შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (33)


27-08-2019, 01:38
ავტორი omexi
ნანახია 140

**********

მაგიდას შემოვსხდომოდით, ცეცხლი მხიარულად გიზ-გიზებდა ღუმელში, ბუხრის თავზე შემოდგმული ლამფა კი მოყვითალო შუქით ანათებდა ოთახს.
- მაშ ასე, - დაიწყო «პავლოვიჩმა», - მას შემდეგ რაც ფრიდონმა თქვენი «საგმირო საქმეები» მომიყვა, ჩვენ აქტიურ მუშაობას შევუდექით, რადგან ლევან აშბა და მისი საახლობლო წრე აღნიშნულ საქმეში პირველადი ობიექტები იყვნენ, სათვალთვალო ოპერჯგუფები მივუჩინე.
დაბნეუული ვუსმენდი მირიან ტყეშელაშვილს, ესე იგი რა გამოდის? ის ჩვენს მხარესაა? მაშ თორდიამ და მარიამმა მოგვატყუა? მაგრამ რისთვის?
თვალებმოჭუტულმა გადავხედე კახაბერს, რომელსაც სნაიპერული შაშხანა კუთხეში მიეყუდებინა და გაყინულ ხელებს ღუმელს უფიცხებდა.
- მართალია თქვენი წყალობით საკმაო ინფორმაცია გვქონდა აღნიშნული დანაშაულის შესახებ, - დინჯად საუბრობდა «პავლოვიჩი», - თან მიცვალებულად აღიარებული ცოცხალი მოწმეც გვყავდა, მაგრამ საქმის ბოლომდე გახსახსნელად, ორგანიზებლი ბანდის ყველა წევრზე უნდა შეგვექმნა წარმოდგენა.
- ამასობაში, ახალი სამხილებიც მოვიპოვეთ მოდებაძის კომპიუტერიდან, - საუბარში ჩაერთო ხუციშვილი, - რამაც უფრო გაგვიხსნა მოქმედების არეალი.
ტყეშელაშვილმა მწყრალად გადახედა ოპერს.
- მოდებაძე და იმამიში კიდევ ცალკე თემაა, მას მოგვიანებით შევეხები, - სვენებ-სვენებით თქვა და თხრობა განაგრძო, - თვალთვალის მეორე დღესვე გავედით ბორის ჩაფრავაზე, აშბა რამდენჯერმე დაუკავშირდა მას, შეხვდა და ქალაქგარეთ მთელი დღე საუბრობდნენ. საუბედუროდ მის ავტოში მოსასმენი აპარატურის ჩაყენება ვერ მოვასწარით, ამიტომ წარმოდგენა არ გვქონდა მათ გეგემებზე.
- სწორედ აქ გამოგვადგა, კმპიუტერიდან მოპოვებული სამხილები, - კვლავ ჩაერთო საუბარში ხუციშვილი.
- ფრიდონ ძალიან გთხოვ, ჯერ დავასრულებ, - ტყეშლაშვილმა საყვედურის ტონით მიმათა გოლიათს და ჩვენსკენ მობრუნდა, - ჩაფრავას გამოჩენის შემდეგ ოპერ ჯგუფი ორ ნაწილად გავყავი, ერთი აშბას თვალ-თვალს აგრძელებდა, მეორე კი ჩაფრავას ჩაუდგა კვალში, - «პავლოვიჩი» წამით დადუმდა, გადმოგვხედა და ღიმილით განაგრძო, - როგორც ფრიდონმა აღნიშნა თქვენს მიერ მოპოვებული სამხილები ძალიან გამოგვადგა, პირადად მე საგამოძიებოს მთელი რესურსი მქონდა მობილიზებული, მაგრამ თქვენ რაღაც მანქანებით უფრო მნიშვნელოვან სამხილებზე მიგიწვდებოდათ ხელი, მაგალითად დონორების სიაც საკმარისია, ხოლო ჩაფრავას საბანკო ანგარიშზე არაფერს ვამბობ, - მან ღიმილით გაშალა ხელები და ენერგულად განაგრძო, - მოკლედ ჩვენი გუნდი აქტიურ მოქმედებას შეუდგა, ჯერ ბათუმელ კოლეგებს დავუკავშირდით და იმამიშის თვალთვალი ვსთხოვეთ, თავად ფრიდონი კი «ქუთაისის ავტოკოლონის» დირექტორს გაესაუბრა.
- ის «გაჭივრებული» აზრზეც არ იყო, რომ მისი სატვირთოებით დანაშაულს სჩადიოდნენ, - ხუციშვილმა როხ-როხით თქვა, წამით «შეფის» უკმაყოფილო მზერას თვალი აარიდა და უდარდელად განაგრძო, - სამაგიეროდ მოქმედი მძღოლების კოორდინატები მომცა, იმ დღესვე გავარკვიე, რომ ჩაფრავა პირადად მძღოლებს უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ორგანოებიან კონტეინერებს ტვირთთან ერთად ძარაში ათავსებდა.
«პავლოვიჩმა» ფრიდონს ხელი აუქნია.
- მადროვე თუ კაცი ხარ, «მრავალჟამიერს» ხომ არ ვამბობ, რომ ამყევი, - ცალყბად ჩაიცინა, - სანამ პატივცემული ფრიდონი «ქუთაისის ავტოკოლონის» დირექტორთან ტრანსპორტირების ხერხებს არკვევდა, ჩვენმა ოპერებმა აშბას ტელეფონის მოსმენის შემდეგ მოდებაძისა და კაციას ადგილ-სამყოფელი დაადგინეს.
ეს უკვე არაჩვეულებრივი სიახლე იყო, ესე იგი იმ სისხლისმსმელ ექიმსაც დააპატიმრებდნენ.
- მართლა? - გაოცება ვერ დამალა ლაშამ, - სად არიან?
- უკვე «აბეზიანკაში», - «პავლოვიჩის» ნაცვლად უდარდელად უპასუხა თორდიამ, - ბათუმელმა კოლეგებმა მოდებაძე, კაცია და იმამიში რამდენიმე საათის წინ დააკავეს, როცა სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთას ლამობდნენ.
- გასაგებია, - ჭმუვნით ჩავილაპარაკე, - მაგრამ ვერ ვხვდები რა საჭირო იყო მდინარე გუბისწყალთან იმ სპექტაკლის მოწყობა?
- საქმე ბევრად რთულად გახლდათ, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ, - დაუყოვნებლივ მიპასუხა «პავლოვიჩმა», - ჩაფრავა უშიშროების ოფიცერია, აშბა კი პოლიციის მაიორი და მთავარი გამომძიებელი, ორთავეს საკმაო ავტორიტეტი აქვს, ესე ხელაღებით ვერ დავაპატიმრებდით, რადგან უპრობლემოდ შეძლებდნენ თავის გამართლებას, თანაც ცხადია, რომ მათ ზემოთ უფრო გავლენიანი ძალა დგას, ამიტომ ჩაფრავასა და აშბას მცირე კატალიზატორი სჭირდებოდათ, რათა აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყვნენ და ორთავე ცხელ კვალზე დაგვეკავებინა.
- რა კატალიზატორი?
ტყეშელაშვილი წამით დაფიქრდა, გამომცდელად მოგვავლო მზერა და თხრობა განაგრძო.
- ოპერ ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ჩაფრავა ვიღაც უცნობთან ერთად, ორ ახალგაზრდას დაეძებდა, ესე იგი თქვენ, - «პავლოვიჩს» ჩვენთვის მზერა არ მოუშორებია, - კლინკური საავადმყოფოს ექთანი გამოკითხეს, უნივერსიტეტშიც იყვნენ, რამდენიმე სტუდენტს გაესაუბრნენ და თქვენს შესახებ ცნობები რექტორატშიც მოიძიეს.
- საიდან გაიგო, რომ იქ ვსწავლობდით? - ვიკითხე.
- წარმოდგენა არა მაქვს, - უბრალოდ მომიგო «პავლოვიჩმა», - მაგრამ არ დაგავიწყდეთ ის უშიშროების ოფიცერია და საკუთარი ინფორმატორებიც ეყოლება.
ნეტა ვინ იყო, მისი ჯაშუშები? ვიცოდი გონების ჭ....ტას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს გავარკვევდი, ამიტომ ჩაფრავას აგენტურ ქსელს შევეშვი, შევეცადე თორდიასა და მარიამის მიერ გათამაშებულ სცენას ჩავფიქრებოდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა ეთამაშა კატალიზატორის როლი მათი სიკვდილის განსახიერებას?
- მაშინ ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი ჩაფრავას თანხლები პირი გახლდათ, - «პავლოვიჩის» სიტყვებმა ფიქრი გამაწყვეტინა, - მის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, რუსულად საუბრობდა, თუმცა სლავებისთვის დამახასიათებელი ჰაბიტუსით 1 არ გამოირჩეოდა.
- მკვლელს გულისხმობთ, - ივარაუდა ლაშამ.
- დიახ, - დაეთანხმა ტყეშელაშვილი, - შემდეგ ერთ-ერთმა ოპერმა, შემთხვევით მასში მის უბანში ახლახან გადმოსახლებული ახალგაზრდა ამოიცნო, როგორც აღმოჩნდა ერთი წელი არც იყო გასული, რაც «ზასტავაზე» ექირავებინა ბინა.
- ჩეჩენი «ქილერი» «ზასტავაზე» ცხოვრობდა? - გაოცება ვერ დავმალე.
- რა გაგიკვირდა შე კაი კაცო, - «პავლოვიჩმა» აგდებით მომმართა, - თუ შუაგულ ქალაქში კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტებს ჰკლავენ და ორგანოებს «შავ ბაზარზე» ჰყიდიან, «ქილერის» «ზასტავაზე» ცხოვრება რა გასაკვირია?
რა უნდა მეპასუხა, უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, საქართველო, კერძოდ კი ოთხმოცდაათიანების საქართველო, პარადოქსების ქვეყანა იყო.
- თუ შეიძლება მე გავაგრძელებ პატივცემულო, - თორდიამ მოწიწებით ჩამოართვა სიტყვა «პავლოვიჩს».
საგამოძიებოს ხელმძღვანელმა თავი ოდნავ დაუქნია.
- მოკლედ, - ენერგიულად ალაპარაკდა ექსპერტი, - როცა მივხვდით, რომ ჩაფრავა მოდებაძის დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდლობდა, საქმის დაჩქარების მიზნით პატარა სცენა გავითამაშეთ, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომელიც სხვათა შორის მარიამის იდეა იყო, - კახაბერმა წამით თემა შეცვალა და დამრიგებლური ტონით გაგვინმარტა, - მსგავს ექსპერიმენტებს ხშირად მიმართავენ «სკოტლანდ იარდში», მარიამსაც ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, სცენარის შემუშავებას მხოლოდ რამდენიმე საათი მოვანდომეთ და იმ საღამოსვე შევუდექით მოქმედებას.
- თქვენი სცენარით მე სისხლისმსმელი მანიაკი ვიყავი, რომელიც საბრალო უსახლკაროების ორგანოებს ჰყიდის, - «პავლოვიჩმა» ექსპერტს შეუბღვირა და ამბის თხრობა კვლავ საკუთარ თავზე აიღო, - ალბათ ძალიან კარგად იცით, როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ მაინც მოგიყვებით, - როცა საპასუხოდ თავი დავუქნიე, ჰაერი ღრმად შეისუნთქა და განაგრძო, - ჩხუბის პატარა სცენა გავითამაშე, შემდეგ თქვენი მოპოვებული მასალებიდან ყველაზე უმნიშვნელო და არაფლისმომცემი ნაწილი აშბას გადავეცი და ვუბრძანე ეს პატივცემული დაეპატიმრებინა, - მან ღიმილით გადაიქნია თავი თორდიასკენ.
- ჩვენ კი გავიქეცით, - «შეფს» სიტყვა ჩამოართვა ექსპერტმა და ქირქილით წარმოსთქვა, - მე თუ მკითხავთ თქვენი ავტომობილის გატაცება «ნაღდად» არაჩვეულებრივი იდეა იყო.
- მარიამის ფანტაზია ამოუწურავია, - მეგობარს მხარი აუბა ხუციშვილი.
«პავლოვიჩმა» ახალგაზრდებს ცოტა ხანი უმზირა, მერე ხელი ჩაიქნია და ჩაილაპარაკა.
- ისე ეგ ჯაბახანა მაინც შესაცვლელი მყავდა, გამაწამა კაცი.
ლაშას მალულად გადავხედე, მხოლოდ ის თუ გაუგებდა «პავლოვიჩს», მისი «ნოლადინი» ხომ უმეტეს დროს ჯემალას «პროფილაქტიკაში» ატარებდა.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოწვა, მოსმენილ სიტყვებს ვაანალიზებდით, ორთავე ხელით ვიზელდი შუბლს და ვცდილობდი იმ ღამით მდინარესთან მომხდარი ინციდენტი დაწვრილებით გამეხსენებინა: - ჩასაფრება სოფელ მაღლაკის სასაფლაოსთან, ორმხრივი სროლა, წინ შემხვედრი სატვირთო და ავარია, ესე იგი ყოველივე შემთხვევითობა კი არ გახლდათ, არამედ სპონტანურად დადგმული სპექტაკლი.
- ავარია ჩემი აზრით ცოტა გადამეტებული გამოგივიდათ, სროლაც ნამეტანი იყო, - ხმადაბლა წარმოვსთქვი, - იმედია არავინ დაშავდა.
- მაგაში მართალი ხარ, - როხ-როხით დამეთანხმა ხუციშვილი, - სატვირთო «ქუთაისის ავტოკოლონიდან» ვითხოვე, უბრალოდ მინდოდა ხიდი ჩამეხერგა, მაგრამ მოყინულზე საჭე ვერ დავიმორჩილე და ავტო გადაბრუნდა, დაშავებით არავინ დაშავებულა, სამაგიეროდ ავარია რეალისტური გამოვიდა.
- მაინც ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ამდენი ტრაგიზმი? - იკითხა ლაშამ, - ხომ შეგეძლოთ უბრალოდ გეთქვათ და ჩვენც აგყვებოდით თამაშში.
- ახსნა-განმარტებების დრო არ გვქონდა, შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა და სანამ დამნაშავეები ცხელ კვალზე ცდილობდნენ დანაშაულის დაფარვას, სატყუარა შეგვეგდო, - «პავლოვიჩმა» მჭვუნვარედ წარმოსთქვა, - თანაც ეფექტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მაშინ ჩემთან ერთად ლევან აშბაც დაედევნა «დევნილებს».
მან თავი კახაბერ თორდიასკენ გაიქნია.
- სწორედ ავარიამ შეასრულა კატალიზატორის როლი, - «შეფს» წამოეხმარა ექსპერტი, - როცა ჩვენი «ვოლვო» მდინარეში «გადავარდა», ამ ფაქტმა სწორედ ის რეაქცია გამოიწვია რასაც ველოდით, აშბამ მკვდრად ჩაგვთვალა, ჩაფრავას დაუკავშირდა და ყველაფერი ტელეფონით ამცნო, ჩვენ კი მოშორებით დაყენებულ მარიამის «ხულიგანკაში» მოვკალათდით და ავარიის ადგილიდან უჩუმრად გავიპარეთ.
- მაგრამ ჩვენ? - მხრების აჩეჩვით წარმოვსთქვი, - ჩვენზე არ ფიქრობდით? მკვდრები გვეგონეთ, ვიფიქრეთ ყველაფერი დასრულდა თქო, ან რა გარანტია გქონდათ, რომ სამუდამოდ არ გავქრებოდით?
მირიან ტყეშელაშვილმა ღრმად ამოისუნთქა, ფეხზე წამოდგა ოთახში გაიარ-გამოიარა, მერე ცხელ ღუმელთან შეჩერდა და სვენებ-სვენებით თქვა.
- ფრიდონმა თქვენს ავტომანქანაში თავიდანვე დაამონტაჟა GPS პელენგატორი, ასე რომ თქვენი დაკარგვის არ გვეშინოდა, რადგან მუდამ მხედველობის არეში გვყავდით.
- როგორც კი აშბამ ჩაფრავას «აჩოტები» ჩააბარა, მეორე სატყუარაც შევუგდეთ, - ხუციშვილმა სიტყვა ჩამოართვა ტყეშელაშვილს, - «პავლოვიჩმა» თქვენს მანქანაში ჩამონტაჟებული GPS პელენგატორის მონაცემები გადასცა.
ესე იგი რა გამოდიოდა? - ცოტა ხანი შუბლმოჭმუხნული ვფიქრობდი, მერე მიღებული რეზულტატი გონებაში დავალაგე: - ტყეშელაშვილის გუნდმა საგამოძიებო ექსპერიმენტით დამნაშავეებს ნელ-ნელა პრობლემების მოგვარების ილუზია შეუქმნა, ჯერ თორდია, მარიამი და ბონდარენკო ვითომ დაიღუპა, მერე კი მისი ქვეშემდომების დაუმორჩილებლობით განრისხებულმა «პავლოვიჩმა» უკანასკნელი ცოცხალი მოწმეების კოორდინატები დამნაშავეებს გადასცა.
მათაც რა თქმა უნდა ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მოქმედებას შეუდგნენ.
- მოიცადე, - მოულოდნელად ლაშამ ჩვეულებრივზე ხმამაღლა შეჰყვირა, - თქვენ რა სატყუარად გამოგვიყენეთ?
რა თქმა უნდა მეც მივხვდი ჩატარებული ექსპერიმენტის არსს, მასში მთავარი კატალიზატორის როლი ჩვენ გვერგო, მართალი გითხრათ არ მომეწონა სატყუარად რომ გამოგვიყენეს, თუმცა პრეტენზიული პატარძალივით არ გამიპროტესტებია, მხოლოდ ხელები დავიკრიფე მკერდზე და მრიან ტყეშელაშვილს გამჭოლად მივაცქერდი.
- კი გვეუხერხულება ამის გამხელა, მაგრამ, - «პავლოვიჩმა» მობოდიშების ტონით ჩაილაპარაკა, - იძულებული გავხდით ამ ხერხისთვის მიგვემართა, - მან მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და პათოსით წარმოსთქვა, - გეფიცებით საფრთხე არ გემუქრებოდათ, რადგან საიმედოდ გიცავდით, იმ ღამესვე გამოვყევით GPS კოორდინატებს და მთელი დღე თქვენს გვერდით მდგომი სახლიდან გითვალთვალებდით, ერთხელ მასპინძელიც კი გადმოვუშვით შესამოწმებლად, ის კი გვარიანად გამოთვრა.
ისტერიულად ჩამეცინა, აი თურმე რატომ გვითხრა ასე თავდაჯერებით «კირილიჩმა» - თუ რამე დაგჭირდეთ გვერდით ვცხოვრობო, მას კბილებამდე შეიარაღებული სამართალდამცავების იმედი ჰქონდა.
- გასაგებია, - ხელი ჩავიქნიე, - როგორც ვხვდები, როცა აშბამ კოორდინატები დაადგინა, ალბათ ამფსონებთან ერთად მაშინვე დაგეგმა ჩვენი თავიდან მოცილება.
ტყეშელაშვილმა დაფიქრებული მზერა მომაპყრო.
- ჩაფრავას თავიდანვე განზრახული ჰქონდა თქვენი მოშორება, რადგან მოწმეების გასაღება დაშვებული შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა გახლდათ, სწორედ ამ მიზნით დაეკონტაქტა ჩეჩენ მკვლელს, - «პავლოვიჩი» წამით დადუმდა, აზრი მოიკრიბა და დინჯად განაგრძო, - მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ, ფრთხილობდნენ, ალბათ ცხელ გულზე არც მიიღებდნენ ნაადრევ გადაწყვეტილებას, ჩვენ კიდევ ერთი სატყუარა, რომ არ შეგვეგდო, - მირიანმა ღრმად ამოისუნთქა და დააბოლავა, - მეორე დღეს თორდიას, მარიამისა და ბონდარენკოს სიკვდილი მასმედიით «გავასაჯაროეთ», ამან კი მათი მოთმინება დაამსხვრა და მოქმედებაზე გადავიდნენ.
- დანარჩენი ჩვენც ვიცით, - ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოდექი, - ღვინოს შემოგთავაზებდით, მაგრამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ხართ.
- ღვინო შემდეგისთვის იყოს, - დაღლილი ტონით თქვა ტყეშელაშვილმა, - როცა საქმეს საბოლოოდ დავასრულებთ და ყველა დამნაშავეს დავაპატიმრებთ, მათ შორის იმ ბობოლა ჩინოვნიკებსაც, რომლებიც ზემოდან კურირებენ ამ უმსგავსობას.
- მაგრამ როდის იქნება ეს, - სინანუნით ჩაიბურტყუნა ლაშამ.
- მალე, ძალიან მალე.
მოულოდნელად ტელეფონმა დაიწკრიალა, მისი ზარი ოთახში ექოდ გაისმა, ერთმანეთს გაოცებულებმა გადავხედეთ, შემდეგ თორდიამ ჯიბეები მოიქექა, მობილური ტელეფონი ამოიღო, მწვანედ ანთებულ ციფერბლატს დახედა და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- მარიამია.
ყურზე მიიბჯინა და ხმადაბლა ჩასძახა.
- გისმენ მარიამ, - რამდენიმე წამი მდუმარედ უსმენდა, - გადასარევია, - კმაყოფილმა უპასუხა, - ესე იგი ხვალ გელოდებით, - შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და თანამესაუბრეს დაემშვიდობა, - აბა დროებით.
როცა საუბარი დაასრულა და ტელეფონი კომბინიზონის ჯიბეში შეინახა, ოთაშხი მყოფი მამაკაცები ცნობისმოყვარე თვალებით მივაცქერდით, თორდიამ წამით ამოგვხედა და უბრალოდ მოგვიგო.
- გაამართლა თერაპიამ, ბონდარენკომ ნელ-ნელა გაიხსენა რაც კაფე «პალერმოში» და კლინიკურ საავადმყოფოში გადახდა თავს.
- ძალიან კარგი, - «პავლოვიჩმა» ხელები კმაყოფილმა მოიფშვნიტა, - ესე იგი უკვე შეგვიძლია ბრალდებების სრული ასორტიმენტი შევუფარდოთ დამნაშავეებს.
- ფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა? - იკითხა ლაშამ.
- ყველაფერი, - «პავლოვიჩი» ღუმელს მოშორდა, - ეს საქმე რეკორდულად მცირე დროში გავხსენით, თქვენ წარმოიდგინეთ: თვალთვალს, დაყურადებას, საგამოძიებო ექსპერიმენტს და სპეცოპერაციას მხოლოდ და მხოლოდ ოთხი დღე მოვანდომეთ, მართალია დაწყევლილებივით ვმუშაობდით, ღამეები არ გვეძინა, მაგრამ შედეგი სახეზეა, - მან ხელები კმაყოფილმა გაშალა, - მალე დამნაშავეებს სასჯელსაც შეუფარდებენ.
საგამოძიებოს ხელმძღვანელს არავინ შეჰკამათებია, ისედაც ნათელი იყო, რომ ნამდვილად ტიტანური შრომა ჰქონდათ ჩატარებული, როცა ტყეშელაშვილს, ხუციშვილს და თორდიას ვუმზერდი, ვხვდებოდი, რომ ქართული პოლიცია მკვეთრ მეტამორფოზას განიცდიდა, კომუნისტური კორუმპირებული მილიციიდან ნელ-ნელა ისეთ სამართალდამცავ ორგანოდ ყალიბდებოდა, რომელიც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოსთვისაა ზედგამოჭრილი, დანამდვილებით ვერ გეტყვით ეს ერთეული პიროვნებების დამსახურება იყო თუ მთიანი სისტემის, მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, პროგრესირებდა და დაწყებული საქმეც უკეთ კეთდებოდა.
- ახლა მხოლოდ სასამართლო პროცესი დარჩა, - დინჯად აგრძელებდა საუბარს მირიან ტყეშელაშვილი და თვალს არ გვაშორებდა, - თუმცა თქვენ იქ საჭირო არ იქნებით, თქვენს გარეშეც საკმარისი სამხილები გვაქვს, - მან მაგიდაზე დადებულ საქაღალდეს გადახედა და დაუმატა, - შეგიძლიათ სახლებში წახვიდეთ.
გულს მომეშვა, ბოლოს და ბოლოს ეს დაძაბული დღეები უკან მოვიტოვეთ, დავასრულეთ «დეტექტივობანა», სხვათა შორის საკმაოდ წარმატებულადაც დავასრულეთ.
მირიან ტყეშელაშვილმა ნელი ნაბიჯით შემოუარა მაგიდას, საქაღალდეს დასწვდა, იღლიაში ამოიჩარა და კმაყოფილმა გვითხრა.
- არაჩვეულებრივი გამჭრიახობა და გამბედაობა გამოიჩინეთ, მარიამ პაიკიძე აღფრთოვანებულია თქვენით, მას კი ბევრი არაფერი უკვირს, ბოლოს და ბოლოს «სკოტლანდ-იარდში» მუშაობდა, - ჭაღარა თმა ხელით შეისწორა და ღიმილით დაამატა, - როცა სასწავლებელს დაამთავრებთ, ჩვენთან გელით, საგამოძიებოში ყოველთვის გამოინახება ადგილი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.
«პავლოვიჩმა» ქვეშევდომებს ცალი თვალით გადახედა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ საუბარი დასასრულს მიუახლოვდა და კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ყველაფერი დასრულდა.
სამართალდამცავებს გამოვემშვიდობეთ, სათითაოდ ჩამოვართვით ხელი და ნელი ნაბიჯით გადავაცილეთ გადაღმა.
ისევ თოვდა, ოღონდ მეჩხერად, თითო-ოროლა ფანტელი ტრიალ-ტრიალით დაფარფატებდა მოღრუბლულ ზეცაში.
თორდია, ხუციშვილი და ტყეშელაშვილი ჭიშკართან მდგარ «ვილისში» მოკალათდნენ, ავტომობილი უკანსვლით მოშორდა ჭიშკარს და ცოტა ხანში უკვე ძრავის თუხ-თუხით იკაფავდა გზას თოვლში.
მე და ლაშა რამდენიმე წუთი, მდუმარედ ვიდექით დათოვლილ ბოგირზე, შემდეგ მეგობარს ხელი ბეჭზე დავკარი და კმაყოფილმა ვუთხარი.
- მგონი გვეშველა «ბრატ».
ლაშამ დაღლილი სახით შემომხედა და უბრალოდ მომიგო.
- ხვალ სახლში მივდივარ.



1 ჰაბიტუსი (ლათ. habitus - გარეგნობა, შესახედაობა) - ადამიანის გარეგნობა, მისი აღნაგობა, კონსტიტუცია. ასევე ცხოველის, მცენარის, კრისტალის, მინერალის გარეგანი შესახედაობა.
სიტყვა ჰაბიტუსს ასევე იყენებენ არქიტექტურაშიც. მაგალითად არქიტექტურული ჰაბიტუსი ნიშნავს შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ იერსახეს.скачать dle 11.3



№1  offline წევრი Rania

Ai es mesmisss. Imedia es araa dasasruli
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent