შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 12] (18+)


2-11-2019, 15:29
ავტორი ჰაიკო
ნანახია 263

     მზერა ექიმის შუბლის ძვალზე მიშტერდება. ვფიქრობ, რამდენად გაუძლებს დარტყმას, არ მგონია გაუძლოს, მოგონებებში ვიძირები და თვალწინ კინოკადრებივით მიჰქრიან ჩემი შავბნელი ცხოვრების ყველაზე სისხლიანი მომენტები, რომელთა ხილვისას ალფრედ ჰიჩკოკი ათბალიანი სისტემით ათივეს თუ არა, ცხრანახევარს მაინც დამიწერდა.. მახსენდება წითურთმიანი ფრანგი ქალწული, რომლის გულისთვისაც უმოწყალოდ ამოვჟლიტე ფრანგულ ციხე-სიმაგრეში გამაგრებული ციხიონი.. თუმცა ექიმმა რა დამიშავა? ვცდილობ ჩემი ტვინის ხვეულებში ალდო ტომპსონის გამამტყუნებელი თუნდაც ერთი მიზეზი ვიპოვნო, მაგრამ ამაოდ და ეჭვი მიპყრობს, ნუთუ ის ასეთი იდეალურია? და მაშინვე უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ, ზოგადად ადამიანი შორსაა იდეალურობისგან! ამ საკითხზე მე და რებეკა უკვე საუკუნეების განმავლობაში ვკამათობთ და ჯერჯერობით ვერ მივედით ერთ, ჩამოყალიბებულ და ყველაზე გამართლებულ განსაზღვრებამდე. თუმცა მე მაინც მგონია, რომ იდეალურობის დოგმატური განსაზღვრება არ არსებობს, გააჩნია ვის რა კრიტერიუმი აქვს იდეალურობის შესაფასებლად.
     ფიქრის პარალელურად ჩემი მოწინააღმდეგეები თვალთახედვის არეალში მყავს, ერთი უბრალო მოძრაობა-რომელიც არ მომეწონება და ხვალინდელი დილა მათთვის აღარ დადგება.
     ექიმი უხმოდ მიყურებს, თითქოს შიში აღარ ეტყობა, მაგრამ თვალის გაფართოებული გუგები და სწრაფი გულისცემა-რომელიც მხოლოდ მე მესმის, სხვა რამეს მიდასტურებს, მე სმენა არ მომატყუებს და არც თვალი, მე ხომ ლუციუსი ვარ, დემონი..
     ექიმის შუბლის ძვლის ბურღვას ვამთავრებ და ორ უცნობ მამაკაცს შევყურებ, ისინი საერთოდ არ მეცნობა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის საიდუმლო საბჭოს წარმოადგენენ. გონებაში ვაანალიზებ შექმნილ სიტუაციას, ექიმს ვერ მოვკლავ, ეს გამორიცხულია, პრიმუმთა კლანი მასთან ვალშია, ის კოვაქსის გადასარჩენად მეხმარებოდა და მის ჯეკსონის მეგობარია, აი შერიფი კი.. უცნაურია, მაგრამ საერთოდ არ ვიცი, ამ ჯიუტ და ჭირვეულ ადამიანს რა მოვუხერხო, ახლაც მტკიცე, ზიზღით სავსე გამოხედვით მომჩერებია, რა გასაკვირია, მე ხომ მისი ძმისშვილი პირველყოფილ ვამპირად ვაქციე, ალბათ საიდანღაც აქვს ეს ინფორმაცია, თუ ჩემი, კოვაქსის და მარკუსის გეგმა იმუშავებს, მაშინ მარკ კრამერი დაბრუნდება, ამ შემთხვევაში კი შერიფ კრამერის სიკვდილი არ შეიძლება! მზერა აგენტ მედოქსზე გადამაქვს და უცებ კუნთები მეძაბება, ჩემში კვლავ მხეცი იღვიძებს და პირში დამდნარი ფოლადის გემო მიბრუნდება, მას კვლავ იარაღი მოუმარჯვებია და გამოუცნობი მზერით მიყურებს, ჰმ.. ალბათ იმედი აქვს, რომ ამ უბადრუკი რკინის ნაჭრით მომიგერიებს, ცივად, ავისმომასწავებლად მეღიმება და გაკაშკაშებულ ოთახში ჩემს ეშვებს საზარელი იერი აქვს..
     თავზარდაცემული ექიმი ჩემს მზერას თვალს აყოლებს, მედოქსის ხელში იარაღს ამჩნევს და ცივი ოფლი ასხამს, ექიმმა იცის, რომ ჩემთან სიტყვის გატეხვა არ შეიძლება.
     - მისტერ მედოქს, - მიმართავს ექიმი და ხელებს წინ იწვდის, - დაუშვით იარაღი, ნუ გაამწვავებთ სიტუაციას, გთხოვთ..
     აგენტი მედოქსი ირგვლივ შეშლილი სახით იყურება, ხელები უკანკალებს და ამჯერად ექიმს უმიზნებს თავის "მაგნუმს". რას ვიზამთ, ყველას ხომ არ აქვს ერთნაირად ძლიერი ფსიქოლოგია.
     მედოქსის მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს ვუთვალთვალებ, რომ საჭიროების შემთხვევაში რეაქცია არ დავაგვიანო და ექიმი, რომელიც მეგობრად მიმაჩნია, სიკვდილისგან ვიხსნა.
     - მისტერ მედოქს.. - ვედრებით იმეორებს ექიმი.
     - ექიმო.. ეს წარმოუდგენელია.. ჯანდაბა.. - მედოქსს ხმა უკანკალებს, თვალს არ აშორებს ექიმს და შიგდაშიგ ჩემსკენ გამოურბის მზერა, რასაკვირველია, მას ხომ არასდროს უხილავს პირველყოფილის ტრანსფორმაცია.
     მედოქსის საჩვენებელი თითი მეთოდურად ეშვება სასხლეტისკენ, კიდევ ნახევარი წამი და ექიმი შუბლგახვრეტილი იწვება თავის ძვირფას ნოხზე, თუმცა ნახევარი წამი ჩემთვის ნახევარ წუთს უდრის, თვალის დახამხამებას ვერავინ ასწრებს, მედოქსის წინ ვჩნდები, იარაღს მარტივად ვართმევ ხელიდან, ყელში მარცხენა ხელს ვუჭერ, ირგვლივ ყველაფერი წითელ ფერს ღებულობს, იარაღს ზიზღით ვისვრი გვერდით, მარჯვენა ხელის თითებს ვკრავ და აგენტის მკერდზე სასიკვდილო დარტყმის მისაყენებელ ადგილს ვარჩევ..
    ... და ამ მომენტში უცნაური რაღაც ხდება, ირგვლივ ერთბაშად წყვდიადი წვება, მხოლოდ ჩემს წინ ჩანს ნათელი, რომელიც თვალისმომჭრელად კაშკაშებს.
     თვალებს ვჭუტავ და ნათელში ქალის სახის სილუეტს ვარჩევ, ის ძალიან ლამაზია, მსხვილი ტუჩები და ულამაზესი, შოკოლადისფერი თვალები აქვს..
     - ლუციუს..
     არაფერს ვამბობ, თვალმოუშორებლად ვუყურებ მას და გული მითბება, ჩემში ერთბაშად იძინებს სისხლმოწყურებული მხეცი და ადგილს ცივ, ანგარიშიან აზროვნებას უთმობს..
     რებეკამ კვლავ მიხსნა.
     ჩემი პირადი ანგელოზი უჩინარდება და ოთახი კვლავ ძველებურ ფორმებს ღებულობს. შეძრწუნებულ და თითქმის გაგუდულ აგენტს ხელს ვუშვებ. ის ხველებით იშხლართება ჩემს ფეხებთან. მას ცივად დავყურებ. მის ყურთან ვიხრები.
     - დღესვე წახვალ სალემიდან, - მას კისერში ვავლებ ხელს, ჩემსკენ ვაბრუნებ და მის თვალებს ჩაშტერებულ ჩემს მზერაში უდიდეს ენერგიას ვაქსოვ, მას, რომელსაც ვამპირები "შთაგონებას" ვუწოდებთ, - ყველაფერს დაივიწყებ და აღარასდროს გამოიხედავ ამ ქალაქისკენ!
     მედოქსი მორჩილად მიქნევს თავს, დგება, საკუთარ იარაღს იღებს, იღლიის ქვეშ მიმაგრებულ ბუდეში ათავსებს და უკანმოუხედავად ტოვებს ექიმის სახლს.
     ექიმი მარცხენა ხელით იწმენდს შუბლზე გამოჟონილი ოფლის ცივ წვეთებს და შვებისგან ღრმად სუნთქავს, რომელსაც რა თქმა უნდა, მხოლოდ მე ვარჩევ ჩემი უკიდურესად გამახვილებული სმენით.
     დარჩენილ მოწინააღმდეგეებს ვზვერავ და კვლავ ექიმის შუბლის ძვალს ვუბრუნდები, ისიც თვალმოუშორებლად შემომყურებს, ამ მომენტში ის მახეში გაბმულ ვირთხას ემსგავსება, ვითომ რა ამოიკითხა ჩემს გაყინულ მზერაში? უცილობელი სიკვდილი? ის ხომ ადამიანია და ადამიანის ყველაზე ძლიერი სურვილი სიცოცხლის წყურვილია, ეს მათი ყველაზე მკვეთრი ინსტინქტია, ინსტინქტი, რომელიც მათ თვით საკუთარი ახლობლების გაწირვასაც კი აიძულებს. მაინც რა ყრია ამ დამპალ სიცოცხლეში, ასე თავდაუზოგავად რომ ებღაუჭებიან? უნებურად ზიზღით ვივსები ამ მდაბალი რასის მიმართ, ხელებს მკერდზე ვილაგებ და მზერა შერიფზე გადამაქვს, ეს შეუპოვარი კაცი ჩემში სიმპათიებს იწვევს, ის ხომ სხვის სიცოცხლეს იცავს და ალბათ რამდენჯერ ჩაუგდია საკუთარი სიცოცხლე სხვის გადასარჩენად. ისევ სიცოცხლე..
     - მისტერ ლუციუს.. - სამარისებურ სიჩუმეს არღვევს ექიმი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს საკუთარ გამბედაობას და ერთ ნაბიჯს ჩემსკენ დგამს.
     - ყველაფერი მალე დასრულდება, - ცივად ვამბობ ყველას მიმართულებით, - საიდუმლო საბჭოს მეთაური მკვდარია, ის გაბრიელის მხარეს აღმოჩნდა თავისი ნებით და მან სიკვდილი დაიმსახურა! - ტაქტიკურ პაუზას ვიღებ და მსმენელთა რეაქციას და სახეზე გაელვებულ ემოციებს ყურადღებით ვაკვირდები.
     ექიმის თვალებში შეძრწუნება ირეკლება, შერიფი იღუშება, საიდუმლო საბჭოს ორი წევრი კი უფრო მეტად შეშინებული თვალებით მომჩერებიან. როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა სასურველი ეფექტი მოახდინა.
     - მაქციათა კლანის მეთაურიც მკვდარია, - ვაგრძელებ მონოტონურად, - სალემის ხროვა აღარ არსებობს, დაიშალა და ფლორიდელ თანამოძმეებს შეუერთდნენ... ყველას დაგხოცავთ, -  თვალებიდან ცეცხლს ვაკვესებ და საცოდავ სხეულებად ქცეულ ადამიანებს სისხლისმწყურვალე მზერით ვბურღავ, - არავის დაგინდობთ.. მაგრამ საშუალებას გაძლევთ, თავი გადაირჩინოთ!
     წამიერად ექიმის თვალებში იმედის ნაპერწკალი ელავს, ის მომთხოვნი მზერით აშტერდება შერიფს, რომელიც გრძნობს, რომ აუცილებელია ამ სიტუაციის ირგვლივ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ყელის ჩასაწმენდად ახველებს და ხელებს მკერდზე იწყობს. თავდაცვის ნიშანი.
     - მისტერ... ლუციუს, - ვგრძნობ, რომ არ ეხალისება ჩემი სახელის წარმოთქმა, მაგრამ იცის, რომ მის ქალაქში მოქმედ მანიაკთა შორის მხოლოდ ჩემთან შეიძლება საუბარი, ამიტომ იძულებით აგრძელებს, - სალემში ჩვენ არ მოგვიწვევიხართ, არცერთი. მინდა, რომ ეს სისხლისღვრა შეწყდეს და უკლებლივ ყველამ დატოვოთ აქაურობა, - ის პაუზას აკეთებს, ალბათ უნდა, რომ მისი სიტყვების გააზრების საშუალება მომცეს, მაგრამ არ იცის, რომ ჩემი ტვინი ათჯერ უკეთესად და სწრაფად აზროვნებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის.
     თუმცა მე მაშინვე არ ვპასუხობ, წვერს ვიწიწკნი, ჩაფიქრებულ გამომეტყველებას ვიღებ და ოთახში, მათ წინ ბოლთის ცემას ვიწყებ, თუმცა ისინი მაინც თვალთახედვის არეში მყავს.
     - ეს საკმაოდ რთული საკითხია, მისტერ კრამერ, - ვეპასუხები რამდენიმე წუთის შემდეგ, - მაგრამ მე და ჩემი მეგობრები უკვე ვმუშაობთ ამის შესახებ.
     ვმუშაობთ? გულში მეცინება, უკეთესი იქნებოდა, სალემში ჩვენი მოქმედებების შესაბამისი ტერმინი მომეფიქრებინა, მაგალითად სისხლისღვრა, კაცთაკვლა ან რამე მსგავსი.
     - მინდა, რომ ჩემი ქალაქიდან გაეთრიოთ და ნორმალური, ადამიანური ცხოვრების საშუალება მოგვცეთ, - იღრინება უჯიათი შერიფი და თვალს არ მაშორებს.
     ამჯერად ფართოდ მეღიმება, შერიფის პიროვნების შეფასებისას არ შევმცდარვარ, ის ნამდვილად ის არის, ვისაც მართლა სტკივა საკუთარი ქალაქი.
     - კარგი, - ვამბობ მე და ამით ჩემს თანამოსაუბრეებში აშკარა გაოცებას ვიწვევ, -..... მაგრამ ვინ დაგიბრუნებთ მარკს?
     ნიძლავს ჩამოვალ, ამას საერთოდ არ ელოდა შერიფი, კიბორჩხალასავით წითლდება, ბრაზი ახრჩობს.
     - მარკი, - ბოღმისგან სულშეხუთული ძლივს ამბობს ის.
     - ჩვენ გეგმა გვაქვს, - ვაგრძელებ მე, - მე და ჩემს მეგობრებს, თუ მოვლენები ზუსტად გეგმის მიხედვით განვითარდება, მაშინ ამ ქალაქს მშვიდი ცხოვრება ეღირსება. თქვენ ბევრი მტერი გყავთ, გაბრიელი..
     - რა თქმა უნდა, - დამცინავი ტონით აგრძელებს შერიფი, - მადლობელი ვარ, რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეთ, მაგრამ ეს მაინც არ გაქცევთ კარგ პიროვნებად, ვფიქრობ გაბრიელი, თქვენ და თქვენი მეგობრები ჩვენთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენთ.
     ექიმს სახეზე უკმაყოფილება ეტყობა, თავს აქნევს და შერიფს ბრაზით აშტერდება.
     - მე მისტერ ლუციუსს არ მივიჩნევ პირადად ჩემი და ამ ქალაქის მაცხოვრებელთა მტრად, შერიფო. ვუარყოფ თქვენს მიერ მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას და აბსოლიტურად არ ვეთანხმები თქვენს შეხედულებას მისი პიროვნების შესახებ.
     წამიერად კმაყოფილება მეუფლება, როგორც ჩანს, ამ ქალაქისთვის ტყუილად არ გავრჯილვარ.
     - გმადლობთ, ექიმო, - ვუღიმი უხიაგ ექიმს, - შეგიძლიათ თქვენს მეგობრად მიგულოთ.
     ექიმი იღიმის და თავს მიქნევს.
     როგორც ჩანს, დათბა..
     - რაც შეეხება გეგმას, - ვამბობ მე, - ჩვენ ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ, - პაუზას ვაკეთებ, მაგრამ ხმას არავინ იღებს, რას იზავ, შიში უდიდესი მოტივატორია, - მარკს რაც შეეხება, ის დაბრუნდება, ისინი კი, ვინც სალემის მაცხოვრებელთა მშვიდ ძილს არღვევს, გაქრებიან და აღარასდროს გამოჩნდებიან.. - მზერას დადუმებულ თანამოსაუბრეებს ვავლებ, - ამას მე გპირდებით, ლუციუსი, ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველი.
     ექიმი მოწონებით აქნევს თავს და მეგობრებისკენ ტრიალდება.
     - მისტერ ლუციუსის სიტყვას ვენდობი, ბატონებო, მას ისევე შეგიძლიათ ენდოთ, როგორც მე მენდობით.
     შერიფი მოღუშული იჩეჩს მხრებს და წარბებქვეშიდან ბრაზით მიმზერს.
     - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? - მეკითხება ექიმი და იქვე აზუსტებს, - საკუთარ თავს, შერიფს და საიდუმლო საბჭოს ვგულისხმობ.
     - თქვენი დავალება საკმაოდ მარტივია, - ვპასუხობ მე, - მშვიდად იჯექით და მოვლენების განვითარებას დაელოდეთ.. - შემდეგ ხმას ოდნავ ვიმაღლებ, - თუ რომელიმე თქვენთაგანი გმირობის გამოჩენას ეცდება, დავბრუნდები და დაგხოცავთ, გასაგებია?
     - გასაგებია, - თავს მიქნევს ექიმი ტომპსონი.
     დამხვდურებს თავის ოდნავი დაკვრით ვემშვიდობები და წამის მეასედში ქუჩაში ვდგავარ, ახლა საჭიროა პრიმუმთა უმაღლესი საბჭო მოვიწვიო და ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრა საუკუნობრივი პრობლემა და სირცხვილი, რომელსაც გაბრიელი ჰქვია.
     საათს დავყურებ, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ, ვუკიდებ და ცისფერი კვამლის პირველ ნაკადს ფილტვებში სტვენით ვუშვებ..

*****

     გოგონამ შალის პლედი მჭიდროდ მოიხვია სუსტ მხრებზე და ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს თვალი მოავლო.
     - აქ რამდენ ხანს გავჩერდებით?
     - რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ზოგადი პასუხი გასცა სიბნელეს შერწყმულმა ტრევის ჯეკსონმა, რამაც ტალია მეისონის ლამაზ სახეზე ღიმილი გამოიწვია, ის ფანჯარასთან მიდგმულ ფეხებმორყეულ სავარძელში გამოჭიმულიყო, თლილი თითები ერთმანეთში ჩაეხლართა და ეშმაკმა უწყის რაზე ფიქრობდა.
     ჭუჭყისგან და მტვრისგან შელამაზებული ფანჯრის შუშები დღის სინათლეს ძუნწად უშვებდა ოთახში.
     - მაინც ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ, - თავი გააქნია გოგონამ და მომწვანო-მოცისფრო ობმოდებულ კედელს მიეყრდნო.
     ტალიამ თვალები გაახილა და მიას გამოუცნობი მზერა მიაპყრო.
     - მე არაფერში გჭირდები, - განაგრძო გოგონამ, - არც მამაჩემი.
     ტრევისი მის სიტყვებს არ გამოხმაურებია, ვინ იცის, იქნებ უკვე მიხვდა ტალიას მზაკვრულ გეგმას და ნანობდა მასთან ალიანსს რომ დათანხმდა, თუმცა სხვა გზა არც ჰქონდა, ჯადოქრის დახმარების გარეშე ვერ წარმოედგინა როგორ მოახერხებდა სალემში მიმდინარე ზებუნებრივი საგიჟეთიდან ქალიშვილის დახსნას.
     - მამაშენი საკუთარი ნებით იმყოფება აქ, - ტალიამ უფროს ჯეკსონს გახედა, - მას ნებისმიერ წამს შეუძლია წასვლა.
     - გამორიცხულია, - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ტრევისმა და სიგარეტი გააბოლა.
     მიას წამიერად იმედი ჩაესახა გულში.
     - მამა.. შეგვიძლია წავიდეთ.
     - მასთან ვალში ვარ, - მოკლედ ისროლა ტრევის ჯეკსონმა, - მე კი არ მიყვარს ვინმესგან დავალებულ მდგომარეობაში ყოფნა.. გარდა ამისა, დედაშენის მკვლელებზე შური უნდა ვიძიო, ვფიქრობ, ეს საკმარისი მიზეზია ჩემი აქ ყოფნის.
     მიას არაფერი უთქვამს. ერთხანს ფიქრობდა.
     - და რა იქნება შემდეგ? - იკითხა ბოლოს, - გგონია ის უბრალოდ გაგიშვებს?
     ტრევისს პასუხი არ გაუცია.
     - რა თქმა უნდა, - უდარდელად გაიღიმა ტალიამ, - ტრევისი არაფერში მჭირდება, მასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ მაქვს.
     - ცრუობ, - თავი ვერ შეიკავა და მკვახედ მიახალა მიამ.
     - როგორც გინდა, ისე იფიქრე ჩემზე, - ოდნავადაც არ სწყენია ჯადოქარს, კვლავინდებურად იღიმებოდა, - მაგრამ მალე თვითონ დარწმუნდები, რომ არც ისეთი ცუდი ვარ, როგორადაც წარმოგიდგენივარ.
     - არის აქ ვინმე? - მოულოდნელად ეზოდან გაისმა ცინიზმით გაჯერებული დამცინავი ხმა.
     ტრევისი სწრაფად წამოხტა, დაიძაბა და ტალიას გახედა. მიას კი ისე არასდროს გახარებია ამ ხმის გაგონება, როგორც ახლა, ამ ირონიულ, დამცინავ ტონს თან იმედის ნაპერწკალი მოჰქონდა.
     ტალიას თვალები დაუვიწროვდა და ნელა წამოდგა, უკმაყოფილოდ ამოისუნთქა.
     - როგორ მოგვაგნეს? - მრისხანე მზერით გახედა ტრევისს.
     ტრევისმა მხრები აიჩეჩა და კარს გახედა მოუთმენლად, ქამრიდან უცნაური იეროგლიფებით მოვარაყებული მოწითალო სარი ამოიღო.
     - ეს არ იქნება საჭირო, - გაიღიმა ტალიამ, მოსასხამი დაუდევრად გადაიკეცა და კარისკენ განარნარდა. მია და უფროსი ჯეკსონი სწრაფი ნაბიჯით მიჰყვნენ უკან.
     ეზოს შუაგულში მკერდზე ხელებგადაჭდობილი, უდარდელი გამომეტყველებით და დამცინავი მზერით იდგა შავგვრემანი უკვდავი, რა თქმა უნდა, შიში არ ეტყობოდა, ეს გრძნობა ხომ უცხო იყო მისთვის.
     მან სწრაფი მზერით მოჩხრიკა გარემო, ტალიას ზურგს უკან ტრევისს და მიას გახედა, შემდეგ ჰაერი შეიყნოსა და ტალიას გაუღიმა.
     - ბინძური ძაღლების სუნი არ იგრძნობა, - გაიცინა და ალესილი ეშვები გამოაჩინა.
     ტრევისს გააჟრჟოლა. მიას არ შეშინებია, რამდენჯერმე უკვე ჰქონდა ტრანსფორმირებული კოვაქსის ნახვის შესაძლებლობა და რაღაცნაირად თითქოს შეეჩვია ამას.
     - იქნებ იმიტომ, - განაგრძო უკვდავმა, - რომ მე ისინი დავხოცე? ჰა-ჰა-ჰა, - გადაიხარხარა და შემდეგ სწრაფადვე დასერიოზულდა.
     - რა სწრაფად გვიპოვნე, - გველივით გაიღიმა ტალიამ, - ვაფასებ, ღირსეული მოწინააღმდეგე გამოდექი.
     - შენი შეფასება ჩემთვის უდიდესი პატივია, - ცინიკურად დაუკრა თავი კოვაქსმა, - ახლა საქმეზე გადავიდეთ. როგორც დიდი ლუციუსი იტყოდა : გოგონას წასაყვანად მოვედი, - და ანგელოზივით გაუღიმა ჯადოქარს.
     ტალია კარის წირთხლს მიეყრდნო.
     - მოიცადე, დავფიქრდე.. მმმ.. რატომ უნდა გაგატანო ის?
     - იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოგკლავ და მაინც წავიყვან მას.
     - ჩემს შვილს ვეღარავინ წაიყვანს, - დაისისინა ტრევის ჯეკსონმა.
     კოვაქსმა სინანულით გააქნია თავი და გაიარ-გამოიარა, შემდეგ შეჩერდა და მზერა უფროს ჯეკსონს მიაპყრო.
     - სამწუხაროა.. დამიჯერე, არც შენზე ამიკანკალდება ხელი, ისევე, როგორც შენს ცოლზე და ჰეიტემ ვესტმორლენდზე, ღმერთმა აცხონოს მათი სული, - შავგვრემანმა დემონმა ღიმლით გამოისახა ჯვარი.
      მიამ ამოიოხრა და პირზე მომდგარი კვნესა უკანვე ჩააბრუნა. ტრევისი დუმდა, მხოლოდ თვალებით ჭამდა პირველყოფილს.
     - მე უკვე გითხარი, რომ აუცილებლად მოკვდები, - მუქარამ გაიჟღერა ტალიას ხმაში, - მაგრამ შენ მაიძულებ, რომ ეს დავაჩქარო, - ის მოჩვენებასავით აიწია ჰაერში, ხელები ოდნავ განზე გაშალა, მოაჯირს გადმოევლო და მიწაზს მსუბუქად დაეშვა, თვალის გუგები გაუთეთრდა, სახე შეეშალა, მკერდიდან უცნაური, დემონური ხმა ამოსდიოდა.
     კოვაქსს თითქოს ნირი ეცვალა, თვალები მოწკურა, ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგა.
     - დროა, - დაიყვირა მრისხანედ და სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ რამდენიმე რამ ერთდროულად მოხდა.
     ტალია მუხლებით დაემხო მიწას, ხელები უჩინარმა ძალამ უკან გადაუგრიხა, მისმა თვალებმა ჩვეული შეფერილობა დაიბრუნა, ცხოველივით ღმუოდა და შუბლს ურტყამდა მიწას.
     სახლს რებეკა გამოსცდა, ხელები ტალიას მიმართულებით ჰქონდა გაწვდილი და არამეულ ენაზე ბურტყუნებდა შელოცვას.
     - ბორკილი, - იკივლა მან, - სწრაფად, თორემ ვეღარ ვაკავებ!
     კოვაქსმა ელვისებური ნახტომი გააკეთა, ტალიას ზურგს უკან გაჩნდა, რებეკას გადმოგდებული ჯაჭვი, რომელსაც ორივე დაბოლოებაზე რგოლები ჰქონდა, ქალს მაჯებზე ჩამოაცვა, ზომაზე დააყენა და შემდეგ ასევე სწრაფი მოძრაობით დაიხია უკან.
     რებეკამ შელოცვა შეწყვიტა, კოვაქსს ამოუდგა გვერდით და შიშისგან გაფართოებული მზერით მიაჩერდა ტალიას, რომელმაც ბორგვა შეწყვიტა,  სწრაფად წამოხტა ფეხზე, თავის მკვეთრი აქნევით სახეზე ჩამოშლილი თმა გვერდით გადაიყარა და სასტიკი მზერით მიაჩერდა ქალს.
     - რებეკა.. რებეკა, - შურისმაძიებელი ხმით წაიღიღინა მან, - შევცდი, ცოცხალი რომ დაგტოვე.. და ფიქრობ, რომ ეს ჯაჭვი შემაკავებს?
     ტალიამ თვალები დახუჭა, შებორკილი ხელები წინ გაიწოდა და ბუტბუტი დაიწყო, თუმცა არაფერი მომხდარა, რკინის სალტეები კვლავინდებურად მტკიცედ შემოჭდომოდა მაჯებზე. დემონი-ჯადოქარი დაეჭვებული და შეძრწუნებული მზერით დააშტერდა რგოლებს.
     - რა ხდება.. რა.. ხდება?.. ეს..
     - ამჯერად ვერაფერს გახდები, - გამოეხმაურა კოვაქსი.
     ტალიამ რებეკას გახედა.
     - მე ყველაზე ძლიერი ჯადოქარი ვარ, ვისაც კი უცხოვრია ბუნებრივში და ზებუნებრივში და შენ იცი ეს.
     - რა თქმა უნდა, - მიუგო რებეკამ, - ეს ასეა.. მაგრამ ყველა სიძლიერეს აქვს სისუსტე.. საკუთარ ძალას ვერ შეეწინააღმდეგები, ტალია.
     კოვაქსმა ჩუმად ჩაიცინა.
     - საკუთარ ძალას? - დაიბნა ტალია და კვლავ ჯაჭვებს დახედა.
     - ბორკილს შელოცვა ადევს, - მიუგო რებეკამ, - შელოცვა იმდენად ძლიერია, რომ შენც კი ვერ დაამსხვრევ მას, რადგან ის შენი თმით არის შეკრული!
     ტალიამ ახლაღა შეამჩნია ჯაჭვზე წვრილად დახვეული თმა, მწარედ ამოიგმინა, კიდევ ერთხელ სცადა შეწინააღმდეგებოდა შელოცვის ძალას, მაგრამ როდესაც კვლავ არაფერი გამოუვიდა, დანებდა, თავი ჩაღუნა და მწარედ ჩაიცინა.
     - ახლა რას მიპირებთ, თქვენც მკვლელებს ჩამაბარებთ? როგორც ეს გაბრიელმა გამიკეთა?
     კოვაქსმა რამდენიმე ნაბიჯში დაფარა ჯადოქრამდე მანძილი, მხარზე ხელი დაადო და თვალებში ჩახედა.
     - შენ ჩვენ დაგვეხმარები სიტუაციის გამოსწორებაში და სამაგიეროდ მე გპირდები, რომ გაგათავისუფლებ!
     ტალიამ ჩაიცინა.
     - რაში უნდა დაგეხმაროთ? მე შებორკილი ვარ, დაგავიწყდათ? - მან ხელები ასწია და ჯაჭვი დამცინავი სახით დააჟღარუნა.
     - გაგათავისუფლებთ, როდესაც დრო მოვა... - კოვაქსი ჯადოქრის ყურთან დაიხარა და ჩურჩული განაგრძო.
     რამდენიმე წუთის შემდეგ წელში გაიმართა და ტალიას გაუღიმა.
     - აბა, რას იტყვი? დამიჯერე, ჩვენ შენს მოკვლას არ ვაპირებთ, რადგან ვიცით, რომ აზრი არ აქვს ამას.
     - წინადადება არც ისეთი რთულია, - ჩაფიქრდა ტალია, გონებაში წონიდა კოვაქსის სიტყვებს, -... კარგი, - გადაწყვიტა ბოლოს, - მაგრამ რატომ უნდა გენდოთ?
     რებეკამ მხრები აიჩეჩა.
     - შენ წამგებიან სიტუაციაში ხარ, სხვა გამოსავალი არ გაქვს.
     ტალია ერთხანს ბოროტი მზერით შეჰყურებდა ქალს, შემდეგ ნელა დააქნია თავი.
     - კარგი.. სიტყვას გაძლევთ!
     კოვაქსმა მოწონებით დააქნია თავი.
     - შენ სიტყვის გატეხვა არ გჩვევია, ტალია მეისონ, გირჩევ გულშიც არ გაივლო ჩვენი მოტყუება.

*****

     პენსილვანია. შავ ანაფორაში გამოწყობილმა, მოკლედ წვერშეკრეჭილმა, მშვიდი და მტკიცე გამომეტყველების მამაკაცმა, რომელსაც ერთ ხელში ბიბლია ეკავა გულთან მიხუტებული, მეორეთი კი კრიალოსანს მარცვლიდა, ეკლესიის კიბეები ჩამოიარა და მაშინვე შეამჩნია კიბეებთან გაჩერებული შავი "ფორდი" და ზედ მიყრდნობილი უცნობი, ქერათმიანი, მოკლედ შეჭრილი ჟღალი წვერით და შავი სათვალით.
     მის დანახვაზე უცნობი წელში გასწორდა, წვერი თითებით ჩამოიფოცხა და სათვალე მოიხსნა.
     - პასტორი ჰენრი?
     - დიახ.. - პასტორი შედგა, წამიერად შეზარა უცნობის რენტგენისებურმა მზერამ.
     - შეგიძლიათ მისტერ ლუციუსი დამიძახოთ, - უცნაურმა მამაკაცმა ხელი გაუწოდა პასტორს, - მე ექიმ ტომპსონის მეგობარი გახლავართ.
     პასტორმა ხელი ჩამოართვა, ალდო ტომპსონის ხსენებამ დაამშვიდა.
     - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
     - საქმე, რომელზეც მე გეახელით, მეტად დელიკატურია და ჩვენგან შესაბამისად ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, - უცნობი უცნაური, თითქოს რამდენიმე საუკუნის წინანდელი მანერით მეტყველებდა და ეს უფრო მეტად ანიჭებდა იდუმალებას.
      უცნობმა მიმოიხედა.
     - ექიმი ტომპსონი ალბათ იმასაც გეტყოდათ, რომ ჩემი ნდობა შეიძლება, - წყენამ გაჟონა პასტორის ხმაში.
     - დიახ, დიახ, მომიტევეთ ესოდენ უპატიბცემულოდ გამომივიდა, - მოიბოდიშა უცნობმა, - მოკლედ.. ექიმს სურს, რომ სწორედ თქვენ ჩახვიდეთ მასთან, სალემში.
     პასტორს გაკვირვება გამოეხატა სახეზე.
     - მას მეგობარი სჭირდება თუ ღვთისმსახური?
     - ორივე, - მოსჭრა უცნობმა, - და საუკეთესო კანდიდატურა თქვენ ხართ.
     პასტორი ერთხანს ფიქრობდა.
     - როგორც ვიცი, ჩემს გარდა მას კიდევ ჰყავს მეგობრები, რომლებიც ღმერთს ემსახურებიან.
     - დიახ, ასეა, - უცნობი შეყოვნდა და პასტორს ჯიქურ მიაშტერდა, - მაგრამ მის სიტყვებს თუ გავიმეორებ, თქვენ მის მეგობარ პასტორებს შორის ერთადერთი ხართ, ვისაც ეგზორციზმის ჩატარება ძალუძს!
     - ეგზორციზმის? - ყბა ჩამოუვარდა პასტორს.
     - დიახ, დემონის განდევნის რიტუალის! - დაბეჭდა უცნობმა და სიგარეტს მოუკიდა.
     ამ სიტყვებმა ხანგრძლივი დუმილი ჩამოაგდო. პასტორი ჰენრი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო  შეერთებულ შტატებში იმ მცირერიცხოვან პასტორთა შორის, ვისაც ვატიკანმა ოფიციალურად მისცა უფლება ეგზორციზმის რიტუალი ჩაეტარებინა, ეს პროცედურა, რაც ადამიანის სხეულიდან დემონის განდევნას გულისხმობს, ერთობ სარისკო და არაპროგნოზირებადია და მხოლოდ ერთეულებს აქვთ ძალა და პატივი მისი ჩატარებისა. ასეთი იყო თავად პასტორი ჰენრი.
     - კარგი.. - დათანხმდა ბოლოს, - ამის შესახებ ვატიკანს უნდა ვაცნობო, პროტოკოლის თანახმად, შეპყრობილის შესახებ ვიდეო და ფოტომასალა უნდა გადავუგზავნო და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ რიტუალს.
     უცნობმა თავი გააქნია.
     - სამწუხაროდ, ამის უფლებას ვერ მოგცემთ, როგორც მოგახსენეთ, სიტუაცია დელიკატურია, თქვენ არჩევანი გაქვთ, წამოხვალთ სალემში და რიტუალს ჩაატარებთ ვატიკანის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ან აქვე და ახლავე იტყვით უარს და ჩვენს საუბარს დაივიწყებთ.
     პასტორი შეფიქრიანდა, უცნობის სიტყვები მართლაც არ ჰგავდა ხელწამოსაკრავს, თან პროფესიული ჟინი და ინტერესი, შეუცნობელის შეცნობის უზომო სურვილი ექაჩებოდა.
     - თანახმა ვარ, - მტკიცედ მიუგო.
     - ძალიან კარგი, - უცნობმა სიგარეტის ნამწვი ნაგვის ურნაში მოისროლა და მანქანის კარი გამოაღო, - დაბრძანდით, სახლში წაგიყვანთ, ალბათ რიტუალის ჩასატარებლად საჭირო და შესაბამისი ნივთები დაგჭირდებათ..
    



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ტალიას თუ რამე მოთოკავდა არ მეგონა. ყოჩაღ რებეკა. კოვაქსი მაინც შეუდარებელია❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent