შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (36)


17-09-2019, 12:21
ავტორი omexi
ნანახია 426

**********

კლინიკურ საავადმყოფოსთან, რომ მივედი დღის ორი საათი იყო, მიუხედავად კარზე მომდგარი დღესასწაულისა, შენობაში მაინც ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა, უმეტესობა სეზონური გრიპიდან დასნებოვნებული ადამიანები იყვნენ, ამბულატორიაში წამდაუწუმ ისმოდა ცემინებისა და ხველის ხმა.
როცა დარბაზში შევედი, შემინულ რეგისტრატურაში ნაცნობ მედდას მოვკარი თვალი, ჯერ ვიფიქრე ლაშას შევეხმიანები და ერთად გავესაუბრებით ჯაბას-მეთქი, მაგრამ მალე გადავიფიქრე, სანამ ჩემი მეგობარი საავადმყოფომდე მოსვლას მოახერხებდა მთელ საათს დავკარგავდი, მე კი შემეძლო ნაყოფიერად გამომეყენებინა ეს დრო.
მედდამ ვერ მიცნო, როცა ჯაბა ბონდარენკოს პალატის ნომერი მოვითხოვე, ქალმა დაბალ მაგიდაზე დადებული საქაღალდედან რამდენიმე ფურცელი ამოალაგა, სათითაოდ გადაავლო თვალი და სვენებ-სვენებით მომახსენა.
- პაციენტი მეოცე იზოლირებულ პალატაში წევს, ალბათ იცით რომ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა.
თავი დავუქნიე, მადლობა გადავუხადე და სატაციონარისკენ გავემართე.
კიბეები სულმოუთქმელად ავირბინე, სტაციონარის დერეფანი ცარიელი იყო, მხოლოდ მე-20 პალატასთან იდგა ერთი პოლიციელი, ხელში ზედმეტი ზეთიდან შეხრუკული კარტოფილის ღვეზელი ეჭირა და გემრიელად შეექცეოდა.
პალატას რომ მივუახლოვდი, კუშტად შემომხედა და მოკლედ მკითხა.
- რა გნებავთ.
- ჯაბა ბონდარენკოსთან მინდა გასაუბრება.
პოლიციელი ცოტა ხანი დუმდა, მერე ნახევრად შეჭმული ღვეზელი იქვე მიგდებულ მუყაოს პაკეტში გაახვია და ფანჯრის რაფაზე დადო.
- პაციენტი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა, - დინჯად მითხრა, - ვინ ბრძანდებით? და რა არი ვიზიტის მიზანი?
რა უნდა მეპასუხა, ნათესავი ვარ მეთქი ვერ ვეტყოდი, რადგან აუცილებლად ეცოდინებოდა უპატრონო ბავშვთა სახლში რომ გაიზარდა, საერთოდ მოტყუება ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მომიტანდა, ამიტომ გონება მოვიკრიბე და სიმართლე ვუთხარი.
- მე და ჩემმა მეგობარმა «ტრეფიკიორების საქმის» გამოძიებას მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ, ახლა კი ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაზარალებულს მინდა რამდენიმე შეკითხვა დავუსვა.
პოლიციელი მკერდზე ხელებდაკრეფილი მიმზერდა, შემდეგ გაიღიმა და მეგობრულად მომმართა.
- ესე იგი ის სტუდენტი ხარ, მთელი საგამოძიებო რომ ლაპარაკობს?
წარმოდგენა არ მქონდა ჩვენზე რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ თავი მაინც დავუქნიე.
- ძალიან კარგი, შეგიძლია შეხვიდე, თუ გაგიძალიანდა იცოდე კართან ვდგავარ.
პოლიციელს მადლობა გადავუხადე და პალატაში შევედი.
ჩვეულებრივი პალატა იყო, თეთრად შეღებილი, თეთრი ლითონისფეხებიანი საწოლით და კუთხეში მიდგმული თეთრი ტუმბოთი.
საწოლზე ბონდარენკო იჯდა, ფანჯარაში იმზირებოდა, როცა კარის ხმა გაიგონა უკან შემობრუნდა და თვალებში მომაცქერდა.
ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, დაბანილი იყო, გრძელი თმა უკან კუდად შეეკრა, წვერი დაევარცხნა, ტანზე საავადმყოფოს კოპლებიანი ხალათი მოეცვა.
- მე შენ გიცნობ, - ხრინწიანი ხმით მითხრა.
- მეც გიცნობ, - ვუპასუხე.
- მაშინ კაფეში არასწორად მოიქეცი ბიჭო, - სახე მოექუფრა ჯაბას, - «არასპრავედლივი» ხელი მომხვდა, მაგისთვის მოგეთხოვება.
მახსოვრობა დაბრუნებოდა, ეს კარგი იყო, საუბედუროდ ჩვენი ურთიერთობიდან მხოლოდ ჩხუბი ახსოვდა, მეეჭვება «ფენობარბიტალით» გაბრუებულს ის დაემახსოვრებინა თუ როგორ გადავარჩინე და დამნაშავედ ქცეულ ექიმს საშუალება არ მივეცი ორგანოებად გაეყიდა.
ნელა მივუახლოვდი და ფრთხილად ვუთხარი.
- თქვენ ქალების «ახევას» აპირებდით.
მოგუდულად ჩაიცინა.
- ჩვენ კი არა თქვენ «აგვახიეთ» ქალები.
- კაი რა, - ხელი ავუქნიე, - გატყობ ყველაფერი ბოლომდე ვერ გაიხსენე: ვსვამდით, ვერთბოდით, ვცეკვავდით, ამ დროს შემოგვივარდით, «ხიპიში» აგვიტეხეთ, შენმა ძმაკაცმა კი დანაც დამარტყა.
ბინდარენკო ფეხზე წამოდგა.
- იმაზე არ დაფიქრებულხარ, რატომ შემოვედით კონკრეტულად მაგ კაფეში?
სასაუბრო თემა სწორედ იმ მიმართულებით წარიმართა, რისთვისაც საავადმყოფოში მოვედი, ამიტომ დიალოგი კარგად, რომ გაღვივებულიყო ჯაბას გაოცებულმა შევხედე და ვკთხე.
- რატომ?
- ნიკამ «დაკერა» ეგ «პუტანკები», - მითხრა, შემდეგ ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე გაეცინა და განაგრძო, - უფრო სწორად ქერას «ეჩალიჩებოდა», რამდენიმე თვე ხვდებოდა თბილსში, როცა მისი «ნაშა» დაქალთან ერთად ქუთაისში გაემგზავრა, ნიკა მე შემეხიანა და ქალებთან შეხვედრა შემომთავაზა.
რა ჯანდაბა ხდება? - ეს შეკითხვა გონებიდან არ მშორდებოდა, ესე იგი ნიკა გამიზნულად შეხვდა გოგონებს? მაგრამ ლელას მაშინ ნიკას დანახვა ძალიან გაუკვირდა, ნუთუ მოგვატყუა? იქნებ მამაკაცის თავიდან მოშორება უნდოდა და ჩვენს კომპანიაში დარჩენა ამიტომ ამჯობინა? მოხუცი «მის მარპლის» სტყვები გავიხსენე, ლელა ვღაცას ტელეფონზე ესაუბრებოდაო, იქნებ ნიკას «ურჩევდა საქმეს»? გონებაში ნელ-ნელა მწიფდებოდა რაღაც აზრი, შემდეგ ჯაბასკენ მივტრიალდი და ვკითხე.
- ნიკას დიდი ხანია იცნობ?
- რა მნიშვნელობა აქვს? - აგდებულად მიპასუხა.
- მისმინე მეგობარო, - დამარცვლით ვუთხარი, - შენ ერთ გადარეულ ექიმს მთელი სამი დღე ნარკოტიკებით ჰყავდი გათიშული, მე და ლაშას რომ არ მოგვესწრო, ახლა შენი თირკმელი თურქეთის «შავ ბაზარზე» იქნებოდა გამოკიდებული.
შუბლშეჭმუხნულმა მიმზირა, შემდეგ თავი ჩაქინდრა და ხმადაბლა მითხრა.
- დაახლოებით ექვსი თვეა «ვსასტაობთ».
- სად გაიცანი? როგორც ვიცი ქუთაისელი არაა.
- უბანში ერთ მეგობართან ჩამოდიოდა, კარგი «როჟა» იყო, «მოსაწევს» «ჩითავდა», ბიჭებს პატივს სცემდა და დავმეგობრდით.
- თუ ახლო ურთიერთობა გქონდათ, მისი ოჯახი რატომ არ გეპატრონა, როცა საავადმყოფოში მოხვდი?
- შენ «შიგ» ხომ არ გაქვს ბიჭო, - უეცრად უმიზეზოდ აყვირდა ბონდარენკო, - რა «დაპროსი» მომიწყვე, «ვაბშე» ვინ გტყნავს.
რთული იქნებოდა ამ ადამიანიდან რამე ღირებულის გაგება, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი, რატომღაც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მნიშვნელოვან სამხილს მივაგენი, ამიტომ მთელი ჩემი არსებით ვცდილობდი ხელიდან არ გამეშვა.
- მგონი ვერ მიხვდი წეღან რა გითხარი «ბრატ», - კვლავ მარცვალ-მარცვალ წარმოვსთქვი, რომ ჯაბას ყოველი სიტყვა გაესიგრძეგანებინა, - შენ ვიღაცამ «გაგიჩალიჩა», დარწმუნებული ვარ შემთხვევით ჩვენ იმ კაფეში, რომ არ აღმოვჩენილიყავით, ახლა შენი «დუხიც» არ იქნებოდა.
- ვის რა უნდა «გაეჩალიჩებინა» «ბლიად», «გასაჩალიჩებელს» პირიქით ვეძებ.
ჩემს გონებაში ნელ-ნელ მწიფდებდა რაღაც აზრი, ხორცს ისხამდა ერთი გიჟური იდეა, რომელიც აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა.
ბონდარენკოსკენ მივტრიალდი ჩავიცინე, და ნიშნის მოგებით ვუთხარი.
- ვფიქრობ ნიკამ «შეგახუჭუჭა».
- «შემახუჭუჭა» რა «ნაშა» კი არ ვარ, - უშნოდ გაიცინა მან.
- არა «ნაშა» არ ხარ, - ვუპასუხე, - სამაგიეროდ ორგანოების პოტენციური დონორი ხარ.
ბონდარენკო დადუმდა, ალბათ ჩემს სიტყვებს აანალიზებდა, მეც გატრუნული ვიდექი პალატაში, მერე შუბლი დაფიქრებულმა მოვისრისე და ვკითხე.
- ვინაა მისი «ზასტაველი» მეგობარი?
ჩემმა შეკითხვამ თითქოს თვლემიდან გამოარკვია, ნერვულად შეტოკდა, პირდაღებული მომაჩერდა და დამარცვლით მიპასუხა.
- «ჩამშვები» არასდროს ვყოფილვარ «ბრატ».
- ვინმე «ჩაუშვი» მეთქი არ გეუბნები, - მივუახლოვდი და თვალებში ჩავხედე, - უბრალოდ გთხოვ სხვები გადაარჩინო, ეჭვი მაქვს რომ შენი ძმაკაცი, ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული, შენ კი უბრალოდ მისი მორიგი მსხვერპლი იყავი.
არ ვიცი ბონდარენკომ რა გაიფიქრა, მაგრამ მუშტი საწოლის რკინის თავს გამეტებით მიარტყა და თავისთვის ჩაიღრინა.
- , - შემდეგ თვალი გამისწორა და ეჭვიანად მკითხა, - დარწმუნებული ხარ?
- თითქმის.
- შენ ვერა ხარ ხომ იცი, - აგდებულად მიპასუხა, - თითქმის დარწმუნება როგორია.
კბილები გავახრჭიალე, გულიანად ამოვიოხრე, უკვე მოთმინება მელეოდა, ამიტომ უკმაყოფილო ტონით ვუთხარი.
- მეტყვი თუ არა?
ბონდარენკომ ცოტა ხანი იფიქრა, მერე ხელი ჩაიქნია, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და მითხრა.
- არ ვიცი რა ჰქვია ან რას საქმიანობს, არც არასდროს შევხვედრივარ, «კიკვიძის პარკის» გვერდით, რომ ორი კორპუსი დგას, ერთ-ერთში ცხოვრობს მეოთხე სართულზე.
ვერაფერიშვილი ინფორმაცია იყო, თითქმის არაფრისმომცემი, მაგრამ სულ არარაობას მაინც სჯობდა, ჩემი ეჭვები, რომ დამედასტურებინა აუცილებლად უნდა შევდგომოდი საქმეს, მომეძებნა ნიკას ახლობელი და გავსაუბრებოდი, იქნებ ის აღმოჩენილიყო თათიას იდუმალი სტუმარი, მისი წყალობით კი ვიპოვიდი იმ დაკარგულ სამხილებს რაც მოსვენებას მიკარგავდა.
წვეროსანს ზურგი ვაქციე და კარისკენ გავეშურე, სანამ ოთახიდან გავიდოდი, ჯაბამ ხმამაღლა მომაძახა.
- მადლობა, რომ გადამარჩინეთ.
უკან მივიხედე, კვლავ საწოლზე ჩამომჯდარიყო და შუბლს ისრესდა, თავი დავუკარი და პალატიდან გავედი.
სანამ საავადმყოფოდან გავიდოდი რეგისტრატურაში მსუქანი მედდა მოვძებნე, ჯაბასა და ნიკას საავადმყოფო ფურცლები მოვითხოვე, ჯერ-ჯერობით არ ვიცოდი რაში გამომადგებოდა, მაგრამ როცა მარტამ რამდენიმე წუთის ძებნის შემდეგ ორი თხელი საქაღალდე გამომიწოდა, მაინც გამოვართვი.
მოგეხსენებათ მედიცინაში ვერ ვერკვევი, საავადმყოფო ფურცლებს უშედეგოდ ჩავჩერებოდი, გაურკვეველი კალიგრაფიით დაჯღაპნილი ტექსტი არაფრის მთქმელი იყო.
იქვე ძველთაძველი «ქსეროქსის» აპარატი იდგა, დოკუმენტების ასლი გადავიღე და ორიგინალი მედდას დავუბრუნე.
მერე ფურცლები ქურთუკის ჯიბეში შევინახე და საავადმყოფოდან გავედი.

**********

საავადმყოფოდან გამოსული ნელა შევუყევი დათოვლილ ქუჩას, თან ტელეფონი ამოვიღე, ანთებულ ციფერბლატს დავხედე, ლაშასთან მინდოდა გადარეკვა, რათა ყველაფერი მეამბნა, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ვიცოდი მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, ალბათ ყურებამდე შეყვარებული მარიამთან ერთად ატარებდა დროს, მე კი არ მინდოდა ხელი შემეშალა, შემხვედრი სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და «ზასტავასკენ» გავემართე.
«მარშუტკა» «კიკვიძის პარკთან» არ მიდიოდა, ამიტომ ფეხით მომიწია დარჩენილი გზის გავლა, გზად «ტრეფიკიორთა საქმეზე» ვფიქრობდი, მარიამის სიტყვებს ვაანალიზებდი, ესე იგი კრიმინალიზირებულმა დიპლომატებმა რამდენმე მილიონის სანაცვლოდ, ყველაფერი სასწორზე დადეს: - ადამიანების სიცოცხლე, სამშობლო, კარიერა, პროფესიონალიზმი და თავად ადამიანობაც.
ნეტა რა გზას დაადგებოდა მირიან ტყეშელაშვილი, როგორ გამოავლენდა მაღაჩინოსან დამნაშავეებს? ეს შეკითხვა მოსვენებას მიკარგავდა.
სიამოვნებით გავაგრძელებდი გამოძიებას.
საუბედუროდ ჩვეულებრივი სამოქალაქო პირი გახლდით, სამართალდამცავ ორგანოებთან არანაირი კავშირი არ მქონდა, მართალია სამართალმცოდნეობას ვეუფლებოდი, თანაც მე და ლაშამ გამჭრიახობით ბევრ სამართალდამცავზე მეტი გავაკეთეთ, მაგრამ ჩემი აზრით ისინი არ მოგვცემდნენ საშუალებას კვლავ ჩავთულიყავით გამოძიებაში.
არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ თითქოსდა ფათერაკების, თავგადასავლის და საინტერესო სიახლეების «ლომკას» განვიცდიდი, ალბათ ყოველივე «დეტექტივობანას» წყალობით გამომუშავებული ადრენალინის ბრალი იყო, სურვილი იმდენად ძლიერი გახლდათ, რომ პირველსავე შესაძლებლობაზე საკუთარი ინიციატივით შევუდექი სამხილების ძებნას.
მართალია პირნათლად მოვიხადეთ სამოქალაქო ვალი საზოგადოების წინაშე, მაგრამ სულაც არ ვგრძნობდი თავს ვალმოხდილად, უფრო მეტი მინდოდა, მოსვენებას მიკარგავდა ის ფაქტი, რომ ამ უსასტიკესი დანაშაულის შემოქმედი ნაძირალები თავისუფლად დაპარპაშებდნენ.
საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა, როცა ჯაბას მიერ მითითებულ ადგილას მივედი, ღამდებოდა, მოღრუბლულ ცაზე იქ სადაც ჩამავალი მზე ჰორიზონტს ებჯინებოდა, საავდრო ღრუბლები მოწითალოდ შეფერილიყო.
ორი კორპუსი, რომელთაგან ერთ-ერთში ნიკას ნაცნობი ცხოვრობდა, ერთმანეთს კუთხეებით ებჯინებოდა და ერთი შეხედვით უფუძო სამკუთხედს ჰქმნიდა.
სახლებს ორ-ორი სადარბაზო ჰქონდათ, როცა ერთ-ერთში შევაბიჯე აღმოვაჩინე, რომ თითო სართულზე სამი ბინაა განთავსებული, ესე იგი სულ თორმეტ ოჯახთან უნდა მიმეკაკუნებინა.
პირველი ბინის კარი თექსმეტიოდე წლის გოგონამ გამიღო, ჯერ მივესალმე, მერე კი ინტერესით ვკითხე.
- შემთხვევით ნიკა დობორჯგინიძეს ხომ არ იცნობთ?
გოგონამ გაოცებული თვალებით შემომხედა, მხრები აიჩეჩა და უბრალოდ მომიგო.
- არა.
მერე არც დამშვიდობებია, ისე მომიხურა ცხვირწინ კარი.
დარჩენილ ხუთ ბინაშიც ანალოგიური რამ განმეორდა, მეპატრონეთა უმრავლესობა ან მხრებს იჩეჩავდა ან უარს მეუბნებოდა და უბოდიშოდ მიხურავდა კარს.
ვიცოდი სისულელეს, რომ ვჩადიოდი, მაგრამ სხვა რა დამრჩენოდა? როგორ უნდა მეპოვნა ის პიროვნება? ერთადერთი გამართლებული ვარიანტი უცხო ადამიანების კარზე მიკაკუნება და მათი ბრმად გამოკითხვა იყო, მხოლოდ ადილობრივი მოსახლეობის პატიოსნობის იმედად ვიყავი, მართალია შეეძლოთ სიმართლე დაემალათ, მაგრამ სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავდი.
იმ ექვსი ადამიანიდან, რომლებსაც პირველ კორპუსში გავესაუბრე, ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, დაღვრემილმა დავტოვე სახლი და მეორე კორპუსს მივადექი.
როცა მეორე სახლის სადარბაზოს მივუახლოვდი, მივხვდი ჩემი ძალისხმევა ფუჭი იყო, «წყლის ნაყვა», მაინც ვერ მივაღწევდი საწადელს, რადგან ის ვიღაცა თუ დანაშაულში იყო გარეული ალბათ სადღაც დასაკარგავში იქნებოდა გადახვეწილი.
სადარბაზოში შესვლა გადავიფიქრე, ნელი ნაბიჯით გამოვედი ეზოდან, ცოტა ხანი უკაცურ ქუჩაში მივაბიჯებდი, მერე «კიკვიძის პარკში» შევედი და ცარიელ სკამზე მოვკალათდი.
მართალია ციოდა, მაგრამ ისე ვიყავი საკუთარ ფიქრებში გართული, რომ სიცივეს ვერ ვგრძნობდი, ჩემს წარმოსახვაში მთელი ეს ისტორია დაუმთავრებელ რომანს მაგონებდა, ტუჩებმოკუმული ვიჯექი და ვცდილობდი ამ მოზაიკიდან ამოვარდნილი ის ნატეხი მეპოვნა, რომელიც მთელ სურათს გააერთიანებდა.
ვერ გეტყვით, ასე ჯდომა რამდენად გამართლებული იყო, ან პასიურობით როგორ ამოვხსნიდი თავსატეხს, მაგრამ საუბედუროდ სხვა არაფერი მომდიოდა თავში.
«კიკვიძის პარკი» ცარიელი გახლდათ, ამ სიცივეში გადარეულის გარდა სხვას ნამდვილად არ მოუვიდოდა აზრად პარკში სეირნობა, გაყინული ხელები დავიორთქლე და სიბნელეში ჩაძირულ ვასილ კიკვიძის ძეგლს გავხედე, სკულპტურას თოვლი დასდებოდა, ბეჭებზე მოხურული ნაბადი გათეთრებულიყო და ერთი შეხედვით გეგონებოდათ ქანდაკებას ბეჭებზე თბილი პლედი მოუხურავსო.
გამაჟრჟოლა, ვიგრძენი სიცივე ძვალსა და რბილში გამიჯდა, უმოძრაობიდან ფეხებიც გამეყინა, ხელები კვლავ დავიორთქლე, ტელეფონის ციფერბლატს დავხედე, ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, უკვე გვიანი იყო, სკამიდან წამოვდექი, გადავწყვიტე «წყლის ნაყვას» შევშვებოდი და სახლში წავსულიყავი.
როცა პარკის კიდეს მივუახლოვდი, სწორედ მაშინ ჩამოუარა «კიკვიძის პარკს» წითელმა BMW M1-მა, ავტომ ირაკლი აბაშიძის ქუჩა რწევით გაიარა და სწორედ იმ კორპუსების ეზოში შეუხვია, რომლებსაც რამდენიმე წუთის წინ ვათვალიერებდი.
არ ვიცი რატომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, ახალი არ ეთქმოდა, დაახლოებით 1980 წლის მოდელი იქნებოდა, უბრალოდ კარგ მდგომარეობაში გახლდათ, დაბურული ფანჯრები ჰქონდა, მონიკელებული დისკები, ფართე საბურავები და მაღალი «სპოილერი» იმის მანიშნებელი იყო, რომ მეპატრნეს სწრაფი მოძრაობა უყვარდა.
პარკი ჩქარი ნაბიჯით უკან მოვიტოვე, ეზოში შევედი და კორპუსის კუთხეს ამოფარებულმა მივადევნე თვალი ავტმობილს, მძღოლმა ნახევარი ეზო გადაკვეთა და ავტო იქვე მოწყობილ სადგომზე უკუსვლით ჩააყენა.
შესანიშნავად მართავდა, მივხვდი ალბათ ბევრი დრო ჰქონდა საჭესთან გატარებული, მანქანა შეჩერდა, თუმცა მძღოლს არც ძრავი ჩაუქრია და არც ფარები.
რამდენიმე წამში კარი მსუბუქად გაიღო, კორპუსის კუთხეს მოვშორდი, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე, რათა კაბინიდან გადმოსული ადამიანი უკეთ გამერჩია.
ავტომობილიდან საშუალო სიმაღლის მამაკაცი გადმოვიდა, მუხლებს ჩაცილებული ნაცრისფერი ლაბადა და გაცრეცილი ჯინსი ეცვა, თავზე თბილი კეპი ეხურა, ხელებზე ტყავის ხელთათმანები, თვალებზე კი მიუხედავად სიბნელისა მუქი ფერის მზის სათვალე ეკეთა, ჟრალი წვერი ჰქონდა, რომელიც ავტომობილის შუქფარების შუქზე შორიდანაც მკვეთრად ჩანდა.
ეზო მფრთხალად მოათვალიერა, ნელი ნაბიჯით მოშორდა კაბინას, საბარგულიდან სპორტული ჩანთა ამოიღო და ბეჭზე გადაიკიდა.
ცოტა ხანი მანქანასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა, მერე ნამწვი დაუდევრად მიაგდო თოვლით დაფარულ ტროტუარზე, ლაბადის კიდე გადაიწია, მართალია ბნელოდა მაგრამ ქამარში გარჭობილ პისტოლეტს მანც მოვკარი თვალი.
დანახულმა წამით დამაბნია, გაურკვევლად ვიდექი ერთ ადგილზე, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მერე გონს მოვეგე, სიფრთხილეს მოვუხმე და კვლავ შენობის კუთხეს ამოვეფარე.
ლაბადიანმა ეზო კიდევ ერთხელ მოათვალიერა, პისტოლეტი ხელში მოიმარჯვა, კაბინის უკანა კარი გამოაღო და ვიღაცას ხმადაბლა უბრძანაა.
- გადმოდი!
უკანა კარიდან რის ვაი-ვაგლახით გადმოვიდა მაღალი მამაკაცი, ბეჭებში მოხრილი იყო, კოჭლობდა, ქურთუკის საყელო ყურაბამდე წამოეწია და თავზე თბილი ქუდი ეხურა.
- წამოიღე!
ხმადაბლა უთხრა ლაბადიანმა და ფეხებთან სპორტული ჩანთა მიუგდო.
მაღალი მამაკაცი ხვნეშით დასწვდა ჩანთას, ეზოში საკმაოდ ბნელოდა, შეუძლებელი იყო მათი გარეგნობის გარჩევა, თუმცა როცა მაღალი ჩანთის ასაღებად დაიხარა, ავტომობილის მბჟუტავმა შუქფარებმა წამით მისი სახე გაანათეს.
ჯერ საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, ის საოცრად ჰგავდა ნიკა დობორჯგინიძეს, თვალები მოვჭუტე, უფრო ინტერესით მივაცქერდი - სახეს სანახევროდ ქურთუკის საყელო უფარავდა, კოჭლობდა და თვალებიც შეშუპებოდა, მაგრამ მაინც ვიცანი, კი არ ჰგავდა, არამედ ნამდვილად ნიკა დობორჯგინიძე იყო,
გაჭირვებით წამოსწია ჩანთა და მძიმედ მოიგდო ბეჭზე.
- მეორე სადარბაზოში შედი.
კვლავ მბრძანებლურად უთხრა უცნობმა, შემდეგ იარაღის ლულა მსუბუქად ჰკრა ფერდში, დობორჯგინიძემ მწყრალად გადახედა და კოჭლობით გაემართა კორპუსისკენ.
ამ სურათის შემხედვარეს უამრავი შეკთხვა დამებადა.
ნეტა რა ხდება? რა შარში გაეხვია ნიკა? ვინ არის მეორე მამაკაცი? ნუთუ ის ახლობელია, რომელზეც ჯაბამ მომიყვა, მაშინ რატომ უღერებს იარაღს? უპასუხო შეკითხვები აბეზარი მწერებივით ბზუოდნენ ჩემს გონებაში.
თავი გავიქნიე და უფრო გულდასმით დავაკვირდი მამაკაცებს.
ლაბადიანი შესანიშნავად იყო შენიღბული, თან წვერიც უწყობდა ხელს, მისი სახე ასეთ სიბნელეში კი არა დღის სინათლეზეც არ გამოჩნდებოდა.
როცა სადარბაზოს მიუახლოვდნენ, ორთავე სიბნელეში ჩაიძირა, იმ კორპუსში შევიდნენ, რომელიც არ დამითვალიერებია, როგორც კი გაუჩინარდნენ ფეხდაფეხ მივყევი.
ელექტროენერგია გამოერთოთ, მამაკაცები ფეხით მიუყვებოდნენ კიბეებს, ხმას არ იღებდნენ თუმცა ნიკას მძიმე ნაბიჯებით მივხვდი, რომ მეოთხე სართულზე მაღლა არ ასულან, როცა საკეტის ჩხაკუნის ხმა გავიგონე, ნაბიჯს მოვუჩქარე, ორიოდე სათული სწრაფად ავირბინე და კიბის კუთხიდან მეოთხე სართულზე გავიჭვრიტე.
სადარბაზოში ჩამოწოლილი სიბნელის წყალობით, ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, თუმცა ის მაინც შევამჩნიე, უცნობმა მამაკაცმა ნიკა მუჯლუგუნით რომ შეაგდო ბინაში.
თვითონ ცოტა ხანი შეიცადა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მუქი სათვალეები მოიხსნა და ფრთხილად მოათვალიერა სართულზე განთავსებული კიდევ ორი ბინის მჭიდროდ დახურული კარი.
კიბის მოაჯირთან ჩაცუცქული ვცდილობდი ზედმეტი ჩქამი არ გამეღო, გატრუნული ვაკვირდებოდი, როგორ ათვალიერებდა სადარბაზოს უცნობი მამაკაცი, მხოლოდ სიბნელის იმედად ვიყავი.
უცნობს ქუდი არ მოუხდია, სათვალეს ერთ ხელში დაუდევრად ათამაშებდა, მეორეში პისტოლეტი ეჭირა.
- კართან გაჩერდი, - მბრძანებლურად მიაძახა დობორჯგინიძეს, მერე სათვალე ჯიბეში შეინახა, სანთებელა ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა.
როგორც კი პატარა ალი აკაშკაშდა მისი ცივი, ჭროღა თვალები დავინახე და მიუხედავად მოკლე ჟრალი წვერისა, ის გამოხედვა ვიცანი, რომელიც ეს ბოლო დღეებია მოსვენებას მიკარგავდა - კახაბერ თორდიას გამოხედვა.
მოულოდნელობიდან კინაღამ კიბეებზე ჩავგორდი, რიკულებს მოვეჭიდე და თავი შევიმაგრე, რა ჯანდაბა აკავშირებდა თორდიას ნიკა დობორჯგინიძესთან?
რომ არ შევემჩნიე უფრო მოვიკუნტე და დაველოდე სანამ რკინის კარს მიღმა გაუჩინარდებოდნენ.
ბინა რიგით 38-ე ნომერი იყო, თვალი ერთხელ შევავლე კარზე გამოსახულ ნიკელირებულ ციფრებს და სწრაფად ჩავირბინე კიბეები.
«ტრეფიკიორთა საქმეში» ახალი სამხილები გამოჩნდა, რომელიც ჩემი აზრით თავუკუღმა დააყენებდა ქართული სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ეფექტურობას.
სანამ კიბეებზე ჩავიდოდი ცოტა ხანი დანახულ სურათს ვაანალიზებდი - რატომ ჰყავდა თორდიას ნიკა მიზანში ამოღებული? ნუთუ ისიც ჩემსავით დამოუკიდებლად აწარმოებდა ძიებას თუ რაღაც სხვა მიზანი ამოძრავებდა?
შუბლმოჭმუხნული გამოვედი სადარბაზოდან, როგორმე პასუხები უნდა მიმეღო ამ კითხვებზე, საუკეთესო ვარიანტად მათთან გასაუბრებას ვთვლიდი, მაგრამ თუ თორდიაც გარეულია «ტრეფიკიორთა საქმეში», მაშინ ჩემი საუბარი კარგად ნამდვილად არ დასრულდება, ექსპერტი შესანიშნავად მომზადებული გახლდათ, მისი უნარ-ჩვევები რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალით ვიხილე, როცა მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანით დამნაშავეები შეაჩერა.
«მაგრამ ის ხომ ჩვენს მხარეს იყო?» - იჭვნეულად გავიფიქრე, მაშ რა ჯანდაბას აკეთებს შუაღამისას ნიკა დობორჯგინიძესთან ერთად?
დაფიქრებულმა გადავკვეთე ცარიელი ეზო, მოსაფიქრებლად ცოტა დრო მჭირდებოდა, შეციებული მოვიბუზე და ნელი ნაბიჯით «კიკვიძის პარკის» იმ მხარეს გადავედი, საიდანაც თავისუფლად ვადევნებდი თვალს კორპუსის სადარბაზოს.



№1  offline წევრი Rania

Ramagar adgilas gacyvitett. Au arminda kaxaberi mogalate iyoss. Iqneb chanergili agentia haaaaaa. Au ramoitmens momdevnomdee.adlona oprleratiulobostviss
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი omexi

Rania
Ramagar adgilas gacyvitett. Au arminda kaxaberi mogalate iyoss. Iqneb chanergili agentia haaaaaa. Au ramoitmens momdevnomdee.adlona oprleratiulobostviss

მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent