შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცირკში (სრულად)


28-10-2019, 22:09
ავტორი lukakhati
ნანახია 1 262

რომანი ჟანრად დისტოპიურია, გარემო-დამძიმებული, ხალხი- უგრძნობი; ომის შემდეგ აგებულ სამყაროში მხოლოდ ცირკია ნამდვილი.
აქ არ არიან არც პროტაგონისტები და არც ანტაგონისტები, თუმცა ამბავს ჰყავს ორი მთავარი მთხრობელი - ბალთაზარი და მართა.
პირველ ნაწილში აწმყოს მართა გადმოგვცემს. სწორედ მისი ბაგეებიდან ვიგებთ პირველად, თუ რა ხდება ცირკში და როგორია საზოგადოება გამანადგურებელი ომის შემდეგ.ცირკი წლიდან წლამდე, ქალაქიდან ქალაქში დაეხეტება. ვერავინ ხვდება, თუ რა ამოძრავებთ დასის წევრებს.
მართა მებრძოლი ქალია - ის არ ეგუება გარემოს, მაგრამ ერთადერთი, რაც დარჩენია საკუთარი თავისათვის კითხვების დასმაა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხები წაგვიყვანენ კვანძის გახსნამდე.
მეორე ნაწილში ბალთაზარი წარსულს გვიამბობს. ომის შემდეგ გადახდენილ ამბებს. ტყვეობაში გატარებულ დღეებსა და გასაჭირის ჟამს მოსმენილ ისტორიებს. ბათე, ერთი შეხედვით, ლაჩარია, თუმცა სწორედ სცენარისტი მიჰყავს ნანახს ცირკის შექმნის გადაწყვეტილებამდე.
მას უბრალოდ სჭირდება ბიძგი, რომელიც საბოლოოდ ხდება მისი საყვარელი ქალი - შეუპოვარი მართა.
სწორედ მართასა და ბალთაზარის ურთიერთობის მაგალითზე ჩანს მთელი რეჟიმის სისასტიკე. ისინი კარგავენ ერთმანეთისადმი ნდობას, რადგან სინამდვილეში აღარ სწამთ საკუთარი თავების.
ყველას ვერ ჩამოთვლი, რადგან ძალიან ბევრ განსხვავებულ პერსონაჟსა და ისტორიას იტევს ეს ამბავი. ცირკის დასის წევრები სახეები არიან - სიამაყის, ძალის, ღირსების, სიყვარულის, სისასტიკის; ერთი სიტყვით ყველა იმ გრძნობის, რომელსაც მონიტორებიდან მომავალი ქალის ჩაწყვეტილი ხმა ვერ მართავს.
მესამე ნაწილი კვანძის გახსნაა და კითხვა, რომელზეც პასუხი მაინც არავინ იცის - რა ხდებოდა სინამვილეში ცირკში?

ნაწილი პირველი
მართა
ათი წლის წინ, როდესაც ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი ძალიან მომინდა ამ ქუჩებში დავკარგულიყავი. ხშირად ვიკარგებოდი კიდეც - ყოველი აგურით აშენებული, მაღალი შენობა ერთმანეთს ჰგავს - დაუსრულებელ დერეფანს ქმნის. შუა საუკუნეებს მახსენებს. მიზიდავდნენ გახუნებული, ფერდაკარგული კედლები, რკინის, დაჟანგულ ჯაჭვზე ჩამოკიდებული ლამპიონები, საღებავგადასული კარ-ფანჯრები. არ მინდოდა წარმომედგინა, თუ როგორი იყო აქაურობა წლების წინ. მე ეს ადგილი ასეთი შევიყვარე.
შეიძლება ძველმოდურიც ვარ. ალბათ, ასაკის ბრალია. აგვისტოს ოცადაცამეტი წელი შემისრულდა. ვერ აღვწერ, თუ როგორ ვგრძნობ თავს - მოხუცად თუ ბავშვად, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი - ხის ტოტს ფოთოლი მოწყდა, კლდის პირას ამოსულ ხის ტოტს, დაუნდობელ ქარს გაჰყვა, ლურჯი ზღვის გაღმა, ჰორიზონტს გაცდა და დაჭკნა.
ახლა, აქ გაუჩინარების აღარ მეშინია და სწორედ ეს მაშფოთებს. ერთი ქუჩა განსაკუთრებით მიზიდავს. იქ ყოველთვის სიმშვიდეა. ერთ-ერთი ხავსით დაფარული კედლის გაყოლებაზე ტალახიანი, მოძველებული სარკე იმალება. ყოველი ჩამოსვლისას ვპოულობ. ვცდილობ გავწმინდო. შემდეგ კი ვუყურებ საკუთარ თავს და ეს ის ერთადერთი წუთია, როდესაც უფლება მაქვს აღვიქვა არსებობა. დავაკვირდე ჩემს სახეს, ვკითხო ჩემს თავს - შევიცვალე თუ არა ამ წლის შემდეგ?
ხვალ, როგორც კი დავისვენებ მის საპოვნელად წავალ, თუმცა არ ვიცი ამჯერად რას ვნახავ და მეშინია, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის უმოწყალოდ მეშინია.
მატარებელი საზღვარს უახლოვდება. იმედი მაქვს, შეეშვებიან მგზავრების განუწყვეტელ ჩხრეკას, ხალხის გამძლეობაზე თამაშს. ნეტავ, თვითონ მაინც თუ იციან რას ეძებენ ან იქნებ უბრალოდ უნდათ რაიმე საპოვნელი ჰქონდეთ?
აქ ყოველი წლის დეკემბერს ჩამოვდივართ - ზამთარი არ იგრძნობა, არ ცივა, არ თოვს. სულ უფროდაუფრო ცოტანი, უფროდაუფრო დამძიმებულნი, მაგრამ მე მუდამ ვბრუნდები. ხო, ერთი მეგზური მყავს - ურიელი. შავი, ბებერი ჩემს მსგავსად გაჭაღარავებული კატა.
მშვიდად სძინავს, მგზავრობა არ უყვარს. მატარებლის დაძვრამდე ჩემს კალთაში მოკალათებული ნებივრობს.
რამდენიმე თვის წინ მოვიშინაურე. გამოსვლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ კარავთან ვიპოვე. არავინ მიჯერებს, მაგრამ შესასვლელში იჯდა და უყურებდა- ძველი კეთილდღეობის ნარჩენებს თვალს მდუმარედ ადევნებდა. წესით, უნდა გამეგდო, მაგრამ ამის მაგივრად გვერდით მივუჯექი. ცვრიანი ბალახიდან მსახიობების ყურება სულ სხვა შეგრძნება ყოფილა. ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის, მე ვფიქრობდი იმას, რაც მას უნდა ეფიქრა და ის გრძნობდა იმას, რაც მე უნდა მეგრძნო. ორივეს გვქონდა ის, რაც მეორეს აკლდა.
იმ საღამოს შემდეგ განუყრელები ვართ.
მატარებელი ჩერდება. სადგური ცარიელია. არც ერთი გამცილებელი, არც ერთი დამხვედრი, მხოლოდ დაცვა - სახე დამალული აქვს, თვალები გამჭვირვალე, იარაღი არ აქვს, მხოლოდ ყუთი, მუდამ ცარიელი, არ იცის ვის რა ჩამოართვას, სიცარიელე რითი შეავსოს.
გასვლამდე უნდა შემამოწმონ :
-საღამო მშვიდობის.
-მოგესალმებით.
-რისთვის ჩამოხვედით?
-ცირკის დასის წევრი ვარ.
-ნებართვა მაჩვენეთ.
…თხელ ფურცელს ვუწოდებ. რამდენიმე წუთი კითხულობს. სულ ხუთიოდე წინადადება წერია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვნერვიულობ.
ფურცელს ატრიალებს, ათვალიერებს.
მაინტერესებს რაზე ფიქრობს. ყოველ წელს ახალი დაცვის წევრი მხვდება და ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვიგებ. ვერ ვბედავ ვკითხო. ნეტავ მომავალ წელს კვლავ დამხვდეს. ახალგაზრდაა, ჩემზე ასე ათი წლით უმცროსი. სადგურის შესასვლელთან ზის. ზევიდან ვუყურებ.
ფურცლის დათვალიერებას ეშვება. ბეჭედს ამოწმებს.
მარცხენა მხარზე ქალაქის გერბი ახატია. შავ ფონზე გამოსახული სამი მთვარე. გარშემო ნამგალი, შუაში-სავსე. ყოველ მთვარეს საკუთარი ამბავი აქვს. აქ რომ პირველად ჩამოვედით, მაშინ მიამბეს. აღარ მახსოვს.
-ყველაფერი წესრიგშია.
…ფურცელს მიბრუნებს.
-კატა თქვენია?
-დიახ.
-რა ქვია?
-ურიელი.
-ლამაზი სახელია.
-უცხო.
-რამდენი დღე რჩებით?
-ხუთი ღამე.
-სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ.
-მადლობელი ვარ.
ხელით შესასვლელისაკენ მიმანიშნებს, თითქოს აქ პირველად ვიყო. გასასვლელში დასის სხვა წევრებს ველოდები. სულ ექვსნი დავრჩით. მე ყველაზე პატარა ვარ.
ურიელი იღვიძებს. თამაში უნდა. აქ არ შეიძლება. შავ ლაბადაში ვმალავ. ცოტა უნდა მოითმინოს. მალე სასტუმროში წავალთ. იმედია აივანი იქნება. მოწევა მინდა. ხშირად არ ვეწევი. მხოლოდ ღამით. მიყვარს, როდესაც კვამლი აივნიდან ზევით ადის, შორიდან ურიელი მიყურებს. სიბნელეში დაკარგულ ნაპეწკალს მის მწვანე თვალებში ვხედავ - მწვანე მდელოზე მოკიდებულ ხანძარს, გახუნებულ, სიცოცხლეწართმეულ ბალახს.
ეს ყველაფერი უკან დარჩა. მე სიცარიელეში ვარ. მხოლოდ ვუყურებ. ვერ ვუახლოვდები. უკუნი არ მიშვებს. ღამე ბნელია. წარსულს მახსენებს. მდელოდან წამოსული ალი სურათს ედება. მოგონებებს წვავს. მორიგ ნაფაზს ვარტყამ. ნიკოტინი მაბრუებს. ფერფლი ქრება. ყველაფერი იკარგება.
-მართა, რაზე ფიქრობ?
-ბათე. გავერთე.
-განსაკუთრებითგიზიდავს აქაურობა.
ბალთაზარი ჩვენი გამაერთიანებელია. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი. მეგობრები ბათეს ვეძახით. ის ვერ ხედავს, მაგრამ დაბერდა. გაჭაღარავდა. სადმე სარკეს თუ გადაეყრება გაუკვირდება. წვერი გასაპარსი აქვს, მაგრამ ღიმილი ძველებურად ცოცხალი.
-იმედია, ამინდი ხელს შეგვიწყობს.
-მოღრუბლულია. აქ ყოველთვის წვიმს.
-ისე ლაპრაკობ თითქოს აქედან არც არასდროს წასულხარ.
-არ არის გამორიცხული ასეც იყოს.
...მიახლოვდება. ურიელს ეფერება. კატა ურჩობს. არ უყვარს, როდესაც სხვა ეხება. მიხარია. ის მხოლოდ ჩემია.
-მართა, თუ გინდა დარჩი.
-არ მინდა.
-ჩვენ მოხეტიალეები ვართ - ურიელს თავს ანებებს, თვალებში მიყურებს, მაგრამ არ მისმენს - სახლი არ გვაქვს. შენ აქაურობა გიყვარს. შეგიძლია დარჩე. ეს დაიმსახურე - ჭრელი თვალები აქვს- გულწრფელად მეუბნება, მაგრამ უნდა უარი ვუთხრა. კვლავ შევახსენო, რომ ცირკისთვის ვცხოვრობ. ხანდახან ეჭვი ეპარება. იღლება და სჭირდება ადამიანი, რომელიც დაეხმარება. ეტყვის, რომ ყველაფერი გამოვა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
...ჩემს პასუხს ელოდება. იცის, რომ შემიძლია დავთანხმდე. აქ დავრჩე. ბოლო დროს შეეჩვია. ყოველ ქალაქში ჩვენგან ერთ-ერთს ეკითხება. ბევრი დათანხმდა, ამიტომ დავრჩით ექვსნი.
მე უარს ვეტყვი. არ ვუღალატებ, მაგრამ იქნებ უნდა რომ დავთანხმდე? შეიძლება ხელის ჩაქნევაც უნდა. იქნებ ხანდახან კარავში ჩუმადაც ქვითინებს? საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაგრამ მე არსად წავალ. იმის მიუხედავად, რომ წლები გადის. არაფერი იცვლება. ისევ აქ დავბრუნდით. მორიგ წრეს გავყევით. აქაურობა საწყისი წერტილია. კიდევ ოთხი სეზონი გასულა. დროის სვლას ვერ ვამჩნევ, მაგრამ ურიელზე ვნერვიულობ. არ ვიცი, რამდენი წლის არის. მეშინია მის გარეშე დარჩენის. სიკვდილი მაშინ არის უფრო საზარელი, როდესაც მოულოდნელად მოდის. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.
-არა, ბათე. ჩემი ადგილი ცირკშია. თქვენთან ერთად. შენთან ერთად - შევეცადე გამეღიმა, მაგრამ ვერ დავარწმუნე. ძალიან დავიღალე. სასტუმრო ოთახზე ვფიქრობ, აივანზე, მოწევაზე.
...ამოისუნთქა:
-მიხარია ამის გაგონება.
-შემიძლია წავიდე?
- ძალიან დაღლილი ჩანხარ.
-მაპატიე, დანარჩენების ლოდინი აღარ შემიძლია.
-აბა მარტო არასდროს დაგტოვებო?
-უბრალოდ დაგამშვიდე.
-იპოვი სასტუმროს?
პასუხს არ ვცემ. ზურგს ვაქცევ. გონებაში სცენას ვხატავ. წამით ნამდვილ მსახიობად ვგრძნობ თავს.
თვითონაც იცის, რომ ვიპოვი. ისიც იცის, რომ ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ და ეს აშინებს.
საღამო ღრუბლიანია. ჰაერი-ლმობიერი, ქუჩები-გადატვირთული. ხალხი ორ მწკრივად მოძრაობს. ნელა, მოთმინებით. ყველა მუქი ფერითაა შემოსილი. ამინდს უხდება. სერიოზული იერი აქვთ. თითქოს რაღაცაზე ფიქრობენ. ეს ილუზიაა, მათი გამოხედვა კი არაფრისმთქმელი.
წინ იყურებიან, მაგრამ გზას არ უყურებენ. ერთმანეთს მიჰყვებიან. გვერდი-გვერდ ჩამწკრივებული სახლებისაკენ.
მეც ბრბოს მივყვები.ალბათ, აღარ ვჩანვარ.
ურიელს თავზე ვეფერები . ვცდილობ დავმალო - არავის ყურადღება მივიპყრო. მას ესმის ჩემი გულისთქმა. მემორჩილება. ჩუმად იმალება. არ მოძრაობს. საფრთხეს გრძნობს.
აქ მხოლოდ ის გრძნობს.
***
სასტუმრო სადგურიდან რამდენიმე უბნის მოშორებით აღმოჩნდა. მიყვარს საღამოს სეირნობა, მაგრამ დღეს დავიღალე. მშვიდი ადგილია და ეს მაღიზიანებს. არც ერთი ხმა, არც ერთი სინათლე, თითქოს ყველანაირი სუნიც გაქრა. ყველაფერი ერთია. ხანდახან მენატრება ვნებათაღელვა., დაუსრულებელი გრძნობები. ფერადი კედლები, აჟიტირებული ხალხი...
ნეტავ ყველაფერი ძველებურად იყოს.
მთვარე ანათებს.
ალბათ, მსახიობობა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე - ოდესღაც შემეძლო ჩემი უშრეტი წარმოსახვის წყალობით ყოველი დღე სცენარად გადამექცია.
ეს ყველაფერი დაიკარგა. წლებთან ერთად, ამოვარდნილ ჭექაში, შორიდან ჩამოწოლილ ღრუბელში. გაქრა მაშინ, როდესაც მართლა დაემსგავსა წარმოსახვა რეალობას. დღესაც ქროდა ქუჩაში ქარი, მაგრამ გაუფერულებულ მგზავრებში შერეულს თმაზე აღარ მეალერსებოდა. ის ჩემამდე ვერ აღწევდა. მივიწევდი წინ - მშვიდად, თავჩაღუნული. არ ვნერვიულობდი, არც ვფიქრობდი, უბრალოდ სასტუმროსაკენ მივაბიჯებდი.
ერთ დღეს ავიკვიატე აზრი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება სიმშვიდე იყო. შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი და, როდესაც ეს სიმშვიდე დაემსგავსა სიცარიელეს, გავაცნობიერე, რომ ქაოტური ადამიანი ვარ და არ არსებობს გამართლებული ფასი, რომელსაც სიმშვიდის სანაცვლოდ გადავიხდი.
ღამის სამი საათია. ყველას სძინავს. ურიელი მოწყენილია. პატარა ვერანდის მოაჯირზე მოკალათდა. ქალაქს დაჰყურებს. ნეტავ, რას ეძებს ან ხედავს თუ არა საერთოდ რაიმეს? ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, -ურიელი ჩემზე ცხოველურად აღიქვამს სამყაროს, ამიტომ არ ვაწუხებ. ფიქრში ხელს არ ვუშლი. კი, ის ფიქრობს. შეიძლება ჩემზე, შეიძლება წარსულზე. ნეტავ მას ახსოვს საკუთარი წარსული? როგორ მინდა ლაპარაკი შეეძლოს, მაგრამ მას ჩემი ენა არ ესმის - არც მე მისი. მისი ფიქრები მესმის ან არ ვიცი - შეიძლება ეს ტყუილიც მე გამოვიგონე.
ბალთაზარმა დამშვიდობებამდე რამდენიმე ფურცელი გადმომცა. გაყვითლებული, ჟანგის ფერი. მხოლოდ ასეთ ფურცლებზე წერს. შთაგონებას აძლევს.
საინტერესოა რას ვდგამთ ამ დღეებში.
ვკითხულობ და მჯერა. ყოველი სიტყვა ნამდვილია, მაგრამ გულიც მწყდება - ვიცი, რომ ეს არ არის ის, რის დაწერაზეც ბათე ოცნებობდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჭეშმარიტ ხელოვნებაზე ღაღადებდა. ხო, მე და ბალთაზარმა ერთმანეთი ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანით.
...რომ მახსენდება მეცინება. მოგონებები დალაქავდნენ. თითქოს შორიდან, ტალახიანი მინის მეორე მხრიდან ვიყურები. სახეებს ვერ ვარჩევ, მაგრამ სილუეტებს ვცნობ. რამდენიმე წამი მჭირდება რომ მოქმედება აღვიდგინო. მიჭირს, მაგრამ რაღაც თავს მახსენებს. ეს გრძნობაა, რომელიც წარსულსა და აწმყოს აკავშირებს. ყოველი განცდა, ყოველი ფიქრი. ჩემამდე მოდიან. მათ ვერ ვეწევი, მაგრამ მათი გზის გაყოლა ძალიან მინდა.
ხო, ნელ-ნელა მახსენდება :
ახალბედა ვიყავი. თეატრში პირველი გამოსვლის წინ ძალიან ვღელავდი. მინდოდა ყველაფერი უნაკლოდ გამომსვლოდა. ჩუმად რეპლიკებს ვიმეორებდი, გახშირებულად ვსუნთქავდი. გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ ამპარტავანი. გამიმართლა და მოვალეობა დამეკისრა. ყველაზე მეტად საკუთარი დედის ნახვა არ მინდოდა. მის თვალებში ჩემი შეშინებული ანარეკლის დანახვა. მეშინოდა მისი ყოველი ჟესტის, უდროო თვალის დახამხამების, შეფასების, დაკრული ტაშის. ნეტავ რას იტყოდა დედა ახლა ჩვენი ცირკის გამოსვლა რომ ენახა?
სწორედ ამ დღეს შევხვდი ჯერ კიდევ პატარა ბათეს. მაშინ არც წვერი ჰქონდა მოშვებული და არც ჭაღარა ერია თმაში. მწერლობაზე ოცნებობდა. საკუთარ თავს ხელოვნებას უძღვნიდა. დღესა და ღამეს თეატრის მმართველობისა და ცენზორების ლანძღვა-გინებაში ატარებდა. სწორედ თავისი უკმაყოფილო მზერით მიიპყრო ჩემი ყურადღება ეპილოგის შემდეგ.
მიჭირს გავიხსენო ჩემი სახე, მაგრამ მისი კარგად მახსოვს. ყოველთვის, როდესაც ვუყურებ ძველ, ჯერ კიდევ დაუმჭკნარ ნაკვთებს ვეძებ. ასე ვახერხებ მისი აჩრდილის შენარჩუნებას. ხავსივით ვეჭიდები.
ერთმანეთს ადვილად გავუგეთ. საერთო მიზანი გვქონდა- გვემსახურა ხელოვნებისათვის. ღრმად გვწამდა, რომ სწორედ ამისათვის ვიყავით შექმნილები. სხვადასხვა გზები ავირჩიეთ, მაგრამ ორივეს ერთი ბოლო გვქონია, თუმცა მაშინ ეს ყველაფერი არ ვიცოდით.
ბათე ჰგავდა ნაკვერჩხალს, მასთან საუბარი ყოველთვის მსიამოვნებდა. ნელ-ნელა კოცონი ინთებოდა. ახლაც, ძალიან მიყვარს, მაგრამ ხასიათი გაურთულდა - ჩაკეტილი გახდა, კალამს ხელს არ უშვებს. მუდმივად წერს - უკმაყოფილოა, ფურცლებს ხევს. ვიცი, რომ გული წყდება. ნაგლეჯებს დიდხანს უყურებს, მაგრამ რამდენიმე წამში კვლავ აგრძელებს.
...მისი გულიც იგლიჯება. მე კი მეტირება. ყველას ინახავდა. დიდ ყუთში ალაგებდა. ვერც ერთს ელეოდა. ხშირად ვეხუმრებოდი, რომ მალე ადგილი აღარ ეყოფოდა. ახლა, თავისუფლად ანადგურებს, მაგრამ თვითონაც ნადგურდება. ზუსტად ვიცი, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ბევრ რამეს თავის დასამშვიდებლად ვიგონებ და ამით საფუძველს ვუყრი აზრს, რომ ჯერ კიდევ რაღაც წასულ რაობასთან გვაკავშირებს.
იქნებ ძველი ყველამ დიდი ხნის წინ გაუშვა და მხოლოდ მე არ ვნებდები. ამას ვერ დავიჯერებ. ჩვენი ცირკიც კავშირია - უკან დასაბრუნებელი გზა. თუ მათ წარსული გაუშვეს, ესე იგი ჩვენს მიზანს უღალატეს. ბევრი წავიდა, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვართ, ერთი წლის შემდეგ ამ ქალაქში დავბრუნდით. შეიძლება ცოტანი, მაგრამ უტეხნი.
ხანდახან ძალიან მინდა მასთან მივიდე და გავამხნევო, მაგრამ შესაფერის წინადადებებს ვერასდროს ვპოულობ. როდესაც მის ნაწერს ვკითხულობ სიტყვებს ვინიშნავ. პატარა, წიგნაკში ვიწერ. მეშინია, რომ მათი მნიშვნელობა დამავიწყდება. ოდესმე შევძლებ ამ სიტყვებით ყველაფერი ვუთხრა.
ჩვენი გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბალთაზარმა გამიმხილა საკუთარი ოცნებები. მისი მშურდა. უფროსწორად მისი უდარდელობის.
ხანდახან თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემმა ფიქრებმა კედლები გაარღვიეს. ყველაფერი გაანადგურეს.
რატომ მოდიან ეს ფიქრები? ისინი ბოროტების არსებობაში მარწმუნებენ. შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც ჩემს მაგივრად ფიქრობს. ის, ვისაც ვერ ვებრძვი. შური მერევა და მასთან ერთად ვიძირები.
ხო, შური შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან ერთ-ერთია, მაგრამ თავს ვერ ვერევი. მშურს, ყველა უდარდელი ადამიანის დღემდე ძალიან მშურს.

***
კვირა ერთადერთი დღეა, როდესაც ყველას შეუძლია აკეთოს ის,რაც ენატრება. დილის რვა საათზე ქუჩიდან შემომავალი ხმაური მაღვიძებს. არ ვბრაზდები. რამდენიმე წამი ვუყურებ აივნის ღია კარს, ვაყურადებ შემოჭრილ ხმებს, ცოცხალ ქაოტურ ბგერებს, არშემდგარ სიმფონიებს, ურიელის უკმაყოფილო მზერას, რომელიც კარგ გუნებაზე მაყენებს. არ უყვარს, როდესაც აღვიძებენ მე კი წარსულში ვბრუნდები. თითქოს ისევ სახლში გავიღვიძე, შორს მატარებლის ლიანდაგს უკან დარჩენილ სახლში.
სწორედ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაკლდა.
ქალაქი სხვა დღეებთან შედარებით ცარიელია. ქუჩაში ბაზრობა იშლება. ყველას საკუთარი საქონელი გამოაქვს, გამვლელებს ესალმებიან, არა საბრალო თვალებით, რომლებიც ევედრებიან რაიმე შეიძინონ, არამედ აღტაცებული მზერით. გულს ითქვამენ. სხვადასხვა ნივთის ამბავს ყვებიან.
კვირას მხოლოდ ის გამოდის გარეთ, ვისაც ნაპერკალი შერჩა. დღეს სახლში არც მე გავჩერდები. მთელი დღე ქალაქში ვიბოდიალებ, ყველა მოყოლილ ამბავს მოვუსმენ, ყოველ მონატრებას შევაგროვებ.
სასტუმროს კარის წინ რამდენიმე დახლია გაშლილი. ასე ჩემზე ოცი წლით უფროსი ქალი, დამტვერილ, დაჟანგულ ვერცხლის ჭიქებს აპრიალებს. შვილს ესაუბრება იმ დღეებზე, როდესაც ამ ჭიქებიდან სასმელს რაიმე ამბის აღსანიშნავად სვამდნენ. გავლისას გავიგონე, თურმე ასეთი წესი ჰქონიათ - მათ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისათვის იყენებდნენ. მეღიმება.შვილი გაკვირვებული ეკითხება - მართლა სურს თუ არა მათი გაყიდვა. პასუხს აღარ დავლოდებივარ. ისედაც ვიცოდი რატომ. მას სწამს, რომ ეს ვერცხლის ჭიქა სიხარულს ახალი პატრონის სახლშიც მიიტანს. ასე გაუზიარებს სხვას იმას, რაც ყველაზე მეტად აკლია.
ქუჩის ბოლოს კუთხეში ჩემს ყურადღებას მოკლე, ალისფერთმიანი გოგო იქცევს.
თექვმეტი-ჩვიდმეტი წლის იქნება. ფართოდ გაშლილ პლედზე ზის. მისი ცოცხალი ფერები საოცრად ერწყმის გრძელ, სხვადასხვა ყვავილით შეკაზმულ კაბას. წინ კარტი, რამდენიმე პატარა, ფერადი,გამჭვირვალე მინის ბურთულა და სამი ამოტრიალებული თასი უდევს.
-დღე მშვიდობის.
-მოგესალმებით - ღიმილით მეგებება..
-საინტერესო გარეგნობა გაქვთ.
-თქვენც. რით შემიძლია დაგეხმაროთ.
-მკითხაობთ?
-კი, ვმკითხაობ. ოღონდ მომავალს ვერ ვხედავ.
-წარსულს?
-ხო, წარსულს. რატომღაც ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია. ასე არ არის?
დამატყვევებილი მწვანე თვალებისუფთა გლუვ კანზე უფრო მიმზიდველი სანახავია. მშურს კიდეც მისი. ვცდილობ გავიხსენო ჩემი თავი მის ასაკში. უშედეგოდ. ვერაფერს ვიგონებ და როდესაც ვხვდები, რომ იმ ადამიანს ვხატავ, ვინც არასდროს ვყოფილვარ, ფიქრს ვწყვეტ.
-შეიძლება?
-დაბრძანდით - საჩვენებელი თითით პლედის მარჯვენა კიდესაკენ მიმითითებს.
-რას მეტყვი ჩემი წარსულის შესახებ?
-რა გქვიათ? - კარტს ნაზად ეხება.წრიულად ალაგებს.
-მართა, შენ?
-ელაიზა.
-ლამაზი სახელია.
-უჩვეულო - ეშმაკურად მიღიმის. არის რაღაც საერთო ჩვენს შორის ან იქნებ მასსა და იმ მოხერხებულ, დახვეწილ გოგონას შორის, რომელიც მე ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი.
-კარტი აირჩიეთ.
-რამდენი წლის ხარ? - რიგით მეოთხე კარტისაკენ თვალებით ვანიშნებ.
-აქ კითხვებს მე ვსვამ.
-უბრალოდ მაინტერესებს იმდენად პატარა ხარ თუ არა, რომ თქვენობით მესაუბრო.
...ჩემი გამჭრიახობა ვერც კი უახლოვდება მისას, მაგრამ ცდად მაინც ღირს. მოეწონა.
-ჩვიდმეტის თქვენ?
-ოცდაცამეტის.
-რა გახსოვთ თქვენი ოცდაცამეტწლიანი ცხოვრების შესახებ?
...საინტერესო კითხვაა. რა მახსოვს? სინამდვილეში, ბევრი რამ. ხით აშენებული სახლი. მაღალჭერიანი ოთახი. დილით შემოჭრილი ყავის სურნელი. მოვლილი ეზო. ფანჯრის რაფაზე ლარნაკში ამოსული ყვავილები. ფუჭი ოცნებები. პირველი დღეები თეატრში. წარმატების ამბიცია. გამოსვლები, ანშლაგი, მაყურებლის მზერა - ხან გაუგებარი, ხანაც კმაყოფილი- რა ჩამოთვლის იმ ყველა დღეს, რომელიც სცენასა და საგრიმიოროს შორის გავატარე. იქნებ ეს ყველაფერი შემდეგ ბათეს ვუამბო? კარგი იქნება. შეიძლება ერთი გამოსვლა მეც მომიძღვნას.
...ამ ყველაფერს მხოლოდ ვფიქრობ, თუმცა ნიშნის მოგებით ვპასუხობ:
-არაფერი
-არაფერი?
-შენ მითხარი რას ხედავ ჩემს წარსულში.
-ამოატრიალეთ რჩეული კარტი.
...მეცინება. აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი. კარტი ხელნაკეთია. კიდეები მწვანე საღებავით აქვს შეღებილი. ლამაზი ორნამენტებია. შუაში ლურჯი, ყვითელგულიანი ყვავილი ხატია.
ელაიზას გონია, რომ მახეში გამაბა. მან არ იცის. ეს ყვავილი მართლაც მიამბობს ამბავს ჩემი წარსულის შესახებ:
მამის სახე მაშინაც არ მემახსოვრებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი რომ გამხსენებოდა. სამი წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. დედა, ქალი, რომლის სახელი არც კი მახსოვს, უსასრულოდ მიყვებოდა მის შესახებ. ერთ ღამეს კი ასეთი სიზმარი ვნახე :
სასაფლაოზე მივაბიჯებდი. გზალურჯი ყვავილებით იყო მოფენილი. თითქოს ათასი ციცინათელა გზას მიხატავდა. ლურჯადმანათობელნი, სასაფლაოს გამაცისკროვნებელნი. წამით შევყოვნდი, რამდენიმე ყვავილი მოვწყვიტე და ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი, როდესაც სითბო ვერ ვიგრძენი. სინათლე ჩემს ხელში წყლად დაიღვარა.
სწორედ ამ ყვავილებს მახსენებს ეს კარტი. ზევით კიდეში გალობს სამი შაშვი.
-შაშვი. - ჩემდაუნებურად ვთქვი.
-აკი, მითხარით არაფერი მახსოვსო.
-ჭკვიანურია. შენი დახატულია?
-დიახ.
-ლამაზი ნამუშევარია. - კარტს ისევ უკან დასადებად ვამზადებ.
-იღიმით! მიხარია.
-ყველა კარტს სხვადასხვა ყვავილი ახატია?
-კი, ასეა. - სიამაყით მპასუხობს.
-რატომ ყვავილები?
-არ ვიცი.
...იცის უბრალოდ არ უნდა, რომ მითხრას.
-შეინახეთ. ის ახლა თქვენ გეკუთვნით.
-სანაცვლოდ რას მოითხოვ?
-არ დაკარგოთ და არ დაივიწყოთ, რომ შევხვდით.
-დიდი ხანია აქ ცხოვრობ?
-აქ არ ვცხოვრობ. მდინარესთან პატარა ქოხი ვიპოვე. აქ მხოლოდ კვირაობით ჩამოვდივარ.
-და, ჩემნაირი სენტიმენტალური ადამიანების ყურებით ერთობი?
-თქვენ აქ რისთვის ჩამოხვედით? - სიტყვა მომიჭრა.
-ცირკის დასის წევრი ვარ.
-ნამდვილი ცირკის?
-კი.
-მასხარები გყავთ?
-არა.
-ცხოველები?
უარის ნიშნად თავს ვუქნევ.
-აკრობატები?
პასუხს აღარ ვცემ, ისედაც ნათელია.
-ჯადოქრები?
მეცინება. კიდევ უნდა რაღაცის კითხვა, მაგრამ ვეღარაფერს იგონებს.
-ეგ როგორი ცირკია?
-იცი? მეც ხშირად მიკითხავს ჩემი თავისათვის. რატომ ქვია ცირკი ადგილს, რომელმაც შეიძლება მოგცეს ის ყველაფერი, რაც ძალიან გვაკლია, მაგრამ სახელის დიდი არჩევანი არ გვქონია.
-საინტერესოდ ჟღერს. ბოლოს ცირკში ათი წლის ვიყავი. ეს დღე კარგად მახსოვს. მთელი ბავშვობა ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდი, ბაღიდან ბაღში, სკოლიდან სკოლაში. მეგობრების შეძენას ვერ ვასწრებდი, ამიტომ ჩემი მშობლები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ჩემს გახალისებას. როდესაც ათი წელი შემისრულდა, ჩვენს ქალაქს უცნაური რამ ეწვია - წყლის ცირკი, მე ასე ვუწოდე. დიდი წყლის რეზერვუარის გარშემო ვისხედით და სხვადასხვა გამახალისებელ, საშიშსა და მაგიურ ნომრებს ვუყურებდით.
-რა ბედნიერი ხარ.
-რატომ?
-თუ გინდა გამოსვლების დროს, კარავთან ადგილს დაგითმობთ. შესვენების დროს ხალხს წარსული გაახსენე.
-რით დავიმსახურე თქვენი ნდობა?
-არის რაღაც საერთო ამ კარტსა და ჩვენს ცირკს შორის.
-ვერ ვხვდები რისი თქმა გინდათ.
-ყველაფერს მიხვდები. გამომყვები?
-მოგესალმებით.
...ზურგიდან მომავალი ხმა ტალღად მეჯახება. იმდენად გავერთე საუბარში დამვიწყებია, რომ ქუჩაში ვიჯექი. ელაიზა არ იბნევა:
-ივა, გაიცანი ეს მართაა.
-სასიამოვნოა.
ახალგაზრდა ყმაწვილი ეჭვისთვალით მათვალიერებს. უხეში ნაკვთები და ახლადამოსული ჟღალი წვერი აქვს. ელაიზაზე რამდენიმე წლით უფროსი იქნება. სასაცილო შესახედაობა აქვს - დახეული შავი შორტი და ფართო თეთრი პერანგი. ასაკისთვის შეუფერებლად ბოხი ხმა. მუქი, წაბლისფერი აჩეჩილი თმა მწვანე თვალებს ელვარებას მატებს. ალბათ, ბევრს უთქვამს მათთვის - ერთნაირი თვალები გაქვთო, მაგრამ მე მათ შორის განსხვავებას ნათლად ვხედავ.
ელაიზას თვალები ხავსის ფერია, მაღალი კედლის გარშემო შემოხვეული ხავსის, ნანგრევების მფარავის, სიცოცხლის მფანტავის. ივასი კი - ზამთრის შემდეგ ხეზე პირველი ამოსული ფოთლის. კვლავ დაბრუნებულის და მარადიული წრისაკენ მიმავლის.
-შენს მეგობართან საუბარი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შენც ხომ არ მეტყვი რაიმეს ჩემს შესახებ? - ხელში კარტს ეშმაკურად ვათამაშებ.
-არა, მე კარტთან საქმეს არ ვიჭერ- მხრებს იჩეჩს.
-რატომ?
-ეშინია.
-მხოლოდ კარტის?
-და ჩემი- ელაიზა თვალს მიკრავს.
-უფროსწორედ მარტოობის- გულწრფელი ოხვრით ამატებს.
-აბა, შენ რას შემომთავაზებ?
-დაჯექი. - ქალი, ვაჟს ადგილს უთმობს.
-მე შემოგთავაზებთ თამაშს.
-გისმენ.
კარტს გვერდით სწევს. მოხერხებულად მოძრაობს. თასებს ერთი მეორეს მიყოლებით იღებს. თითო გამჭვირვალე ფერად ბურთს, ზევიდან თითო თასს ადებს. შემდეგ მათ გადაადგილებას იწყებს და ბოლოს სამივეს ჩემს წინ აჩერებს.
-აირჩიეთ.
-შუა.
-შუა თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. თქვენ დაინახავთ ფერს და გაგახსენდებათ ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდით.
-დაიწყე.
თასს ნელ-ნელა სწევს. წინ წითელი ბურთულაა - სისხლისფერი, როგორც ხავერდის ფარდა, რომელიც სცენასა და მაყურებელს აშორებს. დარბაზს ორად ჰყოფს. განსხვავებულ სამყაროებად. მისი გაქრობის შემდეგ ყველა საზღვარი ირღვევა და მხოლოდ ერთი რჩება - თამაში, ვნებათაღელვა, ამბოხება. რაზე ვოცნებობდი? ძალიან ბევრზე, მაგრამ ჩემი ყოველი ოცნება ამ ხავერდის ფარდას სრიალით მიჰყვებოდა და ყოველი გამოსვლის შემდეგ კვლავ ჩემთან ბრუნდებოდა.
-რაიმე გაგახსენდათ?
-არაფერი - ვცრუობ, მაგრამ არ მიჯერებს.
-მეორე თასში, -აგდებულად აგრძელებს - თქვენი სიზმარია.
...არ ვიცი, რატომ მაგრამ ვღელავ. მკრთალ, ცისფერ ბურთულას ვათვალიერებ. ისეთივეს, როგორშიც ცხოვრობდა ჩემი ძველი მეგობარი - ოქროს, გრძელფარფლიანი თევზი. ის დიდი ხნის წინ გამოვიგონე, რომ მარტოობა დამეხჩო. ის მასში ცურავს. ჩემს თვალწინ დადებულ პატარა ბურთულაშია მიმწყვდეული,მაგრამ ბედნიერია. სივრცე ვერ აკავებს, გრძელ ფარფლებს ამაყად შლის. იკარგება მათში.
კვლავ გამექცა. სინამდვილეში არსად წასულა - უბრალოდ დავივიწყე, მაშინ, როდესაც სიზმრების ნახვა შევწყვიტე. სამაგიეროდ, ახლა ურიელი მყავს. სახლში მელოდება. მოიწყენდა.
მე ვერ შეველევი ურიელს, ისევე როგორც, ივა ვერ შეელევა ელაიზას და ელაიზა წარსულს.
-მესამეში რა მელოდება?
-კვლავ არაფერი გაგხსენებიათ?
-თასი აიღე.
-კეთილი, მესამე ბროლი თქვენს შიშს ინახავს.
-დაინტრიგებული ვარ.
...ბოლო ბროლი თეთრია. მიმზიდველი, მაგრამ ცარიელი. ჩემი ოთახის კედლების ფერი. ნეტავ ახლა რომელ ფერს ატარებენ ჩემი კედლები? ალბათ, მწვანეს. ავადმყოფობის ფერს. თეთრი ჩემი საყვარელი ფერია, ამიტომ არ მაშინებს. ივა შეცდა, მაგრამ ახლაც მოვატყუებ.
-საოცარია.
-კითხვა გაგიმეოროთ?
-არ არის საჭირო. პასუხს მიხვდი. გაოცებული ვარ.
-სასიამოვნოა, კარგი მაყურებლის ყოლა- გახარებული მარჯვენა ხელით, მარცხენა ხელის გულებს აწვალებს.
-ეს მე არ მესწავლება.
...ჩემი წასვლის დროა, მაგრამ წასვლა სულაც არ მინდა. სიამოვნებით დავრჩებოდი, ვისაუბრებდი ჩემზე, იქნებ დავმახსოვრებოდი, მაგრამ შინ უნდა დავბრუნდე, ურიელი მელოდება. შია. სასიამოვნოა, როდესაც ცარიელ კედლებში ვიღაც გელოდება.
-ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა. ელაიზა, იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე. წლები არ გვაკლდება. ჩვენს დასს ახალი სისხლი სჭირდება.
-აუცილებლად.
ივა ვერ ხვდება რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ისიც თანახმაა. შემოთავაზება ლამაზი სიტყვაა. გვახსენებს, რომ არჩევანის უფლება გვაქვს.
-წარმოდგენას ხვალ ვმართავთ. მოხარულები ვიქნებით თუ შემოგვიერთდებით.
ჯიბიდან მცირე ზომის აბრას ვიღებ. ელაიზას ვაწოდებ. მისამართისაკენ და დროისკენ საჩვენებელი თითით მივუთითებ.
-ორივეს გელოდებით.
-შეხვედრამდე.
-დროებით.
უკვე სასტუმროს გზას დავადექი, როდესაც მახსენდება, თუ რისი კითხვა გამომრჩა, მაგრამ, როდესაც უკან ვიხედები, არც ერთი აღარ მხვდება. სადმე უნდა ჩავიწერო, თორემ ხვალამდე აუცილებლად დამავიწყდება.

***
დღე პირველი:
გამოსვლამდე ნახევარ საათზე ნაკლები რჩება. ხალხი ნელ-ნელა თავს იყრის. ჩვეულთან შედარებით წელს დიდი სივრცე დაგვითმეს. მართალია, ქალაქის შუაგულიდან ცოტა შორს, მაგრამ ახლა ნამდვილად ყველას გვეყოფა ადგილი. წელს მერის გულის მოსაგებად გადავწყვიტეთ კარვების განლაგება გერბზე გამოსახული მთვარეებისათვის დაგვემსგავსებინა. შუაში უზარმაზარი, ლურჯი, კარავი დგას, კიდეებიდან წამოსული შავი, ვერტიკალური ხაზი ზედაპირისაკენ თხელდება და ბოლოს ექვსკუთრა, თეთრ ვარკვლავთან იკვეთება. ის ჩვენი მუდმივი მეგზურია. ერთადერთი, რისი წამოღებაც შორს დარჩენილ, ნანგრევებად ქცეული თეატრიდან მოვახერხეთ.
ადრე მახსოვს ბევრჯერ უხუმრია ბათეს, რომ ოდესღაც ეს ვარკვლავი მისი სახლის კედელს დაამშვენებდა და მუდამ გაახსენებდა ყოველ იმ დღეს, რომელიც საკუთარი მიზნისაკენ მიმავალმა გაიარა.
ახლა, სულაც აღარ ახარებს მისი დანახვა. არავის გვეგონა, რომ ეს მშენიერი სიმბოლო, რომელზეც მრავალი, სხვადასხვა, მაგრამ ლამაზი ზღაპარი მოგვესმინა, ჩვენი დაცემის მეტაფორა გახდებოდა, მაგრამ ჯიუტად მუდამ თან დაგვაქვს - ოდესმე გვსურს მანაც იხილოს ისაღმაფრენა, რომლისათვისაც ყველა ვიბრძვით. ძველებურად გაანათოს და კიდევ ერთი ზღაპრის ნაწილი გახდეს.
...აქ მთავარი გამოსვლა იგეგმება. ლიზა და დანიელი გამოვლენ. დანიელი ნიჭიერი მსახიობია, მუდამ მოწესრიგებული, წვერგაპარსული, სამართლიანად ამპარტავანი, მაგრამ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული. მან ბათეს მხარი ერთ-ერთმა პირველმა აუბა და ხშირად უხუმრია, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ძველი მეგობრობის ხათრით აკეთებდა, თუმცა ყველამ ვიცოდით - ცრუობდა. ამას პირველად მაშინ მივხვდი, როდესაც სამზადისის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ თავშესაფრად მხოლოდ ერთი დაძონძილი კარავი გვქონდა, დანიელის სახე შევამჩნიე. ის განსხვავდებოდა ყოველი ჩვენი დაღლილი, უიმედო გამომტყველებისაგან. მის თვალებში მომავალი ჩანდა - ნათელი, მიმზიდველი. მხოლოდ მას ესმოდა სიმღერა, რომელსაც აქაურობა გვიძღვნიდა. მოდიოდა შემოდგომის გამანადგურებელი ქარიშხლის მსგავსად, მაგრამ დანიელი ვერ წააქცია. საკუთარი თავის რწმენა ვერ შეურყია.
წლების შემდეგ ის არ შეცვლილა.
ხალხის წინაშე გასასვლელად ემზადება. სახეზე წყალს ისხამს. დავარცხნილ, მოკლედშეჭრილ, წაბლისფერ თმას დაგუბებული წყლის ანარეკლში ათვალიერებს. მგონინერვიულობს ან უბრალოდ გადაიღალა.
...აღსანიშნავია, რომ დანიელი ერთადერთია, ვისთანაც ურიელი საკუთარი ნებით თამაშობს. ეს მაბრაზებს, რადგან მშურს. ხანდახან დანიელის სრულყოფილების ძალიან მშურს.
ლიზა უახლოვდება. ტანად მასზე დაბალი, სრულიად განსხვავებული. არ ვიცი როგორი. არც ის ვიცი საიდან მოდის, არავინ იცის. ის დიდი ხნის წინ დაიკარგა - ყოველი იმ ქალის ხასიათსა და ქცევაში, რომელიც ოდესმე განუსახიერებია. ის ხელოვანია, ძლიერი, მაგრამ ამ ყველაფრის სანაცვლოდ მან დაკარგა საკუთარი თავი. დანიელის გვერდით ნანახი ლიზა სიბრალულს იწვევს. ბოლო მოგზაურობისას სევდა მის სხეულშიც შეიპარა. საოცრად გახდა - ლოყები ჩაუცვივდა, სასოწარკვეთა მის ჩაშავებულ თვალებს დაღად ჩამოეკიდა.
არ იმჩნევს. ძალიან კარგად გამოსდის - ქერა თმაში სახეს მალავს. დანიელს უღიმის. შავ, თეთრსაყელოიან კაბას ისწორებს. არ მოსწონს, მაგრამ არჩევანი არ აქვს. იცის, ამიტომ ცდილობს მოირგოს, თავი კომფორტულად იგრძნოს. ამაოდ.
მათ ერთმანეთის კარგად ესმით. რატომ არ ვიცი. მათ შორის განსხვავება იმდენად ნათელია, დანიელს საკუთარი თავი ჰყავს, ის არ ჰგავს ნაზ, ერთი შეხედვით სათუთ, მაგრამ საშიშ, დაკარგულ ლიზას, რომელიც თამაშობს, ძალიან კარგად თამაშობს.
ალბათ, როდესაც ერთს აქვს ის, რაც მეორეს აკლია, სწორედ ეს ხდება მათი კავშირის მიზეზი - როგორიც ლიზასი და დანიელის ან ჩემი და ურიელის.
გარშემო აღმართულ ორ მუქ ლურჯ კარავში წელს გამოსვლა არ შედგება. საკმარისნი აღარ ვართ. ერთში ტკბილეული გაიყიდება, მეორეში-ხელნაკეთი ნივთების გამოფენაა.
მგონი ნელ-ნელა მართლა ცირკს ვემსგავსებით. საწყენია.
რაც არ უნდა იყოს ლიზა და დანიელი დანაკლისს ხალხს არ აგრძნობინებენ- შეუძლებელია სცენაზე მათი ხილვით გულდაწყვეტილი დარჩე.
კარავს წრეს ვურტყამ. ბალახზე ვჯდები. ჩემს კატასთან ერთად. გამოსვლას ერთად ვუყურებთ.
-მართა,როგორ ხარ?
...შემეშინდა. ჩემი სახელი დასის წევრების გარდა არავინ იცის. უფრო სწორედ არავინ იცის, რომ ის ჩემია. გამოსვლების დროს ახალ სახელებს არ ვირგებთ. არ გვინდა რეალობა დავგმოთ. მან მნიშვნელობა ისედაც დიდი ხნის წინ დაკარგა. რაღა საჭიროა ზედმეტი ძალისხმევა? ყოველი ადამიანის ყოფა ერთმანეთს დაემსგავსა, ამიტომ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ სხვა სახელით წარვსდგეთ.
თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. სინამდვილეში, ასე ბათემ გადაწვიტა. ჩვენ კი ზედმეტი კითხვები არ დაგვისვამს.
-ელაიზა, შემაშინე.
-გვაპატიე - ივა ჩაერთო - გეძებდით. ერთ-ერთმა მსახიობმა აქეთ გამოგვიშვა. დაგვაგვიანდა. ალბათ, იფიქრე, რომ აღარ მოვიდოდით.
ხელს ვუწოდებ. წამოდგომაში მეხმარება.
-არა, ზუსტად ვიცოდი, რომ მოხვიდოდით.
-რა საყვარელი კატაა- ელაიზა ურიელისაკენ იხრება. ის გარბის. არ მეშინია. წასასვლელი მაინც არსად აქვს.
-ნუ გეწყინება. მორცხვობა სჩვევია. ესე იგი გადაწყვიტეთ შემოგვიერთდეთ?
-კი, დიდი სიამოვნებით- ელაიზა მენდობა. ივა ჯერ კიდევ ეჭვებშია, მაგრამ მის თვალებში ვხედავდი - ისიც თანახმაა.
-ძალიან კარგი. დღეს , სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწრებთ, მაგრამ ხვალ შეგვიძლია უკვე თქვენი კუთხე მოგიწყოთ.
-წინააღმდეგები არ იქნებიან?
-ცოტახანში ბალთაზარს გაგაცნობთ. ბატონ ბათეს - ხუმრობით ვამატებ - ეს ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფია.
ხალხი კარავში შედის.
-არ გინდათ ერთად ვუყუროთ?
-სიამოვნებით.
-ძალიან მაინტერესებს. სანამ დავიწყებთ. - ივა გარშემი იყურება. რწმუნდება, რომ არავინ გვიყურებს - მინდა პატარა საჩუქარი გადმოგცეთ.
-რისთვის?
-მართლა მეკითხებით? - გაეცინა - თუ ამის მოსმენა გინდათ გეტყვით - იმისთვის, რომ მოგვიპატიჟეთ. თქვენი გვიწილადეთ.
-აღარ გააგრძელო. პირიქით, მადლობა. ძალიან მახარებს თქვენი აქ ყოფნა.
-დიდი არაფერია - პატარა, დაფლეთილ, გახუნებულ ნაჭერში შეხვეულ საგანს მაწვდის. -ოღონდ აქ არ გახსნათ. მაინც საშიშია.
მძიმე საგანი არ უნდა იყოს. ხელით ვზომავ. ვერ ვხვდები რა არის.
-შეიძლება ვიკითხო?
-სარკეა - ჩუმად ჩურჩულებს.
აუღწერელ სიამოვნებას ვგრძნობ. თვალები მიფართოვდება. ნუთუ ის ჩემია? კი, მაგრამ საიდან? ყოველი სარკე დიდი ხნის წინ დაამსხვრიეს. გაყიდვა, წარმოება აკრძალეს. გვარწმუნებდნენ თქვენ ყველანი თანასწორნი ხართო, თავისუფლები, თთქოს ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლიდნენ და ჩვენც ვერ მივხვდით ისე წაგვართვეს საკუთარი თავი - მისი დანახვის უფლება, მისი მოწონების, შეყვარების თავისუფლება. რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს სისულელე იხსნიდა კაცობრიობას. იხსნიდა რისგან? როგორ დავიღალე ამაზე ფიქრით. საკუთარ თავთან მსჯელობით. არა, ეს ყველაფერი აღარ უნდა მადარდებდეს. ამაზე ადრე ვფიქრობდი.
ახლა ერთადერთი, რაც ძალიან მინდა არის გავხსნა, ჩემი თავი დავინახო, მაგრამ არ შემიძლია.
-მგონი იწყება. - ელაიზა ჩემმა სიჩუმემ შეაშინა.
-მადლობელი ვარ. ამაზე კარგ საჩუქარზე ვერც ვიოცნებობდი.
-დავსხდეთ.

კარავში შეკრებილი ხალხის რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. ეს ყველაფერი არ მახარებს. ვხვდები, რომ ხალხი გვენდობა და აზრადაც ვერ მოდის, თუ რისთვის არიან აქ ან რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს.
შუქები ერთმანეთის მიყოლებით ქვრებიან. მთავარი შესასვლელი იხურება. მხოლოდ რამდენიმე ღრიჭო რჩება. ყველას ყურადღება სცენისაკენ არის მიმართული. გახშირებული სუნთქვა მესმის. ალბათ, ცხელა.
ფარდა იწევა. ამაღლებული მოედანი გამოჩნდა. საძინებელი ოთახია - მდიდრული საწოლი, ლურჯი სქელი საბანი და ოქროსფერი ორნამენტებით მორთული ბალიში. მარჯვენა კუთხეში კომოდი დგას, ზევიდან წითელ ქოთანში ამოსული ყვავილი. წესით მის ზევით სარკე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ვიშოვეთ. ფონი შავი, ხავერდის ფარდით შევავსეთ. თითქოს უკან ფანჯარა იყოს. შუქს იატაკზე გაბნეული ნამსხვრევები ირეკლავენ. ეს ყველაფერი ბუტაფორიაა.
შავი ლაბადის ჯიბეში სარკეს ვამოწმებ.
პირველი, დანიელი გამოდის. ნელი ნაბიჯით, ხალხს უყურებს, ნაცნობ სახეებს ვერ ამჩნევს. ყოველი გამოსვლისას იმედი აქვს, რომ ვინმეს დაინახავს. არავის გვიმხელს ვის ეძებს. შეიძლება ესეც თამაშია. საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ვიღაც მოუთმენლად ელოდება მის გამოსვლას, მაგრამ, არა, დანიელი მატყუარა არ არის. ის ამპარტავანია, მაგრამ ნამდვილი.
-ლიზა! - იძახის უკმაყოფილოდ. დანიელს ბოხი ხმა აქვს. მჭექარე. მისი ხასიათის მსგავსი. შუბლს ჭმუჭნის, მაგრამ მაყურებლისაკენ არ ტრიალდება. ამას მათთვის არ აკეთებს.
...წამით მიყურებს. თვალს ვუკრავ. არ ვიცი ამჩნევს თუ არა.
-დიახ, ჩემო ბატონო. - ლიზაც გამოდის. კაბა უჭერს, მაგრამ მოხდენილად მოძრაობს.
-ჩემო კარგო, ლარნაკი გამიტყდა, თუ არ შეწუხდები იქნებ ჩემს აქ არ ყოფნაში დაალაგო? - ეს დანიელის საყვარელი საქმეა. კარგადაც გამოსდის. ერთი ემოციიდან მეორისაკენ მოხდენილად მიცურავს. თავს არ ზოგავს. ბათეს დაწერილი ტექსტი იცის, მაგრამ არ მიჰყვება. თამაშის დროს რაღაცას აკლებს, რაღაცას უმატებს. ამ ყველაფერს წინასწარ არ გეგმავს.
ბათეს საყვედურების მოსმენა არც ამჯერად აცდება, მაგრამ, როგორ ყოველთვის - ყურს არ დაუგდებს.
-რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო.
-გვიან დავბრუნდები. შეგიძლია არ დამელოდო. ცოტა დაისვენე- ჩანაფიქრი ასეთია. ბატონის ემოციებმა მაყურებელი უნდა დააბნიოს, მისმა დამოკიდებულებამ მოახლის მიმართ. იქნებ, გაახსენდეთ, რომ სხვადასხვა გრძნობა არსებობს.
დარბაზს ვათვარიელებ. ყველას ერთნაირი გამომეტყველება აქვს - მკაცრი, დაკვირვებული, მაგრამ უსულო.
ნეტავ რაზე ფიქრობენ? ამ კითხვას საკუთარ თავს ძალიან ხშირად ვუმეორებ. პასუხიც მარად ერთია - არ ვიცი, ურიელი ბრუნდება. ამაყად მოდის. თითქოს არც წასულა. მისი შემხედვარე ვიღიმი - ჩემს კალთაში კალათდება.
-როგორც მიბრძანებთ- ბატონს თავს მორჩილად უხრის.
-დროებით.
დანიელი შავი ხავერდის ფარდის უკან იმალება. ნაბიჯების ხმა ექოდ მესმის, მაგრამ უეცრად ყველაფერი ჩუმდება. მხოლოდ ლიზა რჩება. იხრება, ნამსხვრევების აბოჭვას ხელით ცდილობს. ცოცხისაკენ არც იყურება.
-ერთი, ორი, სამი - ხამამაღლა ითვლის. ნამსხვრევები იატაკზეა გაბნეული. არ იცის, თუ რამდენი უნდა იპოვოს.
-თეთრთმეტი, თორმეტი, ცამეტი - ყოველ ასოს წელავს. დაღლილ გამომეტყველებას იღებს. არ უჭირს - ის მართლა გადატვირთულია, უძილარი.
ელაიზასა და ივას სახეებს შეუმჩნევლად ვუყურებ. ხმას არ იღებენ. დაბნეულები ჩანან, მაგრამ ამავდროულად ვგრძნობ, რომ მოსწონთ. ურიელი კუდს ათამაშებს. ბეწვზე ვეფერები.
...ხელს იჭრის და სასწრაფოდ ფეხზე დგება. სისხლს უყურებს.
-ლიზა! - იძახის უმისამართოდ. ხმა უკანკალებს. -ლიზა! - ახლა, ყვირის. არ იცის ვის უხმობს.
ხალხი დაიბნა. კვლავ ბავშვებს შევხედე. ელაიზა შეკრთა - მიხვდა რაცხდება. ის ქალია - უფრო ესმის. ივა კვლავ აკვირდება. თავს არ აძლევს უფლებას ნაადრევი დასკვნა გააკეთოს. განვითარებას ელოდება.
-ლიზა, ლარნაკი გამიტყდა. შეგიძლია აალაგო? - საკუთარ თავს უხმობს, მაგრამ ახლა ის ლიზა აღარ არის. ახლა, ქალბატონია. ერთ ადგილას არ დგას. ბორძიკობს. ყოველ წამს შეიძლება დაეცეს, მაგრამ წონასწორობას ინარჩუნებს.
-ნამდვილი ოსტატია - მარჯვნიდან ივას ხმა მესმის.
ლიზას გამოსვლით დღეს ბათე საოცრად კმაყოფილი დარჩება.
კომოდისაკენ მიდის. ორივე ხელით ეყრდნობა.
-რა მშვენიერი ვარ - ამბობს ამაყად, თითქოს თავის თავს უყურებს. წინ არაფერი ჩანს - სრული სიცარიელე. გაშლილ თმას ეთამაშება.
ახლა, მას ერთადერთი სურვილი აქვს - იყოს ბატონი, არა მოახლე. კაბას ისწორებს. საყელოს იხსნის. საწოლისაკენ მიდის. ფარდებს ეფერება. მოსწონს მათთან შეხება. სიმდიდრის სუნი, რომელიც მას ასდის. ახლასაბნის სირბილეში იძირება.
-ნაზი ქსოვილია - სიამოვნებით იძახის. ფეხსაცმელს იხდის. შორს ისვრის, მაგრამ ფეხშიშველს ნამსხვრევი ერჭობა.
ხმამაღლა ყვირის. ეცემა. მაყურებელი წუხდება, თითქოს უთანაგრძნობს. მიზანი მიღწეულია.
იატაკზე წითელი ფხვნილი იყრება - თითქოს სისხლია.
კანკალებს, მაგრამ ჩერდება. თავს ნელა სწევს. მაყურებელს უყურებს. ყველას სუნთქვა ეკვრის დუმილი ჩამოწვა. ყველა მის სიტყვას ელოდება.
ავადმყოფური ღიმილით ხმამაღლა წარმოთქვამს :
-გამარჯობა, მე ვარ ლიზა - მოახლე. არ ვფიქრობ, არ ვგრძნობ, არ მიყვარს, არ მძულს.

ფარდა სწრაფად ეშვება. ლიზა მის უკან რჩება. ეს პირველი აქტის დასასრულია. სულ ორია. ხალხი გაოგნებულია, ფეხზე დგას - სრული ანშლანგი! ტაშს უკრავენ. შეძახილებით ამხნევებენ. ივაც ტაშს უკრავს. ელაიზა დუმს. შეიძლება ის ერთადერთია, ვინც ეს სცენა მართლაც შეიცნო.
-საოცარია - გაუჩერებლად იმეორებს ივა. - ასეთი, რამ არასდროს მინახავს.
-ახლაც დააყენებ ეჭვ ქვეშ ჩვენს ცირკს?
-ღმერთო, არა!
-ელაიზა, შენ როგორ მოგეწონა?
-დასრულდა? - სიტყვა მომიჭრა.
-არა, მხოლოდ პირველი ნაწილი.
-ჯობდა, დასრულებულიყო.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ამ ამბავს შეიძლება მრავალი დასასრული ჰქონდეს. კარგიც და ცუდიც. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ ამ ამბის დასრულების უფლება მაყურებლისათვის მიგეცათ.
-შეიძლება, მაგრამ ცდად არ ღირს.
-რატომ?
-დრო შეიცვალა. პიესის გაგრძელების მოსაფიქრებლად თავს ზედმეტად აღარავინ შეიწუხებს. ვერ ხედავ? ახლა, ყველას ურჩევნია სხვა უთითებდეს დასასრულისაკენ.
-ვერ შეგედავები.
-შენ როგორ დაასრულებდი?
-ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
-მალე გაგრძელდება? - მოუთმენლად ცქმუტავს ივა.
-რამდენიმე წუთში. დეკორაციებს ამზადებენ.
-ძალიან მაინტერესეს.
-გრძელდება!
ივას ჰგონია, რომ მე ვიცი რა მოხდება, მაგრამ ცდება მეც მის მსგავსად დაინტერესებული ველი.
მეორე აქტი იწყება. მოედანი ჩანს, მაგრამ ჩაბნელებული. ისინი ვერავის ხედავენ. ვერაფერს ხვდებიან. დანიელი ამაყად შემოდის. ბოლთას სცემს. რაღაცაზე ფიქრობს. ხელში ჭიქა უჭირავს. ყავისფერი, სითხით სავსე - სახეზე კმაყოფილი იერი დაკრავს. ნელ-ნელა ყოველი კუთხე ნათდება.
სინათლე იატაკისკენაც ეშვება და რაღაც მას კვლავ ირეკლავს. ხო, ნამსხვრევები ისევ ყრია. ესე იგი, დიდი დრო არ გასულა. მათ შორის იქ, სადაც ბოლოს ლიზა იჯდა, ახლა გვამია. მხოლოდ ხელი მოჩანს. გაჭრილი, სისხლიანი. იარა ბუნებრივად გამოიყურება. სახე არ ჩანს. შავი ზეწარი აფარია.
-ლიკა! - კვლავ უკმაყოფილოდ იძახის.
ისევ ლიზა შემოდის. ოღონ ახლა ლიკაა. ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ მოხდენილად აღარ მოძრაობს - ახლა თეთრი, შავსაყელოიანი კაბა აცვია.
-დიახ, ჩემო ბატონო.
-ჩემოკარგო, შეგიძლია აქაურობადაასუფთავო? - თვალებით იატაკისაკენ მიუთითებს.
-როგორც ინებებთ - მორჩილად თავს უხრის.
-დამიძახე, როდესაც დაასრულებ.
დანიელი კვლავ გადის. ცოცხს ყურადღებას არც ლიკა აქცევს. ქვევით იხედება, იხრება, მაგრამ ჩერდება. მაყურებელს უყურებს, მაგრამ არა ავადმყოფური, სასოწარკვეთილი მზერით, ძალიან მშვიდად, გამოთქმით, აუჩქარებლად წარმოთქვამს :
-გამარჯობა, მე ვარ ლიკა, მოახლე, არ ვფიქრობ, არ ვგრძნობ არ მიყვარს, არ მძულს.

ყველა აღფრთოვანებულია. დანიელი ბრუნდება. ლიზას ეხუტება. ერთმანეთს წარმატებას ულოცავენ. ბედნიერები არიან. ეს წუთები ყველას ძალიან გვიყვარს - უფლება გვაქვს შევიგრძნოთ სიხარული. სანამ გამოსვლისაგან დაბრმავებულებს ყოფითი ერთფეროვნება ავიწყდებათ - ტაშს უკრავენ, თვალისმომჭრელ ლიზას ყვავილებს უძღვნიან, მაგრამ არაფერი ესმით.
ვერაფერს ხვდებიან.
გუნება მიფუჭდება.
-ოხ, ბათე. - ტუჩზე ვიკბინე.
-გამაოგნებელია! შენ რას ფიქრობ ელაიზა?
-შიშისმომგვრელია.
-სრულიად გეთანხმები.
სცენისაკენ მიმართული სინათლე ქვრება. შეგვიძლია შევიდეთ. ნელა წამოვდექი, მაგრამ სივრცე გაცრეცილია. თავბრუ დამეხვა. ივამ ხელი შემაშველა.
-მადლობა, ივა.
-თავს როგორ გრძნობ?
-ალბათ, გადავიღალე. არაფერია. მზად ხართ ბათეს წინაშე წარსდგეთ?
...თავს სინქრონულად მიქნევენ. ორივე დაუფიქრებლად მომყვება. კარავის მეორე მხარეს გავდივართ - გასასვლელისაკენ. ხალხი გამოდის. ბევრი შეშინებული ჩანს, ბევრიც ნასიამოვნები, თუმცა კარვიდან გამოსულებს ნელ-ნელა ჩვეული, არაფრისმთქმელი იერი უბრუნდებათ.
გვერდით კარავში ტკბილეული იყიდება. ბავშვები მშობლებს ექაჩებიან. მათ ხალისიანი იერი დაკრავთ.
როგორ მინდა მეც მათი ასაკის ვიყო!
ბავშვები ძალიან მიყვარს. ბათესთან ბევრჯერ მისაუბრია ასაკის შეზღუდვის შესახებ, მაგრამ ჩემი ვერაფრით გავიტანე. ის ამბობს, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია და სწორედ მათ უნდა ვასწავლოთ ის, რაც წაგვართვეს.
მართალია, მაგრამ თან გული მწყდება. მისი აზრით, მიზანს კიდევ დიდხანს ვერ მივაღწევთ.
იქნებ მართლა სჯობს აქ დავრჩე?
მესამე კარავი სავსეა. ყველა დახლისაკენ გზის გაკვლევას ცდილობს. ეს კარავი ერთგვარი სატყუარაა. დანიელმა მოიფიქრა. აი, ახლაც იყურება და იცინის. ის დარწმუნებულია, რომ ყველა ამ კარავში აკრძალული ნივთების პოვნას ელოდება. კანონს არავინ დაარღვევს, მათ შეძენას გონებაშიც კი არავინ გაივლებს. ნაწილს უნდა კვლავ ნახოს, ძველი ცხოვრება გაიხსენონ, მათ კი, ვინც შედარებით ახალგაზრდაა, სწადიათ თვალი შეავლონ იმას, რაც არასდროს უნახავთ.
ყველა შემთხვევაში მათ იმედები გაუცრუვდებათ, როდესაც სხვადასხვა წვრილმანის ამარა დარჩებიან. ყოველი ნივთი ილარიას შექმნილია. ხეტიალის დროს თავს კერვითა და ქსოვით ირთობს. კარგადაც გამოსდის. სამკაულების კეთებაც დაიწყო. ქალებს განსაკუთრებით მოსწონთ.
ილარია დღეს არ გამოჩენილა. შეუძლოდაა. იმედია, ხვალამდე გამომჯობინდება. მეორე დღე მასსა და არლეკინოს ეთმობა.
ეს ორნი ერთმანეთს შეეფერებიან. ილარია ჩვენი დასის წევრი იყო. აი, არლეკინო აქ ნამდვილი ცირკიდან მოდის.
არლეკინოს ცირკი ძალიან უყვარს.
დაახლოებით ექვსი თვის წინ, ერთ-ერთი გამოსვლის დროს შემოგვიერთდა. როგორც კი ჩვენი ცირკის არსებობის ამბავი გაიგო, უმალ ყველაფრის მიტოვება გადაწყვიტა. არ ვიცი იმედი გაუცრუვდა თუ არა - ის ჯამბაზია. სახიდან ღიმილს არ იშორებს. საკუთარ საიდუმლოს არავის უმხელს. მე მგონია, რომ ყველა ჩვენგანზე მეტი აქვს გამოვლილი, მაგრამ მისი ცხოვრების შესახებ არავინ იცის, ილარიას გარდა
სწორედ ამ გამოსვლისას გაიცნეს ერთმანეთი და ამ დღის შემდეგ, საღამოობით, როდესაც ყველანი სასტუმროში ვბრუნდებით არლეკინო გვიანობამდე რჩება - უყურებს დაცარიელებულ კარვებს, ლივლივით მიჰყვება, ექვსკუთხა ვარსკვლავისაკენ შავ, ვერტიკალურ ხაზებს და ნათელ დღეებს იგონებს. ილარიაც ელოდება - მხარზე თავს ადებს და დაუსრულებლად უსმენს მის მონათხრობს. ეჭვი არასდროს შეაქვს მის სიმართლეში.
ნიღაბს მხოლოდ საღამოობით, მხოლოდ ილარიას პირისპირ იშორებს.
არლეკინო ბედნიერია, არაფერს ნანობს. მან იპოვა მსმენელი, რომლის გამოც ნიღაბი დაუფიქრებლად დათმო.
მისიც მშურს. ყველასი, ვინც სიყვარული შეინარჩუნა.
არც ჩვენ შეგვაქვს მასში ეჭვი. არავის ბალთაზარის გარდა. უფროსის ნდობა ვერაფრით დაიმსახურა. მისი ბრალი არ არის. ბათეს არასდროს უყვარდა ჯამბაზები, არც კომედიები, მისთვის თეატრი არის კათარზისი, ეს კათარზისი კი მხოლოდ ტრაგედიიდან მოდის. დღემდე მძიმე გამოსვლებს არ ანდობს. არლეკინო მაინც ცდილობს მაყურებელი გაამხნევოს. მათი სიცილის მიზეზი გახდეს. ეს ყველაფერი აღიზიანებს, მაგრამ ბათემაც იცის, რომ არლეკინოს უზომოდ უყვარს ცირკი, ამიტომ პატივს სცემს, მაგრამ მოთმინების ფიალა ევსება. მალე ანგარიშს აღარ გაუწევს. ხვალინდელ დღეს ველოდები.
ნეტავ, ელაიზასა და ივას როგორ მიიღებს? ვერ შევძელი გამეფრთხილებინა მათი მოსვლის შესახებ.
აი, ისიც. ჩაფიქრებული. როგორც ყოველთვის - ყველასაგან მოშორებით, ხის ჩრდილში ნებივრობს. ცას უყურებს. წვერს აწვალებს.
-აბა, როგორ შეაფასებ საკუთარ ნაღვაწლს - შორიდან ვეძახი.
-უკეთესიც შეიძლებოდა.
-უსამართლო ხარ.
-რატომ? - მპასუხობს, მაგრამ არ მიყურებს. ახალმოსულებს ჯერ ვერ ამჩნევს ან შეიძლება უბრალოდ არ იმჩნევს.
-ვბერდები!
-დიდი ხანია, ასეთი სისულელე არ გითქვამს.
-მართა, რამდენიმე პატარა აქტის დაწერაც მიჭირს. წარმოსახვა აღარ მყოფნის. აზრი ხელის მოძრაობას ვეღარ მიჰყვება. სიტყვები იკარგებიან. ძალიან მინდა ვიგრძნო ის, რასაც ადრე წერისას ვგრძნობდი, მაგრამ აღარ გამომდის.
-ზედმეტად მკაცრი ხარ. დღევანდელი გამოსვლა საოცარი იყო.
-მერე? არ უნდა ყოფილიყო საოცარი. უნდა ყოფილიყო სულისშემძვრელი! მტკივნეული. მოკლედ, ყველაფერი საოცარის გარდა.
-ასეც იყო - საუბარში ელაიზა ერთვება. ბათეს გაკვივებასთან ერთად ბრაზიც ესახება. არ უყვარს, როდესაც საუბარს აწყვეტინებენ. ელაიზა ყურადღებას არ აქცევს, მშვიდად განაგრძობს - ყოველი სიტყვა გაჟღენთილი იყო ტერორით. მაყურებლამდე მოდიოდა და ჩვენს სხეულს შორიდან მომავალი ხანძარივით ედებოდა. არ ვიცი ის მოვიდა ჩემთან. თუ მე მისკენ, მაგრამ მე ვიწვი მასში. ყოველი დიდი ხნის წინ დავიწყებული შიში გამახსენა. თქვენც ეს არ გქონდათ ჩაფიქრებული?
-დაახლოებით.
-რისი ჩვენება გინდოდათ?
-არაფრის. სათაური რომ შემერჩია, ამ პიესას ,,არაფერ“-ს დავარქმევდი. სწორედ ასე ქვია დღეს ჩვენს ცხოვრებას. ეს შიში არ არის - სიმართლეა.
კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ აცნობიერებს, რომ უცხო ადამიანს ესაუბრება და ჩუმდება. ცოტა ვიეჭვიანე - ამ კითხვაზე ჩემთვის არასდროს უპასუხია. ელაიზა მოეწონა. სახეზე კმაყოფილებაც კი ესახება.
კარგია, ესე იგი წინააღმდეგი არ იქნება.
-ბათე, ეს ელაიზაა, ეს კი-ივა -მარცხენა ხელს ელაიზას მხარზე ვადებ, მარჯვენას- ივას. - ქალაქში შევხვდით ერთმანეთს. საინტერესო ახალგაზრდები არიან. ჩემი აზრით, ჩვენი დასის ღირსეული წევრები გახდებიან.
-გამორიცხულია! - წამოდგა
-ბათე, ცოტანი დავრჩით. ახლები გვჭირდებიან - უხეშად ვპასუხობ. ივა სიამაყეს ვერ ერევა. შეწინააღმდეგების გარეშე ნაბიჯს უკან დგამს. მხარზე ხელს ვუჭერ. არ ვიცი რა ვთქვა, რითი დავარწმუნო, მაგრამ ერთი ვიცი - ამ ბავშვების უკან, ქუჩაში დაბრუნება არ მინდა.
-ბავშვებო, შესასვლელთან დამელოდეთ. - ყალბი ღიმილით ვცდილობ მათი დაძაბულობის განმუხტვას. ბათეს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვანიშნებ გაჩუმდეს. ჩემთან საუბარს თავს მაინც ვერ აარიდებს.
-არ არის საჭირო წავალთ.
-არც იფიქროთ! ჩემი ბრალია. საუბრის დრო ვერ გამოვნახე. ძალიან გთხოვთ დამელოდეთ.
ერთხმად მეთანხმებიან. ვაჟის თვალებში ვხედავ - წასვლა უნდა, მაგრამ არ წავა. ელაიზას დარჩენა სურს. მაწყობს, თუ საჭირო გახდება ივასაც დაარწმუნებს. სწრაფი ნაბიჯით გვშორდებიან. ალბათ, როგორ ღელავენ. მეც ვღელავ - დასაკარგი დრო არ მაქვს. სიტყვებს ვზოვამ. არ მინდა რაიმე ზედმეტი ვთქვა.
-ბათე, ეს ბავშვები ძალიან გვჭირდებიან.
-არაფერი გესმის. ზედმეტად ახალგაზრდები არიან.
-აკი, მითხარი ნორჩი სულებისათვის უნდა ვიბრძოლოთო.
-შენი აზრით, გაგვიგებენ?
-შენც ხომ იცი პასუხი, ბათე?! შენს მიზანს მიაღწიე. ელაიზა შეიძლება დღეს ერთადერთი იყო, ვინც შენი ჩანაფიქრი ამოიცნო.
-და ივა?!
-ივა, გულუბრყვილოა. შეყვარებული ცხოვრებაზე. ვიღაცას არ გაგონებს?
-მე მგულისხმობ?
-კი, შენ! ცხოვრებაზე, ხელოვნებაზე, აბსტრაქციაზე შეყვარებულს. მახსოვს, ხშირად მინახავხარ ივას მსგავასად აჩეჩილი თმით, უძილარი თვალებით.
-იცი რა არის შენი უბედურება მართა?
-ვიცი.
-წარსული ზედმეტად კარგად გახსოვს.
-შენ კი არ გინდა რომ მახსოვდეს. ასე არ არის?
-არ ვიცი.
-შენ არ გახსოვს? - დიდი ხანია მინდა ბათეს ეს ვკითხო. მაინტერესებს თუ ახსოვს ძველი დღეები. თეატრში გატარებული ღამეები. ხანდახან, როდესაც არლეკინოსა და ილარიას ზიზღით მოიხსენიებს, მგონია, რომ ყველაფერი დაავიწყდა. სიყვარულის ტკბობის უნარი დაივიწყა. ოხ, ბათე - როგორი აღფრთოვანებული ვიყავი შენით- შენი ნიჭით, ბავშვური სილაღით, რომელიც სულელურადაც კი მეჩვენებოდა. სწორედ შენი არსებობა მარწმუნებს აწმყოს საშინელებაში. ცვლილება, რომელიც შენმა ნაკვთებმა განიცადეს, მხოლოდ ზედაპირზე არ დარჩენილა. ყველაზე მეტად სწორედ შენ შეიცვალე, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო - გატყდი, თავი დაუხარე. ამას უარყოფ, მაგრამ შენც აღარ გჯერა საკუთარი თავის. უბრალოდ ელოდები, თუ როდის გეტყვის ამას სხვა. შენც დაუფიქრებლად დათანხმდები და ყველაფერს მიატოვებ. სწორედ ამიტომ მთავაზობდი აქ დარჩენას, სწორედ ამიტომ არ გინდა ელაიზასა და ივას წამოყვანა. იცი, რომ ისინი ხელის ჩაქნევის უფლებას არ მოგცემენ. მათ თვალებში დანახულ ჟინსა და სიამაყეში შენს თავს ხედავ. კი, შენც გახსოვს და ეს გაუბედურებს. როგორ მინდა ეს ყველაფერი გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები - ვჩუმდები. შენს პასუხს ველოდები.
-ალბათ, მახსოვს.
-დათანხმდი. ისინი ამას იმსახურებენ.
-ამ ყველაფრის დამსახურება - ხმა დაიბოხა, ასე იქცევა ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავს მსახიობად ხედავს. თავში წინადადებები ულაგდება. შეიძლება ეს დიალოგიც შემდეგი გამოსვლებისას გამოიყენოს - საბედნიერო სულაც არ არის.
-რატომ? შენ უბედური ხარ?
-შენ ბედნიერი ხარ?
-მომისმინე! ეს კითხვა პირველად რომ გაგიცანი მაშინაც დამისვი. გამოგიტყდები არ მახსოვს რა გიპასუხე, მაგრამ მაშინ საერთოდაც არ ვიცოდი რა იყო ბედნიერება. არც ახლა ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერება სულაც არ არის ის, რაშიც დღეს ვცხოვრობთ, ამიტომ მინდა ამ ყველაფრის შეცვლა.
-ეს ყველაფერი ჩემს დასარწმუნებლად გამოიგონე? - ეს აგდებული ტონი არ არის უცხო ჩემთვის. მისი თავდაცვის მექანიზმია, რომლითაც ჩემი წყობიდან გამოყვანას ცდილობს. დღეს არ გამოუვა.
-მე გამოვიგონე? შენ გამოიგონე ეს ყველაფერი. ეს ცირკიც, რომელიც რაღაცის შესაქმნელად შექმენი, იმდენად გამიჯნე რეალობისაგან, რომ მხოლოდ შენი სურვილების გაპიროვნება გახდა.
-საკმარისია!
-ნისლი ჩამოწვა ბათე! ჯერ მხოლოდ კარვებში ბუდობდა, მაგრამ ნელ-ნელა შენ გონებაშიც შემოაღწია და ყველაფერი დაგავიწყდა.
-უსამართლო ხარ!
-არლეკინოს დასცინი, მაგრამ სინამდვილეში გშურს მისი. ფიქრობ ყოველ მის საქციელზე და შენს თავს უამრავ კითხვას უსვამ - დაუფიქრებლად ჩემი ლაპარაკი ყვირილში გადადის - რატომ გამოუვიდა მას ის, რაც შენ არ გამოგდის?! როგორ მოახერხა კომიკოსმა, რომ ის კათარზისი იპოვა, რომელიც შენ ვერ დანერგე. აღიარე, რომ ასეა. სულაც არ არის საჭირო ეს მე მითხრა. უბრალოდ შენს თავთან აღიარე.
თვალებში ვუყურებ. ჩუმად ზის. ჩემს თვალებს სიმძიმე აწვება. არ ვიცი მინდა თუ არა ახლა ტირილი. ძალიან მინდა ავტირდე ეს სიმძიმე გამოვდევნო, მაგრამ არ მინდა მას ჩემი სისუსტე ვაჩვენო. მისთვის ხომ ტირილი სისუსტეა - ქალური, ნაზი სისუსტე.
რამდენიმე წუთია უკვე ჩუმად ვართ. საღამოვდება ქარი უბერავს, თმას მიწეწავს, ფოთლების შრიალი ყურს მტაცებს. არ მიყვარს სიჩუმე. რას ელოდება? იქნებ სიტყვებს ვერ პოულობს, მაგრამ მას ყველა სიტყვის მნიშვნელობა ახსოვს.
-იცი რა მწარეა ამ ყველაფრის მოსმენა? ყველა დარტყმაზე, ბასრ იარაღზე მწარე. ყველა ჩვენს გამოვლილ დღეზე მწარე.
-სიმართლეა მწარე, ბალთაზარ.
-არ გინდა! ეს გაცვეთილი, არაფრისმქმელი აფორიზმი არ შეგეფერება.
-ვტყუი?
-არ გაბედო იმის გამეორება, რომ ყველაფერი დამავიწყდა! - მიყვირის - პირველად, რომ გნახე მოკლე შავი ქვედაბოლო გეცვა. მაშინ თმა წელამდე გწვედბოდა. ერთ-ერთი როლისთვის თმის შეჭრა მოგთხოვეს. შენც არ დააყოვნე. ეს ხომ შენი სიამაყეა- მსახიობობა, სცენა, აპლოდისმენტები, დიდება, რომელსაც ეპილოგისას გრძნობ. შენი გამოხედვა პიესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, რეპეტიციების გამო გათენებული ღამეების შემდეგ ჩაშავებული თვალები. შენი ყვითელი ქოლგა. წვიმის სიყვარული. ჩვენი ოინები - ქალაქში დაკარგვა, მთვარის სხივების ამბორი, შენს სხეულზე დაცემული განთიადის პირველი სხივი.-დაუსრულებელი საუბარი. როგორ გიყვარდა ბავშვები - ხმას ვეღარ იმორჩილებს. გრძნობები ერევა, კიდევ ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ თავის ხელში აყვანას ცდილობს.
ბოლოს განაწყენებული ამატებს :
- არასდროს მითხრა რომ არაფერი მახსოვს.
ამ პასუხს არ ველოდი.
-არ მინდოდა ჩვენი საუბარი ასე დასრულებულიყო.
-მე არ მინდოდა, რომ ჩვენი ამბავი ასე დასრულებულიყო.
-დამნაშავე მე ვარ.
-ნუ ცდილობ ამ თავგანწირვით თავი უკეთესად მაგრძნობინო.
-ეს გადაწყვეტილება...
-შეგიძლია უთხრა, რომ ხვალ ადრე მოვიდნენ. -წინადადების დასრულების საშუალებას არ მაძლევს. მერამდენედ ვცდილობ ამის თქმას, მაგრამ არასდროს მასრულებინებს. ეს ის მოგონებაა, რომლსაც ბათე სიამოვნებით დაივიწყებდა. აღარ ვეპასუხები. დღეისათვის საკმარისი განიცადა.
- ილარიას გავაფრთხილებ და ხვალ ყველაფერს გააცნობს.
-გაუხარდებათ.
-გელოდებიან.
-ხვალამდე.
-ეს ყველაფერი მხოლოდ მათთვის გააკეთე?
-რას გულისხმობ?
-ჩვენს საუბარს.
-ვინ იცის.
-ორივემ ვიცით, რომ ამ ყველაფრის თქმა დიდი ხანია გინდა.
-დროებით, ბათე!
ზურგს ვაქცევ. ელაიზა და ივა მელოდებიან. რა სასაცილოა ივა. კარვის უკან იმალება და საკუთარ თავს ებუზღუნება. ჩემი დანახვისას ორივე შეშდება. ვუღიმი, თანხმობის ნიშნად თვალს ვუკრავ. ელაიზა მიღიმის, ივსაც უნდა გამიღიმოს, მაგრამ სიამაყე უფლებას არ აძლევს.
მათკენ მივიწევ, მაგრამ საღამოზე ვფიქრობ. რას ვეტყვი სარკეს?
-გამარჯობა, მე ვიყავი მართა - არა, უფრო დამაჯერებლად - მე ვარ მართა! ქალი, ვფიქრობ, ვგრძნობ, მიყვარს, მძულს!

კვამლში დაკარგული მელანქოლია...

სასტუმრო ჩემი სახლია. დროებითი, მაგრამ მაინც სახლი ჰქვია. დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ. დღევანდელი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა. ურიელს ვაჭმევ. ბეწვი სულ უფროდაუფრო ცვივა. ჭაღარა შეერია. ყურადღებას არ მაქცევს. ნაწყენია. იქნებ მართლა ეწყინა ელაიზასა და ივას მოსვლა? როგორ მინდა მისი გაგება შემეძლოს.
...ბათე, რისი თქმა გინდოდა? ამას ვერ ვკითხავ. საუბარი არ უყვარს. ძველ, უდარდელ დროშიც კი გულის ნადებს საგულდაგულოდ მალავდა. არაიმიტომ, რომ არავის ენდობოდა. უბრალოდ, საკუთარ თავს ტკივილის პირისპირ დაჩოქების უფლებას არ აძლევდა. იღიმოდა და ახლაც ასეა - როდესაც ყველანი გაუთავებლად ვლაპრაკობთ სიცარიელეზე - ბათე იღიმის. სიტყვას გვიჭრის. საკითხს ცვლის. თითქოს ჩვენს გახალისებას ცდილობს. კი, შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე ვიცი - მას უნდა რამდენიმე წამით მაინც აღარ იფიქროს, ამიტომ გვერიდება. ეს ბოროტება სულაც არ არის. არ ვიცი რამდენს უნდა გაუძლოს ადამიანმა. არც ის ვიცი ბოლომდე სიკეთე რა არის, თუმცა ეს არავინ იცის.
მთელი დღეა ლიზაზე და დანიელზე ვფიქრობ. მათ ტკივილზე და იმ სიმართლეზე, რომელიც ცირკის იარლიყის უკან დავმალეთ. მეშინია სარკის ამოღების. საკუთარი თავის ნახვის. არც არაფერი რომ არ იყოს დარჩენილი?
...ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო.პირველად, როდესაც სარკეების დამსხვრევის შესახებ შევიტყვე, გამიხარდა კიდეც. სიმართლეში საკუთარ ანარეკლს ვერასდროს ვუტყდებოდი. ოდესღაც ვთვლიდი, რომ არ ვუსმენდი, გავურბოდი, თვალებში ვერ ვუყურებდი, ვერ ვეუბნებოდი რა მინდოდა და სწორედ, ამიტომ ვკარგავდი ჩემი ცხოვრების მრავალწელს უაზროდ. სიცოცხლე მარტივი არასდროს მეგონა. სხვის გადაწყვეტილებებსაც არასდროს მივყვებოდი, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის დამნაშავედ ვთვლიდი. ეს იყო ჩემი ანარეკლი, რომელიც მუდმივად მახსენებდა, რომ შემეძლო ყველაფერი ასე არ ყოფილიყო, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი. ის, ამიტომ შევიძულე და აურაცხელი სიამოვნება მივიღე, როდესაც წარმოვიდგინე, როგორ დაიმსხვრა ყველა იმ სარკესთან ერთად, რომელიც სიმართლეს ამბობდა.
ნუთუ, დრო მოვიდა ისევ შევხვდე? აივანზე გავდივარ. ტარს ვეძებ. თვალებს ვხუჭავ. ხელით სარკეს ჩემს სახეს ვუსწორებ. არ ვიცი რამდენი წამი გადის. თავიდან ვერ ვბედავ, მაგრამ ვახელ. ვხედავ კვლავ მას - დაბერებულა, ურიელის მსგავსად ჭაღარა შავ, ხუჭუჭა თმაში მასაც შერევია. ტუჩის ქვემოთ ხალი გაჩენია, თვალებიც ჩაშავებია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია.
ურიელი, როდესაც მოვიშინაურე, მაშინ წარმოდგენაც მიჭირდა, რომ შეიძლებოდა ოდესღაც ცხოველი მყოლოდა. მარტოობას ვიყავი შეჩვეული. როგორ ვცდებოდი.
საკუთარ ნაკვთებს თვალს ვწყვეტ. ფანჯრის მეორე მხარეს დარჩენილ ურიელს ვეძებ. საწოლის ქვეშ შემძვრალა. არ უნდა შემაწუხოს. ყურადღება გამიფანტოს.
ვეწევი, მოწევაც შემყვარებია. მახსოვს, სიგარეტს სამზარეულოს კარადაში ვმალავდი. შემეძლო ყოველი ჩემს მიერ მოწეული ღერის ამბავი მომეყოლა. ხანდახან სიხარულისაგან აღტაცებული, აფორიაქებული ვეწეოდი. ამ დროს კვამლი ნაზად ეშვებოდა ჩემს ფილტვებში - ყველაზე ფაფუკი ნაჭრის მსგავსად. იავნანად მევლინებოდა. ვგრძნობდი, როგორ მიიწევდა ქვევით. ცეკვით ეშვებოდა და უკანაც მშვიდი ბრუნდებოდა. აი,როდესაც სევდით დამძიმებული ვეწეოდი, კვამლის ხმაური მესმოდა. შეჯახების. ღრმად ვისუნთქავდი. ვცდილობდი დამემარხა. ფილტვებს ნისლად დასწოლოდა, მაგრამ უკან ვუშვებდი. ამოსუნთქვისას კი ოდნავ გასარჩევად ვხედავდი. ის სადღაც ჩემს სხეულში რჩებოდა. რომელიღაც დაცარიელებულ ნაკუჭში სახლდებოდა.
ალბათ, მოწევას, ამიტომ მოვუხშირე. მინდა ჩემს სხეულს გავახსენო ყოველი ის დღე, როდესაც ამ ყველაფერს ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა. აივანზე, სიბნელეში, კვამლი ფილტვებში ეშვება, მაგრამ აღარ მეხება. ვუყურებ, საკუთარი ხელის, ტუჩების მოძრაობას, ჩამავალ და ამომავალ კვამლს, მაგრამ მასთან კავშირს ვერ ვგძნობ.
თვალი გამიშტერდა. ასეთი საკუთარი თავი არასდროს მინახავს. დრო მიდიოდა, უკან ბრუნდებოდა. მეც მივყვებოდი წრიულად და შორიდან ვაკვირდებოდი ყოველ დღეს, როდესაც სარკეში ბედნიერი ვიყურებოდი. ერთი კარგი ჩვევა მქონდა - ჩემი თავისთვის განადგურებულს არასდროს შემიხედავს. არც მე ვაძლევდი თავს უფლებას დავმსხვრეულიყავი.
აი მე - სკოლა დამთავრებული. მე- პირველად შეყვარებული, პირველად თეატრში მიმავალი, აღტაცებული დაბრუნებული. ჩემი სახლი, მშობლები - შორს წამიყვანს იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც მე დავინახე. უბალოდ - ეს მე ვიყავი, ბედნიერი. რა შეიცვალა? არ ვიცი, მაგრამ ნათლად ვხედავ როგორი უდარდელი ვიყავი.
სარკე მახსენებს ვინ მინდოდა ვყოფილიყავი - მხოლოდ მე და არავის სხვას. მეორე ღერს ვუკიდებ. ვევედრები, ქვევით ხმაურით დაეშვას, მაგრამ არა. არც ერთი ხმა, არც ერთი გრძნობა.
ადრე მწამდა, რომ რამდენი სეზონიც არ უნდა გასულიყო. ზამთრის შემდეგ, გაშიშვლებულ ტოტზე, თავიდან აყვავდებოდა კვირტი. ეს ამოუცნობი გრძნობა კი მაშინ დამეუფლა, როდესაც მივხვდი, რომ ბუნების წრე-ბრუნვა მარადიული იყო, მე კი- მოკვდავი ვიყავი.
უმიზეზოდ ვიღიმი. კვამლი უკან ბრუნდება. არც დამძიმებული, არც მსუბუქი. უბრალოდ აივნის მოაჯირს ცდება და სიცარიელეში იკარგება.

ხო, მოწევის შემდეგ მახსენდება. ადრე, დრამატურგობა მინდოდა.. ჩემი პიესის პირველი რეპლიკაც მქონდა მოფიქრებული:
-იყო და არა იყო რა... ხო, მგონი ასე - იყო და არა იყო რა, ადამიანებს შორის ცხოვრობდა ერთი გრძნობა, რომელსაც ერქვა მელანქოლია.

***
საათს ვუყურებ; დამძინებია. სიზმარი არ მინახავს. დილით ურიელის უკმაყოფილო კვნესა მაღვიძებს. საჭმელს ვუყრი და დაუყოვნებლივ კარვებისაკენ ვეშურები.
მაგვიანდება;
ბათე მისაყვედურებს - როგორც მაშინ, როდესაც მის დაწერილ აბზაცებს არ ვემორჩილები. ამ დროს ძალიან სასაცილოა.
მეტროსაკენ გავრბივარ. იმის მიუხედავად, რომ ამ ქუჩებისათვის ლაბირინთი არაერთხელ მიწოდებია, გზის გაკვლევა მაინც მარტივია.
ალბათ, ესეც იმის ბრალია, რომ ნელ-ნელა ყოველი ქალაქი ერთმანეთს დაემსგავსა. მეტროს სადგური მარჯვენა შესახვევშია, თუმცა აღმოსავლეთით გზას თუ გააგრძელებ სასამართლომდე მიხვალ. შენობა ნამდვილად დიდებულია! სხვადასხვა ორნამენტითა თუ მცირე ზომის ქანდაკებით დამშვენებული. მაჯრვენა კედელზე დიდი ასოებით არის ამოტვიფრული - nefas, რაც აკრძალულს ნიშნავს. მის ქვევით ყველა ის დანაშაულია ჩამოწერილი, რომლის გამოც შეიძლება დააისაჯო. მისი კითხვისას აცნობიერებ, თუ რამდენად დაბეჩავებულია ცხოვრება. ყოველ წელს ერთს მაინც უმატებენ. ვგონებ, მალე ეს კედელი აღარც ეყოფათ.
სასამართლოსაგან დასავლეთით, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა - მერიაა. მერიის შენობა ომის შემდეგ დაზიანებულია. მარცხენა ფასადი სრულიად ჩამონგრეული; ამდენი წლის განმავლობაში არავის არ მოსვლია აზრად მისი აღდგენა. ჩემი ვარაუდით, ამით საკუთარი გამაჯრვება უკვდავყვეს. შესახედაობის მიუხედავად, უზენაესობა შეუნარჩუნებია, თუმცა დღესდღეობით დამთვალიერებელს იქაურობა აღარ იზიდავს. მასთან ჩავლა ყველას ეზიზღება, თუმცა რატომ არავინ იცის.
ჩრდილოეთით ვიწრო გზას რომ გაუყვე უზარმაზარ სპილოსძვლისფერ კიბეს მიადგები; ასვლად ნამდვილად ღირს - უზარმაზარ ტაძარს ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ შეარქვეს სამოთხის მარგალიტი. შესასვლელთან აბრაა - „დღითა და ღამით ერთი მოვკდავი სული მაინც ლოცულობს თქვენთვის“. ოჰ, როგორი დამაიმედებელია! თუმცა მიახლოვებისთანავე ეს სიტყვები სადღაც იკარგებიან - უკანა ფასადთან უზარმაზარი ბაზრობაა გაშლილი. ტაძრის შიგნით კი დიდებული მხატვრების შესრულებულ ნამუშევრებს მაყურებლად ხორბლისა და ბოსტნეულის სათავსოებიღა შერჩენიათ. ყოველ კუთხეს მუდამ გამორთული მონიტორი ამშვენებს. შემიძლია დავიფიცო, რომ მისი დახმარებით თვალყურს გვადევნებენ!
ეგებ, ერთხელ მეც გავუყვე ტაძრისაკენ მიმავალ გზას და ვილოცო ყველას ხსნისათვის?
ადრე სადღაც წამიკითხავს - მიწიერი ძალაუფლება გვირგვინს ეკუთვნის, ზეციერი-ეკლესიას.
ნეტავ, ახლა ვის ხელშია ძალაუფლება ან საერთოდ თუღა არსებობს ის?
ამასობაში სადგურსაც მივუახლოვდი. მატარებლის სტვენა შორიდანვე მესმის. სიარულის რიტმს არ ვუკლებ. ბილეთს ვიღებ; ხალხში მოხერხებულად ვძვრები. როგორც კი შიგნით შევდივარ კარი იხურება. მეზიზღება ეს გამაღიზიანებლად მოწესრიგებული ვაგონი, უაზრო სახეები, უფერული ტანსაცმელი, ყრუ ხმაური. ათიოდე სადგური მაქვს გასავლელი. ალბათ, გამოძინებასაც მოვასწრებდი აქ მყოფების რომ არ მეშინოდეს.
როგორ დავიღალე! ხშირად მიკითხავს ჩემი თავისთვის თუ, რისთვის ვისჯები ასე სასტიკად.პასუხი ზუსტად ვიცი. ადრე დედა მთელი ძალით ცდილობდა ჩემში რწმენის გაღვივებას. ახლა, ვის რაღაში ადარდებს რწმენა.
ხო, ვიტყუები, როდესაც ვამბობ, რომ არაფერი მახსოვს. ჩემს თავსაც იმიტომ ვუმეორებ, რომ ვცდილობ დავარწმუნო. რაც უფრო ნაკლები იცი, მით მარტივია რეალობა მიიღო. ეს მოგონებები, რომლებსაც ალი მოედოთ ფეფრლად შემორჩნენ ჩემს გონებას.
მახსოვს ყოველი ღამე, როდესაც დედა მიკითხავდა მოძღვრებას და წლების შემდეგ, როდესაც პირველად ვკითხე ჩემს თავს, თუ რაში ვიყავი დამნაშავე. პასუხი ვიპოვე - ეს იყო ტყუილი. არადა, სიცრუეში ცხოვრება არასდროს მომწონდა. თავიც კი დამიმშვიდებია იმის გამეორებით, რომ ამ ყველაფერს სასიკეთოდ ვაკეთებდი.
სათანადოც მივიღე - ახლა ვცხოვრობ ცხოვრების მიერ ნათქვამ ტყუილში.
რა სასიამოვნოა! მეტროთი სწორედ ამიტომ ვმგზავრობ. გვირაბიდან გასვლისას სინათლე უეცრად იღვრება. თვალს უჭირს მასთან დაწევა. მომწონს უკან ჩამოტოვებული ხეების ყურება. ერთში კი ვერ მოვიტყუები - ბუნება უცვლელი დარჩა.
შეიძლება თავს ახლა უფრო მშვიდადაც ვგრძნობ. აღარ მიწევს მუდმივად ფიქრი იმაზე, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. სად გადის საზღვარი ამ ორს შორის. როგორ მინდოდა ვინმეს ესწავლებინა ჩემთვის, თუ რა იყო სწორი და რა არასწორი. ახლა იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ არასწორად ვცხოვრობ.
ჩემსკენ გველი მოსრიალებს. სინათლეს ირეკლავს. თვალს მჭრის. არ ვყვირი. ფეხზე მეხვევა, ზევით მოიწევს. მსიამოვნებს. ამოვიხვნეშე კიდეც. გაუხეშებულ კანს რბილად მიუყვება. კბილს ტუჩს ვაჭერ. არ მინდა ყურადღება მივიქციო. სისინი ყურში ჩამესმის . მაბრუებს. თვალები მეხუჭება, მაგრამ თავს ვიკავებ. ვუყურებ როგორ ლივლივებს. ხან მას ვუყურებ, ხან საკუთარ თავს ვხედავ - გაფითრებულს, გაჭაღარავებულს, თვალებჩაცვენილს, დაღლილს. არ ვიცი მე ვიყურები მისი თვალებით, თუ ის ჩემით. თვალს ვუსწორებ. რამდენიმე წამი მიყურებს, არ მოძრაობს, მათვალიერებს. რაღაცის თქმა უნდა. უკმაყოფილოა, რომ არ მესმის. მგესვლავს.
ჩამძინებია. გამიმართლა - ჩემს სადგურზე გაჩერებისას გამეღვიძა.

***
დღე მეორე :
ხალხი უკვე იკრიბება. ბათე არ ჩანს. ერთ შესავლელთან ელაიზაა, მეორესთან-ივა. აქაურობა ორივემ მოირგო. შორიდან ხელს ვუქნევ. მისასალმებლად დრო არ მაქვს. იმედია მიხვდებიან, რომ ისევ კარავთან დაველოდები. ურიელი სახლში დარჩა. მარტო დადგმის ყურება არ მინდა.
არ ვიცი დღეს რას ვიხილავთ ან როგორ აღვიქვამ ბათეს მორიგ შემოქმედებას. იქნებ, ივა არ შემცდარა და თეთრის მართლა მეშინია? ეგებ, ხანდახან ყველაზე მეტად , რაც გიყვარს, სწორედ იმის გეშინია?
კარავი მზადაა. სკამები ორ რიგადაა დალაგებული. ამჯერად ფარდა შინდისფერია. ილარიას საყვარელი ფერი. უკვე მოედანზე იქნებიან. ალბათ, არლეკინო ამხნევებს. ძალიან სახალისო სანახავები არიან - ილარია გამოსვლის წინ ყოველთვის ღელავს. მოუსვენრად დაძრწის და რეპლიკებს ალაგ-ალაგ იმეორებს. ლიზასგან განსხვავებით, ის დამწყები მსახიობი იყო, ამიტომ ხშირად თამაშისას საკუთარ გრძნობებს ვერ ერევა. ეს ყველაფერი მაყურებელს ძალიან მოსწონს. ხვდება, რომ ილარია გულწრფელად გადმოსცემს, თუმცა ოდესღაც ჩვენს წრეში ეს არაპროფესიონალიზმად ითვლებოდა.
ყველაფერი თავდაყირა დგება.
ზარის დარეკვის ხმა ბრბოს იხმობს. გამოსვლის დაწყევამდე თხუტმეტი წუთი რჩება. მთავარ შესასვლელთან რიგი დგება. ფუსფუს ვუყურადებ. მუნჯ მდელოზე უმისამართოდ გავარდნილ ბგერებს.
ივა და ელაიზა ჩემკენ მოემართებიან. კმაყოფილი სახეები; ისევ ჩვენს ღრიჭოსთან ველი. ურიელს რომ ეს დაენახა, აუცილებლად იეჭვიანებდა. ადრე ეს ადგილი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა. არ ვიცი ბედნიერი უნდა ვიყო თუ უბედური - არც ის ეს ყველაფერი მატებაა თუ დანაკლისი.
ივა ბილიკს ასკინკილით მოუყვება. ფეხი სტკივა. მისი წუწუნი მახალისებს. სულსწრაფია - სურს შთაბეჭდილება მალე მომითხროს.
იშვიათი გუნებისაა. თავიდან დასა და ძმას ვამსგავსებდი, ახლა- დედა-შვილს. ელაიზას ყოველი მოძრაობა იმდენად ნაზი და დახვეწილია, რომ მეც კი შურით ვივსები. მინდოდა მეკითხა იყვნენ თუ არა და-ძმა, მაგრამ შემდეგ მივხვდი -არ ღირს მათ ზედმეტი კითხვებით თავი მოვაბეზრო. წარსულის გახსენება არავის ახარებს; ზედმეტი სევდა აღარ არის საჭირო. ყოველდღიურადაც საკმარისზე მეტს ვხვდებით.
ხანდახან კარგიც არის, როდესაც რამის კითხვა გავიწყდება.
-მშვიდობიანი დღე.
-ველოდებოდი თქვენ პირველ შთაბეჭდილებებს. როგორ მოგეწონათ? - ღიმილის შეკავება მიჭირს.
-ძალიან! - ივა აჟიტირებულია - დიდი ხანია ამდენ ხალხთან შეხება აღარ მქონია. ქუჩაში ყურადღებას ბევრი არ გვაქცევდა, ბევრიც ყურს არ უგდებდა ჩვენს ლაპარაკს. აქაც ეგრეა, შეიძლება ვერ ხვდებიან რას ვეუბნებით, მაგრამ გვისმენენ. მათი დაბნეული, მაგრამ სერიოზული გამოხედვა კი მახალისებს.
-ხო - ელაიზა ოხვრით ამატებს - ახლა, მცირედიც იმისა, რაც აღარ გაგვაჩნია, ძალიან სასიამოვნოა.
მათი ყურება ჩემსა და ბათეს სახეებს მახსენებს. სწორედ ივასნაირი ხალისიანი იყო ერთ დროს ბალთაზარი. პირველი გამოსვლისას ძალიან დანაღვლიანებული ვიყავი. არ მომწონდა არც ის მოედანი, რომელზეც უნდა მეთამაშა და არც ის დაფლეთილი კარავი, რომელშიც ჩემთვის ხალხს ტაში უნდა დაეკრა. მისი მზერა მაოცებდა. ყველაფერს ისეთი სიყვარულით უცქერდა, ისეთი სიფრთხილიდ ექცეოდა, რომ თავი საკუთარი ეჭვების გამო უხერხულადაც კი ვიგრძენი. მე აქ არ დავრჩებოდი რომ არა ის პატივისცემა, რომელსაც მის თვალებში ვკითხულობდი, ამიტომ მესმის ელაიზას სიცივის, მაგრამ არაუშავს, ეს ყველაფერიც გაივლის.
-მალე დაიწყება?
-წესით კი. ხალხმა უკვე მოკალათდა.
-დღეს რა გველოდება?
-არ ვიცი. მეც კი არ მაქვს ყველა პიესის წაკითხვის ბედნიერება.
-ეს ყველაფერი ბათეს გამოგონილია?
-გახლავთ.
-ნიჭიერია.
-ძალიან!
-თუმცა არ მესმის. თქვენ რატომ არ გიმხელთ?
-ყველას ჩვენ-ჩვენ სიტყვას გვაძლევს. ბოლომდე არავინ ვიცით, თუ რა მოხდება, თუნდაც ჩვენი გამოსვლისას. ბატონი ბალთაზარის აზრით, - ცინიზმი მერევა - თამაშისას სპონტანურობა უფრო დამაჯერებელია.
-საინტერესოა.
-ეჭვიც არ შეგეპაროთ დღეს ვისიამოვნებთ. არლეკინო და ილარია საოცარი წყვილია.
-ერთმანეთი უყვართ?
-ძალიან! -ხმა მიწვრილდება. - არა მარტო ერთმანეთი. ცირკიც, მაყურებელიც, საერთოდ ყველაფერი.
-ეგ როგორ?
-იცი ივა ხანდახან, როდესაც გყავს ადამიანი, რომელიც გავსებს დამოკიდებულება გეცვლება ყველაფრის მიმართ. უფრო მარტივად პოულობ მიზეზს, რომ ვინმე ან რაიმე შეიყვარო.
-მართა, გყვარებია? - მორცხვად მეკითხება.
მისი გულუბრყვილობა სითბოთი მავსებს. მინდა ვიცრუო ,ვუთხრა - არა. მაგრამ რატომ მოვატყუო? იქნებ ვინმეს მაინც მოვუყვე, რომ ოდესღაც მეც მიყვარდა თავდავიწყებით. ამ ყველაფრის მოყოლა ძალიან მინდა, მაგრამ მორიგი კითხვების მეშინია. არც ჩემს სიყვარულს ჰქონდა კარგი დასასრული და ძალიან მიმძიმს გამოვტყდე, რომ ყველაფრის დანგრევის მიზეზი მე გავხდი, რადგან შეუძლებელი იყო იმის სიყვარული, რაც მე ჩემი თავისაგან შევქმენი.
-ეჰ, გრძელი ამბავია.
-სიამოვნებით მოგისმენთ.
-ახლა, არა! მატარებელში, შემდეგი ქალაქისაკენ რომ გავეშურებით, მაშინ გიამბობთ.
-არ დაგვავიწყდება. - გამომცდელად მიღიმის.
-ვნახოთ.
ზარი სამჯერ, ათ წამიანი ინტერვალით ირეკება. გამოსვლა იწყება.
ელაიზა კვლავ დათრგუნული მეჩვენება. შეიძლება გუშინ ნანახმა მასზე უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა. ალბათ, დღეს უარესის მოლოდინშია, მაგრამ დღეს ხომ არლეკინო თამაშობს. შედარებით მშვიდად ვარ. იმედი მაქვს, დასასრულს ხმაურიანი სიცილით შევხვდებით.
შემოსასვლელიდან ბათე მიყურებს. მათვალიერებს. მგონი ჩვენმა უკანასკნელმა საუბარმა ცუდი კვალი დატოვა. ამ დღეებში აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, მაგრამ ახლა მისი მზერა განსხვავებულია. ის გამაფრთხილებელიც არის და შემაშფოთებელიც. იმედია, უბრალოდ მეჩვენება.
ფარდა ნელ-ნელა იწევა. ოდნავ ამაღლებულ მოედანზე არაფერია - არც მსახიობები, არც დეკორაცია. უცნაური წინათგრძნობა მიპყრობს. მარჯვენა მხრიდან ნაბიჯის ხმა ისმის. ჩაბნელებულ სცენაზე ილარიას ფორმებს ვარჩევს.
მძიმე ნაბიჯებით სივრცეს მიაპობს. სიბნელეში გაფანტულ ექოს ჰგავს. წარსული, მკვდარი ხმების ექოს. წონასწორობის შენარჩენუბა უჭირს. ნელ-ნელა სინათლე იღვრება. ილარიას კაბა თეთრია, გაბნეული სისხლისფერი ლაქებით, ბოლო- ტალახიანი, სახე -წაშლილი. წითელი, შემზარავი სანახავია მისი თვალები. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხეულს ძალით ექაჩება. სივრცესთან ერთად თვითონაც იხლიჩება.
მგონი ავჩქარდი. მეეჭვება სიცილის მიზეზი ვიპოვო.
მაყურებელი დაბნეულია. რა გასაკვირია? თვალს ადევნებენ მის ყოველ მოძრაობას, ყოველ მიხრა-მოხრას. ეს ილარიაა. მისი ყურება არასდროს არის მომაბეზრებელი. მისი ჩალისფერი, გაშლილი თმა, თაფლისფერი თვალები ყოველი მნახველის გულს იგებს. გრძელი კისერი. მოქნილი მოძრაობა - ქალებს შურით ავსებს, კაცებს-ვნებათაღელვით.
-ილარია! - კაცის ყვირილი უეცარ მეხის გავარდნას ჰგავს. ქალს თითქოს არაფერი ესმის. პასუხს არ სცემს, არც უკან ტრიალდება, პირიქით, მოედნიდან ჩამოდის და ორ რიგად გადანაწილებული მაყურებლის შორის გადის.
-ილარია! არლეკინოც გამოჩნდა თავისი საყვარელი თეთრი პერანგით. ხმას უმაღლებს, ნაბიჯს უჩქარებს, ცდილობს დაეწიოს, თან ყვირის. უკან კვლავ არ იხედება. მის გონებაში სხვა ხმაა დაბუდებული და ვაჟის ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ძახილი არ ესმის.
არლეკინო ეწევა. მკლავზე ხელს ჰკიდებს. ძალით თავისკენ ექაჩება. შეშინებულს უყურებს. ყბა უკანკალებს.
ბათე კარვიდან გადის. ასე არასდროს იქცევა. ძალიან მიკვირს. ყოველთვის ბოლომდე უყურებს. ვიცი, რომ არლეკინო არ მოსწონს, მაგრამ დღეს ისიც ძალიან კარგად თამაშობს. არაფერი მესმის. წესით კმაყოფილი უნდა იყოს.
-გამომყევი.- ცდილობს დააბრუნოს, მაგრამ ილარია ჯიუტდება. ხმისამოუღებლად ხელში ძალას იკრებს. თავიდან იშორებს. ზურგის ქცევას ,მოჭრილი გზის გაგრძელებას ცდილობას.
-სად მიდიხარ? - წინ ეღობება. ორივე ხელით მაგრად იჭერს. ამჯერად მთელი ძალით უყვირის.
-ყველაფერი იწვის. - ის გრძნობს ყოველ სიტყვას, რომელსაც ამბობს.
-მესმის.
-ყველგან ცეცხლია.
-ძალიან გთხოვ.
-ავი, გამანადგურებელი ცეცხლი.
-შენ ცოცხალი ხარ.
-მეც ვიწვი.
-მე შენს გვერდით ვარ.
-ყველასაგან შეუმჩნევლად. ალში ვიკარგები.
-მომისმინე.
-ახლა მხოლოდ ჩემს ნარჩენებს უყურებ.ფერფლს. - ხმას იდაბლებს. ყოველი ბგერა შემაძრწუნებელი ხდება - მე ჩემს ცხოვრებაზე უარი ვთქვი.
-ამის უფლება ვინ მოგცა? ვინ მოგცა უფლება მოსიარულე გვამს დამსგავსებოდი?! მიპასუხე! - არლეკინოს ღრიალი პირველად მესმის. არ მეგონა, რომ ასე კარგად შეეძლო როლის მორგება.
-მკვდარია გესმის?
-უნდა შეეგუო.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ადამიანი ხარ! ამ ტკივილით ცხოვრება უნდა ისწავლო.
ილარია ხელს კრავს. წამით მგონია, რომ არლეკინო წაიქცევა. მათ გარშემო მაყურებელს ვერ ვხედავ. შეუძლებელია მათი ყურებისას რაიმე სხვა გაიგონო ,დაინახო ან იფიქრო.
-ასე მარტივად ეგუები.
-მეც ძალიან მიჭირს.
-არ გიჭირს. ის ჩემი ნაწილი იყო გემის?! ჩვენ ერთნი ვიყავით. ახლა სად არის?!
-მკვდარია!
-საკმარისია. გემუდარები საკმარისია!
-ჩემი შვილი მკვდარია.
-ჩვენი შვილი, ილარია. ჩვენი შვილი!
-შვილმკვდარი დედა ვარ.
-უნდა გაუმკლავდე. თავი ხელში აიყვანო.
-დაბადებაც ვერ მოასწრო.
-შენ დამნაშავე არ ხარ.
-ვერც კი ვნახე, ვერც შევეხე. ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ ერთზე ვოცნებობდი - მისი სახე მენახა, გულში ჩამეკრა - რამდენიმე წამით მაინც. ნუთუ ბევრს ვითხოვდი?
-არა, შენ ამ ტკივილის ვერ იგრძნობ. მე მას ჩემი სხეულით ვატარებდი. ვერც წარმოიდგენ რამხელა სიცარიელეს გრძნობ, როდესაც შენში რაღაც კვდება, ლპება და მთელ სხეულში სიკვდილის სუნი დგება. ყველაფერი მისით იჟღენთება. ყოველი ამოსუნთქვისას თავს მახსენებს- ცრემლებს ვერ იკავებს. ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდა თამაშისას ტირილს. - მომიკლეს.
-უსამართლოდ იქცევი. მე მექცევი.
-როგორ ბედავ სამართლიანობაზე მელაპრაკო?
-ნუთუ, შენში ყველაფერი შეიცვალა?
-მისი მკვლელები გახარებულები ვერ იქნებიან. მისი სისხლით გასვრილი ხელებით ვერ იცხოვრებენ.
-ეს ბუნების ნება იყო.
-“მისი”- სახელიც კი არ აქვს. ჩვენს პატარა ბიჭს, სახელიც კი არ აქვს. არც საფლავი. სად წაიყვანეს? მიპასუხე სად წაიყვანეს!
ხველა უტყდება. სუნთქვა უჭირს. უკან ბრუნდება. მუხლებზე ეცემა. არლეკინო გაყინულია. ილარია მოედანს ეყრდნობა.
-ექნება! - დავარდნილს უახლოვდება. მის გვერდით მძიმედ ეშვება. ხელზე მაგრად ეჭიდება. -ჩვენს შვილს საფლავიც ექნება და სახელიც. მას ჰყავს მშობლები და ეყოლება დები და ძმები. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას მომავალი. მისი ხსოვნა არ ჩავაბაროთ წარსულს. მასზე სულ ვილაპარაკებთ. მუდამ გავიხსენებთ, მოვყვებით.
-რას მოვყვებით, არლეკინო?
-მოვყვებით, თუ როგორ ველოდებოდით. როგორი წარმოგვედგინა. რაზე ვოცნებობდით. როგორ ვემზადებოდით. როგორი რთული ფეხმძიმობა გამოიარე! როგორი სიხარული გვეწვია, როდესაც გაიგე, რომ ორსულად იყავი. მოსაყოლი ბევრია - ამ ტკივილზეც ვილაპრაკებთ და , რა თქმა უნდა, იმ სიყვარულზეც, რომელიც მან გვაჩუქა.
-არლეკინო, ჩვენ დავკარგეთ ფრთები, რომლითაც შეგვეძლო თავისუფლად გვეფრინა მოლურჯო ცაში.
-დავიბრუნდებთ.
-ეს ლეშის სუნი მუდამ თან გამომყვება. სულ მექნება შეგრძნება, რომ გარშემო ათასი მშიერი ყვავი მეხვევა. რთული ჩამოსარეცხია; სწორედ ჩემს დასაგლეჯად გამზადებულ ყვავებს იზიდავს.
-მე შენთან ერთად ყველაფერს გადავიტან.
-შენც დაიტანჯები. ჩემთან ერთად ცხოვრება გაუსაძლისი გახდება.
-ერთად ვიგლოვებთ. მე ფიცი დავდე - ყოველ ჭირს ავიტან. უბრალოდ მომეცი ნება მუდამ შენთან ვიყო.
-იცი რა მანადგურებს?
-მითხარი.
-მე რატომ? ჩვენ რატომ?
-ამ კითხვაზე პასუხს არავინ გაგვცემს.
-ვინ ვარ?
-მსხვეპრლი.
-დამნაშავე?
-არავინ.
-მსხვერპლი არ არსებობს დამნაშავის გარეშე.
-რაღა მნიშვნელობა აქვს?
-სიმართლის ყოველთვის მჯეროდა. იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც ამბობდნენ. რწმენა, არასდროს დამიკარგავს.ახლა, ნაწილებად ვიშლები. სწორედ ეს სიმართლე მამსხვრევს.
-ძალიან ვწუხვარ. შენ მართალი ხარ. მე შვილმკვდარი დედის ტკივილს ვერ გავიზიარებ. მხოლოდ შემიძლია ჩუმად მოგისმინო. შენს ქვითინს ყური ვუგდო. მაპატიე. უმაქნისი ვყოფილვარ.
-აკი, მითხარი თავი არ დაიდანაშაულოო.
-ხანდახან, დამნაშავის ცოდნა არაფერს შველის. არც იმის ცოდნა რომ უდანაშაულო ხარ. ტკივილი მაინც რჩება.
-რა როგორ იქნება?
-შენ იცოცხლებ ილარია. ძალიან დიდხარს. ბედნიერად. მუდამ ატარებ ამ ტკივილს. სამწუხაროა, რომ პირველ შვილს მხოლოდ ტკივილი მოგვაგონებს.ერთად ვიცხოვრებთ. ალბათ, ოდესღაც გავუმკლავდებით კიდეც.
ფარდა უხმაუროდ ეშვება. პირველი აქტი მთავრდება.
თავბრუ მეხვევა, მცივა. ცრემლები ღაწვებს მისველებენ. რამდენი ხანია აღარ მიტირია. მთელი სხეული მითრთის. თავს ვერ ვიმორჩილებ. ელაიზა და ივა შეშინებულები მიყურებენ. რაღაცას მეუბნებიან მაგრამ არ მესმის. დახმარებას ითხოვენ. ვანიშნებ გაჩუმდნენ.
წყეულიმც იყავ ბალთაზარ. წყეულიც იყავ!

-მართა, თავს როგორ გრძნობ?
ივას წყალი მოაქვს. ვცდილობ გამოვფხიზლდე, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ბათეს ვეძებ. მინდა ვნახო - ეს მოჩვენება არ ყოფილა. მისი მზერა; ის მაფრთხილებდა. ჩემი განადგურება უნდა. საშუალებას არ მივცემ.
ვნახავ.თვალებში ჩავხედავ. ლაპარაკს ხმადაბლა დავიწყებ :
-მეზიზღები ბათე. ყოველი შენთან გატარებული წამი. მეზიზღება ის ვინც, საკუთარი თავისაგან შექმენი. დღემდე თავს ვიდანაშაულებდი. ჩვენი შვილის მკვლელობას მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებდი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის არ გამიკეთებია. რატომ მეუბნები, რომ ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა, რომლის მიზანიც შენთვის ტკივილის მოყენებაა? რისთვის მიხდი სამაგიეროს? მე ჩვენი ოცნებები გადავარჩინე და ყველაფერი შეუმჩნევლად დასრულდებოდა, რომ არა ეს წყეული სინდისის ქეჯნა, რომლის მსხვერპლიც მე ვიყავი. შენ არ წარმოგიდგენია ტკივილი, რომელსაც მე ჩემი სხეულით ვატარებ. ამაზე დიდ ტკივილს შენ მე ვერასდროს მომაყენებ. შენთან შეხვედრის შემდეგ ჩემს გონებაში საოცარი მელოდია დალაგდა. სიმებისაგან მომავალი ხმის ჟღერადობა სწორედ ამ დღეს გაწყდა. მე ვიცი რა არის სიკვდილის სუნი. როგორი მძიმეა. განა, მე არ მინდოდა შვილის ყოლა? ნეტავ, ეს ყველაფერი დამავიწყდეს! დღე არ გასულა, რომ არ წარმომედგინა მისი სახე; სახლის კედელზე ჩარჩოში ჩასმული ჩვენი ოჯახის სურათი. პატარა, კეთილმოწყობილი სახლი. ალბათ, ახლაც დარწმუნებული ხარ, რომ ეგოისტურად მოგექეცი, მაგრამ ნუ გავიწყდება მე შენ სიმართლე გითხარი - “აბორტი გავიკეთე”. ეს მოკლე წინადადება ძალიან რთული წარმოსათქმელი იყო. მე ამ წამს მოვკვდი, რადგან ვეღარ დავინახე შენს თვალებში ის, ვინც გიყვარდა; ვის გამოც ყველაფერს დაუფიქრებლად დათმობდი; ვისაც მინდოდა ვმგვანებოდი. მე ამ ბგერებთან ერთად დავიკარგე. დამაინც, ყოველი გრძნობის გარეშე გიყურებდი თვალებში, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი გარდა ბინდისა.
არა, სიამაყის ნიღაბი არ დამსხვრევია. ის ახლაც შემომრჩა.
ვერასდროს ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ იყო სიამაყე შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისაგან ერთ-ერთი - ახლა ვიცი. იმ დღეს შენი წყალობით მივხვდი.
ერთ დღესაც ამ ყველაფერს მხოლოდ შენ გეტყვი, თუმცა ახლა უნდა გავმაგრდე:
-უკეთ ვარ. ნუ ნერვიულობთ.
-გაფითრდით. დახმარებას მოვიყვან.
-ელაიზა, არ გინდა ძალიან გთხოვ.
-მგონი დასვენება გჭირდებათ.
-როგორ შთაბეჭდილება დატოვეს ილარიამ და არლეკინომ? - სულაც არ მსურს ახლა გასმოვლაზე ლაპარაკი, მაგრამ ზედმეტ კითხვებს მხოლოდ ასე მოვიგერიებ. ვერაგი რამ არის წარსული.
-მართლაც, საოცარი წყვილია! - სიამოვნებით მპასუხობს ივა, როდესაც რწმუნდება, რომ ძველი ფერი დამიბრუნდა.
-ივა, ახლა ამის დრო არ არის. - ელაიზას ჯერ კიდევ ჩემი მარჯვენა ხელი უჭირავს. გულისცემას ყურს უგდებს.
-რატომ ელაიზა? უბრალოდ გადავიღალე. ესე იგი, მოგეწონა ივა?
-საოცრად. შინაარსზე მეტად ილარიასა და არლეკინოს ერთობაა მიმზიდველი.
-ერთობა?
-ხო, თითქოს ერთი სხეულის ორი ნაწილნი არიან. ერთმანეთს ავსებენ.
-ეს სიყვარულია.
-და , რაც მთავარია, გულწრფელი.
-შენ რას ფიქრობ ელაიზა?
ელაიზას გამომეტყველება წამში იცვლება. სიბრაზისაგან ლოყები უწითლდება:
-მე ვფიქრობ, რომ ბათე ძალიან ბოროტია! ტკივილის ხარჯზე ცდილობს ადამიანების გულის მოგებას. ტკივილი ისედაც საკმარისია. რატომ მიჰყვებით მას კითხვების დასმის გარეშე?! მოგწონთ ის, რასაც თესავთ?
-მეეჭვება არლეკინოს თავისი დღევანდელი როლი მოსწონებოდა.
-რატომ?
-ალეკინო ჯამბაზია. მომღიმარი, ხალხის მაცინებელი.
-ჯამბაზს დღეს სულაც არ ჰგავდა.
-ჩემო კარგო, ამას მრავალი მიზეზი აქვს. შეიძლება უბრალოდ საკუთარი გრძნობის ჩვენება სწადდა. ჯამბაზის ნიღაბი შეუვალი კედელია. მის სიღრმეში მრავალი გრძნობა ბუდობს, მაგრამ არავის შეუძლია მუდამ ჭეშმარიტება მალოს. დღეს არლეკინო ჯამბაზი არ ყოფილა. ის არ მართავდა საკუთარ თავს. მისი გრძნობები ზედაპირზე გამოვიდნენ, მის მთელ სხეულს მოედნენ და ყოველი კუნჭული აალაპარაკეს. სწორედ ეს არის ჩვენი ცირკი. ის განსაწმენდელია იმ მრავალი ტკივილისა, რომელიც ჩვენს სხეულს ჟანგის სქელ ფენად აწევს . სევდა ეშმაკივითაა - მაშინ არის ძლიერი, როდესაც ყველას თავის არარსებობაში არწმუნებს.
-ალბათ, მართალი ხარ.
-ამაზე მეც არაერთხელ მიფიქრია.
-არ მესმის. ნუთუ, ამას მივსტირით? ყველაზე მეტად ეს გვაკლია?
-მეეჭვება ყველაფერი გახსოვდეთ. ალბათ, ძალიან პატარები იყავით. პირველად, ყველაფერი შეუმჩნევლად დაიწყო. -უცებ ვჩერდები. ხმის ტონი მეცვლება - ივა, სარკე საიდან გქონდა?
ერთმანეთს უყურებენ. ორივე ცბება.
-არ გინდათ, მიამბოთ საიდან მოდიხართ?
-არ შეგვიძლია.
-მოგიწევთ.
მეორე აქტის დასაწყისი ელაიზასა და ივას მხსნლად ევლინება. მძიმე ფარდის აწევის ხმა სიჩუმეს თესავს. ამ საუბარს მაინც აუცილებლად დავამთავრებთ, მაგრამ მეყოფა თუ არა გამბედაობა ბათესაც ვუთხრა ყველაფერი ის, რაზეც ამდენი წელია ვფიქრობ?
მაყურებელს მხოლოდ ახლა დავაკვირდი. რამდენიმე ქალმა ცრემლიც ვერ შეიკავა. ისინი ტირიან, მაგრამ ვერ აცნობიერებენ. ერთმანეთს ყურადღებას არ აქცევენ. ეს უბრალოდ სითხეა.
მოედანზე არაფერი შეცვლილა. ამჯერად შიში მიპყრობს. გაგრძელების ყურების სურვილი დავკარგე. არ აქვს მნიშვნელობა კარგი იქნება თუ ცუდი - ეს შეიძლებოდა ჩემი ცხოვრების გაგრძელება ყოფილიყო.
ილარია და არლეკინო მუხლებზე დგანან. გვერდი-გვერდ, ზურგით მაყურებლისკენ. ერთმანეთს არ უყურებენ; არც წინ იყურებიან; არაფერს უყურებენ.
ილარია იწყებს :
-ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ ერთი სახელი აქვს.
-ერთ დღეს გავიღვიძეთ და ის სხვას აერჩია.
-როგორი ცხოვრება გქონდა არჩეული?
-ილარია, ეს შენ ძალიან კარგად იცი.
-ოცნებასთან მიახლოვებისას, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.
-თითქოს დაკარგული მოლივლივე სხეულები ვართ.
-იცი, ყველაზე მეტად როდის შემეშინდა?
-მითხარი.
-როდესაც, საავადმყოფოში, ოთხ კედელში გავიღვიძე და მუცლის ღრუში სიცარიელე ვიგრძენი. მომეჩვენა, რომ ყველგან სისხლი იყო და მეც მასში ვიძირებოდი. ვუყურებდი თეთრ კედლებს და ზიზღს მგვრიდა იქაურობა. მე იქ პირველი არ ვიყავი. მათ ბევრი ჩემნაირი ენახათ.
-ქარმა დაუბერა.
-მდელოში გაშლილ ყვავილებს ფოთლები წააცალა.
-ისინი მიფრინავდნენ.
-შორს.
-სხვა მხარეს.
-იფრნენენ მანამ, სანამ მიწაზე არ დაეშვებიან.
-როდესაც შეეხებიან სიკვდილს მიუახლოვდებიან.
-უმოძრაოდ დაელოდებიან აღსასრულს.
-იქნებ მართლა შევძლოთ შევქმნათ სახლი?
-ჩვენთვის და ჩვენი შვილისათვის.
-არლეკინო, შენთან გულახდილი არასდროს ვყოფილვარ. სწორედ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. მე სახლი არასდროს მქონია. ოდესღაც, ძალიან ადრე იყო დრო, როდესაც ჩემს ოჯახს მართლა ერქვა ბედნიერი. აღარ მახსოვს. სამი წლის ვიყავი, როდესაც ბებია გარდამეცვალა. დედა დაობლებამ გაანადგურა, მან კი მამა. ძალიან მეშინია, რომ ჩემი ტკივილი გაგვხლეჩს, სიყვარულს მოსპობს. მამაც ცდილობდა დედის დარდი გაეზიარებინა, გვერდში დადგომოდა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. არასდროს არ შემპარვია ეჭვი, რომ მამას უყვარდა დედა, მაგრამ დედას ყველაზე მეტად სევდა შეუყვარდა. ის ცოცხლად გარდაიცვალა. ამიტომ არ ვამხელ ჩემს გვარს. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ჩრდილია, რომელიც მუდამ დამსდევს.
არლეკინო ჩუმად ისმენს. ერთმანეთს კვლავ არ უყურებენ. ილარია აგრძელებს:
-სახლიდან ღამე ვიპარებოდი. მიყრუებულ ბარებში. იქ სადაც ვერავინ მიცნობდა. ასე მერჩივნა - მარტო, უცნობ ხალხში, ჭიქა ღვინო. რა მარტივი იყო - იქ რასაც გინდა იმას დაირქმევდი. წამებში შექმნიდი საკუთარ ცხოვრებას და ვერც ვერავინ გაიგებდა სიმართლეს ამბობდი თუ ტყუილს. ეს წარმოსხვაა, რომელსაც საკუთარი თავისთვის ქმნი. უბრალოდ, გრძნობ რამდენიმე წამით მაინც, რომ საკუთარი ცხოვრების მხატვარი ხარ. პასტელის ფერებს ერთმანეთს ურევ. იკარგები მათში და არ გინდა უკან დაბრუნდე. - მაინც არ მესმის, როგორ შეუძლია ასეთი გულწრფელი იყოს. ვუსმენ და წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მართალია - სახელს ფრთხილად ვარჩევდი. სანამ, ერთ დღეს გაუცნობიერებლად, უცხოს წინაშე დედის სახელით არ წარვსდექი. “ნიტა” - როგორც კი ეს სახელი ვახსენე ჩემი სხეული დავკარგე. ამ დღის შემდეგ მარტო ღამე აღარ გავსულვარ.
-ვიცი, ილარია - ეს ყველაფერი ვიცი. ამ ყველაფერს შენი თვალები მიყვებიან. ყოველ იმ სევდაზე, რომელიც სახლისაკენ მიმავალს გიტარებია და ყოველ იმ სიხარულზე, რომელიც სახლიდან გამოსულს განგიცდია. ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ.
-მე რატომ გამეცანი ნამდვილი სახელით?
-არ ვიცი. უხილავმა ხმამ მიკარნახა, რომ არ მინდოდა სხვა სახელით დაგმახსოვრებოდი.
ილარია არლეკინოს უყურებს, არლეკინო- სიცარიელეს. ელოდება, რას როგორ იტყვის. ისიც ფიქრობს რა თქვას. ძალიან დაღლილია; სახე მასაც სევდით აქვს სავსე. ეს მისი შვილიც იყო, მაგრამ საყვარელზე უფრო ღელავს და ,რა თქმა უნდა, მომავალზე.
-ილარია, შენი სახელი სიმართლეა, რომლის წინაშეც ყოველი სიცრუე ქედს იხრის.
ჯერ არლეკინო დგება, შემდეგ კი ილარიას წამოდგომაში ეხმარება. ერთმანეთს უყურებენ. მოედნის წვერზე მდგარი ქოთნისაკენ იხრებიან. რა უცნაურია, აქამდე არ შემიმჩნევია. მაყურებლის დასანახად მიწას მისკენ ყრიან. ფარდა ეშვება.
როგორ აკეთებ ამას ბათე? როგორ შეგიძლია ასეთი სასტიკი იყო?

-ხედავ ელაიზა? ეს ამბავი ტკივილზე არ ყოფილა. - ივას ხმაში კმაყოფილება ერევა.
-შენ რა გესმის, სულელო. მაშ რაზე იყო?
-სიყვარულზე.
-ნუ მაცინებ.
-სიყვარულზე, რომელსაც ტკივილი ვერ ერევა. რომელიც დავივიწყეთ. ის, რომელიც ტკივილმა დაგვავიწყა. არ არსებობს შვილის დაკარგვაზე ძლიერი ტკივილი! მაგრამ მასაც უნდა გაგება, მოსმენა. რამდენიც არ უნდა დაუძახოთ ბათეს სასტიკი, ის მაინც გენიალური ავტორია!
ელაიზა განრისხებულია. ბათემ თავი არც ისე კარგად დაამახსოვრა. თავს ვეღარ იკავებს :
-ამპარტავანი ხეპრეა!
-ამაში ვერ დაგეთანხმები. -საუბარში უხეშად ვერევი -შეხედე, ელაიზა - ილარია და არლეკინო კმაყოფილები ჩანან, ერთმანეთს ეალერსებიან. ალბათ, მართალი ხარ ივა.
საღ აზრს ვუბრუნდები. ამართლებს კი ეს ლამაზი დასასრული იმ ტკივილს, რომელიც შენ მე მომაყენე, ბათე?
-მას სულ სხვა რაღაცის ჩვენება უნდოდა. მგონი ვხვდები, რამაც შთააგონა - ძალიან ადრე ერთმა შემხვედრმა ხალხური არაკი გვიამბო. ტბაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. არარეალურ ადგილზე; სადღაც ცისა და მიწის გასაყარზე. ნისლში ჩაძირულ ტბაზე. ორი შეყვარებულის შეხვედრის ადგილზე. მისი თქმით, მხოლოდ მათ შეუძლიათ იქ მისვლა. - მზერას ღრუბლებს ვაყოლებ - გაცისკროვნებულს სხვა ვერავინ მიუახლოვდება. თვეში ერთხელ, ერთსა და იმავე დღეს, ერთი მეორეს უცდის. პირველი ვაჟი მიდის. თეთრში გამოწყობილი წამებს ითვლის. ალბათ, იღიმის. შორიდან, ტბაში მისი მაღალი, გამხდარი ანარეკლი მოჩანს, მაგრამ მის სახეს ვერავინ ხედავს. უცნაურ გრძნობაზეა ეს არაკი. შეგრძნებაზე, რომელსაც ბევრი ვერ გაიგებს. ყველამ იცის, რომ ის ამაღლებულია, მაგრამ მას არავინ ირჩევს. ეს ტბაც ამიტომ გახდა უხილავი. ამიტომ არიან ისინი განწირულნი სიყვარულისათვის, რომელიც მათ უნდათ და ის ტკივილიც მიიღეს, რომელიც მას თან ახლავს. ნისლიდან მოფრენილი ათასი მანათობელი პეპელა ღრუბელს აპობს. რამდენიმე წამით დამალული ტბაც გამოკვეთილად ჩანს. მას მხოლოდ ის დაინახავს ვისაც საკუთარი თავისათვის მოუსმენია და საკუთარი გრძნობები მიუღია. ისინი მხოლოდ ბილიკს უკვალავენ. და , აი, ისიც. ჩამავალი მზე თავის ბოლო სხივს უძღვნის. სილუეტი ლივლივებს. ტბის ზედაპირს ნაზად ეხება. სარკისებრი ირეკლავს მის თეთრ კაბას, ქართან მოცეკვავე გრძელ, ოქროსფერ თმას. ვაჟი კვლავ თვალდახუჭულია გაყინული. ელის როდის გაუსწორდება პირისპირ. უნდა ის იყოს, პირველი, რასაც დაინახავს. მათი მზერა შეხვდება. გაანათებს, ტბა სინათლეს აირეკლავს და გაბწყინდება ისე, როგორც არასდროს არაფერი გაბრწყინებულა. სინათლე კვლავ ნისლში დიკარგება. ღრუბლები ჯანღად ჩამოწვებიან. სილუეტები ფორმას დაკარგავენ. ღრუბლებიდან კი სავსე მთვარე გამოანათებს. - მინდა ისიც გავამხილო, რომ ეს არაკი მოხუცმა ჩვენ მოგვიძღვნა, მაგრამ ვჩუმდები.
-ასეც არის. ძალიან მინდა ხვალინდელმა დღემ მალე ჩაიაროს. შემდეგ მატარებელში შეპირებულ ამბავს ველით.
-დაგიმახსოვრებიათ. ადგილებს დაუბრუნდით. ხალხმა გასვლა დაიწყო. ახლა, თქვენი ჯერია.
-არის.
უკვე ვთქვი, რომ ელაიზა და ივა, ჩემსა და ბათეს ახალგაზრდობას მაგონებენ. - არ ვიცი რა ვიფიქრო, მაგრამ თუკი მათ ერთმანეთი უყვართ, ძალიან მინდა მათი ამბავი სხვანაირად დასრულდეს.


***
წარმოდგენის შემდეგ ბრბო თავს კარვებს შორის იყრის. დღევანდელი დღის მთავარი გმირები მხიარულები ჩანან.
ილარიასთან და არლეკინოსთან რამდენიმე დღეა არ მისაუბრია. ბავშვებისა და მათი პატარა “ნიჭის” შესახებ ვუამბობ. ინტერესდებიან; ილარია ელაიზასკენ მიეშურება, არლეკინო ივასკენ.
მე სადღაც შუაში ვრჩები და შევყურებ მათ ზურგებს. შორდებიან, სხვადასხვა მხარეს მიდიან, მაგრამ მაინც განუყრელები რჩებიან. ნეტავი, რა განსხვავებაა მათ ერთობასა და ლიზასა და დანიელის დუეტს შორის?
-დღე მშვიდი! - არლეკინო გაბადრულია. ივა აშკარად მოსწონს. მის აჩეჩილ თმაზე ეცინება, მაგრამ არ იმჩნევს.
-მოგესალმებით, თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან ამაღელვებელი იყო.
-დიდი მადლობა, მაგრამ აქ ქების მოსასმენად არ ვარ მოსული - თვალს უკრავს -მინდა ჩემს შესახებ მიამბო.
-შევეცდები. - ამჯერად ივას წინ ათიოდე ფერადი ბურთი და ამდენივე ამოტრიალებული თასი დევს. ატრიალებს, ურევს, თან არლეკინოს თვალს არ აშორებს. შეიძლება მას უფრო აინტერესებს მისი წარსული ვიდრე არლეკინოს. ცალსახაა, რომ ჯამბაზის ნიღბის უკან დამალულს ყველაფერი ახსოვს.
-აირჩიეთ ბურთულა. მასში თქვენი სანუკვარი ოცნება იმალება.
-დავიწყოთ. - რიგით მეოთხეს ირჩევს. მისი საყვარელი რიცხვია. ივა ნელ-ნელა თასს სწევს. ბურთულა ლურჯია. არლეკინო უყურებს.თითქოს იძირება. საინტერესოა რას ახსენებს.
მე წარმოვიდგენ კარავს, ჩვენი ცირკის ვერტიკალური,შავი ხაზებით აჭრელებულ კარავს.
ხამამაღლა ფიქრობს :
-ჩემი სახლი ზღვასთან ახლოს იყო. ყოველ დილით ფანჯრიდან მის ტალღებზე გაბნეული განთიადის სხივებს ვუყურებდი. მარილიან სიოს ვუსმენდი. მის ჰანგეთან ერთად ვტრიალებდი. სიყმაწვილისას ჩემი ზაფხულის ყოველი დღე წყალში გადაშვებით იწყებოდა. ვიძირებოდი ტალღების მკლავებში. არ ვფიქრობდი, მხოლოდ ვგრძნობდი. არც ვმოძრაობდი მანამ, სანამ ჰაერის უკმარისობა ნაპირისკენ დაბრუნებას არ მიბიძგებდა. წყალში თვალს ვერ ვახელდი, მარილიანი მწვავდა. ყოველთვის ნაპირზე დაბრუნებული ერთ სურვილს ვიმეორებდი - ნეტავი წყალში უკეთესად ვხედავდე. მაშინ შევძლებდი დამენახა, წყალქვეშა ცხოვრების სილამაზე, მაგრამ როგორც არ უნდა მეცადა მხოლოდ ლურჯ ფერს ვხედავდი. სწორედ ეს ლურჯია მოქცეული ამ ბროლის ბურთულაში.
რიგით მეშვიდესკენ თვალებით ანიშნებს.
-შემდეგ თასში - არ უნდა მონათხრობზე რაიმე უპასუხოს. სმენადაა ქცეული. მეორე თასს მარჯვენა ხელის სწრაფი მოძრაობით აბრუნებს. ამჯერად ბურთულა მუქი ნარინჯისფერია, თითქმის ყავისფერი. - ეს თქვენი სიზმარია.
-მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ორი სიზმარი დამამახსოვრდა. ბავშობიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რომელი საქმისათვის უნდა მიმეძღვნა ცხოვრება. ჩემმა მშობლებმა პირველი ვაჟი დაბადებიდან რამდენიმე დღეში დაკარგეს, ამიტომ ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული. ერთ ღამესაც ციებ-ცხელებამ შემაწუხა. რთულია ამ ყველაფერს სიზმარი უწოდო, რადგან დანამდვილებით მახსოვს, რომ ვერაფრით ვისვენებდი. უბრალოდ ,როდესაც თვალებს ვხუჭავდი, თეთრ ნიღაბსა და რამდენიმე ჰორიზონტალურ სხვადასხვაფერ ზოლს ვხედავდი. საღებავი არათანაბრად იყო სახის მხარეებზე მისხმული, მაგრამ ნიღაბი იცინოდა და შემიძლია დავიფიცო, რომ მისი სიცილის ხმა ცხადად მესმოდა.
-ჯამბაზობა ამ ღამის შემდეგ გადაწყვიტეთ?
-კი და ეს არც დამიმალავს. მეორე დღეს ვახშმის დროს ჩემს მშობლებს ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი. მათ გაიცინეს და ეს სიცილი საოცრად ჰგავდა იმ ხარხარს, რომელიც “დამესიზმრა”. თურმე იმ ნიღაბმა იცოდა, თუ რა მქონდა გადაწყვეტილი და წინდაწინვე დამცინოდა. მეორე ღამით განერვიულებულმა გავიღვიძე. როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველას ეძინა, სიგარეტს მოვუკიდე. ხშირად ვეწეოდი, მაგრამ მოწევა არ მიყვარდა, თუმცა ამჯერად ღამის სიჩუმის ქვეშ დამალულს მოწევა ნამდვილად მესიამოვნა. სევდიან გუნებაზე არ ვიყავი. უბრალოდ სიზმარზე ვფიქრობდი. დამესიზმრა, რომ მოწყენილი მაგიდასთან ვიჯექი. ნელა ვჭამდი, ჩვეულებრივზე ნელა ვღეჭავდი და ყოველ ლუკმას მძიმედ, არასასიამოვნოდ ვყლაპავდი. პირველად ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც ჩემს გარშემო ვუყურებდი. ყველას ჩემი სახე ჰქონდა, მაგრამ შესახედაობა - განსხვავებული. ვერ ვხვდებოდი მიყვარდა თუ მძაგდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა მყვარებოდა და არ მიყვარდა, მაგრამ არც მძაგდა. მე არავინ მეზიზღებოდა. გამოგიტყდე, არ მახსოვს რაზე საუბრობდნენ და არც ვარ დარწმუნებული, რომ სიზმარში ვუსმენდი, მაგრამ ამ ამბიდან ორი რამ სამუდამოდ შემოიჭრა ჩემს გონებაში - პირველი იყო შეგრძნება, რომელიც მეუბნებოდა, რომ არ მინდოდა მათი მსგავსი ვყოფილიყავი და მე მართლაც ვიცოდი, რომ მათ არ ვგავდი. არ ვიცი რატომ არ მინდოდა, არც ის ვიცი მათზე უარესი ვიყავი თუ უკეთესი, მაგრამ საშინლად არ მინდოდა მათ დავმსგავსებოდი.
ვრწმუნდები, რომ ელაიზასა და ივას მოყვანა სწორი ნაბიჯი იყო. ისინი გაართობენ ხალხს, რომელიც ვერ ჩაწვდებიან მათ გამოძახილს, აი, ჩვენ კი დაგვეხმარებიან გავიხსენოთ.
-მეორე რა დაგამახსოვრდათ?
-ნარინჯისფერი გადასაფარებელი, რომლის ყურებაც ჭამისას გულს მირევდა.
-ბოლოს როგორ მოიქეცით?
-ბოლოს ჯამბაზი გავხდი. ჩემები მეუბნებოდნენ, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ გავჯიუტდი. ხანდახან შეცდომა უნდა დაუშვა, რომ შემდეგ გამოასწორო. რაღაც უნდა დაკარგო, რომ მისი პოვნა შეძლო. აბა, მესამე თასში რა მელოდება? -გამომწვევად კითხულობს და მარჯვნიდან ბოლო თასს ირჩევს.
ივას გული უჩუყდება. რამდენიმე წამი გამორკვევა უჭირს :
-მესამე თასში თქვენი შიში იმალება.
-აბა, ვნახოთ. - მესამე ბურთულა მწვანეა. არლეკინო უყურებს, აკვირდება შემდეგ კი უღიმის - ამჯერად ვერაფერს გიამბობ. სამწუხაროდ, შეცდი; მწვანე ჩემი საყვარელი ფერია.
იქნებ ეს უბრალოდ დამთხვევაა? თუ არა მაშინ ივამ მესამე ბურთულას “შიშის” მაგივრად “საყვარელი” უნდა უწოდოს.
-ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.
-კიდევ ბევრჯერ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა.
ივა რაღაცის კითხვა კიდევ სურს, მაგრამ ახერხებს. მორიგი მსურველი მისკენ იჭრება. არლეკინო ჩემსკენ ბრუნდება. კმაყოფილების ნიშნად თავს მიკანტურებს. ამ ჟესტით ბავშვების მოყვანისათვის ხოტბას მიძღვნის.
-და რატომ გიყვართ მწვანე? - ხელით იგერიებს ახალგაზრდას, რომელიც მის ყურადღებას მოითხოვს. ბუზღუნით ეუბნება რამდენიმე წამი დაელოდოს.
არლეკინო ბრუნდება :
-იმიტომ, რომ მწვანე ნიღაბი არასდროს მკეთებია. ამაზე საუბარი კი სხვა დროისათვის გადავდოთ.
მათი მიყურადებისას ისე გავერთე, რომ ელაიზა და ილარია სულ დამვიწყებიან. ამასობაში კი ილარიას კარტი ამოურჩევია. საინტერესოა, თუ რა უპასუხა ილარიამ, როდესაც ელაიზამ კითხა, თუ რა ახსოვდა წარსულის შესახებ; ილარიას არ ახსოვს განვლილი ცხოვრება, მაგრამ ახსოვს საკუთარი აწმყო და არლეკინოს წარსული, რომელიც საკუთარზე მეტად უყვარს.
ფეხის წვერებზე ვიწევი. ახლა ვხედავ - კარტზე რამოდენიმე მწვანე ორნამენტი შუაში კი თეთრი შროშანია გამოსახული. მის მსგავსად ნაზი. მიმზიდველი, მაგრამ ის მისთვის არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც ჩემთვის. მინდა მოვუსმინო მათ საუბარს, მაგრამ თავში მხოლოდ არლეკინოს ხმა ჩამესმის. “ხანდახან შეცდომა უნდა დაუშვა, რომ შემდეგ გამოასწორო”.
როგორ უნდა გამოვასწორო ჩემი შეცდომა? ძალიან ძნელია ადამიანისთვის, რომელსაც პატიება არ შეუძლია, ვინმეს პატიება სთხოვოს. უსამართლოა, თუმცა მე ჩემი ყოველი გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა უნდა ავიღო. ბოლოსდაბოლოს, აღარ ღირს წუხილი იმის გამო, რაც აღარ არსებობს.
სად ხარ ბათე?
-არლეკინო, ბალთაზარი ხომ არ გინახავს?
-პირველი აქტის ბოლოს მოვკარი თვალი. მას შემდეგ აღარ შემიმჩნევია.
-სიმართლე გითხრა გამაკვირვა შენმა დღევანდელმა ხატებამ.
-მოველოდი. არ ვიცი, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეები გამორჩეულია. ხომ იცი სევდა ის გრძნობაა, რომლითაც თამაში არ მიტაცებს, მაგრამ ხანდახან ესეც აუცილებელია, ამას მხოლოდ დასასრულის შემდეგ მივხვდი. არ ვეწინააღმდეგებოდი, როდესაც ჩვენი დრამატურგის დაწერილ აბზაცებს ვკითხულობდი. არადა ბრაზი მახრჩობდა. ვიცოდი, რომ ეს გამოწვევა იყო. ჭიდილი კომიკოსსა და დრამატურგს შორის. მხოლოდ ილარიას გამო დავთანხმდი. საკუთარ თავს პირობა ჩამოვართვი, რომ შეუდარებლად შევასრულებდი და გავიმარჯვე, მაგრამ ამავდროულად დავმარცხდი. ანტრაქტის შემდეგ საოცარი შვება ვიგრძენი. გავიგე ბალთაზარის გულისთქმა და ვინანე, რომ ეს ყველაფერი გამოწვევად ან შერკინებად აღვიქვი. იცი რას მივხვდი? თუ მაყურებელს შვებას ვერ მოვუტანთ ისღა დაგვრჩენია ის ჩვენ თავებს ვარგუნოთ.
-რა მნიშვნელობა აქვს თუ მას ვერასდროს გავაზიარებთ?
-არანაირი, მაგრამ თუ მას ჩვენც გავუშვებთ ბოლომდე დაიკარგება და გასაზიარებელიც არაფერი დარჩება. ის არსებობს მანამ, სანამ ჩვენშია და სანამ ჩვენშია არის იმედიც რომ ვიღაც მოუსმენს მას.
-არასდროს წარმომედგინა, რომ ჯამბაზი შეიძლებოდა შენნაირი ბრძენი ყოფილიყო.
-სწორედ ეს არის ჯამბაზობის ხიბლი.
-სასტუმროში დავბრუნდები. ხვალისათვის მოვემზადები. ილარიას ჩემს მაგივრად დაემშვიდობე.
-მართა, მოძებნე!
ვკრთები. ნუთუ, ყველაფერი იცის? მანიშნებს, რომ პასუხი საჭირო არ არის. სიტყვები ჩემს შიშთან შესახვედრად უნდა შემოვინახო. რატომ უნდა მეშინოდეს შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა?
მაინც მართალი აღმოჩნდი ივა. არლეკინოს ვუთანაგრძნობ. ერთ დღეს მწვანე, მისი საყვარელი ფერიც, შიშისმომგვრელი გახდება.
სად შეიძლებოდა წასულიყო? ბათეს ხრიკებს კარგად ვიცნობ. ის მემალება, მაგრამ გამოსაჩენ ადგილას; უნდა, რომ ვიპოვო.
დამალობანას თამაშით დავიღალე. მის მოსაძებნად არ წავალ, მაგრამ არც სასტუმროში დავბრუნდები. ცოტას ქალაქში გავისეირნებ.
***
ოდესღაც ძალიან მიყვარდა მატარებლით მგზავრობა. უცნობებთან საუბრით გამყავდა დრო. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე გაჩერება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ჩვენი შეხვედრა, პირობას ვდებდი, რომ მათ სახეებსა და მოყოლილ ამბებს არასდროს დავივიწყებდი.
ეს პირობაც დავარღვიე ყველა სხვა დადებულთან ერთად.
ახლა, ვეღარავის დაელაპარაკები. ვზივარ და გაჩერებებს ვითვლი. მოუთმენლობისგან გული მიცემს. გარშემო ყურებაც მომაბეზრებელია. ყოველ მხარეს ერთიდაიგივე : ცარიელი გამოხედვა, შავ-თეთრი ტანისამოსი, ვაგონის შუაგულში, ჩემს მარცხნივ ჩამოკიდებული მონიტორი, რომელიც მუდამ საუბარს ერთიდაიმავე სიტყვებით იწყებს : “აღვნიშნავთ მშვიდობის მორიგ დღეს” ან “ათ წელზე მეტი გავიდა ომის შემდეგ”.
მხოლოდ პირველი წელი იყო მტკივნეული; ახლობლების გლოვა ვერავინ მოასწრო, ყველა საკუთარი თავის გადარჩენასა და ახალ ცხოვრებასთან შეგუებაზე ფიქრობდა.
რთულია სხვის სიკვდილზე წუხილი, როდესაც თავად სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე გტოვებენ.
პირველი წლის შემდეგ უკვე არაფერი აღარ შეცვლილა - ცხოვრება ერთ ადგილას გაიყინა და სამუდამოდ ჩამოგვერთვა უფლება რაიმე გადაგვეწყვიტა. შემდეგ ახალი ამბების მოყოლას იწყებს : “წელს სიკვდილიანობის კოეფიციენტი შემცირდა, შობადობის-გაიზარდა. ხალხი მადლობას სწირავს მთავრობას.”- ნეტავ, ვინ წერს ამ დაუსრულებელ ტექსტს. მინდა ვკითხო - მართლა მოსწონს თუ არა ეს ყველაფერი. მონიტორი ამბებს ქალის წვრლი ხმით ჰყვება. ეს დაცინვა უკვე აუტანელია.საწყენი კი ისაა, რომ ჩვენი ხმა ნელ-ნელა მისას ემსგავსება.
ქალაქის ცენტრამდე რამდენიმე გაჩერებით ადრე ჩავდივარ. აღარ შემიძლია დახურულ სივრცეში ამ ცხოვრების ნარჩენებთან ერთად ყოფნა. გზას ფეხითაც გავიკვლევ.
ქარი გაძლიერებულა, შავ ლაბადას ქამრით მთელი ძალით ვიჭერ; არ მინდა ყურადღება მივიქიო. მის შიგნით წითელი მოსასხამი მაცვია. ყველა თვალს გამომაყოლებს ან შეიძლება საერთოდაც ვერავინ დამინახოს. ცდად მაინც არ ღირს.
პირდაპირ ,ქალაქის შუაგულისაკენ, მიმავლები ან სამსახურში მიდიან ან უკან ბრუნდებიან. მე მათ მივყვები. როგორ შეიძლება ყველას ერთი სურნელი ჰქონდეს? გულის ამრევია, მაგრამ ეს სურნელი ჩემს სხეულზეც გადმოდის. საღამოს შვიდი საათია - საპირისპირო მიმართულებით ქალები და ბავშვები სეირნობენ. არ მესმის როგორ შეიძლება ჩაუარო მათ და რაიმე არ იგრძნო. თავები ამაყად უჭირავთ. ეტლებში ბავშვის სახეები არ ჩანან. წელში გამართულები ჩვენსკენ არ იყურებიან. ყველა ერთნაირ მიკერებულ ღიმილს ატარებს. მათ ეს შეძლეს - ქალაქი გადაშენებას გადაარჩინეს, ბავშვები გააჩინეს.
შემიძლია დავიფიცო, რომ უკნიდან ყრუ ქვითინი მესმის, მაგრამ თავს ვერ შევაბრუნებ.
ორივე ხელს მუცელზე ვიწყობ - ხანდახან დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მოვიქეცი. მაპატიე.
ყველა გზა კედლამდე მიდის. ზოგი ახალი აშენებულია, ზოგი-წარსულის ნაშთი. ყველა ერთნაირად ამაზრზენი აგურისფერია. შემავალი კარი ჩარაზული აქვს. წინ დაცვა ზის; ამჯერად შეიარაღებული. გამვლელების საბუთებს ამოწმებს. შემდეგ შესვლის ზუსტ დროს იწერს. კარს ზევით უზარმაზარი კამერაა.
დიდხანს რიგში ყოფნა არ მიწევს. მალევე ვუახლოვდები - ისიც ყველასმსგავსია : სახე დამალული, თვალებიც ცარიელი, მაგრამ ჩაწითლებული.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
-საღამო მშვიდი.
-თქვენი სახელი?
-მართა.
-შესვლის მიზეზი?
ზედმეტი კითხვების მოსმენის თავი არ მაქვს, პირდაპირ ნებართვას ვუჩვენებ. კითხვა აშკარად უჭირს. თვალები ეწვის, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.
-შებრძანდით. - მეეჭვება წაეკითხა, უბრალოდ კითხვის გამეორება ეთაკილება.
-მგონი დასვენება გჭირდებათ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.
პასუხს არ მიბრუნებს. კარი უხმაუროდ იღება, ქუჩა წვრილდება. მეორე მხარეს სამი მამაკაცია. ისინი გარს მივლიან. თან არაფერი წამომიღია, ნებართვის გარდა. მის გარეშე სიარული საშიშია. მათვალიერებენ, ლაბადას ამოწმებენ. ჯიბეები ცარიელი მაქვს. გულდაწყვეტილები რჩებიან. მათ ხომ ძალიან უყვართ, როდესაც ადამიანებს რაიმეს ართმევენ.
მარჯვნიდან მომავალი გასროლისა და კაცის ყვირილის ხმა ექოდ ვრცელდება. იქ ოთახია, სადაც დასახვრეტად შეჰყავთ ისინი, ვინც არ სჭირდებათ ან ისინი, ვინც კანონს არღვევენ. სიბნელეში ვერავის ვხედავ. საწყალი; რის გამო დასაჯეს?
ასე თესავენ მშვიდობას, რომლითაც ამაყობენ.
მანიშნებენ გზა გავაგრძელო. როგორ მოყვებოდა ამ ამბავს მონიტორი? - “კანონი ყველასათვის ერთია. წესრიგისათვის აუცილებელი. ყველა დაისჯება ვინც მას დაარღვევს. გუშინ სამართალს კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა.” შემდეგ მიზეზს იტყვის, სქესსა და ასაკს. ვინაობას არ გაამხელს. შაბათამდე დაიცდიან. მთავარ მოედანზე ერთი კვირის განმავლობაში შეგროვებულ ყველა გვამს წრეზე მოათავსებენ. ხალხიც ბევრი შეიკრიბება. ზოგს სამართლიანობის ზეიმის ყურება სწადია, ზოგი უბრალოდ საკუთარ ახლობელს ეძებს.
ხო, არც ოჯახს ატყობინებს ვინმეს სიკვდილის ამბავს. უფრო სწორედ მკვლელობის. მათაც ტანჯავენ და ამით ერთობიან. აძლევენ იმედს, რომელიც შემდეგ ხდება შფოთვა. იჭრება ჰაერში, როგორც ცეცხლწაკიდებულ გვამებს ავარდნილი კვამლი. რთული აღსაწერია ეს სუნი. მთელ სხეულს ავსებს. და ბოლოს ტრიუმფი - უყურებენ ნარჩენებს, ქარი ფერფლს აფრქვევს და ყველა ერთხმად ტაშს უკრავს. თითქოს ეს სრულიად ბუნბრივი რამ იყოს. ტაშს ყველა უკრავს, მაგრამ ცრემლი მხოლოდ რამდენიმეს სდის.
რამოდენიმე მაინც აცნობიერებს, თუ რამდენად დაუცველია ჩვენი არსება სიკვდილის წინაშე.
მეც შევსწრებივარ ამ ყველაფერს. რამდენიმე წლის წინ. ამის შემდეგ შაბათობით ვცდილობ გარეთ გასვლა თავიდან ავირიდო. ვერ ვპასუხობ კითხვას, თუ რატომ გადავწყვიტე იქ მისვლა, მაგრამ სანახაობამ გამაოცა. წრედ ელაგნენ გვამები. რამდენიმე უკვე დამპალი, ზოგს ჯერ კიდევ ცოცხალი ფერი ედო.
ნეტავ როგორი სანახავია ამაღლებული მოედნიდან ეს ყველაფერი? ეგებ, ჩვენ ყველანი ვგავართ სწორედ ადამიანის გახრწნის მომლოდინე ყვავებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან საკვებს, მაგრამ ბოლოს ხელცარიელნი რჩებიან, რადგან არაფერი რჩებათ დანახშირებული ძვლებისა და ფერფლის გარდა.
ხო, კინაღამ დამავიწყდა. ცეცხლს ქალაქის მერი უკიდებს, რომელიც რამდენიმე წამით ადრე ამბობს “მშვიდობისათვის”. ნეტავ, თვითონ მაინც თუ სჯერა, რომ ამ ყველაფრით მშვიდობას ემსახურება?
ჩაფიქრებულს ვერ შემიმჩნევია, როგორ მოვუახლოვდი მთავარ მოედანს. დიდი გზა აღარ დამრჩა.სასტუმრო ოციოდე ნაბიჯშია.
მარჯვნივ ვუხვევ. ჩემი სკვერის პოვნა მწადია. არ მახსოვს სად უნდა წავიდე. ალალბედს მივყვები.
ვცდილობ აღვიდგინო. მის შუაგულში უწყლო შადრევანია. გარშემო რამდენიმე მწვანედ შეღებილი სკამი. წლიდან-წლამდე საღებავი სულ უფროდაუფრო ხუნდება. ერთი შესასვლელი აქვს. მომრგვალებული კედლები ხავსმა დაფარა. უკვე შემზარავი სანახავია, მაგრამ მე არ მაშინებს.
მე მას სხვანაირს ვხედავ. წარმოვიდგენ - ხალხით სავსეს, შადრევანზე მოჭიკჭიკე ჩიტებს, გამვლელებს, რომლებიც ხურდის სანაცვლოდ წყალს საკუთარ სურვილებს ანდობენ.
წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს აუცილებლად შევაგროვებდი საკუთარ სურვილებს, რომ არასდროს დამვიწყებოდა, თუ რაზე ვოცნებობდი.
ასახვევს მოკლე კიბისაკენ მივყავარ. აღმართს ვცნობ. ვიღიმი - ყოველთვის ვპოულობ, როდესაც მჭირდება.
შესასვლელში ვჩერდები. რატომ? არ მიკვირს. ჩემდა უნებურად, თითქოს მხოლოდ ჩემს გასაგონად ხმამაღლა ვამბობ :
-რა თქმა უნდა.
-მშვიდობიანი საღამო მართა. - მპასუხობს გაკრივებული ბათე.

***
-მიპოვე.
-თუ დამიჯერებ არც მომიძებნიხარ.
-მაშინ არც უნდა გიხაროდეს ჩემი პოვნა.
-მე არ მითქვამს, რომ შენმა დანახვამ გამახარა.
-არ მიკვირს.
-ეს ადგილი როგორ იპოვე?
-სიმართლის მოსმენა გინდა?
-მინდა! იქნებ ერთხელ მაინც შეეცადო გულწრფელი იყო.
-მე შენთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი.
-ბათე, შენ შენს თავთან არ ყოფილხარ არასდროს გულწრფელი. მუდამ იმეორებდი, რომ შენს დაწერილ პიესებს რეალობასთან არაფერი ჰქონდათ საერთო. შენ მათ იყენებდი. ყველაში შენს სათქმელს დებდი. იმ სიტყვებს, რომლების თქმისაც გეშინოდა. ეს ხომ ისეთი აშკარაა - სიმართლეს მხოლოდ საკუთარი თავისაგან მალავ, ამიტომ იმეორებ გამუდმებით, რომ ყველაფერი წარმოსახვაა, თუმცა ვერავის დარწმუნება შეძელი საკუთარი თავის გარდა.
-როგორ ვცდებოდი, როდესაც ვთვლიდი, რომ კარგად მიცნობდი.
-ამ საღამოს მხოლოდ სიმართლის მოსმენა მინდა. - მის საყვედურს არაფრად ვაგდებ.
-ეს ადგილი ორი წლის წინ ვიპოვე. შენ გამოგყევი.
-ვინ მოგცა ჩემი თვალთვალის უფლება?! - ეს მას კარგად გამოსდის. იცის, როგორ მაგრძნობინოს თავი დაუცველად. ისიც იცის, რომ სიამაყე ჩემი იარაღია, ურომლისოდაც ჩემი დაბეჩავება საკამოდ მარტივია.
-ხო, გითვალთვალებდი. მაინტერესებდა სად გეჩქარებოდა მუდამ წასვლა და აქამდე მოვედი. დავინახე, როგორ უყურებდი საკუთარ ანარეკლს. შენს ქვითინს ვუყურადებდი. გეთანხმები, არამზადა ვარ. არ მქონდა უფლება შენს გრძნობებს შევხებოდი. შენ ხომ ამის უფლებას არასდროს მაძლევდი.
-როგორ ბედავ ჩემს დადანაშაულებას?
-დაფიქრდი! შენ მუდამ მიუწვდომელი იყავი, მაგრამ მე ამას შევეგუე. მართა, არც შენ ხარ ბოლომდე მართალი. ჩვენ ორს შორის უდანაშაულო არც ერთი არ არის. შენი სხეულის ყოველ კუთხეს ოსტატურად მართავ. მეთოჯინე ხარ. გეთაყვანებოდი. ჩემთვის ამოუხსნელი ამოცანა იყავი. სწორედ ამიტომ შემიყვარდი. თუ დამიჯერებ შენში ის ძალაუფლებისადმი ჟინიც მიყვარდა, რომელიც ჩემთვის მუდამ მიუღებელი იყო. ვიცოდი, რომ სახელის მოსახვეჭად ყველაფერს დათმობდი. ამასაც ვაფასებდი იმიტომ, რომ ვხედავდი, როგორ გიყვარდა შენი საქმე, მაყურებლის წინაშე წარსდგომა, რევერანსი, დაუცხრომელი აპლოდისმენტების მოსმენა, შრომა წარმატებისათვის, მაგრამამ ყველაფრის მიუხედავად მეგონა, რომ ამასაც ჰქონდა საზღვარი და ეს საზღვარი მე ვიყავი.
-რა შეიცვალა ბათე?
-ახლაც, თვალს მარიდებ. არ გინდა გრძნობებს აყოლილს შემოგხედო. მიეცი შენს თავს უფლება, სიამაყე ჩაახჩოს. რატომ არ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დღემდე ერთმანეთი შეგვენარჩუნებინა?
-ალბათ, სურვილი არც ერთს აღარ გვქონდა.
-მართა, გიყვარვარ?
თვალს ვუსწორებ. ნელ-ნელა. რა მძიმე სათქმელია სიმართლე, თუმცა მასაც სწორედ ეს სურს - მაიძულოს შევხედო და ვუთხრა. ასეც უნდა მოვიქცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაიჯერებს. მე კი მინდა გულწრფელი ვიყო.
-არა.
მეზიზღება, როდესაც ჩემს ნათქვამს უხერხული სიჩუმე მოსდევს, ამიტომ სიტყვის შემობრუნების დროს არ ვუტოვებ :
-სწორედ, ამიტომ მინდა წარსულისაგან განთავისუფლება. შეუხორცებელი იარით ვცხოვრობ, ბათე. ჩრდილად ქცეული მოგონებები დამყვებიან. ვერ ვიშორებ და ეს ყველაფერი შენი ბრალია! შენ იმ ყველაფრის ნაწილი ხარ. ხო, მეც შემიყვარდი. იმიტომ, რომ მეგონა ნამდვილს მხედავდი. ვფიქრობდი, რომ გესმოდა და ,ყველაფრის მიუხედავად, შეგეძლო ჩემში დაგენახა ის, ვინც სინამდვილეში ვიყავი, მაგრამ შენც მხოლოდ ის გიყვარდა, ვისაც განვასახიერებდი.
-ამის მოსმენა ძალიან რთულია.
-დამასრულებინე! ეს რომ ასე არ ყოფილიყო არ დამადანაშაულებდი. ვერ გაბედავდი იმის თქმას, რომ მე არ მტკივა. ეს ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ამეხსნა შენთვის. ბოდიში მომეხადა. ვიცი, ბევრს მოვითხოვ, მაგრამ ძალიან მინდოდა უსიტყვოდ გაგეგო ჩემი. იმ ყველაფრის წარმოთქმის გარეშე, რაც გამანადგურებდა. არაფერი დარჩებოდა ჩემგან გესმის? ვერ იჯერებ, რომ ძალიან მინდოდა ოჯახის ყოლა. ბავშვების შენთან ერთად გაზრდა...
-შეწყვიტე!
-რატომ გინდა, რომ შენი სახე აამღვრიო. ვიცი არ დაიჯერებ, მაგრამ შენ ჩემთვის არ შეცვლილხარ. კი, აღარ მიყვარხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ - ნუ წამართმევ მოგონებებს.
ახლა ბათე მარიდებს მზერას. მის თვალებს ვეღარ ვხედავ. თავჩაღუნული მპასუხობს:
-წარსულის გახსენება შორს წაგვიყვანს.
-მაშინ მიპასუხე რისი მიღწევა გინდოდა დღეს.
-რითი?
-მე მეგონა, რომ ყველაფერს გავუმკლავდით.
-უკან დარჩა.
-მაშინ რატომ? უარყოფ, რომ დღევანდელი დადგმა ჩემზე იყო?
- დღემდე გგონია არა, რომ ეს ამბავი მხოლოდ შენზეა? მე ვინ ვარ? რატომ არ მქონდა მე არასდროს ჩემი ადგილია შენს ცხოვრებაში? თუმცა ახლა ამ კითხვებზე პასუხებმა ყველანაირი არსი დაკარგეს. არა, მართა! პიესა ჩვენზე არ ყოფილა. მას სხვა დასასრული ჰქონდა, რომელსაც ჩვენ არ ვიმსახურებდით. ჩვენ გამოსავალი ვერ ვიპოვეთ და შესაბამის დასასრულსაც ვიმკით.
-მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
-სასაცილო ხარ. შენი ქედმაღლობა დღემდე მაოცებს. ფუჭად გგონია, რომ შეგიძლია მოვლენები შენი სურვილისამებრ წარმართო. არავის აღარ აინტერესებს შენ რა გინდა.
-მეცოდები! იმსხვრევი. შენი რწმენის განადგურება ცირკსაც ანადგურებს.
-ცირკზე ნურაფერს ამბობ. მე ყველაფერი გავაკეთე მისთვის. ერთხელ მაინც გიკითხავთ - იყო თუ არა ეს ყველაფერი ის, რაც მე მინდოდა? რატომ არ შეიძლება ერთხელ მაინც პლატფორმიდან გადავხედო მაყურებელს და მათ თვალებში ნაპერწკალი დავინახო?! შევიცნო მათი ფიქრები, განზრახვა, გავესაუბრო, მაგრამ არც ჩემს სურვილებს აღარ აქვთ ძალა, მართა. ვის წინაშე გამოვდივართ? ხალხის, რომელიც ცირკის სანახაობისათვის იკრიბება. დარბაზი მუდამ ორ ფერშია - კაცებს მუქი ლურჯი, ქალებს შინდისფერი ტანის სამოსი აცვიათ. ასაკი არც ერთს არ ეტყობა. სხედან, მიკერებული გამომეტყველებით გვიყურებენ და ჩუმად დაგვცინიან. ეს დროის ფუჭი კარგვაა.
-ძალიან ცდები. გამოსვლისას ყველაფერი იცვლება. კი, ამაზრზენია იმის ყურება, რასაც ყველა ვუკეთებთ საკუთარ თავს. შენ არ იცი მეც რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისათვის ვგავდი მათ თუ არა. მეც მთრგუნავს ამ ორი ფერის ყურება, რომელიც გასართობი საღამოებისთვის არის დაწესებული, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან, ბათე. სწორედ ის, რაც მათ აიძულებს ცრემლები ღვარონ. დღეს, დარბაზში ქვითინი ისმოდა. ნამდვილი, დაუგეგმავი ოხვრა; გესმის?! კარვიდან გამოსვლისას რამდენიმე ქალს ღაწვებზე ჯერ კიდევ სისველე ეტყობოდათ. არავინ იცინოდა. რატომ არის ეს ცოტა შენთვის?
-იმიტომ, რომ მეშინია!
ამ ყვირილით ნათქვამმა სიტყვებმა თითქოს ჩვენს შორის აღმართული კედელი დაანგრიეს. გარშემო სრიალით გავრცელდნენ. მოლივლივე ფოთლებს შეერწყნენ და მიწამდე სული მათთან ერთად მიიტანეს.
-დრო ძალიან სწრაფად გადის მართა. ამას უარყოფენ, მაგრამ მე ახალგაზრდა აღარ ვარ. ჩემი ყველა ოცნება გაქრა. რაზე ვოცნებობ იცი ახლა? ერთხელ მაინც ქუჩაში, მატარებელსა თუ ავტობუსში ამ წყეული მონიტორის ხმა გავიგო, რომელიც იტყვის : “ქალაქს ეწვია ცირკი, არ გამოტოვოთ დიდებული სანახაობა. თქვენს წინაშე წარსდგება ბალთაზარ”. -ჩერდება. საკუთარი გვარს ვერ იხსენებს. -ბალთაზარის დასი”. ეს ბევრია. ვერაფერს ვეღარ ვქმნი. ფერითა და უნარით ერთობლივად ვიცლები.
-სიბრალულის აღძრას ცდილობ.
-არა, მართა, უბრალოდ სიმართლეს გეუბნები.
-უნდა შეეგუო.
-შენ ეგუები?
-მე ხომ ქედმაღალი ვარ.
-რა თქმა უნდა.
დგება. არასასურველი საუბრისას ყოველთვის გარიდებას ცდილობდა. მაგრამ, ვაი, რომ ეს უთქმელი წინადადებები არ იკარგებიან. აი, ბათე - ესეც შენი მორიგი ვერგათვლა.
-მარტოს დაგტოვებ. ვიცი აქაურობას არავის უწილადებ. შევეცდები მეტად გზაზე აღარ გადაგეყარო.
-დღეს აქ ჩემს მოსვლას ელოდი?
-აი, ეს კი შენ აღარ გეხება. ჩათვალე, რომ ჩემს თავს სანაძლეო დავუდე.
-მერე?
-მოვიგე.
-რთული დასაჯერებელია, მაგრამ მიხარია, ბათე, რომ გნახე. ხვალ ჩვენი გამოსვლაა.
-ხვალამდე.
ბათე მიდის, მე ვრჩები. როგორც მაშინ, როდესაც მე წინ წავედი და ბათე უკან დავტოვე. მე მისი განადგურების მიზეზი ვარ, ის კი ჩემი.იქნებ მართლა ზედმეტად ამაყი ვარ? მასაც ისევე სტკივა როგორც მე. ამ ცირკმა ჩვენ კიდევ უფრო დაგვაშორა.
მგონი, აქ დარჩენას დავთანმხდები.დავსახლდები, რომელიმე ძველ სახლში და შევეცდები მოვიმკო ის, რაც ცხოვრებისაგან შემრჩა. მაგრამ არ მინდა ცირკს ჩამოვშორდე. ეს გამოსვლები ერთადერთია, რაც ამაოებას მავიწყებს.
ეჰ, როგორ მინდა მოწმენდილ ცაზე ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი გამოისახოს.
რაც არ უნდა მოხდეს გთხოვ - ურიელის გარეშე არ დამტოვო.

***
დღე მესამე :
ადრიანად მოვედი. გარშემო არავინ ჩანს. დილა მოღრუბლულია.
საწყენია, რომ რამდენიმე დღეში ეს მდელო დაცარიელდება. კვლავ გზას განვაგრძობთ. გზაში, მატარებლებსა და ავტობუსებში ყველაფერი სხვანაირადაა. საათებს ვითვლი ხოლმე. არ მიყვარს, როდესაც დაღამებას ველოდები. ეს სიცარიელე ჩემშია და მხოლოდ აქაურობას შეუძლია შეავსოს ის.
თუმცა , ეგებ, ახლა რაიმე შეიცვალოს? ელაიზასა და ივას ჩემი და ბათეს ამბის მოყოლას დავპირდი. ჯერ არ გადამიწყვეტია გავუმხელ, თუ არა მათ სიმართლეს - არ მინდა მათი სინანულით აღსავსე მზერა დავინახო, მაგრამ მინდა ვინმეს მაინც ვუამბო, თუ რა მოხდა სინამდვილეში. საწყენი იქნება, თუ ეს ამბავი ჩემთან ერთად გაქარწყლდება.
რეპლიკებს ბოლოჯერ თვალს ვავლებ. რა მარტივია, როდესაც ბათეს ნაწერს კითხულობ. ის ისეთი გულწრფელია! რატომ უჭირს სინამდვილეში თქმა იმ ყველაფრისა, რასაც წერს? იქნებ თამაშობს და ეს სიტყვებიც ყალბია. ადრე არასდროს შემპარვია ეჭვი მის სიმართლეში, მაგრამ დრო შეიცვალა - ახლა ყველაფერში ეჭვი შემაქვს. პირველ რიგში, კი საკუთარ თავში.
ურიელი მოუსვენრად დაძრწის. ვერაფრით დავაძინე. ხან მე მიყურებს, ხან კარავს წრეებს ურტყამს. ისიც ღელავს. მე კი მისი შეფასება მაფიქრებს - ბალახზე დაჯდება და დამაკვირდება. კუდს თუ აათამაშებს მივხვდები, რომ კმაყოფილია.
ურიელის ყურებაში გართულს ვერ შემიმჩნევია, რომ კარავში მარტო აღარ ვარ:
-მართა, ადრე მოსულხარ.
-დანიელ, შემაშინე,
-მოკითხვის დრო არ არის. ბათე არ გინახავს?
-ჯერ არ გამოჩენილა. მოხდა რამე?
-დღეს ქალაქის მერი მოვა ჩვენი გამოსვლის სანახავად.
-დარწმუნებული ხარ?
-კი, ჭორები გავრცელდა. ჩვენი ცირკის შესახებ ათას ამბავს თხზავენ. რაიმე უნდა ვიღონოთ, თორემ შეიძლება ეს ჩვენი უკანასკნელი გამოსვლა აღმოჩნდეს. მერს დაავალეს ჩვენს შესახებ მოხსენების შედგენა. შენ კი იცი რა ემართებათ მათ, ვინც მას არ მოსწონს.
-დანარჩენებმა უკვე გაიგეს?
-არა.
-ბათეს დაველოდოთ. მე ვერაფერს გეტყვი.
ჩემს წინ სავარძელში მოუხერხებლად ჯდება.ჯერ კიდევ ქოშინებს. ჩემს კატას ამჩნევს, მისკენ ხელი მიაქვს. მოფერება უნდა, თუმცა ის უარობს. უცნაურია, დანიელს ყოველთვის ჩემს მსგავსად ეპყრობოდა. მასაც უკვირს, მაგრამ ბებერი თვალებს გამომწვევად უსწორებს, თითქოს ანიშნებს - შენი განზრახვა ვიციო. მეორედ მასთან მიახლოვებას ვეღარ ბედავს.
მეც მინდა დავიჯერო, რომ დანიელს მხოლოდ ჩვენი გადარჩენა სურს, მაგრამ ვიცი - ის პირველ რიგში საკუთარ ტყავზე ფიქრობს.
ზურგს ვაქცევ. ვიცვლი. თითქოს ოთახში არავინ იყოს. შავი, გრძელი კაბა უნდა მეცვას. შიშველ წელზე ხავერდი სასიამოვნოდ მეხება.თუკი ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა, შეუდარებელი უნდა ვიყო. ქსოვილი ფაფუკია. უკან არ ვიყურები, მაგრამ დანიელის მზერას ვგრძნობ. ყურადღებას არ ვაქცევ. ჩუმად ვიღიმი.
ხო, შესაძლებლობას არ ვუშვებ, რომ რამდენიმე წამით მაინც თავი სასურველ ქალად ვიგრძნო.
-მშვენივრად გამოიყურები, მაგრამ მგონი გამოცვლა მოგიწევს.
-რატომ?
-უმჯობესია. დღეს აქაურობა ნამდვილ ცირკს დავამსგავსოთ.
-ეს ბათეს გადასაწყვეტია. ის კი არასდროს დაგთანხმდება.
-კარგი ,მართა, შენ კიდევ გჯერა, რომ ბათე ის არის, ვისაც ჩვენ წლების წინ ვიცნობდით? რამდენიც არ უნდა უარვყოთ, შეიცვალა და ეს სავსებით ბუნებრივია. მას აღარ სჯერა აქაურობის; აღარც საკუთარი თავის. ეს კარვები მხოლოდ ჩვენი თავშესაქცევი ადგილი გახდა, ამიტომ უნდა გადავარჩინოთ! გმირობის დრო აღარ არის. რაღაცები უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დახვრეტა არც ერთს აგვცდება.
-არ მეგონა, რომ ასე მარტივად დანებდებოდი.
-შეიძლება შემდეგ შაბათს ჩვენი ცხედრები დაწვან.
-შენ კი სიკვდილის გეშინია.
-შენ არ გეშინია?
-მეშინია თუ არა სიკვდილის? იცი რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, თუ რა არის ჩემი ცხოვრება ან თუ, როგორი იქნება ჩემი სიკვდილი? ბოლოს მივხვდი, რომ უადგილოა ამაზე ფიქრი. გარშემო მიმოიხედე. რას ხედავ, დანიელ? ერთ მთლიან, კარგად დაპროგრამებულ ორგანიზმად ქცეულ მასას. რომელსაც ერთი ხმა აქვს. წვრილი, ამაზრზენი ქალის ხმა, რომელიც ყოველდღე სასტუმროში მიმავალს მესმის. ის ყველგანაა, მაგრამ არავინ იცის საიდან მოდის. გარეთ გამოსვლა მძაგს, ოთხ კედელში კი ვგიჟდები. შენს მსგავსად არ შემიძლია შევიმოსო შავით, მოვიწესრიგო თავი და სასეირნოდ გავიდე ისე თითქოს არაფერი შეცვლილა. მე იმის მეშინია, რომ ეს ყველაფერი შემჭამს და მეც ისეთივე მიუღებელი გავხდები სხვისთვის, როგორებიც ისინი არიან ახლა ჩემთვის.
-ეს აზრები უნდა მოიშორო. ასე ვერ გადარჩები.
-კი, შენ ყველაფრის გაკეთება, ყველაფერთან შეგუება შეგიძლია თავის გადასარჩენად.
ცოფდება. დიდხანს ველოდი ამ დღეს. მისი ამპარტავნება ჩემი სიამაყის წინააღმდეგ. ამ ორ უკანასკნელს ერთმანეთში ურევენ, თუმცა მე მათ შორის განსხვავებას ნათლად ვხედავ. ეს ორი მომაკვდინებელი ცოდვის ჭიდილია.
თუ არ დამავიწყდება ბათეს ვეტყვი. სათაურად გამოადგება.
-მესმის შენი. აღელვებული ხარ. ვერ აცნობიერებ, მაგრამ შენც შიში გალაპარაკებს.
-მე სიკვდილის არ მეშინია ,დანიელ. მე მინდა ჩემი გადასაწყვეტი იყოს როგორ ვიცხოვრებდა ,რადგან არ შემიძლია საკუთარი ცხოვრება ჩემს სურვილისამებრ წარვმართო. იმით მინდა დავკმაყოფილდე, რისი გაკეთებაც ჯერ კიდევ შემიძლია.
-რას გულისხმობ?
-მე ჯერ კიდევ შემიძლია გადავწყვიტო მიზეზი, რის გამოც მომკლავენ.
-კი, თუმცა აქ მხოლოდ შენზე არ არის ლაპარაკი.
-დანიელ, მაპატიე გამოსვლამდე მინდა ჩემს თავთან მარტო დავრჩე.
გვერდს ვუვლი. კატა ხელში ამყავს. მთავარი შესასვლელისკენ მივდივარ. კვლავ მის მზერას ვგრძნობ. ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვება. რაღაცის დამატება უნდა, მაგრამ ვერ ბედავს. ელოდება, რომ შევბრუნდები. ამაოდ, კარვიდან გავდივარ. ეს ჩემი გამარჯვებაა. შეიძლება უკანასკნელიც.
ურიელი ხელს მილოკავს. ჩემით ამაყობს.
ამ საუბარში დიდი დრო გასულა. ელაიზა და ივა გამოჩდნენ. ბათეს ესაუბრებიან. შეწუხებული სახე აქვს. ცნობისმოყვარე ივას კითხვების მოგერიებას ცდილობს. თავი მოაბეზრა. ელაიზა შორიდან ხელს მიქნევს.
როგორ შეუძლიათ ამ ბავშვებს მუდმივად გუნება გამომიკეთონ?
-ბათე, დანიელი კარავში გელოდება. მნიშვნელოვანი ამბები აქვს.
-რაიმე შეიცვლა?
-არ ვიცი ეგ შენი გადასაწყვეტია.
მანიშნებს, რომ ვერ ხვდება რაზე ველაპრაკები, მე კი კარვისაკენ მივუთითებ. თვალებში ვუყურებ და ვერაფერს ვგრძნობ. ალბათ, გუშინდელი საუბრის შემდეგ მის მიმართ ვეღარაფერს ვიგრძნობ.
-რა ამბებია?
-არაფერი მნიშვნელოვანი, ივა. მოითათბირებენ და შემდეგ ერთად გავიგებთ. ადრე მოსულხართ. ჰორიზონტზე ჯერ არავინ ჩანს.
-ვიცი, მართა. ამ შეშლილს აისის პირველი წამიდან ღვიძავს. სასტუმროში ვერაფრით შევაკავე. ბოლოს დავნებდი. წამოსვლას დავთანხმდი.
-ვიცოდი, რომ დღეს ადრე მოხვიდოდი - წინადადებას არ ამთავრებინებს ივა - მინდოდა წარმატება მესურვა. ძალიან მიხარია, რომ დღეს შენი დღეა. დარწმუნებული ვარ, აღტაცებული დავრჩები. - მათვალიერებს - საოცრად გამოიყურები.
ის დღეს მეორეა, ვინც ამას მეუბნება, თუმცა მისი ბაგეებიდან წამოსული ეს სიტყვები სულ სხვანაირია. ის ვნების სქელი ფენით არ არის დაჟანგული. ჰაეროვანია, როგორც სიო. ნაზ, უცხო, ზღვის ნაპირიდან წამოსული ბრიზი.გამაჯანსაღებელი, რომელიც ზღვის ტალღებში დაშვებას მაგონებს. როგორ მინდა ჩემგან წამოსული სიტყვებიც მას ჰგავდნენ.
მიხარია. წლებია ეს აღარ მიგრძვნია. კვლავ ვიღაც ელოდება ჩემს სცენაზე ხილვას. მოსვლა ეჩქარებოდა, რომ ჩემთვის წარმატება ესურვა. ბათე, წარმატებას არასდროს მისურვებდა. დარბაზიდან, სიამაყით მიყურებდა, პირველი ყოველთვის ჩემს რევერანს ის ეგებებოდა და მანამ არ უბრუნდებოდა ადგილს სანამ ფარდა არ ეშვებოდა.
ერთხელაც გავნაწყენდი, ვუსაყვედურე კიდეც, მან კი მიპასუხა, რომ მე დამწყები არ ვიყავი, ამიტომ არ მისურვებდა წარმატებას. ის ვერ აცნობიერებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამის გაგონება. ესეც არასდროს მითქვამს. ალბათ, კვლავ ჩემი სიამაყის გამო. იქნებ ცოტა გულახდილი, რომ ვყოფილიყავი ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა, მაგრამ რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა სინანულს?
პასუხად ვიღიმი. ვერ გეუბნები ივა, მაგრამ მადლობელი ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენ იცი.
-ერთი თხოვნა მაქვს. დარბაზში ნუ დასხდებით. ჩვენი ადგილიდან ურიელთან ერთად უყურეთ გამოსვლას.
-სიამოვნებით, მაგრამ რატომ არ შეიძლება დარბაზში ურიელი შემოვიყვანოთ?
-ხო, მართალია. შენს გარეშე მდელოზე თავს უხერხულად ვიგრძნობთ.
-რა საოცარი ბავშვები ხართ. - მგონი პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა.
გინება სიტყვას მაწყვეტინებს.დანიელი უკმაყოფილო სახით ბრუნდება. ცხადია, იკამათეს. გააფთრებული მიახლოვდება :
-კმაყოფილი ხარ? მივდივარ! - სახეზე ერთდროულად ეხატება ბრაზი და შიში. გულწრფელად, რომ ვთქვა წამით ვიფიქრე, რომ მართალი იყო და ბალთაზარი მის წინადადებას დათანხმდებოდა. სასიამოვნოა, რომ რაღაც საერთო კიდევ არსებობს ჩვენ ორს შორის.
-ესე იგი?
-გამოსვლა შედგება.
-დიდებულია!
-იცი, მართა თქვენ შეგიძლიათ აქ დარჩეთ! მე კი წავალ, აქედან შორს. არანაირი სურვილი არ მაქვს ის ყველაფერი ვნახო, რაც აქ დღეს მოხდება. ხო, შეგიძლია მხდალად ჩამთვალო, მაგრამ მე ასეთი ვარ. აშკარაა, რომ მხოლოდ მე მანაღვლებს აქაურობის ბედი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეძლებდით, რომ გაგეგოთ, თუ რატომ არის აუციელებელი ერთი დღის დათმობა. ჩვენ ერთმანეთის არასდროს გვესმოდა. არც მე და ბათეს, არც შენ და ლიზას. მე ვიცი, თუ როგორ იცინოდი შენ ლიზაზე ზურგს უკან. რამდენჯერ გითქვმას, რომ გებრალებოდა?
-თავი ხელში აიყვანე!
-რატომ? არ გინდა სიმართლის მოსმენა? ჩემთვის საცოდავი შენ ხარ. ხო, ლიზა შეიძლება მართლაც დაიკარგა სივრცესა და დროში. ყველა იმ ქალის სახემ, რომელიც მან მოირგო, დაავიწყა ვინ იყო და რა სურდა. მისი ფაქიზი სხეული სუსტი აღმოჩნდა იმ ყველაფრისთვის, რისი გადატანაც მოუწია. თუმცა, მას ამის აღიარება არ უჭირს. გესმის? მისი თვალები სუფთაა, სიტყვები უბოროტო. ერთი რამ მას შერჩა - ის გულღიაა. ეს კეთილშობილობა მას ყოველთვის იხსნის განსაცდელისაგან. ის შენ არასდროს გქონია. ლიზასი უნდა გშურდეს! მან იპოვა საკუთარი ხსნა.
სიტყვებს ვერ ვპოულობ.არც ვიცი რა ვუპასუხო. პირს ვაღებ, მაგრამ ბგერებს ვერ გამოვცემ.
-ვის ვატყუებთ? რა უფლება გვაქვს ჩვენ ჩვენი თავებისაგან დავხატოთ ისინი, ვინც ამ ყველაფერს გამოასწორებენ. - მისი გამომეტყველება მაშინებს, ნელი ნაბიჯით ჩემსკენ მოიწევს - როდესაც ჩვენი ცხოვრება გამოუსწორებლად გავანადგურეთ?
-გაჩუმდი! - ივას ღრიალის გაგონება მაოცებს. სიბრაზისაგან გაწითლებული სასაცილო სანახავია. დანიელისაკენ სირბილით მიდის. ვერ წვდება. წელში იმართება. ცდილობს თვალი გაუსწოროს. - დაუკვირდი რეებს როშავ! ვინ მოგცა უფლება შენ გადაწყვიტო ვინ არის მართალი და ვინ არა?
-მომწყდი! შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ. არაფერი გესმის!
-მართალი ხარ, შეიძლება არ ვიცი თქვენი წარსულის შესახებ. თქვენ ჩემზე მეტი გაქვთ გამოვლილი, მაგრამ განა ეს ცუდია? თქვენ გახსოვთ, როგორი იყო ცხოვრება. წარსული გაქვთ. ჩვენ კი აქაურობის გარდა არაფერი გვინახავს. შენი უმადურობა გულს მირევს. ამპარტავნება გახჩობს. ვერ აღიარებ, რომ ცდები და ,ამიტომ ცდილობ საკუთარი დანაშაული ახსნა. სხვას გადააბრალო.
-ივა, ძალიან გთხოვ დამშვიდდი. - ელაიზა შეშინებულია. დანიელი კი იცინის. არა ხარხარებს. ეს ამაზრზენი ხმა ადგილზე მყინავს. ივა სიბრაზისაგან თრთის. ნაბიჯს ვერ ვდგამ. სუნთქვის გაწონასწორება მიჭირს.ვფიქრობ, რომ სადაცაა ცრემლები წამომივა, მაგრამ გაოცებისგან ვყვირი.
ივა დანიელს სახეში ურტყამს.
-არ გაქვს უფლება მართას ასე ელაპარაკო. - დაცემულ დანიელს დაჰყვირის- ამის საშუალებას მე არ მოგცემ. ის ისეთი განსაკუთებულია! არ მესმის რაზე საუბრობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მართა ცირკისთვის ცუდს არ გააკეთებს. ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს. მან სახლი გვაჩუქა და მე მისი მწამს. მას აქვს მიზეზი, რომ აქაურობა შეინარჩუნოს. შეიძლება ბევრს ვიღებ საკუთარ თავზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მე ვარ.
-რა უგუნური რამეა, ბავშვური რწმენა.
-შენ უბრალოდ წადი!
ამჯერად დანიელი პასუხად უღიმის. მოხდენილად დგება. კალთებს იფერთხს. მარჯვენა ხელს ივას უწვდის. ივა გაკვირვებული ხელს ართმევს. შემდეგ კი ჩემკენ ბრუნდება:
-მშვიდობით მართა. - თავს მიკრავს. არ ვიცი ვიხილავთ თუ არა ოდესმე კვლავ ერთმანეთს. არასწორად მოვიქეცი. ნამდვილად არ მინდოდა აქაურობას ჩვენს შორის ზიზღი დაეთესა. რას ვიზამთ? ვერ გადავლახე. ერთი დაიმახსოვრე-ყველაფერს გააჩნია ხსნა. მთავარია ის ხსნა იპოვო. შენ კი ივა გამაოცე. მართალი ხარ. ამ ცირკს აქვს მომავალი, მაგრამ ჩემს გარეშე.
-მშვიდობით, დანიელ.
დამაინც, როდესაც მიმავალ დანიელს ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ სიამაყესა და ამპარტოვნობაზე ბევრად ძლიერი და დამღუპველია მრისხანება, თუმცა მრისხანებაც შეიძლება განსხვავებული იყოს. ივამ მრისხანების ცეცხლში გამომწყვდეული დანიელი გამოაფხიზლა.
თურმე კვლავ შესძლებია რაიმეს ჩემი გაოცება.

შუადღე ახლოვდება. ცენტრალურ შესასვლელთან ხალხიც იკრიბება. ყველა ფუსფუსებს. მეგონა, რომ შეეშინდებოდათ დღეს მოსვლა, თუმცა გრძელი რიგი საპირისპიროზე მეტყველებს. მოხარული ვარ. რამდენიმე წუთში ჭიშკარიც გაიღება. ელაიზა და ივა უკვე საკუთარ დახლებთან დგანან. ელაიზა კარტს წრეზე ალაგებს, ივა ბურთულებს თასებში მალავს. არლეკინოს ხელნაკეთი ნივთები მესამე კარავში შეაქვს. არანაირი საფრთხე არ გვემუქრება მანამ, სანამ გამოსვლა არ დაიწყება. ბათე ბოლთას სცემს. არავის ესაუბრება. ყველას მხოლოდ ღიმილით ეგებება.
ერთ საათში ვიწყებთ.
ნეტავ, შეიტყო თუ არა ლიზამ დანიელის წასვლის შესახებ? სახეზე გაბრაზება არ ეტყობა, მაგრამ ეს ლიზაა. ხომ არ დავუჯერო გულისთქმას და მოვუბოდიშო? არ შემიძლია.
ლიზა, ამას ვერასდროს გაიგებ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ.
დღემდე დანიელს ევალა ბილეთების შემოწმება. ახლა, ამასაც არლეკინო ითავსებს. ის ზედმეტ კითხვებს არ დასვამს. უკვე ემზადება, როდესაც ხალხის გრძელი მწკრივი ორად იყოფა. ყველა ქალს გზას უთმობს. მას უკან ორი შეიარაღებული, სახედამალული კაცი მოჰყვება. რამდენიმე ნაბიჯით უკან. ვერ უახლოვდებიან, დასჯის ეშინიათ.
ეს არის ლეა. ქალაქის მერი. ცალი თვალი ცოცხალი აქვს, ცალი-ბროლის. მარჯვენა ფეხით კოჭლობს. შეიძლება, ძველი იარების ბრალია. თეთრი, გრძელი მოსასხამი შვენის. არაჯანსაღი ღიმილი; თავზარდამცემი. განაცრისფერებული, შავი თმა უკან ოვალურად დახვეულ ნაწნავად აქვს შეკრული. თეთრი ტანის სამოსი მხოლოდ სახელოვან “მოღვაწეებს” აცვიათ. მოსასხამის მარჯვენა ბეჭზე, ქალაქის გერბი აქვს გამოსახული. სამი მთვარე. გარშემო ნამგალი, შუაში- სავსე.
იქნებ გამახსენდეს რას ნიშნავს.
მე ის ბევრჯერ მინახავს;აი,მისი ხმა კი არასდროს გამიგონია. მაშინაც კი, როდესაც მის ჰოლოგრამულ გამოსახულებას ვაკვირდებოდი, ღიმილი არ შორდებოდა, პირს არ ამოძრავებდა, ხმა კი ისმოდა - კვლავ დაბალი, წვრილი ქალის ხმა, რომელიც მის სათქმელს ამბობდა. ის მხოლოდ თვალებს ახამხამებდა, თავს ამოძრავებდა. თითქოს გვხედავდა. ყოველ ჩვენს ამოსუნთქვას იმახსოვრებდა.
მან იცის, რასაც ფიქრობ. შიში არ უნდა აჩვენო, თორემ გაგანადგურებს. არლეკინო გზას უთმობს. არაფერს ეკითხება. მზერას არიდებს. თავს ღუნავს. ლეა შემოდის, დაცვიდან ერთ-ერთი ჯამბაზსს უახლოვდება. რაღაცას ეკითხება. პასუხად საჩვენებელი თითით ბალთაზარისკენ უჩვენებს. თავაზიანად თავს უკრავს. ამბის მისატანად მირბის.
ახლა ვნერვიულობ. იმედი მაქვს სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მეშინია, ბათეს არაფერი დაუშავონ. კარავში შედიან. დაცვა ესაუბრება. არ ღელავს. მშვიდად ემზადება საპატიო სტუმრის მისაღებად. აუცილებლად უნდა მოვუსმინო.
მეორე შესასვლელიდან შევდივარ. ბუტაფორიით სავსე ყუთების უკან ვიმალები. ჩემგან შორს დგანან ვერ შემამჩნევენ, მაგრამ მიყურადებაც მიჭირს.
-მიამბეთ თქვენი ცირკის შესახებ. - ეს წვრილი ხმა, ძალამიცლილი ცხოველის გმინვას მაგონებს. ცნობისმოყვარეობა მიბიძგებს შევხედო მის სახეს, მაგრამ ვჩერდები. სიფრთხილე მმართებს.
-ჩვენი მოხეტიალე ცირკი - ენა ებმის. - უკვე რამდენიმე წელია, რაც ქალაქიდან ქალაქში დადის. ხალხს სხვადასხვა სანახაობას სთავაზობს. ყველა ასაკის დამსწრეს გულით ვიღებთ. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ, ჩვენს კარვებში თამაში, გაშლილ მდელოში სირბილი, თუმცა არც მოზარდები არიან უკმაყოფილოები. ზოგისთვის ეს ადგილი სახალისიოა, ზოგი ჩვენი განსაკუთრებული ტკბილეულის დასაგემოვნებლად მოდის...
-თქვენ მე ვერ გამიგეთ. მე თქვენზე უკეთ ვიცი, თუ რატომ დადის აქ ხალხი. მე გეკითხებით, თუ რა არის თქვენი მიზანი.
-ჩვენი მიზანი ხალხის განტვირთვაა.
-განტვირთვა? რისგან?
-ჩვენ გვსურს მრავალფეროვნება შემოვიტანოთ.
-ესე იგი, თქვენ თვლით, რომ ყოველდღიურობა ერთფეროვანია?
-არა, ქალბატონო ლეა. მე ვთვლი, რომ ამგვარი აქტივობები გამოიწვევენ ხალხის გონებრივ განტვირთვას, რაც დადებითად აისახება მათ პროდუქტიულობასა და ყოველდღიურ ჩართულობაზე. თქვენ ხომ ზრუნავთ ხალხზე? ჩვენი საქმიანობა არც ისე ძალიან გასხვავდება ერმანეთისაგან, როგორც ბევრი ფიქრობს. ჩვენი მიზანია ხელი შეგიწყოთ. - როგორი რთულია ბათესგან ამ სიტყვების მოსმენისას ხმამაღლა არ გაგეცინოს.
-საინტერესოა. სამი სხვადასხვა კარავი გაქვთ.
-დიახ, სამივე კარავში სხვადასხვა ხდება. აქ, მთავარი გამოსვლა იგეგმება. იმედი მაქვს დაესწრებით, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ხილვა. სხვა მუქ ლურჯ კარვებში ყიდვა-გაყიდვაა. ერთში ტკბილელული და სხვადსხვა დასანაყრებელი, მეორეში ჩვენი ერთ-ერთი დასის წევრის ხელნაკეთი ნივთები იყიდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში.
-მხოლოდ ერთი გამოსვლა იგეგმება?
-დიახ, დროის განმავლობაში ჩვენი დასი დაიშალა. ცოტანი დავრჩით, ამიტომ გვიჭირს რამდენიმე სანახაობის ერთდროულად გამართვა.
-რატომ დაგტოვეს?
-არ ვიცი ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ იცით, თუ რამდენად მარტივია იპოვო მიზეზი ყველაფრის მისატოვებლად.
-და თქვენ რატომ არ მიდიხართ?
-როგორც უკვე მოგახსენეთ. მეც ჩემი მიზეზები მაქვს.
-უკვე დიდი ცნობადობით სარგებლობთ.
-მიხარია თუ კი ეს სიმართლეა.
-სამწუხაროდ, ჩემს ქალაქში გამოსვლის ჩასატარებლად ნებართვას ვეღარ მიიღებთ.
-შეიძლება მიზეზი გკითხოთ?
-ჩვენ ჭორებს არ ვენდობით. ამიტომაც ვარ აქ, მაგრამ ჭორები უმიზეზოდ არ ჩნდებიან. არ ვიცი, თუ რა იმალება ცირკის კარვებში. ერთი შეხედვით საშიში არაფერი, მაგრამ თქვენი გავლენა აქ მომსვლელებზე უარყოფითია.
-კი, მაგრამ...
-შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ არის. ყველასათვის ასე აჯობებს. უბრალოდ ამის სათქმელად მოვედი. გამოსვლას რაც შეეხება, მას აუცილებლად დავესწრები. შეეცადეთ იმედი არ გამიცრუოთ. გადაწყვეტილებას კი ვერ შევცლით.
-იყოს ნება თქვენი.
-არ მეგონა, რომ ეს საუბარი ასე წარმატებულად ჩაივლიდა. შეგნებული პიროვნება ჩანხართ.
ბათე მარტო რჩება. როდესაც რწმუნდება, რომ ლეა კარავს ტოვებს, მარჯვენა მუჭს ხის ყუთს მაგრად ურტყამს. ხალხი უკვე კარავშია. ჩვენი გასვლაც ახლოვდება. შემიძლია გამოვჩნდე. საფრთხე აღარ მემუქრება.
-ბათე, თავს როგორ გრძნობ?
-ყველაფერი გაიგონე?
-კი.
-ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა.
-რას აპირებ?
-გამოსვლის შემდეგ ვისაუბროთ. რამდენიმე წუთი მჭირდება მოსამზადებლად. მალე დავიწყებთ.
-ბათე, რაც არ უნდა იყოს მე შენს გვერდით ვარ.
პასუხს არ მცემს. თვალს ეფარება. ეს სიტყვები გულწრფელად ვთქვი. ცირკს არ მივატოვებ - რადაც არ უნდა დამიჯდეს!
ჩამოშვებული ფარდიდან დარბაზს ვათვალიერებ. შუაგულში ლეა ზის. გარშემო დაცვა. წინა რიგებში ელაიზა და ივა სხედან. ბიჭის კალთაში ურიელი თბილად მოკალათებულა. ვღელავ. სკამების დამატება გახდა საჭირო. ხალხის არნახული რაოდენობა მოვიდა. სურათი სულაც არ არის სახალისო. დღეს, ყველას შავი მოსავს. მხოლოდ რამდენიმე ბავშვია. მოზარდები ინტერესის გამო მოვიდნენ, ბევრს ქალაქის მმართველის ნახვაც სურს. შავით მოცულ ატმოსფეროში, თეთრში შემოსილ ლეას გამანადგურებელი იერი დაჰკრავს. ღიმილი დაჭიმული აქვს. მარცხენა თვალს ამოძრავებს, მარჯვენა კი ისეთივე ხელოვნურია, როგორიც თვითონ.
-მზად ვართ. - ბათე მიახლოვდება. მასაც შავი აცვია. ფეხზე არაფერი. დაახლოებით ვხვდები, რაზე იქნება ჩვენი გამოსვლა, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ გაოცებული დავრჩები.
ფარდა მოძრაობს.
ვიწყებთ.

პირველი ბათე გადის. პლატფორმის შუაში უხმაუროდ ეცემა. მძიმედ სუნთქავს. მოუსვენრად გორავს. მკლავებს ეყრდნობა. მაყურებლისკენ თავს წევს, მაგრამ მხოლოდ წამიერად. ზურგზე წვება. ეიფორიაშია;თითქოს საკუთარი სხეული აღარ ეკუთვნის. ერთ ადგილას ვერ ჩერდება. ორივე ხელს თავზე მაგრად იჭერს. უსიამოვნო ხმას გამოსცემს. ტკივა, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდება სად.
-შეწყვიტე! -მარჯვენა მუჭს იატაკს რამდენჯერმე ძლიერად ურტყამს - აღარ შემიძლია!მომშორდი! სიკვდილამდე მტკენ!
-ღმერთო ჩემო! აი, მესმის სიჯიუტე. რამდენი დრო დაგჭირდა, რომ ეს ხმამაღლა გეთქვა. -ჩურჩულით ვპასუხობ, მაგრამ ფარდის უკნიდან. ჯერ ჩემი გამოჩენა ადრეა.
ჩემი ხმის გაგონება აშფოთებს:
-ეს ბოროტი ხუმრობაა?
-მკვდრის აჩრდილთან არავინ ხუმრობს, მას არავინ დასცინის.
-რას გულიხსმობ?
-შენ ხომ ხვდები , ბალთაზარ.
-ჩემი სახელი საიდან იცი?
-მეეჭვება მართებული იყოს მსგავსი კითხვების დასმაში ძვირფასი დროის გაყვანა.
-ნუ მეთამაშები!
-ცდები მე არ გეთამაშები. თამაშის დრო დამთავრდა.
-სად ხარ?
-ძალიან ახლოს. დიდი ხანია შენს ყოველ ნაბიჯს მოვყვები, თუმცა უნდა ვაღიარო. იმაზე ადრიანად მომიწია შენთან შეხვედრა, ვიდრე წარმომედგინა.
-წყეულო! გამოჩნდი! - ხან მარჯვნივ იყურება, ხან მარცხნივ. უეცრად უკან ბრუნდება. ცდილობს გაერკვეს საიდან მოდის ხმა.
-შენ მე მგრძნობ. მთელი სხეულით. შენში ფესვები დიდი ხნის წინ გავიდგი. ფილტვებში შემოჭრილი ნაწილებად დავიშალე - ათას მჭრელ, ბასრ ნამსხვრევად. ქვევით მიმავალი შენი სისხლით ვიღებებოდი. მე სიმძიმე ვიყავი, რომელსაც მუდამ თან ატარებდი. იცი? მწყინდა, რომ ყოველთვის უარყოფდი ჩემს არსებობას, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. არ გიფიქრია, რომ იქნებ მეც მაქვს გრძნობები? - ამ სიტყვებში ჩაღვრილი ირონია და საკუთარი ცინიზმი მაოცებს - იქნებ, მეც მიჭირს ვუყურო, თუ როგორ ცხოვრობთ, ისე თითქოს მე არ ვარსებობ? თუმცა ესეც არ არის ბოლომდე თქვენი ბრალი. უბრალოდ გულუბრყვილოები ხართ. არც შენ ხარ გამონაკლისი და ყველას მსგავსად გტკივა. შენც იმდენად იყავი დარწმუნებული ჩემს არარსებობაში, რომ ვერც შეამჩნიე, თუ რამდენად მომიახლოვდი. ვერ შეეწინააღმდეგები - შენ ჩემი ნაწილი ხარ. მე უნდა დამიბრუნდე.
-ვინ ხარ?! - შეშინებული, უმისამართოდ ღრიალებს.
-კარგი ქცევით ვერ დაიკვეხნი, მაგრამ ვერც გაგამტყუნებ. შევეგუე, რომ ჩემი ხმის გაგონება არავის ახარებს, მაგრამ რა საჭიროა ეს განრისხებული ტონი?!მე ბევრი სხვადასხვა სახელი მაქვს. უმეტესობა კი სწორედ შენმა მსგავსებმა შემარქვეს. საიდუმლოდ გაგანდობ - დიდად არც ერთი არ მხიბლავს. - ხმამაღლა ვოხრავ - არ შეცდე. არც ჩემი ბედია სახარბიელო. მე ჩემს თავს მუდამ დაუპატიჟებელ სტუმარს ვუწუდობ. მაგრამ შენ შეგიძლია სხვანაირად მომართო. ვიცი, რომ ამის მოსმენა ყველაზე ნაკლებად გინდა, მაგრამ შენ მე სიკვდილი უნდა დამიძახო.
-არა! ეს შეუძლებელია.
-როგორც ყოველთვის. რატომ გჯერათ ასე მარტივად ტყუილის, მაგრამ რთულად სიმართლის?
-ეს უბრალოდ მოჩვენებაა. გამოფხიზლდი! - საკუთარ თავს მიმართავს.
-რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ვერაფერს შეცვლი.
-მკვდარი ვარ?
-ჯერ არა, თუმცა ბევრი აღარ დაგრჩენია.
-რამდენი?
-სულ ცოტა. ერთ საათზე ნაკლები. მოეშვი. ნუღარ ებრძვი. შეეგუე. შეეცადე რამდენიმე წამით მაინც მონახო სიმშვიდე.
-რატომ? - ძალა ეცლება. ხმა უდაბლდება.
-პირველი, ყველა ამ კითხვას სვამს. პასუხი შენს თავში უნდა იპოვო, ბალთაზარ.
-მე არაფერი დამიშავებია.
-ნუ ფიქრობ! მოდუნდი.თვალები დახუჭე - ჩემს სიტყვებს იჯერებს, მე კი ნელი ნაბიჯით სცენაზე გავდივარ. ვფრთხილობ. ვცდილობ კაბის ბოლოს არ წამოვედო. სუნთქვა უწონასწორდება - წარმომიდგინე და დამინახავ.გონება დაძაბე. მიდი! ჩემი სახე დახატე.
რამდენიმე წამის შემდეგ თვალს ახელს. მაშტერდება:
-მართა?!
-ნუთუ, ასეთი წარმოგიდგენია საკუთარი სიკვდილი?
-ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
-შეეცადე გამიგო. მე არავისთვის ბოროტი არ მსურს. არ იფიქრო, რომ ვცდილობ საკუთარ უსუსურობაში დაგარწმუნო, თუმცა ეს ყველაფერი ჩემს ნებას აღემატება.
ბათეს გამომეტყველება იცვლება. მისი ბრაზი ბოლომდე ცხრება.
-მიჭირს არ ყველაფრის დაჯერება.
-მე იმის სახეს ვიღებ, ვისაც შენ წარმოიდგენ. ვინც გენატრება, გიყვარს, ვის ნახვასაც ისურვებდი ან ვინც შენს სულს აკლია. ეს მხოლოდ ის მცირედია, რისი გაკეთებაც შენი შიშის გასაქარწყებლად შემიძლია.
-რას არ გაიგებ... კეთილი სიკვდილი. - ეცინება.
-ახლა კი შენ მიპასუხე - ვინ ვარ მე?
ფიქრობს. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. რამდენჯერმე ცდილობს საუბრის დაწყებას, მაგრამ შესაფერის სიტყვებს ვერ იჭერს, როგორც გუშინ, როდესაც სიმართლეში გამომიტყდა.
არა! საკუთარ თავს პირობა მივეცი, გუშინდელ საუბარზე აღარ მეფიქრა.
-არ ვიცი.. ხანდახან მას ჩემს ყველაზე დიდ დანაშაულს, ხანდახან კი ბედნიერებას ვუწოდებ. ერთმანეთი წლების წინ, ერთ შემოდგომის დღეს გავიცანით. რამდენჯერმე მქონდა მისთვის თვალი მოკრული. ამოუცნობი ჩანდა. არ ვიცი, თუ რა მიზიდავდა ასე ძალიან მასში. ერთხელაც უკან გავყევი. მახსოვს წვიმდა. ნიაღვარი ყველა გამვლელს აშინებდა, მაგრამ ის სველ, წვრილ, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, ჩქარა, მაგრამ იმდენად დახვეწილად მიაბიჯებდა, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ვეღარც სისველეს ვგრძნობდი, ვეღარც სიცივეს. ჩვენს გარდა ქუჩებში არავინ ჩანდა ან არ ვიცი - შეიძლება უბრალოდ მე ვერ ვამჩნევდი. არც ის ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა ასე, მაგრამ ,როდესაც გონს მოვედი, უკან დაბრუნება უკვე ძალიან გვიანი იყო. ვეღარ ვხდებოდი სად ვიყავი და მხოლოდ ერთადერთი გზაღა დამრჩენოდა - არ უნდა ჩამოვრჩენილიყავი. ნაბიჯს ვუჩქარებდი. თვალებში ჩავარდნილი წვეთები მამწარებდნენ. მიჭირდა სურათის გარჩევა, მაგრამ მივყვებოდი მის იისფერ ქოლგას. მას ერთხელაც არ გამოუხედავს. ალბათ, ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც შეიძლებოდა გაჰყოლოდა. გულში ვწუწუნებდი, საკუთარ თავს ვსაყვედურობდი. გამიგეთ, მე ჩემს ცხოვრებაში არასდროს მსგავსი არ ჩამიდენია. სიმშვიდის სანაცვლოდ ყველაფრისათვის მზად ვიყავი, მაგრამ ის იმდენად განსაკუთრებული იყო! სიმართლე ვთქვა, დავეჭვდი კიდეც. შენ არ გესწავლება ადამიანების ამბავი. როდესაც რაიმე სრულყოფილს ხედავენ, ძალიან უნდათ თავი საპირისპიროში დაარწმუნონ. განსაკუთრებით კი თუ საკუთარ თავს ნაგავზე ძვირად არ აფასებენ. მეც ვეძებდი მასში ნაკლს და მართლაც მისმა დევნამ ერთ საზარელ ეზომდე მიმიყვანა. გარშემო, როდესაც მიმოვიხედე შევცბი. ეს კოშმარი იყო. დრო თითქოს გაყინული, სიცრცე- მძიმე. ხეებში იკარგებოდა ნანგრევებად ქცეული სახლი. დავიბენი. წესით კმაყოფილება უნდა მეგრძნო. წვიმა სულ გადამავიწყდა და ის იყო უკან დაბრუნება გადამეწყვიტა იმაში დარწმუნებულმა, რომ ისიც ჩემს მსგავსად ზნედაცემული იყო, რომ რაღაც ძალამ მაიძულა მას შევყოლოდი. აი, შემდეგ კი ყველაფერი ვინანე.
-რა მოხდა?
-რამდენიმე წუთი შესასვლელ კართან ველოდე. შემდეგ, როდესაც ნაბიჯების ხმა მიყრუვდა, შესვლა გავბედე. გრძელი დერეფნის ბოლომდე ვერაფერმა დამარწმუნა საკუთარ ტყუილში : დაძველებული, გაუბედურებული კედლები, აყრილი იატაკი, ჩამოხეული შპალერი. დამიჯერე, მე მქონდა მიზეზი, რომ ადამიანების რწმენა დამეკარგა. რა თქმა უნდა, მეც ბრიყვი ვიყავი და ქვევითდაშვებული ყველა სიწმინდეს სიბილწის იარლიყს დაუფიქრებლად ვანიჭებდი. სამწუხაროდ, ამას ახალგაზრდა ვერ ხვდები. მაშინ ხომ სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი - ლაპარაკი უმძიმს - პირი ღია დამრჩა, ,როდესაც კარიდან ჟრიამულით სავსე ბგერები გავიგონე : “მართა”; ‘მართა მოვიდა”. პირველად მისი სახელი სწორედ ასე გავიგე. საბოლოოდ, სურათი ასეთი დამხვდა - შუაგულში სახეგაბრწყინებული მართა, გარშემო ათიოდე ბავშვი. ოთახი გაოხრებული - მხოლოდ რამდენიმე საწოლი იდგა. კედლის ბზარებს ბავშვების ნახატები მალავდნენ, საკმაოდ ციოდა, თუმცა გარემო აღარ ჩანდა ისეთი შემაშფოთებელი. ბავშვთა სახლში ვიყავი. ვერ აგიღწერ - თავი უკანასკნელ ნაბიჭვრად ვიგრძენი. ამ დღის შემდეგ იქ კიდევ ბევრჯერ დავბრუნებულვართ ერთად. დღეს ეს ადგილი აღარ არსებობს. ამ ამბავს ყოველთვის სიცილით ვიხსენებდით, მაგრამ ყოველი მისვლისას დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებდა.არ ვიცი ზუსტად რა ერქვა ამ გრძნობას, მაგრამ ამ დღემ ბევრი რამ შეცვალა ჩემში.
-ბალთაზარ, შეიძლება რჩევა დაგვიანებულია, მაგრამ არ არის საჭირო ყველაფერს სახელი ერქვას.
-კი, ეს ვიცი. არ არის აუცილებელი ცხოვრებაში ყველაფერს ერთი სახელი დაარქვა. შენც და სიცოცხლესაც გქონიათ საერთო - სახელი არც ერთს არ გაქვთ.
-გიყვარდა?
-კი. - ბევრი რამის თქმა უნდა, მაგრამ გადმოცემა უჭირს.
-რატომ დაკარგე?
-მას უბედურება შეემთხვა. მე კი მის გვერდით არ ვიყავი. როგორც მჩვევია ხოლმე - უკან დავიხიე. ჩემი ნამდვილი სახე ვაჩვენე. მე ვერ მივცემდი მას, რასაც იმსახურებდა. ეს თავიდანვე ორივემ ვიცოდით, მაგრამ შეყვარებულებს ამის აღიარება გვიჭირდა. ვერც მე ვაპატიე ჩემს თავს, ვერც მან მე, თუმცა... - ჩუმდება.
-თუმცა?
-მან მე ბევრი მომცა. მე სამაგიერო ვერაფრით გადავუხადე. ადამიანების რწმენა დამიბრუნა. საკუთარი თავის სიყვარული. მის გვერდით მჯეროდა, რომ შეიძლებოდა მეც მეპოვა ჩემი კათარზისი.
-სად არის ახლა?
-არ ვიცი. სასაცილოა, დღემდე არ მიფიქრია, თუ რამდენი კითხვაა ჩემს ცხოვრებაში. მათზე პასუხის გაგება კი უკვე გვიანია. ხშირად ვფიქრობ თუ რა ბედი ეწია. ალბათ, ცხოვრობს სადღაც შორს. პატარა სახლში. აქვს დიდი ბაღი. ისეთი, როგორზეც ოცნებობდა. ჰყავს ქმარი, ბევრი შვილი. ამის წარმოდგენაც მაგიჟებს. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა, მე კი ადგილი ამ ყველაფერში არ მეკუთვნის. მე ბედს არ ვადანაშაულებ - ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა ჩემი საკუთარი ხელით გავანადგურე.
-ქედმაღალი მეჩვენე, მაგრამ გულწრფელი ყოფილხარ.
-რა აზრი აქვს სიკვდილის წინაშე ქედმაღლობას?
-ვერ შეგედავები.
-ყველაფრის გახსენება არ მინდა. ეს არის ჩემი ცხოვრებას ყველაზე დიდი ამბავი.
-რატომ არ გამოასწორე ყველაფერი?
-არ ვიცი.
-გეგონა, რომ დრო ჯერ კიდევ გქონდა. ასე არ არის?
-კი. ასეა.
-ახლა რომ გენახა, რას ეტყოდი?
ტკივილი ავიწყდება. მოულოდნელად ფეხზე დგება. ჩემკენ მოდის. სიარული უჭირს. მუხლებში მივარდება. ქვითნებს, თრთის.
-გემუდარები. არ წამიყვანო! მე ის უნდა ვნახო. ყველაფერი უნდა ვუთხრა. ამ ტკივილით მე სიმშვიდეს ვერ ვიპოვი.
-ბალთაზარ, მე არაფერი შემიძლია.
-არ მიდნა სიკვდილი! - მისი სიტყვები გულს მიკლავს.
-სამწუხაროდ, ეს არავის არჩევანი არ არის. ვერც შენ, ვერც მე და ვერც ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
-შენ ხომ ყველაფერი იცი?! იცი ვინ იქნება შემდეგი, ვისი დრო როდის მოდის. ნუთუ, ჩემს დასახმარებლად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია?
-არის რაღაც, რასაც ვერ აგიხსნი.
-და რა არის ეს რაღაც?
-სიკვდილი, ბალთაზარ. ერთადერთი, რის წინაშეც ყველანი თანასწორები ხართ.
-გული მტკივა.
-ვიცი.
-შენ რაიმეს გრძნობ?
-ეს კითხვა ჩემთვის არასდროს არავის დაუსვამს.
-ესე იგი?
-კი, ყველაფერს. თუ დამიჯერებ ეს საუბარი არც ჩემთვის არის იოლი. შენ ვერ ხვდები, თუ რამდენად განვსხვავდებით ჩვენ ერმანეთისაგან. შენ ცოცხლობდი, მე კი აჩრდილი ვარ და მზის სხივზე მხოლოდ რამოდენიმე წამი ვჩნდები. ისიც წარმოსხვა ვარ. უიმედობის ბოდვა.
სრული სიჩუმე.
წამიერად მეჩვენება, რომ სუნთქვაც მეკვრის. ბათე კვლავ ჩემს მუხლებშია, მაგრამ აღარ ვუყურებ. ცარიელ ჭერს მივშტერებივარ. ვცდილობ ხმა დავიმორჩილო. ბოლო რეპლიკა გამოკვეთილად, მჭექარედ წარმოვთქვა :
-დამაინც, შეცდი ბალთაზარ. ჩვენს შორის არის ერთი ძალიან დიდი სხვაობა - Mors certa, vita incerta. ყველაზე განსაზღვრული რამ ამ სამყაროში სიკდილია, ხოლო სიცოცხლე - ყველაზე განუსაზღვრელი.
ფარდის დაშვების ხმა დასასრულს მოასწავის;
უნდა ვაღიარო - შესანიშნავი იყავი, ბათე.

დარბაზიდან აპლოდისმენტები არ წყდებიან. გონს ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ. ბათე დგება, თვალს თვალში მიყრის. ჩვენს შორის უხერხულობა ჯერ კიდევ არსებობს.
-იცი, ახლა რა გამახსენდა?
-გისმენ.
-ჩვენ ერთად სცენაზე ჯერ არასდროს ვმდგარვართ. მუდამ მე გიყურებდი დარბაზიდან. ახლა კი თითქოს თანასწორები გავხდით. წუთებით მაინც.
ეს სიმართლეა. ადრე, როდესაც ცირკის დასი ჯერ კიდევ სავსე იყო, ბათეს თამაშის საჭიროება არ არსებობდა. სასაცილოა, რომ ამაზე არასდროს მიფიქრია.
-მოგეწონა?
-აღფრთოვანებული ვარ.
-მადლობელი ვარ, მართა. შენგან ამის მოსმენა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
-ბათე, ლეა!
-ღმერთო, მისი აქ ყოფნა სულ გადამავიწყდა.
-გაცოფებული იქნება.
-რა მოვიმოქმედოთ?
ნაბიჯის ხმა გვაშინებს, მაგრამ ეს უბრალოდ ივაა. სირბილით შემოდის. ელაიზა ვერ ეწევა. მეხვევა.
-შეუდარებელი იყავი, მართა! გილოცავ, ბათე. არ ვიცი რა გითხრათ. მეტყველების უნარი დავკარგე.
-ვეთანხმები! ასეთი, რამ ჯერ არასდროს მინახავს,მართა. დიდი მადლობა, რომ ამის განცდის შესაძლებლობა მომეცით. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ამ ბოლო დღეებში ჩვენთვის გააკეთეთ. ურიელიც საოცრად კმაყოფილია. ისე გიმოიყურება თითქოს ყველაფერი ესმის.
-ძალიან გამახარეთ.
-მართა, უნდა გავიდეთ! - ბათე აღელვებულია.
-ბავშვებო ძალიან გთხოვთ. დარბაზში არ დაბრუნდეთ. გარეთ გადით.
-რა ხდება?
-გთხოვ, ივა. უბრალოდ დაიჯერე. ასე არის საჭირო.
ფარდა კვლავ იწევა. ვანიშნებ იჩქარონ. ურიელი ელაიზას ხელიდან უსხლტება. დარბაზში გარბის. სიშავე უმალ ყლაპავს. ახლა ამის დრო არ არის. ელაიზა და ივა შეშინებულები ჩანან, მაგრამ ჩემს სიტყვას ემორჩილებიან. უკანა შესასვლელიდან მდელოზე გადიან.
-მართა. მე შენ დღემდე მიყვარხარ.
-ბალთაზარ...
-არა, ნუ მიპასუხებ. მე ვიცი შენ რას გრძნობ. არ ხარ ვალდებული რაიმე მითხრა. მითუმეტეს ეს სიმართლე არ იქნება.
-არ შემიძლია მოგატყუო.
-ვიცი და მაპატიე, თუ იმედები გაგიცუე ან გაგიცრუებ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხარ.
-მაინც ამდენი წლის შემდეგ, ბათე?
ვერაფრის დამატებას ვეღარ ვასწრებ. ხალხის ნაკადი ფეხზე დგება. ლეაც ფეხზე დგას. ტაშს გვიკრავს. სახეზე დაჭიმული ღიმილი, უკმაყოფილო მზერამ ჩაანაცვლა. სიბერე ასე უფრო ეტყობა. დაცვა გასასვლელებს კეტავს. უკან ვიყურები. ვრწმუნდები, რომ ელაიზმა და ივამ გასვლა შეძლეს. ილარიასთან და არლეკინოსთან ერთად არიან. ლიზას ვერ ვხედავ. ალბათ, შეიტყო დანიელის წასვლა და გაჰყვა.
რაც არ უნდა მოხდეს ამ კარავში მზად ვარ. უნდა ვაღიარო, წამით იმის წარმოდგენა, რომ სცენაზე მოვკვდები, მსიამოვნებს კიდეც.
-მართა, წადი. - მჩურჩლებს ბათე.
-მე შენ გითხარი, რომ ბოლომდე შენს გვერდით ვიქნებოდი.
-ახლა ამის დრო არ არის. დამიჯერე. გაიქეცი. აქ დასახლდი...
-არაფრის მოსმენა არ მინდა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მე აქაურობა მიყვარს; მისი ნაწილი ვარ.
ყველა ხმა შეწყდა. მარჯვენა ხელის ჟესტით ლეა სიჩუმეს მოითხოვს. დაცვა ალყას გვირტყამს. ყველა საკუთარ ადგილს უბრუნდება. მხოლოდ ლეაა ფეზე, ტაშის დაკვრას არ წყვეტს. ცბიერია, ჩვენი დაფრთხობა უნდა. სწორედ ჩვენი შიშით იკვებება :
-შესანიშნავი იყო. ოხ, ეს თქვენი უსუსრი მცდელობა. მართლაც, რა თამამია ადამიანი. - რამდენიმე ნაბიჯით წინ იწევს. გარშემო მსახურები იარაღს ამზადებენ -გაერთეთ? თამაში დასრულებულია?
ხალხი დაბნეულია, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. როგორ მჯეროდა, რომ, როდესაც ეს მოხდებოდა, ვინმე მაინც გამოჩნდებოდა ჩვენი დარდის შემსმენელად.
უნდა ვაღიაროთ - მიზნისთვის ვერ მიგვიღწევია.
-ეს თამაში არ არის. - ბათე წინ მეღობება. - ეს ყველაფერი სიმართლეა. ხო, ცირკში ნანახი ყოველი გამოსვლა რეალობაა, რომელიც უარყოფილია. მაგრამ რამდენიც არ უნდა უარყოთ, ყველამ იცის მისი არსებობა. ბევრ რამეს ვერ შეცვლი. ყველაფერი ადამიანების ნებას არ ემორჩილება. -ხელებს შლის - ეს ადგილი, რომელსაც ცირკი ჰქვია, ამ განადგურებულ სამყაროში ყველაზე ნამდვილია. ეს ყველაფერი კი თქვენი ბრალია. არ გქონდათ უფლება სიმშვიდისა და სამართლის სახელით ეს შეგექმნათ. ნუთუ, მოგწონთ ის, რასაც ხედავთ?
-ეს კვლავ წარმოდგენის ნაწილია?
-გარშემო ხომ ყველაფერი წარმოდგენაა. კარგად დაგეგმილი წარმოდგენა.
ლეა პასუხად ხარხარებს. ბათე ცოფდება, მაგრამ ნაბიჯს წინ ვერ დგამს. საკუთარ თავზე ღელავს, მაგრამ ასევე ჩემზეც. ყველანაირად ცდილობს დამფაროს.
-რისი დამტკიცება გსურთ? რა არ მოგწონთ? კვლავ შიშის ჩანერგვა გინდათ? უბედურება გაკლიათ? მოგენატრათ სიკვდილის მოლოდინში ცხოვრება? თუკი ასეა, თავს ვალდებულადაც კი ვთვლი თქვენი თხოვნა შევისმინო. მე ხომ ასეთი მოწყალე ვარ. მიმოიხედეთ - ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. ნუთუ, ისინი სრულყოფილები არ არიან. რა თქმა უნდა, არიან, რადგან ისინი მე მგვანან.
-და თქვენ ვინ ხართ?!
წამით მერყეობს. კვლავ ის ავადმყოფური ღიმილი ესახება. ორივე ხელს ჰაერში სწევს. ჩვენი სისხლი სწყურია.
-მე ის ვარ, ვინც უნდა ვყოფილიყავი.
თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. ორი შეიარაღებული მამაკაცი გვიახლოვდება. გაქცევას აზრი არ აქვს. მიზანში ვყავართ აყვანილი. თვალებს ვხუჭავ.
-შეჩერდით!
ქალის კივილის ხმას ექოდ აურზაური ჰყვება. ყველა გასასვლელებს აწყდება,
მაგრამ უკვე გვიანია. გარშემო ყველგან ცეცხლია. თითქოს შავ კარავს წითელი საღებავი გადაასხეს. კვამლი სუნთქვას შეუძლებელს ხდის. სული მეხუთება.
ცირკი იწვის. მოწმენდილ ცაზე ავარდნილ ალში იწვის.


ნაწილი მეორე
ეროსი და თანატოსი
ბალთაზარის მოგონებების წიგნი :
ოქტომბერი, 2000 წელი
“დღევანდელმა საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, მაგრამ ხალხის რაოდენობა სულ უფროდაუფრო იკლებს. თეატრის მმართველობის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაურკვეველი პერიოდით დავიხუროთ. ეს ხომ სრული სისულელეა. კი, ომია, მაგრამ ხალხს ყველაზე მეტად ახლა ვჭირდებით. რატომ არ შეიძლება ეს გაითავისონ?
...უკვე საღაამოობით გარეთ გამოსვლა ყველას აშინებს. ისინი ერიდებიან, მაგრამ არ იციან ვის. უწინდელივით, ქუჩას სახლებიდან გადმოღვრილი სინათლე აღარ აფერადებს. ყველა ფანჯარა ჩარაზულია, კარებები- ჩაბეჭდილი. ყველაზე საშიში მართლაც უხილავი მტერია.
ჩემი აზრით, ისინი მეამბოხე სულები არიან. უხილავი აჩრდილები, რომლებიც მშვიდობას ქადაგებენ,თუმცა სახეს არავის აჩვენებენ. რა მნიშვნელობა აქვს მათ ამბიციებს, თითქოს ადამიანს შეეძლოს ამ ყველაფრის შეთავსება. მეც ადამიანი ვარ და არ მჯერა, რომ ომი ის მსხვერპლია, რომლის გადახდაც სიმშვიდის გამო ღირს.
სრული აბსურდი! - ხალხს დაცვას პირდებიან, მაგრამ ამავდროულად ბრძოლისაკენ მოუწოდებენ ქალაქის ყოველ კუთხეში დამონტაჟებული ელექტრონული მონიტორიდან მომავალი ხმით. რატომ არავის შეუმჩნევია ან არ გასჩენია კითხვა როდის დაამონტაჟეს ისინი ან რისთვის?
ვსეირნობ და გული მტკივა. ერთ დროს პატარა, ღარიბი, მაგრამ ხალისიანი ქალაქი მხოლოდ ჩემს გონების მიყრუებულში შემორჩენილი მოგონება გახდა. როგორ მიყვარდა სიყმაწვილეში ამ ქუჩებში სეირნობა. მშობლებთან ერთად ყოველწლიურ კარნავალზე გასვლა. დღემდე მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება. აქაურობის სილამაზით აღტაცებული ვიყავი. შორიდანვე დაინახავდი თუ, რა სასიამოვნოდ ერწყმოდნენ ხის დახლებს შორის გაბმული ნათურები ჭრელ ნაჭრებს. ადგილსამყოფელი ხის ღობით იყო განსაზღვრული. ყოველი ფიცარი სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ენაზე დაწერილი თუ ამოკაწრული სიტყვებით. შესასვლეში აღმართულ ორ ამაღლებულ ბოძს მიბმული ხელნაკეთი სხვადასხვა ფორმის ქაღალდის ორნამენტები ჰაერში ცურავდნენ. გარშემო ყველა მხიარული ჩანდა. გამვლელებს თბილად ეცვათ, თუმცა სიცივე არავის ახსოვდა. ხალისიანი ვაჭრები სტუმრებს სხვადასხვა საქონელს, ტკბილეულსა თუ სანახაობას სთავაზობდნენ. არასდროს დამავიწყდება იქ გასინჯული ოქროს თევზის ფორმის შაქარ-ყინულის გემო. ყველა მშობელს ბავშვები გამოჰყავდა სასეირნოდ, თუმცა მოხუცებიც ბევრნი იყვნენ. ახალგაზრდობას იგონებდნენ და , რა თქმა უნდა, მოზარდებს კიცხავდნენ.
უკვე ოცდასამი წლის ვარ, მაგრამ ყოველ წელს კარნავალის წიაღში დაბრუნებულს მექმნება შთაბეჭდილება, რომ დრო არ გადის და არაფერი იცვლება. წელს პირველად მწუხარეს აღმომხდა - ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გასულა!
ჩემი მშობლები უკვე რამდენიმე კვირაა აღარ მინახავს. განგაშის გამოცხადებისთანავე მთებში, ჩვენს პატარა სახლს შეაფარეს თავი. იქ საფრთხე არ ემუქრებათ. ბევრს მეხვეწა დედა მეც გავყოლოდი, მაგრამ ვიურჩე. როდესაც სადგურში ვაცილებდი, ვიგრძენი, რომ ამ მიწას ვიყავი მიბოჭილი. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში წასვლა ახლაც მინდა. დიდი გულადობით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო აქაურობას ვერ ველევი. ყოველ ხუთშაბათს ვიღებ მათ წერილს. მიყვებიან, თუ როგორი სიმშვიდეა მთებში. იციან, რომ ჩვენი პატარა “ქოხი” ძალიან მიყვარს და ცდილობენ მაპოვნინონ მიზეზი, რის გამოც სახლში მივალ, ვნახავ მატარებლების განრიგს და აქაურობას თავს დავაღწევ, თუმცა ჩემმა მშობლებმა ერთი არ იციან - ძალიან ბევრი მიზეზის გამო მსურს დავრჩე.
...მაგრამ არც ისინი ცდებიან ბოლომდე. შეიძლება სწორედ ასეც უნდა მოვიქცე - დავივიწყო თეატრი, ყველაფერი, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში თავს გადამხდა. წავიდე, დავტკბე სიმყუდროვით, დავივიწყო ამ ქალაქის ყოველი ხმა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩემი მეგზური იყო. ვწერო დაუსრულებლად.
მაგრამ ეს წასვლა არ არის, ეს გაქცევაა და ეს არ მომწონს.
მიჭირს აღიარება, მაგრამ მეამბოხეების მესმის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ უკეთესი მომავლისათვის იბრძვიან.
რა არის უკეთესი? მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება კარგსა და ცუდს შორის საზღვრის გავლებას შევალიე. ყოველ ჩემი დღე იწყებოდა იმაზე ფიქრით, თუ როგორ მეცხოვრა სწორედ. რა სულელი ვიყავი. რატომ ვკარგავდი ამ ყველაფერში დროს?! დიდხანს გავატარე ყოფა დარწმუნებულმა აზრში, რომ მართალი ვიყავი. ეს ჩემი სიმართლე გახდა ჩრდილი, რომელიც ჩემს გარშემო ჩამოწვა. ჩემსა და მომავალ სინათლეს შორის კედელი აღმართა. შეუვალი წინაღობა. ცამდე აღმართული. წარსულიდან მომავალი ჭრილობებით აშენებული. ჩემი წარმოსახვით შექმნილი.
მის მეორე მხარეს ცხოვრებას დავთანხმდი. ადგილიდან არ ვიძვროდი, რადგან მასში გახვეული თავს დაცულად ვგრძნობდი. ალბათ, ისინიც ასე ფიქრობენ და ჯერ არ იციან, თუ რამხელა შეცდომას უშვებენ.
მე ეს გამოვიარე. მინდოდა დიდება მეგრძნო, მაგრამ მალე ჩრდილში კანზე მზის სხივის შეხება დამაკლდა. გაყინული ვიძირებოდი საკუთარ სამართლიანობაში. ყოველი ცოცხალი, რომელიც მიახლოვდებოდა ჩემს მსგავსად სიცოცხლის კვალს კარგავდა და ცარიელი ქაღალდის ნაგლეჯივით ძირს ეცემოდა. ბოლოს გაუკვალავი ბილიკის წინაშე აღმოვჩნდი და თავი მხოლოდ მაშინ დავაღწიე, როდესაც ქუჩებში დაკარგული დამინახეს. მოვიდნენ ჩემთან და სხვა მომავლისაკენ წამიყვანეს. არ ვფიქრობდი არც არსზე, არც ცხოვრების დანიშნულებაზე, უბრალოდ მივყვებოდი იმედის სხივს, რომელიც ჩემს გარშემო გაშლილ ქაღალდებს სულს უდგამდა და ისინიც მომყვებოდნენ ფრთებშესხმულნი.
მათ შეიძლება არ გაუმართლათ. ალბათ, ძალიან მარტო უნდა გრძნობდნენ თავს, რადგან ასეთი არავინ ჰყავთ. მეცოდებიან.
ქალაქის თავზე ჩიტების გუნდს ვამჩნევ. სირენა ირთვება. როგორ მეზიზღება ეს აუტანელი ხმა. მათ ეგებება?! არ ვიცი, მაგრამ ყოველ წამს ძლიერდება. გარშემო მხოლოდ შიშსა და სასოწარკვეთას თესავს. ბოლო თვეების განმავლობაში ცრუ განგაშს შევეჩვიე, მაგრამ ამ საღამოს უცნაური წინათგრძნობა მეუფლება. ხმები იშლება, ბგერები მრავლდებიან. თვალებში მიბნელდება, წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს. ეს ჩიტების გუნდი არ არის. ქალაქს სამხედრო თვითმფრინავები მოუახლოვდნენ. უნდა გავიქცე, მაგრამ სად?
მათი ფორმის გარჩევა მიჭირს. ხან უკუნითი სიბნელე ყლაპავს. ნეტავ სიცარიელემ შთანთქოს. რაღაც წყდება. ზედაპირისაგენ რამდენიმე საგანი ეშვება. ჰაერს აპობს. ნელ-ნელა მისი ნამდვილი ზომის გარჩევა შესაძლებელი ხდება.
-შვილო სიკვდილი გინდა?! - მკლავში ძლიერ მოჭერას ვგრძნობ. შუახნის მამაკაცის ჩამწყდარი ხმა მაფხიზლებს. ხმების გარჩევა მიჭირს. ყველა ბგერას გარშემო გაბატონებული შიში ყლაპავს. ადგილს ვწყდები. მე მას მივყავარ, თუმცა არ ვიცი სად. ჩემი გადარჩენა სურს. მე კი უგუნური თვალს ვერ ვწყვეტ ციდან დაშვებულ განსაცდელს.
მე ვერც კი შევამჩნიე როგორ დაემსგავსა მტვერი ნისლს, როგორ გამოვიდა სახლიდან ხალხი. ყველა გარბის. ჩვენც ბრბოს ვერევით. ყველანი ერთად გავურბივართ აშკარა სიკვდილს.
ქუჩის ბოლოს მიწისქვეშა გასასვლელებია. ერთ დროს მუშებისათვის განკუთვნილი. ყველა ვაწყდებით ჩასასვლელს. ერთი მეორეს მიყოლებით ქვევით ჩადის.
სირენა წყდება, ლამპიონები ქრებიან.
სურათი ლაგდება. ჭაღარა მამაკაცს მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ხელი წამითაც არ გაუშვია. კანკალებს. მინდა მადლობა გადავუხადო, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავ ან რა აზრი აქვს? მიანც ვერ გაიგონებს. კაცები ღრიალებენ, უმისამართოდ იგინებიან. ქალები მოთქვამენ, ბავშვებს გულში იხუტებენ. პატარები ტირიან. საფრთხეს პირველნი ისინი გრძნობენ. ეს ყველაფერი აუტანელი საყურებელია, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. გარშემო ვიყურები, ნაცნობ სახეებს ვეძებ, მაგრამ ვერავის ვცნობ.
სიმართლე ვთქვა, არავის ბედი ამ წამს ისე არ მადარდებს, როგორც საკუთარი.
ჩასასვლელს მივუახლოვდით. გვირაბში სრული სიბნელეა, მაგრამ დაუფიქრებლად ვხტები. დაშვებისას წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს. ზურგზე ვეცემი და მხოლოდ იმ წამს ვაცნობიერებ, თუ როგორ დავღლილვარ. ნაბიჯების ხმა არ წყდება. გული მოუსვენრად მიცემს. ღრმად ვსუნთქავ. სულის მოთქმას ვცდილობ. “ადექი, ამის დრო არ არის”- ეს ხმა კვლავ მეძახის. ის ისეთი მზრუნველია; მან მე ერთხელ უკვე მიხსნა, თუმცა ახლა აზრადაც არ მომდის მას გავყვე. თვალებში მიბნელდება - დედა, მამა, მართლები იყავით მეც უნდა წამოვსულიყავი.
დაცემის, აფეთქების, ნგრევისა და მსხვრევის, ხმა ბოლო იყო, რაც გონების დაკარგვამდე გავიგონე”.

“არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი უგონოდ. ვცდილობ წამოვჯდე, მაგრამ მარცხენა ფეხის მოძრაობა მიჭირს. აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. ალბათ, დაშვებისას დავიზიანე. გრძელ გვირაბს მხოლოდ რამდენიმე ლამპარი ანათებს. ჩემს გვერდით სხვა გადარჩენილებს სძინავთ. ნათლად გარემოს აღქმა მიჭირს. სინათლე სუსტია, ყველა ბგერა დამუნჯებული, მაგრამ მე კვლავ ჩამესმის ის საზარელი ხმა, რომელიც ბოლოს გავიგონე. ყველაფერი აფეთქდა. არც მინდა წარმოვიდგინო, თუ რა ხდება ახლა ზევით. რამდენი ადამიანი დაიღუპა უმიზეზოდ. რას შეეწირნენ ან ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი? როგორ შეიძლება უმიზეზოდ რამდენიმე წამში ყველაფერი დამთავრდეს?
მათ არ მიუძღვით დანაშაული ამ ყველაფერში. ომი ხომ არ ყოფილა არავის არჩევანი. ჩვენ გადარჩენა შევძელით. სხვებს ნაკლებად გაუმართლათ. ისინი უსახელოდ დაიკარგებიან. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ოდესღაც მათაც გაუმართლებთ, მაგრამ პირველი, რაც ასეთ დროს იმსხვრევა რწმენაა.
ღმერთო, როგორ მწყურია!
ახლა მიწის ქვეშ ვართ. ჩვენ ცოცხალნი, ზევით ყველა მკვდარი. სისხლი ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ეშვება ჩვენკენ. ნეტავ, სიარული შემეძლოს. მინდა ყველა აქ მყოფის სახე ვნახო. ჩემი ნაცნობები ვიპოვო. გადავეხვიო. გადარჩენა მივულოცო. დიდხანს ასე გაჩერება გაგვიჭირდება. ნესტი და სიცივე ბოლოს მოგვიღებენ რომ არაფერი ვთქვა სასმელ-საჭმელის ნაკლებობაზე. ალბათ, ბევრი ბავშვია. რატომ უნდა ენახათ მათ ეს ყველაფერი? ამბობენ ბავშობაში ნანახი არასდროს გავიწყდებაო. ეს დღეც მათი მოგონება გახდება და გაჰყვება მარად მათ სხეულს მყრალი ლეშის სუნის სახით, რომელიც მუდამ გაახსენებს მათ იმ სამყაროს სახეს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ.
ჯიბეში სიგარეტს ვეძებ, მაგრამ სანთებელა დამიკარგავს. ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებს. სიჩუმეს ნაბიჯის ხმა არღვევს. კაცის სილუეტს ვხედავ, რაღაც უჭირავს. მოახლოებისას მის სახეს ვარჩევ. საშუალო ასაკი, თმა ჭაღარა, თვალები სევიდანი, კანი გამომშრალი, გამომეტყველება გადანგურებული.
-როგორ გრძნობ თავს? - ჩურჩულით მეკითხება და ნახევრად სავსე წყლის ბოთლს მიწოდებს. მის ხმას ვცნობ.
-თქვენ მე გადამარჩინეთ - ძალაუნებურად წამოვიყვირე. მანიშნებს ჩუმად ვიყო. ჩვენს გარშემო ყველას სძინავს. ბოთლს ბოლომდე ვცლი.
-რა გქვია?
-ბალთაზარი. თქვენ?
-უცხო სახელია. - მპასუხობს ისე, თითქოს არაფერი მიკითხავს. იქნებ საკუთარი სახელის გახსენება არ სურს. არ მინდა კითხვებით თავი მოვაბეზრო, ამიტომ კითხვას აღარ ვუბრუნებ.
-გასაკვირია, მთელი ცხოვრება აქ გავატარე, მაგრამ აქამდე არასდროს შემხვედრიხართ.
-ხო, დიდი ხანი არ არის, რაც აქ ჩამოვედი. სიმართლე გითხრა, აღარც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი სახლში. უკვე რამდენიმე წელია ქალაქიდან ქალაქში დავდივარ. ყველას, ვისაც ჩემს ამბავს ვუამბობ ერთი გამოთაყვანებული ყმაწვილი ვგონივარ, მაგრამ შენც ხედავ, რომ ჩემი ახალგაზრდობა აქედან შორს, ჩემს სახლში დარჩა. ვერ ვიტყვი, რომ მათ ვეწინააღმდეგები. -თხრობას წყვეტს. თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ამჩნევს- სანთებელა გინდა?
-თუ შეიძლება.
მანიშნებს მძინარეებისაგან ცოტა მოშორებით გავიდეთ. წამოდგომაში მეხამრება. სიარული მიჭირს. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას შეგრძნება მაქვს, რომ ათას ბასრ ნამსხვრევზე დავდივარ. არ ვიმჩნევ.
სიგარეტს ვუკიდებთ. ფილტვებში კვამლი სასიამოვნოდ ეშვება. გარშემო სრული სიჩუმეა. ისიც ნასიამოვნებია, მაგრამ სახეში არ მიყურებს. ზევიდან ჩამომავალ სინათლის მკრთალ სხივს მისჩერებია. ნეტავ, რაზე ფიქრობს?
-რაღაცას ჰყვებოდით.
-არ მინდა ჩემი ამბებით თავი მოგაბეზრო.
-პირიქით, სიამოვნებით მოგისმენთ.
პასუხად მიღიმის. მარჯვენა ხელს მოუსვენრად ათამაშებს. მოგონებების მორევში ეშვება.დაწყებულს აგრძელებს:
-არ მინდოდა, რომ ჩემთვის ისე ზიზღით ეყურებინათ, როგორც მე ვუყურებდი სხვა ჩემნაირ გზააბნეულებს. მუდამ ვთვლიდი, რომ ვიცოდი რა მინდოდა, მაგრამ შემდეგ თითქოს ვიღაცას სარკეებით სავსე ოთახში გამოვეკეტე. ჩემს გარშემო ყველგან საკუთარ ანარეკლს ვხედავდი. ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა. ადგილს ვერ ვიცვლიდი. ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ან ვიყავი თუ არა ნამდვილი. ბოლოს მეც ათასში დაკარგული ანარეკლი გავხდი. ასე დაიწყო ყველაფრი.
-გაურკვევლობამ გძლიათ?
-გაურკვევლობა რბილი ნათქვამია. არანაირი მიზეზი არ მქონდა საყვედური მეთქვა. ბევრი ბედნიერი იქნებოდა ჩემს ადგილას, მაგრამ რაღაც მაკლდა. სწორედ მისი პოვნა გახდა ჩემი ერთადერთი მიზანი.
-სახლიდან, ამიტომ წამოხვედით?
-ბევრი მიზეზი მქონდა. ახალგაზრდა დავოჯახში. შემდეგ მალე დავქრივდი.
-ვწუხვარ.
-ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ცოლი სიკვდილს ისე არ ინანებდა, როგორც ნანობდა საკუთარ სიცოცხლეს. ჩვენი ქორწინება უბრალოდ გარიგება იყო. ჩემი გვარი მის ოჯახს პატიოსანსა და კეთილშობილ სახელს ჰპირდებოდა, ჩემი მშობლები კი მის ქონებას მოეხიბლა. მეც არავის დავუპირისპირდი. ახალგაზრდა მისი სილამაზით დაბრმავებული ვიყავი. მალევე დავქორწინდით. პირველი რამდენიმე თვე მშვიდად ვცხოვრობდით. ის ჩემი მადლიერი იყო, მეც პატივს ვცემდი, მაგრამ ერთმანეთი არასდროს გვყვარებია. სამწუხაროდ, ვერც ერთი ვაცნობიერებდით, თუ რამხელა უბედურებას ვუყრიდით საძირკველს.
-როგორ დაიღუპა?
-ავტოკატასტროფა; უბედური შემთხვევა; რაღა მნიშვნელობა აქვს?! იმ დღის შემდეგ ჩემი სახე დამჭკნარ, გაყვითლებულ ფოთოლს დაემსგავსა. სახლი დაცარიელდა. ის არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს, მაგრამ არც იმ ცხოვრებას იმსახურებდა, რომელიც მე მას მივეცი. რამდენიმე თვე ოთახიდან არ გავსულვარ. ვერიდებოდი გლოვას, სასაფლაოზე მისი სურათის ნახვას, სამძიმრის მოსმენას, უაზრო გამხნევებას, ნათესავებისა და მეგობრების ქვითინს. ყოველ ღამით მას ვხედავდი. მის მზრუნველ, ალერსიან სახეს, გაცისკროვნებულ თვალებს. სინამდვილეში, ის მაშინ მოკვდა, როდესაც ჩემზე დაქორწინდა. სინდისის ქეჯნა ძლიერი გრძნობაა.
-ეს ხომ მისი არჩევანიც იყო.
-კი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში მას იმედი ჰქონდა, რომ მე წინააღმდეგი ვიქნებოდა.
-ამ ტკივილს ვერაფერი შეგივსებთ.
-ვიცი. დანაკლისის უარყოფა შეუძლებელია. გლოვა დიდხანს გაგრელდა. ნელ-ნელა ვგიჟდებოდი. ყოველი ნივთი მას მაგონებდა. ყველა ნერვიულობდა, ამიტომ არავინ აღუდგა წინ ჩემს გადაწყვეტილებას. მათ ვებრალებოდი და ცდილობდნენ რითაც შეეძლოთ დამხმარებოდნენ. სახლი მივატოვე. მშობლებისთვის წლებია არ მიმიწერია. არც კი ვიცი ცოცხლები არიან თუ მკვდრები. არადა, ჩემს გარდა სხვა შვილი არ ღირსებიათ. არც ისინი იმსახურებდნენ ჩემნაირ შვილს. ყველას იმედი გავუცრუე.
-საკუთარი არსებობის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდით.
-შეიძლება. პირველი ხარ ვინც ამას ამბობს. ესე იგი გესმის. შენც გიფიქრია წასვლაზე?
-კი, ხშირად ვფიქრობ - ხმამაღლა ამას პირველად ვამბობ. უფრო სწორედ ვაღიარებ.
-დაიმახსოვრე. წასვლა არასდროს არის გამოსავალი, თუმცა, რადგან ამდენ ხანს არსად წასულხარ, ესე იგი შეგიძლია აქაურობას სახლი თამამად უწოდო. დამიჯერე, ჩაეჭიდე; არასდროს დაკარგო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დროის განმავლობაშე ვისწავლე, არის ის, რომ წასვლა ძალიან მარტივია. აი, დარჩენა კი რთული.
-გეთანხმებით. აქამდე როგორ მოხვედით? - თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც საუბარს ჩემი მიმართულებით მართავს, ამიტომ კითხვებს სწრაფად ვანაცვლებ.
-ერთხელაც აქედან არც ისე შორს ერთ-ერთი ქვეყნის საზღვართან ჩვენი მატარებელი გააჩერეს. ყველა მგზავრი ჩამოგვსვეს, ძირფესვიანად გაგვჩხრიკეს. როდესაც ვიკითხე, თუ რა ხდებოდა, ომიაო-მიპასუხეს. ძალიან მშვიდად. თითქოს, უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილიყო. გზის გაგრძელების უფლებას არ გვაძლევდნენ. რას გავაწყობდით? ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავედით. როდესაც აქ ჩამოვედი ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდი. მიყვარს პატარა ქალაქები. სიარულისაგან დაღლილს დასვენება მესიამოვნა. ციოდა. დაძინებამდე, გამოსაფხიზებლად სახეზე წყალი შევისხი და საკუთარ თავს სარკეში დავაკვირდი. თურმე, ძალიან შევცვლილვარ ბოლო თვეების განმავლობაში. ჩემი ამოშავებული, თაფლისფერი თვალები მახსენებდნენ ყოველ დღეს, როდესაც თავს არასასურველად ვთვლიდი, წითური მოშვებული წვერი მახსენებდა ყოველ ღამეს, როდესაც საკუთარ გარდაცვლილ მეუღლეზე ვფიქრობდი, გაჭაღარავებული თმა კი მაგონებდა ყოველ წუთს, რომელიც დაკარგულმა გზის ძიებაში გავატარე. ამ სამ ფერში იყო ჩაძირული მთელი ჩემი ცხოვრება. ასეთია ჩემი არსებობა.
-არ ვიცი რა გითხრათ - სიმართლეს ვეუბნები, ვერასდროს ვუბრუნებ სწორ პასუხს ადამიანს, რომელიც საკუთარ გულის ნადებს მიზიარებს. მინდა მხარზე ხელი დავადო; ვანუგეშო, მაგრამ ვშიშობ, რომ გაღიზიანდება, ამიტომ ვარჩევ უბრალოდ გულწრფელი ვიყო. დაუფიქრებლად ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ.
-პასუხს არც ველოდი. მადლობა, რომ მომისმინე. შენ რას მიამბობ საკუთარი თავის შესახებ?
-სიმართლე გითხრათ, ბევრს ვერაფერს. უბრალო დრამატურგი ვარ. ქალაქის მთავარ მოედანზე, თეატრში ვმუშაობ. პიესებს ვწერ. ეს არის ჩემი ცხოვრება.
-საინტერესოდ ჟღერს. სამწუხაროდ, იმედს გამიცრუებ, თუ თეატრზე ბევრის თქმას ვერ შეძლებ.
ვჩუმდები. რისი მოყოლა შემიძლია მისთვის? რა უნდა, რომ გაიგოს ჩემი პიესების შესახებ? “მე მათ რეალობისაგან ვმიჯნავ.”; “პიესებს კაცობრიობის ფასეულობებზე ვაგებ”; “თეატრი ჩემი სულის კათარზისია” “უბრალოდ ვცდილობ აღვწერო ის ყოველი გრძნობა, რომელიც ამ წლების განმავლობაში განვიცადე.” - ეს ის დაზეპირებული პასუხებია, რომლებიც ყველას მოსატყუებლად გამოვიგონე. მე ძლიერი ადამიანის სახეს ვიქმნიდი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მემსახურა ხელოვნებისათვის და ყოველ ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვას ვწონიდი. ილუზიებში არ ვცხოვრობ. უბრალოდ არ მასვენებდა შიში, რომ ბევრი ვერ გაიგებდა ჩემს გულისთქმას, ამიტომ ათასი სიცრუის გამოგონება ვარჩიე. ადამიანები უფრო მარტივად იჯერებენ იმას, რისი მოსმენაც უნდათ. მაგრამ ახლა ჩემი ჭირის მეგობარი აუცილებლად შეამჩნევს, თუ მის გაბრიყვებას შევეცდები. ნუთუ მართლა არაფერი შემიძლია ვთქვა იმ საქმეზე, რომელსაც ცხოვრება შევალიე? ღმერთო ჩემო, თითქმის სამი წელი გავატარე თეატრში. არ ვიცი აქედან გასული საერთოდ მოვახერხებ თუ არა დაბრუნებას. იქნებ აღარც მომეცეს შესაძლებლობა ვინმეს ვუთრა ის, რასაც მართლა ვფიქრობ :
-როგორ მაღალფარდოვნულადაც არ უნდა ჟღერდეს თეატრი ჩემი არსებობის წყაროა. ყველა ჩემს დაწერილ პიესაში ძირფესვიანად ყოველ რეალურ საწყისს ვცვლი. ჩემს ყოფასთან ყოველ მსგავსებას ვსპობ. თითქოს არ მინდა ვაღიარო, რომ ისინი ჩემი შექმნილნი არიან ან რაიმე საერთო აქვთ ჩემთან. არადა, ყველანაირად ვცდილობ გულწრფელი ვიყო. ბავშვობაში, როდესაც გადავწყვიტე მწერლობაზე მეოცნება, ამ ყველაფერს მხოლოდ სულელურ, მიუწვდომელ აკვიატებად ვთვლიდი. დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ ჩემს დაწერილს რაიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. უამრავი კითხვა მაქვს საკუთარ თავთან - ვიმსახურებ თუ არა მე ამ ყველაფერს? ამიტომ უარვყოფ მთელი ძალით ყველას დასანახად, რომ სინამდვილეში, ყოველ დაწერილ წინადადებაში ჩემს თავს ვხედავ. ასე გრძელდებოდა მუდამ თეატრში მისვალმდე. ამ ადგილმა გამაბედნიერა. იმის მიუხედავად, რომ მუდამ უკმაყოფილო ვიყავი, მან ის ცხოვრება მაჩუქა, რომელზეც ვოცნებობდი. ერთადერთი მოვალეობა მქონდა - უნდა მეწერა. სცენა გახდა გაპიროვნება ჩემი შექმნილი სამყაროსი. აღტაცებული ვუყურებდი მსახიობებს, რომლებიც ჩემი პერსონაჟების სახეებს ირგებდნენ. სიამაყეს ვგრძნობდი. ხანდახან ცრემლის შეკავებაც კი მიჭირდა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც მაყურებლის თვალში ნაპერწკალს ვხედავდი. რამდენიმე წუთით ყოველი ეჭვი, რომელიც დღეების განმავლობაში მღრღნიდა სადღაც ქრებოდა. მიწას ვწყდებოდი.
-რწმუნდებოდი, რომ რაღაც შეგიძლია და ამის გამო აუღწერელ სიამოვნებას განიცდიდი.- უხეშად მაწყვეტინებს.
-დიახ. - გულმოსული ვპასუხობ.
-სწორედ ამის შეგრძნებას ვლამობდი. ერთხელ რომელიმე ქალაქსა თუ ქვეყანაში ჩასულს მინდოდა ჩემი თავი მეპოვნა. ყველა იმ სურვილის ასასრულებლად, რომელიც ოდესღაც ჩაფიქრებული მქონდა. შენ გულადი ხარ. ოცნებებს ბოლომდე გაჰყევი. თვეების წინ ერთ ჩემს ძალიან ძველ მეგობარს შევხვდი. ბევრი გვქონდა გასახსენებელი, მაგრამ, როდესაც მკითხა მახსოვდა თუ არა ის, რაზეც ოდესღაც ვოცნებობდი, შევცბი -არაფერი აღარ მახსოვდა. მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ის ადამიანი, რომელიც შემეძლო ვყოფილიყავი წარსულში დარჩა იმ მეოცნებე ბიჭის თვალებში, რომელიც ოდესღაც მე ვიყავი.
-ოცნების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიან.
-ცდები! რეალობაში სულ სხვანაირად ხდება. ბევრი შენნაირად თვლის, რომ, როდესაც ყველაფერი გამოუსწორებლად ინგრევა, ოცნება ერთადერთია, რაც საარსებო ძალას გაძლევს. ეს ძალიან ლამაზი შეხედულებაა და მეც მთელი გულით მწადია მისი დაჯერება. მაგრამ ხშირად სწორედ ასეთ დროს იკარგებიან სიცარიელეში ეს შენი ოცნებები. - მის ტონში შერეული ცინიზმი მაღიზიანებს.
-ამაზე დავა უადგილოა. მეეჭვება ერთ აზრზე შევჯერდეთ.
-შეხვედრიხარ ადამიანს, რომელთანაც შეგეძლო დაუსრულებლად ყველაფერზე გელაპარაკა?
რა თქმა უნდა. დაფიქრებაც არ მჭირდება, პასუხი ისედაც ვიცი. კი, შევხვედრივარ. მას ჰქვია მართა. ახლაც მისი სახის მოგონებისას გული გამალებით მიძგერს. მხოლოდ ერთი მამშვიდებს - ის ამ აჩრდილად ქცეული ქალაქისაგან ძალიან შორს არის. როგორ მიხარია, რომ ამ ყველაფერ ვერ ხედავს!
მზერას ვარიდებ. მეც მკრთალი სინათლის სხივს ვაშტერდები. ის პასუხს ხვდება, ელოდება როდის დავიწყებ ამბის მოყოლას, მაგრამ როგორ ავუხსნა, რომ ამის ადამიანის ენით აღწერა შეუძლებელია. ხშირად ჩვენც უბრალოდ სიმუნჯეს ვარჩევდით. მის პირისპირ გარშემო ყველაფერი სიცარიელეში იძირებოდა. სიტყვების მონახვა ორივეს გვიჭირდა, მაგრამ ჩვენი სიჩუმე საუკეთესო მთხრობელი იყო. მასთან ყოველი შეხებისას აუღწერელ ძალას ვგრძნობდი. ჩვენ გარშემო არ გვეხვეოდა ზაფხულის ნაზი სიო. მხოლოდ ქარიშხალი. ბევრი ადარებს სიყვარულს უსაზღვროდ გაშლილ, გრაციოზულ, კამკამა ზღვას. მეც ასე ვფიქრობ. არაერთხელ მიოცნებია ზღვის ქაფად გადაქცევაზე. ტალღების მკლავებში მარილიან ქართან თამაშზე. მისი იდუმალი სიმღერის მოსმენაზე. მაგრამ , ერთ დღესაც მართას შევხვდი. ის წყალი არ ყოფილა. ყველაზე ადიდებული, აღელვებული ზღაც კი მუდამ ნოზულ ჰანგებს მიჰყვება; ნაზსა და მშვიდ სახეს ინარჩუნებს. მართა ცეცხლი იყო. მისკენ ყოველი გადაგმული ნაბიჯი უკან მხევდა. მე მას ვერ ჩავაქრობდი,მას კი ჩემი დაფერფვლა შეეძლო. ჯიუტად არც ერთი ვთმობდით. ეს ბრძოლა იყო, რომელსაც მხოლოდ ერთი ფატალური ბოლო შეიძლებოდა ჰქონოდა. არც ერთს არ გვქონდა წარმოდგენა, თუ რა ერგებოდა გამარჯვებულს, მაგრამ დანამდვილებით ვიცოდით, რომ დამარცხებულს მწარე ბედი ელოდა. ბევრი, რამ გადაგვხდა თავს და როგორი წარმოუდგენელი მოსასმენიც არ უნდა იყოს ჩვენი ამბავი, საბოლოოდ რაღაცის შექმნა მაინც შევძელით. ჩვენ ერთად ბედნიერები ვიყავით.
მოგონებები მიტაცებენ. ხანდახან ყველაზე სანუკვარსაც კი არ უწერია დაუსრულებლად გაგრძელება. ღმერთო, ნუთუ, კვლავ ყველაფრის მიუხედავად, მას ვეთაყვანები?
რამდენი რაღაცის მოყოლა შემიძლია მის შესახებ, მაგრამ ამ ამბებს არ დავთმობ. არავის გავუნდობ ან რა აზრი აქვს - ჩვენ მაინც ვერავინ გაგვიგებს.
პასუხის გაცემის მაგივრად კითხვას ვუსვამ :
-თქვენმა მეუღლემ იცოდა თქვენი სურვილების შესახებ? - კითხვა მოულოდნელია. სიჩუმე ჩამოწვა. ღრმა ნაფაზებს ქაჩავს. მარცხენა ხელით წვერს იწიწკნის. სიგარეტი ბოლომდე იწვის. მეორე ღერს იღებს. უხმოდ უკიდებს. სანთებელას მიწოდებს. მეც ვიმეორებ.
-გახსენება გიჭირს? - ჩანაფიქრს წვდება.
-არა, პირიქით, მოგონებები უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებენ, მაგრამ არ შემიძლია ამ ყველაფრის ხამამაღლა თქმა. ისევე, როგორც თქვენ არ გსურთ გამანდოთ თქვენი სახელი.
-ვერ შეგეწინააღმდეგები.
-იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გულის სიღრმეში იცით რას ეძებთ და სად უნდა ეძიოთ. გუმანს მიენდეთ.
-მაოცებ. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა და მზის სინათლისაგან შორს, მიწის ქვეშ არის გამოკეტილი, საუბრობდეს მომავალსა და გულისთქმის მნიშვნელობაზე?
-თქვენმა გულმართლობამ გამაოცა, ამიტომ მინდა მოგბაძოთ.
-ყველას ბევრი გვაქვს ნანახი, მაგრამ მთავარია ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად არ გაქრეს. ერთხელ მკითხეს, თუ რა მინდოდა ეთქვათ ჩემს საფლავთან შეკრებილ ახლობლებს. პასუხი არ ვიცოდი. ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევს. როგორი მინდა, რომ დავამახსოვრდე სხვებს? მე თუ მოვკვდები ყველა გამიხსენებს, როგორც მოხეტიალე ლაჩარს, რომელმაც ვერ შეძლო თვალი გაესწორებინა რეალობისათვის. - სიმწრისგან იცინის - ან რომანტიკულ ქმრად, რომელსაც იმდენად უზომოდ უყვარდა საკუთარი ცოლი, რომ თავგზა აებნა. ყველანაირ შემთხვევაში არც ერთი არ არის მართალი, ამიტომ მინდოდა ვინმესთვის მაინც მეთქვა, თუ ვინ ვარ სინამდვილეში. გინდ ეს ყოფილიყო ახალგაზრდა, რომელსაც ჩემი სახელიც კი არ ეცოდინებოდა.
-თქვენმა საუბარმა ბევრ რამეზე დამაფიქრა.
-მაგრამ ერთი კითხვა კვლავ გაწუხებს. - ეშმაკურად მიღიმის. ზუსტად იცის რისი კითხვაც მინდა და პასუხიც მზად აქვს. მეც უკან არ ვიხევ:
-რატომ გადამარჩინეთ?
-შეიძლება ერთადერთი ღირებული, რაც ჩემი არსებობის განმავლობაში გავაკეთე, შენი გადარჩენა იყო. მიმოიხედე რამდენნი ვართ. იცი რა არის ყველაზე სამწუხარო?
-რა?
-ომი სასტიკი რამ არის. ბავშვები დაკარგავენ ბავშვობას, მოზარდები მომავლის იმედს, უფროსები კი, რომლებსაც ჰქონდათ ის, რაც სხვებს ვეღარ ექნებათ, შეიძლება გაბოროტდნენ.
-თქვენი აზრით, რამის შეცვლა შეგვიძლია?
-არ ვიცი. - ამთქნარებს - მგონი დასვენება არც ერთს გვაწყენს. გრძელი დღე იყო. მოულოდნელობებით სავსე.
ხმის ამოუღებლად თავის მოძრაობით ვეთანხმები. დასაძინებლად ვბრუნდებით. ფეხის ტკივილი საერთოდ დამვიწყებია. მოკალათებაში მეხმარება. სიტყვა აღარ დაუძრავს, მე კი კიდევ დიდხანს ვუყურებდი მის ზურგს. დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობდა ჩემს მზერას, მაგრამ შეიძლება ამ დიალოგის შემდეგ აღარ უნდოდა ჩემთვის თვალის გასწორება.
ვცდილობ მოვეშვა. გახუნებული ზეწარი ვერ მათბობს, თუმცა საფიქრალი სიცივეს მავიწყებს. ახლა, გარშემო ყველას სხვაგვარად ვუყურებ. ისე, როგორც ჯერ ამოუხსნელ საიდუმლოს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმისა, თუ რამდენი აქვს ყოველ აქ მყოფს გამოვლილი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს დავრჩებით, თუმცა დასანანი იქნება, თუ ამდენი თხზულება მიწისქვეშ დაიკარგება. ჩემებთან ჩასვლას თუ მოვახერხებ აქ მოსმენილს აუცილებლად დავწერ.
დამაინც, გულისამაჩუყებელია, როდესაც უყურებ, თუ როგორ იცვლება ადამიანი სიკვდილის შიშის პირისპირ. სწორედ ეს არის მიზეზი - ის ფიქრობდა, რომ აღარ ექნებოდა შესაძლებლობა სხვისთვის სიმართლე გაენდო.
რა საოცარი არსებები ვართ!”

“საკუთარ აზრებში ჩაძირულს ჩამძინებია. ალბათ, რამდენიმე საათია გასული. ხმაური მაღვიძებს. კვლავ აურზაური. ხალხი უმისამართოდ გარბის. რა ჯანდაბა ხდება? ჩასასვლელიდან თვალისმომჭრელი სინათლე გარშემო რაიმეს გარჩევას შეუძლებელს ხდის. მგონი ეს ის კაშკაშა შუქი არ უნდა იყოს, რომელიც გადარჩენას აუწყებს.
ფეხზე ვერ ვდგები. საკუთარი სხეულის დამორჩილება მიჭირს. კვლავ თავბრუ მეხვევა. არ მინდა გონების დაკარგვა. მსურს პირისპირ შევხვდე მას, რაც ამ ყველაფრის მიზეზია.
ნუთუ ეს აღსასრულია?
გვირბაში ჩამომავალ სილუეტებს ვხედავ. მგონი შეიარაღებულები არიან. გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, რომ ერთი ჰაერში ისვრის. სიმშვიდეს მოითხოვს. სრული სიჩუმე მოსდევს. ყველა მორჩილად ერთ ხაზად მწკრივდება. ვფიცავ, მათგან მომავალ შიშს ვგრძნობ. ერთ სქელ მოწითალო ნისლად იფრქვევა.
ბრძანებაა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გავყვეთ. ერთი მეორეს მიყოლებით ზევით ადის. მე ადგილიდან არ ვიძვრი. უფრო სწორედ, ვერ. ერთ-ერთი ჩემსკენ ანიშნებს, მეორე მიახლოვდება. სახე დამალული აქვს, მაგრამ მის თვალებს ვხედავ. ისიც ამ სინათლის მსგავსად გამჭვირვალეა. მკლავში ხელს უხეშად მავლებს. ჩემს წათრევას ცდილობს, მაგრამ მარცხენა ფეხს ვერ ვეყრდნობი.
-მტკივა! - მთელი დარჩენილი ძალით ვყვირი. შეგრძნება მაქვს, რომ მის ყურამდე ჩემი ვედრება ვერ აღწევს.
ამასობაში გვირაბი დაცარიელებულა. უკან იხედება მგონი კითხულობს, თუ რა მოიმოქმედოს. პასუხით უკმაყოფილო ჩანს. ხელს მიშვებს. იარაღს დებს. მაფრთხილებს დავემორჩილო. ჩემი საყრდენი ხდება. ასასვლელამდე მიმათრევს, შემდეგ ჩემს აყვანაში კიდევ რამდენიმე ეხმარება. იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც წარმოვიდგინე?
ასვლისას გარემოს შეთვალიერებას ვასწრებ. ყველგან ნანგრევებია, ძლიერი ქარი მტვერს ერწყმის. ყველა სხვადასხვა სატვირთოში ზის.
ნეტავი, სად მივყავართ?“

ნოემბერი, 2000 წელი :
“როდესაც მოგვიყვანეს, ორ მწკრივად დაგვალაგეს. კაცებს მარჯვენა ეზოსაკენ გაგვიძღვნენ, ქალებს მარცხენასკენ. ნაცნობ სახეს ვეძებ, მაგრამ ამაოდ. ალბათ, სხვადსხვაგან გადაგვანაწილეს.
სიჩუმეს არავინ არღვევს, შეწინააღმდეგებაზე გაფიქრებასაც კი ვერავინ ბედავს. მგონი მიზანს მიაღწიეს - საბოლოოდ დაგვაშინეს.
ასე ორმოციოდე ვიქნებით. ეზოში შესვლისთანავე ,ტანსაცმლის გახდას გვთხოვენ. შემდეგ ჩვენს თვალწინ ცეცხლს უკიდებენ. ვუყურებ გაჩაღებულ ხანძარს. დამსგავსებულ აისს, რომელიც ფანტავს სქელ ფარდად ჩამოფარებულ დაისს. თითქოს, დღისა და ღამის ციკლი ირღვევა. უღრუბლო ცაში კვამლი ვარდება. ჩვეულზე ჩაბნელებული ღამის ცაში. უიმედობისა და სიცარიელის ზღვაში. სიმძიმედ მაწვება ეს სუნი.
შორიდან ეს ყველაფერი ერთ დიდ ხუმრობას ჰგავს. ეზოში ალს შეჰყურებს ორმოცამდე გაშიშვლებული მამაკაცი. კვამლი ნელ-ნელა იფანტება. შესასვლელი კარისაკენ რიგ-რიგობით გვიხმობენ. არანაირი კითხვა, არანაირი პასუხი. სიჩუმეს მხოლოდ ყოველი მხრიდან მომავალი გულის ცემის ხმა არღვევს.
ჩემს ამოოხვრას ღრიალი მოჰყვება. ახალგაზრდა, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ვაჟი, მიწაზე ვარდება. წამოდგომასა და გაქცევას ცდილობს, მაგრამ ძლიერი დარტყმა მუხლებზე აბრუნებს. დარაჯი უმოწყალოდ სცემს, თან ჩემთვის უცნობ ენაზე რაღაცას ბურტყუნებს. ბიჭი შველას ითხოვს, მაგრამ არავინ იძვრის. თხოვნა მოთხოვნაში შემდეგ კი გინებაში გადადის. როგორი საზიზღარი სანახავიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, როგორი არაადამიანებიც არ უნდა ვჩანდეთ, ჩვენ ვერ გაგვამტყუნებენ. ყველა ერთ ადგილას ვართ გაყინულნი.
...ბიჭი ყვირის მანამ, სანამ გონებას არ კარგავს. გათიშული ორ გუშაგს ხელში აჰყავს, მაგრამ პატარა მწვანე კარისაკენ მიჰყავთ. ძალიან მინდა მოვუბოდიშო. გაგება ვთხოვო.
ამ სანახაობის მერე ჩემი შესვლის რიგიც მალე მოდის. კართან შედარებით დაბალი გუშაგი მათვალიერებს. მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ, მისი ხელის ჩემს ზურგზე შეხებისას ვგრძნობ, თუ რამხელა ზიზღს გვრის ჩემი შიშველი სხეული. მანიშნებს გზა გავაგრძელო, მაგრამ ვყოვნდები - შესასვლელთან სისხლია. თვალს ვერ ვაშორებ.
შესვლისთანავე შავი შარვლებსა და მაისურებს გვირიგებენ. ჩაცმისა და მორიგი განკარგულების ლოდინს მოითოხვენ. კარი მძიმედ იხურება. ხშირად ვფიქრობდი, თუ რას გრძნობდა პატიმარი, რომელიც უყურებდა დახურულ კარს და არ იცოდა ოდესმე გაიღებოდა თუ არა. არასდროს წარმომედგინა, რომ ამის განცდაც მომიწევდა.
რა საინტერესოა ცხოვრება.
ნაჭერი უხეშია, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა აქვს რა გვეცმევა. ჩემს გარშემო მყოფებს ვათვალიერებ, მაგრამ ჩვენს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ. არ ვიცი უძილობას დავაბრალო თუ არა, მაგრამ თითქოს ყველას ერთი სახე გვაქვს.
უზარმაზარი რკინის კარი იღება. მისი მეორე მხრიდან თვალისმომჭრელი სინათლე გამოდის”

“გრძელი დერეფანი ნაცრისფრადაა დასერილი. ერთმანეთის მიყოლებით ათიოდე ოთახია. მე საკანს უფრო შესაფერის სიტყვად ვთვლი აქაურობის აღსაწერად. თუმცა ისინი სხვანაირად ლაპარაკობენ.
გარეთ პატარა ფანჯარა იყურება, თუმცა სანახავი აღარაფერი დარჩა გრძელ ქუჩაში ფოთლებად მიმოფანტული ნანგრევებისა და რამდენიმე განადგურებული მანქანის გარდა. ამ დღეების განმავლობაში არც ერთი გამვლელი მინახავს. ნუთუ, სიცოცხლე სადღაც გაქრა?
გისოსები დაჟანგულია, მაგრამ კედლები თეთრი. ფართი საკმარისია. აქ მხოლოდ ორი საწოლია, მარჯვნივ ორსართულიანი, მარცხნივ ერთადგილიანი. ზეწრები და ბალიშები ნაცრისფერი. მიფარებულ კუთხეში უნიტაზია, კედელზე ხელსაბანი, თუმცა არსად არ არის სარკე. უცნაურია.
მე ორსართულიან საწოლზე წოლას ვამჯობინებ. ეს ის პატარა დეტალია, რომელსაც შეუძლია აქ ყოფნა გამილამაზოს. ბავშვობაში ასეთზე ვოცნებობდი. სამწუხაროდ, ჩემს მშობლებს მეორე ბავშვზე არასდროს უფიქრიათ, ამიტომ ერთხელაც დავიფიცე, რომ ძალიან ბევრი შვილი მეყოლებოდა, თუმცა ახლა საკუთარ ფიცს ეჭვქვეშ ვაყენებ.
ეს რატომ გამიკეთე მართა?
აქ მოსვლის წამიდან არაფერი საგანგაშო არ შემინიშნავს. უმადურობა იქნება თქმა იმისა, რომ ცუდად გვეპყრობიან. ალბათ, მიწისქვეშ დარჩენა უფრო გაგვიჭირდებოდა. ისინი არ გვაკლებენ საჭმელს, არც თამბაქოს, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მშრალი ხმით, გვეკითხებიან, თუ როგორ ვგრძნობთ თავს. ერთი სიტყვით ზრუნავენ ან უნდათ, რომ ასე ვიფიქროთ. სამწუხაროდ, ეს კეთილმოპყრობაც მათ ჩვენს მაგივრად გადაეწყვიტათ. ჩვენ დანაყრებულები ვართ, დაცულები, მაგრამ აღარ ვართ თავისუფლები.
ღმერთმა უწყის, რა არის უმჯობესი.
ერთადერთი, რაც მაწუხებს ჭერზე, ოვალური ჭაღის გვერდით მოთავსებული სქელი, ოთხკუთხა მონიტორია. მარად გამორთული. თუმცა ხანდახან მგონია, რომ მისი მეორე მხრიდან ვიღაც მიყურებს. რაღაც სარგებელი მასაც მოაქვს. მხოლოდ მის ჩაბნელებულ ზედაპირზე შემიძლია საკუთარ ანარეკლს შევხედო, მაგრამ ამასაც სიფრთხილით ვაკეთებ.
ჩემს მოპირდაპირედ ორი ქალი, ერთი ხანში შესული მამაკაცი და ორი ბავშვია. ბიჭები, ასე ხუთი-ექვსი წლისები იქნებიან. მათი ყურება მამშვიდებს. როდესაც ჩემს მზერას ამჩნევენ, ხელს მიქნევენ, სხვანდასხვა ჟესტით ხასიათს მიკეთებენ. არასდროს ტირიან. არ უყურებენ თანაგრძნობით სევდიან თვალებში უფროსებს, არ უყურადებენ მათ ჩუმ ოხვრას. ხან რას თამაშობენ, ხან რას. აქაურობა მათ ვერ საზღვრავს.
აი, ისინი არ ფიქრობენ მომავალზე, გარშემო ლაღად იყურებიან, მხოლოდ ერთმანეთის გასაგებ ენაზე საუბრობენ, არ ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ვართ აქ ან როდის გავაღწევთ გარეთ. როგორ მშურს მათი უდარდელობის.
მე ნაკლებად გამიმართლა. “ოთახში” მარტო ვარ. ფიქრისთვის საკმარისზე მეტი დრო მაქვს და სწორედ ეს მაგიჟებს. ერთ დღეზე მეტია ხმა არ ამომიღია. საკუთარი ხმის გაგონება მინდა, მაგრამ ჩემს თავთან საუბარსაც კი ვერიდები. ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს. დროის აღქმა მიჭირს. გარშემო არც ერთი საათია. დილით, როდესაც საჭმლის მოსატანად მოსულს ჟესტით საათი ვკითხე, დამცინავად შემომხედე. “მნიშვნელობა არ აქვს” - ცივად მიპასუხა.
მართლა რაღა მნიშვნელობა აქვს?”

“ძილს ხმაური მირღვევს. გაღვიძებისას თავს ჭერს ვარტყავ. მიკვირს, ჯერ ასე გვიან არავინ შემოსულა. გუშაგს თან ვიღაც ახლავს. საბედნიეროდ, ვერ მამჩნევს. თავს ვიმძინარებ. არ მსურს ზედმეტი ყურადღების მიქცევა, მაგრამ არც ცნობისმოყვარეობა მასვენებს. თან შიში მიპყრობს. ჩემს ქვევით მძიმედ დაშვება საწოლს აზანზარებს. ჯერ გაჭირვებული სუნთქვის ხმა მესმის, შემდეგ რამდენიმე წამში კარის დახურვის, თუმცა თვალს მაინც არ ვახელ. დერეფანში ნაბიჯის ხმას ვუყურადებ, როდესაც ვრწმუნდები, რომ საშიში აღარაფერია მოულოდნელი სტუმრის შესათვალიერებლად ვდგები.
ღმერთო ჩემო! სისხლისა და ჩალურჯებების მიღმა მაინც ვარჩევ ნაცნობ სახეს. პირველი შეხედვისას თვალებს ვხუჭავ. ღებინების შეკავებას ვცდილობ. როგორ სასტიკად გასწორებიან! დასუსტებულია, ადამიანის ფერი დაკარგული აქვს. შუბლზე ხელს ვადებ; როგორც ველოდი - მაღალი ტემპერატურა. გადანახულ წყალს ვეძებ. მაისურს მკლავს ვახევ. უხეშ ნაჭერს ვასველებ და ვცდილობ შვება ოდნავ მაინც მივანიჭო. პირველი შეხება არ სიამოვნებს. ალბათ, იარები ეწვის. მხეცივით ღრიალებს. პირზე ხელს ვაფარებ - ვერ დავუშვებ, რომ ხმაურის გამო შენიშვნა მოგვცენ.
“ძალიან ვწუხვარ”- გულში გაუჩერებლად ვიმეორებ. მან ხომ ჩვენი ყველას სათქმელი თქვა და ამისათვის დაისაჯა. გულადია. ის ერთდერთი აღმოჩნდა, ვისაც ხმის ამოღების გამბედაობა ეყო.
მონიტორის ზედაპირზე საკუთარ ანარეკლს ვუყურებ. გარეწარი ხარ ბალთაზარ!
წამით მეჩვენება, რომ მშვიდდება, მაგრამ მაინც გახშირებულად სუნთქავს. ნაჭერს წყლულებზე ვახვევ. ჯერ კიდევ შეშინებულია. საწოლზე მოკალათებაში ვეხმარები. ყრუ ჩურჩულის ხმა მესმის. მისკენ ვიწევი, რომ სათქმელი გავიგონო. წყალს მთხოვს. სითხეს ვაწოდებ. თითქმის ბოლომდე ცლის.
ნელ-ნელა აზრს უბრუნდება. ჯერ ხელის მოძრაობით საწოლის ამოცნობას ცდილობს. რბილის შეგრძნება უკვირს. ძალიან ნელა თვალს ახელს. თითქოს არ იცის უნდა თუ არა დაინახოს ის, რაც მის გარშემოა.
აი, მის თვალებს კი არაფერი ეტყობათ. ისინი ისეთი ცოცხლები არიან! ნამდვილად, არის რაღაც, რასაც ვერაფერი ცვლის.
გაკვირვებული მიყურებს. არ მენდობა. ვერაფერს მოვთხოვ. მე ისეთივე დამნაშავე ვარ მის წინაშე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
-რამით შემიძლია დაგეხმარო? - წარმოთქმისას ვხვდები, რომ ყელი გამშრობია. აქ ყოფნის განმავლობაში ხმა პირველად ამოვიღე. მოსაუბრეს ვნატრობდი, თუმცა ახლა დარწმუნებული აღარ ვარ. მისთვის თვალებში ყურება მცხვენია. წყლისკენ ხელი მიმაქვს, თუმცა ვჩერდები. სასმლის დათმობა მცირედია რისი გაკეთებაც საკუთარი უმოქმედობის გამოსასყიდლად შემიძლია.
-რა გქვია?
-ბალთაზარი.
-ესე იგი მათგან ერთ-ერთი არ ხარ. - შვებას გრძნობს. დაძაბულობა ქრება- ისინი საკუთარ სახელებს არ ამხელენ. რამდენჯერაც კითხვა გავბედე, იმდენჯერ პასუხად კარგი ვერაფერი მივიღე - ამბობს ხმადაბლა; ისე ,თითქოს, მის წინ არავინ იყოს - ჩემი სახელია დიომიდე. -მარჯვენა ხელს გაჭირვებით მიწოდებს. თავიდან ვიფიქრე, რომ განრისხებული იქნებოდა. მისაყვედურებდა ან საერთოდაც დამწყევლიდა. მეც ვალდებული ვიქნებოდი შეურაცხყოფა ჩუმად ამეტანა, თუმცა ჩემი მოლოდინი არ მართლდება. მის გამომეტყველებაში აშკარა თანალმობას ვგრძნობ. მისი ღიმილი გულწრფელია. დალურჯებების მიუხედავად, სახეს უნათებს. თავს ასე უფრო დამნაშავედ ვგრძნობ. ხელს ვართმევ.
-ვწუხვარ, რომ აქ მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა.
-მხნედ ხარ. მიხარია.
-სიმხნევის შენარჩუნების გარდა რა შემიძლია?
წამოჯდომას ცდილობს. ხელს ვაშველებ. ზურგის უკან ბალიშს ვუდებ. ნაცრისფერ ზეწრებს სისხლის ლაქები ჭამენ. სახე ემანჭება. მეორე მკლავსაც ვახევ. ჭრილობის შეხვევასა და სისხლდენის გაჩერებას ვცდილობ. იმედი მაქვს დახეული მაისურისთვის პასუხს არ მომთხოვენ.
-ბალთაზარ, აქ შენს გარდა არის ვინმე?
-არა.
-რამდენი ხანია, რაც აქ ვართ?
-დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ორ დღეზე მეტი.
-დაუჯერებელია! შეგრძნება მაქვს, რომ რამდენიმე თვე გავიდა.
-მესმის.
-გარეთ რა ხდება?
-უმჯობესია არ გაიხედო. სანახავი მაინც არაფერი დარჩა. დამიჯერე თავს ზედმეტი ფიქრით ნუ დაიტვირთავ.
-ნეტავ, რამდენი ხანი აპირებენ ჩვენს აქ გაჩერებას?
-არ ვიცი.
-რას ამბობენ?
-არაფერს. არ გვპასუხობენ. კითხვებს მხოლოდ ისინი სვამენ.
-რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ.აქ არ უნდა გავჩერდეთ.
-მეეჭვება ამან კარგ შედეგამდე მიგვიყვანოს.
-სულით არ უნდა გაგვტეხონ.
-მგონი უკვე დაგიმტკიცეს, რომ მორჩილება სჯობს. მოჩნევებითი მაინც.
-დამერწმუნე ისინი შენზე ბევრად ჭკვიანები არიან. სულაც არ აინტერესებთ, თუ რა ბედი ეწევა ჩვენს სხეულებს. ისიც იციან, რომ ტკივილის გვეშინია და ამით სარგებლობენ.ჩვენი მოკვლა სულაც არ არის მათი მიზანი. აი, ჩვენი ზნეობის განადგურება კი არის. საკუთარ სიმართლეს მხოლოდ ასე დაამტკიცებენ. დიდებული მიზნები აქვთ, როგორც თავად ამბობენ.
-ყველანაირ შემთხვევაში უნდა მოძლიერდე. ასეთ მდგომარეობაში ვერაფერს შეძლებ
-შენ არ გესმის. აქ ყოფნა საშიშია.
-რატომ? ცუდად არ გვეპყრობიან.
-რა გულუბრყვილო ხარ! შენ ვერც კი წარმოიდგენ რაზე არიან წამსვლელები.
-შეიძლება მართალი ხარ.
-წყალი შეილება?
დარჩენილ სითხეს ვწვდები. ვანიშნებ არ იმოძრაოს. დალევაში ვეხმარები. ბოლომდე ცლის. ნერწყვს ვყლაპავ. ძალიან მწყურია, მაგრამ დილამდე წყალს არავინ შემოიტანს, ამიტომ ბედს ვეგუები.
ტუჩებს კმაყოფილად იწმენდს :
-შენ თეატრში მუშაობდი ასე არ არის?
-კი.
-ხო, გამახსენდა. თავიდანვე გიცანი. სცენარისტი ხარ ხომ ასეა? გაწვევის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს უფროს ძმასთან ერთად პიესას დავესწარი. არ მახსოვს რა ერქვა. სახეებს უკეთ ვიმახსოვრებ. სიმართლე გითხრა არ მიყვარს თეატრი, მაგრამ ჩემს ძმასთან დარჩენილი დროის გატარებაზე უარს ვერ ვიტყოდი. გეტყოდი, რომ სასიამოვნო საღამო იყო, თუმცა პიესაზე სულაც არ ვფიქრობდი.
-მესმის. განშორების სევდის გადაფარვა ხანდახან კარგ პიესასაც არ შეუძლია.
-შეიძლება ამასაც დავაბრალოთ, მაგრამ მგონი უფრო გაკვირვებული ვიყავი. მინდოდა გამეგო, თუ რაზე ფიქრობდა. მთელი გამოსვლის განმავლობაში ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია. ხმამაღლა ხარხარებდა, დასრულების შემდეგ ფეხზე იდგა და ტაშს გაუჩერებლად უკრავდა. გზაშიც მხოლოდ მსახიობებზე, დეკორაციებსა და კოსტიუმებზე ლაპრაკობდა. მეც არ მინდოდა ზედმეტი რაიმე მეთქვა, მაგრამ მისი სიმშვიდე მაბრაზებდა. თითქოს წასვლა არ ეთაკილებოდა. ვიცოდი, რომ ეს უბრალოდ ბავშვური ეჭვიანობა იყო, მაგრამ მათი განდევნა ძალიან მიჭირდა.
-ომში წავიდა?
-ხო, მე უვარგისი აღმოვჩნდი. დაბადებიდან კოჭლი ვარ. გულით მინდოდა მის გვერდით მებრძოლა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. დამშვიდობებისას თავს ვეღარ მოვერიე. ჭიშკართან დავეწიე. ვთხოვე ფიცი დაედო, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. წარმოდგენაც არ შემეძლო, თუ როგორ უჭირდა ჩემი ასეთი შეშინებულის დანახვა, მაგრამ ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. გაეცინა. ჯერ გაჩუმდა. მეგონა ჩემს ნათქვამს არაფრად ჩააგდებდა, მაგრამ ბოლოს შემდეგი მიპასუხა - ბრძოლის ველიდან ბევრი ბრუნდება, მაგრამ შინ არავინ ეკითხება, თუ რა გადახდა თავს. ყველას ეშინია იკითხოს, თუ რა ხდება ომში. პირდაპირ გმირს უწოდებენ. მე არ მინდა უბრალოდ დავბრუნდე და იქ ნანახი აღარასდროს გავიხსენო. გინდ იყოს ყველაზე საზარელი რამ, მინდა შენ აქ დამხვდე და ყველაფერი გიამბო.
-შენს ძმას ძალიან ჰყვარებიხარ. - გულწრფელი აღტაცებით ვპასუხობ.
-გამიგონე, ჩემი ძმა ჩემითვის ყოველთვის გმირი იყო. გაფიქრებაც კი იმისა, რომ შეიძლებოდა ვერ დაბრუნებულიყო გულს მიკლავდა.
-შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ მესმის. მეც ვიცი, თუ რამდენად რთულია დაემშვიდობო ადამიანს ისე რომ არ იცოდე კიდევ შეხვდებით თუ არა.
-ჩვენ ერთმანეთის გარდა პატრონი არასდროს გვყოლია. დედამ პატარაობაში მიგვატოვა. ის ყველა ჩემი მოგონებიდანაც გაქრა. რთული დრო იყო. მამა მუშაობდა; დღითა და ღამით. ადრიანს არ დასჭირვებია იმის შეხსენება, რომ უმცროსი ძმისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო. მან ეს თავადვე გაითავისა. ყოველდღე სკოლის შესასვლელთან მელოდებოდა. ყველა ჩემს ოინსა თუ ხრიკს გაგებით ეკიდებოდა.მე მყავდა მისი სახით მშობელი, მაგრამ თვითონ ის იყო ობოლი. როგორ მენატრება ის დრო, როდესაც დიდობა მინდოდა. ახლა, რას არ მივცემდი წარსულის დასაბრუნებლად.
-მისი არაფერი ისმის?
-წერილებს ვუგზავნიდი. თითქმის ყოველდღე. არ ვიცი კითხულობდა თუ არა ის მათ. პასუხი მხოლოდ ერთხელ მოვიდა. მისი წასვლიდან რამოდენიმე კვირაში. ღმერთმა უწყის რამდენჯერ წავიკითხეთ მე და მამამ; ხან ხმამაღლა, ხან-ჩუმად. მან დაწვრილებით გვიამბო ჯარისკაცების ,ერთი შეხედვით, ხალისიანი ყოფის შესახებ. მოგვითხრობდა თავის ახალ მეგობრებთან გადახდენილ თავგადასავლებს, მაგრამ ბრძოლაზე არაფერს წერდა. მეც მისი გამოთხოვებისას ნათქვამი სიტყვები მახსენდებოდა. ნუთუ, ომი მართლაც იმდენად საზარელი იყო რომ სიმართლისაგან ჩვენი დაცვა უნდოდა? ძალიან მეშინოდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ადრიანს იქ რა გადახდებოდა. მთავარი იყო მისი დაბრუნება, მაგრამ ის სისასტიკისა და უსამართლობის ხილვას ვერ გადაიტანდა. მას მეამიტად სჯეროდა ადამიანების და ვიცი, ძალიან დანაღვლიანდებოდა მე რომ მათი რწმენა დამეკარგა.
-ალბათ, ძალიან გიჭირდა.
-შენ პირველი ხარ ვისაც ამას ვუყვები. რა თქმა უნდა, მამისთვის ჩემი ეჭვების შესახებ არაფერი მითქვამს. უფროსი ვაჟის წასვლის შემდეგ მისი სახე დაჭკნა. სიყვითლე შეეპარა. მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს მოწერილი სიტყვები მხოლოდ ნახევრად იყვნენ მართლები, მაგრამ ის მხოლოდ ამ წერილით ცოცხლობდა. ამ ბედნიერების მირაჟის მსხვრევის მიზეზი მე ვერ ვიქნებოდი, ამიტომ მომიწია სიმართლის ჩემი სხეულით ტარება.
-ძმას ტყუილში ნუ დაადანაშაულებ.
-ვიცი. შენი აზრით, მე სიმართლეს ვწერდი? ჯიუტად ვცდილობდი ძმისთვის ყველაფერი მომეყოლა. ათას ამბავს ვთხზავდი. მინდოდა მეხუმრა, მაგრამ უსტარს ცრემლებით ვასველებდი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რადგან ვატყუებდი ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც შემეძლო გულწრფელი ვყოფილიყავი.
-ამდენი გრძნობის შენახვა ძალიან რთულია. მთელი გულით გისამძიმრებ, რომ ამ ყველაფრის გადატანა მოგიხდა.
-მართალი ხარ. ჩემი სხეული მრავალი უთქმელი სიტყვისა და ფერდაკარგული გრძნობის სასაფლაოს დაემსგავსა. ადრეც გვიჭირდა, მაგრამ მუდამ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. სიგიჟის პირას მივედი, როდესაც გავაცნობიერე, რომ შევიცვალე. ამ კვირებმა მრისხანებამდე მიმიყვანეს. ზიზღი შემეპარა. შენ უნდა იცოდე, თუ რამდენად ძლიერი გრძნობაა ზიზღი. სარკეში ყურება მიჭირდა. საკუთარ ნაკვთებშიც კი მის სახეს ვხედავდი. ეს ჩემი ბრძოლა იყო საკუთარ თავთან, რადგან მე ვემსგავსებოდი მას, ვინც არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. - ძლივს გასაგონად ამატებს - ვინც, მას არ მოეწონებოდა რომ ვყოფილიყავი.
-სასოება დაკარგე.
-ყოველი გათენებისას ძალას ვპოულობდი, მზის შეგებებისას საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ ეს დღე განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ საღამომდე ვიმსხვრეოდი. ძილის წინ საზარელ აზრებს ვებრძოდი. არ ვიცი საიდან მოდიოდნენ, მაგრამ ყოველი კუთხე შეევსოთ. ისინი დაემსგავსნენ განავლის გარშემო შემოხვეული ბუზებს. დამიჯერებ, რომ არც ერთი დღე სრულყოფილად არ მახსოვს? ძილის წინ კი ხმამაღლა ვამბობდი, რომ ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ამ წრე-ბრუნვას ხელიდან ვერაფრით დავუსხლტდი.
-მამასთან რატომ არ საუბრობდი შენი გრძნობების შესახებ?
ეს სიტყვები დიომიდესთვის არ არის განკუთვნილი. ჩემს თავსაც იმავეს ვეკითხები. მშობლებთან ერთად გატარებული ამდენი წლის შემდეგ მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რამდენად მაკლდა მათთან საუბარი, როდესაც ჩემგან შორს წავიდნენ. პასუხი კითხვაზე ისედაც ვიცი. მეც ბევრჯერ გამღვიძებია ღამე. ოთახიდან ფეხაკრეფით გავსულვარ დედ-მამასთვის ჩემი შიშებისა და აზრების მოსაყოლად, მაგრამ ყოველთვის უკან ვბრუნდებოდი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი რატომ გადავწყვიტე, რომ ისინი ვერ გამიგებდნენ, მაგრამ ეს აზრი ბავშვობდან გამომყვა. მეც მის მსგავსად წინ დაბრკოლება მეღობებოდა. ეს იყო ათასი უაზრო ეჭვი. შეიძლებოდა მინდოდა კიდეც, რომ მათ ვერ გაეგოთ ჩემი. ეს მე არ დამასუსტებდა. პირიქით - მე დრამატურგი ვარ. მომწონს გმირები, რომლებიც საკუთარ ბედს უპირისპირდებიან. იქნებ წამით ჩემი თავიც მათ ადგილას დავაყენე და მომეწონა იმ მეამბოხე ბიჭის სურათი, რომელიც მშობლების ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა და დამოუკიდებლად შეძლებდა ყველაფრის მიღწევას. ბევრჯერ გამოვიწვიე, მაგრამ დავმარცხდი- ისინი მე მუდამ მხარს მიჭერდნენ.
ეჭვიც არ მეპარება, რომ დიომიდესაც შეეძლო მისულიყო მამასთან. მოეყოლა ყველაფერი. მისთვის მიეცა უფლება საყრდენი გამხდარიყო. სამწუხაროდ, შეიძლება ამის შესაძლებლობა არც არასდროს აღარ მიეცეს.
ვფიცავ, თუ აქედან გავაღწევთ ჩემს მშობლებს ყველაფერს ვეტყვი.
-ვერ გეტყვი. ვცდილობდი არ შემემჩნია, რომ ძალიან გვიჭირდა მის გარეშე. მეშინოდა ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა. არ ვიცი ახლა რამ მაიძულა აზრებისათვის თავი მომეყარა. არც მამა ამბობდა, რომ მისი მოხუცებული თვალები მუდამ ჭიშკარს უყურებდნენ. მის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მისი გულისთქმაც გასაგებია. ის ერთხელ უკვე დატოვეს, მეორედ ამას ვეღარ გადაიტანდა. ერთმანეთთან საუბარი გვიჭირდა. შეიძლება შეშლილად ჩამთვალო, მაგრამ ხანდახან ვფიქრობდი, რომ მე რომ არა ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.
-შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მგონი შენს თავთან ზედმეტად მომთხოვნი ხარ.
-არ მინდა შურიანი გამოვჩნდე, მაგრამ მე მასთან შედარებით იმედგაცრუება ვიყავი. ამას ვგრძნობდი. ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა მიჭირდა. ჩემი ბრალია - ცხოვრება ერთ დიდ თამაშად დავხატე, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამარჯვებული და დამარცხებული. სწორედ სურვილი იმისა, რომ მუდმივად უნდა გამემარჯვა გახდა ჩემს გარშემო შემოხვეული ჯაჭვი, რომელიც მუდამ უკან მხევდა.
-და რა იყო ის, რაც ასე ძალიან განგასხვავებდათ ერთმანეთისაგან?
-ადრე,როდესაც ვთამაშობდით, მუდამ ვიგებდი. რა თქმა უნდა, ადრიანი პირველობას თმობდა. რომ გენახა რამდენად ოსტატურად თამაშობდა გულის დაწყვეტას, შენს დასში ადგილს დაუფიქრებლად მიანიჭებდი. თუ,ცა ამით ის ყველაზე დიდი გამარჯვების წილხვედრი იყო. სწორედ ეს განგვასხვავებს - ორივეს გამარჯვების სხვადასხვა ახსნა გვქონდა.
-მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა აქ მყოფი ისევე, როგორც მე, გაშმაგებულია შენი გამბედაობით.
-ბალთაზარ, ის რომ ჩემს ადგილას, აქ იყოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
-ძალიან მინდა შენი ძმის გაცნობა.
-მასაც გაუხარდებოდა. რაღაცით გავხართ ერთმანეთს. ადამიანებში ნდობას იწვევთ. იქნებ ეგ დღეც დადგეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ცოცხალია. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ვიგრძნობ თუ მას რაიმე შეემთხვევა.
-დიომიდე, შენ ჩემზე უკეთ იცი, რომ ახლა ძალიან დიდი საფრთხე სუფევს. ვიცი, რომ არ გინდა იმის მოსმენა, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ ,თუ ადრიანი ვერ დაბრუნდება, ის მაინც მუდამ იცოცხლებს. შენ გახდები მისი სულის დარაჯი და გაცოცხლდება იმდენჯერ, რამდენჯერაც აიხედავ ზევით, მძიმედ გადაყლაპავ ნერწყვს და ოდნავ სევდიანი ხმითა და მომღიმარი სახით მოყვები მის შესახებ.
-გეთანხმები, მაგრამ შემდეგ უკვე რა მნიშვნელობა ექნება?
-ჩვენს თეატრში ახალმისულებს უკვე პათოსად ქცეულ ერთი ძველ თხზულებას უყვებიან. თეატრზე, რომელიც არის სადღაც ძალიან შორს, თოვლით დაფარულ მთაზე. იქ, წელიწადში ერთხელ ზამთრის მიწურვისას, როდესაც გამოანათებს გახაფზულის მზე, სხივებთან ერთად ოვალურ, ყინულის მოედანზე მსახიობები დაეშვებიან და იმ ერთადერთ დღეს, ისინი ითამაშებენ ისე, როგორც არავის არასდროს უთამაშია - გაკვრივებული მიყურებს, მისი მზერის შემხედვარე ღიმილს ვერ ვიკავებ. ვერ ხვდება რისი გადმოცემა მსურს, ამიტომ სანამ უხერხულ პასუხს გამცემს სიტყვას ვუჭრი.
-ნუ გეშინია. მეც არ მესმის ბოლომდე რაზეა ეს თხზულება. პირველად რომ მიამბეს, ჩუმად გავიფიქრე - ეს უბრალოდ სიტყვების ხროვაა-მეთქი. ბოლომდე დამთავრებაც არ დავაცალე. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ამბავი იმისთვის იყო გამოგონილი, რომ მსახიობები გაემხნევებინათ და მათი საქმისათვის რაღაც ამოუხსნელი და ამაღლებული დანიშნულება მიენიჭებინათ. ყველას სჭირდება ის, რაც აამაღლებს. შენმა ძმამ ეს შეძლო, ამიტომ მის სახელს ყოველთვის ექნება მნიშვნელობა.
-მინდა თავი თანხმობის ნიშნად დაგიქნიო, მაგრამ მიჭირს.
-ბევრი რამის ახსნა გიჭირს. უბრალოდ უნდა დაიჯერო.
დავდუმდით. რამოდენიმე წუთი სიჩუმე არც ერთს არ დაგვირღვევია. ზევითკენ წავიწიე. ამდენმა შერეულმა გრძნობამ გამომფიტა, თუმცა არის რაღაც, რაზეც ჯერ არ გვისაუბრია:
-რა ნახე?- ამის კითხვა თავიდანვე მინდოდა, მაგრამ პასუხის მეშინოდა. გამომეტყველება ეცვლება. ჯერ მე მიყურებს, შემდეგ გარშემო იყურება. ალბათ, ფიქრობს უსაფრთხოა თუ არა მოყოლა. ყოყმანის შემდეგ მანიშნებს ჩამოვჯდე. არც მე ვარ დარწმუნებული, რომ მინდა პასუხი ვიცოდე.”

“-არ ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა. სინამდვილეში, გონება არ დამიკარგავს. უბრალოდ მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. გულდაწყვეტილი დავრჩი. ხმაურს ველოდი. მხარდაჭერას, თუმცა შენც იცი, რომ სიჩუმეს მხოლოდ გაურკვეველ ენაზე ნათქვამი წინადადებები არღვევდნენ. ვიფიქრე თუ დაიჯერებდნენ, რომ სიკვდილის პირას ვიყავი, ჩემს სხეულს მოიშორებდნენ და სადმე სასიკვდილოდ მიმაგდებდნენ. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა მომეცემოდა გავქცეულიყავი. შეიძლებოდა გადავრჩენილიყავი კიდეც.
-ჭკვიანურია.
-კი, მაგრამ, როგორც უკვე გითხარ, ისინი ჩვენზე ბევრად წინდახედულები არიან. კვალს არ ტოვებენ. ვიგრძენი როგორ ამიყვანეს ხელში. ვიფიქრე, რომ დაიჯერეს, მაგრამ, როდესაც ჰაერის ნაკლებობამ შემაწუხა, გავაცნობიერე - დახურულ სივრცეში შემიყვანეს. თვალი ფრთხილად გავახილე. მწვანე კარის მძიმედ დაშვების ხმას სიბნელე მოჰყვა. მხოლოდ რამდენიმე ნათურა ანათებდა. ვიფიქრე, იქნებ სჯობდა მართლაც ვერაფერი დამენახა და ასე უფრო სწრაფად დასრულდებოდა ყველაფერი. სივრცე ცარიელი იყო, მაგრამ დამძიმებული. თავიდან ვერ მივხვდი, თუ რატომ ჩანდა ეს დერეფანი, ამდენად შემზარავი. მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე, თუ რა დანიშნულება ჰქონდათ სქელ, ალისფრად შეღებილ კედლებს.
-ხმის დახშობა. - ჩემდა უნედბურად ხმამაღლა გავიფიქრე.
-მიხვედრილი ხარ.
-მარტო იყავი?
-არა, იქ კუთხეში კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდა საკუთარი ბედის განაჩენს. ისევე, როგორც შესასვლელში - მარჯვნივ კაცები, მარცხნივ ქალები. მარჯვნიდან სინანულით აღსავსე მზერა გამომაყოლეს, მარცხნივ კი ამარიდეს - ბავშვებსაც თვალზე ხელი ააფარეს. შემეშინდა. მივხვდი, რომ აქედან გასვლას ვერ მოვახერხებდი. ვფიქრობდი - ალბათ, აქ დაგვტოვებენ და შიმშილით დაგვხოცავენ-თქო. ნეტავ მართლა ასე მოქცეულივყნენ, თუმცა... - დაფიქრების შემდეგ ამატებს - ეს ბოლომდე სიმართლე არ არის. მარტოები ვიყავით - ყველა იქ მყოფი. მსგავსი ადრეც მიგრძვნია. სრული დანაკლისი. არ ვიცი რისი და ყველაზე საზარელი სწორედ ეს არის. როდესაც მსგავსს ვგრძნობდი, ჩემს თავზე ვბრაზდებოდი. თავს უმადურად ვთვლიდი. იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. მიჭირს შესაფერისი სიტყვების პოვნა იმ გრძნობის ასახსნელად, რომელიც დამეუფლა. ხომ გაგიგია - სიკვდილის წინ ადამიანი მარტო რჩებაო? სწორედ ამ მარტოობას ვგრძნობდი.
თხრობას წყვეტს. მიყურებს. მის გამოხედვას მხოლოდ ვგრძნობ. იატაკს თვალს ვერ ვაშორებ. სურათისა და მათი განწირული სახეების წარმოდგენა ჩემს სხეულში ტკივილად ჩაიღვარა. ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც მოვისმენ ჩემს ყველაზე საზარელ კოშმარზე უფრო მძაფრი იქნება. მგონი გავფითრდი.
-გინდა ამ ყველაფრის მოსმენა?
-კი, მინდა. მაგრამ არ ვიცი შემიძლია თუ არა.
-დაივიწყე. თავს ნუ იტანჯავ.
-არა, მაპატიე. განაგრძე.
-ვალდებული არ ხარ.
-ვალდებული არ ვარ ვიცოდე იმის შესახებ, რაც შეიძლება ჩემი დასასრული აღმოჩნდეს? მართალი ხარ. მაგრამ შენ ყველა შემთხვევაში ვალდებული ხარ ყველაფერი მიამბო.
-მაშ განვაგრძობ.
-გისმენ.
-საშინელი სუნი იდგა. ვცდილობდი გული არ ამრეოდა, თუმცა სუნთქვის გახშირების შემდეგ შეამჩნიეს, რომ გონს ვუბრუნდებოდი. კუთხეში უხეშად მიმაგდეს. ცივი წყალი შემასხეს. ამოსუნთქვა გამიჭირდა, იარები ამეწვა, სამაგიეროდ, გამოვფხიზლდი. უფრო ნათლად აღვიქვი გარემო. ჩემს გვერდით ხანშიშესული, მელოტი, გაძვალტყავებული მამაკაცი იჯდა. თვალებში შევხედე და შევცბი - ვერაფერი დავინახე. მხოლოდ სიცარიელე. კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ მიმახვედრა, რომ ხმის ამოღება არ ღირდა. მეც დავემორჩილე. ყურადღების გადასატანად წინ გავიხედე. ჩემს პირისპირ დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი მცირეწლოვან ბავშვს თმას ვარცხნიდა. სახე წაშლილი, თმა გრძელი, თვალები ცარიელი. მისმა ყურებამ ზიზღით ამავსო. არადა, მუდამ სევდანარევ სიხარულს ვგრძნობდი მსგავსი კადრების ყურებისას. არასწორად არ გამიგო, მე დედის სითბო არ ვიცი რა არის, მაგრამ ის, მისი ყოველი ხელის მოძრაობა ისეთი ხელოვნური იყო! უგრძნობი!თითქოს მხოლოდ სხეულიღა ყოფილიყო დარჩენილი. ადამიანის არაფერი აღარ ეტყობოდა.
-რამდენ ხანს გაგაჩერეს?
-ახლა ვხვდები, რომ მხოლოდ რამდენიმე საათი, თუმცა ყოველი წამი უსასრულოდ იწელებოდა. ისევ უცხო ენაზე ლაპარაკი გავიგონე. შევამჩნიე, რომ ჩემს გვერდით მჯდომმა გამომხედა. შემათვალიერა და თანალმობის მაგვარი გრძნობა გამოხატა. მივხვდი - მას ესმოდა მათი ენა.
-რა მოიმოქმედე?
-ფრთხილად მისკენ მივიჩოჩე. ვკითხე - ესმოდა თუ არა მათი საუბარი. უარის ნიშნად თავი დამიქნია. ცრუობდა! თავიდან ვთხოვე, ვევედრე, მაგრამ ბოლოს ბრაზმა გონება ამირია. დასუსტებულ მკვლავში ვწვდი. დავემუქრე. ტკიოდა, მაგრამ ყოველ ხმას ბაგეებამდე ამოღწევამდე ახშობდა.
-გიპასუხა? - ჩემი რეპლიკები სრულიად უადგილოა. უბრალოდ ,იმის მიუხედავად, რომ თვალს ვერ ვუსწორებ, ვცდილობ დავუმტკიცო - მაინც ვუსმენ. ესეც ჩემი ერთ-ერთი ძველი ჩვევაა. მძიმე საუბრისას მოსაუბრეს მზერას ვარიდებ.
-სხვა გზა აღარ ჰქონდა. როდესაც მისი ხმა გავიგონე, დანაშაულის შეგრძნებამ ძალა გამომაცალა. თვალები ამიცრემლიანდა. მისი გუგების ფსკერზე რაღაცამ გაიელვა - ჩამქვრალმა, მირაჟად ქცეულმა. ის დახმარებას ითხოვდა. მე მთხოვდა. ხელი გავუშვი. ის ისეთი დასუსტებული იყო! ეტყობოდა, რომ დღის სინათლე დიდი ხნის განმავლობაში არ ენახა. საკუთარი ხმის გაგონებამ თავადაც გააკვირვა. წარმოდგენაც მიჭირს, თუ რამდენ ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოჯერ თავისუფლად ამოისუნთქა. ალბათ, თუ ოდესმე გააღწევდა - ძველ ფერს მაინც ვერ დაიბრუნებდა. ვერც იმ სუნს დაივიწყებდა.
-რა საშინელებაა. -სხვა პასუხს ვერ ვფიქრობ. შეძლებისდაგვარად, ემოციურად წარმოვთქვამ. ნუთუ იმდენად მეშინია მათ ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენის, რომ სიბრალულსაც კი ვეღარ გამოვხატავ? თუმცა შეიძლება მათ მსგავსად მეც დავკარგე ადამიანობის უკანასკნელი კვალი. არ ვიცი.
-მითხრა, რომ ჩემს მოკვლაზე საუბრობდნენ. მარჯვენა მოითხოვდა დაუყოვნებლივ ემოქმედათ,თუმცა მარცხენა ფრთხილობდა. ყველამ დაინახა როგორ გამისწორდნენ, ამიტომ ჩემი გაუჩინარება მათ მიმართ ნდობას საბოლოოდ ხაზს გადაუსვამდა. კითხვას არავინ დასვამდა, მაგრამ შიში ჩაინერგებოდა. შენც ხომ იცი - გარდაცვლილებს მეტი ძალა აქვთ, ვიდრე ცოცხლებს. მეც შეიძლებოდა მითი გავმხდარიყავი. მეამბოხეებისათვის გამოგონილი გმირი, რომელმაც მათ დასაცავად თავი გასწირა. ბოლოს ერთ აზრს შეჯერდნენ - შიშის ჩასახვა ჯერ არ აწყობდათ.
-არ მესმის.
-არ იფიქრო, რომ მათ ჩვენი შეშინება სურთ. მათ უნდათ გვაიძულონ ვირწმუნოთ. გესმის? თითქოს ნაჭრის თოჯინები ვიყოთ, მათ კი სული უნდა ჩაგვბერონ.
- მოფიქრებულიც ექნებათ ეს როგორ გააკეთონ.
-რა თქმა უნდა... რაღაც მინდა გთხოვო.
-მოყოლა გიმძიმს? თუ არ შეგიძლია, გაგიგებ. - კითხვა რიტორიკულია. ძალიან მინდა დამთანხმდეს, თუმცა ის ძლიერია, მე- ლაჩარი. მე ისიც კი არ შემიძლია, რომ მას გაჩერება ვთხოვო.
-კი, მიმძიმს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა - მინდა, რომ მოყოლა არ შემაწყვეტინო.
არ ვპასუხობ თანხმობის ნიშნად თავს ვუქნებ. თვალებს ხუჭავს. ყურადღებას იკრეფს. თითქოს მისი მოგნებები დამწვარნი იყვნენ ის კი ალიდან მათ აღდგენას ცდილობდეს.
გაწონასწორებული ხმით იწყებს :
-დარაჯმა მანიშნა გავყოლოდი. რაღა აზრი ჰქონდა ურჩობას? გახსნილ იარებზე აღარ ვდარდობდი. წამოდგომისას მივხვდი, რომ ბევრი სისხლი დამეკარგა. თავის გამაგრება მიჭირდა. მოხუცმა ჩაახველა. მისკენ დავიხარე - მოუსმინე მაგრამ არ შეხედოო - ჩუმად მითხრა. თავიდან ვერ მივხვდი რაზე მელარაკებოდა. მივყვებოდი და მიკვირდა - აღარ მეშინოდა. პირიქით, შვებაც კი ვიგრძენი. პატარა დერეფანი გავიარეთ. ის საზარელი სურნელიც უკან ჩამოვიტოვეთ. ჩამომრჩნენ.როდესაც კართან მივედით, უკვე ნაცნობ ენაზე მიბრძანეს მარტო შევსულიყავი და განკარგულებას დავლოდებოდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქიდან ვერ გამოვიდოდი. დავფიქრდი და იმედი მომეცა, რომ გადარჩენა ჯერ კიდევ არ იყო გვიანი. კარის გაღებისას სულ სხვა სანახაობა დამხვდა. თვალუწვდენელი დარბაზი. სრული სიბნელე, წრეზე განლაგებული შესასვლელებიდან რიგ-რიგობით გამოდიოდა სინათლე. არავინ ჩანდა, ამიტომ გავბედე კედელს მივყრდნობოდი. დროის ათვლა ვცადე. დაახლოებით სამასოც წამიანი ინტერვალით გადადიოდა სინათლე ოთახიდან ოთახში. სხვადასხვა ხმა მესმოდა - ქალების კივილის, კაცების ღრიალის, ხველის, ღებინების, სროლის, თუმცა უკვე ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი. აღარც ვფიქრობდი აქაურობაზე. სახლი წარმოვიდგინე. ზაფხული. აყვავებული ნუში - როგორ ჩამოვჯდებოდი მოაჯირზე და შევხედავდი ბაღში მომუშავე მამასა და ძმას. რა მარტივი ყოფილა თურმე ბედნიერება, როდესაც თავისუფალი ხარ. თუმცა უბედურებაც სწორედ ეს არის - თავისუფლება ხშირად იმდენად ბუნებრივი გვგონია წარმოდგენაც კი გიჭირს, რომ ერთ დღეს შეიძლება ის დავკარგოთ. აი, როდესაც მას კარგავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, თუ რამდენად გეშინია ტყვეობის. ჩაფიქრებულმა ვერ შევამჩნიე რომ მომიახლოვდნენ. ამჯერად მის ჩრდილში დამალულ სილუეტს აღარ დავკვირვებივარ. ხელი მხარზე დამადო. წამოდგომაშიც კი მომეხმარა. მეც მორჩილად მივყვებოდი დინებას. ერთ-ერთ შესასვლელში შემიყვანა. პატარა ოთახის შუაგულში ერთადერთო სავარძელი, მის გვერდით იატაკზე კი წყლით სავსე ფოლადის ტაშტი და შავი ნაჭერი იდო. რთულია მოკალათდე, როდესაც ხელ-ფეხს გიკრავენ. ელექტროსკამს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომედგინა. ერთდაერთი, რაც მკითხეს იყო, თუ რა მერქვა. მეც ვუპასუხე. ამის შემდეგ სქელი ნაჭერი დაასველეს და პირი ამიკრეს. მარჯვენა ოთახიდან ხმა გამოდიოდა, თუმცა სიტყვების გარჩევა მიჭირდა. ათვლა დავიწყე. როდესაც სამასამდე დავთვალე, ოთახის ოთხივე კედელი ერთიანად სინათლემ ჩაყლაპა. ჩემს გარშემო იყო უამრავი მონიტორი. სხვადასხვა ზომის. ყველა ერთსა და იმავეს აჩვენებდა. მოხუცის სიტყვები გამახსენდა. თვალები დავხუჭე, მაგრამ უმალ დენის დარტყმა ვიგრძენი. ქალის წვრილი ხმა ავს ქადაგებდა. მონიტორებს შორის გამავალ წვრილ კიდეს მივაჩერდი. უკუღმა ათვლა დავიწყე. მთელი ძალით ვცდილობდი გონებაში ეს ხმა გადამეფარა. არ მიმეცა მისთვის შესაძლებლობა გაბატონებულიყო. ვერ აგიღწერ, თუ რამდენად მიჭირდა ბრძოლა. ასე განმეორდა სამჯერ. როდესაც მესამედ სამასოცი წამი დავითვალე. ხელ-ფეხი გამიხსნეს. ადგომისას შევბარბაცდი. ძალა გამომცლოდა. კვლავ მკითხეს, თუ რა მერქვა. ჭკუა ვიხმარე. ამჯერად ვუპასუხე, რომ ვერ ვიხსენებდი. წამით მართლაც დამავიწყდა. ეს ამბავი, როდესაც ისმენ, არ ჟღერს იმდენად საზარლად, მაგრამ დამიჯერე, ეს ხმა, ის სურათები, რომლებიც მონიტორის ეკრანზე თვალგაკვრით დავინახე, უფრო მეტ ტკივილს გაყენებს, ვიდრე ათასი ტყვია. კვდები, ოღონდ გაუჩერებლად - ხუთი წუთის განმავლობაში.
-ახლა უსაფრთხოდ ხარ - ვპასუხობ, როდესაც ვრწმუნდები, რომ თხრობა დაასრულა.
-ცდები. მათ იციან, რომ ვიცრუე. ეს თამაშია. მარწმუნებენ, რომ უსაფრთხოდ ვარ. შენთან ერთად გამომაწყვდიეს. მგონი ესეც გეგმის ნაწილი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ისიც იციან, რომ ამ ყველაფერს გიამბობ. უბრალოდ განახებენ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მალე კი მომკლავენ. დამაჯერებელ ამბავს შეთხზავენ და გამარჯვებულები დარჩებიან.
-მე სიმართლეს ვიტყვი.
-არა! შენც ჩემი ბედი გეწევა. სჯობს დადუმდე.
-ნუთუ, არაფრის გაკეთება არ შემიძლია?
-უნდა გახვიდე. აქედან ბრძოლას აზრი არ აქვს. დამპირდი, რომ იბრძოლებ ჩემთვის, შენი თავისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ადგილისთვის გებრალება.
-გპირდები - ყოყმანით ვპასუხობ.
-იქნებ ერთ დღეს პიესაც მომიძღვნა - მიღიმის.
-როგორ შეგიძლია ასეთი დარწმუნებული იყო რომ მოკვდები, და მაინც სიმშვიდე შეინარჩუნო?
-ერთი, რამ გავიგონე რამდენჯერმე გაიმეორა მონიტორში მიმწყვდეულმა ხმამ, - “მშვიდობა არავის დაინდობს” თუკი, მშვიდობა ის არის, რასაც ამბობენ, მაშინ თანახმა ვარ მისი მსხვერპლი ვიყო.”

“შეიძლება ვგიჟდები - თავში მხოლოდ ერთი მელოდია მიტრიალებს. ისე ცხადად მესმის, თითქოს ჩემს გვერდით ვინმე სიმებიან ინსტუმენტს აწვალებდეს. გარშემო არავინაა. იქნებ სწორედ უკუნითი თამაშობს, ამომავალი მთვარის მოპარული, ლურჯი სხივებით გაბმულ სიმებზე. ისინი არ ჰგვანან სირენის აუტანელ ხმას, რომელიც განადგურებას მოასწავის. თან მაშინებენ, მაგრამ ამავდროულად მამშვიდებენ.
მინდა შემეძლოს მის არსს ჩავწვდე;
მონათხრობის მოსმენამ დამაფრთხო. არ ვიცი დიომიდეს სძინავს თუ არა. მისკენ გახედვაც კი მიჭირს. არაფრის გაკეთება, თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, გავუღიმებ, ვეტყვი, რომ მის გვერდით ვარ, მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე. მე მის ტკივილს ვერასდროს გავიზიარებ - ყოველთვის ჩუმად ვისმენ, ყველანაირად ვცდილობ ამბის სიცხოველე შევიგრძნო და სიტყვებში ჩაბეჭდილ გრძნობებს ავყვე. მეგონა, რომ შემეძლო, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აღმომაჩნდა - მიჭირს ვენდო და მოვთხოვო სხვას ის, რაც არ მძალუმს. ჰო, მეც მარტოსული ვარ, რადგანც არ შემიძლია გავიზიარო და ვერავის მოვთხოვ ჩემი გაიზიაროს.
მან პირობა ჩამომართვა. ნეტავ, რატომ ფიქრობს, რომ მე რაიმეს შეცვლა შემიძლია? ხშირად შემიმჩნევია, რომ ადამიანები ხედავდნენ ჩემში რაღაცას, რაც მათ დადებით დამოკიდებულებას განაპირობებდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა - როდესაც შენგან რაიმეს ელიან, ვალდებული ხარ მათ იმედები გაუმართლო. მეც მომწონს იმის დაჯერება, რომ ჩემში არის რაღაც, რასაც მე ვერ ვამჩნევ. ცდებოდნენ - მე სუსტი ვარ, გამოუსადეგარი ყველასათვის, პირველ რიგში კი საკუთარი თავისათვის.
დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმის. ჩვენკენ მოდიან? თუ დიომიდე მართალია და მის მოსაკლავად ბრუნდებიან, რა მოვიმოქმედო? წინააღმდეგობას გავუწევ, მაგრამ მეც შევეწირები. რატომ მეშინია ასე ძალიან ამ წყეული სიკდილის? მე მიყვარს სიცოცხლე. არასდროს მესმოდა ადამიანების, რომლებიც სიკვდილზე ლაპარაკობდნენ. ცხოვრებას საყვედურობდნენ. თუმცა მეც მითქვამს -ერთადერთხელ ჩემს თავს საიდუმლოდ ჩავჩურჩულე, რომ აღარ მინდოდა სიცოცხლე. იმ დღეს მე მართლაც მოვკვდი. არა, დიომიდე ამ ტკივილს შენც კი ვერ გაუძლებდი.
რთული წარმოსადგენია, თუ რამხელა უბედურებაა იმის დაკარგვა, რაც არც არასდროს არსებულა.
ნეტავ, მართა თუ იგრძნობს მე რომ მოვკვდე?
ხმა უფროდაუფრო ახლოვდება. ნაბიჯები თანაბარია. გაფუჭებული ონკანიდან წყლის წვეთ-წვეთად დაშვებას მაგონებს. კარი იღება. თავს ვიმძინარებ. ჩრდილი დიომიდეს უახლოვდება. გაუნძრევლად დგას. ალბათ, აკვირდება. მახსენდება მისი სიტყვები. ის არის ვფიქრობ, დავიყვირებ თქო, რომ ჩემკენ ბრუნდება. ფრთხილად მეხება. აზრი აღარ აქვს თავის მოჩვენებას. ვსწორდები. მანიშნებს გავყვე. პასუხგაუცემლად ვდგები. სხვა რა გზა დამრჩენია?
წინ მიშვებს, თვითონ უკან მომსდევს. რამდენჯერაც მისკენ ვიხედები, იმდენჯერ ნაბიჯის დაჩქარებას მიბრძანებს. ყველას სძინავს. სიბნელე ყოველ ნაბიჯთან ერთად, სულ უფრო შეუქცევადი ხდება. რატომ მეგონა, რომ სიკვდილისაკენ მიმავალი ადამიანი გრძნობების მორევში იძირებოდა? ვერაფერს ვგრძობ.
ვიხსენებ ყველაფერს, რაც გუშინ მიამბეს. ალბათ, მეც მონიტორებიან ოთახში შემიყვანენ. შევეცდები გამოსახულებებს არ შევხედო.
მაინტერესებს კიდეც - თუ ჰგავს ის ოთახი იმას, რაც წარმოვიდგინე.
მკლავში ხელის მოკიდებით მაჩერებს. პატარა კარს მივუახლოვდით. თვითონ რამდენიმე ნაბიჯით უკან გადის. კარი იღება. მარტო შევდივარ, მაგრამ დიომიდეს მონაყოლის მსგავსი, არაფერი მხვდება. მხოლოდ ერთი მაგიდა და ორი თეთრი სავარძელი. პირველი შთაბეჭდილებით, საკმაოდ მოსახერხებელი.
-მოკალათდი.
ხმა არსაიდან მოდის. ვერც შევამჩნიე, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი;ჭაღარა, ჩემზე ერთი თავით დაბალი მამაკაცი მაგიდისკენ მიდის. ვითომ ისიც გუშაგია? მაგრამ, არა, მას სახე არ აქვს დამალული.
ყოველ სიტყვას უნდა დავუკვირდე.
-გმადლობთ. - თავაზიანობას ვიჩენ. ვჯდები. სავარძელი მართლაც რბილია. ცივი, რკინის საწოლს ნამდვილად სჯობს.
-თავს როგორ გრძნობ? - ჩემს პირისპირ მთავსდება. მაგიდაზე არაფერია. თვალებში მიყურებს. გულისხმიერი ადამიანის გამომეტყველება აქვს. უბოროტო თვალები. საბედნიეროდ, მსახიობებთან ურთიერთობამ რეალობისა და თამაშის გარჩევა მასწავლა.
არ მოტყუვდე ბათე!
-საკმაოდ კარგად. - კითხვებს არ ვუბრუნებ, მხოლოდ ვპასუხობ.
-სახელი?
-ბალთაზარი.
-გრანდიოზული ნადიმებისა და ლხინის მოყვარული, ბალთაზარი. ვერცხლის სიყვარულისათვის გასამართლებული, დაცემული ბაბილონის მეფე. საინტერესო სახელია. მრავლისმეტყველი.
-გეთანხმებით.
-შენც მის მსგავსად გიყვარს ვერცხლი? - ხუმრობით ცდილობს დაძაბულობა მოსპოს ან იქნებ ჩემი კეთილგანწყობის მოპოვება სურს? იქნებ საერთოდაც არ უნდა ვეძებდე მის ნათქვამში ფარულ განზრახვას? ამდენი არ უნდა ვიფიქრო.
-შეიძლება ასეც ითქვას - თუკი ვერცხლში დიდებას გულისხმობთ.
-მაშ დიდება გიყვარს?
-დიდება ყველას თავისებურად გვიყვარს. უბრალოდ მისი განმარტება იცვლება პიროვნებიდან პიროვნებამდე. ბევრი გმობს სიმდიდრეს, ძალაუფლებას. ერთი სიტყვით, იმას, რასაც სხვა დიდებისაკენ მიმავალ გზად მიიჩნევს, მაგრამ ისინიც სწორედ ამით ცდილობენ საკუთარი სახელი ადიდონ. რამდენიც არ უნდა უარვყოთ, ადამიანი ყოველთვის დიდებისმოყვარული იყო. ამას მივყავდით ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებადე, ბოლოს კი არასახარბიელო დასასრულამდე. -შთაბეჭდილებას ვახდენ. არ მსურს იფიქროს, რომ მარტივი მსხვერპლი შეხვდა. იმედი მაქვს - აცნობიერებს.
დაე, ბოლომდე ვითამაშოთ.
-ჭკვიანი ახალგაზრდა ჩანხარ.
-ეს კარგია თუ ცუდი? -მე არ ვიქნები მისი მორიგი შემოქმედება,თუმცა ვერც გულადობას ავიჩემებ. ახლაც მეშინია, რადგან არ ვიცი კარგის მომტანი იქნება თუ არა გამჭრიახობა. რა საინტერესო იქნებოდა ჩვენი დიალოგი, გარშემო ჩემს სხეულში გაჯდომის სურვილით აღჭურვილი სიკვდილის სუნი რომ არ სუფევდეს.
-დესტრუქციული ნიჭი -მე ასე დავარქმევდი. ჭკვიანი ადამიანი იალქნიან გემს ჰგავს, მაგრამ სიმართლე გითხრა, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის შერჩეულ მიმართულებას. ყველანაირ შემთხვევაში, ვერაფერს გახდება თუ ზღვა აღელვდა.ის გვატარებს, ამიტომ სწორედ ის ფლობს ბოლო სიტყვის თქმის ძალაუფლებას.
-და რატომ არის დესტრუქციული?
-უჭკუო ადამიანი ვერ შექმნის ქაოსს, მაგრამ ვერც ჰარმონიას დათესავს.
-საინტერესო მოსაზრებაა.
-იცი ადამიანები რატომ ვითვლებით ყველაზე განვითარებულ სახეობად? - გამომეტყველება ეცვლება. მის შავ თვალებში სიშმაგის ნაპერწკლებს ვხედავ. ყოველი სიტყვის წარმოთქმა ძალას მატებს. საკუთარ სიმართლეს მახვევს და მასში ჩემს გაგუდვას აპირებს.
კითხვა პასუხს არ საჭიროებს. ჩემი რეპლიკა აშკარად წინასწარ აქვს გათვლილი. სამწუხაროდ, მან არ იცის, რომ მეც არანაკლებ ცბიერი ვარ. აუღელვებლად ვპასუხობ:
-კი, ვიცი - ჩვენში ცოცხლობს სული.
-სული?
-კი, თქვენ ხომ არ მიეკუთვნებით მათ, ვინც თვლიან, რომ ადამიანი უბრალოდ რთული მექანიზმია, რომელსაც ტვინი მართავს? - ყველანაირად ვცდილობ ირონია დავმალო.
-სულისა და გონების დაპირისპირება სამყაროსავით ძველი საკითხავია. ისევე, როგორც შენ, მეც მომწონს დაჯერება იმისა, რომს ჩემს მოკვდავ სხეულში ცხოვრობს უკვდავება. ვერავინ შეძლო სულის არსებობის უარყოფა, მაგრამ ვერც დამტკიცება. ერთადერთი რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი - უამრავი ფაქტის გარშემო მსჯელობაა. ახალგაზრდობაში მეც შემეპარა ეჭვი იმის არსებობაში, რასაც ვერ ვხედავდი - მათვალიერებს - დაახლოებით შენი ასაკის ვიქნებოდი. არ ვიცოდი ვისთვის მიმეკითხა ჩემი ეჭვების გასამხელად. მეშინოდა, რომ მშობლები, როგორც ყველა გარშემო, განმსჯიდნენ, მაგრამ ფიქრი არ შემიწყვეტია. პასუხს ვეძებდი და ერთხელაც ერთ საინტერესო არაკს გადავეყარე-ადამიანთა ტანჯვისა და წარმავალი ბუნების ყურებით დამწუხრებულ ბრძენკაცს მოკვდავების დამარცხება გადაეწყვიტა. რა თქმა უნდა, მისმა ხმამ თვით სიკვდილამდეც მიაღწია. მოკვავების ამპარტავნობით გადაღლილი, შემოდგომის მოახლოებისას ჩამოცვენილი ფოთლების ქარიშხლიდან გამოეცხადა და მას ნიჭად სიცოცხლის დაბრუნების უნარი შესთავაზა. კაცი სიხარულით დათანხმდა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი სულის ხსნას შეძლებდა, ამიტომ ჩასჩურჩულა გამომშვიდობებისას სიკვდილმა - მისი გამოყენებისას ეფრთხილა. გადიოდა წლები. ბრძენკაცი ბევრის სიკვდილს შეესწრო, თუმცა ვერ შეძლო ამოერჩია ის ერთადერთი, ვის დასაბრუნებლადაც ამ ნიჭს შეელეოდა. ერთ დღესაც, როდესაც უკვე დაბერებულს საკუთარი ნიჭის არსებობა დავიწყებული ჰქონდა, მისი შვილი მძიმედ დაავადდა. არავის შუძლია გულგრილად უყუროს როგორ შორდება პატარა სხეულს სიცოცხლე. მანაც გაიმეორა ის სიტყვები, რომლებიც სიკვდილმა დაუბარა. თვალები დახუჭა და მართლაც მის წინ მისი შვილი აღსდგა. ცოცხალი, მაგრამ სინათლისავით გამჭვირვალე. მას არ შეეძლო მისთვის სხეული ებოძა, მხოლოდ სული. გაგიჟებულმა სიკვდილს უხმო და შვილის სხეულის სანაცვლოდ საკუთარი შესთავაზა, მაგრამ სიკვდილისთვის მისი სხეული არაფრად ღირდა. ფასი მაღალი იყო, ის სხეულს მხოლოდ მისი სულის სანაცვლოდ დააბრუნებდა. რას გახდებოდა? დათანხმა. - ამის წაკითხვამ თავ-გზა საბოლოოდ ამირია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სხეული ისეთივე აუცილებელი იყო ადამიანის რაობისათვის, როგორც სული, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვარს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ძალაუფლება სწორედ ჩვენს გონებაშია, ამიტომ მძაგს ადამიანები, რომლებიც ამ ბოძებულ უზენაეს ნიჭს აუგად ფლანგავენ.
-თუ ნებას დამრთავთ, ერთი შეკითხვა მაქვს.
-გაინტერესებს ჩემი მიზანი რა არის? - სიტყვას მიჭრის, თუმცა არც მე ვაცლი. პასუხი მაინტერესებს, მაგრამ აშკარაა - ამ კითხვას ელოდა. მე კი არ უნდა მივცე უფლება ყველაფერი ისე დაასრულოს, როგორც ჩემს მოსვლამდე წარმოიდგინა.
-არა, მე მაინტერესებს, როგორია ,თქვენი აზრით, ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი მიზანი.
-მაპატიე, ვერ მიგიხვდი.
-მაგალითად, მე არ მაქვს გაცნობიერებული ჩემი მიზანი. თქვენც აღნიშნეთ, რომ აზრიანი ვარ. შესაბამისად თქვენი სტანდარტებით მეც იალქნიან გემს ვგავარ, თუმცა მე არასდროს დავკვირვებივარ იმ ზღვის დინებას, რომელსაც მივყვებოდი. მეტსაც გეტყვით, სულაც არ მინდა ვიცოდე, თუ სად წავალ და ეს ძალიან მომწონს. ასე ცხოვრება უფრო საინტერესო მგონია.
-არა ჩემო კარგო. ბრმად ბედს სუსტები ემორჩილებიან.
-მე ბედის მორჩლებაზე არ გესაუბრებით, მაგრამ ესეც ადამიანური ბუნების ნაწილია, რომელიც უხსოვარი დროიდან ჩრდილად გვდევს. სწორედ მასში ინერგება სიბრალული და ტერორი. ეს ტრაგედიაა, რომლის დანიშნულებაც ყველასათვის აუხსნელია. თუმცა უნდა შეგეწინააღმდეგოთ - ის, ვინც საკუთარი მიზნის ბუნდოვანებას ეგუება, ბედს არ მიჰყვება. საკუთარი მოწოდების ძებნაც მისი ასავალ-დასავლის კვლევის გარეშეც, ფორტუნასთან დაპირისპირებაა.
-და რა არის შენი მოწოდება?
-სიმშვიდე.
“მომზადებულხარ” - თავისთვის ჩურჩულებს. მეც არ ვიმჩნევ, თითქოს არაფერი გამიგონია
-არ დაგიმალავ მომწონხარ.
-სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, თუმცა მგონი აქ ცხოვრებაზე შეხედულებების გასაცვლელად არ მოგიყვანივართ.
-არ შეგეშინდეს. ამ ყველაფერს ფარული მიზანი არ აქვს. უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე, რომ რაღაც-რაღაცების ახსნა იყო საჭირო.
-რატომ ჩემთვის?
-შენი შეწუხება შენს ახალ “მდგუმრს” უკავშირდება. ერთმანეთის გაცნობა მოასწარით? - თვალს ჩემს გახეულ მაისურს აყოლებს.
-დასუსტებული იყო. დახმარება მინდოდა. შეძლებისდაგვარად, იარები დავუმუშავე.
-იასაუბრეთ?
-საუბარს ვერ ვუწოდებ. მადლობა გადამიხადა. ერთამენთს გავეცანით. სულ ეს იყო და ეს.სასიამოვნო ადამიანი ჩანს.
-სულსწარფია, ინფანტილური. სიდინჯე აკლია. დამეთანხმე - ხანდახან ბრაზს აყოლა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. - მისი სიტყვები მაბრაზებენ, თუმცა ვცდილობ არ შემეტყოს. რაღაცაში მართალია - ახლა მრისხანებას არანაირ შემთხვევაში არ უნდა მივცე საშუალება ამიყოლიოს.
ნეტავ, შემეძლოს ჩემს თავს მისი თვალებით შევხედო. ალბათ, როგორი უზნეო ვჩანვარ.
-რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება მან იცოდეს რაიმე ისეთი, რაც გავნებთ?
-ამ კითხვას რატომ მისვამ?
-აშკარაა, რომ აქ ამისთვის ვარ. თქვენ მომავალ საფრთხეს ხედავთ და ფიქრობთ, რომ მე შეიძლება ვიცოდე რაიმე, რაც მასთან შესახვედრათ მოგამზადებთ.
-საფრთხე არასწორი შეფასებაა, სიმართლის დათესვა - შესაფერისი. მე შემიძლია გავიგონო მისი უკმაყოფილება. ყველა ისჯება, ვინც დანიშნულს არღვევს. სამწუხაროდ, ეს ის ფასია, რომლის გადახდაც ანარქიის თავიდან ასაცილებლად, ყველას ბედად გვიწერია.
-დანამდვილებით ვერაფერს გიპასუხებთ- მე ხომ არ ვიცი რა მოხდა, თუმცა მისი დაზიანებებით თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად სასიამოვნო საუბარი გქონდათ.
-მე არ მითქვამს, რომ მასთან პირადად ვისაუბრე.
-თუმცა, აშკარაა, რომ მისი პიროვნების ამოცნობა კარგად გამოგივიდათ.
-რაღაცები ზედაპირზევე ჩანს.
-კი, თუმცა ზედაპირული წარმოდგენა ხშირად მცდარია. ამიტომ, ვცდილობ ყოველთვის ადამიანის გაცნობამდე დასკვნების გაკეთებისგან თავი შევიკავო.
-ბევრს მიაღწევდი, ჯერ კიდევ რომ არ აძლევდე ყმაწვილურ უტოპიურ მოსაზრებებს შენი გონიერების დაჩრდილვის შესაძლებლობას. – მისი საუბრის მანერაზე დაკვირვებით, ვხვდები რა სიტყვებს უნდა ჩავეჭიდო, რომ მისი განზარხვის შესახებ შევიტყო.
-ხანდახან, სასიამოვნო უტოპისტობა.
-ვითომ? ჩემი აზრით, უტოპიის იდეის დანერგვა კაცობრიობის ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
-რატომ?
-შენც ხომ იცი, თუ რამდენი ბოროტება დაუთესავს უტოპიის შენების სურვილს? შუღლი. დაპირისპირება. სიკვდილი! - მისი თვალთმაქცობა გულს მირევს. ნუთუ, შესაძლებელია მართლა სჯეროდეს საკუთარი სიტყვების. არა, ტყუის, აუცილებლად უნდა ტყუოდეს.
-მაშ ეს ყველაფერი უტოპიის აგებას არ გვპირდება? - ამ აზრის სიტყვებით გაჟღერებით თითქოს განაჩენი საკუთარი თავისათვის თვითონ გამომაქვს. მას კი პასუხად ეცინება; ამჯერად გულწრფელად. თავს აქნევს. თავისთვის ბუტბუტებს. შემდეგ კი დამრიგებლური ტონით აგრძელებს :
-შენ გსურს უტოპიაში ცხოვრება? ჩაუღრმავდი. თვითონ სიტყვაც კი გამოუსადეგარია. - მის ბაგეებს ზიზღი ჩირქის ფენსად ედება. მაშინებს.. - მიპასუხე - რა სარგებელი უნდა მოჰქონდეს მას, რასაც ვერასდროს მიუახლოვდები?
-არ ვიცი - მინდა საკუთარ კითხვას თვითონ უპასუხოს.
-იმედის მოკვლა - უტოპიის არსებობის შესაძლებლობა გახსენებს, რომ რამდენიც არ უნდა იშრომო, რასაც არ უნდა მიაღწიო, ყოველთვის იქნება, რაღაც უფრო აღმატებული, მაგრამ , რომელიც ვერასდროს იარსებებს მატერიალურ სამყაროში.ხედავ? ყოველისშემძლეობის ილუზიას აჩენს. იცი რისთვის არის განწირული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ზედმეტს იღებს?
-რისთვის?
-აკი, გითხარ ყოველი სულიერი საკუთარ მიზანზეა დამოკიდებული-მეთქი. სწორედ არასწორად შერჩეული მიზანი ხდება აღსასრულის დასაბამი.რაღაცის შექმინს სურვილით ავსებული, საკუთარ სიცოცხლეს სასწორის ერთ მხარეს დადებას დაუფიქრებლად თანხმდები, მეორე მხარეს მიმოფანტულ სურვილებს შერწყმული იმედები და ამბიციები ხვდება. შენი აზრით, რომელი უფრო მძიმეა?
-სიცოცხლე.
მეჩვენება, რომ საუბრის გაგრძელება აღარ უნდა. შეიძლება უბრალოდ მიდგომის შეცვლა აქვს განზრახული.
-სასიამოვნოა ამის მოსმენა, თუმცა წარმოიდგინე, თუ რას დაემსგავსებოდა ადამიანი, რომელიც ცის კამარას მიახლოვებული ციხე-სიმაგრის შენებას განიზრახავდა. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მისი სხეული დაიცლებოდა - სიხარულისგან, რადგან მას დაავიწყდებოდა, თუ რა ანიჭებდა სინამდვილეში ბედნიერებას, მისი თვალები დაიცლებოდნენ ნაპერწკლებისაგან, რადგან ისინი ვერასდროს დაინახავდნენ იმას, რასაც ის თავის ყოველ გრძნობას სწირავდა. რეალობასგანდგომილს, დაკარგული დღეები თმაში შერეულ ჭაღარასავით გაუმრავლდებოდნენ და ბოლოს ერთადერთი, რასაც ის იგემებდა იმედგაცრუება იქნებოდა, თუმცა იცი რა იქნებოდა ყველაზე საზარელი? სიმართლის გაცნობიერება ვერ დაუბრუნებდა იმ ყველაფერს, რაც დაკარგა. მისი ცხოვრება აღარ იქნებოდა ღირებული. არ მეთანხმები?
-დიახ
- და მაინც იტყვი, რომ სიცოცხლე გადაწონის?
-სიცოცხლეს ფასი არ აქვს! - ჭირვეული ბავშვის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომელიც აკვიატებული წინადადებას ყოველი დანიშნულების გარეშე იმეორებს.
-იცი რა ქვია ამ ყველაფერს?
-არ ვიცი.
-მოზღვავებული ვნება, რომელიც ჩვენს სხეულში შენების სურვილის სახით ცოცხლობს. რომელსაც ვიყვარებთ. არა! უფრო სწორედ, რომლის დახმარებითაც საკუთარ თავს ვიყვარებთ. სინამდვილეში, ის მხოლოდ გვაახლოვებს გახრწნასთან. არადა როგორი სასიამოვნოა. დაჯერება, რომ სხეულის ყოველ კუნჭულში ეროსი ბატონობს. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ვაი, რომ ჩრდილში თანატოსი იმალება. მორცხვს შეიძლება სულაც არ სურს გამოჩენა და საკუთარ წარმოსახვაში უგზო-უკვლოდ დაკარგულის გამოფხიზლება, ამიტომ ფეხქვეშ დაღვრილ წუმპეს ემსგავსება. რაც უფრო შორს მიჰყავხარ ვნების ქარიშხალს, სინამდვილეში მით უფრო ქვევით ეშვები. მის მკლავებში იძირები. გვიანი იქნება გამოფხიზლება. ეროსი და თანატოსი ერთად ქმნიან იმას, რასაც ადამიანური ბუნება ჰქვია. იცი ვინ არის მისი მთავარი სამიზნე? დრო. დროს კი ვერაფერი დააბრუნებს.
-არ ვიცი რა გიპასუხოთ.
-გჯერა ჩემი? - რა თქმა უნდა ახლა ვიცი რა უნდა ვუპასუხო. მაგრამ ამ მოკლე სიტყვის წარმოთქმა ძალიან მიჭირს. შემიძლია კი საკუთარ თავს ვაიძულო დაიჯეროს? დანამდვილებით აღარ ვიცი რისი მჯერა და რისი არა. სწორედ ეს გააკეთა. მაინც გავები მის მახეში.
ღმერთო ჩემო, მაინც როგორი უსუსური მოწინააღმდეგე აღმოვჩნდი.
რა გაეწყობა? ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ :
-კი.
იცინის. ამჯერად მისი სიცილი წარმოსახვითი ურჩხულისას მაგონებს. შეიძლება უძილობის ბრალია, მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ის იზრდება და მისი სხეული მყლაპავს.
სულს ითქვამს :
-ძალიან კარგი. მგონი სასაუბრო აღარც არაფერი დაგვრჩენია. გუშაგი უკან მიგაცილებს. ყოველთვის მახარებს, შენნაირ აზრიან ახალგაზრდებთან საუბარი.
სწრაფად ვდგები. აღარ მაინტერესებს, რას მეტყვის, რა ხდება ან რა მოხდება. ერთადერთი სურვილი მაქვს - ჩემს რკინის ლოგინზე, მშვიდად დაძინება.
-ბალთაზარ - უკან აღარ ვიხედები, მაგრამ იცის, რომ ვუსმენ - იმედია, ხვდები , რომ აქედან შენი უვნებელი გასვლა მხოლოდ ჩემი სურვილის დამსახურებაა. დაიმახსოვრე ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ვიცი, რომ ჯერ არ გესმის, მაგრამ დამიჯერე ოდესმე აუცილებლად გამიგებ. - და აი, ხდება ის , რისიც მეშინოდა - მისი მზერა ზურგზე დაღად მრჩება.
აღარ ვპასუხობ. კარი იღება. თითქმის სირბილით გავდივარ უკან დერეფანს. შორს მკრთალი სინათლე ჩანს. კვლავ ჩემს “საკანში” მეპატიჟება. გუშაგი ვერ მეწევა. გაშმაგებული გარშემო ვერავის ვხედავ. რამდენიმე წამი მისი ლოდინი მიწევს. მოუთმენლად ველოდები შიგნით შესვლას.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქაურობის დანახვა გამახარებდა. მე ასეთი ვარ - მთავარია ვიყო უსაფრთოდ, ნაცნობ ადგილას. ღმერთო, თითქოს, მთელი ეს დრო ჩასუნთქული მქონოდა და მხოლოდ ახლა შევძელი ამოვისუნთქვა.
აისის პირველი სხივები ოთახში იღვრებიან. გარშემო ვიყურები. ისევ მარტო ვარ. დიომიდე აღარ არის.”

დეკემბერი, 2000 წელი:
აქ მოსვლისას გადავყწვიტე დღეები დამეთვალა. ჭამის შემდეგ დაცარიელებული თეფშების რაოდენობას ვიმახსოვრებდი. სამი ერთ მთლიან დღეს უდრიდა. ნელ-ნელა ავირიე.
ჩემი ვარაუდით, თვეზე მეტი არ უნდა იყოს გასული. მაგრამ სინამდვილეში აქ ერთ დიდი დღე გავატარეთ. ყველანაირ შემთხვევაში, ჩემთვის დიომიდეს გაუჩინარების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ერთიდაიგივე საჭმელი, უფერული ტანის სამოსი, კითხვები, რომლებიც დროის განმავლობაში თავისით გაქარწყლდნენ, აღარც ვეწევი. ნიკოტინიც კი უარს ამბობს ჩემს სხეულში გაჩერებაზე. კვლავ მიწევს ამის თქმა - საკუთარი ხმის გაგონება მაკლია.
არსება ნელ-ნელა ჩაკვდა ჩემში.
დღეს მგონი გვიან გავიღვიძე. ფანჯრიდან გახედვისას ვამჩნევ, რომ მზე ზენიტშია. მეუცნაურა - როგორც წესი ადრე, განთიადის დადგომისთანავე,მოაქვთ საუზმე.
დიდხანს თავს არ გვანატრებენ. გამოჩნდნენ - კარს რამდენიმე გუშაგი უვლის. ჩვეულზე მეტნი არიან. ვჯდები. ვაკვირდები საით მიდიან. ერთი შუაში ჩერდება, ჩემი სამყოფელიდან რამდენიმეს დაშორებით, მეორე მაჯრვენა გასასვლელთან მიდის, მესამე მარცხენასთან. ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან, შემდეგ კი ხმამაღლა ერთხმად იძახიან : “შეგიძლიათ წახვიდეთ”
წინადადება ახალი დამთავრებული აქვთ, რომ ყველა კარი ერთიანად იღება. ეს თავისუფლების ხმაა. ნუთუ, ეს სიმართლეა? ამდენი ხნის განმავლობაში სწორედ ამას ველოდი.
იმედი მიცრუვდება - მეტ სიხარულს ველოდი, თუმცა გარემოს შეთვალიერების შემდეგ ვამჩნევ - ყველას ერთნაირი, დაქანცული, უტყვი გამომეტყველება აქვს. ალბათ, მეც მათ შორის.
აქამდე უძილობას ვაბრალებდი, მაგრამ ვრწმუნდები - ყველას მართლაც რომ ერთი სახე გვაქვს მიკერებული.
ამჯერად გვთხოვენ არ ავღელვდეთ. შედარებით დადებით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. სულ მაინტერესებდა ისინი ადგნედნენ წესებს, თუ უბრალოდ სხვის დადგენილს მიჰყვებოდნენ? უნდა შევეშვა ასეთ უმნიშვნელო საკითხებზე ფიქრს.
გასასვლელისაკენ ერთ რიგად ვლაგდებით. შეხმატკბილებულად მივდივართ. ჩემი სხეული უმოქმედობას შეჩვეულა. ჩვილს ვგავარ, რომელიც სიარულს მხოლოდ ახლა სწავლობს. ფეხებში უცნაურ სისუსტეს ვგრძნობ. რამდენჯერმე ვბორძიკობ კიდეც.
დერეფანი ახლა უფრო მოკლე ჩანს. ეზოში გამავალ კართან ველოდი, რომ ჩვენს ნივთებს დაგვიბრუნებდნენ. სულ დამავიწყდა, რომ ყველაფერი ალს გაატანეს. ალბათ, ამ შავ ტანის სამოსს ამ ფერადი დღეების მოსაგონებლად გვიტოვებენ.
შენობას ვტოვებთ.
შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ დაჭიმულ, გამომშრალ კანზე ნიავის შეგრძნება ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. გასასვლელში ათიოდე ნაცრისფერში ჩაცმული ადამიანია. მარჯვნივ ამაღლებული ხით ნაგები პლატფორმაა. მოსვლისას არ შემინიშნავს. ალბათ ღამის გამო. მათზე რაღაც დევს. შორიდან ვერ ვარჩევ. მიახლოებას ვცდილობ, მაგრამ ნაცნობი ხმა ჩემს ყურადღებას იქცევს.
შენობიდან ბოლოს სწორედ ის გამოდის - ჩემი იდუმალი ნაცნობი. მისი სახელი არ ვიცი. ამიტომ, მისივე ეპითეტით მოვიხსენიებ - იალქნიანი გემი.
კმაყოფილი ჩანს. ტაშს უკრავს. ყველა მას ვუყურებთ. წელში იმართება და საუბარს იწყებს :
-მეგობრებო, სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ საფრთხემ ჩაიარა. შეიძლება გაგაღიზიანოთ ამის გაგონებამ - ვეჭვობ ბევრ თქვენგანს შეეხო ომი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისიც მალე უბრალო მოგონებად იქცევა და ყველა დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებს. უკვე შეგიძლიათ ქუჩებში მშვიდად იაროთ და არაფრის შეგეშინდეთ. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ზრუნვას თქვენს უსაფრთხოებაზე.
ჩუმდება. რას ელოდება? ოვაციებსა თუ ტაშს? ასეთი სიძულვილი არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია. ფურთხის ღირსია ეს ფარსი.
როდესაც აცნობიერებს, რომ სულ ტყუილად ელოდება რაიმე სახის პასუხს, მსხვერპლმიახლოვებული ნადირის ღიმილი ესახება. რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ მისი დავიწყება შევძლო?
უფრო ხმამაღლა აგრძელებს :
-ამ ეზოს დატოვებისთანავე შეამჩნევთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა. თუ დამიჯერებთ, ეს ყველაფერი უკეთესისაკენ გადადგმული ნაბიჯებია. თქვენ შეიძლება ასე არ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ სწორედ მისი ნაწილები გახდებით. ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს, როგორც მორჩილებისაკენ მოწოდებას ან იძულებას; უბრალოდ მომეცით საშუალება, რომ უკეთესი ცხოვრებისაკენ გიბიძგოთ. სამწუხაროდ, თქვენს შორის იყვნენ მოუთმენლებიც. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ მათი გადარწმუნება ვერ შევძელით. ადამიანის აზრების შეცვლა ხომ შეუძლებელია? კანონი ჩვენს კაცთმოყვარეობას აღემატება. და რა შედეგი ახლავს კანონის დარღვევას? სასჯელი.
საჩვენებელი თითით ხის პლატფორმისაკენ მიგვითითებს. უცნაური წინათგრძნობა მეუფლება. ძალა მიბრუნდება. ყველა მისკენ მივეშურებით. ბრბოში მოქნილად მივძვრები.
ახლა ვარჩევ - პლატფორმაზე რვა ადამიანია. უფრო სწორედ, ცხედარი. ზოგი დიდი ხნის მკვდარია, ზოგსაც ჯერ კიდევ ეტყობა ცოცხალი ფერი.
მუხლებზე ვეცემი. ღრიალი მინდა, მაგრამ ხმას ვერ ვიმორჩილებ. რატომ ასეთი ახალგაზრდა? ასე როგორ გაგისწორდნენ, დიომიდე?
გონს მანამ ვერ მოვდივარ, სანამ უსიამოვნო სუნი ცხვირს არ მიწვავს. პლატფორმას ცეცხლს უკიდებენ. ალი მომენტალურად ვრცელდება.
დიომიდე დარმწუნებული იყო, რომ იგრძნობდა თუკი ადრიანს რაიმე შეემთხვეოდა. ეგებ, ახლა შორსდარჩენილი ადრიანიც გრძნობს, რომ მისი უმცროსი ძმა იფერფლება.
ზევით ვიყურები. თვალები მიცრემლიანდება. რა საცოდაობაა - თურმე, ტანის სამოსიც და ადამიანიც ერთი კვამლით იწვის.”

“ხალხი ქუჩაში თავისუფლად დადის. ამინდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ზამთარი გვიახლოვდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძველებურია. ჩარაზული ფანჯრები გააღეს, მაგრამ სახლებში შემავალ ახალი, დილის მახარობელ სხივს აღარავინ ელის. მათთან ახლოს გავლაც კი არავის სურს. კარებებიც ღიაა, ძველებურად ახლადგამომცხვარი ფუნთუშების სუნი ტრიალებს, მაგრამ სტუმარს აღარავინ ელის.
არ მესმის რა ხდება.
ერთ უზარმაზარ ჭადრაკის დაფას დაემსგავსა აქაურობა; უშინაარსო პარტიას - ყველანი ფიგურები ვართ, უფრო სწორედ პაიკები - ერთნაირები, ნელები, ნაკლებადმნიშვნელოვნები. ვარსებობთ იქ, სადაც დაგვდგამენ. ცაში ყურებისას მინდა უხილავი მოთამაშის ხელის მოძრაობა დავინახო. მისი განზრახვა ამოვიკითხო. თუნდაც, შემდეგი სვლა გავთვალო.
აი, ცა არ შეცვლილა. მის სიღრმეში სიამოვნებით ჩავიძირებოდი. ფაფუკ ღრუბლებთან ერთად ვიფარფატებდი. ნეტავი გვიყურებენ? თუ გვიყურებენ მაშინ რას გრძნობენ? ალბათ, ვერაფერს ხედავენ, თორემ აუცილებლად ატირდებოდნენ.
წვიმის შეგრძნება მენატრება.
მე დიომიდეს შევპირდი. ორივემ ვიცოდით - მე იქ არ გამაჩერებდნენ, მას კი მოკლავდნენ. საკითხავია - ახლა ვინ უფრო თავისუფალია ჩვენს შორის?
ეს პირობა ,რა თქმა უნდა, მხოლოდ სიტყვების ხროვა იყო. მომაკვდავ ადამიანს უარს ვერ ეტყვი, მაგრამ მოატყუებ. ორივე შემთხვევაში - ცდები. უარის თქმა ნიშნავს, რომ აჩრდილი მოსვენებას დაგიკარგავს. მაგრამ რას ცვლის ტყუილი? სადაც არ უნდა წავიდე, მისი ჯერ კიდევ ახლადმომწიფებული ნაკვთები მუდამ დამკაწრავენ. არ მინდა მისი სისოცოცხლეწართმეული სახე გავიხსენო, თუმცა ის სულაც არ ჰგავდა მკვდარს - უფრო გრძელი დღის შემდეგ დაძინებულს. მშვიდი იყო. ძველი ფერი მის სახეს დაეკარგა. მაინც ვფიქრობ, რომ მასთან მიახლოვების საშუალება რომ მქონოდა, მისი სუნთქვის გაგონებას შევძლებდი.
ნუთუ, მართლა სიკვდილია ერთადერთი რის სანაცვლოდაც სიმშვიდის მოპოვებაა შესაძლებელი?
სახლს ვუახლოვდები; უკანა შესასვლელს. საკუთარ სახლში ვიპარები. სიფრთხილე მმართებს. ჯიბეში გასაღებს ვეძებ. ისევ იქ არის, სადაც დავტოვე. საკეტში მისი შესრიალება მიჭირს. კარს ვაღებ. არც აქაურობაა შეცვლილი. მტვერმა იმატა.
რატომ ვერ ვგრძნობ მონატრებას? ალბათ, მართალია - მთავარი არ არის დაბრუნდე, მთავარია როგორ ბრუნდები. მე კი არ დავბრუნებულვარ მართალი. სისხლის ლაქებს, რომლის სუნითაც ჩემი სხეული ღრმად არის გაჟღენთილი, მის შიგნით მცხოვრებ არსებას ძირავს.
მაცივრის გვერდით ჩამოკიდებულ კალენდარს ვუახლოვდები. პირველ გვერდს ვახევ. ჯერ კიდევ ნოემბერი იყო, როდესაც ბოლოს ღამე სახლში გავატარე. რა მარტივია. ნეტავ მართლა შეიძლებოდეს ამ დღეების განმავლობაში ნანახი ისე მარტივად მოვიშორო, როგორც ეს ფურცლები. რა იქნებოდა, რომ მართლა შესძლებოდა ადამიანს დრო საკუთარი სურვილისამებრ დაეტრიალებინა? ამის გაფიქრებისას ვჩერდები. მე ხომ არ ვიცი ახლა რა დღეა.
კართან წერილები ყრია. სულ გადამავიწყდნენ ჩემი მშობლები, როგორ ავუხსნა საკუთარი არ ყოფნა? ალბათ, გაშმაგებულები მეძებდნენ. იმედი მაქვს ჩამოსვლა არ გადაუწყვეტიათ.
შვიდი წერილია. შვიდი ხუთშაბათი გასულა უკანასკნელის შემდეგ. კითხვას მივყვები. გუნება მიკეთდება. ისინი მიყვებიან საკუთარი ცხოვრებისა და ჩვენი ქოხის შესახებ, გაშლილი მდელოების, ცისა და პატარა რუს მიღწერენ. კვლავ მთხოვენ ყველაფერი მივატოვო და მათთან წავიდე, მაგრამ მათ არცერთხელ არ უხსენებიათ ჩემი სიჩუმე. სულ სხვის წაკითხვას ველოდი. მიკვირს, მაგრამ შესაძლოა ჩემგან მსგავსი არ გაკვირვებიათ. ხშირად მსაყვედურობენ, რომ მარტოობა მიყვარს და სირთულეების ჟამს სხვასთან ლაპარაკი არ შემიძლია. ეს სიმართლეა, ამიტომ არ მაქვს უფლება გავნაწყენდე. რიგით მეოთხე წერილს ვშლი. ჩვეული მოკითხვას, შემდეგი მოჰყვება - “გვახარებს შენი ერთგულება. ახალი დადგმა საინტერესო უნდა ჩანდეს. ჩვენზე არ ინერვიულო კარგად ვართ. სამწუხაროა, რომ ვერ დავესწრებით, თუმცა იმედი მაქვს ყველაფერს გვიამბობ. ჩვენ შენს ამბებს მოუთმენლად ველით.” დამთავრებისას ვკრთები. ეს შეუძლებელია -ნუთუ, მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი იღებდნენ ჩემგან პასუხებს?
ვცოფდები. სასტუმრო ოთახში გავდივარ. ვინ წერდა? ვის ჰქონდა უფლება ჩემი ცხოვრებით ეცხოვრა?
აქაურობა მე აღარ მეკუთვნის. ჩარჩოში ჩასმული სურათებიდან ნელ-ნელა ვქრები. კუთხის კარადას მუჭს ვურტყავ, ყირავდება. აქ ვინახავდით ყველაფერს, რაც რაიმეს გვაგონებდა :
მე არსებობა ჯერ კიდევ მინდა! რამდენჯერ ჩამძინებია თამაშში გართულს ამ სავარძელზე. ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ხელი მოვიტეხე. ამ წიგნში დაწერილ ზღაპრებს მე მიკითხავდა დედა ძილის წინ. მე ველოდებოდი ყოველდღე ექვს საათზე შინ გვიან დაბრუნებულ მამას. შუაგულში ნაძვისხე ჩემს გასახარებლად ირთვებოდა. სადღესასწაულოდ ტკბილეული ჩემთვის მზადდებოდა. იატაკს ვუყურებ - ეს მოთხრობებიც ჩემი დაწერილია.
არა, ეს მოგონებები მხოლოდ ჩემია და მათ წართმევას ვერავინ შეძლებს!
სანთებელას ვწვდები. წერილებს ცეცხლს ვუკიდებ. ისინი ჩემთვის არ ყოფილან დაწერილები. ეს მცირედია, რისი გაკეთებაც მე სამაგიეროს გადასახდელად შემიძლია - მათ ჩემი კვალი გააქრეს, მე მათსას მოვსპობ.
ხო, კვლავ ეს კვამლი. ამჯერად ცაში არ ვარდება, ნიავის მოძრაობას ემორჩილება და ფანჯრიდან გამავალი მასთან ერთად იკარგება.
აი, რა ყოფილა სინამდვილეში მარტივი - ჩემი არყოფნის შევსება.
თავი ხელში ვეღარ ამყავს. იატაკზე ვეშვები. რატომ ვეპყრობოდი საკუთარ თავს ასე სასტიკად? რატომ არ ვაძლევდი უფლებას ცრემლები ეჩვენებინა? ახლა, ვერავინ მხედავს - ჩემს ქვითინსაც ვერავინ გაიგონებს. ამ ოთხი ნაცრისფერი კედლის გარდა, რომლებმაც დამივიწყეს. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლიათ.
საიდან მოდიან ეს ცრემლები? მე ვიცი, ყველაფერი ასე იწყება - პირველი დარტყმით, რომელიც არ გკლავს, მაგრამ გაცარიელებს. მის შემდეგ ძალიან გინდა იტირო, მაგრამ არ შეგიძლია. გამოფიტული რჩები. ეს არ არის ის სიმსუბუქე, რომლისაც მე მშურს. ის დროის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეივსოს.
ყველა გრძნობისაგან დაცარიელება იმდენად დაუნდობელია, რომ საბოლოოდ თვითონ ხდება ყველაზე ძლიერი შეგრძნება. სხეულში უზარმაზარი ორმო ჩნდება; ცარიელი რეზერვუარი. ყოველი მოკლული გრძნობა, ფერდაკარგული აზრი მასში წყლად იღვრება. წვეთ-წვეთად ავსებს, უკვე ,ღმერთმა უწყის, რამდენი დღის განმავლობაში. ღრმაა. დიდი ხანი დასჭირვებია მისი კალაპოტის გადალახვას. დღევანდელი ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ახლა თვალების გავლით, მატერიალურ სახეს იძენს.
ძალიან მტკივა, მაგრამ ამავდროულად ძალა მემატება - მე ვტირი, ვგრძნობ, ესე იგი ჯერ კიდევ ვცოხცლობ.
თვალებს ვხუჭავ. არ ვიცი სიგიჟის ნიშანია თუ არა - მაგრამ ჩემს სახეს ვხედავ. ისე ნათლად თითქოს სარკეში ვიყურებოდე. არ მომწონს - ჩასიებული თვალები, სველი ყვრიმალები, ეს უსუსურობის შეგრძნება. მე ხომ დამარცხება არასდროს მყვარებია. აღარ მანაღვლებს რა როგორ იქნება! ჭირსაც წაუღია ეს ქალაქი; ყოველი ქუჩა; ჩემი სახლი! მე მხოლოდ საკუთარი თავის ხსნაღა შემიძლია.
საძინებელს ვაწყდები. ჩანთაში ტანსაცმელს ვყრი. ყველაფერს, რაც გამომადგება ან რაიმეს გამახსენებს. საათს ვეძებ - გაჩერებულია. არა უშავს, სადგურში წავალ და უახლოესს მატარებელს დაველოდები.
ჩემებს არ გავაფრთხილებ. ალბათ, გაახარებთ ჩემი დანახვა. მათთან ერთად დავაკვირდები როგორ ეთამაშება ქარი ბალახს. იცვლიან ფოთლები ფერებს. წამოვწვები და შევეცდები დავივიწყო შორს დარჩენილი ქალაქის ხმაური. ესაა ჩემი ბედნიერება.
იქაურობა ყველაფერს დამავიწყებს. ბუნება ხომ უცვლელი რჩება. რამდენი დროც უნდა გავიდეს. ჩვენი შეცდომები მისთვის არაფერია. მშვიდად მიჰყვება საკუთარ წრეს. უკვდავს, რომელსაც ჩვენი მოკვდავი ხელებით ვერ შევეხებით. ჩვენ ვართ წარმავალი მაყურებლები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მის სიდიადეს და ამით სცოდავენ.
იქნებ, თვით ბუნებაა მშვიდობა?
საკმარისია. არც შემიხედავს რა მიმაქვს. ჩანთას ვკრავ. აქ გაჩერება მთრგუნავს. სადგური შორს არ არის. მზე ჩასვლას ახლახანს წყვეტს . თუ ვიჩქარებ იქნებ ლოდინიც არ მომიწიოს.
გავრბივარ - მთელი ძალითა და ღონით.
მე ვეღარავინ ჩამანცვლებს!
უკვე სადგურს ვხედავ, როდესაც მახსენდება -თეატრი! როგორ შემიძლია ისე წავიდე, რომ უკანასკნელად არ ვნახო? ორი სამყაროს გასაყარზე ვარ. ძალიან მინდა სასწრაფოდ წასვლა მომავლისაკენ. აქაურობა უკვე ზიზღს მგვრის. ყოველი უკან გადადგმული ნაბიჯი წარსულში დაბრუნებისაკენ მიანიშნებს, მაგრამ არ მინდა აქ რაიმე დამრჩეს. დავტოვო საკუთარი მიზნები, თავგადასავლები, ვნება, სიყვარული... ეპითეტების შერჩევა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
არა,ვალდებული ვარ გამოვესალმო.
მარჯვნივ ვუხვევ, ვიწრო ქუჩა, მეორე შესახვევი - ხელმარცხნივ. რამდენი დრო მოვანდომე ამ გზის დამახსოვრებს. პირველად, გასაუბრებაზე ნახევარი საათიც კი დავაგვიანე. არავინ დამიჯერა. დამცინეს კიდეც. როგორ შეიძლებოდა აქ გავზრდილიყავი და აქაურობის შესახებ არ მცოდნოდა? აღარ შევწინააღმდეგებივარ. მგონი სწორედ ეს მოეწონათ ჩემში.
კვლავ შემეშალა? არა, ნამდვილად აქ უნდა იყოს. ძალა მეცლება. ჩანთა ძირს მივარდება. ვის სჭირდებოდა ჩემი თეატრის დანგრევა? ნეტავ, არ მოვსულიყავი. ძველებურად დიდებული დამმახსოვრებოდი.
ვიხრები. ალაგ-ალაგად ლოდები გაშლილ მდელოზე მოფენილ ყვავილებადაა მიყრილ-მოყრილი. ერთს ვეხები. სიფრთხილეს ვიჩენ. კავშირს ვგრძნობ. მეჩვენება, რომ ერთნი ვხდებით. მინდა მომიყვეს ყველაფერი, მაგრამ მისი ხმა არ მესმის. ერთი წვეთი ცრემლიც სრიალდება და პირდაპირ მის ზედაპირზე ეშვება.ნუთუ, მეტი არ დაუმსახურებია?
წრეს ვურტყავ, თან ვიხსენებ. ვცდილობ გონებაში ავაგო.
ამასობაში ქუჩის მეორე მხარეს გავდივარ და უკვე მეორედ მივარდება სახტადდარჩენილს ჩანთა.
გაფიქრება არ კმარა. ხმამაღლა უნდა ვთქვა, რომ საკუთარ თავს დავაჯერო :
-ღმერთო ჩემო, მართა!”

“მართა არ იცვლება. თეატრის წინ დგას. უფრო სწორედ იქ, სადაც ოდესღაც თეატრი იყო. აქედანვე ვამჩნევ - ჭაღარა შერევია. ვფიცავ, შემიძლია ახლაც ვიგრძნო მისი სურნელი. არადა ჯერ ერთი წელიც კი არ გასულა. მოსაყოლადაც კი წარმოუდგენილია, თუ რამდენი რამ შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში.
როგორ მენატრება მის თმასთან შეხება.
როდის დაბრუნდა? მასთან მიახლოვებისას, თითქოს სივრცის მეორე მხარეს დარჩენილ წარსულის სხივს მივყვები. შორს, ნანგრევებს მოყოლილი წარსულის. დაუბრუნებელი, დანაკლისად ქცეული ავსულის. როგორ მინდა შეძლოს ყველაფრის დავიწყება მის გარდა.
რამდენჯერ წარმომიდგენია ჩვენი შეხვედრა. ყოველთვის სხვადასხვანაირად. არ ვიცოდი რას ვიგრძნობდი - ბრაზსა თუ სიყვარულს. ახლა, პასუხი გავიგე - ორივეს. ჩემს სხეულს წყალი ცეცხლს შეერკინა. ორივე საკმარისი აღმოჩნდა - ორთქლი ავარდა. მწვავს. ეგებ, მართლა განადგურება არის ჩვენი ბოლო?
მამჩნევს. ჯერ მაკვირდება, შემდეგ მცნობს და მიღიმის. როგორც ყოველთვის, არაფერი ეტყობა, მაგრამ დასევდიანებულია. ყოველ შემთხვევაში უნდა იყო - ეს ადგილი მას ჩემზე არანაკლებ უყვარს. თავიდან ვღიზიანდებოდა, არ მინდოდა აქაურობა ვინმეთვის მეწილადა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ სულაც არ მანიჭებდა სიხარულს გაცნობიერება იმისა, რომ გარშემო ყოველი მხოლოდ მე მეკუთვნოდა.
დანამდვილებით ვერ ვიხსენებ, თუ რამდენი დროა გასული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ.
ვერასდროს დავიჯერებდი, რომ დრო შეიძლებოდა ჩემთვის ასეთი უმნიშვნელო გამხდარიყო - ვშიშობდი, რომ ვერასდროს ვიქნებოდა ბედნიერი, რადგან ყოფას დროის სვლის დაკვირვებასა და მის ათვლაში ვატარებდი. მინდოდა ყოველი წამით დატკბობის უნარი მქონოდა და აღარ მეფიქრა მუდმივად მომავალზე.
ახლა, მომავალზე სულაც აღარ ვფიქრობ, მაგრამ მაინც არ ვარ ბედნიერი.
-ბათე, არ ვიცი რა გითხრა.
-არაფერია. მეც გამიკვირდებოდა საკუთარი თავის, ასეთ მდგომარეობაში დანახვა.
-ბათე, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შენ ერთადერთი იყო, რაც ამ ქალაქში შეიცვალა. - ვხვდები რისი თქმაც სურს, მაგრამ ეს სიტყვები მაინც მაბრაზებენ. თითქოს, აქაურობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მე კი მისი უბრალო ნაწილი.
-სამაგიეროდ, შენ საუცხოოდ გამოიყურები.
-მადლობა გადაგიხადო?
-ხომ მიხვდი, რაც ვიგულისხმე? - მართამ იცის - იცის, რომ ამ სიტყვებს მხოლოდ იმიტომ ვეუბნები, რომ ის წავიდა. იცის, რომ მინდა ვაგრძნობინო, რომ აქაურობის ნაწილი აღარ არის. ისიც იცის, რომ მინდა გავახსენო, რომ აქაურობამ უღალატა, მე კი არა. მან ჩემი ყოველი განზრახვდა იცის.
-მივხვდი - აუღელვებლად მპასუხობს - შენ ხომ ასეთი ხარ. უცვლელი გამომეტყველების უკან მრავალს მალავ, მაგრამ ვერ ხვდები, რომ შენი ფიქრები იმდენად ხმამაღალია, რომ მათი ყველას ესმის.
-მართა, ახლა ამ ყველაფრის გარჩევას არ ვაპირებ.
-არც მე. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე შენი განაწყენება არასდროს მქონია მიზნად.
-როდის დაბრუნდი?
-გუშინ ღამე.
-რატომ?
-არ ვიცი.
-მართა მე არ მაინტერესებს რატომ დაბრუნდი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ გავიგებ რატომ წახვედი.
-მეგონა, რომ შენთვის ამის ახსნა არ დამჭირდებოდა.
-ნუ მთხოვ, რომ უსიტყვოს მესმოდეს შენი.
-მე გთხოვ, რომ ტკივილი არ მომაყენო.
-მეეჭვება შენთვის ტკივილის მოყენება ასეთი მარტივი იყოს.
-ბევრს არ შეუძლია, მაგრამ შენ კი.
-ცდები, მართა! - შეპასუხებას აპირებს, მაგრამ ხვდება, რომ არ ღირს. ვუახლოვდები. მინდა ამ ყველაფრის თქმისას მის თვალებს ვუყურო. იქნებ მისი აზრების ამოცნობა შევძლო. - ეს არასწორია. ამ სიტყვებს იმ ადამიანს ეუბნებიან, ვინც უყვართ იმდენად, რომ მათი წასვლა ნაწილებად შლით. სამართლიანი იქნებოდა, რომ ეს მე მეთქვა შენთვის, მაგრამ შენ ერთადერთი, რაც გიყვარს შენი სიამაყეა, ამიტომ ყველას შეუძლია გაგანადგუროს, ვინც შენს სიამაყეს შელახავს. იცი, რომ დამნაშავე ხარ და გტკივა - მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი დანაშაულის აღიარება არ შეგიძლია.
მისი სიმშვიდე მაცოფებს. მდუმარედ, ორივე ჩემს სუნთქვას ვუსმენთ. ასე ახლოს ერთმანეთთან დიდი ხნის განმავლობაში არ ვყოფილვართ. მინდა მის ბაგეებს შევეხო. უდარდელობის გემო გავიხსენო. ეს საკმარისი იქნება, რომ ყველაფერი ერთიანად გამოსწორდეს, თუმცა ფასი ზედმეტად მაღალია. მართას შეუძლია ერთიანად მშთანთქოს. მისი საკუთრება გამხადოს. ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ ერთნი, მაგრამ მე შემიძლია გავხდე მისი ნაწილი, მაგრამ მაშინ არ იარსებებს ბათე და იცოცხლებს მხოლოდ მართა.
-შენი აზრით, შენი სიტყვები გულს არ მტკენენ? შენ სიმართლეს ამბობ, მაგრამ რატომ გგონია, რომ მამხელ და ეს ყველაფერი მხოლოდ შენ იცი? არასწორი წარმოდგენა გქონია ჩემი სიამაყის შესახებ, ბალთაზარ. მე გულს არ მტკენს იმის გაგება, რომ თურმე საერთოდაც არაფერი გცოდნია ჩემს შესახებ. მე ყველას შეხსენების გარეშე ვიცი, როგორიც ვარ - ადამიანებს ჩემს ამოსახსნელ გზებს ვუჭრი და შემდეგ მოვითხოვ მათგან უსიტყვოდ ესმოდეთ ჩემი. უსამართლო ვარ? გეთანხმები, მაგრამ რას გმატებს ამის გამეორება?
-მართა, შენ ვერც კი ხვდები, რომ გამარჯვებული დარჩი, მე კი დავმარცხდი - ამ აღიარებასთან ერთად ჩემს სხეულს ბევრი გრძნობა წყდება, ერთ წვეთში ჩაღვრილი უამრავი მოგონება. ნუთუ, ბოლოსდაბოლოს ჩვენი ამბავი დღეს დამთავრდება?
-ბათე, ერთადერთი, რაც მე გულს მტკენს არის ის, რომ შენ გგონია, რომ მე შენ არასდროს მყვარებიხარ. ეს კი ყველა ბრალდებაზე უფრო რთული მოსასმენია.
-როგორ დავიჯერო, რომ გიყვარდი? ამ ყველაფრის შემდეგ.
-არ ვიცი. უბრალოდ, ყოველი მიზეზისა და ახსნის გარეშე უნდა დამიჯერო.
-რატომ არ შემიძლია დიდხანს შენზე განაწყენებული ვიყო? - ხმამაღლა მეცინება - საკუთარი თავის გამკვირვებია - ასე გულიანად დიდი ხანია არ გამცინებია.
-იმიტომ, რომ ბრიყვი ხარ.
-მოდი დავსხდეთ. - თავის მოძრაობით პატარა მოაჯირისაკენ ვანიშნებ. აქუარობას პატივი მივაგოთ.
გვერდი-გვერთ ვკალათდებით.
-ამ მოაჯირთან გამოველაპარაკეთ პირველად ერთმანეთს გახსოვს?
-როგორ არა. შენი პირველი გამოსვლის შემდეგ აქ შეგრჩი. ღმერთო, როგორი გულგატეხილი ვიყავი. ალბათ, საუკეთესო შთაბეჭდილება არ მომიხდენია?
-როგორ შეიძლებოდა სერიოზულად აღმექვა შენი უაზრო ბუზღუნი იმ ზნედაცემული მსახიობების შესახებ, რომლებმაც გაბედეს და თვით ბალთაზარის დაწერილი პიესა დაიწუნეს. - ჩემი მიმიკების გამეორებს ცდილობს. თურმე, როგორ მაკლდა შენთან საუბარი.
-შენ თეატრში ყველას უყვარდი.
-მაგაში ვერ დაგეთანხმები. გახსოვს მკერავს რომ ვეჩხუბე. როგორ მცხვენია! დღემდე ვერ შევძელი მობოდიშება.
-მარგოს? როგორ არ მახსოვს - შენმა ყვირილმა რეპეტიცია გაგვაწყვეტინა. სიმართლე გითხრა მაინც ვერ გავიგე რამ გაგაცოფა.
რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ტუჩს კბენს. ასე იქცევა მაშინ, როდესაც იმას იხსენებს, რაც არ უნდა რომ ახსოვდეს. :
-დაივიწყე.
-არა, მაინტერესებს.
-მარგო პირველი იყო, ვინც შეამჩნია, რომ ორსულად ვიყავი. როდესაც მითხრა და რჩევა-დარიგება დამიწყო, წყობიდან გამოვედი.
-გასაგებია. - ხმა მიწყდება.
-მაპატიე. არ მინდოდა ამის შეხსენება.
-სხვა რა დაგამახსოვრდა ? - ვცდილობ სალაპარაკო შევცვალო, მაგრამ რა აზრი აქვს? ისედაც სულ ჩვენს შვილზე ვფიქრობ.
-პირველად რომ დავინახე ეს შენობა დიდი შთაბეჭდილება ჩემზე არ მოუხდენია. შემდეგ შენ ყოველი კედლის, სვეტისა თუ ჩუქურთმის ამბებს მიყვებოდი. როგორი აუტანელი იყავი! თუმცა უნდა ვაღიარო - შენი ძალისხმევა გუნებას მიკეთებდა. ყველანაირად ცდილობდი აქაურობა შემყვარებოდა. უამრავ კითხვას მისვამდი, რომლებსაც პასუხს საბოლოოდ თავად სცემდი. უამრავი რაღაც მახსოვს. ყოველი დღის გახსენება შემიძლია.
-მეც. აქ გავიზარდე. ყოველი ჩემი ოცნება აქ ჩაისახა.
-წასვლას აპირებ? - ჩანთას უყურებს.
-ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.
-რამ შეგაცვლევინა აზრი?
-მგონი არის კიდევ რაღაც, რაც ამ ქალაქში არ გამიკეთებია.
-კეთილი, ახლა, შენ მიამბე, როგორ ცხოვრობდი.
რა გიამბო, მართა? მიწისქვეშეთის შესახებ? იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც საკუთარი თავი აიძულა ჰყვარებოდა თუ დიომიდეს შესახებ? იმის შესახებ, რომ ლაჩარი ვარ და გაქცევა მქონდა გადაწყვეტილი თუ იმის შესახებ, რომ მომაკვდავს პირობა მივეცი და მოვატყუე? არ მინდა ეს ყველაფერი ჩემს შესახებ იცოდე, რადგან იმ წამს, როდესაც ამ ყველაფერს შენ გაიგებ, შენს თვალებში დანახული ჩემი სახე აიმღვრევა. ეს კი მომკლავს. გამიგე.
-არაფერი განსაკუთერებული, მართა. მგონი გვექნება შესაძლებლობა მომხდარის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.
-მართალი ხარ. მოსაღამოვდა. გვიან გარეთ გაჩერება არ არის უსაფრთხო.
-აღარ არის. არადა როგორ გიყვარს საღამოობით სეირნობა.
-ცარიელ, მთვარის შუქით განათებულ ქუჩებში. - ნასიამოვნები ამატებს. -გამახარა შენთან შეხვედრამ
-მე გამაკვირვა. როდესაც წახვედი, საკუთარი თავი ვაიძულე დაეჯერებინა, რომ ერთმანეთს ვერასდროს ვეღარ ვნახავდით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარმა შეცდომამ გამაბედნიერა.
დამშვიდობებისას ერთმანეთს ვეხვევით.
ზურგს მაქცევს. შინისაკენ მიმავალ გზას ადგება, როდესაც კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება. უფროსწორედ მახსენდება ის, რისი კითხვაც მისთვის დიდი ხნის განმავლობაში მინდა :
-მართა, რა არის შენი მიზანი?
მის ზურგს ვუყურებ. ჩემსკენ არ ბრუნდება. მპასუხობს :
-საბოლოოდ ყველას ერთი მიზანი აქვს - ბედნიერება.
-გინდ ბედნიერება თავისუფლების ფასად დაგიჯდეს?
-ბათე, ამდენი წელია მიცნობ. რით ვეღარ დარწმუნდი -მე ვერ ვიქნები ბედნიერი, თუ არ ვიქნები თავისუფალი.
-და, როდის მიხვდები, რომ თავისუფალი ხარ? - არ ვეშვები.
-როდესაც გავაცნობიერებ, რომ ვარ ბედნიერი.
კეთილი, მართა, თუ თავისუფლება არის ის, რაც შენი ბედნიერებისთვის აუცილებელია. მე შენთან ერთად ვიბრძოლებ მისთვის.”

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დავძრწოდი. ფრთხილად. სახლიდან სახლში. ვაკაკუნებდი - კარს თუ მიღებდნენ ძალიან სწრაფად ვეუბნებოდი, რომ ვისაც სურდა ჩვენი თეატრის სულის შენარჩუნება, ხვალ მზის ჩასვლისას მის ნანგრევებთან მოსულიყო. თუ არ მიღებდნენ ღრიჭოდან ან ფანჯრიდან ყვითელ ფურცელს ვაცურებდი - მასზეც იგივე ეწერა.
არ ვიცი დღეს რამდენი გადაწყვეტს მოსვლას. არც აქვს მნიშნველობა. სამი-ოთხი კაციც საკმარისი იქნება. რას ვაკეთებ? მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სწორედ ვიქცევი.
სამზარეულოში ფანჯარასთან ვზივარ. მზეს ვაკვირდები. დროის შეგრძნება საბოლოოდ დავკარგე. ქალაქში ყველა საათი გაჩერებულია. თითქოს დროს დასასრული დაუწესეს. მითქმა-მოთქმას მოვყარი ყური. ამობდნენ რამდენიმე დღეში ყველა საათი ახალი წერტილიდან დაიწყებდა დროის ათვლასო. ეს იქნებოდა სიმბოლო ახალი ერის დასაწყისისა - მგონი, დაგვცინიან.
აჟიტირებული ვარ. ყველაფერი უკვე წარმოვიდგინე, მაგრამ შეიძლება სულაც არ ვარ მზად ამისათვის.
დილით, ადრიანად მშობლებს წერილი გავუგზავნე. ვთხოვე არ ენერვიულათ, თუ აღარ გამოვჩნდებოდი. ვიცოდი, რომ ვერ ავუღწერდი იმას, რაც ჩემს თავსა თუ გარშემო ხდებოდა, ამიტომ ტყუილი ვარჩიე - ვითომ დასს სამოგზაუროდ მივყვებოდი. დავპირდი, რომ მივწერდი, როგორც კი შესაძლებლობა მექნებოდა, მაგრამ არ ვიცი თუ კიდევ შევძლებ მივწერო ან თუ აქ ვიქნები, როდესაც მათ პასუხს მოიტანენ.
დედა, მამა, ვფიცავ ოდესღაც სიმართლეს აუცილებლად გეტყვით!
უკან დასახევ გზას აღარ ვიტოვებ;
მე ასეთი ვარ - ჩემთვის მომავალს მრავალი შესახვევი აქვს, მაგრამ მე მაინც წინ მივდივარ. მიმართულების შეცვლის გარეშე. ყველას ვაკვირდები - ვცდილობ განვსაზღვრო მის ბოლოს რა მელოდება, მაგრამ სანამ რაიმე ხელს არ მკრავს არც ერთს არ ვირჩევ. ხოდა, დრო მოვიდა საკუთარ თავს ვაიძულო გადაწყვეტილება მიიღოს. ჯერ კიდევ სანამ ამის საშუალება მაქვს.
საათზე ნაკლები უნდა იყოს დარჩენილი. მზე ნელ-ნელა ეშვება. ჩემი მღელვარებაც მატულობს. ხომ არ დავივიწყო ყველაფერი და უბრალოდ დასაძინებლად დავწვე? თავი შევაფარო რბილ საბანს, გავეხვე სიბნელეში ღამის მსგავსად, მაგრამ რა ვუყო, რომ მომავალ დღეს კვლავ სინდისის ქეჯნას ვიგრძნობ? გარდაცვლილის ხსოვნა უკვე ვუგულებელყავი. დიომიდეს ღალატი შედარებით მარტივი ასატანია - მას ვეღარასდროს შევხვდები, მისი ხატება მხოლოდ ჩენს გონებაშია ლაქად შემორჩენილი. ბევრად საგანგაშოა, როდესაც შეიძლება გადაეყარო მას, ვისაც ღალატობ; მის იმედგაცრუებულ მზერას. თვალის არიდება გიწევს და გაუჩინარებაზე ოცნებობ.
რატომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე? მუდამ ასე ხდება - გაურკვევლობის ჟამს, გონებაში ათასი მომაბეზრებელი აზრი ერთმანეთს ენაცვლება. ამჯერად მათ არ გავყვები.
გარეთ გავდივარ. გასასვლელთან ვყოვნდები - ვუყურებ ჩაბნელებულ ოთახს. თვალებით ვეალერსები ყოველ საგანს. დარწმუნებული ვარ, რომ აქაურობას ვეღარ ვნახავ. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ხანს მაინც.
სად მივდივარ?
გასაღებს მძიმედ ვატრიალებ. მუჭს მაგრად ვუჭერ. ჩემთვისაც კი გაუგებრად რაღაცას ვბუტბუტებ. მგონი ზედმეტად გადაღლილი ვარ.
სურათი ბუნდოვანია. ნეტავ, ეს ყველაფერი ერთი, გრძელი სიზმარი იყოს და ახლა უბრალოდ გამეღვიძოს. ქუთუთოებს ვძაბავ. თვალებს ვხუჭავ. გულში ათამდე ვითვლი. შემდეგ ვახელ. არაფერი იცვლება - გრძელ ქუჩაში მარტო ველოდები მზის უკუნის მკლავებში საბოლოოდ ჩაშვებას.
ეს რეალობაა -ამის გაცნობიერებისას, რაც ძალი და ღონე დამრჩენია, გასაღებს ვისვრი. ჩემგან ოციოდე ნაბიჯის მოშორებით უხმაუროდ ეშვება. კვლავ ვყოყმანობ. მინდა მივვარდე, ვიპოვო, მაგრამ თავს ვაიძულებ წავიდე თეატრისაკენ. უფრო სწორედ იმ ადგილისაკენ, სადაც ოდესღაც თეატრი იყო - არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ წინადადებას ხშირად ვიმეორებ. შეიძლება თეატრი საკუთარი განადგურებით უფრო აღმატებული გახდა ჩემთვის.
ნუღარ ფიქრობ, ბათე!
პირველ ნაბიჯს ვდგამ, რომ ჭექის ხმა უმისამართოდ გავარდნილი ტყვიასავით მეგებება. წვეთები ეშვებიან. გავრბივარ. მელანდება, რომ სადაცაა წავიქცევი. ძალა გამოცლილი მაქვს. სუნთქვაც არ მიწყობს ხელს, მაგრამ მაინც ჯიუტად მივრბივარ.
თუ მართლა დავეცემი, წვიმა დამასველებს. ჩემს სახეზე დაცემისას წვეთები ჩასრიალდებიან ჩემს ეჭვებთან ერთად და მრავლისმომცველ რეზერვუარში ჩაეშვებიან. მე მათ რაოდენობას დავითვლი მანამ, სანამ ბოლომდე არ გავიყინები.
ამაზე საუცხოო აღსასრულზე ვერ კი ვიოცნებებ.
მისვლას ვჩქარობ. წვიმა სულ უფროდაუფრო ძლიერდება. ვეჭვობ, რომ არავინ მოვა. შეიძლება, გულის სიღმეში მინდა კიდეც, რომ არავინ გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში მე საკუთარ ვალს მოვიხდი - უდანაშაულო ვიქნები, ისინი კი დამნაშავენი. არადა, როგორ მეზიზღებოდნენ ოდესღაც ადამიანები, რომლებიც საკუთარ დანაშაულს ყველას აბრალებდნენ საკუთარი თავების გარდა.
რატომ შევიცვალე?! - ამის გაფიქრებისას ვჩერდები. სულის მოთქმას ვცდილობ. თავს მაღლა ვწევ. მგონი წვეთებს ჩემი ცრემლებიც ერევიან. საკუთარ თავს დავსტირი.
შედარებით მშვიდად მივუყვები ბოლო მოსახვევს. აი, ისიც- ჩვენი დასი. გაკვირვებული ვრჩები. ოციოდე ადამიანია შეკრებილი. მართაც მოსულა. კვლავ სითბოს ვგრძნობ.
მაინც ამდენი წლის შემდეგ, ბათე?
ყველა დაბნეული ჩანს. ერთი-მეორეს მიყოლებით ჩემსკენ იხედებიან. ერთ-ერთი რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ არ ვაცლი.
-არავინ ხმა არ გაიღოთ! ყოველი თქვენს მიერ ნათქვამი შეიძლება წინ დაგხვდეთ. რამდენიმე წუთი მხოლოდ მე ვისაუბრებ. გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ. სიმართლე უნდა გაგანდოთ, მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება. რამდენჯერაც აზრს ვაყალიბებ, იმდენჯერ მოვლენები ჩემს წარმოდგენას თავდაყირა აყენებენ. მაგრამ არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ამ გზას არ მივყავართ იქამდე, სადაც ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. ალბათ, ყველა ჩვენგანს წაგვართა რაღაცა ომმა. თუმცა რაღა ალბათ! ჩვენ ყველამ ერთმანეთი ამ დიდებულ ადგილას გავიცანით, რომლის ნანგრევებსაც ახლა მდუმარედ დავყურებთ. მისი სახე განადგურებულია, მაგრამ ეს ადგილი ისეთივე უბერებელია, როგორც თვითონ დრო. ის ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ნაწილებიც ჩვენ ყველანი ვართ. გამიგონეთ, მე აქ თეატრის საქებრის მოსასმენად არ მომიყვანიხართ. არც ვიცი შემიძლია თუ არა გასაგებად ავხსნა ის, რასაც ვფიქრობ.
პირი მიშრება. ნერწყვის გადაყლაპვა მიძნელდება. შედარებით დავარდნილი ტემბრით ვასრულებ :
-ზედმეტად თავს აღარ შეგაწყენთ. მე გთავაზობთ თეატრის ხსოვნა ჩვენთან ერთად წავიღოთ. განვაახლოთ დადგმები. ხალხს ხმა მივაწვდინოთ. მარტო აღებულს ჩვენგანს არაფერი შეუძლია. ეს ტვირთი ერთისათვის ზედმეტად მძიმე სათრევია, ამიტომ გთხოვთ ერთამენთს შევეშველოთ. დრომ ყველას დაგვასვა დაღი, მაგრამ იქნებ ერთად შევძლოთ რაიმე კეთილშობილი შევქმნათ.
ეს მონოლოგი ძალას ბოლომდე მაცლის. კედელს ვეყუდები. დაჯდომა მინდა, მაგრამ ვშიშობ სუსტად ჩამთვლიან.
მე უკვე ყველაფერი ვთქვი. ახლა მათ პასუხს ველოდები. მათ სახეებზე სხვადასხვა განწყობას ვამჩნევ - ზოგს წასვლა უნდა, მაგრამ ერიდება, ბევრი გიჟადაც მთვლის, მაგრამ რამდენიმე თანახმაა.
დანიელი მათ უკან ტოვებს. მიახლოვდება. თავს მიქნევს და ომახიანად, ხუმრობით მეკითხება :
-და რა ერქმევა ჩვენს თეატრს, ბატონო ბალთაზარ?
-ჩვენს თეატრს ერქმევა ცირკი.
მოკლედ არ ვუჭრი. სრულ პასუხს ვცემ. მინდა გამოჩნდეს ამის წრმოთქმისას თავს როგორ დამცირებულადაც ვგრძნობ.”

დეკემბერი, 2015 წელი.
“-დაბერებულხარ ამ წლების განმავლობაში, ბალთაზარ!
ჯამბაზის ზავთიანმა შეძახილმა შეუძლებელია დადებითად არ დაგმუხტოს. მდელოზე ჯერ არავინ ჩანს. შორიდან ვუყურებ აღმართულ კარვებს, მაგრამ არაფერზე ვფიქრობ. უბრალოდ ვიმახსოვრებ მის ფორმებს, ფერებს, ხაზების მიმართულებას, ექვსკუთხა ვარკვლავს, რომელიც ჩემში ნოსტალგიას აღძრავს. არ მინდა იგივე განმეორდეს, რაც ჩემი სახლის შემთხვევაში - მსურს, რომ ამ კარვების ნათლად წარმოდგება ყოველთვის შემეძლოს.
არც კი შემიმჩნევია მისი გამოჩენა. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წუთია უკვე აქ არის. მიყურებდა და აინტერესებდა რაზე ვფიქრობდი. ბოლოს დაიღალა და ვეღარ მოითმინა ან საერთოდ რატომ მიკვირს?
-ყოველთვის დათქმულ დროს მოდიხარ, არლეკინო.
-გამაკვირვა შენმა უეცარმა თხოვნამ. მთელი ღამის გნმავლობაში არ მასვენებდნენ კითხვები. ასეც რომ არ ყოფილიყო, როგორ გავბედავდი თქვენთან შესახვედრად დაგვიანებას?
-შენი ცინიზმი ჩემთვის მისაღებია. მეტიც - დამსახურებულად შევხვდები მას.
-ეს რაღაც ახალია! ვგონებ აქ საყვედურების სათქმელად არ დაგიბარებივარ.
-რა აზრი აქვს რომ შენთვის საყვედურის თქმას?
-ცირკიდან ჩემს დათხოვნას ხომ არ აპირებ?
მის ხუმრობაზე მეცინება. ისე, ამაზე არასდროს მიფიქრია - სიამოვნებით მოვიშორებდი თავიდან ამ მომაბეზრებელ ჯამბაზს, მაგრამ ჩემი სტატუსიც უბრალო ფორმალობაა. გადაწყვეტილების მიღების უფლება მე ხომ უკვე დიდი ხანია დავკარგე.
ჩემი თხოვნის გამხელას არ ვიჩქარებ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არლეკინოსთან საუბარი მწადია :
-არლეკინო, ბოლოს როდის ჩაძირულხარ ცის ფერში?
-ვერ მიგიხვდი;
-აიხედე ცაში. შეხედე ღრუბლებს. როგორ თავისუფლად ლივლივებენ არა? მზის ამოსვლისას განსაკუთრებით მიყვარს მათთვის თვალყურის დევნება. ისინი ხომ ირეკლავენ პირველ სხივებს და უმისამართოდ ცაში სხვადასხვა ფრად ფანტავენ. ცა შეფერილობას იცვლის, ღრუბლები კი უფრო მაგიურები ხდებიან. იცი?! არასდროს არავისთვის მითქვამს, რომ ბავშვობაში ჩემი მშობლები უსაქმურობის გამო ხშირად მსაყვედურობდნენ. არ ვთამაშობდი არც ეზოში ჩემს თანატოლებთან, არც კითხვითა ან საოჯახო საქმეებით ვირთობდი თავს - სახურავზე ვძვრებოდი, ვწვებოდი და ღრუბლებს ვაკვირდებოდი. მათში სხვადასხვა ფორმის, ცხოველისა თუ ადამიანის ამოცნობას ვცდილობდი მანამ, სანამ გავაცნობიერებდი, რომ მათ არ სჭირდებოდათ მყარი ფორმა საარსებოდ. ისინი ხომ არარსებულის გაპიროვნებები არიან. ეს იყო ჩემი საუკეთესო თავის შესაქცევი. წლებია, ეს აღარ გამიკეთებია. ახლა, ძალიან მინდა წამოვწვე და დაუსრულებლად ვიყურო ზევით - დღე ღრუბლებთან ვიფარფატო, ღამით ვარსკვლავების დათვლა ვცადო.
-წვეთი რომანტიზმი ღვინოსავით მათრობელაა, მეგობარო.
-არლეკინო, რაზე ფიქრობ?
-დღეს ჩემს გაოცებას არ წყვეტ.
-ვიცი, რომ ამის შესახებ არასდროს მიკითხავს, მაგრამ მინდა ერთხელ გულღიად ვისაუბროთ.
-კეთილი. ვფიქრობ, რომ მომავალი წელი ,გასულთან შედარებით, მოწყალე იქნება. არ ვიცი შეგინიშნავს თუ არა, მაგრამ თითქოს ომის შემდეგ ბალახი გახუნდა. ნელ-ნელა კი ისევ ძველი ფერი იბრუნა. მშურს, რომ ჩვენ მოკვდავებს არ შეგვიძლია ასე მარტივაც ფერისცვალება. არადა, დაუფიქრდი - ჩვენი ცირკიც ბუნების მსგავსად ერთ წრეს მიჰყვება. ჩვენც ციკლი გვაქვს, მიზანიც საერთო - ძველი ფერის დაბრუნება გვწადია, თუმცა მალე შევხედავთ ახლადამოსულ ბალახსა ან ხეებზე აყვავებულ კოკრებს და სიცოცხლეს შევიგრძნობთ; მოგვიწევს ხმამაღლა ამოვიოხროთ და ვაღიაროთ ბუნების აღმატებულება.
-რას იტყოდა ,შენი აზრით, ბუნება ჩვენი ცირკი რომ ენახა?
-ალბათ, არაფერს. უბრალოდ ჭექას მოგვიძღვნიდა.
-ასეთი განწირებული ვართ?
-განწირულები არა, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ რთულ საქმეს ვეჭიდებით.
-არ მეგონა, რომ ამდენად გეპარებოდა ეჭვი.
-სწორედ ამიტომ სუფევს უთანხმოება ჩვენს შორის. ჩვენ ერთმანეთის ნათქვამს არ ვუსმენთ.
-მაშ, განმიმარტე შენი განზრახვა.
-კეთილი, მე არასდროს მითქვამს, რომ ბუნება სამართლიანია. ჩემს წარმოდგენაში მისი დიადი სიამაყე სწორედ მწვანე ფრად იღვრება მიწაზე და ტრიუმფს ახლადაყვავებულ ყვავილთა ფოთლებით იმკვიდრებს. ადამიანობა თითქოს ერთგვარი ბარიკადა გახდა წლების განმავლობაში. ჩვენ ცოდვილ ბუნებასა და მოკვდავებაზე ხაზ გასმით, თითქოს ჩვენ თვითონვე დავიკნინეთ საკუთარი თავი. არადა სწორედ ეს თვისებებია, ურომლისოდაც ყველანაირი ხიბლი დაიკარგებოდა. ჩვენ თვითონვე აღარ გვჯერა ჩვენი, ასე რომ ვერ გაამტყუნებ ბუნებას იმაში, რომ აღარ სწამს ჩვენი ძალის.
-გახსოვდეს, რომ მოკვდავი ხარ.
-Memento mori.
-შენ გჯერა ჩვენი?
-რა თქმა უნდა, ბათე. ჩემი მიზანია დავუმტკიცო საკუთარი სიძლიერე მას, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება.
პასუხად ვიცინი :
-რამ გაგახალისა?
-ჩემთვის ბათე არასდროს დაგიძახია.
-არც შემიმჩნევია.
-სასიამოვნო იყო.
-მაშინ, ბათე. ერთ კითხვას მეც დაგისვამ - რატომ გეზიზღებიან ასე ძალიან ჯამბაზები.
-ჯამბაზები არ მეზიზღებიან. ისიც ტყუილია, რომ მათ ხელოვან ხალხად არ ვთვლი. უმიზეზოა ჩემი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა უპირატესობას ყოველთვის ტრაგედიებს ვანიჭებდი. ალბათ, ეს ყველაფერი ჩემი თეატრის დასის ბრალია. ერთ-ერთმა ერთხელ მიამბო, რომ მთვარის დაბნელებისას თუ კარგად მიუყურადებდი გაიგონებდი ზარის რეკვის ხმას, რომელიც შუაღამის ცირკის გამოჩენას მოასწავებდა. ამბავი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ეს ცირკი გამოკვეთილი ანტაგონისტი იყო, რომელიც ხალხს მუდმივი სიცილისაკენ მოუწოდებდა, რაც საბოლოოდ ქაოსის მიზეზი ხდებოდა. პროტაგონისტები კი იყვნენ ისინი, ვინც ხალხის სიმძიმეს კურნავდნენ და მათი სხეულებიდან ცრემლების სახით დევნიდნენ ცირკის დათესილს. აქედან წამოვიდა მოსაზრება, რომ არა თეატრია კათარზისი, არამედ ტრაგედია. არადა, ახლა რომ მოგიყევი მეც მივხვდი, რომ უბრალოდ სულელური ზღაპარია.
-არა, საინტერესოა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ჯამბაზების გეშინოდა.
შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ დამიცნოს.
-შენ რისი გეშინია, არლეკინო?
-უნდა დავფიქრდე - რამდენიმე წამით ჩუმდება. ის არ თვალთმაქცობს, მე კი მიკვირს. ნუთუ, ამაზე არასდროს უფიქრია?
მტკიცედ მპასუხობს:
-არაფრის.
-ეგ როგორ?
-აი, ასე. ერთადერთი, რისიც ძალიან მეშინოდა, სიბნელე იყო. ვერ აღგიწერ როგორი სასირცხვილო იყო ამის აღიარება ჩემთვის! საკმარისი იყო სინათლე ჩამქვრალიყო, რომ ტერორი მამტვრევდა. მგონი, რაღაც კარგი მაინც გაუკეთებიათ - სიბნელესთან ცხოვრებას შემაჩვიეს.
-ახლა, უკვე მარადიულ სიბნელეში ვცხოვრობთ; სწორედ ამაზე მინდოდა შენთან საუბარი, არლეკინო.
-ყურადღებით გისმენ.
-სანამ დავიწყებ მინდა ერთს დამპირდე, რომ როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის ჩემი თხოვნა, ბოლომდე მომისმენ და მას აუცილებლად შეასრულებ.
-უარის თქმას აქვს აზრი?
-არანაირი.
-მაშ, გპირდები.
ამის გაგონება მსიამოვნებს, გვულიანდები:
-მე ჩემი ცხოვრების განმავლობაში არა ერთი ხანძარი მინახავს. ასე გამოვიდა - ყოველთვის მიწევდა ყურება ცეცხლის კვამლის. როგორ ანადგურებდა ყველაფერს, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა. ჩემთვის გამეცინა, როდესაც ის სამართლიანობის იარაღად იქცა. ცეცხლი ჩემს გონებაში უსამართლობის სიმბოლოა. მე ყველაზე მეტად სწორედ მისი მეშინია. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც აუცილებლად უნდა დავმწვარიყავი, ამიტომ ყველას, ვისაც ჩემი განადგურება შეეძლო ცეცხლთან ვაიგივებდი. თუმცა ეს ყველაფერი იყო მანამ, სანამ ,შენი თქმის არ იყოს, სიბნელეში ცხოვრებას გემოს გავუგებდი. მრავალი წლის განმავლობაში მეც, შენსავით არაფრის აღარ მეშინოდა და ეს სულაც არ არის საამაყო. შიშიც ერთ-ერთი იმ გრძნობათაგანია, ურომლისოდაც ადამიანი არსებობის ნიშნებს კარგავს, მაგრამ დღეს მოხდება ის, რაც მუდამ ვიცოდი, რომ მოხდებოდა. გუშინ შემატყობინეს, რომ ბევრი კითხვის საგანი გავხდით, ამიტომ დღეს ჩვენს დადგმას ქალაქის მერი დაესწრება. ეს კი შენ ჩემზე უკეთ იცი, რასაც ნიშნავს.
-თუ ეს სიმართლეა, მაშინ რაღა დროს საუბარია? ყველა გავაფრთხილოთ. დაუყოვნებლივ რაიმე უნდა მოვიმოქმედოდ.
-არა, არლეკინო ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს თავისი დასასრული.
-კი, მაგრამ ბათე, ნუთუ, უფლება მისცემ მან დაასრულოს შენი ამბავი, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ებრძოდი.
-აკი, გთხოვე ნუ შემაწყვეტინებ თქო?
კრთება. ფიქრობს, რომ დავნებდი. გული სტკივა, მაგრამ მორჩილად ჩემი სიტყვის გაგრძელებას ელოდება. სწორი ადამიანი ავირჩიე :
-მე დღეს მოვკვდები - იმაზე მარტივი სათქმელი ყოფილა, ვიდრე მეგონა. მგონი, ბოლომდე ამის მე თვითონაც არ მჯერა ან შეიძლება ჩემი ცხოვრება უკვე ჩემთვისაც არაფრად ღირს. - როგორც კი სიკვდილზე დავიწყე ფიქრი, თვალები დავხუჭე და მისი წარმოდგენა ვცადე. ვერაფერი დავინახე - უკუნითისა და რაღაც შორიდან მომავალი მანათობლის გარდა. ეს ცეცხლი იყო, არლეკინო. ის ცეცხლი, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში გავურბოდი, მაგრამ არა მწვავე, არამედ თბილი. ის მე მიზიდავდა. გაცრეცილ სამყაროში, ფერი მხოლოდ მას შეენარჩუნებინა. შემდეგ გავაცნობიერე - ის სინათლე იყო. ჩემი ყველაზე დიდი შიში, ჩემი ხსნა შეიძლებოდა გამხდარიყო.
ორი ნაბიჯით ვუახლოვდები. თვალებში ვუყურებ. მის კიდეებში ვკითხულობ თანალმობას, სიღრმეში კი გაურკვევლობას. ჩემს თავზე ვბრაზდები! აქამდე, ერთხელ მაინც, რომ ჩამეხედა მისთვის თვალებში ხომ აღარ დავწამებდი ცილს, რომ უბრალო ჯამბაზი იყო? არა, ბათე ადამიანების შეცნობა არც ისე კარგად შეგძლებია.
-არლეკინო, გამოსვლის დასრულებისთანავე ცირკი დაწვი. მთავარ კარავს ცეცხლი წაუკიდე.
-გაგიჟებულხარ!
-ძალიან გთხოვ.
-იქ ხომ უდანაშაულო ხალხი შეიკრიბება. არასწორად იქცევი. შენ თვითონ თქვი, რომ ცეცხლი სამართლის იარაღი არ არის, მაშ რატომ ემსგავსება მას, ვისაც ებრძვი?
-არა, არლეკინო. მე არ გთხოვ ცეცხლი გააჩაღო. მე გთხოვ ჩვენი ნაღვაწლი სინათლედ აქციო. მას არავინ ემსხვერპლება. ის გაანათებს და გახდება მარადიული ნაპერწკალი, რომელიც იფრენს უკუნითში. შენ, როგორც მე, ზედმეტად დამოკიდებული ხარ ცირკზე, მაგრამ ჩვენი საფრენი ფრთები უნდა დავთმოთ, რომ მისი დანახვა სხვამაც მოახერხოს.
გაცოფებულია. წამით მეჩვენება, რომ ჩემთვის გარტყმაც კი სურს. ჯერ ბუზღუნებს. მე უძრავად ვდგავარ. მუდარით სავსე მზერით შევყურებ.
-არ მესმის, ბალთაზარ.
-უბრალოდ გამიგონე.
-ეს გამოსავალი არ არის.
-მე შენ გამოსავლის პოვნას არ გთხოვ. ერთხელ უფლება მომეცი, გამოსავალი გაჩვენო.
-შენს თავზე ზედმეტს იღებ.
-ვიცი და ამის მეც მეშინია. შენთვის არ არის უცნობი, თუ რაოდენ რთულია ჩემთვის ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. გაუჩერებლად ვუმეორებ ჩემს თავს - ვაითუ ვცდები?
-მერე? თუ თვითონ ეჭვობ, როგორ მთხოვ მე, რომ დაუფიქრებლად დაგემორჩილო?
-იმიტომ, რომ მეც დაუფიქრებლად ვემორჩილები, ჩემს გუმანს, რომელიც გაურკვევლად უკვე თვეებია რაღაცას მკარნახობს. თავიდან ვერ ვიცან, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს ბგერები სწორედ მაშინ ჩამესმოდა, როდესაც პირველად ჩვენი ცირკი წარმოვიდგინე. არც მაშინ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ სწორედ ვიქცეოდი.
ვამჩნევ, რომ ჩემი საუბარი არწმუნებს, მაგრამ ჯერ კიდევ განაწყენებულია :
-მე რატომ მთხოვ?
-იმიტომ, რომ მე და შენ ერთმანეთს არ ვგავართ, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო,რადგან შენ, ჩემგან განსხვავებით, მომაკვდავისათვის მიცემულ პირობას შეასრულებ.
-ნამდვილი წყევლა ხარ, ბალთაზარ!
-შემიძლია ეს, როგორც თანხმობა, ისე მივიღო?
როგორ არ უნდა, რომ პირდაპირ თანხმობა მითხრას.
-სხვა რა უნდა გითხრა? ყველანაირ გადარწმუნების მცდელობას მაინც არად ჩააგდებ.
-კარგად გაგიცნივარ.
-ესე იგი, ერთმანეთს აქ უნდა დავემშვიდობოთ?
პასუხად თავს ვუქნევ.მაჯრვენა ხელს ვუწოდებ :
-გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ შენთან ერთად მომიწია ჟამთა სვლასთან ბრძოლა.
ხელს მართმევს :
-მეც. იცი, დღემდე აღტაცებული ვარ შენი ნიჭით. განსაკუთრებული ხარ. ვიცი, რომ ამას შენს თავსაც არ უტყდები, მაგრამ იშვიათია შენნაირ ადამიანთან შეხვედრა. მეც მადლობელი ვარ შენი, აქაურობის, ცხოვრებისიც კი თუ დამიჯერებ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ იმ ბევრი რაღაცის თქმას ვერ მოვახერხებ, რაც მინდა რომ გითხრა, მაგრამ ვგონებ, შენ ჩემი სათქმელი ისედაც იცი.
-მაშინ ერთსაც გთხოვ.
-ზედმეტიც არ მოგივიდეს!
-გამომშვიდობება ძალიან მიჭირს, ამიტომ ერთმანეთს ახლავე გავეყაროთ. არლეკინო, ჩემს მაგივრად ილარიას დაემშვიდობე. გაუფრთხილდით ერთმანეთს. დიდ ბედნიერებას გისურვებთ.
მიღიმის. პატივისცემით მშორდება. ზურგებს ერთმანეთს სინქრონულად ვაქცევთ. მის ნაბიჯებს ვუსმენ. სიმშვიდეს ინარჩუნებს - მგონი, მასაც არ სჯერა, რომ ერთმანეთს ვეღარ ვიხილავთ.
არა, რა მაინც ჯამბაზია!
უკან არ ვიყურები. მისი ხმა ნიავთან ერთად იკარგება. მარჯვენა მუჭს მაგრად ვკრავ. დამალულ წერილებს ვჭმუჭნი. მაინც, არ მეყო გამბედაობა ისინი გადამეცა. არაუშავს, ეს წინადადებები ჩემთან ერთად დაიმკვიდრებენ სამუდამო სამყოფს.
გაუცნობიერებლად გავყვირი :
-რამდენიც არ უნდა უარვყო იალქნიანი გემისგან მომავალი სტვენა სამუდამოდ დამამახსოვრდა - ეროსი ყოველთვის იარსებებს ჩვენს გარშემო, ისევე როგორ თანატოსი იქნება გამომწყვდეული მის ჩრდილში.
ხმადაბლა, მივმართავ ცირკს :
-სწორედ შენ ხარ ჩემს სხეულში დაბუდებული ეროსიც და მის ჩრდილში ჩაბეჭდილი თანატოსიც.”


ბალთაზარის გაუგზავნელი წერილები

“დანიელ, მე შენი მშურს!
უფრო სწორედ შენი თავდაჭერილობის, რომელსაც ყველა არასწორად აღიქვამს. შენ ხომ ზურგს უკან უგულოს გეძახდნენ. თუმცა ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი. არასდროს მიგიქცევია ყურადღება აჩრდილებსათვის, რომლებიც უკან დაგსდევდნენ და ჩურჩულით შენს დაკარგვას ცდილობდნენ. შენი ზურგი კედელი იყო, რომელიც მათ არ აძლევდათ უფლებას გზაზე გადაგღობოდნენ. ისინი იარსებებდნენ მუდამ, მაგრამ დარჩებოდნენ შენს უკან. შენ კი წახვიდოდი მუდამ წინ. იმისკენ, რისიც გჯეროდა.
სწორედ ეს მომწონს შენში - რწმენა.
როგორ შეიძლება სხვამ გადაწყვიტოს როგორი ხარ? თითქოს შენ თვითონ იყო ჩრდილი, რომელსაც სხეული დაეკარგა. ძნელია აღიარება, მაგრამ ერთ დროს ასეც იყო. ჩვენ ყველანი ვიყავით ჩრდილები, რომლებიც განწირულები იყვნენ კედლიდან-კედელზე ესრიალათ. დანგრეულ, განადგურებულ შენობებზე, აოხრებულ მინდვრებზე.
ამიტომაც დაგაფასე, რადგან შენ არავის არ მისცემდი უფლებას შენს ნაცვლად რაიმე გადაეწყვიტა.
ომმა ჩემთვის ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში, შემცვალა მე. აღარავის ვენდობოდი. შენ ვერ წარმოიდგენ, თუ რამდენჯერ მნდომია მატარებელში მარტო დარჩენილს, ხევში გადაშვება. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ჩემი გულგრილობა გახდა.
მე გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი, შენ კი მუდამ ცივი გონებით შეგეძლო განგესაჯა. კი, შენი კეთილდღეობისათვის შეგიძლია ყველა გაანადგურო. განა ეს ცუდია? არა! სწორედ შენნაირები გადარჩებიან, ჩემი რომანტიზმი კი ჩემს სხეულთან ერთად დაიფერფლება.
დანიელ, შენ ლიზა გიყვარს! ამას საკუთარ თავს არ უტყდები. ნუ იფიქრებ, რომ შენი რაობა წინაღობა გახდება და შენს საყვარელს ავნებს. მიეცი უფლება მას გაგიზიაროს.“

“ილარია, მე შენ გაღმერთებ!
შენს ხასიათს; იმედით სავსე თვალებს; გრძელ წამწამებს; შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად იშვიათია იპოვო ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი ყველაფრის მიუხედავად, გაიღიმოს. ეს მე არასდროს შემძლებია.
მახსოვს დღე, როდესაც პირველად შენს გამოსვლას დავესწარი - მართალია, ლიზა და მართა ოსტატობით ყოველთვის გჯობდნენ, მაგრამ სცენაზე არც შენ იჩრდილებოდი. მაყურებელი საგონებელში ჩააგდე - შენ,ხორციელს, შეგეძლო რეალობასა და წარმოსახვის შორის არსებული საზღვრის დარღევა. ყველა გმირის გრძნობა შენს სხეულში გამოამწყვდიე და ისინი იმდენად კარგად გაითავისე, რომ არავის წამითაც კი არ შეპარვია ეჭვი, რომ შენ თამაშობდი. ეს სულაც არ არის მარტივი. ბოლოს, ცრემლებიც კი წამოგივიდა. ეს იყო ბოლო მოქმედება, რომელსაც მოჰყვა დაუცხრომელი აპლოდისმენტები და შენც გაიღიმე.
ამ დღის შემდეგ ვაღმერთებ შენს ღიმილს! და არაერთხელ მიკითხავს ჩემი თავისათვის - გაგრძელდებოდა თუ არა ომი ჯარისკაცებს შენი ღიმილის ნახვის ბედნიერება რომ ჰქონოდათ?
ახლა, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, გული მტკივა, რომ ეს ყველაფერი შენ აღარ გახსოვს. დღესაც ატარებ კისრით თეთრ ძაფზე ჩამოკიდებულ მრგვალ, კონუსისფორმის, მწვანეთვალიან ავგაროზს, მაგრამ მისი ამბავი ძალიან შორს დარჩა. ის ხომ შენი თილისმა იყო, რომელსაც ყოველი რეპეტიციისა და გამოსვლის დროს იკეთებდი. როდესაც ქებას გიძღვნიდნენ, პასუხობდი, რომ შენი წარმატება უბრალოდ ამ ჯადოსნური ქვის წყალობა იყო. როგორ გჯეროდა, რომ მასზე დაცემული, არეკლილი სინათლე ყოველ უკუნითს გაფანტავდა.
არა! რაც არ უნდა იყოს, შენ საერთოდაც არ შეცვლილხარ და დარწმუნებული ვარ, რომ სულაც არ გრძნობ თავს უხეიროდა, რადგან შენი სხეული სულაც არ არის ცარიელი. შენ მიეცი სხვას უფლება მოეცა შენთვის ის, რაც აღარ გქონდა. შენ არლეკინოს წარსული საკუთარივით შეიყვარე და სწორედ ამ დროს აირეკლა მწვანე თვალმა სინათლე, რომელმაც შენთვის ყოველი სიბნელე სამუდამოდ გაფანტა.
ილარია, ძალიან გთხოვ არასდროს მისცე სიცარიელეს უფლება დაგთრგუნოს.
არლეკინო, შენ კი მეზიზღები. ”

“ლიზა, მე შენ მებრალებოდი!
თუმცა სიბრალული არ არის შესაფერისი სიტყვა იმ გრძნობის აღსაწერად, რომელსაც მე შენს მიმართ განვიცდიდი. გეტყოდი, რომ თანაგილმობდი, მაგრამ ეს შეუძლებელია - ადამიანს რომ თანაულმო, ჯერ მისი სულის წიაღი უნდა ამოიცნო. თვალებში ჩახედო და გულისნადები ამოიკითხო. შემდეგ მისი ტკივილი შენ საკუთარად აქციო და ბოლოს მთელი არსებით შეიგრძნო.
შენ დაივიწყე შენი გრძნობები, ისევე, როგორც შენი თავი, ამიტომ ვერავის მოთხოვდი შენთვის თანაეგრძნო!
პირველად, როდესაც დაგინახე, ჩემი ყურადღება შენმა მოხდენილმა მოძრაობამ მიიპყრო. შენ იმდენად ჰაეროვანი იყავი! თითქოს სივრცის სიმძიმე არ არსებულიყო. ეს ის თავისუფლება იყო, რომელსაც მუდმივად ვნატრობდი. მეც ვოცნებობდი სხეულისაგან თავის დაღწევაზე. უხილავ, ფრთებად გარდაქმნილი სინათლის გაყოლაზე. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი შენ გქონდა და ეს წარმოდგენა არ იყო ბოლომდე მცდარი. შეიძლება შენი რაღაც ნაწილი მართლაც იყო ისეთი, როგორსაც მე გხედავდი, მაგრამ ეს შენ არ იყავი. გამიკვირდა, როდესაც შენს ზურგს უკან ატეხილი მითქმა-მოთქმის შემსწრე გავხდი. არასდროს მითქვამს, მაგრამ მათი ბაგეებიდან ამომავალი შენი სახელი უსაზღვრო ზიზღით იყო გაჟღენთილი. შეიძლება სიმართლესაც ამბობდნენ, შენ იცვლებოდი ყველა იმ ქალის სახესთან ერთად, რომელსაც ირგებდი. ყველასათვის შენ უამრავ ნიღაბს ირგებდი იმის დასამალად, რაც სინამდვილეში იყავ.
შენ ჩემთვის გამოცანად გადაიქეცი.
სიყვმაწვილეში, როდესაც თავს მსახიობად წარმოვიდგენდი, ვფიქრობდი, რომ ძლიერი იყო ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს დათმობდა და ყველა როლის მორგებას შეძლებდა. შენ ეს შეუდარებლად გამოგდიოდა, ამიტომ ყველა შენი მიმართულებით ნათქვამ სიტყვას შურს ვაწერდი - მაყურებელი თვალს მუდამ აღფრთოვანებული გადევნებდა. შენი გამოსვლების შემდეგ არ წყდებოდა, აპლოდისმენტები, ყვავილები, კომპლიმენტები, მაგრამ ერთხელაც შევამჩნიე, რომ დარბაზში ჩემს გარდა ყველა ფეხზე იდგა. საკუთარ თავს მიზეზი ვკითხე - ვერ ვუპასუხე. იყო შენს გამოხედვაში რაღაც, რაც ფეხზე წამოდგომისა და ტაშის ხმამაღლა დაკვრის საშუალებას არ მაძლევდა.
მადლობა ლიზა, შენი წყალობით გავაცნობიერე, თუ რა იყო ნამდვილი სიძლიერე - ამ ყველაფრის მიუხედავად, არ დაგეკარგა საკუთარი თავი.
ამოცანიდან იმედგაცრუებათ იქეც.
ალბათ, მობოდიშებით უნდა დამეწყო ამ ყველაფრის წერა, რადგანაც რაც აქამდე დავწერე ყველაფერი სიმართლე არ აღმოჩნდა და ბოლოს მივხვდი - შენ ყველაზე გულწრფელი ადამიანი ხარ. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვის სახეს ირგებდი, როგორ იქცეოდი, რას ამბობდი - მთავარი იყო შენი ღიმილი, რომელიც არ იყო არავისი, მხოლოდ შენი.
იმედგაცრუება სიბრალულად იქცა.
მე შენ მებრალებოდი, რადგან სამყაროს სიცხოველისაგან თავის დასაცავად დაგჭირდა ცხოვრება სცენად წარმოგედგინა. შენ იქნებოდი მსახიობი, რომელიც უხილავი სცენარისტის დაწერილ სიტყვებს არ დაემორჩილებოდა, არამედ შეცვლიდა. იქნებ, შენც ტიროდი მარტოდარჩენილი? იქნებ, შენც გიკლავდა გულს იმის გაგონება, რაც მე მესმოდა? შენ ხომ ამ ყველაფერს ხვდებოდი და მაინც თავს მოხდენილად იჭერდი. არავის აძლევდი საშუალებას დაემსხვრიე. იღიმოდი და შენი სულის უბრალოებით წინ ამაყად მიაბიჯებდი.
სიბრალულად გარდაიქმნა თანალობათ.
ნელ-ნელა სიბრალული თანალმობად გარდაიქმნა. გამიხარდა, როდესაც ცირკს გამოყევი. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ უნდა გამოგიტყდე - გამიკვირდა. ნუთუ, შენც ჩემს მსგავსად, ყველაფრის მიუხედავად თავისუფლებისთვის იბრძოდი? ადამიანი, რომელსაც ყველა გალიაში გამოკეტილ ჩიტს ადარებდა. კი, შენ მართლაც იყავი გალიაში გამოკეტილი, მაგრამ , ყველასაგან განსხვავებდით, შენ არ გჭირდებოდა გეფრინა ცაში თავისუფლების შესაგრძნებად, რადგან თვითონ იყავი ცისფერი.
ხო, ლიზა ჩემს გონებაში შენ სწორედ ცისფერი სინათლისაგან ფორმირებულ ჩიტს ჰგავხარ. თავისუფლება შენშია. შენ გისოსები ვერასდროს შეგაკავებენ, მაგრამ იფრენ გალიაში მანამ, სანამ თავად არ ისურვებ გარეთ გამოღწევას.
ბოლოს, თანალმობა გულწრფელმა აღფთოვანებამ ჩაანაცვლა.
სამყარო უფრო სასტიკი გახდა, ჩვენს გარშემო აღმართული კედლები შეუვალნი, მაგრამ შენი ღიმილი შეუცვლელი.
მეც ვიგრძენი სიმსუბუქე, რომელზეც ვოცნებობდი, როდესაც საბოლოოდ ჭეშმარიტებას ჩავწვდი და შევძელი ამომეკითხე. ახლა, ამ წერილის წერისასაც ვიღიმი. არ ვიცი წაიკითხავ თუ არა მას ოდესმე. მე მჭირდებოდა ამ ყველაფრის დაწერა, რადგან მიჭირს ბევრი რამის ხმამაღლა თქმა.
სინამდვილეში, შენ არ იცვლიდი სახეებს. უბრალოდ იცვლებოდა ის გრძნობა, რომელსაც ადამიანები შენს მიმართ გრძნობდნენ.
გპირდები, რომ თუკი ოდესმე კვლავ ვიხილავ შენს გამოსვლას, პირველი ფეხზე მე წამოვდგები და ,როდესაც მაყურებელს გადმოხედავ და გაიღიმებ, ყველაზე ამაყი ვიქნები. სწორედ ამ წუთს, რამდენიმე წამით გაარღვევ გალიას. გამოფრინდები და სივრცეში უსასრულოდ მოლივლივე ცირსფერ ბულმუბლებს დატოვებ. ცრემლი მომადგა.
ბოლოს მინდა გთხოვო - ლიზა ნუ იბრძოლებ მხოლოდ ცირკისთვის, დანიელისთვის, ჩემთვის, მომავლისთვის.
ნუ დაივიწყებ, იბრძოლე საკუთარი თავისთვის!”

“მართა, მე შენ მიყვარხარ!
უკვე სათვალავი ამერია. მხოლოდ ღმერთმა უწყის რამდენჯერ დავიწყე თავიდან შეთვის განკუთვნილი წერილის წერა. ვწერდი, რამდენჯერმე ვკითხულობდი, არასწორად შერჩეულ სიტყვებს ვხაზავდი, შემდეგ ვჯღაპნიდი, ვხედვი და ვაგდებდი. ერთობ ისიც კი გავიფიქრე, რომ შენთვის არაფერი მომეწერა, მაგრამ საღამოობით მარტოდარჩენილი, როდესაც სხვა წერილებს დავყურებდი იმის ფიქრში მათ ოდესმე მიმღებს გადავცემდი თუ არა, ჩვენი ამბის მოყოლის სურვილით ვიწვოდი.
ეს ყველაფერი იმიტომ არ ხდება რომ შენთვის სათქმელი არ მაქვს. ვერც ერთი ფურცელი ვერ დაიტევს იმ ყოველ დღესა თუ ღამეს, რომლებიც მე შენზე ფიქრსა თუ ოცნებაში გავატარე. შეიძლება სწორედ ეს არის მიზეზი - ამ ყველაფრის განდობის უნარი არ შემწევს.
გამოგიტყდები, გამაბრაზა გაცნობიერებამ იმისა, რომ რაღაცის ფურცელზე გადატანა არ შემძლებია. შენც იცი, თუ რამდენად ვამაყობდი იმით, რომ შემეძლო ყოველი გრძნობის აღწერა. ჩემი ხელის მოძრაობა ტალღებს ჰგავდა, რომელიც იჭრებოდნენ ფურცელში გაშლილ ზღვაში.
ბრაზი მალე სიამოვნებამ ჩაანაცვლა, რადგან დავიჯერე, რომ ეს გრძნობა იმდენად ამაღლებული იყო, რომ მას ვერც ერთი წინადადებაში ვერ გამოვამწყვევდი.
ამიტომ ვკლავ გავიმეორებ, შენ გაგიმეორებ იმას, რაც ისედაც იცი :
მართა, მე შენ მიყვარხარ.”

“ელაიზა,ივა, მაპატიეთ!
როდესაც ბოლო წერილი დავწერე, ვერაფრით მივხვდი, თუ რატომ ვგრძნობდი კვლავ დანაკლისს. თითქოს ყველასათვის ყველაფერი მეთქვა და შვება უნდა მეგრძნო, მაგრამ გავაცნობიერე - ჯერ თქვენთვის წერილი არ მქონდა დაწერილი.
ამ მცირე დროის განმავლობაში თქვენ შეძელით ჩემს სხეულში დაბადებული მრავალი გრძნობის მიმღებნი გამხდარიყავით - ამისათვის ორივეს მადლობას გიხდით.
მაგრამ მაინც - მე თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს და სწორედ ამის საღიარებლად გადავწყვიტე ეს წერილი დამეწერა:
თქვენზე საუბარი, ისევე, როგორც თქვენს შესახებ წერა ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს. არა იმიტომ, რომ ჩემსა და მართას ახალგაზრდობას მაგონებთ, არამედ იმიტომ, რომ, როდესაც ვხედავ როგორ ეხვევით გარშემო მართას, ვაკვირდები თქვენს სახეებს, მის ღიმილს, ანთებულ თვალებს და ვხვდები - ეს არის იმ ოჯახის სურათი ,რომელიც მე ჩემს ოცნებებში დავხატე. რამდენჯერმე ისიც კი გავიფიქრე, რომ სინმადვილეში არ არსებობდით და უბრალოდ ჩემი წარმოსახვები იყავით.
თუმცა თქვენ არსებობთ და იარსებებთ მუდამ. მაშინაც კი, როდესაც მე უბრალოდ ჩრდილად ვიქცევი.
მაპატიეთ. მეტს ვერ დავწერ. აღარ შემიძლია ამ ყველაფერზე ფიქრი.”

ნაწილი მესამე
სამი ცეცხლისფერი მთვარი

ცეცხლი ნელ-ნელა სრიალებს. შავ ხაზებს მიჰყვება. ერთ წერტილში თავს იყრის, სწორედ იქ, სადაც ჩვენი ექვსკუთხა ვარსკვლავია. იმედის სიმბოლო, რომელიც ახლა უნდა იწვოდეს. ალბათ, მდელოდან დანახული ნამდვილს ჰგავს. არ ვიცი რატომ, მაგრამ სულაც არ მეშინია.
ჩემს თავზე მეტად ბათესი გამკვირვებია. ის არა თუ განაწყენებული, არამედ კმაყოფილიც კი ჩანს. თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს. მოგიზიზე კარავს ნასიამოვნები უყურებს. მის სახეზე ასახული ეს ვნებათაღელვა დიდი ხანია აღარ მინახავს. შესაძლებელია, რომ ესეც მისი ნამოქმედარი იყოს? არ მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ძალით უარყოფდა განადგურებას ამოფარებული ხელოვნების არსებობას, ამაზე წავიდოდა.
მაგრამ რაღა უნდა მიკვირდეს?
კივილი არ წყდება. ყელა დაუფიქრებლად გარბის. კარავი ცარიელდება. მე აზრადაც არ მომდის ადგილიდან დაძვრა. ბათე ხელს მკრავს. კიდევ ერთხელ მეუბნება, რომ უნდა წავიდე. არაფერს აღარ ვპასუხობ. მის თვალებში გაღიზიანებას ვკითხულობ.
შეიძლება მას არ უნდა თავი დამნაშავედ იგრძნოს. ეგებ, ფიქრობს, რომ მის გამო არ ვიხევ უკან? შეიძლება ასეც იყოს. დანამდვილებით, მეც არ ვიცი რა მაკავებს ან რას ვერ ველევი ამ კარავში.
ზვავად ჩამოწოლილმა მღელვარებამ დამავიწყა, თუ სად ვარ ან რატომ ხდება ეს ყველაფერი. წინ ვიყურები - კვამლით სავსე კარავში უფრო საშინელი სანახავია თეთრით მოსილი ლეა. მისი გამომეტყველება უცვლელია. არ ანაღვლებს, რა ბედი ეწევა აქაურობას ან რამდენი დაიღუპება - ის დარწმუნებულია, რომ ეს ის არეულობაა, რომლის დათესვაც ჩვენ გვინდოდა. დარწმუნებული ვარ, თავს ახლა უფრო ვალდებულად თვლის სამართლიანობის სახელით დაგვსაჯოს.
მის თანმხლებ პირებს ბრბოს გაყოლა უნდათ. სხვადასხვა კუთხეს აკვირდებიან. მათი გამჭვირვალე თვალები, მოგიზგიზეს ირეკლავენ. დღემდე ვფიქრობდი, რომ მათ ყოველი გრძნობა დაეკარგათ - თურმე სიკვდილის არსებობა ბოლომდე არ დავიწყებიათ. დაწვის მათაც ეშინიათ.
ნეტავ, ლეას თუ ეშინია სიკვდილის?
ბათე ორიოდე ნაბიჯით ავადსახსენებელ მერს უახლოვდება :
-ხედავ?! სწორედ ეს არის ის, რასაც გაურბიხარ. ჩახედე თვალებში ხანძარს! მიდი მისი არსებობაც უარყავი! ლეა,შენ ვერ ჰკრავ ხელს სიკვდილს.
ლეას ცოცხალ თვალს კვამლი უცრემლიანებს. მის ღაწვებზე ჩასრიალებული ცრემლი სულაც არ იწვევს თანაგრძნობას. ერთ-ერთ მცველს ანიშნებს მიუახლოვდეს. იარაღას ართმევს, უფრო სწორედ ხელიდან გლეჯს.
რა თქმა უნდა, სურს საკუთარი ხელით მოგვკლას. მისი თეთრი მოსასხამი, მაღიზიანებს. თეთრი ხომ ჩემი საყვარელი ფერია, რომელიც სიწმინდეს ასახიერებს. ხო, ოქსიმორონი! ვინ უწყის რამდენი ადამიანის სისხლი უგემია. ბათეს უმიზნებს. ის არ ღელავს და ეს ჭკუიდან შლის. შემაწუხებელი ტემბრით მიმართავს :
-როგორ ბედავ სახელით მომმართო? თუმცა ზედმეტია შენნაირ უვიცს თავდაჭერა მოვსთხოვო. როგორ მეგონა, რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან არიდება. სამწუხაროა!
-ნუ თვალთმაქცობ!
-კივილისა და გმინვის მოსმენა გინდოდათ? უკვე საკმარისად მიიღეთ სიამოვნება?!
-აქ ჩვენს გარდა არავინ აღარ არის. არ მესმის ვინ გსურს დაარწმუნო, რომ თვითონ არ ელოდი ამას.
-როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჩემი სურვილი ყოფილიყო? ეგებ, ისიც თქვა, რომ მომწონს, რაც გარშემო ხდება?
-შენ არ ამბობდი, რომ მშვიდობისათვის ნებისმიერი მსხვერპლი გამართლებული იყო?
-მშვიდობის დასამყარებლად ძალაუფლება არის საჭირო, რომელიც შენ არ გაქვს.
-და შენ გაგაჩნია ძალაუფლება? შეგიძლია არ მიპასუხო! ამ კითხვას იმ დღის შემდეგ ვსვამ, რაც ომი დასრულდა. ამდენი წელი გავიდა და შენ არც პირველი ხარ და არც ბოლო, ვისი ბაგეებიდანაც ამომავალი ეს სიტყვა გამიგია. როგორ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ ნებისმიერი ძალაუფლების დამორჩილებას შეძლებს? სხვა დროში შეიძლებოდა მოხიბლულიც კი ვყოფილიყავი შენით, რადგან მე თვითონ სიტყვა ძალაუფლებასაც კი გავურბივარ. მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. ჩემში კი აღტაცებას იწვევენ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობის აღებას არ ერიდებიან. ხანდახან ძალაუფლების წინაშე შეიძლება მუხლებზე დაეშვა, თუმცა დროის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ შენ არაფრის ძალაუფლება არ გაგაჩნია და მეტიც - შენ ხარ ყველაზე ხელმოცარული ჩვენს შორის, რადგან ის, რასაც შენ ძალას ეძახი უბრალოდ კედელია, რომელიც რეალობას გაშორებს. ეს ილუზიაა, რომლის ტყვეც ხარ! აი, შენი პასუხისმგებლობა კი გარშემო ცეცხლად შემოგხვევია! ის კი სულაც არ არის მირაჟი და მას ვერც ერთი კედელი ვერ შეაჩერებს.
-სწორედ ჩემნაირი ადამიანებისაგან შედგება დღევანდელი სამყარო. თუ ამდენად არ მოგწონს, მაშ სიკვდილი შვება ყოფილა შენთვის!
-შენ მოგწონს?
-შეიძლება არ მოგწონდეს ცოცხალი ორგანიზმი, რომლის ორგანოც ხარ?
-სხვანაირად გკითხავ - აქაურობა შენთვის რაიმეს ნიშნავს?
-არაფერს! - ამაყად პასუხობს. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯით უახლოვდება. უნდა დარწმუნდეს, რომ არ ააცილებს. იარაღს მიმართულებას რამდენჯერმე უცვლის. მის თვალებში, უფრო სწორედ თვალში შეუჩერებელი ბოროტება ბუდობს. მგონი ასე უნდა გამოიყურებოდეს ჯალათი, რომელიც მსხვერპლს თავზე დასტრიალებს. ალბათ, ფიქრობს სასიკვილოდ გაიმეტოს, თუ უბრალოდ დაჭრას და უყუროს ნელ-ნელა როგორ კვდება.
-მე ვხედავ, რომ შენთვის ეს კარავი მნიშვნელოვანია! შენც გეწვის სხეული მასთან ერთად. ეს შენთვის თეატრია არა? საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იმას ანადგურებ, რაც ყველაზე მეტს ნიშნავს; საიდუმლოს გაგიმხელ - ცხოვრება არ ჰგავს შენს დაწერილ უარსო პიესებს! იმედი გაქვს, რომ შენი ხსოვნა დროის დაუნდობელ ტალღებში გაიჭრება, მაგრამ ეს მხვერპლი არაფერს მოგიტანს. სულაც არ ექნება ამ ამბავს ის დასასრული, რომელიც განიზრახე.
-გგონია უფლებას მოგცემ შენ დაასრულო ჩემი ამბავი?!
-ოხ, ეს უხეში ტემბრი! ზიზღით სავსე გამომეტყველება! ჩემი ყოფიერების დამცირება გსურს თუ საკუთარი ამაღლებულობის დამკიცება? როგორი დასაფასებელია! შენ არ გჭირდება არც სიმდიდრე, არც ეს ძალაუფლება და არც თვით სამყარო; ოღონდაც იბრძოლო იმისათვის, რისიც გწამს; ასე არე არის? უგუნურო! შენ იმ ამბავში გინდა შეაბიჯო, სადაც შენი ადგილი არ არის! შენც ხომ იცი- შესაძლებლობა რომ გქონდეს მომიახლოვდებოდი და შენი ხელით მომკლავდი. სასტიკად გამისწორდებოდი და ამით აუღწერელ სიამოვნებას მიიღებდი. მაცინებ. ვხედავ - დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენ ერთმანეთისაგან დღისა და ღამისავით განვსხვავდებით, მაგრამ ძალიან ცდები!
-ერთმანეთს ნუ გვადარებ!
-ამისათვის მადლობას უნდა მიხდიდე.
-თუ ჩვენ მართლაც ვგავართ ერთმანეთს და მე შენთვის უგუნური ვარ. მაშ შენ ვინ ხარ?
-ამ კითხვაზე უკვე გიპასუხე. კეთილი, გავმეორდები - მე ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი.
-ის თუ გახსოვს აქამდე როგორ მოხვედი?
-ამან ყოველი საარსებო მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა.
-იმ ყოველ ფერთან ერთად, რომელიც ოდესღაც სიცოცხლეს გმატებდა არა? ეს თეთრიც ხომ სწორედ ამას ნიშნავს! არა შენს უზენაესობას, არც შენს გამორჩეულობას - არამედ უფერულობას!
-მე ვარ ლეა, ქალაქის, მერი!
-ეს უბრალოდ სახელია, რომელიც შენს სხეულს დაარქვეს. შენს დაცლილ, დაცარიელებულ სხეულს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ადამიანის მსგავსი. რომლის ფასიც ნივთისას გაუტოლდა!
-საკმარისია! სულ ტყუილად იხარჯები. ბოლო ამოსუნთქვებით დატკბი.
-იქნებ ერთ კითხვაზე მიპასუხო. შემდეგ შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გსურს.
-ყველას ბოლო სურვილი პატივსაცემია.
მოუთმენლად ელოდება, როდის ამოღერღავს ბათე კითხვას. ის მართლაც ღრმად სუნთქავს. გავიფიქრე სასიკვდილოდ ემზადებათქო, რომ ხმადაბლა ამბობს :
-სიმართლე უთქვამს არა ლეა? მშვიდობა მართლაც არავის დაინდობს.
მეჩვენება, რომ ლეა უკვე მზად არის სასხლეტს გამოკრას, როდესაც ბათეს წარმოთქმული მძიმე, ჩემთვის სრულიად გაუგებარი რეპლიკა,იმ ტყვიასავით ხვდება, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი.
ვერ ვიჯერებ. ხელები უკანკალებს. იარაღს ვერ იმორჩილებს.
გააფთრებული ლეას შემხედვარე ბათე უფრო ხმამაღლა აგრძელებს :
-მე ვიცი ის, რაც შენ გამოიარე. რამდენ ხანს დაგტოვეს მონიტორებით სავსე ოთახში? მშვიდობას შენ უკვე მსხვერპლად საკუთარი თვალი შესწირე. მეტი საჭირო აღარ არის! გაიხსენე რა გერქვა და ვინ იყავი. მიეცი უფლება სიცოცხლეს დაგიბრუნოს. შენ არ გქვია ლეა! არ გნდომია არასდროს ყოფილიყავი ის, ვინც ახლა ხარ! ჩემ ხმას მოუსმინე! იქნებ, წარსულში აუღელვებელი ცხოვრებისათვის ეს ძალაუფლება დაუფიქრებლად დაგეთმო. შეხვდი მას! ჩახედე თვალებში და გამეცი კითხვაზე პასუხი, თუ ვინ გინდოდა ყოფილიყავი!
-არა! მშვიდობა არავის დაინდობს. - იმეორებს გაუჩერებლად. მისი ხმა სულ წყდება. ჩემს თვალწინ ილევა. იარაღი ხელიდან უვარდება. მე არ მესმის რისი თქმა უნდოდა ბათეს, მაგრამ ნათელია, რომ მან ჩემზე გაცილებით მეტი იცის.
მისი შემხედვარე სიბრალული და თანაგრძნობა ერთდროულად იღვრება ჩემში, მაგრამ მისი გუშაგები სულაც არ განიცდიან იმავეს - ერთამენთს დაბნეულები უყურებენ. ერთ-ერთი თანხმობის ნიშნად თავს უკანტურებს, შემდეგ კი სინქრონულად იარაღს იმარჯვებენ.
ლეა ერთსა და იმავეს გაუჩერებლად იმეორებს. თრთის.
ბათე. ხელებს შლის. მეფარება.მისკენ ნაბიჯს ვდგამ; ზურგზე ვეკვრი. თვალები მეხუჭება.
ჩემს წარმოდგენაში ორივე ისვრის , მაგრამ მხოლოდ ერთის ხმა მესმის. შემდეგ კი არაფერი- სამარისებული სიჩუმე. ძალიან მეშინია, ბათეს სუნთქვა აღარ ისმის. ხელებს ვხვევ. გულის ცემას ვგრძნობ. ვმშვიდდები.რაღაცას ვეკითხები, მაგრამ არ მპასხუსობს.
თვალებს ნელ-ნელა ვახელ.
ღმერთო! გაკვირვებისაგან სახტად ვრჩები. ლეა ზურგზე მძიმედ ეცემა. ორჯერ გაუსროლიათ - ერთმა ზურგში გაარტყა, მეორემ მხარში.
სულს მიწასთან შეხებასთად ერთად ლევს. შეგრძნება, მაქვს, რომ კვლავ გვიყურებს, თუმცა ახლა მისი ორივე თვალი მვკდარია. სისხლის გუბე დგება. დაცვა იარაღს ყრის. ერთი მეორეს მიყოლებით გარბის.
საბრალოა ადამიანი, რომლის გამოც მწუხარებას არავინ განიცდის.
მძიმედ ვოხრავ - მშვიდობამ არც ლეა დაინდო.
სისხლში ამოსვრილი მოსასხამის მხარზე გამოსახული სამი მთვარე. რა სულელი ვიყავი! მათ ზუსტ მნიშვნელობას ვერ გავიხსენებდი, რადგან ის არც არასდროს ვიცოდი. შუაში არსებული მთვარე სამყაროა. ხოლო გარშემო ნამგალნი სამოთხესა და ჯოჯოხეთს განასახიარებენ. არავინ იცის მისი წარმომავლობის შესახებ, თუმცა ადრე მიამბეს, რომ უნდა წარმოგედგინა სრული წრე. შეიძლებოდა ორი ნამგალი ერთ დღესაც ერთმანეთს შეხვედროდა. კეთილი ბოროტს გაუსწორდებოდა, მაგრამ მის შუაგულში მარად დაბუდდებოდა სიცარიელე. ამ სიცარიელის შესავსებად ყველა სხვადასხვა გამოსავალს პოულობდა. პირველი, რაც მე გავიფიქრე იყო, რომ მას მხოლოდ სიცოცხლე შეავსებდა.
მღელვარებისაგან მეც ვკანკალებ. მუხლებზე ვეშვები. ხველა მიტყდება. გონების დაკარგვის პირას ვარ მისული. კვამლი უკვე აუტანელია.
ბათე ფხიზლობს. კარავთან ერთად დაწვა გადაუფიქრებია. გასასვლელს ეძებს.
ხელს უხეშად მავლებს. ეს არ ჰგავს იმ დღეებს, როდესაც ჩემს მტევანს ალერსიანად ეხებოდა. მთელი ღონით მიმათრევს. დაახლოებით ნახევარი ნაბიჯით მისწრებს. ვცდილობ მის რიტმს ავყვე, მაგრამ აღარ შემიძლია.
მარჯვნივ, პატარა ღრიჭომდე ჯერ კიდევ არ მისულა ცეცხლი.მისგან მომავალ. ჟანგბადს ვგრძნობ; გონების გარშემო შემოხვეული ბინდი ფრთხილად იფანტება. ვცდილობ ყოველი მომხდარი გავიაზრო.
ეს ის ღრიჭოა საიდანაც მე გამოსვლებს ვუყურებდი;
ბათე უკვე ცალი ფეხით კარვიდან გადის, როდესაც მთელი დარჩენილი ძალით ხელს ვგლეჯ. გაკვირვებული ჩემკენ ტრიალდება. ალი ჩვენგან შორს სულაც არ არის. მისი მზერა ათას კითხვას მისვამს. მე კი ყოველი სიტყვა მავიწყდება. ახლა ჩემი წიგნაკი თან რომ მქონდეს, შევძლებდი მეთქვა ბათესათვის იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ ამის მაგივრად ერთადერთი წინადადების დალაგებას ვახერხებ :
-ღმერთო ჩემო, ურიელი!
მის თვალებში ჩამწყვდეულ გაკვირვებას მუდარა ანაცვლებს. არაფერს მეუბნება. კვლავ ცდილობს ხელი წამავლოს, მაგრამ ვურჩობ.
უკან ვიხევ.
შეძლო თუ არა ჩემმა კატამ კარვიდან გასვლა? იქნებ კვლავ აქ არის? ამის გაფიქრებისას ყურში არლეკინოს ხმა ჩამესმის. ისე ცხადად თითქოს ჩემს გვერდით იყოს :
“ხანდახან შეცდომა უნდა დაუშვა, რომ შემდეგ გამოსწორო”.
მაპატიე, ბათე. ერთხელ ჩემი შეცდომა ვერ გამოვასწორე, ამიტომ მეორედ მას აღარ დავუშვებ.
ამას მხოლოდ ჩემი მზერა ეუბნება. მაგრამ მას ესმის. თვალები უცრემლიანდება, მე პასუხად ვუღიმი. ბოლოს მაინც შეძელი უსიტყვოდ გაგეგო ჩემი.
გადის. მე კი მავიწყდება ცეცხლი, ცირკი, ომი, მშვიდობა, ყველაფერი!
არა, ბათე. შეცდი, როდესაც მითხარი, რომ სიამაყე მომკლავდა. უფრო სწორედ არასწორი სიტყვა შეარჩიე. ღირსება - აი პირველი სიტყვა, რომელიც წიგნაკში ჩავწერე და მაინც დავივიწყე.

***
მთელი ძალითა და ღონით გავრბივარ. ჯერ კიდევ ფილტვები სავსე მაქვს კვამლით. ლეას გვამი, მართა, სასოწარკვეთილი კივილი შორს, უკან რჩება ისევე, როგორც ჩვენი ცირკი.
რა უცნაური ბედი მხვდა წილად - ერთხელ უკვე მომიწია შევპარულიყავი უცხოსავით საკუთარ სახლში, ახლა კი გავრბივარ არასასურველივით ადგილიდან, რომელიც მე შევქმენი.
მგონი, ჩემი ცხოვრება საინტერესო კომედიად დაიწერებოდა - გამოვიდოდა სცენაზე ერთი მოწესრიგებულად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც უბრალოდ ერთ ადგილას გაიყინებოდა. მის უკან შეიცვლებოდნენ დეკორაციები, ნივთები, ადამიანები. მისი სახეც - წვერი გაეზრდებოდა, კანი დაუჭკნებოდა, მაგრამ გამოხედვა კვლავ უცვლელი დარჩებოდა. არა! ეს არ არის კომედია. მაინც ტრაგედია წარმოვიდგინე.
აღარ შემიძლია. სულის მოსათქმელად ვჩერდები. ამოსუნთქვებს შორის ინტერვალის დამორჩილებას ვცდილობ. ცას შევყურებ. ღრუბლები კვამლის საპირისპირო მიმართულებას მიჰყვებიან. შემიძლია დავიფიცო, რომ ერთ-ერთი სწორედ ჩვენს ექვსკუთხა ვარსკვლავს წააგავს.
მეღიმება - ვიცი, რომ დროებით, მაგრამ სანატრელ სიმშვიდეს ვგრძნობ.
მდელოზე, ხის ჩრდილში არლეკინოსა და ილარიას ვხედავ. ივასა და ელაიზას ამშვიდებენ.
მამჩნევენ; ივა ხტება. ჯერ მიყურებს, მაგრამ უმალ აცნობიერებს, რომ მარტო ვარ და მის კმაყოფილ გამომეტყველებას შიში სჭამს.
ეს სულ სხვა შიშია. არა, ის, რომელსაც მე ცეცხლის წარმოდგენისას განვიცდი, არამედ ძვირფასის დაკარგვის შიში. ოხ, როგორი აუტანელი იქნება მის ყმაწვილ სხეულში შეჭრილი. ალბათ, ყველა სხვა დანარჩენზე უფრო მწველია. ის არ გკლავს. სამარადისოდ ბუდდება შენში და თავს ყოველი მოძრაობისას გახსენებს.
ვერ შეეწინააღმდეგები, მისი შიში უფრო ავია.
ის ჩემკენ მორბის, მე მისკენ, თუმცა ჩემი გადარჩენა საერთოდაც აღარ ახარებს. ახლა სულ სხვა რამ ანაღვლებს :
-მართა, სად არის?
სუნთქვა გახშირებული, ლოყები ჩვეულზე წითელი; თვალები ცრემლიანი. ეს ის ცრემლებია, რომლებიც ჩააქრობენ ნებისმიერ ხანძარს. მოედებიან წამლად დაფერფლილის კალთას. ალბათ, ამიტომაც ვუწოდებდი ტირილს გაწმენდას.
არაფერს ვპასუხობ და ეს უფრო აგიჟებს. ერთი ნაბიჯით მასწრებს, რომ ვფხიზლდები :
-შეჩერდი! - მკლავით ვიჭერ
-გამიშვი!
ყვირის მაგრამ ვგრძნობ, რომ დასუსტებულია. წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ შერჩა. ასეც რომ არ იყოს ყველა, გზით უნდა შევაჩერო. მისი კარავში დაბრუნება უკანასკნელია, რასაც მართა მაპატიებდა.
-იქ შენ არაფერი გესაქმება!
-როგორ ბედავ აქ ყოფნას, როდესაც მართა შიგნით არის?!
-ამის ახსნა შენთვის გამიჭირდება ივა; არა თუ მხოლოდ გადმოცემა, არამედ აზრების დალაგებაც კი მიჭირს. მართამ აირჩია იქ დარჩენილიყო, ამიტომ ჩვენი დაბრუნება მას მხოლოდ გაანაწყენებს.
-ამას ასე მშვიდად როგორ ამბობ? ხვდები მაინც, რომ შეიძლება მოკვდეს?
-ივა, შეიძლება პირველად, მაგრამ ვცდილობ მართას გადაწყვეტილება უსიტყვოდ მივიღო.
ამასობაში არლეკინო გვიახლოვდება. აღელვებულია :
-სასწრაფოდ უნდა წავიდეთ.
-მართალი ხარ. დრო არ იცდის.
-არა!
-ივა, ჩვენ შენზე არანაკლებ ვღელავთ, მაგრამ თუ არ წავალთ აქაურობა სასაკლაოს დაემსგავსება.
-რამდენიმე წუთიც. დარმწუნებული ვარ გამოვა.
-ივა მესმის, რომ რთულია, მაგრამ.
-ელაიზა პატარა ასაკში დაობლდა. - მშვიდად მაწყვეტინებს - მე დაბადებიდან რამდენიმე დღეში ბავშვთა სახლს მიმაბარეს. მთელი გააზრებული ბავშვობა თავს არასრულფასოვნად ვგრძნობდი. ხშირად ვუსმენდი, თუ როგორ ჰყვებოდნენ სხვები საკუთარი მშობლების შესახებ. არასდროს მიკითხავს ჩემი თავისთვის იტყუებოდნენ თუ აჭარბებდნენ. მათ ,ჩემგან განსხვავებით, რაიმე მაინც ჰქონდათ მოსაყოლი. არ შემეძლო მშვიდად მომესმინა მომვლელისათვის, რომელიც ყოველ ღამე ზღაპრებს გვიყვებოდა. ეს შური არ იყო, არამედ უარყოფა საკუთარი ცხოვრებისა. სწორედ ამ მომვლელმა ერთხელაც საჩუქრად გადმომცა ნაცრისფერ ჩარჩოში ჩასმული სარკე - მითხრა, რომ ყოველთვის, როდესაც საკუთარი თავის მიმართ ნდობას დავკარგავდი, ჩამეხედა და გამეხსენებინა ვინ ვიყავი. არც კი მინდა გავიაზრო, თუ სად არიან ახლა ისინი. ომის დაწყებისთანავე ყველა ქუჩაში დაგვტოვეს. ჩვენც გზას გავუდექით. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ამიტომ ელაიზას ავედევნე. ჩვენი ისტორიაც მაშინ დაიწყო. ძალიან გვიჭირდა. ყოველ საღამოს ვუყურებდით რიგ-რიგობით საკუთარ ანარეკლებს სარკეში. თავის გასამხნევებლად უამრავი თამაში გამოვიგონეთ და სწორედ ეს თამაშები გახდნენ საბოლოოდ ის, რასაც ხალხს ვუჩვენებდით. ყველაფერი შეიცვალა მართასთან შეხვედრის შემდეგ. მისი სახე იმდენად მზრუნველი იყო. ძალდატანებული ღიმილიც კი! ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მართა იქნებოდა დედაჩემი. მას გადავეცი ჩემი სარკე, რადგან ვიფიქრე, რომ აღარ დამჭირდებოდა შეხსენება, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში. მართა, მე არ დამაღალტებს. აუცილებლად გამოვა!
ეს სიტყვები წყალივით კამკამაა. ის ამაში მთელი გულით არის დარწმუნებული, თუმცა მე ვიცი, რომ მართა არ დაბრუნდება და მას ვამართლებ, მაგრამ ძალიან მიჭირს ავხსნა რატომ.
მისკენ ვიხრები. გულში ვიკრავ. ყველაფერი დუმდება. მხოლოდ ჩემი გულის ცემა ისმის. ის ტირის. მისი ცრემლები გულ-მკერდს მისველებენ. ერთი ცრემლი მეც მწყდება. არადა ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ არ ვიტირებდი.
შეუძლებელი აღსაწერია სიტყვებით ეს ტკივილი. რამდენი უნდა გაუძლოს ჩემმა სხეულმა? კარგი, ჩემი უკვე შეჩვეულა, მაგრამ მისი?
შეწყვიტე, ბალთაზარ. არ გინდა! ცრემლი ცრემლს მოსდევს. ვცდილობ ოხვრა ზედაპირზე ამოღწევამდე ჩავახშო. მერე რა, რომ არ შემიძლია ზუსტად აღვიდგინო ყოველი მოვლენა, რომელიც მათშია გამომწყვდეული. სულაც არ არის ცუდი წვეთებად გარდაქმნილ ამბებს ბრმად მიენდო. მე არ ვიცი სად ვარ, მაგრამ განვიცდი.
ოღონდ ახლა არა! შენ ძლიერი უნდა იყო. არა შენი თავის, არამედ ივას ხათრით.
რა საოცარი ხარ, მართა. მადლობა - შენც მაინც მოახერხე ჩემთვის გეჩუქნა ოჯახი.
მივაღწიეთ კი ჩვენს მიზანს ან საერთოდ რა იყო ჩვენი მიზანი? ეს ჯერ კიდევ საკითხავია. თუმცა ერთში დავრწმუნდი - როდესაც უკუნითს შეჭიდებული უზარმაზარი ჩირაღდანი ქვრება, ყველა დარჩენილმა სანთელმა უნდა გაანათოს მისთვის.
ახლანდელი სურათი სულ სხვანაირა - ჩვენს უკან ცირკი იწვის. მე და ივა კი მას ცრემლებით ვსტირით.
***
მონიტორი :
„ათ წელზე მეტი გავიდა ომის შემდეგ. გილოცავთ მშვიდობის მორიგ დღეს!
გუშინ მომხდარმა ყველა დაგვასევდიანა:
ცირკის დასის წევრების ამბოხების მცელობა ხანძრით დასრულდა. მსხვერპლი მინიმალურია. ნაპოვნია მხოლოდ ერთი საშუალო ასაკის ქალის გვამი და დაუდგენელი ცხოველის ლეში. სამწუხაროდ, ცეცხლს ემსხვერპლა ჩვენი ქალაქის დამსახურებული მერი, ლეა. საზოგადოებისათვის დანაკარგი დიდია, თუმცა იმედი ვიქონიოთ ახალი მერი არანაკლებ ღირსეულად განაგრძობს ამ რთული მოვალეობის შესრულებას. ამ თანამდებობას დღეიდან დაიკავებს ლია.
მოგიწოდებთ ყველას - დავეხმაროთ მას ამბოხებულთა მოძებნაში, რათა სამართლიანობის ხელით დაისაჯონ!
გახარებთ, რომ შიშის არანაირი მიზეზი აღარ არსებობს! სულ მალე ამ დღის მოგონებაც ცირკის კარვების მსგავსად დაიფერფლება და ყველაფერი ჩვეულს დაუბრუნდება.
მაგრამ მაინც რჩება ერთადერთი კითხვა, რომელზეც პასუხი არავინ იცის- რა ხდებოდა სინამდვილეში ცირკში?

დასასრული



№1  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

წიგნად ვხედავ!
მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ასეთი დონის ნაწარმოებები უკვალოდ არ უნდა იკარგებოდნენ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ქეთი იმერლიშვილი
წიგნად ვხედავ!
მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ასეთი დონის ნაწარმოებები უკვალოდ არ უნდა იკარგებოდნენ! ❤️

ქეთი თუ შენი "წინასწარმეტყველება" ახდა გპირდები ერთი წიგნი ჩემზეა ????
ყოველთვის მახარებ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent