შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივიბანა - (31)


19-08-2019, 22:11
ავტორი omexi
ნანახია 180

**********

შუადღე გადასული იყო, ბებიაჩემის გამოხდილ ცეცხლივით მწველ არაყს, გვერდით ხალამიდან ახალი ამოღებული ხმელი ყველი რომ მივუდგი და სუფრა ღარიბულად გავაწყვე.
საჭმლის მომზადების არც დრო გვქონდა და არც განწყობა, ნაჩქარევად შემოვუჯექით სუფრას.
გარეთ ისე ჩამობნელდა, რომ საღამო ხანი გეგონებოდა.
რუხმა ღრუბლებმა ავად შეიკრეს პირი, კვლავ თოვლი წამოვიდა, ამჯერად წვრილად და ხვავრიელად თოვდა, ზოგჯერ ქარი ფანტელებს ხრაშუნით აყრიდა ფანჯრის მინას.
ცოტა ხანში ელექტროენერგიაც გამორთეს, ბუხრის თავზე შემოდგმული ნავთის ლამფა ავანთე და მოყვითალო შუქით განათებულ ოთახს თვალი მოვავლე.
ღარიბულად გაწყობილი უშველებელი მაგიდა, ფეხებმორყეული ოთხი სკამი, ძველებური ტელევიზორი, გვერდებდაჟანგული მაცივარი, გაცრეცილი სავარძელი, ადამისდრინდელი ტახტი და ღუმელი, რომელშიც მხიარულად გიზ-გიზებდა ცეცხლი.
ლამფის შუქზე ყველა საგანმა ოთხმოცდაათიანებისთვის დამახასიათებელი მუქი ტონალობის სპექტრი შეიძინა.
- კვლავ დავუბრუნდით ჩვენს რეალობას, - ირონიულად წარმოსვთქვი და ჩამქრალ ჭაღს ავხედე.
ლაშას არაფერი უთქვამს, მხოლოდ ამოიოხრა.
მეც უხმოდ მივუჯექი მაგიდას, არაყიან ბოთლს ხელი დავავლე და სასმისები შევავსე.
არ ვიცოდი რა მექნა, მგონი დეპრესია დამეწყო, გუშინდელი შემთხვევის გამო თავს ვიდანაშაულებდი, ნაძირალასავით მოვიქეცი, უკან რომ დავბრუნებულიყავით იქნებ რაღაცით გვეშველა კიდეც მათთვის, მაგრამ ჩვენ რისი მაქნისები ვიყავით? ერთადერთი რასაც ისე ვეპოტინებოდი, როგორც “წყალწაღებული ხავსს” თორდიას უკანასკნელი სიტყვები იყო, მან ხომ გვიბრძანა გზა გაგვეგრძელებინა.
ლაშას გადავხედე. ჩემი მეგობარი არაყით სავსე ჭიქას დასცქეროდა, მის დაბინდულ თვალებში ვერ ვხედავდი დამახასიათებელ მუხტს, ჩამქრალი მზერით დასჩერებოდა სასმისს, შემდეგ ხელი ოდნავ წამოსწია და ხმადაბლა ჩაიბურტყუნა.
- ხსოვნა იყოს.
სულმოუთქმელად გადაჰკრა სასმელი, წამით სუნთქვა შეეკრა, თვალები აუწყლიანდა და თხელ თეფშზე დადებულ ხმელ ყველს წაეპოტინა.
ხსოვნა წარმოვთქვი და ერთ ყლუპად ჩავცალე არაყი, გულში ჯიუტად ვიმეორებდი, რომ დამნაშავეები არ ვართ, გაქცევით რომ არ გვეშველა თავისთვის, დაგვაპატიმრებდნენ და დამნაშავეებად ქცეული სამართალდამცავები ღმერთმა იცის რა დღეში ჩაგვაგდებდნენ.
აღარც კი მახსოვს უკვე მერამდენედ ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ უდანაშაულო ვარ.
გულიანად ამოვიოხრე.
მსგავსი ფანტომური და წარმოსახვითი იდეებით ვიმყარებდი ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, როცა გარედან მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა, ფეხზე წამოდგომა ვერ მოვასწარი, მხოლოდ ლაშას გადავხედე და ნაბიჯებს დავაყურადე.
რამდენიმე წუთში კარი პირთამდე გაიღო, ოთახში დაუკითხავად შემოალაჯა “კირილიჩმა”, ტანსაცმლიდან თოვლი ჩამოიბერტყა და მოგვესალმა.
- შენთვის დაკაკუნება არ უსწავლიათ? - უხეშად ვუთხარი მეგობარს.
მან გამომცდელად შემომხედა, იცოდა ჩემი უხეში ტონისთვის სერიოზული ყურადღება არ უნდა მიექცია და ყველაფერი “სიყვარულობაში” გაეტარებინა.
ის გვერდით ცხოვრობდა, ჩვენს სახლებს მხოლოდ დაბალი ალაგე ჰყოფთა, ამიტომ ხშირად შევაღებდით ხოლმე ერთმანეთის კარს დაუკაკუნებლად.
“კირილიჩმა” ჩვენს მწირ სუფრას მწყრალად გადაავლო თვალი და ირონიულად თქვა.
- გალოთდი “ბრატუხა”, ხმელა ყველზე რომ სვამ?
ირაკლის დანახვა საოცრად გამიხარდა, რაც ქუთაისში გამოცდის ჩასაბარებლად წავედი მას მერე არც მენახა, ფეხზე წამოვდექი, ღიმილით მივესალმე და გადავეხვიე.
ლაშას გაცნობას მხოლოდ რამდენიმე წუთი დავუთმე, შემდეგ ჩვენს მწირ სუფრას ახალი ჭურჭელი შევმატე და მეგობარი სუფრასთან მივიპატიჟე.
მან ბოდიში მოიხადა, მალე დავბრუნდებიო გვითხრა, სწრაფი ნაბიჯით გადავიდა სახლში, ხუთ წუთიც არ დასჭირვებია, თიხის ჯამით ლობიო და ორი მოზრდილი ხაჭაპური გადმოიტანა.
- ეს მიატანეთ ბიჭებო, რომ იკლავთ თავს, - უბრალოდ მოგვიგო, მაგიდასთან მოკალათდა და ცარიელი ჭიქა დაუკითხავად შეივსო.
- გაგიმარჯოთ, - მოკლედ თქვა და სასმელი გადახუხა.
- როგორ ხარ ძმაო? - ვკითხე.
“კირილიჩმა” ხელი ჩაიქნია, არაყს ხაჭაპური მიატანა.
- არა მიშავს, - პირგამოტენილმა ჩაიჩიფჩიფა, შემდეგ დამწუხრებული სახე მიიღო, - ბიჭებმა თქვენი ამბავი მომიყვეს, მაგარი შარი აგიკიდებიათ.
მისმა სიტყვებმა მწარე მოგონებები ამიშალა - “შარი” “ლაითად” ნათქვამი იყო, ის რაც ჩვენ გვჭირდა ბევრად სერიოზული გახლდათ - უცხო თვალისგან დამალული ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ჰიდრას 1 თავებივით პროგრესირებს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ძლიერდება.
მივხვდი ირაკლიმ ჩვენი ისტორია თამაზისა და შმაგის წყალობით დაწვრილებით იცოდა, ამიტომ არაფრის ახსნა არ დამიწყია, უბრალოდ ამოვიოხრე.
მან ცოტა ხანი მდუმარედ გვიმზირა, მერე სკამზე გვერდი შეიცვალა და ინტერესით იკითხა.
- იმ “ტიპის” სიკვდილს გაბრალებენ?
მხრები ავიჩეჩე და დამწუხრებულმა მივუგე.
- სხვათა შორის ის “ტიპი” ცოცხალია.
- მართლა? - გაოცებულმა თვალები დაქაჩა, - ამას “ნაღდად” არ ველოდი, მომიყვებით?
ლაშას გადავხედე, ის უტყვად ჩასჩერებოდა მაგიდას.
- გრძელი ამბავია.
- არც ჩვენ გვეჩქარება არსად, - ის სკამის საზურგეს ხვნეშით მიაწვა და ამბის მოსასმენად გაემზადა, - თანაც ამაზე უკეთეს პირობებს ვერც ინატრებს კაცი, მამა-პაპური სუფრა და საახალწლო თოვლის შარი-შური.
მართალი გითხრათ სულაც არ მეცალა სოფლური რომანტიკისთვის, არც თოვლი მიზიდავდა, არც ჩვენი ღარიბული სუფრა და არც მოყოლის ხასიათზე ვიყავი, მაგრამ “კირილიჩის” დაჟინებული თხოვნით დაწვრილებით გავიხსენე თავს გადახდენილი ისტორია, სვენებ-სვენებით ვყვებოდი, ლაშა ერთხელაც არ ჩარეულა, სახეზე მელანქოლიური გამომეტყველება ეხატა და უტყვად მიგდებდა ყურს.
როცა ამბის თხრობა დავასრულე, ირაკლიმ თავი ნერვიულად მოიქექა და დაბნეულმა იკითხა.
- ახლა რას აპირებთ?
რა უნდა მეპასუხა? მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, ამიტომ ლაბირინთში დაკარგული ვირთხასავით გამოსავალის ძიებაში, ამაოდ ვაწყდებოდი კედლებს.
- არ ვიცი “კირილიჩ”, - გაღიზიანებულმა ვუთხარი მეგობარს, - წასულია ჩვენი საქმე, - სიტყვა ხელის ჩაქნევით დავაბოლავე.
ლაშა მაგიდის ზედაპირზე ნერვიულად ათამაშებდა თითებს.
ალბათ ჩემმა სასოწარკვეთილმა ტონმა თუ შეაშფოთა მეგობარი, თანაგრძნობით შემომხედა, არაფერი უთქვამს, არც უადგილო შეკითხვები დაუყრია, არც ჭკუის სწავლება დაუწყია, უტყვად დამიქნია თავი და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
- ყველაფერი კარგად იქნება.
ამ სიტყვებით საუბარი დავასრულეთ, კვლავ ჩვენს ღარიბულ სუფრას მივუბრუნდით და სასმელს მივეძალეთ.
მთელი დღე ვსვამდით.
მოწყურებულივით ვეტანებოდით ბებიაჩემის გამოხდილ საოცრად მათრობელა არაყს, ალკოჰოლისტებივით გადავხუხავდით და სახედამანჭულები ძლივს ვიბრუნებდით შეხუთულ სულს.
“კირილიჩის” წყალობით მისაყოლებელი სამყოფი გვქონდა, უგემრიელესი ლობიო მომენტალურად ანელებდა არაყის სიმწარეს.
ერთ საათში გვარიანად მოგვეკიდა სასმელი.
- თოვლმა სოფლის ელექტროსადენები დააზიანა, - ირაკლიმ სულ სხვა თემაზე ჩამოაგდო საუბარი, - ვაჟიკო “მანტიორი” ამბობს შუქი კიდევ ორი კვირა არ გვექნებაო.
თავს ზემოთ ჩამოკიდებულ უმაქნის ჭაღს ავხედე.
- ისედაც არ ვიყავით განებივრებული.
“კირილიჩმა” ჩაიქირქილა.
- ადამიანი იმიტომაა დომინირებადი არსება, რომ ყოველგვარ პირობებთან შეგუების უნარი შესწევს, - ფილოსოფიურად დაასკვნა.
- გატყობ დიდთოვლობამ ამ ცხოვრების რაობაზე ჩაგაფიქრა, - მაშინ სულაც არ მცხელოდა სახუმაროდ, მაგრამ “კირილიჩს” მაინც უკბილოდ გავეხუმრე.
მან ირონიულად გადმომხედა.
- მე კი არა გენადი მეწისქვილე დააფიქრა, - მთქნარებით წარმოსთქვა, - წისქვილში ორმოცდაათ კილოვატიანი ელექტროძრავი დააყენა და მიკრო ელექტროსადგურის გაკეთებას გეგემავს.
გენადი მეწისქვილე მეზობლად ცხოვრობდა, რაც თავი მახსოვს მუდამ თავის გაპარტახებულ წისქვილს დაჰკანკალებდა თავს, ცდილობდა მუშა მდგომარეობაში ყოფილიყო, რათა ადგილობრივებისთვის მიზერული თანხის სანაცვლოდ: სიმინდი, ხორბალი, ზოგჯერ კი ქერიც დაეფქვა, არასდროს გამოირჩეოდა ინოვაციური იდეებით, მაგრამ როგორც ჩანს ქვეყანაში გამეფებულმა გაუსაძლისმა საარსებო პირობებმა, მასაც გაუმრავალფეროვნა ფანტაზიის უნარი.
ირაკლის სიტყვებს ჩავუფიქრდი, მივხვდი, რომ გენადი მეწისქვილეს “ბიზნეს იდეა” დღევანდელ ყოფაზე მორგებული და საკმაოდ მომგებიანი გახლდათ.
მართალი გითხრათ არ მაინტერესებდა სოფლის პრობლემები, მაგრამ მეგობარს მაინც ავყევი საუბარში.
- “მალადეც” მაგას, - უდარდელად წარმოვსთქვი, შემდეგ გონება დავძაბე და ვიკითხე, - მაგრამ ძრავიდან “დენს” როგორ მიიღებს?
“კირილიჩმა” ეშმაკურად გაიცინა, ხის სკამზე აწრიალდა, ჩემსკენ მოტრიალდა, თვალებში მომაცქერდა და ირონიულად მითხრა.
- ფიზიკა უნდა გესწავლა სკოლაში “ბრატუხა”, - შემდეგ სახეზე კმაყოფილება გამოესახა, - ეს ელემენტარულია ბექა, ელექტროძრავი იგივე გენერატორია, თუ წყალი მის როტორს საჭირო სიჩქარით დააბრუნებს, ძრავში წარმოქმნილი მაგნიტური ველი ელექტროენერგიას გამოჰყოფს, რომელსაც მხოლოდ სპეციალური კონდესატორებით დარეგულირება და მიზანმიმართულად გამოყენებაღა უნდა.
ირაკლი გიჟდებოდა ფიზიკაზე, როცა საქმე ზემოთხსენებული საგნის განხილვაზე მიდგებოდა, თითქოსდა სულ სხვა სამყაროში გადადიოდა, მისი ტერმინოლოგია კი უცხო სიტყვებით გაჟღენთილი და ტექნიკურად დახვეწილი ხდებოდა, ამიტომ ადგილობრივებიდან არავის შესწევდა უნარი მის ნააზრევს დასწეოდა.
მე თუ მკითხავთ, ბევრ მოქმედ ფიზიკოსზე მეტი იცოდა, ალბათ სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, მისგან ნიჭიერი მეცნიერი დადგებოდა და ვინ იცის იქნებ რამე რევოლუციური აღმოჩენაც კი მოეხდინა, მაგრამ ოთხმოცდაათიანების დროინდელ საქართველოში არავის სცხელოდა ფიზიკისთვის.
“კირილიჩის” ტალანტიც ეწირებოდა ამ ბედუკუღმართ დროს, მხოლოდ ხანდახან თუ წაიჩხირკედელავებდა სახლში, მაგრამ მაშინაც აბუჩად იგდებდნენ ნაცნობ-მეგობრები.
- “კირილიჩ” ვატყობ შენ მიგიძღვის წვლილი მაგ იდეის ჩამოყალიბებაში, - ღიმილით ვუთხარი, - თორემ გენადი მეწისქვილე მაგდენს ვერ მოიფიქრებდა.
ირაკლიმ მოკრძალებით ჩაიცინა, თავი დამიქნია და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
- ჩემი გამოთვლით მინიმუმ ათ ოჯახს უნდა ეყოს გამომუშავებული ენერგია, - წამით დაფიქრდა, გონებაში რაღაც აწონ-დაწონა, შემდეგ ღმად ამოისუნთქა და დაუმატა, - იქნებ გაამართლოს ბიჭო?
მეგობარს სასმისი შევუვსე და სადღეგრძელო ლაკონურად ვუთხარი.
- შენს გეგმებს გაუმარჯოს.
- გაიხარე, - ირაკლიმ სამადლობელო თქვა, მერე სასმისი თავიდან შეივსო, - განგების მადლით ყველას აგვხდენოდეს ოცნებები, - დაილოცა და არაყი სულმოუთქმელად გადახუხა.
საღამოვდებოდა, რომ დაგვემშვიდობა, თუმცა სანამ ოთახიდან გავიდოდა, მოგვიბრუნდა და ალკოჰოლიდან ენადაბმულმა, ბორძიკით გვითხრა.
- თუ რამე დაგჭირდათ, ხომ იცი აქვე ვცხოვრობ.
შემდეგ ლაშას ხელი ჩამოართვა და ოთახიდან ბანცალით გავიდა.
მეგობარი გავაცილე და ოთახში შემოვბრუნდი, ლაშა კვლავ დამწუხრებული სახით მისჯდომოდა სუფრას, ხელში სასმისი ეჭირა, როცა დამინახა, ჭიქა ოდნავ წამოსწია და მიმწყდარი ხმით თქვა.
- ხსოვნა იყოს.
მივხვდი ალბათ საერთოდ არ გვიგდებდა ყურს, მის სიყვარულს გლოვოდბა, რომელიც მარიამთან ერთად დაიღუპა ადიდებული მდინარის ყინულოვან ტალღებში და სპირტიანი სასმელით ცდილობდა გულისტკივილი ჩაეხშო.
აღარც კი მახსოვს მერამდენედ სვამდა მათი ხსოვნის სადღეგრძელოს.
მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ბედისწერამ დაგვჯაბნა და უიღბლო ადამიანებივით სასმელში ვეძებთ შვებას.
საუბედუროდ ვერც გამოთრობამ და ვერც “კირილიჩთან” საუბარმა მიშველა, ალკოჰოლმა რა თქმა უნდა რაციონალურად აზროვნების უნარი დამიჩლუნგა, მიკროელექტროსადგურის შექმნის იდეამ კი გადატანილი სტრესი გადამავიწყა, მაგრამ დანაშაულის გრძნობა არ გამქრალა, თავს კვლავინდებურად დამნაშავედ ვგრძნობდი.
ჩემდაუნებურად ერთი აზრი დამებადა: - არ გაამართლა “დეტექტივობანამ”.
არადა რა კარგად დავიწყეთ, ჩვენი მიღწევებით ქალბატონი მარიამიც აღფრთოვანებული იყო, ის კი ბოლოს და ბოლოს “სკოტლანდ-იარდში” მოღვაწეობდა.
სასმისები კვლავ შევავსე, მაგრამ დალევა გადავიფიქრე, ჯერ კიდევ შემორჩენილი ქვეცნობიერით ვგრძნობდი - უნდა მემოქმედა, მებრძოლა, თუმცა ალკოჰოლიდან გონებადაბინდული ვერ ვაანალიზებდი მომხდარ მოვლენას და თავისთავად არც სამოქმედო გეგმის შედგენის უნარი გამაჩნდა.
მიუხედავად ამისა დამარცხებულად წარმოდგენა სულაც არ მეხალისებოდა, თვალები დაფიქრებით მოვჭუტე და გადამწყვეტად ჩავილაპარაკე.
- რაღაც უნდა “ვიჩალიჩოთ”.
ლაშამ გვერდულად გადმომხედა.
- მაგრამ რა? - უბრალოდ მომიგო, შემდეგ მხრები აიჩეჩა და ნაღვლიანად დაუმატა, - მარტო მათი ხსოვნის სადღეგრძელოს თუ შევსვამთ, - სასმისს დასწვდა და დამარცვლით წარმოსთქვა, - ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
ერთის მხრივ მართალი იყო, უკვე ყველაფერი გვიანი გახლდათ, გარდაცვლილებს ვერ გავაცოცხლებდით.
თუმცა შეგვეძლო სამკლავურში დამალული “კოზირი” გამოგვეყენებინა, ალკოჰოლიდან დაბინდული გონება დავძაბე, მოდებაძის კომპიუტერიდან მოპოვებული მასალების მიზანმიმართულად გამოყენება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლდათ.
ჯიბეები მოვიქექე დისკეტა ამოვიღე, ლაშას წინ მაგიდაზე დავდე და გადამჭრელად ვუთხარი.
- აქ არსებული ყველა მასალა გავასაჯაროოთ.
- როგორ?
- ტელევიზიის ან პრესის საშუალებით, - ალკოჰოლიდან გახურებული შუბლი მოვისრისე, - რომელიმე ჟურნალისტს დავუკავშირდეთ.
ეს იდეა იმ წუთას დამებადა მეთქი ვრ ვიტყვი, რადგან მაკმპრომინტებელი მასალების გასაჯაროებაზე გამუდმებით ვფიქრობდი, თუმცა მაშინ ალკოჰოლმა საშუალება მომცა იდეა ხმამაღლა გამეჟღერებინა.
- ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ, - ლაშამ დაღლილი ტონით წარმოსთქვა.
- რატომ გგონია, რომ ვერაფერს მივაღწევთ? - შევეკამათე, - ერთ ჟურნალისტს ვიცნობ, სერიოზულ სტატიებს წერს, ვგეგმავ მას გადავსცე მოპოვებული კომპრომატები.
- თუ ძმა ხარ, - ლაშამ ხელი ამიქნია, - შენ გგონია საქართველოს დღევანდელ რეალობაში ჟურნალისტიკა ობიექტურია? არ დაიჯერო, ისინიც კორუმპირებული ჩინოვნიკებივით, რამდენიმე გროშის სანაცვლოდ ყველაფერს იკადრებენ.
მართალია საკმაო რაოდენობის ალკოჰოლი მივიღეთ, მაგრამ იმ მომენტში ჩემი მეგობარი სულაც არ ჰგავდა ნასვამს, მისი სიტყვები კი მთვრალი კაცის ნაბოდვარივით არ ჟღერდა.
ცოტა ხანი ვუმზირე, მერე უკმაყოფილოდ გადავაქნიე თავი და კატეგორიულად შევეწინააღმდეგე.
- არ გეთანხმები “ბრატ”, არაერთი სტატია წამიკითხავს აფხაზეთის ომზე, სადაც სამხედრო ჟურნალისტები, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, საკმაოდ ობიექტურად აღწერენ ბრძოლის ველზე შექმნილ სიტუაციას.
- სამხედრო ჟურნალისტიკა სპეციფიურია, - ლაშა სულმოუთქმელად შემეპასუხა, - ამ შემთხვევაში რეპორტიორი ობიექტური უნდა იყოს, რათა საზოგადოება ბოლომდე გაერკვეს კონფლიქტის მიზეზებში.
- ხოდა მეც მაქ ვარ მეგობარო, - დავეთანხმე ლაშას, - ობიექტური რეპირტიორი უნდა ვიპოვოთ.
ლაშა წამით დაფიქრდა, შუბლს ისრესდა, შემდეგ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ხმადაბლა მითხრა.
- შენი სიტყვები იცი რას მაგონებს? - მკითხა.
უტყვად ავიჩეჩე მხრები და პასუხის მოლოდინში თვალებში მივაჩერდი.
- იმ დღეს, როცა რაციონალურად მოაზროვნე პოლიციელს ვეძებდით.
ვიგრძენი, მისმა ნათქვამმა როგორ ამიშალა მოგონებები, კვლავ “დეჟავიუს” მაგვარი გრძნობა გამიჩნდა, მივხვდი მოვლენები უკან დაბრუნებული კინოფილმის კადრივით მეორდება: - სინანული, გაურკვევლობა, დანაშაულის გრძნობა და ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც დახმარების ხელს გამოგვიწდის.
სამწუხაროდ, ადამიანი რომელსაც მართლა შეეძლო ჩვენი დახმარება, მდინარე გუბისწყალის ადიდებულ ზვირთებს შეეწირა.
- უნდა მოვფრთხილებოდი მარიამს, - ლაშა კვლავ სინანულს მიეცა, - გვერდიდან არ უნდა მოვშორებოდი, შეცდომა დავუშვი, როცა თორდიას დავუჯერე.
გონება დავძაბე, მომხდარს მოვლენას ვაანალიზებდი, თუ პაიკიძე და თორდია დაიღუპნენ, გამოდის რომ მომხრეები დავკარგეთ, ბონდარენკოს სიკვდილი კი თავისთავად დამნაშავეების გამარჯვებას ნიშნავს, ის არა მარტო დანაშაულის მოწმე იყო, არამედ ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლი.
საინტერესოა რას აკეთებს ფრიდონ ხუციშვილი? რამდენადაც მახსოვს ის საგამოძიებო დეპარტამენტში დარჩა, ნეტა რა ბედი ეწია? მირიან ტყეშელაშვილმა დააპატიმრა თუ მანაც მოასწრო გამოქცევა და ახლა დაკარგულ მეგობრებს დაეძებს.
ფრიდონი, ჩვენი ერთადერთი მოკავშირეა, მან იმდენი იცის “ტეფიკიორების საქმეზე”, რომ მისი ჩვენება საკმარისი იქნება დამნაშავეების სამხელად, როგორმე უნდა დავუკავშირდეთ, მერე კი ერთად ვიმოქმედოთ.
- ფრიდონს უნდა დავუკავშირდეთ, - შევთავაზე მეგობარს.
მან ჩამქრალი თვალებით ამომხედა.
- თუ “სვაბოდაზეა”, - მსჯელობას ვაგრძელებდი, - მისი გვერდშიდგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, - შუბლი მოვისრისე და გადამჭრელად წარმოვსთქვი, - აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ.
ლაშამ გულიანად ამოიოხრა.
- ჩემგან ნურაფერს ითხოვ ბექა, - მიმწყდარი ხმით მითხრა, - მეტი აღარ შემიძლია, დავიღალე, დავნებდი, - ის ფეხზე ზლაზვნით წამოდგა, - ხვალ ქუთაისში წავალ, დედა მომენატრა.
მეგობარს გადავხედე, მართლა დაღლილი სახე ჰქონდა, ყოველდღიურმა სტრესმა, დაძაბულობამ და მუდმივმა შიშმა თავისი გაიტანა.
- რომ გიცნონ? - ფრთხილად შევაპარე.
მან ისტერიულად გაიცინა
- პოლიცია თუ იმ ფოტორობოტის მიხედვით გვეძებს, ბარმენისა და ოფიციანტის აღწერით რომ შეადგინეს, მაშინ საშიში არაფრია, - მან ხელები გაშალა, - შემომხედე ბექა, ვგავარ საკუთარ თავს?
ჩვენი მზერა წამით ერთმანეთს შეხვდა, მივხვდი მართალს ამბობდა.
ლაშა სულაც არ ჰგავდა იმ მოწესრიგებულ ჭაბუკს, რომელთანაც ვძმაკაცობდი და დღე-ღამეს ერთად ვატარებდით, მახსოვს როცა “პადსობნიკებად” ვმუშაობდით, მაშინაც კი გამონახავდა დროს, რათა ქოჩორი გადაევარცხნა ან მტვერიდან დასვრილი კომბინიზონი გაეწმინდა, ახლა კი მოუწესრიგებელი გახლდათ, ათი დღის გაურეცხავი სვიტერი ეცვა, რომელსაც ოფლის, სიგარეტის კვამლის და მედიკამენტების სუნი ასდიოდა, წვერი საკმაოდ წამოზრდოდა, გაბურძგნული თმა შუბლზე ეტალღებოდა, ჩასისხლიანებული თვალები და ზედმეტად გაფითრებული სახე კი გადატანილ სტრესზე მიანიშნებდა.
ნელა მივუახლოვდი და ხელი ბეჭზე დავკარი.
- მთავარია არ დავნებდეთ, - გამამხნევებლად ვუთხარი.
უტყვად შემომხედა, მერე ფანჯრიდან ჩაბნელებულ ეზოს გახედა, ღამის თერთმეტი საათი შესრულებულიყო, მუქი ღრუბლები უკუნ ღამეს პირქუშობას მატებდნენ, გარეთ ჩუმად თოვდა, ფანტელები ტრიალ-ტრიალით ეფინებოდნენ გაყინულ მიწას.
კიბესთან მდგარ ავტომობილს სახურავზე თოვლის უშველებელი გორა დასდებოდა, ლაშამ ცოტა ხანი უმზირა თეთრი საბურველით შებურულ ეზოს, მერე მომიტრიალდა და ნაღვლიანად მითხრა.
- ძალიან დავიღალე, ფსიქოლოგიურად დავიღალე.
მივხვდი რისი თქმაც უნდოდა, ის ხომ მთელი დღე უხმოდ გლოვობდა მის დაღუპულ სიყვარულს, ამიტომ გავუგე, სუფრა უტყვად ავალაგე და საზაფხულო სააბაზანოში ფეხაკრეფით გავედი.


1 ლერნეს ჰიდრა – (ბერძნ.) უზარმაზარი გველი, ექიდნესა და ტიფონის ნაშიერი. კერბეროსისა და ორთოსის და. ცხრათავიანი შემზარავი ურჩხული, ის თითქმის უკვდავი იყო, ყოველ მოჭრილი თავის სანაცვლოდ ორი ახალი ამოდიოდა. ჰიდრა, ლერნეს ჭაობთა ბინადარი გახლდათ, ღამღამობით გამოსრიალდებოდა ბუნაგიდან და ირგვლივ მიდამოს აჩანაგებდა. იგი გმირმა ჰერაკლემ მოკლა.скачать dle 11.3



№1  offline წევრი Rania

Eseni shemiciraven meee. Cota tuardaachqatebt movlenebis ganvitarebaa. Vfiqrob chemi nervebi ver gauzlebsss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი beshqen

გადავხედე პირველ თავს და გავოცდი მართლა,ძალიან საინტერესო და ჩამოყალიბებული ნაწერია..გავჩერდი და ველოდები მთლიანი ისტორიის დამთავრებას რომ წავიკითხო,მერე უკეტ გეტყვი ყველაფერს,ერთია მხოლოდ რომ რატომ არ აქვს ნახვები,ვერ ვიგებ..ტუმცა აქ უმეტესობა მაინც ყოველივე ბანალურს ეწაფება,ვერ დაიღალა ერთიდაიგივე სისულელის წაკითხვით...არვიცი ვინ ხარ და საიდან მოხვედი,მაგრამ უნიჭიერესი ხარ,არა დაშტამპული,არა ბანალური,წარმატებები მინდა გისურვო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent