შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 10] (18+)


18-08-2019, 16:55
ავტორი ჰაიკო
ნანახია 355

     არსება, ყველაზე გულქვა და უგრძნობი, სასტიკი და სისხლისმსმელი, სხვათა სიცოცხლის მიმტაცებელი და წესების დამდგენი.. ასეთი ურჩხულის ცხოვრებაშიც დგება მომენტი, როდესაც ვერ ხვდება, რას გრძნობს, როდესაც ცივი გული ცხელ, ტკივილით სავსე ტალღას ეჯახება და გრძნობათა ქარიშხალი უგრძნობ სახეზეც კი იწვევს ემოციათა კორიანტელს..
     ფოთლებმა შრიალი შეწყვიტა, ტყის ცხოველებიც მიყუჩდნენ, ჰაერი შესქელდა, დრო გაიყინა..
     - ლუციუს.. - მხარზე შეეხო მარკუსი.
     ქერა უკვდავმა ნელა დაახამხამა ცივი, თითქმის უფერული, რენტგენისებური თვალები.
     - ვწუხვარ, - ჩუმად თქვა კოვაქსმა, ალბათ ამ მომენტში ყველაზე გულწრფელი იყო თავისი არსებობის განმავლობაში.
     ლუციუსს მკაცრი ნაკვთები გაქვავებოდა და ყველაზე მეტად სწორედ ახლა ჰგავდა ვამპირს, მან ტკივილს უგრძნობლობის ცივი ლაგამი ამოსდო, ენაზე მომდგარი მრისხანე ღრიალი უკანვე ჩააბრუნა და კბილები გაახრჭიალა.
     - ტალია.. ტალია!
     - ის აუცილებლად ზღავს ამის გამო, - სიჩუმე დაარღვია მარკუსმა, - ამონის სიკვდილი ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ახლა ტირილის და გლოვის დრო არ არის, ლუციუს!
     ქერა უკვდავმა გამძვინვარებული მზერა მიაპყრო, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს.
     - რას ვაპირებთ? - ჩაახველა კოვაქსმა, - ასე უქმად ვერ ვიდგებით, სანამ ტალია თავის ბინძურ გეგმას მიჰყვება, ამ ბინძური ძაღლების ხელით ჩვენი მოშორება არ გამოუვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვა რამეს მოიფიქრებს. 
     მარკუსი თავის ქნევით დაეთანხმა შავგვრემან პრიმუმს.
     - ვფიქრობ, ჯეიდენმა სწორად შეაფასა არსებული სიტუაცია და მაქციები გაგვეცალნენ, სავარაუდოდ სალემის კლანის გადარჩენილებიც მას შეუერთდებიან ფლორიდაში, ამჟამად ჩვენი საზრუნავი ტალიას და გაბრიელის მოშორებაა, გაქვთ რამე იდეა?
     ლუციუსმა ღრმად ამოისუნთქა და თავი ასწია, მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, მას დანებების უფლება არ ჰქონდა, გაბრიელის მოწინააღმდეგეთა შორის პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა, მის გადაწყვეტილებაზე და აზროვნებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მას ლიდერის მძიმე ტვირთი უნდა ეზიდა, ზებუნებრივი სამყარო და პრიმუმთა კლანი ძირეული ცვლილებების პროცესში იმყოფებოდა და ქერა უკვდავი არ დაუშვებდა, ამ ყველაფერს მის გარეშე ჩაევლო.
     - პრიმუმთა უმაღლესი საბჭო უნდა მოვიწვიოთ, - თქვა მან და ამით მარკუსის და კოვაქსის სახეზე მცირე გაკვირვება და მოწონება გამოიწვია, ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველი და უმაღლესი მსაჯული მოქმედებას იწყებდა.
     პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს მოწვევა ხუმრობა საქმეს არ წარმოადგენდა, ის მხოლოდ მაშინ იკრიბებოდა, როდესაც რამე სიტუაცია განსაკუთრებით მწვავე ხასიათს იღებდა, როდესაც კლანის ინტერესებს ემუქრებოდა საფრთხე ან როდესაც კლანიდან რომელიმე პრიმუმის მოკვეთა ან სიკვდილით დასჯა იყო საჭირო.
     - რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა კოვაქსი.
     - პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე გაბრიელს განაჩენს ვერ გამოვუტანთ, - მიუგო ლუციუსმა და სიგარეტს მოუკიდა, - ყველამ ვიცით, რომ მან სიკვდილი დაიმსახურა, მაგრამ მათი გადაწყვეტილების გარეშე მეთაურის სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია!
     კოვაქსმა მხრები აიჩეჩა, მარკუსი უხმოდ, თავის ქნევით დაეთანხმა ქერა ვამპირს.
     - მისი დანაშაულის დამტკიცებას როგორ ვაპირებთ? - იკითხა კოვაქსმა, - რებეკას შეუძლია ეს, მაგრამ საბჭოს შეკრებაზე ჯადოქარს არ აქვს დასწრების და სიტყვის უფლება.
     - იქნებ გამონაკლისი დაუშვან? - ჩაერია მარკუსი.
     - გამორიცხულია, - ჩაფიქრდა ლუციუსი, - რებეკა არ გამოგვადგება.. რამე სხვა საშუალება უნდა არსებობდეს.
     - მანამდე რას ვაპირებთ? ტალია წავიდა და ეშმაკმა უწყის სად და რას აპირებს, - კბილები გაახრჭიალა მარკუსმა.
     - უპირველეს ყოვლისა, რებეკას უნდა ვესაუბრო, წავედით, - ლუციუსმა მაქციების გვამებით მოფენილ მდელოს თვალი მოავლო და მოჩვენების სისწრაფით გაუჩინარდა ტყის კორომში.

*****

     ბოგდანის და მისი მაქციების განადგურების ამბავი ელვის სისწრაფით მოედო სალემს. საქმეში ჩახედული პიროვნებები დუმდნენ და გონებაში აანალიზებდენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა აღნიშნულ ფაქტს და ეს ფაქტი როგორ გავლენას იქონიებდა საერთო სიტუაციაზე, აშკარა იყო, რომ პირველყოფილები ყველას და ყველაფრის განადგურებას აპირებდნენ. ზებუნებრივ ორომტრიალში ჩაუხედავი კატეგორია კი კვლავ და კვლავ ისმენდა ტელევიზიით და ბეჭდვითი მედიით გადმოცემულ ინფორმაციას სალემის ერთ-ერთი პატივსაცემი მოქალაქის, მსხვილი ბიზნესმენის და მეცენატის-ბოგდან ო'ნილის და მისი პირადი დაცვის წევრების ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ, დადიოდნენ სამოქალაქო პანაშვიდზე და ეკლესიაში მისი სულის მოსახსენებლად აღვლენილ პარაკლისს უსმენდნენ.
     გაბრიელმა დიდი ხანია შეიტყო სალემში ტალიას გამოჩენის და ბოგდანის სიკვდილის შესახებ და მიხვდა, რომ მის გარშემო სასიკვდილო წრე მეთოდურად ვიწროვდებოდა, შურისმაძიებლები ხელის გაწვდენის მანძილზე იყვნენ, მათ ცხელ სუნთქვას და აელვარებულ თვალებს ხედავდა.
     პრიმუმთა კლანის მეთაურმა ოთახში ნელა გაიარ-გამოიარა, ვისკის წრუპავდა და ფიქრობდა, ყველა შემოეფანტა, ვისზე დაყრდნობაც შეეძლო, სალაზარი არსად ჩანდა, ვერც კოვაქსის მოკვლა მოახერხა და ვერც მარკუსი გადაიბირა, რებეკა კი..
     - რებეკა, - დაიღრინა ბოროტი გამომეტყველებით, - როგორ ვერ გავთვალე, რომ ჩემი ღალატი შეგეძლო, - შემდეგ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და ბოროტი, ზურმუხტივით მწვანე თვალები კედელს გაუშტერა, - პასტორი ბლერი მინდოდა.
     ერთხანს უხმოდ იქნევდა თავს.
     - პასტორო ბლერ, - თქვა ბოლოს, - ჩვენი მეგობრობის შესახებ არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, იმედია თქვენი მხრიდანაც ასეა... დიახ, დიახ.. მხოლოდ ის ჯადოქარი.. მხოლოდ მისი სიცოცხლე მჭირდება და დაუყოვნებლივ დავტოვებ თქვენს ქალაქს.. დიახ, დიახ.. არა რა თქმა უნდა, დიახ.. - გაბრიელმა საათს დახედა, - კარგი, ნახევარ საათში, კოორდინატები ფაქსით გამომიგზავნეთ.. კარგი, ნახვამდის.
     მწვანეთვალება დემონმა ტელეფონი გათიშა, მაგიდაზე დადო და სიგარას მოუკიდა, პირიდან სქელი, ცისფერი კვამლი გამოუშვა და სიგარა შეათვალიერა.
     - მიყვარს ყველაფერი კუბური, - შემდეგ სავარძელში ჩაეფლო, თვალები დახუჭა და ფიქრს მისცა თავი, საფიქრალი კი მართლაც ბევრი ჰქონდა..

*****

     ლუციუსის სამოთხეში ბუნება გარინდულიყო, შუადღე იდგა, ჰაერი თითქმის არ იძროდა, ისევე როგორც მაგიდასთან მჯდომი ქერა უკვდავი.
     - მაპატიე.. - თქვა ბოლოს რებეკამ, - ვერ შევძელი მისი დახმარება, - მან თავი ხელებში ჩარგო.
     - შენ არაფერი დაგიშავებია, - თავი გააქნია ლუციუსმა, - შენ სცადე, მე კი იქ არ ვყოფილვარ, როდესაც ტალია ჩემს ძმას კლავდა..
     - თავს ნუ იდანაშაულებ, - წარმოთქვა ვერანდის ხის სვეტს მიყრდნობილმა მარკუსმა, - შენ მაინც ვერაფერს შეცვლიდი, ჯობია რამე სასარგებლო გავაკეთოთ.
     ლუციუსი თავის ქნევით დაეთანხმა. რებეკამ თავი ასწია, თლილი თითებით ამოიწმინდა თვალის უპეებიდან ცრემლი და მზერა ქერა უკვდავს მიაპყრო.
     - ტალიას დასამარცხებლად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, ბორკილი, რომელსაც ის ვერაფერს მოუხერხებს.
     მარკუსმა მკერდზე ხებგადაჭდობილმა გაიარ-გამოიარა ფიცრულ ვერანდაზე.
     - ბორკილი?
     - დიახ, - თავი დაუქნია ქალმა, - მისი ძალა სხეულშია, რომელსაც ხელისგულების საშუალებით იყენებს, ჩვენ ბორკილს გავაკეთებთ, რომელსაც შელოცვას დავადებ და მის გაუვნებელყოფას შევძლებთ... ისევე როგორც ეს საუკუნეების წინ გავაკეთე.
     - მშვენიერია, - სახეზე კმაყოფილება გამოეხატა მარკუსს.
     მაგრამ რებეკას სიტყვებს დადებითი ემოციური ცვლილება სულაც არ გამოუწვევია შავგვრემანი პირველყოფილის სახეზე. ის უკმაყოფილოდ გადაწვა სკამის საზურგეზე.
     - თქვენი გეგმა მართლაც შესანიშნავია, - ცინიკურად თქვა მან, - მაგრამ ერთი დიდი ხარვეზი აქვს... ვინ შეძლებს, რომ უძველეს და უძლიერეს ჯადოქარს, რომელსაც გულზე არ ვეხატებით, ეს მშვენიერი სამაჯური მოარგოს ხელზე?
     არცერთ მათგანს გაუცია პასუხი. ეს მართლაც ყველაზე რთული შესასრულებელი იყო.
     - რომელიმე ჩვენთაგანმა სიცოცხლე უნდა გაწიროს, რომ ეს საზიზღარი კუდიანი შევაჩეროთ, - განაგრძო კოვაქსმა და უდარდელი გამომეტყველებით მოუკიდა სიგარეტს.
     - ვერავის გავწირავ, - შუბლი შეკრა ლუციუსმა, - ჩვენი მხრიდან მეტი მსხვერპლი აღარ იქნება, თუ საჭირო გახდება ამას თვითონ გავაკეთებ.
     ხმა არავის ამოუღია, გულში ეთანხმებოდნენ ქერა უკვდავს.
     - სად შეიძლება ტალია ვიპოვნოთ? - მარკუსის შეკითხვა ძირითადად რებეკას მისამართით იყო დასმული.
     რებეკამ ყავა მოსვა და ხელსახოცით შეიმშრალა ტუჩები.
     - არის ერთი ადგილი, რომელსაც ხშირად სტუმრობს გაბრიელი, ესაა დანგრეული შენობა, სადაც უწინ ოპერის თეატრი იყო განლაგებული, ამჟამად ეს შენობა..
     - ვიცი ამ შენობის შესახებ, - შეაწყვეტინა კოვაქსმა, თუმცა სიტყვა არ წამოსცდენია, რომ იქ მია ჯეკსონთან ერთად იმყოფებოდა.
     - უნდა ვუთვალთვალოთ, - თქვა ლუციუსმა.
     - ამას მე გავაკეთებ, - წამოდგა კოვაქსი, - როგორც კი ტალია იმ ნაბი*ვრის სიახლოვეს გამოჩნდება, მაშინვე შეგატყობინებთ, - მან მაგიდაზე დადებულ ლუციუსის ტელეფონს დაუკაკუნა თითი, სატანისებურად გაიღიმა და წამის უსწრაფესად გაუჩინარდა ვერანდიდან.
     - არ მიყვარს ხალხი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება უყვართ, - ჩაიბუზღუნა რებეკამ, - ახლა მეორე საკითხი, შენ დაგვპირდი, რომ ჰიბრიდად გადაიქცეოდი, ლუციუს.
     ლუციუსს თვალები აუელვარდა, ის პირველყოფილი ვამპირი იყო, პრიმუმი, ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველი, თავს უმაღლესი რასის არსებად თვლიდა და პირად შეურაცხყოფად მიიჩნევდა ჰიბრიდად გადაქცევის პერსპექტივას. თუმცა კოვაქსი უკვე წასული იყო, მარკუსს ამ საკითხთან დაკავშირებით პასიური პოზიცია ეკავა, ხოლო რებეკაზე ბრაზს ვერ გადმოანთხევდა, ამიტომ მრისხანება დაიოკა.
     - ვფიქრობ, ამის საჭიროება აღარ არსებობს, - ნელა, ყოველი სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა ქერა უკვდავმა.
     - რატომ?
     - მაქციები საშიშროებას აღარ წარმოადგენენ, - მიუგო ლუციუსმა კატეგორიული ტონით და ამით რებეკას აგრძნობინა, ამ თემაზე მეტად აღარ სურდა საუბარი, თუმცა ქალი სხვაგვარად ფიქრობდა.
     - ნუ გავიწყდება, რომ გაბრიელი ცოცხალია, - ბრაზით თქვა მან, - შენი ჰიბრიდად ქცევა საქმესაც წაადგება და მეც უფრო მშვიდად ვიქნები.
     რებეკა მიხვდა, რომ ზედმეტი წამოცდა, თავი ჩაღუნა და ხელსახოცის კუთხეს დაუწყო წვალება თავისი მშვენიერი თითებით.
     ლუციუსმა მარკუსს გახედა, სახენაიარევმა პრიმუმმა უხერხულად ჩაახველა.
     - წავალ.. ტყეს დავზვერავ, - ეს თქვა და ელვის უსწრაფესად გაუჩინარდა.
     ლუციუსს სუსტად ჩაეღიმა. ქალის სუსტი თითები თავის მძლავრ ხელებში მოაქცია.
     - რებეკა.. შენ იცი, შენს მიმართ რასაც ვგრძნობ.. და შენი გრძნობაც ნათელია ჩემთვის, ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებული არსებები ვართ და ხვალ რა მოგველის არავინ იცის..
     რებეკას ხელის გამორთმევა არ უცდია, მშვიდად და დაცულად გრძნობდა თავს ქერა უკვდავის მრისხანე, უძლიერეს აურაში გახვეული.
     - არ მინდა დაგკარგო, ლუციუს, - მან თავი ასწია და შოკოლადისფერი თვალები პირველყოფილის რენტგენისებურ მზერას გაუსწორა, საიდანაც სისასტიკის ნაცვლად ამჯერად სითბო იღვრებოდა.
     - არ დამკარგავ, - მიუგო ქერა უკვდავმა, - ჩემი ჰიბრიდად ქცევა ან არგადაქცევა არსებითად არაფერს ცვლის, მე არ მჯერა, რომ ჩვენი ბედი წინასწარ დაწერილი და განსაზღვრულია, მას ჩვენ თვითონ ვქმნით და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, ისე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს.
     ქალი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა თვალებში, თავის ნების საწინააღმდეგოდ ეთანხმებოდა მის სიტყვებს.
     - კარგი, - თქვა ბოლოს, - შენი ნებაა, დარჩი პირველყოფილ ვამპირად, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ფრთხილად უნდა იყო ლუციუს, კოვაქსს და მარკუსს შენი ძიძობა არ სჭირდებათ.
     ლუციუსმა სუსტად გაიღიმა, თუ მის მკაცრად მოკუმული ტუჩების ოდნავ მორკალვას ღიმილი შეიძლება ეწოდოს.
     - ყველანაირად ვეცდები, რომ ცოცხალი დავრჩე, - აღუთქვა ქალს და მისი თითები ფრთხილად გაათავისუფლა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და ყავი ფინჯანი არისტოკრატული მანერით მოიმარჯვა.

*****

     შუადღის მწველი მზე ჰორიზონტისკენ იხრებოდა, პრიმუმთა კლანის მეთაურს უფრო და უფრო ეტყობოდა მოუთმენლობა, ფუნქციადაკარგულ ოპერის თეატრის შენობის ეკალ-ჯაგების მიერ დაპყრობილ ეზოში ბოლთას სცემდა და რკინის მორღვეული ჭიშკრისკენ მალი-მალ იხედებოდა.
     შენობის სხვენში მტაცებელი ნადირივით გაყურსულიყო შავგვრემანი უკვდავი და ყოველ მოძრავ-უძრავს მახვილი მზერით ზვერავდა, თავს ძლივს იკავებდა, რომ დაბლა არ ჩასულიყო და გაბრიელისთვის თავი არ მოეგლიჯა, ის ხომ მისი პირადი მტერი იყო, რომელმაც ოჯახი ამოუხოცა, თვითონ ვამპირად აქცია და შემდეგ მისი მოკვლაც სცადა, თუმცა კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ საქმე პრიმუმთა კლანის მომავალს ეხებოდა და პირადი ანგარიშების გასწორება აქ უადგილო იყო. 
      კოვაქსმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა, გვირგვინოსან ბეჭედს გაეთამაშა და ამ დროს მისი ყურადღება ხმაურმა მიიპყრო, სული განაბა, უფრო მოხერხებულად მოეწყო და თვალთვალი განაგრძო.
     მორღვეულ ჭიშკართან ორი შავი "RANGE ROVER" გაჩერდა, რომლებმაც უმალ მიიპყრეს გაბრიელის ყურადღება, მან ბოლთის ცემა შეწყვიტა და მანქანებს მიაშტერდა.
     - აი ისიც, - ჩაიბურტყუნა კოვაქსმა, - უძველესი, ბოროტი ჯადოქარი და უძველესი, ბოროტი ვამპირი.
     თუმცა მის წინასწარმეტყველებას და მოლოდინს გამართლება არ ეწერა, მანქანიდან ისეთი ვიღაც გადმოვიდა, ყოვლისმნახველმა შავგვრემანმა უკვდავმაც კი გაკვირვებისგან ჭყიტა თვალები.
     ეს იყო მოხუცი, თეთრწვერა მამაკაცი, სახის კანი სიბერისგან დანაოჭებოდა, სახის ნახევარი რომელიღაც ცხოველს-დიდი ალბათობით მაქციას სამუდამოდ დაემახინჯებინა საშინელი ნაიარევით, რომელსაც თან წარეტაცა თვალი. მოხუცი შავ მანტიაში გახვეულიყო, კაპიუშონი დაუდევრად გადაეგდო მხრებზე და მთელი თავისი შესახედაობით, მიხვრა-მოხვრით და გამომეტყველებით ძალაუფლებას ასხივებდა.
     - ჯანდაბა.. - კოვაქსი აშკარად გაოგნდა, - გაბრიელ.. მაინც რა უკანასკნელი გაიძვერა ყოფილხარ, ქალაქის საიდუმლო საბჭოც შენთვის მუშაობს!
     ამასობაში ქალაქის საიდუმლო საბჭოს ხელმძღვანელმა და მისმა მზერაგაფაციცებულმა მცველებმა სწრაფი ნაბიჯით დაფარეს რამდენიმე ათეული იარდი და შედგნენ.
     მოხუცმა დროთა გარდამავლობით შელახულ ფასადს თვალი შეავლო, ერთხანს სამართებელივით მჭრელი მზერით აკვირდებოდა, შემდეგ გაბრიელს მიაპყრო მზერა.
     - პასტორო ბლერ, - მიესალმა გაბრიელი და ხელი გაუწოდა.
     მოხუცი შეყოყმანდა, შემდეგ ხელი ჩამოართვა.
     - მისტერ გაბრიელ.
     მცველები მათ გარშემო განლაგდნენ და იარაღი მოიმარჯვეს, ყოველ წამს მზად იყვნენ, უხუცესის მიერ ნიშნის მოცემისთანავე ადგილზევე დაეცხრილათ პირველყოფილთა მეთაური, თუმცა ფოლადის გულარიანი ტყვიები რამდენად ეფექტური იქნებოდა, ალბათ თავადაც არ ჰქონდათ წარმოდგენა.
     - ჩემი წინადადების შესახებ უკვე იცით, პასტორო, - თქვა გაბრიელმა, - მინდა, ჯადოქრის მოხელთებაში დამეხმაროთ.
     - ეს მოთხოვნაა? - იკითხა პასტორმა.
     - არა, როგორ გეკადრებათ, - თაფლად დაიღვარა გაბრიელი, - როგორც მეგობრული თხოვნა, ისე მიიღეთ.
     მოხუცი დაფიქრდა.
     - ჩვენ რას მივიღებთ სამაგიეროდ?
     - მე პირველყოფილებს გადმოგცემთ, - მიუგო გაბრიელმა და თვალები მოჭუტა.
     კოვაქსს ირონიულად ჩაეცინა.
     მოხუცი კვლავ დაფიქრდა, გონების სასწორზე წონიდა გაბრიელის შემოთავაზებას. სალემში მოქმედი სამი პრიმუმის მოშორებით ფაქტიურად ომი და სისხლისღვრა სრულდებოდა, გაბრიელის წინადადება აშკარად მომხიბლავი და ხელსაყრელი ჩანდა.
     - და ამის შემდეგ რა იქნება?
     - რის შემდეგ? - ვერ მიხვდა გაბრიელი.
     - როდესაც ტალიას პრიმუმებში გაგვიცვლი, - იყო პასუხი.
     - როგორც გენებოთ, ისე მოექეცით მათ, - უდარდელად გაიღიმა გაბრიელმა, - ჯადოქარს წავიყვან და სამუდამოდ წავალ აქედან, ისედაც ძალიან არ მომწონს ეს არამეგობრული ქალაქი.. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, ქალაქის მთავრობა.
     - ამაზე ნუ გეფიქრებათ, - ხელი აიქნია მოხუცმა, - ქალაქის მერი საიდუმლო საბჭოს წევრია, შერიფი ჩვენს მხარეზეა და ის ვიღაც აგენტი მედოქსიც, სხვა ვინ დარჩა?
     - და ექიმზე რას იტყვით? - ცივად თქვა გაბრიელმა, - როგორც ვიცი, მას ძალიან ბევრ რამეზე აქვს წარმოდგენა.
     - მას ჩვენი ძალებით მოვუვლით, - მზერა გაუცივდა მოხუცს, - ჩათვალეთ, რომ შევთანხმდით, დაგიკავშირდებით, როგორც კი ჯადოქარს ხელთ ვიგდებთ, - ის დაუმშვიდობებლად შეტრიალდა და პირადი მცველების წრეში მოქცეულმა მანქანისკენ გასწია.
     კოვაქსმა შეიცადა, სანამ პასტორის მანქანები ტერიტორიას დატოვებდნენ, გაბრიელს დაელოდა და როდესაც ყოველმა სულიერმა იქაურობა დატოვა, სხვენიდან ეზოში გაჩნდა და მობილურის კონტაქტების ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია.
     - გისმენ, - მოისმა ქერა უკვდავის მკაცრი ხმა.
     - ტალია არ გამოჩნდა, სამაგიეროდ ახალი ინფორმაცია მაქვს, რაც არც თუ ისე სახარბიელოა ჩვენთვის, - თქვა კოვაქსმა, ცალი ხელით სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
     - რა ხდება?
     - ქალაქის საიდუმლო საბჭო თავის უხუცესიანად გაბრიელს უჭერს მხარს, მათი შეხვედრის და საუბრის მომსწრე შევიქმენი.
     - მერე? - ლუციუსის ხმაში ინტერესმა იმძლავრა.
     კოვაქსმა პირიდან ცისფერი კვამლი გამოუშვა.
     - გაბრიელი მას ჩვენს თავებს შეჰპირდა, სამაგიეროდ უხუცესმა ტალია უნდა გადასცეს.
     - ოჰო, ეს საინტერესოდ ჟღერს, - ჩაფიქრდა ლუციუსი, - რაღაც ძალიან აიმღვრა წყალი, იქნებ ღლავის დაჭერა გვეცადა?
     - მეც ეგ ვიფიქრე, - გაიკრიჭა კოვაქსი, - მაგრამ შენ ხომ ყოველთვის წინააღმდეგი ხარ ჩემი ეგრეთ წოდებული მუხანათური აზრების..
     - ამჯერად საინტერესოდ მეჩვენება, - უკმაყოფილოდ გაისმა ლუციუსის ხმა, - დაბრუნდი და გეგმა შევადგინოთ.
     კოვაქსმა ჩაახველა.
     - იქნებ პასტორს და მის ხალხს გავყვე?
     - რატომ? - ეჭვმა იელვა ქერა უკვდავის ხმაში.
     - დამატებით ინფორმაციას მოვიპოვებდი.
     - კარგი.. - დაგვიანებით გასცა პასუხი ლუციუსმა, - ოღონდ მშვიდად, ყოველგვარი გვამების და სიურპრიზების გარეშე!
     კოვაქსს არაფერი უპასუხია, ტელეფონი გათიშა, სახეზე ბოროტი გამომეტყველება დასდებოდა.
     - ამ საზიზღარ ბებერს კედელზე ძაღლივით ვყავდი დაბმული, - დაიღრინა მან, - რა გულუბრყვილო ხარ, ლუციუს, ფიქრობ ამის პატიება შემიძლია? რა თქმა უნდა, არა!
     მან ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი არემარეს და გაუჩინარდა.
    
*****

     უკვე შუაღამე იყო, როდესაც პასტორი და მისი მცველები ეკლესიის ეზოში შევიდნენ, პასტორი მანქანიდან გადმოვიდა.
     - რამდენიმე წუთი დამელოდეთ, - დაუბარა მძღოლს და მძღოლის გვერდით მჯდომ შეარაღებულ მამაკაცს და ასაკისთვის შეუფერებელი სიმარდით მიიმალა ეკლესიაში.
     მძღოლმა რადიოსადგური მოიმარჯვა და დაცვის მეორე მანქანას დაუკავშირდა.
     - ჯეიმს.
     - გისმენ, - აშიშინდა რადიოსადგური.
     - ხვალ დილამდე თავისუფლები ხართ, პასტორს მე და გარეტი დაველოდებით.
     - კარგი, ღამემშვიდობის, - უპასუხეს, უკან მდგომი მანქანიდან მაშუქების ანთება-ჩაქრობით დაემშვიდობნენ და ღამის სიბნელეს შეერივნენ, არცერთ მათგანს არ შეუმჩნევია მაღალი, შავ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც მოუთმენლად ეთამაშებოდა თითზე წამოცმულ გვირგვინოსან ბეჭედს და მათ მოქმედებებს წყვდიადივით შავი თვალებით აკვირდებოდა.
     მძღოლმა ხელები გაშალა, პირი გააღო და ხმამაღლა დაამთქნარა, თუმცა ეს მისი ბოლო მოქმედება აღმოჩნდა, შავი ლანდი უხმაუროდ გაჩნდა მანქანასთან, ჩაწეული შუშიდან მოჩვენებასავით შეიჭრა სალონში და ხეზე მყუდროდ შეყუჟული ბეღურების ძილი მოგუდულმა ყვირილმა და ძვლების მსხვრევის საზარელმა ხმამ დაარღვია.
     პასტორმა ბლერმა ეკლესიაში მრევლის მიერ არეული სკამები გაასწორა, ღვთისმშობლის ხატის წინ სანთელი დაანთო, ლოცვა სწრაფად წაიბურტყუნა და ამ დროს ეკლესიის მძიმე, ლითონით შეჭედილ მუხის კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
     - ნეტავ ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეს? - პასტორმა საათს გახედა, შემდეგ უკმაყოფილებას სძლია, სახეზე გულმხურვალე ღვთისმსახურის ნიღაბი მოირგო და კარის გასაღებად გასწია.
     კაკუნი გამეორდა.
     - ახლავე შვილო ჩემო, ახლავე, - ხმა დაითაფლა მოხუცმა, კარი გამოაღო და სახეზე მორგებული ღიმილი უმალ შეეცვალა ზარდაცემული გამომეტყველებით, უკან დაიხია, ფეხი იატაკზე დაფენილ ხალიჩას გამოსდო და ზურგზე დაეცა, თუმცა არ დაიბნა და ანაფორაზე შემორტყმული ქამრიდან ჯვარცმა ამოიღო, აკანკალებულ ხელებში მოიქცია და დაუპატიჟებელი სტუმრისკენ მიმართა.
     - ღმერთო ძლიერო.. მიხსენი და დამიფარე სატანისგან.. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აცახცახებული და შიშში გალესილი ხმით წამოიყვირა.
     - კოვაქსი მქვია სხვათაშორის, - შავგვრემანმა პირველყოფილმა ცინიკური გამომეტყველებით მიმოიხედა, - სატანა აქ არ არის, - მან პასტორს მიაპყრო მძვინვარე მზერა, -... და ვერც ღმერთს ვხედავ სადმე!
     პრიმუმმა მრისხანედ დაიღრინა, პირიდან მეთოდურად ჩამოეზარდა საზარელი, ალესილი ეშვები, სახე საშინელ ნიღბად ექცა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა და მათ მუქ სისხლისფერ ტბებად აქცევდა..скачать dle 11.3



№1  offline წევრი უცნაური მე

ნაძირალა გაბრიელი! მეზიზღება.
ტალიას ამბავი მაინტერესებს ყელაზე მეტად. მისი განადგურება რამდენ პირველყოფილს შეიწირავს კიდევ? ძალიან საინტერესო გახდა.. მალე ველოდები ახალ თავს ჰაიკო.. :*

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
ნაძირალა გაბრიელი! მეზიზღება.
ტალიას ამბავი მაინტერესებს ყელაზე მეტად. მისი განადგურება რამდენ პირველყოფილს შეიწირავს კიდევ? ძალიან საინტერესო გახდა.. მალე ველოდები ახალ თავს ჰაიკო.. :*


ალბათ რამდენიმეს შეიწირავს, ხომ იცი რომ დაგეგმილი არაფერი მაქვს, სიტუაციის განვითარების მიხედვით ხდება ყველაფერი:)
მადლობა თბილი კომენტარისთვის:*:*:
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3  offline წევრი Rania

Ori dgea vkitxulob. Saocrad miyvars es janri da vnanob rom damtavrebamde cavikitxee. Isedac dagvianebit deb axal taveba da ra moicdis arvici. Am janrshi aseti gamartuli istoria ishviatobaa. Yochagg. Rasac qvia gadavylape. Saerro adamianuri gadmosaxedidan gamixardeboda yvelas sikvdili. Magram rogorc mkitxveli arminda primumta sameuli da rebeka daigupnonn. Luciusi imsaxurebs besnierebass. Sashinelebaa saukuneebit cxovreba da brzolaaaa. Sascauliaaa. Yochagg. Moutmenlad gelodebiii
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

Rania
Ori dgea vkitxulob. Saocrad miyvars es janri da vnanob rom damtavrebamde cavikitxee. Isedac dagvianebit deb axal taveba da ra moicdis arvici. Am janrshi aseti gamartuli istoria ishviatobaa. Yochagg. Rasac qvia gadavylape. Saerro adamianuri gadmosaxedidan gamixardeboda yvelas sikvdili. Magram rogorc mkitxveli arminda primumta sameuli da rebeka daigupnonn. Luciusi imsaxurebs besnierebass. Sashinelebaa saukuneebit cxovreba da brzolaaaa. Sascauliaaa. Yochagg. Moutmenlad gelodebiii


დაგვიანებებისთვის ბოდიშს ვიხდი, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს.
მადლობა კომენტარისთვის და დადებითი შეფასებისთვის:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent