შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (32)


26-08-2019, 00:40
ავტორი omexi
ნანახია 189

დღე მეთოთხმეტე
საზაფხულო სააბაზანოში ნელთბილი წყლით ვიბანავე, რომელიც ხელდახელ გავაცხელე აგიზგიზებულ ღუმელზე, შემდეგ სააბაზანო ლაშას დავუთმე და შეციებული მეორე სართულზე ავედი.
დაქანცულსა და ალკოჰოლიდან შეზარხოშებულს თვალები მელულებოდა.
მთქნარებით შევწექი გაყინულ საწოლში, დაძაბულმა დღემ და გადატანილმა სტრესმა თავისი გაიტანა, მალე ჩამეძინა, თუმცა სტრესმა სიზმარში იჩინა თავი.
დამესიზმრა: - თითქოს ადიდებული მდინარის მღვრიე ზვირთებს ვებრძოდი, სუნთქვაშეკრულს თავს მევლებოდა ყინულივით ცივი წყალი, გამალებით ვიქნევდი ხელ-ფეხს, მაგრამ გაცოფებული სტიქია მაინც ჩიკორასავით მაბზრიალებდა და უშველებელ, ხავსმოდებულ ლოდებს მაჯახებდა.
მოშორებით, სადაც მდინარის კალაპოტი შესამჩნევად ვიწროვდებოდა, სანაპიროზე აგებული პატარა წისქვილი შევამჩნიე, იმავდროულად დინება ერთიორად აჩქარდა, სიღრმეში ჩამითრია, შეუძლებელი გახდა მიმართულების შენარჩუნება, არ ვიცოდი საით მივექანებოდი, ვერაფერს ვხედავდი, რადგან უმეტესად წყალქვეშ ვიყავი ჩაძირული, შემდეგ თავზემოთ წისქვილის ხის ბორბალს მოვკარი თვალი, სული შემეხუთა, ვიგრძენი, როგორ მომეკრო სახეზე რაღაც, დაყვირება მინდოდა, მაგრამ პირის გაღებაც ვერ მოვახერხე, ავფართხალდი, ხელ-ფეხი ბნედიანივით გავიქნიე და - გამომეღვიძა.
გული გამალებით მიცემდა, სახეზე სიმძიმეს ვგრძნობდი, ვცდილობდი მთელი მკერდით ჩამესუნთქა ჰაერი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, სიზმრიდან გამოყოლილი ელდა, აზროვნებას მიბინდავდა, პირველად ვერ გავერკვიე რა ხდებოდა, სუსტად გავიბრძოლე, ხელები უმისამართოდ ავიქნიე და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემს საწოლთან ვიღაც დახრილია და ხელს პირზე მაჭერს.
ოთახში ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როცა მხედველობა დავძაბე, ვიღაცის ახოვანი ფიგურა დავლანდე, კვლავ სუსტად გავიბრძოლე, უცნობს ხელებით სახეზე წავეპოტინე და შევეცადე დამეყვირა, იქნებ მეორე ოთახში მძინარე ლაშასთვის მიმეწვდინა ხმა.
მოულოდნელად უცნობის სილუეტი ამოძრავდა, ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში ხმადაბლა ჩამჩურჩულა.
- ჩშშშ, ჩუმად იყავი.
როგორც კი უცნობის ბოხი ბარიტონი გავიგონე, წამსვე ფრიდონ ხუციშვილი ვიცანი, ფართხალი შევწყვიტე და სიბნელეს ჯიქურ ჩავაჩერდი, ზორბა სილუეტი ნელა წამოიმართა, პირიდან ხელი მომაშორა და სიბნელეში მოჩვენებასავით გაირინდა.
- ფრიდონ შენ ხარ, - ხრინწიანი ხმით ვიკითხე.
- ჩშშშ, - მან თითი ტუჩზე მიიბჯინა.
დავუჯერე, საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი და იქვე გადაფენილ ჯინსებს გადავწვდი, როცა ხის იატაკზე ფრთხილად გავიარე, ძველი ფიცარი საბრალობლად აჭრიალდა, ხუციშვილმა ნაწყენმა გადმომხედა, ხელით კვლავ მანიშნა ფრთხილად ვყოფილიყავი და ფანჯარაში გაიჭვრიტა.
შავი ფერის არმიული კომბინიზონი და მძიმე ჩექმები ეცვა, ჯიბეები, სამკლაურები, სამუხლეები და ფართე საქამრე უნიფორმას თვალშისაცემ იერს აძლევდა, მაგრამ ყველაზე პირველად რაც შევამჩნიე, მარჯვენა თეძოსთან მიმაგრებული იარაღის «კაბურა» იყო, საიდანაც პისტოლეტის ბზიალა ტარი მოჩანდა.
საოცრად ციოდა, მაგრამ ფრიდონის მოულოდნელმა გამოჩენამ, სულ გამიქრო ტემპერატურის აღქმის უნარი, ფეხაკრეფით მივუახლოვდი ფანჯარას და ჩაბნელებულ ეზოს გადავხედე.
გარეთ გადაუღებლად თოვდა, ქარბუქი ფანტელებს ფანჯრის მინას ხრაშუნით აყრიდა და მხედველობის არეს ზღუდავდა, ხუციშვილი ხის რაფას ეყრდნობოდა, მრისხანედ მოექუფრა წარბები, გადასახტომად გამზადებული ავაზასავით დაძაბულიყო და ჯიქურ ჩაშჩერებოდა სიბნელეს, წარმოდგენა არ მქონდა რას ეძებდა, რადგან ამ სიბნელეში შეუძლებელი გახლდათ რამე გაერჩია ადამიანს.
ბევრი ვეცადე, ნამძინარევი თვალები მოვისრისე, მხედველობა დავძაბე, მაგრამ ფანჯრის მიღმა სიბნელის მეტი არაფერი დამინახავს.
შემდეგ ჩემს ყურთასმენას მსუბუქი ჩქამი მისწვდა, ეზოს ბოლოს რაღაც ამოძრავდა, ცოტა ხანში კი ჭიშკრის ჭრიალიც მომესმა.
ყურადღება მივაქციე როგორ ნერვულად შეტოკდა ხუციშვილი, ხელი ყურზე მიიჭირა და ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.
- ეზოში შემოვიდნენ.
ჯერ მეგონა მე მომმართავდა, მერე სიბნელეში ნიჟარაზე დამაგრებული მცირე ყურსასმენი და ტუჩებთან მიმარჯვებული წვრილი მიკროფონი შევამჩნიე, ხოლო როცა მის საქამრესთან მწვანე ნათურა აციმციმდა, მივხვდი ვიღაცას პორტატული რადიოგადამცემით, ეგრეთ წოდებული «რაციით» უკავშირდებოდა.
გაურკვევლობისგან ადგილიდან არ ვიძროდი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, ვის უთვალთვალებდა ხუციშვილი, ან როგორ მომაგნო? იქნებ ჯერ კიდევ კოშმარული სიზმარი მეზმანება? დაბნეულმა აქეთ-იქეთ მიმოვიხედე, სიზმრისთვის ყველაფერი ძალიან რეალური იყო.
სად არის ლაშა? - პირველად ეს შეკითხვა დამებადა, მას ხომ გვერდით ოთახში ეძინა? იქნებ ხუციშვილს ის ჯერ არ გაუღვიძებია?
ხელზე გამეტებით ვიჩქმიტე, აფორიაქებულმა ძალა ვერ მოვზომე, ამიტომ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ტკივილისგან სიმწრის ცრემლები წამსკდა, გავაცნობიერე - არ მძინავს და რაც ჩემს ირგვლი ხდება რეალურია.
წამით ელდამ თავიდან-ფეხებამდე ელვასავით დამიარა, გვერდით მდგომ ოპერს მივუბრუნდი და ხმადაბლა ვკითხე.
- რა ხდება?
ხუციშვილმა მხოლოდ წამიერად გადმომხედა, მივხვდი არ მისმენდა, ალბათ ყურსასმენებიდან მითითებებს იღებდა, შემდეგ ხელით მანიშნა ფანჯარას მოვშორებოდი და მიკროფონში ჩაიჩურჩულა.
- გასაგებია, ამას მე მივხედავ, შენ ტრანსპორტი ამოიღე მიზანში.
ამ სიტყვების შემდეგ, ჩემს ლოგინს მიუბრუნდა, ბალიში საბნის ქვეშ ამოდო და ლეიბის კიდეები ისე ამოკეცა, რომ ერთი შეხედვით გეგონებოდათ ვიღაცას საბანში გამოხვეულს სძინავსო.
მერე ხელი მკლავზე ჩამავლო და ფანჯარას ძალით მომაშორა.
სანამ ოთახის სიღრმეში გადავინაცვლებდი, მოფარფატე ფანტელებს მიღმა დავინახე, როგორ ფეხაკრეფით ამოდიოდა თოვლით დაფარულ კიბეებზე უცხო მამაკაცი.
რა თქმა უნდა მამაკაცი ვერ ვიცანი, რადგან სიბნელის წყალობით მხოლოდ მისი ბნელი სილუეტი ჩანდა, მაგრამ მივხვდი, რომ კარგი საქმისთვის ნამდვილად არ იყო მოსული.
ნეტა ვინ არი? - ეს შეკითხვა გონებიდან არ მშორდებოდა.
- იმ ოთახში შედი, - ჩურჩულით მითხრა ფრიდონმა და გვერდით საძინებელზე მანიშნა.
საძინებლის კარი ღია იყო, როცა ზღურბლს გადავაბიჯე აღმოვაჩინე, რომ წელსზემოთ შიშველი ლაშა ფანჯარასთან იდგა და ჩაბნელებულ უკანა ეზოს ზვერავდა.
- აქეთ არავინაა, - ხმადაბლა უთხრა ხუციშვილს.
ოპერმა თავი უხმოდ დაუქნია, შემდეგ კედელს ამოეფარა, საქამრეზე დაკიდებული «კაბურიდან» პისტოლეტი ამოაცურა, როგორც აღმოჩნდა მასაც ТТ ჰქონდა, იარაღი ხელში მოხერხებულად მოიმარჯვა და შემოსასვლელი კარისკენ მიმართა.
- რა ჯანდაბა ხდება «ბლიად»? - ვკითხე ლაშას.
ჩემმა მეგობარმა მხრები აიჩეჩა.
- მგონი ჩვენს «დასაბრედად» მოვიდნენ, - უბრალოდ მომიგო.
- ხუციშვილმა საიდან მოგვაგნო?
ლაშამ პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ ფრიდონმა ხელის აქნევით გვანიშნა გავჩერებულიყავით.
გავისუსე, ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი გამყოფ კედელს და ღია კარიდან მეორე ოთახში გავიჭვრიტე.
შემოსასვლელ კარს ყოველთვის ღიას ვტოვებდი, ახლა კი როცა უცნობი კარს მოადგა, ვინანე, ნეტა საგულდაგულოდ ჩამერაზა მეთქი, მართალია მკვლელს ჩაკეტილი კარი არ დააბრკოლებდა, მაგრამ თავს უფრო დაცულად ვიგრძნობდი.
უცნობმა უხმაუროდ შემოაღო კარი, სხარტად შემოძვრა, ჯერ გაირინდა, რაღაცას დააყურადა, შემდეგ ფრთხილად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა, ფეხაკრეფით გაიარა ჰოლი და პირველსავე საძინებელში შევიდა, ეტყობოდა პროფესიონალი იყო, აჩრდილივით მოძრაობდა, ერთი ზედმეტი ჩქამიც არ გაუღია, საძინებელი სწრაფად გადაკვეთა, მზერა საწოლზე შეაჩერა, ორივე ხელით ჩაბღუჯული ჩვეულებრივზე ბევრად გრძელლულიანი იარაღი მიუშვირა და ჩახმახს თითი რამდენჯერმე გამოსდო.
სროლის ხმა არ გამიგია, მხოლოდ ის დავინახე ტყვიებმა როგორ დაფლითა ბალიში, ბუმბული კი იატაკზე მიმოიფანტა.
მერე ყველაფერი ელვისებურად მოხდა მკვლელმა ცარიელ საწოლს საბანი გადახადა, გაწბილებულმა რაღაც ჩაიღრინა გაურკვეველ ენაზე და იარაღი სიბნელეს მიუშვირა.
იმავდროულად კედელს ამოფარებულმა ხუციშვილმა უცნობი მიზანში ამოიღო და ტყვია პირდაპირ მუხლში ესროლა.
გასროლის ხმამ სიჩუმე გააპო, ექო ზრიალით გავრცელდა ცარიელ საძინებელში.
უცნობისთვის თავდასმა მოულოდნელი იყო, ჯერ დაიბნა, მერე ტკივილისგან დაიღრიალა, დაჭრილი მუხლი მოეკვეთა, ჩაიჩოქა, რომ არ წაქცეულიყო ხელით საწოლის კიდეს წაეპოტინა და იარაღი ბრმად გაისროლა.
ტყვიები ყრუ ტკაცანით ასხლტდა ჭერზე და ბათქაში ჩამოამტვრია.
- не1алт хуьлда хьуна! 1 - რაღაც დაიყვირა მკვლელმა, მერე მთელ ძალისხმევას მოუხმო, ცალ მუხლზე წამოდგა და ჩაბნელებული ოთახი ნერვიულად მოათვალიერა.
მაგრამ სანამ «ქილერის» ინსტიქტები კვლავ გააქტიურდებოდნენ, ხუციშვილმა დაასწრო, სამალავი მიატოვა, ორი გამოზომილი ნაბიჯით მასთან გაჩნდა და წიხლი სახეში გამეტებით ამოსცხო.
მკვლელს ხელიდან პისტოლეტი გაუვარდა და უგონოდ მიესვენა იატაკზე.
მე და ლაშა შეშინებული გამოვედით საძინებლიდან, ხუციშვილი უცნობთან ჩაცუცქულიყო, მართალია ის უგონოდ ეგდო, მაგრამ ზურგსუკან გადაგრეხილ ხელებზე მაინც დაადო ხელბორკილები.
შემდეგ როცა ოთახში შესულები დაგვინახა, კუშტად გაგვიღიმა და იატაკზე დავარდნილი პისტოლეტი ფეხის კვრით ჩვენსკენ გამოაცურა.
ლაშა ელვისებურად დასწვდა იარაღს, სწრაფი მოძრაობით გახსნა მჭიდი, ვაზნების მარაგი შეამოწმა, ის არა მარტო თეორიულად იცნობდა ცეცხლსასროლ იარაღს, არამედე პრაქტიკაც კარგად ეხერხებოდა, ბევრი დრო ჰქონდა გატარებული სასროლეთში, რამდენიმე წამი პისტოლეტს დასცქეროდა, შემდეგ მომიტრიალდა და ჩურჩულით მითხრა.
- ტიპიური «ქილერის» იარაღია, 1990 წელს დამზადებული Walther P-88, უამაღლესი ხარისხის «გლუშიტელიც» აქვს.
არაფრის თქმას არ ვაპირებდი, თუმცა გარედან შემოღწეულმა მძლავრი ძრავის ღმუილმა, სულ სხვა საზრუნავი გამიჩინა, ამ ხმის გაგონებაზე ხუციშვილი ფანჯარას მიეჭრა და «რაციაში» ხმამაღლა ჩასძახა.
- გაქცევას აპირებენ.
მერე ყურსასმენებს დააყურადა, ალბათ მოსმენილმა პასუხმა დააიმედა, უშნოდ გაიღიმა და თქვა.
- აბა შენ იცი.
მე და ლაშაც ფანჯარასთან მაშინ მივედით, როცა ჭიშკართან ორი აბრდღვიალებული შუქფარი აინთო, უცხო ავტომობილი ისე ოსტატურად იყო შეფარებული სიბნელეს, რომ ადამიანი ვერც კი გაარჩევდა.
ფარების შუქზე თოვლის ფანტელები ერთიორად დიდები გამოჩნდნენ, ხვავრიელად ბარდნიდა, ავტომობილი მკვეთრად მოტრიალდა და სრიალ-სრიალით გაიჭრა წინ.
იმავდროულად სახლის გვერდით მოთავსებული მარნის დამრეცი სახურავიდან ზედიზედ სამჯერ გაისროლეს, მსროლელი ვერ შვამჩნიე ოსტატურად ამოფარებოდა თუჯის ჟოლოპს, სამაგიეროდ გარკვევით დავინახე, როგორ შეიცვალა მიმართულება სრული სვლით მიმავალმა ავტომობილმა, მოყინულ შარაგზაზე მოსრიალდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მეზობლის ქვის ღობეს შეასკდა.
- ზუსტი ნასროლია, - ხუციშვილმა «რაციით» შეაქო უცნობი მსროლელი, შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა, - ბიჭებო აქ დარჩით.
ხელი მისაღები ოთახისკენ გაიშვირა, თვითონ იარაღმომარჯვებული სწრაფად გავარდა გარეთ, დათოვლილი კიბეები სირბილით ჩაირბინა, თან მიკროფობში ხმამაღლა ჩაჰყვიროდა.
- ერთი დაპატიმრებულია, ახლა სხვებსაც მივხედოთ, მე დასავლეთიდან მოვუვლი, თქვენ წინიდან დახვდით.
მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ფრიდონმა სიცოცხლე შეგვინარჩუნა, ბეწვზე გადავურჩით სიკვდილს, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ თავდამსხმელები ან რამდენი ხანი ემზადებოდნენ შტურმისთვის, რომ არა ხუციშვილი, მკვლელი ორთავეს ძილში ამოგვხოცავდა.
- ეს რა იყო ბიჭო, - ლაშა მომხდარით შოკირებული გახლდათ.
- ხუციშვილი მგონი ჩვენი მფარველი ანგელოზია, - დინჯად ვთქვი, შიშველ სხეულზე სვიტერი გადავიცვი და ოთახიდან გავედი.
- დაიცადეო ხომ გვითხრეს, - გამაფრთხილა მეგობარმა.
- როდის მერე დაიწყე წესების დაცვა? - ირონიულად ვკთხე.
- მას შემდეგ, რაც ჩვენი მოკლა გადაწყვიტეს.
- ესე იგი დღეიდან? - გვერდულად გადმოვხედე მეგობარს, - ვფიქრობ არ გაგიჭირდება დარღვვა.
კარი გამოვაღე და მისკენ არც მივტრიალებულვარ ისე ვუთხარი.
- მირჩევნია პირადად გავიგო, ვინ არის ჩვენი მტერი.
- დამელოდე, - ნაწყენად მომაძახა ლაშამ და უკან დამედევნა.
თუმცა სანამ ის გარეთ გამოვიდოდა, მე უკვე კიბეები ჩავათავე.
ეზოს გადაღმა უკვე მთელი სპეცოპერაცია გამართულიყო, ქუჩა ოთხ «ვილისს» გადაეკეტა, ნაავარიევი ავტომობილი, რომელიც Nissan Patrol GR Y60 მოდელის ყველგანმავალი აღმოჩნდა, ამობრუნებული ეგდო თოვლით ამოვსებულ თხრილში, «კაპოტზე» მსხვილკალიბრიანი ვაზნებიდან დატოვებული სამი უშველებელი ნატყვიარი აჩნდა, საიდანაც ზანტად მოიკლაკნებოდა კვამლის ვიწრო ზოლი, ზუსტმა გასროლამ ალბათ ძრავი დაუზიანა.
პოლიციელებს დაჭეჭყილი კაბინიდან ორი მამაკაცი ამოჰყავდა, ავტომობილების შუქფარების შუქზე მწითური თმით, ნაყვავილარი სახითა და ჩასკვნილი აგებულების წყალობით, მხოლოდ ერთი მათგანი ვიცანი - ის ბორის ჩაფრავა გახლდათ.
ამასობაში ლაშაც შემომიერთდა, ინტერესით უმზერდა დატუსაღების სცენას, დამნაშავეებს დემონსტრაციულად დაადეს ხელბორკილები და ცალ-ცალკე ჩასვეს «ვილისებში».
- ეს თუ ბორისია, მაშინ მეორე ლევან აშბა იქნება, - ივარაუდა მან.
მართალია ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ მისი სიტყვები მაინც გაიგონა ხუციშვილმა, ღიმილით გადმოგვხედა, მერე ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა, ზემოდან დაგვაცქერდა და დინჯად თქვა.
- გამოიცანით, ლევანი და ბორისი დავაპატიმრეთ, ესე იგი ყველაფერი დასრულდა.
პასუხი არ გამიცია მხოლოდ უტყვად ავიჩეჩე მხრები, მერე პოლიციელების ჯგუფს, საშუალო სიმაღლის ასაკიანი მამაკაცი გამოეყო, რომელიც თავდაჯერებით იძლეოდა ბრძანებებს, ოპერს გვერდით ამოუდგა და რბილი ხმით უთხრა.
- ფრიდონ ესენია შენი ინფორმატორები?
ხუციშვილმა დინჯად დაუქნია თავი.
- ხო «პავლოვიჩ» ესენია, - შემდეგ თვალი გადაგვავლო და გადამჭრელად დაუმატა, - თუმცა უფრო სწორი იქნება კოლეგებად მოვიხსენიოთ.
ხუციშვილის სიტყვები მესიამოვნა, «კოლეგები» გვიწოდა, მაგრამ მისმა წარმოთქმულმა მეორე სიტყვამ თავ-ზარი დამსცა - «პავლოვიჩიო»?
- მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, - ღიმილით გვითხრა მამაკაცმა, - ნიჭიერი ბიჭები ხართ, - ალალად დაუმატა და ხელი გამომიწოდა.
პირდაღებული ვუმზერდი - «პავლოვიჩს», ესე იგი სწორედ ის გახლდათ მირიან ტყეშელაშვილი, საგამომძიებო დეპარტამენტის კორუმპირებული ხელმძღვანელი, როგორც თორდიამ და მარიამმა აღნიშნეს, ისიც «ტრეფიკიორებთან» იყო შეკრული? გონებაში ფიქრები ამერია, ალბათ ხუციშვილმა არც იცის რა ორპირ ადამიანთან აქვს საქმე, რომელმაც უმოწყალოდ ჩახოცა მისი მეგობრები გაყინულ მდინარეში.
დაბნეულმა უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, «პავლოვიჩის» გამოწვდილ მარჯვენას ამრეზით გავხედე და ის იყო მწარე სიტყვების თქმასაც ვაპირებდი, რომ ეზოს ჭიშკარი ჭრიალით გაიღო.
უკან გავიხედე, უცნობმა მამაკაცმა სწორედ მაშინ გადმოიარა ქვის ბოგირი, საშუალო სიმაღლის გახლდათ, ისეთივე შავი არმიული კომბინიზონი და მძიმე ჩექმები ეცვა როგორიც ხუციშვილს, ოღონდ ბეჭზე უშველებელი მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა გაედო და სტვენა-სტვენით მოემართებოდა ჩვენსკენ.
მივხვდი სწორედ ის გახლდათ ის «ჩუბინი» მსროლელი, რომლის ზუსტმა გასროლამ დამნაშავეებს იმალვის საშუალება არ მისცა.
სანახევროდ სიბნელეში იყო ჩაძირული, ამიტომ მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც კი «ვილისების» შუქფარებიდან განათებულ ზონაში შემოაბიჯა, ჭაღარა თმითა და სუსხიანი გამოხედვით კახაბერ თორდია ვიცანი.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ხმაც ვერ ამოვიღე, ადამიანი, რომელიც მკვდარი მეგონა საკუთარ სახლში მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანით გამომეცხადა, მოვლენების ამგვარ განვითარებას ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანიც ვერ წარმოიდგენდა.
ამიტომაც ვიდექი დამბლადაცემულივით.
- წარმოუდგენელია, - მოულოდნელად შეჰყვირა ლაშამ ადგილს მოსწყდა და თორდიასკენ გაემართა.
მისგან ასეთ საქციელს ნამდვილად არ ველოდი, მართალია მარიამისა და თორდიას დაკარგვა გულთან ახლოს მიიტანა, მთელი დღე გლოვობდა, მაგრამ კახაბერის მიმართ არასდროს გამოუჩენია სითბო.
თუმცა როცა თორდიას მიუახლოვდა, მივხვდი სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა, ექსპერტის ბეჭზე გადებულ შაშხანას ხელი გადაუსვა და თავისთვის ჩაიჩიფჩიფა.
- დაუჯერებელია 1987 წელს Iver Johnson-ის მიერ წარმოებული, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა AMAC-1500, «ვაფანატებ» ამ მოდელზე, ნამდვილი კლასიკაა.
- ხო მეც ძალიან მიყვარს, - უპასუხა თორდიამ, შაშხანა ბეჭიდან ჩამოიღო და ლაშას გადასცა.
ამასობაში მეც დამიბრუნდა რეალობის აღქმის უნარი, მივხვდი რასაც ვხედავ არც ჰალუცინაციაა და არც პარანორმალური მოვლენა, შემდეგ ერთბაშად გავაცნობიერე, რომ ტყუილა ვიდანაშაულებდით თავს და აღარც კი მახსოვს რამდენჯერ შევსვით ცოცხალი მმეგობრების ხსოვნის სადღეგრძელო.
თორდიასკენ მივტრიალდი.
- მიხარია რომ ცოცხალს გხედავ, - ხმამაღლა გავსძახე და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი.
- მეც მიხარია, რომ იმ ჩეჩენმა ნაბიჭვარმა საიქიოში არ გაგისტუმრათ, - თორდიამ ცივი მზერა მომაპყრო და ხელი მეგობრულად ჩამომართვა.
- მარიამი? - მოკლედ იკითხა ლაშამ.
- კარგადაა, - ღიმილით დაეთანხმა თორდია, - ჩემს კოლეგასთან ერთად ბონდარენკოს მახსოვრობის აღდგენის თერაპიას უტარებს სოფელ კურზუში.
დაბნეული ვიდექი, ვერ ვხვდებოდი ასე როგორ აეწყო ყველაფერი, მერე თავი გავიქნიე და გაურკვევლობაში მყოფმა ჩავილაპარაკე.
- ვინმემ ამიხსენით რა ხდება.
იქვე მდგომი მირიან ტყეშელაშვილი ჩვენს საუბარს თვალებმოჭუტული უსმენდა, შემდეგ ხუციშვილს გადახედა და მკაცრად უთხრა.
- ფრიდონ ამ ჭაბუკებმა არაფერი იციან საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ?
ოპერმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ჯანდაბა, მეც არ მიკვირდა რატომ მიყურებდა ეს ჭაბუკი მოსისხლე მტერივით? - ღიმილით გადმომხედა მან, მერე ხუციშვილს მიუბრუნდა და მბრძანებლურად უთხრა, - ახლავე გაარკვიეთ საქმის ვითარებაში.
- გასაგებია უფროსო, - ხუციშვილმა თავი დაუქნია «პავლოვიჩს» და ნელი ნაბიჯით ჩვენსკენ გამოემართა.
ვხვდებოდი წინ საინტერესო საუბარი მელოდა, რომელიც ბევრ პასუხგაუცემელ შეკითხვას მოფენდა ნათელს, ამიტომ სულიერად შევემზადე, ლაშას ხელი ბეჭზე დავკარი და ხმადაბლა ვუთხარი.
- წამოდი «ბრატ» «გავაისნოთ» ყველაფერი.
პოლიციელებმა ჩემი საძინებლიდან ჩეჩენი «ქილერი» გამოათრიეს, ის გონს მოსულიყო, მაგრამ ხელებშეკრული მხოლოდ ლანძღვა-გინებას ახერხებდა, მის ენაზე ყველას - ч1аг1алкхан-ს გვეძახდა, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს სიტყვა ჩეჩნურად - აფთარს ნიშნავს, მკვლელი მანამადე ილანძრებოდა სანამ ერთ-ერთ «ვილისში» არ ჩატენეს.
თენდებოდა, მოღრუბლული ზეცა ზამთრის რიჟრაჟს ვარდისფრად შეეფერა, საავდრო ღრუბლებს სუსტი სიო ნარ-ნარად მიერეკებოდა დასავლეთისკენ, მართალია ჯერ კიდევ გადაუღებლად თოვდა, მაგრამ ულამაზესი განთიადი კარგი ამინდის მანიშნებელი გახლდათ.
სანამ სამართალდამცავები საქმეს მორჩებოდნენ ერთი საათი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში თოვლმა ყველა ნაკვალები წაშალა, თვით თხრილში ჩავარდნილი Nისსან Pატროლ-იც მოზრდილ თეთრ გორაკად გადაიქცა, თვალის ერთი შევლებით ამ ადგილს სულაც არ ეტყობოდა შეტაკების კვალი.
მერე სამი «ვილისი» თუხ-თუხით გაუყვა დათოვლილ შარაგზას. მხოლოდ ერთი ავტომობილი იდგა ბოგირის გვერდით, ტყეშელაშვილმა დარჩენილი «ვილისიდან» სქელი საქაღალდე გადმიღო, ჯერ შარაგზის ბოლოში წერტილებად გადაქცეულ ავტომობილების მცირე კოლონას უმზირა, შემდეგ საქაღალდე იღლიაში ამოიჩარა და ხუციშვილს მიმართა.
- საქმეს შევუდგეთ.
ერთხელ კიდევ შევავლე თვალი თოვლით შებურულ გარემოს და სტუმრებს ეზოში შევუძეხი, ვიცოდი დატვირთული დღე მელოდა წინ, ალბათ ყველა შეკითხვაზე ახლა მივიღებდი პასუხს, მათ ხომ ბევრი რამ ჰქონდათ ჩვენთვის მოსაყოლი.


1 не1алт хуьлда хьуна (ჩეჩნ) - წყეულიმც იყავ.скачать dle 11.3



№1  offline წევრი Rania

Amas qvia mocmendil caze mexis gavardnaaa. Daagvianet magram turme ras gvimzadebdit. Super
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან საინტერესოდ წერთ. კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent