შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ არ ვმთავრდებით (სრულად)


14-11-2019, 11:23
ავტორი izabella
ნანახია 4 061

ნაცარგორაში ვართ, ხაშურიდან თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან შვიდას სამოც მეტრზე, ჩემი მშობლების სახლში, სადაც მთელი ჩემი შეგნებული ბავშვობა გავატარე. სადაც მიხაროდა, მწყინდა, მიყვარდა, ვბრაზდებოდი, ვცელქობდი, ვაბრაზებდი სხვებს, ვაფუჭებდი, რომ წამოვიზარდე მერე სხვის გაფუჭებულს აქეთ მე ვაკეთებდი. ჩემ ბავშვობაში პატარა ერთსართულიანი ხის სახლი გვქონდა ეზოში, სახლში შესასვლელს ოთხ საფეხურიანი წვიმისგან ნახევრად დამპალი კიბე ჰქონდა მიდგმული და დამოუკიდებლად ვერასდროს ვახერხებდი ასვლას, რადგან ფეხი მივარდებოდა საფეხურებს შორის. მერვე კლასში ვიყავი, მამამ დანაზოგით მთლიანი სახლი რომ მოშალა, თვეზე მეტი იქვე მისი ძმის სახლში ვიყავით გადაბარგებულები, მანამ, სანამ სამ სართულიანი სახლი არ ააშენა ძიასთან ერთად. პირველ სართულზე სულ ოთხი ოთახი გააკეთეს, დიდი სამზარეულო, მისაღები, რომელიც სამზარეულოსგან თაღით და პატარა ბარით არის გამოყოფილი, სააბაზანო და სათავსო ოთახი, აქ დედა ზამთრისთვის დაბეჭდილ ბოსტნეულს და კომპოტებს ინახავს. პირველი სართულის წინ დიდი დერეფანი გვაქვს სადაც ჰამაკია გაბმული და ხშირად ვნებივრობ საღამოობით. მეორე და მესამე სართულებზე სამ -სამი საძინებელია განთავსებული, ორივეს საშულო სიდიდის აივნები აქვს. მეორე სართულზე არსებულ ერთ - ერთ ოთახში მე მძინავს, მშობლებს კი მესამეზე, მამას ბავშვობის ოცნება იყო ყოველ დილა მესამე სართულის აივანზე მდგარს ეყურებინა როგორ ამოდიოდა მზე ჩამალული ღრუბლებიდან. ქალაქისგან განსხვავებით აქ დილა სულ სხვანაირად თენდება, სხვანაირი ჰაერი, სხვანაირი სიხალისე, სხვანაირი დილის მადლი ტრიალებს. როდესაც აქ ვარ, ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და ვსუნთქავ. აქ როცა განწყობა რიგზე ვერ მაქვს, მაინც კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ მშობლიური გარემოა, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მეზობლები, აქ ის ადამიანები არიან ვინც მე მიცნობს და ვისაც მე ვიცნობ. აქ წყენაც და გაბრაზებაც მალე ქრება და რამდენიმე სააათში აღარც კი გახსოვს რაზე იჩხუბე. აქ ყველა ერთი ოჯახია, სადაც შიმშილს ვერ იგრძნობ, უფრო სწორად არავინ გაგრძნობინებს ამას. ვისაც რა აქვს სახლში, ყველა თავის ლუკმას გაგიყოფს, ისე, რომ წლების მერე არც დაგამადლიან. სკოლას რომ ვამთავრებდი, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ თბილისში უნდა მესწავლა, ამიტომ გირაოთი აიღო მამამ სახლი და იქ გადავბარგდით, როგორც კი დასვენების დღეები დგებოდა, ყველანი ისევ აქ მოვრბოდით. მამამ ჩვენი თბილისში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია გახსნა, თავიდან ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ფეხი ავუწყეთ ქალაქის რიტმულ ცხოვრებას და მას შემდეგ ბევრი თუ არა ჩვენ -ჩვენი პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფულით ვცხოვრობთ. რაღაც დროის შემდეგ სამ ოთახიანი ბინა ვიყიდეთ, ლოჯი ამოვაშენეთ და ოთხ ოთახიანად ვაქციეთ. უნივერსიტეტში სწავლა რომ დავიწყე ნელ - ნელა ჩემი სანაცნობო და სამეგობრო წრეც გაფართოვდა. სწორედ სანაცნობო წრეში გავიცანი გოგო რომელიც ძალიან მომეწონა, მერე უფრო ახლოდან შევძელი მისი გაცნობა და შემიყვარდა. არც თუ ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოჯახი შეგვექმნა და დღეს დილით, ჩემ მშობლიურ სახლში მოვიყვანე და ოფიციალურად წარვუდგინე დედას, როგორც ჩემი ცოლი, მაგრამ როგორც კი გაიგეს მისმა ოჯახის წევრებმა, უფრო სწორად კი მამიდამ, რადგან მისი მშობლები საბერძნეთში სამუშაოდ არიან უკვე წლებია, ჩვენი სოფელში ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში მოაკითხეს.
ყველანი მეორე სართულის აივანზე ვართ შეკრებილები და ვუყურებთ ჩემი ლეილას მამიდის დადგმულ იაფასიან სპექტაკლს, რომლის წყალობითაც ცდილობს მის თბილისში წაყვანას.
-ლეილა, შენ თუ ჩვენთან ერთად არ წამოხვალ ახლავე გადავხტები აქედან, - ყვირის ქალი, მოაჯირს ეჭიდება და ზედ ასვლას იწყებს.
-რას აკეთებ, მამიდა?! -შეშინებული ლეილა მისკენ გარბის და მაჯაში ეჭიდება, რომ შეაჩეროს.
-გადავხტები იცოდე, იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ უძირო ორმოში ჩავარდნილიყავი. ბიჭები დაილივნენ ამას რომ არ გაჰყვე ცოლად?
-ვინც მიყვარს იმასთან ერთად მინდა მე ცხოვრება!
-ასეთთან გინდა ცხოვრება? ასეთთან? ჩვეულებრივი ტყის კაცია, აბა ერთი კარგად შეხედე? ბოლოს თმა როდის დაივარცხნე შვილო, გახსოვს?- მრისხანე მზერის ობიექტი ვხდები მე.
-თუ შეიძლება ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენებისგან თავი შეიკავეთ! -ტუჩს და წარბს ერთდროულად წევს ზემოთ და ისევ ლეილას მიმართულებით აბრუნებს თავს.
-შენი მშობლები საბერძნეთში წელებზე ფეხს იდგამენ, რომ არაფერი მოგაკლდეს და შენ კი რას აკეთებ?
-სრულწლოვან ადამიანს ვერ დაუშლით როდის როგორ მოიქცეს.
-სრულწლოვანება არაფერს ნიშნავს, ვერ ხედავ პირზე რძე არ შეშრობია. რა დროს ამისი გათხოვებაა?
-აჰ, ჩემთვის პატარაა და სხვისთვის არა?
-ეგ შენი საქმე არ არის.
-მამიდა, გთხოვ! -ევედრება ლეილა. სწრაფად დამუხრუჭების ხმა მესმის, ვიღაც ქუჩის კარებს თითქმის ანგრევს და კიბეები ზანზარს იწყებს ისე ამოდის ზედა სართულზე. და აი, ისიც ჩემს წინაშე მთელი თავისი ,,დიდებულებით" სიმაღლით თანატოლი, ჩემზე ბევრად ზორბა და ღიპიანი, ახალგაზრდა კაცი ჩნდება, ეს ლეილას მამიდაშვილის ქმარი გიაა. მისი შემხედვარე კაცი იფიქრებს სადაცაა მშობიარობა დაეწყებაო იმხელა მუცელი აქვს ჩამოკიდებული. ერთი ცინიკურად ავლებს ყველას თვალს, რამდენიმე წამს მზერას ჩემზე აჩერებს და ლეილას ჯიქურ აშტერდება.
-მალე გნახავ მხარზე თოხგადებულს, ყანაში მიმავალს, -იცინის და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩადის კიბეებზე. ისევ ქუჩის კარების ზათქით დაკეტვის ხმა და მანქანის ბორბლების ღრჭიალი, რის შედეგადაც საშინელი მტვერი დგება გარეთ.
-როგორ არ გრცხვენია ამხელა გოგოს? -კიდევ ერთხელ ყვირის ქალი, -უჰ, გული მეტკინა, ჩქარა ვალიდოლი მომეცით ვინმემ,- გულზე ხელს იდებს და იმ წუთას ჩემი ბიძაშვილის მიერ მიწვდილ პატარა ტაბურეტზე ჯდება და თავს მოაჯირს ადებს. როგორც კი ამჩნევს, რომ ლეილა მასთან ახლოს მისვლას აპირებს, მაშინვე ყვირილს იწყებს არ მომეკაროო, -ეს ყველაფერი უსისხლოდ არ ჩაივლის, ყველას გაფრთხილებთ, -საჩვენებელ თითს იქნევს, - შენ კიდევ, -ჩემკენ იშვერს თითს და სახეზე ზიზღი ესახება, -ფუჰ, რას ჰგავხარ შე უპატრონო, კაცს მაინც ჰგავდე. ჩემი ქმარი და ამის მამა რომ ჩამოვლენ საბერძნეთიდან ნაფლერთებად გაქცევენ. ვინ გაპატიებს ანდღულაძეების ერთადერთი ქალის გაუბედურებას?
- ქალბატონო ერთი კითხვა მაქვს,- სიმწრისგან კბილებს ვაღრჭიალებ, - სიყვარულით გათხოვდით თავის დროზე?
-ეს რა შეკითხვაა?- წამით იბნევა, მერე კი სახეზე მრისხანება ეკვრება, -შენ ვინ გეკითხება მაგას?
-ალბათ არასდროს გყვარებიათ ქმარი, მაგრამ ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდით. მაშინ ხომ სხვა დრო იყო, სხვა მენტალიტეტი, სხვა აზროვნება. იქნებ გიყვარდათ კიდეც ვინმე, მაგრამ ისე გაგათხოვეს არავის უკითხავს თქვენთვის საერთოდ გინდოდათ თუ არა უცხო მამაკაცთან ერთობლივი თაცხოვრება.
-უზრდელო, ამხელა ქალს რა უფლებით მიბედავ, რომ ჩემ პატიოსნებაში ეჭვი შეგაქვს?! -შეტევაზე გადმოდის და ვრწმუნდები ჩემი ნათქვამის სისწორეში, -ლეილა, ბოლოს და ბოლოს წამოხვალ სახლში თუ კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ აქ? შეიყრება მთელი სანათესაო, გაგრიყავენ და არავინ არ იქნება შენი მომხედი. ყველა უარგყოფს, პირველ რიგში შენი მშობლები. -ლეილას უჩვეულოდ შეცვლილ სახეს ვუყურებ, რომელზეც სხვადასხვა ემოციები ესახება. თმებში ნერვიულად რომ იცურებს თითებს აი, მანდ ვხვდები, რომ ჩემი საქმე ცუდად არის, თან ძალიან ცუდად. წავა და გამანახევრებს, დღეს დამიღამებს, მზეს ჩამიქრობს, უკუნეთში ცხოვრებისთვის გამწირავს, ჯოჯოხეთურ ტანჯვას მომაყენებს და ადამიანის ნაცვლად ტკივილის ნაწილაკებად მაქცევს, რომელსაც ვეღარავინ შეკრებს ერთად. მე ამ ყველაფერს ვიაზრებ და სუნთქვაშეკრული შევყურებ რას მოიმოქმედებს. მიდის კიდეც, თვალცრემლიანი მემშვიდობება, ვერ ბედავს ბოლოჯერ მაინც მომეხვიოს. ჩემ წინ დგება, თვალს ვერ მისწორებს, თავი აქვს ჩახრილი და ცრემლები მის ყვითელ კედებზე წკაპუნით ეცემა. ჩურჩულით ამბობს მაპატიეო, ზურგს მაქცევს და კიბეებზე უკანმოუხედავად ჩარბის. ძვირფასი მამიდა გამარჯვებულის იერით დგება ტაბურეტიდან და წელში გამართული მიქცევს გვერდს. ადგილზე გაყინული ვდგავარ, ხმას ვერ ვიღებ, მარტო თვალებს ვახამხამებ. მანქანის ხმასაც კი ვერ ვიგებ როგორ მიდიან. დედაჩემის ცრემლიან თვალებს მაშინ ვეჩეხები როდესაც ჩემი მამიდაშვილი ზურა ხელკავს მიყრის და კიბისკენ მივყავარ. ეზოში პატარა ბაღ - ბოსტანი გვაქვს, სადაც ადესა ყურძნის სურნელოვანი ტალავერია, იქვე დგას დაჟანგული რკინის სკამები და მაგიდა. ბავშვობაში ბებოსთან და პაპასთან ერთად ვიჯექი აქ, ერთ ხელში ახლად გამომცხვარი თონის პურით, მეორეში იქვე, ბოსტანში ახლად მოკრეფილი გაურეცხავი პომიდვრით და მარილმოყრილს მადიანად შევექცეოდი. იმ მაგიდასთან ვსხდებით და არც ერთი ხმას არ ვიღებთ, რამდენიმე წუთში, ჩემი ბიძაშვილი თენგო და რამდენიმე უბნელი ბიჭიც მოდიან. ვსხედვართ უხმოდ, არცერთი არ ვუყურებთ ერთმანეთს. ვხედავ როგორ იზიარებენ ჩემ უთქმელ ტკივილს და მადლიერი ვარ მათი. გამოსავლის პოვნაზეც კი ვერ ვფოკუსირდები, მხოლოდ მთელი დღის მომხდარ კადრებს ვახვევ გონებაში და ვფიქრობ სად ან როგორ დავუშვი შეცდომა, რა ვერ გავაკეთე, რომ ლეილა წავიდა. თავი მტკივდება, ისე ტკივდება ლამის საფეთქლები გამისკდეს, მთელი ძალით ვიჭერ თავზე ხელებს და რამდენიმე წამი ასე ვყოვნდები. თითქოს ცოტა მეშვება, მაგრამ მერე უფრო მიძლიერდება და თვალებზე მაწვება ტკივილი. აივნისკენ ვიხედები, დედა მოაჯირთან დადგმულ მაგიდას მიჯდომია, თვალებზე ჭაობისფერი ცხვირსახოცი აუფარებია და მხრების ცახცახით ვხვდები რომ ტირის. ბიცოლაც გვერძე უზის და ალბათ ამშვიდებს, მაგრამ ის მაინც ვერ დამშვიდდება, მე ხომ ვიცი, ხომ ვიცნობ. დედა რის დედაა შვილის ტკივილმა თუ ათასჯერ მეტად არ ატკინა და გაუგლიჯა გული. მეცოდება, თავს დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე. იმედები ვერ გავუმართლე, დილით რძალი მოვუყვანე და საღამოს თავისი ფეხით წავიდა. მზე მიიმალა, სიცივემ თავი შეგვახსენა, მაგრამ მე ჯიუტად არ ვიძვრი ადგილიდან, არც ისინი.
-წადით, არ გაცივდეთ! -ვამბობ ბიჭების გასაგონად.
-არა გვცივა, -ყველას ნაცვლად თენგო მცემს პასუხს.
აივანზე სინათლე ანთია, რამდენიმე მეზობლის ქალს ვხედავ. ბიცოლას შავი სპორტული მოსაცმელები უჭირავს ხელში და ჩვენკენ მოდის, ბიჭებს უწვდის ჩაიცვითო და მერე ერთ ცალს მე მახურებს მხრებზე. არაფერს მეუბნება, თავზე მკოცნის და უკან, სახლისკენ მიუყვება ბილიკს. აქამდე სიცივისგან წელში მოხრილი ბიჭები ცოტა იმართებიან. მაჯის საათს დავყურებ, ორის ნახევარი ხდება. დედაჩემი ისევ აივანზე ზის, ახლა უკვე აღარ ტირის, მაგრამ შორიდანვე ვამჩნევ მის ემოციურ ლაპარაკს, ხელებს რომ იშველიებს.
-მეძინება, -უსირცხვილოდ ვცრუობ და ფეხზე ვდგები. ისიც იმიტომ, რომ ბიჭები მეცოდებიან, -თქვენც წადით სახლებში, გაგყინეთ, - ბილიკს მივუყვები სახლისკენ. ფეხის ხმაზე ვხვდები უკან როგორ მომყვებიან. მე აივანზე ავდივარ, ისინი კი თავ-თავიანთ სახლებში იკრიფებიან. მეორე სართულზე ასული დედას ლოყაზე ვკოცნი და ოთახში ვიკეტები. ცოტა ხანში ზურა და თენგო შემოდიან. ორივეს ეცინება, ეტყობათ, რომ ჩემი შეწუხება არ უნდათ და დედასაც ხათრს ვერ უტეხავენ.
-რა გითხრათ ბელამ, თავს რამე არ აუტეხოსო და შემოგყარათ საჯიშე ხარებივით? -მეცინება მე.
-როგორმე აგვიტანე, -ხელებს განზე შლის ზურა და ძველ ხაკის სავარძელში თავსდება. თენგოს იღლიაში ამოდებული ბალიში ვერ გაუგია სად დადოს და აქეთ - იქით იყურება დაბნეული.
-სადმე დააგდე ეგ ჩემისა და დაჯექი საწოლზე, - გულაღმა მწოლიარე ფეხებს ვკეცავ და ადგილს ვათავისუფლებ, რომ დაჯდეს.
-არ გეძინება? -მეკითხება თენგო.
-რა დამაძინებს? -განადგურებული შევყურებ ორივეს, -თქვენ დაიძინეთ, ჩემ გამო ტყუილად ნუ გაიტეხავთ ძილს, -საწოლიდან ვდგები, ფანჯარასთან მივდივარ და ყავისფერ ბატისტის ფარდას გვერდზე ვწევ. მთვარიანი ღამეა, ისეთი, სოფლის ორღობეში სათითაო კენჭსაც რომ დაითვლი, -ხვალ ზღვაზე წასვლა გადავწყვიტე, -ვუმხელ ბიჭებს ჩემ ჩანაფიქრს.
-იქ რა გინდა?
-დასვენება ზურა, სხვა რა უნდა მინდოდეს?
-დასვენება თუ გინდა კახისთან წადი ფშავში.
-არა, ბათუმში მინდა.
-ვისთან უნდა იყო? ან რა უნდა აკეთო იქ? ზღვა შენ არ გიყვარს და კლუბური გართობა.
-სასტუმროში გავჩერდები ათი დღე მაინც და მერე ჩამოვალ. თუ გინდა წამოდით რომელიმე, ხელს არ შემიშლით.
-კარგი იქნებოდა, მაგრამ ყურძენი თუ არ დავკრიფეთ ვენახში, გაგვიფუჭდება სულ.
-შენ, თენგო, არც შენ არ გინდა წამოსვლა?
-ერთი ოთხი დღე მინდა თბილისის სახლის რემონტს მოვრჩები და იქა ვარ.
-თ, თენგო თ!
-რა თ? შენ რეებსღა უბერავ? -ზურას რეპლიკით ღიზიანდება თენგო.
- კი არ მიდიხარ, მივდივართ. ორივე, ჩვენ - ჩვენ საქმეებს მოვამთავრებთ და დავაწვებით ბათუმში.
-ბაზარი არაა. ოღონდ ახლა დამაძინეთ, -თავზე იმხობს ბალიშს თენგო და ხმას აღარ იღებს. ზურასაც მალე ეძინება და ვრჩებით მხოლოდ მე, ჩემი ფიქრები და ყელგამოჭრილი ოცნებები. გამთენიისას სპორტულ სამგზავრო ჩანთას ვიღებ, ნაჩქარევად ვალაგებ ტანსაცმელს და ოთახის გასასვლელ კარებთან ვდებ. ცოტა ხნით აივანზე გავდივარ, დილის გრილი სიო ისე მიკრავს გულში, როგორც დედაჩემი მიკრავს ხოლმე ძალიან მონატრებულს და აღარ სურს მისი მკლავებიდან თავი დავაღწიო. მოაჯირზე ვჯდები და ღრუბლებიდან ახლად ამოწვერილ მზეს ვუწყებ ყურებას. დედა როდის მიახლოვდება ვერ ვიგებ, თავისი წითელი „ვაფლის“ ხალათი აცვია, ქერად შეღებილი თმა კეფაზე აქვს აკეცილი. ახლოს მოდის, შუბლზე ჩამოყრილ თმას უკან მიწევს, როგორც ბავშვობაში სჩვეოდა შუბლზე მკოცნის და მეხუტება.
-გენაცვალოს დედა!
-ბათუმში მივდივარ, -ისე ჩუმად ვამბობ თითქოს მეშინოდეს სხვამ არ გაიგოს.
-წადი, -თვითონაც ჩემსავე ტონალობაში ამბობს.
-აქ რომ დავრჩე გავგიჟდები, დედა!
-მესმის, -კიდევ უფრო ჩუმად ამბობს და უფრო მაგრად მხვევს ხელებს.
-მამა რეისიდან როდის ჩამოდის?
-თხუთმეტში. შენ არ ინერვიულო, მე ჯერ არაფერს ვეტყვი, რომ ჩამოვა ისედაც გაიგებს.
-მანამდე მეც ჩამოვალ.
-რამდენი ხანიც გინდოდეს დარჩი.
-ათ დღეზე მეტს ვერ გავძლებ, შენც ხომ კარგად იცი. თუ გავძელი მაქსიმუმ ოცი დღე, მერე მომწყინდება.
-თავს არაფერი აუტეხო, იმ გოგოს შეიძლება არ ჭირდები, მაგრამ დედაშენს და მამაშენს ჰაერივით ჭირდები. არ დაგვღუპო შვილო, შვილის სიკვდილი დედის სიკვდილსაც ნიშნავს, ნუ შემმოსავ შავი კაბით გევედრები, -ცრემლები სცვივა და თვალებზე ხელს იფარებს.
-შენი ერთადერთი შვილი გეიმედებოდეს, დედა, -ვამბობ მე, ის კი იღიმის და კიდევ ერთხელ მკოცნის.
ბიჭები როგორც კი იღვიძებენ და დგებიან, ორივე შეთქმულებივით გაუთავებლად რეკავენ სადღაც, ერთ საათში ბათუმში ჩემი ბინის ამბავი მოგვარებულია.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ ბათუმში ჩასულს რატომღაც მგონია, რომ ზურას მეგობარი ბიჭი უნდა დამხვდეს. ჩემი წარმოდგენით ვინმე მაღალი, შავთმიანი ან წითური თმებით, გარუჯული, ნავარჯიშები სხეულით, მაგრამ მწარედ ვცდები, როდესაც ჩემკენ მომავალ გოგოს ვხედავ. მხოლოდ ნავარჯიშები და გარუჯული სხეული ემთხვევა, სხვა ყველაფერში ვტყუვდები. ისეთი გოგო მიახლოვდება და მეუბნება ზურას მეგობარი ვარო ლამისაა ენა გადავყლაპო. ასეთ გოგოები საერთოდ თუ არსებობდნენ ვერც წარმოვიდგენდი. მაღალი, ძვალმსხვილი გოგო, კუპრივით შავი, დატალღული, წელამდე თმით, შავი თვალებით და მსხვილი მოწითალო ტუჩებით. სიარულზე ეტყობა რომ სამხედრო სამსახური აქვს გავლილი. ერთი ზომით დიდი, შავი სპორტული მოსაცმელი აცვია, ზურგზე კობრის გამოსახულებით, რომელსაც ღია მწვანე შარვალი აქვს შეხამებული, მუხლს ზემოთ და ქვემოთ მოზრდილი ჯიბეები აქვს შარვალს დაკერებული, ფეხზე კი სამხედრო ჩექმები აცვია.
-ლევანი?
-დიახ!
-ფატიმა.
- სასიამოვნოა! - ხელს ვუწვდი, ის კი ისე ძლიერად მართმევს, მტკენს.
-ჩემთვისაც, წავედით სახლში, -ამბობს და ისე მირტყამს მხარზე ხელს როგორც დიდი ხნის ძმაკაცს. „ჯი ემ სი“ -ში კომფორტულად ვთავსდები და დაახლოვებით ნახევარ საათში უკვე ოთხ სართულიანი სახლის წინ ვდგავარ. ეზოში ხალხი ტრიალებს, როგორც ზურამ მითხრა დამსვენებლები მათ სახლს არასდროს აკლია.
-რომელი სართული გირჩევნია? -მიყურებს ფატიმა.
-არჩევანზეა?
-ყველა სართულზე გვაქვს თავისუფალი ოთახი. ნუ, ჯერჯერობით, რამდენიმე დღეში აღარც ეგ გვექნება, ხალხი რომ მოაწყდება სანაპიროს. ოქტომბრის ბოლოა, მაგრამ ზღვა ისეთი თბილია, რომ ვინც მოდის არავის აღარ უნდა აქედან წასვლა.
-მესამეზე მინდა.
-იყოს მესამე, მაგრამ ფრენაზე არც იფიქრო, - მიცინის გოგო.
-მსგავსი რამ გეგმაში არ მაქვს.
-ძალიან კარგი!
სახლი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ეზოში ღობეებთან სულ გლიცინიები და ყვითელი ვარდები დგას. აყვავებულმა ვარდის სურნელმა ეზოში შესვლისთანავე მოაღწია ჩემ ყნოსვის რეცეპტორებამდე. სახლს მესამე სართულზე ასასვლელი კიბე გარედან აქვს. უკვე ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შესვლას ვაპირებ, კამერებს რომ ვამჩნევ ეზოში და მერე შესასვლელ დერეფანშიც. ოთახში შესული გაფაციცებით ვათვალიერებ კუთხეებს, მაგრამ კამერები აქ ნამდვილად არ არის. ჩემი სამყოფელი საკმაოდ ნათელია, ხის ორსაწოლიანი დგას ოთახის ცენტრში. იატაკი გალაქულია. საწოლს ჩალისფერი გადასაფარებელი აქვს გადაფარებული, ზედ ორი თეთრი და ორი ყავისფერი ბალიში დევს. საწოლის აქეთ -იქიდან ტუმბოების მაგივრობას პატარა, მაღალი, სამფეხა, მრგვალი მაგიდები სწევენ, რომლებზეც თეთრი სანათები დგას. ოთახს ერთი, საკმაოდ დიდი ფანჯარა აქვს, საიდანაც სინათლე შემოდის. თავს ზემოთ, ჭერს ვუყურებ და ძალიან მეუცნაურება „ჯეკ დენიელსის“ კვადრატული ფორმის გადაჭრილი ოთხი ბოთლისგან შექმნილი ჭაღი, რომელში ნათურებია დამაგრებული, მაგრამ ამავე დროს ორიგინალურად და ლამაზად გამოიყურება. ფანჯარასთან ახლოს მოწნული სავარძელი დგას, იქვე პატარა საწერი მაგიდაა კედელთან მიდგმული. საწოლის მოპირდაპირედ ერთკარიანი, მაღალი, ტანსაცმლის კარადა დგას, რომელსაც კარში სარკე აქვს დატანებული. მის გვერდით კი ყვითლად შეღებილ სათლში ჩარგული ალოე ვერა იწონებს თავს. ჩანთას კარადასთან ვაგდებ, საწოლზე გულაღმა ვწვები, ხელებს თავქვეშ ვიწყობ და თვალებს ვხუჭავ. უცებ კარზე კაკუნის ხმა მესმის და მხოლოდ თვალების გახელას ვასწრებ, ფატიმა რომ ჰყოფს თავს. წამოდგომას ვაპირებ, მაგრამ ხელით მანიშნებს იყავიო.
-ცოტა ხანში დაბლა გელოდები, გოგოები საჭმელს ვამზადებთ და ვჭამოთ, აქ ცალ -ცალკე არავინ არ ვჭამთ. აბაზანა თუ დაგჭირდება მეორე სართულზეა და შეგიძლია ისარგებლო. გოგოების ცალკეა, ბიჭების ცალკე. გოგოებისას ყვავილები მივახატეთ, ბიჭებისას ბურთები, ასე, რომ მგონი არ უნდა შეგეშალოს, მაგრამ მაინც თუ მოხდა ეგ უბედურება წინასწარ იცოდე რეზინის შლოპანცი სიფათში გარანტირებული გაქვს, -სიცილით ამბობს და თვალის დახამხამებაში ქრება, მის ნათქვამზე მეღიმება. არ მშია, მაგრამ რამდენიმე წუთში მხოლოდ იმიტომ ჩავდივარ, რომ სახლის მობინადრეები გავიცნო. ძალიან დიდ სამზარეულო ოთახში მართკუთხედი ხის გრძელი მაგიდა დგას, იმდენნაირი საჭმელები დევს თვალები მიჭრელდება. ერთადერთი ტომატიან ლობიოს და სალათ „ოლივიეს“ ვცნობ, დანარჩენი საჭმელები გაურკვეველი შემცველობისაა ჩემთვის. სუფრის თავში გოგო და ბიჭი სხედან, როგორც ჩანს ახლადდაქორწინებულები არიან. ისე შესციცინებენ ერთმანეთს თვალებში ადვილად მისახვედრია, ამ ყველაფერს კი მათი მარჯვენა ხელის არა თითებზე მბრწყინავი ოქროს კალიცოები მოწმობს. წყვილის მარცხნიდან ოთხი ბიჭი ზის, ერთს თეფშზე საჭმელი აქვს აქუჩებული და ილუკმება, სამნი ერთმანეთს რაღაცაზე ეკამათებიან ჩუმად. ბიჭების გვერდით ორი ასაკოვანი ქალი და ბავშვი სხედან, ჩემი ვარაუდით ორივე ბებია უნდა იყოს, ერთი მამის მხრიდან, მეორე დედის მხრიდან. ხან რას სთავაზობენ ბავშვს, ხან რას, ის კი თითქოს პირი ამოუკერესო, არაფრის დიდებით არ აპირებს რამეს გაეკაროს.
-ბებო, ასე ავად გახდები! -შეწუხებულ სახეს იღებს ქალი.
-არ მინდა საჭმელი, მე კოკა - კოლა მინდა, -სევდიან მზერას ავლებს მათ წინ მდგარ კოკა -კოლის ორ ლიტრიან ბოთლს და ტუჩებს ბუსხავს.
-ჯერ საჭმელი ჭამე და მერე დალიე ეგ, - ვუღიმი ბავშვს, ის კი იმორცხვებს და ქვემოდან მიყურებს. სამზარეულოში შემოსული ფატიმა რომ მხედავს მაგიდისკენ მითითებს დაჯექიო, სტუმრებს ჩემ თავს აცნობს და ისინიც გულთბილად მესალმებიან. ზრდილობის გამო ვითხოვ ერთ ჭიქა ანანასის წვენს და იმასაც ნახევარს ვტოვებ, არ მეყლაპება და რომ ვატყობ უკვე ვეღარ ვსვამ თავს ვანებებ. ათას რამეს განიხილავენ, კამათობენ, იცინიან, ცოტა ხანში ზედმეტი ხმაური თავს მატკიებს, ვუბოდიშებ ყველას და ოთახში ავდივარ.
##############
ტკივილისაგან გათანგული ზღვის ნაპირთან ვზივარ. აქაფებული ტალღები ჩემს შიშველ ფეხებს დროდადრო სასიამოვნოდ აწყდება და ყოველი ტალღის შემოტევაზე ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ზღვასაც ესმის ჩემი ტკივილი და უხილავი ძაფების დახმარებით ცდილობს ფეხებიდან ტკივილი გამომაცალოს, თავის ძლევამოსილ ტალღებში მოიქციოს და სიღრმეში გაიყოლოს თან. ხელის გულებს თვალებზე ვიჭერ, რომ სიმწრის ცრემლები შევაკავო და მცდელობა არ ავტირდე წარმატებით ხორციელდება. თვალებიდან ხელების მოცილებისთანავე ზღვის ტალღებზე ჩემსკენ მომავალ თეთრ ლანდს ვხედავ, რომელიც ნელ -ნელა იკვეთება და ქალის ფორმებს იძენს.
-ლეილა! -ყვირილს ვიწყებ და ფეხზე გიჟივით ვხტები. როგორც კი წინ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ სხეული ქრება. გულამოცლილივით მოწყეტით ვეცემი მუხლებზე და ქვიშას მუშტებს ვუშენ.
- დამიბრუნდი, ლეილა! -მხეცივით ვღრიალებ და არ მინდა თავი ვინუგეშო.
-ლევან! -ზურგს უკან მისი ხმა მესმის და მეც დაფეთებული უკან ვბრუნდები.
-ლევან, თუ კაცი ხარ, აბა, დამიჭირე! -იცინის და თან გარბის. თეთრი საცურაო კოსტიუმი აცვია, ქერა, პრუჟინებივით კულულები სირბილის დროს აქეთ - იქით დახტიან მის თავზე და უფრო მეტად მიწვევენ, -ლევან, იცოდე ვერ დამეწევი, -იცინის ხმამაღლა, ჩემკენ ბრუნდება და უკუსვლით იწყებს სირბილს.
-წაიქცევი, -მეცინება და მეც ჩქარი ნაბიჯით მივიწევ მისკენ.
-ლევან, მე შენი მზე ვარ, ხომ გახსოვს?
-მახსოვს!
-კიდევ?
-კიდევ? -კითხვას ვუბრუნებ უკან.
-კიდევ რა ვარ, ლევან, შენთვის? -ისედაც აჩეჩილ თმას უარესად იჩეჩავს და სიცილს არ წყვეტს.
-დღე და ღამე.
-კიდევ?
-ჩემი სუნთქვა.
-კიდევ?
-ჩემი სინაზე, ჩემი სასწაული, ჩემი ცა, სიგიჟე, აღმაფრენა, ჩემი გული, ჩემი საოცრება, -ხმამაღლა ვყვირი და მას ისედაც ლამაზი სახე უფრო უბრწყინდება, - მე შენით ვარ დაავადებული, ლეილა. შენი მკვლელი ქარიზმა ბოლოს მიღებს!
-ლევან! -მოულოდნელად სიცილს წყვეტს და ჩერდება. მეც ინსტიქტურად სვლას ვანელებ და ვჩერდები, მის უჩვეულოდ დასევდიანებულ სახეს შევცქერი.
-ლეილა...
- ჩვენ დავმთავრდით. მენატრები, ლევან! -ცრემლები სცვივა თვალებიდან, ზურგს მაქცევს და გარბის.
-ლეილა, მოიცადე! -სირბილს ვიწყებ, მაგრამ ვერ ვეწევი. რაც უფრო მეტად ვცდილობ დავეწიო მით უფრო მშორდება, -ლეილა! -ჩემი ხმა სივრცეში იფანტება და ლეილას ნაცვლად ჩემ წინ ისეთი ნისლი ჩნდება, რომლის იქით თვალთახედვა არ არის. ნისლში ღრმად შევდივარ, იმის იმედით, რომ როგორმე ვიპოვი, მაგრამ ნისლი სადღაც იფანტება და მზის მწველი სხივები თვალებს მჭრის. სანაპიროს თვალს ვავლებ და ვხედავ, რომ ჩემ გარდა აქ არავინ არ არის. მზე ახალი ამოსულია, ბულვარში ველოსიპედიანი ადამიანი ჩნდება, შორიდან ვიღაც ლურჯთმიანი გოგო მიახლოვდება სირბილით, ყურსასმენები აქვს მორგებული და სახეზე ოფლის წვეთები უბრწყინავს,
-უშენოდ მე, მე არ მქვია, -სიმწრით ვცრი კბილებში და თავდახრილი მივუყვები სანაპიროს, სადაც ხალხის ნაკადი ნელ -ნელა იმატებს და მეც ფეხს ვუჩქარებ, რომ გავაღწიო. საავტომობილო გზაზე გავდივარ, ტაქსს ვაჩერებ და სახლის მისამართს ვკარნახობ. სახლში მისვლის შემდეგ მთელი დღე ოთახში ვიკეტები და ფეხს არ ვდგამ გარეთ.
შუაღამისას წყლის დასალევად ჩავდივარ სამზარეულოში, ის -ისაა ხელი ჩამრთველისკენ მიმაქვს, რომ გაღებულ მაცივართან ფატიმას ვხედავ, ხელში საჭმელები აუქუჩებია და კიდევ რაღაცის აღებას ცდილობს.
-დაგეხმარო? -ვამბობ და თან სინათლეს ვანთებ.
-ჭამაში კი და ისე არაფერში.
-ამ შუაღამისას რა დროს ჭამაა?
-შუაღამისას აქვს ჭამას ,, მუღამი" არ იცოდი? -იცინის და მაგიდაზე აწყობს ყველაფერს, მერე მაცივრისკენ ბრუნდება და ტყემლის ბოთლს იღებს.
-დაჯექი, ვჭამოთ.
-არ გეშინია გასუქების?
-აი დარდი თუ გავსუქდები, - ამბობს უდარდელი გამომეტყველებით და თეფშს და ჩანგალს მიდებს წინ.
- მოსვენება არ გინდა გოგო? როგორ უნდა დაიძინო ნაჭამმა?
-მერე და ვინ ამბობს რომ უნდა დავიძინო? ჩავუჯდები რამე კარგ წიგნს და ნელ-ნელა ძილიც წამიყვანს თავისთან. ტოლმა გიყვარს? -მეკითხება და თავის თეფშზე ოხშივარ ადენილ ორ ცალ კომბოსტოს ფოთოლში გახვეულ ტოლმას იღებს.
-მიყვარს!
-მაშინ ჭამე და ნუ ინაზები, - ჯამს მაწვდის, რომ მეც გადავიღო, თვითონ კი ტყემალს ისხამს თეფშზე.
-ტოლმა და ტყემალი? -გაკვირვებული შევყურებ.
-იფ, იცი რა კარგია? შენც გასინჯე, -ახლა ტყემლის ბოთლს მიწვდის.
-არა, მე ტყემლით ნამდვილად ვერ შევჭამ.
-არა და გემრიელია. ადრე არც მე მიყვარდა, დედა მაწონს რომ ისხამდა ზედ იმაზეც გული მიწუხდებოდა, მაგრამ ერთხელ ახლადგახსნილ მეორადების მაღაზიაში შევიჭყიტე, იცი როგორ მშიოდა? სადაცაა რომ გადავარდები, ცალკე დაღლილობისგან და ცალკე შიშილისგან. ჰოდა, შევდივარ და ვიღაც რუსი ქალი მხვდება, ქერად შეღებილი თმებით და კარგად ამოხვეული წინამოთი(ჩოლკით). პატარა მაგიდასთან ზის, წინ თეფში უდევს, რა თქმა უნდა თეფშზე ტოლმა და ჭამს ტყემალ მოსხმულს. იმ ქალის ჭამის შემყურემ იმდენი ნერწყვი ვყლაპე ლამის დავიხრჩე. ერთი თვალი შევავლე იქაურობას და გამოვვარდი სახლში, იმ დღესვე შევახვიეთ მე და დედამ ტოლმა და რაც მე ტყემალმოსხმული ვჭამე მიკვირს როგორ არ მოკვდი.
-მშვენიერი სიყვარულის ისტორია გქონია, -მეღიმება მე.
-ლუდს დალევ?
-ახლა?
-არა ზეგ! - დგება და მაცივრიდან ორლიტრანახევრიანი ბოთლით ,,ლოვენბრაუს" დგამს მაგიდაზე, თან ყველაზე დიდ წვენის ჭიქებს იღებს კარადიდან. ბოთლს ხსნის, ჭიქებს ავსებს და ერთს თვითონ იდგამს ერთს მე მაწვდის, -„ქეიფს ვიწყებთ დილიდანო“ შენ ეს სიმღერა არ იცი? ჭამე რამე, იცოდე ეს ბოთლი უნდა ჩავცალოთ! -ხელს უტყაპუნებს ბოთლს.
-ჩვეულებრივი გიჟი ხარ. - თავს ვაქნევ და ჭამას ვიწყებ.
-ეგ დაბადებიდან გახდა ცნობილი და მრავალგზის დამტკიცებულია ფაქტებით.
-რამდენი წლის ხარ ფატიმა?
-იმდენის და ცოტა მეტის, - იცინის, ერთ ამოსუნთქვაში ცლის ჭიქას და ისევ ავსებს ლუდით.
-გამახსენდა ქალებს ასაკს რომ არ ეკითხებიან, -ვიღიმი და მასავით სწრაფად ვერა, მაგრამ მაინც ბოლომდე ვცლი ჭიქას.
-ვიხუმრე, მართლა კი არ ვმალავ ასაკს, ოცდაექვსის ვარ.
-ჰოო?
- უფრო დიდი შეხედულება მაქვს არა? -ეღიმება და მარილში ამოწობილ მწვანილს პირში იტენის, -არ მწყინს, ზოგს დიდი შეხედულება აქვს, ზოგს პატარა, მთავარია გული არ დაბერდეს. მე ოცი წლის შემდეგაც თხუთმეტი წლის თინეიჯერი გოგოსავით ვიქნები. რა მნიშვნელობა აქვს ციფრებს, როცა ადამიანს სული და გული გაქვს ახალგაზრდა?
-გეთანხმები, -ვუქნევ თავს.
-თუ მეთანხმები ჭამე, -ჭიქას მაცლის და ლუდით მივსებს.
-არა და იცი როგორ მეზარებოდა მარტო ჭამა? კარგია რომ ჩამოხვედი.
-წყლის დალევა მინდოდა მაგრამ...
- წყალზე უკეთესი რამე გიდგა წინ, დალიე!
-ვსვამ, ხომ ხედავ?
-ვხედავ, -ამბობს და ახლა რეჰანს აწობს მარილში.
-ფატი, ლუდი და თევზი გიყვარს?
- უჰ, მაგრად და შენ?
-მეც და მგონი პირველი გოგო ხარ, რომელიც ამბობს რომ თევზი უყვარს.
-რატომ?
- რომელ გოგოსაც ვკითხე ყველამ ცივი უარი მტკიცა, რა თევზი, რის თევზიო.
-არ დაუჯერო, ეგ ბიჭებთან ერთად რცხვენიათ და ინაზებიან, ოჯახის წევრებთან ერთან რომ სადილობენ ალბათ არავის არ აცდიან იმდენს ჭამენ. რადგან ასეა, ამ დღეებში თევზზე და ლუდზე ვიქეიფოთ, ბიძაჩემმა კარგი თევზის გამოყვანა იცის, დავრეკავ და მოგვიტანს, მერე განახებ აქ მყოფი გოგოებიდან რომელი არ შეჭამს. ერთხელ იცი რა გავაკეთე? მეზობლის ტბაზე შევიპარე, ორ კილოიანი ლოქო დავიჭირე და წამოვიყვანე სახლში. იფ, ძალიან გემრიელი იყო.
-არ შეგეშინდა ვინმეს რომ დაეჭირე?
-რისი უნდა შემშინებოდა? მერე მე თვითონ ვუთხარი და მთელი კვირა დამცინოდა, სად იპარებოდი გეთქვა და თვითონ მოგიტანდიო.
-ფატი, შენ საერთოდ რამის გეშინია?
- აუ, ბიჭო, შენ წარმოიდგინე და კი, პეპლების.
-რა?- სიცილი მიტყდება მე.
-ჰო, რა იყო პეპლების მეშინია. შეიძლება მხარზე რომ დამაჯდეს ან ხელზე იქვე დავტოვო სული. შენ არა?
-მე ცოტათი გველების.
-გველები მე მიყვარს, კი მოვიყვანდი სახლში, მაგრამ დედას პანიკურად ეშინია და ვერ ვაწყენინებ. ჩემ ერთ მეგობარს ჰყავს სახლში პითონი, ისეთი საყვარელია, სულ გინდა რომ ეფერო, მაგრამ აქ არ ცხოვრობს და ხშირად ვერ ვნახულობ. მაგარი გოგოა, თბილისში რომ ვსწავლობდი კრივზე ერთად დავდიოდით, მერე მე თავი დავანებე და ისევ მშობლიურ კუთხეს დავუბრუნდი, მაგრამ ვარჯიშს რეგულარულად ვაგრძელებ. იმ გოგოს უშლიან, რამდენიმე თვის წინ დაშორდა შეყვარებული კრივის გამო. არ მოწონდა ნაცემს რომ ხედავდა, არადა ფერი ფერსაო ისე იყვნენ, მაგრამ რად გინდა? მიაგდო და აღარც მოუკითხავს მოკვდა თუ დარჩა. რა ვქნა, მძულს ასეთი ადამიანები. მათი ამბავი რომ გავიგე ერთი მაგრად მინდოდა მიმებეგვა, თეკლამ არ მაცადა, დაანებე თავიო მთხოვა. კიდევ უყვარს, ასეთი კაცი უნდა გიყვარდეს კი არა ოცდაოთხი საათი უნდა ცემაში გყავდეს და ძვლები უმტვრიო მანამ, სანამ ნორმალურად არ დაიწყებს აზროვნებას.
-როგორც ჩანს მოდაში შემოვიდა ადამიანის გადაგდება, - სიმწრით მეცინება და სულმოუთქმელად ვცლი ჭიქას.
-შეენც ბრუტუს?
- მეც, დიდო კეისარო, მეც!
-რაო, რა დაგიწუნა?
-ოჯახს არ მოვწონდი, მამიდა იყო ჩამოსული, ერთი დიდი სპექტაკლი დაგვიდგა და დილით მოყვანილი ცოლი საღამოს თავისი ფეხით გამექცა.
-აუჰ, -იჯღანება ფატი და ჭიქას ჭიქაზე ცლის, -მერე?
-რა უნდა გამეკეთებინა? ხომ არ დავაბამდი?
-ეგეც მართალია, - თავს ხრის და წუთით თავის თეფშს აცქერდება, მერე კი ეღიმება და მზერა ჩემზე გადმოაქვს, -მოდი, ჩემო ლევან, ჩემი გიჟი მეგობრის თამადობით ყველა გულში დაჭრილ ხალხს გაგიმარჯოთ.
-გაგვიმარჯოს, - ვამბობ და ორივე ერთდროულად ვცლით ჭიქებს. ცოტა ხანი სიჩუმე ისადგურებს, მერე ისევ თვითონ იწყებს ლაპარაკს.
-ამიტომ ჩამოხვედი აქ? დალაპარაკება არ ცადე?
-აზრი?
-იქნებ ჰქონოდა აზრი, რა იცი?
-რომ ვიცი იმიტომ არ ვცადე.
- შენ რა ძალიან პესიმისტი ვინმე ყოფილხარ? ეგ ერთი და სხვა მრავალი.
-ეჰ, არ გყვარებია გეტყობა და ამიტომ ლაპარაკობ ასე ადვილად.
-სურვილიც არ მაქვს რომ შემიყვარდეს, გარშემო ამდენი ტანჯულა ხალხიც მეყოფით, -იცინის და კიდევ ერთ ჭიქას სვამს, -დარწმუნებული ხარ რომ უყვარდი?
-სანამ წავიდოდა მაშინ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, ახლა ვერაფერს ვიტყვი.
-მომიყევი რამე მასზე, მინდა გავიგო როგორი გოგო იყო შენი რჩეული, - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, ლუდით სავსე ჭიქას დავყურებ და მის პირზე თითებს ვატარებ, ჭიქაში ლუდის დასხმის დროს გაჩენილი თეთრი ქაფი ნელ -ნელა ქრება და მეც ზედმიწევნით ვცდილობ გონებაში გადანახული მოგონებები კინოკადრივით დავინახო.
- მაისის ბოლოა, ქუჩაში, გრძელ სკამზე ვსხედვართ, მე და ლეილა. ერთი თვეა რაც სიყვარულში გამოვუტყდი და ურთიერთობა დაგვითბა. მანამდე? მანამდე ვხოცავდით ერთმანეთს, სადაც კი ერთ სივრცეში აღმოვჩნდებოდით ყველგან ვჩხუბობდით, ერთი ხელით აღარ შევხებივართ. სამი წლით უფროსია ჩემზე და რომ გაიგო მომწონდა ჩემი დანახვა აღარ უნდოდა. სულ ჩემს ლანძღვაში იყო, სისხლს მიშრობდა, მაგრამ რას გაუგებ ამ სიყვარულს? თურმე მასაც ჰქონია გრძნობები და ვერ ხვდებოდა. საერთოდ ვერ შეატყობდი ასაკს, ჩემზე პატარა მეგონა, სამაგიეროდ მე მაქვს დიდი შეხედულება. რვა თვე ერთმანეთის ნერვების მოსპობაში გავატარეთ, მეცხრე თვეს კი მოხდა ის რაც მოხდა. შეყვარებულებიო ჩვენზე რომ ამბობდნენ უცნაურად ხვდებოდა ყურში და უხერხულად იშმუშნებოდა. ცოტა დრო რომ გავიდა უხერხულობაც მოეხსნა. ლამპიონებით განათებულ ქუჩაში ვსხედვართ ორი გიჟი და გახევამდე ვიცინით. ლამპიონზე გამახსენდა, ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერაც იმ სკამზე დავსხედით იმდენჯერ ლამპიონი გადაიწვა, თავიდან შემთხვევითობას დავაბრალეთ, მაგრამ მეექვსედ რომ ჩაქრა მას შემდეგ აღარც გაუკეთებიათ. ეტყობა ,,მანტიორებიც’’ შეწუხდნენ და სულ შეეშვნენ. ყველგან ანთია ლამპიონი, ჩვენ სკამთან კი ჩაბნელებულია, ერთი დიდი პლიუსი აქვს, კოღოები არ მოდიან და არ გვკბენენ. ცოტა სცივა და თბილ ჟაკეტში უფრო კარგად ეხვევა, თან ეძინება, მაგრამ წასვლა არ უნდა, არც მე. ვცდილობ შარვლის მოკლე ტოტებიდან შემომძვრალ სიცივეს ყურადღება არ მივაქციო და მასთან ყოფნით დავტკბე. არა და ერთი თვის წინ ცივ ყავაში სოდა რომ ჩამიყარა და კინაღამ დამახრჩო მინდოდა მანქანის უკანა საბარგულში გაკოჭილი ჩამეგდო და ხრამში გადამეგდო, მაგრამ ხედავ როგორ იცვლება გარემოებები? „არასოდეს თქვა არასოდეს“ ტყუილად კი არ უთქვამთ.
-დიდი ხანია თორმეტს გადაცდა, -ვამბობ დაბალი ხმით და თვალებში ვუყურებ.
-ლევან, არ მინდა სახლში! -წუწუნს იწყებს და ჩემ მკლავს თავის გაყინულ ორივე ხელს ჰხვევს.
-ლეილა, გეძინება, დროა წავიდეთ.
-ერთი ანეგდოტიც და მერე მართლა წავიდეთ, -მიცინის და მე ანეგდოტის მოყოლას ვიწყებ, მაგრამ არაფერი აღარ ესმის, როდესაც მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის აივნისკენ უშტერდება თვალი, სადაც კაცს ხედავს, რომელიც აივნიდან ჯერ ეზოში ხტება, შემდეგ კი ღობეზე მოძვრება, მაგრამ ნახტომი ვერ გამოსდის და გვერდულად ვარდება. წამოდგომის შემდეგ კი ტანსაცმლის გასუფთავებას იწყებს ხელებით.
-საყვარელია თუ ქურდი? -დაძაბული, თვალს არ აშორებს ახალგაზრდა კაცს, რომლის სახეს ახლა უკვე კარგად ვხედავთ განათებული ქუჩის ფონზე. შავი სპორტულები აცვია, ხვეული თმა აქვს, ცოტა აჩეჩილიც.
-ქმარი, -ვეუბნები სიცილით.
-კარგი რა? როდის მერე დაძვრებიან ქმრები სახლში ცოლების სანახავად?
-გინდა დავნიძლავდეთ, რომ ქმარია?
-თუ წააგებ, ოც ცალ ბამბის ნაყინს მიყიდი და იქიდან შენ გრამს არ შეჭამ. შევთანხმდით? -სიცილით მეუბნება, გაშლილ ხელს მიწვდის და მეც ჩემსას ვუტყაპუნებ.
-წამოდი ვკითხოთ, ვინ არის.
-გაგიჟდი? რომ გვცემოს ორივე სად მიდიხარ მერე?
-ვკითხოთ და თუ საცემად გამოიწია გავიქცეთ.
-ოოო, მეშინია!
-წამოდი! -ძალით ვაგდებ სკამიდან და თითქმის სირბილით გადამყავს გზის მეორე მხარეს, -ანზორს გაუმარჯოს!- ხელს ვართმევ ჩემს დიდი ხნის ნაცნობს.
-ლევან? როგორ ხარ?
-ისევ არ გირიგდება ნატა?
-რომ მირიგდებოდეს ამხელა კაცი ,,ზაბორზე“ დავიწყებდი ხტუნაობას? არა და წავშალე ის ფოტო ფეისბუქიდან, მაგრამ ვერა და ვერ გადაუარა წყენამ. აი, მითხარი, რა გავაკეთე ამისთანა? ეძინა, ავდექი და ფოტო გადავუღე. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არაამქვეყნიური... მინდოდა სხვებსაც ენახა, რომ ასეთი ღვთაება მყავს გვერდით, მაგრამ რად გინდა? რომ ნახა ისეთი დღე მაწია ლამის ჩემი ნებით ჩავწექი კუბოში და მიწა მივიყარე. დღისით არ მენახვება და ყოველ ღამე ასე ბანდიტივით დავძვრები სიდედრ - სიმამრის სახლში. ამას წინათ პატრულმა გამაჩერა და კინაღამ ჩამსვეს, ძლივს დავაჯერე, რომ გასაძარცვად კი არა ცოლ- შვილის სანახავად ვიყავი.
-კაცი არა ხარ? მოიფიქრე რამე.
-იჰ, მოიფიქრე კარგია, ვერ კი ვფიქრობ და... თან ყოველ დღე დაფარული ნომრით მირეკავს და ხმას არ იღებს. მომკლავს ამ ქალის სიყვარული, ნამდვილად მომკლავს, -შეწუხებულმა გახედა სახლს, დაგვემშვიდობა და გზას გაუყვა.
-შემეცოდა, როგორ ჰყვარებია ცოლი, -ნაღვლიანი მზერა გააყოლა კაცს, მე კი სიცილი ამიტყდა, -რა გაცინებს? -შემომიბღვირა გულმოსულმა.
-ნიძლავი წააგე და სურვილი უნდა შემისრულო.
-არაფერსაც არ შეგისრულებ! შენ ითაღლითე, არ მითხარი, რომ იმ კაცს იცნობდი.
-რა მნიშვნელობა აქვს? შენ წააგე.
-აუ, არ მინდა.
-გინდა! ნუ გეშინია, ცოტას დაგინდობ, -გავუღიმე და სიცივისაგან მობუზულს მხრებზე ხელი მოვხვიე. უხმოდ გავუყევით ორნი ქუჩას მის სახლამდე.
-ეს არის ცოტას დაგინდობო, ლევან? -სატირლად აქვს სახე გამზადებული თავის ჩაცმულობას რომ უყურებს. ორი ზომით დიდი, ყავისფერი, კუბიკებიანი პერანგი აცვია, თავზე ბებოს შარფი აქვს შემოხვეული. გრძელი, კოჭებამდე ქვედაბოლო ჯინსის შარვლის ზემოდან აცვია და ხელში მუყაოს გადაჭრილი ყუთის ნაჭერი უჭირავს, რომელზეც შავ ცელოფნებში საგულდაგულოდ გახვეული მისთვის გაურკვეველი რაღაცები აწყვია,
-ლევან, არ გინდა რა? -მუდარა ერევა ხმაში, -ამ შუაღამისას ვინმეს ჩემი თავი არ აგინებინო.
-შუა ღამე კი არა ჯერ ათი საათიც არ გამხდარა.
-ოოო, მიდი, ცოტა მალე, კიდევ რამდენი ხანს გელოდოთ? -ტელეფონ მომარჯვებული მისი აკარაკი ბიძაშვილი ბუზღუნს იწყებს და გამწარებულმა ლამის ეს მუყაოს ყუთი თავის ატრიბუტით სიფათში გაუქანოს.
-ლინდა, დაქალი არა ხარ? მიშველე რამე, -ბოლო იმედს ებღაუჭება და მისგან მხოლოდ ღიმილს რომ იღებს უარესად ეშლება ნერვები. არც თაკო და სოფო იჭერენ მის მხარეს. გაღიმებულები და ტელეფონ მომარჯვებულები, ჩართული კამერებით ელოდებიან როდის დაიწყებს თავის ნომერს შუა ქუჩაში, სადაც საკმაო რაოდენობის ხალხი მოძრაობს და სირცხვილისაგან აღარ იცის რა გააკეთოს, პირველ რიგში თავისი სასაცილო ჩაცმულობის გამო.
- რაც შეიძლება ხმამაღლა და გამოთქმით, -ვითომ ვამხნევებ და თან სიცილის შეკავებას ვცდილობ.
-უჯიშო! არა და სიცილი გიხდება, -სიმწრით ყლაპავს ნერწყვს, ხუჭავს თვალებს, რამდენიმე ნაბიჯს დგამს და დაყენებული ხმით იწყებს ყვირილს, ზუსტად ისე, როგორც ლილოს ბაზრობაზე მოარული გამყიდველები.
-აბა, ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი. აბა, ტილების წამალი, -სამჯერ იმეორებს როგორც შეუძლია და თან ცალ თვალს ახელს. მისკენ მომართული ზოგიერთი ადამიანის დამცინავ მზერას რომ ხედავს სირცხვილისაგან იბუზება და ჩერდება.
-მორჩა, შეუდარებელი იყავი! -ბავშვები სიცილით და ოვაციებით მირბიან მისკენ და ის -ისაა უნდა ჩაეხუტონ, რომ არავის იკარებს, გაბრაზებული და ნაწყენი, ხელებში მოქცეულ მუყაოს ყუთს ძირს აგდებს, იქვე იხდის მაღლიდან გადაცმულ ბებოს ტანსაცმელს და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით იწყებს სვლას.
-ლეილა, დამიცადე!
-ვერ გიტანთ! -ჩვენკენ აბრუნებს თავს და გვახლის, მერე კი სირბილზე გადადის. ნაჩქარევად რამდენიმე შეტყობინებას ვუგზავნი, შეიძლება არ გახსნას, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ გახსნას. შუაღამემდე ველოდები, მაგრამ პასუხი არ მომდის, მეც აღარ ვაწუხებ და ვიძინებ. მაინც შემოვირიგეთ.
-რითი?
- რა თქმა უნდა ოთხი შეკვრა ჭიაყელა ჟელიბონებით, კი ეცოტავა, მაგრამ დასაწყისისთვის არაუშავრდა. გიჟდება ისე უყვარს და უარს როგორ იტყოდა?
ერთ საღამოს საერთო მეგობრის დაბადების დღეზე წავედით. მას ლურჯი, მუხლამდე შიფონის სარაფანი ეცვა, მე ღია ცისფერი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი, გრძელი სახელოები ორჯერ მქონდა გადაკეცილი.
მისგან მარცხნივ ბიჭებთან ერთად ვზივარ, ის რა თქმა უნდა გოგოებთან ზის. დრო და დრო სახის ნახევარი მეწვის, ესე იგი მაკვირდება. მე კი არაფრის დიდებით არ ვაბრუნებ თავს, მაინტერესებს რას იზამს. უკვე მერვე წრეზე მიდიან ბავშვები საცეკვაოდ. წამომიდგენია ცეკვის მოყვარულს ნერვები რა დღეში აქვს, ალბათ კბილებით უჭირავს. მის მოპირდაპირედ მჯდარი ჩემთვის უცნობი ბიჭი და ლეილა ფეხზე ერთდროულად დგებიან და მოცეკვავე წყვილებს უერთდებიაან. რამდენიმე წუთი შევყურებ, როგორი ბედნიერია, აშკარად ეტყობა რომ იცნობს, სხვა შემთხვევაში ასე უცნობს ნამდვილად არ გაუთამამდებოდა. ალბათ უნდა მაეჭვიანოს, მაგრამ ორივეს ეტყობა, ცეკვაზეც ეტყობათ. არცერთი არ არის დაძაბული, ასე მხოლოდ შინაურთან თუ იცეკვებ, ასე შეყვარებულთანაც ვერ იცეკვებ, რაღაც სხვანაირი მუხტი აქვთ. ღიმილით ვტოვებ მაგიდას და მათთან ახლოს მივდივარ, ჩახველების ხმაზე ორივეს ყურადღება ჩემზე გადმოაქვს.
-თუ შეიძლება ახლა მე ვიცეკვებ მასთან, -ის ბიჭიც რა პრობლემააო ამბობს და გვტოვებს. ამ საქციელითაც ყველაფერი ნათელია, სხვა რომ ყოფილიყო აუცილებლად გამეჭიმებოდა და თავს გამოიდებდა გოგოს დასანახად, ამასობაში ყბაში ერთი - ორსაც მოვდებდი და დედის სამშობლოსაც მოვუკითხავდი თავის მიცვალებულებიანად.
-ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს, მაგრამ შენი გული უკვე დაკავებულია, ასე რომ მისი შანსები შენთან მიმართებაში ნული, -ვამბობ ღიმილით, მის ხელზე ჩაჭიდებულ ჩემ მარჯვენა ხელს მაღლა ვწევ და ვატრიალებ.
-ნული კი არა ასი პლიუსით, -მიბღვერს, მაგრამ ტუჩის კუთხეებში ღიმილი ეპარება.
-ნწუ, მაინც ნულია, -ვამბობს თავდაჯერებული ტონით და კიდევ ერთხელ ვატრიალებ.
-შენ თუ სულ ასე მატრიალე გული ამერევა.
-პარკი მოგიტანო? -სერიოზულ სახეს ვიღებ და მისი დაჯღანული სახის შემხედვარე სიცილს ვეღარ ვიკავებ. მერე ცეკვის ხამებივით ყველაფერზე ვიცეკვეთ, არც ერთი არ ჩაგვიგდია, ბოლოს ისე ამტკივდა ფეხები მეგონა დამტყდებოდა. სამი საათი ახალი დაწყებული იყო რომ წამოვედით, უკვე ძალიან მეძინებოდა და სანამ ფეხზე მდგომს ჩამეძინებოდა ან მაგიდაზე ჩამოვდებდი თავს, მანამდე გამოვაღწიეთ, სხვები დარჩნენ. გარეთ რომ გამოვედით ნაწვიმი იყო, სუფთა ჰაერი ფილტვებს ესიამოვნა, რასაც ვერ ვიტყვი ლეილაზე, რომელსაც შიფონის სარაფანის მეტი არაფერი გააჩნდა იმ წამს. მეც მხოლოდ პერანგი მეცვა, ასე რომ სანამ სახლამდე მივაღწევდით როგორმე უნდა გაეძლო. ცეკვისგან ისეთი დაღლილები ვიყავით ლაპარაკის თავიც აღარ გვქონდა. მე საერთოდ არ მციოდა, პირიქით ჩემ სასმლისგან გახურებულ ორგანიზმს გრილი ამინდი ესიამოვნა, ის კი მობუზული მომდევდა გვერდით. აქა - იქ წვიმისგან წყლის გუბეები გაჩენილიყო, რამდენიმეს გვერდი ავუარეთ, უცებ ხელი გავუშვი, წინ წავედი და მის წინ არსებულ გუბეში მთელი ძალით ჩავარტყი ფეხი. მოულოდნელობისგან იკივლა და სახეზე აიფარა ხელები. ტალახიანი წყალი მის ლურჯ სარაფანს კოპლებად დააჩნდა.
-სულ გადაირიე? -მიყვირა გამწარებულმა, მე კი პასუხად ისევ იგივე გავიმეორე და კიდევ ერთხელ შევასხი ჭუჭყიანი წყალი მთელ ტანზე. ამას უკვე გაბრაზება აღარ ერქვა, გაცოფდა, ცეცხლი მოეკიდა, ვიღას ახსოვდა სიცივე, მგონი ძარღვებში სისხლიც აუდუღდა, ხელში ჩაბრუჯული ქლაჩი მთელი ძალით მესროლა და სირბილით წავიდა წინ. ძირს დაგდებულ მის ქლაჩს ხელი დავავლე და მეც უკან გავყევი, უკვე სახლთან მისულს დავეწიე, ჩემკენ მოვაბრუნე და ჩავეხუტე.
-მაპატიე, ცოტა ვიხუმრე. თან მგონი გათბი კიდეც, უფრო სწორად ადუღდი, გაზზე დადგმული ჩაიდანივით, -ხმა არ ამოიღო, ხელები გამაშვებინა და გვერდით გაიხედა, -დიდი ხანი უნდა იდგე ასე?
-რა გინდა, ლევან?!
-შენი კარგად ყოფნა!
-რაღაც ვერ გატყობ!
-ცოტა ვიხუმრე და ამის გამო ნუ დამამხობ მთელ მსოფლიოს თავზე, ძალიან გთხოვ.
-შენმა ცოტა ხუმრობამ მე სარაფანი გამიფუჭა!
-ახალს გიყიდი, ბევრად უკეთესს.
-არ მჭირდება!
-მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია, -ჩამეცინა, მან კი ქლაჩი გამომგლიჯა ხელიდან და ეზოში დააპირა შესვლა.
-რაღაც დაგავიწყდა, -მივაძახე და ადგილზე გავაშეშე. ჯერ კაბას დახედა, მერე ქლაჩს და მობრუნდა. მე საჩვენებელი თითით ლოყაზე ვანიშნე.
-ვერ ეღირსები, გამაბრაზე!
-მაშინ მე ვიზამ! -სიცილით მივუახლოვდი და თვითონ ვაკოცე ლოყაზე, -ახლა შედი და დაიძინე, -ფაქტიურად დადნა, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ არ გამოსდიოდა, თვალებში წავიკითხე მისი ემოციები. ცოტა დარცხვენილი დამემშვიდობა და ჭიშკრის უკან გაუჩინარდა.
-წავიდეთ და მოვიტაცოთ! -მუშტს მაგიდაზე ურტყამს ფატიმა და ფეხზე დგება.
-დაჯექი, ძმა ხარ თუ და ხარ, რა უნდა მოიტაცო.
-უყვარხარ ძმაო, წყალი არ გაუვა მაგ ამბავს.
-შეიძლება ვუყვარვარ, მაგრამ იმდენად არ ვეძვირფასები, რომ ჩემ გამო ოჯახზე უარი თქვას.
-ეეჰ, -მოწყვეტით ეშვება სკამზე - „გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.” რა გიშველო ახლა შენ? -სკამიდან დგება და ჭურჭლის სარეცხ ნიჟარას ეყრდნობა ხელებით.

-საშველი არ არის.

-რაღაც გზა ხომ უნდა არსებობდეს? -დასევდიანებული თვალებით ბრუნდება ჩემკენ.

-ნუ დარდობ, როგორმე გადავიტან, -ფეხზე ვდგები და არეული ნაბიჯებით ვუახლოვდები გასასვლელ კარს. კარგად გათენებულა, ეზოში რამდენიმე ადამიანს ვხედავ. -მადლობა ფატი ყველაფრისთვის.

-რის მადლობა, ჭრილობაზე მარილი დაგაყარე ასე მგონია.

-გაატარე, -ღიმილით ვეუბნები და გარეთ გამოვდივარ. ოთახში ასული პირსახოცს ვიღებ და აბაზანაში შევდივარ, გრილ წყალს ვივლებ, რაც ცოტა მაფხიზლებს, ოთახში ასული ვწესრიგდები, ქუჩაში გამოვდივარ და ფეხით მივუყვები გზას ზღვის მიმართულებით.

სანაპიროს ვუახლოვდები, შორიდანვე მოჩანს ხალხით გადავსებული რომ არის. მოშორებით კლდის ლოდებისკენ მივიწევ, ერთ -ერთზე ვჯდები და უაზროდ გავცქერი ჰორიზონტს, ისევ მოგონებები მითრევს, რომელთაც ვერანაირად ვერ ვეწინააღმდეგები.
საღამოს რვა საათი ხდება, სირბილით გავდივარ სამსახურიდან ახლომდებარე მარკეტამდე გზას, შიგნით შესულს მოლარე შორიდანვე მიცინის და ორ ცალ ,,ლავ იზ“ -ის საღეჭ რეზინს მაჩვენებს ხელით.
-შეგინახე!
-შენ ხარ ალმასი გოგო, -მის სიცილს მეც სიცილით ვპასუხობ, ჯიბიდან ხურდას ვიღებ და სალაროსთან ვუყრი.
-ხვალაც მოხვალ? -მეკითხება დაინტერესებული.
-ხვალ კვირაა, ვისვენებ, მგონი ერთად წავალთ სადმე.
-მე ხვალაც ვმუშაობ და მერე ორი დღე ვისვენებ, -მამცნობს მისთვის მეტად სასიხარულო ამბავს.
-გავიქეცი, დროებით! -ნაჩქარევად ვემშვიდობები და გამოვდივარ. სილამაზის სალონთან გულამოვარდნილი ვჩერდები და ვხედავ დიდი, გამჭვირვალე მინის იქით მის ფარატინა სხეულს. გამხდარ ხელებში ნარინჯისფერი, სქელი, ნაქსოვი შარფი მოუქცევია და ყელზე იხვევს. საკიდიდან ჩალისფერ პალტოს ხსნის, როგორც კი მამჩნევს სწრაფად უყრის მასში ხელებს და კიბეებზე ჩამორბის. როგორც კი გარეთ გამოდის ხელებს შლის და მეხვევა.
-მომენატრე!
-მეც, -ვამბობ ხმადაბლა, ჯიბიდან ,,ლავ იზის“ საღეჭ რეზინს ვიღებ და ხელში ვუდებ.
-როგორ მიყვარს, -თვალებგაბრწყინებული აცლის ქაღალდს, ჯერ მის არომატულ სურნელს ისუნთქავს და მერე ისე იქცევს კბილებს შორის, რომ დაღეჭოს.
-როგორ ჩაიარა დღემ?
- პოლონეთიდან სტუმრები გყვავს და მასტერკლასი გვქონდა დღეს. ისეთი ლამაზი ორნამენტები გვიჩვენეს ფრჩხილის მოსახატად აღფთოვანებას ჯერ კიდევ არ გაუვლია.
-ერთდღიანია იყო?
-ხვალაც და ზეგ დილით მიდიან. იცი რა მითხრეს? თუ პოლონურს ისწავლი ჩვენს ქვეყანაში წაგიყვანთ და ერთ- ერთ მაღალანაზღაურებად სალონში დაგასაქმებთო.
-არ ისწავლო პოლონური, -სერიოზული ხმით ვამბობ, ის გაკვირვებული შემომყურებს. ტუჩებს ერთმანეთს აცილებს რაღაცის სათქმელად, მაგრამ არაფერს ამბობს და მხოლოდ ღრმად ისუნთქავს ჰაერს.
-უჩემოდ არ ისწავლო, -ვავრცობ წინადადებას და ის კივილს და ხტუნვას იწყებს.
-ანუ, ერთად მივდივართ?
-აბა, უჩემოდ აპირებდი წასვლას?
-შენ საერთოდ არ გამხსენებიხარ, -ამბობს დარცხვენილი, მე კი სიცილით ვაქნევ თავს. -როდიდან ვიწყებთ პოლონურის სწავლას? -აჟიტირებულია ახალი ამბით.
-ჯერ კარგი მასწავლებელი უნდა ვიპოვოთ.
-ვიპოვით, ვისწავლით და პოლონეთშიც წავალთ,- კიდევ ერთხელ იწყებს კივილს, ხტუნვას და მერე კალიასავით მახტება ზედ, -სიგიჟემდე მიყვარხარ!
-აქამდე არ გიყვარდი?
-აქამდეც მიყვარდი, -ლოყაზე მაგრად მკოცნის და ხელს მიშვებს. პატარა შავი ზურგჩანთიდან მობილურ ტელეფონს იღებს, „ვისკი - კოლას“ რემიქსს რთავს ბოლო ხმაზე და ჩაბნელებულ ქუჩაში ცეკვას იწყებს. მე ვდგავარ და მომღიმარი სახით შევყურებ, ის თუ ბედნიერია მეც თავისთავად ვბედნიერდები. მუსიკა ისე ღრმად იდგამს ფესვებს მასში, რომ მგონი მეც აღარ ვახსოვარ და არც ის ახსოვს სად ვართ. ცეკვავს, თან სიმღერას ჰყვება და ბედნიერების ზენიტში მყოფებს, პატრულის რაციიდან ნაცნობი ხმა გვაფხიზლებს.
-ბავშვი, რა მოწიე ასეთი?! -ორივე ზურგისაკენ ვბრუნდებით და პატრულის ნაცნობი თანამშრომლების დანახვაზე მეღიმება.
-ბიჭებს გაუმარჯოს! -ხელის აწევით ვესალმები ორივეს.
-გაგიმარჯოს! -ისინიც იგივენაირად მესალმებიან.
-თქვენ ხომ არავის არაფერს დააცდით, -ლეილა ნაწყენი ამბობს და ტელეფონს ჯიბეში იდებს.
-მთვრალები ხართ თუ მართლა რამე მოწიეთ?! -ეჭვნარევი მზერა უხდება ვალერის, - რა ვქნა გადმოვიღო აპარატი და ჩაგაბერინოთ სათითაოდ?
-ბედნიერებისგან აცეკვებული ადამიანი არ გინახავთ? -ბრაზდება ლეილა. მის გაბუტულ სახეზე ბიჭები სიცილს იწყებენ და პიკაპის ძრავის ხმაც არ აყოვნებს.
-კარგად იყავი, ლევან! -ისევ ხელის აწევით მემშვიდობებიან. სანამ მოგვცილდებიან რაციიდან ისევ ვალერის სიცილნარევი ხმა სწვდება ჩემ სმენას, -ე ბიჭო, ტელეფონში ფარანი მაინც ჩართე სადმე არ აყირავდეთ.
- ერთი ცელიღა გაკლია და სიკდილის ანგელოზი ხარ, ლევან, -ალიკას ხმაც ისმის რაციაში. მე სიცილი მიტყდება, ლეილას კი ლამის ბრაზისგან კვამლი აუვიდეს. ეს რა გაკადრაო, მთელი გზა ბობოქრობს და სანამ მის სახლს მივუახლოვდებით როგორღაც ვამშვიდებ.
ზღვიდან მონაბერი თბილი ჰაერი რეალობაში მაბრუნებს, რომლის ჰორიზონზეც მხოლოდ ტკივილს ვხედავ. დაბუჟებულ ფეხებს ძლივს ვამოძრავებ და როგორც იქნა წელში ვიმართები.
-ეჰ, ლეილა, ლეილა! -გულზე ხელს ვიდებ და მის სახელს ხმამაღლა ვყვირი.
-რა იყო ბიჭო! -ქვემოდან მესმის ასაკოვანი ქალის ხმა, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ალბათ ძალიან ბევრს ვიცინებდი, მაგრამ ახლა არა. ახლა ლეილა მტკივა, ჩემი ერთადერთი სიყვარული.
გოგო რომელიც იყო უზომოდ ყურადღებიანი, მხიარული და ძალიან თბილი გულის, ზამთარ -ზაფხულ ჰქონდა მუდმივად გაყინული ხელები და მეც ყოველთვის მის ხელს ჩემი სპორტული ჟაკეტის ჯიბეში ვიჩურთავდი გასათბობად.
-გუნდა არ მესროლოთ სიცხე მაქვს, -კივის ლეილა და გარბის, -იცოდეთ ლევანს ვეტყვი და გცემთ ყველას, -მესმის როგორ ემუქრება გარშემომყოფებს და ნასროლი გუნდის ასაცილებლად მსხლის ხეს ეფარება.
-შენი ლევანი ვერ გიშველის, დილას სამსახურში მიდიოდა დავინახე, -უყვირის მისი ბიძაშვილი აკაკი და მე მომღიმარი ვაკვირდები სიტუაციას.
-გაიგებს რომ ასე მაწვალებთ და მოვა, ის ყოველთვის ხვდება როცა რამე მიჭირს.
-კი, როგორ არა, ახლავე აქ გაჩნდება. რომელი რკინის კაცი ეგ გყავს?
-მაინც ვერ გადაგვირჩები, ტყუილად იმუქრები, - გოგოები გუნდებმომარჯვებულები მიდიან მისკენ. სრულიად შემთხვევით მოვხვდი მათ უბანში და ახლა ვხვდები, რომ ტყუილად არა. ფეხს ვუჩქარებ და სანამ მივალ უკვე ასწრებენ მისთვის რამდენიმე გუნდის სროლას, რაზეც კივილს იწყებს ლეილა და სთხოვთ მეტი აღარ ესროლონ, მაგრამ არავინ ისმენს მის თხოვნას.
-საკმარისია, -ვყვირი გაბრაზებული, ახლოს მისული, ხელს ვკიდებ და ზურგს უკან ვიყენებ.
-უჰ, გამოუჩნდა დამცველი. შენ უბანი არა გაქვს? წადი და იქ იგუნდავე, -გაწბილებულები უკან იხევენ.
-გუნდაობა არ გინდა, არ გინდა. მერე ჩემთან ცხელ შოკოლადზე გეპატიჟები და არ მოიმიზეზო სიცხე, იცოდე გამოდი, -სიცილით უქნევს თითს მეზობელი გოგო, გაბრაზებული ლეილა ენას უყოფს, მერე კი გაყინულ ხელებს ჩემი მოსაცმელის ჯიბეში ჰყოფს.
-სიცხე ნამდვილად მაქვს, იმათ ვერაფრით დავაჯერე, შენ ხომ გჯერა? -გულზე მეკვრის და ქვემოდან მიყურებს.
-მჯერა, მაგრამ ქუდი რატომ არ გახურავს?
- დაიწყო ახლა ლექციები, არ მიყვარს ქუდი!
-არც თბილი მოსაცმელი გიყვარს?
-აი, ისევ, აგრძელებს, -ამოილაპარაკა და ჩემი ხელებიდან თავი გაითავისუფლა, -აღარ მინდა შენთან, სულ მეჩხუბები თბილად რატომ არ გაცვიაო, ესაო, ისაო, არ მიყვარს ეს თბილად ჩაცმა და რა ვქნა? -გაბუტული მიაბიჯებს, თან სვიტრის სახელოებს იგრძელებს. ასე გადის რამდენიმე მეტრს, მერე ჩერდება და ისევ ჩემკენ მოაბიჯებს, უფრო სწორად გაყინული მობაჯბაჯებს.
-გაგახსენდა ხომ? -გამარჯვებულის იერს ვიღებ და მეღიმება. ახლოს მოდის და ლოყაზე მკოცნის.
-მაინც გაბრაზებული ვარ შენზე, -ამბობს, სწრაფად ბრუნდება და სახლისკენ გარბის. გამთენიისას ვბრუნდები სახლში, მზის ამოსვლამდე ალბათ არც თუ ისე ბევრი დროა დარჩენილი. საწოლის ნაცვლად იატაკზე ვწვები, ხელებს განზე ვშლი და თვალებს ვხუჭავ.
-ლევან! -ყურთან ძალიან ახლოს მესმის ლეილას ჩურჩულით ნათქვამი ჩემი სახელი.
-წადი!
-ლევან!
-წადი! ლეილა, წადი! ნუ მტანჯავ! -ქუთუთოებს უფრო მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, ვიცი რომ გავახილო არავინ დამხვდება და გაწბილებულს გული უფრო მეტად მეტკინება.
-ლევან!
-წადი! მომშორდი თავიდან! -იატაკს მთელი ძალით ვურტყამ მუშტს და გაცეცხლებული ვჯდები, ოთახს მზერას ვავლებ და რა თქმა უნდა სიცარიელე. თავი საგიჟეთში გამომწყვდეული ადამიანი მგონია, რომელსაც გამუდმებით ხმები ესმის. ერთი თეთრი ხალათი მაკლია და არაფრით ჩამოვუვარდები მათ. ისევ ვუბრუნდები იატაკს, მაგრამ ახლა თვალებს აღარ ვხუჭავ, ჭაღს მივშტერებივარ, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ნელ -ნელა მასზე ირეკლება და ოთახში თბილი გარემო იქმნება. აივანზე გავდივარ და ეზოს ვაკვირდები. რამდენიმე წუთში ფატიმა გინებით გამოდის მეზობლის სახლიდან და ეზოში შემოდის, კიბეებზე სწრაფად ჩავდივარ, ისიც მამჩნევს და ჩემკენ მოდის.
-რა ხდება, მშვიდობა გაქვს?
-მთავარი კანალიზაციის მილი გასკდა ეზოში და ჩვენ გვაბრალებენ, ნაგავს ჩაყრიდით და ამიტომ გაიჭედაო. ექვსი საათიც არ იყო რომ დარეკეს და მას მერე დავრბივარ აქეთ -იქით. მუშები მე მოვიყვანე, სანტექნიკის მაღაზიაში მე წავედი ოთხჯერ და უნდათ, რომ ყველაფერმა ჩემ კისერზე გადაიაროს? თითქოს ჩვენ უკან სხვები არ ცხოვრობენ. რადგან საოჯახო სასტუმრო გვაქვს ესე იგი, ყველაფერი ჩვენი ბრალია? ვერ მივართვი, ჯერ გაწმინდონ და გავიგო რა იყო გაჭედილი, თუ მართლა ჩვენი მიზეზით იყო მუშებს ფულს გადავუხდი, მაგრამ თუ მათი ბრალია, ისეთი დღე უნდა ვაწიო რომ მხედავდნენ ეშინოდეთ.
-წინასწარ ნერვებს ნუ იშლი, დაველოდოთ და გავიგოთ.
-ორ- სამ საათში გავწმენდავთო, ავდექი და წამოვედი, კიდევ ცოტა ხნით რომ დავრჩენილიყავი ქალბატონი ლია შემომაკვდებოდა. ბიჭო, ერთხელ მამაჩემს ფული ჭირდებოდა და ასესხა, რამდენიმე დღეში დაუბრუნა და მორჩა, ხომ გავსწორდით არა? ერთხელ რომ ხელი გაგვიმართა, ჩემმა ოჯახმა საშვილიშვილოდ უნდა სცეს პატივი? მას შემდეგ სულ გვავალდებულებს, თუ რამე გაფუჭდება ჩვენი ბრალია, რამე არ მოეწონება და დედას საყვედურებით ავსებს და ნერვებს უშლის, ხან რას იმიზეზებს, ხან რას. ყელში მაქვს უკვე ამოსული, დავიღალე, -გამწარებული ფატიმა ხელიდან შავ რეზინს იძრობს, გაშლილ, აბურდულ თმას მაღლა იწევს და კოსად იკრავს. -წამოდი, სახლის უკანა ეზოში გავიდეთ, ახლა არავისი ნერვები არ მაქვს, ვიღაც შემომაკვდება, -ხის დეტალებისგან გადაღობილი ადგილისკენ მითითებს და წინ მიდის, ვიწრო კარით გავდივართ უკანა ეზოში. პატარა საცალფეხო ბილიკია, შავი, ბრტყელი ქვებისგან გაკეთებული, ბილიკის აქეთ- იქიდან სულ გვიმრები დგას. ერთი ტირიფის ხეც დგას, რომლის ქვეშ მარმარილოს გრძელი სკამია. არც თუ ისე დიდი ფართობი უჭირავს ამ პატარა ბაღს, ცენტრში აუზია, რომლის შუაში ფანტანის მაგივრობას თიხის დიდი თასი სწევს. გარშემო სულ მწვანე ბალახი და დიდფოთოლა მცენარეები დგას, ბზები და ფერადი, დეკორატიული იებიც მოჩანს ბუჩქებთან. ტირიფის ქვეშ ვსხდებით, მე თვალებგაფართოვებული ვათვალიერებ გარემოს.
-მოგწონს? -იღიმის ფატი.
-ბაღია თუ სამოთხე?
-ეს ბაღი თავიდან ბოლომდე დათოს გაკეთებულია.
-დათო?
-მამაჩემია დათო, წლებია უკვე ჩვენთან აღარ ცხოვრობს. სანამ წამოვიზრდებოდი კარგად ექცეოდა დედას, მერე აურია, სმას უმატა. ერთხელ მივატანე როგორ უღერებდა მუშტს, მე რომ ყვირილი არ დამეწყო ალბათ ხელითაც შეეხებოდა, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, აიკრა გუდა- ნაბადი და თავისი ფეხით წავიდა. ხანდახან მოდის ჩვენ სანახავად და მალევე მიდის. კარგიც არის ასე რომ ვართ, უფრო თბილი ურთიერთობა აქვს დედასთან. მე არასდროს მექცეოდა ცუდად, მაგრამ დედას ამოღამებულ, ცრემლიან თვალებს ვერასდროს ვერ ვაპატიებ. ვერ ვაპატიებ, ქალის და კაცის საქმეს რომ დედა აკეთებდა და თვითონ სულთანივით იყო წამოგორებული საწოლზე. მის პრობლემებზეც რომ დედას უხდებოდა სირბილი და მუდმივად ნერვიულობა. შეიძლება ძალიან ცუდი შვილი ვარ, მაგრამ დათოს ნანის დაუფასებლობას ვერ ვაპატიებ და არ ვაპატიებ. დედაჩემი ის ქალია ვინც ცხოვრების ქარტეხილებს ზურგით ედგა, რომ მე არაფერი შემხებოდა, სკოლაში რომ დავდიოდი ბევრჯერ დახეული ფეხსაცმლით უვლია, მე რომ ახალი მცმოდა. ზაფხულში ერთი გასასვლელი მაისურის ამარა იყო, როცა დათო გათენებიდან დაღამებამდე გალეშილი ეგდო სადღაც. მე ამ ყველაფერს ვერ გადავყლაპავ, თვალებს ვერ დავხუჭავ და ყურებს ვერ მოვიყრუებ, დედაჩემის ქვითინი რომ აღარ გავიგონო სიზმრებში. დათო შესანიშნავი მამაა, რასაც ვერ ვიტყვი ქმრობაზე. მირჩევნია ვიყოთ ისე, როგორც ახლა ვართ, ვიდრე ერთად ვიცხოვროთ და სახლში ყოველ დღე ჯოჯოხეთი გვქონდეს. ახლა გამახსენდა, მგონი ჩემი მეგობრების შემდეგ პირველი ხარ ვინც აქ შემოვუშვი, -გვერდიდან მიყურებს და იღიმის.
-სტუმრებს არ უშვებ?
-სტუმრებს გამოვუცხადე, თუ ვინმე ღობეს გადაცდება ფეხებს მოვამტვრევ -თქო. ძალიან გამგებიანი ხალხი მყავს სახლში, ჯერ არავის გაუბედავს. ადექი, უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი.
-ფატი, ვერ დავლევ.
-დალევა არა იხვნისკარტა, წამოდი ნაყინი ვჭამოთ. მარტო სასმლით აღნიშნავ შენ კარგ ამბებს? - სიცილით დგება ფეხზე.
-ჩემ სამეგობროში ასეა და შენთან არ ვიცი.
-მუცლის მონებო! -ამბობს და ტირიფის ხესთან ახლოს ფეხს აბარტყუნებს. -აქ ჩემი გოჭუნია მარხია.
-რა?
-გოჭი, გოჭი! არ იცი რა ცხოველია?
-გოჭს მანდ რა უნდა?
-სიკვდილი, რა უნდა უნდოდეს?! პატარა ცუგასავით იყო, დათომ რომ მომიყვანა ცხრა წლის ვიყავი, სულ თან დამდევდა, პატარა პინ - პონგის ბურთის მოტანაც კი ვასწავლე. ლიას შვილს ლეკვი ჰყავდა და იმას ეძმაკაცებოდა, სულ ერთად თამაშობდნენ, ის რომ უყეფდა ამასაც თავი ძაღლი ეგონა და ყეფა ისწავლა. საკაიფო ტიპი იყო, მაგრამ მერე გაცივდა თუ რა ეტაკა არ ვიცი და გაფშიკა ფეხები. დამენანა, ბევრიც ვიტირე და სამუდამო ბინაც დავუდე ჩემ ბაღში, როგორც ერთგულ მეგობარს შეეფერებოდა. წამოდი, წამოდი, ნაყინი ვჭამოთ, ცოტა გული უნდა გავიგრილო სანამ ლიას წიწინს კიდევ ერთხელ მოვისმენ.
-მაშინ მე გპატიჟებ, უარი არ მიიღება.
-მოსულა, მაგრამ წინასწარ იცოდე, იმ შენ კუპიურებს თავზე დაგაყრის და მერე მე ვიცინებ ბევრს.
-ვინ დამაყრის, ან რატომ?
-სადაც მიმყავხარ იქ ჩემთვის ნაყინი ყოველთვის უფასოა, ასი კაციც რომ მივიყვანო.
-ვაახ, შენ რა „ბლატები“ გქონია. სადაქალო და საძმაკაცო მაგარი გყავს.
-რა სადაქალო და საძმაკაცო, ჩვიდმეტი წელია ვუყვარვარ იმ ბიჭს, უნდა ნახო ჩემ დანახვაზე როგორ წითლდება და აღარ იცის თვალები სად წაიღოს. მაგის ქცევებზე მაგრად „ვკაიფობ“ ხოლმე. ისე ხმას ვერ ამოაღებინებ და ინტერნეტში კარგად მეტლიკინება. ახლა რომ მივალთ ნახავ როგორ გაებადრება სახე, რომ მხედავს ისე საყვარლად დასთამააშებს ღიმილი ლამის მივიდე და ერთი კარგად ჩავკოცნო, მაგრამ მაგის ამბავი რომ ვიცი გული წაუვა და ჩემი მოსაბრუნებელი უნდა გახდეს, უარეს შემთხვევაში ინსულტი დაარტყამს და ეგ მე ნამდვილად არ მინდა.
-ანუ მოგწონს?
-მომწონს? -იცხადებს ფატიმა- აქამდე არ მიფიქრია მაგ საკითხზე. ვითომ მომწონს ეგ ცალტვინა? -წარბებს კრავს და ფიქრდება.
-რა ვიცი, შენი მონაყოლიდან მე ეგ აზრი გამოვიტანე.
-მოვედით! - სერიოზული ხმით ამბობს, ჩერდება, ყვავილების გაზონს მაღლიდან აბოტებს და ვიტრინის წინ თავისუფალ მაგიდასთან ჯდება. სანაყინე საკმაოდ დიდ ფართობზეა, გემოვნებითაა მოწყობილი და კლიენტების სიმცირეს საერთოდ არ განიცდის. შენობის შიგნით და გარეთ გადატენილია მაგიდები. ფატიმას მოქმედებებს ვიმეორებ და მის წინ ვთავსდები.
-მგონი გაგვიმართლა.
-ეს მაგიდა ჩემია, არავის არ სვავს.
-ოჰო, სერიოზულად ყოფილა საქმე, ესე იგი „ვი აი პი“ კლიენტი ხარ? -მეცინება მე.
-თავიდანვე ასე გადაწყვიტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პერსონა ვარ და რა დროსაც არ უნდა მოვიდე მაგიდა თავისუფალი უნდა დამხვდეს, -მხრებს იჩეჩავს ის.
-გამარჯობა ფატიმა, -თავზე გვადგება ქერა თმიანი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჩემზე ცოტა დაბალია და ფატიმაზე ცოტა მაღალი. ღია ცისფერ თვალებს არ მაშორებს, სუსტი აღნაგობის ნამდვილად არ არის, როგორიც ჩემ წარმოდგენაში შევქმენი ფატიმას მონაყოლზე დაყრდნობით.
-გაგიმარჯოს ლუკიტო! ეს ჩემი შეყვარებულია, -ხელით ჩემზე ანიშნებს ფატიმა, მე სიცილი მეპარება ტუჩის კუთხეებში, ბიჭს კი ლამის თვალები ბუდიდან გადმოუცვივდეს.
-სამწუხაროდ ნაყინი გათავდა, -ამბობს გაბრაზებული ლუკა და განრისხებული მზერით გვიყურებს ხან ერთს, ხან მეორეს.
- ჩემი მეგობარია, რას „აიჭრები“ ხოლმე, ხუმრობა არ იცი? -მისი სახის შემყურე ღიზიანდება ფატიმა.
-რომელი ნაყინს მიირთმევთ? -დამშვიდებული სახით ბრუნდება ბიჭი ჩემკენ.
-ბევრი ქიშმიშით და მიწისთხილით რომ იყოს.
-გასაგებია, შენ ფატი? -თავს მისკენ აბრუნებს, მაგრამ ფატი მგონი ღრუბლებში დაფრინავს და თან ფრჩხილებს იკვნეტავს.
-ფატიმა!- გაშლილ ხელს ცხვირ წინ ვუქნევ.
-რაა?
-რომელი ნაყინი გინდაო.
-რამე მომიტანე რომ შევჭამო, იცოდე ის მუზეუმში გამოსაჭიმი ნაყინი არ მომიტანო თორემ თმებში შეგაზელ, -უბღვერს ბიჭს და ფრჩხილების კვნეტას აგრძელებს.
-ის სამუზეუმო ექსპონატი კი არა ძალიან გემრიელი იტალიური ნაყინი იყო, -ნაწყენი მზერით აჯილდოვებს ტრფობის ობიექტს და მიდის.
-ასე ცუდად არ უნდა ექცეოდე, უბრალოდ არ იმსახურებს, -მეც უკვე ნერვები მეშლება.
-კარგი რა, ლევან?!
-სიმართლეს თვალი გაუსწორე, თვითონ მითხარი ჩვიდმეტი წელია ვუყვარვარო. ყოველ ჯერზე თუ შენ ამ ბიჭს ასეთ დღეში აგდებ და გიტანს, ესე იგი მართლა უყვარხარ, მაგრამ როდემდე გაუძლებს შენ ხუშტურებს? ვინმე სხვას ნახავს, ვინც მის სიყვარულს დააფასებს, შენ მაგრად „დაგადებს“ და მერე იღრინე რამდენიც გინდა.
-ნერვებს რომ მიშლი იცი?
-შენ თვითონ ვერ გაგირკვევია მოგწონს თუ არ მოგწონს და კიდე მე გიშლი ნერვებს? ერთი შეხედვით კარგი ბიჭი ჩანს, არ მესმის რას უწუნებ.
-ოხ, ლევან ლევან! ბიჭო ეს რა საფიქრალში ჩამაგდე ჰა? მგონი მეც მომწონს, -ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დაჯღანული სახით, ცალ თვალ მოჭუტული ამბობს და ეღიმება.
-აუ ჩემი, რა „სტრანნი“ გოგო ხარ ფატი? -სიცილს ვეღარ ვიკავებ მე, ლუკიტო კი მოჩვენებასავით ჩნდება ჩვენს მაგიდასთან, ნაყინებს გვიდებს და ეჭვნარევი მზერით დაჰყურებს ფატის.
-ვინ მოგწონს ფატი?
-აუჰ, ბიჭო, ეს ვინ არის?! -მის კითხვაზე ჭკუიდან გადადის და ხელს ჰაერში იქნევს, - შენ მომწონხარ! დაკმაყოფილდი?!
-,,შუტკები“ მოგიძველდა, რამე ახალი ისწავლე! -გაბრაზებული ახლის და მიდის. მე ლამისაა სიცილისგან სკამიდან გადმოვვარდე, ფატი აშკარად შოკშია და ენას ვერ იბრუნებს.
-ეს, ახლა, მართლა ლუკიტო იყო? -გაოცებული თითს ვიტრინის შიგნით მყოფ ლუკასკენ იშვერს.
-ლუკა, ლუკა, თურმე არც ისე მორცხვი ლუკა.
-მუნჯმა ენა ამოიდგაო, თუ რაღაცა ანდაზა რომ არის ისე დამემართა?
- „მუნჯის ენა დედამ იცის“-ო, შენ ამაში გერევა.
-რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩამიტარა აზრზე ხარ? -ისევ ვიტრინისკენ იხედება და ნაყინის ჭამას იწყებს. -ბიჭო, ბიჭო, ბიჭო?!
-ამდენი წელია ტანჯავ ადამიანს და სიტყვა რომ შემოგიბრუნოს ეგეც არ გინდა?
-გაიზარდა ჩემი ბიჭი, -არარსებულ ცრემლს იწმენდს და ორივე ხმამაღლა ვიცინით. -ამას აქ რა უნდა? -მოულოდნელად ფეხზე დგება და განმგმირავი მზერით იყურება ჩემ უკან.
-ახლა რაღა მოხდა? -მობეზრებული ვაბრუნებ თავს მისი მზერის მიმართულებით. თითქოს განსაკუთრებული არაფერია, დაახლოვებით ჩემი და ფატის ასაკის გოგო და ახალგაზრდა კაცი სანაყინეში შესვლას აპირებენ. კაცი კარებს უღებს გოგოს, ისიც შედის, თვითონ კი ფატის ამჩნევს და ყოვნდება, ის -ისაა თვალს არიდებს, რომ ფატი წამებში მასთან ჩნდება და კარებს იჭერს. მაგიდას ვცილდები და მეც მათკენ მივიწევ.
- ოჰ, ბატონო თორნიკე, თუ ექიმოთი მოგმართო? ბათუმში რა დაგრჩენია? თბილისში ვერ უწამლავ ხალხს სიცოცხლეს და ახლა აქ მე უნდა მომიშალო ნერვები შენი დამპალი სიფათის ყურებით?!
-მივლინებით ვარ ჩამოსული რამდენიმე დღით, -ახალგაზრდა კაცი ძალიან მშვიდი ტონით უხსნის სიტუაციის არსს.
-რატომ? იქ ვერ დახოცე ხალხი და ბათუმელები უნდა ამოგვწყვიტო ერთიანად? -იღრინება ფატიმა, მე კი მის დაძარღვულ ხელს ვამჩნევ, მუშტი რომ შეუკრავს და კანი გათეთრებია.
-ფატი, წავედით! -მკლავში ხელს ვუყრი და ძალით მოვათრევ.
-გამიშვი ხელი!
-სირცხვილია, ახალგაზრდა გოგო ხარ და არ შეგფერის ასეთი ქცევა.
-იცი ვინ არის? იცი? - სანაყინეს გაცდენილები ვართ უკვე ხელს რომ ვუშვებ.
-არ ვიცი რა დაგიშავა, მაგრამ შეეშვი საერთოდ.
-ამას წინათ რომ გითხარი ჩემი მეგობარი მიაგდო -თქო, ეგ არის. უხ, როგორ მინდა სიფათი დავუნაყო, როგორ მინდა და თეკლასთვის მიცემულ სიტყვას ვერ გადავდივარ, -ყვირის წყობიდან გამოსული. -იცი, რა გოგოს ატკინა გული? იცი, რა ადამიანს დაუნგრია ცხოვრება? არ უნდა შერჩეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეს.
-დამშვიდდი, ყველას ადრე თუ გვიან ჩვენ ჩვენ დაშვებულ შეცდომებზე მოგვიწევს პასუხის გება. შენ გეჩქარება, მაგრამ დროა საჭირო, ყველაფერს დრო სჭირდება.
-თან როგორი ღიმილიანი სახით გაუღო კარები, ფუჰ, ცინიკოსი ნაბი’ჭვარი. ექიმი, ჰო, როგორ არა, რა ადამიანიც არის ის ექიმი იქნება, -ბურდღუნით აღებს სახლის ეზოში შესასვლელ რკინის კარებს. ეზოში შესულებს გახარებული ფატის დედა გვეგებება და გვამცნობს რომ მათი მიზეზით არ იყო გაჭედილი კანალიზაციის მილი და ფატისაც ცოტა გულზე ეშვება. მგონი დღეისთვის ზედმეტად ბევრი თავგადასავალი გვქონდა. ყველანი ერთად ვსადილობთ, მერე რამდენიმე საათით ოთახში ვიკეტები და მზე როგორც კი ჩადის მეც დაბარებულივით მივიწევ ნაცნობ მესაიდუმლესთან, რომ ჩემი ტკივილი მის ტალღებში შთაინთქას. სანაპიროსთან მჯდომ გოგოს ფატის ვამსგავსებ, სანამ ახლოს მივალ და გავარკვევ, ლუკას ვხედავ, პლედით ხელში რომ უახლოვდება, მხრებზე აფარებს და გვერდით უჯდება. აშკარად რაღაც მეჩვევნება ამდენი დღის უძილოს. უფრო ახლოს მივდივარ, მათგან ალბათ სამ -ოთხ მეტრში ვდგავარ. ნამდვილად ისინი არიან.
-ლუკიტო, რატომ ხარ ასეთი კარგი? რატომ არ ჰგავხარ ზოგიერთ ნაბი’ჭვარს? - პლედს ისწორებს ფატიმა და თავს მხარზე ადებს. ძლივს მესმის მისი დაბალი ხმით ნათქვამი და ყურებს ვერ ვუჯერებ.
-არ გინდა რომ კარგი ვიყო?
-მინდა! მინდა, რომ სულ ასეთი იყო. არ მინდა შეიცვალო დათოსავით და მერე გული მატკინო, როგორც დედას ატკინა.
-ფატიმა, ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ მენდო?!
-მეშინია ლუკიტო, ძალიან ბევრი ტანჯულა ხალხი მყავს გარშემო და არ მინდა მეც მათ რიგებს არ შევემატო.
-თუ არ მენდობი შენში დაბუდებულ შიშებს ვერ გადალახავ. მენდე!
-ძნელია ენდო, როცა შენი იმედი ლპობაშეპარულ ბეწვის ხიდზე იწყებს გადასვლას, -არა ნამდვილად სიზმარში ვარ, ვერ ვიჯერებ ისეთი მოვლენის მოწმე ვხდები. ზამბარასავით დაჭიმული ვდგავარ, ვერც წინ მივდივარ და ვერც უკან. -ლევან, შენ არ იცი, რომ მე კეფაზეც თვალები მაქვს? -მოულოდნელად ყვირის ფატიმა.
-სპეციალურად არ გამიკეთებია, უნებლიედ შევესწარი თქვენ დიალოგს,-ახლოს მივდივარ და წყვილის წინ ვდგები. დიახ, წყვილის, ახლა თამამად შემიძლია მათ ეს სახელი ვუწოდო.
-დაჯექი ჩვენთან.
-არა, თქვენ ხელს როგორ შეგიშლით? ძლივს ტკბილი სიტყვა აღირსე ამ ბიჭს. ისევ ჩემ მიერ ამოჩემებულ ადგილს მივაშურებ, ახლა ფიქრი მჭირდება, სიმშვიდე და ბევრი ფიქრი, -ვემშვიდობები ორივეს და ჯიბეებში ხელბჩაწყობილი მივუყვები ნაპირს.

##############
ფატიმას და ლუკას ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ერთი კარგი რამ მაინც მოხდა ამ დღეების განმავლობაში. მე ისევ ზღვასთან ვზივარ, თითქოს ამ ადგილს შევეზარდე. რაც აქ ჩამოვედი მხოლოდ ორჯერ მეძინა, თავისტკივილები დამჩემდა, უძილობის ბრალი უნდა იყოს, ან ვერგადაჭრილი პრობლემის ან ჩემი სასოწარკვეთილების, ძალიან ბევრი „ან“ შეიძლება ითქვას ჩემ მდგომარეობაში.
-ლევან! -მესმის ლეილას ჩურჩულით წარმოთქმული ჩემი სახელი, ცხვირ წინ ასვეტილ მის სილუეტს ავყურებ და ნერვიულად მეღიმება, -მე მოვედი, ლევან, -ცრემლები სცვივა მას.
-იცი? მე ჩვენი მოგონებებით ვსაზრდოობ, ვეღარ ვითვლი რამდენი საათია რაც არ მძინებია. დღე -ღამის მონაცვლეობას ვერ ვგრძნობ. ისე მეცლება საათები, როგორც მუჭში დაგროვილი სილა თითების ერთმანეთთან დაშორებისას. ყოველ დღე შენი ფეხით მოდიხარ ჩემამდე რათა გამაცოცხლო და ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმე შენვე მიგყავარ სიკვდილამდე, -ვყვირი წყობიდან გამოსული, თავს დაბლა ვხრი და კენჭების შეგროვებას ვიწყებ ხელში, -თუ შეიძლება იქ წადი საიდანაც მოხვედი, იმ შენ ბურუსში თუ ნისლში სადაც უჩინარდები ხოლმე, -ხმაგამტყდარი ვამბობ და ხელს ვიქნევ, რომ გაქრეს, მაგრამ ის კი არ ქრება, პირიქით, გვერდით მიჯდება, ხელს ხელზე მკიდებს და ერთ ცალ ,,ლავ იზ“ -ის საღეჭ რეზინს მიდებს გაშლილ ხელის გულზე. ვკრთები, დენდარტყმულივით ვუშვებ ხელს და ფეხზე სწრაფად ვდგები, ისიც დგება, აღარ ტირის, ახლა შეშინებული თვალებით შემომყურებს. ვითომ ნამდვილია? თუ ისევ ზმანება?
-მაპატიე, თუ შეგიძლია, მაპატიე! -თვალებში ვეღარ მიყურებს, ძირს იყურება, მის ფეხსაცმელს დავყურებ, ყვითელი კედები, ისევ ის ყვითელი კედები აცვია, ისევ ისე ეცემა ცრემლები მის ზედაპირს, როგორც მაშინ, ჩემს სახლში, მის წასვლამდე. ახლოს მივდივარ, მის გაყინულ ხელებს ჩემსაში ვიქცევ და ვცდილობ გავათბო, როგორც უწინ.
-მე არ მწამს სხვასთან ერთად სიყვარულის და ბედნიერების, მე მხოლოდ შენთან ერთად მწამს, -ნერვიულობისგან სიტყვებს ძლივს აბამს ერთმანეთს.
-მჯერა, ახლა უკვე მჯერა და რომ არ ვიცოდე როგორი, მგრძნობიარე და თბილი ადამიანი ხარ შენი მუდმივად გაყინული ხელებიდან გამომდინარე ვიფიქრებდი, რომ ყინულისგან ხარ ჩამოსხმული, -მის ხელისგულს ლოყას ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
-ლევან! -შორიდან მესმის ფატიმას ხმა და მეც იქით ვიხედები, -თევზი ბადეშია, ლევან, ვქეიფობთ! -სიცილით მიქნევს ხელს და მის გვერდით მდგარ ზურას გვერდში იდაყვს ურტყამს. რაზეც გამწარებული ზურა კეპს ხდის და ძირს უგდებს, ფატიმა ბრაზდება და ფეხს უქნევს, მაგრამ ზურა გვერდით ხტება, ხოლო ფატიმას აქნეული ფეხი თენგოს ხვდება, რაზეც ის ყვირილს იწყებს და ფატიმას ემუქრება. მათი შემყურე მე და ლეილას სიცილი გვიტყდება.
-რას დაგვცინით, ვერ გავიგე ცირკია? ჩქარა ორივე სახლში, -ღრიალებს თენგო, ზურა და ფატიმა კი ერთდროულად ურტყამენ ხელს კეფაში, რაზეც ეს უკანასკნელი მათი მიმართულებით მწარედ იგინება.
-წასვლის დროა, -ღიმილით ვაბრუნებ თავს ლეილას მიმართულებით, ისიც უხმოდ მიქნევს თავს და ხელიხელჩაკიდულები მივიწევთ სამეულის მიმართულებით.
-მაინც არ მჯერა როგორ მოახერხა ზურამ და თენგომ მამიდაშენის კლანჭებიდან შენი დახსნა.
-ვერ მოახერხეს.
-იმათ თუ არა, აბა ვინ?
-იმ გოგომ, -თავით ფატიმაზე მანიშნებს.
-ფატიმა იყო თქვენს სახლში მოსული? მერე?
-გვაგინა?
-რა ქნა?
-ყველას გვაგინა და ჩემ მამიდაშვილს ცხვირი გაუტეხა, -მომხდარის გახსენებაზე ეღიმება და მე გულიანი სიცილი მიტყდება.
-რომ გაგინა ამიტომ წამოჰყევი?
-ისედაც ვაპირებდი შენთან ჩამოსვლას. მხოლოდ მამასთან მინდოდა ყველაფრის გარკვევა.
-მერე, გაარკვიე?
-მამიდას ისტერიკების გადამკიდე ძალიან გამიჭირდა მშობლების დარწმუნება, მაგრამ გავარკვიე და ფატიმაც დროულად მომისწრო.
-ისე, ახლა როგორ არის შენი მამიდაშვილი?
-ის არ ვიცი და მე ძალიან კარგად ვარ.
-რას აპირებ დარჩები, თუ კიდევ უნდა გამექცე?
-ვრჩები, სამუდამოდ!
-როგორი ხმამაღალი განაცხადია? -წარბაწეული ვუყურებ, - იქნებ გადავიფიქრე და აღარ გირთავ ცოლად?
-შენ ვინ გეკითხება? მე ვრჩები! -მხარში მსუბუქად მირტყამს ხელს და მეხუტება.
-შენი სისადავე მიყვარს,
შენი მზესავით სპეტაკი სული.
შენი ღიმილები მიყვარს,
ვარდისფერ ბაგეს რომ გიპობს კბილი.
შენი მიხვრა - მოხვრა მიყვარს,
იების ნარ - ნარს რომ წააგავს შორით.
შენი თმის სურნელი მიყვარს,
მინდვრის ყვავილებს რომ ვამსგავსებ სუნით.
შენი ჩახუტება მიყვარს,
ფილტვებს რომ მატკიებს მონატრებული.
შენი თვალების მზეები მიყვარს,
სიყვარულით რომ მიყურებს სულში.
შენი მონატრება მიყვარს,
დილიდან ღამემდე რომ მყავხარ გულში.

დასასრული



№1 სტუმარი gk

არ ვიცი ვინ ხარ ავტორო???? ან რამდენი წლის, მაგრამ აქ ჯერ ასეთი ბუნებრივი ნაწერი არ წამიკითხავს, ყოჩაღ მართლა, არ გავს სხვების არარეალურ და სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილ სიუჟეტებს და საკმაოდ დახვეწილად წერ, რამდენი წლის ხარ?

 


№2  offline წევრი izabella

gk
არ ვიცი ვინ ხარ ავტორო???? ან რამდენი წლის, მაგრამ აქ ჯერ ასეთი ბუნებრივი ნაწერი არ წამიკითხავს, ყოჩაღ მართლა, არ გავს სხვების არარეალურ და სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილ სიუჟეტებს და საკმაოდ დახვეწილად წერ, რამდენი წლის ხარ?

დიდი მადლობა, ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ისე, ასაკით პატარამ ბევრად ღირებული რამე შეიძლება შექმნას ვიდრე დიდმა. ვთვლი, რომ წლოვანება არაფერ შუაშია. ფატიმაზე ორი წლით პატარა ვარ.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა.ასეთი დასასრულიც მხიბლავს.აი ნაცარგორა რომ წავიკოთხე გამიკვირდა და მესიამოვნა.ნამდვილად ლამაზი სოფელია,ნამყოფი ვარ ბავშვობაში,კი კარგია მესამე სართულიდან მზის ამოსვლის ყურება.

 


№4  offline წევრი izabella

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა.ასეთი დასასრულიც მხიბლავს.აი ნაცარგორა რომ წავიკოთხე გამიკვირდა და მესიამოვნა.ნამდვილად ლამაზი სოფელია,ნამყოფი ვარ ბავშვობაში,კი კარგია მესამე სართულიდან მზის ამოსვლის ყურება.

გეთანხმებით, მართლა ლამაზი სოფელია და იქ ჩასული, სხვა თუ არაფერი სიმყუდროვით მოიხიბლები.
დიდი მადლობა, შთაბეჭდილების გაზიარებისთვის❤❤❤

 


№5 სტუმარი უტა

თავიდან ვიფიქრე ძველ დროზე უწერია თქო, მაგრამ ჟარგონები გქონდა გამოყენებული და აშკარად არ იყო ძველი დრო.
მოკლედ არ მომეწონა .
ან ისე დაგეწერა ან ასე არეული იყო და ვერანაირი ემოცია ვერ ვიგრძენი ფატიმას გარდა.

 


№6  offline წევრი izabella

უტა
თავიდან ვიფიქრე ძველ დროზე უწერია თქო, მაგრამ ჟარგონები გქონდა გამოყენებული და აშკარად არ იყო ძველი დრო.
მოკლედ არ მომეწონა .
ან ისე დაგეწერა ან ასე არეული იყო და ვერანაირი ემოცია ვერ ვიგრძენი ფატიმას გარდა.

არა ძველ დროში ნამდვილად არ ხდებოდა მოქმედება. იყო აწმყო და ცოტა ხნით ადრე მომხდარი მოვლენები, რომელთაც ლევანი იხსენებდა. როგორც ჩანს კარგად ვერ შევძელი მკითხველამდე სწორად მომეტანა. მადლობა რომ მითხარით. ვეცდები შემდეგისთვის გავითვალისწინო blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent