შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 7] (18+)


10-08-2019, 15:25
ავტორი ჰაიკო
ნანახია 233

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 7] (18+)

    ..... ირგვლივ ჰაერი უკიდურესად გათხელდა, გაუხშოვდა, გაიშვიათდა და გულმა უკიდურესად სწრაფად დაიწყო ფეთქვა, თითქოს დრო გაიყინა, ამ მშვენიერ ქალს კი კვლავ მტკიცედ ეჭირა მისი სუსტი ხელი და ღიმილით შეჰყურებდა შემფასებლურად, ინტერესით. მია ჯეკსონმა უცებ გააცნობიერა, რომ მსოფლიოს ზებუნებრივ ისტორიაში არსებულ ზებუნებრივ არსებათა შორის უძლიერესი არსებისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრში იდგა, ქალი დროში გაყინული მზერით ჩასციებოდა შოკოლადისფერ თვალებში, სულში უმზერდა, ფიქრის და ყოველგვარი მოძრაობის უნარს უზღუდავდა, ალბათ თავად ტრევის ჯეკსონსაც არ ჰქონდა სრულყოფილი წარმოდგენა ამ ერთი შეხედვით თითქოსდა უწყინარი ჯადოქრის უნარებზე, თორემ ქალიშვილთან ასე ახლოს არ მიუშვებდა. ტალია მეისონმა ამ რამდენიმეწამიანი შეხებით გოგონას ცხოვრების ყოველი წამი, ყოველი ემოცია, ტკივილი და სიხარული საკუთარ მეხსიერებაში გადატვირთა და ხელი შეუშვა, ოდნავ გვერდით გადგა, სახე შეცვლოდა, თავდაჯერებულმა გამომეტყველებამ ადგილი ფიქრიან მზერას დაუთმო.
     - ტალია... მეისონი...? - როგორც იქნა გამოერკვა მია და მაგიდას დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო, შიში დაიოკა, მიხვდა, რომ დემონი ჯადოქარი არ აპირებდა მისთვის რაიმეს დაშავებას, ყოველ შემთხვევაში მამამისის თანდასწრებით მაინც.
     ქალმა თავი დაუქნია, სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა, თლილი თითები ერთმანეთში ჩახლართა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
     - ძალიან ვწუხვარ, - თქვა მან და მიას კვლავ თვალებში მიაჩერდა.
     გოგონას უცნაური სიმშვიდე და მოთენთილობა დაეუფლა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჯადოქარი იყო, ის მის ემოციებს აკონტროლებდა და მისი აფორიაქებული და დაბნეული სულის და ფიქრების დამშვიდებას ცდილობდა.
     - ახლავე შეწყვიტე, - ბრაზით თქვა მიამ და კიბის საყრდენ სვეტს მიეყრდნო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
     ტრევისმა შუბლი შეკრა, ჩაახველა.
     - რა ხდება?
     - ის ჩემს დამშვიდებას ცდილობს, - ჯადოქრისკენ გადააქნია თავი გოგონამ.
     - და რა არის ამაში ცუდი? - გაეღიმა უფროს ჯეკსონს.
     მიას არაფერი უპასუხია, ჩაფიქრდა, თუმცა ტალიასთვის თვალი არ მოუშორებია. გამოდის, მამამისს ეს ქალი დაეხმარებოდა გეგმების განხორციელებაში... თუ პირიქით?
     მია მაგიდას ჯადოქრის საპირისპირო მხარეს მიუჯდა.
     - აბა? - იკითხა მან, - როგორც იქნა, გამოჩნდი, ტალია მეისონ!
     ტალიამ ღიმილით დაუქნია თავი.
     - შენ და მამაჩემი მოკავშირეები ხართ, ხომ?
     - პატარავ.. - ტრევისმა უხერხულად ჩაახველა.
     - მაცადე, მამა, - მკაცრად მიუგო მიამ და კვლავ ჯადოქარს მიუბრუნდა, - გაბრიელზე საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ბოღმის გადმონთხევას ამ საცოდავ ქალაქზე აპირებ? მამაჩემიც აიყოლიე, ტვინი გამოურეცხე, თავს მოკავშირედ აჩვენებ და ამ დროს საკუთარ გეგმებს აწყობ..
     ტალია წამოდგა, მოსასხამის კალთები დაუდევრად გადაიწია და შუშის კედლისკენ განარნარდა, ერთხანს მთვარის შუქით განათებულ ბაღს გაჰყურებდა, შემდეგ შემოტრიალდა.
     - ძალიან ჭკვიანი ჩანხარ, მია ჯეკსონ, - ღიმილით თქვა მან და შავად შეღებილ ფრჩხილებზე დაიხედა, - მაგრამ ამ შემთხვევაში ცდები.. მე სალემის მოსახლეობის განადგურება იდეაშიც კი არ მქონია, მე მხოლოდ ზებუნებრივებს ვმტრობ.
     მიამ დამცინავად გაიღიმა.
     - რა ცინიზმია, ამ სიტყვებს ამბობს ქალი, რომლის მსგავსი უნარები არავის აქვს და არც არასდროს ჰქონია.
     - საკმაოდ კარგად მიცნობ, - მიუგო ტალიამ, - ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ რომ მოისპოს, უნდა მოისპოს ძირ-ფესვიანად.. - ის მაგიდას მოუახლოვდა და გოგონას წინ შედგა, - მე შევქმენი გაბრიელი პირველყოფილად და ის ერთადერთი იყო, ყველაზე ძლიერი არსება მათ შორის, ვისაც კი ოდესმე დედამიწის ზურგზე უცხოვრია, რა თქმა უნდა ჩემს შემდეგ, - თავმომწონედ გაიღიმა მან.
     მიამ გადაწყვიტა ბოლომდე მოესმინა მისთვის.
     - მერე?
     - მერე მას სიხარბემ სძლია, მისი თხოვნით შევქმენი რებეკა, როგორც ჯადოქარი..
     - მაგრამ შეგეძლო არ გაგეკეთებინა ეს, - შეაწყვეტინა მიამ.
     ტალიამ უცნაური, სევდიანი თვალებით გამოხედა.
     - დიახ, შემეძლო.
     - რატომ არ მოიქეცი ასე?
     - მე ის მიყვარდა.. - თავი ჩაღუნა ქალმა.
     სიჩუმე ჩამოვარდა, გოგონამ თავისდაუნებურად სიბრალული იგრძნო მწვანეთვალება დემონისგან მიტოვებული ქალისადმი, ამ მომენტში არ ჰქონდა მნიშვნელობა ტალია მეისონი ჯადოქარი იყო თუ არა, ის მამაკაცმა მიატოვა, მია ჯეკსონიც ქალი იყო და თანაუგრძნობდა მას.
     - შემდეგ რა მოხდა? - სიჩუმე დაარღვია გოგონამ.
     - შემდეგ.. - ღრმად ამოიოხრა ტალიამ, - შემდეგ მან ჩემი თავი იმ ხალხს გადასცა, ვინც ჯადოქრებს სდევნიდა.. მათ მე სიკვდილი მომისაჯეს და განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
     - ჯანდაბა.. - ტუჩებზე მიიფარა ხელი მიამ, - ვწუხვარ..
     ტალიამ სევდიანი ღიმილით დაუქნია თავი.
     - და ეს ყველაფერი არ არის, ეს ყველაზე მცირე ბოროტებაა გაბრიელის მიერ ჩადენილ ბინძურ საქმეთა შორის.. ჩემი მოშორების შემდეგ რებეკას დახმარებით მან შექმნა მარკუსი, ლუციუსი, კოვაქსი და უამრავი დემონი, რომლებიც მის ძალაუფლებას და ბოროტი საქმეების აღსრულებას უზრუნველყოფდნენ..
     მიამ თავი გააქნია.
     - ვერ დავიჯერებ რომ ლუციუსი რაიმე ბინძურ საქმეში იყოს გარეული!
     ტალიამ გაიღიმა.
     - ის ყველაზე კეთილშობილი არამზადაა ზებუნებრივებს შორის, ვისაც კი ვიცნობ.
     - მაგრამ მის განადგურებასაც აპირებ..
     - დიახ და ძალიან ვწუხვარ, ვიცი რა ურთიერთობაც გაკავშირებს პირველყოფილებთან, მაგრამ ბოროტება ძირ-ფესვიანად უნდა მოისპოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე!
     მიამ ერთბაშად სიძულვილი იგრძნო ამ ქალისადმი, რომელიც ასე მშვიდად წყვეტდა მისი მეგობრების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, დაუოკებელმა სურვილმა მოიცვა, ყელში სწვდომოდა და ადგილზევე მოეხრჩო გველივით მომნუსხავი ჯადოქარი, თუმცა თავად მხოლოდ სუსტი ადამიანი იყო და არაფრის გაკეთება შეეძლო.
     გოგონას თავში პროვოკაციულმა აზრმა გაუელვა და ირონიული ღიმილით მიუბრუნდა მამას.
     - იმედია, მობილური ტელეფონით სარგებლობა არ მაქვს შეზღუდული.
     ტრევის ჯეკსონი ერთხანს მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა ურჩ ქალიშვილს, შემდეგ ოდნავ დაუქნია თავი.
     - სატუსაღოში არ ხარ, ძვირფასო.
     - მშვენიერია, - ირონიულად გაიღიმა მიამ, მობილური მოიმარჯვა და კონტაქტების ჩამონათვალში ჟღალწვერა უკვდავის ნომერი აკრიფა.

*****

     ლუციუსი ერთხანს გაკვირვებული სახით უსმენდა ტელეფონში მია ჯეკსონის ხმას, შემდეგ აპარატი გათიშა, მაგიდაზე დადო და თითები გადააჯვარედინა, ჩაფიქრდა.
     დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
     - რა ხდება, ლუციუს? - ვერ მოითმინა ამონმა.
     - მის ჯეკსონს ვესაუბრე, - მოკლედ მიუგო ქერა პირველყოფილმა.
     ამ სიტყვებმა თვით კოვაქსის უდარდელ გამომეტყველებაზეც მოახდინა ზეგავლენა, მანამდე ის კედელს მიყრდნობილი იდგა, მკერდზე ხელებგადაჭდობილი და რომელიღაც მხიარულ მელოდიას უსტვენდა, ამ სიტყვების გაგონებისთანავე კი სახე შეეცვალა, მაგიდას მოუახლოვდა და ლუციუსის გვერდით შედგა.
     - მის ჯეკსონს? - დაბნეულმა გააქნია თავი რებეკამ.
     - დიახ, ის ცოცხალი და უვნებელია და თავს შესანიშნავად გრძნობს, - მიუგო ლუციუსმა და ამავდროულად სიგარეტს მოუკიდა, - ის არავის გაუტაცია.. ამ ქალაქიდან არც ისე შორს იმყოფება, - მან პაუზა გააკეთა, ამონს, რებეკას და კოვაქსს თვალი მოავლო, - მამამისთან და ტალია მეისონთან ერთად!
     - ჯანდაბა, - ხის სკამზე დაეშვა ამონი, - ეს ძირფესვიანად ცვლის სიტუაციას.
     - პირადად ჩემთვის არაფერი იცვლება, - ცივად თქვა ქერა პირველყოფილმა, - მამამისის გარეშე თუ მამამისთან ერთად ის ტალიას ტყვეობაში იმყოფება.
     რებეკა ერთხანს უხმოდ უცქერდა ლუციუსს, შემდეგ წამოდგა და ფიცრულ ვერანდაზე მკერდზე ხელებგადაჭდობილმა გაიარ-გამოიარა.
     - უცნაური სიტუაციაა, - თქვა მან, - რის გაკეთებას ვაპირებთ, მამას შვილი უნდა წავართვათ?
     ამ კითხვას შავგვრემანი უკვდავის ცინიკური ჩაცინება მოჰყვა.
     - "წავართვათ" ცოტა არ იყოს, თავხედური ფორმულირებაა მაშინ, როდესაც საქმეში ტალია ფიგურირებს.
     - კოვაქსს ვეთანხმები, - წარმოთქვა ამონმა და ლუციუსს გახედა, - რას ვაპირებთ?
     ლუციუსი წამოიმართა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო და თანამოსაუბრეებს მტკიცე მზერა მოავლო.
     - მე არავის არაფერს გავალდებულებთ.. ჩემი გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია, - ის წელში გასწორდა, რებეკას გამოუცნობი მზერით დააკვირდა და წამის მეასედში გაჩნდა მდელოზე გაჩერებული მანქანის გვერდით, ჩაჯდა და მაშინვე უკმაყოფილოდ ამოიოხრა, კოვაქსი მძღოლის გვერდით სავარძელზე გამოჭიმულიყო და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
     - კოვაქს..
     - მხიარულების დრო მოვიდა, დიდო ლუციუს, - სატანასავით გაიღიმა შავგვრემანმა პირველყოფილმა და წვეტიანი, ალესილი ეშვები გააელვა.
     ლუციუსმა ბრაზით გააქნია თავი და ძრავი ჩართო.
     - წავედით, გეგმა გზაში მოვიფიქროთ.
     - მოიცადე, - მხარზე ხელი დაადო კოვაქსმა და თავი ვერანდაზე დარჩენილი ამონისა და რებეკასკენ გადააქნია, - მათზე რას იტყვი?
     - როგორც ჩანს, კვლავ მარტო დავრჩით მტრის წინააღმდეგ, - გამოსცრა ლუციუსმა.
     - ამჯერად არა, - გაისმა მშვიდი, მელანქოლიური ხმა, სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და ლუციუსმა უკანა ხედვის სარკიდან შეამჩნია, როგორ გაიელვა მრისხანე გამოხედვის მამაკაცის სახენაიარევმა პროფილმა.
     - მარკუს.. - გაოცების შეძახილი აღმოხდათ და ერთბაშად უკან შემობრუნდნენ ლუციუსი და კოვაქსი, - შენ..
     - მეც მიხარია თქვენი ნახვა, - ცივად, უემოციოდ მიუგო მარკუსმა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
     ლუციუსი ერთხანს ძლივსშესამჩნევი ღიმილით აკვირდებოდა, შემდეგ შემობრუნდა და ნელი სვლით დაძრა მანქანა.
     ვერანდაზე დარჩენილი ჯადოქარი და ვამპირი-ჯადოქარი საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ. ამონს თლილი თითები ერთმანეთში ჩაეხლართა, მაღალზურგიან სკამს მთელი სხეულით მიყრდნობოდა, თვალები სანახევროდ დაეხუჭა და ცდილობდა შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალი ეპოვნა. რებეკას ფეხის ხმამ გამოაფხიზლა, რომელსაც ლანგრით ყავა მოჰქონდა. ქალმა ფრთხილად დაუშვა ლანგარი მაგიდაზე და ამონის საპირისპირო მხარეს ჩამოჯდა.
     - ეს ზებუნებრივი სიგიჟე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ საცოდავ ქალაქში, მეთოდურად უახლოვდება თავის ლოგიკურ დასასრულს, - პათეტიკურად წარმოთქვა და ამ მომენტში საოცრად დაემსგავსა ლუციუსს.
    ქალი უხმოდ დაეთანხმა თავის ქნევით და ყავა მოსვა.
     - ის ჩემი ძმაა, - მცირე ხნის შემდეგ წარმოთქვა ამონმა, - როგორი სიმძიმის ბრალიც შეიძლება მიუძღოდეს ჩემს წინაშე, ვალდებული ვარ დავიცვა მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება, - თავის მართლებასავით გამოუვიდა.
     - მშვენივრად მესმის შენი, - მიუგო ქალმა, - მაგრამ იქ ტალიაა, რომლის უნარების წინაშე ჩვენ უძლურნი ვართ.
     - გეთანხმები, - წარმოთქვა თავისი აჩემებული გამოთქმა ამონმა, - მაგრამ იქნებ გვეცადა? იქნებ ჩვენი გაერთიანებული ძალებით რამე გამოგვსვლოდა?
     რებეკა ამონის მსგავსად გადაწვა სკამის საზურგეზე და თვალები მოჭუტა.
     - ამას ჩემთვის არ გთხოვ, - განაგრძო ამონმა და შემპარავად გაიღიმა, - ლუციუსის სიცოცხლის გადასარჩენად დამეხმარე, ის არ იმსახურებს სიკვდილს, ჯერ არა.
     - და რა მოხდება თუ არაფერი გამოგვივა?
     - მაშინ ყველა დავიხოცებით, - მიუგო ამონმა, - მაგრამ რებეკა, შეგვიძლია ისე წავიდეთ ამ სამყაროდან, რომ სათქმელი არ გვქონდეს, რომ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ, - ის წინ გადაიხარა და ქალს ხელები გაუწოდა..

*****

     ლუციუსი უხმოდ მართავდა მანქანას, ტრადიციულად საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო, მისთვის ეს გამოწვევა უკვე აღარ იყო მხოლოდ რიგითი პრობლემა, საქმე მია ჯეკსონის ყოფნა-არყოფნას და სალემის მოსახლეობის სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა.
     მარკუსი კვლავ თვალდახუჭული მისვენებულიყო უკანა სავარძელზე, თუმცა ქერა უკვდავი დარწმუნებული იყო, რომ მას არ ეძინა, მარკუსის მათ გუნდში დაბრუნება კიდევ ერთ თავსატეხ გამოცანად იქცა ლუციუსისთვის. კოვაქსს ტრადიციულად არაფერი ანაღვლებდა, შუშის მიღმა სწრაფად ცვალებადი პეიზაჟებით ტკბებოდა და სიგარეტს უდარდელად აბოლებდა, აინუნშიაც არ აგდებდა, რომ შეიძლება მცირე ხნის შემდეგ არსებობა შეეწყვიტა.
     - დროა რამე გეგმა მოვიფიქროთ, - თქვა კოვაქსმა.
     - მივიდეთ და ყველა დავხოცოთ, - გამოეხმაურა თვალდახუჭული მარკუსი.
     - ვწუხვარ, მაგრამ შენს აზრს საერთოდ არ ვიზიარებ, მარკუს, - ცივად მიუგო ლუციუსმა, გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
     - ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გახდი, - დამცინავად წარმოთქვა კოვაქსმა.
     - ტალია და მის ჯეკსონი თუ ერთად იმყოფებიან, მათი დაშორება უნდა ვცადოთ, - კოვაქსის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ლუციუსს.
     კოვაქსმა მოწონებით დააქნია თავი.
     - მშვენიერია. და როდესაც მის ჯეკსონი უსაფრთხოდ იქნება, შემდეგ ტალიას გავანადგურებთ.
     ლუციუსმა ერთბაშად დაამუხრუჭა, შემობრუნდა და ბრაზით აღსავსე გამომეტყველებით მიაჩერდა შავგვრემან უკვდავს.
     - შენ რა, მართლა ვერ ხვდები ვერაფერს? ტალიას მოკვლით გაბრიელის წინააღმდეგ უმძლავრეს იარაღს დავკარგავთ!
     - მას მაინც მოვკლავ და შენ ვერ შემაჩერებ, ლუციუს!
     - დიახ, შეგაჩერებ!
     - არა!
     - დიახ!
     - არა!
     - ბიჭებო, ბიჭებო, - წინ გადმოიხარა მარკუსი, გაიზმორა და ფოლადისმაგვარ ძვლებს ტკაცა-ტკუცი აუყენა, - მიმაჩნია, რომ ლუციუსი სწორად აზროვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
     - შენ ისევ მის შეხედულებებს იზიარებ? - ბრაზით გამოსცრა კოვაქსმა.
     - რა თქმა უნდა, - თავმომწონედ გაიღიმა ლუციუსმა და კვლავ დაძრა მანქანა, თან ყურადღებით აკვირდებოდა საჭის მარცხნივ დამაგრებულ GPS მოწყობილობას, რომელიც მათ ამჟამინდელ ლოკაციას აჩვენებდა უაღრესი სიზუსტით, რამეთუ ეს მოწყობილობა თანამგზავრულ სისტემაზე მუშაობდა.
     კოვაქსმა ბუზღუნით იბრუნა პირი და მორიგ სიგარეტს მოუკიდა.
     - რა გეგმა გვაქვს? - იკითხა მარკუსმა.
     - ჯერ მე შევდივარ, - მიუგო ლუციუსმა, - ტალიას უსაფრთხო მანძილზე გავიტყუებ, შენ და კოვაქსი იქაურობის დაცვას თუ რაც იქნება გაანადგურებთ და  მის ჯეკსონს და მამამისს წამოიყვანთ, სულ ესაა.
     მარკუსმა შუბლი შეკრა.
     - რაღაც ძალიან მარტივი მეჩვენება ეს ყველაფერი.
     - სხვა გამოსავალი არ გვაქვს, - მხრები აიჩეჩა ქერა უკვდავმა, - უფრო საფუძვლიანი გეგმის მოსაფიქრებლად კი დრო არ გვაქვს.
     - იქ ტალიაა, - გაიმეორა მარკუსმა, - მისი ფაქტორი პრიორიტეტულად გასათვალისწინებელია, მას ჩვენი განადგურება შეუძლია.
     - და გაბრიელი თავისი ამფსონებით, - დაამატა კოვაქსმა და ბოროტად აენთო თვალები, - ის ნაბი*ვარი ხომ ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც ჩვენი დაზიანებაა შესაძლებელი, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მისტერ ჯეკსონის მოკავშირე აღმოჩნდება.
     - გამორიცხულია, - თავი გააქნია ლუციუსმა, - გაბრიელი და ტალია ერთად ვერასდროს იმუშავებენ, მათ სძულთ ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლის მოსასპობად ყველაფერზე არიან წამსვლელები.
     - ნურაფერს გამორიცხავ, - თქვა მარკუსმა, - ის ძალიან ცბიერია.
     - მოვედით, - წარმოთქვა ლუციუსმა, მანქანა გზისპირას მდებარე ხშირ ტევრში შეიყვანა და ძრავი გამორთო, - ამ ადგილიდან ერთ მილშია.. დარწმუნებული ვარ, ტალია უკვე შეგვამჩნევდა..
     - რა თქმა უნდა, - კვერი დაუკრა კოვაქსმა, - მანქანას მიეყრდნო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა, - ჩემი აზრით, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დაგვრჩენია, ამიტომ მოხარული ვარ, რომ გიცნობდით, ბატონებო, - მან მსახიობური მომხივლელობით დაუკრა თავი პირველყოფილებს და იმ მხარეს მიაპყრო წყვდიადივით შავი თვალები, საითაც ტალია ეგულებოდა.

*****

     მია ჯეკსონმა მობილური გათიშა და მაგიდაზე მიაგდო დაუდევრად, ქვეცნობიერად მკერდზე გადაიჭდო ხელები და ნიშნისმოგებით მიაჩერდა ტალია მეისონს. ჯადოქარმა მხოლოდ გაიღიმა.
     - გოგონა, შენ ლუციუსი სასიკვდილოდ გაწირე, - ღიმილით თქვა მან.
     - დარწმუნებული ვარ, ლუციუსი რამეს მოიფიქრებს, - მიუგო გოგონამ.
     - მას ჩემი მოკვლა არ შეუძლია, - თავი გააქნია ტალიამ, - მე მასზე გაცილებით ძლიერი ვარ, მხოლოდ მასზე კი არა, მთლიანად ამ შესანიშნავ სამეულზე, რომლებიც ახლა აქეთ მოემართებიან და შენი გათავისუფლების და ჩემი გაუვნებელყოფის გეგმებს ადგენენ, - ქალმა მომხიბვლელად გაიღიმა.
     - სამი? - ეუცნაურა გოგონას ჯადოქრის სიტყვები.
     ტალიამ თვალები მოწკურა, მოსასხამის კალთა გადაიწია და წამოდგა, შუშის კედლისკენ განარნარდა.
     - შენ რა, არასდროს გსმენია პირველყოფილ ვამპირთა კლანის სამ ლეგენდარულ დემონზე? ლუციუსი, მარკუსი და კოვაქსი!
     მიას გაოცებისგან ხმა წაერთვა, ერთხანს თვალებგაფართოებული მისჩერებოდა ქალს.
     - ისინი.. აქ მოდიან? სამივე? ერთად?
     - დიახ, - გაიღიმა ტალიამ და მაგიდას დაუბრუნდა, - რა სამწუხაროა, რომ სამივეს მაინცდამაინც დღეს მოუნდა სიკვდილი.
     გოგონამ უცებ გაიაზრა ყველაფერი. ლუციუსი ხომ მისი ერთგული მეგობარი იყო და ძალიან დასწყდებოდა გული მასზე, მარკუსი ოდესღაც... კოვაქსი კი.. ჯანდაბა, ვერცერთს გაწირავდა, სამივე პირველყოფილი საოცრად ახლობელი იყო მისთვის. ამ სამიდან რომელიმეს სიკვდილი საშინელ ტკივილს გამოიწვევდა მის სულში, ის კი ამდენს ნამდვილად ვეღარ გადაიტანდა..
     - შენ ამას არ იზამ.. - ჩაიჩურჩულა მიამ.
     - რატომ? - სახეზე გაკვირვება გამოესახა ჯადოქარს.
     - იმიტომ რომ.. იმიტომ რომ შენ არ ხარ ასეთი, ოდესღაც შენც გიყვარდა, შენც ბედნიერი იყავი..
     - ჩემი სიყვარული ორჯერ უარჰყვეს, - მუქარით მიუგო ტალიამ, - ორჯერ მიღალატეს..
     - და ამისთვის ჩვენი დასჯა გაქვს გადაწყვეტილი?
     - ჩვეულებრივ ადამიანებს არაფერს დაგიშავებთ, - ცივად თქვა ქალმა, - აი მათ კი..
     - შენს წინაშე მხოლოდ გაბრიელს მიუძღვის ბრალი, - შეეპასუხა მია და უცებ თავში უცაურმა აზრმა გაუელვა, - ისე.. შემიძლია გარიგება შემოგთავაზო..
     - პატარავ, - სავარძლიდან წამოიმართა მანამდე ჩუმად მჯდარი ტრევის ჯეკსონი.
     - ერთი წუთით, - თითი ასწია ტალიამ და ნელა მიუახლოვდა გოგონას, - შენთან საუბარი უფრო და უფრო საინტერესო ხდება... რა გარიგებაზეა საუბარი?
     მიას არაფერი უპასუხია, თითები ერთმანეთში ჩახლართა და ჯადოქარს თვალებში მიაჩერდა. ტალია მოთმინებით ელოდა.
     - ჩვენ გაბრიელს მოგიყვანთ, შენ კი ჩემს მეგობრებს არაფერს ავნებ!
     ტალიამ თვალები მოწკურა.
     - საინტერესოა.. მაგრამ ჩემთვის რა სარგებელი მოაქვს შენთან შეთანხმებას? მე შენს გარეშეც შემიძლია გაბრიელის პოვნა და დასჯა.
     მიამ დანებების ნიშნად ამოიოხრა, ეშმაკობა არ გამოუვიდა.
     - თანაც, - განაგრძო ტალიამ, - შენი მეგობრების თანხმობის გარეშე არ შეგიძლია რაიმე შემომთავაზო, არ გინდა მათ გაესაუბრო? - მან უცნაურად გაიღიმა და ხელი ვერანდისკენ გაიწოდა, - ისინი უკვე აქ არიან.
     - ჯანდაბა, - სავარძლიდან წამოვარდა ტრევისი, - უკვე?
     მიამ მამამისს დაასწრო, ვერანდაზე გავარდა და სახლის წინ მდებარე მთვარის ცისფერი სხივებით განათებულ მდელოს მოავლო თვალი და სანახაობით მონუსხული ადგილზევე გაშეშდა.
     მდელოზე ოდნავ წელში მოხრილი იდგა უძვირფასეს კოსტიუმში გამოწყობილი ქერა უკვდავი, ცისფერი თვალები, რომელსაც უფერულიც კი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ, ვერანდისკენ მოეპყრო და ყველა დეტალს გაფაციცებული, გამჭრიახი მზერით აკვირდებოდა, მისგან მარცხნივ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით უსაშველოდ სიმპათიური, ტანადი და ირონიული გამომეტყველების მამაკაცი წყვდიადივით შავი თვალებით ზვერავდა ყველას და ყველაფერს, ლუციუსისგან მარჯვნივ კი მარკუსი იდგა, ტრადიციულად მელანქოლიური და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, მთვარის ცისფერი, მისტიკური ელფერის მქონე სხივები მისი სახის ნაიარევ პროფილს ეცემოდა და ორმაგად საშინელ შესახედაობას აძლევდა.
     - აი ისინიც, - ღიმილით შემოჰკრა ხელი ხელს ტალიამ, - ლუციუსი, მარკუსი და კოვაქსი, პირველყოფილ ვამპირთა კლანის სამი ძლევამოსილი მებრძოლი.. ტრევის, აღიარე, რომ ეს მართლაც შესანიშნავი სანახაობაა, რომლის ნახვაც შეიძლება სამ საუკუნეში ერთხელ ეღირსოს შენნაირ მოკვდავს! 
    скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

შევეცდები თამო ყველანაირად;)

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ღმერთო ჩემო, ჰაიკო. შენი გამოჩენა ჩემთვის დღესასწაულია. შემპირდი რომ ხვალე ახალ თავს დადებ: დდ
როცა ლოდინი სრულიად მეწურება, მაშინ გამოანათებ. მიყვარს ეს ისტორია უზომოდ, თანაც რა მომენტზე შეწყვიტე?


წიგნად მინდა ვიხილო ეს რომანი.

 


№3 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

სტუმარი ქეთი
ღმერთო ჩემო, ჰაიკო. შენი გამოჩენა ჩემთვის დღესასწაულია. შემპირდი რომ ხვალე ახალ თავს დადებ: დდ
როცა ლოდინი სრულიად მეწურება, მაშინ გამოანათებ. მიყვარს ეს ისტორია უზომოდ, თანაც რა მომენტზე შეწყვიტე?


წიგნად მინდა ვიხილო ეს რომანი.



მადლობა, რომ მიუხედავად ახალი თავების იშვიათად დადებისა, მაინც ერთგული რჩები ამ ისტორიის, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!
ვეცდები ყველანაირად რომ დღეს თუ ვერა, ხვალ დავდო ახალი თავი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ:)
P.S. წიგნად ხილვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა სამწუხაროდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent