხილებს მივაგენით, - ვუთხარი, შემდეგ ფეხზე წამოვდექი და «ამოპრინტერებული» დოკუმენტები მარიამს მივაწოდე.
ქალი მაგიდასთან იჯდა, კახაბერის ნახელავს არ შეექცეოდა, ამიტომ როცა საბუთები მივეცი, ხალისით ჩამომართვა და დაფიქრებით ჩააცქერდა.
ერთი წუთიც არ დასჭირვებია, რომ ფეხზე გახარებული წამოხტა, ლუკმით პირგამოტენილ ლაშას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
ჩემს მეგობარს ხველა აუტყდა, კინაღამ დაიხრჩო და მხოლოდ მაშინ მოითქვა სული, როცა საჭმელს მოზრდილი ჭიქით წყალი მიაყოლა.
- რა მოხდა, - გაოცებულმა იკითხა თორდიამ.
- ეს დოკუმენტები «გიჟების საქმესთან» დამაკავშირებელი უტყუარი საბუთია.
- დარწმუნებული ხარ? - ურწმუნოდ იკითხა ექსპერტმა, სკამიდან წამოდგა და მარიამს მიუახლოვდა.
- სიაში სხვა დონორებთან ერთად «ცანგალა», «რიჯგვინა» და ლიუდმილა კრიჟენიც წერია.
- მაჩვენე, - თორდიამ ქალს ფურცელი გამოართვა, ხმადაბლა ჩაიკითხა სია და ყურადღება ერთ სახელზე გაამახვილა, - «რიჯგვინას» თუ არ ვცდები რევაზ წოწორია ერქვა.
მარიამი დაეთანხმა.
მე და ლაშა უტყვად ვუმზერდით, თუმცა რომც მოგვენდომებინა ხმას მაინც ვერ ამოვიღებდით, რადგან პირი ძეხვით გვქონდა გამოტენილი.
მოგვიანებით, როცა ლაშამ «ამოპრინტერებული» ორგანოების სურათები და ბორის ჩაფრავას საბანკო ანგარიშიც აჩვენა, თორდია ბნედიანივით აცკმუტდა, კომპიუტერს მივარდა და ლაშას სთხოვა,
- მაჩვენე ეგ კატალოგი.
იგივე რეაქცია ჰქონდა ქალბატონ მარიამსაც, ისიც კომპიუტერს მიუჯდა და ლაშას მიერ მითითებულ კატალოგის შესწავლას შეუდგა.
- რას წარმოადგენს ეგ ბორისი? - იკითხა ქალმა და დაინტერესებული მზერა მოგვაპყრო.
- ვფიქრობ «ორგანოსთან» რაღაც კავშირი აუცილებლად ექნება, - ვუპასუხე, - ისეთ ამბებში იყო გარკვეული, რომელზეც ჩემი აზრით ხელი მარტო შსს თანამშრომელს თუ მიუწვდება.
- საინტერესოა, - მარიამმა ტუჩი დაფიქრებულმა მოიკვნიტა, - თუმცა ამით საქმე გაგვიადვილდება, რადგან თანამშრომლის პოვნა ბევრად იოლია, კახაბერ, - ექსპერტს მიუბრუნდა, - ფრიდონთან გადარეკე თუ ისევ განყოფილებაშია, შსს ბაზაში გადაამოწმოს ბორის ჩაფრავას პიროვნება.
ექსპერტმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, მწვანედ ანთებულ კლავიატურაზე ნომერი აკრიბა, ცოტა ხანი გამავალ ზუმერს აყურადებდა, მერე კი ყურმილში ჩასძახა.
- ალო ფრიდონ, ხო მე ვარ, შენ კიდევ განყოფილებაში ხარ?...
შემდეგ ლაპარაკ-ლაპარაკით გავიდა ოთახიდან, მისი სიტყვები თანდათან მიილია, გარკვევით არ მესმოდა, გამომძიებლისკენ მივტრიალდი, რომელიც კვლავ კომპიუტერის მონიტორს მისჩერებოდა და ვკითხე.
- რას ფიქრობთ, დონორთა სიაში მითითებული ყველა პიროვნება უსახლკაროა?
- სავარაუდოდ კი, - ქალმა სიას ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი და დაუმატა, - ესე იგი ორგანოების პირველი პარტია 1994 წელს გაიტანეს, როგორმე უნდა გავარკვიოთ რა ხერხით გაჰქონდათ ისინი.
კმაყოფილი გახლდით, ჩვენმა ძალისხმევამ, შედეგი გამოიღო, ისეთი სამხილები ამოვქექეთ, რომელიც საკმაოდ ძლევამოსილ დამნაშავეობრივ ჯგუფს ამხელს.
მართალია არანაირი საგამომძიებლო გამცდილება არ გვქონდა, მაგრამ სწორედ ჩვენი წყალობით მიეცა საშუალება ქალბატონ მარიამსა და კახაბერ თორდიას უფრო ჩაღრმავებოდნენ მოპოვებულ დოკუმენტებს.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექით, მხოლოდ კომპიუტერის «ქულერის» ზუზუნი და მეორე ოთახიდან გამომავალი თორდიას ხმა არღვევდა სიჩუმეს, მისი სიტყვები ახლაც არ მესმოდა, თუმცა ვხვდებოდი ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბრობდნენ.
მერე ქალბატონმა მარიამმა დოკუმენტების კითხვას წუთით თავი ანება, მოგვიბრუნდა და თვალებმოჭუტულმა გვკითხა.
- სხვათა შორის ბიჭებო თუ გახსოვთ, რომ დღეს პარასკევია?
განვითარებული მოვლენების ფონზე არაფერი გვახსოვდა, არც დღე, არც რიცხვი, მხრები ავიჩეჩე და ლაშას გადავხედე.
ის დაბნეული ისრესდა ნიკაპს, მერე რაღაც მოაგონდა, დაბნეულმა ხელი შუბლზე იტკიცა და შეჰყვირა.
- პარასკევია! ესე იგი დღეს დამატებითი გამოცდა გვაქვს კრიმინალისტიკაში.
ამჯერად ქალბატონ მარიამს მივაცქერდით, გადადებული გამოცდა სულ გადამავიწყდა, ამიტომ შევეცადე ჩემი ყველაზე მომხიბვლელი ღიმილით გამეღიმა და ლექტორს მივმართე.
- იმედია ქალბატონი მარიამი გაგვიგებს და გამოცდის გაცდენას არასაპატიოდ არ ჩაგვითვლის.
ქალმა ხმადაბლა ჩაიცინა.
- არ ინაღვლოთ, გამოცდა კიდევ ერთი კვირით გადავდე, - მარიამმა სათითაოდ მოგვავლო მზერა და დაუმატა, - თუმცა თქვენ ის ჩაბარებული გაქვთ, რადგან ასეთ სამხილებს სტუდენტები კი არა პროფესიონალი მაძებრებიც ვერ მოიპოვებდნენ.
- მადლობა, - თავი კმაყოფილმა დავუქნიე.
- ყოველთვის მქონდა შენი იმედი მარიამ, - უთხრა ლაშამ და ხელი ხელზე მსუბუქად შეახო.
ვხედავდი ჩემი მეგობარი ცდილობდა, მასთან მეგობრული «დაეჭირა» და როცა შანსი მიეცემოდა ფიზიკურ კონტაქტშიც შესულიყო.
ახლა ქალმა მისი ხელის ქვეშ მოქცეული მტევანი ფრთხილად გამოაცურა, ლაშას სახეში შეჰღიმა და ხმადაბლა გვითხრა.
- ნიჭიერები ხართ, ოღონდ ცოტა კიდევ უნდა მოინდომოთ.
ამასობაში თორდიამ ტელეფონზე საუბარი დაასრულა, ოთახიდან გამოვიდა და ყოველგვარი შესავლის გარეშე თქვა.
- ბორის ჩაფრავა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მაიორია, სტრატეგიისა და ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
წამით ყველანი დავდუმდით, მოსმენილ სიტყვებს ვაანალიზებდი, ამ საქმეში ისეთი ძლევამოსილი ხალხი იყო ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომ გაფიქრებაც მზარავდა: - უშიშროების მაიორი და საგამომძიებოს მთავარი გამომძიებებლი, რა თქმა უნდა ექიმსა და ექსპერტ-კრიმინალისტს ინტერესის ღირსადაც არ ვთვლიდი.
მილიონების გაკეთება, მითუმეტეს დღევანდელ დროში პატიოსანი გზით შეუძლებელია, დარწმუნებული ვიყავი დამნაშავეების სიას კიდევ ბევრი შეემატებოდა, ვინ ვერ გეტყვით, თუმცა ყოველივეს უფრო «ზემოდან» რომ ხელმძღვანელობდნენ ამას წყალი არ გაუვიდოდა.
კორუფცია ძირგამომპალი ხელისუფლების სათავეებს მხვიარა ბალახივით მოსდებოდა და ნელ-ნელა ჰგუდავდა: - პროგრესს, დემოკრატიას, სახელმწიფეობრივობას, არადა ომიდან წელგაწყვეტილ, შინაომებისა და გარე მტრის მზაკვრული ქმედებებით დასუსტებულ ჩვენს ქვეყანას, გამყიდველ ძალოვანთა «მოღვაწეობა» კარგს არაფერს მოუტანდა.
ჩემი აზრით მრავალი სავალალო შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მათ საქმიანობას: - ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, ხალხის მიგრაცია უცხო ქვეყნებისკენ, ევროპაში ინტეგრაციის შეუძლებლობა და ასე შემდეგ, ყველას ჩამოთვლა რა თქმა უნდა შორს წამიყვანს, ამიტომ აჯობებს თხრობას დავუბრუნდე.
- საინტერესოა როგორ გახსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში? - იკითხა ლაშამ.
- «იასნია» ყველაფერი ოსტატურად ინიღბებოდა, ეს საქმეც თქვენი წყალობით შემთხვევით «გასკდა», - ივარაუდა მარიამმა.
თორდიამ ჩაახველა.
- თავიდან თქვენი არ მჯეროდა, - შუბლმოჭმუხნულმა დაიწყო მან, - ახლა ვნანობ, რომ ერთი წლის წინ მარიამის ეჭვები «გიჟების საქმეზე» სერიოზულად არ მივიღე, - მან გამომძიებელს გადახედა, ქალმა ნიშნის მოგებით აძგიბა წარბები, - დოკუმენტებიდან ჩანს, ეს დამნაშავეობრივი ჯგუფი 1994 წლიდან «მოღვაწეობს», მაშინ რომ ჩავრეულიყავით, ახლა ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.
- მაშინ ბევრი ვეცადე მაგრამ ვერ დაგარწმუნე, - საყვედურის ტონით უთხრა მარიამმა.
- რაც იყო იყო, - მამაკაცმა თავი დანანებით გადაიქნია, - სჯობს მომავალზე ვიფიქროთ, რაც აქ წერია, - «ამოპრინტერებული» ფურცლები ნერვიულად ააფრიალა, - ჩემი აზრით ზღვაში-წვეთია და ტრეფიკიორების რეალური შემოსავლის ათ პროცენტსაც არ ასახავს.
- ესე იგი ფიქრობ მხოლოდ შემოსავლების ნაწილს მივაგენით?
თორდიამ თავი დამიქნია და დაფიქრებულმა მითხრა.
- ვფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ, - ის კომპიუტერთან მოკალათდა, - ამიტომ დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ აქ არსებული ყველა დოკუმენტი, - ხელი მონიტორს მიუკაკუნა, - თუნდაც ამისთვის ვირივით მოგვიწიოს შრომა.
ამ სიტყვების შემდეგ ის, ყველა დოკუმენტის «ამოპრინტერებას» შეუდგა, რათა მათი შემოწმება უფრო გაადვილებოდათ.
ჩვენგან განსხვავებით ისინი პროფესიონალები იყვნენ, მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ინსტიქტები გამომუშავებოდათ, უფო დაკვირვებითა და გულდასმით სწავლობდნენ საბუთებს.
ალბათ გახსოვთ თავიდან გამოძიებაში ჩარევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი ხანდახან აზრსაც გვეკითხებოდნენ.
სიამაყისგან ვიბღინძებოდი, როცა ქალბატონი მარიამი რამეს შემეკითხებოდა და ვცდილობდი, რაც შემეძლო გამართული და მაღალფარდოვანი სიტყვებით მეპასუხა, რათა შთაბეჭდილება მომეხდინა.
საქმიანობაში ვიყავით გართული: - მე და ლაშა გაფაციცებით ვკითხულობდით დოკუმენტებს, რომლებიც უკვე უშველებელ გროვად დამდგარიყო კომპიუტერის მაგიდაზე, თორდია და მარიამი გვერდიგვერდ იჯდნენ, საბუთები გადანაწილებული ჰქონდათ და ინტერესით ჩაშჩერებოდნენ.
შემდეგ საგამომძიებლო დეპარტამენტიდან ფრიდონ ხუციშვილი დაბრუნდა, ერთიანად თოვლში ამოგანგლულიყო, ტანსაცმელი გაიფერთხა, მოგვესალმა და თითქოს სხვათაშორის თქვა.
- ვერ წარმოიდგენთ რა ხდება გარეთ, მუხლებამდე თოვლი დევს, თან გადაუღებლად ბარდნის, მანქანები ძლივს დაღოღავენ.
არაფერი გვიპასუხია, მხოლოდ თავის უტყი დაქნევით მივესალმეთ, თორდიამ კი გოლიათს ხელში საბუთების საკმაოდ სქელი შეკვრა მიაჩეჩა და თვალებით თავისუფალ სკამზე ანიშნა.
«ტრიო» სრული შემადგენლობით შეიკრიბა, ახლა უფრო მეტ შედეგს დადებდნენ, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი ნამდვილად მქონდა, არც შევმცდარვარ, სულ მოკლე ხანში ისეთ რაღაცეებს მიაგნეს, რაც ჩვენ არ შეგვიმჩნევია.
შუა მუშაობაში ვიყავით გართული, რომ თორდიამ მჭვუნვარედ წარმოსთქვა.
- ინვოისები და სატრანსპორტო ზედნადებები ვიპოვე.
მისმა აღმოჩენამ მიძინებული ოთახი გამოაცოცხლა, მე და ლაშა ექსპერტს გვერდით მივუჯექით, ქალბატონმა მარიამმა კი ხმადაბლა ივარაუდა.
- იმედია ეგ აღმოჩენა ორგანოების ტრანსპორტირების არხამდე მიგვიყვან.
- მხოლოდ ხუთი დოკუმენტი აღმოვაჩინე, - თორდიამ მხრები აიჩეჩა და ხელში ჩაბღუჯულ ფურცლებს დააკვირდა, - ყველაში განსხვავებული სატრანსპორტო საშუალება და ტვირთია მითითებული.
- ალბათ კვალის არევის მიზნით, - ივარაუდა ლაშამ.
- ალბათ.
- გადამზიდავი ვინ არი? - იკითხა ხუციშვილმა.
თორდიამ დოკუმენტებში ჩარგო თავი, ცოტა ხანი რაღაცას ხმადაბლა ბუტბუტებდა, მერე მიაგნო რასაც ეძებდა და ხმამაღლა წაიკითხა.
- ქუთაისის ავტოკოლონა.
- ვიცი ეგ ავტოკოლონა, - ექსპერტის სიტყვა აიტაცა მირიანმა, - ქალაქის ბოლოშია გზაგამტარ ხიდთან, მის დირექტორსაც ვიცნობ, მაგარი «სკოლსკი» ტიპია, თავს დავდებ ამ ტრეფიკინგში იქნება გარეული, - წუთით იყუჩა და გადამწყვეტად დაუმატა, - უნდა გავესაუბროთ.
მართალია ოპერივით სრულყოფილად ვერ ვერკვეოდი გადამზიდავის საქმიანობაში, მაგრამ სოფლად მიმავალს ხშირად მომიკრავს თვალი ავტოკოლონის სატვირთოებით გავსებული ეზოსთვის, რომელიც უმეტესად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში აწყობილი ეგრეთ წოდებული «კოლხიდებით» იყო დაკომპლექტებული.
სატვირთოების წარმოება, უკვე კარგა ხანია შეწყვეტილი გახლდათ, თუმცა ეგერ-აგერ შემორჩენილი ავტოები ქვეყანის შიდატვირთბრუნვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, როგორც მახსოვს ქუთაისის ავტოქარხანამ მისი მოღვაწეობის მანძილზე, სულ ხუთი მოდელი შექმნა, რომელთაგან უკანასკნელი Каз-4540 «კოლხიდა» ყველაზე გამართლებული გამოდგა, თუმცა ქუთაისლები მას ხუმრობით «შინმიუსვლელს» ეძახდნენ.
მოკლედ ასეთი არაფლისმომცემი აზრები ამეკვიატა მაშინ, წარმოდგენა არ მქონდა რა მომივიდა, ცოტა ხნით გამართულ დისკუსიასაც გამოვეთიშე და მხოლოდ მას შემდეგ მოვეგე გონს, როცა ხუციშვილმა როხ-როხით აღნიშნა.
- ვიღაც აიჰან იმამიშის კოორდინატებს მივაგენი, სარფში ცხოვრობს, ლაზია წარმოშობით.
ეს სახელი საოცრად მეცნობოდა, ოღონდ ვერ ვიხსენებდი საიდან, ამიტომ თავიდან არაფლისმომცემი ფიქრები ამოვიგდე, გონება დავძაბე და შევეცადე გამეხსენებინა, საიდან იყო ასე ნაცნობი ჩემთვის.
რამდენიმე წუთი ტვინს ვიჭ....ტდი და მხოლოდ მას შემდეგ დადგა ყველაფერი თავ-თავის ადგილზე, როცა პროზექტურაში მოსმენილი სიტყვები გავიხსენე, ბორისი მოდებაძეს ვიღაც აიჰანზე ელაპარაკებოდა.
ენერგიულად მივტრიალდი მოკამათე მაძებრებისკენ, ჩავახველე და მათ საუბარში უცერემონიოდ ჩავერიე.
- ვფიქრობ ეგ აიჰანი შუამავალია.
- საიდან დაასკვენი? - ირონიულად მკითხა თორდიამ.
- როცა მათ საუბარს მოვუსმინეთ მაშინ ახსენეს, - ჩემს მეგობარს გადავხედე, - ლაშაც დამეთანხმება.
- მართალია, მეც მახსოვს, - თავის დაქნევით დამეთანხმა ის, - ვიღაც აიჰანს ახსენებდნენ, რომელსაც კლიენტთან უნდა დაეკავშირებინათ.
- გასაგებია, - ხუციშვილმა ოთკუთხა ყბა მოისრისა, - ბათუმელ კოლეგებს დავუკავშირდებით და მაგ პიროვნების შესახებ ყველაფერს გავიგებთ.
ღამის ათი საათი იყო, რომ ამობეჭდილი დოკუმენტები კატეგორიების მიხევით დავაწყვეთ, ცალ-ცალკე შევაკოწიწეთ და მაგიდაზე დავალაგეთ, ხვალ მათ საგამომძიებლოს უფროსს გადასცემდნენ.
თორდიამ კოხტად დალაგებულ დოკუმენტებს ერთხელ კიდევ გადახედა და მთელი ჩვენი ნაშრომი ნელა სვენებ-სვენებით ჩამოაყალიბა.
- რა გამოდის? - ექსპერტი ფეხზე იდგა და ისე ლაპარაკობდა თითქოსდა სამედიცინო კონფერენციაზე მოხსენებას კითხულობსო, - ამოღებულ ორგანოებს, სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ, შესანიშნავად ნიღბავენ სხვადასხვა საქონლით და ქუთაისის ავტოკოლონის სატვირთოებით გადააქვთ, ყველაფერი ორგანიზებული და წინასწარ გათვლილია, ამიტომაცაა დღემდე ვერავინ გამოავლინა ეს «არხი», რაც შეეხება «საქონლის» გასაღებას, მე ის ასე წარმომიდგენია, - თორდია წამით დაფიქრდა და სვენებ-სვენებით განაგრძო, - ბათუმში ვიღაც აიჰან იმამიში ტვირთს იბარებს და სავარაუდოდ სარფის საბაჟოს გავლით თურქეთში გადააქვს, სადაც როგორც ცნობილია ორგანოებით ვაჭრობის ყველაზე დიდი შავი ბაზარია განთავსებული.
კახაბერმა ყველაფერი ისე ჩამოაყალიბა, რომ ვერავინ შეეკამათა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კამათი მასზე უკეთ არავის ეხერხებოდა.
ქალბატონი მარიამი კმაყოფილი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს თორდიამ ირწმუნა ჩვენი და ძიებაში ყოველგვარი ანტაგონისტური განწყობით ჩაერთო.
ფრიდონ ხუციშვილი სამომავლო დაკითხვების ნუსხას ადგენდა, მისი გათვლებით «პავლოვიჩთან» შეთანხმების შემდეგ, პირველ რიგში ბორისს ჩაფრავას დაკითხავდნენ, მერე მოდებაძესა და კაციას თუ ისინი კონტაქტზე გამოვიდოდნენ, მოგვიანებით ავტოკოლონის დირექტორს და ლაზ აიჰანსაც, ბოლოსთვის კი ყველაზე მსუყე ლუკმას - ლევან აშბას შემოინახავდნენ.
რა თქმა უნდა ამ სცენარით მაშინ განვითარდებოდა მოვლენები, თუ ჩვენგან დამოუკიდებლად ხელის შემშლელი ახალი ფაქტორები არ გაჩნდებოდა.
ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ჯაბა ბონდარენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, უნდა გავფრთხილებოდით, მუდმივი კონტროლის ქვეშ გვყოლოდა, ძალ-ღონე არ დაგვეშურა რათა მახსოვრობა დაბრუნებოდა, მისი ჩვენება უპირობოდ გადაწყვეტდა ტრეფიკიორების ბედს, ჯაბა მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, რომელიც ჩვენ საფრთხეს აგვაცილებდა, დამნაშავეებს კი დიდი ხნით გაისტუმრებდა გისოსებს მიღმა.
მოკლედ დავასრულეთ «ბონდარენკოს საქმე» თუმცა მე თუ მკითხავთ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ის «ტრეფიკიორების საქმედ» მომეხსენებინა.
თუმცა რა აზრი აქვს როგორ მოვიხსენიებ აღნიშნულ საქმეს, მთავარია ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ახლა მხოლოდ დამნაშავეების დაპატიმრებაღა გვრჩებოდა.
ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი, საუბედუროდ სასტიკად ვცდებოდი, რადგან მაძებრებს ფორმალობების მთელი ლაბირინთი უნდა გაეარათ, რათა ზემდგომ ორგანოებს დამნაშავეების დაპატიმრების თანხმობა მიეცათ.
ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი.


1 რეტროგრადული ამნეზია - დაავადების ამ ფორმის გამოვლენისას, პაციენტს ავიწყდება ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა ამნეზიის გამომწვევ ეპიზოდს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Zalian. Zalian magariaa. Yvelaferi gatvlili. Gaazrebulad dacerili da sainteresoo. Yochag avtorooo
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent