შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარავი


26-10-2019, 21:08
ნანახია 263

როცა გავიღვიძე მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სხვას გამეღვიძა. არ ვიყავი ის გიო აბესაძე, რომელიც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ...
სიზმარი ვნახე. რაღაც არარეალური. ცუდი ან კარგი. ხალხს ვერ ვეწყობოდი, ჩემი არავის ესმოდა, არც ოჯახის წევრებს, არც ნათესავებს, საერთოდ არავის. ცუდად მიყურებდნენ, ალბათ ეგონათ რაღაცით განვსხვავდებოდი მათგან, ყველა ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე. ამიტომაც ავდექი, კარავი მოვიკიდე და ტყეში გადავბარგდი. საოცარი სიმშვიდე სუფევდა. თავი სხვა გალაქტიკაში მეგონა. ჭრიჭინების ხმა გასაოცარ სიმშვიდეს მგვრიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წიგნს ვკითხულობდი. (ეს სიზმარში იყო)

***

წამოვდექი ლოგინიდან, სააბაზანოში შევედი, სახე დავიბანე, კბილები გამოვიხეხე და სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემს თვალებში რაღაც ამოვიკითხე. მგონი ეს იყო ის, რომ ეს სიზმარი ცხადში უნდა მომხდარიყო. შედარება უნდა გამეკეთებინა, ქაოსურ ცხოვრებასა და მშვიდ ცხოვრებას შორის. მართლა ძალიან მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა იქ, ტყეში, ხეების გარემოცვაში, სიმარტოვეში, ფიქრებში, წიგმებსა და ბევრ საინტერესო რაღაცეებთან ერთად.
გამოვედი სააბაზანოდან, საჭმელი ვჭამე, 2 ღერი სიგარეტი მოვწიე, ლიმონათი დავლიე და ისევ სიგარეტს მოვუკიდე. ფანჯრიდან, რომ გავიხედე ღრუბლიანი ამინდი იყო და წვიმდა. როგორ მიყვარს წვიმა... ფანჯრიდან რომ ვიყურები ხალხს ვხედავ, რომლებიც თავქუდმოგლეჯილები გარბიან, ზოგს ქოლგა აქვს გაშლილი. (გაქცევა მაშინ არის აზრიანი, როცა ვინმე მოგსდევს, მაგრამ ესენი სად გარბიან...) რამდენი ამბობს: ,,წვიმაზე და წვიმაში სეირნობაზე ვგიჟდებიო." არადა როცა წვიმს ყველა თავს არიდებს, ალბათ სახლში სველი რომ ავიდეს მშობლები ეჩხუბებიან.
ჩამოვაფარე ფარდა და ფიქრებში შევცურე. იმაზე, თუ როგორ მომეწონებოდა იქაურობა, ან საერთოდ თუ მომეწონებოდა. შემდეგ გამახსენდა, რომ კარავი არ მაქვს, არც ჩემს რომელიმე ძმაკაცს, არც მეზობელს, არც ნათესავს. ინტერნეტში შევედი და კარვების ძებნა დავიწყე, ფასები მაინტერესებდა. რომელიღაც ლამაზ კარავს წავაწყდი, 299 ლარად და 99 თეთრად იყიდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, 300 ლარს რატომ არ აწერენ, 300 ლარი რომ მივცე, იმ 1 თეთრს დამიბრუნებს?! ზუსტად აღარ მახსოვს კარავი რა ბრენდის იყო, მუქი მწვანე და ძალიან ლამაზი. დამატებით ინფორმაციაში ორკაციანიაო, ეწერა. საფულე გადავშალე და ბედი ჩემი... კიდევ კარგი დედაჩემმა თავისი პირობა დაახლოებით 2 კვირის წინ შეასრულა, საფულეში 601 ლარი და 35 თეთრი მქონდა, მართლა ვერ ვიფიქრებდი ამდენი თუ შემომრჩებოდა. გადავწყვიტე კარავი ვიყიდო, მაგრამ ინტერნეტიდან ყიდვა არ ვიცი. ქვევით, ჩამონათვალში ტელეფონის ნომერი ვიპოვე. დავრეკე და მითხრეს, რომ ხვალ, დილის 12 საათზე, თემქაზე, სამშობიარო ,,ღია გულთან" უნდა მივსულიყავი. უკმაყოფილო დავრჩი, სახლში მიტანის სერვისი რომ არ აქვთ.

***

ეს ბიჭი 4 წუთია იგვიანებს. მე კი - წამებს ვითვლი, როდის ჩავიგდებ ჩემ ლამაზ კარავს ხელში, მოვიკიდებ ზურგზე და სადმე ახლომდებარე ტყეში გადავბარგდები.
ძლივს! მგონი ეს არის, ხელები დატვირთული აქვს. არა... მგონი კი არა, ეს არის. ნამდვილად ესაა.
ცოტა ვისაუბრეთ ერთმანეთში. სამოგზაუროდ მიდიხარო? კი მეთქი. ვცდილობდი თავიდან მალე მომეშორებინა. არ მიყვარს უცხო ხალხთან საუბარი, მითუმეტეს კაი ძმაკაცივით. მითხრა, რომ კარავს გასაშლელი ლეიბი მოჰყვებოდა. კარვის გაშლა რომ გამვადვილებოდა, ინსტრუქციაში წერია ყველაფერიო. კარვის ფეხები (დასადგამები) სუფთა ალუმინიაო. აი, ხელში დაიჭირე მსუბუქია, ალუმინის ფეხებიანი, ხარისხიანიაო. ასე მეგონა, მანქანის გამყიდველს ვუსმენდი, რომ ამბობენ ამ ნაკაწრს შვილებს ვფიცავარ, ,,პალიროვკაში" ამოიყვან, დაგიკლებ პრობლემა არააო.
როგორც იქნა წავიდა და სახლში უზომოდ ბედნიერი გავვარდი. სიზმარი თითქმის ხდებოდა. კარავი უკვე მაქვს. ახლა რომელიმე ტყეზე უნდა ჩავფიქრდე, რომელიც ლამაზი იქნება.
სახლში რომ მივედი, იმწამსვე სიგარეტს მოვუკიდე, ძალიან მინდოდა. კარავი ჩემს ოთახში შევიტანე, ინსტრუქცია კომპიუტერის მაგიდაზე დავდე და მაღაზიაში ჩასასვლელად მოვემზადე.
ჩავალ და მალე ამოვალ. აქვეა, 3 კორპუსის მოშორებით.

***

12 კოლოფი სიგარეტი ვიყიდე, 1 შეკვრა თაბახის ფურცლები, 8 კალამი, აქედან - 2 შავი მელნით და რამდენიმე დღის გამზადებული საკვები. დედას დავურეკე, ვუთხარი რომ ძმაკაცი მეპატიჟებოდა თავისთან სოფელში. სიმართლე რომ მეთქვა, არ გამიშვებდა, და შესაძლოა გიჟად ჩავეთვალე. კიდევ კაი, რომ არ ურეკავს ჩემ ძმაკაცებს და არ ეუბნება, ჩემი გიო შენთან ხომ არ არისო. ამაში გამიმართლა. არ ვიცი, არ დავკვირვებულვარ კიდევ რამდენ რამეში გამიმართლა.
ბარგი ჩავალაგე. დიდ ჩანთაში კარავი მოვათავსე. კარავი ჩანთაში 2 კგ-ს აღწევდა და ზურგზე შემაწუხებელი არ იყო.
დიდი ხანი ვფიქრობდი, სად უნდა წავსულიყავი. საბოლოოდ ზედაზენი ავირჩიე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მახსოვს რამდენიმე თვის წინ ერთი ფოტო ვნახე, ზედაზნის ბუნების და დიდი სურვილი მქონდა მანდ წავსულიყავი. მაგრამ ამის გამო არ ამირჩევია. მართლა არ ვიცი...


***


უკვე ზედაზენს ვუახლოვდებოდი. სამარშუტო ტაქსში ნინო ჩხეიძის რომელიღაც სიმღერა ჩაირთო, სიმღერის სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს. მძღოლს ეტყობა, რომ ნინო ჩხეიძე აბედნიერებს და გზას ულამაზებს, ალბათ მძღოლისთვის ამ მომღერალს პოზიტივი მოაქვს. მე ასე არ ვფიქრობ, არ მესმის მომღერლის ენა.
ბოლო გაჩერებაა. სამარშუტო ტაქსი გაჩერდა, ხალხი მძღოლს ფულს უხდის და მეც გავუწოდე 15 ლარი.
ზედაზნიდან შინ დაბრუნებისთვის კიდევ 15 ლარი დამჭირდებოდა, ამიტომ ჩასვლისთანავე გავიხადე მარცხენა ფეხსაცმელი, საფენი ამოვიღე და 15 ლარი მოვათავსე, საფენი ჩავაფინე, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ხალხს გავხედე. ყველა მე მიყურებდა, ვაიმეო, - ერთმა მოხუცმა ქალმა თქვა. ხელზე ვისუნე და ფეხის სუნი არ ამდიოდა. ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო ალბათ, შერცხვებოდა, მაგრამ რა არის ამაში სასირცხვილო, ვერ ვხვდები.
თითქმის ნახევარი ზედაზენი ფეხით შემოვიარე, ბოლოს ძლივს ვიპოვე ერთი მიყრუებული ადგილი, სადაც დაბინავება შესაძლებელი იქნებოდა. ჩანთიდან კარავი ამოვიღე, ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი, სადაც გაშლის ინსტრუქცია ეწერა. რადგან პირველად მქონდა კარავი, გაშლას საათზე მეტი მოვანდომე.
ახლა კი შემიძლია კარავში შევიდე და მოვეწყო ისე, როგორც თბილისში, საკუთარ ბინაში ვცხოვრობ. აქ სულ სხვა ჰაერია, ხალხი არ არის, არ ისმის ყოველი მხრიდან მანქანების სიგნალი და სიგნალის შემდეგ დედის გინება, არც ბავშვების ჭაჭყანი ისმის, არც ამ ბავშვების მშობლების ხმა აივნიდან, რომ ყვირიან: ,, ამოდი დროზე, საჭმელი ჭამე და ისევ ჩადი." ან ,, ამოდი, მამაშენს საქმე აქვს და მერე ისევ ჩადი." ჩემი აზრით, ხალხში ეს უფრო სირცხვილია, ვიდრე ფეხსაცმლის გახდა და მასში 15 ლარის მოთავსება. ფეხსაცმელში იმიტომ ჩავდე, რომ აქ შეიძლება დამეკარგოს.
აქაურობა გასაოცარია, სრული სიმშვიდე. რამდენიმე წუთში, ჩემი სიგარეტი ამოვიღე წელის ჩანთიდან და გავუკიდე. რამდენ ღერსაც ვეწეოდი, სულ საინტერესო ფიქრების სამყაროში შევდიოდი. არ ვიცი რატომ...
უკვე მოსაღამოვდა, ცეცხლი უნდა დავანთო. ხმელი ტოტების მოსაგროვებლად გავედი. ხიდან ტოტს ვერ მოვტეხდი, ამ ხეზე რა ტოტებიც არის, ეგ ტოტები ჰაერს მაძლევს, ჰაერი ფიქრს, ფიქრი მამშვიდებს და ყველაფერზე მაფიქრებს.
ათიოდე წუთის შემდეგ, ხმელი ტოტების რამდენიმე ტომარას წავაწყდი. ალბათ აქ ჩემსავით ვინმე იყო მოსული, იფიქრა მომავალში ვინმე მოვა და საქმეს გავუმარტივებო. დიდი მადლობელი ვარ მაგ ადამიანის. ერთი ტომარა წავიღე. ტოტები სამკუთხედად განვალაგე, გარშემო ქვები დავუწყვე და ცეცხლიც ავაგიზგიზე. ახლა გამახსენდა, რომ აქ ტელეფონს ვერ დავტენი. ელემენტი დაჯდება და როცა დედა დარეკავს და არ ვუპასუხებ ინერვიულებს. რითი გავაგებინო დედას ეს ამბავი, არ ვიცი. თითქმის ყველა წერტილში ვცადე ტელეფონის დაჭერა, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ვიფიქრე არა უშავს, ხვალ რამენაირად გავაგებინებ - თქო. ისევ ცეცხლთან დავჯექი, ჭრიჭინების ხმა სასწაულად მამშვიდებდა. არ ვიცი ყველას ასე ემართება თუ არა, მაგრამ მე ძალიან მამშვიდებს.
* * *

უკვე გათენდა. მოვწიე ერთი ღერი, ორი, სამი, ოთხი... და მერე მომივიდა იდეა, რომ თაბახის ფურცლებზე რამე დამეწერა. ფურვლები ცეცხლის დასანთებად ვიყიდე, მაგრამ კალმები რატომ, ეგეც არ ვიცი. როგორი დამთხვევაა...
რამდენიმე საათია ვფიქრობდი, თუ რა დამეწერა. ვერ ჩამოვყალიბდი. საბოლოოდ მოვიფიქრე, რომ ჩემი აზრები დამეწერა, რაც თავში მომივიდოდა. ეს არც რომანი იქნებოდა, არც მოთხრობები, და არც ლექსები, უბრალოდ იქნებოდა დიალოგი ფურვლებთან. კარავში შევედი, გასაშლელ ლეიბზე წამოვწექი. რა რბილი ყოფილა... დედაზე ვფიქრობდი. ,,არ მინდა, რომ ამის გამო ინერვიულოს, მე თავს მშვენივრად ვგრძნობ, არც ის მინდა გიჟი ვეგონო. მგონი სჯობდა სიმართლე მეთქვა. სჯობდა ყველაფერი კარგად ამეხსნა და ამის მერე შესაძლოა თანხმობა მიმეღო პასუხად. არა, არ უნდა მომეტყუებინა. სიმართლე ადრე, თუ გვიან მაინც გამოჰყოფს თავს. ეს კარგად უნდა დავიმახსივრო, ამის მერე არაფერს დავმალავ და არაფერს მოვიტყუები."


***


თვითმფრინავის ხმამ გამომაფხიზლა. როგორც ჩანს, ქაოსს ბოლომდე ვერ დავაღწიე თავი. წამოვდექი, მაგრამ ეს რატომ არ ვიფიქრე წინა დღისით, ან სანამ დავწვებოდი... არც წყალი მქონდა, არც პური, არც კბილის ჯაგრისი და არც კბილის პასტა. ამიტომ მომიწია კარვის დაშლა და აბარგება. ნახევარი ზედაზენი კიდევ ფეხით უნდა ვიარო, სხვა გზა არ არის. ძლივს დავშალე კარავი. (ალბათ დაშლა უფრო რთულია, ვიდრე აწყობა.) არაუშავს მერე და მერე ვისწავლი.
სულ ცოტა მრჩება სავალი და გზა გამოჩნდება, სადაც მაღაზიაა წამოჭიმული, ავტოსადგომთან.
ძლივს მივაღწიე მაღაზიამდე. 5 ლიტრიანი წყალი ვიყიდე, კბილის პასტა და ჯაგრისი. როცა მაღაზიიდან გამოვედი, მაშინვე დედა გამახსენდა.
,,მადლობა ღმერთს, ტელეფონი კარგად იჭერს." დედას ნომერი ავკრიფე და მესიჯი გავგზავნე:
,,- დედა, არ ვიცი გუშინ რატომ დაგიმალე, მაგრამ მინდა სიმართლე იცოდე, რომ არ ვარ ძმაკაცთან სოფელში, მე ტყეში ვარ ჩემი კარავით და არანაირი საფრთხე არ მემუქრება. ბიდიში, რომ დაგიმალე, მეგონა მეჩხუბებოდი ან შეშლილი გეგონებოდი. მაგრამ ვიცი, რომ შენ ცუდი დედა არა ხარ. ვიცი რასაც გთხოვ ყველაფერს მისრულებ, მაგრამ ეს ყველაფერი დამესიზმრა და ძალიან მომინდა გამომეცადა, როგორი იქნებოდა რეალურად. გთხოვ ნუ ნერვიულობ, ფულიც მაქვს და ყველაფერიც. ბიდიში და მიყვარხარ ძალიან <3."
გავგზავნე თუ არა 4 წუთში მესიჯი მოვიდა დედასგან.
,,ვაიმეე გიოო... ცოტას ვნერვიულობ... რატომ არ თქვი ეს ყველაფერი? რაც გითქვამს, ყველაფერი ამისრულებია შენთვის დეე და ამას რატომ დაგიშლიდი? თუ შეატყობ, რომ ფული გითავდება მაშინვე წამოდი და სახლში მიდი. ნუ იდარდებ, შენ ტელეფონს ვერ დატენი მანდ და მეცოდინება, რომ კარგად ხარ. რამდენ დღეში აპირებ წამოსვლას? მეც მიყვარხარ ძალიან!"
,,3 დღეში, ან მაქსიმუმ 5 დღეში. ნუ ინერვიულებ."
ესეც ასე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიმართლე ყველაფერს ჯობია. უკვე ვუახლოვდები ჩემს რჩეულ ადგილს. გზად ოთხკუთხა ფიცარი შემომხვდა, ძირს ეგდო. ვიფიქრე, რაში უნდა დამჭირდეს, ტოტები ბლომად მაქვს, ეს არაფერში გამომადგება თქო. მაგრამ გამახსენდა, რომ წერაზე ვფიქრობდი, წამშივე ვტაცე ფიცარს ხელი, მაგიდის როლს შეასრულებდა. ცოტა ხიჭვიანი იყო, მაგრამ არაუშავს.
როცა მივედი, კარავი უკვე მარტივად გავშალე. თავი ტყის მეფე მეგონა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს ტყე ჩემი იყო, მაგრამ ტყე ყველასია, ვერავინ დამიშლის აქ ყოფნას და ვერც მე დავუშლი.
კბილები გავიხეხე, სახე მდინარის წყალში დავიბანე, ხელები შარვალზე შევიმშრალე და საწერად მოვემზადე. პირველი რაც თავში მომივიდა, იყო ბედნიერების გრძნობა. ბედნიერი ვიყავი ამ თავისუფლებით, მთავისუფლებით. პირველი ნაწერიც დავწერე:
,, ბედნიერების მთავარი მუღამი არის - საკუთარი თავი,
შენ თუ არ ხარ ბედნიერი, სხვა ვინ უნდა იყოს?
თავისუფალი თუ არ ხარ ბედნიერი ვერ იქნები,
შენ უნდა იყო სხვების მაგალითი!"

რამდენჯერმე გადავიკითხე და ფუქრებში ჩავიძირე. ნეტავ დრო რითი გაყავთ 15-16 წლის ბიჭებ-გოგოებს? ალბათ გარეთ არიან დილიდან ღამამდე და დროს ტყუილად ხარჯავენ.
მწ დამესიზმრა აქაურობა, მოვედი და ბევრად კარგი სურათი დამხვდა, ვიდრე სიზმარში. აქ სრული სიმშვიდეა, ქალაქში კი ხმაური. უაზრო ხმაური. მანქანებიდან ერთმანეთის ლანძღვა-გინება, მშობლების ყვურილი...
,,იმას ვერ ვხვდები, ნეტავ ვინმე თუ არის ისეთი, ვისაც აქ მოსვლა მოუნდება, როგორც მე? მგონი, დედამიწაზე სამი ან ოთხი ადამიანი იქნება ესეთი. ეს ხალხში რომ ვთქვა, ყველა გიჟად ჩამთვლის. ისეთი ხალხი ჩამთვლის გიჟად, რომლებიც გიჟები თვითონ არიან. უსაქმურად გარეთ, რომ დგანან. დედიკოებს რომ ელოდებიან, სიგარეტი უყიდოს. კაზინიში მორბენალი 18 წლის ბიჭები. აი ეს ხალხი შემრაცხავს გიჟად"
უკვე რამოდენიმე საათია გასული, რაც ბევრ რამეზე ვფიქრობ. მივხვდი, რომ აქაურმა ჰაერმა, ჭრიჭინების ხმამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მე აქაურობა შემიყვარდა. ასე მგონია მეც ამ ხეების ნაწილი ვარ, რომელიც ჰაერს აფრქვევს. ვინმემ ხიდან ტოტი რომ მოტეხოს, მეც მეტკინება. ტყემ გონება შემიცვალა... ტყემ შემცვალა...


***


2 წელი გავიდა, რაც აქ ვარ. პირველი წელი სრულ სიმარტოვეში მომიწია ყოფნა. ეს სიმარტოვე ცხოვრების, დამოუკიდებლობის გამოცდა იყო, რაც წარმატებით ჩავაბარე. ოჯახზე უარი ვთქვი. არ მინდოდა ხალხთან, გაუგებარ ხალხთან ცხოვრება, რომლებიც სიმშვიდეს დაავადებას უწოდებენ. თუ ამ სიმშვიდეს დაავადების სახელი ქვია, მაშინ ტყეში ხალათიანი მედდა უნდა დამსდევდეს. ჩემი ადგილი აქ არის, ჩემს მეგობარ ხეებთან. დედა მაკითხავს ხოლმე, კვირაში სამჯერ. ააკვები ამოაქვს, სასმელიც, და ხანდახან ფოტოებსაც ვიღებთ ხოლმე. როცე მეუბნება სახლში წამოდიო, მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვეუბნები, რომ მალე დავბრუნდები სახლში. ეს ,,მალე" როდის დადგება არავინ იცის. დედას ჩემი უკვე სავსებით ესმის. ვუთხარი, მე ვერ შევეგუები იმ ხალხს, რომლებსაც სიბოროტე დააქვთ. ვერ შევეგუები იმ ადგილს სადაც ხალხი თავს იზიანებს. ვერ მოვიწონებ ადამიანს, რომელიც ამბობს წესიერი ვარო, ყველა ჩვენებურად გიჟები ვართ. დედას ჩემი ნაწერები გავატანე, ძალიან ბევრი იყო, 402 ფურცელი დაახლოებით. წიგნი გამოიცა ჩემი ფიქრებით და დედას მიზანდასახულობით. დედაჩემს ბევრი უხდის მადლობას, რომ ასეთი ვარ. რა ნახეს ჩემში ასეთი, ვერ ვხვდები...
დედაჩემი წინა კვირას მეუბნებოდა, რომ რამოდენიმე ადამიანს უნდოდა ამოსვლა ჩემთან ტყეში, ჩემთან დღეების გატარება, ეგონათ ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებას მივცემდი მათ, მაგრამ უარით გავისტუმრე. არ მსურს ვინმე მოვიდეს და მითხრას აქ რატომ ცხოვრობო. ძალიან დიდი ამბავია, უზარმაზარი... შეიძლება თვეებიც დამჭირდეს ამის ასახსნელად. რაც აქ ვცხოვრობ იმდენი თავგადასავალი გადამხდა ვერც კი ვითვლი.
ტყის ვაშლი უნდა მომეკრიფა, აგვისტო იყო. მინდორში მხოლოდ ერთი ხე იყო და ისიც ვაშლის. ხესთან მეულოდნელად გველმა დამინახა, რომელიც ჩემსკენ გამოსისინდა, უნდა ეკბინა, უეცრად დიდი, ფუმფულა ძაღლი გამოვვარდა, რომელმაც გველს ღრენა დაუწყო. არ ვიცი გელმა რა იფიქრა, მაგრამ როგორც ჩანს ძაღლმა შეშინა. მივხვდი, რომ გვერდით საუკეთესო მეგობარი გამომიჩნდა. ძაღლს ჯესიკა დავარქვი. ბევრ ძაღლს ქვია ჯესიკა და ამავდროულად ადვილად დასამახსოვრებელია, ამიტომაც შევურჩიე ეს სახელი. სულ ერთად გვძინავს, ბალიშის როლს განუმეორებლად ასრულებს, ერთად ვჭამთ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ჯესიკა ნამდვილი მეგობარია, შემთხვევით ვიპოვნეთ ერთმანეთი.

***

უკვე ჩანთას ვალაგებ. თბილისში ვბრუნდები დედასთან. ჯესიკაც თან მიმყავს, არ მინდა აქ იყოს. ძალიან, ძაალიან მოუწესრიგებელი ვარ, თმა აჩეჩილი და ძალიან გრძელი მაქვს. ამ დროის მანძილზე წვერიც კი ამომივიდა, მაგრამ ესეც გაუბედურებულია. კბილები გასახეხი მაქვს, ყურებში ძლივს მესმის. ცუდი სუნი მდის.
კარავს ვკეცავ, ჩანთაში ვდებ და მე და ჯესიკა ტყეს ვემშვიდობებით. ტყეში ძალიან დიდი დრო მქონდა, ბევრს ვფიქრობდი.
სიყვარულზე ვფიქრობდი, რომ ადამიანი უსიყვარულოდ ვერ ძლებს, მაგრამ გავძელი. ,,როცა ვინმე გიყვარს ყოვლისშემძლე ხდები, ფრთებს ისხამ, რთული დაბრკოლების გადალახვა შეგიძლია, თან ისე, რომ ვერც გრძნობ რა გაიარე." - ესეთ აზრზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ლამაზი სიტყვებია. მე ჯესიკა მიყვარს. ბედნიერები ვართ. თბილისში, რომ ჩავალთ იქნებ და ვინმე ლამაზი გოგო გავიცნო, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას ჩამოვაყალიბებ, სექსი და რამე...
ვფიქრობდი მეგობრობაზე. ჩემი აზრით, ესე არ არის - ,,მეგობარი ისაა, ვინც ლხინში დაიგვიანებს და ჭირში პირველი იდგება შენს გვერდით". ჩემი აზრით, მეგობრობა ღიმილით გამოირჩევა: ადამიანს თუ აქვს ეშმაკური ღიმილი, მივხვდები, რომ რაღაც ისეთს მიწყობს, რაც შარში გამხვევს, ბოლოს მომიღებს. მეშინია ეშმაკური ღიმილის... როცა მარტო ვარ, გველებისაც მეშინია. ერთხელ ჯესიკამ გველისგან დამიცვა, მას შენდეგ, როცა ჯესიკა გვერდით მყავს - უშიშარი ვარ.

***

მე და ჯესიკა თბილისის გზას ვადგავართ. დედაჩემის გამოგზავნილი 15 ლარი ჯიბეში მიდევს. ადრე რომ შევინახე, ის დასველდა, გაუბედურდა და დაიხა.
სამარშუტო ტაქსის მძღოლი ნებას არ მაძლევდა, რომ მემგზავრა, ცუდი სუნი აგდისო. მაგრამ ავტოსადგომის მეპატრონემ როცა დამინახა, მიხვდა, რომ ტყეში ვცხოვრობდი, ან მსგავსი რამ. არ ვიცი ეს საიდან იფიქრა, მაგრამ თვალებზე ეტყობოდა.
ავტოსადგომის მეპატრონე გავლენიანი ადამიანი ყოფილა, როგორც დავინახე. მძღოლს ეუბნებოდა, თუ არ ამგზავრებ სამსახურს დაემშვიდობეო. შემდეგ მძღოლი მოვიდა, ყალბი ღიმილი ჰქონდა მოფენილი მთელ სახეზე და მითხრა, რომ მეც და ჯესიკასაც შეგვეძლო მგზავრობა. ჯესიკას ფულს არ გამოვართმევო, თავის ჭკუით იხუმრა.

***

უკვე თბილსში ვართ. აქ რა სხვა ჰაერია, გამონაბოლქვის. ხეები თითქმის არ არის. რა საშინელებაა... როგორ შეიძლება ადამიანს ჰაერი მოაკლო და მანქანიდან გამოსული შავი ბოლი ასუნთქო. მე ისევ ქაოსს დავუბრუნდი. როგორც ჩანს ჯესიკაც მიხვდა, თუ სად მოვედით, არ მოსწონდა. ჯესიკას კარგად ვიცნობ და ვიცი რა მოსწონს და რა აღიზიანებს. ჯესიკას ვეუბნები, რომ დედასთან როცა მივალთ, ოროვე ვიბანავებთ, გავსუფთავდებით, გემრიელად შევჭამთ, დავლევთ და თბილად დავიძინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ ესმის. როგორ გავაგებინო...
დედაჩემის კორპუსთან ვართ. მე ჩაკუზული ვარ, ჯესიკას ვეფერები და ვეუბნები, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ ესეც არ ესმის. (ადამიანზეც ეგრეა... ბევრს არ ესმის შენი.) რა საწ....ბი არიან ძაღლები. რასაც გრძნობენ ვერაფერს ამბობენ, ვერვ ჩვენ ვაგებინებთ ვერაფერს. გამომგონებელი რომ ვიყო, სიამოვნებით შევქმნიდი ისეთ რამეს, რისი საშუალებითაც შევძლებდით ცხოველებთან დიალოგის შექმნას. რა კარგი იქნებოდა, როცა ჯესიკა მეტყოდა მეც მიყვარხარო, ან საერთოდ მეტყოდა? მოულოდნელად ჯესიკამ გამომხედა, დაიწკმუტუნა, ჩემს მუხლებზე ამოხტა და სახის ლოკვა დამიწყო. ეს სიყვარულის ნიშანია. კი, მასაც ვუყვარვარ. ლაპარაკი რომ შეეძლოს, მეტყოდა მეც მიყვარხარო. ჯესიკას სახიდან ვიშორებ, რამდენიმე წუთი თვალებში ვუყურებ. თვალებზე ორივეს ცრემლი გვადგას, ჯერ ჯესიკას ვუმშრალებ თვალებზე მომდგარ ცრემლს და მერე ჩემსას ვიმშრალებ. მიჭირს ამის თქმა. როგორ ვუთხრა... ასე მგონია, ჩემი ეს გადაწყვეტილება ეწყინება. ღრმად ჩავისუნთქე, ძალა მოვიკრიბე და ყურში ვუჩურჩულებ:
-ჩვენ მგონი ტყე გვეძახის. ხალხში არ არის ჩვენი ადგილი... აი უსმინე... არა, მგონი კი არა, მართლა გვეძახის. სხვა ტყე გვეძახის. ჯესიკ, მოდი ჩემთან მეგობარო. პირობას გაძლევ, გველების აღარ შემეშინდება.

●თემო გამეზარდაშვილი

2018 - აგვისტო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent