შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოფიციანტი (სრულად)


29-10-2019, 20:16
ავტორი სელენე
ნანახია 3 613

ერთმანეთი 41 წლის წინ გავიცანით, რესტორანში. მამაჩემის დაბადების
დღეზე. ის არც მამაჩემის კოლეგის შვილი იყო და არც მისი
თანამშრომელი. ოფიციანტად მუშაობდა ზემოთ ხსენებულ რესტორანში.
იმ დროს არც თუ ისე სახარბიელო იყო მიმტანად მუშაობა. მამაჩემის
ფულით გაბერილი მეგობრები ამ ხალხს ჩალის ფასს არ დაადებდნენ.
პირველად ჩვენ შორის კონტაქტი მაშინ შედგა, როცა კაბაზე წითელი
ღვინო გადამასხა. (საბედნიეროდ კაბა შავი იყო). მეორედ, როცა აივანზე
გავედი, რომ დედაჩემის და მისი შერჩეული პოტენციური ქმრისთვის
თავი ამერიდებინა. ის უბრალოდ კუთხეში იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
ერთხელ შემომხედა, ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე შემათვალიერა
და სიგარეტის ნამწვი აივნიდან გადაყარა.
-დაგაჯარიმებენ.
-შენ მამიკო გაგიბრაზდება.
-რისთვის?
-მიმტანს ესაუბრები.
-რატომ მიტოვებ ეგოისტი ნაბი*ვრის შთაბეჭდილებას? _მას გაეცინა და
თვალებში შემომხედა.
-შეიძლება ვარ კიდეც. აი, შენ კი კარგი გოგო ხარ, პირდაპირი.
-არც კი მიცნობ. _თავი გავაქნიე
-არც არის საჭირო გიცნობდე. _სიგარეტის ფილტრიც ნამწვის გზას
გაუყენა და დიდი ნაბიჯებით შევიდა რესტორანში. მე ვიდექი და
ვფიქრობდი ეს მექალთანე ბიჭის საქციელი იყო თუ უბრალოდ
თავხედობა მისი მხრიდან.
ორი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. ჩემი პოტენციური
ქმრის თამაშზე. ფეხბურთი არასდროს მიყვარდა და ვერ ვიგებდი რატომ
დასდევდა 12 კაცი ერთ სფეროს. წესებიც კი არ მესმოდა. ერთხელ, როცა
გოლი ჩვენ კარში გაიტანეს ფეხზე წამოვხტი საფირმო ფრაზის
ყვირილით და გაზეთის პირველ თუ არა მეორე გვერდზე დავიკავე
ადგილი. ,,ვის გულშემატკივრობს ნინა ღლონტი?“.
-სტატია წავიკითხე შენზე და მაინც ვერ ვიგებ აქ რატომ ხარ. _გვერდზე
მომიჯდა მისტერ მიმტანი.
-საერთოდ არ მინდა აქ ყოფნა, მაგრამ იძულებული ვარ ვიჯდე და
ვუყურო ფეხებდაკუნთული კაცები როგორ დასდევენ ერთ ბურთს.
-ან შეგიძლია ადგე და ჩემთან ერთად წამოხვიდე სადმე. _გამეცინა.
შეიძლება ახლა ეს სიგიჟედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მომინდა დადგენილი
წესები დამერღვია და უბრალო ადამიანთან ერთად გამეტარებინა
უბრალო დღე. გაბრიელი ჰქვია, თუმცა მე გაბოს ვეძახდი. ამის უფლება
მარტო მე მქონდა. ჩვენ დავმეგობრდით. კვირაში რამდენჯერმე
ვხვდებოდით ერთმანეთს. მან იცოდა ვინ ვიყავი. ისიც იცოდა, რომ
მამაჩემი მის ხელფასზე მეტ ფულს მჩუქნიდა, რომ დამეხარჯა, თუმცა
გაბო არასდროს მაძლევდა ხარჯვის უფლებას, როცა მასთან ერთად
ვიყავი. ნელ-ნელა შევიცვალე, უფრო სწორად მან შემცვალა. გაბომ
იცოდა, რომ დედაჩემს ჩემი ცხოვრება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და
საქმროც წინაწარ ჰყავდა შერჩეული, მაგრამ მისთვის ეს პრობლემას არ
წარმოადგენდა. ამბობდა, რომ ჩვენ ბედს ჩვენ ვწერთ და შეგვიძლია ისე
წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, როგორც ჩვენ გვინდა. ის აგრძელებდა
მუშაობას მიმტანად, მე ვაგრძელებდი თავის მოტყუებას, რომ ბედნიერი
ვიყავი, თუმცა მხოლოდ მასთან ყოფნა მაბედნიერებდა და მისი არსებობა
იყო ის, რისთვისაც ღირდა სიცოცხლე. ჩემს „კეთილისმყოფელ“
მშობლებს და გურამიკოს (პოტენციურ ქმარს და ადამიანს, რომელიც
მშობლებმა ამ სახელისთვის გაიმეტეს) არ მოსწონდათ გაბო და ხშირად
ვკამათობდი ამ მიზეზით მათთან. იმას ვაკეთებდი რაც მინდოდა და
არავის არ ვუსმენდი. სეზონები კი ერთმანეთს ცვლიდა და ჩემი და გაბოს
ურთიერთობაც უფრო მზიანი და უღრუბლო ხდებოდა. წლებთან ერთად
ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობის სტატუსიც შეიცვალა. გაბომ იცოდა რომ
მის გარდა არასდროს არავის ვაკოცებდი და არ მივცემდი უფლებას მისი
ადგილი დაეკავებინა ჩემს ცხოვრებაში. ის არასდროს არაფერს
მპირდებოდა, ყოველთვის საქციელით მიმტკიცებდა სიყვარულს.
ეს ქალაქგარეთ მოხდა. დღემდე არ ვიცი ის ვისი აგარაკი იყო, ან ვის
წვეულებაზე ვიყავით. უზარმაზარი სახლის წინ აუზის თავს და ბოლოს
ხიდი აერთებდა. ჩვენ ამ ხიდზე ვიჯექით და განვიხილავდით რა
შეიცვლებოდა 100 წლის შემდეგ დედამიწაზე.
-კოსმოსი ისევ ისეთი იქნება. _ვარსკვლავებს თვალს არ აშორებდა და
თითქოს მე არც მესაუბრებოდა.
-100 წლის შემდეგ ვინმეს ვემახსოვრებით? _მეც ვარსკვლავებით
გადაჭედილ ცას ავხედე. ლურჯი და იისფერი ფერები ულამაზესად
ერწყმოდა მილიარდი მანათობელი ფიგურის სიკაშკაშეს.
_ჩვენ თუ არა ჩვენი სიყვარული ემახსოვრებათ _ის ჩემს პროფილს
აკვირდებოდა, მე ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი.
-ანუ? _სიტყვები ჩემდაუნებურად მოსწყდა ბაგეებს.
-მიყვარხარ, ნინა. _თვალებში მიყურებდა და მე ვიბნეოდი. მისი თვალები
უფრო ღრმა იყო ვიდრე კოსმოსი ჩემს თავზე.
-რა იყო არ გჯერა? _ისევ ვერ ვიღებდი ხმას, თითქოს ენა გადავყლაპე.
ჩემში ერთდროულად მზე ანათებდა, წვიმდა, თოვდა, ქარი ხეებს
გლეჯდა. ის ფეხზე ადგა და ხიდის კიდეზე გაჩერდა.
-არაფერს მეტყვი, ნინა? _ისევ ვერაფერი ვუთხარი. მას გაეცინა და შუა
დეკემბერში აუზში გადაეშვა.
-გაგიჟდი? _შეშინებული წამოვვარდი ფეხზე.
-ნინა, რადგან საუბარი არ შეგიძლია უბრალოდ ჩამოხტი. ჩემთვის ეს
თანხმობა იქნება და სამუდამოდ ერთად ვიქნებით. სიკვდილამდე.
_სიბნელეშიც კი მკაფიოდ ჩანდა მისი სიცივისგან გალურჯებული
ტუჩები. სივრცეს ჩვენ გარშემო თვალი მომავლე და იმ წამს მივხვდი რომ
გაბო იყო ჩემი ნათელი წერტილი. აუზში ჩავხტი მიუხედავად იმისა, რომ
ცურვა არ ვიცოდი. მაშინ ჩვენ ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ. სხეულში
დავლილმა ტალღამ სისხლი გამითბო და წყლის სიცივე გადაფარა.
მომდევნო ორი კვირა მეც და გაბოც სურდოთი ვიტანჯებოდით.
ჩვენ ერთმანეთი არასდროს გვყოფნიდა, თუმცა მასთან კოცნაზე მეტი
არაფერი მქონია. ის არასდროს მაყენებდა უხერხულ სიტუაციაში და
არასდროს მაიძულებდა იმას, რის გაკეთებაც მე არ მინდოდა.
საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჩემმა მშობლებმა გაიგეს ჩვენს შესახებ.
ისტერიკები მოაწყვეს, მამაჩემი ყვიროდა და დედას აბრალებდა ჩემს
„შეურაცხად“ საქციელს. მათ გაბრიელი მხოლოდ იმიტომ არ მოსწონდათ,
რომ მიმტანად მუშაობდა რესტორანში. ამბობდნენ რომ ის არ იყო ჩემი
შესაფერისი. მამაჩემმა მაიძულა, რომ გაბრიელს დავშორებოდი, მაგრამ
ზოგჯერ ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც გეგმავენ.
10 აგვისტოს, მამაჩემის კორპორატიულ წვეულებაზე ვიყავით ჩვეულ
რესტორანში. ყველა საეჭვოდ იქცეოდა. დედა ჩვეულებრივზე უფრო
ბედნიერი იყო, მამა უფრო ბევრს ესაუბრებოდა გურამიკოს.
შეთქმულებივით, როგორც კი გაგებას ვცდილობდი მაშინვე
ჩუმდებოდნენ. გაბოც ამჩნევდა არასასიამოვნოდ დამუხტულ
ატმოსფეროს. უცებ, მამაჩემმა თავით მანიშნა, რომ აივანზე გავყოლოდი.
ფუჟერი გაბოს ლანგარზე დავუდე და საქმის საეჭვო ვითარება
თვალებით ვანიშნე. აივანზე გავედი.
-რა გჭირს ნინა?
-არაფერი
-კარგად მომისმინე, გიკრძალავ იმ ბიჭის სიახლოვეს. დაახლოებით 10
წუთში გურამიკო ცოლობას გთხოვს და დათანხმდები. _მუხლებში ძალა
წამერთვა და თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა.
-მამა, ასე ვერ მომექცევი. არ მიყვარს მე ეგ ბიჭი, გთხოვ. მასთან
ვერასდროს ვერ ვიქნები ბედნიერი. _ვევედრებოდი, მაგრამ მიზეზი თუ
რატომ ვაკეთებდი ამას არ ვიცოდი. მე მიყვარდა ჩემი მშობლები,
როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. ეგრეა, რაც უფრო ძლიერად გიყვარს,
მით უფრო ადვილია მათთვის შენი გულისტკენა.
-რაც გითხარი ის გააკეთე, ახლა კი მოწესრიგდი და დარბაზში
დაბრუნდი. _ვეღარაფერზე ვფიქრობდი. თვალები დამისივდა და
დამიწითლდა. დარბაზში შევედი და თვალებით გაბოს ძებნა დავიწყე. ის
მე მიყურებდა. კისერზე ვენები ეტყობოდა და ბრაზისგან ლანგარი
უკანკალებდა. რამდენიმე წუთში სცენაზე გურამიკო ავარდა და
ყურადღება ითხოვა.
-მეგობრებო, ერთი წუთით თუ შეიძლება. მინდა, რამდენიმე სიტყვით
გადმოგცეთ სათქმელი. ნინა, თუ შეიძლება სცენაზე ამოდი. მადლობა.
მეგობრებო, თქვენ ახლა ხედავთ ქალს, ჩემი ცხოვრების ერთადერთ
სიყვარულს, მეგობარს, სულის ნაწილს (იმდენად ყალბი იყო მისი
სიტყვები, რომ დაყრუება მომინდა.), მინდა ჩემი და ნინას ურთიერთობას
მიმართულება შევუცვალო და მას ცოლობა ვთხოვო. ნინა, გახდები ჩემი
მეუღლე? _ცალ მუხლზე დაიჩოქა და შავ კოლოფს თავი ახადა. ყუთიდან
ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მიმზერდა, დარბაზიდან ჩემი მშობლების
და ხალხის მომლოდინე მზერა, რესტორნის კუთხიდან კი - გაბოს
დასისხლიანებული თვალები.
-მე… მე არ შემიძლია… _ხელი გავაშვებინე და სცენიდან ჩამოვედი.
არეული ნაბიჯებით დავტოვე დარბაზი და მამაჩემს შევეჩეხე.
-რა გააკეთე ნინა? ეს რას ნიშნავს. ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ? თუ ახლა
დარბაზში არ დაბრუნდები და სიტუაციას არ გამოასწორებ შენზე უარს
ვიტყვი. _ზურგი მაქცია და დარბაზში დაბრუნდა. აივანზე გავედი ჰაერის
ჩასასუნთქად. გაბო ზუსტად ისე იდგა, როგორც პირველი შეხვედრისას.
ზუსტად ისე ეწეოდა სიგარეტს, როგორც მაშინ… ავტირდი, ის კი
უბრალოდ მომეხვია.
-რა ვქნათ გაბო? _ვკითხე მოგუდული ხმით.
-გავიპაროთ. _თმაზე მაკოცა, შემდეგ თვალებში შემომხედა. ისევ მაკოცა
და მომეხვია.
გავიპარეთ…
ჯვარიც დავიწერეთ..
ქორწილი გადაგვიხადეს…
უგემოვნო ქორწილი გვქონდა, თუმცა ჩვენ ვიყავით ბედნიერები.
ტრადიციულად, ჩხუბიც ატყდა. თამადა გამუდმებით ყურადღებას
ითხოვდა. ჩემი კაბის ბოლო ტალახისფრად შეიღება იმდენმა ადამიანმა
დამაბიჯა. გაბოს მშობლები, ბებია-ბაბუა და ნათესავები გვილოცავდნენ
გაბედნიერებას. ჩემი ბედნიერებით მხოლოდ რამდენიმე ახლო მეგობარი
ხარობდა…
შემდეგ იყო პირველი ღამე. სავსე სიამოვნებით და საყვარელი სხეულის
გაცნობით. სხეულის, რომლის სულზეც სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული.
იყო ნათესავების კითხვები, თუ როდის ვაპირებდით შვილის ყოლას,
თუმცა ჩვენ არ ვჩქარობდით, არ გვბეზრდებოდა ერთმანეთი.
ნელ-ნელა დაიწყო უმნიშვნელო კამათი სხვადასხვა საკითხზე. ერთხელ
ვიჩხუბეთ კიდეც. მე ავტირდი. გაბოს ჩემთვის არასდროს უყვირია და
ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ის დაიბნა, როცა ჩემი ცრემლები ნახა,
თუმცა საბოლოოს ყველაფერი საწოლში დასრულდა.
შემდეგ იყო ახალი სიცოცხლე ჩემს სხეულში. გაბოს სიხარულს საზღვარი
არ ჰქონდა. ყველა სურვილს მისრულებდა. სიყვარულს, სითბოს და
თანაგრძნობას არ მაკლებდა. თვალებში მუდამ ჭინკები უხტოდნენ. სქესი
წინასწარ არ გავარკვიეთ. ერთად ვარჩევდით სახელს პატარა
გოგონასთვის, ან ბიჭისთვის. 18 დეკემბერს ულამაზესი გოგონას, გვანცას
მშობლები გავხდით. პატარას მამამისივით შავი თმა და თვალები ჰქონდა.
პატარა ხელებს უმისამართოდ აცეცებდა და ძირითადად ეძინა. მთელი
დღე ეძინა, მაგრამ ღამე თვალს არ ხუჭავდა. გაბო მთელ თავისუფალ
დროს პატარასთან ატარებდა. უმღეროდა, საფენებს უცვლიდა, აჭმევდა…
გვანცას, როცა ეძინა ისევ ერთმანეთის სხეულებს ვსწავლობდით,
ვსაუბრობდით, წარსულს ვიხსენებდით… ორი წლის შემდეგ ისევ გოგონა
შეგვეძინა. თეკლე დავარქვით. გაბო ისევ იგივე ციკლს დაუბრუნდა.
ანალოგიურად მეც. კიდევ ერთი წლის შემდეგ ოჯახს ვაჟი შეემატა.
ლაზარე მამის გამეორებაა დედამიწაზე. მისმა დაბადებამ ჩემს მშობლებს
ჩემი არსებობა გაახსენა. მათ პატიება გვთხოვეს და გაბო ოჯახის წევრად
მიიღეს. პრობლემად რჩებოდა გურამიკო… ერთხელ, როცა მშობლებთან
ვიყავით სტუმრად გურამიკოს შევხვდი. ჩემთან საუბარი უნდოდა. ჩემს
ძველ ოთახში ავედით და მან სრულიად მოულოდნელად მაკოცა. გაბომ
დაგვინახა, თუმცა როცა მთელი ძალით გავარტყი ხელი ის უკვე კართან
აღარ იდგა. ორი კვირა ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. იქამდე სანამ
გურამიკოს სიმართლის თქმა არ აიძულა. მას ჩემი სჯეროდა, მაგრამ
გურამიკო სულ სხვა რამეს ამტკიცებდა. ამის და მიუხედავად ჩვენი
სიყვარული კლდეზე უფრო მტკიცე აღმოჩნდა.
წლები გადიოდა და ჩვენც ასაკი გვემატებოდა, მაგრამ ჩვენ ისევ ყოველ
დღე უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი.
იყო პირველი შვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვის სიხარული. შემდეგ
მეორის და მესამის. შემდეგ თეკლას გაბედნიერების სიხარული. გვანცას
ცხოვრების მეგზურის არასწორი არჩევანი და ლაზარეს ულამაზესი
მეუღლის ჩვენს ოჯახში შემოსვლა. ყველა ბედნიერი იყო უფროსი
ქალიშვილის და ჩემი პირველი შვილიშვილის დედის _ გვანცას გარდა.
დიდხანს იტანჯავდა თავს მარტოობით. იქამდე სანამ პატარა
ქალიშვილის კლასელის მარტოხელა მამას არ გაიცნობდა.
ჩვენ არასდროს ვიღლებოდით შვილიშვილებთან თამაშით, წარსულის
გახსენებით და რაც მთავარია ერთმანეთით. და საერთოდ, როგორ
შეიძლება დაიღალო საყვარელი ადამიანით. ადამიანით რომლის შიშველ
სულს იცნობ, ყველა დადებითი თუ უარყოფითი თვისებით. ის რასაც მე
და გაბო ერთმანეთის მიმართ ვგრძნობდით უფრო აღმატებული
გრძნობაა ვიდრე სიყვარული. ეს არ არის პეპლები მუცელში, აჩქარებული
გული ცემა ან სიწითლეები ლოყებზე. ეს არის გაცნობიერება იმის რომ
ვიღაც, სამყაროსთვის უბრალო ადამიანი შენთვის არის მთელი
სამყარო…



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან ლამაზი და კარგი იყო.ასეა აბა რაა,კლდესავით მაგარი უნდა იყო და უნდა დაიცვა ის,რაც შენია.

 


№2  offline წევრი სელენე

სტუმარი nancho
ძალიან ლამაზი და კარგი იყო.ასეა აბა რაა,კლდესავით მაგარი უნდა იყო და უნდა დაიცვა ის,რაც შენია.


გეთანხმებით 100%_ით <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან კარგია,მომწონს????????

 


№4  offline წევრი ankakuna

ჩემი გოგოა heart_eyes heart_eyes
და როგორ შეიძლება ჩემი გოგო ცუდი რომ იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent