შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 8] (18+)


11-08-2019, 16:08
ავტორი ჰაიკო
ნანახია 270

    ..... სამყაროს ზებუნებრივ ისტორიაში არასდროს ყოფილა ჰაერი უფრო დამძიმებული, ვიდრე ახლა, არასდროს გაყინულა დრო უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ახლა, არასდროს მიყუჩებულა ყოველი უძრავ-მოძრავი შიშისგან და სიფრთხილისგან, ვიდრე ახლა, არასდროს ასე ღრმად არ ჩაკარგულა ემოციათა მშფოთვარე ოკეანეში გაწამებული სულები, დატანჯული სისხლი, ხორცი და ძვალი, ვიდრე ახლა, არასდროს ყოფილა ასეთი აზრთა ჭიდილი..
..... უხმოდ,
..... ჯიქურ,
..... დაკვირვებით,
..... სიფრთხილით.
     პირველყოფილ ვამპირთა კლანის სამი ძლევამოსილი მებრძოლი კვლავ ღამის მნათობის მისტიკურ შუქთა საბურველში გახვეულ მდელოზე იდგა, ქანდაკებასავით გაშეშებულნი, როგორც მიქელანჯელოს დავითი, თვალებსაც კი არ ახამხამებდნენ, იდგნენ საბრძოლო პოზაში, ოდნავ წელში მოხრილნი, ხელები განზე გაეწიათ და თვალმოუშორებლად მისჩერებოდნენ უდიდეს საფრთხეს - ვერანდიდან ამაყად და შურისმაძიებლად მომზირალ უძლიერეს დემონ-ჯადოქარს.
     ჯადოქარიც თითქოს დროში გაყინულიყო, ქვისგან ნაკვეთი ძეგლივით ამაყად იდგა, ორივე ხელი ჩამოეშვა, გრძელი, თლილი თითები ერთმანეთში ჩაეხლართა და სამეულს არა დაძაბული, არამედ დაკვირვებული მზერით უთვალთვალებდა, მშვენიერ სახეზე საკუთარი უძლეველობის შეგრძნებით გამოწვეული სიდიადე და კმაყოფილება დასთამაშებდა.
     მია ჯეკსონის გულში ათასი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს, გოგონა ერთდროულად უცქერდა ყოფილ შეყვარებულს-ამჟამად უძლიერეს პირველყოფილს, მოქმედ თუ მეორე ყოფილ შეყვარებულს-რომლის მეხსიერება სავალალო მდგომარეობაში იყო, საუკეთესო მეგობარს-რომელიც მის დასაცავად ყოველთვის მზად იყო, მშობელს-რომლის მიმართ ბრაზი დაუფლებოდა და ჯადოქარს, რომლის მსგავსი არასდროს არავინ ენახა.
     ტრევის ჯეკსონმა ფრთხილად მოჰკიდა ხელი მკლავში ქალიშვილს და ტალიას ზურგს უკან ნელა, უკუსვლით დაიხია, პირველყოფილებისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
     პირველყოფილებიდან ყველაზე კარგად ტალიას ლუციუსი იცნობდა, რამდენჯერმე შეხვედროდა თავისი არსებობის განმავლობაში, მართალია სხვადასხვა სხეულებში, მაგრამ მაინც ხომ შეხვედროდა, იცოდა მისი უნარების შესახებ და გადაწყვიტა სამეულიდან ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო.
     - ადგილიდან არ დაიძრათ, - ჩაიჩურჩულა, დარწმუნებული იყო, რომ მარკუსი და კოვაქსი თავიანთი ვამპირული სმენით მაინც გაიგებდნენ, ხოლო ჯადოქარი განუწყვეტლივ კითხულობდა მის ფიქრებს, ამიტომ რამის დამალვას აზრი არ ჰქონდა.
     - არც ხმა ამოიღოთ, - გასცა მეორე განკარგულება და ამით მოუთმენელი და ცხელსისხლიანი კოვაქსის სახეზე უკმაყოფილება გამოიწვია.
     მდელოზე და ვერანდაზე შეკრებილი საზოგადოება უცნაური მოვლენის შემსწრე შეიქმნა, ერთბაშად განათდა, თითქოს შუადღე დადგა, არადა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ მომენტში შუაღამის ორიდან სამ საათამდე იქნებოდა, ლუციუსი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ჯადოქრის ხრიკი იყო მათ დასაბნევად და ფიქრებში ქაოსის გამოსაწვევად.
     - ტალია მეისონ! - ხმამაღლა, ცივად და ფოლადივით მჭრელი ხმით წარმოთქვა ლუციუსმა და წელში გაიმართა.
     - ლუციუს, - საპასუხოდ შემპარავად გაიღიმა ქალმა, ხელები ასწია, ვერანდის მაღალ მოაჯირს ფარფატით გადმოევლო და მიწაზე დაეშვა.
     - ვერ ვიტყვი, რომ მოხარული ვარ შენი ხილვით, თუმცა ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ რეალურ სხეულში გაცილებით კარგად გამოიყურები, ვიდრე სხვა სხეულებში.
     ტალიამ ჩაიცინა.
     - ზრდილი და არისტოკრატული მანერებით განთქმული ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველი ლუციუსი, - თქვა მან.
     ქერა უკვდავმა თავი ცერემონიულად დაუკრა.
     - ტალია მეისონ, შენი განზრახვა ჩვენთვის ცნობილია, გარკვეულ მიზეზთა გამო თავს ვალდებულად ვრაცხ დავიცვა ეს ქალაქი და მისი უმწეო მცხოვრებნი.
     ჯადოქარს არაფერი უპასუხია, ჩაფიქრდა, გაიარ-გამოიარა, შემდეგ შედგა და კვლავ ლუციუსს მიაპყრო გამოუცნობი მზერა.
     - შენი კეთილშობილური სურვილი დასაფასებელია, ლუციუს.. მაგრამ მე ხომ დიდი ხანია თვალს გადევნებთ, მაინცდამაინც წარმატებით ვერ დაიკვეხნი ქალაქის დაცვის საქმეში.. გარდა ამისა, ვგონებ ეს მოვალეობა არავის დაუკისრებია შენთვის, ამისთვის ქალაქის საიდუმლო საბჭო და მცველები არსებობენ!
     ლუციუსმა მაშინვე შენიშნა ჯადოქრის ემოციური ცვლილება.
     - მიკიბულ-მოკიბულ საუბარს აზრი არ აქვს, - თავი გააქნია მან, - ჩვენ გოგოს წასაყვანად მოვედით.
     ტალიამ ჯერ ვერანდაზე გაყინულ მია ჯეკსონს გახედა, შემდეგ პირველყოფილ სამეულს შეავლო მზერა.
     - წასაყვანად?
     - გადასარჩენად! - დააზუსტა ლუციუსმა.
     ტალიას ბოროტი ნაპერწკალი აუკიაფდა მომნუსხველ თვალებში.
     - ვისგან გადარჩენას გულისხმობ, ლუციუს?
     - შენგან, - იყო პასუხი.
     ტალია წამის უსწრაფესად გაუჩინარდა, თითქოს აორთქლდა, შემდეგ ასევე სწრაფად გაჩნდა ლუციუსის წინ და თვალი-თვალში გაუყარა.
     ლუციუსის მარცხნივ და მარჯვნივ მდგომმა პრიმუმებმა მაშინვე საბრძოლო პოზა მიიღეს, წელში მოიხარნენ და საზარელი ეშვები გააელვეს, მკერდიდან ყრუ ღმუილი აღმოხდათ, მზად იყვნენ ჯადოქარს დასძგერებოდნენ და ნაფლეთებად ექციათ, მის ძარღვებში მოჩუხჩუხე ალისფერი სითხე ბოლო წვეთამდე შეეგრძნოთ და შეესრუტათ, თუმცა..
     - მშვიდად! - ლუციუსში ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველმა იძალა.
     - ლუციუს, - ქალს კოვაქსისა და მარკუსისთვის იოტისოდენა ყურადღებაც არ მიუქცევია, აშკარად აგრძნობინებდა მათ, რომ ის მხოლოდ ლუციუსს ესაუბრება, მხოლოდ ლუციუსს ანიჭებს მასთან მოლაპარაკების უპირატესობას, - ამ დაწყევლილ ქალაქში ამ გოგონას უამრავი მტერი ჰყავს, ჩემს გარდა! მე მას არაფერს ვერჩი და ეს შენც მშვენივრად იცი, ამიტომ მიპასუხე: რისთვის მოხვედი აქ შენი ამალით?
     - მე მათ ასე არ ვუწოდებდი, - დაიღრინა ლუციუსმა, - ისინი ჩემი მეგობრები არიან.
     - ჰა-ჰა-ჰა, თუ ღმერთი გწამს, - გადაიხარხარა ქალმა, - მეგობრები? მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს სასიკვდილოდ სწირავენ?
     ტალიას პროვოკაციული სიტყვები აშკარად მარკუსისა და კოვაქსისკენ იყო მიმართული და ლუციუსი უცებ მიხვდა, რომ ჯადოქარი მათი ერთიანობის დაშლას ცდილობდა, ცდილობდა მათში შუღლი გამოეწვია.
     - უნაკლო არავინაა, - ცბიერად გაიღიმა ქერა უკვდავმა, - ვაღიარებ, იყო ჩვენს შორის რაღაც უთანხმოებები მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა ეს წარსულს ჩაბარდა.
     ტალიას არაფერი უთქვია. პრიმუმებს მოშორდა და კვლავ წრეზე სეირნობას მოჰყვა დინჯი ნაბიჯით, ვამპირები სინქრონულად ბრუნავდნენ, რათა მხედველობის არედან არ დაეკარგათ ცბიერი და სასტიკი ჯადოქარი.
     - მე თქვენ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანეთ, - თქვა ბოლოს ტალიამ, - თქვენ არ გაქვთ არსებობის უფლება.
     საპასუხოდ მარკუსმა მრისხანედ დაიღრინა.
     - შენ ვერ გადაწყვეტ ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, - მოიღუშა ლუციუსი, - არსებობს პრიმუმთა უმაღლესი საბჭო და მხოლოდ მას აქვს უფლება პირველყოფილისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისა!
     ტალია შეჩერდა და დამცინავად გამოხედა ლუციუსს.
     - რაც ერთხელ უკვე დაირღვა, ხომ ასეა? და ეს თქვენ გააკეთეთ, თქვენ სამმა, იქნებ ვცდები?
     - შეიძლება ცდები, შეიძლება არც ცდები, - მიუგო ლუციუსმა, - მაგრამ თავს არ ვგრძნობ ვალდებულად შენს წინაშე, რამე აგიხსნა!
     - ნუ მაღიზიანებ, - თვალები დაუვიწროვდა ჯადოქარს და იმწამსვე გარშემო წყვდიადი ჩამოწვა.
     - გთხოვ, მათ არაფერი დაუშავო, - სადღაც შორიდან მოისმა მია ჯეკსონის ხმა.
     ტალიამ ნაცრისფერ ნისლში გახვეულ სახლს გახედა, შემდეგ კვლავ მობრუნდა და ამჯერად კოვაქსს მიაშტერდა, მრისხანე გამომეტყველება მომნუსხველმა ღიმილმა შეცვალა.
     - მე ამ გოგონას ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი ვიცი, - თქვა მან, - თითქმის ყველაფერი, ინტიმური წვრილმანებიც კი..
     - ეს უწესობაა, - თავი გააქნია ლუციუსმა.
     - მიზანი ამართლებს საშუალებას, - სატანისებურად გაიღიმა ქალმა, - სანამ დაგხოცავთ, მანამდე მინდა ყველა საიდუმლოს ფარდა ავხადო.
     ლუციუსს ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა.
     - რას გულისხმობ?
     - რას იტყვით, რომ კოვაქსს მეხსიერება დავუბრუნოთ, მის ჯეკსონს კი გავაგებინოთ, თუ სად და რა ვითარებაში დაიღუპა ბიძამისი, ჰეიტემ ვესტმორლენდი?
     ლუციუსმა მწუხარედ გაიფიქრა, რომ ამ ქალის ლამაზ სხეულში ასობით ავი სული ერთად ჩასახლებულიყო.
     - არ არის საჭირო, გოგონა ისედაც ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია, - გამოსცრა ქერა უკვდავმა, თუმცა სიტყვის დასრულება შავგვრემანი პირველყოფილის ცინიკურმა წამოძახილმა შეაწყვეტინა.
     - ჯანდაბა, რატომაც არა, სულაც არ ვარ წინააღმდეგი, თუ მეხსიერებას დამიბრუნებთ, მადამ, - თავხედობაში გალესილი ზრდილობით მიმართა მან ტალიას და შემფასებლური მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჯადოქრის სხეული, რომელიც მამაკაცთა უმცირეს რაოდენობას თუ დატოვებდა გულგრილს, და ეს უმცირესი რაოდენობა აუცილებლად განეკუთვნებოდა არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას.
     - ჯანდაბა, - კბილი კბილს დააჭირა ლუციუსმა.
     ტალია კოვაქსისკენ შებრუნდა, ერთხანს უხმოდ უმზერდა.
     - შენი სული წყვდიადივით შავია, კოვაქს, ბევრ ცოდვაში მიგიძღვის ბრალი და ამას ბოლომდე ზღავ, თუმცა ჯერ ამის დრო არ დამდგარა, გპირდები, რომ მალე დადგება, - მრისხანე მუქარამ შეარყია გაყინული ჰაერი.
     თუმცა კოვაქსის შეშინება არც ისე იოლი იყო, ტალიასთვისაც კი.
     - აბა, ჯადოქარო, მაჩვენე, რა შეგიძლია, - გაიღიმა შავგვრემანმა უკვდავმა და წამის მეასედში ქალის წინ გაჩნდა... 

*****

     კლინიკიდან გაწერის შემდეგ შერიფმა კრამერმა სამსახურეობრივი შვებულება აიღო, კეი კვლავ კოლეჯში აგრძელებდა სწავლას და იქვე ცხოვრობდა, კამპუსში, ამიტომ შერიფი მარტო დარჩა სახლში, ავტოავარიისას მიღებული ტრავმები ჯერ კიდევ არ მოშუშებოდა ბოლომდე, თუმცა ეს სულაც არ უშლიდა ხელს, სახლში გამოკეტილს მაგარ-მაგარი სასმელები ეყლურწა და გაცხოველებით ესაუბრა აგენტ მედოქსთან და თავის მეგობარ ექიმთან, რომელიც ბოლო დროს შესამჩნევად მობერდა.
     ყოველ საღამოს შერიფის სახლში იკრიბებოდნენ ექიმი, აგენტი მედოქსი და სამსახურიდან შეურაცხადობის გამო დათხოვნილი პოლიციელი მაქს შელტონი, ჩაკეტავდნენ კარს, ფანჯრებს სქელ, გარეშე თვალისგან გაუვალ ფარდებს ჩამოაფარებდნენ და საათობით ჩურჩულებდნენ, გეგმებს აწყობდნენ, ასე გრძელდებოდა რამდენიმე კვირა, სანამ შერიფის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი არ დადგა.
     ამ საღამოსაც შეიკრიბნენ, ვისკი და სიგარები მოიმარაგეს და სავარძლებში მოიკალათეს, როდესაც კარზე კატეგორიული და მომთხოვნი კაკუნის ხმა გაისმა, რომელსაც ბრახუნი უფრო ეთქმოდა.
     - ვინმეს ელოდები? - შერიფს გადახედა მედოქსმა.
     - არავის, - მიუგო შერიფმა, - ვისკის ჭიქა ჟურნალების დაბალ მაგიდაზე დაუშვა და კარისკენ წავიდა, - ალბათ მისამართი შეეშალათ, ახლავე გავარკვევ.
     თუმცა მისამართი არ შეშლიათ, კართან ისეთი ვინმე იხილა შერიფმა, რომ ვერც თავის მრავალმხრივ განვითარებულ ბინძურ ლექსიკონში მოძებნა შესაფერი სიტყვა გაკვირვების გამოსახატავად, ვერც კარი მიუკეტა ცხვირწინ, არადა კართან მდგომი პიროვნება სრულიად იმსახურებდა ამას.
     - ბრენდან? - ენა ძლივს მოაბრუნა პირში შერიფმა.
     - გამარჯობა, ძმაო, - გაიღიმა ქალაქის მერმა, თუმცა ღიმილის მიუხედავად შერიფის მახვილმა და პროფესიონალურად მოაზროვნე თვალმა მაშინვე შენიშნა ძმის სახეზე შეფარული ტანჯვის და მღელვარების კვალი.
     - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ძველებური უხიაგობა დაუბრუნდა შერიფს, - მგონი ჩვენი ბოლო შეხვედრისას გასაგებად აგიხსენი, რომ აქ მომავალი გზა სამუდამოდ იყო ჩაკეტილი შენთვის!
     - დრო მოვიდა, ერთად ვიმოქმედოთ, - უცნაური სიტყვებით მიმართა მერმა კრამერმა.
     - რას გულისხმობ? - შეუღრინა შერიფმა.
     მერს არაფერი უპასუხია, შერიფის ფართე ზურგს უკან შეათვალიერა ოთახი და მაშინვე შენიშნა ექიმი და აგენტი მედოქსი.
     - არ შემიპატიჟებ?
     - არა! თქვი რისთვის მოხვედი და წადი.
     - საქმე ქალაქის ყოფნა-არყოფნას ეხება, - მოსჭრა მერმა, - მაქციები, ვამპირები და ა.შ. ვფიქრობ ახლა ხვდები, რომ საერთო საქმე გვაქვს.
     შერიფს მეორედ ჩაუვარდა ენა, ჩამოუვარდა ყბა და გაუფართოვდა თვალები.
     - ყველაფერს აგიხსნი, - განაგრძო მერმა, - ოღონდ ასე არა, მათთანაც მაქვს სასაუბრო, - ხელით ანიშნა ექიმ ტომპსონსა და აგენტ მედოქსზე.
     - კარგი.. - გონს მოეგო შერიფი, - შემოდი.
     როდესაც ბრენდან კრამერმა ოთახში შეაბიჯა, შერიფმა სახლის მიმდებარე ტერიტორია ყურადღებით შეათვალიერა და თვითონაც უკან მიჰყვა ძმას.
     - მისტერ მედოქსი, სპეციალური აგენტი და მისტერ ტომპსონი, კლინიკის მთავარი ექიმი, ეს კი მისტერ შელტონია, - ჩამოარაკრაკა შერიფმა და მეგობრებს მიუბრუნდა, - ბატონებო, ჩემი ძმა ბრენდან კრამერი, ქალაქ სალემის მერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოგეხსენებათ ამის შესახებ, აბა, ბატონო მერო, რის შესახებ გსურთ საუბარი?
     მერმა კრამერმა ჩაახველა, ოფლისგან დაცვარული შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა და თავისუფალ სავარძელში ჩაეცა.
     - ბატონებო, - ოფიციალურად ჟღერდა მისი ხმა, - ახლა რასაც მოგიყვებით, გირჩევთ სრული სერიოზულობით მიიღოთ, არასერიოზულ მიდგომას უკვე მრავალი ჩვენი პატივსაცემი მოქალაქე ემსხვერპლა..
     - მუნიციპალიტეტის სხდომაზე ხომ არ გგონია თავი? - უხეშად შეაწყვეტინა შერიფმა კრამერმა, - ესენი საქმის ხალხია და ტყუილუბრალოდ სიტყვების რახა-რუხს არ არიან ჩვეულნი, საქმეზე გადადი.
     მერმა კრამერმა ძმას შეუბღვირა და ღრმად ამოისუნთქა.
     - აქ მე წარმოვადგენ ქალაქის საიდუმლო საბჭოს, უძველეს საიდუმლო ორგანიზაციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა და იცავს ქალაქს..
     - ვისგან? რისგან? - იკითხა პერსი მედოქსმა.
     - ზებუნებრივი არსებებისგან, დემონებისგან, - მიუგო მერმა კრამერმა, - თქვენ, როგორც ამ ქალაქის მოქალაქეები, ვალდებულები ხართ, მონაწილეობა მიიღოთ მის დაცვაში!
     - სხვათაშორის, მე არ ვარ ამ ქალაქის მოქალაქე, - ცივად გაიღიმა მედოქსმა, - თუმცა ეს სულაც არ მიშლის ხელს დავინტერესდე აქ მიმდინარე მოვლენებით, ეს ჩემი ღირსების საკითხია.
     - თქვენი მოქალაქეობის არქონა მხოლოდ ტექნიკური წვრილმანია, - ხელი აიქნია მერმა, - დღესვე გავცემ შესაბამის განკარგულებას თქვენთვის ამ ქალაქის საპატიო მოქალაქეობის მონიჭების შესახებ.
     - ეს უკვე საქმიანი საუბარია, - წარმოთქვა მანამდე ჩუმად მჯდომმა ექიმმა და ვისკი დაისხა, - აბა, მისტერ კრამერ, რას გვთავაზობთ?
     მერმა გაიღიმა, როგორც ჩანს, აქ შეკრებილი საზოგადოების და საიდუმლო საბჭოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, ასეთ შემთხვევაში კი მოლაპარაკებების ეფექტურად და შედეგიანად დასრულების დიდი იმედი ჰქონდა.
     - მეგობრებო, საიდუმლო საბჭოს ხელმძღვანელი გთავაზობთ შემდეგს.. - მან პაუზა გააკეთა და მასპინძლებს თვალი მოავლო..

*****

     სამი შავი ფერის RANGE ROVER DISCOVERY სინქრონულად, ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდა გზატკეცილზე, რომელიც სალემიდან მეზობელი ქალაქებისკენ მიემართებოდა, შუაღამე იდგა, ცივი ქარი ქროდა, ცა მოკაშკაშე ვარკვლავებით მოჭედილიყო, რომელსაც ალაგ-ალაგ მუქი ღრუბელი ფარავდა, რომელთა შორის დრო და დრო ამაყად გამოანათებდა ხოლმე სავსე მთვარე.
     მანქანებმა დაახლოებით საათნახევარი მწყობრად იარეს, შემდეგ გზიდან გადაუხვიეს და ტყის ზოლში გაუჩინარდნენ, ტყის ოღრო-ჩოღრო და ტალახიან გზაზე მცირე ხნის სიარულის შემდეგ მანქანები შეჩერდნენ და მათში მჯდომი ხალხი გარეთ გამოეფინა, თექვსმეტი ახოვანი, ტანადი და მრისხანე გამომეტყველების მამაკაცი იყო, მათგან ორი აშკარად გამოირჩეოდა სიმაღლით, აღნაგობით და მბრძანებლური მიხვრა-მოხვრით.
     მაქციებმა გარემოს გამჭრიახი მზერა მოავლეს და უსაფრთხოების პოზიციები დაიკავეს, რათა ალფა მგელკაცებს მშვიდად საუბრის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
     ბოგდანი ერთხანს უხმოდ უსმენდა ვიღაცის მონოლოგს ტელეფონში, შემდეგ გათიშა და კმაყოფილი ღიმილით შემობრუნდა ფლორიდის მაქციების ბელადისკენ-ჯეიდენისკენ.
     - რა ხდება? - იკითხა ჯეიდენმა.
     - ძალიან მალე ყველაფერი დასრულდება, - დაძარღვული ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა ბოგდანმა, - ისინი, სამივე ტალიასთან არიან.. ტრევის ჯეკსონს ველაპარაკე.
     ჯეიდენმა სიგარეტს მოუკიდა და ღამის წყვდიადს ცისფერი კვამლი შეერია.
     - ფიქრობ, რომ მათთან ალიანსი რამე სასარგებლოს მომცემია ჩვენთვის?
     - რა თქმა უნდა, - უპასუხა ბოგდანმა, - ჯობია ტალიასთან ერთად იყო, ვიდრე მის წინააღმდეგ, მისი დახმარებით ლუციუსს, მარკუსს და კოვაქსს დავხოცავთ, დანარჩენი კი თავისთავად მოგვარდება, მათი სახსენებელი სამუდამოდ აღიგვება პირისაგან მიწისა, - ბოგდანს ბოროტი ღრუბელით მოექუფრა სახე, - ისინი ახლა იქ არიან და ლაპარაკობენ, ტალიაც ლაპარაკობს, ჩვენ კი შეუმჩნევლად მივალთ და როდესაც ეს სისხლისმსმელები გონს მოეგებიან, უკვე გვიანი იქნება, - მან სავსე მთვარეს მიაპყრო სახე და მკერდიდან შემზარავი ყმუილი აღმოხდა..

*****

     ლუციუსმა ვერაფრის გაკეთება მოასწრო, ტალიამ ორივე ხელისგული წინ გაიწოდა, კოვაქსის მიმართულებით, ხელისგულებიდან გამომავალი ღია ცისფერი ტალღა პირველყოფილის შუბლში უჩინარდებოდა, ჯადოქარს პირიდან უცნაური, ხორხისმიერი ბგერები ამოსდიოდა, თვალები დაეხუჭა, სახე დასჭიმვოდა.
     კოვაქსს სხეული მოეკრუნჩხა, უღონოდ გადააგდო თავი უკან, სახეზე უმწეოება აღებეჭდა და მუხლებზე მოწყვეტით დაეცა.
     - ახლავე შეწყვიტე, - დაიღმუვლა მარკუსმა, ელვის უსწრაფესი ნახტომი გააკეთა ჯადოქრის მიმართულებით, მაგრამ თითქოს უხილავ კედელს შეეჯახა, მარკუსი უკან გადმოვარდა და ზურგზე დაეცა, შუბლზე გაჩენილი ნაიარევიდან ღვრად სდიოდა სისხლი.
     ლუციუსს სახე შეეშალა, პირიდან წამახული ეშვები ჩამოეზარდა, თვალები სისხლის ტბებად ექცა და ხელი მოუქნია ტალიას, ეს დარტყმა ალბათ ნებისმიერ ცოცხალ არსებას გაანადგურებდა, თუმცა სანამ ქერა ვამპირის გამიზნული ხელი ჯადოქრის თავზე დაეშვებოდა და მას სისხლიან ფაფად აქცევდა, ტალიამ თვალები გაახილა და სწრაფად წაიბურტყუნა რაღაც, ლუციუსს მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა, შემდეგ მთელი სხეულით აიწია დაახლოებით სამი ფუტის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან, ერთხანს ჰაერში გამოკიდებული ლივლივებდა, შემდეგ ჯადოქარმა ხელით მცირე მოძრაობა გააკეთა, ლუციუსი ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს, მდელოს პირას მდგარ ხეს ზურგით შეეჯახა და პირქვე დაეცა..
      - ყველა ადამიანი თვითონ იკლავს თავს, - მრისხანე ხმით თქვა ტალიამ და კოვაქსს თავი ანება.
     შავგვრემანი უკვდავი ერთხანს მოკრუნჩხული გორავდა მიწაზე, შემდეგ ცალ მუხლზე წამოიმართა და ვერანდას გაფართოებული თვალები მიაპყრო.
     - ჯანდაბა... მია.. ჯანდაბა...
     - რა ხდება? - გაოცებულმა იმით, რომ ტალიამ არ მოკლა კოვაქსი, ლუციუსი წამის მეასედში გაჩნდა მის გვერდით.
     - მან მე მეხსიერება დამიბრუნა, - ნელა თქვა კოვაქსმა, თვალი არ მოუშორებია ვერანდისთვის, სადაც ბუნდოვნად მოჩანდა კედელს მიყრდნობილი გოგონა, - მე ყველაფერი გამახსენდა.. მია.. მე დედამისი მოვკალი, ბიძამისი მოვკალი.. ჯანდაბა..
     კოვაქსს სახე შეშლოდა.
     - დაწყნარდი, - მხარზე ხელი დაადო ლუციუსმა, - არ მისცე მას უფლება, რომ გაგანადგუროს.
     - თქვენ აუცილებლად განადგურდებით, - სატანისებურად გაიღიმა ქალმა, - თუმცა არა ჩემი ხელით.
     - რა ჯანდაბას ამბობ? - დაიღრინა მარკუსმა, რომელსაც უკვე შეხორცებოდა გახეთქილი შუბლი.
     ტალიას არაფერი უპასუხია, თითქოს დროში გადაადგილება მოახდინა, წამიერად ვერანდაზე გაჩნდა და იქიდან გადმოხედა.
     - ტრევის, - უფროს ჯეკსონს მიმართა ქალმა, - მანქანა მზადაა?
     - მზადაა, - დაუდასტურა ტრევის ჯეკსონმა.
     ტალიამ მოწონებით დააქნია თავი და პირველყოფილებს მიუბრუნდა.
     - ბიჭებო, ვწუხვარ, მაგრამ ეს თქვენი დასასრულია, - ეს თქვა და ვერანდიდან მამა-შვილთან ერთად გაუჩინარდა.
     - ალყაში ვართ, - კოვაქსის ბრაზიანმა ღრენამ გამოარკვია ქერა უკვდავი.
     ლუციუსმა წამში მიიღო საბრძოლო პოზა და მიმოიხედა, მდელო ნელ-ნელა ივსებოდა მათი ისტორიული მტრით, სალემის და ფლორიდის მაქციათა კლანების მგელკაცები მათ გარშემო პოზიციებს იკავებდნენ, მოყვითალო-მომწვანო თვალებს არ აშორებდნენ, ყრუდ იღრინებოდნენ და ეშვებს აელვარებდნენ.
     - ტალია! - ბრაზით აღმოხდა მარკუსს.
     - მან ყველა გაგვაცურა, - დანანებით უპასუხა ლუციუსმა, - მან ხაფანგში შემოგვიტყუა.
     - დიახ, - ჩაერია კოვაქსი, - დღეს სავსეა მთვარეა და მაქციის სისხლი მომწამვლელია ჩვენთვის.
     ამ დროს გარსშემოჯარული მგელკაცების წრე ორმა პიროვნებამ გაარღვია და წინ გამოვიდა.
     მგლად გარდასახული ბოგდანი გაცილებით საშიშად გამოიყურებოდა, მან ეშვები გაახრჭიალა და სამეულს ჩასისხლიანებული თვალები მიაპყრო, ეშვებს შორის დუჟი მოსდიოდა.
     - ბატონებო, - მიმართა პირველყოფილებს, - მოგესალმებით თქვენს სასაფლაოზე!
     - რამდენიმე ასეული წელია ამ მომენტს ველოდი, - ბოროტად გაიღიმა მარკუსმა, წელში ოდნავ მოიხარა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა და მას უცნაურ, საზარელ, მუქ მომწვანო-მოსისხლისფრო ტბებად აქცევდა, უძველესი პირველყოფილი დემონი კვლავ მზად იყო თავის ისტორიულ მტრებთან საბრძოლველად..скачать dle 11.3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მიხარია რომ არ წყვეტ ამ ისტორიის წერას და როგორც ყოველთვის ძალიან კარგი და საინტერესო თავები იყო.ველი მოვლენების განვითარებას.
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

La-Na
მიხარია რომ არ წყვეტ ამ ისტორიის წერას და როგორც ყოველთვის ძალიან კარგი და საინტერესო თავები იყო.ველი მოვლენების განვითარებას.


რატომ უნდა შევწყვიტო? უბრალოდ თავისუფალი დროის დეფიციტის გამო ხშირად ვერ მიხერხდება დადება. მადლობა რომ ისევ კითხულობ ამ ისტორიას. ეს ბოლო ნაწილია და მალე დასრულდება.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3 სტუმარი მმმმმმმ

მიხარია "წყურვილის" დანახვა..
მიხარია რომ აგრძელებ..

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

მმმმმმმ
მიხარია "წყურვილის" დანახვა..
მიხარია რომ აგრძელებ..


აუცილებლად დასრულდება. შენ კი სად დაიკარგე??
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№5  offline წევრი უცნაური მე

აუ გული შემეკუმშაა... როდის დადებ ახალ თავს? ასეთ დროს გაწყვეტა იქნებოდა?
როგორ მიყვარხართ შენ და შენი პერსონაჟები :D <3 მალე დადე იცოდე საუკუნეები ნუ დაიკარგები! ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent