შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (34)


29-08-2019, 01:00
ავტორი omexi
ნანახია 8 529

1996 წელი, 24 დეკემბერი, სამშაბათი.
«ყველაფერი დასრულდა» - ეს ფიქრები მას შემდეგ ამეკვიატა, როცა ლაშას გამოვემშვიდობე და სახლში გავისტუმრე, შევთანხმდით ერთმანეთს სამშაბათს უნივერსიტეტში შევხვდებოდით, იმ დღეს კრიმინალისტიკაში დამატებითი გამოცდა გვქონდა დანიშნული, მართალია მარიამმა დასწრების გარეშე ჩაგვითვალა, მაგრამ ჩვენ მისვლა მაინც დავგეგმეთ.
მისი დანჯღრეული ავტო თუხთუხით გადავიდა ეზოდან და დათოვლილ შარაგზა კრუსუნით შეუყვა.
მარტოდ დარჩენილმა აღარც კი მახსოვს მერამდენედ გავიხსენე ჩვენი დეტექტური დებიუტის ყველა დეტალი, როცა გონების თვალით ყოველი დღე გავაცოცხლე, ჯერ თავგადასავლის ფურცელზე გადატანა გადავწყვიტე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე, მეყო ემოციები, ამ ხნის განმავლობაში საკმაო ადრენალინი გამოვიმუშავე.
ჯერ უსაქმურად ვიჯექი, მაგრამ მომხდარით იმდენად აღზნებული გახლდით, რომ ვერ მოვითმინე - პირველად სახლი მივალაგე, მერე მარანი, როცა ეზოში ვბოდიალებდი, შემთხვევით სანახევროდ თოვლში ჩაფლული სნაიპერული შაშხანა AMAC-1500-ის სამი ცარიელი მასრა ვიპოვე, სათუთად შევინახე, მათ ჩემთვის მნიშვნელოვანი დატვირთა ჰქონდა: - «დეტექტივობანადან» შემორჩენილი სუვენირი იყო.
თუმცა მაშინდელმა თავგადასავალმა მეორე სუვენირიც დამიტოვა, საკმაოდ მოზრდილი ნაიარევი ბეჭზე, რომელიც დღემდე შხაპის ყოველი მიღებისას ჩემს ახალგაზრდულ ხიფათიან თავგადასავალს მაგონებს.
მოკლედ სჯობს მოთხრობის თემიდან არ გადავუხვიო და თანმიმდევრულად მოვყვე - ენერგიიდან დაცლილმა მთელი დღე დასვენებას მოვანდომე, უბრალოდ ვიწექი, ხელში ცარიელი მასრები მეჭირა და ცილინდრების ბზიალა ზედაპირს ვუმზერდი.
საერთოდ ეს დღეები არაფერზე ვფიქრობდი, არც მეგობრები შემხმიანებიან, ყველა თავ-თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ახალი წელი ახლოვდებოდა, უმეტესობა სოფლიდან გაკრეფილიყო, ადგილობრივებიდან მარტო «კირილიჩი» და თამაზი დარჩენილიყვნენ, მაგრამ მათაც არ ეცალათ ჩემთვის, წინასაახალწლო სამზადისში იყვნენ ჩაფლულნი.
ერთხელ შემთხვევით ტელეკომპანია «პირველი არხის» ერთ-ერთ რეიტინგულ ტოკშოუს წავაწყდი, სადაც მოწვეული სტუმრები ქვეყნის კრიმინალურ ფონზე და მის აღმოსაფხვრელად მიმართულ ღონისძიებებზე საუბრობდნენ, სწორედ მაშინ ახსენეს «ტრეფიკიორთა საქმე», დებატებიდან გავიგე, რომ ქუთაისის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული მუშაობის შედეგად, დამნაშავეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სულ ეს იყო, რაც მოდებაძის, ჩაფრავას და აშბას შესახებ შევიტყვე, შემდეგ უშუქობის წყალობით სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში გახლდით.
მეორე დღეს მეც ლაშას მივბაძე, სოფელში მარტოობაში ჯდომა უკვე აღარ შემეძლო, ავიკარი გუდა-ნაბადი, «პადსობნიკობდან» დაგროვილი დანაზოგი ჯიბეში სათუთად შევინახე და ბათუმისკენ გავუტიე.
ჩემები უსაზღვროდ მომნატრებოდა.
ბათუმი როგორც ყოველთვიის მოჟამული ამინდით შემხვდა, არ თოვდა, სამაგიეროდ - სიცივეს, გადაუღებელ წვიმას და ახალი წლის მოახლოვებას ქუჩები დაეცარიელებინა.
მიუხედავად არასახარბიელო კლიმატისა, ჩემი და ბებიაჩემს წვიმიანი ბათუმის ქუჩებში დაასეირნებდა, მშობლები კი მთელი დღე სამსახურში იყვნენ.
ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ვახშამზე ვიკრიბებოდით ერთად და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებაც მაშინ გვეძლეოდა.
როცა ბავშვობის მეგობრები მოვინახულე, მეც მოვიცალე ოჯახხისთვის, თავიდან ჩემს დასთან და ბებიასთან ერთად ვსეირნობდი, ერთხელ ქალაქის ცენტრალურ რაიონში სეირნობისას ერთ-ერთი ბოშა გადამყიდველიდან, რომელიც ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა და ბაზრობაზე მოპარულ ათას ხარახურას ჰყიდდა, საკმაოდ იაფად შევიძინე მოძველებული მოდელის მეორადი მობილური ტელეფონი Siemens s1.
კარგა ხანია ვგეგმავდი ტელეფონის ყიდვას, თუმცა ბოშას მაინც დიდი ფიქრის შემდეგ გადავუხადე ჩემი დანაზოგიდან.
მობილური უშველებელი იყო, ჯიბეში ძლივს მეტეოდა, მოუხერხებელი დიზაინი ჰქონდა, გრძელი ანტენა და გასაშლელი კლავიატურა, აგურივით ოთკუთხედი გახლდათ, მაგრამ შენაძენით მაინც კმაყოფილი ვიყავი.
მოკლედ მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა ჩემი ოჯახური იდილია, შემდეგ მშობლებს დავემშვიდობე, დამატებითი გამოცდა მოვიმიზეზე და კვლავ ქუთაისისკენ გავეშურე.
უკვე 24 დეკემბერი იდგა, დილის შვიდ საათზე გავედი სახლიდან და ელექტრომატარებლით ეგრეთ წოდებული «ელექტრიჩკით» გავემგზავრე.
ოთხმოცდაათიან წლებში «ელექტრიჩკა» ყველაზე იაფი ტრანსპორტი გახლდათ, რომელიც დღეში ორ რეისს ასრულებდა ქუთაისსა და ბათუმს შორის.
მართალია ის მოუვლელი და არაკმფორტული იყო: - მტვრიანი სალონი, მოუხერხებელი ხის სავარძლები, ჩამსხვრეული ფანჯრები, რასაც აუტანელი სიცივე და მგზავრების დაუსრულებელი ყაყანიც ერთოდა, თუმცა მუდამ სავსე გახლდათ მგზავრებით, რომელთა უმეტესობაც უმუშევარი ან საშოვარზე გამოსული ადამიანები იყვნენ.
სალონში წამდაუწუმ მოძრაოდნენ წვრილმანებით მოვაჭრე გლეხები, რომლებიც ყოველ შემხვედრ სადგურზე ამოდიოდნენ და ათას სისულელეს ჰყდნენ, რას არ ნახავდით აქ, მთავარია სურვილი და ფინანსები გქონოდათ, ერთი თხოვნაც საკმარისი იყო, რომ გადამყიდველს ყველა საჭირო ნივთი გაეჩინა - გამაგრილებელი სასმელებით დაწყებული და თაგვის საწამლავით დამთავრებული.
მატარებელმა მთელი ოთხი საათით დაიგვიანა, ამიტომ როცა ქუთაისში ჩავედი, რვასაათიანი მგზავრობიდან დაღლილი და გათოშილი ვიყავი.
რკინსგზის სადგურიდან ფეხით გავედი, არ თოვდა თუმცა მოყინულ ტროტუარზე სიარული ჭირდა, ჩემს წინ პანტა-პუნტად ეცემოდნენ გამვლელები, მოსაცდელთან სამარშუტო ტაქსი გავაჩერე და უნივერსიტეტისკენ გავემართე.
უნივერსიტეტში ხალხის ნაკლებობა იყო, სტუდენტები წინასაახალწლოდ რაიონებში ან მშობლიურ ქალაქებში გაკრეფილიყვნენ, მხოლოდ ჩემსავით ურჩი სტუდენტები, რომლებთაც გამოცდების გადაბარება ჰქონდათ დანიშნული, მობუზული იდგნენ უშველებელ ჰოლში.
ძველი კორპუსი გავირბინე და ფართე კიბეებით 24-ე აუდიტორიასთან მივედი, დერეფანში არავინ დამხვდა, აუდიტორიის კარი სანახევროდ მოეხურათ, ჯერ დავაყურადე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, შემდეგ არც დავფიქრებულვარ ისე შევაღე და მოულოდნელობისგან გავშრი.
აუდიტორიის შორეულ კუთხეში ჩახუტებულ ქალ-ვაჟს მოვკარი თვალი, მსგავსი სურათი სულაც არ გახლდათ უცხო, ბევრჯერ წავსწრებივარ მიყრუებულ აუდიტორიებში სახეალეწილ შეყვარებულებს, რადგან უნივერსიტეტით ახალგაზრდები პროფესიულ განათლებასთან, ერთად სექსუალურ განათლებასაც იღებდნენ, ახლაც უხერხულად ჩავახველე და ის იყო კარი უნდა გამომეხურა, რომ მონებივრე წყვილში მარიამი და ლაშა შევიცანი.
ჩემს მეგობარს ქალისთვის ხელი წელზე მოეხვია, ოთახის განაპირა მდგარ დაფასთან, კუთხეში მიემწყვდია და ტუჩებში ვნებიანად ჰკოცნიდა.
ეს კარგი სიახლე იყო, ესე იგი შეყვარებულებს შორის ურთიერთობა დათბა, ალბათ მნიშვნელოვანი გავლენა ჩვენმა «დეტექტივობანამ» მოახდინა, არ ვიცი ასე რატომ ჩავთვალე, ვგონებ მარიამმა ლაშას განსხვავებული თვალით შეხედა, მასში ქარაფშუტა სტუდენტის ნაცვლად, პერპექტიული, გამჭრიახი და ძლიერი მამაკაცი დაინახა, რაც ჩემი აზრით ყველა ქალს აღაგზნებს.
კვლავ უჩუმრად ვაპირებდი ოთახიდან გაპარვას, რომ კარის ჭრიალმა წყვილს სიმშვიდე დაუფრთხო, ლაშამ გადმომხედა, მიცნო და ხელი დამიქნია.
ქალმა მორცხვად ამარიდა თვალი, მუხლებს აცილებული ვიწრო ქვედატანი ქვემოთ ჩაქაჩა, გვერდზე მოქცეული პიჯაკიც სწრაფად შეისწორა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა მამაკაცს და თავი მისალმების ნიშნად უტყვად დამიკრა.
ისევ უხერხულად ჩავახველე და წყვილს მოვუბოდიშე.
- მაპატიეთ ცუდ დროს მოვედი.
ქალმა არაფერი მიპასუხა, მაგიდაზე დაფენილი ფურცლები უხმოდ წამოკრიფა, თხელ საქაღალდეში ჩაალაგა, შემდეგ მისი განუყრელი სქელლინზიანი სათვალე გაიკეთა, მაღალქუსლიანი ტუფლების კაკუნით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.
მას შემდეგ რაც მდინარე გუბისწყალთან «ინციდენტი» შეგვემთხვა, მარიამ პაიკიძეს პირველად შევხვდი, ამიტომ ხელი ჩამოვართვი და მეგობრულად მოვიკითხე.
- ბექა შეგეძლო არ მოსულიყავი, ადრეც გითხარი, რომ დაუსწრებლად ჩაგითვლიდი გამოცდას.
- მადლობა, - ღიმილით ვუპასუხე, - მე მაინც გამოგიარეთ.
- როგორც გენებოს, - ქალმა ფურცლებს გადახედა, - ნიშანი უკვე დაგიწერე, მაგრამ თუ გსურს გაგესაუბრები.
ლაშა მოშორებით იდგა, დაფას მიყრდნობოდა და ღიმილით უსმენდა ჩვენს საუბარს, დაბნეულმა შევხედე ქალს, მისმა ოფიციალურმა კილომ, ცივმა გამოხედვამ და მკაცრად მოკუმულმა ტუჩებმა, კვლავ ის «ანდროფობი» ლექტორი მომაგონა, რომელიც სტუდენტებს სიხლს უშრობდა.
გაურკვევლად ავიჩეჩე მხრები, არ ველოდი თუ საგამოცდო საკითხებზე მომიწევდა გასაუბრება, რა თქმა უნდა მომზადებულიც არ ვიყავი, ამიტომ ჩემი ცოდნის იმედი ნამდვილად არ მქონდა, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, თითქოსდა გავერიდე ქალს და ხმადაბლა ჩავიბუტბუტე.
- გასაუბრება რა საჭიროა?
ლექტორმა მხრები აიჩეჩა.
- რადგანაც აქ ხარ, ბარემ კრიმინალისტიკის მიზანი მითხარი.
ჯერ ვდუმდი ქალბატონ მარიამს თვალებში ვუმზერდი, მეგონა მეხუმრებოდა, მაგრამ როცა მაგიდასთან მოკალათდა, ფურცელი მოიმარჯვა და საწერ კალამი ნერვიულად დააკაკუნა, ერთ ადგილზე ავცქმუტდი.
გონება მოვიკრიბე, კიდევ კარგი რთული შეკითხვა არ დაუსვამს, მართალია საგანში მოუმზადებელი გახლდით, მაგრამ ასეთი მარტივი რაღაცეები ვიცოდი.
ლაშას გადავხედე, რომელიც კვლავ ეშმაკურად მიმზერდა.
- იმედია მახსრად არ მიგდებთ, - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და სიტყვა-სიტყვით ჩავარაკრაკე, - კრიმინალისტიკის უმნიშვნელოვანესი მიზანია ოპერატიულ-სამძებრო და წინასწარი გამოძიების ორგანოების შეიარაღება სპეციალური სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებებით, დანაშაულის სწრაფი გახსნა, ტაქტიკური ხერხებით და სტატისტიკოსების, ფსიქიატრების, სოციოლოგების რეკომენდაციების გამოყენებით.
აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა, მერე დავინახე როგორ დახარა თავი მარიამმა, რატომღაც მაგიდაზე დაფენილ ფურცელს დააცქერდა, მოშორებით მდგარმა ლაშამ კი მხიარულად ჩაიხითხითა.
მოვხვდი გამაპამპულავეს, დოინჯი შემოვიყარე და გაგულისებულმა ჩავილაპარაკე.
- «გამაღადავეთ» ხო?
- კარგად მომზადებულხარ, - ქალი ფეხზე წამოდგა, ჩუმი ღიმილიდან აცრემლებული თვალები მოიწმინდა და მხიარულად მითხრა, - ნამდვილად დაიმსახურე ფრიადი.
შემდეგ ლაშა მომიახლოვდა, გადამეხვია და ირონიულად მითხრა.
- გატყობ ეს ოთხი დღე საგამოცდო მასალებს იზუთხავდი.
- გეყოთ რა? - შევუბღვირე ლაშას, შემდეგ მარიამისკენ მივტრიალდი და ნაწყენმა ვუთხარი, - არ მეგონა თქვენც თუ აჰყვებოდით, - ხელი ლაშასკენ გავიქნიე.
ქალმა ჩაიფხუკუნა.
- ლაშამ შემაგულიანა, - მითხრა და ჩემს მეგობარს გადახედა.
სულ სხვაგვარად უმზერდა, ისე როგორც შეყვარებული ქალი უმზერს მამაკაცს, წარმოდგენა არ მქონდა ლაშამ ამ მოკლე ხანში, როგორ მოახერხა ქალისთვის თავის შეყვარება.
სიმართლე გითხრათ კეთილი შურით მშურდა, არც შეყვარებული მყავდა და არც შეყვარებულობის კანდიდატი, წამით თათია გამახსენდა, თვალწინ წარმომიდგა მასთან გატარებული ღამე, ქვეცნობიერად კი მისი სხეულის სითბოც შევიგრძენი.
შემდეგ როცა მარიამი ფეხზე წამოდგა, საქაღალდეში ჩალაგებული ფურცლები კარადაში შეინახა და წასასვლელად მოემზადა.
ლაშას ფრთხილად გადავუჩურჩულე.
- ესე იგი შენ და მარიამი ერთად ხართ?
მან თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია, შემდეგ წინ წასულ ქალს აედევნა და ხმამაღლა მომართა.
- ყავის დალევას ვაპირებდით, თუ გსურს შემოგვიერთდი.
ვხვდებოდი ჩემი კომპანია შეყვარებულებს უბრალოდ დისკომფორტს შეუქმნიდა, ამიტომ კატეგორიული უარი განვაცხადე, თუმცა მარიამმა ღიმილით გადმომხედა და უბრალოდ მითხრა.
- თუ ფიქრობ, რომ ხელს შეგვიშლი ცდები, თანაც საინტერესო სიახლე მაქვს შენთვის.
არ ვიცოდი რა სიახლე ჰქონდა სათქმელი, იქნებ დაოჯახებას აპირებდნენ? მაშინ მეჯვარეობა ნამდვილად არ ამცდებოდა.
ნელა გავედით შენობიდან, თუმცა შორს არ წავსულვართ, იქვე უნივერსიტეტის გვერდით წამოჭიმულ პატარა კაფე «მალბოროში» შევედით.
ლაშა ვერ იტანდა ამ კაფეს, არ ვიცი რა იყო ამ ახირების მიზეზი, შეიძლება ცუდ მოგონებებს უღვივებდა, ვეჭვობდი სამომავლოდ კიდევ ერთი «ზავედენია» შეემატებოდა მის მიერ შედგენილ «შავ სიას».
კაფე «პალერმო» მქონდა მხედველობაში, ის დაწესებულება არც მე მეხატებოდა გულზე, რადგან ადრე გადახდენილი თავგადასავალი, ყოველგვარ სურვილს მიქრობდა, ოდესმე კიდევ შემედგა ფეხი შიგ.
- მახსოვს ვერ იტანდი ამ «ზავედენიას», - ვუთხარი ლაშას და გემოვნებით გაწყობილი პატარა ოთახი მოვათვალიერე, სადაც გაჭივრებით ეტეოდა შვიდიოდე მაგიდა.
კაფე თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ შემოსასვლელთან იჯდა ერთი წყვილი, უკრავდა სასიამოვნო მუსიკა, თეთრწინსაფარ აფარებული ოფიციანტი კი მსუბუქად მოძრაობდა მაგიდებს შორის.
სულაც არ იყო ურიგო დაწესებულება, სუფთა, ლამაზი, მე მომწონდა, წარმოდგენა არ მქონდა ლაშამ რატომ აითვალწუნა.
განაპირა მდგომ მაგიდას შემოვუჯექით, საიდანაც უნივერსიტეტის თოვლით დაფარული ეზო მოჩანდა, ლაშამ მარიამს ხელჩანთა ჩამოართვა, სკამის საზურგეზე გადაკიდა და უდარდელად მითხრა.
- უკვე შემიყვარდა ეგ კაფე, - ღიმილით გადახედა ქალს და თბილი ტონით დაუმატა, - მარიამმა შემაყვარა.
ქალმა მორცხვად აგვარიდა მზერა და ოფიციანტს სამი ყავა შეუკვეთა.
ყავის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მეგობრების ხათრით სიამოვნებით მივირთვი, მყუდრო გარემომ, სითბომ და ცხელმა ყავამ, თავისი საქმე გააკეთა, საუბარი ავაწყვეთ, ათას თემას შევეხეთ, მარიამმა «სკოტლანდ-იარდში» მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა, მოგვიყვა - მიუხედავად საყვარელი საქმისა, როგორ უჭირდა მშობლიური მიწა-წყლის სიშორე.
ლაშამ კი უმუშევრობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ ოთხმოცდაათიან წლებში ახალგაზრდების უმთავრესი პრობლემა ვაკანსიების არარსებობა იყო.
ბოლოს, როცა კრიმინალთან ბრძოლასაც შევეხეთ, მარიამის სიტყვები გამახსენდა, მაგიდას მკერდით გადავაწექი და ხმადაბლა ვკითხე.
- წეღან საინტერესო ამბავის მოყოლას მთავაზობდით.
- «ტრეფიკიორებს» წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, - მიპასუხა ქალმა.
- ეგ ვიცი, ტელევიზორით მოვისმინე.
- დიდხანს მოუწევთ ყურყუტი, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
- მაგრამ მეტი რაღაა გამოსაძიებელი? - მხრები ავიჩეჩე.
- ახალი სამხილები გამოჩნდა.
ეს უკვე სულ სხვა ამბავი იყო, თვალები ამიციმციმდა, ქალს კმაყოფილი მივაჩერდი და აღტკინებით ვიკითხე.
- რა სამხილები?
- ვვარაუდობთ, რომ ორგანოების უპრობლემო რეალიზებას, თურქეთში მოღვაწე ქართველი დიპლომატები კურირებენ.
- «ობანა», - აღფრთოვანებულმა წარმოვსთქვი, - ესე იგი ბობოლა ჩინოვნიკებიც გამოვიდნენ არენაზე?
რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ რაღაც ანალოგიური მოსალოდნელი იყო, რადგან ორგანოების ტრანსპორტირებას დაცვა და გარანტია სჭირდებოდა, დიპლომატები კი სწორედ მათი გარანტები იყვნენ, ვინ იცის იქნებ იმუნიტეტსაც იყენებდნენ შავ-ბნელი საქმეებისთვის.
- ახლა «პავლოვიჩი» ცდილობს, როგორმე თურქ სამართალდამცავებთან გავიდეს კონტაქტზე და იქაური «კრისა» გამოავლინოს, - თქვა მარიამმა.
- რთული იქნება.
- ძალიან რთულია, ვიცით საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავები გამოძიებას დიპლომატიური კორპუსის ჩაურევლად ვერ ჩაატარებენ, დიპლომატების საქმის კურში ჩაყენება კი თავისთავად დამნაშავეებსაც დააფრთხობს.
- აბა რა უნდა ჰქნან?
- როგორმე აქედან უნდა გავიგოთ ვინ არის არხის მფარველი დიპლომატი.
შუბლი დაფიქრებულმა მოვისრისე.
- პატიმრები რას ამბობენ?
- რა თქმა უნდა არაფერს, - მარიამმა ცარიელი ფინჯანი გვერდზე გააჩოჩა და უბრალოდ თქვა, - შეიძლება მალავენ, რაც ძალიან მეეჭვება, ვფიქრობ არ იციან ვინ არის პასუხისმგებელი მეზობელ რესპუბლიკაში ჩატანილი საქონლის უპრობლემო რეალიზაციაზე.
საქმე ბევრად რთულად იყო, მართალია ორგანიზებული დანაშაული გამოვავლინეთ, შემსრულებლები, რომლებსაც დანაშაულში ლომის წილი მიუძღოდათ დავაპატიმრეთ, მაგრამ თანამდებობას ამოფარებული ორგანიზატორები, «რუხი კარდინალებივით» მართავდნენ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს და დღემდე დაუსჯელი რჩებოდნენ.
«რაღაც უნდა ვიღონოთ» - ავტომატურად გავიფიქრე, თუმცა მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ, «დეტექტივობანამ» მრავალი ყურადსაღები სამხილი გამოიტანა სააშკარაოზე, ახლა ჯერი სამართალდამცავებზეა მიმდგარი, მათ უნდა აიღონ ხელში სადავეები და გაპარპაშებული ჩინოვნიკები საჯაროდ გაამათრახონ.
- ახლა რა გეგმები გაქვთ?
- ხომ გითხარი «ტრეფიკიორებს» დიდხანს მოუწევთ ჯდომა, ვფიქრობთ გამოძიება რამდენიმე წელი გაიწელება.
გულიანად ამოვიოხრე.
- შენთვის მთავარი სიახლე არ გვითქვამს, - ღიმილით მაუწყა ლაშამ, - ვერც კი წარმოიდგენ რა გამოქექა მარიამმა.
მან ქალს გადახედა და ჟარგონულად დააბოლავა.
- «გამოსირდები»
- კაი რა, ასეთს რას მიაგენით? - ურწმუნოდ ჩავილაპარაკე.
ლაშა ქალისკენ მთელი ტანით შეტრიალდა, თვალებში მიაცქერდა და თბილად მიმართა.
- გისმენთ მარიამ.
გამომძიებელმა კიდევ ერთი ფინჯანი ყავა შეუკვეთა და მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ხმა, როცა არომატული სითხე ოდნავ მოწრუპა.
- სავარაუდოდ ჩაფრავას რუსეთის უშიშროებასთან აქვს კავშირი, - უბრალოდ მოგვიგო მან.
სახტად დავრჩი, კაცმა არ იცის რა ხდებოდა გარე და შინა ომებიდან დასუსტებული საქართველოს თავს, სახელმწიფო უწყებებში თუ უცხო ქვეყნის აგენტებმა შეაღწიეს, მაშინ მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
ნეტა რა თამაშს თამაშობდა ჩაფრავა, ნუთუ ორმაგი აგენტი იყო? მე თუ მკითხავთ უშიშროების თანამშრომელზე უკეთესს სამალავს ვერც ინატრებს კაცი, ალბათ წლების მანძილზე უპრობლემოდ აწვდიდა ინფორმაციას «კაგებეს».
- მოიცადე, მოქმედი აგენტია? - ვიკითხე.
- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი, - ქალმა მხრები აიჩეჩა, - თუმცა ანგარიში შვეიცარიის ბანკში და დაუდგენელი კონტაქტი ჩეჩენ «ქილერთან», მის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე მიანიშნებს.
- ესე იგი რა გამოდის, - თავი ნერვიულად მოვიქექე, - «კაგებეს» აგენტი ორგანოებით ვაჭრობს, თუ ყველაფერს ზემდგომების დავალებით ასრულებდა, ვერ ვხვდები ამით რის მიღწევას ცდილობდა რუსეთის დაზვერვა?
გონებას ვიჭ....ტდი, რა შეიძლება გამოეწვია ორგანოებით ვაჭრობას? - დესტაბილიზაცია, შინაომი თუ კრიმინალის მატება, ჩემი აზრით რამდენიმე უსახლკაროს მკვლელობა სახელმწიფეობრივ მექანიზმს ვერ მოშლიდა, თუმცა ორიოდე ჭანჭიკს ნამდვილდ დააზიანებდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი გახლდათ.
იქნებ რუსეთის უშიშროებას სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული, რასაც ვერ ვხვდებოდით, შეიძლება ყველაფერი გაცილებით რთული გახლდათ ან გაცილებით მარტივი და უბრალო დამთხვევასთან გვქონდა საქმე.
სხვადასხვა ვარიანტები უთავბლოდ ირეოდა ჩემს გონებაში.
მარიამი მდუმარედ მიმზერდა, შემდეგ ყავა მოხვრიპა და იგივე სიტყვები გაიმეორა რაც ადრე მითხრა.
- სანამ ჩვენები ყველაფერს ბოლომდე გამოიძიებენ, დამნაშავეებს დიდხანს მოუწევთ «ვირის აბანოს ხეხვა».
მოსაღამოვდა, მეჩხერი თოვლი წამოვიდა, ქუჩაში გამვლლებმა იკლეს, მარიამი ფეხზე წამოდგა, სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ხელჩანთას დასწვდა.
- წავალ ბიჭებო, უკვე გვიანია, - ღიმილით გვაწყა მან, მერე ლაშას ლოყაზე ეამბორა და ყურში ხმადაბლა ჩაშჩურჩულა, - ხვალ შევხვდეთ.
- გაგაცილებ, - ლაშა სკამიდან წამოხტა, ქალს ხელკავი გამოსდო, - ბექა მალე დავბრუნდები, - მომაძახა და გასასვლელისკენ გაუძღვა.
ხუთ წუთში უკან დაბრუნდა, ბეჭებზე თოვლის თხელი ფენა დასდებოდა, არც ჩამოუფერთხავს ისე მოკალათდა მაგიდასთან, სახე შეყვარებული ბიჭივით ალეწოდა.
- ახლა აღიარე ფენობარბიტალი ჩაუყარე? - თვალებმოჭუტულმა ვკითხე.
- რაა, - შეკითხვის არსს ვერ ჩასწვდა ის.
- ოთხ დღეში რა გაუკეთე ასეთი, რომ თავდავიწყებით შეუყვარდი?
მან დინჯად ჩაიცინა.
- ჩემს მამაკაცურ შარმს ვერ გაუძლო, - ფიფქებისგან ოდნავ დასველებულ თმაზე ხელი გადაისვა და თვალი მხიარულად ჩამიკრა.
ჩამეცინა, ფეხზე წამოვდექი.
- გილოცავ ძმაო, - ალალად ვუთხარი, - როცა შენს სასურველ ქალს უყვარხარ, ამაზე უკეთესი არაფერია.
- მართალი ხარ, - დინჯად დამეთანხმა, შემდეგ შუბლი მოწკურა და მკითხა, - საახალწლოდ სად იქნები?
- არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე, - ბათუმში ვაპირებდი წასვლას, რა ხდება?
- მარიამთან ვაპირებთ ახალი წლის შეხვედრას, თორდიაც იქნება, ხუციშვილიც, შეიძლება ტყეშელაშვილმაც შემოიაროს, შენც მოდი.
- შევხედავ.
- მარტო არ მოხვიდე, - ხელი ბეჭზე დამკრა მეგობარმა, - თათიას შეეხმიანე, ხომ გითხრა როცა ყველაფერი დამთავრდება დამირეკეო.
ეს ამბავი არც კი მახსოვდა, ჯიბეები მოვიქექე, ერთ-ერთში სასწაულად შემორჩენილი ფურცლის ნაგლეჯი ვიპოვე, რომელზეც ლამაზი, მომრგვალებული ციფრებით ტელეფონის ნომერი ეწერა.
- ეგ კარგი გამახსენე, - ვუთხარი მეგობარს და ნომერი ტელეფონის მახსოვრობაში შევიყვანე.
- ბიჭო ეს ტელეფონია თუ «კერასინკა», - გაიღრიჯა ლაშა.
ალმაცერად გავხედე.
- სალაპარაკო გამოგელია? - ვუთხარი და გასასვლელიკენ გავემართე, - წავედით რაღას ვუცდით, - დავაჩქარე მეგობარი.
ლაშამ ყავის საფასური გადაიხადა, კაფედან გავედით, საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა, ბნელოდა.
- ჩემი მანქანა აქვე აყენია, გაგიყვან სახლამდე, - შემომთავაზა.
თავპატიჟი არ დამიწყია, მობუზულმა გადავკვეთე ტროტუარი და წინ მიმავალ ლაშას ავედევნე.
სანამ გაყინული ძრავი გათბებოდა, ავტო ბნედიანივით ცახ-ცახებდა, შემდეგ ლაშამ ჰაერღუმელი ჩართო, სიჩქარეების ბერკეტი მოანაცვლა და მანქანა ადგილიდან დასძრა.
ნელა მივუყვებოდით თამარ მეფის ქუჩას, როცა უნივერსიტეტის ბნელში ჩაძირული შენობა უკან მოვიტოვეთ, ლაშამ ავტომობილი მესხიშვილის თეატრთან მოაბრუნა და შოთა რუსთაველის პროსპექტს გაუყვა, ფანჯრიდან ნაცნობ ადგილებს ვათვალიერებდი.
წმინდა ნინოს ქუჩას ტაატით ჩავუარეთ გვერდი, მეგობარს გაოცებულმა გადავხედე და მშვიდად ვუთხარი.
- ჩასახვევს გასცდი ძმა.
ლაშას არც შემოუხედავს ისე მომიგო.
- მაგარ რაღაცას განახებ.
არ შევკამათებივარ, დღეს იმდენი შოკისმომგვრელი სიახლე მოვისმინე, რომ უბრალოდ დამაინტერესა თუ რას ეძახდა ჩემი მეგობარი «მაგარ რაღაცას».
რუსთაველის პროსპექტს გაუყვა, ცისფერყანწელების ქუჩაზე გადაუხვია და ავტომობილი «მწვანე ბაზართან» შეაჩერა.
დაბნეულმა გავხედე სიბნელეში ჩაძირულ ბაზრის შენობას, დღე იწურებოდა, აგრარული ბაზარის მახლობლად ხალხის ნაკლებობა იყო, ვაჭრები დახლებს ალაგებდნენ, «მეკაჭკეები» ყვიროდნე და ხმაურით მიარიხინებდნენ «ალმატურიდან» კუსტარულად შეკოწიწებულ ურიკებს, ვიღაც მღეროდა, ვირაც ტიროდა, ვიღაც მოწყალებას ითხოვდა.
- აქ რა გვინდა? - გაურკვევლობიდან არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ამიტომ კარი ჩემდაუნებურად გავაღე და კაბინიდან გადავედი.
- ყური დაუგდე.
გავისუსე, შორიდან სიმღერის ხმა ისმოდა, ქალები მღეროდნენ.
- ყოველ საღამოს მღერიან ამ სიმღერას.
კვლავ დავაყურადე, სიმღერის ტექსტი მეცნო, ბებიაჩემი ღიღინებდა ხანდახან.

«პარახოდო» ვინ რა იცის, რა ხარო,
თუ დაგჭირდა საზღვარგარეთ წახვალო,
ჩამოიტან ფერად-ფერად ფარჩებსა,
დაურიგებ ქუთაისელ ვაჭრებსა.

- კარგად მღერიან, - ავღნიშნე.
ლაშამ ცოტა ხანი მიმზირა, შემდეგ თავი ჩაქინდრა და უბრალოდ მითხრა.
- თურმე «ცანგალა» უმღეროდა ამ სიმღერას «მწვანე ბაზრის» ვაჭრებს.
სევდა მომერია, მივხვდი ვაჭრები ამ სიმღერით პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილის სულს.
- უყვარდათ «ცანგალა», - დავასკვენი.
- რაც მთავარია ახსოვთ.
- სულაც არ ყოფილა უპატრონო.
ლაშამ თავი დამიქნია.
- ამ ქვეყნად ყველას ჰყავს პატრონი, - ფილოსოფიურად დაასკვნა, - ზოგს ღმერთი პატრონობს, ზოგს ხალხი, მაგრამ იცოდე მარტო არავინაა.
მდუმარედ შევაცქერდი მეგობარს, ცოტა ხანი მის სიტყვებს ჩავუფიქრდი, შეიძლება შემეკამათოთ, მაგრამ იმ მომენტში მომეჩვენა, რომ სრულ სიმართლეს ამბობდა.
- მე აქ დავრჩები, სახლამდე ცოტას გავისეირნებ, - უბრალოდ ვუთხარი.
- როგორც გინდა, - გამომეპასუხა ლაშა, - არ მოგერიდოს ხომ იცი, - გამომცდელად მიმზირა თვალებში, როცა ხელის აქნევით ვანიშნე «ასე მირჩევნია მეთქი», ის გადამეხვია, ავტოს კაბინაში მოკალათდა, სიჩქარეების ბერკეტი ხმაურით მოანაცვლა და მანქანა ადგილიდან დასძრა.
მეგობარს ხელის დაქნევით გამოვემშვიდობე, კვლავ მისი სიტყვები ჩამესმოდა გონებაში, ფილოსოფია არასდროს მიტაცებდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ადამიანი ასაკთან ერთად ცოტა ფილოსოფოსიც ხდება, გულიანად ამოვიოხრე, შემდეგ დაცარიელებული ბაზარი მოვათვალიერე და გულდამძიმებული შევუყევი მამიდაჩემის სახლისკენ მიმავალ ჩაბნელებულ ქუჩას.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent