ჯანდაბა თქვენს თავს! (3)
ავდგები და უკვდავებას მოვპარავ ღმერთებს რომ შენ გაჩუქო! ადრე, წლების წინ, რაღაცა გადაცემას ვუყურებდი ხოლმე ექსტრასენსებზე. იქ ერთი ქალი იყო, ძალიან მიყვარდა. 3 წელი, მთელი გულით მჯეროდა, რომ ციდან მოვლენილი არაამქვეყნიური არსება იყო და შეეძლო, სამყარო შეეცვალა. მაგ დროს, ის ქალი რომ მყავდა ეტალონად, ყველაფერი სხვაგვარად მეჩვენებოდა, ბავშვი ვიყავი და ბავშვობა მქონდა. ყველა მეკითხებოდა, უკვე დიდი გოგო ხარ, რატომ აფრენ ამ უცხო ხალხზე, რატომ იქცევი ბავშვივითო. მე მაინც არ ვიზრდებოდი. დიდი სურვილი არა მქონდა რომ უფროსი გავმხდარიყავი. ყოველთვის მეცინებოდა, როცა საყვედურებით აღსავსე მზერას მომაპყრობდნენ და მეკითხებოდნენ: როდის უნდა დასერიოზულდე? თუმცა ერთ მხურვალე დღეს, ტემპერატურა 35 გრადუსამდე ავიდა და ჩემს სხეულში შეკედლებულმა ბავშვა მოულოდნელად ფერი იცვალა. ძალიან მძიმე კადრები გამახსენდა. ჩემი მეგობარი მიჰყავდათ. მე კი ვტიროდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, სად მიჰყავთ ჩემი მეგობარი, რატომ მიჰყავთ-თქო. მერე მსურდა, ასე დავმხობილიყავი ხის უზარმაზარ სასახლეზე და თუ ვინმე მის გაყვანას შეეცდებოდა, წივილ-კივილი მომერთო. მაინც ასწიეს და დამალეს. მიწის ქვეშ ჩაფლეს. მეგობარს რომ არასოდეს მოეწყინა, ჩემი ბავშვური ბუნება მასთან ერთად დავმარხე. ვიფიქრე, გაართობს და გაამხიარულებს მეთქი. მაგალითად, მე რომ მოეტი ვყოფილიყავი, მკითხავდნენ: - ვის ეძღვნება შენი ლექსები? მე კი ვუპასუხებდი: - ეძღვნება მას, ვინც თავისი სიკვდილით მოკლა ჩემი ბავშვობა. ცოტა თემას ავცდი ეტყობა. ამით იმისი თქმა მინდოდა, რომ სამი წლის წინათ, ყველაფერი მქონდა და ის გადაცემაც ნამდვილი მეგონა. იმის მერე, ბევრი დრო გავიდა. თან დადგმულიც აღმოჩნდა. ყველა მონაწილე მსახიობი ყოფილა. წელიწადში ერთხელ, რაღაცა წამომივლის ხოლმე და თვალს ვავლებ, აი, თითქოს ბავშვობას ვუყურებ. მთელ სეზონს როცა ვამთავრებ, კარგა ხანს ვზივარ და ვამბობ "It's over" რატომღაც, ინგლისურად. მერე ქართულადაც ვამბობ, დამთავრდა-თქო (ქართულად უფრო მტკივნეულია). ალბათ ცხადია, რომ თვითონ გადაცემს არ ვგულისხმობ, არც იმ ქალს ვგულისხმობ. რაღაც ისეთი დამთავრდა, რაც ძალიან მიყვარდა და თან აღარასოდეს დაბრუნდება, როგორც არ უნდა მოვინდომო. მერე კიდევ რაღაცა გამახსენდა, ფიქრების ჩანაწერები ავიღე და გემრიელად მოვხაზე: „ექსტრასენსების გადაცემაში თქვეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის სურათს თუ დაადებ ხელს, სიცივეს იგრძნობ. ხომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა მაგ შოუში, მაგრამ ეგ ავბედითი ფრაზა ყოფილა მხოლოდ მართალი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, შენი სურათიდან გამონთავისუფლებული ცივი ნიავი თუ ამიწვავდა ხელის გულებს.“ ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ელენე ისევ დამხვდა ყვავილებით ხელში. ლამპიონის შუქზე, ახლაღა გავარჩიე, რომ ცისფერი ბრეკეტებიც ეკეთა. ძალიან საყვარელი იყო იმ თავის მრგვალი სათვალით, პირსინგითა და ბრეკეტებით. გამომიტყდა, ენაც გახვრეტილი მაქვსო და თამამად დააღო პირი. ქათინაურებით ავავსე. იმან კიდევ, მამაჩემს არ მოსწონს ყველგან პირსინგს რომ ვიკეთებ, ჰქონია, სადმე ერთი დიდი მაგნიტი შემხვდება და სამუდამოდ მივეკვრობიო. სასაცილო ბავშვი იყო, მხიარული და სიცოცხლით სავსე. რაც მთავარია, ისე მაგრად ცქმუტავდა ჩემს დანახვაზე, ჯერ რომ მამაკაცისგანაც არ მიგრძვნია ეგეთი ყურადღება. სადღაც შორს, მანქანა ელოდებოდა და ამ მანქანასთან კაცი იდგა. ბუნდოვნად მოვკარი თვალი მის ჩრდილს. იმანაც შემამჩნია. ასევე მიცნო. ზუსტად თავისი შვილის მსგავსად აღელდა. არ ხტუნავდა, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც აფორიაქებული ადამიანიას ენერგიას ვგრძნობდი იმ შიშორიდან. ბუნდოვნად ვხედავდი, მაგრამ კისერზე ზედმეტად მაგრად მოჭერილ ჰალსტუხს მოვკარი თვალი. საკუთარ თავზე გამეცინა. უთვალავი მეტრის მანძილიდან შემეძლო დამენახა ადამიანის ჩაცმულობა ან ემოცია, თვითონ ადამიანი - არა. კიდევ კარგა ხანს ვიდექი იქ. ელენეს გარდა, სხვა ბევრი შეგვხდა ქათინაურით დაჯილდოების მსურველი. მე კი მომენტებში, ისევ ელენესა და შორეახლოს შემჩნეულ აჩრდილზე მეცინებოდა. - ისევ რამე ს*რობას ხლართავ თუ რა გაცინებს? - მკითხა ჰელემ ბავშვის წასვლის შემდეგ. მხრები ავიჩეჩე. არაფერსაც არ ვხლართავდი, მაგრამ ძირითადად, თავისით მეხლართებოდა სრულიად შემთხვევით. ისევ ყურსასმენები გავირჭე და სახლის გზას გავუყევი. ხომ თითქოს საინტერესო სამსახური მქონდა, თუმცა ყოველ დღე, ზუსტად ისე მივდიოდი და ზუსტად ისე ვბრუნდებოდი უკან, როგორც წინა დღეს. განსხვავება მარტო ჩაცმულობასა და ამინდში იყო. სეზონებიც იცვლებოდა ზოგჯერ. ორი ქუჩა გავიარე ფეხით. საცობების გადამკიდე, იმდენივე დროს ვუნდებოდი ფეხით, რამდენსაც ავტობუსი მოანდომებდა. სახლი გზის ნაპირას მქონდა და ჩემი აივანი ყოველთვის განსხვავებული ეშხით მიმზერდა შინისაკენ მიმავალს. პარკინგზე ერთი მანქანა იდგა. დანარჩენებს სხვა კორპუსების შლაგბაუმების გასაღები ჰქონდათ და იქ იმალებოდნენ. ფული დადეს თუ რაღაც ეგეთი. მანქანაც მეცნო. იმ მანქანიდან გადმოსული ჩრდილი უკვე ადამიანის სხეულითურთ აღვიქვი. ჩემსკენ მოდიოდა. ისეთ მოკრძალებულ ნაბიჯებს სდგამდა, ეტყობოდა, არ სურდა, შევეშინებინე. ჩემი უბნის ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ვინც არ უნდა ამკიდებოდა, ერთ უხერხულ გაფაჩუნებაზეც ყველა მეზობელი გამოჰყოფდა თავს. ამან არ იცოდა და მაინც თავს იზღვევდა. ან მე მაზღვევდა. - შენ უნა ხარ - ჩაილაპარაკა ჩემთან მოსულმა კაცმა. წყნარი და მშვიდი ტონი ჰქონდა. - კი, უნა ვარ - ფართოდ გავუღიმე ან ძალიან გავუღიმე. არ ვიცი, რა ჰქვია, როცა უცნაურად და თან წყნარად იღიმიან. - აი თურმე საიდან მეცნობოდი. შენ ხარ ის უნა. ჯანდაბა! - ისე შეწუხდა, ვიფიქრე, რამე არ დაემართოს-თქო. - არ გეგონოს, რომ გითვალთვალებ და რამე. გუშინ თურმე ამიტომ მეცნობოდი. ჩემი გოგო შენზე აფანატებს. - კაი, დამშვიდდი - ზურგზე ხელი მოვუთათუნე. - არაფერია საგანგაშო. თან სიტყვა „გაფანატება“ ძალიან გადაჭარბებულია. უბრალოდ, ასაკი აქვს ისეთი, რომ აუცილებლად კუმირი უნდა ჰყავდეს. ბოლოს და ბოლოს, ამერიკული სერიალების გმირებს აღარ ვჯობივარ? ცოტა იუმორიც გავურიე. ვიფიქრე, ეგება გაეცინოს, სტრესი გავანეიტრალო-თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ყველას თავისი სადარდებელი აქვს. ყოველი შემთხვევისთვის, ეს კაცი მაინც განსაკუთრებულად განიცდიდა. - როგორ არ არის საგანგაშო. ჩემი შვილის კუმირს ვაკოცე. თან რამდენის ხარ? თვრამეტს ასცდი? - სასოწარკვეთილებისგან, აღარ იცოდა, რა ექნა. - ავცდი, გვარიანად ავცდი, არ იდარდო. გუშინ თავის მოვლის საშუალებას ვყიდულობდი. კონსულტანტმა გამაფრთხილა, ეს ოცდახუთს ზემოთ ასაკის ქალებში გამოიყენებაო და მაინც ვიყიდე. ახლა გამოითვალე რამხელაც ვარ. არადა, სულ რაღაც ოცდაოთხისა ვიყავი. თუმცა ის სითხე მაინც ვიყიდე სახისთვის. კარგი გამოდგა სხვათა შორის. კაცს გაეცინა. - შორიდან თვალი მოგკარი თუ არა, მაშინვე მინდოდა, დაგლაპარაკებოდი, მაგრამ ელენესთან ერთად ვერ გავბედე. მერე, ბავშვი სახლში მივიყვანე და ეგრევე აქ გამოვიქეცი. არ მკითხო, ჩემი მისამართი საიდან იციო - ისე თქვა, აშკარად უნდა მეკითხა. მაგრამ არ მაინტერესებდა. მანიაკებს ფეხის თითებით ვგრძნობდი. ამ კაცის დანახვაზე კი ფეხის თითები არაფერს მეუბნებოდნენ . სხვა ორგანოები - კი. - არ გკითხავ, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რატომ მოხვედი. - მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მაგარ შარში ვარ. - შარში არა, ის კიდე - სიცილით გავსკდი - იმ ორი კოცნით არ დავორსულებულვარ. ამიტომ, დაწყნარდი და დამშვიდდი. თან საქორწინო ბეჭედიც არ გეკეთა. - არა, რა ცოლი - დიდად შეიცხადა. ლამის თფუი ეშმაკსო და ხეზე დააკაკუნა სამჯერ. უბრალოდ გაუტყდა, თორემ უეჭველად იზამდა. - მით უკეთესი შენთვის. რა გადარდებს? ზედმეტად პატიოსანი ხარ თუ მთელი სამყაროს სანერვიულო გინდა ზურგზე აიკიდო და იარო? - უხერხულად ვიგრძენი თავი ორივე ერთად როცა დაგინახეთ შორიდან. თან იმის მერე, რაც კლუბში მოხდა, მინდა არ მინდოდა, შენზე ვფიქრობდი. რაღაც მომენტში, მთვრალი კაცის წარმოსახვაც მეგონე. - ზოგჯერ მართლა ვარ მთვრალი კაცის წარმოსახვა რომ იცოდე. ზოგჯერ თვითონ მთვრალი კაცი ვხდები. თუ კიდევ რამეზე არ აპირებ ნერვიულობას, წავალ სახლში და დავიძინებ. ხვალ ფსიქოთერაპევტთან ვარ ჩაწერილი. - გთხოვ, ჩემნაირ უცხოებს ასე თამამად არ მოუყვე ფსიქოთერაპევტზე - შეწუხდა, თან გაეცინა. - კაი რას ამბობ, შენი ნერწყვები მაქ ნაყლაპი, ახლობლები ვართ - პირი მოვაღე და ჩავიხარხარე. დაბალი ვიყავი. პატარას და კომპაქტურს ვეძახდი საკუთარ თავს, მაგრამ ზოგჯერ ისე ცხენივით ვიცინოდი, უცხოს შერცხვებოდა ჩემ მაგივრად. მე არასდროს არაფრის მრცხვენოდა. შეიძლება, სცენაზე საცვლების ამარა რომ ვტანტალებდი ამდენი ხალხის თანდასწრებით, მაგანაც ჩამომიხსნა მთელი რიგი კომპლექსი. თუმცა რაც უფრო მოურიდებელი და გულახდილი ვიყავი, რაც უფრო მეტად არ მრცხვენოდა საკუთარი თავის, მით მეტ პრობლემას ვაწყდებოდი. ეტყობა, ზოგჯერ მაგრად უნდა მოიკუნტო და უხილავი გახდე თუ სადარდებელი არ გინდა კაცს. სიმპათიური მხრცოვანი გავაცილე. იმის მერე, რაც შორიდან მომკრა თვალი, მარტო სახლში ასვლა და ელენეს დატოვება კი არა, ტანსაცმლის გამოცვლაც მოესწრო. ჰალსტუხი აღარ ეკეთა და პერანგზე ღილებიც შეეხსნა გემრიელად. ყავა გავიკეთე. უცნაური იდეები მომდიოდა. დღეს, ჰელესთვისაც დავაპირე მოყოლა, მაგრამ მემგონი ჯერ ურთიერთობის იმ ეტაპზე არ ვიყავით რომ ცივილურად გველაპარაკა. ვერანდაზე გავედი. მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან მეზობელი მითვალთვალებდა. ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი იყო. გაზაფხულზე, ეზოში შემხვდა და იები მაჩუქა. რამდენჯერმე გავეფლირტავეთ ერთმანეთს სულ, თუმცა ცოტნეს გამოჩენამ ყველა სულიერი დმაიფრთხო ვინც თვალებს მიჟუჟუნებდა. პატარა სანათი ავანთე და მაგიდასთან ჩამოვჯექი. ვარსკვლავებიანი ღამე იყო. ჩემი ვერანდიდან დანახული მთვარე მუდამ განსაკუთრებული ჩანდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ლუკი ასე მანიშნებდა თავის სიახლოვეს. მე კი სცენარისთვის თითქმის ყველაფერი მქონდა მოფიქრებული ფინალის გარდა... „ნითა გამუდმებით ეძებდა ადამიანს, რომელიც საიქიო სამყაროსთან დააკავშირებდა. საბოლოოდ, ერთ ქალს მიაკვლია. უცნაური ლეგენდები დადიოდა მასზე. ნითა კი თვლიდა, რომ ლეგენდების სიარული კარგი იყო, არაფერს აშავებდნენ. ევა ერქვა იმ ქალს. ეგება ის ევააო, იფიქრა და მერე გადაწყვიტა, რომ თუ მაინცდამაინც, ლილითი უჯობდა. ერთ პატარა სოფელში დაედო ბინა - გარშემო ტყე, შუაში ხის სახლი. სულ ფილმის სიუჟეტებს აგონებდა და თან უკვირდა, არც ერთი თავის ქალა რომ არ ჰქონდა გამომზეურებული. ეგეთი წარმოედგინა ალქაჯის საცხოვრებელი. ევა ალქაჯი არ იყო. სადღაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის იყო გაჩხერილი, თავადაც ვერ დაეღწია თავი. ნითა სანამ დააკაკუნებდა, იქამდე გაუღო კარი. საჯდომამდე, ხვეული წითური თმა ჩამოშლოდა და კოჭებამდე ცეცხლისფერი კაბა ემოსა. რაღაცნაირად, შეეშინდა ნითას.ზედმეტად უცნაურს, ზედმეტად ბოროტს, ზედმეტად კეთილსა და ზედმეტად ლამაზს ,ყველაფერს ერთნაირად საშიშიად მიიჩნევდა. ეგება მოვკურცხლო აქედანო, დაფიქრდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ თუ შეგეშინდა და გაიქეცი, უბრალოდ შეშინებული და გაქცეული დარჩები ბოლომდე. დიდხანს უყვებოდა ევას თავის გასაჭირს. ზოგჯერ, რაღაც გაუგებარს წამოროშავდა ხოლმე. მერე ნანობდა, რომ წინასწარ არ დაალაგა, ჩამოწერა და დაიზუთხა სათქმელი. - დაგეხმარები, მაგრამ სანაცვლოდ 5 სასიყვარულო ისტორია უნდა გაჩუქონ. - მიუგო ევამ. - როგორ უნდა მაჩუქონ? - უცებ სიზმარა გაახსენდა: „ჩემი სიზმარი შენ, ჩემი სიზმარი შენ“. ალბათ იგივე პრინციპი იქნებოდა აქაც. - მიხვალ ადამიანთან, რომელსაც ტრაგიკული, უიმედო ისტორია აქვს და სთხოვ რომ გაჩუქოს თუ აღარ სჭირდება. - მაგას ვინ გააკეთებს? ყველას თავისი ცხოვრება უნდა. - ჩუქება დათმობას არ ნიშნავს. მითუმეტეს, მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა გჭირდება. ისტორიაში არც ადამიანები შეიცვლებიან და არც მოგონებები წაერთმევა პატრონს. უბრალოდ, თეორიულად შენ გახდები მფლობელი. - ვიღაც უცნობი რომ მოსულიყო ჩემთან და ასე ეთხოვა, ალბათ ქვას ვაჭმევდი - ამოიოხრა ნითამ. ეუხერხულებოდა ადამიანებთან მისვლა, თხოვნა, ვნედრება და ა.შ. - საიქიოში ჩასვლა და კარის ღია დატოვება გსურს რომ უკან ერთის მაგივრად, ორნი დაბრუნდეთ. სანაცვლოდ სიცოცხლესაც უნდა მითმობდე, თუმცა შენი სიცოცხლე არაფერში მჭირდება. მე მხოლოდ სიყვარულს ვითხოვ. თავად, აღარ გამაჩნია გრძნობების ნატამალი და იძულებული ვარ, სხვისი სიყვარულით ვისულდგმულო. თუ რამე პრეტენზია გაქვს, ზუსტად იქ მიბრძანდი, საიდანაც შემოხვედი... - არ მაქვს პრეტენზია! ანუ ხუთი ისტორია ხომ? - ხუთი - თავი დამჯერი ბავშვივით დააქნია ნითამ. - და ფული? - შენგანა რ მჭირდება. ღარიბებს მხოლოდ იმას ვართმევ, რასაც ფულით ვერ იყიდი. ამ დიალოგის შემდეგ, ნითა გაოგნებული ბრუნდებოდა შინ. გზადაგზა, უკან გამოიხედავდა. ეგონა, მისი სახლი გამქრალი დახვდებოდა, ყველაფერს წარმოსახვას დააბრალებდა და შემდეგ როცა ხელახლა დაბრუნდებოდა ევასთან, ისევ აქ იდგებოდა ხის ქოხი. როგორც ჩანს, გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა ქალის შესაძლებლობებზე. მაგრამ იმასაც ვერ მიმხვდარიყო, როგორ შეიძლებოდა, ადამიანი ნახევრად ცოცხალი ყოფილიყო და ნახევრად მკვდარი? ან ნახევრად ბედნიერი და ნახევრად უბედური? ან ნახევრად ჭკვიანი და ნახევრად სულელი. ბევრი რამე ვერ გაეგო. ვერ იმას ხვდებოდა, ვითომ რატომ ითვლებოდა ღარიბად ევას თვალში.“ ლამის მაგიდაზევე ჩამომეძინა. კარგი ყოფილა წერა. ჩემივე გამოგონილ სამყაროში შევიჭერი და უკან გამოსვლა აღარ მინდოდა, უბრალოდ აზრები გამომლეოდა, ენთუზიაზმი არა. დილით, ფსიქოლოგთან ვიყავი ჩაწერილი და საძინებელში შესულს, ცოტნეს მესიჯმაც იგივე შემახსენა: „მიდიხარ თუ არა ხვალ?“ კი-მეთქი, ვუპასუხე. მერე დავიძინე. ღამით სიცივემ გამომაფხიზლა. არადა, საბანიც მეხურა და ზემოდან კიდე ყველაფერი, რაც სახლში მომეპოვება. ფანჯარა დამრჩენოდა ღია. ცოტახანს, მოვიკუნტე. ვიფიქრე, ჩემით გავთბები-თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ღამით სხეულის ტემპერატურა ძალიან დაბალი მქონდა და შესაბამისად, ვკანკალებდი. არ მიყვარდა სიბნელეში გაღვიძება. არც მეშინოდა და არც არაფერი, მაგრამ მერე ჩემი მეგობარი მახსენდებოდა. მისი გახსენებისას, იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ სისულელეა სიცივეც, სიცხეც, ტკივილიც, ომიც და შიმშილიც. ზოგჯერ მეგონა, ისეთი ზარალი იყო სამყაროსი, ავადმყოფი ბავშვებიც ვერ შეედრებოდნენ. ეტყობა მიჯობდა სიცივე, სიცხე, ტკივილი, ომი და შიმშილი ამეტანა, ოღონდაც ამ დამპალი ღია ფანჯრიდან გადმომეხედა და ეზოში მდგარი მენახა. დილაუთენია მივირბინე ფსიქოთერაპევტთან. ლიფტი არ მუშაობდა და ხუთი სართული ფეხით ავირბინე. კარი ვიღაც სხვამ გამიღო, გელოდებათო, გამახარა და ხელი გაიშვირა ოთახისკენ. ჯერ დავაკაკუნე, მერე შევედი... მერე გავშეშდი და ვფიქრობდი, ან ახლა მეტირება დედა, ან ახლა-თქო. ექიმი იჯდა. პირზე გამაღიზიანებელი ღიმილი დასთამაშებდა. რაღაც უნდა მეთქვა. მემგონი, მსურდა მეკივლა, მაგრამ გულის რევის შეგრძნებამ რომ მუცლიდან ყელამდე ამოაღწია, მომერიდა რაღაცნაირად ერთდროულად ყვირილი და რწყევა. ხელი სადღაც გაიშვირა. თავიდან ვერ მივხვდი. ტუალეტისკენ მიმანიშნა როგორც ჩანს. სირბილით შევვარდი და უნიტაზზე გადავეყუდე. თან ცრემლები მომდიოდა, ვკანკალებდი. ასე ათი წუთის შემდეგ რომ გამოვედი, კვლავ გაუნძრევლად იჯდა. - აქ რა გინდა? - ვკითხე ბიჭს. - შენი ფსიქოლოგი ვარ. - არა, სიკვდილი ხარ! - ვუთხარი ენის კანკალით და სკამზე ჩამოვჯექი - შენ ჩემს სიზმრებშიც სიკვდილი ხარ. - სიკვდილი ასე არ გამოიყურება. - მომიგო წყნარად. გაჰკვირვებოდა მაინც. - ზუსტად ეგრე გამოიყურება. სუნიც სიკვდილისა გაქვს! - მშვენიერი სუნი მაქვს, რას ერჩი? - მეც მაგას ვამბობ. სიკვდილს ცუდი სუნი არ აქვს და ზუსტად ვიცი მე ეგ არომატი. აქ რა გინდა? - ვკითხე აკანკალებულმა. ვიცოდი, მალე პანიკური შეტევა დამემართებოდა. ეკლესიაშიც მსგავსი რამე მემართება ხოლმე. ანთებულ სანთელს შევხედავ ან გალობას მოვისმენ და ეგაა, ეგრევე ცახცახი მიტანს. ვინმემ რომ დამინახოს, იფიქრებს, ეშმაკი ებრძვისო, მაგრამ სინამდვილეში, სულ სხვაგვარადაა საქმე. მერე დავფიქრდი, კარგად დავფიქრდი და ხმაურიანად წამოვხტი სკამიდან. - ლუკი სადაა? ლუუკ! ლუუკ! - ყვირილს მოვყევი - სადაა ლუკი? შენ თუ აქ ხარ, ის სადაა? - არ გიპასუხებს. სად გინახავს, გარდაცვლილი ადამიანისთვის დაეძახოს ვინმეს და იმასაც საპასუხოდ ამოედგას ენა? ჩემთან არაა. კარგა ხანია, მე აღარ ვაგებ მასზე პასუხს. - ვინ აგებს? ვისთანაა? - არ ვიცი უნა. - ჩემი სახელი საიდანღა იცი? გინდა, რომ მეც წამიყვანო? იცოდე, თუ წამიყვან და ლუკი იქ არ იქნება, მაგრად გცემ! - ხომ არ მომკლავ ბარემღა? - გაეცინა. - ჯანდაბა ჩემს თავს! გავგიჟდი ხო? მეჩვენები და გავგიჟდი. - დალაგებული რომ არ ხარ, მთელი ქვეყანა დაგიდასტურებს, მაინცდამაინც ფსიქოლოგი არ გჭირდება მაგისთვის. თუმცა შენს მოკვლას არ ვაპირებ. მე ხალხს არ ვკლავ. უბრალოდ, დრო როცა მოდის, მაშინ ვაკითხავ. ვინმეს რომ გადავკიდებოდი და უსამართლოდ გამეყენებინა ჩემს გზას, ეგეთი შემთხვევა ჯერ არ მახსოვს. მისი სიტყვების შემდეგ, თვალებგაფართოებულმა გულხელი დავიკრიფე. - მე მახსოვს! - მთელი ზიზღით წარმოვთქვი. - ყველაფერი ისე ადვილად არ არის, როგორც შენ ხედავ. მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად მიიჩნევდი თავს. თვლიდი, რომ სამყაროს რაღაც საუცხოო მიზეზით ჰყავდი მოვლენილი ამ სამყაროში. კეთილი, მორწმუნე, სანდო მეგობარი და ლამაზი სულის პატრონი იყავი. იღბალი ჩვეულებრივზე მეტად გწყალობდა და მუდამ მადლიერებით ივსებოდი სამყაროს მიმართ. - კაი რას მელაპარაკები? ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვყოფილვარ - მოვკვდი სიცილით - მემგონი ვიღაცაში გეშლები. მემგონი, ლუკთანაც შეგეშალა... და ასე, შემთხვევით მიადგები ხოლმე იმათ, ვისთანაც ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა მისულიყავი. - ბოლო წინადადება მთელი ძალით დავიღრიალე. - არ მეშლება. შენ ხარ ის ბავშვი ცისარტყელას რომ ჰგავდა. უბრალოდ, ასე ოცნებაში განლიე წლებდი. რაღაცა ნიშანს ელოდებოდი, რათა ზუსტად გცოდნოდა რომ მართლა რჩეული იყავი. მერე მოგბეზრდა, სულის მეგობარი დაკარგე და იფიქრე, ყველა ზეციურს ფეხებზე ვკიდივარო. ჰო და მოვედი. აქა ვარ! შენი ნიშანი ვარ უნა! მხრებზე მომკიდა ხელები და მაგრად შემანჯღრია. მე კი ვიდექი მშვიდად, ოთახში თვალით ბლაგ ნივთს ვეძებდი რომ პირდაპირ გულში გამეყარა მისთვის. - ვინმემ გამოგზავნა თუ შენით მოხვედი? - დავნებდი ბოლოს. ბალიშის მეტს, ვერაფერს ვამჩნევდი, ეტყობა იცოდა ჩემი იმპულსური ხასიათის შესახებ და თადარიგი დაეჭირა წინასწარ. - ორივე ერთად. ცდები, ფიქრობ რომ საჭირო არ ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. ცდები თუ ახლა უკვე ჩვეულებრივი გგონია თავი. შენი ცხოვრება უნდა დაიბრუნო, მეგობრებიც უნდა დაიბრუნო თორემ არაფერი გამოგივა. შენზე გული შესტკივათ იქ, მაღლა. - ხელი მოწიწებით აიშვირა ზეცისკენ. ჩემს სიზმრებში გაცილებით მამაცი ჰგავდა. ახლა კი გაცილებით უფრო ძლევამოსილი ქმნილების რიდით დათრგუნულ თაგვს დამსგავსებოდა. ამავე დროს, მიღიმოდა და გულწრფელი ჩანდა. გულწრფელი ჩანდა და თითქოს ვუყვარდი კიდეც ისე, როგორც ღმერთს ადამიანი, მაგრამ თვითონ არ იყო ღმერთი, მე კი ახლა ეშმაკს უფრო ვგავდი ვიდრე ადამიანს. - მე აღარ მჭირდებით - წარმოვთქვი თვალებგაშტერებულმა - იქ, მაღლა გადაეცი, რომ იმედი გამიცრუეს. თუ კი დემონს ჩემთან პირის შეკვრა დასჭირდება, სიამოვნებით გავილაშქრებ თქვენს წინააღმდეგ და დაცემული ადამიანი გავხდები. ისე, მშვენივრად ჟღერს ასეთი მეტსახელი. აღარც მეგობრებს ვსაჭიროებ რომ იცოდე. ერთი მყავს და სრულიად საკმარისია. - შენი ერთადერთი მეგობარი ორი თვის წინ გარდაიცვალა უნა. თუ არ გაიაზრებ რომ აღარაა, ვერასოდეს იქნები ბედნიერი. - მერე რა? - მხრები ავიჩეჩე - გგონია, რომ რახან მკვდარია, აღარ დაბრუნდება ჩემთან? გგონია, არ დაველოდები? ზოგჯერ მაოცებთ ეს არამიწიერები ასეთი ზედაპირულობით. თქვენზე ღრმა და ერთგული გამომდგარა ადამიანი თავისი ბუნებით! - შეცდომას უშვებ! - მისი ყვირილი გავიგე უკვე სადარბაზოს კიბეებზე რომ ჩავრბოდი. - შენ უარესი შეცდომა გაქვს დაშვებული და ყელში ძმრად გადენ! - სავემუქრე შორიდან. დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაიგო. გარეთ გამოვედი. ისევ გავრბოდი. არ ვიცოდი, მელანდებოდა თუ მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემს თავს. გული რომ ამომივარდა, მერე სიგარეტს გავუკიდე და რომელიღაცა კორპუსის კედელს მივეყრდენი. ელენს სოციალურ ქსელში, მამამისის ფოტოები აღმოვაჩინე. ნიკო რქმეოდა. მეგობრობის მოთხოვნა რამდენიმე წამში დამიდასტურა. გეგონება, იჯდა და მელოდა. ვთხოვე, ნომერი მოეწერა თავისი. პასუხმაც არ დააყოვნა. ავდექი და დავურეკე. - აღარ გეშინია ჩემი? - ვკითხე სიცილით. - არც არასოდეს მეშინოდა. - მაშინ ყავაზე დაგპატიჟებ საღამოს თუ გეცლება - გამოვუცხადე თამამად. გული მეუბნებოდა, რომ არასწორად ვიქცეოდი. მე კი მომწონდა არასწორ ადამიანად ყოფნა. - საღამოობით მუდამ მცალია, მაგრამ მაინც მერჩივნა, რომ პირველად მე დამეპატიჟე. - მისამართს და ზუსტ დროს მოგწერ. დამარჩენზე როგორმე მოვგვარდებით - თვალი ჩავუკარი. მერე მივხვდი, ვერ დაინახავდა. არ მეგონა, პატარა ბავშვივით თუ გაახარებდა ჩემი ხმის გაგონება და ეგეც მეუცნაურა. ზედმეტად ბევრი უჩვეულო ამბავი ხდებოდა გარშემო. მე კი როგორმე იმნდენჯერ უნდა მემრუშა, იმდენჯერ მეცრუა, იმდენჯერ მეწყენინებინა და იმნდენჯერ შემეცოდა, სანამ საბოლოოდ არ დამანებებდა თავს ზეცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.