შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგა თუ არა წითელმა ფერი? (სრულად)


23-08-2019, 19:12
ავტორი lukakhati
ნანახია 684

დაკარგა თუ არა წითელმა ფერი?
-ღმერთო! - სიცარიელეს უყურებს და გაჰყვირის მთელი ძალით წითელი.
-სძინავს, სძინავს! - პასუხობს უკმაყოფილო მწვანე.
-შენ შენს სოროში შეგიძლია მოკალათდე. მე შენთან საქმე არ დამიჭერია, უვიცო!
-რას ბრძანებთ? ფრიად მახარებს თქვენთან შეხვედრა - თავს უხრის მწვანე წითელს. წითელი ხედავს, რომ მწვანე დასცინის, მაგრამ არაფრით არ აღიარებს. ოხ, ეს არამზადა სიამაყე! თუმცა სწორედ ის ხდის წითლად წითელს.
-ფერის შეცვლა მწადია. - წითელი პასუხისას კბილებს აკრაჭუნებს. სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი სურვილის განდობა. იქნებ, თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა მწვანეს გამოსაცდელად მოიფიქრა? რას გაუგებ - ეს ხომ წითელია.
...თუმცა მწვანე ცბება. ხუმრობის გუნება ეკარგება. წელში სწორდება, ფრთხილად ჯერ მარჯვნივ იყურება, შემდეგ- მარცხნივ. რწმუნდება, რომ არავინ უსმენს. განა, მას არასდროს უოცნებია ფერისცვალებაზე? ნუ გამაცინებთ! კარგად რომ დაუკვირდე მის თვალებში წითლისაკენ მიმართულ პატივისცემასაც კი დაინახავ. ის ხომ პირველია, ვინც ყველას სათქმელი თქვა, ყველას ოცნება გააჟღერა! მწვანესაც ვერ გადაუწყვეტია გიჟი უწოდოს და სასწრაფოდ გაეცალოს, თუ გვერდით ამოუდგეს და ყვირილი დაიწყოს.
-რით არ გაკმაყოფილებს საკუთარი ფერი!? შენ წითელი ხარ - ყველაზე თვალშისაცემი, ძლიერად აღიარებული, სიყვარულთან შედარებული! ნეტაი, მეც მქონოდა ბედნიერება წითლად დავბადებულიყავი - ხმის ტემბრი უხეში - ეს მწვანეს თავდაცვაა. ტუჩებზე დაგროვილი დარდი ჟანგის სქელ ფენად აწვება. ცდილობს დამალოს, რომ წითელს იმიტომ დასცინის, რომ მისი ძალიან შურს. ის ხომ მეორეხარისხოვანია. საჭირო, მაგრამ დავიწყებული.
...თუ ღმერთი წითლის თხოვნას შეისმენს, მწვანეც აუცილებლად მოითხოვს გახდეს წითელი! მაგრამ რა ფრად გარდასახვა აქვს მიზნად წითელს?
-სწორედ ეგ გახლავს ჩემი სევდის მიზეზი, ჩემო მწვანე - მე წითელი ვარ და ვარ სიყვარული, მაგრამ ამავდროულად ვარ სიძვა. შენ ამას ვერ გაიგებ, როგორ დავიღალე! მე თითქმის კეთილი ვარ ან შეიძლება თითქმის ბოროტი. ყველაფერი, რაც მე მიკავშირდება იწყება სიტყვით „თითქმის“. მე ყველგან ვარ და ამავდროულად არსად.
-როგორი უმადური ხარ!
-შენ რა გესმის. შენ ხომ მწვანე ხარ. არაფრით განსაკუთრებული. ბუნებას გადარებდნენ, მაგრამ ზედმეტად ხელმოცარული აღმოჩნდი. სიმშვიდესაც გეძახდნენ, თუმცა ავადმყოფობისა და სიკვდილის იარლიყსაც გაკრავდნენ. რა საცოდაბაა! ყველამ იცის, რომ სიკვდილი შავია, სიმშვიდე - პასტელი! ვინ არის მწვანე? არავინ! და ვინ უნდა იყოს? არ იცის!
წითელს უნდა მწვანე დაამციროს. მიიმწყვდიოს და გასრისოს. ოჰ, როგორი შეურაცხყოფილია მწვანე. ალბათ, გაწითლდებოდა მწვანე რომ არ ყოფილიყო. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ყბა უცახცახებს, თუმცა თავი ხელში აჰყავს.
-ღმერთო, ნუთუ უმეცრებაა შენი ფერის წყარო! - წარმოთქვამს პათეტიკურად მწვანე. ისე,თითქოს წითელს არაფერი ესმოდეს. - მე განვაგრძობ ჩემს გზას. წარმატებებს გისურვებდი, თუმცა არ მინდა მოგატყუო. იმასაც გეტყოდი, რომ სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა, მაგრამ ... - წინადადებას აღარ სრულებს.
შორდება წითელს მწვანე. ზურგს აქცევს, მაგრამ მისი ცქერა სწადია. გონებაში ხატავს ჩვეულზე აწითლებულ წითელს. განრისხებულს! რა თქმა უნდა, წითელი ფეთქებადია! იქნებ, მრისხანებისაგან ცრემლიც მოერიოს!
ეჰ, რა მწირი ოცნებები გაქვს მწვანე!
-მწვანე! - ტალღად ეჯახება წითლის ძახილი. მწვანეც ბრუნდება. ღაჟღაჯა, ერთი ნაბიჯით უახლოვდება და სახეში აფურთხებს. მწვანეს დაბნეულობისაგან ნაბიჯი ერევა. ეცემა.
მწვანე ქვევიდან უცქერს წითელს. ღმერთმა, მართლა შეისმინა წითლის წადილი?
აღარც სიამაყე, აღარც თავშეკავებულობა აღარ ახსოვს მწვანეს. ხტება და ლანძღვა-გინებით წითელს ახტება. გაკრივებულიც ბარბაცდება. თავს იცავს.
ამათმა მუშტმა-კრივმა ყვითლის ყურადღებაც მიიპყრო. ყვითელი მშიშარაა, მუდამ ხალისიანი, თუმცა კანონმორჩილი!
უმალ კანონისმცველებს გადასცა. ლურჯებიც გამოჩნდნენ, რამდენიმე წამში. ორივე დააკავეს. წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. ერთმანეთს აბრალებდნენ. ყვიროდნენ, მაგრამ რას გახდებოდნენ? წვრილი ხულიგნობა, თუმცა სასამართლო გარდაუვალი იქნება!
ალბათ, ნაცრისფერი იქნება მოსამართლე.
ხო, ყვითელი ცნობისმაყვარეცაა. თუ პროცესი საჯარო იქნება, მას აუცილებლად დაესწრება.
***
შემდეგი! - დაიღალა მისი აღმატებულება ნაცრისფერი. ბატონი მოსამართლე.
ეს პირველი ინსტანციაა. ყველაზე არამნიშვნელოვან საქმეებს განიხილავს, ამიტომ თავს ყოველთვის დაუფასებლად თვლის ნაცრისფერი. *
არადა, სინამდვილეში ნაცრისფერია ყველაზე სამართლიანი. ეს ყველამ იცის, სწორედ ამიტომ ანდეს მას პირველი ინსტანცია. საქმეებს იშვიათად ასაჩივრებენ. შესაბამისად, ნაცრისფერი იღებს ყველაზე ხშირად გადაწყვეტილებებს.
თუმცა მეორე მიზეზიც არსებობს - სხვა მოსამართლეების ყველას ეშინია, მათ წინაშე წარდგენას ყველა ნაცრისფრის სურვილს დამორჩილებას არჩევს.
სასამართლო მდივანი ნარინჯისფერია. სერიოზული, მუდამ მოწესრიგებული. თითებს ავარჯიშებს. იერზე ეტყობა, რომ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება.
არც ერთი სტიყვა არ უნდა გამორჩეს!
ლურჯს მიჰყავს ნაცრისფრისაკენ წითელი და მწვანე. სხდომას არავინ ესწრება. დაძაბულობა შენობაში ნაბიჯის შედგმისთანავე იგრძნობა. დარბაზი უშველებელია, თუმცა ცარიელი. თეთრი მარმარილოს კედლებითა და სპილოსძვლისფერი სვეტებით მოპირკეთებული. არც ერთი ზედმეტი პირი.
სასამართლო ტრიბუნას უსწორდებიან. ნაცრისფერი ჩაფიქრებულია. ლურჯი ბრალდებულთა წარდგენასა და ზოგად მოხსენებას იწყებს. ნაცრისფერი თავს უქნევს. საერთოდაც არ ადარდებს ახლა რა ხდება.
ალბათ, ამდაგვარი კიდევ მრავალი საქმე ექნება განსახილავი. ხელში ჩაქუჩს ათამაშებს. ერთი სული აქვს განაჩენი გამოიტანოს.
მწვანეს მოთმინება ეწურება. არადა, დიადი სიმშვიდით უნდა გამოირჩეოდეს. წითელი ხმას არ იღებს. უცნაურია, თითქოს რაღაცას მალავს ან რაღაც არ უნდა რომ გაჟღერდეს. ეს მწვანემაც იცის და სწორედ ამის თქმას აპირებს :
-თქვენო აღმატებულებავ, ვაპროტესტებ! მოქალაქე ლურჯი ფაქტებს უხეშად ამახინჯებს. ძალიან გთხოვთ ნებართვა დამრთოთ გიამბოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში!
ლურჯს ბრაზი ერევა, წითელი იმედგაცურებულია. მწვანესგანაც კი არ ელოდა დასმენას! რაღა დარჩენია. თავჩაღუნული ნაცრისფრის პასუხს ელოდება.
-როგორ ბედავთ, მომხსენებლის შეჩერებას!
-საქმის ვითარება სულ სხვაგავარადაა.
მარჯვენა ხელის მოძრაობით მწვანეს ანიშნებს გაჩუმდეს. ეს ჟესტი გამაფრთხილებელიც არის და შემაშფოთებელიც.
ლურჯი საუბრის გასაახლებლად ემზადება, წითელს იმედი უბრუნდება, თუმცა მწვანე ხტება და შეუპოვრად აგრძელებს :
-ჩვენი უთანხმოების მიზეზი, წითლის უმადურობაა!
ნარინჯისფერი რამდენიმე წამით კრთება. ნაცრისფერს უყურებს. მზერით ეკითხება შეიტანოს თუ არა პროტოკოლში მწვანეს რეპლიკა. ისიც თანხმობის ნიშნად თავს უქნებს. თითქოს ამშვიდებს, საგანგაშო არაფერი არისო.
ლურჯი განრისხებულია. ორივე ხელს მწვანეს მხრებზე უჭერს და უხეშად აიძულებს ბრალდებულის ადგილს დაუბრუნდეს, თუმცა მწვანე სულაც არ ჩანს დასევდიანებული. აშკარაა, რომ მისმა სიტყვებმა მოსამართლეზე გავლენა მოახდინეს. მეტის თქმა საჭირო აღარც არის.
ოჰ, წითელი... ალბათ, გაფითრდებოდა წითელი რომ არ ყოფილიყო.
რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ ნაცრისფერი წითელს უყურებს. მოსამართლემაც იცის, თუ რაზეა საუბარი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება, მასაც ოდესმე ეოცნება , რომ სხვა ფერი დაბადებულიყო, ამიტომაც წითელს აძლევს გადამწყვეტი სიტყვის თქმის შესაძლებლობას :
-მოქალაქე, წითელი! შეგიძლიათ ამიხსნათ რაზე საუბრობს მწვანე?
მწვანე ხვდება მოსამართლის განზრახვას და ბრაზი ედება. ზემდგომი მოსამართლეების რომ არ ეშინოდეს, საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებდა.
მუჭს მაგრად კრავს. წითელი იცრუებს. იტყვის, რომ წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობს მწვანე და ყველაფერი დამთავრდება. წესრიგის უმნიშვნელო დარღვევისათვის ორივეს მცირე ჯარიმის გადახდა მოუწევს და მომხდარი აღარავის ემახსოვრება მწვანეს გარდა, რომელიც ატანილ შეურაცხყოფას არ შეეგუება.
წარმოდგენაც კი საშიშია იმის, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო მოსამართლეს მწვანესათვის საუბრის დასრულების უფლება რომ მიეცა.
წითელი დგება. წელში სწორდება. მწვანემ იცის, რომ საქმეს არ გაასაჩივრებს, თუმცა ფიქრობს როგორ მოიქცეს. რამდენიმე ბეჟისფერი მეგობარი ჰყავს. სთხოვს და უსამართლო გადაწყვეტილებაზე სტატიას დაწერენ. დიახ, ასე მოიქცევა! აბა, ხომ არ გაჩუმდება?
შურისძიებას გეგმავს მწვანე, როდესაც გაკვირვებისაგან სახტად რჩება :
-თქვენო აღმატებულებავ. დიახ, მწვანე სიმართლეს ამბობს. მან მე უმადური მიწოდა. საუბარს შევყევით. ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენეთ, რაც საბოლოო ჯამში ჩხუბით დასრულდა.
ნუთუ, წითელს იმდენად მობეზრდა წითლად ყოფა, რომ არაფრის აღარ ეშინია? არა, უბრალოდ ის ამაყია და თავს ვალდებულად თვლის სიმართლე თქვას.
ლურჯი გაკვირვებული უყურებს წითლის ზურგს, ნარინჯისფერი მის სახეს. მწვანე გახარებულია, ნაცრისფერი მშვიდი - თითქოს იცოდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა.
-რატომ გიწოდათ მწვანემ უმადური?
კითხვას ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა. საათის ტიკტიკი გაფუჭებული ონკნის ხმას წააგავდა. უეჭველად უკან დაიხევს წითელი! ამის გამბედაობა არ ეყოფა! მართლაც, პირს რამდენჯერმე აღებს, მაგრამ საუბარს ვერ იწყებს. ხანდახან, როგორი რთულია სიმართლის თქმა.
ბოლოსდაბოლოს, აცახცახებული ხმით პასუხობს :
-მე ღმერთს ვეძახდი. ფერის შეცვლას ვთხოვდი.
ნარინჯისფერი წერას წყვეტს, ლურჯი მზერას დაბნეული ათამაშებს. მწვანეს კი ვეღარ გაუგია გაიმარჯვა თუ დამარცხდა. რა თქმა უნდა, წითლის აღიარება მას ამართლებს, მაგრამ რაღატომ გრძნობს უკმაყოფილებას? იქნებ იმიტომ, რომ წითლის სიამაყე ღირსებაში გადაიზარდა და ყველამ მის წინაშე ქედი მოიხარა?
აი, ნაცრისფერს კი არც ერთი გრძნობა ეტყობა. სწორედ ამიტომ არის ის ნაცრისფერი. მუდამ გაწონასწორებული.
-კეთილი, იმედი მაქვს აცნობიერებთ თქვენს ნათქვამს.
ნაცრისფერი ჩაქუჩს სწევს და მძიმედ ურტყამს :
-პირველი ინსტანცია არ არის კომპეტენტური მსგავსი საკითხების განსახილველად. მოქალაქე წითელი ბრალდებულია, მოქალაქე მწვანე კი მთავარი მოწმე. საქმე გადაეცემა სამი ფერის სასამართლოს. სამწუხაროდ, ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით. მოქალაქე წითელი, მოთავსებული იქნება წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოქალაქე მწვანე, თავისუფალია. სხდომის ჩატარების დრო უცნობია.
მოკლე სიჩუმის შემდეგ - „ძალიან ვწუხვარ“ ჩურჩულებს, თუმცა არავის ესმის ნარინჯისფრის გარდა.
ნეტავ, თუ შეიტანს პროტოკოლში ნარინჯისფერი ნაცრისფრის ბოლო სიტყვებს?
***
წითელი უკვე თვეზე მეტია წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
სრული სიჩუმე, გარემო დამძიმებული, საკანი კეთილმოწყობილი, თუმცა ბნელი, საკვები რეზინისებრი. მეზობლები არ ჰყავს. მთელს იზოლატორში მისი ჩათვლით მხოლოდ სამი ფერია. სიამოვნებით, გამოესაუბრებოდა წითელი თითოეულს. გამოკითხავდა ამბებს, გაიზიარებდა მათ ნაღველს.
ახლა წითელი ნებისმიერს გაესაუბრებოდა ოღონდ კი საკუთარი ხმა გაეგონა.
რა თქმა უნდა, წითელი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იჯდა, მოწოდებულს ჭამდა და სვამდა, კრინტს არ ძრავდა. არავის საკუთარ სისუსტეს არ აჩვენებდა, მაგრამ საქმე თუ გაიწელებოდა სიგიჟის პირას მივიდოდა.
მოპირდაპირე საპყრობილეში ცისფერია. როგორი უჩვეულოა, მისი გისოსებს მიღმა დანახვა. ადრე წითელიც იცნობდა ერთ ცისფერს. ის ისეთი ხალისიანი იყო! ახლაც ყურში ჩაესმის მისი კისკისი, რომელიც ხანდახან აღიზიანებდა.
ახლა, წითელი საკუთარ თავს პირობას უდებს, რომ თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის აუცილებლად მოძებნის ცისფერს და მის დაბრუნებას შეეცდება.
სამწუხაროდ, ცისფერი ვერასდროს გაიგებს, რომ წითელს უყვარდა.
აქ მხოლოდ განსაკუთრებული „ბოროტმოქმედები“ მოჰყავთ. რისი ჩადენა შეეძლო ცისფერს? ძირითადად ისინი მასწავლებლები არიან. ეგებ. მასაც ფერის შეცვლა უნდოდა? წითელი ხელის მოძრაობით ესალმება, თუმცა საპასუხოდ ვერაფერს იღებს.
მარჯვენა მხარეს იასამნისფერია. კითხვის დასმაც კი უადგილოა! სანაძლეოს ჩამოვალ მრუშობაშია დადანაშაულებული. უეჭველად ვინმე მაღალჩინოსანი „შეაცდინა“, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაცრისფერი მის ამბავს გადაწყვეტდა. საწყალი, მისი საქმე წინ არასდროს წავა. მუდამ ზედამხეველობისქვეშ ეყოლებათ, ცოცხალი, მაგრამ ამავდროულად მკვდარი.
ესე იგი პირველი აქაურობას წითელი ან ცისფერი დატოვებს.
სამი ფერის სასამართლო- რამდენი ამბავი თუ ზღაპარი სმენია მის შესახებ წითელს. რთულია, თქვა, თუ რა იმალება ამ სიმტყვების მიღმა. სასამართლოდან დაბრუნებული ჯერ არავის არავინ უნახავს, თუმცა სამი რამ დანამდვილებით იცის წითელმა - სამი ფერის მოსამართლეების ყველას ეშინია, მათი გადაწყვეტილება საბოლოოა, სასჯელი ფატალური.
კარი ხმაურიანად იღება. მძიმე ნაბიჯით შემოდის ყავისფერი. წითელს უახლოვდება. რამდენიმე ფურცელს აწვდის :
-გილოცავ. პროცესი დანიშნულია. დღეის სწორს, ორ კვირაში მოსამართლეების წინაშე წარსდგები.
-აბუჩად მიგდებთ თუ მართლა ხედავთ ჩემს მდგომარეობაში რაიმე მისალოცს. - წითელს შეეძლო არაფერი ეპასუხა, მაგრამ სიჩუმე ჭამდა. ახლა იგრძნო, თუ როგორი გამომშრალი ყოფილა.
-მერწმუნე. მე შენზე მეტი მინახავს. მარადისობის აქ, სასამართლო უწყების ლოდინში გატარებას ჯობს იცოდე რა მოხდება.
-მარადისობის - ჩაიცინა წითელმა - ყავისფერისათვის ზედმეტად ბრტყელ-ბრტელი სიტყვები გცოდნიათ.
არაფერს პასუხობს. უარსოდ იღიმის. მის თვალებში მხოლოდ სიბრალულის ამოკითხვაა შესაძლებელი. სწორედ ეს კლავს ამაყ წითელს. მზერას არიდებს. ყავისფერიც გადის.
ნაბიჯის ხმა იკარგება. წითელიც კონვერტს ხსნის. დარტყმულ ბეჭედს უხეშად ხევს. მასზე სამი გასაღებია გამოსახული - ნაცრისფერი, თეთრი და შავი.
ფურცელს ფრთხილად იღებს. რამდენჯერმე ატრიალებს. ჯერ ათვალიერებს, შემდეგ კითხვას იწყებს. თუმცა ამაოდ ახალს მაინც ვერაფერს იტყობს - დადანაშაულებულია წითელი, ფერის შეცვლის წადილისთვისა და წესრიგის დარღვევისათვის. ასევე მითითებულია, რომ წითელმა თავდაცვა არჩია და სასამართლო ვექილთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.
ახლა წითელი საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობს. საქმე მაინც წაგებულია. ეს შესაძლებლობა სახელმწიფოს თანხა დაეხარჯა უნდა გამოეყენებინა.
***
გრძელ დერეფანს მიუყვება ყავისფრისთანხლებით წითელი. მკაცრად გააფრთხილეს არ გაეხედა მარჯვნივ, არც მარცხნივ; მხოლოდ წინ. ძალიანაც უნდა წითელს შენობის დათვარიელება, მაგრამ ვერ ბედავს. აღარ ღირს საქმის გაფუჭება.
ხის კართან ჩერდებიან. რამდენიმე ნაბიჯით ასწრებს ყავისფერი წითელს. ორ წამიანი შუალედით სამჯერ აკაკუნებს. პასუხი იგვიანებს. მცირე ლოდინის შემდეგ კარიც იღება. სინათლე, ბნელსშეჩვეულ წითელს თვალებს უცრემლიანებს.
უშველებელ დარბაზს ელოდა, თუმცა მსგავსი არაფერი - არც ერთი სკამი, არც მდივანი, არც დამსწრეები. კედლები თეთრია, ჭერიც, იატაკიც, ტრიბუნებიც, მხოლოდ ტრიბუნებს შორის აღმართული სვეტებია შავი. მთავარ კედელზე, ექვსკუთხა ნაჭერზე სასამართლოს გერბია გამოსახული - სამი გასაღები.
მოსამართლეებიც უკვე ადგილზე არიან. ნაცრისფერი შუაში, მარჯვნივ თეთრი, მარცხნივ შავი. შავსა და თეთრს არასდროს შეხვედრია წითელი. ახლა ხვდება რატომ აშინებს ყველას მათი ხსენება. ისინი ისეთი დიდებულები არიან!
შავი უჩვეულოდ მაღალია, სქელი მხარ-ბეჭი, თვალები მუქი, გამომეტყველება დაუნდობელი.
თეთრი ნაზია , წვრილი წელი, სავსე მკერდი, გამომეტყველება მზრუნველი, მაგრამ გამომცდელი.
მოხსენებას ნაცრისფერი კითხულობს :
-სამი ფერის სასამართლო დღეს განიხილავ მოქალაქე წითელის საქმეს. ბრალდება მძიმეა. მოქალაქე მწვანემ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ დაინახა, თუ როგორ სთხოვდა წითელი ღმერთს ფერის შეცვლას.
-ჩემთვის უკვე მოესმენილი საკმარისია - აწყვეტინებს ნაცრისფერს შავი - ის დამნაშავეა. პირდაპირ სასჯელზე გადავიდეთ!
-ნუ ლაყბობ! -უხეშად ერთვება საუბარში თეთრი - ჩვენ ხელთ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება გვაქვს. მსგავსი სიმძიმის საქმეს ასე ზედაპირულად ნუ უყურებ!
-კი, მაგრამ...
-აცადე ნაცრისფერს მოხსენების დასრულება! - ეს მოთხოვნაა! მკაცრად ნათქვამი. შავი თავისთვის გაურკვეველად ბუზღუნებს. თეთრი ანიშნებს ნაცრისფერს სიტყვა გააგრძელოს.
წითელს ჰგონია, რომ ეს მზრუნველი გამომეტყველება მისკენ არის მიმართული და თეთრი მის მხარს იჭერს. არამც და არამც, თეთრს შავზე არანაკლებ სწადია პროცესის დროზე დასრულება, მაგრამ თეთრი წესებს იცავს; ზოგად დადგენილებებს. მას სულაც არ ადარდებს, თუ რა ბედი ეწევა წითელს ან ვინმე სხვა ბრალდებულს. კანონი! - აი, ერთადერთი, რაც მას ანაღვლებს.
-პირველი ინსტანციის პროტოკოლი ადასტურებს, რომ წითელმა მომხდარი აღიარა. რის შემდეგაც მოსამართლე ნაცრისფერმა თავი არაკომპეტენტურად ცნო, რათა გადაწყვეტილება სამი ფერის სასამართლოს მიეღო. მოქალაქე წითელი! აქ მითითებულია, რომ თქვენ უარი განაცხადეთ ვექილზე. ეს სიმართლეა?
-დიახ, თქვენო უზენაესო ღირსებავ.
-შეიძლება მიზეზი შევიტყო?
-საკუთარი თავის დაცვა თავად მირჩევნია.
-ვგონებ, თქვენ ვერ აცნობიერებთ საკუთარ მდგომარეობას, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა.
-შეგეწინააღმდეგებით თუ ნებას დამრთავთ. მეც და თქვენც ვიცით რა როგორ იქნება, ამიტომ რაღა მნიშვნელობა აქვს ზედმეტი ალიაქოთის მოწყობას?
-კეთილი! მაშ, განხილვა დიდ დროს არ წაგვართმევს. თუმცა ჩვენ კიდევ გვყავს ერთი მოწმე!
კარი იღება. ვინ უნდა იყოს? ლურჯს თვალებახვეული ყვითელი შემოჰყავს. ისიც დინჯად მოუყვება გზას. შიში არ იგრძნობა. წითელს გვერდს უვლის და ნაცრისფრის ტრიბუნას უსწორდება.
-გთხოვთ, წარმოთქვათ ფიცი.
-ვფიცავ საკუთარ ფერს, რომ სიმართლე იქნება ერთადერთი, რაც ჩემს ბაგეებს მოწყდება.
-ძალიან კარგი! თქვენ შეატყობინეთ ლურჯებს თითქმის თვენახევრის წინ მომხდარი ალიაქოთის შესახებ.
-დიახ.
-თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ გაიგონეთ მათი საუბარი?
-მხოლოდ მცირე ნაწილი, თუმცა ვეჭვობ მას, რაც მე გავიგე, სულაც არ აქვს არსებითი კავშირი საქმესთან. მხოლოდ ლანძღვა მახსენდება.
-თქვენ გაიგონეთ, თუ როგორ ეძახდა ღმერთს წითელი?
-არა.
-ესე იგი, გამოდის, რომ მწვანე ქალაქში ერთადერთია, ვინც გიაგო, როგორ ეძახდა წითელი ღმერთს? თან როგორც ირკვევა მთავარ მოედანზე, ურცხვად, მთელს ხმაზე ღრიალებდა და ეს არავის შეუნიშნავს?
-თქვენო უზენაესო ღირსებავ! შეიძლება მცირე დრო წაგართვათ და ჩემი აზრი მოგახსენოთ?
-რა თქმა უნდა. ყურადღებით გისმენთ.
ყვითელის თამამი ნაბიჯი გაკვირვებას იწვევს. ის ხომ ყვითელია, უნდა ეშინოდეს. წითლის ხსნა უნდა? არა, მას რაღაც სხვა აქვს განზრახვად :
-მწვანე შეიძლება სიმართლეს ამბობს, თუმცა მე ამ უგუნურ ფაქტს წითელის ინფანტილურობას მივაწერ. ის საკუთარ სურვილებში ჩაიძირა. რა გასაკვირია? ის ხომ წითელია? განა შეიძლება ამის გამო ასე სასტიკად დაისაჯოს? მწვანეც უმალ გამოჩნდა. კი, ის მწვანეა, მას მიაწერენ ხშირად სიმშვიდის სახელს, თუმცა მოცემულ ვითარებაში არც ის არის ნაკლებად დამნაშავე.
წითელს, ყვითელის შეფასება არ სიამოვნებს. ვერც კი იაზრებს, რომ ის მის დაცვას ცდილობს.
მოთმინების ფიალა ევსება. დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია; ოღონდ კი ამ დარბაზს თავი მალე დააღწიოს.
გადაწყვიტა, რომ მე არ მაქვს სურვილის ქონის უფლება!
-კანონმა! - ხმადაბლა პასუხობს თეთრი.
-მაშ, მიმიფურთხებია მე კანონისათვის!
ყვითელი საუბარს ჩუმად უყურადებს. ვერაფერს ხედავს, მაგრამ ყველაფერს გრძნობს. ნუთუ, ეს არის ის კანონის უზენაესობა, ურომლისოდაც მას არ წარმოედგინა ყოფა.
-მე თავიდანვე ვთქვი, რომ მისთვის ამდენის უფლება არ უნდა მიგვეცა - ნიშნის მოგებით ამბობს შავი.
-მართალი იყავ ან რა მიკვირს - შენ ჩემზე უკეთ გესმის მისი მსგავსი უგუნურების.
-თუ ბრალდებულს აღარაფერი აქვს სათქმელი სასამართლო გადაწყვეტილების განხილვას შეუდგება. - სხვაპასხუპით ამბობს ნაცრისფერი. შავსა და თეთრს შორის მორიგი დაპირისპირების თავიდან აცილებად ლამობს.
-კი, მაქვს! როდესაც მწვანემ მკითხა, თუ რატომ მინდოდა ფერის შეცვლა - მე ვუპასუხე, რომ მომბეზრდა. მე ვერ გამეგო ვინ ვიყავი, რადგან თითქოს ყველგან ჩემს კვალს ვხედავდი, მაგრამ ჩემი ხმის არ მესმოდა.
წითელს საუბარი აშკარად უჭირს. თეთრმა და შავმა უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს ეს უბრალოდ ფორმალობაა. ნაცრისფერი რომ არა, ნაბიჯს გადადგამდნენ და წითელს მწერივით გაუსწორდებოდნენ.
წითელს ნელ-ნელა ხმაში კმაყოფილება ერევა :
-შეიძლება დღევანდელი დღე რომ არა ვერც ვერასდროს გამეგო ვინ ვიყავი. მე ვარ წითელი და მაშასადამე ვარ ვნება. - ხელებს შლის - უსაზღვრო სურვილი, რომელსაც ვერავინ გააქრობს.
ყვითელს ცრემლი მოსდის;
შავი მოუთმენლობისაგან ტუჩებს ცქმუტავს;
თეთრი უძრავად დგას;
ნაცრისფერს სახე ემღვრევა. შემიძლია დავიფიცო, რომ ის უთანაგრძნობს წითელს, მაგრამ ვერაფერს იზამს.
კანონი კრძალავს უმადურობას, მაგრამ გამორიცხავს თანალმობას. ეჰ, რას გაუგებ ამ კანონებს.
როგორც უკვე ვთქვით, შავსა და თეთრს სასჯელი უკვე გადაეწყვიტათ წითელს დასჯიდნენ - ფერს წაართმევდნენ. ის გახდებოდა უფერული და არსებობას განაგრძობდა სასამართლოს ეზოში სხვა უფერულებთან ერთად.
საკითხავია თუ დარჩებიან მოსამართლეები ბოლომდე საკუთარი განაჩენის ერთგულები ან იქნებ წითელი მართლაც ის ფერია, რომელსაც არ უწერია გაუფერულება?
აი, ეს უკვე აღარ ვიცი.скачать dle 11.3



№1 სტუმარი უბატონო

ჰმ
დამაფიქრებელია.
ყველაზე რთული კითხვისას მოტივის გამოცნობაა ალბათ.
რატომ დაიწერა ?
რაღაცით ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება, გამანადგურებელი წითელი და შეჭმული მწვანე.
იგივე წარმატებით შეიძლება ვივარაუდო რომ უბრალოდ ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია, სხვადასხვა ფერია.
როდესაც სიტყვათა ჰარმონია აფსოლუტურ დისონანსს ჰქმნის "ჩვეულ" საკითხავებთან, სიახლის შეგრძნება მიჩნდება.
ეს სწორედ ის შემთხვევაა.
მცირე ჩანახატში დატეული სხვადასხვა სახესხვაობა და საკუთარი თავის მუდმივი განსჯა.
ეს ყველაშია?
რადგან დაწერე ალბათ არის.
და ჰო ასეა...
და ჰო, საჭიროა ასე იყოს.
საკუთარი თავის ჯალათად ყოფნა, სიამაყის შეგრძნებასაც იწვევს და უსუსურებისასაც.
როგორც ერთი მდინარის ორი ნაპირი.
როგორც არიოლი და რეშკა.
როგორც წითელი და მწვანე.
მაგრამ სივრცე ხომ საერთოა არა?!
ჰო ასეა...
ასეც უნდა იყოს.
ბევრ რამეს ვფიქრობ ახლა ერთდროულად და დალაგებაც მიჭირს.
კარგი იყო.
არა შესანიშნავი, მაგრამ კარგი.
წარმატებები.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

წითლის და მწვანის გასამართლება ჩემთვის სიმბოლურია. მე არ ვიცი სხვა როგორ აღიქვამს ფერებს, მაგრამ მწვანე -სიცოცხლის ფერი იყო და იქნება ჩემთვის (ამიტომ მიყვარს ყველაზე მეტად) და წითელი კი ვნება, რომელიც ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას ითავსებს გრძნობების მოქმედება- "დრაივში".
კარგია, რომ მწვანეს საფრთხე აღარ ემუქრება, ფრიად კმაყოფილი ვარ. ვნებას კი სჯობს, გონებას მოუხმოს, თორემ დარჩება მუდამ დასჯილი ბევრი დაუფიქრებელი საქციელის გამო.
სწორედ ეგ წითელია, რომ გვატრიალებს თავის ჭკუაზე...
მიიღო საკადრისად! :)))
ლუკა, არ ვიცი რა გითხრა, კარგი ხარ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline ახალბედა მწერალი lukakhati

უბატონო
ჰმ
დამაფიქრებელია.
ყველაზე რთული კითხვისას მოტივის გამოცნობაა ალბათ.
რატომ დაიწერა ?
რაღაცით ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება, გამანადგურებელი წითელი და შეჭმული მწვანე.
იგივე წარმატებით შეიძლება ვივარაუდო რომ უბრალოდ ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია, სხვადასხვა ფერია.
როდესაც სიტყვათა ჰარმონია აფსოლუტურ დისონანსს ჰქმნის "ჩვეულ" საკითხავებთან, სიახლის შეგრძნება მიჩნდება.
ეს სწორედ ის შემთხვევაა.
მცირე ჩანახატში დატეული სხვადასხვა სახესხვაობა და საკუთარი თავის მუდმივი განსჯა.
ეს ყველაშია?
რადგან დაწერე ალბათ არის.
და ჰო ასეა...
და ჰო, საჭიროა ასე იყოს.
საკუთარი თავის ჯალათად ყოფნა, სიამაყის შეგრძნებასაც იწვევს და უსუსურებისასაც.
როგორც ერთი მდინარის ორი ნაპირი.
როგორც არიოლი და რეშკა.
როგორც წითელი და მწვანე.
მაგრამ სივრცე ხომ საერთოა არა?!
ჰო ასეა...
ასეც უნდა იყოს.
ბევრ რამეს ვფიქრობ ახლა ერთდროულად და დალაგებაც მიჭირს.
კარგი იყო.
არა შესანიშნავი, მაგრამ კარგი.
წარმატებები.

გამიხარდა, რომ დაგაფიქრა.
და უფრო მიხარია, რომ ამდენი სხვადასხვა აზრი გააჩინა.
ამისთვის დაიწერა :)

ქეთი იმერლიშვილი
წითლის და მწვანის გასამართლება ჩემთვის სიმბოლურია. მე არ ვიცი სხვა როგორ აღიქვამს ფერებს, მაგრამ მწვანე -სიცოცხლის ფერი იყო და იქნება ჩემთვის (ამიტომ მიყვარს ყველაზე მეტად) და წითელი კი ვნება, რომელიც ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას ითავსებს გრძნობების მოქმედება- "დრაივში".
კარგია, რომ მწვანეს საფრთხე აღარ ემუქრება, ფრიად კმაყოფილი ვარ. ვნებას კი სჯობს, გონებას მოუხმოს, თორემ დარჩება მუდამ დასჯილი ბევრი დაუფიქრებელი საქციელის გამო.
სწორედ ეგ წითელია, რომ გვატრიალებს თავის ჭკუაზე...
მიიღო საკადრისად! :)))
ლუკა, არ ვიცი რა გითხრა, კარგი ხარ! ❤️

ქეთი ❤ როგორც ყოველთვის ,ახარებს შენი კომენტარი ❤???? მაგ საზიზღარი წითლის ბრალია რა უბედურებებიც მოგვდის ,მაგრამ მაგის გარეშეც რომ მთლად ვეღარა ვართ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent