შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალია და ისტერიები (1)


9-08-2019, 22:14
ნანახია 406

რეალია და ისტერიები (1)

რეალია და ისტერიები
დიდხანს იდგა შადრევანთან, თავი ცალ მხარზე გადაეკიდა და მზის შუქის ანარეკლს აცეკვებულ წყლის წვეთებში აკვირდებოდა. უმზერდა თეთრ, გამჭვირვალე კაცუნებს, რომლებიც თავის საქმეში გართულიყვნენ და არცერთი აქცევდა ყურადღებას.
-თვალთმაქცები,-თავისთვის ჩაილაპარაკა და შეშლილი თვალები კიდევ მეტად მიაშტერა.
მიუახლოვდა, შადრევანის კიდესთან ჩამოჯდა და გაშლილი ხელის გული გამჭვირვალე კაცუნებს ჯერ ნაზად შეახო, შემდეგ სიბრაზე მოაწვა და შეშლილივით, აქეთ-იქით იქნევდა, რომ თითოეული მათგანი სწრაფად განედევნა, რომლებიც ბოლო ხანს მის ცნობიერს ისე შეუჩნდნენ, მისი ტვინის წიაღები დაუნდობლად დაეპყროთ:
-მომცილდით! თავი დამანებეთ!-თვალებს უჭყიტავდა და გამეტებით ურტყამდა, რომ თვალთახედვის არედან გაექრო,-ვერ გამაგიჟებთ, მე თქვენზე ჭკვიანი ვარ. არ მოგცემთ უფლებას, დედამიწაზე დასახლდეთ და აქაურები დაღუპოთ. ვიცი, მანდ იმალებით, ღამის დადგომას ელოდებით, მერე შავებად გადაიქცევით, უემოციო, დაუნდობელ ჯარისკაცებს დაემსგავსებით და ადამიანების გონების წასახდომად გაემართებით. ბრწყინვალე გონება გიყვართ, მაინცდამაინც გამორჩეულები უნდა შემუსროთ. ვერ ძღებით, მათი ტვინით იკვებებით, კანალიზაციის მოშიებული ვირთხებივით უღრნით ხვეულებს და ტყვეებად აგყავთ. მე ვერ დამიმონებთ! არ გამოგივათ! თქვენზე ძლიერი ვარ!
კაცუნები გაქრნენ. მათთან ბრძოლით დაქანცული ქალი შადრევანს აკანკალებული სხეულით მოსცილდა და შეშინებული, ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.
-გეტა!-თავი ამოჰყო სკამის უკან დამალულმა კიკინებიანმა პატარა გოგონამ და გაუცინა.
-გეტა!-ბუჩქის უკნიდანაც ამოჰყო ვიღაცამ თავი.
-გეტა!- ახლა ჭრელა-ჭრულა ყვავილებიდან გამოსძახეს და ჩაბჟირებამდე დასცინეს.
შეძრწუნებულმა ქალმა თვალები დახუჭა და ყურებზე ხელები მაგრად მიიჭირა, რომ აღარაფერი დაენახა და გაეგო.
-გეტა!-მამაკაცის ნაცნობმა, ბოხმა და თბილმა ხმამ ერთიანად შეაკრთო და უკან მიახედა. გამალებით ეძებდა ხმის პატრონს, აქეთ-იქით ავლებდა გაფართოებულ თვალებს შემოგარენს და წყლისგან დასველებულ ტანზე მკლავებს წამდაუწუმ იხვევდა, რომ ატკიებული სხეული როგორმე დაეცხრო.
-სად ხარ? მომენატრე, ჩემო.
-არავის მივცემ უფლებას, რომ დაგცინოს. ახლავე წადი, აქაურობას გაერიდე და დაისვენე! სიმშვიდე გჭირდება.
-შენც ჩემთან ერთად წამოდი რა.
-წადი, გეტა, გთხოვ.
-მარტო სიარულის მეშინია. აღარ არის დრო, რომ მაპატიო? ჩამკიდე ხელი, გეხვეწები, ერთად წავიდეთ.
-ვერ წამოგყვები. თავად ამიკრძალე.
-გასაგებია. ისევ მსჯი და ტანჯვისთვის მიმეტებ,-ამოიოხრა და თავი დამნაშავე ბავშვივით ჩაქინდრა.
-წადი...
-როგორი ცივი და უკარება ხარ. შენთან მაინც წამიყვანე, დაასრულე ჩემი წამება.
-ყველაფერს თავის დრო აქვს. ლექსად დატოვებული სიტყვები გადაიკითხე.
-შორს ხარ, მაგრამ ისევ ახლოს... გულის ძგერაც კი მესმის... შენი სუნთქვაც...
ხმა შეწყდა. ქალი კვლავ ეძებდა, ელაპარაკებოდა, მაგრამ მამაკაცი აღარ შეეხმიანა...
გულდაწყვეტილი გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას და ცრემლებს მუჭით იწმენდდა. თავის ქუჩაზე, აგურით ნაგები კორპუსიდან შეძრული მეზობლები შეუწყვეტლად გადი-გამოდიოდნენ. ინსტინქტურად გაარღვია გაოგნებული ხალხის რიგები და კიბეებზე აიჭრა. მეორე სართულზე ღია კარი შენიშნა და ჩუმად შეიპარა. საძინებელში ახალგაზრდა, ღრმად მძინარი გოგონას ცხედართან დედა დაყუდებულიყო და მწარედ მოსთქვამდა, მეორე ოთახში სახრჩობელაზე დაკიდებული ახალგაზრდა მამაკაცის უსულო სხეული კონწიალობდა. მძიმე სურათი იყო... თავი გაიქნია და ხელი პირზე აიფარა:
-თან წაუყვანია...-აღმოხდა და ჩუმად გაეცალა იქაურობას.
მიდიოდა და გონებაში კადრებად უცოცხლდებოდა მომენტები, როდესაც შეყვარებულები საზოგადოებისგან მალვით დაიარებოდნენ და აკრძალულ სიყვარულს უფრთხილდებოდნენ. მხოლოდ მან და მისმა უძილო ღამეებმა იცოდნენ წყვილის საიდუმლო, რომელსაც პატარ-პატარა ულუფებად ხან ფანჯრიდან, ხან ქუჩებში უაზრო ხეტიალის დროს იღებდა ხოლმე. ფეხს უჩქარებდა, ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო, ოთახში ჩაკეტილიყო და წუთების წინ ნანახი და განცდილი ფურცელზე ან კომპიუტერში გადაეტანა:
-ყველას მოვუყვები მათ შესახებ, ორივეს ამოვსვრი ტალახში, სალაპარაკოს მივცემ ენააქავებულ ადამიანებს, გადავფარავ ჩემს დანაშაულს, ვამხელ ცოდვილებს თავად ცოდვილი,-ფიქრობდა და სიამოვნებისგან უსაზღვრო კმაყოფილება ემატებოდა.

***
-მოხვედი? - კარი გაუღო ხანშიშესულმა დედამ და გაოცებულმა შეავლო თვალი იისფერ, სველ ზედატანს, რომელიც სხეულზე ისე შემოტმასნოდა, თითქოს მის ნაკვთებს შესისხლხორცებული ჰქონდათ და ვერ მოაცილებდი.
გეტას ხმა არ გაუცია, მაშინვე თავის ოთახს მიაშურა და წიგნში გადამალულ, ყვითელ, გაცრეცილ ფურცელს ეცა, რომლისთვისაც ჟამთასვლას წარწერები ოდნავ შეებღალა. გულზე მიიკრა, თვალები დახუჭა და ათასგზის წარმოთქმული სიტყვები ბუტბუტით, კიდევ ერთხელ, ზეპირად გააჟღერა. ლექსის თქმა როცა დაასრულა, ფურცელი ფრთხილად დააბრუნა წიგნში, დახურა და თაროზე შემოდო. უწესრიგო ნივთებს და ირგვლივ მიმოღავებულ ქაღალდებს მშვიდად გადახედა, რბილ სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, მუხლებზე ლეპტოპი დაიდო და ჩართვის ღილაკს თითი დააჭირა. ცოტა ხანს იჯდა გაუნძრევლად, თვალი კარზე ჭიკარტებით დამაგრებული ფერადი ფურცლებისთვის გაეშტერებინა და გონებას სხვაგან გასამგზავრებლად ამზადებდა, როდესაც დედამისი შევიდა და წამლის მიღება შეახსენა. უაზროდ გამოართვა თეთრი აბები და შეუხედავად გადაყლურწა, შემდეგ ხელით ანიშნა, რომ მარტო დაეტოვებინა:
-სველი ზედატანი მაინც გამოგეცვალა,-არ ასვენებდა ქალი.
გეტას ხმა არ გაუცია, უკვე სხვაგან იყო. დედამ ღრმად ამოიოხრა, ძირს დაყრილ ფურცლებს ფეხით გადააბიჯა და შვილი მარტო დატოვა. ოთახში დარჩენილმა მზერა ჭერზე გადაიტანა და ფიქრებით იმ დღეს მიადგა, როდესაც გულის სწორს პირველად შეხვდა. მაშინ მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო. ძველი თბილისის უბნის ერთ-ერთ აღმართს ფეხით მიუყვებოდა, როდესაც მისი ყურადღება მუსიკალური სკოლიდან გამომავალმა ჰანგებმა მიიქციეს. გაჩერდა და საყვარელ მელოდიას სულგანაბული უსმენდა. სკოლის ფორმა ეცვა. ფეხებზე- მუხლებამდე აზიდული, გრძელი, თეთრი წინდები. ხშირ და სწორ, დაწნულ, ყავისფერ თმაზე ბაფთა დაემაგრებინა და ხელში წიგნებით გატენილი ჩანთა ეჭირა, რომელიც ძალიან ამძიმებდა და დროდადრო ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა. იდგა და შოპენის ნოქტიურნის ჰანგებში ისე ჩაკარგულიყო, ტროტუარზე გამვლელებს ვეღარც ამჩნევდა.
-რა ჰქვია ჩვენი უბნის მშვენებას და ქუჩის ახალ მაცხოვრებელს?-უკნიდან მაღალი, სპორტული აღნაგობის, სიმპათიური, შავგვრემანი ყმაწვილი წამოადგა და მყუდროება დაურღვია.
გოგონა შეცბა და შეშინებული თვალებით შეხედა. მორცხვად აათვალიერა, მზერა ვერ გაუსწორა, გვერდზე გაიხედა და წამოწითლებულმა უპასუხა:
-ჰენრიეტა მქვია.
-უცნაური, მაგრამ საინტერესო სახელია,-თვალები დაიწვრილა და ნიკაპის სრესვას მოჰყვა.
-დიდი ბებიის სახელი მქვია. და... თ...ქვენ ამ უბნელი ხართ?-აღელვებულმა ფართუკის წვალება დაიწყო.
-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ.
-გასაგებია. კარგი, მე წა...ვალ, ჰო? -მის მწველ მზერას ვეღარ გაუძლო, დაიბნა და წასვლა დააპირა.
-მოიცადე, გაგაცილებ.
-არაა საჭირო.
- ჩემი სახელი არ გაინტერესებს?
გეტას ბოლო კითხვა აღარ გაუგონია, უკვე ოცი ნაბიჯით მაინც დაცილებულიყო და გულამოვარდნილი, სწრაფად აგრძელებდა სიარულს.

***
„ვორდის“ პროგრამის ცარიელ გვერდს უკვე ნახევარი საათი მაინც იქნებოდა გასული, უაზროდ მისჩერებოდა და ჯერ ერთი სიტყვაც ვერ აეკრიფა. ფიზიკურად ოთახში იჯდა, მაგრამ აზრებით ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. ფეხაკრეფით დაიარებოდა ოთახიდან ოთახში, ნივთებს ეხებოდა, კედლებს და ფანჯრებს უყურებდა, გარდაცვლილებს ზემოდან დაჰყურებდა. ხან ერთში შეიჭრებოდა, ხან მეორეში, აკვირდებოდა, რომელი უფრო მარტივი „გასაძარცვი“ იყო. ორივეს უთვალიერებდა უკვე გაფრენილი სულების კუთხე-კუნჭულებს, რომლებიც მისი ხედვით ჯერ კიდევ იქ ტრიალებდნენ. ვიდრე წერას დაიწყებდა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა. თამბაქოს კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და იისფერი რგოლები ნელ-ნელა გამოუშვა. ცოტა ხანს კმაყოფილი იერით ეთამაშა კვამლს, შემდეგ ღერის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა, თითები ძვლებში გაატკაცუნა და წერას მთელი სიხარბით შეუდგა:

თავი 1
შუაღამე იყო. მკაცრი ზამთრის სუსხს ჰაერი იმდენად გაეყინა, გარეთ გასვლას ვერავინ ბედავდა. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ორღობეებში. აქა-იქ მხოლოდ ძაღლების ყმუილი თუ აფხიზლებდა მთვლემარე არემარეს. თოვლს ირგვლივ ყველაფერი თავის საბნით გადაეფარა და სავსე მთვარისგან დანათებული შუქის ფონზე იისფრად აბრჭყვიალებულიყო. მშვიდი ძილით ეძინათ ერთ ეზოში მცხოვრებ ბიძაშვილების ოჯახებს. ცოლის სახლში არყოფნის გამო, მამაკაცი თავად მიუწვა ლოყებაღაჟღაჟებულ, მსუქანა, ხუჭუჭა ბიჭუნას და ცდილობდა, ყოველი წამოტირებისას მისთვის ძილი შეექცია. თეკლა მონატრებული მშობლების და პატარა ძმის მოსანახულებლად წინა დღეს ჩასულიყო. დედ-მამასთან და დედმამიშვილთან ყოფნით გული რომ იჯერა, უნივერსიტეტის გამოცდებისთვის მეცადინეობას შეჰყვა და შეშის ღუმელთან სწავლისგან და სითბოსგან მოთენთილს ჩასძინებოდა. მხოლოდ დედას არ ეძინა იმ ღამეს, ქალაქის საავადმყოფოში მორიგეობა უწევდა, პალატიდან პალატაში დადიოდა და პაციენტებს დასტრიალებდა თავს.
იმ ღამეს არავინ იცოდა, რომ სოფელი სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოსაწყობად ემზადებოდა. გვერდზე სახლიდან მოვარდნილი ალი სესიაშვილების ეზოს ყბადაღებული გველეშაპივით შემოეხვია და მხუთავი ცეცხლის მარწუხებში მოაქცია. თოვლით დაფარული ეზო და სახურავები ოდნავ აკავებდა გავეშებულ ხანძარს, მაგრამ ოთახებში შევარდნილი, საოცარი სისწრაფით ეკიდებოდა ყველაფერს და რაც გზაზე ეღობებოდა, გავარვარებული მკლავებით იზიდავდა თავისკენ. ტკაცუნობდნენ გამომშრალი ხეები, სკდებოდა ჭურჭელი, იმსხვრეოდა მინები და ახლადგაღვიძებული და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი სოფელი უმწეო თვალებით შესცქეროდა სიმწრისგან აღრიალებულ თეკლას, რომელიც ბიძაშვილს მკლავებით ეჭირა და ცდილობდა, სახლიდან გამოეყვანა:
-იქ ჩემი ძმა და მამაჩემია, ანდრო. როგორ არ გესმის? შველას ითხოვენ.
-იქ ვეღარ შევალთ, უძლურები ვართ. გამოდი, რატომ არ გესმის?-ხმამაღლა უყვიროდა ახალგაზრდა.
-უნდა ვუშველოთ. რამე იღონე, გეხვეწები,-მუხლებში უვარდებოდა კვამლისაგან გამურული და ხველაავარდნილი თეკლა, რომელიც ბიჭს მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა და ხელით სახლისკენ ექაჩებოდა.
-თეკლა, გამოდი-მეთქი!-აღნავლებული გოგონა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ძალით გამოათრია, გარეთ მყოფებიდან ვიღაცას ჩააბარა და თავად ისევ წითელ-ყვითლად აბრიალებულ ჯოჯოხეთში ჩაიკარგა.
იმ ღამეს ანდროს დედა, და და ბებია, ხოლო თეკლას მამა და ძმა ვერ გადაურჩნენ საზარელ ხანძარს. დილის პირას საცოდავად ამომწვარ და დანახშირებულ ცხედრებს დასცქეროდა და დასტიროდა მთელი სოფელი. ცოცხლად გადარჩენილი ოჯახის წევრები ნატანჯი და გაქვავებული სახეებით იდგნენ საყვარელი ადამიანების გვამებთან და ემოციადაცლილები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ თავს გადახდენილ უბედურებას. ხან ხმამაღლა ესაუბრებოდნენ, ხან ეჩურჩულებოდნენ, ხან ტიროდნენ, ხან ეფერებოდნენ, ხანაც დადუმებულები, მაგრამ მრავალ რამეზე ამეტყველებულნი ერთ ადგილას გაშეშებულიყვნენ. სესიაშვილების გადამწვარი ნასახლარებიდან რამდენიმე დღეში ხუთი საკაცე გაიტანეს სოფლის სასაფლაოზე წასასვენებლად.
***
უბედური შემთხვევის შემდეგ, ვიდრე დამწვარ სახლ-კარს საკუთარი ძალებით აღადგენდნენ, ანდროს მამა ნათესავთან, ხოლო თეკლას დედა დასთან აფარებდა თავს. ბიძაშვილები თბილისში, ძველი უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე გადავიდნენ საცხოვრებლად და სწავლასთან ერთად მუშაობასაც ითავსებდნენ, რომ თავები გადაერჩინათ. ლექციების შემდეგ თეკლა სადღეღამისო სუპერმარკეტში მუშაობდა კონსულტანტად და კვირაში რამდენიმე ღამეს იქ ათენებდა, ხოლო ანდრო სტამბაში მუშად მოეწყო და წიგნებს კინძავდა. აღებული ხელფასი ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და საჭმლის ხარჯებს ძლივს ფარავდა. მათი ცხოვრება ნელ-ნელა არსებობისთვის ბრძოლას ემსგავსებოდა, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო -მტკიცე ნებისყოფა და ბრძოლა აწმყოს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ღამღამობით ერთი და იგივე შინაარსის კოშმარები საკმაოდ ხშირად იჭრებოდნენ თეკლას გონებაში და უფრო მკაფიოდ ჩაესმოდა ატირებული ძმის ხმა და მამის გმინვა, რომელიც ვერაფერს შველიდა პატარა ბიჭუნას. გრძნობდა სიმხურვალეს, ცხადად ხედავდა ცეცხლწაკიდებულ ფარდებს, კარებებს, ფანჯრის რაფებს, ავეჯს და განწირული ხმით კიოდა, რომ დახმარებოდნენ. ერთხელ, იგივე სახის სიზმარმა რამდენიმე თვის წინ დატრიალებულ ტრაგედიაში ლამის ცხადად გადაისროლა და ხელმეორედ შეაგრძნობინა განცდილი. თვალები რომ გაახილა, შეშინებული ანდრო წამოსდგომოდა და რომ დაემშვიდებინა, ძლიერად ეხუტებოდა:
-მორჩა! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! თავი ხელში აიყვანე და დამშვიდდი. ცხოვრებას ვაგრძელებთ, გესმის? არ მოგცემ უფლებას, რომ ამ კოშმარებს გონება მოაწამლინო.
-მე არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი თავისით... -სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა ოფლში ერთიანად გაწურული გოგონა.
-შეხედე რას გავხარ. სახეზე ცარცის ფერი გადევს. მოდი, წყალი დალიე,- ბიჭმა საწოლიდან წამოაყენა და ტუჩებთან ძალდატანებით ნათალი ჭიქა მიუტანა.
რამდენიმე ყლუპი მოსვა და ათრთოლებული მიესვენა ბალიშზე.
-თეკლა!-შეუძახა ბიძაშვილმა,- გაცივდები, ტანსაცმელი გამოიცვალე!
შეშინებულს აღარაფერი ესმოდა, ერთიანად ცახცახებდა და კბილს კბილზე აკაწკაწებდა.
-ჯანდაბა!- ნერვები მოეშალა ანდროს, კომოდის უჯრაში მაისური მოძებნა, საწოლიდან ძალით წამოაგდო, სველი პერანგი გადააძრო და მშრალი ტანსაცმელი მიუგდო.
-რას აკეთებ?-თვალებგაფართოებულმა ამოიხავლა და შიშველ მკერდზე აიფარა ხელი.
-ჩაიცვი!- ნათქვამი ბრძანებას უფრო ჰგავდა.
მის სიტყვას უსიტყვოდ დაემორჩილა, შემდეგ საბანი ცხვირამდე აიფარა და ზურგით ნელ-ნელა, ბალიშისკენ დაეშვა. ბიჭს აღარც შეუხედავს, ღრმად ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.
ირიჟრაჟა თუ არა, წინა ღამის სიზმრით შეძრული უცნაური შეგრძნებებით წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა. იქიდან გასულმა ჭურჭლის ხმამ და ომლეტის მადისაღმძვრელმა სუნმა ანდრო გამოაფხიზლა. საწოლში აღარ გაჩერებულა და ბიძაშვილს საუზმის მომზადებაში შეუერთდა:
-დილა მშვიდობისა,- წარმოთქვა და მაცივრის კარი გააღო.
-დილა მშვიდობისა,-მორცხვად მიუგო თეკლამ.
-ალუბლის მურაბას ვეძებ, აღარ გვაქვს?
-არა, მე შევჭამე.
-მეტი აღარ გვაქვს, არა?
თეკლამ თავი გაიქნია და გაზქურიდან ტაფა გადადგა. საჭმელი თეფშებზე ორად გაანაწილა და მაგიდაზე დააწყო:
-მზად არის, შეგვიძლია დავსხდეთ და შევექცეთ.
ბიჭმა ადუღებული ჩაიდნიდან ფინჯნებში წყალი დაასხა და ჩაის ერთჯერადი შეკვრით დაფერა:
-რამდენი კოვზი შაქარი...
-დანარჩენს მე ვიზამ, მადლობა,-სიტყვა გააწყვეტინა და ხელიდან საშაქრე და ჩაის კოვზი წაართვა.
ანდროს აღარც შეუხედავს, უსიტყვოდ მიირთმევდა საუზმეს და ღრმად ჩაფიქრებულიყო. აუტანელი სიჩუმე თეკლამ დაარღვია:
-საიდან გაიგე, რომ ცუდი სიზმარი დამესიზმრა?
ანდრომ ჩაის კოვზი ფინჯნიდან ამოიღო, ქვემოდან ახედა და მოკლედ უპასუხა:
-ყვიროდი.
გოგონამ უხერხულობისგან ყელთან თითები დაისვა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა:
-მეორეჯერ ასე აღარ გააკეთო!
-რას მიკრძალავ? ვერ მიგიხვდი.
-იცი შენ რასაც,-თავი დახარა, ნიჟარაში ცარიელი თეფში და ფინჯანი ჩადო და იქაურობას გაეცალა.

***
პირველი თავის დასრულებისთანავე საათს ახედა და გაეღიმა:
-ტიკ- ტაკ, ტიკ-ტაკ...-ისრების ხმას აჰყვა, კოლოფიდან სიგარეტის მორიგი ღერი ამოიღო და სანთებელით მოუკიდა:-დრო ნელა, ხან სწრაფად, ზოგჯერ საინტერესოდ, ხან უინტერესოდ, ზოგჯერ საერთოდაც არ გადის... ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ,-ლეპტოპის კლავიატურაზე ტუჩების და თითების მოძრაობით ისევ ჟამთა სვლის ჟღერადობას აჰყვა და წარსულის მოგონებების თვალწინ წარმოდგენისას, მოწყენილი სახე მიიღო:
თბილისური ეზოს მესამე სართულზე, ხვეული კიბეების დასასრულს, საბანკეტოდ გამოწყობილი კლასელები სახლში შეკრებილიყვნენ და საერთო ლხინს მისცემოდნენ. ხანდახან სასმლისგან გაბრუებულნი და ზაფხულის სიცხისგან მოთენთილნი მოჩუქურთმებული ხის ფართო აივანზე გასაგრილებლად გამოიშლებოდნენ და მხიარულებას აგრძელებდნენ. გეტას ცისფერი, გულ-მკერდზე რამდენიმე ფენად დაფენილი, მოკლე კაბა ეცვა, გრძელი თმა ლამაზად გაეშალა და თეთრი, ხელოვნური ყვავილები დაემაგრებინა. თვალს ვერ მოწყვეტდი, ულამაზესი იყო. სწორედ მაშინ, როდესაც კლასელ ბიჭთან საუბარში გართულიყო, ვიღაცამ აცნობა, რომ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ და სასწრაფოდ დაბლა ელოდებოდნენ.
-მეც გამოგყვები,-უთხრა ზურამ და აღელვებულ გოგონას უკან დაედევნა.
-დარჩი, მალე დავბრუნდები.
-როგორ ფიქრობ, მარტო გაგიშვებ?-არ მოეშვა ბიჭი.
ფერდაკარგული ჩაუყვა ხვეულ კიბეებს და ეზოდან ქუჩაში გავიდა. მოულოდნელად, ზურას ვიღაცის მუშტი ყბაში ისეთი ძალით მოხვდა, უმალ ძირს დაეცა და გონება დაებინდა, გეტას კი მკლავში წვდა და უხეში მოძრაობით მანქანაში ძალით ჩასვა:
-რომა? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-აღშფოთებულმა თვალები დაუჭყიტა საჭესთან მყოფს.
-როგორ ფიქრობ, ვიღაც ზურას ნებას დავრთავ, ჩემს შეყვარებულს შებმა დაუწყოს?
-რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს, აჰ?! ჯერ ერთი, შენი შეყვარებული არ ვარ, მერე მეორე- ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ არ მჭირდება შენი ყურადღება. თავს აღარ დამანებებ?
-ახლა კარგად მომისმინე. რადგან უკან დაგდევ და უამრავ გოგოში მხოლოდ შენ ამოგარჩიე, თავს ნუ გაგივიდა და ასე ნუ მომმართავ, თორემ ყელში ამომასხამს და აღარ მოგითმენ!
-რა გინდა, ვერ გავიგე? მაინცდამაინც მილიციაში გიჩივლო?
-ნეტავ იცოდე, როგორ შემაშინე. ხელი დამადე, ნახე, როგორ ვკანკალებ.
-მასხარადაც რომ მიგდებს! ხეპრე! -სიმწრისგან სახეზე ხელები აიფარა გეტამ და ცრემლები წამოუვიდა.
ცოტა ხანში მანქანა ოქროყანის ასახვევთან გაჩერდა. მამაკაცმა ატირებულ გოგონას ხელები სახიდან ჩამოაწევინა და ცხვირსახოცი მიაწოდა:
-ცრემლები შეიმშრალე და თავს ნუ მაცოდებ, ჩემთან ეგეთები არ ჭრის!
-რა გინდა, რომ მითხრა, ვსიმულიანტობ?
-მორჩი და ჩემთან სალაპარაკოდ მოემზადე!
-არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო!-ზედაც არ შეუხედავს, გაბუტული სახით გაიხედა ფანჯრიდან და მზერა ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ ფიჭვებს მიაპყრო.
-კარგად არ მიცნობ, ასე იოლად ვერ მომიშორებ.
-ძალიან გთხოვ, დამაბრუნე, საიდანაც წამომიყვანე.
-დაბრუნდები მხოლოდ მაშინ, როცა საუბარს დავამთავრებთ.
-ვინ იცის, მშობლები როგორ ნერვიულობენ. დარწმუნებული ვარ, ყველგან მეძებენ.
-არაუშავს.
-რას ჰქვია, არაუშავს? გაგიჟდი?
მამაკაცს ჩაეცინა:
-ასე აპირებ ჩემთან ჯიუტობას? მთავარ თემაზე როდის გადავიდეთ?
- ჩემი კლასელისგან რა გინდოდა, რას ერჩოდი?
-რაც ეკუთვნოდა, ის მიიღო. ამის შემდეგ ეცოდინება, რომ სხვის ქალს აღარ უნდა გაეკაროს.
-მე შენი ქალი არ ვარ და ნუ მისაკუთრებ!
მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და ტუჩებზე დააცხრა. გოგონა მოულოდნელობისგან დაიბნა და ვეღარ გაიგო, რა გაეკეთებინა, შემდეგ გონს მოეგო და სილა გააწნა.
-ჰმ, ესაა შენი პასუხი?-წარბი აუწია შეყვარებულს.
-ჰო.
გამძვინვარებულმა მამაკაცმა ტყავის ჩასადებიდან ვერცხლისფრად მოელვარე, ბასრი დანა ამოიღო და ხმამაღლა, მკაცრი ტონით მიმართა:
-მიდი, მომიშორე!
-რას მთავაზობ?
-კარგად იცი, რაზეც მიგანიშნებ. მიდი-მეთქი!
-ამას ვერ გავაკეთებ,-ამოილუღლუღა სახეწაშლილმა.
-გააკეთებ!
-გჯერა, რომ ამას ვერ ვიზამ და ამიტომ მედიდგულები!
-ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩემგან გათავისუფლდე, ეს გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნებდები. მოსულა?
-ძალადობ.
-ათამდე ვითვლი. შენი გადასაწყვეტია, ან მომკლავ, ან ჩემი გახდები,- შეუბრუნდა, დანა კალთაში ჩაუდო და ხელები ასწია:
-ერთი... ორი... სამი...ოთხი...-ნელ-ნელა ითვლიდა და თვალს არ აცილებდა მის წინ მყოფს, რომელიც უცხო თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, რომ ემოციურად ძალიან იტანჯებოდა.
-თავი დამანებე, გთხოვ!
-ხუთი...ექვსი...შვიდი...
-არ შემიძლია, რატომ არ გესმის?-ტირილს უმატა გოგონამ.
-მეტი გზა არ გაქვს, გეტა. შენზე უზომოდ შეყვარებულს, სხვანაირად ვერ მომიშორებ.
ატირებული აკანკალებული ხელებით კარის გაღებას შეეცადა, რომ გაქცეულიყო, რაზედაც მამაკაცი საპასუხოდ თმაში წვდა და ისე შეაჩერა:
-რვა...ცხრა...ათი... მორჩა! დროის ათვლა დამთავრებულია, ბარტყო.
-თავსგასული ნაძირალა ხარ!
-სიტყვებს დაუკვირდი!- მრისხანედ დასჭექა აკანკალებულ გოგონას და დანა ტყავის ჩასადებში ჩააბრუნა.
-რატომ მაშინებ? რა უფრო მეტად მოგეწონება -ის, რომ მართლა შემიყვარდე, თუ შენს დანახვაზე ვცახცახებდე?
-ორივე.
-რატომ?
-ასეა საჭირო.
-ჯანდაბამდე გზა გქონია.
-რატომ მაღიზიანებ?
-იმას გეუბნები, რასაც შენზე ვფიქრობ.
-აღიარე, რომ მოგწონვარ.
-გადაირიე? ეგ რამ გაფიქრებინა?
-მე რომ შენს ინტერესს არ ვიწვევდე, ახლა წესით სისხლისგან უნდა ვიცლებოდე.
-ჩემი ჰუმანური ხასიათით ისარგებლე, მეტი არაფერი. ილუზიებში ნუ გადაეშვები.
-არა, მოგწონვარ, ვერაფერს გამომაპარებ.
-არ მანანებინო, რომ ცოცხალი დაგტოვე.
-გვიანია, მეტი შანსი აღარ გექნება. უკვე ჩემი ხარ,-ნიშნის მოგებით უთხრა და მანქანა დიდი სისწრაფით მოწყვიტა იქაურობას.

***
მოგონებებიდან სუნთქვაგახშირებული გამოერკვა და ხელი გამალებით მობაგუნე გულზე დაიდო. პულსის დარეგულირებისთანავე ლეპტოპი გამორთო, მუხლებიდან მოიშორა და ძირს დადგა. ძლივს წამოდგა, მუხლებში ჩამდგარმა ტკივილმა სახე დაუღმიჭა და ნელა გაუყვა საწოლისკენ. ძლივს მიიტანა დაღლილი სხეული, არაფრის ძალა შესწევდა, არ გაუხდია, ტანსაცმლიანი გაერთხა გაუშლელ ლოგინზე. ყური დაუგდო გამეფებულ სიჩუმეს. ირგვლივ მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა განაბულ წყვდიადს. შეეცადა, გონება დროებით გაეთიშა და აზროვნებისგან ოდნავ განეტვირთა.
დილის ექვსი საათი ხდებოდა, როდესაც კოკისპირულმა წვიმამ ფანჯრის მინებზე წკაპაწკუპი ატეხა. ახლადჩაძინებულ გეტას ძილი დაუფრთხა და თვალები გაახილა. გაუნძრევლად იწვა, ადგომა დაეზარა და წვიმის მელოდიას დაუგდო ყური. ვივალდის გადარეული ნოტებივით ბრაზობდნენ წყლის წვეთები, აქეთ-იქით ეხეთქებოდნენ, თითქოს ეჩხუბებოდნენ, რომ ფანჯარა გაეღო და მასთან შეეშვა.
-აქაც მომაკითხეთ? ვიცი, რატომაც ხმაურობთ. გინდათ, გარეთ გამოვიდე, ან სახლში როგორღაც შემოაღწიოთ და მერე შემომიტიოთ. ვერ მოგართვით, პატარა კაცუნებო,- ჩურჩულებდა ქალი.
ცა გაიხსნა და ჭექა-ქუხილმა არემარე შეძრა. წვიმა ისევ ანჩხლობდა, უფრო მსხვილად დაუშვა და რაკა-რუკით ასკდებოდა მინებს. ბუნების სიბრაზეს თან გეტას ისტერიული სიცილი დაერთო, რომელიც მთელ სახლს წამებში მოედო და აყრუებდა. შემდეგ დაწყნარდა, განწყობა შეეცვალა და თვალებში შიში ჩაუდგა. ტანსაცმელი გადაიძრო და საბნის ქვეშ მოექცა.
წამლის მიღებიდან რამდენიმე ხანში ყველაფერი დაიწმინდა მის გონებაში და ემოციურად კვლავ მართვადი გახდა. როგორც კი თავი უკეთესად იგრძნო, ნაწარმოებს დაუბრუნდა:

თავი 2
ლექციების შემდეგ სამსახურში სიარული, ფიზიკური შრომა და ღამეების თენება თეკლასთვის იმდენად დამღლელი და გაუსაძლისი აღმოჩნდა, ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. ძალიან გახდა, იმუნიტეტიც დაუქვეითდა და აღარც სწავლის ენერგია შერჩა. ერთ დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა ანდრომ საძინებლის ღია კარიდან შენიშნა, რომ გოგონას ოთახი ჩაებნელებინა და თავად საწოლზე ნახევარმთვარესავით მოხრილიყო.
-თეკლა, კარგად ხარ?-გარედან შესძახა და პასუხს დაელოდა.
რამდენჯერმე ჰკითხა და ხმა რომ ვერ გაიგონა, ჩათვალა, რომ ეძინა, კარი ნახევრად მოუხურა და თავად სამსახურში წასასვლელად მომზადება დაიწყო. ხუთი წუთიც არ გასულიყო, ჩქარი ნაბიჯების და კარის მოჯახუნების ისეთი ხმა მოესმა, ლამის ყურის ბარაბნები გაუხეთქა. დამფრთხალივით შეუვარდა, სინათლე აანთო და ნირწამხდარ თეკლას დახედა:
-რაღაც არ მომწონხარ. არ მეტყვი, რა გჭირს?
-თავი დამანებე, მარტო ყოფნა მჭირდება.
-ასე არ შეიძლება, ადამიანს აღარ ჰგავხარ. სარკეში არ იყურები?
-შენ გგონია, მანაღვლებს როგორ გამოვიყურები?
-რომ არ განაღვლებს, იმიტომ გეუბნები, რომ თავს მიხედო.
-აუ, შემეშვი.
-შენ რა, თავს იკლავ? არაფერს ჭამ, თვალები ჩაგიცვივდა, ძვალი და ტყავი დარჩი.
-ვჭამო, შენც ახლა დელიკატესებით სავსე გვქონდეს მაცივარი.
-არ გინდა სარკაზმი რა. ვის ემდური, ან რაში ადანაშაულებ?!
-ჰო, კარგი, დაივიწყე. უბრალოდ დამტოვე და ჩემ გამო ნუ ინაღვლებ.
ბიჭმა ნერვიულად ამოისუნთქა, ნაღვლიანი თვალებით გადახედა და ოთახიდან გავიდა.
თეკლა საღამომდე საწოლში დარჩა. ექვსი საათის მოახლოვებისთანავე ზანტად წამოსწია სხეული და როგორც იქნა, საწოლიდან წამოდგა. იმ დღეს ღამის სმენაში უწევდა მუშაობა, თორემ ისევ გააგრძელებდა ოთახში მარტო ყურყუტს. ტანსაცმლის შერჩევაზე არც უფიქრია, რაც ხელში მოხვდა, სასწრაფოდ ჩაიცვა, თმები უხეიროდ გადაივარცხნა და გარეთ გავიდა. არავინ და არაფერი აინტერესებდა, ადრე თუ ცნობისმოყვარე ხასიათის წყალობით სავაჭრო და მომსახურების პუნქტებს ინტერესით ათვალიერებდა, ახლად გახსნილ მაღაზიას ისე უგულოდ ჩაუარა, ზედაც არ შეუხედავს. ბოლო დროს ხალხთანაც ასე იქცეოდა -ნათესავებს, მეგობრებს და თანამშრომლებს აღარც მოიკითხავდა ხოლმე, ახლა მისთვის ყველას და ყველაფერს აზრი დაეკარგა. მხოლოდ დედასთან საუბარს ატანდა ძალას, არ უნდოდა გაეგო, რომ დეპრესია სჭამდა.
სუპერმარკეტში ზლაზვნით შევიდა, უნიფორმა გადაიცვა და უხმოდ დაიწყო თაროებზე პროდუქტის დაწყობა.
-ეს შენთვის დატოვეს,-თავზე წამოადგა საჩუქრით ხელდამშვენებული მენეჯერი და ცხვირაბზუებულმა ტუჩები მოპრუწა.
-ჩემთვის?-გაიკვირვა და საჩუქარი გამოართვა.
-გახსენი, ჩვენც გვაინტერესებს,-ცნობისმოყვარე თვალებით დახედა წითელ, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთულს და გრძელი, კეხიანი ცხვირი თეკლასკენ წასწია.
-ვინ დატოვა?
-ერთ-ერთმა კლიენტმა,-სწრაფად მიუგო და ინტერესით სავსე სახე ლამის ზედ დაადო საჩუქარს.
-რომელმა კლიენტმა?
-ქერა, სიმპათიური ტიპია. მგონი ქუჩის გადაღმა რომ პოლიციის შენობაა, იქ უნდა მუშაობდეს, მეტი არაფერი ვიცი.
-არ მახსენდება არცერთი ქერა კლიენტი, ჩემს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი რომ გამოეხატოს,-შეიცხადა გოგონამ.
-დროზე გახსენი რა, დავილიე ინტერესით,-ხელის მტევნები ააფართხალა ქალმა.
თეკლა ფიქრს შეეშვა, თხელი, ნაზი თითებით ფრთხილად შემოაცალა ბრჭყვიალა ქაღალდი და ბელგიური შოკოლადის ლამაზად შეკრული, გამჭვირვალე ყუთი შერჩა ხელში. სასიამოვნოდ გაეღიმა, გახსნა და ჯერ მენეჯერს, შემდეგ დანარჩენ თანამშრომლებს გაუმასპინძლდა.
მუშაობის დროს დროდადრო სუპერმარკეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პოლიციის შენობისკენ აპარებდა თვალს და ცდილობდა, შენობაში შემსვლელ-გამსვლელებს შორის, მისთვის უცნობი თაყვანისმცემელი გუმანით მაინც ამოეცნო.
ცოტა ხანში მენეჯერი და მაღაზიის მეპატრონე მოლარეს და კონსულტანტებს დაემშვიდობნენ და დაცვის თანამშრომელთან ერთად დატოვეს. ღამის ორი საათის შემდეგ კლიენტების რიცხვი შემცირდა და თეკლა მენეჯერის მითითებულ, სათამაშოებით დახუნძლულ, ჭერამდე აზიდული თაროს დალაგებას შეუდგა. მოულოდნელად მობილურმა დაიწკარუნა.
-ნეტავ, ამ დროს ვის უნდა გავხსენებოდი? -გაიფიქრა და მიუხედავად იმისა, რომ კიბეზე იდგა, მაინც გარისკა და ტელეფონის ეკრანს დახედა.
-„უკვე გეტყობა, როგორი ცნობისმოყვარე და ამასთანავე დაუდევარი ხასიათის პატრონი ხარ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, თორემ ჩამოვარდები და დაიმტვრევი,“-შეტყობინება ფარული ნომრიდან იყო შესული.
-თავხედო! დაუდევარი თავი გაბია!-გამწყრალმა წაიბურდღუნა და საქმეს დაუბრუნდა.
ხანდახან გული ვერ უთმენდა და ლამპიონებით განათებულ ქუჩაში იყურებოდა, გრნობდა, რომ გარედან უთვალთვალებდნენ.
როგორც კი საქმეს მორჩა, რომ არ ჩასძინებოდა, ინსტაგრამზე შევიდა და დროის გასაყვანად ნაცნობ-მეგობრების სურათებს დააცქერდა, მერე ფეისბუქზე გადაინაცვლა და დახურულ ჯგუფში, უნივერსიტეტში მიცემულ დავალებებს გაეცნო. ერთ-ერთი ლექტორის მიერ ატვირთული წიგნის ელექტრონული ვერსია გადმოწერა და კითხვა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც მეორე ტექსტური შეტყობინება მიიღო:
-„ნეტავ ვიცოდე, ასეთი სერიოზული სახით რას კითხულობ, მშვენიერო...“
თეკლა ადგილიდან წამოდგა და კარგად დააკვირდა სუპერმარკეტის წინ აღმართულ პოლიციის შენობას. ეჭვი აიღო, რომ შეტყობინებების ავტორი სავარაუდოდ იქიდან აკვირდებოდა, მაგრამ აქეთ-იქით მოსიარულე და საქმეში გართული პოლიციელების გარდა, ვერავინ შენიშნა:
-უცნაურია, არც ქუჩაში დგას არავინ,-გარეთ გასული, თავისთვის ბუტბუტებდა და დაკვირვებული ათვალიერებდა შემოგარენს. შემდეგ სუპერმარკეტში შებრუნდა და ერთმანეთთან საუბარში გართულ თანამშრომლებს გადახედა.
-ვითომ ესენი აწვდიან ინფორმაციას?-გაიფიქრა და გადაწყვიტა, თვალყური ედევნებინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

შენი ისტორიები ყოველთვის საინტერესო და განსაკუთრებულია.ესეც საკმაოდ სერიოზულ თემაზეა როგორც ვხვდები,დამაინტერესა .გელოდები.

 


სტუმარი nancho
შენი ისტორიები ყოველთვის საინტერესო და განსაკუთრებულია.ესეც საკმაოდ სერიოზულ თემაზეა როგორც ვხვდები,დამაინტერესა .გელოდები.

კი, ვატყობ, ძალიან კომპლექსური გამომივა.
მადლიბა, ნანჩო.
მახსოვხარ ❤️

 


№3  offline წევრი guroo

როგორც ყოველთვის სიუჟეტური აბლაბუდა შემოგვთავაზე, მაგრამ კიდევ უფრო ღრმა და (ჩემთვის) საინტერესო. ჰენრიეტადან გეტამდე გარდასახული გოგონას ისტორია, ვატყობ, ყვლაზე დაძაბული და სულისშემძვრელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თეკლას ხაზი ბევრად ტრაგიკული და მძიმეა. სიმართლე გითხრა, მთლიანად შევიგრძენი ის მონაკვეთი, სადაც ხანძარზე წერ. სიზმრის მომენტიც არანაკლებ ემოციური იყო, მაგრამ იქ სიუჟEტური დატვიღთვა ვიგრძEნი... რაღაც ხელჩასაჭიდი მინიშნება იყო ანდროს ქცევაში და, ამასთანავე, მასა და თეკლას დიალოგში.
ხომმმ... ზამთარი და გულსაკლავი სითეთრე, ყინვა - საოცარი კონტრასტია ცეცხლის ალისა და შავი, ჩამუქებული კვამლის ფონზე.
საინტერესოა, რაზე წერ, როცა გეტას მონოლოგში ვკითხულოთ: "ბრწყინვალე გონება გიყვართ, მაინცდამაინც გამორჩEულები უნდა შემუსროთ. ვერ ძღებით, მათი ტვინებით იკვებებით, კანალიზაციის მოშიებული ვირთხებივით უღრნით ხვეულებს და ტყვეებად აგყავთ." ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მარტო გეტას სიტყვებია არ არის ეს. რაღAც იცი, პაწაწინა ან უზარმაზარი სიბრძნე... და მე მისი გაგება მსურს, უპირელეს ყოვლისა!
მისტიკის სუნი მცემს. უუუმ, რა გემრიელი სურნელი აქვს. ვერ წარმოიდგენ, რამდენად შთAმბეჭდავი მომეჩვენა გეტას ოთAხში შესვლისა და იქ დახვედრილისიტუაციის აღწერა და, რა თქმა უდა, ამ ყველაფრის იდუმალი სისასტიკე, რასაც გეტას სასწაულად ბნელი და ბოროტი განზრახვა დაემატა. ღმერთმანი, როგორ მიყვარს ადამიანთA სულების ჭაობში ჩAხედვა. ხოდა ჩAმახედე, რა!
დანარჩEნი ჩEმთვის უმნიშვნელოა, ჯერჯერობით. არასდროს ვგიჟდებოდი გაცნობისა და შებმის მომენტებზე, არც ახლა მიყვარს დიდად. მაგრამ ნაწარმოების სისრულისთვისა და სისავსისთვის ესეც საჭიროა...
აბა ჰე!, დროებით.
უნდა ვაღიარო, ასე თუ დაამაინტერესებდი, არ მოველოდიი.
heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


guroo
როგორც ყოველთვის სიუჟეტური აბლაბუდა შემოგვთავაზე, მაგრამ კიდევ უფრო ღრმა და (ჩემთვის) საინტერესო. ჰენრიეტადან გეტამდე გარდასახული გოგონას ისტორია, ვატყობ, ყვლაზე დაძაბული და სულისშემძვრელი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თეკლას ხაზი ბევრად ტრაგიკული და მძიმეა. სიმართლე გითხრა, მთლიანად შევიგრძენი ის მონაკვეთი, სადაც ხანძარზე წერ. სიზმრის მომენტიც არანაკლებ ემოციური იყო, მაგრამ იქ სიუჟEტური დატვიღთვა ვიგრძEნი... რაღაც ხელჩასაჭიდი მინიშნება იყო ანდროს ქცევაში და, ამასთანავე, მასა და თეკლას დიალოგში.
ხომმმ... ზამთარი და გულსაკლავი სითეთრე, ყინვა - საოცარი კონტრასტია ცეცხლის ალისა და შავი, ჩამუქებული კვამლის ფონზე.
საინტერესოა, რაზე წერ, როცა გეტას მონოლოგში ვკითხულოთ: "ბრწყინვალე გონება გიყვართ, მაინცდამაინც გამორჩEულები უნდა შემუსროთ. ვერ ძღებით, მათი ტვინებით იკვებებით, კანალიზაციის მოშიებული ვირთხებივით უღრნით ხვეულებს და ტყვეებად აგყავთ." ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მარტო გეტას სიტყვებია არ არის ეს. რაღAც იცი, პაწაწინა ან უზარმაზარი სიბრძნე... და მე მისი გაგება მსურს, უპირელეს ყოვლისა!
მისტიკის სუნი მცემს. უუუმ, რა გემრიელი სურნელი აქვს. ვერ წარმოიდგენ, რამდენად შთAმბეჭდავი მომეჩვენა გეტას ოთAხში შესვლისა და იქ დახვედრილისიტუაციის აღწერა და, რა თქმა უდა, ამ ყველაფრის იდუმალი სისასტიკე, რასაც გეტას სასწაულად ბნელი და ბოროტი განზრახვა დაემატა. ღმერთმანი, როგორ მიყვარს ადამიანთA სულების ჭაობში ჩAხედვა. ხოდა ჩAმახედე, რა!
დანარჩEნი ჩEმთვის უმნიშვნელოა, ჯერჯერობით. არასდროს ვგიჟდებოდი გაცნობისა და შებმის მომენტებზე, არც ახლა მიყვარს დიდად. მაგრამ ნაწარმოების სისრულისთვისა და სისავსისთვის ესეც საჭიროა...
აბა ჰე!, დროებით.
უნდა ვაღიარო, ასე თუ დაამაინტერესებდი, არ მოველოდიი.
heart_eyes heart_eyes heart_eyes

გურო, მიხარია, თუ გაბმულ აბლაბუდაში მოჰყევი, დაინტრიგდი და მელოდები. რაზეც აქცენტი გააკეთე, სწორედ, რომ საშენოა :D
დამელოდე, იმედი მაქვს, კიდევ ბევრი იქნება საშენო მომენტები :D
მადლობა შთაბეჭდილების გაზიარებისთვის.
ძალიან გამახარე ❤️

 


№5  offline წევრი beshqen

ვკითხულობ და ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ძალიან ფაფუკ და სასიამოვნო ქსოვილში ვეხვევი...საერთოდ ყველა შენს ისტორიაზე ასე დამემართა,რა მძიმე თემასაც უნდა შეეხო...,მაინც ისეთი სინაზე და ქალურობა იგრძნობა,ეს შენი სტილია,შენსავით სიფრიფანა,მაგრამ ამავე დროს ძლიერი და მყარი...წარმატებებს გისურვებ

 


beshqen
ვკითხულობ და ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ძალიან ფაფუკ და სასიამოვნო ქსოვილში ვეხვევი...საერთოდ ყველა შენს ისტორიაზე ასე დამემართა,რა მძიმე თემასაც უნდა შეეხო...,მაინც ისეთი სინაზე და ქალურობა იგრძნობა,ეს შენი სტილია,შენსავით სიფრიფანა,მაგრამ ამავე დროს ძლიერი და მყარი...წარმატებებს გისურვებ

ვაი, არ ველოდებოდი ასეთ შეფასებას. გული გამითბე შენი ლამაზი და ფაფუკი სიტყვებით ❤️
მიხარია, თუ მკითხველში ასეთ შეგრძნებას იწვევს ჩემი შემოქმედება. მართლა ძალიან მიხარია.
დიდი, დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent