შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში? (1)


16-10-2019, 18:24
ავტორი lukakhati
ნანახია 548

ცურავენ სირ*ნოზები შავ ზღვაში?
ორმოცდახუთი წელი ისე შემისრულდა, მარტოს მატარებლით არასდროს მიმგზავრია. ვინ იცის ეგებ ეს ჩემი ბოლო მგზავრობაცაა.
თბილისიდან ბათუმისაკენ მიმავალი ორთქმავალი ათი წუთის დაგვიანებით დაიძრა. მზე უკვე თვალს მიეფარა. რამდენიმე წუთში უკუნიც ჩამოწვება. ძილი ამ ღამით მე არ მიწერია. ნეტავ, მთვარემ მაინც გამოანათოს.სინათლე მიუძღვნას სიჩუმედ ჩამოწოლილ დაისს. ეგებ, ეს ღამე ყველა სხვა დანარჩენს არ ჰგავდეს. ძალიან მინდა ყველაფრის გახსენება და დალაგება შემეძლოს. თუმცა სანამ აურზაური არ ჩაწყნარდება, მცდელობას აზრიც კი არ აქვს.
კიდევ კარგი, ჭკუას მოვუხმე „კუპე“ მოვითხოვე. მე ხომ პატივცებული კაცი ვარ, ტელევიზორშიც ხშირად ვჩანვარ, ამიტომ უარს მსგავს თხოვნებზე არავინ მეუბნება. ალბათ, ფიქრობდნენ საქმიანი ვიზიტი აქვს და სიწყნარე სჭირდებაო.
...ნეტავ, სიმართლე სცოდნოდათ! იქნებ ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო. თუმცა ახლა, როდესაც უკვე ნაბიჯი წინ გადავდგი, უკან დახევას აზრი აღარ აქვს. იმედი მაქვს მეყოფა ძალა.
მგზავრობის პირველი ოცი წუთი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა. ერთი ბავშვის ტირილს, მეორე ანაცვლებდა. მეც ტელეფონს ვწვდი. ლენას ნომერი ავკრიფე. არ მიპასუხა. მეორედ ვცადე, მაგრამ დაკავშირება შეუძლებელი იყო.
ეჰ, ნეტავ ვიმსახურებ კი საკუთარი შვილის სიძულვილს? ალბათ, კი.
სიჩუმის ჩამოწოლასთან ერთად ჩემი სხეულის ყოველ კუთხე-კუნჭულსაც მგზნებარე მღელვარება ედება. რას ვუპასუხებდი, რომელიმე მგზავრს ჩემი მოგზაურობის მიზეზის გაგება რომ განეზრახა. ალბათ, მშობლიურ ქალაქში დარჩენილი ახლობლების მონახულებას მოვიმიზეზებდი. რამდენიმე ამბავსაც მოვუყვებოდი ჩემი ბავშვობის შესახებ. ხო, ასე მოვიქცოდი და ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა ჩემს სიმართლეში. მაგრამ მე ხომ ტყუილი არ მიყვარს? თუმცა როგორ ამეხსნა ვინმესთვის, რომ თბილისიდან ბათუმში გვიან ღამით წასვლა მკვლელობის ჩასადენად გადავწყვიტე?
აი, ასე - თურმე მცოდნია ყველაფრის მიზეზიც. რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე ვიცოდი, უბრალოდ ჩემს თავს ვერ ვუტყდებოდი. მომეშვა, შემდეგ კი გულიანი სიცილი, უფრო სწორედ, ხარხარი ამიტყდა. მე უნდა მოვკლა ადამიანი. რამდენჯერაც ეს წინადადება გავიმეორე, იმდენჯერ გამიჭირდა სიცილის შეკავება.
ღმერთო ჩემო, რამდენიმე წლის წინ ვინმეს, რომ ეწინასწარმეტყველა ჩემი ცხოვრება, უეჭველად ჭკუიდან შევიშლებოდი.
კეთილი, რადგანაც უკან ვეღარ დავიხევ ჯობს ყველაფერი ავწონ-დავწონო.
ჯანდაბა! ვერაფრით გადავეჩვიე ფრჩხილების კვნეტას.
პირველ რიგში, მისი ადგილსამყოფელი უნდა დავადგინო. ო, არა! ყველაფერი უკეთ უნდა დამეგეგმა. ამ ხელის კანკალსაც ვერაფერს ვუხერხებ. იქნებ საერთოდაც აღარ ცხოვრობს ბათუმში ან როგორ უნდა ვიცნო? მისი სახე ამდენი წლის შემდეგ შეიცვლებოდა. კი, მისი სახელი და გვარი მახსოვს, მაგრამ რომ შევცდე?
წყეულიმც იყოს! ეს როგორ დამემართა? ასეთი დაუგეგმავი ნაბიჯი ცხოვრებაში არასდროს გადამიდგამს.
ნუთუმ მინდა ბათუმს დავუბრუნდე და იქ არ დამხვდეს. მაშინ თავს ვალდებულად აღარ ვიგრძნობ? ვინ დამაკისრა ეს წყეული ვალდებულება? რა თქმა უნდა, მე. მე დავაკისრე საკუთარ თავს და ისიც ისევე გავანადგურე, როგორც ჩემი ქალიშვილი და ყველაფერი, რასაც ამ წლების განმავლობაში შევეხე.
კარგი, ვთქვათ ვიპოვე - რით ვაპირებ მის მოკვლას? დანით გავუსწორდე და შემდეგ დაველოდო სისხლით როდის დაიცლება? კი ბატონო, მაგრამ მე ხომ სადისტი არ ვარ. რაიმე სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო უნდა მოვიფიქრო. არადა, ძალიან მინდა მისი განწირული კივილის მოსმენა. მიმდა უყუროს, როგორ ცურავს სისხლში. სიკვდილი ინატროს, რათა ტკივილი მოინელოს - მან ეს ყველაფერი დაიმსახურა, უბრალოდ ვიცი, რომ ეს სიამოვნებას სულაც არ მომანიჭებს. ხომ ცხოვრობს ჩემში კიდევ რაღაც, რომელიც მახსენებს თუ ვინ ვიყავი და ვინ მინდოდა ვყოფილიყავი?
მკვლელობის დაგეგმვას ახლა აზრი არ აქვს. მე ხომ არ ვიცი რა ვითარებაში მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა, თუმცა ამის მოფიქრება სულაც არ იქნება რთული. აი, თურმე მკვლელების დაცვასაც რაღაც სარგებელი ჰქონია!
გვრჩება მთავარი კითხვა, რომლის დასმასაც საკუთარი თავისთვის სულ ვერიდები. რას ვიზამ შემდეგ? წარმოდგენა არ მაქვს. მგონი, გარემოება თვითონ გასცემს პასუხს ამ უკანასკნელს.
მაშ, მშვენიერია. ყველაფერი დაგეგმილია. უფრო სწორად, არაფერი დაგეგმილი.
რაღა დამრჩენია? თვალები უნდა დავხუჭო, გონება დავძაბო და ყველაფერი გავიხსენო. რამდენი წელია გასული? სადღაც, ოცდაათი.
ხო, ყველაფრის გახსენება თავიდან უნდა დავიწყო. რა სამწუხაროა, რომ არავინ შემხვედრია, ვისაც ჩემს ამბავს გავანდობდი.
ეჰ, უმჯობესია კლავ ჩემს თავს გავანდო გულის ნაბადი. ახლა,ტყუილს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. დროა გულწრფელი ვიყო. „პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“- ჩემს თავში მივიწყებული უცხო ხმა ამატებს.
***
ხშირად, მიცდია გამეხსენებინა,თუ რომელი იყო ჩემი პირეველი მოგონება.
დეკემბრის შუა რიცხვებში დავიბადე. ორსულობის მეშვიდე თვეს. არავინ ელოდა ჩემს გადარჩენას, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. დედა მშობიარობის შემდეგ შეუძლოდ იყო, ჩემთვის სახელის დარქმევა მამაჩემს დაევალა. მისი თქმით, როგორც კი მნახა მაშინვე გადაწყვიტა - ელია დამარქვეს. ელია ბოლქვაძე. კი, გვარს დიდად არ უხდება და სიმართლე გითხრათ, თავიდან საერთოდაც არ მომწონდა ჩემი სახელი; შემდეგ- შევეჩვიე.
„როგორც სხვა დანარჩენს“ - დამცინის. ნეტავ, გამარკვია საიდან მოდის ეს ხმა.
მამაჩემი რამდენჯერმე ყმაწვილობისას გამომიტყდა, რომ ჩემი დაბადების შემდეგ უძილობა ჭამდა. რატომღაც ფიქრობდა, რომ ამ დიდ გამართლებას აუცილებლად უბედურება უნდა მოჰყოლოდა, ამიტომაც იჩენდა ჩემს მიმართ ყოველთვის ზედმეტ მზრუნველობას, თუმცა შეცდა - მე არ ვიყავი ის, ვინც ავბედითობას მსხვერპლად აერჩია.
ორი წლის ვიქნებოდი, როდესაც დედაჩემის დაავადების შესახებ შეიტყვეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ გადმოცემით ვიცი, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ სწორედ იმდროს დაიბადა ჩემი პირველი მოგონება.
სიმსივნეს მის სხელში უკვე იმდენად ღრმად გაედგა ფესვები, რომ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მკურნალობის დაწყებას დედა არც მოისურვებდა. მე ხომ მისი ნაწილი ვარ. ის კვლავ ცოცხლობს ჩემში.
იქნებ დედაჩემს ეკუთვნის ხმა, რომელიც გონების მიყრუებული კუთხიდან მესმის? ღმერთო დიდებულო! რას იფიქრებდა ახლა რომ დავენახე; დედი, თუ მიყურებ მაპატიე.
იმის მიუხედავად, რომ არავის სჯერა შემდეგს დღემდე ნათლად ვხედავ :
უშველეველი ოთახი. ჩახუთულობა. ნათელი ჭაღი. ხმაურიანი ფუსფუსი. მარჯვენა კედელთან ერთადგილიანი საწოლი; ზედ კი ძალამიცლილი, თეთრშიმოსილი დედა. სად იყო მამაჩემი ვერ ვიხსენებ, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ საწოლისაკენ წასვლა აზრადაც არ მომსვლია. ბოლო რაც დავინახე იყო სისხლი, რომელიც დედაჩემს ცხვირიდან სდიოდა. ხო, დედა ამ დღეს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ თითქოს რამდენიმე თვე შავმა ლაქამ შეჭამა. არაფერი მახსვოს რამდენიმე გაცრეცილი სურათის გარდა.
ვიგონებ როგორ გადავედით ახალ სახლში. შედარებით პატარაში, თუმცა ზღვასთან ახლოს. ვასილის აზრით, დანაშაული იყო გეცხოვრა ბათუმში ისე, რომ ფანჯრიდან ზღვა ვერ დაგენახა.
როგორი ბრძენი იყო მამაჩემი.
შემიძლია ახლაც დაზუსტებით აღვწერო სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ლურჯი, მაღალყელიანი ქოთანი. ყოველ დღე მომქონდა სახლში მინდვრის ყვავილები. დედას ხომ ისინი ძალიან უყვარდა. ვაღებდი ფანჯარას და ვაკვირდებოდი, როგორ ეთამაშებოდა ზღვის ტალღებისაგან მომავალი ბრიზი მათ ფოთლებს.
ერთი საიდუმლო მქონდა, რომელიც არავისთვის გამიმხელია.
-თითქმის არავისთვის - შემისწორა.
-ხო, რა მნიშვნელობა აქვს - ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვუპასუხე.
ჰოდა, ჩემი საიდუმლო - სირ*ნოზების არსებობის მჯეროდა. ე, რა სულელი ვიყავი! ხანდახან, იმასაც ვფიქრობდი, რომ დედაც ნოზად იქცაა და ღრმა წყალს მიეფარა.
ცურვა ჩემით ვისწავლე. ყოველდღე ვვარჯიშობდი. ბაღში არ მივლია. ვასილი საღამომდე სამსახურში იყო. გასაკვირია, არასდროს ეშინოდა ჩემი მარტო დატოვება, მაშინაც კი, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. ალბათ, სჯეროდა ჩემი.
კვლავ ტელეფონს შევხედე. ამჯერად შეტყობინება გავაგზავნე. სად ხარ ლენა? მიპასუხე!
ყოველდილით ვვარჯიშობდი. მინდოდა ზღვაში ღრმად გამეცურა, თუმცა მოუთმენლობას არ ვაძლევდი უფლებას შევეცდინე. ვასილის ხომ ბევრი მეზღვაური მეგობარი ჰყავდა. მათაც არ ელეოდათ საშინელი ამბები ღრმა წ....ბის შესახებ.
მოკლედ, დადგა ნანატრი დღეც - ჩავთვალე რომ საკმარისად მომზადებული ვიყავი და ჩვეულზე ღრმად შევცურე. არ ვიცი შიშის დამსახურება იყო თუ მღელვარების, მაგრამ გული ისეთი სისწრაფით მიცემდა, მეგონა, რომ სადაც იყო დავიხჩობოდი. შეუსვენებლად გავცურე ტივტივამდე. მაგრად მოვეჭიდე. სუნთქვის მოთქმა ვცადე. რა სასაცილო ვიქნებოდი ტივტივას ჩახუტებული! როდესაც ამოსუნთქვებს შორის ინტერვალი შემცირდა, ხელი გავუშვი და ღრმად დავეშვი. იმ დროს ერთადერთი სურვილი მქონდა - წყალში უკეთ დამენახა. რა მოხდებოდა ჩემს გვერდით ნოზს რომ გაეცურა მე კი ვერ შემენიშნა? ასეთი სისულელეებით მქონდა თავი დატვირთული და რაღა გასაკავირია, რომ ზედმეტად ღრმად ჩავყვინთე. კიდევ კარგი, რამდენიმე თვიან ვარჯიშს შედეგი გამოეღო, თორემ თევზის საკვებად გადავიქცეოდი.
ისე არც ისე ურიგო იქნებოდა. რამდენ სადარდებელს ავირიდებდი თავიდან!
არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამოყვინთვა შევძელი. ტივტივას მაგრად მოვეჭიდე, მაგრამ ნაპირამდე გასასვლელად ძალა აღარ შემრჩენოდა. ყვირილი დავიწყე. უკვე თვალებში მიბნელდებოდა, როდესაც დავინახე რამდენიმე სილუეტი ჩემკენ როგორ მოცურავდა.
თვალები რომ გავახილე ნაპირზე ვიყავი. ყველა გარს მეხვეოდა. მამა ვერ დავინახე. მაშველებს ვთხოვე მისთვის არაფერი ეთქვათ. ნამდვილად დასაფასებელია - ეს პირობა შეასრულეს.
ასე ჩაიარა სირ*ნოზების პოვნის პირველმა მცდელობამ. ამ დღიდან ორი რამ დამრჩა სამუდამოდ სამახსოვროდ - ნაიარევი ხელზე, რომელიც ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა და... არ ვიცი ხედვა დავუძახო? არა, ალბათ, უფრო სიზმარი.
სად ხარ წყეულო ხმავ?! როდესაც შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ?
კეთილი, აღარ დაგეკითხები! სიზმარი ვუწოდოთ.
მაშ ასე სიზმარი ასეთი იყო :
სისველეს ვგრძნობდი. ფსკერისაკენ თავით ვეშვებოდი. უჰაერობა არ მაწუხებდა, პირიქით, ჩვეულზე ღრმად ვსუნთქავდი. მარილი თვალებს მიწვავდა, თუმცა არ ვნებდებოდი. ვცდილობდი რაიმე დამენახა და მეც დავინახე ლურჯი ნათება, რომელიც ქვევით მიხმობდა. არ მეშინოდა. რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობდი, თუმცა ის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მის გასახანგრძლივებლად უარს ყველაფერზე დაუფიქრებლად ვიტყოდი.
ახლაც გახსენებისას თვალები დავხუჭე და ჩემმა სხეულმა , თითქოს, სწორედ ის ვნება განიცადა, რომელიც მაშინ ყოველ კუთხე-კუნჭულს მივსებდა.
როგორი ოინბაზია ვნება!
ვგონებ, თავიდან თავი მახეში გაბმულს შევადარე, არამცდაარამც, ტალღა მეხუტებოდა, მთელ სხეულზე მელამუნებოდა. ალბათ, დედის ალერსის გემო რომ მცოდნოდა, სწორედ მას შევადარებდი. მე მისი ნაწილი ვიყავი. არაფერზე ვფიქრობდი.
ჩურჩულით მეუბნებოდა, რომ თვალები დამეხუჭა. მეც ვემორჩილებოდი.
წარმოსახვაში ჩემს თავს ვხედავდი. ვიღიმოდი. ახლა ძალიან თამამი მეჩვენება ეს სიტყვები, მაგრამ ჯანდაბას ჩემი ხომ არავის ესმის - ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ხელი წინ წავწიე. მინდოდა ნათება თითებს შორის მომემწყვდია, როდესაც ტკივილი ვიგრძები. თვალები უმალ დავჭყიტე, თუმცა მუქი ფარფლისა და ზღვისფერში დაკარგული საკუთარი სისხლის მეტი ვერაფერი გავარჩიე.
არ შემშინებია, უფრო შევშფოთდი.
რა თქმა უნდა, ეს სიზმარიც არავისთვის მომიყოლია.
რამდენიმე წამი ვჩერდები. ხო, ხმა ჩუმადაა. ესე იგი, მართლა არავისთვის.
***
საათს დავხედე. ჯერ თხუთმეტი წუთი გასულიყო, მე კი თითქოს ცხოვრების რამდენიმე წელი თავიდან გავიარე. ნეტავ სად ვართ? რა მნიშვნელობა აქვს. ბათუმი ჯერ კიდევ შორსაა. იმაზე უფრო გრძელი იქნება მგზავრობა, ვიდრე წარმომედგინა.
ალბათ, ღამის წყვდიადი, რომ არა ფანჯრის ცქერისას დამეძინებოდა. მიყვარს ხეები ტალღებად რომ გარდაიქმნებიან და უკან რჩებიან. მწვანის მრავალი ნაირსხვაობა ერთმანეთს ერევა. ყველა ხმა სადღაც იკარგება და მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით. ერთმანეთის პირსპირ.
ის ის იყო თვალი დამეხუჭა, რომ ტელეფონის ხმამ შემაფხიზლა. ისე ავნერვიულდი, რომ ხელიდან გამივარდა. კი, ლენა იყო. ის ხომ დიდ ხანს ვერ მიბრაზდება. შეტყობინება გამოუგზავნია - არ ინერვიულო, დედასთან ვარ. წარმომიდგენია, რამდენი ხანი იფიქრებდა რა მოეწერა ან საერთოდ მოეწერა თუ არა. ო, ამაში ნამდვილად მე მგავს. ყოველ სიტყვასა და მოქმედებას წონის. დავმშვიდდი, თუმცა პასუხის გაცემა საჭიროდ აღარ ჩამითვლია.
არა რა, ყველას უყვარს საკუთარი მშობელი! მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც მე ჩემი თავისაგან შევქმენი. უფრო სწორად, ის ვინ ჩემგან ცხოვრებამ შექმნა.
ნეტავ, როგორია ახლა ჩემი სახლი? მისი გაყიდვა აზრად არასდროს მომსვლია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ იქ არც ერთხელ ვყოფილვარ. ის სავსე იქნება მრავალი სიჩუმედ გარდაქმნილი ბგერით და ხავსად ქცეული სინანულით. ჩასვლისას ჯერ მის მოსანახულებლად გავივლი, თუმცა ამჯერად ვერც სიცილ-კისკისის ხმებს გავიგონებ და არც მამაჩემის ნაქები ლობიანის სურნელი შემომეგებება. ეჰ, სტუმრები ვასილის ძალიან უყვარდა. საკუთარი მეგობრებიც. ალბათ, მათ მისცეს ძალა დედის დანაკარგი გადაეტანა.
ერთხელ ყმაწვილობისას მიხმო. თვალი ამარიდა. ასე ჩვეოდა მაშინ, როდესაც საყვედური უნდა ეთქვა ან ჩემთვის რაიმე ესწავლებინა. ახლაც, როდესაც მამას ვიხსენებ, სწორედ ეს დღე მახსენდება - ხშირ, შავი, ჭაღარანარევი თმა, უსწორმასწოროდ გაზრდილი წვერი. როგორი დაბერებულიც არ უნდა ყოფილიყო მამაჩემი, მისი თვალები არასდროს იცვლებოდნენ. ეს სხივი ჩვენს ბოლო შეხვედრამდე მიჰყვა.
მენატრები მამა.
გრძელი მონოლოგი დაიწყო. იმის შესახებ თუ, რამდენად მნიშვნელოვან იყო მეგობრობა. ის ნერვიულობდა, რომ რადგან ბაღში არ დავდიოდი, მეგობრებიც ნაკლები მეყოლებოდა. არც მის ახლობლებს ჰყავდათ ჩემი ასაკის შვილები. დიდად ეს ყველაფერი არ მანაღვლებდა. ჩემთვის ხომ მხოლოდ ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი, ნოზების პოვნა.
სწორედ მათი ძებნისას შევიძინე ჩემი პირველი მეგობარი :
დღედღეზე, სკოლაში უნდა წავსულიყავი. ბოლო მცდელობის შემდეგ ღრმად აღარ გამიცურავს და კვლავ ვარჯიში განვაგრძე, თუმცა ახლა მეტ ყურადღებას სუნთქვის არტიკულაციას ვუთმობდი. დაღლილი ნაპირს გამოვედი, როდესაც ჩემზე დაბალი ქერა ბიჭმა დამიძახა :
შემაქო - კარგად ცურავო. მეც შევიფერე და გავანდე ჩემი ვარჯიშის განრიგი. იმითაც დავიკვეხნე, რომ ცურვა ჩემით ვისწავლე, თუმცა ბათუმში ეს არავის უკვირდა. აი, მას კი წყლის ეშინოდა. ეს უფრო იშვიათია.
რა თქმა უნდა მისთვის არც მაშინ მომიყოლია ჩემი მიზნების შესახებ და ეს არც მრავალი წლის შემდეგ გამიკეთებია. შეიძლება არც დაიჯერა, როდესაც ვუპასუხე, რომ განძს ვეძებდი, თუმცა, როდესაც ძალიან ბევრი წლის წინ ლევანს შემთხვევით შევხვდი, მაშინ გამოტყდა, რომ ჩემი წყლისადმი სიყვარული ვერაფრით აეხსნა. მეც გამოვუტყდი, თუ რა ვერ ვაპატიე, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.
პირობა ჩამომართვა, რომ თუ ოქროს მივაგნებდი მას გავუნაწილებდი, ის კი ყურადღებას მომაქცევდა, რომ მევარჯიშა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. რასაკვირველია, რომ დავთანხმდი - ეს ხომ მხოლოდ ტყუილი იყო და სიმართლე ითქვას მარტოს სანაპიროზე ბოდიალი და ყვინთვა არც ისეთი სახალისო საქმიანობაა.
საბოლოოდ ვერც განძი ვიპოვე და ვერც სირ*ნოზები. ვისი ბრალია? არც ვიცი. არც ხმამ იცის.
***
ჩემი და ლევანის დამეგობრების ამბავმა მამა ძალიან გაახალისა. რა თქმა უნდა, არც მისი მშობლების მოძებნა გაუჭირდა და ალბათ, ისიც თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ერთ სკოლაში, ერთ კლასში უნდა ვყოფილიყავით. არა იმიტომ, რომ ჩემს სკოლაში გაშვებაზე ღელავდა. მე ფიცხი არ ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ უცხოებთან საერთო ენასაც მარტივად ვპოულობდი.
ხანდახან ვფიქრობდი, რომ მამას მარტოობამ ღრმა დაღი დაასვა და მეც იგივეს არ მისურვებდა. მაგრამ განა მამაჩემის მსგავს ძლიერ ადამიანს მარტოობა მოტეხდა? არც ახლა ვიცი და არც მაშინ მესმოდა მისი მღელვარების მიზეზი. ეს კი ნამდვილად ჩემი ბრალია - ბევრჯერ ვცადე ამ კითხვის დასმა, მაგრამ არ მინდოდა ჩემთვის თვალი აერიდებინა და კლვავ გრძელზე გრძელ მონოლოგს მოჰყოლოდა.
სკოლაში წასვლა არ მიხაროდა. ეს კი იმის გამო იყო, რომ ჩემმა ფილოლოგმა ბებიამ წინა დღეს ღრმად ჩამინერგა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლება და რამხელა მოვალეობა მეკისრა. ეს სიტყვები არაფრად ჩამიგდია, თუმცა სადღაც მაინც შიში დამებადა.

სკოლა სახლიდან არც ისე შორს იყო. შენობა კოპწია, დერეფნები მოწესრიგებულნი, საკლასო ოთახი პატარა, მაგრამ ნათელი - აი, ამ ყველაფრის გახსენებისას მთავარს მივუახლოვდი და ვიგრძენი, როგორ ამეწვა კანი. მატარებლის ხმა ავისმომასწავებელად აჟღერდა. ნუთუ, კვლავ არ ვარ მზად, რომ ამ ამბებს თვალი გავუსწორო?
უნდა ვცადო, თუმცა მანამდე, მოკლე შესავალს გავაკეთებ. მე ხომ ძალიან მიყვარს შესავლები. „გრძელი შესავლები“- ისევ მისწორებს და მე უკვე აღარ მაინტერესებს ვის ეკუთვნის ან საიდან მოდის ეს ხმა. ის ერთადერთია, ვისაც ჩემი მოსმენა და გაგება ძალუმს, ასე რომ ამ ამბავსაც სწორედ რომ მას ვუყვები.
ვერ ვიტყვი რომ გაჭირვებაში გავიზარდე. არც გათამამებული ვიყავი, მაგრამ არც არაფერი მაკლდა. ასეთი დროება იყო - ოჯახის რჩენა თუ შეგეძლო მადლობელი უნდა ყოფილიყავი. მახსოვს ერთხელ მეშვიდე კლასში ბავშვთა სახლში წაგვიყვანეს. ჩვენს დამრიგებელს, ქალბატონ თამარს ჩვენში ფილანთროპიის სურვილის ჩანერგვა სურდა. ძველი ტანსაცმელი შევაგროვეთ, მე ბევრი ვერაფერი ვიპოვე - მხოლოდ რამდენიმე პერანგი და ორი წყვილი ფეხსაცმელი. სამაგიეროდ, ფული ავაგროვეთ და ბევრი სათამაშო ვიყიდეთ. ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ ობლებთან. ღმერთო, რა საშინელი სიტყვაა! თუმცა იმ დღის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც ჩემს თავს ვეკითხები არსებობს თუ არა რაიმე წმინდა, მახსენდება მათი ღიმილიანი სახე, რომელმაც მაშინ ძალიან დამასევდიანა.
იმ დღეს ჩემს თავს ორი რამ შევფიცე : პირველი - თუკი, შესაძლებლობა მექნებოდა აუცილებლად ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი და მეორე - ჩემს შვილს ექნებოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მხოლოდ მეორე შევასრულე, მაგრამ ლენას სახეზე მათი მსგავსი ღიმილი არასდროს მინახავს. ყველანაირ შემთხვევაში, ჩემთვის ღიმილით არასდროს შემოუხედავს.
სკოლის შესახებ ბევრი არაფერი დამამახსოვრდა. მხოლოდ უმნიშვნელო ამბები, რომლებსაც დღევანდელობასთან საერთო არაფერი აქვთ. კარგი მოსწავლე ვიყავი. ზომიერად ცელქი. არა, ახლა ამის დრო არ არის - მოუთმენლობა მჭამს ან ვინ მისმენს საკუთარი თავის გარდა? მგონი გაუცნობიერებლად მინდა, რომ ეს ამბავი უფრო პოეტურად ჟღერდეს. ო, არა მას მსმენელი არასდროს ეღირსება, ისევე როგორც მე გამგები.
ის რაც გადამხდა, არც არასდროს დამვიწყებია. მაშ, რატომ ვიტანჯავ თავს ამ ტკივილის გახსენებით? შეიძლება მჯერა, რომ ყველა დეტალის გახსენებით რაიმე დასკვნის გაკეთებას შევძლებ. მე ხომ ძალიან ადრე მწამდა, რომ ჭეშმარიტება წვრილმანებში იმალებოდა. თუმცა სხვა მიზეზიც უნდა არსებობდეს - რამდენიმე საათის წინ, როდესაც ბათუმში წასვლა გადავწყვიტე, ვერაფერი ვიგრძენი და შემეშინდა. პირველად, საკუთარმა სიცივემ შემაშინა. სარკეში ჩავიხედე. ის ნაკვთები დავინახე, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ვქმნიდი. მე ხომ მინდოდა ჩემი გამოხედვა ბასრი და დაუნდობელი ყოფილიყო. ასეც არის, მაგრამ მაშინ უნდა დაისვას ერთი კითხვა - თუ საბოლოოდ გავხდი ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, რატომ ვიხსენებ ამ ამბავს, იმ იმედით, რომ ყველა გრძნობის სახელი გამახსენდება და ვიგრძნობ , რომ კვლავ ცოცხალი ვარ?
დასკვნის გაკეთება ხმავ შენთვის მომინდია.
***
კლასში ოცდაათამდე ბავშვი ვიყავით. მე და ლევანი პირველი კლასიდან ერთ მერხთან ვისხედით და ასე მივედით მეთერთმეტე კლასამდე. იმ წელს სიმაღლეში გამასწრო და ყოველი ხუმრობა თუ წამოძახილი უკან ორმაგი ძალით დამიბრუნა. მე კი ცოტა წონაში მოვიმატე. შედარებით იშვიათად ვცურავდი. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მავიწყდებოდნენ სირ*ნოზები და აღარც ლევანს ახსოვდა განძის შესახებ ჩვენი ძმური ფიცი, რომელმაც ერთმანეთი გვაპოვნინა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი.
გარდატეხის ასაკი ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ აღმოჩენილა. არც ჩემი ყოფაქცევა შეცვლილა და არც გარეგნობა. ერთადერთი იყო ის, რომ ბევრი უსვამდა ხაზს ჩემს გაუხეშებას, თუმცა მათ არ ვეთანხმებოდი.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ადათისამებრ სკოლის დირექტორმა და ქალბატონმა თამარმა მოგვილოცეს. ეს არავის გაუკვირდა, მაგრამ ყველას ყურადღება ახალი მოსწავლის წარდგენამ მიიპყრო. ის შემდეგნაირად დაახასიათეს - მორიდებული, მოწესრიგებული, ბეჯითი, თუმცა გულჩათხრობილი. სკოლის შეცვლის მიზეზი არ უთქვამთ და არც ის, რაზეც ბევრი ჭორი დადიოდა. საქმე ისაა, რომ ელენე საკმაოდ ცნობილი მამის შვილი იყო. მაშინ ზუსტად არ მესმოდა თუ რა გავლენა ჰქონდათ პარლამენტარებს, მაგრამ აშკარად პარლამენტარის შვილის ჩვენს კლასში გადმოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
რამდენიმე წუთში კლასში ელენემაც შემოაბიჯა. პირველი თვალში წითელი ფეხსაცმელი მომხვდა. საკმაოდ მაღალი იყო და , ჩვენი კლასის გოგონებთან შედარებით, უფროსის შეხედულება ჰქონდა. წვრილი წელი, სავსე მკერდი. - ეს ყველა ბიჭმა შევნიშნეთ. რამდენიმემ ხმამაღლა ისიც გაიხუმრა, რომ ძლივს ლამაზი კლასელი გვეღირსა. მოკლე ქვედაბოლო, შავი ზედა. სერიოზული იერი დაჰკრავდა. მის მოკლედ შეჭრილ წაბლისფერ თმაზე სულ ის ფოთლები მახსენდებოდნენ პირველნი რომ გვაუწყებდნენ შემოდგომის დადგომას. შემოდგომისფერი - საბოლოოდ ეს სიტყვა შევარჩიე მის აღსაწერად, თუმცა ეს ელენესთვის არასდროს მითქვამს.
ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, შემიძლია საათები დავლიო მისი გამოხედვისა და თვალების აღწერაში. ისინი ისეთი ღრმანი იყვნენ! მათი ცქერის ენა მხოლოდ რამდენიმე თვეში ავითვისე. ფერს კი, რაც შეეხება მისი მსგავსი სადღაც მინახავს, უბრალოდ ვერ ვიხსენებ. კიდებიდან წამოსული მუქი ცისფერი შემთხვევით დაღვრილ ლაქას უფრო წააგავდა. საბოლოოდ ყველანი შევთანხმდით, რომ ელენეს ლურჯი თვალები ჰქონდა. მართალია, მე ნათლად ვხედავდი გუგას მოხვეულ მწვანე ნათებას, მაგრამ წინააღმდეგონა თანაკლასელებისთვის არ გამიწევია.
ის მართლაც გულჩათხრობილი აღმოჩნდა. საკმაოდ საზრიანი. არ ხუმრობდა, არავის უღიმოდა, სახლში მუდამ მარტო ბრუნდებოდა. იქნებ მარტოობა უყვარდა ან ძველი სკოლისა და მეგობრების დატოვება გაუჭირდა? ყველას საკუთარი მოსაზრება გვქონდა, თუმცა საბოლოოდ მისმა დამოკიდებულებამ შედეგიც გამოიღო - ელენეს თავდაჭერილობამ და ქედმაღალმა გამომეტყველებამ სულ რაღაც ერთ კვირაში მისი პირვანდელი დახასიათება სრულიად შეცვალა.
სკოლაში ახალი მოსწავლის განხილვა არავისათვისაა უცხო, თუმცა ელენეს შემთხვევა იმით იყო განსაკუთრებული, რომ ბავშვებს არა მარტო მშობლები არამედ მასწავლებლებიც კი აქეზებდნენ. ჰოდა, ასე მიეკერა ელენეს ნელ-ნელა გატუტუცებული, გაუზრდელი ბავშვის იარლიყი და ეს ყველაფერი გახდა საწყისი მრავალი ოინისა. ხო, ქალბატონი თამარი ერთადერთი იყო, რომელსაც ზედმეტი სიტყვა არასდროს დასცდენია. ბევრმა მიაწერა დამრიგებლის დამოკიდებულება ელენეს მამის სტატუსს. რა სისულელეა! ეს ხომ ქალბატონი თამარია - ყველაზე სამართლიანი.
ქიშპობა აშკარა მაშინ გახდა, როდესაც სექტემბრის მიწურულს ჩვენმა კლასელმა, ლალი ჩხაიძემ, ყველას გასაგონად გამოაცხადა თავისი დაბადების დღის შესახებ და საგანაგებოდ გამზადებული მოსაწვევები ყველას დაურიგა ელენეს გარდა. შემიძლია დავიფიცო, რომ წინა დღით მთელი საღამო სიტყვას ამზადებდა. ისიც არ გამიკვირდება, რომ დაბადების დღის გადახდა მხოლოდ იმიტომ გადაეწყვიტა, რომ ელენეს თავი არასასურველად ეგრძნო. მაგრამ მის წარმოსახვას მთავარი აკლდა - დასასრული. მან არ იცოდა თუ როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს ელენე. რა მოხდა? რასაკავირველია, ვერაფერს გახდა! ელენეს ერთი გამყინავი მზერა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლალის გუნება შეცვლილიყო. სახე ისე აელეწა, ზარი რომ არ დარეკილიყო, მეგონა აყალ-მაყალი არ აგვცდებოდა.
მე ამ ყველაფრის თაობაზე მყარი მოსაზრება გამაჩნდა. ახალი კლასელის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. პირიქით, იყო მის ქცევაში რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა.
ეს ყველაფერი ასე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდა, თუმცა მალე აღარავის ახსოვდა ვინ იყო ელენე ან როგორი იყო. ეს მას მოსწონდა. ის ერთდროულად იყო ყველასათვის შესამჩნევიც და უხილავიც.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ლევანი ავად გახდა. ხანდახან ბედის მჯერა ან შეიძლება მინდა დავიჯერო. ცოტა ხანს, რომ დავივიწყოთ რაციონალიზმი და ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ, ლევანი გაციებას რომ არ შეებოჭა, უწყვილოდ არ დავრჩებოდი და არც ელენესთენ ერთად დამავალებდნენ ჯგუფური დავალების შესრულებს. რის შესახებ იყო? რაღაც უჯრედებთან დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს, აზრი ისაა, რომ ბედმა თავისი წვლილი შეიტანა და , რა თქმა უნდა, ლევანის უმცროსმა ძმამ ,ზუკამ, რომელმაც მას გაციება გადასდო.
...ან ნეტავ რა როგორ იქნებოდა მასწავლებელს სხვასთან რომ დავეწყვილებინე? ალბათ, ელენეს ვერასდროს დავუმეგობრდებოდი.
-და ვერასდოს შეიყვარებდი. - შესაძლებლობა არ გაუშვა ხმამ.
დავალების ჩასაბარებლად ერთი კვირა გვქონდა, თუმცა მერჩივნა მალე მომეშორებინა, ამიტომ გამბედაობა მოვიკრიფე და მეწყვილეს მივუახლოვდი :
-როგორც ჩანს სხვა გზა აღარ დაგვრჩენია ერთად უნდა ვიმუშაოთ - განწყობის შესაქმნელად ხუმრობა ვცადე.
-ელია, ჩემთან ერთად ჯგუფში ყოფნა თუ არ გინდა, მასწავლებელს დაველაპარაკოთ და დავალება ცალ-ცალკე შევასრულოთ.
-ე! ეგ არ მიგულისმია. უბრალოდ მინდოდა მეკითხა.
ახლაც მახსოვს როგორც უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც ენა დამება. თვალი ავარიდე. მზერა ქვევთ მივმართე. მის მარჯვენა ფეხზე სისხლჩაქცევები შევნიჩნე. უხერხულობა დაბნეულობაში გადაიზარდა. თითქოს გულმა მიგრძნო, რომ ეს ჩვეულებრივი დაზიანება არ იყო. პირი რამდენჯერმე ავამოძრავე. კითხვის დასმა მეწადა, მაგრამ თავი შევიკავე - არ მინდოდა გიჟად ჩავეთვალე.
სიჩუმე გაიწელა :
-გისმენ! - გაკრივებული მიყურებდა.
-მინდოდა მეკითხა მომზადება ხვალვე ხომ არ დაგვეწყო? იცი, მირჩევნია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ -სხაპასხუპით, დაზეპირებული გაკვეთილივით, მივაყარე. ღმერთო ჩემო! ისე ვნერვიულობდი, თითქოს თანაკლასელთან კი არ ვსაუბრობდი, არამედ დამკვირვებელს ახსნა-განმარტებას ვაბარებდი.
-კი, დაგეგმილი არაფერი მაქვს. სიამოვნებით.
ჩემმა ქცევამ მასში აშკარა თანაგრძნობ გააღვიძა და მეც პირველად მომეცა მისი ღიმილის ნახვის ბედნიერება.
შედარებით ხალისიანად განვაგრძე :
-მამაჩემი სახლში გვიან ბრუნდება. შეგვიძლია ჩემთან შევხვდეთ.
-კი ბატონო. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
-მაშ, გაკვეთილების შემდეგ ერთად წავიდეთ.
-ხვალამდე.
სახლში დაბრუნებულს სავარძელზე ჩამეძინა. ძილის წინ ნანახზე ვფიქრობდი. რაღაც რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო.
უკვე შვიდი იყო დაწყებული, როდესაც კარის ხმამ გამაღვიძა. ვასილი არასდროს იღლებოდა ჩემთვის ძილისგუდას ძახილით და იმის გამეორებით, რომ ეს თვისება დედასგან მერგო მემკვიდრეობით.
საღამოს პირველად ვახსენე ელენე. მის შესახებ ვუამბე და ისიც მივაყოლე, რომ ხვალ ჩვენი სტუმარი იქნებოდა. არც ის დამიმალავს, თუ რას ლაპარაკობდნენ მასზე. ძირითადად მე ვსაუბრობდი. მამამ მხოლოდ ის მითხრა, რომ ხვალ წასვლამდე სტუმრისათვის ლობიანს მოამზადებდა. არ შევეწინააღმდეგე. ყველა ასე მოიქცეოდა ვისაც, ვასილის ლობიანი ერთხელ მაინც გაესინჯა!
ხუთშაბათს სულ რაღაც სამი გაკვეთილი გვქონდა. ელენეს დერეფანში შევხვდი და ჩემი სახლისაკენ წინ გავუძეხი. ავუხსენი, რომ ახლოს ვცხოვრობდი ამიტომ, ფეხით მისვლა მერჩივნა, მაგრამ შეგვეძლო ტრანსპორტს დავლოდებოდით. მან კი მიპასუხა, რომ სეირნობა უყვარდა.
გზაში ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი გვითქვამს. მთელი გზა მისი ზურგის ცქერაში გავატარე. სწრაფი ნაბიჯით სიარული ჩვეოდა. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა და მელოდა, როდესაც აღარ იცოდა რომელი მიმართულება აერჩია. აშკარად უკმაყოფილო იყო ჩემით, ამიტომ მეც ვცდილობდი მის რიტმს დავწეოდი, თუმცა ბოლოს მაინც მომაძახა, რომ ზოზინა ვიყავი.
ელენეს სიარულის მანერის წყალობით სახლამდე სულ რაღაც ათ წუთში მივედით. კარი უხმაუროდ გავაღე. სახლი ცარიელი იყო.
-ლამაზი ადგილია.
-მიხარია, რომ მოგწონს.
-აქ მხოლოდ შენ და მამა ცხოვრობთ?
-კი, დედამ დიდი ხნის წინ დაგვტოვა. მარჯვენა ხელის მოძრაობით ჩვენი სურათისაკენ მივუთითე - ორი წლის ვიყავი. - ჩუმად დავამატე.
-ვწუხვარ. - მისი სიტყვები გულწრფელნი იყვნენ. ეს ჩვენი მეგობრობის დასაწყისი იყო. მე ასე ჩავთვალე.
-მადლობელი ვარ. ჰო, შეგვიძლია სამზარეულოში ვიმეცადინოთ. ო, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამხელა ბედნიერება გხვდა წილად -მამაჩემის ნაქები ლობიანი უნდა გაგასინჯო.
-აი, თურმე რატომ დგას ასეთი გემრიელი სურნელი.
-მოგშივდა?
-კი, საკმაოდ.
-მაშინ ჯერ მივირთვათ. ხომ იცი მშიერ კუჭზე ტვინი არ მუშაობს.
გაეცინა :
-ელია, ერთი თხოვნა მაქვს.
-მითხარი.
-მოეშვი ამ გაცვეთილი აფორიზმების გამოყენებას!
უნდა ვაღიარო - ცოტა მეწყინა! მე ხომ ყოველ სიტყვას ვწონოდი, რომ რაც შეიძლება თავაზიანი და სასიამოვნო მოსაუბრე გამოვჩენილიყავი. მისი გულის მოგება არც ისე მარტივი აღმოჩნდა! აქაც ვასილი მომეშველა. მამას ჩვეულზე მეტად უწვალია. სტუმართან ნამდვილად არ შევრცხვი. დავნაყრდი. ელენეც კმაყოფილი ჩანდა. :
-უგემრიელესია! მამას ჩემგან მადლობა გადაეცი.
-აუცილებლად. იცი ერთხელ ვასილიმ რა მითხრა? - შევყოვნდი - გეტყვი, მაგრამ იცოდე, ეს სულაც არ არის დრომოჭმული აფორიზმი!
-კეთილი, ჩუმად მოგისმენ.
- რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, ვისაც საჭმელს უმზადებ, მით უფრო გემრიელი გამოდის.
-თუკი, ასეა თამამად გეტყვი, რომ მამას ძალიან ჰყვარებიხარ.
-კი, მე და ვასილის განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მახარებს.
ამ რეპლიკის შემდეგ დავიწყე მამას გადახდენილი ამბების მოყოლა. როგორი აღტაცებული ვიყავი! ხან სად იყინებოდა ჩემი მზერა, ხან სად. ბოლოს როდესაც თხრობას მოვრჩი და ელენეს შევხედე გაკვირვებისაგან სახტად დავრჩი. მისი ლოყა ცრემს დაესველა. ვერაფერს მივხვდი - მას გამომეტყველება არ შეცვლია. ისევ ისე მიყურებდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ. არც ერთი კუნთი არ შერხეოდა.
...რამ აატირა? - ამ კითხვაზე პასუხი მალევე შევიტყვე და დანაშაულის შეგრძნებამ შემაწუხა. ეს არ იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ატირებული ელენე ვნახე, თუმცა ის ერთადერთი იყო, როდესაც მისი ცრემლების მიზეზი სიხარული იყო.



№1  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ლუკა, როგორც ყოველთვის, დახვეწილ, საინტერესო და შენებურ წერის სტილს ვხედავ, რაც უკვე იცი, რომ მომწონს. ადამიანში პირველ რიგში მის ინდივიდუალურობას ვაფასებ და ამჯერადაც არ გამცრუებია იმედები. მოწოდების სიმაღლეზე ხარ!
ახლა რაც შეეხება შინაარს, ჯერ-ჯერობით მოთელვის პერიოდი გვაქვს მკითხველებს, ახლა ვეცნობით პერსონაჟებს და მთავარ ამბავზე და ხაზზე რომ გადავალთ, სამსჯელო და განსახილველიც უფრო მეტი მომეცემა. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიფარგლები ❤️
მოუთმენლად ველოდები ბოლქვაძის და ელენეს ამბის განვითარებას!
მომავალ თავამდე...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ქეთი იმერლიშვილი
ლუკა, როგორც ყოველთვის, დახვეწილ, საინტერესო და შენებურ წერის სტილს ვხედავ, რაც უკვე იცი, რომ მომწონს. ადამიანში პირველ რიგში მის ინდივიდუალურობას ვაფასებ და ამჯერადაც არ გამცრუებია იმედები. მოწოდების სიმაღლეზე ხარ!
ახლა რაც შეეხება შინაარს, ჯერ-ჯერობით მოთელვის პერიოდი გვაქვს მკითხველებს, ახლა ვეცნობით პერსონაჟებს და მთავარ ამბავზე და ხაზზე რომ გადავალთ, სამსჯელო და განსახილველიც უფრო მეტი მომეცემა. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიფარგლები ❤️
მოუთმენლად ველოდები ბოლქვაძის და ელენეს ამბის განვითარებას!
მომავალ თავამდე...

ქეთი ,როგორც ყოველთვის, გამახარა შენმა კომენტარმა! იმედებს არ გაგიცრუებ გპირდები!

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

საოცარი წერის სტილი და ლექსიკა გაქ.
ვგიჟდები, ყველა გრძნობაა და დეტალს როგორც გადმოსცემ.
დარწმუნებული ვარ, ისეთები მოხდება, რომ ყბა ჩამოგვივარდება მკითხველებს <3
პი.ეს. მალე ჩამოდი, მშია!

 


№4  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ენ ჯეინი
საოცარი წერის სტილი და ლექსიკა გაქ.
ვგიჟდები, ყველა გრძნობაა და დეტალს როგორც გადმოსცემ.
დარწმუნებული ვარ, ისეთები მოხდება, რომ ყბა ჩამოგვივარდება მკითხველებს <3
პი.ეს. მალე ჩამოდი, მშია!

მალე ჩამოვალ და ყველა დაკლებულ კილოგრამს ერთად ავინაზღაურებთ!

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან მომხიბლა თქვენმა ისტორიამ ???? და გააგრძელებთ?

 


№6  offline ახალბედა მწერალი lukakhati

სტუმარი ელენე
ძალიან მომხიბლა თქვენმა ისტორიამ ???? და გააგრძელებთ?

კი, რა თქმმა უნდა, ვაგრძელებ უბრალოდ თავისუფალი დროის დეფიციტი მაქვს და ამიტომ დიდ ხანს ვუნდები. მიხარია, რომ მოგეწონათ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent